შაბათი, ივნისი 7, 2025
7 ივნისი, შაბათი, 2025

„იავნანამ რა ჰქნა…?“ ანუ გადავარჩინოთ დედაენა

0

„ენა ერის სულიერ ღირებულებათა არა მარტო საგანძურია, არამედ ამ ღირებულებათა წარმომქმნელიც, როგორც ამბობენ – გენერატორიც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ენას აქვს უნარი, არა მარტო აღნიშნოს, აღწეროს სინამდვილე, არამედ თვითონაც შექმნას იგი, იყოს არა მარტო საშუალება, იარაღი, რომელსაც ადამიანი იყენებს, არამედ თავად წარმოშვას ადამიანის აზრები და შეგრძნებები, ააგოს კონცეპტები, რომლებშიც კონცენტრირებულია მთელი ერის ისტორიულ-კულტურული და ფსიქიკურ-მენტალური გამოცდილება.“ (გუჩა კვარაცხელია, „ენის ენერგია ერის სულიერი ენერგიაა“).

და რა ხდება მაშინ, როდესაც ამ ერთიან სულიერ ენერგიას ადამიანები ამა თუ იმ მიზეზით მოწყდებიან ხოლმე…? ეს ჰგავს ერთიანი სხეულიდან დაშორებულ ნაწილს, რომელიც გამუდმებულად ილტვის მთელისკენ. ამ ლტოლვას კი ისევ ენა თუ განაპირობებს და ინარჩუნებს, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს კავშირი სუსტდება, მშობლიური ენა ღრმა არაცნობიერში გადაიმალება, უფერულდება და იკარგება იდენტობაც… მაგრამ ხდება მოულოდნელი ამბებიც, როდესაც გიბრუნებენ და გახსენებენ მშობლიურ ენას, ამ დროს ერის სულიერი ენერგიაც ენასთან ერთად მოედინება და იწყება აღორძინება…

აი, ამ მშვენიერი ფაქტის მოწმე გავხდი ამ ცოტა ხნის წინ, როდესაც ორი სახელმწიფოს საერთო ნებით ისევ დაიწყო გაცოცხლება თურქეთის ტერიტორიაზე ქართულმა ენამ… რიზეს უნივერსიტეტის ორი პროფესორი საქართველოდან რუსუდან საღინაძე და მაია კიკვაძე ისეთი ენთუზიაზმით და სიყვარულით მესაუბრებოდნენ თავიანთი მოღვაწეობის შესახებ, გადავწყვიტე, ეს საუბარი კერძო საუბრად არ დარჩენილიყო და თქვენთვისაც გამეზიარებინა.

14971836_1156836187729611_107873344_n14958645_1156836571062906_1657138841_n

და სანამ ამ უნივერსიტეტში ჩავალ და მომავალ თანამშრომლობაზეც ვისაუბრებთ, მანამდე მინდა გითხრათ, რომ ამ ადამიანებს ძალიან სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა, ქართული ენისა და ლიტარატურის პროგრამას ძალიან მწირი ლიტერატურა აქვს…  სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურა, აუდიო და ვიდეო-მასალა და სხვა დანარჩენი, რაც დაეხმარებათ მათ ენის უკეთ დაუფლებაში… ამიტომ თქვენც შეგიძლიათ იფიქროთ, როგორ შეიძლება მხარდაჭერა და დახმარება.

გეოგრაფიული საზღვრები პირობითია და მათი გადალახვა შესაძლებელია ენით…  პროფესორები: რუსუდან საღინაძე და მაია კიკვაძე დიდ ეროვნულ საქმეს აკეთებენ ამ რეგიონში, ისინი არიან მედიატორები, ისინი აღადგენენ და აკავშირებენ ენასთან დაკარგულ შვილებს… ეს ძალიან ჰგავს ცნობილ სიუჟეტს: „იავნანამ რა ჰქნა?“

ახლა კი მათ მოვუსმინოთ:

 

_ როდის გაიხსნა რიზეს  რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობა, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი და რა იყო წინაპირობა?

_ რ. საღინაძე: თურქეთის ისტორიაში პირველად  რამდენიმე უნივერსიტეტში (ყარსის, დუზჯეს, არდაგანის უნივერსიტეტებში) საფუძველი ჩაეყარა ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობას, რასაც საფუძვლად დაედო საქართველოსა და თურქეთის ხელისუფლებათა ერთობლივი გადაწყვეტილება. მეოთხე ქალაქია რიზე, სადაც 2011 წელს რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტში გაიხსნა ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობა.

_ ვინ ხელმძღვანელობს „ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის“ სასწავლო პროგრამას, ვინ მონაწილეობს პროგრამის განხორციელებაში, ვინ უძღვება სასწავლო პროცესს?

_ მ. კიკვაძე: გახსნის დღიდან რიზეს რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის ხელმძღვანელად დაინიშნა ფილოლოგიის დოქტორი, ასისტ. პროფესორი ჰარუნ ჩიმქე. ის არის პირველი ქართველოლოგი თურქეთში, რომელმაც სადოქტორო დისერტაცია ქართულ ენაში დაიცვა საქართველოში, ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. რიზეს უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობაზე 2015 წლის იანვარში საქართველოდან მოწვეულ იქნა ორი სპეციალისტი: ერთ-ერთი გახლავთ ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი რუსუდან საღინაძე (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი). მე გახლავართ მაია კიკვაძე, ფილოლოგიის დოქტორი, ასოც. პროფესორი (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი), ამჟამად სასწავლო პროცესს ვუძღვებით ჩვენ.

unnamed (1)

_ ვის მიერ არის მომზადებული სპეციალობის პროგრამა და როგორ არის შედგენილი იგი?

_ რ. საღინაძე: სპეციალობის აკადემიური პერსონალის პროფ. რ. საღინაძის, ასოც. პროფ. მ. კიკვაძისა და ასისტ. პროფ. ჰ. ჩიმქეს მიერ მომზადდა ოთხწლიანი საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამა ქართულ ენასა და ლიტერატურაში. პროგრამა შედგენილია თურქეთის საგანმანათლებლო სისტემის მოთხოვნათა დონეზე და მორგებულია ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის საკვალიფიკაციო ჩარჩოს. გათვალისწინებულია როგორც საუნივერსიტეტო და სპეციალობისთვის სავალდებულო, ისე არჩევითი საგნები. ამასთან, პროგრამა  აგებულია ორი ქვეყნის სამეცნიერო და კულტურულ ურთიერთობათა ინტერესების  შესაბამისად.

_ გაგვაცანით რიზეს უნივერსიტეტი და ის გარემო, რომელშიც გიწევთ მუშაობა.

_ მ. კიკვაძე: რიზეს  რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტი (რექტორი _ პროფესორი ჰუსეინ ქარამანი) მდებარეობს თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიფ ერდოღანის  მშობლიურ ქალაქში. ამ უმაღლესი სასწავლებლის  ისტორია 2006 წლიდან იწყება. ამ ხნის განმავლობაში იგი ჩამოყალიბდა, როგორც ერთ-ერთი წარმატებული უნივერსიტეტი არა მარტო თურქეთში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. ამჟამად უნივერსიტეტში დაახლ. 18 000 სტუდენტი ეუფლება განათლებას სხვადასხვა ფაკულტეტზე. გარდა ამისა, უნივერსიტეტის სტრუქტურა მოიცავს რამდენიმე ინსტიტუტს, პროფესიულ სკოლასა და სხვ.

რ. საღინაძე: უნივერსიტეტი გამოირჩევა  გამართული ინფრასტრუქტურის მქონე, კეთილმოწყობილი კორპუსებით, ინტერიერით, ბიბლიოთეკით, გამომცემლობით, კულტურის ცენტრებით, კვებისა და სხვა მომსახურების ობიექტებით. აღსანიშნავია უნივერსიტეტის თანამშრომელთა და სტუდენტთათვის განკუთვნილი საცხოვრებელი კორპუსების სიმრავლე.

unnamed (2)

_ როგორც ცნობილია, წელს ამ პროგრამაზე რეგისტრაცია გაიარა 16-მა სტუდენტმა,  ვინ არიან ეს სტუდენტები, რომელი რეგიონიდან?

_ მ. კიკვაძე: ამჟამად ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობაზე სწავლობს 14 პირველკურსელი. სტუდენტები არიან სხვადასხვა რეგიონიდან: რიზედან, სტამბოლიდან, ტრაპიზონიდან, ქონიადან, ერზრუმიდან, ანტალიიდან…

_ როგორია თავად სტუდენტთა ინტერესი, აქვთ თუ არა ენთუზიაზმი სწავლისას და რით არის მათი მონდომება მოტივირებული?

_ რ. საღინაძე: როგორც თავად აღნიშნავენ, სტუდენტთა ერთი ნაწილი ინფორმირებული იყო თურქეთის უნივერსიტეტებში ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის არსებობის შესახებ, ზოგმა სამომავლოდ საქართველოსთან ურთიერთობის  მიზნით  აირჩია ეს სპეციალობა, ზოგი ქართული ანბანით დაინტერესებამ მიიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე. ერთი სიტყვით, სტუდენტთა მოტივაცია ნაირგვარია. რაც მთავარია, ისინი მონდომებითა და ხალისით შეუდგნენ ქართული ენის შესწავლას. იმედი აქვთ, რომ უახლოეს მომავალში საქართველოსაც ეწვევიან და უფრო მეტად გაიცნობენ ქართველ ხალხსა და ქართულ კულტურას, ტრადიციებს, წეს-ჩვეულებებს.

_ გვიამბეთ იმ პრობლემებსა და სირთულეებზე, რაც ამ პროგრამის განხორციელებას უკავშირდება და აგრეთვე იმაზე, საქართველოდან რა სახის კონტაქტებით არის შესაძლებელი პროგრამის უკეთ და სრულყოფილად განხორციელება?

_ მ. კიკვაძე: მთავარი პრობლემა პროგრამის განხორციელებისას სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურის, აუდიო-ვიდეომასალის უკმარისობაა. ეს განსაკუთრებით საგრძნობია პირველ ეტაპზე, ქართული ენის დაუფლებისას, მიუხედავად იმისა, რომ სპეციალობის ხელმძღვანელმა ჰ. ჩიმქემ წლების მანძილზე საკუთარი ძალებითა და ცალკეული პიროვნებების, საქართველოს სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებათა შემოწირულობებით შექმნა საკმაოდ მდიდარი ბიბლიოთეკა.

რ. საღინაძე: უნდა ითქვას, რომ განსაკუთრებული ყურადღება და მხარდაჭერა გამოგვიხატეს ჩვენმა უნივერსიტეტებმა, ვგულისხმობთ, ქუთაისიდან აკაკი წერეთლის სახემლწიფო უნივერსიტეტისა და  ბათუმიდან შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციებს, კოლეგებს, რომლებიც სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურით ხელდამშვენებული ეწვივნენ რიზეს უნივერსიტეტს. იმედი გვაქვს, თანამშრომლობა გაფართოვდება, დაისახება ერთობლივი ღონისძიებები, რაც კიდევ უფრო მეტად აამაღლებს სტუდენტთა სწავლებისა და სწავლის ხარისხს.

_ სად და როგორ დასაქმდებიან კურსდამთავრებულები, როგორ წარმოგიდგენიათ ამ პროგრამის მომავალი?

_ მ. კიკვაძე: აღსანიშნავია, რომ თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით ქართული ენა  არჩევით საგნად არის შეტანილი სასკოლო პროგრამებში (V-VII კლასებში). ვფიქრობთ, მნიშვნელოვანი იქნება ამ სფეროში ჩვენი კურსდამთავრებულების დასაქმება, რაც თურქეთში მცხოვრებ ქართველებში დედაენის გადარჩენის ერთ-ერთ რეალურ გზად გვესახება.

რ. საღინაძე: ამასთან, საბაკალავრო პროგრამის განხორციელება შესაძლებელს გახდის მომზადდეს საფუძველი სწავლების მომდევნო საფეხურისთვის (მაგისტრატურისთვის), რასაც შედეგად მოჰყვება სამეცნიერო კადრის აღზრდა, მთარგმნელობითი საქმიანობის გაფართოება. სამომავლოდ ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ქართულ-თურქული სამეცნიერო პრობლემატიკის   კვლევას, ორი ქვეყნის _ თურქეთისა და საქართველოს _ მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას.

 

პროექტებით სწავლება გეოგრაფიის გაკვეთილზე

0

გეოგრაფიის სწავლებისას პროექტის მეთოდის გამოყენების მიზანია მოსწავლეთა მიერ გეოგრაფიული პრობლემების დამოუკიდებლად გადაწყვეტა, კონკრეტული სასწავლო პროდუქტის შექმნა, რაც მოსწავლეებს თვითრეალიზაციისა და წარმატების განცდაში ეხმარება. გეოგრაფიაში პროექტებზე მუშაობა ავითარებს ისეთი ზოგადი თუ გეოგრაფიული უნარების კომპლექსს, როგორებიცაა შემცნებითი, პრაქტიკული, შემფასებელი, მიზეზშედეგობრივი კავშირების დადგენისა და რეფლექსიის უნარები. გარდა ამისა, მოსწავლეები იღებენ ახალ ცოდნას და ახდენენ მის ინტეგრაციასა და ტრანსფერს.

მოსწავლეები პროექტულ სწავლებას დამოუკიდებელი სასწავლო-შემეცნებითი საქმიანობის საფუძველზე ახორციელებენ და გეოგრაფიული ინფორმაციის სხვადასხვა წყაროს იყენებენ: რუკებს, სტატისტიკურ მასალებს, საცნობარო და სამეცნიერო–პოპულარულ ლიტერატურას, მასმედიის მასალებს, ინტერნეტრესურსებს და სხვა.

გეოგრაფიის სწავლებისას ამ მეთოდს დიდი მნიშვნელობა აქვს. მისი არსი ის არის, რომ მოსწავლეებს დამოუკიდებლად უწევთ სასწავლო მასალის შესწავლა და შედეგის მიღება კონკრეტული პროდუქტის სახით. პროექტული სწავლება მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, სასწავლო საქმიანობა ზედმიწევნით მიუსადაგონ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ამოცანების გადაჭრას, რითაც სასკოლო განათლება პრაქტიკულ გამოცდილებას უახლოვდება, ხოლო სასწავლო პროცესი უფრო აქტიური და საინტერესო ხდება.

