კვირა, მაისი 3, 2026
3 მაისი, კვირა, 2026

წითელცხვირა გენიოსი

0

სამი სიცოცხლეც რომ ჰქონდეს კაცს, შესაძლოა, მაინც ვერ მიაღწიოს ისეთ დაფასებას, როგორსაც სერ ალექს ფერგიუსონმა თავისი ცხოვრების შვიდი ათეული წლის განმავლობაში მიაღწია.  გარდა „წითელ ეშმაკებთან“ ერთად მოპოვებული ურიცხვი ტიტულისა, ფერგიუსონმა აღიარება თავისი განსაკუთრებული ბუნებითა და სამყაროს ხედვითაც დაიმსახურა.

განა ბევრს იცნობთ ისეთს, ვისაც შეუძლია იყოს ერთსა და იმავე დროს მკაცრიც და ლმობიერიც, მხიარულიც და გულჩათხრობილიც, მშვიდიც და ფეხბურთელების გამსილაქებელიც?! ცდება, ვისაც ჰგონია, რომ ალექს ფერგიუსონის მრავალმხრივობა მის შოტლანდიურ ფესვებსა და, საზოგადოდ, ეთნოგენეტიკურ წარმომავლობაშია საძიებელი; ფერგიმ თავისი პიროვნება საკუთარი ჯაფითა და ტალანტით შექმნა. სწორედ ამიტომ არ ჰგავს ის არც უზომოდ გონიერ, მაგრამ მეწვრილმანე ჟოზე მაურინიოს და არც გულღია, მაგრამ ცოტა „ოფოფებიან“ ტერი ვენეიბლზს.

როდესაც ამა თუ იმ მწვრთნელზე რამეს ამბობენ, ყოველთვის ხაზს უსვამენ, რომელი საფეხბურთო ფილოსოფიის მიმდევარია და რომელ სტილსა თუ მიდგომებს აღიარებს ეს კაცი. ფერგიუსონზე საუბარი ამ კუთხითაც ძნელია, რადგან სერ ალექსი იმ იშვიათთაგანია, ვინც თავისი საფეხბურთო ფილოსოფია ჩამოაყალიბა. ფერგის ფილოსოფია არ გახლავთ მიხელსის ან ლუის მენოტის შეხედულებათა დარად ერთსახოვანი და „ერთ ხაზზე გაჭიმული“. ტყუილად კი არ ამბობდა მისი ყოფილი შეგირდი ტედი შერინგემი, რომ პირველ ხანებში არ ესმოდა ფერგიუსონისა, რომელიც ერთი თამაშის წინ ერთს ეჩიჩინებოდა ფეხბურთელებს, მეორე მატჩისთვის მზადებისას კი „საკუთარი თავის წინააღმდეგ“ მიდიოდა და სულ სხვა რამეს ქადაგებდა. ფერგიუსონის ფილოსოფია ყველა სტილსა და ხედვას მოიცავდა, რაც კი აქამდე ყოფილა და რაც ბევრისთვის ალბათ ჯერ ახალია. მას სიცილად არ ჰყოფნიდა, როდესაც ინგლისელი ჟურნალისტები არასასურველი შედეგით დასრულებული რომელიმე თამაშის შემდეგ „საკუთარი სტილის ღალატის“ გამო აკრიტიკებდნენ. დაუჯერებელია, მაგრამ ეს ხნიერი კაცი გაცილებით დიდი ნოვატორი იყო და უფრო იოლად უმკლავდებოდა ახალ-ახალ საფეხბურთო გამოწვევებს, ვიდრე ბევრი ახალგაზრდა მწვრთნელი, რომლებიც, წესით, თავად უნდა ნერგავდნენ სიახლეებს და მხცოვან კოლეგებს მოძველებულ სტრატეგიებს უწუნებდნენ.

ჩვენ მიერ უკვე ხსენებულმა ჟოზე მაურინიომაც კი, რომელიც „ჩელსიში“ მოღვაწეობის დროს ფერგის უმთავრესი მეტოქე და გამქიაქებელი იყო, ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ გაკვირვებულია ფერგიუსონით, რომელიც დღესაც თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს.

სერ ალექს ფერგიუსონმა თავისი მოღვაწეობის მანჩესტერული პერიოდის განმავლობაში ოთხი ფორმაციის „მანჩესტერ იუნაიტედის“ ჩამოყალიბება მოასწრო. „იუნაიტედის“ ქომაგებმა, რა თქმა უნდა, ჩემზე უკეთ იციან, რომელი ფორმაციის გუნდი იყო უკეთესი და იორკი-კოულის წყვილი ჯობდა თუ რონალდუ-რუნისა, თუმცა წითელცხვირა შოტლანდიელის მთელი სიდიადე განსაკუთრებით მაშინ იჩენს ხოლმე თავს, როდესაც გუნდიდან ბექჰემისა და რონალდუს მსგავსი უდავო ლიდერები მიდიან, მაგრამ თითქოს არაფერი მომხდარაო – „მანჩესტერ იუნაიტედი“ კვლავ ხარისხიან ფეხბურთს თამაშობს და ახალ-ახალ სიმაღლეებს ეპოტინება. სამწუხაროდ, ამ დიდ გამარჯვებათა წყება წარსულს ჩაბარდა.

არაერთხელ გვინახავს ლიდერის წასვლის გამო დაქცეული და დაჩაჩანაკებუული კლუბები. ასეთ კლუბებს ევროპის თითქმის ყველა ეროვნულ პირველობაზე დღესაც ნახავთ. „იუნაიტედი“ ამ კუთხით ყოველთვის გამორჩეული იყო. ალექს ფერგიუსონმა თავისი ქომაგებიც კი დაარწმუნა, რომ გუნდი მხოლოდ ერთი ან თუნდაც ხუთი საუკეთესო ფეხბურთელი არ არის. როდესაც დევიდ ბექჰემი „რეალის“ ფერადოვნებას დახარბდა და მადრიდში გადაბარგდა, „მანიუს“ ფანებმა „ოლდ ტრაფორდზე“, ჩემი აზრით, ისტორიული პლაკატები გამოფინეს. პლაკატებზე ეწერა: „ვინ არის დევიდ ბექჰემი? ჩვენ ასეთს არავის ვიცნობთ!“ ეს არ ყოფილა მხოლოდ ნიშნის მოგება – ეს იყო რწმენა იმისა, რომ ფერგის ყველაფერი შეეძლო და უბექჰემოდაც ხელეწიფებოდა წარმატების მიღწევა. და ვერ შეძლო?! ვერ აიყვანა გუნდი მეორედ ევროპის უმთავრეს ოლიმპოზე?! ვერ დაამტკიცა, რომ ნიჭს სიბერე ვერაფერს აკლებს?!.

მერწმუნეთ, ფერგი ბებერი არ არის და არც არასოდეს დაბერდება. უბრალოდ, წლები ემატება. წლები, რომლებისაც ასე ეშინოდა ინგლისის მეფე რიჩარდს და არასოდეს შეეშინდება ფერგიუსონს – ეს კაცი ხომ წლებსაც იმორჩილებს…

წესები და პროცედურები კლასში

0

დაწყებით  კლასებში  მასწავლებლებს 20-30  მოსწავლის ხელმძღვანელობა უწევთ.  ცხადია, ყველა პედაგოგს ერთნაირად არ შეუძლია, ბავშვებს განსხვავებული აქტივობები შეასრულებინოს. შესაბამისი წესებისა  და  პროცედურების გარეშე დიდი დრო იკარგება ერთსა და იმავე კითხვებზე პასუხის გაცემაში: „ფანქარი გამიტყდა, როგორ დავწერო?“; „დავამთავრე წერა, ახლა რა ვქნა?“…

საშუალო კლასებში მასწავლებლებს ასობით მოსწავლესთან აქვთ ურთიერთობა. ამ ასაკის მოსწავლეები უდიდეს მასალას გადიან; ხშირად ეჭვქვეშ აყენებენ  მასწავლებლის ავტორიტეტს. წარმატებული მენეჯერები გეგმავენ პროცედურებს, აყალიბებენ წესებს,  რათა ასეთ სიტუაციებს გაუმკლავდნენ.

პროცედურები.  როგორ  უნდა  მოხდეს  მასალისა  და  დავალებების  განაწილება და  შეგროვება? რა პირობებში შეუძლიათ მოსწავლეებს დატოვონ ოთახი? როგორ  განისაზღვრება  მათი  შეფასება  და  ქულები?  ინვენტარის  გამოყენების რა წესები არსებობს ბუნებისმეტყველებისა თუ ხელოვნების გაკვეთილებზე? პროცედურა (ხშირად მას რუტინას უწოდებენ) აღწერს,  როგორ  უნდა  შესრულდეს  მოქმედება  კლასში. პროცედურა კლასში რაიმე ქმედების  შესრულების  გზაა. მასწავლებლებს, წესრიგის დასამყარებლად, შემდეგი  რუტინების  განსაზღვრა  ესაჭიროებათ:

  1. ადმინისტრაციულირუტინა – დასწრება;
  2. მოსწავლეთა გადაადგილება – კლასშიშესვლადა  კლასის  დატოვება;  მაგალითად,  ტუალეტში  წასვლა;

3.საკლასო ოთახის დალაგება – მცენარეების მორწყვა ან პირადი  ნივთების  შენახვა;

4.გაკვეთილების  წარმართვის  რუტინა,  მაგალითად, როგორ  უნდა  შეგროვდეს  მოსწავლეების  ნამუშევრები და როგორ უნდა დაუბრუნდეთ ისინი მათ;

  1. ურთიერთობა მასწავლებელსა და  მოსწავლეს  შორის,  მაგალითად,  როგორ  უნდა  მიიპყრო  მასწავლებლის  ყურადღება,  როცა  დახმარება  გჭირდება;
  2. საუბარი მოსწავლეთა შორის – დახმარება  ან  სოციალიზაცია.

ეს  ექვსი  რუტინა  უნდა  გამოიყენოთ, როგორც  ერთგვარი  ჩარჩო  საკლასო პროცედურებისა  და  რუტინების  დაგეგმვისას.

