სამშაბათი, მაისი 20, 2025
20 მაისი, სამშაბათი, 2025

მართვა და ადამიანური რესურსების მენეჯმენტი სკოლაში

0
თუ დავფიქრდებით იმაზე, რა არის მთავარი ბავშვზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სივრცის შესაქმნელად და სწავლების სასურველი შედეგის მისაღწევად, პირველი, რაც აზრად მოგვივა, კარგი მასწავლებელია. რასაკვირველია, სასწავლო გარემო, მატერიალური რესურსი, თემი და ოჯახი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ პიროვნების ჩამოყალიბებაში, მაგრამ მრავლად ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც შიშველი ხელებით, მხოლოდ მასწავლებლის მონდომების ხარჯზე, მოსწავლეებს სასურველი მიზნისთვის მიუღწევიათ. სკოლების ლიდერები დღითი დღე ჩივიან, რომ უჭირთ სასურველი კადრების პოვნა, განსაკუთრებით – საჯარო სექტორში, რომელიც დაბალი ანაზღაურებისა და სხვა ფაქტორების გამო კონკურენციას ვერ უწევს კერძოს. ინტერვიუებში ისინი აღნიშნავენ, რომ ფინანსური საკითხი ამ შემთხვევაში გადამწყვეტია. თუმცა მოტივაციის ფაქტორების შესასწავლად ჩატარებული მრავალი კვლევა ცხადყოფს, რომ პერსონალის მოტივაცია ანაზღაურებაზე ერთმნიშვნელოვნად არ არის დამოკიდებული – დიდ როლს ასრულებს გარემო და პიროვნული აღიარებაც. ადამიანები იშვიათად თმობენ სამსახურს, სადაც თავს დაფასებულად, აღიარებულად, გუნდის ნაწილად გრძნობენ. კვლევები წარმოაჩენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს – ორგანიზაციის მენეჯმენტის სტილს, რომელიც პერსონალს ან მოტივაციას აუმაღლებს, ან სამსახურის დატოვებისკენ უბიძგებს. გერმანული გამოცემები (Suddeutsche Zeitung, Die Welt) წერენ, რომ მუშაობის პოტენციალი იკლებს, როდესაც ადამიანი განუწყვეტლივ გრძნობს კონტროლს მენეჯერისგან. „მენეჯერებს ხშირად ავიწყდებათ, რომ თავადაც დაქვემდებარებულები არიან”, „თუ შეიქმნა გამოუვალი ვითარება, რომლის მართვა ხელმძღვანელს არ შეუძლია, ზეწოლა მაინც პერსონალზე მოდის”, – ნათქვამია სტატიაში.

საინტერესოა მათი მოსაზრებები, ვინც კარიერულ კიბეზე ერთი საფეხურით აიწია და დღეს თავადაა მენეჯერი. „სანამ რიგითი მასწავლებელი ვიყავი, ვერ ვხვდებოდი, რატომ არ დგამდა დირექტორი რადიკალურ ნაბიჯებს სასწავლო გარემოს გასაუმჯობესებლად; ახლა, როდესაც ხელმძღვანელის პოზიციიდან ვაკვირდები, ვხვდები, რომ ცვლილებების განხორციელება არც ისე ადვილია”, – ამბობს ერთ-ერთი რესპონდენტი. „ვცდილობ, იგივე შეცდომები არ მომივიდეს, რაც ჩემს დირექტორს მოსდიოდა. არ მინდა დავივიწყო, რომ თავადაც რიგითი თანამშრომელი ვიყავი… ყველაზე რთული თანამშრომელთა მოტივირებაა”, – აღნიშნავს მეორე.

ადმინისტრირება ორგანიზებული საზოგადოების ყველა ინსტიტუციის აუცილებელი კომპონენტია. ადმინისტრაციული საქმიანობის აუცილებლობა მაშინვე იჩენს თავს, როცა საქმიანობის შესასრულებლად ორგანიზაციაში ორი ან მეტი თანამშრომელია საჭირო. მრავალი ისტორიული წყაროც კი ადმინისტრაციულ აქტივობებს აღწერს – პირამიდების მშენებლობით დაწყებული, ფეოდალური მამულების მართვა–გამგეობით დამთავრებული. ადმინისტრაციული პროცესის შესახებ ყველაზე ადრეული კონცეფციები თავმოყრილი იყო სამოქმედო მოდელის გარშემო – მართვას ახორციელებდა ის, ვინც ხელმძღვანელობდა აქტივობებს და ასრულებდა საქმეს. საინტერესოა, მაგრამ ჩემ მიერ გამოკითხულ პედაგოგთა უმრავლესობაც კერძო სექტორისთვის უპირატესობის მინიჭების მიზეზად მატერიალურ მხარესთან ერთად სასკოლო გარემოსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას ასახელებს. ამ შემთხვევაში აქცენტი თანამშრომლობით სწავლასა და ჯანსაღ სასკოლო გარემოზე დაისმის.

სკოლაში ადამიანური რესურსების მენეჯმენტის თაობაზე საინტერესო მოსაზრებები აქვს გამოთქმული რონალდ უ. რებორის წიგნში „Human Resources Administration in Education: A Management Approach”.

ყველა სკოლაში საჭიროა ადამიანების მიზიდვა, შერჩევა, განთავსება, შეფასება და ანაზღაურება – ეს უპირობოდ შესასრულებელი აქტივობებია. ავტორი განმარტავს, რომ ადმინისტრირება სოციალური პროცესია, რომელიც მოიცავს ადამიანური, მატერიალური და ფინანსური რესურსების მართვას გამიზნული სამუშაოს შესასრულებლად. მნიშვნელოვანია, მენეჯერებმა გაიაზრონ, რომ ადმინისტრირების პროცესი განსხვავდება სტრატეგიული დაგეგმვის პროცესისგან. ადმინისტრირება არის უკვე ჩამოყალიბებული სტრატეგიის განხორციელება, რაც უშუალოდ მოქმედებას გულისხმობს.

ადამიანური რესურსების ფუნქცია და პერსონალის ძირითადი ამოცანები ყველა სასკოლო სისტემაში ერთი და იგივეა: პერსონალის დაქირავება, შენარჩუნება, განვითარება და მოტივირება, ცალკეული თანამშრომლების ხელშეწყობა პროფესიული განვითარების მაქსიმალური დონის მისაღწევად და პერსონალის კარიერული წინსვლისთვის აუცილებელი პირობების შექმნა. ეს მიზნები უნდა ხორციელდებოდეს ადამიანური რესურსების ფუნქციის შემდეგ მიმართულებათა გათვალისწინებით:

1. ადამიანური რესურსების დაგეგმვა – გეგმის შედგენა ადამიანური რესურსების ხანგრძლივ და ხანმოკლე მოთხოვნილებებთან დაკავშირებით სკოლის განვითარების აუცილებელი კომპონენტია;

2. თანამშრომლების დაქირავება – კვალიფიციური პერსონალი ბავშვების, მოზარდებისა თუ ზრდასრულებისთვის ეფექტიანი საგანმანათლებლო მომსახურების მიწოდების ძირითადი ფაქტორია;

3. შერჩევა – ადამიანური რესურსების ხანგრძლივი და ხანმოკლე მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად შერჩევა ხორციელდება საგანგებოდ შემუშავებული ტექნიკისა და პროცესების მეშვეობით;

4. განთავსება და საქმის კურსში ჩაყენება – შესაფერისი დაგეგმვის მეშვეობით ახალი თანამშრომლის ადაპტირება სასკოლო გარემოსთან, სასკოლო კულტურის გაცნობა, საერთო გეგმების გაზიარება;

5. პერსონალის განვითარება – განვითარების პროგრამები ხელს უწყობს პერსონალს სასკოლო მიზნების მიღწევაში და ცალკეულ პირებს პირადი და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას აძლევს;

6. მუშაობის შეფასება – შეფასების პროცესები და ტექნიკა ხელს უწყობს პიროვნებას პროფესიულ ზრდაში და ეხმარება სასკოლო თემს დასახული მიზნების მიღწევაში;

7. კომპენსაცია – ისეთი პროგრამების გატარება, რომლებიც ახდენს კვალიფიციური შრომის კომპენსაციას, ხელს უწყობს პერსონალის მოტივაციის ზრდას;

8. კოლექტიური მოლაპარაკებები – მოლაპარაკების პროცესი საშუალებას აძლევს პერსონალს, მონაწილეობა მიიღოს ისეთი საკითხების გადაწყვეტაში, რომლებიც გავლენას ახდენს მათ პროფესიულ და პერსონალურ კეთილდღეობაზე.

ავტორი აღნიშნავს, რომ ადამიანური რესურსების ფუნქციის ეს რვა განზომილება განცალკევებულ, იზოლირებულ ობიექტებს კი არ წარმოადგენს, არამედ ერთი და იმავე ფუნქციის ორგანული შემადგენელი ნაწილებია და იქვე დასძენს, რომ, სამწუხაროდ, მრავალი სკოლა ადამიანური რესურსების ფუნქციას დღემდე განიხილავს როგორც მხოლოდ კომპეტენტური მასწავლებლების სამუშაოზე აყვანას.

ცოდნის დონის მკვეთრმა ზრდამ და მუდმივად ცვალებადმა სოციალურმა გარემომ წარმოშვა მნიშვნელოვანი საკითხები ადამიანური რესურსების ადმინისტრირების სფეროში. წინათ კადრების განვითარება მოიაზრებოდა ძირითადად მიმდინარე ტრეინინგების მოდელთან კავშირში, რომელიც კონცენტრირებული იყო მცირერიცხოვანი სემინარების გამართვაზე სასწავლო მასალის ირგვლივ. ახალი სასწავლო ტექნოლოგიების მოზღვავებასთან ერთად განათლების სისტემაში მოსულ ახალ პროფესიონალთა შეცვლილი დამოკიდებულება და საზოგადოებრივი ღირებულებები იწვევს კადრების მუდმივი განვითარების აუცილებლობას, როგორც ადმინისტრატორებისთვის, ასევე მასწავლებლებისათვისაც. ეს ფუნქცია იმდენად სპეციალიზებულია, რომ ნამდვილად მოითხოვს ადამიანური რესურსების სპეციალისტის, ჩვენს სინამდვილეში კი სკოლის ადმინისტრატორის დიდ ყურადღებას.

სტატიის მომდევნო ნაწილებში მოკლედ მიმოვიხილავთ ავტორის მიერ დასახელებულ რვა პუნქტს და გაგაცნობთ ადამიანური რესურსების მართვის პროცესში გავრცელებულ ორ ძირითად ლიდერულ ტიპს (ტრანსცენდენტური და ტოტალური ხარისხის მენეჯმენტი), რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს განათლების ადმინისტრატორებს.

