კვირა, აგვისტო 3, 2025
3 აგვისტო, კვირა, 2025

თვითსწავლება  

0

 

თვითსწავლება – სწავლების მოწინავე ფორმაა. დამოუკიდებლად სწავლების წარმატებით ორგანიზებისათვის თქვენ დაგჭირდებათ უკვე ტრადიციული ფორმების გამოყენება.

როგორ შეძლებენ მოსწავლეები სწავლას თქვენი მხრიდან მინიმალური მონაწილეობით? „მეთოდოლოგიური კომპლექსებით სწავლების“, „დისტანციური სწავლების“ და სასწავლო კომპიუტერული პროგრამებით სწავლების მეთოდების არსი ის გახლავთ, რომ მასწავლებლის საჭიროების ჩანაცვლება ხდება სასწავლო მასალით. მაგრამ თვითსწავლება (თს) იყენებს რადიკალურად განსხვავებულ მიდგომას: არ არის არც მასწავლებელი, არც სპეციალურად შემუშავებული სასწავლო პროგრამა. მოსწავლეები თავად სწავლობენ და ერთმანეთს ასწავლიან. ეს სასწავლო-საინფორმაციო (სსტ) და ინფორმაციულ- კომუნიკაციური  ტექნოლოგიების (სკტ) გამოყენების საუკეთესო ვარიანტია.

თვითსწავლებისთვის, ჩვეულებრივ, ისეთ თემას არჩევენ, რომელიც მასწავლებელს არ უსწავლებია. ამასთან ყოველთვის ფასდება თვითსწავლების შედეგები. მოსწავლეებს ეძლევათ დამოუკიდებელი სამუშაოების სერია, რაც გულისხმობს სწავლების შედეგებისადმი მზარდ პასუხისმგებლობას, სანამ მოსწავლეები არ ისწავლიან დამოუკიდებლად მუშაობას. პროცესის მსვლელობისას მათ ეხმარებიან დამოუკიდებლად მუშაობის ჩვევების გამომუშავებაში, მაგრამ არა კონკრეტული თემის ათვისებაში. დასაწყისისათვის მასწავლებელს შეულია მიუთითოს შესაფერისი ინფორმაციის წყაროები და აწარმოოს სამუშაოს მონიტორინგი, მაგრამ საბოლოო მიზანი – სრული დამოუკიდებლობის მიღწევაა. აუცილებელია, რომ მოსწავლეებმა ისწავლონ შესაბამისი სასწავლო რესურსების შერჩევა, აღმოაჩინონ და გამოასწორონ საკუთარი ნაკლოვანებები სწავლებისას, შეაფასონ საკუთარი ნაშრომის შედეგიანობა მათივე დადგენილი სტანდარტების გამოყენებით.

თვითსწავლება ამცირებს ზედმეტად ვრცელი შინაარსის მცირე დროში გავლის აუცილებლობის უარყოფით ეფექტს. მისი გამოყენება რეკომენდებულია ნებისმიერი კურსის შესასწავლად. ეს მეთოდი მარტივი გამოსაყენებელი არაა, მაგრამ კარგად მუშაობს, თუკი საკმაო ყურადღება დაეთმობა დავალების შემუშავებას, მონიტორინგსა და სამუშაოს შეფასებას. ასევე  მნიშვნელოვანია დავალებების შერჩევა მოსწავლეთა შესაძლებლობების მიხედვით. თვითსწავლება საგანმანათლებლო და საორგანიზაციო უპირატესობების მდიდარი კომპლექსია, რასაც ჩვენ ქვემოთ განვიხილავთ.

 

თვითსწავლების გამოყენება

 

შეარჩიეთ თემა, რომელიც ფაქტებზეა ორიენტირებული, არაა ურთიერთსაწინააღმდეგო მომენტების შემცველი, უზრუნველყოფილია საჭირო რესურსებით, ანუ ხელთა გვაქვს კარგი სახელმძღვანელოები, საიტები, ვიდეოფილმები. დაყავით თემა  ნაწილებად ისე, რომ მოსწავლემ ისინი აითვისოს, მაგალითად, ორი-ოთხი კვირის მანძილზე. სანამ დამოუკიდებელი სწავლებისათვის დავალების შერჩევას შეუდგებოდეთ, მანამდე შეაფასეთ, რა სასწავლო რესურსები მოიპოვება ამ კონკრეტულ სამუშაოსთან მიმართებაში.

პედაგოგების ნაწილი დამოუკიდებელი სწავლებისათვის საჭირო მასალას წარმოადგენენ კლასში, რათა მოსწავლეები რთულ თემაზე მუშაობისათვის მოემზადონ. ასეთ შემთხვევაში რთული მასალის ათვისებისას მოსწავლეები არ არიან დამოუკიდებელი.

 

 

თვითსწავლებისათვის საჭირო თემის შემუშავება

 

ნებისმიერი თემის ათვისებისათვის საჭირო დავალებათა კომპლექტი, შეიძლება იყოს ინსტრუქციული და არაინსტრუქციული.

ინსტრუქციული დავალებები ითვალისწინებს პედაგოგის მიერ დეტალურად შემუშავებულ ეტაპებსა და კითხვარებს, რომლებზეც აუცილებელია პასუხის გაცემა მას შემდეგ, რაც გაეცნობიან სასწავლო ტექსტის მითითებულ გვერდებს. მოსწავლეები იღებენ მკაფიო ინსტრუქციებს, რისი შესწავლაა აუცილებელი.

ნაკლებად ინსტრუქციული დავალებები ითვალისწინებს კონსპექტების შექმნას  მასწავლებლის მიერ მოცემულ ლიტერატურაზე დაყრდნობით ან წაკითხულ ტექსტზე ორიენტირებულ კითხვებზე პასუხების გაცემას.

არაინსტრუქციული დავალებები ითვალისწინებს კონსპექტის მომზადებას მოცემულ თემაზე, როცა მოსწავლეები სასწავლო პროგრამაზე არიან ორიენტირებული.

რაც მეტად ინსტრუქციულია დავალება, მით ნაკლებადაა ალბათობა იმისა, რომ მოსწავლეები შეფერხდებიან სამუშაოს რომელიმე ეტაპზე ან დავალების არასწორ ინტერპრეტირებას მოახდენენ. ამიტომ დასაწყისისთვის ასეთი სახის დავალებების მიცემა იქნება უკეთესი.

 

დავალების შესასრულებლად გამოყოფილი დრო და სირთულის ხარისხი

 

დამოუკიდებლად სწავლების მთავარი პრობლემა ისაა, რომ მოსწავლეებს არავინ ეხმარება, როცა ისინი „იჭედებიან“. ამიტომ დავალებები მეტ-ნაკლებად იოლი უნდა იყოს. ფაქტობრივი მასალის მოძიება, დამუშავება და შესწავლა იდეალური ვარიანტია.

დასაწყისისათვის შესთავაზეთ შედარებით მცირე დავალება, რომლის შესასრულებლად ერთი-ორი კვირა დასჭირდებათ. ქვემოთ მოცემულია, სამუშაოს შესრულების სახელმძღვანელო თანმიმდევრობა.

  • შეადგინეთ და დაბეჭდეთ ჩანაწერები მიმოხილვისთვის, მათ შორის „მეხსიერების რუკა“;
  • მიღებული ჩანაწერები შეადარეთ მინიმუმ ორი სხვა მოსწავლის ჩანაწერებს;
  • ერთმანეთს ურჩიეთ, რა გზითაა შესაძლებელი კონსპექტების გაუმჯობესება. გაითვალისწინეთ ის რჩევები, რომლებიც სასარგებლოდ გეჩვენათ;
  • შეამოწმეთ ერთმანეთი ტექსტის მომზადების მხრივ, რამდენად კარგად შეგიძლიათ საკუთარი კონსპექტების შინაარსის დამახსოვრება.

მოსწავლეებს სწრაფად ბეზრდებათ დავალებები, რომლებიც მარტო უნდა შეასრულონ, ან იმ სახის დავალებები, როგორიცაა – „წაიკითხე-დაწერე“. შეეცადეთ გამოიყენოთ ქვემოთ მოცემული დავალებები, როგორც უფრო სერიოზული დამოუკიდებელი სამუშაოს ნაწილი:

  • მოცემულ თემაზე ან მის რომელიმე ასპექტზე პრეზენტაციის მომზადება და წარმოდგენა. კლასი ჯერ ითვისებს მთელ თემას, შემდეგ კი მოსწავლეები 5 წუთის განმავლობაში სათითაოდ წარმოადგენენ თემის ერთ-ერთ ასპექტს. საპრეზენტაციო კონკრეტული თემა მხოლოდ მას შემდეგ ცხადდება, როცა კლასი მასალას სრულად აითვისებს;
  • მოხდეს თემასთან დაკავშირებული ადგილის დათვალიერება, მაგალითად – მაღაზია ან დასასვენებელი ცენტრი;
  • სასწავლო ვიდეოფილმის ნახვა;
  • სასწავლო კომპიუტერული პროგრამის გამოყენება;
  • სახელმძღვანელოს მოცემული თავის წაკითხვა და მოკლე შინაარსის გადმოცემა, კლასში განხილვის მოსამზადებლად;
  • მოცემული დავალების წყვილებში ან ჯგუფურად განხილვა საკუთარი და სხვისი მოსაზრებებისა და დასკვნების ჩაწერა. ამ ჩანაწერების საფუძველზე მნიშვნელოვანი საკითხების განსაზღვრა შემდგომი დისკუსიებისა და დებატების მოსამზადებლად.

დანომრეთ დავალებები და ისე დაალაგეთ, რომ მათ შორის მეტ-ნაკლებად რთული და აღმოჩნდეს ბოლოში, რათა ეს არ იქცეს იმის მიზეზად, რომ მოსწავლემ უფრო მარტივი დავალების შეუსრულებლობა გაამართლოს.

რა სახის დავალებაც არ უნდა მისცეთ, სამწუხარო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მოსწავლეებს უნდა მოვთხოვოთ მასალის საკუთარი სიტყვებით  წარმოდგენა და ვთხოვოთ, რომ წერილობით ანგარიშებში არ ჩაურთონ ტექსტიდან ან ინტერნეტიდან ამონარიდი ფრაზები (გარდა ილუსტრაციებისა).

დავალების შედგენა უკეთესია ისე, რომ მისი შესრულება, სახელმძღვანელოში მოცემულ მიმდევრობას მიჰყვებოდეს.  თვითსწავლების წარმატება თუ წარუმატებლობა, კონკრეტული დავალების თავისებურებებზეა დამოკიდებული. დავალებები ადაპტირებული უნდა იყოს ყველა ჯგუფთან.

 

თვითშეფასება

 

თვითსწავლებისას თქვენ არ აფასებთ სამუშაოს, რომელსაც მოსწავლეები ასრულებენ სასწავლო ამოცანების გადაჭრისა და მიზნის მიღწევისათვის. თქვენ სამუშაოს დასრულების შემდეგ აფასებთ იმას, თუ რამდენად გაართვა ან ვერ გაართვა თავი მოსწავლემ მოცემულ ამოცანას. ხარისხის გასაკონტროლებლად აუცილებელი არაა ყველაფრის კონტროლი.

მნიშვნელოვანია იმის გათავისება, რომ მოსწავლეები ვერ აითვისებენ თვითშეფასების უმნიშვნელოვანეს უნარს, თუ თავად არ შეაფასებენ საკუთარ ნამუშევარს! ამასთანავე გირჩევთ, ჩაიწეროთ  თვითშეფასებისათვის  მათ მიერ შერჩეული მიდგომები. სასარგებლო შეკითხვა, რომელიც დავალების ბოლოს უნდა დაუსვათ, ასე ჟღერს: „როგორ მიხვდებით, რომ ტესტისათვის კარგად ხართ მომზადებული?“

დავალებები, რომლებიც თვითშეფასების პროცესში გამოგვადგება:

  • მოსწავლეებს  თვითშეფასებისათვის შესთავაზეთ კითხვები, რომლებიც დაეხმარება მათ, საკუთარი პროგრესის განსაზღვრაში და იმაში, გაიგეს თუ არა თემა. კითხვები გასაგებად ფორმულირებული, საკმაოდ იოლი, არაფორმალური ენით დაწერილი,  მათზე პასუხები კი ადვილად შესამოწმებელი უნდა იყოს. თქვენ შეგიძლიათ მოსწავლეებს მოსთხოვოთ, გაჩვენონ, რომ დავალება შესრულებულია, მაგრამ არ უნდა გაასწოროთ;
  • მოსწავლეებს შესთავაზეთ, „წაიკითხე-დახურე-ჩაიწერე-შეამოწმე“ ტიპის დავალება ან დავალება ურთიერთშეფასებაზე.
  • გაეცით პასუხები მოსწავლეებს დასმულ კითხვებზე ან ამოცანებზე და სთხოვეთ, შეამოწმონ ერთმანეთი ან საკუთარი თავი.
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ, მიეცით მოსწავლეებს პასუხების ნიმუშები ან ამოხსნილი მაგალითები, რომლებსაც გამოიყენებენ თვით- ან ურთიერთშეფასებისათვის.
  • სთხოვეთ მოსწავლეებს, შეაფასონ და ფორმულირება გაუკეთონ თვითშეფასების საკუთარ სტრატეგიას, როგორც თვითსწავლების დავალების ნაწილს. კარგი იქნება, თუ მოსწავლეები წარმოგიდგენენ ჩატარებული თვითშეფასების მაგალითებს. თვითსწავლება გამყარებული უნდა იყოს არა მხოლოდ კონსპექტებით, არამედ თვითშემოწმებისა და თვითშესწორების სამუშაო მაგალითებითაც.
  • შესთავაზეთ მოსწავლეებს მასწავლებლის როლში ყოფნა, მაგალითად, დააკისრეთ პასუხისმგებლობა პარტნიორის წარმატებაზე ტესტის ან დავალების შესრულებისას.

დასაწყისისთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მიერ თვითშეფასებისათვის გამოყენებული მეთოდების მონიტორინგი. მაგრამ შემდეგ თანდათან მოსწავლეებს სულ უფრო მეტი თავისუფლება უნდა მივცეთ. შედეგად ზოგი მათგანი იმედგაცრუებას გრძნობს, მაგრამ ეს არ შეიძლება იქცეს იმის მიზეზად, რომ უკან დავიხიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერასდროს ვერაფერს ისწავლიან.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ხშირად ყურადღების მიღმა რჩება – მოსწავლეები ორიენტირებული არიან მხოლოდ იმაზე, რაც უნდა შეფასდეს. ამიტომ, თუ თქვენ აფასებთ კონსპექტს და არა თემის ათვისების ხარისხს, მაშინ სუსტი მოსწავლეები, კონსპექტის შექმნაზე იქნებიან ფოკუსირებული, რაც არასასურველია. როცა თქვენი შეფასება შეეხება მხოლოდ დასახული ამოცანების გადაჭრის ხარისხს, მაშინ მოსწავლეები, სწორედ ამაზე ორიენტირებული იქნებიან და მოსამზადებელ სამუშაოს განიხილავენ, როგორც ამოცანის გადაჭრის საშუალებას და ეს მართებული მიდგომაა.

 

რესურსები

 

რესურსების ჩამონათვალი, შეიძლება თავად მიცემული დავალების ტექსტში იყოს გაწერილი, თუმცა ეს ჯგუფის თავისებურებაზეა დამოკიდებული.

  • ყუთში მოათავსეთ თქვენს ხელთ არსებული თემასთან დაკავშირებული ყველა რესურსი – წიგნები, ჟურნალები, საგაზეთო მასალა და ა.შ. ყველაფერი ამის გამოყენება შესაძლებელია კლასში ან ბიბლიოთეკაში, მაგრამ არ შეიძლება მისი სახლში წაღება. მოსწავლეებს შეგიძლიათ სთხოვოთ, შეავსონ ყუთში მოთავსებული მასალა, რასაც ჩვეულებრივ სიამოვნებით აკეთებენ.
  • ისეთი წიგნები, რომელთა მხოლოდ ერთი ეგზემპლარი გაქვთ ხელთ, შეგიძლიათ ბიბლიოთეკის სტენდზე განათავსოთ.
  • მოსწავლეებს მიაწოდეთ ინტერნეტში არსებული სასარგებლო მასალა და შესთავაზეთ ამ მასალის შევსება, მაგრამ წინასწარ შეამოწმეთ ყველა მათგანი.
  • მოსწავლეებს წარმოუდგინეთ ვიდეოფილმები, დისკები, სასწავლო- კომპიუტერული პროგრამები და ა.შ.
  • მიაწოდეთ თემის მოკლე რეზიუმე და დაავალეთ მისი განვრცობა.

რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ მისცეთ საჭირო ლიტერატურის ჩამონათვალი ან მოუნიშნოთ კონკრეტული გვერდები, მაგრამ არ ღირს ამის გაკეთება. თქვენი ამოცანაა, მოსწავლეებს განუვითაროთ საჭირო რესურსების მოძიების უნარ-ჩვევები. მოძიებული ლიტერატურის ჩამონათვალი შეიძლება შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ერთ-ერთ მოთხოვნად ჩაითვალოს. შეგიძლიათ მოსწავლეებს შეაფასებინოთ, რესურსების მოძიების თქვენი უნარი და შეადარებინოთ თქვენი და მათი ჩამონათვალები.

 

წყარო:

1.Geoff Petty.Teaching Today a Practical Guide. 4-th Edition Publisher: Oxford University Press. 2009, p.408-413.

 

 

 

 

 

 

 

რეფლექსიის სტრატეგიები  გეოგრაფიის გაკვეთილზე

0

რეფლექსია ადამიანის მიერ საკუთარი პიროვნების (ღირებულებების, ინტერესების, მოტივების, ემოციების, საქციელის) ცოდნისა და მდგომარეობის გაცნობიერება,  თვითანალიზია. ის დიდ როლს ასრულებს სასწავლო პროცესში. თვითანალიზი, ერთი მხრივ, ხორციელდება სასწავლო საქმიანობის შედეგების, საკუთარი ქცევის, მიღწეული შედეგების თანაკლასელების შედეგებთან შედარების ანალიზით, ხოლო, მეორე მხრივ, სხვა ადამიანების დამოკიდებულებების გააზრებით, მათი მხრიდან ჩვენი  პიროვნული ცალკეული თვისებების, ქცევების, საქმიანობის შეფასებით. თვითანალიზი ასევე გამყარებულია საკუთრი მდგომარეობის, აზრებისა და გრძნობების თვითდაკვირვებით.

რეფლექსია  მოსწავლეებს მიღებული შედეგების ფორმულირებაში, შემდგომი საქმიანობის მიზნების განსაზღვრაში, საკუთარი საგანმანათლებლო გზის კორექტირებაში ეხმარება.  რეფლექსია ადამიანის სამი უმთავრესი  თვისების – დამოუკიდებლობის, მეწარმოებითი ნიჭისა და კონკურენტუნარიანობის  განვითარებას უწყობს ხელს.

რეფლექსია შესაძლებელია განხორციელდეს არა მხოლოდ გაკვეთილის ბოლოს, არამედ მის ნებისმიერ ეტაპზე და მიმართულია განვლილი გზის გააზრებისკენ. მისი მიზანია, მოსწავლე გაკვეთილიდან წავიდეს, არა მხოლოდ დაფიქსირებული შედეგით, არამედ ააგოს აზრობრივი ჯაჭვი, შეადაროს თავისი საქმიანობა სხვებისას. საკუთარი განათლების მიმართ გააზრებული მიდგომა მოსწავლეს ეხმარება სწორად დაალაგოს პრიორიტეტები,  მოძებნოს და გამოავლინოს საკუთარი თავის ძლიერი და სუსტი მხარეები და, რაც მთავარია, აამაღლოს სწავლების ხარისხი. რეფლექსია შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეს, მოახდინოს ახალი და წინარე ცოდნის ინტეგრაცია, გაიაზროს რა გაიგო ახალი და თავისი სიტყვებით გადმოსცეს აზრები და დამოკიდებულებები.

რეფლექსიის ამა თუ იმ სახის შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იქნეს გაკვეთილის მიზანი,  სასწავლო მასალის შინაარსი და სირთულეები, სწავლების მეთოდები და სტრატეგიები, მოსწავლეთა ასაკობრივი და ფსიქოლოგიური თავისებურებები.

არსებობს რეფლექსიის  ბევრი სტრატეგია.  განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი, რომელთა გამოყენებაც გეოგრაფიის გაკვეთილზეა შესაძლებელი.

სტრატეგია  „კუნძული”

ფორმატის ფურცელზე  მასწავლებელი ხატავს  რუკას „კუნძულების” ემოციური გამოსახულებით ან დასახელებებით. მაგ: კ. სიხარული, კ. სევდა, კ. გაურკვევლობა, კ. შფოთვა, კ. მოლოდინი, კ. აღმაფრენა, კ. კმაყოფილება, კ. აღფრთოვანება, კ. გასხივოსნება, ბერმუდის სამკუთხედი და სხვ.  და აკრავს  კედელზე. თითოეული მოსწავლე მიდის რუკასთან და მარკერით ხატავს თავის გემს რუკის იმ  სეგმენტში, რომელიც  მის სულიერ, ემოციურ- მგრძნობელობით მდგომარეობას გამოხატავს გაკვეთილის ბოლოს. მაგ;  „მე  კმაყოფილი ვარ  ჩემი საქმიანობით  და მაქვს დადებითი ემოციები, ამიტომ ჩემს გემს დავხატავ  მოდრეიფეს კმაყოფილებისა და სიხარულის კუნძულებს შორის”.  იმ შემთხვევაში თუ უკვე არსებული კუნძულები არ  შეესაბამება მის მდგომარეობას, თითოეულ მოსწავლეს შეუძლია რუკაზე დახატოს ახალი კუნძული და დაარქვას სახელი.  რუკის შევსების შემდეგ ხდება მისი გაანალიზება.  ეს სტრატეგია შესაძლებელია მასწავლებელმა მთელი კვირის განმავლობაში გამოიყენოს, ხოლო კვირის ბოლოს  მოახდინოს მათი შედარება და გაარკვიოს, როგორ შეიცვალა  მოსწავლეთა მდგომარეობა.

სტრატეგია „მთა”

ფორმატის ფურცელზე  დახატულია მთა და მთამსვლელები სხვადასხვა პოზიციაში: ერთი მთის ძირშია, მეორე ციცაბო ფერდობზე ადის, მესამე დამრეცზე, მეოთხე  მთის მწვერვალზეა, მეხუთეს მწვერვალამდე  ასასვლელად ცოტაღა უკლია, მეექვსე  მთისკენ ზურგშქცევით დგას და სხვ. მოსწავლეები საქმიანობის თვითანალიზისა და თავიანთი სასწავლო მიღწევების  შეფასების შესაბამისად იმ ადამიანებს  შემოხაზავენ, რომლებიც ყველაზე ახლოსაა მათ მდგომარეობასთან მოცემულ გაკვეთილზე.  რეფლექსიური საქმიანობის ალგორითმი შემდეგშია:  ინდივიდუალური შეფასება, ჯგუფში მოსაზრებების გაცვლა,  მასწავლებლის მიერ  სიტუაციის  გაანალიზება და განზოგადება საერთო სურათის მისაღებად.

სტარტეგია „ტვიტერ-შაბლონი”

როგორც სოციალური ქსელი  „ტვიტერი” გვთავაზობს, გამოვხატოთ ჩვენი აზრები 140 სიმბოლოს საშუალებით, ასევე ჩვენ მოსწავლეებს ვაძლევთ ლაკონურ კითხვებს. მათ, ტვიტერ-შაბლონის მსგავსად, განსაზღვრული რაოდენობის სიმბოლოების გამოყენებით უნდა გასცენ მოკლე პასუხი. ეს კითხვები შესაძლებელია მოსწავლეებს დაფაზე ან ფურცლებზე დაუწეროთ და დაურიგოთ. ასევე შეგიძლიათ თქვენს მოსწავლეებთან ერთად სოციალურ ქსელში შექმნათ დახურული ჯგუფი და მათ იქ შეავსონ ანკეტა ამ კითხვებით.  შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ გუგლ-დრაივის სერვისი, სადაც მოსწავლეები ანკეტებს ონლაინრეჟიმში ავსებენ.  გავეცნოთ 8 კითხვას, რომელიც მოსწავლეს დააფიქრებს სასწავლო პროცესზე:

  1. რამ გაგაოცა დღეს გაკვეთილზე და რატომ?
  2. შენი აზრით, დღეს ნასწავლი მასალიდან რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და რატომ?
  3. რომელი საკითხის შესახებ გინდა კიდევ მეტის გაგება და რატომ?
  4. რომელი დავალების შესრულების დროს გამოიყენე ყველაზე მეტად შემოქმედებითი და კრიტიკული მიდგომები? რატომ ფიქრობ ასე?
  5. რამ გააღვიძა შენში ინტერესი, ცნობისმოყვარეობა? როგორ შეიცვალა შენი ყურადღება გაკვეთილზე, როცა შენში  ინტერსმა,  ცნობისმოყვარეობამ გაიღვიძა?
  6. გაკვეთილის რომელ ეტაპზე შესძელი საკუთარი შესაძლებლობების ყველაზე  კარგად გამოყენება?
  7. ხვალინდელი დღიდან შესაძლებლობა რომ გქონდეს თავად აირჩიო რა საკითხები და რა თანმიმდევრობით უნდა ისწავლებოდეს, რას აირჩევდი?
  8. როგორ გამოიყენებ მიღებულ ცოდნას?

სტარტეგია „დაამთავრე ფრაზა”

მოსწავლეებს ვაძლევთ ფრაზას და ვთხოვთ მის დამთავრებას. მაგ; გაკვეთილზე მე ვისწავლე, ვიგრძენი, გავიაზრე, გავაცნობიერე, მივხვდი, როგორ გამოვიყენო და სხვ; თამაშმა მაიძულა დავფიქრებულიყავი ….;  გაკვეთილზე განსაკუთრებით მომეწონა ….;  ბუნებასთან დამოკიდებულება ჩემთვის არის ….;  ამ გაკვეთილმა დამაფიქრა …; ამ გაკვეთილმა დამანახა, რომ  …;

სტრატეგია  „სამიზნე”

ფორმატის  ფურცელზე დახატულია სამიზნე, რომელიც დაყოფილია ოთხ (შესაძლებელია უფრო მეტ ან ნაკლებ) სექტორად. თითოეულ სექტორში იწერება პარამეტრები – რეფლექსიის კითხვები.  მაგ;  1-ელ სექტორში  შინაარსის შეფასება; მე-2-ში  –  გამოყენებული მეთოდების შეფასება; მე-3-ში – მასწავლებლის საქმიანობის შეფასება, ხოლო მე-4-ში – საკუთარი საქმიანობის შეფასება. თითოეული მოსწავლე ფლომასტერს, ფანქარს ან კალამს 4-ჯერ (თითოჯერ თითო სექტორში) „ესვრის”  სამიზნეს და სროლის ადგილას აღნიშნავს წერტილს, +  ნიშანს და ა.შ.  ეს აღნიშვნა შეესაბამება მისი შედეგების შეფასებას. თუ მოსწავლე  დაბალ დონეზე აფასებს თავის შედეგებს, მაშინ სამიზნეზე წერტილი ახლოს უნდა იყოს 0-თან, ხოლო თუ ცოტა მეტად – მაშინ 5-თან. იმ შემთხვევაში, თუ უფრო მაღალ დონეზე აფასებს მაშინ  –  ციფრ 10-იანთან ახლოს. მას შემდეგ, რაც თითოეული მოსწავლე ისვრის მიზანში და 4 წერტილს აღნიშნავს მასზე, რეფლექსიურ სამიზნეზე დაფიქსირებული შედეგების მიხედვით  მასწავლებელი ახდენს მის მოკლე ანალიზს.

