პარასკევი, მაისი 16, 2025
16 მაისი, პარასკევი, 2025

           დაბადების ალეგორია

0

1989 წელს, იანვარში, გორბაჩოვის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ორი ამერიკელი სტუდენტი ჩამოვიდა უილიამს კოლეჯიდან. 1988 წელს ეს სტუდენტები ამავე კოლეჯიდან ხანმოკლე ვიზიტით ჩამოსული ჯგუფის წევრები იყვნენ. ამერიკელი სტუდენტების თორმეტკაციან ჯგუფს იმდენივე ქართველი სტუდენტი დავხვდით. დამხვედრთა შორის რომ მოვხვედრილიყავი, რამდენიმე პროცედურა გავიარე. როგორც ჩანს, გარკვეულ ორგანოებს სურვილი ჰქონდათ, მასპინძელ სტუდენტებს კარგად წარმოეჩინათ საბჭოთა განათლების სისტემა. ამიტომაც მათი პირველი კრიტერიუმი იყო, ყველა ფაკულტეტიდან თითო ისეთი სტუდენტი შეერჩიათ, რომელიც კარგად სწავლობდა და ინგლისურსაც ფლობდა. ერთ დღეს დეკანის მოადგილემ, რუბენ ენუქაშვილმა, დამიბარა და მითხრა, ინგლისური იცი და ამა და ამ მისამართზე გასასაუბრებლად წადი, დელეგაციას უნდა დახვდეო. ეტყობა, სახეზე მეტყობოდა, რომ დიდად არ გამხარებია რჩეულთა შორის აღმოჩენა და სასწრაფოდ დააყოლა, მოკიდე შენს რომელიმე მეგობარს ხელი, რომელმაც ინგლისური იცის და ერთად წადით, რა ვიცით, რა ხდება, ეგებ ამერიკაშიც წახვიდე მალეო. 1988 წელს სასაცილოც კი იყო ამერიკაში წასვლაზე ოცნება, მაგრამ ბატონი რუბენი საკმაოდ გამჭრიახი აღმოჩნდა და მისი ვარაუდი მალევე გამართლდა. მაშინ ჩემი მეგობარი თეა არ დამზარდა და ერთად შევდექით „ამერიკაში მიმავალ გზაზე“. ზამთარში ამერიკელ სტუდენტთა ჯგუფი ჩამოვიდა, მასპინძლები სწრაფად დავუმეგობრდით სტუმრებს და ოქტომბერში უკვე როლები გავცვალეთ: ამერიკაში ჩვენი სტუმრები იყვნენ მასპინძლები, ჩვენ კი – სტუმრები. ორმა ამერიკელმა სტუდენტმა გადაწყვიტა, უფრო დიდი დროით, ერთი სემესტრით, ჩამოსულიყო საქართველოში, ხოლო მათ ადგილზე ორი ქართველი სტუდენტი წასულიყო უილიამსის კოლეჯში. ასე მოხვდნენ ლიზი სკოტი და სტივ ფეგინი ყველაზე საინტერესო პერიოდში თბილისის უნივერსიტეტში. ორივე მთელი მონდომებით ჩაერთო არა მარტო სასწავლო პროცესში, არამედ იმ სტუდენტურ მოძრაობაშიც, 9 აპრილის ტრაგედიას რომ უძღოდა წინ. ორივემ, ქართველების მსგავსად, განიცადა ჩვენი ერის ბედუკუღმართობა, ორივე შეეცადა, რამით მაინც დაგვხმარებოდა ქართველებს, მაგრამ, აბა, რას გააწყობდა ორი 19 წლის სტუდენტი ურჩხულთან ბრძოლაში, მერე რა, რომ ისინი ამერიკელები იყვნენ. ამიტომაც, ლიზიც და სტივიც  თავს ისევე დამარცხებულად და ისევე გამარჯვებულად გრძნობდნენ, როგორც მე და ჩემი მეგობრები. გავიდა წლები. მე და ლიზი ისევ მეგობრებად დავრჩით, ლიზიმ შვილიც კი მომინათლა, რომელიც მისი სეხნიაა და ახლა, მგონი, დღე არ გავა, ერთმანეთს ფეისბუქის ჩატში რომ არ შევხვდეთ.

უნივერსიტეტში რამდენიმე კურსს ვუძღვები, ერთ-ერთის სახელწოდებაა რიტორიკის დიადი ნიმუშები. ამ კურსის ფარგლებში ვასწავლი სამ სამგლოვიარო სიტყვას. აქედან ერთი პერიკლეს სიტყვაა. მეორე სიტყვაზეც (ლინკოლნის გეტისბეგის მიმართვა) და მესამე სიტყვაზეც (საიდუმლოდ დავიტოვებ, რომელ სიტყვას ვგულისხმობ), რომელსაც მე ვასწავლი, სწორედ პერიკლეს სიტყვამ მოახდინა გავლენა. პერიკლეს სიტყვა საკმაოდ გრძელია, მისი დიდი ნაწილი ათენის დემოკრატიის დამსახურებული ქებაა. აი, აბრაამ ლინკოლნის სიტყვა კი ძალიან მოკლეა და ის თავიდან ბოლომდე ერთ ალეგორიაზეა დაფუძნებული, რომელიც თავისუფლების ხელახალ დაბადებას გულისხმობს. სწორედ ამ ალეგორიაზე ვსაუბრობდით მე და ლიზი სკოტი, ჩემი ამერიკელი მეგობარი ჯერ კიდევ 1988 წლიდან, ჩატში ჩვენი მორიგი „შეხვედრისას“. ჩემი აზრით, ლინკოლნის სიტყვა დაბადების ალეგორიას კი არა, ჩასახვიდან დაბადებამდე ემბრიონის, მუცლად მყოფი ნაყოფის მდგომარეობას უფრო ასახავს და ამის დასადასტურებლად ჩემს მეგობარს ერთი სიტყვის ზუსტი მნიშვნელობის მოძიება ვთხოვე. ამ სიტყვაზე ჩემმა სტუდენტმა გამამახვილებინა ყურადღება ლექციაზე და მეც ლიზისთან, როგორც განათლებულ ამერიკელთან, რომელსაც დანამდვილებით ეცოდინებოდა ლინკოლნის სიტყვაც და ბიბლიაც, გადავამოწმე. თუ ჩემი სტუდენტის აზრი მართებული იყო, მაშინ ერთი ზმნა (perish), რომელსაც ლონკოლნი ტექსტის ბოლოს იყენებს, ბიბლიაშიც შესაბამის კონტექსტში უნდა ყოფილიყო ნახმარი და მხოლოდ განადგურების კი არა, მუცლის მოწყვეტის მნიშვნელობითაც. სწორედ ამ საუბრისას მთხოვა ლიზიმ, წერილი დამეწერა (იცის, რომ ინტერნეტგამოცემისთვის ხანდახან წერილებს ვწერ) და ქართველი მასწავლებლებისთვისაც მომეთხრო აბრაამ ლინკოლნის მიერ მოფიქრებული ალეგორიის – თავისუფლების დაბადების ალეგორიის – შესახებ, მით უმეტეს, რომ ლიზი, 80-იანი წლების გამოცდილებამ დაარწმუნა, რომ  ქართველებისთვის თავისუფლების იდეა ყველაზე მნიშვნელოვანია. ლინკოლნი გეტისბერგის მიმართვაში ორჯერ იყენებს სიტყვა „თავისუფლებას“ ერთხელ “Liberty”-ს, მეორეჯერ კი „freedom”-ს. საინტერესოა, რომ პირველ შემთხვევაში (პირველივე წინადადებაში) ლათინურ ფუძეზე დაყრდნობით ნაწარმოები სიტყვით სარგებლობა მიგვანიშნებს იმაზე, რომ ლინკოლნის აზრით, ეს სიტყვა დასაწყისში უცხო იყო ამერიკელებისთვის (თან ლინკოლნმა ტექსტში ამ სიტყვის პირველი ასო დიდი ასოთი დაწერა, რითიც კიდევ უფრო მეტად გაუსვა ხაზი მას), ტექსტის ბოლოში კი გამოჩნდა, რომ ამ სიტყვის მნიშვნელობა თანდათან იმდენად ახლობელი გახდა ამერიკელებისთვის, რომ მათ უკვე ლათინური სიტყვა შეუძლიათ ჩაანაცვლონ ინგლისურით. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფლების დაბადება უმნიშვნელოვანესი ალეგორიაა და მეც ვეთანხმები ლიზის, რომ ქართველებს კარგად გვესმის თავისუფლების იდეა, მაინც ვფიქრობ, რომ ლინკოლნის ტექსტში თავისუფლება გადაჯაჭვულია სიტყვა „თანასწორობასთან“ და, სამწუხაროდ, ამერიკელებისთვის აქსიომად ქცეული დამოუკიდებლობის დეკლარაციის მეორე მუხლის სიტყვები „ყველა ადამიანი შექმნილია თანასწორად“ დღემდე გვესმის ისე, რომ თითქმის ყველა და არა ყველა ადამიანი შექმნილია თანასწორად.

აბრაამ ლინკოლნის გეტისბერგის მიმართვა (სრული ტექსტი იხ. https://avalon.law.yale.edu/19th_century/gettyb.asp) რომ ორატორული ხელოვნების შედევრია, ამაზე არავინ დავობს. ამ სიტყვას მასწავლებლები თავიანთ მოსწავლეებს ამერიკის სკოლებში ხშირად ზეპირადაც ასწავლიან. არ ვიცი, რამდენად გულისხმობს ტექსტის ზეპირად დასწავლა ტექსტის კარგად გაგებას, თუმცა ზეპირად სწავლაში ცუდიც არაფერია. ჩემი საქმე არაა, მივუთითო ამერიკელ მასწავლებლებს, როგორ მოიქცნენ და როგორ – არა, თუმცა, ვფიქრობ, ურიგო არ იქნება, თუკი ლინკოლნის ამ მიმართვას ჩვენც ვასწავლით ჩვენს მოსწავლეებს იმ ერთი ალეგორიის გამო, რომელიც მოიფიქრა, გენიალურად მიუსადაგა და ვირტუოზულად გამოიყენა ამერიკის პრეზიდენტმა საუკუნეების წინ. ამ ალეგორიას დაბადების ალეგორიას უწოდებენ, მე კი მასში ჯერ არ დაბადებული ნაყოფის ალეგორიას ვხედავ, რომლის ჩასახვიდან 87 წელი, გადატანით კი რვა თვეზე მეტი გავიდა და მის გაჩენას საფრთხე დაემუქრა. განვიხილოთ ტექსტი. ქართულად ამ მიმართვის ძალიან ცუდი თარგმანი არსებობს, რადგან სიტყვების მექანიკური თარგმანისას დაკარგულია ის მნიშვნელობები, რომლებიც აუცილებლად გასააზრებელია ტექსტში:

გეტისბერგის მიმართვა იწყება სიტყვებით „ოთხი ოცეული და შვიდი წლის წინათ“. ბევრად მარტივი იქნებოდა, ლინკოლნს ეთქვა ოთხმოცდაშვიდი წლის წინათ ანდა რვა ათეული წლისა და შვიდი წლის წინათ, მაგრამ ლინკოლნი ინგლისური მეტყველებისთვის მძიმე და უცხო ფორმას არჩევს. სიტყვა „ოცეული“ (score) ბიბლიის ინგლისური თარგმანიდანაა აღებული და მას სალაპარაკო ენაში თითქმის არავინ იყენებს, არავინ ითვლის ინგლისურად ოცეულებით. მაგრამ ლინკოლნმა ამ სიტყვის სახით გასაღები მოგვცა და მიგვანიშნა, რომ დანარჩენი სიტყვების მნიშვნელობაც ბიბლიურ კონტექსტში უნდა გავიაზროთ (მაგ. სიტყვები dedication და consecration. ორივე ზმნას განსხვავებული მნიშვნელობა აქვს რელიგიაში და განსხვავებული – სალაპარაკო ენაში). ამის შემდეგ ლინკოლნი ამბობს, რომ მამებმა (იგულისხმება დამფუძნებელი მამები) აწარმოეს/შექმნეს/მოიტანეს (brought forth) ამ კონტინენტზე ახალი ერი, რომელიც ჩაისახა თავისუფლებაში და უერთგულეს/თავი უძღვნეს (dedicated) იმ დებულებას (proposition), რომ ყველა ადამიანი შექმნილია თანასწორად. საქმე ისაა, რომ სიტყვა „კონტინენტი“ ინგლისურ ენაში მდედრობითი სქესისაა და ამიტომაც, გასაგებია კავშირი დამფუძნებელ მამებს, კონტინენტსა და ჩასახვას შორის. „მოიტანეს“ კი აქ ნიშნავს, რომ ერი ჩაისახა ამ კონტინენტზე (ამერიკაში), მაგრამ მისი შექმნის იდეა დამფუძნებლებმა გამოატარეს და მოიტანეს სხვა ადგილიდან (ცხადია, ეს ადგილი არის ევროპა და, კერძოდ, განმანათლებლობის იდეებით შეპყრობილი ევროპა). კონტექსტიდან გასაგები ხდება, რომ 87 წელი, რომელიც დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებიდან გეტისბერგის მიმართვის დღემდე გავიდა, უკვე 87 კი არა, არამედ რვა მთელი შვიდი მეათედია და ის მუცლად ყოფნის ცხრა თვეს უახლოვდება. გარდა ამისა, ტექსტში ნახმარი სიტყვა „დებულება“ ევკლიდეს გეომეტრიიდანაა აღებული, ეს კი ნიშნავს, რომ, როგორც ყველა გეომეტრიულ დებულებას, დებულებასაც რომ „ყველა ადამიანი შექმნილია თანასწორად“ ესაჭიროება დამტკიცება. დებულება მაშინ დამტკიცდება, თუკი მუცლად ყოფნის ცხრა თვე წარმატებით გაივლის და მომწიფებული ნაყოფი დღის სინათლეს იხილავს. დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღეს 1776 წლის 4 ივლისს, 1863 წლის 10 ნოემბერს კი ლინკოლნმა სამოქალაქო ომში დაღუპულთა საფლავზე წარმოთქვა სიტყვა. მისი აზრით, ომში დაღუპული ჯარისკაცები სწორედ ადამიანის თანასწორობის შესახებ დებულების დამტკიცებას შეეწირნენ (თანასწორობა იმ პერიოდში მონობის გაუქმებას ნიშნავდა და ერთ კოალციად გაერთიანებული  ჩრდილოეთის შტატები ამ იდეის გამო დაუპირისპირდნენ სამხრეთ შტატების კოალიციას). ამ ომში წყდება, რამდენად იმსახურებს ნაყოფი, რომელიც თავისუფლებაშია ჩასახული დაბადებას. როგორც ვიცით, დაბადებამდე ნაყოფს ათასი საშიშროება ემუქრება, ერთ-ერთი კი მუცლის მოწყვეტაა. აი, სწორედ ზმნა „perish”, რომელიც განადგურებას აღნიშნავს, ბიბლიაში (კერძოდ, იობის წიგნში) მუცლის მოწყვეტის მნიშვნელობითაც შეიძლება იქნას გაგებული. ამერიკის პრეზიდენტმა რამდენიმე წინადადებაში ალეგორიულად აღწერა თავისუფლებაში ჩასახული დებულების, რომ ყველა ადამიანი (და არა თითქმის ყველა ადამიანი) თანასწორია, მუცლად ყოფნის პერიოდი ჩასახვიდან  დაბადებამდე და ამიტომაც მიიჩნევა გეტისბერგის მიმართვა ორატორული ხელოვნების შედევრად.

ერთგან მიმართვაში ლინკოლნი შენიშნავს, რომ მსოფლიოს არ ემახსოვრება, ვინ რა თქვა ამ ადგილას, მაგრამ ყველას ემახსოვრება ომში დაცემულთა თავდადება. თურმე ლინკოლნს, როცა სიტყვას წარმოთქვამდა, ჩუტყვავილა ჰქონდა და სიცხიანი იდგა ტრიბუნასთან. მისმა სიტყვამ დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა აუდიტორიაზე, რადგან ორ წუთში დასრულდა, პირიქით, შესაძლოა, ბევრმა გულში ისიც კი იფიქრა, რომ პრეზიდენტმა ჯეროვანი პატივიც კი არ მიაგო ომში დაცემულებს, განსხვავებით, ედუარდ ევერეტის სიტყვისგან, რომელმაც ორ საათს გასტანა. ლინკოლნის სიტყვა რომ არ გამოქვეყნებულიყო, ალბათ, ყურადღების მიღმა დარჩებოდა და მართლაც არავის არ ემახსოვრებოდა ეს გენიალური ალეგორია,  რომელიც უკვე ამდენი საუკუნეა კიდევ და კიდევ სხვადასხვა ფორმით ამტკიცებს, რომ ყველა ადამიანი, მისი კანის ფერის, მისი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების, მისი სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად თანასწორია.

