ორშაბათი, აგვისტო 4, 2025
4 აგვისტო, ორშაბათი, 2025

შეფასება – მიდგომები და ზოგადი სტრატეგია

0

აღიარებულია, რომ სწავლების სხვადასხვა სტრატეგია, კლასის ორგანიზების ფორმები და გაკვეთილის დაგეგმვის პროცესში მასწავლებლის მიერ განხორციელებული აქტივობები სწავლის შედეგზე დიდ გავლენას ახდენს. მაგრამ ხშირად უპასუხოდ რჩება მთავარი კითხვა: როგორ გავიგოთ, სწავლობენ თუ არა მოსწავლეები იმას, რაც ჩვენ დავგეგმეთ? ამის გასარკვევად მასწავლებელი შეფასებას ეყრდნობა.

არსებობს შეფასების ტრადიციული და ალტერნატიული მეთოდები და შეფასების საგანი მხოლოდ ნიშნის დაწერა არ არის – ის მოიცავს პედაგოგიური პრაქტიკის შეფასებას, საგაკვეთილო შეფასებას, საშინაო დავალებას და მშობლებთან კომუნიკაციას.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მასწავლებლები პროფესიული დროის მესამედს შეფასებისთვის ხარჯავენ. მიუხედავად ამისა, მრავალი პედაგოგისთვის შეფასება მაინც აქილევსის ქუსლად რჩება. წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ შეფასებას საკლასო დონეზე, ფორმალურ და არაფორმალურ შეფასებას, შეფასების სისტემის ფუნქციებს, ეფექტური შეფასების დამახასიათებელ ნიშნებს. მასალა მომზადებულია Don Kauchak-ისა და  Paul Eggen-ის წიგნის „learning and Teaching: Research-Based Methods“-ზე დაყრდნობით. ავტორები მიმოიხილავენ შეფასების პროცესს, გვაცნობენ სხვადასხვა კვლევის შედეგებსა და საკუთარ მოსაზრებებს. წიგნში ყურადღება გამახვილებულია შეფასების ისეთ სახეებსა და მიდგომებზე, რომლებიც დეტალური რუბრიკების არსებობას არ მოითხოვს. ვფიქრობ, ყოველივე ეს განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს ქართველი მასწავლებლებისთვის.

სანამ შეფასების სისტემის სპეციფიკურ თვისებებს შევეხებოდეთ, უნდა გავეცნოთ ფუნქციებს, რომლებსაც შეფასების სისტემა ასრულებს. ავტორები მათ ორ ფართო კატეგორიად ყოფენ – ინსტრუქციულად და ინსტიტუციურად. ჩვენ ვაფასებთ მოსწავლეს, რათა ხელი შევუწყოთ სწავლას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუქციული ფუნქციაა. ურთიერთდამოკიდებულება სწავლასა და შეფასებას შორის აშკარაა. მოსწავლეები უფრო მეტს სწავლობენ, როდესაც შეფასება დღიური რეჟიმის განუყოფელი ნაწილია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის უკუკავშირითაც უზრუნველყოფს მოსწავლეებს. ამ ურთიერთკავშირის მიზეზები ადვილი გასაგებია. პრაქტიკა და უკუკავშირი ეფექტური სწავლების აუცილებელი კომპონენტებია და საკლასო დავალებები, ქვიზები, ტესტები და ალტერნატიული შეფასებები შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, მოახდინონ საკუთარი გაგების დემონსტრირება და მიიღონ მასწავლებლის კომენტარი. ასეთი უკუკავშირი ძალზე სასარგებლოა არა მხოლოდ მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის, არამედ სხვა დაინტერესებული მხარეებისთვისაც, მაგალითად, მშობლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის.

მასწავლებლებს შეფასება აწვდის ინფორმაციას სწავლის შედეგების ეფექტურობის შესახებ. თუ მოსწავლეები ვერ სწავლობენ, მასწავლებელმა უნდა შეცვალოს მიდგომები და სწავლების მეთოდები. თუ სწავლობენ, მას შეუძლია განაგრძოს მუშაობა და განავითაროს და განავრცოს მოსწავლეთა ცოდნა. შეფასების შედეგები აგრეთვე მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის მშობლებს, ხელს უწყობს მათ, მიიღონ გადაწყვეტილებები სკოლასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. გარდა ინსტრუქციული ფუნქციებისა, შეფასება ემსახურება ინსტიტუციურ საჭიროებებსაც. სკოლამ და გადაწყვეტილების მიმღებმა უწყებებმა უნდა იცოდნენ, რამდენად შეესაბამება მოსწავლეთა შედეგები არსებულ სტანდარტებს.

შეფასების სისტემის მიმოხილვისას ავტორები გამოყოფენ შეფასებას საკლასო, ფორმალურ და არაფორმალურ დონეზე. ეს ცნებები არც ქართველი მასწავლებლებლებისთვისა უცხო.

სიტუაცია 1. წარმოვიდგინოთ, რომ ქართული ენის გაკვეთილზე მოსწავლეები სწავლობენ მრავლობითი რიცხვის წარმოებას. მასწავლებელი აკვირდება მათ მუშაობას და ხედავს, სახელდობრ რა უჭირთ ბავშვებს. დაკვირვების შედეგად შეკრებილ მონაცემებს ის დაფაზე აღნუსხავს და სთხოვს მოსწავლეებს, ერთად განიხილონ ჩანაწერები.

სიტუაცია 2. ქიმიის მასწავლებელი აკვირდება კლასს და ამჩნევს, რომ უმრავლესობას შეუძლია მოლეკულების გრამებში გადაყვანა, საპირისპირო მოქმედების შესრულება კი უჭირს. ის მოსწავლეებს სთხოვს, თავად შეაფასონ  საკუთარი ნამუშევარი.

პირველ ეტაპზე მასწავლებლები დაკვირვებით აგროვებენ ინფორმაციას. ეს საკლასო დონეზე შეფასებაა. შეფასება საკლასო ოთახში ინფორმაციის შეკრებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესია, რომელშიც ეს მასწავლებლები არიან ჩართულნი. შეფასება სხვადასხვა პროცესს მოიცავს, მათ შორის – მოსწავლეების მუშაობაზე დაკვირვებას, მათი პასუხების მოსმენას დისკუსიის განმავლობაში და მასწავლებლისა და სტანდარტული ტესტის შედეგების შეფასებას.

მასწავლებელი აგროვებს ინფორმაციას, როდესაც ისმენს მოსწავლეთა პასუხებს, ამჩნევს, რომ ზოგიერთი მათგანი გაკვეთილში სათანადოდ არ არის ჩართული. ეს არაფორმალური შეფასებაა, რაც გულისხმობს ინფორმაციის შეგროვებას შემთხვევითი გზებით. მისგან განსხვავებით, ფორმალური შეფასება ნიშნავს ინფორმაციის შეგროვებას სისტემურად, ტესტების, ქვიზებისა და საშინაო დავალებების მეშვეობით, რათა განისაზღვროს, რა ისწავლეს მოსწავლეებმა.

შეფასების ორივე ფორმა მნიშვნელოვანია, რადგან მასწავლებელს სხვაადსხვა სახის ინფორმაციას აწვდის. გადაწყვეტილება ნიშნების დაწერის თაობაზე მიღებული უნდა იქნეს ფორმალური შეფასების საფუძველზე, მაგრამ მასწავლებლის მიერ ყოველდღიურად მიღებული გადაწყვეტილებების უმრავლესობას საფუძვლად უდევს არაფორმალური შეფასება. მაგალითად, გადაწყვეტილება, გავიძახოთ უყურადღებო მოსწავლე, მოსწავლის საქციელზე დაკვირვებისგან გამომდინარეობს და  მიეკუთვნება შეფასების არაფორმალურ ტიპს.

 ავტორები გამოყოფენ ეფექტური შეფასების დამახასიათებელ სამ ნიშანს: მიზანთან შესაბამისობას (ვალიდურობას), სანდოობასა  და პრაქტიკულობას. პროფესიულად სანდო და სასარგებლო შეფასება სამივე კომპონენტს უნდა აერთიანებდეს. მიზანთან შესაბამისობა (ვალიდურობა) ზუსტად უნდა ზომავდეს იმას, რის შესაფასებლადაც ის არის განსაზღვრული. იგი გვიჩვენებს ლოგიკურ კავშირს შეგროვებულ ინფორმაციასა და მის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას შორის. ვალიდურობის დადგენის ერთ-ერთი გზაა კითხვა: „შეესაბამება თუ არა შეფასება მიზანს, რომელიც უნდა შეფასდეს?“ ხშირად პირიქით ხდება. ხშირად თავად შევჯახებივართ არავალიდურ შეფასებას. ალბათ ჩვენთვისაც უსწავლებია მასწავლებელს, რომელსაც სულ სხვა რამ აუხსნია, შემაჯამებელი წერა კი სხვა თემაზე ჩაუტარებია. ეს არა მხოლოდ აღაშფოთებს მოსწავლეებს, არამედ ცოდნის შეჯამებასაც უსარგებლოს ხდის. ვალიდურობა ასევე უნდა შევაფასოთ ინსტრუქციული თანმიმდევრობის მიხედვით. ეს ნიშნავს, რომ  სწავლება უნდა შეესაბამებოდეს მასწავლებლის მიზანს, ხოლო ტესტი – ორივეს. როდესაც არსებობს ლოგიკური კავშირი შეფასების პროცედურებს, სწავლების მიზანსა და ნასწავლებ მასალას შორის, ე.ი. ორივე კომპონენტი – თანმიმდევრულობაც და ვალიდურობაც – სახეზეა. მასწავლებელი უნდა ეცადოს, თავიდან აიცილოს ფაქტორები, რომლებიც ვალიდურობას ამცირებს. ის არ უნდა აფასებდეს მოსწავლეს ისეთი ფაქტორების მიხედვით, რომელთა გაზომვაც ადვილია, მაგალითად, ქცევებისა და შესრულებული ამოცანების რიცხვის მიხედვით, ნაცვლად მათი ხარისხისა  და სირთულის შემოწმებისა. გარდა ამისა, მასწავლებლები მიჯაჭვულნი არიან მოსწავლისგან მიღებულ პირველ შთაბეჭდილებაზე, რომელიც შესაძლოა მცდარი იყოს. ასეთი ტენდენციების განვითარება რომ არ დავუშვათ, უნდა შევქმნათ და დავნერგოთ „სისტემური შეფასების სისტემა“, რომელიც სანდოობის ხარისხისკენ წაგვიყვანს.

ვთქვათ, მასწავლებელი ხსნის კონკრეტულ თემას და სთხოვს მოსწავლეებს, მოიყვანონ მაგალითები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, გამოვიყენოთ იგი სხვა სიტუაციაში. რომელიმე მოსწავლე იწევს ხელს და მოჰყავს ძალიან კარგი მაგალითი. იმავეს აკეთებს რამდენიმე სხვა მოსწავლეც. ასეთ დროს მასწავლებელი ასკვნის, რომ კლასმა თემა კარგად გაიაზრა, მაგრამ ავიწყდება, რომ მან მხოლოდ რამდენიმე მოსწავლის პასუხი მოისმინა, თანაც მხოლოდ იმ მოსწავლეებისა, ვინც საკუთარი ინიციატივით აიწია ხელი. დაბეჯითებით ვერავინ იტყვის, რამდენად გაიგო ახალი თემა მთელმა კლასმა, განსაკუთრებით კი – შედარებით დაბალი შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებმა. აქედან გამომდინარე, ადვილი შესაძლებელია, მასწავლებლის დასკვნა მცდარი იყოს, რადგან იგი არასანდო ინფორმაციას ეფუძნება. შეფასების სანდოობა ნიშნავს, რომ საზომი კრიტერიუმები განმეორებადია. ვინაიდან მასწავლებელს ინფორმაცია ყველა მოსწავლისგან არ მიუიღია, ე.ი. არ მომხდარა კითხვის გამეორებით დასმა, ამრიგად, შედეგი არ არის სანდო. არასანდო კრიტერიუმები არ შეიძლება იყოს ვარგისი, თუნდაც შეესაბამებოდეს მასწავლებლის მიზანს.

რამდენად გავრცელებულია ტენდენცია მასწავლებელის მიერ არასანდო შეფასების გამოყენებისა გადაწყვეტილების მიღების პროცესში? ავტორები აღნიშნავენ,  რომ იმაზე ფართოდ, ვიდრე ვვარაუდობთ. როდესაც მასწავლებელი იღებს რუტინულ გადაწყვეტილებებს, რათა გაკვეთილის მიმდინარეობა გაგრძელდეს, ამ დროს ადგილი აქვს მონაცემთა შეგროვების მცდელობას. მაგალითად, ის ცდილობს გაითვალისწინოს მოსწავლეთა პასუხები და არავერბალური ქცევები, რათა გადაწყვიტოს, კიდევ ერთხელ ახსნას საკითხი თუ ახალ თემაზე გადავიდეს. სისტემატური მცდელობა, შევაგროვოთ მონაცემები ყველა მოსწავლისგან და არა მხოლოდ მათგან, ვინც საკუთარი ნებით პასუხობს, პროცესს უფრო სანდოსა და ვალიდურს ხდის.

ვალიდურობასა და სანდოობასთან ერთად პროცესი უნდა იყოს პრაქტიკულიც. შეფასება ეფექტური სწავლების ერთ-ერთი კომპონენტია, მაგრამ არ შეიძლება, მას იმდენი დრო და ენერგია დაეთმოს, რამდენიც სხვა კომპონენტებს.