გეოგრაფიაში შეიძლება გამოვყოთ სასწავლო პროექტების შემდეგი ტიპები:

  • დომინირებად საქმიანობათა მიხედვით – ინფორმაციული, კვლევითი, შემოქმედებითი, გამოყენებითი ან პრაქტიკაზე ორიენტირებული;
  • საგნობრივი შინაარსის მიხედვით – მონოსაგნობრივი, საგანთაშორისი და არასაგნობრივი;
  • ხანგრძლივობის მიხედვით – მოკლევადიანი (როცა პროექტის დაგეგმვა, რეალიზაცია და რეფლექსია პირდაპირ გაკვეთილზე ხდება) და გრძელვადიანი (პროექტის ხანგრძლივობა ერთ თვეზე მეტია);
  • მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით – ინდივიდუალური, წყვილთა, ჯგუფური, კოლექტიური.

პროექტზე მუშაობა მოსწავლეთა ინტერესის სფეროს განსაზღვრით, პროექტის თემის შერჩევითა და ფორმულირებით, მისი მიზნებისა და ამოცანების ჩამოყალიბებით იწყება. თემის შერჩევისას შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებაა საჭირო:

◦ მოცემული ინფორმაციის მნიშვნელობა და საჭიროება მოსწავლეებისთვის;

◦ პროექტის სოციალური მნიშვნელობა;

◦ კავშირი გეოგრაფიის სასწავლო კურსში შემავალ თემებთან;

◦ პრობლემის დასმის შესაძლებლობა;

◦ საგანთაშორისი კავშირების რეალიზაციის შესაძლებლობა;

◦ მოსწავლეთა პირადი გამოცდილების გამოყენების შესაძლებლობა.

თუ მოსწავლეებს პროექტის თემის შერჩევა უჭირთ, შეგვიძლია, „პროექტების ბანკი“ გამოვიყენოთ.

ამის შემდეგ მოსწავლეები აგროვებენ, სწავლობენ და ამუშავებენ ინფორმაციას, სახავენ დასახული ამოცანების გადაწყვეტის გზებს, არჩევენ კვლევის შედარებით პერსპექტიულ და ოპტიმალურ მეთოდებსა და ხერხებს, სასწავლო პროდუქტის ფორმასა და პრეზენტაციის საშუალებებს. მასწავლებელი ამ პროცესის ფასილიტატორია და მოსწავლეთა საქმიანობას კოორდინაციას უწევს (იხ. დანართი „პროექტზე მუშაობის გეგმა“).

პროექტული სწავლების მეთოდი ხელს უწყობს პრობლემური მიდგომის ფართოდ გამოყენებას, როცა პროექტის თემის ძირითადი შინაარსი განსაზღვრული აქტუალური პრობლემის გადაწყვეტას ეხება, მაგ., კაცობრიობის გლობალური პრობლემების, მსოფლიოს ქვეყნების ან საქართველოს მხარეების შესწავლის დროს.

გეოგრაფიის კურსის ეკოლოგიზაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამჭოლი მიმართულებაა. ეკოლოგიური შინაარსის სასწავლო პროექტები მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, გაეცნონ მსოფლიოს, საქართველოს და საკუთარი რეგიონის ან დასახლებული პუნქტის ეკოლოგიურ პრობლემებს. ასეთ პროექტებში ეკოლოგიური ცოდნა შემდეგი თანმიმდევრობით უნდა იქნეს განხილული:

ადამიანის მოთხოვნილება                       ზემოქმედების სახეები                  ანთროპოგენული დატვირთვა              გარემოს ცვლილება           შედეგები ადამიანისთვის             რაციონალური ბუნებათსარგებლობის ხერხები.

პროექტების გამოყენება ასევე შეიძლება ტურისტული მარშრუტების, ექსკურსიებისა და მოგზაურობების დაგეგმვის დროს. ასეთი პროექტები ავითარებს მოსწავლეთა შემოქმედებით უნარს და მათში სოციალური და კულტურული ასპექტებია წინ წამოწეული.

სასწავლო პროექტები საგანთაშორისი კავშირების დამყარებას უწყობს ხელს. ისინი აერთიანებენ მეცნიერების სხვადასხვა დარგის ცოდნას: გეოგრაფიისას, ეკოლოგიისას, ეკონომიკისას, ფიზიკისას, სოციოლოგიისას, დემოგრაფიისას, ქიმიისას, – და საგანთაშორისი ცნებების შესწავლის პირობებს ქმნიან. ინტეგრირებული პროექტები საშუალებას იძლევა, თემა განხილულ იქნეს უფრო მრავალწახნაგოვნად, რაც სწავლების პროცესს უფრო საინტერესოს ხდის, ხოლო მოსწავლეთა ცოდნას უფრო ამდიდრებს და აღრმავებს.

პროექტული სწავლება ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას. ისინი დაინტერესებულნი არიან საკუთარი შრომის შედეგით. ამ დროს იცვლება ურთიერთობა მოსწავლეთა შორის, ისინი სწავლობენ საკუთარი აზრის გამოხატვას და დაცვას, სხვისი აზრის მოსმენას, კონფლიქტების მართვას და კონსენსუსის მიღწევას. პროექტული სწავლება ორიენტირებულია მოსწავლეთა მიზნების მიღწევაზე, აყალიბებს არაერთ უნარ-ჩვევას და ამიტომაცაა ესოდენ ეფექტური.

დანართი

bl

ლანდებთან ლაციცი შემოდგომისას

0

იმ ძველ 90-იანებში, როდესაც ქალაქებში უშუქოდ დარჩენილ მოსახლეობას პურის რიგები და გაყინული სახლები ერგოთ, ზოგიერთმა ოჯახმა, მათ შორის ჩემმაც, სოფელს მიაშურა. სოფელშიც ციოდა, იქაც არ იყო შუქი, მაგრამ გადარჩენის ინსტიქტით ავსებულმა მშობლების თაობამ იფიქრა, რომ აქ უფრო შეიძლებოდა საკუთარი თავის და შვილების გადარჩენა, აქ შეიძლებოდა ქათმების მოშენება, საკუთარი პირუტყვის ყოლა და ბავშვების სუფთა ჰაერზე გაზრდა.

საღამოს ჭრაქის ალზე ბუხარს შემოვუსხდებოდით. მერე გამოზოგილ სანთლებსაც ავანთებდით. ბევრ-ბევრ ამბავს მოჰყვებოდა ბებია. მამაც გაიხსენებდა ჯარის ამბებს. ჯარიდან დაბრუნებული როგორ წავიდა სოფლის სკოლაში ისტორიის მასწავლებლად, შემდეგ კი ყოფილმა მოსწავლემ გამოუგზავნა ლექსების კრებული, რომელსაც  მერე ბიძაშვილებთან ერთად ვკითხულობდი.

ამ სოფელზე ბევრი დამიწერია, ოღონდ დანაწევრებულად, ფრაგმენტებით და ამოგლეჯილად. ალბათ ახლაც იგივე გამოვა, რადგან ძნელია ყველაფრის ერთად მოყოლა ისე, რომ არაფერი გამოგრჩეს. ეს იმერეთის ერთი პატარა სოფელია, რომელსაც ბზვანი ქვია. აქ ერთიმეორეზე თეატრალური ხალხი ცხოვრობს და ყოველდღიურობის ჭაპანს მიათრევს. აქ არის ბზების და დაფნის გორები, სიმინდის ჭალები. აქ ზაფხულობით სულგატრუნული შუადღეები იცის, როცა ყველა და ყველაფერი თბილ მყუდროებაში ჩაეფლობა, მშრომელი ხალხი სადმე გრილ ადგილას მოკალათდება და ცოტას „ამოიფოფინებს”, რაც ამოსუნთქვას ნიშნავს იქაურ კილოკავზე. სადაც ხალხი დილიდან საღამომდე მუხლჩაუხრელად შრომობს, მერე კი როგორც კი დროს მოიხელთებენ, სვამენ და ერთი ჟრიამული აქვთ. სადაც ჭირის თუ ლხინის სუფრა – ორივე კონცერტია და თავისებური სანახაობა, რომელსაც რეჟისორი „თავქალი” და „თავკაცი” დგამენ და ისინი ამ სანახობის შემოქმედი არიან. სწორედ, მათ კისერზეა, რომ წარმოდგენამ ეფექტურად და შედეგიანად ჩაიაროს, მომსვლელი ხალხი უკმაყოფილოდ და უყურადღებოდ არ დარჩეს, სუფრაზე სადმე რამე არ „მიაკლდეთ”. ამ ორომტრიალში ყველა თავის გამოჩენას ცდილობს – ახალგაზრდა გოგონებმა ყველას თანდასწრებით უნდა იტრიალონ, რომ სხვებმა შეამჩნიონ, მერე მეზობლებს მოუყვნენ ამ გოგოების შესახებ და მერე იქნებ, ვინმე კარგი ბიჭი გამოუძებნონ. თუ ლხინის სუფრაა, იუმორით და მხიარულობით უნდა გააჯერონ იქაურობა, „დამსწრე საზოგადოება” გულიანად აცინონ, იოხუნჯონ და ანეკდოტები მოჰყვნენ. ამ წარმოდგენების მთელი მენეჯმენტის დაგეგმვა და ფინანსური ხარჯის შედგენა თავქალის და თავკაცის კისერზეა. მანამდე, ხომ ისიც უნდა დაიანგარიშონ, ვის რა ჰქონდა მოტანილი ოჯახში, რომ დაახლოებით გამოთვალონ ბიუჯეტი. როცა ამ ყველაფერს ვუყურებდი, ყოველთვის მაოცებდა მათი ასეთი გულითადი მიდგომა საქმისადმი, ბოლომდე გაეზიარებინათ სხვისი ჭირი და ლხინი, მიეტოვებინათ თავიანთი საქმეები და გვერდით დადგომოდნენ მეზობელს, რომელსაც იმ დროს მათი დახმარება სჭირდებოდა და მათი ეს თვისება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უნაკლონი იყვნენ და საერთოდ არ სცოდავდნენ. პირიქით, სიცოცხლეში არაერთ მწარე სიტყვას ეტყოდნენ ერთმანეთს და გულს მოუკლავდნენ, მაგრამ შემდეგ ეს ყველაფერი მაინც დავიწყებას მიეცემოდა.

ეს სოფელი გადასარევი სოფელი იყო მანამდე, სანამ ბებია, მამა და ბიძა ცოცხლები იყვნენ და იქაურობას აცოცხლებდნენ. გაზაფხულობით იქ სიცოცხლით გაჯერებული სურნელი ტრიალებდა. ეზოები საგულდაგულოდ იყო მოვლილი, ყვავილები ჩაწიკწიკებული, ფანჯრები და მინები გაკრიალებული, თეთრეული გამოხარშული და თოკზე აფრიალებული. ისმოდა მეზობლების გადაძახილი, ,,ნარგიზა, უუუუუ”, ,,ციალა უუუუუ”, ,,ბაბუცა უუუ“, ,,შურაააა უუუუუ”. საკომუნიკაციო საშუალებების არარსებობის გამო სხვადასხვა უბანში  მცხოვრები ადამიანებიც კი ამ პირველყოფილი “უუუს” წყალობით ერთმანეთს გადასცემდნენ ინფორმაციას – დაკარგული ძროხის ამბავი იქნებოდა ეს თუ გარდაცვლილი თანასოფლელის პანაშვიდის.

გარემოებები შეიცვალა.  ის ადამიანები,  რომლებიც იქაურობაზე ზრუნავდნენ, “წავიდნენ”, თუმცა ის ლანდები მაინც ცოცხლდება, როგორც მათ სიცოცხლეში, როცა ბიძაჩემი გადაიკიდებდა მონადირის თოფს და წავიდოდა თავის ძაღლებთან ერთად სანადიროდ, როცა ბებია გაგვიყოლებდა ბაზარში, იქ მოხერხებულად ვაჭრობდა და გამყიდველებს ეხუმრებოდა. ან კიდევ, შემოდგომისას ყურძენს ვჭყლეტდით საწნახელში, შემდეგ დიდ თუჯის ქვაბში ფელამუშში ჩურჩხელებს ვავლებდით და მთელ სოფელს ყურძნის მომჟავო სუნი ასდიოდა.

მიუხედავად იმისა, რომ შემაღლებულ გორაკებზე გაფანტული სახლები, ერთმანეთისგან შორს იდგნენ, ყველამ მაინც შესანიშნავად იცოდა ერთმანეთის ცხოვრების ავან-ჩავანი. დილაადრიან, ბებია ჩუმად იტყოდა, რომ ხარაბაძეების უბანში ასთმით იხრჩობოდა კაცი, რომელიც მამაჩემის ნათლია უნდა ყოფილიყო – ასე მახსოვს. შემდეგ, მეც ვაყურადებდი გავიგონებდი თუ არა ასთმიანი კაცის ხველებას, სადღაც შორს, მაღალი გორაკების თავზე მდგარი სახლიდან, მაგრამ არასდროს არ მესმოდა. როგორც ჩანს, ბებიას უკეთესი სმენა ჰქონდა.

