ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
15 მაისი, ხუთშაბათი, 2025

კოლუმბის დღე ამერიკაში – როგორ შეიძლება გეოგრაფიულ აღმოჩენათა ისტორიის ხელახლა გააზრება

0

დღეს სკოლის მოსწავლეებისთვის კოლუმბის შესახებ სიმართლის სწავლებას სულ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება

ქრისტეფორე კოლუმბის სახელობის ეროვნული დღესასწაული, რომელიც ოქტომბრის მეორე ორშაბათს აღინიშნება, XX საუკუნის დასასრულს ამერიკელთა ნაწილისთვის წინააღმდეგობრივ და კონფლიქტურ თარიღად იქცა. ისინი ხმამაღლა კითხულობენ: „რატომ აღვნიშნავთ მხოლოდ კოლუმბის დღეს ეროვნული მასშტაბით?“ რატომ დაიბადა ეს კითხვა? ალბათ იმიტომ, რომ ამბავი „მამაცი“ იტალიელი კაპიტნისა, რომელმაც ამერიკა აღმოაჩინა და დედამიწის სიმრგვალე „დაამტკიცა“, დღეს უკვე აღარ აღიქმება ძველებურად და მითს უფრო ჰგავს, ვიდრე 500 წლის წინანდელ ისტორიულ ფაქტს.

აშშ-ში მოქმედი ზოგიერთი ჯგუფი, მაგალითად, „ამერიკელ ინდიელთა მოძრაობა“ (ინგლ. American Indian Movement), აცხადებს, რომ კოლუმბის შესახებ პოზიტიური მითებითა და მისი სახელობის დღესასწაულებით შენიღბულია მკვიდრი ამერიკელების წინააღმდეგ მიმდინარე გენოციდი.

მკვიდრ ამერიკელთა ეს განცხადება გულისხმობს, რომ კოლუმბის მემკვიდრეობა და მისი მითოლოგიზაცია აშშ-ის მთავრობისა და მოქალაქეების ქმედებათა ლეგიტიმაციას ემსახურება, რომ ისტორიას ბოროტად იყენებენ ამ მიზნით. ბრიტანელ-კანადელი ფილოსოფოსისა და ფიზიკოსის, კალიფორნიის ინტეგრალური კვლევების ინსტიტუტისა და შუმახერის კოლეჯის პროფესორის, ინდიელთა უფლებების დამცველის ფ. დევიდ პიტის თქმით, ჩრდილოეთი ამერიკის მრავალი კულტურული მითი უარყოფს ან ამცრობს მკვიდრ ამერიკელთა კულტურისა და მითების მნიშვნელობას. „ჩრდილოამერიკული კულტურული მითები“ გულისხმობს მაიკლ ბერლინერისა და რენდის ინსტიტუტის (აინ ნდის ინსტიტუტიკალიფორნიაში მდებარე აშშ ერთერთი წამყვანი ინტელექტუალური კვლევითი ცენტრი) მიდგომებს, რომლებიც ამტკიცებს, რომ „დასავლურმა ცივილიზაციამ“ ამერიკის მკვიდრ მოსახლეობას მისცა მეცნიერება, ინდივიდუალური დამოუკიდებლობა, თვითკმარობა, ამბიცია და პროდუქტიულობა, მაშინ როდესაც ევროპელთა გამოჩენამდე მათი ცხოვრება  „პრიმიტივიზმის, მისტიციზმისა და კოლექტივიზმის პრინციპებს“ ეფუძნებოდა, ხოლო მიწა, რომელზეც ისინი ცხოვრობდნენ, „მეჩხერად დასახლებული, გამოუყენებელი და განუვითარებელი“ იყო.

ცნობილი ამერიკელი ანთროპოლოგი და მწერალი, „ნიუ-იორკ თაიმზის“ ბესტსელერების სიის ავტორი ჯეკ უეზერფორდი, ამბობს, რომ კოლუმბის დღე, ფაქტობრივად, ინდიელების გენოციდის აღნიშვნის დღეა. კოლორადოს ამერიკელ ინდიელთა მოძრაობის ლიდერი და აქტივისტი უორდ ჩერჩილი კიდევ უფრო შორს მიდის და აცხადებს, რომ ამერიკაში ევროპულ დასახლებათა იუბილეს აღნიშვნითა და კოლუმბის დღის მეშვეობით კოლონიზაციის მითოლოგიზებით თეთრკანიანი ამერიკელები თავიდან იცილებენ პასუხისმგებლობას, რომელიც მათ ან მათ მიერ არჩეულმა მთავრობებმა უნდა იკისრონ თავიანთ ქმედებებზე მკვიდრი მოსახლეობის მიმართ. თავის წიგნში „დააბრუნეთ კანონი თავის ადგილზე“ („Bringing The Law Back Home“) უორდ ჩერჩილი აღნიშნავს, რომ სანამ კოლუმბის დღე ასე საზეიმოდ აღინიშნება როგორც ამერიკელთა ეროვნული დღესასწაული, შეუძლებელია გაუმჯობესდეს ამერიკელ ინდიელთა მდგომარეობა და მათდამი დამოკიდებულება ამერიკის ძირითადი, „მეინსტრიმული“ მოსახლეობის მხრივ.

კოლუმბის დღე აშშ-ში საერთოეროვნულ (ფედერალურ) დღესასწაულად 1937 წელს გამოცხადდა, თუმცა ამერიკელები ამ დღეს კოლონიურ ეპოქაშივე აღნიშნავდნენ. ერთ დროს ყველასთვის (უფრო სწორად, უმრავლესობისთვის) მისაღები ისტორიული თარიღი დღეს დაპირისპირების მიზეზად იქცა.

მკვიდრ ამერიკელებს, აშშ-ისა და ლათინური ამერიკის ევროპული წარმოშობის მოქალაქეთა ნაწილს, გეოგრაფებს, ისტორიკოსებს, პროფესორებსა და მასწავლებლებს მიაჩნიათ, რომ ქრისტეფორე კოლუმბისა და, საზოგადოდ, ამერიკის კოლონიზაციის ისტორიის ევროპული ვერსია არაზუსტია, უამრავ პოლიტიკურ თუ იდეოლოგიურ ხარვეზს შეიცავს და მეტიც -შესაძლოა მომავალში ამერიკის ქვეყნებში სერიოზული კონფლიქტების მიზეზადაც იქცეს.

ტრადიციისამებრ, ამერიკის ორივე კონტინენტზე, ესპანეთსა და იტალიაში ყოველი წლის შემოდგომაზე აღინიშნება კოლუმბის დღე ქრისტეფორე კოლუმბის ანუ, ფაქტობრივად, ევროპელთა მიერ 1492 წლის 12 ოქტომბერს ამერიკის აღმოჩენის აღსანიშნავად. ამ თარიღს ზეიმობენ სამხრეთი და ცენტრალური ამერიკის ესპანურენოვან ქვეყნებშიც. აქ მას დია დელა რასას (რასის/ერის დღეს) უწოდებენ, ესპანეთში კი დია დელა ისპანიდადს (ესპანელობის დღეს). ეს დღე ეროვნულ დღესასწაულად მიაჩნიათ იტალიაშიც (კოლუმბი წარმოშობით გენუელი იყო) და მას ფიესტა ნაციონალე დი კოლომბოს ეძახიან. როგორც ხედავთ, დიდი იტალიელი ზღვაოსნის მიერ ესპანური გვირგვინისთვის გაკეთებულ „აღმოჩენას“ თითქმის ნახევარ დედამიწაზე აღნიშნავენ და მსოფლიოს გეოგრაფიისა და ისტორიის ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს ყოველწლიურად ასეულობით მილიონი ადამიანი ზეიმობს. ამერიკის ქვეყნების სკოლებში მოსწავლეთა თაობები იზეპირებდნენ ინგლისურ თუ ესპანურ ლექსებს კაპიტან კოლუმბის სიმამაცესა და გამჭრიახობაზე, თუმცა დღეს ეს ისტორიული თარიღი, განსაკუთრებით კი მითები „უშიშარ“ იტალიელ მეზღვაურზე უკვე აღარ აღიქმება ისე ერთმნიშვნელოვნად, როგორც XX საუკუნის 60-იან წლებამდე.

მიუხედავად კოლუმბის ჰეროიკული მითის საყოველთაოობისა, დღეს ორივე ამერიკაში უკვე ბევრს მიაჩნია, რომ მოსწავლეებისთვის ამ წინააღმდეგობრივი ისტორიული პირის შესახებ სიმართლის თქმა  ძალიან მნიშვნელოვანია.

ქრიტეფორე კოლუმბის შესახებ შეთხზულ ლექსზე, რომელიც მის სახელგანთქმულ მოგზაურობაზე მოგვითხრობს, აშშ-ში სკოლის მოსწავლეთა მრავალი თაობა გაიზარდა:

„ათას ოთხას ოთხმოცდათორმეტში

კოლუმბმა გადალახა ლურჯი ოკეანე

თავისი სამი გემით.

ის ესპანეთიდან გაემგზავრა,

გამოსცადა მწველი მზე, ქარი და წვიმა…“

შემდეგ ლექსი კოლუმბის მოგზაურობის დეტალებს აღწერს: როგორ დაინახა მიწა, რომელიც ინდოეთი ეგონა, სინამდვილეში კი დღევანდელი ბაჰამის კუნძულები აღმოჩნდა; როგორ შეხვდა ადგილობრივ ხალხს – არავაკებს, რომლებსაც შემდგომ „ინდიელები“ ეწოდათ და ეს სახელი ყველა მკვიდრ ამერიკელზე გავრცელდა; დაბოლოს – კოლუმბის შემდგომ მოგზაურობებს ახალაღმოჩენილ სამყაროში, რომლებიც ოქროს მაძიებელთა ქრონიკასავითაა წარმოდგენილი. უკანასკნელ ათწლეულში ეს ყველაფერი მწვავე დებატების თემად იქცა.

ისტორია, რომელიც განისაზღვრება როგორც ამ მოვლენებთან ან პირებთან დაკავშირებულ წარსულის მოვლენათა სისტემური ნარატივი, დღეს საკლასო ოთახებში დაპირისპირების სინონიმი გახდა. მაგალითად, გასულ ზაფხულს კოლორადოში, ჯეფერსონის საგრაფოში, სასკოლო საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, ხელახლა დაწერილიყო აშშ-ის ისტორიის სასწავლო პროგრამა, რათა კურიკულუმიდან ამოეღოთ „სამოქალაქო არეულობის, სოციალური დაპირისპირებისა და კანონის უგულებელყოფის ნებისმიერი ფაქტი“. შედეგად ასეულობით მოსწავლე პროტესტის ნიშნად ქუჩებში გამოვიდა და ცენზურის აკრძალვა მოითხოვა. ასეთივე დაპირისპირება გაჩაღდა მაშინაც, როდესაც კოლეჯის საბჭომ „აშშ-ის ისტორიის ახალი სტანდარტების“ შესახებ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. ქვეყნის ისტორიისა და სასწავლო პროგრამის ასეთმა „გადახედვამ“ დაუყოვნებლივ გამოიწვია დაპირისპირება ახალი „პოლიტიკის შემოქმედთა“ და მოსწავლეთა შორის.

თუმცა ისიც სათქმელია, რომ, თუმცაღა ქვეყნის ისტორიის კურსის სწავლება ესოდენ არაერთმნიშვნელოვან შეფასებებსა და კონფლიქტებს იწვევს, ამერიკის ისტორიაში ძნელად მოიძებნება პიროვნება, რომლის მიმართაც დამოკიდებულება ისე რადიკალურად განსხვავებული იყოს, როგორც ქრისტეფორე კოლუმბის მიმართ.

დღეს, „ლურჯი ოკეანის“ გადალახვიდან 500 წელზე მეტი ხნის შემდეგ, კოლუმბს ერთნი აქებენ, მეორენი კი დასცინიან.

1992 წელს კალიფორნიაში რამდენიმე ქალაქმა კოლუმბის დღეს სახელი შეუცვალა და მკვიდრი მოსახლეობის დღე უწოდა ანუ ფოკუსი დამყრობლისგან დაპყრობილებისკენ გადაიტანა.

შარშან, აგვისტოში, კოლუმბის დღის აღნიშვნა შეწყვიტა აშშ-ის კიდევ რვა ქალაქმა და დღესასწაულს, წინამორბედთა მსგავსად, მკვიდრი მოსახლეობის დღე დაარქვა.

2014 იგივე გააკეთეს დიდმა ქალაქებმაც – მინეაპოლისმა (მინესოტა) და სიეტლმა (ვაშინგტონი).

„სიეტლ თაიმზთან“ ინტერვიუში ტულალიპის ტომის წევრმა რენე რომა ნოუზმა განაცხადა: „ჩვენ მოვითხოვთ ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთგაგებას. იმედი გვაქვს, ეს დღესასწაული, მკვიდრი მოსახლეობის დღე, სწორედ ამას მოიტანს ჩვენს ქვეყანაში. ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის ლიდერები ითხოვენ, კოლუმბი-ადამიანი კოლუმბი-მითისგან გაიმიჯნოს“. „მისი (კოლუმბის) ხელმძღვანელობით განხორციელდა უამრავი საზარელი ქმედება ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ“, – ამბობს ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის სათემო განვითარების ინსტიტუტის პრეზიდენტი ჯეი ბედ ჰართ ბულიც.

არ გეგონოთ, დღესასწაულისთვის სახელის შეცვლა უმტკივნეულოდ მიმდინარეობდეს – ამერიკის იტალიური წარმოშობის სამოქალაქო და ბიზნესწრეების ლიდერები სიეტლში აქტიურ წინააღმდეგობას უწევდნენ კოლუმბის დღის გაუქმებას. ამ წინააღმდეგობის დიპლომატიურ მხარდაჭერად შეიძლება ჩაითვალოს აშშ-ში იტალიის სრულუფლებიანი ელჩის კრიტიკული წერილიც სიეტლის მერისადმი.

კოლუმბის საკითხი კიდევ უფრო რთული ჩანს, როდესაც საქმე მასწავლებლებსა და სკოლებს ეხება – ისინი ხომ უმეტესად სასკოლო სახელმძღვანელოებს, გაკვეთილების გეგმებსა და სასწავლო მასალებს ეყრდნობიან, რომლებიც ანგლოამერიკული და, საზოგადოდ, მონოკულტურული თვალსაზრისებითაა გაჯერებული.

ისტორიის პროფესორი ჯეიმს ვ. ლოევენი თავის წიგნში „ტყუილები, რომლებიც მასწავლებელმა მიამბო“ მიმოიხილავს გავრცელებულ უზუსტობებსა და არასწორ ინტერპრეტაციებს და მოგვითხრობს ამერიკის ნამდვილ ისტორიას – მადლიერების დღიდან მოყოლებული, იმ მითებამდე, რომლებიც კოლუმბის სახელის გარშემო ჩამოყალიბდა ამერიკასა და მსოფლიოში. შედეგად ვიღებთ „ისტორიის გათეთრებულ, დავარცხნილ ვერსიას“, როგორც აღნიშნავს „ჰაფინგტონ პოსტში“ ოსტინის ტეხასის უნივერსიტეტის მკვიდრი მოსახლეობის ცენტრის დირექტორი შენონ სპიდი: „სიმართლის უგულებელყოფა, ფაქტობრივად, სიცრუეა. ვფიქრობ, სკოლაში ისტორიის სწავლების მიზანი უნდა იყოს კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანების აღზრდა, რომლებსაც შეეძლებათ, სასარგებლო წვლილი შეიტანონ დემოკრატიული საზოგადოების შექმნაში“.

რობერტ საუტერი, სანფრანცისკოელი საბავშვო ბაღის მასწავლებელი, „ტოლერანტული სწავლებისთვის“ Southern Poverty Law Center-ის პრიზის მფლობელი, ეთანხმება შენონ სპიდის აზრს და კულტურულად პასუხისმგებელი სწავლების მომხრეა. ის ამბობს, რომ ბავშვებს „მხოლოდ სიმართლე უნდა ვუთხრათ ყველაფერზე“, მათ შორის – კოლუმბის დღეზეც, რა თქმა უნდა, იმ ფორმით, რომელიც ხუთი წლის ბავშვებისთვის იქნება გასაგები.

საკუთარ თავზე საუტერი ამბობს, რომ ანტირასისტი, თვითრეფლექსიის უნარის მქონე თეთრკანიანი მასწავლებელია, რომელიც ცდილობს, დაეხმაროს ახალგაზრდებს და დაარწმუნოს ისინი, რომ „უსამართლობა ხდებოდა, ახლაც ხდება და მომავალშიც მოხდება, მაგრამ ის, ვინც უსამართლობის მსხვერპლია, აღარ არის უწინდებურად უღონო და უსუსური“.