სტრატეგია  „ჩემოდანი,  ნაგვის კალათა, ხორცის საკეპი მანქანა”

ამ სტრატეგიისთვის საჭიროა ფორმატის 3 ფურცელი, რომელთაგან ერთზე  ხატია უზარმაზარი ჩემოდანი, მეორეზე – ნაგვის კალათა (ყუთი), ხოლო მესამეზე – ხორცის საკეპი მანქანა”.  მოსწავლეებს ურიგდებათ ყვითელი, ლურჯი ან ცისფერი და ნაცრისფერი  წებოვანა ფურცლები, რომლებიც შევსების შემდეგ ფორმატებს უნდა მიაკრან. ყვითელ ფურცელზე, რომელიც მოსწავლემ  „ჩემოდნიან” ფორმატს  უნდა მიაკრას, იგი წერს გაკვეთილის მანძილზე რა იყო მისთვის ყველაზე  მნიშვნელოვანი მომენტი, რომლის წაღებაც მას თან სურს  და რომლის გამოყენებასაც აპირებს. ლურჯ ფურცელზე, რომელსაც შემდეგ  „ნაგვის კალათიან” ფორმატს აკრავს, წერს იმ საკითხებს, რაც, მისი აზრით, არ სჭირდება, უსარგებლოა და  ნაგვის ყუთში უნდა გადაყაროს.
ნაცრისფერ სტიკერზე, რომელსაც  მესამე  – „ხორცის საკეპი მანქანის” – ფორმატზე აკრავს, იწერება ის საკითხები, რომლებიც მისთვის საინტერესოა, მაგრამ ჯერ კიდევ გაურკვეველია, დასაზუსტებელია,  მეტი ინფორმაცია სჭირდება. ფურცლები მოსწავლეებმა შეიძლება ანონიმურადაც შეავსონ.

სტრატეგია გასასვლელი ბილეთი

ეს სტრატეგია შესაძლებელია გამოვიყენოთ, როგორც ყოველი გაკვეთილის ბოლოს, ასევე  სემესტრის ან წლის ბოლოსაც.  მოსწავლეებს ვურიგებთ გასასვლელ ბილეთებს და ვთხოვთ, მათ შევსებას.  მაგ; წლის ან სემესტრის ბოლოს გასასვლელ ბილეთში მათ პასუხი შემდეგ კითხვებზე ექნებათ გასაცემი:

ა) რა მოგწონს ყველაზე მეტად გეოგრაფიის გაკვეთილზე?

ბ) რა არ მოგწონს ყველაზე მეტად გეოგრაფიის გაკვეთილზე?

გ) როგორია შენი მიღწევები გეოგრაფიის გაკვეთილზე სემსტრის, წლის განმავლობაში?

დ) როგორ ფიქრობ, რა არის შენი წარუმატებლობის მიზეზები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)?

ე) გეოგრაფიის რომელი გაკვეთილი იყო შენთვის ყველაზე საინტერესო და რატომ?

ვ) შენი რომელი პიროვნული თვისებების განვითარებას შეუწყო ხელი გეოგრაფიის სწავლებამ?

ზ) რა წინადადებები, რეკომენდაციები ან სურვილები გაქვს გეოგრაფიის მასწავლებლის მისამართით?

ამრიგად, რეფლექსიური სწავლების გამოყენება  ისეთი  ამოცანების გადაწყვეტას უწყობს ხელს, როგორიცაა: მოსწავლეთა შემეცნებითი უნარების განვითარება,  ცოდნის დამოუკიდებლად აგების,  კონსტრუირების უნარი, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება.

 

 

 

 

სიზმრის ლოგიკა და გულის ვალეტი

0

ცოტა ხნის წინ ლუის კეროლის „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“ კიდევ ერთხელ წავიკითხე. ყოველთვის რთულ წიგნად მიმაჩნდა – ხანგამოშვებით რომ უნდა დაუბრუნდე და აუჩქარებლად, ფრთხილი ნაბიჯებით გაიარო გზა, რომელიც, საბოლოო ჯამში, არსად არ მიგიყვანს. მრავალი მკითხველივით, მეც ვფიქრობ, რომ ეს წიგნი უფროსების საკითხავი უფროა, ვიდრე ბავშვებისა, მიუხედავად იმისა, რომ მთავარ გმირს – ვიქტორიანულ ეპოქაში დაბადებულ პატარა გოგონას – ხშირად ამოუყენებენ ხოლმე გვერდით სხვა ზღაპრების პერსონაჟებს.

ერთი შეხედვით, ლუის კეროლი ლამაზ აბდაუბდას გვთავაზობს – ზღაპარს სიუჟეტის ლოგიკური განვითარების გარეშე, თვითმიზნურ თამაშს სიტყვებით, უპასუხო გამოცანებს და დიდ შეკითხვად ქცეულ სამყაროს, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს – მოსალოდნელიც, მოულოდნელიც. ოღონდ წინასწარ ვერაფერს გამოიცნობ – სიუჟეტი ნებისმიერი მიმართულებით შეიძლება განვითარდეს, როგორც სიზმარში ან ნარკოტიკით გაბრუებულის წარმოსახვაში. ელისს უკან მიჰყვები, ფეხს მის ნაფეხურებზე ადგამ და, რადგან ბოლომდე ფხიზელი ხარ, ხვდები: ცნობისმოყვარეობა მეტისმეტად ძვირად გიჯდება.

ამ წიგნის მრავალი ინტერპრეტაცია არსებობს. ლუის კეროლის ზღაპარი არარერთხელ ქცეულა სერიოზული ფილოსოფიური თუ ფსიქოანალიტიკური კვლევების საგნად. ფსიქოანალიტიკური დაკვირვებები ზოგჯერ ძალიან სახალისოც კი შეიძლება აღმოჩნდეს, თუ ყველაფერი ინფანტილური სექსუალური ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას დაუკავშირდება (ფემინისტური ვარიაციით: ელისის ცნობისმოყვარეობა სრულიად განსხვავდება პინოქიოს ცნობისმოყვარეობისგან და ა.შ.). აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ჟაკ ლაკანი – დიდი ფრანგი ფსიქონალიტიკოსი – ამ ზღაპრის ანალიზის ერთადერთ შესაძლო გზად სწორედ ფსიქოანალიზს მიიჩნევდა. „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“ შესაძლოა ისევე აიხსნას, როგორც სიზმარი – ის ხომ, ავტორისავე განმარტებით, სიზმარია და მეტი არაფერი (ლუის კეროლს დრამატურგ ტომ ტეილორისთვის უთქვამს, სიზმარი რომ იყო, მინდოდა, მხოლოდ წიგნის დასასრულს გამემხილაო).

ბევრი წერს, რომ ეს წიგნი იმაზეა, თუ როგორ იზრდება ბავშვი, როგორ ხედავს სამყაროს, რომელიც სავსეა სისასტიკით, უსამართლობით, საშინელებებით, უაზრობით.  გოგონა ზოგჯერ ძალიან პატარაა, ზოგჯერ – ძალიან დიდი. ორივე შემთხვევა დამზაფვრელია, როგორც იმის გაცნობიერება, როგორ უცებ იცვლება და უცხოვდება სხეული, რომელსაც ყველაზე კარგად იცნობ და საკუთარ თავთან მარტივად აიგივებ. არსებობს კარი, არსებობს გასაღები, ოღონდ კარის გასაღებით გაღება, სხვადასხვა მიზეზის გამო, შეუძლებელია ხოლმე. შეშინებული, დაბნეული გოგონა, რომელსაც დასაწყისში ვხედავთ, წიგნის დასასრულს მრავალჯერ შეცვლილი და გადასხვანაირებულია – გამბედავი და თავდაჯერებული გამხდარა, დედოფლის ბრძანებას არად აგდებს და ერთგვარ უხეშობასაც არ ერიდება („ბანქოს ქაღალდები ხართ და მეტი არაფერი!“).

ბავშვის თვალით დანახული სამყარო მართლაც აბსურდულია: არ არსებობს თამაშის წესები, რომლებიც ყველასთვის საერთო იქნებოდა; ყველაფერი მოძრაობს და ხელიდან გისხლტება – სათამაშოები ცოცხლები არიან; ნებისმიერ წუთს შეიძლება გაიგონო იმ კანონის შესახებ, რომელიც რაღაცას გიკრძალავს; რასაც თავს ევლები და თვალის ჩინივით უფრთხილდები, შეიძლება მეტისმეტად უმნიშვნელო რამ აღმოჩნდეს (ჰერცოგის ცოლის გოჭი); შეიძლება საკუთარი პირიდან ამოსული სიტყვებიც კი ვეღარ იცნო და ასე შემდეგ. იქნებ იმას გვეუბნებიან, რომ ეს ერთადერთი სწორი, ჯანსაღი ხედვაა? იქნებ ბავშვი ისევე აღიქვამს ჩვენს სამყაროს, როგორც ჩვენ აღვიქვამთ სიზმრების სინამდვილეს, სადაც ყოველ წუთს შეიძლება ფეხქვეშ მიწა გამოგვეცალოს?

„აბსურდის თეატრის“ წარმომადგენელი, რუმინული წარმოშობის ფრანგი დრამატურგი ეჟენ იონესკო ლუის კეროლის წიგნის შესახებ ამბობდა, ცხადია, ის ბავშვებისთვის არ არის განკუთვნილი, თუმცა კი უნდა ვაღიაროთ, რომ, ზოგადად, ბავშვის ხედვა სავსეა საშინელებებითო.

ეს ზღაპარი სწორედ მათთვისაა, ვინც უკვე გაიზარდა; ვინც კურდღლის სოროს თავი დააღწია და დაივიწყა, რას განიცდიდა მარტოდმარტო ბნელ დერეფანში.

წიგნის დასასრულს სასამართლო პროცესი იმართება – გულის ვალეტს ნამცხვრების მოპარვას აბრალებენ. ელისი უნებურად აღმოჩნდება ბრალდების მოწმედ. სათქმელი არაფერი აქვს – არაფერი იცის ნამცხვრებით სავსე ლანგარზე. მისი განაცხადი მეფისთვის ერთდროულად მნიშვნელოვანიც არის და უმნიშვნელოც („მნიშვნელოვანი… უმნიშვნელო… მნიშვნელოვანი… უმნიშვნელო…“ – ხმადაბლა იმეორებდა, თითქოს ცდილობდა გაერკვია, რომელი უფრო უკეთ ჟღერდა“). სიზმარი კი ისე წყდება, ვერ ვიგებთ, გადარჩა თუ არა საბრალო გულის ვალეტი. ალბათ გამოღვიძება – პროცესის შეწყვეტა – ერთადერთი გზაა მის გადასარჩენად.

სწორია ის, რაც უკეთ ჟღერს.

ლოგიკას, ენასა და აზროვნების უნარს შორის სიღრმისეული ურთიერთკავშირი არსებობს.

ლუის კეროლის ზღაპარში ენა ყველაფერია. ის ცა და მიწა, ცრემლების ტბა და გაჩერებული საათი, ჩაის ფინჯანი, ზღარბი და ფლამინგოა. სწორედ ენის წყალობით დავაბიჯებთ სხვის სიზმარში, ჩეშირულ კატას, შეშლილ მექუდეს, მუხლუხოს, გრიფონს, ჰერცოგის ცოლს, მეფეს და დედოფალს ვესაუბრებით და ხანდახან მაინც არ გვეშინია.

 

 

 

 

 

ყველაზე მწვანე სკოლები

0

აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და აფხაზეთში ყველაზე „მწვანე სკოლები“ გამოარჩიეს

ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიის ნახევარფინალური რეგიონალური ტურები აჭარითა და სამეგრელოთი დაიწყო და კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, რომ კეცხოველის სახელობის კონკურსი სრულიად ახალ ფაზაში შევიდა და გამორჩეულად დიდ მასშტაბებზეც გავიდა.

18 თებერვალს ქალაქ ბათუმში გამართულ რეგიონალური ტურში აჭარისა და გურიის სკოლები შეეჯიბრნენ ერთმანეთს და ნახევარფინალური ვნებათაღელვაც სწორედ ჩვენი ქვეყნის ზღვისპირეთიდან დაიწყო.

ეს სკოლები, როგორც უკვე იცით, მთელი წლის მანძილზე ატარებდნენ სხვადასხვა სახის გარემოსდაცვით ღონისძიებებს, ასუფთავებდნენ და ნარჩენებისგან წმენდნენ საკუთარ სოფლებსა თუ ქალაქებს, ატარებდნენ გამწვანების აქციებს, აქტიურად რთავდნენ აქტივობებში მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობას, იპყრობდნენ მედიის ყურადღებას და, რაც მთავარია, ამას აკეთებდნენ დიდი ცოდნითა და სიყვარულით, რაც საბოლოო შედეგებშიც გამოიხატა.

მხოლოდ აჭარა-გურიის ტერიტორიაზე ბავშვებმა 500-ზე მეტი გარემოსდაცვითი აქტივობა განახორციელეს და ეს, ვფიქრობთ, მართლაც შთამბეჭდავი ციფრია!

რეგიონული ტურის წინ ბავშვებს უკვე ჰქონდათ აქტივობებით დაგროვილი ქულები და სწორედ ეს ქულები იყო მათი წინასწარი შედეგები, რაც განსაზღვრავდა გუნდების სასტარტო პირობებს. რეგიონული ტურების დროს ეკოსპიკერის ფორმატში სკოლის გუნდებმა 1 წუთის მანძილზე წარმოადგინეს მათი ხედვა და ვერბალური მოწოდება გარემოსდაცვით პრობლემებთან დაკავშირებით. მათი ეს აქტივობა პროფესიონალური ჟიურის მიერ წინასწარ განსაზღვრული, 12-შკალიანი ქულათა სისტემით ჯამდებოდა.

