კვირა, აგვისტო 3, 2025
3 აგვისტო, კვირა, 2025

განახლებული ოპერის შენობა და არავერბალური კომუნიკაცია

0

ფეისბუქის აქტიურ მომხმარებელთა შორის უფრო დიდი აჟიოტაჟი თავად ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნამ კი არა, იქ მისული მაყურებლის ჩაცმულობამ გამოიწვია. საკმაოდ მწარე კომენტარები დაიმსახურეს ქურქებში შემოსილმა ქალბატონებმა. არადა, როგორც ჩანს, ვერცერთი წარმოიდგენდა, რომ ფუფუნებასთან ასოცირებული ბეწვეულის ჩაცმა მას რაიმე უხერხულობას მოუტანდა ფაუნის მოყვარული ფეისბუქმომხმარებელი აქტიური მოქალაქეების თვალში.

დღეს საყოველთაოდაა აღიარებული, რომ არავერბალური კომუნიკაციის სწორად გამოყენებასაც ისეთივე წარმატების მოტანა შეუძლია, როგორც ვერბალური კომუნიკაციისას. პოლიტიკოსები ტრიბუნიდან და ტელეეკრანიდან, ადვოკატები – სასამართლო დარბაზებიდან, მსახიობები სცენიდან აქტიურად იყენებენ კომუნიკაციის ამ საშუალებას. არავერბალური კომუნიკაცია კი სამოსით იწყება. როდესაც აუდიტორიასთან შესახვედრად ვემზადები, ვითვალისწინებ იმას, რომ მინდა, ჩემსა და ჩემს მსმენელს შორის რაღაც დროით მაინც უშუალო ურთიერთობა ჩამოყალიბდეს, ამიტომაც, ვცდილობ, ჩაცმულიც შესაბამისად ვიყო. ეს პირველი ეტაპია, დანარჩენი კი უკვე სხვა რამეზეა დამოკიდებული. მაგრამ, თუკი კომუნიკაციის პირველი ეტაპი სწორად შედგება, ეს უკვე დიდი საქმეა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ხშირ შემთხვევაში კომუნიკაციის პირველი ეტაპი სწორედ სამოსით კომუნიკაციაა. არავერბალური კომუნიკაციის ამ ტიპზე რუსთველიც საუბრობს. საკმარისია, გავიხსენოთ რამდენიმე ეპიზოდი „ვეფხისტყაოსნიდან“ და მივხვდებით, რომ ამ პოემაში საკმაოდ ხშირ შემთხვევაში სამოსითაც ხდება კომუნიკაცია. მაგ. ტარიელის მიზანი, როდესაც იგი ვეფხის ტყავით იმოსება, ისაა, რომ საყვარლის სილამაზის აქცენტირება მოახდინოს: „რომე ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს, ამად მიყვარს ტყავი მისი, კაბად ჩემად მომინახავს“; (662) სამწუხაროდ, მისი ქმედება მნახველებისთვის გაუგებარია და ეს იწვევს გაუგებრობას კომუნაკიციის დროს (sc. miscommunication). ტარიელის სამოსის არასწორი შეფასება გახდება ნაწარმოების სიუჟეტის განვითარებისთვის საკვანძო მომენტი. ეს პასაჟი ახსნილი მაქვს წერილში „ვეფხისტყაოსანი“ და ფოლკლორი (https://mastsavlebeli.ge/?p=4013 ), რომელშიც გამოვთქვამ მოსაზრებას, რომ ტარიელის ჩაცმულობას უკავშირდება როსტევანის ხასიათის შეცვლა, რადგან ტარიელი მას მოაგონებს შელოცვების პერსონაჟს. ის, რომ ტანსაცმლით ხდება გარკვეული ტიპის კომუნიკაცია, არავისთვის არ უნდა იყოს სადავო. არსებობს გარკვეული დრესკოდები, რომელთა გაუთვალისწინებლობაც პრობლემებს გვიქმნის დღევანდელ დღეს. ის, ვინც არ იცავს დადგენილ ნორმებს, კონტექსტიდანაა ამოვარდნილი. ასეთსავე სურათს გვიხატავს „ვეფხისტყაოსანიც“. მაგ. ფარსადანი, რომელსაც დაბნედილი ტარიელის გონზე მოსვლა გაახარებს, თავშიშველი გამორბის სასახლიდან: „ფარსადანი მეფე მორბის თავშიშველი, არ იცოდა, რას იქმოდა…“ (361) რა თქმა უნდა, ფარსადანი ამ შემთხვევაში კონტექსტიდანაა ამოვარდნილი, მეფე სასახლეს არ უნდა ტოვებდეს შესაფერისი სამოსისა და აღჭურვილობის გარეშე. მაგრამ მეფის სწორედ ამგვარმა „კონტექსტიდან ამოვარდნამ“ უნდა აღძრას შესაბამისი ემოცია მკითხველში. ასევე კონტექსტიდან ამოვარდნილი და უადგილო იქნება სამი დღე მეფის (როსტევანის) ან ავთანდილის თავშიშველი სიარული ნაძლევის წაგების შემთხვევაში: „ვინცა იყოს უარესი, თავშიშველი სამ დღე ვლიდეს“. (71) დღევანდელი მკითხველისთვის თითქოს ცოტათი გაუგებარია, რას უკავშირდება ეს ნაძლევი, რა სირთულესთანაა დაკავშირებული მისი შესრულება, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ქმედება დღევანდელ საქართველოშიც შემორჩენილია ოდნავ შეცვლილი სახით, როდესაც ბიჭები ნაძლევის ან აზარტული თამაშის წაგების შემთხვევაში თავს იპარსავენ. მიმაჩნია, რომ მას შემდეგ, რაც მამაკაცებისთვის ქუდის ტარება სავალდებულოდ აღარ ითვლება, თმის გადაპარსვა უნდა იმეორებდეს იმ „სასჯელს“, რაც დაეკისრებოდა ხოლმე წაგებულს თავშიშველი სიარულით.

როდესაც სამოსის როლს განვიხილავთ კომუნიკაციაში, არ შეიძლება, გვერდი ავუაროთ თინათინისა და ავთანდილის შეხვედრას ნადირობის შემდეგ. ამ ეპიზოდში თინათინი ავთანდილს ცოტა უცნაურად შემოსილი დახვდება: „გაძრცვილსა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი, ებურნეს მოშლით რიდენი, ფასისა თქმად საჭირონი…“ (127) თინათინის ჩაცმულობას სხვადასხვაგვარად ხსნიან „ვეფხისტყაოსნის“ მკვლევრები. ჩემი აზრით კი, თინათინის მიერ შიშველ სხეულზე ყარყუმის ოდნავ უდიერი მოგდება და ჩამოშლილი რიდე ავთანდილისთვის თინათინისგან ეროტიზმის ხაზგასმა კი არა, გმირის უხასიათობაზე მინიშნებაა. თინათინი, რომელიც „უებრო ქუშად ჯდა“ (126) და „დაღრეჯით იყო მჯდომარე“ (128), ისეთ საგონებელშია ჩავარდნილი როსტევანის გამო, რომ მას აღარც კი სცალია ეტიკეტზე საფიქრელად. მისმა ჩაცმულობამ ავთანდილსაც და მკითხველსაც უნდა დაანახოს, რომ თინათინისთვის მამის დადარდიანება იმდენად სულისშემძვრელია, რომ მას არც დრო და არც თავი აქვს იმისთვის, რომ თავისი სამოსის მოწესრიგებაზე იფიქროს. თუმცა ამ ახსნასთან (რომელსაც თვითონ ტექსტი გვაძლევს) ერთად უფლებას ვიტოვებ, გამოვთქვა ერთი ვარაუდიც: რამდენადაც ვიცით, ხშირ შემთხვევაში სამოსი განგვაწყობს საუბრისთვის, გვკარნახობს საუბრის ტონს. მაგ. მასწავლებელი მოსწავლეს თავისი ჩაცმულობით აქცევს შესაბამის კალაპოტში. ასევეა პოლიტიკოსიც. სპორტულ სამოსში ან თავისუფლად ჩაცმული პოლიტიკოსიც და მასწავლებელიც გულახდილი საუბრისთვის განგვაწყობს, ხოლო სოლიდურად, აკადემიურად ჩაცმულ პოლიტიკოსსაც და მასწავლებელსაც ვერ მივმართავთ ისეთივე თავისუფალი ტონით, როგორც პირველ შემთხვევაში. ჩვენი ტონი, მეტყველება იმისდა მიხედვით შეიცვლება, თუ რა აცვია თანამოსაუბრეს. ჩაცმის სტილი ერთგვარად განაპირობებს საუბრის უშუალობას ან ფორმალურ ხასიათს. შესაძლოა, თინათინის ხალვათად ჩაცმა ავთანდილისთვის იმის მიმანიშნებელი იყოს, რომ საუბარი ოფიციალურ ტონალობაში არ წარიმართება და ამზადებს მოსაუბრეს უშუალობისთვის. თინათინის შემდგომი ტექსტიც ხომ იმის მიმანიშნებელია, რომ მას არ უნდა, ავთანდილი დაიძაბოს. ამ დაძაბულობის მოსახსნელად კი პირველი ნაბიჯია მისი დახვედრა არაოფიციალური სამოსით.

ასევე არ შეიძლება, არ გავიხსენოთ ავთანდილის თავგადასავალი გულანშაროში. სანამ ყრმა ამ სამეფოში შევოდოდა, იგი ვაჭრებს მეკობრეების მოგერიებაში დაეხმარა, შემდეგ კი გადაწყვიტა, ვაჭრული სამოსი ჩაეცვა და ისე წარმდგარიყო ახალი ნაცნობების წინაშე: „მე სავაჭროსა ჩავიცვამ, დავიწყებ ჯუბაჩობასა; თქვენ შემინახეთ ნამუსი, თქვენსა და ჩემსა ძმობასა!“ (1067) ამ ვაჭრული სამოსის გამო დაიწყება ის პატარა გაუგებრობა, რომელიც არასწორად გაგებულ არავერბალურ კომუნიკაციას მოჰყვება. ფატმანი ჩათვლის, რომ ავთანდილი მისი წრის არის და სამიჯნურო წერილს მისწერს ავთანდილს. მაგრამ, მიუხედავად ავთანდილის გაოცებისა, ჭაბუკი ხვდება, რომ არასწორი კომუნიკაცია მისი ვაჭრული სამოსის გამო შედგა და მხოლოდ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ამხელს სიმართლეს – იბრუნებს სამოსს და, შესაბამისად, მასა და ფატმანს შორის უკვე სწორი კომუნიკაცია მყარდება.

როგორც ვნახეთ, სამოსის სწორად შერჩევა არავერბალური კომუნიკაციის აუცილებელი ნაწილია. ცოტა ხნის წინ ოპერის თეატრის გახსნაზე მისულმა ქალბატონების ნაწილმა ვერ განსაზღვრა ეს, მაგრამ ალბათ მომავალში, სანამ სამოსს შეარჩევენ, კარგად დაფიქრდებიან იმაზე, რისი კომუნიკაცია სურთ თავიანთი ჩაცმულობით აუდიტორიასთან.

კაუჭი

0

„აბრეშუმი გვსურს და

არა ძონძები,

მშრომელები-

და არა ხორხონცები.

არავისთვის

საიდუმლო არაა,

მუშას რად სურს

აბრეშუმის მარაო,

მაგრამ ამბობს:

გეყოფათო, კმარაო.

დაიჯერებ –

ან მეტირაჩარაა.

მუშასაც სურს

აბრეშუმი, ამრიგად,

როგორც გინდათ,

ეს ამბავი გაიგეთ…“ (გალაკტიონი, აბრეშუმი გვსურს)

დიახ, როგორც გინდათ, ეს ამბავი გაიგეთ. ამ სტატიებს ადამიანების ქიმიაში „შესატყუებლად“ ვწერ. პირველ რიგში მოსწავლეების და თუ „კაუჭს“ სხვაც წამოეგება, სულაც არ იქნება ურიგო საქმე. „კაუჭი“ სწორედ ის არის, რაც ზემოთ წერია. ამჯერად გალაკტიონის ლექსია აბრეშუმზე. სხვა სტატიებში კიდევ სხვაა. ერთში პაპა მამათმზესა და მისი კანფეტის მოყვარული შვილიშვილის ამბავი, სხვაგან ზღაპრად გადამღერებული ალქიმიკოსების ისტორიები, უფრო სხვაგან ჩემივე მოგონებები საკუთარ თავზე. „კაუჭის“ საქმე მკითხველის შეყოლიებაა, რომ შემდეგ სტატიის შუა ნაწილში მოთხრობილი ქიმიური ნაწილიც შემოეკითხოს და თავისდაუნებურად დასკვნას მიადგეს, რომელიც „კაუჭს“ ან უნდა ეხმიანებოდეს, ან რაღაცნაირად იყოს დაკავშირებული.  ამ ტიპის სტატიას სამეცნიერო-პოპულარული ეწოდება და თქვენს მონა-მორჩილს არავითარი პრეტენზია არ აქვს, რომ ისინი სამეცნიერო სტატიებად გაასაღოს. სამეცნიერო სტატიები სხვაგვარად  იწერება  და სხვა ჟურნალებში იბეჭდება. შესაბამისად, ვიცი, როგორ დავწერო და სად გამოვაქვეყნო.

ახლა კი, იძულებული ვარ ჩემივე საყვარელი ჟურნალის გვერდიდან აი, ასეთი განმარტება გავაკეთო მათთვის, ვისგანაც ამას წინად შენიშვნასავით მივიღე, ეს სტატიები ქიმიაზე არ არისო; არც ასეთი ნაერთი თუ ელემენტი არსებობსო – მამათმზე; არც ის არის ქიმია, როგორ შეიგრძენი სადღაც ყავის სურნელიო… (დაახლოებით ასე გამოუვიდათ). ჰმ, თან ამ სიტყვების ავტორს არც ქიმიასთან აქვს საქმე და  თავს დავდებ, ერთი სტატიაც  არ წაუკითხავს ბოლომდე.

ეს ისე, ლირიკული გადახვევაა, თორემ, ვისთვისაც სტატიებია განკუთვნილი, მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის, ძალიან კარგად იციან მათი სტრუქტურაც  და სწორედ იმ საქმისთვის იყენებენ, რისთვისაც იწერება, ანუ ქიმიის პოპულარიზაციისთვის. დანარჩენებმა, გალაკტიონის არ იყოს.. „..როგორც გინდათ,

ეს ამბავი გაიგეთ…“

აი, ახლაც მთელი ეს ტექსტი მავანთათვის განმარტებაც არის და „კაუჭიც“.

