რატომ აქვთ ნივთიერებებს განსხვავებული თვისებები? რატომ ატარებს დენს სუფრის მარილი გამლღვალ ან გახსნილ მდგომარეობაში? რატომ არის სანთელი რბილი და დაბალ ტემპერატურაზე ლღვება, მაშინ როდესაც ალმასს ლღობის მაღალი ტემპერატურა აქვს და ძალიან მტკიცეა? რატომ ახასიათებს სპილენძს და, საზოგადოდ, მეტალებს ბზინვარება, ღუნვადობა, გრეხადობა, დენის გამტარობა? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად უნდა ვიცოდეთ, რომ ნივთიერების თვისებები მისი შემადგენელი ნაწილაკების (იონების, მოლეკულების, ატომების) ურთიერთქმედებაზეა დამოკიდებული.
ლევან ლორთქიფანიძე – რატომ ვერჩით ვიკიპედიას?
მსოფლიოში უდიდესი ონლაინ-ენციკლოპედია 15 წლის გახდა. ჯიმი უელსმა, პორტალის დამფუძნებელმა პირველი სტატია 2001 წლის იანვარში გამოაქვეყნა. დღეს „ვიკიპედიის“ გარეშე გლობალური ვირტუალური სივრცე წარმოუდგენელია. თავის შედეგებს მიაღწია ქართულენოვანმა ინტერნეტ-ენციკლოპედიამაც. ქართული „ვიკიპედია“ ასი ათასზე მეტ სტატიას აერთიანებს და საერთაშორისო რეიტინგში არც თუ ისე ურიგო პოზიციას იკავებს (54-ე 291-ს შორის). ყველა დაწესებულება ცდილობს ენციკლოპედიაში საკუთარი ადგილის მოპოვებას.
მიუხედავად საყოველთაო პოპულარობისა, „ვიკიპედიის“ ქართულენოვან ვებგვერდს უამრავი პრობლემა აქვს. ქართველი „ვიკიპედიელები“ არაერთი სერიოზული გამოწვევის წინაშე დგანან.
სირთულეებს შორის უმთავრესი, ალბათ, საზოგადოების დამოკიდებულება გახლავთ. ადამიანები კითხულობენ ენციკლოპედიის სტატიებს, ინტენსიურად იყენებენ სტატიებში აღმოჩენილ ცნობებს, მაგრამ საჯაროდ ყოველთვის აკრიტიკებენ და აქილიკებენ რესურსს. უამრავი ჩასაფრებული განსაკუთრებული მონდომებით ცდილობს უმნიშვნელო თუ საყურადღებო შეცდომების აღმოჩენას და მათ შესახებ არაადეკვატური ჩოჩქოლის, ხმაურის ატეხვას. ბევრმა ვერ გაიგო, რომ „ვიკიპედია“ მხოლოდ საუნივერსიტეტო და აკადემიურ სივრცეებში შექმნილი ვებგვერდი არ არის. მას მხოლოდ პროფესორები და აკადემიკოსები არ ქმნიან. უელსის მიერ დაფუძნებულ ენციკლოპედიას რიგითი მოქალაქეები, კონკრეტულ ენაზე მოლაპარაკე თემები, ხალხები ამდიდრებენ. „ვიკიპედია“ შეცდომების გამოსწორებაში დახმარების, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა თანამშრომლობის, ცოდნის გაცვლისა და დახვეწის პროდუქტია. პროდუქტის ფორმირების პროცესში მონაწილეობის მიღება კი ყველას შეუძლია, ოღონდ მათ წინასწარ უნდა იცოდნენ, რომ ამ საქმისთვის ისინი გასამრჯელოს ვერ მიიღებენ. მაშასადამე, ონლაინ-ენციკლოპედია თუ არ ვარგა, ეს პორტალის ბრალი არ არის. უნივერსალური ცოდნის გამაერთიანებელი ცნობარის ხარვეზებსაც და უპირატესობებსაც ჩვენ თავად განვაპირობებთ.
ბევრისთვის გაუგებარია „ვიკიპედიის“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იდეაც. საიტის დამფუძნებლებს, ავტორებს არასდროს ჰქონიათ პრეტენზია, რომ მათ გვერდზე გამოქვეყნებული სტატიები აბსოლუტურ ჭეშმარიტებას წარმოადგენენ. ენციკლოპედია მხოლოდ პირველადი ინფორმაციის წყაროა, რომელიც დაინტერესებულ პირს სხვა წყაროებზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს, საკითხის უკეთ შესწავლისკენ უბიძგებს.