წესები. წესები ეხება კლასში დაშვებულ და აკრძალულ აქტივობებს,  ანუ  რა შეიძლება  გაკეთდეს და რა არ უნდა გაკეთდეს კლასში. პროცედურებისაგან განსხვავებით, წესები  ყოველთვის  დაწერილია  და  თვალსაჩინოდ არის  გამოფენილი. წესების შემუშავებისას უნდა გაითვალისწინოთ, როგორი ატმოსფეროს შექმნა გსურთ. მოსწავლეთა რომელი ქცევა გამოგადგებათ მათი ეფექტიანად სწავლებისთვის? რა შეზღუდვები შეიძლება იყოს საჭირო მოსწავლეთა ქცევის  სამართავად?  თქვენ  მიერ  დადგენილი  წესები უნდა შეესაბამებოდეს მთელ  სკოლაში  მოქმედ  წესებსა  და  სწავლის  პრინციპებს. მცირე  ჯგუფების  კვლევებიდან  ვიცით,  რომ  მოსწავლეთათვის სასარგებლოა,  როცა ისინი თანაკლასელებს უხსნიან მასალას. მოსწავლეები სხვათა სწავლებით სწავლობენ.  ურთიერთდაუხმარებლობის წესი შეიძლება არ შეესაბამებოდეს კარგად  სწავლის  პრინციპებს;  ან, მაგალითად, წესმა „არ  წაშალოთ წერისას!” შეიძლება  უბიძგოს  მოსწავლეებს იმისკენ, რომ მეტი  ყურადღება გაამახვილონ  შეცდომების  არდაშვებაზე, ვიდრე  აზრის  ნათლად  გადმოცემაზე.

წესები პოზიტიური უნდა იყოს, ასევე მათ შესრულებაზე დაკვირვება უნდა შეიძლებოდეს. უმჯობესია, შეიმუშაოთ მრავალი საკითხის მომცველი რამდენიმე ზოგადი წესი, ვიდრე ჩამოწეროთ უამრავი ნებადართული თუ აკრძალული ქცევის სია. თუ აკრძალვა ეხება  სპეციფიკურ  ქცევას, მაგალითად, შენობის დატოვებას ან ტუალეტში მოწევას, წესებში ეს  უნდა  აისახოს.

წესები დაწყებითი კლასებისთვის. ფსიქოლოგები იძლევიან ზოგადი წესების ოთხ მაგალითს დაწყებითი კლასებისთვის:

  1. 1. პატივი ეცით და  ზრდილობიანად  მოექეცით  ყველა  ადამიანს.  ახსენით  ნათლად, რას გულისხმობთ სიტყვაში „ზრდილობიანი“ – რომ ეს გამორიცხავს ჩხუბს, დაცინვას,  ხელით შეხებას. ზრდილობიანი ქცევის მაგალითია შენი რიგის დალოდება;  გამოყენება სიტყვებისა:  „თუ  შეიძლება“, „გმადლობთ“…, შეურაცხმყოფელი მიმართვებისგან თავის შეკავება. ეს წესი ეხება როგორც უფროსებთან, ასევე თანატოლებთან ქცევას.
  2. იყავით მომართული და  მომზადებული. ეს წესი ხაზს უსვამს კლასში  აკადემიური  მუშაობის  მნიშვნელობას.  მომართულობა  ნიშნავს  დღის  ენერგიულად დაწყებას და ადეკვატურ გადასვლას აქტივობიდან აქტივობაზე.
  3. მშვიდად მოუსმინეთ სხვების საუბარს. ეს ეხება მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც. ამ წესის დაცვა აუცილებელია როგორც დიდ კლასებში, ასევე მცირე ჯგუფებში დისკუსიებისას.
  4. დაემორჩილეთ სასკოლო წესებს.  ეს  შეახსენებს  მოსწავლეებს,  რომ  კლასში  მოქმედებს სკოლის საერთო წესები. მოსწავლე ვერ იტყვის, რომ კლასში საღეჭი რეზინის ღეჭვა ან ტელეფონზე თამაში ნებადართული ეგონა, მაშინ  როცა ეს სკოლაში აკრძლულია: „თქვენ არ გითქვამთ, რომ ეს ჩვენთვისაც  აკრძალულია“.

ნებისმიერი  წესის  შემთხვევაში,  მოსწავლეებმა  უნდა  ისწავლონ  ამ  წესის შესაბამისი  ქცევა.  საჭირო  იქნება  მაგალითების  მოყვანა,  გავარჯიშება, განხილვა.

როგორც ვნახეთ, სხვადასხვა აქტივობა სხვადასხვა წესს მოითხოვს. ეს შეიძლება  დამაბნეველი  იყოს  დაწყებითი კლასების  მოსწავლეთათვის –  სანამ ამ  წესებს  დაისწავლიან. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ დაბნეულობა და უწესრიგობა, შეგიძლიათ  მოიფიქროთ ნიშნები თითოეული აქტივობის წესებისათვის. საქმიანობის დაწყებამდე უჩვენეთ  მოსწავლეებს  ნიშანი,  რომელიც  შეახსენებს  მათ  წესებს.  ეს  იქნება  ზუსტი  და  მუდმივი  მინიშნება მონაწილეობის  ფორმაზე  – არა  მხოლოდ  სანიმუშო  მოსწავლეებს, არამედ ყველას ეცოდინება, რა არის მოსალოდნელი. რა თქმა უნდა, წესები უნდა  აიხსნას  და განხილულ იქნას, სანამ  ნიშნების  ეფექტი  სრულად გამოვლინდება.

წესები საშუალო კლასებისთვის.  ფსიქოლოგები გვაძლევენ წესების ექვს მაგალითს საშუალო სკოლებისათვის:

  1. მოიტანეთ კლასში ველა საჭირო მასალა. მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს კალმის, ფანქრის, ქაღალდის, რვეულის, ტექსტის და ა. შ. ტიპი.
  2. ზარი რომ დაირეკება, დასხედით თქვენს ადგილებზე და მოემზადეთ მუშაობის დასაწყებად.
  3. პატივი ეცით სხვებს  და  ზრდილობიანი  იყავით  მათ  მიმართ. ეს  წესი  ეხება ჩხუბს, სიტყვიერ შეურაცხყოფას, ზოგადად, პრობლემების შექმნას.  იგულისხმება,  რომ  წესის დაცვა აუცილებელია  მასწავლებელთან მიმართებაშიც.
  4. პატივი ეცით სხვა  ადამიანის  საკუთრებას. იგულისხმება  ის  ქონება, რაც სკოლის, მასწავლებლის ან სხვა მოსწავლის საკუთრებაა.
  5. მოუსმინეთ და იყავით წყნარად, როცა სხვა ლაპარაკობს. იგულისხმება სიტუაცია, როცა ლაპარაკობს მასწავლებელი ან სხვა მოსწავლე.
  6. დაემორჩილეთ სასკოლო წესებს.  დაწყებითი კლასების  მსგავსად, ეს წესიც მრავალ  ქცევასა  და  სიტუაციას  ეხება. არ არის საჭირო ყველა მათგანის გამეორება კლასში. ეს ასევე შეახსენებს მოსწავლეებს, რომ  მათ  თვალყურს  ადევნებთ  როგორც  კლასში, ისე  მის  გარეთ.  დარწმუნდით,  რომ  თავად  იცით  სკოლის  ყველა  წესი.  ზოგიერთი მოსწავლე დახელოვნებულია  მასწავლებლის  დარწმუნებაში, რომ მისი  კონკრეტული  ქცევა „სინამდვილეში  წესებს  არ  ეწინააღმდეგება“.

შედეგები. როცა უკვე განსაზღვრული გექნებათ წესები და პროცედურები, უნდა  მოიფიქროთ, რას მოიმოქმედებთ, როცა მოსწავლე დაარღვევს წესს ან არ მიჰყვება პროცედურას. ძალიან გვიანია გადაწყვეტილების მიღება მაშინ, როცა წესი დაირღვევა.

მრავალი  დარღვევის  შემთხვევაში, ლოგიკური  შედეგი  უკან  დაბრუნება  და „სწორად  მოქცევაა“.  მოსწავლეები,  რომლებიც  უთავბოლოდ  დარბიან დერეფანში, შეიძლება უკან მიაბრუნოთ და მოსთხოვოთ, ისე გამოვიდნენ, როგორც საჭიროა.  დაუსრულებელი  დავალება  შეიძლება  ხელახლა  შესრულდეს. დაფანტული ნივთები  შეიძლება  მილაგდეს. თქვენ  შეგიძლიათ გამოიყენოთ  ბუნებრივი  ან  ლოგიკური  შედეგები,  რათა  ხელი  შეუწყოთ  მოსწავლეების ემოციურ და სოციალურ განვითარებას შემდეგი ღონისძიებების გატარებით:

  • თქვენი რეაქცია  უნდა  განასხვავებდეს  ერთმანეთისაგან  საქციელსა  და  მის ჩამდენს – პრობლემა  ქცევაშია  და  არა  მოსწავლეში.
  • ხაზგასმით აღნიშნეთ მოსწავლეებთან, რომ მათ აქვთ მოქმედების არჩევის და კონტროლის  დაკარგვის  თავიდან  აცილების  ძალა  და  უნარი.
  • ხელი შეუწყვეთ აზროვნებას, საქციელის შეფასებას, პრობლემის გადაჭრას – თავი აარიდეთ მორალის კითხვას.
  • დაეხმარეთ მოსწავლეებს, რაციონალურად შეაფასონ საკუთარი ქმედებები და განსაზღვრონ, როგორ მოიქცევიან  ანალოგიურ  სიტუაციაში.

მთავარი აქ ის არის, რომ გადაწყვეტილებების მიღება სასჯელთან (და ჯილდოსთან)  დაკავშირებით უნდა ხდებოდეს უფრო ადრე, ანუ მოსწავლემ უნდა იცოდეს, რა არის  მოსალოდნელი  წესის  დარღვევის  ან  არასწორი  პროცედურის გამოყენების შემთხვევაში და რა მნიშვნელობა აქვს ამას მისთვის.

გურული მატარებლის ამბავი

0

ილო მოსაშვილის მაჯამური შეთამაშება ხომ გახსოვთ:

„სადმე სადგურია,

სად მე, სად გურია?’’

არადა გურია და მატარებელი რამ გაყო?

