ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
15 მაისი, ხუთშაბათი, 2025

დამოუკიდებლობის სწავლის დრო

0

„12 წლის ასაკში დედა ძალიან მაღიზიანებდა თავისი რჩევებით. ის განუწყვეტლივ მარიგებდა ჭკუას, როგორ უნდა მოვქცეულიყავი საზაფხულო ბანაკში, რა უნდა მეჭამა იქ, ვისთან როგორ მელაპარაკა, როგორ დამებანა. გავიდა დრო და ახლა ჩემს შვილს – ელიზაბეტს, ზუსტად ასევე ვაბეზრებ თავს. ბანაკში გამგზავრებამდე გამწარებული ვეხვევი, თითქოს ტრანსში ვიყო და ვცდილობ, საერთოდ არ ვიფიქრო იმ კატასტროფებსა და ტერაქტებზე, რომლებიც ჩვენ გარშემო ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხდება. თუმცა არაფერი გამომდის…“ – აღიარებს 40 წლის მშობელი, კომოელი ანაბელი. ამბობს, რომ ძალიან მშიშარა დედაა. დღეში რამდენჯერმე უმესიჯებს ბანაკში წასულ შვილს და სთხოვს, რომ ტელეფონი არასდროს გამორთოს.

მშობლის შიში ნორმიდან გადახრას არ წარმოადგენს. ანაბელიც ჩვეულებრივი, მოსიყვარულე მშობელია და მას ეშინია შვილს არაფერი დაემართოს. მაგრამ შიში უსაფუძვლო არ უნდა იყოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება მისი გამართლება და ბავშვის დაცვაც, მაგალითად, ნორმალურია, როდესაც დედას ეშინია, ბავშვმა დენის როზეტში თითი არ შეყოს, ანდა მაღალსართულიანი სახლის ფანჯრის კიდეზე არ ჩამოჯდეს. „როგორც კი ბავშვი დამოუკიდებლობის სწავლას იწყებს, მშობლის შიში მატულობს და ეს ბუნერივი პროცესია“, – განმარტავს მილანელი ფსიქოლოგი ნიკოლე ბიანკა. მისი თქმით, მშობლები ყოველთვის ღელავენ და ეშინიათ, არ აქვს მნიშვნელობა შვილი ჩვილია თუ მოზარდი.

მაგრამ მშობლებს ისიც უნდა ახსოვდეთ, რომ ზაფხული ბავშვებისათვის ექსპერიმენტების  და გამჯდარი ჩვევების შეცვლის პერიოდია. ბავშვს მეტი თავისუფალი დრო აქვს და ის ახალი ჰორიზონტების კვლევა-ძიებას იწყებს. დედებს კი უკვირთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს მათი ვაჟიშვილი რატომღაც ინტერესდება ექსტრემალური სერფინგით, უფროსი ქალიშვილი კი რამდენიმედღიანი ლაშქრობისთვის იწყებს სამზადისს. მშობლები ნერვიულობენ და ბრაზობენ, როცა შვილი მათი კონტროლის ზონიდან იწყებს გასვლას, რაც საკმაოდ დიდი დისკომფორტს ქმნის მათთვის. მათ არ სურთ, აღიარონ, რომ ბავშვები იზრდებიან და დამოუკიდებლად უნდა იცხოვრონ. ამ დამოუკიდებლობის „გადამკიდეს“ ცუდი ჯერ არაფერი მომხდარა, მაგრამ მღელვარე მშობლები წინდაწინ იწყებენ ნერვიულობას და განცდას. ფსიქოლოგთა განმარტებით, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ მშობელთა დიდ ნაწილს საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს საკუთარი შვილების შესაძლებლობებზე.

ზაფხულის არდადეგები ის აქტიური პერიოდია, როდესაც მშობელს შეუძლია მაქსიმალურად დიდი დრო გაატაროს ბავშვთან ერთად, აჩვენოს მას თავისი სიყვარული და  სიახლოვის სურვილი. ამის გამოხატვას ხომ დედ-მამა წლის განმავლობაში, მოუცლელობისა თუ სხვა პრობლემების გამო, ხშირად ვერ ახერხებენ. მაგრამ ხდება ისეც, რომ მშობლისა და ბავშვის სურვილი – დროის ერთად გატარების – არ ემთხვევა ერთმანეთს. რთულია, მაგრამ ამ შემთხვევაში, მშობელი უნდა გამოემშვიდობოს „იდეალური ბავშვის“ იდეას, რათა გაიგოს, როგორია მისი შვილი რეალურად, მეორე მხრივ კი, აუხსნას და განუმარტოს ბავშვს რა მოსალოდნელი საფრთხეები ელის დამოუკიდებლობის გზაზე.

„სინამდვილეში, საფრთხე არცთუ ბევრია, – აზუსტებს კიარა ფერარიო, მილანელი ფსიქოთერაპევტი. – უბრალოდ, ბავშვის ასაკიდან გამომდინარე ამ საფრთხეებს ადეკვატურად უნდა ვაფასებდეთ. საფრთხეების შესახებ ბავშვებმაც იციან ზოგადად, მაგრამ ამ თემასთან დაკავშირებული ოჯახური კონფლიქტი სწორედ მაშინ იწყება, როდესაც ბავშვი ცდილობს, აჩვენოს მშობელს რამდენად გაიზარდა. მშობლის ამოცანაა ნაკლები ისტერიკა მოაწყოს და ენდოს შვილს“.

ბავშვის ქცევისადმი სწორი დამოკიდებულება მშობლის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოა. მშობელმა უნდა მისცეს ბავშვს დამოუკიდებლად განვითარების, საკუთარი აღმოჩენების გაკეთების საშუალება. დამოუკიდებლობის პროცესი არ არის სწორხაზოვანი, ბავშვი გარკვეულ ნაბიჯებს დგამს წინ, ხშირად კი შეცდომებსაც უშვებს. ინგლისელ ფსიქოანალიტიკოსთა ჯონ ბოულბისა და მერი ეინსვორტის კვლევების საფუძველზე ცხადი გახდა, რომ მცირეწლოვანი ბავშვები სამყაროს იმ „ძირითადი ბაზის“ პრიზმიდან შეიცნობენ, რომელსაც მათთვის მშობლები ქმნიან. მიუხედავად ამისა, ბავშვები გაურბიან მშობლებს, ეძებენ დამოუკიდებლობას, თუმცა გარკვეული დროის მერე, მაინც მშობლებს უბრუნდებიან. შემდეგ ისევ ცდილობენ განცალკევებას და ა.შ.

10 წლის ასაკში ბავშვები უშიშრად უვარდებიან ზღვის ტალღებს და ამის შესახებ მშობლებს ეტრაბახებიან, ამოწმებენ მათ რეაქციას. 16 წლის ასაკში ღამის კლუბებს ლაშქრავენ. 11 წლის ასაკში შეუძლიათ ღამე კარავში გაათენონ, ოღონდ საკუთარი სახლის სიახლოვეს. 16 წლისები კი მთაში მიდიან მეგობრებთან ერთად. მშობლისთვის აუცილებელია, იცოდეს, რა უნდა უთხრას შვილს, როდესაც ის თავისუფლებას მოითხოვს. ფსიქოლოგები კიარა ფერარიო და ნიკოლე ბიანკა მსგავსი სხვადასხვა სიტუაციებიდან ასეთ გამოსავალს გვთავაზობენ:

2-4 წლის ასაკში – პირველი აღმოჩენები. ბავშვი რომ პლაჟზე დაიკარგოს? წყალში რომ  შევიდეს დაუკითხავად? რა უნდა გააკეთოთ: რასაკვირველია, ბავშვს ყურადღების მიქცევა უნდა, მაგრამ ამავდროულად უნდა მისცეთ უფლება, დაათვალიეროს სათამაშო ტერიტორია, წავიდეს ასაკისთვის შესაფერისს პატარ-პატარა რისკებზე. ამ ასაკში ბავშვებს ცუდად ესმით, რა არის საფრთხე, ამიტომ გაურბიან მშობლებს და ცნობისმოყვარეობას იკმაყოფილებენ. ბავშვებს ყველაზე მეტად ის აინტერესებთ, რასაც უკრძალავენ. ბავშვს უნდა ჰქონდეს ექსპერიმენტის ჩატარების საშუალება. სხვაგვარად მისი ცნობისმოყვარეობა ვერ დაკმაყოფილდება. თუ ბავშვი პლაჟზე წაიქცა, არაფერია, არ მივარდეთ და არ დაუწყოთ ქვიშის ჩამოფერთხვა. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რას ნიშნავს ქვიშაზე წაქცევა.

6-10 წლის ასაკში – პირველი დღე სპორტულ კლუბში (პარაპლანი, სერფინგი, ცხენოსნობა). ბავშვი რომ თავს ვერ მოუფრთხილდეს, რამე დაიშავოს და უსაფრთხოების ზომები ვერ დაიცვას? როგორ უნდა მოიქცეთ: მიენდეთ სპორტული კლუბის ინსტრუქტორს. მას თავის საქმეში სერტიფიკატი ან დიპლომი აქვს. მან თავისი საქმე იცის. მშობელმა უნდა აღიაროს და გააცნობიეროს, რომ ყოველთვის ყველაფრისგან შვილს ვერ დაიცავს. არ შეიძლება, ბავშვს ვაიძულოთ იცხოვროს ისე, როგორც ჩვენ გვინდა, მუდამ ამოფარებული გვყავდეს კალთას. რისკი სწავლების ერთ-ერთი ნაწილია. თუ ბავშვი საფრთხეში არ ჩავარდა, ის ვერასოდეს გაიგებს, როგორ უნდა აარიდოს თავი ამავე საფრთხეს და როგორ გაუმკლავდეს მას.

5-12 წლის ასაკში – პირველი არდადეგები მშობლების გარეშე (საზაფხულო ბანაკი, უცხოეთში დასვენება). თქვენს შვილს ყურადღება რომ მოაკლონ? ცუდად რომ გრძნობდეს თავს და ამის შესახებ თქვენ არ იცოდეთ? როგორ უნდა მოიქცეთ: გჯეროდეთ თქვენი შვილის. მშობლებს ჰგონიათ ხოლმე, რომ მათ გარეშე ბავშვი პრობლემებს ვერ მოაგვარებს, ვერ გაუმკლავდება უცნობ სიტუაციებს. გაიხსენეთ თქვენი თავი და თქვენი მშობლების უსაფუძვლო შიშები, რომლებსაც არანაირი დადებითი შედეგი არ მოჰყოლია.

10-14 წლის ასაკში – კარლოს დაბადების დღე, კარლო – ახალი მეგობარი პლაჟიდან. ვინ არის ეს საეჭვო კარლო და სად მუშაობენ მისი მშობლები? როგორ უნდა მოიქცეთ: ყველაზე მეტად მშობლებს ბავშვის ცუდი სამეგობრო წრე აშინებთ. ამიტომ გაიცანით კარლო და მისი მშობლები, ანდა უბრალოდ გაიკითხეთ მათ შესახებ. მოზარდი შვილი ვერაფრით მიებმება მშობლებს, მშობლები კი მოზარდი შვილისთვის ავტორიტეტებად უნდა დარჩნენ. ამ ბალანსის შენარჩუნება რთულია, მაგრამ შეუძლებელი არ არის.

16-17 წლის ასაკში – ღამის კლუბში წასვლის პირველი მცდელობა. ავარიაში რომ მოხვდეს? ნარკოტიკები რომ გასინჯოს? სექსობრივი გზით გადამდები ინფექცია რომ გადაედოს? რა უნდა გააკეთოთ: ამ ასაკში აკრძალვებით ვერანაირ ხეირს ვერ ნახავთ. ამიტომ უნდა ისწავლოთ ბავშვთან მოლაპარაკება. აუცილებელია, მშობელმა განუმარტოს ბავშვს, თუ რა საფრთხე ელის ღამის კლუბში: სასიკვდილო შემთხვევა  (ნარკოტიკები, ალკოჰოლი) და დაუცველ სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფექციები. ბავშვს უნდა უთხრათ, რომ ენდობით, მაგრამ ისიც არ უნდა გაცდეს გარკვეულ ჩარჩოებს. ამ ჩარჩოებს ყველა ოჯახი ინდივიდუალურად ადგენს. თუ მშობელს ყველაზე მეტად საგზაო ავარიების ეშინია, ისეთი ტრანსპორტით უნდა გაამგზავროს შვილი, რომ რისკი მინიმუმამდე შემცირდეს. ასევე, შეთანხმდით ბავშვთან იმაზე, რომ მან კლუბიდან არ უნდა დაიგვიანოს და თუ ამ წესს დაარღვევს, ნდობას დაკარგავს. ოჯახში არსებული წესები იმის გარანტიაა, რომ ბავშვიც მეტ-ნაკლებად დაცულია სხვადასხვა საფრთხეებისგან და მშობელიც თავს მშვიდად გრძნობს.

მუსიკალური სმენა: რა შეიძლება მოგვითხროს ხმამ?

0

თუ თანამედროვე ადამიანისთვის მხედველობითი უნარი უმნიშვნელოვანესია სამყაროს ლაბირინთებში ორიენტირებისას მოულოდნელი საფრთხეების ასაცილებლად, პირველყოფილი ადამიანისთვის აუდიალური ჩვევები იყო სასიცოცხლო მნიშვნელობის, რადგან გადასარჩენად ყოველი ჩქამი, სტვენა თუ ტკაცანი კონკრეტული მოქმედებისკენ უბიძგებდა. რაც უფრო ვშორდებით ჩვენს პირველყოფილ მდგომარეობას, მით ნაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებთ ბგერის ხარისხს, რომელიც მუდმივად გვესმის.

ალბათ შეგვიმჩნევია, ბავშვს თუ მხედველობა დაუქვეითდა, მშობლები განგაშს ტეხენ და სასწრაფოდ ოფთალმოლოგს მიმართავენ. მაგრამ შვილს ხმა (სმენა) თუ არ აღმოაჩნდა, საგანგაშო არაფერია. „დიდი ამბავი, თუ მისგან კარუზო არ გამოვა“. ხმა მათ სულაც არ მიაჩნიათ „პირველადი მოხმარების საგნად“. არადა, მხედველობაც და სმენაც ხომ ჩვენი ორგანიზმის უმნიშვნელოვანესი თანასწორი ნაწილებია.

მაკ1

რა შეიძლება მოგვითხროს ხმამ? ამის შესახებ ხმის ინტონაციით მსჯელობენ.