 ქეის-მეთოდის გამოყენება გეოგრაფიის გაკვეთილზე

0

გეოგრაფიის თანამედროვე გაკვეთილის განუყოფელი ნაწილია მოსწავლეთა  დამოუკიდებელი პრაქტიკული საქმიანობა – შემეცნებითი და შემოქმედებითი ძიება, პრობლემების ფორმულირების სწავლება, პრობლემის გადაჭრის გზების დასახვა  და გადაჭრა, საკუთარი  პოზიციების დაცვა და არგუმენტირება.  ამ კუთხით ქეის- მეთოდი  ე.წ. case-study   წარმატებით გამოიყენება.

ქეისს რამდენიმე განსაზღვრება აქვს:  ქეისი  – რეალური სიტუაციის აღწერაა;  ქეისი – რეალობის მომენატალური  სურათია,  მყოფადობის, არსებობის  ფოტოგრაფიაა;  ქეისი – არა მარტო მოვლენის  რეალური აღწერაა, არამედ ერთიანი ინფორმაციული კომპლექსია, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავეცნოთ  სიტუაციას.

 ქეის- მეთოდი  ინსტრუმენტია, რომელიც საშუალებას გვაძლევს  თეორიული ცოდნა გამოვიყენოთ პრაქტიკული ამოცანების შესრულებისას. მეთოდი მოსწავლეებს უვითარებს დამოუკიდებელ  აზროვნებას, სხვისი აზრის მოსმენისა და ალტერნატიული შეხედულების გაზიარების უნარებს, საკუთარი  აზრის  არგუმენტირებულად წარმოდგენას. ამ მეთოდის წყალობით  მოსწავლეებს საშუალება აქვთ გამოამჟღავნონ და განავითარონ   ანალიტიკური და  შეფასებითი უნარები,  ისწავლონ ჯგუფური მუშაობა,  იპოვონ  დასმული პრობლემის  გადაჭრის რაციონალური გზები.

ქეის-მეთოდის ძირითადი ფუნქციაა  ასწავლოს მოსწავლეებს  რთული არასტრუქტურული  პრობლემების გადაწყვეტა, რომელთა გადაჭრა ვერ ხერხდება ანალიტიკური ხერხით.  ქეის-მეთოდი ააქტიურებს მოსწავლეებს, ავითარებს ინფორმაციულ და კომუნიკაციურ კომპეტენციებს.  იგი განსაკუთრებით კარგად გამოიყენება  საზოგადოებრივი  გეოგრაფიის საკითხების შესწავლისას, რადგან ამ სფეროში მუდმივად ხდება შინაარსის განახლება, რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს  მოახდინონ სიტუაციის შედარებითი ანალიზი.

ქეისებზე მუშაობა შემდეგ ეტაპებს მოიცავს: ინფორმაციის კრიტიკული გააზრება,  პრობლემის გამოკვეთა, პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე  ორიენტირებული ანალიზი, პრობლემის გადაჭრაზე მიმართული იდეების ძიება ან სამოქმედო  გეგმის შემუშავება.

ქეისებით მუშაობა გაკვეთილზე 3 ეტაპად მიმდინარეობს:

1-ლი  ეტაპი  – გაცნობითი ეტაპი – ინდივიდუალური  მომზადება. ამ  ეტაპზე  ხდება ქეისის გაცნობა და მოსწავლეთა ჩართვა რეალური სიტუაციის განხილვაში.   პრაქტიკა აჩვენებს, რომ გაკვეთილზე  ყველაზე კარგია  1-3 გვერდიანი ნაბეჭდი ქეისის გამოყენება, რომლის წაკითხვაც შესაძლებელია  5-10 წუთის განმავლობაში.

მე-2 ეტაპი  – ძირითადი ეტაპი  – მუშაობა მცირე ჯგუფებში. ამ დროს  ფორმირდება პრობლემის გადაწყვეტის სხვადასხვა მიდგომები. ჯგუფის წევრებმა  უნდა შეიმუშაონ  საერთო მოსაზრება, რომელსაც შეიძლება თან დაერთოს სქემები, თეზისები. უნდა აღინიშნოს, რომ საერთო აზრის შემუშავება  მასწავლებლისათვის  თვითმიზანი არაა. იგი სასურველია, მაგრამ თითოეულ მოსწავლეს შეუძლია ჰქონდეს საკუთარი, განსხვავებული აზრი და გამოთქვას იგი  დისკუსიის დროს ანუ მესამე ეტაპზე. მეთოდი  case-study აღნიშნულ სიტუაციაში კოლექტიური სწავლების  მეთოდის როლშია, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია სწორედ ჯგუფებში მუშაობა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლა. ჯგუფების საქმიანობის პროდუქტები განხილვის საკითხია. მნიშვნელოვანია ერთიანი აზრის  შემუშავება ქეისის დავალებაზე.

მე-3 ეტაპი –  ჯგუფის  საავტორო პროდუქტის პრეზენტაცია თანმხლები დისკუსიით.  თითოეული ჯგუფი  წარმოადგენს   პრობლემის გადაწყვეტის თავის ვარიანტს მოკლედ და მკაფიოდ.   ჯგუფის პრეზენტაციას უნდა დაეთმოს 3 წუთი.  შემდეგ იწყება დისკუსია ჯგუფებს შორის, რომლითაც  სრულდება  კონკრეტულ სიტუაციაზე  მუშაობა და  ამავე დროს აქვს დიდი განმავითარებელი  პოტენციალი.  დიკუსიის დამთავრების შემდეგ მასწავლებელი გამოთქვამს თავის მოსაზრებას, თუმცა არ ამტკიცებს, რომ იგი ერთადერთი და სწორია, რითაც ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ის და მოსწავლეები  პარტნიორები არიან. ამავე ეტაპზე ხდება მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასება.  მაგალითისთვის განვიხილოთ თემა ”საქართველოს  ტურისტულ- რეკრეაციული რესურსები და ტურიზმის განვითარება“. გაკვეთილზე უნდა მოხდეს  ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების პოტენციალის განხილვა და საქართველოში ტურიზმის განვითარების პრობლემის ფორმირების მიზეზების დადგენა და გადაჭრის გზების ძიება ქეისების საფუძველზე. ქეისმა, მოქმედების ეფექტური ვარიანტების გასააზრებლად, ერთდროულად უნდა შეასრულოს ტექნიკური დავალებისა და ინფორმაციის წყაროს ფუნქცია.

განვიხილოთ  ერთი გაკვეთილის ნიმუში.

თემა: ტურიზმი საქართველოში, მე-9 კლასი.

მიზანი: საქართველოში ტურიზმის  განვითარების პრობლემებისა და პერსპექტივების გამოვლენა;  მოსწავლეთა  ინფორმაციული და კომუნიკაციური უნარების განვითარება;

რესურსები: სლაიდ-შოუ ან სარეკლამო ვიდეორგოლი საქართველოს შესახებ, დიაგრამა, ქეისი – ტექსტი ან ინტერვიუ საქართველოს ტურიზმის შესახებ, ინტერნეტი, პროექტორი,  კომპიუტერი.

გაკვეთილის მსვლელობა:

სლაიდ-შოუს ან სარეკლამო ვიდეორგოლის ”კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში“

ნახვის შემდეგ  მასწავლებელი  ეკითხება მოსწავლეებს:  თქვენი აზრით  რა მიზნით შეიძლება იქნეს გამოყენებული  მოცემული მასალა?

მოსწავლეთა პასუხი:  რეკლამის სახით, რათა რაც შეიძლება მეტი უცხოელი ტურისტი ჩამოვიდეს საქართველოში.

მასწავლებელი აჩვენებს დიაგრამას და  სვამს კითხვას: რაზე  მეტყველებს დიაგრამა: „უცხოელი ტურისტების დინამიკა საქართველოში“.

bl

მოსწავლეთა სავარაუდო პასუხი: დიაგრამის მიხედვით- ადგილი აქვს ტურისტთა რიცხვის ზრდას ან შემცირებას.

მასწავლებელი: თქვენი აზრით ეს დადებითი თუ უარყოფითი მომენტია?  რატომ?

მოსწავლეებს ეძლევათ დრო  არგუმენტირებული პასუხებისთვის. შემდეგ ხდება განხილვა.

მასწავლებელი: უცხოელ ტურისტებს ქვეყანაში შემოაქვთ დამატებითი კაპიტალი და ასეთი სურათი გვაქვს: ა) გვაქვს რესურსული პოტენციალი, რითაც  შეგვიძლია ტურისტების მოზიდვა; ბ)  მცირეა  ტურისტების რიცხვი, ვისაც მათი მონახულება ან დასვენება უნდა.

მოცემული  პრობლემის გადასაწყევტად მოსწავლეებს  ეძლევათ  ქეისი: საქართველოს ტურისტულ რეკრეაციული პოტენციალი და ტურიზმის განვითარების პერსპექტივები.  (ქეისს მასწავლებელი წინასწარ ამზადებს.)

მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში 20 წუთის განმავლობაში. მათი დავალებაა: 1. ჩამოაყალიბონ საქართველოს ტურიზმის ძირითადი პრობლემა; 2. განსაზღვრონ მიზეზები, რამაც გამოიწვია ეს პრობლემა;  3.  დასახონ მათი გადაჭრის გზები.

დროის გასვლის შემდეგ თითოეული ჯგუფი წარმოადგენს შესრულებულ სამუშაოს,  მიმდინარეობს განხილვა.

 გაკვეთილის საქმიანობის პროდუქტი: საქართველოს ტურიზმის პრობლემის ერთიანი  ფორმულირება და მათი გადაჭრის გზების დასახვა.

პრობლემა:   ტურიზმის განვითარების შემაფერხებელი გარემოებები.

პრობლემის გამომწვევი მიზეზები:

  1. ნეგატიური ინფორმაცია საქართველოს შესახებ მსოფლიოს მასობრივი ინფორმაციის წყაროებში (ბუნებრივი კატაკლიზმები, არასტაბილური გარემო და სხვ.)
  2. უცხოელთა პირადი უსფრთხოების  გარანტიების არ არსებობა;
  3. ტურებისა და მომსახურების სიძვირე.

პრობლემის გადაჭრის გზები: საქართველოს ტურისტული ბიზნესის

 განვითარებისათვის  სახელმწიფო პროგრამის შემუშავება.

 

რეფლექსია:  მოსწავლეებმა გაკვეთილი უნდა შეაფასონ სამი პოზიციის  მიხედვით:

  • შინაარსისადმი ინტერესი
  • გაკვეთილის მნიშვნელობა
  • მოსწავლეთა აქტიურობა

საინტერესოა                  7  6    5                4   3     2    1   0       არ არის საინტერესო

სასარგებლოა                  7   6   5    4   3    2    1     0      არ არის სასარგებლო

      ვიყავი აქტიური             7   6   5    4   3    2    1    0       არ ვიყავი აქტიური

საშინაო  დავალება:

მოსწავლეებმა უნდა მოამზადონ სარეკლამო ბუკლეტი ან ფურცელი საქართველოს რომელიმე მხარის ან ადგილის შესახებ, ისე  რომ დააინტერესონ და  შეძლონ  უცხოელი ტურისტების მიზიდვა.

ქეის-მეთოდის გამოყენება ეფექტურია  განვლილი მასალის გამეორებისას და განმტკიცებისას. თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ იგი ასევე  პროდუქტიულია ახალი მასალის შესწავლის დროსაც.

მასწავლებლის პრაქტიკული საჭიროებანი სწავლების ეფექტური წარმართვისთვის

0

ახალი საკითხის სწავლების საწყის ეტაპზე ყველა მასწავლებელს უწევს საკუთარი თავისთვის პასუხის გაცემა შემდეგ შეკითხვებზე:

  1. რა არის საკითხის სწავლების მიზანი?
  2. მოსწავლის მიერ რა საკითხების წინასწარი ცოდნა და რა უნარ-ჩვევების ფლობაა საჭირო მოცემული საკითხის შესწავლისთვის?
  3. როგორ და რა დავალებებით მოვახდენ მოსწავლეების მზაობის დიაგნოსტირებას?
  4. რა ინფორმაციით ან შეკითხვებით აღვძრავ მოსწავლეთა ინტერესს და გავაღვივებ ცნობისმოყვარეობას მოცემული საკითხის მიმართ?
  5. როგორი დავალებების საშუალებით შევუწყობ ხელს მოსწავლეებს ცოდნის აგებასა და გააზრებაში?
  6. როგორ დავეხმარებით მოსწავლეებს ცოდნის განმტკიცებასა და უნარ-ჩვევების გაწაფვაში?
  7. როგორი დავალებების საშუალებით შევამოწმებ, გაიგეს თუ არა მოსწავლეებმა საკითხი?
  8. რა ტიპური შეცდომები შეიძლება დაუშვან მოსწავლეებმა მოცემულ საკითხზე მსჯელობისას ან ცოდნის გამოყენებისას (ამოცანების ამოხსნისას, პროექტების შესრულებისას და სხვა) და რა მიზეზით?
  9. როგორ მოვახდენ მოსწავლეთა ტიპური შეცდომების პრევენციას ან/და კორექციას (მაგალითად, შეკითხვები, მაგალითები და კონტრმაგალითები, მოდელები, განზოგადებები და სხვა)?
  10. რომელი დავალებების საშუალებით შევაფასებ მოსწავლეთა მიღწევებს?

ბუნებრივია, რომ მასწავლებელი ეძიებს დახმარებას სხვადასხვა ძირითად თუ დამხმარე რესურსებში – მოსწავლისა თუ მასწავლებლის სახელმძღვანელოში, დამატებითი სავარჯიშოების კრებულებში და ა.შ. მაგალითად, ის ცდილობს წარმოიდგინოს, როგორ გამოიყენებს მოსწავლის სახელმძღვანელოს, თუ ამ წიგნის ერთი ტიპური თავის და პარაგრაფის სტრუქტურა ასეთია:

თავის სტრუქტურა

თავის დასაწყისში:

ა)            სამოტივაციო-საინფორმაციო მასალა;

ბ)            მზაობის სადიაგნოსტიკო მასალა.

რამდენიმე პარაგრაფი თავის ფარგლებში

თავის ბოლოს:

ა) შეჯამება (მაგალითად, მოკლე თეორიული ამონაკრები, დასკვნები, ფორმულები, ახალი ტერმინები და ა.შ.);

ბ) დამატებითი სავარჯიშოების პაკეტი, რომელიც ფოკუსირებულია ესგ ინდიკატორებზე;

გ) ტესტის (არამხოლოდ დახურული ამოცანებით) ნიმუში მოსწავლეთა თვითშეფასებისთვის შეფასების კრიტერიუმებთან ან სქემასთან ერთად;

დ) სავარჯიშოები ცოდნაში ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

ტიპური პარაგრაფის სტრუქტურა

  1. მოსამზადებელი სავარჯიშოები (მაგალითად: სამოტივაციო, წინარე ცოდნის შესახსენებელი, აზროვნების ბიძგის მიმცემი, პარაგრაფში დასმული ამოცანების ქვეამოცანები და სხვა);
  2. თეორიული ტექსტი თანმხლები ამოცანებით და ამოხსნის ნიმუშებით, კონკრეტული მაგალითებითა და ილუსტრაციებით (იდეების გათვალსაჩინოების მიზნით);
  3. საბაზო/ძირითადი სავარჯიშოები:

ა)            ფუნქციური დანიშნულების მიხედვით ორი სახეობის დავალებები (გამააზრებელი – დამაკავშირებელი წინა ან სხვა ცოდნასთან – და ცოდნის განსამტკიცებელი);

ბ)            ცოდნის გამამდიდრებელი დავალებები (მაგალითად, განზოგადებების და კერძო შემთხვევების განხილვა);

გ) დავალებები ცოდნის გამოყენებაზე (მაგალითად, საყოფაცხოვრებო და საგანთაშორისი კავშირების ამსახველი ან შიდასაგნობრივი, რომელიც ცოდნის ტრანსფერს მოითხოვს).

  1. დამატებითი სავარჯიშოები:

ა)            ცოდნის განსამტკიცებელი დავალებები (მაგალითად: კომპლექსური ამოცანები, ძნელი ამოცანები);

ბ)            ცოდნის გამამდიდრებელი დავალებები (მაგალითად: კვლევაზე ორიენტირებული ამოცანები, თავსატეხები).

