პარასკევი, მაისი 16, 2025
16 მაისი, პარასკევი, 2025

ფოტოგრაფია ქმნის ისტორიას – ნათელა გრიგალაშვილი

0

ინტერნეტგაზეთ “mastsavlebeli.ge “-ს სტუმარია, ფოტორეპორტიორი ნათელა გრიგალაშვილი.

ნათელა გრიგალაშვილი – ეს სახელი დღევანდელ ფოტო ჟურნალისტიკაში უკვე კარგად არის ცნობილი, თუმცა ეს ის ფოტორეპორტიორია, როლის ფოტოებიც ისტორიას ქმნის და ამიტომ, შესაძლოა, მისმა სახელმა საუკუნეებსაც გაუძლოს

 

– ქალბატონო ნათელა, რას ნიშნავს თქვენთვის წამის შეჩერება, რომელიც ცოტა ხანში ისტორიად იქცევა?

– ჩემი აზრით, ისტორია ყველაზე კარგად ჩანს ფოტოში, ზოგადად, ფოტოგრაფიაში. მართალია, იგივე შეიძლება ითქვას დოკუმენტურ კონოზეც, მაგრამ ფილმი მაინც მნახველის თვალწინ ჩაიქროლებს და თუ შევაჩერეთ კადრს, ისიც კვლავ ფოტოდ იქცევა. შეიძლება მწერალი სხვაგვარად ფიქრობს, მაგრამ მე, როგორც ფოტოგრაფი, მჯერა, რომ ისტორია ყველაზე კარგად ფოტოზე რჩება და ფოტოდან ჩანს. ვთქვათ, მინდა გავიგო როგორ ცხოვრობდნენ მეცხრამეტე საუკუნეში, ამას იმ პერიოდის ფოტო უფრო მეტად აღწერს, ვიდრე რომელიმე წერილობითი წყარო. მეც ისტორიას ვქმნი, რომელსაც შემდეგი თაობები ნახავენ და გაიგებენ, როგორ ვცხოვრობდით დღეს. სიტყვა თავისა ამბობს, მაგრამ თვალით ნანახი, მაინც სხვა არის.

– რატომ გაგიჩნდათ სურვილი, რომ მაინც და მაინც დოკუმენტალისტ ფოტოგრაფიას გაყოლოდით?

– ბავშვობიდან ვხატავდი, მაგრამ ძალიან მინდოდა, რომ ფოტოგრაფია მესწავლა, რაც ჩემს სოფელში წარმოუდგენელი იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ ვსწავლობდი თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში, სადაც მეგობარმა მაჩუქა ფოტოაპარატი. როგორც კი ფოტოაპარატი ავიღე ხელში და პირველი კადრი გადავიღე, იმის შემდეგ აღარაფერი დამიხატავს. აქედან დაიწყო ჩემი ფოტოგრაფიასთან ურთიერთობაც. თავიდან ვერ ვაცნობიერებდი რას ვიღებდი ან რატომ, მაგრამ ერთ დღეს მივხვდი, რომ მინდოდა დოკუმენტური ფოტოგრაფი გავმხდარიყავი. შემდეგ მივხვდი იმასაც, რომ მინდოდა გადამეღო ძირითადად სოფელი. ალბათ იმიტომ, რომ სულ მენატრებოდა ჩემი სოფელი, ის გარემო სადაც გავიზარდე და რასაც უკავშირდებოდა ჩემი ბავშვობა – ჩემი ცხოვრების ყველაზე საუკეთესო წლები.

 

– ალბათ ასევე ლამაზ მოგონებად დარჩა სკოლა, რომელიც ბავშვობის ნაწილია…

– მე ვცხოვრობდი ხაშურის რაიონ სოფელ თაგვლეთში და დაწყებით კლასებში მყავდა საოცარი მასწავლებელი მარიამ ციცქიშვილი. ჩვენი მასწავლებელი ცხოვრობდა სოფელ ქაშვეთში, რომელიც იყო მეწყერსაშიში ზონა, ამიტომ მთელი სოფელი გაასახლეს ხაშურში, მაგრამ ჩვენი მასწავლებელი ბოლომდე დარჩა სოფელში მარტო. მახსოვს, პირველ კლასში რომ ვიყავი, ორმა ბავშვმა დაიგვიანა. მარიამ ციცქიშვილმა დაგვიანების მიზეზი გამოიკითხა. მოსწავლეებმა უპასუხეს ყვავილებს ვკრეფდითო და ამაზე მასწავლებელი კი არ გაბრაზდა, გაუხარდა და უპასუხათ – გაპატიებთ დაგვიანებას, რადგან სილამაზემ გაგიტაცათ, თანაც მე დღიურს ვწერ და ამ ფაქტს აუცილებლად ჩავწერ ჩემს დღიურშიო. ეს ფაქტი მთელი ცხოვრება დამამახსოვრდა. მერე წლები რომ გავიდა, ჩემი შვილი საკმაოდ მოზრდილი იყო და მივედი მარიამ მასწავლებელის სანახავად. ვკითხე, რატომ არ მიდიხართ ამ სოფლიდანმეთქი, მან კი მიპასუხა, შეხედე, როგორ შემიძლია ამ მთების, ამ მინდვრების მიტოვებაო. მაშინ ვთხოვე ეთხოვებინა დღიურები. აღმოჩნდა, რომ 1952 წლიდან წერდა. როცა დავუბრუნე, მითხრა -დაიტოვე, შენზე კარგი ჩემი დღიურებით აღარავინ დაინტერესდებაო. იგი წერდა – ”წავიღე შექსპირი და გავრეკე ღორები”,” მწვანე მინდორში ვჩანდი, როგორც წითელი ყაყაჩო”. მე შემხვდა მასწავლებელი, რომელსაც ჰქონდა სრულიად განსხვავებული სამყარო, იგი იყო ჩემი ნათელი წერტილი. ის, რომ მე ავირჩიე შემოქმედებითი გზა, სწორედ მარიამ მასწავლებელის დამსახურებაა. იყო სხვა მასწავლებელბიც, რომლებმაც კარგი კვალი დატოვეს ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ეს იყო ადამიანი, რომელიც აგწევს ზემოთ და მიგახვედრებს, რომ ცხოვრება, მხოლოდ მატერიალური არ არის.

– მოდით, ისევ პირველ ფოტოაპარატს დავუბრუნდეთ

– როდესაც ჩემმა მეგობარმა მაჩუქა ფოტოაპარატი ”სმენა”, მაშინ ფოტოგრაფიას არსად ასწავლიდნენ. ამიტომ დავდიოდი და ყველას ვეკითხებოდი თითო სიტყვას რა- რა იყო. ასე ვისწავლე ელემენტარული რაღაცეები. შემდეგ ერთი წელი ვსწავლობდი, როგორც ფოტოატელიის ფოტოგრაფი. შემდეგ მოვხვდი გურამ წიბახაშვილის და იური მეჩითოვის ჯგუფში. ამ პერიოდში უკვე მქონდა ჩემი ტექნიკა, მაგრამ მჭირდებოდა ადამიანი, რომელიც მეტყოდა, რამდენად სწორი იყო ჩემი გზა, საითაც მივდიოდი და რასაც ვაკეთებდი. დღემდე უზომოდ კმაყოფილი ვარ გურამ წიბახაშვილის, რადგან ზურგს უკანაც მუდამ მესმოდა მისი კეთილი სიტყვა ჩემს მიმართ, რასაც ჩვენს პროფესიაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება გასწავლონ ტექნიკა, სხვა ნიუანსი, მაგრამ ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით, მაინც ის, რომ გითხრან, რამდენად სწორ გზაზე დგახარ. გურამს სულ ვეუბნები, ვერ ვიგებ, უფრო კარგი ადამიანი ხარ, თუ უფრო კარგი ფოტოგრაფიმეთქი.

 

ეხლა თქვენ თვითონ კითხულობთ ლექციებს თსუ-ში, რა თვისებაა აუცილებელი მასწავლებლისთვის?

პირველ რიგში უნდა გიხაროდეს ახალგაზრდებთან ურთიერთობა, წინააღმდეგ შემთხვევაში გაგიჭირდება. შევამჩნიე ჩემს თავს, რომ ლექციის დროს ბოლომდე ვიცლები, რადგან ამ საქმის კეთება მსიამოვნებს ძალიან. მიხარია, როდესაც გამოჩნდება განსაკუთრებული სტუდენტი, რომელსაც ძალიან აინტერესებს ფოტოხელოვნება. მაგრამ თუ არ აინტერესებთ, განვიცდი – შეიძლება ეს არასწორია. სტუდენტი ითხოვს ლექტორისგან, რომ იგი ბოლომდე დაიხარჯოს. შენც გაქვს შიში, რამე ხომ არ დააკელი, ამიტომ სულ ვთხოვ დამისვან კითხვები. თუ გეკითხებიან, ესე იგი აინტერესებთ, თუ პასიურობენ, არ აინტერესებთ და ამას განვიცდი.

 

– სკოლაში ისწავლება ხატვა, თუმცა, ყველა ბავშვს არ შეუძლია ხატვა. დღეს ყველა ბავშვის ოცნებაა ფოტოაპარატი და ფოტოს გადაღება, ხომ არ დადგა დრო, რომ სკოლაში ელემენტარულ დონეზე მაინც ისწავლებოდეს ფოტოგრაფია?

– საბჭოთა დროს არსებობდა ასე გამონათქვამი – თუ გინდა გააღატაკო შენი მეგობარი, უყიდე მას ფოტოაპარატი. ერთი სიტყვით, ეს ძვირადღირებული სიამოვნებაა. ამიტომ მისი სწავლებაც, ჩემი აზრით, ზედმეტ ფუფუნებასთან იქნება დაკავშირებული. დღეს ფოტოგრაფია რომ მოდაშია, ამას აქვს, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი აინტერესებთ თუ არა ბავშვებს პროფესიონალურ დონეზე ფოტოგრაფიის სწავლება. ჩემი აზრით, ეს ნებაყოფლობითი უნდა იყოს, ვისაც უნდა ისწავლის, ვისაც არა, რატომ უნდა დააძალონ. ისე, მე მგონი ერთადერთი ჩემი შვილია, ვისაც არ აინტერესებს ფოტოგრაფია.

 

– თქვენი შვილის განათლებაში თუ ერევით?

– ჩემი შვილი უკვე სტუდენტია და საკმაოდ განათლებული და ნიჭიერია. ზოგჯერ, ბევრ რამეში, მე თვითონ ვეკითხები აზრს. ძალიან ბევრს კითხულობს, ხშირად ჭამის დროსაც არ ანებებს წიგნებს თავს და საკუთარი აღმოჩენები აქვს. ცოტა ხნის წინ მითხრა, რევაზ ინანიშვილს კითხვისას ლობიო და მწნილი მოუხდებაო.

