ორშაბათი, აგვისტო 4, 2025
4 აგვისტო, ორშაბათი, 2025

ვიკითხოთ ზღაპრები

0

ალბათ, არ არსებობს ამაზე უფრო დიდი დასაწყისი მსოფლიო სიტყვიერებაში, ამაზე უფრო ყოვლისმომცველი და, იმავდროულად, ყოვლისგამაბიაბრუებელი: „იყო და არა იყო არა“. მთელი სამყაროს ფილოსოფოსები და თეოლოგები რომ შეიკრიბონ, წუთისოფლის არსს ასე მოკლედ ვერ აღწერენ, რადგან ეს უკვე ითქვა. იქ, სადაც ქართული ზღაპარი იწყება.

ზღაპარი უცნაურ დროს იკითხება – ძილის წინ. თითქოს მიგვანიშნებს კიდეც ამ ტრადიციის დამამკვიდრებელი – საქმე რაღაც ირონიულ ამბავთან გვაქვს, ნახევრად სიზმრისა და ნახევრად რეალობის, წუთისოფელში მარად განუხორციელებელ ამბავთან.

პროპი არ გახლავართ და არც ზღაპრის ნიუანსების კვლევას ვაპირებ – ამისთვის „ზღაპრის მორფოლოგია“ არსებობს. დანარჩენისთვის – ზურაბ კიკნაძის „ქართული ხალხური ეპოსი“. სხვა ამბავზე მოგითხრობთ. იმაზე, რომ საქართველო ზღაპრის ქვეყანაა, გნებავთ – ზღაპრული. ან საზღაპრო. ან ზღაპარივით. ხედავთ, რამდენი შეუძლია ენას? ასეა საქართველოც. ზღაპარი ხომ ილუზიისა და რეალობის ნაზავია. ჩვენი ყოფაც ამას მოიცავს. უამისოდ ცხოვრება არ შეგვიძლია. ამაშია ჩვენი არსებობის უმთავრესი სიბრძნე. გენიოსი იყო საბა: „სიბრძნე სიცრუისა“. ეს ამბავი ხან ფეხს წამოგვაკვრევინებს ხოლმე, ხან უკიდურესად გვაზარმაცებს („ლაფში ჩაფლული ურემი შინ მიტანილი ჰგონია“), ხანაც უსაფუძვლოდ გვათამამებს („აქეთ გორასა წიხლსა ვკრავ, იქით გორასა ძვრას ვუზამ“), მაგრამ უამისოდ შესაძლოა ვერც კი გადავრჩენილიყავით. ტკივილის საუკეთესო წამალი ხომ თვალის მოტყუებაა. აქაც სიცრუე მოიმარჯვა ქართველმა კაცმა. ძილის აღწერისას. რეალობისგან გაქცევისას. არის ერთი ასეთი ზღაპარი – „დღისით მკვდარი“. აქ უკვე შეგვიძლია, ფანტაზიას მეტი გასაქანი მივცეთ – ვთქვათ, რომ უფრო ღამის ხალხი ვართ, სიცხადის მოშიში ხალხი. თუმცა ფანტაზიას ლაგამი სჭირდება, რადგან არსებობს ზღაპრები, რომლებიც მზისა უფროა, ვიდრე მთვარისა. მზის ზღაპრებში ჩვენი გმირი დაუმარცხებელია და ეს სიუჟეტები, ალბათ, იმ დროში ისახებოდა, „ოქროს ხანას“ რომ ვეძახით. მჯერა, ხელოვნება ყოველთვის იმეორებს სოციუმს, რაც უნდა აბსტრაქტული იყოს.

ამ ბოლოს ასეც გვიჭირს, მაგრამ, ალბათ, ჩვენი გმირი მაინც ნაცარქექიაა. ქართველი ოდისევსი შეამჩნიეს მასში – მოხერხებული და დევთაგან თავის გადამრჩენი. დიდთაგან თავის გადამრჩენი და ამით დიდი. თუმცა ერთი მნიშვნელოვანი რამ განასხვავებს ჩვენს ოდისევსებს: ეს ზღვაა. ქართველ გმირს ზღვა არ უყვარს. არც ზღაპარში და არც ზღაპარს მიღმა. სიტყვა „საზღვარიც“ ზღვის წინაპარი მგონია. არ ვიცი, საიდან მოდის ეს შიში. იქნებ ესეც იყოს მთავარი განსხვავება ჩვენსა და ევროპას შორის.

იმის თქმა მინდა, რომ ყველაფრის ძირი ზღაპარშია დამარხული. ჩვენც, ყველანი, ზღაპრის შვილები ვართ – ხან ვხუთკუნჭულობთ, ხან ვასფურცელობთ, ხან ვმზეთუნახავობთ, ხან გაუცინარი ხელმწიფეები ვართ და ხანაც, ვაი, რომ გაღიმებულად დარჩენილები. მაგრამ იმედი კი ჰეფი ენდისა გვაქვს. თუმცა აქაც უცნაური. ყველგან ლიხინი ვერ წარმოგვედგინა, ყველგან ფქვილი ვერ გვინდოდა. ამიტომ კლასიკურ დასასრულს ისევ ნახსენები დასაწყისი ვამჯობინოთ ბოლოდ: იყო და არა, იყო ერთი ზღაპრული მეზღაპრე. იყო და არის.

ლამანჩის მზე და ქარი

0

ერთი კარგი წიგნი გამახსენდა, რომელშიც უბრალო შემთხვევითობა ყველაფერს ცვლის: მთავარ გმირს, მის ცხოვრებას, სხვების ცხოვრებას, ამინდს. ამ წიგნზე სხვა დროს დავწერ. ის, რაც შემთხვევითობად მოჩანს, უკან მოხედვისას შესაძლოა ისეთ კანონზომიერებად იქცეს, რომლის შეუვალ ლოგიკასაც ვერაფერს დაუპირისპირებ. თოთხმეტი წლის ვიყავი. წიგნების თაროებისთვის არც შემიხედავს, ისე წამოვავლე ხელი ერთ-ერთ წიგნს და ეზოდან გასასვლელად გამზადებული მანქანისკენ გავიქეცი. სადღაც მივდიოდით. მთელი საღამო კითხვაში გავატარე – დაბინდდა, ვეღარაფერს ვხედავდი და მაინც წაკითხვას ვცდილობდი: ლამპიონების შუქზე, მთვარის შუქზე, შემხვედრი მანქანის ფარების შუქზე. მუხლებზე დოსტოევსკის „იდიოტი“ მედო.

იმ წიგნს, რომელზეც ახლა უნდა დავწერო, ასევე შემთხვევით გადავაწყდი. ჩემი ცხოვრების მთავარი წიგნი პირველად ისეთ შეუფერებელ ასაკში წავიკითხე, რომ გამხელაც კი მერიდება. სანამ სკოლას დავამთავრებდი, ყოველ წელს ვკითხულობდი, მერე – ორ-სამ წელში ერთხელ. უკანასკნელად წინა საუკუნის ბოლოს წავიკითხე. ამის შემდეგ სხვა ახირებების, სხვა სიყვარულის დრო დადგა.

მიგელ დე სერვანტეს საავედრას „მახვილგონიერი იდალგო დონ კიხოტ ლამანჩელი“ – მასთან დაბრუნება გარდაუვლად მეჩვენება. დიდი დაბრუნება.

ყოველთვის ზაფხულში ვკითხულობდი, არდადეგების დროს. მშვიდად, აუჩქარებლად, დილიდან საღამომდე. სოფელში, აივანზე. არ მეჩვენებოდა, რომ რაიმეს ვერ ვიგებ; რომ ეს უცხო სამყაროა, აუხსნელი გზებით დაქსელილი, შორეული და მეტისმეტად რთულად მისადგომი. გასული საუკუნის 80-იანი წლების საბჭოთა სინამდვილე სულ იოლად ქრებოდა და დავეხეტებოდი წიგნის გმირებთან ერთად ტყესა და ღრეში. ნაცნობი სანახების მოხილვა, გაკვალულ ბილიკებზე შედგომა, ყველაფრის თავიდან გამეორება მხოლოდ და მხოლოდ სიამოვნების წყარო იყო. ერთი სული მქონდა, როდის მივადგებოდით ძველ ფუნდუკს ღამის გასათევად, როდის შემოგვხვდებოდნენ დალაქი და ბაკალავრი სამსონ კარასკო, როდის გამართავდა მხარზე მაიმუნშემოსმული ხინეს დე პასამონტე თავის დაუვიწყარ წარმოდგენას, როდის ჩავყვებოდი მთავარ გმირს მონტესინოსის მღვიმეში და მასთან ერთად ვნახავდი იმ გასაოცარ სიზმარსა თუ მისტიკურ გამოცხადებას… არ ვიცი, როგორ მოხდა, რომ შინაარსის ცოდნა ხელს არ მიშლიდა – პირიქით, სიამოვნების მოლოდინს მიმძაფრებდა, გულისცემას მიჩქარებდა და თითქმის მშობლიურ ადგილებში მოხვედრის სიხარულს მიორმაგებდა.

ქართლის სოფელში ლამანჩის სოფლის მზე დააჭერდა ხოლმე.

რატომ შეიძლება გაიტაცოს ბავშვი ამ აშკარად არასაბავშვო წიგნის კითხვამ?  ალბათ იმიტომ რომ დიდი ლიტერატურის საზღვრებში მოქცევის მცდელობა იმთავითვე  წარუმატებლობისთვისაა განწირული. თუნდაც კლასიფიკაციისთვის აუცილებელი პირობითი საზღვრები იყოს. დონ კიხოტ ლამანჩელის ამბავი ცხოვრების ამბავია – იმ ცხოვრებისა, რომელსაც მეხუთეკლასელი, მეექვსეკლასელი, მეშვიდეკლასელი იცნობ და არც იცნობ. გიზიდავს, გატყვევებს, უამრავ საცდურსა თუ საიდუმლოს ამზეურებს და ბოლომდე არაფერს გიხსნის. წიგნში კი იმდენი რამ გადაგხდება თავს, იმდენ დრამატულ სიტუაციას შეესწრები, იმდენ სიბრძნეს და სისულელეს მოისმენ, იმდენ თავზეხელაღებულ ვინმეს გაიცნობ და ისეთი წარმოუდგენელი ცვლილებების მომსწრე გახდები, რომ ბოლო გვერდის წაკითხვის შემდეგ ხვდები: ერთი ცხოვრება უკვე იცხოვრე.

განა ამისკენ არ ისწრაფოდი ბავშვური სულსწრაფობით?

თვალებზე ხელს არავინ გაფარებდა. არც არაფერს გიმალავდნენ. ეს შენი სამყარო იყო და სხვას აქ ფეხი არ შემოედგმებოდა. მშობელს. მასწავლებელს. სკოლის დირექტორს. მეზობელს. მეზობლის ცოლს. შენი მშობლები და მასწავლებლები დონ კიხოტი და სანჩო პანსა იყვნენ, და კიდევ ის გაიძვერა კატორღელი ხინეს დე პასამონტე.

ნუ დაავალებთ ბავშვებს „დონ კიხოტის“ წაკითხვას. გულუბრყვილობა იქნება მოწოდება იმისკენ, რომ გამოსაჩენ ადგილას დადოთ, იოლად ხელმისაწვდომი გახადოთ. კლასიკის ხვედრი ესაა – ხშირად მწერლის გვარის და წიგნის სათაურის ხსენებაც კი აფრთხობთ. ბავშვებსაც, უფროსებსაც. არადა, ვიცი, როგორ დაეხმარებოდა ზოგიერთს ლამანჩის შარაგზებზე ხეტიალი, იქაური მზის ქვეშ დგომა, იქაური ქარისთვის სახის მიშვერა, იმ ღრმააზროვანი საუბრებისთვის ყურის დაგდება, მწუხარე სახის რაინდს (შემდგომში ლომთა რაინდს) და მის ერთგულ საჭურველმტვირთველს შორის რომ იმართება, სანჩო პანსას საგუბერნატორო კუნძულის მონახულება, ხორბლის გაცხრილვაში გართული დულსინეა ტობოსელისთვის თვალის შევლება, სოფლიდან სოფელში წანწალი, სიგიჟე…

სერვანტესის სხვა მკითხველებივით მეც მჯერა, რომ „დონ კიხოტს“ სამყაროსადმი ადამიანის დამოკიდებულების და,საერთოდ, სამყაროს  შეცვლა შეუძლია. ამთავრებ და ასეთ რამეებზე იწყებ ფიქრს – დიდ ცვლილებებზე, დიდ სამყაროზე, დიდ შესაძლებლობებზე.

საზაფხულო კლასგარეშე საკითხავი წიგნების სიაში ნუ შეიტანთ. ნუ დაავალებთ ბავშვებს, რომლებსაც ისედაც უამრავი გაუგებარი ვალდებულება აწევთ მხრებზე. თქვენ წაიკითხეთ. თუ წაკითხული გაქვთ – კიდევ ერთხელ. და თუ შემთხვევითობის კანონზომიერებად ქცევის გარდაუვლობას ეჭვის თვალით უყურებთ… წაიკითხეთ და მერე ვილაპარაკოთ:  მთავარ გმირებზე, მათ ცხოვრებაზე, თქვენს ცხოვრებაზე, ამინდზე.

პროზაული მხატვრული ტექსტის ანალიზი

0

სავალდებულო საპროგრამო ტექსტების კითხვა სავალდებულო საპროგრამო მიზნებს ემსახურება. ლიტერატურის კურსი სწავლების დაწყებითი საფეხურიდან საშუალო საფეხურის ჩათვლით ისეა გაწერილი, რომ მოსწავლემ გამოიმუშაოს ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნებისა და კულტურის ფაქტის, აღქმისა და გაცნობიერების უნარი;  ამ მიზნის მისაღწევად მხატვრული ტექსტის ანალიზი ერთ-ერთ საშუალებად მოიაზრება. დღეს სწორედ ამ პარადიგმაზე ვისაუბრებთ დაწვრილებით. რას მოიაზრებს ანალიზი? რა ელემენტებისგან შედგება ის? რა ტერმინოლოგიას ვიყენებთ მხატვრული ტექსტის ანალიზისას და როგორ ვამუშავებთ პროზაულ ტექსტს შესაბამისი მითითებების მიხედვით?