„ზაზუნას დღე“ მასწავლებლისათვის

0
ამას წინათ ერთმა ნაცნობმა მკითხა: „მაინც რა არის ყველაზე რთული მასწავლებლის პროფესიაში?” პასუხის გაცემა გამიჭირდა. ახლა კი ვფიქრობ, რომ უზარმაზარ პასუხისმგებლობასთან, ურთიერთობათა რეგულირებასთან, ორ ცეცხლს შუა დგომასა და თავბრუდამხვევ ტემპთან ერთად ამ საქმიანობის რუტინულ ბუნებასაც დავასახელებდი.
განმარტებითი ლექსიკონი გვამცნობს, რომ რუტინა იმ მოქმედებათა ერთობლიობაა, რომლებიც მეორდება ხშირად და განსაზღვრული თანმიმდევრობით. ჩემთვის კი რუტინა ნიშნავს: მონატრებულ მეგობრებს, განაწყენებულ შვილს (რა ხანია, ერთად არ გაგისეირნიათ), ბედს შეგუებულ მშობლებს (იქნებ „ხვალ” მაინც მოიცალო მათთვის), გაიშვიათებულ კარგ განწყობას და წვრილმანებით – ჟანგიანი ლურსმნებით გამოტენილ დღეებს. ხანდახან, როცა ამ ჯადოსნური წრიდან გაქცევას ახერხებ, ხვდები, რომ ოქტომბერი მართლაც „ლომფერია” და უმიზეზო სიხარულის შეგრძნებით სავსეს, ფოთოლცვენის ცქერაც კი გაბედნიერებს.
რა თქმა უნდა, ამ ქალაქში მარტო მასწავლებლები არ დაიარებიან ჩაშავებული უპეებით, გადაღლილი მზერითა და ჩახლეჩილი ხმით. მაინც რას ვაკეთებთ ასეთს, განსაკუთრებულს?! – კვირიდან კვირამდე წითელ კვალს ვტოვებთ ათობით რვეულსა თუ ტესტში, მანამდე კი ამ რვეულების პატრონთა აზრებს ვალაგებთ. ვცდილობთ, თითოეულ მოსწავლეს თანაბრად ვერგოთ, თვალი დავუხუჭოთ გულგრილობას, ყური შევაჩვიოთ მოსალოდნელ ჭორებსა და უთანხმოებას, სკოლისთვის ჩვეულ გაუსაძლის ხმაურს… თან ამ ყველაფერს ზვარაკად ისე შევწიროთ მთელი სიცოცხლის სამყოფი დრო და ენერგია, საყვედურიც კი არ დაგვცდეს.
აი, რას გვავალებს მასწავლებლის ეთიკის კოდექსი:
უპირველეს ყოვლისა, „მოვიწესრიგოთ ქცევა” და ვიქცეთ ფიზიკური და პროფესიული თვალსაზრისით „მისაღებ კანდიდატურად”; გავხდეთ უებრო ორატორები; განგებამ ურთიერთობათა მართვისა და თანამშრომლობის უნარითაც უნდა დაგვაჯილდოოს; გავუფრთხილდეთ არა მარტო ადამიანებს, არამედ სასკოლო ნივთებსაც და ვაწარმოოთ დოკუმენტაცია, რომელიც გაცილებით მეტ დროს გვართმევს, ვიდრე გაკვეთილების მომზადება და ჩატარება ერთად. ამასთან, გამუდმებით უნდა ვიზრუნოთ კვალიფიკაციის ამაღლებაზეც – დავესწროთ პროფესიულ ტრენინგებსა და გამოცდებს, ჩავებათ მასწავლებლების ახალ საერთო მარათონში და ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯით გავიხანგრძლივოთ მასწავლებლის სტატუსის ტარების უფლება. იმაზე კი არავინ ფიქრობს, შეუძლია თუ არა ადამიანის ტვინს ამდენი საქმის ერთდროულად კეთება.
არსებობს კი საქართველოში ისეთი სამსახური, რომელიც სამუშაო დროის ამოწურვის შემდეგ სახლში არ გამოგვეკიდება მაწანწალა ძაღლივით?! ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, მარტო მასწავლებლის პროფესიას არ ეხება. შეიძლება ითქვას, რუტინა ოცდამეერთე საუკუნის სამარკო ნიშნად იქცა, თანაც ისეთივე მოდურია, როგორც სპლინი სიმბოლისტების ეპოქაში.
პირველად, როცა ფილმი „ზაზუნას დღე” ვნახე, ვიფიქრე, რა კარგი იქნებოდა, კადრის რამდენჯერმე დატრიალებისა და ცხოვრების სწორ გზაზე დაყენების შანსი მართლა რომ გვეძლეოდეს–მეთქი. გავიდა ხანი და მივხვდი, რომ თითქმის იდენტური დღეების გამეორებამ შეიძლება ნებისმიერი ადამიანი აქციოს ატომურ ბომბად, რომელიც ყველაზე უხერხულ მომენტში აფეთქდება.

კონფუცის სიტყვებს თუ დავეყრდნობით, საკმარისია აკეთო ის, რაც გიყვარს და ცხოვრებაში არასოდეს მოგიწევს მუშაობა. თუმცა არც ასე მარტივადაა საქმე. თუ სასურველი პროფესიის ტყვედ იქეცი, მალე სიამოვნებას ვერც მისგან მიიღებ.

ადამიანთა უმრავლესობა სამსახურს აუცილებელ, გარდაუვალ ვალდებულებად მიიჩნევს. მათთვის ყოველი დილა ნიშნავს მაღვიძარას ხმაზე გაღვიძებას, ნაჩქარევ საუზმეს და მრუდე ჩრდილს თვალთან, ფეხად გასწრებულ ავტობუსზე დარდს, ტრანსპორტში თითქმის ცალ ფეხზე დგომას და გაღიზიანებული მგზავრების უნებლიე მუჯლუგუნების თმენას. სამსახურში შუადღის დადგომას ვერასოდეს იგრძნობ, საღამო კი დილის გზას ზედმიწევნით იმეორებს, ოღონდ პირიქით – სამსახურიდან სახლისკენ. მრავალი ჩვენგანი ამ მარშრუტს მხოლოდ სიცოცხლისთვის სამყოფი ლუკმაპურის მოსაპოვებლად გადის. ყველაზე სამწუხარო კი ისაა, რომ ადრე თუ გვიან რუტინას ეჩვევი, რადგან საკუთარი ცხოვრების გადაწყობას, ალტერნატიულ ვარიანტებზე ფიქრს, რამის შეცვლას მეტი გამბედაობა და საკუთარი თავის რწმენა სჭირდება.

თვითშეფასების ამაღლება მომაბეზრებელ ყოველდღიურობასთან ბრძოლის ერთ–ერთი მთავარი იარაღია, მის ჩამოყალიბებაზე მუშაობა კი სწორედ სკოლიდან იწყება. ისმის კითხვა: მასწავლებელი, რომელიც საკუთარ შესაძლებლობებში ბოლომდე ვერ გარკვეულა, მოახერხებს მოზარდისთვის ჯანსაღი თვითშეფასების ჩამოყალიბებას?!

ცვლილებების დაგეგმვა და განხორციელება საკმაოდ რთული დავალებაა რუტინაში ჩაბმული ადამიანისთვის. თუ მას სტრესული სამსახურიდან თავის დაღწევის საშუალებას შესთავაზებთ, ის აუცილებლად მოიმიზეზებს მიმდინარე პროექტს, თანაც არგუმენტებით დაგიმტკიცებთ, რომ თავს ვერ გაართმევდა თქვენ მიერ შეთავაზებულ მოვალეობებს. შესაძლოა, ამ ყველაფერს დაერთოს ასაკი, ოჯახური მდგომარეობა ან მარტო ცხოვრების თანამდევი პრობლემები. მოკლედ, დღევანდელი კვერცხის დაკარგვის შიშით ხვალინდელ ქათამს ცოტა თუ წაეპოტინება.

სინდისის ქენჯნა უცნაური რამ არის, მაინცდამაინც მაშინ ახსენდები, როცა სულის მოსათქმელად ყურსასმენებს ან სიზმრებს მიღმა ემალები. მეგობრებთან შერბენის დრო თუ გამონახე, გონება მაინც დასამთავრებელი საქმეებისკენ გაგირბის. თქვენი არ ვიცი და ჩემთვის რუტინულ ყოფაზე აუტანელი სწორედ ეს უცნაური დანაშაულის შეგრძნებაა, გადასარჩენად მოპარული ყოველი წამის გამო რომ გახრჩობს.

ორიოდე სიტყვას ერთფეროვნების ფერხულში ჩაბმული ადამიანების ემოციურ მდგომარეობაზეც ვიტყვი: ეჭვიანობა – ყველგან შეთქმულება ელანდებათ; სენსიტიურობა – ადვილად სწყინთ და იბუტებიან, შესაძლოა, მოულოდნელად ცრემლებიც კი წასკდეთ ან უმნიშვნელო წვრილმანზე აფეთქდნენ; საყოველთაო გულგრილობა – სირაქლემას პოზა, რუტინის უკანასკნელი სტადიით დაავადებულ ადამიანებს რომ ახასიათებთ.

როგორ უნდა განვიკურნოთ ამ ახალი მავნე ჩვევისგან?! უპირველეს ყოვლისა, ხშირად გადავუხვიოთ დასახულ გეგმებს (დასაწყისისთვის შინ სხვადასხვა გზით და სხვადასხვა დროს დაბრუნებაც კმარა), უარყოფითი ემოციების დასაბალანსებლად კი ხელოვნებასთან დამეგობრებას გირჩევდით (ჩემთვის საუკეთესო ანტიდეპრესანტი საყვარელი მუსიკა და ლიტერატურაა).

გაგიკვირდებათ და განტვირთვის ერთ–ერთ საშუალებად თვითგანათლებაც მოიაზრება. საქართველოში ერთდროულად მუშაობა, სწავლა და ოჯახის შექმნა ლამის შეუსრულებელ მისიად ითვლება. მაგრამ თუ ადამიანს რაღაც ძალიან აინტერესებს, თვითგანათლების გზით გასაოცარ შედეგს მიაღწევს. შეგიძლიათ ესტუმროთ ონლაინკურსებს, შეისწავლოთ სასურველი უცხო ენა ან მეცნიერება, წაიკითხოთ თქვენთვის საინტერესო ლიტერატურა… ჩვენი დრო შინიდან გაუსვლელად ცოდნის გამდიდრების საშუალებათა ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის.

მასწავლებლებს რომ თავი დავანებოთ, სასკოლო რუტინა მოსწავლეების არამდგრად, მრავალფეროვნებას მოწყურებულ შემოქმედებით ბუნებას ვერაფრით მოაწონებს თავს. ამიტომ საგანმანათლებლო სივრცე ყველაზე მეტად ინოვაციისადმი კეთილგანწყობილ თანამშრომლებს „იხდენს”. თუმცა ახალი იდეების განხორციელებას კარგი ორგანიზების უნარი და დროის სწორად მართვაც სჭირდება. არადა, დღის ზედმიწევნით დაგეგმვასა და შესრულებას ისევ რუტინულ ყოფასთან მივყავართ…

ჩემი აზრით, დასრულებული საქმეები არ არსებობს და ყველა ორშაბათი წერტილის მძიმედ გადაქცევის დღეა, ამიტომ ხანდახან გვერდზე გადადეთ შესასრულებელი დავალებების სია და გაიქეცით ქარში, წვიმაში, ფილმებში, წიგნში, მეგობრების ცხოვრებაში, საკუთარ თავში, თუნდაც არაფრის გასაკეთებლად. იმედი მაქვს, ერთხელ თქვენს დღიურშიც გაჩნდება „ფანჯარა”, რომელსაც დამატებითი საქმეების მოგვარების ნაცვლად სასურველი დასვენებისთვის გამოიყენებთ.

ინტერაქციული ლექციის გამოყენება გაკვეთილზე

0
ლექცია საგაკვეთილო საქმიანობის გავრცელებული ფორმაა. ის განსაკუთრებით ეფექტურად გამოიყენება დიდი მოცულობის ინფორმაციის მოკლე დროში გადასაცემად. სასკოლო ლექცია ძირითადად ერთ საგაკვეთილო ფორმატს მოიცავს, რითაც ის განსხვავდებასხვა ტიპის (მაგ. უმაღლესი სასწავლებლების) ლექციისგან, რომლის დროსაც თემის გადაცემა შეიძლება რამდენიმე საათს გაგრძელდეს. ამიტომ მიზნის მისაღწევად დიდი მნიშნელობა აქვს ამ 1 საათის მაქსიმალურად გამოყენებას. იმისათვის, რომ მასწავლებლებმა შევძლოთ ლექციის სწავლის აქტიურ ფორმად გადაქცევა, სწავლის სტრატეგიებიდან მოსახერხებელია ინტერიული ლექციის გამოყენება. ინერაქიურობა (ინგლ. Interaqtiv – „ურთიერთქმედება”) პედაგოგიკაში ნიშნავს პედაგოგის (ვინც ასწავლის) აქტიურ ზემოქმედებას მოსწავლეზე (ვინც სწავლობს). ამ დროს ლექციური ელემენტები აქტიურად ერწყმის გავარჯიშებას, ცოდნის ავტომატიზებას, რაც დიდი მოცულობის ინფორმაციის გადამუშავებაში მოსწავლეთა აქტიურ მონაწილეობასიწვევს.

