კვირა, მაისი 11, 2025
11 მაისი, კვირა, 2025

ჩქარი სიარული,საშიში ნახტომები,სილა და მუშტი – ფუტურიზმი!

0

ვაცხადებთ ყველასათვის:

უარყოფთ წარსულს, რადგან იგი არის სამლოცველო ბებრების და მომაკვდავების.
საუკუნეებით იცქირებოდნენ უკან და საუკუნობითვე დარჩა საქართველო მომავლის გარეშე.
ქართული პოეზიის დამახასიათებელი თვისება იქნება გაქანება, სითამამე და ამბოხება.
ქართული სული არასდროს არ იყო დატვირთული ცრემლებით.

საქართველო–ფენიქსი (ქართველი ფუტურისტების მანიფესტი)მანიფესტს ხელს აწერენ ნიკოლოზ თავდგირიძე, აკაკი ბელიაშვილი, დავით გაჩეჩილაძე, ბესარიონ ჟღენტი, სიმონ ჩიქოვანი, გრიგოლ ორაგველიძე, პოლ ნოზაძე, ალექსანდრე გაბესკირია, მზია ერსითავი

XII კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი სტანდარტის თანახმად, მოსწავლემ უნდა შეისწავლოს, გააანალიზოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ლიტერატურული მიმდინარეობის შედარებით რთული და მრავალფეროვანი მასალა. ის   ეცნობა სხვადასხვა   ქვეყნისა და კულტურის ტექსტებს, მან უნდა იკვლიოს და გააანალიზოს მსგავსი ან ერთნაირი პრობლემა/პრობლემები, დააკვირდეს კულტურული, სოციალური და ისტორიული ფასეულობების გავლენას ტექსტში განვითარებულ კონფლიქტსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე. პროგრამული მასალა სწავლების ამ საფეხურზე მოიცავს მეოცე საუკუნის მხატვრულ ტექსტებს. მათი შესწავლის პროცესში მასწავლებელი მიმოიხილავს კონკრეტული პერიოდისთვის დამახასიათებელ ლიტერატურულ მიმდინარეობებსა და ტენდენციებს. მეოცე საუკუნის ლიტერატურულ მიმდინარეობათაგან საპროგრამო მასალაში ძირითადად სიმბოლისტების შემოქმედება შეისწავლება. არადა  აუცილებლად უნდა აღნიშნოს, რომ მეოცე საუკუნის ოცდაათიან წლებამდე ქართული სახელოვნებო კულტურა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და ესთეტიკურ აზროვნებას ფეხდაფეხ მიჰყვებოდა და დროის შესაბამის, ნოვატორულ და ღირებულ პროდუქტს ქმნიდა. მართალია, ბევრს სადაოდ მიაჩნია ქართული სიმბოლიზმის, ქართული ფუტურიზმის, ქართული დადაიზმის თვითკმარობა, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ მეოცე საუკუნის პირველი მესამედის ქართული ინტელექტუალური  ცხოვრება მზად იყო მიეღო და თავისებურად გაეაზრებინა ის პროცესები, რაც მსოფლიოს ცვლიდა და ასხვაფერებდა ამ ეპოქაში.

ბლოგში სწორედ ერთ-ერთი ასეთი მიმდინარეობის შესახებ იქნება საუბარი. ვფიქრობ, ლიტერატურული მიმდინარეობა – ფუტურიზმი – ქართულ ლიტერატურაში იმდენად საინტერესოდ და ღირებულადაა წარმოდგენილი, რომ ყურადღებას აუცილებლად იმსახურებს. კარგი იქნება, თუ მეოცე საუკუნის მსოფლიო და ქართული ლიტერატურული პროცესების უკეთ გასააზრებლად მოსწავლეებს ამის შესახებაც ვაცნობებთ.

შესავალი – ზოგადი ცნობები

კლასიკური მემკვიდრეობის უარყოფა, გონების სრული გათავისუფლება და იზოლაცია წარსულის კულტურის ნაშთებისგან, სიტყვათა ჩვეული რიგის რღვევა და მეტყველების დაკანონებული წესების უგულებელყოფა, სიტყვის აბსოლუტური თავისუფლება, ახალი სიტყვებისა და გამომსახველობითი ფორმების ძიება, ნგრევა,  ომის ესთეტიკა, ღირებულებების გადაფასება, მექანიზაცია – მეოცე საუკუნის დასაწყისში დაბადებული მოდერნისტულ–ავანგარდული მიმართულებებისთვის დამახასიათებელი კრიტერიუმებია.

საერთოდ, ამ არაჩვეულებრივი საუკუნის ხელოვნება იმდენად მრავალფეროვანი, ზოგჯერ კი გამაოგნებელია, რომ ერთი რომელიმე, თუნდაც, ტევადი ეპითეტის მორგება ძალიან რთულია. აი, ხომ იყო ერთი კონკრეტული ეპოქის განმსაზღვრელი – რენესასნი, ბაროკო, კლასიციზმი…აქ ასე მარტივად ვერაა საქმე. მეოცე საუკუნის ადამიანმა იფიქრა, იფიქრა და გადაწყვიტა, რომ ხელოვნებამ…ამოწურა თავისი თავი და ახლა მხოლოდ პოსტხელოვნებაზე, პოსტარტზე შეიძლება ფიქრი. ჰოდა დაიწყეს აქამდე მიღწეულის გადასინჯვა, „ ამოტრიალება“, განადგურება, ათასგვარი მანიფესტისა და დეკლარაციის წერა. შესაძლოა, სწორედ ამიტომაა მეოცე საუკუნის ხელოვნება, მისი ყველა დარგი ყველაზე საინტერესო, ამოუცნობი, აღმაფრთოანებელი და დაუვიწყარი. ერთი ასეთი მიმდინარეობათაგანია – ფუტურიზმი. სტატიის ეპიგრაფად სწორედ ქართველი ფუტურისტების მანიფესტის ამონარიდი შევარჩიე.

ჩვენ გვინდა დავაქციოთ მუზეუმები, ბიბლიოთეკები, ვიბრძოლოთ მორალის, ფეტიშის და ყოველგვარი ოპორტუნისტული და უტილიტარული სისაძაგლის წინააღმდეგ. ჩვენ გვინდა ვადიდოთ აგრესიული მოძრაობა, ჩქარი სიარული,საშიში ნახტომები,სილა და მუშტი, ჩვენ გვინდა ვაქოთ ომიერთადერთი ჰიგიენა ქვეყნისა

 „ ფუტურიზმის მანიფესტი“

დაბადების ადგილი – იტალია

1909 წლის 20 თებერვალს პარიზში გაზეთ „ ფიგაროში“ დაიბეჭდა იტალიელი პოეტის ფილიპო ტომაზო მარინეტის „ ფუტურიზმის მანიფესტი“, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ვიზუალური და სიტყვიერი ხელოვნების ახალ მიმართულებას – ფუტურიზმს. სიტყვა ლათინურია  და მომავალს ნიშნავს. აქედან მოყოლებული 1943 წლამდე მარინეტი ფუტურისტული ორიენტაციის 85–მე ( !) მანიფესტს აქვეყნებს. ერთი  მეორეზე ბუნტარულ–ანარქიულს, ეგზალტირებულ–ეპატაჟურს, გამაოგნებელს. მარინეტი პოლიტიკას, საზოგადოებრივ ცხოვრებას და ხელოვნებას ერთ სიბრტყეზე ათავსებს და თავისი შემოქმედებით  ხელოვნების საზღვრებიდან ხელოვანის გათავისუფლებას ცდილობს. მან ერთ–ერთმა პირველმა იგრძნო და გააცნობიერა, რომ სამეცნიერო–ტექნიკური რევოლუცია და ახალი ეპოქა ცვლის ადამიანის ფსიქიკას. შესაბამისად, ხელოვნების მხატვრულ–გამომსახველობითი ფორმა და შინაარსიც უნდა შეიცვალოს, რათა მოძველებულ და მუზეუმში  მტვრის დასადებად განწირულ ექსპონატად არ იქცეს.  ასე იქმნება უკიდურესად დაძაბული, მხატვრული, დინამიკური სივრცე ფერწერული, სკულტპურული და სიტყვიერი  ხელოვნებისა.

დღეს ფუტურისების ეს ექსპერიმენტული მცდელობები მსოფლიო ხელოვნების საგანძურის ნებისმიერ ანთლოგიაში შეგიძლიათ დაძებნოთ. ჯინო სევერინის, უმბერტო ბოჩონის, ჯაკომო ბალას  სკულპტურები და ფერწერული ტილოები ტექნიკისა და ურბანიზაციის, სოციალური კატაკლიზმებისა და ეპოქისთვის თანამედროვე ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ვიბრაციების ილუსტრაციებია. იტალიაში ფუტურიზმმა  მკვეთრ გამომსახველობით ფორმებად ძირითადად სახვითი ხელოვნება და არქიტექტურა შეარჩია, რუსულ რეალობაში სუბლიმაცია კი უმეტესად, ლიტერატურული გზით მოახდინა.

1909 წელსვე, გამოქყვეყნებიდან რამდენიმე დღეში, მარინეტის მანიფესტი ითარგმნა და დაიბეჭდა პეტერბურგში. ფუტურიზმს უკავშირებენ თავიანთ შემოქმედებას ვლადიმერ მაიაკოვსკი, ბორის პასტერნაკი, სერგეი ტრეტიაკოვი, რომან იაკობსონი,ძმები ბურლიუკები…მთავარი მოტივი და მამოძრავებელი ძალა აქაც მომავალი მსოფლიო გადატრიალებების, ძველის დამარცხების და  ახალი კაცობრიობის წარმოშობის დეკლარირებაა.  რუსი ფუტურისტები ცდილობდნენ ლიტერატურული ტექსტის ტრადიციული სისტემის სრულიად გადასხვაგერებას, მოშლას.  ამ მცდელობებმა შვა ისეთი საინტერესო პოლიჟანრული ხელოვნების ნიმუშები, როგორიცაა  ფუტურისტული ოპერა „მზის დამარცხება“ – სადაც სინთეზურად იყო წარმოდგენილი მიხაილ მატიუშინის მუსიკა, ალექსეი კრუჩოხინის ტექსტი, კაზიმირ მალევიჩის დეკორაციები და ილუსტრაციები, ვერა ერმოლეევას თეატრალური ესკიზები და ელ პისიცკის ელექტრომექანიკური ინსტალაციები ( ზოგიერთ მსახიობს, პისიცკის ჩანაფიქრით, უზარმაზარი, ელექტოენერგიის მეშვეობით მოძრავი მარიონეტები ცვლიდნენ). სხვათა შორის, ოპერა დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. რუსეთსა და  ევროპაში ცნობილია არაერთი განახლებული დადგმა – 1993 წელს ვენაში, 1999 წელს კი ლონდონში დადგმულმა წარმოდგენებმა მაყურებელთა და კრიტიკოსთა აღიარება მოიპოვა. რელიზებსა და გამოხმაურებებში ამბობდნენ „ საუკუნის დასაწყისის ფუტურისტული სულისკვეთების მუსკიას წესით, შოკში უნდა ჩაეგდო მსმენელი. მაგრამ ასე არ მოხდა, მელოდია საოპერო დარბაზებს გასცდა და ერთგვარ საუნდტრეკადაც იქცა…“ ბოლო დადგმის თარიღი 2009 წელია. ადგილი – ლონდონი. დასკვნა – მარინეტი მართალია: ხელოვნების ღირებული ქმნილებისთვის დრო, ეპოქა და ჩარჩო უმნიშვნელოა.

დეე ძველებმა, რომელთაც დაკარგული აქვთ მომავლის იმედი, იკვებონ სული წარსული .
დეე მათ საქართველოს არქეოლოგიაში ნახონ წამალი თავიანთი მოურჩენელი ტკივილების.
ჩვენ კი ახლაგაზრდა ფუტურისტებს არ გვჭირდება მსხვერპლის შეწირვა ხავსიან ნანგრევებისადმი.
არ ვჩერდებით მუზეუმებისა და ძეგლების წინაშე და ვქმნით საქართველოს მომავალს, რომელსაც არ ახასიათებს დრო და სივრცე.

საქართველო–ფენიქსი

1922 წლის 23 აპრილს თბილისში კონსერვატორიის დარბაზში გაიმართა ე.წ ქართველი ფუტურისტების პირველი საღამო.  1924 წლის 25 მაისს კი გამოვიდა „H2SO4“ –ალბათ, ყველაზე უცნაური ქართული ჟურნალი – გაუგებარი ლექსებით, უჩვეულო თეორიული სტატიებით, კუბისტური და კონსტრუქტივისტული სურათებით, ნაირგვარი და არეული შრიფტით. ( სხვათა შორის, არეული შრიფტი, საღებავებისა და ტექსტის გრაფიკული სქემები მარინეტის ერთ–ერთ მანიფესტის „ ტიპოგრაფიული რევოლუციის“  მოწოდებაა მიმდევრებისადმი).

ქართული ფუტურისტული პოეზიის ერთ–ერთი სპეციფიკა ენობრივი, სტილური და პუნქტუაციური დაუდევრობაცაა. ფუტურისტი პოეტები განზრახ ეკიდებოდნენ სალექსო ფორმებს ტლანქად, წერდნენ თავისუფალი ლექსით, ნარევი შრიფტით, სარგებლობდნენ არა ზუსტი რითმებით. ასე გამოხატავდნენ  ტრადიციული ნორმების მსხვრევას და ცდილობდნენ ურბანული გარემოსა და ტექნიციზმის განწყობის შექმნას.

მართალია, ევროპელი და რუსი „ კოლეგებისგან“ განსხვავებით, ქართველებს ცოტა არ იყოს, გაუჭირდათ ინდუსტრიული ქალაქის, ურბანული გარემოს და ფსიქიკის წარმოსახვა და გადააზრება ( მათი უმეტესობა არ აღზრდილა ცივილიზაციის „ ეპიცენტრში, ისინი ქართული სოფლებიდან მოვიდნენ ქალაქში) მაგრამ   ქართულმა ფუტურიზზმა, უდაოდ, გაიზიარა ევროპული გამოცდილება და შექმნა არაერთი მაღალმხატვრული და ღირებული ნიმუში.