– სკოლასთან დაკავშირებული ხართ პროექტითაც

– სოროსის ცენტრალური, ნიუ-იორკის ოფისის პროექტია – დოკუმენტური ფოტოგრაფია, რომლის ფარგლებშიც მაქვს გრანტი ”სოციალური მდგომარეობა ქართულ სოფლებში და ქართული სოფლის სკოლები”. ამ გრანტის ფარგლებში მქონდა ბედნიერება ვყოფილიყავი რამდენიმე მაღალმთიანი სოფლის სკოლებში. ამ მოგზაურობამ ჩემი ბავშვობა გამახსენა და ამიტომაც იყო ასე მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით მახსოვს დუშეთის რაონის სოფელ არღუნის სკოლა. ამ სკოლის დირექტორი და სამი მასწავლებელი ყოველ სასწავლო დღეს, თოვლში და წვიმაში, დუშეთიდან არღუნამდე ფეხით დადიან. მათ შორის არის 72-73 წლის მასწავლებელი ავთო, რომელმაც ”ვეფხისტყაოსანი” ზეპირად იცის. ეს ასაკიანი კაცი, ისე სწრაფად დადის, რომ მის დაწევას და ფოტოს გადაღებას ძლივს ვახერხებდი. არღუნელი ბავშვები გაკვეთილების დამთავრების შემდეგ სახლში არ მიდიოდნენ, რადგან ეს არის მათთვის ერთადერთი კულტურის ცენტრი. დუშეთის რაიონში კიდევ ერთ სოფელში ვიყავი, სადაც პირიქით, ბავშვები დადიან სხვა სოფლიდან ტყე-ტყე სკოლამდე, თუმცა მათ მასწავლებელი დაყვებათ. მაგრამ მე დამრჩა ძალიან თბილი განცდა. ეს იყო პატარა სოფლების პატარა სკოლები ძალიან დიდი სითბოთი.

 

– არ დაგისვამთ კითხვას, რომელია თქვენი საყვარელი ფოტო, მაგრამ შეგიძლიათ დაასახელოთ ფოტო, რომელმაც წარმატება მოგიტანათ?

– მე არ ვთვლი, რომ წარმატებული ადამიანი ვარ. შესაბამისად ვერც ასეთ ფოტოს დავასახელებ. თუმცა, მაქვს ფოტოები, რომელიც შემიძლია საზოგადოებას ვაჩვენო, გამოფენაზე გავიტანო, მაგრამ არის ფოტოები, რომელიც შემიძლია მარტო მე ვნახო. ნებისმიერი ფოტოს უკან დგას ისტორია, რომელიც ჩემთვის არის მნიშვნელოვანი. სხვათა შორის, ფოტო ღვინოსავითაა, რაც უფრო დიდი დრო გადის, სულ სხვა მნიშვნელობას იღებს და სულ სხვა ფასი ედება. რა თქმა უნდა, არის ფოტოები, რომელიც უფრო მომწონს და მიყვარს, მაგრამ შეიძლება ხვალ აღარ მომეწონოს.

 

ზოგადად ფოტოგრაფია მხოლოდ პროფესიაა თქვენთვის?

ცხოვრებაში რაღაცით უნდა გადარჩე, სიცოცხლე რაღაცით უნდა გააგრძელო. მე ყოველთვის მიჭირდა ცხოვრება, მატერიალურს არ ვგულისხმობ, და ღმერთმა მომცა ამის შესაძლებლობა, რომ გადავრჩი, რაშიც ფოტოგრაფია ძალიან დამეხმარა.

ესაუბრა თამარ კაციტაძე


ნინო კაპანაძე- ალდე კაკაბაძე – სახე ამ დღისთვის

0

ჩვენი შეთანხმებული საუბარი ,,mastsavlebeli.ge“-სთვის რამდენჯერმე გადაიდო, მიზეზი სხადასხვა იყო, ძირითადად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

საქართველოს სახალხო მხატვრის ალდე კაკაბაძის კერამიკულ ნამუშევრებს ,,ძველებური სიმღერა“, ,,მიტოვებული სოფელი“, ,,კახელი“, ,,მარანი ,,ორნი“, ,,მარანი ,,საქართველო“და სხვა საერთაშორისო გამოფენა-კონკურსებზე მაღალი შეფასებები აქვს.

ალდე კაკაბაძეს დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილებს საზოგადოება, სამხატვრო აკადემიაში აღზრდილ მხატვარ-კერამიკოსთა უამრავი თაობა. ისინი სიცოცხლეშიც ხშირად აკითხავდნენ  რჩევებისათვის, განცდების გასაზიარებლად. ან იქნებ, იმ გაკვეთილის კიდევ ერთხელ ჩასაბარებლად, რომელსაც მზრუნველობა, სიყვარული ჰქვია, და რომელიც  ასე მნიშვნელოვანია მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში.

მასთან ჩემი ბოლო სტუმრობის დროს მხატვარ-კერამიკოსი ვერიკო ნოდია შემოგვესწრო.

_აკადემია 2005-ში დავამთავრე, ახლა სკოლაში ვასწავლი კერამიკას. ქალბატონ ალდეს პირველ ლექციაზე სახლში ვეწვიეთ, ეს ლექცია არასდროს დამავიწყდება. კერამიკის ფაკულტეტი ნამდვილად არ იყო ჩემი ოცნება, მაგრამ ქალბატონი ალდეს და ბატონი გია იაშვილის დიდი დამსახურებაა, რომ შემიყვარდა ჩემი პროფესია. პროფესიული ცოდნის გარდა, მან ისეთ სითბოს გვაზიარა, რომ ახლაც მინდა, ხშირად შევხვდე. გამონაკლისი, არ ვარ. ის ასევე ძვირფასია ჩემი ბევრი კოლეგისთვისაც. ბედნიერი ვარ, რომ ამ ადამიანს ვიცნობ და მეც ვცდილობ ჩემს პატარა მოსწავლეებთან ისეთივე დამოკიდებულება მქონდეს, როგორიც მას ჩვენდამი აქვს, ისე შევაყვარო თიხაზე მუშაობა, როგორც მან შესძლო ეს. _ გვითხრა ვერიკო ნოდიამ.

_ კატეგორიული ტონი არასდროს მქონია და ვერ დავიჩივლებ, რომ ამის გამო რამე პრობლემას შევხვედროდი ახალგაზრდებთან, პირიქით, ყოველთვის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ვგრძნობ მათგან._ დასძინა მასპინძელმა და ვერიკოსთვის რამდენიმე რჩევაც მიაყოლა.

…ეს ყველაფერი ახლა წარსულია. ბუნების კანონები არ იცვლება: ამ ქვეყნად მოვდივართ, ვცხოვრობთ და  მივდივართ.  ცხოვრებაში კი ,,…  ჩვენ ვძერწავთ საკუთარ სახეს, იმ დღისთვის, როცა აღარ ვიქნებით“.

პროფესიის არჩევა დედის _ პოეტ მაყვალა მრევლიშვილის გავლენით მოუწია:

_სამხატვრო აკადემიაზე არც მიფიქრია, გული ცეკვისკენ, ცეკვის ისტორიისაკენ მიწევდა. ეს დედას გადაწყვეტილება იყო. აკადემიის აღმართისკენ დედა ამიძღვა. გამოცდაზე პატარა ველურივით ვიყავი, შიშველი ნატურა რომ დავინახე, სირცხვილით ყურებამდე გავწითლდი. კერამიკოსობა მერე შემიყვარდა. ეს არ არის იოლი პროფესია, რომ მხოლოდ სასიამოვნო მომენტები ახლდეს. აქ შემოქმედებითი და ფიზიკური ძალისხმევის მთელი ერთობლიობაა საჭირო. შეიძლება სული და გული ჩააქსოვო, მაგრამ გამოწვაში ყველაფერი წყალში ჩაგეყაროს. მერე ისევ თავიდან იწყება ყველაფერი. ამისთვის მზად უნდა იყო. და მიუხედავად ყველაფრისა, რომ ,,დაგემართება“ კერამიკა, იქ აღარაფერი გაგეგება, ისეთ მოულოდნელ შედეგებს  იძლევა თიხა და ცეცხლი…

აკადემიაში პროფესიის არჩევის გარდა, სხვა არჩევანიც დაუდგა. უფროსკურსელ რევაზ იაშვილთან ნაცნობობა ბაკურიანში სიყვარულად იქცა, სიყვარულს ოჯახი და შვილი მოჰყვა.

_ზღაპარივით მახსენდება ბაკურიანის ამბები. რეზო ბრწყინვალედ სრიალებდა. ათამდე ახალგაზრდა თხილამურებით ბორჯომის კომპოზიტორის სახლამდე ჩავდიოდით, არც ვიღლებოდით, არც რამის გვეშინოდა. მე და რეზო ხუთი წელი დავდიოდით (როგორც მაშინ იტყოდნენ). ძალიან ნიჭიერი კაცი იყო… თიხის სასწავლო პროცესში შემოტანა უკავშირდება ჩემი მეუღლის სახელს. მან არეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი შავკრიალა კერამიკის დამუშავების მივიწყებული ტექნოლოგია აღადგინა, პრაქტიკაში შემოიტანა ხევსურული ორნამენტები.

სამოციანი წლები ახალგაზრდა მეუღლეებისათვის სავსე იყო შემოქმედებითი წარმატებებით, ახალი ნამუშევრები საერთაშორისო გამოფენები, გამარჯვებები, აკადემიურ საფეხურებზე წინსვლა… და უცებ, ტრაგედია: ავტოავარიის შედეგად რევაზ იაშვილი ხერხემლის დაზიანებას იღებს და სავარძელს ეჯაჭვება.

იყო სასოწარკვეთის, დაბნეულობის წლები, მაგრამ ასე დიდხანს არ გაგრძელებულა.

პაპა, მხატვარი ალექსანდრე მრევლიშვილი, არ მახსოვს, მაგრამ ბებია პელაგია ავალიშვილი ძალიან ეხმარებოდა დედას ჩვენს აღზრდაში.  ბებია იყო გარჯის ქალი და მეც იგივეს მასწავლიდა. ეს ხასიათად მექცა და ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე განცდებს საქმით ვშველოდი. არ უნდა გავჩერებულიყავი, მთავარი ეს იყო.

არც გაჩერდნენ. სამხატვრო აკადემიის ხელშეწყობით ბინა შეიცვალეს და მხატვართა კორპუსში, პირველ სართულზე გადავიდნენ. იმ დღიდან რეზო იაშვილის სახელოსნო აკადემიის ფილიალად იქცა: იქ ტარდებოდა ლექციები, სულ სტუდენტები და კოლეგები ტრიალებდნენ, იქმნებოდა ახალი ნამუშევრები. რეზო იაშვილმა ტრავმის შემდეგ თითქმის 30 წელიწადი იცხოვრა. იცხოვრა აქტიურად, პროფესიული წარმატებების ძიებაში. ეს მაგალითი ძალიან წაადგებათ ადამიანებს, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვთ, წაადგება საზოგადოებასაც, რადგან ერთი კაცის ნებისყოფა მაშინ იძენს ძალას, როცა მის განწყობას ოჯახი და საზოგადოება უჭერს მხარს.