საბოლოო ჯამში, ეკოსპიკერის ქულებს დაემატა გუნდების მიერ წინასწარ დაგროვილი ქულები და ამ ორი მაჩვენებლის დაჯამებით დაგროვილი ქულებით, ბათუმის რეგიონული ტურის დასკვნით ეტაპზე 6 გუნდი გავიდა, რომლებმაც ჟიურის პრეზენტაციების სახით მათ მიერ განხორციელებული გარმეოსდაცვითი ღონისძიებები ბევრად უფრო ვრცლად წარმოუდგინეს და ჟიურის საშუალება მიეცა სკოლათა აქტივობების განხორციელების მასშტაბის გაზრდა გუნდების რეზენტატიულობითაც შეეფასებინა.

საბოლოო ჯამში, აჭარა-გურიის რეგიონული ნახევარფინალიდან გამარჯვებულები გახდნენ და 21 მარტს თბილისში კონკურსის ფინალურ, ეროვნული მასშტაბის ტურში წარმოადგენენ:

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარის სკოლა;

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N1 სკოლა;

ხელვაჩაურის N1 სკოლა.

აჭარის რეგიონულ ტურს დიდი ვნებათაღელვა და ემოციებიც ახლდა თან, რადგან შედეგები ნაწილობრივ მოულოდნელი და დამაინტრიგებელი გახლდათ. ჟიურის გადაწყვეტილებით ფინალში ვერ გავიდა და ძალიან ცოტა დააკლდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ალამბრის სკოლის გუნდს, რომელშიც არამხოლოდ აჭარის რეგიონში, არამედ მთელ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბავშვები არიან გაერთიანებული და გასული წლის მანძილზე მათ მრავალი მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი აქტივობაც განახორციელეს.

რეგიონალური ტურების შედეგებით, თბილისის ფინალურ (დასკვნით) ტურში სულ 20 სკოლა გადის, თუმცა, კონკურსის ორგანიზატორები რეგიონალური ტურების დასრულების შემდეგ იტოვებენ უფლებას, რომ საკუთარი პრივატული გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დამატებით კიდევ 3 გუნდი გაიყვანონ ფინალში და როგორც ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი, ორგანიზაცია CENN-ის გარემოსდაცვითი პროექტების კორდინატორი, რეზო გეთიაშვილი აცხადებს, სოფელ ალამბრის სკოლას დიდი შანსი აქვს, რომ ამ „იღბლიან სამეულს“ შორის მოხვდეს.

ვნებათაღელვა და დიდი ემოციები ახლდა თან 19 თებერვალს ქალაქ ზუგდიდში გამართულ რეგიონულ ტურს, სადაც ფინალის საგზურები სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აფხაზეთის სკოლებმა გაითამაშეს. წინასწარ დაგროვილი ქულების მიხედვით შერჩეული 31 სკოლიდან უმეტესობა თავიდანვე იმსახურებდა დასკვნით ეტაპზე გასვლას, მაგრამ, წესების მიხედვით, ამ რეგიონიდან ფინალში მხოლოდ 4 გუნდი გადიოდა და კონკურენცია განსაკუთრებით დიდი და თვალსაჩინიო გახლდათ.

ზუგდიდის N1 სკოლაში გამართულ ამ რეგიონულ ტურში სხვა სკოლებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ აფხაზეთის სკოლები და მათ შორის ის სკოლებიც, რომლებიც ენგურის ხიდსიქითა საქართველოში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე  მდებარეობენ. ამ ბავშვებს ნიკო კეცხოველის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საოკუპაციო ზოლიდან ზუგდიდში ჩუმად გადმოპარვა მოუწიათ.

ტურის მშვენება იყო სვანეთის სამი შესანიშნავი სკოლის გუნდი მესტიის მუნიციპალიტეტიდან. სვანეთის სოფლების: მულახის, მაზერისა და ფარის სკოლებმა სამეგრელოს სუპერ-აქტიურ სკოლებს ისეთი ღირსეული და მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს, რომ მათი ეს გამორჩეულობა და მონდომება არც ჟიურის დარჩენია ყურადღების მიღმა.

ამ რეგიონული ტურის შედეგები საბოლოოდ დიდი ვნებათაღელვის, სიხარულისა და ცრემლების მიზეზი გახდა, რადგან მაღალი კონკურენციის გამო ბუნებრივია ფინალს მიღმა ისეთი სკოლებიც დარჩნენ, რომლებიც ნამდვილად იმსახურებდნენ ამ წარმატებას და რაც მნიშვნელოვანია, ამ გუნდებს ფინალამდე ქულათა უკიდურესი მინიმუმი დააკლდათ. თუმცა, დამარცხებული გუნდებიც აღიარებდნენ, რომ ჟიურიმ ნამდვილად ღირსეული და დამსახურებული გუნდები შეარჩია.

აქვე გეტყვით, რომ კონკურსის ორგანიზატორებმა დამატებით გადასაყვან სამ სავარუდო სკოლის გუნდების კანდიდატებს შორის სამეგრელოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორულუს სკოლის გუნდიც შეიყვანეს და საკმაოდ დიდი შანსია, რომ „ბედნიერ სამეულს“ შორის ორულუს სკოლაც იყოს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ტურის გამარჯვებული გახდა ოკუპირებული აფხაზეთის, გალის რაიონის, სოფელ თაგილონის სკოლა. გამარჯვებით გახარებულმა გალელმა ბავშვებმა სიხარული და მადლიერება აფხაზური ნაციონალური ცეკვით გამოხატეს და ზუგდიდში ემოციების ცეცხლი დაანთეს. ნიკო კეცხოველის სახელობის კონკურსის ორგანიზატორებს დიდი იმედი აქვთ, რომ თაგილონის სკოლა 21 მარტს თბილისშიც ღირსეულად წარმოაჩენს თავს და დაამტკიცებს, რომ აფხაზეთის სკოლების მოსწავლეების მაღალ შესაძლებლობებს წინა ვერანაირი ოკუპაცია ვერ დაუდგება!

თაგილონის სკოლის გარდა, 21 მარტს ფინალში ასევე ვიხილავთ სვანეთის სოფელ მულახის გუნდს, რომელმაც ყველას დიდი სიმპათია და სიყვარული დაიმსახურა, სოფელ ეწერის ლეგენდარულ სკოლის გუნდს, რომელმაც გასულ წელს იმდენი ერთმანეთზე საუკეთესო გარემოსდაცვითი აქტივობა განახორციელა, რომ მათ მიერ წარმოდგენილ 5-წუთიან პრეზენტაციაში ამ ყველაფრის მხოლოდ მცირე ნაწილი ჩატიეს და სოფელ ხეთის სკოლა, რომლის ერთ-ერთი ლიდერი, კოლხური ბზის ცნობილი დამცველი – სანდრო ნარსია თამამად შეიძლება ითქვას, რომ უკვე შემდგარი გარემოს დამცველია.

რეგიონული ტურები 5 მარტს, თელავში, კახეთში დასრულდა. 21 მარტს ჩვენი ქვეყნის დედაქალაქ თბილისში, ტყის საერთაშორისო დღეს, კონკურსის დასკვნითი, ფინალური ტური გაიმართება, სადაც მონაწილეობას მთელი საქართველოდან შერჩეული 23 საუკეთესო სკოლა მიიღებს.

კონკურსის ორგანიზატორები არიან: CENN, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ინიციატივ ხორციელდება პროექტის, ტყის მდგრადი მართვა საქართველოში ფარგლებში ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისთვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.

ლევან სებისკვერაძე

 

 

 

თანატოლი თანატოსი

0

დიდი და პატარა კლასელები

მამაჩემმა და მისმა მეგობარმა ამასწინათ ერთი კლასელი გაიხსენეს, მესამე თუ მეოთხეკლასელი ბიჭი, რომელსაც მამის თოფი გაუვარდა და მძიმედ დაჭრილი ვერ გადაარჩინეს. სევდიანი ამბავი იყო: ორმოცდაათს გადაცილებული კაცები როგორ იგონებდნენ ღრმა ბავშვობაში დაღუპულ ადამიანს, ვისაც, წესით, ბედი რომ ჰქონოდა, მათ წლოვანებამდე მაინც უნდა მოეყარა და მათსავით ცოლ-შვილიც შეიძლებოდა ჰყოლოდა. ბევრი აღმართი უნდა დაეძლია და ბევრ თავდაღმართზე დაშვებულიყო, ის კი პირველივე ხიფათს ზედ შეადნა სანთელივით. ისეთმა ხიფათმა მოძებნა, უფრო დიდი ასაკის ხალხს რომ აეკიდება ხოლმე. ცოდვილების საძებრად გამოსული გზააბნეულ ბალღს წააწყდა და გაიყოლა.

 

უნახავი შვილთაშვილი

მინდოდა ბაბუაჩემს ჩემი შვილი ენახა – თავისი პირველი შვილთაშვილი, რომლის დაბადებასაც მოესწრო, მაგრამ ვერ შევძელი მისთვის ეს სიხარული პირადად გამეცნო, ნიკო სოფელში წამეყვანა. რამდენიმე თვით დავიგვიანე. მძიმე განცდაა, როცა შენთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები ვერასდროს შეხვდებიან ერთმანეთს.

 

საფლავში მიმაქვს…

რომ ამბობენ, რაც გაქვს, წუთისოფელში დახარჯე, იმქვეყნად რას წაიღებო, არაა მთლად მართალი. მჯერა და ვერავინ გადამარწმუნებს, რომ არიანე ჭანტურიამ მთელი თავისი ნიჭი, უნიკალური მეხსიერება და გამოცდილება საფლავში წაიღო, იმიტომ კი არა, რომ აქ ღირსეული მემკვიდრე არ დარჩა. არა! სულ რომ ბეჯითი სტუდენტების არმია ჰყოლოდა, ვერ წარმომიდგენია მისი შეცვლა, მისი გამეორება ვინმეს შეძლებოდა. განუმეორებელიო, რომ იტყვიან, კი გაცვდა ეს სიტყვა, მაგრამ არიანე ჭანტურიასთვის ზედმიწევნით მისადაგებული იყო.

 

ფოტო ფოიეში

ნაცნობისგან გამიგია: ავარიაში დაიღუპა უნიჭიერესი და ძალიან წესიერი ბიჭი – მასწავლებლებსაც რომ უყვართ, ბეჯით კლასელებსაც და ისეთებსაც, მაინცდამაინც სწავლისთვის რომ არ იდებენ თავს. ყველას დასწყდა გული და ამ მწუხარების გამოსახატად მოსწავლეებმა გადაწყვიტეს სკოლის შესასვლელში დაღუპულის ფოტო გამოეკრათ.

მათ გადასარწმუნებლად დირექტორის ვერც ერთმა არგუმენტმა ვერ გაჭრა. ცხელ კვალზე ტრაგედიას შეუძლია იოლად დაჯაბნოს საღი აზრი და რაციონალური მსჯელობა. მოსწავლეები (განსაკუთრებით გარდაცვლილის კლასელები) აგრესიულად მოითხოვდნენ ფოტოს გამოქვეყნებას.

კონფლიქტი ქართულის მასწავლებლის ერთმა ჯადოსნურმა ფრაზამ განმუხტა, რომელიც მან ამბოხებულ მოსწავლეებს უთხრა, – ვიცი, ბრაზობთ, სურათის ჩამოკიდების უფლებას რომ არ გაძლევენ, მაგრამ მერწმუნეთ, დრო რომ გავა, იმ ფოტოს ჩამოხსნა მოგვიწევს და გული მაშინ უფრო მეტად დაგვწყდებაო.

 

ერთ ასაკში

ის კია ბებერი, ძველი და შებერტყილი, მაგრამ ჩემთან რომ მოვა, მინდა ჩემი ასაკის იყოს, და ისეთი მიმზიდველი, როგორც ნინო კირთაძეა, სიკვდილის როლს რომ თამაშობს „მეტეოიდიოტში“ (ნანა ჯორჯაძის ფილმი).

ჩემი ასაკის ხალხთან არასდროს მიჭირდა საერთო ენის გამონახვა, და თუ ძალიან მოვინდომებ, იქნებ ჩემი ასაკის სიკვდილთანაც ერთი-ორი სიტყვის გაცვლა შევძლო. საინტერესოა, მას რა ეხსომება ან მე რით გავაკვირვებ; იდუმალ რაღაცებზე ვკითხავ, თუ აქეთ ჩამეძიება, ამხელა კაცმა მანქანის ტარება რატომ არ იციო; ეჭვი მაქვს, ბოლომდე ვერც ის ამიხსნის, რატომ ჩავაბარე იურიდიულ ფაკულტეტზე, რადგან ფილოლოგიურზე რატომ არ ჩავაბარე, მე თვითონაც კარგად ვიცი; იმასაც გავახსენებ, იქამდე რომ ბევრჯერ შევხვედრივართ და ერთი განსაკუთრებით მახსოვს – ენაარეულმა და ხელ-ფეხმოწყვეტილმა ოპერაციის წინ ჩემს ძმას რომ ვუჩურჩულე, – თუ ასეთი დავბრუნდი, ევთანაზია გამიჩალიჩე-მეთქი; და ბოლოს იქნებ სექსითაც დავკავდეთ მე და ჩემიტოლა სიკვდილი, როგორც დათო (მერაბ ნინიძე) შვრება იმავე „მეტეოიდიოტში“…

მოსწავლეთა საჭიროებანი და მიზნები მათემატიკის სწავლის დროს

0

ნებისმიერ სასკოლო საგანში სასწავლო პროცესის შინაარსის, სწავლების მეთოდებისა და სასურველი შედეგების დადგენაში, როგორც წესი, მონაწილეობენ დაინტერესებული მხარეები – მასწავლებლები, მშობლები, საგნის ექსპერტები, სწავლების მეთოდოლოგიის ექსპერტები, განათლების მენეჯერები და ადმინისტრატორები. როდესაც ზრდასრულები ადგენენ საგნობრივ სასწავლო გეგმას მოსწავლეებისთვის, ისინი საკუთარი გამოცდილებიდან, ისტორიული ტრადიციებიდან და უახლოესი (ჭვრეტადი) მომავლის პერსპექტივებიდან გამომდინარე განსაზღვრავენ  – რა უნდა ისწავლონ მოსწავლეებმა ამა თუ იმ საგანში. ამასთან, გადაწყვეტილებას ზრდასრულები ერთპიროვნულად იღებენ – მოსწავლეთა ჩარევის და მათ მიერ გაჟღერებული სწავლის საჭიროებების (როგორ სწავლობენ ისინი და რა სჭირდებათ, რომ უკეთ ისწავლონ) და მიზნების გათვალისწინების გარეშე.