 

ინტერაქციულ ლექციას საფუძვლად ცოდნის ორგანიზებისშემდეგი კანონზომიერებაუდევს:

I ეტაპზეხდება გაგება(გააზრება, შემეცნება, განზოგადება), ანუ კონცეპტუალური ცოდნის მიღწევა;

IIეტაპზე – ათვისება (განმეორების სხვადასხვა ხერხის გამოყენება), ანუ ცოდნა იძენს დინამიურ ხასიათს;

IIIეტაპზე – ადგილი აქვს უნარების გამოყენება/ფორმირებას (სტანდარტული და შემოქმედებითი ფორმით), ანუ ტრანსფერული ცოდნის ჩამოყალიბებას.

მიზნის მისაღწევად და მაქსიმალური შედეგისთვის უნდა გვახსოვდეს, რომ

  • ინტერაქციული ლექცია კარგად უნდა გაიწეროს დროში, შესაძლებელია რამდენიმე ნაწილადაც დავყოთ;
  • სასურველია მოსწავლეებს ლექციის დასაწყისშივე წარვუდგინოთ მონახაზი, რითაც ისინი შეძლებენ დაინახონ ლექციის სტრუქტურული ერთეულები და საყრდენი მომენტები;

  • დასაწყისშივე დავსვათ შეკითხვა, რომელიც გამოიწვევს მათ ცნობისმოყვარეობას და მივცეთ მისი შესრულებისათვის საჭირო ინსტრუქცია. ეს გაზრდის მოტივაციას, ინტერესს ლექციის მიმართ და მასალის ათვისებაც უფრო ადვილად და სწრაფად მოხდება;

  • ლექციის დროს გამოვიყენოთ როგორც აუდიო, ისე ვიდეო-მასალა, ვიზუალიზაციის სხვა საშუალებები, კოგნიტური სქემები, რაც ანალიზის, სინთეზის საშუალებას მისცემს მოსწავლეს და გაუაქტიურებს წარმოსახვას;

  • უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარი არა გადაცემული ინფორმაციის მოცულობა, არამედ ის, თუ რა და როგორ გაიგეს მოსწავლეებმა, როგორ აითვისეს ძირითადი მომენტები, შეძლეს თუ არა აზროვნების კიდევ უფრო მაღალი საფეხურების წვდომა, რისთვისაც მოსწავლე დროდადრო უნდა ჩავრთოთ საქმიანობაში და ლექციის აქტიურ ნაწილად ვაქციოთ. შესაბამისად, დავუსვათ შეკითხვები და გადავამოწმოთ ინფორმაციის წვდომის ხარისხი;

  • ინტერაქტიური ლექციის მოსმენის პარალელურად მოსწავლეები ავსებენ მასწავლებლის მიცემულ კოგნიტურ სქემას (მაგ., ორგანაიზერს), რითაც განაზოგადებენ ლექციის ცალკეულ ნაწილებს და შექმნიან ერთ მთლიანს, ანუ მოახერხებენ ცოდნის სხვადასხვა საფეხურების გამოყენებას;

  • მუშაობის ნაყოფიერება დადასტურდება, თუ ლექციის ბოლოს მოსწავლეები მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოთხრობის შედგენას (ანუცოდნ აგებას)შეძლებენ.

მაგალითად, ისტორიის VII კლასის კურსში, როდესაც მოსწავლე ეცნობა დიდ ბრიტანეთს და ნორმანთა დაპყრობების შედეგებს ინგლისში,ვიზუალური საყრდენისთვის მასწავლებელს შეუძლია ირლანდიის და გაერთიანებული სამეფოს რუკის გამოყენება;ხოლო ლექციის მსვლელობის და მასწავლებლის თხრობის კვალდაკვალ მას შეუძლია მოსწავლეებს დაავალოს კოგნიტური სქემის შევსება (ნახ.1):

ლექციის მეორე ნაწილში მოსწავლეები უკვე მეორე სქემაზე იმუშავებენ – ქვეყნის მოსახელობის შემადგენლობასა და მნიშვნელოვან მოვლენებზე (ნახ.2):

გაკვეთილის ბოლოს კი მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეადგენენ მოთხრობას დიდ ბრიტანეთსადა ინგლისში ნორმანთა დაპყრობების შედეგებზე, რაც მოწმობს, რომ ინტერაქციული ლექციის მეშვეობით ინფორმაციის შინაარსი მათთვის გაცილებით მისაღები, ადვილად დასამახსოვრებელი და გამოსაყენებელი გახდა.

რაც შეეხება რეფლექსიას, ამ დროს მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეები შეაფასოს სასიგნალო ბარათებით (ნახ. 3):




საბოლოო ჯამში აღნიშნულ თემაზე 1 საგაკვეთილო ინტერაქციული ლექციის ფორმატი ასეთი იქნება (ნახ. 4):

კიდევ უფრო დაწვრილებით განვიხილოთ ინტერაქციული ლექციის მაგალითი XI კლასის მსოფლიო ისტორიის კურსიდან:

თემა – „ფეოდალიზმი ევროპაში. რომის კათოლიკური ეკლესია. ჯვაროსნული ლაშქრობები XI-XIII სს”.

ინდიკატორები და შედეგები – ისტ. XI.1; 2; 4; 5; 6; 7.

შინაარსიფეოდალიზმი ევროპაში; პაპიზმი; ეკლესია და ბრძოლა ლეგიტიმაციისათვის; ბრძოლა გავლენისთვის შუა საუკნეების ქრისტიანულ სამყაროში; ჯვაროსნული ეპოქა; რეფორმაცია და კონტრრეფორმაცია.

საყრდენი ტექსტი: შუა საუკუნეების ევროპული საზოგადოება სამი წოდებისგან შედგებოდა, რაც მის განსაკუთრებულ თავისებურებას უსვამდა ხაზს; ყოველ მათგანს თავისი დანიშნულება ჰქონდა; ისინი იბრძოდნენ გავლენის სფეროების გაფართოებისთვის, რაც საზოგადოებაში მრავალ წინააღმდეგობას და ცვლილებას იწვევდა, მათ შორის მსოფლიო ასპარეზზეც.

ლექციის მოსმენის პარალელურადმოსწავლეები შეავსებენკოგნიტურ სქემას – ლოგიკურ ჯაჭვს, სადაც ნახსენები იქნება ყველა ახალი ცნება და ტერმინი, ნაჩვენები იქნება ორ ფენას შორის – სასულიერო და საერო წოდებას შორის არსებული წინააღმდეგობები და ხაზგასმული იქნება სოციალური და ისტორიული მოვლენების ურთიერთკავშირი (ნახ.5):


 ნახ.5

ლექციის მოსალოდნელი შედეგები შემოთავაზებული ცხრილის (ნახ.4) მიხედვით:

N1 – მოტივაცია/განწყობისთვის – შეკითხვა: რა კავშირია ფეოდალურ ევროპას, რომის კათოლიკური ეკლესიასა და ჯვაროსნულ ლაშქრობებს შორის XI-XIII სს-ში? (მიადევნეთ თვალ-ყური კოგნიტურ სქმას);

N2 – წოდებები„ვინც იბრძვის, ვინც ლოცულობს და ვინც მუშაობს”;

N3 – ერთი წოდებიდან მეორეზე გადასვლა შეუძლებელია;

N4 – ახალი მასალი გამტკიცება:

ა) მსოფლიო ბატონობისკენ კათოლიკური ეკლესიის და ფეოდალების მისწრაფების შედეგები იყო:


·

ვაჭრობის განვითარება;


·

ბიზანტიის იმპერიის დაცემა;


·

აღმოსავლური კულტურის გაცნობა;


·

ტექნიკური გამოგონებები.

ბ)ბლოკსქემასთან დაბრუნება (ნახ.5), ახალ ტერმინებზე და ცნებებზე აქცენტირება;

N5 – ინდივიდუალური/ჯგუფური მუშაობის შედეგების შემოწმებისთვის:

ა)დაასახელეთ, რომელი ცნება შეესაბამება მოცემულ განსაზღვრებას –

„განსაკუთრებული მოსაკრებელი” ესაა:


·

საეკლესიო კრება;


·

საეკლესიო გასახადი.

ბ) იპოვეთ შესატყვისობა მოცემულ განსაზღვრებებს შორის – „ინკვიზიცია” ესაა:


·

განსაკუთრებული საეკლესიო ტრიბუნალი, რომელიც ერეტიკოსების წინააღმდეგ საბრძოლველად დაარსდა;


·

აღსარება;


·

განდიდების აკრძალვა.

გ) რა ეწოდება სიგელს, რომლითაც ხდებოდა
„დამნაშავის” გათავისუფლება/შეწყალება:


·

მონანიება;


·

ინდულგენცია.

დ) იპოვეთ ზედმეტი: ისტორიკოსები თვლიან, რომ ჯვაროსნული ლაშქრობების

მიზეზი იყო:


·

ევროპის მოსახლეობის ზრდა;


·

რელიგიური მოტივი – ქრისტეს საფლავის გათავისუფლება;


·

ნორმანების თავდასხმები ევროპის სამხრეთში;


·

პაპების მისწრაფება ძალაუფლების გაზრდისკენ;


·

სხვადასხვა წოდების გამდიდრების, ნადავლის სურვილი.

ე)ვის შეუძლია მოგვითხროს, ევროპის ფეოდალური საზოგადოება როგორ აღოჩნდა ჩაბმულიჯვაროსნულ ლაშქრობებში?

N6 – რეფლექსია და შედეგების შემოწმება (მოსწავლეები აჩვენებენ სასიგნალო ბარათებს):


·

„ვინ რომელი აირჩიეთ”?


·

დასვენებაზე ის მოვიდეს, ვინც „ვერ გაიგო”.

ინტერაქციული ლექციის დინამიკურობა და მაღალი მოტივაცია მოსწავლეთა რეალური წარმატების საფუძველია, ამიტომ მისი გამოყენება სასწავლო პროცესში სასურველი და აუცილებელია.

შიში, რომელიც მაღვიძებს

0

ხანდახან ვფიქრობ, თუკი ოდესმე ჩვენს შვილებს წარმატების გზაზე რაიმე შეაფერხებსეს იქნება ჩვენი დაუოკებელი მოლოდინი სწრაფად შევქმნათ მათგან პატარა გენიოსები, ყველაზე ჭკვიანი, ნიჭიერი, გამორჩეული და საუკეთესო ბავშვები დანარჩენ სხვა ბავშვებს შორის.

 

 

 


და ასე, ნელ-ნელა იწყება ახალ-ახალი შეჯიბრებები, პატარა ცხოვრებისეული გამოცდები და ამ პერიოდის დადგომას მშობლები უფრო მეტად განვიცდით და ვნერვიულობთ, ვიდრე თავად ისინი – ჩვენი ცხოვრების მთავარი გმირები, რომლებიც ამ ყველაფერს ისე აღიქვამენ, როგორც სახალისო თავგადასავალს და ჩვენს დაჟინებულ ყიჟინასაც არად აგდებენ, როდესაც ვასწავლით ჭკუას, ხიფათის თავიდან არიდების ყველაზე გამოცდილ ხერხებ, ვუსახავთ ოპტიმალურ მარშრუტს, თავს დავტრიალებთ, ვასწავლით როგორ ითამაშოს, როგორ მიესალმოს მეზობელს, როგორ გადახადოს მადლობა, როგორ მოიქცეს საზოგადოებაში, როგორ მოითმინოს, როგორ იბრძოლოს, როგორ აჯობოს სხვებს, როგორ გახდეს მამაცი, ყველასგან გამორჩეული და ყველასთვის საყვარელი, როგორ გახდეს ნამდვილი სუპერგმირი, რომელიც ყველა მაყურებლის იმედს ამართლებს.


