ორშაბათი, აგვისტო 4, 2025
4 აგვისტო, ორშაბათი, 2025

ნორვეგიული მუსიკალური ზღაპარი – (ნაწილი I)

0

„სიტყვებს ხანდახან სჭირდება მუსიკა, მუსიკას კი არაფერი სჭირდება“.

ე. გრიგი

მუსიკალური ლიტერატურა სხვა საგნებთან ერთად მუსიკალურ სკოლაში სწავლების ერთ-ერთი საფუძველია. ის მიზნად ისახავს მრავალმხრივი უნარების განვითარებას: მუსიკის გააზრებულ მოსმენას, ნაწარმოებების ანალიზსა და ძირითადი თემების სმენით დამახსოვრება-გამოცნობას. დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს კლასიკოსი კომპოზიტორების ცხოვრებისა და შემოქმედების შესწავლას, შთაბეჭდილებების გადმოცემას; მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ, ამოიცნონ სტილი, ჟანრი, სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალება და ა.შ. დიდი კომპოზიტორების მუსიკის მოსმენა მოზარდებს მსოფლიოს მუსიკალურ საგანძურს აზიარებს და მათ სულიერებასა და კულტურის დონეს აამაღლებს.

norveg

არსებობენ ადამიანები, რომელთა სახელები მშობლიური ქვეყნის კულტურასთან, მის თავისებურებებთან აღძრავს ასოციაციებს. მათი შემოქმედება ნაციონალური სულითაა გამსჭვალული. როდესაც ნორვეგიის (Nororvegr – „გზა ჩრდილოეთისკენ“) შესახებ ვიწყებთ საუბარს, ასეთ ადამიანად მსოფლიო მნიშვნელობის კომპოზიტორი ედვარდ გრიგი წარმოგვიდგება. ნორვეგიული მუსიკის სიმბოლოდ ქცეულმა კომპოზიტორმა თავის შემოქმედებაში სული და გული და სამშობლოთი აღტაცება ჩააქსოვა.

მოსწავლეებისთვის ალბათ საინტერესო იქნება, თუ მოვუთხრობთ, რომ შორს, ჩრდილოეთში, არის მკაცრი და ცივი, მაგრამ საოცრად ლამაზი ქვეყანა – ნორვეგია, შუაღამის მზის, ფიორდებისა და ვიკინგების მხარე. აქ მიუვალი კლდეები ზაფხულში ხასხასა მწვანით იფარება, ხოლო ზამთარში – მბრწყინავი სითეთრით. ციცაბო ფერდობიდან დიდი სისწრაფით ჩამოვარდნილი ჩანჩქერისა და სანაპიროებზე ღრმად შეჭრილი ვიწრო და ხვეული ყურეების – ფიორდების ცქერას არაფერი სჯობია. საოცარი სანახავია ჩრდილოეთის ცა – ლურჯ, უძირო ტბებში სარკესავით არეკლილი, განსაკუთრებით კი – ჯადოსნური ჩრდილოეთის ციალი.

დიდმა ნორვეგიელმა დრამატურგმა ჰენრიკ იბსენმა 1875 წელს კომპოზიტორ ედვარდ გრიგს მუსიკის შექმნა შესთავაზა პიესა „პერ გიუნტის“ თეატრალური დადგმისთვის. გრიგი სიამოვნებით დათანხმდა და მუსიკალურ კომპოზიციებზე მუშაობას შეუდგა. არსებობს ასეთი ჟანრი – გამოყენებითი მუსიკა. ასეთი მუსიკა ყველას მოგვისმენია ფილმსა თუ თეატრალურ სპექტაკლში. ის აკომპანემენტს უწევს მოქმედებას და დამოუკიდებელი მნიშვნელობა ხშირად არც კი გააჩნია. სწორედ ამ ტიპის მუსიკა შეუკვეთა დრამატურგმა კომპოზიტორს. როდესაც დიდი მუსიკოსი თანახმაა, შექმნას გამოყენებითი ანუ მეორეხარისხოვანი მუსიკა, ეს უკანასკნელი ხშირად სცდება უბრალო აკომპანემენტის ჩარჩოებს და დამოუკიდებელი მხატვრული ნაწარმოების სახეს იღებს. ედვარდ გრიგთანაც ასე მოხდა.

პოემა „პერ გიუნტში“ იბსენმა ერთმანეთს შეუხამა რეალური ამბები და რომანტიკული ფანტაზია; გამოიყენა ნორვეგიული ლეგენდები და ზღაპრები და ისინი ახლებურად, თანამედროვედ „ააჟღერა“. მწერალი ნაწარმოებს უაღრესად ნორვეგიულად მიიჩნევდა და აღნიშნავდა, რომ სკანდინავიის საზღვრებს გარეთ მისი გაგება გაჭირდებოდა, მაგრამ მისი შიში არ გამართლდა – მწერალი ხომ ცხოვრებისა და ხელოვნების მარადიულ საკითხებს შეეხო. გრიგმა კი დიდებული მუსიკა შექმნა და ამით კიდევ უფრო გაამყარა ნაწარმოების პოპულარობა. სწორედ ამ ისტორიული სპექტაკლით დაიწყო დრამატურგისა და კომპოზიტორის მსოფლიო დიდება, რასაც საუკეთესო ორკესტრების მიერ შესრულებული ჩანაწერები, უამრავი თეატრალური დადგმა და ეკრანიზაცია მოჰყვა.

ჰენრიკ იბსენის პიესაში ბევრი სატირაა. „პერ გიუნტის“ გმირი სწორედ ამ „იარაღითაა“ გამათრახებული. აქ ხაზგასმითაა ნაჩვენები, ეგოიზმმა და ამპარტავნებამ როგორ მიყვანა ის სინამდვილესთან გაუცხოებამდე. პიესის მთავარი იდეა ყოველი ადამიანის პრობლემას – პიროვნების ფორმირებას, დანიშნულებასა და რეალიზაციას ეხება. კითხვაზე: „რას ნიშნავს იყო ის, ვინც ხარ“, – პასუხს ფუქსავატი და მერყევი პერი ვერ პოულობს და გამოსავალს სახიფათო თვითკმაყოფილებაში ხედავს: „იყო საკუთარი თავით კმაყოფილი“.

პიესის მთავარი გმირი ცდილობს, „გვერდი აუაროს“ ცხოვრების სირთულეებს. იბსენს ასეთი პერსონაჟი შემთხვევით არ შეურჩევია: იმ დროის ლიტერატურულ ნაწარმოებში გმირებს ძალა არ შესწევდათ მოქმედებისთვის, ისინი ცხოვრებაში საკუთარ ადგილს ვერ პოულობდნენ. ეს იყო თავისებური გამოთხოვება რომანტიზმთან, ერთგვარი მზადება და შემდეგ გადასვლა რომანტიზმიდან რეალიზმზე.

პერ გიუნტი ადამიანთა სისუსტეებისა და მანკიერებების კრებითი სახეა.

კომპოზიტორისთვის ამოცანა საკმაოდ რთული აღმოჩნდა; სხვისი ჩანაფიქრის განხორციელება ყოველთვის ძნელია. გასაკვირი არ არის, რომ პარტიტურა მწერლის ჩანაფიქრისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. დრამაში გადმოცემული ცხოვრების ნეგატიური მხარეების მკაცრი განსჯა მუსიკოსისთვის უცხო იყო, ამიტომ გმირის უარყოფითი თვისებები მუსიკაში არ ასახულა: „მე განსხვავებულ პერს ვხედავ. ის სოლვეიგის გულში იმად დარჩა, ვინც იყო, და მსურს, ასეთი ვიხილო ჩემს მუსიკაშიც“, – სწერდა გრიგი იბსენს. მან მთელი ყურადღება იმ ეპიზოდებზე გადაიტანა, რომლებიც მის ბუნებას – ღრმა, უმანკო ლირიკას უპასუხებდა. პარტიტურის 23 ნომერი კომპოზიტორმა ლირიკულ-დრამატულ, პეიზაჟურ და ჟანრულ-საყოფაცხოვრებო ეპიზოდებს მიუძღვნა. პრემიერა 1876 წელს გაიმართა. საზოგადოებამ იმდენად მოიწონა მუსიკა, რომ გრიგმა მისგან 2 სიუიტა შეადგინა, რომლებიც მალე სამუდამოდ დამკვიდრდა სიმფონიური კონცერტების პროგრამაში.

ახლა დროა, „პერ გიუნტიდან“ პირველ სიუიტას – იდილიურ-პასტორალური ხასიათის „დილას“ გავეცნოთ (მითითებულ ტემპთან ერთად ავტორს მიუწერია: „pastorale“, – რაც „მწყემსურს“ ნიშნავს. ნაწარმოები პასტორალურად მიიჩნევა, თუ ის ბუნების სურათებსა და სოფლის ცხოვრების სცენებს ასახავს).

ლირიკული და ზღაპრულ-ყოფითი მომენტები პეიზაჟური ჩანახატებითაა შევსებული (მოხეტიალე პერ გიუნტი მზის ამოსვლას ეგვიპტეში ეგებება, მაგრამ მის წარმოსახვაში მშობლიური ნორვეგიის სურათი იშლება). ჟღერს მწყემსური, სადა, გამჭვირვალე და მშვიდი მელოდია. ის მხოლოდ გამთენიის ფერებს კი არ გადმოგვცემს, არამედ განწყობასაც, რომელიც ამომავალი მზის ცქერისას გვეუფლება. მუსიკა ბუნების თანდათანობითი გამოღვიძების სურათს ხატავს: მზეს, ღრუბლებისგან თავის დაღწევას რომ ცდილობს, ჩიტების ჟღურტულს, ფოთლების შრიალს, წყაროს რაკრაკს. გადმოგვცემს, რა გრძნობას აღძრავს ადამიანის სულში ბუნების სილამაზე.

მუსიკალურ ქსოვილში სხვადასხვა საკრავია ჩართული. ფლეიტისა და ჰობოის ტემბრი მწყემსური სალამურის ხმოვანებას მოგვაგონებს, ხოლო ვალტორნა მონადირის ბუკივით ჟღერს. პიესაში მოტივი ვარიაციების სახით არაერთხელ მეორდება. განსაკუთრებით ხატოვანია მისი შუა ნაწილი. სიმებიანი ჯგუფის მსუყე და ფართო დიაპაზონის ხმოვანება პიესას სიცოცხლის სისავსის შეგრძნებას მატებს. მელოდიას უკანასკნელად ისევ ფლეიტა აამღერებს.

სტივენ ჰოუკინგი-დროის მოკლე ისტორია. დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე

0

1988 წელს ამერიკულმა საგამომცემლო სახლმა „Bantam Dell Publishing Group“ გამოსცა თანამედროვეობის უდიდესი ფიზიკოსის სტივენ ჰოუკინგის წიგნი „დროის მოკლე ისტორია – დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე“, რომელშიც იგი მკითხველს პოპულარულ ენაზე უამბობს სამყაროს შექმნის ისტორიას, დროისა და სივრცის თავისებურებებზე, შავ ხვრელებზე. წიგნი გამოცემის დღიდან გახდა ბესტსელერი, რადგან დაწერილია საინტერესო, ცოცხალი ენით, რომლითაც ავტორი არასპეციალსტ მკითხველს მისთვის გასაგებ ენაზე უყვება სამყაროს საინტერესო ისტორიას. წიგნი რამდენჯერმეა გამოცემული, თარგმნილია 40-ზე მეტ ენაზე (მათ შორის ქართულ ენაზე ილიას უნივერსიტეტის მიერ) და გაყიდულია მისი 10 მილიონზე მეტი ეგზემპლარი.

წინამდებარე წერილში შემოგთავაზებთ ნაწყვეტს ამ წიგნიდან, რომელიც ეხება დროს.

თავი მეცხრე – დროის ისარი

…ჩვენი საუკუნის დასაწყისამდე (იგულისხმება მეოცე საუკუნე – ა.შ.) ადამიანებს სჯეროდათ აბსოლუტური დროის. სხვა სიტყვებით, ნებისმიერი მოვლენა შეიძლება ცალსახად მოინიშნოს ერთადერთი რიცხვით, რომელსაც ეწოდება დრო, და ყველა ზუსტი საათი ორ მოვლენას შორის ზუსტად აჩვენებს დროის ერთსა და იმავე ინტერვალს. მაგრამ აღმოჩენამ, რომ სინათლის სიჩქარე ერთი და იგივეა ნებისმიერი დამკვირვებლისთვის იმისდა მიუხედავად, თუ როგორ მოძრაობს იგი, მიგვიყვანა ფარდობითობის თეორიის შექმნამდე, რომელმაც უარყო აბსოლუტური დროის არსებობა. ყველა დამკვირვებელს აქვს თავისი საკუთარი დრო, რომელსაც იგი ზომავს თავის საკუთარი საათით და სულაც არ არის სავალდებულო, განსხვავებული დამკვირვებლების საათების ჩვენებები ერთმანეთს ემთხვეოდეს. დრო გახდა უფრო სუბიექტური ცნება,  რომელიც დაკავშირებულია მის გამზომ დამკვირვებელთან.

გრავიტაციისა და კვანტური მექანიკის გაერთიანების მცდელობამ მიგვიყვანა წარმოსახვითი დროის ცნებამდე. წარმოსახვითი დრო არაფრით განსხვავდება სივრცის მიმართულებებისგან. თუ მიდიხართ ჩრდილოეთის მიმართულებით, შეგიძლიათ მობრუნდეთ და წახვიდეთ სამხრეთის მიმართულებით. ანალოგიურად, თუ ვინმე წარმოსახვით დროში წინ მიდის, მას შეუძლია  შემობრუნდეს და წამოვიდეს უკან. ეს ნიშნავს, რომ წარმოსახვითი დროის ორ საპირისპირო მიმართულებას შორის არსებითი განსხვავება არ არის. მაგრამ, როდესაც საქმე გვაქვს რეალურ დროსთან, ჩვენ ვიცით, რომ დროში წინ და უკან მოძრაობას შორის არის დიდი განსხვავება. საიდან მოდის ეს სხვაობა წარსულსა და მომავალს შორის? რატომ გვახსოვს წარსული და არ გვახსოვს მომავალი?

მაცნიერების კანონები არ განასხვავებს წარსულს მომავლისგან. უფრო ზუსტად, მეცნიერების კანონები არ იცვლება C, P, T გარდაქმნების შესრულების შედეგად (C – ნაწილაკის ანტინაწილაკით შეცვლა,  P – სარკული არეკვლა, როდესაც მარცხენა იცვლება მარჯვენათი, T – ნაწილაკის მოძრაობის მიმართულების საპირისპიროთი შეცვლა).