მეტყველებაში აჟღერებული ინტონაციები ჩვენი ემოციების მთავარი გამომხატველია. ჩვენი უკონტროლო ინტონაციები ხშირად იმ ემოციებს არ შეესაბამება, რომელთა გამოხატვაც გვსურს. ანუ თუ ინტონაციის მართვა გვიჭირს, შესაძლოა წარმოთქმული სიტყვებით (აზრის საწინააღმდეგოდ) გარშემო მყოფნი უნებლიეთ შეცდომაში შევიყვანოთ. ინტონაციას ასევე ძალუძს ჩვენი გრძნობების გამოაშკარავება, მაშინ, როდესაც ეს არ გვსურს. ამის მიზეზი კი უმეტესად ინტონაციური მრავალფეროვნების ნაკლებობაა.

არის თუ არა შესაძლებელი საკუთარი ინტონაციური არსენალის შევსება და მისი ახალი ინტონაციური მოდელებით გამდიდრება? ამისათვის, პირველ რიგში, ინტონაციის არსი უნდა გავიგოთ. ინტონაცია რთული შემადგენლობისაა. ის მოიცავს მელოდიურ და რიტმულ ნახაზს, ლოგიკურ მახვილებს, ბგერათა სიმაღლეების მკვეთრ ვარდნილებს, მეტყველების ტემპსა და ტემბრს.

როგორც ვიცით, ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის ნებისმიერი ცვლილება მეტყველებაზე ისახება. ეს კი კარგად არის ცნობილი ფსიქოლოგებისთვის, გამომძიებლებისთვის, პოლიტიკოსებისთვის, მენეჯერებისთვის. ისინი წარმატებით სარგებლობენ თავიანთი ცოდნით და საკუთარი ამოცანების გადასაწყვეტად ადამიანების გაუთვითცნობიერებლობით მანიპულირებენ.

რომ გავიგოთ, როგორ ჟღერს ჩვენი ხმა გარშემომყოფთათვის, ამისთვის საჭიროა საკუთარი ხმა დიქტოფონზე ჩავწეროთ და მოვუსმინოთ. როგორია თქვენი რეაქცია? როგორი ასოციაციები წარმოიშვა? მოგეწონათ, თუ ისე გეუცხოვათ, რომ წამოიყვირეთ: „ღმერთო ჩემო, ნუთუ ასე ვსაუბრობ?!“ როგორც წესი, ყოველი ხმის ინტონაციის განსაზღვრას მეტყველების ესა თუ ის თვისება შეესაბამება.

სწრაფი მეტყველების შემთხვევაში საჭიროა განვასხვავოთ პიროვნებისთვის მუდმივია ამგვარი მეტყველება, თუ რაიმე ვითარებითაა გამოწვეული. შემჩნეულია, რომ სწრაფად მოსაუბრე ადამიანი ჩვეულებრივზე მეტად აქტიურია და ხშირად დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს იღებს. მეტისმეტი იმპულსურობის გამო ნაჩქარევ დასკვნებს აკეთებს, ანუ ჯერ იმოქმედებს, შემდეგ დაფიქრდება.

თუ ადამიანის მეტყველება ნელია, თითქოს სიტყვებს არჩევსო, ასეთი ადამიანი დინჯია, გარემოების გათვალისწინებით ყოველ საკითხს თუ სიტუაციას ზედმიწევნით აანალიზებს და ვიდრე გაჭრის, 7-ჯერ გაზომავს.

თუ მოსაუბრე სიტყვების დაბოლოებებს „ყლაპავს“ და მისი მეტყველება სხაპასხუპს ემსგავსება, ადამიანი ცხოვრებაში ასეთივე მოუწესრიგებელი და თავმოუბმელია.

რა იმალება მაღალი ხმის უკან? შესაფასებლად აუცილებელია გავიგოთ, როგორ სიტუაციაში ლაპარაკობს ადამიანი ხმამაღლა. ხმამაღალი ადამიანი ყველაფერში უპირატესობისკენ  მიისწრაფვის; ცდილობს აკონტროლოს ადამიანები და სიტუაციები. მაღალი ხმა რამდენადმე დამთრგუნველია, ხან შიშსაც კი იწვევს. არსებობს მოსაზრება, თითქოს მაღალი ხმით მეტყველება თვითდაჯერებულ და მტკიცე ადამიანებს ახასიათებთ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს ასე არ არის. უფრო ხშირად ამგვარი ხმით ყურადღების მიქცევას ცდილობენ. მაგრამ თუ ხმას საჭიროების გარეშე ვიმაღლებთ, ესე იგი ვღელავთ და საკუთარ თავზე კონტროლს ვკარგავთ.

ჩუმი, მშვიდი ხმა შეიძლება ჰქონდეს საკუთარ თავში დარწმუნებულ, მტკიცე რწმენის ადამიანს, რომელიც საუბრისას დომინირებას და ყურადღების მიპყრობას არ ცდილობს. ხდება პირიქითაც, როდესაც მშვიდი ხმა იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანს დაბალი თვითშეფასება აქვს და უჭირდ გადაწყვეტილებების მიღება.

დაბალი ხმოვანება სიმტკიცის, დამაჯერებლობის, ავტორიტეტულობის შთაბეჭდილებას ახდენს.

გულგრილი ხმა: თუ თქვენთან მოსაუბრის მეტყველება მონოტონური და გულგრილია, შესაძლებელია მას არ აინტერესებდეს საუბარი ან რაიმეთი შეწუხებული იყოს.

პრეტენზიული ხმის პატრონი, როგორც წესი, ქედმაღალია გარშემო მყოფების მიმართ, მაგრამ ამავდროულად დაურწმუნებელი საკუთარ თავში. ასეთი ადამიანი მოწონებისა და აღიარების წყურვილითაა შეპყრობილი. სხვა შემთხვევაში ხმაში პრეტენზიულობა შეიძლება აღზრდითაც აიხსნას.

ნერვულ-აღგზნებული მეტყველების მქონე ადამიანი მუდმივად ემოციების ეპიცენტრშია და მოსაუბრის შეგრძნებით მისი ხმა თითქოს გადაძაბვისგან უნდა გაწყდეს. ხმაში ამგვარი მძაფრი ემოციები გარშემო მყოფთა ღელვას და შეშფოთებასაც კი იწვევს ხოლმე.

საუბრის დროს ხმის სიმაღლე ცვალებადია. ხმა მაღლა იწევს სიხარულის, შიშის, აღელვების შემთხვევებში. დიდი ემოციური დაძაბულობის დროს კი ის შეიძლება „ჩაწყდეს“ კიდეც. როდესაც ადამიანი მოწყენილია, დაღლილი, დათრგუნული, ხმა მნიშვნელოვნად დაბლდება. ერთი სიტყვით, სხვადასხვა ემოციურ მდგომარეობებს სხეულის ენა – ადამიანის საქციელი ადასტურებს.

თუ ვერ ვმართავთ ხმას, ის შესაძლოა მტრად გვექცეს. ხმას ჩვენი საიდუმლოს გამხელაც შეუძლია. მაგალითად, ფსიქოლოგები ხმის მიხედვით მარტივად ამოიცნობენ პოტენციურ ალკოჰოლიკს, აგრეთვე იმასაც, რა არის ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი, ოჯახი თუ კარიერა და უმრავი სხვა. ამავე დროს, ხმა შეიძლება იყოს ჩვენი მოკავშირეც: მისი საშუალებით გარშემომყოფებზე სასურველი შთაბეჭდილების მოხდენა შეგვიძლია.

რა სამწუხაროა, როდესაც ხმა, ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენი ერთგული, დასაყრდენი მეგობარი და დამხმარე უნდა იყოს, გვღალატობს. რატომ გვღალატობს ხმა? იმიტომ, რომ მასზე არასდროს გვიზრუნია. შეუსაბამო საკვებით ვკვებავდით. არ ვასვენებდით. მხოლოდ მორჩილებასა და შრომისუნარიანობას ვთხოვდით. შედეგად მან არათუ მოქნილობა, საკუთარი ფუნქციაც დაკარგა. ამან კი მეტყველების ერთგვაროვნებამდე, ინტონაციის მონოტონურობამდე და ემოციური გამომსახველობის სიღარიბემდე მიგვიყვანა. მაგრამ გამოსავალი ყოველთვის არის – ხმაზე შეიძლება მუშაობა.

სპეციალური სავარჯიშოები დაგვეხმარება ვისაუბროთ ლამაზად, დარწმუნებით და თავისუფლად. პირველ რიგში, ხმასთან მუშაობა სწორი სუნთქვის სწავლებით უნდა დავიწყოთ.

იმისათვის, რომ ხმამ მთელი სისავსით გაიჟღეროს, გადავხედოთ მენიუს ხმისთვის.

ჩვენმა ორგანიზმმა აუცილებელი რაოდენობით უნდა მიიღოს კალციუმი. ასევე ვიტამინები, განსაკუთრებით ვიტამინი C და ვიტამინი P.

ხმის დატვირთვის წინ სასურველია ვაშლის, ფორთოხლის ან სტაფილოს წვენის მიღება. „ჩახლეჩილი“ ხმის გასასუფთავებლად კი მარგებელია ძვლიანი ხორცის ან ქათმის თბილი ბულიონი.

ხმაზე მუშაობის პერიოდში მიუღებელია ნიგოზი, თხილი და მზესუმზირა. ყავა და შოკოლადი – ინდივიდუალურად. შეგახსენებთ, რომ მათ შეუძლიათ სახმო იოგების გააქტიურება, თუმცა იმავდროულად სიმშრალესა და გაღიზიანებასაც იწვევენ. რაც შეეხება ალკოჰოლსა და ნიკოტინს, მათი გადაჭარბებული მოხმარება დაუშვებელია.

გარდა ამისა, შევეცადოთ შევქმნათ სახლში ნოტიო გარემო. ეს არა მხოლოდ ხმას, არამედ კანსაც მოუხდება. გვახსოვდეს, ხმას ძალიან უხდება სალბის ნაყენი.

 

ხმა ჩვენი სავიზიტო ბარათია.

ცხელი ზაფხულის საკითხავი

0

ისე გამოვიდა, რომ სკოლაში ჩემი შვილების მასწავლებელიც ვარ. ეს ჩემთვის ორმაგად საინტერესოა, რადგან სწავლების პროცესშიც ვმონაწილეობ და შემიძლია, შედეგებსაც უწყვეტ რეჟიმში დავაკვირდე. ახლა ზაფხულია, საუკეთესო დრო წიგნების საკითხავად. მარიამი ჯერ კიდევ ბავშვობის სამყაროშია და ბედნიერდასასრულიანი წიგნების კითხვა ურჩევნია. თუ სევდიანი ისტორია შეხვდა, წუწუნებს. მისთვის წიგნის შერჩევა უფრო ძნელია. აბა, ტკივილისა და მწუხარების გარეშე რომელი კარგი წიგნი იწერება! ავთანდილი უფრო გაბედული მკითხველია. ზოგჯერ – დამოუკიდებლად, ზოგჯერ კი ჩემთან ერთად ირჩევს წიგნებს. ახლაც ერთად ვათვალიერებთ თაროებს.

– აი, ეს წაიკითხე, – ვეუბნები და ავსტრალიელი მწერლის დიმფნა კიუსაკის რომანს „ბერლინის ცხელ ზაფხულს” ვიღებ.

– კარგი წიგნია? – მეკითხება ავთანდილი.

– კი. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა მისი კითხვა.

– რატომ ? რა ხნისამ წაიკითხე პირველად?

– არ ვიცი, ალბათ შენხელა ვიქნებოდი, მეცხრეკლასელი. ჯერ ყდა მომეწონა – პრიალა, პოლიგრაფიულად დახვეწილი. ახლა რომ გაქვთ ლამაზად გაფორმებული, ფერად–ფერადი წიგნები, ჩვენს დროს ასეთები არ ყოფილა. მგონი, პირველად ვხედავდი ლამაზყდიან წიგნს. მერე თავად ისტორია მომეწონა, სიმართლეს ჰყვებოდა ფაშისტებსა და გერმანიაზე, – წიგნს ვაჩეჩებ და ერთი ამბავი მახსენდება.

წლების წინ ბარსელონაში ვცხოვრობდი. ვსწავლობდი და თან ვმუშაობდი. საღამოობით ერთ მოხუც ქალბატონს ვუწევდი კომპანიონობას. ვსეირნობდით, ვსაუბრობდით, წიგნებს ვუკითხავდი. დონა ლურდესის ქმარი ფრანკოს რეჟიმის დროს სახელმწიფოს დიდი მოხელე იყო და ოჯახს სხვა ქონებასთან ერთად საინტერესო ბიბლიოთეკაც დაუტოვა. კვირაში ერთხელ მისი ვაჟიშვილი და რძალიც მოდიოდნენ ვახშმად.

ერთხელ, სანამ მორიგ საოჯახო წვეულებაზე სუფრასთან მიმიპატიჟებდნენ, თაროებს ვათვალიერებდი და მოხუცისთვის საინტერესო საკითხავს ვეძებდი. უკანა რიგიდან უზარმაზარი წიგნი გადმოვიღე და, გაოგნებული, დიდხანს ვფურცლავდი. თვალნათლივ ვხედავდი ყველა იმ საშინელებას, რაც წიგნებში ამომეკითხა: საკონცენტაციო ბანაკებს, გაზის კამერებს, საექსპერიმენტოდ გამოყენებულ ადამიანებს, მოჭრილ კიდურებს, ბავშვებს ორგანოების გარეშე, უანესთეზიოდ ჩატარებულ ოპერაციებს, წითელლაშიან გერმანულ ნაგაზებს და დაგლეჯილ ჩვილებს… ბოროტებას და ადამიანის მანიაკურ ფანტაზიას საზღვარი არ უჩანდა. ბავშვობაში წაკითხულ დიმფნა კიუსაკის წიგნში მოთხრობილი ამბები უნებურად ფოტოებად დალაგდა. მეც გაზის კამერაში დამწყვდეულივით ვიგუდებოდი.

ღია კარში დონა ლურდესი გამოჩნდა, ჩვეულებისამებრ, უძვირფასეს სამკაულებასხმული და „შანელ N5“–ნაპკურები (იმ დღიდან შემძულდა ეს სუნამო). უკან ვაჟიშვილი მოჰყვებოდა.