ანალიზის ელემენტები

  • ნაწარმოების თემის, იდეის, მთავარი სათქმელის, პრობლემატიკის ამოცნობა.
  • ტექსტის სიუჟეტისა და კომპოზიციის ურთიერთმიმართება
  • მხატვრული ტექსტის შექმნისას გამოყენებული სხვადასხვა მეთოდები – პერსონაჟთა გალერეა, სურათხატები, აღწერის, ამბის თხრობის, გადმოცემის ხერხები.
  • ავტორისეული განწყობა-დამოკიდებულების კვლევა, თემისადმი, პერსონაჟებისა და იდეებისადმი მისი მიმართების ამოცნობა.
  • მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხების მიმოხილვა
  • ნაწარმოებზე მსჯელობა ჟანრობრივი თავისებურების და ისტორიული მოცემულობის გათვალისწინებით
  • სუბიექტური ემოციურ-შეფასებითი დამოკიდებულების გამოვლენა
  • პერსონაჟთა ხასიათზე, ქმედებებსა და საქმიანობაზე დაკვირვებით მათი შეფასება, ტექსტზე დაყრდნობით ლეგიტიმური დასკვნების გაკეთება.
  • დასკვნების განზოგადება

პროზაული ტექსტის ანალიზი

ანალიზის ზოგადი ჩარჩოს მიხედვით პროზაული ტექსტის მხატვრულ ანალიზში სასურველია წარმოჩენილი/დამუშავებული/მიმოხილული იყოს შემდეგი საკითხები:

  • ლიტერატურული მიმდინარეობა, რომელსაც მიეკუთვნება ტექსტი
  • ისტორიული ეპოქის გავლენა ტექსტზე ( ისტორიულ-კულტურული კონტექსტი)
  • ტექსტის შექმნის პრეისტორია ( ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • ჟანრის განსაზღვრა
  • სიუჟეტური ქარგა, კომპოზიცია, ტექსტის აგებულება
  • კრიტიკული მოსაზრებების გაცნობა/შეფასება/კომენტირება
  • მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხებისა და საშუალებების მიმოხილვა
  • პერსონაჟთა ხასიათზე, თვისებებზე, ქცევაზე დაკვირვება/დახასიათება (ეპითეტები/დახასიათება კონკრეტული ეპიზოდების დამოწმებით)
  • თხრობის/გადმოცემის სტილი (თხრობა I პირშია თუ III-ში, გვხვდება თუ არა ტექსტში ავტორისეული ჩანართები, რომლებიც გვეხმარება ჩანაფიქრის ამოცნობაში…)

კონცეპტუალური ჩარჩო

პროზაული ლიტერატურული ნაწარმოების განხილვისას მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს ნაწარმოების თემა და იდეა.

მოკლედ მიმოვიხილავთ თითოეულს:

თემა

თემა, იგივე დედააზრი, ლიტერატურულ ნაწარმოების ობიექტური საფუძველია. სხვა სიტყვებით, ეს ისაა, რაც განსაზღვრავს ნაწარმოების შინაარსაა და ფორმასაც კი. სწორედ თემა აკავშირებს მხატვრული ტექსტის სხვადასხვა ნაწილს ერთმანეთთან, რათა ერთ შინაარსობრივ მთლიანობად აქციოს ის. თემა შეიძლება იყოს მარადიული, ნებისმიერი ეპოქისა და მოცემულობისთვის მნიშვნელოვანი(მეგობრობის თემა, სიყვარულის თემა, სამშობლოს სიყვარულის თემა…) ან გარკვეული ( კონკრეტული) ვითარებით განპირობებული ( მამათა და შვილთა ბრძოლა, ბატონყმობის თემა…).

 ერთი და იგივე თემა სხვადასხვა ავტორმა შეიძლება სრულიად სხვადასხვაგვარად გადაწყვიტოს, ეს დამოკიდებულია მწერლის მსოფლხედველობაზე, ოსტატობაზე, გამოცდილებაზე, მოღვაწეობის ეპოქაზე…მაგალითად, ცნობილია, რომ ფაუსტის თემა გოეთემდე რამდენიმე მწერალმა დაამუშავა, თუმცა  მისი „შესრულება“ ყველაზე უკეთ სწორედ მან შესძლო; მეცხრამეტე საუკუნეში აქტუალური იყო ბატონყმური ურთიერთობის თემა, ამ საუკუნეში მოღვაწე მწერლების შემოქმედებაში ეს თემა საკმაოდ მრავალხრივ და მრავალფეროვნადაა დამუშავებული.

ტექსტის კვლევისას ამ მიმართებით უნდა დაისვას კითხვები  – ემთხევა თუ არა თემა ტექსტის შექმნის თანამედროვე ეპოქას? დაკავშირებულია თუ არა თემასთან სათაური? შევისწავლეთ თუ არა სხვა ნაწარმოები, სადაც იგივე თემაა დამუშავებული? რა განსხვავებაა ამ ტექსტებს შორის? რამ განაპირობა მწერლის დაინტერესება თემით? არის თუ არა აქტუალური იგივე თემა დღეს?იყო თუ არა თემა აქტუალური ნაწარმოების შექმნის ეპოქაში?

იდეა

იდეა ერთგვარი პასუხია ავტორის მიერ ნაწარმოებში დასმულ კითხვებზე. იდეა ისაა, რის ირგვლივაც „ბრუნავს“ ტექსტის მხატვრულ ესთეტიკური სამყარო, პერსონაჟები. იდეა მეტწილად უკავშირდება ავტორის მიერ აღებული თემას, თუმცა ისეც ხდება, რომ მწერალს მისივე ასახულის მიმართ არ/ ან ჯერ არ აქვს/ ან შეფარვით აქვს ჩამოყალიბებული დასკვნები და გადაწყვეტილებები. მწერლის მიერ იდეის არგაცხადება არ ნიშნავს ნაწარმოების იდეის არარსებობას, რადგან საკითხის დასმის სტილი, მანერა შესაძლოა უკვე მეტყველებდეს მწერლის გარკვეულ დამოკიდებულებაზე. იდეა ტექსტის მთავარ სათქმელადაც მოიაზრება, რომელიც სხვადასხვა მხატვრული ხერხებით, საშუალებებითაა გადმოცემული. საკუთარ დამოკიდებულებებს ავტორი სწორედ მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებების გზით გადასცემს მკითხველს.

„გუსტავ ფლობერმა მკაფიოდ გამოხატა მისეული იდეალი მწერლისა. ის შენიშნავს, რომ ავტორი, ღმერთის დარად, საკუთარ წიგნში უნდა იყოს ყველგან და ამავდროულად – კონკრეტულად – არსად, ის უნდა იყოს უხილავი და ყველგანმყოფი ერთდროულად. არსებობს რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული ნაწარმოები, სადაც ავტორი თავს არ ამჟღავნებს, ზუსტად ისე, როგორც ფლობერს სურდა, თუმცა თავად მას არ გამოუვიდა ამ იდეალის წვდომა „მადამ ბოვარიში“.  საგულისხმოა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როცა ავტორი, თითქოს, არსად ჩანს,  ის მაინც „განფენილია“ ტექსტში, მისი „არარსებობა“ უკვეა გამოხატულება თვალსაჩინო არსობისა. როგორც ფრანგები ამბობენ, „თავისი არყოფნით ბრწყინავს“. ( ვლადიმირ ნაბოკოვი „ლექციები საზღვარგარეთის ლიტერატურაზე“)

იდეის გაცხადების შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მწერლის ოსტატობას. საჭირო დროს, საჭირო მომენტში არ ან ვერგაკეთებული აქცენტი მხატვრულ ჩანაფიქრს, იდეას აფერმკრთალებს, თუ ავტორი მთლიანად „იდეითაა“ შეპყრობილი და ნაკლებ ყურადღებას აქცევს მხატვრულობას, ვიღებთ პუბლიცისტიკას ან უარეს შემთხვევაში – იდეოლოგიურ ტექსტს.

ამ მიმართულებით კვლევისას მკითხველი პასუხობს კითხვებს:რისი თქმა სურდა ავტორს? როგორ, რა მხატვრული ხერხების მეშვეობით შესძლო ან სათქმელის გამოხატვა? სათქმელი პირდაპირაა გადმოცემული თუ შეფარვით? რა არის ტექსტის/ცალკეული ეპიზოდის მთავარი სათქმელი?ავლენს თუ არა საკუთარ დამოკიდებულებას ავტორი პერსონაჟებისადმი? მათი ქმედებებისადმი?

პროზაული მხატვრული ტექსტის სტრუქტურის ანალიზისას აუცილებელია სიუჟეტისა და კომპოზიციის მიმოხილვაც.

კომპოზიცია მოიცავს მხატვრული ნაწარმოების თემის, იდეის, ფაბულის, სიუჟეტის, ჩანართი ეპიზოდების, ყველა გამოყენებული მხატვრული საშუალების მიზანმიმართულ, მოტივირებულ, ურთიერთშეფარდებულ განლაგებას.

სიუჟეტი მოვლენათა და მოქმედებათა თანამიმდევრობაა. ამბის გადმოსაცემად ავტორი გარკვეულ სტრუქტურას მიმართავს, ამბებისა და მოვლენების განვითარების თანმიმდევრობა ქმნის სწორედ სიუჟეტს. სიუჟეტური ქარგა დამახასიათებელია ეპიკური და დრამატული ტექსტებისთვის. სიუჟეტის განვითარების ეტაპებია: ექსპოზიცია, კვანძის შეკვრა, მოქმედების განვითარება, კულმინაცია და კვანძის გახსნა.

ამ მიმართულებით მუშაობისას მოსწავლემ უნდა შეძლოს მსჯელობა ნაწარმოების კომპოზიციურ თავისებურებებზე, საკვანძო ეპიზოდების (სცენების) ურთიერთკავშირზე; მისი სტრუქტურული ელემენტების (ექსპოზიციის, პროლოგის, ეპილოგის…) დანიშნულებაზე; სასურველია დაისვას კითხვები: გვხვდება თუ არა ტექსტში ავტორისეული ჩანართები? შეგვიძლია თუ არა მათი საშუალებით ამოვიცნოთ მოვლენებისადმი ავტორისეულ დამოკიდებულებას?რა თანმიმდევრობით გადმოგვცემს ავტორი ამბავს?

შესაძლებელია სქემის, დიაგრამის, აზრობრივი რუკის, სხვა გრაფიკული საშუალებების გამოყენებაც.

ტრენერთა სკოლამ „ტრენერის მომზადების ზოგად კურსზე“ რეგისტრაცია გამოაცხადა

0

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში შემუშავდა  „ტრენერთა სკოლის“ კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს ახალი კვალიფიციური კადრების  შერჩევის, მომზადების, სერტიფიცირებისა და ტრენერების უწყვეტი  პროფესიული განვითარების პროცესს. აღნიშნული პროცესი გულისხმობს  ტრენერთა  მომზადებისა და გადამზადების ისეთი სისტემის  შეთავაზებას, რომელიც უზრუნველოფს პროფესიული განვითარების აქტივობების  ერთიანი მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას. ასეთი სისტემის  შემუშავების საჭიროება გამოიწვია იმ გარემოებამაც, რომ ამ დრომდე მოქმედ ტრენერთა მომზადება ხდებოდა კონკრეტული მოდულის ფარგლებში და არ არსებობდა ტრენერის მომზადებისა და მისი პროფესიული განვითარების გრძელვადიანი ხედვა. „ტრენერთა სკოლა“ ამოქმედდა   „სკოლის დირექტორთა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროექტის“ ფარგლებში, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ფინანსური მხარდაჭერით  და ათასწლეულის გამოწვევის  ფონდი – საქართველოსთან თანამშრომლობთ ხორციელდება.

დასახული მიზნების მისაღწევად „ტრენერთა სკოლის“ ფარგლებში შემუშავდა ტრენერის კომპეტენციების ჩარჩო, რომელიც ტრენერის პროფესიონალიზმის განმსაზღვრელ სტანდარტს წარმოადგენს და ტრენერის პროფესიულ საქმიანობასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. იმავდროულად, „ტრენერთა კომპეტენციების  ჩარჩო“ ტრენერის შემდგომი პროფესიული  საქმიანობის  განვითარების  და  შეფასებისათვის გამოიყენება.

კომპეტენციების ჩარჩოზე დაყრდნობით შემუშავდა “ტრენერის  მომზადებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების წესი“, რომელიც განსაზღვრავს  ტრენერთა სერტიფიცირების და ტრენერთა  უწყვეტი პროფესიული განვითარების  პროცესსა და პროცედურებს.

სერტიფიცირების  მაძიებელი  პირებისთვის  არსებობს  სერტიფიცირების  სამი  გზა:

პირველი გზა სერტიფიცირების მაძიებელ პირს სთავაზობს გაიაროს  „ტრენერის მომზადების ზოგადი კურსი“. რომლის ფარგლებში მიიღებს ტრენერისათვის აუცილებელ ცოდნას, განუვითარდება პროფესიული უნარ-ჩვევები და ჩამოუყალიბდება ის დამოკიდებულებები, რომელიც აუცილებელია ხარისხიანი, შედეგზე ორიენტირებული ტრენინგის ჩასატარებლად. მეორე და მესამე გზა კი არეგულირებს იმ პირების სერტიფიცირებას, რომლებსაც აქვთ ტრენერობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება.

 „ტრენერთა სკოლამ“ დაიწყო „ტრენერის მომზადების ზოგად კურსზე“ მსურველთა რეგისტრაცია, რომელიც განსაზღვრულია იმ პირებისთვის, რომლებსაც არ გააჩნიათ ან აქვთ ტრენერობის 2 წელზე ნაკლები გამოცდილება. კურსზე დარეგისტრირებისთვის  სერტიფიცირების მაძიებელი პირი გაივლის კონკურსის ორ ეტაპს:

პირველ ეტაპზე  სერტიფიცირების მაძიებელი პირი, რომელსაც აქვს მინიმუმ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სწავლების გამოცდილება ან  ზოგადსაგანმანათლებლო ორგანიზაციის მართვის გამოცდილება ან სკოლის დირექტორის სერტიფიკატი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გაივლის ონლაინ რეგისტრაციას, კომისია განიხილავს შემოსულ  დოკუმენტაციას. საკვალიფიკაციო  მოთხოვნების დაკმაყოფილების  შემთხვევაში კომისიის   გადაწყვეტილებით სერტიფიცირების მაძიებელი პირი დაიშვება  ჯგუფურ ან ინდივიდუალურ გასაუბრებაზე. გასაუბრების წარმატებით  დასრულების შემდეგ სერტიფიცირების მაძიებელი პირი დაიშვება „ ტრენერთა  მომზადების ზოგად კურსზე“.

„ტრენერის  მომზადების ზოგადი  კურსი“  80 საათიანია (საკონტაქტო და არასაკონტაქტო) და   სამ მოდულს შედგება: ზრდასრულთა სწავლების ძირითადი პრინციპები (1 კრედიტი), ეფექტური კომუნიკაცია და ჯგუფის დინამიკა (1კრედიტი) და ტრენინგ მოდულის დაგეგმვა, შეფასება და განვითარება (1 კრედიტი).

მოდულის „ზრდასრულთა სწავლების ძირითადი პრინციპები“ ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან, ზრდასრულთა სწავლებასთან დაკავშირებულ საკითხებს და შეძლებენ ტრენინგზე მიღებული ცოდნისა და გამომუშავებული უნარ-ჩვევების პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენებას.

მოდულის “ეფექტური კომუნიკაცია და ჯგუფის დინამიკი“ ფარგლებში  მონაწილე შეძლებს ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობის გაცნობიერებას თანამშრომლობითი კულტურის დასამკვიდრებლად და დინამიური ჯგუფის ფორმირებისა და მართვის სტრატეგიების გამოყენებას ეფექტიანი  შეხვედრის ჩასატარებლად.

ხოლო რაც შეეხება მოდულს ტრენინგ მოდულის დაგეგმვა, შეფასება და განვითარება“ მონაწილეები დაეუფლებიან, მოდულის დაგეგმვის ძირითად პრინციპებს, შეფასების ფორმებსა და სახეებს, მოდულის განვითარების კანონზომიერებას, ასევე, შეძლებენ ტრენინგზე მიღებული ცოდნისა და გამომუშავებული უნარ-ჩვევების პრაქტიკულ საქმიანობაში  გამოყენებას.

