ორშაბათი, ივნისი 9, 2025
9 ივნისი, ორშაბათი, 2025

ატომური და ბირთვული ფიზიკა (გაგრძელება)

0

ბირთვულ ფიზიკაში მიღებულია მასის ატომური ერთეული, რომელიც, კილოგრამებში გამოსახული, რიცხობრივად ტოლია ნახშირბადის იზოტოპის  ატომის მასის 1/12-ისა: 1მაე=კგ. მასის ატომური ერთეულის ეკვივალენტური ენერგია ტოლია: 1მაემევ.

ცხრილში მოცემულია ზოგიერთი ბირთვის მასა მევ-ში:

ვრცლად:

ატომური ფიზიკა მეორე ნაწილი

ჟურნალ “მასწავლებლის” ახალი ნომერი ყველა სკოლას და მასწავლებელს!

0

გამოვიდა ჟურნალ “მასწავლებლის” 2016 წლის  ბოლო ნომერი, რომელიც საქართველოს ყველა სკოლას და საგანმანათლებლო რესურსცენტრს საჩუქრად  ეგზავნება.

ამ ნომერში წაიკითხავთ:

ვრცლად

სარჩევი

 

^E3CA8E6F3DAC13163E20FDC83FE5A26BB4BC48EB6242CE60F6^pimgpsh_fullsize_distr

გულქანი და ეთერო

0

მასწავლებელი რომ ვყოფილიყავი, ალბათ უფრო ქართული ლიტერატურის მასწავლებელი ვიქნებოდი და მეშვიდე ან მერვე კლასელებს ვაჟა-ფშაველას ცხოვრებას სახელმძღვანელოებში შეტანილი ბიოგრაფიებით არ ვასწავლიდი. ტყუილი შრომაა – გონებაში მხოლოდ ფაქტები და თარიღები შედის და სტატისტიკურ მარაგს უფრო ამდიდრებს, ვიდრე წარმოსახვას.

ცხოვრება ადამიანის ვნებები, მიწყდომ-მოწყდომა, სიხარული, გამარჯვება და მარცხია – და ეს რომ სკოლის ასაკიდანვე ვიცოდეთ, მგონი, აჯობებდა, მით უმეტეს, დიდი კაცის კვალს და საქმეს ადევნებულებმა.

ჩვენში ბევრი კარგი ბიოგრაფიული წიგნი დაწერილა, ახლაც იწერება, მაგრამ ის ერთი, რომელსაც ძალიან უჩვეულო და მშობლიური სახელი ჰქვია, ფორმითაც და მნიშვნელობითაც გამორჩეულია.

eter tataraidze

1987 წელია, ივლისის თვე და ჩარგალში ჩასულ ეთერ თათარაიძეს გულქან რაზიკაშვილი ეუბნება:

„სიღარიბე, შვილწვრილობა და ძალიან, ძალიან მაკვირვებს, ის ფიქრი საიდანღა ჰქონდა მამასა, შვლის ნუკრზე საფიქრლად ნეტა როდის დაჯდა ჩემი მამა, სუ აღელვებული, სუ დაღალული…

მამაჩემსავით მე რას გამოვიყვან, ან რას გიამბობ, ჩემო ქალო, მამამა ღმერთს ჩამაჰყარა სახელი!“

ვაჟა-ფშაველას ცხოვრება-შემოქმედების გასაღებიც მგონი ეს არის – გენიოსის შვილის მონათხრობი, რომელსაც მამა ღმერთის ტოლად უცნია და არათუ გადმოცემით, საკუთარი თვალით ახსოვს. მისი წასვლიდან დიდი ხნის შემდეგ კი უცებ ის სიტყვები აღმოხდება, რასაც ალბათ მთელი ცხოვრება ინახავდა.

დიდი ადამიანის შვილობა, ერთდროულად მადლიცა და ტვირთიც, გულში ჰქონდა გამოტარებული გულქან რაზიკაშვილს, ბევრი ისეთი ამბავი გადაენახა ამ გულის კუნჭულებში საიდუმლოდ, რომელიც სამუდამოდ დაგვეკარგებოდა, ეთერ თათარაიძე რომ არა.

ამირან არაბული იხსენებს, გულქანთან ჩემი სტუდენტობისდროინდელი შეხვედრის ჩანაწერები რომ წაიკითხა უბის წიგნაკში, არ მომეშვა ეთერო, საშველი და მოსვენება არ მომცა, სანამ ჩარგალში არ წავიყვანე, და იმ დღიდან სულიერი ერთობის, თანაზიარობისა და ლამის ნათესაური ბილიკი გაიკვალა ჩვენ შორისო.

„მამამა ღმერთს ჩამაჰყარა სახელი“ ბევრი რამ მიზეზით საჭირო და სასარგებლო წიგნია. ჯერ ერთი და მთავარი, ვაჟა-ფშაველას შესახებ არსებული ალბათ ყველაზე სანდო წყაროა: აქ კარგად ჩანს ვაჟას ხასიათი, ყოფა, ოჯახი, ურთიერთობები სოფელთან („ბარემ იკვეთეს მამაჩემი, მაგრამა ღმერთმა და ქვეყანამ არ მაიკვეთა“); პირად თემებსაც ეხება გულქანი („ვაჟას ქალები უყვარდაო!… სადა სცალოდა წაწლობისა და ქალებისთვინა; მე არ ვიცოდი, მამაი რაი იყო, მაშ, ფიი!.. რომელი მწერალია, რო ქალებზე არა სწერდეს!.. ფეთებას შეიყრიდა, ქალი რასა ჰქვიანო, განა ქალს არ ახსენებდა, ქვეყანა ლამაზიც არი და უშნოცა, თვალების ჭკვაზე უნდა იაროს კაცმაო?.. გულის ხმაზე უნდა იაროს, გულის ჭკვაზედაო, – იცოდა…“).

კიდევ იმით არის საინტერესო, რომ ვაჟა-ფშაველას პერსონაჟების რეალურ პროტოტიპებზეც გვაძლევს ინფორმაციას. თუნდაც ეს ფრაგმენტი: „ბუები“ არ წაგიკითხავ, ეთერო? ეგეც თავის ობლებზე აქვ დაწერილი ბეჩავ მამასა. „ვერ მოჰხელეო“. – რამდენჯერ ვეძახდით ობოლ-ოხრები ერთმანეთსა დაკარგულ საქონზედა შავშუაღამესა. ეეე!..“ ან ეს: „ხმელი წიფელი? როგორ არ მახსონ! აი, ზენ სადამ იყო ხმელი წიფელი, ახუნის გორ. საქონი დამიდიოდა, რას არ მახსონ… ჩემ გულს რა შედრეკდა…“.

კიდევ ის, რომ ამბებით მდიდარი წიგნია. ეტყობა, ეთერ თათარაიძემ ბოლომდე გახსნა გულქან რაზიკაშვილი და თითქმის ყველაფერზე ალაპარაკა: აკაკისგან ნათქვამი „ენას გიწუნებ, ფშაველოს“ ვაჟასეული გამოხმაურება ოჯახში (მისი ლექსი „აკაკის პასუხად“ ყველამ ვიცით); დედინაცვალისა და გერების ურთიერთობა; „სტილნი“ მწერლებთან ქალამნიანი პოეტის შეხვედრები; ბიძის – თედოსა და ძმის –  ლევანის ტრაგიკული აღსასრულის ნამდვილი ვერსიები; ჩარგლიდან შორს – დიდუბეში დამარხული მამის მონატრება…

ქართულ დოკუმენტურ ლიტერატურაში, ბიოგრაფიულ რომანებში იშვიათად მოიძებნება ასეთი მარგალიტი, ტკივილიანი, ემოციურად სრულყოფილი და დამაჯერებელი, ისეთი, ეს ადგილი რომაა:

„ისე მივდივარ სამარეში, მამის სამარე არ მინახავ. რო დამიწყებენ, განახვებთო, ვატყუებ, ვყოფილვარო, ზოგთა. ეთერო, შენ იცოდე სიმართლე, რო მე მამის სამარე არ მინახავ, არა, ქალო, არ შემიძლავ იმის საფლავის ნახვა, არა. მე ვინც მიყვარდა, იმის საფლავს რა მანახვებს. არა ვნახავ იმის სამარესა, არა. წარმოვიდგენ, რო ძვლებიღაა და რანაირათ უნდა ავიტანო, იქავ გავთავდები, იქავა“.

ისტორიული ტექსტის ქვეტექსტები

0

 

სწავლის პროცესში ტექსტს ძირითადი და, მაშასადამე, უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია, თუმცა „ტექსტის“ ზუსტი და ერთმნიშვნელოვანი გაგება თანამედროვე ჰუმანიტარულ და საზოგადოებრივ მეცნიერებებში არ არსებობს. საყოველთაოდ მიღებული განმარტების მიხედვით:

  • ტექსტი ისაა, რაც ითქმება;
  • ტექსტს უცილობლად აქვს დიალოგური სტრუქტურა, ანდა შეიცავს სხვათა მინიშნებებს ტექსტის ავტორის პოზიციაზე.

ტექსტისგან განსხვავებით, ქვეტექსტი დაფარული აზრია, რომელიც აღადგენს ზოგადი სიტუაციის კონტექსტს და გვეხმარება იმის დანახვაში, რაც „გასათვალისწინებელია“; ქვეტექსტი ის არის, რაც იკითხება „სტრიქონებს შორის“, რაც პირდაპირ არ გამოთქმულა, მაგრამ გამომდინარეობს სიტუციიდან, ცალკეული დეტალებიდან, რეპლიკიდან, დიალოგში მონაწილე პირების სიტყვებიდან თუ ქმედებიდან და არაპირდაპირი მინიშნებებით კიდევ უფრო გასაგებს ხდის ტექსტს.

განურჩევლად იმისა, რა ტიპისაა ტექსტი (ავტობიოგრაფია, მატიანე, მოგონება, ქრონიკა, სამეცნიერო ნაშრომი თუ სხვა), ქვეტექსტი გარკვეულ წარმოადგენას გვიქმნის კონკრეტული ეპოქის კულტრულ კონტექსტზე და როგორც ტექსტის ნაწილი, „ირიბად“ მიგვითითებს რეალურ ვითარებაზე. ამიტომ ქვეტექსტის „წაკითხვა“ ისტორიული ტექსტების გაგებისთვის მეტად მნიშვნელოვანია და მას ისტორიის გაკვეთილებზე სათანადო ყურადღება უნდა მივაქციოთ.

როდის მიმართავენ ისტორიულ ტექსტში ქვეტექსტს?

უმეტესად მაშინ, როცა სათქმელის აშკარად გაცხადება სახიფათო ან არადელიკატურია და ამჯობინებენ, „დაფარული“ დატოვონ ძირითადი იდეა ანუ კონტექსტი.

როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს ისტორიული ტექსტების ქვეტექსტის ფარული აზრის ამოცნობა/ამოკითხვა?

ამის ეფექტური საშუალებაა ტექსტების კრიტიკული შესწავლა, გაანალიზება და ინტერპრეტაცია, ამიტომ მოსწავლეთა საქმიანობას თუ ამ მიმართულებით წავმართავთ, მიზნის მიღწევა გაცილებით გაადვილდება.