– ტონი, ხომ გთხოვე, ეს წიგნი გადაგეგდო, მაინც აქაა? – მიმართა შვილს, როცა ჩემი გაოგნებული სახე დაინახა.

– ეს მამას წიგნია, დედა. მამა დიდი მედიკოსი იყო. დღეს რომ ასეთი ძლიერია მედიცინა, სწორედ ამ ექსპერიმენტების დამსახურებაა, – ამაყად განაცხადა სინიორ ანტონიომ.

იქ დარჩენა აღარ შემეძლო. ფეხზე ძლივს ვიდექი. მეორე დღეს დავურეკე და ვუთხარი, რომ სამსახურში აღარ მივიდოდი.

– რატომ? თუ ხელფასი გეცოტავებათ, მოგიმატებთ, – გუშინდელი სიამაყე გამოსჭვიოდა სინიორ ანტონიოს ხმაში.

– არა, არავითარ ფასად, – ვუპასუხე, თუმცა ვიცოდი, რომ შესაძლოა, რამდენიმე კვირა, რამდენიმე თვეც კი დამჭირვებოდა ახალი სამსახურის საშოვნელად.

ახლა კი ჩემს შვილებსა და მოსწავლეებს უნდა ავუხსნა, რომ არ არის აუცილებელი, რომელიმე დიქტატურის სამსახურში იდგე ან მის იდეოლოგიას ეთანხმებოდე – თუ მის საწინააღმდეგოდ არაფერს არაფერს იღონებ, მაშინაც მისი მომხრე და არანაკლებ დიდი დამნაშავე ხარ.

ფოკუს-ჯგუფი მოსწავლეებთან თემა – ჰაგიოგრაფიული ტექსტების სწავლების პრაქტიკა

0

 

ჩვენი ინტერნეტგაზეთის ერთ-ერთ წერილში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის საგნის ჯგუფის მასწავლებლის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში ჩატარებული კვლევის რამდენიმე საინტერესო დაკვირვება შემოგთავაზეთ. იქვე დაგპირდით, რომ უშუალოდ კვლევის შედეგებს სამაგისტრო ნაშრომის დაცვის შემდგომ შემოგთავაზებთ. სამაგისტრო ნაშრომის დაცვა შედგა, მაგისტრანტებმა(ილონა აკობია, მარიამ დვალი, ლია ნარიმანიძე) წარმატებით გაართვეს თავი პრეზენტაციას და იმედი მაქვს, მომავალში თავიანთ პრაქტიკულ საქმიანობისვისაც ბევრი სასარგებლო და საინტერესო იდეაც გაიყოლეს უნივერსიტეტიდან. ვასრულებთ დანაპირებს და გთავაზობთ გაეცნოთ სამაგისტრო კვლევის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ნაწილს – ფოკუს-ჯგუფს მოსწავლეებთან.

მოსწავლეებთან ფოკუს ჯგუფის ჩატარების აუცილებლობა გამოიწვია მასწავ­ლებლების საუბრიდან გამოტანილმა დასკვნებმა, მათი უმეტესობა აღნიშნავდა, რომ ჰაგიოგრაფიული ტექსტების შესწავლისას მოსწავლეთა დიდი ნაწილი(2-3 მოს­წ­ავლის გარდა) მაღალ სააზროვნო უნარებზე გადის, მათ მოტივაციაზე უარ­ყოფითად არ აისახება ის, რომ პირველი სემესტრის განმავლობაში ერთნაირი თემა­ტიკისა და ჟანრის ნაწარმოებების გავლა უწევთ. ფოკუს ჯგუფის მიზანი იყო, გაგ­ვერკვია, მოსწავლეების აზრით, რამდენად მრავალფეროვანია, მეთო­დო­ლო­გიური თვალსაზრისით, ლიტერატურის გაკვეთილები, რა ეადვილებათ და რა უჭირთ განსაკუთრებულად ამ ტექსტების შესწავლის დროს. ფოკუს ჯგუფში მო­ნა­წილე ბავშვები შეირჩნენ შემთხვევითი პრინციპით, შესაბამისად, საშუალება გვქონდა, დავკვირვებოდით როგორც მაღალი აკადემური მოსწრების, ასევე და­ბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეთა დამოკიდებულებებს.

ფოკუს ჯგუფს ესწრებოდა 15 მოსწავლე და მიმდინარეობდა ორ საათზე მეტ ხანს. მოს­წავ­ლეები ინტერესით იყვნენ ჩარ­თულნი, ყველა მათგანი გამოთქვამდა აზრს, უმეტესეობა – აქტიურად და გულწრფელად.

 გამოიკვეთა შემდეგი დასკვნები:

შეკითხვაზე, როგორი დამოკიდებულება გაუჩნდათ, როცა პირველად წაიკითხეს ძველ­ქართული ტექსტი, უმეტესობამ აღნიშნა, რომ პირველი შთაბეჭდილება უარ­ყოფითი იყო, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ შეეცადნენ, აღექვათ ჩვეულებრივ ტექსტად. ,,პრინციპში, რელიგიას თუ ჩამოვაცილებთ, ჩვეულებრივი რომანი გა­მოვა“,- აღნიშნა ერთ-ერთმა მოსწავლემ იაკობ ხუცესის ,,შუშანიკის წამებაზე“.

ტექსტში ყველაზე დიდ სირთულეს მათთვის წარმოადგენს ლექსიკური მასალა. მოს­წავლეების აზრით, ისინი ძალიან დიდ დროს ანდომებენ სიტყვების გან­მარტებას და შინაარსის პერიფრაზირებას, თუმცა ძალიან მალე ავიწყდებათ მათი მნიშვნელობა. ,,რა საჭიროა ამ სიტყვების(არქაიზმები იგულისხმა) მნიშ­ვნე­ლობების ცოდნა, დღეს მაინც არც ერთი არ მახსოვს“,- აღნიშნა ერთ-ერთმა მოსწავლემ. რამდენიმეს აზრით, გაგებას ართულებას ის, რომ, მათი აზრით, ტექ­სტებს აკლიათ ლოგიკურობა. როდესაც ვთხოვეთ, დაეზუსტებინათ, რას გულის­ხ­მობდნენ ლოგიკურობის ნაკლებობაში, აღნიშნეს, რომ მათთვის გაუგებარია, რა­ტომ ეწამება შუშანიკი( ,,… იმიტომ წავიდა სინამდვილეში, რომ თავი შეურაც­ხყოფილად იგრძნო, როგორ ირთავს ვიღაცას ისე , რომ არც მკითხა, ეგ შურაცხ­ყოფის მომენტი უფრო იყო, ვიდრე რელიგიური“ – მოსწავლე), ან რატომ უნდა გასწირო თავი რელიგიის გამო. როგორც ირკვევა, მოსწავლეებს უჭირთ მიზეზ-შე­დეგობრივი კავშირების გაანალიზება ან მათთვის სრულიად აუხ­სნელია ის, რაც ამ ნაწარმოებებში ვითარდება, ერთულებათ მათი თანამედროვე ეპო­ქისთვის უცხო პრობლემატიკის აღქმა. აქვე იკვეთება ერთი მომენტიც, თანა­მედროვე ეპოქისთვისაც არაა უცხო ადამიანთა რელიგიური ნიშნით დევნის შემ­თხვევები, მაგრამ, როგორც ჩანს, საგაკვეთილო პროცესზე ნაკლებად ხერხდება პარა­ლელების გავლება.

კითხვაზე, რა დროის შემდეგ ახერხებდნენ დამოუკიდებლად  ტექსტის პერი­ფრა­ზი­რებას, გვიპასუხეს, რომ ტექსტის გარკვეული ნაწილი მათ ეძლევათ სა­ში­ნაო დავალებად და ამას ართმევენ თავს, თუმცა იქვე დაამატეს, რომ დღეს(ფოკუს-ჯგუფი აპრილში ჩატარდა) ის სიტყვები აღარ ახსოვთ. საგაკვეთილო პრო­ცესი, ძირითადად, ეთმობა ტექსტის პერიფრაზირებას, მოსწავლე აღნიშნავს: ,,თუ დრო დაგვრჩებოდა, ვიწყებდით საუბარს, რა და როგორ…“. ვთხოვეთ და­ესახელებინათ მეთოდი, რომელიც ყველაზე მეტად დაეხმარათ ტექსტის გაგებაში. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ შემაჯამებლის დაწერამდე მასწავლებელი უგ­ზავნიდა მათ ტექსტის ადაპტირებულ ვარიანტს, რომლიდანაც  სწავლობდნენ ში­ნაარსს.

კითხვაზე რა იყო საინტერსო მათთვის(21-ე საუკუნის მოსწავლისთვის) ამ ტექ­სტებში, აღნიშნავდნენ, რომ ,,თუ ცოტა ტექსტის გარეთ არ გავალთ“, მხოლოდ ის, რომ ვიღაცა გმირია, რადგან ეწამა, არ არის საინტერესო. აზრის უფრო დასაზუსტებლად, ვთხოვეთ წარმოედგინათ, იმ შემთხვევაში, თუ მათ რჩევას გაითვალისწინებდნენ მეა­თე კლასის ლიტერატურული პროგრამის შედგენაში, ამ სა­მი ნაწარმოებიდან რომელს მიიჩნევდნენ ყველაზე საინტერესოდ. კითხვამ დის­კუ­სია გამოიწვია. მოსწავლეთა უმეტესობამ დაასახელა იოვანე საბანისძის ,,აბოს წამება“. მათი აზრით, ,,აბოში მხოლოდ რელიგია არ არის, ეს უფრო პიროვნულ თა­ვი­­სუფ­ლე­ბაზეა“.  მოსაზრების დასაბუთებისას ისინი ყურადღებას ამახ­ვი­ლებ­დნენ იმა­ზე, რომ საკუთარი არჩევანის დაცვა დღესაც აქტუალური საკითხია. ერთ-ერთმა მოს­წავლემ აღნიშნა, რომ აბო, როგორც პერსონაჟი, სხვებზე(შუშანიკი, გრიგოლ ხანძთელი) მეტად მოსწონს, რადგან მან შეისწავლა ყველა რელიგია და შე­ძენილი ცოდ­ნის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება. მისი აზრით, განუს­ჯე­ლად, სხვი­სი გავლენით მიღებული გადაწყვეტილებები ადამიანს პი­როვ­ნე­ბად ვერ აქცევს და ეს 21-ე საუკუნის პრობლემაა.

რამდენიმე მოსწავლემ სასურველ ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებად დაასახელა გი­ორ­გი მერჩულეს ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“. ისინი ფიქრობენ,  აღნიშნული ტექ­სტი საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ ,,შუშანიკის წამებისგან“ გან­სხვა­ვებით (,,შუშანიკში ის არის, რომ ღმერთს იმით მოვაწონებთ თავს, რაც უფრო  მეტად დავიტანჯებით“, – მოსწავლე), პერსონაჟი საქმით ამტკიცებს ღმერთის სიყ­ვარულს, ხალხის და ქვეყნის სამსახურშია. ამასთან, ერთმა მოსწავლემ აღნიშნა, რომ ტელევიზიით მოისმინა ტაო-კლარჯეთის ქრისტიანული ძეგლების შესახებ, რომ­ლებიც დღეს თურქეთის ტერიტორიაზეა და ამის შემდეგ უფრო დაფიქრდა ამ ნაწარმოების მნიშვნელობაზე. მისი აზრით, აჯობებს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვ­რება“ ისწავლებოდეს, როგორც ისტორიული წყარო, რადაგან იმისთვის, რაც ამ ნაწარ­მოებში მთავარია, მთელი ტექსტის გავლა არაა საჭირო.

მხოლოდ ერთმა მოსწავლემ დაასახელა სასურველი ჰაგიოგრაფიული ტექსტად იაკობ ხუცესის „შუშანიკის წამება“. მისი აზრით, ის, როგორც ქართული მწერ­ლობის პირველი ნიმუში, აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს, რადგან სხვა­გვარად მას არავინ წაიკითხავს.

,,შუშანიკის წამების“ ეროვნულ მნიშვნელობაზე ერთ-ერთმა მოსწავლემ ამგვარი შეხე­დულება გამოთქვა: თუ ნაწარმოების ეროვნული და ესთეტიკური ღირე­ბულება უნდა გააცნობიერებინო მოსწავლეს, ის უნდა შეადარებინო იმავე ეპოქის სხვა ერების ლიტერატურასთანო. კითხვაზე, განუხორციელებიათ თუ არა გაკვე­თილ­ზე მის მიერ დასახელებული აქტივობა, ყველამ გვიპასუხა, რომ არა. ,,მაშინ იმ ორს ვერ მოვასწრებდით“, – აღნიშნეს ბავშვებმა.

გამოიკვეთა, რომ მოსწავლეებს მრავალფეროვანი და ჟანრობრივად განს­ხვავებული ლიტერატურა უფრო მოსწონთ, მათ შორის, როცა ლიტერატურული პროგრამა გაჯერებულია უცხოენოვანი ავტორებით და მათ ეძლევათ შედარების საშუ­ალება. ,,მეცხრე კლასი იყო ჩემთვის წიგნების შეყვარების წელი“, – აღნიშნა ერთ-ერთმა მოსწავლემ. მეცხრე კლასის პროგრამა ჟანრობრივი და თემატიკური თვალსაზრისით მრავალფეროვანია, თანაც, როგორც იმავე მოსწავლემ აღნიშნა, მასწავლებელი ახარისხებდა სახელმძღვანელოში ტექსტებს და დამატებით საკითხავად აძლევდა უცხოენოვანი მწერლების წიგნებსაც.

მოსწავლეების აზრით, ჰაგიოგრაფიული ლიტერატურა არ შეესაბამება მე-10 კლა­სელის ინტერესებს, ,,სჯობს ამ ასაკში ვიკითხოთ ისეთი ლიტერატურა, რომელიც ჩვენს პიროვნულ განვითარებას შეუწყობს ხელს“(მოსწავლე).

შეკითხვაზე, რამდენად იძლეოდა ჰაგიოგრაფიული ლიტერატურა მათი იმ თანა­კლასელების, რომლებიც, მაგალითისთვის, ტექნიკური საგნებისადმი განსა­კუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩევიან, ინტერესების გათვალისწინების საშუალებას, რამდენიმემ აღნიშნა, რომ ტექსტზე მუშაობის უნარები ყველასთვის საჭიროა, თუმცა უმეტესობის აზრით, ამ დოზით ჰაგიოგრაფიული ტექსტები, არა თუ  ლიტერატურით ნაკლებად დაინტერესებული მოსწავლეებისთვის, იმათ­თვი­საც კი მოსაბეზრებელია, ვისაც განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ამ საგნისადმი. ,,მე რომ ასტროფიზიკოსობას ვაპირებ, რაში დამჭირდება ამდენი ჰაგი­ოგრაფია?“- დასვა შეკითხვა ერთ-ერთმა მოსწავლემ.

