სწრაფი კითხვა
მეცნიერთა და პედაგოგთა ხანგრძლივმა დაკვირვებამ ცხადყო, რომ სწრაფი კითხვა ხშირად არა მხოლოდ ხელს უწყობს, არამედ განაპირობებს კიდეც მოსწავლეთა წარმატებას.
„ადამიანები ვერც კი ხვდებიან რა შრომა და დრო სჭირდება კითხვის სწავლას. მე ამისთვის 80 წელი დამჭირდა და ვერ ვიტყვი, რომ მიზანს მივაღწიე“. ეს სიტყვები დიდ გერმანელ პოეტსა და მეცნიერს გოეთეს ეკუთვნის, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, თუ რა ძნელად გადასაჭრელია კითხვის პრობლემა.
დღეს ჩვენ ვისაუბრებთ სწრაფი კითხვის მეთოდებზე.
ადამიანები კითხულობდნენ საუკუნეების განმავლობაში, მაგრამ მხოლოდ 21-ე საუკუნეში დადგა საკითხი, თუ როგორ შევასწავლოთ მათ სწრაფი კითხვა.
სწრაფი კითხვის სწავლება დაიწყო ამერიკაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. სტუდენტმა ეველინ ნელსონ ვუდმა სტატია მიუტანა პროფესორ ლისს, რომელსაც ამ ნაშრომზე რეცენზია უნდა დაეწერა. სტუდენტი გაოცდა, როდესაც დაინახა, თუ რა სისწრაფით წაიკითხა მან სტატია და შენიშვნებიც მიაწერა. რეცენზია მზად იყო. ვუდმა დაიწყო თავისი დაკვირვებები და აი, რა დასკვნამდე მივიდა: ყველა ადამიანი, ვინც სწრაფად კითხულობს, იყენებს კითხვის ერთსა და იმავე მეთოდს, კერძოდ:
- კითხულობს ზემოდან ქვემოთ და არა მარცხნიდან მარჯვნივ, როგორც ჩვეულებრივი მკითხველი;
- ერთდროულად აღიქვამს სიტყვათა ჯგუფს და არა ერთ ან ორ სიტყვას, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება;
- იშვიათად მიმართავს რეგრესიას, (ანუ ჩერდება, რათა ხელმეორედ წაიკითხოს სიტყვა, ან გაუგებარი სიტყვები).
ეს სამი თავისებურება დაედო საფუძვლად ეველინ ვუდის სისტემას, სახელწოდებით: „დინამიკური კითხვა“.
ამერიკელმა მეცნიერებმა რაციონალური კითხვის შესასწავლად სპეციალური ლაბორატორია შექმნეს. რაციონალურ კითხვაში მოიაზრება მაქსიმალურად სწრაფი კითხვა, მაქსიმალური ინფორმაციის მიღება და წაკითხულის ზედმიწევნით შეთვისება.
ამ ლაბორატორიის შექმნისას ისინი ითვალისწინებდნენ მოსწავლეების კითხვის სისწრაფესა და ათვისების ხარისხს.
ყოველი პედაგოგისათვის ნაცნობია ასეთი სიტუაცია: მოსწავლეთა ნაწილი, რომელმაც შეასრულა მიცემული დავალება, ელოდება დანარჩენ მოსწავლეებს, რომელთაც ეს სამუშაო ჯერ არ დაუმთავრებიათ. ეს იმით აიხსნება, რომ, ჩვეულებრივ, ტექსტები გათვლილია საშუალო შესაძლებლობის მოსწავლეებზე და მცდელობა იმისა, რომ მოსწავლე შეეჩვიოს ტემპს, რომელიც მისთვის ან ძალიან ნელია, ან ძალიან სწრაფი, ნაკლებეფექტურია. ამიტომ შემუშავდა ტესტი, რომელიც მკითხველს თავისი შესაძლებლობების შეფასების საშუალებას აძლევს.
ტესტი
ქულათა მაქსიმალური რაოდენობა-100
- კითხვის დაწყებამდე გაქვთ თუ არა ყოველთვის განსაზღვრული მისი მიზანი და მოტივი?
ა) მიზანი ყოველთვის განსაზღვრული და მოტივირებული მაქვს; 10
ბ) მიზანი დაახლოებით განსაზღვრული მაქვს, კითხვა მოტივირებულია; 6
გ) ზოგჯერ; 4
დ) იშვიათად; 2
ე) არასდროს. 0
2) ცვლით თუ არა კითხვის სისწრაფეს ?
ა) მუდმივად ვცვლი; 10
ბ) ზოგჯერ; 6
გ) სისწრაფეს კითხვის დაწყებამდე განვსაზღვრავ; 4
დ) ყოველთვის საშუალო სისწრაფით ვკითხულობ; 2
ე) ყოველთვის ნელა ვკითხულობ. 0
3) ახერხებთ თუ არა კითხვისას ყურადღების სრულ მობილიზებას?
ა) ყოველთვის; 10
ბ) ძირითადად ვახერხებ; 6
გ) ზოგჯერ, თუ მასალა საინტერესოა; 4
დ) იშვიათად; 2
ე) ვერ ვახერხებ. 0
4) შეგიძლიათ თუ არა ტექსტის სტრუქტურის სწრაფად გაგება?
ა) ყოველთვის; 10
ბ) სწრაფად შემიძლია განვსაზღვრო ჩემთვის საინტერესო მონაკვეთი; 6
გ) სტრუქტურას განვსაზღვრავ მცირე ნაწილის წაკითხვის შემდეგ; 4
დ) სტრუქტურას განვსაზღვრავ მთლიანი ტექსტის წაკითხვის შემდეგ; 2
ე) სტრუქტურას საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას. 0
5) შეგიძლიათ თუ არა წაკითხვისთანავე გაიგოთ მთავარი (საკვანძო) წინადადების აზრი?
ა) ყოველთვის; 10
ბ) შემიძლია თუ ტექსტი ადვილია; 6
გ) ზოგჯერ; 4
დ) იშვიათად; 2
ე) არ შემიძლია. 0
6) უბრუნდებით თუ არა თვალით წაკითხულ ტექსტს?
ა) არასდროს; 10
ბ) თუ გაუგებარი ადგილებია, ვუბრუნდები; 6
გ) იშვიათად ვუბრუნდები, თუ სიტყვები არ მესმის; 4
დ) ზოგჯერ, როცა ტექსტის აზრი არ მესმის; 2
ე) სხვადასხვა მიზეზით ხშირად ვუბრუნდები. 0
7) ტექსტს თითს ან ფანქარს აყოლებთ თუ თავის მოძრაობით ადევნებთ თვალს?
ა) თავი და ხელები უმოძრაოდ მაქვს; 10
ბ) ზოგჯერ თავს ვამოძრავებ; 6
გ) მნიშვნელოვანი ადგილების კითხვისას თითს ვაყოლებ; 4
დ) ხშირად; 2
ე) ყოველთვის ასე ვიქცევი. 0
8) იმეორებთ თუ არა ხმამაღლა ან თქვენთვის იმას, რასაც კითხულობთ?