განვიხილოთ პრაქტიკული მაგალითი:

უძველესი ქართული საისტორიო ძეგლი, რომლითაც მოსწავლე ქართული ისტორიული ტექსტების გაცნობას იწყებს, არის ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრება“, სახელდობრ, ინფორმაცია კავკასიაში ქათლოსისა და მის შთამომავალთა დამკვიდრების შესახებ. მეორე უმნიშვნელოვანესი ნაშრომი, რომელსაც ასევე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საქართველოს ისტორიის შესწავლისას, არის სუმბატ დავითის ძის თხზულება ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა – აქ საუბარია ბაგრატ III-ზე, რომელიც საქართველოს ისტორიაში მოიხსენიება როგორც ერთიანი საქართველოს პირველი მეფე.

ტექსტების უკეთ გაცნობისა და ავტორეთა რეალური მიზნების ამოცნობის მიზნით მოსწავლეებს შევთავაზოთ:

  • გაეცნონ ისტორიულ წყაროებს და ყურადღებით წაიკითხონ ტექსტები;
  • გააანალიზონ მასალა და უპასუხონ დასმულ კითხვებს;
  • გამოთქვან ვარაუდები და გამოიტანონ სათანადო დასკვნები.

ტექსტი I – ლეონტი მროველი მოგვითხრობს: ა) „სომეხთა და ქართველთა, რანთა და მოვაკნელთა, ჰერთა და ლეკთა, მეგრელთა და კავკასიანთა – ამათ თჳსთა ერთი იყო მამა, სახელით თარგამოს… ხოლო შვილთა შორის მისთა გამოჩნდეს კაცნი რვანი, გმირნი ძლიერნი და სახელოვანნი, რომელთა სახელები ესე არს: პირველს ერქუა ჰაოს, მეორეს – ქართლოს, მესამესა – ბარდოს, მეოთხესა – მოვაკან, მეხუთესა – ლეკ, მეექუსესა – ჰეროს, მეშვიდესა – კავკას, მერვესა – ეგროს… უჩინა ქართლოსს საზღვარი: აღმოსავლით – ჰერეთი და მდინარე ბერდუჯისი; დასავლით –ზღუა პონტოსი; სამხრით – მთა, რომელი მიჰყვების ბერდუჯის მდინარის თავსა, და… მთა შორის კლარჯეთსა და ტაოს ვიდრე ზღუამდის; და ჩრდილოთ საზღვარი – ღადო, მთა მცირე, რომელი გამოვლის შტოდ კავკასისაგან და მოჰკიდავს წუერი დასასრულსა ღადოსა, რომელსა აწ ჰქჳან ლიხი. და ამათსა ზღვართა საშუალ მისცა ყოველი ქართლოსს… და ესე ქართლოს მოვიდა პირველად ადგილსა მას, სადა შეერთჳს არაგჳ მტკუარსა, და განვიდა მთასა მას ზედა, რომელსა ეწოდების არმაზი. და პირველად შექმნა სიმაგრენი მას ზედა, და იშენა მუნ ზედა სახლი, და უწოდა მთასა მას სახელი თავისა თჳსისა ქართლი. და ვიდრე აღმართებამდე მუნ-ზედა კერპი არმაზისი ერქუა მთასა მას ქართლი, და მის გამო ეწოდა ყოველსა ქართლსა ქართლი, ხუნანითგან ვიდრე ზღუამდე სპერისა“.

ტექსტი მეორე – ბ) „მეფეთა ცხოვრების“ მიხედვით ქართლს, ფარნავაზიანების გარდა, განაგებდნენ ნებროთიანთა და არშაკუნიანთა დინასტიის წარმომადგენლები; ჩნდება ასევე აღმოსავლეთ რომის, იმავე ბიზანტიის იმპერიის და სასანიანთა დინასტიის წარმომადგენლებთან კონტაქტი: „და დაჯდა საურმაგ მცხეთას მეფედ… მოიყვანა სპარსეთით შვილი ნებროთისი, ნათესავითგან ცოლისა მისისა, დედის დისწული… რომელსა ერქუა სახელი მირვან… ეზრახა მირვან არშაკს, და მისცა ასული თჳსი ძესა არშაკისა, არშაკს… მეფე იქმნა სპარსეთს ქასრე ანუშარვან სასანიანი… მისცა ქართველთა მეფედ ძე მისი“ მირიანი.

ტექსტი III – სუმბატ დავითის ძე ბაგრატ III-ის შესახებ: „დაიპყრა ყოველი კავკასია თჳთმპყრობელობითა ჯიქეთითგან ვიდრე გურგენადმდე. ხოლო ადარბადაგანი და შარვანი მოხარკე ყო, სომხითისა ჴელმწიფებითა ნებიერად განაგებდა. მეფე სპარსთაჲ თჳს მეგობრად და ერთგულ ყო სიბრძნითა და ძლიერებითა თჳსითა უფროჲს სახლეულთა თჳსთასა, და ბერძენთ მეფესაცა შიში აქუნდა ამისი ყოვლადვე“.

III. დავალება – შეადარეთ ერთმანეთს წყაროთა მონაცემები:

  • რაზეა საუბარი პირველ და მეორე ტექსტში?
  • ტექსტებიდან გამოყავით ძირითადი იდეა, თეზა და მოიყვანეთ არგუმენტები.
  • რას მოგვითხრობს მესამე წყარო?
  • მოხაზეთ პირველი წყაროს სამოქმედო სივრცე.
  • განსაზღვრეთ მოქმედების არეალი მეორე წყაროს მიხედვით.
  • როგორია მესამე ტექსტში აღწერილი სივრცის მასშტაბი?
  • რა მსგავსება/განსხვავებაა ამ წყაროთა „სამოქმედო სივრცეს“ შორის?
  • რის მეფედ მოიაზრება ბაგრატ III?
  • რა პრეტენზია გამოსჭვივის ლეონტისთან?
  • რატომ იწერება „მეფეთა ცხოვრება“?
  • მიმართა თუ არა ავტორმა ქვეტექსტს? როგორ ფიქრობთ, ჰქონდა თუ არა ლეონტის რაიმე ფარული ზრახვა წყაროს შექმნის დროს? რა ზრახვა შეიძლება ყოფილიყო ეს?
  • როგორ შეგვიძლია ავტორის პოზიციის შემოწმება?
  • გამოთქვით ვარაუდი: რა ითქვა ხმამაღლა და რა დამალა ავტორმა.
  • გამოიტანეთ დასკვნა: რა მიზანს ემსახურება ისტორიულ წყაროთა ქვეტექტი?

სავარაუდო პასუხები:

1) პირველში საუბარია ძველი ქართული ტრადიციის შესახებ, თუ როგორ იქმნება „ყოველი ქართლი“ – „ხუნანითგან ვიდრე ზღუამდე სპერისა“, რომელსაც შემდეგ განაგებენ ფარნავაზიანები, როგორც სახელმწიფო „ყოველი ქართლის“ შემოქმედნი.

2) მათგან განსხვავებით, მოგვიანებით, ბაგრატოვანი მეფეების (ბაგრატ III) მიერ იქმნება ახალი სახელმწიფო „ყოველი კავკასია“ – „ჯიქეთითგან ვიდრე გურგენამდე“, ეს კი მიუთითებს, რომ ბაგრატიონები უპირისპირდებიან ძველ ქართულ სამეფო დინასტიას – ფარნავაზიანებს, რომელთაც შექმნეს სახელმწიფო „ყოველი ქართლი“ – „ხუნანითგან ვიდრე ზღუამდე სპერისა“.

3) თუ ყურადღებით დავუკვირდებით ლეონტი მროველის ტექსტს, შევამჩნევთ, რომ „ყოველი კავკასიის“ იდეა როგორც ქართლოსის ჩამომავალთა ქმედებების მიზანი ფარულად უკვე არის გაცხადებული უძველეს ეპოქაში და ბაგრატოვანი მეფეები ერთგვარად აგრძელებენ, არ ივიწყებენ ლეონტისეული „ყოველი კავკასიის“ იდეას.

4) ახალი იდეოლოგიური თვალსაზრისი გამოსჭვივის ქვეტექსტში – ე.წ. მწიგნობრულ ლეგენდაში კავკასიის ხალხთა ერთი საერთო წინაპრისგან წარმომავლობისა და ქართლში ფარნავაზიანთა გარდა მეზობელი ქვეყნების სამეფო დინასტიების – ნებროთიანთა, არშაკუნიანთა, ხოსროიანთა წარმომადგენლების მოღვაწეობის შესახებ, ანუ ქართლის სამეფო დინასტიისა და მეზობელი ქვეყნების დინასტიების კავშირის შესახებ.

5) „მეფეთა ცხოვრების“ ისტორიულ ტექსტს საფუძვლად უდევს გარკვეული იდეოლოგიური ქვეტექსტი – ახალი იდეოლოგიური თვალსაზრისი, რომელიც მიუთითებს ქართული სამეფო კარის პოლიტიკურ მისწრაფებებზე და მინიშნებად გამოყენებულია როგორც ორიგინალური, ისე უცხოური ლიტერატურული წყაროები, რომელთაც ავტორი ერთიანი სიუჟეტური ხაზით აერთიანებს.

6) ქართველ მოღვაწეთა პოლიტიკური ზრახვანი შედარებით თამამადაა გაცხდებული მოგვიანო პერიოდის ავტორთა მიერ, როდესაც ისინი ბაგრატ III-ის მოღვაწეობის შესახებ მოგვითხრობენ.

7) როგორც ჩანს, სათქმელის პირდაპირ თქმას ერიდება ლეონტი მროველი და სამეფო კარის „მიზნებზე“ მხოლოდ მათი „ქმედებებით“ მიანიშნებს.

8) სათქმელის „გადამალვა“ მოქმედების თავისუფლებას მისცემდა სამეფო კარს, მაგრამ არ დაავიწყებდა ძირითდად სამოქმედო გზას, რითაც პოლიტიკურ პირებს გაუადვილდებოდათ მიზანზე აქცენტირება და შესაფერისი გზების მოძიება.

წყაროთა შედარების, ანალიზისა და კრიტიკული შესწავლის მეშვეობით მოსწავლეები გაეცნენ ქვეტექსტის როლს ისტორიულ თხზულებებში, აღადგინეს ძველი ქართული საისტორიო თხზულებების ავტორთა პოლიტიკური და იდეოლოგიური მისწრაფებები, გაიფართოეს და სრულყვეს ცოდნა საქართველოს ისტორიაში, გაეცნენ ერთიანი ქართული მონარქიის „კონკრეტულ სამოქმედო გეგმას“, განუვითარდათ კრიტიკული ანალიზისა და ტექსტთან კომუნიკაციის უნარები, ამიტომ ამ მიმართულებით მოსწავლეთა მუშაობა მისასალმებელი და ეფექტურია.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. სუმბატ დავითის-ძე, ცხოვრებაჲ და უწყებაჲ ბაგრატონიანთაჲ;

2.      ლეონტი მროველის პოლიტიკური თვალთახედვა, „ლიტერატურული ძიებანი“ №25,  შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, თბ., 2005

3.      ლ. ბრეგაძე, ქვეტექსტის ფუნქციისა და ფუნქციონირებისათვის, „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“ (II საერთაშორისო სიმპოზიუმი, (ნაწილი I),თბ., 2009

ჩვენი მოტივაცია

0

მას, ვისაც თანამედროვე სამყაროში წარმატების მიღწევა სურს, იმაზე მეტი სამუშაოს შესრულებას ცდილობს, რაც შეუძლია. ის სხვებზე გვიან გამოდის სამსახურიდან, სახლში კი თავჩარგული აგრძელებს შრომას. თუმცა დგება მომენტი, როდესაც მოტივირებული ადამიანიც კი ყრის ფარ-ხმალს და თავის გასამხნევებლად ათი ფინჯანი ყავაც აღარ შველის. როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ?