მოსწავლეთა ფოკუს ჯგუფზეც გამოიკვეთა საკითხი, რომ ჰაგიოგრაფიული ტექ­სტები, თავიანთი მხატვრული ღირებულებისა და ეროვნულ-კულტურული მნიშ­ვნე­ლობის გამო, ყურადღების მიღმა ვერც სკოლაში დარჩება, მაგრამ მოსწავ­ლეების თვალთახედვით, ამის გასაცნობიერებლად სულაც არ არის სავალ­დე­ბულო, სამივე ტექსტი, თანაც ძველქართულად, ისწავლებოდეს. ,,მე უფრო ვი­ამაყებ ,,შუშანიკის წამებით“, თუ მეცოდნება, რამდენ ერს აქვს კიდევ მე-5 საუ­კუ­ნეში მხატვრული ნაწარმოები, ამიტომ, მირჩევნია, ერთი ვისწავლო და შევადარო სხვებს“, – აღნიშნა მოსწავლემ.

დასკვნები

  • მოსწავლეებთან ჩატარებული ფოკუს ჯგუფისა და ტესტირების(კვლევის შემდგომი ეტაპი იყო…ნ.ლ) ანალიზი, გვაძ­ლევს საფუძველს დავასკვნათ, რომ ქართული ლიტერატურის საგაკ­ვე­თი­ლო პროცესი მე-10 კლასის პირველ სემესტრში არ გამოირჩევა მე­თო­დუ­რი მრავალფეროვნებით. მოსწავლეების არ ეძლევათ საშუალება, განივითარონ და საგაკვეთილო პროცესში დაამუშაონ მაღალი სააზროვნო უნარები.
  • ძირითადი პრობლემა მდგომარეობს ტექსტების ენობრივ სირთულეში და მოს­წავლეთა რაოდენობას ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება მათი შეს­წავ­ლი­სას.
  • მე-10 კლასის ლიტერატურის პროგრამა ნაკლებად ითვალისწინებს მოს­წავ­ლე­თა ასაკობრივ თავისებურებებსა და ინდივიდუალურ ინტერესებს.
  • მოსწავლეები იმთავითვე რელიგიური დანიშნულების მქონედ  აღიქვამენ ჰა­გი­ოგრაფიულ ტექსტებს.
  • ლიტერატურის გაკვეთილებზე ჰაგიოგრაფიული ტექსტების სწავლების დროს არ/ვერ იყე­ნებენ ტექსტების შედარების მეთოდს, ეს ეხება როგორც ნაციონალურ ტექ­სტებთან პარალელებს, ასევე უცხოენოვან ლიტერატურას.
  • მოსწავლეებს აინტერესებთ და ავითარეთ იმ სახის ლიტერატურა, რომე­ლიც მათ თანამედროვე გარესამყაროსთან აკავშირებთ. ჩართულობა და­ბა­ლი ხარისხისაა იმის გამო, რომ ბავშვები ვერ ხვდებიან, რატომ უნდა ისწავ­ლონ ის, რაც აღარაა აქტუალური, პრობლემურობის თვალსაზრისით.
  • მასწავლებელების მიდგომებში(ნაციონალური ლიტერატურის კითხვის სა­გან­­მან­ათ­ლებლო ფუნქციასთან დაკავშირებით) განსხვავება არ შეიმჩნევა სა­ჯარო და კერ­ძო სკოლების მიხედვით. პირველ და მეორე შემთხვევაშიც გვხვდებიან პედა­გოგები აკადემიური პრინციპებით და პედაგოგები უტი­ლი­ტარული მიდ­გომით სწავლების პრინციპებით,თუმცა ეს უკანასკნელნი ძალზე მცირე რა­ოდენობით.
  • მოსწავლეებთან ჩატარებული ტესტირების შედეგებით, კერძო სკოლის მოს­წავლეთაგან მეტმა გამოავლინა გარკვეული უნარების ფლობა საჯარო სკო­ლის მოსწავლეებთან შედარებით, თუმცა რომელიმე განსხვავებული უნა­რი არც ერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა.

ჩვენმა კვლევამ გამოავლინა რამდენიმე უდავოდ საინტერესო და საყურადღებო პრობ­ლემა. რეკო­მენ­დაციები, რომლებიც ჩვენ მიერ განხორციელბული კვლევის შედეგად შეი­ძლე­ბა გამოვკვეთოთ, შემდეგია:

  • ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემა უნდა დაინტერესდეს, ჩაატაროს კომ­პე­ტენ­ტური კვლევა იმასთან დაკავშირებით, როგორ მიმდინარეობს ნაცი­ონა­ლური ლიტერატურის სწავლება და რამდენად ეფექტურია სკოლებისთვის შეთავაზებული საგნობრივი პროგრამები.
  • საგნობრივი პროგრამა უნდა ეყრდნობოდეს მოსწავლეთა საჭიროებების კვლე­ვას.
  • საგნობრივი პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს მოსწავლის ასაკობრივ თავი­სებურებებსა და ინტერესებს, რათა ხელი შეეწყოს მაღალი ხარისხის ჩარ­თულობას.
  • საგნობრივ პროგრამაში მეტად უნდა იყვნენ წარმოდგენილნი თანამედროვე ლიტერატურის სახეები(,,მეტი ქარჩხაძე“- ისურვეს მოსწავლეებმა).
  • ლიტერატურული პროგრამის შედგენაში მეტად აქტიურად უნდა ჩაერთონ მასწავლებლები. სა­სურველია მოსწავლეების ჩართვაც ამ პროცესში გარკვეული ფორმით.
  • უნდა გადაიხედოს საატესტატო გამოცდების შეფასების კრიტერიუმები, რად­გან, მასწავლებლებისა და მოსწავლეების თქმით, ისინი სწორედ ამ კრი­ტერიუმების გამო არიან ,,იძულებულნი“ საგაკვეთილო დროის უდი­დე­სი ნაწილი დაუთმონ შინაარსის ,,შესწავლას“.
  • მაშინ, როდესაც საერთაშორისო კვლევების შედეგების ანალიზი ქართველი მოს­წავ­ლეების უნარების შესახებ, არც ისე სახარბიელოა, სჯობს, არ არსე­ბობ­დეს ტაბუდადებული თემები და ყველა, ვისაც გარკვეული შეხება აქვს საგან­მანათლებლო სისტემასთან, ფიქრობდეს, როგორ გახდეს სწავლა-სწავლების პროცესი უფრო ეფექტიანი ლიტერტურული ტექსტის დახ­მა­რე­ბით.

 

გურამ თიკანაძე სვანეთის მუზეუმში

0

სულ მგონია, რომ იმ თაობის ჩვენხელა ბიჭები ჩვენზე ბევრად ჯანმრთელები იყვნენ – ფიზიკურადაც და შეგნებითაც, მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალ ქვეყანაში არ ცხოვრობდნენ (შეიძლება სწორედ ამიტომაც უფრო უფრთხილდებოდნენ შინაგან თავისუფლებას). ოცდაექვსი და ოცდაათი წლის ბიჭები ცხოვრებასაც ასწრებდნენ და ხელოვნებასაც ქმნიდნენ, ჩხუბშიც (დარწმუნებული ვარ!) ჩვენზე მაგრები იყვნენ და სიყვარულშიც, ცენზურისა და „მთავლიტის“ ეპოქაშიც ჩვენზე გულწრფელ რაღაცებს ამბობდნენ, მიწაც ჩვენზე მეტად უყვარდათ და მთაც.

სვანეთის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში, შესასვლელშივე საინფორმაციო ბანერია, რომელიც გურამ თიკანაძის ბიოგრაფიის უმნიშვნელოვანეს მომენტებთან და ჯილდოებთან ერთად, ერთი შეხედვით სტატისტიკურ, მაგრამ ბევრი თვალსაზრისით მნიშვნელოვან ცნობას გვაწვდის: „მის მიერ დატოვებული ფოტომემკვიდრეობა 15 ათას ნეგატივს ითვლის“.

ასაკს ბევრი არ მოეკითხება, მაგრამ გურამ თიკანაძის ოცდაათი წელი მაინც ძალიან მაკვირვებს. ლეგენდად დარჩენას წამი ჰყოფნის, მაგრამ შენი შემოქმედებაც რომ ამ ლეგენდის განუყოფელი ნაწილი იყოს, ამას დიდი ნიჭი, შრომა და ნებისყოფა უნდა. ხშირად – მსხვერპლისუნარიანობაც.

ალბათ, გურამ თიკანაძის ბედისწერა იყო ის, რაც ერთ ჩანაწერში თქვა: „ჯუმბერი! კუხო! და ილიკო! საშინელებაა!.. ალპინიზმი უმსხვერპლოდ შეუძლებელია“. ოღონდ იმ საბედისწერო 1963-მდე, სანამ დიდი ხნის ლოდინისა და ფორიაქის, უშგულიდან მესტიამდე რამდენჯერმე ჩასვლა-ამოსვლის შემდეგ შხარაზე ასვლის ნებართვას მიიღებდნენ, გურამ თიკანაძეს უკვე მოესწრო თავის საქმეში პროფესიონალად ქცევა და გარშემომყოფების სიყვარულიც დაემსახურებინა. მამაკაცისთვის ორი ყველაზე დრამატული ამბავიც გამოეცადა: შვილის შეძენა და ძმაკაცის სიკვდილი. ამიტომ ის პორტრეტები, რომელიც მისმა ფოტოობიექტივმა აღბეჭდა, გამოცდილი კაცის მიერ დანახული მარადიული პერსონაჟები არიან და არა შემთხვევით, იღბლიანად „ჩავლებული“ ტიპები. რომელიც გინდა დავასახელოთ: სარა და თაშუ ნიჟარაძეები უშგულში, ბექნუ ხერგიანი, ონისიმე ნიჟარაძის საოჯახო პორტრეტი… ის ერთი, გურამ თიკანაძის ერთ-ერთი უკანასკნელი ფოტო, მთლად შედევრია – წისქვილში, კიბეზე ჩაძინებული, დაკონკილ ტანსაცმლიანი, დაღლილი ბავშვი. ეჭვი მაქვს, ამ ფოტოსთან დიდხანს დადგომა გაგიჭირდებათ (მე ყოველ შემთხვევაში ასე დამემართა): ეს ბავშვი თითქოს გვამხელს და თავსაც გვაცოდებს, თითოეული ჩვენგანის ბავშვობიდან შეჩერებული კადრია.

გამოფენის ორგანიზატორებმა მრავალფეროვანი შემოქმედებითი მემკვიდრეობიდან 40 ფოტონამუშევარი ამოარჩიეს, სადაც კარგად ჩანს გურამ თიკანაძის თვალით დანახული მთა/სვანეთი და მთის ხალხი/სვანები. ბრწყინვალე პორტრეტების გარდა, ბევრია უშბაზე, თეთნულდზე ასვლის კადრები. ფოტორეპორტაჟი. თავადაც, როცა ვერ გადაეწყვიტა, გეოლოგიაში დარჩენილიყო, ფოტორეპორტიორობისთვის მოეკიდა ხელი თუ ოპერატორი გამხდარიყო, თავისთვის, გულში მაინც ფიქრობდა, – ეს დინება ბოლოს ფოტორეპორტაჟთან მიმიყვანსო. გამოფენაზე მთამსვლელებისთვის მომაბეზრებლად უსიამოვნო იმ გაცვეთილი შეკითხვისთვისაც გურამ თიკანაძის სიტყვებითაა პასუხი გაცემული: „რა გვაინტერესებს მთაში? – ეს კითხვა უადგილოდ გვეჩვენება და ხშირად უპასუხოდ ვტოვებთ. ახლა განმარტებისთვის ზოგიერთი განცდა თუ მოგვეშველება. მთასთან არ ვლაპარაკობთ და საუბრით არ ვამყარებთ სიყვარულს. კარგად ვიცით, რომ აქ ყოველი ქვის ქვეშ და ფიფქში მარცხია ჩასაფრებული. მოწოლილი ღრუბლები ჭექა-ქუხილს და თოვლს ფანტავენ მწვერვალთა კალთებზე. მცხუნვარე მზე კი ქვის ცვენით და ზვავების კორიანტელით აფხიზლებს ქედებს. მუდამ სიახლე, სიფხიზლე, მოძრაობა…“

ახლა აგვისტოს ბოლოა, მარიამობის წინადღეები. მაშინაც ასე იყო და მიუხედავად იმისა, რომ გაგანია უღმერთობის საუკუნე იდგა და იდეოლოგიის მჭედლებს თითქოს ეგონათ, რელიგიას და მის მიმდევრებს ხელი მოვუთავეთო, ხალხი შხარაზე დარჩენილთა სანახავად უშგულის ლამარიაზე ადიოდა – ეს საუკეთესო ადგილი იყო დაკარგული მთამსვლელების შხარას კედლებზე აღმოსაჩენად, შინაგანი სიმტკიცისა და სასოწარკვეთის დროს სულიერი გაძლიერებისთვის.

„ვოი, რა უფერულია სიკვდილი ლოგინში!
ვოი, რა საშინელია სიკვდილი ლოგინში!
ისიც ლოგინში მომკვდარა, ოღონდ –
ყინულის ლოგინში!..“

მურმან ლებანიძე ტრაგედიას მალევე (1964 წ.) გამოეხმაურა და სვანური ზარის მოტივებზე დაწერილ ლექსში გურამ თიკანაძის ჰეროიკული აღსასრულისა და დატირების ქრონიკა მოგვითხრო:

„გურამ თიკანაძეს შხარა აუღია,
რაც მოხდა, დაშვებისას მომხდარა:
თავი სიმამაცით წაუგია,
ვოი-ვო, გურამი მომკვდარა…“

ერთად გავიხსენოთ: ბექნუ ხერგიანი და ბექნუს ლომები, გურამის ნეშტი რომ უპყრიათ და ყელში გასჩრიათ მშრალი ბურთები; ფოსტლების ფლატუნით საკაცეს ფეხდაფეხ გამოდევნებული უხნესი დიაცი ივდითი ნიჟარაძე და მისი გულისშემძვრელი დატირება: „თეთნულდმა რა მოგცა? უშბაზე რა გქონდა? შხარაზე რა გინდოდა, გმირო?!“; ყანა-სათიბებს მომცდარი და შხარასთან ღრუბელივით მომდგარი კალა-უშგული და მთლად საქართველო.

