ოთხშაბათი, მაისი 21, 2025
21 მაისი, ოთხშაბათი, 2025

ჰორიზონტის მხარეების სახალისო სწავლება

0
ყველას გვსმენია, რომ რუკა არის გეოგრაფიის ალფა და ომეგა. ეს არ არის გამონათქვამი, რომელიც სხვადასხვაგვარად ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა. გეოგრაფიის შესწავლისას სწორედ რუკის ენა არის ამოსავალი. ის ხომ ჩვენ გვაწვდის ინფორმაციას რეალური სამყაროს, ობიექტების, მოვლენების თუ პროცესების შესახებ.

რუკა გეოგრაფებისთვის უმთავრესი სასწავლო რესურსია, რომელიც ინფორმაციას იძლევა ადგილსა და მოსახლეობაზე. თუ გეოგრაფია მოსწავლეებს ბუნებასა და მოსახლეობას შორის კავშირებს ასწავლის, რუკა მათ ეხმარება, წარმოადგინონ, აღწერონ, ახსნან სივრცითი ინფორმაცია, კანონზომიერებები თუ პროცესები, რომლებსაც დედამიწაზე მათ გარშემო აქვთ ადგილი. რუკის კითხვისა და გამოყენების სწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთათვის. ის ხელს უწყობს სივრცითი და გრაფიკული აზროვნების განვითარებას. გეოგრაფიის სწავლების პროცესში მათ უწევთ განსხვავებული შინაარსის თუ მასშტაბების რუკების სხვადასხვა მიზნით გამოყენება. გეოგრაფიის მასწავლებლები კი უნდა დაეხმარონ მოსწავლეებს რუკასთან მუშაობის უნარ-ჩვევების განვთარებაში, რომელთა გამოყენებასაც სხვა შემთხვევებშიც შეძლებენ. სასწავლო პროცესში რუკის გამოყენებას არაერთი მიზანი აქვს. გეოგრაფია არ არის ის ერთადერთი მეცნიერება, რომელიც საჭიროებს რუკას, როგორც ცოდნის გამოსახვის საშუალებას. რუკას არაერთი მეცნიერება იყენებს და სწორედ მისი ასეთი გამომსახველობითი თვისებების გამო მრავალი დისციპლინა გამდიდრდა ვიზუალური საშუალებებით. გეოგრაფია ხომ მხოლოდ ზოგადგეოგრაფიული რუკებით არაა ცნობილი, არსებობს თემატური კარტოგრაფიაც, რაც სპეციალური მეცნიერებებიდან მოპოვებული მონაცემების საფუძველზე მუშავდება და დაიტანება ზოგადგეოგრაფიულ საფუძველზე.

თითქოს თანამედროვე მსოფლიოში ტექნოლოგიების განვითარებამ ტრადიციული რუკები უკანა პლანზე გადასწია, თუმცა რუკის კითხვა მაინც აქტუალურია და ბევრი პროფესიისთვის (სამხედრო, პილოტი, მეტეოროლოგი…) ის ჯერ კიდევ საბაზისოა.
რუკაზე ყოველთვის უნდა იყოს გამოსახული ჰორიზონტის მხარეების მანიშნებელი. ფურცლის ზედა მხარე ჩრდილოეთის მაჩვენებელია, ქვედა – სამხრეთის, მარცხენა – დასავლეთის, ხოლო მარჯვენა – აღმოსავლეთის. ჰორიზონტის მხარეების დიაგრამა სწორედ ამ მიმართულებებს უჩვენებს, თუმცა ოთხი მთავარი მხარის (ჩ, ს, დ, ა) გარდა, ჰორიზონტის მხარეების დიაგრამაზე ოთხი შუალედური (ჩა, სა, ჩდ, სდ) მხარეც არის აღნიშნული. ლათინური დასახელებები ერთგვარად დამკვიდრებულია კარტოგრაფიაში, რის გამოც ხშირად მთავარი და შუალედური მხარეები სწორედ ჰორიზონტის მხარეების ლათინური დასახელებების პირველი ასოებით არის გამოხატული.

ამ სტატიაში შევეცდებით დაგანახოთ, თუ როგორაა შესაძლებელი მარტივი მაგალითებით შევაყვაროთ მოსწავლეებს ყველაფერი, რაც რუკასთანაა დაკავშირებული; თუ როგორ უნდა მიადევნოს მასწავლებელმა თვალი მოსწავლეთა პროგრესს რუკებთან მუშაობისას. მასწავლებელი უნდა იყოს თანმიმდევრული და ვიდრე რუკებიდან ინფორმაციის მოძიებას მოსთხოვს მოსწავლეებს, მათ თანმიმდევრულად უნდა შეასწავლოს ინფორმაციის გაგება. გახადოს რუკა მათთვის საოცრებების წყარო, რომელშიც შეიძლება ადგილიდან გაუსვლელად მოგზაურობა და უამრავი სიახლის გაგება.

უფრო კონკრეტულები რომ ვიყოთ, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, უკვე მე-5 კლასის მოსწავლეები ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე იწყებენ ჰორიზონტის მხარეების შესწავლას. ბუნებისმეტყველების სტანდარტში განსაზღვრულია შედეგები, რომლებიც ასახავს წლის ბოლოსთვის თუ რისი ათვისება უნდა შეძლოს მოსწავლემ:

ბუნ.V.7. მოსწავლეს შეუძლია ობიექტების მდებარეობისა და ურთიერთმიმართების განსაზღვრა რუკაზე.
და
ბუნ.V.8. მოსწავლეს შეუძლია გარემოში ორიენტირებისთვის გეოგრაფიული ინსტრუმენტების/ხელსაწყოების გამოყენება.
ამ შედეგების შესაბამისი აქტივობის მოფიქრება სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს. თუმცა, რაც უფრო შემოქმედებით, მარტივ და სახალისო დავალებებს მოვიფიქრებთ, მით უფრო გავუმარტივებთ მოსწავლეებს ამ რთულ და საჭირო უნარებში დაოსტატებას.

აქტივობა 1

ამ აქტივობის შესასრულებლად მოსწავლეებმა უკვე უნდა იცოდნენ თუ როგორ გამოიყენონ კომპასი.

აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ობიექტების მდებარეობისა და ურთიერთმიმართების განსაზღვრა რუკაზე, გარემოში ორიენტირებისთვის გეოგრაფიული ინსტრუმენტების/ხელსაწყოების გამოყენება. მიღებული ცოდნის გამოყენება სხვადასხვა პრაქტიკულ სიტუაციაში.

საჭირო რესურსი: მოსწავლეთა რაოდენობაზე გათვლილი ამობეჭდილი ფორმები და კომპასები. მსოფლიოს პოლიტიკური და ფიზიკური რუკები.

ააგეთ სქემა, რომლის მთავარი ღერძი სწორედ ჰორიზონტის ძირითადი და შუალედური მხარეები იქნება. ამის შემდეგ მასწავლებელი თავად ირჩევს დავალების სირთულეს და სქემის ცენტრში ერთ-ერთ სიტყვას წერს: სახლი, სკოლა, ქალაქი, ქვეყანა. თუმცა თანმიმდევრულობისთვის, უმჯობესია დავიწყოთ სკოლის აქტივობიდან. ამისთვის საჭიროა მოსწავლეებს შესავსებად ამობეჭდილი ფორმები დაურიგდეს.

პირველ რიგში, მასწავლებელმა უნდა დაიწყოს სწორედ სკოლის დავალებიდან, რადგან მოსწავლეები ასე უკეთ კარგად გაიგებენ თუ რა მოეთხოვებათ, როგორ უნდა განსაზღვრონ სხვადასხვა ობიექტების მდებარეობა. დავალება სკოლის დონეზე შეიძლება წყვილებში შესრულდეს. მის შესასრულებლად, საჭირო იქნება მოსწავლეების სკოლის ეზოში გაყვანა. თუკი მოსწავლეების რაოდენობა 15-ს აღემატება, უმჯობესია დახმარება თხოვოთ კოლეგას.

ამის შემდეგ მოსწავლეებს სახლში დავალების შესრულება არ უნდა გაუჭირდეთ.
მასწავლებლელმა მაინც უნდა მისცეს ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა დაძლიონ ნაბიჯ-ნაბიჯ ეს სირთულე.

თუ ყველა საკითხი გასაგები იქნება, მოსწავლეები ხალისით შეასრულებენ დავალებას. დავალების შესრულებისას ასევე შეიძლება ჩართონ უფროსები, მეგობრები, და-ძმა, რაც კიდევ მეტ ინტერესს შემატებს შესრულების პროცესს.
ამ ორი დავალების შესრულების შემდეგ მოსწავლეები მზად იქნებიან ქალაქისა და ქვეყნის დავალების შესასრულებლად, ამ დროს შესაძლებელია როგორც ჯგუფებში, ისე ინდივიდუალური მუშაობა. ეს დამოკიდებული იქნება რუკის რაოდენობაზე, რომელიც უნდა ჰქონდეს თითოეულ ჯგუფს, უკეთეს შემთხვევაში თითოეულ მოსწავლეს. გაითვალისწინეთ, რომ დავალების შესრულება ბევრად საინტერესოდ წარიმართება, თუკი ნაწილს დაურიგებთ ზოგადგეოგრაფიულ რუკას, ხოლო სხვა ნაწილს პოლიტიკურს. ამ შემთხვევაში, სქემის შევსების შემდეგ ისინი ერთმანეთს გაუზიარებენ იმ განსხვავებულ დეტალებს, რომლებიც მოიძიეს.

შედეგად: მოსწავლეები შეძლებენ რუკაზე და გარემოში უკეთ ორიენტირებას.

შეფასება: ფასდება, თუ რამდენად ზუსტად იცავენ ინსტრუქციებს, რამდენად აკურტულად ავსებენ სქემას. ასევე რამდენად სწორია დატანილი ინფორმაცია.

აქტივობა 2

საგაკვეთილო აქტივობაში კიდევ უფრო სახალისო თამაშის ჩართვა შეიძლება, რისთვისაც მოსწავლეებს მოუწევთ სასახლის გეგმის ნახაზზე მასწავლებლის მიერ შედგენილი ინსტრუქციით მუშაობა. ამ ასაკში ხომ მოსწავლეებისთვის ძალიან მომხიბვლელია ისტორიები რაინდებზე, მეფეებსა და დედოფლებზე.

აქტივობის მიზანი: ჰორიზონტის მხარეების ცოდნის გამოყენება პრაქტიკაში. სხვადასხვა ობიექტების მდებარეობისა და ურთიერთმიმართების განსაზღვრა.

საჭირო რესურსი: მოსწავლეებს ურიგდებათ ამობეჭდილი ინსტრუქცია და ასევე ამობეჭდილი სასახლის ნახაზი, რომელიც არ არის შევსებული; ფერადი ფანქრები, ან შესაძლოა ფერადი ქაღალდები, მაკრატელი და წებო.

მათ უნდა მისდიონ ინსტრუქციას და ნახაზი მითითებული ნიშნების მიხედვით შეავსონ. მითითებული ნიშნები არის მაგალითად, კარადა, ტელევიზორი და სხვა, რომელთა დახატვა შესაბამის ოთახებში მოსწავლეს ადვილად შეუძლია.

მივყვეთ ინსტრუქციებს (https://www.superteacherworksheets.com/maps/mapskills-castle_WMZNQ.pdf ):

·როდესაც სასახლეში შედიხარ, აღმოჩნდები მისაღებ ოთახში, სადაც დგას ტახტი.
·როდესაც აღმოსავლეთით მისაღები ოთახიდან გახვალ, აღმოჩნდები მოსასვენებელ ოთახში, სადაც დგას ტელევიზორი.
·ყველაზე დიდი დედოფლის საძინებელია, რომელშიც დიდი საწოლი დგას.
·დედოფლის საძინებლის ჩრდილოეთით მისი გარდერობია, აქ კარადაში ბევრი ტანსაცმელია.
·გარდერობის დასავლეთით, ბიბლიოთეკაა, სადაც თაროებზე ბევრი წიგნია.
·ყველაზე პატარა ოთახი სააბაზანოა, სადაც ნიჟარა და აბაზანაა განთავსებული.
·სააბაზანოდან აღმოსავლეთით არის სამზარეულო, მაცივრითა და გაზქურით.
·სასადილოდ იყენებენ მომრგვალებულ ოთახს, სადაც დგას დიდი მაგიდა.
·სამზარეულოდან მეფის საძინებელ ოთახში გადიხარ, სადაც მეფის დიდი საწოლი დგას.
·თუ მეფის საძინებლის დასავლეთით გაიხედავ, აღმოაჩენ გარდერობს მისი ტანისამოსისთვის.
·სასახლის გარეთ მთავარი შესასვლელის სამხრეთით არის ბილიკი, რომელიც ჭიშკრამდე მიდის

·მეფე-დედოფალმა გადაწყვიტეს სასახლეში საიდუმლო ოთახის აშენება, სადაც თავიანთ ქონებას შეინახავენ. ეს იქნება პატარა ოთახი, რომელიც დედოფლის საძინებლის აღმოსავლეთით იქნება. დახატეთ და აღნიშნეთ ეს ოთახი გვირგვინით.

მასწავლებელი ამ ინსტრუქციასთან ერთად მოსწავლეებს შემდეგ ნახაზს ურიგებს:

მოსწავლეები ცდილობენ მოცემული ინსტრუქციის მიხედვით ნახაზზე დაიტანონ შესაბამისი ოთახები, რომლებსაც შესაბამისი სიმბოლოებით აღნიშნავენ (წიგნი, გვირგვინი, საწოლი, კარადა ტანსაცმლით, ტელევიზორი…მისაღები).

ნახაზი შემდეგ სახეს მიიღებს, სადაც ოთახებში შესაბამისი სიმბოლოები/ნიშნები იქნება:

ეს დავალებები მართლაც სახალისო შესასრულებელია და მასწავლებელს საშუალებას აძლევს უზრუნველყოს მოსწავლეთა სრული ჩართულობა, შედეგად კი მათ ეცოდინებათ ჰორიზონტის ძირითადი მხარეები.

შედეგად: მოსწავლეებს შეუძლიათ ჰორიზონტის მხარეების ცოდნის პრაქტიკული გამოყენება.