დაწყებითი კლასის მასწავლებლები პასუხისმგებელნი არიან კითხვაზე, წერაზე, ბუნებისმეტყველებასა და მათემატიკაზე, ხშირად –უცხო ენასა და ხელოვნებაზე, მუსიკასა და ფიზიკურ აღზრდაზეც. საშუალო და უფროსი კლასის მასწავლებლებს, ჩვეულებრივ, დღეში 5 გაკვეთილის ჩატარება უწევთ 25 მოსწავლისგან შემდგარ კლასში. ასე რომ, მასწავლებლები ძალიან დატვირთულები არიან და არ შეუძლიათ, მიმართონ შეფასების ისეთ პროცედურებს, რომლებიც არ არის პრაქტიკული და პროდუქტიული. შეფასება, რომელიც მასწავლებლებმა გამოიყენეს ზემოთ მოცემულ ორ მაგალითში, დროის თვალსაზრისით ძალზე ეკონომიური იყო. ქართულის მასწავლებელმა სწრაფად ჩამოწერა სიტყვები დაფაზე და ადვილად შეაფასა პასუხები. მას მხოლოდ ორი წუთი დასჭირდა პრობლემის განსაზღვრისთვის, ხოლო ქიმიის მასწავლებელმა მოსწავლეებს თავად შეაფასებინა ნამუშევარი. თითოეულ შემთხვევაში შეფასებაზე დაიხარჯა ცოტა დრო და მასწავლებლის მინიმალური ენერგია.

სტატიის მომდევნო ნაწილში ვისაუბრებთ შეფასების პრაქტიკულ გამოყენებაზე სწავლების ხელშეწყობისთვის, შეფასების სისტემათა საერთო ნიშნებზე და მოსწავლეთა ჩართულობის მნიშვნელობაზე.

„რთული“ მოზარდების ქცევითი თავისებურებები

0

რატომ და როგორ ხდებიან ბავშვები „რთულები“ ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, რისი ბრალია, რომ ბავშვის ქცევა ასაკთან ერთად „რთულდება“?

ეს წერილი, ჩემი ღრმა რწმენით, დააინტერესებთ „რთულ ასაკში“ მყოფ მოზარდებთან მომუშავე მასწავლებლებს და ოდნავ მაინც დაეხმარება მათ აღსაზრდელთა პრობლემების იდენტიფიცირებაში.

გარდატეხის ასაკის პრობლემების შესახებ ყველამ იცის. ყველას გაუგონია, რომ ამ დროს მოზარდს ქცევა ეცვლება. ის ხდება უფრო ჯიუტი, ხშირად – აგრესიული (განსაკუთრებით – უფროსების მიმართ), ზოგჯერ საკუთარ თავში იკეტება, ეცვლება ხასიათი და ინტერესთა სფერო, უჩნდება სწავლისადმი ინდიფერენტული დამოკიდებულება, რასაც განსაკუთრებით მძაფრად აღიქვამენ მასწავლებლები. აქვე მინდა დავამატო, რომ „რთული ასაკისთვის“ დამახასიათებელი თავისებურებები თავს იჩენს არა მხოლოდ იმ მოსწავლეებთან, რომლებსაც სწავლა უჭირთ. ამ ცვლილებებს განსაკუთრებით განიცდიან ბავშვების მშობლები, სოციუმი და, რაღა თქმა უნდა, პედაგოგები.

„რთული ასაკი“ – „რთული ქცევა“

სიტყვათშეთანხმება „რთული მოზარდი“ ერთ–ერთი ყველაზე განუსაზღვრელი ტერმინია ბავშვის ასაკობრივი განვითარების ფსიქოლოგიაში. თავად მოზარდობის ასაკი თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს პიროვნების განვითარების კრიზისულ სტადიად, ანუ ნებისმიერი მოზარდი „რთულია“ და ეს „სირთულე“ გამოიხატება საკუთარ თავსა და სხვებთან მიმართებით.

ყველას მშვენივრად მოეხსენება, რომ ბუნებას განსაზღვრული კანონზომიერებები ახასიათებს. ასაკობრივი ცვლილებებიც პიროვნების განვითარების თანმხლები მოვლენაა. რაკი რთულ ასაკზე ვსაუბრობთ, უნდა ითქვას, რომ ეს არის პერიოდი, როდესაც მოზარდი ცდილობს მოიკრიბოს ძალა საკუთარი, ზრდასრული, მშობლებისა და მასწავლებლებისგან დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. საყოველთაოდაა ცნობილი ისიც, რომ ამ დროს მოზარდის ორგანიზმში მნიშვნელოვანი ჰორმონული ძვრები მიმდინარეობს და ეს ყველაფერი გავლენას ახდენს განცდების გამოხატვის ინტენსივობაზე.

 

მაინც რა ხდება ამ დროს?

„რთულ ასაკში“ მყოფ არასრულწლოვნებს მშობლები და მასწავლებლები ხშირად თავხედებად და უტიფრებად მიიჩნევენ. ამ პერიოდში ისინი მართლაც გამომწვევად იქცევიან, არად დაგიდევენ უფროსებს, იზრდება მათი ეგოცენტრულობა და, განვითარების განსაზღვრულ დონეს მიღწეულებს, მიაჩნიათ, რომ აღარ სჭირდებათ გადაჭარბებული მეურვეობა უფროსების მხრივ.

ასეთი ქცევის შინაგანი, ქვეცნობიერი მოტივი ის არის, რომ მოზარდები ამ პერიოდში გაცილებით მგრძნობიარეები ხდებიან, ვიდრე მანამდე იყვნენ. ისინი ხომ ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვან დანაკარგს განიცდიან – ბავშვობას კარგავენ. ბავშვობა კი, როგორც ცნობილია, უსაფრთხოება, კომფორტი და უფროსების უპირობო სიყვარულია.

მშობლები და ხშირად მასწავლებლებიც ბავშვისთვის ყოვლისშემძლე, ყოვლისმცოდნე „ჯადოქრები“ არიან, რომლებსაც შეუძლიათ მისი ყველა სურვილის შესრულება, მისთვის სიმშვიდისა და სტაბილურობის გარანტიის მიცემა. ბავშვის ფსიქიკისთვის ეს აუცილებელია, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული მისი შემდგომი პიროვნული ზრდა-განვითარება.

ამ ე.წ. რთულ ასაკს ფსიქოლოგები მოზარდის მიერ ღირებულებათა გადაფასების პერიოდს უწოდებენ.

მაინც რა ხდება ამ დროს?

  • იწყება იმედგაცრუება, რომელიც წყენასა და გაუცხოებაში გადაიზრდება ხოლმე. რეალობა ის არის, რომ ბავშვის ცხოვრებაში ყოველთვის ხდება ისეთი რამ, რაც მას უფროსების მიმართ უპირობო ნდობასა და პატივისცემას აკარგვინებს.
  • მე-ს ჩამოყალიბების ამ ერთ–ერთ ყველაზე რთულ პერიოდში ბავშვი მუდამ ეძებს დამნაშავეებს და ისინი ყოველთვის მის გარშემო მყოფი უფროსები არიან, რომელთაც აუცილებლად შეეშლებათ რაღაც და „ჩასაფრებულ“ მოზარდს უჩნდება განცდა, რომ ის მოატყუეს, ამიტომ სამყაროს უსამართლობასა და არასრულყოფილებაზე იწყებს ფიქრს.
  • მოზარდს ეჩვენება, რომ მარტო დარჩა მშობლების, მასწავლებლების და სხვა უფროსების ჭკუისდამრიგებლური, „არაფრის მომცემი“ რიტორიკის პირისპირ.
  • ბავშვი იწყებს ფიქრს, როგორ გაართვას თავი ამ პრობლემებს. ასეთ ფიქრებთან მარტო დარჩენილ მოზარდს ეშინია, რადგან ქვეცნობიერად მაინც აეჭვებს საკუთარი შესაძლებლობები.

ამ დროს არასრულწლოვნები ყველასა და ყველაფერს კრიტიკის თვალით უყურებენ. შესაძლოა, სასოწარკვეთილებაც კი დაეუფლოთ. ამ პერიოდში ხომ მოზარდებს ყველაზე მეტად სხვებზე „დომინირება“ სურთ, უნდათ, მათი „ძლიერება“ ყველამ დაინახოს და სათანადოდ დააფასოს.

საკითხის მცოდნე სპეციალისტების, მზრუნველი მშობლებისა და ყურადღებიანი მასწავლებლებისთვის ცნობილია, რომ გარდატეხის ასაკში მოზარდების „რთულ ქცევას“ ხშირად თავდაცვითი მექანიზმი უდევს საფუძვლად. მაგალითად, ბავშვები გამომწვევი ქცევით უპირისპირდებიან მასწავლებლის მიერ მათ მიმართ საჯაროდ გამოთქმულ შენიშვნას და წყენას, რომელსაც განიცდიან, როდესაც პედაგოგები ყურადღებას არ აქცევენ მათ „მიღწევებს“; სამაგიეროდ, უხვად არიგებენ შენიშვნებს, საყვედურებს, გაფრთხილებებს. ყველა ფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ მოზარდი შეურაცხყოფად აღიქვამს ამას და უმძაფრდება განცდა, რომ ის ყველაზე უარესი, უმაქნისი და უუნაროა.

გარდატეხის ასაკი ის პერიოდია, როდესაც მოზარდს ყველაზე მეტად სჭირდება გაგება და მისთვის მნიშვნელოვანი ადამინების მხარდაჭერა. მას აღარ სურს, პატარად აღიქვამდნენ, ცდილობს, მოიპოვოს გარშემო მყოფთა პატივისცემა და დაარწმუნოს ისინი, რომ უკვე შესწევს უნარი, მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები და საკუთარ საქციელზე პასუხი აგოს.

მოზარდებს უნდათ, მხარი აუბან სოციუმის მოთხოვნებს და, იმავდროულად, საკუთარი მოთხოვნილებებიც დაიკმაყოფილონ, მაგრამ ეს ორი რამ ყოველთვის ვერ თანხვდება ერთმანეთს, ამიტომ მოზარდებს ჰგონიათ, რომ თავად არიან „ცუდები და არასრულყოფილები“.

ყველაზე ხაზგასასმელი კი სწორედ ეს წინააღმდეგობრივი და ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავი განცდებია, რომლებიც მოზარდის ფსიქიკაში დუღს. უფროსები აუცილებლად უნდა ესაუბრონ მას ამ განცდებსა და ემოციებზე. ეს ასე თუ ისე დაამშვიდდებს აფორიაქებულ მოზარდს, მიახვედრებს, რომ უფროსებისთვის მნიშვნელოვანია მისი როგორც სერიოზული გადაწყვეტილებები, ისე ემოციური და პიროვნული მომენტებიც.

რამდენიმე რეკომენდაცია

მიღებულია, რომ ფსიქოლოგები არ უნდა იძლეოდნენ პირდაპირ, იმპერატიულ რჩევებს; ისინი მხოლოდ ერთგვარი რეკომენდაციებით შემოიფარგლებიან. მასწავლებლებმაც საქართველოში ბოლო ხანს მრავალი სავალდებულო და ნებაყოფლობითი ტრენინგი გაიარეს. ტრენინგების თემატიკა მრავალფეროვანი იყო, მოიცავდა სწავლებისა და განვითარების პედაგოგიურ-ფსიქოლოგიურ თეორიებს, კლასის მართვის თანამედროვე სტრატეგიებს და სხვა. ამიტომ:

  • გამოიყენეთ მოსწავლეებთან ურთიერთობისას საკუთარი მრავალწლოვანი პედაგოგიური ცოდნა-გამოცდილება; თქვენ ხომ იცით, რომ თანმიმდევრულები უნდა იყოთ აღსაზრდელებთან და კარგად გესმოდეთ, რას ითხოვთ მათგან, რათა მოსწავლესთან უსარგებლო ომში არ აღმოჩნდეთ ჩაბმული და არ დამარცხდეთ.
  • გაიხსენეთ, რომ შესანიშნავად იცით, მაგალითად, ის გარემოება, რომ მოზარდს რთულ ასაკში ახასიათებს ერთგვარი ემანსიპაციის რეაქცია ანუ ქცევის ტიპი, რომლის მეშვეობითაც უფროსების (განსაკუთრებით – მასწავლებლების) გადაჭარბებული მზრუნველობისგან თავის დაღწევას ცდილობს. მოზარდები ანგრევენ სტერეოტიპებს, ეჭვქვეშ აყენებენ „მამების იდეალებს“, ძველი ავტორიტეტების დისკრედიტაციას ახდენენ. სწორედ ასეთ კრიტიკულ სიტუაციებში გმართებთ თანაგრძნობა, მოთმინება, გაგება და საკუთარი პროფესიონალიზმის მაქსიმალურად გამოყენება.
  • გამოიყენეთ ტრენინგებზე მიღებული უნარ-ჩვევები. გაიხსენეთ დამხმარე ლიტერატურა, რომელსაც უხვად გაეცანით და რომლის დახმარებითაც გაცილებით ადვილად გაუმკლავდებით ცოტა ხნის წინ დამჯერი მოწაფეების „სამწუხარო“, მაგრამ დროებით ცვლილებებს.

ერთი ბრიტანული სკოლის უჩვეულო ისტორიიდან

0

 

რა მოხდება მაშინ, თუკი მოსწავლე თავად აირჩევს – გაკვეთილზე შევიდეს თუ სკოლის ეზოში დარჩეს სათამაშოდ? დაირღვევა თუ არა ამით აღზრდის წესები და რა შედეგს მოიტანს განათლების სისტემა, რომელიც მასწავლებლისა და მოსწავლის თანაბარუფლებიანობას ეფუძნება? 1921 წლიდან მოქმედი  ბრიტანული სკოლა „Summerhill“ დემოკრატიის საუკეთესო მაგალითია. სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები ერთად გეგმავენ სწავლების პროცესს. ბავშვები თვითონ ირჩევენ იმ  საგნებს, რასაც ისწავლიან. „Summerhill“-ში მოსწავლის მოსაზრება ისეთივე წონიანია, როგორც სკოლის ადმინისტრაციის.