  1. წინა მასალის გასამეორებელი სავარჯიშოები (მაგალითად, ტიპური ამოცანები გაწაფულობის ხარისხის ასამაღლებლად).

შენიშვნა: თითოეული სახეობისთვის სახელმძღვანელოში მოცემულია ანალოგიური დავალებების წყვილები საკლასო და საშინაო დავალებებისათვის.

ამჟამად მოქმედ მოსწავლის სახელმძღვანელოებში წარმოდგენილია მასალის თემატური დაგეგმვა, ანუ საკითხები თანმიმდევრულად განიხილება ერთმანეთზე დაშენების პრინციპის შესაბამისად მათი შინაარსობრივი კავშირების და გართულება-გაძნელების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში კლასში მუშაობა მიმდინარეობს ერთდროულად რამდენიმე განსხვავებულ შედეგსა თუ ინდიკატორზე ესგ-დან, რომელთაგან დომინირებს რომელიმე ერთი-ორი, თუმცა ასეთი აქცენტირება არ გამორიცხავს საგრძნობ ძალისხმევას სხვა შედეგებისა თუ ინდიკატორების მიმართულებით.

თემატურ-შინაარსობრივ წინსვლას თან სდევს წინსვლა ესგ შედეგებისა და ინდიკატორების მიღწევის თვალსაზრისითაც. რადგან სახელმძღვანელოს სტრუქტურული ერთეულები (თავები და პარაგრაფები) სულაც არაა ფოკუსირებული რომელიმე ერთი შედეგის მიღწევაზე, ამიტომ ასეთი სტრუქტურული ერთეულის დასრულებისას, როგორც წესი, იშვიათად თუ სრულდება ესგ რომელიმე შედეგზე მუშაობა – უმრავლეს შემთხვევაში ხდება მხოლოდ პარალელური წინსვლა რამდენიმე შედეგის მიმართულებით, მიიღწევა მხოლოდ რამდენიმე, ე.წ. “საშუალედო შედეგი”, ანუ “ქვეშედეგი”, რომელიც ინდიკატორთა რომელიმე კრებულს წარმოადგენს.

შესაბამისად, მასწავლებელთა წინაშე ხშირად ისმის საკითხი შემაჯამებელი დავალებებისა და განმსაზღვრელი შეფასების შესახებ: რა უნდა შევამოწმო – რომელიმე შედეგის მიღწევა თუ თემატიკის “დაფარვა”? როგორც წესი, მასწავლებლები მეორეს ასრულებენ, რაც არც თუ მთლად თანხმობაშია ესგ კონცეფციასთან, მოსწავლეთა განმსაზღვრელი შეფასება კი შემაჯამებელი დავალებების საშულებით წლის განმავლობაში 10-ჯერ მაინცაა ჩასატარებელი. ამიტომ აქტუალურია საკითხი იმის შესახებ, თუ რის შეჯამება-შემოწმება ხდება ამ 10 შემთხვევაში: დასამახსოვრებელი ინფორმაციის, სასწავლო შინაარსის გააზრებული ათვისების თუ  საგნობრივი კომპეტენციების ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტისაც, როგორიცაა ესგ შედეგებსა და ინდიკატორებში ასახული უნარ-ჩვევები. შესაბამისად უნდა დაიგეგმოს შეკითხვების შერჩევაც ამ შემაჯამებელი დავალებისთვის და შეფასების სქემა/რუბრიკაც.

უკეთ რომ გავერკვეთ ამ საკითხში, კვლავ მივმართოთ მასწავლებლების პედაგოგიურ პრაქტიკას და მოქმედ სახელმძღვანელოებს. გარდა მოსწავლის სახელმძღვანელოსი, მასწავლებელი სარგებლობს მასწავლებლის სახელმძღვანელოთიც. ამ სახელმძღვანელოდან მისთვის ნათელი უნდა გახდეს, თუ რა ადგილი უკავია მის მიერ დასახულ სასწავლო მიზნებს სახელმძღვანელოს მიზანთა ან შედეგთა რუკაზე, სადაც წარმოდგენილია ესგ შედეგების მიღწევის “ტრაექტორია” სახელმძღვანელოს ავტორთა ჩანაფიქრის შესაბამისად.

შედეგთა რუკა არის ცხრილი, რომელიც წარმოგვიდგენს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა მიერ სტანდარტის შედეგების მიღწევის სქემას. გამართული მეთოდოლოგიური აპარატის მქონე სახელმძღვანელოში სტანდარტის რთული შედეგები, რომელთა მიღწევაც დროის და ენერგიის მნიშვნელოვან რესურსებს მოითხოვს, დაშლილია საშუალედო შედეგებად, ანუ ქვეშედეგებად, რომლებიც ასახავს ქვეამოცანების გადაჭრას სტანდარტის შედეგის მიღწევის გზაზე.

სასწავლო გეგმის ერთეულების თანმიმდევრულად გავლის კვალობაზე მოსწავლე წინ მიიწევს სტანდარტის შედეგების სრულად დაკმაყოფილების გზაზე (ქვემოთ იხ. საშუალედო შედეგების ცხრილის ფრაგმენტი, სადაც შედეგთა დანომვრაში პირველი არაბული ციფრი მიუთითებს საგნობრივი სტანდარტის მიმართულების ნომერს, მეორე არაბული ციფრი  – მოცემული მიმართულების ფარგლებში არსებული სტანდარტის შედეგის ნომერს, ხოლო რომაული ციფრი – მოცემული სტანდარტის შედეგის შესაბამისი საშუალედო შედეგის ნომერს. მიღწეული შედეგი აღნიშნულია “მსხვილი დახრილი შრიფტით” და სტრიქონში მარჯვნივ აღარ მოსდევს გაგრძელება).

თავი I თავი II თავი III თავი IV თავი V თავი VI
საშუალედო შედეგი 1.1.I

 

 

 

საშუალედო შედეგი 2.1.I

 

 

 

საშუალედო შედეგი 3.1.I

 

სტანდარტის  შედეგი 1.1

 

 

 

საშუალედო შედეგი 2.1.II

 

 

 

სტანდარტის  შედეგი 3.1

 

 

 

 

საშუალედო შედეგი 4.1.I

 

 

 

საშუალედო შედეგი 1.2.I

 

საშუალედო შედეგი 2.1.III

 

 

 

 

 

 

 

 

 

საშუალედო შედეგი 4.1.II

 

საშუალედო შედეგი 4.2.I

 

 

 

საშუალედო შედეგი 1.2.II

 

სტანდარტის  შედეგი 2.1

 

 

 

 

 

 

საშუალედო შედეგი 3.2.I

 

სტანდარტის  შედეგი 4.1

 

საშუალედო შედეგი 4.2.II

 

 

 

სტანდარტის  შედეგი 1.2

 

 

 

 

საშუალედო შედეგი 2.2.I

 

 

 

საშუალედო შედეგი 3.2.II

 

 

 

 

საშუალედო შედეგი 4.2.III

 

 

 

 

 

 

 

 

სტანდარტის  შედეგი 2.2

 

 

 

სტანდარტის  შედეგი 3.2

 

 

 

 

სტანდარტის  შედეგი 4.2

ახლა უკვე ნათელია, თუ რა უნდა შეამოწმონ მასწავლებლებმა ამა თუ იმ სასწავლო ერთეულის ბოლოს დაგეგმილი განმსაზღვრელი შეფასების დროს.

შეჯამებისთვის აღვნიშნავთ, რომ მასწავლებლის სახელმძღვანელოში მასწავლებელს საუკეთესო შემთხვევაში ასეთი სურათი წარმოუდგება (ქვემოთ იხ. სახელმძღვანელოთა პაკეტის კომპონენტების შესაბამისობის ამსახველი ცხრილი):

მასწ. წიგნის სტრუქტურული ერთეული მოსწ. წიგნის სტრუქტურული ერთეული მათემატიკური შინაარსი პედაგოგიური დანიშნულება
თავის ზოგადი მიმოხილვა. თავის შესავალი. პრობლემის დასმა; მათემატიკის ისტორიის ფრაგმენტი; პარადოქსები ან უჩვეულო ფაქტები (ინტერესის აღმძრავი) მონაცემები; საგანთაშორისი კავშირები და საყოფაცხოვრებო სიტუაციები. მიზნების განაცხადი და მოტივაცია.
მეთოდური რეკომენდაციები პარაგრაფისათვის (მოსწავლეთა მოსალოდნელი ტიპური შეცდომებისა და  მათი პრევენციის ხერხების, აგრეთვე განმავითარებელი შეფასებისთვის საჭირო აქტივობებისა და ინსტრუმენტების მითითების  ჩათვლით) პარაგრაფი ეროვნულ სასწავლო გეგმასა და საგნობრივ პროგრამაში (ესგ შედეგებსა და ინდიკატორებში) დაფიქსირებული მათემატიკური ცნებები, დებულებები, მეთოდები (ხერხები), პროცედურები ან მათ შორის მიმართებები ახალი მათემატიკური ცნებების, იდეების, ამოხსნის ხერხების, პროცედურების ან მათ შორის მიმართებების გაგება ან/და დაუფლება ან/და გამოყენება; მათემატიკური ცნებების, დებულებების, მეთოდების (ხერხების), პროცედურების ან მათ შორის მიმართებების ათვისება, უნარ-ჩვევების განვითარება და ოსტატობის ან/და გაწაფულობის ზრდა.
თავის შეჯამება (ესგ და საგნობრივი პროგრამის შედეგები და ინდიკატორები, რომლებზეც მიმდინარეობდა მუშაობა, საშუალედო შედეგები  და, მათ შორის ისინი, რომლებზეც დასრულდა მუშაობა). თავის შეჯამება და თვითშეფასება. მოკლე თეორიული ამონაკრები, დასკვნები, ფორმულები და სხვა; ტესტის ნიმუში ესგ ინდიკატორების ამსახველი დავალებებით;

თვითშეფასების კრიტერიუმთა ბადე;

პროექტები და ჯგუფური სამუშაოები.

რეფლექსია, ცოდნის დასისტემება და თვითშემოწმება, პროგრესის შეფასება.
დამატებითი სავარჯიშოები ამოხსნებით. დამატებითი სავარჯიშოები და გამეორება. საწვრთნელი სავარჯიშოები ძირითადი პროცედურების შესრულებაზე, უმარტივესი ამოცანები, ძიებითი ამოცანები შემოქმედებითობის მაღალი პოტენციალით, სახალისო და თავსატეხი ამოცანები განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეების სასწავლო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და საგანგებო ვითარებაში პედაგოგიურად მიზანშეწონილი მეთოდიკური მიდგომის განხორციელება (მაგალითად, საკორექციო მუშაობა შემოწმებისას გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად, აზროვნების სისხარტის განმავითარებელი ამოცანები, წვრთნა პროცედურების შესრულების ჩვევების განვითარებისთვის).
შემაჯამებელი დავალება (ტესტი, ე.წ. “საკონტროლო წერის” ჩატარებისთვის ან პროექტი ან ზეპირი გამოკითხვის “ბილეთები” და სხვა). განმსაზღვრელი შეფასება. ესგ მოთხოვნებისა და საგნობრივი პროგრამის შედეგებისა თუ ინდიკატორების ამსახველი ამოცანები პედაგოგიური მიზნების იერარქიის (ბლუმის ტაქსონომიის) პრინციპების მიხედვით. ესგ მოთხოვნებისა და საგნობრივი პროგრამის შედეგებისა თუ ინდიკატორების შესრულების შემოწმება, მოსწავლეთა კომპეტენციებისა და შესაძლებლობების გაზომვა, მიღწევების დონის დაფიქსირება.

სახელმძღვანელოების სტრუქტურის, მათი სტრუქტურული ერთეულების ფუნქციების, ესგ-ს შედეგებისა და ინდიკატორების, საგნობრივი პროგრამისა და მეთოდოლოგიური აპარატის ასეთი კომპლექსური გააზრება, ვიმედოვნებთ, დაეხმარება მასწავლებლებს სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვაში.

მიდიოდა ლომი ტყეში, ანუ ამბავი სახელმწიფო ორგანოების საქმიანობისა

0

ყველა პროფესიას ჰყავს გამორჩეული ხალხი, მამებს და დედებს რომ ვეძახით. იურისპრუდენციაში ჩემთვის გამორჩეულია ვალტერ ელინეკი, ვიღაცისთვის – უოლტერ ელინეკი ან ოლტერ ელინეკი. მოკლედ, სახელს მნიშვნელობა აქვს, რადგან მეორე ელინეკიც არსებობდა ამავე პროფესიაში, ისიც გამორჩეული. მისი სახელია გეორგი, ანუ გეორგ ელინეკი.

ჩვენ ახლა ვალტერ ელინეკი გვაინტერესებს. ამ ადამიანმა მეოცე საუკუნის დასაწყისში გამოსცა ნაშრომი: „კანონი, კანონის გამოყენება და მიზანშეწონილობა“. მისი ნააზრევი, ძირითადად, სახელმწიფო მმართველობას და ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობას ეხება.

ნაშრომის ერთ ნაწილში სახელმწიფო მმართველობის უკანონო ან კანონიერი გადაწყვეტილების საილუსტრაციოდ ელინეკს მოაქვს ლომზე ნადირობის მაგალითი. ეს ამბავი ასეთია:

ქალაქთან ახლოს, ტყეში ლომი გამოჩნდა. ლომის მოსაკლავად გზას გაუდგა ორი მონადირე, ანუ მათ მიზნად დაისახეს ლომის მოკვლა.

ლომის გამოჩენისთანავე ერთი მონადირე ისვრის ჰაერში. რას იტყვით? როგორ ფიქრობთ, სწორი გადაწყვეტილებაა? ცხადია, არასწორი გადაწყვეტილებაა. ჰაერში სროლით მონადირე მიზანს ვერ მიაღწევს. გამოყენებული საშუალება არასათანადოა.

ახლა შევცვალოთ ფაქტები და სხვა ვერსია განვიხილოთ: მონადირე გაისვრის, თუმცა ტყვია მოხვდება არა ლომს, არამედ მეორე მონადირეს. ამ შემთხვევაში მონადირე მიზნის საწინააღმდეგოდ მოქმედებს და მიზნის მიღწევა კიდევ უფრო საეჭვოა, ვიდრე პირველ შემთხვევაში. ეს შემთხვევა მიუთითებს განხორციელებული ქმედების საზიანო ხასიათზე.

კიდევ ერთი განსხვავებული ვერსია: მონადირე გაისვრის, ტყვია მოხვდება ლომს, თუმცა არ მოკლავს მას. ხედავთ? ლომის დაჭრა მიზნის ფარგლებშია, თუმცა სრულად ვერ აღწევს მიზანს. ამ შემთხვევაში გამოყენებული საშუალება არასაკმარისია. მონადირეს მიზნის მისაღწევად ცოტა მეტი ძალისხმევა სჭირდებოდა.

და ბოლო ვერსია: მონადირე მოკლავს ლომს, თუმცა ამით არ კმაყოფილდება და კიდევ ერთ ტყვიას ესვრის მას. იმედი მაქვს, აღშფოთდით. ეს შემთხვევა ძალის გადაჭარბებაზე მიუთითებს.

ეს მაგალითი მარტივად შეგვიძლია გადმოვიტანოთ სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაზე. რამდენი სახელმწიფო ორგანიზაცია გინახავთ, არამიზნობრივად რომ საქმიანობს? ან სხვას რომ უშლის ხელს საქმიანობაში, ან საკმარის ძალისხმევას რომ არ იჩენს მიზნის მისაღწევად? ძალის გადაჭარბების შემთხვევებიც არის, სამწუხაროდ. თუმცა, ეს ყველაფერი სახელმწიფო ორგანოების საქმიანობისთვის დამახასიათებელია. ადრეც ხდებოდა და მომავალშიც მოხდება. მთავარია, ჩვენ ვიცოდეთ, სად ვმუშაობთ, რა არის ამ ორგანიზაციის მიზანი და რის მიღწევას ვაპირებთ. ასეთ შემთხვევაში, შევამცირებთ არასწორი, არაკანონიერი გადაწყვეტილების მიღების რისკს.

საერთოდ, ცხოველის მოკვლის ამბავი არ მომწონს, მაგრამ სახელმწიფო ორგანოების უკანონო საქმიანობის საილუსტრაციოდ გამოდგება, თანაც გამოგონილია.