„ურთულესი მარშრუტის განხორციელების დროსაც ახერხებდა გადაეღო მხატვრული ფოტოები“ – ეს ჩვეულებრივი ფრაზა გამოფენის საინფორმაციო ტექსტიდან ბევრ რამეს ამბობს. პირველ ყოვლისა კი ალბათ იმას, რაც გურამ თიკანაძემ შეძლო: არა მხოლოდ ყინულის ლოგინში გმირული სიკვდილით, არამედ თავისი საქმით, შემოქმედებით ყოფილიყო დაუვიწყარი.

აცე, ვირო, ნუ მოკვდები, მალე გაზაფხული მოვა!     (საზაფხულო საკითხავი)

0

ახლა ზაფხულია, აგვისტო, ადამიანების დიდი ნაწილი ისვენებს. მე ჩემი სიზარმაცისა თუ თავმოუბმელობის გამო თბილისში ვარ, ძველი ვალების მოხრჩობას ვცდილობ. ვუზივარ კომპიუტერს და ვმუშაობ. სამუშაო მძიმეა, მე _ გადაღლილი, მიჭირს, ხან მშობლიური სოფელი მელანდება, რომელიც ისე აქვთ ოკუპირებული ბავშვებს, რომ ავიდე, ვერაფერსაც ვერ ვიმუშავებ, ხან _ ზღვა, სადაც გაგანია სეზონია და იმით ვიმშვიდებ თავს, რომ ასეთ დროს მაინც არ მიყვარს, ივნისში ან სექტემბერში მირჩევნია, როცა ხალხი ცოტაა. მარტო ვარ, ამიტომ საკუთარ თავს ხშირად ვებაასები და ძალიან რომ შეჯდება ხოლმე ვირზე და აღარაფრის თავი აღარ მაქვსო, გამომიცხადებს, გამზადებული პასუხი მაქვს: აცე, ვირო, ნუ მოკვდები, მალე გაზაფხული მოვა!

საერთოდ ვირებზე ფიქრი და ვირებთან დაკავშირებული ხატოვანი თქმები, ანდაზები თუ მხატვრული სახეები ბოლო წელია, ძალიან მომეძალა. ახლა რომ ვუფიქრდები, მამა იყენებდა ხშირად. ის მაშინ დაახლოებით ჩემი ასაკის იყო. უცნაური რამაა ადამიანის გონება. ოცდაათი წელი მშვიდად ეძინა ჩემს მეხსიერებაში, ახლა კი გაცოცხლდა, ყველაფერზე ვირი მაკერია პირზე, ვფრთხილობ, სხვათა მიმართ არ გამოვიყენო, თან უხერხულია, იქნებ ვერ მიმიხვდნენ იუმორს, თან ვგრძნობ, უფრო თვითირონისთვისაა დაბადებული ენაში. ეტყობა, ორმოცს რომ გადასცდები და ისეთს ვერაფერს შეიძლებ, შედარებით მშვიდად და მსუბუქად იცხოვრო, ანუ იგრძნო, რომ თავი ქუდში გაქვს, გამკლავების ერთი იარაღი გრჩება, დასცინო საკუთარ თავს, თანაც თბილად და სევდიანად, ვირი კი ამისთვის მშვენიერი სახეა.

ბევრი რამის კულტურა დაგვაკარგვინა საბჭოთა სამოცდაათმა წელმა, მათ შორის ჭამა-სმისაც. მთელი ბავშვობა საბრტყელებლის ხმაზე ვიღვიძებდი, დედა საუზმეზე ხაჭაპურს აცხობდა, ესე იგი, ადგომა ღირდა.  თითქმის ყოველ კვირა იშლებოდა სუფრა, იმ სუფრებზე საინტერესო ხალხი კი იყრიდა თავს, მაგრამ რამდენი რამ ეწყო, რამდენი თავი საჭმელი მზადდებოდა და მერე იყრებოდა, აღარ მოვყვები, ისედაც კარგად იცის საბჭოთა სინამდვილე გამოვლილმა ადამიანმა. ასეთ გარემოში, რა გასაკვირია, ღორმუცელად ჩამოვყალიბდი (იმავე ოჯახში გაზრდილი ჩემი და რომ კულტურული მჭამელია, ამაზე, ვცდილობ, არ გავამახვილო ყურადღება). ავიშვებ ხოლმე, გავშლი აფრებს, თან კეთებაც მიყვარს, თან ცოტა თუ რამეზე გავნერვიულდი,  დასამშვიდებლად რა შეედრება, ცომში ხელების ზელას?! რომ მივხვდები, ზედმეტი მომდის, თავის გასამართლებელად და  გასამხნევებლად ისევ ვირები მეხმარებიან: დაე, მოკლას ვირი თივამა!

რამდენ რამეს მეუბნება ეს პატარა გამონათქვამი. ერთი რომ ამდენი ვირული შრომის მერე თივას ნამდვილად ვიმსახურებ, მეორე, რომ თივის მეტით, ეტყობა, ვერაფრით შემიძლია სიამოვნების მიღება, მესამე და მთავარი, რომ ვირად ყოფნა ერთდროულად სასაცილოცაა და სევდიანიც და დროა გამოვფხიზლდე, როლი შევიცვალო და ცოტა მეტი პატივი ვცე საკუთარ თავს!

როცა პირველი არგუმენტით ტკბობიდან გამოვდივარ, რომ თივით სიკვდილი დიახაც დავიმსახურე, და გავდივარ ბოლოში, რომ ვირად ყოფნა მთლად სახარბიელო არაა, იწყება დიეტების ნეტარი ხანა. ჰო, დიეტა სულაც არაა მტანჯველი, თავიდან ჭირს, თორემ მერე ვეჩვევი და რა შეედრება იმ გრძნობას, ნელ-ნელა რომ მომწონს საკუთარი თავი, საგულდაგულოდ შენახულ ტანსაცმელში რომ ვეტევი და კმაყოფილი ვიღებ გარშემომყოფების ქათინაურებს. მერე ორგანიზმი ნელ-ნელა იფიტება, აღარ მშია, მაგრამ ძალიან ახლოს ვარ გამონათქვამთან: ეს ჩემი ვირი ჭამას რომ გადავაჩვიე, მაშინ მოკვდაო. ისევ ვირი ვარ, არაა საშველი და თუ მაინც ვირი ვარ, დაე, მოკლას ვირი თივამა! ასე არ ჯობია?!

და დავდივარ ასე მოჯადოებულ წრეზე, ეჭვი მაქვს, ბევრისთვისაა ნაცნობი ჩემი მარშრუტი.

არ მიყვარს და იშვიათად მახსენდება ანდაზა: „ვირის წიხლი საწყენი არააო.“ ვირებთან ნაკლებად ვურთიერთობ, არც წიხლები მხვდება დიდად და საერთოდ, ვირი მაშინ მიყვარს, როცა მე ვარ, სხვების ვირობა დიდად არ მხიბლავს. სად ვირი და კრიალოსანიო?! სად მე და სად სხვების დაცინვა, მაღალზნეობრივი კი არ ვარ, უბრალოდ, საკუთარი თავი მყავს მისახედი.

ლიტერატურამაც ბევრი ცნობილი ვირი იცის, სერვანტესის სანჩოს ვირიდან დაწყებული, ხიმენესის პლატეროს ვირით დამთავრებული. მაგრამ მე ქართველი ვირები უფრო მიყვარს.

სულ თავიდან დავიწყებ. სულხან-საბას იგავების კრებულში ლეონი რომ ჯუმბერს დალოცავს და ვირის გულისხმიერებას უსურვებს, მერე კი ახსნის, ერთხელ რომ ლაფში გაატარო, მეორედ იმ ადგილას აღარ გაივლისო, მაგ მონაკვეთს ზედაპირულად ვკითხულობ ხოლმე. რაღაც დიდად არ მიზიდავს. ეტყობა, საკუთარ თავს ვერ ვცნობ და იმიტომ, სულ ერთსა და იმავე ტალახში დავდივარ და ჭკუას ვერ ვსწავლობ, თან ამ შეგონებაში არსადაა იუმორი, ეგეთი ვირები სულაც არ მიყვარს. სამაგიეროდ ყველა იგავს მირჩევნია „ვირი და აქლემი“. ჯერ მარტო დასაწყისი რად ღირს: „ერთი აქლემი და ერთი ვირი, დიაღ დაღლეტილნი დაძმობილდნენ და თავის პატრონს გაეპარნენ, წავიდნენ აგარათა ადგილთა. დიდად გასუქდნენ მთასა მას ზედა. დაავიწყდათ სიმჭლე და სიმპლე მათი.“

მერე ყველას გემახსოვრებათ, ვირს რომ სიმღერა მოუნდება, აქლემი დაუშლის, მაგრამ ვერ გააჩერებს, ისევ ადამიანების ხელში აღმოჩნდებიან, ვირი ტვირთს ვეღარ ატარებს და აქლემს აჰკიდებენ ვირიან-ტვირთიანად. ის კი უფსკრულის თავზე სამაიას ცეკვას მოინდომებს და ვირს გადაჩეხს. „იმისთანა სიმღერას ამისთანა ალაგას სამაიას და ცეკვა უნდაო.“

სევდიანი ამბავია.. სევდიანი და ნამდვილი. „დია დაღლეტილადაც“ ხშირად მიგრძვნია თავი, გაქცევითაც ხშირად გავქცეულვარ, ყროყინის სურვილიც ხშირად არ მასვენებს, გადაჩეხითაც ბევრჯერ გადავჩეხილვარ, მაგრამ მაინც ჯობია „სიმპლე და სიმჭლე“ ცოტა ხნით მაინც დაივიწყო, ერთი მაინც გაივანარდო, და ერთიც იყროყინო დაღუპვამდე. ასეთია ამ იგავის ჩემეული, უკუღმართი მორალი, თანაც მჯერა, რომ ლიტერატურა, თუნდაც დიდაქტიკური, მაინც სუბიექტური აღქმისთვისაა შექმნილი, მით უფრო, თუ ვირივით ჯიუტი ხარ. ამ იგავის ჩემეულ ინტერპრეტაციაში არსადაა აქლემი, ეტყობა, ორივე როლს მშვენივრად ვითავსებ, ვმღერი კიდეც და ცეკვით სამაგიეროს გადახდაც მეხერხება, ოღონდ ისევ საკუთარი თავისთვის. პირდაპირი მნიშვნელობით არც ცეკვა ვიცი და არც სიმღერა, თუმცა ვირის და აქლემის დონეზე ორივე გამომდის. საერთოდ ცეკვა-სიმღერით დაღუპვა-გადარჩენის ოსტატები ვართ ქართველები, მიუხედავად ვოკალურ-პლასტიკური მონაცემებისა და „ერთი ხომ მაინც მოვილხინედან“ „პირ კი ვერ ამომიკერემდე“ ისე ოსტატურად ვშლით ზღვარს, კაცს შეშურდება.

მეოცე საუკუნის ლიტერატურაშიც არიან დაუვიწყარი ვირები თავიანთ პატრონებთან ერთად. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ვირი და პატრონი ხშირად ერთი მხატვრული სახის ორი მხარეა, განუყოფელი მთლიანობაა. ერლომ ახვლედიანის მინიატურაშიც ასეა, კეთილი რომაა კეთილი კაცი და ვირს ვირზე რომ სვამს. რამდენჯერ ყოფილა, წამომიკიდია შეუფერებელი ტვირთი, ტარების თავი რომ არ მაქვს, იმდენი და ისეთი, დავმძიმებულვარ, დამძიმებია ფიქრები, მერე ეს დამძიმებული საკუთარი თავიც საკუთარი თავისთვის ამიკიდია. სიკეთეს თუ სიბრიყვე შეერია, დაცემა გარდაუვალია, მაგრამ რაღაც ხომ მაინც უნდა გქონდეს სათქმელ-დასაცინ-თავისგასამართლებელი სანამ ტვირთს უსინდისოდ დაყრი გზაზე და ნაცემ-ნაბეგვივით დალეწილი მძიმედ წამოდგები, და, აი, მაშინაა ზედგამოჭრილი: „კეთილი იყო კეთილი კაცი და შესვა ვირი ვირზე!“

ყველაზე საყვარელი ვირები თავიანთი პატრონებიანად მაინც რევაზ ინანიშვილს ჰყავს. „სულ ცეტები მყვანან ქმარიცა და შვილებიცა,“ იწყებს თხრობას „ცეტების“ დედაბერი. აქ ცოტა უნდა გადავუხვიო და ერთი ამბავი მოვყვე. ჩემს დიდ პაპას პავლე ერქვა, ამიტომ სოფელში პოვლიანთები გვქვია. ბავშვობაში ზაფხულობით ბიძაშვილ-მამიდაშვილ-დეიდაშვილები მთელი ჯარი ვიყრიდით ხოლმე თავს და აკლებული გვქონდა მთელი სოფელი. ამიტომ ჩვენ რომ ორღობეში გავიდოდით, მთიულები იტყოდნენ ხოლმე: პოვლიანთ ცეტებმა ჩამოიარესო. ამ ამბის გამო, თვითონ ეს სიტყვა განსაკუთრებულად მიყვარს და მახასილებს, თუმცა „ცეტების“ სიყვარულს არ სჭირდება დამატებით პირადი ისტორია, იმდენად მართალი და მაგარი მოთხრობაა.

წარმოუდგენელ სიგიჟეებს სჩადიან პერსონაჟები, მაგრამ ერთი წამით ვერ შეგეპარება ეჭვი ამბების სინამდვილეში და ხალისობ მათთან ერთად, მათთან ერთად მიგყავს ვირი პენსიაზე. აბრუნებ სამშობლოში, იქ, საიდანაც წამოიყვანე.