ეს უძველესი სკოლა ინგლისის დასავლეთით, ქალაქ ლეისტონში მდებარეობს. სკოლის დამაარსებელი დრეზდენში მცხოვრები შოტლანდიელი პედაგოგი ალექსანდრე ნილია. 1932 წელს ალექსანდრე ნილი ინგლისში ბრუნდება და პატარა ქალაქ ლაიმ-რიჯში სახლდება. აქ სულ ხუთი მოწაფე ჰყავს. სკოლას არავინ აფინანსებს და ნილი იძულებულია საშუალო და შეძლებული ოჯახის შვილებს ასწავლოს. რამდენიმე წლის მერე ბავშვების რაოდენობა 27-მდე იზრდება. 1927 წელს ნილი სკოლას ლეისტონში ხსნის.

„ბავშვის ამოცანაა თავად აირჩიოს როგორ იცხოვრებს, ამ გადაწყვეტილებასთან კი რა ხელი აქვთ მზრუნველ მშობლებს და პედაგოგებს, რომლებსაც ჰგონიათ თითქოს ყველაფერი იციან? – წერს ნილი თავის წიგნში „Summerhill“ – აღზრდა თავისუფლებით“. – უფროსების ჩარევა ბავშვის ცხოვრებაში მას ჩვეულებრივ რობოტად აქცევს“.

ნილის მშობლები მასწავლებლები იყვნენ. 15 წლის ასაკიდან ალექსანდრე მამის ასისტენტის როლს ასრულებდა. შოტლანდიურ სკოლებში მიღებულმა გამოცდილებამ დაანახა, რომ მკაცრი დისციპლინა ბავშვის ემოციურ მხარეს აზიანებდა და აგრესიამდე მიჰყავდა. იმ დროისათვის ბავშვის ფიზიკური დასჯა აღზრდის მთავარ ინსტრუმენტად მიიჩნეოდა როგორც სახლში, ისე სკოლაში. ნილი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ძალადობრივ მეთოდებს. აცხადებდა, რომ ბავშვი კი არ უნდა მოერგოს სკოლის საჭიროებებს, არამედ სკოლა ბავშვისას.

ნილის სკოლაში რთული კატეგორიის ბავშვები ხვდებოდნენ. მშობლებმა არ იცოდნენ, როგორ აღეზარდათ ასეთი შვილები. ისიც ცდილობდა იმ დროისათვის პოპულარული ფსიქოანალიზის გამოყენებით გამოესწორებინა ბავშვის ქცევა, მაგრამ დროთა განმავლობაში შეამჩნია, რომ ამ ყველაფერს არა სიმკაცრე, არამედ თავისუფლება „კურნავდა“. „Summerhill“ იქცა სკოლად, სადაც ბავშვებისთვის ყველაფერი ნებადართული იყო. ბავშვს უფლება ჰქონდა აერჩია რას ჩაიცვამდა, როგორ გაატარებდა დროს. ნილი თავს არ ახვევდა საყოველთაო ქცევის წესებსა და მორალს. ამის გამო სკოლა არასოდეს თანამშრომლობდა რელიგიურ ორგანიზაციებთან.

„Summerhill“-ის მოსწავლე დღესაც თვითონ ირჩევს რით დაკავდება დღის განმავლობაში. გაკვეთილების განრიგი მხოლოდ მასწავლებლებისთვისაა სავალდებულო და თუ ბავშვმა მოისურვა მეცადინეობის ნაცვლად ეზოში გართობა, არჩევანს არავინ დაუწუნებს. ერთადერთი მოსალოდნელი უსიამოვნება შეიძლება ის იყოს, რომ თუ რეგულარულად გააცდენს გაკვეთილებს, სხვების სწავლას შეაფერხებს.

ნილის ნოვატორულმა იდეებმა ბევრი მშობლის აღშფოთება გამოიწვია. მათ ეგონათ, რომ ბავშვები სწავლას არასოდეს მოინდომებდნენ, მაგრამ პრაქტიკამ აჩვენა – ბავშვები სწრაფადვე ხვდებოდნენ, რომ მეცადინეობა აუცილებელია. ყველაზე მეტად ნილს სხვა სკოლებიდან გადმოსულ მოსწავლეებთან ურთულდებოდა მუშაობა. ისინი სწავლას სამი თვის მერე უბრუნდებოდნენ. ყველაზე ზარმაცი კი მონასტრის სკოლიდან გადმოსული გოგონა აღმოჩნდა. ის გაკვეთილებს სამი წლის განმავლობაში აცდენდა.

„Summerhill“-ში 5-დან 17 წლის ასაკის მოსწავლეები სწავლობენ. უმცროსი ბავშვები ორ ასაკობრივ ჯგუფად იყოფიან: „კლასი 1“ – 5-9 წლისანი და „კლასი 2“ – 10-12 წლისანი. ყოველი სემესტრის დასაწყისში მათ გაკვეთილების ცარიელ ცხრილს აძლევენ. გრაფებში თვითონ უნდა ჩაწერონ, რომელი საგნების სწავლა სურთ. სწორედ ამ ჩამონათვალიდან გამომდინარე იგეგმება მასწავლებლის ცხრილი.

ოფიციალური საგნების სიაში შედის საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა, ლიტერატურა, ენები (ინგლისური, გერმანული, ესპანური, იტალიური და ჩინური), ისტორია, გეოგრაფია, ინფორმატიკა, ხეზე მუშაობა, სამსახიობო ხელოვნება, ვოკალი და ხმის ჩამწერ სტუდიაში მუშაობა. 10 წლიდან ბავშვებს საშუალება აქვთ საკუთარი ძალები მოსინჯონ სხვადასხვა სფეროში: ბაღის გაშენება-მოვლა, მაკრამე, ფოკუსებისა და კომპიუტერული სტრატეგიების სწავლება. სკოლის ტერიტორიაზე ღია აუზია, სათამაშო მოედანი, ჩოგბურთის კორტები, თეატრი, ფოტოლაბორატორია და სხვა საქმიანობისთვის განკუთვნილი ადგილები.

ნილი წერდა, რომ წიგნი განათლების პროცესში ერთ-ერთი მთავარი იარაღი იყო. მისი აზრით, ბავშვისთვის საკმარისი იყო კითხვის, წერისა და არითმეტიკის ბაზისური ცოდნა, დანარჩენს კი ის ხატვის, ძერწვის, სპორტული თამაშებისა და თანატოლებთან ურთიერთობის გზით ისწავლიდა. შოტლანდიელი პედაგოგი ამბობდა, რომ თუ ბავშვი რიცხვების გაყოფით დაინტერესდებოდა, მაინც ისწავლიდა – სკოლაში ან სკოლის გარეთ.

„სასწავლო გეგმა, რომელიც მომავალ თერძს აიძულებს კვადრატული განტოლებებით ან ბიოლის კანონით გამოიტენოს თავი, აბსურდულია. ბავშვი, რომელსაც, მაგალითად, 15 წლამდე არ სურს კითხვის სწავლა, ყოველთვის ტექნიკური საგნებისკენაა მიდრეკილი და მისგან კარგი ინჟინერი გამოდის“.

რადგან გაკვეთილები განათლების აპრიორ ელემენტად არ მიიჩნეოდა, ნილი მასწავლებლებსაც მარტივად ირჩევდა. „თუ მასწავლებლები იზიარებდნენ ამ სკოლის ფილოსოფიას, შესანიშნავად ასწავლიდნენ ბავშვებს. ძალიან დაბალ ხელფასს კი იღებდნენ… მასწავლებლები, რომლებიც აქ სამუშაოდ მოდიოდნენ, უჩვეულო სკოლის შესახებ გვიან იგებდნენ, მაგრამ სამუშაოს აღარ ტოვებდნენ“, – იხსენებს ნილის შვილიშვილი ანჯელა ნოისტეტერი.

სკოლაში ტრადიციისამებრ მასწავლებლები და მოსწავლეები ერთმანეთს სახელით მიმართავენ.

„ცხრა წლის ბავშვმა ფანჯარა რომ ჩატეხოს, მოვა და მეტყვის. ჩემი არ ეშინია, იცის, რომ მორალს არ წავუკითხავ, არ გავუბრაზდები. შეიძლება ჩატეხილი მინის საფასური გადაიხადოს, მაგრამ ნამდვილად არავინ დასჯის“, – წერს ნილი.

თავდაპირველად ჟურნალისტები სკოლას „რაც გინდა აკეთეს“ უწოდებდნენ. ეგონათ, რომ სკოლის ტერიტორიაზე ქაოსი და ანარქია სუფევდა. სინამდვილეში, სკოლა მუშაობდა და მუშაობს პრინციპით: „თავისუფლება და არა თავგასულობა“. სკოლაში ყველას შეუძლია იმ საქმით დაკავდეს, რაც მოსწონს. მთავარია, ხელი სხვას არ შეუშალოს. საერთო წესრიგს სკოლის კრება აკონტროლებს. კრებაზე, რომელიც ორ კვირაში ერთხელ ტარდება, მიმდინარე პრობლემებს განიხილავენ და კონფლიქტებს აგვარებენ. ნებისმიერ გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობით იღებენ. 5 წლის ბავშვის ხმას აქ ისეთივე ძალა აქვს, როგორც დირექტორის.

კრება ადგენს სკოლის ყველა შიდა წესს. წინასწარი შეთანხმებისამებრ, მოსწავლეები ჯარიმას იხდიან დღის ძილისთვის, გაკვეთილების პერიოდში – ტელევიზორის ყურებისთვის, გვიან დაძინებისთვის. ასევე, უსაფრთხოების მიზნით, იკრძალება სახურავზე ძრომიალი ან მაშველთა გარეშე ზღვაში შესვლა. ბევრი წესი მასწავლებლებზეც ვრცელდება. ჯარიმა შეიძლება იყოს როგორც ფულადი, ასევე ჩამორთმეული გემრიელი დესერტის სახით.

ადმინისტრაციული და სასამართლო ფუნქციის გარდა, საერთო კრება ეხმარება ბავშვს საკუთარი პოზიციის არგუმენტირებულად დაცვაში, უფროსებთან მოლაპარაკებებში. ასაკის მატებასთან ერთად, მოსწავლეები სულ უფრო ხშირად მონაწილეობენ თვითმმართველობაში და საკუთარ კანდიდატურებს წარადგენენ კრების თავმჯდომარის, ჯარიმების ამკრეფის ან ომბუდსმენის პოზიციაზე, მონაწილეობას იღებენ სკოლის კომიტეტის მუშაობაში.

არადა, თავდაპირველად ნილის კონცეფციამ კანონმორჩილ ბრიტანელებში დიდი ეჭვი დაბადა. მასმედიას დღესაც წამოსცდება ხოლმე, რომ „Summerhill“ ყველაზე სადავო აღზრდის სისტემის მქონე კერძო სკოლაა. 1992 წელს ტაბლოიდებმა სკანდალი ატეხეს ერთ-ერთი დოკუმენტური ფილმის გამო, სადაც ჩანდა, რომ მოსწავლეები და მასწავლებლები აუზში შიშვლად ცურავდნენ. „Summerhill“ კვლავ გაახსენდათ და მასზე მეთვალყურეობა გაამკაცრეს.

1999 წლის მარტში განათლების სტანდარტების სფეროს ინსპექტორებმა „Summerhill“-ში ვიზიტის შემდეგ სპეციალურ ანგარიშში მიუთითეს, რომ სკოლა სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ბავშვებისთვის განათლებას და რომ მოსწავლე-მასწავლებლებს  უსაქმურობა პირად თავისუფლებაში ერევათ. სინამდვილეში კი სკოლაში არანაირი დარღვევა არ აღმოუჩენიათ. უბრალოდ, მავანთ უნიკალური განათლების კონცეფცია არ ასვენებდათ – როგორ უნდა მიაღწიო სკოლამ მაღალ სტანდარტებს, თუკი მოსწავლეს უფლება აქვს არაფერი აკეთოს?..

ნილის ქალიშვილი ზოუი რედჰედი სკოლას 1985 წლიდან ხელმძღვანელობს. ის ჩვეულია მასმედიისთან კამათს, მაგრამ განათლების სტანდარტების ინსპექტორთა უსაფუძვლო ბრალდებამ სკოლის იმიჯი შელახა და აიძულა, სასამართლოში სარჩელი შეეტანა. საქმის მოსმენის დროს სკოლის დასაცავად უამრავი ადამიანი,  სკოლადამთავრებული და დამოუკიდებელი ექსპერტი მოვიდა. 2000 წელს ბრიტანეთის განათლების მინისტრ დევიდ ბლანკეტმა საქვეყნოდ განაცხადა, რომ კომისიამ ცრუ შეფასება გაავრცელა და სკოლის ხელმძღვანელს შესთავაზა მშვიდობიანი გარიგება, სადაც ის აღიარებდა სკოლის კონცეფციას. მოსმენებზე მყოფმა სკოლის მოსწავლეებმა სკოლის საერთო კრება სასამართლო დარბაზშივე ჩაატარეს. „79 წლის შემდეგ ნილის კონცეფცია სახელმწიფომ აღიარა, მაშასადამე, აღიარა სავალდებულო გამოცდების ტირანია და ალტერნატიული სწავლება“, – განაცხადეს კრების წევრებმა.

ამჟამად „Summerhill“-ში 100 ადამიანი ირიცხება, საიდანაც 75 მოსწავლეა. მათი მესამედი ბრიტანელია, კიდევ მესამედი აზიის ქვეყნებიდან, დანარჩენი – ევროპიდან, აშშ-დან და ისრაელიდან. ამ სკოლის მსგავსი კონცეფცია მსოფლიოს რამდენიმე ათეულ სკოლაშია. „ეს სკოლა ცვლის ყველაფერს, რაც ვიცით ბავშვებსა და ბავშვობაზე. ცვლილება ბევრს აშინებს, რადგან ადამიანებს ჰგონიათ, რომ უფროსების თანდასწრებით ბავშვები უნდა დუმდნენ“, – ამბობს ნილის შთამომავალი.