პირველი, რასაც ელ კაპლანი გვირჩევს – ის კი Lexion Capital Management-ის გენერალური დირექტორი და თანადამფუძნებელია – საკუთარი სამუშაოს მნიშვნელოვნების კიდევ ერთხელ სიღრმისეულ გააზრებას უკავშირდება. მოტივირებულია მუშაკი, ვისაც სჯერა, რომ მისი საქმიანობა უკეთესობისკენ ცვლის რამეს. მაგალითად, მიჩიგანის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ საუნივერსიტეტო ქოლცენტრის თანამშრომლებმა 171%-ით მეტი ქველმოქმედების მოზიდვა მას შემდეგ შეძლეს, რაც რამდენიმე წუთი იმ სტუდენტებთან საუბარს დაუთმეს, რომლებმაც თავის დროზე  ქველმოქმედების ხარჯზე დაამთავრეს უნივერსიტეტი.

თუ მაინც არ ხართ დარწმუნებული, რომ თქვენს საქმიანობას სარგებელი მოაქვს, არასოდეს არის გვიანი კარიერის მიმართულების შეცვლა.

რასაკვირველია, ძალზე სასიამოვნოა ემსახურო საზოგადოებას, მაგრამ ჩვენი მოტივაციის 75% მატერიალურ სტიმულს ეფუძნება. ამიტომ ეს სტიმული ვიღაცამ უნდა მოგვცეს.

თუ პარასკევ დღეს იღვიძებთ და გრძნობთ, რომ უკვე ძალაგამოცლილი ხართ, დაპირდით საკუთარ თავს, რომ ყველა დაგეგმილ საქმეს მაინც ბოლომდე მიიყვანთ, საღამოს კი დიდი ხნის უნახავ მეგობრებს მოინახულებთ. უჩვეულო სტიმულია, მაგრამ ის ნამდვილად მუშაობს.

ასევე, გლობალური მიზანი შეგიძლიათ, პატარ-პატარა ამოცანებად დაჰყოთ. რაც უფრო ბევრ ამოცანას გაართმევთ თავს, მით უფრო მიუახლოვდებით მიზანს და საქმის კეთების მოტივაციაც გაიზრდება. ყოველი გამარჯვების შემდეგ თქვენს ტვინში დოფამინი გამომუშავდება. ამ ჰორმონის წყალობით ჩვენ კმაყოფილებას ვგრძნობთ და საქმის გაგრძელების სურვილი გვიჩნდება.

თუ უკვე იმის განცდა დაგეუფლათ, რომ სამუშაომ „გადაგწვათ“, მიატოვეთ ყველაფერი და მალდივებისკენ გასწიეთ. დიახ, თქმა და ოცნება ადვილია, შესრულება კი ძნელი, მაგრამ ერთფეროვნებას შეიძლება ბევრნაირი ხერხით ვებრძოლოთ. ვთქვათ, საღამოს ჩვეული ვახშმის ნაცვლად რაიმე გემრიელი მოვამზადოთ, ანდა უქმეები არატრადიციული სცენარით გავატაროთ, ანდა დასვენების საათები მოვიმატოთ. თუ ადრე ადგომას ხართ ჩვეული, რადგან გინდათ, რომ არცერთი წუთი ტყუილად არ დაკარგოთ, შეცვალეთ ქცევა და დრო პირადად თქვენს სასარგებლოდ გამოიყენეთ, იჩუქეთ ძილის ან დასვენების ორი საათი.

ბევრი კვლევა გვამცნობს, რომ მუშაკის მოტივაციის ნომერ პირველი ფაქტორი ჯანმრთელობაა. დასუსტებული ადამიანი ცუდად მუშაობს, მისი შრომა არაეფექტიანია და ამას ყველა ამჩნევს. ამიტომ ივარჯიშეთ, თავს მიხედეთ, სწორად იკვებეთ და ხშირად დაისვენეთ.

ჩვენს ცხოვრებაში ცენტრალური ადგილი უკავია მოტივაციას, მაგრამ მის შესახებ ნაკლებად ვფიქრობთ, ნაკლებად ვიაზრებთ, საიდან ჩნდება ის. ამ კითხვას ფსიქოლოგი დენ არიელიც სვამს: რა გვაძლევს მიზნისკენ სწრაფვის მოტივაციას, როცა ის რთული და მტკივნეული მისაღწევია? აბა, წარმოიდგინეთ, რომ ბევრს მიაღწიეთ და რომელიმე ოკეანეს სანაპიროზე უზრუნველად ცხოვრობთ. სინამდვილეში კი ოკეანესთან ცხოვრებაც მოსაწყენია, რადგან ის ადრე თუ გვიან გაერთფეროვნდება. კმაყოფილების განცდა არც უკიდეგანო ჰედონიზმს მოაქვს.

ცხოვრების აზრის შესწავლასთან დაკავშირებული კვლევების თანახმად, ადამიანი თავს ბედნიერად მაშინ გრძნობს, როცა სხვას ეხმარება. ის, ვინც მხოლოდ საკუთარ კომფორტზე ზრუნავს, ზედაპირულად ბედნიერია, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი განცდა სირთულეების გადალახვის მერე მოდის. რასაკვირველია, სიცოცხლის აზრი ძალიან ზოგადი ცნებაა, თუმცა რამდენიმე შტრიხის გამოყოფა მაინც შეიძლება: როდესაც ვიღაცის ან რაღაცის გამო ცხოვრობ, ვიღაცას სჭირდები, შეგიძლია სამყაროს გააუმჯობესო და სხვ.

გიფიქრიათ იმაზე, თუ რატომ არის ბედნიერი ჰოსპისში მომაკვდავებთან მომუშავე ადამიანი? ის, ვინც წებოვან ნავთობში ამოსვრილ ჩიტებს უვლის? ფოტოგრაფი, რომელიც ომში ჯარისკაცზე პირველი გარბის მოწინავე პოზიციის დასაკავებლად? ახალგაზრდა მოხალისე, რომელიც შორეულ კონტინენტზე ბავშვებს წერა-კითხვას ასწავლის? ამ ადამიანების შინაგანი განცდები ხომ მუდმივი ფორიაქია, სხვისი ტკივილის გაზიარება, მაგრამ დახმარების უნარი გაბედნიერებს და უარს გათქმევინებს საკუთარ კომფორტზე. ასეთი ადამიანები სხვებისთვის სამაგალითონი ხდებიან და სიცოცხლის არსზე, მოტივაციის ფორმებზე უფრო სიღრმისეულად გვაფიქრებენ.

უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ირაციონალური გადაწყვეტილებები ხშირად გვიბიძგებენ რთული და არცთუ სასიამოვნო ამოცანების გადასაწყვეტად. ასეთი მოტივაცია ყოველდღიურად გვხვდება ურთიერთობებში, სამსახურში, ჩვენს გატაცებებში.

„ყველაფერი კარგად იქნება!“, „არ დანებდე“ – შეიძლება ვინმეს ეს შეძახილები  უეფექტო მოეჩვენოს და აფიქრებინოს, რომ მათ მამოტივირებელი ძალა არ აქვთ, მაგრამ ქვეცნობიერად ისინი მაინც აღიქმება პოზიტიური კონტექსტით. პროფესორ სემუელ მარკორმა, სამედიცინო სპორტული სკოლის კვლევების განყოფილების ხელმძღვანელმა კენტის უნივერსიტეტიდან, გამოთქვა ჰიპოთეზა, რომელსაც ფსიქო-ბიოლოგიური მოდელი ეწოდა. ჰიპოთეზის თანახმად, ადამიანის გამოფიტვა დამოკიდებულია ისეთ ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე, როგორიცაა სუბიექტური აღქმადობა და მოტივაცია. ერთ-ერთი ექსპერიმენტის დროს სპორტსმენები ორ ჯგუფად დაჰყვეს და ველოტრენაჟორებზე ვარჯიშის პარალელურად ტელევიზორის ყურება აიძულეს. ტელევიზორში წამიერად იცვლებოდა გამოსახულება. პირველ ჯგუფს სევდიანი ადამიანების სახეებს აჩვენებდნენ, მეორე ჯგუფს – ხალისიან სახეებს. შედეგად მეორე ჯგუფმა სამი წუთით დიდხანს ატრიალა ველოსიპედი და ნაკლებად დაიქანცა, ვიდრე პირველი ჯგუფი. მეორე ექსპერიმენტში მწვრთნელი ჩაერთო. ის ორ სხვადასხვა ჯგუფს განსხვავებულ ბრძანებებს აძლევდა: „წინ!“, „უფრო ენერგიულად!“, „უფრო ცოცხლად!“ და „შეჩერდით“, „დაისვენეთ“, „მესმის, რთულია“. ამ ექსპერიმენტის დროსაც პოზიტიური მიმართვების ხარჯზე 17%-ით უკეთესი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ასეა სკოლაშიც. მოტივაცია ხელს უწყობს სწავლების ხარისხის ზრდას, მაგრამ სკოლის ადმინისტრაციის ასეთი ტიპის მოტივაცია: „ჩვენი სკოლა რეიტინგში პირველი რომ იყოს, აუცილებელია უნდა გავზარდოთ სწავლების ხარისხი“, ბუნებრივია, არ იმუშავებს. რაც შეეხება სხვაგვარ მოტივაციას: „მოდით, ბავშვებს უკეთ ვასწავლოთ, მათი მომავალი ცხოვრება ხომ იმაზეა დამოკიდებული, როგორ გაკვეთილს ჩავუტარებთ დღეს“ – გაცილებით უკეთეს შედეგს მოგვცემს.

მასწავლებელი უნდა ხედავდეს და აცნობიერებდეს, რატომ მუშაობს, რა არის მისი მიზანი, რომ ის მომავალ თაობას ზრდის და ეს თაობა დღეს ბავშვების სახით არსებობს. დირექტორმა და სასწავლო ნაწილის წარმომადგენლებმა ხმამაღლა უნდა ისაუბრონ ამ მიზნებზე, უნდა მოახდინონ მათი ოფიციალური დეკლარირება სკოლის მისიის ფარგლებში. სკოლის დირექცია არა მხოლოდ სკოლის შენობის ვიზუალურ კეთილმოაწყობაზე უნდა ზრუნავდეს, არამედ მასწავლებლებისთვის კომფორტული დასვენების ზონის მოწყობაზეც, სადაც ისინი გაკვეთილებს შორის შუალედებში სულის მოთქმას, წახემსებასა და კოლეგებთან ურთიერთობას შეძლებენ.

დასვენების ზონა მნიშვნელოვნად ზრდის მასწავლებელთა მოტივაციას. ეს უნდა იყოს ნათელი ოთახი, სადაც იქნება მიკროტალღური ღუმელი, მაცივარი, ელექტროჩაიდანი, უფასო ყავა და ჩაი, სავარძელი და დივანი, ინტერნეტიანი კომპიუტერი და პრინტერი, ტელევიზორი. მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი კარადები ან მაგიდები პირადი ნივთების, რვეულებისა და წიგნების შესანახად. სკოლა არ უნდა უტოვებდეს მასწავლებელს რუტინული ტერიტორიის განცდას, სადაც ის კატორღულ პირობებში დაბალი ანაზღაურებით მუშაობს. მასწავლებლისთვის კომფორტული დასვენების ზონის შექმნა  ნაწილობრივი გარანტიაა იმისა, რომ ის კლასში კარგი განწყობით შევა და ნორმალურ გაკვეთილს ჩაატარებს.