ეჰ, როგორ მინდა, თავის დროზე, მეც გამიშვან ეგეთ იალაღზე, მაგრამ ყველაფრისთვის შეძლებაა საჭირო, „ცეტების“ პერსონაჟიც ხომ ამბობს: „კახელებზე ხომ წეღან გითხარი, მაგათზე უარესები ქართლში ყოფილან. ცხოვრება მოსდევთ და იმისთვისა. აი, კუჭი უნდა უხმებოდეთ შიმშილითა და მაშინ ვნახოთ, როგორც იცეტებენ თავიანთ ნებაზე.“

„შიო პაპასი და მისი სახედრის ამბავი“ ხომ კლასიკაა იმისა, რომ ჰგვანან პატრონი და ცხოველი ერთმანეთს, როგორ საყვარლად ჯიუტები არიან. ერთ ვირს რომ მგელი შეუჭამს, სოფელი ამოისუნთქავს, აქაურობას გვიმახინჯებდაო, ის კიდევ მიდის და სამაგიეროდ ვირსაც ყიდულობს და ჩოკინასაც. თან როგორი მშვიდი და კეთილი მოემართება სოფლისკენ, რომელიც სულაც არ ელის კეთილგანწყობით. მაგრამ შიო პაპას ეს არ ანაღვლებს:

  „ კოხტად, თავისებურად წელში გამართული იჯდა, და – პაკ-პუკ, პაკ-პუკ! – მოდიოდა მოასფალტებულ გზაზე ის ცალყურა სახედარი და თანაც გვერდზე პატარა ჩოკინაც მოსდევდა.

გზაზე მანქანები ირეოდნენ. შოფრები სიგნალს აძლევდვნენ, ჩამოგვეცალეო. შიო პაპა კი დინჯად მიუბრუნდებოდა შოფერს და ძველებურად ეუბნებოდა ღიმილით:

– რაო, ძმისწულო, არ მოგწონვართ, განა! მოძრაობის წესებს ხომ არ ვარღვევთ მე და ეს ჩემი პატიოსანი სახედარი! არა, არა? აბა, მაშ მე საჩქარო არა მაქვს რა. მე რაც შეიძლება დიდხანს უნდა ვუყურო ამ ლამაზ ქვეყანასა! – და მხოლოდ ორიოდე სიტყვას უმატებდა ახალს: – თუ ჩოკინაზე იტყვი რამეს, ძმისწულო, და… ჩოკინა პატარაა. პატარას კი არც შენ გექნებოდა დიდი ჭკუა და არც მე, პატარას ყველას პატარა ჭკუა აქვს – სახედარსაც და კაცსაც. გაუშვით, ირბინოს თავისუფლადა!..

წინ კი, ცოტაც და, სოფელიც გამოჩნდებოდა. როგორ შეხვდებოდა სოფელი შიო პაპას ცალყურა სახედარს და მის პატარა ჩოკინას, უკვე თქვენ თვითონვე მიხვდებით. ამის მოყოლა აღარ გინდათ, ამას თქვენ თვითონვე მიხვდებით.

რას ვიზამთ, არიან ასეთი ჯიუტი პაპებიც ქვეყანაზე!“

დარწმუნებული ვარ, შიო პაპას შთამომავლობა უკვდავია. მშვიდად, ჯიუტად, იუმორით გამძლეობით მიუყვება შარაგზას.

ძნელია ვირის გარეშე სიარული, ხალხური ლექსის ლირიკული გმირიც ხომ  ტირის:

„ვაიმე დედა ფეხები,

ტყეში დავეხეტები,

ნეტავ მყავდეს ვირი,

შევჯდები და ვივლი…

…ვირი მგელმა შემიჭამა,

დავჯექი და ვტირი.“

მე ჩემი წილი ვირები მყავს სახეტიალოდ, ჯერჯერებით მგელი არსად გადამყრია.

უკუკავშირი წინსვლისთვის

0

მასწავლებლის მართებული უკუკავშირი თითოეული მოსწავლის წინსვლის საწინდარია. მთავარია, ვიცოდეთ, როგორ ვუწინამძღვროთ აღსაზრდელთა წარმატებას. ხშირად გვავიწყდება, რომ მოწაფეთა შეცდომების ხაზგასმა უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, თუ რა ისწავლეს მათ. აღიარებულია, რომ მოსწავლის სწავლისთვის, მისი წინსვლისთვის გადამწყვეტია სწორი, მართებული უკუკავშირი.

არსებობენ პედაგოგები, რომელთა მოსწავლეები დამოუკიდებლად ახერხებენ სწავლას. ეს კი, ჩვენი დაკვირვებით და აღიარებული თეორიების თანახმად [ენგი და როუზი, 2012], სწორედ უკუკავშირის დამსახურებაა. მოსწავლეებს სჭირდებათ დრო და ხელშეწყობა   სირთულეების დასაძლევად. მასწავლებლის ყურადღება, დახმარება და გამოცდილება მოსწავლეთათვის სარგებლობის მომტანი უნდა გახდეს, რადგან დღესდღეობით ჩვენი მთავარი გამოწვევა მოსწავლის ცოდნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის მათი დახმარებისთვისვე გამოყენებაა.

ცხადია,  მოსწავლეებს გარკვეული მოთხოვნები აქვთ მასწავლებლების მიმართ,  ამიტომ მნიშვნელოვანია ასეთ ბავშვებს  დავანახოთ  სასწავლო მიზნები  და  ვასწავლოთ მათი მიღწევის გზები. თუ ასე არ მოვიქცევით,  ჩავაქრობთ მათ  შთაგონებას და შინაგან მოტივაციას [გოდუაძე, 2016].  განათლების ექსპერტები ამაოდ როდი გვირჩევენ,  კომენტარები მხოლოდ მოსწავლის აზრებზე დაყრდნობით გავაკეთოთ.

გულდასაწყვეტია, როდესაც ნიჭიერი თაობები (ყოველშემთხვევაში, მათი უმრავლესობა) სკოლაში დროის გასაყვანად დადიან ან იმიტომ, რომ შინ სკოლის დირექცია ურეკავს  და ბევრი გაცდენის გამო სკოლაში მოსვლას ავალდებულებს. როდის ვუშვებთ შეცდომას? დაწყებით კლასებში წარჩინებული მოსწავლეები ხშირად ზედა საფეხურზე გადასვლისას კარგავენ მოტივაციას. მათი სასწავლო პროცესში მონაწილეობა აღარ არის აქტიური. მასწავლებელი, რომელიც  ასახსნელი მასალის მხოლოდ და მხოლოდ გადმოცემაზეა ორიენტირებული, მათთან ერთად ვეღარ განიხილავს საგნის თემას და ამოცანებს, ბავშვებს არ რჩებათ დრო სხვადასხვა სტრატეგიების გაცნობისა და ექსპერიმეტებისთვის. მოსაუბრე პარტნიორების როლი კნინდება და სულაც განილევა. ამას ემატება სოციალური აქტივობების დეფიციტიც, თანამშრომლობითი სამუშაო მეთოდების ინიციატივის კლება და, შესაბამისად, ისეთი სასწავლო აქტივობები, რომლებიც ინკლუზიურ კლასებში აზროვნების უმაღლეს უნარებს აამოქმედებს, მცირდება. ოდესღაც წარჩინებული, ნიჭიერი მოსწავლე თამაშს გარე რჩება. ასე გრძელდება მანამ, სანამ მშობელი ბავშვს საგნის პედაგოგთან არ მოამზადებს და თუ ეს არ მოხდა, მოსწავლე განწირულია. ამგვარი დამოკიდებულება კონკრეტული პედაგოგის, დირექციის კრახია, თანამედროვე სკოლას კი ამის აღიარება არ უნდა უჭირდეს.

მერვეკლასელი ბიჭი, რომელიც შინ გულით სწავლობს ორგვერდიან ლექსს, გააზრებული აქვს თითოეული სიტყვა, ფრაზა და გრძნობს ტექსტურ ქსოვილს, შინ გულდაწყვეტილი ბრუნდება იმის გამო, რომ გაკვეთილზე მოყოლისას ერთხელ შეფერხდა და ამის გამო თხრობა შეაწყვეტინეს. თუკი არ არსებობს უკუკავშირი, თუკი სახელმძღვანელოში მოცემული ფაქტების დაზეპირებით და ჩვენეული მეთოდების კოპირებით შემოვიფარგლებით, მოსწავლეები ვერ შეძლებენ ცოდნის ტრანსფერს, რაც იმთავითვე გააზრებული უკუკავშირის ნაწილად მოიაზრება.

გაკვეთილსა თუ ლექციაზე ბავშვების აქტიურობა ინფორმაციის წყაროდ ფასდება. მიგვითითებენ, რომ ამაზე დაყრდნობით მოვახდინოთ სწავლების ადაპტაცია და დავაკმაყოფილოთ სტუდენტთა/მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროების სპექტრი [როუზი და ენგი, 2012]. მოსწავლეთა გადაწყვეტილება სასწავლო მიზნებისა და ნასწავლის გადმოცმის შესახებ, მასწავლებლმა მათი დაკვირვების, მიზნებისა და სტრატეგიების კრიტიკულად განხილვის განსავითარებლად უნდა გამოიყენოს, რაც კლასში ინკლუზიური გარემოს შექმნის წინაპირობად მოიაზრება.

მოსწავლისაკენ მიმართული მასტიმულირებელი უკუკავშირი    განათლების, წინსვლის წინაპირობაა და იგი სასწავლო შედეგზე გადამწყვეტ გავლენას ახდენს. თუკი პედაგოგი ავლენს სასწავლო სტანდარტით გათვალისწინებული კომპეტენციის ღრმა ცოდნას,  ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ სწავლობენ მისი მოსწავლეები/სტუდენტები,  იცის, როგორ განავითაროს თბილი და პოზიტიური ურთიერთობა ყველა მოსწავლესთან, ამავდროულად კარგად ერკვევა, ცოდნის რა ეტაპზე არიან ისინი და არასოდეს დაუშვებს ჩამორჩნენ, ამოვარდნენ სასწავლო პროცესიდან, ასეთი პედაგოგი მისაბაძია, რადგან იცის, როგორ უხელმძღვანელოს  თითოეული მოსწავლის წინსვლას. როგორ დავემსგავსოთ მას?

არსებობს რამდენიმე რჩევა, რომელიც ეფექტური უკუკავშირის საშუალებას მოგვცემს და მოსწავლეთა/სტუდენტთა წინსვლაშიც დაგვეხმარება.

  • ეფექტური უკუკავშირი დაბალანსებული, სპეციფიკური და კონკრეტულია და არა – ზოგადი. იგი კარგად შესრულებული ქცევის აღწერას მოიცავს, ამავდროულად, გვაძლევს მიღწეული შედეგების გაუმჯობესების საშუალებას.  ყურადღებას ვამახვილებთ ადამიანის სიძლიერის მაჩვენებელ ასპექტებზე. ასპექტები არ შეიცავს მხოლოდ ქებას, ბუნებრივია და რეალობის ამსახველი. თუკი მოწაფეს/სტუდენტს ვთხოვთ, თავად აღწეროს სამი ასპექტი, რა გამოუვიდა კარგად, ხოლო შემდეგ მიუთითოს 2 სფერო, რომელშიც საჭიროა გაუმჯობესება, ის უმეტესად სწორად ასახავს რეალობას და ობიექტურად შეაფასებს თავის საქმიანობას.
  • ეფექტური უკუკავშირი ობიექტურია, ეყრდნობა კონკრეტულ ფაქტებსა და ქცევებს, რომლებიც შეიძლება შეიცვალოს. უფრო ადვილია კონკრეტული ქცევის შეცვლა, ვიდრე ზოგადი დამოკიდებულებების, ამიტომ უკუკავშირი არ უნდა ახდენდეს ფოკუსირებას თვალსაზრისებზე, მოსაზრებებსა და დამოკიდებულებებზე მოვლენათა თუ ადამიანთა მიმართ.
  • ეფექტური უკუკავშირი უნდა ფოკუსირდეს იმ საგანსა ან უნარზე, რომელიც კონკრეტულ სიტუაციაშია წარმოდგენილი. მაგალითად, თუ უკუკავშირს ტრენინგის სესიაზე ვაძლევთ და იგი ეხება ასერტიულობას, შეუსაბამოა კომენტარები მოსმენის უნარის შესახებ.
  • უკუკავშირი გასაგები უნდა იყოს და არ უნდა ჩამოყალიბდეს სამეცნიერო ტერმინებისა ან ჟარგონის გამოყენებით. რომ დავრწმუნდეთ, რამდენად სწორად იქნა გაგებული ჩვენი ნათქვამი, ვთხოვოთ უკუკავშირის სამიზნეს, მოახდინოს ჩვენი მიმართვის პერიფრაზირება  ან მაგალითი მოიყვანოს იმისა, თუ როგორ მიუსადაგებს ჩვენს უკუკავშირს სიტუაციას.
  • უკუკავშირი თანამონაწილეობის შესაძლებლობას უნდა ქმნიდეს. ამისათვის შეიძლება შევთავაზოთ, მოგვაწოდონ იდეები, თუ როგორ განხორციელდეს ცვლილება ჩვენი ნათქვამის შესაბამისად.
  • უკუკავშირის ეფექტურობისათვის კარგია, თუ ის შეიცავს შედარებას წინა საქმიანობასთან.
  • უკუკავშირი უნდა გულისხმობდეს კონკრეტულად შესასრულებელ ქმედებას, რომელიც ჩვენს უნარებს და ძალას შეესაბამება. ფრაზას „უფრო თვითდაჯერებულად მოიქეცით!“ – ნამდვილად სჯობს კონკრეტული მოქმედების შეთავაზება: „ უფრო ასერტიულად (თავდაჯერებულად) რომ  მოიქცეთ, დაასრულეთ საუბარი საკვანძო საკითხების შეჯამებით“.
  • უკუკავშირი უნდა იყოს აღწერითი და არა შეფასებითი. შეფასებითი პოზიცია განაპირობებს თავდაცვით რეაქციას და ნაკლებ თანამშრომლობას, ამასთან ფოკუსირებული უნდა იყოს ჩვენს განცდაზე და არა პიროვნებაზე.
  • უკუკავშირი უნდა იყოს იერარქიულად დალაგებული. ადამიანს შეუძლია კრიტიკის მხოლოდ გარკვეული ოდენობა მიიღოს. ერთ სესიაზე მხოლოდ 3-4 ასეთი დებულებაა ეფექტური. დაბალი სასკოლო ასაკის მოსწავლეებს თითო ჯერზე ერთი ან ორი ასეთი დებულება შევთავაზოთ. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები – პირველ ნაწილში. სასურველია გავითვალისწინოთ და გულდასმით ვადევნოთ თვალყური, არ იქნეს გადაჭარბებული თითოეული პიროვნებისთვის კრიტიკის მიღების ზღურბლი.