ღვაწლით შემოსილი

0

მახსოვს, რომ კარი თვითონვე გაგვიღო და მისალმების შემდეგ მისაღებისკენ გაგვიძღვა, რომელიც მისი სამუშაო ოთახიც იყო. სამსახურის საქმეზე ვიყავით: მის ახალ ნაშრომს ვამზადებდით გამოსაცემად და რამდენიმე საკითხი მინდოდა შემეთანხმებინა. წინა დღეს ჩემს მეგობარს – ირაკლი კაკაბაძეს ვუთხარი, ერთ დიდ კაცთან ვაპირებ სტუმრობას და გამიხარდება, თუ წამოხვალ-მეთქი.

ბაჩანა ბრეგვაძესთან მანამდეც არაერთხელ ვყოფილვარ ვაკის ერთი ჩვეულებრივი კორპუსის პირველ სართულზე, თბილ და მყუდრო ბინაში, მაგრამ ეს შეხვედრა ყველაზე ხანგრძლივი, შთამბეჭდავი და ემოციური გამოდგა.

კარგახანს ფურცლავდა თავის მრავალწლიან შრომას – დახვეწილი გემოვნებით, სიღრმისეული დეტალების წვდომითა და ნამდვილი მეცნიერის ალღოთი და გამოცდილებით შესრულებულ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ პროზაულ ვერსიას. დაკაბადონებულ ტექსტში ალაგ-ალაგ მონიშნულ კორექტურას და ტექნიკურ შესწორებებს წამიერად ჰკიდებდა თვალს, მერე სტროფებს ჩაჰყვებოდა. განსხვავებით „ვეფხისტყაოსნის“ მრავალი პროზაული ვერსიისგან, ეს გამოცემა ფორმითაც და მნიშვნელობითაც განსაკუთრებული იყო.

ფორმას რაც შეეხება – უკვდავი პოემისთვის ახსნა-განმარტებისა და კომენტარების დართვის ნაცვლად, პლატონის მთარგმნელმა ძალიან სახიფათო გზა აირჩია: მან „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანება სცადა სკოლის მოსწავლეებისა და ახალგაზრდებისთვის, სტროფი-სტროფ მიყოლა. თითქმის ისევე, როგორც ეს ევროპაში ხდება, როცა, ვთქვათ, უილიამ შექსპირს ან ფრანსუა ვიიონს თარგმნიან უახლეს ინგლისურ და ფრანგულ ენებზე.

გეთანხმებით, ძნელი და უმადური საქმეა, მაგრამ საჭირო. ამიტომაც პირველი, რაც ვთხოვე, უნდა დაგვთანხმებოდა და წიგნის გარეკანზე თავისი სახელი დაეწერა.

– არა, ბატონო, არა, გენაცვალე, – თავიდანვე შორს დაიჭირა, – იქ, სადაც ავტორად შოთა რუსთაველი აწერია, მე რა მოსახსენებელი ვარ. ეს არის რუსთაველის პოემა, მორჩა და გათავდა!

– მესმის, ბატონო ბაჩანა, მაგრამ ეს ხომ თქვენი ტექსტია, თქვენი, როგორ ვთქვა… – ვცდილობდი ასე ადვილად არ დამეთმო, თან ირაკლისკენაც ვაპარებდი თვალს: მასაც ეტყობოდა, რომ არაერთი არგუმენტი უტრიალებდა გონებაში.

– თუ ძალიან საჭირო და აუცილებელია, დამაწერეთ სადმე, შიგნით, სადაც რედაქტორებს აწერენ ხოლმე.

– მაგრამ თქვენ ხომ რედაქტორი არ ხართ! – აღელვებისგან ქაღალდი შუაზე გავკეცე, მაგიდიდან კალამი ავიღე და კვადრატის მსგავსი ფიგურა დავხატე, – ვთქვათ, ეს არის გარეკანი, – ბატონმა ბაჩანამ გაოცებით შემომხედა, ირაკლიმ გაიღიმა და თვალი ჩამიკრა, – აი, აქ დაეწერება ავტორი, წიგნის სათაური და აქ, აი აქ, ის, რომ პროზაული ვერსია ეკუთვნის ბაჩანა ბრეგვაძეს.

– არა, გენაცვალე, გარეკანზე არავითარ შემთხვევაში, – უკან არ იხევდა ჩვენი მასპინძელი, და მაშინ იყო, ჩუმად, კუთხეში მჯდომმა მისმა მეუღლემ, ქალბატონმა ლიამ რომ ვერ მოითმინა:

– ბაჩო, კარგი, შენი თავი არ გიყვარს, მაგრამ შვილებზე მაინც იფიქრე!

წამიერი პაუზის შემდეგ, თითქოს მეც და ირაკლიმაც მონაცვლეობით შევაპარეთ: „თან ეს ჩვენ გვჭირდება“. „ქართველ მკითხველს სჭირდება“. „ის კი არა, გარეკანის ბოლო გვერდზე თქვენი ფოტოს გაშვებაც არ იქნებოდა ურიგო“ (ამ რეპლიკას ბაჩანა ბრეგვაძის ბავშვური გაოცება და რამდენიმეწუთიანი კამათი მოჰყვა). „მით უმეტეს, ახალგაზრდა მკითხველმა ხომ უნდა იცოდეს, რომ ადამიანი, ვინც ეს წიგნი მოამზადა, ეგზიუპერის მთარგმნელია“. „ძველი აღთქმის“. „მარკუს ავრელიუსის“. მაკიაველის“. „ნეტარი ავგუსტინეს“…

– სხვათა შორის, „დონ კიხოტიც“ მაქვს თარგმნილი, – წამოგვეშველა ბატონი ბაჩანა, – და ხომ ასეთი ტანჯვა და წვალებაა ამ ფილოსოფოსების თარგმნა და კომენტარების მომზადება, აი, სერვანტესს რომ ვთარგმნიდი, ისეთი სიამოვნებით, სიხარულით არაფერი მიკეთებია. მარტო ვიჯექი და ვიცინოდი. მერე ვიფიქრე, ვინმეს გიჟი არ ვეგონო-თქო, მაგრამ თავის შეკავებაც მიჭირდა. ჩემთვის ჩუმად ვიჯექი და ვიცინოდი.

თავისთვის, ჩუმად – ეს მარტოსული, ღვაწლით შემოსილი გიორგი მთაწმინდელის მემკვიდრე რამდენ ბრძენკაცს, ნიჭით გასხივოსნებულს შემოუძღვა და ძველბერძნულიდან, ლათინურიდან, ფრანგულიდან, ესპანურიდან, იტალიურიდან, რუსულიდან ქართული ენისა და ლიტერატურის სივრცეში შემოიყვანა მარტო მათი ფიქრი და ნააზრევი კი არა – მათი სული, უკვდავი სული.

და ახლა, როცა შრომითა და ძიებით დამაშვრალი ოსტატის გვერდით გატარებულ დროს ვიხსენებთ, თვითონ ალბათ ბედნიერია, რომ მისი წიგნების ფურცლებზე ისე შეუძლია დაისვენოს ჩვენმა დაღლილმა სულმა, როგორც გადამფრენი ფრინველები ისვენებენ გაშლილ ზღვაში გემის ანძაზე…

როგორ დავეხმაროთ ბავშვს ძლიერი ნებისყოფის ჩამოყალიბებაში

0

ვფიქრობ, ძნელია მოიძებნოს ისეთი მშობელი, რომელსაც არ ექნება სურვილი, რომ მისი შვილი იყოს მტკიცე ხასიათის, ძლიერი ნებისყოფის, მიზანდასახული, მიზანსწრაფული და დამოუკიდებლად მოქმედების უნარით აღჭურვილი. მათი ჩივილები შვილთან დაკავშირებით ხომ ყველაზე ხშირად სწორედ ნებისყოფას უკავშირდება – „უჭირს დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა“, „უჭირს დასახული მიზნის შესაბამისად მოქმედება“, „ძალიან სუსუტი ნებისყოფა აქვს“, „ჩემი დახმარების გარეშე ვერაფერს აკეთებს“. ამგვარი ფრაზების მოსმენა, მშობელთა მხრიდან,  ჩვეულებრივი მოვლენაა. როგორც წესი, ნებისყოფასთან დაკავშირებული პრობლემებით,  მშობლები წუხილსა და დაინტერესებას ბავშვის სკოლაში შეყვანის შემდეგ აქტიურად იწყებენ. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან სასკოლო სწავლება-ნებელობის განვითარების გარკვეულ დონეს საჭიროებს და პრობლემები, რომლებსაც ბავშვი სწავლის დროს ხვდება, არცთუ ისე იშვიათად, სწორედ აღნიშნული მიმართულებით მის განვითარებაში არსებული ხარვეზებით შეიძლება იყოს გამოწვეული.

     გამომდინარე იქიდან, რომ ნებისყოფის როლი და მნიშვნელობა, როგორც სწავლის, ასევე პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში განუზომელია, ნებისმიერი აღმზრდელისთვის საინტერესო იქნება იმის ცოდნა, თუ რა გზას გადის ბავშვის ნებელობითი განვითარება და როგორ შეიძლება დავეხმაროთ აღსაზრდელს ძლიერი ნებისყოფის ჩამოყალიბებაში.

     კარგად არის ცნობილი, რომ ადამიანი არ იბადება ძლიერი ან სუსტი ნებისყოფით. ის მემკვიდრეობით არ გადაეცემა მშობლიდან შვილს. ნებისყოფა ყალიბდება ბავშვის მიერ სოციალური ნორმების ათვისების პროცესში. მისი განვითარება ბევრად არის დამოკიდებული ცხოვრების პირობებსა და აღზრდაზე. თუ ბავშვი იზრდება ჰიპერმზრუნველობის პირობებში, მშობლები ზედმეტად მეურვეობენ, უფროსები მის ნებისმიერ სურვილს, თხოვნას, კაპრიზს უსიტყვოდ ასრულებენ, საეჭვოა, რომ ის ძლიერი ნებისყოფის და მტკიცე ხასიათის ადამიანად ჩამოყალიბდეს. ასეთი ბავშვი იქნება განებივრებული, ჭირვეული და მშობლებს უამრავ პრობლემას შეუქმნის.

     კარგი იქნება, თუ ნებისყოფის განვითარებაზე ზრუნვას ჯერ კიდევ სკოლამდელ პერიოდში, ადრეული ასაკიდანვე დავიწყებთ. როგორც კი შევამჩნევთ, რომ ბავშვს შეუძლია მისკენ მიმართული სიტყვების აზრის წვდომა და გაგება, შეგვიძლია უკვე გარკვეული, მისი შესაძლებლობების შესაბამისი მოთხოვნები წავუყენოთ მას და ვთხოვოთ მათი შესრულება. მაგალითად, სათამაშოების დამოუკიდებლად დალაგება თამაშის შემდეგ, ტანსაცმლის დამოუკიდებლად ჩაცმა, გახდა და ა.შ. უნდა ითქვას, რომ  ადრეულ ასაკში ხშირად პატარები თავად ითხოვენ დამოუკიდებლად მოქმედებას, მაგ. სიტყვებით „მე თვითონ“ ის პროტესტს უცხადებს დედას და ხელიდან სტაცებს კოვზს, რომ დამოუკიდებლად ჭამოს. ასეთ სცენას ჩვენ შეიძლება ბავშვის ჩაცმის დროსაც წავაწყდეთ – ბავშვი ჭირვეულობს და ცდილობს თვითონ ჩაიცვას ფეხსაცმელი, ტანსაცმელი. თუმცა, იმის გამო,  რომ მისი მოძრაობები ჯერ კიდევ არ არის საკმარისად დახვეწილი, მას დიდი დრო ეხარჯება აღნიშნული მოქმედებების განხორციელებაზე, რაც დედას აღიზიანებს და ცდილობს დაიმორჩილოს ბავშვი, თვითონ აჭამოს და ჩააცვას. ყოველივე ეს დიდ ზიანს აყენებს ბავშვის ნებელობით განვითარებას.