იმ ბავშვების ორი მესამედი, რომლებსაც საუტერი ლეონარდ რ. ფლინის დაწყებით სკოლაში ასწავლის, ლათინურ-ამერიკული წარმოშობისაა. მასწავლებლის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, გავუადვილოთ ბავშვებს საკითხის უფრო ფართოდ აღქმა, რადგან ისინი იზრდებიან და ამ პერიოდში ეჯახებიან არასწორ ან დამახინჯებულ ინფორმაციას კოლუმბზე, მიშნ-დისთრიქთზე  (Mission District) ან აშშ-ში ლათინოსების იმიგრაციაზე.

სან-ფრანცისკოდან ათასობით მილზე, ვისკონსინის შტატში, ჯეფ რაიანი, სკოლის ისტორიის მასწავლებელი, ამბობს, რომ კოლუმბის შესახებ მისი გაკვეთილები მოსწავლეებში გაკვირვებასთან ერთად ინტერესსაც წარმოშობს, რომელიც მათ ამ ლეგენდარული ფიგურის კვლევისკენ, მისი „ნამდვილი“ ისტორიის შესწავლისკენ უბიძგებს.

რაიანის თქმით, მისი მიზანი კოლუმბის წინააღმდეგ სტუდენტური მოძრაობის წამოწყება კი არა, არამედ მოსწავლეებისთვის კოლუმბის შესახებ მკვიდრი მოსახლეობის აზრისა და დამოკიდებულების გაცნობაა. პრესკოტის ჰაი სქული, სადაც რაიანი ასწავლის, მინეაპოლის-სენტ-პოლის მახლობლად, უმთავრესად თეთრკანიანი მოსახლეობით დასახლებულ უბანში მდებარეობს. რაიანი თავის კლასში მკვიდრ ამერიკელებს იწვევს, რომლებიც ანგლოამერიკელებს კოლუმბის მიმართ თავიანთ დამოკიდებულებას აცნობენ. ამ შეხვედრებზე მოსწავლეები ახალ ინფორმაციას იღებენ, რაც მათ საკუთარი თვალსაზრისის ჩამოყალიბებაში ეხმარება: „კოლუმბის ისტორია მკვიდრი მოსახლეობის თვალთახედვით ისეთია, რომ ჩვენთვის მისი გადახარშვა საკმაოდ ძნელია, მაგრამ ისტორიამ შემოინახა ფაქტები და მტკიცებულებები, რომლებიც კოლუმბს ძალზე უარყოფითად აღწერს. მათი გააზრების შემდეგ ძნელია კვლავ იზეიმო კოლუმბის დღე. მნიშვნელოვნად მიმაჩნია, მოსწავლეები იცნობდნენ მკვიდრი მოსახლეობის დამოკიდებულებას კოლუმბის მიმართ“.

რაიანის სწავლების ფილოსოფიას ზურგს უმაგრებს ვისკონსინის შტატის კანონმდებლობაც – 1989 წელს მიღებული ერთ-ერთი კანონი სკოლებს მკვიდრი მოსახლეობის ისტორიის, კულტურის, ვისკონსინისა და სხვა აბორიგენი ტომების სუვერენულობის სწავლებას ავალებს.

„შტატის ზოგიერთ სკოლაში, – ამბობს რაიანი, – საკმარისია, ბავშვებს აჩვენო „ცეკვა მგლებთან“, – 1990 წელს გადაღებული წინააღმდეგობრივი ფილმი აშშ-ის მაშინდელ დასავლეთ საზღვარზე თეთრი ამერიკელისა და მკვიდრი მოსახლეობის თანაცხოვრების შესახებ, – რომ ამ კანონის მოთხოვნას შესრულებულად ჩაგითვლიან. მაგრამ პრესკოტის სკოლა 31-ე აქტის აქტიურ გამტარებლად ითვლება, ამიტომ პირველი ერების ისტორია და ამერიკელი ინდიელების კულტურა სასკოლო პროგრამებშია ინტეგრირებული ბილოგიის, ინგლისური ენის, სამოქალაქო საკითხებისა და მუსიკის სასწავლო გეგმათა მეშვეობით“.

„არ მესმის, რატომ აშინებს ზოგს კოლუმბის სხვაგვარად წარმოდგენა, – ამბობს რაიანი, – თუ არსებობს დამაჯერებელი, რაციონალური და სანდო მტკიცებულებები მასზე განსხვავებული წარმოდგენისთვის, ეს უბრალოდ სხვაგვარად წარმოდგენილი ამბავია და სხვა არაფერი“.

საკითხის მნიშვნელობა რაიანმა ხელახლა გაიაზრა ორი წლის წინ, როდესაც მისი შვიდი წლის გოგონა სკოლიდან დაბრუნდა და მამას უთხრა, რომ იმ დღეს კოლუმბზე ისაუბრეს. რაიანმა შვილს გაკვეთილის შინაარსი გამოჰკითხა. ბავშვის პასუხი ზუსტად ასახავდა ამერიკის სკოლებში გავრცელებულ სწავლებას კოლუმბის შესახებ: რომ კოლუმბი „ძალიან კარგი“ და „ძალიან მამაცი“ მეზღვაური იყო. „უცბად ბავშვი გაჩერდა, თავი დახარა და მითხრა: „ის სასტიკად ექცეოდა ინდიელებს… არ ვიცი, რატომ“. „ამის გამგონეს, მინდოდა, მეხტუნა და მეყვირა“, – ამბობს რაიანი. მისი სიხარულის მიზეზი ის იყო, რომ მისმა გოგონამ ბავშვური ენით სწორედ ის თქვა, რის თქმასაც თავად წლების განმავლობაში ცდილობდა – ისტორიის ინტერპრეტაცია რთული საქმეა. მერე კი რაიანმა გოგონას ბოლო კითხვა დაუსვა – კითხვა, რომელიც, რამდენიმე ათწლეულია, ცხარე კამათის საგანია მთელ ქვეყანაში: „როგორ ფიქრობ, უნდა ვზეიმობდეთ კოლუმბის დღეს?“

პირველკლასელმა მამას უპასუხა: „დიახ, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვათ – კოლუმბი ყველას არ უყვარს“.

შრომის უსაფრთხოება  საქართველოში

0

სადაც ადამიანები მუშაობენ, იქ ყოველთვის არსებობს შრომის უსაფრთხოების პრობლემაც. ეს პრობლემა არსებობდა საუკუნეების წინ და არსებობს დღესაც. განვითარებულ ქვეყნებში თითქმის ყველა დამსაქმებელი ცდილობს  (წესით უნდა ცდილობდეს), რომ თავისი დასაქმებულები ჰყავდეს ჯანმრთელები და კმაყოფილები. თუმცა მას ზოგი მეტი, ზოგი კი უფრო ნაკლები პასუხისმგებლობით ახორციელებს. შრომის უსაფრთხოება და შრომასთან დაკავშირებული ფუნდამენტური საკითხები რომ მოგვარებული იყოს, ამისთვის ცივილიზებული ქვეყნები ნორმატიულ ბაზას ქმნიან, რათა ეს საკითხები მინდობილი არ იყოს ინდივიდუალურად სხვადასხვა დამსაქმებლის კეთილ ნებასა და მათ შეხედულებებზე.

საქართველოში არიან დამსაქმებლები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ თუკი დასაქმებულს თავზე დამცავი ჩაფხუტი დაახურეს და უნიფორმა ჩააცვეს, ამით შრომის უსაფრთხოების პრობლემები გადაჭრეს. ეს, რასაკვირველია, არ არის სწორი. დამსაქმებლები ხშირად არ ითვალისწინებენ გარემო პირობებს, საველე პირობებში მუშაობის სირთულეს და სხვა… ამისათვის ყველა ქვეყანაში არსებობს კანონმდებლობა და ეს კანონმდებლობა დეტალურად არეგულირებს მსგავს საკითხებს. შრომის უსაფრთხოება ისეთი საკითხია, რომელიც ამომწურავად უნდა იყოს კანონით დარეგულირებული. საქართველოში კი ხდება ის, რომ არათუ ამომწურავად, საერთოდ არ არის შრომის უსაფრთხოების საკითხები საკანონმდებლო კუთხით დარეგულირებული. დამსაქმებლები ამ საკითხს ან საკუთარი შეხედულებისამებრ უდგებიან, ან საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას.

იმის გამო, რომ შრომის უსაფრთხოების პრობლემის მოგვარება ფინანსურად თითქმის ყველა ტიპის საწარმოში მნიშვნელოვან ხარჯებთანაა დაკავშირებული (შესაძენია სათანადო ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები, საჭიროა მონიტორინგის შესაბამისი პერსონალი), ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ბიზნესის წარმოების ხარჯებზე აისახება. სწორედ ამიტომ, საქართველოს წინა ხელისუფლების დროს დამსაქმებელთა მიდგომა მაქსიმალურად ნაკლებ დანახარჯებს გულისხმობდა. მაშინაც კი, თუკი დანახარჯების შემცირებით ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დგებოდა.

დამსაქმებელს და ზოგადად ბიზნესს, სჭირდება ჯანმრთელი და კვალიფიციური მუშახელი. ჯანმრთელი მუშახელი კი ვერ იქნება, თუკი ადამიანებს სამუშაო ადგილებზე უსაფრთხო გარემო არ ექნებათ. როდესაც დასაქმებული სახიჩრდება და უბედური შემთხვევის მსხვერპლი ხდება, ის გარდა ოჯახისა და ახლობლებისა, აკლდება შრომის ბაზარსაც და ამის გამო შრომის ბაზარზე აქტიური შრომის ძალისა და პროფესიონალების რიცხვი მცირდება. ამას გარდა, დასახიჩრებული ადამიანი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე სახელმწიფოს შესანახი ხდება. რეალურად გამოდის ისე, რომ იმის ნაცვლად, ადამიანს საშემოსავლო გადასახადის სახით შეეტანა ფული სახელმწიფოს სალაროში, სახელმწიფოსა და დამსაქმებლების არაგონივრული ნაბიჯების გამო ეკონომიკურად მთლიანად სახელმწიფოზე დამოკიდებული და სოციალური შემწეობის ბენეფიციარი ხდება.

დღეს მოქმედ შრომის კოდექსში შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთ პარაგრაფშია საუბარი. შრომის უსაფრთხოების თემა კოდექსში მნიშვნელოვან ადგილს უნდა იკავებდეს და შემდეგ ამას უნდა მოჰყვებოდეს სხვა შემავსებელი ნორმატიული ბაზა, რომელიც დამსაქმებელს კონკრეტულად განუმარტავს, თუ რა უნდა გააკეთოს მან შრომის უსაფრთხოების დაცვის კუთხით. სხვა შემთხვევაში, დამსაქმებელი უბრალოდ პასუხისმგებლობას აირიდებს თავიდან, რისი მაგალითებიც ბოლო წლებში არაერთხელ გვინახავს.

 

 

 

“მათ ვეებერთელა მზე ამოიყვანეს ჩემში”

0

ტასო მოდებაძე განათლებით პოლიტოლოგია, თუმცა უნივერსიტეტში ჩაბარებიდან ორი წლის შემდეგ მიხვდა, რომ პროფესიის არჩევის დროს შეცდომა დაუშვა და ეს პროფესია მისთვის ზედმეტად ხისტი იყო. უნივერსიტეტის დასრულებამდე რამდენიმე თვით ადრე შეიტყო განათლების და მეცნიერები სამინისტროს პროგრამის  “ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” შესახებ და გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო.

 

პროგრამა “ქართული ენა მომავალი წარმატებისათვის” ითვალისწინებს სახელმწიფო ენის გაძლიერებაზე მიმართულ ღონისძიებებს. პროგრამის ფარგლებში  მოხალისე მასწავლებლები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ერთი წლის განმავლობაში წარმატებით ასწავლიან ქართულ ენას. ტასომ პროგრამა წარმატებით გაიარა და ასე მოხვდა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ქოსალარში.

 

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც მასწავლებლობაზე არავინ ოცნებობს. ეს არ არის პოპულარული პროფესია და ამ არაპოპულარობასაც თავისი მიზეზები აქვს. არც ტასოს უოცნებია ამაზე, მეტიც – ფიქრობდა, რომ ყველაფერი შეიძლებოდა გამოსულიყო, გარდა მასწავლებლისა. ამიტომ, როგორც კი კონკურსი გაიარა, შიშებიც გაჩნდა. შიშებს სახელი აქვს -როგორ შევძლებ ამ ყველაფერს და შევძლებ კი? შემდეგ, კი ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ, ყველაფერს პასუხი გაეცა – შიშები გაქრა და ისიც დამშვიდდა.

 

მოსამზადებელ ტრენინგებზე ახალგაზრდა მასწავლებელს ეფექტური გაკვეთილის დაგეგმვის და კლასის მართვის ნიუანსები გააცნეს… წასვლის წინა დღეებში უფრო მეტად იგრძნო პასუხისმგებლობის სიმძიმე. ფიქრობდა ახალ გარემოზე, სკოლასა და ბავშვებზე, და იმაზეც ფიქრობდა, ტვირთად ხომ არ დააწვებოდა იმ ოჯახს, სადაც ცხრა თვე უნდა ეცხოვრა. თუმცა ეს ცხრა თვე შემდეგ თვრამეტ თვედ გადაიქცა და ასე აღმოჩნდა ახალ სახლში, სადაც თავი ძალიან კარგად იგრძნო.

 

“საოცარი მზის ჩასვლები იცოდა იქ. ბავშვებმა ზედმეტადაც კი შემიყვარეს. გულწრფელად მიკვირდა, რატომ ვუყვარდი ბავშვებს, როდესაც ადამიანების სიყვარულით ასე არასდროს ვყოფილვარ განებივრებული. მათ ვეებერთელა მზე ამოიყვანეს ჩემში. ამის შემდეგ სულ სხვა ადამიანად ვიგრძენი თავი. ეს იყო მიზეზი, რის გამოც მეორე წელსაც დავრჩი პროექტში – ასე ემოციურად იხსენებს იქაურ ცხოვრებას ტასო.

 

როდესაც ასეთ ადამიანებზე ისტორიებს ვისმენ და მათ ცხოვრებაზე ვფიქრობ, შორიდან ყველაფერი რომანტიკულ საბურველში ეხვევა და ყოფითი ცხოვრების პრობლემები ვირტუალურობის მიღმა რჩება. ამიტომ ტასოს ვთხოვე მოეყოლა იმ სოფელზე, სადაც თავისი მასწავლებლობის პირველი წლები გაატარა – რა იყო კარგი და რა უჭირდა ყველაზე მეტად, რა მოლოდინები ჰქონდა და რა გამართლდა ან რა ვერ გამართლდა.

 

სოფელი ქოსალარი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს მიეკუთვნება და 2002 წლის აღწერის მონაცემებით 1056 ადამიანი ცხოვრობს. მოხალისე მასწავლებლის სოფელში გაგზავნის მთავარი მიზანი, ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სწავლება და პოპულარიზაციაა ეთნიკურ უმცირესობებში. ტასო, როდესაც პირველი გაკვეთილის ამბავს იხსენებს, ამბობს, რომ მიუხედავად თავდაპირველი შიშებისა, პირველი გაკვეთილი იყო ლაღი და მხიარული და თავიდან მოეჩვენა, რომ ეს იყო ძალიან ადვილი საქმე იყო, რაც სულაც არ აღმოჩნდა მართალი.

 

ძნელი იყო სკოლამდე მისასვლელი გზაც. იმის გამო, რომ ტრანსპორტი არ იყო, ტასოს კვირაში რამდენიმე დღე ფეხით უწევდა სკოლამდე მისვლა, ზოგჯერ ტაქსით მიდიოდა, რაც საკმაოდ ძვირი იყო და ამიტომ ცდილობდა, ფეხით ევლო, რადგან თავის გატანისთვისაც დარჩენოდა ხელფასიდან თანხა.

 

“ორი წლის მერე ბავშვებს ვუთხარი, რომ მათი მასწავლებელი ვეღარ, მეგობარი კი –  ყოველთვის ვიქნებოდი. ისინი დღემდე მთხოვენ დაბრუნებას, მაგრამ მე მხოლოდ სხვადასხვა პროექტის ფარგლებში მიწევს მათთან შეხვედრა”, – იხსენებს ტასო.

 

უტრანსპორტობასთან ერთად, მთავარი პრობლემა ენობრივი ბარიერიც იყო. ამიტომ აქტიურად დაიწყეს მეცადინეობა კლასში. სკოლაში კითხვის და მუსიკის წრე გააკეთეს და კედლის გაზეთიც გამოუშვეს.