მიდი, საჭე კარგად დაატრიალე და მანქანაც დაიძვრება!

ეცადე სხვებს არ დაეჯახო. თავისუფალ წრეზე იარე!

მიდი, მიდი ძალიან მაგარი ხარ, ახლა კარგად დაატრიალე საჭე მარჯვნივ და პედალიდან ფეხი არ აიღო!


ეს პატარა წარმოდგენაა ჩვენი შვილების მონაწილეობით. მათთვის ეს მხიარული თავგადასავალი, რომელიც ძალიან უნდათ დიდხანს გაგრძელდეს. ზოგიერთი ახანგრძლივებს ამ თავგადასავალს, მანქანიდან არ გადმოდის და საჭეს მოხერხებულად ატრიალებს. მშობლების დაჟინებული, აღგზნებულ ხმიანი ქორო კი ატრაქციონების ხმაურში იკარგება. ისინი, ტელეფონებით აღჭურვილები, ცდილობენ ნათლად აღბეჭდონ თავიანთი შვილების გმირობები ეკრანზე და, ამავდროულად, შვილებსაც ამხნევებენ ხმამაღალი შეძახილებით.


– ყოჩაღ, ყოჩაღ, ძალიან მაგარი ხარ! – ისმის ხმამაღალი შეძახილები ტაშის თანხლებით. ეს პატარები კი იქამდე დააქროლებენ ამ თავიანთ საოცნებო მანქანებს , სანამ ზარის წკარუნი ამ მხიარულ ქროლვას არ შეაწყვეტინებს. მშობლები კი ნერვიულობენ და შფოთავენ, ოხრავენ ბავშვების მანქანების ყოველ შეჯახებაზე. განერვიულებული ხმით ასწავლიან, როგორ გამოძვრნენ რთული სიტუაციიდან. ზოგიერთი, პირველად დაჯდა ამ ფერად მანქანაზე და უფრო მეტი ალბათობაა, რომ სუპერგმირი ვერ გახდეს. მეც ავნერვიულდი, მეც მინდა ჩემი შვილი სუპერგმირი იყოს, მანქანას გამოცდილი ავტომრბოლელივით დააქროლებდეს, ყველა შექმნილი ჩიხიდან უპრობლემოდ გამოძვრეს, საერთოდ პრობლემები არ შეხვდეს, სულ თავისუფალ წრეზე იაროს და წინ არაფერი გადაეღობოს, რაც ხელს შეუშლის ამ ელექტროავტომობილის თავისუფლად მართვაში. დაძაბული ვუყურებ, მეც გადმომედო სხვა მშობლების შფოთვა. შეცდომაა – თითქოს, თავში ვიღაც მისიგნალებს. ვხვდები, რომ ამ პატარა განგაშის ზარმა უნდა გამომარკვიოს და საკუთარი შფოთვები გარედან დამანახოს. “მერე რა, საერთოდ თუ ვერ დაძრავს მანქანას, მერე რა, თუ ისე გაეჩხირება მანქანებს შორის , რომ ზარის დაწკარუნებამდეც ვერ შეძლებს ჩიხიდან თავის დაღწევას, მიდი გაუღიმე”, – ისევ მესმის ხმა შიგნიდან. ვუჯერებ შინაგან ხმას. მოვეშვი, შვებით ამოვისუნთქე და ჩემი სუპერგმირი შვილის მორიგჩამოქროლებისას თავისუფლად ვღიმი და არც ხმამაღალ მითითებს ვაძლევ, რომელსაც მაინც ვერ გაიგონებს. უბრალოდ ვუღიმი. ისიც იღიმის და საჭეს მარდად ატრიალებს.


ჩვენ – მშობლები, ვჭედავთ ამ მოლოდინების ხატს ჩვენი შვილების მომავლის სახით. გვსურს ეს ხატი ბრწყინვალე და თვალსაჩინო იყოს ყველასთვის. ვცდილობთ, ნაადრევად ავკიდოთ ეს მოლოდინები მათ სუსტ მხრებზე და ვურჩევთ წინასწარ წარმოიდგინონ საკუთარი მომავალი ისეთი, რომლითაც იქნებიან კმაყოფილი. რომლითაც, ჩვენც ვიქნებით კმაყოფილი. ვცდილობთ დავგეგმოთ მათი ცხოვრება ისე, რომ რაც შეიძლება ნაკლები პრობლემა შეხვდეთ, ნაკლები განსაცდელი, ნაკლები თავსატეხი და საორჭოფო საქმე. თუ შეგვეძლება, ჩვენ თვითონ მოვაგვაროთ ყველაფერი, მივცეთ ყველაფერი მზამზარეული. სამაგიეროდ მოვაკლოთ ის უნარები, რომლითაც დაიცავენ საკუთარ სურვილებსდა საკუთარ შეხედულებებს. ჩვენ ვემსგავსებით თვითმფრინავ დედებს, რომლებიც თავიანთი ჰიპერმზრუნველობით თავს დაზუზუნებენ შვილებს და არ აცლიან დატოვონ ისინი საკუთარი უნარების და შესაძლებლობების პირისპირ; არ აცლიან მათ პრობლემებთან გამკლავება, წამოდგომა, როცა წაიქცევიან; არ აცლიან, თავად შექმნან მათთვის სასურველი პირადი სივრცე. ალბათ, რთულია მშობლისთვისაც იოლად დათმოს შვილისთვის თავისუფლების ნამცეცები. თავისუფლების ცნება ხომ ყველასთვის ინდივიდუალურად ითარგმნება.


ისე მოხდა, რომ ამ წერილის დაწერამდე ცოტა ხნით ადრე ფილიპ როთის “პორტნოის სინდრომის” კითხვა დავასრულე. მთელი რომანი ფსიქოთერაპიის სეანსზე მყოფი ალექს პორტნოის გაბმული მონოლოგია, რომლის პირველი თავი ასე იწყება : “წარმოიდგინეთ, ცნობიერებაში ისე ღრმად მყავდა ჩაბეჭდილი , რომ სკოლაში სწავლის პირველ წელს, მგონი, მჯეროდა: ყოველი მასწავლებელი დედაჩემი იყო, ოღონდ გადაცმულ-შენიღბული. გაისმებოდა თუ არა ბოლო ზარი, სახლში გამოვრბოდი და ენაგადმოგდებულს ყოველ ჯერზე ეს მაინტერესებდა : დედას მანამდე თუ მივუსწრებდი, სანამ გარდასახვას დაასრულებდა. შინ დაბრუნებულს მუდამ სამზარეულოში მხვდებოდა და მაგიდაზე რძესა და ფხვიერ ნამცხვარს მიდგამდა”.


ბავშვობის მოგონებებით და იქიდან წამოღებული უამრავი კომპლექსებით არის დატვირთული რომანი სიუჟეტი. ფსიქოთერაპევტის სკამზე განრთხმული ალექს პორტნოი კი სულაც არ არის ერთი ჩვეულებრივი ამერიკელი ბიჭი, მას თავისი ებრაული გრძელი ცხვირი გამოარჩევს სხვა თანატოლებისგან და ასევე დედა, რომელიც ცდილობს არ დაკარგოს კონტროლი ვაჟიშვილზე, რადაც არ უნდა დაუჯდეს. ეს დაძაბული ბრძოლაა დედასა და შვილს შორის და ამ ბრძოლის მსხვერპლი ეს გრძელცხვირა ალექსია, რომელიც გამალებული ცდილობს დედის ზრუნვის მარწუხებისგან თავის დახსნას. ხან გამოსდის და ხან არა.


ფსიქოთერაპევტის ერთ სეანსში ჩატეული თავგადასავალის სიუჟეტი ბევრისთვის შეიძლება იყოს ნაცნობი. განსაკუთრებით კი მშობლებისთვის, რომლებიც გამუდმებით ვცდილობთ, ყველაფერი, რაც კი გაგვაჩნია მივცეთ ჩვენს შვილებს და გავხადოთ ისინი უფრო ბედნიერები, ვიდრე თავად ვიყავით ისე, რომ არ წავართვათ თავისუფლების შეგრძნება და ის თავისუფალი სივრცე, რომელიც მათთვის ძალიან საჭიროა.


მე კი ამ ბოლო დროს უფრო ხშირად ვფიქრობ ამ ყველაფერზე და მაღვიძებს იმაზე შიში, როგორ მიყვარდეს, ვზრუნავდე, ვასწავლიდე, ვიცავდე ისე, რომ არ წავართვა თავისუფლების განცდა.







 

პოეტი და ზღვა. აკაკი წერეთლის ერთი მეტაფორა

0

„…და მინიშნებანი ოდითგან

ენაა ღმერთთა”

ჰიოლდერლინი

ენა ნიშანთა სისტემაა… და ამ ენით გამოთქმული ყოველი აზრიც ზოგისთვის უბრალოდ ტექსტია და ზოგისთვის – „მინიშნება”. მეტაფორები კიდევ უფრო ღრმა და კონცეპტუალური მინიშნებებია, მათი ახსნით ჩვენ ვწვდებით ისეთ სიღრმეებს, რომლებშიც უბრალო ლექსიკით ვერ ჩავაღწევთ…

აკაკი წერეთლის ერთ ლექსზე მინდა გესაუბროთ, ლექსს ჰქვია: „ზღვაო, აღელდი, აღელდი…”

რა კავშირია პოეტსა და ზღვას შორის…? უფრო სწორად, ზღვასა და პოეტის გულს შორის…?

გულსა და ზღვას შორის რომ კავშირია, ამას ადვილად დავადასტურებთ ქართული ენის ლექსიკის საფუძველზე, რადგან სიტყვა ვღელავ გულისა და ზღვის მეტაფორულ კავშირზე მიუთითებს და ლექსიკაში ეს ლექსემა ენობრივი მეტაფორაა. ასე რომ, შეიძლება ითქვას, ზღვა -გული უნივერსალურიცაა და კონცეპტუალურიც, ამავე დროს.

აკაკი წერეთლის ლექსში „ზღვაო, აღელდი, აღელდი” – პოეტის გულის მეტაფორული კავშირი ზღვასთან ფილოსოფიურ-ეზოთერული მნიშვნელობისაა. ლექსის დასაწყისში საუბარია იმაზე, რომ პოეტი ზღვას აღლვებისკენ მოუწოდებს და არა სიმშვიდისკენ. მოგეხსენებათ, რომ აღელვება, დამშვიდება, მიქცევა-მოქცევა – ზღვის ხასიათია. ზღვა ყოველთვის ცვალებადია თავისი ბუნებით, რადგან ის ცოცხალია და ტბასავით დამდგარი არ არის. სიცოცხლის თვისება კი მოძრაობაა…

ზღვაო, აღელდი, აღელდი,
ქარტეხილს დაემორჩილე,
აამთაგორე ტალღები,
კიდეებს გადააცილე!