აბა რაზე ვწერ?

ჩინეთის პირველი იმპერატორის ცოლმა სი ლინ შინმა ჩაის დალევა გადაწყვიტა და ბაღში განმარტოვდა. ჩაის ჭიქაში საიდანღაც აბრეშუმის ჭიის პარკი ჩავარდა. ამოღებას ცდილობდა და ძაფი შერჩა ხელში. როცა  მოქაჩა, უფრო მეტი ძაფი ამოვიდა. ეს იყო პირველი აბრეშუმის ძაფი ადამიანის ხელში. მას შემდეგ ჩვენ აბრეშუმით ვტკბებით.

 ქიმიური აგებულების მიხედვით, აბრეშუმს ცილოვანი შემადგენლობა აქვს. ავიღოთ პატარა ნაჭერი აბრეშუმი და დავწვათ. დამწვარი ცილის სუნს იგრძნობთ, ამ ცილას ფიბროინი ეწოდება. არც წყალში, არც ბენზინში, არც  სპირტსა და აცეტონში არ იხსნება. სამაგიეროდ ფიბროინი სპილენძის ამიაკურ ხსნარში შეგვიძლია გავხსნათ. სპილენძის ამიაკური ხსნარი შემდეგნაირად დავამზადოთ. შაბიამნის ხსნარს უმატებთ ნიშადურის სპირტს. ჯერ გამოიყოფა სპილენძის ჰიდროქსიდის ნალექი, რომელიც ჭარბი ამიაკის თანაობისას გაიხსნება და წარმოიქმნება კომპლექსური ნაერთი. თუ ამ ხსნარს დაუმატებთ ცოტა ნატრიუმის ტუტეს, ცოტა გლიცერინს, მივიღებთ სპილენძის ამიაკურ ხსნარს, რომელშიც უნდა გაიხსნას აბრეშუმი. ხელოვნური აბრეშუმი მასში ვერ გაიხსნება.

ხელოვნურ აბრეშუმზე პირველად ფიქრი რობერტ ჰუკმა დაიწყო. 1665 წელს იგი წერდა: „ხშირად ვფიქრობ, რომ შესაძლებელია გამოინახოს გზები ისეთი წებოვანი მასის მისაღებად, რომელიც აბრეშუმის ჭიის წებოვანი მასის მსგავსი იქნება. როცა ასეთი მასა გვექნება, მისგან ძაფის მიღებას იოლად მოვახერხებთ“. სამოცდაათი წლის შემდეგ ანალოგიური აზრი გამოთქვა ფრანგმა ფიზიკოსმა და ბიოლოგმა რეომიურმა.  მხოლოდ 1883 წელს ინგლისელმა სვენიმ პირველად მიიღო  ხელოვნური ძაფი. 1885 წელს ინგლისში სამრეწველო გამოფენაზე უჩვენეს ამ ძაფისგან დამზადებული ლოგინის გადასაფარებლები და ხელსახოცები. სვენის პირველი ნაშრომების გამოქვეყნების შემდეგ ფრანგმა გილიარმა და შარდონემ ჩამოაყალიბეს სააქციო საზოგადოება ამ მეთოდის სამრეწველო მასშტაბით დანერგვისთვის. 1891 წელს ბეზანსონში ამუშავდა მსოფლიოში პირველი ხელოვნური ბოჭკოს ქარხანა, რომელიც, ე.წ. ნიტროაბრეშუმს ამზადებდა.

ხელოვნური ბოჭკოს შესაქმნელად ცელულოზა აირჩიეს. საქმე ის იყო, რომ აბრეშუმის ჭიისგან მიღებულ ძაფში აღმოჩნდა ცელულოზაში მყოფი დიდი და პატარა მოლეკულების მსგავსი მოლეკულები, მაგრამ ისინი ნახშირბადის, ჟანგბადის და წყალბადის ატომების გარდა, აზოტის ატომებსაც შეიცავენ, ცელულოზის მოლეკულებში კი აზოტის ატომები არ იმყოფება. ამიტომაც, ცელულოზის აზოტმჟავით დამუშავება და ამ გზით მასში აზოტის ატომების შეტანა გადაწყვიტეს. გარდა ამისა, ასე ცელულოზა ხსნადი გახდებოდა. აზოტმჟავით დამუშავების შემდეგ, ცელულოზა მართლაც კარგად იხსნებოდა სპირტის და ეთერის ნარევში. ცელულოზასთან აზოტმჟავას ურთიერთქმედების დროს კონდენსაციის რეაქცია მიმდინარეობს, მჟავას თითოეულ მოლეკულაზე წყლის ერთი მოლეკულა გამოიყოფა და მიიღება ნიტროცელულოზა.  ეს რეაქცია შემდეგი ტოლობით გამოისახება:

C6H7O2(OH)3+2HNO3=C6H7O2OH(ONO2)2+2H2O

თუმცა სიროფისებური მასიდან ძაფის მიღება არ ხერხდებოდა. ცელულოზის მოლეკულები უწესრიგოდ ლაგდებოდნენ. საჭირო იყო ცელულოზის ხსნარი უწვრილეს ნახვრეტებში გაეტარებინათ, ასევე აუცილებელი იყო შესაბამისი დანადგარის გამოგონებაც.  მოგვიანებით ეს განახორციელა ფრანგმა ინჟინერმა შარდანემ და მას ხელოვნური ბოჭკოს მიღების ნიტრატული წესი უწოდეს.  ბოჭკოდან დამზადებულ ქსოვილს კი ნიტრატული აბრეშუმი, რომელიც ძალზედ პოპულარული გახდა, თუმცა მალევე გამჟღავნდა მისი ნაკლი – ადვილად აალებადობა.

მოგვიანებით ვისკოზური ბოჭკო გამოჩნდა. მის მისაღებად ნაძვის ხის ნარჩენებს, ნაფოტს, ნახერხს, კუნძებს აქუცმაცებენ, თორმეტი საათის განმავლობაში ხარშავენ 140 გრადუსზე კალციუმის ბისულფატის ხსნარში. ჩახარშულ მერქანს წყლით რეცხავენ  და გადააქვთ აპარატში, სადაც ქვიშა და სხვა მძიმე მინარევები შორდება, დარჩენილ მასას კალციუმის ან ნატრიუმის ჰიპოქლორიტით აუფერულებენ. გაუფერულებულ პროდუქტს მარილმჟავით ჩარეცხავენ და წყალს გადაავლებენ. სპეციალური დანადგარით დარჩენილ წყალს მოაშორებენ და მუყაოს განიერ ფურცლებად წნეხენ. სწორედ ასეთი სახით იგზავნება ხელოვნური აბრეშუმის ფაბრიკებში.

აქ მას ტუტით დაამუშავებენ, რის შედეგადაც ალკალი-ცელულოზა მიიღება. ამ პროდუქტისგან ტუტის გამოწურვის შემდეგ  ჭრიან, ბეგვავენ და გაფუებულ მასად აქცევენ. მისი მოცულობა იზრდება, ბოჭკოებს შორის სივრცე ჰაერით ივსება.  სწორედ ასეთი დაქუცმაცებული სახით ტოვებენ მოსამწიფებლად.  მომწიფების შემდეგი პროცესის დროს ალკალიცელულოზის მოლეკულები უერთდებიან გოგირდნახშირბადის მოლეკულებს, რომლებსაც ალკალიცელულოზა ხსნად მდგომარეობაში გადაჰყავს. გოგირდნახშირბადის და ალკალიცელულოზის ურთიერთქმედების შედეგად წარმოიქმნება ახალი ქიმიური ნაერთი ქსანტოგენატი. მისი ხსნარი წყალში ან სუსტ ტუტე ხსნარში ვისკოზის სახელწოდებას ატარებს („Viscosité“  ფრანგულად სიბლანტეს ნიშნავს).

თუმცა ეს ყველაფერი არ არის. მიღებულ ხსნარს კიდევ მრავალნაირად დაამუშავებენ, მოამწიფებენ, გოგირდმჟავას თანაობისას უწვრილეს მილაკებსა და ფილტრებში გაატარებენ. ეს უკანასკნელი მას ნატრიუმის და გოგირდნახშირბადის ნაწილაკებს ჩამოაშორებს და ხდება ცელულოზის აღდგენა. სუფთა ცელულოზა აბრეშუმის ძაფის სახით გამოიყოფა, რომელიც საბოლოოდ წყლით ჩაირეცხება ყველანაირი ნარჩენის მოსაცილებლად.

შემდეგ კი  ქსოვილები იქმნება, რომ პოეტმა თქვას:

„… შენ ხატაური აბრეშუმი დაგმშვენდებოდა…“-ო. (იოსებ ნონეშვილი)

ხატაური აბრეშუმი იქეთ იყოს და ფრაზა გამახსენდა  უოლტ უიტმანის ლექსიდან

„… მეგობარო, ეს არ არის წიგნი…“

მეგობარო, ეს მხოლოდ სამეცნიერო-პოპულარული სტატიაა. აქ ხელოვნური აბრეშუმის მიღების ქიმიურ გზებზე  დავწერე, ოღონდ სახალისოდ, პოპულარული ენით. „კაუჭად“ კი ის გამოვიყენე, რომ თქვენ ამ სტატიების არსი ვერ გაარკვიეთ… მაპატიეთ…

აუცილებლად წასაკითხი წიგნების შესახებ

0

ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ. არ არსებობს წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა გვქონდეს წაკითხული. არც ისეთი 100 წიგნი არსებობს, რომელიც სიკვდილამდე უნდა წავიკითხოთ. მეტსაც გეტყვით, 50 რჩეული წიგნი მოზარდებისთვის საერთოდ აბსურდია. შესაბამისად აუცილებლობის სიები, შედგენილნი ჯილდოების, თუ გაყიდვების რაოდენობის, თუ კრიტიკოსთა შეფასების, თუ სხვადასხვა მიზეზებით, მხოლოდ მარკეტინგული სატყუარაა და მეტი არაფერი. თუ თქვენ 15 წლის ხართ და ჯერაც არ წაგიკითხავთ „ტომ სოიერის თავგადასავალი“ (აქ ტვენომანები აღშფოთებით შესძახებენ: „ნწ.. ნწ.. უვიცი!“), სანაცვლოდ კი უკვე მოასწარით წაგეკითხათ ჯონ გრინის ყველა რომანი („ფუფ, მდარე ლიტერატურა“), თქვენ არაფერი დაგიშავებიათ, მეტიც, თქვენ გაგიმართლათ, რადგან ძალით არავინ წაგაკითხათ ესა თუ ის სავალდებულო ლიტერატურული ქმნილება. გაგიმართლათ, რომ არავინ დაგემუქრათ, თუ „მობი დიკის“ 10 გვერდს არ წაიკითხავ, ფეხბურთის სათამაშოდ არ გაგიშვებო. მოკლედ, თქვენ თავისუფალი არჩევნის უფლება გქონიათ, რას ირჩევთ – ეს თქვენი გადასაწყვეტია, თუმცა შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ძალიან გაგიმართლათ.

ხანდახან მეკითხებიან, რომელია ის აუცილებელი ლიტერატურა, რაც ამა და ამ ასაკში უნდა ჰქონდეს ბავშვს წაკითხულიო.. ანდა მოზარდსო.. დიდსო, ჩემხელა ადამიანსო.. გულწრფელად გიპასუხოთ? ხანდახან ვურჩევ ხოლმე: „იცით, 12 წლის ბავშვი უკვე გარდამავალ პერიოდშია.. რამე ისეთი შესთავაზეთ, არც ძალიან ბავშვური, არც ძალიან დიდური, აი, მაგალითად „ნარნიას ქრონიკები“, ან თუ კლასიკიდან ავიღებთ, ჯეიმზ ფენიმორ კუპერის რომანები თუნდაც“.. „რამდენის? 8-ის? რა გითხრათ, ალბათ ლინდგრენი საუკეთესო ვარიანტია.. მილნი, დალი, სენდაკი და სხვა მსგავსი ავტორებიც მისწრებაა“.. „ოო, ჰარი პოტერი უნიკალურია, კი, ყველა ასაკში შეიძლება.. ჰო, თქვენთვისაც, მერე რა.. არა, არ ვხუმრობ, მართლა ლამარა ბებია, თქვენთვისაც“.. და ა.შ. ჰო, ასე ვეუბნები ხოლმე, ვანაწილებ კარგი ექიმივით რეცეპტებს, ბოლოს ლამისაა ამბებიც გამოვიკითხო ხოლმე: „როგორაა თქვენი ბავშვი? წაიკითხა ნარნია? აბა? ახლა დიდი გოგოა უკვე“..