ა) ყოველთვის ჩუმად ვკითხულობ; 10
ბ) ზუსტად ვერ გიპასუხებთ; 6
გ) გამოვთქვამ ზოგიერთ რთულ სიტყვას; 4
დ) ხშირად ვიჭერ თავს, რომ ვიმეორებ წაკითხულს; 2
ე) ყოველთვის არტიკულაციით ვკითხულობ. 0
9) გაქვთ თუ არა წარმოსახვითი ასოციაციები იმ ტექსტთან დაკავშირებით, რომელსაც კითხულობთ?
ა) ყოველთვის; 10
ბ) ზოგჯერ; 6
გ) მიჭირს პასუხის გაცემა; 4
დ) იშვიათად; 2
ე) არასდროს. 0
10) როგორ მოძრაობს თქვენი თვალი კითხვისას?
ა) სწრაფად და ფურცლის შუაში; 10
ბ) ზიგზაგურად, ხაზიდან ხაზზე; 6
გ) დიაგონალურად; 4
დ) ყოველ ხაზზე შეჩერებით; 2
ე) ყოველ სიტყვაზე შეჩერებით. 0
ამ ტესტის შედეგები დაახლოებით ასეთია: პროფესიონალი მკითხველი აგროვებს 100 ქულას, სწრაფი კითხვის მეთოდებს დაუფლებული – 70-80 ქულას, ერუდირებული – 40-50 ქულას, ხოლო მკითხველთა უმეტესობა – 20-დან 30 ქულამდე.
შედეგების გადასამოწმებლად ეს ტესტი შევთავაზე მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებს. აღმოჩნდა, რომ წარმატებულ მოსწავლეთა უმეტესობამ 60-დან 70-მდე ქულა მოაგროვა. შედეგებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა სწრაფი კითხვის მეთოდების შესწავლის აუცილებლობაში.
შესაძლებელია თუ არა ამ მონაცემთა გაუმჯობესება?
ყოველ მკითხველს კითხვის თავისი ალგორითმი, თავისი წინაპროგრამა აქვს. მათგან ბევრი ნამდვილად არ არის ეფექტური. საკმაოდ ხშირად გვხდება არაორგანიზებული კითხვის შემთხვევები.
შესაძლებელია, თუ არა მოსწავლე მივაჩვიოთ წიგნთან ორგანიზებულ მუშაობას? მეცნიერები თვლიან, რომ შესაძლებელია.
სწრაფი კითხვის მეთოდების ასათვისებლად ადამიანს უნდა ჩამოუყალიბდეს რიგი ჩვევებისა. მათი ჩამოყალიბების ერთ-ერთ საშუალებად მეცნიერები ინტეგრალურ ალგორითმს მიიჩნევენ.
ალგორითმი – ეს არის იმ კონკრეტულ ოპერაციათა ერთობლიობა, რომელიც უნდა განხორციელდეს გარკვეული თანმიმდევრობით. ამ შემთხვევაში ეს არის ის გონებრივი ქმედებები, რომლებიც უნდა განვახორციელოთ კითხვისას.
ინტეგრალური – მიგვანიშნებს იმაზე, რომ ალგორითმის მოქმედება მთელ ტექსტზე ვრცელდება.
რატომ უნდა ჩამოყალიბდეს ალგორითმის საშუალებით კითხვის უნარი?
1) ალგორითმის გამოყენება აწესრიგებს კითხვის პროცესს და უფრო
ორგანიზებულს ხდის მას;
2) დაკვირვებებმა ცხადყო, რომ ინტეგრალური ალგორითმით კითხვისას
ყალიბდება უნარი, რომელიც უზრუნველყოფს რაციონალურ ქმედებათა
განსაზღვრულ თანმიმდევრობას;
3) თანამედროვე ლინგვისტები ამტკიცებენ, რომ კონკრეტული მკითხველისათვის საინტერესო ტექსტის მხოლოდ 25%-ია. ინტეგრალური ალგორითმი ეხმარება მკითხველს სწორდ ამ ნაწილზე გაამახვილოს ყურადღება;
4 ) ალგორითმის გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს დროს, რომელიც
საჭიროა ინფორმაციის დახარისხებისათვის.
ი ნ ტ ე გ რ ა ლ უ რ ი ა ლ გ ო რ ი თ მ ი
სახელწოდება
ავტორი
წყარო და მისი მონაცემები
ძირითადი შინაარსი, თემა
ფაქტობრივი მონაცემები
ის საკითხები, რომლებიც საკამათოა
რაში მდგომარეობს მოცემული მასალის სიახლე და როგორ გამოვიყენოთ პრაქტიკაში
სწრაფი კითხვის დაუფლებისათვის ასევე აუცილებელია პერიფერიული მხედველობის განვითარება. რა არის პერიფერიული მხედველობა და როგორ უნდა განვითარდეს იგი?
კითხვისას ჩვეულებრივი მკითხველის თვალი მოძრაობს ერთი და იმავე ტრაექტორიით – მარცხნიდან მარჯვნივ, სტრიქონით ქვემოთ და ისევ მარცხნიდან მარჯვნივ.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანის თვალს სხვაგვარადაც შეუძლია ნაწერის აღქმა. მას შეუძლია ისე დაინახოს მთელი სტრიქონი, რომ მზერა კონცენტრირებული იყოს სტრიქონის ცენტრში და გადაადგილდეს მხოლოდ ზემოდან ქვემოთ, ანუ ვერტიკალურად.
ამ სირთულის დასაძლევად შექმნილია მრავალი რეკომენდაცია და სავარჯიშო. ერთ-ერთი მათგანია, ეგრეთ წოდებული, შულტეს ცხრილი, რომელიც პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში.
შულტეს ცხრილი |
01 16 |
03 08 |
15 05 |
დისტანცია |
04 13 |
0 |
07 11 |
F |
14 12 |
05 09 |
06 02 |
ცხადია, სწრაფი კითხვის დაუფლება შრომატევადი საქმეა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ სტატისტიკას, რომელიც გვიჩვენებს, რომ წარმატების ერთ-ერთი საწინდარი სწრაფი კითხვაა და მოსწავლეთა 80%, ის ვინც მაღალი მოსწრებით გამოირჩევა, სწრაფად კითხულობს, მაშინ ღირს დავფიქრდეთ, საჭიროა თუ არა ამ მეთოდების შესწავლა. ეს მეთოდები დანერგილია მთელ მსოფლიოში და წარმატებით ხორციელდება, როგორც სწავლების დაწყებით საფეხურზე, ასევე ზრდასრულ ადამიანებშიც.
დასასრულ, მინდა შემოგთავაზოთ რეკომენდაციები, რომლებიც სასურველია გაითვალისწინოს ყველა მკითხველმა.
ს წ რ აფ ი კ ი თ ხ ვ ი ს 10 წ ე ს ი
№1 იკითხეთ რეგრესიის გარეშე. ყველანაირი სირთულის ტექსტი წაიკითხეთ მხოლოდ ერთხელ. ტექსტის დასრულებისა და წაკითხულის გააზრების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, წაიკითხეთ ხელმეორედ.