ონლაინ-ენციკლოპედიის კიდევ ერთი უდიდესი პრობლემა ვანდალიზმი გახლავთ. მთელ მსოფლიოშიც და საქართველოშიც არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა მიზნით სტატიებს ამახინჯებენ. ზოგიერთის ამოცანა ინსტიტუტის ან საჯარო ფიგურის დისკრედიტაცია გახლავთ, ზოგიერთი კი ვანდალიზმით უბრალოდ ერთობა. ცხადია, მსგავსი შემთხვევები ასი ათას სტატიაში უფრო მკაფიოდ ჩანს და ადვილად შესამჩნევია, ვიდრე მილიონიან კრებულებში. რაც მთავარია, დიდი ქვეყნების შემთხვევაში ვანდალიზმს თავიანთი შრომით მოხალისეები უპირისპირდებიან ხოლმე. სამწუხაროდ, ქართული „ვიკიპედია“ მოხალისეების, სტატიების შემქმნელების მწვავე დეფიციტს განიცდის.
თუმცა, ყველაფერი არც ისე ცუდად არის. ჩვენს ქვეყანაშიც ძალიან ბევრი კარგი რამ ხდება ონლაინ-ენციკლოპედიასთან დაკავშირებით. იცით თუ არა, რომ ქართული „ვიკიპედიის“ დედაქალაქის ფუნქციას ხაშურის მუნიციპალიტეტი ასრულებს, რადგან დაბა სურამში ჯაბა ლაბაძე ცხოვრობს. ბ-ნი ჯაბა ისტორიის მასწავლებელია. მას ვებგვერდისათვის ათი ათასზე მეტი სტატია აქვს დაწერილი. პედაგოგი საკუთარ მოსწავლეებთან ენციკლოპედიას მიწასთან არ ასწორებს ხოლმე. პირიქით, იგი ცდილობს, რომ მთელი სკოლა, მთელი დაბა, მთელი რაიონი ჩართოს უნივერსალური ცოდნის ერთადერთი ქართულენოვანი წყაროს გამდიდრების პროცესში. მისი საქმიანობა აღნიშნული მიმართულებითაც წარმატებულია. ჯაბა ლაბაძის დამსახურებაა, რომ ჩვენს „ვიკიპედიას“ ბევრი სერიოზული კონტრიბუტორი და აქტივისტი ჰყავს.
მგონი, ურიგო არ იქნება, თუ ამგვარ მასწავლებლებს მოვუსმენთ და დავიწყებთ კამპანიას „1 მოქალაქე = 1 სტატია“. ჩვენმა მეზობელმა სომხეთმა ანალოგიური კამპანიის საფუძველზე მიაღწია უდიდეს პროგრესს.
ნინო კაპანაძე -„SOS”-სიგნალი დამრიგებელს და მშობელს
სოციალური ქსელები, რომელშიც მოზარდები აქტიურად არიან ჩართულნი და ამის გამო, ხშირად უფროსების გულისწყრომას იმსახურებენ, შეიძლება, მოზარდის სულიერი მდგომარეობის დიაგნოსტირების საშუალებადაც იქცეს კლასის დამრიგებლისათვის. მაგალითების მოტანა უხვად შეიძლება, მაგრამ ამჯერად ერთ პოსტს შემოგთავაზებთ:
„რატომ უნდა მინდოდეს სწავლა, როცა ჩემი ოჯახის წევრს ჩემი წარმატება სწავლაში ფეხზე ჰკიდია? როცა არ აინტერესებს სადმე გავიმარჯვებ, დავმარცხდები თუ რას ვიზამ. როცა ჩემი კლასელები ისეთსავე წარმატებას აღწევენ და მათი მშობლები ამით ამაყობენ, შვილებს ულოცავენ, მე კი… არც კი მილოცავენ… ნუ, მოკლედ, რაააა… მოდი და მომედავოს ვინმე …“
საშუალო საფეხურის მოსწავლის ეს ამოძახილი, მოკლედ და განზოგადებულად მშობელსა და შვილს შორის გაუცხოების, აღიარების დეფიციტის სახელით შეიძლება მოვიხსენოთ.