შეფასება: დავალება ფასდება კრიტერიუმით – რამდენად აკურატულად შეასრულა მოსწავლემ ის, რამდენად სუფთად და ზუსტად არის დატანილი სიმბოლოები, არის თუ არა შეცდომები.
დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ ამგვარი მარტივი აქტივობები ჩვენს მოსწავლეებს მიმართულებების უკეთ აღქმაში ეხმარებათ. ამისთვის კარგია სწორედ მრავალფეროვანი აქტივობების შეთავაზება, რაც სახალისოს გახდის სწავლებას და მოსწავლეს მხარეების ცოდნას გაუმყარებს. ეს ცოდნა არ არის მხოლოდ იმისთვის, რომ გაკვეთილის შემდეგ მასწავლებლისგან კარგი შეფასება მიიღონ. ეს უნარები მათ მთელი ცხოვრების მანძილზე გამოადგებათ. რუკის კითხვა ხომ უნარია, რომლის კარგად განვითარება მოსწავლეებს სივრცით აზროვნებას უვითარებს, ასევე აჩვევს განზოგადებას, უვითარებს წარმოსახვით უნარებს, რაც მომავალში საჭირო და სასიცოცხლოც შეიძლება აღმოჩნდეს.

ბლუმის ტაქსონომიის გამოყენება გეოგრაფიის გაკვეთილზე

0
სწავლის თანამედროვე მიდგომებით სწავლა ნიშნავს არა მარტო ინფორმაციის შეძენასა და დაგროვებას, არამედ უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების განვითარებას. ეროვნულ სასწავლო გეგმის საგნობრივ სტანდარტში აღწერილი კომპეტენციები მოიცავს სამი კატეგორიის ცოდნას: დეკლარატიული (სტატიური), პროცედურული (დინამიური) და პირობისეული (ფუნქციური).
ბენჯამენ ბლუმის სააზროვნო (კოგნიტური) უნარების განვითარების ტაქსონომია მასწავლებელს ინტერაქტიული გაკვეთილების დაგეგმვაში, მოსწავლის სააზროვნო უნარების განვითარებაში და ცოდნის დეკლარატიული (სტატიური) კატეგორიიდან პირობისეულ (ფუნქციური) ცოდნამდე აყვანაში ეხმარება.
ბლუმის მიხედვით, აზროვნების ან შემეცნების უნარი ექვს დონედ იყოფა. ეს დონეებია: ცოდნა, გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი და შეფასება. აზროვნების ეს დონეები განლაგებულია საფეხურებად, სადაც ყოველი მომდევნო დონე უფრო რთულდება და ერთ ან რამდენიმე წინა დონეს მოიცავს. პირობითად ცოდნას, გაგებას და გამოყენებას შეიძლება ვუწოდოთ აზროვნების ქვედა (დაბალი) დონის სააზროვნო უნარები, ხოლო ანალიზს, სინთეზს და შეფასებას კი აზროვნების ზედა (მაღალი) დონის სააზროვნო უნარები. სინთეზი და შეფასება შესაძლოა გადანაცვლდეს იმისდა მიხედვით, თუ რა სახისაა შეფასება. თუ შეფასება არ არის სტრატეგიული და არ უკავშირდება გადაწყვეტილების მიღებას, მაშინ იგი უფრო ზედა ნაკლებად რთული სააზროვნო ოპერაცია იქნება, ვიდრე სინთეზი.
დამეთანხმებით ბლუმის ტაქსონომია მასწავლებლის ის გზამკვლევია, რომელიც მას შედეგის მიღწევაში ეხმარება. ყოველ გაკვეთილზე (გეოგრაფიის გაკვეთილზე) შესაძლოა არ მიიღწეოდეს მაღალი სააზროვნო დონეები, მაგრამ გამოყენების დონის დაძლევა მაინც უნდა ხდებოდეს. გეოგრაფიის გაკვეთილს იმიტომ გავუსვი ხაზი, რომ მარტო რუკასთან დაკავშირებული ნებისმიერი მუშაოებითაც კი შესაძლებელია გამოყენების დონის ამოქმედება, რომ არაფერი არ ვთქვათ იმ მიზეზ-შედეგობრივი კავშირებისა და კანონზომირებების დადგენაზე რასაც გეოგრაფია, როგორც საგანი გვთავაზობს.
გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს:
მე-8 კლასი მოსახლეობის დემოგრაფია.
მასწავლებელი სვამს კითხვებს:
1.რა არის დემოგრაფია?
2.რა არის მოსახლეობის დინამიკა?
3.რა არის ბუნებრივი მოძრაობა?
4.რა არის მექანიკური მოძრაობა?
ამ კითხვებზე პასუხებს მოსწავლეები გეოგრაფიულ ლექსიკონში პოულობენ.
შემდეგ კლასი იყოფა ჯგუფებად და ნაწილდება დავალებები:
პირველმა ჯგუფმა მსოფლიოს მოსახლეობის რიცხვონობისა და მსოფლიოს პოლიტიკური რუკების გამოყენებით მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით 10 ლიდერი და 10 აუტსაიდერი ქვეყანა უნდა დაადგინოს.
ქვეყნები მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით
მეორე ჯგუფმა მსოფლიოს მოსახლეობის სიმჭიდროვისა და მსოფლიოს პოლიტიკური რუკების გამოყენებით დედამიწაზე ყველაზე მჭიდროდ და მეჩხერად დასახლებული რეგიონები და შესაბამისი ქვეყნები უნდა დაადგინოს.
მოსწავლეები ქვეყნებს ორი სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით აჯგუფებენ, ეს აქტივობა მხოლოდ გამოყენების დონეს მოიცავს. ის მოსწავლეებს უვითარებს რუკის კითხვისა და გეოგრაფიული ინფორმაციის ინტერპრეტაციის უნარებს . ამავე დროს ისინი ქვეყნების კონფიგურაციებს იმახსოვრებენ.
მომდევნო აქტივობით კი შესაძლებელია მაღალი სააზროვნო დონეების მიღწევა –
მოსწავლეებმა უნდა:
1. განსაზღვრონ, რა მიზეზებით ხდება ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის სწრაფი შემცირება ან მატება. დაალაგონ პრობლემები სიმძაფრის მიხედვით. (გამოყენება და ანალიზი).
2.გამოთქვან მოსაზრება რომელ ქვეყანაში როგორ დემოგრაფიული პოლიტიკას ატარებენ. (სინთზი და შეფასება).
წერილობით გამოთქვან საკუთარი მოსაზრება, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიული პოლიტიკა.
მეორე მაგალითი: საქართველოს მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი პირამიდა.
თემის განხილვამდე მასწავლებელს შეუძლია დავალება მისცეს ჯგუფებს: გაიგონ სხვა კლასების მოსწავლეთა რაოდენობა და ცალ–ცალკე დააჯგუფონ ვაჟები და გოგონები. სასურველია, ინფორმაცია არა პარალელური, არამედ სხვა, განსხვავებული კლასებიდან მოიპოვონ (მაგ: მე-6, მე-7, მე-8 კლასები). ერთ ჯგუფი განიხილავს მე–7 კლასს, მეორე – მე–8-ს და ა.შ.
გაკვეთილისთვის მონაცემები უნდა წარმოადგინონ ცხრილის სახით. ფორმატის ქაღალდზე, რომელზეც წინასწარ იქნება დახაზული კოორდინატთა სიბრტყე, თითოეული ჯგუფი გადაიტანს თავის მონაცემებს. მოსწავლეები თავად აგებენ სქესობრივ–ასაკობრივ პირამიდას. ბუნებრივია, ამ ინფორმაციის საფუძველზე მხოლოდ სქემატური ნახაზის შედგენაა შესაძლებელი. ამ აქტივობით მოსწავლეები სწავლობენ სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების გრაფიკულად გამოსახვას. (გამოყენება).
შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, დაადგინონ კავშირი მოსახლეობის ბუნებრივ მატებასა და სქესობრივ-ასაკობრივ სტრუქტურას შორის. (ანალიზი).
მას შემდეგ, რაც მოსწავლეები თავად ააგებენ სქესობრივ-ასაკობრივ პირამიდას, უკეთ გააანალიზებენ სახელმძღვანელოში მოცემულ ნახაზებსა და დემოგრაფიულ პირამიდებს, თითოეულ ჯგუფს ეძლევა ერთი პირამიდა. ისინი უნდა გაეცნონ და აღწერონ 1989 და 1999 წლების მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი პირამიდები. ასევე დაადგინონ:
1.როგორ იცვლება ქალთა და მამაკაცთა რაოდენობა წლების მიხედვით;
2.ჩამოთვალონ მიზეზები, რომელთა გამო ქალთა რაოდენობა აჭარბებს მამაკაცთა რაოდენობას. (ანალიზი).
ჯგუფები წარმოადგენენ ნამუშევრებს და გამოაქვთ დასკვნა, რომ მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქვეყნის დემოგრაფიულ სიტუაციას.
მასწავლებელი გეოგრაფიული ცნობარიდან მოსწავლეებს ორი კონტრასტული რეგიონის დემოგრაფიულ მონაცემებს აძლევს. მათ უნდა შეადარონ ეს მონაცემები და გამოიტანონ დასკვნა, თუ რა ფაქტორები ახდენს გავლენას ქვეყნის დემოგრაფიულ ვითარებაზე. რეგიონებს მოსწავლეები თავად ირჩევენ. (ანალიზი).
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გამოთქვან ვარაუდი:
1. როგორ დემოგრაფიულ პოლიტიკას გაატარებდნენ საქართველოში?
2.რა ღონისძიებებს დაგეგმავდნენ არჩეული პოლიტიკის გასატარებლად?
დავალებას ასრულებენ ჯგუფებში. სამუშაო საინტერესო და სახალისო რომ იყოს, შესაძლებელია დავალებას მიეცეს ,,კანონპროექტის” სახე. ჩასატარებელი ღონისძიებები პუნქტების (მუხლების) სახით უნდა ჩამოაყალიბონ. პრეზენტაციის დროს შემუშავდება საერთო ,,კანონპროექტი”. (შეფასება).

ჩვენი პლანეტის ცისფერი თვალები

0
ჩვენს პლანეტაზე მრავალი უჩვეულო და საოცარი სილამაზის ტბაა. მათ შორის არიან ისეთებიც, რომელთა ფერი გაკვირვებასაც კი იწვევს. მათ ”ფერად” ტბებს უწოდებენ. ამ ტბების წყლები მოწითალო, ლურჯი, მწვანე, თეთრი და შავი ფერისაც კია. წყლის შეფერილობის მიზეზები სხვადასხვაგვარია და მთელ რიგ ფაქტორებზეა დამოკიდებული. ესენია: ადგილმდებარეობა, წარმოშობის ფორმა, ტბის ასაკი, წყლის შემადგენლობა, ტბაში ბინადარი ცოცხალი ორგანიზმები და სხვ.

ზოგიერთი ტბის წყალი ჩვეულებრივი ცისფრის ნაცვლად მოვარდისფრო-მოწითალო ფერისაა, რაც ტბაში გავრცელებული ბაქტერიების ”ბრალია”. იტალიის ალპებში მდებარე ტბა ლაგო-დე-ტორველის მოწითალო ფერი ტბაში ბინადარი მიკროორგანიზმების სიმრავლეს უკავშირდება. ისინი მაშინ მრავლდებიან, როცა წყლის ტემპერატურა +16 გრადუსამდე თბება.

იაპონიის ერთ-ერთ კუნძულზე უნიკალური ორფერა ტბაა. წყალსატევის ფსკერიდან გამოსული რკინის ჟანგი ტბას ვარდისფრად აფერადებს, ხოლო გოგირდის მინარევების დიდი რაოდენობა – ყვითლად. კოლორადოს ტბის წყალი, რომელიც ზ.დ-დან 4550 მ. სიმაღლეზე კორდილიერების მთების სამხრეთით მდებარეობს, მუქი წითელი ფერისაა. ასეთი წითელი ტბები გვხვდება აგრეთვე დასავლეთ ევროპაში და ხმელთაშუა ზღვის ნაპირებთან.

ჩვენს პლანეტაზე სხვა ფერადი ტბებიც გვხვდება. მაგ. იაპონიის ტბა კანკაიძი წითელი ფერისაა, რადგან რკინის შემცველი წყაროებით საზრდოობს, ყაზახეთში მდებარე ტბა კი – სარიკული მოყვითალო-მოყავისფერო ფერის. ტბის სახელწოდებაც თარგმანში ყვითელ ტბას ნიშნავს. ამის მიზეზი კი ტბის თიხიანი სანაპიროა.

ტბა ჰილერი (“Hillier”) ავსტრალიის სამხრეთ სანაპიროსთან ახლოს, საშუალო კუნძულის (Middle Island) პირას მდებარეობს. ამ ტბის განსაკუთრებულობა ის გახლავთ, რომ ის ვარდისფერია, ამასთან ფერი არ იცვლება კონტეინერში ჩასხმის დროსაც. ტბის სიგრძე დაახლოებით 600 მეტრია. ეს პატარა მარილიანი ტბა გარშემორტყმულია თეთრი მარილის ”ქამრით”, რაც მას უფრო ზღაპრულ იერს აძლევს, ვიდრე რეალურს და ბუნებრივს. ტბას ყველა მხრიდან გარს აკრავს ევკალიპტების სხვადასხვა ჯიშის ხეები, ხოლო მცენარეებით დაფარული და სილისგან შემდგარი მიწის ვიწრო ზოლი მას ოკეანისაგან გამოყოფს.

1950 წელს მეცნიერები ცდილობდნენ დაედგინათ, თუ რატომ არის ტბა ვარდისფერი. მათი ვარაუდით, ამის მიზეზი წყალმცენარეები იყვნენ. მაგ. წითელი წყალმცენარე Dunaliella salina, რომელიც წითელი ფერის საღებავს გამოყოფს, რაც წყლის ვარდისფერი შეფერილობის მიზეზია. მაგრამ გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ტბაში არანაირი წყალმცენარე არ არის. დღევანდლამდე დაუდგენელია ტბის ფერის მიზეზი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტბა არის სენეგალშიც. ქვეყნის დედაქალაქ დაკარიდან 30 კმ-ის დაშორებით მდებარეობს ტბა რეტბა, რომლის წყალიც ვარდისფერია, თუმცა მისი ფერი მასშივე არსებული მიკროორგანიზმების არსებობით აიხსნება. ისინი ფოტოსინთეზის დროს ვარდისფერ პიგმენტს გამოიმუშავებენ.