მე ჩვენი სახლი მიყვარდა ყველაზე მეტად, რომელიც ბებიამ და ბაბუამ მას შემდეგ ააშენეს, რაც ბებია ჩვენს სოფელში თავისი სოფლიდან – გადიდან – მოიყვანეს, რომელიც მაღალ მთებშია. სულ მეგონა, რომ იქ დევები სახლობდნენ, გრძელნაწნავიან გოგონებს იტაცებდნენ და მაღალ კოშკებში ჰყავდათ გამოკეტილი. ბებიაც ხომ დაახლოებით ასეთ ამბებს მიყვებოდა თავის თანასოფლელ, გრძელნაწნავიან გოგოზე, რომელიც ბიჭებმა ხეზე თმებით მიაბეს. ბებია მოვიდა ჩემს სოფელში, დახვდა ერთი „გაკერილი თეფში” და ,,გადახურული”; დახვდა დედამთილი – ლამაზი ქალი ვენერა და ამის მერე ბებიამ და ბაბუამ დაიწყეს შრომა და სიკვდილამდე აღარ გაჩერებულან. ააშენეს ისეთი სახლი, სადაც  ყველაზე ბედნიერი წლები გავატარე და მერე ბებიამ აგვიშენა საკუთარი სახლი, რომ გვქონოდა საკუთარი „ყურე” და როგორც ყოველთვის არ შემცდარა. ბრძენი და ძლიერი ქალი იყო, რომელსაც შეეძლო თხილით სავსე ტომრები ზურგზე მოეკიდებინა და წასულიყო ბაზარში და იქიდანაც დატვირთული და „ჩაჭუჭკული” ამოსულიყო, ეზრუნა ყველაზე და ეკეთებინა კაცის და ქალის საქმე შეთავსებით. ბებია იმ ქალების კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომლებსაც “მამა-მარჩენალ” ქალებს ეძახიან და რომ არა ბებიას არსებობა, მთელი ოჯახი ჩამოიშლებოდა და იყანყალებდა.

ბებიამ წერა-კითხვა კარგად არ იცოდა. როგორც თვითონ გვიყვებოდა სკოლას თავი ,,50 კაპიკის” არქონის გამო დაანება და საკუთარ ხელმოწერას ჯვრის სახით წერდა. დაწერდა „შრას” შურას მაგივრად, დაუსვამდა ჯვარს და ეს იყო ხელმოწერაც. თუმცა ჯარში მყოფ შვილს დიდ წერილებსაც უგზავნიდა უშეცდომოდ. სამაგიეროდ, ბებიამ უამრავი სიმღერა, შაირი, შელოცვა, ზეპირი ამბავი იცოდა და სხვადასხვა წამლების დამზადება ნაღრძობი და მოტეხილი ფეხისთვის და ცაში ყურება, რომ გამოეცნო შესაფერისი ამინდი და სხვა ზეციური ნიშნები, რომლის გათვალისწინებით უფრო კარგ მოსავალს მიიღებდა.

ყოველ წელს, შემოდგომით ასეთია ჩემი დანაწევრებული, დაგლეჯილი შემოდგომა, რომელსაც ფრაგმენტ-ფრაგმენტ, ფაზლივით ვკინძავ და ვუზიარებ ადამიანებს და ალბათ ესაა  მონატრებისგან და სევდისგან გათავისუფლების კარგი საშუალება – ილაპარაკო მათ შესახებ, რომლებიც უკვე ლანდად ქცეულ შემოდგომას შერევიან.

რაზე უნდა ვთქვათ უარი სკოლაში

0

პარადოქსია, მაგრამ ხშირად სკოლაში იმას გვასწავლიან, რაც ცხოვრებაში არასოდეს გამოგვადგება. ამას აღიარებენ მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც. რაზე უნდა ვთქვათ უარი სკოლაში? ამ თემამ ჰარვარდის პროფესორი დევიდ პერკინსიც დააინტერესა და წიგნი – „მომავლის სიბრძნე“ – დააწერინა. ამჟამად პროფესორი ჰარვარდის განათლების უმაღლეს სკოლაში იმ სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ფუძემდებელია, რომელიც ადამიანის კაპიტალსა და მის განვითარებას შეისწავლის. პერკინსი ამერიკული განათლების რეფორმებში აქტიურად არის ჩართული.

პროფესორს შემდეგი ისტორიის მოყოლა უყვარს: ერთხელ მაჰატმა განდის მატარებელში ასვლის დროს შემთხვევით ცალი ფეხსაცმელი გაძვრა. მატარებელი უკვე დაიძრა და ფეხსაცმლის დაბრუნების საშუალება აღარ იყო. მაშინ განდიმ მეორე ფეხსაცმელიც მოისროლა. ნაცნობის კითხვაზე, ასე რატომ მოიქცა, განდიმ უპასუხა, რომ ერთ ფეხსაცმელს მაინც ვერაფერში გამოიყენებდა, წყვილი კი ვინმეს გამოადგებოდა. ხშირად ეს ისტორია გულუხვობის მაგალითადაც მოაქვთ, მაგრამ, სინამდვილეში ის იმაზეა, თუ რა სჭირდებათ ადამიანებს უფრო მეტად. პროფესორი ამბობს, რომ მასწავლებელმა ამის გარჩევა კარგად უნდა შეძლოს.

მთავარი კითხვა, რომელიც მასწავლებელმა უნდა დასვას, ასეთია: რით არის ღირებული სკოლაში მიღებული ცოდნა? ამას მოსწავლეებიც კითხულობენ: „მასწ, ეს ყველაფერი რას მომცემს?“ მაგრამ მასწავლებლებს ეს შეკითხვა ნაკლებად მოსწონთ, რადგან ფიქრობენ, რომ მათ კომპეტენციაში ეჭვი შეაქვთ. არადა, კითხვაზე პასუხს თვითონაც გამუდმებით ეძებენ და უნდა ეძებონ კიდეც, ისევე, როგორც სკოლის სახელმძღვანელოების და სასწავლო პროგრამების ავტორებმა.

ამ საკითხს ჰარვარდელმა პროფესორმა არა მხოლოდ წიგნი, არამედ ლექციები და დისკუსიები მიუძღვნა. დევიდ პერკინსის აზრით, განათლების სისტემაში კონტენტის კრიზისი დადგა, თუმცა სხვა სადისკუსიო კონკურენტი თემების  გამო, ამაზე ნაკლებად საუბრობენ. ეს თემებია: ინფორმაცია, მიღწევები და კომპეტენტურობა.

ინფორმაცია  – ნებისმიერი განათლება უზარმაზარი მოცულობის ინფორმაციის გადაცემას ემყარება. თუმცა მასში ნაკლებად არის გათვალისწინებული კონკრეტული მოსწავლეების ცხოვრებისეული საჭიროებები. შესანიშნავია მიიღო ახალი ცოდნა, მაგრამ აუცილებელია ბალანსის დაცვა, განსაკუთრებით ციფრულ ეპოქაში. სახელმძღვანელოებში მოცემული ინფორმაცია ყოველთვის არ შეესაბამება იმას, რაც გვინდა, რომ მოსწავლემ იცოდეს.

ჩვენ გვარწმუნებდნენ, რომ სკოლაში მიღებული ცოდნით მთელი ცხოვრება უნდა გვევლო, მაგრამ სკოლის კედლებში მიღებული ცოდნა ხშირად არ შეესაბამებოდა ამ მიზანს. მასწავლებლები დღესაც „იციკლებიან“ „ცოდნის რეზერვუარების“ შექმნაზე, რადგან ჰგონიათ, რომ მასწავლებელმა მხოლოდ გარკვეულ ჩარჩოში მოქცეული ცოდნა უნდა გადასცეს მოსწავლეს.

ამიტომ ტრადიციული სასწავლო გეგმა გაყინულივითაა. სტერეოტიპები მშობლებშიც მდგრადად არის გამჯდარი: „მე ამას ვსწავლობდი და ჩემმა შვილმა რატომ არ უნდა ისწავლოს?“ სასწავლო გეგმა ემსგავსება ძველი ნივთებით გამოტენილ ავტოსადგომს, სადაც უმჯობესია ყველაფერი ძველებურად დარჩეს, ვიდრე ვინმემ მისი დალაგება დაიწყოს.  შედეგად, პროგრამაში არსებული ფაქტებისა და იდეების ხროვა ზოგადი და პირობითია. ის ცოდნა კი, რომელიც არანაირი კონტექსტით არ აქტუალიზირდება, მალევე ეძლევა დავიწყებას.

თავის სემინარებზე პერკინსი ხშირად თხოვს მასწავლებლებს, გაიხსენონ, რა ცოდნა გამოჰყვათ სკოლიდან და რა გამოადგათ ცხოვრებაში (საბაზისო ცოდნის გარდა, რომელიც წერა-კითხვას გულისხმობს). როგორც წესი, ამ კითხვაზე აუდიტორია მკაფიო პასუხს ვერ იძლევა.

მიღწევები –  რადგან მასწავლებელი დიდ ყურადღებას უთმობს „ცოდნის რეზერვუარის“ შექმნას, ის ათვისებულ მასალაზეც ფოკუსირდება. მიღწეულის შეფასების ინსტრუმენტად  მასწავლებელი ქულებს იყენებს. ტრადიციულ პირობებში მიღწევად მიიჩნევა ის, თუ როგორ არის ათვისებული თემა და არა ის, რამდენად გამოადგება ეს ცოდნა მოსწავლეს რეალურ ცხოვრებაში. ამიტომ, ხომ არ არის უკეთესი გადაცემული ცოდნა იყოს აქტუალური და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს მოსწავლის ცხოვრებაში?

მაგალითად, გეოგრაფიის სასწავლო კურსი მოსწავლეებს აიძულებს, დაიმახსოვრონ სხვადასხვა ქვეყნების ქალაქები და მდინარეები. ამ ინფორმაციის ათვისება მიღწეულ მიზნად მიიჩნევა. თუმცა, ცარიელი ფაქტები მოსწავლეს რამეში რომ გამოადგეს, მათ მნიშვნელოვნებასაც უნდა გაესვას ხაზი. ვთქვათ, ქალაქებისა და მდინარეების განლაგება მნიშვნელოვანია სახელმწიფოს განვითარებისთვის, ანუ ამ ცოდნის გამოყენება ისტორიის გაკვეთილზეც შეიძლება. ასეთი ტიპის „გადამკვეთი ბმულები“ სასკოლო დისციპლინებში „ცოდნის რეზერვუარებს“ არ გაყინავს.

ამდენად, მიღწევებზე საუბრისას  ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა არის ჩვენი საბოლოო მიზანი.

კომპეტენტურობა  პერკინსი სკოლაში სწავლების „წმინდა გრაალად“ ექსპერტობას ასახელებს. კარგი მაგალითია სასწავლო გეგმა მათემატიკაში. არითმეტიკა გადადის ალგებრაში, გეომეტრიაში და რთულ გამოთვლებში, რომელთა უმეტესობას ცხოვრებაში არ ვიყენებთ. თუ სკოლაში სწავლის დროს იმ სფეროს ექსპერტები გავხდებით, რომელიც არაფერში გვარგია, საქმეებში, რომლებიც ჩვენი ყოფის ნაწილს შეადგენენ, „მოყვარულებად“ დავრჩებით: ბავშვების აღზრდაში, იურიდიული დავების გადაწყვეტაში, ჯანმრთელობაზე ზრუნვაში… პერკინსი გვირჩევს, რომ კოლეჯში ან უნივერსიტეტში გავხდეთ გარკვეულ სფეროს ექსპერტები. სკოლის განათლების პერიოდში კი უმჯობესია ვისწავლოთ სწავლა.

რაზე უნდა ვთქვათ უარი?

პერკინსი ამბობს, რომ არ  შეგვიდგენს ჩამონათვალს, თუ რაზე არ უნდა ვთქვათ უარი სკოლაში, რადგან ის დამოკიდებულია დროის გარკვეულ მონაკვეთზე, იმაზე, თუ რის სწავლა მოგვწონს და სხვ. მაგრამ რაზე უნდა ვთქვათ უარი, ამის შესახებ პროფესორი მეტს გვესაუბრება.

უპირველეს ყოვლისა, ეს არის ენციკლოპედიური მიდგომა, რომელიც სასკოლო განათლებისთვის სრულიად უსარგებლოა. ბევრი ინფორმაციით გაჯერებული სახელმძღვანელო-ენციკლოპედია პრობლემის ერთ-ერთი ნაწილია. ასეთი წიგნით სამიზნეს კი არ ვუახლოვდებით, ვშორდებით და ვსაუბრობთ იმაზე, რაც უკვე შეიცვალა.

ისტორიულად ასე მოხდა, რომ სწავლების პირველი 10-12 წელი აღზრდის უკვე ნაცად კანონს ეთმობოდა. ამის წყალობით სხვადასხვა ეპოქებში ბავშვთა ცხოვრება, ასე თუ ისე, ჰგავდა მათი მშობლების ცხოვრებას, მაგრამ იდეა, თითქოს ხვალ ისე იქნება, როგორც გუშინ იყო,  აშკარად შეიცვალა. ამიტომ საჭიროა განათლების სხვა ხედვა: პირველ პლანზე გადავა ის, რაც ჯერ კიდევ შეუცნობელია და არა ის, რაც უკვე ყველასთვის ცნობილი გახდა.

უარი უნდა ვთქვათ განათლებაზე, რომელიც ტესტირებებით მიღებულ მაღალ შედეგზეა ორიენტირებული. საქმე ისაა, რომ ტესტირების დროს ყურადღება ფოკუსირდება ბოლო ქულაზე და არა სწავლების პროცესის შეფასებაზე – როგორ ემზადებოდა მოსწავლე გამოცდისთვის, როგორია მისი წინა შედეგი და უკუკავშირი პედაგოგთან, რომელიც შენი სწავლების პროგრესზე უნდა ზრუნავდეს.

პროფესორი ამბობს, რომ აუცილებელია ფაქტების გააზრება. მაგალითად, საფრანგეთის რევოლუციის ფაქტების შესწავლის ნაცვლად, უმჯობესია საფრანგეთის რევოლუციის შესწავლა, რათა გაიაზრო ისეთი თემები, როგორიცაა: მსოფლიო კონფლიქტები, სიღარიბე, უთანხმოება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. მაშინ შეკითხვას: „მასწ, ამის ცოდნა რას მაძლევს?“ პასუხი მოეძებნება.

დევიდ პერკენსი აღნიშნავს: „მე ალბათ გამიმართლა – ბავშვობაში ცნობისმოყვარე ვიყავი და სიამოვნებას ვიღებდი სწავლისგან. ალგებრა, ისტორია, ამ საგნებს აზარტით ვუღრმავდებოდი“. მაგრამ საკუთარი გამოცდილების მიუხედავად, ის ურჩევს მასწავლებლებს ხშირად მოიგონონ განდისა და მისი ფეხსაცმლის ამბავი. „ყველა მასწავლებელი ურჩევს თავის მოსწავლეს იმ ფეხსაცმლით იაროს, რომელიც გრძელ მოგზაურობაში გამოადგება“, – დარწმუნებულია პროფესორი.