 

“ასე დავიწყეთ ქართველი მწერლების ბიოგრაფიების დამუშავება. მოვაწყვეთ მათი კუთხე. ვკითხულობდით მათ ლექსებსა და მოთხრობებს, ცოტას ვთარგმნიდით კიდეც. ამაში ჩემი მწირი აზერბაიჯანულის ცოდნასთან ერთად რომელიმე მოსწავლე მეხმარებოდა, რომელმაც შედარებით უკეთესად იცოდა ქართული ენა. ვაწყობდით კონკურსებს და ღონისძიებებს. სტიმულისთვის პატარ-პატარა საჩუქრები პრიზების სახით ყოველთვის გვქონდა”.

 

ტასოს და სევდას ლოცვა

 

ოჯახში, სადაც მეორე წელს ვცხოვრობდი, ჩემი მოსწავლე, მე-6  კლასელი გოგონა, რომელსაც სევდა ერქვა, ლოცვის დროს ოთახში შემოდიოდა და მიყურებდა: ”ეს რა არის ტასო?” – მეკითხებოდა და მეც ვპასუხობდი, რომ ეს იყო ჩემი საუბარი ღმერთთან, რომელსაც ლოცვას ვუწოდებდით. “ჩვენთან “ნამასი” ჰქვია ტასო”, მითხრა და შემდეგ კი მთხოვა ასეთი რამე მასაც გაეკეთებინა. ამის შემდეგ გაშლიდა პატარა ხალიჩას, თავზე საბურავს წაიკრავდა და ორივე ერთად ვლოცულობდით.

 

ასეთ სოფელში კი ბევრ სევდასნაირ გოგოს შეხვდებით. ზოგჯერ მათი ცხოვრებაც სახელის შესაბამისად – სევდიანია. სევდიანია მათი მომავალიც, რომელსაც თავად ვერ გეგმავენ. ხშირად, სკოლასაც ნაადრევად ანებებენ თავს, რადგან მათ ოჯახს ასე სურს, ან მოტაცების ეშინიათ, ან პირიქით – ნაადრევად უნდა დაქორწინდნენ.

 

ტასო ამბობს, რომ ეს ყველაზე დიდი პრობლემა იყო სოფელში და სწორედ ამ სოფელში ყოფნამ გახადა იგი საზოგადოებრივად უფრო აქტიური. ეს კიდევ სხვა ამბავია.

 

კიდევ ერთი სკოლა

 

ამბობენ რომ, მასწავლებლების უმეტესობას მძიმე და ხანგრძლივი დეპრესია ტანჯავს, რადგან ეს პროფესია მათგან დაძაბულ გრაფიკს და მძიმე შრომას მოითხოვს. ამიტომ პროფესიული გადაწვის ალბათობაც არსებობს და ხანდახან აუცილებელიც კია შესვენება. ტასომ ორი წლის თავზე დასვენება გადაწყვიტა, თუმცა გრძნობდა, რომ სკოლასთან განშორებას მაინც ვერ შეძლებდა და პროექტის ხელმძღვანელებს სთხოვა, მის რაიონში – ლაგოდეხში, რომელიმე არაქართულ სკოლაში გაენაწილებინათ. ამჯერად  რუსულ სკოლაში გაუშვეს.

 

“ჩემს რაიონში ყოფნამ მომცა უფრო მეტი შესაძლებლობა, განმეხორციელებინა სხვადასხვა სასკოლო თუ სკოლის გარეთა აქტივობები. ვისწავლე პროექტების წერა, პროექტების წერას თან მოჰყვა დაფინანსებები. სპორტის სამინისტროს დახმარებით განვახორცილეთ პროექტი – “სამოქალაქო აქტივობა – მრავალფეროვანი საქართველო”, რომლის ფარგლებშიც ლაგოდეხის რაიონში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდებს ინტეგრაციის, ტოლერანტობის, სამოქალაქო განათლების, პროექტების წერის, გუნდური მუშაობის და მოხალისეობის შესახებ ტრენინგებს ვუტარებდით“. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი გავაკეთეთ, ეს იყო “მალალასთან ერთად” – რომელიც, მიზნად ისახავდა 14-დან 24-წლამდე გოგონათა აქტიურ სამოქალაქო ცხოვრებაში ჩართვის ხელშეწყობას”,- გვიყვება ტასო.

 

სამოქალაქო აქტივიზმი

 

სოფელი კაბალი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. ტასო ახლა იქ მოღვაწეობს და თემის განვითარებისა და ახალგაზრდების გააქტიურებისთვის შრომობს, სხვადასხვა ტიპის აქტივობებს გეგმავს. იგი თავისი სოფლის ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორიც გახდა და უფრო აქტიურად შეუდგა სოფლის პრობლემებისა და საჭიროებების გამორკვევას. უახლოეს პერიოდში მისი ორგანიზებით სოფელში სოფლის ბიბლიოთეკის სამკითხველო ოთახი გაიხსნება. ტასო წიგნების მოძიებას აპირებს. ახალი წიგნები ძალიან ცოტა აქვთ, თუმცა ამბობს, რომ ნელ-ნელა ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც საინტერესო ლიტერატურით ეხმარებიან. ასამდე წიგნი სამკითხველო ოთახს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემაც გადასცა.

 

“სოფელში სკვერი არ გვაქვს. სკვერად  ერთი თავისუფალი ადგილის გამოყენებას ვაპირებთ. გავამწვანებთ, ყვავილებს დავრგავთ, ქუჩის ბიბლიოთეკასაც ვაკეთებთ – ხის მოზრდილ ყუთს, თაროებით, კარებითა და სახურავით. სოფლის ცენტრში ავტობუსის გაჩერების ადგილია, მოუვლელი და შესაღები კედლებით. ვაპირებთ, შევღებოთ და მოვხატოთ. გაზის ბალონებისგან სანაგვე ურნების გაკეთება გვინდა. ვცდილობთ, ამ პროცესში აქტიურად ჩავრთოთ ახალგაზრდები. ამას გარდა, სკოლაში გვინდა ჩამოვაყალიბოთ ეკოკლუბი. ამას წინათ, გვქონდა შეხვედრა და ლექცია გარემოს დაცვის საკითხებზე . ბევრი გეგმა გვაქვს. ერთ-ერთი ლაგოდეხში არტჰაუსის გაკეთებაა. პროექტი დავწერეთ და ახლა პასუხს ველოდებით”.

 

უახლოესი გეგმები

 

ამ ეტაპზე, ლაგოდეხისერთ-ერთ აზერბაიჯანულ სკოლაში ასწავლის. წელს პირველად მოუწია მრავალრიცხოვან კლასთან ურთიერთობა. ეს დაწყებითი კლასია. ამჯერად, დამხმარე მასწავლებლის ფუნქცია აქვს. გაკვეთილზე საგნის ძირითად მასწავლებელთან ერთად შედის და ფუნქციები გადანაწილებული აქვთ. მომავალ წელს პროგრამის გაგრძელებას აღარ აპირებს. დრო, რომელიც გამოუთავისუფლდება, უნდა უფრო მეტი სამოქალაქო აქტივობებისთვის გამოიყენოს. სამომავლოდ კი სკოლაში ამ საგნის – სამოქალაქო განათლების – მასწავლებლად დაბრუნებას გეგმავს.

 

 

 

 

 

ჩემი მოსწავლეების დაკვირვებები (ჟესტების ენა და „ვეფხისტყაოსანი“)

0

„ვეფხისტყაოსნის“ სხვადასხვა კუთხით შესწავლა უამრავ სიურპრიზს სთავაზობს დაინტერესებულ პირებს. „ვეფხისტყაოსნის“ შესწავლას მრავალმა სახელოვანმა მკვლევარმა დაუთმო დრო და მიუძღვნა ცხოვრება. ეს პროცესი კი უკვე არაერთ საუკუნეს ითვლის. მეოცე საუკუნეში საქართველოში, და ზოგჯერ მის ფარგლებს გარეთაც, სამეცნიერო დაწესებულებებში იქმნებოდა „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენი კომისიები, პოემის შემსწავლელი კაბინეტები, რუსთველოლოგიური განყოფილებები; ტარდებოდა ყოველწლიური კონფერენციები, საერთაშორისო სიმპოზიუმები, საზაფხულო სკოლები, ფინანსდებოდა სამეცნიერო პროექტები; გამოიცემოდა ყოველწლიური სამეცნიერო ჟურნალები, კრებულები და მონოგრაფიები. სწორედ ამის შედეგად საკმაოდ ბევრ რთულსა და მარტივ შეკითხვას პასუხი გაეცა, მრავალი იოლი და კომპლექსური პრობლემა გადაჭრილად გამოცხადდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს დრო (შეიძლება ითქვას, მთელი ეპოქაც კი) და სამეცნიერო პროცესებში ჩართულ მკვლევართა რაოდენობა საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ  კვლევები დასრულებულიყო. ტექსტის შესწავლა დღემდე მიმდინარეობს და ასე გაგრძელდება მომავალშიც, რადგან ამის საფუძველს გვაძლევს თავად ნაწარმოები, რომელიც ფასდაუდებელ წყაროს წარმოადგენს მრავალი საკითხის გარკვევისას და, როგორც აღმოჩნდება ხოლმე, ამოუწურავ მასალას მალავს თავის წიაღში.

ჩემი მოსწავლეები დამამთავრებელ კლასებში ირჩევენ საგანს და ამ საგნის ფარგლებში ერთ კვლევით თემას წერენ (იხ. https://mastsavlebeli.ge/?p=2244 ). ამას მათ საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამა ავალდებულებს. არაერთი მოსწავლე კვლევით ესეს ქართულ ლიტერატურაში წერს, მე კი მათთან ერთად ვცდილობ, განსხვავებული კუთხით შევხედო მხატვრულ ნაწარმოებებს, რომ წრეზე არ ვიტრიალოთ და სხვების მიერ ათასგზის დამუშავებული საკითხები თავიდან არ დავამუშაოთ. მათთან ერთად ჩატარებული კვლევები ზოგჯერ იმდენად საინტერესო დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა, რომ გადავწყვიტე, ზოგიერთის შესახებ „მასწავლებლის“ მკითხველისთვისაც მომეყოლა. იმედია, წერილები ამ ციკლიდან დაინტერესებულ აუდიტორიას იპოვის.

როდესაც ჩემი შვილი (ალექსანდრე ახვლედიანი) დამამთავრებელ კლასში იყო, გადაწყვიტა, საკვლევი თემა ქართულ ლიტერატურაში აერჩია. გამიმხილა, თემას „ვეფხისტყაოსანზე“ დავწერო, სიმართლე გითხრათ, ვერ წარმომედგინა, რომ რაიმე ახალს მიაგნებდა ტექსტში. ვიფიქრე, დაიწყოს მუშაობა და მერე თავად გადაირჩევს თემას-მეთქი. როდესაც დავაკონკრეტებინე, მაინც რა საკითხი აინტერესებდა ტექსტში, კომუნიკაციის ტიპები უნდა შევისწავლოო. ამან ცოტათი დამაფიქრა, რადგან მე არ ვიცნობდი ისეთ სამეცნიერო ნაშრომს, კონკრეტულად ამ საკითხებს რომ იკვლევდა. ფილოლოგებშიც რომ გავიკითხე, მათაც მიპასუხეს, საინტერესო საკვლევი იქნებაო. საძიებელსაც ჩავხედე და აღმოვაჩინე, რომ ჯერჯერობით არანაირი სოლიდური გამოკვლევა არ ჩატარებულა, რომელშიც ძირფესვიანად იქნებოდა ეს საკითხი შესწავლილი. ცოტათი გაკვირვებული დავრჩი, მაგრამ კმაყოფილი, რომ ჩემმა შვილმა, რომელიც ჩემი მოსწავლეც იყო, საინტერესო საკვლევ საკითხს მიაგნო. ჰოდა, სანდრომაც თემაზე მუშაობა დაიწყო. თუმცა, სანამ კვლევას დაიწყებდა, ჩემი მხრიდან რამდენიმე ისეთი რჩევა მივეცი, ყველა დამწყებმა მკვლევარმა კარგად რომ უნდა იცოდეს. შევთავაზე, ბარათებზე ამოეწერა ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის ტექსტში დაფიქსირებული ყველა შემთხვევა, შემდეგ ამ ბარათების სისტემატიზაცია მოეხდინა და ამის შემდგომ მასალის ანალიზი ჩაეტარებინა. ახლა იმ დაკვირვებაზე გიამბობთ, მეც რომ დამაინტერესა (ბოლოსდაბოლოს სტაჟიანი ფილოლოგი გახლავართ და რამდენიმე წელი ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში რუსთველოლოგიის განყოფილებაშიც ვმუშაობდი, ამიტომაც ჩემი დაინტერესება არც ისე იოლია) და სხვებისთვის გაზიარება მომინდა, რადგან მიმაჩნია, რომ ეს დაკვირვება მხოლოდ მოსწავლის საკუთრებას არ უნდა წარმოადგენდეს (რა თქმა უნდა, ნებართვა სანდროსგანაც ავიღე).

სხეულის ენიდან მნიშვნელოვანია ორი ჟესტის გამოყოფა, რომელიც დღესაც გავრცელებულია საქართველოში. თუმცა მეტყველებისას ერთს უფრო ხშირად მივმართავთ, ვიდრე – მეორეს. როდესაც ავთანდილი ასმათს შეხვდება, თხოვს, რომ მოყმის შესახებ უამბობს, მაგრამ ქალი ამის წინააღმდეგია. ავთანდილი, სანამ თმაში სწვდება და კისერზე დანას მიაბჯენს ტარიელის ერთგულ მხლებელს, შემდეგნაირად გამოხატავს თხოვნას: ავთანდილ მუხლთა უყრიდა, თითითა ეხვეწებოდა (237); ასმათს  მიუყარნა მუხლნი წინა… მუდარობა მოეწყინა…  გაგულისდა, ყელსა დანა დააბჯინა (243). ეს იმას ნიშნავს, რომ ავთანდილი მუხლებზე ეცემა ასმათის წინაშე და თითით ეხვეწება ასმათს, ტარიელის ასავალ-დასავალი გააგებინოს. მუხლის მოყრა არ გვიკვირს რამაზ მეფისგან, რომელმაც დრო იხელთა და უპატრონოდ დარჩენილ ინდოეთში გაბატონებულა: „ცხენის ფერხთა მოეხვია, მუხლ-მოყრილი შეეხვეწა, მოახსეანა: „შემიბრალე!“ (1615) მისგან არც ის გვიკვირს, რომ ცხენს ეხვევა ფეხებზე, რადგან მას ალბათ ამ ჟესტით ტარიელის შეჩერება სწადია და სწორედ ამის კომუნიკაციას ცდილობს ცოტა უცნაური საქციელით. მუხლებზე ეცემა ტარიელიც, როდესაც იგი როსტევან მეფეს თხოვს ქალის მიცემას ავთანდილისთვის: „მუხლ-მოყრილი გეაჯები“… (1530) – ეუბნება ყმა არაბეთის მეფეს და ამის შემდეგ, დღევანდელი გადასახედიდან, ცოტა უცნაურ ქმედებას სჩადის: „ამოიღო ხელ-მანდილი, მოინასკვა ზედა ყელსა, ადგა, მუხლნი მიუყარნა, ეაჯების, ვითა მზრდელსა“. (1531) როდესაც როსტევანი ტარიელს ასეთ დღეში ნახავს, მის მიერ თავის დამდაბლებას სათანდოდ დააფასებს და ისიც საკადრის პატივისცემას გამოხატავს: „შორს უკუდგა, თაყვანის-სცა, ქვე მიწამდის დაუვარდა“… (1532) მუხლებზე დაცემაც და თითით ხვეწნაც ადვილად გასაგები ჟესტებია დღევანდელი მკითხველისთვისაც. თუმცა დღევანდელ დღეს ნაკლებად ვეცემით მუხლებზე ერთმანეთის წინაშე, მაგრამ სალაპარაკო ენაში ხშირად ვიყენებთ ამ გამოთქმას, რათა დავარწმუნოთ მოსაუბრე ჩვენს გულწრფელ თხოვნაში. მეორე ჟესტი, რომელსაც დღესაც ხშირად ვიყენებთ, არის ე.წ. თითით ხვეწნა. მაგრამ ამ ჟესტს, ანუ თითით ხვეწნას, მცირე განმარტება სჭირდება. რომელ ჟესტთან გვაქვს აქ საქმე – თითის აწევასთან, სამი თითის ერთმანეთზე მიტყუპებით გაშვერასთან თუ ყელის კანის თითით გამოწევასთან? რა თქმა უნდა, სამივე ჟესტი ერთსა და იმავე ტიპის კომუნიკაციას ახდენს. თუმცა, სავარაუდოა, რომ მესამე ტიპის ჟესტი სხვა სიტყვებით გამოიხატებოდა და აქ საქმე ან პირველ ან მეორე ტიპის ჟესტთან უნდა გვქონდეს, რადგან მესამე ტიპის ჟესტს აღწერს ნესტანი შემდეგ პასაჟში: როდესაც ტარიელი და ნესტანი დაგეგმავენ სასიძოს მოკვლას, ნესტანი სრულიად დარწმუნებულია, რომ ამ მკვლელობის აქტის შემდეგ ფარსადანი ტარიელს იქით შეეხვეწება, მისი ქალიშვილი ცოლად მოიყვანოს: ქმნას მეფემან ყელ-მოტეხით შემოხვეწნა, შემოკვდომა, ხელთა მოგცეს თავი ჩემი… (551) ჩემი აზრით, „ყელის-მოტეხა“ არის ყელზე ორი ან სამი თითის მიდება (შესაძლოა, კანის გამოწევაც). საინტერესოა, რომ ეს ჟესტი სხეულის ენის საერთაშორისოდ აღიარებული ჟესტების  არცერთ ჩამონათვალში არ გვხვდება. ყელზე ზოგიერთ ქვეყანაში გაისვამენ საჩვენებელ თითს, რაც ნიშნავს: „მკვდარი ხარ!“ ან წკიპურტის მირტყმით ყელზე (ზოგჯერ ყბის ქვემოთ) აღნიშნავენ ერთად დალევის სურვილს. ყელზე თითების შეხება არც ხვეწნას და არც სხვა დატვირთვას არ ატარებს კომუნიკაციისას სხვა კულტურებში. როგორც ჩანს, ეს ავთენტური ჟესტი იყო და მას დღესაც მივმართავთ ხოლმე. სხვა ეროვნებები თხოვნასაც და ხვეწნასაც ზეაწეული ორი ხელისგულის ერთმანეთზე მიბჯენით გამოხატავენ. ამ ჟესტს დაესესხნენ ქრისტიანი მლოცველებიც. „ვეფხისტყაოსანში“ „მლოცველის“ ჟესტი არ ფიქსირდება, თუმცა ამ ჟესტს არა მარტო ქრისტიანები ან იუდევლები, არამედ მუსლიმებიც მიმართავენ. ყელზე თითების მიდების ჟესტის შესახებ გავესაუბრე ბიოლოგებსაც (ზოოლოგებს). მათ ივარაუდეს, რომ ამ ჟესტის წარმოშობა, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს მგლების მიმართ ქართველთა განსაკუთრებული დამოკიდებულებით. თურმე მგლებიც, ლიდერთან ურთიერთობისას, თავს მაღლა სწევენ და უჩვენებენ ყელს. ალბათ, ადამიანებიც ყელზე თითის მიდებით სხეულის ამ ნაწილის აქცენტირებას ახდენენ და ამით მიანიშნებენ, რომ, თხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, სიკვდილზეც კი წავლენ.