ალჟირში, ქალაქ სიდი-ბელ-აბესის მახლობლად მდებარე ტბა მელნითაა სავსე. ტბაში მელნის არსებობა შემდეგი ფაქტორით აიხსნება: მასში ორი მდინარე ჩაედინება. ერთის წყალი რკინითაა გაჯერებული, მეორის კი ტორფიან ჭაობში გაედინება და შესაბამისად სხვადასხვა სახის ორგანულ ნაერთებს შეიცავს. სწორედ ამ ორი მდინარის შეერთებით ტბაში წარმოიქმნება მელანი. მასში არ ბინადრობენ ცოცხალი არსებები. მისი წყალი მხოლოდ წერილების დასაწერად თუ გამოდგება.
უკრაინის ქალაქ სვალიავას მახლობდად, ზ.დ.-დან 700 მ. სიმაღლეზე მდებარეობს ტბა სინიაკი. ტბის სახელი მის წყალში გახსნილ გოგირდის ნაერთებს უკავშირდება და ტბის წყალიც ამიტომაა ინტენსიური ცისფერი ფერის. ასეთი ტბები მრავლადაა საქართველოში, მათ შორის კი განსაკუთრებით გამოირჩევა ცისფერი და რიწის ტბები (აფხაზეთი).

ინდონეზიის არქიპელაგის კუნძულ იავაზე და იაპონიის კუნძულზე გვხვდება თეთრი ფერის, მაგრამ ”მდუღარე”ტბები. ასევე ინდონეზიის კუნძულ ფლორესზე შეგიძლიათ ნახოთ უნიკალური მოვლენა. კელიმუტოს (Kelimutu) ვულკანის წვერზე ერთდროულად სამი სხვადასხვა ფერის ტბა მდებარეობს. ერთში წყალი მოთეთრო-მოცისფროა, მეორეში – მკვეთრი წითელი, ხოლო მესამეში – ლაჟვარდოვანი ლურჯი.

ეს იმიტომ, რომ ტბები წარმოქმნილია სხვადასხვა ვულკანების კრატერებში, რომლებიც მდიდარია სხვადასხვა მინერალებით. სწორედ ეს მინერალები აფერადებენ ტბების წყალს. თეთრი და ცისფერი ტბების წყალში სხვადასხვა კონცენტრაციითაა გახსინილი მარილები და გოგორდის დიდი რაოდენობა, ამიტომაც წყალი მუდმივად ბუყბუყებს. ტბების თავზე ორთქლია. წითელ ტბაში კი პირიქით – ყველაფერი მშვიდადაა. მისი ფერის მიზეზი კი დიდი რაოდენობით რკინის შემცველობაშია.

ბარენცის ზღვაში, კუნძულ კილდინზე ბუნების ჰიდროლოგიური ძეგლი, უნიკალური ტბა “სამარე” (Моги́льное) მდებარეობს. ტბა ხუთ ”სართულადაა~ დაყოფილი და მტკნარი და მარილიანი წყლის ფენები ერთმანეთს ენაცვლება. უშუალოდ ფსკერთან, რომელიც ლამითაა დაფარული, წყლის გოგირდწყალბადით გაჯერებული ფენა მდებარეობს. ის მოკლებულია სიცოცხლეს. მეორე ”სართულზე~ ბაქტერიები ბინადრობენ, რომლებიც ინტენსიურად შთანთქავენ გოგირდწყალბადს. მესამე ”სართული~ თევზებით, ზღვის ზღარბებითა და ზღვის ვარსკვლავებითაა დასახლებული; მეოთხე ”სართული~ კი თითქმის დაუსახლებელია, რადგან ამ ფენაში ცხოველთა ნორმალური არსებობისათვის არასაკმარისი მარილიანობაა. მეხუთე ”სართული~ მტკნარ და გამჭირვალე წყალს უკავია და მტკნარი წყლის ბინადართა ნამდვილ სამეფოს წარმოადგენს.

მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მარილის ტბა პოტოსისა და ორუროს დეპარტამენტებში, ანდების დაბოლოებაზე, ზღვის დონიდან 3,656 მეტრზე მდებარეობს. მისი ფართობი 10,582 კმ²-ია. ტბის შიდა ნაწილი დაფარულია საკვები მარილის 2-8 მ სისქის ფენით. წვიმების სეზონზე ეს მლაშობი წყლის თხელი ფენით იფარება, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდ ”სარკედ” გარდაიქმნება.

ტბა ასევე მდიდარია ლითიუმით. სწორედ აქ მდებარეობს მსოფლიო ლითიუმის მარაგის 50-70%. ტბაზე ბინადრობს ვარდისფერი ფლამინგოების რამდენიმე სახეობა. იდეალური სიბრტყისა და მინიმალური დახრილობის, სუფთა და გამჭვირვალე ჰაერის გამო, ეს რეგიონი იდეალურია დედამიწის თანამგზავრული დაკვირვებისათვის.

ხელს უწყობს თუ არა საერთაშორისო დახმარებები ქვეყნების განვითარებას

0
საერთაშორისო დახმარებათა შესახებ ერთგვაროვანი პოზიცია ჩამოყალიბებული არ არის, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციები: სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი თუ სხვები, – დიდი თანხებით ეხმარებიან ქვეყნებს, რომლებსაც საკუთარი ძალებით განვითარების შეზღუდული საშუალება აქვთ.

ჩვენ შევეცდებით, ორივე პოზიცია განვიხილოთ: მათიც, ვისაც ამ დახმარების აუცილებლობაში ეჭვი არ შეაქვს და მათიც, ვისაც მიაჩნია, რომ ამით სარგებელზე მეტი ზიანის მოტანა შეიძლება.

სწავლებისას ამ საკითხებზე ყურადღების გამახვილება მნიშვნელოვანია, რადგან თანამედროვე ურთიერთდაკავშირებულ და ურთიერთდამოკიდებულ მსოფლიოში მოსწავლეს საერთაშორისო პროცესებზე, ფინანსების ბრუნვაზე, მათ განაწილებაზე ინფორმაცია უნდა ჰქონდეს.

გაეროს გენერალური ასამბლეის 1970 წლის რეკომენდაციის თანახმად, ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებს, რომლებიც დონორებს წარმოადგენენ, თავიანთი მშპ-ს 0,7% ყოველწლიურად საერთაშორისო დახმარებისთვის უნდა გაეღოთ, მაგრამ ეს რეკომენდაცია მეტწილად შეუსრულებელი დარჩა, მრავალი ქვეყნისთვის ეს მიმართულება პრიორიტეტული არ აღმოჩნდა. მსხვილ დონორებს შორის არიან აშშ, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და იაპონია. დახმარებისთვის 0,7%-ზე მეტს ხარჯავენ მხოლოდ დანია, ლუქსემბურგი, ჰოლანდია, ნორვეგია და შვედეთი.

ამის მიზეზად შეიძლება დასახელდეს ის, რომ მთავრობები ანგარიშვალდებულნი არიან საკუთარი მოსახლეობის წინაშე და იმისთვის, რომ მომავალშიც გარანტირებული ჰქონდეთ ხელისუფლებაში დარჩენა, სხვა ქვეყნების დასახმარებლად ფულის ხარჯვას მისი ადგილობრივი საჭიროებებისკენ მიმართვა ურჩევნიათ. გარდა ამისა, განვითარებულ ქვეყნებში პრობლემას წარმოადგენს მოსახლეობის დაბერება, რადგან სულ უფრო იზრდება სიცოცხლის ხანგრძლივობა და გადასახადები მისამართია სწორედ ხანდაზმულთა კეთილდღეობისკენ, ეს კი სოციალური მიმართულებით დამატებით კაპიტალდაბანდებებს მოითხოვს.

რა თქმა უნდა, არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვით, რომ საერთაშორისო დახმარებათა უმეტესი ნაწილი განვითარებადი ქვეყნებისა და რეგიონებისკენ არის მიმართული. ჯამური დახმარების საშუალოდ 70% აფრიკისა და აზიის ქვეყნების წილად მოდის, დანარჩენი კი სხვა რეგიონებზე ნაწილდება. მაგალითად, 2006 წელს ტოპათეულში იყვნენ ნიგერია, ერაყი, ავღანეთი, პაკისტანი, სუდანი, კონგო, ეთიოპია, ვიეტნამი, ტანზანია და კამერუნი.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნები აშკარად უმძიმეს პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ სიტუაციაში იმყოფებიან, საერთაშორისო დახმარებათა კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ:

Øდახმარება ხშირად ვერ აღწევს ყველაზე ღარიბ მოსახლეობამდე;
Øდახმარების უმეტესი ნაწილი ხმარდება დონორის მიერ განხორციელებულ სერვისებს, ასევე ხორციელდება მათი საქონლით, რაც ნიშნავს, რომ ის კვლავ განვითარებულ ქვეყნებს უბრუნდება;
Øდახმარების შედეგად შესაძლოა იზარალოს ადგილობრივმა მოსახლეობამ;
Øდახმარებამ შესაძლოა გააჭიანუროს რეფორმები (მაგ., მიწის რეფორმა);
Øდახმარებამ შესაძლოა ქვეყანა გარე ფაქტორებზე დამოკიდებული გახადოს.

ხშირად დახმარება საკვებით ხდება. მსოფლიო საკვები პროგრამის ფარგლებში 755 მლნ-ის მობილიზება მოხერხდა. ამ თანხით დაეხმარნენ 80 მლნ ლტოლვილს კონფლიქტის ზონიდან, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში კი ქრონიკულად შიმშილობს 800 მლნ კაცი.

საკვებით დახმარება ძლიერ აზარალებს ადგილობრივ ფერმერებს, რომლებიც ვითარდებიან და ადგილობრივ ბაზარზე ფეხის მოკიდებას ცდილობენ. მათი პროდუქციის გასაღების ბაზარს ჩაენაცვლება დახმარების უფასო საქონელი, რაც მათ კონკურენტუუნაროს ხდის. განსაკუთრებით საზიანოა არაერთჯერადი დახმარება – ამ დროს ფერმერი თავს ანებებს სოფლის მეურნეობას და დახმარების შეწყვეტის შემდეგ ქვეყანა შიმშილობის საფრთხის წინაშე დგება.

საკვებით საერთაშორისო დახმარება ყოველთვის ასეთ უარყოფით შედეგებს როდი იწვევს – ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჰუმანიტარული კასასტროფის შემთხვევაში, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს მიწისძვრითა თუ სხვა ბუნებრივ-კატასტროფული მოვლენებით, ასევე ომითა თუ ადამიანის მიერ გამოწვეული სხვა კატასტროფებით.

უკეთ რომ წარმოვიდგინოთ, უმთავრესად რისთვის იხარჯება განვითარებისკენ მიმართული დახმარება, წარმოდგენა უნდა გვქონდეს იმ სფეროებზე, რომლებზეც ის ნაწილდება. ყველაზე მეტი წილი განათლებას, ჯანდაცვას, სოციალურ და ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას ხმარდება. არანაკლებ მნიშვნელოვანია ვალების დაფარვა თუ ჰუმანიტარული დახმარება. ეს ის სფეროებია, რომელთა განვითარებას ქვეყნების უმეტესობა დამოუკიდებლად ვერ გაართმევდა თავს.

სრულყოფილი სურათისთვის აუცილებელია იმ რეგიონების ცოდნაც, რომლებიც დახმარებას იღებენ. წრიული დიაგრამა სწორედ ამ განაწილებას აჩვენებს. მასზე დახმარების მიმღებთა შორის ყველაზე მცირე წილი ევროპისაა. სუსტიდან ძლიერამდე დახმარება, საჭიროებიდან გამომდინარე, იკლებს.
ძირითადი, განვითარების დახმარება „ზემოდან ქვემოთ” პროცესია, რაც გულისხმობს, რომ მისი მასშტაბი შეიძლება საკმაოდ ფართო იყოს. მისი მოცულობიდან გამომდინარე, ასეთ დახმარებას მეტწილად სამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებენ, რაშიც ჩართულნი არიან საერთაშორისო ექსპერტები; დახმარებას გეგმავენ ქვეყნის გარეთ მოქმედი ორგანიზაციები, ხშირად კარგად არის დაფინანსებული, სწრაფი რეაგირების საშუალებაა ბუნებრივი კატასტროფების შემთხვევაში, ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებისა და დაგეგმვის პროცესში მინიმალურია.

სხვადასხვა ტიპის განვითარების დახმარების ეფექტიანობა შეგვიძლია 2 სვეტად გამოვსახოთ, რომლებშიც ახსნილი იქნება, როდის შეიძლება იყოს დახმარება ეფექტიანი და როდის – არა.
როდის არის დახმარება ეფექტიანი როდის არის დახმარება უეფექტო
როდესაც მას აქვს ჰუმანიტარული ხასიათი ქვეყნები გადაავადებენ ადგილობრივი რესურსების მობილიზაციას, ეფექტურ მართვას
მოაქვს დამატებითი რესურსები, რომლებიც პირდაპირი ინვესტიციების შემთხვევაში სხვა კომპონენტებზე ნაწილდება ის ანაცვლებს ინვესტიციებს, ადგილობრივ დაბანდებებს, ინფრასტრუქტურა მხოლოდ დახმარებაზეა დამოკიდებული
საპროექტო სამუშაოებში სააერთაშორისო ექსპერტებთან ერთად ადგილობრივთა ჩართვით იზრდება მათი კვალიფიკაცია ნაცვლად იმისა, რომ ქვეყანა თვითკმარი გახდეს, შესაძლოა გაიზარდოს დახმარებაზე მისი დამოკიდებულება
შეუძლია დახმარება სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის გატარებისას მრავალ ქვეყანას ჰგონია, რომ კვების დახმარება სოფლის მეურნეობას დაეხმარება, რაც შეცდომაა. ადგილობრივი ფერმერები უფასო საქონელთან მიმართებით კონკურენტუნარიანობას კარგავენ, რამაც შესაძლოა მათ საქმიანობა მიატოვებინოს
პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, დახმარება შეიძლება ხან შეჩერდეს, ხან გაუქმდეს
დახმარების პროექტების განხორციელებისას გარემოს ფაქტორები ხშირად უგულებელყოფილია
მოკლევადიანი დახმარებები არ იწვევს ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას
დახმარებას მოჰყვება გარკვეული პროდუქცია დონორი ქვეყნებიდან, რომელიც ხშირად ყველაზე ეკონომიური და საუკეთესო არ არის
დახმარების დიდი ნაწილი ვერ აღწევს მოსახლეობის იმ ნაწილამდე, რომელსაც ის ყველაზე მეტად სჭირდება
მიუხედავად ბევრი კრიტიკისა, უნდა ითქვას, რომ საერთაშორისო დახმარებები ხშირად ერთადერთი საშუალებაა ქვეყნებისთვის, თავს დააღწიონ უკიდურეს გაჭირვებასა და პრობლემებს, თუმცა მისი დაგეგმვისას მეტად უნდა იქნეს გათვალისწინებული ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები, ცოდნა და გამოცდილება. პროცესებში მათი მეტი ჩართულობა დამატებითი ინვესტიციაა ადგილობრივი კადრების პროფესიული განვითარებისთვის, ეს კი ამ ქვეყნების უკეთესი მომავლისკენ გადადგმული კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი იქნება.