 ვერცხლისწყალი და ფარდობითობის თეორია

0

სამყაროს დასაბამისეული ქაოსი მუდმივად მიისწრაფის მოწესრიგებულობისაკენ. ფრინველები  გუნდებად ცხოვრობენ და მოგზაურობენ თბილსა და ცივ ქვეყნებში. თევზები ზღვებსა  და ოკეანეებში  ქარავნებად არიან დაწყვილებულნი, რადგან  ასე უფრო უსაფრთხოდ გრძნობენ თავს. ცხოველებიც ჯოგებად არიან შეკრულნი და ამ საზოგადოებიდან გარიყვა თითქმის სასიკვდილო განაჩენია. ჩვენი წინაპრებიც პირველ გამოქვაბულებში გვარებად შესახლდნენ. თუმცა მალევე მიაგნეს სამყაროზე გაბატონების საშულებას და ნელ-ნელა დაიწყეს ამ ადგილ-სამყოფელის გაფართოება.  ასე წარმოიქმნა ნელ-ნელა სოფლები და ქალაქ-სახელმწიფოები, სულ ბოლოს კი სახელმწიფოები და იმპერიები.

დღეს აჭრელებულ მსოფლიო რუკაზე ცხადია მხოლოდ ქვეყნების საზღვრების კონტურები და ქალაქ-მდინარეები არ იკითხება. რუკის მცოდნე თითოეული ფერადი ლაქის ქვეშ იქ მაცხოვრებელი ხალხის სახის ფერს, ადათ-წესებს, საზოგადოებრივ მოწყობას, ეკონომიკას და სხვა კიდევ მრავალ საკითხზე იღებს ინფორმაციას.

როგორ არიან ქიმიური ელემენტები? დიდი მცდელობის შემდეგ მოვახერხეთ მათი „პოლტიკური რუკის“ შედგენაც და თითოეულ მათგანს თავისი ადგილი მივუჩინეთ. დღეს ქიმიკოსი ელემენტთა პერიოდულობის ცხრილს რომ დახედავს, შეუძლია ელემენტზე არაერთი ინფორმაციის მიღება, ვიდრე მისი დასახელება და რიგობრივი ნომერია. უფრო მეტიც, ერთი ელემენტის თვისების მიხედვით შესაძლებელია მისი „შემდეგი კარის“ თუ ზედა და ქვედა სართულის მეზობელი ელემენტის თვისებების ჩამოთვლა.  თუმცა, როგორც პოლიტიკურ რუკაზე, აქაც რამდენიმე გამონაკლისს ვხვდებით, რომელიც ჩვენს ზოგად ლოგიკაში ერთი შეხედვით არ ჯდება.

ერთ-ერთი ასეთი გამონაკლისი არის ვერცხლისწყალი. მისი „გვერდითი კარის“ მეზობლები ოქრო და თალიუმი მყარი ნაერთებია. მეტალთა რეაქციის უნარიანობა ჯგუფში ზემოდან ქვებით იზრდება, მაგრამ ვერცხლისწყალი უფრო ნაკლებად აქტიურია, ვიდრე თუთია და კადმიუმი – იგი ძალიან რთულ პირობებში იჟანგება. ამ ერთადერთი თხევადი მეტალის თავისებურებანი მხოლოდ ამით არ ამოიწურება. მისივე ჯგუფის სხვა მეტალებისაგან განსხვავებით იგი ძალიან ცუდად ატარებს ელექტრულ დენსა და სითბოს.

unnamed

სანამ ძირითად კითხვაზე გავცემდეთ პასუხს, ჯერ კიდევ ერთხელ გადავხედოთ მეტალთა ბუნებას. ყველა მათგანი მყარია (Hg-ის გარდა). მეტალებისთვის დამახასიათებელია მეტალური ბმა. მეტალურ ბმაში ატომი სავალენტო ელექტრონებს უზიარებს გარშემომყოფ მეტალთა ატომებს. შესაბამისად მიიღება ერთგვარი „ელექტრონთა ზღვა“, რომლის ფსკერზე ჩაძირული და დაფიქსირებულია მეტალთა კატიონები. ამგვარი ელექტრონული ზღვის მოდელის საშუალებით შესაძლებელია აიხსნას მეტალთა ყოფაში არაერთი თვისება და ხასიათი. მაგალითად, მეტალები ატარებენ ელექტრულ დენს იმიტომ, რომ ელექტრონები მკაცრად არ არიან მიჯაჭვული ატომებს და ელექტრული ველის მოდების შემთხვევაში, მათ შესწევთ უნარი გადაადგილდნენ თავისუფლად. იგივე შეიძლება ითქვას სითბოს გატარების უნარზე. მეტალები არამეტალებისაგან განსხვავებით ჭედადები არიან, ადვილად შეიძლება მათი გაჭიმვა, მავთულად დახვევა, რაიმე ფორმის გამოჭედვა. ამ დროს ატომბირთვები იცვლიან განლაგებას, ელექტრონების ზღვის ფსკერზე, ხოლო თვით ზღვა იცვლება ფსკერის შესაბამისად – თითქოს სითხე ერთი სახის ჭურჭლიდან მეორეში გადაგვაქვს.

ელექტრონების ზღვის მოდელის საშუალებით შეიძლება ავხსნათ მეტალთა სიმტკიცის ფენომენი და ლღობის ტემპერატურის მაღალი მნიშვნელობები. მაგალითად, მაგნიუმი უფრო მაღალ ტემპერატურაზე ლღვება, ვიდრე ნატრიუმი, რადგან Mg2+ იონები ფსკერზე ორი ელექტრონით არის „დაწებებული“, ხოლო ნატრიუმის – მხოლოდ ერთით.

ვერცხლისწყალი გარე სავალენტო შრეზე მოიცავს ორ გაწყვილებულ s-ელექტრონს, ოქროს კი მხოლოდ ერთი ამგვარი ელექტრონი აქვს. s-ელექტრონის ისედაც სუსტი რეაქციისუნარიანობის გამო ოქროს შეუძლია ორატომიანი (გაზურ ფაზაში) მოლეკულების წარმოქმნა, ვერცხლისწყალს კი არა. ამიტომ სითბოს გადაცემისას Hg-Hg ბმები უფრო ადვილად ირღვევა, ვიდრე Au-Au ბმები. შესაბამისად, ვერცხლისწყალი -39°C-ზე ლღვება, ხოლო ოქრო  1064°C-ზე. ნივთიერება, რომლის ლღობის ტემპერატურა ოთახის ტემპერატურაზე დაბალია, ნორმალურ პირობებში თხევად აგრეგატულ მდგომარეობას იკავებს.

რატომ ავლენს ინერტულობას 6s ელექტრონული წყვილი? ისინი მოძრაობენ დიდი ზომის ატომბირთვის გარშემო თითქმის სინათლის სიჩქარით. მაღალი სიჩქარით მოძრაობისას კი აინშტაინის ცნობილი „ფარდობითობის თეორია“ ერთვება საქმეში. მაღალი სიჩქარით მოძრავი ელექტრონის მასა იზრდება ფარდობითობის ეფექტის გამო. დიდი მასის გამო ისინი უფრო დიდ დროის გატარებას იწყებენ ატომბირთვის სიახლოვეს, ვიდრე შედარებით ნელი (მსუბუქი) ელექტრონები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი უფრო ნაკლები ენერგიის მატარებლები (ნაკლებ რეაქციისუანარიანნი) არიან და თითქოს უფრო ღრმად არიან ჩაძირულნი ატომის გარსში.

მაგრამ იბადება კითხვა, იგივე ეფექტი რატომ არ ეხება ოქროსა და თალიუმს? ოქროს ვერცხლისწყლისაგან განსხვავებით 6s ორბიტალზე ერთი ელექტრონი აქვს, ხოლო თალიუმს ვერცხლისწყალთან განსხვავებით დამატებით კიდევ გააჩნია ერთი p ელექტრონი. მათი 6s ორბიტალებიც, ისევე როგორც ვერცხლისწყლის, დაბალი ენერგიის შემცველები არიან, მაგრამ ოქროს გაუწყვილებელი ელექტრონი აქვს და ამიტომ მისი ენერგია აღემატება ვერცხლისწყლისას. მის მიერ წარმოქმნილი მეტალ-მეტალური ბმა უფრო მტკიცეა და შესაბამისად, მაღალი ლღობის ტემპერატურა გააჩნია.

თალიუმი კიდევ უფრო მასიურია და ამიტომ მისი 6s ორბიტალი კიდევ უფრო ინერტულია. მაგრამ იგი მოიცავს 6p ელექტრონსაც. P-ელექტრონის ბუნებიდან გამომდინარე, არ შეუძლია s-ელექტრონზე უფრო ახლოს განთავსება ატომ ბირთვთან. ამასთანავე მას გააჩნია სიმეტრიის საკვანძო სიბრტყე. ამიტომ მასზე ნაკლებად მოქმედებს ფარდობითობა. აქედანვე აიხსნება, თუ რატომაა Tl+ უფრო სტაბილური, ვიდრე Tl3+, იმავე ჯგუფის ბორისა და ალუმინისაგან განსხვავებით.

ვერცხლისწყლის თვისების ახსნის ეს ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც აინშტაინის ფარდობითობითობის თეორიასა და მასთან მისადაგების „გონივრულ ეჭვზეა“ დაფუძნებული… არსებობს სხვა შეხედულებებიც… თუმცა ამ საკითზე უმეტესობა სდუმს… ამიტომ ძალიან მწირია ინფორმაცია, თუ რატომ იღვრება ვერცხლისწყალი და არ იყრება სხვა მეტალების მსგავსად.

სტრუქტურა და ორიენტაცია აბსტრაქტული და კონკრეტული ახსნის დროს

0

წარმოიდგინეთ, რომ რაღაც პიესის დამოუკიდებლად შესწავლა დაგავალეს. თქვენი მიზანია, საკონტროლო წერაში, რომელიც ამ პიესას შეეხება და რომელიც ორ დღეში უნდა ჩატარდეს, მაღალი შეფასება მიიღოთ. როგორ მოემზადებოდით?

მეტ-ნაკლებად ორგანიზებული მოსწავლე გააკეთებს სტრუქტურირებულ კონსპექტს თავებითა და ქვეთავებით, სადაც პიესის მნიშვნელოვანი მომენტები იქნება ხაზგასმული. შეგვიძლია კონსპექტი სტრუქტურულად პიესის აქტებთან შესაბამისად ავაწყოთ. შეიძლება ის დავყოთ თავებად, რომლებიც მიეძღვნება ცალკეულ პერსონაჟებს, მოვლენებს, აქტებსა და სცენებს ან ცალკეულ სიუჟეტურ ხაზს. შესაძლოა, პიესაში განხილული ყოველი თემა ქვეთავებით გამოვყოთ. ყველა მოსწავლე თავისებურად აგებს კონსპექტს, თუმცა ყველა ორგანიზებული მოსწავლე მას სტრუქტურის მიხედვით ადგენს.

რაც გვინდა გავიგოთ და დავიმახსოვროთ, მას აუცილებლად უნდა მივცეთ ლოგიკური სტრუქტურის ფორმა. ჩვენი ხანგრძლივი მეხსიერება, არქივს წააგავს, სადაც ინფორმაცია, თაროებისა და საქაღალდეების მიხედვითაა განაწილებული. მხოლოდ სტრუქტურულად კარგად გამართული მასალა ხანმოკლე მეხსიერებიდან ხანგრძლივ მეხსიერებაში გადადის.