უარყოფილია ძალიან კრიტიკული უკუკავშირიც. სასურველია მოვერიდოთ „დადებითი შეფასება/კრიტიკა/დადებითი შეფასება“ – სენდვიჩის გამოყენებას, როდესაც დამკვირვებელი ეუბნება ადამიანს რაიმე კარგს, შემდეგ – არასასიამოვნოს
და ბოლოს ამთავრებს ისევ დადებითით. ასეთ ვითარებაში როგორც შექება, ისე კრიტიკა უარყოფილია, ამ ადამიანს უჩნდება მანიპულირების განცდა, ფიქრობს, რომ მხოლოდ კრიტიკის შესარბილებლად აქებენ. ხშირად დადებითი შენიშვნები ძალიან ზოგადი და ბუნდოვანია, ჟღერს არაგულწრფელად და მცირე ინფორმაციას აწვდის ადამიანს. ამიტომ პოზიტიური კომენტარები კონკრეტული და ბუნებრივი უნდა იყოს.

რადგან უკუკავშირი მართავს სწავლა/სწავლების რთულსა და ხანგრძლივ პროცესს, იგი იმ პრეპარატივითაა, რომელსაც ერთდროულად შეუძლია წამლისა და საწამლავის ფუნქციის შესრულება. მთავარია, ისეთი მასწავლებლის ხელში აღმოჩნდეს, რომელიც მოსწავლის წინსვლას უწინამძღვრებს და არა პირიქით  – მის მოკვდინებას შეუწყობს ხელს.

გამოყენებული ლიტერატურა და ელ-რესურსები:

  1. გოდუაძე, მ., მოტივაცია და შთაგონება, გაკვეთილი, როგორც ჰიპნოტური სტიმულაცია, ინტერნეტჟურნალი „მასწავლებელი“, 2016.
  2. ენგი კ. რ., და როუზი რ., შეფასება სწავლისთვის ინკლუზიურ სკოლებში, 2012.
  3. Cohen, G. L., & Steele, C. M. (2002). A barrier of mistrust: How negative stereotypes affect cross-race mentoring. In J. Aronson (Ed.), Improving academic achievement: Impact of psychological factors on education (pp. 303-328). San Diego: Academic Press.
  4. Dweck, C. (2002). Messages that motivate: How praise molds students’ beliefs, motivation, and performance (in surprising ways). In Aronson, J. (Ed.), Improving academic achievement: Impact of psychological factors on education (pp. 37-60). San Diego, CA: Academic Press.
  5. Jackson, P.& McKergow, M. (2002). The Solutions Focus, the SIMPLE way to positive change. Nicolas Brealy Publishing
  6. https://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/58822-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9E%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90/93/user:%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%99%E1%83%9D%20%E1%83%A3%E1%83%97%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98:show:channel

 

 

ჩაიწერე საკუთარი თავი

0

რამდენიმე დღის წინ მეგობარმა გამახსენა ექვსი-შვიდი წლის წინ მომხდარი ამბავი. ჩვენ თივას ვაბინავებდით საბძელში, როდესაც წვიმა დაიწყო და ჭექა-ქუხილმაც იმატა. დასრულების შემდეგ, ვიდრე სახლში შევიდოდით, იჭექა და მეხი გავარდა. ის ნაერთების მასა კი, რაც დიდმა ელექტრულმა ენერგიამ შეადუღა, პირდაპირ ჩემ წინ ჩამოვარდა და რომ არა მეგობარი, ვინც ხელი მკრა, შესაძლოა ეს ბლოგი არც არსებულიყო ჩემთან ერთად. მე ეს ამბავი არც კი მახსოვდა და, სიმართლე ითქვას, ახლაც დიდად ვერ ვიხსენებ, თუმცა იმ დღეს რომ წვიმდა, თივას ვინახავდით, ის ბიჭიც რომ იქ იყო, ცხადად მახსოვს. ალბათ ემოციური ფონის თუ შიშის გამო ის კონკრეტული მომენტი დამავიწყდა. არ ვიცი რატომ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც იმ დღეს მოხდა, არ მახსოვდა და ვერც ვიხსენებ.

ბოლო დროს ვცდილობ, რომ დღიური ვწერო. თუმცა, რადგან ეს ბავშვობაში არ გამიკეთებია, უცნაურად დავიწყე საქმე. ჯერ შორეული წარსულის ამბებს ვიხსენებ და იმათ ვიწერ. ვთქვათ და, როგორ ვიწექი თვრამეტ აგვისტოს ყანისპირა მინდორში და ვარსკვლავებს ვუყურებდი, შორს სახლიდან კი ფერისცვალების დღესასწაულისთვის მზადებაში ჩართული ოჯახის წევრების ხმა მოდიოდა. ასეთ რამეებს ვიგონებ და ვიწერ, რომ მომავალშ დავუბრუნდე, ვიკითხო და გავიხსენო.

რა არი მითი?.. მოდი ერთი კუთხით განვიხილავ. ეს ალბათ თხრობის სურვილია. ადამიანს მუდმივად სურდა მოეყოლა. ამბავი ყველაზე დიდი რამაა კაცობრიობის ისტორიაში. პირველი ადამიანებიც კი, რომლებიც კედლებზე ბიზონებს ხატავდნენ, ასე აწარმოებდნენ საკუთარ დღიურს. ისინი ჰყვებოდნენ. შესაძლოა არ იყო მწერალი, პოეტი, ბლოგერი, არც დღიურს აწარმოებდე, თუმცა ჩვენ ყველანი ვქმნით ამბებს და ამას ვყვებით. თვითონ რაიმე შემთხვევის ქმნადობაც უკვე ნიშნავს მის მოყოლას, გათამაშებას. თეატრში მსახიობი შესაძლოა ერთ მომენტში მხოლოდ ჟესტიკულაციით, სხეულის ენით თამაშობდეს, თუმცა ის ამ დროს ჰყვება ამბავს და თან ქმნის მას. სცენაზე ის არის ამბის შემქმნელი, მაგრამ დარბაზში მსხდომთათვის – მთხრობელია.

მინდა ვურჩიო მასწავლებლებს, რომ მოსწავლეებს თხოვონ დღიურის წარმოება. ჩაიწერონ თავიანთი ემოციები, აზრები, იდეები, განვლილი დღე, კვირა. გამოყონ მნიშვნელოვანი და ნაკლებმნიშვნელოვანი მოვლენები. სულ მახსენდება მარკესის „იცხოვრო, რომ მოჰყვე“ – ეს სათაური, ფრაზა. წარმოიდგინე, ადამიანს გავიწყდებოდეს ყველაფერი, რაც იყო და მხოლოდ ამ წამს, აწმყოში არსებობდე. ალბათ ძალიან ცუდი იქნებოდა.

დღიურის წარმოება მოსწავლეს განუვითარებს სხვადასხვა უნარებს და გახდის უფრო მიზანსწრაფულს, თანმიმდევრულს. კანტი ამბობდა, ადამიანი კვდება, აზრი რჩებაო. აქ არ იგულისხმება მხოლოდ ფიზიკური სიკვდილი, აქ ჩვენს ცვალებადობაზეც არის საუბარი, ანუ წარსული „მეს“ სიკვდილზე. ამ ყველაფერს კი ძალიან კარგად წარმოაჩენს და აღნუსხავს სადღიურო ჩანაწერები.

თუ ფოტოფირზე საკუთარ სხეულს ვაფიქსირებთ დროისა და სივრცის კონკრეტულ მონაკვეთში, ჩანაწერები იგივე კონკრეტიკით აფიქსირებენ ჩვენს გონებრივ და სულიერ სტატიკა-დინამიკას. ამიტომ, ამ, ე.წ. self ფოტოების ეპოქაში, როცა დღეში ათობით კადრში ვაფიქსირებთ საკუთარ სხეულს, გამოვნახოთ ბლოკნოტის ან word ფაილის ერთი გვერდი, სადაც საკუთარ თავს ჩავიწერთ.

 

სამანიშვილის დედინაცვალი

0

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები მიჩვეული ვართ, ქალი პერსონაჟები, უმრავლეს შემთხვევაში, მეორეხარისხოვანია, იშვიათია ისეთი გამონაკლისი, როგორიც „ოთარაანთ ქვრივია.“ მით უფრო იშვიათია, რომ ქალი პერსონაჟის სახელი რაღაც ფორმით ერქვას ნაწარმოებს. რა თქმა უნდა, ასეთები ქართულ ლიტერატურაში მაინც გვხვდება, მაგრამ პროგრამაში _ ნაკლებად. საინტერესო გამონაკლისია „სამანიშვილის დედინაცვალი,“ რომელიც თავის თავში გულისხმობს ელენეს, ბეკინას მეორე ცოლს, თუმცა მოთხრობა მასზე არაა, მოთხრობა პლატონზეა, ის არის მთავარი გმირი.

მიუხედავად კომიკური სიტუაციებისა, ვეთანხმები თ. ვასაძეს, რომ „სამანიშვილის დედინაცვალი“ ტრაგედიაა, ყველა ნიშანი აქვს კლასიკური ტრაგედიისა. პერსონაჟი ბედისწერის პირისპირაა და როგორც არ უნდა ეცადოს გაქცევას, მაინც მოუწევს მასთან შეხვედრა. თუმცა თუკი კლასიკური ტრაგედია სიკვდილით უნდა სრულდებოდეს, აქ გმირის ტრაგიკული აღსასრული მისი ზნეობრივი დაცემითაა ჩანაცვლებული:  „სამანიშვილის დედინაცვლის“ ფინალში არის ნაწარმოებიდან „განდევნილი“ ტრაგედიის ნაშთი _ იღუპება ადამიანის სული, მისი სინდისი; სიკეთეს პლატონის არსებაში ახშობს შეუბრალებლობა, გაბოროტებულ სულში იბადება შურისმაძიებელი კითხვა: „მე შემიბრალა ვინმემ?“ პლატონს არ შეუძლია დათმობა, ბედს დამორჩილება, ამის საფასური კი მისი ზნეობრივი სიკვდილია.“(თ. ვასაძე)

თუმცა ეს სტატია პლატონზე არაა, მისი ამბავი, ხასიათი, პიროვნული დამარცხება ისედაც წინა პლანზეა „სამანიშვილის დედინაცვლის“ სწავლებისას.

შედარებით უკანა პლანზეა და შესაბამისად, მიჩქმალულია ქალთა სახეები.

მეოცე საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლიტერატორი და მოაზროვნე, გერონტი ქიქოძე წერდა: „ დავით კლდიაშვილი დიდი ჰუმანისტია, არა მარტო იმ აზრით, რომ მას ადამიანი უყვარს მისი ნაკლისა და სიმახინჯის მიუხედავად, არამედ იმ აზრითაც, რომ მას ადამიანობის იდეა ყველაზე ამაღლებულ იდეად მიაჩნია.“ ძნელია არ დაეთანხმო, მაგრამ თავისთავად ჩნდება კითხვა, მაშინ სად არიან პირველხარისხოვანი ქალი პერსონაჟები, მაშინ რატომაა, როცა ქალების ბედსა და პრობლემებზე წერს, მაშინაც კი ( „ ქამუშაძის გაჭირვება“ ) მთავარი მოქმედი პერსონაჟები კაცები არიან? ჰუმანიზმი ხომ თავის თავში ადამიანთა თანასწორობის შეგრძნებასაც გულისხმობს. თუკი ვაჟა-ფშაველას ჰყავს ისეთი პერსონაჟები, როგორებიცაა: ლელა და აღაზა, რატომ არ არის დავით კლდიაშვილთან პირველხარისხოვანი ქალები? პასუხი შეიძლება ასეთი იყოს: დავით კლდიაშვილი აგრძელებს რეალიზმის ხაზს და ამასთანავე მის ნაწარმოებებში არ არის გმირული სულისკვეთება, ამის გარეშე კი იმ პერიოდისათვის წინა პლანზე მდგომი ქალი წარმოუდგენელი იყო. ანუ თავისთავად პირველხარისხოვანი როლის მიღება უკვე გმირობას ითხოვდა ქალისგან. ამიტომ „სამანიშვილის დედინაცვალიც“ კი სინამდვილეში „პლატონ სამანიშვილია,“ მიუხედავად იმისა, რომ მწერალს ყველგან, და აქაც, ადარდებს და აინტერესებს ქალის როლი.

რახან ტრაგედია ვახსენეთ, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სტრუქტურაც ნაწარმოებისა ანტიკურობაშივე იღებს სათავეს. აუცილებელია პერსონაჟი გავიდეს სახლიდან და დაბრუნდეს უკან, ან მარცხით, ან გამარჯვებით.  ლეო ქიაჩელი სწორად აღნიშნავს:  „ოდისეადან“ დაწყებული, ვიდრე ჩვენს დრომდე, ჩამოთვლაც კი ძნელია იმ განუმეორებელი, უკვდავი ქმნილებებისა, რომლებიც ამ კომპოზიციის პრინციპზე არიან აგებულნი. ამნაირმა კომპოზიციამ, ჩვენგან არც ისე დაშორებულ დროში, კლასიკური გამოხატულება ჰპოვა სერვანტესის „დონ კიხოტში.“

უახლოეს ქართულ ლიტერატურაში ისე ბრწყინვალედ არავის გამოუყენებია ეს ხერხი, როგორც კლდიაშვილმა გამოიყენა  „სამანიშვილის დედინაცვალში.“

აქვე შეიძლება დავამატოთ, რომ თუკი გმირი სახლიდან უნდა გავიდეს და ნადავლით დაბრუნდეს, როგორც ეს, ვთქვათ, ჯადოსნური ზღაპრის სტრუქტურაშია, მაშინ გამოდის, რომ პლატონის ნადავლი ელენეა, რომელიც თავისთავად აღძრავს მშვენიერი ელენეს პაროდიულ ასოციაციას და მწერლის იუმორის უფრო დაფარულ, ღრმა შრეებზე მიგვანიშნებს. მით უფრო, რომ პლატონიც ანტიკური სამყაროდან მომავალი სახელია და იქნებ აქაც დამატებითი ირონია დევს. ორნაქმარევი და უშვილო სადედინაცვლოს მაძიებელ კაცს ჭეშმარიტების მაძიებელი ფილოსოფოსის სახელი ჰქვია. თუმცა ეს სახელები ისედაც გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში. ჩემი სოფლის სასაფლაოზე, გურიაში უამრავი პლატონი, არისტოტელე და სოკრატე განისვენებს.