ფიზიკის კანონები, რომლებიც მართავენ მატერიის ყოფაქცევას ნებისმიერ სიტუაციაში, არ იცვლება აგრეთვე მხოლოდ ორი C, P გარდაქმნების შესრულებისას. სხვა სიტყვებით, ცხოვრება ერთნაირი იქნება ჩვენთვის და სხვა პლანეტის ბინადრებისთვისაც თუ ისინი, პირველ რიგში, იქნებიან ჩვენი სარკული ანარეკლი და, მეორეც, ისინი შედგებიან ანტიმატერიისგან და არა მატერიისგან. თუ მეცნიერების კანონები არ იცვლება  C, P გარდაქმნებით და აგრეთვე C, P, T გარდაქმნებით, მაშინ ეს კანონები არ უნდა იცვლებოდნენ მხოლოდ T გარდაქმნების შესრულების დროსაც. მაგრამ ჩვეულებრივ ცხოვრებაში დროში წინ და უკან მოძრაობებს შორის  არსებობს დიდი განსხვავება. წარმოიდგინეთ, რომ მაგიდიდან ვარდება და იმსხვრევა წყლიანი ფინჯანი. თუ ამ ვარდნას ფირზე გადავიღებთ, ფირის ნახვისას ცხადი გახდება ფირის გადახვევა ხდება წინ თუ უკან. უკან გადახვევისას დავინახავთ, რომ ნამსხვრევები იკრიბება ფინჯანად და ფინჯანი ახტება მაგიდაზე. ჩვენ დავასკვნით, რომ ფირი უკუღმა ტრიალებს, რადგან ასეთი რამ ჩვეულებრივ ცხოვრებაში არ ხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევდა ფაიფურის ქარხნების დახურვა.

იმის ასახსნელად, თუ რატომ არ ბრუნდებიან ნამსხვრევები უკან მაგიდაზე როგორც მთელი, ჩვეულებრივ ამბობენ, რომ ეს შეეწინაღმდეგებოდა თერმოდინამიკის მეორე კანონს. იგი ამბობს, რომ ნებისმიერი ჩაკეტილი სისტემის უწესრიგობა, ანუ ენტროპია, ყოველთვის იზრდება დროში. სხვა სიტყვებით, ეს ემსგავსება მერფის კანონს: ჩვენს სამყაროში ყველაფერი არ ხდება ისე, როგორც უნდა ხდებოდეს. მთელი ჭიქა მაგიდაზე ეს არის უმაღლესი წესრიგი, ხოლო დამსხვრეული ჭიქა იატაკზე იმყოფება უწესრიგო მდგომარეობაში. რთული არ არის გზის გავლა მთელი ჭიქიდან მაგიდაზე დამსხვრეულ ჭიქამდე იატაკზე, მაგრამ მოვლენების უკუსვლა შეუძლებელია.

უწესრიგობის, ან ენტროპიის გაზრდა დროის მიხედვით არის დროის ისრის, ანუ წარსულის მომავლისგან გარჩევის შესაძლებლობის, დროის მიმართულების განსაზღვრის ერთ-ერთი განმარტება. შეიძლება ვისაუბროთ დროის სამ განსხვავებულ ისარზე. პირველ რიგში, ეს არის თერმოდინამიკური ისარი, რომელიც გვიჩვენებს დროის მიმართულებას, რომელშიც იზრდება უწესრიგობა ან ენტროპია. მეორე, ფსიქოლოგიური ისარი. ეს არის მიმართულება, რომელშიც ჩვენ შევიგრძნობთ დროის სვლას, რომლის დროსაც ჩვენ გვახსოვს წარსული და არა მომავალი. და მესამე, კოსმოლოგიური ისარი. ეს არის დროის მიმართულება, რომელშიც სამყარო კი არ იკუმშება, არამედ ფართოვდება.

ამ თავში, გამომდინარე სამყაროს საზღვრების არარსებობის და სუსტი ანთროპიის პრინციპებიდან,  მე დავამტკიცებ, რატომ არ აქვს სამივე ისარს ერთნაირი მიმართულება და, უფრო მეტიც, რატომ უნდა არსებობდეს საზოგადოდ დროის განსაზღვრული ისარი. მე დავამტკიცებ, რომ ფსიქოლოგიური ისარი განისაზღვრება თერმოდინამიკურით და რომ ორივე ყოველთვის ერთნაირადაა მიმართული. დაშვებით, რომ სამყაროსთვის სამართლიანია  საზღვრების არარსებობის პრინციპი, ჩვენ დავინახავთ, რომ სამყაროს მთელი ისტორიის მანძილზე არ არის სავალდებულო, მათ ჰქონდეთ ერთნაირი მიმართულება. მაგრამ მე ვაჩვენებ, რომ თუ ეს მიმართულებები ერთმანეთს ემთხვევა, შეიძლება წარმოიქმნას გონიერი არსებების განვითარების პირობები, რომელთაც შეუძლიათ დასვან შეკითხვა: რატომ იზრდება უწესრიგობა იმ მიმართულებით, რომელშიც სამყარო ფართოვდება?

ჯერ განვიხილოთ დროის თერმოდინამიკური ისარი. თერმოდინამიკის მეორე კანონი გამომდინარეობს იქიდან, რომ უწესრიგო მდგომარეობების რაოდენობა ყოველთვის გაცილებით მეტია, ვიდრე მოწესრიგებული მდგომარეობების. ავიღოთ, მაგალითად, ნახატები საბავშვო კუბებზე. არსებობს კუბების მხოლოდ ერთი ურთიერთგანლაგება, რომლის დროსაც იქმნება სასურველი ნახატი. ამავე დროს არსებობს უამრავი განლაგება, რომლის დროსაც ეს ნახატი საერთოდ არ იქმნება.

ვთქვათ, რაღაც სისტემა თავიდან იმყოფება რომელიმე მოწესრიგებულ მდგომარეობაში. ეს მდგომარეობა დროში შეიძლება შეიცვალოს მეცნიერების კანონების შესაბამისად. რაღაც დროის შემდეგ სისტემა, სავარაუდოდ, მოწესრიგებული მდგომარეობიდან გადავა მოუწესრიგებელ მდგომარეობაში, რადგან ამ უკანასკნელთა რიცხვი გაცილებით მეტია. მაშასადამე, თუ სისტემა თავიდან იმყოფება მოწესრიგებულ მდგომარეობაში, დროის მიხედვით უწესრიგობა გაიზრდება. თუ ჩვენი კუბები თავიდან მოწესრიგებულად არის განლაგებული, მათი არევის შემდეგ შეიცვლება მათი განლაგება და, სავარაუდოდ, მათი განლაგება გახდება უწესრიგო, რადგან ამ  უწესრიგობათა  რიცხვი გაცილებით მეტია. სურათის რაღაც ნაწილი შენარჩუნებული იქნება, მაგრამ შემდგომი არევა ამ ნაწილებსაც დაშლის და უწესრიგობა დროში გაიზრდება. საბოლოოდ არანაირი სურათი აღარ დაგვრჩება. ამრიგად, თუ თავიდან სისტემა მოწესრიგებულ მდგომარეობაშია, დროთა  განმავლობაში სისტემის უწესრიგობა გაიზრდება.

ვთქვათ, ღმერთმა ინება სამყაროს ისეთი განვითარება, რომ, საწყისი მდგომარეობის მიუხედავად, ის მაღალი წესრიგის მდგომარეობით დასრულდა. ადრეულ სტადიაში სამყარო, სავარაუდოდ, მოუწესრიგებელ მდგომარეობაში იქნებოდა. მაშინ თქვენ დაინახავდით, როგორ შეიკრიბებოდა ნამსხვრევები, გამრთელდებოდა ფინჯანი და ახტებოდა მაგიდაზე. მაგრამ ადამიანები, რომლებიც ამას დაინახავდნენ, უნდა ყოფილიყვნენ იმ სამყაროს ბინადარნი, რომელშიც უწესრიგობა დროში მცირდება. მე ვამტკიცებ, რომ მათი ფსიქოლოგიური დროის ისარი უნდა იყოს მიმართული უკან, ანუ მათ უნდა ახსოვდეთ მომავლის მოვლენები. დაინახავდნენ რა ფინჯანს მაგიდაზე, მათ უნდა ხსომებოდათ მისი ნამსხვრევები იატაკზე, მაგრამ როდესაც ფინჯანი აღმოჩნდებოდა მაგიდაზე, მათ არ ეხსომებოდათ დამსხვრეული ფინჯანი იატაკზე.

ადამიანის მეხსიერებაზე მსჯელობა არ არის უბრალო რამ, რადგან ჩვენ არ ვიცით თავის ტვინის მუშაობის დეტალები. სამაგიეროდ, ჩვენ ყველაფერი ვიცით იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს კომპიუტერის მეხსიერება. მე მგონია სავსებით ლოგიკური იქნება დაუშვათ, რომ კომპიუტერისა და ადამიანების დროის ფსიქოლოგიურ ისარს ერთნაირი მიმართულება აქვს. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, მაშინ იმ კომპიუტერით, რომელსაც ეხსომებოდა აქციების ხვალინდელი კურსი ბირჟაზე, შეიძლებოდა შესანიშნავად გვეთამაშა ბირჟაზე.

კომპიუტერის მეხსიერება, უხეშად რომ ვთქვათ, ეს არის ელემენტების შემცველი მოწყობილობა, რომელთაც ორიდან ერთ-ერთ მდგომარეობაში ყოფნა შეუძლიათ. ასეთი მოწყობილობის მარტივი მაგალითია აბაკუსი (საანგარიშო), რომელიც წარმოადგენს ჰორიზონტალური მავთულების ერთობლიობას მათზე წამოცმული კოჭებით, რომელთაც მხოლოდ ორ მდგომარეობაში შეუძლიათ ყოფნა[1]). ვიდრე კომპიუტერის მეხსიერებაში შეყვანილი არაფერია, ის იმყოფება მოუწესრიგებელ მდგომარეობაში, რომელშიც კოჭების ორივე მდგომარეობა თანაბარალბათურია (კოჭები მავთულებზე უწესრიგოდ არის განლაგებული). მას შემდეგ, რაც კომპიუტერი სისტემასთან ურთიერთქმედებაში შევა, რომლის მდგომარეობაც უნდა დაიხსომოს, მისი მდგომარეობა გახდება სავსებით განსაზღვრული და სისტემის მდგომარეობაზე დამოკიდებული (ყოველი კოჭა იქნება მავთულის მარჯვენა ან მარცხენა კიდურა  მდგომარეობაში). ამრიგად, კომპიუტერის მეხსიერება გადავიდა მოუწესრიგებელი მდგომარეობიდან მოწესრიგებულში. მაგრამ იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ, იმყოფება თუ არა მეხსიერება სწორ მდგომარეობაში, უნდა დავხარჯოთ გარკვეული ენერგია (მაგალითად, კოჭების გადაადგილებაზე ან კომპიუტერის კვებაზე). ეს ენერგია გადავა სითბოში  და ამით გაიზრდება სამყაროს უწესრიგობა. შეიძლება ვაჩვენოთ, რომ უწესრიგობის ეს ნაზრდი ყოველთვის მეტია, ვიდრე მოწესრიგების ნაზრდი კომპიუტერის მეხსიერებაში. კომპიუტერის გაგრილების აუცილებლობა მიუთითებს იმაზე, რომ როდესაც კომპიუტერის მეხსიერებაში რაღაც იწერება, სამყაროს უწესრიგობა იზრდება.

დროის მიმართულება, რომელშიც კომპიუტერი იმახსოვრებს წარსულს, აღმოჩნდება იგივე, რომელშიც იზრდება უწესრიგობა.

მაშასადამე, დროის მიმართულების ჩვენი სუბიექტური შეგრძნება – დროის ფსიქოლოგიური ისარი – ჩვენს გონებაში დროის თერმოდინამიკური ისრითაა მოცემული. კომპიუტერის მსგავსად, მოვლენები ჩვენც ისე უნდა დავიხსომოთ, რომ ენტროპია გაიზარდოს. ამასთან თერმოდინამიკის მეორე კანონი თითქმის ტრივიალური ხდება. უწესრიგობა იზრდება იმიტომ, რომ ჩვენ დროს ვზომავთ იმ  მიმართულებით, რომელშიც იზრდება უწესრიგობა. რთულია ამ ლოგიკასთან კამათი! და მაინც, საერთოდ რატომ უნდა არსებობდეს დროის თერმოდინამიკური ისარი? ან სხვა სიტყვებით, სამყარო რატომ უნდა არსებობდეს მაღალი წესრიგის მდგომარეობაში დროის ერთ-ერთ ბოლოში, იმ ბოლოში, რომელსაც ჩვენ წარსულს ვუწოდებთ? რატომ არ უნდა არსებობდეს იგი სრულიად მოუწესრიგებელ მდგომარეობაში? ეს ხომ უფრო ალბათური იქნებოდა. გარდა ამისა, რატომ იზრდება უწესრიგობა დროში იმ მიმართულებით, რომელშიც სამყარო ფართოვდება?

ფარდობითობის ზოგადი კლასიკური თეორია ვერ იძლევა იმის გამოთვლის საშუალებას, თუ როგორ შეიქმნა სამყარო, რადგან დიდი აფეთქების სინგულარულ წერტილში ბუნების ჩვენთვის ცნობილი ყველა კანონი უნდა დაირღვეს. სამყარო შეიძლება წარმოიქმნას რომელიღაც ერთგვაროვან, ძალიან მოწესრიგებულ მდგომარეობაში. ეს მიგვიყვანდა დროის მკაფიოდ განსაზღვრულ ისრებთან – თერმოდინამიკურ და კოსმოლოგიურ ისრებთან, როგორც ახლა ამას ვაკვირდებით ჩვენ. თუმცა სამყაროს საწყისი სტადია სავსებით შესაძლებელია ყოფილიყო ძალიან არაერთგვაროვანი და მოუწესრიგებელი. მაშინ სამყარო იქნებოდა ძალიან მოუწესრიგებელი და უწესრიგობა ვეღარ გაიზრდებოდა დროში. ის დარჩებოდა შეუცვლელი. მაშინ არ იქნებოდა  დროის  თერმოდინამიკური ისარი, ან შეიძლებოდა შემცირებულიყო და მაშინ დროის თერმოდინამიკური ისარი იქნებოდა დროის კოსმოლოგიური ისრის საპირისპირო.

არცერთი ეს შესაძლებლობა არ არის თანხმობაში იმასთან, რასაც ჩვენ ვაკვირდებით. როგორც ჩვენ ვნახეთ, ფარდობითობის ზოგადი კლასიკური თეორია ირღვევა, როდესაც დრო-სივრცის სიმრუდე იზრდება, არსებითი ხდება კვანტური გრავიტაციის ეფექტები და კლასიკური თეორია არასაიმედო ხდება სამყაროს აღწერისთვის. სამყაროს წარმოშობის ასახსნელად საჭიროა მივმართოთ კვანტურ გრავიტაციას. თუმცა, რომ გავიგოთ, თუ როგორ განვსაზღვროთ კვანტური გრავიტაციის თეორიაში სამყაროს მდგომარეობა, აუცილებელია, როგორც წინა თავებში ვნახეთ, ვიცოდეთ, თუ როგორ იქცეოდა სამყარო დრო-სივრცის საზღვარზე წარსულში. ეს აუცილებლობა ვიცოდეთ ის, რაც ჩვენ არ ვიცით და არც უნდა ვიცოდეთ, აღარ იქნება, თუ წინა ისტორიები საზღვრების არარსებობის პრინციპს დააკმაყოფილებენ: მათ აქვთ სასრული განფენილობა, მაგრამ არ აქვთ არც საზღვრები, არც კიდეები, არც განსაკუთრებულობები. მაშინ დროის ათვლის დასაწყისი უნდა ყოფილიყო დრო-სივრცის რეგულარული, გლუვი წერტილი. სამყარო დაიწყებდა თავის გაფართოებას სავსებით მოწესრიგებული და ერთგვაროვანი მდგომარეობიდან. ის არ შეიძლებოდა ყოფილიყო სრულად მოწესრიგებული, რადგან ამით დაირღვეოდა კვანტური თეორიის განუზღვრელობის პრინციპი. ეს ნიშნავს, რომ უნდა არსებულიყო ნაწილაკების სიმკვრივის და სიჩქარის მცირე ფლუქტუაციები, მაგრამ  საზღვრების არარსებობის ძალით ეს ფლუქტუაციები უნდა ყოფილიყო მცირე, რათა თანხმობაში ყოფილიყო  განუზღვრელობის პრინციპთან.