კარგად ახსნის უნარის მქონენი მას სტრუქტურირებულ ფორმას ანიჭებენ. ისინი ამას ან მოსწავლეთა ნაცვლად აკეთებენ, ან სთავაზობენ  მათ, დამოუკიდებლად მოახდინონ მასალის სტრუქტურულად დაწყობა.

გამოცდილი პედაგოგი ყოველთვის ახსენებს, სად მდებარეობს მთავარ სტრუქტურაში ამ მომენტში ახსნილი ინფორმაცია. ამას ეწოდება „მასალაში ორიენტაცია“.

სტრუქტურული წყობა და ორიენტაცია, შესაძლებელს ხდის, თავიდან ავიცილოთ ინფორმაციის გარდაქმნა მონოლითურ, უკიდეგანო და აუთვისებელ მასივად. ისინი ახსნის პროცესს ცალკეულ ცნებებად და ადვილად ათვისებად პორციებად ჰყოფენ.

სტრუქტურა შეიძლება წარმოდგენილი იყოს დაფაზე ან ეკრანზე დემონსტრირებით, ან კონსპექტებში გამოტანილი სათაურების სახით.

ასევე სასარგებლო იქნება, შეახსენოთ კლასს, კონკრეტულად რის ახსნას აპირებთ და რატომ. მაგალითად: „მე ვაპირებ აგიხსნათ, რა განსხვავებაა ისეთ ცნებებს შორის, როგორიცაა „სახელმწიფო“ და „ნაცია“, იმდენად რამდენადაც, ეს მნიშვნელოვანია ირლანდიის ისტორიის გასაგებად. მის შესწავლას ჩვენ შემდეგ კვირას ვიწყებთ“.

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კარგად ასახსნელად საჭიროა, როგორც სტრუქტურის, ასევე ასახსნელი შინაარსის მნიშვნელოვან მდგენელთა იერარქიული წარმოდგენა.

ეს სტრუქტურის წარმოდგენა თავებითა და ქვეთავებით შემდგარი

ჩამონათვალის სახით შეიძლება.

 st1

აბსტრაქტული და კონკრეტული ახსნა

 

როგორ აუხსნით რვა წლის ბავშვს, სიტყვა „ცრურწმენის“ შინაარსს? ეტყვით რაღაც ამდაგვარს, რომ ცრურწმენა – ეს დაფუძნებულია იღბლის რწმენაზე ან მსჯელობის მაგიაზე, რომელსაც არ აქვს კონკრეტული დასაბუთება? მაშინაც კი, თუ ბავშვმა იცის ყველა სიტყვის მნიშვნელობა, რომელიც ამ განმარტებისას გამოიყენეთ, პირობას გაძლევთ – ის ვერ გაიგებს ამ წინადადებას. ეს აბსტრაქტული განმარტებაა, თუმცა თავად სიტყვაც აბსტრაქტული შინაარსისაა და მისი ახსნა კიდევ რამდენიმე აბსტრაქტული ცნებით ძალიან ძნელი აღსაქმელია.

თქვენ შეგიძლიათ სიტყვა „ცრურწმენის“ არსი  ახსნათ კონკრეტულად – მოიტანოთ რამდენიმე ისეთი გავრცელებული ცრურწმენის მაგალითი, რომლებიც რვა წლის ბავშვმაც იცის. მაგალითად: „ცრურწმენაა, რომ კურდღლის თათი გამოცდაზე წარმატების მომტანია“, „ცრურწმენაა, რომ ცუდის მომასწავებელია პარასკევი, 13 რიცხვი“.

კარგი იქნება საპირისპირო მაგალითების მოტანა: „როცა შენ გზას გადაკვეთ და თითებს აჯვარედინებ, რომ ყველაფერი კარგად იყოს – ეს ცრურწმენაა. მაგრამ თუ კი გაიხედავ ჯერ მარჯვნივ და მარცხნივ და ისე გადახვალ – ეს არაა ცრურწმენა“, „გწამდეს, რომ დედამიწა ბრტყელია – ეს ცრურწმენა არაა, ეს  ობიექტური გაუნათლებლობაა“.

ცნებების ათვისება და პრაქტიკა უკუკავშირით

მსგავსი მცნებების ასათვისებლად საუკეთესოა უკუკავშირით პრაქტიკა. მოსწავლეებს შეიძლება შევთავაზოთ რიგი მტკიცებულებები, მაგალითად: „მე არ მჯერა, რომ დედამიწა ბრტყელია“, „მე არ მჯერა, რომ სახიფათოა იმ სიღრმეზე შეცურვა, სადაც ფსკერს ფეხით ვერ ვწვდები“, „თუ თქვენ კიბოს ზოდიაქოს ნიშნით ხართ დაბადებული, მაშინ სავსე მთვარე იღბლის მომტანია“. შემდეგ პედაგოგი ამ მტკიცებულებების კლასიფიკაციას ახდენს – ცრუ- და არაცრუ – რწმენებად და სთავაზობს მოსწავლეებს, დამოუკიდებლად მოახდინონ მსგავსი მტკიცებულებების კლასიფიკაცია. მსგავსი მიდგომა შეიძლება გამოვიყენოთ, რათა მოსწავლეებს ვასწავლოთ ისეთ ცნებებს შორის განსხვავება, როგორებიცაა: „ცრურწმენა“, „მითი“, „შეცდომაში შეყვანა“, „ცხოვრების ხარისხი“ და ა.შ.

ასეთი მიდგომის გამოყენება  ნებისმიერ დონეზე და ნებისმიერ საგანში შეგვიძლია.

საინტერესოა, რომ ბავშვმა, რომელმაც ისწავლა ცნების – „ცრურწმენა“ – სწორად გამოყენება, საეჭვოა მოახერხოს მისი ახსნა. ცნებების ფორმულირება, როგორც ჩანს, ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროში ხდება, რომელიც არავერბალურად აზროვნებს. სწავლების ყველა დონეზე, გაგება უფრო ადრე მოდის, ვიდრე გაგებულის სიტყვებით ახსნის უნარი. მარტო ესეც კმარა, რათა ვერიდოთ უკიდურესად აბსტრაქტულ ახსნას.

ნებისმიერი ასაკის მოსწავლეებისათვის აბსტრაქტული იდეის იდეალურ მაგალითს წარმოადგენს მათივე გამოცდილებიდან მოტანილი კონკრეტული მაგალითი, შემდგომი აბსტრაქტული განზოგადებით.

კარგი პედაგოგები იყენებენ, როგორც აბსტრაქტულ, ასევე კონკრეტულ განმარტებებს.

ის ფაქტი, რომ სპეციალისტები და მასწავლებლები ცნებების ათვისების განსხვავებულ მეთოდებს ანიჭებენ უპირატესობას, ცხადყოფს, თუ რატომ არიან სპეციალისტები ხშირ შემთხვევაში ცუდი პედაგოგები. მათ არ შეუძლიათ იაზროვნონ კონკრეტულიდან საზოგადოსკენ. ქვემოთ მოტანილი დიაგრამა ახდენს ამ აზრის ვიზუალიზაციას.

st2

კონკრეტული ახსნის ძლიერი და სუსტი მხარეები

კონკრეტული მაგალითები, ადვილად ასათვისებელია, მაგრამ გამოუცდელი მასწავლებლები ამ ფაქტს ხშირ შემთხვევაში არ ანიჭებენ მნიშვნელობას, მიაჩნიათ რა, რომ ისეთი ცნებების განმარტებები, როგორიცაა „ადეკვატური გაფრთხილებები“ ან „პროტეინებით მდიდარი საკვები“, მოსწავლეებისთვის „ლაქლაქის“ ტოლფასია. გამოცდილი მასწავლებლები კი პირიქით, მაგალითებს მოიტანენ (ან კლასს სთხოვენ ამის გაკეთებას), რათა განმარტონ ამ აბსტრაქტული მცნებების მნიშვნელობა.

მაგალითისთვის განვიხილოთ ცნება – „ხახუნი“. „ხახუნი არის ძალა, რომელიც წინააღმდეგობას უწევს მოძრაობას“. ჩვენ შეგვიძლია ცნებები წარმოვიდგინოთ, ჩვენს გონებაში არსებული ერთგვარი ყუთის სახით, რომელშიც მაგალითებს ვინახავთ. ჩვენს ყუთში „ხახუნი“ შეიძლება ინახებოდეს შემდეგი:

ხახუნი მოქმედებს, როცა ჩვენ ხელებს ვიმშრალებთ; ის არ აძლევს საშუალებას ველოსიპედის ბორბლებს მუდმივად ბრუნვის საშუალებას; მის გამო, ჩვენ გვიჭირს საგნების იატაკზე გაცურება….

ყუთი წარწერით „ხახუნი“, უსარგებლოა სანამ იქ რაიმეს არ ჩავდებთ. ამის შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ, რა საერთო აქვთ ყუთში არსებულ მაგალითებს, გარდა იმისა, რომ ისინი ხელს უშლის მოძრაობას:

ხახუნი მცირდება ბორბლების ან დაზეთვის საშუალებით; ხახუნი იწვევს გახურებას, ცვეთას,  ზედაპირზე მოჭიდებას…

მოსწავლეთა აზროვნებაში, ახალი ყუთის შექმნის საუკეთესო საშუალებაა, მივცეთ მათ ბევრი რამ, ყუთში ჩასადებად. კარგი მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს, მათი „ცნებათა ყუთის“ შევსებაში.

აბსტრაქტულად ახსნის სუსტი და ძლიერი მხარეები

 

აბსტრაქტული განმარტებები თავიანთი არსით მოკლე, ზუსტი და ფართოდ გამოყენებადი განმარტებებია, ამიტომაც აფასებენ მათ მასწავლებლები. მაგალითად:

ფსიქოლოგიური კომპლექსი – ეს არის (გამოდევნილი და დავიწყებული) გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების ერთობლიობა, რაც იწვევს აბნორმალურ ფსიქიკურ მდგომარეობებს და აბნორმალური, ფსიქოგენური ხასიათის სომატურ დაავადებებს.

ცოტაა ადამიანი, ვისაც არ გაუჭირდება ამის გაგება!

განსაზღვრება – აბსტრაქტული განმარტება, აბსტრაქტული ცნებების მეშვეობით. თუ მასწავლებლის მიერ ახსნილი ცნება “რთულია“, მოსწავლისთვის განსაზღვრება იქნება ბუნდოვანი და მეტიც, სრულიად აზრს მოკლებული. მასწავლებლისათვის განსაზღვრა დანიშნულების პუნქტი უფროა, ვიდრე გასვლის პუნქტი.

st3

მოსწავლეები უპირატესობას ცნების ინდუქციურ ფორმირებას ანიჭებენ. შემდეგ კი – მათ გამოცდასა და მათი აღქმის გაუმჯობესებას გამოყენების ან შემოწმების გზით.

მე რომ დამჭირვებოდა ზემოთ მოტანილი „ფსიქოლოგიური კომპლექსის“ ცნების ახსნა, არ დავიწყებდი მას განსაზღვრით. ამის ნაცვლად, მე კომპლექსების მაგალითებს მოვიტანდი და მოსწავლეებს ვკითხავდი – რა აქვს საერთო ამ მაგალითებს (ინდუქცია). ეს ამ ცნებაზე წარმოდგენისა და შემდეგ მისი განსაზღვრების ფორმირებას გამოიწვევდა.

