ორშაბათი, აგვისტო 4, 2025
4 აგვისტო, ორშაბათი, 2025

„ბიჭო ბიჭო“

0

ერთ ქალაქში ერთი შენობა იდგა. შენობაში რაღაცეები იყო განთავსებული, მათ შორის ერთი პატარა კლინიკა. უფრო სწორედ, თავად ფიქრობდნენ და ამბობდნენ კლინიკა ვართო. კლინიკაში ერთი ექიმი მუშაობდა. უფრო სწორედ, თავად ფიქრობდა და ამბობდა ექიმი ვარო. ამ ექიმს სტატიაში  „ბიჭო ბიჭო“-ს დავარქმევ. ჩემი აზრით, ეს სახელი მოუხდება.

ერთხელ „ბიჭო ბიჭო“-სთან დედა-შვილი მივიდა. დედა ავად იყო, შვილი გულშემატკივრობდა. ადრე ასე ხდებოდა, რომ შვილი ხან გაცივდებოდა, ხან მორიგ გრიპს შეიხვედრებდა და დედა გულშემატკივრობდა. დედა სიცხიანი იყო და სუსტად გრძნობდა თავს, ამიტომ მანამდე შვილმა ამ კლინიკაში დარეკა და სთხოვა, იქნებ „ბიჭო ბიჭო“ სახლში მოვიდესო. იუარეს, „ბიჭომ“ უცხოური აპარატურით უნდა გაგსინჯოთ და აქ არის დამონტაჟებულიო. „ბიჭოს“  ოთახში აპარატურა არ იდო, ან შეიძლება იდო კიდეც და სადმე კუთხეში იდგა, პაციენტების თვალს მოფარებული. „ბიჭომაც“ დიდი ხვეწნის შემდეგ, მხოლოდ ხელით გასინჯა პაციენტი. სავარაუდოდ სწორედ „ბიჭოს“ ხელი იყო უცხოეთში  ჩამოსხმული და შემდეგ მასზე დამონტაჟებული.

იმასაც დავწერ, რომ ამ კლინიკაში დაზღვევა არ მოქმედებდა და „ბიჭოს“ ნახვა არც თუ იაფი ღირდა.

„ბიჭომ“ პაციენტი გასინჯა და თავი გადაიქნია, შორს წასული პროცესიაო. ახლა ერთად სხვაგან მივდივართო და ოპერაციას ვაკეთებთო. შორს წასული პროცესი მართლაც იყო, ოღონდ „ბიჭოს“  შემოთავაზებაში, მაინც რაღაც უცნაურობები იკვეთებოდა. პირველი უცნაურობა ის იყო, რომ ოპერაცია იმ საღამოსვე უნდა გაკეთებულიყო, უფრო სწორედ, იმ ღამესვე (გვიანი იყო უკვე) და ასეთ დამძიმებულ სურათზე ანალიზების გარეშე ოპერაცია რანაირად ჩატარდებოდა? არადა, იმ შუაღამისას მეეჭვება მთელი გუნდი იქ  ყოფილიყო, სადაც „ბიჭოს“  თქმით ოპერაცია უნდა ყოფილიყო.  „ბიჭოს“ მიერ შემოთავაზებული ოპერაციის სხვა სავარაუდო  დრო, მეორე დღის დილის ექვსი საათი გახლდათ. აქაც იგივე შეკითხვა ჩნდებოდა, ვინ გააკეთებდა დილაუთენია ანალიზებს, ვინ გააკეთებდა გადასხმებს და საერთოდ ვინ მოამზადებდა პაციენტს ოპერაციისთვის? შვილს ეს შეკითხვები მაშინვე გაუჩნდა, მაგრამ აღარ  დასვა. რა აზრი ქონდა, ზუსტად გრძნობდა, რომ „ბიჭო ბიჭო“-სთან ერთად არსად წასვლა არ შეიძლებოდა.

თუმცა, საუბარი რატომღაც გრძელდებოდა…

და ჯერი ანესთეზიაზე მიდგა. „ბიჭო ბიჭო“-მ ორი ტიპის ანესთეზია შესთავაზად: სპინალური და ზოგადი. სპინალურზე იქვე გააფრთხილათ, რომ ტექნიკური პრობლემები შეიძლება ყოფილიყო. აი, ზოგადზე კი პაციენტს ქონდა ადრინდელი ცუდი გამოცდილება. წლების წინ, რაღაც პატარა ოპერაციულ ჩარევაზე დააძინეს და გამოღვიძება გაჭირდა ოდნავ. ჰოდა, კითხვაზე, ასეთი გამოცდილების ფონზე, ახლა დარწმუნებული ხართ გამაღვიძებთ თუ არაო, „ბიჭომ“, მხრები აიჩეჩა. მე რა ვიციო, ყოვლის შემძლე კი არ ვარო…ვერ გაიღვიძებ და მე რა უნდა ვქნაო?

„ბიჭო ბიჭო“…?  ვაჰ, ბიჭოს?…

 

კიდევ ისო, რომ მერე კიდევ ერთი ოპერაცია უნდა გავაკეთოო და მაქედან „ბუდე“ ამოვიღოო. შეკითხვაზე, რატომ არ შეიძლებოდა „ბუდის“ პირველივე ჯერზე ამოღება, „ბიჭომ“ რაღაც გაურკვეველი თეორიები მოიშველია. შვილს მაშინვე კითხვის დასმა მოუნდა, ე.წ. „ბარტყების“ შესახებ, რომლებიც ლოგიკურად „ბუდეში“ უნდა ყოფილიყვნენ და ალბათ მათ მოძებნას მესამე გაჭრა დასჭირდებოდა, მაგრამ თავი შეიკავა.

დედა-შვილი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ „ბიჭოსთან“ ოპერაცია არ შეიძლებოდა. წასვლისას უთხრეს, მოვიფიქრებთო.

ოპერაცია მეორე დღეს მართლაც შედგა, ოღონდ სულ სხვაგან. დიდ და ნათელ კლინიკაში, რომელიც მართლაც კლინიკა იყო. პაციენტი რამდენიმე ექიმმა ერთად გასინჯა (მართლაც ექიმებმა) და ოპერაციაც ერთად ჩაუტარეს. მანამდე ყველა საჭირო ანალიზი აიღეს, სათანადო გადასხმები გაუკეთეს და სპინალური  გაუტკივარებაც ყოველგვარი ტექნიკური პრობლემების გარეშე მოუგვარეს.

ჰო… აქ დაზღვევაც მოქმედებდა და პაციენტზე ზრუნვაც.

დიახ, ეს მართლაც კლინიკა და მართლაც ექიმები იყვნენ თავისი გუნდით.

კარგად გაკეთებული ოპერაცია ერთი საქმეა, მაგრამ კარგ ქირურგიულ ჩარევას შემდეგ კარგი მოვლაც სჭირდება. გაწერისას შვილს მოვლის წესების ერთი სავსე ფურცელი გადასცეს. პირველ ნომრად კალიუმის პერმანგანატის აბაზანებით ჭრილობის დამუშავება იყო.

მაშ ასე, დავიწყოთ… არა, აბაზანა კი არა, პერმანგანატზე საუბარი დავიწყოთ.

მედიცინაში, ვეტერინარიაში და ლაბორატორიებში იყენებენ. მართალია, ბოლო პერიოდია მის შეძენასთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული, მაგრამ პაციენტის შვილს  რამდენიმე გრამი ადრინდელი დროიდან ჰქონდა შემორჩენილი. შეზღუდვები კი იმიტომ არის დაწესებული, რომ უცნაური ხალხი, ვინც თავის ჯანმრთელობას არად დაგიდევს, მას ყოვლად უცნაურად იყენებენ (მოდი, არ დავმალოთ და ვთქვათ, რომ თავისი ჯანმრთელობისთვის ცუდი მიზნებისთვის იყენებენ).

ჯერ კიდევ ადრეულ წლებში, მაშინ ახლანდელი წამლების ნახევარზე მეტი გამოგონილიც არ იყო, ეს მარილი ერთ-ერთ ძირითად წამლად ითვლებოდა. პირველი მსოფლიო ომის დროს ინფექციების  დაუძინებელ მტრად იქცა. მანგანუმის ერთ-ერთი ნიშვნელოვანი ნაერთია. ბუნებაში მანგანუმი ძირითადად მინერალ პიროლუზიტის სახითაა გავრცელებული. ყურადღება მიაქციეთ, რას ვწერ- ძირითადად თქო. ეს კი ნიშნავს, რომ სხვა მინერალებშიც შედის, მაგრამ უფრო უმნიშვნელო რაოდენობით (განმარტება ე.წ. „ჩასაფრებული“ მკითხველებისთვის დავწერე, რომლებიც ალბათ არიან და ღმერთმა ამრავლოთ).

1774 წელს შვედმა ქიმიკოსმა კარლ შეელემ დაადგინა, რომ მინერალი პიროლუზიტი, აქამდე უცნობ მეტალს შეიცავდა. ამ მეტალს მოგვიანებით მანგანუმი უწოდეს. კარლ შეელე უბრალო აფთიაქარი იყო, მაგრამ თავისი ცოდნით იმ დროის ბევრ სწავლულს აღემატებოდა. სხვათა  შორის, შვიდი ქიმიური ელემენტი აღმოაჩინა: მანგანუმი, ჟანგბადი (ეს ელემენტი პრისტლიმაც აღმოაჩინა შეელესგან დამოუკიდებლად), ფთორი, ქლორი, მოლიბდენი, ვოლფრამი, ბარიუმი.

44 წლის გარდაიცვალა, მაშინ ქიმიკოსებს ერთი ცუდი ჩვევა ქონდათ, რასაც კი აღმოაჩენდნენ, ან რასთანაც მუშაობდნენ, ყველაფერს გემოს უსინჯავდნენ. შეელემ პირველმა გამოყო  კალიუმის პერმანგანატი.  პატარა ზომის მუქი იისფერი კრისტალებია. კარლ შეელემ მას მინერალური ქამელეონი დაარქვა. რატომ? ახლავე გავიგებთ.

მანგანუმის შემცველი ყველა მარილი მკვეთრადაა შეფერილი.  კოლბაში მცირე რაოდენობით წყალი ჩავასხათ და მასში პერმანგანატის რამდენიმე კრისტალი გავხსნათ, წყალი ღია ვარდისფრად შეიფერება. თუმცა, როდესაც ყველა კრისტალი გაიხსნება, ფერი უკვე იისფერს მიიღებს. პერმანგანატის მცირე რაოდენობა, რომ სინჯარაში ჩავყაროთ და სპირტქურის ალზე გავაცხელოთ, გამოიყოფა გაზი-ჟანგბადი. სინჯარაში რაღა დარჩება?  უნდა დარჩეს  შავი ფერის მანგანუმის დიოქსიდი და კალიუმის მანგანატი-K2MnO4. ეს უკანასკნელი მუქი მწვანე შეფერილობისაა. თუმცა, კალიუმის პერმანგანატის დაშლის შემდეგ მიღებულ ფხვნილს, სადაც ერთად არის მანგანუმის დიოქსიდი და მწვანე ფერის კალიუმის მანგანატი, წყალი რომ დავასხათ, ჯერ მწვანე შეფერილობა გაიელვებს, რომელიც დიოქსიდის გამო სიშავეში გადადის და ბოლოს ისევ კალიუმის პერმანგანატისთვის დამახასიათებელი იისფერი მიიღება. რატომ? იმიტომ, რომ მანგანატისგან კვლავ პერმანგანატი წარმოიქმნება. ესეც ჩვენი მინერალური ქამელეონი.

მანგანუმი დიდი რაოდენობით გამოიყენება მეტალურგიაში. ფოლადს, რომ მანგანუმი დაუმატოთ, მისი მდგრადობა საოცრად გაიზრდება.

მანგანუმის დიოქსიდზე საინტერესო ამბავი მაქვს. ორ ქიმიკოსს დაავალეს, წყალბადის პეროქსიდი იმ ორ ჭურჭელში ჩაასხით, ხვალ  დამკვეთს უნდა  გაუგზავნოთო. ერთი მათგანი ცოტა ხნით ადრე ლაბორატორიაში მანგანუმის დიოქსიდთან მუშაობდა, ჰოდა ეტყობა მისი ნაწილაკები ხალათზე აეკრა. თან პეროქსიდს ჭურჭელში ასხამდა, თან მეგობარს ესაუბრებოდა, ეტყობა საუბრის დროს ხელებსაც ძალუმად იშველიებდა და ხალათიდან დიოქსიდის ნარჩენები შეუმჩნევლად პეროქსიდიან ჭურჭელში ჩაეყარა. დილით აღმოჩნდა, რომ მთელი ეს პეროქსიდი წყლად იქცა.

რა მოხდა?

წყალბადის პეროქსიდი დაიშალა, გამოიყო ჟანგბადი და წყალი წარმოიქმნა. მანგანუმის დიოქსიდი კი ამ რეაქციის კატალიზატორია. აქვე ლინკს დავდებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადრინდელი სამეცნიერო პიკნიკიდან, სადაც ამ ცდას ვატარებ. სტუდენტის გადაღებულია და ფირი სამოყვარულო დონის არის.

https://www.youtube.com/watch?v=zRYBeejjNH8

მანგანუმის დიოქსიდი, როგორც მჟანგავი, გამოიყენება ტექნიკასა და ლაბორატორიულ პრაქტიკაში. მინის წარმოებაში იყენებენ, როგორც გამაუფერულებელს, გამოიყენება აგრეთვე ასანთის წარმოებაში.

პერმანგანატზე ათასგვარი საინტერესო და სანახაობითი ცდის მსვლელობა შემიძლია ჩაგაწერინოთ, მაგრამ შეგნებულად არ დავწერ. შეზღუდულია მისი შეძენა და ამიტომ ჩვენც წესებს დავემორჩილოთ.    თუ სადმე რამდენიმე კრისტალი მაინც გაქვთ შემორჩენილი,  წმინდა სამედიცინო მიზნებისთვის, ანუ დეზინფექციისთვის გადაინახეთ. მე გულწრფელად გისურვებთ, რომ არასდროს დაგჭირდეთ.

გახსოვთ ხომ, საერთოდ რატომ დავიწყე კალიუმის პერმანგანატზე საუბარი? ექიმმა პაციენტს ოპერაციის შემდგომ ჭრილობის დამუშავება ამ მარილის ძალიან განზავებული ხსნარით ურჩია.

ჭრილობა  ნელ-ნელა შუშდება, ერთ დღესაც აღარ იქნება. მერე დრო გავა და პაციენტსაც დაავიწყდება და მის შვილსაც.

აი,  ექიმებმა კი, ნეტავ,  არ დაივიწყონ, რომ  ცხოვრებაში უზარმაზარი მისია აირჩიეს-ადამიანების მკურნალობა და მათზე ზრუნვა.

კიდევ იცით რა მინდა დავწერო? ნეტავ, ყველა ექიმს გულწრფელად უნდოდეს პაციენტის მშვიდობიანი გამოღვიძება და ამაზე ზრუნავდეს.

ისე იქცეოდეს,  როგორც  იქ ხდება… დიდ და ნათელ კლინიკაში, რომელიც მართლაც კლინიკაა… იქ მომუშავე ექიმები კი, მართლაც ექიმები არიან…

 

ინდუიზმი

0

ინდუიზმი ინდოეთის უძველესი ეროვნული რელიგიაა. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მისი ფესვები ჯერ კიდევ ჰარაპულ (დრავიდების)[1] ცივილიზაციაში უნდა ვეძებოთ, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ის უძველესია მსოფლიოს რელიგიებს შორის.

დღეს ინდოეთში მოსახლეობის 90% ინდუისტია. ამ რელიგიას აღიარებენ ნეპალში, ნაწილობრივ – ბანგლადეშში და კუნძულ ბალიზე, ასევე – კუნძულ შრი-ლანკაზე, პაკისტანში, მალაიზიაში, სინგაპურში, მავრიკიაში, ფიჯიზე და სხვა. მისი მიმდევრები გვხვდებიან როგორც ამერიკაში, ისე ევროპაშიც. ამრიგად, შეიძლება დავასკვნათ, რომ მიმდევართა რაოდენობის მხრივ ინდუიზმი ქრისტიანობისა და ისლამის შემდეგ მესამე რელიგიაა.