ასაკობრივი თავისებურებების ფონზე, მოტივაციის განადგურების საფრთხე, არ აღიარებით გამოწვეული წყენა საკმაოდ სერიოზული წინაპირობებია მოზარდისთვის სწავლისადმი ინტერესის დაკარგვის, ოჯახის, როგორც არაკეთილგანწყობილი გარემოსადმი დაპირისპირების და საერთოდ, ცხოვრების ნორმალური რიტმიდან ამოვარდნისთვის. ეს შედეგი მხოლოდ პიროვნულ პრობლემებს არ უკავშირდება, ის თავისთავად მოიყოლებს პრობლემებს სოციუმისათვის, რომელშიც ასეთი მოზარდი ცხოვრობს. ასე იქცევა პიროვნული პრობლემა საზოგადოებრივად.
სკოლა და ოჯახი, მთელ საზოგადოებასთან ერთად, ინაწილებს პასუხისმგებლობას მოსწავლის აღზრდაზე. ჩვენი მაგალითის შემთხვევაში, ოჯახი თავის წილ პასუხისმგებლობას, მსუბუქად რომ ვთქვათ, ვერ ზიდავს. ასეთ სიტუაციაში სკოლას ემატება საზრუნავი და ამ ამოცანასთან ყველაზე უშუალოდ კლასის დამრიგებელია დაკავშირებული. მის წინაშე უამრავი საზრუნავი ჩნდება: ერთი მხრივ, თავად მოზარდთან მუშაობა; მეორე – მშობელთან მუშაობა; კონსულტაციები ფსიქოლოგთან; დაკვირვება მოზარდის დამოკიდებულებაზე თანაკლასელებთან და საგნის მასწავლებლებთან… კონკრეტულ შემთხვევას კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავება სჭირდება. კლასის დამრიგებელს ჩვენზე მეტი ინფორმაცია აქვს როგორც მოსწავლეზეც, ისე მის ოჯახზეც და გარედან მზა რეკომენდაციების შეთავაზება არ იქნება მართებული. ერთი კი ცხადია, პრობლემა მეტად სენსიტიურია და მასზე მუშაობის დროს, დამრიგებელს სიფრთხილის ,,ბეწვის ხიდზე“ ბევრჯერ მოუწევს გავლა. ეს ანალოგიური პრობლემის არსებობის შემთხვევაში.
მაგრამ შეგვიძლია ეს კონკრეტული პოსტი მშობელთა კრებაზე აქტუალური საკითხის განსჯის აღძვრისთვის გამოვიყენოთ. მშობლებთან კომუნიკაციის ინოვაციური ფორმები, რაც სადამრიგებლო პროგრამის მნიშვნელოვანი საკითხია, ჩვენგან ახლებურ მიდგომას ითხოვს. მათ შორის მშობელთა ინფორმირებას აღზრდის საკითხებზე.
თომას გორდონის ძალიან აღიარებულ და სასარგებლო წიგნში „როგორ გავხდე კარგი მშობელი“ ვკითხულობთ: ,,მშობლებს ადანაშაულებენ როგორც ახალგაზრდობის ყველა პრობლემის, ასევე იმ პრობლემების გამო, რომელსაც ის საზოგადოებას უჩენს: მშობლებს ბრალს სდებენ:
…მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია – მოსწავლეთა წარუმატებლობისა და ცუდი ყოფაქცევისათვის.
კეთილი, მაგრამ ვინ ეხმარება მშობლებს? თუ გაკეთებულა რაიმე იმისათვის, რომ მათთვის უფრო ეფექტიანი აღზრდა გვესწავლებინა?“
ცხადია, მშობელთა განათლების ფართო პროგრამას კლასის დამრიგებელი მარტო ვერ განახორციელებს, მაგრამ შვილების მოტივაციის ამაღლების საქმეში მშობლების როლის ახსნისა და ამ საკითხებზე კრებაზე მსჯელობისათვის ხელსაყრელი ვითარების შექმნას ნამდვილად შეძლებს.
კერძოდ, დაფაზე ან ფლიპჩარტის ფურცელზე დავწეროთ მოზარდის ზემოთ მოტანილი პოსტი, რომ ყველამ შეძლოს წაკითხვა; პარალელურად, მშობლებს დავურიგოთ წინასწარ მომზადებული კითხვარი:
- რა იგრძენით პოსტის წაკითხვის შემდეგ?