თხოვნის გამოსახატავად კიდევ ერთ ჟესტს მიმართავენ პოემაში. როდესაც ფარსადანი ტარიელს სთხოვს, ნესტანის სანახავად წაჰყვეს, იგი ხელით ხელს დაუჭერს: ხელი ხელსა დამიჭირა (346).  საინტერესოა, რომ ეს ჟესტიც, ისევე როგორც წინა ორი, დღესაც არ არის უცხო საქართველოში. ხელის ხელზე მოკიდება გამოხატავს პარტნიორის დაკავებას (ისევე როგორც მუხლებზე მოხვევა) და თხოვნის ერთგვარ ფორმას წარმოადგენს.

ბოლოს, არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ, რომ, მიუხედავად იმისა, რომ პირველივე შეხვედრისას ავთანდილმა და ტარიელმა ერთმანეთი გადაკოცნეს, მისალმებისას საკოცნელად გაწევა ჩვეულებრივ ჟესტად არ ითვლებოდა. ეს არ დასტურდება შეხვდერის სხვა სცენებში. ტარიელისა და ავთანდილის ასეთი საქციელი კი სხვა საკითხის კვლევის საგანს წარმოადგენს.

ამდენად, კვლევამ ადასტურებს, რომ „ვეფხისყტყაოსანში“ გმირები აქტიურად იყენებენ ჟესტების ენას. ჩვენთვის, დღევანდელი მკითხველისთვის, ამ ენის შესწავლა საინტერესოა იმდენად, რამდენადაც გასაგები ხდება, რომ კომუნიკაციის ზოგიერთი ფორმა დღემდე უცვლელადაა შემორჩენილი, ზოგიერთი კი აღარ გამოიყენება.

 

 

 

მეთოდოლოგიური კომპეტენციების შესამოწმებელი და განსავითარებელი დავალებები მათემატიკის მასწავლებლებისთვის

0

მათემატიკის მასწავლებლების დახმარების მიზნით გთავაზობთ სავარჯიშოებს, რომელთა შესრულების შედეგად ისინი განივითარებენ მათემატიკის სწავლების მეთოდოლოგიის ცოდნას, სრულყოფენ საკუთარ კომპეტენციას ამ სფეროში და უკეთ მოემზადებიან სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის. დავალებები წყვილ-წყვილად ერთტიპურია, თუმცა განსხვავებული და მრავალფეროვანი.

  1. გაარკვიეთ, სწორად არის თუ არა ფორმულირებული სასწავლო მიზანი:

“ღერძული სიმეტრიის სწავლების მიზანია მოასწავლემ გაიგოს ღერძული სიმეტრია და მისი თვისებები; შეძლოს მოცემული წრფის მიმართ ფიგურის სიმეტრიული ფიგურის აგება, ღერძულად სიმეტრიული ფიგურების ამოცნობა, ფიგურის სიმეტრიის ღერძების პოვნა, ფიგურის შევსება ღერძულად სიმეტრიულ ფიგურამდე”.

პასუხი დაასაბუთეთ.

  1. გაარკვიეთ, სწორად არის თუ არა ჩამოყალიბებული სასწავლო მიზანი:

“ცენტრული სიმეტრიის სწავლების მიზანია, მოსწავლეებმა გაიგონ ცენტრული სიმეტრიის ცნება, შეძლონ ცენტრული სიმეტრიის გამოსახვა კოორდინატებში, ცენტრულად სიმეტრიული ფიგურების ამოცნობა გარემოში, ცენტრული სიმეტრიის გამოყენება პრაქტიკული ამოცანების გადაჭრისთვის”.

პასუხი დაასაბუთეთ.

  1. იმსჯელეთ, რა საკორექციო სამუშაო უნდა ჩატარდეს მოსწავლესთან, რომელმაც შემდეგთაგან ერთ-ერთი შეცდომა დაუშვა:
  • რიცხვით მონაცემთა საშუალოს გამოთვლისას არ გაითვალისწინა ნულოვანი მონაცემები;
  • ფუნქციათა კომპოზიციის შესწავლისას f(g(x)) კომპოზიციის განსაზღვრის არედ f ფუნქციის განსაზღვრის არე მიიჩნია;
  • ცენტრულ სიმეტრიულ ფიგურად მიიჩნია ტოლგვერდა სამკუთხედი.

მოიყვანეთ შესაფერისი შეკითხვები, მაგალითები ან კონტრმაგალითები.

  1. იმსჯელეთ, რა საკორექციო სამუშაო უნდა ჩატარდეს მოსწავლესთან, რომელმაც შემდეგთაგან ერთ–ერთი შეცდომა დაუშვა:
  • მონაცემთა მოდად მიიჩნია მონაცემთა სიხშირეებს შორის უდიდესი რიცხვი;
  • ფუნქციათა კომპოზიციის შესწავლისას f(g(x)) კომპოზიციის განსაზღვრის არედ g ფუნქციის განსაზღვრის არე მიიჩნია;
  • ღერძულ სიმეტრიულ ფიგურად მიიჩნია ისეთი პარალელოგრამი, რომელიც რომბი არ არის.

მოიტანეთ შესაფერისი შეკითხვები, მაგალითები ან კონტრმაგალითები.

  1. სასწავლო მასალის მიზანია, მოსწავლეებმა ისწავლონ რთული ხდომილობების ალბათობების გამოთვლა კომბინატორიკის გამოყენებით ან ვარიანტების დათვლით. მოიტანეთ საჭირო შესამზადებელი სავარჯიშოები.

ჩაწერეთ ორი განსამტკიცებელი სავარჯიშო, რომელთა შესრულება დაეხმარება მოსწავლეებს ალბათობის დათვლისას განსაზღვრონ, რომელ ტიპს მიეკუთვნება ელემენტარულ ხდომილობათა სივრცე: დალაგებულ ამორჩევებს დაბრუნებით თუ დაბრუნების გარეშე; დაულაგებელ ამორჩევებს დაბრუნებით თუ დაბრუნების გარეშე. ისარგებლეთ ურნის მოდელით.

  1. სასწავლო მასალის მიზანია, მოსწავლეებმა ისწავლონ სრული ალბათობის ფორმულა. მოიტანეთ საჭირო შესამზადებელი სავარჯიშოები. ჩაწერეთ ორი განსამტკიცებელი სავარჯიშო, რომელთა შესრულებისას პირობითი ალბათობების საშუალებით რთული ხდომილობის ალბათობები დაითვლება.
  2. სასწავლო მასალის მიზანია, მოსწავლეებმა გაიგონ თალესის თეორემის აზრი, შეიქმნან წარმოდგენა პროპორციულ მონაკვეთებზე და შეძლონ მიღებული ცოდნის გამოყენება შესაძლო რეალურ სიტუაციებში.

როგორ მოახდენთ მოსწავლეთა მოტივაციას თალესის თეორემის შესასწავლად? მოკლედ ჩამოაყალიბეთ, რას გააკეთებდით მიზნის მისაღწევად.

ჩაწერეთ განსამტკიცებელ სავარჯიშოთა ნიმუშები, რომელთა შესრულება დაეხმარებოდა მოსწავლეებს ამ სასწავლო მასალის უკეთ გაგებაში.

  1. სასწავლო მასალის მიზანია, მოსწავლეებმა გაიგონ გეომეტრიული ფიგურების მსგავსების არსი, გაიგონ სამკუთხედების მსგავსების ნიშნები, შეიქმნან წარმოდგენა პროპორციულ მონაკვეთებზე და შეძლონ მიღებული ცოდნის გამოყენება შესაძლო რეალურ სიტუაციებში.

როგორ მოხდენთ მოსწავლეთა მოტივაციას ფიგურების მსგავსების შესასწავლად? მოკლედ ჩამოაყალიბეთ, რას გააკეთებდით მიზნის მისაღწევად.

ჩაწერეთ განსამტკიცებელ სავარჯიშოთა ნიმუშები, რომელთა შესრულება დაეხმარებოდა მოსწავლეებს ამ სასწავლო მასალის უკეთ გაგებაში.

  1. იმსჯელეთ, რა საკორექციო სამუშაო უნდა ჩატარდეს მოსწავლესთან, რომელმაც შემდეგთაგან ერთ-ერთი შეცდომა დაუშვა:
  • წრფისა და სიბრტყის მართობულობის გარკვევისას საკმარისად ჩათვალა წრფის მართობულობა სიბრტყეში მდებარე მხოლოდ ერთი წრფისადმი;
  • ტრიგონომეტრიულ ფუნქციათა პერიოდი გამოთვალა მსჯელობით

sin (π/6) = 1/2,  sin (π/6 + 2π/3) = 1/2, ესე იგი T = 2π/3.

მოიტანეთ შესაფერისი შეკითხვები, მაგალითები ან კონტრმაგალითები.

  1. იმსჯელეთ, რა საკორექციო სამუშაო უნდა ჩატარდეს მოსწავლესთან, რომელმაც შემდეგთაგან ერთ-ერთი შეცდომა დაუშვა:
  • ორი სიბრტყის პარალელურობისთვის საკმარისად ჩათვალა სიბრტყის პარალელურობა მეორე სიბრტყეში მდებარე მხოლოდ ერთი წრფისადმი;
  • ტრიგონომეტრიულ ფუნქციათა პერიოდი გამოთვალა მსჯელობით

cos (π/2) = 0,  cos (π/2 + π) = 0, ესე იგი T = π.

მოიტანეთ შესაფერისი შეკითხვები, მაგალითები ან კონტრმაგალითები.

  1. შეადგინეთ გენერალური (ზოგადი) რუბრიკა მათემატიკის სასწავლო გეგმის ინდიკატორების გამოყენებით:
  • 14.1. მოსწავლე განასხვავებს თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემებს, იყენებს მონაცემთა შეგროვების შესაფერის საშუალებას (გაზომვა, დაკვირვება);
  • 15.2. მოსწავლე ქმნის მოწესრიგებულ მონაცემთა ცხრილებს და ასაბუთებს შერჩეული დიზაინის მიზანშეწონილობას.
  1. შეადგინეთ გენერალური (ზოგადი) რუბრიკა მათემატიკის სასწავლო გეგმის ინდიკატორების გამოყენებით:
  • 14.3. მოსწავლე მოცემული ამოცანისთვის დამოუკიდებლად გეგმავს და ატარებს სტატისტიკურ ექსპერიმენტს და აგროვებს მონაცემებს;
  • 16.3. მოსწავლე მონაცემთა რამდენიმე ჯგუფს ადარებს და წარმოაჩენს თვისებრივ და რაოდენობრივ მსგავსებასა და განსხვავებას მათ შორის (შემაჯამებელი რიცხვითი მახასიათებლების გარეშე).
  1. დაწერეთ VII კლასის გაკვეთილის გეგმა თემაზე “მოსაზღვრე და ვერტიკალური კუთხეები“.
  2. დაწერეთ VII კლასის გაკვეთილის გეგმა თემაზე “სამკუთხედის კუთხეების ჯამი“.
  3. გამოიყენეთ VII კლასის მათემატიკის ეროვნული სასწავლო გეგმა და ჩამოაყალიბეთ სწავლების მიზნები თემისთვის “პერიოდული მიმდევრობები და მუდმივი ნაზრდის მქონე რიცხვითი მიმდევრობები”. გამოყავით ამ მიზნების მიღწევის რამდენიმე ეტაპი, მიუთითეთ თანმიმდევრობა და დაასაბუთეთ ასეთი დაყოფის მიზანშეწონილობა.
  4. გამოიყენეთ VII კლასის მათემატიკის ეროვნული სასწავლო გეგმა და

ჩამოაყალიბეთ სწავლების მიზნები თემისთვის “სიმრავლეთა თეორიის ცნებები, ოპერაციები და შესაბამისი აღნიშვნები სასრული სიმრავლეების შემთხვევაში”. გამოყავით ამ მიზნების მიღწევის რამდენიმე ეტაპი, მიუთითეთ თანმიმდევრობა და დაასაბუთეთ ასეთი დაყოფის მიზანშეწონილობა.

  1. აღწერეთ, რა საკორექციო სამუშაოს ჩაატარებთ მოსწავლესთან, რომელმაც შემდეგ ხარვეზთაგან ერთ-ერთი დაუშვა:
  • საკუთარი გვერდის შემცველი წრფის გარშემო მართკუთხედის ბრუნვის შედეგად მიღებულ ცილინდრში ფუძის რადიუსი ვერ დაუკავშირა მართკუთხედის გვერდს;
  • ორი ფუნქციის f(g(x)) კომპოზიციის განსაზღვრის არედ ფუნქციების განსაზღვრის არეთა გაერთიანება მიიჩნია.

მოიყვანეთ შესაფერისი შეკითხვები, მაგალითები ან კონტრმაგალითები.

  1. აღწერეთ, რა საკორექციო სამუშაოს ჩაატარებთ მოსწავლესთან, რომელმაც შემდეგ ხარვეზთაგან ერთ-ერთი დაუშვა:
  • ერთმანეთში აერია ღერძული სიმეტრია და პარალელური გადატანა;
  • ორი ფუნქციის f(g(x)) კომპოზიციის განსაზღვრის არედ ფუნქციების განსაზღვრის არეთა თანაკვეთა მიაჩნია.

მოიტანეთ შესაფერისი შეკითხვები, მაგალითები ან კონტრმაგალითები.