მერე კი… მერე დრო გავიდა. ფუტურისტულ–ანარქისტული აჟიოტაჟი ჩაცხრა, დაირღვა არაერთი სკოლა და მიმართულება. თუმცა, ავანგარდული სული მსოფლიო და ქართულმა ხელოვნებამ, საბედნიეროდ, დღესაც არ დაკარგა.  ფუტურიზზმა კი მოასწრო  და გარკვეული   ზეგავლენა მოახდინა მეოცე საუკუნის ხელოვნების მრავალ სახეობაზე – თეატრზე, კინოზე, ვიდეოარტზე. თანამედროვე მსოფლიოსთვის ის, შესაძლოა, დღეს უფრო  დროული და ავთენტურია, ვიდრე ოდესმე…

შეცდომების მდინარე  

0

ერთხელ წიგნის თარგმნისას ისეთი შეცდომა დავუშვი, რომელიც თავზარდამცემი სიცხადით მიუთითებდა არა მხოლოდ მთარგმნელის უმეცრებაზე, არამედ ამ საქმიანობისთვის მისი ჩამოშორების აუცილებლობაზეც. რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ მიწას ურმით არ ხნავენ, მაგრამ, რატომღაც, სწორედ ასე დავწერე და შეუსაბამობა არც წინადადების გამართვისას მომხვედრია თვალში. ფრანგული სიტყვის ქართული შესატყვისის ძებნისას წარმოსახვაში გაჩენილ სურათ-ხატს ენაზე მომდგარი სიტყვა გადაეფარა და ძიების გაგრძელებაზე ხელი ამაღებინა. მიწას ურმებით ხნავდნენ-მეთქი. თავის მართლებას არ მოვყვები, რომ ყოველდღიურ მეტყველებაში „ურემსა“ და „გუთანს“ აღარ ვხმარობთ, რომ ისინი ჩვენი ყოფის განუყოფელ ნაწილს აღარ წარმოადგენენ… არ უნდა დამვიწყებოდა. მართალია, ერთიც და მეორეც მხოლოდ ილუსტრირებულ წიგნებსა და ისტორიულ ფილმებში მინახავს, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან.

ასეთი შეცდომების დაშვებისას გამაოგნებელი სწორედ ისაა, რომ წამიერად ბრმავდები და ყველაზე იოლად გასარჩევ ობიექტებსაც კი ვეღარ ხედავ. გრძნობის ორგანოები, გონება, ენა – თითქოს პირი შეკრესო, რაღაც სასტიკ თამაშში გითრევენ.

ყოველდღიურ საუბრებში მექანიკური შეცდომის სახელით ვიხსენიებთ იმას, რისი მაგალითიც ზემოთ მოვიყვანე. ეს არაფერს ცვლის. რა სახელიც უნდა დავარქვათ, შეცდომა შეცდომაა. მექანიკურად მოუვიდაო, პოლიტიკოსებზე ამბობენ ხოლმე – ძირითადად, ორაზროვნად.

არსებობს უხეში, ყოველმხრივ გაუმართლებელი, სრულიად უპატიებელი შეცდომებიც – წიგნებშიც და ცხოვრებაშიც.

ალბათ არაფერია ადამიანისთვის იმაზე ბუნებრივი, რომ ცდებოდეს. ეს მისი უფლებაცაა, ბედისწერაც, უბრალო ყოველდღიურობაც. თანამედროვეთაგან ყველაზე დიდი ამერიკელი მწერლის, ფილიპ როთის რომანში „ამერიკული პასტორალი“ ვკითხულობთ: „ვცდებით და ამით ვხვდებით, რომ ცოცხლები ვართ“.  ვცდებით, მაშასადამე, ვარსებობთ.

მაშ, რატომღაა თავზარდამცემი თითოეული შეცდომის გაცნობიერება? იმიტომ ხომ არა, რომ არავინ გვასწავლა, რა ფასი აქვს თითოეულ მცდარ ნაბიჯს, მცდარ პასუხს, არასწორად არჩეულ მიმართულებას ,ზოგადად, ადამიანის არსებობისთვის? არავინ გვითხრა: გიყვარდეთ თქვენი შეცდომები, რადგან ისინი თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. არავინ გაგვაფრთხილა: თქვენ უმთავრესად წყლისგან და შეცდომებისგან შედგებით, სხვადასხვა შემთხვევაში – სხვადასხვა პროცენტული მაჩვენებლით.

წამიკითხავს სტატიები, რომელთა ავტორებიც – ქართველი თუ უცხოელი მკვლევარები, განათლების სფეროს ექსპერტები – ამ თემას უტრიალებენ, აფასებენ საგანმანათლებლო პროცესის დროს შეცდომების დაშვების ალბათობასა თუ მათგან მიღებულ სარგებელს. ბოლო ათწლეულებში დამოკიდებულება შეიცვალა და მოსწავლეს აღარ აქვს – დიდი ალბათობით,  აღარ უნდა ჰქონდეს – ისეთი განცდა, რომ მცდარი პასუხისთვის ან უნებლიე უზუსტობისთვის ეშაფოტი ელის.

მე ეს განცდა მქონდა. რაც მართალია, მართალია.

ალბათ ამიტომაც ვიგრძენი სრული სასოწარკვეთა სკოლის დამთავრებიდან მრავალი წლის შემდეგ, როცა გავაცნობიერე, რამდენად საბედისწერო შეცდომა დავუშვი. ასეთი მთარგმნელისთვის ყველა სასჯელი მცირეა – მხოლოდ მიწას თუ ახვნევინებ ურმით. ფრანგული სიტყვის ქართული შესატყვისი – „გუთანი“ უცებ, გაუფრთხილებლად, აღსასრულის მაუწყებლად მომადგა ენაზე. წიგნის თარგმანი გამომცემლობაში უკვე გაგზავნილი მქონდა – გამოსაცემად ამზადებდნენ. შეცდომის გამოსწორება – სიტყვების შეცვლა მოვასწარი, რაც ნიშნავს, რომ ამ ამბავს კეთილი დასასრული აქვს, მაგრამ სინამდვილეში არც არაფერი დასრულებულა.

ვის შეუძლია თქვას, შეცდომების მდინარიდან მშრალი გამოვედიო?

სკოლა – ისეთი, როგორიც მახსოვს – აღრმავებდა და აღრმავებდა სწავლის დაწყებისთანავე გაჩენილ დანაშაულის განცდას. ყველაზე დიდი დანაშაული იყო, რომ ის იყავი, ვინც იყავი და ამდენად, აუცილებლად ჩაიდენდი რაღაც ცუდს, რომელიღაც წესს დაარღვევდი, შენი რომელიღაც ქმედება სრულიად მიუღებელი აღმოჩნდებოდა, რომელიღაც საქციელი – ყოველმხრივ დასაგმობი. არავინ ამბობდა, რომ ასეც უნდა მომხდარიყო; რომ მართალია, პატარა, მაგრამ მაინც ადამიანი იყავი და უამრავი მექანიკური, უხეში, ძნელად საპატიებელი, სასაცილო თუ სატირალი შეცდომის დაშვების უფლება გქონდა.

საკუთარი თუ სხვისი შეცდომების მიმართ ასეთი დამოკიდებულება  სულაც არ გულისხმობს მათ გააზრებასა და შეფასებაზე უარის თქმას.  ეს, უბრალოდ, იმ მოცემულობის მიღება და გათავისებაა, რომ ამგვარია ჩვენი ბუნება – წყალზე სიარული არ შეგვიძლია, არც – შეცდომების გარეშე არსებობა, არც – ყოველთვის სწორი გადაწყვეტილებების მიღება, სწორი სიტყვების პოვნა.

არ დამვიწყებია, რომ ამ ტექსტს მასწავლებლების ინტერნეტ-ჟურნალისთვის ვწერ.

და ვის უჭირს ყველაზე მეტად საკუთარი შეცდომების აღიარება?

და ვინ იცის, რომ ყველაფერი იცის?

ყველა მოსწავლე თანასწორია

0

კონსტიტუციით გარანტირებულია თანასწორობის პრინციპი. ყველა მოსწავლე თანასწორია კანონის წინაშე და ეს ყოველთვის უნდა ახსოვდეს მასწავლებელს თუ სკოლის ადმინისტრაციას. აკრძალულია მოსწავლის მიმართ განსხვავებული მოპყრობა. არათანასწორი მოპყრობის რისკი შეფასებების დროს არსებული ფართო დისკრეციის გამო საკმაოდ მაღალია. დაივიწყეთ სიმპათია, ანტიპათია. არ შეიძლება მოსწავლის შეფასების რაიმე წილი განპირობებული იყოს მოსწავლის მიმართ მასწავლებლის სიმპათიით ან ანტიპათიით. ამიტომ მოსწავლესთან მიმართებაში მასწავლებლის ან სკოლის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გონივრული ახსნა და დასაბუთება შესაძლებელი უნდა იყოს. თუ თქვენ არ შეგიძლიათ გადაწყვეტილების გონივრული ახსნა, მაშინ ეს თვითნებობაა. თვითნებობა დაუშვებელია.

მაგალითად, ნინოს მშობელი კრიტიკულადაა განწყობილი სკოლის დირექციის და მასწავლებლების მიმართ. ამის გამო, მასწავლებელი ნინოს ცოდნას უფრო მკაცრად აფასებს, ვიდრე გიორგის ცოდნას. ეს თანასწორობის პრინციპის დარღვევის მაგალითია.

ყველა მოსწავლეს უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობები და პირობები. მასწავლებელს არ აქვს უფლება მოსწავლე ჩააყენოს არათანაბარ მდგომარეობაში მისი სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან რაიმე სხვა მდგომარეობის გამო. წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც განათლების მიღების პრივილეგია მხოლოდ ბიჭებს ჰქონდათ. ბიჭებს და გოგონებს სასწავლო პროცესში თანაბარი შანსები უნდა ჰქონდეთ.

სკოლაში აკრძალულია სასწავლო პროცესის პოლიტიზება და სასწავლო პროცესის გამოყენება რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის ან იძულებითი ასიმილაციის მიზნებისათვის. სკოლაში მიღებისას დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია. თუმცა ეს არ გამორიცხავს შესარჩევი კონკურსის ჩატარების შესაძლებლობას იმ სკოლებში, რომლებიც ახორციელებენ სამხედრო, პროფილურ სახელოვნებო და სასპორტო მომზადებას, ასევე სხვა სტატუსის სკოლებში.

აკრძალულია სკოლის მიერ საკუთარი უფლებამოსილებისა და რესურსების იმგვარად გამოყენება, რამაც შეიძლება პირდაპირ ან ირიბად გამოიწვიოს მოსწავლის დისკრიმინაცია. ნებისმიერი განმასხვავებელი ქმედება ან გამონაკლისის დაშვება ჩაითვლება დისკრიმინაციად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ასეთი ქმედება ან გამონაკლისი სამართლიანი და გონივრულია, ემსახურება მოსწავლის თავისუფალი განვითარებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას.

სკოლა ვალდებულია დაიცვას და ხელი შეუწყოს მოსწავლეებს შორის შემწყნარებლობისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრებას, განურჩევლად მათი სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური თუ მსოფლმხედველობრივი კუთვნილებისა. სკოლა ვალდებულია დაიცვას უმცირესობების წევრების ინდივიდუალური და კოლექტიური უფლება, თავისუფლად ისარგებლონ მშობლიური ენით, შეინარჩუნონ და გამოხატონ თავიანთი კულტურული კუთვნილება.

და თუ მასწავლებელი ან სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლესთან მიმართებაში დაარღვევს თანასწორობის პრინციპს, მოსწავლეს აქვს უფლება მიმართოს სამართლებრივ ღონისძიებებს მასწავლებლის ან სკოლის ადმინისტრაციის წინააღმდეგ. თუ მოსწავლე არასრულწლოვანია, საჩივრის ან სარჩელის წარდგენის უფლება მის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს აქვს. საჩივარში ან სარჩელში დეტალურად უნდა იყოს აღწერილი ფაქტები, რომლითაც დასტურდება მასწავლებლის მიერ მოსწავლის მიმართ არათანასწორი მოპყრობა. დასაბუთება აუცილებელია, რადგან მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება იყოს წარმატებული სამართლებრივი დავა.

მე თბილისელი ბიჭი ვარ

0

ეს ისე, განწყობისთვის.

ისე კი, ცხელ გულზე აქტუალურ საკითხთა განხილვა არ ეგების. ხანდახან პრობლემის ყველა ასპექტი ნელ-ნელა ავლენს თავს, შავბნელი მხარეებიც ნათდება და გვირაბის ბოლოს სინათლეც ჩნდება. ჰოდა, ამ ტექსტს ოდნავ დაგვიანებით ამიტომაც ვწერ. არ ვიცი, ამჟამად როგორაა, მაგრამ ბოლო დროს სოციალური ქსელებისა და დიდი ხნის უნახავი მეგობრების მთავარი სასაუბრო თემა „თბილისელებისა“ და „სოფლელებისთვის“ სტატუსების მინიჭებაა. საიდან დაიწყო ეს ამბავი, ყველამ ვიცით, არ ვაპირებ, ამ სათავეს შევეხო, თემა კი ხშირად ხდება აქტუალური ამა თუ იმ მოვლენის დამსახურებით. ჰოდა, აი, რა მინდოდა მეთქვა:

ბავშვობიდან ერთი უკბილო ხუმრობა მახსოვს. კითხვაზე, სოფელი სად გაქვსო, ჩემი კლასელები, მეგობრები, მეზობელი ბავშვები ხან ამ, ხან იმ სოფელს ასახელებდნენ, მე კი მხრებს ვიჩეჩდი და საწყლად ვპასუხობდი, არსად-მეთქი. ამაზე „სატოპკე“, აბა, რა უნდა მეთქვა და უფროსებიც მაშინვე მომაგებებდნენ: „ვა, ხოხობი ხარ?“ – რასაც ხანგრძლივი სიცილი მოჰყვებოდა ხოლმე…

ჰო, მე თბილისელი ბიჭი ვარ, მართალია, გარეუბნელი (ეს უნდა მეთქვა, რათა ზოგიერთმა „ნამდვილმა“ თბილისელმა, თუ შეწყვეტაა, აქვე შეწყვიტოს ამ წერილის კითხვა და ხელი ჩაიქნიოს: „ეე, არ ყოფილა გარადსკოი“), კონიაკის დასახლებაში გაზრდილი და ამჟამად ნახალოვკაში მცხოვრები, მაგრამ სულითა და გულით თბილისელი. ვამაყობ კიდეც ამით. არ ვიცი, ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად, მაგრამ ვამაყობ. მიყვარს აქაურობა, თავისი ნაკლიან-ბრწყინვალებიანად. ეს ქალაქი ერთდროულად კამორაცაა და ლამაზ-ქალაქიც, ხოლო როცა ყველაზე მეტად უჭირს,  თქვენ წარმოიდგინეთ, კანუდოსიც კი ხდება. „თბილისის ანძა“, ცხადია, ვერ სჯობია ეიფელს და ეს თქვენც იცით, მაგრამ ეიფელამდე შორია, ჩვენ კი, თბილისელები, ჩვენი ანძით ვტკბებით. მტკვარიც ყარს, დროდადრო – განსაკუთრებით. ხალხიც ათასნაირია, ისეთიც, ასეთიც. საზოგადოებრივი ტრანსპორტი – ძირითადად მოუწესრიგებელი, მძღოლები – „თამამი“, ამ სიტყვის უცნაური მნიშვნელობით, ძველი უბნების უმეტესობა – სარესტავრაციო, ნგრევის პირას მისული სახლებით. ხედები… ხედები და კაი ცხოვრება სადღაა, ორ-სამ უბანშიღა შემორჩა და ისინიც ისეთ ადგილასაა, ზამთარში თუ მოყინა, რაღა ალკატრასი და რაღა, მაგალითად, მთაწმინდის ზედა ქუჩები – კაციშვილი არაა იქიდან გამომღწევი… კიდევ დიდხანს შემიძლია განვაგრძო თბილისის ნაკლოვანებათა ჩამოთვლა, მაგრამ ქალაქი ადამიანებიდან იწყება და თუ ასე დავსვამ საკითხს, საკუთარი თავის მხილებით უნდა დავიწყო. ჰოდა, სიყვარულს დავუბრუნდეთ.