ნახშირბადი და მეცნიერების უახლესი მიღწევები

0

სიახლე არავისთვის იქნება, თუ ვიტყვით, რომ ნახშირბადი იმ ძირითად ელემენტთაგანია, რომლებსაც ფართოდ იყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ნახშირბადი ელემენტთა მეოთხე ჯგუფს მიეკუთვნება. პერიოდულ სისტემაში მისი რიგითი ნომერია ექვსი. ნახშირბადი მდგრადი ელემენტია, თითქმის ყველა ელემენტთან შედის რეაქციაში და სასარგებლო და ფართოდ გამოყენებად ნაერთებს წარმოქმნის. ნახშირორჟანგი, მშრალი ყინული, ცეცხლმაქრობი, სითბურად მდგრადი მოწყობილობები, აირის შთამნთქმელი ნახშირბადის გამოყენების მაგალითების მცირე ჩამონათვალია.

ქვემოთ თანამედროვე მეცნიერების უახლეს მიღწევებზე მოგითხრობთ, რომლებმაც კიდევ უფრო გააფართოეს ამ ელემენტის გამოყენების სფერო.

ს

* * *

ბოლო დრომდე ნახშირბადის სამი ძირითადი ნაირსახეობა (ალოტროპია) იყო ცნობილი: გრაფიტი, ალმასი და ამორფული ნახშირბადი. მეოცე საუკუნის მიწურულს აღმოაჩინეს ფულერენი (1985) – ნახშირბადის მოლეკულა, რომელსაც ღრუ სფეროს1 (ნახ. 1), ელიფსის ან მილაკის (ნახ. 2) ფორმა აქვს – და ნახშირბადის ნანომილაკი2 (1991) – ღრუ ცილინდრი, რომელიც ნახშირბადის ატომების თხელი ფენისგან შედგება და რომლის დიამეტრი 1 ნანომეტრია.

ს1

ოცდამეერთე საუკუნეში (2004) მათ გრაფენი3 (ნახ. 3) შეემატა. საშუალო სკოლიდან ვიცნობთ მყარი სხეულების მოლეკულურ სტრუქტურას – კრისტალურ მესერს, ატომების სიმეტრიულ სივრცულ უსასრულო განლაგებას, რომელსაც უზრუნველყოფს ატომებს შორის უხილავი ბმები. გრაფენის განმასხვავებელი ნიშანი ის არის, რომ მისი სტრუქტურა სამგანზომილებიანი კი არა, არამედ ბრტყელი, ორგანზომილებიანია. ეს ნიშნავს, რომ გრაფენი წარმოადგენს სიბრტყეზე განლაგებული ატომების ფენას. ატომები ქმნის ექვსკუთხედს, ხოლო გრაფენის სისქე ატომის დიამეტრს უტოლდება.

ს2

მართალია, გრაფენი 2004 წელს აღმოაჩინეს (უფრო ზუსტად, შექმნეს), მაგრამ ამ აღმოჩენას ხანგრძლივი სამეცნიერო საქმიანობა უძღოდა წინ. 1947 წელს კანადელმა მეცნიერმა ფილიპ უოლესმა შეისწავლა გრაფიტის (რომლის მოლეკულური სტრუქტურაც ასევე ბრტყელია) ელექტრული თვისებები. მისმა კვლევამ მაშინვე მიიპყრო მეცნიერთა ყურადღება. ნობელის პრემიის ლაურეატმა, ქიმიკოსმა ლაინუს პოლინგმა, 1960 წელს გამოთქვა მოსაზრება ნახშირბადის თხელი ფენის ყოფაქცევის შესახებ. სახელწოდება „გრაფენი“ კი 1962 წელს შემოიღო გერმანელმა მეცნიერმა ჰანს-პიტერ ბიომმა, რომელმაც ეს სტრუქტურა ელექტრონულ მიკროსკოპში შეამჩნია. თეორიული კვლევები კიდევ რამდენიმე ათეულ წელიწადს გაგრძელდა, ვიდრე მანჩესტერის უნივერსიტეტში მომუშავე რუსმა ფიზიკოსებმა ანდრე გეიმმა და კონსტანტინ ნოვოსელოვმა 2004 წელს ფიზიკურად არ მიიღეს გრაფენი. მათ გამოიყენეს წებოვანი ლენტი გრაფიტიდან თხელი ფენის ასაძრობად, მერე კი ეს ლენტი რამდენჯერმე დაკეცეს და გაშალეს, რათა უფრო მეტად გაეხლიჩათ გრაფიტის ფენა. საბოლოოდ მათ მიიღეს ფენა, რომლის სისქე ნახშირბადის ატომის ზომისა იყო. სწორედ ეს გახლდათ გრაფენი. ოთხი წლის შემდეგ მანჩესტერელ მეცნიერთა ჯგუფმა მიიღო გრაფენის ტრანზისტორი, რომლის სისქე ერთი ატომის დიამეტრის ტოლია, ხოლო სიგანე – ათი ატომის დიამეტრის ტოლი. 2010 წელს ანდრე გეიმს და კონსტანტინ ნოვოსელოვს ამ აღმოჩენისთვის ნობელის პრემია მიანიჭეს.

რა თვისებებით გამოირჩევა გრაფენი? ეს არის საოცრად სუფთა ნივთიერება, რაც მისი მარტივი მოწესრიგებული სტრუქტურის დამსახურებაა. ნახშირბადი ლითონი არ არის, მაგრამ გრაფენი უფრო მეტად ლითონის თვისებებს ამჟღავნებს. გრაფენი ძალიან მტკიცე ნივთიერებაა, ფოლადზე დაახლოებით 200-ჯერ მტკიცე, და, ამავე დროს, ძალზე ელასტიკური – შესაძლებელია მისი გაჭიმვა სიგრძის 20-25 პროცენტით. ის, როგორც ვთქვით, ძალიან თხელია და მსუბუქი – ფეხბურთის მოედანი შეიძლება დაიფაროს გრაფენის ფენით, რომლის მასა დაახლოებით ერთი გრამი იქნება. გრაფენის სითბური გამტარობა მრავალჯერ აღემატება ისეთი ნივთიერებების გამტარობას, როგორებიცაა ვერცხლი და სპილენძი, ელექტროგამტარობა კი სპილენძისას. ამ კუთხით ის ძლიერ კონკურენციას უწევს ზეგამტარებს, რომელთა ზეგამტარობა ძალიან დაბალ ტემპერატურაზე მჟღევნდება, მაშინ როდესაც გრაფენი ოთახის ტემპერატურაზე ამჟღავნებს ამ თვისებას.

გრაფენი სინათლესაც ატარებს – მისი სტრუქტურა ფოტონს საშუალებას აძლევს, ადვილად განჭოლოს ამ ნივთიერების ფენა. გრაფენში გაივლის სინათლის 97-98 პროცენტი, მაშინ როდესაც ერთმაგი მინის შუქგამტარობა 80-90 პროცენტს არ აღემატება.

ამრიგად, გრაფენში თავმოყრილია სხვადასხვა ნივთიერების თვისებები, რაც მას ფასდაუდებელს ხდის, განსაკუთრებით – ელექტრომოწყობილობებში, ენერგოეფექტურ მოწყობილობებში და სხვა. წარმოიდგინეთ, რა შესაძლებლობები შეიძლება ჰქონდეს ნივთიერებას, რომელიც ზეთხელი, ზემსუბუქი, ზემტკიცე, ოპტიკურად, სითბურად და ელექტრულად ზეგამტარია. იმის გარკვევა, არის თუ არა გრაფენი ერთადერთი ნივთიერება, რომელსაც ყველა ეს თვისება აქვს, მომავლის საქმეა.

* * *

2014 წლის ივლისში დიდი ბრიტანეთის ქალაქ ფარნბოროში გამართულ უდიდეს ავიასალონზე დიდი ბრიტანეთის ეროვნული ფიზიკის ლაბორატორიისა და კომპანია „სურეის ნანოსისტემების“ მეცნიერთა ჯგუფმა წარმოადგინა ახალი ნივთიერება ვანტაბლეკი. სახელწოდება მიღებულ იქნა სიტყვების Vertically Aligned NanoTube Arrays („ვერტიკალურად განლაგებული ნანომილაკების წყება“) აბრევიატურისა და სიტყვა Black-ის („შავი“) შეერთებით. ნივთიერებამ გამოჩენისთანავე მიიპყრო საყოველთაო ყურადღება სამეცნიერო და კომერციულ წრეებში.

ვანტაბლეკი წარმოადგენს ნახშირბადის ნანომილაკებს, „დანერგილს და აღმოცენებულს“ ალუმინის კილიტაზე. ნანომილაკები ისეა დალაგებული, რომ ფოტონებს მათ შორის შეჭრა შეუძლია, ხოლო მრავალჯერადი არეკვლის შემდეგ ხდება მათი შთანთქმა, მაშასადამე, სითბოდ გარდაქმნა. ნანომილაკების კედლები იმდენად თხელია, რომ თავისუფალი რჩება საკმაოდ დიდი სივრცე – ფოტონები სწორედ ამ სივრცეში შთაინთქმება. თვით ნანომილაკების მოცულობა მთელი ფენის 0.05%-ს შეადგენს. შესაბამისად, ფენაზე დაცემული სხივების მიზერული ნაწილი თუ შეიძლება დაეჯახოს ნანომილაკის კიდეს და აირეკლოს მისგან, ამიტომ დაცემული გამოსხივების უდიდეს ნაწილს – 99.965-ს – ვანტაბლეკი შთანთქავს.

ვანტაბლეკით დაფერილი ალუმინის კილიტა

ს3

ამრიგად, ვანტაბლეკი ყველაზე შავი ნივთიერებაა, რომელიც კი ოდესმე შექმნილა. ის ყველაზე ახლოს არის შავ ხვრელთან. აღსანიშნავია, რომ ვანტაბლეკი შთანთქავს გამოსხივების როგორ ხილულ, ისე უხილავ სპექტრსაც.

გამოსხივების შთანთქმის წარმოუდგენელ უნართან ერთად, ვანტაბლეკს სხვა გამორჩეული თვისებებიც აქვს:

  1. ძალიან მსუბუქია – მისი ერთი კვადრატული მეტრის მასა დაახლოებით 2.5 გრამს შეადგენს. ვანტაბლეკის საფარის სისქე დაახლოებით 20-30 მიკრონის ტოლია.
  2. ძალიან ელასტიკურია. ძალიან მაღალია მისი დრეკადობის მოდული, რაც მეტად მნიშვნელოვანია დარტყმის ან ვიბრაციის დროს.
  3. პრაქტიკულად არ ხდება მისი აქროლა.
  4. მტკიცედაა დაკავშირებული ფუძესთან (ალუმინთან), ამიტომ დარტყმის, ვიბრაციისა თუ ტემპერატურის ცვლის შემთხვევაშიც კი ძნელად შორდება.

ვანტაბლეკის გამოყენების არეალი ძალზე ფართოა. კერძოდ, მას უკვე იყენებენ:

  1. ოპტიკურ სისტემებში გაბნეული სინათლის ჩასაქრობად. გაბნეული სინათლე ამცირებს ოპტიკური სისტემების ეფექტურობას, ამიტომ მის ჩასაქრობად სხვადასხვა მეთოდს იყენებენ. ვანტაბლეკი ამ მხრივ იდეალურია;
  2. კოსმოსურ აპარატებში როგორც დარტყმის, ვიბრაციის, მაღალი ტემპერატურის მიმართ მედეგ ნივთიერებას;
  3. მზის ენერგიის დასაგროვებლად. მზის ენერგია, როგორც ცნობილია, შავ ზედაპირზე გროვდება. ვანტაბლეკს აქ კონკურენტი არ ჰყავს;
  4. სპექტროსკოპიის გასაუმჯობესებლად გაბნეული სინათლის მკვეთრად შემცირების უნარის გამო;
  5. ინფრაწითელი ოპტიკური სისტემების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომლებსაც კოსმოსშიც იყენებენ;
  6. როგორც თბოსაიზოლაციო საშუალებას მიკრომექანიკური და ელექტროსისტემების მაღალი ტემპერატურისგან დაცვის მიზნით.

ვანტაბლეკის შთანთქმის უნარი შესაძლებლობას იძლევა, შეიქმნას სამოსი რადიაციული გამოსხივებისგან ადამიანის დასაცავად.

აღსანიშნავია, რომ სინათლის შთანთქმის ძლიერი უნარის წყალობით ადამიანი ვანტაბლეკს აღიქვამს არა როგორც შავ ნივთიერებას, არამედ როგორც არაფერს, უფსკრულს, ამასთან, ორგანზომილებიანს და არა სამგანზომილებიანს. ვანტაბლეკით დაფარული სფერო სიბრტყედ აღიქმება.

დასასრულ, შევნიშნავთ, რომ კომპანია „სურეის ნანოსისტემებმა“ შეიმუშავა ვანტაბლეკის მიღების ახალი, შესხურების მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა, ამ ნივთიერებით დაიფაროს არა მარტო ალუმინის, არამედ სხვა ნივთიერებათა ზედაპირიც.

გამოყენებული რესურსები:

  1. https://www.chm.bris.ac.uk/webprojects2002/knowles/
  2. https://www.carbonallotropes.com/6-carbon-nanotubes
  3. https://www.indium.com/blog/graphene-an-unlikely-candidate-to-replace-ito-in-flat-panel-displays.php
  4. https://www.surreynanosystems.com/media/images-videos

ოზა

0

 

დღეს დედამიწაზე რამდენიმე მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. მათი ერთმანეთისაგან განსხვავება კანის ფერით, იერითა თუ ნაკვთების მოხაზულობით, სამეტყველო ენითა და ინტონაციით, რჯულით,  ტრადიციებითა თუ დასახლების ადგილის მიხედვით შეიძლება. მაგრამ არის კიდევ ერთი „დამღა“, რომლის  მიხედვითაც მათი განსხვავება თუ რომელიმე კუთხისათვის მიკუთვნება მარტივად, მათი თვალით უნახავადაც შეიძლება. ეს „დამღა“  გვარია, უფრო სწორად კი გვარის დაბოლოება. „შვილი“, „ძე“, „ვა“ და „იანი“ და კიდევ რამდენიმე სუფიქსი ჩვენთვის ძალიან ახლობელი და ნაცნობია. ასევე, „ბერგზე“, „ოღლზე“, „სკიზე“ და სხვა მრავალზე დამთავრებული გვარები კარგ ინფორმაციას იძლევიან, თუ „ვისი გორისანი“ არიან. ერთი პატარა გამონაკლისი „ოვ“ დაბოლოებაა, თუმცა ეს სხვა თემაა, და მასზე შესაძლოა სხვა დროს ვისაუბროთ.