თავიდან სამყარო შეიძლებოდა გაფართოებულიყო ექსპონენციალურად ან გაბერილიყო. შედეგად მისი ზომები ბევრჯერ გაიზრდებოდა. სიმკვრივის თავიდან მცირე ფლუქტუაციები, შემდეგ გაიზრდებოდა. იქ არის გაფართოება, სადაც ფლუქტუაციები გადააჭარბებდა საშუალოს, შენელდებოდა ჭარბი მასის გრავიტაციული მიზიდულობის გამო. ბოლოს და ბოლოს ასეთი არეები აღარ გაფართოვდებოდნენ და დაიწყებდნენ კოლაფსირებას. შედეგად გაჩნდებოდნენ გალაქტიკები, ვარსკვლავები და ჩვენი მსგავსი არსებები. ამრიგად, სამყარო მისი წარმოშობის მომენტში შეიძლებოდა ყოფილიყო ერთგვაროვან და მოწესრიგებულ მდგომარეობაში და გადასულიყო დროში არაერთგვაროვან და მოუწესრიგებელ მდგომარეობაში. ასეთი მიდგომით შესაძლებელი იქნებოდა დროის თერმოდინამიკური ისრის არსებობის ახსნა.

მაგრამ, რა მოხდებოდა, როდესაც სამყარო გაფართოებას შეწყვეტდა და დაიწყებდა შეკუმშვას? მობრუნდებოდა თუ არა დროის თერმოდინამიკური ისარი? დაიწყებდა თუ არა უწესრიგობა დროში შემცირებას? იმათ, ვინც გადარჩებოდა ამ ფაზურ გადასვლაში, გაუჩნდებოდათ ფანტასტიკური შესაძლებლობები. იქნებ მათ შეიძლებოდა, დაენახათ როგორ იკრიბება ფინჯნის ნამსხვრევები და როგორ ბრუნდება ფინჯანი მაგიდაზე? ან იქნებ მათ სცოდნოდათ ბირჟაზე აქციების ხვალინდელი კურსი? მართალია, ფიქრი იმაზე, თუ რა მოხდება, როდესაც სამყარო დაიწყებს შეკუმშვას, ნაადრევია, რადგან მანამდე დარჩენილია სულ ცოტა ათი ათასი მილიონი წელიწადი. თუმცა ამის შესახებ შეიძლება უფრო მალეც გავიგოთ, თუ შავ ხვრელში ჩავხტებით. შავი ხვრელის მდგომარეობაში ვარსკვლავის კოლაფსი სამყაროს კოლაფსის ანალოგიურია. ამიტომ, თუ უწესრიგობა შემცირდება სამყაროს შეკუმშვის ფაზაში, იგივე მოხდება შავი ხვრელის შიგნით. მაშინ იქ მოხვედრილ ასტრონავტს შეიძლებოდა ფული ეშოვნა რულეტზე თამაშით, რადგან ეცოდინებოდა თუ სად გაჩერდებოდა ბურთულა. (მართალია, თამაში იქნებოდა ხანმოკლე, რადგან მანამდე ასტრონავტი გადაიქცეოდა სპაგეტად. ის გაქრებოდა მოვლენების ჰორიზონტის მიღმა, ვიდრე შეგვატყობინებდა დროის თერმოდინამიკური ისრის შემობრუნების შესახებ.

თავიდან მე ვთვლიდი, რომ სამყაროს შეკუმშვის შემდეგ უწესრიგობა უნდა შემცირდეს, რადგან სამყარო უნდა დაბრუნდეს თავის საწყის გლუვ და ერთგვაროვან მდგომარეობაში. ეს იმის მომასწავებელი იქნებოდა, რომ შეკუმშვის ფაზა ეკვივალენტურია გაფართოების ფაზის შებრუნებულ დროში. შეკუმშვის სტადიაში ადამიანები მათ დაბადებამდე დაიხოცებოდნენ და შეკუმშვის განმავლობაში გაახალგაზრდავდებოდნენ.

ასეთი დასკვნის მიმზიდველობა გაფართოებისა და შეკუმშვის ფაზების სიმეტრიაშია. მაგრამ მისი განხილვა არ შეიძლება თავისთავად, სამყაროზე სხვა წარმოდგენებისგან დამოუკიდებლად. ისმის შეკითხვა: ეს დასკვნა გამომდინარეობს საზღვრების არარსებობის პირობიდან, თუ პირიქით ამ პირობასთან შეუთავსებელია? როგორც აღვნიშნე, მე თავიდანვე მივიჩნევდი, რომ საზღვრების არარსებობა მართლაც ნიშნავს, რომ უწესრიგობა უნდა გაიზარდოს შეკუმშვის სტადიაში. ნაწილობრივ მე შეცდომაში შემიყვანა დედამიწის ზედაპირთან ანალოგიამ. დაუშვათ, რომ სამყაროს დასაწყისი ჩრდილოეთ პოლუსს შეესაბამება. მაშინ სამყაროს დასასრული უნდა ჰგავდეს მის დასაწყისს, ისევე როგორც სამხრეთ პოლუსი ჰგავს ჩრდილოეთ პოლუსს. მაგრამ სამხრეთ და ჩრდილოეთ პოლუსები სამყაროს დასაწყისსა და დასასრულს შეესაბამება წარმოსახვით დროში. რეალურ დროში დასაწყისი და დასასრული შეიძლება დიდად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. მე შეცდომაში შემიყვანა კიდევ ერთმა შრომამ, რომელშიც მე განვიხილავდი სამყაროს ერთ მარტივ მოდელს, სადაც შეკუმშვის ფაზა მსგავსი იყო დროში შებრუნებული გაფართოების ფაზისა. მაგრამ ჩემმა კოლეგამ პენსილვანიის შტატის უნივერსიტეტიდან დონ პეიჯმა აჩვენა, რომ ასეთი სიმეტრიისთვის სულაც არ იყო აუცილებელი საზღვრის არარსებობის მოთხოვნა. შემდეგ ჩემმა ასპირანტმა რაიმონდ ლეფლემმა დაადგინა, რომ უფრო რთულ მოდელში სამყაროს შეკუმშვა ძალიან განსხვავდება გაფართოებისგან. მე მივხვდი, რომ შევცდი: საზღვრების არარსებობის მოთხოვნიდან გამომდინარეობს, რომ შეკუმშვის დროს უწესრიგობა უნდა იზრდებოდეს. დროის თერმოდინამიკური და ფსიქოლოგიური ისრები არ იცვლიან თავის მიმართულებას არც შავ ხვრელში და არც სამყაროში, რომელიც შეკუმშვას დაიწყებს.

რას გააკეთებდით თქვენ, რომ თქვენი ასეთი შეცდომა აღმოგეჩინათ? მავანნი არასოდეს აღიარებენ თავიანთ შეცდომას და იწყებენ არგუმენტების ძებნას თავიანთი იდეების გასამართლებლად. ასე მოიქცა ედინგტონი, როცა თავის აზრს იცავდა. მე ვფიქრობ, ბევრად უფრო სწორი იქნება, თუ საკუთარ შეცდომას საჯაროდ აღიარებ. ამის მაგალითია აინშტაინი, რომელმაც აღიარა, რომ სამყაროს სტატიკურ მოდელში მის მიერ კოსმოლოგიური მუდმივას შემოტანა მისი ყველაზე სერიოზული შეცდომა იყო.

დავუბრუნდეთ დროის ისარს. დაგვრჩა ერთი საკითხი: რატომ აქვთ, როგორც ამას დაკვირვება გვიჩვენებს, დროის თერმოდინამიკურ და ფსიქოლოგიურ ისრებს ერთნაირი მიმართულება? ანუ რატომ იზრდება უწესრიგობა იმ მიმართულებით, რომელშიც სამყარო ფართოვდება? თუ ჩავთვლით, რომ სამყარო გაფართოების შემდეგ დაიწყებს შეკუმშვას, რაც გამომდინარეობს საზღვრების არარსებობიდან, მაშინ ჩვენი შეკითხვა იქნება ასეთი: რატომ უნდა ვიმყოფებოდეთ ჩვენ  გაფართოებისა და არა შეკუმშვის ფაზაში?

ამ შეკითხვაზე პასუხს იძლევა სუსტი ანთროპიის პრინციპი: შეკუმშვის ფაზაში არსებობის პირობები გამოუსადეგარია ისეთი გონიერი არსებებისთვის, რომელთაც შეუძლიათ იკითხონ, თუ რატომ იზრდება უწესრიგობა იმავე მიმართულებით, რომელშიც სამყარო ფართოვდება? საზღვრების არარსებობის პირობა სამყაროს გაფართოებას წინასწარმეტყველებს მის ადრეულ სტადიაზე. ეს ნიშნავს, რომ გაფართოება უნდა ხდებოდეს კრიტიკულთან ახლო სიჩქარით,  რომლის დროსაც კოლაფსი გამორიცხულია და ამიტომ კოლაფსი არ იქნება ძალიან დიდხანს. მაგრამ მაშინ ყველა ვარსკვლავი დაიწვება, ხოლო მათი წარმომქმნელი პროტონები და ნეიტრონები დაიშლება უფრო მსუბუქ ნაწილაკებად. სამყარო დარჩებოდა პრაქტიკულად სრული უწესრიგობის მდგომარეობაში, რომელშიც არ იქნებოდა დროის ძლიერი თერმოდინამიკური ისარი. უწესრიგობა ძალიან არ გაიზრდებოდა, მაგრამ გონიერი ცხოვრებისთვის საჭიროა დროის ძლიერი ისარი. იმისათვის, რომ გადარჩნენ, ადამიანებმა უნდა მიიღონ საკვები, რომელიც გამოდის როგორც ენერგიის მოწესრიგებული ფორმის მატარებელი, და გარდაქმნან იგი სითბოდ, ე.ი. ენერგიის მოუწესრიგებელ ფორმად. მაშასადამე, შეკუმშვის ფაზაში არანაირი გონივრული ცხოვრება არ იქნებოდა. ამით აიხსნება დროის თერმოდინამიკური და ფსიქოლოგიური ისრების ერთნაირი მიმართულება. არ არის სწორი დაშვება, რომ უწესრიგობა გაფართოების გამო იზრდება. ყველაფრის მიზეზია საზღვრების არარსებობა, მის გამო იზრდება უწესრიგობა და მხოლოდ გაფართოების ფაზაში იქმნება გონივრული ცხოვრების პირობები.

შევაჯამოთ ყოველივე. მეცნიერების კანონები არ განასხვავებენ ერთმანეთისგან დროში წინ და უკან მიმართულებებს. მაგრამ არსებობს სულ მცირე დროის სამი ისარი, რომლებიც წარსულს მომავლისგან ასხვავებენ. ეს არის თერმოდინამიკური ისარი, ანუ დროის მიმართულება, რომელშიც იზრდება უწესრიგობა;  ფსიქოლოგიური ისარი – მიმართულება რომელშიც გვახსოვს წარსული და არა მომავალი; კოსმოლოგიური ისარი – მიმართულება, რომელშიც სამყარო ფართოვდება და არ იკუმშება. მე ვაჩვენე, რომ დროის თერმოდინამიკური  და კოსმოლოგიური ისრები თითქმის ეკვივალენტურია და ამიტომ ერთნაირი მიმართულება უნდა ჰქონდეთ. საზღვრების არარსებობის პრინციპიდან გამომდინარეობს დროის მკაფიოდ განსაზღვრული თერმოდინამიკური ისრის არსებობა, რადგან სამყარო უნდა წარმოქმნილიყო ერთგვაროვან და მოწესრიგებულ მდგომარეობაში. ხოლო ამ ორი მიმართულების თანხვედრის მიზეზი არის ის, რომ გონიერი არსებების ცხოვრება შესაძლებელია მხოლოდ გაფართოების ფაზაში. შეკუმშვის ფაზა მათთვის მიუღებელია, რადგან მათ სჭირდებათ დროის ძლიერი თერმოდინამიკური ისარი.

სამყაროს შეცნობის გზაზე ადამიანის პროგრესმა სამყაროს მზარდი უწესრიგობის ფონზე წესრიგის პატარა კუთხესთან მიგვიყვანა. თუ ამ წიგნის ყველა სიტყვას დაიხსომებთ, თქვენი მეხსიერება მიიღებს ინფორმაციის დაახლოებით ორ მილიონ ერთეულს და წესრიგი თქვენს გონებაში ორი მილიონი ერთეულით გაიზრდება. მაგრამ ვიდრე ამ წიგნს კითხულობდით სულ მცირე ათასი კალორია მოწესრიგებული ენერგიის, რომელიც თქვენ საკვების სახით მიიღეთ, გარდაიქმნა ენერგიის მოუწესრიგებელ ფორმად, რომელიც თქვენ გადაეცით გარემოს თქვენ გარშემო სითბოს სახით კონვექციის და ოფლის გამოყოფის მეშვეობით. სამყაროს უწესრიგობა გაიზრდება ოცი მილიონი ერთეულით, რაც ათი მილიონი მილიონჯერ აჭარბებს წესრიგის ნამატს თქვენს გონებაში. ეს იმ პირობით, რომ თქვენ ჩემი წიგნიდან ყველაფერს დაიხსომებთ…

თარგმანი წიგნიდან A brief history of time – Bantam Dell Publishing Group 1988 US

[1] მკითხველს შეიძლება კიდეც ახსოვდეს აბაკუსის სხვა სახელი, საბჭოეთის დროინდელი საანგარიშო „ჩოთქი“.

თანამედროვე პოეზიის მოკლე მიმოხილვა

0

ბატონი პი ჩქარი ნაბიჯით შევიდა წიგნის მაღაზიაში. ასეთი არეული თაროები, მიმოფანტული წიგნები და ბევრი ძახილის მიუხედავად ვერნაპოვნი გამყიდველი – ცოტა უჩვეულო ამბავი კი იყო, მაგრამ აბა რა დააბნევდა ბატონ პის, ლიტერატურათმცოდნესა და ესეების მარჯვედ მწერალ კაცს. პირველი, რაც დაასკვნა, მარტივად სათქმელი გამოდგა: ,,თანამედროვე ლიტერატურაში მიმდინარეობები აღარ არსებობს, დიახ, დაიხ, აღარც ისეთი ზოგადი და ფილოსოფიური, როგორც პოსტმოდერნიზმია. უფრო ზუსტად: ყველა ისე წერს, როგორც ეწერება, ისე, კითხულობს, როგორ ეკითხება. და ეს უკეთესია? არ ვიცი, არ ვიცი, სწორედ. აბა, ჩვენ კრიტიკოსებს რა საქმეღა დაგვრჩენია?!’’