შემდეგ სტრიქონში პოეტი განმარტავს, რატომ არ უნდა დამშვიდდეს და რატომ უნდა იღელვოს ზღვამ: განძი ზღვის გულში, ზღვის ფსკერზე ინახება და როდესაც ზღვა დამშვიდებულია, განძი დაფარულია, შეუძლებელია მისი ზედაპირზე ამოტანა… შეიძლება არც იცოდე, რომ განძის მფლობელი ხარ. რა ასაჩინოებს დაფარულ განძს…? რა თქმა უნდა, ღელვა, ბობოქრობა, ტალღების კიდეებს გადაცილება… ასეთ დროს ნაკადი შეეხება ფსკერსაც და ამოჰყრის, თუ რამ დაფარულია…

მარგალიტების სალარო
შენი უფსკრული გულია,
მყუდროების დროს ის განძი
ქვეყნისთვის დაფარულია.

მზისა და მთვარის ენერგია ზღვას აბობოქრებს, სწორედ ეს აძლევს ძალას ტალღებს, რომ ფსკერიდან ამოჰყაროს მარგალიტები და უხილავი გახადოს ხილული:

მხოლოდ როდესაც მრისხანებ,
გულს უხსნი მზეს და მთავრესა,
იმ მარგალიტებს შესტყორცნი
შენ შემკვრელ არემარესა.

ამ აღწერის შემდეგ გადადის პოეტი მეტაფორის მეორე ელემენტზე: ეს არის პოეტი, უფრო ზუსტად კი, პოეტის გული. რეზონანსი მყარდება აღელვებულ ზღვასა და პოეტის გულს შორის… პოეტისათვის ეს აღელვება უბრალო ბრაზი ან შფოთვა კი არ არის, არამედ ერთგვარი სტიქია, მაღალი ძაბვა, მაღალი სიხშირე, რომლის წყალობითაც პოეტის გული სწვდება არა ყოველდღიურ ამბებს, არამედ მომავალში მოგზაურობს და, როგორც წინასწარმეტყველს, იმ მაღალი სიხშირიდან „მოაქვს ამბები”.

პოეტო! ნურც შენ ეკრძალვი
მრისხანე გულის ღელვასა!..
ძილის დროს ქუხილს ნუ მოშლი
და სიბნელის დროს ელვასა!

ზღვა დაცულია…. როგორც არ უნდა აღელდეს და იბობოქროს, როგორც არ უნდა გადააცილოს კიდეებს ტალღები, ის მაინც დაუბრუნდება კალაპოტს… პოეტის ღელვასაც თითქოს ღმერთი იცავს…

ნახეთ, როგორ ენათესავება აკაკი წერეთლის ამ ლექსს ჰიოლდერლინი შემდეგ სტრიქონში:
„… და მიჰქრის სული, როგორც არწივი,

შესაგებებლად ჭექა-ქუხილთა,
და ასახელებს თავის მომავალ ღმერთებს
წინასწარ.”

პოეტური მეტყველება თავისი არსით მეტაფორაა იმის მიუხედავად, ტექსტში არის თუ არა მეტაფორები. ეს არის ერთგვარი „პარალელური რეალობა”, ან „გზავნილი მომავლიდან”, რომლის სწორად წაკითხამ შეიძლება ბევრი რამ დაანახოს ადამიანს, ერს, კაცობრიობას.

„პოეტური თქმა ამ მინიშნებათა დაჭერაა და შემდეგ მისი ხალხში განვრცობა, ამგვარი დაჭერა არის მიღება და, ამავე დროს, ხელახლა გაღება მადლისა, რადგან პოეტი უკვე „პირველივე ნიშანში” ჭვრეტს უკვე საბოლოო სისრულეს. და ეს განჭვრეტილი თავის სიტყვაში შეაქვს, რათა იწინასწარმეტყველოს ჯერ არაღსრულებული…” (ჰიოლდერლინი).
პოეზიის ამგვარი გაგება (ისევ მეტაფორულად) კვანტური ცნობიერების პროექციაა, რაც ნიშნავს, რომ ამგვარ ტექსტებში დარღვეულია დროის გაგება და ერთდროულად არსებობს წარსული-აწმყო-მომავალი…. პოეტი ერთგვარად წინასწარმეტყველია, მისი სიტყვა აფხიზლებს, აღვიძებს, აფრთხილებს, მიანიშნებს ადამიანებს…

პოეტის შესახებ ამ იდეიდან გამომდინარეობს შემდეგი მეტაფორა: პოეტი _ გარემოების საყვირი.

ხან უგნური ვარ, ხან ბრძენი,
ხან არც ისა ვარ, არც ისა!
გარემოების საყვირი,
არც მიწისა ვარ, არც ცისა.
ნუ მკიცხავ, მნახო უგნურად,
ნურც გაიკვირვებ ბრძნობასა:
სულ სხვა ჰყავს ხელისუფალი
ამ ჩვენს გონება-გრძნობასა…”

პოეტი, რომელიც „არც მიწას ეკუთვნის და არც ცას” და, ამავე დროს, მიწისაცაა და ცისაც… და მისი გრძნობა-გონების ხელისუფალი „ღმერთია”…. ღმერთიც მეტაფორაა, სხვა უფრო ზუსტი სიტყვა გამოხატვისთვის არ გვაქვს….

თარგმნის მნიშვნელობა

0
რამდენიმე დღის წინ ჩემი მოკრძალებული ბიბლიოთეკის დალაგების დროს „თავისუფლების დღიურების” 2013 წლის გამოცემას გადავაწყდი. ყდაზე ჩემს საშინელ პორტრეტთან ერთად კიდევ ერთხელ აღმოვაჩინე უამრავი საინტერესო ადამიანის ფოტო. წლების წინ საკუთარი თავისათვის წიგნში ერთადერთი გვერდის ჩაკეცვის უფლება მიმიცია. მაშინ ჩემი განსაკუთრებული ყურადღება დავით წერედიანის ძალიან მძიმედ მოსასმენმა ფრაზამ დაიმსახურა. ცნობილი ქართველი მთარგმნელი და პოეტი თავის ჩანაწერებში აღნიშნავს: „„ფაუსტის” მეორე ნაწილის თარგმანს ორიოდე პწკარი მივამატე. ვერ გადამიწყვეტია, ინტენსიურად ჩავუჯდე თუ არა. დაახლოებით ორიათასი სტრიქონი მაქვს თარგმნილი, ორიამდენი კიდევ წინ არის. არადა, სჭირდება ვინმეს? დღეს რომ ქვეყანაზე არავის სჭირდება, ეგ დანამდვილებით ვიცი. ეჭვი მეპარება, მომავალშიც დასჭირდეთ. გამოდის, მხოლოდ ჩემს ჭიას ვახარებ”.

მაშასადამე, რა გამოდის? ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელსაც მსოფლიო კლასიკური ლიტერატურის ყველა დროის შედევრის სრული ტექსტი მშობლიურ ენაზე არ შეგვიქმნია. ჩვენდა სასიხარულოდ არსებობს ადამიანი, რომელიც საერთო ცოდნის ამ უმნიშვნელოვანესი ნაკლის გამოსწორებასა და კულტურის გამდიდრებაში გვეხმარება. ჩვენ კი იმდენს ვახერხებთ, რომ მან თავისი საქმიანობა უსარგებლოდ და სხვებისთვის უინტერესოდ მიიჩნიოს. ალბათ, ამაზე უარესი კოლექტიური შეცდომის დაშვება ძნელად არის წარმოსადგენი.

დავით წერედიანის დღიურმა ჩემთვის უსაყვარლესი კიდევ ერთი მთარგმნელი გამახსენა. ვფიქრობ, ძალიან ბევრი იცნობს მწერალ გურამ ფანჯიკიძესა და მის განუმეორებელ, ორიგინალურ და მრავალფეროვან ლექსიკას. ჩემ ირგვლივ ყოველდღიურად ბჭობენ მისი ქალიშვილების პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ პოზიციებზე. ძალიან ხშირად გვესმის ფანჯიკიძის სიძის შესახებაც. ჩვენს საზოგადოებას ამ ოჯახის მთავარი წევრი ავიწყდება ხოლმე. უნივერსიტეტის ბაღში ბევრი იწონებს თავს თომას მანის შემოქმედების ცოდნითა და სიყვარულით, მაგრამ მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ მიპასუხონ შეკითხვაზე, ვინ არის გერმანელი კლასიკოსის ქართულენოვან თარგმანთა უმრავლესობის ავტორი. ვფიქრობ არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ მხოლოდ დალი ფანჯიკიძემ მოახერხა და გენიალური პროზაიკოსის ნაწარმოებებს თარგმნის შემდეგაც კი შეუნარჩუნა გამორჩეული რიტმი და მუსიკალურობა. შეუძლებელია, რომ ნორმალური საზოგადოება ამ ადამიანის მიმართ განსაკუთრებულ მადლიერებასა და პატივისცემას ინტენსიურად არ გამოხატავდეს.

გასულ ზაფხულს ცნობილი ქართველი მწერლის ნაირა გელაშვილის „პირველი ორი წრე და ყველა სხვა” წავიკითხე. არსად შემხვედრია, არსად წამიკითხავს უკეთ ჩამოყალიბებული თარგმანის კონცეფცია ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ხალხებისთვის: „დიდი ხნის მანძილზე მსოფლიო კულტურის, მეცნიერების, სამოქალაქო აზრისგან მოწყვეტილ, იზოლაციაში მყოფი საზოგადოებებისათვის თარგმანი ნამდვილი ფანჯარა და ხსნის გზაა, რადგანაც მისი წყალობით მყარდება კონტაქტი გარე სამყაროსთან, ამ სამყაროს ცოცხალ აზრთან, გრძნობასთან და ლინგვისტურ ველთან, მისი წყალობით იგება ყველაზე ხანგამძლე ხიდები. ლიტერატურული ნაწარმოებების კარგი თარგმანი მშობლიურ ენაზე ყველაზე მეტად აახლოებს ადამიანებს იმ ქვეყნებთან, რომელებსაც ეს ნაწარმოებები ეკუთვნის. უღვიძებს ამ ენების შესწავლის, ამ ლიტერატურისა და ქვეყნების გაცნობის სურვილს. მაშასადამე, უზრუნველყოფს დახურულ საზოგადოებათა გახსნასა და მათ გარესამყაროსთან ინტეგრაციას”.

დღეს არაერთი მიიჩნევს, რომ ჩვენს საზოგადოებაში საბჭოთა იზოლაციონიზმი უკვე დამარცხებულია. ბევრს ჰგონია, რომ თანამედროვე დასავლური ღირებულებების, კულტურისა და სამოქალაქო პოზიციების ადეკვატურად აღსაქმელად უცხო ენის ცოდნა და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენების უნარი საკმარისია. მაშინ როგორღა ახერხებენ უცნაური ორგანიზაციები ჩვენს თანამოქალაქეთა შორის ევროპული პოლიტიკური სისტემების მიმართ გამოუსწორებელი ნიჰილიზმის დანერგვას? სჯობს სიმართლე ვაღიაროთ. თარგმანის ახალი ცენტრებისა და სკოლების დაფუძნებისა და მხარდაჭერის გარეშე ჩვენ კვლავ გაგვიჭირდება სრულყოფილი კულტურული ურთიერთობების ჩამოყალიბება დასავლეთთან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კულტურული და ლიტერატურული ურთიერთობების პირობებში სოციალური და პოლიტიკური ინტეგრაციის პრობლემები ბევრად უფრო მარტივად შეიძლება გადაწყდეს.