მოლეკულებიც ასევეა დაყოფილი ცალ-ცალკე ტომებად, მათ გვარ-სახელების რეგისტრაციას კი მკაცრად აკონტროლებს საერთაშორისო ორგანიზაცია IUPAC (International Union of Pure and Applied ompounds). ამ ზედმეტად პედანტი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული კოდექსის თანახმად ერთი გვარის მოლეკულები არასოდეს აგვერევა სხვა ტომისებში.

მოლეკულების მრავალფეროვან დაბოლოებებში ერთ-ერთი არის „ოზა“. ამ გვარის მოლეკულები ყველაზე ტკბილ ქვეყანაში ცხოვრობენ, ამიტომაც მათ, როგორც წესი, შაქრებს უწოდებენ. ამ ტომის რამდენმე წარმომადგენელი კი თითქმის ყველასათვის ნაცნობია. ძნელია ვიპოვოთ ადამიანი, ერთხელ მაინც რომ არ სმენოდეს გლუკოზასა და ფრუქტოზას შესახებ.

გლოკოზა ფლორა-ფაუნისათვის ისეთივე რამაა, რაც ბენზინ-საწვავი მანქანა-ტრაქტორებისათვის, შეშა-ღუმლისათვის, ქვანახშირი – ორთქლმავლისათვის. მის გარეშე ცოცხალი სამყარო ვერ იარსებებს.

მეტად საინტერესო ცხოვრება აქვს გლუკოზას. თითქმის „არსაიდან“ ჩნდება ეს პირდაპირ ცით მოვლენილი მოლეკულა. იგი მცენარეების ფოთლებში იბადება ჰაერში არსებული ნახშირორჟანგისა და წყლის მოლეკულებიდან მზის სხივების მისალბუნებით. ექვსი ცალი ნახშირბადის, ამდენივე ჟანგბადისა და ორჯერ მეტი წყალბადის ატომი სჭირდება,  რომ მზის შუქი იხილოს მისმა ქათქათა კრისტალებმა.

ელ

გლუკოზის მოლეკულაში ჟანგბადის ატომები თანაბრად ნაწილდებიან ნახშირბადის ატომებზე. ასეთი განაწილება მკაცრი აკრძალვის შედეგია – ერთ ნახშირბადზე ორი ჰიდროქსილის ჩანაცვლებას არ უშვებს დედა ბუნება.  კიდევ ერთი, თვალში საცემი დეტალი, ზემოთ მოყვანილი მოლეკულური ფორმულიდან, მესამე ჰიდროქსილს უკავშირდება – იგი თითქოს გაბუტვია დანარჩენ მოძმეებს   და ნახშირბადოვან ზღურბლს იქით განმარტოებულა. ისიც რომ შეუერთდეს თავისიანებს, გლუკოზა აღარ იქნება გლუკოზა.

ახლად მიღებული გლუკოზის მოლეკულა გარე სამყაროს მიმართ ახლად დაბადებულ ჩვილზე  უფრო სუსტი და მგრძნობიარეა. მასში არსებული ჰიდროქსილების და განსაკუთრებით  ალდეჰიდის ჯგუფი უმალ შეიძლება დაიჟანგოს ჰაერის ჟანგბადით. ამიტომ ბუნებამ მისი გადარჩენის ერთობ საინტერესო მეთოდს მიაგნო – ალდეჰიდის ჯგუფს ნახევარაცეტალურ ფორმაში გარდაქმნის. მოლეკულა „იღუნება“ და შიდამოლეკულური  გადაჯგუფებით ციკლურ სახეს იღებს.

ელ1

გლუკოზა რამდენიმე ჰიდროქსილს მოიცავს, მაგრამ ალდეჰიდის ჯგუფი სასთუმალს მე-5, ყველაზე დაშორებულ ჰიდროსილზე პოულობს. რატომ გადადის წყალბადის ატომი მეხუთე ატომიდან და არა უახლოესი მეორე ჰიდროქსილიდან?  მარტივად შეიძლება ითქვას, რომ წელში გამართული თუ მოვიხრებით, იატაკს ხელებით უფრო მარტივად შევეხებით, ვიდრე შუბლით. ქიმიური ტერმინებით კი – ექვსწევრიანი ციკლი უფრო მდგრადია, ვიდრე სამ და ოთხწევრიანი.

ფოთლები მხოლოდ გაზაფხულ-ზაფხულში ასხიათ ხეებს. შესაბამისად გლუკოზის წარმოქმნაც მხოლოდ ამ დროსაა შესაძლებელი. მაგრამ მცენარეს სიცოცხლის შესანარჩუნებლად წელიწადის ყველა დროს სჭირდება კვება. განსაკუთრებით ადრე გაზაფხულზე,  როცა ზამთრის ძილქუშიდან გამოღვიძებასა და ახალი ცხოვრების დაწყებას იწყებს. ამიტომ, მთელი ზაფხული უნდა იშრომოს ფოთოლმა და დააგროვოს გლუკოზის ის მარაგი, რომელიც ზამთარსა და ადრეულ გაზაფხულს გაატანინებს. როგორც აღმოჩნდა, გლუკოზის ციკლურ ფორმაში გარდაქმნაც ვერ იძლევა იმის გარანტიას, რომ გარემო ფაქტორებით იგი არ დაიშლება. ისევ საინტერესო გამოსავალი იქნა მოძებნილი. ბუნება გლუკოზის მოლეკულებს მძივივით კინძავს ერთ დიდ მოლეკულად, რომელსაც სახამებელი ეწოდება. დიდ მოლეკულას კი ცხოვრების ქარტეხილები ნაკლებად აშინებს.

ელ2

სახამებელს პირდაპირი სახით ცოცხალი ორგანიზმი ვერ ითვისებს.  იგი ფერმენტების საშუალებით ნელ-ნელა იშლება მონომერამდე – გლუკოზამდე (ციკლურ ფორმამდე). ეს უკანასკნელი კი თავისი მოლეკულების 0,04%-ს გამოათავისუფლებს ღია ჯაჭვიანი ფორმით, რომელიც  აგრერიგად სჭირდება ორგანიზმს არსებობისათვის. გლუკოზის ღია და ციკლური ფორმები ერთმანეთის მიმართ წონასწორობაში იმყოფებიან. ამიტომ, მცენარის მიერ ყოველი ათვისებული გლუკოზის მოლეკულის შემდეგ წონასწორობა ხელახლა აღდგება და ასე ნელ-ნელა იხარჯება მთელი გლუკოზა სახამებლის  მარაგის ამოწურვამდე – ზაფხულის დადგომამდე. შემდეგ კი დედა-მცენარე ამ მარაგს ხელახლა შეავსებს – მომავალ წელს ახალი პირმშოების გამოსაკვებად.

დედის მკერდს ორი ხელით ჩაბღუჯული ჩვილი დიდი მონდომებით რომ ეწაფება რძის ნაკადულს,   რძეში არსებული შაქრებით იტკბარუნებს პირს. დედის რძეში კი ისინი იმიტომ მოხვდა, რომ მცენარეებმა თავიანთი ღივების გამოსაკვებად გადანახული სახამებელი გვიწილადა. ალბათ ამიტომაც ვეძახით ადამიანები მობიბინე წყალ-ჭალას დედაბუნებას.

ნეტამც არ დაგძინებოდა, ჩიტოვ, ნიბლიავ ნარზედა

0

ამას წინათ 17-18 წლის თბილისელმა მოსწავლეებმა მკითხეს:

– ნიბლია რა არის, მასწავლებელო?

– ნიბლია ჩიტია, არ გახსოვთ ბავშვობიდან – “ნეტამც არ დაგძინებოდა, ჩიტოვ ნიბლიავ ნარზედა, ჩამოგიქროლებს ალალი, წაგიყვანს მაღალ მთაზედა”? – დავუბრუნე კითხვა გაოცებულმა.

არ ახსოვდათ. არც ნიბლია, არც მერცხალი, ბიჭ სესეს რომ სთხოვს, ქვები არ მესროლოო, არც გვრიტი, შვილებს რომ დაიხსნის ტყვეობისგან მეგობრების დახმარებით, არც მახეში გაბმული ჩიტი, ბავშვებს რომ უხსნის, მისთვის გალია რა არის.

წამოვედი და წამომყვა რაღაცნაირი სევდა დავიწყებული ჩიტების გამო, იმ დანაკარგის გამო, ბუნებრივად თან რომ სდევს ცხოვრებას. იცვლება დრო, ბევრი კარგი მოაქვს, ბევრ ცუდს შლის, მაგრამ თან რაღაც მნიშვნელოვანსაც გაიყოლებს ხოლმე. ეს ის თაობაა, მუდმივად გაჯეტებში რომ აქვს თავი ჩარგული და ეს იმ ქალაქის ცაა, სადაც ყველაზე გამძლე ბეღურები და მტრედები თუ შემორჩნენ, სადაც ძალიან ცოტაა ტყე და პარკი, სადაც ბავშვი ისე გაიზრდება, ჩიტის ბუდეებს ვერსად ნახავს, კოდალას კაკუნს ვერსად გაიგებს, გუგულის დაძახილით არ გაიხარებს და საერთოდაც, ცისკენ იშვიათად გაექცევა თვალი. ჩვეულებრივი ამბავია დიდი და ეკოლოგიურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი თანამედროვე ქალაქის მცხოვრებლებისთვის, ისეთივე  ჩვეულებრივი, როგორც ალალის მიერ ნიბლიას მონადირება, ჩვეულებრივია, მაგრამ სევდიანი.

იაკობ გოგებაშვილის  “დედა ენას” თუ გადავშლით, ვნახავთ, რომ იქ უამრავი ჩიტია. დღევანდელთან შედარებით მეცხრამეტე საუკუნეში შედგენილი ეს სახელმძღვანელო გაცილებით უფრო ადეკვატურად ასახავს იმდროინდელ გამოწვევებს პედაგოგიკაში და უფრო მეტად თანამედროვე და ადეკვატური ლექსიკაა მეცხრამეტე საუკუნის ბავშვისთვის, ვიდრე დღეს, ოცდამეერთე საუკუნეში არსებულ სახელმძღვანელოებში.

ერთ-ერთი სასაუბრო ჩიტებზეა: “რომელმა ფრინველმა იცის ჭუკჭუკი, ჟივჟივი, ჭყივილი, ჩხავილი, რომელი იძახის „ყვაა“? „გუგუ“? „კუკუ“?” მერე მოსდევს კითხვების წყება, რომლის შვილს რა ჰქვია, რითი იკვებებიან და ა. შ. თან ფრინველთა ნახატებიც ახლავს. როგორც ჩანს, იმდროინდელი ბავშვისგან იაკობი ძალიან ბუნებრივად ელოდა მსგავს კითხვებზე პასუხებს. დღეს, რაღა თქმა უნდა, ასეთ დავალებას კლასში ვერ შევიტანთ. რამე თუ გვინდა მსგავსი ვასწავლოთ, ვიდეომასალის გამოყენება მოგვიწევს, რადგან ჩვენმა ქალაქელმა პატარებმა ნამდვილად არ იციან, რა ჟივჟივებს და რა ჭიკჭიკებს, რა ჭუკჭუკებს და რა ჭყივის. შესაბამისად, იკარგება ლექსიკაც, ყოველ შემთხვევაში, ენის აქტიური მარაგიდან პასიურში გადადის, სადღაც ძველ ნაწერებსა და ლექსიკონებში აგრძელებს შეუმჩნეველ არსებობას.

სახელმძღვანელოს შედგენისას ავტორს არაერთი პედაგოგიკური ამოცანის გათვალისწინება უწევს. იაკობ გოგებაშვილის “დედა ენაში” ჩიტებთან დაკავშირებული ტექსტები შეიძლება შემდეგნაირად დავყოთ:

  1. სასაუბროები, რომლებიც ნაცნობი ლექსიკური მარაგით მოსწავლეებში მეტყველების კულტურის ამაღლებას ემსახურება.
  2. ინფორმაციული ხასიათის ტექსტები, რომლებიც ბავშვისთვის საჭირო ცოდნის გაფართოებისკენაა მიმართული.
  3. ტექსტები, რომლებიც მოსწავლეების სულიერ აღზრდას ემსახურება და ცდილობს, თანაგრძნობის, თანალმობის გაღვივებას მათზე უფრო სუსტი და დაუცველი არსებების მიმართ.
  4. ტექსტები, რომლებიც მოსწავლეებს ბუნებასთან, ამ შემთხვევაში კი კონკრეტულად ფრინველებთან კავშირს აჩვევს და ამავდროულად ფანტაზიის განვითარებას ეხმარება.
  5. ალეგორიული ხასიათის ნაწარმოებები, რომლებშიც პერსონაჟები ფრინველებია, თუმცა სათქმელის განზოგადებაა შესაძლებელი და მოსწავლეებს მხატვრული ტექსტის აღქმა-გაგებას აჩვევს.

ასევე ბევრნი არიან ჩიტები ხალხურ პოეზიასა და მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის საბავშვო ლიტერატურაში.

„მე პაწია მერცხალი ვარ,

მოჭიკჭიკე, მოალერსე;

ნეტავი რა დაგიშავე,

ქვებს რომ მესვრი, ბიჭო სესე?!“

                    შიო მღვიმელი

ბიჭი სესესადმი ნათქვამი ეს საყვედური, ასე მეგონა, ყველა თაობისთვის, ყოველთვის და ყველგან ცოცხალი იქნებოდა. ახლა დავფიქრდი, თუკი ბავშვს მერცხლის ბუდე არც უნახავს, თვალ-ყური არ უდევნებია, როგორ აშენებენ, ბარტყებს  აფრთიანებენ, აუჩუყდება კი გული პატარა არსების ჩივილზე? არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, არა მგონია, ისე იმოქმედოს, როგორც ჩემზე მოქმედებდა.