- როგორ შეიძლება მოიქცეს მოზარდი, როცა ოჯახის წევრები არ ინტერესდებიან მისი წარმატებით?
- როგორ იმუშავებდით ამ მოსწავლესთან, თქვენ რომ დამრიგებელი იყოთ?
- როგორ მოიქცეოდით მის მშობელთან, თქვენ რომ დამრიგებელი იყოთ?
სთხოვეთ მშობლებს 5-10 წუთში (ანონიმურად)მოკლე პასუხი გასცენ კითხვებს და დაგიბრუნონ. ამის შემდეგ 10 წუთი დაუთმეთ ზეპირ დისკუსიას, სთხოვეთ მშობლებს იყვნენ კორექტულები, იმსჯელონ პრობლემის შესახებ, კონკრეტული გვარ-სახელების გარეშე. ყველას მიეცით აზრის გამოთქმის საშუალება. ბოლოს, შეაჯამეთ დისკუსია და ასევე მოკლედ და პოპულარული ენით გააცანით მშობლებს მასლოუს მოთხოვნათა იერარქია და მოტივაციის არსი და მნიშვნელობა. (შესაძლებელია, მასლოუს იერარქიაზე ტექსტი რამდენიმე კოლეგასთან ერთად დაამუშაოთ მშობლებისათვის).
ეს საშუალებას მოგცემთ, კრებაზე ოჯახის როლსა და მოვალეობაზე გაააქტიუროთ საუბარი. დისკუსიის მონაწილენი აუცილებლად გადაავლებენ თვალს თავიანთ დამოკიდებულებებს შვილებთან და თქვენი მიზანიც მიღწეული იქნება: მშობლების ინფორმირება, ანალოგიური შემთხვევების პრევენცია თქვენს კლასში. კითხვარებში შესაძლებელია, შემოთავაზებული იყოს საინტერესო, თქვენთვის საგულისხმო პასუხები, რასაც შემდგომში გაითვალისწინებთ.
დასასრულ, აუცილებლად დასვით შეკითხვა: საინტერესო იყო თუ არა ეს საკითხი მათთვის? მომავალში რა თემაზე ისურვებენ მსჯელობას? შეიძლება თავად შესთავაზოთ რამდენიმე თემა და უმრავლესობის აზრის გათვალისწინებით, ჩაინიშნოთ საკითხი მომავალი კრებისათვის.
ორი თამუნა
სულ პატარა იყო, როცა ჰკითხეს:
ინტერაქტიური დაფის გამოყენება გეოგრაფიის გაკვეთილზე და ერთი გაკვეთილის სცენარი
დღევანდელი სკოლა წარმოუდგენელია სწავლების ინტერაქტიური საშუალებების გარეშე და ამიტომ თითოეულმა მასწავლებელმა ფეხი უნდა აუწყოს თანამედროვე ტექნოლოგიებს. ინტერაქტიური სწავლების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია ინტერაქტიური დაფა იგივე SMART Board, რომელიც ბოლო პერიოდში სკოლებში გაკვეთილებზე და, მათ შორის, გეოგრაფიის გაკვეთილზეც მეტად აქტიურად გამოიყენება. მისი შესაძლებლობები სხვა ელექტრონულ საშუალებებთან შედარებით საკმაოდ დიდია. ინტერაქტიური დაფის გამოყენება საშუალებას იძლევა კლასის თითოეული მოსწავლე გაკვეთილის აქტიური მონაწილე გახდეს და ინტერაქტიურ რეჟიმში მუშაობდეს.
გაკვეთილის დაგეგმვა ინტერაქტიური დაფის გამოყენებით საკმაოდ შრომატევადი პროცესია: მეტი დრო სჭირდება ციფრული რესურსების შერჩევას, ასევე საჭიროა მასწავლებლის მაღალი კომპეტენტურობა, რაც მისგან ცოდნის მუდმივ სრულყოფასა და განახლებას მოითხოვს. ასეთი დაფის გამოყენებით სპეციალური პრეზენტაციების შექმნა შემოქმედებითი საქმიანობის ფართო ველს ქმნის, სადაც მართლაც საოცრებების მოხდენაა შესაძლებელი.