„ტრენერის მომზადების ზოგადი“ კურსი უფასოა. შერჩეული კანდიდატების დაფინანსებას ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი“ უზრუნველყოფს.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ  უახლოეს მომავალში „ტრენერთა სკოლა“ რეგისტრაციას გამოაცხადებს იმ პირებისთვის, რომლებსაც 2 წელზე მეტი ხნით ტრენერობის გამოცდილება აქვთ. ამის შესახებ ინფორმაციას  შემდეგ სტატიაში მოგაწვდით.

ბაბუშერა: ერთი დღე. ორი ამბავი

0

საბედისწერო შემთხვევა შეიძლება წინასწარ გააზრებულმა ან გაუცნობიერებელმა საფრთხემ კი არა, ადამიანების კეთილმა, პატიოსანმა ქმედებებმაც გამოიწვიოს. 1993 წლის სექტემბერი – ომითა და გადატრიალებით, ერთდროულად რამდენიმე რეგიონში გაჩაღებული კონფლიქტებით დაუძლურებული ქვეყანა დანგრევის პირასაა. ამ დროს, სახელმწიფო მეთაურის კანცელარიაში ამერიკელი ჟურნალისტი გოგონა რეკავს და საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელს გელა ჩარკვიანს თხოვს („შემევედრა – ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით“), ვიცი, დროის სიმცირის გამო ეს შეუძლებელია, მაგრამ იქნებ მოახერხოთ, რომ დღესვე მივიღო ვიზა, ხვალ დილით თბილისში ვიქნები და მივუსწრებ სოხუმში მიმავალ თვითმფრინავსო. „ძალიან გთხოვთ. ეს ჩემი კარიერისთვის გადამწყვეტი მომენტია“. (1)

გაზეთ „7 დღის“ კორესპონდენტ შორენა ლებანიძეს კონფლიქტის ზონიდან დაბრუნების შემდეგ ჰგონია, რომ გული აღარასდროს გაუწევს აფხაზეთისკენ, მაგრამ ატყობს, ომი თანდათან პირად ტკივილად, პირად ცხოვრებად რომ ექცა, მისი ბაცილა სისხლში აქვს გამჯდარი და მოსვენებას აღარ აძლევს. და როცა კოლეგა და თანამშრომელი ლია ტოკლიკიშვილი ეტყვის, – დღესვე მივფრინავთ, შევარდნაძე აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობიდან მოგვიწოდებს, ვისაც გული გერჩით, ყველანი სოხუმის დასაცავადო, – დაუფიქრებლად გადაწყვეტს, ისევ მიბრუნდეს კონფლიქტის ზონაში. (2)

„ძალიან გთხოვთ. ეს ჩემი კარიერისთვის გადამწყვეტი მომენტია“ – გელა ჩარკვიანი საკითხის მოგვარებას თავის მოადგილეს შალვა ფიჩხაძეს ავალებს, რომელიც აიკლებს საგარეო საქმეთა სამინისტროს და სრულიად უიმედო მდგომარეობაში ბიუროკრატიულ სასწაულს ახდენს – ამერიკელი ჟურნალისტი გოგონა თბილისშიც ჩამოფრინდება და სოხუმშიც ასწრებს გაფრენას… სწორედ იმ ტუ-154-ით, რომელიც აფხაზებმა 1993 წლის 22 სექტემბერს ჩამოაგდეს. (1)

ქანცისგამცლელი გაწევ-გამოწევის შემდეგ, როცა ეგონათ, თვითმფრინავის სალონში ვართ უკვეო, ვიღაცამ უხეშად უბიძგა და ხელის ერთი მოქნევით ორივე ძირს ჩამოყარა. ვითარებაში გარკვევა რომ სცადეს, ტრაპის ასასვლელთან მდგომმა ჯარისკაცმა მკვახე პასუხი დაახვედრა: „ადგილი არ არის“. „7 დღის“ ჟურნალისტებმა დახმარების სათხოვნელად ნაცნობ გვარდიელებს დაუწყეს ძებნა, მაგრამ მათთვის არავის სცხელოდა. ისინი, ვისაც ყურადღების გამოხატვის უნარი ჯერ კიდევ შერჩენოდა, მოთმინებითა და დაბეჯითებით უხსნიდნენ საზენიტო არტილერიის ცეცხლში გახვეული ქალაქის თავზე ფრენის რისკსა და აბსოლუტურ უაზრობას. ზოგი არც ზედმეტი ახსნა-განმარტებებისთვის იწუხებდა თავს… რედაქციაში დაბრუნებულებმა, ორიოდე საათის შემდეგ, ფაქსით მიიღეს ცნობა ბაბუშერას აეროპორტში, დაშვებისას, ჯარისკაცებით სავსე „ტუ-154“-ის აფეთქების შესახებ. ცნობა ჯერ ლია ტოკლიკიშვილმა წაიკითხა, შემდეგ კი, გაფითრებულმა, შორენა ლებანიძეს გაუწოდა. (2)

ერთ მხარეს – თავისი დიდი სურვილისა და ბიუროკრატიული სასწაულის შედეგად თვითმფრინავში მოხვედრილი ამერიკელი ჟურნალისტი გოგონა, რომლის მძიმე და ფატალურ ამბავსაც ტკივილითა და სინანულით ასრულებს გელა ჩარკვიანი: „რომ არა ჩემი დიდი მონდომება და შალვას შეუდარებელი პასუხისმგებლობის გრძნობა, ის, დღეს უკვე შუახნის ამერიკელი მატრონა, ქმარ-შვილთან ერთად ბედნიერი ისეირნებდა LA-ს ან Frisco-ს ქუჩებში“.

და მეორე მხარეს – იმავე თვითმფრინავიდან უადგილობის გამო ჩამოყრილი, სასწაულებრივად გადარჩენილი ორი ქართველი ჟურნალისტი. მათგან ერთ-ერთს, შორენა ლებანიძეს, ავტობიოგრაფიული რომანის წერისას სწორედ ის ჯირკივით ჩადგმული, შავტუხა, ბრაზიანი და დაბღვერილი ჯარისკაცი ახსენდება, ტრაპი რომ კისრისტეხით დაატოვებინა; ნაცნობი გვარდიელებიც, ილუმინატორთან მსხდომები, ყელგამოწვდილებსა და ხვეწნა-მუდარად ქცეულებებს მზერას რომ არიდებდნენ…

ამ ერთი ტრაგიკული დღის ორი ეპიზოდი ადამიანის ბედსა და უბედობაზე კი არ არის მხოლოდ, არამედ პროფესიის სიყვარულზეც, თავის გაწირვას რომ შეგაძლებინებს და საჭირო დროს, საჭირო ადგილას ყოფნისათვის ყველას შეაწუხებ, არავის მოერიდები; ერთი ადამიანის მნიშვნელობაზეცაა და მისი სიცოცხლის აბსურდულობაზეც ომისა და გამოუვალი მდგომარეობის დროს; იმ უხილავ ძაფებზე, რომელიც დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებლებს – ცოცხლებსაც და მკვდრებსაც – აკავშირებს ერთმანეთთან.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. გელა ჩარკვიანი, „ნაგერალა“ (ჩანაწერები), 2015.
  2. შორენა ლებანიძე, „საშვი კონფლიქტის ზონაში“ (დოკუმენტური რომანი), 2014.

მოტივაცია და შთაგონება, გაკვეთილი – როგორც ჰიპნოტური სტიმულაცია

0

«Есть речи — значенье
Темно иль ничтожно,
Но им без волненья
Внимать невозможно.»

ალბათ, ყველას გვახსოვს ისეთი გაკვეთილი ან ლექცია, რომლის დასრულებამ გული დაგვწყვიტა და ჰიპნოზური სეანსივით მომნუსხველად იმოქმედა ჩვენზე. მათ შემოქმედთა დადებით გავლენას კი ცხოვრებაში ბევრჯერ უჩენია თავი. ალბათ, ამიტომაც წერდა უილიამ არტურ ვორდი: „სუსტი მასწავლებელი ჰყვება, კარგი ხსნის, საუკეთესო წარმოგვიდგენს, განსაკუთრებულები კი შთაგვაგონებენო“. მართლაც, განათლებაში შთაგონება პროდუქტიულობის  განმსაზღვრელი უმთავრესი ფაქტორია, ისევე, როგორც თანამედროვე სასწავლო პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა მოწაფეთა მოტივაცია, რომლის შექმნისთვის ფსიქოლოგები წამყვან ფაქტორად  სწორედ შთაგონებას განიხილავენ.

მოტივს ფსიქოლოგიაში ნებისმიერი მოქმედების საბუთსა თუ საფუძველს უწოდებენ. მოტივაცია კი ნებელობის აქტის წინაპირობად მიიჩნევა, რადგან ისეთნაირად ცვლის  ქცევას, რომ იგი სუბიექტისთვის მისაღები ხდება. დიმიტრი უზნაძის თანახმად, ასევე განუზომელი მნიშვნელობა აქვს განწყობას, რომელსაც ან მოთხოვნილების სიტუაცია იწვევს, ან წარმოსახვითი, აზრითი სიტუაცია, მაგრამ მოქმედების განწყობას შესაძლოა სხვა რაიმეც ქმნიდეს და ეს, პირველ რიგში, შთაგონებაა (უზნაზე, 1940:230). მაშასადამე, მოსწავლეთათვის მოტივაციის შესაქმნელად აუცილებელია მათი  შთაგონება,  ხოლო თუ რა არის იგი და როგორ შეიძლება მისი გამოწვევა, ამის შესახებ უფრო ვრცლად   – ქვემოთ.

შთაგონების თავდაპირველ, ვიწრო გაგებას მისი ძილში ნათქვამი ჰიპნოტური  ხასიათი განაპირობებდა, ამიტომ ერთი ადამიანის მეორეზე ზემოქმედებას შთაგონებას უწოდებდნენ და განასხვავებდნენ ჰიპნოტურს, პოსტჰიპნოტურსა თუ სიფხიზლეში მიღებულ შთაგონებას (Stern, 1897; უზნაძე,1940:230). უფრო ფართო გაგებით კი შთაგონება აზრებისა და ემოციათა მაღალი გრძნობების ან აქტივობისკენ მომართვაა[1], ასევე სტიმულირება შემოქმედებისათვის[2], იმპულსი გამოწვევისთვის (Hart, 1998) და იგი პოზიტიური ფსიქოლოგიის[3] ერთ-ერთ ქვაკუთხედად მოიაზრება. შთაგონება, ანუ ინსპირაცია იმ ფაქტორთა რიგში დგას, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას მნიშვნელობასა და ღირებულებას ანიჭებს, ხოლო მის მისაღებად და გადასაცემად, ამავდროულად, შესაბამისი  სივრცის შექმნისათვის, საჭიროა ვიცნობდეთ წინაპირობებს. ესენია: 1. ემოციური სიტუაცია; 2. სუბიექტის ინფორმირება უცხო, ახალი, საინტერესო ცნობებით, ანუ დაინტერესება და 3. პიროვნების ერთგვარი სუგესტიური ნიშა, რაც ნიშნავს, რომ ვიყოთ შთამგონებლური. უზნაძის თანახმად, სუგესტივობის გარეშე მჭრვრმეტყველებაც კი ვერ მოიტანდა  სათანადო ეფექტს და ვერც გარეგნობის ზოგიერთი ხელსაყრელი თვისება, რომელსაც სუგესტივი სუბიექტის ხელში სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნებოდა (უზნაზე, იქვე, 232). მაშასადამე, შთაგონება ისეთი მოვლენაა, როდესაც ადამიანი არა თავისი ნებელობის, არამედ სხვისი ზეგავლენის მიხედვით მოქმედებს და, ამავე დროს, ისეთი განცდა აქვს, თითქოს თავისი საკუთარი სურვილის თანახმად და არა რაიმე უცხო იმპულსით მოქმედებდეს.  შთაგონებული ქცევისას სუბიექტი ვერ გრძნობს, რომ მის ქცევას სხვისი ნებისყოფა წარმართავს. დეილ კარნეგის რჩევით, ერთადერთი გზა ვინმეს დასარწმუნებლად რაიმე გააკეთოს, ის არის, რომ უბიძგო, ამ საქმის გაკეთება მოუნდეს. იგი მკვეთრად ემიჯნება იძულების ხერხებს და მეთოდებს მათი არასასურველი შედეგების გამო. „ერთადერთი ხერხი, რომლითაც რაღაცის გასაკეთებლად შემიძლია დაგარწმუნოთ – ესაა იმის შემოთავაზება, რაც თქვენ გსურთ“, – აცხადებს იგი.

რადგან „თითოეული ჩვენგანის მოქმედების მიზეზი დიდ ადამიანად ყოფნისა და საკუთარი მნიშვნელოვნობის შეგრძნების სურვილია“ (ფროიდი), ამიტომაც მნიშვნელოვნია გულწრფელი ინტერესის გამოჩენა მოწაფეთა მიმართ, ყურადღებით მოსმენა, მათთვის თავიანთ თავზე საუბრის საშუალების მიცემა, ინტერესების გათვალისწინება, კამათში დათმობა, აზრის პატივისცემა, გულწრფელი დაფასება და შექება, ღიმილი, სახელით ხშირად მიმართვა. სხვანაირად, შთაგონების თეორიული ახსნის ტრადიცია, პრაქტიკულად, არ არსებობს. ის კი ცნობილია, რომ შთაგონების საშუალებით ადამიანს შეიძლება გავუჩინოთ დადებითი ან უარყოფითი ილუზიები, ჰალუცინაციები; რომ ჰიპნოზის დროს ფსიქიკაში ხდება შთაგონების შენახვა სიფხიზლის დათქმულ მომენტამდე. ინსპირირებულ ქცევასაც ფსიქიკა ასრულებს ისე, რომ ამ დროს ქცევის რეალური მოტივი გაუცნობიერებელი რჩება. სხვათა შორის, ცნობილია ჰიპნოტური შთაგონებით ადამიანის პულსის, გულისცემის, სუნთქვის, ჯირკვლების სეკრეციის თუ სხვა სომატური პროცესების რეგულაციის ფაქტები, რომლებიც მიუთითებს, რომ სომატური პროცესები არაცნობიერი ფსიქიკის მიერ იმართება.