ვირტუალური მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო

0
მე-20-ე საუკუნეში, როცა მხოლოდ ბიჰევიორისტული სწავლება იყო მიღებული და ინტერაქტიული გაკვეთილების შესახებ არავინ საუბრობდა, არც ამდენი რესურსი ჰქონდათ და არც ამდენი ინფორმაცია, ჩვენმა მასწავლებლებმა მოახერხეს და გვასწავლეს აზროვნება, საკუთარი მოსაზრების არგუმენტირებული დასაბუთება.

სკოლის მოგონებებიდან განსაკუთრებით გეოგრაფიის გაკვეთილები მახსენდება, როდესაც დოდო მასწავლებელი საკუთარი მოგზაურობის შესახებ გვიყვებოდა. გვიყვებოდა იმ ადგილების შესახებ, სადაც თავად უმოგზაურია და სადაც არასოდეს ყოფილა, მაგრამ ჩვენ დარწმუნებულები ვიყავით, რომ მას მთელი მსოფლიო მოვლილი ჰქონდა. სტუდენტობის პერიოდში ბაიკალის ტბაზე ექსპედიციის შემდეგ მოვინახულე და სიხარულით მოვახსენე, რომ ამიხდა ოცნება და ამ უჩვეულო ტბაზე მეც ვიმოგზაურე. მან გაკვირვებულმა შემომხედა – „კიდევ ვინ იყო ბაიკალის ტბაზეო?” მაშინ მივხვდი, რომ თავად ბაიკალზე არასოდეს ყოფილა. არადა ისეთი აღტაცებითა და სიზუტით გვიყვებოდა, რომ ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ მას ბაიკალის ტბა არ ქონდა ნანახი. ასეთი იყო ეს საოცარი ქალბატონი, ყველაზე მკაცრი და ყველაზე თბილი – დოდო ღლონტი. გეოგრაფიის სასარგებლოდ გაკეთებული ჩემი არჩევანიც მისი დამსახურებაა. ეს მან მასწავლა, რომ გეოგრაფიას მარტო სახელმძღვანელოთი ვერ ისწავლი, რომ გეოგრაფიის ცოდნა მხოლოდ რუკის ცოდნას არ გულისხმობს. ახლა მეც გეოგრაფიას ვასწავლი, ჩვენ კოლეგები ვართ. მეც ვმოგზაურობ ჩემს ბავშვებთან ერთად, ხან მაჩუ-პიქჩუში ვართ და ხან პატაგონიაში, ხან ავსტრალიაში და ხან ტიბეტის ზეგანზე. დღეს ხომ უამრავი რესურსია, რომლის გამოყენებაც გეოგრაფიის გაკვეთილს უფრო საინტერესოს და სახალისოს გახდის.

დოკუმენტური ფილმები მოსწავლეებს საშუალებას აძლევს თავისი თვალით ნახონ სხვა ლანდშაფტები, კულტურა, ბუნებრივ-კატასტროფული მოვლენები და სხვა. რამდენიმე ფილმის ყურების შემდეგ ინტერნეტსივრცეში ფილმების ძიებას თავადაც იწყებენ.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში გამოყოფილი ცხრა გამჭოლი პრიორიტეტული კომპეტენციებიდან ერთ-ერთი მედიაწიგნიერებაა. საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების შედეგად თანამედროვე სამყაროში ტრადიციულ ტექსტებთან ერთად, მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა მულტიმედიურმა ტექსტებმა – ტექსტებმა, რომლებიც ერთდროულად იყენებს ენობრივ, ხმოვან და ვიზუალურ საშუალებებს. გარდა ამისა, თანამედროვე მსოფლიოში მედია ყველაზე მძლავრი კულტურული იარაღია, რომელმაც ადამიანის ცხოვრების ყველა სფერო მოიცვა. ამიტომ აუცილებელია, მოსწავლემ შეძლოს, ერთი მხრივ, ამ ახალი სტილისა და მრავალგვარი ფორმის მულტიმედიატექსტების აღქმა-გააზრება, ინტერპრეტირება, გამოყენება და შექმნა; მეორე მხრივ, მედიასამყაროში ორიენტირება, სწორი არჩევნის გაკეთება (ინფორმაციის „გაფილტვრა”) და მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება. ამ თვალსაზრისით, მედიაწიგნიერება ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას.

ფოტო და ვიდეო მასალები მოსწავლეთათვის ცოდნის შეძენის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს, ამაღლებს სწავლების ეფექტურობას, ხელს უწყობს დამოუკიდებლად მუშაობას, ავითარებს მოსწავლეთა შემეცნებით და შემოქმედებით უნარს.

აღნიშნული მეთოდის მიზანია, მოსწავლეს განუვითაროს ისეთი უნარ-ჩვევები, როგორიცაა: დამოუკიდებლობა, შემოქმედებითობა, დაკვირვება, შედარება, ანალიზი, ინტერპრეტაცია, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარება. ფილმის ნახვის შემდეგ აუცილებელია მისი განხილვა, აღწერა, გააზრება, ანალიზი.

მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე აქტივობა, სადაც მათ გამოვიყენებ. დოკუმენტური ფილმებიდან გამოვყოფ ფილმს „მსოფლიოს გარშემო 80 საოცრებისთვის”. ესაა BBC-ის მიერ გადაღებული 10-ნაწილიანი დოკუმენტური სერიალი. ფილმის წამყვანი დენ კრიკშენკი ხუთი თვის განმავლობაში მოგზაურობდა მსოფლიოს გარშემო, ათვალიერებდა ადამიანთა ნაშენებ ტაძრებს, შენობებს და სხვადასხვა ობიექტებს. მან მოიარა 6 კონტინენტი და 34 ქალაქი. ამ სერიალის გადაღებისას კრიკშენკი ცდილობდა, რომ მისი ფილმი ყოფილიყო მრავალფეროვანი, რისთვისაც მან გადაადგილების სხვადასხვა საშუალება გამოიყენა: თვითმფრინავი, მატარებელი, აქლემი, ვირი, ველოსიპედი, მანქანა, სკუტერი, კანოე, ნავი და სხვა. ფილმში მოთხრობილია ნასკას უდაბნოზე (პერუ), ინკების მარილის საბადოზე, აღდგომის კუნძულზე, მესა ვერდეს ნაციონალურ პარკზე (XI საუკუნეში ამოუცნობი ხალხის მიერ აშენებული ქალაქი კლდეში), კაპადოკიაზე, შარტრის საკათედრო ტაძარზე და ა.შ. თითოეული ფილმის ნახვის შემდეგ მოსწავლეები გამოთქვამენ საკუთარ ვარაუდებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი საოცრება ნახეს და ალაგებენ მნიშვნელობის მიხედვით. გარდა ამისა მათ კონტურულ რუკაზე უნდა აღნიშნონ ის ქვეყანა, ქალაქი, კუნძული, სადაც თითოეული მათგანი მდებარეობს და განსაზღვრონ რომელ რეგიონშია. შესაძლებელია შეიქმნას ერთი დიდი რუკა, რომელიც ასახავს დენ კრიკშენკის მოგზაურობას და იმ 80 საოცრებას, რომლის შესახებაც ფილმებშია მოთხრობილი.

გთავაზობთ ფილმში მოთხრობილი რამდენიმე საოცრების მაგალითს:

ცხოველების ფიგურების 300-ზე მეტი გამოსახულება, რომლის დანახვა მაღლა ციდან შეიძლება. თარიღდება III-IV საუკუნეებით. ნასკას უდაბნო, პერუ.
ინკების მარილის საბადო (მარასი, პერუ).

აღდგომის კუნძული (ჩილე) – პოლინეზიელების მიერ XII-XVII ს.ს.-ში შექმნილი მასიური ლოდებისაგან გამოკვეთილი ადამიანთა გამოსახულებები.

მესა-ვერდეს ეროვნული პარკი (კოლორადო, აშშ) – XI საუკუნეში ამოუცნობი ხალხის მიერ კლდეში აშენებული ქალაქი.

კაპადოკია (თურქეთი) – კლდეში გამოკვეთილი ლაბირინთები, რომლებიც ერთიანობაში ქალაქს შეადგენს. პირველად ხეთებმა 3500-4000 წლის წინათ გაჭრეს. თურქეთი.
შარტრის საკათედრო ტაძარი – ერთ-ერთი ყველაზე პირველი გოტიკური ტაძარი საფრანგეთში.
ასე ვმოგზაურობთ მე და ჩემი ბავშვები. ჩვენ ერთად ვიპყრობთ მწვერვალებს, მომლოცველებთან ერთად გადავივლით ტიბეტის ზეგანს და სიდნეის ოპერის თეატრის კონსტრუქციასაც ერთად განვიხილავთ. ჩვენ ძალიან გვიყვარს მოგზაურობა.

ტექნიკური მარილი – უსაფრთხოება თუ საფრთხე

0
თბილისისთვის უჩვეულოდ თოვლიანი და ყინვიანი ზამთარი დასრულდა, მაგრამ ვიდრე თბილი ამინდების მოყვარულები მრავალთვიან ნეტარებას მივეცემოდეთ, კარგი იქნება, დავფიქრდეთ, გავაანალიზოთ და თადარიგი დავიჭიროთ, რათა მეტად მომზადებულები შევხვდეთ მომდევნო ზამთარს და, ამასთან, ნაკლები ზიანი მივაყენოთ გარემოს.

ჩვენი კომფორტისთვის მოყინულ და დათოვლილ გზებზე ტექნიკურ მარილს ყრიან, რაც ქალაქების გზებსა და ავტომაგისტრალებზე გავრცელებული პრაქტიკაა. გამოიყენება იქ, სადაც ზამთრის თვეებში გზები საშიში ხდება ავტოტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეებისთვის. მარილი ზრდის საბურავების მოჭიდებას, გარდა ამისა, მარილიანი წყალი უფრო დაბალ ტემპერატურაზე იყინება, რაც აადვილებს ყინულის დნობას და, შესაბამისად, გადაადგილებას უფრო უსაფრთხოს ხდის. ცნობისათვის: მსოფლიოში ამინდთან დაკავშირებული ავარიების რიცხვი ყოველწლიურად 0,6 მლნ-ს აღწევს.

თოვლსა და ყინულთან გამკლავების თანამედროვე სტრატეგიები უნდა პასუხობდეს ჩვენი დროის მოთხოვნებს, ქმნიდეს პირობებს უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილებისთვის. იმავდროულად გასათვალისწინებელია ის საფრთხეებიც, რომლებსაც გარემოს ტრადიციული საშუალებები უქმნის. ამ თემაზე მრავალი ქვეყანა აქვეყნებს მეგზურებს, წვრთნის პერსონალს, რომელსაც გზების კეთილმოწყობა ევალება, შეიმუშავებს უფრო რაციონალურ, ეკონომიურ და უსაფრთხო მოდელებს. სიმართლე რომ ითქვას, ამის შესახებ დისკუსია არსად მომისმენია და ვერც სათანადო საჯარო ინფორმაციას წავაწყდი ჩვენი ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე, რაც კიდევ ერთხელ მაფიქრებინებს, რომ თემა აქტუალურია და ყურადსაღები.

მოსწავლეთა ცნობიერების ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია, გამოვუმუშაოთ მათ არსებული მდგომარეობის კრიტიკული შეაფასების უნარი და ვასწავლოთ გარემოზე ფიქრი, ბავშობიდანვე დავანახვოთ ყველა პროცესი მრავალი პერსპექტივიდან, რომელთაგანაც საკვანძოა გარემოსდაცვითი პერსპექტივა, რადგან ჩვენი ჯანმრთელობა, რესურსების გამოფიტვა სწორედ მასზეა დამოკიდებული.

საგზაო მარილი ყოველთვის როდია ნატრიუმის ქლორიდი. ბაზარზე არის მრავალი მინარევი, რომლებიც ანალოგიურად მისაღებია თოვლისა და ყინულის გასადნობად. ასეთებია ნატრიუმის ქლორიდი, კალციუმის ქლორიდი, მაგნიუმის ქლორიდი, პოტასიუმის ქლორიდი. ხშირად მარილწყალში ამატებენ იონებს, რომლებიც გაყინვის ტემპერატურის კიდევ უფრო დაბლა სწევს. მაგალითად ნატრიუმის ქლორიდის ყოველი მოლეკულა იძლევა ნატრიუმის დადებით იონსა და ქლორიდის უარყოფით იონს. მაღალი კონცენტრაციის დროს ეს ნაერთი გარემოზე დამღუპველ ზემოქმედებას ახდენს.
მაგრამ ეს არ არის ერთადერთი ზიანი, რაც მარილს მოაქვს. თუ ამაზე არასოდეს დაფიქრებულხართ, გაგაცნობთ, რა შეიძლება გამოიწვიოს მან.

ერთი მილი სიგრძის გზას 1 ტონა მარილი სჭირდება, ამდენად გასაგები ხდება, რომ ცივ თვეებში მილიონობით ტონა მარილი იხარჯება. მარილის კონცენტრაციის დადგენა აუცილებელია, მისი გაუთვალისწინებლობა კი მრავალ პრობლემას იწვევს. დოზების დადგენის ცხრილი ნათელ წარმოდგენას გვიქმნის იმის თაობაზე, როგორი კონცენტრაცია შეიძლება იქნეს გამოყენებული ეფექტიანად და რა ტემპერატურაზე.

მარილი, სამწუხაროდ, უკვალოდ არ ქრება – დნობისას ის ერევა წყალს, იხსნება მასში და წყალს ის სხვადასხვა ადგილას გადსააქვს; წყალში გახსნილი მარილი ზრდის მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების მარილიანობას ან იჟონება ნიადაგში და მის დამლაშებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, ეკვრის მანქანის საბურავებს და გადაიტანება უფრო მოშორებულ ადგილებშიც. 200 მეტრის რადიუსით მიდამო საგრძნობლად ზიანდება. წყლის 70% კი იმავე ადგილას რჩება და მის ბუნებრივი გზით გაწმენდას ბევრი დრო ჭირდება, ხოლო ხელოვნური ძვირად ღირებულია. მაგალითად, ნიუ ჰემფშირის სატრანსპორტო დეპარტამენტს სასმელად გამოყენებული წყლის მიწოდების ჩასანაცვლებლად 3,2 მლნ აშშ დოლარი დასჭირდა.