მახსოვს, როგორი გულისფანცქალით ველოდი ხოლმე „მახეში გაბმული ჩიტის“ დასასრულს.

„გალია ჩემთვის ციხეა,

ეს ბავშვნო, ნუ გავიწყდებათ:

ტყვედ ყოფნა მაწყენს, ფეხებს ვფშეკ

და თქვენვე გული დაგწყდებათ.

გაუშვეს, უთხრეს: „მაშ ღმერთმა

აწ მოგიმართოს ხელიო!

გაფრინდი, გადაიარე

ჭიკჭიკით მთა და ველიო“.

აკაკი წერეთლის ეს ლექსი უამრავჯერ მქონდა მოსმენილი, მაგრამ მაინც ველოდი, როგორ შეძლებდა პატარა ჩიტი ბავშვების დარწმუნებას და ყოველ ჯერზე სულის შეკვრის შემდეგ შვებით ამოვისუნთქავდი ხოლმე. სიხარული არ ნელდებოდა ალბათ იმიტომაც, რომ ზაფხულობით და შაბათ-კვირას სულ სოფელში ვიყავი, იქ კი უამრავი ჩიტი იყო, ცოცხალიც და მკვდარიც. მერცხლები სახლთან აშენებდნენ ბუდეებს, შაშვები ხმელ ფოთლებში იქექებოდნენ, კოდალა მოძველებულ დენის ბოძს იმხელა კაკუნს აუტეხდა ხოლმე, სულ მაოცებდა, როგორ შეეძლო ამ პატარა ჩიტს, ამხელა ხმაურის გამოწვევა.

იყვნენ ნიბლიებიც, ბოლოქანქარებიც, ჩიტბატონებიც. ერთხელ ოფოფიც მოფრინდა და მახსოვს, ბებიამ გააქშია – სიკვდილი იცის, არ ვარგა ოფოფი ეზოშიო. ნეტავი რას ერჩოდა ხალხური ცნობიერება ოფოფს, რომ სიკვდილიანობა დააბრალა?!

საბძლის გვერდზე, თავდაღმართში ჩიტების სასაფლაოც გვქონდა. ბევრნი იყვნენ და ბევრნიც იხოცებოდნენ. დავიტირებდით, ამოვუთხრიდით საფლავს, დავმარხავდით და მერე დიდ ხანს ვცდილობდით, ორი პატარა ჯოხი ისე გადაგვება, ჯვარი მიგვეღო. გავმართავდით და დავდგამდით როგორღაც, მაგრამ მოვიდოდა წვიმა, ჩვენს სასაფლაოს მიწასთან გაასწორებდა ხოლმე.

მოგვიანებით ჩიტების დამარხვის ასეთივე ამბავი ქართველმა პოეტმა, ელა გოჩიაშვილმა საოცარი სიცხადითა და სიმძაფრით აღწერა ლექსში „ჩემთვის და ჩემი ორი დისათვის“. ელას ლექსში მკვდარი დედა ჩიტის ადგილს ფინალში ნამდვილი დედა იჭერს. ამ ლექსის წაკითხვისას კიდევ ერთხელ მწარედ ვიგრძენი, როგორ თამაშობს ბავშვი მომავალ ცხოვრებას და როლების მორგებით ემოციურად ემზადება ცხოვრებისათვის.

ჩემს ბავშვობაში, ისევე როგორც ფოლკლორსა და ლიტერატურაში უამრავი ჩიტი იყო, მაგრამ ყველაზე ცნობილი ლიტერატურული ფრინველი ქართულ სინამდვილეში მაინც ვაჟა-ფშაველას „არწივია.“ მიუხედავად იმისა, რომ ვაჟა გაცილებით დიდი პოეტია, ვიდრე ეს ამ ლექსში ჩანს, დარწმუნებული ვარ, გაცილებით მეტ ქართველს ეცოდინება, ვიდრე, ვთქვათ,  „ალუდა ქეთელაური“.

ამისი მიზეზი შეიძლება საკმაოდ მარტივი იყოს. ბევრი აიგივებს საკუთარ თავს არწივთან, ძლიერების სიმბოლოსთან და ბევრიც გალახულ-თავმოყვარეობა შელახული ადვილად აბრალებს დამარცხებას „ცუდ დროს,“ ძნელია, აღიარო, რომ მოგერივნენ, იმიტომ რომ სუსტი ხარ, უფრო ადვილია, ბოღმიანი დაჩივლება: „ვაჰ, დედას თქვენსას ყოვებო, ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა, თორო ვნახავდი თქვენს ბუმბულს, გაშლილს, გაფანტულს ველადა“. არ ვიცი დაწერა თუ არა სადმე ამის შესახებ კრიტიკოსმა გია არგანაშვილმა, პირადი საუბრისას კი მითხრა, ვაჟას „არწივი“ ფრთებგაჩაჩხული დგას მისი პოეზიის კართან და ქართველებს დანარჩენის დანახვას უშლისო. მოსწრებული ნათქვამია, თუმცა ალბათ იმათ უშლის, ვისაც პირიმზეს დანახვა ისედაც არ შეუძლია, ვინც არასდროს გაითავისებს: „ჩვენ ვიტყვით, კაცნი ჩვენა ვართ, მარტონ ჩვენ გვზრდიან დედანიო“.

ასეა თუ ისე, სამწუხაროა, თითქოს ჩვენი ცნობიერებიდან ქრებიან მერცხლები და ნიბლია ჩიტები, სევდიანებიც და მხიარულებიც, ქალაქელი ბავშებისთვის ყველაზე საყვარელი ჩიტი გალიაში მცხოვრები თუთიყუშია.

როდესმე შევძლებთ ისეთი ქვეყნის აშენებას, რომელისთვისაც დამარცხებული, დაბოღმილი არწივის პათეტიკა ასე მშობლიური აღარ იქნება და რომლის ქალაქებშიც ჩიტები ისევ დაბრუნდებიან?!

კლასი – შემოქმედებითი ლაბორატორია

0

კლასი შეიძლება შემოქმედ ადამიანთა გაერთიანებად ვაქციოთ. ამ ადამიანებს სამყაროს გაუმჯობესების სურვილი გააერთიანებს. იდეის ხორცშესხმა მარტივია –  საკმარისია მოიფიქრო საქმე, რომელიც შენი შთაგონების წყარო გახდება.

თუკი ინტერნეტის მმართველი Google-ის გამოცდილებას დავესესხებით, ვნახავთ, რომ ამ კომპანიის თანამშრომლები სამუშაო საათების 20%-ს განათლებასა და თავისუფალ შემოქმედებაზე ორიენტირებულ პროექტებს უთმობენ და არა თავიანთი პირდაპირი მოვალეობის შესრულებას. კომპანიის მესვეურებმა კარგად უწყიან, რომ შემოქმედებითი წვა დაკარგულ დროს არ ნიშნავს. სწორედ ეს ეხმარება Google-ს არასტანდარტული ამოცანების გადაჭრაში.

რატომ არ უნდა გაიზიაროს იგივე გამოცდილება სკოლამ, სადაც საკმაოდ რეალისტურია, სასწავლო დროის 20% შემოქმედებით პროექტებს დაუთმო? ეს დრო ქაოსად რომ არ იქცეს, აუცილებელია შემოქმედებითი ლაბორატორიის ორგანიზება. ადგილის, სადაც ბავშვები სხვა მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად შემოქმედებით პროცესში იქნებიან ჩართული, პროცესის შედეგად კი დასრულებულ პროდუქტს მიიღებენ.

ასეთი პროექტების ხიბლი სწორედ ის გახლავთ, რომ  მიღებულ პროდუქტს პრაქტიკაში გამოიყენებ. ჩვენს გარშემო არსებული უამრავი პროდუქტი ხომ ისეთ შთაბეჭდილებას გვიტოვებს, თითქოსდა შემოთავაზებულ ვარიანტებს შორის მუდამ უნდა ვაკეთოთ არჩევანი, მაგრამ ცხოვრება გაცილებით საინტერესო ხდება მაშინ, როდესაც შენ თვითონაც შეგიძლია შექმნა და არა მარტო მომხმარებელი იყო.

სტივენ რიცი ნიუ-იორკის ერთ-ერთ ღარიბული რაიონში, სამხრეთ ბრონქსში ასწავლის. ერთხელაც ის არა მასწავლებლის, არამედ მამის პოზიციიდან დაფიქრდა  და დაასკვნა, რომ თანამედროვე ბავშვებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არაჯანსაღი საკვების გამო უჩნდებათ. ერთადერთი გამოსავალი ჯანსაღი საკვების მოყვანა იყო, მაგრამ როგორ უნდა მოეხერხებინა ეს თვალუწვდენელ მეგაპოლისში?

სტივენმა თავის კლასში „მწვანე კედელი“ (დაპატენტებული როგორც Green living wall) შექმნა – სპეციალური სისტემა, რომელიც ბოსტნეულისა და მწვანილის მოყვანის შესაძლებლობას პრაქტიკულად ნებისმიერ პირობებში, ტრადიციული ნიადაგის გარეშე იძლევა. სტივენის მიერ ინიცირებულ  ფერმერობაში უამრავი მოსწავლე ჩაერთო. მას მერე, რაც ბავშვებმა თესვისა და მოსავალიც აღების გრძელი გზა ერთად გაიარეს, „მწვანე ბრონქსის მანქანა“ უფრო სწრაფად ამუშავდა. თავისი ინოვაციური პროექტით მასწავლებელმა ადგილობრივი ხელისუფლებაც დააინტერესა, შემდეგ საქმეში ტექნოლოგები ჩართო და საბოლოოდ, ღარიბ უბანში მცხოვრებმა სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი ხელით მოყვანილი პროდუქტი ბაზარში გაასაღეს და ბავშვთა თავშესაფრებს დაეხმარნენ, ფერმერული გამოცდილება კი სხვა სკოლის მოსწავლეებს გაუზიარეს.

მალე სტივენის შემოქმედებითმა ლაბორატორიამ სოციალური მოვლენის სახე მიიღო და არაერთი ადამიანის ცხოვრება შეცვალა.

აი, კიდევ ერთი მაგალითი:

სიტყვა „დრონი“ – ამ შემთხვევაში უპილოტო საფრენი აპარატი – ფანტასტიკის ჟანრის ფილმებს გვახსენებს, სადაც ამ აპარატის მეშვეობით მტრის ბანაკს უთვალთვალებენ. სინამდვილეში კი, დრონებს მშვიდობიან პირობებშიც იყენებენ: სოფლის მეურნეობაში, მშენებლობასა და… განათლებაში.

ყოველდღიურობაში ყველაზე პოპულარული დრონი კვადრაკოპტერია, რომელზეც ფოტო ან ვიდეოაპარატურა მაგრდება. სწორედ მისი გამოყენება შეიძლება საგანმანათლებლო პროექტებში. შემოქმედებით ლაბორატორიაში მოსწავლეები დრონს აპროგრამირებენ, მუშაობენ გადაღებულ მასალაზე, ამზადებენ უჩვეულო ფოტოშეფასებებს, ორიგინალურ ვიდეორგოლებს სასკოლო მოვლენების შესახებ.

მაგრამ იმისათვის, რომ დრონი დააპროგრამო, მოსწავლეებს ტრიგონომეტრიის ზედმიწევნით ცოდნა სჭირდებათ. ტრიგონომეტრიის სწავლება გაცილებით საინტერესო და მიმზიდველი ხდება, როდესაც ზუსტად იცი სად და რატომ უნდა გამოგადგეს მოსაწყენი ფორმულები. ფლორიდელმა მასწავლებლებმა პეგი ბრუკინსმა და რაიმონდ ჯეიმსმა შეიმუშავეს ციკლი „მფრინავი ტრიგონომეტრია“, რომლის ფარგლებში მოსწავლეები დრონებს აპროგრამირებენ და საკმაოდ რთულ მათემატიკურ თემებს იოლად ითვისებენ.

კიდევ ერთი წარმატებული მაგალითი: სასკოლო ცხოვრების კლასიკაა – კედლის გაზეთი, რომელიც, სამწუხაროდ, პედაგოგებში საბჭოთა პერიოდთან ასოცირდება. არადა, ის ყოველთვის აქტუალური იყო და დღეს, უბრალოდ, ტრანსფორმირდა. კედლის გაზეთი სკოლის დერეფნებს აღარ ამშვენებს. მან ონლაინსივრცეში გადაინაცვლა და განუსაზღვრელი რაოდენების მკითხველი ჰყავს.

სკოლებში კომპიუტერული ტექნოლოგიების დამნერგავი, პიონერი ესტერ ვოჯიკი  ჟურნალისტიკის კითხვის მდიდარი გამოცდილების მქონეა, რაც იმას ნიშნავს, რომ „არასერიოზული“ საბავშვო ჟურნალისტიკა კარგა ხანია გაცდა სკოლის კედლებს და საზოგადოებრივი რეზონანსი მოიპოვა.

„ყველა ჩემი მოსწავლე მუშაობს თავის ისტორიაზე. ზოგი ისტორია ძალიან სენსიტიურია სკოლისთვის, რაიონისთვის, ქალაქისთვის, რადგან აქტუალურ პრობლემებს ეხება. ეს საქმე  ბავშვებისადმი დიდ ნდობას მოითხოვს – მათ უნდა მისცე იმის საშუალება, რომ თავად მოიპოვონ ინფორმაცია პირველწყაროდან, დაწერონ სტატია დამოუკიდებლად, ისე, როგორც შეძლებენ. სტატია იბეჭდება ონლაინ და ბევრი მნახველი ჰყავს, ბეჭდურის ტირაჟის კი სამი ათასს აღწევს“, – ამბობს ესტერ ვოჟიკი სტატიაში, რომელიც შერეულ სწავლებას ეხება.