სიტყვა „ინდუიზმი“ გულისხმობს მთელ კომპლექსს რელიგიურ-ფილოსოფიური სისტემებისა, რომლებიც საფუძვლად დაედო ამ რელიგიის მიმდევართა ცხოვრების წესსა და პრინციპებს, ეთიკურ ნორმებს, რელიგიურ წეს-ჩვეულებებსა და საკულტო სისტემას.

მრავალი სხვა რელიგიისგან განსხვავებით, ინდუიზმს არ ჰყავს დამაარსებელი, ამიტომ ერთიანი რელიგიური და დოქტრინული სისტემა არ გააჩნია. ის წარმოადგენს სხვადასხვა რელიგიური ტრადიციისა და ფილოსოფიური მსოფლმხედველობის სინთეზს, რომელშიც გადაიკვეთება მონოთეიზმი, პოლითეიზმი და პანთეიზმი.

ტერმინი „ინდუიზმი“ სიტყვა „ჰინდუსგან“ წარმოიშვა. ასე მოიხსენიებდნენ ძველი ირანელები იმ ხალხს, რომელიც მდინარე ინდის აღმოსავლეთით ცხოვრობდა. სწორედ ამ გზით დამკვიდრდა ევროპულ ენებში „ინდოელიც“ („ინდუსი“) და „ინდუიზმიც“. საკუთრივ სანსკრიტზე[2] ინდუიზმს „სანატანა-დჰარმა“ ჰქვია, რაც „მარადიულ რწმენას“, „მარადიულ გზას“, „მარადიულ კანონს“ ნიშნავს.

ინდუიზმს განვითარების ხანგრძლივი ისტორია აქვს, რომელიც რამდენიმე ათასწლეულს ითვლის. მის პირველ ეტაპად შეიძლება ჩავთვალოთ ვედური რელიგია, რომელიც საბოლოოდ ძვ. წ. II ათასწლეულში ჩამოყალიბდა.

ამ რელიგიაში ცენტრალური ადგილი მსხვერპლშეწირვას უკავია. თვით ღმერთებიც კი მსხვერპლთან შედარებით მეორე პლანზე გადაინაცვლებენ, რადგან ძალასა და ძლევამოსილებას ღვთაებებს სწორედ მსხვერპლი ანიჭებს. მსხვერპლის შეწირვის შემდეგ ადამიანს უფლება აქვს, თხოვნის შესრულება მოითხოვოს. საინტერესოა, რომ მადლიერების გამომხატველი სიტყვები ლოცვებშიც კი არ გვხვდება.

ძვ. წ. I ათასწლეულში მთავრდება ინდური სახელმწიფოსა და საზოგადოების სტრუქტურის ჩამოყალიბება. იწყება ინდუიზმის განვითარების მეორე ეტაპი, რომელიც ბრაჰმანიზმის სახელითაა ცნობილი. ამ რელიგიის უმაღლეს ღვთაებად ბრაჰმა გვევლინება.

ადრეულ პერიოდში ბრაჰმანიზმის საფუძველი ისევ მსხვერპლშეწირვის კულტია, თუმცა მასში ნელ-ნელა იკიდებს ფეხს სანსარას, კარმასა და მოკშას იდეები, რომლებზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ. ამ იდეების დასაბუთებას ვპოულობთ „უპანიშადებში“, რომლებიც ვედების კომენტარებს მოიცავს და ამ ეპოქის მთავარ რელიგიურ-ფილოსოფიურ კრებულს წარმოადგენს.

ამავე პერიოდში იქმნება ე.წ. „მანუს კანონები“ („მანავადჰარმაშასტრა“), რომლებიც განსაზღვრავდა თითოეული ინდივიდის ცხოვრების წესს, საზოგადოებრივ წესრიგს და რელიგიური რიტუალების შესრულების ნორმებს. ამ კანონებს უწოდებდნენ დჰარმას, რაც ინდურად „კანონს“, „ვალდებულებას“ ნიშნავს.

სწორედ „მანუს კანონებმა“ დაყო ინდური საზოგადოება ოთხ ვარნად (პორტ. კასტა), რომლის მიხედვითაც ყველაზე მაღალი და პატივსაცემი სასულიერო პირების – ბრაჰმანების ვარნა იყო. მეორე, ასევე მაღალ ვარნას წარმოადგენდა ქშატრიები – მეომრები. სწორედ მათგან შედგებოდა ინდური არისტოკრატია. გლეხები, ხელოსნები და ვაჭრები ერთიანდებოდნენ მესამე ვარნაში, რომელსაც ვაიშიები ეწოდებოდა. უმდაბლეს ვარნას მიეკუთვნებოდნენ შუდრები, რაც „მსახურებს“ ან „მონებს“ ნიშნავს. განსაკუთრებულ კატეგორიას წარმოადგენდნენ „მიუკარებლები“, რომლებიც საზოგადოების ყველაზე უუფლებო წევრები იყვნენ და არც ერთ ვარნაში არ ერთიანდებოდნენ. ურთიერთობა ვარნებს შორის „სამი აკრძალვით“ რეგულირდებოდა: არ შეიძლებოდა ერთობლივი ტრაპეზი, ერთობლივი ლოცვა და ერთობლივი ქორწინება.

ძვ. წ. VI-V საუკუნეებში ბუდიზმისა და ჯაინიზმის გავრცელებას ბრაჰმანიზმის დაღმასვლა მოჰყვა. კრიზისის გადასალახავად დაიწყო ახალი გზების ძიება და ბრაჰმანიზმის რეფორმირება. დადგა ამ მოძღვრების განვითარების უკანასკნელი ეტაპი, რომელსაც პირობითად ინდუიზმს უწოდებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ გაკვრით უკვე შევეხეთ ინდუისტურ ლიტერატურას, საჭიროდ მიგვაჩნია, უფრო დაწვრილებით შევჩერდეთ ამ საკითხზე.

ვედიზმის ძირითადი პრინციპები წარმოდგენილია „ვედებში“, რომლებიც მსოფლიოს უძველესი წერილობითი რელიგიური ძეგლებია და რომელთა უმრავლესობა ინდოელებს წმინდა წიგნებად მიაჩნიათ. „ვედები“ ოთხ ნაწილად იყოფა: „რიგვედა“ – უძველესი ჰიმნების კრებული, რომელიც სამყაროს გაჩენისა და ღმერთების შესახებ მოგვითხრობს, „სამავედა“ და „იაჯურვედა“ – ლოცვებისა და რიტუალების კრებულები – და „ათჰარვავედა“, რომელშიც თავმოყრილია მაგიური შელოცვები და საგალობლები.

„ვედებში“ ნახსენებია ათეულობით ღვთაება, მაგრამ განსაკუთრებული ადგილი ინდრას – ელვისა და მეხის ღმერთს – უკავია. ვედური ღმერთები ორ კატეგორიად – დევებად და ასურებად – იყოფიან. საწყის ეტაპზე მათ შორის განსხვავება არ არის საგრძნობი, მაგრამ მოყვიანებით „ათჰარვავედაში“ ასურებად მოიაზრებიან მხოლოდ ბოროტი დემონები, რომლებთანაც განუწყვეტელი ბრძოლა აქვთ დევებს. ამ ბრძოლას სათავეში უდგას ინდრა, რომელიც სიკეთისა და სინათლის ძალებს განასახიერებს. ტრადიციის თანახმად, „ვედების სიბრძნე“ თვით ღმერთ ბრაჰმასგან მომდინარეობს.

მოგვიანებით, ძვ. წ. VIII-VI საუკუნეებში, შეიქმნა „ბრაჰმანები“ – ტექსტები, რომლებიც ვედების კომენტარებს წარმოადგენს და „არანიაკები“ – „ტყის წიგნები“, რომლებიც ინდუისტი განდეგილებისთვის არის განკუთვნილი. „ბრაჰმანებში“ გადმოცემულია როგორც ვედების ფილოსოფიური ინტერპრეტაცია, ისე რიტუალების მისტიკური და სიმბოლური არსიც. „არანიაკებში“ აღწერილია მსხვერპლშეწირვის სულიერი, „შინაგანი“ პრაქტიკა, სხვადასხვა რიტუალი ინტერპრეტაციითურთ და კოსმოგონიური ხასიათის სიუჟეტები.

„ვედების“ შემდეგ ინდუიზმის ყველაზე მნიშვნელოვან ძეგლად შეიძლება ჩაითვალოს „უპანიშადები“. ეს კრებული დიდი ხნის განმავლობაში იქმნებოდა. მისი ავტორები უცნობია. „უპანიშადები“ სიტყვასიტყვით ნიშნავს „ფეხთით მჯდომს“ და გამოხატავს განსაკუთრებულ ურთიერთობას გურუსა (სანსკ. მასწავლებელი, მოძღვარი) და მის მოწაფეს შორის. ინდოეთში ყოველთვის მიაჩნდათ, რომ ჭეშმარიტი ცოდნის გადაცემა მისტიკური პროცესია და წარმოუდგენელია დამრიგებელთან პირადი კონტაქტის გარეშე. წმინდა წიგნების შესწავლა აუცილებლად გულისხმობდა მასწავლებლისა და მოსწავლის უშუალო ურთიერთობას. უპანიშადების ძირითადი დანიშნულებაა ვედების ფილოსოფიური და მისტიკური გააზრება. ის დიალოგის ფორმითაა გადმოცემული და როგორც ინდუისტური რელიგიური ძეგლების უმრავლესობა, ძველ სანსკრიტზეა დაწერილი. დღემდე შემორჩენილია 200-მდე უპანიშადი.

გარდა წმინდა რელიგიური წიგნებისა, ინდუიზმი აერთიანებს ისეთ ეპიკურ ქმნილებებსაც, როგორებიცაა „მაჰაბჰარატა“ (ხანდახან მას მეხუთე ვედასაც უწოდებენ) და „რამაიანა“. ამ ნაწარმოებებს ინდოელები წმინდა წიგნებად მიიჩნევენ. თითოეულ მათგანს ძველი ინდოეთის ცხოვრების ენციკლოპედია შეიძლება ვუწოდოთ. „მაჰაბჰარატაში“ ამბის თხრობას ხშირად ენაცვლება რელიგიურ-ფილოსოფიურ და ეთიკურ ნორმებზე მსჯელობა და როგორც ორთოდოქსული, ასევე არაორთოდოქსული სკოლების აღწერა. ამ ნაწარმოების მთავარი სიუჟეტური ხაზია ბრძოლა ორ სამეფო გვარს – პანდავებსა და კაურავებს – შორის. მისი მთავარი იდეაა შერყეული დჰარმის (სანსკ. წმინდა კანონი) აღდგენა, რომლის ინიციატორადაც ძლევამოსილი ღმერთი ვიშნუ გვევლინება. დჰარმას პანდავები განასახიერებენ, ხოლო ადჰარმას (სანსკ. დანაშაული, სიცრუე, ქაოსი) – კაურავები. მრავალწლიანი ომის შემდეგ ღვთიური ძალების დახმარებით იმარჯვებენ პანდავები. გადამწყვეტი ბრძოლის წინ სარდალი არჯუნა, პანდავების ერთ-ერთი ძმა, თავის მფარველ კრიშნას ესაუბრება. ეს საუბარი გადმოცემულია „ბჰაგავატგიტაში“ („ღმერთის სიმღერა“), რომელიც „მაჰაბჰარატას“ მე-6 წიგნს წარმოადგენს. „ბჰაგავატგიტას“ მიხედვით, გადამწყვეტი ბრძოლის წინ არჯუნა ორმაგმა გრძნობამ შეიპყრო. ერთი მხრივ, მას უნდა მოეხადა რაინდის ვალი და გასძღოლოდა ჯარს, მეორე მხრივ კი არ სურდა დაეღვარა ყოფილი მეგობრების სისხლი. არჯუნა მზად იყო ომის შესაწყვეტად, მაგრამ კრიშნამ დაარწმუნა, იარაღი აეღო ხელში და გადამწყვეტი გამარჯვება მოეპოვებინა.

მეორე პოემა, „რამაიანა“, რომლის ავტორად პოეტი ვალმიკი ითვლება, ერთიანი, დასრულებული ნაწარმოებია. ის მოგვითხრობს მეფე დაშარათჰის უფროსი შვილის რამას დრამატულ ისტორიას. მეფის ერთ-ერთი ცოლის სიძულვილი რამას აიძულებს, უმცროს ძმასა და მოსიყვარულე მეუღლე სიტასთან ერთად დატოვოს მშობლიური სასახლე და ტყეს შეაფაროს თავი. დემონების მეფე, ბოროტი რავანა, იტაცებს მზეთუნახავ სიტას. გამძვინვარებული რამა სამხედრო კავშირს ამყარებს ღვთაებრივ მაიმუნ ხანუმანთან, კლავს რავანას, იბრუნებს მეუღლეს და დედაქალაქში დაბრუნების შემდეგ მეფე ხდება.

ინდუისტური რელიგიური ტექსტების კიდევ ერთი კრებული, „პურანები“, უმთავრესად ვედების შემდგომ პერიოდს მიეკუთვნება. მასში მოთხრობილია სამყაროს ისტორია მისი გაჩენიდან განადგურებამდე, ასევე – მეფეთა წარმომავლობა, გმირებისა და დევების ისტორიები. „პურანებში“ შედარებით მარტივი და გასაგებ ენითაა გადმოცემული ინდუისტური ფილოსოფია. დღეს სანსკრიტზე შექმნილი ეს კრებული მრავალ ადგილობრივ ენაზეა თარგმნილი, რათა მრევლისთვის გასაგები გახდეს მისი შინაარსი.

ინდუისტური რელიგიური ლიტერატურა ვრცელი და მრავალფეროვანია, ამიტომ ამ ძირითად თხზულებებს დავჯერდეთ.

ინდუიზმი სამყაროს წარმოშობისა და მოწყობის სხვადასხვა ვერსიას გვთავაზობს. როგორც ზემოთ ვთქვით, ეს იმითაა გამოწვეული, რომ ამ რელიგიას არ გააჩნია ერთიანი, მწყობრი სისტემა. მიუხედავად ამისა, ინდუისტების უმრავლესობა აღიარებს, რომ ღმერთმა, დემიურგმა[3] ბრაჰმამ, სამყარო პირველადი მატერიის მეშვეობით შექმნა. მას კვერცხის ფორმა აქვს და 14 ნაწილად იყოფა. დედამიწა ერთ-ერთი ამ ნაწილთაგანია. სამყაროში, ინდუისტთა აზრით, დრო ციკლურია. ნებისმიერი მოვლენა ოდესღაც უკვე მოხდა და მომავალშიც განმეორდება. კოსმიური დროის უმცირესი მონაკვეთია იუგა. ოთხი იუგა ქმნის ერთ მაჰაიუგას, რომელიც 4,32 მილიონ წელს გრძელდება. ამჟამად ვიმყოფებით მაჰაიუგას უკანასკნელ იუგაში – კალი იუგაში, რომლის უკანასკნელი ეტაპი სოციალური და ბუნებრივი კატასტროფებით, ზნეობრივი დაცემით, საზოგადოებრივი კლასების აღრევითა და რელიგიისა და ღმერთების უარყოფით დასრულდება. ამის შემდეგ დაიწყება ახალი ციკლი.

ათასი მაჰაიუგა ქმნის ერთ კალპას, რომელიც ღვთაება ბრაჰმას ცხოვრების ერთ დღეს წარმოადგენს და გრძელდება 4,32 მილიარდ წელს. ყოველი ასეთი დღის ბოლოს სამყაროს შთანთქავს უნივერსალური სული და ბრაჰმას „ღამის“ განმავლობაში, რომელიც ასევე ერთი კალპას განმავლობაში გასტანს, მატერია მხოლოდ პოტენციურად იარსებებს. ახალი კალპას დასაწყისში ბრაჰმა აღდგება ლოტოსიდან, რომელიც ღვთაება ვიშნუს ჭიპიდან ამოიზრდება და სამყარო ხელახლა დაიწყებს არსებობას.

მთელ ამ მარად ცვალებად და განახლებად სამყაროში მხოლოდ ერთი რამ არის უცვლელი და მარადიული: უნივესალური სული, რომელსაც ბრაჰმანი ეწოდება. ყველაფერი დანარჩენი მის ემანაციას[4] წარმოადგენს. ბრაჰმანი არის აბსოლუტი, ერთი, მთლიანი და დაუნაწევრებელი, რომელიც არ განიცდის ცვლილებებს. ის უპიროვნო და უსქესოა და სიკეთისა და ბოროტების მიღმა დგას.