მის სამი სახეობა შემომრჩა:

1) ელექტრიჩკა. ბათუმი–ოზურგეთი. ჩემი დედულეთის, ნატანების, გავლით. მისი ბორბლების ქვემოდან ამოსული ხმაა ჩემი ბავშვობის საუნდტრეკი. უცნაური, მონოტონური, ხან – უცაბედ ამოოხვრასავით, ხან – არითმიული. თითქოს სადღაც ცუდ ამბავზე მიეჩქარებოდა. ფეხს ითრევდა. ახველებდა. ცალკე საგა იყო. ძაბვა ვარდებოდა და სადღაც ჩერდებოდა. ერთხელ ნატანებში ძველი ველოსიპედი მაჩუქეს და ოზურგეთში მიმქონდა. ერთი სული მქონდა შინ მისვლამდე და შუაღამემდე კი ველოდეთ ამ ელექტრიჩკას. იქ მომუშავე კაცი დაზეპირებული დანანებით ამბობდა, ოჩხამურშია გაჭედილი, ოჩხამურშიო. ადრეც მითქვამს – რაღაც საბედისწერო ქოროს სიტყვებად მახსოვს ეს „ოჩხამურშია გაჭედილი“. როგორც რომ ყორანი მისჩხაოდა ბარათაშვილის, ისე მომჩხავის.

2) სატვირთო მატარებელი. ეგ შორიდან თუ გვინახავს. გულისხმობდა ბენზინის ან ნავთის სუნს და მრგვალ ვაგონებს. ნიშნავდა იმაზე ნელ სვლას, ვიდრე ჩემი მეზობელი ანზორიე მიდიოდა ღობეზე ჩამოკონწიალებული, გალეწილი მთვრალი. მით უფრო – თუ ძაბვა იყო დაბალი, დაძაბულობა – მაღალი და ყაჩაღების მზაობა – შესაბამისი. თან დასდევდა ჟანგის ფერი და ლეგენდა, რომ ერთ-ერთ ავზში მთვრალი რუსი მოსამსახურე ჩაიხრჩო და იქვე ჩარჩა. როცა ჩაივლიდა, სულ მეგონა, რომელიღაც მათგანში იყო და მაინტერესებდა, როგორ გამოიყურებოდა. ამ მატარებლისთვის შეგეძლო ქვები გესროლა, მაინც ვერ გაბზარავდი, შენ კი „გაგისწორდებოდა“ – პატარა ბიჭი იყავი. პატარა ბიჭობა კი სულ ამას ნიშნავს – კენჭივით ხარ და კენჭებს ისვრი. შეგეძლო, ვაგონს მიპარვოდი და ზედ მიგეწერა: „გიორგის + ქრისტინა“, – და მიუყვებოდა შენი სიყვარულის ამბავი კავკასიის ეზოებს და ამ ეზოების წინ გამოფენილ ბავშვებს. და ბავშვების თვალებს, ამ წარწერას რომ ირეკლავდა, ოღონდ შეცვლილს – საკუთარი სახელებით. მერე ზოგიერთი ვაგონი მოხსნეს და ჯართში ჩააბარეს, ჯართიდან ხალხმა დაიტაცა და „თურქული ფეჩები“ გააკეთა. შეიძლება, ის წარწერები გადაფხიკეს/გადაღებეს. არ ვიცი. თუ დარჩა, დიდად პოეტურ-ფილისოფიური საქმე კი გამოდის.

3) დიდი მატარებელი. ასე ვეძახდით თბილისისკენ მიმავალ მატარებელს. ბილეთები სადგურის სალაროში იყიდებოდა, მაგრამ სრულიად სიმბოლურად. „პრავადნიკი“ თუ „პრავადნიცა“ სერიოზულად ჩართულიყო სამგზავრო ბიზნესში. მიხვიდოდი, გეტყოდა: „მარტო პლაცკარტი მაქ, პლაცკარტიიიიი“. „პლაცკარტი“ ნიშნავდა სტალინის გულაგების ინსცენირებას ცოტა მოდერნულ სტილში, ამიტომაც არავის უნდოდა და მიდიოდა თვალის ჩაპაჭუნება და ჭყინტი ყველის – ათლარიანის დანახება. „ესვე მაქ, კიდო, ესვე“, და უცებ – ყოველგვარი იმედის მესაფლავე: „მარა მაი 15 ლარი ღირს“. სა იყო 15 ლარი. და მიდიოდა ღრეჯა და „ჭვრითი მაქ, ნუ დამტიებ გლახა სიტვაციაში. ნუ დამტიებ, ლილოში ვარ წასავალი, ბაღნებიზა ტანსაცმელი მაქ საყიდი“. ბოლოს მოლბებოდა და გაძლევდა საკუთარ ოთახში ზედა ადგილს. და ვწვებოდით ორი ერთ ადგილზე. ან მონაცვლეობით. ვუყურებდით შუქს, რომელიც უცნაურად ანათებდა და გვიან აქრობდნენ და ვერ აქრობდნენ. ვუსმენდი ლიანდაგის ხმას, რომელზეც, გამეგონა, რომ მუსიკას ჰგავდა და მუსიკას ვერ ვამსგავსებდი. ვიგერიებდით სუნს, რომელიც ტუალეტიდან მოდიოდა და ვერ ვიგერიებდით. ვხედავით სიზმრებს, რომელთაც არ უნდოდათ ღამის გაცდენა, მიუხედავად იმისა, რომ გზაში იყვნენ და ვერც ვხედავდით. ჩავდიოდით თბილისში. ნამდვილად ჩავდიოდით.

ვის აწითლებენ გოგოები?

0

პატარა ოთახში ათიოდე მსმენელი ვიყავით. საბავშვო წიგნები, ალბომები, ხელნაკეთი თოჯინები, არაერთი მოულოდნელი ფერთაშეხამება, არათანაბარი სიმაღლის კედლებში მოქცეული სივრცე. ის, რაც, ყავისა და დარიჩინის სუნთან ერთად, შვედეთია. ჩემთვის – ამ ქვეყნით და მისი თავისებურებებით სამუდამოდ მოხიბლულისთვის. Unga Klara-ს – 2010 წლიდან სტოკჰოლმის დამოუკიდებელი თეატრის ორი რეჟისორი მოზარდებისთვის განკუთვნილ ექსპერიმენტულ წარმოდგენებზე საუბრობდა. მათი რწმენით, თეატრში მოსული ნებისმიერი ასაკის მაყურებელი სიმართლეს იმსახურებდა – პირველ რიგში, სიმართლეს საკუთარი თავის შესახებ. ვუყურებდით ეკრანზე ამ ექსპერიმენტული წარმოდგენების ჩანაწერების ფრაგმენტებს და მომდევნო დღეს ერთი ასეთის ნახვას ვაპირებდით.

რა არის სიმართლე 13-14 წლის მოზარდებისთვის, რომლებიც მოუმზადებლები არიან ახალი სხეულებისთვის, ახალი წესებით ცხოვრებისთვის, დიდების გაუგებრად ორგანიზებულ, დამთრგუნველ სამყაროში გზის გაგრძელებისთვის? ზემოთ ნახსენებ რეჟისორებს მიაჩნდათ, რომ სიმართლე სიჩუმის მიღმა უნდა ეძებო – ეს ისაა, რაზეც იშვიათად საუბრობენ ან საერთოდ გაურბიან საუბარს. სიჩუმეს დამანგრეველი ძალა აქვს. გაჩუმდები და განადგურდები. უნდა თქვა. უნდა გამოხატო. ყველას უნდა დაანახო, რომ არსებობ და შენს არსებობას მნიშვნელობა აქვს ამ სამყაროში.

„GIRLS WILL MAKE YOU BLUSH!“ – ასე ერქვა წარმოდგენას, რომელიც საფესტივალო პროგრამის ნაწილი იყო და რომლისთვისაც ფესტივალის სტუმრები ერთგვარად შეგვამზადეს.  ველოდებოდით. თავისუფალ ექსპერიმენტებზე, ენების გამუდმებულ არევაზე, სხეულის ენაზე, ქორეოგრაფიის მნიშვნელოვნებაზე ორსაათიანმა საუბარმა თავისი ქნა. ვიცოდით, როგორ იმუშავეს მსახიობებმა, რისკენ ისწრაფოდნენ, რა გამოხმაურება მოჰყვა წარმოდგენებს, როგორ მიიღეს მოზარდებმა, მასწავლებლებმა, მშობლებმა, კრიტიკოსებმა.  გოგოების ამბები იყო. მენსტრუაცია. სისხლით დასვრილი საფენები – ხელიდან ხელში. მასტურბაციის იმიტაცია. სხვაც – ასეთივე სითამამით.

ინგლისური სახელწოდებაც გამომწვევად მოჩანდა. ეს მხოლოდ ჩვენი ამბავი არ არის, ყველა ქვეყანაში ყველა გოგოს ამბავიაო – ამას ამბობდნენ.

კიდევ იმას ამბობდნენ, რომ არ უნდა გრცხვენოდეს ფიზიკური სახეცვლილების – იმის, რაც თავზარდამცემი სიახლეა შენს ცხოვრებაში. სხეული, რომელიც ასეთი უცხო და სხვანაირია – ეს შენ ხარ. ნუ გეშინია, ერთ დღეს აუცილებლად გახდება სასურველი ეს შენი სხეული და მის მშვენიერებას და გამორჩეულობას, ბევრ სხვასთან ერთად, თვითონაც შენიშნავ. არ უნდა გრცხვენოდეს ლტოლვის, რომელსაც საპირისპირო ან სულაც შენივე სქესის თანატოლების მიმართ გრძნობ. იყვირე, ყირაზე გადადი, შეიცანი შენი სხეული, იმოძრავე, გამოხატე გრძნობები, შიში, ტკივილი, შეიყვარე, ილაპარაკე სიყვარულზე, იცეკვე, ისევ იყვირე მთელი ძალით,  და ასე შემდეგ.

წარმოდგენის დამთავრების მერე რაიმეს თქმის სურვილი არ გამჩენია. არც იმ გოგოებს გავუწითლებივარ, სცენაზე თავს რომ არ ზოგავდნენ. თანავუგრძნობდი. მინდოდა, რომ ყველაფერი კარგად გამოსვლოდათ – მათთვის ეს მეტისმეტად მნიშვნელოვანი იყო. რეჟისორებს და ალბათ მაყურებლების ნაწილსაც მიაჩნდათ, რომ ეს ყველასთვის მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო.

დარბაზიდან გასვლისას უზარმაზარი პოსტერები დაგვირიგეს, ღია მწვანე ფონზე ალისფერი წარწერებით და სახალისო ნახატებით. ბიჭებიც გახსენებოდათ – ერთ-ორ ადგილას რაღაც ისეთი მიეხატათ, რაც უდავოდ მათი საკუთრება უნდა ყოფილიყო.