ვოჟიკი ურჩევს მასწავლებლებს მეტად ენდონ მოსწავლეებს, მაგრამ მანამდე კარგად შთააგონონ, რომ მათი ნამუშევარი რაღაც თამაშის ნაწილი არ არის და ამ სტატიებს უფროსები წაიკითხავენ. ვოჟიკი წერს, რომ სტატიების მომზადების პერიოდში მასწავლებელი „ხაზზე“ უნდა იყოს. მოსწავლეს ნებისმიერ დროს უნდა შეეძლოს მასწავლებელთან დაკავშირება ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით. თუ მოსწავლე შეცდომას დაუშვებს, კატასტროფად არ უნდა აღიქვას. შეცდომა ცხოვრების ნაწილია და ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ვგეგმავთ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პირობა ის არის, რომ მოსწავლე ხშირად უნდა აღმოჩნდეს სიტუაციაში, სადაც ის საკუთარ თავზეა პასუხისმგებელი. მოსწავლეს ბევრი სირთულის გადალახვა მოუწევს, მაგრამ სამომავლოდ ეს წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

…ამ დროისთვის არსებობს უამრავი პლატფორმა პროგრამირებისთვის, რის გამოც ეს საქმე ყველასათვის ხელმისაწვდომი ხდება. Newtonew-ზე პერიოდულად ჩნდება ისეთი პროექტების განხილვები, როგორიც Scratch-ია – პლატფორმა ნორჩი პროგრამისტებისთვის. გაჯეტებით  გატაცებული მოსწავლეებისთვის მასწავლებელს თამამად შეუძლია დამატებებზე მომუშავე შემოქმედებითი ლაბორატორიის გახსნა.

უფროსკლასელები უმცროსკლასელებს გამოცდილებას გაუზიარებენ, მოიგონებენ სერვისებს და თამაშებს, რომლებიც სწავლის პროცესს გაუმარტივებენ მათ. მასწავლებელს შეუძლია გეიმერების შეჯიბრი მოაწყოს, სადაც ჩართული იქნებიან ნორჩი სცენარისტები, მხატვრები, პროგრამისტები.

შემოქმედებითი ლაბორატორიები თანამედროვე სკოლის აწმყო და მომავალია. მოიფიქრეთ საინტერესო იდეა და გაერთიანდით მოსწავლეებთან ერთად მის გარშემო, რათა სამყარო, სადაც ცხოვრობთ, უკეთესი გახდეს.

ოცნება

0

ოცნებაზე ვწერ. არა, პოლიტიკაზე წერა აზრადაც არ მომსვლია. მე და პოლიტიკა ერთმანეთთან დათვი და რაჭველივით ვართ. გახსოვთ ხომ? რაჭველი ტყეში არ მიდიოდა, დათვი კი სახლში არ აკითხავდა. ჩვეულებრივ ადამიანურ ოცნებაზე ვწერ. გვახასიათებს ადამიანებს რაღაცების წარმოდგენა და შემდეგ მუდმივად ჩვენივე წარმოდგენილ მოვლენებსა თუ ობიექტებზე ფიქრი. ოცნებას შესრულება უნდა, ამიტომ ფუჭი კი არა, ასრულებადი უნდა იყოს.

მაგალითად, თუ მე კოსმოსში გასეირნებაზე ვიოცნებებ, ეს ასრულებადი იქნება. ჯანმრთელობა ხელს მიწყობს, უბრალოდ ბევრი ფულია საჭირო, რომ კოსმოტურიზმის ტურისტი გავხდე. ნახეთ, ოცნებამ უცბად მიმართულება იცვალა, ამაღლებულ კოსმოსზე ვოცნებობდი, საქმე კი  ფულის გამომუშავებაზე მიდგა. უკაცრავად, ბეეევრი ფულის გამომუშავებაზე. ჰოდა, კოსმოსში სასეირნოდ თუ საკმარის ფულს დავაგროვებ, უკვე ისეთი დაღლილი ვიქნები, რომ კოსმოსის გახსენებაც არ მომინდება. ანუ, მაინც არარეალური ოცნება გამოდის. თუმცა ყველაფერი შედარებითია და ახლა კიდევ უფრო არარეალურს დავწერ. შორს კი არ წავალ, იქვე კოსმოსში ვიტრიალებ.  პლანეტა სატურნის ერთ-ერთი რგოლი ყინულის ნაწილაკებისგან ფორმირდება. ეს ნაწილაკები კი მისივე თანამგზავრ  პლანეტაზე, იგივე ერთ-ერთ მის მთვარეზე, ენცელადუსზე, ყინულის შადრევნებიდან იფრქვევა. ჰოდა, ჩემი არარეალური ოცნება ასეთია, ენცელადუსზე მინდა ყინულის შადრევანთან გავლა-გამოვლა. ამის გაკეთება უზარმაზარი ფულის გადახდის შემთხვევაშიც კი შეუძლებელია.

ამას წინათ ოცნებაზე თურქულის გაკვეთილზეც ვსაუბრობდით. ჩვეულებრივ ოცნებაზე, პოლიტიკაზე არა.  მასწავლებელმა შეკითხვა დაგვისვა, აბა, თქვით, ვის რა ოცნება გაქვთო. ჰო, უნდა ისაუბრო, თქვა, დაასაბუთო, დაამტკიცო, ახალი გრამატიკა და ლექსიკა გამოიყენო, შეცდომებიც დაუშვა და მხოლოდ ასე გაიტეხავ ენას. თორემ, სინამდვილეში, შენ რა ოცნება გაქვს,  სულაც არ არის საინტერესო. აუდიტორია ჩაფიქრდა. თუ ოცნებას გააჟღერებ, უეჭველი ლამაზი უნდა იყოს, აბა ისე რა ოცნებაა.

ჩვენმა ჰოჯამ (მასწავლებელმა) გაგვამხნევა და თქვა, მე ბრაზილიაში წასვლაზე ვოცნებობო. ამაზე მაშინვე უთხარი, რომ ეს ცუდი ოცნება იყო. ცუდი იმიტომ იყო, რომ იქ  კრიმინალური სიტუაცია ძალიან სახიფათოა და წასვლა კი შეიძლება, მაგრამ,  როგორც იტყვიან, ასი თვალი და ასი ყურია საჭირო. სინამდვილეში „ცუდის“ თქმა არ მინდოდა, მსურდა მეთქვა, სახიფათოა-მეთქი, მაგრამ უცებ ეს სიტყვა ვერ გავიხსენე და „ცუდით“ დავკმაყოფილდი. ერთმა გოგონამ ისურვა, ყველა თურქ მსახიობს პირადად გავიცნობდიო. მეც მაშინვე კომენტარი გავაკეთე: დიდი და ლამაზი თეთრი ოცნებაა-მეთქი. თუმცა სხვების ოცნებებზე ხმა აღარ ამომიღია, რადგან გამოდიოდა, რომ კომენტატორის როლი მოვირგე და არა მეოცნების. თუმცა ესეც საქმე იყო, კომენტარებსაც ხომ თურქულად ვაკეთებდი. შესაბამისად, ვიყენებდი ლექსიკას, გრამატიკულ დროებს, შეცდომებსაც უშვებდი და ენის გატეხვას ვცდილობდი.

მერე, დავფიქრდი, ნეტავ ჩემი ოცნება რა არის-მეთქი (კოსმოსი არ ითვლება) და აღმოვაჩინე, რომ ოცნება არ მქონია. არაფერზეც არ ვოცნებობ. ერთმა ბიჭმა თქვა, ჩემი ოცნება თურქულის სწავლააო. თუ მეც მასთან ერთად გაკვეთილზე ვზივარ, გამოდის, რომ ჩემი ოცნებაც არის? არა, არ არის. უფრო სურვილია, ვისწავლო ახალი ენა და ბარემ აგერ მეზობლის ენა იყოს, რაღა სხვა ენებში ვარჩიო. ამისთვის სახლში არ ვზივარ და არ ვოცნებობ, კურსებზე ჩავეწერე და სწავლას ვცდილობ.

კიდევ მრავალი რამ მინდა და ვცდილობ რაიმე გავაკეთო, რომ მიზანს მივუახლოვდე. ნახეთ, მიზანს-მეთქი წამომცდა. გამოდის, რომ ოცნებები კი არა, პატარ-პატარა მიზნები მქონია, რომელთა მიღწევას ოცნება კი არა, მოძრაობა  სჭირდება. ისიც დიდი ხანია შევამჩნიე, რომ მავანს ოცნება დიდი ძალისხმევით უხდება, მეორეს ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. ერთი რამეც სახეზეა, ადრე ვოცნებობდი, მაგრამ ჩემი ოცნებები სხვებს უსრულდებოდათ. ალბათ  დამთხვევაა, მაგრამ ასე იყო და მომკალით.

თუმცა ოცნებას  კაცი არ მოუკლავსო და წავიოცნებოთ, თუ გნებავთ. ოცნებას შესაბამისი პირობები უნდა, ან მთვარის შუქზეა აუცილებელი ან სანთლის მკრთალ სინათლეზე.

ჰოდა, ამ სტატიასაც სანთლის შუქზე დავწერ. თუმცა… რამდენიმენაირი სანთელი მაქვს და რომელი ავანთო?

სანთლის დამზადების პრინციპი ერთნაირია, ნივთიერებებია განსხვავებული.  სანთელი შეიძლება იყოს ცვილის, სტეარინის, პარაფინის, გელისაც კი. ცვილის სანთელს ფუტკრის ცვილისგან ამზადებენ. თაფლის ფიჭა ხომ ყველას გაგისინჯავთ, საოცრად გემრიელია. ჰოდა, თაფლი სწორედ ცვილშია მოთავსებული. თუ ცვილს გავალღობთ, შეგვიძლია სანთელი ჩვენი ხელით დავამზადოთ. რა თქმა უნდა, ცვილი სუფთა უნდა იყოს, თაფლს აღარ უნდა შეიცავდეს. გამლღვარი  ცვილი შეგვიძლია სანთლის პატარა მრგვალ ფორმაში ჩავასხათ, ოღონდ შიგნით წინასწარ ფითილის ჩადგმა არ დავივიწყოთ. ცვილი გამყარდება და სანთელიც მზად არის.

თავად ცვილი, იგივე ცერიდი, უმაღლესი ცხიმოვანმჟავების და უმაღლესი ერთატომიანი სპირტების რთული ეთერებია. ბუნებრივი ცვილები, გარდა ამ რთული ეთერებისა, შეიცავს უმაღლეს სპირტებს, თავისუფალ კარბონმჟავებს და უმთავრესად ნახშირბადის ატომების კენტი რიცხვის შემცველ ნახშირწყალბადებს.

ფუტკრის ცვილის აგებულებაში მონაწილეობს მირიცილის სპირტი (C30H61OH) და პალმიტინმჟავა. მედიცინაში ცვილები მალამოების დასამზადებლად გამოიყენება.

ცვილის სანთლები შეიძლება სპერმაცეტისგანაც დამზადდეს, ოღონდ ასეთი ძალიან იშვიათად გვხვდება. ამ ცერიდს შეიცავს ვეშაპის, კაშალოტის და დელფინის თავის ქალა. ის ცეტილის სპირტის (C16H33OH) და პალმიტინის მჟავას რთული ეთერია.

სტეარინის სანთელი როგორღა მზადდება? დამზადების პრინციპი იგივეა. სტეარინი ცვილის მაგვარი ნივთიერებაა, ხელის შეხებისას საპონივით სლიპინა. ეს ისე, მარტივად, რომ ვთქვათ. ქიმიურად თუ ვიტყვით, ის თვრამეტი ნახშირბად ატომისგან შემდგარი ცხიმოვანი მჟავაა (C18). შესაბამისად, მისი ფუნქციონალური ჯგუფი კარბოქსილის არის.

ცხიმოვანმჟავები ნახშირბადის ოთხი ან მეტი ატომის შემცველი მონოკარბონმჟავებია. პირობითად ორ ჯგუფად იყოფა: 1) მოკლე ნახშირწყალბადოვანი ჯაჭვის (C4-C10) და 2) გრძელი ნახშირწყალბადოვანი ჯაჭვის (C4-C10) შემცველ ცხიმოვანმჟავებად. მეორე ჯგუფის წარმომადგენლებს უმაღლეს ცხიმოვანმჟავებს უწოდებენ. ისინი შეიძლება იყოს ნაჯერი ან უჯერი. სტეარინის მჟავა ნაჯერია.

სტეარინის შესახებ ცნობილი მეცხრამეტე საუკუნეში გახდა. საფრანგეთში ქიმიკოსებმა დავალება მიიღეს, შეესწავლათ საპონი, რომელსაც ფრანგი მკერავები ქსოვილების შესაღებად იყენებდნენ. საქმეში მიშელ შევრელი ჩაერთო. საპნის ხარისხზე რა დაადგინა, ვერ გეტყვით, მაგრამ  უცნობი ნივთიერება, რომ გამოყო, ეგ ვიცი. სახელი ასეთი უწოდა – მარგარინის მსგავსი ცხიმოვანი მჟავა. შევრელზე ნაკლები რითი ვართ? ავიღოთ, ე.წ. სარეცხის საპონი, ლანცეტით ან დანით ჩამოვფხიკოთ და  პატარა ჭურჭელში ჩავყაროთ, თუნდაც  რაიმე ჯამში. დავამატოთ წყალი და გასახსნელად ქურაზე დავდგათ. მღვრიე ხსნარს მივიღებთ, რომელსაც ძმარი უნდა დავამატოთ. წარმოიქმნება თეთრი ფერის ნალექი. თუ ხსნარს გავფილტრავთ და ნალექს გავაშრობთ, მივიღებთ სტეარინს.

ისიც უნდა ითქვას, რომ დღეისათვის სტეარინისგან სანთლებს უკვე იშვიათად ამზადებენ. თანამედროვე სანთლები უფრო პარაფინისგან მზადდება. პარაფინები ნახშირწყალბადებია (ალკანები). მათ ჰომოლოგიურ რიგში ნახშირბადატომთა რიცხვის ზრდასთან ერთად იზრდება დნობის, დუღილის ტემპერატურა და სიმკვრივე. ჩვეულებრივ პირობებში ამ რიგის პირველი ოთხი წევრი აირია – სითხეები C15H32ის ჩათვლით, უმაღლესი წევრები კი მყარი ნივთიერებებია. სხვათა შორის, თუ ცხიმოვან მჟავას კარბოქსილის ჯგუფს ჩამოვაცილებთ, ერთ-ერთი პარაფინი შეგვრჩება ხელში.