  1. იმსჯელეთ, ამოწმებს თუ არა მოსწავლის მიერ საკითხის “პარალელური გადატანა” გაგებას შემდეგი დავალება – შეიძლება თუ არა რომელიმე პარალელური გადატანით სხივი აისახოს თანამიმართულ სხივზე? პასუხი დაასაბუთეთ.
  2. იმსჯელეთ, ამოწმებს თუ არა მოსწავლის მიერ საკითხის “პარალელური გადატანა” გაგებას დავალება – რა შემთხვევაში აისახება ერთი მონაკვეთი მეორეზე პარალელური გადატანისას? პასუხი დაასაბუთეთ.
  3. ვთქვათ, სასწავლო თემაა “ალბათობის თვისებები” (VIII კლასი). განსაზღვრეთ:
  • მოსწავლის მიერ რა საკითხების წინასწარი ცოდნა და რა უნარ-ჩვევების ფლობაა საჭირო მოცემული საკითხის შესწავლისთვის;
  • რა ტიპური შეცდომები შეიძლება დაუშვან მოსწავლეებმა მოცემულ საკითხზე მსჯელობისას ან ცოდნის გამოყენებისას (ამოცანების ამოხსნისას) და რა მიზეზით;
  • როგორ მოახდენთ მოსწავლეთა ტიპური შეცდომების პრევენციას.
  1. ვთქვათ, სასწავლო თემაა “ფარდობით სიხშირესა და ალბათობას შორის კავშირი და განსხვავება” (VIII კლასი). განსაზღვრეთ:
  • მოსწავლის მიერ რა საკითხების წინასწარი ცოდნა და რა უნარ-ჩვევების ფლობაა საჭირო მოცემული საკითხის შესწავლისთვის;
  • რა ტიპური შეცდომები შეიძლება დაუშვან მოსწავლეებმა მოცემულ საკითხზე მსჯელობისას ან ცოდნის გამოყენებისას (ამოცანების ამოხსნისას) და რა მიზეზით;
  • როგორ მოახდენთ მოსწავლეთა ტიპური შეცდომების პრევენციას.
  1. ღწერეთ, როგორ ახსნით გაკვეთილს გეომეტრიული აგებების შესახებ საბაზო სკოლაში. გაკვეთილის მიზანია, მოსწავლეებმა გაიგონ, რა არის აგების ამოცანის არსი, გამოიყენონ წერტილთა გეომეტრიული ადგილის ცნება, შეძლონ კორექტულად და გასაგებად აღწერონ აგების არჩეული გზა.
  2. აღწერეთ, როგორ ახსნით გაკვეთილს სამი მართობის თეორემის შესახებ. გაკვეთილის მიზანია, მოსწავლეებმა განივითარონ სივრცითი წარმოდგენები, შეძლონ თეორემაში მითითებული წრფეთა კონფიგურაციის ამოცნობა და გამოყენება სავარჯიშოების შესრულებისას, ამოიცნონ ასეთი კონფიგურაციები რეალურ საყოფაცხოვრებო გარემოში.
  3. შეადგინეთ შესამზადებელი სავარჯიშოების სისტემა VIII კლასელთათვის, რომელიც დაეხმარება მათ დაამტკიცონ უტოლობა:

სადაც x, y, z დადებითი ნამდვილი რიცხვებია.

  1. შეადგინეთ შესამზადებელი სავარჯიშოების სისტემა VIII კლასელთათვის, რომელიც დაეხმარება მათ, დაამტკიცონ უტოლობა

,

სადაც a,b,m,n დადებითი ნამდვილი რიცხვებია.

  1. წარმოიდგინეთ, რომ ასწავლით მათემატიკური პრობლემების გადაჭრის გზებს კლასში, სადაც საშუალო შესაძლებლობების მოსწავლეები სწავლობენ და თქვენ ამოსახსნელად შესთავაზეთ ამოცანა: “წრეწირის ქორდა ამ წრეწირში ჩახაზული კვადრატის გვერდის ტოლია. გაიგეთ ამ ქორდით ჩამოკვეთილი სეგმენტის ფართობი, თუ ქორდის სიგრძეა 2 მეტრი”.

იმსჯელეთ, როგორ მოახერხებთ, რომ მოსწავლეებმა თვითონ მიაგნონ ამ პრობლემის გადაჭრის ეფექტურ გზას. მოიტანეთ პრობლემასთან დაკავშირებული ის შეკითხვები, რომელთაც დაუსვამთ მოსწავლეებს, რათა ხელი შეუწყოთ ამ ეფექტური გზის მიგნებასა და ფორმულირებაში.

  1. წარმოიდგინეთ, რომ ასწავლით მათემატიკური პრობლემების გადაჭრის გზებს კლასში, სადაც საშუალო შესაძლებლობების მოსწავლეები სწავლობენ და თქვენ ამოსახსნელად შესთავაზეთ ამოცანა: “ერთი კვადრატი ჩახაზულია მეორეში ისე, რომ პირველის წვეროები მეორეს ოთხ სხვადასხვა გვერდზე ძევს. კვადრატების გვერდების სიგრძეებია 7მ და 5მ. გაიგეთ დიდი კვადრატიდან ჩამოკვეთილი ნაწილების ფართობები”.

იმსჯელეთ, როგორ მოახერხებთ, რომ მოსწავლეებმა თვითონ მიაგნონ ამ პრობლემის გადაჭრის ეფექტურ გზას. მოიტანეთ პრობლემასთან დაკავშირებული ის შეკითხვები, რომელთაც დაუსვამთ მოსწავლეებს, რათა ხელი შეუწყოთ მათ ამ ეფექტური გზის მიგნებასა და ფორმულირებაში.

  1. შეადგინეთ შეფასების სქემა (ანალიზური რუბრიკა ქულათა ინტერვალებით 1-3, 4-5, 6-7 და 8-10) ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგისთვის. „მათ.VII.12. მოსწავლე იყენებს კოორდინატების მეთოდს ორიენტაციისთვის. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ორიენტირებს რუკაზე ან საკოორდინატო სიბრტყეზე კოორდინატების გამოყენებით ასახელებს საკოორდინატო ღერძების მიმართ მოცემული წერტილის ღერზულად სიმეტრიული წერტილის კოორდინატებს;
  • პოულობს პარალელური გადატანით მიღებული ფიგურის ნებისმიერი წერტილის კოორდინატებს მისი წინასახის კოორდინატებისა და მითითებული პარალელური გადატანის მეშვეობით“.

 

  1. შეადგინეთ შეფასების სქემა (ანალიზური რუბრიკა ქულათა ინტერვალებით 1-3, 4-5, 6-7 და 8-10) ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგისთვის. “მათ.VII.13. მოსწავლე ხსნის გეომეტრიულ ამოცანებს სამკუთხედებთან დაკავშირებული ცნებებისა და ფაქტების გამოყენებით. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • იყენებს სამკუთხედების ტოლობის ნიშნებს ფიგურათა თვისებების დასადგენად, ფიგურათა უცნობი ელემენტების მოსაძებნად ან რეალურ ვითარებაში მანძილის არაპირდაპირი გზით დასადგენად;
  • ხსნის აგების მარტივ ამოცანებს;
  • პოულობს მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს სამკუთხედთან და მის ელემენტებთან დაკავშირებულ დებულებებს შორის”.

 

  1. დაწერეთ IX კლასის გაკვეთილის გეგმა თემაზე “ხდომილობათა ჯამის ალბათობის გამოთვლა“.
  2. დაწერეთ IX კლასის გაკვეთილის გეგმა თემაზე “ხდომილობათა ნამრავლის ალბათობის გამოთვლა“.

 

 

 

როგორ გავუმკლავდეთ კლასში დისციპლინურ პრობლემებს

0

საჯარო სკოლების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების შესასწავლად ჩატარებული ყოველწლიური გამოკითხვა თითქმის ყოველ წელს სკოლების უმთავრეს პრობლემად დისციპლინის ნაკლებობას ასახელებდა. ბოლო ხანს პირველ ადგილზე ფინანსების ნაკლებობამ გადაინაცვლა, თუმცა დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემები ისევ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციას – მეორე ან მესამე ადგილს. როგორც ჩანს, მოსახლეობას მიაჩნია, რომ დისციპლინა უდიდესი გამოწვევაა მასწავლებლებისთვის.

ეფექტური მენეჯმენტი არ ნიშნავს ყოველ მცირე დარღვევაზე საჯარო რეაგირებას. ასეთმა საჯარო ყურადღებამ შესაძლოა განამტკიცოს კიდეც ცუდი ქცევა. არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც იმ მასწავლებლებს ჰყავდეთ სანიმუშო კლასები, რომლებიც ხშირად აძლევენ მოსწავლეებს შენიშვნას. მთავარია გაცნობიერება, რა ხდება და ცოდნა, რისი გაკეთებაა საჭირო პრობლემის პრევენციისთვის.

მოსწავლეთა უმეტესობა მასწავლებლის მოთხოვნისთანავე წყვეტს არასასურველ ქცევას, მაგრამ ზოგჯერ ეს არ არის საკმარისი. ასეთმა მიდგომამ შესაძლოა იმ მომენტში აღკვეთოს მოსწავლის არასასურველი ქცევა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში პრობლემა პრობლემად დარჩება. ერთ-ერთმა კვლევამ ცხადყო, რომ დაუმორჩილებელი მოსწავლეები იშვიათად ემორჩილებიან მასწავლებლის პირველსავე მოთხოვნას. ხშირად ნეგატიურადაც რეაგირებენ მასზე. საჭირო ხდება მოთხოვნის 4-5-ჯერ გამეორება.

ფსიქოლოგები ცუდი ქცევის სწრაფად აღსაკვეთ რამდენიმე მარტივ საშუალებას გვთავაზობენ:

  • დაამყარეთ კონტაქტი თვალებით ან წესრიგის დამრღვევთან ახლოს მიდით. შესაძლოა, სასარგებლო აღმოჩნდეს სხვა არავერბალური სიგნალებიც, მაგალითად, სამუშაოზე მითითება. დარწმუნდით, რომ მოსწავლე ნამდვილად წყვეტს თქვენთვის არასასურველ ქცევას და უბრუნდება სამუშაოს. თუ ასე არ მოიქცევით, ის მიიჩნევს, რომ შეუძლია, თქვენი სიგნალი უგულებელყოს.
  • მოსინჯეთ ვერბალური რეპლიკები, მაგალითად, სახელით მიმართვა (უბრალოდ ახსენეთ მისი სახელი მასალის ახსნისას), დაუსვით კითხვა, იხუმრეთ (მაგრამ არა სარკასტულად), მაგალითად, ასე: „ალბათ მომეჩვენა. გეფიცებით, გავიგონე, როგორ წამოიყვირა ვიღაცამ პასუხი, მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგან ჯერ არავინ გამომიძახია“.
  • ჰკითხეთ მოსწავლეს, იცის თუ არა, რა უარყოფითი შედეგი მოჰყვება მის ცუდ ქცევას.
  • თუ მოსწავლეები საკლასო პროცედურას არასწორად ასრულებენ, შეახსენეთ წესები და თვალი ადევნეთ, რომ სწორად შეასრულონ. შეგიძლიათ, წყნარად შეაგროვოთ მათი პირადი ნივთები, რომლებიც მუშაობაში ხელს უშლის და უთხრათ, რომ გაკვეთილის შემდეგ დაუბრუნებთ.
  • მშვიდად, კეთილგანწყობილი კილოთი სთხოვეთ მოსწავლეს, ჩამოაყალიბოს წესი ან პროცედურა და მისდიოს მას. საორიენტაციო კითხვებია: „რას აკეთებ? წესს ხომ არ არღვევ? რას უნდა აკეთებდე?“
  • მკაფიოდ, მაგრამ ასევე კეთილგანწყობილი კილოთი მოსთხოვეთ, შეწყვიტოს ცუდი ქცევა. თუ სიტყვა შემოგიბრუნათ, მშვიდად გაიმეორეთ მოთხოვნა.
  • დააყენეთ მოსწავლე არჩევანის წინაშე. მაგალითად, თუ მან, მიუხედავად მასწავლებლის მოთხოვნისა, განაგრძო პასუხების წამოყვირება, მასწავლებელმა შეიძლება უთხრას: „გიორგი, შენ გაქვს არჩევანი: შეწყვიტე წამოყვირება და საპასუხოდ ხელი ასწიე ან გადადი უკან და მე და შენ მოგვიანებით ვისაუბრებთ. რომელი გირჩევნია?“

ბევრი მასწავლებელი ამჯობინებს, უკვე აღწერილი ლოგიკური შედეგები სასჯელის საპირისპირო მოვლენად გამოიყენოს. მაგალითად, თუ ერთმა მოსწავლემ ზიანი მიაყენა მეორეს, შეგიძლიათ, დამნაშავეს მოსთხოვოთ ბოდიშის მოხდა. ბოდიში გულისხმობს როგორც პატიების ვერბალურად თხოვნას, ასევე რაიმე ფორმით ზიანის ანაზღაურებასაც. ეს დამნაშავეს განუვითარებს ემპათიას და სოციალური პერსპექტივით ხედვას, რადგან საზღაურზე დაფიქრება მოუწევს.

არსებობს წესები, რომლებიც სასჯელთან მიმართებით უნდა დაიცვათ:

◦ არ გამოიყენოთ დაბალი მიღწევის სტატუსი (კითხვის დაბალი დონის მქონე მოსწავლეებისთვის დაბალი ნიშნების დაწერა და მეტი საშინაო დავალების მიცემა) სასჯელის ზომად საკლასო წესების დარღვევისათვის. ასეთი რამის გაკეთება მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ სარგებელი გადაწონის ზიანის რისკს. ეფექტიანი, მზრუნველი მასწავლებელი არასოდეს გამოიყენებს დაბალი მიღწევის სტატუსს, შეფასებას ან რაიმე მსგავს დისციპლინის განსამტკიცებლად. ასეთი სტრატეგია უეფექტო და უსამართლოა. ეს მხოლოდ დაგაკარგვინებთ მოსწავლეს.

◦ საშუალო კლასების ბევრი მოსწავლე არ ასრულებს დავალებებს. გარდა პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვივებისა, რა შეიძლება იღონოს მასწავლებელმა ასეთ დროს? ვინაიდან მოსწავლეებს ამ ასაკში ბევრი დავალება აქვთ და მასწავლებლებსაც უამრავი მოსწავლე ჰყავთ, შეიძლება, ხშირად გაკონტროლდეს, რა შესრულდა და რა – არა. შესაძლოა, სარგებლობა მოგიტანოთ მოსწავლეებისთვის დღის გეგმის გამოყენების სწავლებამ. ამასთან, მასწავლებელმა ფაქიზად უნდა მოუაროს ჩანაწერებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დავალების შეუსრულებლობის შემთხვევაში დადგენილი წესების დაცვა. ნუ დაუწერთ მოსწავლეს ნიშანს მხოლოდ იმიტომ, რომ ის საკმაოდ ჭკვიანია. მკაფიოდ აუხსენით, რომ არჩევანი მასზეა: შეუძლია, შეასრულოს დავალება და ჩააბაროს გამოცდა ან არ შეასრულოს და დადგეს იმ შედეგის წინაშე, რაც ამას მოჰყვება. გარდა ამისა, საიდუმლოდ უნდა ჰკითხოთ, ხომ არ არსებობს მიზეზი, რომელიც მუშაობაში ხელს უშლის.

პრობლემებს ვეჯახებით იმ მოსწავლეებთან, რომლებიც გამუდმებით არღვევენ ერთსა და იმავე წესებს, ყოველთვის ავიწყდებათ მასალა ან ჩხუბში ერთვებიან. რა შეიძლება იღონოთ ამ დროს? დასვით ისინი იმ მოსწავლეებისგან მოშორებით, რომლებიც შეიძლება მათი გავლენის ქვეშ აღმოჩნდნენ. ეცადეთ, მანამდე აიყვანოთ ხელში, სანამ წესს დაარღვევდნენ, მაგრამ როდესაც წესი უკვე დარღვეულია, შეუპოვრად და მტკიცედ დააყენეთ ისინი დარღვევის შედეგების პირისპირ. ნუ გაცდუნებთ დაპირება, რომ შემდეგში უკეთესად მოიქცევიან. ასწავლეთ მოსწავლეებს, როგორ აკონტროლონ საკუთარი ქცევა, შეინარჩუნეთ მათდამი მეგობრული დამოკიდებულება. ხელიდან ნუ გაუშვებთ მომენტებს, როცა მათთან სხვა თემებზეც შეგეძლებათ  საუბარი და არა მხოლოდ წესის დარღვევის განხილვა.