სახლ-მუზეუმიდან – ფუნდუკამდე

0

– ეეეს არიიი (მწერლის სახელს და გვარს ამბობს) მისი მაგიდაა. ამ მაგიდასთან მჯდომი წერდა ის თავის უკვდავ ნაწარმოებებს, _ არ ჩერდება გიდი და მახსედება ჩემი ბავშვობა. დაგვაყენებდნენ ისე, როგორც ჩემ გარშემო ზემოთქმულ მომენტში იყვნენ მოსწავლეები და ვუსმენდით გიდს, რომელსაც გადაბეზრებული ჰქონდა ის ამბები და ისტორიები, რომელთაც ყვებოდა, თითქოს ჩასუნთქვა-ამოსუქნთქვაც  მუდმივად ერთი ჰქონდა  ასევე მუდმივად უცვლელ სიტყვათა შეთანხმებებს შორის.

ამ მდგომარეობაში ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც კარგი დაგეგმვის გარეშე მიდიან სახლ-მუზეუმებში. ნახავენ ხოლმე თუ სად ეძინა ამა თუ იმ მწერალს, სად წერდა, რომელ ფანჯარაში იყურებოდა ჩაფიქრებული, სად იდგა აკვანი, რომელშიც ის გაიზარდა და ასეთ საყოფაცხოვრებო წვრილმანებს მოისმენენ და მათ მასწავლებელსაც, მშობელსაც და თვითონ მოსწავლეებსაც, _ ყველას, _ ხშირ შემთხვევაში, ჰგონიათ, რომ დიდ დაფარულ ცოდნას ეზიარნენ და რაიმე ღირებული გაიგეს.

რა თქმა უნდა, საყოფაცხოვრებო გარემო ყველაზე მეტს ამბობს ადამიანზე, მისი ნივთები, სახლის მოწყობის გემოვნება და ხედვა ბევრ რამეზე მეტყველებს და ამათგან გამომდინარე შეიძლება კიდევ ბევრი პიროვნული თვისება დაინახო მწერლის, თუმცა  არ მგონია, ეს ამ კუთხით საინტერესო იყოს 15-16 წლის მოსწავლეებისთვის.

არ მინდა ისე გამომივიდეს, თითქოს სახლ-მუზეუმების დათვალიერებას არაფრად მივიჩნევდე, პირიქით.  უშუალო კავშირი ავტორის სახლთან, ნივთებთან, მის ბიბლიოთეკასთან, წარსულ ყოველდღიურობასთან შეიძლება ძალიან კარგი მოტივატორი გახდეს მოსწავლისთვის, რომ უკვე მხატვრულ ტექსტებს გაეცნოს, ან გადახედოს თავიდან. უბრალოდ, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად ხდება ხოლმე.

მოდი, ვკითხოთ საშუალო და უმაღლესი საფეხურის მოსწავლეებს აინტერესებთ თუ არა, მაგიდის რომელ მხარეს იჯდა ილია ჭავჭავაძე, როცა სადილობდა, ან სად ხდიდა ჭაჭის არაყს მურმან ლებანიძე. ამის შემდეგ კი მთელი კლასის წარმომადგენლობა ჩასხდებიან მიკროავტობუსში და უახლოეს ჩამოხურულ ფუნდუკში, თუ მაგიდაზე გაშლიან სუფრას, სადაც თხუთმეტი წუთის შემდეგ აღარავის ახსოვს სახლ-მუზეუმი, მისი პატრონი მწერალი და ამბები. არ ახსოვთ არც იმ მომენტში, არც პიკნიკზე და არც მერე ცხოვრებაში. იმიტომ, რომ სახლ-მუზეუმში სტუმრობა არის ექსკურსიის უბრალო დამატება, რაღაც ტრადიციული ნაწილი, რომელიც დიდად არავის აინტერესებს და მხოლოდ იცავენ ისე, მიმბაძველობით.

მალე სწავლა განახლდება და დაიწყება ექსკურსიები. გაივსება სახლ-მუზეუმები ხალხით, რომლებიც იქ ფოტოებს გადაიღებენ, იცინებენ, დაათვალიერებენ, ხელს გადაუსვამენ ნივთებს და რაღაც აღმოხდებათ აღფრთოვანების აღმნიშვნელად და კარგია ეს ყველაფერი, ძალიან კარგია, მაგრამ მასწავლებლებს მინდა გირჩიოთ,  ასეთი რამ ცადოთ: წაიყვანეთ მოსწავლეები კარვებით, შაბათ-კვირას იმ სახლ-მუზეუმთან. დაბანაკდით იქ, ორი დღე იცხოვრეთ, იკითხეთ იმ მწერლის შემოქმედება, დღის სხვადასხვა დროს ესტუმრეთ მის ოთახებს. ღამე მის ეზოში იარეთ. იკითხეთ, იკამათეთ. და დარჩით. იქ დარჩით შაბათ-კვირას,  თუ მოტიცავიის ზრდასა და ცოდნის გაღრმავებაზე ხართ ორიენტირებულნი.

ციფრული წიგნიერების მნიშვნელობა თანამედროვე ეპოქაში

0

1980 წლის შემდეგ დაბადებულ ბავშვებს ლიტერატურაში ციფრული ეპოქის აბორიგენებად მოიხსენიებენ. ბავშვები ადრეული ასაკიდანვე იწყებენ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას, ამიტომ აღარ გვიკვირს, რომ ჩვენი მოსწავლეები და სტუდენტები ჩვენზე მოხერხებულად პოულობენ Power point-ის პრეზენტაციისთვის მახვილგონივრულ ილუსტრაციას ან ფოტოებს Photoshop–ით ამუშავებენ და მათგან კალენდარს აწყობენ. თანამედროვე ეპოქის გამოწვევები ასახულია ეროვნულ სასწავლო გეგმაში, რომელიც 9 გამჭოლ კომპეტენციას შორის ციფრულ (კომპიუტერულ) წიგნიერებასაც მოიაზრებს, რაც ქსელური ძიების, ტექსტების ელექტრონული დამუშავებისა და ტექსტური შეტყობინების პროგრამების გამოყენების უნარს გულისხმობს.

ამის კვალობაზე, დიდ მნიშვნელობას იძენს მოზარდებისთვის ციფრული კომპეტენციებისა და კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარება, მაგრამ, ამასთანავე, არც თავად ინტერნეტში განთავსებული ინფორმაციის ხარისხის საკითხი კარგავს აქტუალობას.

ინფორმაციის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემის საილუსტრაციოდ მოვიყვან ერთ მაგალითს. 2005 წლის 26 მაისს ამერიკელი მწერლისა და ჟურნალისტის ჯონ საიგენტალერის ვიკიპედიაში გამოქვეყნებულ ბიოგრაფიას დაემატა შემდეგი ინფორმაცია: „მეოცე საუკუნის 60–იან წლებში ჯონ საიგენტალერი-უმცროსი გენერალური პროკურორის რობერტ კენედის თანაშემწედ მსახურობდა. ერთხანს იგი ეჭვმიტანილი იყო როგორც ჯონ კენედის, ისე მისი ძმის, ბობის მკვლელობაში, თუმცა მისი ბრალეულობის დამტკიცება ვერ მოხერხდა. 1972 წელს ჯონ საიგენტალერი საბჭოთა კავშირში გადასახლდა, 1984 წელს კი აშშ-ში დაბრუნდა და დააარსა საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს სააგენტოდ იქცა“.

გამოქვეყნებიდან ოთხი თვის შემდეგ ეს ჩანაწერი მწერლის მეგობარმა აღმოაჩინა. კენედების მკვლელობაში ეჭვმიტანილად შერაცხული ჯონ საიგენტალერი იძულებული გახდა, აეგორებინა ფართომასშტაბიანი კამპანია საკუთარი რეპუტაციის აღსადგენად. მხოლოდ ამის შემდეგ წაშალეს დეზინფორმაცია საიტიდან. გაირკვა, რომ ეს ნევილში არსებული საექსპედიციო კამპანიის მენეჯერის ხუმრობა ყოფილა, რის გამოც მას მოგვიანებით საზოგადოების წინაშე ბოდიშის მოხდა მოუწია.

ონლაინენციკლოპედიაში ინფორმაციის განთავსება განსაზღვრული წესების დაცვით ნებისიერ მსურველს შეუძლია, ამიტომ მისი ნამდვილობის გარანტია არ არსებობს. საგულისხმოა ისიც, რომ Google-ში ძიებისას ამ ენციკლოპედიის შედეგი პირველივე ვარდება (Палфи, Гассер. 2011, с 189).

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მცდარი ინფორმაციის ნამდვილისგან გარჩევის საკითხი სამყაროსავით ძველია. უბრალოდ, ინტერნეტის ეპოქაში გაჩნდა უფრო მეტი წყარო და სერვისები, რომლებიც ავტორობის ან რედაქტორობის შესაძლებლობას გვაძლევს. ქსელში განსათავსებელი ინფორმაციის მომზადებისა და გავრცელების წესები სხვა ტრადიციული მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წესებისგან განსხვავდება და ამის საუკეთესო მაგალითია ღია პლატფორმები.

სანდო ინფორმაცია კი ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან სწორედ მის საფუძველზე ვიღებთ გადაწყვეტილებებს. მეტიც – ჩვენს დროში ინტერნეტში განთავსებული ინფორმაცია ცოდნის მნიშვნელოვან წყაროდ იქცა. მაგრამ უსამართლობა იქნება იმის თქმა, თითქოს ინტერნეტში განთავსებული ინფორმაცია ნაკლებად სარწმუნოა, ვიდრე ქაღალდზე დაბეჭდილი. უბრალოდ, ახალგაზრდებს (მოსწავლეებს, სტუდენტებს) მისი შეფასება უნდა შეეძლოთ.

ათწლეულების განმავლობაში ზრუნავდნენ, რათა ადამიანისთვის დიდი რაოდენობის ინფორმაცია ყოფილიყო ხელმისაწვდომი, შექმნილიყო „იდეათა ბაზარი“, რაც ძალზე მნიშვნელოვანია საზოგადოების განვითარებისათვის. თანდათან კი პრობლემად იქცა არა ინფორმაციის ნაკლები ხელმისაწვდომობა, არამედ ის, რომ ახალგაზრდებს ყოველგვარ ინფორმაციაზე მიუწვდებათ ხელი. ამიტომ უნდა ვიფიქროთ იმაზე, ყოველთვის განაპირობებს თუ არა რაოდენობა ხარისხს და რა უნარების განვითარება სჭირდებათ დღეს მოზარდებს.

ინფორმაციის ხარისხის პრობლემა უშუალო გავლენას ახდენს თავისუფალ საზოგადოებაზე. მასალის ძიებისას ახალგაზრდები ასე მსჯელობენ: „Google-ი ყველაზე მოხერხებულია, ყველა ამ საძიებო სისტემით სარგებლობს და მეც ასე ვიქცევი. ამის შემდეგ ვირჩევ ნებისმიერ ბმულს, თუ არ მომეწონა, მომდევნოზე გადავდივარ და ა.შ.“, – მაგრამ რის მიხედვით ირჩევენ ან იწუნებენ ბმულს, ამ კითხვაზე ისინი არაერთგვაროვან პასუხს იძლევიან. ერთ-ერთი სტუდენტი, მისივე თქმით, სანდოდ მიიჩნევს მასალას, თუ ის ბევრად არ განსხვავდება ლექციებზე მოსმენილი ან სახელმძღვანელოში ამოკითხული ინფორმაციისგან, მითითებულია ავტორის ვინაობა, არ შეიცავს თვალში საცემ ფაქტობრივ ან სტილისტიკურ შეცდომებს.

წიგნ „ციფრული ეპოქის ბავშვების“ ავტორებს, ჯ. პალფრის და უ. გასერს, მიაჩნიათ, რომ მოზარდები მხოლოდ მაშინ იწყებენ ინფორმაციის ხარისხის შემოწმებას, თუ, მაგალითად, დაბალი ქულა მიიღეს ინფორმაციის კოპირების ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის წარდგენის გამო.

განსაკუთრებით ყურადსაღები ის არის, რომ ახალგაზრები ინტერნეტში ეძებენ ინფორმაციას არა მხოლოდ სასწავლო დავალებების შესასრულებლად, არამედ ჯანმრთელობის თაობაზე გაჩენილ კითხვებზე პასუხის მისაღებადაც. აშშ-ში ჩატარებული კვლევის თანახმად, ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციას უშუალოდ ექიმებისგან იღებს 12-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდების 31% და 18–დან  29 წლამდე ასაკის ახალგაზრდების 79%. ახალგაზრდების 20%–ზე მეტი სოციალურ ქსელებსა და ფორუმებში ეძებს პასუხს იმგვარ კითხვებზე, რომელთა ნაცნობებისთვის დასმაც ეთაკილებათ (მაგ., ნარკოტიკების გამოყენება, დეპრესია, სექსუალობა) და ხშირად აწყდებიან სტატიებს, რომლებსაც არაფერი აქვს საერთო არც მედიცინასთან და არც მეცნიერებასთან.

ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ინფორმაციის ანალიზის ხარისხი წინარე ცოდნასა და კონტექსტზეა დამოკიდებული. მაგალითად, ინფორმაციას იმპრესიონისტი მხატვრების შესახებ სხვადასხვანაირად მიიღებენ და გააანალიზებენ ხელოვნებათმცოდნე და ის ადამიანი, რომელიც ამ ტიპის მასალას პირველად ეცნობა. ინფორმაციის აღქმაზე დიდ გავლენას ახდენს ისიც, რა კონტექსტში ხდება მისი მოძიება და შეფასება. მაგალითად, მას სხვადასხვანაირად აღიქვამენ მკვლევარი, რომელსაც განსაზღვრული დრო აქვს გამოყოფილი ინფორმაციის გასაცნობად და დასამუშავებლად და ცაიტნოტში მყოფი მოსწავლე/სტუდენტი, რომელმაც მასალის მოსაძიებლად უკანასკნელი წუთები მოიტოვა. ამ სიტუაციაში იზრდება ალბათობა, მაძიებელი დასჯერდეს პირველსავე ბმულს.

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ბავშვის მათი თავის ტვინის პრეფრონტალური ქერქი ჯერ კიდევ მომწიფების პროცესშია (ეს უკანასკნელი კოგნიტურ პროცესებს განაგებს და სათანადო დროსა და ადგილას სათანადო ქცევის შერჩევას უზრუნველყოფს, რათა ადამიანი მთლიანად სიტუაციაზე არ იყოს დამოკიდებული), ამიტომ შესაძლოა, ბავშვებს უფრო მეტად გაუჭირდეთ ინფორმაციის ამორჩევა, მოწესრიგება, ინტერპრეტაცია, შეფასება, საკუთარი მოქმედებების დაგეგმვა და შედეგების პროგნოზირება და საამისოდ მეტი დახმარება დასჭირდეთ.

ყოველივე ამასთან ერთად, ინფორმაციის ანალიზში დიდ როლს ასრულებს მანამდე არსებული გამოცდილება და ცოდნა, ვინაიდან ადამიანი, რომელსაც უკვე აქვს ინფორმაციის დამუშავების გამოცდილება, ახალბედასგან განსხვავებით, ყოველგვარ ინფორმაციას სარწმუნოდ არ მიიჩნევს.

„ციფრული ეპოქის ბავშვების“ ავტორთა აზრით, წყაროს შერჩევისას მოზარდები ყურადღებას აქცევენ საიტის დიზაინს, მის პოპულარობას, იმას, რამდენად ვრცლადაა წარმოდგენილი ინფორმაცია. ზოგი აღნიშნავს, რომ სანდოდ მიაჩნია საიტები, სადაც ინფორმაციას ხშირად აახლებენ და სადაც შესაძლებელია განახლების თარიღის ნახვა.

ბუნებრივია, ინფორმაციის ხარისხის შეფასება თანდაყოლილი უნარი არ არის. ადამიანები, რომლებიც მეტ დროს უთმობენ სხვადასხვა საიტზე ინფორმაციის ძიებას, ბუნებრივია, მეტად იწაფებიან. მაგალითად, ერთი სტუდენტი ამბობს, რომ ყოველგვარ ინფორმაციას ამოწმებს, ეცნობა სხვადასხვა წყაროს და მხოლოდ ამის შემდეგ გამოაქვს დასკვნა ან იქმნის წარმოდგენას ამა თუ იმ მოვლენის შესახებ. ის ვიკიპედიის გამოყენების საკუთარ წესსაც გვაცნობს: „სტატია, სადაც ბევრი ციტატაა მოყვანილი და ავტორებიც მითითებულია, ჩემ ნდობას იმსახურებს. სტატიის გაცნობისას შევდივარ მისი განახლების ისტორიაში, ვნახულობ, ვის მიერაა რედაქტირებული… თუ რედაქტორებიც დასახელებულია, მაშ, ეს სანდო სტატია ყოფილა“.