ადრეულ ასაკში, ბავშვთან ურთიერთობისას, ჩვენ ხშირად ვხვდებით ისეთ სიტუაციებს, რომლებიც მისი ნებისყოფის განვითარების კარგ საშუალებას იძლევა, რა თქმა უნდა, თუ ჩვენ სწორად ვიმოქმედებთ. მაგ. არის ხოლმე შემთხვევები, როცა კაშკაშა სათამაშოს დანახვისას პატარა მისკენ იწევს, რომ როგორმე ხელში ჩაიგდოს. სულ რამდენიმე თვის ბავშვს უკვე შეუძლია ამის გაკეთება დამოუკიდებლად, თუ გარკვეულ ძალისხმევას გამოიჩენს. კარგი იქნება, რომ ჩვენ არ ვიჩქაროთ, არ მივაწოდოთ ბავშვს მისთვის სასურველი სათამაშო და მივცეთ ნებელობის გამომჟღავნების შესაძლებლობა. ნუ მოვაკლებთ მას მიზნის მიღწევით და საკუთარი წარმატებით განცდილ სიხარულს. პატარა ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს, როცა დამოუკიდებლად აღწევს მიზანს. წინააღმდეგობების დამოუკიდებლად დაძლევა აქტიური, დამოუკიდებელი პიროვნების ფორმირების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. რა თქმა უნდა, ასაკიდან გამომდინარე, ბავშვის შესაძლებლობები გარკვეულწილად შეზღუდულია და ძალიან ხშირად მას არ შეუძლია დახმარების გარეშე წამოჭრილი პრობლემის წარმატებით გადაჭრა. თუ ვხედავთ, რომ ის თავს ვერ ართმევს  მის წინაშე მდგარ ამოცანას, ჩვენ აუცილებლად უნდა დავეხმაროთ მას. თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ მხოლოდ ვეხმარებით, ამიტომ მთელ პასუხისმგებლობას ნუ ავიღებთ ჩვენს თავზე და ბავშვის ნაცვლად ნუ ვეცდებით პრობლემის გადაჭრას. ერთხელ, ორი წლის გიომ ვერაფრით მოახერხა სათამაშო ფიგურების ყუთში ისე ჩალაგება, რომ ყველა თავის ადგილას მოხვედრილიყო და ყუთისთვის თავსახურიც თავისუფლად დაეფარებინა. ბავშვმა ნერვიულობა დაიწყო და დასახმარებლად დედას უხმო. დედამ სწრაფად ჩაალაგა ფიგურები და თავსახურიც ადვილად დააფარა ყუთს. გიო გახარებული და კმაყოფილია. გახარებულია დედაც – ბავშვმა ტირილი შეწყვიტა. რამდენიმე წუთის შემდეგ ყველაფერი მეორდება. თუმცა ამჯერად დედა გაღიზიანებული და უკმაყოფილოა – „როდემდე შეიძლება ამის გაგრძელება, სახლის საქმეებია გასაკეთებელი“. ამ შემთხვევაში დედის შეცდომა ის არის, რომ მან ბავშვის ნაცვლად გააკეთა ყველაფერი, ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ დახმარებოდა მას. უმჯობესი იქნებოდა დედას ეჩვენებინა გიოსთვის, როგორ უნდა ჩაელაგებინა ფიგურები ყუთში, შემდეგ კი თვალ-ყური ედევნებინა რამდენად მოახერხებდა ის ამის გაკეთებას. ამით ბავშვი ისწავლიდა რთული სიტუაციიდან გამოსვლას. ნუ გავაკეთებთ ბავშვის მაგივრად იმას, რისი გაკეთების უნარიც მას უკვე აქვს, რისი გაკეთებაც მას უკვე შეუძლია. ვეცადოთ ადრეული ასაკიდანვე ვასწავლოთ ბავშვს უმარტივესი „პრობლემებისთვის“ დამოუკიდებლად თავის გართმევა: სათამაშოების ალაგება თამაშის შემდეგ, დამოუკიდებლად ხელ-პირის დაბანა, ჩაცმა, გახდა. ამით ბავშვი სწავლობს დამოუკიდებლობას და საკუთარ თავში ავითარებს ნებელობით თვისებებს. გარკვეულ პერიოდში ბავშვი დაჟინებით მოითხოვს ჩვენგან, რომ მივცეთ დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება – დამოუკიდებლად ჩაცმა, გახდა, ჭამა. თუ ამ დროს ჩვენ მას ამის საშუალებას არ მივცემთ, ის მიეჩვევა ჩვენს მომსახურებას და მოგვიანებით, როცა ჩვენ მოგვინდება, რომ ბავშვმა დამოუკიდებლად აკეთოს ეს ყველაფერი, ადვილი შესაძლებელია მას აღარ ჰქონდეს ამის სურვილი, რის გამოც ჩვენ უკმაყოფილების და სიბრაზის გრძნობა დაგვეუფლება. მაგრამ, თუ ადრეული ასაკიდანვე,  ბავშვთან ურთიერთობაში გამოვიჩენთ მოთმინებას, არ დავზოგავთ დროს და გარკვეულ გასაქანს მივცემთ  ბავშვის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას, ის სწორად განვითარდება და მოგვიანებით გაცილებით გაგვიადვილდება მასთან ურთიერთობა.

  ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნებელობითი თვისებები უცებ არ აღმოცენდება. ის გადის განვითარების რთულ გზას. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნებისყოფის განვითარება სკოლამდელ ასაკში მნიშვნელოვანი წინაპირობაა სკოლაში სწავლის დასაწყებად. იმისათვის, რომ ბავშვმა სასკოლო სწავლების პროცესში წარმატებას მიაღწიოს, ის უნდა დაემორჩილოს გარკვეულ წესებს, საკუთარი მოქმედება შეუსაბამოს მის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს, ასევე უნდა შეძლოს საკუთარი თავის და ქცევის მართვა. ნებელობითი განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ბავშვის სასკოლო სწავლისათვის ფსიქოლოგიური მზაობის კომპონენტებს შორის.  არანაირი სისტემური სწავლება არ იქნება შესაძლებელი, თუ ბავშვი ვერ ფლობს საკუთარ თავს, თუ ის მოქმედებს მხოლოდ აქტუალური მოთხოვნილებების საფუძველზე და ვერ ახერხებს, რომ საკუთარი მოქმედება მასწავლებლის მითითებებს და სასკოლო პროგრამის მოთხოვნებს დაუქვემდებაროს. ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ ყველაზე ხშირად ბავშვის წარუმატებლობის მიზეზს სასკოლო სწავლების პროცესში ნებისყოფის განვითარების არასათანადო დონე წარმოადგენს, რის გამოც ბავშვს აკლია  დამოუკიდებლობა, არ შეუძლია საქმის ბოლომდე მიყვანა, არა აქვს საჭირო მზაობა სასკოლო სწავლისათვის. ასეთი ბავშვები, როგორც წესი, ძალიან პასიურები არიან დავალებების შესრულების დროს. პასიურობას  ხშირად თან ახლავს უარყოფითი ემოციები და უკმაყოფილების გამომხატველი ფრაზები: „რთულია“, „არ მინდა“, „მაიძულეს“ და ა.შ.  ყოველივე აღნიშნულს  სასწავლო მოტივაციის დაბალი დონეც ახლავს. ამ სირთულეების თავიდან ასაცილებლად ბავშვს აუცილებლად უნდა ვასწავლოთ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა არ ექნება რჩევის სხვისგან მიღების  შესაძლებლობა.

      ბევრი მშობელი აქტიურად ზრუნავს იმაზე, რომ მისმა შვილმა, სასკოლო სწავლების დაწყებისთვის ბევრი რამ იცოდეს, იყოს ყურადღებიანი, რაც შეიძლება მეტ და მრავალფეროვან ინფორმაციას კარგად იმახსოვრებდეს, გამართულად ლაპარაკობდეს. რაც შეეხება ნებელობას, საკუთარი თავისა და ქცევის მართვას, ამაზე ნაკლებად ფიქრობენ და თვლიან, რომ ამ ასაკის ბავშვისთვის ნებელობის განვითარების ასეთი დონე ჯერ ნაადრევია. და ეს მაშინ, როცა თვითკონტროლი სასკოლო სწავლებაში წარმატების მიღწევის უმნიშვნელოვანეს პირობას  წარმოადგენს. იმისათვის, რომ კარგად ისწავლოს, ბავშვისთვის აუცილებელია ყურადღებით და ბოლომდე მოუსმინოს, რას ლაპარაკობს არა მხოლოდ მასწავლებელი, არამედ თანატოლიც, განურჩევლად იმისა საინტერესოა ეს მისთვის თუ არა, უკვე იცის მან ეს მასალა, თუ არა. უნდა შეძლოს თავშეკავება და არ წამოიძახოს ადგილიდან პასუხი, აიწიოს ხელი და დაელოდოს როდის შეეკითხებიან. უნდა ილაპარაკოს, რასაც ეკითხებიან, რაც კავშირშია გაკვეთილთან  და არა ის, რაც სურს.  უნდა გააკეთოს ის, რასაც მასწავლებელი ავალებს და მიიყვანოს დაწყებული საქმე ლოგიკურ დასასრულამდე, მაშინაც კი, თუ ის ცუდად გამოსდის და საერთოდ არც უნდა ამის გაკეთება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბავშვმა არა მხოლოდ უნდა იცოდეს, როგორ მოიქცეს გაკვეთილზე, არამედ შეძლოს კიდეც ასე მოქცევა, ე.ი. ჰქონდეს ამისათვის საჭირო ძალა და მოთმინება. სწორედ ამისათვის არის საჭირო ნებისყოფის განვითარება.

     ვინაიდან პიროვნების სიძლიერე უპირველეს ყოვლისა ნებისყოფის სიძლიერით განისაზღვრება, ამასთან ერთად, ძლიერი ნებისყოფის ადამიანს აქვს საკუთარ თავში   დარწმუნებულობის გრძნობა და შეუძლია სირთულეების ადვილად გადალახვა, აღზრდის პროცესში მთელი ჩვენი ძალისხმევა სწორედ ძლიერი ნებისყოფის ჩამოყალიბების ხელშეწყობაზე უნდა იყოს მიმართული. იმისათვის, რომ ბავშვში ძლიერი ნებისყოფა აღვზარდოთ, აუცილებელია დავიცვათ შემდეგი პირობები:

  • ნურასოდეს გავაკეთებთ ბავშვის ნაცვლად იმას, რასაც ის თავად უნდა დაეუფლოს;
  • დავაინტერესოთ ბავშვი დამოუკიდებელი მოქმედებით და წავახალისოთ ის ამ მიმართულებით, გამოვიწვიოთ მასში სიხარულის გრძნობა მიღწეულით;
  • ვასწავლოთ ბავშვს დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და იზრუნოს მის განხორციელებაზე.

     არასოდეს დავივიწყოთ, რომ ბავშვი ისწავლის ნებისყოფის და დამოუკიდებლობის გამოვლენას, თუ ჩვენ ამისათვის შევქმნით პირობებს და თავად წავახალისებთ მის დამოუკიდებლობას.

დაბოლოს, მნიშვნელოვანია, რომ არ გამოგვრჩეს ბავშვის განვითარების ის პერიოდი, როდესაც ყალიბდება ადამიანის ნებელობითი თვისებები. გავითვალისწინოთ, რომ გაცილებით ადვილია ბავშვის სწორად აღზრდა, ვიდრე აღზრდაში დაშვებული შეცდომების გამოსწორება. ბავშვის შეცვლა, ხელმეორედ აღზრდა საჭიროებს დიდ ძალისხმევას, ცოდნას და მოთმინებას, რასაც, სამწუხაროდ, ყველა ვერ ახერხებს და რაც ყოველთვის წარმატებით არ სრულდება.

როგორ ვრცელდება დეზინფორმაცია

0

 

2013 წელს, იტალიაში, არჩევნების დაწყებამდე, ადგილობრივ სოციალურ მედიაში აქტიური კამპანია დაიწყო მმართველი გუნდის კორუფციის გამოაშკარავების მიზნით. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ერთ-ერთმა პოსტმა შემდეგი შინაარსით, რომ იტალიელი პარლამენტარები, მოიგებდნენ თუ არა არჩევნებს ისინი სიმშვიდეს არ კარგავდნენ, რადგან ფინანსურად ყოველთვის დაცული იქნებოდნენ – ფულს გადასახადების გადამხდელი მოსახლეობისაგან მიიღებდნენ. პოსტის ავტორი წერდა, რომ იტალიის სენატმა უჩუმრად მიიღო კანონი, რომელიც ფინანსურად იცავდა მოქმედ სენატორებს მაშინას, როცა ისინი თანამდებობებს დაკარგავდნენ. კანონის თანახმად, რომელიც სენატორმა სირენგამ შექმნა, ყოფილი ჩინოვნიკებისთვის საზოგადოებას 134 მილიარდი დოლარის გამოყოფა მოუწევდა. იტალიის სენატში ამ კანონს 257 მომხრე და 165 მოწინააღმდეგე ჰყოლია.

პოსტი საკუთარ ანგარიშზე ათიათასობით ადამიანმა გააზიარა და მის შესახებ რამდენიმე წამყვან გაზეთში დაიწერა. პრობლემა ის იყო, რომ მთელი ეს ამბავი აბსოლუტური სიცრუე გახლდათ. მათ, ვისაც იტალიის პოლიტიკური ცხოვრება გაინტერესებთ, განგიმარტავთ, რომ იტალიის სენატში არ არსებობს არავითარი სენატორი გვარად სირენგა. ასევე, ზემოთხსენებული მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა ხმები არარეალურია, სენატში საერთოდ არ გახლავთ ამდენი სენატორი. დაბოლოს, ზემოთხსენებული თანხა, რომელიც იტალიელებს ყოფილი ჩინოვნიკებისთვის უნდა გამოეყოთ, იტალიის მოსახლეობის მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-ია.

მაშ, რა მოხდა?  როგორ დაიჯერა ათასობით ადამიანმა ცრუ ინფორმაცია?

ინტერნეტისა და ვების გააქტიურებამდე, ადამიანები ინფორმაციას ჟურნალ-გაზეთებიდან, ტელევიზორიდან და რადიოდან იღებდნენ. დღეს ყველას შეუძლია შექმნას საკუთარი ბლოგი, Facebook და თავიანთი აზრი საჯაროდ ონლაინ დააფიქსიროს. ადამიანებს მსოფლიოსთვის ხმის მიწვდენა შეუძლიათ ტვიტერით და სოციალური მედიის არაერთი სხვა პლატფორმის მეშვეობით.

პრობლემა ისაა, რომ ზემოთხსენებულ, ტრადიციულ მედიას ყოველთვის ჰყავდა და ამჟამადაც ჰყავს პროდიუსერები – ადამიანები, რომლებიც მოძიებულ ინფორმაციას, აუდიტორიამდე მისვლამდე ამოწმებენ, ფილტრავენ. ამბების ინდივიდუალურად გამოქვეყნებას ფილტრი არ გააჩნია. შენ მარტივად შეგიძლია დაწერო ის, რაც მოგესურვება. ბევრი შეუმოწმებელი ინფორმაციით სავსე გარემო ზრდის ტენდენციას, რომ მომხმარებელი სასურველ კონტენტს შემოწმების გარეშე დაიჯერებს და სხვებს გაუზიარებს.

უკანასკნელმა კვლევებმა დეზინფორმაციის ონლაინგავრცელების შესახებ აჩვენა, რომ მთელი ეს პროცესი ყველაზე მეტად უარყოფით გავლენას ახდენს ე.წ „EchoChamber“-ებზე, რომლებიც გასაოცარი სიხშირითა და სისწრაფით აზიარებენ მსგავს ინფორმაციებს.