ინდუიზმის მიხედვით, ღვთაებრიობა ბრაჰმანის უნივერსალური სულის გაგრძლებას წარმოადგენს. როგორც ბრაჰმანი, ისიც უსაზღვროა, მთელ სამყაროშია განფენილი და მრავალი ფორმით წარმოჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ ინდუისტურ რელიგიაში მრავალი ღმერთია, ისინი ერთიანნი არიან ბრაჰმანში და ერთიან ღვთაებრივ არსს წარმოადგენენ.

ინდუისტური სწავლებისთვის დამახასიათებელია სამების (სანს. ტრიმურტი) ღვთაებრივი აბსოლუტის ცნება, რომელიც სამ იპოსტასს[5] აერთიანებს: ბრაჰმას, ვიშნუს და შივას. ისინი ერთმანეთისგან მხოლოდ სამყაროს მიმართ მოქმედებითა და დამოკიდებულებით განსხვავდებიან. ბრაჰმა შემოქმედებითი საწყისია, სამყაროს შემოქმედი, ვიშნუ კოსმოსის მცველია, ხოლო შივა განადგურებისა და ნგრევის ღვთაებაა.

ბრაჰმანის კულტმა ინდოეთში დიდი პოპულარობა ვერ მოიპოვა, რაც შესაძლოა იმით იყოს განპირობებული, რომ ის მეტად ზოგადი და აბსტრაქტულია, სამაგიეროდ, ძალზე პოპულარულია ვიშნუსა და შივას თაყვანისცემა. ამიტომ ჩამოყალიბდა ორი მიმდინარეობა, რომლებსაც ვიშნუიზმი და შივაიზმი ეწოდება.

ვედურ ეპოქაში შივას ძალიან იშვიათად მოიხსენიებდნენ. მისი კულტის აღზევებას „მაჰაბჰარატას“ უნდა ვუმადლოდეთ. ამ ნაწარმოებში მოთხრობილია, როგორ მოიპოვა შივამ ბრძოლით ღირსული ადგილი ღმერთების დასში. მოგვიანებით ის ღვთაებრივი ძლევამოსილების და, იმავდროულად, სისასტიკის სიმბოლოდ აღიარეს. როგორც სამყაროს გამანადგურებელი, იკონოგრაფიაში შივას საშინელი გარეგნობის პატრონად წარმოსახავენ: კანი ლურჯი აქვს, ტანზე გველები ახვევია, ხოლო ყელს ადამიანის თავის ქალებისგან ასხმული ყელსაბამი უმშვენებს. ამასთანავე, შივას შემოქმედსაც უწოდებენ, რადგან, ინდუიზმის მიხედვით, განადგურება ახლის დაბადების საწყისი აქტია. ეს ღვთება წარმოადგენს ეროსისა და სიკვდილის ერთიანობას. განსაკუთრებით საინტერესოა შივას ქალური საწყისის, შაქტის სახე. ის გვევლინება არა მარტო ნაყოფიერების სათნო ქალღმერთ პარვატიდ ან განთიადის ღვთაება უშად, არამედ საკუთარი შვილების შთამნთქმელ კალიდაც. შივა-შაქტის ამგვარი გაორება შეიძლება ავხსნათ იმით, რომ ინდუიზმი ერთმანეთისგან არ მიჯნავს ბუნებასა და ღმერთს. როგორც ბუნებრივ სტიქიებს არ გააჩნიათ ცოდვა და სათნოება, ასევე შივა-შაქტიც ეთიკის მიღმა დგას.

სხვაგვარადაა საქმე ღმერთ ვიშნუსთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ისიც ძველ ღვთაებებს მიეკუთვნება, ვედებში ნაკლებად მოიხსენიება. როგორც ჩანს, თავდაპირველად ვიშნუ ჩრდილოინდური ტომების მზის ღმერთი იყო. ინდუიზმში ის სიკეთესა და თანაგრძნობას განასახიერებს, ეხმარება ადამიანს და იფარავს მას ბოროტებისგან. მისი კულტი თავისუფალია უკიდურესი ასკეტიზმისგან, რომელიც შივაიზმისთვის არის დამახასიათებელი. ვიშნუ სხვადასხვაგვარად გარდასახული ევლინება დედამიწას, რათა ადამიანებს აჩვენოს სრულყოფილი ცხოვრების მაგალითები და იხსნას რწმენა დაცემისგან. ამ გარდასახვებს ავატარები ეწოდება. ცნობილია ვიშნუს ცხრა ავატარა, რომელთაგან მეშვიდეა რამა – „რამაიანას“ გმირი, მერვე – კრიშნა, ხოლო მეცხრე – ბუდა. ზოგი მეცნიერის აზრით, სწორედ ვიშნუსა და მისი ავატარების შესახებ არსებულმა მითებმა აამაღლა ადამიანების თვალში ინდუიზმი და გადაალახვინა მათ კრიზისი, რომელსაც ეს რელიგია ძვ. წ. I ათასწლეულის დამლევს, ბუდიზმსა და ჯაინიზმთან ჭიდილში განიცდიდა.

ინდუისტურ რელიგიაში არიან ღმერთები, რომელთაც განსაკუთრებულ შემთხვევებში და განსაკუთრებული მიზნების მისაღწევად ეთაყვანებიან. ყველაზე პოპულარულია განეშა, შივას სპილოსთავიანი შვილი, რომლის გულის მოგება აუცილებელია ყოველგვარი საქმის დაწყებისას. თაყვანისცემის ობიექტია ხანუმანა – მაიმუნისთავიანი არსებაც. მიუხედავად იმისა, რომ ბრაჰმას თაყვანისმცემელი, როგორც უკვე ვთქვით, ცოტა ჰყავს, ძალიან პოპულარულია მისი მეუღლის – სარასვატის კულტი, რომელიც მუსიკას, ცოდნასა და ხელოვნებას განასახიერებს. არსებობს უამრავი მეორეხარისხოვანი ღმერთიც, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივ კულტს წარმოადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ ინდუიზმში უამრავი სექტა და მიმდინარეობაა, არსებობს ეთიკური პოსტულატები, რომლებიც ყველა ინდუისტისთვის მისაღებია. ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანია დჰარმას პრინციპი.

რა არის დჰარმა? ინდუიზმის ფილოსოფიის მთავარი იდეა ის არის, რომ სამყაროში საგნები და მოვლენები არ წარმოადგენს შემთხვევით და ქაოსურ ნაკრებს. კოსმოსი ერთი მთლიანობაა, რომელიც განსაზღვრულ წესრიგს ემორჩილება. სწორედ ამ საყოველთაო და მარადიულ წესრიგს, რომელიც სამყაროს ერთიანობას უნარჩუნებს, ეწოდება დჰარმა. დჰარმა შეიძლება აღვწეროთ როგორც ნორმებისა და წესების ერთობლიობა, რომელიც კოსმოსური წესრიგს უზრუნველყოფს. კონტექსტიდან გამომდინარე, მას შეიძლება სხვადასხვა მნიშვნელობა ჰქონდეს: „ზნეობრივი ბურჯი“, „რელიგიური მოვალეობა“, „ყოფიერების უნივერსალური კანონი“ და სხვა. დჰარმა მარადიული და უცვლელია. მის გარეშე სამყარო ვერ იარსებებდა. ამავე დროს, ის კონკრეტულია. ყველაფერს, უსულოსაც და სულიერსაც, საკუთარი დჰარმა აქვს. მაგალითად, ოქროს დჰარმაა ყვითელი ფერი და ბზინვარება, ვეფხვის დჰარმა მრისხანებითაა და ხორცისმჭამელობით იჩენს თავს. ადამიანთა დჰარმა კი გულისხმობს ღვთისმსახურებისა და წმინდა წიგნების პატივისცემას, სათნოებას, რელიგიური რიტუალების აღსრულებას, ღმერთების თაყვანისცემას და სხვა. საზოგადოებრივი მდგომარეობიდან და კასტობრივი კუთვნილებიდან გამომდინარე, ყოველი მორწმუნე ვალდებულია, ამ კატეგორიისთვის განკუთვნილი დჰარმა დაიცვას. კაცებს, ქალებს, მოხუცებს, ახალგაზრდებს, მმართველებსა და ქვეშევრდომებს სხვადასხვა დჰარმა აქვთ. ბჰაგავატგიტას მიხედვით, „ჯობს, ცუდად აღასრულო საკუთარი დჰარმა, ვიდრე სხვისი – კარგად“.

ინდუიზმის მეორე ძირითადი პოსტულატია სანსარა (დასავლურ მეცნიერებაში მას რეინკარნაციას უწოდებენ). მეცნიერთა აზრით სანსარა უნდა მომდინარეობდეს იმ იდეისგან, რომელსაც სიცოცხლის მარადიული წრებრუნვა ჰქვია. ინდუიზმში ადამიანის სულიერი და მატერიალური საწყისების განცალკევებამ ამ კანონზომიერ წრებრუნვას სულთა გადასახლების ფორმა შესძინა. ასე ჩაეყარა საფუძველი კონცეფციას, რომელსაც სულთა გარდასახვა ეწოდება. ამ კონცეფციის არსი ის არის, რომ სიკვდილი არც დასასრულია და არც მარადიული ნეტარება; ის მხოლოდ არსებობის დროებითი წყვეტაა, რომლის შემდეგაც, ადრე თუ გვიან, ახალი სიცოცხლე იწყება. მარტივად რომ ვთქვათ, გარდაცვლილი სხეულიდან სული სხვა სხეულში გადაინაცვლებს. სახელდობრ რომელ მატერიალურ ფორმას მიიღებს ის, აღწერილია კონცეფციაში, რომელსაც უპანიშადები გვაწვდიან.

ამ კონცეფციის თანახმად, ყოველი ადამიანის ბოროტი და კეთილი საქმეები განსაზღვრავს მომავალი დაბადების ფორმას. კარგი კარმა ბედნიერი დაბადების გარანტიაა – მომავალ ცხოვრებაში ადამიანი ერთი საფეხურით მაღლა (ზედა ვარნაში) ადის, საშუალო მას იმავე მდგომარეობაში აყენებს, რომელშიც წინა ცხოვრებაში იყო, ცუდი კარმის მქონე ადამიანი კი მომავალ ცხოვრებაში ან დაბალ საფეხურზე (ქვედა ვარნაში) ჩადის, ან საერთოდ ცხოველად ევლინება ქვეყნიერებას.

კარმის იდეა კარგად ხსნიდა სიკეთისა და ბოროტების პრობლემას – ყველაფერი დამოკიდებული იყო თავად პიროვნებაზე. ადამიანს თავისი ტანჯვის მიზეზი იმაში უნდა ეძებნა, როგორ გაატარა წინა ცხოვრება – რასაც დაიმსახურებდა, იმას მიიღებდა.

კარმის ფილოსოფია ინდოელებისთვის ძლიერი ფსიქოლოგიური რეგულატორი აღმოჩნდა როგორც ინდივიდუალურ, ისე სოციალურ დონეზეც. ეს იყო მძლავრი სტიმული, რომელიც კარნახობდა მორწმუნეებს მაღალი ეთიკური სტანდარტების დაცვას, ყველა ცოცხალი არსებისადმი ფრთხილ და მზრუნველ დამოკიდებულებას. ეს აიხსნებოდა, რომ ნებისმიერი ცოცხალი არსება შესაძლოა ყოფილიყო გარდასახული ადამიანი, ნათესავი, ახლობელი. თუ სხვა ქვეყნებში ხშირი იყო უკმაყოფილება და გრანდიოზული სოციალური გამოსვლები, ინდოეთის ისტორიის განმავლობაში ასეთ რამეს თითქმის ვერ ვხვდებით. სოციალური სამართლიანობის ცნება ინდოეთში თითქმის არ არსებობდა, სამაგიეროდ, ყოველთვის აქტუალური იყო ინდივიდუალური გადარჩენისა და გათავისუფლების იდეა.

მოკშა (სანსკ. გათავისუფლება) – ამ სახელით აღინიშნება სანსარისგან (რეინკარნაცია) ანუ დაბადებათა და სიკვდილთა წყებისგან გათავისუფლება. ინდუისტურ ფილოსოფიაში მოკშა განიხილება როგორც ამაღლებული, ტრანსცენდენტური მდგომარეობა აზროვნებისა, რომელშიც დრო, სივრცე და კარმა, ისევე როგორც ემპირიული რეალობის სხვა ელემენტები, მოიაზრება ილუზიად (სანსკ. მაია). გათავისუფლება  გულისხმობს ეგოიზმის, ილუზორული ეგოს დაძლევას და ინდივიდის ჭეშმარიტი, სიღრმისეული არსის შეცნობას. ინდუიზმის ერთ-ერთი სკოლის მიხედვით, მოკშა განიხილება როგორც ინდივიდუალური სულისა და ბრაჰმანის შერწყმა. ინდუისტებისთვის მოკშა უმაღლესი სრულყოფილებაა. გათავისუფლების მთავარ ნიშანს კი იმის გათავისება წარმოადგენს, რომ ინდივიდუალურ სულს არასოდეს უარსებია და რომ ეს მხოლოდ მაია ანუ ილუზია იყო.

სხვადასხვა ეპოქაში ინდუიზმი გვთავაზობდა მოქშას მიღწევის სხვადასხვა გზას. მათგან შეიძლება გამოვყოთ სამი ყველაზე გავრცელებული:

  1. გზა ქმედებისა (სანსკ. კარმა-მარგა) – ყველაზე მარტივი გზაა, როდესაც ინდივიდი ხსნას თავისივე მოქმედებით აღწევს, თუმცა ეს მოქმედება უნდა შეესატყვისებოდეს მდგომარეობას, რომელიც კონკრეტულ ადამიანს უკავია (იგულისხმება საზოგადოების წევრთა კასტური მიკუთვნებულობა). ასეთ ცხოვრებას მივყავართ საკუთარ „მე“-ზე უარის თქმამდე და ბრაჰმანთან შერწყმამდე.
  2. გზა სიყვარულისა (სანსკ. ბჰაკტი მარგა) – ამ გზას ხსნამდე მივყავართ ღმერთის უსაზღვრო ერთგულების საშუალებით. ეს გრძნობა მორწმუნესა და ღმერთს ერთმანეთთან აახლოებს. ბჰაკტი მარგა ადამიანს საშუალებას აძლევს, გააცნობიეროს ბრაჰმანისა და სამყაროს ერთიანობა.
  3. გზა სიბრძნისა (სანსკ. ჯნიანა მარგა) – ეს გზა ყველაზე რთული და ყველაზე დახვეწილია. ის მოითხოვს სამყაროს უზენაესი ჭეშმარიტების – ბრაჰმანისა და ატმანის (სანს. ინდივიდუალური სული) ერთიანობის დანახვასა და შემეცნებას. ეს აქტი მიიღწევა ხანგრძლივი ფიზიკური და სულიერი თავშეკავების საშულებით, რომელიც გულისხმობს ყველაფერ მიწიერზე უარის თქმას და ხანგრძლივ ასკეტურ და მედიტაციურ ვარჯიშს.

ამ ვარჯიშში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია იოგას. სიტყვა „იოგა“ სანსკრიტზე „კავშირს“ ან „დისციპლინას“ ნიშნავს. იოგას მიმდევართა მიზანია იოგინი – პიროვნების შერწყმა ბრაჰმანთან, როგორც მისი შემეცნების საშუალება. იოგინის მომზადება ხდება გურუს[6] ხელმძღვანელობით. ამ პროცესში აუცილებელია ყველა იმ სათნოების დაცვა და უპირობო შესრულება, როგორებიცაა ძალადობისთვის თავის არიდება, სიმართლის თქმა, უბიწობის დაცვა, საკუთარი გრძნობითი აღქმის მართვა, მედიტაცია და სხვა. სხეულის მართვა იოგას პრაქტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. ამისთვის საჭიროა მუდმივი ვარჯიში, რათა ადამიანმა შეძლოს ურთულესი პოზების შესრულება, სუნთქვის რეგულირება და სხვა.

მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთში უამრავი ტაძარია, ინდუისტებს მაინც ურჩევნიათ, რელიგიური რიტუალები განცალკევებით ან შინ, უახლოესი ნათესავების წრეში აღასრულონ.

განსაკუთრებით გავრცელებულია რიტუალი, რომელსაც პუჯა – „ღმერთის თაყვანისცემა“ ეწოდება. თითქმის ყველა ინდუისტს აქვს სახლში ღმერთების ხატები ან ქანდაკებები, რომელთა წინაშეც კითხულობენ ლოცვებს, გალობენ და სწირავენ ძღვენს. ღარიბთა სახლებში პუჯა მოკრძალებულად მიმდინარეობს. გამთენიისას ოჯახის დედა კითხულობს ლოცვებს და რეკავს პატარა ზარს ღმერთების გამოსახულებების წინ, რომლებიც ოთახის კუთხეშია განთავსებული. მდიდართა სახლებში პუჯას აღსრულებისას ღმერთებს სწირავენ დახვეწილ კერძებსა და ლამაზ ყვავილებს, აკმევენ საკმეველს. ასეთ სახლებში სალოცავი ოთახი ცალკეა და ერთგვარ საოჯახო ტაძრად შეიძლება ჩაითვალოს. განსხვავებული ინდუისტური კულტების მიმდევრები საკუთარი მიკუთვნებულობის აღსანიშნავად შუბლზე ფერად ნიშნებს ისვამენ. მაგალითად, შივაიტები იხატავენ სამ თეთრ ჰორიზონტალურ ხაზს, ხოლო ვიშნუს მიმდევრები – თეთრ V-ს, რომელიც წითელი ხაზითაა გაყოფილი.

ინდოელთა ცხოვრებაში მრავალი რელიგიური ცერემონიალი ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებთანაა დაკავშირებული. ასეთებია ბავშვის დაბადება, სრულწლოვანების მიღწევა, ქორწილი და სხვა. ასევე დიდ ყურადღებას უთმობენ დაკრძალვას. გარდაცვლილის ნეშტს ყვავილებით ამკობენ და წვავენ, ხოლო ფერფლს რომელიმე წმინდა მდინარეს, უმეტესად განგს ატანენ.

ინდუისტები წმინდად მიიჩნევენ როგორც მცენარეებს, ისე ცხოველებსაც, განსაკუთრებით – ბანიანსა და პიპალს, რომლებიც ლეღვის ხის ნაირსახეობებს წარმოადგენს, მაიმუნს, რომელიც რამასთან ასოცირდება და გველს, განსაკუთრებით – კობრას. გველი შივას კულტთანაა დაკავშირებული. თუმცა განსაკუთრებული მოწიწებით ეპყრობიან ხარს, რომელიც ასევე შივასთანაა კავშირში. ძროხა ინდურ რელიგიაში ნაყოფიერებასა და მიწის სიმბოლოა, ამიტომ ისიც წმინდად არის მიჩნეული. ჩამოთვლილი ცხოველების მოკვლა ან ჭამა აკრძლალულია.

როგორც ვთქვით, ინდოეთში უამრავი ტაძარია, რომლებიც სხვადასხვა ღმერთის სახელზეა აგებული. განსაკუთრებით მრავლადაა ვიშნუსა და შივასადმი მიძღვნილი ტაძრები. რელიგიური დღესასწაულების დროს ამ ტაძრებში ინდოეთის ყოველი კუთხიდან უამრავი მომლოცველი ჩადის. ეს დღესასწაულები წლის სხვადასხვა პერიოდში ტარდება და არც ერთი მათგანი არ ემთხვევა მეორეს.

სტატიაში მოკლედ მიმოვიხილეთ ინდუიზმის ძირითადი პრინციპები, რადგან ამ რელიგიაზე მეტ-ნაკლებად დეტალური საუბრისთვის სქელტანიანი წიგნიც არ იქნებოდა საკმარისი.

 

[1] ჰარაპული ცივილიზაცია – ძველი აღმოსავლური ცივილიზაციაა, რომელიც მდ. ინდის ხეობაში წარმოიშვა. ეს ცივილიზაცია დაახლოებით ძვ.წ III ათასწ. მეორე ნახევრიდან – II ათასწ. ბოლომდე არსებობდა. ჰარაპელები დრავიდული ენების ოჯახს განეკუთვნებიან.

[2] სანსკრიტი – ძველი ინდური სამწერლობო და რელიგიური ენა. მიეკუთვნება ინდოევროპულ ენებს.

[3] დემიურგი – ანტიკურ ფილოსოფიაში (პლატონთან):სამყაროსპერსონიფიცირებული უშუალო შემოქმედებითი საწყისი, რომელიც კოსმოსს მარადიული მატერიით ქმნის. შემოქმედი, მაორგანიზებელი ძალა (იხ. უნივერსალური ენციკლოპედია)

[4] ემანაცია – რელიგიურ-ფილოსოფიური ტერმინი; აღნიშნავს ღვთაებრივი საწყისიდან სამყაროს მთელი მრავალფეროვნების გამოშლას, გამოსხივებას.

[5] იპოსტასი – 1. ფილოს. ინდივიდუალური, რეალურად არსებული რამ; არსი (ტერმინი შემოიღეს არისტოტელეს მიმდევრებმა). 2. ქრისტიანულ მოძღვრებაში; სამების თითოეული პირი.

[6] გურუ (სანსკ.„მძიმე“) — ტიტული ინდუიზმში, რელიგიური მასწავლებელი, სულიერი მოძღვარი. გურუს მოვალეობაა, მისდამი მინდობილ ადამიანს ჭეშმარიტების შეცნობაში დაეხმაროს და ღმერთთან დასაბრუნებელი გზა დაანახოს. ინდუისტური ლიტერატურა ხაზს უსვამს გურუს ყოლის აუცილებლობას სულიერი რეალიზებისთვის და მის როგორც ღმერთის თაყვანისცემას.

სკოლის დირექტორები, სასკოლო რეფორმის გასაღები?

0

თომას პეიზანტი, ბოსტონის საჯარო სკოლის დირექტორი, საუბრობს იმაზე თუ როგორ მოვიზიდოთ და შევინარჩუნოთ სასკოლო ლიდერები.

 დილაუთენია, დედა შვილს აღვიძებს: „შვილო, ადექი. სკოლაში წასვლის დროა!“

“კი დედა, მაგრამ რატომ? არ მინდა სკოლაში წასვლა“.

“მაშინ მითხარი ორი მიზეზი, თუ რატომ არ გინდა სკოლაში წასვლა?“
„პირველი- ის რომ ბავშვები ვერ მიტანენ. მეორე კი- ის რომ მასწავლებლებსაც ვეზიზღები“.
„არა შვილო, კარგი რა…ეს არ არის საკმარისი მიზეზები სკოლაში არწასასვლელად“.
„კარგი. მაშინ შენ მითხარი ორი მიზეზი, თუ რატომ უნდა წავიდე სკოლაში?“

“კარგი შვილო, გეტყვი: პირველი-ის რომ 52 წლისა ხარ და მეორე – შენ სკოლის დირექტორი ხარ!“  

ამერიკული სასკოლო ანეკდოტი

 

თომას პეიზანტი დარწმუნებულია, რომ „ჩვენ ვერასდროს გავაუმჯობესებთ განათლების სისტემას ამერიკის სკოლებში თუ ამას ერთი სკოლით დავიწყებთ“.

როდესაც ბატონმა პეიზანტმა ბოსტონის საჯარო სკოლების ერთ-ერთი ოლქის მართვის სადავეები ჩაიბარა – ოლქისა, რომელიც 58,000 მოსწავლესა და 4,700 მასწავლებელს აერთიანებს და მოსწავლეების 73% სიღარიბეში ცხოვრობს – იგი საქმეს ფართო ხედვით მიუდგა.

მისი თერთმეტწლიანი სამსახური, ოლქის განათლების სუპერინტენდანტად,  გადაიქცა მისივე დაწყებული რეფორმის („ფოკუსი ბავშვებზე“) განხორციელების წლებად.

პირველივე წელს, პეიზანტმა შექმნა ლიდერთა გუნდი, რომელშიც მიიწვია ერთი დირექტორი, ბოსტონის ცხრა სასკოლო უბნიდან.

ორ კვირაში ერთხელ ჯგუფის რეგულარულმა შეხვედრებმა პეიზანტს მისცა საშუალება უფრო მჭიდროდ ემუშავა თითოეული უბნის სასკოლო ლიდერთან და უკეთ გაეაზრებინა, თუ რა შეუძლია მის ოფისს სკოლებისა და სასკოლო უბნების მუშაობის გასაუმჯობესებლად.

ლიდერთა ჯგუფის წევრები, მალევე გადაიქცნენ  სხვა უბნების სკოლების დირექტორების „მწვრთნელებად“, რამაც სკოლის დირექტორებს პროფესიული ზრდის საშუალება მისცა.

ბატონმა პეიზანტმა ასევე ჩაუყარა საფუძველი  „ბოსტონის სასკოლო ლიდერთა ინსტიტუტს“, ორგანიზაციას, რომელიც ქირაობს და სწავლებებს უტარებს ისეთ ხალხს, ვისაც ლიდერთა თვისებები გააჩნია.  ინსტიტუტი დახმარებას უწევს სკოლის დირექტორებს მათი სამსახურის პირველი ორი წლის განმავლობაში; ინსტიტუტის ერთწლიანი სასტიპენდიო კურსების დამთავრების შემდეგ, კურსდამთავრებულნი იღებენ მასაჩუსეტსის სასკოლო დირექტორის პირველად ლიცენზიას, იმ პირობით, რომ ისინი, სულ მცირე, სამი წლის განმავლობაში ბოსტონის საჯარო სკოლებში იმსახურებენ.

აღნიშნულ რეფორმებთან ერთად, პეიზანტმა შეცვალა სასწავლო პროგრამები და დაარწმუნა სასკოლო კომიტეტები, რომ დამამთავრებელი კლასების სასკოლო გეგმები უფრო პერსონალიზებული და მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული გამხდარიყო.

პეიზანტის ენერგიული ხელმძღვანელობის შედეგად,მასაჩუსეტსის შეფასების სისტემის მონაცემებით, სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით, მოსწავლეთა მაჩვენებლები  გაუმჯობესდა. ბოსტონმა კი ურბანული განათლების ბროუდის პრიზისთვის შეჯიბრში ზედიზედ მეხუთედ მიიღო ფინალში ასპარეზობის უფლება.

თვითონ თომას პეიზანტი, მისი დაუღალავი რეფორმებისა და შრომისათვის ბევრჯერ დააჯილდოეს განათლების სფეროს პრესტიჟული და აღიარებული წოდებებით. კერძოდ, 2004 წელს, პეიზანტს გადაეცა რიჩარდ რ. გრინის Great City Schools-ის დიდი საბჭოს ჯილდო საქალაქო განათლებაში მიღწეული წარმატებისათვის. ბროუდის ფონდი მას „გმირს“ უწოდებს: „მართალია პეიზანტი ტოვებს საჯარო განათლების სფეროს, მაგრამ კვლავ რჩება მთავარ მოთამაშედ  სასკოლო რეფორმაში: ივლისის დასაწყისიდან, იგი ჰარვარდის უნივერსიტეტის განათლების საასპირანტო სკოლის (Graduate School) ლექტორი გახდება”.

გთავაზობთ თომას პეიზანტის ხედვას სკოლების დირექტორების, როგორც წარმატებული სასკოლო რეფორმის მთავარი მამოძრავებლების შესახებ:

რატომ არის სკოლის დირექტორის როლი ასეთი მნიშვნელოვანი?

ჩვენ მივეჩვიეთ ვიფიქროთ სკოლის დირექტორებზე როგორც მენეჯერებზე.  მაგრამ სასკოლო დონეზე დღეს  მთავარი მნიშვნელობის ამოცანებია მოსწავლეთა მაჩვენებლების (რეზულტატების) გაუმჯობესება და ჩამორჩენის პრობლემების დაძლევა. ეს კი სკოლის დირექტორების მთავარი საქმე გახლავთ. ამ პროცესს ისინი უნდა უძღვებოდნენ.

დირექტორის ლიდერობა (ან ლიდერშიპი, როგორც სახელძღვანელო ფუნქცია), სკოლის ძალისხმევის მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელსაც შეუძლია შედეგების გაუმჯობესება და კლასში სწავლების ხარისხის გაზრდა.  დირექტორი, მასწავლებელთა მასწავლებელი უნდა იყოს.

რას ნიშნავს ეფექტური დირექტორობა?

ეს ნიშნავს შეგეძლოს ურთიერთობა ყველანაირ ადამიანთან, პატივი სცე პიროვნებას ისეთს, როგორიც ის არის, მხარი დაუჭირო მრავალფეროვნებას. დირექტორი თანამშრომლებთან ერთად წარუძღვება ერთობლივ ძალისხმევას, რათა ყოველმა ბავშვმა შეძლოს მაღალი სასკოლო სტანდარტით სწავლა.

როგორ ვიპოვოთ კარგი დირექტორი?

ჩვენ თვითონვე ვზრდით ასეთებს. დირექტორებს შორის კონკურენცია საქალაქო სივრცეში და მეტროპოლიებში მაღალია და ხშირად, ეს პაექრობა სახელფასო შეთავაზებების შეჯიბრად გადაიქცევა ხოლმე. ჩვენი ერთლიანი სასწავლო პროგრამის გავლის შემდეგ,  სადირექტორო კანდიდატები, უმეტესწილად, მზად არიან მოირგონ დირექტორის ან მისი მოადგილის პოსტი. ეს ჩვენი სასწავლო ინსტიტუტის მთავარი მიმართულებაა, რომელიც ბოსტონის საჯარო სკოლებისთვის  მომავლის ლიდერების გაზრდაში გვეხმარება.

რა დონის ავტონომია უნდა გააჩნდეს სკოლის დირექტორს?

პირველ რიგში, დირექტორს უნდა ჰქონდეს უფლება თვითონ დაიქირაოს მასწავლებელი. დირექტორმა  უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მის მიერ დაქირავებულ მასწავლებლებზე და მხარი დაუჭიროს მათ, ამავე დროს შეამოწმოს მათი შესაბამისობა სკოლის სტანდარტებთან.

სკოლის ავტონომიასა და მის მიერ ნაჩვენებ შედგებს შორის საჭიროა არსებობდეს გარკვეული ურთიერთდამოკიდებულება. რაც უფრო კარგი მონაცემები აქვს სკოლას, მით უფრო მეტი ავტონომიის მორგება შეუძლია მას.

როგორ შეუძლია დირექტორს სასკოლო კოლექტივის მოტივაცია რეფორმებისთვის? შესაძლოა კი ეს მასწავლებელთა ყოველდღიური გამოწვევების პირობებში?

ეფექტური დირექტორები სკოლაში აქტიურად  ურთიერთობენ  როგორც ზრდასრულ პერსონალთან და მშობლებთან, ისე – მოსწავლეებთან. ორიენტირი  უნდა იყოს  ბავშვებისთვის საუკეთესო გარემოს შექმნა და არა მოზრდილი პერსონალის კეთილდღეობა.

როგორ შეუძლია ტერიტორიული ერთეულის სასკოლო ადმინისტრაციას დაეხმაროს სკოლის დირექტორებს?

იდეალურ პირობებში, რაიონის (საგრაფოს, უბნის, სხვა ტერიტორიული ერთეულის) სასკოლო ადმინისტრაციის ოფისები მხოლოდ იმისთვის უნდა მუშაობდნენ, რომ დაეხმარონ და მოემსახურონ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სკოლებში.

ადმინისტრაციის სუპერინტენდანტები მიზანმიმართულად უნდა ცდილობდნენ  რაიონის სკოლებისათვის მხარდაჭერის აღმოჩენას. სამუშაო უნდა მოიცავდეს სკოლაში მომუშავე ადამიანების გამოკითხვებს ცენტრალური ოფისის მიერ  გაწეულ სამუშაოზე, რა მუშაობს  და რა არ მუშაობს ცენტრალური ადმინისტრაციის მოწოდებული ინსტრუქციებიდან.

სტატისტიკური მონაცემები  მძლავრი და ფასეული ინფორმაციაა. ამიტომაც ლიდერებს  თვითონვე უნდა სურდეთ შეკითხვების დასმა და მათზე გულწრფელი პასუხების მიღება, მიუხედავად მოსალოდნელი არასასურველი პასუხებისა.