აქედან გამომდინარეობს, რომ ციფრული თაობის აბორიგენები გამოცდილებასთან ერთად მასალის შეფასების უნარებსაც იძენენ, მაგრამ ეს პრობლემას მთლიანად ვერ აგვარებს.

არსებობს ინფორმაციული ნაკადის რეგულირების სხვადასხვა გზა.

პირველი თავად ბაზარია, სადაც განსაკუთრებით ღირებული „პროდუქტის“ შერჩევა ხდება. მაგრამ თუ ის საფუძვლიანად არ შევისწავლეთ, არჩევანს ვერ გავაკეთებთ. იმავდროულად, ბევრ საიტს აქვს ციფრული შინაარსის შეფასების რეიტინგები. მაგალითად, youtube-ზე ვიდეოს 5–ქულიანი სკალით შეფასებაც შესაძლებელია და კომენტარის განთავსებაც. საბოლოოდ სისტემა კრებს ინფორმაციას იმ მომხმარებლებისგან, რომლებიც გაეცნენ აღნიშნულ რესურსს.

პრობლემას მეტ–ნაკლებად ამცირებს ხარისხის ნიშნები და მარკებიც. ონლაინსივრცეში ისინი ინფორმაციის სანდოობის მაუწყებელია. არსებობს ნიშნები, რომელიც არასრულწლოვანებს მათთვის საზიანო ინფორმაციისგან იცავს. ამგვარ სამარკო ნიშნებს სერტიფიკაციისა და აკრედიტაციის პროგრამის ფარგლებში ანიჭებენ. მაგალითად,, აშშ-ში მოქმედებს იმ საიტების აკრედიტაციის პროგრამა, რომლებიც სამედიცინო შინაარსის ინფორმაციას ათავსებენ. დამოუკიდებელი ორგანიზაციის (American Acreditation HealthCare Commission – URAC) მიზანი სოციალურ ქსელში განთავსებული სამედიცინო შინაარსის ინფორმაციის ხარისხის გაუმჯობესებაა. მაგალითად, თუ მოზარდი გოგონა ანტიჰისტამინური პრეპარატების შესახებ ინფორმაციას მოიძიებს საიტზე www. Kidshealth.com, რომელსაც აქვს URAC–ის აკრედიტაცია, მეტი შანსი აქვს, მიიღოს სანდო და გადამოწმებული ინფორმაცია. ეს ორგანიზაცია თავად აწესებს ხარისხის მკაცრ სტანდარტებს და პასუხისმგებლობის კრიტერიუმებს სამედიცინო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით.

სერტიფიკაციის პროგრამებსა და რეიტინგებს დიდი მნიშვნელობა აქვს – ისინი ამაღლებენ განთავსებული ინფორმაციის ხარისხს, თუმცა ამ ორ მეთოდს ურთიერთსაპირისპირო ხასიათი აქვს: პირველი მიდგომით, მასალას პროფესიონალები აფასებენ, მეორით კი თავად მომხმარებელი ირჩევს, რა არის კარგი და რა – ცუდი. პირველ შემთხვევაში ხარისხის კონტროლი განსაზღვრულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, თანაც საინტერესოა, რომ ეს რეიტინგები მომხმარებელთა მიერ მინიჭებულზე ნაკლებპოპულარულია, მაგრამ საგულისხმოა ისიც, რომ რეიტინგულ სისტემას არ იყენებენ ნაკლები გამოცდილების მქონე მომხმარებლები, ხოლო გამოცდილები თავად აქცევენ ყურადღებას სანდო ორგანიზაციების შეფასებებს, რაც, თავის მხრივ, აერთიანებს ამ ორ პერსპექტიულ მიდგომას.

როგორც ონლაინ, ისე რეალურ სამყაროში სოციალური ნორმები დიდ როლს ასრულებს ინფორმაციის ხარისხის უზრუნველყოფაში. ნორმები ის ფაქტორებია, რომლებზეც დამოკიდებულია ონლაინ კომუნიკაციის ხასიათი, ელექტრონული ფოსტით დაწყებული, სოციალური ქსელებითა და ბლოგებით დამთავრებული. ხშირად სწორედ სოციალური ნორმები განაპირობებს კომუნიკაციისა და ინფორმაციის ხარისხს.

საიტების ავტორები ხშირად ბავშვების (როგორც მომხმარებლების) ფაქტორსაც ითვალისწინებენ და ბავშვებისთვის განკუთვნილ საძიებო სისტემებს ქმნიან.

მშობლები ხშირად იყენებენ ფილტრებს, რათა ბავშვები და მოზარდები მათთვის შეუსაბამო შინაარსებისგან დაიცვან. ჩატარებული კვლევების თანახმად, ასე იქცევიან მშობლები, რომლებიც თვითონვე არიან ინტერნეტის ინტენსიური მომხმარებლები. ფილტრი შეიძლება დავაყენოთ უშუალოდ იმ კომპიუტერზე, რომელზეც მუშაობს ბავშვი „ბავშვებისადმი კეთილგანწყობილი“ ბრაუზერის ან პროგრამის სახით. ეს პროგრამები, NetNanny და Cyber Patrol, სტანდარტული ბრაუზერებით – Firefox–ით და internet explorer–ით მუშაობს. სერვერის ფილტრების დაყენება კი ხდება არა მომხმარებელთა პერსონალურ კომპიუტერებზე, არამედ სერვერებზე, რომლებიც ემსახურება ლოკალურ ქსელს. ფილტრაცია გულისხმობს მოზარდებისთვის განსაზღვრულ შინაარსებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვას. კომპანია, რომელიც ამ სერვისს უზრუნველყოფს, ქმნის იმ საიტების შავ სიას, რომლებზეც წვდომა დაბლოკილია. წესისამებრ, ამ სიაში შეჰყავთ საიტების URL. შეიძლება აკრძალული სიტყვების შეყვანაც. მესამე გზაა ინტერნეტშინაარსების რეიტინგის შექმნა, რაც შესაძლებლობას იძლევა, ფილტრმა იმუშაოს შინარსის რეიტინგებზე დაყრდნობით, რომლებსაც მომხმარებლების მიერ შევსებული ანკეტების მიხედვით ადგენენ. მაგალითად, კომპანია Microsoft-ის მიერ შექმნილი ბრაუზერი Internet Explorer–ი ითვალისწინებს წვდომის შეზღუდვას ასოციაცია ICRA–ს (Internet Content Rating Association) სამარკო ნიშნების აღქმის გზით. ეს ინტერნეტშინაარსების შეფასების ყველაზე ცნობილი სისტემაა. მაგრამ ფილტრაციას თან ახლავს პრობლემა: შეზღუდვა შესაძლოა ზედმეტი ან არასაკმარისი აღმოჩნდეს. ასე რომ, ზემოთ აღწერილი გზა ინფორმაციის ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთი, მაგრამ არა იდეალური საშუალებაა.

შინაარსის შერჩევაში განსაკუთრებით გვეხმარება საძიებო სისტემები. ზოგი მათგანი მხოლოდ ბავშვებისთვის არის განკუთვნილი. მაგალითად, Yahooligans საგანგებოდ 7–დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის შეიმუშავეს. ამ სისტემას იმთავითვე დაბლოკილი აქვს ბავშვებისთვის შეუსაბამო ინფორმაცია. თუმცა თანამედროვე საძიებო სისტემები (google, yahoo!, Ask) საკმაოდ დახვეწილია. ისინი ეყრდნობიან ჩვენი და ჩვენი მსგავსი ინტერესების მქონე ინდივიდთა საძიებო ქცევებს.

მართალია, აღწერილი ინფორმაციული სიახლეები 100%–ით ვერ უზრუნველყოფს ინფორმაციის ხარისხს, მაგრამ საძიებო სისტემები, ფილტრაცია, რეიტინგებისა და რეკომენდაციების გაცნობა გვეხმარება, შევარჩიოთ ჩვენთვის საჭირო, ღირებული ინფორმაცია.

მართლაც, ციფრული ეპოქის ზოგიერთი აბორიგენი მასალას ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების დაცვით არჩევს. მაგრამ მოსწავლეთა გარკვეულ ნაწილს მაინც უჭირს ინტერნეტსივრცეში „ქატოსა და ფქვილის ერთმანეთისგან გარჩევა“ – ზემოთ აღწერილი ტექნოლოგების გამოყენება განსაზღვრულ ტექნიკურ უნარებს მოითხოვს და ახალბედა მომხმარებლისთვის შესაძლოა რთული აღმოჩნდეს.

ამრიგად, ჩვენი დროის გამოწვევად რჩება მოზარდებისთვის ჯანსაღი სკეპტიციზმის ჩასახვა ინფორმაციული ნაკადის მიმართ, რომელზეც მათ ხელი მიუწვდებათ ინტერნეტით, ტელევიზიით თუ სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით. მოზარდი აღჭურვილი უნდა იყოს იმ უნარებით, რომლებიც დაეხმარება მას ინფორმაციის სხვადასხვა წყაროს გადამოწმებაში, ვიდრე მას სრულ ნდობას გამოუცხადებდეს.

ამ სირთულეების დაძლევა ისევ ინტერპერსონალური კომუნიკაციის გზით არის შესაძლებელი. მაგალითად, მშობელმა აუცილებლად უნდა იცოდეს, რომელ საიტებს სტუმრობს მისი შვილი, რა მოსწონს და რა – არა. ეს უფროსებს მისცემს განსაზღვრულ წესებზე შეთანხმებისა და დამატებითი ინფორმაციის/ინსტრუქციების მიცემის შესაძლებლობას.

უდავოა, რომ დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ პედაგოგებსაც. უნდა ვიზრუნოთ ციფრული და მულტიმედიური კომპეტენციების განვითარებაზე, მივაწოდოთ მოსწავლეებს ინფორმაციის სანდოობის შემოწმების ინსტრუქციები (ან სანამ ვებგვერდს მივუთითებდეთ, დავფიქრდეთ იმაზე, ვისი შექმნილია იგი, სანდოა თუ არა ავტორთა ჯგუფი, დაშვებულია თუ არა მასალაში გრამატიკული და ორთოგრაფიული შეცდომები, შესაძლებელია თუ არა ავტორებთან დაკავშირება, ხომ არ გვხდება შინაარსის თვალსაზრისით საეჭვო ინფორმაცია, რომლის გადამოწმებაც სხვა წყაროებში ვერ ხერხდება, გასაგებია თუ არა გამოყენებული ლექსიკა, შეუძლია თუ არა მოსწავლეს მისი გაგება/დამუშავება, კარგად ჩანს თუ არა სურათები და ხელს უწყობს თუ არა ისინი ინფორმაციის აღქმას. ამასთანავე, უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის კოგნიტიური შესაძლებლობები, ინტერესები, ცოდნა. დღეს განსაკუთრებით აქტუალურია კრიტიკული აზროვნება, რომელიც აუცილებელია როგორც ციფრულ, ისე რეალურ სამყაროში გზის გასაკვლევად. თუმცა ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ძალზე დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ ვებგვერდების შემქმნელებსაც – მათ უნდა უზრუნველყონ მომხმარებელი სანდო და ღირებული ინფორმაციით და ღია, ინტერნეტსივრცეში არც ბავშვების ფაქტორი დაივიწყონ.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016წწ.
  2. https://ncp.ge/ge/curriculum/competencies/digital-literacy (ნახვა 21.07.2015)
  3. Палфри, Д., Гассер. У, (2011). Дети цифровой эры. ЭКСМО

ზუსტი სიტყვები

0

 

“დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა”.

იშვიათად არის სიტყვები ისეთი ზუსტი, როცა სხვა სიტყვებს ადგილს აღარ უტოვებს.

პერიოდულად ხდება  შემთხვევები, რომლებზეც ხმამაღლა და ბევრი უნდა ილაპარაკო, მიუხედავად იმისა, რომ რთულია, ყელში ბურთი გეჩხირება, ბრაზი გახრჩობს და სიტყვებს თავს ვერ უყრი.

2016 წლის 8 აგვისტოს სამტრედიის სოფელ დაფნარში 22 წლის დემურ სტურუამ თავი მოიკლა. თვითმკვლელობამდე წერილი დატოვა. ამ პოსტის დასაწყისში გამოტანილი ფრაზა მისი წერილის ბოლო წინადადებაა.

წერილში წერია, რომ მომხდარში დამნაშავე ადგილობრივი პოლიციელია, რომელიც მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და მოკვლით ემუქრებოდა, თუ არ ეტყოდა, ვის სად ჰქონდა “მოსაწევი” დათესილი. მისი მეგობრები მოგვიანებით გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში იტყვიან, რომ ძალადობის შემთხვევები წლობით გრძელდებოდა და, დემურის გარდა, სამართალდამცველებს სხვა მსხვერპლებიც ჰყავთ. უფლებადამცველები კი აღნიშნავენ, რომ ეს შემთხვევა შეუძლებელია ცალკე განვიხილოთ. ის ჩვენთან არსებული მახინჯი სისტემის ერთ-ერთი გახმაურებული გამოვლინებაა, ასეთები ხშირად ხდება და რაც უფრო მოშორებით ხდება ქვეყნის პოლიტიკურ ცენტრიდან, ანუ თბილისიდან,  მით უფრო ბრუტალურია.

აქტივისტები, რომლებიც დაფნარში ჩავიდნენ, ჰყვებიან ამბებს სახლსა და ეზოზე, რომელსაც ახალგაზრდა ბიჭი მარტო უვლიდა;  ბაღში დათესილ ლამაზ-ლამაზ ყვავილებზე; დედაზე, რომელიც საარსებო ფულის საშოვნელად თურქეთში დადიოდა სამუშაოდ; თანასოფლელებზე, რომლებსაც განსაკუთრებით უყვარდათ გარდაცვლილი და სხეულის დაზიანებებზე, რომელიც შეუიარაღებელი თვალისთვისაც ადვილად შესამჩნევი იყო და წერილში აღწერილი ძალადობის ნათელ ილუსტრაციას წარმოადგენდა.

დედა მარტო დარჩა, ცოცხალი ადამიანი ამბად გადაიქცა, მაგრამ რა ექნა, სხვა გზა არ ჩანდა.

ამბავი საყურადღებოა და ერთგვარი ტესტია ჩვენთვის, ვინც ცოცხლები ვართ, ვისაც არ გვინდა დავრჩეთ მარტო ან ჩვენი მშობლები დავტოვოთ უჩვენოდ; ვისაც გვესმის, რომ ადამიანის ყველაზე ძვირფასი ქონება მისი სიცოცხლეა და საშინელებაა, როცა მას აზრი ეკარგება, მასზე უარის თქმას გაიძულებენ. ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად შევაფასებთ ადამიანის სიცოცხლეს, როგორ მოვითხოვთ სახელმწიფოსგან სხვების დაცვას და რამდენ ხანს გვემახსოვრება ერთ-ერთი ყველაზე სულისშემძვრელი ფრაზა, რომელიც შეიძლებოდა სადმე წაგეკითხა.

ეს ფრაზა შესაძლოა ქუჩაში დაწერო, როგორც საპროტესტო მანიფესტი, ისე, როგორც ჩვენმა თანამედროვე ხელოვანებმა, მარიამ ნატროშვილმა და დეთუ ჯინჭარაძემ გააკეთეს; შესაძლოა საპროტესტო მანიფესტაციებზე გამოფინო, როგორც ძლიერი კომპრომატი ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელსაც არ ადარდებს სოფლებში მარტო მცხოვრები ბიჭები და საარსებო ფულის საშოვნელად მათი სხვა ქვეყნებში წასული დედები  ან სულაც ლიტერატურის გაკვეთილებზე განიხილო. ჩვენზეა დამოკიდებული. გააჩნია, ვინ როგორი პროტესტის ფორმას მივმართავთ რეალობის წინააღმდეგ, სადაც ადამიანებს ხან აქვთ სიცოცხლის და ღირსეულად ცხოვრების უფლება, ხან – არა.

13920764_1806493916258949_6549329222061862114_n

ცოტა რამ ბრიტანელ მასწავლებელთა პრობლემების შესახებ

0

ახლახან დიდმა ბრიტანეთმა მსოფლიოს სამწუხარო სტატისტიკა ამცნო: სკოლის დამწყებ პედაგოგთა 73% სამსახურს თავს ანებებს, ძირითადად, მძიმე პროფესიული დატვირთვის გამო. ბრიტანეთის მასწავლებელთა და პედაგოგთა ასოციაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ ახალბედა პედაგოგები, ასევე ისინი, ვისაც ხუთწლიანი სტაჟი აქვს, პროფესიას საკმაოდ ხშირად ტოვებს.