ფსიქოლოგიაში არსებობს თვითშთაგონებაც (ავტოსუგესტია), რომლის საფუძველია რისამე ძლიერი სურვილი ან შიში (უზნაძე, იქვე, 232) და რომლის დროსაც  ადამიანი შთააგონებს საკუთარ თავს აზრს, ემოციას, განწყობას, რომლებიც მის ფსიქო-სომატურ პროცესებს და ქცევას წარმართავს. ნებისმიერი თვითშთაგონება გულისხმობს ყურადღების კონცენტრაციას და ემოციისგან გათავისუფლებას ( Coué, 1922:19). ფრანგმა ფარმაცევტმა და მეცნიერმა ქუემ დაკვირვებების საფუძველზე შექმნა ფსიქოთერაპიული დახმარების სისტემა, რომელსაც უწოდა “ცნობიერი თვითშთაგონების გზით საკუთარი თავის ფლობის სკოლა”. ქუეს მიაჩნდა, რომ შთაგონებისას სწორი ფორმულაა „მე კარგად ვარ“ და არა – „მე უნდა ვიყო კარგად“ ან მე ჯანმრთელი ვარ და არა – „მე არ ვარ ავად”; რომ არ უნდა მიექცეს ყურადღება, ფორმულა რამდენად შეესაბამება ობიექტურ რეალობას. ფსიქიკა ამ ფორმულებს ასრულებს.   რაც უფრო უბრალო, ხატოვანი იქნება ფორმულა, მით უფრო მაღალი იქნება მისი სამკურნალო ეფექტი. ამ მნიშვნელობით ამბობდა ქუე, რომ ფორმულები უნდა იყოს „ბავშვური”. იგი ასევე აღნიშნავდა, რომ თვითშთაგონებას არ უნდა ახლდეს ნებისყოფის ძალისხმევა და ამ ძალისხმევის განცდა. არსებობს თვითშთაგონების ჯეკობსონისეული მეთოდიც, რომლის თანახმად, თუ მიზანმიმართული თვითშთაგონებით ადამიანი მოადუნებს კუნთების გარკვეულ ჯგუფს, შესაძლებელია შერჩევით მოხდეს უარყოფითი ემოციების რეგულაცია. ჯეკობსონი თვლიდა, რომ ტვინის ყოველი ნაწილი ფუნქციონირებს პერიფერიულ ნეირომუსკულატურ აპარატთან კავშირში. იქმნება ცერებრონეირომუსკულარული წრე. მიზანმიმართული რელაქსაცია მოქმედებს როგორც პერიფერიაზე, ისე ცენტრზე. რელაქსაციის ქვეშ ჩიკაგოელი მეცნიერი გულისხმობდა არამარტო კუნთურ მოშვებას, არამედ ყველაფერს, რაც დაძაბულობას უპირისპირდება. ამ მეთოდისას ერთ-ერთ  ვარჯიშად ბიცეფსების შეკუმშვასა და მოდუნებას მიიჩნევდა.

სასწავლო პროცესში ქუეს პოზიტიური განმამტკიცებლების ხშირი ჩართვა და შთაგონება, რომ ვინმე, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, „კარგი მოსწავლეა“, „ყურადღებიანია“, „მონდომებულია“, „გაბედული“ თუ „აქტიურია“, „თანამგრძნობი“ და „დამხმარეა“, უკვალოდ არ ჩაივლის. ჯეკოფსონისეული ვარჯიშები კი შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ენერჯაიზერები პროვოცირების ან  უნივერსალური მოთელვის დროს. ამგვარი მოთელვებისას ბავშვები ახალი სტიმულებით ივსებიან და მეტი ინტერესით აგრძელებენ გაკვეთილში ჩართვას. გაკვეთილის ბოლოს კი უკუკავშირისა და შეფასების შემდეგ, როგორც სეანსზე, მოსწავლეები უნდა შთავაგონოთ, რომ ახალი ენერგია შეგვემატა, მაგალითად, თვლაზე „ხუთი”. შემდეგ ვითვლით და ყოველ თვლაზე ნასწავლი მასალიდან მათ სხვადასხვა ნიშანს შთავაგონებთ. სწორედ ასე გავზრდით მოწაფეთა შინაგან მოტივაციას, რომელიც განისაზღვრება, როგორც „ფიზიკური და ფსიქიკური აქტივობების დაწყების, მიმართულების მიცემის და მართვის პროცესი, რომელიც მოიცავს მექანიზმებს, ჩართულის ერთი აქტივობისათვის მეორესთან შედარებით უპირატესობის მინიჭებაში და ენერგიასა და მდგრადობას სძენს რეაქციებს“ (გერიგი, ზიმბარდო, კემბელი, 2011). გარდა ამისა, საჭიროა: 1. თბილი დამოკიდებულება და მოწაფეთათვის რელევანტური საკითხის შერჩევა; 2. ინკლუზია – ყველა მოწაფის  დაფასება და ჩართულობა; 3. გააზრება – დისკუსია, ღირებულებითი უკუკავშირი; 4. კომპეტენცია – სასწავლო მიზნების ხელმისაწვდომობა; 5.ლიდერობა – მაღალი მოლოდინები გაკვეთილის აგებით, შეფასებითა და მხარდაჭერით; 6. კმაყოფილება – სწავლით სარგებლობა და გამოყენება.

mo

 დაბოლოს, ერთხელ ჩემი კოლეგის, ია ფოჩხუას წიგნზე უცხოელის მინაწერი ვნახე, რითაც შთაგონებისთვის მადლობას უხდიდა, გამიხარდა და მეც ავივსე. ძალიან კარგია იმის ცოდნა, რომ უამრავი ამგვარი წარწერა არსებობს  და რომ კარგი პედაგოგი სწავლის მუზაა, ბევრის ცხოვრების შემოქმედი და გამართლება, გაკვეთილზე კი  – ერთი უბრალო ჰიპნოტური სტიმულაცია.

ღიმილი კი არ დაგვავიწყდეს!

გამოყენებული ლიტერატურა და სასარგებლო ელ-რესურსები:

  1. Algoe, S. B., & Haidt, J. 2009. Witnessing excellence in action: The ‘otherpraising’ emotions of elevation, gratitude, and admiration. The Journal of Positive Psychology, 4(2), 105-127.
  2. Coué, E: “Self Mastery Through Conscious Autosuggestion”, page 19, 1922.
  3. Gerrig, R.J.,Zimbardo, P.G., AJ Campbell, SR Cumming Psychology and life, 2011.
  4. Hart, T. 1998. Inspiration: exploring the experience and its meaning. Journal of Humanistic Psychology, 28 (3): 7-35.
  5. უზნაძე დიმიტრი, ზოგადი ფსიქოლოგია (III-IV), „საქართველოს მაცნე“,თბილისი, 1940, 1990.
  6. American Heritage® Dictionary of the English Language, Fifth Edition. Copyright © 2011 by Houghton Mifflin Harcourt Publishing Company. Published by Houghton Mifflin Harcourt Publishing Company.
  7. Collins English Dictionary – Complete and Unabridged, 12th Edition 2014© HarperCollins Publishers 1991, 1994, 1998, 2000, 2003, 2006, 2007, 2009, 2011, 2014.

8.         https://tsu.ge/data/file_db/faculty_psychology/fsiq_da_%20cx%20Zimbardo.pdf

9.     https://teaching.berkeley.edu/motivating-students

10.   https://metothepowerofwe.com/featured-quote/the-little-ants-that-could/

[1] American Heritage® Dictionary of the English Language, Fifth Edition. Copyright © 2011 by Houghton Mifflin Harcourt Publishing Company. Published by Houghton Mifflin Harcourt Publishing Company. All rights reserved.

[2] Collins English Dictionary – Complete and Unabridged, 12th Edition 2014 © HarperCollins Publishers 1991, 1994, 1998, 2000, 2003, 2006, 2007, 2009, 2011, 2014

[3] Algoe, S. B., & Haidt, J. 2009. Witnessing excellence in action: The ‘otherpraising’ emotions of elevation, gratitude, and admiration. The Journal of Positive Psychology, 4(2), 105-127.

        დანაშაულის გეოგრაფია

0

არის თუ აარ დედამიწაზე ქვეყნები, სადაც დანაშაული არ ხდება?  მთლიანობაში მსოფლიოში ასეთი სახელმწიფო არ არსებობს და ყველაზე მშვიდ და წყნარ ადგილზეც  კი შესაძლებელია რაიმე დანაშაულის დაფიქსირება; მაგრამ არსებობს ქვეყნები, სადაც დანაშაული  არა მარტო ხდება, არამედ ცხოვრების ნორმაა.  დანაშაული აქ ყველა სფეროში  ხდება – პოლიტიკაში, ეკონომიკის დარგებში და  თვით რელიგიურ  საქმიანობაშიც კი.

დიდი შეცდომა იქნებოდა ჩაგვეთვალა, რომ დანაშაულის ხარისხი  ცალსახდ ამა თუ იმ ქვეყნის განვითარების  და მათი  მოქალაქეების ცხოვრების დონეზეა დამოკიდებული.  მაგ; შეგვიძლია მოვიყვანოთ აშშ-სა და ბუტანის მაგალითი. პირველი საკმაოდ მდიდარი ქვეყანაა ცხოვრების მაღალი დონით, ევროპულთან შერწყმული  ტიპის კულტურითა და მდგრადი რელიგიური მორალით. თუმცა აქ  დანაშაულის დონეც  საკმაოდ მაღალია. მეორე სახელმწიფო – ბუტანი – ერთ-ერთი ღარიბი ქვეყანაა მსოფლიოში, მაგრამ დანაშაულის  დონე  აქ  მინიმალურია.

დანაშაულის გეოგრაფია  დანაშაულებრივი  ქმედებების (დონის, სტრუქტურის, დინამიკის  მიხედვით) სივრცით-დროითი განაწილებაა დაკავშირებული მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის, ქვეყნის ან ერთი ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების სპეციფიკასთან, შესასწავლი ტერიტორიების მოსახლეობის რაოდენობასთან, სტრუქტურასა და განსახლებასთან, ადამიანების ცხოვრების ორგანიზაციის   ფორმებთან, მათი  შრომის, ყოფა-ცხოვრების, დასვენების, კულტურის, ეროვნული ტარდიციების  პირობების მრავალფეროვნებასთან და სხვა თავისებურებებთან.

ტერმინი ”დანაშაულის გეოგრაფია” უცხოელი  კრიმინალოგების მიერ არის დამკვიდრებული.  გერმანელი კრიმინოლოგის გ. ი. შნაიდერის აზრით დანაშაულის გეოგრაფიის შესწავლის ელემენტებია:

  1. ქვეყნის ( რეგიონის, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის)  ეკონომიკური განვითარების დონის ზეგავლენა  დანაშაულსა და მის  მაჩვენებელზე. აქ  მოიაზრება სამრეწველო პოტენციალი, საწარმოო ძალების  განვითარების დონე, ძირითადი  საწარმოო ბაზა;
  2. ქვეყნის (რეგიონის) მოსახლეობის სოციალურ-კულტურული თავისებურებების გავლენა დანაშაულეზე. აქ მოიზარება  ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა მოსახლეობის დასაქმებულობა, შემოსავლების დონე, რეალური და ლატენტური უმუშევროვობა, მოსახლეობის მატერიალურ  მდგომარეობას შორის  განსხვავება (ე.წ. ”ქონებრივი განშრევება”) სოციალური შედგენილობა, დემოგრაფიული სიტუაცია, ტრადიციული  და  შეძენილი ეთნიკური თავისებურებები, ტრადიციები, წეს-ჩვეულებები, ზოგადი ინტელექტუალური დონე.
  3. მოსახლეობის ბუნებრივი და კონსტიტუციური უფლებების  რეალიზაციის შესაძლებლობების უზრუნველყოფის გავლენა დანაშაულზე. აქ შედის  საგანმანათლებლო, კულტურული, საყოფაცხოვრებო, ჯანდაცვის და სამეცნიერო  დაწესებულებების არსებობა და რაოდენობა.
  4. პოლიტიკურ-გეოგრაფიული ფაქტორების გავლენა  დანაშაულზე.  იგი აერთიანებს  ქვეყნის (რეგიონის) ტერიტორიის  ფართობს, მისი ადმინისტრაციული დაყოფის თავისებურებებს.
  5. ბუნებრივ-გეოგრაფიული ფაქტორების გავლენა დანაშაულზე. მას მიეკუთ[ნება ქვეყნის (რეგიონის) მინერალურ-სანედლეულო პოტენციალი, კლიმატური, ლანდშაფტური, ფლორისა და ფაუნის თავისებურებები.

დანაშაულის გეოგრაფია ასევე შეისწავლის პოლიციისა და სხვა სამართლდამცავი ორგანოების  საქმიანობის შედეგიანობის ტერიტორიულ განაწილებას,  მოსახლეობის შიშს დანაშაულის მიმართ, მოსახლეობის დამოკიდებულებას იუსტიციის ორგანოებთან მიმართებაში, დანაშაულის შსაძლო მსხვერპლის ტერიტორიულ რისკებს. იკვლევს დანაშაულის დონისა და სტრუქტურის  კავშირს ამა თუ იმ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სტრუქტურას,  სიმჭიდროვესა და მიგრაციასთან.

დანაშაულის დონე, სტურქტურა და დინამიკა არაერთგვაროვანია. ეს დამოკიდებულია  ადგილის დემოგრაფიულ, ეკონომიკურ, სოციალურ-კულტურულ, ორგანიზაციულ, ეროვნულ, ეკოლოგიურ, სამართლებრივ, სარეგისტრაციო და სხვა თავისებურებებზე, რომლებიც კონკრეტულ შემთხვევაში   ტერიტორიულად ანუ გეოგრაფიულად ერთიანდება. ამიტომაც დანაშაულის გეოგრაფიის შესწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის მიზეზებისა და მათი ცვლილების ანალიზის დროს, ასევე ცალკეულ ტერიტორიასა და რეგიონში  დანაშაულთან ბრძოლის ეფექტრური და ოპტიმალური გზების  ძიებისას.

პირველი ცნობები დანაშაულის ტერიტორიული განაწილების შესახებ საფრანგეთში XIX ს-ის  პირველ ნახევარში  გაჩნდა (ა. კეტლეს მიერ  შედგენილი იქნა რუკა ტერიტორიების მიხედვით ჩადენილი დანაშაულის რაოდენობის შესახებ). ამ დროიდან მოყოლებული  ბევრ ქვეყენაში შეისწავლება დანაშაულის ტერიტორიული განაწილება, რაც თავის მხრივ გაეროსა და ინტერპოლის  კვლევებსა და მოხსენებებში  აისახება. დანაშაულის ტერიტორიული განაწილების შესახებ ცნობები მათი რომელიმე ადგილას ჩადენის აღრიცხვის საფუძველზე   ფორმდება. შემდეგ კი რაიონების, ქალაქების, რეგიონების, მხარეების, ქვეყნის ყოველთვიურ ოპერატიული მასალებში ოფიციალურად აისახება. ყველაზე თვალსაჩინოდ  დანაშაულის გეოგრაფია კარტოსქემებზე გამოსახება.

დანაშაულის გეოგრაფია   მჭიდროდაა დაკავშირებული  საზოგადოებრივ გეოგრაფიასთან, რომელიც სოვრცით-დროით, სოციალურ, ეკონომიკურ, დემოგრაფიულ და სხვა მოვლენებსა და პროცესებს შეისწავლის. იგი ასავე დაკავშირებულია  კრიმინალოგიასთან, რომელიც დანაშაულს, მისი ჩადენის მიზეზებს და მასთან ბრძოლის შედეგებს შეისწავლის.

 მსოფლიოში დანაშაულის ყველაზე მაღალი დონით გამოირჩევა  ჰონდურასი, იამაიკა, სალვადორი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და  კოლუმბია. ხოლო ყველაზე დაბალი დონით -ანდორა, ლიხტენშტეინი, ლუქსემბურგი, იაპონია და ისლანდია. საქართველო 207 ქვეყანას შორის მე-100 ადგილზეა.