№2 კითხვისას ინფორმაცია განათავსეთ ინტეგრირებული ალგორითმის ბლოკებში. მუდმივად ეძებეთ პასუხები ალგორითმის ბლოკებში განთავსებულ შეკითხვებზე.
№3 იკითხეთ არტიკულაციის გარეშე. წარმოთქმა სწრაფი კითხვის ყველაზე დიდი მტერია.
№4 იკითხეთ თვალების ვერტიკალური მოძრაობით. განივითარეთ პერიფერიული მხედველობა. ამისათვის ჯერ წაიკითხეთ გაზეთის წვრილშრიფტიანი სვეტი, შემდეგ წიგნის ფურცელზე, შუაში, ჩამოუსვით ხაზი და ისე წაიკითხეთ.
№ 5 კითხვისას იყავით მაქსიმალურად ყურადღებით.
№6 შეეცადეთ კითხვის პროცესშივე გაიგოთ წაკითხულის აზრი. ამისათვის გამოყავით საკვანძო სიტყვები. გახსოვდეთ, რომ კითხვა არის ძიებისა და აზრის ჩამოყალიბების პროცესი.
№7 კითხვისას გამოიყენეთ დამახსოვრების სხვადასხვა მეთოდი. მაგალითად: ჯერ დაიმახსოვრეთ მხოლოდ ის, რაც გასაგებია, შემდეგ – ავტორის აზრები და იდეები. არ დაიმახსოვროთ ცალკეული სიტყვები და ფრაზები!
№8 ხშირად შეცვალეთ კითხვის სიჩქარე. ყოველ ჯერზე თქვენთვის სასურველი სისწრაფე შეარჩიეთ.
№ 9 დააწესეთ თქვენი დღიური ნორმა, ის რაც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ.
№ 10 მთავარი წესი – იკითხეთ ბევრი.
გამოყენებული ლიტერატურა:
- ლეზერი ფ. – „რაციონალური კითხვა“
- გეცოვი გ. – „წიგნზე მუშაობის რაციონალური მეთოდები“
- რუბიკინი ნ. – „რჩეული“
- კუზნეცოვი ო., ხრომოვი ლ., – „სწრაფი კითხვის ტექნიკა“
- სწრაფი კითხვის 35 საიდუმლო
ევროპული სკოლის“ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი რუსუდან ბრეგაძე
დამხმარე ლიტერატურა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისათვის
მასწავლებლები ხშირად გამოთქვამენ სურვილს, რომ მათ ჰქონდეთ ინფორმაცია საკუთარი პროფესიული განვითარებისათვის საჭირო წიგნების შესახებ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სისტემატურად აქვეყნებს თავის ვებგვერდზე, სოციალურ ქსელსა თუ ელექტრონულ ჟურნალ Maswavlebeli.ge-ზე ინფორმაციას ცენტრის მიერ მომზადებულ მეთოდურ ლიტერატურაზე. მასწავლებლებს სჭირდებათ ისეთი ლიტერატურა, რომელიც მათ საგნობრივი ცოდნის განახლება-გაღრმავებაში დაეხმარება. ასევე მიაწვდის მათ მასალას, რომელსაც ისინი ეფექტიანად გამოიყენებენ კლასში მოსწავლეებთან სამუშაოდ. ვფიქრობ, სტატაიში წარმოდგენილი წიგნები დააინტერესებს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს.
ჰაგიოგრაფიული ტექსტების შესწავლა მეათე კლასში ყოველთვის პრობლემებს ქმნის, რადგან ენობრივი და მსოფლმხედველობრივი თვალსაზრისით ისინი მოსწავლეებისათვის რთულად აღსაქმელია. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას შეუწყობს ხელს წიგნი „ქართული ჰაგიოგრაფია“, რომელშიც წარმოდგენილია სამი
ჰაგიოგრაფიული ძეგლის – “შუშანიკის წამების”, “აბოს წამების” და “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების” – პარალელური ტექსტები. ამ პარალელური ტექსტებიდან ერთი წარმოადგენს ძველ ქართულ ორიგინალს, ხოლო მეორე – ახალ ქართულ ენაზე შესრულებულ უზუსტეს ვერსიას. ასეთი გამოცემა დაეხმარება მასწავლებლებს მათ სწავლებაში, მოსწავლეებს კი გაუიოლებს ტექსტების აღქმასა და სიღრმისეულ წვდომას.
ჰაგიოგრაფიული თხზულებები ტრადიციულად სახელმძღვანელოებში შემოკლებებით იბეჭდება. ამ გამოცემაში “აბოს წამების” და “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების” ტექსტები მინიმალურად არის შემოკლებული, ხოლო “შუშანიკის წამება” სრული სახითაა წარმოდგენილი. ტექსტებს წინ უძღვის ფილოლოგ ლევან გიგინეიშვილის შესავალი წერილები, რომლებშიც ღრმა ცოდნითა და პოპულარული ენით არის მოწოდებული ის ძირითადი ასპექტები – ისტორიული, რელიგიური, ლიტერატურული და სხვა – რომელთა გათვალისწინებითაც გაცილებით ღრმად ჩავწვდებით ქართული მწერლობის ამ შესანიშნავ ნიმუშებს.
ყველასათვის ცნობილია, რომ მოსწავლეებისათვის არგუმენტირებული და ანალიტიკური ესეს წერა საკმაოდ დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. იმისათვის, რომ მათ შეძლონ ამ სირთულეებთან გამკლავება, მნიშვნელოვანია მივაწოდოთ მათ მსჯელობის სტრუქტურის ელემენტები (მსჯელობის სქემები), რომლებსაც წარმატებით მოარგებენ ნებისმიერ განსახილველ საკითხს, შეძლებენ აბზაცის დანიშნულების გააზრებას, არგუმენტებისა და ფაქტების მოხმობას, დასკვნების ჩამოყალიბებას და, საბოლოოდ, ნაწერის რედაქტირებას, მართლწერის წესების დაცვით აზრის მკაფიოდ და სწორად ჩამოყალიბებას. სწორედ ამ პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება მასწავლებლებსა და მოსწავლეებსაც ნანა შავთვალაძის „აკადემიური წერის საფუძვლები“ და იამზე ვაშაკიძის “ქართული ენის პრაქტიკული კურსი და აკადემიური წერის საფუძვლები“.
წიგნი „აკადემიური წერის საფუძვლები“, ქართული აკადემიური წერის სასკოლო კურსი, დამხმარე სახელმძღვანელოა იმ მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისათვის, რომლებსაც სურთ უკეთესად წერონ.
წიგნი დაეხმარება აბიტურიენტებსა და უფროსკლასესელებს (X, XI, XII) უცხო ტექსტის ადვილად აღქმაში; მთავარი და დამხმარე ინფორმაციის სწრაფად გამოყოფასა და განცალკევებაში; თითოეული აბზაციდან მთავარი აზრის გამოტანასა და მნიშვნელოვანი ინფორმაციისა და დეტალების აღნიშვნაში, აბზაცის ძირითადი აზრის შეჯამებაში.