საუბარი რეზო იაშვილისაკენ გაგვექცა, მაგრამ ამაშიც ალდე კაკაბაძის ნებას ვიზიარებთ, რადგან ძნელი არ იყო შეგენიშნათ, რომ საკუთარ საქმიანობაზე საუბარს ის სწრაფადვე ანაცვლებდა მეუღლეზე, შვილზე საუბრით, იმ მოვალეობებზე საუბრით, რომელიც მას წინაპრების წინაშე ჰქონდა:

_დილა რომ გათენდება და თვალს ვახელ, მადლობას ვამბობ, რადგან ვინმეს რომ ეთქვა აქამდე იცოცხლებო, გამეცინებოდა. მართლა გენიალური სიტყვა გვაქვს ქართველებს _ წუთისოფელი. მიჰქრის და ვერაფერს იზამ. დედას არქივი ლიტერატურის მუზეუმს გადავეცი, პაპას არქივი _ხელოვნების მუზეუმს. მინდა ყველაფერს თავისი ადგილი მივუჩინო. აი, ეს სურათებიც: ერთი პაპაჩემის ბიძა სოლომონ მრევლიშვილია, უროლოგიის დოქტორი, მეორე _ პაპას ძმა სოსიკო მრევლიშვილი, ,,კაკანათის“ ავტორი, სხვადასხვა ფსევდონიმით იბეჭდებოდა. უამრავი მასალა, ფოტო და სლაიდი მაქვს… ბებიაჩემს ეკატერინე გაბაშვილის ჭრა-კერვის სკოლა ჰქონდა დამთავრებული, ,,ხუთიანი ჯვრით“ დავამთავრეო, თავს იწონებდა და მართლაც მშვენიერი ხელსაქმე იცოდა, სხვებსაც ასწავლიდა. მისი ნაქარგობები დღემდე შემოვინახე, ძალიან მინდა გადავცე მისი მშობლიური სოფლის _ბრეთის დედათა მონასტერს, სადაც თურმე ხელსაქმეს ასწავლიან.

არ ვიცი, რა ვერ მოასწრო ქალბატონმა ალდემ, მაგრამ  გია იაშვილი ოჯახურ ტრადიციას აგრძელებს _ ახლა ის ასწავლის ახალგაზრდების თიხისა და ცეცხლის შეთქმულების ამბებს.

ალდე კაკაბაძის გარემო სამი საუკუნის მოგონებებით იყო დამუხტული, წლები და განცდები კი _ მის მაღალ შუბლზე  ნაოჭებად დაძერწილი.  ასე დაამახსოვრდებათ ის ადამიანებს, რომლებისთვისაც ყველაზე დიდხანს ძერწავდა  ფაქიზ და შთამბეჭდავ ნამუშევარს _ საკუთარ სახეს.

 

სალომე ბენიძე- გოგოების საკითხავი

0

ბოლო დროს ხშირად მეკითხებიან, ვისთვის ვწერ. ალბათ იმ წიგნის ბრალია, რომლის წერაც გასული წლის შემოდგომაზე დავასრულე და მალევე გამოიცა. ჩემს წიგნს „ქალაქი წყალზე“ ჰქვია. ის ქალებზე და გოგონებზეა, რა თქმა უნდა, ცოტა კაცებზეც და ბიჭებზეცაა, თუმცა ჩემ მიერ შექმნილი სამყარო მაინც ქალების და გოგონების სიზმრებისა და ფიქრების გარშემო ტრიალებს. რატომ? იმიტომ, რომ მეც ქალი ვარ და, როგორც ფრიდა კალო ამბობდა, სწორედ მე ვარ ის, ვისაც ამქვეყნად ყველაზე კარგად ვიცნობ.

ადრე არ მიფიქრია, ვინმე კონკრეტულისთვის მეწერა. თავიდან ჩემი თავისთვის ვწერდი, უბრალოდ, სხვანაირად არ გამოდიოდა და იმიტომ. მერე კი, როცა ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა (ბიჭმა) მითხრა, თავს ვიკავებ შენი წიგნის წაკითხვისგან, რადგან მგონია, რომ გოგოებისთვისაა დაწერილი და მე არ მომეწონებაო, ჯერ მეწყინა, შემდეგ დავფიქრდი, ბოლოს გამეცინა. რა თქმა უნდა, შეუძლია, არ წაიკითხოს. რა თქმა უნდა, უფლება აქვს, ფიქრობდეს, რომ რაც დავწერე, მისთვის არ არის.

ჩემთვის ისიც ხშირად უკითხავთ, არსებობს თუ არა „ქალური ლიტერატურა“ და „მამაკაცური ლიტერატურა“. ამ კითხვის პასუხად ბევრჯერ გადაჭრით განმიცხადებია უარი და მითქვამს, რომ ლიტერატურა ლიტერატურაა და არა აქვს მნიშვნელობა, მას ქალი ქმნის თუ მამაკაცი. ალბათ მეშინოდა, ჩემი დადებითი პასუხით კიდევ უფრო არ დამეკნინებინა და ჩრდილქვეშ არ დამეყენებინა საუკუნეების განმავლობაში ისედაც მიჩქმალული და ცხრაკლიტულებში გამოკეტილი „ქალური ლიტერატურა“, ქალების მიერ შექმნილი ტექსტები, ქალების თვალით დანახული სამყარო.

სინამდვილეში „ქალური ლიტერატურა“ არსებობს, ვითარდება, სამზეოზე გამოდის და არაფრით ჩამოუვარდება „მამაკაცურს“, ლიტერატურა, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში არ ჰქონდა არსებობის უფლება, ლიტერატურა, რომელიც ხშირად იყო ამოფარებული კაცების გვარ-სახელებს, ლიტერატურა, რომელსაც მტვერი ედებოდა არქივებში, უჯრებში, სხვენებსა და სარდაფებში და უფრო მეტიც, ზოგჯერ გონებაშივე კვდებოდა.

ერთხელ ვთქვი საჯარო გამოსვლაში, რომ ყოველთვის მჯეროდა ელენე დარიანის არსებობის, მჯეროდა, რომ „დაიტანჯა მაჯა მარჯნის მძიმე ჯაჭვის ტარებით“ ქალის დაწერილი უნდა ყოფილიყო. ეს ჩემთვის არავის უსწავლებია, არავის უთქვამს, როგორ უნდა მივმხვდარიყავი, როგორ უნდა გამომერჩია. უბრალოდ, ასე ვიგრძენი. სიმართლე დღემდე არ ვიცი. მე ამ ამბავში ჩემი წილი, შეგრძნებითი სიმართლე მაქვს და როგორც საიდუმლოებების მოყვარულ მკითხველს, ესეც მყოფნის.

მაშინ, როცა მსოფლიოში სულ უფრო და უფრო ხმამაღლა ისმის მწერალი ქალების სახელები, ჰოლივუდის ვარსკვლავები კი მათი პოპულარიზაციის მიზნით კამპანიებს აწარმოებენ (მაგალითად, ემა უოტსონმა კლუბიც კი შექმნა ფემინისტური ლიტერატურის ფართო საზოგადოებისთვის გასაცნობად), რიტმს საქართველოც უწყობს ფეხს. ქართველი მწერალი ქალები დღეს ისეთი გაბედულები არიან, როგორც არასდროს. ისინი წერენ, გამოსცემენ წიგნებს, აღარ ეფარებიან ფსევდონიმებსა და სხვის გვარ-სახელებს, დამსახურებულად ხდებიან პრემიების ლაურეატები. მათ უკან მკითხველთა მთელი არმია დგას.

მე მიყვარს ლიტერატურა, რომელსაც დღეს, საქართველოში, ქალები ქმნიან. ჩვენი სინამდვილე, ჩვენი ოცნებები, ყველაფერი, რაც გვიყვარს, გვაწუხებს, გვენატრება – ყველაფერი აქ არის. ის, რაც აქამდე არ თქმულა, ის, რაც სირცხვილად ითვლებოდა, მაგრამ აუცილებლად უნდა გამოსულიყო სააშკარაოზე, დღეს მკითხველის ყურადღებასა და ემოციებს იმსახურებს. ის, რითაც ადრე არავინ ინტერესდებოდა, უკვე ბესთსელერია.

რა თქმა უნდა, წიგნებს არა აქვთ სქესი. სამაგიეროდ, სქესი აქვთ მათ ავტორებს, რომლებიც, პირველ რიგში, საკუთარ გამოცდილებასა და მსოფლმხედველობაზე დაყრდნობით წერენ. ფაქტმა, რომ დღეს, ქართულ ლიტერატურაში, ქალების ხმა ისმის, შეიძლება, თაობების აზროვნება და, უფრო მეტიც, მათი ბედი შეცვალოს, გოგონებს საკუთარი თავის რწმენა და სიყვარული განუმტკიცოს, ბიჭებს კი ცხოვრება, ურთიერთობები, სიყვარული სხვა კუთხიდან დაანახოს.

დიახ, „ქალური ლიტერატურა“ არსებობს, ოღონდ არსებობს არა მხოლოდ ქალებისთვის, არამედ კაცებისთვისაც. ქალები საუკუნეების განმავლობაში კითხულობდნენ მამაკაცების დაწერილ წიგნებს, შესაბამისად, უსამართლობაა, ქალების შექმნილი ტექსტებს იარლიყი მივაკრათ და მხოლოდ ქალების საკითხავად დავტოვოთ, რადგან თუკი თანასწორობისა და ბალანსის მიღწევა გვინდა, ერთმანეთს უნდა ვიცნობდეთ, ისეთებს, როგორებიც სინამდვილეში ვართ, ისეთებს, როგორებიც საკუთარ და არა სხვების წიგნებში ვართ.

მაინც ვისთვის ვწერ მე?

რა თქმა უნდა, ყველასთვის, ვინც ჩემს ნაწერებამდე მივა.

რა თქმა უნდა, ადამიანებისთვის, ვისაც ლიტერატურა უყვარს.

თუმცა, ცოდვა გამხელილი სჯობს და, პირველ რიგში, ალბათ მაინც ქალებისთვის და გოგონებისთვის ვწერ, მათი უკეთესი ცხოვრებისთვის, მათი კარგად ყოფნისთვის, მათთვის ვწერ, მათთვის, ვისაც ჩემი სიტყვა უფრო სჭირდება, ვიდრე სხვებს, ვინც ჩემგან გამხნევებას ელოდება, ვისთანაც საერთო სათქმელი მაერთიანებს.

ის, რასაც მე ვწერ, ალბათ ბევრისთვის „ქალური ლიტერატურაა“.

გადავწყვიტე, მეთქვა, რომ მე მხოლოდ ვამაყობ ამით.