თბილისელობა რომ მომწონს და მეამაყება, ამაში არაფერია ცუდი. ეს ბუნებრივი შეგრძნებაა. მაშინაც მეამაყება, როცა თავის უხიაგ ხასიათს ავლენს და მაშინაც, როცა, დიდი სისხლისღვრებისა და არეულობების დასასრულს, დამორცხვებული ბავშვივით დგება ხოლმე კუთხეში. ყველაზე მეტად კი მაშინ, საიდანმე, შორეული ადგილიდან, თბილისში რომ ვბრუნდები. თუ მცხეთის მხრიდან მომიწია შემოსვლა, წარწერა „თბილისის“ დანახვა უცნაურ სიმშვიდეს მგვრის, შინ ყოფნის სიმშვიდეს, საშინაო ტანსაცმლის სიმშვიდეს. თუ აეროპორტში დავეშვი, ილუმინატორიდანვე ვხედავ მშობლიურ ადგილებს და ამის შემდეგ უკვე სულერთია, დასვამს პილოტი იმ თვითმფრინავს თუ დააფლახვებს.

დიდი ამბით კი ვამბობ, თუ აეროპორტში დავეშვი-მეთქი, მაგრამ სინამდვილეში სულ ერთხელ დავბრუნებულვარ ამ გზით. შარშან, რომიდან. რომი დიდებული ქალაქია, იქნებ ყველაზე დიდებულიც კი, მაგრამ იქიდან დაბრუნებასაც სიმშვიდე მოაქვს, აქ, ამ საზოგადოებრივტრანსპორტმოუწესრიგებელ, მტკვარმყრალ, ნგრევაშეპარულსახლებიან ქალაქში.

რომი ვახსენე და რომაელებსაც თავიანთი სიამაყე აქვთ, რომაელობის. ხშირად დასცინიან მილანელებს გაპრანჭულობისა და ფეშენისტობის გამო. რომაელებს კიდევ სხვები დასცინიან, ნეაპოლელები, მაგალითად, და ა.შ. და ა.შ. ასე რომ, ეს მხოლოდ ჩვენი პრობლემა არ არის – საყოველთაო პრობლემაა, თუმცა ხანდახან არსი აქვს სხვადასხვა.

ახლა კი მთავარ სათქმელზე გადავალ.

ამ რამდენიმე დღის წინ, როცა მწვავე დისკუსია გაჩაღდა სოფლელობა/თბილისელობის ხარისხსა და ამ ხარისხის მიხედვით ვისიმე შეფასების გონივრულობაზე, უმეტესად სწორი აზრი გაისმოდა – რომ წარმომავლობის მიხედვით ადამიანის შეფასება შემფასებლის ადამიანობის წარმომავლობაზე მეტყველებს, მაგრამ მერე ამ აზრმა გეზი იცვალა და ბოლოს „თბილისელობის“ დაკნინებისკენ მიმართა კურსი. ჰოდა, აი, რა მინდოდა მეთქვა: ჩემო ძვირფასო სოფლელებო, ჩემო ძვირფასო ქალაქელებო და ჩემო ძვირფასო დედაქალაქელებო. ცუდი ის კი არ არის, თბილისელობა გეამაყებოდეს, თბილისელობა გეთქმოდეს ხმამაღლა, თბილისელობა გიყვარდეს; არა, ცუდი ისაა, ვინმე შენზე ნაკლებად მიგაჩნდეს არათბილისელობის გამო, არათბილისელობას დამაკნინებლად მიიჩნევდე.

არდადეგებს უმეტესად აბაშის რაიონში, სოფელ კვათანაში ვატარებდი, ჩემი დეიდაშვილის სახლში, და ისე მიყვარს იქაურობა, როგორც საკუთარი სოფელი. თუმცა მე ხომ „ხოხობი“ ვარ, კინაღამ დამავიწყდა… ჰოდა, კვათანაში რომ დავბადებულიყავი, ისევე მეყვარებოდა ჩემი კვათანელობის შეგრძნება, როგორც ახლა თბილისელობის შეგრძნება მიყვარს და ვინმე თბილისელი თუ მეტყოდა, შე სოფლელოო, ძალიანაც მეწყინებოდა, მაგრამ ისიც ხომ მართალია, რომ ასეთი რეპლიკები თბილისელობის გამოც მომისმენია. არიან ასეთი ადამიანებიც სხვა ქალაქებში, სხვა სოფლებში, რომლებიც სწორედ „ხოხბობის“ გამო დაგცინებენ ან თბილისელობას წამოგაძახებენ თბილისზე სტერეოტიპული შეხედულებების მიხედვით… ასე რომ, ეს ინდივიდუალური სენია და არ აქვს კავშირი არც ქრონოსთან, არც ტოპოსთან. ეს იმ ადამიანების პრობლემაა, ვინც სხვას წარმომავლობისა თუ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განსჯის. ამიტომ ნურც თქვენ, არათბილისელები, ქალაქელები, სოფლელები, უცხოელები თუ უცხოტომელები განმიკითხავთ იმის გამო, რომ თბილისი მიყვარს და თბილისელობა მიხარია. მე კი, აბა, როგორ განვიკითხავ სხვას, როცა ჩემი მეგობრების 70 პროცენტი მაინც არათბილისელია, ასე მოხდა და ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა ჩემს ცხოვრებაში. ჩვენ შორის არავითარი განსხვავება არ არის, გარდა იმისა, რომ ისინი ბავშვობისას სხვა პეიზაჟს ხედავდნენ სახლის ფანჯრებიდან და მე –  სხვას, ოდნავ განსხვავებულ კულტურულ თავისებურებებს ეზიარნენ და თუნდაც ოდნავ განსხვავებული ქართულით ლაპარაკობენ, აქცენტებისა და დიალექტების გათვალისწინებით. ბოლოს და ბოლოს, არც ერთნი გავჩენილვართ ხოხბებად და არც მეორენი – მიმინოებად, ყველა World Wide Web-ის ეპოქის შვილები ვართ.

 დისლექსია  ბავშვებში

0

სწავლების დაწყებით საფეხურზე განმსაზღვრელი შეფასება აღარ გამოიყენება და ეს დიდი სიკეთეა. რამდენი ბავშვი ვიცით, რომელმაც კითხვა ძალიან გვიან ისწავლა მისივე გაწეული დიდი შრომის ხარჯზე, რომ მისთვის არ დაეცინათ. დღესაც განმსაზღვრელი შეფასება რომ ყოფილიყო, იქნებ ეს ბავშვები იმავე კლასში დაეტოვებინათ და ბევრჯერ გაევლოთ ერთი და იგივე სასწავლო მასალა კვლავაც წარუმატებლად.

კლასში აღარ ტოვებენ, მაგრამ არც ახლა არიან უკეთეს დღეში ის ბავშვები, რომლებსაც ბგერების გადაბმულად ამოცნობა ეძნელებათ და ჯერ არ გაწაფულან კითხვაში. მათ მასწავლებლები ურჩევენ ან აიძულებენ, რომ სხვა სკოლაში გადავიდნენ. ახალ სკოლაშიც უჭირთ ამ წარუმატებელ ბავშვებს თავის დამკვიდრება, როგორც მოსწავლეების, ისე მასწავლებლების თვალში და დამოგზაურობენ ასე სკოლიდან სკოლაში, სანამ ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ საერთოდ სკოლის გარეთ არ აღმოჩნდებიან.

მასწავლებლები და განათლების სპეციალისტები მსჯელობენ იმაზე, რომ ყველა ვერ ისწავლის და საჭიროა მკაცრი შეფასება, რათა მოსწავლე მიხვდეს, რომ სწავლების საბაზო საფეხურის გავლის შემდეგ  მას არაფერი ესაქმება სკოლაში და სჯობს პროფესიულ სასწავლებელში წავიდეს.

ამ მოსწავლეების დანაშაული კი ისაა, რომ მათ თავის დროზე არ ასწავლეს კითხვა. მხოლოდ ფსიქოლოგებმა იციან, რა დიდი ნიჭი იმალება მათში. ისინი ხომ დისლექსიის მქონე პატარა ადამიანები არიან. დისლექსია არის სწავლების ისეთი დარღვევა, როდესაც გაძნელებულია კითხვის, მართლწერის და დამარცვლის უნარი.

ოციოდე წლის წინ ცოტამ თუ იცოდა, რა იყო დისლექსია. დღეს ყველას გაგვიგია ეს სიტყვა, მაგრამ ბევრ ჩვენგანს თავისებური წარმოდგენა აქვს მასზე და ისეთ ბავშვს შეიძლება მოარგონ ეს სახელი, ვისაც არ ეხება. იმათ კი, ვისაც დისლექსია აწუხებს, ზოგი მასწავლებელი მიიჩნევს უგონო, უნიჭო, სწავლის უნარმოკლებულ ბავშვებად.

დისლექსიის დროს ბავშვს კითხვა ძალიან ეძნელება, რადგან ვერ ამჩნევს ასოების თანმიმდევრობას. მაგალითად, თუ უნდა წაიკითხოს სიტყვა „სპაგეტი“, შეიძლება ასოები აერიოს ერთმანეთში, როცა ამ სიტყვას უყურებს და წარმოთქვას „პასგეტი“. წერის დროს კი ერთმანეთში ურევს ასოებს „წ“ და“შ“ ან „მ“ და“ნ“.

ინგლისური ენის შესწავლა კიდევ უფრო უძნელდებათ. ერთმანეთში ურევენ „b” და “d”-ს, “p” და “q”-ს. უფრო დიდ სირთულეს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ერთი და იგივე ხმოვანი სხვადასხვა სიტყვაში სხვადასხვანაირად გამოითქმის. მაგალითად ასო „i”  სიტყვებში  “grid” , “white” და “right” მხოლოდ პირველ სიტყვაში გამოითქმის „ი“-დ, სხვა შემთხვევაში მისი გამოთქმა არის „აი“.

სამწუხაროდ, ინგლისური ენის მასწავლებლებმა შეიძლება თქვან, რომ ბავშვს  „ინგლისური ენის სწავლის ნიჭი“ არ გააჩნია და ის „ვერასდროს“ ისწავლის ინგლისურს. საქმე კი ისაა, რომ მასწავლებელს არ გააჩნია ინკლუზიური სწავლების უნარი. ასეთ მოსწავლესთან უნდა იმუშაოს ფსიქოლოგმა, მასწავლებელს კი დასჭირდება თვითგანვითარებაზე ზრუნვა, რომ მოიძიოს ის ლიტერატურა, რომლის საშუალებითაც შეძლებს მოსწავლის დახმარებას. სკოლისთვის საჭიროა იმ ლიტერატურის ქონა, რომელიც მასწავლებელს დაეხმარება მსგავსი დარღვევის მქონე ბავშვის სწორად მეცადინეობაში. ერთ-ერთი სასარგებლო ბმული, როგორ ვასწავლოთ დისლექსიის მქონე ბავშვებს ინგლისური ენა არის

https://www.youtube.com/watch?v=-CpZAH6elIc

განარჩევენ დისლექსიის ოთხ ფორმას: ფონოლოგიური დისლექსია, ორთოგრაფიული დისლექსია, დისკალკულია (ეძნელებათ მათემატიკური ნიშნების ამოცნობა) და დისგრაფია (უჭირთ ასოების მოხაზვა).

ერთ-ერთი თეორიის თანახმად, დისლექსია განპირობებულია ინფორმაციის გადამუშავების სიჩქარის დარღვევებით. როდესაც შეისწავლეს კითხვის სიჩქარე ჩვეულებრივ და დისლექსიის მქონე მოსწავლეებში მეორედან მეშვიდე კლასის ჩათვლით აღმოჩნდა, რომ ჩვეულებრივი მოსწავლეები წუთში კითხულობენ 90-დან 150 სიტყვამდე კლასების შესაბამისად, დისლექსიის მქონენი კი 40-დან 85 სიტყვამდე.

მეორე თეორია ფონოლოგიურ ცნობიერებას გულისხმობს. ბავშვები ვერ ამჩნევენ, რომ სიტყვებს შორის არის ადგილი, რომ სიტყვები მარცვლებისგან შედგება. ამ შემთხვევაში მიმართავენ სიტყვების სიქვენსირებას, ანუ სიტყვების დამარცვლას, წინადადების დაყოფას სიტყვებად და ა.შ.

ყველაზე გავრცელებული თეორია არის ენის ორთოგრაფია. ბავშვები ვერ ამჩნევენ, როგორაა ასო და ბგერა შერწყმული ერთმანეთთან. ორთოგრაფიის განვითარებაში იგულისხმება ის, რომ ინგლისური სიტყვები grin, white და right ყველა შეიცავს ასო-ბგერა „ი“-ს, მაგრამ მხოლოდ პირველ შემთხვევაში იკითხება მხოლოდ ასე, დანარჩენ ორ შემთხვევაში ის გამოითქმის როგორც „აი“. ბავშვს უნდა განუვითარონ ორთოგრაფიული ცოდნა, ასწავლონ სიტყვების კოდის ამოხსნა, უნდა  შეაძლებინონ მოსწავლეს იმის ამოცნობა, რომელ სიტყვაში (მაგალითად: find, slight, glide, rice, climb, wind, fog, rope, float, long, roast, none, cloth, move, road ) როგორ გამოითქმის ხმოვანი.

ფსიქოლოგების აზრით, მასწავლებლის ყოველი მცდელობა, რომელიც მიმართულია ასეთი ბავშვებისთვის კითხვის სწავლებაზე, უკვე დახმარებაა. ბავშვმა უნდა ისწავლოს ბგერების იზოლაცია, ასოების შესაბამება მათ გამოთქმასთან, მეხსიერებაში შენახული სიტყვების გახსენება (რაც ასევე სირთულეს წარმოადგენს ამ ბავშვებისთვის).