დასაშვებ ნორმად მიიჩნევა 230 მგ/ლიტრი, რაც უდრის 1 ჩაის კოვზს, გახსნილს 5 გალონ წყალში. გაზომვამ აჩვენა, რომ ქალაქების შიდა წყლებში ქლორიდების დონე სახიფათოდ მომატებულია.

გზებისთვის გამოყენებული მარილის გავლენა:

● მიწისქვეშა წყლებზე – მათ გაწმენდას უამრავი დრო სჭირდება; გავლენას ახდენს ადამიანებზე, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროზე;

● მცენარეებზე – გზის პირას დარგული მცენარეები ხშირად მლაშე წყლების გამო იღუპებიან (გარდა მლაშე ნიადაგს შეგუებული სახეობებისა);

● წყლის ორგანიზმებზე – თევზები თუ ამფიბიები ხშირად ვერ ეგუებიან დამლაშებულ გარემოს;

● ძუძუმწოვრებსა და ფრინველებზე – ხშირად სასმელად გამოყენებული დამლაშებული წყალი მათ მოწამვლისა და დაღუპვასაც კი იწვევს;

● გარეულ ცხოველებზე – იზიდავს ირმებსა და სხვა გარეულ ცხოველებს, რომლებსაც მარილი სჭირდებათ, და ისინი ხშირად იქცევიან საგზაო ინციდენტების მიზეზად თუ მსხვერპლად;

● ლითონის კონსტრუქციებზე – აჩქარებს მათ კოროზიას; ზიანდება ავტომობილებში გამოყენებული ლითონი, ასევე – ხიდის კონსტრუქციები.

სადავო არ არის, რომ უსაფრთხოებისთვის, ავარიებისა და ტრავმების რაოდენობის შესამცირებლად, ეკონომიკური აქტივობის შესანარჩუნებლად, ტრანსპორტის გამართული მუშაობისთვის აუცილებელია, მოყინულ გზებს რამე მოვუხერხოთ. მაგრამ რატომ ვიყენებთ მარილს, თუ მისი უარყოფითი ეფექტი ასეთი აშკარაა? უპირველესად, ალბათ, იმიტომ, რომ ეს ეფექტური და იაფი საშუალებაა.

არ არსებობს მარტივი, ერთმნიშვნელოვანი პასუხი იმაზე, როგორ გავართვათ თავი აღნიშნულ პრობლემას, რადგან ეს არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული – ზამთრის ხანგრძლივობაზე, ტემპერატურულ რეჟიმზე, გზის ტიპზე, ტოპოგრაფიაზე, დაჩრდილულ თუ მზიან ექსპოზიციაზე, ქარის მიმართულებაზე, წყლის რეზერვუარების სიახლოვეზე, არსებულ ტექნიკაზე, ფინანსურ რესურსებზე და სხვა. ამჟამად მიმდინარეობს ექსპერიმენტები იმის გასარკვევად, რით შეიძლება მარილის ჩანაცვლება. ცდიან ყველის შრატს, ჭარხლის წვენს და სხვა პროდუქტებს, თუმცა სასურველი ეფექტი ჯერჯერობით არ მიუღიათ. სხვათა შორის, ჭარხლის წვენი შეიცავს შაქარს, რომელიც ატმოსფეროში ჟანგბადის კონცენტრაციას ამცირებს.
ასე რომ, სადღეისოდ საუკეთესო გზად შეიძლება ჩაითვალოს გონივრულად გამოთვლილი რაოდენობის გამოყენება, რაც ტონობით მარილს ზოგავს, ნაკლები ზიანის მომტანია და, იმავდროულად, ეკონომიკურადაც ეფეტიანი. ასევე კარგია, სანამ თოვლი დაიტკეპნება, მისი მექანიკურად გაწმენდა და გაფხვიერება. მარილის მოცულობას ამცირებს მისი წყალში გარევაც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასფალტზე წინასწარ არის დატანილი და ხელს უშლის მოყინვას. ამის კვალობაზე, მნიშვნელოვანი ხდება ამინდის პროგნოზის სისტემის გაუმჯობესება, რაც თადარიგის დაჭერის საშუალებას მოგვცემს.

მარილის ალტერნატივაა:

▪ ქვიშა – მისი ფხვიერი, წვრილი გრანულები არ დნება და, შესაბამისად, ზრდის მოჭიდებას გზებზე; არ ვნებს გარემოს, რადგან ბუნებრივი პროდუქტია, არ ცვლის წყლისა თუ ნიადაგის ქიმიურ თვისებებს. უკეთესია ფხვიერი აგურის გამოყენება, რადგან ის უფრო უხეში ფრაქციებისგან შედგება. ის შეიძლება იყოს ძველი შენობების მეორეული პროდუქტი ან წარმოების ნარჩენები, ამიტომ უფრო იაფიცაა. ამასთან. ქვიშისა და აგურის ნაფხვენი უფრო მუქი ფერისაა, ვიდრე თოვლი და ყინული, შესაბამისად, ქვიშამოყრილი ზედაპირი მზის სხივების მეტ ენერგიას შთანთქავს და აჩქარებს დნობას.

▪ ფერფლი – დიდი რაოდენობით ძნელი მოსაპოვებელია, მაგრამ თუ საკუთარი სახლი და ბუხარი გაქვთ, იმდენი დაგრჩებათ, რომ სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმოაბნიოთ. ისიც ზრდის მზის სხივების ენერგიის შთანთქმას და აჩქარებს დნობას.თუმცა აქვს ნაკლიც: დნობისას შესაძლოა აიზილოს და გარემო აატალახოს.

დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ საგზაო უსაფრთხოებისთვის მარილის გამოყენება არის თემა, რომელიც მოსწავლეებს ყოველდღიურობასთან კავშირს ამყარებინებს, ეს კავშირი კი სკოლაში მიღებულ ცოდნის ცხოვრებაში გადატანის საშუალებას იძლევა.

განძის კუნძული

0
ალბათ წაგიკითხავთ რობერტ ლუის სტივენსონის რომანი „განძის კუნძული” და დაინტერესებულხართ კიდეც, სად მდებარეობს იგი სინამდვილეში. თუ მსოფლიოს რუკას კარგად დააკვირდებით, კარიბის ზღვაში, კუბის სამხრეთ სანაპიროდან არცთუ შორს, პატარა კუნძულების ჯგუფს აღმოაჩენთ, რომელიც კუბას ეკუთვნის. მათ შორის ყველაზე დიდია ჰუვენტუდი (ფართობი – დაახლ. 3000 კვ. კმ), რომელსაც არცთუ შორეულ წარსულში პინოსი ერქვა. სწორედ ეს არის სტივენსონის განძის კუნძული.
თუ მე-18 საუკუნეში შედგენილ კუნძულის რუკას და რომანში ავტორის მიერ ჩადებულ რუკას ერთმანეთს შევადარებთ, მათ მოხაზულობასა და კონფიგურაციას შორის გასაოცარ მსგავსებას აღმოვაჩენთ. ერთმანეთს ძალიან ჰგავს მათი რელიეფიც. მაგალითად, ჰუვენტუდზე ერთ-ერთ ბორცვს, ისევე როგორც სტივენსონის „განძის კუნძულში”, სათვალთვალო მილი (ესპანურად – ლა ვიხია) ჰქვია. მწერალმა ნაწარმოებში კუნძულზე გავრცელებული ხშირი ფიჭვის ტყეები აღწერა, რომლებიც კუნძულის თითქმის ნახევარს ფარავდა, ამით კი მხოლოდ ჰუვენტუდი თუ დაიკვეხნის, არც ერთ სხვა კუნძულზე ასეთი ლანდშაფტი არ გვხვდება. ამიტომაც მიიჩნევა, რომ რომანში აღწერილი მოვლენები სწორედ ამ კუნძულზე ხდებოდა.
ქრისტეფორე კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენამდე ჰუვენტუდზე უკვე ცხოვრობდნენ ინდიელთა ტომები, რომლებიც სოფლის მეურნეობას და მეთევზეობას მისდევდნენ. ხმელეთის ამ თვალწარმტაც ნაგლეჯს, რომელიც კოლუმბმა 1494 წელს აღმოაჩინა, ესპანელებმა ისლა დე პინოსი – „პინიების კუნძული” – უწოდეს (პინია იტალიური ფიჭვია, 20-25 მ სიმაღლისა და ქოლგისებრვარჯიანი; მისი სამშობლო ხმელთაშუა ზღვის ოლქია და პორტუგალიიდან მცირე აზიამდე ვრცელდება ზღვის დონიდან 1000 მეტრამდე სიმაღლეზე). კოლონიზატორებმა მოკლე ხანში მუსრი გაავლეს აქაურ მოსახლეობას და წიწვოვანი ტყეების მნიშვნელოვან ნაწილსაც, მაგრამ მიხვდნენ, რომ ოქროს აქ ვერ იპოვიდნენ და კუნძულის მიმართ ყოველგვარი ინტერესი დაკარგეს. პინოსს მალევე გამოუჩნდა ახალი პატრონი – ფლიბუსტიერები (ზღვებში მოთარეშე ყაჩაღები, მეკობრეები). კუნძულმა მათი ყურადღება იმით მიიპყრო, რომ იუკატანის სრუტესთან ახლოს მდებარეობდა, ამ გზაზე კი კოლონიზატორების მიერ სამხრეთ ამერიკის მოსახლეობისთვის წართმეული სიმდიდრით დატვირთული გემები ესპანეთისკენ მიემართებოდნენ. სწორედ ამ კუნძულიდან ესხმოდნენ თავს ფლიბუსტიერები არა მარტო გემებს, არამედ კარიბის ზღვის პორტებსაც.
დაახლოებით 300 წლის განმავლობაში კუნძული პინოსი მეკობრეებისთვის სასმელი წყლით მომარაგების ადგილს, თავგადასავლების მაძიებელთა ასპარეზს და გემების გასაჩერებელ და სარემონტო ბაზას წარმოადგენდა. გეოგრაფიულ წყაროებზე დაყრდნობით, სხვადასხვა დროს პინოსზე იმყოფებოდნენ იმ დროისთვის ყველაზე სახელგანთქმული მეკობრეები – დრეიკი, მორგანი, დამპირი, ოლონე, ჰოლი, ბასკერვილი და მრავალი სხვა. ისინი კუნძულს განძის სამალავადაც იყენებდნენ და ნაქურდალ ქონებას მიუვალ ადგილებში მალავდნენ. ასეთ ადგილებს ისინი საიდუმლოდ ინახავდნენ და სპეციალურ რუკებზე აღნიშნავდნენ, რომლებსაც მხოლოდ ერთ ეგზემპლარად ამზადებდნენ. სწორედ ერთ-ერთი ასეთი რუკა ჩაუვარდა ხელში ცნობილი რომანის მთავარ გმირს – ჯიმ ჰოპკინსს. მიიჩნევა, რომ სტივენსონმა, რომელიც ამ ადგილებში ნამყოფიც კი არ იყო, კუნძულის აღწერისას დრეიკის, მორგანისა და სხვა მეკობრეთა ჩანაწერები გამოიყენა.
ესპანელებმა არაერთხელ სცადეს მეკობრეთა ბუნაგის განადგურება. პონოსი მათ მხოლოდ 1830 წელს დაიბრუნეს და დამნაშავეთა გადასახლების ადგილად აქციეს. კუნძულის მეტსახელთა ნუსხას, „მეკობრეთა ბუნაგთან” ერთად, „კუნძული-ციხე”, „ტანჯვის ადგილიც” დაემატა.
ამ კუნძულის ცხოვრება მაშინაც კი არ შეცვლილა, როცა ესპანელებმა მასზე ბატონობა დაკარგეს და ის ოფიციალურად კუბის მფლობელობაში გადავიდა. იმ დროისთვის პინოსზე ერთადერთი მნიშვნელოვანი ნაგებობა ე.წ. „საჩვენებელი ციხე” იყო სიერა-დე-კაბალოსის მთის ძირას. სწორედ ამ ციხეში იჯდა 1953 წელს ფიდელ კასტრო – კუბის რევოლუციის ლიდერი, მთავრობის მეთაური 1959 წლიდან და ქვეყნის პრეზიდენტი 1976 წლიდან.
შემდეგ წლებში კუნძულზე, რომელიც, შეიძლება ითქვას, კუბის ციმბირს წარმოადგენდა, არსებითად არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ აქ მრავალი ტურისტი ჩამოდიოდა, უმთავრესად – ამერიკელი ავანტიურისტები, რომლებიც ძველ რუკებზე დაყრდნობით გულმოდგინედ ეძებდნენ მეკობრეთა მიერ დამალულ განძს. განძის მაძიებელთა მიერ ხელში ჩაგდებულ ერთ-ერთ რუკას თან ახლდა ტექსტი, რომელშიც ეწერა, რომ ერთ-ერთ გამოქვაბულში დამალული იყო 20 მილიონი პიასტრი, ხოლო ოკეანის ფსკერზე აურაცხელი სიმდიდრით დატვირთული რამდენიმე ესპანური გემი იყო ჩაძირული. აღსანიშნავია, რომ განძის მაძიებელთა ერთ-ერთ საზღვაო ექსპედიციას მართლაც გაუღიმა ბედმა – 1954 წელს ამერიკელმა ტედ უიკერმა ხანგრძლივი ძიების შემდეგ ოქროთი და ვერცხლით სავსე სკივრი იპოვა.
1958 წელს კუნძულზე ტურისტებისთვის პატარა სასტუმრო ააშენეს, რომლის ჰოლს მოზაიკური პანო ამშვენებდა. პანოზე გამოსახული იყო სცენა რომანიდან „განძის კუნძული”.
კუნძულის ახალი ისტორია 1959 წლიდან იწყება, როცა ციხეები აქ სამუდამოდ იქნა ლიკვიდირებული, ხოლო ნოყიერი მიწები აყვავებულ ბაღებად აქციეს. ვისაც კი ფეხი დაუდგამს განახლებულ კუნძულ პინოსზე, მას კარიბის ზღვის ზურმუხტს უწოდებს. ოდესღაც ღვთისა და კაცისგან მივიწყებული ხმელეთის ეს პატარა ნაკუწი ახლა მთელ მსოფლიოშია ცნობილი თავისი ციტრუსების პლანტაციებით, რომლებიც გვალვაში აქ აშენებული ოცამდე წყალსაცავის წყლით ირწყვება. გარდა ამისა, კუნძულის მოსახლეობას მოჰყავს ანანასი და ბანანი, მისდევს მეცხოველეობას, თევზჭერას. ოდესღაც გაუვალი ბილიკები გზატკეცილებმა შეცვალა. კუნძულზე მოიპოვებენ ვოლფრამს და მარმარილოს, განვითარდა მსუბუქი და კვების მრეწველობაც. კუნძულის შავი – ბიბიჰაგუას – და წითელი ქვიშის პლაჟები მრავალრიცხოვან ტურისტს იზიდავს. ფლიბუსტიერების ბატონობის პერიოდს კი მხოლოდ სამუზეუმო ექსპონატები მოგვაგონებს.
1978 წელს კუნძულს ჰუვენტუდი („ახალგაზრდობის კუნძული”) ეწოდა. მისი დედაქალაქია ნუევა-ჰერონა. ამჟამად კუნძულზე 70 ათასი კაცი ცხოვრობს.