იკითხა თითქმის ხმამაღლა, ნახევრად იმის იმედად, რომ კონსულტანტი გოგო გამოჩნდებოდა, მაგრამ ამაოდ. წავალ, ჩაის დავლევ – ეს მეორე ხმამაღალი ფიქრის მცდელობა გახლდათ.

ბატონი პი თბილ, არტისტულ კაფეში ზის. კედლებზე პლაკატებია: ,,ი.ი.-ს პორნო დღიურები ლექსებად’’ ,,უ.უ.-ს პოეზია სამშობლოზე და ქარზე’’ ,,ო.ო. -ს ლექსები სამივე თემაზე’’

-,,ჩაი, თუ შეიძლება. ყველაზე იაფიანი ვისკი რომელი გაქვთ? ჯონი? ოო, ჯონ სტეინბეიკი, ჯონ, ჯონ, ბევრ მწერლას მახსენებს ჯონი’’

თქვა და რვეული დააძრო. წერდა:

,,ამბობენ, რომ ჯოისის ,,ფენიგანის ქელეხი’’ ერთ-ერთი პირველი პოსტომდერნული ტექსტია. ა, ეს რა შუაშია, ასე, კი არა, უფრო მხატვრულ-სიმბოლურად.

 ეცვა სადღაც ოდნავ დახეული ჯინსი.. ჩანთა ,,სტიკერებით’’..ერთი შეხედვით თანამედროვე..რაღაც აზრით – მეორე შეხედვითაც.. მოვიდა ჩვეულებრივ..დაჯდა მაგიდასთან, როგორც სხვა ათასი მისი მსგავსი ანაც არამსგავსი …ვინმე ახალგარდაცვლილი კაცის ლექსები მოძებნა..რაღა ვინმე.. როგორც სხვა ათასმა მსგავსმა და არამსგავსმა..მერე მობილურში მესიჯად აკრიფა და კმაყოფილი სახით გაგზავნა.

  ,,მე შენ მიყვარხარ და მეყვარები, რამ დამავიწყოს შენი თვალები, შენი თვალები, როგორც ალები, მე შენ მიყვარხარ და მეყვარები’’

რაღაც ამგვარი..

ხოლო თქვენ მოხვალთ და მეტყვით: აი, პოსტმოდერნიზმი, აი, მაღალი და დაბალი ხელოვნების გათანაბრება, აი, მასკულტურის აღზევება და მერე სიმულაკრები და ჩაკრები და დერიდა და იჰაბ ჰასანი.

ან მოხვალთ და მეტყვით. შეგშურდა. დიახ, შემშურდა. არა, უფრო გავბრაზდი. თუნდაც ბევრი ჩემი მეგობრის გამო. ძალიან საინტერესო და მაგარი პოეტის გამო და მაგივრად.

   დღეს რომ საქართველოში პოეზიაა პოპულარული, ასეთი საშინელი ამბავი იშვიათად ყოფილა. თუმცა ჩვენებური ლექსმოყვარეობა დიდწილად ყოველთვის ზერელე გალხდათ.ახლა, ინტერნეტ-ვიდეოთა ერაში უფრო აიშვა თავი. ადრეც დავწერე, ერთმა კაცმა დაიდო ჩვენი ცოდვა და კეთილად მოგვატყუა. ასე თქვა. ყველა ქართველი პოეტია და ყველა ქართველი პოეტი ორჯერ პოეტი. სულ მგონია, რომ ტიციანის ეს სტრიქონები ამაზე პასუხია (თუნდაც დროში და სივრცეში დაშორებული): ,, იმერეთში მღერის დანიელა ურია,
კახეთში კიდევ – დედას ლევანა…

საქართველოში ყოველ ჭორფლიან ქალს
თავის საკუთარი ჰყავდა პოეტი.
დღეს ღვთისმშობელი ძირს რომ ჩამოვიდეს,
მითხარით, მართლა ვინ ეტყვის ლექსს? ’’

  აღქმა კი გვქონდა სხვანაირი. არ დაიჯეროთ. ყველა ქართველის პოეტობა ანუ. არც მკითხველობა დაიჯეროთ. მერე რა, რომ  ,,ვეფხისტყაოსნის’’ და ,,თოვლის’’ ქვეყანა გვქვია და აღაზას სცენა ჩვენს ენაზეა დაწერილი და სულხან-საბას ლექსიკონი (ერთ-ერთი უდიდესი პოეტური წიგნი – ჩემი აზრით).    ამ ტექსტების დიდმა ნაწილმა ქართველ მკითხველს გვერდი აუარა. უფრო სწორედ მკითხველმა აუარა გვერდი. ბევრს ჩვენთან ვაჟა არ ესმის. არც გურამიშვილი. გალაკტიონის ის ლექსები უყვართ, ბოლოს რომ თვითონვე ეზიზღებოდა. შეიძლება თქვათ, რომ ყველგან ასეა. ყველა ქვეყანაში. შეიძლება. მაგრამ ნუ ვიჟინებთ მაინც იმ ორჯერპოეტობას.

  ამ ტელე-ინტერნეტ პოეზიის ორი მიმდინარეობა არსებობს. სამიჯნურო და საკუთრივ პოეტის შესახებ. ანუ გაუტეხელი, უდარდელი, დაუფასებელი, მაგრამ მაინც ღრუბელშემოსილი პოეტის შესახებ. პირველი, ისეთია, ზემოთ რომ sms-ით გაიგზავნა. მეორე დაახლოებით ასეთი:

  ,,ვერვინ დამძალავს , მე ვარ პოეტი,

და მთები ამაქვს ღმერთთან ტკივილით,

არ მინდა ფული, არ მინდა სახლი,

ლექსები უნდა ვშობო კივილით.

ასე, ასე ვიქნები მარად,

მე არ ვიცვლები პოეტი მქვია,

სანამ ჩემ ამაყ, ნაჩუქარ პალტოს

არ შეჭამს ჭია.

მე დავბრუნდები მერე მიწაზე,

თქვენ რომ გგონივართ ხუთი წლის მკვდარი,

მე დავბრუნდები. პირამიდები.

ორი ღერი სიგარეტი.

ქარი.’’

ეს ,,ლექსი’’ მე დავწერე რა თქმა უნდა. როგორც წინა. შევეცადე სტილით მიმებაძა. ბევრს ვერაფერს გავხდი და ამასობაში პირველ სიტყვასა ზედა მოვიდეთ. გოგომ რაღაც პასუხი მიიღო. სავაურადოდ მეორე სტროფი იყო. კმაყოფილმა გაიღიმა. მაშინ ვიფიქრე, ეგებ მე ვცდები და ეს ქელეხი კი არა, ქორწილია.

ვინ იცის’’

ვინ იცის, წაიკითხავს კი ამა ვინმე? – ისევ ხმამაღლა ამოიხრა ბატონმა პიმ. ჩაის ჭიქას ჩახედა და გავიდა.

გურამ დოჩანაშვილის „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“

0

გურამ დოჩანაშვილი ერთადერთი ცოცხალი ავტორია, რომლის მოთხრობა „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ ეროვნული გამოცდებისთვის სავალდებულო ნაწარმოებების ჩამონათვალში შედის.

რამდენიმე წლის წინ ბესიკ ხარანაულის ორი ლექსიც შედიოდა, მაგრამ სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო ისინი პროგრამიდან გაქრა. ეტყობა, არ არის საჭირო, თანამედროვე ბავშვმა საფუძვლიანად იცოდეს თანამედროვე პოეზია და პროზა – კლასიკაც გვყოფნის.

თუმცა ამ მოთხრობის გაგება-ანალიზიც, როგორც ჩანს, გვიჭირს.

ამას წინათ ერთ ლიტერატურულ შეკრებაზე ქართულის მასწავლებლებს შევხვდი. მსჯელობა ბავშვთა წიგნიერების დონეს შეეხო. გამოსავალი უცებ იპოვეს: „კარცერ-ლუქსი უშველის მაგათ!“ არავის გასცინებია, სავსებით სერიოზულად თქვეს და მოისმინეს. ამ სტატიის დაწერაც სწორედ ამან გადამაწყვეტინა.

თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ აღნიშნული ნაწარმოების სწავლება სულაც არ არის სკოლის მასწავლებლების საქმე. „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ მეთორმეტე კლასის პროგრამაშია და თუ სიმართლეს თვალს გავუსწორებთ, ამ პერიოდში სანახევროდ ჩაშლილია სასწავლო პროცესი. ჩვენი შვილები ან არ დადიან სკოლაში, ან დილაობით შეივლიან ერთი-ორი საათით და მაშინაც რეპეტიტორების მიცემულ დავალებებს ასრულებენ ან, უბრალოდ, ერთობიან. შესაძლოა, ყველგან ასე არ იყოს, მაგრამ ჩემ ირგვლივ სხვანაირი ისტორია მე არ მომისმენია.

გადავხედე მეთორმეტე კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოს (ავტორები: ვ. როდონაია, ნ. ნაკუდაშვილი, ა. არაბული, მ. ხუციშვილი). ტექსტი შესასწავლად რამდენიმე ნაწილადაა დაყოფილი. თითოეულ მათგანს მოსდევს კითხვები, რომლებიც დეტალების სწორად გააზრებას ემსახურება. არსადაა მინიშნება მთლიანი ნაწარმოების არსზე, ეზოპეს ენაზე, საბჭოთა კონტექსტზე, საზოგადოდ, ალეგორიაზე. შესაძლოა, მეთორმეტეკლასელისთვის ზედმეტად დაღეჭვა არც იყოს საჭირო, მაგრამ თუ „დიდოსტატის მარჯვენას“ ან „ჯაყოს ხიზნებს“ სჭირდება მოკლე ისტორიული ექსკურსი, რატომ გვგონია, რომ გასული საუკუნის 70-იანი წლების შესახებ ჩვენმა მოსწავლეებმა კარგად იციან?! დღევანდელი ახალგაზრდობისთვის, თუ არ ავუხსენით, საბედნიეროდ, სრულიად გაუგებარია, როგორ მუშაობდა საბჭოთა ცენზურა და როგორ შეიძლებოდა ცენზორების გაცურება. ასევე მნიშვნელოვანია იმის ახსნაც, რომ საქართველოში 70-80-იან წლებში ცენზურა სხვა საბჭოთა რესპუბლიკებთან შედარებით რბილი იყო – ალბათ, ჩვენი თავისუფლების მოყვარული ბუნებიდან გამომდინარე, ერიდებოდნენ ზედმეტ სიმკაცრეს, რათა ხალხში წინააღმდეგობის მუხტი არ დაგროვილიყო. ეს „თავისუფლება“ მართლაც საბჭოთა იმპერიის სასარგებლოდ მუშაობდა: იქმნებოდა ილუზია, რომ რაღაც შეგეძლო, რომ არც ისე დამონებული იყავი, როგორც სხვები, რომ არსებობდა ეროვნული სარბიელი – მცირე, მაგრამ მაინც.

„კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ ჩემთვის ყველაზე ანტისაბჭოთა ნაწარმოებია, რომელიც საქართველოში შექმნილა. ის, უპირველესად, ამ ქვეყნის ისტორიას ჰყვება. ჰყვება მსუბუქად, ირონია-იუმორის ზღვარზე, ჰყვება ისე, რომ საბჭოთა ადამიანის ცხოვრების ტრაგიზმი თითქმის არ ჩანს. ეს, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ცენზურითაა ნაკარნახევი, მაგრამ ამავე დროს ყველაზე ადეკვატური ფორმაა იმ სინამდვილის გადმოცემისა. საბჭოთა ადამიანსაც, თუ სინამდვილის აღქმის გამბედაობა ჰქონდა, ეს სინამდვილე მსუბუქად, იუმორისა თუ რომანტიკის ბურუსში უნდა აღექვა. სხვაგვარად მას მოუწევდა ბრძოლა არსებული სისტემის წინააღმდეგ ან ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევა და, მაგალითად, ლოთობა. ორივე სიკვდილის ტოლფასი იყო.

ნაწარმოების ერთ-ერთი თავი სწორედ ლოთობისა და ლიტერატურის დაპირისპირებით იწყება. რატომ ირჩევს კეჟერაძე ლიტერატურის გზას და რატომ არიან მისი აგრესიის სამიზნე ლოთები? მხატვრულ გამონაგონში პერსონაჟს ნაპოვნი აქვს არსებობის ნიშა, რომელიც მას საშუალებას აძლევს გაიზარდოს, ყოველი წიგნის წაკითხვის შემდეგ უკეთესი გახდეს, მაგრამ ამ უკეთესი ადამიანების სარბიელი არსადაა. ხელმძღვანელისადმი მისი პასუხიც ამას მოწმობს: „– რა გამოვა და… რომელიმე კლიმი!.. რომელიმე კლიმისგან? მეტი რაღა უნდა გამოვიდეს, დალოცვილო – მივიღებთ ადამიანს, ვისაც ძლიერ უყვარს ლიტერატურა!“

ადამიანს, განურჩევლად იმისა, უყვარს თუ არა ლიტერატურა, საზოგადოებრივი სარბიელიც სჭირდება, ის მაშინ არ არსებობდა.

ამრიგად, მოთხრობაში საზოგადოება სამ ნაწილადაა დაყოფილი. ერთნი საბჭოთა იდეოლოგიას ემსახურებიან, მორგებული აქვთ შესაბამისი როლები და უბადლოდ ასახიერებენ იმ ტყუილს, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს. აქ ცალკე აღნიშვნის ღირსია, რომ ჩვენი მოსწავლეებისთვის არც ისაა თავისთავად გასაგები და ტრაგიკომიკური, რომ სოციოლოგიური კვლევა საბჭოეთში არ არსებობდა და თუ არსებობდა, ან ისეთივე ფიქცია იყო, როგორიც ამ მოთხრობაშია აღწერილი, ან მასების უკეთ მართვისთვის სჭირდებოდათ, თუმცა მაინცდამაინც არც სჭირდებოდათ, რადგან სოციალოგიური კვლევა ხალხთან შეიძლება ჩაატარო, თორემ მასების ფსიქოლოგია ადვილი გასაგებია, ხალხად ყოფნის საშუალებას კი სისტემა არ იძლეოდა.

არსებობდა უამრავი ასეთი ინსტიტუტი, მეცნიერი თანამშრომელი თუ ხელმძღვანელი, რომლებიც აკეთებდნენ რაღაცას, რაც თავისთავად არავის სჭირდებოდა, მაგრამ ემსახურებოდა ტყუილის იდეოლოგიას, ამიტომ მსგავსი ინსტიტუტების შენახვაზე კრემლი უკან არ იხევდა.

გურამ დოჩანაშვილის ენა ყოველთვის დარჩება ქართული ლიტერატურის ისტორიაში შემოქმედებითობის ერთ-ერთ ბრწყინვალე ნიმუშად, მაგრამ მოთხრობის „კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ დასაწყისი, ასე მგონია, ავტორისეულ უსაზღვრო შესაძლებლობებსაც კი ამეტებს. სულ ერთ ფრაზაში, ერთ აბზაცში აცოცხლებს და გადმოსცემს მთელ იმ ყალბ პათეტიკას, რომლითაც გაჟღენთილი იყო საბჭოეთი.