დისლექსიის დადგენის შემდეგ ცხოვრება კიდევ უფრო მშვენიერია. მარკ ტვენი, ლეონარდო და ვინჩი, აინშტაინი, პიკასო, ტომ კრუზი – ყველა მათგანი დისლექსიის მქონე იყო. თანაც, დღეს ტექნიკა ისეა განვითარებული, რომ ვერც იგრძნობენ, დისლექსია თუ აწუხებთ: კომპიუტერები ამოწმებს მართლწერას, არსებობს „წამკითხველი კალამი“, რომელიც იმ სიტყვებს გამოთქვამს, რაც ფურცელზე წერია, თუ მას ტექსტზე გადაატარებენ.

დისლექსიის მქონე ბავშვებს სჭირდებათ სისტემატური დახმარება მეცადინეობის დროს. ინტენსიური დახმარების პირობებში თვრამეტი თვეა საჭირო, რომ ბავშვმა დაძლიოს კითხვის სირთულეები. რაც უფრო დროულად აღმოვუჩენთ მოსწავლეს დახმარებას, მით მაღალი იქნება მისი მიღწევები მომავალში. ბავშვს სჭირდება როგორც მასწავლებლის, ასევე მშობლის და ფსიქოლოგის თანადგომა.

თუ დავაგვიანებთ ბავშვის დახმარებას, შეგვრჩება დაბალი თვითშეფასების მქონე ფრუსტრირებული მოსწავლე, რომელმაც დაკარგა სწავლის მოტივაცია. ბავშვი ხდება გულჩათხრობილი. ერიდება თვალებით კონტაქტს, არ გადის კლასიდან. მეორე შემთხვევაში მოსწავლე შეიძლება კლასის კლოუნად იქცეს. ბავშვებს უნდათ თანაკლასელებთან მეგობრობა, მათ წრეში ჩართვა. ამისთვის ისღა დარჩენიათ, რომ სასაცილოდ აიგდონ სხვაც და საკუთარი თავიც. ზრდასთან ერთად იმატებს მათი შფოთვა, შეიძლება გახდნენ ბრაზიანები, რადგან ძალიან ცუდად იგრძნობენ თავს ისეთ გარემოში, სადაც მათთან შედარებით მათ გარშემო ყველა უფრო წარმატებული იქნება. მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ სითბო მოსწავლეების და მასწავლებლების მხრიდან, რომ გარიყულად არ იგრძნონ თავი.

არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენად აღმატებულნი და წარმატებულნი არიან დისლექსიის მქონე ადამიანები სამსახურში, მაგრამ ცნობილია, რომ მრავალი მათგანი ხელოვნების სფეროში მოღვაწეობს. ისინი არიან მსახიობები, არქიტექტორები, ინჟინრები. მათი საერთო უნარი არის ჰოლისტური აზროვნება, მაშინ, როცა ასე ძალიან უჭირთ თანმიმდევრულობა. ბევრს მიაჩნია, რომ სამსახიობო კარიერის არჩევა კითხვის უცოდინრობამ აიძულათ. სინამდვილეში, ისინი მართლაც სხვებზე ნიჭიერი არიან.

დისლექსია მემკვიდრული დაავადებაა, რომელიც მშობლიდან შვილს გადაეცემა. ფიქრობენ, რომ ევოლუციური თვალსაზრისით, ეს საკმაოდ ძლიერი გენია, სხვა შემთხვევაში, ის დღემდე არ მოაღწევდა. მოსახლეობის 10%-ს აქვს დისლექსია და მათი უმეტესობა ბიჭია.

 როგორც აღვნიშნეთ, მათი უპირატესობა არის ის, რომ ისინი ჰოლისტურად აზროვნებენ და ხედავენ. მათ ახასიათებთ მხედველობის არეში ბევრი ნივთის შემჩნევა. რადგან მოძრავი სხეულის  დისკრიმინაცია უჭირთ, შეიძლება ვერ განასხვაონ ვეფხვი უახლოვდებათ თუ ძაღლი, რაზეც მათი მეგობრებიც ხუმრობენ ხოლმე და იხსენებენ, როგორ ვერ არჩევენ ერთმანეთისგან შორს მყოფ მეგობრებს.

ისინი შესაძლოა იყვნენ კარგი მათემატიკოსებიც. ისეთ წყობას ამჩნევენ რიცხვებში, რაც შეიძლება სხვა მათემატიკოსებმა ვერ შენიშნონ. ამიტომაც იყო აინშტაინი ასეთი განსაკუთრებული.

 განსაკუთრებულად გარკად ხატავენ სამგანზომილებიან ფიგურებს, თანაც ხატავენ ისე, როგორც ეს არის სინამდვილეში. აი რატომაა ბევრი მათგანი არქიტექტორი. მაგალითად, სიბრტყეზე უნდა დაიგეგმოს სამგანზომილებიანი შენობის აშენება. ჩვეულებრივ ადამიანს უჭირს ამ სამგანზომილებიანი, ჯერ არსებული შენობის წარმოდგენა, რაც დისლექსიის მქონეებისთვის სირთულეს არ წარმოადგენს. ცნობილი არქიტექტორი – რიჩარდ როჯერსი სიამოვნებით ასაქმებს დისლექსიის მქონე არქიტექტორებსა და მხაზველებს, რადგან საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, კარგად იცის მათი შემოქმედებითი და გამომგონებლური ნიჭის ფასი.

შემოქმედებითობის ნეირობიოლოგიური სუბსტრატი თავის ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს შუბლის წილის ქერქია. ეს უბანი დისლექსიის მქონე ადამიანებს უფრო განვითარებული აქვთ და დიდი ზომითაც გამოირჩევა მარჯვენა ნახევარსფეროსთან შედარებით. თუმცა, არ არსებობს ცალსახა პასუხი შეკითხვაზე: დისლექსია ტვინის დაზიანების შედეგია თუ განსხვავებული სტრუქტურის ბრალი?

დისლექსიის მქონე ბავშვებს აღმოჩენა სჭირდებათ. თუ ისინი გადაურჩებიან სკოლის მკაცრ კანონებს და დაძლევენ კითხვის სირთულეებს, ათჯერ უკეთეს შედეგს მოუტანენ გარშემომყოფებს, ვიდრე მათი ამხანაგები.

გამოყენებული ლიტერატურა:

  • ლინდსეი პეერი – დისლექსიის ემოციური ასპექტი;
  • ჯონ შტეინი – დისლექსიის ნიჭი.

ვასწავლოთ ბავშვებს სოციალური მედიის ჭკვიანურად გამოყენება

0

მთარგმნელის შენიშვნა: თანამედროვე სამყაროში ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის აქტუალურია ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების უნარები. ამერიკულ და ევროპულ სკოლებში რამდენიმე წელია, ასწავლიან ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებისა და კიბერბულინგისგან თავდაცვის წესებს, ხოლო ის კომპიუტერები და ტელეფონები, რომლითაც ბავშვები სკოლაში, ბიბლიოთეკაში ან სახლში სარგებლობენ, ხშირად დაცულია სპეციალური „ძიძა“-პროგრამებით, რომლებიც ინტერნეტის შიგთავსს ფილტრავს. იმავე დროს, საქართველოში, სადაც სკოლებში თითქმის არ არსებობს მსგავსი გაკვეთილები და მშობლები იშვიათად იყენებენ ინტერნეტ-ინფორმაციის გამფილტრავ პროგრამებს, მოზარდები კი ხშირად მეთვალყურეობის გარეშე სარგებლობენ ინტერნეტით, ეს უნარები გაცილებით მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, ქვემოთ მოცემული ტექსტი, რომლის ორიგინალი www.kidshealth.org საიტზე გამოქვეყნდა, დაეხმარება მშობლებს, კარგად გაიაზრონ, რა საფრთხეების წინაშე დგანან მათი შვილები სოციალური მედიის  გამოყენებისას, და ასწავლონ  შვილებს სოციალური ქსელების სწორად და უსაფრთხოდ გამოყენების წესები.

თანამედროვე ბავშვებისა და თინეიჯერებისთვის სოციალური მედია ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ექსპერტთა შეფასებით, აშშ-ს მოზარდთა 90%-ს ერთხელ მაინც გამოუყენებია რომელიმე სოციალური მედია და 75% დარეგისტრირებულია ერთ ან მეტ სოციალურ ქსელში. ამერიკელ თინეიჯერთა  ნახევარზე მეტი სოციალურ ქსელს ათვალიერებს ყოველდღე. ეს რიცხვები ყოველდღიურად იზრდება, და თითქმის არ არსებობს მათი შემცირების ალბათობა.

სოციალურ მედიას ბევრი სასარგებლო თვისება გააჩნია, მაგრამ ის ასევე ქმნის ისეთ პოტენციურ საფრთხეებს, რომელთაგან ყველა მშობელი ცდილობს შვილების დაცვას. ბავშვები ყოველთვის ვერ იღებენ საუკეთესო გადაწყვეტილებას, როცა რაიმეს აქვეყნებენ ფეისბუკზე ან იუთუბზე, ხშირად კი ეს გარკვეულ პრობლემებს იწვევს. ამიტომ მნიშვნელოვანია, მშობლებმა ასწავლონ შვილებს სოციალური მედიის ჭკვიანურად გამოყენება.

 

სოციალური მედიის სიკეთეები

სოციალური მედია შეიძლება დაეხმაროს ბავშვებს:

  • მეგობრებთან და შორს მყოფ ოჯახის წევრებთან კომუნიკაციაში
  • სხვადასხვა არამომგებიან, ან საქველმოქმედო კამპანიებში მოხალისედ მონაწილეობაში
  • შემოქმედებითი უნარების განვითარებაში იდეების, მუსიკისა და ხელოვნების ნაწარმოებების გაზიარებით
  • მსგავსი ინტერესების მქონე ადამიანების გაცნობასა და თანამშრომლობაში
  • კომუნიკაციის უნარების განვითარებაში

სოციალური მედიის მავნე მხარეები

სოციალური მედიის ძირითადი უარყოფითი თვისება ისაა, რომ ის წარმოადგენს ნაყოფიერ ნიადაგს კიბერბულინგისა და არასათანადო ქცევისთვის. თავისდაუნებურად, ბავშვებმა შესაძლოა ისეთი რამ გააზიარონ საჯაროდ, რაც მათთვის სახიფათო ან მავნებელია.

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ათიდან ცხრა მოზარდი ონლაინ აქვეყნებს საკუთარ ფოტოებს ან დარეგისტრირებულია ნამდვილი სახელით; ათიდან რვა მოზარდი საჯაროდ წერს პერსონალური ინფორმაციისა და საკუთარი ინტერესების შესახებ; ათიდან შვიდი მოზარდი ამჟღავნებს თავისი სკოლისა და ქალაქის სახელს. ამ ტიპის ქმედებების შედეგად, ჩასაფრებული მოძალადეებისა და სხვა კრიმინალებისთვის  იოლად ხელმისაწვდომი ხდება ინფორმაცია ბავშვების შესახებ, რასაც ძალიან ცუდი შედეგი შეიძლება მოყვეს.

ქვემოთ მოცემული სტატისტიკა ამერიკელ მოზარდთა შესახებ ცხადად ავლენს სოციალური მედიის საფრთხეებს:

  • მოზარდთა 17% ამბობს, რომ მათ ონლაინ დაუკავშირდა უცნობი ადამიანი ისეთი ფორმით, რომ მოზარდმა საფრთხე და დისკომფორტი იგრძნო;
  • მოზარდთა 30% ამბობს, რომ მათ მიიღეს ონლაინ რეკლამა, რომელიც მათი ასაკისთვის უხამსი იყო;
  • მოზარდთა 39% ამბობს, რომ უთქვამს ტყუილი საკუთარი ასაკის შესახებ ზოგიერთ ვებსაიტზე წვდომის მისაღებად.

 

საფრთხეები და შედეგები

 

კიბერბულინგისა და ონლაინ კრიმინალების პრობლემის გარდა, ბავშვები ასევე დგებიან საფრთხის წინაშე, ფიზიკურად შეხვდნენ არასასურველ პიროვნებას. ბევრი ახალი აპლიკაცია ავტომატურად აჩვენებს, სად იმყოფება აპლიკაციის მომხმარებელი მისი გამოყენებისას. ეს ინფორმაცია საშიში ადამიანებისთვის შეიძლება გახდეს ხელმისაწვდომი.

ასევე, ონლაინ დადებული ფოტოების, ვიდეოებისა და კომენტარების სრულად წაშლა თითქმის შეუძლებელია. თუკი მოზარდი გადაიფიქრებს და წაშლის ინფორმაციას საკუთარ პროფილზე, ხშირად ეს ინფორმაცია მაინც რჩება სოციალური მედიის სერვერებზე და შესაძლოა, უკვე სხვა მომხმარებელს ჰქონდეს შენახულიც.

უხამსი ფოტოს ან ტექსტის გამოქვეყნებამ შეიძლება ბავშვის რეპუტაცია დააზიანოს, რაც წლების შემდეგ გამოიწვევს პრობლემებს – მაგალითად, როცა პოტენციური დამსაქმებელი ან უნივერსიტეტში მიმღები კომისია პირადი მონაცემების და უსაფრთხოების შემოწმებას აწარმოებს. ხოლო თუ ბავშვი თუნდაც ხუმრობით გამოაქვეყნებს ბოროტ ტექსტს, ამან შეიძლება ვინმე დაამციროს ან ვინმემ მუქარად მიიღოს.

სოციალურ მედიაში დიდი დროის გატარებამ შეიძლება დეპრესიაც გამოიწვიოს. როცა ბავშვი ხედავს, რამდენად ბევრი ონლაინ-მეგობარი ან მიმდევარი ყავს სხვას ან უყურებს, როგორ ერთობიან სხვები, მას შეიძლება საკუთარი ცხოვრება მოსაწყენი მოეჩვენოს ან ეგონოს, რომ სხვებთან შედარებით წარუმატებელია.

რისი გაკეთება შეუძლიათ მშობლებს

ცხადია, მნიშვნელოვანია, მშობელმა იცოდეს, როგორ იქცევა მისი შვილი სოციალურ ქსელში, მაგრამ მეტისმეტმა ყურადღებამ შეიძლება ბავშვის გაუცხოვება გამოიწვიოს და ავნოს მშობელსა და შვილს შორის ნდობას, რაც ძალიან რთული აღსადგენია. ამიტომ არსებითია მშობლის მონაწილეობა ამ პროცესში იმგვარად, რომ შვილი აცნობიერებდეს: მშობელი პატივს სცემს მის პირად სივრცეს, მაგრამ სურს მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

მაგალითად, მშობელმა შეიძლება შემდეგი რჩევები გაუზიაროს შვილს:

  • იყავი ზრდილობიანი. უხამსი ქმედება ისევე მიუღებელია ვირტუალურ სამყაროში, როგორც რეალურში.