არადა, მე ხომ ვთაღლითობ. თვითონ არასოდეს წამიკითხავს ონორე დე ბალზაკი, ანდა გუსტავ ფლობერი.. ჰო, აი ის „მადამ ბოვარიც“ არ წამიკითხავს და მეტსაც გეტყვით, მგონი ჩემი საცოლე სადღაც გულის სიღრმეში დღემდე ვერ მიტანს იმის გამო, რომ უილიამ ფოლკნერის შემოქმედებას არც ისე სრულყოფილად ვიცნობ და მხოლოდ ერთი რომანი მაქვს წაკითხული. თუმცა სულ რომ არ წაგიხდეთ ჩემს ნაკითხობაზე შთაბეჭდილება, აქვე დავაყოლებ, რომ მთლად სტალინზე ლეგენდაში როგორცაა, იმდენი არა, მაგრამ საკმაოდ ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული ჩემი ჯერჯერობით ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე, რაიმე ნორმები თუ არსებობს, ალბათ, იმ ნორმებზე ბევრად მეტი.. და მთელი ამ გამოცდილების ფონზე, მხოლოდ ერთ დასკვნამდე მივედი: არ არსებობს წიგნი, რომელიც უნდა გვქონდეს წაკითხული. არ არსებობს წიგნი, რომლის წაკითხვითაც ვინმეზე მაღლა დავდგებით ან ვინმე დადგება ჩვენზე მაღლა. მკითხველობა ბუნებრივი მდგომარეობაა, ზედმეტი ძალდატანების გარეშე, ისევეა, როგორც გურმანობა, სპორტული ფანატობა, მელომანობა და ა.შ. წარმოიდგინეთ, კარგ გურმანს ვინმემ რომ დააძალოს, ადექი და ეს მწვადი ბოლომდე შეჭამეო.. ანდა დაემუქროს, 2 შამფურს თუ არ გამოცლი, ეზოში არ ჩაგიშვებო.. ჰო, წიგნიც ასეა, მხოლოდ მაშინ შეგერგება, როცა შენი ნებით ირჩევ, რა წაიკითხო და შენი ნებითვე საზღვრავ – დღეში რამდენი. ხანდახან 2 თვეც კი გადის ისე, რომ ახალ წიგნს ვერ ვეკარები, არ ვარ განწყობაზე, არ „მშია“. ასეთ დროს ჩემ მწერალ მეგობრებსაც კი ვიმტერებ ხოლმე, რომლებიც წასაკითხად თავის ახალ ნაწერს მიგზავნიან, მე კი ვეუბნები, რომ ახლა ვერ, სხვა დროს წავიკითხავ. მერე გაივლის ეს უძრაობის პერიოდი და ერთბაშაც ისე „მომშივდება“ ხოლმე, მივაძღები და შეიძლება რამდენიმე თვის განმავლობაში ყოველდღე, დღეში 1 წიგნსაც ვნთქავდე. ეს ჩემი მადაა ასეთი. ყველას თავისი მადა აქვს. ზოგს შემწვარი უყვარს, ზოგს მოხარშული, ზოგს მჟავე და ზოგს მწარე. სიმართლე გითხრათ, ერთი ხანობა კლასიკური ლიტერატურა ჩემთვის გამომხმარ, უგემურ პურთან და გაყინულ ცხიმმოთანთალე შესქელებულ წვნიანთან ასოცირდებოდა. ფანტასტიკა კი ნაკვერჩხალზე აგიზგიზებულ ცვრიან მწვადთან, ზედ მოსხმული მაშარაფითურთ. დრო ცვალებადია. ბოლო დროს კლასიკური რომანების კითხვა მომენატრა, თქვენ წარმოიდგინეთ ბალზაკიც კი გადმოვიღე თაროდან. სისუფთავის მოყვარული დედაჩემი რომ არა, ახლა მაგ წიგნს იმსისქე მტვერი ედებოდა, ერთი შეხედვით ჩათვლიდით ორტომეულიაო. თუმცა, ძალიან რომ არ ავცდე თემას, ბავშვებს დავუბრუნდები.

მოკლედ, კიდევ ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, ერთი კარგი გადაცემა მიმყავს, „წიგნების თარო“ და ძალიან ბევრ საინტერესო, კარგ მოზარდთან მიწევს შეხვედრა, გაცნობა, დამეგობრება. სულ ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი მივიღო მათგან, ისინი ხომ ასეთი სავსეები არიან ახლა, სავსეები ემოციებით, სურვილებით, ოცნებებით, იმედებით. მეც 10-11 წელს მოვიკლებ ხოლმე ერთი ხელის მოსმით და ვსაუბრობთ ათას რამეზე. ჰოდა, სანამ გადაცემა ეთერში გავიდოდა ასობით ასეთ ბავშვს გავესაუბრეთ მე და ტორესა მოსი, გადაცემის კიდევ ერთი სცენარისტი. გვინდოდა გაგვეგო, რა უყვართ, რას კითხულობენ. ფაქტობრივად პატარა კვლევა გამოგვივიდა, შესაბამისი სეგმენტით და თემატიკით. ჰოდა კარგ და სასიხარულო დასკვნებთან ერთად, რამდენიმე არასახარბიელო აზრიც გამოვიტანეთ ამ პროცესიდან. ხშირად ხდება ისე, რომ ბავშვებს ერთი რამის წაკითხვა უნდათ, მშობლები და უფროსები კი სხვას ავალებენ. ბავშვებს სხვა რამ მოსწონთ, უფროსები კი ჩასჩიჩინებენ ქიხია ეგო. ყველა უფროსს არ ეხება, ცხადია, თუმცა ისეთი შემთხვევებიც იყო 15 წლის ბავშვები გვეუბნებოდნენ, თანამედროვე ლიტერატურა, ზოგადად ფანტასტიკა და ფენტეზი, მით უფრო ჰარი პოტერი და მასეთი მდარე ხარისხის წიგნები არ გვიყვარს ჩვენ, ჩვენ უფრო ჰაგიოგრაფია და კლასიკაო.. საყვარელ ნაწარმოებებად „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ (შესანიშნავი ჰაგიოგრაფიული ძეგლია. ავტ. შენ.), ანდა ილია ჭავჭავაძის პოეზიაც (ძალზედ აქტუალური და ყოველთვის მწვავე. ისევ ავტ. შენ.) დაასახელეს, ამის თქმისას თან თვალს ვებკამერიდან მარჯვნივ აპარებდნენ, იქ, სადაც სავარაუდოდ მასწავლებელი ან რომელიმე უფროსი იდგა და კმაყოფილი უყურებდა 15 წლის სიცოცხლით სავსე ბავშვებს, რომელთა საყვარელ პერსონაჟადაც არა ჰერმიონ გრეინჯერი ან სირიუს ბლექი, არამედ გაბრიელ დაფანჩული (ფრიად დამსახურებული პიროვნება. ავტ. შენ.) ემეტება, ჰოდა ასეთ დროს, სტანისლავსკისა არ იყოს, არ მჯერა, მეგობრებო. მომიტევეთ და არ მჯერა. უფრო ნამდვილია ამ ასაკში ბავშვებს ქვიდიჩის თამაში და მეგობრებისთვის წრფელი სიყვარულით დახმარების სურვილი ჰქონდეთ, ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლის სურვილი ჰქონდეთ ჯადოსნური ჯოხებითა და ათასნაირი სასწაულებით, ვიდრე უდაბნოში ლტოლვა და მერჩულის ენით საუბარი. მავანმა შეურაცხყოფაში რომ არ ჩამომართვას, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებია და ამ შემთხვევაში მაგალითის როლს ატარებს და არა კრიტიკის ობიექტისას, მაგრამ ღრმად მწამს იმისი, რომ ბავშვებს, 5 წლისანი იქნებიან ისინი თუ 15-ის, კარგ მკითხველებად, წიგნების გურმანებად ყველაზე უკეთ თავისუფალი არჩევნის უფლება ჩამოაყალიბებს. მდგომარეობა, როცა წიგნებთან დაძალება და დიდაქტიკა კი არ ასოცირდება, არამედ სიამოვნება, თავისუფლება, კითხვისგან მიღებული შეუდარებელი სიხარული. ამ სიხარულის მიღება ჯონ გრინისგანაც შეიძლება, ბალზაკისგანაც, მერჩულისგანაც და როულინგისგანაც (ამ უკანასკნელისგან განსაკუთრებით. პოტერომანი ავტ. შენ.), მაგრამ ყველას თავისი დრო აქვს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვერავინ განსაზღვრავს, ვისთვის როდის ვისი დრო დგება. ვერავინ იტყვის, პატარაობაში ლინდგრენის დროა, შემდეგ კლასიკის დრო დგება, შემდეგ ამისი და ამისიო, რადგან ნებისმიერი მათგანის დრო მაშინ დგება, როცა გვსიამოვნებს მისი კითხვა, როცა ჩვენი ცხოვრებისეული განწყობა და მოთხოვნილებები ყველაზე მეტად უხდებიან ამა თუ იმ წიგნს. ჰო, ისიც შეიძლება 15 წლისას „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ უყვარდეს, დიახ, თავისუფლად შეიძლება, ოღონდ ძალდაუტანებლად, თავისი ნებით, თუ ასე მიიღებს, თუ იმ მომენტში ეს სჭირდება თავისივე სურვილებიდან გამომდინარე და არა მასწავლებლის, მშობლისა თუ რომელიმე ავტორიტეტული უფროსის ჩიჩინით.

ბარემ კიდევ ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ. ყველა წიგნი წასაკითხია და ამავე დროს, არც ერთი – აუცილებლად. ნუ იკითხავთ – რა უნდა წაიკითხოთ ამა და ამ ასაკში. უბრალოდ იკითხეთ ის, რაც გსურთ. წიგნი თავისუფლებაა, კითხვა კი – ბედნიერება.

ნინო ლომიძე-წერითი დავალება – რაობა, სახეები, მიზნები

0

საშინაო წერითი დავალების მიცემისას თანამედროვე მასწავლებელი გარკვეული დილემის წინაშე დგება. ინტერნეტში დღეს ნებისმიერ თემაზეა შესაძლებელი მზა მასალის მოძიება. მოსწავლეებიც, ხშირ შემთხვევაში, დავალების შესრულებისას მარტივ და სწრაფ ხერხს მიმართავენ.

საშინაო წერითი დავალების შესრულება სულ რამდენიმე წუთში და სულ რამდენიმე მარტივი „ოპერაციითაა“ შესაძლებელი. ინტერნეტის საძიებო სისტემა+ველში სწორი საძიებო სიტყვების შეყვანა+ინფორმაციის დაკოპირება+ინფორმაციის ჩასმა/გადაწერა დავალების რვეულში. დავალება – მზადაა. ჩაატარეთ მარტივი ექსპერიმენტი – აკრიფეთ თქვენივე  მიცემული დავალების შესაბამისი საკვანძო სიტყვები საძიებო სისტემაში და „დატკბით“ მზა შესრულებული დავალებების ხარისხით და რაოდენობით. ლექსის ან მხატვრული საპროგრამო ტექსტის მხატვრული ანალიზი, ჰაგიოგრაფიული ტექსტების პერიფრაზი-შინაარსი, „ვეფხისტყაოსნის“ პროზაული „ვერსია“…ეს ყველაფერი ხელის ერთ გაწვდენაზეა. ამ პირობებში მასწავლებელს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს, რომ საშინაო წერითი დავალების შესრულებისას სწორედ იმ მიზანს მივაღწიოთ, რაც ამ აქტივობას აქვს.

საშინაო დავალების მიზანი – იდეალი

საშინაო დავალება ჩვენი სასკოლო განათლების ორგანიზების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელია. იდეალურ შემთხვევაში, საშინაო დავალების შესრულებისას მოსწავლე განიმტკიცებს სკოლაში მიღებულ ცოდნას, ეჩვევა დამოუკიდებელ მუშაობას, მას უყალიბდება ისეთი მნიშვნელოვანი უნარები, როგორიცაა ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა, შრომისმოყვარეობა, წერითი მეტყველების უნარი, პასუხისმგელობის გრძნობა, აკურატულობა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რაზეც შესავალში ვისაუბრეთ –  რამდენად შეესაბამება ეს იდეალი პრაქტიკულ საქმიანობას? წერილში სწორედ საშინაო დავალების რაობაზე, სახეებზე და მიზნებზე ვისაუბრებთ.

რა არის საშინაო დავალება?

ზოგადად, პედაგოგიურ პრაქტიკაში დავალება შემეცნების, სწავლა-სწავლების პროცესის განუყოფელი ნაწილია. დავალება არის მოსწავლის მიერ აუცილებლად შესასრულებელი სამუშაო, სავალდებულო და საპასუხისმგებლო, დროში შეზღუდული და კონკრეტული მიზნების მისაღწევად შემუშავებული.

დავალება სხვადასხვაგვარია. მოცულობა, ფორმა, შინაარსი, სახეობა განისაზღვრება მასწავლებლის მიერ. საშინაო დავალების მიცემამდე წინასწარ უნდა იყოს შემუშავებული ჩაბარებული დავალების შემოწმების(გასწორების) კრიტერიუმები, რომლებსაც მოსწავლეებს დავალების მიცემის დროს დეტალურად გავაცნობთ.

საშინაო დავალების შესრულებისას ზემოთ ჩამოთვლილი მიზნების მიღწევა იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მასწავლებელი დავალების რაოდენობას, ინტენსივობას, ინსტრუქტაჟს და აგრეთვე დავალების შემოწმების მექანიზმებს სწორად შეარჩევს.

თვითდავალება – დავალების მიცემამდე:

საშინაო დავალების მოფიქრებისას სასურველია დავსვათ კითხვები, რომლებიც განსაზღვრავს დავალების არსს და მიზანს. ასე უკეთ შევძლებთ როგორც შესამოწმებელი მეთოდის შერჩევას, ისე კონკრეტული მიზნების მიხედვით ინსტრუქტაჟის შედგენას.

ზოგადი კითხვა ასეთია – რას ემსახურება მოსწავლეებისთვის განკუთვნილი სამუშაო?

სავარაუდო პასუხები:

  • ფაქტებისა და ტერმინების დამახსოვრებას
  • სიტუაციის, ამოცანის, პრობლემის გაანალიზებას
  • ძირითადი იდეების გაგებას
  • შეფასებების გაკეთებას ან მოსაზრებების გამოთქმას
  • პრობლემის გადასაჭრელად ინფორმაციის გამოყენებას
  • ახალი რაღაცის შექმნას ან ფორმირებას

დავალების შემოწმების ფორმები

საშინაო წერითი დავალების შემოწმების რამდენიმე ფორმა არსებობს. მრავალფეროვნებისთვის, სასურველია, მასწავლებელმა ხშირად ცვალოს გამოკითხვა/შემოწმების პროცესში მეთოდი და დავალების სპეციფიკის გათვალისწინებით, შეარჩიოს ერთ-ერთი ან რამდენიმე:

  • ზეპირი ინდივიდუალური ან ფრონტალური გამოკითხვა

 ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და მიღებული პრაქტიკაა.  მასწავლებელი გაკვეთილს იწყებს ერთი მოსწავლის გამოძახება-გამოკითხვით ან ფრონტალური გამოკითხვით. მეთოდი, ძირითადად, ფაქტობრივი და შინაარსობრივი მასალის გახსენება-გააქტიურების მიზნით გამოიყენება. ეთმობა მცირე დრო და აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები.

დადებითი:მცირე დროში შესაძლებელია საკვანძო დებულებების, მნიშვნელოვანი საკითხების გადამეორება, აქტიურობა/ჩართულობაზე დაკვირვებით  მასწავლებელი განსაზღვრავს, რამდენ მოსწავლეს აქვს ათვისებული მასალა.