 

რა ესაჭიროებათ დირექტორებს ცენტრალური ადმინისტრაციისგან წარმატების მისაღწევად?

სასკოლო ოლქების ბიუჯეტების 80 პროცენტი, პერსონალის ხარჯებია. დირექტორთა უმეტესობას ესაჭიროება დახმარება თავიანთი სკოლებისთვის მასწავლებლობის კანდიდატებიდან საუკეთესოთა შესარჩევად. ასევე აუცილებელია დამწყები  მასწავლებლის   ხელშეწყობა სამსახურის პირველ წლებში, სასწავლო რესურსებით მომარაგება  პროფესიული განვითარებისთვის.

რატომ არის ძნელი კარგი დირექტორების შენარჩუნება? როგორ შევუნარჩუნოთ ისინი სკოლას?

აუცილებელია სკოლის დირექტორების მხარდაჭერა მათი პროფესიული განვითარების მიმართულებით.

ყველა ახალ დირექტორს, მუშაობის  პირველ წელს, ჰყავს მენტორი – გამოცდილი დირექტორი, რომელიც მასთან მუშაობს. პირველი წლის დირექტორების ჯგუფი ყოველთვიურად რამდენიმე გამოცდილ ფასილიტატორთან ერთად  იკრიბება და  საუბრობენ სკოლაში არსებული გამოწვევების შესახებ, განიხილავენ პრობლემების მოგვარებისა და გადაჭრის გზებს.

რამდენიმე წლის წინ ჩამოყალიბებული პირველი ჯგუფი იმდენად მოწადინებული იყო მხარდაჭერისთვის , რომ მათ ისურვეს შეექმნათ მსგავსი ჯგუფი მეორე წელს მომუშავე დირექტორებისათვის. დღეს ასეთი მხარდაჭერის ჯგუფი უკვე არსებობს.სასკოლო წლის მიმდინარეობისას ასევე არსებობს პროფესიული განვითარების პერიოდული კურსები.

ფიქრობენ რომ სკოლის დირექტორების ტრენინგები ცოტა უცნაური საქმეა; მათ ხომ ისედაც უამრავი სწავლება აქვთ გავლილი?

დირექტორებისგან, როგორც წესი, ელიან რომ ისინი სამენეჯერო ფუნქციებს იკისრებენ და შეასრულებენ. ამის გამო, მათ თითქმის არ რჩებათ დრო სასწავლო პროგრამასა თუ სწავლებაზე კონცენტრირებისთვის.

დღეს, ამ მიმართულებით უამრავი ცვლილება მოხდა და მიმდინარე წესები დირექტორებისგან უკვე მოითხოვს სასწავლო პროგრამის კარგად ცოდნას, დროს საკლასო სწავლებისთვის და მასწავლებლებთან ერთად, პროფესიული განვითარების კურსების გავლას.

ათი წლის წინ, ასეთი რამ არ ხდებოდა. დღეს, ყველას მოეთხოვება ჰყავდეს ლიდერშიპის გუნდი, მასწავლებელებისა და დირექტორის მონაწილეობით, რომელიც იზრუნებს სკოლის გაუმჯობესებაზე და ძალიან ზუსტად გაწერილი გეგმით იმუშავებს მოსწავლეთა მოსწრებისა და საერთო შედეგიანობის გაზრდაზე.

ეს კარგია თუ ცუდი?

ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია ისეთი ორგანიზაცია, რომლის ლიდერს არ აქვს ნათელი წარმოდგენა ორგანიზაციის მისიაზე და ვერ განსაზღვრავს  მოსალოდნელ შედეგებს. სამუშაოს გაძღოლისთვის უნდა იცოდე საქმე, რომელსაც აკეთებ.

 

 

წყარო: https://www.edutopia.org/payzant-principals

ავტორი: გრეის რუბინშტეინი (Grace Rubenstein, Edutopia-ს გუნდის ჟურნალისტი)

 

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

0

ძვირფასო მასწავლებლებო, მოსწავლეებო, მშობლებო ! ჟურნალი “მასწავლებელი” და ინტერნეტგაზეთი “mastsavlebeli.ge” გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

გისურვებთ წარმატებას, ნაყოფიერ სასწავლო წელს, ახალი  ცოდნის მიღებასა და ამ ცოდნის სამომავლოდ გამოყენების შესაძლებლობას!

იმედით ვართ, რომ ჩვენს ქვეყანაში, მასწავლებლის საქმიანობა და ღვაწლი დაფასდება. გვჯერა, თანამშრომლობითა და ურთიერთდახმარებით, ერთმანეთისთვის უფრო მნიშვნელოვანი და სასარგებლო ვიქნებით!

რევაზ ხოფერია – სოსო შტატების შემცირებას აპირებს და რა ვქნათ, საით გავიქცეთ?

0

 

მუდმივი რეფორმებისა და ცვლილებების პერიოდში, ერთხელ მაინც იქნებოდით აფორიაქებული შტატების შემცირების გამო.

– აუჰ, დანიშნეს ახალი, სოსო დირექტორი. შტატების შემცირებას იწყებს პირველ რიგში.

– მართლა? კაი კაცო, ახლა რაღას ცვლიან, ნეტა?

ან

– რა ხდება სამსახურში? დალაგდა? დაამტკიცეს ახალი საშტატო განრიგი? შენ ხომ არ გეხება რამე?

მოკლედ, ასეთი შემთხვევები ხშირია და მეც მაქვს გადატანილი. პირველ რეორგანიზაციას დიდი მღელვარებით შევხვდი, მეორეს – ნაკლებით. მესამე და მეოთხე – აღარ მახსოვს. გამიარა. არ გაინტერესებთ, რატომ? გეტყვით.

როცა ყურს შტატების შემცირებას მოჰკრავთ, პირველ რიგში, უნდა გაგახსენდეთ ,,საქართველოს შრომის კოდექსი“. არაა აუცილებელი ეს კოდექსი ჯიბით ატაროთ, მაგრამ სასურველია იცოდეთ,  სად ჩაიხედოთ და რომელ მუხლში ეძებოთ შვება.

რას უნდა შეხედოთ? რა არის მთავარი? 37-ე მუხლი. ამ მუხლში მოცემულია გათავისუფლების საფუძვლები. რასაც ახლა ამ სტატიის წერის პარალელურად ვუყურებ, შავით ნაცრისფერზე (მაცნეს ოფიციალური საიტის გამო) წერია: „შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას“.

ანუ, გაიგეთ რა წერია? ცოტა ბუნდოვანია? ნუ გერიდებათ, აღიარეთ, რომ ბუნდოვანია და დასაზუსტებელი. თუ ბუნდოვანი და დასაზუსტებელია, რა ვქნათ? ვის ვკითხოთ აზრი? ჩვენი ნინაკოს ნაცნობ თუ ნათესავ იურისტს, რამაზს დავურეკოთ? არ მგონია, ასე საჭირო იყოს რამაზის შეწუხება. ბუნდოვანებაში სინათლე ყველაზე კარგად ჩვენს მეგობარს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემოაქვს, უფრო სწორად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას. მეგობარი იმიტომ, რომ სასამართლო პრაქტიკა და კანონები, სულიერი არსებებია. ახლა, სად ვნახოთ ეს პრაქტიკა? აი, ამ მშვენიერ ვებგვერდზე: www.supremecourt.ge

როცა ვებგვერდს თვალს შეავლებთ, შენიშნავთ ფანჯარას, ღილაკს თუ ,,ჰიპერლინკს“, როგორც ამას ზოგიერთი ხშირად ვითომ მოუცლელი IT სპეციალისტი ეძახის, უსადენო ინტერნეტის პირობებში ახლა რომ კითხულობს google-ში სიმწრით მოპოვებულ ,,დაჯეკვის“ ინსტრუქციას. შეიძლება სხვა რამეც ჰქვია, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, შენიშნოთ ,,გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა“. სასამართლო გადაწყვეტილებების მოძიების დროს, უნდა მონიშნოთ ღილაკი ,,სამოქალაქო“, ,,კატეგორია“ – შრომის სამართლებრივი დავა. და, აი, ნახეთ, რამდენი გადაწყვეტილება იპოვა! რა ბედნიერებაა!

მოდით, ყველაზე ბოლოს მიღებული გადაწყვეტილება შევარჩიოთ, გავარკვიოთ, რა მოხდა,  სასამართლომ რა თქვა.

ჰმ, საინტერესო დავა ჩანს. თურმე ა(ა)იპ ,,ჩემი ნაცრისფერი კორპუსი“-მ[1] თანამდებობიდან გაათავისუფლა თანამშრომლები. ა(ა)იპ რას ნიშნავს, თუ არ იცით, არც გჭირდებათ.

კორპუსის წარმომადგენლის, ანუ, უფრო სწორად, ორგანიზაციის წარმომადგენლის მტკიცებით, მოსარჩელეები თანამდებობიდან გაათავისუფლეს რეორგანიზაციის, კერძოდ, მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებების გამო. ის თანამდებობები, რომელზეც ეს ადამიანები იყვნენ დანიშნული, ორგანიზაციამ გააუქმა. თუმცა, როგორც შემდეგ სასამართლო პროცესზე გაირკვა, სინამდვილეში კი არ შეამცირეს შტატები, არამედ გაზარდეს, ანუ ჯერ შეამცირეს, მოსარჩელეები დაითხოვეს და შემდეგ გაზარდეს.

გათავისუფლებულებმა მიაკითხეს პირველი ინსტანციის სასამართლოს და დავა მოიგეს. ეს რომ კორპუსმა გაიგო, მიმართა სააპელაციო სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ გათავისუფლებული ადამიანების პოზიცია გაიზიარა და ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. ამის შემდეგ, ორგანიზაციამ მიაკითხა უზენაეს სასამართლოს, რომლის იქით უკვე სამართლებრივი გზა წყდება. და უზენაესმა სასამართლომ საერთოდ განუხილველად დატოვა ორგანიზაციის მოთხოვნა. სასამართლომ, სხვათა შორის, მნიშვნელოვანი რამ თქვა. ვეცდები მისი ნათქვამი არაადამიანური ენით არ გადმოვცე:

  1. სამუშაოდან გათავისუფლების დროს სასამართლომ უნდა შეამოწმოს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულთან მიმართებაში;
  2. დავის სწორად გადაწყვეტისთვის, აუცილებელია სასამართლომ შეამოწმოს, ადგილი ხომ არ ჰქონდა დამსაქმებლის მიერ უფლების ბოროტად გამოყენებას, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ შრომის უფლებას;
  3. რეორგანიზაცია დასაქმებულთა ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმალური საფუძველი არ არის და ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები არ უნდა იქცეს უმართებულო გადაწყვეტილების საფუძვლად. ეს ეწინააღმდეგება დასაქმებულთა უფლებებს;
  4. რეორგანიზაციის შედეგად დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების ერთ-ერთ კანონისმიერ საფუძვლად რეორგანიზაციამდე დასაქმებული კადრის არასაკმარისი კვალიფიკაცია შეიძლება იქნეს მიჩნეული, კერძოდ, ის, რომ განახლებული ფუნქციების გამო, იგი ვეღარ აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს და ამ მიზეზით, დაკავებული თანამდებობისთვის შეუფერებელია;
  5. საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტია, რომ დასაქმებულის გათავისუფლების დროს, ან თუნდაც რეორგანიზაციის და შტატების შემცირების დროს, უნდა არსებობდეს გათავისუფლების გონივრული საფუძველი. საქართველოს კანონმდებლობით, დათხოვნა შეიძლება მხოლოდ კანონიერი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, რაც უკავშირდება დასაქმებულის შესაძლებლობებს, ქცევის წესს ან კვალიფიკაციას. არჩევნის გაკეთებისას, დამსაქმებელმა უნდა იხელმძღვანელოს გონივრულობის კრიტერიუმით და უნდა შეძლოს გადაწყვეტილების დასაბუთება, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის უფლებებს;
  6. შრომითი ურთიერთობის მხარეებს შორის წონასწორობის დამყარება ,,სასიცოცხლოდ აუცილებელია“. ,,ძლიერი მხარის“, ანუ დამსაქმებლის მიერ უფლებამოსილების განხორციელების დროს არ უნდა დაგვავიწყდეს ,,სუსტი მხარის“, ანუ დასაქმებულის ინტერესები;
  7. სამსახურიდან დათხოვნილი პირი ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, დამსაქმებელს ეკისრება ვალდებულება, დაამტკიცოს გათავისუფლების მართლზომიერება.

იმედი მაქვს, ეს ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტები ადამიანურ ენაზე დავწერე, თუმცა არ ვარ დარწმუნებული.

ესეც ჩვენი სასამართლო პრაქტიკა! წესით, ეს მშვიდად ყოფნის საფუძველს გაძლევთ. თუმცა ხომ ვიცით, როცა საქმე პირადად შენ გეხება, მაინც რთულია მშვიდად ყოფნა. ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს რამაზი.

 

 

 

[1]ასეთი ორგანიზაცია არ არსებობს. დავაში მონაწილე ორგანიზაციას სპეციალურად არ ვასახელებ. თუ ძალიან დაინტერესდებით, თქვენც მარტივად შეგიძლიათ მოიძიოთ.

ზურგზე წამოკიდებული პასუხისმგებლობა

0

ბაზრობებზე თუ სავაჭრო ცენტრებში, სადაც მრავლად ნახავთ მოსწავლეებისთვის საჭირო სასკოლო ინვენტარს, სექტემბერში უმეტესად ზურგჩანთები იყიდება. ხარისხიანი ზურგჩანთისთვის მშობლებს ფული არ ენანებათ, მაგრამ ბევრმა არ იცის, როგორ შეარჩიოს ხარისხიანი ჩანთა. ვეცდებით, ამ საპასუხისმგებლო საქმეში მარტივი რჩევებით დაგეხმაროთ.

ზურგჩანთასთან უშუალოდაა დაკავშირებული თქვენი შვილის ჯანმრთელობა. მაგალითად, ორთოპედები გვირჩევენ, ნებისმიერი ასაკის მოსწავლისთვის შევიძინოთ არა ცალ მხარზე გადასაკიდებელი, არამედ ზურგზე მოსაკიდებელი ჩანთა, რადგან პირველმა შესაძლოა სკოლიოზი ან ხერხემლის სხვა დაავადება გამოიწვიოს. ბავშვებს, რომლებიც არასწორად შერჩეულ სასკოლო ჩანთებსა თუ ზურგჩანთებს ატარებენ, მხედველობის პრობლემებიც აღენიშნებათ.

ნუ შეიძენთ რბილი ქსოვილის ზურგჩანთას. ჩანთას მყარი საზურგე და ფსკერი უნდა ჰქონდეს. ბავშვი ზურგით ვერ უნდა გრძნობდეს წიგნებს. როგორც კი თქვენს შვილს ახალი ჩანთით დაასაჩუქრებთ, ასწავლეთ, რომ შიგთავსი მასში თანაბრად გაანაწილოს, ხოლო წვრილმანები მარჯვენა და მარცხენა ჯიბეებში ჩააწყოს. რაც შეეხება შუა სათავსს, შედარებით მძიმე წიგნები ზურგთან ახლოს უნდა ჩაიდოს, მსუბუქი კი წინა მხარეს.

რაც უფრო მტკიცე მასალისგან იქნება შეკერილი ჩანთის კორპუსი, მით უფრო ძნელად გაცვდება – უმცროსკლასელი მოსწავლეები ხომ ჩანთებს უდიერად ეპყრობიან და ხშირად სათამაშოდაც იყენებენ.

კიდევ ერთი რამ: რა მასალისაც არ უნდა იყოს ჩანთა, სიმსუბუქე მისთვის აუცილებელია. მისი წონა ერთ კილოგრამს არ უნდა აღემატებოდეს, პირველკლასელის ზურგჩანთის წონა კი უფრო ნაკლები – 600 გრამი უნდა იყოს. ზურგჩანთა წიგნებიან-რვეულებიანად არ უნდა იწონიდეს მოსწავლის სხეულის მასის 10%-ზე მეტს.