რა მოხდებოდა, ეს ექსპერიმენტული წარმოდგენა 13-14 წლისას რომ მენახა? მახსოვს, როგორი მტკივნეული იყო ყველაფერი, რაც ჩემი სხეულის თუნდაც უმნიშვნელო ცვლილებას უკავშირდებოდა. მხოლოდ ის მინდოდა, რომ არაფერი ეკითხათ, საერთოდ ვერ შეემჩნიათ, რომ ვიზრდებოდი და ვიცვლებოდი. შესაძლო პასუხების სისწორეში დარწმუნებული არ ვიყავი – მეჩვენებოდა, რომ „კიც“, „არაც“ და ყველა სხვა სიტყვაც ერთნაირად ამაზრზენად გაისმებოდა. სასოწარკვეთამდე მივყავდი იმ შეკითხვების გააზრებას, რომლებსაც აუცილებლად დამისვამდნენ – მესმოდა, სხვებს როგორ უსვამდნენ კლასში და როგორ იწყებდნენ ფიზიკურ ტრანსფორმაციაში შემჩნეულები თავის მართლებას. ალბათ არ მომეწონებოდა „მტკივნეულ თემებზე“ სცენიდან საუბარი – ჩემი „საიდუმლოებების“ გამხელა, თითოეული წვრილმანის სახალხოდ  განხილვა. ალბათ, ამგვარი წარმოდგენის ნახვას არც ე. წ. თერაპიული ეფექტი ექნებოდა, რაც არის კიდეც მსგავსი სოციალურ-თეატრალური ექსპერიმენტების ამოცანა.  შიშისგან გათავისუფლება. სიჩუმის – ამ ყველაზე დიდი და საშიში მტრის დამარცხება.

ჩემი მოსწავლეობის მერე დიდი დრო გავიდა, მაგრამ დღესაც არის კითხვები, რომლებიც მაშინებს და რომლებსაც მუდმივად თავს ვარიდებ. გაწითლებითაც სულ იოლად ვწითლდები ხოლმე. შემოქმედებითი სითამამისა და თეატრალური ექსპერიმენტების საწინააღმდეგო არც არაფერი მაქვს, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ საკუთარ თავთან მრავალჯერ განხილული, იდუმალებისა და მრავალმნიშვნელოვნების საბურველით მოცული რომელიმე ძველი კითხვა უფრო მომხიბვლელად არ გამოიყურება.

ძველი და ახალი კითხვები.

  როლური თამაში გეოგრაფიის გაკვეთილზე

0

სამუშაოს, რომლის შესახებაც მინდა გესაუბროთ, მოსწავლეები, როგორც წესი, ხალისით ასრულებენ: იკვლევენ, წარადგენენ ანგარიშებს და აწყობენ პრეზენტაციებს. ეს როლური თამაშია. მის მნიშვნელობასა და შედეგებზე არაფერს ვიტყვი. ის ისედაც ყველამ კარგად იცის. მე ძალიან მიყვარს ეს მეთოდი. რატომ?

ჩემი მოსწავლე ხან ქალაქის მერია, ხან გაერო-ის დამკვირვებელი და ხანაც სოფლის მეურნეობის მინისტრი. ინვესტორები და ექსპერტები კლასში ხომ მრავლად გვყავს. ასე თამაშ-თამაშით გეოგრაფიასაც ვსწავლობთ და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებსაც განვიხილავთ. ჩემი აზრით, როლური თამაში ყველაზე სახალისო და შემოქმედებითი მეთოდია. მოსწავლეები ყველაზე თამამები და კრეატიულები ამ დროს არიან.

პრაქტიკიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ დამკვირვებელთა, ანუ „ექსპერტთა ჯგუფი“ მოტივაციის ამაღლების მიზეზად შეიძლება იქცეს. ამ ჯგუფის წევრებს თავად მოსწავლეები ირჩევენ. „ექსპერტთა ჯგუფი“ წინასწარ შემუშავებული რუბრიკების საშუალებით მოსწავლეთა ნამუშევრებსა და პრეზენტაციებს აფასებს. გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების შედეგად ჯგუფში ხდება ცვლილება. მთელი წლის განმავლობაში „ექსპერტთა ჯგუფში“ მოხვედრა მოსწავლეს მოტივაციას უმაღლებს. წლის ბოლოს ჯილდოს ჯგუფის წევრებისთვის თავადვე არჩევენ: „ყველაზე აქტიური“, „ყველაზე სამართლიანი“, „ყველაზე კრეატიული“ და ა.შ.

გთავაზობთ როლური თამაშის რამდენიმე ვარიანტს და შესაბამის მასალას:

მე-10 კლასში გეოგრაფიის გაკვეთილზე ევროკავშირის შესწავლის შემდეგ შესაძლებელია ევროკავშირის სამომავლო ბიუჯეტის განხილვის მოწყობა.

აქტივობა №1.

იქმნება ,,ევროკავშირის ექსპერტთა“ ჯგუფები, რომლებმაც ევროკომისიას არგუმენტირებულად დასაბუთებული, სამომავლო 2013-2020 წლების ბიუჯეტის პროექტის საკუთარი ვარიანტი უნდა წარმოუდგინონ, სადაც მკვეთრად იქნება განსაზღვრული პრიორიტეტები (აღმოსავლეთ ევროპის განვითარება, დასავლეთ ევროპისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების განვითარების დონის თანაფარდობის მიღწევა,  ეკოლოგიური პრობლემების გააზრება და ა.შ.).

პრეზენტაციას წარმოადგენენ სასურველი ფორმით. გამარჯვებული პროექტის ავტორთა ჯგუფი წახალისდება ,,ფულადი პრემიით“: 10 000$ (10), 9 000$ (9), 8 000$ (8) და ა.შ.

პროექტის შემუშავების დროს სასურველია გამოიყენონ ევროკავშირის ბიუჯეტის 2012 წლის მონაცემები.

  1. მოცემული კარტოგრაფიული ანამორფოზა გვიჩვენებს, თუ როგორ ნაწილდება ევროკავშირის ბიუჯეტი წევრ ქვეყნებს შორის: კვლევისა და ინოვაციების, განათლებისა და ტრენინგების, ტრანსევროპული ქსელების, სოციალური პოლიტიკის, ეკონომიკური ინტეგრაციის სფეროების განვითარებისათვის.როლ
  2. მოცემული კარტოგრაფიული ანამორფოზა გვიჩვენებს ევროკავშირის სტრატეგიას ნაკლებად განვითარებული ევროკავშირის ქვეყნებსა და რეგიონებში, მდგრადი განვითარებისთვის გაწეულ ხარჯებს, რეგიონთა შორის თანამშრომლობას და ინტეგრაციის პოლიტიკას.

როლ2

  1. მოცემული კარტოგრაფიული ანამორფოზა ასახავს, თუ რას მოიცავს ევროკავშირის ბიუჯეტი. დაფინანსების ნაწილი ევროკავშირის ბიუჯეტიდან მოიცავს საერთო სამეურნეო პოლიტიკას, სოფლის მეურნეობის განვითარებას  და გარემოს დაცვაზე გათვალისწინებულ ხარჯებს.

როლ3

  1. მოცემული კარტოგრაფიული ანამორფოზა გვიჩვენებს ადმინისტრაციულ ხარჯებს ყველა ევროპულ ინსტიტუტებში, ასევე, ჯანდაცვისა და საპენსიო ფონდში.

 როლ4

გამარჯვებულ პროექტს „ექსპერტთა ჯგუფი“ გამოავლენს. აქ შეიძლება შეიქმნას მეორე ჯგუფიც, „საზოგადოების წარმომადგენლების“ ან „არასამთავრობოთა ჯგუფი“. ისინიც წარმოადგენენ საკუთარ შეფასებას. ეს ჯგუფები მუშა ჯგუფების წარმომადგენლებისგან იქმნება. შეფასების კრიტერიუმებიც წინასწარ ერთობლივად შემუშავდება. ასე რომ, სუბიექტურობა გამორიცხულია.

მეორე  აქტივობაც მე-10 კლასისთვის არის გამიზნული, თუცა მისი გამოყენება მე-11 კლასშიც შესაძლებელია.

აქტივობა №2. როლური თამაში. ტექსტისა და სქემის ანალიზი.

ახალგაზრდული სამიტი თემაზე ,,ათასწლეულის განვითარების მიზნები საქართველოში“.

კლასი იყოფა ჯგუფებად. მასწავლებელი ურიგებს მოსწავლეებს ბარათებს, რომელშიც მსოფლიოში ,,ათასწლეულის განვითარების მიზნებია (MDG) ” გაწერილი. სამიტზე უნდა იმსჯელონ საქართველოში ათასწლეულის განვითარების ამ 8 მიზნის შესახებ. მათ უნდა შეიმუშაონ რეკომენდაციები და წარმოადგინონ „სამომავლო ინიციატივები“ თითოეული მიზნის შესაბამისად.

ბარათი:2000 წლის სექტემბერში გაერო-ის ათასწლეულის სამიტზე წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ 2015 წლამდე ათასწლეულის განვითარების რვა მიზანს მიაღწევდნენ. ეს მიზნები ემსახურება ისეთი საკითხების მოგვარებას, როგორიცაა სიღარიბე, შიმშილი, დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა, გენდერული უთანასწორობა და სხვა.

ათასწლეულის განვითარების რვა მიზანი:

  1. უკიდურესი სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრა;
    2. დაწყებითი განათლების უზრუნველყოფა მთელ მსოფლიოში;
    3. გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებამოსილების გაზრდა;
    4. ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება;
    5. დედათა ჯანმრთელობის გაუმჯობესება
    6. აივ/შიდსთან, მალარიასა და სხვა დაავადებებთან ბრძოლა;
    7. ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფა;
    8. მსოფლიო თანამშრომლობის ჩამოყალიბება-განვითარებისთვის.

ათასწლეულის დეკლარაციაზე ხელისმოწერით, საქართველომ ვალდებულება აიღო, განსაზღვროს და განახორციელოს ათასწლეულის განვითარების რვა მიზანი საქართველოს კონკრეტული საჭიროებებიდან გამომდინარე. ქვეყნის განვითარებით დაინტერესებული მხარეებისათვის ათასწლეულის განვითარების მიზნები დისკუსიის, პრიორიტეტებზე შეთანხმებისა და განვითარების ხელშეწყობის საშუალება გახდა.

გაერო-ის სააგენტოთა ჯგუფმა და სამოქალაქო საზოგადოებამ ათასწლეულის განვითარების მიზნების პირველი ანგარიში 2004 წლის ივნისში შეიმუშავა, ხოლო ანგარიში ათასწლეულის განვითარების მიზნების განხორციელების შესახებ 2005 წლის სექტემბერში მომზადდა.