„– თქვენს მომავალ ნაშრომში უნდა აისახოს ქალაქის ტიპის დასახლებაში მცხოვრებ მუშა-მოსამსახურეთა ყოველდღიური საქციელის ასპექტები და გამომჟღავნდეს კანონზომიერებანი, რომლებიც განსაზღვრავენ მის დამოკიდებულებას ცხოვრების პირობებისადმი. საზოგადოების ფუნქციონირებისა და განვითარების იმ მხარეებში, რომლებსაც ამჟამად მეტი ყურადღება ექცევა…“

მეთორმეტე კლასში რომ ცოცხალი სასწავლო პროცესი იყოს, სასარგებლო იქნებოდა, მოსწავლეებისთვის დაევალებინათ ძველი სატელევიზიო ჩანაწერების ნახვა. საბედნიეროდ, ინტერნეტის ეპოქაში ბევრი რამაა ხელმისაწვდომი და საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც, რომელიც პირველი არხის მემკვიდრეა, თავისი ოქროს ფონდის ნაწილი გამოაქვეყნა. საინფორმაციო გადაცემა „მოამბის“ ჩანაწერები, კომუნისტური დემონსტრაციების ტელეტრანსლაციები თუ ისეთი, თითქოს უწყინარი საბავშვო გადაცემის ნაწყვეტები, როგორიც იყო „გმადლობთ, ბოდიში“, მძაფრ შთაბეჭდილებას ახდენს თანამედროვე ახალგაზრდებზე და ვფიქრობ, ისტორიული კონტექსტის გაგებაში დაეხმარება.

ასევე საინტერესო იქნებოდა ტელესპექტაკლის ნახვაც, რომელშიც მთავარ როლებს ეროსი მანჯგალაძე და ჟანრი ლოლაშვილი ასრულებენ. საბედნიეროდ, ეს ჩანაწერიც შემორჩა ოქროს ფონდს. ძალიან საინტერესო ტელერეჟისორის, ზურაბ კანდელაკის, ყველა ფირი გაანადგურეს, მხოლოდ „ კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ და „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება“ გადარჩა. გადარჩა ეროსი მანჯგალაძის გამო.

მოთხრობის სივრცეში მეორე კატეგორია ლოთებია. თუკი ხელმძღვანელსა და თამაზს ვასიკო კეჟერაძე აშკარად დასცინის, ლოთების მიმართ ის აგრესიულია. მისი ნება რომ იყოს, ფიზიკურ ძალადობასაც არ მოერიდებოდა და ხელებსაც გადაუგრეხდა კარცერ-ლუქსში ჩასაგდებად.

ლოთები ყველა დროში იყვნენ და იქნებიან, მაგრამ საბჭოთა კავშირში მათ ყოფას თითქოს რაღაც გამართლება თუ რომანტიკა ახლდა თან. ეს იყო ქვეყანა, სადაც სამუშაო ადგილი ყველასთვის მოიძებნებოდა, სადაც კოდექსში არსებობდა მუხლი მუქთახორობის შესახებ და უმუშევარ ადამიანებს იჭერდნენ და აპატიმრებდნენ, ამიტომ ლოთობა, ამ სიტყვის იმდროინდელი გაგებით, საბჭოთა სისტემის მიმართ ერთგვარი ჩუმი პროტესტიც იყო. თითქოს ადამიანი უარს ამბობდა სისტემაში არსებობაზე და ემიჯნებოდა ალკოჰოლიზმის, ნელი სიკვდილის ხარჯზე. ოღონდ ისიც აღსანიშნავია, რომ უთავბოლოდ მოქეიფე, მაგრამ სამსახურისა და სოციალური მდგომარეობის მქონე კაცს საზოგადოება ალკოჰოლიკად არ აღიქვამდა. ლოთები მხოლოდ გასტრონომებთან მდგომი წითელცხვირიანი საწყალი კაცები იყვნენ. ასეთებს ერჩოდა ვასიკო კეჟერაძე, ერჩოდა, რადგან თავად ნაპოვნი ჰქონდა არსებობის მშვენიერი ნიშა _ ლიტერატურა, რომელიც სიკვდილისგან თავის დახსნის ყველაზე მომხიბვლელი საშუალება იყო.

დაბოლოს, ყველაზე მთავარი – ვასიკო კეჟერაძე და მისი კლიმი, უკვდავი წყვილი ქართულ ლიტერატურაში! ისინი ლიტერატურული პერსონაჟების ცხოვრებით ცხოვრობენ და ასე ემიჯნებიან სისტემას, თანაც ახერხებენ გადარჩნენ, არ ილოთონ და იცოცხლონ, თუნდაც სხვათა გამონაგონში.

მხატვრულ ლიტერატურას „სიცრუე“ სიტყვების უპირველესმა განმმარტებელმა, სულხან-საბა ორბელიანმა უწოდა. ამ სიცრუეს აქვს სიბრძნის ძალაც და ისეთი მომხიბვლელობაც, რომ შეუძლია, სარბიელის უქონლობის შემთხვევაში მოაზროვნე ადამიანი შეიფაროს, მაგრამ ვასიკო კეჟერაძისა და კლიმის ცხოვრებაც ტყუილია. „კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ აღწერს საბჭოთა საინამდვილეს, სადაც ორი გამონაგონი უპირისპირდება ერთმანეთს. ეს ის სივრცეა, სადაც სინამდვილის ადგილი საერთოდ არ არის, არც იმისი საშუალებაა, ადამიანს ჰქონდეს გადარჩენის, საზოგადოების განვითარების რეალური იდეა. ამიტომაცაა ვასიკო კეჟერაძის კარცერ-ლუქსი აბსურდული. ის ძალადობით იწყება და არსად მიდის. „კლიმობა“ მხოლოდ არსებობის ფორმაა და არა ასპარეზი. ასეთ ადამიანებს საბჭოეთში „შინაგან ემიგრაციაში“ მყოფებს ეძახდნენ.

საბჭოთა კავშირი კი თვითონ იყო კარცერი ლუქსი, სადაც, კარგი წიგნების დეფიციტის მიუხედავად, შეგეძლო გეკითხა, განვითარებულიყავი, გეოცნება, ოღონდ სახელმწიფო ისე გიყურებდა, როგორც კეჟერაძე – თავის უსაქმურებს და იმ დროს გადაგიგრეხდა მკლავებს, როდესაც გამონაგონიდან სინამდვილეში გამოსვლას დააპირებდი.

გეოგრაფიული გარემო

0

გარემომცველი ბუნება თავისი კლიმატური, ჰიდროლოგიური, გეომორფოლოგიური თავისებურებებით, ნიადაგებით, მცენარეთა და ცხოველთა სამყაროთი იმ განსაკუთრებულ გეოგრაფიულ კომპლექსს წარმოადგენს, რომლის კომპონენტების შერწყმამ კაცობრიობის გაჩენისთვის ხელსაყრელი პირობები შექმნა.

გეოგრაფიული გარემო გეოგრაფიული გარსის ის ნაწილია, რომელიც ასე თუ ისე გარდაქმნილია ადამიანის მიერ და რომელთანაც საზოგადოება უშუალოდაა დაკავშირებული თავისი შრომითი საქმიანობით. დედამიწის ბუნებრივი გარემო მხოლოდ ადამიანთა საზოგადოების გაჩენამ (ადრინდელი პალეოლითი) აქცია გეოგრაფიულ გარემოდ და ისიც მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც საზოგადოება ცხოვრობდა. გეოგრაფიული გარემო თანდათან ფართოვდებოდა, რადგან ადამიანი თავის მზარდ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად პლანეტის ახალ–ახალ ნაწილებს იპყრობდა და ბუნების ახალ-ახალ ნაწილებს იყენებდა.

ცნება „გეოგრაფიული გარემო“ ცნობილ რუს გეოგრაფს ლ. ი. მეჩნიკოვს და ფრანგ გეოგრაფსა და სოციოლოგს ე. რეკლიუს (1830-1905 წ.წ.) ეკუთვნის. ამ ცნებით ისინი ბუნების მხოლოდ იმ ელემენტებს მოიაზრებდნენ, რომლებთანაც განვითარების მოცემულ ისტორიულ საფეხურზე მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა საზოგადოებას. მათი აზრით, გეოგრაფიული გარემო ისტორიული კატეგორიაა, რომელიც განუწყვეტლივ იცვლება ბუნებრივი პირობების კომპლექსური შეცვლის შედეგად. იყო დრო, როცა მრავალი მდინარე, მაგალითად, ობი, ენისეი, ლენა, ამაზონი, იუკონი, მაკენზი, საზოგადოებისთვის მის გეოგრაფიულ გარემოს არ წარმოადგენდა, მაგრამ მატერიალური წარმოების განვითარებასთან ერთად ისინი საზოგადოების არსებობისთვის აუცილებელ პირობად და გეოგრაფიულ გარემოდ იქცა.

გეოგრაფიული გარემო საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი, მუდმივი, მაგრამ არა ძირითადი პირობაა; მას შეუძლია მხოლოდ დააჩქაროს ან შეანელოს და არა განსაზღვროს საზოგადოების განვითარება. გეოგრაფიული გარემოს თავისებურებანი – სხვადასხვა ქვეყნისა და რაიონის ბუნებრივი პირობების მრავალფეროვნება და ბუნებრივი რესურსებით უზრუნველყოფა – არსებით გავლენას ახდენს ამა თუ იმ ქვეყნის განვითარებაზე.

გეოგრაფიული გარემო პირობითად ფიზიკურ-გეოგრაფიულ და ეკონომიკურ-გეოგრაფიულ გარემოდ იყოფა.

ფიზიკურ-გეოგრაფიული გარემო იმ ელემენტთა ერთობლიობაა, რომელიც საზოგადოების განვითარების მოცემულ ისტორიულ ეტაპზე მისი არსებობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ეს ბუნების ისეთი ელემენტებია, როგორიცაა კლიმატი, ზედაპირული წყლები, რელიეფი, სასარგებლო წიაღისეული, მცენარეთა და ცხოველთა სამყარო, რომელთა გარეშე საზოგადოება ვერც იარსებებს და ვერც განვითარდება. საზოგადოება მათ ან მატერიალურ წარმოებაში იყენებს, ან ისინი ადამიანის არსებობის ბუნებრივ პირობებად და ეკონომიკურ-გეოგრაფიული გარემოს კომპონენტებად გველინებიან.

შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის გაჩენა დედამიწაზე ახალი, კიდევ უფრო მძლავრი ძალის გაჩენას ნიშნავდა, ვიდრე თავად ბუნების ძალაა, რომლისგანაც ის იმით განსხვავდება, რომ მისი ქმედება გონებითაა ნაკარნახევი. მატერიალური წარმოება საზოგადოების არსებობის საფუძველი და საშუალებაა. ჯერ კიდევ ე. რეკლიუ აღნიშნავდა, რომ საზოგადოების განვითარებასთან ერთად „ადამიანი უსასრულობამდე ზრდის გარემოსთან გადაკვეთისა და შეხების წერტილებს და სწავლობს იმ ბუნებრივი პირობების გამოყენებას, რომლებიც მანამდე მისთვის უსარგებლო და უფრო მეტიც, საზიანო იყო“.

ადამიანის მიერ მოშინაურებული და გამოყვანილი ცხოველები და მცენარეები ქვის, ხის, ძვლის დამუშავებასთან ერთად კაცობრიობის ისტორიის პირველ საფეხურზე შრომის ძირითად საშუალებებს წარმოადგენდა. ადამიანი განუწყვეტლივ ზრდიდა მათ რაოდენობას. ამჟამად 20 ათასამდე კულტურული მცენარეა ცნობილი, რომლებსაც ხმელეთის 10%-ზე მეტი უკავია. ადამიანი ყოველწლიურად აშენებს ტყეებს, აგებს წყალსაცავებს, სარწყავ სისტემებს, ამუშავებს ნიადაგს და კიდევ მრავალ სხვა საქმიანობას ეწევა, რაც ანთროპოგენულ ლანდშაფტებს – ე.წ. მეორე ბუნებას ქმნის. ეს „მეორე ბუნება“, რომელიც ერთსა და იმავე დროს შრომის პროდუქტიცაა და წარმოების საშუალებაც, ადამიანებსა და ტექნიკასთან ერთად საზოგადოების მთავარი ნაწილი გახდა.

ადამიანის მიერ გარდაქმნილ ბუნებას ეკონომიკურ-გეოგრაფიული გარემო ჰქვია. სიტყვა „ეკონომიკა“ იმაზე მიუთითებს, რომ მეურნეობა, მატერიალური წარმოება მისი წარმოშობის მიზეზი და, ამავე დროს, არსებობისა და განვითარების საფუძველია. ეკონომიკურ-გეოგრაფიული გარემო ადამიანის მიერ ხელოვნურად შექმნილი ან გარდაქმნილი გარემოა. ესაა კულტურული ნიადაგები, ადამიანის მიერ გამოყვანილი ცხოველთა და მცენარეთა სახეობები, მინდვრები, ბაღები, ბოსტნები, პლანტაციები, ხელოვნური წყალსატევები და წყალსაცავები, სარწყავი არხები და სხვ.

ეკონომიკურ-გეოგრაფიულ გარემოში ობიექტები 3 ჯგუფად შეიძლება დავყოთ. პირველს მიეკუთვნება ისინი, რომელთა როგორც წარმოების საშულებების ფუნქციობა მათი ბუნებრივი თვისებების გამოყენებაზეა დაფუძნებული. ასეთებია, მაგალითად, ადამიანის მიერ გამოყვანილი მცენარეთა და ცხოველთა ახალი ჯიშები, სოფლის მეურნეობისთვის დამუშავებული მიწები.

ეკონომიკურ-გეოგრაფიული გარემოს ობიექტთა მეორე ჯგუფს ადამიანის მიერ ხელოვნურად შექმნილი ან გარდაქმნილი ის ბუნებრივი სხეულები მიეკუთვნება, რომლებიც ფუნქციობს როგორც შრომის ან წარმოების საშუალებები მხოლოდ ტექნიკასთან ერთად. ასეთებია, მაგალითად, მდინარეთა ნაწილები დარეგულირებული წყლის ხარჯით, წყალსაცავები ჰიდროელექტროსადგურებითა და კაშხლებით, საირიგაციო ნაგებობები, ხელოვნურად შექმნილი რელიეფის ფორმები: მიწაყრილები სარკინიგზო და საავტომობილო გზებთან, მდინარეთა ჯებირები და სხვ.

ეკონომიკურ-გეოგრაფიული გარემოს ობიექტთა მესამე ჯგუფი ხელოვნურად შექმნილ ან ბუნების ისეთ გარდაქმნილ ელემენტებს აერთიანებს, როგორებიცაა საქალაქო და სასოფლო პარკები, ბაღები, სკვერები, შინაური ცხოველები და მცენარეები და ა.შ. ეს ობიექტები არ მიეკუთვნება მატერიალურ წარმოებას, ადამიანის არამატერიალური საქმიანობის შედეგია და ამიტომ მხოლოდ საზოგადოებასთან ერთად ფუნქციობს.