რას ნიშნავს echochamber?

ეს გახლავთ იზოლირებული ონლაინსივრცე, მაგალითად, Facebook-ის დახურული ჯგუფი ან ვებგვერდი, სადაც მსგავსი არგუმენტების, იდეებისა და მრწამსის მქონე ადამიანები ერთმანეთს უზიარებენ ათასგვარ ინფორმაციას ისევ და ისევ თავიანთი არგუმენტების გასამყარებლად. ამის შემდეგ მათ უმრავლესობას, იმისათვის რომ ერთმანეთს „ექო“ მისცენ, ეს ინფორმაცია საჯაროდ გამოაქვს. მსგავსი დახურული ჯგუფების დინამიკის შესწავლის შემდეგ, ეს გახლავთ შემდეგი თემები, რასაც ზემოთ ხსენებული ადამიანები ყველაზე აქტიურად განიხილავენ: გარემო, დიეტა, ჯანმრთელობა და მსოფლიო პოლიტიკა.

აღსანიშნავია, რომ ადამიანები დახურული ჯგუფებიდან ასევე გადაუმოწმებლად ავრცელებენ ინფორმაციას და აქტიურად აჭერენ მოწონების ღილაკს იმ შემთხვევაშიც, როცა კონკრეტულ ამბავს არც კი კითხულობენ. ისინი უბრალოდ ენდობიან ერთმანეთს. ეს გახლავთ დეზინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა ამჟამად.

რა ვიღონოთ დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ?

ონლაინ გავრცელებული არასწორი ინფორმაციის გამოსწორება არც თუ ისე მარტივია. დაუდასტურებელ, სენსაციურ ამბებს ამ დროს უდიდესი გავლენა აქვს მომხმარებელზე. თავიანთი აზრის გამამყარებელი „მტკიცებულებების“ აღმოჩენის შემდეგ, ადამიანები აიგნორებენ გარე და საწინააღმდეგო არგუმენტებს.

ერთ-ერთი საიმედო გზა მდგომარეობის გამოსასწორებლად ალგორითმზე ორიენტირებული გადაწყვეტილებაა. მაგალითად, გუგლი ავითარებს სანდოობის შემოწმების სისტემას, რაც კონკრეტული ინფორმაციის სანდოობის შეფასების შესაძლებლობაა. გარდა ამისა, ინფორმაციის დაჯერებამდე და გაზიარებამდე, უმჯობესია მომხმარებლებმა გადაამოწმონ ის რამდენიმე წყაროზე მაინც. მაგალითად, სანდო ახალი ამბების სააგენტოს ვებგვერდზე, ა.შ.

ესთეტიკურის სუროგატები – ლევ ვიგოტსკის „პედაგოგიური ფსიქოლოგია“

0

ლევ ვიგოტსკი  თავისი ადრეული წიგნის „პედაგოგიური ფსიქოლოგია“, ერთ-ერთ თავში, რომელიც ესთეტიკური აღზრდის საკითხს ეძღვნება, გამოყოფს სამ ფსიქოლოგიურ შეცდომას, რომლითაც სცოდავს ტრადიციული პედაგოგიკა: მორალისტური ხელოვნება, ხელოვნება და სინამდვილის შესწავლა და ხელოვნება, როგორც თვითმიზანი. ვიგოტსკი მათ   ესთეტიკურის  სუროგატებად განიხილავს, რომლებიც ანაცვლებენ და განდევნიან  ესთეტიკურს და მის ველს იკავებენ.

ვიგოტსკის აზრით, ჩვეულებისამებრ, მიიჩნევენ, რომ მხატვრული ნაწარმოები ფლობს დადებით ან უარყოფით, მაგრამ უშუალო მორალურ ეფექტს. მხატვრული შთაბეჭდილებების შეფასებისას, განსაკუთრებით საყმაწვილო და ბავშვურ ასაკში უპირველესად მხედველობაში აქვთ მორალური იმპულსი. საბავშვო ბიბლიოთეკები შეირჩევა იმ პრინციპით, რომ ბავშვებმა წიგნებიდან დიდაქტიკური მაგალითები, მოსაწყენი გაწერილი მორალი, ყალბი მსწავლელობა ამოიკითხონ. ეს იქცა საბავშვო ლიტერატურის აუცილებელ სტილად. დღესდღეობით თუ წიგნის მაღაზიებში არასასკოლო საბავშვო ლიტერატურას თუნდაც ზედაპირულად გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ის სავსეა კლიშეებით, განსაკუთრებით გენდერულით, თუმცა ამაზე სხვა დროს.

            საზოგადოდ ფიქრობენ, რომ ერთადერთი სერიოზული, რაც შეიძლება ბავშვმა ხელოვნებასთან ურთიერთობის შედეგად მიიღოს – ესაა მეტ-ნაკლებად ცოცხალი ილუსტრაცია ამა თუ იმ ტიპის მორალური წესების. სხვა ყველაფერი ბავშვის შემეცნებისთვის გაუგებრად ცხადდება და მორალს მიღმაც, საბავშვო ლიტერატურა, როგორც წესი, შემოისაზღვრება სულელური (ავტორის ციტირება, გ.ფ.) პოეზიით, როგორც ერთადერთ ხელმისაწვდომობად ბავშვის გაგებისთვის. ავტორი თითქოს ხელმძღვანელობს იმ მოსაზრებით, რომ რაც უფრო სულელურია ლექსი, მით უფრო ახლო, მნიშვნელოვანი და გასაგებია ბავშვისთვის. როგორც, ვიგოტსკი აღნიშნავს ასეთი ტიპის ლიტერატურა ბავშვებზე მხოლოდ უარყოფით გავლენას ახდენს. მისი აზრით აქედანვე მომდინარეობს სულელური სენტიმენტალიზმი, რომელიც ახლავს საბავშვო ლიტერატურას, როგორც განმასხვავებელი ნიშანი. უფროსი ადამიანი ცდილობს ბავშვის ფსიქოლოგიას მოერგოს, ხელოვნურად და მოუქნელად ატკბილებს სიტუაციებს და გმირებს, გრძნობას ანაცვლებს მგრძნობიარობით, ემოციას – სენტიმენტით.

            როდესაც ვიგოტსკი საუბრობს მორალზე, როგორც ესთეტიკურის სუროგატზე, არ გულისხმობს მორალურობის უარყოფას, არამედ ხელოვნების ნაწარმოებების ხარჯზე მორალისტურობით გაჟღენთილი და შეფუთული სწავლების უარყოფას. ეს ტენდენცია დამახასიათებელია არამხოლოდ სასკოლო ტიპის ლიტერატურისთვის. საქართველოში ხშირად ხელოვნებას აღიქვამენ, როგორც  მორალის აპრიორ მაწარმოებელს და მის ძირითად დანიშნულებად მორალურ გადაწყვეტას მიიჩნევენ, მაშინ როდესაც ხელოვნება შესაძლოა იყოს იმორალური, ანუ მორალურისა და ამორალურის მიღმა მყოფი.

            ესთეტიკური აღზრდის სხვა არანაკლებ მავნებლურ ფსიქოლოგიურ ილუზიად, მისთვის უცხო მიზნებისა და ამოცანების თავს მოხვევად, ვიგოტსკი ასევე სოციალური და შემეცნებითი ხასიათის სწავლებას მიიჩნევს ხელოვნების ნაწარმოებებით და არა სწავლების ხელოვნებით. მისი აზრით, მიზანმიმართულად იცვლებოდა მხატვრული ფაქტების შესწავლა სოციალური და საზოგადოებრივი ელემენტების წესების შესწავლით. აქ შესაძლოა საბჭოთა კავშირში გავრცელებული ერთადერთი დეკლარირებული და ნებადართული სახელოვნებო მიმართულება სოციალური რეალიზმი გაგვახსენდეს.

ვიგოტსკი მიიჩნევს, რომ საჯარო სივრცის ლიტერატურული ხატებით შესწავლა, ყოველთვის მცდარ და სახეცვლილ ფორმებში მყარდება. რადგან მხატვრული ნაწარმოები არასდროს გამოხატავს რეალობას სრულყოფილად და დანამდვილებით, არამედ წარმოადგენს სინამდვილის ელემენტების რთული გადამუშავების პროდუქტს. სწავლების ასეთ შეხედულებას საფუძვლად უდევს წარმოდგენა, რომ ლიტერატურა წარმოადგენს სინამდვილის ერთგვარ კოპირებას, რომელიც გვაგონებს კოლექტიურ ფოტოს. ამ შემთხვევაში კი ინდივიდუალური მახასიათებლები ჩრდილში ექცევა.

            შესაძლოა, ერთი შეხედვით ეს საკითხი დღევანდელი გადმოსახედიდან აღარ იყოს აქტუალური, რადგან წარმოადგენს არქაული პედაგოგიკის  და იმ პერიოდში გაბატონებული სოციალური რეალიზმის არაპირდაპირ კრიტიკას და როგორც ვარაუდობენ, რომ არა ავადმყოფობის გამო სიკვდილი ვიგოტსკი აუცილებლად მოხვდებოდა 1937 წლის დასახვრეტთა სიაში. მან გარკვეულწილად იწინასწარმეტყველა ტენდენცია, რომელიც შემდგომში საბჭოურ არამხოლოდ საგანმანათლებლო სივრცეში აისახა, არამედ სახელოვნებო სივრცეც სრულად შთანთქა. ჩემი აზრით, წარსულის ინერცია საქართველოს, როგორც პოსტსაბჭოურ ქვეყანას დღემდე მოყვება. იმ პერიოდში, როცა ვიგოტსკი ამას წერდა ხელოვნებაში იქმნებოდა ან უკვე შექმნილი იყო უამრავი ახალი მიმდინარეობა, როგორიცაა სიურრეალიზმი, აბსტრაქციონიზმი, ეგზისტენციალიზმი, მოგვიანებით – აბსურდისტები, რომლებიც სწორედ ასეთ და ხელოვნების ამგვარ გაგებას უპირისპირდებოდნენ.

მესამე ილუზია, რომლითაც სცოდავს ტრადიციული პედაგოგიკა, (არამხოლოდ იმ თუ ამ პერიოდის პედაგოგიკა, დღესდღეობით ასეთად შეიძლება განვიხილოთ მასმედიაც, მარკეტინგული ხერხები, რეკლამა და ა.შ.) ეს არის შემთხვევები, როდესაც ესთეტიკა დაყვანილია სასიამოვნო გრძნობამდე, მხატვრული ნაწარმოებით ტკბობამდე და ამაში ხედავს თვითმიზანს. სხვა სიტყვებით დაჰყავს ესთეტიკური მღელვარების მნიშვნელობა იმ უშუალო სიამოვნების შეგრძნებასთან, რომელსაც ის აღძრავს ბავშვში. აქ მხატვრული ნაწარმოების ტრაქტირება კვლავაც ხდება, როგორც ჰედონისტური რეაქციების გამღვივებლის და შინაარსობრივად დგება რეალური წესრიგის სხვა მსგავსი რეაქციების და გამღიზიანებლების გვერდით.  ვიგოტსკი თვლის, რომ ბავშვის ასაკის განსაკუთრებულობა ის გახლავთ, რომ ბავშვისთვის ბევრად მნიშვნელოვანია კონკრეტული რეალობის მღელვარებები, ვიდრე წარმოსახული ემოციის ძალა. შედეგად ვხედავთ, რომ პედაგოგიკა ცდილობს ესთეტიკურ აღზრდას თავს მოახვიოს მისთვის უცხო და არადამახასიათებელი მიზნები. ამ აზრის განზოგადება და უფრო ფართოდ განხილვაც შეიძლება. თუ 50-იანი წლების და შემდგომ სახელოვნებო მოვლენებს გადავხედავთ, ვიგოტსკის ეს პოზიცია ნაწილობრივ გამყარდება იმით, რომ იმ დროისთვის ხელოვნებაში შემოდის ისეთი გაგება, როგორიცაა ანტიესთეტიკა, რომელმაც როგორც ლიტერატურაში, ისე მუსიკაში, მხატვრობაში და კინოშიც ჰპოვა განსახიერება და დაუპირისპირდა იმდროინდელ, როგორც მეინსტრიმულ ისე არამეინსტრიმულ ხელოვნებას.

რამდენიმე საჭირო წიგნი

0

წიგნი, რომელსაც ვკითხულობთ ჩვენი პროფესიული ზრდისთვის, ინტერესისა თუ სიამოვნებისთვის, უამრავია. ახალი ტექსტების მოძიება თუ ძველების გადაკითხვა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენთვისვეა სასარგებლო, რათა ერთ დღესაც ჩვენი საქმიანობა მოსაწყენ რუტინად არ გადაიქცეს, სადაც ზუსტად გვეცოდინება, როგორ ავხსნათ ესა თუ ის საკითხი, იმიტომ რომ ეს უკვე მრავალჯერ გაგვიკეთებია… შემოქმედებით სიახლეებს სწორედ წიგნები შთაგვაგონებენ, ხშირად წაკითხული, ახალი თუ მივიწყებული წიგნები.

წინათაც გვისაუბრია იმ რესურსების შესახებ, რომელთა გამოყენება გაცილებით საინტერესოს და მრავალფეროვანს ხდის როგორც გაკვეთილს, ისე ჩვენი, პედაგოგების ცხოვრებას. ჰოდა, ახლა მინდა, კიდევ ერთხელ გიამბოთ წიგნებზე, ჩამოგითვალოთ და განვიხილო რამდენიმე მათგანი, ზოგიერთი – სულ მთლად ცინცხალი, ზოგიც – რამდენიმე წლის წინ გამოცემული, რომელთა წაკითხვა წაგვადგება.