ეს ანგარიშები, რომელიც საქართველოს მთავრობისა და განვითარების პარტნიორების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია,  წარმოგვიდგენს მიზნების მისაღწევად გადადგმულ ნაბიჯებს და ქვეყნის მიერ 2015 წლისათვის თითოეული მიზნის მიღწევის შესაძლებლობას.

შემდეგი მასალა კი დებატების ჩატარებაში დაგვეხმარება.

აქტივობა3. როლური თამაში. დებატები.

მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს  ათასწლეულის განვითარების პროგრამაზე მომუშავე სპეციალისტის ენდი სამნერის მოსაზრებებსა და ინფორმაციას ნიუ-იორკში ჩატარებული კონფერენციის შესახებ.

კლასი იყოფა ჯგუფებად. ერთი ჯგუფი იქნება გაერო-ის წარმომადგენელთა მუშა ჯგუფი;

მე-2 – ,,ათასწლეულის განვითარების მიზნების“  პროგრამის 2015 წლის შემდეგ

გაგრძელების მომხრე;

მე-3  –  ჯგუფი იქნება პროგრამის გაგრძელების მოწინააღმდეგეები.

მე-4 –  საზოგადოების წარმომადგენლები.

წყარო: მსოფლიოს 130-მდე ქვეყნის ლიდერები შეიკრიბნენ ნიუ-იორკში, ეგრეთ წოდებული, „ათასწლეულის განვითარების მიზნების“ კვლავ განსახილველად. გაერო-ში ეს კონფერენცია სამ დღეს გაგრძელდება. მონაწილეებს სურთ, გადახედონ ათი წლის წინ დასახულ ამოცანებს და იმაზე იფიქრონ, თუ რა გზებით შეიძლება 2015 წლისთვის გათვლილი ამ მიზნების მიღწევა, რაც აშკარად შეაყოვნა მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა. კონფერენციაზე გაერო-ის გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა განვითარებული ქვეყნების ლიდერები, ასე ვთქვათ, მიიხმო, რათა მათთან ერთად კვლავ განეხილა ის მიზნები, რომლებიც ათი წლის წინ დაისახა. ესენი იყო: სიღარიბის და შიმშილობის დაძლევა, დაწყებითი განათლების უზრუნველყოფა ყველასათვის, ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება და შიდსის ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლა. დღეს, როცა მიზნის მიღწევის ვადამდე 2 წელი დარჩა, გენერალური მდივანი ცდილობს ამ ამოცანების მიღწევის საქმეში ჩავარდნები დიპლომატიურად გამოხატოს: კეთილდღეობის, ეკონომიკური ზრდის მექანიზმების შექმნას ძალზე ცოტა აქვს საერთო გაერო-სთან…

„ამ თავყრილობის მხარდაჭერამ გული გამიმაგრა. ჩვენ კვლავაც ვიხილეთ, თუ რა დიდია განსხვავება, როცა საქმეში მაღალი რანგის პოლიტიკა ჩაერევა. დროსთან ამ შეჯიბრის

პირობებში ყველა დანაპირები უნდა შევასრულოთ“.

ნიუ-იორკში დაფუძნებული საგარეო ურთიერთობათა საბჭოს თანამშრომელი მარკ ლეგონი მთავარ პრობლემაზე ლაპარაკობს. მისი აზრით, გაერო-ის შეუძლია სიღარიბის თაობაზე მსოფლიო შეკრება გამართოს, მაგრამ, როგორც საერთაშორისო ინსტიტუცია, ის ნაკლებად ეფექტიანია ადამიანების შემოსავალზე გავლენის მოხდენის კუთხით: „გაერო არის სახელმწიფოთა ფორუმი, სადაც მათ შეუძლიათ თავიანთი შეშფოთება გამოხატონ მსოფლიოში სიღარიბის გამო, მაგრამ კეთილდღეობის, ეკონომიკური ზრდის მექანიზმების შექმნას ძალზე ცოტა აქვს საერთო გაერო-სთან“.

მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ის ორგანიზაციებია, რომლებზეც ბევრია დამოკიდებული მსოფლიოში ადამიანების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მხრივ. სტიუარტ პატრიკი, რომელიც საგარეო ურთიერთობათა საბჭოში მუშაობს, ნიუ-იორკის ამ შეხვედრის მნიშვნელობას ხედავს, მაგრამ მაინცდამაინც დიდი იმედი არა აქვს, რომ შეხვედრა “ათასწლეულის განვითარების მიზნების“ მიღწევის საქმეში დიდი ცვლილებების მომტანი იყოს: „მიზნები ერთობ ამბიციურია. მათი მიღწევა ისედაც რთული იყო. 2008 წლის ბოლოს ეკონომიკურმა კრიზისმა მათი მიღწევა კიდევ უფრო გაართულა. ვითარება ასეთია: საერთაშორისო თანამეგობრობა ამ მიზნებისკენ მიმავალ გზაზე ჩამორჩა“.

ჩამორჩა რადგან არაერთმა ქვეყანამ უარი თქვა თავდაპირველი დანაპირების შესრულებაზე. ბრიტანეთის პრემიერი დევიდ კამერონი ერთადერთი არ არის, ვინც აცხადებს, რომ უჭირს ამ პროექტისთვის გათვალისწინებული სახსრების გამოყოფა. გენერალური მდივნის განცხადებით, გაერო-ს დღეს სჭირდება 26 მილიარდი, 2015 წლისთვის კი  უკვე 100 მილიარდი დოლარი დასჭირდება. გამონაკლისის სახით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ „ათასწლეულის განვითარების“ პროექტისთვის დაპირებულ თანხას გაიღებს. მაგრამ სტიუარტ პატრიკი განმარტავს, ვაშინგტონმა ასეც რომ ისურვოს, კონგრესი შეიძლება წინააღმდეგ წავიდესო. ათასწლეულის განვითარების მიზნებისადმი მიძღვნილი ამ  წარმომადგენლობითი შეხვედრის შემდეგ გაერო-ის გენერალური ასამბლეის შეხვედრა იმართება, რომელსაც დაესწრებიან აზიის ქვეყნების – მათ შორის, პირველად უზბეკეთისა  და  ავღანეთის – პრეზიდენტები. ნიუ-იორკში ჩავა ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი. ორივე შეხვედრაზე იქნება აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა. გენერალური ასამბლეის მთავარი საკითხები იქნება ბირთვული იარაღის გავრცელების შეზღუდვა და ადამიანის უფლებები.

ენდი სამნერი, ათასწლეულის განვითარების პროგრამაზე მომუშავე სპეციალისტია, რომელმაც თავის ნაშრომში  ფინანსებისა და განვითარების თანაფარდობა შეაფასა.: „კამათი იმის შესახებ, თუ რა მოხდება 2015 წელს, მაშინ, როცა ათასწლეულის განვითარების პროგრამა დასრულდება, ფართო განხილვის თემას წარმოადგენს. მოხდება კი პროგრამით გათვალისწინებული უფრო მეტი მიზნობრივი ჯგუფის შექმნა? შევძლებთ კი მსოფლიოში სიღარიბის დაძლევას. ამ გადასახედიდან, უმჯობესია პროგრამის მიმდინარეობის განვლილ 10-წლიან გზას გადავხედოთ. “ბატონი სამნერი  სასექსის უნივერსიტეტში სიღარიბის დაძლევის საკითხებზე მომუშავე მკვლევარია. მისი თქმით, ამ დოკუმენტის ეფექტურობის თაობაზე უამრავი კითხვა დაისმის: „სინამდვილეში, გაერო-ის ათასწლეულის განვითარების პროგრამით გათვალისწინებული მიზნების განხორციელების თაობაზე ხელი არასდროს მოუწერიათ ქვეყნების მეთაურებს. მათ ხელი მხოლოდ ათასწლეულის განვითარების დეკლარაციაზე აქვთ მოწერილი. და სწორედ ამიტომ, მის წინაშე, ალბათ არავინ თვლის თავს ანაგრიშვალდებულად“. დეკლარაციის პარალელურად, ბევრი ანგარიში სავარაუდო დანახარჯისა და  შემოთავაზებული კრიტერიუმების ცვლილებებს წარმოადგენს.  აქედან გამომდინარე, საყოველთაოდ გავრცელებული იმედი ათასწლეულის განვითარების პროგრამის შესახებ, გარკვეულ ცვლილებებს შეიტანს სწრაფი განვითარების საკითხში.

ექსპერტი იმასაც აღნიშნავს, რომ ათასწლეულის  განვითარების პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის დიდი რაოდენობა დახმარების სფეროში დაიხარჯა, რომლის ეფექტურობა და პროდუქტიულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შევხედავთ საკითხს  – ფართო თუ ვიწრო რაკურსით: „თუ ამ თემას გლობალური კუთხით შევაფასებთ, დავინახავთ, რომ გაერო-ის სიღარიბის დაძლევის შვიდი ძირითადი პრინციპიდან სამი მათგანი პროგრამის მიზნებს ამართლებს, ხოლო ერთ-ერთი მათგანი – ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობა კი – ვერ აკმაყოფილებს.  არავინ არაა დარწმუნებული მისი მონაცემების ადეკვატურობაში“.

ენდი სამნერის მოსაზრებით, სიღარიბის შემცირების მიზანი 2015 წლისათვის  ბიზნესის  დაუსრულებლობას კვლავ განაპირობებს. სწორედ ამიტომ, მსოფლიოში გავრცელებულ შეხედულებას სიღარიბის დაძლევის თაობაზე მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს.  ახლა მხოლოდ ის გვაინტერესებს, თუ რა მოხდება 2015 წლის შემდეგ. მოხდება კი ათასწლეულის განვითარების პროგრამის გაგრძელება თუნდაც განახლებული მიზნებით?

გამოყენებული ინტერნეტსაიტები:

  1. https://www.undp.org.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=52;
  2. https://www.viewsoftheworld.net/?p=3049.

2016 წლის მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტები

0

ვებგვერდმა მისამართით – www.topuniversities.com, რომელიც პერმანენტულად აქვეყნებს სტატიებს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების შესახებ, ორიოდე კვირის წინ მსოფლიოს 2015 წლის საუკეთესო რეიტინგის მქონე უნივერსიტეტები გააცნო.

პრესტიჟულობის მაჩვენებელი ამ უნივერსიტეტებს შორის რამდენიმე კრიტერიუმით განისაზღვრება:

  • სწავლების მეთოდებით;
  • გარემოთი და ინფრასტრუქტურით;
  • დასაქმების ბაზარზე კონკრეტული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების მოთხოვნით.