როგორც აღვნიშნეთ, ორთოპედიული საზურგე ხერხემლის ბუნებრივ ფორმას იმეორებს, ამიტომ სასარგებლოც კია მისი სწორი ფორმირებისთვის. ზურგჩანთის საზურგეს ქვედა მხარეს, წელის მიდამოში, მცირე ზომის სიმრგვალე უნდა ჰქონდეს, რადგან ჩანთის ტარებისას ყველაზე დიდი დატვირთვა სწორედ ამ ადგილზე მოდის. საზურგე მტკიცე უნდა იყოს, მაგრამ არა იმდენად, რომ ბავშვს ზურგი ატკინოს – აუცილებლად შეამოწმეთ ის ხელით. ასეთივე მასალა უნდა იყოს ჩაყოლებული მხარზე გადასაკიდებელ ქამრებში. ქამრების რეგულირება ბავშვს არ უნდა უჭირდეს. ქამრები წელვადი და წვრილი არ უნდა იყოს, მათი ოპტიმალური სიგანე 4-5 სანტიმეტრია.

საზურგის ნაწილში ხშირად ნახავთ ბადისმაგვარ მასალას, რომელსაც სავენტილაციო ფუნქცია აქვს. მისი მეშვეობით ბავშვი ნაკლებად ოფლიანობს.

თუ ზურჩანთას პირველკლასელისთვის ან მეორეკლასელისთვის ყიდულობთ, სასურველია, ის ფერადი იყოს და სინათლის ამრეკლავი ელემენტებიც ჰქონდეს, რათა ქუჩაზე გადასვლისას მძღოლების ყურადღება მიიქციოს. ჩანთების ზოგიერთი მწარმოებელი ნაკერებში ფოსფორისფერ ძაფს აყოლებს, რომელიც სიბნელეში ანათებს და ბავშვი ადვილად შესამჩნევი ხდება. ყველაზე მჭახე ფერები, რომლებსაც მძღოლები ყურადღებას აქცევენ, ყვითელი და ნარინჯისფერია.

მას შემდეგ, რაც ორთოპედიული საზურგის მქონე, ერთ კილოგრამზე ნაკლები წონის ფერად ჩანთას შეარჩევთ, ყურადღება მიაქციეთ სხვა დეტალებსაც, რომლებიც ხარისხიან ჩანთას უხარისხოსგან გამოარჩევს: მასალა წყალგაუმტარია (ნეილონი ან პოლიესტერი), ნახატი რეცხვის დროს არ იშლება და არ იცრიცება, ნაკერები მტკიცეა და კარგად დამუშავებული, პლასტიკური დეტალები გლუვია, ელვაშესაკრავები და სხვა ტიპის საკეტები მოხერხებულია და საიმედო, ადვილად იხსნება და იკეტება; კორპუსის კუთხეები საგულდაგულოდაა გამაგრებული, გარეთა ჯიბეები კარგად იკეტება და დაცულია წვიმისა და თოვლისგან; შიგნით ჩანთას აქვს არა ერთი, არამედ რამდენიმე განყოფილება, რომლებშიც ბავშვი თანაბრად გაანაწილებს წიგნებსა და რვეულებს; ჩანთა სიმძიმის ჩალაგებისას არ დეფორმირდება; ზურგზე გადასაკიდებელი ქამრები განიერია, რათა მასა სწორად განაწილდეს და ბავშვს მხრები არ ატკინოს.

კარგი იქნება, თუ ჩანთის შესარჩევად მის მოვალ მფლობელსაც წაიყვანთ. უსიამოვნო სიურპრიზისგან დაზღვეული რომ იყოთ, ბავშვმა ჩანთა უნდა მოიზომოს. ყურადღება უნდა მიაქციეთ, რომ ზურგჩანთის სიგანე არ აღემატებოდეს ბავშვის მხრების სიგანეს; ზურგჩანთის ზედა კიდე ბავშვის მხრების სიმაღლეზე იყოს, ქვედა კი წელის სიმაღლეზე; ზურგჩანთა კარგად ეკვროდეს ბავშვის ზურგს, სამხრეები კი საკმარისად გრძელდებოდეს, რადგან ბავშვს ზურგჩანთის ტარება ზამთარში, სქელ ქურთუკზეც მოუწევს.

განათლების ექსპერტები ზურგჩანთის ონლაინ მაღაზიიდან გამოწერას არ გვირჩევენ, რადგან მას ბავშვი ვერ მოიზომავს. მაღაზიაში კი ჩანთის ხარისხისა და გამძლეობის შემოწმება თავისუფლად შეიძლება.

იდეალური სასკოლო ჩანთა არა მხოლოდ მშობლებს, ბავშვსაც უნდა მოსწონდეს. ბევრ მოსწავლეს სულაც არ იზიდავს პრინცესებით ან მანქანებით მოხატული ჩანთები – მათ მიაჩნიათ, რომ რაკი სკოლაში დადიან, უკვე დიდები არიან და მეტისმეტად ბავშვური ნახატები აკომპლექსებთ, ამიტომ ჰკითხეთ ბავშვს, რომელი ზურგჩანთა ურჩევნია – ნუ დაივიწყებთ, რომ მას თითქმის ყოველდღე მოუწევს ამ ჩანთის ზურგით ტარება.

სწავლის შედეგების გარე  შეფასება (ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა სკოლაში, ნაწილი IV)

0

როგორც აღვნიშნეთ, სწავლის შედეგების დადასტურებისას  მნიშვნელოვანია შეფასების პროცესში ჩაერთოს გარე შემფასებელი. ეს უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას, ობიექტურობასა და სანდოობას. ხარისხის უზრუნველყოფის ეს მოდელი შესაძლებელია სკოლამ ან დამეგობრებულმა სკოლებმა საკუთარი ინიციატივით გამოიყენონ ექსპერიმენტის დონეზე. ამ შემთხვევაში გარე შემფასებლადაც პარტნიორი სკოლების წარმომადგენლები მოგვევლინებიან.

გარე შემოწმება არის მექანიზმი იმის შესაფასებლად, ახორციელებს თუ არა დაწესებულება სასწავლო პროცესს სტანდარტის მიხედვით. პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებლობა იმ ორგანიზაციას ეკისრება, რომელიც სკოლაში წარმომადგენელს მიავლენს. იგი მთლიანად ხორციელდება მოსწავლის შეფასების მტკიცებულებებსა და საგნობრივი სტანდარტების საფუძველზე და ამოწმებს ისეთ საკითხებს როგორიცაა:

  1. გამოყენებული შეფასების ინსტრუმენტების ვალიდურობა;

2.ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული შეფასების პოლიტიკის გამჭვირვალობა;

  1. სკოლის შიდა შემოწმების (შიდა ვერიფიკაციის) ეფექტურობა;

გარე შემფასებლები (გარე ვერიფიკატორები) აფასებენ მოსწავლეთა შეფასების დადასტურებული მტკიცებულებების ნიმუშებს. ისინი დეტალურად შეისწავლიან ყველა დოკუმენტს, რათა დარწმუნდნენ მიღებული გადაწყვეტილებების სისწორეში. შემოწმებას ექვემდებარება ასევე შიდა ვერიფიკატორთა მიერ განხორციელებული სამუშაო, რათა დაწესებულებაში არსებული სრული სურათის წარმოდგენა გახდეს შესაძლებელი.

რამდენჯერ უნდა განხორციელდეს გარე ვერიფიკაცია? ეს დამოკიდებულია მასწავლებლებისა და მოსწავლეების რაოდენობაზე, ჰყავს თუ არა სკოლას ახალბედა მასწავლებლები, როგორია მოსწავლეთა მობილობის მაჩვენებელი, არსებობდა თუ არა ბოლო გარე ვერიფიკაციის დროს ხარვეზები და ა.შ. ასევე მნიშვნელოვანია პროცესი წარიმართოს ინტერვიუსა და ფოკუს ჯგუფების გამოყენებით.

ნაბიჯი პირველი

გარე შემოწმების პირველ ნაბიჯს შერჩევა წარმოადგენს. ამ შემთხვევაში, ისე როგორც შიდა ვერიფიკაციისას, შემფასებელი თავად წყვეტს რომელი მოსწავლის ნამუშევარზე დაყრდნობით იმუშაოს. შერჩევა უნდა მოიცავდეს ყველა მასწავლებლისა და შიდა შემმოწმებლის მტკიცებულებებს. გაუთვალისწინებელი გარემოების გამოვლენის შემთხვევაში შერჩევა შესაძლებელია გაფართოვდეს და მოიცვას ყველა მოსწავლე. სკოლა ვალდებულია ხელი შეუწყოს გარე შემფასებლებს. მისი პასუხისმგებლობაა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, რათა ნათელი გახდეს, თუ რომელი სწავლის შედეგები და შესრულების კრიტერიუმები ეკუთვნის თითოეულ შეფასების აქტივობას.

ნაბიჯი მეორე

გარე შემფასებლები ეცნობიან ყველა იმ დოკუმენტაციას, რომელსაც მასწავლებელი თითოეული მოსწავლის პროგრესთან დაკავშირებით აწარმოებს. ასევე იკვლევენ შიდა ვერიფიკატორების მიერ გაკეთებულ ჩანაწერებს, რათა დარწმუნდნენ, რომ შიდა შეფასების პროცესი ობიექტურად წარიმართა. თუ ვიზიტის პერიოდი განხორციელდება სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, ისინი ატარებენ ინტერვიუებსა და ფოკუს ჯგუფებს მოსწავლეებთან.

ნაბიჯი მესამე

ვიზიტის დასრულების ბოლო ეტაპს შესაბამისი რეკომენდაციის გაცემა და სამუშაო შეხვედრა წარმოადგენს. იმ შემთხვევაში თუ მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოვლინდება,  სკოლა ვალდებულია გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები შეფასების პროცესის გასაუმჯობესებლად. არსებობს რამდენიმე ძირითადი მიზეზი, რომლის საფუძველზეც შეიძლება ვისაუბროთ სისტემურ ხარვეზებზე:

  1. სკოლამ არ წარმოადგინა მოსწავლეთა მიერ შერსულებული სამუშაოს ნიმუშები – ყველა მოსწავლისათვის უნდა მოიპოვებოდეს შემაჯამებელი შეფასების შესახებ არსებული მტკიცებულება. იმ შემთხვევაში, თუ მტკიცებულება არ იქნება ხელმისაწვდომი, გარე შემფასებლები ვერ შეძლებენ სათანადო დასკვნის გამოტანას;
  2. მასწავლებლის მიერ გამოყენებული შეფასების რუბრიკები/ინსტრუმენტები არ იყო ხელმისაწვდომი;
  3. მასწავლებლის მიერ გამოყენებული შეფასების ინსტრუმენტები არ იყო სათანადოდ შედგენილი – ეს ნიშნავს იმას, რომ შეფასების რუბრიკა უნდა შეესაბამებოდეს შესასრულებელი დავალების მიზანსა და შინაარსს_ იყოს ობიექტური და გამჭვირვალე. იმ შემთხვევაში თუ დავალება არასათანადო რუბრიკით შეფასდა, ეჭვქვეშ დგება საერთო წლიური ქულა და სწავლის შედეგის დადასტურება.
  4. მოსწავლეთა მიერ შესრულებული დავალებები არასათანადოდაა შეფასებული – გარე ვერიფიკატორები შეისწავლიან სხვადასხვა დავალებების შეფასებულ ნიმუშებს და აკეთებენ დასკვნებს მასწავლებლის მიერ განხორციელებული შეფასების სანდოობის და ობიექტურობის შესახებ. მაგალითად, სისტემის ხარვეზია, როდესაც ერთსა და იმავე დავალებაში ერთი საგნის სხვადასხვა მასწავლებელი რადიკალურად განსხვავებულ შეფასებას უწერს მოსწავლეს.

გარე ვერიფიკატორები ასევე ამოწმებენ შიდა შეფასების ჯგუფის მიერ განხორციელებულ სამუშაოს. ეს საშუალებას იძლევა გადამოწმდეს, თუ რამდენად ობიექტურად წარიმართა შიდა შემოწმების პროცესი და რამდენად შეუძლია სკოლას განვითარებაზე ორიენტირებული პროცესები წარმართოს  დაწესებულებაში.

გარე ვერიფიკატორებს, ისევე როგორც შიდა შემფასებლებს, სჭირდებათ მეთოდოლოგიური მხარდაჭერა სკოლისგან. მნიშნელოვანია ადმინისტრაციამ დადებითი როლი შეასრულოს პროცესის წარმართვაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იგი ფორმალურ ხასიათს მიიღებს, რომლის მთავარი მიზანი შეცდომების აღმოჩენა იქნება  და არა შეცდომებზე სწავლა.

ხარისხის უზრუნველყოფის აღნიშნული მოდელი დანერგვის შემთხვევაში იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ დავრწმუნდეთ ჩვენ მიერ გაკეთებული შეფასებების ობიექტურობაში, ვისწავლოთ კოლეგებისგან და თამამად დავადასტუროთ სწავლის შედეგები სახელმწიფოს მიერ აღიარებული დოკუმენტით, რაც მოსწავლის შემდგომი წარმატებისა და მუდმივი განვითარების წინაპირობა იქნება.

 

 

 

 

 

გეოგრაფიული მდებარეობა

0

გეოგრაფიული მდებარეობა სახელმწიფოს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ხშირად სწორედ გეოგრაფია განსაზღვრავს ისტორიას, გეოგრაფიული მდებარეობით აიხსნება ამა თუ იმ ქვეყნის ისტორიული განვითარების თავისებურებები, ის აღმასვლა თუ დაცემა, რომელიც სახელმწიფოს ამა თუ იმ ეპოქაში განუცდია.

ამ თემის განხილვისას გაკვეთილზე პრობლემა კრიტიკული აზროვნების ამოქმედებით გადაიჭრება. მოსწავლეები მოახდენენ შედარება-შეპირისპირებას, დაკავშირებას, ანალიზის საშუალებით შეიცვლიან წარმოდგენას გეოგრაფიულ მდებარეობაზე.

გაკვეთილი იწყება ანჯეი ვაიდას ფილმით „კატინი“, რომელიც სსრკ-პოლონეთის ურთიერთობას და მეორე მსოფლიო ომის პერიოდს ეხება. ფილმის დასაწყისში კარგად ჩანს პოლონეთის გოგრაფიული მდებარეობის ასპექტები. 1939 წლის 1 სექტემბერს მესამე რაიხის არმიამ დაიწყო პოლონური კამპანია და შეიჭრა პოლონეთის ტერიტორიაზე, ხოლო 17 სექტემბერს პოლონეთში შევიდა საბჭოთა არმია. სწორედ ამ პროცესებს ასახავს ფილმის პირველი ორი წუთი: ხიდზე ერთმანეთს ხვდებიან აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გაქცეული ადამიანები. „ჩვენ უკან გერმანელები არიან“, „ნუთუ არ იცით – საბჭოთა კავშირი დაგვესხა თავს!“ – ისმის შეძახილები. ხალხი დაბნეულია, აღარ იცის, საით წავიდეს. დამეთანხმებით, საკმაოდ ემოციური ეპიზოდია.

პოლონეთის ბედი ხომ დიდწილად იმან განაპირობა, რომ ის სამ ძლიერ და აგრესიულ სახელმწიფოს – რუსეთს, ავსტრიასა და პრუსიას შორის იყო მოქცეული, რომლებიც თანდათან ისაკუთრებდნენ პოლონეთის ტერიტორიებს და ბოლოს (XVIII საუკუნის ბოლოს) მთლიანად გაინაწილეს ეს ოდესღაც ძლიერი სახელმწიფო.

ფილმის ორწუთიანი მონაკვეთის ნახვის შემდეგ მასწავლებელი სვამს კითხვებს:

  1. რა ემოცია აღგიძრათ ნანახმა?
  2. რა ფაქტორებმა განაპირობა ფილმში აღწერილი ამბავი?
  3. რა როლი შეასრულა ქვეყნის ისტორიაში გეოგრაფიულმა მდებარეობამ?
  4. არის კი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ქვეყნის განვითარების გარანტი? გაიხსენეთ მაგალითები.