მაშ ასე, ზედმეტი შესავლის გარეშე დავიწყოთ:

  1. ქართული ენის პარონიმთა ლექსიკონი. შ. აფრიდონიძე, თ. ვაშაკიძე, ვ. მაღრაძე, თ. ტეტელოშვილი, თ. ღვინაძე, ნ. ჯორბენაძე; 2011, თბილისი, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

პარონიმთა დაწერილობასთან დაკავშირებული პრობლემები ხშირად გვხვდება მოსწავლეთა წერით თუ ზეპირ მეტყველებაში. შეგახსენებთ, რომ პარონიმებს ისეთ სიტყვებს უწოდებენ, რომლებიც ბგერობრივად ერთმანეთს ჰგავს, ამიტომაც ხშირად შეცდომით მონაცვლეობს და პრობლემებს ქმნის. ღერი თუ ღერო, მოსარჩელე თუ მოსარჩლე, მესაზღვრე თუ მოსაზღვრე, ნოტა თუ ნოტი, საწარმო თუ საწარმოო, მრუდი თუ მრუდე და ა.შ და ა.შ. – სახელებსა თუ ზმნებს შორის ბევრი პარონიმული წყვილია, რომელთა დაწერილობაც ხშირად რთული და გაუგებარია მოსწავლეებისთვის. სანამ შეცდომებს წითელი თუ სხვა ფერის კალმით გადავხაზავდეთ, იქნებ მიზეზები განვიხილოთ? ვფიქრობ, ასეთი ლექსიკონის გამოყენება პედაგოგებსაც და მოსწავლეებსაც გაუადვილებს ორთოგრაფიული პრობლემების მოგვარებას.

  1. აკაკი დავითიანი, ქართული ენის სინტაქსი. ქართული ენის სპეცკურსის სახელმძღვ. პედ. ინსტიტუტების ფილოლოგიის ფაკ-ტის სტუდენტთათვის. განათლება, 1973 წ.

ამ წიგნის მოძიება ბიბლიოთეკებში მოგიწევთ, თუმცა, ვფიქრობ, ძალიან გამოგადგებათ. წიგნში მარტივი და გასაგები ენით არის განხილული ქართული ენის სინტაქსთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები. სინტაქსი ძალიან უჭირთ მოსწავლეებს, ეს სახელმძღვანელო კი რთული საკითხების მარტივად გადმოცემაში უდავოდ დაგეხმარებათ.

  1. ჯემალ ქარჩხაძე, პუბლიცისტიკა. 2012 წელი, ქარჩხაძის გამომცემლობა

თუ გვინდა, ჩვენს უფროსკლასელებს კრიტიკული აზროვნება, საკითხის მრავალმხრივი ჭვრეტის, სოციალურ თუ პოლიტიკულ პრობლემებზე აზრის გამოთქმის უნარი გამოვუმუშაოთ, შესანიშნავი მწერლის პუბლიცისტური ტექსტების კრებული ძალიან დაგვეხმარება. წიგნში შესულია ჯემალ ქარჩხაძის პუბლიცისტური წერილები, ესეები და ინტერვიუები, რომლებიც 1988–1998 წლებში გამოქვეყნდა ქართულ პრესაში. თემატიკა მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც კონცეპტუალურ ნააზრევს ლიტერატურისა და, საზოგადოდ, შემოქმედებითი პროცესის შესახებ, ისე ქართული საზოგადოების კვლევას და, კერძოდ, 90-იანი წლების სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების თანადროულ ანალიზსაც.

  1. ზინა გაბიჩვაძე, ქართული ენის გრამატიკა ზარმაცებისთვის. გამომცემლობა „სიესტა“, 2015 წ.

თქვენი მოსწავლეებიც ფიქრობენ, რომ გრამატიკა მოსაწყენი და რთული წესების ერთობლიობაა, რომელთა გაგებაც ხშირად ძალიან გვიჭირს? აი, ერთ-ერთი გამოსავალი, რომელზეც თვითონ ავტორი გვიამბობს: „დიდხანს ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა, როგორ შემეყვარებინა მკითხველისთვის გრამატიკა ან, უბრალოდ, მორფოლოგია-სინტაქსით დამეინტერესებინა. გადავწყვიტე, მარტივი, საინტერესო (ჩემი აზრით), ყველასათვის გასაგები ენით შეგიძღვეთ და, შეძლებისდაგვარად, გაგატაროთ ქართული ენის გრამატიკის რთულ ლაბირინთში. იმედი მაქვს, ელემენტარულ ცოდნას მიიღებთ, დაინტერესდებით მაინც. ამ წიგნით მე არც ველოსიპედი აღმომიჩენია და არც ნოვატორობის პრეტენზია მაქვს. ვფიქრობ, წიგნის ასეთი სათაურიც არ გაგაღიზიანებთ. უბრალოდ, ვისაც არ სჭირდება ან ეზარება ამა თუ იმ საგნის სიღრმისეულად შესწავლა და სწრაფად და ადვილად სურს მინიმალური ინფორმაციის მიღება, ურჩევნია, ელემენტარული, მისთვის (როგორც არასპეციალისტისთვის) მარტივი და გასაგები ენით შეისწავლოს ის, რაც საჭიროების შემთხვევაში გამოადგება“. არ დაგავიწყდეთ, წიგნის ავტორი დიდი ხნის გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი პედაგოგია, ამიტომაც მისი ხედვა, შემოქმედებითი მიდგომა, ვფიქრობ, თქვენც გამოგადგებათ.

ამჯერად ეს იყო. თქვენც გამიზიარეთ, რა წიგნებს კითხულობთ და, რაც მთავარია, როგორ იყენებთ მათ სასწავლო პროცესში.

ზეპირმეტყველების უნარის განვითარება უცხო ენის სწავლების პროცესში.

0

უცხო ენის სწავლება ძირითადად ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს. მოსმენა, საუბარი, წერა და კითხვა. ოთხივე უნარ-ჩვევა მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან და იმისთვის რომ უცხო ენის შესწავლა წარმატებით განხორციელდეს, ოთხივე მიმართულების  განვითარება შესაფერისი აქტივობების დაგეგმვით თანაბარ დონეზე  უნდა მიმდინარეობდეს.

    ზეპირმეტყველების (სასაუბრო) უნარის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია უცხო ენის სწავლების პროცესში, ვინაიდან ის კომუნიკაციის ძირითადი წყაროა.  ამ უნარის განვითარება ამავდროულად პრობლემურიცაა, რამდენადაც შესაფერისი აქტივობების დაგეგმვის გარდა, ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია მოსწავლეების სოციალური უნარებიც, როგორიცაა თავდაჯერებულობა, თვითშეფასება, მოტივაცია. ზეპირმეტყველების უნარის განვითარებას ახლავს უამრავი ხელის შემშლელი ფაქტორი, მაგ: შიში ან სიმორცხვე, რაც შესაძლებელია გამოწვეული იყოს როგორც სასაუბრო თემის ირგვლივ შესაფერისი ლექსიკური ან გრამატიკული ერთეულების და სტრუქტურების არცოდნით, ასევე  შეცდომის დაშვების შიშით. ამიტომ მასწავლებელმა ზეპირმეტყველების აქტივობების შერჩევისას უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეების სოციალური და ემოციური განვითარების დონე. საინტერესო და, სახალისო აქტივობების გარდა, მოსწავლეებისთვის აუცილებელია ჯანსაღი გარემოს შექმნა, სადაც მოსწავლე იგრძნობს მასწავლებლის კეთილგანწყობას და მხარდაჭერას და არ ექნება შეცდომის დაშვების შიში.

შესაძლებელია მასწავლებელმა აჩვენოს მოსწავლეებს ვიდეო, რომლებშიც წარმატებული პრეზენტატორები საჯაროდ გამოსვლის დროს შეცდომებს უშვებენ და მათთვის არასასურველ სიტუაციაში აღმოჩნდებიან, თუმცა მაინც წარმატებულად აგრძელებენ გამოსვლას. მოსწავლეები გააცნობიერებენ, რომ შეცდომა შესაძლებელია ნებისმიერმა ადამიანმა (ამ შემთხვევაში წარმატებულმა)  დაუშვას და შესაძლოა დაეხმაროს მათ დაძლიონ სიმორცხვე ან შიში და გახდნენ უფრო თავდაჯერებულები. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლე არ მოექცეს მასწავლებლის ზეგავლენის ქვეშ და არ შეასრულოს იძულებითი პერფორმანსი, პირიქით, დავაკისროთ მათ ისეთი დავალების შესრულება, რომელიც ნაკლებ საუბარს ითვალისწინებს, შევაქოთ მისი ნებისმიერი მცდელობა, რაც აუმაღლებს მას თვითშეფასებას და გაზრდის მის დავდაჯერებულობას.  მასწავლებელი უნდა ეცადოს გაზარდოს მოსწავლის შინაგანი მოტივაცია წახალისებით, მოდელირებით და ასე მიიყვანოს მოსწავლე სასურველ შედეგამდე.

აქტივობების დაგეგმვა და ორგანიზება

     სალაპარაკო აქტივობების შერჩევის და დაგეგმვის პროცესში მასწავლებელი მზად უნდა იყოს პასუხი გასცეს შემდეგ შეკითხვებს:

  1. საჭიროა თუ არა თემასთან დაკავშირებული საკვანძო სიტყვების თუ ფრაზების წინასწარ მიწოდება მოსწავლეებისთვის?
  2. როგორ იმუშავებენ მოსწავლეები? წყვილებში? ჯგუფურად?
  3. როგორ მიაწოდებს უკუკავშირს მოსწავლეებს?

ამასთანავე აქტივობები უნდა იყოს მოსწავლეების დონის შესაფერისი, საინტერესო და სახალისო. ინსტრუქცია უნდა იყოს მკაფიო და ნათელი, რომ თითოეულმა მოსწავლემ საფუძვლიანად გაიგოს შესასრულებელი დავალება. დაცული უნდა იყოს დროის ლიმიტი, და მოსწავლეებმა წინასწარ უნდა იცოდნენ, როგორ და რა კრიტერიუმებით მოხდება მათი შეფასება. სალაპარაკო აქტივობებისთვის ძირითადად გამოიყენება შეფასების სქემები, ე.წ რუბრიკები, რომლებშიც ნათლადაა ასახული აქტივობის შეფასების კომპონენტები და კრიტერიუმები. ზეპირმეტყველების განმავითარებელი აქტივობები ძირითადად 2 მიმართულებით ფასდება: accuracy-სიზუსტე (გრამატიკა, წარმოთქმა, ლექსიკური მარაგი) და fluency – გაბმული მეტყველება.

ზეპირმეტყველების განმავითარებელი სტრატეგიები/აქტივობები საბაზო/საშუალო

                                                  საფეხურზე

 

საწყის ეტაპზე მოსწავლეები ისრუტავენ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელსაც გადავცემთ, ამიტომ მნიშვნელოვანია გამოვუმუშავოთ მათ სწორი წარმოთქმის უნარი. თანამედროვე სახელმძღვანელოთა უმრავლესობას თან ერთვის კომპაკტ დისკები (CD) აუდიო და ვიდეო მასალით, სახალისო ტექსტებით და გახმოვანებებით. მოსმენის პროცესში მოსწავლეები იმეორებენ სიტყვებს, და აკეთებენ გმირების იმიტაციას. მოსწავლეებს უვითარდებათ როგორც მოსმენის, ასევე სწორი წარმოთქმის უნარიც, რაც მნიშვნელოვანია ზეპირმეტყველებისთვის. სურვილის შემთხვევაში ისინი ინაწილებენ როლებს და ახორციელებენ შესაბამის აქტივობას. გასათვალისწინებელია რომ ამ ეტაპზე მოსწავლეები უფრო ექსტროვერტები არიან და უყვართ თავიანთი ინგლისურით თავის წარმოჩენა.

როლური თამაში (role-playing)

როლური თამაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ნაყოფიერი მეთოდია ზეპირმეტყველების განვითარებისთვის. იგი წარმოადგენს რომელიმე სიტუაციის მოდელირებას, სადაც მოსწავლეები ირჩევენ შესაფერის როლებს და მოქმედებენ ამ როლის შესატყვისად საკუთარი ინტერპრეტაციით. როლური თამაში ხელს უწყობს საკითხის ღრმად წვდომას, მასალის ხანგრძლივი დროით დამახსოვრებას, და ზრდის მათ ჩართულობასა და მოტივაციას. როლური თამაშისთვის მასწავლებელი უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს მოამზადებინოს სცენარი ან გეგმის მარტივი მონახაზი და დაეხმაროს როლების გადანაწილებაში. წარმოგიდგენთ საკუთარ პრაქტიკაში გამოყენებულ როლური თამაშის მაგალითებს:

სიტუაცია 1: ორგანიზაციის დირექტორს სურს შეიძინოს 3 საჩუქარი წარმატებული თანამშრომლების დასაჯილდოებლად. გაითამაშეთ სიტუაცია როლების მიხედვით – ორგანიზაციის დირექტორი, გამყიდველი და მაღაზიის მეპატრონე.

სიტუაცია 2: მაშველებმა მოახერხეს გოგონას გადარჩენა და წყლიდან გამოყვანა ნავის ჩაძირვის შემდეგ. ჟურნალისტს სურს მოამზადოს სტატია აღნიშნულ ფაქტზე. გაითამაშეთ როლური სიტუაცია როლების მიხედვით: გოგონა, მაშველი, ჟურნალისტი.

    შესაძლებელია კითხვები წინასწარ დაიგეგმოს მოსწავლეების ასაკის და შესაძლებლობების გათვალისწინების მიხედვით.