შემდეგ შევთავაზებდი სტუდენტებს, გამოეყენებინათ ეს განსაზღვრება, რათა კიდევ გამოეყოთ კომპლექსებისა და არაკომპლექსების მაგალითები (დედუქცია). სტუდენტები გამოიყენებდნენ ცნებას, მე კი შევამოწმებდი, რამდენად სწორად იყენებენ ისინი მას (თან გავარკვევდი, რამდენად აითვისეს ცნება). ამგვარად, ჩვენ გამოვიყენებდით როგორც აბსტრაქტულ, ისე კონკრეტული ახსნის ფორმას, ავამოქმედებდით დედუქციურ და ინდუქციურ აზროვნებას.

ახსნის ინსტრუმენტები

კითხვები – გაგებინების ძლიერი ინსტრუმენტია, ასევე მნიშვნელოვანი საშუალება, გავარკვიოთ – მიმდინარეობს თუ არა შესწავლის პროცესი. ახსნისას განსაკუთრებით საჭიროა ამგვარი ტიპის შეკითხვა: „რა მოხდებოდა, თუ…“. მაგალითად, პურის ცხობის სწავლებისას:

რა მოხდებოდა, თუ საცხობად არ გამოვიყენებდით ფქვილს ხორბლის მკვრივი ჯიშებისგან?

თუ საფუარს მდუღარეს დავასხამდით?

თუ საფუარის ორმაგ დოზას გამოვიყენებდი?

თუ პურს მშრალ ტილოს დავაფარებდი და არა ნოტიოს?

st4

ვიზუალური მხარდაჭერა

 

შესაძლებელია თვით აბსტრაქტული იდეებისა და ურთიერთკავშირების თვალსაჩინოდ წარმოდგენა. ვიზუალური მხარდაჭერა ძლიერ ზეგავლენას ახდენს და აიოლებს დამახსოვრების პროცესს. გამოიყენეთ „მახსოვრობის რუკა“, ბლოკ-სქემები, „ცნებათა ხე“,

გრაფიკები, მატრიცები და ინფორმაციის ვიზუალური წარდგენის სხვა ხერხები. ეს ყველაფერი ხელს უწყობს მასალის სრულად წარმოდგენას, ანუ „მარჯვენა სფეროსებურ“ სტილზე ახსნას.

გასაგებად მეტყველება

 

ისეთი სიტყვები, როგორიცაა „ეს“, „ისინი“, ფრაზები „ეს სისტემა“ ან „ეს მეთოდი“, ანუ ნაცვალსახელთა სიმრავლე, როგორც წესი, ართულებს თემის გაგებას. ამიტომ მეტი სიცხადისათვის მოვერიდოთ ახსნისას ან დასარიგებელ მასალაში მათ გამოყენებას.

 

რამდენიმე საერთო რჩევა

შეეცადეთ, თქვენი საუბარი თქვენივე მოსწავლეების ყურით მოისმინოთ.

გამოიყენეთ უბრალო სიტყვებით აგებული მოკლე წინადადებები, ისე, რომ ახსნათ ყველა გამოყენებული ტერმინი. გახსოვდეთ: ის, რაც თქვენთვის ყოველდღიურ საუბარს წარმოადგენს, მოსწავლეთათვის შესაძლოა პროფესიონალურ ჟარგონად ჟღერდეს. თვალი ადევნეთ მოსწავლეთა მოძრაობებს, რაც იმის დემონსტრირებაა, რომ თემა გაუგებარია: ისინი, ვინც თემას გამოეთიშნენ, შესაძლოა წინ გადახრილნი და შუბლშეჭმუხნული ისხდნენ. მოიფიქრეთ ერთზე მეტი საშუალება, რთული ცნებების ასახსნელად და გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ახსნა საკმარისი არაა. მოსწავლეებმა შესწავლილი ცნებები და იდეები უნდა გამოიყენონ, მხოლოდ ასე შეძლებენ მათ კარგად გარკვევას. და რაც მთავარია – ნუ გაწელავთ ახსნის პროცესს.

შედეგების შეჯამება, მასალის შესწავლისას

შეჯამება, ნასწავლის განზოგადების საშუალებას იძლევა, გვთავაზობს რა მთავარი იდეებისა და მათი სტრუქტურების მიმოხილვას. მაგალითად, ახსნა უნდა ეფუძნებოდეს, მოსწავლეთა უკვე არსებულ ცოდნასა და ლექსიკონს. ის უნდა იყოს მოცულობითი და ლოგიკურად სტრუქტურირებული, თვით სტრუქტურა კი – მკვეთრად აღნიშნული. პედაგოგმა ყურადღება უნდა გაამახვილოს ახსნის საკვანძო მომენტებზე და გამოიყენოს როგორც აბსტრაქტული, ისე კონკრეტული ახსნის ფორმები.

შეამოწმეთ საკუთარი თავი

  • თქვენი ახსნა, უკვე არსებულ ცოდნაზეა ორიენტირებული?
  • ადგენთ თუ არა ახსნის სტრუქტურას ლოგიკურად და აცნობთ თუ არა ამ სტრუქტურას მოსწავლეებს?
  • აკეთებთ თუ არა ახსნისას აქცენტს საკვანძო მომენტებზე – ინტონაციის, გამეორების და ა. შ მეშვეობით?
  • ამარტივებთ თუ არა მასალას და თუ განავრცობთ მას მოგვიანებით?
  • არიდებთ თუ არა თავს ვიწროპროფესიულ ტერმინებს?
  • იყენებთ თუ არა ახსნისას კონკრეტულ მაგალითებს?
  • იყენებთ თუ არა აბსტრაქტული ახსნის ფორმას, და ამასთანავე მუდმივად მიმართავთ თუ არა კონკრეტიკას?
  • თუ სთავაზობთ ანალოგიებსა და წარმოსახვით მაგალითებს?
  • თუ სვამთ შეკითხვებს ახსნის პროცესში?
  • აძლევთ თუ არა საშუალებას მოსწავლეებს, გამოიყენონ იდეები, რომლებიც თქვენ გადაეცით?

არავინ ცდილობს ცუდად ახსნას, მაგრამ გამოსდით ასე. კარგი პედაგოგები მუდმივად ხვეწენ ახსნის პროცესს, უფრო გასაგებს ხდიან იდეებს, იგონებენ რა ახალ ხერხებს, აფასებენ საკუთარ ეფექტურობას. ისინი არაფერში ადანაშაულებენ მოსწავლეებსა და საკუთარ თავს. ისინი უბრალოდ მუშაობენ ახსნის პროცესის დასახვეწად.

წყარო:

1.Geoff Petty.Teaching Today a Practical Guide. 4-th Edition Publisher: Oxford University Press. 2009, p. 195-209.

ავირჩიოთ სიკეთე

0

პუშკინი აფრთხილებს მკითხველს ,,ევგენი ონეგინში”, არ გამაიგივოთ ჩემს ლირიკულ გმირთან, მე ხომ ბაირონი არ ვარ, რომელსაც საკუთარი თავის გარდა, არავისზე შეუძლია წერაო.

ის, ვინც ფართო საზოგადოებისათვის წერს, ყოველთვის დგას მსგავსი დილემის წინაშე: ერთი მხრივ, ყველა წინადადება ტექსტის ავტორის პრიზმიდანაა დანახული და მაშასადამე, მის შესახებ ყვება და ფასეულია იმდენად, რამდენადაც გულწრფელია; მეორე მხრივ, კი მთხრობლის მიერ საკუთარი ,,მეს” წინა პლანზე წამოწევა, ხშირად თვითრეკლამირებას ანდა ეგოცენტრიზმს ემსგავსება და მკითხველისთვის გამაღიზიანებელი ხდება. ეს მეც, როგორც მკითხველს, არაერთხელ გამომიცდია.

ეს ყველაფერი ვიცი, მაგრამ ამჯერად, როდესაც მინდა, რომ ჩემი თარგმანი წარმოგიდგინოთ, თავს ძალიან შემცოდედაც არ ვგრძნობ, ტექსტში ხომ მთარგმნელი ძალიან მცირედ, თითქმის სულ არ ჩანს, ამიტომ თავმდაბლობას გვერდზე გადავდებ, არ დაველოდები სხვა ავტორს, რომელიც ამაზე დაწერს და გიამბობთ წიგნზე, რომელიც მე ვთარგმნე თქვენთვის, მოსწავლეებისა და მათი მასწავლებლებისათვის.

თუმცა მანამდე, მოდი, ერთ პატარა ისტორიას მოგიყვებით:

2007 წელს, რაქელ ჯარამილომ თავისი ორი ვაჟი სანაყინეში წაიყვანა. ვიდრე უფროსი ბიჭი მილქშეიკებს ყიდულობდა, რაქელი და ნაბოლარა გარეთ იცდიდნენ. პატარა მაშინ სამი წლის იყო, ეტლში იჯდა და დედას უყურებდა. ცოტა ხანში რაქელმა შენიშნა, რომ მის გვერდით გოგონა იჯდა, რომელსაც ყბა-სახის სერიოზული დარღვევა ჰქონდა. როგორც კი რაქელის უმცროსმა ვაჟმა გოგონა დაინახა, ზუსტად ისე მოიქცა, როგორც სამი წლის ბავშვები იქცევიან რამე საშიშის დანახვისას:  ხმამაღალი ტირილი ამოუშვა. რაქელი წამოხტა, ეტლს ხელი დაავლო და გადაწყვიტა იქაურობას სწრაფად გასცლოდა, სიჩქარეში სანაყინედან გამოსულ უფროს ვაჟს დაეჯახა და მილქშეიკები დაიქცა… როცა ეტლს ტროტუარზე მიაქანებდა, გოგონას დედის მშვიდი ხმა მოესმა: “აბა, ბავშვებო, მგონი,  წასვლის დროა.”

xocho

რაქელი მთელი დღე ამ სცენაზე ფიქრობდა. მიხვდა, რომ მსგავსი შემთხვევები ამ ოჯახისთვის სიახლე არ იქნებოდა. ალბათ შეჩვეულიც იყვნენ. რაქელი იმაზე დაფიქრდა, როგორ უნდა მოემზადებინა საკუთარი შვილები ასეთი სიტუაცებისთვის. დაერიგებინა ,,არ მიაშტერდე”, თუ სხვაგვარად მოეგვარებინა ეს საქმე? მთელი დღე იფიქრა ამაზე და ბოლოს მიხვდა, რომ თავად დაუშვა შეცდომა. იმის მაგივრად, რომ შვილები იქაურობისათვის გაერიდებინა, პირიქით, გოგონასთან და მის დედასთან საუბარი უნდა გაება. თუ მისი სამი წლის ვაჟი იტირებდა, დაე, ეტირა, ბავშვები ხომ ისედაც ხშირად ტირიან?! ბიჭებისათვის უკეთესი მაგალითი უნდა მიეცა: უნდა ეჩვენებინა, რომ საშიში არაფერია.

და რაქელ ჯარამილომ, რომელსაც დღეს რ.ჯ. პალაციოს ფსევდონიმით ვიცნობთ, იმავე ღამეს წიგნის წერა დაიწყო.