მოსწავლეები შეისწავლიან წერის სტრატეგიებს და გაიწაფებიან ამ სტრატეგიების გამოყენებაში. ისინი შეძლებენ თემისა თუ არგუმენტირებული ესეს კონკრეტულ დროში სწრაფად დაგეგმვასა და წერას.
ახალგაზრდებს ეცოდინებათ აკადემიური სტანდარტის მიხედვით ესეს სამივე ნაწილის – შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა – გამართულად წერა. სახელმძღვანელოს ყველა თავს ახლავს გრამატიკული მასალა ცხრილის სახით და ერთი სავარჯიშო რედაქტირებისათვის. ეს ხელს შეუწყობს ორთოგრაფია-მორფოლოგიისა და სინტაქსის ცოდნის განმტკიცებას, მართლწერის საკითხებში გავარჯიშებას.
იამზე ვაშაკიძის მიერ შექმნილი სახელმძღვანელო: “ქართული ენის პრაქტიკული კურსი და აკადემიური წერის საფუძვლები“ შედგება შესავალისა და ოთხი ნაწილისაგან. შესავალში წარმოდგენილია ქართველთა მრავალსაუკუნოვანი სამწიგნობრო ენის ისტორიის ზოგადი საკითხები, რომლებიც ხშირად გვხვდება ტესტური დავალებების სახით ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა საგნობრივი გამოცდის ტესტებში.
წიგნის პირველი ნაწილი ეთმობა მართლწერის წესებს; ყურადღება გამახვილებულია ზეპირი მეტყველებისა და უცხო ენის გავლენით დაშვებულ შეცდომებზე; თეორიულ მასალას თან ახლავს პრაქტიკული სავარჯიშოები.
მეორე ნაწილში წარმოდგენილია ლექსიკოლოგიის საკითხები, კერძოდ, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების ფარგლებში განხილულია საერთოქართველური სიტყვები, დიალექტური ლექსიკა, საერთაშორისო ლექსიკა, ბარბარიზმები და კალკები, ასევე ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის ძირითადი ბაზა და თანამედროვეობის პრობლემები. ყველა პარაგრაფის ბოლოს წარმოდგენილია აბიტურიენტთა და სტუდენტთა ნაშრომებში შემჩნეული ლექსიკურ-სტილისტური ხარვეზების ანალიზი.
მესამე ნაწილში განხილულია სტილისტიკისა და სტილის საკითხები.
მეოთხე ნაწილში წარმოდგენილია აკადემიური წერის საფუძვლები; აქ თანმიმდევრობით არის განხილული აკადემიური ტექსტის სტრუქტურა, აბზაცი, როგორც ტექსტის სტრუქტურულ-სემანტიკური ელემენტი; არგუმენტირებული ესე, თვალსაზრისის დასაბუთების კულტურა; სამეცნიერო ნაშრომის ზოგადი დახასიათება, ავტორისათვის სავალდებულო მოთხოვნები, ნაშრომის წყაროების მოძიებისა და დამუშავების ხერხები, პლაგიატის პრობლემა; ასევე სამეცნიერო ნაშრომის სახეები: კრიტიკა, ანალიტიკური რეფერატი, სამეცნიერო სტატია; საჯარო გამოსვლის სპეციფიკა.
დიდფორმატიან სახელმძღვანელოში სავარჯიშოებთან ერთად წარმოდგენილია ქართული ენის პრაქტიკული გრამატიკისა და აკადემიური წერის ყველა ის ძირითადი საკითხი, რომელთა ცოდნაც აუცილებელია გამართული ზეპირი თუ წერითი კომუნიკაციისათვის. ნაშრომის მრავალფეროვანი საილუსტრაციო მასალის ერთი ნაწილი დამოწმებულია თანამედროვე ოფიციალურ მეტყველებაში, ძირითადი ნაწილი კი ავტორის მიერ მოძიებულია სხვადასხვა უნივერსიტეტში მრავალწლიანი პედაგოგიური მუშაობის პროცესში.
ვფიქრობთ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი წიგნი დაეხმარება როგორც მასწავლებლებს, ისე მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს.
საიდუმლო გეგმა
ბავშვები გაიზარდნენ.
მე ვერ ვხედავ, ისინი საღამოობით საკუთარ ოთახებში როგორ უჩინარდებიან, მე არც მათ მეგობრებს ვიცნობ და ბევრი არც იმ საყმაწვილო ლიტერატურისა გამეგება, რომელსაც ახლა უკვე თავად არჩევენ, ახალი თარგმანებია, ახალი ავტორები. მე მათ დიდი ვნებით მხოლოდ ჰარიზე შემიძლია ველაპარაკო, ეგ გვაერთიანებს. მხოლოდ ხანდახან, სკაიპით ლაპარაკისას ვხვდები, გაიზარდნენ ბავშვები.
თომა საცხენოსნო სკოლაში შევიდა. თომა რომელიღაც საერთაშორისო ოლიმპიადაზე დარეგისტრირდა. თომამ ახალი უცხო ენის შესწავლა გადაწყვიტა. თომამ მითხრა, რომ იმ საცხენოსნო სკოლაში მზად არიან, დაბადების დღე გადაუხადონ, უფასოდ. მე მიკვირს. თომა აკონკრეტებს, რომ იქ კეთილი ხალხი მუშაობს, რომლებსაც დაუმეგობრდა და რომლებსაც ცხოველები ძალიან უყვართ. ის, ვისაც ცხოველები და მცენარეები უყვარს, შეუძლებელია, ბოროტი იყოს,- ამატებს იქვე. მე ვჩუმდები და მახსენდება ჩემი საუკეთესო მეგობარი, რომელსაც ჭეშმარიტად სძულს ფლორა და ფაუნა და მიუხედავად ამისა, მსოფლიოს კეთილი ადამიანების ათეულში დაუფიქრებლად შევიყვანდი.
ბავშვები ძალიან სწრაფად იზრდებიან, სინანულით ვეუბნები დედაჩემს.
ბავშვები ძალიან სწრაფად იზრდებიან, სინანულით მეთანხმება დედაჩემი.
მე ძალიან მეშინია, რომ გაზრდილი ბავშვები ჩემთან მეგობრობას აღარ მოინდომებენ და ვიღებ გადაწყვეტილებას:
- გადავხედო ახალ თარგმანებს
- გავიგო მეტი ცხოველებზე, რადგან, სამწუხაროდ, ისიც კი არ ვიცი, როგორ გამოიყურება შინშილა, რომელზეც თომა თურმე აგერ მთელი წელია ოცნებობს. მე გატაცებით ვცრუობ და ვუქებ შინშილას, რომლის სახელის ჟღერადობაც უკვე ნეგატიურად განმაწყობს.