ელექტრონული ფანქრის გამოყენებით, რომელიც ”მაუსს” ცვლის, შესაძლებელია კომპიუტერთან მუშაობა. ეკრანზე გამოტანილ რომელიმე ელემენტზე ფანქრის დაწკაპუნებით მუშაობას იწყებს Windows, ვნახულობთ ნებისმიერ ინფორმაციას კომპიუტერში ან ვიწყებთ მუშაობას ინტერნეტში. ამავე ელექტრონული ფანქრის საშუალებით დაფაზე შეგვიძლია წარწერების და აღნიშვნების გაკეთება, შედარებით მნიშვნელოვანი და ძირითადი საკითხების მონიშვნა, ინტერაქტიურ რეჟიმში წინასწარ მომზადებული ტექსტის რედაქტირება და ფურცლების გადაშლა ნებისმიერი თანმიმდევრობით და თანაც ამას კლასის ყველა მოსწავლე ხედავს.
ინტერაქტიური დაფა ძალიან მოხერხებულია გაკვეთილზე დისკუსიის წარმართვის პროცესში. მოსწავლეებმა დაფა შეიძლება იმისათვის გამოიყენონ, რომ საკუთარი იდეები და აზრები გაუზიარონ სხვებს, დაუბრუნდნენ ძველ თემებს და გაიხსენონ განვლილი მასალა და შემდეგ დაიწყონ დისკუსია. დაფის გამოყენება ასევე შესაძლებელია სასწავლო თამაშებისა და სხვადასხვა სახის სავარჯიშოების გამოსაყენებლად.
გეოგრაფიის საგნის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ იგი დიდი მოცულობით ინფორმაციას მოიცავს, რომელიც ყოველწლიურად კიდევ უფრო იზრდება. იმისათვის რომ დავგეგმოთ და ჩავატაროთ საინტერესო და თანამედროვე გაკვეთილი, მასწავლებელმა სხვადასხვა წყაროები უნდა დაამუშაოს – სახელმძღვანელო, მათ შორის ელექტრონული, ენციკლოპედია, წიგნები, ჟურნალები, ინტერნეტრესურსები და ამავე დროს შეეძლოს ინტერაქტიური დაფის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება. თითოეული გაკვეთილის დაგეგმვა თემის შესაბამისად იწყება: უნდა შერჩეულ იქნეს ფონი, შრიფტი, საჭირო სურათები, ფოტოები, ნახაზები, დიაგრამები და გრაფიკები, გეოგრაფიული რუკები, აუდიო და ვიდეო ფაილები. დაფის ფუნქცია ”დამახარისხებელი გვერდი” საშუალებას აძლევს მასწავლებელს თანმიმდევრობით განალაგოს გაკვეთილისთვის საჭირო სლაიდები, ხოლო აუცილებელი მასალა კი გვერდების მიხედვით. მასწავლებელს შეუძლია საჭირო რესურსები ერთი ფაილის შიგნით მოათავსოს და ისინი ჰიპერლინკებით დააკავშიროს. აუდიო- და ვიდეოფაილების გაკონტროლება დაფის გამოყენებით ადვილია – საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია პატარა ნაწყვეტების ჩვენება. მას ასევე შეუძლია ფაილის ფარგლებში შეინახოს ნებისმიერი ცვლილება და შენიშვნა შემდეგი გაკვეთილისთვის.
დაფას ასევე აქვს ”ორმხრივი რეჟიმის” ფუნქცია, რაც მეტად მნიშვნელოვანია გეოგრაფიულ რუკებზე მუშაობისას. ელექტრონული რუკების გამოყენებით შესაძლებელია შერჩეული ტერიტორიების უფრო დეტალურად დათვალიერება და შესწავლა, ასევე მასზე წარწერების გაკეთება და სურათების განლაგებაც კი.
მასალის დემონსტრირება – გეოგრაფიის გაკვეთილის მნიშვნელოვანი მომენტია. მრავალფეროვანი სურათები, სქემები, ანიმაციები შესაძლებელია დაფის პროგრამული უზრუნველყოფის ”გალერეიდან” იქნეს აღებული. ისინი სწავლებას უფრო ინტერაქტიურსა და თვალსაჩინოს ხდიან.