უარყოფითი: ძირითადად ჩართულია მოსწავლეთა ის ნაწილი, რომელიც აქტიურობით გამოირჩევა, მოსწავლე, რომელსაც არ ან ვერ აქვს მომზადებული დავალება, იოლად გავა ფონს. ამისგან თავის დასაზღვევად მნიშვნელოვანია გამოვკითხოთ არა მხოლოდ ის მოსწავლეები, რომლებიც თავად გამოიჩენენ ინიციატივას, არამედ თავად შევარჩიოთ მოსწავლეები და პირადად მივმართოთ მათ.

  • შესწორება ნიმუშის მიხედვი

მასწავლებელი დაფაზე წერს დავალების სწორ პასუხებს/ამზადებს სამუშაო ფურცლებს, სადაც სწორი პასუხებია თავმოყრილი, მოსწავლეები თავად გადახედავენ შესრულებულ დავალებას, ჩაასწორებენ შეცდომებს ისე, რომ მასწავლებლისთვისაც თვალნათელი იყოს, სად იყო დაშვებული შეცდომა, აკეთებენ ანალიტიკურ კომენტარს, სადაც მიმოიხილავენ შესრულებული დავალების ხარისხს. შესაძლებელია შევთავაზოთ ცხრილის შევსებაც. ორ ნაწილად გაყოფილ ფურცელზე მოსწავლე წერს- სწორი მეგონა / ახლა ვიცი, რომ და ავსებს ცხრილს მიღებული სწორი პასუხების გაცნობის შემდეგ.

  • თვითშეფასება

მეთოდი განსაკუთრებით კარგია შემაჯამებელი სამუშაოს შესრულების ან საკლასო წერითი დავალების დასრულების შემდეგ. მოსწავლე თავად აფასებს საკუთარ ნაშრომს. ცდილობს, აღმოაჩინოს შეცდომა, რომელიც მუშაობის პროცესში გაეპარა. თვითშეფასების პროცესში მას უფლება უნდა მივცეთ, მასწავლებელთან ან სახელმძღვანელოში  გადაამოწმოს პასუხები, მონიშნოს შეცდომები. ასეთ შემთხვევაში შემაჯამებელ სამუშაოს ან საკლასო წერით დავალებას მხოლოდ შესამოწმებელი კი არა, შემეცნებითი ფუნქციაც ენიჭება.

  • წერილობით შესრულებული დავალების გაცნობა-შესწორება-კომენტირება

მასწავლებელი აკეთებს განმავითარებელ ვრცელ კომენტარს შესრულებული დავალების ხარისხზე რვეულშივე. კომენტარი არ შემოიფარგლება ერთსიტყვიანი შეფასებით ( ყოჩაღ ან კარგია…), არამედ იწერება დეტალური მიმოხილვა. აუცილებელია ე.წ. სენდვიჩის მეთოდის გამოყენება. უნდა აღინიშნოს როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური – რა მოგეწონათ, რა იყო კარგი, სად არის ფაქტობრივი/შინაარსობრივი შეცდომა, სად არის არასწორად გააზრებული საკითხი და ა.შ. შედეგის მისაღწევად მოსწავლეს ვთხოვთ, მითითებების გათვალისწინებით ხელახლა შეასრულოს სამუშაო. ვაკვირდებით, რამდენად აქვს გათვალისწინებული რჩევები.

  • მოსწავლეები წყვილდებიან და თავად ასწორებენ ერთმანეთის დავალებას ნიმუშის მიხედვით.

ამ მეთოდს განსაკუთრებით დიდი ხალისით ეკიდებიან თავად მოსწავლეები. მათი ამოცანაა, ყურადღებით გაეცნონ მეწყვილის ნაშრომს, აღმოაჩინონ სხვადასხვა ტიპის შეცდომები, შეასწორონ, დაწერონ კომენტარი, სადაც მიმოხილული იქნება სწორი ვარიანტი. მოსწავლეები, ფაქტობრივად, მცირე ხნით მასწავლებლის ფუნქციას „ითავსებენ“, თავადაც სწავლობენ(იმტკიცებენ ცოდნას) და მეგობარსაც ეხმარებიან.

იმის მიუხედავად, თუ რომელ ფორმას ირჩევს პედაგოგი, მნიშვნელოვანია მთავარი ფაქტორის გათვალისწინება – დავალების შემოწმებას არ აქვს ოდენ მაკონტროლებელი ფუნქცია, ეს პროცესი საკუთრივ უნდა იყოს შემეცნებისა და სააზროვნო-კოგნიტური უნარების გააქტიურებისკენ მიმართული.

 

 

ირინე ნადირაშვილი- როგორ შევქმნათ პოსტერი

0

პოსტერის შექმნა  დღეს განსაკუთრებით აქტუალური პრობლემაა მასწავლებლისთვის.

ძალიან ხშირად მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარების მიზნით იმართება მნიშვნელოვანი კონფერენციები, კონკურსები და სხვა ღონისძიებები, რომლებიც მასწავლებელს ხელს უწყობს კრედიტქულების დაგროვებაში. ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების ერთ-ერთი პირობა პოსტერის მომზადებაა.

რა არის პოსტერი?

– ზოგადად პოსტერი პოლიგრაფიული პროდუქტია, რომელიც გამოიყენება პროდუქციის რეკლამირებისთვის და შეიცავს როგორც ტექსტურ, ასევე გრაფიკულ გამოსახულებას. პოსტერების ზომას კედლის ზომის შესაბამისად არჩევენ. შეიძლება იყოს ვერტიკალური ან ჰორიზონტალური ფორმატი.

 პოსტერის მიზანია საზოგადოების ინფორმირება. ასევე ერთ-ერთი პოპულარული ფორმაა საგანმანათლებლო მიზნით მომზადებული საკონფერენციო თემის (მაგალითად, განხორციელებული პროექტის, კვლევის, გამოყენებული ეფექტური მეთოდის) პრეზენტაციისთვის. პოსტერი უნდა იყოს მესიჯი აუდიტორიისთვის (რისი თქმაც უნდა ავტორს).

ასევე მასწავლებელს შეუძლია პოსტერის, როგორც რესურსის გამოყენება სასწავლო პროცესში, რომელიც ხელს შეუწყობს, გააუმჯობესებს და ეფექტურს გახდის სასწავლო პროცესს.

პოსტერის შექმნა მოსწავლეებსაც შეუძლიათ. რომელიმე თემის შესწავლის შემდეგ  შესაძლებელია მოსწავლეებს მივცეთ დავალება შექმნან პოსტერი. რომელიც მათ ინფორმაციის დახარისხების, მნიშვნელოვანი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის გარჩევის, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების, შეჯამების, დასკვნის გამოტანის უნარებს განუვითარებს.

პოსტერის საშუალებით მოსწავლეებს ჩატარებული პროექტის წარდგენაც შეუძლიათ.

პოსტერის შექმნისათვის არსებობს ზოგადი რეკომენდაციები: 

  1. უნდა ეხებოდეს ერთ თემას;
  2. მასზე ასახული უნდა იყოს პრობლემა-გადაჭრის გზა, მიღწეული შედეგები, დასკვნა და რეკომენდაციები;
  3. მნიშვნელოვანია ორგანიზებულობა – უნდა იკითხებოდეს მიმდევრობით (არა ქაოსურად);
  4. სასურველია გრაფიკებისა და დიაგრამების გამოყენება;
  5. მასზე განთავსებული უნდა იყოს დიდი ზომის ფოტოები, რომელიც ჰყვება ამბავს. ერთ პოსტერზე დაახლოებით 5 ფოტო ( მაღალი ხარისხის);
  6. ის არ უნდა იყოს გადატვირთული ტექსტით, დატანილი უნდა იყოს მნიშვნელოვანი და საკვანძო საკითხები (გამოიყენეთ მარკირება და ნუმერაცია);
  7. სასურველია მასზე მხოლოდ ორი-სამი ფერი იყოს გამოყენებული;
  8. სათაური უნდა იყოს საინტერესო, სათაურის ქვეშ აუცილებელია ავტორის მითითება, სათაურის ზოლში – ლოგოს ჩასმა;
  9. შრიფტის ზომები: სათაური – შრიფტი – 85; ავტორი – შრიფტი – 56; ქვესათაური – 36; ტექსტი – 24; სურათის ქვეშ – 18;
  10. შესაძლებელია პოსტერის ზომის შერჩევა. (ხშირად იყენებენ ფლიფჩარტის ზომის პოსტერებს-А2).

pos1

სტენდური პრეზენტაცია პოსტერის ფორმატით საშუალებას იძლევა, რაც შეიძლება მეტმა დაინტერესებულმა ადამიანმა გაიგოს თქვენი მოსაზრებები და ჩაერთონ დისკუსიაში. პოსტერის პრეზენტაციის დროს ეფექტურია დასარიგებელი მასალის მომზადება, მაგალითად, ბუკლეტების  ან დისკების  სახით.

  • პოსტერის მომზადება შეიძლება power-point -ში;
  • FILE მენიუ;
  • შემდეგ-New;
  • საძიებო ველში ჩაწერეთ-poster. იხილეთ მზა პოსტერის შაბლონები. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი;
  • მომზადებულ პოსტერს ინახავენ სურათის სახით, შესაძლებელია მისი დაბეჭდვა.

გამოცდილების გაზიარების მიზნით წარმოგიდგენთ ჩემ მიერ შექმნილ პოსტერებს, რომლის საშუალებითაც გაგიზიარებთ ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის მაგალითებს.

pos2

პოსტერი გამოცდილების გაზიარებისა და საზოგადოების ინფორმირების შესანიშნავი საშუალებაა.

გამოყენებული ლიტერატურა:

https://hsp.berkeley.edu/sites/default/files/ScientificPosters.pdf               

https://www.irides.ge/?23/121/%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/

https://www2.kenes.com/epa/sci/Pages/E-PosterInstruction.aspx

https://thinkcognitive.org/ru/blog/kak-sdelat-horoshij-poster#.VqSnmPkrLIV

ირინე ნადირაშვილი

ქ.საგარეჯოს № 2 საჯარო სკოლა

ირმა კახურაშვილი-წრეზე სიარული 

0

ნარკოლოგები განგაშს ტეხენ – საქართველოში სააფთიაქო ნარკომომხმარებელთა ასაკი 14 წლიდან იწყება. ექიმთა განცხადებით, ნარკოკლინიკებში სულ უფრო ხშირად მოჰყავთ მოზარდები და ახალგაზრდები, „ცხელ ხაზზე“ კი მათი ჯანმრთელობით შეწუხებული მშობლების ზარები არ წყდება. მიუხედავად 2014 წლის იანვარში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებისა, რომლის თანახმად არასრულწლოვნებზე I-II ჯგუფის სამედიცინო პრეპარატების გაცემა აიკრძალა, ახალგაზრდები ნარკოტიკული თრობის მისაღწევად ფსიქოაქტიურ ფარმაცევტულ პროდუქტს მაინც ყიდულობენ და არათერაპიული დოზებით მოიხმარენ.

ქართულ სინამდვილეში სააფთიაქო ნარკომანიის ისტორია სულ რამდენიმე წელიწადს ითვლის („სააფთიაქო ნარკომანიის“ განმარტება: „ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველ სამედიცინო პრეპარატებზე ქიმიური დამოკიდებულება“). დამოკიდებული შეიძლება გახდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი, რომელიც თრობის მიზნით სისტემურად მოიხმარს საძილე, დამამშვიდებელ, კრუნჩხვის ან ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატს, რაც გარკვეულ დროში მასზე დამოკიდებულებას აყალიბებს. ნარკოლოგები აზუსტებენ, რომ საქართველოში სააფთიაქო ნარკომანიის მახეში ყველაზე ხშირად 14 წლის ასაკიდან ებმებიან. ამის კი აღნიშნული პრეპარატების დაბალი ფასი და მათზე ხელმისაწვდომობა განაპირობებს.

სააფთიაქო ნარკომანია საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვან გამოწვევად რამდენიმე წლის წინ აღიარა და ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯების გადადგმაც სცადა. თუმცა დრომ აჩვენა, რომ ნარკომოხმარების მანკიერი წრე კი არ გაირღვა, უფრო შემჭიდროვდა. დღეს ადგილობრივი ექსპერტები და საერთაშორისო დამკვირვებლები სააფთიაქო ნარკომანიის მასობრივი გავრცელების ერთ-ერთ მიზეზად ზედმეტად მკაცრ ნარკოპოლიტიკას ასახელებენ. საქმე ისაა, რომ ნარკოკანონმდებლობის გამკაცრების შედეგად, საქართველოში შეწყდა, ე.წ. „კლასიკური“ ნარკოტიკების შემოტანა, რამაც თავის მხრივ დასაბამი მისცა კუსტარული ნარკომანიის ერას. „ნიანგის“ და „ვინტის“ ეპიდემიის პერიოდში კოდეინის, ეფედრინისა თუ ფსევდოეფედრინის შემცველი სამკურნალო პრეპარატების შეძენა თავისუფლად შეიძლებოდა აფთიაქებში. ასე რომ, ჩვენი მოზარდებისა და ახალგაზრდების უმეტესობამ პირველი ნარკოგამოცდილება ჯანმრთელობისთვის ყველაზე საშიში – კუსტარული ნარკოტიკებით მიიღო.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ნარკოტიკებზე მოთხოვნის შემცირების ინსტიტუციური მექანიზმების განვითარება ქვეყნისთვის გადაუდებელი ამოცანა უნდა იყოს და სახელმწიფომ ნარკომანიის პრევენციის პროგრამები სკოლაშივე უნდა დანერგოს. ორგანიზაცია „ალტერნატივა ჯორჯიის“ ერთ-ერთ ანგარიშში („ნარკოვითარება საქართველოში“) მითითებულია, რომ „საქართველოში არ არსებობს ინსტიტუციური მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფდა უნივერსალური/ზოგადი პრევენციის მტკიცებულებაზე დაფუძნებული პროგრამების საჯარო სკოლებში დანერგვას. პრევენციული ღონისძიებები დღესდღეობით მხოლოდ კამპანიებით შემოფარგლება, რომელთა დაგეგმვა და შეფასება არ ხდება პრევენციული მეცნიერების ევროპული სტანდარტების შესაბამისად“.