გამოკითხვის შედეგების გაანალიზების შემდეგ გამოცემა „გარდიანი“ შეეცადა, დაედგინა, რატომ ირჩევენ ახალგაზრდა ბრიტანელი სპეციალისტები მასწავლებლის პროფესიას და, საბოლოოდ, რატომ იღებენ სკოლის კედლების დატოვების გადაწყვეტილებას. კვლევის შედეგები საკმაოდ დამაფიქრებლად გამოიყურება: გამოკითხულ პედაგოგთა 70%-ზე ცოტა მეტი მძიმე სამუშაო დატვირთვას უჩივის, 54% კი უახლოესი ათი წლის განმავლობაში აღარ აპირებს პროფესიაში დაბრუნებას.

ამის მიუხედავად, გამოკითხვას დადებითი მხარეებიც აქვს, მათ შესახებ ქვემოთ გიამბობთ. ახლა კი იმ ხუთი ძირითადი მიზეზის შესახებ, რომელთა გამოც მასწავლებლები სამუშაოს თავს ანებებენ.

დიდი დატვირთვა – ეს ბრიტანელი მასწავლებლის პროფესიით უკმაყოფილების უმთავრესი მიზეზია. გამოკითხულ პედაგოგთა 87% ირწმუნება, რომ სამსახურეობრივი დატვირთვა მისთვის ყველაზე დიდი დემოტივატორია. მასწავლებელთა 53% აცხადებს, რომ საკუთარი საქმიანობის გასაანალიზებლად და მასზე დასაფიქრებლად დრო არ ჰყოფნის, 31% კი იმითაც  უკმაყოფილოა, რომ ყველაფრის აღრიცხვა უწევს, რაც ძალიან დამქანცველია.

შეკითხვაზე, რომელიც ცხოვრებასა და სამუშაოს შორის ბალანსის დაცვას შეეხებოდა, სტაჟიორი მასწავლებლების 79%-მა უპასუხა, რომ ამ წონასწორობას ვერ გრძნობს. მათგან 46%-ს დასვენების დღეებში 6-დან 10 საათამდე მუშაობა მაინც უწევს. გამოკითხულთა უმრავლესობამ, უფრო ზუსტად 81%-მა აღნიშნა, რომ თავიანთი გატაცებებისთვის, თავისუფალი დრო საერთოდ არ რჩება. მასწავლებლების 80% კი დროს ჩვეულებრივი გართობისთვისაც ვეღარ პოულობს.

კვლევაში იყო ასეთი შეკითხვაც: რა უნდა გაკეთდეს  სამუშაოსა და ცხოვრებას შორის ბალანსის დასაცავად? პასუხებზე დაყრდნობით, როგორც ჩანს, ახალგაზრდა მასწავლებლები ერთ რამეზე თანხმდებიან – ცხოვრება და მუშაობა უფრო მარტივი და სახალისო იქნებოდა, თუკი უაზრო „ქაღალდომანიაზე“ ნაკლებ ძვირფას დროს დაკარგავდნენ.

მედიის დამოკიდებულება მასწავლებლის პროფესიის მიმართ – ეს მეორე მიზეზია, რის გამოც ახალგაზრდა მასწავლებლები სკოლებიდან მიდიან. პედაგოგთა ორ მესამედს აქვს შეგრძნება იმისა, რომ მათი შრომა დაუფასებელია და ასეთ განწყობას მედიის კრიტიკული შეფასებებიც განაპირობებს.

გამოკითხული სკოლის მასწავლებლების მეოთხედმა სწავლების სტანდარტის მუდმივი ცვლილებები დაასახელა პროფესიის დატოვების სურვილის მთავარ მიზეზად. ბოლო ათი წლის განმავლობაში ბრიტანეთის განათლების სისტემაში ძალიან ბევრი ცვლილება მოხდა.

შეკითხვას, რა შეიძლება სახელმწიფომ გააკეთოს იმისათვის, რომ განათლების სისტემის რეფორმები უფრო მარტივად ტარდებოდეს, მასწავლებლები პასუხობდნენ: სურვილი გვაქვს მომავალი რეფორმების შედეგები უფრო სიღრმისეულად ფასდებოდეს, რომ შემდგომში ყველა დაზღვეული იყოს შეცდომებისგან.

გამოკითხულ მასწავლებელთა თითქმის მეოთხედს პროფესიიდან წასვლას მოსწავლეების ქცევები აიძულებს. ბრიტანეთში განათლების სტანდარტების მართვის ერთ-ერთი კვლევის თანახმად, სკოლის მასწავლებლები დღეში საგაკვეთილო დროის ერთ საათს კლასში დისციპლინური პრობლემების მოგვარებას უთმობენ.

რა გამოსავალს გვთავაზობენ თავად მასწავლებლები? გამოკითხულთა 83% მიიჩნევს, რომ გაკვეთილისთვის დამატებითი მომზადება და მისი წინასწარი დაგეგმვა ხელს შეუწყობს ამ პრობლემის გადაწყვეტას, 42% უფრო გამოცდილი კოლეგებისთვის მენტორობას ისურვებდა.

ერთ-ერთ დამატებით შეკითხვაზე, რა არ უყვართ მასწავლებლებს თავიანთ პროფესიაში, 63%-მა უკიდურესად არასასიამოვნო გრძნობები გამოხატა განათლების სტანდარტების მართვის ინსპექციების მიმართ.

კვლევამ გამოავლინა ის პრობლემები, რომელიც ბრიტანელ მასწავლებლებს აწუხებდათ. ამან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მასწავლებლის პროფესია  რთულია და ხელისუფლების მხრიდან ყურადღებას იმსახურებს.

კვლევაში იყო რამდენიმე შეკითხვა, რომელიც იმ მიზეზთა ჩამონათვალსაც ადგენდა, თუ რატომ აირჩიეს ახალგაზრდა პედაგოგებმა თავის დროზე ეს პროფესია. პასუხები ასეთია:

858 გამოკითხულიდან 80%-მა აღიარა, რომ მასწავლებლის პროფესია მოზარდებთან მუშაობის გამო აირჩია. 75%-მა კი აღნიშნა, რომ ეს კეთილშობილი სამუშაოა.

გრძელი შვებულება და არდადეგები – იყო ასეთი პასუხიც, რის გამოც მასწავლებლობა სასურველი პროფესია აღმოჩნდა.

მრავალფეროვანი საქმიანობა – კიდევ ერთი პოპულარული მიზეზი მასწავლებლობისათვის. გამოკითხულთა 57%-მა სწორედ ეს პუნქტი შემოხაზა. ადამიანებს მოსწონთ, რომ ყოველი ახალი დღე წინას არ ჰგავს, რომ მათი მოსწავლეებისგან ახალი იდეები მოდის, თვითონ კი საშუალება აქვთ, კლასს ცოდნა გაუზიარონ.

გამოკითხულთა 57%-მა მასწავლებლის მოტივაციად ისიც დაასახელა, რომ მასწავლებლობა სახალისოა. თუმცა 47% თავის სამუშაოში მეტ თავისუფლებას ისურვებდა, 70% კი კოლეგებთან გამოცდილების მეტ გაზიარებას.

ახალბედა მასწავლებლების 37%-ს მასწავლებლობა იმიტომ მოუნდა, რომ ბავშვობაში კარგი პედაგოგების მაგალითები ჰქონდა.

დაბოლოს – საგნის სიყვარული, მასწავლებლის პროფესიაში შესვლის მშვენიერი მიზეზი. როგორც ცნობილია, კარგ მასწავლებელს სხვებისთვის იმის სწავლებაც შეუძლია, რაც თვითონ არ იცის, მაგრამ ეს წესი მხოლოდ მაშინ მოქმედებს, როცა მასწავლებელს გულწრფელი ინტერესი ამოძრავებს და ნამდვილად გატაცებულია თავისი დისციპლინით. უნდა გიყვარდეს ისინი, ვისაც ასწავლი და ის, რასაც ასწავლი – ეს არის მასწავლებლობის „ოქროს წესი“.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთში მასწავლებლობა საკმაოდ შრომატევადი პროფესიაა. მასწავლებელი, მიუხედავად გაკვეთილების რაოდენობისა, ვალდებულია მთელი დღე სკოლაში გაატაროს (დილის ცხრის ნახევრიდან საღამოს ოთხის ნახევრამდე). მასწავლებელს ეკრძალება დამატებითი გაკვეთილები ჩაუტაროს თავისი სკოლის მოსწავლეს, ზოგ კერძო სკოლაში კი მას კონტრაქტით ეკრძალება რეპეტიტორობა. ამისათვის შეიძლება სამსახურიდან დაითხოვონ.

ბრიტანულ სკოლები უკვე სამი წელია ახალგაზრდა კადრების მწვავე პრობლემას განიცდიან. შარშან განსაკუთრებით მკვეთრად იგრძნობოდა ახალგაზრდა მასწავლებელთა კლება რელიგიურ საგნებში, მუსიკაში, გეოგრაფიაში, ინგლისურ ენასა და მათემატიკაში. ექსპერტთა ვარაუდით, თუ უახლოეს მომავალში მდგომარეობა არ გამოსწორდა, სკოლების ადმინისტრაცია იძულებული გახდება პედაგოგობა  ნაკლებად კვალიფიციურ პერსონალს შესთავაზოს, რაც ნეგატიურად აისახება მოსწავლეთა სწავლების ხარისხზე და გააძლიერებს რეპეტიტორების ინსტიტუტს.

ბევრი ექსპერტი სკოლის განათლების სისტემაში არსებულ კრიზისს ემიგრანტთა მატებით ხსნის. ნაციონალური სტატისტიკის სამმართველოს მონაცემებით, ბრიტანეთში ყოველწლიურად, საცხოვრებლად თუ დროებით, 330 ათასი ადამიანი ჩამოდის, რაც პატარა ქვეყნისთვის დიდი დარტყმაა. სასკოლო სივრცეები ვერ იტევენ მოსწავლეებს. 370 ათასი ბავშვიდან, რომლებიც პირველად უნდა წავიდნენ სკოლაში, 18%-ს გადატვირთულ კლასში სწავლება უწევს.

.

პრობლემური  სიტუაციის  გადაჭრა გაკვეთილზე ევრისტიკული ძიების გზით

0

საგაკვეთილო პროცესი მოსწავლეებისაგან მრავალი რთული სააზროვნო ოპერაციის შესრულებას მოითხოვს. მათ შორისაა პრობლემური სიტუაციის  შექმნა. მისი გადაწყვეტა უმნიშვნელოვანესია. ფსიქოლოგების აზრით, პრობლემური სიტუაცია თავად განსაზღვრავს და წარმართავს აზროვნების პროცესს,  მაგრამ როგორც კი ის იქმნება, აზროვნება იწყებს პრობლემის გადაჭრის გზის ძიებას, რაც პარალელურად მთელი რიგი კოგნიტური პროცესების გააქტიურებას იწვევს.

 

პრობლემური  სიტუაციის  გადაჭრასა და  პრობლემის მოგვარებაში უდიდეს  როლს  ასრულებს ევრისტიკა. იგი ერთგვარი შემოკლებული გზაა რთული ამოცანების გადასაჭრელად, მაშინ, როცა პრობლემის გადაჭრისთვის ანალიზი არასაკმარისია და ამოცანას ართულებს ურთიერთსაწინააღმდეგო და არასრული ინფორმაცია, დროის სიმცირე, გაურკვევლობა და ა.შ. ის იმ ამოცანების ამოხსნაში გვეხმარება,    რომელზე პასუხის მიღების გზებიც გამოკვეთილი არ არის და რომელიც უნდა ვიპოვოთ, აღმოვაჩინოთ, გამოვიკვლიოთ და რომელზე დაყრდნობითა და სათანადო კითხვებით უნდა დავადგინოთ ჭეშმარიტება  (ევრისტიკა (ბერძნ. Heuriskō  -„ვპოულობ“), ამიტომ სასწავლო პროცესში იმ ტიპის დავალებების შესრულება, რომელიც მოსწავლეს  დაეხმარება პრობლემის გადაჭრის ტექნიკების ათვისებაში და გააცნობს ევრისტიკული ძიების გზებს, ერთობ საჭირო და აუცილებელია.

 

ამგვარ საკითხებზე მუშაობისთვის მასწავლებელს შეუძლია წინასწარ დაგეგმოს გაკვეთილი, მოამზადოს საჭირო რესურსები  (ან თუნდაც მიმდინარე საგაკვეთილო ფორმატში შეძლოს მიზნის მიღწევა) და შესაბამისი სტრატეგიების მოშველიებით გავიდეს შედეგზე. არჩევანი  შეიძლება შეჩერდეს ნებისმერ პრობლემურ საკითხზე, რომლის ღრმად შესწავლის საშუალებას  სახელმძღვანელოში  წარმოდგენილი მასალა არ იძლევა და მოითხოვს დამატებითი მასალების მოშველიებას.  მაგალითად, VII კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში საუბარია ჯერ რომის რესპუბლიკაზე და შემდეგ რომის იმპერიაზე, მაგრამ  მასალის წინასწარი დამუშავებისას ცხადი ხდება, რომ  მმართველობის ცვლილების წარმოდგენილი მიზეზები ღია სივრცეს ტოვებენ შემდგომი მუშაობისათვის. მასწავლებელს შეუძლია, გამოიყენოს აღნიშნული პრობლემური სიტუაცია  და საკითხი, თუ რამ გამოიწვია ესოდენ დიდი ცვლილებები და რა შედეგებით დასრულდა, ღრმად გაანალიზებინოს მოსწავლეს საკითხი და აპოვნინოს პასუხები.

 

განვიხილოთ  ევრისტიული  ძიების   გზით   პრობლემის   გადაჭრის   კონკრეტული მაგალითი

საგანი – ისტორია.

კლასი – VII .

გაკვეთილი  – &14, რომის იმპერია.

გაკვეთილის მიზანი – მოსწავლემ უნდა შეძლოს  ფაქტებისა და მოვლენების დაკავშირება, შედარება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარება, ანალიზი, მსჯელობა, ცნებების განმარტება, ვიზუალური მასალის გამოყენება, მიღებული ცოდნის განზოგადება და კონკრეტული პასუხების მიღება შეკითხვაზე, თუ რა გახდა რომის რესპუბლიკის მარცხისა და იმპერიის წარმოშობის მიზეზები (ისტ.VII.1, 2, 3, 4).

სწავლი მეთოდი: პრობლემური, ევრისტიკული.

მუშაობის ორგანიზაციის ფორმა: ინდივიდუალური, ჯგუფური, წყვილებში.

ტექნიკური საშუალებები: დაფა, პროექტორი, ვიზუალური მასალა, სახელმძღვანელო (ისტორია, VII, ბაკურ სულაკაურის გამომც.),   ნარატივები.

ძირითადი ცნებები, რომლებსაც გაკვეთილზე შეისწავლიან: რესპუბლიკა, იმპერია, კრიზისი, სამოქალაქო ომი, დიქტატურა.

ლექსიკონი: რესპუბლიკა „საერთო სახალხო საქმე“, სახელმწიფო, რომელსაც მართავენ ხალხის მიერ გარკვეული  ვადით არჩეული მმართველები; იმპერიამონარქია, როდესაც სახელმწიფოს მეთაური  ატარებს იმპერატორის ტიტულს; კრიზისი – დიდი გარდატეხა, მკვეთრი ცვლილება,  მძიმე გარდამავალი პერიოდი;  სამოქალაქო ომი – ხანგრძლივი შეიარაღებული კონფლიქტი სახელმწიფოს შიგნით არსებულ დაპირისპირებულ ძალებს შორის სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით; დიქტატურა – ძალაუფლება, რომელიც არ შეზღუდულია კანონმდებობით; კეისარი – ზოგადად მონარქის აღმნიშვნელი  სიტყვა,  ძველი რომის იმპერატორების ტიტული.

 

გაკვეთილის მიმდინარეობა:

I  ეტაპი – კლასის ორგანიზება; პრობლემური სიტუაციის შექმნა და პრობლემის  ფორმულირება.

კლასის ორგანიზების შემდეგ მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს შეკითხვებით,  ხოლო მოსწავლეები  არსებული  ცოდნისა   და  მასწავლებლის მიერ შეთავაზებული დავალებების  საფუძველზე  იძლევიან პასუხებს (სქემა 1):

 

სქემა 1

 

მასწავლებელი მოსწავლე
1. როგორი იყო სახელმწიფო მმართველობის ფორმა რომში ძვ.წ. I ს-ში?