 

სალომე ბენიძე

 

 

 

 

 

 

 

რევაზ ხოფერია- რა უნდა ვიცოდეთ საჯარო სკოლასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების შესახებ

0

საჯარო სკოლასთან შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით.  მასში მითითებულია:

– შრომითი ხელშეკრულების სარეგისტრაციო ნომერი, მისი დადების თარიღი და ადგილი;

– ხელშეკრულების მხარეების ვინაობა და მისამართი;

– მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა;

– შრომითი ხელშეკრულების მხარეთა უფლებები და მოვალეობები;

– სამუშაო დრო და დასვენების დრო;

– სამუშაო ადგილი;

– თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაოს სახე;

– შრომის ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი;

– ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი;

– ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულებების ხანგრძლივობა და შვებულების მიცემის წესი;

– მხარეთა პასუხისმგებლობის წესი;

– შრომითი ხელშეკრულების მოქმედება და მისი მოქმედების შეწყვეტა;

– შრომითი ხელშეკრულების ეგზემპლართა რაოდენობა;

– შრომით ხელშეკრულებაზე ხელმომწერი მხარეების რეკვიზიტები.

შრომით ხელშეკრულებაში კანონმდებლობის შესაბამისი სხვა, დამატებითი პირობაც შეიძლება იყოს მითითებული. ამასთან, იცოდეთ, რომ სკოლის შინაგანაწესი ხელშეკრულების ნაწილია. სკოლა ვალდებულია შრომითი ხელშეკრულების დადებამდე გაგაცნოთ სკოლის შინაგანაწესი, შემდგომში კი – მასში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება და დამატება.

რა უფლებები და ვალდებულებები აქვს სკოლას თქვენს მიმართ?

სკოლა ვალდებულია, შეგიქმნათ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემო და მუშაობისათვის აუცილებელი პირობები. სკოლას ეკისრება ვალდებულება, აგინაზღაუროთ ის ზიანი, რომელიც გამოწვეულია სკოლის მიერ შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევით. თუ სკოლა დააყოვნებს თქვენი შრომის ანაზღაურებას, მისი ვალდებულებაა დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაგიხადოთ დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.

საჯარო სკოლა ვალდებულია, გაზარდოს თქვენი შრომის ანაზღაურება სკოლის ბიუჯეტის ზრდასთან ერთად, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

გარდა ზემოაღნიშნულისა, სკოლა ვალდებულია შეგიქმნათ სასწავლო პროცესისათვის საჭირო გარემო, მოგაწოდოთ სასწავლო და მეთოდური სახელმძღვანელოები, უზრუნველყოს თქვენი აკადემიური თავისუფლება, არ შეგზღუდოთ ის გაუმართლებელი რეგულაციებით და წესებით, რადგან თქვენ გაქვთ უფლება ასწავლოთ თავისუფალ გარემოში. რა თქმა უნდა, აკადემიური თავისუფლება არ გულისხმობს ეროვნული სასწავლო გეგმისაგან თავისუფლებას.

სკოლამ ხელი უნდა შეგიწყოთ კვალიფიკაციის ამაღლებაში. ამ მიზნით, სკოლა, თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია 6 წელიწადში ერთხელ მოგცეთ ანაზღაურების გარეშე შვებულება 1 წლამდე ვადით, სამუშაო ადგილის შენარჩუნებით.

არსებობს შემთხვევები, როდესაც დროებით შრომისუუნარო ხართ. თქვენ გაქვთ დახმარების მიღების უფლება დროებითი შრომის უუნარობის მთელ პერიოდზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სკოლა ვალდებულია დაიცვას კონსტიტუციით გარანტირებული თქვენი უფლებები და თავისუფლებები და არ დაუშვას დისკრიმინაცია რაიმე საფუძვლით. თუ თქვენ მიმართ დისციპლინური საქმის წარმოება დაიწყება, ის უნდა წარიმართოს მხოლოდ სკოლის შინაგანაწესით დადგენილი წესით, სამართლიანი პროცედურებით და თქვენ უნდა გქონდეთ წერილობითი განმარტების მიცემის უფლება ჩადენილ დისციპლინურ გადაცდომასთან დაკავშირებით.

რა ვალდებულებები გეკისრებათ თქვენ, როგორც შრომითი ხელშეკრულების მხარეს?

თქვენი ვალდებულებაა, იზრუნოთ თითოეული მოსწავლის პიროვნულ განვითარებასა და მისი მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე, დაიცვათ მოსწავლის უფლებები და ინტერესები. ვალდებული ხართ მოემზადოთ თითოეული გაკვეთილისთვის და ეფექტიანად წარმართოთ სასწავლო პროცესი. გარდა ამისა, თქვენ მონაწილეობა უნდა მიიღოთ სასკოლო სასწავლო გეგმების შემუშავებაში, შეაფასოთ მოსწავლეების პროგრესი, უზრუნველყოთ კლასში წესრიგი, დისციპლინა და იზრუნოთ მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე. თქვენ უნდა შეძლოთ პარტნიორული ურთიერთობის დამყარება მოსწავლეთა მშობლებთან და მოსწავლის აღზრდისა და განვითარების პროცესში ჩართულ სხვა პირებთან.

ამასთან, თქვენი ვალდებულებაა, იზრუნოთ როგორც საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე, ასევე სკოლის განვითარებაზეც. ეს ხარისხიანი ზოგადი განათლების აუცილებელი კომპონენტია. თუ თქვენ ამ ვალდებულებას არ ასრულებთ ან არაჯეროვან ყურადღებას აქცევთ, საეჭვოა, განათლების ხარისხი მაღალი იყოს სკოლაში.

რა უფლებები გაქვთ?  

შეგიძლიათ სკოლის მართვაში მონაწილეობის მიღება და ამას ვერავინ აგიკრძალავთ. მართვაში მონაწილეობა შეგიძლიათ მიიღოთ პირადად ან არჩეული წარმომადგენლის მეშვეობით. სკოლაში არსებული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისა და მიღების უფლებაც გაქვთ ისე, რომ შეგიძლიათ არც კი მიუთითოთ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მიზეზი.

თუ სკოლაში თქვენ შესახებ რაიმე სახის ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს, თქვენი უფლებაა, იცოდეთ ასეთი წარმოების შესახებ, ჩაერთოთ წარმოებაში, მიიღოთ ყველა დოკუმენტი და გამოთქვათ აზრი დამოუკიდებლად ან წარმომადგენლის მეშვეობით. თქვენი უფლებების დასაცავად შეგიძლიათ გაასაჩივროთ სკოლის გადაწყვეტილებები.

შვებულება შეგიძლიათ მოითხოვოთ სკოლაში მუშაობის დაწყებიდან 11 თვის შემდეგ. თუმცა, სკოლის დირექტორთან შეთანხმებით შესაძლებელია შვებულება ამ ვადის გასვლამდეც მიიღოთ. თქვენთვის ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში არანაკლებ 40 სამუშაო დღეს შეადგენს, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს შრომითი ხელშეკრულებით. ამასთან, განსხვავებული ვადა შეიძლება განისაზღვროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით. გაქვთ ანაზღაურების გარეშე შვებულების მიღების უფლებაც, რაც წელიწადში არანაკლებ 15 კალენდარულ დღეს შეადგენს.

რა შემთხვევაში შეიძლება შეწყდეს შრომითი ხელშეკრულება?

თქვენთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება სკოლამ შეიძლება შეწყვიტოს, თუ დაარღვევთ ხელშეკრულების პირობებს ან ჩაიდენთ სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელ ქმედებას. კანონმდებლობით გათვალისწინებულია მასწავლებელთან ხელშეკრულების შეწყვეტის შესაძლებლობა არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში.

რა წესით უნდა მოხდეს ცვლილებების შეტანა შრომით ხელშეკრულებაში?

შრომით ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილება ან დამატება შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით. სკოლა ცალმხრივად ვერ შეცვლის შრომითი ხელშეკრულების პირობას. თუმცა, გამონაკლისიც არსებობს: თქვენი თანხმობა არ არის საჭირო, როდესაც შრომით ხელშეკრულებაში ცვლილებები კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებითაა განპირობებული.

შეთანხმებული ცვლილებები ან დამატებები უნდა გაფორმდეს წერილობით, რაც შრომითი ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია და ძალაში მხოლოდ მხარეთა სათანადო ხელმოწერის შემდეგ შედის.

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ სკოლასთან შრომით-სამართლებრივი დავა გაქვთ?

რომელ უწყებას უნდა მიმართოთ, თუ სკოლიდან გაგათავისუფლეს ან ასეთი საფრთხის წინაშე დგახართ – ადმინისტრაციულ სასამართლოს თუ სამოქალაქო სასამართლოს? რა დოკუმენტები უნდა წარადგინოთ სასამართლოში და როგორ უნდა დაასაბუთოთ თქვენი მოთხოვნა? რა სასამართლო პრაქტიკა არსებობს ამ საკითხზე საქართველოში? როგორ უნდა განსაზღვროთ წინასწარ, თქვენს დავას სკოლასთან აქვს თუ არა წარმატების პერსპექტივა?

ამ საკითხებზე მომდევნო წერილებში დავწერ. ვიცი, გაინტერესებთ.

ნათია არაბული- მოლეკულური ორბიტალების თეორია

0

რატომ აქვთ ნივთიერებებს განსხვავებული თვისებები? რატომ ატარებს დენს სუფრის მარილი გამლღვალ ან გახსნილ მდგომარეობაში? რატომ არის სანთელი რბილი და დაბალ ტემპერატურაზე ლღვება, მაშინ როდესაც ალმასს ლღობის მაღალი ტემპერატურა აქვს და ძალიან მტკიცეა? რატომ ახასიათებს სპილენძს და, საზოგადოდ, მეტალებს ბზინვარება, ღუნვადობა, გრეხადობა, დენის გამტარობა? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად უნდა ვიცოდეთ, რომ ნივთიერების თვისებები მისი შემადგენელი ნაწილაკების (იონების, მოლეკულების, ატომების) ურთიერთქმედებაზეა დამოკიდებული.

ვრცლად

ლევან ლორთქიფანიძე – რატომ ვერჩით ვიკიპედიას?

0

მსოფლიოში უდიდესი ონლაინ-ენციკლოპედია 15 წლის გახდა. ჯიმი უელსმა, პორტალის დამფუძნებელმა პირველი სტატია 2001 წლის იანვარში გამოაქვეყნა. დღეს „ვიკიპედიის“ გარეშე გლობალური ვირტუალური სივრცე წარმოუდგენელია. თავის შედეგებს მიაღწია ქართულენოვანმა ინტერნეტ-ენციკლოპედიამაც. ქართული „ვიკიპედია“ ასი ათასზე მეტ სტატიას აერთიანებს და საერთაშორისო რეიტინგში არც თუ ისე ურიგო პოზიციას იკავებს (54-ე 291-ს შორის). ყველა დაწესებულება ცდილობს ენციკლოპედიაში საკუთარი ადგილის მოპოვებას.

მიუხედავად საყოველთაო პოპულარობისა, „ვიკიპედიის“ ქართულენოვან ვებგვერდს უამრავი პრობლემა აქვს. ქართველი „ვიკიპედიელები“ არაერთი სერიოზული გამოწვევის წინაშე დგანან.