გამომწვევმა მოსწავლემ შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეგვიქმნას. თუ სიტუაცია ფეთქებადი, ეცადეთ, რაც შეიძლება სწრაფად აღკვეთოთ იგი. ამ დროს მოგებული არავინ რჩება. მოსწავლეს უნდა მივცეთ შანსი, სახე არ დაკარგოს და დამშვიდდეს. ამის ერთ–ერთი საშუალებაა, ვუთხრათ: „აირჩიე, ითანამშრომლებ თუ არა. ერთ წუთს გაძლევ მოსაფიქრებლად“. თუ მოსწავლე დაგემორჩილათ, ამის შემდეგ მას აუცილებლად უნდა გაესაუბროთ, ოღონდ მოგვიანებით. თუ უარი თქვა, შეგიძლიათ მოსთხოვოთ დერეფანში მოცდა, სანამ კლასი დამშვიდდება და მოსწავლეები კვლავ ჩაერთვებიან მუშაობაში, მერე კი გადით მასთან და პირადად გაესაუბრეთ. თუ პრობლემა პიროვნული ხასიათისაა, უმჯობესია, მოსწავლე სხვა მასწავლებელთან გადაიყვანოთ.

ძალადობა და ნივთების დაზიანება რთული და საშიში პრობლემაა. მის აღსაკვეთად პირველი ნაბიჯია ხელმძღვანელობისთვის დახმარების თხოვნა და მონაწილეებისა და მსხვერპლის სახელების გაგება. შემდეგ უნდა მოიშოროთ სეირის მაყურებლები – მათი დასწრება სიტუაციას უფრო მეტად გაამძაფრებს. ნუ ეცდებით დაუხმარებლად ჩხუბის აღკვეთას. დარწმუნდით, რომ სკოლის ხელმძღვანელობა საქმის კურსშია. წესისამებრ, სკოლებს აქვთ განსაზღვრული პოლიტიკა ასეთი პრობლემების მოსაგვარებლად.

გურამ რჩეულიშვილი – სიკვდილი და სიცოცხლე

0

სიკვდილზე ფიქრი გურამ რჩეულიშვილის მოთხრობებით ვისწავლე და შევიჩვიე.

სანამ მის კითხვას დავიწყებდი, უკვე ვიყავი ნამყოფი გაგრაში, სადაც გურამი დაიხრჩო. იქ, ზუსტად იმ ადგილას,  გურამის მეგობრებისგან მქონდა მოსმენილი მისი ტრაგიკული ისტორია.  მერე ძალიან შევიყვარე მისი მოთხრობები, ზოგიერთიდან მთელი პასაჟები ზეპირადაც კი ვიცოდი და როცა სიკვდილთან შეჯახება მიხდებოდა, ხან უმწვავესი არტისტიზმით, ისეთით, როგორიც მარტო პატარა გოგოებს ახასიათებთ, ბათარეკა ჭინჭარაულის ასულის ადგილას წარმოვიდგენდი თავს, ხან, თუ ნუგეში მჭირდებოდა, გურამის ერთ-ერთ მოთხრობაში, „სიკვდილი მთებში“ ნათქვამი ფრაზა : „ხომ გეუბნებოდი, მაინც დაარტყამს-მეთქი“, როგორც თავშესაფარი მიტივტივდებოდა გონებაში. მაშინ არ ვიცოდი, რატომ მშველოდა ეს სიტყვები, დღეს, როცა დიდი ვარ, შევეცდები ავხსნა.

გერმანელი მწერალი და მოგზაური ალფრედ კურელა საოცარი თავდაჭერილობით ხვდება ცოლის უეცარ გარდაცვალებას. გურამი და მისი მეგობრები აკვირდებიან. ბოლოს, თბილისში, ინტურისტის ნომერში ალფრედი ცოლის ხალათს დაინახავს, დაემხობა და ტირის. მაშინ ამბობს გურამი: „ხომ გეუბნებოდი, მაინც დაარტყამს-მეთქი!“

კულტურათა შორის სხვაობა, კონფლიქტი ყველაზე მეტად გლოვისა და დღესასწაულისას იჩენს თავს.

მახსოვს, ბავშვობაში როგორი ინტერესით ვადევნებდი თვალს ქურთი მეზობლების ქორწილს, რომელთაც ნაოჭასხმული ფერად-ფერადი ქვედაბოლოები ეცვათ და ფერხულს ცეკვავდნენ.

მოგვიანებით აღმოვაჩინე, თვითონ საქართველოს ფარგლებშიც კი, გლოვისა და დღესასწაულის კულტურა საგრძნობლად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.

მთიულეთში შვილმკვდარი დედა თავისი ჩვეული სამოსით, ყავისფერი კაბით მიუყვებოდა შვილის ცხედარს. როგორც ამიხსნეს, მათთვის ყველა მუქი ფერი თალხი, ანუ სამგლოვიარო იყო. გურიაში სპეციალურად იკერავდნენ შავ კაბას, თანაც გლოვის ნიშნად ბოლოები გადაუტეხავი, ჩამოძენძილი უნდა ყოფილიყო. ყველაზე მძაფრად მაინც სვანური ზარი მახსოვს.

1984 წელი იყო, თერთმეტი წლის ვიყავი, როცა ძალიან კარგი პოეტი და ადამიანი რევაზ მარგიანი გარდაიცვალა. ახლა არ ვიცი რატომ, მაგრამ დაკრძალვაზე მეც წამიყვანეს. გამოსვენება მწერალთა სასახლიდან იყო. მახსოვს, ვიდექით მაჩაბლის 13-თან და რაღაც სრულიად შემზარავი, მძიმე ხმები ნელ-ნელა გვიახლოვდებოდა. ეს იყო სვანეთიდან ჩამოსული კაც მოტირალთა გუნდი, რომელიც სვანურ ზარს ასრულებდა.

როცა პატარა ხარ, სიკვდილი გაშინებს, მაგრამ მაინც ნაკლებად აღიქვამ მის ტრაგიზმს. მახსოვს, მეცხრე სართულის აივნიდან როგორ ვადევნებდი თვალს მეზობლის ბავშვის გამოსვენებას, როგორ გამოიტანეს კუბო, მაგრამ იმ სვანურმა ზარმა, ნელ-ნელა რომ ახლოვდებოდა, თითქოს ასევე ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ მოკლა ჩემში ბავშვი და პირველად შევშინდი, რომ შეიძლება დაკარგო ყველაზე საყვარელი და სანდო ადამიანიც კი.

მერე ნუგეშად და დასაყრდენად გურამის „სიკვდილი მთებში“ ვიპოვე.

1950-იანი წლებია, მეორე მსოფლიო ომი ახალი დამთავრებულია. საქართველოც ჯერ კიდევ მგლოვიარეა, ყველა ოჯახშია ფაშიზმთან ბრძოლას შეწირული ძმა, ქმარი, მამა, შვილი. ყველა სახლშია გადიდებული ფოტოები.1950-იან კი არა, 1980-90-იან წლებში გამიგია მოხუცებისგან გერმანელების მიმართ სიძულვილით სავსე ფრაზები. მიუხედავად ამისა, საქართველოში ყოველთვის არის გარკვეული აღტაცება უცხოს მიმართ. ოღონდ ეს აღტაცება სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ უცხოს, უცნობის მიმართ შიში არა გვაქვს. როგორც ყველას, ჩვენც გვაშინებს ჩვენთვის გაუგებარ კულტურებთან შეჯახება. ასეა გურამიც.

მისთვისაც და სხვა გამყოლებისთვისაც სრულიად უცხოა კურელას საქციელი ცოლის სიკვდილის შემდეგ. გერმანელი მოგზაური თავისი კულტურისთვის დამახასიათებელი სიმშვიდით წყვეტს ყველა პრობლემას – სად დაკრძალონ, შვილებს როდის გააგებინონ. უეცრად ყველანი იქცევიან დამკვირვებლებად, რომლებიც გაოცებულნი შესცქერიან გლოვის მათთვის ჯერარნახულ  ფორმას.

კურელას ამგვარი თავშეკავებულობა თითქოს ეჭქვეშ აყენებს მის ადამიანობასაც კი. რად გინდა კულტურა, თუკი ის ადამიანის სახეს გართმევს, თუკი უახლოესი ადამიანის სიკვდილით მიღებული ტკივილის გამოხატვას გიკრძალავს?

ერთადერთი გურამია კურელას „მხარეს.“

აი, ეს კურელას „მხარეს“ ყოფნა, ეს მოლოდინი, რომ მიუხედავად კულტურათა შორის სხვაობისა, სიკვდილი ყველასთვის ერთნაირად მტკივნეულია და მერე ამ მოლოდინის გამართლება, საოცრად მანუგეშებდა მაშინ, როცა პატარა ვიყავი და მანუგეშებს ახლაც, რადგან რაც უფრო დიდ, ფართო წრეს მიაკუთვნებ ადამიანი თავს, მით უფრო მშვიდი და დაცული ხარ.

საერთოდ გურამ რჩეულიშვილის მოთხრობებს  ადამიანის რწმენის ხან ღია, ხან  – შეფარული ხაზი მუდმივად გასდევს. მწერალი თითქოს ექსპერიმენტს ატარებს, რათა ბოლოს ამაყად კი არა, სრულიად ჩვეულებრივად, სადად, მაგრამ ეფექტურად თქვას, რომ მისი პერსონაჟი გადარჩა, ხან მოკვდა, ხან – არა, მაგრამ დარჩა ადამიანად.

ამისი ნათელი მაგალითი მუნჯი ახმედია. პერსონაჟი რომელსაც არა აქვს ენა, სიმბოლური გამოხატულება ადამიანის ღვთიურობისა. ის სწორედ ენის უქონლობის გამო კარგავს ყველას – მამას, შვილს, ცოლს და მაინც, რჩება ყველაზე მთავარი, სიკეთის კეთების ძალა, მაინც რჩება ადამიანობა.

თუმცა გურამს აქვს სხვა თემებიც სიკვდილთან დაკავშირებით.

ვის არ გამოგვიყენებია თუნდაც უნებლიეთ ვიღაცის ტრაგიკული დაღუპვა ან რამე საშინელი ამბავი სხვა ადამიანებთან ურთიერთობის დამყარების საშუალებად?! ვყვებით, ვლაპარაკობთ და ხშირად იქნებ გადავდივართ კიდევაც იმ ზღვარს, რომელსაც ეთიკა, რაღაც შინაგანი კულტურა და ადამიანობა გვიწესებს.

მოთხრობა „ნელ ტანგოში“ გურამ რჩეულიშვილი სწორედ ასეთ საფრთხეზე გვიმახვილებს ყურადღებას. ეს ისედაც პატარა ტექსტი, ორ ნაწილადაა გაყოფილი. თითქოს ავტორი მკითხველს არ ენდო, მხოლოდ სათაური არ აკმარა იმის სათქმელად, რომ მთავარი ის კი არაა, როგორ ვაჟკაცურად გადაარჩენს იგორი თავის ცოლ-შვილს და თავად დაიღუპება, არამედ ის, რასაც ლაპარაკობენ საცეკვაოზე. პირველი ნაწილი ჩვეულებრივი თხრობაა, გურამისთვის დამახასიათებელი დინამიკურობითა და ექსპრესიით. მეორე ნაწილს პიესის ფორმა აქვს მიცემული: “… ბიჭი: საცოდავი, კარგი ვაჟკაცი ყოფილა!

გოგო: რა თქმა უნდა, ახლა ცოტანი არიან ასეთები. ჯაზი ახლა მელოდიურ ტანგოში გადავიდა, ბიჭმა ახლოს მიიკრა ქალი.

ბიჭი: მაგრამ მენდეთ, მაინც არიან!“

საკუთარი თავის, საკუთარი ვაჟკაცობის წარმოსაჩენად ნათქვამი ფრაზა, ძალიან მწვავედ აჩვენებს ადამიანურ ბუნებას, იყოს გულგრილი და თუნდაც გაუცნობიერებელი სარგებელი ნახოს სხვისი უბედურებით, მაგალითად, გამოიყენოს გოგოსთან საუბრის გაბმის, შეფარული ტრაბახის საგნად.

მაგრამ სრულიად სხვა, დამანგრეველი, მთიდან მოწყვეტილი ზვავივით ძალა ჰქონდა მოთხრობა „ბათარეკა ჭინჭარაულს“ თავისი სრულიად სხვა სამყაროდან გადმოხვეწილი ცამეტი წლის ასულის, მზიას თვითმკვლელობით.

რამდენჯერ მიგრძვნია თავი სრულიად მარტოდ, სრულიად უცხოდ. მზიასგან განსხვავებით, მე სარკე მქონდა და საკუთარი მშვენიერება ვერ გამაოცებდა, მაგრამ რომელ პატარა გოგოს არ დასტყომია თავს მისი ვნებები. იმდენად ტკბილი იყო ამ სამყაროსგან გამიჯვნა, ალბათ ერთი სილა საკმარისი იქნებოდა, რომ ჭერხოში ვერა, მაგრამ სადმე, მეცხრე სართულის რომელიმე ოთახში ჩამომეკიდა თავი. თუმცა  მოთხრობა თვითმკვლელობისკენ კი არ მიბიძგებდა, პირიქით, მიცავდა, რადგან მზიასთან ერთად იმდენად მწვავედ, იმდენად ლამაზად და პოეტურად მქონდა განცდილი გაწბილების სიმწარე, რომ პირიქით, სიძნელეებისთვის მამზადებდა, თანაც ვგრძნობდი, სინამდვილე ვერაფრით იქნებოდა მხატვრული გამონაგონივით უზადო.

დღეს, როცა ამ მოთხრობას ვკითხულობ, შატილი იმდროინდელი საბჭოთა საქართველოს სახე მგონია. ზამთრის სურათის დახატვას დიდ დროს ანდომებს მწერალი. ბათარეკა ჭინჭარაულის ვნებები ამ ზამთრითაა ხელფეხშეკრული. აქ „პოეზია უპირობოდ ბატონობს პროზაზე“, მაგრამ დგება ზამთარი და ისპობა ყოველგვარი სარბიელი. ფუნქციადაკარგულ კაცს კი ერთადერთი რამ შეუძლია, თავისი დაგროვილი აგრესია ყველაზე მშვენიერს გადმოანთხიოს.

შეიძლება ვამეტებ, მაგრამ ბათარეკა ჭინჭარაული ჩემთვის საბჭოთა ადამიანის სახეა.

გაცილებით ზოგადი და მარადიულია მზიას სახე:

„ზის კოშკის ზემოთა მუხლში ქურქების შუაში ჩამჯდარი მზია, ბათარეკას ცამეტი წლის ქალიშვილი… ზის ქურქში გამოხვეული ეს უცნაური არისტოკრატი ქალი, რომელიც ბუნებამ აქ, შატილში გააჩინა და ელის. არ არის გაწბილებული მისი მოლოდინი, ის ყველაფერში ხედავს მას. დიდი ანთებული თვალები, გრძელი გაკვირვებული წამწამებით ყველაზე პატარა საგანსაც კი არ უშვებენ თავის გარშემო შეუყვარებლად“.

არისტოკრატული და არტისტული ბუნებისაა მშვენიერება ყველგან. განა აღაზას მდინარეში გადახტომა წარმოგიდგენიათ არტისტიზმის გარეშე?!

როცა პატარა ხარ, სამყაროთა გზის გასაყარზე დგახარ, საკუთარი ზღაპარი სულს გიხუთავს, იმდენად მშვენიერია და თამაშობ ყველაზე სუფთა, ლამაზ მონაგონს, მანამ, სანამ სინამდვილე სილას გაგაწნავს, ჯობია მზიასთან ერთად არ მიიღო შეურაცხყოფა, არ მიიღო რეალობა და მერე, სწორედ ეს არმიღება კი არ მოგკლავს, ძალას მოგცემს, ებრძოლო უმიზნო, უსამართლო აგრესიას.

 

 

 

 

 

ბავშვის მოტივაციის გაძლიერების ხერხები

0

„არაფერი გაინტერესებს“, „რაიმით მაინც დაკავდი“, „შეწყვიტე უაზროდ ყოფნა“ – ასეთ შენიშვნებს ჩვენი შვილები ხშირად იღებენ. რა უნდა გააკეთოს მშობელმა იმისათვის, რომ ბავშვს ინტერესი და მოტივაცია გაუჩნდეს, ნაკლებად იკაპრიზოს, იუხეშოს, დაკავდეს  საქმით? მოტივაცია მას ნებისმიერ ასაკში სჭირდება, განსაკუთრებით კი პიროვნებად ჩამოყალიბების პერიოდში, როდესაც აქვს ბევრი დრო და შესაძლებლობა იმისა, რომ ცხოვრებისათვის სათანადოდ მოემზადოს.