- მივყო ხელი მცენარეთა მოშენებას. შიგადაშიგ გადავუღო ფოტოები, ავტვირთო ჩემს ფეისბუქ კედელზე და დაველოდო თომას რეაქციას. თომას შეფასებას. თომას დაფასებას. დაველოდო ჩემს გარდაქმნასაც. იქნებ, თომა მართალია და ყველაზე კეთილი ადამიანები მცენარეებისა და ცხოველების მოყვარულები არიან. იქნებ, უფრო გავკეთილდე. იქნებ სიკეთე მართლა მაკლია.
- დავუსვა ის კითხვები, რომლებიც სულელურად ჟღერს და რომლებზე პასუხებიც ისე მაინტერესებს, ბერლინიდან ხუთ შინშილას გავუგზავნიდი გულის მოგების მიზნით. მაგრამ, რადგან ბავშვები გაიზარდნენ, იმატა საფრთხემაც, რომ გამოგიჭერენ. საჩუქრებით მოსყიდვა ისედაც მდაბალი საქციელია, ასე რომ მეთოდურად უნდა დავგეგმო, რა ფორმით ვკითხავ იმას, რაც საშინლად მაინტერესებს. იცით… იცით, მე ერთი სული მაქვს გავიგო, ჰყავს თუ არა თომას შეყვარებული.
- ვეცადო, გაზრდილი ბავშვების თვალში ძველი დიდება არ დავკარგო. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ისინი მაღმერთებდნენ. და რაკი მაინც ჩუმად, ჩემთვის გულის სიღრმეში მგონია, რომ მე კეთილი და კარგი ვარ და თუ ისევ მენდობიან, თუ ისევ ისე ვეყვარები, ჩემგან მხოლოდ კარგის სწავლა შეუძლიათ, აუცილებლად, ძველებურად გმირად უნდა დავრჩე. რადგან მომისმინონ. ხანდახან მაინც. თავის მოკატუნებაც დამჭირდება, ვითომ ვერ ვხვდები, როგორს მხედავენ. სავარაუდოდ, შესანიშნავს.
ისინი ვერასდროს დამინახავენ იმედგაცრუებულს, გულგატეხილს, მარტოს, სასოწარკვეთილს.
ერთხელაც, როცა კიდევ უფრო გაიზრდებიან და მე დავინახავ მათ იმედგაცრუებულებს, გულგატეხილებს, მარტოებსა და სასოწარკვეთილებს, ვინანებ, რომ მათ თავის დროზე ვერ დამინახეს იმედგაცრუებული, გულგატეხილი, მარტო, სასოწარკვეთილი. ეს რომ ენახათ, მათ ეცოდინებოდათ, რომ ადამიანები ხანდახან უბედურებიც არიან, მაგრამ გადარჩენა გარდაუვალია.
მაინც როგორ გაიზარდნენ, სოციალურ ქსელებსაც ისე ოსტატურად იყენებენ, გაგიკვირდებათ. თუ ეს პოსტი ხელში ჩაუვარდათ, მოსალოდნელია, მათ თვალში ელვის უსწრაფესად დავკნინდე. ამიტომ, უმორჩილესად გთხოვთ, რასაც აქ წაიკითხავთ, საიდუმლოდ შეინახოთ.
როგორ ვითანამშრომლოთ მშობლებთან
განათლებისადმი თანამედროვე მიდგომები მშობელს მოიაზრებს საგანმანათლებლო პროცესის სუბიექტად და უფლებამოსილად, იყოს ინფორმირებული აღზრდის, სწავლა-სწავლების პრინციპების შესახებ, მონაწილეობა მიიღოს სასკოლო გადაწყვეტილებების მიღებაში. გადაწყვეტილება კი მაშინ შეიძლება იყოს სწორი და ეფექტური, როცა ის სრულფასოვან ინფორმაციას ეყრდნობა.
მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარში პირველი შესაფასებელი სფერო „სკოლაში (მასწავლებლებთან, მშობლებთან, მოსწავლეებთან) ვამყარებ პოზიტიურ კომუნიკაციას, კეთილგანწყობილ და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს“ ამ მიმართებით თვითშეფასებას მოიცავს.
მშობლებთან კომუნიკაციას და კეთილგანწყობილ თანამშრომლობას, პედაგოთა ერთი ნაწილის აზრით, საკმაო სირთულეები ახლავს. „საერთოდ არ კითხულობენ შვილების სწავლა-აღზრდის ამბებს“, „ჩვენი ურთიერთობა ხშირად კონფლიქტით მთავრდება, სულ პრეტენზიები აქვს შვილის აკადემიური მოსწრების გამო…“, „რომ ვუთხრა, რამე უნდა გასწავლოთ–მეთქი, თავს შეურაცხყოფილად იგრძნობენ, საკმარისი ვიცითო“, – აღნიშნავენ ისინი.
თემა აქტუალურია იმ თვალსაზრისითაც, რომ სასწავლო წლის დასაწყისში მასწავლებელს ახალ მოსწავლეებთან ერთად მათ მშობლებთანაც უწევს ურთიერთობის დამყარება. ეს საკმაოდ შრომატევადი და მნიშვნელოვანი პროცესია, განსაკუთრებით – კლასის დამრიგებლებისთვის, რომლებსაც სკოლასა და ოჯახს შორის მოკავშირის მოვალეობა აკისრიათ.
ბავშვის აღზრდის პროცესი ოჯახში იწყება, სკოლამდელ დაწესებულებაში გრძელდება და შემდეგ სასკოლო სივრცეში გადადის. რამდენად ეფექტურად თანამშრომლობენ სკოლა და ოჯახი, ამაზე ბევრად არის დამოკიდებული აღზრდისა და სწავლა-სწავლების შედეგები. დამრიგებელმა თავდაპირველადვე უნდა მოახერხოს მშობლის ამომწურავი და მკაფიო ინფორმირება სკოლის საგანმანათლებლო პოლიტიკაზე, სწავლა-სწავლების მიზნებსა და მეთოდებზე, შეფასების ფორმებზე, იმ მხარდამჭერ აქტივობებზე, რომლებშიც მშობლების მონაწილეობა აუცილებელია.
დამრიგებლისა და მშობლების ურთიერთობა უნდა ემყარებოდეს ნდობასა და პატივისცემას, ურთიერთდახმარებასა და მხარდაჭერას. ზემოხსენებული ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად საჭიროა ზრუნვა მშობლების პედაგოგიურ-ფსიქოლოგიურ განათლებაზე. ინფორმაცია ამ საკითხების შესახებ თითქოს ყველასთვის ხელმისაწვდომია და მშობლები, თუ დაინტერესდნენ, დამოუკიდებლადაც მოიძიებენ, მაგრამ გასათვალისწინებელია მშობელთა ის ნაწილი, რომელსაც ასეთ წყაროებზე ხელი არ მიუწვდება ან მათი გაცნობა არ სურს. დამრიგებლის სამუშაო გეგმა უნდა მოიაზრებდეს მშობელთა ინფორმირებას ბავშვის ასაკობრივი თავისებურებების, მოტივაციის ამაღლების ხერხების, ინტერესების შესწავლისა და სწავლაში მხარდაჭერის ფორმების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაციის მიწოდება მოხდეს მიზნობრივად, კონკრეტულ მაგალითებთან მიმართებით, გამოცდილებაზე დაყრდნობით და პოპულარული ენით.