ყავის გზა მარცვლიდან ფინჯნამდე

0
საზოგადოებრივ მეცნიერებათა მე-5 და მე-8 კლასების საგნობრივ სტანდარტში ბუნებრივი რესურსების რაციონალური და მრავალმხრივი გამოყენების შესწავლისას მოცემულია ინდიკატორები, რომლებიც მასწავლებელს აძლევს რეკომენდაციას, შედეგის მისაღებად მიმართოს შემდეგ გზას: გამოსახოს რესურსების სახეცვლილება მოპოვებიდან მოხმარებამდე. ეს შეიძლება გაკეთდეს ხორბლის მაგალითზე – რა ეტაპებს გაივლის იგი, ვიდრე პურ-ფუნთუშეულად იქცევა და მივირთმევთ, ასევე – საწვავის ან ალტერნატიული რესურსის ელექტროენერგიად გარდაქმნაზე. სწორედ ამ ინდიკატორის წყალობით გამიჩნდა ამ სტატიის იდეა.
მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მილიონობით ადამიანისთვის დღე ერთნაირად იწყება: განურჩევლად საცხოვრებელი ადგილისა, ენისა, კულტურისა, სქესისა, რელიგიისა თუ პროფესიისა, ისინი გამოსაფხიზლებლად ყავას სვამენ.

ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, მოხალულ ყავასა და მის არომატს რომ არ იცნობდეს, თუმცა ყავის ხეს, მის მუქ მწვანე, პრიალა, ერთმანეთის მოპირდაპირედ მზარდ ფოთლებსა და წითელ ნაყოფს ყველა ვერ ამოიცნობს.
სხვათა შორის, ბევრმა ყავის მოყვარულმა ისიც კი არ იცის, ვის უნდა უმადლოდეს ამ პროდუქტის ასეთ პოპულარობას.
რა გზა გამოიარა ყავის მარცვალმა ჩვენამდე?

ლეგენდას შორეულ ეთიოპიაში, კაფის პროვინციაში მივყავართ. ყავის საყოველთაო სახელწოდებაც სწორედ ამ პროვინციის სახელიდან მომდინარეობს. აქაურებს თურმე თხები ჰყოლიათ მოშენებული. ერთხელ ერთ ბერს შეუმჩნევია, რომ პირუტყვი საძოვარზე ხის წითელ ნაყოფს ჭამდა და ენერგიით ივსებოდა. ამის შემხედვარე ბერმა ნაყოფი შინ წაიღო და ძმას გაუმასპინძლდა. ეფექტი გასაოცარი აღმოჩნდა…

ამის შემდეგ ნაყოფს სახელი გაუვარდა, როგორც პროტეინებით მდიდარსა და პირუტყვისთვის მაწიერს. მოგვიანებით მან გადალახა წითელი ზღვა და არაბეთში მოხვდა. პირველად სწორედ იქ დაფქვეს და მოადუღეს ყავა. ნახარშს რელიგიური რიტუალებისთვისაც იყენებდნენ. გაიხსნა ყავახანებიც, სადაც ყავას სვამდნენ, მუსიკას უსმენდნენ, ჭადრაკს თამაშობდნენ, საუბრობდნენ, ახალ ამბებს ჰყვებოდნენ… ამის გამო ყავის სახლებს სიბრძნის სკოლებსაც უწოდებდნენ.

1600 წელს ინდოელმა პილიგრიმმა მარცვლები ტანზე მიკრული გამოიტანა მექიდან. ამის შემდეგ დაიწყეს ყავის მოყვანა სხვა ქვეყნებში, საიდანაც მან საბოლოოდ ევროპამდე მიაღწია. მოგზაურობიდან დაბრუნებული ვენეციელი ვაჭრები ჰყვებოდნენ, რომ თურქები „შავ სასმელს” სვამდნენ. ერთხანს ყავას „ეშმაკის სასმელს” უწოდებდნენ და კინაღამ აკრძალეს კიდეც (სხვათა შორის, ყავის თაობაზე ცრურწმენები საზოგადოებას დიდხანს შემორჩა. იქნებ მოგისმენიათ კიდეც იოჰან სებასტიან ბახის მოკლე კომედიური ოპერა „ყავის კანტატა”, რომელიც „ციმერმანის ყავის სახლის” დაკვეთით დაიწერა. „კანტატაში” გაშარჟებულია ყავის უაზრო აკრძალვა ქალებისთვის, რომელთაც უშვილობით აშინებდნენ).

ჰოლანდიელი კოლონიზატორები ინდონეზიაში ეზიარნენ ამ სასმელს, შემდეგ ამსტერდამში ჩამოიტანეს და სათბურებში მის მოყვანას მიჰყვეს ხელი.

ევროპაში ყავით ვაჭრობა პირველად ვენეციაში დაიწყეს. პირველი ყავის სახლი სან-მარკოს მოედანზე გაიხსნა. სხვათა შორის, უდიდესი სადაზღვევო კომპანია „ლოიდის” ისტორიაც ყავის სახლიდან იღებს სათავეს.
ჰოლანდიიდან ყავამ საფრანგეთში გადაინაცვლა: ლუდოვიკო XIV-ს ყავის ხე უსახსოვრეს, მან კი ნერგი სამეფო ბოტანიკურ ბაღს გადასცა.

ახალგაზრდა საზღვაო ოფიცერმა ნერგის მარტინიკაზე წაღების ნებართვა ითხოვა, რაზეც უარი მიიღო, მაგრამ ამან ვერ შეაჩერა – ღამით შეიპარა ბოტანიკურ ბაღში და იქიდან ქურდულად გამოიტანა მცენარის თესლი. მიუხედავად იმისა, რომ მისი გემი გზად მეკობრეებმა დაატყვევეს, ყავა საბოლოოდ მაინც მოხვდა მარტინიკაზე, სადაც სულ რაღაც 50 წლის შემდეგ უკვე 18 მლნ ძირი ყავა ხარობდა. ამას ბუნებრივმა პირობებმაც შეუწყო ხელი.

ლათინურ ამერიკაში ყავა მავრიტანიიდან გავრცელდა, თუმცა არც ეს მომხდარა იოლად. ამის შემდეგ ბრაზილიის მთავრობამაც მოინდომა ყავის გახარება. სადღესასწაულო ვახშამზე მირთმეული ყავის ტოტების თაიგულიდან, რომელსაც სათესლე ნაყოფიც შეჰყოლოდა, მათ პლანტაციები გააშენეს. მოგვიანებით ბრაზილიამ სწორედ ყავის ექსპორტით გაითქვა სახელი.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აფრიკისა და აზიის მრავალმა ქვეყანამ განიზრახა ყავის ექსპორტი, რადგან ის მსოფლიო ბაზარზე უფრო და უფრო მყარად იკიდებდა ფეხს და უფრო და უფრო მეტი მოთხოვნით სარგებლობდა.
ძნელია გააზვიადო ყავით ვაჭრობის მნიშვნელობა. მრავალი ქვეყნისთვის ეს პროდუქტი შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა. მაგალითად, ბურუნდის საექსპორტო ნაწარმის ნახევარზე მეტს ყავა შეადგენს. 2010 წელს ყავის ექსპორტმა 133,4 მილიონი ტომარა შეადგინა, რომელთა საერთო ღირებულება 15,4 მლრდ აშშ დოლარი გახლდათ. ყავა სულ სულ 70 ქვეყანაში მოჰყავთ. მის ინდუსტრიაში მოყვანიდან მაღაზიის დახლამდე 26 მლნ ადამიანია დასაქმებული.

მიუხედავად იმისა, რომ ყავის სამშობლოდ აფრიკა მიიჩნევა, მოხმარებული ყავის უდიდესი ნაწილი სამხრეთ ამერიკაში მოჰყავთ. ის განსაკუთრებულ ბუნებრივ პირობებს მოითხოვს: მზის სხივებსა და წვიმას, 20˚ტემპერატურას რყევების გარეშე, ნაყოფიერ, ფოროვან ნიადაგს… სამაგიეროდ, ეს პროდუქტი 26 მლნ ადამიანის შემოსავლის წყაროა.
ცნობილია ყავის ხის ორი ძირითადი ტიპი: არაბიკა, რომელიც პროდუქციის 70%-ს შეადგენს და რობუსტა, რომლის წილად დანარჩენი 30% მოდის. მათ შორის ის განსხვავებაა, რომ არაბიკას თბილი, ჰუმიდური კლიმატი სჭირდება ზღვის დონიდან 1212-1818 მ-მდე, ხოლო რობუსტა მკაცრ პირობებსაც უძლებს (მისი სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს: robust – მკაცრი, ძლიერი), ზღვის დონიდან 757 მ-მდე სიმაღლეზე მოჰყავთ და ხსნადი ყავის დასამზადებლად იყენებენ. სხვათა შორის, რობუსტას გავრცელება ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთი აფრიკიდან, ბრაზილიიდან, ინდონეზიიდან და ვიეტნამიდან სულ უფრო ფართო მასშტაბს იძენს. ამის მიზეზია, ერთი მხრივ, მასზე მოთხოვნის ზრდა, მეორე მხრივ კი ის, რომ ამ ჯიშის ყავა დაავადებებისა და პარაზიტებისადმი რეზისტენტულია, რაც ამცირებს დანახარჯს. გარდა ამისა, მასში ორჯერ მეტი კოფეინია – 1,6%-2,7%, მაშინ როდესაც არაბიკაში კოფეინის შემცველობა 1%-1,5%-ს არ აღემატება.

ყავის მოუხალავი მარცვლები შეიცავს მჟავებს, ცილებსა და კოფეინს. მოხალვისას, მაღალი ტემპერატურის წყალობით, მათში იწყება ქიმიური რეაქცია, რომელიც ნახშირწყლებს და ცხიმებს არომატულ ზეთებად გარდაქმნის, აორთქლებს სითხეს და ნახშირორჟანგს და ყავას განუმეორებელ არომატს სძენს. რაც უფრო მეტხანს გრძელდება მოხალვა, მით უფრო არომატული და მაგარია ყავა; მსუბუქი მხოლოდ 7 წუთის განმავლობაში იხალება, ხოლო ყველაზე მაგარი, ესპრესო – 14.
ყავის ექსპორტიორი ქვეყნები
ყავის ძირითადი მწარმოებლები

მოსავლიან წლებში მსოფლიოში მოხმარებული ყავის მესამედს ბრაზილია აწარმოებს. ასევე დიდი ექსპორტით გამოირჩევიან კოლუმბია, ვენესუელა, პერუ, ეკვადორი. ბოლო ხანს წამყვან ექსპორტიორებს შორის უფრო და უფრო მყარად იკავებს ადგილს ვიეტნამი – სულ რაღაც 30 წელიწადში მან ბაზრის 20% დაიპყრო.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ვიეტნამი კარგა ხანს ვეღარ წამოდგა ფეხზე, მის გაჩანაგებულ ეკონომიკას ვერ უშველა საბჭოთა კავშირიდან გადმონერგილმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ. სოფლის მეურნეობაში კოლექტივიზაციამ შედეგი ვერ გამოიღო. 1986 წელს კომუნისტურმა პარტიამ ექსპერიმენტის ჩატარება და ყავის პლანტაციების გაშენება გადაწყვიტა. უკვე 1990 წელს კი ყავის ინდუსტრიაში 2,6 მლნ კაცი იყო დასაქმებული. სწორედ ყავის კულტურის დამსახურებაა, რომ თუ 90-იანების დასაწყისში ამ ქვეყნის მოსახლეობის 60% ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, ამჟამად ეს მაჩვენებელი 10%-ს შეადგენს.

ვიეტნამში ჩაის სმის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია დღემდე არ შეცვლილა, ყავა კი კვლავ საექსპორტო პროდუქციაა. აქ რობუსტას აწარმოებენ.
ყავის იმპორტიორი ქვეყნები
ყავის ხემ ნაყოფი რომ გამოიღოს, 3-4 წელი სჭირდება. მწიფე ყავა მკვეთრი წითელი ფერისაა. მანქანით კრეფისას მწიფესთან ერთად მოუმწიფებელი მარცვლებიც იკრიფება, ხოლო ხელით კრეფისას – მხოლოდ მწიფე. ბუნებრივია, მწიფე მარცვლები უფრო არომატული და გემრიელია.

დაკრეფის შემდეგ აუცილებელია ყავის მარცვლების ლპობისგან დაცვა. ეს ორგვარად ხდება: მშრალი წესით და სველით. პირველი ტრადიციული მეთოდია, რომელიც წყლის შეზღუდული რესურსების პირობებში კვლავაც აქტუალურია. დღის განმავლობაში გაშლილი მარცვლები ღამით იფარება. ასე გრძელდება კვირაობით, ვიდრე მარცვლებში ტენის შემცველობა 11%-მდე არ დაიწევს. ამის შემდეგ ყავის დასაწყობება უკვე შეიძლება.

სველი მეთოდი ყავის მარცვლების გაფცქვნას გულისხმობს. გარდა ამისა, მსუბუქი მარცვლები წყლის ზედაპირზე ამოტივტივდება, ხოლო მძიმე ფსკერზე რჩება. ამის შემდეგ დაძირული მარცვლები გაივლის დამუშავების მომდევნო ეტაპს, სადაც სპეციალურ დანადგარებში წონის მიხედვით ნაწილდება, ბოლოს კი მათაც საჭირო კონდიციამდე აშრობენ.

გამშრალი ყავა გარსისგან იწმინდება. დეფექტური მარცვლები იყრება (ეს ხელითაც კეთდება და მექანიკურადაც). ამის შემდეგ პროდუქცია საექსპორტოდ მზად არის.

ყავა ყოველ საფეხურზე გაივლის ხარისხის კონტროლს: თავდაპირველად – ვიზუალურს, მოხალვის შემდეგ – არომატისას, შემდეგ კი გემოსას. როგორც უკვე გითხარით, სწორედ მოხალვა აძლევს ყავას განსაკუთრებულ არომატს. მაღალ ტემპერატურაზე მარცვლებში არსებული ზეთი გარეთ გამოდის, მისი მოწვა კი ყავას ყავისფერ შეფერილობას აძლევს.