ამ კრიტერიუმების სათავეში წელს, სხვა წლების მსგავსად, საუკეთესო შედეგი აჩვენა დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებმა. საუკეთესო ათეულის ტიტული მხოლოდ და მხოლოდ ამ ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს ერგოთ.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანული ჟურნალმა – Times Higher Education – მსოფლიოს საუკეთესო 100 უნივერსიტეტის სიის შესაქმნელად, ინტერვიუ ჩამოართვა გამოცდილ და კომპეტენტურ შემფასებლებს. შემფასებლების აზრი ზუსტად დაემთხვა რეალურ სტატიკას – მათი ათეული ზუსტად ის გახლდათ, რაზეც ქვემოთ გიამბობთ.

ასე გამოიყურება 2016 წლის ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტების სია:

მე-10 ადგილი კოლუმბიის უნივერსიტეტმა დაიკავა. ის აშშ-ში, ნიუ-იორკში მდებარეობს და ძველად მეფეთა სასწავლებლის სახელით იყო ცნობილი. კოლუმბიის უნივერსიტეტი 1754 წელს დაარსდა. 2015 წლის მონაცემებით, იქ დაახლოებით 28,000 სტუდენტი სწავლობს.

მე-9 ადგილი კალიფორნიის ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დაიკავა, რომელიც 1891 წელს დაარსდა და ყოველწლიურად 3,000 სტუდენტს იღებს.

აშშ-ში, კონეკტიკუტში მდებარე იელის უნივერსიტეტი მე-8 ადგილზე გავიდა. ის 1701 წლიდან არსებობს და ამჟამად დაახლოებით 13,000 სტუდენტს ითვლის.

პრინსტონის უნივერსიტეტს ძველად ნიუ-ჯერსის კოლეჯი ერქვა. ის აშშ-ში, ნიუ-ჯერსიში მდებარეობს და 10,000-მდე სტუდენტს ითვლის. 1746 წელს დაარსებული პრინსტონის უნივერსიტეტი და სიის მეშვიდე ადგილზეა.

კალიფორნიის უნივერსიტეტმა, რომელიც აშშ-ში, კალიფორნიაში მდებარეობს, საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის მეექვსე ადგილი დაიკავა. ეს უნივერსიტეტი ცნობილია სწავლების ძალიან მაღალი დონითა და ფაკულტეტების სიმრავლით. შესაბამისად, ამჟამად კალიფორნიის უნივერსიტეტში 40,000-მდე სტუდენტი ირიცხება. ის1868 წელს დაარსდა.

„თავისუფლების ქარი ქრის“ – ესაა სტენფორდის უნივერსიტეტის დევიზი, რომელიც სიის მეხუთე ადგილს იკავებს და სტენფორდში, კალიფორნიაში მდებარეობს. ის 1891 წელს დაარსდა. იქ ამჟამად დაახლოებით 16,000 სტუდენტი სწავლობს.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი სიის მეოთხე ადგილზეა. 1861 წელს დაარსებული ინსტიტუტი კემბრიჯში, აშშ-ში მდებარეობს. დღეს იქ დაახლოებით 12,000 სტუდენტი სწავლობს.

მესამე ადგილი უჭირავს ოქსფორდის უნივერსიტეტს, რომელიც დღემდე კონსერვატიული მეთოდებითაა სახელგანთქმული. აქ სტუდენტებს ყოველთვის უნიფორმით ნახავთ. მათ გამოცდაზეც კი სპეციალური სამოსის ჩაცმა უწევთ. მკაცრი დრესკოდის მიუხედავად, ოქსფორდის უნივერსიტეტი სახელგანთქმულია განსაკუთრებული სწავლის დონით. ის 1096 წელს დაარსდა. დღეს აქ დაახლოებით 23,000 სტუდენტი სწავლობს.

1209 წელს დაარსებული კემბრიჯის უნივერსიტეტი საუკეთესო უნივერსიტეტების სიის მეორე ადგილზეა. დიდ ბრიტანეთში მდებარე კემბრიჯის უნივერსიტეტში დღეს დაახლოებით 20,000 სტუდენტი სწავლობს.

პირველ ადგილს კი ჰარვარდის უნივერსიტეტი იკავებს. ის 1636 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს. გასაკვირი არაა, რომ ჰარვარდში მოსახვედრად საუკეთესო ქულები, შრომა და მეცადინეობაა საჭირო.

რა ბედი ელით სტუდენტებს, რომლებიც ამ უნივერსიტეტებში ჩააბარებენ და წარმატებით მოიპოვებენ დიპლომს? რასაკვირველია, დიდი შრომა, ჯაფა და მეცადინეობა. შემდეგ კი საუკეთესო შემოთავაზებები სხვადასხვა წარმატებული კომპანიიდან დასაქმების თაობაზე. სტატიაში აღნიშნულია, რომ ამ უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები, ძალიან მალე ხდებიან საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ან თავადვე აარსებენ საკუთარ კომპანიებს.

მულტისემიოტიკური პრეზენტაციის უნარები 

0

თანამედროვე სამყარო ტექნოლოგიების წყალობით იმდენად შეიცვალა, რომ აზრის გამოხატვის ძველი ფორმები მოძველდა და მოსაწყენი გახდა; მაგალითად, თუ თქვენ აღმოაჩენთ, რომ რომელიმე ლექციაზე (ან კონფერენციაზე) ორატორი ტექსტს ფურცლებიდან კითხულობს, დიდი შანსია, რომ მას არ მოუსმენთ… აჩქარებულმა დრომ და ტექნოლოგიების განვითარებამ გააძლიერა ვიზუალური აღქმა, რაც ნიშნავს, რომ ინფორმაციის დიდ ნაწილს უფრო სწრაფად და ეფექტურად ვიღებთ გამოსახულებიდან (ფოტო, სლაიდი, ანიმაცია, გიფები…);

ამიტომ საჯაროდ გამომსვლელი პრეზენტაციისას უნდა ფლობდეს მულტისემიოტიკურ უნარებს, რათა შეძლოს მსმენელამდე აზრის ეფექტურად მიტანა.

პრეზენტაცია დროში შეზღუდულია, რაც ნიშნავს, რომ ყველაფერი, ამავე დროს, უნდა გამოიხატოს მოკლედ და ეფექტურად, რაც პრეზენტაციას ანიჭებს რეკლამურობას…

მულტისემიოტიკურობა – აზრის გადაცემის საუკეთესო საშუალებაა, რადგან მსმენელს აწვდის ინფორმაციას განსახვევბული კოდებით და საშუალებებით ერთდროულად.

ვერბალური, ვიზუალური, აუდიო-ვიდეო კოდებით თქვენ  ქმნით ერთ ამბავს, ერთ ისტორიას – ეს ნამდვილი შემოქმედებითი პროცესია.

სწორედ ამიტომ ეფექტური პრეზენტაცია – არის საუკეთესო მულტისემიოტიკური რიტორიკული მოდელი, – ჩართოთ სამყარო თქვენს ქსელში!

გახსოვდეთ: წარმატებულ პრეზენტაციას შეუძლია შეცვალოს თქვენი ცხოვრება!

და კიდევ: დარწმუნებული ვარ, თითოეულ თქვენგანს, ვინც ახლა ამ ტექსტს კითხულობს, აქვს განსაკუთრებული იდეა, რომლის შესახებაც უნდა ვინმეს, ან სულაც, მთელს სამყაროს მოუთხროს!

როგორ ავაგოთ პრეზენტაცია?

ზოგიერთი რჩევა

  1. პრეზენტაციის შინაარსისა და სტრუქტურის განსაზღვრა; არგუმენტაციის მეთოდების შემუშავება;
  1. აუდიტორიის მოტივირება და ემოციის გამოწვევა
  • რას ელოდებით აუდიტორიისგან პრეზენტაციის შემდეგ და
  • რომელი მეთოდებით მიაღწევთ სასურველ შედეგს?
  • გახსოვდეთ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი, რომ ადამიანებზე ემოციური ზეგავლენა აღემატება ე.წ. ლოგიკურ ზეგავლენას;
  • იფიქრეთ იმაზე, როგორ ჩართოთ პრეზენტაციაში ემოციები?
  1. შექმენით პრეზენტაციის მთავარი ამბავი, მეტაფორა, ისტორია (ფილმი)
  • პრეზენტაცია საინტერესოა მაშინ, როცა ის ერთგვარი კინოფილმივით არის და ამ ფილმში მაყურებელი სრულად ჩართულია;
  • შეარჩიეთ სიუჟეტი, რომელიც შეიძლება გამოიყენოთ თხრობაში და ამით თქვენი პრეზენტაცია ეფექტური გახადოთ;
  • პრეზენტაციაში კოდების გადანაწილებით შექმენით ფილმის (ფილმის თრეილერის) დინამიური სიუჟეტი.
  1. პრეზენტაციის აგება პოზიტივზე
  • აზრის პოზიტიურ გამოხატვაზე კონცენრტაცია აძლიერებს სასურველი შედეგის მიღებას;
  • პოზიტიური აზროვნება ახდენს ენერგიის ტრანსფორმაციას;
  1. ვიზუალური ეფექტების შექმნა პრეზენტაციაში
  • ვიზუალური მხარე არანაკლებ მნიშვნელოვანია ვერბალურზე;
  • სწორად გაადაანაწილეთ სლაიდები, გააფორმეთ გრაფიკულად,

შეარჩიეთ ვიზუალური გამოსახულებები;

  1. პრეზენტაცია, როგორც რეკლამა
  • მოკლედ და ლაკონურად აზრის გადაცემა მოითხოვს შემოქმედებითობას;
  • რაკი პრეზენტაცია ჰგავს რეკლამას, უნდა გამოიყენოთ კარგი რეკლამისთვის დამახასიათებელი სემიოტიკური მოდელები;
  1. დაანთეთ“ ცეცხლი თვალებში“ და იყავით გადამდები პრეზენტაციისას
  • ადამიანს ამოძრავებს ვნება და სურვილი; გამოავლინეთ ძლიერი ინტერესი იმის მიმართ, რასაც სხვებს უამბობთ;
  • ენერგია, რომელიც თქვენს სიტყვებს მოჰყვება, ძალიან მნიშვნელოვანია: მან შეიძლება აანთოს ან ჩააქროს მსმენელი… „მოკლე ჩართვაც“ შეიძლება გამოიწვიოს… ამიტომ ფრთხილად, დანთებულ ცეცხლთან!