ურთიერთობები მშობელსა და სკოლას შორის დაწყებით საფეხურზე იწყება. აღზრდის პროცესი ბავშვის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, გონებრივ განვითარებაზე ზრუნვას მოიცავს. სკოლის ვალდებულებაა, აღზარდოს ინფორმირებული, პასუხისმგებლობიანი მოქალაქე, რომელსაც ექნება უნარი, სწორად დაგეგმოს თავის მომავალი ცხოვრება, შეაფასოს თავის გარშემო არსებული პრობლემები და ეძებოს მათი დაძლევის გზები, შეეძლოს მიღებული ცოდნი გამოყენება საჭირო დროს და საჭირო ვითარებაში. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია, როცა მშობელი და მასწავლებელი შეთანხმებულად უჭერენ მხარს მოსწავლეს.
მშობლებთან საგანმანათლებლო მუშაობის წარმართვისას მასწავლებელმა ზრდასრულთა განათლების პრინციპები უნდა გაითვალისწინოს. ზრდასრულ ადამიანებს უკვე აქვთ თავიანთი წარმოდგენები აღზრდაზე და ეს ანგარიშგასაწევია. უპირველესი მაინც მშობლებთან კეთილგანწყობილი ურთიერთობის ჩამოყალიბება და მათი ნდობის მოპოვებაა. მათ თავი პროცესის მნიშვნელოვან მონაწილედ უნდა ვაგრძნობინოთ, დავინტერესდეთ მათი აზრით, ყურადღება მივაქციოთ მათ საჭიროებებს. ამით გაიზრდება მშობლის სურვილი და მოტივაცია, ხელი შეუწყოს პროცესში სხვა მშობლების მონაწილეობას, თავისი წვლილი შეიტანოს მათი ინტერესების გამოკვლევაში, შვილების ხელშემწყობ აქტივობებში. შემდგარი თანამშრომლობის პირობებში მასწავლებელი და მშობელი ერთმანეთს ეხმარებიან, რათა შეიცნონ მოსწავლის სოციალური და ემოციური პრობლემები, ჩასწვდნენ მის წინაშე არსებული სირთულეების მიზეზებს, მერე კი ერთად დაგეგმონ, როგორ დაეხმარონ მას უკეთესი შედეგების მიღწევაში.
გამოცდილება მოწმობს, რომ მშობელსა და პედაგოგს შორის ურთიერთობა შესაძლებელია სხვადასხვა ფორმით. ზოგიერთი ფორმა ცნობილი და ნაცადია, მაგრამ კონკრეტული საჭიროებების გათვალისწინებით პედაგოგის განსხვავებულ, შემოქმედებითმა მიდგომამ შესაძლოა გაცილებით უკეთესი შედეგი გამოიღოს. საბაზისო ფორმად ისევ მშობელთა კრება რჩება. ეს ფორმა მოხერხებულია, როცა მასწავლებელი და მშობლები უნდა გაეცნონ ერთმანეთს, მიიღონ საერთო ინფორმაცია, იმსჯელონ საერთო პრობლემებზე. მთავარია, კრებაზე გამოთქმულ ყველა კითხვას გაეცეს გასაგები და კონკრეტული პასუხი, მშობლების სურვილები და მოთხოვნები არ დავტოვოთ რეაგირების ან სათანადო ახსნა-განმარტების გარეშე.
შემდგომი კომუნიკაციის გასამარტივებლად, სადაც ეს შესაძლებელია, მოხერხებულია სოციალურ ქსელებში კლასის მშობელთა დახურული ჯგუფის შექმნა. აქაც გასათვალისწინებელი იქნება ის გარემოება, რომ საერთო სივრცე გამოვიყენოთ მხოლოდ ზოგადი ინფორმირებისთვის, ზოგადი სადისკუსიო თემების განსჯისთვის, სასარგებლო რესურსების შეთავაზებისთვის. ჯგუფის წევრებთან ერთად შევთანხმდეთ კორექტული დიალოგის აუცილებლობაზე. რაც შეეხება მოსწავლეთა პირად ინფორმაციას აკადემიურ თუ სხვა საკითხებზე, აქ კონფიდენციალურობა აუცილებელ პირობად რჩება და მშობელს მხოლოდ პირადად ვაწვდით ინფორმაციას.
კრებებს შორის მასწავლებლისა და მშობლის თანამშრომლობა წარიმართება შეხვედრების, კონსულტაციების, მიმოწერის, სატელეფონო საუბრებისა და სხვა ფორმით. დამრიგებლები უწევენ ორგანიზებას მშობლებისა და საგნის მასწავლებლების შეხვედრას.
მშობელთა პედაგოგიური განათლების მოხერხებული და ეფექტური ფორმაა სკოლის დამრიგებელთა ან სულაც სკოლების თანამშრომლობა და ამ თანამშრომლობის ფარგლებში „მშობელთა სკოლის“ ჩამოყალიბება, რომელშიც საკუთარი სურვილით გაერთიანდებიან მოტივირებული მშობლები. წინასწარი გამოკითხვის საფუძველზე გამოიკვეთება საკითხები, რომლებიც საინტერესო იქნება მსმენელებისთვის. ეს შეიძლება იყოს სკოლის, მასწავლებლის, მოსწავლის, მშობლის უფლება-მოვალეობები, მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებები, აღზრდისა და სწავლების თეორიები, ჯანსაღი ცხოვრების საკითხები, ინკლუზიური განათლება, არჩევითი პროგრამები და მრავალი სხვა თემა, რომლებიც გზადაგზა იჩენს თავს. რესურსების გაერთიანება სკოლას/სკოლებს საშუალებას მისცემს, შესთავაზონ მშობელს მაღალ დონეზე მომზადებული საუბრები, კონსულტაციები, ტრენინგები, დისკუსიები და სხვა. ასეთი ფორმა ეფექტური იქნება როგორც მშობელთა ცნობიერების ასამაღლებლად და, ამის კვალობაზე, სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის გასაზრდელად, ისე დამრიგებლების პროფესიული განვითარებისთვის, სკოლისა და თემის, სამოქალაქო საზოგადოების, უმაღლესი სასწავლებლების ურთიერთობის გაღრმავებისთვის. რაც მთავარია, ეს დადებითად აისახება მოსწავლისა და სკოლის შედეგებზე.