სირთულეებს შორის უმთავრესი, ალბათ, საზოგადოების დამოკიდებულება გახლავთ. ადამიანები კითხულობენ ენციკლოპედიის სტატიებს, ინტენსიურად იყენებენ სტატიებში აღმოჩენილ ცნობებს, მაგრამ საჯაროდ ყოველთვის აკრიტიკებენ და აქილიკებენ რესურსს. უამრავი ჩასაფრებული განსაკუთრებული მონდომებით ცდილობს უმნიშვნელო თუ საყურადღებო შეცდომების აღმოჩენას და მათ შესახებ არაადეკვატური ჩოჩქოლის, ხმაურის ატეხვას. ბევრმა ვერ გაიგო, რომ „ვიკიპედია“  მხოლოდ საუნივერსიტეტო და აკადემიურ სივრცეებში შექმნილი ვებგვერდი არ არის. მას მხოლოდ პროფესორები და აკადემიკოსები არ ქმნიან. უელსის მიერ დაფუძნებულ ენციკლოპედიას რიგითი მოქალაქეები, კონკრეტულ ენაზე მოლაპარაკე თემები, ხალხები ამდიდრებენ. „ვიკიპედია“ შეცდომების გამოსწორებაში დახმარების, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა თანამშრომლობის, ცოდნის გაცვლისა და დახვეწის პროდუქტია. პროდუქტის ფორმირების პროცესში მონაწილეობის მიღება კი ყველას შეუძლია, ოღონდ მათ წინასწარ უნდა იცოდნენ, რომ ამ საქმისთვის ისინი გასამრჯელოს ვერ მიიღებენ. მაშასადამე, ონლაინ-ენციკლოპედია თუ არ ვარგა, ეს პორტალის ბრალი არ არის. უნივერსალური ცოდნის გამაერთიანებელი ცნობარის ხარვეზებსაც და უპირატესობებსაც ჩვენ თავად განვაპირობებთ.

ბევრისთვის გაუგებარია „ვიკიპედიის“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იდეაც. საიტის დამფუძნებლებს, ავტორებს არასდროს ჰქონიათ პრეტენზია, რომ მათ გვერდზე გამოქვეყნებული სტატიები აბსოლუტურ ჭეშმარიტებას წარმოადგენენ. ენციკლოპედია მხოლოდ პირველადი ინფორმაციის წყაროა, რომელიც დაინტერესებულ პირს სხვა წყაროებზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს, საკითხის უკეთ შესწავლისკენ უბიძგებს.

ონლაინ-ენციკლოპედიის კიდევ ერთი უდიდესი პრობლემა ვანდალიზმი გახლავთ. მთელ მსოფლიოშიც და საქართველოშიც არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა მიზნით სტატიებს ამახინჯებენ. ზოგიერთის ამოცანა ინსტიტუტის ან საჯარო ფიგურის დისკრედიტაცია გახლავთ, ზოგიერთი კი ვანდალიზმით უბრალოდ ერთობა. ცხადია, მსგავსი შემთხვევები ასი ათას სტატიაში უფრო მკაფიოდ ჩანს და ადვილად შესამჩნევია, ვიდრე მილიონიან კრებულებში. რაც მთავარია, დიდი ქვეყნების შემთხვევაში ვანდალიზმს  თავიანთი შრომით მოხალისეები უპირისპირდებიან ხოლმე. სამწუხაროდ, ქართული „ვიკიპედია“ მოხალისეების, სტატიების შემქმნელების მწვავე დეფიციტს განიცდის.

თუმცა, ყველაფერი არც ისე ცუდად არის. ჩვენს ქვეყანაშიც ძალიან ბევრი კარგი რამ ხდება ონლაინ-ენციკლოპედიასთან დაკავშირებით. იცით თუ არა, რომ ქართული „ვიკიპედიის“ დედაქალაქის ფუნქციას ხაშურის მუნიციპალიტეტი ასრულებს, რადგან დაბა სურამში ჯაბა ლაბაძე ცხოვრობს. ბ-ნი ჯაბა ისტორიის მასწავლებელია. მას ვებგვერდისათვის ათი ათასზე მეტი სტატია აქვს დაწერილი. პედაგოგი საკუთარ მოსწავლეებთან ენციკლოპედიას მიწასთან არ ასწორებს ხოლმე. პირიქით, იგი ცდილობს, რომ მთელი სკოლა, მთელი დაბა, მთელი რაიონი ჩართოს უნივერსალური ცოდნის ერთადერთი ქართულენოვანი წყაროს გამდიდრების პროცესში. მისი საქმიანობა აღნიშნული მიმართულებითაც წარმატებულია. ჯაბა ლაბაძის დამსახურებაა, რომ ჩვენს „ვიკიპედიას“ ბევრი სერიოზული კონტრიბუტორი და აქტივისტი ჰყავს.

მგონი, ურიგო არ იქნება, თუ ამგვარ მასწავლებლებს მოვუსმენთ და დავიწყებთ კამპანიას „1 მოქალაქე = 1 სტატია“. ჩვენმა მეზობელმა სომხეთმა ანალოგიური კამპანიის საფუძველზე მიაღწია უდიდეს პროგრესს.

ირმა ტაველიძე- სასკოლო ზეიმების სევდა

0

მწამს, რომ წაკითხული წიგნები მკითხველებს ცვლიან. შესაძლოა, ამ რწმენის საფუძველი არც ისე მყარი იყოს. არაფერს ვამტკიცებ. უბრალოდ, მწამს.

ამ რწმენით ვცხოვრობ, ვწერ, ვკითხულობ და წიგნებს ვურჩევ მათ, ვისი ბედ-იღბალიც მაღელვებს. ვისი ბედ-იღბალიც გაღელვებს, იმას ბევრი წიგნი უნდა წააკითხო – ასწავლო, როგორ უნდა ამოათრიოს საკუთარი თავი, თმაში ხელჩავლებულმა, ყოველდღიურობის დაგუბებული, სუნდაკრული წყლებიდან.

რაკი ერთმა შეძლო, ჩვენც შევძლებთ.

სწორედ ასე წავაკითხე ჩემს მეგობარს თანამედროვეთაგან ალბათ ყველაზე დიდი ამერიკელი მწერლის, ფილიპ როთის „პორტნოის სინდრომი“ – წიგნი, რომლის წაკითხვასაც ყველა მასწავლებელს ვურჩევდი. ძველი მეგობრები ვართ და ალბათ სხვაც ბევრი მოვახვიე თავზე – ჩემი შეხედულებები, მოსაზრებები, ვარაუდები, შიშები, გემოვნება. ქართულის მასწავლებელია და სულ რაღაცას ეძებს.

ამიტომაც გამიკვირდა და გულიც მეტკინა, როცა ერთ დღეს ასეთი სასკოლო ზეიმის მოწყობა მოინდომა: მოსწავლეებს თანამედროვე ქართველი პოეტების ლექსები ზეპირად უნდა ესწავლათ და ავტორებთან შეხვედრისას ეთქვათ. პოეტები მოსწავლეებს მოუსმენდნენ და მერე თვითონაც იტყოდნენ რამეს, სკოლის წლებს გაიხსენებდნენ, შეკითხვებსაც უპასუხებდნენ.

ფილიპ როთის „პორტნოის სინდრომი“ სულ ახალი წაკითხული ჰქონდა. აღარ ჩამოვთვლი იმ წიგნებს, რომლებიც მანამდე წაიკითხა.

რა მოხდა? ის, რომ მასწავლებლის ცნობიერებაში სასკოლო ზეიმის იდეა იმ სახით გაცოცხლდა, რა სახეც ათწლეულების წინ ჰქონდა საბჭოთა იდეოლოგიის შუქით განათებულ სამასწავლებლო ოთახებში. სხვა შესაძლებლობა იმთავითვე გამოირიცხა. თითქოს ზეიმი ისაა, როცა ვიღაც საგანგებოდ ამ დღისთვის ნასწავლ ლექსს ამბობს – სხაპასხუპით, წაბორძიკების გარეშე. საგრძნობლად ღელავს და ამის გამო სტრიქონებს მარცვლები აკლდება, მაგრამ ზეიმის ორგანიზატორები და მსმენელები დიდსულოვნად მიუტევებენ. სუნთქვაშეკრული, წამოწითლებული მოსწავლისთვის ეს მორიგი ვალდებულებაა, უკვე ვალმოხდილები კი მოუთმენლად ელოდებიან ღონისძიების დასრულებას.

ბევრჯერ ვყოფილვარ ასეთი ზეიმის მონაწილე.

მოწვეული სტუმრები – გრძელი და მოსაწყენი გამოსვლებით, მუდმივი შიში (ბოლოსწინა სტროფის დასაწყისი არ დამავიწყდეს), უცნაური გამომეტყველება მასწავლებლების სახეებზე (სტუმრებს ისიც კი ნაზად უღიმის, ვინც არასდროს იღიმება), საერთო დაძაბულობის განცდა და წარუმატებლობის მოლოდინი (მაინც დამავიწყდება, მაინც დამავიწყდება…) დასკვნა: საზეიმო არც არაფერია, ზეიმის მიზეზი საერთოდ არ არსებობს. სკოლას თავისი მომაბეზრებელი ვალდებულებები აქვს. ეს არის და ეს.

ძველი ფოტოების თვალიერებისას სასკოლო ღონისძიებებზე გადაღებულ ფოტოებს ერთს დავხედავ და გვერდზე სწრაფად გადავდებ ხოლმე.

ერთადერთი დრამატული სანახაობა, რომელიც ღიმილით მახსენდება, უდროოდ დაღუპული ქართველი პოეტების პატივსაცემად იყო მოწყობილი. „მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები, რომ თქვენი თმები დამაბრუნებენ“. ნახევრად ჩაბნელებული სცენის სიღრმეში ვიდექით და ხელში დაფნის რტოები გვეჭირა. სცენის მარცხენა კუთხესთან ფიალაში ცეცხლი ენთო – წარმოსახვითი პოეტის წარმოსახვით საფლავზე. „სალოცავად ქართველობა მეყოფა, საფიცავად შენი თაფლის თვალი“.  რიგრიგობით მივდიოდით საფლავთან, ლექსს ვამბობდით და მერე დაფნის რტოს ფიალის გვერდით ვდებდით. „დაუკარით! ჯერ ხომ სისხლი გვიდგას ძარღვში, ჯერ ხომ საროს ფოთლები არ გასცვენია“. პირველად სიცილი მაშინ აგვიტყდა, რეპეტიციებზე მოსმენილი „გაფრინდი, შავო მერცხალო“-ს ნაცვლად ჩაბნელებულ დარბაზში „ჩიტი-გვრიტი მოფრინავდა“ რომ გაისმა (უფროსკლასელი, ვისაც საღამოს მუსიკალურად გაფორმება დაავალეს, სუსტი აღმოჩნდა ორნითოლოგიაში). მერე კი ერთმა მოსწავლემ, ალბათ მღელვარებისგან, ხმელი დაფნის რტო ფიალას ზემოდან დაადო. მეორემ იფიქრა, ალბათ უდროოდ დაღუპულ პოეტებს პატივი ასე უნდა მივაგოთო და თვითონაც იგივე გაიმეორა. დაფნის რტოები ატკაცუნდა და მთელი დარბაზი კვამლში გაეხვა.