დანა1

მსოფლიოს ქვეყნები დანაშაულის რეიტინგის მიხედვით  (დანაშაულოს რაოდენობა ყოველ 100 ათას კაცზე)

 

რაც შეეხება მსოფლიოს ქალაქებში  დანაშაულის  დონეს, აქ  ყველაზე მაღალი მაჩვენებლით  შემდეგი  3 ქალაქი გამოირჩევა:  კარაკასი (ვენესუელა) – მოსახლეობა  ? კაცი, დანაშაულის რიცხვი 130 -160-ია  ყოველ 100 ათას მცხოვრებზე; კეიპთაუნი (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) – მოსახლეობა  ? კაცი, დანაშაულის რიცხვი  62 ყოველ 100 ათას მცხოვრებზე;  ახალი ორელეანი (აშშ) – მოსახლეობა  ? კაცი, დანაშაულის რიცხვი 67-დან 95-მდე  ყოველ 100 ათას მცხოვრებზე;

მართალია, დანაშაულის გეოგრაფია კვლევითი და პრაქტიკული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი დარგია, მაგრამ  მას  ჯერ-ჯერობით საქართველოში არც ისე დიდი ყურადღება ეთმობა.   საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრის  მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ  მოხსენებებს  საკუთარი საქმიანობის შესახებ  თან საინტერესო სტატისტიკური მონაცემები ახლავს. მათი გადამუშავების შედეგები რუკებზე აისახება.  პირველ რუკაზე გამოსახულია დანაშაულის რაოდენობა ათას მოსახლეზე. დანასაულის განსაკუთრებით დიდი მაჩვენებლებით ამ მხრივ დედაქალაქი  და დიდი ქალაქები ხასიათდებიან.  კრიმინალის მაღალი ხვედრითი წილია გურიაში და ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. დანაშულის მინიმალური წილი კი მთიან აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, საჩხერისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში ფიქსირდება.

დანა2
რაც შეეხება დანაშაულის გახსნის მაჩვენებლებს, ამ მხრივ სამცხე-ჯავახეთის მხარე გამოირჩევა, რომლის ექვსიდან ოთხ მუნიციპალიტეტში  კრიმინალის 80%-ზე მეტი გაიხსნა, ხოლო ორში- 70-დან  80%-მდე.  შედარებით დაბალი მაჩვენებლები ფიქსირდება სამეგრელო-ზემო სვანეთსა და თბილისის ტერიტორიაზე, სადაც ეს მაჩვენებელი ხშირ შემთხვევაში 50%-ზე ნაკლებია.

დანა3

გამოყენებული საიტები:

https://fmagellan.wordpress.com

https://www.geog.cam.ac.uk/research/projects/crimedisorder/

ეპითეტის სწავლება

0

ფილოლოგმა  ვიცით, მხატვრული ტექსტის ანალიზისას რა  დიდი მნიშვნელობა აქვს ეპითეტის სწორად გააზრებას.

ტროპული მეტყველების სწავლებისას აუცილებელია იმ ტექნოლოგიების, მეთოდების, ხერხების შერჩევა, რომლებიც კითხვის კულტურის ჩამოყალიბებასთან ერთად მოსწავლეებს გააცნობს პოეტური ოსტატობის საიდუმლოებებს.  მასწავლებელმა კითხვასთან ერთად მხატვრული ტექსტის გაგება, შეგრძნება, ხაზებს შორის  ავტორის განცდების დანახვა, მისი სათქმელის ამოცნობაც უნდა ასწავლოს ბავშვებს.

ამ სტატიაში  შემოგთავაზებთ რამდენიმე შემეცნებით დავალებას, რომლებიც, ჩემი აზრით, გაგიადვილებთ ტროპული მეტყველების სწავლების პროცესს.

ამ თემაზე ნებისმიერი გაკვეთილის დასაწყისში შესთავაზეთ მოსწავლეებს, გაიარონ  ლაბირინთი და ამოიკითხონ მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალების სახელი, რომელზეც გაკვეთილზე გექნებათ საუბარი (ჩვენს შემთხვევაში ეს იქნება ეპითეტი).

ეპი1

ასეთი სათამაშო ტექნოლოგია დაგეხმარებათ მოსწავლეთა დაინტერესებაში, აუმაღლებთ მათ მოტივაციას და განაწყობთ ახალი მასალის ასათვისებლად. რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება ასეთი მეთოდი, მით უფრო საინტერესო აღმოჩნდება ის მოსწავლეებისათვის. თამაში  მოსწავლეებს  საშუალებას  აძლევს, გაიგონ და შეისწავლონ სასწავლო მასალა სხვადასხვა პოზიციიდან.

მნიშვნელოვანია  მოსწავლეებს ავუხსნათ, რომ მწერალს შეუძლია მკაფიოდ და ხატოვნად აღწეროს ყველაფერი: ნებისმიერი სურათი, ბუნების მოვლენა, ნივთი, ადამიანი, გამოგონილი ამბავი, რომ მწერლის ხელში ყველაზე უბრალო სიტყვებიც კი  საგნის აღსაწერ ჯადოსნურ საშუალებად შეიძლება იქცეს. ამის ახსნაში დაგეხმარებათ შემდეგი სახის დავალება:   მოსწავლეებს შესადარებლად შესთავაზოთ  სიტყვა “რკინა”, სიტყვათშეთანხმება “რკინის საწოლი” და ფრაზეოლოგიზმი “რკინის ხასიათი”. მოსწავლეები მივლენ დასკვნამდე, რომ პირველ შემთხვევაში სიტყვა აღნიშნავს მხოლოდ იმას, რომ საწოლი დამზადებულია რკინისგან. მეორე მაგალითში კი სიტყვას  აქვს სხვა მნიშვნელობა: ურყევი, უდრეკი.

შევეცდები, გაკვეთილის ფრაგმენტზე უფრო კონკრეტულად გაჩვენოთ, რა ხერხების გამოყენება შეიძლება ეპითეტის ახსნისას. ახალი ტერმინის ათვისებას აადვილებს  სასწავლო დიალოგი. დიალოგისთვის გამოიყენეთ შემდეგი დავალება: აჩვენეთ მოსწავლეებს სურათი „სამი და“ – განსაზღვრება, მუდმივი ეპითეტი, ეპითეტი.

ეპი2

და დაუსვით შემდეგი კითხვები:

რა აკავშირებთ ამ დებს?

– სამივე ზედსართავი სახელია და დაესმის კითხვა «როგორი?».  მართალია, იშვიათად სხვა მეტყველების ნაწილიც შეიძლება იყოს, მაგრამ კითხვა იგივე რჩება.

          დებს შორის რომელია ყველაზე მოკრძალებული?
რა თქმა უნდა, განსაზღვრება, რომელიც უბრალოდ გადმოსცემს საგნის რაიმე დამახასიათებელ თვისებას (მაგალითად, მასალას, რომლისგანაც დამზადებულია საგანი, წელიწადის დროს, ასაკს და ასე შემდეგ).

და რატომაა უფრო მკაფიო და გამომსახველი ეპითეტი?  

ის ასახავს მწერლის ხედვას, მის შეფასებას, გრძნობას, ქმნის ჩვენს წარმოსახვაში ხილულ სურათს.

– ჩავიწეროთ რვეულებში ეპითეტის განმარტება:
(ეპითეტი – მხატვრული განსაზღვრება, რომელიც ქმნის საგნის ნათელ, მკაფიო, ექსპრესიულ დახასიათებას).

– რა არის  მუდმივი ეპითეტი?

– ეს ისაა, რაც ნაწარმოებიდან ნაწარმოებში უცვლელად გადადის, უმეტესად ხალხურია და თაობიდან თაობას გადაეცემა სიმღერების, ზღაპრების, ზეპირმეტყველების საშუალებით. ზოგჯერ მუდმივ ეპითეტებს საკუთარი პერსონაჟებისთვის  პოეტები და მწერლებიც ქმნიან.

იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეებს უჭირთ ტექსტში ეპითეტების მონახვა, შეიძლება მათ დამატებით გამოვაყენებინოთ ტრიზტექნოლოგია (საგამომგონებლო პრობლემების გადაჭრის თეორია), რომელიც ითვალისწინებს ამოცანის ნაბიჯ-ნაბიჯ გადაჭრას. იმისთვის, რომ მოსწავლეებს ასწავლოთ ეპითეტების ამოცნობა მხატვრულ ნაწარმოებში, მოსწავლეებს  თავად „შეადგენინეთ“ ეპითეტების შემცველი სიტყვათშეთანხმებები.

თუ ეპითეტს განვიხილავთ, როგორც მხატვრულ განსაზღვრებას, მაშინ აუცილებელია, საჩვენებლად ავიღოთ რომელიმე  ობიექტი და დავახასიათოთ ის რაიმე ნიშნის მიხედვით.

I ეტაპი. მაგალითად: (როგორი?) წვიმა. აღწერეთ წვიმა მახასიათებლის ან მოქმედების მიხედვით. მივიღებთ პასუხებს: მშვიდი, სასიამოვნო, გაზაფხულის ძლიერი, შხაპუნა და სხვა. მეორე აზრობრივი მოქმედება ამავე ეტაპზე: დაუკავშირე არსებითი სახელი იმ მახასიათებელ სიტყვას, რომელიც მას განსაზღვრავს. ეს არის პირველი ხერხი ეპითეტების შემცველი სიტყვათშეთანხმებების შედგენისა.

– რა მივიღეთ?

– მშვიდი წვიმა, სასიამოვნო წვიმა, შხაპუნა წვიმა და სხვა

II ეტაპი. მიაქციეთ ყურადღება ნაცნობ ფრაზას «გრძელი ღამე». შეცვალეთ არსებითის განმსაზღვრელი მახასიათებელი სიტყვა ისეთი სიტყვით,  რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ გათენების მომლოდინე უძილო ადამიანის განცდები.

 – რას მივიღებთ?

– უძილო ღამე, დაუმთავრებელი ღამე, დამღლელი ღამე და სხვა.

ეპითეტების შემცველი სიტყვათშეთანხმებების შედგენის ეტაპი ასწავლის მოსწავლეებს ამ მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალების ამოცნობას ნებისმიერ მხატვრულ ნაწარმოებში.

გაკვეთილი შესაძლებელია, სხვა სცენარითაც წარმართოთ.

გთავაზობთ გაკვეთილის მეორე ფრაგმენტს, სადაც მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ თამაშის დახმარებით ისწავლონ ეპითეტების შემცველი გამონათქვამების შედგენა და მათი მეტყველებაში გამოყენება. თამაშის სახელია: „მესამე ზედმეტი“.

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებში შემოქმედებითი და საკუთარი შესაძლებლობების რწმენის უნარის გამომუშავება.

დაფაზე წერია სამი სიტყვა: ოქროსფერი, საუცხოო, არომატული.

დავალება. საჭიროა «მესამე ზედმეტის» გამორიცხვა, მხოლოდ იმ წყვილის დატოვება, რომლებთანაც შესაძლებელია ერთი არსებითი სახელის დამატება ისე, რომ ზედსართავი სახელი გახდეს ეპითეტი (რაც შეიძლება მეტი ვარიანტი უნდა დასახელდეს).

დავალების ვარიანტი დაფასა და რვეულებში

ოქროსფერი, არომატული არომატული,

საუცხოო

ოქროსფერი,

საუცხოო

ფორთოხალი პური შუქი, სხივი, ნათელი
მანდარინი ტორტი თმა
ქერქი სასმელი ქვიშა

ცოდნის გამყარების ეტაპზე უმჯობესია, მოსწავლეებს მისცეთ თამაშის ტიპის დავალებები, რადგანაც თამაში არა მხოლოდ შემოქმედებითობის შესამოწმებელი ხერხია, არამედ ის არის მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებელი და გასავითარებელი სასწავლო მეთოდიც.

ათვისებული ახალი მასალის გასამყარებლად მოსწავლეებს მიეცით ასეთი დავალება: დაუკავშირეთ ერთმანეთს სიტყვათშეთანხმებები და გაარკვიეთ, რომელია ეპითეტი

არყის ხე მშვენიერი ხე
შემოდგომის წვიმა მწუხარე წვიმა
ბროლის ვაზა ბროლის თოვლი

მოსწავლეები სწრაფად გაარკვევენ, სადაა ლოგიკური განსაზღვრება და სად – მხატვრული.

ბავშვები ინტერესით ასრულებენ შემდეგ დავალებასაც:  ისრებით უნდა დააკავშირონ არსებითი სახელი იმ ზედსართავთან, რომელთან  დაწყვილების შემდეგ, ზედსართავი იქცევა ეპითეტად (წითელი ფერი), შემდეგ უნდა დააწყვილონ იმ ზედსართავთან, რომელიც მხოლოდ განსაზღვრება იქნება არსებითი სახელის (ლურჯი ფერი).

 ერი3

საშუალო საფეხურზე, როდესაც მოსწავლეებისათვის ახსნილია ენის ყველა  მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალება, უფრო საინტერესოდ მიმდინარეობს გაკვეთილები და უკვე შეიძლება კლასტერის მეთოდის გამოყენება. მისი გამოყენების წესები უმარტივესია. ვხატავთ მზის სისტემას: ვარსკვლავს, პლანეტებს და მათ თანამგზავრებს. ცენტრში ვარსკვლავი – ჩვენი გაკვეთილის თემაა, გარშემო პლანეტებია – მთავარი აზრობრივი ერთეულები (ჩვენს შემთხვევაში ეს მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებებია, იმდენი, რამდენიც გასაანალიზებელ ტექსტშია), ისრებით ვაერთებთ  ვარსკვლავთან, ყველა პლანეტას თავისი თანამგზავრი ჰყავს (ეპითეტების ნიმუშები).

კლასტერის გამოყენება მაშინაა უკეთესი, როდესაც მოსწავლეებს აზრებისა და იდეების მარაგი უთავდებათ. კლასტერის სისტემით მუშაობისას უფრო მეტი ინფორმაციის ათვისება-გაანალიზებაა შესაძლებელი, ვიდრე ჩვეულებრივი მეცადინეობისას.

ეპი4

მსგავსი მეთოდის გამოყენებას დიდი ეფექტი აქვს რეფლექსიის სტადიაზე.

ზემოთ აღწერილი ტექნოლოგიები, მეთოდები, ხერხები, გამოყენებული ეპითეტის შესასწავლად, მოსწავლეებს განუვითარებს მახსოვრობის, მხატვრული ტექსტის ანალიზის უნარს. მსგავსი სამუშაოების სისტემური გამოყენების შედეგად მოსწავლეების შედეგები უმჯობესდება: ტექსტში ნახულობენ ეპითეტებს, აანალიზებენ მათ დანიშნულებასა და როლს, მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებაზე დაკვირვებით ადგენენ ავტორისეულ დამოკიდებულებას, იწყებენ ეპითეტების გამოყენებას საუბარში, სწორად იყენებენ მათ წერისას და სხვა.

აქვე შემოგთავაზებთ სხვა მაგალითებს  ჩემი პედაგოგიური პრაქტიკიდან, რომლებიც, შეიძლება, თქვენც გამოგადგეთ:

მოსწავლეები დიდი სიამოვნებით აწყობენ მუდმივ ეპითეტებს: ყვავილი (სურნელოვანი), მზე (წითელი), ზღვა (ლურჯი), დღე (ნათელი), ღამე (ბნელი), ტყე (დაბურული), ხელები (თეთრი), მგელი (რუხი).

ასევე ხალისით აკეთებენ დავალებებს: «გამოიცანი», «მომძებნე».

  1. «გამოიცანი»

წაუკითხეთ ნაწყვეტები ნაწარმოებებიდან და დაავალეთ, ამოიცნონ, რაზეა საუბარი.

  1. «მომძებნე».

– მოძებნე ეპითეტები (წინასწარ მითითებულ მონაკვეთში), რომლებიც ეხმარება ავტორს საგნის დახასიათებაში.