სააფთიაქო ნარკომანიის დასაძლევად საქართველოს ჯანდაცვის და შს სამინისტროებმა 2014 წელს გაამკაცრეს პასუხისმგებლობა კოდეინის, ეფედრინის, ნორეფედრინისა და ფსევდოეფედრინის შემცველი კომბინირებული სამკურნალო პრეპარატების ურეცეპტოდ გაცემასთან დაკავშირებით, მაგრამ საერთო სურათი დიდად არ  შეცვლილა. აფთიაქების ინსპექტირების 2015 წლის სექტემბრის მონაცემებითაც, პრაქტიკულად ყოველი მეორე ფსიქოტროპული აფთიაქი ჯარიმდება ან იხურება, რადგან არღვევს კანონს. ასევე, მედიის მიერ ჩატარებული არაერთი ექსპერიმენტი ცხადყოფს, რომ ფარმაცევტული კანონმდებლობისა და სანებართვო პირობების წინააღმდეგ ფსიქოტროპული აფთიაქებიდან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტები კვლავ ურეცეპტოდ იყიდება. მაგალითად, ასეთია გამაპენტინის ჯგუფის პრეპარატები, საძილე აბები და სხვ.

„მართალია, ფსიქოტროპულ აფთიაქებში ეშინიათ 18 წლამდე ასაკის პირებისთვის წამლის მიყიდვა, მაგრამ მოზარდებს უფროსი თაობის მეგობრები ეხმარებიან და ეს პრობლემაც თავისუფლად იჭრება. მოზარდები ფულს კრებენ და წამლებს ისე ყიდულობენ. ბიჭებთან ერთად ბევრი გოგოც მოიხმარს. მე არ ვსაუბრობ კლუბურ ნარკომანიაზე, რომელიც ცალკე თემაა. არსებული ნარკოპოლიტიკის გამოცდილება მხოლოდ იმას გვიჩვენებს, რომ საქართველოში ნარკოტიკების ხარისხი იცვლება და არა მომხმარებელთა რიცხვი. ამ ეტაპზე მოზარდებისა და ახალგაზრდების უმეტესობა ჰალუცინაციების გამომწვევ პრეპარატებს ეძალება. თრობის მერე ისინი აპათიურები ან ნაკლებად ადეკვატურები ხდებიან და თუ ამ წამლებს ალკოჰოლიც მიამატეს, აგრესიულები.

რა არის საჭირო სააფთიაქო ნარკომანიის მასშტაბების შესამცირებლად?.. რამდენიმე ხნის წინ ხელისუფლებამ პრეპარატი „ლირიკა“, საქართველოდან გააქრო. ამიტომ ყველაფერი ხელისუფლების ნებაზეა დამოკიდებული. საზოგადოდ, შესაცვლელია დამოკიდებული ადამიანის მიმართ მიდგომა“, – მიაჩნია GeNPUD-ის წარმომადგენელ თემო ხატიაშვილს.

ამჟამად თბილისში ხუთ ათეულამდე ფსიქოტროპული აფთიაქია, რამდენიმე მარნეულშიცაა. არსებული კანონმდებლობით, სამართალდამრღვევი აფთიაქი პირველ ჯერზე 6 ათასი ლარით, მეორეზე – 12 ათასი ლარით ჯარიმდება, მესამე დარღვევის შემთხვევაში კი უქმდება. „პრობლემა ის გახლავთ, რომ აფთიაქების მეპატრონეებს ნაკლებად აღელვებთ მყიდველის ასაკი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუ აფთიაქი დაჯარიმდა და დაიხურა, ცოტა ხანში მისი მეპატრონე სხვა უბანში, სხვის სახელზე დაარეგისტრირებს. ფსიქოტროპული აფთიაქების მოგება ყოველდღიურად რამდენიმე ათას ლარს აღწევს. ამიტომ ჯარიმის გადახდა არავის აშინებს. მინახავს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებებს ახალგაზრდები დიდი რაოდენობით როგორ იძენენ, აფთიაქიდან გამოსულებს კი პოლიცია აკავებს და ნარკოტესტირებაზე გადაჰყავს. აფთიაქი მშვიდად აგრძელებს თავის საქმიანობას, დაკავებულს კი, რომელმაც საკუთარი უფლებების შესახებ არაფერი იცის, ჯარიმა და ციხე ელის“, – გვიყვება კიდევ ერთი სოციალური მუშაკი გიორგი მჭედლიშვილი. მის მიერ შევსებულ ყოველდღიურ ანგარიშებში კარგად ჩანს ახალგაზრდების მიერ მოხმარებულ პრეპარატთა ვრცელი ჩამონათვალი, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში არ იცვლება.

გიორგის თქმით, ნებისმიერი დამოკიდებულების მქონე ადამიანები მკურნალობა-რეაბილიტაციას საჭიროებენ, რეპრესიული ნარკოპოლიტიკა კი სასწრაფოდ გადასახედია, რადგან  ნარკომანია, უპირველეს ყოვლისა, ჯანდაცვის პრობლემაა. ჯანდაცვის საკითხები სახელმწიფოსთვის კი უფრო პრიორიტეტული უნდა იყოს, ვიდრე დაავადებული ადამიანების დასჯა და იზოლაცია.

ნარკოსფეროში მოღვაწე ზოგიერთი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ფსიქოტროპულ აფთიაქების რაოდენობაზე გარკვეული ზღვარი უნდა დაწესდეს. მსგავსი რეგულაცია უცხოეთშიც არსებობს, ანდა ფსიქოტროპული აფთიაქებისთვის ნებართვა ძალიან მკაცრი პირობების საფუძველზე გაიცემა.

ცნობილია, რომ საძილე, დამამშვიდებელი, კრუნჩხვისა და ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებების ავადგამომყენებელთა შორის სიკვდილიანობა დაახლოებით სამჯერ მეტია, ვიდრე ჯანმრთელ პოპულაციაში. თუ რა ზიანი შეიძლება მიიღოს ადამიანმა სააფთიაქო ნარკომანიის შედეგად, ამ კითხვით ნარკოლოგ თათა ასათიანს მივმართეთ. მან დაგვიდასტურა, რომ სააფთიაქო პრეპარატების მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით შეიძლება, რადგან ზემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებში შედის ფსიქოაქტიური ნივთიერებები, რომლებიც გავლენას ახდენენ და აზიანებენ როგორც ფსიქიკას, ისე მთელ ორგანოთა სისტემას.

ბოლო პერიოდში ხშირად მსმენია, რომ მშობლები უჩივიან შვილების ხშირ შფოთვებს, მოუსვენრობას, შეკრთომებს, უნებლიე მოძრაობებს, კანკალს, ორიენტაციის დარღვევას, ჰალუცინაციებს, რაც, როგორც ჩანს, სააფთიაქო ნარკომანიის შედეგია… 

– გაბაპენტინისა და ბაკლოფენის შემცველი პრეპარატები, ასევე, საძილე საშუალებები, ცვლიან ადამიანის ქცევას. იწვევენ ძლიერ, გადაულახავ ლტოლვას. გაბრუებასთან ერთად, ფსიქო-მოტორული აღგზნების ხარჯზე, ნებისმიერი ასაკის ადამიანი აგრესიული ხდება. ჩვენ სულ უფრო ხშირად გვიკავშირდებიან სააფთიაქო ნარკომანიის შედეგებით გამწარებული ოჯახის წევრები, რათა მათ შვილებსა და შვილიშვილებს დავეხმაროთ. 14-15-16 წლის ახალგაზრდები ინტენსიურად მოიხმარენ გარკვეული ჯგუფის პრეპარატებს, რის გამო ისინი აგრესიულები ხდებიან ჯერ საკუთარ ოჯახის წევრთა, შემდეგ კი სხვა გარშემომყოფთა მიმართ.

მთელი უბედურება ის არის, რომ ამ პრეპარატებზე დამოკიდებულება ძალიან სწრაფად ყალიბდება. მიუხედავად იმისა, რომ წამლების ეიფორიის ეფექტი ხანგრძლივი არ არის, მათი რეგულარული მოხმარებისას, მაინც ვითარდება ფსიქოლოგიური და ფიზიკური დამოკიდებულება. მომხმარებელი იძულებულია სწრაფად აწიოს  პრეპარატებს დოზა. დიდი დოზა კი განაპირობებს აგრესიულ ქცევას, დეპრესიას, ფსიქოზურ მდგომარეობას.

ბოლო სამი თვის განმავლობაში სტაციონარიზებულ წამალდამოკიდებულ პაციენტთა 50 პროცენტი სააფთიაქო ნარკომანიის შედეგად მოხვდა კლინიკაში. უმეტესობა ახალგაზრდაა.

იმის გამო, რომ ამ პრეპარატებს აქვთ მცირე ეიფორიის გამომწვევი ეფექტი, ადამიანებს უჩნდებათ მოთხოვნილება სხვადასხვა აქტიურ ნივთიერებებთან კომბინაციაში მიიღონ. რამდენად საშიშია ეს?

განსაკუთრებით საშიშია ალკოჰოლთან ერთად. მაშინ დაავადება კიდევ უფრო ავთვიასებიანად მიმდინარეობს. აგრესია ძლიერდება. ხშირია სუნთქვის დათრგუნვა, კომატოზური მდგომარეობა და, სამწუხაროდ, ლეტალური შედეგი.

რაც მთავარია, ძალიან სწრაფად მიმდინარეობს დაავადების პროგრესირება, მძიმე ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევაშიც კი არ ხდება ადამიანის ასეთი სწრაფი დეგრადაცია. საკმარისია რამდენიმე თვე და მომხმარებელი ასოციალურია, მას მხოლოდ ერთადერთი ინტერესი აქვს – მოიპოვოს და მიიღოს პრეპარატი. მოზარდებში ხშირია უკრიტიკობა საკუთარი დაავადების მიმართ, მკურნალობის მოტივაციაც დაბალი აქვთ. შესაბამისად, კლინიკებში უკვე საკმაოდ დამძიმებულები შემოდიან.

რაც უფრო მცირე ასაკიდან იწყება სხვადასხვა ნივთიერებებზე დამოკიდებულება, მით უფრო მძიმეა დაავადების მიმდინარეობა და გართულებები. იმავეს ვიტყოდი ალკოჰოლზეც, როდესაც ალკოჰოლზე დამოკიდებულება მოზარდი ასაკიდან ყალიბდება. დაზიანების გარეშე არ რჩება ორგანოთა არცერთი სისტემა, მათ შორის რეპროდუქციული. განსაკუთრებით ბაკლოფენის შემცველი პრეპარატები ხანმოკლე დროში იწვევენ პოტენციის დაქვეითებას, რაც აღდგენადია, მაგრამ მთავარი პირობაა ამ პრეპარატების მიღების შეწყვეტა და მკურნალობა. საქმეს ის ართულებს, რომ სააფთიაქო ნარკომანიაზე დამოკიდებულ ადამიანს ნაკლებად აქვს მკურნალობისა და გამოფხიზლების სურვილი.

– რა არის სააფთიაქო ნარკომანიის ასეთი მასშტაბების მიზეზი? 

– ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს პრეპარატები ხელმისაწვდომია, გაიცემა უკონტროლოდ, მოზარდებზე – შეზღუდვის გარეშე. ბევრჯერ შევსწრებივარ ფაქტს, როდესაც აფთიაქის გამყიდველი თვითონ „ურჩევს“ კომბინაციებს მომხმარებელს რასთან ერთად რა წამალი იყიდოს და დალიოს. ეს დაუშვებელია!

რაც შეეხება მთავარ მიზეზს: ამ მიმართულებით საზოგადოების ინფორმირებულობა ნულის ტოლია. ის პაციენტებიც კი, რომლებსაც ჩამოყალიბებული დამოკიდებულება აქვთ და კლინიკაში დადიან, არ იციან, რას იწვევს ეს პრეპარატები, რასთან აქვთ საქმე. მით უფრო არაფერი იციან მოზარდებმა. ისინი გარკვეულ ინფორმაციას სხვა მოზარდებისგან იღებენ, მაგრამ მისი მოწოდება არასწორად ხდება. ერთი და იგივე ნივთიერება სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს, ერთს შეიძლება არაფერი დაემართოს, მეორესთვის კი სასიკვდილო აღმოჩნდეს.

პირადად, გამოსავალს ნარკომოხმარების პირველად პრევენციაში და პროფილაქტიკაში ვხედავ. საქართველოში ამ მიმართულებით წლებია არაფერი იცვლება, არავინ მუშაობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის. ნარკოტიკების მოხმარებამ რომ იკლოს, ამ თემაზე სკოლაში, მცირე ასაკის ბავშვებთანაა საჭირო  მუშაობა. ამ ასაკში ბავშვისთვის მასწავლებელი და მშობელი მყარი ავტორიტეტია. მოზარდობაში, გარდატეხის პერიოდში, მოსწავლეს აღარ აქვს მზაობა მიიღოს უფროსების რჩევა-დარიგება, რადგან მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროტესტის გრძნობა ხდება.

ლელა კოტორაშვილი- საშინაო დავალების ემოციური მხარე

0

„საშინაო დავალება“ – ეს ის სიტყვათა შეხამებაა, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ძალიან კარგად იცნობს. სკოლის ცხოვრება ამ სიტყვების გარეშე წარმოუდგენელია. ბევრი დაწერილა საშინაო დავალების მოცულობაზე, მშობლის ჩართულობაზე, მიზნებსა და  შესრულების წესებზე. მე კი  ერთმა პატარა მოვლენამ საშინაო დავალების ემოციურ მხარეზე დამაფიქრა.