სწორედ ეს სცენა გამახსენდა, მიქელანჯელო ანტონიონის „Blow-Up” პირველად რომ ვნახე.

ზოგადად, ზეიმი კი კარგი რამაა, მაგრამ თუ სასკოლო ზეიმის კონცეფცია ისევე ვერ გასცდება დეკლამაციას, როგორც ათწლეულების წინ, თუ მოსწავლეები მხოლოდ პატარა დეკლამატორები იქნებიან და არავინ იზრუნებს მათ საზეიმო განწყობაზე, ნამდვილ სიხარულსა და კმაყოფილებაზე, მაშინ არც არაფერი შეიცვლება სკოლებში. ყველაზე კარგი მასწავლებლებიც კი უნებურად ისევ გაიმეორებენ ძველ შეცდომებს – ისევ შეაშინებენ მოსწავლეებს, დათრგუნავენ, წარმოსახვას შეუზღუდავენ, წიგნების კითხვისა და ცვლილებების სურვილს გაუქრობენ.

თანამედროვე ქართველ პოეტებთან შეხვედრა არ გამართულა. მეგობარი კიდევ ერთხელ მენდო.  ჩემი წარმოდგენით, წიგნების გადაშლა და ლექსების წაკითხვა საკმარისი იქნებოდა. მხოლოდ და მხოლოდ სიამოვნებისთვის. სიხარულისთვის.

 

ნინო კაპანაძე -„SOS”-სიგნალი დამრიგებელს და მშობელს

0

 

სოციალური ქსელები, რომელშიც მოზარდები აქტიურად არიან ჩართულნი და ამის გამო, ხშირად უფროსების გულისწყრომას იმსახურებენ, შეიძლება, მოზარდის სულიერი მდგომარეობის დიაგნოსტირების საშუალებადაც იქცეს კლასის დამრიგებლისათვის. მაგალითების მოტანა უხვად შეიძლება, მაგრამ ამჯერად ერთ პოსტს შემოგთავაზებთ:

„რატომ უნდა მინდოდეს სწავლა, როცა ჩემოჯახის წევრს ჩემი წარმატება სწავლაში ფეხზე კიდია? როცა არ აინტერესებს სადმე გავიმარჯვებ, დავმარხდები თუ რას ვიზამ. როცა ჩემი კლასელები ისეთსავე წარმატებას აღწევენ და მათი მშობლები ამით ამაყობენ, შვილებს ულოცავენ, მე კი არც კი მილოცავენ… ნუ, მოკლედ, რაააა მოდი და მომედავოს ვინმე …

საშუალო საფეხურის მოსწავლის ეს ამოძახილი, მოკლედ და განზოგადებულად მშობელსა და შვილს შორის გაუცხოების, აღიარების დეფიციტის სახელით შეიძლება მოვიხსენოთ.

ასაკობრივი თავისებურებების ფონზე, მოტივაციის განადგურების საფრთხე, არ აღიარებით გამოწვეული წყენა საკმაოდ სერიოზული წინაპირობებია მოზარდისთვის  სწავლისადმი ინტერესის დაკარგვის, ოჯახის, როგორც არაკეთილგანწყობილი გარემოსადმი დაპირისპირების და საერთოდ, ცხოვრების ნორმალური რიტმიდან ამოვარდნისთვის. ეს შედეგი მხოლოდ პიროვნულ პრობლემებს არ უკავშირდება, ის თავისთავად მოიყოლებს პრობლემებს  სოციუმისათვის, რომელშიც ასეთი მოზარდი ცხოვრობს. ასე იქცევა პიროვნული პრობლემა საზოგადოებრივად.

სკოლა და ოჯახი, მთელ საზოგადოებასთან ერთად, ინაწილებს პასუხისმგებლობას მოსწავლის აღზრდაზე. ჩვენი მაგალითის შემთხვევაში, ოჯახი თავის წილ პასუხისმგებლობას, მსუბუქად რომ ვთქვათ, ვერ ზიდავს. ასეთ სიტუაციაში სკოლას ემატება საზრუნავი და ამ ამოცანასთან ყველაზე უშუალოდ კლასის დამრიგებელია დაკავშირებული. მის წინაშე უამრავი საზრუნავი ჩნდება: ერთი მხრივ, თავად მოზარდთან მუშაობა; მეორე – მშობელთან მუშაობა; კონსულტაციები ფსიქოლოგთან; დაკვირვება მოზარდის დამოკიდებულებაზე თანაკლასელებთან და საგნის მასწავლებლებთან… კონკრეტულ შემთხვევას კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავება სჭირდება. კლასის დამრიგებელს  ჩვენზე მეტი ინფორმაცია აქვს როგორც მოსწავლეზეც, ისე მის ოჯახზეც და გარედან მზა რეკომენდაციების შეთავაზება არ იქნება მართებული. ერთი კი ცხადია, პრობლემა მეტად სენსიტიურია და მასზე მუშაობის დროს, დამრიგებელს სიფრთხილის ,,ბეწვის ხიდზე“ ბევრჯერ მოუწევს გავლა. ეს ანალოგიური პრობლემის არსებობის შემთხვევაში.

მაგრამ შეგვიძლია ეს კონკრეტული პოსტი მშობელთა კრებაზე აქტუალური საკითხის განსჯის აღძვრისთვის გამოვიყენოთ. მშობლებთან კომუნიკაციის ინოვაციური ფორმები, რაც სადამრიგებლო პროგრამის მნიშვნელოვანი საკითხია, ჩვენგან ახლებურ მიდგომას ითხოვს. მათ შორის მშობელთა ინფორმირებას აღზრდის საკითხებზე.

თომას გორდონის ძალიან აღიარებულ და სასარგებლო წიგნში „როგორ გავხდე კარგი მშობელი“ ვკითხულობთ:  ,,მშობლებს ადანაშაულებენ როგორც ახალგაზრდობის ყველა პრობლემის, ასევე იმ პრობლემების გამო, რომელსაც ის საზოგადოებას უჩენს: მშობლებს ბრალს სდებენ:

…მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია – მოსწავლეთა წარუმატებლობისა და ცუდი ყოფაქცევისათვის.

კეთილი, მაგრამ ვინ ეხმარება მშობლებს? თუ გაკეთებულა რაიმე იმისათვის, რომ მათთვის უფრო ეფექტიანი აღზრდა გვესწავლებინა?“

ცხადია, მშობელთა განათლების ფართო პროგრამას კლასის დამრიგებელი მარტო ვერ განახორციელებს, მაგრამ შვილების  მოტივაციის ამაღლების საქმეში მშობლების როლის ახსნისა და  ამ საკითხებზე კრებაზე მსჯელობისათვის ხელსაყრელი ვითარების შექმნას ნამდვილად  შეძლებს.

კერძოდ,  დაფაზე ან ფლიპჩარტის ფურცელზე დავწეროთ მოზარდის ზემოთ მოტანილი პოსტი, რომ ყველამ შეძლოს წაკითხვა; პარალელურად, მშობლებს დავურიგოთ წინასწარ მომზადებული კითხვარი:

  • რა იგრძენით პოსტის წაკითხვის შემდეგ?
  • როგორ შეიძლება მოიქცეს მოზარდი, როცა ოჯახის წევრები არ ინტერესდებიან მისი წარმატებით?
  • როგორ იმუშავებდით ამ მოსწავლესთან, თქვენ რომ დამრიგებელი იყოთ?
  • როგორ მოიქცეოდით მის მშობელთან, თქვენ რომ დამრიგებელი იყოთ?

სთხოვეთ მშობლებს  5-10 წუთში (ანონიმურად)მოკლე პასუხი გასცენ კითხვებს და დაგიბრუნონ. ამის შემდეგ 10 წუთი დაუთმეთ ზეპირ დისკუსიას, სთხოვეთ მშობლებს იყვნენ კორექტულები, იმსჯელონ  პრობლემის შესახებ, კონკრეტული გვარ-სახელების გარეშე. ყველას მიეცით აზრის გამოთქმის საშუალება. ბოლოს, შეაჯამეთ დისკუსია და ასევე მოკლედ და პოპულარული ენით გააცანით მშობლებს მასლოუს მოთხოვნათა იერარქია და მოტივაციის არსი და მნიშვნელობა. (შესაძლებელია, მასლოუს იერარქიაზე ტექსტი რამდენიმე კოლეგასთან ერთად დაამუშაოთ მშობლებისათვის).

ეს საშუალებას მოგცემთ, კრებაზე ოჯახის როლსა და მოვალეობაზე გაააქტიუროთ საუბარი. დისკუსიის მონაწილენი აუცილებლად გადაავლებენ თვალს თავიანთ დამოკიდებულებებს შვილებთან და თქვენი მიზანიც მიღწეული იქნება: მშობლების ინფორმირება, ანალოგიური შემთხვევების პრევენცია თქვენს კლასში. კითხვარებში შესაძლებელია, შემოთავაზებული იყოს საინტერესო, თქვენთვის საგულისხმო პასუხები, რასაც შემდგომში  გაითვალისწინებთ.

დასასრულ, აუცილებლად დასვით შეკითხვა: საინტერესო იყო თუ არა ეს საკითხი მათთვის? მომავალში რა თემაზე ისურვებენ მსჯელობას? შეიძლება თავად შესთავაზოთ რამდენიმე თემა და უმრავლესობის აზრის გათვალისწინებით, ჩაინიშნოთ საკითხი მომავალი კრებისათვის.

მეხსიერების ქიმიური გასაღები

0

ადამიანის მეხსიერების, როგორც უნივერსალური ფენომენის გამოცანა 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი სამეცნიერო პრობლემაა, რომლის გადაჭრაც ქიმიკოსების, ფიზიკოსების, ბიოლოგების, ფიზიოლოგების, მათემატიკოსებისა და სხვათა ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი. დღეისთვის ჯერ ისევ შორსაა სრულფასოვანი ახსნა იმისა, თუ რა მოგვდის ადამიანებს, როდესაც „ვიმახსოვრებთ“, „ვივიწყებთ“, „კვლავ გვახსენდება“, თუმცა ბოლო პერიოდის აღმოჩენები გვაფიქრებინებს, რომ მეცნიერები სწორი მიმართულებით მიდიან.