ბედი მასწავლებლისა

0
მასწავლებელი არაერთი მხატვრული ტექსტის პერსონაჟია. ამჯერად წარმოვაჩენთ როგორ იხატება მასწავლებლის სახე თამაზ ბაძაღუას პიესაში „ღუზა ჩაუშვი, ანგელოზო!” პიესის მთავარი თემა გაუცხოება. ადამიანები მარტოობით იტანჯებიან. მთავარმა პერსონაჟმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა  ვერ გაუძლო რომანტიკული იდეალების მსხვრევას. გარკვეული ხნის განმავლობაში თავს იტყუებდა, (ასე შეაფასა შემდეგ საკუთარი ილუზიები), რომ ლიტერატურას შეეძლო ადამიანის ზნეობრივი აღზრდა, „მეგონა ჩიტებს ვზრდიდი, მართლა, ძალიან მაღლა რომ შეკრავდნენ კამარას”. მას ეგონა, რაკი მოსწავლეებს სულ პოეზიასა და მშვენიერებაზე ელაპარაკებოდა, ისინიც მისნაირადვე შეხედავდნენ სამყაროს, ცას, შემოდგომასა და ყვითელ ფოთლებზე ისაუბრებდნენ, მაგრამ რეალობამ სულ სხვა რამ აჩვენა: არც ერთი მისი მოსწავლე არ დაადგა იმ გზას, რომელსაც 20 წლის განმავლობაში ასწავლიდა. ამან ის სასოწარკვეთილებამდე მიიყვანა, სკოლიდან წამოვიდა. მას სტანჯავდა ფიქრი, რომ ვერ შეძლო მოსწავლეებზე ზემოქმედების მოხდენა, რომელთაგან ბევრი „ლოთი და მამაძაღლი გახდა”: `ოცი წელი ვასწავლიდი-მეთქი. ქართულს ვასწავლიდი. რუსთაველს და ბარათაშვილს ვასწავლიდი. გასრულდა ესე ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა. მაინც არაფერი გამოვიდა. ნეხვის გროვაზე ენძელა არ ამოვა, უნდა იცოდე, მე გვიან მივხვდი. იცით, როდის მივხვდი? ერთხელ, აი ამ მწარე არყით გამოვიბრუჟე, ქუჩაში გამოვედი და ძალიან მომინდა ჩემი ყოფილი მოწაფეები მენახა. დავფიქრდი და იცით, რა აღმოვაჩინე? თურმე მთელი ოცი წელიწადი არც ერთ ჩემს მოწაფეს ფილოლოგიურზე არ ჩაუბარებია. გესმის? რას ნიშნავს ეს? მიხვდი, რომ არარაობა ვიყავი. მივხვდი, რომ ოცი წელი ჩემს თავსაც ვატყუებდი და იმათაც. მე ერთს ვუჩიჩინებდი და სიმართლე მეორე მხარეზე იყო. ეს საშინელებაა”. 

ამგვარმა განცდამ ბონდოს საკუთარი თავისა და ადამიანის რწმენა შეურყია, ოჯახსა და მეგობრებთანაც გააუცხოვა. მის ტანჯვას აძლიერებს განცდა, რომ ხედავს, თითქოს ყველას ეშმაკისთვის მუყიდია სული, მათ შორის, თვითონაც. ერთადერთი საზრუნავი აფორიაქებთ ადამიანებს: როგორ იცხოვრონ უკეთესად. ისინი ბედნიერებას მხოლოდ კარგ სასმელ-საჭმელში, კეთილმოწყობილ ბინაში, სამსახურსა და ჩასაცმელ-დასახურავში ხედავენ. ბონდოს კი აღელვებს ზღვისპირა ქალაქის ჰორიზონტები, პოეზიის სანახები. ამიტომ თანდათან შორდება ყველას, ცოლსა და ქალიშვილსაც. ის თავისი `გიჟური~ მსჯელობით სხვათა გამოფხიზლებას ცდილობს: „შეხედეთ, შეხედეთ, ამ ნისლებში დაინთქმება ჩვენი სხეული, ამ ათასწლოვან ღამის ნისლებში ჩავიკარგებით, გესმის? რა ყრუდ და ფოთოლივით წყნარად თრთიან ვარსკლავები, რა სიჩუმეა.… ჩვენი კვალი კი სამარადისოდ წარიხოცება, უღონო გულის ტანჯვა,… მიუსაფარი, ამ ცივ წყლებზე იხეტიალებს, ვარსკლავების გულებს გააპობს.…საით მივდივართ, გეკითხები, საით მივდივართ?!” .

ბონდო მასწავლებლისთვის დილემად ქცეულა ერთი ასეთი თემაც: აღტაცება ყოველივე უცხოურით: „ერთი მეც მინდა ავიდე. გავხედო, გამოვხედო, რა აგიჟებს ამ ხალხს, სულ უცხოეთი, უცხოეთი რომ აკერიათ პირზე, ჯერ გელათი არ უნახავთ, აგერ ქუთაისთან, დავით აღმაშენებლის საფლავი არ უნახავთ,…კაცო, ბეთანია არ უნახავთ და ფიჯის კუნძულების საგზურს ეძებენ… ჰა და ჰა მადასკარი იკადრონ.… მე რასაც ვამბობ, ყველაფერი ძველია, მაგრამ, სამწუხაროდ, არაფერი იცვლება,… ამიტომ მიყვარს ძველი სიტყვები: `ჟამთა რა წვლილთა და ხმელთა აღმოფშვინვათა წარმოდგეს, ზარი მეფობისაი წარხდეს და დიდებაი დაშრტეს, შვებანი უქმ იქმნენ, ყვავილოვნება დაჭნეს, სხვამან მიღოს სკიპტრა, სხვასა შეუდგენ სპანი, მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო” .

ბონდოს ერთადერთი ნუგეშად უჩანს  ის, რომ `გოგონა მწერდა, რომ გვჭირდებიო, მოუთმენლად გელითო და ათას სისულელეს. მე მათ არ ვჭირდებოდი, მე მათ ვატყუებდი. იმ წერილს კი ახლაც ვინახავ. აგერ მაქვს. გულის ჯიბეში. თითქოს არაფერში მარგია, მაგრამ რაღაც სხვანაირად მაწვალებს. ვკითხულობ და არ შეიძლება ცრემლები არ მომერიოს. ოო, ეს ყველაფერი სიმართლე რომ იყოს. რა ბედნიერი ვიქნებოდი~. 

მის გარშემოც ასეთივე მარტოსულები არიან _ ყველას თავისი მიზეზი აქვს, მთავარია, რომ ერთი ადამიანი მეორის მარტოობის ტვირთს ვერ ამსუბუქებს. ბონდო თავს დაკარგულად მიიჩნევს. უფრო მეტიც, ის თავს მკვდრად აღიქვამს. ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმის „წარმავალი მშვენიერების” ერთი ნახევრადშეშლილი მოხუცი გვახსენდება, რომელიც ეუბნება ახლობლებს: მე თქვენ გიცნობდით, სანამ ცოცხლები იყავითო. მრავალმნიშვნელოვანი ფრაზაა. უმიზნობა, უიმედობა _ სულიერ სიკვდილს ეთანაბრება. 

პიესაში შემოიჭრება ზღვის უსაზღვრო სივრცე, რომელმაც თითქოს უნდა გამოაფხიზლოს ადამიანები, მაგრამ ისინი ვერ არღვევენ საკუთარ ეგოს და მტკიცედ შემოსაზღვრულ ჩარჩოებს, ვერ გადიან ყოველდღიურობის ერთფეროვანი საზღვრებიდან. მხოლოდ იტალიური გემის გამოჩენა შეამღვრევს ხოლმე ქალაქის მდორე მდინარებას. გემი ამ პიესაშიც უცხოს, შორეულის, მიუწვდომელის სიმბოლოა. პიესის სათაური `ღუზა, ჩაუშვი ანგელოზო~ მრავალმნიშვნელოვანია. ანგელოზი გემის სახელია, რომელიც სიკეთისა და სინათლის სიმბოლოდ იქცევა. იგი მხოლოდ დროებით ჩაუშვებს ღუზას, მერე კი ისევ გასცურავს და თან წაიყოლებს ადამიანურ ოცნებას.

ბონდოს მონოლოგები გამსჭვალულია გამოუსავლობის შეგრძნებით: „მე ახლა ვთამაშობ. ლოთსა და მასხარას ვთამაშობ. უსაქმურსა და ვიგინდარას ვთამაშობ”. „იმედი, იმედი, ვითომ ოცდამეერთე საუკუნის გარიჟრაჟზე ვცხოვრობთ და კაცმა ისიც კი ვერ ისწავლა, თავისივე მსგავსი არ მოკლას.…ეძახე ამას გონიერი ცხოველი. ადამიანი ადამიანისთვის მგელია! მე მარტო ამისი მჯერა. მგელი დიახ, მგელი _ სისხლიანი, კბილებდაკრეჭილი. ჰამ! ჰამ! ძვალი დროზე თუ არ გადაუგდე, შეგჭამს. არც ღმერთის ეშინია და არც განკითხვის. იმიტომ რომ ასე ასწავლეს, ასე გაზარდეს~.

მიშელ უელბეკი ამბობს ერთ ინტერვიუში, როგორ დამთრგუნველად იმოქმედა მასზე პასკალის აზრების ერთმა თვალსაზრისმა: „გული გამიხეთქა ამ პასაჟმა: `წარმოიდგინეთ ბორკილდადებული, სიკვდილმისჯილი ადამიანები. ყოველ დღე ზოგიერთ მათგანს დანარჩენების თვალწინ უმოწყალოდ კლავენ. ეს უკანასკნელები კი ხვდებიან, რომ ისეთივე მდგომარეობაში არიან, როგორშიც მათი თანამოძმეები, ერთმანეთს ნაღვლიანად შეყურებენ და თავის რიგს ელიან. ეს ადამიანური მდგომარეობის სურათია”.  გარდაუვალი სიკვდილი  მოკვდავი ადამიანის ხვედრია. ასე რომ, ადამიანი თითქოს დაბადებიდანვე სიკვდილმისჯილია და ამ სასჯელს ვერავინ დააღწევს თავს, მაგრამ არის გზა ამ სასჯელისგან თავდაღწევისა _ ეს არის რწმენა და ხელოვნება. ორივეს შეუძლია ადამიანი უკვდავებას აზიაროს. სიკვდილსა და ამაოებაზე ფიქრმა ადამიანი სიცოცხლისთვის უნდა აღძრას. 

ამგვარი განცდა ამ პიესის წაკითხვისასაც ჩნდება. მაგრამ მწერალს სჯერა ადამიანში ღვთაებრივი ნაპერწკლის არსებობისა, ამიტომაც განწირულობის ტკივილს იმედით გადალახავს. ბონდო ახალგაზრდა ნუგზარს ამშვიდებს: „ნუ გეშინია,… ჩვენ მაინც წავალთ მზის ამოსვლის სანახავად…(მცირე პაუზა) ოღონდ აქ მტკივა…(ბონდოს ძელსკამზე დააწვენენ. მარია ჭრილობას უხვევს. ლაშა პერანგს გაიძრობს და ჭრილობის შეხვევაში ეხმარება). ნუ გეშინიათ,…მალე აქ ანგელოზები ჩაუშვებენ ღუზას,…ისიც აქა მაქვს,…წერილი…(გაისმის გემის საყვირის ხმა. იგი ნაპირს შორდება. კიბეზე ტორტით ხელში ჩამოდის ინგა. გემის საყვირის ხმას ერთვის მხიარული იტალიური სიმღერა”.