სასწავლო შინაარსთან მიმართებაში ეს მიდგომა შესაძლოა გარკვეულწილად გამართლებულიც იყოს, თუმცა არა აბსოლუტურად, რადგან ჩვენს ეპოქაში ზრდასრულებისთვისაც ძალიან ძნელია იმის ზუსტად განსაზღვრა – რა ცოდნა და უნარჩვევები იქნება სასიცოცხლოდ აუცილებელი და წარმატების გარანტიის მომცემი თუნდაც ოცი წლის შემდეგ. რაც შეეხება სწავლების მეთოდოლოგიის შერჩევას, საკლასო მენეჯმენტს, სასურველი შედეგების დადგენას სწავლების წლების მიხედვით და ამ შედეგების მიღწევისთვის საჭირო გარემოს ფორმირებას – ამ საკითხებში მოსწავლეთა სწავლის საჭიროებების თუ მიზნების იგნორირება მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის მოსწავლეებსაც და მასწავლებლებს სასწავლო პროცესის წარმართვასა და დამაკმაყოფილებელი შედეგების მიღწევაში.

მოსწავლეზე ორიენტირებული განათლება სწორედ იმით განსხვავდება ტრადიციული განათლებისგან, რომ ზემოჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას ამოსავალ წერტილად მიიჩნევა მოსწავლეთა საჭიროებები და მიზნები, რომლებიც ზედმიწევნით ჩაღრმავებული და ობიექტური პედაგოგიკური, ფსიქოლოგიური, ფიზიოლოგიური და სოციოლოგიური კვლევების შედეგად არის დადგენილი. ამ მიმართულებით კაცობრიობამ საგრძნობლად წაიწია წინ, ისევე როგორც მატერიალური კეთილდღეობის მხრივ. შეიქმნა იმის შესაძლებლობა, რომ კვლევის შედეგად დადგენილი კანონზომიერების შესაბამისი პედაგოგიკური პრინციპები რეალურად განხორციელდეს ყოველდღიურ სასწავლო პროცესში მასობრივი განათლების პირობებში. მსოფლიოს გამოჩენილ პედაგოგთა (მათ შორის, ქართველ მეცნიერ-პედაგოგთა – გოგებაშვილის, უზნაძის, ამონაშვილის და სხვათა) გენიალური ინტუიტური მიგნებები პრაქტიკულად დადასტურდა თანამედროვე კვლევების საშუალებით. მათ მიერ გამოთქმული წინასწარმეტყველებანი ჰუმანური პედაგოგიკის პრინციპების მიხედვით სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვის აუცილებლობის შესახებ განმტკიცდა ამ პრინციპების რეალიზაციისთვის საჭირო სტრატეგიების, მეთოდებისა და ინსტრუმენტების შექმნით.

ასე რომ მოსწავლეზე ორიენტირებული განათლება ახალი „მოდა“ კი არ არის პედაგოგიკაში, არამედ დიდი ხნის ნანატრი შესაძლებლობაა იმისა, რომ მასობრივ განათლებაში მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს და მიზნებს გაეწიოს ანგარიში; რომ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ძალისხმევის შედეგად ამა თუ იმ საგანში აშკარად გამოკვეთილი მიდრეკილებების მოსწავლეებმა მიაღწიონ მაღალ შედეგებს ისე, რომ მოსწავლეთა უმრავლესობა საბაზო ცოდნის გარეშე არ დარჩეს (როგორც ეს რამდენიმე ათეული წელია დაიკვირვება ჩვენს ქვეყანაში); რომ ყოველმა მოსწავლემ დაძლიოს და აითვისოს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საბაზო მინიმუმი სკოლაში ისე, რომ გამორჩეული შესაძლებლობების მოსწავლეებს ხელი არ შეეშალოთ საკუთარი სპეციალური საჭიროებებისა და მაღალი მიზნების  მიღწევაში.

როგორ უნდა განვასხვაოთ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება სხვა ტიპის სწავლებისგან? ერთი შეხედვით ეს ძალიან ადვილია ზედაპირული დაკვირვების დონეზეც კი. მაგალითად, მასწავლებლები ხშირად ატარებენ გაკვეთილს ისე, რომ „ერთ ზომაზე ჭრიან ყველასთვის“ და ამით იადვილებენ საქმეს. ცხადია, რომ ეს არ არის მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, რადგან მოსწავლეები განსხვავებული მზაობით, ინტერესებითა და სასწავლო პროფილით მოდიან გაკვეთილზე და, შესაბამისად, განსხვავებულ მეთოდოლოგიურ მიდგომებს საჭიროებენ. ეს „მასწავლებელზე ორიენტირებული“ სწავლებაა, რადგან იგი მისი ინტერესების, მისი საჭიროებებისა და მიზნების მიხედვითაა წარმართული.

როდესაც მასწავლებლები ცდილობენ „გაიარონ პროგრამა“, არც ესაა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, რადგან სხვადასხვა მოსწავლე განსხვავებული ტემპით ითვისებს სასწავლო მასალას. ეს „სასწავლო გეგმის დაფარვაზე ორიენტირებული“ სწავლებაა და განათლების ადმინისტრატორთა ინტერესების მიხედვითაა წარმართული.

იმ შემთხვევაში, თუ გაკვეთილს ესწრება დირექტორი, კოლეგა ან სტუმარი, მასწავლებლები, როგორც წესი, „სპექტაკლს დგამენ“, სადაც მოსწავლეები წინასწარ გაზეპირებულ ფრაზებს წარმოთქვამენ ან მასწავლებელთან წინასწარ შეთანხმებულ მოქმედებებს ასრულებენ. ცხადია, ისინი ამ დროს თავიანთ მომზადებას და ცოდნას ამჟღავნებენ, მაგრამ არც ესაა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, რადგან სიყალბეს ეჩვევიან. ეს „დამსწრეზე ორიენტირებული“ სწავლებაა.

იმისთვის, რომ უფრო ზუსტად გავარკვიოთ, მაინც რით გამოირჩევა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება სხვა ტიპის სწავლებისგან და რატომ უნდა ვეცადოთ მის განხორციელებას (რით იქნება ცუდი, თუ არ განვახორციელებთ და რით იქნება კარგი, თუ განვახორციელებთ), საჭიროა, ჩავუღრმავდეთ საკითხს: როგორ სწავლობს ბავშვი, რა საჭიროებები და მიზნები აქვს მას სწავლის დროს და რა უქმნის და უმაღლებს სწავლის მოტივაციას.

ადამიანის საჭიროება არის მისი ქცევის წარმართვის პოტენციის გარკვეული ნაირსახეობა. იგი შინაგანი უკმარისობის შეგრძნების სახით გაცნობიერდება ადამიანის მიერ. ადამიანი ცდილობს განთავისუფლდეს რაღაცის უკმარისობის მტანჯველი განცდისგან და იწყებს ისე ქცევას, რომ მიაღწიოს გარკვეულ მიზნებს, რაც დაეხმარება საჭიროების დაკმაყოფილებაში.

საგანმანათლებლო გარემოში ხშირად წარმოჩნდება მოსწავლეთა სამგვარი ფსიქოლოგიური საჭიროებანი: კომპეტენტურობის, სოციალური მიკუთვნებისა და ავტონომიურობის. ეს ის საჭიროებანია, რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია ადამიანის პიროვნული ზრდისთვის ისევე, როგორც აუცილებელია თუნდაც მინიმალური სასიცოცხლო მატერიალური პირობების შექმნა  – ადამიანის ორგანიზმის განვითარებისა და ფუნქციონირებისთვის. ამდენად, აღნიშნულ საჭიროებათა დაკმაყოფილება უაღრესად მნიშვნელოვანია (გაიხსენეთ მასლოუს პირამიდა), ხოლო მათი პერმანენტული დაუკმაყოფილებლობა ფრუსტრაციისა და სტრესის მექანიზმების ამოქმედების საშუალებით იწვევს პიროვნების განვითარების შეფერხებას, არასრულყოფილების კომპლექსის ჩამოყალიბებას, დაბეჩავებას ან არაადეკვატურად აგრესიულ ქცევას და საბოლოო ანგარიშით (უკიდურესად მძიმე შემთხვევებში, როდესაც საჭიროებათა დაუკმაყოფილებლობას თან ახლავს მიზნების ტოტალური მიუღწევლობით გამოწვეული იმედგაცრუება და ინდიფერენტულობა, გულგრილობა, შური ან ბოღმა) – პიროვნების გადაგვარებასა და დეგრადაციას, მაგალითად, ალკოჰოლურ ან ნარკოდამოკიდებულებას, პარაზიტულ არსებობას, თაღლითობას, ავაზაკობას და სხვა.

უფრო დაწვრილებით განვიხილოთ ზემოთჩამოთვლილი სამი საჭიროებიდან თითოეული:

  1. კომპეტენტურობის საჭიროება ეხება ინდივიდის მიერ ეფექტურობის განცდას სოციალურ გარემოსთან ურთიერთობაში და საკუთარი შესაძლებლობების განვითარებასა და წარმოჩენაში;
  2. სოციალური მიკუთვნების საჭიროება ეხება ინდივიდის სხვებთან დაკავშირებულობის გრძნობას (მაგალითად, სხვებზე ზრუნვასა და სხვების მხრივ მასზე მზრუნველობას, რომელიმე თემის/ერთობის წევრობას). იგი დაკავშირებულია სოციალურ სტატუსთანაც იმ ჯგუფში, რომელშიც გაწევრიანებულია ინდივიდი;
  3. ავტონომია ეხება ინდივიდის მიერ საკუთარი თავის აღქმას მისივე ქცევის პირველწყაროდ, პირველსაწყისად. ამასთანავე, ავტონომია მოიცავს საკუთარი ქცევის კონტროლსაც და ამგვარად, ინდივიდის თვითდეტერმინებულობას განსაზღვრავს.

მიზნები იმით განსხვავდება საჭიროებებისგან, რომ საჭიროებანი მიმართულია საგანთა შედარებით ვრცელ კატეგორიებზე, მაშინ როდესაც მიზნები მიმართულია საკმაოდ სპეციფიკურ, კონკრეტულ ობიექტებზე. მაგალითად, კომპეტენტურობის საჭიროება შესაძლოა გამოვლინდეს „კარგი ნიშნის მიღების“ მიზნის სახით; სოციალური მიკუთვნების საჭიროება შეიძლება წარმოჩინდეს „მასწავლებლის მხრივ აღიარებისა და პატივისცემის მიღწევის“ მიზნის სახით; ავტონომიურობის საჭიროება კი „მასწავლებლისგან განსხვავებული მოსაზრების ჩამოყალიბების“ მიზნის სახით გამოვლინდეს.

მოსწავლეთა საჭიროებები  მათ ემოციებშიც და ქცევებშიც ვლინდება. მაგალითად, კომპეტენციის საჭიროება ვლინდება შემეცნებით გამოწვევებზე მოსწავლეთა მხრივ პოზიტიურ რეაგირებაში; მოსწავლეთა ავტონომიურობის (და გარკვეულწილად, კომპეტენტურობის) საჭიროება ვლინდება მოსწავლეთა შინაგან მოტივაციაში საგნის შესწავლის მიმართ.

საზოგადოდ,  მოსწავლეთა (და ზრდასრული ადამიანების) მიზნები რთულია და მრავალრიცხოვანია. ხშირად მიზნები დაკავშირებულია ერთმანეთთან და ერთი მიზნის მიღწევა მეორეს მიღწევის წინაპირობაა; ხანდახან მიზნები ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავიც კია. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეები (და არანაკლებ ხშირად, ზრდასრულებიც) ძნელად და მცირედ აცნობიერებენ საკუთარ საჭიროებებს, მიზნებს და მათ შორის არსებულ მიმართებებს, მოსწავლეებს ეს საჭიროებანი და მიზნები ნამდვილად აქვთ და ისინი ზეგავლენას ახდენენ მოსწავლეთა სასწავლო (და არა მხოლოდ სასწავლო) ქცევაზე –  განსაკუთრებით კი სწავლის მოტივაციაზე, ათვისების ეფექტურობაზე, შედეგების მიღწევაზე. ამიტომ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ზუსტად განისაზღვროს, როგორ უნდა დაეხმარონ ზრდასრულები, კერძოდ კი, მასწავლებლები და სხვა სასკოლო პერსონალი, მოსწავლეებს მათი ნაწილობრივ გაცნობიერებული, მაგრამ რეალურად არსებული და მათ ქცევაზე და სწავლის შედეგებზე მძლავრი ზეგავლენის მქონე საჭიროებების დაკმაყოფილებაში, მიზნების მიღწევაში. სწორედ ასე ეყრება საფუძველი მოსწავლეზე ორიენტირებული განათლების განხორციელებას ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში.

ნათქვამი ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს მხოლოდ სკოლის პასუხისმგებლობაა მოსწავლეზე ორიენტირებული განათლების დანერგვა სკოლებში. ცხადია, თავისი წვლილი ამ საქმეში განათლების სისტემის ყველა რგოლმა უნდა შეიტანოს, მშობლებმა და საზოგადოებამ,  მაგრამ უშუალოდ მოსწავლეებთან შეხებაში არიან მასწავლებლები და მშობლები. ამიტომ მათ მიერ მოსწავლეზე ორიენტირებული განათლების პრინციპების, სტრატეგიების, მეთოდებისა და ინსტრუმენტების ფლობაზეა დამოკიდებული, რამდენად წარმატებულად განხორციელდება ჩვენი ქვეყნისთვის ასე  მნიშვნელოვანი  საქმე. განათლების სისტემის ყველა რგოლის მოვალეობაა მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მოსწავლეზე ორიენტირებული განათლების დანერგვას,  რადგან საქართველოს არ ჰყავს არც ერთი „დასაკარგავი“ ბავშვი და სწორედ ადამიანური პოტენციალი არის ქვეყნის ერთდაერთი პერსპექტიული საფუძველი გადარჩენისა და განვითარებისთვის.