ინტერაქტიური დაფა ასევე გვეხმარება დროის დაზოგვაში, რადგან საშუალებას გვაძლევს ყველა მასალა ერთ კომპიუტერში გვქონდეს შენახული.
განვიხილოთ ერთი გაკვეთილის მაგალითი ინტერაქტიური დაფის გამოყენებით.
კლასი: 7
გაკვეთილის თემა: ” ატმოსფეროს სტიქიური მოვლენები”.
გაკვეთილის მიზანი:
- ატმოსფეროში მიმდინარე სტიქიური მოვლენების გაცნობა და შესწავლა;
- ანალიზის, დასკვნების გამოტანის და კომუნიკაციის უნარების განვითარება;
ძირითადი ამოცანები:
- მოსწავლეთა წარმოდგენებისა და ცოდნის გაფართოება ატმოსფეროში მიმდინარე სტიქიური მოვლენების შესახებ;
- ამ მოვლენების გამომწვევი მიზეზების დადგენა;
- მოსწავლეებისთვის ატმოსფეროში მიმდინარე სტიქიური მოვლენების დროს თავდაცვის საშუალებების გაცნობა.
საჭირო მასალა:
ინტერაქტიური დაფა «SMART Board », მულტიმედიური პროექტორი, კომპიუტერი.
გაკვეთილის მსვლელობა:
- შესავალი საუბარი და მოსწავლეთა მომზადება ახალი მასალის გასაცნობად.
მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს კითხვებს:
ატმოსფეროში მიმდინარე რომელ სტიქიურ მოვლენას იცნობენ?
რომელი მათგანი ხდება მათ საცხოვრებელ ადგილას?
- პრობლემური კითხვის დასმა: არის თუ არა დედამიწაზე ადგილები,
სადაც არ ხდება ატმოსფეროს სტიქიური მოვლენები?
მოსწავლეები მსჯელობენ პრობლემის შესახებ, გამოაქვთ დასკვნა ატმოსფეროში მიმდინარე პროცესებისა და სტიქიური მოვლენების ურთიერთკავშირის შესახებ და ადასტურებენ, რომ აუცილებელია ამ მოვლენების გამომწვევი მიზეზების შესწავლა, რათა პასუხი გასცენ დასმულ პრობლემურ კითხვას.
- ახალი მასალის გაცნობა
მასწავლებლის საუბარი: ატმოსფეროში მიმდინარე სტიქიურ მოვლენებს შორის ყველაზე სახიფათო ტაიფუნები და ძლიერი ქარებია. მათ თან სდევს არა მარტო დიდი ნგრევა, არამედ ადამიანთა მსხვერპლიც.
- ჯგუფური მუშაობა
რადგანც მოსწავლეებს აქვთ უკვე გარკვეული წარმოდგენა სტიქიური მოვლენების შესახებ, ამიტომ მასწავლებელი მათ სამ ჯგუფად ყოფს და აძლევს დავალებას. პირველი ჯგუფს ევალება გაიხსენოს, თუ რა იცის ტაიფუნებისა და სმერჩების შესახებ; მეორე ჯგუფს – თავსხმა წვიმებისა და სეტყვის შესახებ; ხოლო მესამე ჯგუფს – გვლავისა და მტვრიანი ქარიშხლების შესახებ.
- პრეზენტაცია
პრეზენტაციის დროს მოსწავლეები კონტურულ რუკაზე იმ ტერიტორიებს აღნიშნავენ, სადაც საკმაოდ ხშირია ატმოსფეროს სტიქიური მოვლენები. თითოეული ჯგუფი მოვლენის აღსანიშნავად მათ მიერვე შექმნილ პირობით ნიშანს იყენებს. კონტურულ რუკაზე მუშაობისა და პრეზენტაციების შედეგად მოსწავლეებს გამოაქვთ დასკვნა: დედამიწის რომელ რეგიონებში ხდება ყველაზე ხშირად ატმოსფერული სტიქიური მოვლენები. ამ დასკვნის დასამტკიცებლად ისინი მუშაობენ ინტერაქტიურ დაფაზე.