ფოლკლორის ინტერპრეტაცია

0

საქმე არის ასე:

აი, სიცხე რომ გაქვს და გარეთ რომ თოვს, ყინვაა და თავი სასახლეში გეგულება, თუნდაც ჩვეულებრივ ლოგინში იწვე. სიცხე გაქვს და თამამი ხარ: საბანი სადამდეც გწვდება, ორჯერ უფრო გრძელი გგონია – და ამ ანდაზასავით ანგრევ დანარჩენსაც. აქ შეიძლება ამგვარი სლოგანიც: სიცხე ათამამებს! ამ შემთხვევაში ლიტერატურულ მიმართულებას ვგულისხმობ, თორემ ისე – სხვა ამბავშიც. მით უფრო, თუ ეს შენი საქმეა – სიტყვებთან თამაში. მერე რა, რომ ხანდახან ცეცხლთან თამაშზე უარესია – ვთქვათ კაი ბიჭურად: თუ აფერისტობ, დაიწვები. ჰოდა, მივადექი ზღაპრებსა და ანდაზებს. ვიფიქრე: ხომ არ არის პირველი ქართული ათეისტური მანიფესტი, ეს გამოთქმა: „თავს ზევით ძალა არ არის?”, ხომ არ იყვნენ პირველი პროტესტანტები გურულები, გამორიცხავდნენ უზენაესთან შუამავალს და ასე ლოცულობდნენ: „რომ ხარ – ქე ვიცი, რა მინდა – ქე იცი, აბა, შენ იცი”,

სხვაგან წავიდეთ:

ეგებ ის სცენა, არაერთ ზღაპარში, ქალი დევის სულის საამებლად ბოძს რომ ყვავილებით რთავს და მერე ცეკვავს – ეროვნული სტრიპტიზის ჩანასახია? – ახლა არ მითხრათ, ეს მეოცე საუკუნის პროდუქტიაო, ახლა არა – მერე მითხარით.

მოკლედ, ზომის გაღმა ვიმკრეხელე, ცამდე ვაწვდენდი ხელებს, ღრუბლებამდე ავედი და ბოლოს ძილში დავეცი. ახლა მიწაზე ვარ. აქ. თქვენთან. მაგრამ სხვაგვარად მაინც არ ძალმიძს.

უნდა განვაცხადო: ქართული ლიტერატურა, მიუხედავად არნახული მასალისა, ფოლკლორის ინტერეპრეტაციას კეთროვანივით გაურბის. ერთი-ორ გამონაკლისზე ნუ ვისაუბრებთ, ეს მხოლოდ და მხოლოდ სამამულო ხელოვნების ფრაგმენტულობას ადასტურებს. ხანდახან ჩვენებური ავტორები სიუზან ზონტაგთან (ეს მართლაც რომ საინტერესო ქალი, ინტერპრეტაციის წინააღმდეგ ილაშქრებდა ახალგაზრდობაში) შეთქმულები მგონია. დაუსწრებლად შეთქმულები, თორემ იმსიგრძე ესეს მაგათ რა წააკითხებდა. აბა, რას უნდა მივაწეროთ, სამონასტრო კედლებზე ამონაკაწრი უნებლიე შედევრი – „თოთხმეტი წლისა აღმკვეცეს მონაზვნად, აქვე შევსრულდი სამოცდათოთხმეტის… რა ლამაზი იყავი ბიჭო” – ინტერპრეტაციის თავბრუდამხვევ შესაძლებლობას რომ იძლევა – აქამდე ერთი ავტორის ერთ ნელ-თბილ ლექსს გამორჩა.

ვიღაცას ინტერპრეტაცია მაინცდამაინც ეპატაჟური ტექსტები ჰგონია (იხილეთ მეოცეს მიწურული და აგერ ჩვენი ოცდამეერთე), ზოგს ლექსებში ასფურცელას და ცისკარას ხსენება (გაეცანით ქართული პოეზიის ანთოლოგიებს, განსაკუთრებით გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან). მოკლედ…

მე მაინც მომავლის იმედი მაქვს. ამიტომაც დავწერე ესე. ჰოდა, თქვენც ნუ მკითხავთ, რა შუაშია ეს სათაური, უბრალოდ იყავით უფრო თამამი და გაათეთრეთ ყორანი, ბატონებო და ქალბატონებო, რადგან ქვიშით არ გამოდის, სხვა რამით მაინც.

გია დვალი – ჩვენ ვემსახურებით ცოდნის გადაცემას

0

ცნობილი ფიზიკოსი გიორგი დვალი,რომელიც ლუდვიგ მაქსიმილიანის, მაქს პლანკისა და ნიუიორკის უნივერსიტეტებსა და CERN-ში მოღვაწეობს, ჩვენი სტუმარია.

ნატო ინგოროყვა

ჩვენ ვემსახურებით ცოდნის გადაცემას

ცნობილი ფიზიკოსი გიორგი დვალი, რომელიც ლუდვიგ მაქსიმილიანის, მაქსპლანკისა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტებსა და CERN- ში მოღვაწეობს, ჩვენი სტუმარია.

ბატონო გია, ბავშვობიდან დავიწყოთ: სად სწავლობდით? რომელი სკოლა დაამთავრეთ? თქვენი პროფესიის არჩევაში სკოლისა და მასწავლებლის მნიშვნელობაზეც გვითხარით.

თბილისის 55- საშუალო სკოლა დავამთავრე. არაჩვეულებრივი მასწავლებლები მასწავლიდნენ. ჩამოთვლას არ დავიწყებ, ვინმე რომ არ გამომრჩეს. განსაკუთრებით კარგი მასწავლებლები მყავდა საბუნებისმეტყველო საგნებში და, ბუნებრივია, მათმა საინტერესო გაკვეთილებმა ინტერესი გამიღრმავა. ახალს არაფერს ვიტყვი, უბრალოდ, გავიმეორებ, რომ სკოლასა და მასწავლებელს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ პროფესიის არჩევისას. მასწავლებელს შეუძლია დაგაინტერესოს თავისი საგნით და შეგაყვაროს ის.

მოზარდებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა შესწავლის დაბალი მოტივაცია აქვთ დღეს, ცოტა არ იყოს, განელებულია. რა გზით შეიძლება მასწავლებელმა მოზარდს ამ საგნებისადმი ინტერესი გაუღვივოს?

აუცილებელია საგნების სწავლებისადმი კომპლექსური და სტანდარტიზებული მიდგომა. არ შეიძლება, სასწავლო პროცესი მთლიანად და მხოლოდ მასწავლებელზე იყოს მინდობილი. პროფესიონალ მასწავლებელთან ერთად მნიშვნელოვანია საინტერესო და თანამედროვე სახელმძღვანელო. როცა საგნის სწავლება კომპლექსურად მიმდინარეობს, ანუ არსებობს სტანდარტი, გვაქვს კარგი სახელმძღვანელო და გვყავს პროფესიონალი მასწავლებელი, შედეგი აუცილებლად იქნება. ბუნებრივია, არიან გამონაკლისებ მასწავლებლები, ყველანაირ პირობებში რომ ახერხებენ შედეგის მიღებას, მაგრამ სისტემას გამონაკლისებზე ვერ გავთვლით. მასწავლებელი უნდა იცნობდეს სტანდარტს და იცოდეს, რა მოეთხოვება მასრას მოელიან მისგან.

განათლების სამინისტროს განსაკუთრებული როლი კისრია ამ სტანდარტების განსაზღვრასა და განვითარებაში. მასწავლებელს რაც შეიძლება მეტი დამხმარე სახელმძღვანელო უნდა ჰქონდეს და აგრეთვე შესაძლებლობა, რეგულარულად აიმაღლოს კვალიფიკაცია, მონაწილეობა მიიღოს გაცვლით პროგრამებში.

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ბავშვებს ინტერესს უღვივებს კლასგარეშე აქტივობები: ექსკურსიები მუზეუმებში, ლაბორატორიებში, გასვლითი გაკვეთილები, კარგია მეცნიერთა და მოსწავლეთა ურთიერთანამშრომლობა და ხშირი შეხვედრები. ამ პროცესში მასწავლებელი წამყვანი ფიგურაა. მისი ენთუზიაზმი და ცოდნის განახლების სურვილი მოსწავლეებისთვის სამაგალითო უნდა იყოს.

თქვენ ხშირად მოგზაურობთ, რამდენიმე ქვეყანაში მოღვაწეობთ, შესაძლებლობა გაქვთ, გაეცნოთ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების კუთხით. აქვე გკითხავთროგორც მშობელი, რამდენად ხართ ჩართული თქვენი შვილების სასკოლო ცხოვრებაში?

სკოლებთან ურთიერთობის არ
ისე მდიდარი
გამოცდილება მაქვს უნივერსიტეტებში ვმუშაობ, მაგრამ ჩემი შვილები სკოლის მოსწავლეები არიან და ზოგადი წარმოდგენა, რა თქმა უნდა, მაქვს. როგორც მშობელს, მინდა მჯეროდეს, რომ სკოლაში ჩემი შვილი სათანადო განათლებას იღებს. მშობელი შვილის განათლებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ის სწორი გეზის მიმცემია. ჩემი შვილების სკოლაშიც წამიკითხავს ლექცია ბავშვებისთვის. არა მხოლოდ მესხვა მშობლებიც მონაწილეობენ ასეთ აქტივობებში და ეს ძალიან კარგია, რადგან ბავშვები უკეთ ეცნობიან მშობლების საქმიანობას.

თქვენ სემინარების ციკლი ჩაატარეთ ქართველი პედაგოგებისთვის. მიგვაჩნია, რომ ფიზიკის მასწავლებლებისთვის ეს ძალიან კარგი გამოცდილება იყო. როგორ ფიქრობთ, რამდენად საჭიროა ასეთი შეხვედრები?

ჩვენ მეცნიერების პოპულარიზაციას ვეწევით. დამეთანხმებით, რომ მეცნიერული მიღწევების გარეშე ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენელია. ის, რასაც დღეს ვიღებთ როგორც მოცემულობას, მეცნიერთა დიდი შრომის, ღვაწლისა და გამოცდილების შედეგია.

ფუნდამენტური მეცნიერება ცალკე ვერ იარსებებს. მას საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. ამიტომ მეცნიერების გავრცელება აუცილებელიაამით მეცნიერება საკუთარ თავსაც უჭერს მხარს. ჩვენ ხომ ცოდნის გადაცემას ვემსახურებით. ეს ჯაჭვიმოსწავლემასწავლებელიმეცნიერი არ უნდა გაწყდეს. ის ცოდნა,რაც გამოცდილების შედეგად დაგროვდა, უნდა გადავცეთ და იდეალურ შემთხვევაში განვავითაროთ კიდეც.

ფიზიკა ისეთი საგანია, რომელიც ლოგიკურ აზროვნებას უვითარებს ადამიანს, ეხმარება მას მიზეზშედეგობრივი კავშირების განსაზღვრაში. ნებისმიერ ადამიანს, რა პროფესიისაც არ უნდა იყოს, ეს უნარები სჭირდება და გამოადგება.

ჩემი დღევანდელი ლექციის თემა ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა და კოსმოლოგია იყო. შევეცადე, ამეხსნა მასწავლებლებისთვის, როგორ შეიძლება სასკოლო პირობებში, იმ ინსტრუმენტებით, რაც ნებისმიერ მასწავლებელს აქვსვთქვათ, ნიუტონისეული მექანიკით, გააგებინონ და აუხსნან მოსწავლეებს კოსმოგოლოგიის რაობა.

საინტერესო იქნებოდა ჩვენი მასწავლებლებისთვის თქვენგან დატოვებული გზავნილი...

მასწავლებლის პროფესია იმდენად მრავალმხრივი და მრავალფეროვანია, ძნელია ერთი ძირითადი გზავნილის დატოვება. რა თქმაუნდა, მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის ცოდნის მიცემა და სწავლისადმი ინტერესის გაღვივება. მთავარია, მასწავლებლებმა ენთუზიაზმი შეინარჩუნონ და თვითგანვითარებაზე იზრუნონ.