ადვილი წარმოსადგენია, რა მოსდის ამ პოტენციალს, როდესაც სასწავლო პროცესი ისე მიმდინარეობს, რომ, მაგალითად:

  • მოსწავლეს არ ეძლევა ან მეტისმეტად იშვიათად და არასრულფასოვნად ეძლევა საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება;
  • შესაბამისად, მოსწავლე არასდროს არ იღებს კარგ ნიშნებს არცერთ სასწავლო საგანში;
  • მოსწავლე არ გრძნობს პირადად მასზე ზრუნვას და არც თვითონ ეძლევა შანსი, რომ დაეხმაროს სხვებს;
  • მოსწავლეს არ ეძლევა მისთვის მნიშვნელოვანი სოციალური სტატუსი რომელიმე ჯგუფში და არც არავინ ასწავლის, სოციუმში მისაღები გზებით როგორ დაიმკვიდროს თავი;
  • მოსწავლე არ გრძნობს აღიარებას და პატივისცემას ზრდასრულთა მხრიდან;
  • მოსწავლე არ აღიქვამს საკუთარ თავს საკუთარივე ქცევის პირველწყაროდ, რადგან ზრდასრულები გამუდმებით მანიპულირებენ მისით;
  • მოსწავლეს არ ეძლევა ზრდასრულებისგან განსხვავებული აზრის გამოთქმის უფლება;
  • მოსწავლე არ ახორციელებს საკუთარი ქცევის კონტროლს, რადგან ზრდასრულები ტოტალურად აკონტროლებენ მის ქცევას.

როგორი მოზარდი იქნება ასეთი სასწავლო პროცესის პროდუქტი, თუ მას თვითონ არ აღმოაჩნდება ძალები, რომ ყველა ზემოაღნიშნული გარემოების მიუხედავად,  ყველა ზრდასრულის ნების საწინააღმდეგოდ იპოვოს  პიროვნული განვითარების ოპტიმალური კალაპოტი და გეგმაზომიერად და მიზანდასახულად მიჰყვეს მას?

საკვირველი და საოცარი იქნებოდა ყოველ მოსწავლეს რომ შეეძლოს ეს და რა იქნებოდა მაშინ სკოლის დანიშნულება?

როგორ უნდა გაუძლოს პიროვნულად ჯერ კიდევ მოუმწიფებელმა  და გამოუცდელმა მოსწავლემ იმ საოჯახო, სასკოლო თუ საზოგადოებრივ წნეხს, რომელშიც მოაქციეს ზრდასრულებმა?

და თუ თვითონ მოზარდები ვერ ახერხებენ თვითდეტერმინირების, კომპეტენტურობისა და მიკუთვნების საჭირობების დაკმაყოფილებას,  რა შეიძლება გაკეთდეს ამ შემთხვევაში, რომ ხელი შევუწყოთ მოსწავლეებს საჭიროებების დაკმაყოფილებასა და მიზნების მიღწევაში?

საბედნიეროდ, პასუხებს ბოლო შეკითხვაზე  მრავლად იპოვით თანამედროვე პედაგოგიკურ ლიტერატურაში, მათ შორის ჩვენს ეროვნულ სასწავლო გეგმაშიც, თუმცა მოსწავლეზე ორიენტირებული განათლების დანერგვის საწყის ეტაპზე მთავარი მიღწევა მაინც ის იქნება, რომ, როგორც მედიცინაშია დამკვიდრებული – „არ ავნო“ – ანუ არ წარმართო სასწავლო პროცესი ისე, როგორც ეს ზემოთაა აღწერილი.

ახლა განვიხილოთ კერძოსაგნობრივი შემთხვევა, მაგალითად, მათემატიკის სწავლება და სწავლა. როგორ სწავლობს ბავშვი მათემატიკას? რა საჭიროებები და რა მიზნები ამოძრავებს მოსწავლეს მათემატიკის სწავლის პროცესში? როგორ უნდა დაეხმარონ ზრდასრულები მათემატიკის შესწავლაში ბავშვს მისი სპეციფიკური საგნობრივი საჭიროებების დაკმაყოფილებაში და მისი სპეციფიკური საგნობრივი მიზნების მიღწევაში?

საზოგადოდ, მათემატიკა უაღრესად შედუღაბებული სასწავლო საგანია, რომელიც უხვად მოიცავს ცნებებისა  და მათ შორის კავშირების შესახებ მსჯელობას. მათემატიკა არ და ვერ შეისწავლება ფენა-ფენა, ერთი ფენიდან მომდევნო ფენაზე სწორხაზოვანი წინსვლით. იგი საჭიროებს ნაცნობ იდეებთან მრავალჯერად დაბრუნებას და მათ განვრცობასა თუ მათში ჩაღრმავებას.  სწორედ ამიტომ მათემატიკური კომპეტენციების (იხ. ეროვნული სასწავლო გეგმა, მათემატიკის საგნობრივი პროგრამა და სტანდარტი) განვითარებისთვის მოსწავლე საჭიროებს, მაგალითად:

  • მათემატიკური კავშირების გაცნობასა და გააზრებას;
  • მათემატიკური იდეების ამოცნობასა და აკუმულირებას;
  • მრავალმხრივ და მრავალჯერად გამოცდილებას მათემატიკურ იდეებთან დაკავშირებით;
  • დროს იმისთვის, რომ განუვითარდეს საკუთარი ძალების რწმენა და თვითდაჯერებული გახდეს უჩვეულო მათემატიკური დავალებების შესრულებაში.

შესაბამისად, მათემატიკის შესწავლისთვის მოსწავლე საჭიროებს, მაგალითად:

  • „სპირალურ“ სასწავლო გეგმას;
  • სახელმძღვანელოს, რომელიც ორიენტირებულია უფრო მეტად ცნებათა სისტემის ჩამოყალიბებაზე და მათემატიკის გამოყენებაზე, ვიდრე წმინდად პროცედურული ცოდნის მიწოდებაზე ინსტრუქციებისა და მზა „რეცეპტების“ სახით;
  • შეფასების სიტემას, რომელიც ყველა მნიშვნელოვან მათემატიკურ კომპეტენციას ამოწმებს (და არა მხოლოდ იმ კომპეტენციებს, რომელთა შემოწმებაც ადვილია ტესტირებით) და ხელს უწყობს პოზიტიური დამოკიდებულების განვითარებას მათემატიკისადმი.

მათემატიკის გაკვეთილები რომ მიმზიდველი გახდეს, ამისთვის მოსწავლე საჭიროებს, მაგალითად:

  • წარმატების ინტენსიურ განცდას;
  • ახალი სასწავლო მასალის ისეთ ახსნა-განმარტებებს, რომლებიც მის წინარე ცოდნას ეფუძნება;
  • აბსტრაქტული მათემატიკური იდეების კონტექსტუალიზაციას;
  • თანამშრომლობით სწავლას და სწავლებას;
  • პრაქტიკული სამუშაოების მრავალფეროვნებას;
  • მასწავლებელს, რომელიც მის ცნებობრივ აზროვნებას გააფართოვებს და გააღრმავებს.

გამოკვეთილად მათემატიკური მიდრეკილებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა მცირეა – ასეთია მოსწავლეთა მაქსიმუმ 5-10 % და ეს სავსებით ნორმალური, სტანდარტული და მისაღები მაჩვენებელია ყველა ქვეყნისთვის. შესაბამისად, მოსწავლეთა აბსოლუტურ უმრავლესობას არ აქვს რამდენადმე გამორჩეული მათემატიკური ნიჭი. თუ მათი ფსიქოლოგიური თუ სპეციფიკური საგნობრივი საჭიროებები და მიზნები სასწავლო პროცესში იგნორირებულია, ისინი ვერ დაეუფლებიან მათემატიკურ კომპეტენციებს დამაკმაყოფილებლად და ვერ განივითარებენ პოზიტიურ დამოკიდებულებას მათემატიკის მიმართ თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათემატიკის შესწავლის ყოველ მომდევნო ეტაპზე ისინი იძულებული იქნებიან „სიცარიელეზე დადონ“ მასწავლებლის მოწოდებული ახალი ცოდნის „აგური“, რომელიც მაშინვე მტკივნეულად „დაეცემათ ფეხზე“, რადგან წინარე ცოდნის მტკიცე „საყრდენი კედელი“ არც არასდროს ამოშენებულა. მასწავლებლის მიერ წარმოჩენილი, მაგრამ ამ მოსწავლეებისგან განყენებულად მდგომი მათემატიკის „გრანდიოზული შენობა“ მათთვის ფუტურო და დამთრგუნველი იქნება.

ასეთ პირობებში ვერც მათემატიკური ნიჭის მქონე მოსწავლეები  გაიხარებენ და ისინიც იძულებული იქნებიან ასპარეზი ეძიონ და დაიმკვიდრონ იმ მეტისმეტად მცირერიცხოვან და შევიწროებულ სოციალურ ჯგუფში, სადაც მათემატიკა უყვართ და აფასებენ; ან, კიდევ უარესი, ისინი  იძულებული იქნებიან საერთოდ გაეცალონ მათემატიკის არმცოდნე და მოძულე მოსახლეობას. ნებისმიერ შემთხვევაში მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების ბედი სულაც არ აღმოჩნდება მათი მოწოდებისა და ღირსების შესაფერისი, ხოლო მათი ნიჭი დაკარგული იქნება ქვეყნისთვის.

და თუ ყველაფერ ზემოთქმულს ვაცნობიერებთ, მაშინ ამ უბედურების თავიდან აცილების ერთ-ერთი გზა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული განათლების დანერგვაა, მათ შორის მათემატიკის სწავლებაში.

თქვენ რას იტყვით, მკითხველო?

პროფესორი მარიემი –  ერთადერთი მათემატიკოსი ქალი 55 ფინალისტიდან

0

მარიემ მირზახანი დღეს პირველი და ერთადერთი ქალია, რომელმაც მიმდინარე წელს ფილდსის მედალი (Fields Medal) მოიპოვა. ეს იმდენად მნიშვნელოვანი და საგულისხმო ჯილდოა, რომ გამოცემა The Guardian მას “მათემატიკაში ნობელის პრემიის ლაურეატს” უწოდებს.

მათემატიკის საერთაშორისო კავშირი (International Mathematical Union) გამარჯვებულებს ფილდსის მედალს ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ გადასცემს. მედალოსნები 40 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მათემატიკოსები არიან, რომელთა მიღწევები უმნიშვნელოვანესია ამ დარგის სამომავლო განვითარებისთვის.

მიმდინარე წელს მარიემს სამი კონკურენტი –  არტურ ავილა, მანჯულ ბარგავა და მარტინ ჰაიერერი ჰყავდა. ჯილდოს გადაცემის შემდეგ, პრემიის არსებობის 78-ე თავზე, მარიემი პირველი ქალია ამ დარგის 55 ფინალისტიდან.

ბევრი მიიჩნევს, რომ მირზახანის მიღწევების აღიარება და მედლის გადაცემა ამ დარგში ცვლილებების უტყუარი ნიშანია:

  • ბედნიერი ვიქნები, თუ ეს ფაქტი და გადაწვეტილება გაამხნევებს და მოტივაციას შესძენს ახალგაზრდა ქალ მეცნიერებს და მათემატიკოსებს უფრო მონდომებით იმუშაონ – განაცხადა მარიემმა ოფიციალურ პრესრელიზში.

მათემატიკის საერთაშორისო კავშირის ვიცე პრეზიდენტმა ქრისტიანე რუსაუმ გამოცემა The Guardian-თან საუბრის დროს ამ ფაქტს  “შესანიშნავი მომენტი” და “ქალების აღიარება” უწოდა და მარია კიურის მიერ, მეოცე საუკუნის დასაწყისში, ქიმიის დარგში ნობელის პრემიის აღებას შეადარა.

 

კანადელი მათემატიკოსი, პროფესორი იზაბელა ლაბა წერს: “მირზახანის გამარჯვებას პირადად ჩემზე არ უმოქმედია დავერწმუნებინე, რომ ქალი მათემატიკოსები ისეთივე ბრწყინვალეები შეიძლება იყვნენ, როგორც კაცები. თავად ამაში არასოდეს შემპარვია ეჭვი. ეს ფაქტი კი კარგი იმითაა, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს და შეიგრძნობს ქალების ძალას, ხელს შეუწყობს მათ განვითარებას და საკუთარ თავსაც შეაგულიანებს, არ გაუჭირდეს ქალების წარმატების აღიარება”.

მირზახანის მიღწევებისა და წარმატების ხაზგასმა საგულისხმო პასუხია იმ ადამიანებისთვის, ვინც მათემატიკასა და მეცნიერებაში ქალების როლს აკნინებს და უგულვებელჰყოფს. მეცნიერების ეროვნული აკადემიის მიხედვით (აშშ), არ არსებობს ბიოლოგიური განსხვავება, რაც ახსნის ქალების მონაწილოების დაბალ მაჩვენებელს STEM-ის (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, მათემატიკა) აკადემიურ ფაკულტეტებზე წამყვანი პოზიციების დაკავებისა. მოცემულ პირობებში ქალები უბრალოდ ძალიან მასშტაბური სქესობრივი დისკრიმინაციის მსხვერპლი არიან.