2. რას ნიშნავს რესპუბლიკა?

3. როდის შეიქმნა  რომის რესპუბლიკა? რა დამოკიდებულება ჰქონდათ რომაელებს რესპუბლიკის მიმართ?

 

 

1. რესპუბლიკა;

2. „საერთო სახალხო საქმეს“, სახელმწიფოს, რომელსაც მართავენ ხალხის მიერ გარკვეული  ვადით არჩეული მმართველები;

3. ძვ.წ. VI ს-ში; რომაელები იბრძოდნენ რესპუბლიკისთვის, ამაყობდნენ თავიანთი მიღწევებით.

მასწავლებლის შენიშვნა:

ჩვენი გაკვეთილის თემაა რომის იმპერია. რა წინააღმდეგობას ხედავთ თქვენ მიერ გაცემულ პასუხებსა და სასაუბრო თემას შორის?

რომი იყო რესპუბლიკა და გახდა იმპერია, რომაელებს გარკვეული პერიოდის შემდეგ რესპუბლიკის მაგივრად  ხელში  იმპერია შერჩათ.

 

 

II  ეტაპი – წყაროზე  მუშაობა

მასწავლებელი ეკრანზე აჩვენებს ტექსტს N1,2 (რომელიც ასევე ინდივიდუალური ბარათების სახით დაურიგდათ მოსწავლეებს) და სთავაზობს მოსწავლეებს, გაეცნონ დავალებას და შეასრულონ ის (სქემა 2):

 

სქემა 2

მასწავლებელი მოსწავლე
 

ტექსტი N1 – „ნამდვილი რომაელები რესპუბლიკელები არიან. მათი პირველი გმირი იყო ბრუტუსი, რომელმაც  ძვ.წ. VI ს-ში  მოაწყო აჯანყება უკანასკნელი მეფის წინააღმდეგ.  ამის გამო აჯანყებულებმა ის  თავიანთ პირველ კონსულად დანიშნეს, შემდეგში კი ძეგლიც დაუდგეს. დაახლოებით 500 წლის შემდეგ, როდესაც რესპუბლიკის კრიზისი დადგა,  მისმა  ერთ-ერთმა დამცველმა – კატონ უმცროსმა, რესპუბლიკელებიდან ერთადერთმა, სწორად შეაფასა შექმნილი ვითარება,  შემდგომი წინააღმდეგობა უაზროდ ჩათვალა და თავის მომხრეებს კეისართან შერიგება სთხოვა. თვითონ კი, ხელში კეისარს რომ არ ჩავარდნოდა და შემდეგ მისგან შეწყნარება არ მიეღო (კეისარი მას აუცილებლად აპატიებდა, ეს კი აუტანელი იქნებოდა მისთვის) თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ასე დაიღუპა კატონი, არისტოკრატულ-რესპუბლიკურ პრინციპთა ყველაზე მეტად თანმიმდევრული და შეუპოვარი დამცველი, უპატიოსნესი პიროვნება და რესპუბლიკის უკანასკნელი ბურჯი“.

ტექსტი N2 – „რომის დიქტატორს თავადვე რომაელები უჭერდნენ მხარს. მაგრამ იყვნენ მოწინააღმდეგეებიც. ძვ.წ. 44 წელს დიქტატორ იულიუს კეისრის წინააღმდეგ ძველი ბრუტუსის შთამომავალმა მარკუს იუნიუს ბრუტუსმა მოაწყო შეთქმულება. კეისრის სიკვდილის შემდეგ   რომში არეულობა დაიწყო  და  აღშფოთებულმა  რომაელებმა რესპუბლიკის მომხრე მრავალი სენატორი ამოხოცეს. ბრუტუსმაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.  მოგვიანებით რომაელებმა მთელი ძალაუფლების პირველი იმპერატორისთვის – ოქტავიანე ავგუსტუსისთვის“ – გადაცემა აღიარეს.

დავალება: „შეადარეთ ეს ორი ფაქტი ერთმანეთს. რა შეკითხვები დაიბადა   ფაქტების შედარების შედეგად?“

 

მოსწავლეები  ასრულებენ დავალებას, ადარებენ ერთმანეთს ტექსტურ ინფორმაციას. ანალიზისას ჩნდება შეკითხვები: როდის მოხდა? რატომ მოხდა? რისთვის? რა მიზნით? რამ განაპირობა  ცვლილებები?

შედეგად  გამოიკვეთება  საგაკვეთილო  საქმიანობის  ძირითადი მიზანი, ანუ  პრობლემა, რომელსაც დაწერენ დაფაზე:

რატომ გაანადგურეს რომაელებმა რესპუბლიკა?

 

 

 

III  ეტაპი – ვერსიების შემუშავება:

მასწავლებელი  მიმართავს  მოსწავლეებს: „რა ვერსიები გაქვთ კითხვაზე პასუხის გასაცემად, საკითხის გადასაწყვეტად და პრობლემის მოსაგვარებლად?“

 

მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში, მოსაზრებებს ჩამოწერენ რვეულებში, ხოლო მუშაობის დასრულების შემდეგ   ყველა ვერსიას  ჩამოწერენ დაფაზე.

 

IV  ეტაპი – მასწავლებლი  ავალებს  მოსწავლეებს,  წაიკითხონ ეკრანზე გაშლილი ტექსტი (რომელიც ასევე ინდივიდუალური ბარათების სახით დაურიგდათ)    და  ინფორმაცია განიხილონ ჯგუფებში (სქემა 3):

 

სქემა 3

 

მასწავლებელი მოსწავლე
 

ტექსტი 3 – პლუტარქე (ახ.წ. I  ს.)  მოგვითხრობს:   „რომი ჰგავდა ხომალდს, რომელიც უმართავად მიემართებოდა. რომაელებს მხოლოდ ის სურდათ, როგორმე გამხდარიყვნენ კონსულები, დამსხდარიყვნენ მაგიდებთან და უსირცხვილოდ  შეესყიდათ ხორბალი. არჩევნების დღეს ღარიბობა ცხადდებოდა კრებაზე და მზად იყვნენ იმის მხარე დაეჭირათ, ვინც ფულს მისცემდა. მაგრამ რომაელები იბრძოდნენ არამარტო ხმის მიცემისთვის, არამედ იარაღისთვისაც. არჩევნები რომში ნამდვილ ბრძოლად გადაიქცა, იყვნენ მოკლულებიც და დაჭრილებიც. საქმე ისე წავიდა, რომ ერთხელ მთელი შვიდი თვის განმავლობაში ვერ აირჩიეს კონსული… ამავე დროს რომი უფრო და უფრო ეფლობოდა სიღარიბის ჭაობშიც. საღად მოაზროვნე ადამიანები ფიქრობდნენ, რომ სახელმწიფოს ვერაფერი გადაარჩენდა,  გარდა ერთხელისუფლებიანობისა“.

 

შეკითხვები:

1. როგორ  უნდა გამხდარიყავი  კონსული რომში? როგორ ირჩევდნენ მათ?

2.პ ლუტარქეს აზრით, ვისთვის და რისთვის იბრძოდ რომის უღარიბესი მოსახლეობა?

3. როგორ აფასებს პლუტარქე რომში შექმნილ  ვითარებას?

4. რაში ხედავდნენ „საღად მოაზროვნე“ ადამიანები რომის გადარჩენას? რა განასხვავებდა მას წინა ხელისუფლებისაგან?

 

მოსწავლეები  პასუხობენ:

1. მოსყიდვის გზით;

2. მათთვის, ვინც გადაუხდიდა;

3. არეულობად, რომმა დაკარგა სიმშვიდე;

4. ერთხელისუფლებიანობის დამყარებაში, რაც განსხვავდებოდა  რესპუბლიკისგან.

 

 

მუშაობის შედეგად გამოიკვეთება პრობლემის გადაჭრის ძირითადი ვერსია:

რესპუბლიკური  მმართველობა არაეფექტური გახდა. ის მეტად ვეღარ წყვეტდა  გამწვავებულ პრობლემებს.

 

 

IV – პრობლემის გადაჭრის ორგანიზება:

 

მასწავლებლის  მიმართვა  მოსწავლეებს: „მას შემდეგ, რაც შევიმუშავეთ ვერსია, თუ რატომ  გაანადგურეს  რომაელებმა  რესპუბლიკა,  საჭიროა,  კიდევ   ერთ  საკითხზე  გავამახვილოთ ყურადღება  – არის რაღაც, რაც აუცილებლად უნდა გავიხსენოთ სრული პასუხის მისაღებად. რა  არის ეს? რის გაგებაა აუცილებელი?“

 

მოსწავლეები მსჯელობენ, შედეგები კი (პასუხები/შეკითხვები)  ჩამოიწერება დაფაზე:

ა)  უნდა გავიხსენოთ, რა სახის ცვლილებები განიცადა რომის სახელმწიფომ საუკუნეთა მანძილზე;

ბ) უნდა მოვიფიქროთ, რა შედეგებს მოუტანდა რომს ეს ცვლილებები? რა  პრობლემებს წარმოშობდა? როგორ შეიძლებოდა ამ პრობლემის გადაჭრა?

გ) როგორ ან რა სახით შეუწყობდა  ხელს ეს ცვლილებები  რომის განადგურებას?

 

მოსწავლეები  მსჯელობენ, სად და როგორ იპოვონ შეკითხვებზე პასუხები, როგორ  შეიძლება შეივსონ არასაკმარისი ცოდნა და ამის  შესაბამისად  რვეულებში ჩამოწერენ სამოქმედო გეგმას.

 

V ეტაპზე  ხდება  ძირითადი ცოდნის აქტუალიზაცია – მოსწავლეები მოქმედებენ გეგმის მიხედვით, ამოწმებენ მიზანს, პოულობენ და ასწორებენ მსჯელობისას დაშვებულ შეცდომებს, აანალიზებენ ფაქტებს, განაზოგადებენ და აკეთებენ შესაბამის დასკვნებს, იყენებენ ვიზუალურ მასალას (რომის იმპერიის რუკას). ეს ეტაპი მიმდინარეობს კითხვა-პასუხის რეჟიმში და მოსწავლეებიც კითხვებზე პასუხებს იწერენ  რვეულებში, პასუხებში  ისინი აქცენტს  რომის რესპუბლიკაში მომხდარ ცვლილებებზე აკეთებენ (სქემა 4):

 

სქემა 4

მასწავლებელი მოსწავლე
1.რა  მოვლენებს ჰქონდა ადგილი  რომში   ძვ. წ. II-I  სს-ში?

2.რით იყო გამოწვეული ეს მოვლენები?

3. რა მოჰყვა შედეგად ამ მოვლენებს?

4. რა დასკვნების გამოტანის საშუალებას გვაძლევს რომის სახელმწიფოს  რუკა?

mf

 

1. სოციალურ მღელვარებებს, კონფლიქტებს, აჯანყებებს, ომებს;

2. იმ პოლიტიკით, რომელსაც რომის მმართველები აწარმოებდნენ;

3. სოციალური მღელვარებებს, კონფლიქტებს, აჯანყებებს, ომებს რომაელებისთვის დიდი ზიანი მოჰქონდა, როგორიცაა  უკმაყოფილება, დაბალი ფენების გაღარიბება, უკმაყოფილება მმართველი ფენის მიმართ და ა.შ. თუმცა ომების შედეგად გაიზარდა რომის სახელმწიფო საზღვრები, გაიზარდა მეურნეობაში მონური შრომის გამოყენებაც, არმიის მნიშვნელობაც, რომის არმია დაქირავებულ  არმიად გადაიქცა;

4. რომი შესამჩნევად გაძლიერდა და ტერიტორიულად გაიზარდა, რაც სხვა ქვეყნების ეკონომიკური რესურსების  გამოყენების საშუალებასაც მისცემდა მათ, თუმცა პარალელურად გაზრდიდა წინააღმდეგობასაც დაპყრობილი მოსახლეობის მხრიდან.

 

 

მოსწავლეთა პასუხები ჩამოიწერება დაფაზე.

 

VI პრობლემის გადაჭრის გზის ძიება (ახალი ცოდნის აღმოჩენა):

მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს, იმუშაონ სახელმძღვანელოსა და ეკრანზე გაშლილ ტექსტებზე (ტექსტი N4,5)  და უპასუხონ შეკითხვებს, რომელიც დამატებით ცოდნას მისცემთ პრობლემის გადასაჭრელად.

 

მოსწავლეები  ასრულებენ დავალებას, აანალიზებენ  სახელმძღვანელოსა  და ეკრანზე წარმოდგენილ მასალას და პოულობენ იმ პასუხებს, რომელიც აუცილებელია სასწავლო ამოცანის ამოხსნისთვის (სქემა 5):

 

სქემა 5

მასწავლებელი მოსწავლე
 

ტექსტი N4  – „ძვ.წ. II-I სს-ში რომაელებმა, რომლებიც მონურ შრომას იყენებდნენ, დაიწყეს მიწის კიდევ უფრო ღრმად დამუშავება, რამაც ერთიორად გაზარდა მოსავლიანობა. ბეტონის გამოგონებამ, ბერძნულ გამოცდილებასა და იმავე მონურ შრომაზე მაქსიმალურად დაყრდნობამ  რომის სწრაფ ზრდას შეუწყო ხელი.  გაჩნდა საზოგადოებრივი დანიშნულების შენობები, წყალსადენები, აბანოები, ამფითეატრები, სავაჭრო  ობიექტები, მდიდრული ვილები და რამდენიმე სართულიანი შენობები. იტალიის ქალაქები და პროვინციები ქვაფენილებით დაიფარა, რომის მოქალაქეები მიეჩვივნენ ფუფუნებაში ცხოვრებას“.

ტექსტი N5  – მაგრამ  ამავე  დროს  რომში  სხვა  მდგომარეობაც შეიმჩნეოდა. როგორც სახალხო ტრიბუნი ტიბერიუს გრაკხუსი აღნიშნავდა, „ველურ მხეცებსაც კი ჰქონდათ ბუნაგი, მაშინ, როდესაც რომაელ მოქალაქეებს დარჩათ მხოლოდ ჰაერი და მზე. და  მათ, ვისაც მსოფლიო  მბრძანებლებს  ვუწოდებთ, სინამდვილეში  საკუთარი მიწის ნაგლეჯიც კი არ  გააჩნიათ“.

 

 

შეკითხვები:

1. რა იყო აღნიშნული ცვლილებების მიზანი და  რა შედეგებამდე მიიყვანა რომი  ამ ცვლილებებმა?

2. დაპყრობითმა ომებმა იკეთე მოუტანა რომის რესპუბლიკას თუ პირიქით, იმპერიის დაარსების მიზეზად იქცა?

3. როგორ შეიძლება შევაფასოთ რომაული დაპყრობების მნიშვნელობა?

 

 

აღნიშნული  ცვლილებების მიზეზი  იყო დაპყრობილი ტერიტორიებიდან დამატებითი შემოსავლების მიღება და ცხოვრების დონის გაზრდა, თუმცა მაღალი ფენების ფუფუნებისკენ სწრაფვამ  გამოიწვია გადასახადების ზრდა და ღარიბი ფენის კიდევ უფრო უკიდურესად გაღარიბება, სოციალური დაპირისპირება და მღელვარებები, რამაც საბოლოო ჯამში გამოფიტა რომის რესპუბლიკის ძლიერება და ხელი შეუწყო  მმართველობის იმპერიული ფორმის ჩამოყალიბებას.

 

 

 საკითხის კიდევ უფრო ღრმად გააზრებისთვის მასწავლებელი მოსწავლეებს  დამატებით დავალებას აძლევს  (სქემა 6):

 

სქემა 6

მასწავლებელი მოსწავლე
 

დავალება – უპასუხეთ შეკითხვებს:

1. შეადარეთ ერთმანეთს ზემოთ მოტანილი ფაქტები, არგუმენტები და  შეფასებები. რა წინააღმდეგობას ხედავთ მათ შორის? რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან?

2.  მოსახლეობის რომელ დაჯგუფებებს შორის შეიძლებოდა წარმოშობილიყო დაპირისპირება?

3. რაში ხედავდა საზოგადოების გარკვეული ნაწილი რომის სახელმწიფოს გადარჩენის გზას?

 

 

1. მოსწავლეები ადარებენ და ახარისხებენ ზემოთ მოტანილ ინფორმაციას;

2. მეომრებს, სენატორებს, ოპტიმატებს, პოპულარებს, არისტოკრატიას, პლებეებს, მონებს და ზოგადად საზოგადოების ძირითად ფენებს შორის;

3. გადარჩენის გზა შეიძლებოდა ყოფილიყო ძლიერი ერთპიროვნული ხელისუფლების ჩამოყალიბება.