რ.ჯ. პალაციო ნიუ-იორკში, მეუღლესა და ორ ვაჟთან ერთად ცხოვრობს. ის წლების განმავლობაში  დიზაინერად მუშაობდა და სხვადასხვა წიგნისთვის ყდებს ქმნიდა. როგორც თავად ამბობს, საკუთარი რომანის დასაწერად შესაფერის დროს ელოდა. რ.ჯ. პალაციოს ,,საოცრება” 2012 წელს გამოიცა და მას შემდეგ დღემდე “ნიუ-იორკ თაიმსის” ბესტსელერთა სიაშია. ,,საოცრება” ორმოცამდე ენაზე ითარგმნა და მთელ მსოფლიოში 3 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. ნაწარამოები ახალგაზრდა მკითხველებისთვის დაიწერა, თუმცა მას ზრდასრულებიც დიდი სიამოვნებით ეცნობიან. წიგნის მთავარი მოწოდება ,,აირჩიე სიკეთე” ინტერნეტ სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გამოწვევად იქცა. ეს ყველაფერი ბულინგის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში გადაიზარდა და მისი პოპულარობა დღითიდღე იზრდება [https://choosekind.tumblr.com/].

სწორედ ამ ამბის ზეგავლენით დაიბადა ერთ-ერთ ქართულ გამომცემლობაში ახალი სერიის იდეა. სერიას ,,საოცრება” ჰქვია და მისი სლოგანია ,,აირჩიე სიკეთე.”

საოცრება2

სერია ,,საოცრება” პალაციოს პირველი წიგნით იწყება, რომელსაც მისი გაგრძელება ,,ავგუსტი და მე” მოსდევს. პალაციოს წიგნების გარდა, სერიისთვის სხვა თანამედროვე ავტორების ნაწარმოებებიც შეირჩა, რომელთაგან ყოველი მკითხველში განსაკუთრებულ ემპათიას აღძრავს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არჩევანია სიკეთე.

ავგუსტი და მე (ყდა)

სწორედ ამ სერიის ნაწილია წიგნი, რომლის შესახებაც მსურს გიამბოთ _ კეტრინ ერსკინის ,,ჯაფარა”. სათაურიდანვე იოლი მისახვედრია, რომ ეს ნაწარმოები ერთგვარი რემინისცენციაა ჰარპერ ლის რომანისა ,,ნუ მოკლავ ჯაფარას”, უფრო კი _ მისი ეკრანიზაციისა.

jafara

ნაწარმოები ერთდროულად ორ მწვავე პრობლემას ეხება: ამერიკის შეერთებული შტატების სასწავლებლებში გავრცელებულ მასობრივ მკვლელობებსა და ასპერგერის სინდრომს. მწერალს ამ ნაწარმოების შექმნა შთააგონა ბლეკბურის ტექნიკურ უნივერსიტეტში მომხდარმა მასობრივმა მკვლელობამ, რომელსაც ოცდათორმეტი სტუდენტის სიცოცხლე შეეწირა და მთელ ვირჯინიის შტატს დიდი ხნით დაასვა დაღი.

როგორ შეიძლება საზოგადოებამ მოაგვაროს ძალადობის პრობლემა? ავტორი თქმით, ერთერთი გზა ისაა, რომ სოციუმი ყველა ადამიანს, ყველა ინდივიდს უნდა უსმენდეს და გულთან მიჰქონდეს მისი გასაჭირი იქამდე, ვიდრე იგი მოძალადედ იქცევა.

სოციუმი უნდა უსმენდეს იმ ადამიანებსაც, რომლებსაც, სხვებისგან განსხვავებით, არ შეუძლიათ საკუთარ პრობლემებზე ხმამაღალი საუბარი და გულისხმიერად ეკიდებოდეს მათ, ვინაიდან: ,,უგულებელყოფა” და ,,უგულობა” ერთი და იმავე ძირიდან მომავალი სიტყვებია”.

იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც არ შეუძლიათ საზოგადოებას ხმა მიაწვდინონ, ასპერგერის სინდრომის მქონენიც არიან. ეს არის აუტისტური სპექტრის ერთ-ერთი, შედარებით მსუბუქი ტიპის აშლილობა, რომელიც განვითარების შეფერხებას იწვევს. ამ სინდრომის მქონე მოზარდებს აღენიშნებათ კომუნიკაციის უნარის უქონლობა, მეტყველების სხვადასხვაგვარი შეზღუდვა და ასოციალური ქცევები. მათთვის რთულია სხვა ადამიანების ემოციების აღქმა და ადეკვატური პასუხის მიგება.

,,ჯაფარას” მთავარი პერსონაჟი ასპერგერის სინდრომის მქონე გოგონაა, რომელსაც მისი ერთადერთი გზისგამკვლევი და მესაიდუმლე _ უფროსი ძმა _ მოუკლეს. კეიტლინმა უნდა მოახერხოს ამ საშინელი სიტუაციიდან გამოსავალი აპოვნინოს საკუთარ თავს, მამას, სხვა მოკლულთა ოჯახებსა და მთელ პატარა ქალაქს, რომელიც თავზარდაცემულია ამხელა ტრაგედიის შემდეგ. და კეიტლინი ამ ყველაფერს მხოლოდ იმიტომ ახერხებს, მხოლოდ იმიტომ შეძლებს, რომ ძმის მკვლელის ოჯახს დაუმეგობრდეს, რომ ჩვეულებრივი გოგონა არაა.

სინამდვილეში ყველა ჩვენგანს ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში ექმნება წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს შეზღუდული შესაძლებლობები: როდესაც თვალებს სიბნელეში ვახელთ და გვეშინია, რადგან ვერ ვხედავთ; როდესაც სიზმარში გაქცევა გვინდა, მაგრამ ფეხები არ გვემორჩილება; როდესაც ჩვენგან სრულიად განსხვავებული ბავშვის დაბადების დღეზე მივყავართ მშობლებს და იქიდან სრულიად დათრგუნული მოვდივართ, რადგან ვერავისთან ვიპოვეთ საერთო ენა; როდესაც უფროსკლასელი გამოგველაპარაკება და ჩვენ ვერ ვიგებთ, მართლა მეგობრულად გვექცევა თუ დაგვცინის…

მშობლებს ან მასწავლებლებს ორი რამ შეუძლიათ: ან დაავიწყონ ბავშვებს ზემოთ აღწერილი წამიერი შეგრძნებები და ასწავლონ თავიანთი უპირატესობით ტკბობა, ან გამოიყენონ ეს ყველაფერი მათში თანაგრძნობის გასაღვივებლად. იგივე შეუძლიათ წიგნებსაც. ისინი განაპირობებენ, მომავალში მოზარდები ადამიანებში მათ საუკეთესო მხარეებს მოძებნიან თუ, როგორც სერიის ერთ-ერთი წიგნი ამბობს, თევზს იმის მიხედვით შეაფასებენ, თუ როგორ ადის ხეზე.

სიკეთე და თანაგანცდის უნარი ბავშვისთვის, მოზარდისთვის, ზოგადად, ადამიანისათვის მძიმე ტვირთია, შესაძლოა, მის გარეშე ცხოვრება ბევრად ადვილი იყოს, მაგრამ, თუ არ გამოცდი ამ გრძნობას, ვერც იმ კათარზისს განიცდი, რომელიც კეიტლინმა იპოვა. ამიტომაც ეცადეთ, რომ თქვენმა შვილებმა და მოსწავლეებმა წაიკითხონ, შეიგრძნონ და აირჩიონ სიკეთე.

როგორ ვასწავლოთ გალაკტიონის “მე და ღამე”

0

გალაკტიონის  ლექსების  სწავლება იოლი  არ არის…   მის პოეზიაში  ხომ  „გალაკტიონისეული“     აზრი, გრძნობა  და  ემოციაა.  სწავლების დროს მთავრია გალაკტიონი  მოსწავლეებისთვის გახდეს ახლობელი. ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა,  მისი   ნაწარმოებების  გაცნობისას  შევეცადოთ სწავლების მეთოდიკა ისე წარვმართოთ, რომ დავეხმაროთ ჩვენს მოსწავლეებს გალაკტიონის პოეტურ ნაწარმოებებთან შეძლონ „დიალოგი“, ანუ ეძებონ კითხვები და არა პასუხები ჩვენს დასმულ კითხვებზე; ეს დაეხმარება  მათ გალაკტიონის  ლექსის სტრიქონებში დაინახონ მთავარი ქვეტექსტები.  მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება, რომელიც მისი ერთ-ერთი ლექსის „მე და ღამე“ -ს  სწავლებას შეეხება.

 პირველად წაკითხვის ემოცია

 ლექსის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვოთ:

  • გაიხსენონ ბარათაშვილის “შემოღამება მთაწმინდაზედ”, გრიგოლ ორბელიანის “საღამო გამოსალმებისა”. დაფიქრდნენ ღამის, საღამოს მიმართ რომანტიკოსთა დამოკიდებულებაზე.
  • გაიხსენონ  გერმანელი რომანტიკოსი  ნოვალისი  და მისი დამოკიდებულება ღამის სიჩუმის მიმართ.
  • გაიხსენონ,  თავად როგორ ხედავენ ღამეს, როგორც დღე- ღამის ყველაზე იდუმალ მონაკვეთს, თუ დროის ჩვეულებრივ მონაცვლეობას.

 ამის შემდეგ ვთხოვოთ მოსწავლეებს,  დასვან შეკითხვები  ტექსტის გარშემო და ამით:

  • გამოხატონ თავიანთი იდეები ლექსთან მიმართებაში;
  • ისაუბრონ საკუთარ დამოკიდებულებეზე ლექსის გარშემო;
  • დასვან კითხვები ტექსტის პათოსთან მიმართებაში;
  • და ა.შ.

სუბიექტური დისკურსი  

   საინტერესოა,  მოსწავლეებს განსახილველად  შევთავაზოთ ორი განსხვავებული დამოკიდებულება ღამის  მიმართ:

ღამე – რეალისტებისთვის:

 

„არა, წაიღეთ ეს ბნელი და მშვიდობიანი ღამე თავისი ძილითა და სიზმრებითა და მომეცით მე ნათელი და მოუსვენარი დღე თავის ტანჯვითა და წვალებითა… “

„შენ ხარ ხელის  შემწყობი იმ ხელობისა, რომელსაც თვალთმაქცობას ეძახიან და რომელიც   ადამიანის დამფრთხალს გონებას უბედურობას ბედნიერებად აჩვენებს ხოლმე;  შენ ხარ ჟამი და დრო კუდიანების სერობისა, საცა ისმის სადღეგრძელო სიბნელისა და უმეცრებისა“…

(ილია „მგზავრის წერილები“);

 

ღამე სიმბოლისტებისთვის:

 

„ყველაფრით უკმაყოფილოს, საკუთარი თავით უკმაყოფილოს, რარიგ მსურს, გამოვისყიდო ყოველივე და მცირეოდენი ხალისი ვიპოვო ღამეულ სიჩუმესა და სიმარტოვეში. უფალო, ღმერთო ჩემო, ჰყავ წყალობა და შემეწიე რამდენიმე მშვენიერი ლექსის შექმნაში, რითაც მე დავუმტკიცებ ჩემს თავს, რომ არა ვარ კაცთა შორის უკანასკნელი და არც მათზე მდაბალი, ვინცა მძულს“.

(შარლ ბოდლერი, „ღამის პირველი საათი“).

 

   ამის შემდეგ   შევთავაზოთ, თავად დასვან კითხვები  გალაკტიონის  ლექსთან „მე და ღამე“ მიმართებაში  და დიალოგურ რეჟიმში გადაიტანონ სუბიექტური დისკურსი. 