მაგალითად, 2008 წელს იელის უნივერსიტეტში პროფესორებს სთხოვეს შეეფასებინათ აპლიკანტების მიერ გამოგზავნილი რეზიუმეები ლაბორატორიის მენეჯერის ვაკანსიაზე და საუკეთესო კანდიდატები აერჩიათ. ყველა რეზიუმე წინასწარგამოგონილი, ყალბი იყო. აპლიკანტები კი რეალურად არ არსებობდნენ. აღმოჩნდა, რომ პროფესორებმა შესაფერისად და საუკეთესოდ აღიარეს ის რეზიუმეები, რომლზეც მამაკაცის სახელი ეწერა, ხოლო ის რეზიუმეები, რომლებიც ქალებს ეკუთვნოდათ – დაიწუნეს.  აღსანიშნავია, რომ ქალისა და მამაკაცის რეზიუმეები ზუსტად ერთი და იგივე შინაარსისა იყო. ხოლო შეფასებაში მონაწილე პროფესორები, ქალებიცა და კაცებიც – აბსოლუტურად თანაბრად იყვნენ მიკერძოებულნი და  სქესის ნიშნით დისკრიმინატორები.

ეს ყველაფერი არ არის, რაც STEM-ის სფეროში დასაქმებულ ქალებს დისკრიმინირებულს ხდის. მაგალითად, გასული წლის ივლისის ანგარიშის მიხედვით, 64% იმ ქალებისა, რომლებიც მეცნიერებაში სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ, საველე სამუშაოების შესრულების დროს სექსუალური შევიწროების მსხვერპლნი გახდნენ.

მსგავსი შემთხვევები, იმ ისტორიების გათვალისწინებითაც, თუ როგორ მოიპოვებენ მამაკაცები აღიარებას ქალების მიერ მიღწეული გამოგონებებითა და აღმოჩენებით – გვეხმარება, ავხსნათ ფაქტი, თუ რატომ უჭირავთ ქალებს წამყვანი პოზიციების მხოლოდ 9-16%  აშშ-ს 100 საუკეთესო უნივერსიტეტში.

 

შესაბამისად, მსგავსი ფაქტებიდან და დაბალი მოტივაციიდან გამომდინარე, ამერიკის მათემატიკის საზოგადოების მიხედვით (American Mathematical Society),  ქალების მიერ მათემატიკაში Ph.D-ის ხარისხის მოპოვების პროცენტული მაჩვენებელი ათწლეულების განმავლობაში თითქმის არ იზრდება:

 

კვლევის თანახმად, 1993-2012 წლებში, იმ ქალების რაოდენობა, რომლებიც მათემატიკაში Ph.D-ის ხარისხს მოიპოვებენ, არასოდეს ყოფილა საერთო რაოდენობის  34%-ზე მეტი.

ირანში გაზრდილი მარიემ მირზახანმა, რომელიც მათემატიკის დოქტორი ჰარვარდის უნივერსიტეტში გახდა, ხოლო დღეს სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორია, 2008 წელს კლეის მათემატიკის ინსტიტუტს გაუმხილა, რომ თავდაპირველად, საწყის ეტაპზე, საერთოდ ვერ აანალიზებდა საკუთარ ძალასა და შესაძლებლობებს მათემატიკაში:

  • „არ ვფიქრობ, რომ ყველას შეუძლია მათემატიკოსი გახდეს, თუმცა, მჯერა, რომ ძალიან ბევრი სტუდენტი საკუთარ თავში ამ საგანს შანსს არ აძლევს. საშუალო სკოლაში მათემატიკის შესწავლა ძალიან მიჭირდა. საერთოდ არ მაინტერესებდა და არ ვფიქრობდი მასზე. შესაბამისად, მე ვიცი, თუ როგორი ცივი და უაზროა მათემატიკა, თუ მისით აღფრთოვანებას ვერ შეძლებ.”

 

 

ცხოვრება დემოკრატიულ სახელმწიფოში (ტესტის ნიმუში)

0

 

ინსტრუქცია

 

უპირველეს ყოვლისა, აუხსენით მოსწავლეებს, რომ ამ ტესტის მიზანია არა მათი ცოდნის შემოწმება, არამედ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების უკეთ შესწავლა და გაცნობიერება.

შეგიძლიათ, კლასი ჯგუფებად დაყოთ. სასურველია მცირე ჯგუფებად ან წყვილებად დაყოფა. თითოეულ ჯგუფს/წყვილს გადაეცით ფურცელზე ამობეჭდილი ან დაწერილი რამდენიმე კითხვა, რომელთაგან თითოეულს სამი პასუხი ექნება. მოსწავლეები აირჩევენ პასუხს, რომელიც სწორად მიაჩნიათ. უნდა ითქვას, რომ ზოგ შემთხვევაში სწორი პასუხი ერთზე მეტია, რადგან ადამიანის უფლებები და თავისუფლებები დინამიკური კონცეფციაა, მუდმივად ვითარდება და ინტერპრეტაციის საშუალებას ტოვებს.

 

კარგი იქნება, თუ ტესტის საფუძველზე დისკუსიას გამართავთ. სთხოვეთ მოსწავლეს, დაასაბუთოს თავისი თვალსაზრისი. ასე ტესტი არ დარჩება მშრალ კითხვა–პასუხად. მნიშვნელოვანია, თავადაც მოემზადოთ ამ დისკუსიისთვის.

 

ტესტის ამ ნაწილს შეიძლება დავარქვათ „ცხოვრება დემოკრატიულ სახელმწიფოში“.

ტესტი:

 

  1. 17 წლამდე ასაკის ბავშვის შრომა:

 

ა) ყოველთვის ბავშვის უფლებების დარღვევაა;

ბ) ბავშვის უფლების დარღვევაა, თუ სამუშაო მავნებელია;

გ) მისაღებია, თუ სახელმწიფო განსაზღვრავს ბავშვის მინიმალურ ასაკს 17 წლის ქვემოთ.

 

სწორი პასუხია „გ“. ბავშვთა უფლებების კონვენცია კრძალავს ბავშვის შრომას, თუ ეს საშიშია ან წარმოადგენს ექსპლუატაციის ფორმას, მაგრამ კონვენცია სახელწიფოს უფლებას ანიჭებს, დაადგინოს მინიმალური ასაკი.

 

  1. სიკვდილით დასჯა:

 

ა) აკრძალულია მთელ მსოფლიოში;

ბ) გაუქმებულია კანონმდებლობით ან პრაქტიკით სახელმწიფოთა 50%-ში;

გ) დაუშვებელია 18 წლამდე.

 

 

სწორი პასუხებია „ბ“ და „გ“. სიკვდილით დასჯა არ არის გაუქმებული ყველა სახელმწიფოში.

 

 

  1. ეკონომიკური და სოციალური უფლებები:

 

ა) არ არის ადამიანის უფლებები;

ბ) ამ უფლებათა დაუყოვნებლივ აღსრულება არ მოეთხოვება სახელმწიფოებს;

გ) ამ უფლებებით სარგებლობა შეუძლია ევროპის კავშირის ყველა მოქალაქეს.

 

 

სწორი პასუხია „ბ“. ეკონომიკური და სოციალური უფლებები ადამიანის უფლებებია, თუმცაღა მათი აღიარება სახელმწიფოების მიერ შედარებით „სუსტია“, ვიდრე პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებებისა. ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ კონვენცია სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას, ხელი შეუწყონ ეკონომიკური და სოციალური უფლებების სრულ დანერგვას.

 

  1. განათლების უფლების მიხედვით:

 

ა) ყველა ინდივიდს ან ჯგუფს აქვს უფლება, დააფუძნოს სკოლა, თუ მინიმალური საკანონმდებლო მოთხოვნები შესრულებულია;

ბ) არ არსებობს ვალდებულება, რომელიც განსაზღვრავს საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსს;

გ) მთავრობა ვალდებულია, უზრუნველყოს სავალდებულო განათლება 18 წლამდე ასაკის პირებისთვის.

 

სწორი პასუხია „ა“. საერთაშორისო ხელშეკრულებებში, მაგალითად, ბავშვთა უფლებების კონვენციაში, აღნიშნულია, რომ ბავშვმა უნდა მიიღოს ინფორმაცია ადამიანის უფლებების შესახებ. სავალდებულო ზოგადი განათლების მიღება კი არ შეიძლება შეზღუდული იყოს ასაკით.

 

  1. არჩევნებში მონაწილეობის უფლება

 

ა) ყველა მოქალაქე უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, მაშინაც კი, თუ მან დაკარგა სამოქალაქო უფლებები კრიმინალური ქმედების გამო;

ბ) თუ პირი დამსაქმებელია, მას აქვს არა ერთი, არამედ ორი ხმის უფლება;

გ) ხმის მიცემა უნდა წარიმართოს ფარული კენჭისყრით.

 

სწორი პასუხია „გ“. პირს, რომელმაც დაკარგა სამოქალაქო უფლებები, სახელმწიფომ შეიძლება აუკრძალოს არჩევნებში მონაწილეობა. ამასთან, საერთაშორისოდ აღიარებულია, რომ ყველა პირს აქვს თანაბარი უფლებები არჩევნებში მონაწილეობის დროს.

 

  1. ბავშვის დასჯა სკოლაში:

 

ა) არ არის ნებადართული;

ბ) არ არის აკრძალული, თუ დასჯა გულისხმობს მხოლოდ ფსიქოლოგიურ დასჯას და არა ფიზიკურს;

გ) შეიძლება მხოლოდ მშობლების თანხმობით.

 

 

სწორი პასუხია „ა“. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ ბავშვის დასჯა მიჩნეულია ადამიანის უფლების დარღვევად. „ბ“ პასუხი არასწორია, რადგან აკრძალვა ეხება ყოველგვარ დასჯას, მათ შორის ფსიქოლოგიურსაც. „გ“ პასუხიც არასწორია, ვინაიდან მშობელიც არ არის უფლებამოსილი, განაცხადოს თანხმობა ბავშვის დასჯაზე ან თვითონ დასაჯოს.

 

  1. წამება:

 

ა) ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ წამების მიზანია ტერორისტული აქტის თავიდან აცილება;

ბ) შეიძლება მხოლოდ მოსამართლის თანხმობით;

გ) დაუშვებელია.

 

სწორი პასუხია ,,გ”.

 

  1. სკოლაში:

ა) არ არის სავალდებულო, ყურადღება მიექცეს გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს;

ბ) ბავშვებს უნდა ასწავლონ მშობლის პატივისცემა;

გ) ბავშვებს უნდა ასწავლონ ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.

 

სწორი პასუხებია „ბ“ და „გ“.

 

  1. სიცოცხლის უფლება დარღვეულია, თუ:

 

ა) ადამიანი შემთხვევით დაიღუპა, როდესაც პოლიცია ახორციელებდა სხვა ადამიანებზე თავდასხმის პრევენციას;

ბ) ადამიანი დაიღუპა ომის დროს;

გ) ადამიანი დაიღუპა პოლიციის მიერ გადამეტებული ძალის გამოყენების შედეგად.

 

სწორი პასუხია „გ“. „ა“ სწორი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ პოლიცია გამოიყენებდა „აბსოლუტურად საჭიროზე“ მეტ ძალას.

 

  1. შრომის უფლება:

 

ა) სახელმწიფოს ავალდებულებს, შექმნას სამუშაო ადგილები ყველა მოქალაქისთვის;

ბ) ნიშნავს, რომ არავის გათავისუფლება არ შეიძლება თვითნებურად;

გ) არ გულისხმობს, რომ სახელმწიფომ სრულ დასაქმებაზე უნდა იზრუნოს.

 

სწორი პასუხია „ბ“.

 

ცხოვრების აზრი და ყოველდღიური გმირები

0

მუდამ ისე ხდება ხოლმე, რომ რთულ კითხვებზე პასუხებს წიგნებში ვპოულობ. ახლა პასუხების საძიებელ ადგილს უსაზღვრო მსოფლიო ქსელიც მიემატა…

ბოლო დღეები (ბოლო წლებზე რომ აღარაფერი ვთქვათ…) პირადად ჩემთვის დამძიმდა, „არაფერი გვეშველება“ განცდა გაძლიერდა საზოგადოებრივ მაუწყებელში, კინომსახიობთა თეატრში, ყაზტრანსგაზში და თითქმის ყველგან მომუშავე ღირსების არმქონე და სხვათათვის ღირსების ამყრელი ადამიანების გამო. ჰოდა, გადავაწყდი ზიმბარდოზე სტატიას… ვფიქრობ, ის რასაც ზიმბარდო გვთავაზობს, საინტერესო იქნება სამოქალაქო განათლების საკითხებით დაინტერესებული მკითხველისათვის და არამარტო…

„რა არის ცხოვრების აზრი ფილიპ ზიმბარდოსთვის? პირველ რიგში, სრულად უნდა გავაცნობიეროთ, რა ხანმოკლეა ადამიანის არსებობა, რომ ყოველი დღე ისე გავატაროთ, როგორც უკანასკნელი და ყოველი – ბუნებაში, მეგობრებთან, ოჯახში გატარებული თუ ადამიანის შემოქმედებისა თუ სექსუალურობის – მომენტით სრულად დავტკბეთ.

საკუთარი უკვდავების დასაჯერებლად ბეჯითად უნდა გავისარჯო, რომ ცხოვრება ღირსეული გავხადო ჩემთვის და ჩემს გარშემო მოკვდავებისთვის. ერთ–ერთი გზა ისეთი პროექტების შექმნაა, რომელიც ამდიდრებს ადამიანის არსებობას. ამის მაგალითია პროექტი „გაზარდე გმირი საკუთარ თავში“[1] (Heroic Imagination Project HIP). მისი მისიაა, სამყარო ისეთი ყოველდღიური გმირების თაობებით გაამდიდროს, რომლებიც ყოველდღიური ძალისხმევით გარკვეულწილად ამდიდრებენ კოლექტიურ არსებობას.  

ნება მომეცით მოკლედ შევეხო გმირისა და გმირობის ახალ კონცეფციას, რომლის შექმნასაც ვცდილობ. პირველ ყოვლისა, რამდენიმე პროვოკაციულ შეკითხვას დავსვამ, ხოლო შემდეგ უჩვეულო პასუხებს შემოგთავაზებთ.