დღეისათვის საბაზისო შეკითხვაზე – რას წარმოადგენს მეხსიერება დროსა და სივრცეში? – პასუხი მხოლოდ ჰიპოთეზებსა და ვარაუდებს ემყარება. თუ ვისაუბრებთ სივრცეზე, მაშინ უნდა ითქვას, რომ საბოლოოდ მაინც გაურკვეველია, კონკრეტულად სადაა ტვინში განლაგებული მეხსიერება და როგორაა იგი ორგანიზებული. მეცნიერულ მონაცემებზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ მეხსიერების ელემენტები ყველგანაა, „რუხი ნივთიერების“ ყოველ უბანზე. უფრო მეტიც, ერთი და იგივე ინფორმაცია მეხსიერების განსხვავებულ უბნებზე შეიძლება ჩაიწეროს.

დადგენილია, რომ სივრცითი მეხსიერება (როცა პირველად დანახულ გარემოს – ოთახს, ქუჩას, პეიზაჟს – ვიმახსოვრებთ) დაკავშირებულია ტვინის იმ სეგმენტთან, რომელსაც ჰიპოკამპი ეწოდება. თუკი ათი წლის შემდეგ შევეცდებით, აღვიდგინოთ ეს გარემო, მაშინ ის სულ სხვა სეგმენტის ხარჯზე მოხდება.

ვიმახსოვრებთ სიამოვნებით

გასაკვირია, რომ მეხსიერების ისეთი ზუსტი თანმიმდევრული გადაადგილება ოპერატიულიდან მუდმივში, როგორც ეს ხდება კომპიუტერში, ტვინში არ ხდება. მუშა მეხსიერება, რომელიც უშუალოდ შეგრძნებებს აფიქსირებს, ამავდროულად მეხსიერების ისეთ მექანიზმებსაც ამოქმედებს, როგორიცაა ხანგრძლივი და საშუალოდ აუცილებელი მეხსიერება. მაგრამ ტვინი ენერგოტევადი სისტემაა, რომელიც ცდილობს საკუთარი რესურსების გახარჯვის ოპტიმიზაციას, მათ შორის მეხსიერებისაც.

ამიტომ ბუნებამ მრავალსაფეხურიანი სისტემა შექმნა. მუშა მეხსიერება სწრაფად ფორმირდება და ასევე სწრაფად იშლება. ამისთვის სპეციალური მექანიზმი არსებობს. რაც შეეხება მართლაც მნიშვნელოვან მოვლენებს, ისინი ხანგრძლივად ინახება. მათი მნიშვნელოვნება კი ემოციით განისაზღვრება, რომელსაც ეს ინფორმაცია იწვევს. ფიზიოლოგიის დონეზე ემოცია მძლავრი ბიოქიმიური მოდელირებადი სისტემების ამოქმედებაა. ეს სისტემები გადაისვრიან მედიატორ ჰორმონებს, რომლებიც მეხსიერების ბიოქიმიას საჭირო მიმართულებით ცვლიან. მათ შორისაა სიამოვნების მრავალფეროვანი ჰორმონები, რომელთა დასახელებებიც უფრო კრიმინალურ ქრონიკას წააგავს, ვიდრე ნეიროფიზიოლოგიას: ესაა მორფინები, ოპიოიდები, კანაბინოიდები – ანუ ჩვენი ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ნარკოტიკული ნივთიერებები. კერძოდ, ენდოკანაბინოიდები გენერირდებიან უშუალოდ სინაპსებში – ნერვული უჯრედების მაკავშირებლებში.

ისინი ზემოქმედებენ სინაპსების ეფექტურობაზე და ამგვარად ხელს უწყობენ, სხვადასხვა ინფორმაციის მეხსიერებაში ჩაწერას.
მედიატორ ჰორმონთა რიგის სხვა ნივთიერებები კი პირიქით, თრგუნავენ მუშა მეხსიერებიდან ხანგრძლივში მონაცემთა გადაადგილების პროცესს. ამჟამად აქტიური შესწავლის ფაზაშია, მეხსიერების ემოციონალური, ანუ ბიოქიმიური გამყარების ფაქტორები.

პრობლემა ის გახლავთ, რომ ასეთი სახის ლაბორატორიული კვლევები, მხოლოდ ცხოველებზეა შესაძლებელი, მაგრამ რა უნდა გვიამბოს საკუთარ ემოციებზე ლაბორატორიის ვირთხამ?

როდესაც ჩვენ მეხსიერებაში რაღაცას ვინახავთ, დგება დრო ამ ინფორმაციის გახსენების, ანუ მეხსიერებიდან ამოღების. რამდენად სწორია ეს სიტყვა “ამოღება“. თუ დავფიქრდებით – არც ისე. როგორც ჩანს, მეხსიერების მექანიზმები კი არ ამოიღებენ ინფორმაციას, არამედ თავიდან ახდენენ მის გენერირებას, რადგან ამ მექანიზმებში ინფორმაცია არაა. მაშინ სად ინახება ეს ინფორმაცია და რა „სიგნალებით“ ხდება მისი გადამუშავება მეხსიერებაში, ამის თქმა ძნელია. თუმცა უკვე ცნობილია, რომ მოგონებებისას მეხსიერება მოდიფიცირდება. ყოველ შემთხვევაში ეს ასეა მეხსიერების ზოგიერთ სახეობასთან მიმართებაში.

არა ელექტროობა, არამედ ქიმია

უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვანი აღმოჩენები გაკეთდა – ჩატარდა მთელი რიგი სამუშაოები რათა გაერკვიათ, როგორ ხდება მეხსიერების მოდიფიცირება ან თუნდაც წაშლა. ეს სამუშაოები „მეხსიერების მოლეკულას“ მიეძღვნა. ასეთი მოლეკულის ან აზრისა და მეხსიერების მატერიალური მატარებლის გამოყოფას, უკვე ორასი წელია ცდილობენ, თუმცა ამაოდ. საბოლოოდ ნეიროფიზიოლოგები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ტვინში მეხსიერებისათვის არაფერი სპეციფიკური არაა: არის 100 მილიარდი ნეირონი მათ შორის 10 კვადრილიონი მაკავშირებლით, და ამ კოსმიური მასშტაბების ქსელში ერთგვაროვნად კოდირებულია მეხსიერება, აზრი და ქცევა.
იყო მცდელობები, დაებლოკათ ტვინში ცალკეული ქიმიური ნივთიერებები, ეს კი იწვევდა მეხსიერებისა და ასევე ორგანიზმში მიმდინარე პროცესების ცვლილებებს. მხოლოდ 2006 წელს გამოჩნდა პირველი შრომები ბიოქიმიურ სისტემაზე, რომელიც ძალიან სპეციფიკურია მეხსიერებისათვის. მისი ბლოკირება არ იწვევდა არანაირ ცვლილებას არც ქცევაში, არც სწავლის უნარში. იწვევდა მხოლოდ მეხსიერების ნაწილობრივ დაკარგვას. მაგალითად, თუ ბლოკატორის ჰიპოკამპში შეყვანისას, იკარგებოდა გარემოების მეხსიერება, ამიგდალაში შეყვანისას კი – ემოციური შოკის მეხსიერება.

აღმოჩენილი ბიოქიმიური სისტემა ცილას, პროტეინკინაზა M-ზეტას წარმოადგენს, ფერმენტს, რომელიც დანარჩენ ცილებს აკონტროლებს.

მოლეკულა მუშაობს, ტვინის ნეირონთაშორის სინაპსებთან ერთად. აქვე უნდა განვმარტოთ ამ კონტაქტების სპეციფიკა. ტვინს ხშირად ადარებენ კომპიუტერს. ამიტომ ბევრი ფიქრობს, რომ კავშირი ნეირონებს შორის, რაც ქმნის იმას, რასაც აზროვნებასა და მეხსიერებას ვუწოდებთ, წმინდად ელექტრონული ხასიათისაა. ეს ასე არაა, სინაფსების ენა ქიმიაა, სადაც ერთი სახის მოლეკულები ურთიერთქმედებენ სხვა მოლეკულებზე (რეცეპტორებთან), და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება ელექტრონული პროცესები.

განსაკუთრებული თვისებების ცილა

პროტეინკინაზა M-ზეტას აკონტროლებს სინაპსით რეცეპტორების მიწოდებას ნერვული უჯრედების გავლით და ასე ზრდის მის ეფექტიანობას. როცა ეს მოლეკულები ერთვებიან, ერთდროულად ათიათასობით სინაპსის მუშაობაში, ხდება სიგნალების მიმართულების ცვლილება და ნეირონების ერთგვარი ქსელის საერთო თვისებებიც იცვლება.
ნაკლებადაა ცნობილი, ამ სიგნალების მიმართულების ცვლილებაში როგორაა კოდირებული მეხსიერების ცვლილებები. თუმცა დამტკიცებულია: თუ პროტეინკიზაზა M-ს დავბლოკავთ, მეხსიერება წაიშლება, რადგან ის ქიმიური კავშირები, რაც უზრუნველყოფენ მახსოვრობას, არ იმუშავებენ.

ახლადაღმოჩენილ მეხსიერების „მოლეკულას“ მთელი რიგი საინტერესო თავისებურებები აქვს:

1. მას აქვს თვითწარმოების თვისება. თუკი ახალი ინფორმაციის მიღებისას სინაპსში ერთგვარი დანამატი წარმოიქმნა, გარკვეული რაოდენობის პროტეინკინაზა M-ზეტას სახით იგი იქ დიდი ხნით ინახება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ცილა 3-4 დღეში იშლება. გაურკვეველია როგორ ახდენს მოლეკულა, უჯრედის რესურსების მობილიზებას, როგორ უზრუნველყოფს სინთეზს და ახალ-ახალი მოლეკულების მიწოდებას სინაპტურ კონტაქტებთან.

2. ამ ცილის ძალზე საინტერესო თავისებურებაა მისი ბლოკირება, რომელსაც ახდენენ თვით მის გენში კოდირებული პეპტიდური ბლოკატორის სინთეზირებით. თუმცა თვით უჯრედში ბლოკატორი არ წარმოიქმნება. რა მიზნით დატოვა ევოლუციამ გენომში მისი კოდი, ეს გაურკვეველია.

3. ამ მოლეკულის მნიშვნელოვანი თავისებურებაა ის, რომ მოლეკულაც და მისი ბლოკატორიც პრაქტიკულად იდენტურნი არიან ყველა ცოცხალი არსებისთვის, რომელსაც ნერვული სისტემა აქვთ. ეს ადასტურებს, რომ პროტეინკინაზა M-ზეტას სახით, საქმე გვაქვს უძველეს ადაპტაციურ მექანიზმთან.

რა თქმა უნდა, პროტეინკინაზა M-ზეტა არაა „მეხსიერების მოლეკულა“ იმ გაგებით, როგორიც მეცნიერებს ეგონათ წარსულში. ის არაა, დამახსოვრებული ინფორმაციის მატერიალური მატარებელი, მაგრამ ის არის საკვანძო მარეგულირებელი ტვინის შიდა კავშირების ეფექტიანობისა და ინიცირებას უკეთებს ახალი კონფიგურაციების წარმოქმნას.