გისურვებთ წარმატებებს!

წინასაგამოცდო რჩევები აბიტურიენტებს

0

გამოცდები ახლოვდება. აბიტურიენტებს ყოველდღიურად არაერთი რჩევა-დარიგება ესმით მშობლებისგან, მასწავლებლებისგან, მეგობრებისგან, მეზობლებისა და ნათესავებისგან. ამ დროს მათ ომში ყველა ბრძენია. ყველამ ზედმიწევნით იცის, როგორ უნდა შეინარჩუნონ აბიტურიენტებმა გამოცდებზე სიმშვიდე, არ აღელდნენ, მოიკრიბონ ყურადღება, არ იჩქარონ, არ გადაიწერონ.

ხშირად ისინი ირგვლივ მყოფების საყვედურების სამიზნეც ხდებიან – რომ გამოცდებზე ადრე უნდა ეფიქრათ, რომ უნდა ემეცადინათ, რომ ყველაფერი დასრულდა და გვიანია. სინამდვილეში, გვიანი არასდროსაა. 17-18 წლის ადამიანებს მთელი ცხოვრება კიდევ არაერთი შანსი მიეცემათ გამოცდების ჩაბარებისა და სასურველი პროფესიის დაუფლებისა. ასევე, ინდივიდუალურად, მათ უკეთ იციან, როგორ შეინარჩუნონ სიმშვიდე, რაზე ინერვიულონ და სად აჩქარდნენ, სჭირდებათ თუ არა გადაწერა და როგორ კონცენტრირდნენ საგამოცდო ტესტებზე.

ვებგვერდი www.topuniversity.com აბიტურიენტებს წინასაგამოცდოდ პროფესიონალებისგან გაზიარებულ ათ რჩევას სთავაზობს. არა იმაზე, თუ როგორ მოიქცნენ გამოცდაზე, არამედ, როგორ მოემზადონ გამოცდებისათვის:

კარგად განსაზღვრე მეცადინეობის დრო.

ნუ დაიტოვებ სამეცადინოს ბოლო წუთისთვის. ეს გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად არ გამოგადგება. წინასწარ გამოყავი დღის კონკრეტული მონაკვეთი მეცადინეობისათვის. ჩამოწერე, რამდენი გამოცდა გაქვს და თითოეულისათვის სამეცადინოდ დაახლოებით, რამდენი დრო გჭირდება. ამის შემდეგ, ორგანიზება გაუწიე დროს. შესაძლოა, ერთი საგნის მეცადინეობა უფრო მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე მეორესი. დაიცავი ბალანსი, რომ ბოლოს თავი კომფორტულად იგრძნო.

მოაწესრიგე შენი სამუშაო გარემო.

დარწმუნდი, რომ რვეულებისა და წიგნების გასაშლელად საკმარისი ადგილი გაქვს. სკამზე კომფორტულად გრძნობ თავს? საკმარისი სინათლეა? ხმაური ხომ არ გაწუხებს? იქნებ ფონად მუსიკის თანხლებით მეცადინეობა გირჩევნია? გამორთული გაქვს კომპიუტერული თამაშები? ეცადე, ყველაფერი გააქრო და გამორთო, რაც კონცენტრაციის მობილიზებაში ხელს გიშლის. მეცადინეობა რომ სასიამოვნო პროცესი გახდეს, თავი მაქსიმალურად კომფორტულად უნდა იგრძნო.

გამოიყენე ვიზუალური მასალა.

დახატე დიაგრამები, თუნდაც ნახატები. ისეთი, როგორიც წარმოგიდგენია შენი დავალება. მსგავსი წარმოდგენები, ვიზუალური მეხსიერება ძალიან სასარგებლოა მასალის დამახსოვრებაში.

ხშირად მშობლები და უმცროსი და-ძმა არაერთ შეკითხვას გისვამენ და თავს გაბეზრებენ კიდეც. ესაუბრეთ მათ ამოცანებსა და სასწავლო საკითხებზე. აუხსენით პასუხები. მსგავსი საუბრის შემდეგ ინფორმაციას უკეთესად დაიმახსოვრებთ.

არ დაგავიწყდეს რეგულარული შესვენებები.

არასოდეს იფიქრო, რომ განუწყვეტელი, უსასრულო მეცადინეობა კარგია. რომ, რაც უფრო მეტ დროს ატარებ წიგნებთან, მით უფრო კარგად სწავლობ. აუცილებლად შეისვენე საათში მინიმუმ ორჯერ 10-10 წუთით. მოუსმინე მუსიკას, დახატე, იცეკვე ან შეასრულე შენთვის სასიამოვნო აქტივობა, რაც ენერგიის აღდგენაში დაგეხმარება.

კარგი კვება არ დაგავიწყდეს.

მოერიდე სწრაფი კვების ობიექტებს. ეცადე, ჯანსაღი საკვები მიირთვა. სულ თან იქონიე ბოსტნეული, შოკოლადი, თაფლი და ხილი – რაც დაგეხმარება ენერგიის აღდგენასა და სხარტად აზროვნებაში. დალიე ბევრი წყალი.

დაგეგმე საგამოცდო დღე.

ჩამოწერე, რომელი ნივთები უნდა წაიღო. რომელ საათზე უნდა გახვიდე შინიდან. არ დააგვიანო გამოცდაზე.

წარმატებას გისურვებ!

წერილი საოცარ ამბავზე

0

,,აი, ჩემი საიდუმლო: ძალიან მარტივ  მხოლოდ გულია ყოვლის მხედველი. მთავარს თვალით ვერ დაინახავ“.

   ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი ,,პატარა უფლისწული“

ეს წერილი უდავოდ საოცარ ამბავზეა. წიგნზე, რომლის მნიშვნელობაც ხელში აღებისთანავე საგრძნობი გახდება არა მხოლოდ  მასწავლებლებისა და მშობლებისათვის, არამედ ნებისმიერისთვის, ვინც გულით წაიკითხავს. ესაა სულისშემძვრელი ისტორია პატარა, საყვარელი ბიჭისა, რომელსაც ბედისწერამ განსხვავებულად ყოფნა არგუნა.

   დღეს, როცა ასე ცხადი გახდა  სასკოლო განათლებაში  ტოლერანტობასა და განსხვავებულის მიღებაზე მკვეთრი აქცენტების საჭიროება, სასიცოცხლოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტექსტებს, რომლებიც მოზარდის ფსიქიკას აღნიშნულის მიმართ გამტარსა და მიმღებს ხდიან. განსხვავებულის მიღების თემაზე ჩვენს სივრცეში ბევრი საბავშვო წიგნის დასახელება შეუძლებელია. მასწავლებლებიც, აღნიშნულ საკითხზე მუშაობისას,  ძირითადად, ,,ელამი კატოსა“ და ,,მახინჯი იხვის ჭუჭულის“ იმედად არიან ხოლმე. წიგნის წაკითხვის შემდეგ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ახლახან თარგმნილი პალაციოს „საოცრება“  ნამდვილად ის ტექსტია, რომელიც ამ ხარვეზს რამდენადმე ამოავსებს.

წიგნში მოთხრობილი ამბავი ერთდროულად სატირალიცაა და სახალისოც, სასოწარმკვეთიც და იმედიანიც; თემა – უზომოდ სენსიტიური: შეიძლება თუ არა, გარშემომყოფებმა, ბავშვებმა,  მიიღონ თანატოლი, რომელიც მათგან რადიკალურად განსხვავებული, უფრო მეტიც, შემაძრწუნებელი გარეგნობისაა. შეიძლება თუ არა, სახე, რომელიც ნიღაბს ჰგავს, რომელსაც ცივი გულით შეიძლება მხოლოდ „დეფექტური“ უწოდო, ოდესმე შენთვის საყვარელი გახდეს. კი არ გზაფრავდეს და გაშინებდეს, არამედ მის განსხვავებულობას ვეღარც ამჩნევდე,  პიროვნებასთან კი მეგობრობდე, პატივს სცემდე, აღიარებდე…  დიახ, ეს შესაძლებელია! ამის თქმის საბაბს სწორედ ეს საოცარი წიგნი იძლევა. წიგნი სავსეა გარიყულობის განცდისაგან გამოწვეული ტკივილით, ბავშვური გამოცდებითა და დილემებით. ამ ამოცანებს  წიგნის გმირები თავს ძნელად, მაგრამ მაინც ღირსეულად ართმევენ.

    ავგუსტ პულმანი, ბიჭი, რომელიც პირველად მეხუთე კლასში შედის, არაა სკოლაში შემსვლელი ჩვეულებრივი მოსწავლე.  ის არ გახლავთ ახალი თანაკლასელი, რომელიც შეიძლება ჯაგარა თმის, დიდი ყურების ან ჭორფლიანი სახის გამო აითვალწუნო. დიაგნოზი, რომლის მეცნიერულ აზრსაც ბიჭი კარგად ვერ ხვდება, თუმცა ზეპირად იცის, ასე ჟღერს: „აქამდე უცნობი სახეობის ყბა-სახის დიზოსტოზი“.  ავგუსტი თავად ასე აღწერს საკუთარ გარეგნობას: „ირიბად ჩასმული, თითქოს დაბლა ჩამოცურებული თვალები, ჩაცვენილი ლოყები, კუსავით პირი…“ და ეს ყველაფერი არაერთი პლასტიკური ოპერაციის შემდეგ…

   რა გაეწყობა, ეს ავგუსტის განაჩენი და ტვირთია. ტვირთი უცხო ადამიანებში გასვლისა, რადგან მის დანახვაზე ყველას სახე ეცვლება, ზოგი კივილსაც კი იწყებს და უკანმოუხედავად გარბის… ან შეხედავენ, ელდა ეცემათ და  მეორედ ფრთხილად და შიშით ცდილობენ მის დათვალიერებას…

     აი, ასეთი ბიჭი პირველად შედის სკოლაში, მეხუთე კლასში გადასულ და უკვე გათამამებულ მოსწავლეებთან.  ბიჭი, რომელსაც ქუჩაში კოსმონავტის ჩაფხუტის გარეშე გასვლა ეხამუშება, ახლა კლასის წინაშე უნდა წარდგეს. ავგუსტმა იცის, რომ, მამის თქმისა არ იყოს,  შეიძლება სამსხვერპლო კრავად იქცეს, მაგრამ დიდი პროტესტის შემდეგ, მაინც ჰყოფნის გამბედაობა, აასრულოს დედის სურვილი და დაიწყოს სწავლა. ესაა ბავშვური გმირობის გზა, ტკივილიანი და იმედგაცრუებებით სავსე, მაგრამ მაინც საამაყო და აღმაფრთოვანებელი.