 

 

 

მოსწავლეთა   პასუხები ჩამოიწერება დაფაზე სქემის სახით;

 

VII ევრისტიული ძიების გზით პრობლემის გადაჭრისას მიღებული შედეგები (სქემა 7):

 

სქემა 7

 

მასწავლებელი მოსწავლე
 

მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს:

1. მაშ ასე, ჩვენ ერთად გავაანალიზეთ ის სიტუაცია, რომელიც რომში ძვ.წ. II-I სს-ში შეიქმნა. რა დასკვნები შეგვიძლია გავაკეთოთ აქედან? შეგვიძლია თუ არა იმის თქმა, რომ რომის სახელმწიფო მოცემულ ეპოქაში კრიზისის ხანაში შევიდა? მოიტანეთ არგუმენტის შესაფერისი მტკიცებულება;

 

2. მასწავლებელი:

თქვენი აზრით, როგორ აისახებოდა შექმნილი სიტუაცია რესპუბლიკის დამცველებზე – დადებითად თუ უარყოფითად? მათი მდგომარეობა გამყარდა თუ პირიქით?

მოძებნეთ პასუხი სახელმძღვანელოს ტექსტში;

3. მასწავლებელი:

არსებობდა თუ არა სხვა გამოსავალი შექმნილ სიტუაციაში? რა გზა გამოიკვეთა რომაელთა მხრიდან? კითხვაზე პასუხისთვის კიდევ ერთხელ ყურადღებით გადახედეთ ტექსტებს.

 

4. მასწავლებელი:

ასეთი ერთპიროვნული მმართველი გახდა იულიუს კეისარი. მორიგი სამოქალაქო ომის შედეგად კეისარი რომის დიქტატორი  გახდა. რამდენად იყო საჭირო დიქტატურის დამყარება?

 

5. მასწავლებელი:

რა ნიშნები მეტყველებენ ხელისუფლების დიქტატურაზე?

შეიძლებოდა თუ არა, რომ კეისრის  დიქტატურისთვის  „რესპუბლიკური მმართველობა“ გვეწოდებინა?

 

1. მოსწავლეები: დიახ, რომში ამ დროს შეიქმნა მძიმე მდგომარეობა, დაიწყო აჯანყებები, სამოქალაქო ომი (მოსწავლეები აყალიბებენ ყველა დასკვნას, რომელიც ხელთ აქვთ), ეს კი ნამდვილად იყო კრიზისი, ანუ  „მძიმე მდგომარეობა“;

 

2. მოსწავლეები გამოთქვამენ მოსაზრებებს, მიუთითებენ, რომ რესპუბლიკის დამცველების მდგომარეობა, სავარაუდოდ, შეირყეოდა და ასეც მოხდა, რის დასამტკიცებლადაც მოაქვთ ნაწყვეტი სახელმძღვანელოდან;

 

3. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ რესპუბლიკურისგან განსხვავებული მმართველობის ფორმა – ერთპიროვნული ხელისუფლების დამყარება;

 

4. სამოქალაქო ომებმა დააფიქრა რომის მდიდარი მოქალაქეები, რომ მათი ძალაუფლების დასაცავად აღარ კმაროდა რესპუბლიკური მმართველობა, ამიტომ ისინი არ ეწინააღმდეგებოდნენ კეისარს.

 

5. არგუმენტირებისას გამოიკვეთება მოსაზრება, რომ რადგან ამ ცვლილებების გამო აღარ მოხდებოდა ხელისუფლების არჩევა და ყველა დაექვემდებარებოდა დიქტატორს, ამიტომ ეს აღარ იყო რესპუბლიკა.

 

 

VIII – პრობლემის  გადაჭრა  და  ახალი  ცოდნის გამოყენება, რეფლექსია;

IX –   საშინაო   დავალების  მიცემა, რომლის  დროსაც  მოსწავლეები  გაიმყარებენ მიღებულ ცოდნას,  დაამყარებენ  მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს, გააანალიზებენ ფაქტებს, გააკეთებენ დასკვნებს, ჩამოაყალიბებენ საკუთარ მოსაზრებებს და  მოიტანენ შესაფერის  არგუმენტებს (სქემა 8):

 

სქემა 8

 

 

მასწავლებელი მოსწავლე
 

1. რა პასუხი შეიძლება გავცეთ გაკვეთილის ძირითად შეკითხვას?

2. დამტკიცდა თუ არა გაკვეთილის დასაწყისში წამოყენებული ვერსია?

3. შემდეგ გაკვეთილზე ჩვენ გავაგრძელებთ რომის სახელმწიფოზე საუბარს. სახლში ყურადღებით გაეცანით გაკვეთილის ტექსტს  & 14  და  შეასრულეთ დავალება:

ა) ჩამოაყალიბეთ თქვენი შეხედულება,  შეეძლოთ თუ არა რომაელებს რესპუბლიკის აღდგენა?

ბ) უპასუხეთ გაკვეთილის ბოლოს დასმულ შეკითხვებს.

 

 

1.ძვ.წ. I  ს-ის ბოლოს რესპუბლიკურმა მმართველობამ ამოწურა თავისი შესაძლებლობები რომში, ის აღარ იყო ეფექტური, ვეღარ უზრუნველყოფდა კონფლიქტებისა  და სამოქალაქო ომების დარეგულირებას. გარდაუვალი გახდა მმართველობის ცვლილება და ერთპიროვნული ხელისუფლების დამყარება.

2. დიახ, თავდაპირველი ვერსია დამტკიცდა.

3.  მოსწავლეები  რვეულებში ინიშნავენ დავალებას.

 

პრობლემის გადაჭრისთვის  ევრისტიკული ძიების გზა ზრდის შემოქმედებით აზროვნებას, ფაქტობრივ ცოდნას, პიროვნულ თვისებებს, აძლიერებს  ზოგადსაკომუნიკაციო უნარებს და ეფექტურად გამოიყენება სასწავლო პრაქტიკაში.

 

 

 

მეგობრობის მნიშვნელობა სასკოლო ასაკში

0

 

 

მეგობრული ურთიერთობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის განვითარებაში. ახლო მეგობრობა ხელს უწყობს დადებითი თვითშეფასების ჩამოყალიბებას, იძლევა ახლო ურთიერთობების დამყარების საფუძველს და ავითარებს თანაგანცდის (ემპათიის) უნარს, რადგან მეგობრები ცდილობენ ჩაუღრმავდნენ საკუთარ თუ ერთმანეთის განცდებს. ეს ურთიერთობა ეხმარება ბავშვებს ყოველდღიური სტრესების დაძლევაში და სკოლის მიმართ პოზიტიურ განწყობას ქმნის. იმ ბავშვებს, რომლებსაც კლასში მეგობარი ეგულებათ,  უხარიათ სკოლაში წასვლა, ხოლო უმეგობრობა და მტრული გარემო შიშის და შფოთვის განცდას ბადებს მათში. მეგობრობის წამოწყება ადვილია უმცროს სასკოლო ასაკში. ის უფროს ასაკთან შედარებით ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს. თუ სკოლამდელისთვის ყველა ის ბავშვი მეგობარია, ვისთან ერთადაც თამაში უწევს, სასკოლო ასაკის ბავშვები  უკვე ავიწროებენ მეგობართა წრეს და სხვადასხვა კრიტერიუმებით ირჩევენ მათ. უმცროს სასკოლო ასაკში მეგობრების მსგავსება ძირითადად ასაკით, სქესით, ეთნიკურობითა და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსით განისაზღვრება. შემდგომში, ისინი მეგობრად ირჩევენ პიროვნული თვისებებითა და აკადემიური მოსწრებით მსგავს ადამიანებს. მეგობრობა ორმხრივი ურთიერთობა ხდება და მისი ჩამოყალიბებისთვის საჭიროა, რომ ბავშვებს ერთად ყოფნა უნდოდეთ. ისინი ერთმანეთისგან ნდობას და ერთგულებას მოითხოვენ, გასაჭირში ეხმარებიან ერთმანეთს და ერთად აღნიშნავენ მნიშვნელოვან წარმატებებს. მეგობრები ერთმანეთზე გავლენას ახდენენ. ისინი მთელ რიგ საკითხებში ერთმანეთს ემსგავსებიან, ხშირად უჩნდებათ საერთო ინტერესები, უყალიბდებათ ერთნაირი ღირებულებები, განწყობები (ატიტუდები) და სოციალური ქცევა.

ის ბავშვები, რომლებიც თანაგრძნობის უნარითა და პროსოციალური ქცევით გამოირჩევიან, დამეგობრების შემდეგ ერთად აგრძელებენ საზოგადოებისთვის მისაღებ ქმედებას. რაც შეეხება აგრესიის მაღალი დონის მქონე ბავშვების მეგობრობას, ხშირია მათ შორის და მათი მხრიდან სხვა ჯგუფების მიმართ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა. ამ ასაკში, სკოლამდელი ასაკისგან განსხვავებით, კონფლიქტისას შერიგება ისე იოლი აღარ არის და მის მიზეზებზე საუბარი და ბოდიშის მოხდა აუცილებელი ხდება.

რიდ ლარსონისა და მისი კოლეგების კვლევაში თინეიჯერებსა და მოზრდილ ადამიანებს სთხოვდნენ ერთი კვირის განმავლობაში თან ეტარებინათ ელექტრონული პეიჯერი და დაეფიქსირებინათ, მარტო იყვნენ თუ ვინმესთან ერთად. შედეგების მიხედვით, მოცემული დროის 70% მოზრდილებმა და 74%  თინეიჯერებმა სხვებთან ერთად გაატარეს. ეს შეიძლება აიხსნას აფილაციის ტენდენციით – ადამიანის მისწრაფებით, იყოს ვინმესთან ერთად, მიეკუთვნებოდეს რომელიმე ჯგუფს. ინდივიდუალურია ამ სურვილის სიძლიერე და კვლევების მიხედვით, მეგობრობის მოტივაციის მაღალი მაჩვენებლის მქონე მოსწავლეებმა მეტი იციან მეგობრების შესახებ, აქვთ უფრო მყარი ურთიერთობები და მასწავლებლები მათ აფასებენ, როგორც მეგობრულებს, აფექტურებს, თანამშრომლურებს, ბედნიერებს და პოპულარულებს. თინეიჯერების მეგობრობა უფრო ახლო ურთიერთობად გადაიქცევა. ის ეფუძნება მეგობრებს შორის პიროვნულ მსგავსებას. როცა ვხვდებით ადამიანებს, რომლებსაც ჩვენნაირი რწმენები და შეფასებები აქვთ, ვრწუნდებით ჩვენს სისწორეში. ამ დროს გვიჩნდება დადებითი ემოციები და შესაბამისად, გვსიამოვნებს ამ განცდის მომტან ხალხთან ურთიერთობა. ამიტომ, მეგობრების შერჩევისას უფროსი ასაკის ბავშვები განწყობების მსგავსებასაც ითვალისწინებენ.

ჰიმელის კვლევაში, მოსწავლეებს სთხოვდნენ, თანატოლებისთვის მიენიჭებინათ ქულები მოწონების მიხედვით, ასევე დაესახელებინათ ვისთან ერთად სურდათ თამაში. ამ სოციომეტრიული ტექნიკით ისინი ცდილობდნენ დაედგინათ, ვინ იყო სოციალურად აღიარებული ბავშვი ჯგუფში. მათ გამოჰყვეს რამდენიმე კატეგორია:

  1. პოპულარული ბავშვები. ეს ბავშვები, შესაძლოა, ორი სხვადასხვა მიზეზით იმსახურებენ ბევრ დადებით ხმას. მათი უმრავლესობა გამოირჩევა კარგი აკადემიური მოსწრებითა და სოციალური კომპეტენციის უნარებით, არიან მეგობრული და თანამშრომლური (პოპულარულ-პროსოციალური ბავშვები). პოპულარულ-ასოციალური ბავშვები – ე.წ. „ჩხუბისთავი“ ბავშვები, რომლებსაც შიშის და ავტორიტეტის გამო აძლევენ ხმებს.
  2. უარყოფილი ბავშვები. აქაც, ორი ქვეტიპი გამოიყოფა. უარყოფილ-აგრესიული ბავშვები, რომლებიც ქცევის პრობლემებით გამოირჩევიან, არიან კონფლიქტურნი და იმპულსურნი. საკუთარ სიბრაზეს სხვების ქმედებებზე რეაქციად აღიქვამენ და ამავდროულად, გამომწვევად იქცევიან, რაც მათ დაცინვას და გარიყვას უწყობს ხელს. უარყოფილ-პასიური ბავშვებს შესაძლოა, სიმორცხვის გამო ეშინოდეთ თანატოლების დაცინვის და ამიტომ ერიდებოდნენ სოციალურ ურთიერთობებს. უარყოფილი ბავშვები ხშირად უმეგობრდებიან სხვა უარყოფილ ბავშვებს. თუ ბავშვი არ არის მიღებული საკუთარი სქესის წარმომადგენლების მიერ, ის ცდილობს იპოვოს მეგობრები საწინააღმდეგო სქესის თანატოლებში. ამიტომ ხშირად ადრეულ მოზარდობაში, როგორც ძალიან პოპულარულ, ასევე გარიყულ ბავშვებს განსხვავებული სქესის მეგობრები ჰყავთ. თანატოლების მიერ უარყოფილ ბავშვებს ნაკლებად უჩნებათ სასკოლო აქტივობებში მონაწილეობის მიღების ხალისი.
  3. წინააღმდეგობრივი ბავშვები. ასეთ ბავშვებს ერთდროულად აქვთ წინა ორივე ჯგუფის თვისებები და მათი სოციალური სტატუსი მათ ქცევებზე თანატოლების რეაქციის მიხედვით იცვლება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მეგობრების ყოლა სასკოლო ასაკში მნიშვნელოვან დადებით გავლენას ახდენს ბავშვების ემოციურ მდგომარეობასა და აკადემიურ მოსწრებაზე და გარკვეულწილად განსაზღვრავს მათ მომავალს. ამ დროს ვითარდება სოციალური კომპეტენციისთვის საჭირო უნარები. ამიტომ კარგი იქნება, თუ მშობლები ამ კუთხით წარმართავენ ძალისხმევას და შვილის ინტერესის სფეროს მიხედვით შეარჩევენ სპორტულ ან შემოქმედებით წრეს, სადაც ბავშვი პოტენციური მეგობრები პოვნას შეძლებს. ასევე, დადებით გავლენას ახდენს მათი თბილი დამოკიდებულება შვილების მეგობრებთან და მათ მშობლებთან, ერთობლივი საინტერესო და გასართობი ღონისძიებები. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მათ მაგალითს, რადგან ბავშვები მათგან სწავლობენ ურთიერთობებსაც.

ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ზოგადი განათლების ამოცანაა, მოსწავლეს ცოდნასთან ერთად მისცეს იმ უნარ-ჩვევების განვითარებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბების საშუალება, რომლებიც მას მომავალში დასჭირდება. შესაბამისად, საჭიროა, რომ მასწავლებელი დაეხმაროს მოსწავლეებს კლასში მეგობრული ურთიერთობების დამყარებაში, გარიყულ ბავშვებს შეუქმნას მეგობრების ძებნის მოტივაცია და  ებრძოლოს იარლიყებს. ამისთვის რამდენიმე ხერხი არსებობს:

  • მეგობრული დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ. როცა საქმე ბავშვებს ეხება, როლური მოდელი კარგად მუშაობს. ისინი მასწავლებლისგან ისწავლიან, როგორ უნდა მოიქცნენ, რომ სხვა ადამიანებთან დადებითი ურთიერთობები ჰქონდეთ.
  • ჯგუფური აქტივობები. მასწავლებელს შეუძლია კლასის მცირე ჯგუფებად დაყოფა სასწავლო მიზნებისა და სახალისო დავალებების შესასრულებლად, ისე, რომ სხვადასხვა მეგობრული დაჯგუფებების წევრები ერთ ჯგუფში მოხვდნენ. ეს ხელს შეუშლის ბავშვების გარიყვას.
  • აქტივობები ღია ცის ქვეშ. გასვლითი ღონისძიებები, ლაშქრობები, ექსკურსიები საშუალებას აძლევს ბავშვებს, კლასგარეშე გარემოში დაინახონ თანატოლები და შესაძლოა ისეთი საერთო ინტერესები აღმოაჩინონ, რის შესახებაც მანამდე არ იცოდნენ.

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...