გასაგებად აუხსენით შვილს, რომ მას მოეთხოვება, სხვებს მოექცეს პატივისცემითა და ზრდილობით; მან არასდროს არ უნდა გამოაქვეყნოს გულსატკენი ან სამარცხვინო ტექსტი სხვათა შესახებ. სთხოვეთ, ყოველთვის გიამბოთ სახიფათო ან დამამცირებელი ტექსტების შესახებ, რომელთაც სხვები გამოაქვეყნებენ.

  • ორჯერ დაფიქრდი ტექსტის ან ფოტოს საბოლოო გამოქვეყნებამდე.

შეახსენეთ მოზარდს, რომ ყველაფერი, რასაც ინტერნეტში გამოაქვეყნებს, მის წინააღმდეგ შეიძლება იქნეს გამოყენებული. მაგალითად, თუკი საჯაროდ დაწერთ, რომ სამოგზაუროდ ხართ წასული და თქვენი სახლის მისამართიც იოლი მოსაძებნია, მძარცველები ამ შესაძლებლობას გამოიყენებენ. მოზარდები ასევე უნდა მოერიდონ ერთობლივი ახალგაზრდული გასართობი ღონისძიებების მისამართების საჯაროდ ხსენებას, ისევე როგორც ტელეფონის ნომრების.

 

  • მისდიეთ წესს „რას იტყოდა ბებო?“

ასწავლეთ ბავშვს, რომ თუკი რაიმე ერთხელ მაინც მოხვდება ინტერნეტში, მისი სრულად წაშლა შეუძლებელია. მან ისეთი რამ არ უნდა გააზიაროს სოციალურ მედიაში, რაც სურს დამალოს მასწავლებლების, უნივერსიტეტში მიმღები კომისიის, მომავალი სამსახურის უფროსებისა და, ცხადია, ბებიისგან.

  

  • გამოიყენე კონფიდენციალურობის დაცვის წესები.

კონფიდენციალურობის დაცვის წესები ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ შვილთან ერთად გაარჩიეთ ეს წესები, რომ ბავშვმა კარგად გაიაზროს ისინი. ასევე აუხსენით, რომ პაროლი არსებობს თავის დასაცავად, მაგალითად, იდენტობის მითვისებისგან, და არასდროს არავის არ უნდა გაუზიაროს ის (საკუთარ მეგობარს ან შეყვარებულსაც კი).

 

  • არ დაუმეგობრდე უცნობებს.

აუხსენით, რამდენად საშიშია უცნობებთან დამეგობრება ინტერნეტში. უცნობის პროფილი შეიძლება საშიშ დამნაშავეს მალავდეს, რომელსაც შეუძლია, მოზარდის ნდობით ან მის პროფილზე მოპოვებული ინფორმაციით ბოროტად ისარგებლოს. თუკი არ იცნობ ადამიანს, ნუ დაუმეგობრდები სოციალურ ქსელში. ეს არის ყველაზე მარტივი, იოლი და უსაფრთხო წესი.

შვილთან შეთანხმება

როგორ შეიძლება ამ მიდგომების განხორციელება სახლში? ამის ერთ-ერთი გზაა შვილებთან დადოთ შეთანხმება „სოციალური მედიის გამოყენების შესახებ“ – შეიძლება ამას ჰქონდეს ნამდვილი კონტრაქტის სახე, რომელსაც მშობლები და შვილი ხელს მოაწერს. ამ შეთანხმებით მას დაეკისრება ვალდებულება, დაიცვას საკუთარი პირადი სივრცე და კონფიდენციალურობა, იზრუნოს საკუთარ რეპუტაციაზე და არ გასცეს პერსონალური ინფორმაცია. ასევე, მოზარდი დადებს პირობას, არასდროს გამოიყენოს ტექნოლოგია იმისთვის, რომ ვინმეს მიაყენოს ტკივილი (დამცირებით ან არასწორი ინფორმაციის გავრცელებით).

თავის მხრივ, მშობლები დებენ პირობას, პატივი სცენ მოზარდის პირად სივრცეს, როცა იგი ცდილობს გახდეს სოციალური მედიის სამყაროს ნაწილი (ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ შვილის „მეგობარი“ გახდეთ სოციალურ ქსელში და დააკვირდეთ მის ონლაინ-საქმიანობას, მაგრამ არ უნდა დაუწეროთ დამამცირებელი კომენტარები ან ამბები მოზარდის პირადი ცხოვრებიდან, მაგალითად მისი არეული ოთახის შესახებ).

მშობლებმა ასევე ხელი უნდა შეუწყონ მოზარდებს, რეალურ სამყაროში მეტად დაიმკვიდრონ თავი, სოციალური მედიის გარკვეული შეზღუდვით. ამის ერთ-ერთი მეთოდია, კომპიუტერები იდგეს საერთო, ვთქვათ სასადილო ან სასტუმრო ოთახში. ნუ შეიტანთ ლეპტოპს და სმარტფონებს საძინებლებში, და ერთად შეიმუშავეთ ტექნოლოგიის გამოყენების გარკვეული წესები (მაგ. არავითარი სმარტფონი ერთად სადილობისას).

მთავარია, გახსოვდეთ: საკუთარი ქცევით ვირტუალურ გარემოში ყველაზე ღირებულ მაგალითს აძლევთ შვილებს, როცა ასწავლით სოციალური მედიის უსაფრთხოდ გამოყენებას.

ლარისა ჰირში, მედიცინის დოქტორი, 2014 წელი.

რუკა და ანალიტიკური აზროვნების განვითარება

0

ყველგან და ყველაფერში რესურსებს ვეძებ და ვპოულობ. მეგობრები ხუმრობენ: მალე ჩვენც რესურსად გამოგვიყენებო. არადა, არ იციან, თორემ დიდი ხანია მათაც რესურსის სტატუსი აქვთ. ოდესმე გავუმხელ.

ინტერნეტში არსებულ მასალას გულგრილად ვერ ვტოვებ. განსაკუთრებით რუკებს. ახლაც ასე მოხდა. ინტერნეტსაიტზე არსებულ რუკებს შემთხვევით გადავაწყდი. კარგი რესურსია საქართველოს ჰავის ჩამოყალიბების განხილვისას. არადა, არც მქონდა გეგმაში. ჰავის ახსნა, გაგება-გაანალიზებითა და შეფასებით კარგად მაქვს აწყობილი. თუმცა დამატებითი მასალა და აქტივობები, რომლებიც რამდენიმე თემის გამოყენებას მოითხოვს, ცუდი არ იქნება. გამჭოლ კომპეტენციაზეც თუ გავალთ, საუკეთესო გაკვეთილიც გამოგვივა. ეს ბოლო წინადადება ნახევრად ხუმრობით. არადა, რა გვეხუმრება, გეოგრაფებმა მაინც ვიცით, რა სურპრიზებს გვიმზადებს გლობალური კლიმატცვლილებები.

საქართველოს კლიმატის თავისებურებები, რომლებიც აღნიშნული იყო ჯერ კიდევ ანტიკური ქვეყნების გეოგრაფების და ისტორიკოსების მიერ, არსებითად აქამდე არ შეცვლილა. მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკური და კულტურული მდგომარეობის ცვლილებებთან ერთად შესამჩნევად იცვლებოდა ადგილობრივი კლიმატის ზოგიერთი მაჩვენებელი. ჯერ კიდევ ჰიპოკრატეს დროს (454-376 ძვ. წ.აღ.-ის), როდესაც კოლხეთში მიმოსვლა და საერთოდ აღებ-მიცემა იყო განვითარებული, მისი სიტყვით ხშირად ჰქროდა აღმოსავლეთის ძლიერი და მშრალი ქარი, რომელიც აშრობდა ქვეყანას.

წმინდა მამა დავით გარეჯელი თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად გარეჯის მთის ნახევრად უდაბურ კალთებზე VI საუკუნეში დასახლდა. წმინდა მამის მიერ აღწერილი ლანდშაფტი თითქმის არ შეცვლილა და დღევანდელი ნახევარუდაბნოს ბუნებრივ ზონას ემთხვევა.

kl1

იტალიელი მისიონერი ა. ლამბერტი (მე-17 ს.) კოლხეთის აღწერის დროს, ხაზგასმით აღნიშნავს ჰაერის ზედმეტ სინოტივეს და ატმოსფერული ნალექების სიუხვეს. ის ხომ სამეგრელოში 12 წელი ცხოვრობდა.

მე-18 საუკუნეში, როგორც გეოგრაფისა და ისტორიკოსის ვახუშტის ცნობებიდან ჩანს, კოლხეთის ჰავა ისევე ზედმეტად ნოტიო იყო, როგორც მე-17 საუკუნეში.

მე-19 საუკუნეში ფეოდალური ცხოვრების რღვევამ და კაპიტალიზმის განვითარებამ გამოიწვია ტყის ინტენსიური გაჩეხა, გზების გაყვანა-აღდგენა, რის შედეგად ადგილობრივი კლიმატიც რამდენადმე შეიცვალა. ჰავა შედარებით უფრო მშრალი გახდა. მიმდინარე საუკუნის შუა წლებში გარემოზე ანთროპოგენური ზემოქმედების მასშტაბები იმდენად გაიზარდა, რომ მან კლიმატის გლობალური ცვლილება გამოიწვია. ატმოსფეროში წყლის ორთქლის შემცველობა და ტემპერატურა დიდ როლს ასრულებს ჰავის ფორმირებაში.

ჰაერში მყოფი ტენი დიდ გავლენას ახდენს დედამიწის ზედაპირისა და ატმოსფეროს სითბურ რეჟიმზე. მას აქვს სითბოს შთანთქმის დიდი უნარი. იგი გამოასხივებს კიდეც სითბოს, რომლის დიდ ნაწილს დედამიწის ზედაპირი შთანთქავს.

დედამიწის ზედაპირზე დაცემული სითბოს მნიშვნელოვანი ნაწილი (დაახლოებით 30%) აორთქლებაზე იხარჯება. სამაგიეროდ, კონდენსაციის დროს გამოიყოფა სითბოს იგივე  რაოდენობა. წყლის ორთქლის შემცველობა ჰაერში ტერიტორიულად დიდ ფარგლებში იცვლება. ეს დამოკიდებულია ქვეფენილ ზედაპირზე, ადგილის ფიზიკურ გეოგრაფიულ პირობებზე, წელიწადის დროზე, ატმოსფეროს ცირკულაციაზე და სხვ.

საქართველოში სინოტივის განაწილებაზე დიდ გავლენას ახდენს შავი ზღვა და ლიხის ქედი. ეს ორი ფაქტორი განსაზღვრავს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ტენიანობის ველის განაწილების არსებით განსხვავებას. დასავლეთ საქართველოში ხელსაყრელი პირობებია მაღალი სინოტივისთვის. მიუხედავად ფიონური ქარებისა, რომლის დროსაც ფარდობითი სინოტივე 20-30%-ზე დაბალია. მთელი წლის განმავლობაში, როგორც წყლის ორთქლის დრეკადობა, ისე ფარდობითი ტენიანობა საკმაოდ მაღალია და მნიშვნელოვნად აღემატება აღმოსავლეთ საქართველოს.

ყველაზე მაღალი ფარდობითი ტენიანობა საშუალოდ წელიწადში ბათუმის სანაპიროზეა. სანაპიროდან დაშორების მიხედვით ტენიანობა შესამჩნევად ეცემა. აღმოსავლეთისკენ, ზემო იმერეთსა და აფხაზეთის სანაპიროებზე საშუალო ფარდობითი სინოტივე შედარებით იკლებს, სინოტივის შემცირება აიხსნება ამ რაიონებში ზაფხულის თვეების შეფარდებითი სინოტივის მნიშვნელოვნად შემცირებით. ზღვის დონიდან სიმაღლის ზრდასთან ერთად დასავლეთ საქართველოში შეფარდებითი სინოტივე საერთოდ მცირდება. მაგალითად, ბახმარო. ყველაზე მცირე წლიური ფარდობითი სინოტივე აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებშია: თბილისი, საგარეჯო, გარდაბანი. აღმოსავლეთ საქართველოს სხვა რაიონებთან შედარებით, უფრო მაღალი შეფარდებითი სინოტივით გამოირჩევიან ის რაიონები, რომლებიც უშუალოდ ეკვრიან დასავლეთ საქართველოს ტერიტორიას (აბასთუმნისა და ბორჯომ-ბაკურიანის რაიონები).

ამ ტექსტისა და რუკების გამოყენებით მოსწავლეებმა უნდა დაადგინონ:

  1. ატმოსფეროს ტემპერატურისა და ფარდობითი ტენიანობის ურთიერთმიმართება;
  2. ახსნან ატმოსფეროს ტემპერატურისა და ტენიანობის განაწილების კანონზომიერება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.

kl2

kl3

კიდევ შეიძლება დავალებების მოფიქრება. შესაძლებელია კონკრეტული მხარეების მიხედვით დავყოთ და ჯგუფებში გავანაწილოთ. მთავარია, რომ მოსწავლეები ამ ორი რუკის ანალიზის პროცესში კოგნიტური უნარების განვითარებასთან ერთად სემიოტიკურ კომპეტენციასაც გაიუმჯობესებენ.

სამუშაოს დასრულებისა და პრეზენტაციების შემდეგ კითხეთ – მათი აზრით, რა მისცა ამ დავალებამ, რა იყო მნიშვნელოვანი, რატომ შევასრულეთ ეს სამუშაო?

ეს მათ ანალიტიკური აზროვნების განვითარებასა და, რაც მთავარია, მეტაკოგნიტური უარების განვითარებაში დაეხმარებათ.

გამოყენებული ინტერნეტსაიტები: https://www.monadire.info; https://www.nplg.gov.ge/ .