გმოკითხვა წყვილებში (peer-interview)

 

გამოკითხვა წყვილებში საუკეთესო სტრატეგიაა სწავლების ნებისმიერ ეტაპზე, როცა მოსწავლეებს ათვისებული აქვთ საბაზო ლექსიკური და გრამატიკული ერთეულები. საწყის ეტაპზე სასურველია მოსწავლეებს მიაწოდოთ გამზადებული კითხვები ჰენდაუტების სახით ამა თუ იმ თემის ირგვლივ.  მოსწავლეები იყოფიან 2 ჯგუფად, ინტერვიუვერი და რესპონდენტი, ისინი აწარმოებენ გამოკითხვას და აკეთებენ რეპორტს მოპოვებული ინფორმაციის წარდგენით. შესაძლებელია როლების გაცვლა. საბაზო საფეხურზე მოსწავლეებს აქვთ საკმარისი გამოცდილება თვითონ შეადგინონ კითხვები, რომლებსაც გამოიყენებენ ინტერვიუსთვის. კითხვები შეიძლება კავშირში იყოს როგორც ლექსიკურ თემატურ ერთეულთან, ასევე გრამატიკულ მასალასთან. აქტივობის ბოლოს მოსწავლეები ავსებენ ურთიერთდაკვირვების და თვითშეფასების რუბრიკას, რომლის საშუალებით მათ შეეძლებათ შეაფასონ  საკუთარი ცოდნა, გამოავლინონ ძლიერი და სუსტი მხარეები, რაც დაეხმარება მათ შემდგომი სწავლის დასაგეგმად.

 

მთხრობელობა (story-telling)

 მთხრობელობა სალაპარაკო უნარის განვითარებასთან ერთად მოსწავლეებში სოციალური და ემოციური უნარების განვითარებასაც უწყობს ხელს, ზრდის მათ შემოქმედებითობას, ფანტაზიის უნარს, პროდუქტულობას და თავდაჯერებულობას. არსებობს მრავალფეროვანი სხვადასხვა აქტივობები, რომლებიც ხელს უწყობს მთხრობელობის გაუმჯობესებას. წარმოგიდგენთ ჩემ მიერ სასწავლო პროცესში გამოყენებულ ერთ-ერთ აქტივობას. მასწავლებელი ყოფს მოსწავლეებს 4-5 კაციან ჯგუფებად, აწვდის მათ 3 თემას. მაგ, 1. ჩემი ოცნების არდადეგები (my dream holidays), ჩემი ოცნების ქალაქი (my dream city), ჩემი საუკეთესო გასული არდადეგები (my best past vacation). მოსწავლეები ირჩევენ მათთვის სასურველ თემას და ამზადებენ ერთწუთიან საუბარს რუბრიკის მიხედვით (მოსწავლეებს წინასწარ ურიგდებათ რუბრიკები, რომლებშიც მოცემულია ის კომპონენტები, რაც უნდა გაითვალისწინონ მათ საუბრის მომზადების პროცესში (კომპონენტები: 1. საუბრის ხანგრძლივობა, 2. შინაარსი-მრავალფეროვანი ლექსიკური ერთეულების გამოყენება 3. მკაფიო და გასაგები საუბარი 4.ჟესტიკულაცია და ა.შ) თითოეული ჯგუფი ირჩევს საუკეთესო თემას და თემის ავტორს უწევს კლასის წინაშე საკუთარი თემის მოყოლა. პრეზენტატორი ფასდება რუბრიკის მიხედვით.

დისკუსია/დებატები (discussions/debates)

დისკუსია 21-ე საუკუნის ყველაზე გავრცელებული საგანმანათლებლო მეთოდია, რომელიც ზეპირმეტყველების განვითარებასთან ერთად ხელს უწყობს მოსწავლეებში ფიქრის, კრიტიკული აზროვნების, პრობლემის გადაჭრის და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარებას. არსებობს თავისუფალი დისკუსია (free discussion), რომელშიც მასწავლებლის აქტიურობა მინიმალურია და დამკვირვებლის როლით შემოიფარგლება და სტრუქტურირებული (structured discussion), რომელშიც მოსწავლეების როლი და ფუნქციები წინასწარ არის განსაზღვრული, შემუშავებულია წესები და მასწავლებელი ასრულებს ფასილიტატორის ფუნქციას. უნდა გავითვალისწინოთ, რომ სადისკუსიო თემის/კითხვების შერჩევა დიდ სიფრთხილეს და დაკვირვებას მოითხოვს, ვინაიდან სასაუბრო თემატიკა უნდა განისაზღვრებოდეს მოსწავლეების ინტერესების და შესაძლებლობების მიხედვით. ქვემოთ წარმოდგენილი აქტივობა საინტერესო და სახალისოცაა, ვინაიდან ეს აქტივობა მოითხოვს ფიზიკურ მოძრაობას, რაც მოსწავლეებს აძლევს საშუალებას თავი დააღწიონ მერხებთან ჯდომის მომაბეზრებელ რუტინას.

სად დგახარ? Where do you stand?

მასწავლებელი კლასის ერთ კუთხეში ათავსებს წარწერას „ვეთანხმები“ (agree), ხოლო მეორე კუთხეში წარწერას „არ ვეთანხმები“ (disagree). მოსწავლეები წყვილებში განიხილავენ სხვადასხვა მტკიცებულებებს (statements) კონკრეტული თემის ირგვლივ, იღებენ გადაწყვეტილებას, ეთანხმებიან თუ არ ეთანხმებიან მოცემულ მტკიცებულებას, მოძრაობენ კლასში და იკავებენ თავიანთ ადგილს შესაფერის წარწერასთან. მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს საშუალებას არგუმენტებით დაასაბუთონ მიღებული გადაწყვეტილება.

 

 

 

 

 

 

 

იაპონელი უფროსკლასელები ყველაზე დაკავებულ და საქმიან ადამიანებად ითვლებიან

0

განათლებას იაპონიაში საკულტო მნიშვნელობა ენიჭება, რომელსაც მხარს თითოეული იაპონელის ოჯახი, საზოგადოება და სახელმწიფო უმაგრებს. იაპონელები 5 წლის ასაკამდე მოზარდს „მეფესავით“ ეპყრობიან, 5-დან 15 წლამდე როგორც „მონას“, 15 წელს ზემოთ კი, როგორც თანასწორს. აქ მიჩნეულია, რომ 15 წლის ყმაწვილი ზრდასრული ადამიანია, რომელიც პირუთვნელად ემორჩილება საზოგადოებაში მიღებულ საყოველთაო წესებს. იაპონურ ოჯახში ბავშვის აღზრდაზე ძირითადად დედაა პასუხისმგებელი, მამა იშვიათად ერევა და მისი როლი ოჯახში მხოლოდ „შემომტანით“ განისაზღვრება. იაპონურ ოჯახში ბავშვს არაფერი ეკრძალება. მოზრდილებისგან ის მხოლოდ გაფრთხილებებს იღებს: „საშიშია!“, „ჭუჭყიანია!“, „ცუდია!“ თუ ბავშვს რამე დაუშავდება, დედა საკუთარ თავს ადანაშაულებს და ბავშვს პატიებას სთხოვს. იაპონელები არასოდეს უყვირიან ბავშვებს, ფიზიკურ დასჯაზე კი საუბარი საერთოდ ზედმეტია. დედა არასოდეს ედავება შვილს: ის მხოლოდ ცდილობს მიახვედროს მოზარდი, რომ მისი საქციელით უკმაყოფილოა. თავის მხრივ კი, ბავშვები, როგორც წესი, იმდენად აღმერთებენ დედას, რომ მათი ნება-სურვილის წინააღმდეგ იშვიათ შემთხევაში თავისდაუნებურად თუ მიდიან.

იაპონური პედაგოგიკის მთავარი ამოცანაა, აღზარდოს პიროვნება, რომელსაც შეეძლება შეთანხმებულად იმუშაოს და იცხოვროს კოლექტივთან ერთად. იაპონელი მასწავლებლისთვის ყველა ბავშვი თანასწორია. მათ შორის არ არსებობენ ძლიერები და სუსტები, არამედ არიან ზარმაცები და ბეჯითები. აქ ნახავთ სპეციალურს პროგრამებს, როგორც ნიჭიერი, ასევე ნაკლები აკადემიური მოსწრების მქონე ბავშვებისთვის. ამასთანავე, იაპონურ სკოლებში არ არსებობს, ე.წ. „კლასში ჩარჩენის“ პრაქტიკა. ყველა სკოლაში ფუნქციობს „ძიუკუ“ (რეპეტიტორთა გაკვეთილები), რომელთა დახმარებითაც ჩამორჩენილი მოსწავლეები ახერხებენ ხარვეზების გამოსწორებას. ბავშვებს ასწავლიან, არ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. სკოლაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჯგუფურ სიმღერას, რომელიც მოზარდებში ამყარებს ერთიანობის შეგრძნებას. ამ მიზნის მისაღწევად ასევე გამოიყენება კოლექტიური სპორტული თამაშები.
სკოლაში ყველა მოსწავლე ერთმანეთს უნდა ჰგავდეს, არამხოლოდ ტანსაცმლით და სასკოლო ნივთებით, არამედ მიზანსწრაფულობითაც. მოსწავლეები რიგრიგობით აწესრიგებენ საკლასო ოთახს, დერეფნებსა და საპირფარეშოებს. ამით ისინი ეჩვევიან შრომისმოყვარეობას, უმუშავდებათ თვისება, დაძლიონ საკუთარი თავი და მართონ ემოციები. იაპონიის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მთელი სამედიცინო პერსონალი მუშაობს: ჯანმრთელობის კურატორი, ფარმაცევტი, მედიცინის და სტომატოლოგი და ა.შ. იაპონიის სკოლებში დაწესებულია მთელი რიგი დღესასწაულები, რომლებიც მოზარდებს უნერგავს საკუთარი ქვეყნისა და ტრადიციების პატივისცემასა და სიყვარულს.

იაპონიაში მოზარდის საბავშვო ბაღში შეყვანა სამი წლის ასაკიდან სავალდებულოა. საბავშვო ბაღში ბავშვებს მათემატიკის საფუძვლებსა და ჰირაგანუსა და კატაკანუს კითხვას ასწავლიან;

სკოლაში მისაღებად ყველა ბავშვს გამოცდის ჩაბარება უწევს. თუ ბავშვმა გამოცდა ჯეროვნად ვერ ჩააბარა, მოუწევს მოსამზადებელ სკოლაში სწავლა;

დაწყებითსა და საშუალო სკოლაში ყველა იაპონელისთვის სავალდებულო და უფასოა;

დაწყებით კლასებში საშინაო დავალებას არ იძლევიან. სამაგიეროდ, საშუალო და უფროს კლასებში საშინაო დავალების მოცულობა იმდენად დიდია, რომ იაპონელი უფროსკლასელები მსოფლიოში ყველაზე დაკავებულ და საქმიან ადამიანებად ითვლებიან;
იაპონიაში ყველა სკოლას განსხვავებული და უნიკალური სასკოლო ფორმა აქვს;

სკოლათა უმრავლესობას მკაცრი დამოკიდებულება აქვს მოსწავლის თმის ფერთან. აქ მხოლოდ ბუნებრივი თმის ფერია მისაღები და დასაშვები. სახელმწიფო და კერძო სკოლებში ბიჭებს ეკრძალებათ გრძელი თმის ტარება. გოგონებს ეკრძალებათ კოსმეტიკის, ფრჩხილების ლაქის გამოყენება და სამკაულების ტარება;

მოსწავლეებს უფლება აქვთ, ჩაიცვან მხოლოდ თეთრი, შავი ან მუქი ლურჯი ფერის წინდები. თუ მოსწავლე ყავისფერ წინდას ჩაიცვამს, წინდები კონფისკაციას დაექვემდებარება;

საგანმანათლებლო დაწესებულების თითოეულ კლასში დასაშვებია 30-40 მოსწავლე. მთელი წლის განმავლობაში სასწავლო პროცესის დროს მოსწავლეები ერთსა და იმავე საკლასო ოთახში იმყოფებიან და ყველა საგნის მასწავლებელი მათთან რიგრიგობით შედის.
მოსწავლეებმა აუცილებლად უნდა შეისწავლონ 2500-მდე სიმბოლო, რათა შეძლონ იაპონურ ენაზე წერა და კითხვა. იაპონელი ბავშვები 3 ეტაპად სწავლობენ წერა-კითხვას: იაპონური იეროგლიფები; ჩინური იეროგლიფების იაპონური ვერსია და ლათინური ანბანი;

იაპონურ სკოლებში ძირითად საგნებად ითვლება მათემატიკა, იაპონური ენა, სოციალური მეცნიერებები, მუსიკა და ფიზიკური აღზრდა;

სკოლებში ბავშვები მცირე ჯგუფებად იყოფიან, რომელთა ფუნქციაცაა საკლასო ოთახის დალაგება, სკოლის ეზოს დალაგება და ა. შ.
იაპონიაში დაწყებითი განათლება 6 წელიწადს გრძელდება, საშუალო და უმაღლესი – 3 წელი, ხოლო საუნივერსიტეტო განათლების ხანგრძლივობა 4 წელია. საზაფხულო არდადეგები 40 დღეა, 20 ივლისიდან 31 აგვისტომდე; ზამთრის არდადეგები 26 დეკემბრიდან 6 იანვრამდე; გაზაფხულის არდადეგები კი 25 მარტიდან 5 აპრილამდე;

სასწავლო წელი იაპონიაში აპრილში იწყება. სასწავლო პროცესი კვირაში 6 დღე დილის 8.30 სთ-დან 15 საათამდე გრძელდება;
მოსწავლეებს სასტიკად ეკრძალებათ სკოლაში სადილისა ნებისმიერი სასუსნავის შეტანა. მათ შორის ტკივილგამაყუჩებელი საწუწნი აბების, რადგანაც ისინი აქ სასუსნავად ითვლება;

ყველა სკოლას ჰყავს დიეტოლოგი, რომელიც ზრუნავს მოსწავლეების ჯანსაღ კვებაზე.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...