მაგალითი I. შვეიცარია ევროპის ოთხ წამყვან სახელმწიფოს – საფრანგეთს, გერმანიას, ავსტრიასა და იტალიას შორის მდებარეობს. ასეთი მდებარეობა თავისთავად საფრთხის შემცველია და სავსებით შესაძლებელი იყო, შვეიცარიას პოლონეთის ბედი გაეზიარებინა (მით უფრო, რომ შვეიცარიელების ნაწილის მშობლიური ენა გერმანულია, ნაწილისა – ფრანგული, ხოლო ნაწილისა – იტალიური), მაგრამ მოხდა სულ სხვა რამ – ევროპის დიდი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ არც ერთს არ ჰქონოდა ტერიტორიული პრეტენზიები შვეიცარიის მიმართ. პირიქით, ისინი გარანტად დაუდგნენ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და ნეიტრალიტეტს. თითქმის ორი საუკუნეა, შვეიცარია მსოფლიოში ერთადერთი გარანტირებული ნეიტრალიტეტის ქვეყანაა, რამაც ეს მთიანი, ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ, აყვავებულ, მშვიდ და უსაფრთხო ქვეყნად აქცია. ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ ერთი შეხედვით არახელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა განსაზღვრულ პირობებში უაღრესად ხელსაყრელი გახდა.

1m

მაგალითი 2. გეოგრაფიულმა მდებარეობამ გადაარჩინა ტაილანდი კოლონიალიზმის უღელს. ინდოჩინეთის ნახევარკუნძულის დასავლეთის ნაწილის ქვეყნები ბირმა (მიანმა) და მალაიზია ბრიტანეთის კოლონიები გახდნენ, აღმოსავლეთ ნაწილის ქვეყნები: ვიეტნამი, ლაოსი, კამბოჯა – საფრანგეთისა, მათ შორის მდებარე ტაილანდი კი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დარჩა, რადგან ინგლისი და საფრანგეთი ამ ქვეყნის ხელში ჩასაგდებად ერთმანეთთან ომს მოერიდნენ და ამჯობინეს, იგი ბუფერულ სახელმწიფოდ დაეტოვებინათ.

2m3m

შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს დავალებას: სახელმძღვანელოში მოცემული დიაგრამებისა და რუკების მიხედვით იმსჯელონ, რა გავლენა მოახდინა საქართველოს გეოგრაფიულმა მდებარეობამ ქვეყნის საზღვრების ცვალებადობაზე.

მოსწავლეები მსჯელობის შედეგად დაადგენენ, რომ საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა გახდა მისი განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი, რადგან მას დაეკისრა უმძიმესი ფუნქცია: როგორც ქრისტიანული სამყაროს უკიდურესი აღმოსავლეთით მდებარე ქვეყანა, ის პირველი უნდა შებრძოლებოდა აზიიდან დაძრულ მომთაბარე თუ ისლამურ სახელმწიფოთა ურიცხვ ჯარებს, რამაც განაპირობა ცალკეულ სამეფო-სამთავროებად მისი დაშლა და საბოლოოდ რუსეთთან შეერთება.

ანალოგიისთვის მოსწავლეები ბიზანტიისა და სომხეთის გეოგრაფიული მდებარეობასაც გაიხსენებენ, რადგან სწორედ ის იყო ძირითადი ფაქტორი, რომელმაც განსაზღვრა ამ ქვეყნების ტრაგიკული ისტორია: სომხეთმა და ბიზანტიამ, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფოებმა არსებობა შეწყვიტეს, მათი მოსახლეობა კი კატასტროფულად შემცირდა და სხვა ქვეყნებში გაიფანტა.

მოსწავლეები ზემოხსენებული ქვეყნების გეოგრაფიულ მდებარეობას საქართველოს მდებარეობას შეადარებენ, იმსჯელებენ, რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს ერთი შეხედვით ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა და როგორაა შესაძლებელი ამ საფრთხეების შესაძლებლობად გადაქცევა, ანუ გააკეთებენ SWOT- ანალიზს.

საშინაო დავალება:

  1. კონტურულ რუკაზე დაიტანონ საქართველოს საზღვრები;
  2. აირჩიონ სხვადასხვა კონტინენტის სამი ქვეყანა და გააანალიზონ მათი გეოგრაფიული მდებარეობის ძლიერი და სუსტი მხარეები.

ამ გაკვეთილზე მოხდება რამდენიმე კომპეტენციის განვითარება: წიგნიერებისა, სემიოტიკური, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნებისა.

მომდევნო გაკვეთილზე განიხილავთ საქართველოს მაკრო-, მეზო- და მიკროგეოგრაფიულ მდებარეობას.

ვინ არიან ვენახების ძველი და ახალი მაოხრებლები

0

გადამწვარი ვენახები, სამწუხაროდ, საქართველოს ისტორიის თანმდევი უბედურებაა. ჩვენს ქვეყანაში ვენახებს ცეცხლს ყველა ეპოქაში უკიდებდნენ, თუმცა ამის მიზეზები განსხვავებული იყო. ვენახს წვავდა მომხვდური მტერიცა და შურიანი მეზობელიც, უბედური შემთხვევაცა და მევენახეთა დაუკვირვებლობაც. შეუძლებელია ზუსტად დადგენა, თუ რამდენი ჰექტარი ქართული ვაზი გახვეულა ცეცხლის ალში, თუმცა არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი დანახშირებული ვაზის ნაშთებიც იმაზე მოწმობს, რომ საქართველოში ვაზს ყოველთვის ემტერებოდნენ.

 

ისტორიამ შემოგვინახა მტრის მიერ ქართული ვაზის გადაწვის ყველაზე საშინელი ფაქტები, რომელთაგან 1616 წელს მომხდარი ტრაგედია უნდა გამოვყოთ. ამ პერიოდში ირანის მიერ დაპყრობილი ქართლ-კახეთის მოსახლეობა ჯერ ისევ აგრძელებდა მასობრივ აჯანყებებს, რაც სპარსელებს დიდ ზარალს აყენებდა. სწორედ ამიტომ ირანის შაჰმა, აბას I-მა კვლავ გაილაშქრა საქართველოზე. მას გადაწყვეტილი ჰქონდა მთლიანად მოესპო კახეთის მოსახლეობა – გაეწყვიტა მამაკაცები; ქალები და ბავშვები ტყვედ წაეყვანა და კახეთში თურქმანული ტომები ჩამოესახლებინა. კახეთის მოსახლეობა უდიდეს გასაჭირში ჩავარდა. ნაწილი ალაზანს გაღმა გავიდა, იქ მიწაყრილები ააგო, წყლით სავსე თხრილები შემოავლო და თავდასაცავად მოემზადა.

 

შაჰის ბრძანებით, მოსახლეობის მიერ მიტოვებულ სახლებსა და ვენახებს სპარსეთის არმიის მებრძოლები შეესივნენ და თითქმის პირწმინდად გაანადგურეს. როგორც სპარსელი ისტორიკოსი აღწერს, მთელი კახეთი იმ დროს ვენახებით იყო დაფარული, ამ აოხრების შემდეგ კი კახეთში ვაზი იშვიათობად იქცა. ირანელები ვენახების გარშემო თივის ზვინებს აწყობდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ. ცეცხლი არამხოლოდ ვენახებს, ხშირად მთელ სოფლებს ანადგურებდა და ამის გამო კახეთის ომს გადარჩენილი მოსახლეობა იძულებული გახდა, რომ თავი მთებისთვის შეეფარებინა.

 

საბოლოო ჯამში, დიდი მსხვერპლის ფასად აბას I-მა ადიდებული ალაზანი გადალახა და 20 დღის განმავლობაში უტევდა კახელების სიმაგრეებს. უთანასწორო ბრძოლაში კახელები დამარცხდნენ. მხარე ნანგრევებად იქცა; მამაკაცთა უმრავლესობა მტერს შეაკვდა, ქალები და ბავშვები კი ტყვედ წაიყვანეს. ამ საზარელი ისტორიის შემდეგ კახელებმა ვენახების გაშენება მაინც დაიწყეს, თუმცა კახეთის ნახევარი, მტრის აოხრების შემდეგ, დაახლოებით ორი საუკუნის განმავლობაში კვლავ გაუდაბურებული იყო.

 

ქართულ ვენახებს სპარსელების მსგავსად თურქი დამპყრობლებიც ერჩოდნენ. ცნობილი ამბავია, რომ თურქები გურიასა და განსაკუთრებით აჭარაში, ვენახებს გამიზნულად ანადგურებდნენ. ხოლო იმ პერიოდში, როდესაც აჭარა თურქეთის მიერ იყო დაპყრობილი, ქართველებს ვენახებს საკუთარი ხელით ათხრევინებდნენ. ცნობილია ერთი მნიშვნელოვანი შემთხვევა, როდესაც თურქი იანიჩრები ხრესილის ომის წინ იმერეთის ერთ-ერთ სოფელში დაბანაკდნენ და იმერული ყურძენი ისე მოეწონათ, იქაურობის გადაწვა თურმე გადაიფიქრეს კიდეც. 1757 წელს მომხდარ ხრესილის ომში კი იმერეთის მეფე სოლომონ პირველმა თურქებს ისეთი მწარე მარცხი აგემა, საეჭვოა, ცოცხლად გადარჩენილ ოსმალებს იმერული ყურძნის გემო შემდეგში კარგად გახსენებოდათ.

 

დამპყრობელმა ქართული ვენახები გამიზნულად ბოლოს 2008 წლის აგვისტო-სექტემბერში გაანადგურა. რუსეთ-საქართველოს ომის ბოლო ფაზაში, როდესაც ქართული ჯარი სამაჩაბლოდან უკან იხევდა, რეგიონში შემოსულმა რუსმა ჯარისკაცებმა დიდი ლიახვის ხეობის ქართული სოფლები: ქურთა, თამარაშენი, კეხვი, ქემერტი და სხვა… ბოლომდე გაანადგურეს. მტერმა ასევე გამიზნულად გაანადგურა ვენახები და ხილის ბაღებიც. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ რუსი ჯარისკაცები სამხედრო მანქანების ავზებიდან საწვავს იღებდნენ, ვენახებს ასხამდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ. პატარა ლიახვის ხეობის სოფელ ერედვში (რომელიც ასევე პირწმინდად არის დანგრეული) მცხოვრები მევლუდ ქრისტესიაშვილის თქმით, ომის დროს სოფლიდან წამოსულმა მთიდან საკუთარი თვალით აქვს დაინახა, როგორ იწვოდა მისი სახლი და ვენახი. მევლუდს ახალი, სამი წლის გაშენებული ვენახი ჰქონდა და 2008 წელს გორული მწვანის განსაკუთრებით დიდ მოსავალს ელოდა.

 

 

ქართულ ვენახებს მტერი ყოველთვის დიდი მონდომებითა და შემართებით ანადგურებდა, თუმცა სამწუხაროა, რომ დღეს ამ არცთუ სასახელო საქმეს, ჩვენი დაუკვირვებელი თანამემამულეებიც აგრძელებენ. ქართლსა და კახეთში მცხოვრებ ნებისმიერ მევენახეს რომ ჰკითხოთ, ყველა გეტყვით, რომ ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა ვენახების დაწვის შემთხვევები. ცეცხლს, როგორც წესი, ის მევენახეები აჩენენ, რომლებსაც რთველის შემდეგ თვეებში ვენახის ბალახისაგან გაწმენდა ეზარებათ და ერთი შეხედვით ”მარტივ” გამოსავალს –  გამხმარი ბალახისათვის ცეცხლის მოკიდებას მიმართავენ. ცეცხლის გაკონტროლება რასაკვირველია, ძალიან რთულია და ხშირია შემთხვევები, როდესაც ასე უაზროდ გაჩენილ ხანძარს არამხოლოდ ერთი, არამედ რამდენიმე მიჯრით მდებარე ვენახის განადგურება გამოუწვევია.

 

როგორც ჩანს, ვენახებს ძირითადად ორ შემთხვევაში უჩნდება ხანძარი და ორივე ეს შემთხვევა დაუკვირებლობითაა გამოწვეული. პირველი მაშინ, როდესაც ადამიანს ვენახში არსებული ბალახის გაწმენდა ეზარება და ვენახშივე ანთებს ცეცხლს ბალახის ”მარტივად შეტრუსვის” იმედად. სხვათა შორის, ხალხში არსებობს მოსაზრება, რომ ეს მეთოდი ვენახს ანოყიერებს. მაშინ როდესაც, ცნობილია ”ბიო” მევენახეობის პრინციპები, რაც იმას გულისხმობს, რომ ვენახში უნდა დარჩეს ყველაფერი ის, რაც ”ვენახს ეკუთვნის”.

 

სხვა შემთხვევაში კი გლეხები ბალახს კი თიბავენ, მაგრამ ვენახიდან მოშორებით წაღებას, გათიბულის იქვე დაწვას ამჯობინებენ და ბევრს არაფრად უღირს ის, რომ მათი დაუკვირვებლობით სხვა, უდანაშაულო მევენახეები ზარალდებიან. არსებობს კიდევ ერთი – შურიანი ხალხის ფაქტორი. საუბარია შურიან მეზობლებზე, რომელსაც წარმატებული მეზობლის მშვენიერი ვენახი თვალში არ მოსდით და უკადრებელს კადრულობენ. თუმცა, ამის დადასტურება, რასაკვირველია, ძნელია და კონკრეტული ადამიანების დადანაშაულებაც არ იქნებოდა მართებული.

 

ფაქტი ისაა, რომ ბოლო წლებში ვენახების გადაწვის შემთხვევები მართლაც ძალიან მომრავლდა და აქედან გამოსავალი არ ჩანს. დაზარალებული მევენახეები ამბობენ, რომ მათი ვენახის გადამწველების მიმართ არანაირი ზომები არ მიღებულა, რადგან ამას აზრი არცა აქვს. თუკი ხანძრის გამჩენ მეზობელს დაიჭერენ, ეს ვენახს ვერ განაახლებს, რიგით გლეხებს კი დაზარალებულთათვის ზარალის ანაზღაურების შესაძლებლობა ხშირ შემთხვევაში არ შეუძლიათ.