სისულელედან  ჭეშმარიტებამდე

0

ეს პრობლემა დიდი ხნის წინ იღებს სათავეს. ალბათ ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა უზარმაზარ ქვეყანაში სულ თითზე ჩამოსათვლელი გაზეთი გამოდიოდა და რიგითი მეურნიდან დაწყებული, რაიკომის მდივნით დამთავრებული, ვალდებულებად მიიჩნევდა თავს ყველა მათგანს გაცნობოდა. დიდი თუ პატარა ქალაქის, ერთგვარ კოლორიტს წარმოადგენდა გაზეთების ჯიხურები, დილაადრიანი რიგებით. ამ უსახურ პატარა შემინულ ფიცრულებში პროდუქციის ასორტიმენტიც შესაბამისი ჰქონდათ: „კომუნისტი“, „ახალგაზრდა კომუნისტი“,  „სოფლის ცხოვრება“ და დედაქალაქელებისათვის დამატებით საღამოს გაზეთი „თბილისი“ და კიდევ იყო რაიონული გაზეთები, მასალითა და ბეჭდვის ხარისხით იატაკქვეშეთში დაბეჭდილებს რომ ჩამოჰგავდა  ერთობ უცნაური დასახელებით: „ლენინის გზა“, „წინ კომუნიზმისაკენ“ და კიდევ ვინ მოთვლის პარტიულ-აგიტაციურ ფანტაზიის შედევრებს…

ლიტერატურული თუ სამეცნიერო პერიოდიკა დიდი იშვიათობა იყო და პრესის მასობრივი გავრცელების დაწესებულებები მათ არ სწყალობდნენ.

ის რომ ეს გაზეთები, აგიტაციის კარგად გამართული მანქანის ნაწილები იყო, მათი დასახელებები, გამომცემელი ორგანოები და თვით ფასიც ცალსახად მიუთითებდა. მონური შრომის შედეგად გამოცემულ პირობებშიც კი  „კომუნისტისათვის“ 3 კაპიკი მხოლოდ სიმბოლური ფასი იყო.

და ასე იკითხებოდა ყველა გაზეთი ანიდან – ჰოემდე,  დარუბანდიდან – ნიკოფსიამდე. იკითხებოდა და მკითხველი დარწმუნებული იყო, რომ იქ  ტყუილის დაწერას ვერავინ გაბედავდა (ცხადია, სახელწიფო იდეოლოგია არ ითვლებოდა ტყუილად).  მას იმდენი ორგანო ადევნებდა თვალყურს, რომ შეცდომის, თუნდაც კორექტურის, გაპარვა მკაცრად ისჯებოდა.  შემდეგ მოიშალა ცენზურის მარწუხები. დაგუბებულმა ტყუილ-მართალმა, ერთიანად გაარღვია შემაკავებელი ჯებირი და აჭრელდა გაზეთების ჯიხურებიც. მახსოვს, ამ ამბავმა არაერთი შეაწუხა. ბევრი დააბნია – ამდენ გაზეთს რა წაიკითხავსო. გაზეთი ხომ იმისთვის იბეჭდებოდა, რომ აუცილებლად უნდა წაგვეკითხა.

ბეჭდურ მედიას ცივი წყალი გადაასხა ელექტრონულმა მედიამ. მიუკერძოებელ-მიკერძოებულ ბეჭდურ მედიაში მაინც „გადამოწმებული“ მასალა იბეჭდება. ელექტრონულში კი პრაქტიკულად იმდენი „სააგენტო“ გაჩნდა, რამდენი მომხმარებელიც დადის ამ ქვეყნად  და კიდევ უფრო დაიბნა რიგითი მკითხველი. მით უფრო ისინი, ვინც წარსულიდან ინერციით მოსდევენ მას-მედიას.

ხშირად შემხვედრია  სოციალური ქსელებში, ჩემი კოლეგების პირად კედელზე, სხვადასხვა სააგენტოებიდან გაზიარებული წერილები, რომლის შინაარსი არა თუ მცდარია, არამედ მსგავსი მასალის გამოქვეყნება დანაშაულის ტოლფასიც კი შეიძლება იყოს, არაერთი მიზეზის გამო.

ერთი წლის წინ შემხვდა პირველად წერილი, რომელიც დღემდის ხელიდან – ხელში, კედლიდან – კედელზე გადადის კვლავაც. ამ „სტატიაში“ ინკოგნიტო ავტორის მახვილ თვალს კბილის პასტების  ტუბებზე სადღაც  ბოლოში ფერადი კვადრატები შეუნიშნავს. და მთელი მონდომებით  გვიყვება, რომ მწვანე კვადრატი ეკოლოგიურ თუ ბიო პროდუქტის აღნიშნავს, წითელი – ქიმიურს, შავი – მთლად ჯოჯოხეთის მაშხალაა.

ცხადია, ყველა ვერ იქნება ქიმიასა და ტექნოლოგიაში განსწავლული, მაგრამ ამ საკითხის სულ მცირე კრიტიკული თვალით შეხედვა გვიხსნის სიცრუის მორებში ჩათრევისაგან.

პირველ რიგში, ეკოლოგიურად სუფთა, ბიო პროდუქტი დღეისათვის დიდი ფუფუნებაა როგორც მწარმოებლისთვის, ისე მომხმარებლისათვის.  მეწარმეს  ასეთი პროდუქტის დამზადება ისედაც ძვირი უჯდება და მის რეალიზაციას  აგრესიული რეკლამის მიხმარება სჭირდება (რომ ეს პროდუქტი „ბიო“-ს ხაზს ეკუთვნის), რათა  იგი ბაზარზე კონკურენტუნარიანი იყოს შედარებით იაფფასიან პროდუქციასთან. გარდა ამისა, „ბიო“, „ეკოლოგიურად სუფთა“ და სხვა მსგავსი მოდური დამატებითი წარწერები (რომელიც რეგულირებადია)  დამატებითი დივიდენდის მომტანია. ამიტომ იგი, როგორც წესი, ფართოდ რეკლამირდება, დიდი ასოებით ეწერება კარგად გამოსაჩენ ადგილას და არა ყოვლად გაუგებარ, პატარა, ძლივს შესამჩნევ ადგილას განთავსებული მწვანე კვადრატით.

მათ, ვისაც მაინც აინტერესებს, თუ რა დანიშნულება აქვთ ამ კვადრატებს, შევეცდები მოკლედ და მარტივად ავუხსნა. ტუბები მზადდება წინასწარ დაბეჭდილი (მოხატული) პოლიმერული მასალის ლენტიდან (თხელი ფირფიტიდან), რომელიც რულონებად არის დახვეული.  ტუბის ფორმირების დანადგარში იგი მიეწოდება სპეციალურ მაფორმირებელ (ფორმის მომცემ) უბანს, რომელიც წარმოადგენს ტუბის დიამეტრის მილს. ლენტი შემოეკვრება მილს და სპეციალური უთო თერმულად გაკერავს, რითაც პოლიმერის ლენტი იქცევა მილაკად. შემდეგ ეტაპზე საჭიროა ამ მილის ტუბის სიგრძეზე გაჭრა. პროცესი ავტომატურია და მილის გაჭრას რობოტიზირებული დანადგარი ახდენს იმ ადგილას, სადაც რობოტის „თვალი“ შენიშნავს ფერად კვადრატს. თუ რატომ არის სხვადასხვა ფერის, ეს დამოკიდებულია რობოტის „თვალის“ მგრძნობიარობაზე (თუ რომელ ფერს აღიქვამს) და ტუბის მოხატულობაზე გამოყენებულ ფერებზე. ცდილობენ, რომ კვადრატის ფერი იყოს განსხვავებული, ვიდრე ტუბის ეტიკეტი კონტრასტის შესანარჩუნებლად.

ეს ტექნოლოგია ზოგადია და მხოლოდ  კბილის პასტების ტუბები არ მზადდება ასე. თქვენ ასეთ კვადრატებს ასევე იპოვით პოლიმერულ შეფუთვის სხვა პროდუქციაზე, როგორიცაა ჩიპსები, დეტერგენტები (სარეცხი ფხვნილები) და სხვა მრავალი.

ზოგჯერ გვიკვირს თუ აშკარა ტყუილი რატომ იკიდებს ფეხს ფართო მასებში ასე ადვილად. იოზეფ გებელსი, მესამე რაიხის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი, ამბობდა: თუ ვინმეს მოტყუება გინდათ, უთხარით მას ისეთი დიდი სისულელე, რომ იფიქროს, ასეთ სისულელეს ვერ იკადრებდაო და დაგიჯერებთ.

შეძახილივით

0

                                                                                                                     Мимо ристалищ, капищ,
мимо храмов и баров…

                                                                                                                        იოსიფ ბროდსკი ,,პილიგრიმები“

 

შესავლის მაგიერ

ოდესღაც, ერთმა დიდმა ქართველმა მწერალმა, მეორე დიდ ქართველზე თქვა, ჩვენში ამისთანა არც დაბადებულა და, მგონი, რომ არც არასდროს დაიბადებაო. იმ დიდმა კაცმა ლამის ათასი წლის წინ თქვა ეგ, ცხრაას რამდენიღაც წლის წინ.

მთარგმნელები ჯადოსნური ხალხია, მათ ალადინის ზღაპარი შეუძლიათ მოიგონონ, უწვერული ჯონ დოს პასოსი იცნონ ტოლედოდან მადრიდისკენ მიმავალ ღამის მატარებელში, ან სამყაროს უკანასკნელ უბრწყინვალეს ეპიკურ პოემას სახელი შეუცვალონ და ისე აჩუქონ ყველას, განურჩევლად ასაკისა, ეროვნებისა, კანის ფერისა.

კარი პირველი

ჯონ დოს პასოსი შეხვედრების კაცი იყო. ტოლედოდან მადრიდისკენ მიმავალ მატარებელში ხოსე რობლესი გაიცნო, ანუ უბრალოდ, პეპე. თვითონ რა გაიცნო, პეპემ გაიცნო. პეპემ დაინახა. მერე ესპანეთიც მოატარა, დონ კიხოტიც წააკითხა და ელ გრეკოც აჩვენა. კორიდაზეც ყავდა. და როცა პასოსმა წიგნების წერა დაიწყო, მერე პეპე თარგმნიდა იმის წიგნებს. სანამ ცოცხალი იყო, თარგმნიდა და უკვირდათ ევროპაში, ვახო, ამ გადამთიელმა ამერიკელმა ასე კარგად როგორ იცის პირველი მსოფლიო ომიო. ვთქვი, პასოსი შეხვედრების კაცი იყო-მეთქი და იტალიის მთისწინეთში ეგრე შემთხვევით გადაეყარა ჰემინგუეისაც. მეგობრობდნენ, სოციალისტობდნენსავით და ესპანეთის სამოქალაქო ომშიც, მგონი, სამივე ერთ დროს წავიდა. მერე საბჭოთა „ბიჭებმა“ მთარგმნელი პეპე დახვრიტეს. სადღაც, რომელიღაც თათბირზე ისეთი რამ მოუსმენია, ისეთი რამ უთარგმნია, ცოცხლად დატოვება აღარ იქნებოდაო და დახვრიტეს. ჰემინგუეიმ, ხეს რომ ჭრიან, ნაფოტები ცვივაო. პასოსმა კიდე დატოვა ესპანეთი თავის ომიანად და მთელი დარჩენილი ცხოვრება ნანობდა საკუთარ მოსოციალისტობასაც და ყველაფერსაც რაც იქ დარჩა. მაშინ გაიყარა ჰემნგუეის და იმის გზები. კაცმა, რომ თქვას, მთარგმნელის „გამო“ გაიყარა.

კარი მეორე

კითხეთ, ვისაც გინდათ, ათას ერთი ღამე ხომ ყველამ იცის, ალადინიც ხომ ყველამ იცის, სინდბად მეზღვაურიც, ალი ბაბაც, თავისი ყაჩაღებიანად. მაგრამ რამდენი გეტყვით, რომ ისინი ანტუან გალანმა გამოიგონა, ბორხესი ამბობდა, დარწმუნებული ვარ, მაგან გამოიგონაო. გალანამდე არც ერთი ამ სამიდან იმ ათასერთღამიანი ჯადოსნურობის ნაწილად არ წერებულა არსად. ეს ის ანტუან გალანია, ფრანგულ სალონებს რომ სტუმრდა ხშირად და განსაკუთრებით იქაურ ქალბატონებს ემუსაიფებოდა, რჩვებსაც იღებდა თურმე, რა არის, შეჰერეზადას ხასიათში რამე არ გამომეპაროსო. ბორხესი წერდა, ლიტერატორები ცდებიან, როცა რომანტიზმის დასაწყისად განმანათლებლობას და საფრანგეთის რევოლუციას ასახელებენ, სინამდვილეში ევროპული რომანტიზმი მაშინ დაიბადა, როცა ვიღაც გადარეულმა ფრანგმა პარიზში ათას შვიდას რომელიღაც ძალიან ადრეულ წელს, გალანის თარგმანი გადაშალა და მიხვდა, ეს რამხელა ყოფილა სამყაროო. უგალანოდ, უანტუანგალანოდ არ იქნებოდა სტივენსონი და ჩესტერტონიც არ იქნებოდა. უსინდბადოდ არ იქნებოდა „განძის კუნძული“, უალიბაბოდ, უალადინოდ – „კაცი, რომელსაც ხუთშაბათი ერქვა“.

კარი მესამე

ედუარდ ფეარფაქსზე ვიკიპედიაშიც კი ერთი აბზაცი წერია, ნახეთ სხვა გვერდები, სხვა ხალხის, თანამედროვეებისაც და ძველებისაც, ინგლისელებისაც და ჩინელებისაც, გენერლებისაც და მწერლებისაც. ბუკერიანებისაც და უბუკეროებისაც, პულიცერიანებისაც და უპულიცეროებისაც, სერვანტესიანებისაც და უსერვანტესოებისაც, ბესტსელერიანებისაც და უბესტსელეროებისაც, იმათზე წერია, ო, რამდენი წერია, ედუარდ ფეარფაქსზე არა. ,,გათავისუფლებული იერუსალიმის“ მთარგმნელზე, „გოტფრიდ ბულონელი“ რომ დაარქვა პოემას და აგერ უკვე 416 წლის წინ აჩუქა მთელ მსოფლიოს, იტალიის იქით მსოფლიოს. იტყვიან, არც არაფერია ეტყობა მაგ კაცში განსაკუთრებულიო, აბა, ვისზე მოახდინა გავლენაო, აბა, სადაო. გოეთე კმარა? მილტონი? და ინგლისური ენა? მე წამიკითხავს, როგორ ამტკიცებდნენ ინგლისელი პროფესორები, თანამედროვე ინგლისური ენის ჩამოყალიბებაში ფეარფაქსს და შექსპირს მთავარი როლები ეკუთვნითო. ჰე, ჰე, ორნი, ინგლისური ენის ლაერტი და ჰამლეტი. ჰო, ლაერტი და ჰამლეტი. ზუტად ამ თანამიმდევრობით.