მაშასადამე, ფიზიკურ-გეოგრაფიული და ეკონომიკურ-გეოგრაფიული გარემო ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული როგორც იდენტური, ასევე არსებითად სხვადასხვა ხასიათის ბუნებრივი თვისებებითა და კანონებით. ეს ურთიერთკავშირი სქემატურად ასე შეიძლება გამოისახოს.

 

      bl1         bl2  

bl3

ფიზიკურ-გეოგრაფიული და ეკონომიკურ-გეოგრაფიული გარემოს ურთიერთდამოკიდებულება ბუნების ათვისების ისტორიულ პროცესში

 

 

როგორც სქემებიდან ჩანს, კაცობრიობის განვითარების ადრეულ ეტაპზე ბუნებრივი პირობები გადამწყვეტ როლს ასრულებდა როგორც ადამიანის არსებობისა და ცხოვრების საშუალებები, მოგვიანებით კი ისინი შრომის საშუალებებად იქცა.

ამრიგად, ბუნების გავლენა საზოგადოებაზე ისტორიული ხასიათისაა და მას თავად საზოგადოების განვითარება განსაზღვრავს. გეოგრაფიულ გარემოში ადამიანის სამეურნეო საქმიანობას აქვს როგორც აღმშენებლობითი, ისე დამანგრეველი ხასიათი, რაც ბუნების ყველა ელემენტს – რელიეფს, ჰავას, წყლებს, ნიადაგს, ორგანულ სამყაროს და მთელ ბუნებრივ-ტერიტორიულ კომპლექსებს (ბტკ) ეხება. სწორედ ამიტომ გარემოს კომპონენტების მოხმარების პრაქტიკა – გარდაქმნა, გამოყენება, აღდგენა, ფიზიკურ-გეოგრაფიული და ეკონომიკურ-გეოგრაფიული გარემოს დაცვა როგორც გეოგრაფიული კვლევების განვითარების მთავარ მიმართულებას, ისე გეოგრაფიაში ახალ მიმართულებათა წარმოშობის წინაპირობასაც წარმოადგენს.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მომავალში გეოგრაფიული გარემო მთლიანად მოიცავს გეოგრაფიულ გარსს და შესაძლოა, მის ფარგლებსაც კი გასცდეს (დედამიწიდან მოუწყვეტლად).

არცთუ იოლი გზა დიდ ჩემპიონობამდე

0

როდესაც რბოლებს ტელეეკრანზე ვუყურებთ, გვეჩვენება, რომ ბოლიდები ლიანდაგებზე დადიან, კოკპიტების თავზე განლაგებული კამერებით კი მხოლოდ საჭისა და პილოტის მუზარადის ჯანჯღარი ჩანს. მოკლედ, გიგანტური დატვირთვების არანაირი მტკიცებულება არ შეინიშნება.

ტესტების დროს დაღუპულმა იტალიელმა მრბოლელმა მიკელე ალბორეტომ ერთხელ თქვა: ”ყველაზე სწრაფი ავტომობილის სალონიდან „ფორმულა 1-ის“ ბოლიდში გადაჯდომა იგივეა, რაც სხვა პლანეტის ზედაპირზე გავლა”. ძნელია არ დაეთანხმო ამ შედარებას, რადგან პილოტი მანქანას ადამიანის ორგანიზმის ფიზიკური და ფსიქოლოგიური შესაძლებლობების ზღვარზე მართავს.

მაგალითად, მონცას ტრასის 90-მეტრიან მონაკვეთზე 340-დან 130 კმ/სთ-მდე სიჩქარის დაკლებისას, შემდეგ კი სლალომისებურ მოსახვევში შესვლისას პილოტი განიცდის 1,4 გ. დატვირთვას და ამ პირობებში მან უნდა მოასწროს სიჩქარის სამჯერ გადართვა, დამუხრუჭება, სიჩქარის აკრეფა და ამავდროულად ტრაექტორიის კორექტირება. ასეთი დატვირთვის ეკვივალენტი 2 ცენტნერი წონაა, რომელიც ადამიანის მხრებზე თანაბრად ნაწილდება.

კოსმოსური დატვირთვების თითქმის ყველა მიზეზი აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტში მდგომარეობს, რომელიც ბოლიდებს ჩვეულებრივ სწრაფ ავტომობილებზე სამჯერ უფრო მაღალი აქვს. სარბოლო მანქანების განიერი ბორბლები გარს შემოდენილი ფრთებით არ არის დაფარული, ანტიფრთას კი საკმაოდ დიდი ფართობი აქვს. ყოველივე ეს მიზიდულობის ძალას ზრდის, შედეგად 300 კმ/სთ სიჩქარეზე ბოლიდი პილოტთან ერთად 3-4-ჯერ მეტს იწონის, ვიდრე გაჩერებულ მდგომარეობაში.

იგივე აეროდინამიკური წინააღმდეგობა ზღუდავს ტრასის სწორ მონაკვეთებზე ბოლიდის მაქსიმალურ აჩქარებას. აქსელერატორის პედლიდან ფეხის აღებისას სიჩქარე ისევე სწრაფად ეცემა, როგორც ექსტრემალური დამუხრუჭებისას. აქედან გამომდინარე, პილოტმა გაზის პედლის მოძრაობის გაკონტროლება

მილიმეტრების სიზუსტით უნდა შეძლოს. პირველ წრეებზე სიჩქარის კარგი მაჩვენებელი არაფერზე მეტყველებს. პილოტს მთელ დისტანციაზე ძალების განაწილება უნდა შეეძლოს, რაც აბსოლუტურ კონცენტრაციასა და კოლოსალურ დაძაბვას მოითხოვს, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მოსახვევებში აჩქარებისას დატვირთვა 5 გ-მდე (აქ გრამი თუ კილოგრამი?) იზრდება. ამ დროს მრბოლელებმა ბოლიდის მოძრაობის ტრაექტორია ზუსტად უნდა გააკონტროლონ, მაგრამ გადატვირთვის გამო წამის მეათედით მხედველობა საერთოდ ეკარგებათ.

გარდა ამისა, მრბოლელი უნდა იყოს ჯანმრთელი და ფიზიკურად მომზადებული, რათა კოლაფსში პირდაპირ რბოლის დროს არ ჩავარდეს. „ფორმულა 1-ის“ პილოტების კონსულტანტი ექიმები ამტკიცებენ, რომ გადატვირთვას მრბოლელის ჯანმრთელობისთვის მეტი ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე შესაძლო შეჯახებას.

ზემოთ აღწერილის გარდა, არსებობს დამუხრუჭებით გამოწვეული გადატვირთვა, რომელიც 3-4 გ-ს აღწევს, ანუ მრბოლელის წონას გარკვეულ მომენტში 3-4-ჯერ ზრდის. ყოველივე ეს კუნთების უეცარ შეკუმშვას, სისხლის მიმოქცევის შეფერხებას და მის სიბლანტეს იწვევს. შედეგად ტვინი ჟანგბადის არასაკმარის რაოდენობას იღებს და გულს სულ უფრო და უფრო სწრაფად ამუშავებს. ზოგი პილოტის პულსის სიხშირე რბოლის დროს წუთში 220 დარტყმას აღწევს. ამ მიზეზით ბევრ მათგანს კოჭ-წვივის სახსრებში სისხლის ჩაქცევები აღენიშნება.

უსაფრთხოების მიზნით, პილოტის სხეული ღვედებით ექვს წერტილზეა მიმაგრებული, თუმცა ხელებმა და ფეხებმა გარკვეული თავისუფლება უნდა შეინარჩუნონ. მუხლებსა და ფეხისგულებს სპეციალური ფარები, კანს გატყავებისგან სპეციალური კომბინიზონი, თავს კი მუზარადი იცავს.

სხვათა შორის, გვერდული აჩქარების დროს თავსა და კისერზე 30-40 კგ-ის ექვივალენტი ძალა მოქმედებს. სპეციალური ვარჯიშების გარეშე ასეთი დატვირთვების ატანა შეუძლებელია. თუ ამას დავამატებთ ძრავის გადახურების გამო პილოტის ორგანიზმის გამოშრობას, მითი მრბოლელის უსაფრთხო გრიალის შესახებ საბოლოოდ განადგურდება. არადა, ალბათ ხშირად გსმენიათ მოსაზრება, რომ „ფორმულა 1-ში“ ყველაფერს კონსტრუქტორები წყვეტენ და არა პილოტები.

ასეთი დატვირთვებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ პილოტებს სპეციალური ფიზიკური მომზადება სჭირდებათ. იტალიელი ჩემპიონი ალბერტო ასკარი პირველი იყო მრბოლელთა შორის, ვინც ფიზიკურ მომზადებას სერიოზული ყურადღება მიაქცია. ასკარის ბევრმა მისმა კოლეგამ მიბაძა, მაგრამ 1955 წელს იტალიელის გარდაცვალების შემდეგ, ალბათ ცრურწმენის გამო, ვარჯიშს თავი დაანებეს.

„ფორმულა 1-ში“ ფიზიკური მომზადებით მეორედ მაშინ დაინტერესდნენ, როდესაც ავსტრიელმა მწვრთნელმა ვილი დანგმა სპეციალური ვარჯიშებით ავარიაში საშინლად დამტვრეული ნიკი ლაუდა ფეხზე წამოაყენა. სპორტული გაჯანსაღების კიდევ ერთმა ციებ-ცხელებამ „ფორმულა 1-ის“ სამყარო 80-იან წლებში მოიცვა, როდესაც ფიზიკური მომზადების ასპექტში ბრაზილიელი აირტონ სენას აშკარა უპირატესობა გამოიკვეთა.  სენას ბავშვობიდან მოძრაობის ფუნქციასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ვარჯიშების განსაკუთრებულმა რეჟიმმა მოუქნელი ბიჭუნა მეგავარსკვლავად აქცია.

 დატვირთვის გათვალისწინებით, მწვრთნელები სპორტსმენებს კვების გარკვეულ რაციონს სთავაზობენ, რათა წონის საშუალო მაჩვენებელი (დაახლოებით 70 კგ.) შეინარჩუნონ. პილოტს არ უნდა ჰქონდეს ზედმეტი ქონი და მასკულატურა.

წონის მცირედი მომატებაც კი ორგანიზმისთვის, რომელმაც კოსმოსურ დატვირთვებს უნდა გაუძლოს, დამატებითი სტრესია. ამასთან ერთად მნიშვნელოვანია კვების დაბალანსება. მაგალითად, ცხიმიანი საკვები სისხლში ლიპიდების შემცველობას ზრდის, გული უფრო მეტი დატვირთვით მუშაობს, რამაც რბოლის დროს შესაძლოა სავალალო შედეგი გამოიწვიოს. ამიტომაც დიეტოლოგის რჩევების გათვალისწინება ისევე მნიშვნელოვანია წარმატებისათვის, როგორც ინჟინრის პროფესიონალიზმი – მანქანის აწყობისას. დიეტოლოგები „ფორმულა 1-ის“ ყველა ეტაპს ესწრებიან და თავიანთ კლიენტებს სპეციალურ საკვებს უმზადებენ.

პილოტის კვების რაციონიდან ამოღებულია: ნახევარფაბრიკატები, სპირტიანი სასმელები, შაქარი და ნებისმიერი ის საკვები, რომლის შემადგენლობაშიც ცხიმი შედის. კვერცხის მირთმევა კვირაში მხოლოდ ერთხელ შეიძლება. ერთი დღის რაციონი კი 3500 კალორიას არ უნდა აღემატებოდეს. „ფორმულა 1-ის“ პილოტის მენიუ დაახლოებით შემდეგნაირია:

საუზმე: ერთი თეფში ფაფა ბანანითა და შემწვარი ვაშლით.

ლანჩი: ნებისმიერი ხილი და მინერალური წყალი შეუზღუდავი რაოდენობით.

სადილი: ბოსტნეულის სუპი, ერთი ნაჭერი თეთრი პური, სპაგეტი უცხიმო სოუსით, ხილი, ჩირი, იოგურტი, ხილის წვენი ან მინერალური წყალი.

ვახშამი: საუზმის ან ლანჩის გამეორება, სასმლის რაოდენობა შეზღუდულია.

როგორც ხედავთ, „ფორმულა 1-ის“ პილოტის ცხოვრება მკაცრი რეჟიმისგან, დიეტისა და თავდაუზოგავი ვარჯიშისგან შედგება. სამყაროში ადვილი მხოლოდ პოლიტოკოსობაა, თუმცა წარმატების ფორმულის ამოხსნა აქ უფრო რთულია.

რამდენიმე საჭირო ბმული

0

წინა პოსტში მიმოვიხილეთ წიგნები, რომლებიც აუცილებლად გამოგადგებათ ენისა თუ ლიტერატურის გაკვეთილების სრულყოფისთვის, ორთოგრაფიასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად თუ, უბრალოდ, ახალი და საინტერესო საკითხების განსახილველად. ახლა მინდა, რამდენიმე ინტერნეტსაიტზე მოგახსენოთ, რომელთა პრაქტიკული გამოყენება გაკვეთილზე თუ არასაგაკვეთილო მუშაობისას დროს დაგაზოგვინებთ, ინტერესს დაგიკმაყოფილებთ, ახალი რესურსებისა და მასალების პოვნაში დაგეხმარებათ.

მოკლედ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, მომყევით!

  1. ქართული ენა – არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინტიტუტის ვებგვერდი https://www.lingua.ge/

საიტის მარცხენა მხარეს არსებულ ჩამონათვალს თუ თვალს მიადევნებთ, თქვენთვის საჭირო ბევრ მასალას იპოვით, იქნება ეს ვიდეოლექციები, სასწავლო კურსები თუ ინფორმაცია თანამედროვე ენის ნორმების შესახებ. განსაკუთრებით მიაქციეთ ყურადღება ლექსიკონების განყოფილებას – აქ რამდენიმე ისეთი ლექსიკონია, რომელთა გამოყენებაც ყოველდღიურად გიწევთ. მაგალითად, სინონიმთა, განმარტებითი, სასკოლო ორთოგრაფიული თუ ენობრივ შეცდომათა ლექსიკონები.