ერთხელ სტუმრად აღმოვჩნდი ჩემს მოსწავლეებთან. სოფელში, სადაც ვცხოვრობთ, ჩემი გოგონას ტოლი ბავშვები არ არიან. თეკლაც თავისზე უფროსებთან მეგობრობს. ერთ-ერთ შაბათ დღეს მარიამს და ანის ვესტუმრეთ. სანამ ბავშვები თამაშობდნენ, გოგონების დედასთან, ნინოსთან, ვსაუბრობდი. ნინო ყურადღებიანი დედაა. ათას საოჯახო საქმესთან ერთად არასდროს აკლდება სასკოლო აქტივობებს. ნინოს უფროსი გოგო, ათი წლის მარიამი, წერისას ხშირად ტოვებს ასოებს. ნინო ობიექტურად უყურებს საკუთარი შვილების პრობლემებს და ბევრი შეკითხვაც დამისვა. ვუსმენდი მას და ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ დავალებებს ვაძლევ მარიამს, რამდენად ვფიქრობ სასწავლო პროცესის ამ კომპონენტზე და მივხვდი, რომ „საშინაო დავალება“ ჩემთვის გაკვეთილის ერთ-ერთი რუტინული ქმედება იყო – აუცილებლობად ქცეული და უნდა ვაღიარო, რომ მასზე ბევრს არ ვფიქრობდი. ვუყურებდი ყოველდღიურობისგან დაღლილ დედას, დიდი გულისხმიერებით რომ ადევნებდა თვალს შვილების სასკოლო ცხოვრებას და სწორედ მაშინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ მეტი მემუშავა ამ მხრივ საკუთარ თავზე. სკოლა და ოჯახი  ის ადგილებია, სადაც ბავშვები ყველაზე დიდ დროს ატარებენ. ის კი, რაც ყველაზე მეტად აკავშირებს მასწავლებელსა და მშობელს ერთმანეთთან, საშინაო დავალებაა. ამ დღის მერე სრულიად შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება საშინაო დავალებისადმი და ეს ცვლილებები ყველაზე მეტად მოსწავლეებზე აისახა. გაკვეთილები უფრო სახალისო გახდა და მოსწავლეებს ინტერესიც გაუღვივდათ.

ჩემს თავს დავუწესე რამდენიმე წესი:

  1. არასდროს დამავიწყდეს, რას მივცემ საშინაო დავალებად – მან უნდა დამაკავშიროს წინა გაკვეთილთან;
  2. წინასწარ ვიფიქრო მასზე;
  3. მისი შესწორებისას გავითვალისწინო თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობები;
  4. არ დავივიწყო უკუკავშირი;
  5. მივაჩვიო ბავშვები, რომ საშინაო დავალება შეასრულონ დამოუკიდებლად.

12674736_1112792458732795_1932404235_o

მასწავლებლისთვის, რომელიც კარგად იცნობს თავის მოსწავლეებს, არ იქნება ძნელი გამოსაცნობი, რამდენად დამოუკიდებლად შეასრულა მოსწავლემ საშინაო დავალება. ისედაც ათასი ყოფითი საზრუნავით გადაღლილი მშობლებისთვის ჩვენ მიერ მიცემული დავალებები მძიმე ტვირთად არ უნდა იქცეს. ამიტომ ჩემი მიზანი ის არის, რომ მოსწავლემ დამოუკიდებლად შეასრულოს დავალება. ამ მიზანს კი, ალბათ, სწორად შერჩეული, საინტერესო  და მათ შესაძლებლობებზე მორგებული დავალებებით მივაღწევთ.

კვლევა ჩავატარე და სხვადასხვა ასაკის მოსწავლეს ვთხოვე დაეწერა, როგორ აღიქვამენ საშინაო დავალებას.

„ჩემთვის საშინაო დავალება ზოგჯერ გასართობია, ზოგჯერ – მოსაწყენი. ქართულში თემების წერა მიყვარს, ინგლისურში კი კითხვითსა და უარყოფითში გადატანა“, – მეექვსეკლასელი ნიკოლოზი;

„ჩემთვის საშინაო დავალება უნდა იყოს კარგი, ადვილად უნდა გავიგო, როგორ კეთდება. მე ძალიან მიყვარს საშინაო დავალებების შესრულება ქართულში“, – მეექვსეკლასელი მარიამი;

„მე ძალიან მომწონს თემებისა და ორმხრივი ჩანაწერების დღიურის წერა.  მე ძალიან მომწონს ქართულის გაკვეთილზე პრეზენტაციის ჩატარება.“ – კესო, მეშვიდე კლასი;

„საშინაო დავალება ხან მიყვარს და ხან – არა. როცა რთული დავალებებია, არ მიყვარს, მაგრამ ხანდახან ისიც ხდება, რომ დიდი სიხარულით და ბედნიერებით ვაკეთებ, ისე, რომ არ მეზარება გაკეთება. მე ძალიან მიყვარს თემების წერა“, – მარიამი, მეშვიდე კლასი;

 „ საშინაო დავალება – ეს სიტყვები ყოველდღე მესმის. ხანდახან ძალიან მენატრება რომელიმე გაკვეთილის დავალება. ყველაზე მეტად მაშინ მენატრება, როცა ზაფხულის არდადეგებია.

საშინაო დავალება არის ის, რაც გემრიელი შოკოლადი. ის, რაც ცოდნას მმატებს, თუმცა ვაღიარებ და ხანდახან ცოტა მეზარება, მაგრამ საქმე მაინც ბოლომდე მიმყავს“, – თამარ ჩიხრაძე, მეშვიდე კლასი;

„ჩემთვის საშინაო დავალება არის ერთგვარი მზადება ეროვნული გამოცდებისთვის და ამ გამოწვევის დასაძლევად საჭიროა შრომა, რომელიც დავალებების შესრულებასთანაა დაკავშირებული. ჩემი საშინაო დავალებები დღის ბოლოს წითლადაა შეღებილი, მაგრამ გულს ვიმშვიდებ, რადგან ვთვლი, რომ ადამიანი თავის შეცდომებზე სწავლობს“, – ვანო მეტრეველი, მეთორმეტე კლასი;

„საშინაო დავალება ჩემთვის არის იშვიათად სიზარმაცეზე გამარჯვება და ხშირად კი – საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა. პირველი კლასიდან მეცხრემდე ეს იყო მისია, რომლის შესრულება ხშირად მეზარებოდა და რომელსაც უბრალოდ ვაფუჩეჩებდი.

ახლა კი საშინაო დავალება გახდა სასიამოვნო ვალდებულება და მისი შესრულება არის პროცესი, რომლითაც საკუთარ თავს და შესაძლებლობებს  უკეთესად ვეცნობი.

12696718_1112792035399504_1425641349_o

რაც შეეხება დავალებების სტილს, უფრო მომწონს, როდესაც ვწერ. არა, წაკითხვა და წაკითხულის გააზრებაც ძალიან მომწონს, მაგრამ უფრო წერა მსიამოვნებს. ასევე მომწონს, როცა რაღაც მაქვს აღმოსაჩენი ან გამოსაკვლევი. ეს კვლევა-აღმოჩენები ჩემთვის ძალიან სასიამოვნო პროცესია, რომელიც ბევრ უცნობ და უცნაურ სიახლესთან არის დაკავშირებული. საბოლოოდ, საშინაო დავალება ჩემთვის არის საშუალება, რომელიც მასწავლის საკუთარ თავზე დამოუკიდებელ მუშაობას და მახედებს საკუთარ შესაძლებლობებში“, – მეთორმეტეკე კლასი, ნანუკა მარკოზაშვილი.

            პატარა ადამიანების გულწრფელობა საუკეთესო გზამკვლევია ჩემთვის. მივხვდი, რომ ყველაზე მეტად იმ დავალებების დაწერა მოსწონთ, რომელიც გამოსდით, როცა თავს კარგად გრძნობენ და საკუთარ შესაძლებლობებში რწმუნდებიან. კიდევ ერთი რამ აღმოვაჩინე, როცა დავალება არ აქვთ შესრულებული, საკუთარ თავში ვეძებ ხოლმე მიზეზებს – ალბათ კარგად ვერ ავუხსენი, შეიძლება ეძნელათ, იქნებ საინტერესო არ იყო – ათას რამეს ვფიქრობ.

            ასე რომ, რადგან სასწავლო პროცესი ცოცხალი პროცესია, ყველაფერს აქვს ემოციური მხარე. მას შემდეგ, რაც ასე დავიწყე აზროვნება, პირადად ჩემთვის, როგორც ერთ-ერთი მასწავლებლისთვის, საშინაო დავალება გაკვეთილის ყველაზე სასიამოვნო ნაწილად იქცა.  წინასწარ ვფიქრობ, ვარჩევ დიდი სიფრთხილით, ვცდილობ, რომ იყოს სახალისო, ერთად ვადგენთ შეფასების მოთხოვნებს, მოსწავლეები სწავლობენ თვითშეფასებასა და ურთიერთშეფასებებს, მათი შეცდომებიც ძალიან მიყვარს და ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი ადვილად შესამჩნევი ხდება. საშინაო დავალების რვეული ფასეულია მშობლებისთვისაც, რადგან ხშირად ვიყენებ განმავითარებელ კომენტარებს და აქამდე ვალდებულებისთვის არსებული  საშინაო დავალების რვეულები ასე ხდება პატარ-პატარა გზავნილების მატარებელი.

მაია გოგსაძე- ასოითი აღნიშვნები მუსიკაში

0

სხვა მუსიკალური დისციპლინებისგან განსხვავებით, სოლფეჯიოს კურსის პრაქტიკული შედეგი ადვილი შესამჩნევი არ არის, ვინაიდან საგანი მრავალწახნაგოვანი და მასშტაბურია. განსაზღვრული ჩვევები (თეორიული საფუძვლები, ნოტაცია, მუსიკალური სმენა, ზუსტი ინტონირება, რიტმის გრძნობა, მეხსიერება და სხვა) სწორედ სოლფეჯიოს დახმარებით გამომუშავდება, ამიტომ საგნისადმი ზედაპირული დამოკიდებულება არ გვარგებს. ცხადია, ეს ჩვევები ხანგრძლივი და სისტემური სწავლის შედეგია, მაგრამ შედეგი ამად ღირს.

მუსიკის განვითარებაში გვიდო დ’არეცოს მიერ შექმნილი სანოტო ჩანაწერის როლზე ერთ-ერთ წერილში უკვე ვისაუბრე (როგორც გახსოვთ, მარცვლოვან სახელწოდებათა ავტორად სწორედ გვიდო დ’არეცოა მიჩნეული). ახლა გადავხედოთ ასოით აღნიშვნებს ლათინური ანბანის მიხედვით.

ასოითი ნოტაცია ძველი ბერძნების გამოგონებაა.

ჩვენ უკვე ვიცით შვიდი ძირითადი ბგერის მარცვლოვანი დასახელება: დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი (სხვათა შორის, ეს აღნიშვნები უფრო გვიან გაჩნდა, ვიდრე ასოითი). მუსიკალური ბგერების აღსანიშნავად ლათინურ ასოებს ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში იყენებდნენ – ის ხომ ცნობილი იყო თავისი უნიკალური საგანმანათლებლო სისტემით. მას შემდეგ სანოტო დამწერლობა უფრო და უფრო დაიხვეწა და სრულყოფილი გახდა.

მუსიკალურ პრაქტიკაში კარგა ხანია გამოიყენება ცალკეული ბგერებისა და ტონალობების ასოითი აღნიშვნის სისტემა. სისტემის საფუძველი ლათინური ანბანია. მუსიკალური ბგერების ასოითი ჩაწერისთვის დაგვჭირდება ლათინური ანბანის პირველი 8 ნიშანი (a b c d e f g h) და სუფიქსები – is (დიეზი), isis (დუბლ დიეზი), es (ბემოლი) და eses (დუბლ ბემოლი).

სისტემის ასოითი აღნიშვნის არსი ისაა, რომ ყოველი მუსიკალური ბგერა ლათინური ანბანის განსაზღვრული ასოთი იწერება. ვინაიდან იმ დროისთვის სიმღერისას ყველაზე დაბალ ბგერად „ლა“ მიიჩნეოდა, ის ლათინური ანბანის პირველი ასოთი – A–თი აღნიშნეს, დანარჩენი ნოტები კი აღმავალ რიგზე ასე განლაგდა: В (სი ბემოლი), С (დო), D (რე), Е (მი), F (ფა), G (სოლ) და ასე გამოითქმის: A (ა) – ლა, В (ბე) – სი ბემოლი, С (ცე) – დო, D (დე) – რე, Е (ე) – მი, F (ეფ) – ფა, G (გე) – სოლ. როდესაც სი ბემოლზე უფრო მაღალი ბგერის გამღერების აუცილებლობა გაჩნდა, ბგერა „სი“ ანბანის მომდევნო ასოთი – Н-ით აღინიშნა.

სასურველია ასოითი აღნიშვნების ზეპირად დასწავლა. დამახსოვრება თუ გაგიჭირდათ, ცხრილი ფურცელზე ამოიწერეთ, დროდადრო დახედეთ და გადაამოწმეთ, რამდენად შეესაბამება თქვენ მიერ დამახსოვრებული ნოტი ლათინური ანბანის აღნიშვნას.

asoi1

ბგერათა რიგის ძირითადი საფეხურების ამაღლების ან დადაბლების (ალტერაცია) აღნიშვნისთვის შემდეგი მარცვლები გამოიყენება: is (ნახევარი ტონით ამაღლება) და es (ნახევარი ტონით დადაბლება). ამრიგად, დო დიეზის ასოითი აღნიშვნაა cis, რე ბემოლისა – des, მი დუბლ დიეზისა – eisis, ხოლო ფა დუბლ ბემოლისა – feses.

მოცემულ სისტემაში გამონაკლისებია მი ბემოლი, ლა ბემოლი და სი ბემოლი, რომლებიც ამგვარად აღინიშნება: es, as და b. მაშასადამე, მი ბემოლს და ლა ბემოლს არა ლოგიკურად, ees-ით და aes-ით აღნიშნავენ, არამედ es (ეს)–ით და as (ას)-ით, ანუ მეორე ხმოვანს შეამოკლებენ. რაც შეეხება სი ბემოლს, hes–ის ნაცვლად ვწერთ b–ს.

რაც შეეხება ტონალობათა აღნიშვნას, მაჟორულ-მინორული სისტემის ტონალობა სიმაღლებრივ მდგომარეობასა (c, d, e, f…) და კილოზეა (კილოური გადახრა dur (მაჟორი), moll (მინორი)) დამოკიდებული. თუ ტონალობა მაჟორულია, ტონიკის დასახელება დიდი ასოთი იწერება, ხოლო თუ მინორული – პატარა ასოთი. როგორც ზევით მივუთითე, მაჟორული კილო აღინიშნება სიტყვით Dur (ლათინური სიტყვიდან durus (მყარი)), მინორული კი სიტყვით moll (რბილი) აღინიშნება. მაგალითად: C-dur (დო მაჟორი), c-moll (დო მინორი), Es-dur (მი ბემოლ მაჟორი), es moll (მი ბემოლ მინორი), Fis-dur (ფა დიეზ მაჟორი), fis moll (ფა დიეზ მინორი) და ა.შ.