რეკომენდაცია მასწავლებლისთვის: ინტერაქტიურ დაფაზე გამოტანილია მსოფლიოს კონტურული რუკა. მოსწავლეები დაფაზე მარკერის საშუალებით ხატავენ ტორნადოს და ტაიფუნის აღმნიშვნელ ნიშანს, შემდეგ კოპირების გზით საჭირო რაოდენობის ნიშანს აგროვებენ და ისინი კონტურულ რუკაზე გადააქვთ. ამ პროცესთან ერთად ასახელებენ იმ რეგიონებს, სადაც ამ ნიშნებს სვამენ. ზუსტად ასევე იქცევიან სხვა ჯგუფის წევრებიც.
შესრულებული სამუშაოს შედეგად აღმოჩნდება, რომ კონტურულ რუკაზე თითქმის არაა თავისუფალი ადგილი, რაც მოსწავლეებს თვალნათლივ აძლევს პასუხს გაკვეთილის დასაწყისში დასმულ პრობლემურ საკითხზე: არის თუ არა დედამიწაზე ადგილები, სადაც არ ხდება ატმოსფეროს სტიქიური მოვლენები?
- მასალის განმტკიცება: მასწავლებელი ინტერაქტიურ დაფაზე აჩვენებს თავის მიერ წინასწარ მომზადებულ მასალას გაკვეთილის თემასთან დაკავშირებით და საუბრობს იმის შესახებ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სტიქიური მოვლენებისგან თავდაცვის წესების ცოდნა.
მოსწავლეებს ეძლევათ დავალება შეადგინონ სამახსოვრო: ”ეს უნდა იცოდე!” სურათებისა და ძირითადი სიტყვების გამოყენებით მათ უნდა მოამზადონ ქცევის წესები აფრიკელი ბავშვებისთვის, რომელსაც ისინი ქვიშიანი ქარიშხლის – სამუმის – დროს და ასევე ჩინელი ბავშვებისთვის – ტაიფუნების დროს გამოიყენებენ.
შემდეგ მოსწავლეებს ეძლევათ დრო და მასწავლებელი ეკრანზე რთავს წამზომს, რომელიც დაფას პროგრამულად გააჩნია. მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად და მუშაობენ. ხუთი წუთის შემდეგ ჯგუფების პრეზენტატორები ინტერაქტიურ დაფაზე ჯგუფის მიერ შერჩეულ იმ ძირითად სურათებს ალაგებენ და იმ სიტყვებს წერენ, რომლებიც ატმოსფეროს სხვადასხვა სტიქიური მოვლენების დროს ქცევის წესებს ასახავენ. ამავე დროს ისინი ასაბუთებენ თავიანთ არჩევანს. შემდეგ იწყება დისკუსია, თუ რატომ იქნა არჩეული სამახსოვროსთვის ზუსტად ეს სურათები და სიტყვები და მთელი კლასი თითოეული სამახსოვროსთვის სათაურს არჩევს.
ინტერაქტიური დაფა ობიექტების ერთი ადგილიდან სხვა ადგილას გადანაცვლების საშუალებას იძლევა და მოსწავლეებს შეუძლიათ, შეამოწმონ რამდენად სწორად მსჯელობენ და ამავდროულად შეცდომებიც გაასწორონ: ისინი შენიშვნებსა და განმარტებებს პირდაპირ ეკრანზე წერენ.
ამრიგად, ინტერაქტიური დაფის უპირატესობა, როგორც მოსწავლეებისათვის, ისე მასწავლებლისათვის ნათელია. ელექტრონული ინტერაქტიური დაფა – SMART Board ხელს უწყობს საკლასო ოთახში საქმიანი და, ამავე დროს, სახალისო ატმოსფეროს შექმნას. ასეთი მულტიმედიური მიდგომით საგაკვეთილო პროცესი უფრო საინტერესო, შემოქმედებითი და შემეცნებითი ხდება.
მოგზაურობა დროის ხაზზე
ისტორიის შესწავლისთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როდის მოხდა ესა თუ ის მოვლენა, რომელი უფრო ადრე იყო და რომელი უფრო გვიან; გვაინტერესებს გავიგოთ, ლოგიკური გამოთვლის როგორ სისტემას იყენებდნენ ძველად, ვინ შექმნა პირველი კალენდარი და ა.შ. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ მეთოდების შერჩევა, რომლითაც მოსწავლეებს აღნიშნული საკითხები უნდა ვასწავლოთ, განსკუთრებით სწავლის დაწყებისას და საბაზო საფეხურზე.