ბოლოსიტყვის მაგიერ

ვინ არის ქართული თარგმანის მინჩხი, პეტრიწი, იაკობ ხუცესი, შოთა ან ვაჟა ან გალაკტიონი. ვინ არიან ისინი, რა ერქვათ, სად დაიარებოდნენ, როგორ იცხოვრეს. ჩვენ მხოლოდ ზოგიერთზე ვიცით, მხოლოდ იმათზე, ვინც არა მხოლოდ თარგმანით გამოირჩა. ვინ თარგმნა ქართულად მეფე ართურის ამბები, სიმღერა როლანდზე, პო, მელვილი, მილტონი, დიკენსი, გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება, უსაზღვროდ.  მთარგმნელობა უმადური საქმეა და, ალბათ, ყველაზე პოეტური საქმეც, თუ ბორხესს დავუჯერებთ, რასაკვირველია. ბორხესი ხომ ამბობდა, რომ მხოლოდ დავიწყებაა ჭეშმარიტი პოეზია. მთარგმნელები დავიწყების ხალხია, მკითხველები ივიწყებენ იმათ სახელებს, ივიწყებენ კი არა, არც იმახსოვრებენ თითქმის არასდროს, თვალსაც იშვიათად წაკრავენ და არც ახსენებენ, კითხეთ ვისაც გინდათ, საკუთარ თავსაც კითხეთ, ფრანგსაც, მექსიკელსაც, ბერძენსაც. ვინ თარგმნა…

სულ ტყუილია ამჟამინდელი ფორიაქი, სადაც არ უნდა დავკრძალოთ, მთაწმინდაზე თუ სხვაგან სადმე, ჩვენ, ქართველები აუცილებლად დავივიწყებთ ბაჩანა ბრეგვაძეს. ბარათაშვილი ამბობს, ეს ბუნებრივიაო. დიდ ხალხს, განსაკუთრებულად დიდებს, ხსენება არ ჭირდებათ, მერე რა, რომ ,,უსახელოდ“ მიდიან, იმათ მაგივრად საქმეები ლაპარაკობენო. მე თუ მკითხავს ვინმე, რა მოუხდება ყველაზე მეტად ბაჩანა ბრეგვაძის სიკვდილსო? ვეტყვი, დუმილი-მეთქი. დუმილი, რადგან ბაჩანა ბრეგვაძე ახდენილი ოცნებით მიიცვალა, არც საწუხარია არაფერი, გარდა ადამინური ტკივილისა. ბაჩანა ბრეგვაძე სიცოცხლეშივე იქცა საკუთარ წიგნებად და იმიტომ. და თუ ბორხესი და, სხვათა შორის, კორტასარიც მართლები არიან, მხოლოდ ის შეიძლება იშვას ხელახლა, რაც უკვე დავიწყებულია, რაზეც და ვისზეც ენა დუმს.

ხშირად, მოისმენთ, ჩვენი სამშობლო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანააო. გაგიკვირდეთ ეგებ, მაგრამ ქართული ლიტერატურა ამტკიცებს, რომ თუ რამეა ამ ქვეყანაში ღვთისმშობლის წილხვედრი, პირველ რიგში, სწორედაც ქართული თარგმანია. გიორგი მთაწმინდელი წერდა, ექვთიმე ათონელის მსგავსი ქართველი არც დაბადებულა აქამდე და მგონი, არც მომავალში დაიბადებაო. წერდა იმიტომ, რომ მისივე ცნობით, არაფერი არ გამოვიდოდა ექვთიმესგან, ამ ყრმობიდანვე დედისძმათა გამოისობით გაბერძნებული ბიჭისაგან, ავადმყოფობისას მარიამი რომ არ გამოცხადებოდა და უკვე მოწიფული ყმაწვილისვის ენა ქართულად არ ამოედგმევინებინაო. თუ გიორგი მთაწმინდელს მივენდობით, გამოდის, ღვთისმშობლის „ღიმილით“, ღვთისმშობლის სიტყვით დაწყებულა ქართული თარგმანი და ყველას, ვისაც ოდესმე კალამი დაუძრავს ამ საქმისთვის, ეგებ თავისდა უნებურადაც საღვთისმშობლო გზაზე უვლია.  ბაჩანა ბრეგვაძეც ამ გზაზე მავალი კაცი იყო, ამ გზის მგზავრი. ,,ღვთისმშობლის ღიმილის“ პილიგრიმი. ნუ შეგაშინებთ მისი დავიწყება, ნუ შეგაშინებთ, რადგან თუ ბორხესი და, სხვათა შორის, კორტასარიც მართლები არიან…

ჩართულობა და ინკლუზიური საკლასო ოთახი

0

ჩართულობა რომ თანამედროვე სასწავლო სივრცის განუყოფელ ატრიბუტად უნდა ვაქციოთ და მიდგომა, რომ სკოლებმა  ყველა ბავშვისთვის თანაბარი განათლების უზრუნველყოფა მათი ტალანტის გაუფლანგავად  უნდა მოახერხონ, დავას აღარ უნდა იწვევდეს. თუმცა ინკლუზიური სკოლების  მიერ არაერთგვაროვან მოსწავლეთა საჭიროებების დაკმაყოფილების და მრავალფეროვანი საზოგადოების ასახვის იდეა ჯერ კიდევ მრავალი ქვეყნის განათლების სისტემის დებატისა და განვითარების წყაროდ მოიაზრება (Ainscow, Howes, Farrell and Frankham, 2003; როუზი და ენგი, 2013). ჩართულობის განათლებასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები გაისმის ჩვენშიც და ხშირად რწმენა, რომ ყველა ბავშვს აქვს განთლების მიღებისა და საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენის უფლება უარყოფილია. შესაბამისად, ვერ ხერხდება ინტერესების დაცვა იმ მოსწავლეებისა, ვინც სპეციალური საგანმანათლებლო  საჭიროების მქონეს სტატუსს ატარებს ან არ ატარებს, თუმცა მათი ქცევა და სწავლისადმი დამოკიდებულება აშკარად  იძლევა ინკლუზიური საკლასო გარემოს შექმნის და არსებობის საფუძველს.

არცთუ იშვიათად მითხოვია მოსწავლეთათვის, ერთი წუთით თვალები დაეხუჭათ და წარმოედგინათ, რომ ბუნებაში ყოველი ხაზი ან ფერი არის წითელი ან ყვითელი ან თუნდაც მწვანე; მითხოვია დაეშვათ, რომ სამყაროში მხოლოდ ერთი მუსიკალური ბგერა არსებობს, მაგ., დო ან რე და გაეთამაშებინათ მსგავსი მონოტონურობა. ბგერებისა თუ ფერების განსხვავებებით მიღწეული გამის ჰარმონია ცხოვრების მოდელად რომ გადმოვიტანოთ და მისი ასახვა საკლასო ოთახიდან დავიწყოთ, სულაც არაა ძნელი საქმე. მთავარი იმის გააზრებაა, რომ თითოეული ადამიანი განსხვავებულია და ინკლუზიური სწავლების მიზანიც ნორმისა და პათოლოგიის ინტეგრირება კი არა, არამედ ჯგუფში თითოეული ადამიანის ჩართვა, მათი უფლებების დაცვა და შესაძლებლობების აღიარებაა, მიუხედავად იმისა,  ვიწოდებით თუ არა სსსმ-დ.

       არც ჩვენში და არც საზღვარგარეთ ეკონომიკური ტიპის პრობლემების, შეზღუდვის ან დასწავლის სირთულის „იარლიყის“ მქონე ბავშვების, ან ეთნიკური უმცირესობების ჯგუფების (როგორიცაა, მაგალითად, ბოშები) განათლება არასდროს ყოფილა პრიორიტეტი. პრიორიტეტი არც იმ ბავშვების სასწავლო პროცესში საფუძვლიანი ჩართვაა, რომლებმაც სწორედ ინკლუზიის არარსებობის გამო  ფეხი ვეღარ აუწყვეს სასწავლო მასალას და საბაზო თუ საშუალო საფეხურზე პროგრამიდან ამოვარდნენ. სამწუხაროდ, ჩვენს საჯარო სკოლებში არც თუ იშვიათია ისეთი კლასების არსებობა, სადაც 30-იდან მხოლოდ 5-10 მოსწავლე სწავლობს, დანარჩენები კი სკოლებში დროის გაყვანის, მშობელთა ახირების ან თუნდაც დამრიგებლების ზარების წყალობით დადიან. შედეგი კი ის არის, რომ საშუალო საფეხურზე მოსწავლეთა უმრავლესობა სკოლაში საგაკვეთილო პროცესში ჩართვასა და მასწავლებლის მოსმენას რეპეტიტორთან მიღებულ ცოდნას ამჯობინებს და ამ გზით ხვდება უმაღლეს თუ პროფესიულ სასწავლებელში. მეორე ცუდი შედეგია, რომ საჯარო სკოლებისა და მათი პედაგოგების რეიტინგი თანდათან იკლებს, სახელმწიფოც ამაოდ იხარჯება და სანამ ყველაფერი ავგიას თავლას დამსგავსებია, საჭირო და აუცილებელია  ინკლუზიური საგანმანათლებლო სისტემის უზრუნველყოფა და ამისთვის  დაწყებით საფეხურზევე უნივერსალური განათლების ჩამოყალიბება, რადგან სხვანაირად  ვერც  ჰერაკლე დაგვეხმარება, ვერც თეზევსი ან არიადნა გვიშველის თავისი მაგიური ძაფით.

     ერთი შემთხვევა მახსენდება. პირველად საჯარო სკოლაში სხვადასხვა ეროვნებისა და ქცევის 13-14 წლის ბავშვებთან შემიშვეს, თან გამაფრთხილეს, რომ სკოლაში ყველაზე რთული კლასი იყო და თავიდანვე მაგრად უნდა დავმდგარიყავი. თავის წარდგენა რომ დავაპირე, გვერდიდან ლოყაზე წვერგამოცლილი კალმისტრით ნასროლი ქაღალდის პაწაწა ბურთულა მომხვდა. მივხვდი, მომავალში მსგავსი სიურპრიზების თავიდან ასაცილებლად ამ ბავშვებთან ადამიანური საუბარი, ღიმილი და თბილი მოპყრობა უფრო გაჭრიდა, ვიდრე მკაცრი ტონი და საყვედურები. მახსოვს, ისინი ხელს გაოცებით მართმევდნენ და ძალიან მალე  ისეთმა ბავშვებმაც დაიწყეს გულიანად სწავლა, ვისაც 3-4 წლის მანძილზე წიგნი საერთოდ აღარ გადაეშალათ. დირექციის გაოცებაც მახსოვს, როცა მოულოდნელად კარს შემომიღებდნენ ხოლმე  და გაკვეთილს ყველა ყვებოდა, აქტივობებში ყველა ერთვებოდა, მათ შორის ისეთებიც, ვისაც მშობლები საერთოდ არ ჰყავდა ან ჰყავდა და წლების მანძილზე საერთოდ არ ენახა. შეუძლებელი არაფერია, თუკი კლასში თანასწორ საზოგადოებას განვავითარებთ, ყველა ინდივიდს სათანადოდ დავაფასებთ და პატივისცემით მოვეპყრობით, მოსწავლეებში დადებით ღირებულებებს გავაღვივებთ, შევაფასებთ სწავლისათვის და არ ვასწავლით მხოლოდ  შეფასებისთვის, მაშინ მოსწავლეს განუვითარდება ის უნარები, განწყობა და აღქმა, რომელიც საბოლოოდ ხელს შეუწყობს სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებას, სადაც ყველა ინდივიდი დაფასებულია.

ინკლუზიური განათლების შესახებ ის მოსაზრება, რომ ყველა ბავშვი, საჭიროებებისა და უნარების მიუხედავად, თანატოლებთან ერთად უნდა სწავლობდეს საჯარო სკოლაში, საკმაოდ ვალიდურია დასავლურ საზოგადოებაში, სადაც განათლების უფლება დიდი ხნის მოპოვებულია. იქ, სადაც ეს თანდათანობითი პროცესი ბუნებრივი პროგრესიით განვითარდა. ამის შედეგია, რომ განმანათლებლები დაინტერესებული არიან, ყველა სკოლაში დაინერგოს მიდგომა, რომელიც მრავალფეროვან მოსწავლეთა სწავლებას შეუწყობს ხელს. თუმცა ევროპელი ექსპერტების შეფასებით, აუცილებელია მასწავლებლების ადეკვატური მომზადება, რათა  უპასუხონ უფრო ფართო მოსახლეობის საჭიროებებს. (Taba, 1962; York  და Reynolds, 1996).  მათივე რჩევით, ინკლუზიური განათლების განსავითარებლად მასწავლებელმა საკუთარ საქმიანობას უნდა გადახედოს, რათა ყველა მოსწავლის მხარდამჭერ სწავლებას შეუწყოს ხელი და ჩართულობას უნდა შეხედოს, როგორც სოციალურ და საგანმანათლებლო პროცესს (როუზი და ენგი, 2013).

დაფასება იმისა, რისი სწავლაც თითოეულმა მოსწავლემ შეძლო, მასწავლებლის პირდაპირი მოვალეობაა. ლევ ვიგოდსკი წერდა, რომ სწავლის პროცესში ერთი ნაბიჯის წინ გადადგმის დროს ბავშვი ორი ნაბიჯით დაწინაურდება; რომ განვითარების მხრივ სწავლისა და განვითარების პროცესები არ ემთხვევა ერთმანეთს. (Vygotsky in Cole et.al.,1978:84). გვმართებს იმის გაცნობიერებაც, რომ მასწავლებელმა მოსწავლეების სოციალური საჭიროებები და მიღწევები გაითვალისწინოს და მათი შეფასებისა და დაფასების პროცესი განავითაროს (როუზი და ენგი, 2013). შეჯიბრებითი სიტუაცია სჯობს, თანამშრომლობის მოდელით ჩავანაცვლოთ, რომ აკადემიური მიღწევა მთავარ ღირებულებად არ იქცეს და წარმატების მისაღწევად უფრო ჰოლისტიკური მიდგომა დამკვიდრდეს. შეფასებისას კი ყურადღებას მხოლოდ აკადემიურ მიღწევაზე არ უნდა ვამახვილებდეთ, არამედ – ინდივიდის სოციალურ განვითარებაზეც.

ნებისმიერ კლასში საჭიროებებისა და უნარების მთელი სპექტრი არსებობს. ეფექტური სწავლება მოითხოვს ისეთი პროცესების ყურადღებით განხილვას, როგორიც არის ეფექტური დაგეგმარებისათვის, სწავლებისათვის და მოსწავლეების წინსვლის აღიარებისათვის აუცილებელი შეფასება. ჩართული საკლასო ოთახების განსავითარებლად მასწავლებელს დახმარება სჭირდება, რათა შეძლოს ინდივიდუალური მოსწავლეების საჭიროების იდენტიფიცირება, სწავლების დაგეგმარება და არამხოლოდ მიღწევისა და წინსვლის, არამედ სასწავლო მეთოდების ეფექტურობის შეფასებაც. ასეთი შეფასება არა მხოლოდ მოსწავლის მიღწევის შეჯამებას მოიცავს, არამედ ყურადღებას აქცევს ინკლუზიურ სწავლებასა და საკლასო ოთახის მართვას. ინკლუზიური განათლებისათვის აუცილებელია, მასწავლებელმა გააცნობიეროს სწავლაში ჩართულ ყველა წევრთან პოზიტიური ურთიერთობის დამყარების მნიშვნელობა. მასწავლებელმა პატივისცემა უნდა გამოხატოს ბავშვებისა და მათი მშობლებისადმი და გაითვალისწინოს სასწავლო საჭიროებების მათეული ხედვა (Rouse, 2006).