შემაჯამებელი დავალებები რუსული ენის გაკვეთილზე
გაკვეთილზე მოსწავლის შეფასება ის თემაა, რომელზე საუბარიც უსასრულოდ შეიძლება. ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, მოსწავლე სამი კომპონენტით ფასდება. ერთი მათგანი, ძალიან მნიშვნელოვანი, შემაჯამებელი დავალებაა. შემაჯამებელი დავალების კომპონენტი უკავშირდება სწავლა-სწავლების შედეგს. ამ კომპონენტით უნდა შეფასდეს ერთი სასწავლო მონაკვეთის (თემა, თავი, პარაგრაფი, საკითხი) შესწავლა-დამუშავების შედეგად მიღწეული შედეგები. კონკრეტული სასწავლო ერთეულის დასრულებისას მოსწავლემ უნდა შეძლოს უცხოური ენების სტანდარტით განსაზღვრული ცოდნისა და უნარების წარმოჩენა. შესაბამისად, შემაჯამებელი დავალებები უნდა ამოწმებდეს უცხოური ენების სტანდარტებით განსაზღვრულ შედეგებს. სტანდარტის მოთხოვნათა შესასრულებლად რეკომენდებულია შემაჯამებელ დავალებათა მრავალი ფორმის გამოყენება.
უცხოური ენების შემაჯამებელი დავალება შეიძლება რამდენიმე ტიპისა იყოს:
- მოსმენილი ან ზეპირი ტექსტის გაგება – გააზრება;
- სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა სახის ტექსტების შედგენა;
- როლურ თამაშებში, სიმულაციურ სიტუაციებში მონაწილეობა;
- ინტერაქცია კონკრეტული საკითხის/თემის ირგვლივ;
- საუბარი კონკრეტული თემის/საკითხის შესახებ;
- ზეპირი მოხსენება;
- პროექტი და სხვა.
ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნით, მასწავლებელმა უნდა შეკრიბოს და შეინახოს კლასში ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აღნიშნულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს: სტანდარტის ის შედეგი/შედეგები, რომლის/რომელთა შეფასებასაც ემსახურებოდა შემაჯამებელი დავალება; კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდა ეს დავალებები; მოსწავლეთა მიერ შესრულებული და მასწავლებლის მიერ შეფასებული სამუშაოს რამდენიმე ნიმუში ან შესრულებული სამუშაოს ამსახველი ვიზუალური მასალა; თითოეული კლასის მოსწავლეთა მიერ მიღებული ქულები.
უცხოური ენის მასწავლებლები ხშირად სარგებლობენ მასწავლებლის წიგნში ან სხვა, დამატებით სახელმძღვანელოში წარმოდგენილი საკონტროლო (შემაჯამებელი) წერის ნიმუშებით, ზოგჯერ თვითონაც ადგენენ ტესტებს. უნდა ითქვას, რომ რუსული ენისთვის მასალა არცთუ მრავალფეროვანია, ამიტომ დავალებები უმეტესად კითხვის უნარს ან ლექსიკა-გრამატიკას ამოწმებს, რაც სრულყოფილად ვერ ფარავს ესგ-ის მოთხოვნებს. მინდა, შემოგთავაზოთ რამდენიმე დავალება კომენტარებითურთ, რომელთა კომბინაციის გამოყენებაც შემაჯამებელი დავალებისთვის შესაძლებელია შესაბამისი თემის დასრულების შემდეგ. ამგვარად შეფასდება ერთი სასწავლო მონაკვეთის (თემის, საკითხის) შესწავლა-დამუშავების შედეგად მიღწეული შედეგები.
თემა: Внешность и характер
რეკომენდაცია: მასწავლებელს შეუძლია, შეარჩიოს ნებისმიერი თემა, პარაგრაფი ან თავი, რომლის შეჯამებასაც გეგმავს. შემაჯამებლების რაოდენობა წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული და შეესაბამებოდეს ესგ-ის მოთხოვნებს.
ესგ-ით მისაღწევი შედეგები/ინდიკატორები:
დავალება N1 – მიმართულება: მოსმენა
უცხ. ს. II. 2. მოსწავლეს შეუძლია ნაცნობ თემატიკაზე აგებული ტექსტის მოსმენა და გაგება.
დავალება N2–3 – მიმართულება: კითხვა
უცხ. ს. II. 13. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს თხრობითი ტექსტი;
უცხ. ს. II. 15. მიმართავს ძიებითი კითხვის ტექნიკას ტექსტში კონკრეტული ინფორმაციის მოსაძიებლად.
დავალება N4 – მიმართულება: წერა
უცხ. ს. II. 17. მოსწავლეს შეუძლია მისწეროს წერილი თანატოლს
რეკომენდაცია: შემაჯამებელი დავალების შერჩევის დროს მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს ინსტრუქციები, აქტივობების ტიპები, რომლებსაც იყენებდა სასწავლო პროცესში. არ არის რეკომენდებული, შემაჯამებელი სამუშაო შეიცავდეს უკვე ნასწავლ და დამუშავებულ ტექსტებს, რადგან ეს არ მოგცემთ შედეგის ზუსტად გაზომვის საშუალებას, თუმცა გამოყენებული ლექსიკის 80% ნაცნობი უნდა იყოს, რათა მოსწავლემ კონტექსტში შეძლოს ტექსტის ზოგადი შინაარსის ამოცნობა (ესეც, რა თქმა უნდა, დავალების შინაარსიდან გამომდინარე). რაც შეეხება შედეგებს, ინდიკატორებსა და შეფასების კრიტერიუმებს, ისინი მიზნის შესაბამისი უნდა იყოს და ძალიან ფრთხილად იქნეს შერჩეული.
პირველი დავალების მიზანია, მოსწავლემ მოსმენილი მასალის საფუძველზე არადგინოს გამოტოვებული სიტყვები. მასწავლებელმა თავად უნდა გადაწყვიტოს, შეაფასებს თუ არა გრამატიკას და ორთოგრაფიას. ეს დამოკიდებულია კლასზე, ტექსტისა და ლექსიკის სირთულეზე.
1.Прослушайте текст и восстановите его
Сестра моего друга
Вчера я был в ______________ у моего друга. Он познакомил меня со своей ______________ сестрой. Её зовут ________ , ей ________лет. Она на ___________ младше брата.
Анна очень __________на него. Она высокого _________, стройная и ___________. Унеё __________ волосы, большие серые ___________, тёмные _________и приятная ____________.
Вчера Анна была в ___________ платье, которое ей __________ идёт. Брат говорит, что она всегда _____________ модно и со вкусом.
Анна, как и её брат, _____________и общительная девушка. Мне очень _____________ сестра моего друга, и я рад, что _______________ с ней.
რეკომენდაცია: მეორე დავალება ლექსიკურია და ამავე დროს უცნობი ტექსტის კითხვა-გაგების უნარს ამოწმებს. ქულები ითვლება გამოტოვებული სიტყვების რაოდენობის შესაბამისად (თითო სიტყვა – 0,5 ქულა).
- Вставьте слова из рамки (три слова лишних).
яркие карие прямую замечательный симпатичная стройная коричневые увлечение губы брови прямой клетчатую красиво волосы пальто характер успехов каблуке некрасивая |
Мари – высокая, ________________девочка. У нее длинные темные ________ , ___________ глаза, красивые ______________ , длинные черные ресницы, _________ небольшой нос, полные__________. Она очень____________. Мари __________ одевается.
Она носит ______________черную юбку или _______________юбку в складку, цветные ____________ майки, блузки и туфли на маленьком ____________. Мне нравится, как одевается Мари. Самое главное _____________ моей подруги – теннис. Она много тренируется и добилась __________. Но самое главное, за что я люблю Мари – ее веселый, добрый___________. Она хороший человек и ___________ друг.