დასასრულ, ყავა იფქვება. რაც უფრო მსხვილია ნაფქვი, მით მეტი დრო უნდა მოსადუღებლად და პირიქით.
ამიერიდან, როდესაც ყავას მოიდუღებთ და სიამოვნებით დააგემოვნებთ, შეგეძლებათ მთელი იმ გრძელი და რთული გზის წარმოდგენა, რომელსაც ის ხიდან ჩვენს ფინჯნამდე გაივლის.
გვინდოდა, ამ სტატიის მეშვეობით გვეჩვენებინა მასწავლებლებისთვის, რამდენი რამ შეიძლება შეიტყონ მოსწავლეებმა ასეთი დავალებების შესრულებისას. დავალების მიცემამდე მასწავლებელმა უნდა შეამოწმოს სანდო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, გაუნაწილოს რესურსები მოსწავლეებს ან მოსწავლეთა ჯგუფებს, წინასწარ განსაზღვროს ნაშრომის სტრუქტურა და აუცილებელი კომპონენტები, დაგეგმოს პრეზენტაცია.

ამგვარი დავალებების წყალობით მოსწავლეები გაიფართოებენ თვალსაწიერს და სხვა თვალით შეხედავენ ყოველდღიურ საკვებს, მეტად დააფასებენ შრომას, რომელიც დაიხარჯა ნედლეულიდან გასაყიდ პროდუქციად მის გარდაქმნამდე და უფრო გონივრულად მოიხმარენ მას.

ფილმი, რომელიც გულგრილს ვერ დაგტოვებს

0
კინემატოგრაფის ძალა და შესაძლებლობები გაზვიადებული არ არის. მას შეუძლია დაგაფიქროს, შეგიცვალოს მსოფლხედველობა, ახლებურად დაგანახვოს თითქოს უკვე კარგად ნაცნობი რამ.

სწორედ ერთი დოკუმენტური ფილმის გავლენით გადავწყვიტე ამ სტატიის დაწერა. მომინდა, თქვენთვისაც გამეზიარებინა ემოცია, რომელიც ამ მისი ნახვისას დამეუფლა; პასუხი გამეცა კითხვებზე, რომლებსაც ამ ფილმის ნახვის შემდეგ აუცილებლად დაუსვამთ საკუთარ თავს. ეს კითხვები ეთიკურ-მორალური ხასიათისაა და ხშირად დილემის წინაშე აყენებს გადაწყვეტილების მიმღებს.
„სახლი” („Home”) 2009 წელს გადაიღეს უდიდესმა ხელოვანებმა – იან არტიუს ბერტრანმა, გამოჩენილმა ფოტოგრაფმა, და ლუკ ბესონმა, საკულტო რეჟისორმა. ფილმის გადაღებას მათ წელიწად-ნახევარი მოანდომეს. გადაღებები 50-ზე მეტ ქვეყანაში მიმდინარეობდა. ხშირად საგანგებო ნებართვა იყო საჭირო, რაც უფრო მეტად ართულებდა საქმეს, თუმცა შედეგი ამად ღირდა.

ფილმი ასახავს დედამიწის მშვენიერებას, რომელსაც გადაშენება ემუქრება. იგი ჩიტის ფრენის სიმაღლიდან – ფილმი ვერტმფრენიდანაა გადაღებული – გადაგვიშლის თვალწინ ისლანდიის, გრენლანდიის, ანტარქტიდის, კოსტა-რიკის, არგენტინის, ინდონეზიის ბუნების უნიკალურ ხედებს, ენით აუწერელი სილამაზის ადგილებს, რომლებიც ადამიანის ქმედებებს ეწირება.

თუმცა ყველა ქვეყანა ერთნაირი ენთუზიაზმით არ შეხვედრია ფილმის გადაღებას. რაც უფრო დიდი იყო წინააღმდეგობა, მით უფრო ცხადი ხდებოდა ავტორებისთვის, რომ ამ აკრძალვების მიღმა ბევრად უფრო სერიოზული პრობლემები იმალებოდა. საუდის არაბეთში, ინდოეთში, სამხრეთ კორეასა და ჩინეთში მათ მრავალი ობიექტის გადაღებაზე უარი უთხრეს. გადაღებული მასალის ნაწილი უბრალოდ კონფისკაციას დაექვემდებარა, ხოლო არგენტინაში გადამღები ჯგუფის წევრებმა ერთი კვირა ციხეში გაატარეს. თავად ფილმი ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ არაერთ ქვეყანაში აიკრძალა. იმ ქვეყნებში, რომლებიც არცთუ მომხიბვლელი კუთხით წარმოაჩინეს ფირზე.

ფილმში ნაჩვენებია ხელუხლებელი, ველური ბუნება და ის მოუშუშებელი იარები, რაც ინდუსტრიულმა განვითარებამ, ომმა, ეკოლოგიურმა კატასტროფებმა დააჩნია დედამიწას. ამ ჭრილში დანახული პროცესები რეალობას ასახავს და ჩვენც მეტი გონიერებისკენ მოგვიწოდებს.

სათაური შემთხვევით არ შეურჩევიათ; როგორც არ უნდა განვსხვავდებოდეთ ერთმანეთისგან ადამიანები, რა განსხვავებულიც არ უნდა იყოს ჩვენი ტრადიციები, ენა, კულტურა, ყველას ერთი, საერთო სახლი გვაქვს. ინდუსტრიულ რევოლუციამდე ეს სახლი ძალიან დიდი ჩანდა, ტექნოლოგიურმა წინსვლამ, კომუნიკაციებისა და ტრანსპორტის განვითარებამ კი ერთბაშად „დააპატარავა”. ახლა გაცილებით ნაკლები ხანი გვჭირდება ერთი კონტინენტიდან მეორეზე მოსახვედრად; თუ ატლანტის ოკეანის გადაკვეთა ერთ დროს შეუძლებელი იყო, შემდეგ გემით რამდენიმე თვე ან კვირა სჭირდებოდა, დღეს კონტინენტებს სულ რამდენიმე საათის საფრენი აშორებს. ერთი ადგილი მეორეზე დიდ გავლენას ახდენს და ეს გავლენა მხოლოდ დადებითი და პროგრესული არ არის. ამის მაგალითია მჟავა წვიმები და ტრანსსასაზღვრო მდინარეების დაბინძურება, რომლის დროსაც ერთ ქვეყანაში მომხდარი ეკოლოგიური უბედურების შედეგები მეორეში იჩენს თავს. ერთი სიტყვით, დედამიწა ყველა ჩვენგანის სახლია და აქ პრობლემების გარეშე რომ ვიცხოვროთ, მხოლოდ საკუთარ თავსა და კეთილდღეობაზე არ უნდა ვიფიქროთ.

რატომ უნდა ვუყუროთ ამ ფილმს? უპირველეს ყოვლისა, ალბათ იმიტომ, რომ უამრავი აღმოჩენის საშუალებას იძლევა. რაც უფრო მეტი ადამიანი ნახავს მას, მეტი შესაძლებლობა გაჩნდება, გააზრებულად მოვეპყროთ ჩვენს გარემოს, ზემოქმედება მოვახდინოთ არსებულ ვითარებაზე. არ შეიძლება, მხოლოდ მომხმარებლები ვიყოთ და ჩვენს კეთილდღეობას ბუნებრივი გარემო და რესურსები შევწიროთ. მომავალ თაობებს უნდა შეეძლოთ, დატკბნენ ველური ბუნების წარმტაცი ხედებით და არ ჰქონდეთ საფიქრალი, სად იცხოვრონ, არ არსებობდნენ ეკომიგრანტები.

ბუნების დამცველებად არ იბადებიან; ბუნების დამცველად ადამიანს თვითშეგნება, ცოდნა, მორალური ღირებულებები აქცევს. დედამიწა იცვლება, იცვლება ყველა მიმართულებით. ჩემი დაბადებიდან დღემდე მსოფლიოს მოსახლეობა გაორმაგდა, რაც ბუნებაზე ბევრად უფრო დიდ ზეწოლას გულისხმობს, ფართოვდება ადამიანის საცხოვრებელი, მისი არსებობისთვის საჭირო პროდუქციის წარმოების ადგილები ავიწროებს ბუნებას… ეს პროცესები კიდევ გაგრძელდება, ამიტომ ბუნებას დაცვა სჭირდება, რათა მასთან ყოველი შეხება უფრო გააზრებული იყოს, არ ვანადგურებდეთ სახლს, რომელშიც ვცხოვრობთ, არ მოვიხმარდეთ იმაზე მეტს, ვიდრე გვჭირდება. ეს კი შესაძლებელია, რადგან მხოლოდ საფრანგეთში 13 მილიონი ადამიანი უსასყიდლოდ ემსახურება გარემოს დაცვას, ჩართულია გარემოსდაცვით ღონისძიებებში.

რეჟისორმა იან ბერტრანმა ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ უარი თქვა საავტორო უფლებებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს მისი ნახვა ნებისმიერს სრულიად უსასყიდლოდ შეუძლია. ამით ბერტრანმა საშუალება მოგვცა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გვენახა ფილმი და გადაგვეწყვიტა, როგორი მომავალი გვირჩევნია, უმოქმედოდ დავრჩეთ თუ გარემოს დამცველთა უზარმაზარ არმიას შევუერთდეთ.
ფილმში გვიჩვენებს უდაბნოს ტიპის ლანდშაფტებს; ერთი მხრივ – ლას ვეგასს ვილებით, წყლის ატრაქციონებითა და უზარმაზარი მდიდრული აუზებით, მეორე მხრივ კი ინდოეთს, სადაც ქალები წყლის მოსატანად ყოველდღიურად კილომეტრებს გადიან, თხრიან უფრო და უფრო ღრმა ჭებს და ორმოებს, რომლებიც მუსონური წვიმების დროს წყლით ივსება და ერთგვარ რეზერვუარებს ქმნის.

ფილმს ფონად არმანდ ამარის მუსიკა გასდევს. ამარი საინტერესო კომპოზიტორია, რომელიც იერუსალიმში დაიბადა, ბავშვობა მაროკოში გაატარა, ხოლო ფილმის გადაღებისას პარიზში ცხოვრობდა. ის მრავალ კულტურას ეკუთვნის. ალბათ ამიტომ არის, მისი მუსიკა რომ უხდება და არ ამძიმებს ფილმს.

საინტერესოა, რომ ბევრმა კრიტიკულად მიიღო ფილმი. მის ავტორებს საყვედურობენ გამონაბოლქვის გამო, რომელიც გადაღების დროს ვერტმფრენიდან ატმოსფეროში გაიბნა. გადამღები ჯგუფი კი ირწმუნება, რომ ეს ნახშირორჟანგი სულ ორი სპილოს წონა იყო, დაახლოებით იმდენი, რამდენსაც თანამედროვე ქალაქის მცხოვრები აბნევს ატმოსფეროში. აქვე უნდა ითქვას, რომ ამ ნახშირორჟანგის კომპენსაცია მოხდა სპეციალური პროგრამით, რომელიც საშუალებას იძლევა, გამონაბოლქვის სანაცვლოდ მწვანე პროექტის განხორციელებისთვის გადაიხადო გარკვეული თანხა. ამ შემთხვევაში ფული ტრადიციული ენერგოწყაროების ალტერნატიულით ჩანაცვლებისთვის გადაირიცხა.

ფილმი უსასყიდლოდ განთავსდა YouTube-ზე და უკვე 100 მლნ-ზე მეტმა მომხმარებელმა ნახა სხვადასხვა ენაზე. ეს არცთუ უმნიშვნელო შედეგია. ფილმი 40 ენაზე ითარგმნა, 131 ქვეყანაში მისი ოფიციალური ჩვენება გაიმართა, მიიღო უამრავი ჯილდო…
შეიძლება თუ არა ფილმის სასწავლო რესურსად გამოყენება

მასწავლებლებმა, განურჩევლად იმისა, რომელ საგანს ასწავლიან, ეს ფილმი უნდა ნახონ. ეს ჩემთვის ცხადზე უცხადესია. იმავდროულად, შეიძლება მოსწავლეებსაც ვაყურებინოთ. ფილმის ყურებისას თითოეულ მასწავლებელს შესაძლოა გაუჩნდეს სურვილი, თავისი საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, რომელიმე სადისკუსიო საკითხი წამოჭრას და მოსწავლეებთან ერთად განიხილოს. მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ გარემო თითოეული ჩვენგანის საზრუნავია, რომ ეკოლოგიური წიგნიერების განვითარებაზე ყველა უნდა ზრუნავდეს.

ფილმის მთავარი სათქმელი ასეთია: ის, რის შექმნასაც ასეულობით წელი სჭირდება, შესაძლოა უმოკლეს დროში განადგურდეს.

ფილმში მოყვანილია შემდეგი ფაქტები:
● მოსახლეობის მხოლოდ 20% იყენებს რესურსების 80%-ს.
● სამხედრო დანახარჯები 12-ჯერ აღემატება საერთაშორისო დახმარებათა მოცულობას.
● მსოფლიოში ყოველდღიურად 5 ათასი კაცი იღუპება მხოლოდ იმიტომ, რომ ხელი არ მიუწვდება სუფთა წყალზე. უწყლობით იტანჯება მილიარდი ადამიანი.
● მილიარდი ადამიანი შიმშილობს.
● მარცვლეულის 50% ცხოველების გამოსაკვებად და ბიოსაწვავად გამოიყენება.
● სახნავ-სათესი მიწების 40% ეროზირებულია.
● ყოველწლიურად ნადგურდება 13 მლნ ჰა ტყე.
● ოთხიდან ერთი ძუძუმწოვარი, რვიდან ერთი ფრინველი, სამიდან ერთი ამფიბია გადაშენების პირასაა.
● სარეწაო თევზის სამი მეოთხედი უკვე გადაშენების პირასაა.
● კლიმატის ცვლილება სულ უფრო კატასტროფულად აისახება დედამიწის სხვადასხვა ადგილზე.
● უკანასკნელ 40 წელიწადში ყინულოვანი საფარი 40%-ით გათხელდა.
● 2050 წლამდე კლიმატის ცვლილების გამო 200 მლნ მიგრანტი გვეყოლება
რას უნდა მიექცეს ყურადღება

ფილმის ყურებისას

ფილმი ხელს უწყობს მოსწავლის ბუნებრივი ცნობისმოყვარეობის გაღვივებას, აღმოაჩენინებს მას მცენარეთა თუ ცხოველთა უამრავ სახეობას, ადგილს, მოვლენასა თუ პროცესს, რომლის შესახებაც მეტის გაგება მოუნდება, უამრავ ქვეყანას, დაანახვებს მათ განსხვავებული კუთხით.