  1. «დაახასიათე».

– ეპითეტების დახმარებით დაახასიათე ეს პერსონაჟები

             ეპი5

            ფუფალა

              ეპი6

ელიოზი

ეპი7

მარიტა

  1. «ავტორისეული დახასიათება».

ეძებენ ტექსტში შესაბამის ადგილებს და ადარებენ საკუთარსა და ავტორისეულ დახასიათებებს

  1. მინიატურული თემის დაწერა.

– ეპითეტების დახმარებით დაწერეთ მინიატურული თემები.

ლიტთეორიის ტერმინების შესწავლისას გაკვეთილზე უნდა იყოს თავისუფლების, იმპროვიზაციის, იტერპრეტირების ატმოსფერო. ტექსტის აღქმა სუბიექტურია და ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, უპირველეს ყოვლისა, დიალოგის მონაწილე ყველა მხარის გახსნილობასა და გულწრფელობაზე.

იმედია, მოგეწონებათ და გამოიყენებთ ჩემს მოკრძალებულ გამოცდილებას. გისურვებთ წარმატებებს!

გზა ას უტევანზე ნაბიჯით იწყება

0

ქართველი და აზერბაჯანელი ხალხის მეგობრობას დიდი ხნის ისტორია აქვს და ამ მეგობრობის ერთგულების  არა ერთი მაგალითი ვიცით.  ჩვენი სურვილიც  ეს იყო, კიდევ უფრო გავამყაროთ ის მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს.  სწორედ ეს იყო მიზანი ჩვენი, ლეჟბადინის აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის, სტუმრობისა ბაზალეთის ქართულ საჯარო სკოლაში, სადაც მე ოთხი წლის განმავლობაში ვმუშაობდი. ვიცოდი, რომ ბავშვები, მასწავლებლები და სოფლის მოსახლეობა ჩემს წინადადებას ყურადღებითა და ინტერესით მოეკიდებოდა.  ასეც მოხდა…

იოლი არ იყო ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა, მაგრამ ყველა სირთულეს დაძლევ, როცა გვერდით გიდგანან კეთილშობილი ადამიანები…

გადავწყვიტეთ,  გაგვეკეთებინა ერთობლივი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ,  როგორც ბაზალეთის, ასევე ლეჟბადინის სკოლის მოსწავლეები. მართლაც, საინტერესოდ დაიგეგმა ყველაფერი… და აი,  7 დეკემბერიც დადგა.

ბაზალეთის ტბის სიახლოვეს ვგრძნობდით სუსხს… ირგვლივ დათოვლილი მთები მოჩანდა…   ტბის სილამაზემ მოხიბლა ლეჟბადინელი ბავშვები… და ეს ყველაფერი ბაზალეთელების თბილმა დახვედრამ დააგვირგვინა.

დაიწყო ღონისძიებაც… ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ბაზალეთელი და ლეჟბადინელი ბავშვები; ზოგი ლექსს კითხულობდა, ზოგი ლამაზ სიტყვებს არ იშურებდა. ერთმანეთის მიმართ პატივისცემის გამოხატვა სხვა ფორმითაც სცადეს:

  • ბაზალეთელმა ბავშვებმა აზერბაიჯანულ ენაზე წაიკითხეს ბატონ აზიზ აიდამიროვის ლექსი ,,ქართველებისა და აზერბაიჯანელების უძველესი მეგობრობა“,
  • ხოლო ლეჟბადინელმა მოსწავლეებმა ქართულ ენაზე – ილია ჭავჭავაძის ლექსი ,,ბაზალეთის ტბა“.
  • ღონისძიებას ლეჟბადინის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლის, ემილ ჰუსეინოვის, ნახატი – ,,ქართველებისა და აზერბაიჯანელების მეგობრობის ხიდი“ – ამშვენებდა.
  • ლეჟბადინელმა ბავშვებმა საქართველოს ეროვნული გმირი, აზერბაიჯანელების გმირი წინაპარი, ხუდია ბორჩალოელი გაიხსენეს. მას ხომ არასდროს, არცერთ ბრძოლაში არ მიუტოვებია საქართველოს მეფე ერეკლე II.
  • ლეჟბადინელი  ბავშვები შეპირდნენ ქართველ თანატოლებს, რომ თვითონაც არასოდეს მიატოვებენ საქართველოს.

ერთ-ერთმა მეთერთმეტეკლასელმა მოსწავლემ, ლალიკო ტანავერდიევამ, ლეჟბადინში დაბრუნებისას  ყველას გაუზიარა შთაბეჭდილებები და აღნიშნა: ისეთი გულთბილი დახვედრა იყო და ისე მოგვეწონნენ  ბაზალეთელი ბავშვები, წამოსვლა არ გვინდოდაო.

მოსწავლეთა ურთიერთობა ამით არ დასრულებულა. ისინი facebook-ით დამეგობრდნენ, წერილებს სწერენ ერთმანეთს…

ლეჟბადინელი ბავშვები ელოდებიან, ელოდებიან საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ კუთხეში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინში, ბაზალეთელი  ბავშვების     სტუმრობას.

12299216_1824549701105070_8050579200352572380_n

ლამაზი დღე ლამაზ მოგონებად დარჩება ლეჟბადინელი და ბაზალეთელი ბავშვების მეხსიერებაში. სიხარული, რომელიც მათ იმ დღეს განიცადეს, მართლაც  რომ ღირდა იმ ძალისხმევად, რომელიც ჩვენ გავწიეთ ამ ღონისძიების ორგანიზებისათვის.

12356956_969942119744130_3168326934378484043_o

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ, ვინც გულისხმიერებით მოეკიდა ჩვენს სურვილს და მის განხორციელებაში დაგვეხმარა: საქართველოს პარლამენტის წევრს, ბატონ მახირ  დარზიევს, რომელმაც ტრანსპორტით უზრუნველგვყო. მისი მზრუნველი, მამობრივი დამოკიდებულება, რომელიც მას სკოლისა და, საერთოდ, სოფლის მიმართ აქვს, დაე, მაგალითი ყოფილიყოს სხვებისათვის. დიდი მადლობა ბაზალეთის, მასპინძელი სკოლის, მთელ პედაგოგიურ კოლექტივს, ბავშვებსა და სკოლის დირექტორს, ბატონ აკაკი მდორეულს საოცარი დახვედრისათვის;  ბატონ რუსლან გაჯიევს, მარნეულის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსს; ლეჟბადინელ ბავშვებს, მასწავლებლებს, სკოლის დირექტორს, ბატონ დურსუნ ისმაილოვს; ლეჟბადინის საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელს, ქალბატონ ნინო გრიგორიევას, რომელიც უკვე ათი წელია მუხლჩაუხრელად შრომობს ლეჟბადინის საჯარო სკოლაში და მისი ძალისხმევის შედეგიც თვალსაჩინოა –  უკვე მერამდენე წელია ჩვენი სკოლის არაერთი კურსდამთავრებული აბარებს თბილისის სხვადასხვა ინსტიტუტსა და უნივერსიტეტში. ჩემს ლამაზ, ლამაზი და კეთილშობილური იდეების განმახორციელებელ პროგრამას  – ,,ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“; ჩვენს კოორდინატორს, ქალბატონ თამარ კეკელიძეს, რომელმაც მომცა სტიმული საქმის სიყვარულით კეთებისა.

12366291_439423509597946_2886711727519061938_n

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ პროგრამის ,,ქართული ენა მომავალი წარმატებისათვის“ მიზანია თემსა და ადგილობრივ მოსწავლე-მასწავლებლებს გაუჩნდეთ ინტერესი და მიმღებლობა  სახელმწიფო ენისა და სოციო-კულტურის მიმართ. ღონისძიებამ ამ მხრივ თავისი მისია შეასრულა, ხელი შეუწყო მოზარდების შესაძლებლობის თვითრეალიზაციასა და განვითარებას, შექმნილმა გარემომ ქართველ და ლეჟბადინელ  ბავშვებს ერთმანეთის უკეთ გაცნობის, დაახლოვების სურვილი გაუჩინა, აგრძნობინა, რომ მიუხედავად რელიგიურ-კულტურული სხვაობისა მათ საერთო ღირებულებები და ფასეულობები აქვთ, რომ საქართველო მათი საერთო სამშობლოა და მისი ტკივილი და სიხარული საერთო ტკივილი და სიხარულია.  ეს ჰარმონიული თანაცხოვრებისაკენ, სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებისაკენ გადადგმული ნაბიჯებია, ხოლო როგორც ლაო ძი იტყოდა ,,გზა ას უტევანზე ნაბიჯით იწყება.“ იმედი მაქვს, ჩვენ, ყველა,  ყველა ერთად, მივალთ იმ ჭეშმარიტ მიზნამდე, რომელსაც ეფექტური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება, ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და განვითარება ჰქვია. პროგრამას ,, ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ თავისი წვლილი შეაქვს ამ მნიშვნელოვან  საქმეში და ჩვენი პროექტიც – ლეჟბადინისა და ბაზალეთის სკოლების დამეგობრება – ამ დიდი პროგრამის პატარა ნაწილია…

ფოთოლა ჯაჯანიძე, პროექტის –  ,,ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ –  მონაწილე

ლეჟბადინის საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი

პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილის დაგეგმვა

0

პრობლემაზე ორიენტირებული სწავლების არსი არის ის, რომ პედაგოგმა მოსწავლეებს დაანახოს საკითხი, პრობლემა, რომელიც მრავალგვარი მიდგომითა და გზით შეიძლება გადაიჭრას, რომელიც საჭიროებს ძიებას, ალტერნატივების დაშვებას და იდეების ჩამოყალიბება-განვითარებას.

პრობლემაზე ორიენტირებულ გაკვეთილის დაგეგმვისას, იმისათვის, რომ დაყენებული საკითხი, სიტუაცია პრობლემურად ჩაითვალოს, მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ პრობლემის გადასაჭრელად მოსწავლეს არ უნდა ჰქონდეს ნაცნობი სტრატეგია (ის ცოდნა და უნარ-ჩვევები), რომელსაც პირდაპირ გამოიყენებს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემის შინაარსი არ უნდა ითვალისწინებდეს მოსწავლის (სკოლაში ან რეალურ ცხოვრებაში მიღებულ) გამოცდილებას და ასაკით განპირობებულ კოგნიტურ შესაძლებლობებს. ამრიგად, პრობლემაზე ორიენტირებული სწავლების იდეა, ისევე, როგორც ყველა სხვა დანარჩენი ტიპის გაკვეთილისა, უნდა გამომდინარეობდეს ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი სტანდარტიდან.

ასეთი ტიპის გაკვეთილების ჩატარებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება:

  • განსაკუთრებით ზრდის მოსწავლის მოტივაციას. მოსწავლე ჩართულია აქტიურ სწავლაში, მუშაობს რეალური პრობლემის გადაჭრაზე, რის შედეგადაც სწავლა მისთვის უფრო საინტერესო და სახალისო ხდება. ზრდის მის პასუხისმგებლობას სწავლისადმი;
  • მოსწავლეებში ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას. პრობლემის გადაჭრაზე ფიქრისას მოსწავლე კრიტიკულად აფასებს, რა იცის, რა უნარ-ჩვევები აქვს და რა სჭირდება პრობლემის გადასაჭრელად. ამყარებს მიმართებას რამდენიმე ცნებას შორის და გამოაქვს დასკვნა და ა.შ.
  • ავითარებს შემოქმედებით აზროვნებას. პრობლემის გადაჭრაზე მუშაობის დროს მოსწავლეს შეიძლება მოუხდეს პრობლემის გადაჭრის რამდენიმე შესაძლებლობის განხილვა, ან პრობლემის გადაჭრის რამდენიმე პასუხის პოვნა, ან ახალი (ორიგინალური) გზის ძიება და ა.შ;
  • ასეთი სწავლება ორიენტირებულია მოსწავლეებში პირობისეული, ანუ ფუნქციური ცოდნის შეძენაზე.

პრობლემური ამოცანების სხვადასხვა ტიპი საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეებისგან შეიძლება შემდეგი ამოცანების გადაჭრას მოითხოვდეს:

  • არჩევნის გაკეთება: მაგალითად, არსებობს პრობლემის გადაჭრის გზის რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი, საიდანაც მოსწავლემ უნდა გააკეთოს არჩევანი. არჩევნის გაკეთება, თუ რა საშუალებით წარმოადგინოს მიღებული/მოპოვებული მონაცემები. სარწმუნო შედეგის მისაღებად კონკრეტულ შემთხვევაში რა პირობებში სჯობს ექსპერიმენტის ჩატარება და ა.შ.
  • გადაწყვეტილების მიღება: ამოცანა მოსწავლისაგან მოითხოვს გადაწყვეტილების მიღებას;
  • შედარება/შეპირისპირება: მოსწავლეს ევალება ობიექტებისა და მოვლენების აღწერა,  მათი დახასიათება და შედარება, მონაცემების შეჯერება;
  • დაკავშირება: მოსწავლეს მოეთხოვება სტრუქტურებსა თუ მოვლენებს შორის კავშირის დამყარება, თეორიული ცოდნის რეალურ სიტუაციაში გამოყენება;
  • კანონზომიერების აღმოჩენა, დაკავშირება: მოსწავლეს მოეთხოვება მოვლენის, ფაქტების ან მონაცემების საფუძველზე გარკვეული კანონზომიერებების დადგენა;
  • ანალიზი და დასკვნა: მოსწავლეებს ევალებათ ჩატარებული კვლევა-ძიების, ექსპერიმენტების შედეგად მოპოვებული მონაცემების ანალიზი და მის საფუძველზე დასკვნების გაკეთება;
  • შემოქმედებითი მიდგომა: დავალება იძლევა სხვადასხვა ალტერნატიული გზით შესრულების საშუალებას ან არსებობს პასუხის სხვადასხვა ვარიანტი, საიდანაც მოსწავლეს მოეთხოვება გადაჭრის ორიგინალური გზის მოფიქრება.

რა სახით შეიძლება იქნეს წარდგენილი კლასის წინაშე პრობლემა საბუნებისმეტყველო  საგნების გაკვეთილებზე?  

  • კითხვის სახით;
  • სიტუაციური ამოცანა;
  • ექსპერიმენტი, ცდა (აქ იგულისხმება როგორც უშუალოდ მოსწავლის მიერ დაგეგმილი და პრაქტიკულად ჩატარებული ცდა, ასევე სიმულაციური პროგრამების მიხედვით დაგეგმილი ექსპერიმენტი და სხვის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტების მონაცემების ანალიზი და დასკვნის გამოტანა);
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სასწავლო პროექტი.

             ქვემოთ გთავაზობთ პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილის გეგმას. ამ გაკვეთილზე პრობლემური საკითხი წარმოდგენილი იქნება სიტუაციური ამოცანის, ვირტუალური ექსპერიმენტის და კითხვის სახით. გეგმის წარმოდგენამდე ვირტუალური ექსპერიმენტის მაგალითზე გთავაზობთ, რა გზებს გაივლის მოსწავლე ეტაპობრივად პრობლემურ ამოცანაზე მუშაობის დროს, ასევე, საჭიროების შემთხვევაში რა დახმარება შეიძლება გაუწიოს მოსწავლეებს მასწავლებელმა.