რეკომენდაცია: მესამე დავალება, ტექსტის გაგებასთან ერთად, ძიებითი კითხვის ტექნიკასაც ამოწმებს კონკრეტული ინფორმაციის მოსაძიებლად. ამ შემთხვევაშიც მასწავლებლის გადასაწყვეტია, დაამატებს თუ არა კრიტერიუმებში წერის კომპონენტს, კერძოდ, გრამატიკისა და ორთოგრაფიის შესაფასებლად.
- Прочитайте текст и коротко ответьте на вопросы.
Здравствуй, дорогая Нана!
Вот уже месяц, как мы живём в Киеве. Здесь я подружилась с одной девочкой Катей. Она очень весёлая, добрая и отзывчивая. У Кати длинные и красивые светлые волосы и карие глаза. Несколько дней назад она пригласила меня в гости на день рождения.
Её мама мне очень понравилась. Она прекрасная хозяйка.
Анна Михаиловна приготовила замечательный ужин и очень вкусный торт. Мы с Катей варили для всех кофе и подавали чай.
Я играла на пианино, и мы пели. Потом вместе играли в разные игры. Всем было очень весёло. Катя осталась очень довольна. Об остальном напишу потом.
Целую твоя Марика.
- Как зовут новую подругу Марики?_________________________________________________
- Как зовут мать её новой подруги?____________________________________________
- Сколько времени Марика находится в Украине?__________________________________
- В каком городе живёт Марика?________________________________________________
- Что приготовила мама Кати?_________________________________________________
- Что делали Катя и Марика? _________________________________________________
- Какой характер у Кати?______________________________________________________
- Кому написала Марика письмо?_____________________________________________
რეკომენდაცია: მეოთხე დავალება აჯამებს თემას, სადაც ე.წ. რთული და საპასუხისმგებლო უნარია შესამოწმებელი. ეს არის წერის უნარი, რომელიც, შევეცადე, ისე გამეწერა კრიტერიუმებში, რომ მოსწავლის ინტერესებიც გამეთვალისწინებინა და სტანდარტიც. რა თქმა უნდა, იგულისხმება, რომ მსგავსი დავალებები კლასში და შინ მოსწავლეს უკვე შესრულებული აქვს, თავდაპირველად – ნიმუშით, მერე კი უკვე ნასწავლ მასალაზე და ტექსტებზე დაყრდნობითაც. ეს დავალება მოსწავლისთვის ახალი და „საშიში“არ უნდა იყოს. თუ მასწავლებელი თემის გავლისას ამ ტიპის დავალებებზე ხშირად მუშაობს, მოსწავლეები მას თავს გაართმევენ. კრიტერიუმებში შესაძლებელია უფრო მეტად დაკონკრეტდეს ის ლექსიკა და გრამატიკული მასალა, რომლის შემოწმებასაც გეგმავს მასწავლებელი.
- Вы получили письмо от друга из Петербурга. Напишите ему ответ. Расскажите ему о своем соседе (соседке), с которым (с которой) вы дружите. Опишите его (ее) внешность, характер. В вашем письме должно быть 50 -80 слов.
__________________
Текст для прослушивания.
Сестра моего друга
Вчера я был вгостях у моего друга. Он познакомил меня со своей младшей сестрой. Её зовут Анна, ей 14 лет. Она на 3 года младше брата.
Анна очень похожа на него. Она высокого роста, стройная и красивая. Унеё светлые волосы, большие серые глаза, тёмные брови и приятная улыбка.
Вчера Анна была в светлом платье, которое ей очень идёт. Брат говорит, что она всегда одевается модно и со вкусом.
Анна, как и её брат, весёлая и общительная девушка. Мне очень понравилась сестра моего друга, и я рад, что познакомился с ней.
დაბოლოს, წარმოგიდგენთ შემაჯამებელი დავალების შეფასებისა და ანალიზის ფორმას, რომელიც სავალდებულო არ არის. ის მხოლოდ სარეკომენდაციოა, რომელიც მასწავლებელს შეუძლია სურვილისამებრ შეცვალოს ან განავრცოს.
შემაჯამებელი 30–ქულიანია. ესეც პირობითია, რადგან, კლასისა და მოსწავლეების ინდივიდუალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შეიძლება ჩატარდეს 45-90 წუთშიც. წარმოდგენილი ნიმუში არ გულისხმობს ოთხივე საკომუნიკაციო უნარის შედეგის შემოწმებას. ლაპარაკის მიმართულებით მომავალში წარმოვადგენთ ცალკე ნიმუშს. მოსწავლის შეფასების შემდეგ მასწავლებელმა უნდა მოახდინოს ქულების კონვერტაცია 10–ქულიან სისტემაში და დამრგვალების პრინციპით შეიტანოს საკლასო ჟურნალში.
შემაჯამებელი დავალების შეფასება და ანალიზი
მოსწავლის გვარი და სახელი | შეფასების კრიტერიუმები (მაქსიმალური ქულა – 30) | |||||||
მოსმენა | კითხვა | წერილი | ჯამური ქულა და კომენტარი თითოეული მოსწავლისთვის | |||||
თითოეული სწორად შერჩეული სიტყვა შეესაბამება 0,5 ქულას (მაქსიმალური – 9) | თითოეული სწორად შერჩეული ლექსიკური ერთეული შეესაბამება 0,5 ქულას (მაქსიმალური – 8) | ამოიცნობს პერსონაჟებსსაცხოვრებელ ადგილს.
თითოეული სწორი პასუხი (1-4) შეესაბამება 0,5 ქულას (მაქსიმალური ქულა – 2) |
ამოიცნობს
მათ მოქმედებებს; თითოეული სწორი პასუხი (5-8) შეესაბამება 0,5 ქულას (მაქსიმალური ქულა – 2) |
იცავს სიტყვების რაოდენობის ქვედა ზღვარს; სწორად იყენებს ნასწავლ ლექსიკას
(3 ქულა) |
ადრესატის ვინაობის გათვალისწინებით შეარჩევს მიმართვისა და დამშვიდობების სათანადო ფორმულებს;
სწორად იყენებს ნასწავლ გრამატიკულ კონსტრუქციებს (4 ქულა)
|
იცავს პირობის შინაარსობრივ მოთხოვნებს (თანამიმდევრულად აღწერს მეგობარს)
(2 ქულა)
|
||
ტესტური დავალებების ნომრები | ||||||||
1 | 2 | 3 | 3 | 4 | 4 | 4 | ||
- რომელი საკითხის შესრულება გაუჭირდათ მოსწავლეებს? _____________
- თქვენი რეკომენდაციები (სამოქმედო გეგმა) პრობლემების გადასაჭრელად და შეფასების გასაუმჯობესებლად.
გამოყენებული ლიტერატურა:
- ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016 (მოქმედი რედაქცია)
- Тесты по РКИ. Учебно-методический комплекс дисциплины. Екатеринбург. 2007