 

 

 

წავუკითხოთ, წავაკითხოთ თუ ავკრძალოთ…

0

რამდენიმე ხნის წინ ჩემი ახლობლის სტატუსს გადავაწყდი ფეისბუქზე, ჩიოდა, ზღაპარი ვერ წამიკითხავს შვილიშვილისთვის, ან დედინაცვალი მოითხოვს ქმრისგან გერის აკუწვას და მერე ნახარშის მომზადებას ან მამა ტოვებს ტყეში საცოდავ შვილებს, მოკლედ, ისეთი ამბებია მოთხრობილი, ამის წაკითხვა რომ გავაგრძელო, ჩემს საწყალ შვილიშვილს ღამე აღარ დაეძინებაო. ჰოდა, ჩემმა ახლობელმა რჩევა ჰკითხა გამოცდილ ნაცნობებს. ნაცნობებსაც არ დაეზარათ და მილანძღ-მოლანძღეს ზღაპრები, ზოგიერთებმა დასკვნაც გამოიტანეს, რომ ქართული ზღაპრები არასოდეს არაა კეთილი და გაიხსენეს კეთილშობილური ევროპული ზღაპრები; საქმეში უფრო მეტად ჩახედულმა გულშემატკივრებმა დაინდეს ქართული ზღაპრები, ზღაპრის მოარული სიუჟეტი გაიხსენეს და დაასკვნეს, რომ ქართული კი არა, ზოგადად ზღაპარია ასაკრძალი. მეც არ დამეზარა და ჩემს ახლობელს მოკრძალებული აზრი გავუმხილე ზღაპრების წაკითხვა-არწაკითხვის საკითხზე. სანამ ამ მოკრძალებულ აზრს თქვენც მოგახსენებდეთ, დავძენ, რომ ჩემი ახლობელი ქალბატონი თავადაც მკვლევარია, ჩემი კომენტარები ადეკვატურად გაიგო, გაიზიარა ფოლკლორის სპეციალისტების წუხილი და ფოლკლორისტებს პატარა სასარგებლო რჩევებიც მოგვცა. ამ წერილს არც დავწერდი, რომ არა შემდგომი მოვლენები. საქმე ისაა, რომ ბოლო დროს ფეისბუქზე უკვე ხშირად გადააწყდებით ზღაპრების ღირსების შემლახავ ან ღირსების დამცველ სტატუსებს და კომენტარებს ზღაპრების სასკოლო პროგრამაში თუ კლასგარეშე საკითხვად შეტანის მიზანშეწონილობის შესახებ. ეს დავა არც საქართველოსთვისაა ახალი და არც სხვა ქვეყნებისთვის, ეს დავა საუკუნეებია, დიახ, საუკუნეებია, მიმდინარეობს მთელ რიგ ქვეყნებში. ზოგიერთი მშობელი, პედაგოგი, ფსიქოლოგი, თანამდებობის პირი სხვადასხვა დროს ხან მორალს უწუნებდა ზღაპრის გმირებს, სისასტიკეში და ძალადობაში ადანაშაულებდა მათ, ხანაც თვლიდა, რომ ზღაპრის სიუჟეტები სტერეოტიპების გამყარებას ემსახურება და სექსისტურია. მოპაექრე მხარეებს უკვე ასპარეზი არ ყოფნიდათ და მალე ადაპტირებულ ზღაპრებსაც გამოუცხადეს ომი, მერე ფოლკლორის სხვა ნიმუშებსაც გადაწვდნენ და ბოლოს საქმეებმა საგაზეთო ფურცლებიდან სასამართლოებში გადაინაცვლა. ყველაზე გახმაურებული ინციდენტი ალბათ მაინც ძმები გრიმების ზღაპრებს უკავშირდება, განსაკუთრებით, კონკიას, ფიფქიას, წითელქუდას, რაპუნცელს, გრეტელისა და ჰენსელის ზღაპარს და სხვა ყველასთვის ბავშვობიდან ნაცნობ ზღაპრებს. ჯერ იყო და პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს, ზღაპრები თავიანთი იდეოლოგიისთვის მოერგოთ. სწორედ ასე იქცა წითელქუდას ანტაგონისტი მგელი საძაგელ ებრაელად, რომელიც ერჩის გერმანელ ხალხს. ფაშიზმის დამარცხების შემდეგ ზოგიერთმა ზღაპრის კრიტიკოსმა დაასკვნა, რომ გერმანელების სისასტიკე ბავშვობაში ამ სასტიკი ზღაპრების კითხვამ განაპირობა. გაისმა მოწოდებები აკრძალულიყო ძმები გრიმების ზღაპრები, ხოლო სამოციანი წლებიდან დაიწყო არა მარტო ძმები გრიმების, არამედ სხვა ზღაპრების დევნაც ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა სკოლაში და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, გერმანიაში. განათლების მესვეურებმა გაიზიარეს ზღაპრის კრიტიკოსების მოწოდება და უარი თქვეს ზღაპრების სასწავლო მიზნებით გამოყენებაზე. თუმცა ამ ტალღამაც მალე გადაიარა და დღეს ზღაპრები ისევ დაბრუნდა საბავშვო წიგნების თაროებზე, შესაბამისად, მასწავლებლებიც (არა ყველა) მიუბრუნდნენ ზღაპრის ტექსტების სასწავლო მიზნებით გამოყენებას და მშობლებმაც (გამონაკისის გარდა) გააგრძელეს ზღაპრების შვილებისთვის წაკითხვა/მოთხრობა. თუმცა პროტესტი მაინც გაისმოდა ხოლმე, ხან წითელქუდას კალათიდან ალკოჰოლის ამოღებას მოითხოვდნენ, ხანაც ქორწინებამდე კოშკში გამომწყვდეულ ასულთან ჭაბუკის სტუმრობის პასაჟს, მეფის ასულს რომ მერე აღარ გაკვირვებოდა, ტანსაცმელი რატომ აღარ მეტევა ტანზეო, ხანაც სკაბრეზისა და არანორმატიული ლექსიკისგან ტექსტების გაწმენდა-გათავისუფლებას…

არადა, ძმები გრიმები ფოლკლორის პირველი შემგროვებლები იყვნენ. მათი თავდაპირველი მიზანი სულაც არ იყო ზღაპრების ჩაწერა ბავშვების განსანათლებლად. პირველი კრებული, ყოველგვარი ილუსტრაციების გარეშე, 1812 გამოსცეს და ეს წიგნი პატრიოტულ ნაბიჯად უფრო შეფასდა, რადგან ნაპოლეონის მიერ დაპყრობილ გერმანიაში ზეპირი ნიმუშების გადარჩენა ღირსეული საქმე იყო. მაშინ ძმებ გრიმებს არც უფიქრიათ, რომ მათი შეგროვილი გერმანული ზღაპრები იმდენად პოპულარული გახდებოდა, რომ სწრაფად ითარგმნებოდა სხვადასხვა ენებზე და მისი ყველაზე აქტიური მკითხველი ბავშვი გახდებოდა, ხოლო მათი დაწყებული საქმე, ზღაპრის და დანარჩენი ფოლკლორული ტექსტების შეგროვება ჯერ მთელი ევროპის მასშტაბით, მერე კი მსოფლიოს დანარჩენ ნაწილებშიც დაიწყებოდა. გრიმების კრებულს კომენტარები ჰქონდა და ეს კომენტარები ტექსტზე უფრო ვრცელი იყო. ვერც იმას ვიტყვით, რომ არავინ ფიქრობდა ამ ზღაპრების იმ დროისთვის ზოგჯერ შეუსაბამო და შეუთავსებელ მორალურ მხარეებზე. თავად გრიმების კრებულიც რაღაც სახით ადაპტირებული იყო იმდროინდელ, განსაკუთრებით, ქრისტიანულ ნორმებთან. ამიტომაც გრიმების ვერსიაში ბოროტი დედა ანჩხლ დედინაცვლად იქცა, დაუნდობელი მამა ეშმაკმა ჩაანაცვლა, ქორწინებამდე სექსის მიმანიშნებელი პასაჟები გაშალაშინდა, მაგრამ მერედამერე ზღაპრები კიდევ უფრო მეტად ადაპტირდა დროის მოთხოვნებთან და ბოლოს საქმე დააგვირგვინა მულტიპლიკაციამ. დღეს თითქმის ყველა ბავშვი ზღაპრებს, ასე ვთქვათ, უოლტ დისნეის ინტერპრეტაციით იცნობს. მაგრამ საქმე ისაა, რომ არც ეს ინტერპრეტაცია აღმოჩნდება ხოლმე მისაღები ზოგიერთი დარგის სპეციალისტებისთვის (რა თქმა, უნდა, ამ ცალკეულ დარგებშიც ყველა მკვლევარს ერთი პოზიცია ვერ ქნება), იქნება ეს გენდერის საკითხებზე მომუშავე ადამიანი თუ ფსიქოლოგი, პედაგოგი თუ ლინგვისტი.

საქართველოში ზღაპრების წინააღმდეგ პირველად ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში გაილაშქრეს. ცნობილია აკაკის წერილიც, რომელსაც ერთი მასწავლებელი ედავებოდა, ჩვენ გამოსაფხიზლებელ და არა დასაძინებელ წერილებს ველოდებით თქვენგან ჟურნალშიო, რაზეც აკაკის ენამოსწრებულად შეუნიშნავს: „მოდი, მოვიყვანოთ ყმაწვილები, ეგ „ბროწეულის წყარო“ წავუკითხოთ და თქვენი პედაგოგიური ნაწერებიც და რომელმაც უფრო ადრე დააძინოს, ის დარჩეს გამტყუნებულიო“. სერიოზული სახე მიიღო პედაგოგ ნინო ძიძიგურის (რომელიც ზღაპრების შეტანას სახელმძღვანელოებში იმ მოტივით თვლიდა გაუმართლებლად, რომ მოზარდში შიშის, ცრუმორწმუნეობის, ეგოიზმის განვითარებას უწყობს ხელსო) და პროფესორ მიხეილ ჩიქოვანის (იგი წერდა, რომ ზღაპრების ხელოვნური გარდაქმნა, მისი შელამაზება და შევსებაც, ხალხური ზღაპრების ლიტერატურული კანონების მიხედვით გადამუშავებაც კი არ არის მიზანშეწონილიო) დაპირისპირებამ, ნოდარ შამანაძისა და ანა ღვინიაშვილის პოლემიკამ. ვინაიდან დღემდე არ წყდება ზღაპრის მიმართ მტრული დამოკიდებულების გამოვლენა, პერიოდულად თავიანთ თვალსაზრისს აფიქსირებენ ცნობილი ფოლკლორისტებიც (აღსანიშნავია პროფესორ ფიქრია ზანდუკელის შესავალი წერილი წიგნისთვის „წერილები საბავშვო ფოლკლორზე“, პროფესორ ზურაბ კიკნაძის წერილი ჟურნალ „კადმოსში“ და პროფესორ რუსუდან ჩოლოყაშვილის წერილი კრებულში „მხატვრულ სახეთა ტრანსფორმაციის ფორმები ქართულ ფოლკლორში“). რამდენიმე წელია, რაც ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილების თანამშრომელი ვარ. არაერთხელ შევსწრებივარ სხვადასხვა სახის კამათს და დაპირისპირებას. მახსოვს, ერთ-ერთი გამომცემლობის ხელმძღვანელმა გამოსაცემად ოცდაათი საბავშვო ზღაპრის შერჩევა გვთხოვა. ნებისმიერმა სპეციალისტმა იცის, რომ ჯადოსნური ზღაპრების დასასრული კეთილია, ხოლო სხვა ნაწილები – ნაკლებად. როგორც იქნა, შევთანხმდით, რომ მეტნაკლებად „კეთილ“ ზღაპრებს შევარჩევდით. მე, რუსუდან ჩოლოყაშვილმა და რუსუდან ცანავამ დიდი მონდომებით შევარჩიეთ ასეთი ზღაპრები, საკმაოდ დიდი შრომა და ენერგიაც გავწიეთ, იოლი საქმე ხომ არაა, ათასობით ზღაპრიდან მხოლოდ 30 შეარჩიო? სამწუხაროდ, ჩვენმა შერჩეულმა ზღაპრებმა დღის სინათლე ვერ იხილეს. შემდეგ, ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში,  განათლების სამინისტროდან გვთხოვეს „კეთილი“ ზღაპრების კრებულის მომზადება. არაქართული გვარის მინისტრი აღშფოთებული იყო ქართული ზღაპრების სისასტიკით და უკვირდა, რატომ არ წერდნენ ქართველები ევროპული ყაიდის ზღაპრებს. ცოტაც და ალბათ რინგზე გაიწვევდა ჩვენი განყოფილების ხელმძღვანელს, რომელიც დიდი ნებისყოფის ხარჯზე ცდილობდა გაენათლებინა ზედაპირულად მოაზროვნე მინისტრი… მადლობა ღმერთს, ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მაინც იყვნენ კომპეტენტური ადამიანები და დაგვიფინანსეს ქართული პროზის 22 ტომის აკადემიურად მომზადება (აქედან რამდენიმე ტომი სწორედ ზღაპრებია, ჯადოსნურიც და ნოველისტურიც). სამწუხაროდ, ეს ტომები მხოლოდ ელექტრონული სახითაა და ელოდება თავის დროს, როდის მოიცლის რომელიმე გამომცემელი და წიგნების სახით გამოსცემს მათ.

რაც შეეხება ჩემს მოკრძალებულ აზრს: მეც, ბევრი ფოლკლორისტის მსგავსად, მიმაჩნია, რომ ფოლკლორული ნაწარმოებების უდიდესი ნაწილი, ზღაპარი იქნება ეს, სიმღერა თუ გათვლა, ხალხური რწმენა-წარმოდგენების შესახებ უძველეს ინფორმაციას ინახავს, ამ ჟანრებში ხდებოდა საკრალურის პროფანაცია. გვიანდელი ფენებისგან ტექსტების გათავისუფლება და უძველეს შრეებთან მიახლოება ურთულესი, მაგრამ სიურპიზებით სავსე საქმეა. ძალიან მიყვარს ეს პროცესი და ამიტომაც დიდი სიამოვნებითა და გატაცებით ვაკეთებ ჩემს საქმეს. მე ფოლკლორს მეცნიერულად ვუდგები და ვიკვლევ. ამ საქმეში ადაპტირებული გამოცემები ვერ დამეხმარება და ამიტომაც, გული მტკივა, როდესაც გამომცემლები არ ინტერესდებიან ფოლკლორული ტექსტების აკადემიური გამოცემებით და მათ ადაპტირებულ-ილუსტრირებულ გამოცემებზე აქვთ გათვლა. მე პირადად არასოდეს წავუკითხავდი და არც წასაკითხად მივცემდი ჩემს შვილებს ზღაპარს კონკიაზე, რომელიც აქტივისტ გოგოებს შემოიკრებს, კლუბს თუ მოძრაობას დააარსებს და მერე ემიგრაციაში წავა ამერიკაში; სამოქალაქო პოზიციის მქონე ბავშვებზე უამრავი საინტერესო ნაწარმოებია შექმნილი და სწორედ ამ ნაწარმოებებს შევურჩევდი ჩემს შვილებს წასაკითხად, რა საჭიროა კონკიას მივანიჭოთ ახალი, მისთვის უცხო ფუნქცია. და კიდევ ერთი: მე პირადად მარტო ფოლკლორული კი არა, ყველანაირი ტექსტის ადაპტაციის სასტიკი მოწინააღმდეგე ვარ, არასოდეს ვყიდულობდი ჩემი შვილებისთვის არც ადაპტირებულ ჰომეროსს, არც სერვანტესს, არც შექსპირს და არც რუსთველს. მე ჩემი არგუმენტები მაქვს და მიმაჩნია, რომ ლექსიკის სიმდიდრისთვის, გემოვნების დახვეწისთვის, კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის ავტორის წაკითხვა უპირველესია, თუკი ამის ფუფუნებაა, მაშინ, რა თქმა უნდა, ორიგინალის ენაზე. თუმცა ჩემთვის ისიც გასაგებია, რომ ყველას თავისი გემოვნება, მოსაზრება გააჩნია ამ საკითხზე და ესეც მშობლის არჩევანია და უფლება, რას იყიდის შვილისთვის და რას – არა. მაგრამ, აბა, ახლა ერთი წუთით წარმოიდგინეთ, ჩემს კვლევაში იმ უფლისწულზე ვილაპარაკო, ბაყაყის კოცნის შედეგად რომ მოუხსნა ჯადო ასულმა და არ ვიცოდე, რომ ეს პასაჟი ადაპტაციის (გავიხსენოთ თუნდაც ასტრიდ ლინდგრენის „ჩვენს სალტკროკელები ვართ“, სადაც საყვარელი პერსონაჟი სტინა, იმ იმედით, ბაყაყი უფლსწულად გადაიქცევაო, ბაყაყს კოცნის) შედეგია, ავთენტური ტექსტის მიხედვით კი, ბაყაყს გოგონა კი არ კოცნის, არამედ გამწარებული კედელზე ანარცხებს; ანდა, ლექციაზე კომბლეს ბატონის ცემა დავაბრალო მაშინ, როცა ავთენტურ ზღაპარში ამის შესახებ დუმს, მულტფილმში კი ეს პასაჟი ასეთ სახით ადაპტირდა… ხომ იტყვით, რომ არაკომპეტენტური ვარ? აი, მეც მეშინია, რომ ადაპტირებულ ლიტერატურაზე გაზრდილი თაობა აღარ მიუბრუნდება ორიგინალს და მის მეხსიერებაში არასწორად ჩაიბეჭდება დამახინჯებული სიუჟეტები, გადასხვაფერებული გმირები და კიდევ, ვინ მოთვლის, რამდენი რამ. ამიტომაც მე ასაკზე მორგებული ტექსტების შერჩევის მომხრე კი ვარ, ოღონდაც არა ტექსტების აკრძალვის, რადგან ასე მგონია, ზღაპრებზე გაგულისებულებს დღეს ავტორის ხელიდან გამოსული ნაწარმოებები არ გვახსენდება, თორემ ხვალ და ზეგ, აკრძალვის პირველ ეტაპს მეორე ეტაპი მოჰყვება ავტორების კურიკულუმიდან ამოღების მოთხოვნით და, ვინ იცის, მაზეგ ეგებ ავტოდაფეებიც მოვაწყოთ. ასე დაიწყო ეს პროცესები გერმანიაში (აქ 1933 წლის მოვლენებს ვგულისხმობ)… ჩვენ კი ისტორიას ხომ იმიტომაც ვსწავლობთ, რომ შეცდომები გავაანალიზოთ და მომავალში აღარ გავიმეოროთ?!

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...