მნიშვნელოვანია ბავშვს სჯეროდეს საკუთარი წარმატების. როგორც მასწავლებელი, ისე მშობელი ყოველთვის უნდა ასაზრდოებდეს ბავშვის რწმენას საკუთარ ძალებში და უნარებში. რაც უფრო დაბალია ბავშვის თვითშეფასება, მით უფრო ძლიერი და სისტემური უნდა იყოს უფროსების მხარდაჭერა. ცნობილია, რომ 7 წლის ასაკის მერე ბავშვს საკუთარი თავის მოტივირება ან სხვების დახმარება სჭირდება. როდესაც ბავშვსა და მშობელს/მასწავლებელს შორის კონტაქტი ირღვევა, დახმარებას უფროსი თაობაც საჭიროებს. მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ფსიქოლოგს, ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორს, იელის ბავშვთა აღზრდის ცენტრისა და ბავშვებთან მუშაობის კლინიკის დირექტორს, ალან კაზდინს ბევრი საჭირბოროტო საკითხის მიმართ თავისი დამოკიდებულება აქვს. გთავაზობთ რამდენიმე მისეულ ხერხს, რომლის გამოყენებაც ბავშვის მოტივაციის გაზრდას ემსახურება;

პირველი ხერხი მიზნის დასახვაა. თქვენ უნდა შეადგინოთ მკაფიო ჩამონათვალი იმ საქმიანობებისა, რომლითაც ბავშვის დაინტერესება შეიძლება. შესანიშნავი ვარიანტია ე.წ. „საცდელი მეცადინეობა“. ასეთი სახის „მეცადინეობის“ დროს ბავშვს ექმნება ზოგადი წარმოდგენა ცეკვაზე, სპორტზე, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე, მებაღეობაზე. ამ გზით თქვენ იოლად მიხვდებით რა და რამდენად აინტერესებს. იქნებ, თქვენს შვილს ცხოველები უყვარს, ანდა საბრძოლო ფილმები მოსწონს? რატომ? საიდან მოდის ეს ინტერესი და რამდენად მყარია სამომავლოდ? სწორედ ამ ინტერესის შედეგად, სავსებით რეალურია თქვენი შვილი ცხოველთა თავშესაფრის მოხალისედ იქცეს, ანდა ცხენზე ჯირითი ისწავლოს. საბრძოლო ფილმების მოყვარული ბავშვი კი, კუნგ-ფუს შესწავლას ჩაუღრმავდეს, ანდა საბრძოლო ჟანრის ფილმების რეჟისორი გახდეს.

მეორე ხერხია მოთხოვნების დადგენა. კარგი იქნება თუკი ბავშვს ადრეული ასაკიდანვე  შაჩვევთ, რომ მან თქვენი, არც ისეთი რთული მოთხოვნები შეასრულოს ხოლმე, მაგალითად, აკეთოს სახლის საქმე. რასაკვირველია, ბავშვი ვერც იდეალურად დაალაგებს და ვერც მაღაზიაში შეძლებს საუკეთესო პროდუქტის არჩევას, მაგრამ ეს ძალიან სასარგებლო იქნება თქვენი ურთიერთობისთვის. ბავშვსაც ეცოდინება, რას ელით მისგან. მოტივაცია ისევე ვითარდება, როგორც ჩვევა. როდესაც ბავშვისაგან მუდმივად ელით რაიმე ტიპის ვალდებულებების შესრულებას (მათი მასშტაბი ასაკის მატებასთან ერთად უნდა გაიზარდოს), ეს პასუხისმგებლობას და აქტიურ ცხოვრებას აჩვევს. ბავშვისათვის საქმის შესრულება ან მასში ჩართულობა ნორმა ხდება. სამომავლოდ მისთვის პასიურობა და უინტერესობა მიუღებელი იქნება.

მესამე ხერხი პირადი მაგალითის მიცემას უკავშირდება. მშობლები ხშირად თითის ქნევით, „ზემოდან ქვემოთ“ ესაუბრებიან ბავშვს და ნაკლებად იშველიებენ პირად მაგალითებს. თუმცა ყველაზე ეფექტიანი და გავლენის მქონე სწორედ მშობლების პირადი მაგალითია.

შეგიძლიათ თავისუფლად გამოიყენოთ საკუთარი ცხოვრების მოდელი თქვენი ბავშვის ხასიათის, ინტერესებისა და მოტივაციის ჩამოყალიბების დროს. თუ თქვენ სახლის გარეთ გიყვართ რაიმის კეთება, ბავშვიც გაიყოლიეთ. თუ სოციალურად აქტიური პიროვნება ხართ, მოგწონთ სპორტი, მოხალისეობა, ანდა მუზეუმებში სტუმრობა, მნიშვნელობა არ აქვს, ბავშვთან ერთად იმოძრავეთ. მთავარია, რომ მან დაინახოს ფაქტი/ქმედება, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ. თუ ცურვაზე დადიხართ და შვილს აუზზე წაიყვანთ, ეს მისთვის მოტივაციაც იქნება და თქვენს ურთიერთობაზეც პოზიტიურად აისახება. რასაკვირველია, კარგი იქნება, თუკი ბავშვთან ერთად ივლით საყიდლებზე ან სახლს დაალაგებთ ერთად,  მაგრამ ახლა კონკრეტულ ქმედებაზე ვსაუბრობთ, რომელიც ბავშვში ინტერესს აღძრავს, ახალ უნარებს განუვითარებს, მისცემს ახალ ცოდნას. თქვენი ინტერესი უბიძგებს თავისი ინტერესის გაჩენისაკენ. თქვენი უშუალო ჩართულობა რაიმე საქმიანობაში ბავშვზე შეუფასებელ გავლენას ახდენს.

მეოთხე ხერხი უნარების განვითარებასთანაა კავშირში. ბევრი უნარის განვითარება პირადი მაგალითის მიცემის გარეშეც შეიძლება. ძალიან მნიშვნელოვანია დავეხმაროთ ბავშვს ახალი ცოდნის მიღებაში, საქმიანობის ახალი სფეროების გაცნობაში. მაგალითად, მუსიკის სწავლება არ ნიშნავს მხოლოდ ინსტრუმენტის ათვისებას. კონცერტებში, სკოლის ორკესტრში მონაწილეობის დროს ბავშვი „იხსნება“, ახალ ნაცნობებს იძენს და ეს უკვე მოტივაციაა.

მოტივაცია ხანგრძლივი, რთული პროცესია. მთავრია, მშობლებმა მოთმინება არ დაკარგონ და მაქსიმალურად მოერიდო ნეგატიური განწყობით ბავშვთან ურთიერთობას. მათ სიმშვიდე უნდა მოიკრიბონ და ახალი ძალებით განაგრძონ ბავშვის მოტივირება.

მაგრამ როგორ მოვიქცეთ მაშინ, თუ ბავშვი პასიურია და საერთოდ არ იჩენს არაფრის მიმართ ინტერესს? როგორ ველაპარაკოთ? აქ დიდი სიფრთხილე გვმართებს. გამოირიცხება ბავშვზე ზეწოლა. მოტივაციის გაზრდისათვის შესაძლებელია ფარული კარნახის გამოყენება.

ხშირად ჩვენც კი ვერ ვაცნობიერებთ იმ წვრილმანებსა და დეტალებს, რომლებიც  გადაწყვეტილების მიღებაში გვეხმარებიან. ჩვენი გონება დაკავებულია ინფორმაციის გადამუშავებით, ყველაზე ხშირად ეს შეუცნობლად მიმდინარეობს. „კვლევების დროს დავაკვირდით თუ როგორ რეაგირებდა სკანირებული ტვინი გარკვეულ გამაღიზიანებლებზე, მაგრამ როდესაც კვლევის ობიექტს ვეკითხებოდით რა მოხდა, „არაფერიო“ – ასე გვპასუხობდა, – ამბობს ალან კაზდინი.- ასევე, დავადგინეთ, რომ თუკი კვლევის ობიექტს ძალიან სწრაფად ვკარნახობდით რამეს და ის ამას ვერ ამჩნევდა, ცნობიერება ამას გადაწყვეტილების მისაღებად მაინც იყენებდა. ვთქვათ, საწმენდი საშუალებების მსუბუქი სუნი ადამიანს თავისი სამუშაო მაგიდა დალაგებისკენ უბიძგებდა, მაგრამ თუ საწმენდი საშუალების სუნზე ვეკითხებოდით რამეს, გვპასუხობდა, რომ მაგიდის მისალაგებლად სულ სხვა მიზეზები ჰქონდა“.

წიგნები, ჟურნალები, დასაკრავად მომზადებული მუსიკალური ინსტრუმენტები… ეს საგნები (სამოტივაციო) ბავშვის მხედველობის არეში უნდა იყოს. ამის გაკეთება დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს. უბრალოდ, იქ უნდა იდოს, სადაც ბავშვი იოლად შეამჩნევს. ამ ხერხმა შეიძლება ძალიან კარგი შედეგი გამოიღოს. თუმცა აქაც ზომიერი აქტიურობა გვმართებს. აბა, წარმოიდგინეთ, თქვენმა ქალიშვილმა რაღაც ჟურნალს მოკრა თვალი, მაგრამ ამ დროს ოთახში თქვენც შეხვედით და დაიწყეთ: „ნახე ეს ფოტოები? მაგარია, არა? მე უკვე დავჯავშნე ბილეთები და უქმეები იქ გავატარებთ!“ თქვენი „გულმოდგინება“ ნეგატიურ რეაქციას უფრო გამოიწვევს, ვიდრე დადებითს. ამიტომ ადროვეთ ბავშვს თვითონ დაინტერესდეს ჟურნალით, ფოტოებით, ტექსტით. თქვენთვის მთავარია „ანკესზე“ წამოაგოთ მისი ინტერესი.

ურთიერთობის წახალისება – წაახალისეთ თქვენი შვილი, როდესაც სტუმრად თავის მეგობრებს მოგიყვანთ. თქვენი სახლის კარი ღია უნდა იყოს მათთვის, ისინიც უნდა ხედავდნენ, რომ ეს ადგილი ბავშვის ოჯახურ ცხოვრებაში ცენტრალურ ადგილს წარმოადგენს, მისი ციხე-სიმაგრეა. ეს დიდ გავლენას იქონიებს ბავშვზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მით უფრო, რომ მოზარდობის ასაკში ბავშვებს ჩვევიათ თავისი მეგობრებისა და მშობლების განცალკევება, მაგრამ თუ თქვენი შვილის ახალ სამყაროს მიიღებთ, შანსი გექნებათ თავი დაიზღვიოთ ამ უსიამოვნებისაგან. გარდა ამისა, ახლოდან შეძლებთ შვილზე დაკვირვებას და საჭიროების შემთხვევაში, მის დაცვას სხვა მოზარდების ნეგატიური  გავლენისაგან. ის თქვენ მიგენდობათ და თავს არ იგრძნობს პატარა ბავშვად.

თუ სახლის გარეთ გადაწყვიტეთ რაიმით დაკავდეთ, ნება დართეთ ბავშვს, რომ თქვენთან ერთად მისი მეგობარიც წამოვიდეს. დაე, ორივემ ნახოს როგორ სიამოვნებას განიჭებთ თქვენი ჰობი ან გატაცება. ასეთი ქმედება ნელ-ნელა თავის ნაყოფს გამოიღებს და ბავშვი დამოუკიდებლად გადაწყვეტს რა უნდა, სად წავიდეს, თავად მიანიჭებს უპირატესობას იმას, რაც აინტერესებს, გააკეთებს არჩევანს. ბავშვის მეგობრებთან დამეგობრება დიდხანს შეგინარჩუნებთ კავშირს თქვენს შვილთან. მას არ მოუწევს ოდესმე არჩევანის გაკეთება თქვენსა და მეგობარ თანატოლებს შორის.

დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელმა ხელი შეუწყოს ბავშვის ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბებას. დაბალი თვითშეფასების მქონე ბავშვი სწორად ვერ აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს და ამის შედეგად მისი მოტივაცია დაბალია. ადეკვატური თვითშეფასების მქონე ბავშვისთვის არ არსებობს საკუთარი შესაძლებლობების საზღვრები. მშობლების მართებული შეფასება და მართებული ფორმით გაზიარებული მოსაზრებები მის უნარებზე და შესაძლებლობებზე, ზუსტად აისახება თვითშეფასების ნორმალურ ფორმირებაზე.

მაინც გვიკრიფეს მიზეზი

0

ოთარ ჩხეიძის „ბორიაყიდან“ ფრაგმენტი წლების წინ ქართული ლიტერატურის ერთ-ერთ სახელმძღვანელოში იყო შეტანილი. მაშინ სტუდენტი ვიყავი და გამიხარდა, რომ მოსწავლეებს მიეცემოდათ საშუალება ამ რომანით დაინტერესებულიყვნენ, სკოლის ასაკიდანვე შეაჩვევდნენ თვალს და ყურს იმ მწერლის სახელს, რომელმაც მთელი მეოცე საუკუნისა და ოცდამეერთეს პირველი წლების მხატვრული მატიანე შექმნა.

მე და ჩემი მეგობრები „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობით“ (რეჟისორი გიორგი შენგელაია) არ მივსულვართ „ბორიაყამდე“, როგორც ეს ხშირად ხდება, როცა კარგი ფილმი გიბიძგებს, წიგნიც წაიკითხო. რომანმა აღმოგვაჩენინა ფილმი. მახსოვს პირველად ჯაბა გერსამიასთან ვუყურე: შუქი ორჯერ ჩაქრა, სარეკლამო ჭრამაც რამდენჯერმე გაგვაწყვეტინა ნიკუშა ჩაჩანიძისა (ლევან აბაშიძე) და ლეკო თათაშელის (გია ფერაძე) უჩვეულო მოგზაურობის ამბავი ქართლის თავადაზნაურთა ოჯახებში. ბოლოს, როცა წიგნისა და კინოს დატოლება დავიწყეთ და ბევრი გასაგები მიზეზის გამო შევთანხმდით, რომ უკეთესი იქნება ჯერ რომანი წაიკითხოს კაცმა და მერე ეკრანს შეხედოს, ერთადერთი რამ დამრჩა გაურკვეველი.

იმ ფრაზას ფილმში დავით იტრიელის როლის შემსრულებელი ჭაბუა ამირეჯიბი ამბობს. ჰო, ის ჭაბუა, ვინც თქვენ იგულისხმეთ. 1924 წლის საბედისწერო და სისხლიანი მოვლენების სუსხი შეძლებულ, წარმატებულ ოჯახსაც მისწვდება და როცა კალოობისას ალყაში მოაქცევენ, როსტომ იტრიელი თავის ძმას ეტყვის, – ცხადია, ესენი მხოლოდ დასაპურებლად არ მოსულანო. დავით იტრიელი დაეთანხმება: „მართალი ხარ, მაინც გვიკრიფეს მიზეზი, ვერ გადავურჩით“.

ამ სიტყვებს წიგნში ვერ იპოვით, თურმე არც ერლომ ახვლედიანის კინოსცენარში ყოფილა. მხოლოდ გადაღების პროცესში – ახალგაზრდა კომპოზიტორის მიერ შედგენილ რუკას შეთქმულების გეგმად რომ გაასაღებენ რეჟიმის დამცველები და ამ საბუთით (მიზეზით) რუკაზე დატანილ ოჯახებს სათითაოდ ჩამოუვლიან – საჭირო გახდა, მოეფიქრებინათ სხარტი, მახვილი, ეპოქალური ფრაზა, რომელიც სიმბოლურად ასახავდა სისტემის ძალადობასა და მის წინაშე დარჩენილი, განწირული ადამიანების ხვედრს.

– მაინც გვიკრიფეს მიზეზი… – ეს ფრაზა შემოქმედებით ჯგუფს თავად ოთარ ჩხეიძემ მიაწოდა. მისი ორიგინალური მიგნება მაშინ ბევრს მოსწონებია, მაგრამ ცხადია ბევრს არ ეცოდინებოდა, რომ იტრიელების ამბავი ოთარ ჩხეიძის პირადი ტრაგედია იყო. ის პერსონაჟები, რომელიც მკითხველისა და მაყურებლისთვის როსტომ, დავით, კახაბერ და დიმიტრი იტრიელების სახელებითაა ცნობილი, სინამდვილეში მწერლის მამა-ბიძები იყვნენ. ამ ოჯახს „შრომა ექცია ღმერთადა და სასწაულადა და ნათესავთაგან, ვისაც შრომა ეზარებოდა, ვერც მიბედავდა იქ მისვლასა, შრომის დროს ვერა, დღესასწაულებს თუ იხელთებდა, მაშინაც ვერ გადარჩებოდა უსაყვედუროდა“. საბჭოთა რეჟიმი იტრიელებს სასტიკად გაუსწორდა.