ზემოთ გელის სანთელიც ვახსენე, ძირითადად დეკორატიულია. ლამაზ ჭურჭელში გელთან ერთად ათასნაირი ნიჟარები და სამშვენისებია მოთავსებული. გელის კონსისტენციის შემქმნელი  მთავარი ქიმიური  ნივთიერებებია ჟელატინი, გლიცერინი და ტანინი.

ვწერ… სანთელი ანთია და ცეცხლის ალი სასაცილოდ თამაშობს.

ალი ნათებაა, რომელიც წვას ახლავს თან. ალი გავარვარებული აირები ან ორთქლია. თუ დააკვირდებით, ალი სამი ნაწილისგან შედგება. ქვედა, მუქი მოლურჯო, ნაკლებად მხურვალე ნაწილია (700 გრადუსამდეა ტემპერატურა), შუაში კაშკაშა მხურვალე ნაწილი გახლავთ (1100 გრადუსამდეა ტემპერატურა), ზედა ნაწილი კი ყველაზე მხურვალეა  (1400 გრადუსამდეა ტემპერატურა).

როდესაც სანთელს ვანთებთ, მასალა, რომლისგანაც დამზადებულია, სრულად არ იწვის. დაუწვავი ნახშირბადის ნაწილაკები ვარვარდებიან და ანათებენ. აუცილებელია ჟანგბადი და აალების ტემპერატურა.

მაღალ ტემპერატურაზე სანთლის შემადგენელი მასალის ორთქლი იშლება ნახშირად და წყალბადად. ალის შუა ნაწილში ნახშირის ნაწილაკები ვარვარდებიან და ალი კაშკაშა ხდება. წვის პროდუქტები ნახშირორჟანგი და წყალია.

სანთელი დაიწვა და წერაც უნდა დავასრულო.

მხოლოდ ერთს დავწერ… ოცნების ასრულებას წინაღობები ახლავს ხოლმე თან.

„- ახლა ხომ წვიმს, პეპი, – გაუკვირდა ტომის, – წვიმის დროს ვინ რწყავს ყვავილებს?

– მე ვრწყავ, – უპასუხა პეპიმ, – მე იქნებ მთელი ღამე გავათენე იმაზე ოცნებაში, დილას როგორ მოვრწყავდი ყვავილებს და ამ ქეციანი წვიმის გამო ოცნება ვერ უნდა ავისრულო?“

ოცნებისას  წვიმას  ყურადღებას ნუ მიაქცევთ. უბრალოდ, იმუშავეთ, იმუშავეთ… რომ აგიხდეთ.

ცნებების სწავლება: აღმოჩენა და დემონსტრირება

0

აზროვნების სფეროში ჯერომ ბრუნერის ადრეულმა კვლევებმა განაპირობა მისი  ინტერესი აზროვნების განვითარებისა და ცნების სწავლის მიმართ. ბრუნერის კვლევებმა  აჩვენა,  რაოდენ მნიშვნელოვანია  შესასწავლი  საგნის  სტრუქტურის  აღქმა.  აქტიურ  სწავლას  ავტორი განიხილავდა, როგორც ინფორმაციის სწორად გააზრების საფუძველს; ხაზს უსვამდა ინდუქციური მსჯელობის მნიშვნელობას სწავლის პროცესში.

სტრუქტურა და აღმოჩენა.  საგნის სტრუქტურაში ნათლად ჩანს არსებითი აზრი,  კავშირები,  ანუ  ძირითადი  ინფორმაცია  ამა  თუ  იმ  სფეროს  შესახებ.  ვინაიდან  სტრუქტურა  სპეციფიკურ  ფაქტებს,  დეტალებს  არ  მოიცავს,  შესაძლებელია  აზრის  მთავარი  სტრუქტურის  წარმოდგენა მარტივი  დიაგრამის, პრინციპების  სისტემის  ან  ფორმულის  სახით.  ბრუნერის  მიხედვით,  სწავლის პროცესი  უფრო  სასარგებლო  იქნება  და  მოსწავლე  უფრო  კარგად  დაიხსომებს, თუ ყურადღებას გაამახვილებს შესასწავლი საგნის სტრუქტურაზე.

ბრუნერის  აზრით,  ინფორმაციის  სტრუქტურის  გაგება  გულისხმობს,  რომ   მოსწავლე  აქტიური  უნდა  იყოს,  ანუ  მან  მასწავლებლისაგან  მზა ”პროდუქტი” კი  არ  უნდა  მიიღოს,  არამედ  თავად  უნდა დაადგინოს  მთავარი  პრინციპები.  ამ პროცესს “აღმოჩენის  გზით  სწავლება” ეწოდება. ასეთი სწავლებისას მასწავლებელი წარუდგენს მოსწავლეებს მაგალითებს,  რომლებზეც  ისინი  მანამდე მუშაობენ,  სანამ  არ  აღმოაჩენენ,  დაადგენენ  ურთიერთკავშირებს – საგნის სტრუქტურას. ამრიგად, ბრუნერის აზრით, კლასში მუშაობა ინდუქციური მსჯელობების  ხასიათს  უნდა  ატარებდეს,  რაც  გამოიხატება  კონკრეტული მაგალითების  გამოყენების  საფუძველზე  ძირითადი  პრინციპების  ჩამოყალიბებაში.

აღმოჩენა აქტივობის პროცესში.  ინდუქციური  მიდგომისას,  მოსწავლეს  მოეთხოვება ინტუიციური აზროვნება. ბრუნერის აზრით, მასწავლებელს შეუძლია ხელი შეუწყოს ინტუიციური აზროვნების უნარის ჩამოყალიბებას მუშაობის პროცესში სპეციალური  სავარჯიშოების  (მაგალითად, აზრის  დასრულება)  გამოყენებით,  აგრეთვე,  მოსწავლეთა  მიერ  გამოთქმული ვარაუდების დადასტურებით ან უარყოფით მათივე არგუმენტების  საფუძველზე. ვთქვათ,  მას  შემდეგ,  რაც  მოსწავლეები  გაეცნობიან მასალას  ოკეანის  დინებებისა  და  გემთმშენებლობის  შესახებ,  მასწავლებელი აჩვენებს  მათ  ძველი  პორტების  რუკებს  და  აძლევს  დავალებას:  დაადგინონ, რომელმა  პორტმა  მოიპოვა  ძირითადი  პორტის  სტატუსი. სისტემატური კვლევის საშუალებით მოსწავლეები შეძლებენ საკუთარი ვარაუდების შემოწმებას. სამწუხაროდ, რეალურად ინტუიციური  აზროვნების  ჩამოყალიბებას  ხშირად ხელს  უშლის  ის  გარემოება,  რომ  არასწორი  პასუხების  გამო  მოსწავლე  ისჯება და  სწორი,  მაგრამ  ხშირად  არაკრეატიული  პასუხების  გამო – ჯილდოვდება.

ჩვეულებრივ,  განასხვავებენ  ნამდვილი,  დამოუკიდებელი  აღმოჩენის  გზით სწავლას,  როცა მოსწავლე მუშაობს  დამოუკიდებლად, მასწავლებლის დახმარების გარეშე; და აღმოჩენის დახმარების, ხელმძღვანელობის გზით სწავლას, როცა მასწავლებელი აძლევს მოსწავლეს გარკვეულ მიმართულებას.

დამოუკიდებელი  აღმოჩენის  მეთოდი  სკოლამდელი  ასაკის  მოსწავლეთათვის უფრო მისაღებია, მაშინ როცა დაწყებით ან საშუალო სკოლაში გაკვეთილზე დამოუკიდებელი  აქტივობა  სწავლის  პროცესზე  ხშირად  უარყოფით  გავლენას ახდენს  და  უმართავია.  უფრო  მიზანშეწონილია,  რომ  მოსწავლეებმა მასწავლებლის  დახმარებით  იმუშაონ.  მასწავლებელი  წარუდგენს  მოსწავლეებს რთულ სიტუაციებს, უსვამს საინტერესო კითხვებს. ვთქვათ, რატომ ქრება ალი დახურულ  ჭურჭელში? ფანქარს წყალში რომ ჩადებ, რატომ გგონია, რომ მან  დეფორმაცია განიცადა? რა საერთო აქვს ამ სიტყვებს? ამასთანავე, მასწავლებელი  მოსწავლეებს  განმარტებას  კი  არ  აძლევს,  არამედ  აწვდის  სათანადო საგნებსა თუ მასალას და უბიძგებს ამოცანის ამოხსნისაკენ.

ცნების სწავლება დემონსტრირების მეთოდით

ბრუნერისაგან  განსხვავებით,  დევიდ ოზიბელს მიაჩნდა,  რომ  ადამიანი  ცოდნას  იძენს  არა  აღმოჩენის,  არამედ  მიღების გზით.  ცნებების,  პრინციპებისა  და  აზრების  წვდომა  ხდება დედუქციური  მსჯელობის  მეშვეობით,  ანუ  არა  კონკრეტული  მაგალითებიდან ზოგად  პრინციპზე  გადასვლით,  არამედ  ზოგადი  აზრის  კონკრეტულ  მაგალითზე დაყვანით.  ოზიბელის  დემონსტრაციული  მეთოდით  სწავლების  მოდელში მნიშვნელოვანია  აზრის  მქონე ვერბალური სწავლის  პრინციპი – ერთად აღებული ვერბალური ინფორმაცია, იდეები და იდეებს შორის კავშირები. მექანიკური დახსომება  გააზრებული  სწავლა  არ  არის,  რადგან  მექანიკურად დასწავლილი  მასალა  არ  არის  დაკავშირებული  არსებულ  ცოდნასთან.

წინსვლის წინასწარი მაორგანიზებელი. ოზიბელის  სტრატეგიის  ამოსავალი წერტილი  ყოველთვის  არის „წინსვლის  წინასწარი  მაორგანიზებელი”,  ანუ  წინასწარ  შერჩეული  ინფორმაცია,  რომელსაც  მასწავლებელი აწვდის  მოწაფეს  ძირითადი  მასალის  გაცნობამდე.  ეს  სამ  მიზანს  ისახავს: ჯერ  ერთი,  აჩვენებს,  რა  არის  მნიშვნელოვანი  გასაცნობ  მასალაში;  მეორე – ეხმარება მოსწავლეებს ტექსტში მოცემულ აზრებს შორის არსებული კავშირების დადგენაში;  მესამე – ახსენებს  მოსწავლეებს  მათთვის  უკვე  ნაცნობ ინფორმაციას.

წინასწარი მაორგანიზებელი ორ კატეგორიად იყოფა: შეპირისპირებითი და სადემონსტრაციო.  პირველის  მეშვეობით  ხდება  მუშა  მეხსიერებაში არსებული სქემების აქტივაცია, ანუ მოსწავლისთვის იმის შეხსენება, რაც მან  უკვე  იცის,  თუმცა  ვერ  აცნობიერებს,  არის თუ არა ის მართლაც რელევანტური. მაგალითად,  ისტორიის  გაკვეთილზე  რევოლუციის  ეპოქის სწავლებისას  ამგვარი  ფუნქცია  შეიძლება შეასრულოს  ინდუსტრიული და სოციალურ-ეკონომიკური  რევოლუციის  შედარებამ.  კერძოდ,  მასწავლებელი განმარტავს,  რომ ინდუსტრიული რევოლუციით გამოწვეული მატერიალური და სოციალური  ცვლილებები,  როგორც  წესი,  არსებითად  განსხვავდება  შეიარაღებული აჯანყების  გზით  მიღებული  შედეგისგან.  შეიძლება,  აგრეთვე საფრანგეთის,  ინგლისის,  მექსიკის,  რუსეთის,  ირანისა  და  აშშ-ის  რევოლუციების ძირითადი ასპექტების შედარება.

ამის  საპირისპიროდ,  სადემონსტრაციის  მაორგანიზებელი მოსწავლეს ახალ ცოდნას აწვდის მომავალი ინფორმაციის გასაგებად. მაგალითად, ქართული ენის გაკვეთილზე  ლიტერატურული ნაწარმოების იმ მონაკვეთის განხილვა, რომელიც ადათ-წესებს  უკავშირდება,  შეიძლება დავიწყოთ  იმის  ახსნით,  თუ  რატომ  ეთმობა  ამ  თემას  ასეთი  მნიშვნელოვანი ადგილი  ლიტერატურაში.

ამ  მეთოდით  სწავლების  შესახებ  ზოგადი დასკვნა  ასეთია:  ის  ეხმარება  მოსწავლეებს სწავლის  პროცესში,  განსაკუთრებით მაშინ, როცა შესასწავლი მასალა არის სრულიად  უცნობი,  რთული  და  მრავლისმომცველი. მაგრამ  ხაზგასმით  აღსანიშნავია, რომ  ამ  როლის  ეფექტურად  შესრულებისთვის  ეს  მეთოდი  უცილობლად  უნდა აკმაყოფილებდეს  ორ  პირობას.  ჯერ ერთი,  წინასწარ მიწოდებული ინფორმაცია მოსწავლისათვის  გასაგები  უნდა  იყოს. ეს  ნათლად  დაადასტურა  დინელისა  და გლოვერის კვლევამ, რომლის  შედეგმა  აჩვენა,  რომ  ამ მეთოდის  ეფექტიანობა  მნიშვნელოვნად  იზრდება,  თუ  მასწავლებელი  ეხმარება მოსწავლეებს  წინასწარ  მიწოდებული  ინფორმაციის  განმარტებაში,  რაც, რა  თქმა  უნდა,  შესაძლებელია  მხოლოდ    მაშინ,  როცა  მათ ესმით  მისი  მნიშვნელობა. მეორე პირობა კი ისაა, რომ ამ ინფორმაციის წყალობით მოსწავლემ დაინახოს კავშირი სწავლების პროცესში გამოყენებულ ძირითად ცნებებსა და ტერმინებს შორის. ამგვარი წინასწარი ინფორმაციის როლი კარგად შეიძლება შეასრულოს კონკრეტული  მაგალითის  საფუძველზე  შექმნილმა  ნიმუშებმა, დიაგრამებმა  ან  მსგავს  მოვლენებთან  პარალელის  გავლებამ.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...