ესაუბრა ნატო ინგოროყვა

 

თეორიები სააზროვნო-შემეცნებითი პროცესების შესახებ

0

ვითვალისწინებთ მკითხველის ინტერესს და გთავაზობთ წერილს სააზროვნო-შემეცნებითი (კოგნიტური) პროცესების შესახებ არსებულ თეორიებზე

შემეცნების პროცესს არაერთი მეცნიერი იკვლევდა და იკვლევს. თემა საკმაოდ ვრცელია და ერთი ბლოგის ფარგლებში ვრცლად მისი მიმოხილვა შეუძლებელია, ამიტომ თავიდანვე განვსაზღვრავ სტატიის მიზანს – მიმოვიხილავთ ლევ ვიგოტსკის განვითარების უახლოესი ზონის თეორიას და ჟან პიაჟეს კოგნიტური განვითარების თეორიას.
ლევ ვიგოტსკი: „პედაგოგიკა ორიენტირებული უნდა იყოს ბავშვის განვითარების არა გუშინდელ, არამედ ხვალინდელ დღეზე”

მოსწავლის სააზროვნო-შემეცნებითი უნარები მოწმდება ასაკის მიხედვით საგანგებოდ ამისთვის შედგენილი ტესტებით, თუმცა, ლევ ვიგოტსკის აზრით, ამ გზით მხოლოდ იმის დადგენაა შესაძლებელი, რა შეუძლია/რა იცის მოსწავლემ მოცემულ მომენტში. სწავლა-სწავლების პროცესის სრულყოფილად წარმართვისთვის ეს საკმარისი არ არის და ვერც იქნება, რადგან „აქტუალური მომწიფების დონე” განვითარების მდგომარეობას ვერ განსაზღვრავს. აუცილებელია „განვითარების უახლოესი ზონის” დადგენაც, რადგან „პედაგოგიკა ორიენტირებული უნდა იყოს არა გუშინდელ, არამედ ხვალინდელ დღეზე… ყოველთვის უნდა განვსაზღვროთ ქვედა ზღურბლი, მაგრამ საქმე ამით არ მთავრდება – ჩვენ უნდა შეგვეძლოს სწავლების ზედა ზღურბლის განსაზღვრაც. მხოლოდ ამ ზღურბლებს შორის იქნება სწავლება ნაყოფიერი… სწავლება მხოლოდ მაშინაა კარგი, თუ ის წინ მიუძღვის განვითარებას…” (ლევ ვიგოტსკი).
როგორ განმარტავს მკვლევარი მოცემულობას – „განვითარების უახლოესი ზონა”

ლევ ვიგოტსკის აზრით, განვითარების უახლოესი ზონა – ესაა „განვითარების პროცესში არსებული, ჯერ კიდევ მოუმწიფებელი ძალებისა და უნარების სარბიელი. ეს ძალები მალე – ხვალ-ზეგ მომწიფდებიან”. განვითარების უახლოესი ზონა არის ერთგვარი წარმოსახვითი სივრცე ბავშვის განვითარების რეალურ და პოტენციურ დონეებს შორის, სხვაგვარი ფორმულირებით – „რის გაკეთება შემიძლია ახლა და რის გაკეთებას შევძლებ უახლოეს მომავალში”.
როგორ განვსაზღვროთ განვითარების უახლოესი ზონა

თუ მოსწავლე დამოუკიდებლად უმკლავდება დავალებებს, დაუხმარებლად, მითითების, დაზუსტების გარეშე ასრულებს სავარჯიშოს, ე.ი. მოცემული ტესტი აჩვენებს მის ამჟამინდელ/არსებულ განვითარებას.

თუ მოსწავლე მიმანიშნებელი კითხვების, დაზუსტების, ამოცანის დასაწყისის ერთობლივად შესრულების შემდეგ ახერხებს მოცემულ დავალებაზე მუშაობას, ე.ი. მივაგენით განვითარების პოტენციურ დონეს და სასურველი შედეგის მისაღწევად სწორედ ამ დონის ინტელექტუალურ სამუშაოში უნდა ჩავრთოთ ის სწავლების პროცესში.

მეცნიერის თვალთახედვით, ეს დინამიკური, უსრული პროცესია და განვითარების უახლოეს ზონაში მოქცეული შესაძლებლობების დაუფლების შემდეგ ეს ზონა არ ქრება. მოგვიანებით მის ადგილს მომწიფებადაწყებული ახალი ძალები იკავებენ.

მასწავლებლის ამოცანაა, არ შეაფერხოს ეს დინამიკა და ხელი შეუწყოს აზროვნების განვითრების პროცესს.
ჟან პიაჟე – ასიმილაცია და აკომოდაცია

შვეიცარიელი მეცნიერი მთელი თავისი სამეცნიერო კარიერის განმავლობაში ინტერესდებოდა შემეცნებითი პროცესებით და იკვლევდა ბავშვის მიერ სამყაროს შემეცნების სხვადასხვა სტადიას. კვლევის ძირითად ინსტრუმენტად ის დაკვირვებას მიიჩნევდა. იყენებდა ტესტებს და თავისივე შედგენილ კითხვარებს, თუმცა მათზე გაცემული სწორი ან არასწორი პასუხების ანალიზზე მნიშვნელოვნად მიაჩნდა თავად პასუხის გაცემის პროცესი: მსჯელობისა და მიზეზშედეგობრივი კავშირების რა ფორმებს იყენებდა ბავშვი, როგორ, რა გზით მიდიოდა სწორ (ან მცდარ) პასუხამდე, რაგვარ ინტერპრეტაციას აძლევდა დავალების პირობას, რა ორიგინალურ ხერხს მიმართავდა პასუხის ძიებისას… ამ მოცემულობებზე დაყრდნობით და ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად ჟან პიაჟემ ჩამოაყალიბა კოგნიტური განვითარების თეორია.

ამ თეორიის თანახმად, ადამიანის აზროვნების, შემეცნებითი თუ განსჯითი უნარებისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარება შემდეგი პროცესების მეშვეობით ხორციელდება:

საწყის ეტაპზე ვითარდება კოგნიტური სტრუქტურები, (ლიტერატურაში გვხვდება დასახელება „მენტალური რუკები”, სქემები, ურთიერთდაკავშირებული ცნებები (networked concepts), სხვაგვარად – ამა თუ იმ ქცევის განხორციელებისთვის აუცილებელი სქემა, მონახაზი, შესაძლებლობა (მაგალითად, ახალშობილს განვითარებული აქვს ტაცების, წოვის ინსტინქტი (რეფლექსური ქცევები). ამ ქცევების განხორციელების შესაძლებლობას პიაჟე უწოდებს სქემას).

პიაჟეს თეორიის თანახმად, ადამიანს დაბადებიდანვე დაჰყვება ეს მარტივი სქემები, რომელთა საშუალებითაც ის ახორციელებს მარტივ ქმედებებს, მაგრამ ზრდისა და განვითარების კვალდაკვალ ეს სქემები რთულდება – როგორც სტრუქტურულად (მყარდება ახალი კავშირები, იქმნება ახალი, რთული სქემები), ისე შინაარსობრივადაც (ყალიბდება რთული ქცევების განხორციელების შესაძლებლობა).

განვითარების მომდევნო ეტაპებზე ბავშვი ამ მზა სქემებს ახალი საგნების, მოვლენების შესასწავლად, სხვადასხვა მოცემულობის აღქმისა და გაგებისთვის იყენებს, ოღონდ სხვადასხვაგვარად. ამის მიხედვით პიაჟე ერთმანეთისგან განასხვავებს ასიმილაციასა და აკომოდაციას.

ასიმილაცია გულისხმობს კოგნიტური პროცესების წარმართვას ადამიანის გამოცდილებაში უკვე არსებული სქემის (სტრუქტურების, ინფორმაციის) ფარგლებში. უფრო მეტად თუ დავაკონკრეტებთ, ასიმილაციის დროს მოსწავლე ცდილობს გაუმკლავდეს მოცემულ დავალებას ისე, რომ მოარგოს ის უკვე არსებულ სქემას. ერთ-ერთ ინტერვიუში პიაჟე ასიმილაციის თვალსაჩინო მაგალითად, ერთგვარ ილუსტრაციად, ასახელებს საჭმლის მონელების პროცესს – ადამიანი იღებს გარემოდან საკვებს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში კი ეს საკვები მუშავდება იქ არსებული „წესებისა და კანონების” თანახმად. ეს ცალმხრივი, „მიმღები” პროცესია და ასეთ დროს მხოლოდ მიღებული ინფორმაციის გადამუშავება ხდება პირადი გამოცდილების შესაბამისად. „ბაჭია, რომელიც კომბოსტოს ჭამს, ვერ გახდება კომბოსტო. თავად კომბოსტო გახდება ბაჭიის შემადგენელი ნაწილი – ესაა ასიმილაცია”, – განმარტავს მკვლევარი ამავე ინტერვიუში.

ასიმილაციის პროცესის მეშვეობით, პიაჟეს თანახმად, ძნელი, ხშირად კი სრულიად შეუძლებელი იქნებოდა ისეთი ინფორმაციის მიღება და გაგება, რომელიც ვერ ექცევა უკვე არსებული გამოცდილების ფარგლებში, ანუ აქვს სრულიად ახალი შინაარსი და ფორმა. აქ საქმეში ერთვება აკომოდაცია, რომელიც არსებული გამოცდილების/სქემების/სტრუქტურების გართულების, შეცვლის, გამდიდრების შესაძლებლობას იძლევა. პიაჟეს აზრით, სწორედ აკომოდაციის პროცესია გადამწყვეტი კომპონენტი ინტელექტუალური განვითარებისთვის, განსაკუთრებით – ბავშვობის ასაკში.

„არ არსებობს ასიმილაცია აკომოდაციის გარეშე… სქემები უნდა შეიცვალოს სპეციფიკური სიტუაციის მიხედვით, აკომოდაციის გარეშე კი ეს შეუძლებელი იქნებოდა. შეხედეთ ახალშობილს, რომელმაც ახლახან აღმოაჩინა, რომ შეუძლია საგნის ტაცება. საგნისა, რომელსაც ხედავს. ამიერიდან ნებისმიერი საგანი, რომელიც მისი თვალთახედვის არეში მოხვდება, „ტაცებისთვის” განკუთვნილი საგანია. ის ხელს იწვდის იმისკენ, რასაც ხედავს. მოგვიანებით ის უკვე განსაზღვრავს შორეულ და მახლობელ საგნებს და ყველაფერს არ წაეპოტინება. კიდევ უფრო მოგვიანებით მას ეცოდინება, როგორ მოიქცეს დიდი (მის ასაღებად დასჭირდება ორივე ხელი) ან ძალიან პატარა საგნის (დასჭირდება მხოლოდ თითები) დანახვისას. ის შეცვლის თავის რეგულაციებს. სწორედ ამას ვუწოდებ აკომოდაციას”.

საინტერესოა, რომ სწავლა-სწავლების თანამედროვე ტენდენციები და მეთოდები ჟან პიაჟეს კვლევის მეთოდს ჰგავს. ამ ტენდენციებისა და მეთოდების თანახმად, მასწავლებელი მოსწავლეთა ცოდნის დონეს ან აზროვნების შედეგს (მაგალითად, დამახსოვრებულ ფაქტებს, შინაარსებს, თარიღებს) კი არ უნდა ამოწმებდეს მხოლოდ, არამედ აზროვნების პროცესზე უნდა იყოს ორიენტირებული.

პასუხის სისწორის დადგენაც არ არის საკმარისი მოსწავლის განვითარების დონის შესამოწმებლად (ამაზე ჩვენს ერთ-ერთ ბლოგში „სწორი პასუხების ტყვეობაში” უკვე ვისაუბრეთ). მეტად საინტერესო და საჭიროა იმ გონებრივი პროცესების გაანალიზება, რამაც მოსწავლე სწორ ან არასწორ პასუხამდე მიიყვანა.

მომდევნო ბლოგში შემოგთავაზებთ ბენჯამინ ბლუმის სწავლის მიზნებისა და შედეგების სისტემის მიმოხილვას სათანადო მეთოდური (პრაქტიკული) მითითებებით.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...