„ბორიაყი“ 1924 წლის აგვისტოს ტრაგიკული ამბების მატიანეა. და დღეს, ამდენი ხნის შემდეგ, როცა თითქოს უკვე ვიცით თუ რა საფრთხე შეიძლება მოიტანოს კერძო საკუთრების წართმევამ, „განკულაკებამ“, ხალხის სახელით შეძლებული ადამიანების, მეწარმეების დევნა-შევიწროებამ, რეალობის მკაცრი სურათი იმაში გვარწმუნებს, რომ არაფერიც არ შეცვლილა – აზროვნების შეცვლა მხოლოდ ქრონოლოგიურ პრინციპზე არ ყოფილა დამოკიდებული. ამიტომაც დღესაც ბოლშევიკური თავგამოდებით იბრძვიან „სისტემის კაცები“ კერძო საკუთრების წინააღმდეგ, და მიზეზების წამოკრეფაც არ უჭირთ გზადაგზა – მერე რა, რომ ხშირად ეს მიზეზი ისეთივე გამოგონილი, შეთითხნილი და „ავადმყოფური გონებისგან გაზვიადებულია“, როგორც საბჭოთა ხელისუფლების სურვილი, დიდი ამბოხების მონაწილეებად და ხალხის მტრებად მიიჩნიოს კომპოზიტორ ნიკუშა ჩაჩანიძის რუკაზე დატანილი თავადაზნაურთა ოჯახები.

სისტემას ასე უნდა. ასე სჭირდება. და რადგან სისტემას ასე სჭირდება, მიზეზებიც მოიძებნება საიმისოდ, უფრო სწორად, წამოიკრიფება – როცა საჭიროა და რამდენიც საჭიროა. არადა, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ჩაგვძახიან და გვარწმუნებენ, სისტემური მარცხი იყო, სისტემა უნდა დაინგრესო.

ნიკოლოზ  ბარათაშვილი და არტურ რემბო

0

სათაური ორ ბუნებრივ შეკითხვას გააჩენს:

  1. რა საერთო შეიძლება ჰქონდეთ ბარათაშვილსა და არტურ რემბოს, ფრანგ სიმბოლისტსა და ქართველ რომანტიკოსს?
  2. რა საჭიროა ამგვარი პარალელი?

პირველ შეკითხვაზე ასე ვუპასუხებთ: ბარათაშვილსა და არტურ რემბოს შორის, ერთი შეხედვით, საერთო არაფერია, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. ჩვენი აზრით კი, საერთოა ის მეამბოხური სულისკვეთება, რომელიც ორივეს პოეზიის მთავარი მუხტია, უპირველესად, ბარათაშვილის „მერანში“ და არტურ რემბოს „მთვრალ ხომალდში“ გამჟღავნებული.

მეორე კითხვის პასუხი კი ასეთია: ამგვარი უჩვეულო პარალელი მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ბარათაშვილის პოეზიის ახალი კუთხით წასაკითხავად და, მეორე მხრივ, არტურ რემბოს ამ გზით გასაცნობად. ეს კი ხელს შეუწყობს მოსწავლის სააზროვნო სივრცის გაფართოებას და ნაცნობი თემების ახალ კონტექსტში ინტერპრეტაციის უნარის განვითარებას.

ბარათაშვილის ცხოვრებაში დროდადრო შემოჭრილი მინორულ-მელანქოლიური განწყობილება: „დავმორჩილდი ჩემს მკაცრ ბედსა“, ან „სულ  ამაოა ჩემთვის“, ან „სიცოცხლე მომძულებია ამდენის მარტოობით“, ან „ვინც მაღალი გრძნობის მქონი მეგონა, იგი ვნახე უგულო, ვისიც სული განვითარებული მეგონა, მას სული არა ჰქონია“… _ მთლიანად გადაილახება ბედთან წინააღმდეგობის მაჟორული სულისკვეთებით: „ხანდახან ჯავრით დავაპირებ ხოლმე მასთან შებმას. ან ჩემი ბედი და ან ჩემი სურვილის აღსრულება“.

ბედისგან გაქცევა  ერთიანად მსჭვალავდა არტურ რემბოს, „პატარა შექსპირის“ (ვიქტორ ჰიუგო) ცხოვრებასაც. ბავშვობიდანვე ეს მისი ყველაზე საყვარელი სერიოზული „თამაში“ იყო. თავისუფლებისკენ უკიდეგანო სწრაფვამ, რაც ვერანაირ ჩარჩოებსა და ზღუდეებს ვერ ითმენდა, იგი რეალურ თუ წარმოსახულ მარადიულ მოგზაურად აქცია. 19 წლისამ მიატოვა ყველაფერი და ევროპა დატოვა, „მთვრალი ხომალდივით“ გადაეშვა ცხოვრების ზღვაში. ტალღათა მიმოქცევამ ხან ეგვიპტის, ხან ამერიკის ნაპირებთან გარიყა. გულდასმით აკვირდებოდა უცხო ტომელებს, ხანდახან პარიზის გეოგრაფიულ საზოგადოებას მოხსენებებსაც კი უგზავნიდა. იგი ნამდვილი მეამბოხე იყო თავისი ბუნებით, პარიზის კომუნის დროს მსროლელთა შორის იბრძოდა. „ის იყო ანარქისტი თავისი ცხოვრებით და შემოქმედებით. მუდამ დაუდგომელი, მუდამ ბოჰემა, მუდამ მოუსვენარი“ (ვალერიან გაფრინდაშვილი). ველურთა შორის ცხოვრებამ, გამუდმებულმა ხეტიალმა ზღვითა თუ უდაბნოებით, მისი ჯანმრთელობა შეარყია. დასნეულებული დაბრუნდა ევროპაში. ჰოსპიტალში ფეხი მოსჭრეს, ამის შემდეგ მალევე გარდაიცვალა 37 წლისა.

არტურ რემბომ თავი მიანება პოეზიას, „მოკვდა“, როგორც პოეტი, მაგრამ პოეზიის რუკაზე დარჩა, როგორც ახალი გზის გამკვალავი და დაუმორჩილებელი მეამბოხე შემოქმედი. ბედისწერამ ბარათაშვილიცა და რემბოც დააკოჭლა, პირდაპირი გაგებით: ბარათაშვილმა ფეხი მოიტეხა გიმნაზიის კიბეზე, არტურ რემბოს ფეხი მოკვეთეს. სიმბოლურად კი, ორივე დაკოჭლებული  იყო ბიბლიური იაკობივით, რადგან ორივეს სჯეროდა, რომ  ღმერთთან მეტოქეობით ქმნიდა ახალ პოეტურ სამყაროებს.

ბარათაშვილის შემოქმედება არაერთგზის განუხილავთ მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტში. აქაც პირველი ილია ჭავჭავაძე იყო, რომელმაც ბარათაშვილი ხელახლა „აღმოაჩინა“. მან ქართველ  პოეტში „მსოფლიო სევდა“ დაინახა და დაუკავშირა ბაირონის, პუშკინის, ლერმონტოვის შემოქმედებას. შემდეგ სხვა მკვლევარებმა უფრო გააფართოვეს ეს საზღვრები და მისი მხატვრული აზროვნების ტიპოლოგიური მსგავსება შენიშნეს ედგარ პოსთან, ალფრედ მიუსესთან, ა. დე-ვინთან, ნოვალისთან… და ეს პროცესი არ დასრულდება, რადგან ბარათაშვილის შემოქმედებას აქვს მაგიური უნარი მარად თანამედროვეობისა.

არტურ რემბოსთან კი ამგვარი კავშირი პირველად ვალერიან გაფრინდაშვილმა შენიშნა, როდესაც დაწერა: „მთვრალი ხომალდი“ არტურ რემბოსი და „მერანი“ ბარათაშვილის არიან ერთი კატეგორიის ლექსები. აქ დიონისი დღესასწაულობს თავის გამარჯვებას „საღ გონებაზე“ და შეუჩერებლად მიექანება ნირვანისკენ“ (წერილში „ბარათაშვილი“). მან გააფართოვა ის ინტელექტუალური სივრცე, რომელშიც შეიძლება მკითხველს ბარათაშვილის შემოქმედება გაეაზრებინა. გაფრინდაშვილმა მას უწოდა „ქართული პოეზიის ჰამლეტი“, რომელიც „ქართული პოეზიის როდენმა“, ილია ჭავჭავაძემ აღმოაჩინა: „მისი ლექსები დანიის პრინცის მონოლოგებია და ის თვითონ ჰამლეტის ნიღაბში მღერის თავის ლექსებს და წარმოთქვამს სახელგანთქმულ „ყოფნა არყოფნას“. „ლექსში „ღამე ყაბახზე“ ბარათაშვილმა შექმნა პოეზია დენდიზმისა და ვერლენის აჩრდილების“. ამ პარალელს ილიაც ხედავდა, როდესაც წერდა: „ჰამლეტის „ვიყო თუ არ ვიყო“ განა სულის უბინაობისაგან არ არის ამოკვნესილი?“ („წერილები ქართულ ლიტერატურაზე“).  გაფრინდაშვილმა პოეტის მხატვრული სივრცის საზღვრები დაუახლოვა არა მხოლოდ  მსოფლიო პოეზიას, არამედ ფერწერასაც, მაგალითად, მისი აზრით „როგორც ალბრეხტ დიურერის რაინდი, ის პირველი და ერთადერთი რაინდია სევდისა, რომელიც არ უღალატებს ოცნებას და მოგონებას“. ან კიდევ: „პოეტი ვრუბელისებურ სერაფიმივით დგას მთაწმინდაზე და იქიდან გადაჰყურებს თავის სიცოცხლეს. კიდევ ერთი წუთი და იგი, როგორც ვრუბელის დემონი, გადავარდება ნაპრალში და დაიხრჩობა დაისის დამაბრმავებელ ალში“. „თუ ფრანგმა პოეტმა ლაფორგმა მიანდო თავისი გულის ჩივილები და საყვედურები პროვინციალურ მთვარეს, ბარათაშვილმა გაუზიარა თავისი ტანჯვა ერთ პირქუშ ვარსკვლავს, რომელიც დღემდე ანათებს ჩვენთვის და იწვის თავისი გაყინული სხივებით“.„არ არის სხვა დიალოგი უფრო საკვირველი თავისი ინტიმით, როგორც სიმბოლური დაიალოგი „მწირისა და სუმბულის“. ეს ორი ჭიანურის დუეტია, რომელნიც სტირიან წყდიადში და უპასუხებენ ერთმანეთს უფრო ნაზი ვედრებით, ვიდრე სიტყვები მეტერლინკის დებისა“.

ამგვარი ორიგინალური პარალელებით გამოირჩეოდა გურამ ასათიანი, რომელმაც ბარათაშვილსა და ჯაკომო ლეოპარდს შორის სულიერი ნათესაობა დაინახა: „იტალიელი პოეტის ეპისტოლარული მემეკვიდრეობა, ისევე, როგორც ბარათაშვილის პირადი წერილები, სავსეა დაობლებული, უთვისტომო სულის ჩივილით, მოქმედების ფართო სარბიელისა და სახელის მოპოვების სურვილით, რაც მარტოოდენ ჭაბუკურ პატივმოყვარეობას როდი ამჟღავნებს, მშობლიური გარემო  მასაც „გონებისა და გულისთვის უსარგებლო ქალაქად“ წარმოუდგება, ხოლო თანამემამულეთა მოქმედებაში უმთავრესად ზრახვის სიმდაბლესა და სულიერ უმწეობას ხედავს“, „ბარათაშვილისა და ლეოპარდის სულიერი ოდისეა თითქმის ერთნაირი გზით წარიმართა. მათი ხომალდის აფრებს ერთი ქარი სწეწდა… და მაინც  საბოლოოდ ისინი სრულიად სხვადასხვა ნაპირს მიადგნენ“.

თუ ბარათაშვილის სულიერ ნათესაობაზე ბევრს წერდნენ ბაირონთან, ლერმონტოვთან, მიცკევიჩთან, ედგარ ალან პოსთან და სხვა რომანტიკოსებთან, მისი დაკავშირება   მოდერნისტულ პოეზიასთან ერთგვარი სითამამეც იყო და წყურვილიც, მისი შემოქმედების „გათანამედროვებისა“.

„მთვრალი ხომალდის“ რამდენიმე ქართული თარგმანი არსებობს. ჩვენ დავიმოწმებთ ციტატებს პაოლო იაშვილის თარგმანიდან. პაოლო რემბოს „ლოთ ძმას“, „სიამაყით მთვრალ, დაწყევლილ ჭაბუკს“ უწოდებდა.

ელიოტის აზრით, „ახალი ნაწარმოები, იმავდროულად, გავლენას ახდენს ხელოვნების ყველა ადრინდელ ნიმუშზე: ახლის გამოჩენა (თუკი ეს ნამდვილი სიახლეა)  არღვევს მანამდე არსებულ იდეალურ წესრიგს…. დღევანდელობა ისეთსავე ზემოქმედებას ახდენს წარსულზე, როგორსაც წარსული დღევანდელობაზე“ („ტრადიცია და ინდივიდუალური ტალანტი“).

ასე ახდენს „გავლენას“ ბარათაშვილის „მერნის“ ჩვენეულ აღქმასა და ინტერპრეტაციაზე არტურ რემბოს „მთვრალი ხომალდი“. ორივე პოეტი  წერდა ტრადიციისა და თანამედროვეობის საოცარი შეგრძნებით: ისინი წერდნენ   არა მარტო როგორც თავიანთი დროის შვილები, არამედ  იმ ძალისხმევით, როგორც ელიოტი იტყოდა, თითქოს მთელი ევროპული ლიტერატურა, ჰომეროსიდან და შემდგომ, ერთდროულად არსებობდა მათს წარმოსახვაში.  მარადიულისა და დროებითის შერწყმა გამოარჩევს ორივე პოეტს.

არტურ რემბოს ლექსის ლირიკული გმირი „გაგიჟებული“ ხომალდია, რომელიც ოკეანეთა დაუსაზღვრავ სივრცეებში მიქრის, რათა თავი დააღწიოს ევროპის „შემოსაზღვრულ“ ნავსადგურებს:

„უძრავ სივრცეში ხეტიალას – მე მეცოდება.

ევროპა თავის შეღობილი ნავსადგურებით“ („მთვრალი ხომალდი“).

ბარათაშვილის მხედარიც „გიჟური“ ქროლით მიისწრაფვის, რომ თავი დაიხსნას ბედისწერის მიერ დასაზღვრული „ჩარჩოებიდან“ (სამშობლო, სატრფო, მეგობრები…), გააღწიოს იქ, სადაც „ზენაართ სამყოფი“ და  ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელი ერთგვარი  წმინდა თავისუფლებაა.

„მე ვაწყდებოდი, თქვენ ეს იცით, უღრან ფლორიდებს,

აფთრების თვალთა ფერებს ვრევდი ცისარტყელებში,

რომელნიც იყვნენ აღვირებად გადაჭიმული

ზღვების კიდიდან რუხ და მწვანე ფერის ჯოგებზე“ („მთვრალი ხომალდი“).

ორივე ლექსიდან მოიფრქვევა საოცარი მუხტი და ენერგია, რომელიც მკითხველს შეძრავს, გამოაღვიძებს და არჩევნის გაკეთებისკენ უბიძგებს:

„ო, დაილეწოს ჩემი ანზა, ჩავძირო ზღვაში!“ // „დაე მოვკვდე უპატრონოდ მისგან ოხერი“.

ამ არჩევანზე ფიქრისას კი წარმოჩნდება და იქმნება სამომავლო  ცხოვრებისეული პერსპექტივა. ამ დროს ადამიანი კარგავს  ყოველგვარ შიშს, უპირველესად კი, სიკვდილისას და  ფიქრით გადალახავს ადამიანური შესაძლებლობების საზღვრებს. ეს ედარება კათარზისს, როდესაც ტრანსფორმირებული სული ერთგვარი ექსტაზით შეერწყმის კოსმოსს  და ნეტარებს იმგვარად, რომლის გამოთქმაც „მოკვდავ ენას“ არ ძალუძს.

არტურ რემბოს ლექსის ლირიკული გმირის სურვილი _

„მე მსურს ვაჩვენო ბავშვებს ზღვათა მოვარაყება,

ოქროს თევზები, მომღერალი ოქროს თევზები…

მე გამგზავრებას მილოცავდნენ ყვავილთ ქაფები,

უცხო ქარები მამზადებდნენ მე გასაფრენად“.

_ ენათესავება ბარათაშვილის მხედრის რწმენას: „რომ ჩემ შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს“.

ამგვარი პარალელების დაძებნით მკითხველს  (მოსწავლეს, მასწავლებელს, პოეზიის მოყვარულს) ნაცნობ სამყაროში უცნობი სანახების აღმოჩენის სიხარული ელის.

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...