ამრიგად, ასოითი ნოტაციის დახმარებით შესაძლებელია არა მხოლოდ ბგერების, არამედ მთელი მუსიკალური სისტემების – აკორდების, ტონალობების, კილოების გამოსახვა.

დავალება:

  1. დავასახელოთ და ჩავწეროთ სანოტო რვეულში ძირითადი ბგერების ასოითი აღნიშვნები (დო-დან დო-მდე).
  2. დავასახელოთ და ჩავწეროთ დიეზიანი ბგერები ასოითი აღნიშვნით.
  3. დავასახელოთ და ჩავწეროთ ბემოლიანი ბგერები ასოითი აღნიშვნით.

ასევე:

asoi3

ალბათ ბევრჯერ შეხვედრიხართ სიმღერების კრებულებს, სადაც მელოდიასა და ტექსტთან ერთად ლათინური ასოები და ციფრებიცაა მითითებული. აკორდებთან (მელოდიის ჰარმონიული თანხლება) მიწერილი ეს ასოით-ციფრული სისტემა რთული კი გვეჩვენება, მაგრამ პრაქტიკული გამოყენებისთვის მარტივი და მისაწვდომია. თუ რომელიმე ჯაზური კომპოზიციის დაკვრას გადავწყვეტთ, ამგვარ დამწერლობას მით უფრო ვერ ავუვლით გვერდს (მას აქვს ერთი თავისებურება – უფრო გამარტივებული დამწერლობა).

P.S. მუსიკალური წიგნიერება ყოველთვის წარმატების საწინდარია.

მაია ჯალიაშვილი  – მარგინალები _  ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივის“ სწავლებისათვის

1

კლასიკურ მხატვრულ ტექსტებს განსხვავებული კუთხით წაკითხვა და ინტერპრეტაცია აცოცხლებს.  ამ ნაწარმოებებს აქვთ განსაკუთრებული უნარი ნებისმიერ დროსა და სივრცეში აქტუალობისა. სწორედ ამგვარი მოთხრობაა „ოთარაანთ ქვრივი“.

 „ჩვენ იმნაირები ვართ, რანაირებადაც გვაქცევს სამყარო. თუ ჩვენს სულს დეტალს შევადარებთ, მაშინ სამყარო ყალიბი იქნება, რომელშიც სული ჩამოისხმება და რომლის ფორმასაც იგი ინახავს. ეჭვს გარეშეა, რომ არსებობა სამყაროსთან ურთიერთობის პროცესია“, _ წერს ესპანელი მოაზრონე ხოსე ორტეგა ი გასეტი.   ეს ურთიერთობა კი მრავალფეროვანია. ზოგი ცხოვრების დინებას მიჰყვება, ზოგი კი _ ეწინააღმდეგება. ასე იქცევა ზოგი მარგინალად და ზოგი „ადამიან-მასად“. ილიას „ოთარაანთ ქვრივში“ კარგად არის წარმოჩენილი მარგინალობის   სოციალურ-ფსიქოლოგიური ასპექტები. მარგინალობას იწვევს, ერთი მხრივ, გარკვეულ სოციალურ ფენათა შორის   დაპირისპირება, მეორე მხრივ, ერთსა და იმავე სოციალურ ჯგუფში განსხვავებულ ზნეობრივ ღირებულებათა არსებობა. ილიას პერსონაჟების მარგინალობა ხასიათდება იმით, რომ ისინი არ წარმოადგენენ მხოლოდ იმ სოციალური ჯგუფის ზნეობრივ ღირებულებებს, რომელშიც ცხოვრობენ. მათ გააჩნიათ ინდივიდუალური წარმოდგენები ყოფიერების უმთავრეს საკითხებზე, ამიტომაც მათი ურთიერთობა საზოგადოების სხვა წევრებთან არის გაუცხოებული, ხშირად დაპირისპირებული და კონფლიქტური. ამ თვალსაზრისით, „ოთარაანთ ქვრივში“ პირობითად   გამოიყოფიან ორი ტიპის მარგინალები: აქტიური და პასიური მარგინალები. აქტიური მარგინალები არიან ოთარაანთ ქვრივი და გიორგი, რომლებიც აღიქვამენ და გაიაზრებენ   რა მარგინალობას, არ ცდილობენ საზოგადოებასთან დაახლოებას საკუთარ ღირებულებათა დათმობის ხარჯზე, არამედ, პირიქით, მიისწრაფვიან საზოგადოებაში თვითდამკვიდრებისა და საკუთარი შეხედულებების გატანისკენ. სწორედაც რომ, საკუთარი იდეალების აღიარებისკენ. მათი ძალა ემყარება მხოლოდ რწმენასა და სინდისს, ერთგვარ იდეალურ იმპერატივებს, მაშინ, როდესაც საზოგადოება პიროვნებათა მხრიდან განხორციელებული „შეტევის“ მოსაგერიელებლად და თავდასაცავად ეყრდნობა და იყენებს პრაგმატულ საშუალებებს. მოთხრობაში წარმოჩენილი ეგზისტენციალური პრობლემები   სწორედ ამ მარგინალთა და საზოგადოების დაპირისპირებაში გამოიკვეთება.

ოთარაანთ ქვრივი შეგნებულად არის განზე გამდგარი   იმ საზოგადოებისგან, რომელიც მისთვის მისაღებ ზნეობრივ ღირებულებებს ვერ ან არ აღიარებს. ამიტომაც მათ შორის არის ან შიში, ან კიდევ გაუცხოება.  ბევრისთვის გაუგებარი იყო ამ ქალის საოცარი ზრუნვა არა მხოლოდ საკუთარი ღირსების, არამედ სხვათა თავმოყვარეობის დასაცავად. სოფლის ფასადურ სიკეთეს უპირისპირდება ქვრივის დაფარული, არა თვალშისაცემი, ხშირად დაუნახავი, მწარე სიტყვებს ამოფარებული სიკეთე. გიორგისაც ვერ უგებს სოფელი, ან გიჟია, ან ღვთისგან მოგზავნილიო. თავად არჩილს კი მისი სინდისნამუსიანი ქცევის ფენომენი აუხსნელად მიაჩნია და დასტურად ჰამლეტის სიტყვებს მოიხმობს, ბევრი რამ არის ამქვეყნად, ფილოსოფოსებს რომ არც კი დასიზმრებიათო.

სულ სხვაგვარად აიხსნება სოსია მეწისქვილის მარგინალობა. იგი არის პასიური მარგინალი, მას სოფელი აბუჩად იგდებს და იშორებს, როგორც მიუღებელს. ამ თვალსაზრისით, სოფელი თავის აგრესიას ახორციელებს პიროვნების მიმართ, რომელსაც თავდაცვის უნარი არ გააჩნია, მაგრამ იგი მაინც ნებაყოფლობითი მარგინალია და სოფლის გაცივებულ გულში თანაგრძნობის გაღვიძებას ცდილობს სიტყვებით: „ცოდო ვარ, ცოდო“ . ამ მოთხრობაში მარგინალიზაციის გზა ორი მიმართულებით წარიმართება, ერთი მხრივ, მარგინალი საზოგადოების ზედაპირზე, წინა რიგში, ყველას დასანახავად, პატივსაცემ, თუმცა მოსარიდებელ და გაუგებარ პიროვნებად წარმოჩნდება (ოთარაანთ ქვრივი და გიორგი), მეორე მხრივ, მარგინალი საზოგადოების ფსკერზე ეშვება და გაირიყება ცხოვრებიდან (სოსია მეწისქვილე).

ქართული ლიტერატურიდან ცნობილ მარგინალებად შეიძლება დავასახელოთ: თარაშ ემხვარი (კონსტანტინე გამსახურდიას „მთვარის მოტაცება“, დათა თუთაშხია (ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“), თეიმურაზ ხევისთავი (მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები”), ალუდა ქეთელაური და ჯოყოლა (ვაჟა ფშაველას „ალუდა ქეთელაური“ და   „სტუმარ_მასპინძელი“ … მსოფლიო ლიტერატურიდან: დონ კიხოტი (სერვანტესის „დონ კიხოტი”), თავადი მიშკინი და ნიკოლაი სტავროგინი (დოსტოევსკის „იდიოტი“ და „ეშმაკნი“), ჰამლეტი (შექსპირის  „ჰამლეტი“ ) და სხვა. მარგინალობის პარადიგმაა იესო ქრისტე, რომელიც საზოგადოებამ გაინაპირა და  მისი ახალი იდეალები საეჭვოდ და მიუღებლად მიიჩნია. მაცხოვარი თვითონვე გამოარჩევდა რჩეულებს. ასე რომ, სხვადასხვა ტიპის ქრისტიანი მარგინალები რომელიმე კუთხით   იმეორებენ იმ გზას, რომელიც მაცხოვარმა გაიარა.

რა თვისებები აქცევს ოთარაანთ ქვრივსა და გიორგის მარგინალებად?  „ოთარაანთ ქვრივში“ ზედმიწევნითაა გამოკვეთილი და ფსიქოლოგიურად დამაჯერებელი დეტალებით ახსნილ-განმარტებული პიროვნებისა და საზოგადოების რთული ურთიერთობის ცალკეული ასპექტი.  ოთარაანთ ქვრივის ზნეობა ქრისტიანული რწმენით ნასაზრდოებ და სინდისით ნაკარნახევ პრინციპებს ემყარება. ის ცხოვრობს მხოლოდ საკუთარი გულისა და გონების კარნახით და არავითარ ანგარიშს არ უწევს სოფელს, საზოგადოებას, რომლის მრავალი ნაბიჯი განპირობებულია ფარისევლობით, უსამართლობითა თუ შენიღბული ბოროტებით. მას აქვს საკუთარი, ყველასგან განსხვავებული შეხედულებები.

სოფელი აღიარებს მის ძალას, რომელიც მხოლოდ სულიერ „ძალაუფლებას” ემყარება. “ოთარაანთ ქვრივის კარ_მიდამოში” მზისა და წვიმის მეტს არავის შეეძლო გავლა ქვრივის უნებურად” . მწერალი ამგვარი ჰიპერბოლით ხაზს უსვამს, თუ რა რანგშია აყვანილი ქვრივის ნება. მისი წინააღმდეგობა მხოლოდ დაუმორჩილებელ, ადამიანზე აღმატებულ ბუნების სტიქიურ ძალებს შეუძლიათ, ან კიდევ ღვთაებრივ ინსტანციას (“მზე”). ასე რომ, ქვრივის “ძალაუფლება” ერთგვარად ზღუდავს თანასოფლელებს, რადგან ისინი მის ნებას ემორჩილებიან, ვერ არღვევენ მისი პიროვნების ნებით შემოსაზღვრულ ჩარჩოებს. იგულისხმება, რომ სხვა შემთხვევაში, სხვებთან, თანასოფლელებთან ურთიერთობაში მათთვის ამგვარი შეზღუდვა არ არსებობს. საგულისხმოა, რომ ამ დაუწერელ წესს ემორჩილებიან სოფლის ოფიციალური ხელისუფალნიც (ნაცვალი თუ იასაული). ოთარაანთ ქვრივს ყველას დასანახად წამოუმართავს თავისი დაურღვეველი და ხელშეუხებელი ციხე-კოშკი, არა ქვითკირით, არამედ ნებისყოფითა და სულიერი ძალებით ნაშენი, რაც მოწმობს მასზე, როგორც ძლიერ პიროვნებაზე. “დეე, ამას იქით იცოდნენ, რომ მე ოთარაანთ ქვრივს მეძახიანო” _ ეს არის გამოწვევა სოფლის მიმართ. ქვრივი დარწმუნებულია საკუთარ ძალებში და არ უფრთხის, რომ მარტოა და უპირისპირდება მთელ სოფელს. საკითხავია, რისი იმედით? უპირველესად, ღვთის (რომელსაც ის წარამარა არასოდეს ახსენებს) და პატიოსნების, სამართლიანობის, სიყვარულის, სიკეთის იმედით. ამ შემთხვევაში, იგი ერთგვარ იდეალისტადაც შეიძლება მოგვეჩვენოს, რომელსაც იდეის (სიკეთისა და სამართლიანობის გამარჯვების) უფრო სჯერა, ვიდრე რეალობისა. თანაც იგი ქალია, ეს კი მისგან მეტ ძალასა და ენერგიას საჭიროებს ტრადიციულ ქართულ პატრიარქალურ შეხედულებათა საზოგადოებაში, სადაც ძალაუფლების მატარებელი, ძირითადად, კაცია.

ოთარაანთ ქვრივი სოფლელთა თვალში, მართლაც, სხვანაირია, მაგრამ რა იწვევს შიშს? ალბათ, იგივე, რაც ღვთის შიშს იწვევს _ ცოდვის მხილების, ბოროტების ვერდაფარვის შიში. ოთარაანთ ქვრივის თვალი ხომ შეუმჩნეველს არ დატოვებს არაფერს გამრუდებულს _ თავისი იქნება თუ სხვისი. სწორედ ეს სხვისთვის გულშემატკივრობა აფრთხობს და აშინებს სოფელს.  თანაც, სოფელმა იცის, რომ ოთარაანთ ქვრივი თავისას ყოველთვის გაიტანს, არავის დაეჩაგვრინება, რკინის ქალამანს ჩაიცვამს, რკინის ჯოხს აიღებს ხელში და ხელმწიფემდე მივა. ეს იდიომი, რა თქმა უნდა, იმაზე მეტყველებს, რომ ქვრივი არაფერს შეუშინდება და სამართალს იპოვის. ამავე დროს, რკინის ქალამნები ქვრივის   სიმტკიცესა, დაუღლელობასა და შეურყევლობაზე მიანიშნებს, რკინის ჯოხი კი ღვთის სჯულზე, როგორც ეს მეორე ფსალმუნის მეცხრე მუხლშია ნათქვამი: “ჰმწყსნე იგინი კუერთხითა, რკინისაითა”. წმიდა მამათა განმარტებით, “კუერთხ რკინისა ეწოდების მცნებათა სჯულისათა, რამეთუ ყოველივე ბრძანება ღვთისა ძლიერ არს, ვითარცა რკინა, და შემმუსვრელ წინააღმდგომთა მისთა” (“ფსალმუნთა განმარტება ” , წიგნი I, თბ. 1996, გვ. 8). ასე რომ, ქვრივის ქადილი საღვთო სჯულის კანონს ეყრდნობა.