წყარო:

https://elementy.ru/nauchno-populyarnaya_biblioteka/431962/Khimicheskiy_klyuch_pamyati?context=42845

ქართულის მასწავლებელს ყოველთვის აინტერესებს ჩემი აზრი

0

ჩემი მერვეკლასელი ბიჭი მურმან ლებანიძის „ოდესმე დიდი ყოფილა საქართველოს“ სწავლობს.
– როგორი ლექსია? – ვეკითხები ნაცნობი სტრიქონების გაგონებისას.
– დებილური, – მესმის პასუხი.
– არ მოგწონს? მაშინ მითხარი, რა არ მოგწონს.
– ტყუილი, ტყუილი არ მომწონს!
– ?
– აი, უყურე:
„ყოფილა ნიკოფსით დარუბანდამდე
გაჭენებული და გამოჭენებული;
რტოებგაშლილი და გამოჩინებული,
ყოფილა ორ ზღვას შუა აღმოცენებული“, –
არის ტყუილი. საქართველო ამხელა არასოდეს ყოფილა.

მე ვცდილობ ავუხსნა. ვეხებით ვასალი ქვეყნების თემას. მაინც უკმაყოფილოა:

– გინდაც ყოფილიყო, – რაღა დროს თამარის დროინდელი საქართველოს საზღვრებზე ტირილია, ჯობია, ის გვასწავლონ, რაც გაგვაჩნია, იმას როგორ მივხედოთ.

სიმართლე გითხრათ, ეს ლექსი ნამდვილად არ შედის ჩემი საყვარელი ლექსების რიცხვში, მისი ავტორიც სულ სხვა სტრიქონების გამო მგონია კარგი პოეტი, მაგრამ მაინც მთელი ძალისხმევით ვცდილობ ავუხსნა და მოვაწონო. ყურადღებას ვუმახვილებ მიმართვაზე:

„ჩემო მიმინო და ჩემო ფრთანათელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“.

ვცდილობ მივახვედრო, როგორი ინტიმი შემოაქვს კუთვნილებით ნაცვალსახელს, როგორი თბილია, რომ სამშობლოს სიყვარულიც ისეთივე გრძნობაა, როგორიც შვილისა. მამა შვილს უყვება დამონებული ქვეყნის ისტორიას. მერე ვცდილობ ავუხსნა, რომ ლექსი საბჭოთა კავშირშია დაწერილი, რომ ძალადობის ქვეშ მყოფ ერს თვითშეფასება უქვეითდება, რომ ამით პოეტი ცდილობს, შვილს, მომავალს რწმენა შეუნარჩუნოს და ეროვნული თვითშეფასება აუმაღლოს.

მაინც ეჭვით მიყურებს:
– ისტორიას ისტორიაში არ ასწავლიდნენ?

აქ მახსენდება ჩვენი ბავშვობის ისტორიის სახელმძღვანელოები: საქართველოს ისტორია – თითქმის უგულებელყოფილი, საბჭოთა კავშირისა –უზარმაზარ ტომებად.

მერე დიდხანს ვისხედით და ვსაუბრობდით ჩემს ბავშვობაზე. საბჭოთა ცხოვრებაზე, პარადოქსებზე, ქართველი კაცის გარყვნაზე, ფულის შოვნაზე და ბევრ იმგვარ სატკივარზე, საბჭოეთმა რომ დაგვიტოვა.

– ასეთი რამ ხომ აღარ დაგვემართება, დედა?

თვალებგაფართოებული მიყურებს. მე ვუხსნი საფრთხეებს. ვუყვები თანამედროვე რუსეთზე. ვეუბნები, რომ მოსკოვის უმაღლეს სასწავლებლებში ინკლუზიური სწავლების ფაკულტეტს დღესაც „დეფექტოლოგია“ ჰქვია. ვატყობ, ფერი ეკარგება. მერე მტკიცედ ამბობს:

– ჩვენ აღარ წავალთ ამ გზით, ჩვენთვის უკვე წარმოუდგენელია!

მათ ჰყავთ მეგობარი – შეზღუდული შესაძლებლობის პირი. გუშინაც წვეულება ჰქონდათ. ჩავიდნენ, ამოიყვანეს, ეტლი ამოიტანეს და ის ბიჭი ისევე გაერთო მათთან ერთად, როგორც ყველა სხვა. მისდამი არავითარი განსაკუთრებული დამოკიდებულება არ აქვთ. რა თქმა უნდა, იციან, რომ მას მეტად უჭირს, მაგრამ ვატყობ, მის შეზღუდულ შესაძლებლობას ხშირად ვერც კი აღიქვამენ.

მე ისე გავიზარდე, განსხვავებული შესაძლებლობისა ჩემ გარშემო არც არავინ ყოფილა. არც ვიცოდი, როგორ უნდა იურთიერთო, იმეგობრო მათთან – საბჭოეთში ასეთი ბავშვები „არ არსებობდნენ“.

ჩემი ბიჭი მეორე ოთახში გადის და მისი სახელმძღვანელო მე მრჩება. ვერ ვიტყვი, რომ თავგადაკლული მკითხველია, მაგრამ ლიტერატურა საერთოდ არ უყვარს-მეთქი, ვერ ვიტყვი. საათები გაგვიტარებია ლიტერატურაზე საუბარში, ლექსების კითხვაში.

სახელმძღვანელოს ავტორები არიან ავთანდილ არაბული და მარინე ხუციშვილი. წიგნი თავებადაა დაყოფილი. იმ თავს, რომელშიც ზემოხსენებული ლექსი შედის, „ნაცნობი ადგილები“ ჰქვია. საერთო სათაური ძალიან მომწონს – რაც უფრო აარიდებენ ავტორები თავს პათეტიკას, მით უფრო მისაღები იქნება თანამედროვე მოსწავლეებისთვის.

ამ თავში ქართველ პოეტთა შემდეგი ლექსებია თავმოყრილი:
მანან ჩიტიშვილი – „ქართლი“;
შოთა ნიშნიანიძე – „აფხაზური კანტატა“;
ანა კალანდაძე – „ლაჰილზე ისევ“;
სიმონ ჩიქოვანი – „თბილისის თოვლი“;
არჩილ სულაკაური – „მამული“;
გალაკტიონ ტაბიძე – „წამყე ბეთანიისაკენ“, „შინდისის ჭადრებს“;
ოთარ ჭილაძე – „როდესაც ასე ახლოა გრემი“;
თამაზ ჭილაძე – „ყინწვისი“;
მურმან ლებანიძე – „ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“.
როგორც ჩანს, ბლომად პატრიოტული ლექსები უსწავლიათ, სანამ ასე დაუნდობლად მეტყოდა: „დებილური“.
– არც ერთი ლექსი არ მოგეწონა? – გავძახი.
– კი, „გრემი“ მომეწონა, 1998 წელსაა დაწერილი და კომუნისტები რომ აღარ იყვნენ, ეტყობა, ტაძართან სიახლოვე იგრძნო.

– საიდან მოიტანე, რომ 1998 წელსაა დაწერილი? – ვეკითხები გაკვირვებული.

ის ოთახში ბრუნდება, წიგნში ეძებს. იქ კი წერია, რომ ამ წელს ავტორი ნობელის პრემიაზე იყო წარდგენილი. ცოტა არ იყოს, უკმაყოფილოა, რომ შეცდა, მაგრამ მაინც გაბადრული ამბობს:

– „გრემი“ მაგარია!
მერე წიგნს ფურცლავს და მაჩვენებს:
– დე, ნახე აქ რა წერია!
ამასობაში გოგოც შემოდის, ისიც უსმენს.

– „შოთა ნიშნიანიძე დაიბადა თბილისის ძველ უბანში. ბავშვობაში ზაფხულის არდადეგებს იმერეთში ატარებდა და შემდგომში არაერთი მშვენიერი ლექსი მიუძღვნა საქართველოს ამ ულამაზეს კუთხეს. დიდი სიყვარული გამოსჭვივის ასევე საქართველოს სხვა კუთხეებისადმი მიძღვნილ მის ლექსებში“.

იცინიან, იცინიან, იხოცებიან სიცილით. „ძველ უბანში გაიზარდა“ მათთვის დაახლოებით ამას ნიშნავს: „ეზიაირა ძველბიჭურ გაგებას“. ვუხსნი, რომ ავტორები სხვა რამეს გულისხმობდნენ.

– კარგი რა, იმერეთში რომ დადიოდა და სხვა კუთხეებზეც თბილად წერდა, ამის მეტი თუ არაფერი გაქვს პოეტზე დასაწერი, სულ ნუ წერ, – ერთვება გოგო.

პედაგოგებმა კარგად იციან, რომ ბავშვები დაუნდობელი მსაჯულები არიან. მათი ცინიზმი ყველაზე სასტიკია. ხშირად არიან უსამართლოებიც, მაგრამ ხანდახან მათ სისასტიკეს აქვს ობიექტური მიზეზი.
ამას წინათ ერთმა ქართულის მასწავლებელმა შემომჩივლა, „კრწანისის ყაყაჩოები“ ისე ავხსენი, მე ვიტირე და კლასი სიცილით კვდებოდაო. ძალიან დათრგუნვილი და განადგურებული იყო. ვერც მოვიფიქრე, რითი მენუგეშებინა.

– ამ თაობას აღარც სამშობლო უყვარს, აღარც ლექსი, დავიღუპებით, გადავშენდებით, – მოთქვამდა გულწრფელად.

მე მაინც მგონია, რომ უყვართ. უბრალოდ, სხვა ველში არიან, ის რომანტიკული პათეტიკა დაიკარგა, აღარაა გასაგები. არ ვიცი, ეს ცუდია თუ კარგი. იქნებ უბრალოდ ის დანაკარგია, რომელიც ყოველთვის ახლავს წინსვლას.

– არც „ლაჰილზე ისევ“ მომეწონა, – აგრძელებს ჩემი ბიჭი. – ამდენ ალუზიაზე რომაა აგებული ლექსი, რამაც ჩემში გრძნობა უნდა გამოიწვიოს, ხომ უნდა მქონდეს განცდილი?! ლექსით რომ ვისწავლი, ვინ იყო მიხეილ ხერგიანი, არ არის სწორი, არ მინდა ლექსებით ისტორიის სწავლა.

– ქართულის მასწავლებელი რას გეუბნება? – ამასღა ვეკითხები, რადგან ვგრძნობ, მას აქვს თავისი დამოკიდებულება, რომელსაც ახლა მაინც არ შეიცვლის.

– ჩემს ქართულის მასწავლებელს ყოველთვის აინტერესებს ჩემი აზრი, – მის ხმაში მადლიერება, ნდობა, სიამაყე იგრძნობა.

ალბათ მაინც ესაა მთავარი – რწმენა, რომ შესაძლოა ბევრიც გეშლებოდეს, მაგრამ შენი აზრი აინტერესებთ. მგონია, რომ ასეთ მასწავლებელს ბავშვებიც ენდობიან და თუ მან, თუნდაც დრომოჭმული პათეტიკით, რაღაც ახსნა, დაინტერესდებიან, რა არის მისთვის ძვირფასი და, სულ მცირე, აღარ გაიცინებენ.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...