თემა – ფოტოსინთეზის მიმდინარეობის პირობები

   პრობლემური ამოცანა/დავალება

წარმოიდგინეთ, რომ ხელთ გაქვთ: კომპიუტერი (პროცესორი, მონიტორი, სათანადო პროგრამა სენსორებიდან მიღებული ინფორმაციის დასამუშავებლად), ნახშირორჟანგისა და ჟანგბადის სენსორები, ქილა, წყალი, პეტრის ჯამზე მოთავსებული წყლის მცენარე ელოდეა, პინცეტი, ელექტროლამფა, სხვადასხვა სიმძლავრის ნათურები (60, 100, 150 W).

  ამ აღჭურვილობის გამოყენებით დაგეგმეთ ვირტუალური ექსპერიმენტი, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს კითხვას: როგორ მოქმედებს განათების ინტენსივობა ფოტოსინთეზის სიჩქარეზე. ამისათვის:

  • განსაზღვრეთ ექსპერიმენტის პირობები – გეძლევათ არჩევნის უფლება, ფოტოსინთეზის პროცესის ინტენსივობის გამოსაკვლევად ფოტოსინთეზის რეაქციის საწყის ნივთიერებას შეარჩევთ თუ საბოლოო პროდუქტს;
  • შეარჩიეთ თქვენი არჩევნის შესაბამისი სენსორი;
  • მოცემულ ექსპერიმენტში განსაზღვრეთ დამოკიდებული და დამოუკიდებელი ცვლადი.
  • დაწვრილებით აღწერეთ ექსპერიმენტის ეტაპები;
  • გამოთქვით ვარაუდი, სინათლის ინტენსივობის ცვლილება როგორ იმოქმედებს თქვენ მიერ შერჩეული საკვლევი ნივთიერების კონცენტრაციაზე;
  • თქვენი ვარაუდით, მიღებული შედეგები დიაგრამის ან ცხრილის სახით გამოსახეთ და გამოიტანეთ დასკვნა.

პრობლემურ ამოცანაზე მუშაობის დროს მოსწავლე ეტაპობრივად გაივლის პრობლემის გადაჭრის შემდეგ გზებს:

  1. მოსწავლეების მიერ პრობლემის გააზრება. მოსწავლე დავალების შინაარსს ეცნობა და აყალიბებს პრობლემას – მოცემული აღჭურვილობის გამოყენებით ვირტუალური ექსპერიმენტის დაგეგმვა, რომლის მიზანია: განათების ინტენსივობის გავლენის დადგენა ფოტოსინთეზის სიჩქარეზე;
  2. პრობლემის დანაწევრება და მათი პრიორიტეტებად დალაგება – 1) ექსპერიმენტის პირობების განსაზღვრა – ფოტოსინთეზის ინტენსივობაზე დასაკვირვებლად არჩევნის გაკეთება, რის მიხედვით დააკვირდება – საწყისი ნივთიერებების თუ საბოლოო პროდუქტების მიხედვით; 2)ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის სენსორებს შორის არჩევნის გაკეთება; 3) დამოკიდებული და დამოუკიდებელი ცვლადების განსაზღვრა; 4) ექსპერიმენტის სერიალების რაოდენობის განსაზღვრა; 5) ვირტუალური ექსპერიმენტის ეტაპების დაგეგმვა; 6) ვარაუდის გამოთქმა მოსალოდნელი შედეგების შესახებ; 7) მოსალოდნელი შედეგების მიხედვით ვირტუალური მონაცემების აღრიცხვის ფორმის არჩევა და წარმოდგენა; 8) მონაცემების ანალიზი და დასკვნის გაკეთება.
  • პრობლემების გადაწყვეტის მიზნით არსებული ცოდნის, ინფორმაციის მოძიება და შერჩევა
  • ფოტოსინთეზის რეაქციის საწყისი ნივთიერებებისა და საბოლოო პროდუქტების გახსენება: 6CO2 + 6H2O     C6H12O6 + 6O2   საწყისი ნივთიერებებია წყალი და ნახშირორჟანგი, ხოლო საბოლოო პროდუქტები – გლუკოზა და ჟანგბადი.
  • რაც ინტენსიურად მიმდინარეობს ფოტოსინთეზი, გარემოდან მით მეტი ნახშირორჟანგი და წყალი შთაინთქმება და მით მეტი გლუკოზა და ჟანგბადი წარმოიქმნება.
  • გარემო ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ფოტოსინთეზის პროცესზე: სინათლე, ტენიანობა, ნახშიროჟანგი, ტემპერატურა. გარემოში განათებისა და ნახშირორჟანგის კონცენტრაციის გაზრდა იწვევს ფოტოსინთეზის პროცესის გაძლიერებას.
  • დაკვირვების ობიექტი, პროცესი, მოვლენა დამოკიდებული ცვლადია, ხოლო ფაქტორი – დამოუკიდებელი ცვლადი. რადგან ხდება კვლევა, თუ როგორ იცვლება ფოტოსინთეზის სიჩქარე განათების ინტენსივობის მიხედვით, ამიტომ ფოტოსინთეზის საწყისი ნივთიერების, ან საბოლოო პროდუქტის კონცენტრაცია იქნება დამოკიდებული ცვლადი, ხოლო განათება – დამოუკიდებელი.
  1. პრობლემის გადაჭრის მიზნით ალტერნატიული გზების ძიება. რადგან აღჭურვილობაში არის ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის სენსორები, ამიტომ თუ ფოტოსინთეზის სიჩქარეზე დაკვირვება უნდა მოხდეს საწყისი ნივთიერების კონცენტრაციის ცვლილების მიხედვით, არჩევანი უნდა გაკეთდეს ნახშირორჟანგზე, მაგრამ თუ საბოლოო პროდუქტის კონცენტრაციის ცვლილების მიხედვით – ჟანგბადზე. შესაბამისად უნდა გაკეთდეს არჩევანი სენსორებზე.
  2. გადაწყვეტილების მიღება და გაზიარება. იმის გასარკვევად, თუ როგორ იცვლება ფოტოსინთეზის სიჩქარე განათების ინტენსივობის ცვლილებაზე დამოკიდებულებით, დავაკვირდეთ(ვთქვათ) წყალში საწყისი ნივთიერების ნახშირორჟანგის კონცენტრაციის ცვლილებას და, შესაბამისად, გამოვიყენებთ ნახშირორჟანგის სენსორს. ამ შემთხვევაში დამოკიდებული ცვლადი იქნება ნახშირორჟანგის კონცენტრაცია, ხოლო დამოუკიდებელი – განათების ინტენსივობა. განათების ინტენსივობის გაზრდით შემცირდება გარემოში ნახშირორჟანგის კონცენტრაცია. ექსპერიმენტის სერიალების რიცხვი იქნება სამი, რადგან აღჭურვილობაში სამი განსხვავებული სიმძლავრის ნათურა გვაქვს.
  3. პრობლემის გადაჭრის იდეის მოძიება, ჩამოყალიბება და წარდგენა – ვირტუალური ექსპერიმენტის ეტაპების დაგეგმვა, ვარაუდის მიხედვით ვირტუალური მონაცემების აღრიცხვა გრაფიკის სახით, მონაცემების ანალიზი და დასკვნის გაკეთება –

პროცედურის/ექსპერიმენტის ეტაპები:

  1. პეტრის ჯამიდან პინცეტით ვიღებთ წყლის მცენარე ელოდეას და ვათავსებთ ქილაში;
  2. ქილაში წყალს ვასხამთ ისე, რომ მცენარე მთლიანად დაიფაროს;
  3. ქილის გვერდზე ვათავსებთ ელექტროლამფას;
  4. ქილას ვახურავთ რეზინის საცობს და მისი ნასვრეტიდან ნახშირორჟანგის სენსორის მგრძნობიარე ნაწილს ვუშვებთ წყალში, ხოლო სენსორის მეორე ბოლოს ვუერთებთ კომპიუტერს;
  5. მეორე ნასვრეტს ვახშობთ, რათა გარემოდან ქილაში და ქილიდან გარემოში არ მოხდეს აირების მოძრაობა;
  6. ვრთავთ კომპიუტერს და ვუშვებთ შესაბამისს პროგრამას. სენსორი აღრიცხავს წყალში გახსნილ ნახშირორჟანგს ოთახის განათებაზე და მონიტორზე ჩნდება შესაბამისი მრუდი;
  7. ლამფას ვუკეთებთ მცირე სიმძლავრის ნათურას (60 W), ვანთებთ და ვაგრძელებთ მონიტორზე ნახშირორჟანგის კონცენტრაციის ცვლილებას;
  8. ექსპერიმენტს ვატარებთ სამ ვარიანტად. თითოეულში ვიყენებთ სხვადასხვა სიმძლავრის ნათურას. ექსპერიმენტებს შორის ვიცავთ დროის ერთნაირ ინტერვალს (მაგალითად, 10 წთ.).

მონაცემების ანალიზი და დასკვნა: ექსპერიმენტის შედეგები წარმოვადგინეთ გრაფიკის სახით. გრაფიკი გვიჩვენებს, რომ განათების ინტენსივობის გაზრდით ნახშირორჟანგის კონცენტრაცია წყალში მცირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ განათების ინტენსივობის გაზრდით იზრდება ფოტოსინთეზის სიჩქარე.

  შენიშვნა: თუ მოსწავლეებს გაუჭირდათ პრობლემების გადაწყვეტის მიზნით არსებული ცოდნის, ინფორმაციის მოძიება და შერჩევა, მასწავლებელი სვამს კითხვებს:

  • რა არის ფოტოსინთეზი? გამოსახეთ ფოტოსინთეზის ქიმიური რეაქციის ჯამური ტოლობა.
  • რა არის ფოტოსინთეზის რეაქციის საწყისი ნივთიერებები?
  • რა არის ფოტოსინთეზის რეაქციის საბოლოო პროდუქტები?
  • გარემოს რა ფაქტორებია აუცილებელი ფოტოსინთეზის პროცესის წარმართვისათვის?
  • რის მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ ფოტოსინთეზის ინტენსივობაზე?
  • რა არის დამოკიდებული და რა – დამოუკიდებელი ცვლადი?
  • ცხრილის მარცხენა თუ მარჯვენა სვეტში უნდა აღინუსხოს დამოუკიდებელი ცვლადი?
  • გრაფიკის რომელ ღერძზე უნდა იქნეს დატანილი დამოკიდებული ცვლადი?

გთავაზობთ ზემოთ აღწერილი პრობლემური ამოცანის გათვალისწინებით სამოდელო გაკვეთილის გეგმას (დაწყვილებული გაკვეთილი)

საგანი – ბიოლოგია

კლასი – X

თემა – ფოტოსინთეზის მიმდინარეობის პირობები

კავშირი სტანდარტთან:

მიმართულება – ცოცხალი სამყარო

შედეგი: ბიოლ.X.8.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს ფოტოსინთეზზე, როგორც მცენარეული ბიომასის წარმომქმნელ საკვანძო პროცესზე.

ინდიკატორი: იკვლევს (ექსპერიმენტულად, მზა მონაცემების ანალიზის საფუძველზე, სიმულაციური პროგრამების დახმარებით) გარემო ფაქტორების (სინათლის ინტენსივობა, ტემპერატურა, ნახშირორჟანგის კონცენტრაცია) გავლენას ფოტოსინთეზის პროცესზე.

მიმართულება – მეცნიერული კვლევა-ძიება.

შედეგი: კვლ.X.1.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.

ინდიკატორები: განარჩევს მუდმივ და ცვლად (დამოკიდებულ, დამოუკიდებელ) პარამეტრებს. განსაზღვრავს კვლევის პირობებს და ჩატარების ეტაპებს; არჩევს სათანადო ხელსაწყოებს/ აღჭურვილობას/ინსტრუმენტებს და ასაბუთებს არჩევანს; განსაზღვრავს მონაცემების აღრიცხვის ფორმებს (ცხრილები, გრაფიკები, სიები, ფოტოები, ჩანაწერები).

შედეგი: კვლ.X.4.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.

ინდიკატორი: იყენებს დიაგრამებს, ცხრილებს და გრაფიკებს მონაცემებს ან ცვლადებს შორის დამოკიდებულების აღსაწერად.

სასწავლო მიზანი

მოსწავლეები აღწერენ გარემო პირობებს, რომელიც გავლენას ახდენენ ფოტოსინთეზის პროცესზე.

მოსწავლეებმა შეძლებენ:

  • დავალებაში მოცემული პრობლემის გააზრებას, პრობლემის დანაწილებას და პრიორიტეტებად დალაგებას;
  • პრობლემების გადაწყვეტის მიზნით არსებული ცოდნის, ინფორმაციის მოძიებას და შერჩევას;
  • მზა მონაცემების ანალიზის საფუძველზე გარემო ფაქტორების ფოტოსინთეზის პროცესზე გავლენის კვლევას;
  • ექსპერიმენტის პირობების განსაზღვრას;
  • დამოკიდებული და დამოუკიდებელი ცვლადების განსაზღვრას;
  • კვლევისათვის საჭირო აღჭურვილობის არჩევას და არჩევანის დასაბუთებას;
  • სიმულაციური პროგრამის დახმარებით ვირტუალური ექსპერიმენტის დაგეგმვას ფოტოსინთეზზე სინათლის ინტენსივობის გავლენის გამოკვლევის მიზნით;
  • ექსპერიმენტის მოსალოდნელი შედეგების შესახებ ვარაუდის გამოთქმას;
  • მონაცემების აღრიცხვის ფორმის არჩევას და წარმოდგენას;
  • მონაცემების ანალიზის საფუძველზე დასკვნის გაკეთებას;
  • გრაფიკების გამოყენებას ცვლადებს შორის დამოკიდებულების აღსაწერად.

წინარე ცოდნა და გამოცდილება –

მოსწავლეებმა იციან: ფოტოსინთეზის პროცესის არსი, საწყისი ნივთიერებები და საბოლოო პროდუქტები, სინათლისა და სიბნელის ფაზაზე მიმდინარე პროცესები.

მოსწავლეებს შეუძლიათ: დამოკიდებული და დამოუკიდებელი ცვლადების განსაზღვრა, ექსპერიმენტის დაგეგმვა, მონაცემების აღრიცხვა ცხრილების ან გრაფიკების სახით; გრაფიკებზე მოცემული ინფორმაციის ანალიზი.

საგანმანათლებლო რესურსები: მოსწავლის წიგნი, თაბახის ფურცლები მასზე მოცემული პრობლემური ამოცანით, ფლიპჩარტები, მარკერები, კომპიუტერი, პროექტორი, ეკრანი, PowerPoint-ის პროგრამაში მომზადებული საპრეზენტაციო მასალა.

გაკვეთილის მსვლელობა

  1. I. შესავალი (გამოწვევის ფაზა):

აქტივობა 1. (მეთოდი – სიტუაციურ ამოცანაზე მუშაობა; დრო – 10 წთ, მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა – მთელ კლასთან მუშაობა) მასწავლებელი მოსწავლეებს ეკრანზე უჩვენებს სიტუაციურ ამოცანას – მეცნიერები იკვლევდნენ, როგორ არის დამოკიდებული მცენარეებში ნახშირწყლების სინთეზის ინტენსივობა ნალექების რაოდენობაზე. მათ გამოთვალეს ერთი წლის განმავლობაში 1მ2-ზე მცენარეში წარმოქმნილი ნახშირწყლების რაოდენობა მშრალ წონაზე გადაანგარიშებით. შედეგები გრაფიკზეა გამოსახული.