წიგნი რამდენიმე პერსონაჟის მონათხრობისგან შედგება. მათგან ყველაზე ემოციური, ცხადია, თავად ავგუსტის პირით მოყოლილი ამბავია: მისი ტანჯვა, იმედგაცრუება და გვიანი, მაგრამ მაინც განცდილი სიხარული, ურთიერთობების, მეგობრობისა და აღიარებისაგან გამოწვეული.

  ავგუსტისათვის სკოლაში შესვლა თავიდანვე სასწაულად დამზაფრველი არ ყოფილა, რადგან დირექტორმა წინასწარვე მოამზადა ნიადაგი, რომ ბიჭუნასთვის დიდი ტკივილი არ მიეყენებინათ. ერთი-ორი მოსწავლე დაუმეგობრდა კიდეც, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. ავგუსტის ირგვლივ მაინც იქმნება  სტიგმა, რომელიც რამდენიმე შემთხვევაში იჩენს თავს: მის გვერდით არ სხდებიან, შეხებას ჭირიანივით გაურბიან, მუდმივად თვალს არიდებენ ან მალულად და შიშით ათვალიერებენ… დასცინიან, უფრო ცალკე და ფარულად, რადგან დირექტორის შიში აქვთ. ამიტომაც, ბიჭი იძულებულია, მუდმივად თავჩაღუნულმა და სახეზე თმაჩამოყრილმა იაროს…  ერთი სიტყვით, ის მარტოა. მარტო და გარიყული.  მოგვიანებით გაიგებს, რომ მისი მიზეზით „ჭირობანას“ თამაშიც კი მოიგონეს, რაც შემდეგს ნიშნავს: ვინც შემთხვევით შეეხება ავგუსტს, 30 წამის განმავლობაში ხელები უნდა დაიბანოს, თანაც სადეზინფექციო ხსნარით, თორემ ჭირი გადაედება… განა რა უნდა იყოს იმაზე  დიდი ტკივილი, როცა ხედავ, რომ  თითქმის ჰუმანოიდად აღგიქვამენ ან ჭირიანივით გექცევიან…

   თუმცა არიან მოსწავლეები, რომლებიც, საერთო ფონის მიუხედავად, ავგუსტს იღებენ. ასეთია გოგონა, ჯუნი, რომელთან ერთადაც ავგუსტი ხშირად სადილობს, მასლაათობს, სასკოლო გარემოში ურთიერთობს; და ჯეკი, რომელიც თავიდანვე უპრობლემოდ უმეგობრდება მას. თუმცა მას უკავშირდება მთელ წიგნში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ეპიზოდი: ერთ დღესაც, ჰელოუინზე ნიღბით მისული ავგუსტი, რომელსაც ვერ ცნობენ, გაიგებს, რომ ჯეკთან მეგობრობა ამ უკანასკნელის სურვილიდან სულაც არ გამომდინარეობდა. ჯეკი მასწავლებელს დაუნამუსებია და ახალ მოსწავლესთან ურთიერთობა დაუვალებია. ავგუსტი ცხადად მოისმენს  ბიჭის თავის მართლებას  დანარჩენი ამხანაგების წინაშე მასთან  მეგობრობის გამო, იმ მწარე სიტყვებს, რომ თურმე იძულებული იყო ამ „დეფექტურთან“ ემეგობრა. სინამდვილეში კი, ავგუსტის ადგილას რომ ყოფილიყო, ალბათ, თავს მოიკლავდა. ეს ყველაზე მტკივნეული მომენტია ავგუსტ პულმანის სასკოლო დრამაში. საშინელი იმედგაცრუება ერთადერთი თანაკლასელისგან, რომელსაც ნამდვილ მეგობრად იგულებდა. ამის მოსმენის შემდეგ ავგუსტი სულიერი ტკივილისაგან ავად ხდება და ჰელოუინზე კი არა, გაკვეთილებზე წასვლაც აღარ უნდა.

  მოგვიანებით აღმოჩნდება, რომ ჯეკი განიცდის ავგუსტთან ურთიერთობის გაცივებას და ბიჭების მეგობრობა ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ კალაპოტს. საბოლოოდ, ჯეკს ძალიან ბევრის გადატანა მოუწევს ავგუსტთან კავშირის გამო. თანაკლასელები  ,,დეფექტურთან“ ურთიერთობისათვის  მას ფაქტობრივად ომს უცხადებენ. ავგუსტივით რიყავენ, ამცირებენ, მახეს უგებენ, მაგრამ ჯეკი მაინც ღირსეულად აბარებს გამოცდას მეგობრობის შესახებ.

ავგუსტს ჰყავს არაჩვეულებრივი ოჯახი, რომელიც მუდმივად უადვილებს მწარე რეალობასთან შეგუებას. თბილი და მზრუნველი დედ-მამა, და ოლივია, რომლისთვისაც ავგუსტი მზეა, რადგან პლანეტები, ოჯახის წევრები, მის გარშემო ტრიალებენ… ოლივიას უზომოდ უყვარს ძმა, მაგრამ ისიც ბავშვია, პატარა ადამიანი, რომელსაც შიგადაშიგ თავმოყვარეობისა და სიამაყის შემოტევები აქვს. ამ მიზეზით, ერთხელ ოლივიაც სცოდავს ძმის წინაშე – ახალ სკოლაში გადასული, სახლში არ ამხელს, რომ ღონისძიება აქვთ, სადაც თვითონაც მონაწილეობს. არ ამბობს, რადგან ეთაკილება სკოლაში დედ-მამასთან ერთად ავგუსტის გამოჩენა. ავგუსტი ყველაფერს ხვდება, თუმცა შემდგომ ოლივია მწარედ განიცდის თავის ბავშვურ სისუსტეს და საოცრად ქენჯნის სინდისი…

 ავგუსტს ბევრი, ძალიან ბევრი დამცირების გადატანა მოუწევს. სულისშემძვრელია მისი განცდები ამ გზაზე. ხშირად ფიქრობს ისეთ არსებობაზე, სადაც სახეს აღარ ექნება არავითარი მნიშვნელობა. ასეთად კი სიკვდილის შემდგომი მდგომარეობა წარმოუდგენია…

მაგრამ ავგუსტი მაინც ძალიან ძლიერია. აღსანიშნავია ის საოცარი თვითირონია, საკუთარ თავზე შაყირის უნარი, რომელიც ამ პატარა ბიჭის პერსონაჟს კიდევ უფრო საყვარელს ხდის: „ისე ვართ, როგორც ურჩხული და მზეთუნახავი“, – ეუბნება იგი მეგობარ გოგონას, ჯუნის და ასეთი თვითშეფასება მისგან არც ისე იშვიათია. იგი  ღირსეულად ეგუება მწარე მოცემულობას, რომელშიც გაჩნდა და ცხოვრობს.

წიგნში გამოკვეთილია ამ ფაქიზ საკითხთან საზოგადოების დამოკიდებულების რამდენიმე ასპექტი: ნაჩვენებია სკოლა, როგორც ინდივიდზე მზრუნველი სტრუქტურა, სადაც ყველანაირი პირობა სრულდება, რომ განსხვავებული არ დაიჩაგროს და საზოგადოება, რომელიც ხშირად არაა მზად შემწყნარებლობისა და თანადგომისათვის: ერთ-ერთი თანაკლასელის დედა ავგუსტის სახეს კლასის საერთო ფოტოზე ფოტოშოპით წაშლის და მის ტანს ძაღლის თავს მიაბამს. თან ხშირად და დაჟინებით ითხოვს, რომ ავგუსტი  სხვა ტიპის სკოლაში გაამწესონ. დირექტორი ამ ახირებულ და უგულო მშობელს პრინციპულად განუმარტავს, რომ ავგუსტი არაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლე, პირიქით, სხვებზე წარმატებულია.

         მაგრამ ავგუსტ პულმანი, როგორც ჩანს, გაჩნდა იმისათვის, რომ სხვები უკეთესი გახადოს.                              ასეც ხდება ნაწარმოების ფინალისაკენ – კლასელები, რომლებიც თავიდან ადამიანად ვერ  აღიქვამენ მას, ბოლოს ერთ მუშტად იკვრებიან მის დასაცავად. გამოსაშვებ საღამოზე კი ავგუსტი ყველას თვალში გმირი ხდება, ვინაიდან სკოლის ყველაზე საპატიო ჯილდოს იღებს სიმამაცისა და გაბედულებისათვის. დიახ, გაბედულებამ შეაძლებინა მას, რომ შესულიყო სკოლაში, გადაეტანა უამრავი სასკოლო დრამა და აქამდე მისულიყო. გამოსაშვები საღამოს დაჯილდოებაზე ავგუსტი ცხოვრებაში პირველად გრძნობს, რომ ადამიანები პატივს სცემენ და მისით აღფრთოვანებული არიან. თანაკლასელები, ადრე რომ კეთროვანივით გაურბოდნენ, მასთან ფოტოს გადაღებას ცდოლობენ. ავგუსტი ბედნიერია. შემთხვევით არ ეკიდა დირექტორს კაბინეტში ბიჭის მიერ დახატული იხვი.  ავგუსტი ნამდვილად ის იხვის ჭუჭულია, რომელიც ბოლოს გედად გადაიქცა…

   ცალკე აღსანიშნავია ნაწარმოების თხრობის მანერა, სტილი, მასში აღწერილი თანამედროვე გარემო, რომელიც მოზარდებს აუცილებლად მიიზიდავს. წიგნის გმირები უყურებენ „ვარსკვლავურ ომებს“, იყენებენ ,,ფლეისთეიშენს“, იქსბოქსს, ურთიერთობენ ფეისბუკით და ა.შ. ისინი ზუსტად ისე ცხოვრობენ, როგორც თანამედროვე მსოფლიოს სხვა ბავშვები.

ერთი სიტყვით, რ.ჯ. პალაციოს ,,საოცრება“ მოზარდებისთვის აუცილებლად წასაკითხი წიგნია. მასში მტკივნეულად და ხელშესახებადაა ყველაფერი, რაც მკითხველში ბუნებრივად იწვევს თანალმობას, სითბოს და ეს, დამეთანხმებით, უფრო შედეგიანია, ვიდრე ათასი ხმამაღალი მოწოდება სიკეთისაკენ, ათასი შეგონება სადამრიგებლო საათზე…

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...