  1. ეროვნული ბიბლიოთეკა – სკოლას

უკვე რამდენიმე წელია, ეროვნული ბიბლიოთეკა ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო ელექტრონული რესურსების სისტემატიზაციას უწყობს ხელს, ციფრული ბიბლიოთეკა იქნება ეს, ფოტომატიანე, პერიოდიკის ციფრული არქივი თუ სხვა. ამას წინათ ბიბლიოთეკის ელექტრონულ რესურსებს კიდევ ერთი დაემატა – საგანგებოდ სკოლისთვის: მასშტაბური ელექტრონული ბიბლიოთეკა, სადაც სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ტექსტების, განმარტებების, თემატური სტატიებისა თუ კომენტარების მოძიება შეგიძლიათ. ვფიქრობ, ეს საუკეთესო საჩუქარია მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის, ამიტომ აუცილებლად ეწვიეთ საიტს ელექტრონულ მისამართზე : https://www.nplg.gov.ge/civil/statiebi/saskolos.htm

  1. აკადემიური სოციალური ქსელი https://www.academia.edu/

ალბათ, აღარ არის საჭირო იმაზე კამათი, როგორ შეცვალა ჩვენი ცხოვრება სოციალურმა ქსელმა, როგორ გაამარტივა თანამოაზრეების პოვნა, ინფორმაციის მოძიება, საკუთარი თვალსაზრისის სხვისთვის გაზიარება. წარმოიდგინეთ, რომ არსებობს სპეციალური აკადემიური სოციალური ქსელი, სადაც შეგიძლიათ მოიძიოთ მსოფლიოს გამოჩენილ მეცნიერთა უახლესი სტატიები, შეუერთდეთ თქვენთვის საინტერესო თემატურ ჯგუფს, საქმიანი კონტაქტი დაამყაროთ კოლეგებთან… გაიარეთ რეგისტრაციის მარტივი პროცედურა და მოძებნეთ, რაც გაინტერესებთ. საძიებელში თუ ჩაწერთ თქვენთვის საინტერესო მეცნიერების დარგს, უამრავ საინტერესო ადამიანს და რესურსს იპოვით. მაგალითად, გაეცნობით თანამედროვე განათლების სიახლეებს, ინკლუზიურ სწავლებასა თუ მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებულ საკითხებს, კონკრეტული საგნის სწავლების საინტერესო ხედვას…

  1. ქართული სამეცნიერო მეტაენის კორპუსი – sml.corpora.co

ქართულ დიალექტურ კორპუსზე მრავალჯერ მომიყოლია თქვენთვის. ამ ძალიან მნიშვნელოვანი ელექტრონული რესურსის ინტერდისციპლინურ კვლევებსა თუ სასკოლო გაკვეთილებში გამოყენების მაგალითებიც მიჩვენებია. დიალექტური კორპუსის შემქმნელმა ჯგუფმა სამეცნიერო საზოგადოებასა და მომხმარებელს ახალი, სამეცნიერო მეტაენის კორპუსი შესთავაზა, რომელიც ცნობილ მეცნიერსა და ქართველოლოგს ბესარიონ ჯორბენაძეს მიეძღვნა. საიტზე უკვე განთავსებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაშრომი, მათ შორის – ბესარიონ ჯორბენაძის სამეცნიერო ტექსტები. კორპუსი თანდათან უფრო და უფრო შეივსება და ყველას, მათ შორის – პედაგოგებსაც, დიდ დახმარებას გაუწევს.

მეტაენის კორპუსს გლოსარიუმი და ტექსტების ბიბლიოთეკაც აქვს. შეგიძლიათ, პირდაპირ წაიკითხოთ სამეცნიერო ნაშრომი, მოძებნოთ რომელიმე სამეცნიერო ტერმინის განმარტება და კორპუსის საშუალებით ნახოთ, რა კონტექსტში იყენებს ტერმინს ესა თუ ის მეცნიერი, რა დამატებითი კონოტაციები აქვს მას, როგორია ამა თუ იმ მეცნიერის სამეცნიერო სტილი და ა. შ.

  1. https://www.futurelearn.com/ – ონლაინკურსები თქვენი უწყვეტი განათლებისთვის

სწავლა და ახალი საკითხებით დაინტერესება არასდროსაა გვიანი. ეს უწყვეტი პროცესია და, მხატვრულად რომ ვთქვა, მხოლოდ სამარის კართან მთავრდება.

გლობალურ ინტერნეტსივრცეში მრავლადაა საიტები, რომელთა საშუალებითაც შეგიძლიათ განათლება მიიღოთ. ამჯერად ერთ მათგანს გაგაცნობთ – https://www.futurelearn.com/. ნაცადი და კარგი საიტია და მრავალი უნივერსიტეტის მიერ მომზადებულ კურსებს გთავაზობთ. ამ საიტზე კორპუსლინგვიტიკისა და შექსპიროლოგიის კურსები გავიარე და ძალიან, ძალიან საინტერესო იყო.

  1. https://www.learner.org – საიტი პედაგოგიური უნარების განვითარებისთვის

ის იმ საიტთაგანია, რომლებიც პედაგოგებისთვის, მათი საქმიანობის სრულყოფისთვის იქმნება. საინტერესო რესურსები, განსხვავებული და მრავალფეროვანი მიდგომები, მულტიმედიამასალები, დისკუსიები… ნახეთ, აუცილებლად მოგეწონებათ, გაიზიარეთ სხვათა გამოცდილება ან კიდევ ერთხელ დარწმუნდით საკუთარი მიდგომებისა და თვალსაზრისის ეფექტურობაში.

წარმატებას გისურვებთ!

ჩქარი სიარული,საშიში ნახტომები,სილა და მუშტი – ფუტურიზმი!

0

ვაცხადებთ ყველასათვის:

უარყოფთ წარსულს, რადგან იგი არის სამლოცველო ბებრების და მომაკვდავების.
საუკუნეებით იცქირებოდნენ უკან და საუკუნობითვე დარჩა საქართველო მომავლის გარეშე.
ქართული პოეზიის დამახასიათებელი თვისება იქნება გაქანება, სითამამე და ამბოხება.
ქართული სული არასდროს არ იყო დატვირთული ცრემლებით.

საქართველო–ფენიქსი (ქართველი ფუტურისტების მანიფესტი)მანიფესტს ხელს აწერენ ნიკოლოზ თავდგირიძე, აკაკი ბელიაშვილი, დავით გაჩეჩილაძე, ბესარიონ ჟღენტი, სიმონ ჩიქოვანი, გრიგოლ ორაგველიძე, პოლ ნოზაძე, ალექსანდრე გაბესკირია, მზია ერსითავი

XII კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი სტანდარტის თანახმად, მოსწავლემ უნდა შეისწავლოს, გააანალიზოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ლიტერატურული მიმდინარეობის შედარებით რთული და მრავალფეროვანი მასალა. ის   ეცნობა სხვადასხვა   ქვეყნისა და კულტურის ტექსტებს, მან უნდა იკვლიოს და გააანალიზოს მსგავსი ან ერთნაირი პრობლემა/პრობლემები, დააკვირდეს კულტურული, სოციალური და ისტორიული ფასეულობების გავლენას ტექსტში განვითარებულ კონფლიქტსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე. პროგრამული მასალა სწავლების ამ საფეხურზე მოიცავს მეოცე საუკუნის მხატვრულ ტექსტებს. მათი შესწავლის პროცესში მასწავლებელი მიმოიხილავს კონკრეტული პერიოდისთვის დამახასიათებელ ლიტერატურულ მიმდინარეობებსა და ტენდენციებს. მეოცე საუკუნის ლიტერატურულ მიმდინარეობათაგან საპროგრამო მასალაში ძირითადად სიმბოლისტების შემოქმედება შეისწავლება. არადა  აუცილებლად უნდა აღნიშნოს, რომ მეოცე საუკუნის ოცდაათიან წლებამდე ქართული სახელოვნებო კულტურა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და ესთეტიკურ აზროვნებას ფეხდაფეხ მიჰყვებოდა და დროის შესაბამის, ნოვატორულ და ღირებულ პროდუქტს ქმნიდა. მართალია, ბევრს სადაოდ მიაჩნია ქართული სიმბოლიზმის, ქართული ფუტურიზმის, ქართული დადაიზმის თვითკმარობა, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ მეოცე საუკუნის პირველი მესამედის ქართული ინტელექტუალური  ცხოვრება მზად იყო მიეღო და თავისებურად გაეაზრებინა ის პროცესები, რაც მსოფლიოს ცვლიდა და ასხვაფერებდა ამ ეპოქაში.

ბლოგში სწორედ ერთ-ერთი ასეთი მიმდინარეობის შესახებ იქნება საუბარი. ვფიქრობ, ლიტერატურული მიმდინარეობა – ფუტურიზმი – ქართულ ლიტერატურაში იმდენად საინტერესოდ და ღირებულადაა წარმოდგენილი, რომ ყურადღებას აუცილებლად იმსახურებს. კარგი იქნება, თუ მეოცე საუკუნის მსოფლიო და ქართული ლიტერატურული პროცესების უკეთ გასააზრებლად მოსწავლეებს ამის შესახებაც ვაცნობებთ.

შესავალი – ზოგადი ცნობები

კლასიკური მემკვიდრეობის უარყოფა, გონების სრული გათავისუფლება და იზოლაცია წარსულის კულტურის ნაშთებისგან, სიტყვათა ჩვეული რიგის რღვევა და მეტყველების დაკანონებული წესების უგულებელყოფა, სიტყვის აბსოლუტური თავისუფლება, ახალი სიტყვებისა და გამომსახველობითი ფორმების ძიება, ნგრევა,  ომის ესთეტიკა, ღირებულებების გადაფასება, მექანიზაცია – მეოცე საუკუნის დასაწყისში დაბადებული მოდერნისტულ–ავანგარდული მიმართულებებისთვის დამახასიათებელი კრიტერიუმებია.

საერთოდ, ამ არაჩვეულებრივი საუკუნის ხელოვნება იმდენად მრავალფეროვანი, ზოგჯერ კი გამაოგნებელია, რომ ერთი რომელიმე, თუნდაც, ტევადი ეპითეტის მორგება ძალიან რთულია. აი, ხომ იყო ერთი კონკრეტული ეპოქის განმსაზღვრელი – რენესასნი, ბაროკო, კლასიციზმი…აქ ასე მარტივად ვერაა საქმე. მეოცე საუკუნის ადამიანმა იფიქრა, იფიქრა და გადაწყვიტა, რომ ხელოვნებამ…ამოწურა თავისი თავი და ახლა მხოლოდ პოსტხელოვნებაზე, პოსტარტზე შეიძლება ფიქრი. ჰოდა დაიწყეს აქამდე მიღწეულის გადასინჯვა, „ ამოტრიალება“, განადგურება, ათასგვარი მანიფესტისა და დეკლარაციის წერა. შესაძლოა, სწორედ ამიტომაა მეოცე საუკუნის ხელოვნება, მისი ყველა დარგი ყველაზე საინტერესო, ამოუცნობი, აღმაფრთოანებელი და დაუვიწყარი. ერთი ასეთი მიმდინარეობათაგანია – ფუტურიზმი. სტატიის ეპიგრაფად სწორედ ქართველი ფუტურისტების მანიფესტის ამონარიდი შევარჩიე.

ჩვენ გვინდა დავაქციოთ მუზეუმები, ბიბლიოთეკები, ვიბრძოლოთ მორალის, ფეტიშის და ყოველგვარი ოპორტუნისტული და უტილიტარული სისაძაგლის წინააღმდეგ. ჩვენ გვინდა ვადიდოთ აგრესიული მოძრაობა, ჩქარი სიარული,საშიში ნახტომები,სილა და მუშტი, ჩვენ გვინდა ვაქოთ ომიერთადერთი ჰიგიენა ქვეყნისა

 „ ფუტურიზმის მანიფესტი“

დაბადების ადგილი – იტალია

1909 წლის 20 თებერვალს პარიზში გაზეთ „ ფიგაროში“ დაიბეჭდა იტალიელი პოეტის ფილიპო ტომაზო მარინეტის „ ფუტურიზმის მანიფესტი“, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ვიზუალური და სიტყვიერი ხელოვნების ახალ მიმართულებას – ფუტურიზმს. სიტყვა ლათინურია  და მომავალს ნიშნავს. აქედან მოყოლებული 1943 წლამდე მარინეტი ფუტურისტული ორიენტაციის 85–მე ( !) მანიფესტს აქვეყნებს. ერთი  მეორეზე ბუნტარულ–ანარქიულს, ეგზალტირებულ–ეპატაჟურს, გამაოგნებელს. მარინეტი პოლიტიკას, საზოგადოებრივ ცხოვრებას და ხელოვნებას ერთ სიბრტყეზე ათავსებს და თავისი შემოქმედებით  ხელოვნების საზღვრებიდან ხელოვანის გათავისუფლებას ცდილობს. მან ერთ–ერთმა პირველმა იგრძნო და გააცნობიერა, რომ სამეცნიერო–ტექნიკური რევოლუცია და ახალი ეპოქა ცვლის ადამიანის ფსიქიკას. შესაბამისად, ხელოვნების მხატვრულ–გამომსახველობითი ფორმა და შინაარსიც უნდა შეიცვალოს, რათა მოძველებულ და მუზეუმში  მტვრის დასადებად განწირულ ექსპონატად არ იქცეს.  ასე იქმნება უკიდურესად დაძაბული, მხატვრული, დინამიკური სივრცე ფერწერული, სკულტპურული და სიტყვიერი  ხელოვნებისა.

დღეს ფუტურისების ეს ექსპერიმენტული მცდელობები მსოფლიო ხელოვნების საგანძურის ნებისმიერ ანთლოგიაში შეგიძლიათ დაძებნოთ. ჯინო სევერინის, უმბერტო ბოჩონის, ჯაკომო ბალას  სკულპტურები და ფერწერული ტილოები ტექნიკისა და ურბანიზაციის, სოციალური კატაკლიზმებისა და ეპოქისთვის თანამედროვე ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ვიბრაციების ილუსტრაციებია. იტალიაში ფუტურიზმმა  მკვეთრ გამომსახველობით ფორმებად ძირითადად სახვითი ხელოვნება და არქიტექტურა შეარჩია, რუსულ რეალობაში სუბლიმაცია კი უმეტესად, ლიტერატურული გზით მოახდინა.

1909 წელსვე, გამოქყვეყნებიდან რამდენიმე დღეში, მარინეტის მანიფესტი ითარგმნა და დაიბეჭდა პეტერბურგში. ფუტურიზმს უკავშირებენ თავიანთ შემოქმედებას ვლადიმერ მაიაკოვსკი, ბორის პასტერნაკი, სერგეი ტრეტიაკოვი, რომან იაკობსონი,ძმები ბურლიუკები…მთავარი მოტივი და მამოძრავებელი ძალა აქაც მომავალი მსოფლიო გადატრიალებების, ძველის დამარცხების და  ახალი კაცობრიობის წარმოშობის დეკლარირებაა.  რუსი ფუტურისტები ცდილობდნენ ლიტერატურული ტექსტის ტრადიციული სისტემის სრულიად გადასხვაგერებას, მოშლას.  ამ მცდელობებმა შვა ისეთი საინტერესო პოლიჟანრული ხელოვნების ნიმუშები, როგორიცაა  ფუტურისტული ოპერა „მზის დამარცხება“ – სადაც სინთეზურად იყო წარმოდგენილი მიხაილ მატიუშინის მუსიკა, ალექსეი კრუჩოხინის ტექსტი, კაზიმირ მალევიჩის დეკორაციები და ილუსტრაციები, ვერა ერმოლეევას თეატრალური ესკიზები და ელ პისიცკის ელექტრომექანიკური ინსტალაციები ( ზოგიერთ მსახიობს, პისიცკის ჩანაფიქრით, უზარმაზარი, ელექტოენერგიის მეშვეობით მოძრავი მარიონეტები ცვლიდნენ). სხვათა შორის, ოპერა დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. რუსეთსა და  ევროპაში ცნობილია არაერთი განახლებული დადგმა – 1993 წელს ვენაში, 1999 წელს კი ლონდონში დადგმულმა წარმოდგენებმა მაყურებელთა და კრიტიკოსთა აღიარება მოიპოვა. რელიზებსა და გამოხმაურებებში ამბობდნენ „ საუკუნის დასაწყისის ფუტურისტული სულისკვეთების მუსკიას წესით, შოკში უნდა ჩაეგდო მსმენელი. მაგრამ ასე არ მოხდა, მელოდია საოპერო დარბაზებს გასცდა და ერთგვარ საუნდტრეკადაც იქცა…“ ბოლო დადგმის თარიღი 2009 წელია. ადგილი – ლონდონი. დასკვნა – მარინეტი მართალია: ხელოვნების ღირებული ქმნილებისთვის დრო, ეპოქა და ჩარჩო უმნიშვნელოა.