ისააკ ნიუტონი, ალბერტ აინშტაინი, ჯორჯ ვაშინგტონი, აბრაამ ლინკოლნი, ჰარი ტრუმანი, ბენჯამენ ფრანკლინი, მარკ ტვენი, ჩარლზ დიკენსი, ჯეკ ლონდონი, უილიამ ფოლკნერი, ენზო ფერარი, ჰენრი ფორდი, სტივ ჯობსი თუ ბილ გეიტსი… – არასრული ჩამონათვალია იმ ადამიანებისა, ვისთვისაც  სკოლა არც თუ ისე სასიამოვნო გამოცდილებაა. დასწავლის პრობლემების მქონე მოსწავლეებისათვის თითოეული სასკოლო დღე შეიძლება გამოწვევა აღმოჩნდეს, ხოლო თანატოლების მსგავსად სწავლა – შიშისმომგვრელი გამოცდილება. თუკი მოსწავლეები თავს უხერხულად და შეშინებულად გრძნობენ, ისინი ნაკლებად ეფექტურად სწავლობენ და ზოგიერთ შემთხვევაში, საერთოდაც აღარ ცდილობენ რაიმეს მიღწევას. კვლევები ადასტურებს, რომ საკლასო ოთახში არასასურველ ქცევასა და აკადემიურ სირთულეებთან გამკლავების უნარს შორის პირდაპირი კორელაცია არსებობს (Garner, 2005; Garnerand Davies, 2007; როუზი და ენგი, 2013). იმ შემთხვევაში, თუკი ყურადღება მიექცევა ისეთი მიზნების დაგეგმარებას, რომელიც ყველა მოსწავლის საჭიროებებს გაითვალისწინებს, ეს ყველა მოსწავლისათვის სასარგებლო აღმოჩნდება და ეფექტური საკლასო ოთახების შენარჩუნებას  შეუწყობს ხელს.

სწავლისათვის შეფასების საწყისი პრინციპად განათლების ექსპერტები მოსწავლეების მიერ საკუთარი სასწავლო საჭიროებების შეფასებას გვთავაზობენ. ბევრ სკოლაში, მარტივი კითხვარების გამოყენებით მასწავლებლებმა მოსწავლეების განწყობა და სწავლისადმი მოლოდინები გაიგეს. შემდეგი ნიმუში დაწყებით სკოლაში გამოიყენეს, ის ბავშვებმა ბრიტანეთსა და ნორვეგიაში შეავსეს. ყოველი სემესტრის წინ მასწავლებელი მოსწავლეებთან მართავს დისკუსიას და სთხოვს ფორმის შევსებას. შემდეგ, ის დროს ხარჯავს ინდივიდუალურად ყველა მოსწავლესთან სალაპარაკოდ იმის შესახებ, როგორ იმუშავებენ სემესტრის განმავლობაში. უნდა ითქვას,რომ აღნიშბულ კითხვარს ბავშვები ჩვენშიაც მონდომებითა და გულისყურით ავსებენ.

დაწყებითი სკოლის მოსწავლის თვითშეფასების ფორმა

სკოლაში ყველაზე მეტად მომწონს… ჩემი მეგობრების ნახვა და ხატვა

 

სკოლაში ყველაზე მეტად არ მომწონს… რთული მათემატიკა

 

კლასში ყველაზე მეტად მეხმარება… მაქსთან და ანასთან მუშაობა

 

სწავლაში ხელს მიშლის…

 

როდესაც მასწავლებელი ძალიან ჩქარა ლაპარაკობს და ფიქრის დროს არ მაძლევს

 

ყველაზე კარგად გამომდის… ხატვა და ცურვა

 

უკეთ მინდა გამომივიდეს… მათემატიკა და წერა

 

ასე დამეხმარება მასწავლებელმა უფრო ნელა ისაუბროს და ახნსას რაღაცები

 

ასე დავეხმარები ჩემს თავს გავჩუმდე, როდესაც მასწ.-ი ლაპარაკობს და

შეკითხვები დავსვა

 

ამ მიდგომამ დაწყებით კლასებში ჩვენშიც გაამართლა, მოსწავლეებმა თავი დაფასებულად და სწავლაში ჩართულად იგრძნეს.

საბაზო და საშუალო საფეხურის სწავლის სირთულეების მქონე მოსწავლეებთან შეიძლება დაახლოებით ამგვარი კითხვარის შემუშავება:

თვითშეფასების ფორმა

ჩემი გამოცდილება სკოლაში იყო კარგი საშუალო ცუდი [შემოხაზეთ ერთი პასუხი]

 

ჩემი მიღწევა სკოლაში იყო კარგი საშუალო ცუდი [შემოხაზეთ ერთი პასუხი]

 

რა თვისებებს მოელით მასწავლებლისაგან?

 

უნდა შეეძლოს მოსმენა და რთული საკითხების იოლად გადმოცემა. გაძლევს დროს სწავლისათვის და გასწავლის, როგორ გამოიყენო, რაც ახლა ისწავლე

 

ადრე რა გაუკეთებია მასწავლებელს, რამაც სწავლაში ხელი შეგიშალათ? გასაგებად საკმარის დროს არ მაძლევდნენ და ხშირად არ მიხსნიდნენ, რისთვის უნდა მესწავლა ზოგიერთი რამ

 

სწავლაში რა გეხმარებათ?

 

სიჩუმე კლასში. ათვისებადი პორციების სწავლა და არა – ერთდროულად ზედმეტი ინფორმაცია

 

რისი მიღწევა გინდათ სამომავლოდ?

 

მინდა ვიყო კარგი არქიტექტორი და იმდენი ვისწავლო, რომ დამოუკიდებლად ვიმუშაო

 

რას იზამთ მიზნებს რომ მიაღწიოთ? დავესწრები ყველა გაკვეთილს. კარგად ვიმეცადინებ.

 

საგნებთან დაკავშირებით რაიმე გაწუხებთ? შეიძლება ბევრი საწერი იყოს

 

ამგვარი ფორმის ყოველ მოსწავლესთან გამოყენება და რიგრიგობით, ინდივიდუალურად განიხილვა მასწავლებელს ეხმარება დაგეგმოს სწავლების გზა და მიუთითებს, რომ პატივი სცეს ფორმატული შეფასების პროცესში მოწაფის მიერ შეტანილ წვლილს. ინკლუზიური სასწავლო გარემოს შესაქმნელად საჭიროა სწავლის სხვადასხვა მეთოდის გამოყენება, რაც მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებს ითვალისწინებს. ეფექტური მასწავლებლები ინკლუზიურ საკლასო ოთახში ყველა ხერხს იყენებენ, რათა მოსწავლეებს სწავლაზე ხელი მიუწვდებოდეს. სტრატეგიების ეს ჩამონათვალი მასწავლებელს მის კლასში მყოფი ინდივიდების საჭიროებების დაკმაყოფილებაში დაეხმარება, რათა კლასის საჭიროებებზე ჩანაწერები აწარმოოს. მასწავლებლები, რომლებიც ჩართულობაზე იღებენ ვალდებულებას, სასწავლო გარემოს შესაქმნელად არა მხოლოდ სწავლების მეთოდებს აფასებენ, არამედ მოსწავლის საჭიროებებსაც (Black-Hawkins, Florian and Rouse, 2007).

13

მოსწავლეების დიფერენცირების ჩამონათვალი

შინაარსის დიფერენცირება: მაგალითად: ჯგუფში ყველა მოსწავლე ერთ მიზანზე მუშაობს, როგორც კითხვის კომპეტენცია, მაგრამ მიზნის მისაღწევად სხვადასხვა სქემებს იყენებს.

დიფერენცირება დაინტერესების მიხედვით: მაგალითად: ყველა მოსწავლე სწავლობს გრაფიკების აგებას, მაგრამ გრაფიკებში წარმოდგენილი მონაცემები მოსწავლეების პირადი ინტერესების მიხედვით არის შერჩეული.

ტემპის დიფერენცირება: ყველა მოსწავლე მუშაობს ერთსა და იმავე დავალებაზე ან ერთი და იმავე მასალის გამოყენებით, მაგრამ დავალების შესრულების დრო განსხვავებულია.

ხელმისაწვდომობის დიფერენცირება: ინდივიდუალურ მოსწავლესთან განსხვავებული მასალით ან მეთოდებით ხდება მუშაობა. მაგალითად: ერთი მოსწავლე წერს ფანქრით, მეორე – კომპიუტერის მეშვეობით, ხოლო მესამე – დასურათებულ ნაშრომს წარადგენს.

შედეგის დიფერენცირება: ერთი მოსწავლე წერს მოთხრობას, მეორე ხატავს მოთხრობის ამსახველ სურათს, ხოლო მესამე აკეთებს ამ მოთხრობის აუდიოჩანაწერს.

კურიკულუმის დიფერენცირება: მოსწავლეები კურიკულუმს უერთდებიან სხვადასხვა დროს ან კურიკულუმში თანატოლებისაგან განსხვავებულად არიან ჩართულნი.

სტრუქტურის დიფერენცირება: ზოგიერთი მოსწავლე ნაბიჯ-ნაბიჯ მუშაობს (კურიკულუმში გაანალიზებული დავალებები).

დროის დიფერენცირება: ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მასწავლებელი მეტ დროს უთმობს გარკვეულ მოსწავლეებს კონკრეტული დავალებების შესრულებისას.

სწავლების სტილის დიფერენცირება: მაგალითად, ზოგიერთ მოსწავლეს სჭირდება ინდივიდუალური ინსტრუქცია, სხვები კი მუშაობენ პატარა ჯგუფებსა ან წყვილებში.

დონის დიფერენცირება: მოსწავლეები ერთნაირი თანმიმდევრობით, მაგრამ სხვადასხვა დონეზე მუშაობენ, მაგალითად მათემატიკაში.

დიფერენცირება დაჯგუფებით: მასწავლებელი მოსწავლეებს აჯგუფებს კონკრეტული აქტივობებისათვის. მოსწავლეები ერთმანეთს მხარს უჭერენ ან მუშაობენ ისეთ თანატოლებთან ერთად, ვისთანაც კომფორტულად გრძნობენ თავს

.

უცხოეთში იმ სკოლების მაჩვენებელი, რომლებიც ეწევიან ინკლუზიურ პრაქტიკას და ხელს უწყობენ მასწავლებლის მიერ შეფასებას სწავლისათვის და სხვადასხვა საჭიროებების მქონე მოსწავლეების ჩართვის დაგეგმარებას, ხშირად სხვა სკოლებზე, უკეთესია. მასწავლებლები, რომლებიც დასწავლის უნარის დაქვეითების მქონე მოსწავლეებისათვის ეფექტური დიფერენცირების მეშვეობით გეგმავენ აქტივობებს, ხშირად აღმოაჩენენ, რომ ეს აქტივობები და სწავლების სტრატეგია სხვა მოსწავლეებისათვისაც სასარგებლოა. ზოგიერთი მასწავლებლისა და მშობლის წუხილიც, რომ კლასში სსსმ მოსწავლეა და დანარჩენ მოსწავლეებს ყურადღება მოაკლდებათ, უსაფუძვლო აღმოჩნდება. კარგად ორგანიზებულ ინკლუზიურ კლასებში, სადაც მასწავლებლები იყენებდნენ შეფასებას სწავლისათვის, დიფერენცირებულად გეგმავდნენ გაკვეთილებს და ყურადღებით ანაწილებდნენ რესურსებს, ეს შიში არ მართლდება (Rouse and Florian, 2006). ასეთ სიტუაციაში, მეტი შესაძლებლობის მოსწავლეები მხარს უჭერენ დასწავლის პრობლემების მქონე მოსწავლეებს. მათი როლი ტოლებისათვის სასწავლო შინაარსისა და პროცესის ახსნაა. ამ დროს ისინი იძულებულნი არიან ყურადღებით იფიქრონ გაკვეთილის თემაზე და ამით საკუთარი ცოდნაც გაიღრმავონ. ასეთ სიტუაციაში ნაკლები შესაძლებლობის მქონე მოსწავლეები წინ მიიწევენ სხვების დახმარებით, რომლებიც ეფექტურ როლურ მოდელებად იქცევიან მათთვის. შესაძლოა, თანატოლს ისეთი კითხვები დაუსვან, რომელსაც მასწავლებელს, როგორც ავტორიტეტს, ვერ დაუსვამენ. შესაბამისად, შერეული უნარების სიტუაციაში ყველა მოსწავლე სწავლობს ერთმანეთისაგან, ყველა ატიური და ჩართულია. ეს კი ყველასთვის სასარგებლოა.

15

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Garner, P. and Davies, J. D., (eds.) (2007). Key Questions in Behaviour.
  2. Garner, P. (2005). ‘Behaviour for Learning: A Positive Approach to Managing Classroom Behaviour’, in S. Capel, M. Leask & T. Turner (eds.) Learning to Teach in the Secondary School. London: Routledge. Exeter: Learning Matters
  3. ენგი, კ. რ., როუზი, რ., შეფასება სწავლისთვის ინკლუზიურ სკოლებში, ნორვეგიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, თბ., 2013.
  4. Rouse, M., & Florian, L. (2006). Inclusion and achievement: student achievement in secondary schools with higher and lower proportions of pupils designated as having special educational International Journal of Inclusive Education, 10 (6), 481– 494.
  5. Rose, R. (1999). The involvement of pupils with severe learning difficulties as decision-makers in respect of their own learning Westminster Studies in Education, 22 (4), 19–29.
  6. Singal, N. (2006) An ecosystemic approach for understanding inclusive education: an Indian case study. European Journal of Psychology of Education, 21 (3) 239–252.
  7. Taba, H. 1962. Curriculum Development. Theory and Practice. New York, Harcourt, Brace and World.
  8. Vygotsky, L. S. (1978). Mind in society. The development of higher psychological processes. M. Cole, V. JohnSteiner, S. Scribner & E. Souberman (Eds.). Cambridge: Harvard University Press.
  9. Wood, E. & Bennett, N. 2000. Changing Theories, Changing Practice: Exploring Early Childhood Teachers’ Professional Learning. Teaching and Teacher Education, 16:635-647.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...