საინტერესოა თვითონ ელენეს მხატვრული სახე, მისი პიროვნული თვისებები თუ უფლებრივი მდგომარეობა.

ნაწარმოების დასაწყისში ის სოფელ ქვედურეთში, ბრეგაძეების დედინაცვალია. ბრეგაძეები ერთობ გაჭირვებულები არიან და მათთან ცხოვრება გაუსაძლისია. ირკვევა, რომ კიდევ ერთხელ გათხოვების შემთხვევაში ელენეს ეკუთვნის საქვროვო, ანუ მან უკან უნდა წამოიღოს ის მზითვი, რომელიც ოჯახში შეიტანა. თუკი ბრეგაძეებთან ცხოვრება ასე აუტანელია და თუკი მას რაღაც წილი ეკუთვნის, დღევანდელი გადასახედიდან ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რატომ არ შეიძლება, ელენე საკუთარ ოჯახში დაბრუნდეს? როგორც ჩანს, ეს მხოლოდ დღეს გაჩენილი კითხვაა. იმ სინამდვილეში, რომელშიც ელენე ცხოვრობს, ქალის უკან დაბრუნება სირცხვილია, მაშინაც კი, თუ ის უშვილოა და ქვრივი.

მსგავს საკითხებზე ყურადღების გამახვილება დღევანდელ ახალგაზრდებთან საჭიროა, რადგან, საბედნიეროდ, ბევრი მსგავსი ნიუანსი მათთვის დღეს გაუგებარია.

საინტერესოა, როგორ წყდება ელენეს ხელახლა, მესამედ გათხოვების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ ის გაუსაძლის მდგომარეობაშია, და როგორც ჩანს, თავადაც აქვს უკეთესი მომავლის იმედი, ამ გათხოვება-მოტაცების ამბებსაც კაცები წყვეტენ. არსადაა მისი კონკრეტული პასუხი, მას ან ნაკლებად ეკითხებიან აზრს, ან არაეთიკურად ითვლება ქალისგან თანხმობის გამოცხადება.

ელენე ყოველმხრივ დადებითი პერსონაჟია. ის ოჯახში შესვლისთანავე მოიპოვებს სამანიშვილების სიმპათიასა და სიყვარულს.

„პლატონის სიტყვა გამართლდა: მელანოს ძალიან მოეწონა ახალი დედამთილი, რომელმაც მალე გაათავა პატარძლობა და რძლის ხელისშემწყობი შეიქნა ყოველ საქმეში. ბეკინაც ძალიან კმაყოფილი იყო და ეს კმაყოფილება მით უფრო ახარებდა, რომ ელენემ მალე, სულ მოკლე ხანში, ოჯახის წევრთა სიყვარული დაიმსახურა და სიამტკბილობა შეჰმატა სახლს“.

მეორე შტრიხი, რომელიც მის შინაგან ბუნებაზე მეტყველებს,  მადლიერების გრძნობაა. მტრულად განწყობილ გარემოში, რომელიც ბავშვის გაჩენით შეიქმნა, მას მხოლოდ მელანო პატრონობს, ელენე კი სულ გამოხატავს მადლიერებას.

სულ ბოლოს, ნაწარმოების ფინალში, ელენე იბრძვის საკუთარი და შვილის უფლებებისათვის და ხშირადაა სასამართლოს კარზე. მართალია, ბუნდოვანია, რამდენად ქმედითი შეიძლებოდა ყოფილიყო სოფლის სასამართლო თავისი იმდროინდელი მოხელეებით, მაგრამ, ფაქტია, სასამართლო იყო ელენესთვის ხელმისაწვდომი ერთადერთი იარაღი და ქვრივი ამას იყენებდა.

სამანიშვილის დედინაცვალი თავისი ბედით, ხასიათითა და თავგადასავლით ერთ რომანსაც კი გასწვდებოდა, მაგრამ მას მხოლოდ მოთხრობის მეორეხარისხოვანი როლი ერგო.

საინტერესოა, როგორები არიან ამ მოთხრობის  სხვა პერსონაჟი ქალები?

მელანო, პლატონის ცოლი,  ქმრის ღირსეული მეორე ნახევარია. ის მთლიანად იზიარებს პლატონის მერკანტილურ მოსაზრებებს. მხარში უდგას მეუღლეს და ცდილობს იმავეს, არ დაიბადოს ოჯახში მოწილე. როდესაც სალომე დაფეხმძიმდება, ისიც განიცდის ამ ამბავს, გაბრაზებული და შეწუხებულია, თუმცა პლატონივით საშინელ სიზმრებამდე არ მიდის და  ცდილობს  ქმრის დამშვიდებას, იქნებ გოგო დაიბადოს, იქნებ ბოლომდე არ გაწიროთ ღმერთმა.

ყველაზე მძიმე სცენაში, კულმინაციისას, როდესაც პლატონი შეეცდება წიხლი ჩაარტყას ელენეს და შემდეგ კიბეზე დააგორებს, მელანო, ბეკინასთან ერთად, თავს დასტრიალებს გულწასულ დედინაცვალს.

ბავშვის დაბადების შემდეგ ის ერთადერთია, რომელიც უვლის მელოგინე ქალს და ამისთვის მისგან ლოცვასა და მადლობებს ღებულობს. უვლის, მიუხედავად იმისა, რომ ქმრისაგან აკრძალული აქვს ბავშვის სახელის  ხსენებაც კი.  მიუხედავად მერკანტილური ზრახვებისა, მელანოს გადამწყვეტ მომენტში არ ღალატობს ადამიანობა და ის ქმართან ერთად არ ნადგურდება ზნეობრივად.

კიდევ ერთი, შეიძლება ითქვას, მესამეხარისხოვანი ქალი პერსონაჟია პლატონის და, დარიკო, რომლისაც თითქოს ეშინია ლოთ და დროისმატარებელ, ქარაფშუტა ქმარს, მაგრამ ეს შიშიც ფასადურია, რადგან დარიკოსი მართლა რომ ეშინოდეს კირილეს, ის სხვა ცხოვრებით იცხოვრებდა.

შედარებით პატივსაცემ და გავლენიან ქალად გამოიყურება სალომე, რომლის სიტყვასაც ფასი აქვს და ამიტომ არისტო ყელგამოღადრული ეხვეწება, პლატონთან საქმე ჩამიწყვეო.

„სამანიშვლის დედინაცვლის“ ქალები ,საბოლოო ჯამში, უფრო   მორალურები არიან, ვიდრე – მამაკაცები. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ უუფლებობიდან გამომდინარე, მათ პასუხისმგებლობაც ნაკლები აქვთ და შეიძლება ამიტომაც პლატონივით არ კარგავენ ადამიანურ სახეს.

ვფიქრობ, ამ და მსგავს საკითხებზე მსჯელობა მოსწავლეებთან აუცილებელია, რათა მათ სწორად გაიგონ ნაწარმოების შექმნისას არსებული გენდერული კონტექსტი და კრიტიკულად გააანალიზონ თანამედროვეობასთან თუ მომავალთან მიმართებაში.

 

წიგნში გამქრალი ხმები

0

წლების წინ წიგნების ფესტივალზე „დონ კიხოტის“ გამარტივებულ, ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებულ, მოზარდი მკითხველისთვის განკუთვნილ ვერსიას გადავაწყდი. რატომღაც, დიდი ფასი არ ედო და ვიყიდე. მინდოდა გამეგო, რას სთავაზობდნენ ადაპტირებული ტექსტის ავტორი და გამომცემელი მათ, ვისი მოხიბვლაც ეცადათ მსოფლიო ლიტერატურის ამ უდავო შედევრის, ცოტა არ იყოს,  სარისკო გამოცემით; რა ენა აერჩიათ ადაპტაციისთვის; როგორი სახე მიეღო იმ უცნაურზე უცნაურ ამბავს, რომელიც ყოველი წაკითხვისას მიფორიაქებდა წარმოსახვას. „დონ კიხოტს“ ისეთ წიგნად მივიჩნევდი, რომლის ყოველ სიტყვას თავისი წონა და ფასი ჰქონდა, თითოეული ფრაზა ძვირფასი იყო, ამიტომაც ვერ წარმომედგინა თუნდაც ერთი აბზაცის ან რომელიმე ეპიზოდის მეტ-ნაკლებად შემოკლება.

კითხვას შინ დაბრუნებისთანავე შევუდექი. ველოდი, რომ არ მომეწონებოდა, გამარტივებულ ამბავში ყველა ხმა გაქრებოდა და მხოლოდ ორი ახირებული კაცის უთავბოლო ხეტიალი, ორი შეშლილის  არცთუ თავშესაქცევი თავგადასავალი დარჩებოდა. ვინ უნდა მოხიბლოს სიარულის ისტორიამ – უსასრულო მსვლელობამ შარაგზიდან შარაგზამდე, სოფლიდან სოფლამდე, თუ წარმოსახვის ამაფორიაქებელ წვრილმანებს დაუნანებლად გადავხაზავთ, მთელ გვერდებს ორ წინადადებაში მოვაქცევთ და დავივიწყებთ, რომ მკითხველებისთვის სხვადასხვა რამ არის მთავარი?

ეს ილუსტრირებული, პრიალაგვერდებიანი, ერთი შეხედვით, საუკეთესო ხარისხის გამოცემა ერთადერთი წიგნი აღმოჩნდა, რომელიც გადასაგდებად გავიმეტე. მისი დანახვაც კი გულს მიმძიმებდა. მახსენებდა, როგორი თავზარდამცემი შეიძლება გახდეს სამყარო, თუ გამოვაკლებთ ყველაფერს, რაც არ მოგვწონს ან ნაკლებად მნიშვნელოვნად გვეჩვენება. სანჩო პანსა, რომელიც საკუთარი მოსაზრებების გასამყარებლად უამრავ ანდაზას არ ახვავებს, სანჩო პანსა არ არის. გონებამახვილი იდალგო დონ კიხოტიც, გრძელ-გრძელი ბრძნული თუ არც ისე ბრძნული მონოლოგების გარეშე, მხოლოდღა გაძვალტყავებულ ჯაგლაგზე ამხედრებულ, ჭკუას გადაცდენილ კაცად შეიძლება მოეჩვენოს მკითხველს, მით უფრო მცირეწლოვანსა და ნაკლებად გამოცდილს.

მერე რა, რომ ადაპტირებული ტექსტის ავტორსა თუ გამომცემელს მხოლოდ კეთილი ზრახვები ჰქონდათ.

მერე რა, რომ ეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა და როგორც „დონ კიხოტის“, ასევე სხვა დიდი წიგნების არაერთი ადაპტირებული ვერსია არსებობს.

წაკითხული წიგნები ადრე თუ გვიან გვავიწყდება. რჩება ბუნდოვანი მოგონება, დასაწყისი და დასასრული ერთმანეთს რამდენიმე წინადადებით ებმება, პერსონაჟები ჩარჩოში ჩასმულ პორტრეტებად იქცევიან, განწყობა, რომელიც კითხვის დროს გვქონდა, უმეტესწილად წაკითხულისადმი ჩვენი დამოკიდებულების განმსაზღვრელი ხდება. ყველაზე ცოცხლად მეხსიერება ცალკეულ დეტალებს ინახავს – იმას, რაც ყველაზე მძაფრად განვიცადეთ ან რამაც, აუხსნელი ძალით, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ხინეს დე პასამონტეს ცალი თვალი მომწვანო ქსოვილით აუხვევია, მის მხარზე შემომჯდარი მაიმუნი კი კბილებს აკაწკაწებს. მწუხარე სახის რაინდს საფეთქლებზე მოყვითალო სითხე ჩამოსდის – საჭურველმტვირთველმა ჭურჭელი ვერ იპოვა და ახლად ნაყიდი ხაჭო მის ჩაჩქანში შეინახა. გოგოს, რომელსაც დულსინეა ტობოსელად ყოფნის პატივი ხვდა წილად, პირიდან ნივრისა და ხახვის სუნი ამოსდის…

რას იმახსოვრებს ადაპტირებული ტექსტის მკითხველი? იმას, რომ წაკითხული აქვს ტექსტი, რომელიც სინამდვილეში არ წაუკითხავს.

ამგვარი პრაქტიკის გამართლება მხოლოდ უცხო ენების შემსწავლელთა დახმარება შეიძლება იყოს. საწყის ეტაპზე მათთვის მართლაც ექნება აზრი გამარტივებული ტექსტების კითხვას – ლექსიკური მარაგის გამდიდრების, წაკითხულის გაგების უნარის გაუმჯობესებისა თუ უცხო კულტურასთან მიახლოების თვალსაზრისით. ამ შემთხვევაში ადაპტირებული ტექსტი რიგითი სავარჯიშოს როლს ასრულებს და მკითხველსაც შესაბამისი დამოკიდებულება უჩნდება.

მინახავს ასეთი წიგნები – თხელყდიანი, დასურათებული. ბოლოში პატარა ლექსიკონით და სტანდარტული სავარჯიშოებით. იქაც ქრება ხმები. ქრება მთელი სამყარო.

არასწორ დროს წიგნების კითხვა დიდი დანაშაული არ არის – თუ მეტისმეტად რთულია, გადადებ და სხვა დროს მიუბრუნდები; თუ მცდარი დასკვნები გამოგაქვს, მათი სისწორის შემოწმებაში დრო დაგეხმარება (ამ შემთხვევაშიც შეიძლება ისევ მიუბრუნდე წიგნს), თუ საფიქრალი გაგიჩინა, გაგმართლებია და ეგ არის. ბოლოს და ბოლოს, ვინ იცის, რა ასაკში რა წიგნი უნდა წაიკითხო? გაუბრალოება, მარტივ შემადგენლებამდე დაყვანა, სწორხაზოვანი არჩევანი, დეტალების ულმობლად გადახაზვა, სახეების კარიკატურულად გამოკვეთა, მოულოდნელად გაჩენილი სიჩუმე იქ, სადაც მრავალი ხმა ისმოდა… როგორც ყველა დიდი დანაშაული, ესეც სიკეთის სახელით ხდება. უფროსები უმცროსებზე ზრუნავენ.

მკითხველი კი ყველა ასაკში მკითხველია და ნამდვილ წიგნებს ეძებს – ჭეშმარიტად სულისშემძვრელს, სასიამოვნოდ წასაკითხს, განსხვავებულს, სავსეს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...