რას ერიდებიან სოფლელები, რატომ მათაც არ იარეს გუბერნატორამდე? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის შიში ხელისუფლების მიმართ (გზირი, დიამბეგი, იასაული _ სახელმწიფოს ძალადობას ახორციელებენ და მის ნებას განასახიერებენ. მეორე რიგში, ეს არის შიში მასზე აღმატებულის (ძალაუფლებრივი თუ ქონებრივი თვალსაზრისით) მიმართ. მესამე რიგში, ეს არის ლაჩრობა, სიმხდალე ადამიანებისა, რომელნიც ღირსების შელახვას იოლად ეგუებიან და არ ცდილობენ წინააღმდეგობის გაწევას.

ოთარაანთ ქვრივი ამ სამივე შიშს გადალახავს და, ამასთან ერთად, ამსხვრევს საყოველთაოდ აღიარებულ შეხედულებას ფულის ყოვლისშემძლეობაზე. “ფული რა არის? ხელის ჭუჭყია”. ამგვარად, ფულის ჭუჭყთან გაიგივებით ის მთლიანად უარყოფს მას, როგორც ადამიანური ღირსების „საზომს“. თუმცა მისი საზოგადოებრივი ფუნქცია და ღირებულება კარგად ესმის („ხუთი ქისა“). ოთარაანთ ქვრივი საზოგადოების სტერეოტიპულ შეხედულებებთან მებრძოლ რაინდს ემსგავსება, ამიტომაც  შეადარეს იგი “კაბაგადაცმულ ილიას”.

ოთარაანთ ქვრივი პიროვნებაა, დარწმუნებული საკუთარ თვალსაზრისთა ჭეშმარიტებაში, სხვაგვარად, არ იქნებოდა იგი ასეთი უკანდაუხეველი. ამავე დროს, იგი სხვათა ღირსებასაც იცავს, როცა ეს სხვანი არაფრად აგდებენ ამავე ღირსებას. ამის დასტურია ეპიზოდები, რომლებშიც მოთხრობილია, თუ როგორ გაიკითხავს ქვრივი გლახა-მათხოვრებს. ის სიკეთეს ღვთის და არა ადამიანთა დასანახავად აკეთებს. პირიქით, არიდებს კაცთა თვალს. ამ შემთხვევაში, ის პირდაპირ იცავს სახარებისეულ მცნებებს.  მისმა დამამცირებელმა სიტყვებმა უნდა შეძრან გლახას გული, დაობებული და მიძინებული, გამოაღვიძონ მასში ღირსების გრძნობა. ოთარაანთ ქვრივი გლახაში ღვთის შვილს, დაცემულსა და განადგურებულს, ხედავს, გული შესტკივა და ცდილობს ფეხზე წამოყენებას, ოღონდ ამისთვის თავისებური გზა მოუძებნია, უფრო მეტი დამცირებისა და შეურაცხყოფისა. დაახლოებით, მსგავს “მეთოდს” მიმართავს შარლ ბოდლერის მინიატურის ერთი გმირი (“მივასიკვდილოთ უპოვარნი”): კაბარეში შესვლისას მათხოვარს, ჩვეულებისამებრ, კი არ ჩაუგდებს გამოწვდილ ქუდში ფულს, არამედ კარგად მიბეგვავს. მოტივაცია კი ასეთია: “თანასწორად მხოლოდ იგი უნდა ჩათვალო, ვინც დაგიმტკიცებს ამას, და თავისუფლების ღირსიც მხოლოდ ის არის, ვინც ბრძოლით მოიპოვებს ამას”. კბილებჩამსხვრეული, თვალებჩალურჯებული მათხოვარი დიდხანს ითმენს უცხოსგან ცემა-ტყეპას, მერე უცებ “გამოიღვიძებს”. “მე დავინახე, რომ ეს ნანგრევი გაცოცხლდა”, შემდეგ სიძულვილით სავსე მზერა ესროლა დამჩაგვრელს და ლაზათიანად მიბეგვა საპასუხოდ.“ ამრიგად,_ ამბობს პერსონაჟი, _ ჩემი ენერგიული წამლობით მე სიამაყე გავუღვიძე მას და დავუბრუნე იგი სიცოცხლეს”. ვფიქრობთ, ოთარაანთ ქვრივსაც რაღაც მსგავსი “წამლობის მეთოდი” აქვს. იგი მწარე, სალანძღავი სიტყვებით ამცირებს ადამიანს, რათა მასში ჩაკლული სიამაყე და თავმოყვარეობა გააღვიძოს, თუმცა ეს დიდი მსხვერპლის ფასად უჯდება, პილპილმოყრილად უთვლიან სიკეთეს.

მარგინალს უნდა სჯეროდეს, რომ თვითონ განასახიერებს ჭეშმარიტებას. რწმენა აბსოლუტური პიროვნულობისა აუცილებელია, რომ საკუთარი თავი დამოუკიდებელ სუბიექტად გაიაზრო, მაგრამ შესაძლებელია თუ არა ამგვარი აბსოლუტურობა? დეკარტი თავისი ცნობილი გამოთქმით ამას ადასტურებს: “ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ”. შესაბამისად, თვითშემეცნება არის გზა პიროვნულობისკენ.

გიორგიც აქტიური მარგინალია, რადგან ცდილობს თავისი პრინციპების ცხოვრებაში გატანას, არ აშინებს   მარცხი, იმდენად თავდაჯერებულია. “შიში ვერ იხსნის სიკვდილსა” _მისი ზნეობის საყრდენია. იგი რაინდული ბუნებისაა, რადგან დაჩაგრულს ესარჩლება და სამართლიანობისთვის იბრძვის, ამიტომაც მისი სახის არქეტიპად აკაკი ბაქრაძემ მიიჩნია როგორც მაცხოვარი, ასევე   წმინდა გიორგი.

სოსია მეწისქვილის მარგინალობა ილიასთვის პასუხგაუცემელ, “წყევლა-კრულვიან” საკითხავად იქცა. სიმბოლურად, სოსია მეწისქვილე გამოხატავს, საზოგადოდ, ამ სამყაროში ადამიანის მარგინალობას, მის გაუცხოებას სამყაროსთან, მარტოსულობასა და მიუსაფრობას. სოსია ამიტომაც არის ერთგვარად სქემატური, ხელოვნური სახე მოთხრობისა, რადგან იგი უფრო იდეაა, რომელიც სამყაროში ადამიანის დაკარგულობას, უცხოობას წარმოაჩენს. “მართლა რომ ცოდოა,_ ამბობს ილია მასზე, მაგრამ იქვე მიაყოლებს: “მაგრამ სხვა ვინ არ არის ცოდო” . აქ შეხმიანება ჩანს პასკალთან: “რა უბადრუკნი ვართ, როცა ჩვენსავე მსგავსთა შორის დავეძებთ საშველს: ჩვენებრ უბედურნი, ჩვენებრ უმწეონი, ისინი ვერას გვიშველიან. ადამიანი მარტო კვდება, მაშასადამე, სიცოცხლეშიც მარტოსულად უნდა იცხოვროს”  _  და ეკლესიასტეს მარადიული საკითხავთან. ასე რომ, სოსია მეწისქვილე გამოხატავს “ამაოება ამაოთა და ყოველივე ამაოს” იდეას.

ოთარაანთ ქვრივი, გიორგი, სოსია მეწისქვილე, არჩილი და კესო საზოგადოების უმცირესობაა. ისინი გამოეყოფიან ადამიან _ მასას, რომლის არსი ხოსე ორტეგა ი გასეტიმ   წარმოაჩინა წიგნში “მასების აბოხი” . ეს პერსონაჟები არ არიან ისეთნი, როგორებიც   ყველანი. მათ შეუძლიათ საკუთარი თავის შეფასება. ისინი შეგნებულად ირთულებენ ცხოვრებას, რადგან უამრავ მოთხოვნას უყენებენ საკუთარ თავს და, ამგვარად, თავიანთი არსებობის აზრსა და მიზანს შეიმეცნებენ.

ლევან სებისკვერაძე-ვაზის ისტორიული ჯიში

0

შავკაპიტო, იგივე შავი კაპიტო (როგორც მას ლიახვის ხეობის მოსახლეობა ეძახის) ქართლის აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიშია. შავკაპიტოს შიდა ქართლის თითქმის ყველა რაიონში შეხვდებით. მათ შორის ისეთ რაიონებშიც, სადაც მეღვინეობა საუკუნეების მანძილზე ყოველთვის ნაკლებად იყო განვითარებული.

შავკაპიტო განსაკუთრებით კარგად გორისა და კასპის რაიონში და ცხინვალის მიმდებარე სოფლებში ხარობს. დიდი ლიახვის ხეობის ზემო წელის სოფლებში (ისტორიული სამაჩაბლო) შავკაპიტო ძირითადად დაბლარად იყო გაშენებული. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ წითელყურძნიანი ვაზის ხეივნებად ეზოებში გაშვებას გლეხები ყოველთვის ერიდებიან, (წითელყურძნიანი ვაზის ხეივანი არაპრაქტიკულად ითვლებოდა) დიდი ლიახვის ხეობის სოფლებში, სახლის მომდებარე ეზოებში შაკაპიტოს ხეივნებსაც ხშირად ნახავდით. ლიახვის ხეობაში 2008 წლის ომის შემდეგ, ვენახების აბსოლუტური უმრავლესობა სამწუხაროდ განადგურდა.

ქართველი ამპელოგრაფების აზრით, შავკაპიტოს ყურძნისგან მაღალი ხარისხის ღვინის მიღებაა შესაძლებელი. განსაკუთრებით საყურადღებოა სოფლები: ქვემო აჩაბეთი, ქურთა, დიდი ძარწემი, ბერული და სხვა… ამ სოფლებში მოწეული შავკაპიტო საბჭოთა კავშირის პერიოდში სუფრის ღვინის გარდა, ცქრიალა ღვინის დასაყენებლადაც გამოიყენებოდა. იმის გამო, რომ შავკაპიტო ქართლში საკმაოდ მცირე ფართოებებზეა გაშენებული, საბჭოთა კავშირის პერიოდში შავკაპიტოს ღვინის შენახვის უნარსა და ტრანსპორტირებისადმი ამტანობაზე კვლევები არ წარმოებულა. ადგილობრივი გლეხების თქმით კი, შავკაპიტოს ღვინოს ტრანსპორტირების დროს განსაკუთრებულად ფაქიზად სჭირდება მოპყრობა. საკუთრივ ყურძენი კი დიდი ხნის მანძილზე არ ინახება.

აღსანიშნავია, რომ გასულ საუკუნეში ამპელოგრაფი ს. შავერდოვი შავკაპიტოს კახურ ენდემურ ვაზთა ჯგუფს აკუთვნებდა. მას და მეცნიერ ა. ფირალოვს ამ ჯიშის შესახებ საკმაოდ მწირი მონაცემები აქვთ. თუმცა იმაზე კი თანხმდებიან, რომ ბოტანიკური აღწერილობით, შავკაპიტო ახლოს უფრო კახური ვაზის ჯიშებთან დგას, ვიდრე ქართლის ჯიშებთან. ეს მოსაზრება საკამათოა თუნდაც იმიტომ, რომ დღეს კახეთში შავკაპიტო ცალკეული ნიმუშების გარდა, თითქმის არსად გვხვდება. ამპელოგრაფი ნ. ჩახნაშვილის აზრით, კი შავკაპიტოს ქართლური წარმოშობა ეჭვებს არ იწვევს და ჯიში ერთ-ერთი ყველაზე ძველია ქართლის ვაზის ჯიშებს შორის. ამის დასამტკიცებლად მას მოჰყავს შავკაპიტოს ფოთლის მოყვანილობა, შებუსვა, მტევნისა და მარცვლის ფორმა და სხვა…

სტატისტიკური აღწერის მიხედით, რომელიც 1953 წელს ჩატარდა, დადგინდა რომ შავკაპიტო მთელ საქართველოში სულ დაახლოებით 40 ჰექტარზე იყო გაშენებული, რაც ძალიან  მცირე რაოდენობაა. აქედან უმეტესობა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იყო გაშენებული. განსაკუთრებით კი ზნაურის (ყორნისის) რაიონში, სადაც შავკაპიტოს ვაზისაგან გაშენებული ვენახები დაახლოებით 12 ჰექტარს აღწევდა. ცხინვალის, ახალგორის, ქარელის, კასპისა ხაშურის რაიონებში კი იმ პერიოდისათვის შავკაპიტოს ვენახებით გაშენებული ტერიტორიები 3-4 ჰექტარს არ აღემატებოდა. 1955 წლის იანვრის აღწერით, მთელ შიდა ქართლში შავკაპიტოს ვენახები 44.7 ჰექტარზე იყო გაშენებული. მაშინდელი გეგმით, შავკაპიტოს გაშენება დაგეგმილი იყო ცხინვალის რაიონის სოფლებში, რაც 60-იან წლებში კიდეც განხორციელდა. თუმცა ამის შემდგომი მონაცემები უკვე აღარ გავგვაჩნია და დაზუსტებით ვერ ვიტყვით რამხელა ფართობებს მოიცავდა 70-80-იან წლებში შავკაპიტოს ვენახები იმავე დიდი ლიახვის, ანდა ფრონეს ხეობებში.

როგორც ქართველი მეღვინეები ამბობენ, დღეს ვაზის სხვა ქართული ჯიშების მსგავსად, შავკაპიტოს მთავარი პრობლემა ამ ჯიშის მცირე ფართობებზე გაშენებაა. ამას ისიც ემატება, რომ შავკაპიტოს ქართლის ზოგიერთ მხარეში თავკვერთან აიგივებენ და გლეხები ამბობენ, რომ შავკაპიტოსა და თავკვერს შორის დიდ განსხვავებას ვერ ხედავენ. ამიტომ ამ ორ ქართლის წითელ ყურძენს ერთად წურავენ, რაც ჯიშის განსაკუთრებულობის შეცნობაზე, რა თქმა უნდა, დადებითად ვერ იმოქმედებს. მაგრამ მრავალი პრობლემის მიუხედავად, შავკაპიტო ნელა, მაგრამ თანდათან მაინც იბრუნებს ძველ ცნობადობასა და ღირსებას. სხვანაირად არც შეიძლება რომ მოხდეს!…

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...