დეე ძველებმა, რომელთაც დაკარგული აქვთ მომავლის იმედი, იკვებონ სული წარსული .
დეე მათ საქართველოს არქეოლოგიაში ნახონ წამალი თავიანთი მოურჩენელი ტკივილების.
ჩვენ კი ახლაგაზრდა ფუტურისტებს არ გვჭირდება მსხვერპლის შეწირვა ხავსიან ნანგრევებისადმი.
არ ვჩერდებით მუზეუმებისა და ძეგლების წინაშე და ვქმნით საქართველოს მომავალს, რომელსაც არ ახასიათებს დრო და სივრცე.

საქართველო–ფენიქსი

1922 წლის 23 აპრილს თბილისში კონსერვატორიის დარბაზში გაიმართა ე.წ ქართველი ფუტურისტების პირველი საღამო.  1924 წლის 25 მაისს კი გამოვიდა „H2SO4“ –ალბათ, ყველაზე უცნაური ქართული ჟურნალი – გაუგებარი ლექსებით, უჩვეულო თეორიული სტატიებით, კუბისტური და კონსტრუქტივისტული სურათებით, ნაირგვარი და არეული შრიფტით. ( სხვათა შორის, არეული შრიფტი, საღებავებისა და ტექსტის გრაფიკული სქემები მარინეტის ერთ–ერთ მანიფესტის „ ტიპოგრაფიული რევოლუციის“  მოწოდებაა მიმდევრებისადმი).

ქართული ფუტურისტული პოეზიის ერთ–ერთი სპეციფიკა ენობრივი, სტილური და პუნქტუაციური დაუდევრობაცაა. ფუტურისტი პოეტები განზრახ ეკიდებოდნენ სალექსო ფორმებს ტლანქად, წერდნენ თავისუფალი ლექსით, ნარევი შრიფტით, სარგებლობდნენ არა ზუსტი რითმებით. ასე გამოხატავდნენ  ტრადიციული ნორმების მსხვრევას და ცდილობდნენ ურბანული გარემოსა და ტექნიციზმის განწყობის შექმნას.

მართალია, ევროპელი და რუსი „ კოლეგებისგან“ განსხვავებით, ქართველებს ცოტა არ იყოს, გაუჭირდათ ინდუსტრიული ქალაქის, ურბანული გარემოს და ფსიქიკის წარმოსახვა და გადააზრება ( მათი უმეტესობა არ აღზრდილა ცივილიზაციის „ ეპიცენტრში, ისინი ქართული სოფლებიდან მოვიდნენ ქალაქში) მაგრამ   ქართულმა ფუტურიზზმა, უდაოდ, გაიზიარა ევროპული გამოცდილება და შექმნა არაერთი მაღალმხატვრული და ღირებული ნიმუში.

მერე კი… მერე დრო გავიდა. ფუტურისტულ–ანარქისტული აჟიოტაჟი ჩაცხრა, დაირღვა არაერთი სკოლა და მიმართულება. თუმცა, ავანგარდული სული მსოფლიო და ქართულმა ხელოვნებამ, საბედნიეროდ, დღესაც არ დაკარგა.  ფუტურიზზმა კი მოასწრო  და გარკვეული   ზეგავლენა მოახდინა მეოცე საუკუნის ხელოვნების მრავალ სახეობაზე – თეატრზე, კინოზე, ვიდეოარტზე. თანამედროვე მსოფლიოსთვის ის, შესაძლოა, დღეს უფრო  დროული და ავთენტურია, ვიდრე ოდესმე…

შეცდომების მდინარე  

0

ერთხელ წიგნის თარგმნისას ისეთი შეცდომა დავუშვი, რომელიც თავზარდამცემი სიცხადით მიუთითებდა არა მხოლოდ მთარგმნელის უმეცრებაზე, არამედ ამ საქმიანობისთვის მისი ჩამოშორების აუცილებლობაზეც. რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ მიწას ურმით არ ხნავენ, მაგრამ, რატომღაც, სწორედ ასე დავწერე და შეუსაბამობა არც წინადადების გამართვისას მომხვედრია თვალში. ფრანგული სიტყვის ქართული შესატყვისის ძებნისას წარმოსახვაში გაჩენილ სურათ-ხატს ენაზე მომდგარი სიტყვა გადაეფარა და ძიების გაგრძელებაზე ხელი ამაღებინა. მიწას ურმებით ხნავდნენ-მეთქი. თავის მართლებას არ მოვყვები, რომ ყოველდღიურ მეტყველებაში „ურემსა“ და „გუთანს“ აღარ ვხმარობთ, რომ ისინი ჩვენი ყოფის განუყოფელ ნაწილს აღარ წარმოადგენენ… არ უნდა დამვიწყებოდა. მართალია, ერთიც და მეორეც მხოლოდ ილუსტრირებულ წიგნებსა და ისტორიულ ფილმებში მინახავს, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან.

ასეთი შეცდომების დაშვებისას გამაოგნებელი სწორედ ისაა, რომ წამიერად ბრმავდები და ყველაზე იოლად გასარჩევ ობიექტებსაც კი ვეღარ ხედავ. გრძნობის ორგანოები, გონება, ენა – თითქოს პირი შეკრესო, რაღაც სასტიკ თამაშში გითრევენ.

ყოველდღიურ საუბრებში მექანიკური შეცდომის სახელით ვიხსენიებთ იმას, რისი მაგალითიც ზემოთ მოვიყვანე. ეს არაფერს ცვლის. რა სახელიც უნდა დავარქვათ, შეცდომა შეცდომაა. მექანიკურად მოუვიდაო, პოლიტიკოსებზე ამბობენ ხოლმე – ძირითადად, ორაზროვნად.

არსებობს უხეში, ყოველმხრივ გაუმართლებელი, სრულიად უპატიებელი შეცდომებიც – წიგნებშიც და ცხოვრებაშიც.

ალბათ არაფერია ადამიანისთვის იმაზე ბუნებრივი, რომ ცდებოდეს. ეს მისი უფლებაცაა, ბედისწერაც, უბრალო ყოველდღიურობაც. თანამედროვეთაგან ყველაზე დიდი ამერიკელი მწერლის, ფილიპ როთის რომანში „ამერიკული პასტორალი“ ვკითხულობთ: „ვცდებით და ამით ვხვდებით, რომ ცოცხლები ვართ“.  ვცდებით, მაშასადამე, ვარსებობთ.

მაშ, რატომღაა თავზარდამცემი თითოეული შეცდომის გაცნობიერება? იმიტომ ხომ არა, რომ არავინ გვასწავლა, რა ფასი აქვს თითოეულ მცდარ ნაბიჯს, მცდარ პასუხს, არასწორად არჩეულ მიმართულებას ,ზოგადად, ადამიანის არსებობისთვის? არავინ გვითხრა: გიყვარდეთ თქვენი შეცდომები, რადგან ისინი თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. არავინ გაგვაფრთხილა: თქვენ უმთავრესად წყლისგან და შეცდომებისგან შედგებით, სხვადასხვა შემთხვევაში – სხვადასხვა პროცენტული მაჩვენებლით.

წამიკითხავს სტატიები, რომელთა ავტორებიც – ქართველი თუ უცხოელი მკვლევარები, განათლების სფეროს ექსპერტები – ამ თემას უტრიალებენ, აფასებენ საგანმანათლებლო პროცესის დროს შეცდომების დაშვების ალბათობასა თუ მათგან მიღებულ სარგებელს. ბოლო ათწლეულებში დამოკიდებულება შეიცვალა და მოსწავლეს აღარ აქვს – დიდი ალბათობით,  აღარ უნდა ჰქონდეს – ისეთი განცდა, რომ მცდარი პასუხისთვის ან უნებლიე უზუსტობისთვის ეშაფოტი ელის.

მე ეს განცდა მქონდა. რაც მართალია, მართალია.

ალბათ ამიტომაც ვიგრძენი სრული სასოწარკვეთა სკოლის დამთავრებიდან მრავალი წლის შემდეგ, როცა გავაცნობიერე, რამდენად საბედისწერო შეცდომა დავუშვი. ასეთი მთარგმნელისთვის ყველა სასჯელი მცირეა – მხოლოდ მიწას თუ ახვნევინებ ურმით. ფრანგული სიტყვის ქართული შესატყვისი – „გუთანი“ უცებ, გაუფრთხილებლად, აღსასრულის მაუწყებლად მომადგა ენაზე. წიგნის თარგმანი გამომცემლობაში უკვე გაგზავნილი მქონდა – გამოსაცემად ამზადებდნენ. შეცდომის გამოსწორება – სიტყვების შეცვლა მოვასწარი, რაც ნიშნავს, რომ ამ ამბავს კეთილი დასასრული აქვს, მაგრამ სინამდვილეში არც არაფერი დასრულებულა.

ვის შეუძლია თქვას, შეცდომების მდინარიდან მშრალი გამოვედიო?

სკოლა – ისეთი, როგორიც მახსოვს – აღრმავებდა და აღრმავებდა სწავლის დაწყებისთანავე გაჩენილ დანაშაულის განცდას. ყველაზე დიდი დანაშაული იყო, რომ ის იყავი, ვინც იყავი და ამდენად, აუცილებლად ჩაიდენდი რაღაც ცუდს, რომელიღაც წესს დაარღვევდი, შენი რომელიღაც ქმედება სრულიად მიუღებელი აღმოჩნდებოდა, რომელიღაც საქციელი – ყოველმხრივ დასაგმობი. არავინ ამბობდა, რომ ასეც უნდა მომხდარიყო; რომ მართალია, პატარა, მაგრამ მაინც ადამიანი იყავი და უამრავი მექანიკური, უხეში, ძნელად საპატიებელი, სასაცილო თუ სატირალი შეცდომის დაშვების უფლება გქონდა.

საკუთარი თუ სხვისი შეცდომების მიმართ ასეთი დამოკიდებულება  სულაც არ გულისხმობს მათ გააზრებასა და შეფასებაზე უარის თქმას.  ეს, უბრალოდ, იმ მოცემულობის მიღება და გათავისებაა, რომ ამგვარია ჩვენი ბუნება – წყალზე სიარული არ შეგვიძლია, არც – შეცდომების გარეშე არსებობა, არც – ყოველთვის სწორი გადაწყვეტილებების მიღება, სწორი სიტყვების პოვნა.

არ დამვიწყებია, რომ ამ ტექსტს მასწავლებლების ინტერნეტ-ჟურნალისთვის ვწერ.

და ვის უჭირს ყველაზე მეტად საკუთარი შეცდომების აღიარება?

და ვინ იცის, რომ ყველაფერი იცის?

ყველა მოსწავლე თანასწორია

0

კონსტიტუციით გარანტირებულია თანასწორობის პრინციპი. ყველა მოსწავლე თანასწორია კანონის წინაშე და ეს ყოველთვის უნდა ახსოვდეს მასწავლებელს თუ სკოლის ადმინისტრაციას. აკრძალულია მოსწავლის მიმართ განსხვავებული მოპყრობა. არათანასწორი მოპყრობის რისკი შეფასებების დროს არსებული ფართო დისკრეციის გამო საკმაოდ მაღალია. დაივიწყეთ სიმპათია, ანტიპათია. არ შეიძლება მოსწავლის შეფასების რაიმე წილი განპირობებული იყოს მოსწავლის მიმართ მასწავლებლის სიმპათიით ან ანტიპათიით. ამიტომ მოსწავლესთან მიმართებაში მასწავლებლის ან სკოლის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გონივრული ახსნა და დასაბუთება შესაძლებელი უნდა იყოს. თუ თქვენ არ შეგიძლიათ გადაწყვეტილების გონივრული ახსნა, მაშინ ეს თვითნებობაა. თვითნებობა დაუშვებელია.

მაგალითად, ნინოს მშობელი კრიტიკულადაა განწყობილი სკოლის დირექციის და მასწავლებლების მიმართ. ამის გამო, მასწავლებელი ნინოს ცოდნას უფრო მკაცრად აფასებს, ვიდრე გიორგის ცოდნას. ეს თანასწორობის პრინციპის დარღვევის მაგალითია.

ყველა მოსწავლეს უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობები და პირობები. მასწავლებელს არ აქვს უფლება მოსწავლე ჩააყენოს არათანაბარ მდგომარეობაში მისი სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან რაიმე სხვა მდგომარეობის გამო. წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც განათლების მიღების პრივილეგია მხოლოდ ბიჭებს ჰქონდათ. ბიჭებს და გოგონებს სასწავლო პროცესში თანაბარი შანსები უნდა ჰქონდეთ.

სკოლაში აკრძალულია სასწავლო პროცესის პოლიტიზება და სასწავლო პროცესის გამოყენება რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის ან იძულებითი ასიმილაციის მიზნებისათვის. სკოლაში მიღებისას დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია. თუმცა ეს არ გამორიცხავს შესარჩევი კონკურსის ჩატარების შესაძლებლობას იმ სკოლებში, რომლებიც ახორციელებენ სამხედრო, პროფილურ სახელოვნებო და სასპორტო მომზადებას, ასევე სხვა სტატუსის სკოლებში.

აკრძალულია სკოლის მიერ საკუთარი უფლებამოსილებისა და რესურსების იმგვარად გამოყენება, რამაც შეიძლება პირდაპირ ან ირიბად გამოიწვიოს მოსწავლის დისკრიმინაცია. ნებისმიერი განმასხვავებელი ქმედება ან გამონაკლისის დაშვება ჩაითვლება დისკრიმინაციად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ასეთი ქმედება ან გამონაკლისი სამართლიანი და გონივრულია, ემსახურება მოსწავლის თავისუფალი განვითარებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას.

სკოლა ვალდებულია დაიცვას და ხელი შეუწყოს მოსწავლეებს შორის შემწყნარებლობისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრებას, განურჩევლად მათი სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური თუ მსოფლმხედველობრივი კუთვნილებისა. სკოლა ვალდებულია დაიცვას უმცირესობების წევრების ინდივიდუალური და კოლექტიური უფლება, თავისუფლად ისარგებლონ მშობლიური ენით, შეინარჩუნონ და გამოხატონ თავიანთი კულტურული კუთვნილება.

და თუ მასწავლებელი ან სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლესთან მიმართებაში დაარღვევს თანასწორობის პრინციპს, მოსწავლეს აქვს უფლება მიმართოს სამართლებრივ ღონისძიებებს მასწავლებლის ან სკოლის ადმინისტრაციის წინააღმდეგ. თუ მოსწავლე არასრულწლოვანია, საჩივრის ან სარჩელის წარდგენის უფლება მის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს აქვს. საჩივარში ან სარჩელში დეტალურად უნდა იყოს აღწერილი ფაქტები, რომლითაც დასტურდება მასწავლებლის მიერ მოსწავლის მიმართ არათანასწორი მოპყრობა. დასაბუთება აუცილებელია, რადგან მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება იყოს წარმატებული სამართლებრივი დავა.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...