ეკრანზე გრაფიკის დემონსტრირების შემდეგ მასწავლებელი სვამს კითხვებს:

  • ეს გრაფიკი ასახავს ცვლადებს შორის დამოკიდებულებას. დაასახელეთ ეს ცვლადები. (ნალექების რაოდენობა და ნახშირწყლების რაოდენობა).
  • რომელია მათ შორის დამოკიდებული და რომელი დამოუკიდებელი ცვლადი? დაასაბუთეთ თქვენი პასუხი. (დამოკიდებული ცვლადია ნახშირწყლების რაოდენობა, ხოლო დამოუკიდებელი – ნალექების რაოდენობა, რადგან ნახშირწყლების რაოდენობა იცვლება ნალექების რაოდენობის ცვლილების შესაბამისად).
  • აღწერეთ, როგორ იცვლება ნახშირწყლების პროდუქტიულობა ნალექების მატებასთან ერთად. (თავდაპირველად ნახშირწყლების რაოდენობა მკვეთრად იზრდება ნალექის მატებასთან ერთად, ხოლო მას შემდეგ, რაც ნალექი 2500-2700 მმ-ს მიაღწევს, მისი მატების კვალდაკვალ ნახშირწყლების რაოდენობა თითქმის აღარ იზრდება).
  • გრაფიკზე მოცემული მონაცემების ანალიზის საფუძველზე გააკეთეთ დასკვნა: წელიწადში ნალექების რა რაოდენობაა საჭირო, რომ ტყემ ნახშირწყლების მაქსიმალური რაოდენობა აწარმოოს?(ტყეს სჭირდება წელიწადში დაახლოებით 2500-2700 მმ წვიმა, რათა ნახშირწყლების მაქსიმალური რაოდენობა აწარმოოს).

mod1

  • რომელი პროცესის ინტენსივობას ასახავს ნალექებზე დამოკიდებულებით მცენარეების მიერ სინთეზირებული ნახშირწყლების რაოდენობის ცვლილება? (ფოტოსინთეზის)

mod2

  • როგორ ფიქრობთ, ტენიანობის გარდა, კიდევ გარემოს რა ფაქტორები ახდენენ გავლენას ფოტოსინთეზის პროცესის ინტენსივობაზე? (განათება, ტემპერატურა, ნახშირორჟანგის კონცენტრაცია).
  • ფოტოსინთეზის პროცესში სინთეზირებული ნახშირწყლების გარდა, კიდევ რის მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ ფოტოსინთეზის ინტენსივობაზე? (გამოყოფილი ჟანგბადის, გარემოდან შთანთქმული ნახშირორჟანგის მიხედვით).
  1. ძირითადი ნაწილი (სიღრმისეული წვდომის ფაზა):

აქტივობა 2.( მეთოდი – ტექსტის გააზრებული კითხვა, დრო – 10 წთ., მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა – წყვილებში მუშაობა): მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს თაბახის ფურცლებზე დაწერილ ტექსტს და სთხოვს ყურადღებით გაეცნონ მასში მოცემულ ინფორმაციას (იხილეთ ქვემოთ მოცემული ტექსტი) და უპასუხონ კითხვებს: 1) აღწერეთ ხელსაწყო, რომელიც ორგანიზმში მიმდინარე თვალით უხილავ პროცესებზე დაკვირვებისათვის გამოიყენება. 2) აღწერეთ, როგორ შეიძლება ამ ხელსაწყოების გამოყენებით ფოტოსინთეზის პროცესზე დაკვირვება. მასწავლებელი მოსწავლეების პასუხების პარალელურად ეკრანზე (ან სახელმძღვანელოში) უჩვენებს ტექსტში აღწერილი აღჭურვილობის ფოტოებს.

 

ტექსტი: თანამედროვე ლაბორატორიაში არსებობს მრავალნაირი ხელსაწყო, რომელიც ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე საფუძვლიანი დაკვირვების საშუალებას იძლევა. ხელსაწყოები მეტად მგრძნობიარეა (მათ სენსორებს უწოდებენ) და შეუძლიათ დააფიქსირონ უჯრედში

mod3mod4

(ორგანიზმში) მიმდინარე თვალით უხილავი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებები. ხელსაწყოებს აქვს მონაცემების დამუშავების პროგრამებიც, რაც მკვლევრებს მიღებული მონაცემების ანალიზს უადვილებს. ამისათვის სენსორის მგრძნობიარე ნაწილს ათავსებენ საკვლევ სითხეში (გარემოში), მეორე ბოლოთი კი სენსორს უერთებენ კომპიუტერის პროცესორს. სენსორი აღრიცხავს გარემოში საკვლევი ნივთიერების კონცენტრაციის ცვლილებას, მონაცემებს სათანადო პროგრამით გადაამუშავებს პროცესორი და კომპიუტერის მონოტორზე გამოისახება ამ ნივთიერების კონცენტრაციის ცვლილება დიაგრამის ან ცხრილის სახით.

ხშირ შემთხვევაში, პროცესის შესახებ მისი საწყისი ან საბოლოო პროდუქტის მიხედვით მსჯელობენ ხოლმე. ასეა გარემო ფაქტორებზე  ფოტოსინთეზის  ინტენსივობის დამოკიდებულების კვლევის დროსაც.  ფოტოსინთეზზე დასაკვირვებლად იყენებენ წყალმცენარეებს ან წყლის მცენარეებს. მათ ათავსებენ მინის ან გამჭვირვალე პლასტმასის ქილაში და მთლიანად ფარავენ წყლით. ქილას მჭიდროდ ახურავენ რეზინის სახურავს, რომელსაც აქვს ნასვრეტები სენსორების მგრძნობიარე ნაწილის ქილაში ჩასაშვებად.

ექსპერიმენტის ცალკეულ სერიებში ცვლიან ფოტოსინთეზის მიმდინარეობისათვის აუცილებელ პირობებს/ფაქტორებს და აკვირდებიან როგორ იცვლება ფოტოსინთეზის ინტენსივობა. მიღებული შედეგების ანალიზს იყენებენ ფაქტორსა და ფოტოსინთეზს შორის დამოკიდებულების აღსაწერად.

აქტივობა 3. (მეთოდი – სიმულაციური პროგრამის დახმარებით ვირტუალური ექსპერიმენტის დაგეგმვა, დრო – 35 წთ., მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა – ჯგუფური). მასწავლებელი კლასს ჰყოფს 4-5 კაციან ჯგუფებად და მოსწავლეებს ურიგებს თაბახის ფურცლებს, რომელზედაც მოცემულია დავალება და ამ აქტივობის შეფასების რუბრიკა.  მასწავლებელი მოსწავლეებს ავალებს, შეასრულონ დავალება, ფლიპჩარტებზე მოამზადონ პრეზენტაცია შეფასების რუბრიკის მიხედვით და გააკეთონ პრეზენტაციები. პრეზენტაციები არის ინტერაქტიური.

დავალება – წარმოიდგინეთ, რომ ხელთ გაქვთ: კომპიუტერი (პროცესორი, მონიტორი, სათანადო პროგრამა სენსორებიდან მიღებული ინფორმაციის დასამუშავებლად), ნახშირორჟანგისა და ჟანგბადის სენსორები, ქილა, წყალი, პეტრის ჯამზე მოთავსებული წყლის მცენარე ელოდეა, პინცეტი, ელექტროლამფა, სხვადასხვა სიმძლავრის ნათურები (60, 100, 150 W).

  ამ აღჭურვილობის გამოყენებით დაგეგმეთ ვირტუალური ექსპერიმენტი, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს კითხვას: როგორ მოქმედებს განათების ინტენსივობა ფოტოსინთეზის სიჩქარეზე. ამისათვის:

  • განსაზღვრეთ ექსპერიმენტის პირობები, რისთვისაც გეძლევათ არჩევნის უფლება, ფოტოსინთეზის პროცესის ინტენსივობის გამოსაკვლევად ფოტოსინთეზის რეაქციის საწყის ნივთიერებას შეარჩევთ თუ საბოლოო პროდუქტს;
  • შეარჩიეთ თქვენი არჩევნის შესაბამისი სენსორი;
  • მოცემულ ექსპერიმენტში განსაზღვრეთ დამოკიდებული და დამოუკიდებელი ცვლადი;
  • დაწვრილებით აღწერეთ ექსპერიმენტის ეტაპები;
  • გამოთქვით ვარაუდი, როგორ იმოქმედებს სინათლის ინტენსივობის ცვლილება თქვენ მიერ შერჩეული საკვლევი ნივთიერების კონცენტრაციაზე;
  • თქვენი ვარაუდით მიღებული შედეგები დიაგრამის ან ცხრილის სახით გამოსახეთ და გამოიტანეთ დასკვნა.

შეფასების რუბრიკა

შეფასების კრიტერიუმები შეფასების ქულა
დავალებაში მოცემული პრობლემის გააზრება, პრობლემის დანაწილება და პრიორიტეტებად დალაგება;

 

2
ექსპერიმენტის პირობების განსაზღვრა;

 

1
დამოკიდებული და დამოუკიდებელი ცვლადების განსაზღვრა;

 

1
კვლევისათვის საჭირო აღჭურვილობის არჩევა და არჩევანის დასაბუთება;

 

1
სიმულაციური პროგრამის დახმარებით ვირტუალური ექსპერიმენტის დაგეგმვა ფოტოსინთეზზე სინათლის ინტენსივობის გავლენის გამოკვლევის მიზნით;

 

2
ექსპერიმენტის მოსალოდნელი შედეგების შესახებ ვარაუდის გამოთქმა;

 

1
მონაცემების აღრიცხვის ფორმის არჩევა და წარმოდგენა;

 

1
მონაცემების ანალიზის საფუძველზე დასკვნის გაკეთება.

 

1

შენიშვნა: სასურველია, კლასში ისე დაიგეგმოს ექსპერიმენტი, რომ ზოგიერთმა ჯგუფმა ფოტოსინთეზზე დაკვირვებისათვის შეარჩიოს საწყისი ნივთიერება, ზოგმაც – საბოლოო პროდუქტი. თუ ასე არ მოხდა, მასწავლებელმა პრეზენტაციების დასრულების შემდეგ მოსწავლეები მეორე ვარიანტზეც აუცილებლად უნდა ამსჯელოს.

აქტივობა 4. (10 წთ.) პრეზენტაციების შემდეგ ჯგუფები აკეთებენ თვითშეფასებას შეფასების რუბრიკის მიხედვით. მასწავლებელი აძლევს ზეპირ განმავითარებელ შეფასებას.

 III. დასკვნითი ნაწილი (რეფლექსიის ფაზა):

აქტივობა 5. (მეთოდი – სხვის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის მონაცემების ანალიზი, დრო – 10 წთ., მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა – მონაწილეობს მთელი კლასი). მასწავლებელი ეკრანზე აჩვენებს გრაფიკს და მოსწავლეებს ამცნობს, რომ გრაფიკი გვიჩვენებს ჰაერში ნახშირორჟანგის რაოდენობას  დღის სხვადასხვა მონაკვეთში. მონაცემები აღებულია არიზონის საგანმანათლებლო ცენტრში. შემდეგ სვამს კითხვებს:

  • როგორი ურთიერთკავშირია დღის მონაკვეთსა და ჰაერში ნახშირორჟანგის რაოდენობას შორის? (დილის 8 საათიდან ნაშუადღევის 16 საათამდე ნახშირორჟანგის რაოდენობა ატმოსფეროში მკვეთრად მცირდება, ხოლო საღამოს 18 საათის შემდეგ იზრდება).
  • გამოიყენეთ ფოტოსინთეზის პროცესის ცოდნა და ახსენით მიღებული შედეგები.(დღის სინათლეზე ფოტოსინთეზის პროცესში გარემოდან ხდება ნახშირორჟანგის შთანთქმა. ამ პროცესის ინტენსივობა მკვეთრადაა დამოკიდებული განათების ინტენსიობაზე. განათების ინტენსივობა დილის 7-8 საათიდან იმატებს, საღამოს საათებში კი იკლებს, ამიტომ დღის განმავლობაში ატმოსფეროში ნახშირორჟანგის რაოდენობა ჯერ მცირდება, მერე კი იზრდება).

გრაფიკი. CO2-ის დონის ცვლილება ჰაერში დღე-ღამის განმავლობაში

mod5

აქტივობა 6. (მეთოდი: გრაფიკზე მოცემული ინფორმაციის ანალიზი; დრო – 10.წთ.; მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა – მუშაობა წყვილებში). მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს დავალებას (თუ ქვემოთ აღწერილი გრაფიკი და დავალება სახელმძღვანელოში არ არის მოცემული, მასწავლებელი მას ეკრანზე უჩვენებს).

დავალება: დააკვირდით გრაფიკს და განსაზღვრეთ, რას აღნიშნავს ამ მრუდზე: ა) G წერტილი? (ფოტოსინთეზისათვის ყველაზე ხელსაყრელ განათების ინტენსივობას);  ბ) D წერტილი? (ფოტოსინთეზის მაქსიმალურ სიჩქარეს); გ) AC უბანი? (ფოტოსინთეზის სიჩქარის ინტენსიურ ზრდას); CB უბანი?(ფოტოსინთეზის სიჩქარე აღარ იზრდება); დ). როგორ ფიქრობთ, განათების ინტენსივობის გაზდით რატომ არ იზრდება უსასრულოდ ფოტოსინთეზის სიჩქარეც?

 mod6

მასწავლებელს საჭიროების შემთხვევაში ქვეკითხვების დასმით მოსწავლეები მიჰყავს იმ დასკვნამდე, რომ ფოტოსინთეზის სიჩქარის ზრდის შეჩერების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ძალიან მაღალ განათებაზე ქლოროფილი იწყებს დაშლას. მასწავლებელი აჯამებს: თუმცა არიან მცენარეები, რომლებიც უძლებენ განათების მაღალ ინტენსივობას; ამავე დროს ბუნებაში არსებობენ ჩრდილის მოყვარული მცენარეებიც.

ამის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს საშინაო დავალებას.

აქტივობა 7. საშინაო დავალების მიცემა (დრო 5 წთ.) – პრობლემური კითხვა: რაში გამოიხატება სინათლისა და ჩრდილის მცენარეებში ფოთლების გარეგანი და შინაგანი აგებულების შეგუება/ადაპტაცია მათ ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოში არსებული სინათლის ინტენსივობასთან?

შენიშვნა: ამ პრობლემურ კითხვაზე პასუხის გასაცემად მოსწავლეებს მოუწევთ დამატებითი ინფორმაციის მოძიება სამეცნიერო ლიტერატურაში.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება, მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, 2007;
  2. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა, მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორებისათვის, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, 2008;
  3. სწავლება და შეფასება, დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, 2008;
  4. მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი, II ნაწილი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2016;
  5. ნ. ზაალიშვილი, ნ. იოსებაშვილი – ბიოლოგია X კლასი, „ტრიასი“, 2012;
  6. მარინა სეხნიაშვილი, მალხაზ მაყაშვილი – ბიოლოგია X კლასი, „კლიო“, „მერიდიანი“, 2012;
  7. Д. Тейлор, Н. Грин, У. Стаут – Биология, Том 1, Москва „МИР“, 2004;
  8. Stephen Nowicki – Biology, Houghton Miffin Harcourt Publishing Company, 2012.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...