ყურადღების მოსაკრებად საჭიროა მოსწავლეებს მიეცეთ დავალება, ფილმის ყურებისას ჩაინიშნონ, რის დამახსოვრებაც სურთ, რაც გამოადგებათ; რა ნახეს, რა იგრძნეს, რა ისწავლეს, რა შეცვალა ფილმმა მათ მსოფმლხედველობაში და რის თქმას ისურვებდნენ მათთვის, ვისაც ფილმი ჯერ არ უნახავს.

მოთხოვნები იმის თაობაზე, რას უნდა მოიცავდეს მათი ჩანაწერი, უმჯობესია დაფაზე ან ფლიპჩარტზე დაიწეროს.
ფილმის ყურების შემდეგ

ფილმის ყურების შემდეგ შეიძლება დაისვას რამდენიმე გეზის მიმცემი კითხვა, რათა მოსწავლეებს არ მიავიწყდეთ მთავარი და ის მეორეხარისხოვანმა არ გადაფაროს. შინაარსთან ერთად შეიძლება ყურადღება მიექცეს კინემატოგრაფულ ხერხებს, სტილს, მუსიკას; რა ძირითადი იდეის გადმოცემა სურდათ ფილმის შემქმნელებს, როგორია პირველი და ბოლო კადრები, რამდენად ეფექტურია პირველი წინადადება, ვინ არის ფილმის მთავარი გმირი – დედამიწა, ადამიანი, ბუნება თუ დრო, რა ადგილი უკავია ფილმში ბუნებას, ადამიანს, სამეცნიერო და სამრეწველო პროგრესს. გამოხატავს თუ არა თავის პოზიციას ფილმის ავტორი, გვახვევს თუ არა მას თავს, ეფუძნება თუ არა ფაქტებს. რამდენად ეფექტურია ზემოდან დანახული დედამიწა და სხვა.

ფილმის ძირითადი იდეა არცთუ იოლი მოსახელთებელია, რადგან მის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვა თემაა წამყვანი: თავდაპირველად თუ დედამიწის სილამაზეა უყრადღების ცენტრში, შემდეგ იგი საწვავ რესურსებზე გადაინაცვლებს; ამას მოჰყვება პესტიციდების პრობლემა, ჭარბი თევზჭერა, გაუდაბურება, მონოკულტურა და ნიადაგის ეროზია, კლიმატის გლობალური ცვლილება, დაცული ტერიტორიები, ტყეების აღდგენა და ალტერნატიული ენერგოწყაროები

მოსწავლეებმა შეიძლება ცალ-ცალკე ჩაიწერონ თითოეულ თემაზე მოწოდებული ფაქტები და ანალიზი. დასკვნების გამოტანაც მათვე მიანდეთ. დაე, განსაზღვრონ, რა პასუხისმგებლობა ეკისრება ადამიანს მიმდინარე ცვლილებებზე.

ამის შემდეგ კი შეიძლება მსჯელობა იმაზე, რამდენად ეფექტურად სრულდება ფილმი, რატომ არ გვგვრის პესიმისტურ განწყობას და რა მიუთითებს იმაზე, რომ პრობლემების მოგვარება და ამ უნიკალური ბუნების შენარჩუნება შესაძლებელია.
ინტერნეტში ფილმი ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართებზე:

– ფრანგულ ენაზე

 

– რუსულ ენაზე

ყველაზე უჩვეულო მდინარეები

0

ჩვენს პლანეტაზე მრავალი საინტერესო მდინარეა. მინდა, ამ სტატიით ზოგიერთი მათგანი გაგაცნოთ.

დედამიწაზე ყველაზე ლამაზ მდინარედ კანიო კრისტალესი ითვლება. ზოგჯერ მას ხუთი ფერის მდინარესაც უწოდებენ. ის კოლუმბიის ჩრდილოეთ ნაწილში, სიერა-დე-ლა-მაკარენაში მიედინება და მისი სიგრძე დაახლოებით 100 კმ-ია. მდინარის უჩვეულო ფერი აქ არსებული მღიერებისა და წყალმცენარეების მრავალფეროვნებამ განაპირობა. ფერების სხვადასხვაობა წელიწადის დროსა და მდინარეში წყლის დონეზეა დამოკიდებული. კანიო კრისტალესი განსაკუთრებით ლამაზია ზაფხულში და შემოდგომაზე. მდინარე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული.

სამხრეთ ამერიკაში, ჩილეს ნავსადგურ არიკადან არცთუ შორს, პატარა მდინარე მიედენება… ოღონდ მხოლოდ ღამით. ეს იმით აიხსნება, რომ მდინარე ანდების თოვლით საზრდოობს, რომელიც მხოლოდ მზის სხივებით გათბობის შემდეგ დნება, ამიტომ დღისით მდინარის კალაპოტი შრება და წყალი იქამდე მხოლოდ საღამოს აღწევს.

უჩვეულოა სამხრეთ ამერიკის მეორე მდინარეც – ორინოკო. მისი ზემო დინება ორ ტოტად იყოფა, რომლებიც შემდეგ სხვადასხვა აუზში ჩაედინებიან. ერთი ტოტი გზას აგრძელებს, ხოლო მეორე მდინარე ამაზონის ერთ-ერთ შენაკადს უერთდება. ამ მოვლენას ბიფურკაცია – გაორება ჰქვია.

კამბოჯის ცენტრალურ ნაწილში ულამაზესი ტბა ტონლესაპი მდებარეობს. მას კამბოჯის შიდა ზღვასაც უწოდებენ. ტბიდან მდინარე საპი გამოედინება, რომელიც ამავე დროს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთი უდიდესი მდინარის, მეკონგის, მარჯვენა შენაკადია. ქვეყნის დედაქალაქის პნომპენის ახლოს ეს მდინარეები ერთმანეთს უერთდება.

მდ. მეკონგის შენაკადი საპი ტიბეტის ზეგანზე იღებს სათავეს და ტბაში ჩაედინება. გაზაფხულზე თოვლის დნობისას, განსაკუთრებით კი მუსონური წვიმების პერიოდში, მდინარეში წყლის დონე 12 მ-ით იმატებს. ამ დროს ტბის ფართობი ოთხჯერ იზრდება და დატბორილი წყალმარჩხი ტერიტორიები თევზების გამრავლებისა და ცხოვრებისათვის საუკეთესო გარემოს წარმოადგენს. ფართობის ერთ ჰექტარზე თევზის რაოდენობით ეს ტბა ლიდერია მსოფლიოში. როცა მეკონგის წყლის დონე იკლებს, მდინარე საპი წყლის მარაგს სწორედ ამ ტბიდან ივსებს.

მდინარეები ზოგჯერ „იატაკქვეშა” მოქმედებაზე გადადიან. ასეთი მდინარეა სიმი, რომელიც დროდადრო მთის ძირში ქრება და შემდეგ მთის მეორე მხარეს ამოყოფს ხოლმე თავს ხმელეთის ზედაპირზე.

ზოგიერთი მდინარე თავის ნაპირებზე მაღლა მიედინება. ასეთებია პო იტალიაში, რიონი საქართველოში, წითელი ვიეტნამში, ხუანხე ჩინეთში… მათმა დონემ ზაფხულში შესაძლოა მთელი 12 მ-ით აიწიოს, ხოლო ზამთარში – 5 მ-ით, ამიტომ კატასტროფის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ნაპირების გამაგრება, დამბების მშენებლობა, რომ მდინარეებმა კალაპოტიდან „გაქცევა” ვერ მოახერხონ.

მდინარე ხუანხემ თავისი მჩქეფარე „ტემპერამენტის” გამო მრავალი მეტსახელი მიიღო: „ათასი უბედურების მდინარე”, „გულის გამგლეჯი” და სხვ. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ხუანხემ უკვე 26-ჯერ შეიცვალა კალაპოტი და წყალდიდობების გამო 1500-ჯერ მიაყენა უდიდესი ზარალი მოსახლეობას. ხუანხე ყველაზე მღვრიე მდინარეა ჩვენი პლანეტის დიდ მდინარეებს შორის: 1 კუბურ მეტრ წყალში დაახლოებით 40 კგ ნატანი მასალაა. ეს მდინარე ერთი წლის განმავლობაში შესართავთან თითქმის 2 მილიარდ ტონა ნატანს ლექავს. სურათი რომ ნათელი იყოს, ასეთ შედარებას მოვიყვანთ: ეგვიპტის ხეოფსის პირამიდა თითქმის 6 მილიონ ტონას იწონის. შესაბამისად, მდინარეს წლის განმავლობაში ზღვაში 3.5 ტონა პირამიდის ქვიშა, ანუ თითქმის მთელი ქალაქი ჩააქვს. ამიტომ სულ არ არის გასაკვირი, რომ ზღვას, რომელშიც ხუანხე ჩაედინება, ჩინელებმა ყვითელი უწოდეს.

დედამიწაზე გვხვდება მდინარეები, რომლებიც არსად ჩაედინება. ისინი უდაბნოს ქვიშებში იკარგებიან ან მათ მთლიანად სარწყავად იყენებენ. ასეთებია, მაგალითად, ცენტრალური აზიისა და ყაზახეთის მდინარეები – ჩუ, მურღაბი, სარისუ, ზერავშანი. მდინარე ტეჯენი კი ყველაზე გრძელია ამ ტიპის მდინარეებს შორის. მისი სიგრძე 1150 კმ-ია. იგი თურქმენეთისა და ირანის ტერიტორიებზე მიედინება, თუმცა სათავეს ავღანეთის მთებში იღებს და მას ძირითადად სარწყავად იყენებენ.

სამხრეთ აფრიკაში მიედინება მდინარე ოკავანგო, რომელიც კალაჰარის უდაბნოში იკარგება და იქ მსხვილ ნაპრალებს წარმოქმნის.

ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულზე, ქ. როტორუას ახლოს, უნიკალური მდინარე მდებარეობს. ის იმითაა გამორჩეული, რომ მისი წყალი მარჯვენა ნაპირთან ძალიან ცივია, ხოლო მარცხენასთან „დუღს”. მდინარე ისე სწრაფად მიედინება, რომ ცივი და ცხელი წყლის ნაკადები შერევას ვერ ასწრებს.

არსებობს მდინარეები, რომლებიც ყველას აოცებს დინების „ნახაზით”. თუ რუკას ყურადღებით დააკვირდებით და მდინარე ვოლგის მარჯგვენა შენაკადს სვიტიაგუს მოძებნით, აღმოაჩენთ, რომ ის დაახლოებით 400 კმ-ზე, ვოლგის პარალელურად მიედინება, ოღონდ საპირისპირო მიმართულებით.

დედამიწაზე არის სხვა საინტერესო მდინარეებიც. მაგალითად, ასეთია მდინარე სურის შენაკადი პიანა (რუსეთი). მას არაჩვეულებრივი საფეხურებრივი აგებულება აქვს. ასეთივე თავისებურებით შეუძლია დაიკვეხნოს მდინარე ურალსაც, რომელიც ამავე დროს ევროპისა და აზიის საზღვარია. იგი ურალის მთების აღმოსავლეთ კალთაზე იღებს სათავეს, სამხრეთით მიედინება, შემდეგ ზუსტად 90 გრადუსით იცვლის მიმართულებას და კიდევ რამდენიმე ასეული კილომეტრის გავლის შემდეგ თავდაპირველ მიმართულებას უბრუნდება.

ცნობილია, რომ ყველა მდინარეს აქვს შენაკადები, რომლებიც მთავარ მდინარეს წყლით ამარაგებენ. წესისამებრ, ისინი სიგრძითა და წყალუხვობით მთავარ მდინარეს ჩამორჩებიან, თუმცა არ არსებობს წესი გამონაკლისის გარეშე. მაგალითად, მდ. ენისეის შენაკადი ანგარა უფრო წყალუხვია, ვიდრე თავად ენისეი.

ასევე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი მდ. სენაზე კი არა, მის შენაკად იონზეა გაშენებული, რადგან მისი წყლის ხარჯი წამში 105 კუბური მეტრია, ხოლო თავად სენასი – მხოლოდ 75.

ასევე ხშირია პარადოქსები მთავარი მდინარეებისა და მათი შენაკადების სიგრძესთან დაკავშირებით. მაგალითად, განგის სიგრძე 2700 კმ-ია, რაც 200 კმ-ით ნაკლებია მისივე შენაკადის სიგრძეზე. ავსტრალიაში მდებარე მდინარე მურეი, რომლის სიგრძე 2750 კმ-ია, 170 კმ-ით ჩამოუვარდება თავისივე შენაკადს – დარლინგს. ალბათ ბევრისთვის იქნება მოულოდნელი ის ფაქტიც, რომ მისისიპის შენაკადის მისურის სიგრძე 3950 კმ-ს უდრის, ხოლო თავად მისისიპისა მისურისთან ერთად 4740 კმ-ია.

თუ ავსტრალიის რუკას დააკვირდებით, მის დასავლეთ ნაწილში მდინარე გასკოინს იპოვით, მაგრამ თუ ამ კონტინენტს ესტუმრებით, იქ მხოლოდ გრძელი ქვიშის ზოლი დაგხვდებათ ბუჩქებსა და ხეებს შორის. სწორედ ამ ბრტყელი ზოლის ქვეშაა მოქცეული მდინარე გასკოინი, რის გამოც გამო მას „უკუღმა მდინარე” უწოდეს.

ოდესმე გინახავთ მდინარეები, რომლებიც ერთმანეთს სწორი ანუ მართი კუთხით კვეთენ და შემდეგ თავიანთ კალაპოტში დამოუკიდებლად აგრძელებენ დინებას? თურმე ასეთი რამ ხდება პოლონეთის ქალაქ ვონგრავეცში. ეს მდინარეებია ნელბა და ველნა (იხ სურათი).

 

ყველაზე საკვირველი კი ის არის, რომ ამ მდინერეების წყლები ერთმანეთს არც კი ერევა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ არაჩვეულებრივი მოვლენის საიდუმლო მდინარეების წყლის სხვადასხვა ტემპერატურაა. ამ ადგილას ბევრი ექსპერიმენტი ჩატარდა. მდ. ველნაში წითელი საღებავი ჩაასხეს, ხოლო ნელბაში – ლურჯი. მდინარეთა გადაკვეთის ადგილას საღებავები ერთმანეთს არ შეერია: ლურჯად შეფერილი წყალი თავის კალაპოტში მიედინებოდა, წითელად შეღებილი კი – თავისაში. ეს კი მართლაც რომ ბუნების საოცრებაა.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...