      გალაკტიონის სატკივარი

 

 მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა მოსწავლეებს გავახსენოთ/ მივაწოდოთ  შემდეგი  მასალები:

 

  1. მარტოობა უნივერსალური კანონია. ერთადერთობა და მარტოობა ერთგვარობაა. მარტოობის აზრი ისაა, რომ მარტო იყოს, მაგრამ მარტოობა ყოველთვის მარტო არ არის.  არიან სხვებიც. სხვები არ ნიშნავს ბევრს და მრავალს. ის ერთია და კიდევ ერთი და კიდევ ერთი, რომელთა შეკრება არ შეიძლება, რადგან მეორე გაჩნდება და მარტოობა აღარ იქნება.

                                                                                                                    პოლ ვალერი

    

  1. ნ. ბარათაშვილის წერილი მაიკო ორბელიანს:

„არ დაიჯერებ, მაიკო! სიცოცხლე მამძულებია ამდენის მარტოობით… შენ წარმოიდგინე, მაიკო, სიმწარე იმ კაცის მდგომარეობისა, რომელსაც მამაცა ჰყავს, დედაც, დებიც, მრავალნი მონათესავენი და მაინც კიდევ ვერავინ მიჰკარებია, მაინც კიდევ  ობოლია ამ სავსე და ვრცელ სოფელში!‘‘

  

  1. გალაკტიონის წერილი იოსებ გრიშაშვილს:

      „ამ ბოლო ხანს რაღაც უჩინარი სენი მეპარება, საშინელი სენი მარტოობისა…და ვით სიკვდილით  დასჯილი,   სახრჩობელას წინ თვალით ვეძებ მონათესავე სულს.  აშკარად ვგრძნობ სულის ობლობას!“

  1. ნ. ბარათაშვილი, წერილი მაიკო ორბელიანისადმი, 1842 წელი, 31 ოქტომბერი

 „ვინც მაღალის გრძნობის მექონი მეგონა, იგი ვნახე უგულო; ვისიც სული განვითარებული მეგონა, მას სული არა ჰქონია; ვისი გონებაც მრწამდა ზეგარდმო ნიჭად, მას არცა თუ განსჯა ჰქონია“…

  1. გალაკტიონ ტაბიძე, დღიურები, 1932 წლის 31 დეკემბერი

  „შევიქენი გესლიანი კაცი, ჩამოვიშორე ბევრი კარგი მეგობარი და დავიახლოვე ისეთები, რომლებიც ყოველდღე მძარცვავენ“….

             „ოლია სწორედ მაშინ გაჰქრება, როდესაც ავად ვარ და წყლის მომწოდებელი კაცი არ    არის“…

            „24 დეკემბრიდან 28 დეკემბრამდე მარტოდმარტო ვიყავი, კაცი არ იყო ჩემი ამბის მკითხველი, ჩემთან ბინაში სწორედ ხუთი წელიწადია არც ერთი მკითხველი, ჩემთან ბინაში სწორედ ხუთი წელიწადია არც ერთი მეგობარი არ მოსულა. ნუთუ ეს არ არის უბედურება?“

  1. კარგი იქნება,თუ მასწავლებელი მოსწავლეს გაახსენებს  ნიკოლოზ ბარათაშვილის    ლექსს „სული ობოლი“, რომელიც  გალაკტიონის  სატკივარს ეხმიანება.

    ამის  შემდეგ    მოსწავლეებს ვთხოვოთ,    თავიდან წაიკითხონ ლექსი, დაფიქრდნენ   გალაკტიონის სატკივარზე და დასვან კითხვები. სასურველია, მასწავლებელმა გამოიყენოს კოგნიტური სქემა „შეკითხვების დაფა“, მოსწავლეებმა ჯერ  შეკითხვების სვეტი შეავსონ და შემდეგ პასუხების განყოფილება. ამ აქტივობისას მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა მოსწავლის პასუხი ამა თუ იმ კითხვაზე განსხვავებული იყოს, რაც ლექსის ინდივიდუალური გააზრების და პოეზიის სუბიექტური განცდის  შესაძლებლობას მისცემს ამ აქტივობაში მონაწილე მოსწავლეებს.

კითხვები, რომელიც ლექსის მეორედ წაკითხვის შემდეგ გაჩნდა „გალაკტიონის სატკივართან“ დაკავშირებით რა პასუხი გვაქვს ამ კითხვებზე? რას ამბობს ამაზე ლექსის ქვეტექსტი?
   

 

 

 

 

 

  პოეტის საიდუმლო

 

გალაკტიონის ცხოვრებაში დგება „ერთი გარდამავალი წამი, როცა ყველამ ვიცით საკუთარი თავი” .

  სწორედ მაშინ, როცა პოეტის მზერა მიმართულია საკუთარი სულის იდუმალი სიღრმეებისკენ, იგი გვიმხელს  საიდუმლოს.

  • მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა სთხოვოს, გაიაზრონ გალაკტიონის საიდუმლო.
  • ვინ ( ან რა ) არის მისი მესაიდუმლე?
  • როგორ ახერხებს გალაკტიონი მძიმე კაეშნისგან გათავისუფლებას?

 ტროპული მეტყველების სახეების მიმოხილვა

 

მნიშვნელოვანია, რომ   მარკირებული კითხვის მეშვეობით, მოსწავლეებმა გამოყონ მხატვრული ხერხები და განმარტონ მათი დანიშნულება მთავარი სათქმელის  წარმოსაჩენად:

 მასალის გააზრების საფუძველზე, მასწავლებელს შეუძლია, მოსწავლეებს დააწერინოს სამმითითებიანი თხზულება. გთავაზობთ ამ მითითებების ნიმუშს   (მასწავლებელს შეუძლია ეს მითითებები თავისი შეხედულებისამებრ შეცვალოს):

  • იმსჯელეთ მოცემულ ლექსში პოეტის სულიერ მდგომარეობაზე და დასვით თქვენეული კითხვები;
  • რა არის ლექსის მთავარი სათქმელი(ტექსტის  ქვეტექსტი);
  • რომელ მხატვრულ ხერხებს იყენებს ავტორი მთავარი სათქმელის გადმოსაცემად.

 

   მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა სთხოვოს მოსწავლეს, რომ მისი მსჯელობა იყოს: გამყარებული ტექსტური მასალით და არგუმენტებათ მოიყვანეთ  ტექსტის ქვეტექსტების თქვენეული ვარიანტები რომელსაც არგუმენტირებული დასაბუთებისას გამოიყენებთ.

 

თამრიკო მთვარელიშვილი

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

   

   

       

 

წერილი სანტას

0

ძვირფასო სანტა კლაუს, როგორ გიკითხო? ისე, რამდენი სახელი გაქვს, თუ დაგითვლია? „თოვლის პაპას“ მე „თოვლის ბაბუ“ მირჩევნია. თუმცა ისიც ვიცი, რომ წმინდა ნიკოლოზის ერთგვარ მემკვიდრედაც მიგიჩნევენ.

ჰო, სურვილი ბევრი მაქვს და ვიცი, საჩუქრებს აუცილებლად მომიტან. უბრალოდ ისაა საკითხავი, რამდენად მალე შეძლებ მათ ჩამორიგებას, შენ ხომ ჩემზე გაცილებით გულწრფელმა მოსურნეებმა, გაცილებით გაჭირვებულებმა მოგწერეს უკვე. გთხოვ, მე თუ არა, მსოფლიოს პოლიტიკურ ლიდერებს მაინც მიუტანო საახალწლოდ ის გასაღები, რომელიც უამრავ კონფლიქტს მოაგვარებს, ომს, ძალადობასა და შიმშილს შეამცირებს; გონების განმწმენდი წამალი ტერორისტებს სათითაოდ დაურიგე, ისევე ჩუმად დაუდე სახლებში, როგორც თვითონ ამონტაჟებენ ხოლმე ბომბებს შენობებსა თუ მანქანებში. იმ ოქროთი სავსე ქისებივით შეუგდე, წმინდა ნიკოლოზმა რომ მიუტანა უჩუმრად მამის მიერ საროსკიპოდ განწირულ სამ ქალიშვილს მზითვად.

შავი ჭირის, ტუბერკულოზისა თუ ლეიკემიის წამალი ხომ გამოიგონეს?! იქნებ მეცნიერებს კიბოს, დიაბეტისა და აუტიზმის წამალიც აპოვნინო. იცი, ეს მილიონობით დედისათვის საუკეთესო საახალწლო საჩუქარი იქნება!.. არ გეწყინოს, რჩევებს რომ გაძლევ, უბრალოდ ხალხის სურვილები მომაქვს შენამდე. ერთხელ ერთი დედის წერილს წავაწყდი სოციალურ ქსელში, ახალგაზრდა ქალისა, რომელსაც აუტიზმის მქონე ორი ვაჟი ჰყავს და გაზიარებულ დამაიმედებელ სამეცნიერო სტატიას მისი ისეთი ტექსტი ახლდა, არასდროს რომ არ დამავიწყდება: ის დღე, როდესაც მსოფლიო მედიცინა აუტიზმის დაძლევას შეძლებს, ვაცხადებ, რომ ჩემი ცხოვრების უბედნიერესი დღე იქნებაო! მეც შემიძლია იგივე ვთქვა საჯაროდ: ყველას ვაძლევ უფლებას, უცნობსა თუ ნაცნობს, დამირეკოს იმ დღეს ან ქუჩაში გამაჩეროს და გულითადად მომილოცოს, როგორც გამარჯვების დღე, როგორც დაბადების დღე. ბევრი, ამ წერილის წამკითხავი, იფიქრებს, ეს ბავშვები ხომ თავად საჩუქრები არიან, დედები რატომ წუწუნებენო?! გთხოვ, რადგან ისინი ბოლომდე ვერ მიხვდებიან ჩვენს წუხილს, მათაც შეუსრულე თავიანთი სურვილები და მათ შვილებსაც უკლებლივ ყველა საჩუქარი მიუტანე და გაახარე ისე, როგორც აი, იმ დღეს გავიხარებთ ჩვენ, ზემოთ რომ ვახსენე.

სანტა, კიდევ მაქვს ერთი სურვილი: მინდა, სკოლის დირექტორებმა ხელოვნური მანერები დაივიწყონ და ბუნებრივად ესაუბრონ ჟურნალისტებს. თავი მეფეებად და დედოფლებად კი არ იგრძნონ კაბინეტებში, არამედ რიგითი მოსწავლეების მხარდამჭერებად, დამხმარეებად სწავლის პროცესში. განა არ შეიძლება,  ყავა მიირთვან, როცა დაიღლებიან, მაგრამ, ტელეკამერის წინ, თანამშრომელი რომ დირექტორს ფინჯანს კაბინეტში მოწიწებით მიართმევს, რა ვქნა, თოვლის ბაბუ, არ მომწონს! სამწუხაროდ, არც ის მჯერა, რომ ასეთი დირექტორი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს ბულინგის დროს გამოექომაგება.

სანტა, გთხოვ, ნაძვის ხის ქვეშ ტკბილეულთან ერთად ყველას დაგვახვედრე თანადგომის, მტრისა და მოყვრის გარჩევის უნარი, რეალური მოქალაქეობრივი შეგრძნება და ბევრი, ბევრი სიხარული!

აქვე მივაწერ ჩემი შვილების სასურველი საჩუქრების სიასაც:

  1. სათამაშო ტრაქტორი,
  2. პატარა მანქანა,
  3. მანქანა, ოღონდ აუცილებლად წითელი ფერის.

დიდი მადლობა წინასწარ!

კეთილი მგზავრობა!

პატივისცემით,

მაიკო კუდავა

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...