  • რატომ უნდა ჩავანაცვლოთ სუპერგმირები ჩვეულებრივი, ყოველდღიური გმირებით?
  • რატომ უნდა გავაფართოოთ გმირების ჩვენეული ხედვა იმ მამაცი სამხედრო გმირების მიღმა, რომლებმაც თავი გამოიჩინეს ბრძოლის ველზე?
  • რატომ უნდა გავცდეთ ცალკეული ინდივიდების მიერ ჩადენილი ისეთი გმირული ქმედების პატივისცემას, რომლებიც მამაცობის ექსტრემალური გამოხატულებაა?
  • რატომ არ უნდა შემოვსაზღვროთ „გმირების გალერეა“ მხოლოდ გამონაკლისებით (მაგ., ნელსონ მანდელა, მარტინ ლუთერ კინგი), რომლებმაც, პიროვნული მსხვერპლისა და პოტენციური რისკის მიუხედავად, კეთილშობილური მიზნისთვის გადადეს თავი?
  • რატომ უნდა მივანიჭოთ ინსტიტუციურ დონეზე კორუფციის მამხილებელს გმირის სტატუსი, თუკი მისი ქმედება, როგორც წესი, სიცოცხლის საფრთხეს არ უკავშირდება?

ყველა ამ „რატომ“–ზე ერთადერთი პასუხი ის გახლავთ, რომ არასამართლიანია „გმირის“ განსაზღვრების დავიწროება ადამიანთა შედარებით მცირე ჯგუფამდე, ძირითადად, მამაკაცებამდე, რომლებიც ჩვეულებრივი მოკვდავებისაგან განსხვავდებიან იშვიათობით, გამონაკლისობით, გამორჩეული ნიჭით.

ამგვარი ვიწრო ხედვა მთლიანად უნდა შემეცვალა. ადამიანთათვის, ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის შთამაგონებელი ალტერნატივა შევიმუშავე და მისი განხორციელებისთვის 2008 წელს არაკომერციული ორგანიზაცია – „გაზარდე გმირი საკუთარ თავში“ (Heroic Imagination Project HIP) – შევქმენი სან ფრანცისკოში.

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ყოველდღიურ გმირობას, როგორც

ა) არაჰუმანურობის, კორუფციის, უსამართლობისა და ბოროტების ანტიდოტს (ქმედება და უმოქმედობა);

ბ) ადამიანური ბუნების დადებითი პოტენციალის ზეიმს/აღნიშვნას;

გ) ბუნებრივ შედეგს, რომელიც მოჰყვება ჩვეულებრივი ადამიანების მიერ სოციალური სიკეთისათვის ჩადენილ გამორჩეულ საქმიანობას.

პროექტის მისიაა, ასწავლოს ადამიანებს სიტუაციაში გარკვევა და ყოველდღიურობის რთულ სიტუაციებში წარმატებული გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო საბაზო უნარები.

საკუთარი დანიშნულებისა და მისიის მისაღწევად პროექტი შესაბამისი კვლევის შედეგებს სოციალური ფსიქოლოგიიდან და სხვა მონათესავე სფეროებიდან ცოდნად, ინსტრუმენტებად, სტრატეგიებად და სავარჯიშოებად გარდაქმნის და ეხმარება ინდივიდებსა და ჯგუფებს საკუთარი ცხოვრების კრიტიკულ მომენტებში ეფექტურად და გონივრულად იმოქმედონ. სოციალური გავლენის უარყოფითი ფორმების (კონფორმულობა, მორჩილება, დამკვირვებლობა/განზე დგომა) კვლევამ საშუალება მოგვცა ფოკუსი ყოველდღიური გმირობის ბუნებისა და ინდივიდუალური და სოციალური ზრდის ფსიქოლოგიის შესწავლაზე გადაგვეტანა.

პროექტი ამზადებს ახალგაზრდებს გმირობისთვის – ასწავლის ყოველდღიურ სიკეთეს, ზრუნვას და, ამრიგად, სიკეთის, თანაზიარობისა და თანაგრძნობის ინდივიდუალურ ღირსებას გადააქცევს გმირობის სამოქალაქო ღირსებად. მიზანი ის გახლავთ, რომ ამგვარი ქმედებები ნებისმიერი ადამიანის ხასიათის განუყოფელი ნაწილი გახდეს, რაც სოციოცენტრიზმს ეგოცენტრიზმზე მაღლა დააყენებს. პროექტი ჩვეულებრივ ადამიანებს არაჩვეულებრივი ქმედების ძალას აძლევს. ჩვენი მოსწავლე გმირები ცდილობენ თანამოაზრე ინდივიდებისაგან შემდგარი „გმირთა გუნდების“ შექმნას, რომლებიც შესაძლებლობის შემთხვევაში, თანამშრომლობენ. ახალგაზრდებთან მუშაობით ბევრის მიღწევა შეიძლება – მათთან ერთად შესაძლებელია ცხოვრების საზრისის გამდიდრება!“

 

პროექტის დეტალები

პროექტის ოფიციალურ ვებგვერდზე ბევრ საინტერესო ინფორმაციასთან ერთად ნახავთ პროგრამების აღწერასაც. 6 მოდულიანი ძირითადი პროგრამის სახელწოდებაა „ადამიანური ბუნების გაგება“. ყოველი მოდულის მიზანია უნიკალური მეთოდებით ყოველდღიური გმირების მომზადება. ეს პროგრამა ორი რამით განსხვავდება სოციალური ცვლილებისადმი სხვა მიდგომებისაგან: (1) ორიენტირებულია ყოველდღიური სოციალური სიტუაციების დინამიკაზე და არა პიროვნებებზე და მათ ინდივიდუალურ თავისებურებებზე (როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს). (2) არ ხდება რთულ სიტუაციებში ადამიანთა დამოკიდებულებებისა და ავტომატური ქმედების სტიგმატიზაცია. ვცდილობთ, დავინახოთ „დავიცდი და ვნახავ“–ს, „დინების მიყოლისა“ და სხვების შესახებ ნაჩქარევი განსჯის ჩვენეული ტენდენცია. ამით ვამცირებთ ადამიანთა დამოკიდებულებას ნორმალური ქცევის შესახებ მათივე შეხედულებებზე და უფრო ადვილად თავდაღწევისა და გათავისუფლების საშუალებას ვაძლევთ.

ყველა პროგრამა მდიდარ აკადემიურ შინაარსზეა აგებული, მიმზიდველი, სახალისო ვიდეოებითა და ინდივიდუალური სავარჯიშოებით, რომელიც ყველა ჩვენს კლიენტს (სკოლები, უნივერსიტეტები და ახალგაზრდული ორგანიზაციები) შეუძლია გამოიყენოს საკუთარი გამორჩეული საჭიროებების შესატყვისად.

მოკლედ მოდულების შესახებ:

  • მაყურებლის ეფექტი: პასიური უმოქმედობის გარდაქმნა გმირულ ქმედებად

ეხმარება მსმენელს დაძლიოს ის სოციალური ძალები, რომელიც ბუნდოვან ან საგანგებო სიტუაციაში ქმედებისაგან თავის შეკავებას აიძულებს და ასწავლის გონივრული და ეფექტური რეაქციის უნარებს.

  • განწყობის შექმნა: ფიქსირებული განწყობის შეცვლა ზრდის განწყობით

ეხმარება მსმენელს შეცვალოს ფიქსირებული განწყობა – რწმენა, რომ ადამიანს არ შეუძლია შეცვალოს მეორის შესაძლებლობები და პიროვნული თავისებურებები – ზრდის განწყობით – რწმენით, რომ ადამიანს დროთა განმავლობაში ძალისხმევით შეუძლია საკუთარი პიროვნული ასპექტების შეცვლა.

  • სოციალური კონფორმულობის დადებით გავლენად გადაქცევა

ეხმარება მსმენელს გაიღრმავოს ცოდნა სოციალურ სიტუაციებში კონფორმულობის საკუთარი ავტომატური ტენდენციის შესახებ და შეცვალოს ეს ტენდენციები ჯანსაღი ქცევით.

  • სტერეოტიპების საფრთხის ეფექტურად მართვა ადაპტური ატრიბუციით

ეხმარება მსმენელს შეამციროს ან სრულიად მოსპოს სტერეოტიპების საფრთხის ეფექტი და არაჯანსაღი ატრიბუცია სწავლისა და საქმიანობის შესახებ.

  • სიტუაციური ცოდნის განვითარება ავტორიტეტის ძალაუფლების შესახებ

ეხმარება მსმენელს გაიგოს, როგორ ზემოქმედებს ჯგუფი და სიტუაცია გადაწყვეტილების მიღებაზე და ასწავლის სოციალური სიტუაციების გააზრებულად გადაჭრის სტრატეგიებს.

  • ცრურწმენისა და დისკრიმინაციის დამარცხება ურთიერთგაგებისა და ურთიერთმიღების ხელშესაწყობად

ეხმარება მსმენელს გააცნობიეროს სხვა ადამიანებსა თუ ჯგუფებზე ვარაუდების დაშვების ტენდენცია და წინ აღუდგეს, თუკი თავად ხდება ცრურწმენისა და დისკრიმინაციის საგანი.

 

 

წყარო: https://excellencereporter.com/2016/11/21/dr-phil-zimbardo-the-meaning-of-life-and-the-everyday-heroes/?utm_content=buffer4b0d4&utm_medium=social&utm_source=facebook.com&utm_campaign=buffer

https://heroicimagination.org/programs/

 

[1] მადლობა ნოდარ მანჩხაშვილს პროექტის სახელწოდების საუკეთესო თარგმანისათვის.

სხვა მარშრუტები ექსკუსიებისთვის

0

სასკოლო აქტივობებიდან ალბათ ერთადერთი, რაც უპირობოდ მომწონდა, ექსკურსიაზე წასვლა იყო. მიმართულების არჩევა, წასაღები საკვების დანაწილება, ჩანთის ჩალაგება და გამგზავრების წინა საღამოს მღელვარებები – მთელი ამბავია. როცა დამოუკიდებლად ცხოვრება დავიწყე, ექსკურსიები ლაშქრობებში გადაიზარდა, ლაშქრობები – ხანგრძლივ თავგადასავლებში და ახლა თუ ვინმე შემეკითხება, კმაყოფილი ვპასუხობ ხოლმე, რომ  საქართველოს უდიდესი ნაწილი ფეხით და ზურგჩანთით მაქვს მოვლილი.

გაზაფხული დგება და ვიცი, ჩემნაირი ადამიანები, უკვე ფიქრობენ, სად შეიძლება წავიდნენ წელს ექსკურსიაზე, რა შეიძლება ნახონ, რა იქნება შთამბეჭდავი.

თუკი სკოლაში გავლილ მარშრუტებს გავიხსენებ, მათი უმეტესობა,  ერთფეროვანია და ძირითადად ეკლესია-მონასტრებისა და ნახევრად დანგრეული ციხე-სიმაგრეების მონახულებისგან შედგებოდა, რომელთა საწინააღმდეგოც, ცხადია, არაფერი მაქვს, მაგრამ მგონია, რომ შინაარსობრივად უფრო მრავალფეროვანი მარშრუტები ბავშვებს ახალი ინტერესების აღმოჩენაში დაეხმარება და მეტად შთამბეჭდავი იქნება.

 

მეჩეთების ტური აჭარაში – მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში მცხოვრები მუსლიმები ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ითხოვენ მეჩეთის აშენების უფლებას (არსებული სამლოცველო მორწმუნეებს ვერ იტევს), აჭარაში საკმაოდ ბევრ არამოქმედ სამლოცველოს შევხვდებით. ისტორიული მონაცემებით მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს აჭარაში 200-მდე ჯამე იყო. საკუთარი სამლოცველოს ქონა სოფლისთვის პრესტიჟის საგანს წარმოადგენდა. აჭარაში არსებული მუსლიმური სამლოცველოების ნახვისას მოსწავლეების ყურადღება შეიძება გამახვილდეს კედლის მხატვრობაზე, ტიპოგრაფიაზე, ჩუქურთმებზე და, ზოგადად, არქიტექტურაზე, რომელიც ადგილობრივი და ისლამური ტრადიციების სინთეზს წარმოადგენს. ზოგიერთი მათგანი საერთოდაც სახლს უფრო ჰგავს, ვიდრე სამლოცველოს.

 

სოფელ ღორჯომის მეჩეთის ინტერიერი. ფოტო- გაზეთი ბათუმელები

 

მუზეუმების ტური – საქართველოში ასზე მეტი მუზეუმია. საინტერესო მომენტების ნახვა ყველა მათგანშია შესაძლებელი. ცალკეული ადამიანების შესახებ უფრო ნათელი წარმოდგენის შესაქმნელად შესაძლოა დაიგეგმოს ასევე ექსკურსიები კონკრეტულ სახლ-მუზეუმებში. დაკვირვებული მოსწავლეებისთვის, გარდა ძირითადი ექსპოზიციისა, საინტერესო იქნება არქივებში დაცული მასალების შესახებ ინფორმაცია, თავად ექსპოზიციების აგების ტექნიკა, მსგავსება-განსხვავებების დაჭერა მუზეუმებს შორის. მართალია, სასკოლო ცხოვრების განმავლობაში ყველა მუზეუმის მონახულება წარმოუდგენელია, მაგრამ გარკვეული ნიშნით მათი დალაგება და მონახულება, სავარაუდოდ, შესაძლებელია. მთავარი მაინც ინტერესის გაჩენაა ამ ტიპის დაწესებულებების მიმართ. თუ ბავშვი ერთხელ მაინც ჩათვლის, რომ იქ მისთვის მნიშვნელოვანი რამე შეიძლება იპოვოს, მერე შეეცდება განახლებებს ადევნოს თვალი, მოგზაურობისას გზად მდებარე მუზეუმებში შეიაროს და ა.შ.

თბილისში თუ დაგეგმავთ მუზეუმების მონახულებას, შემიძლია გიკარნახოთ, რამდენიმე ადგილი:

–           აბრეშუმის მუზეუმი;

–           ხელოვნების სასახლე;

–           ანიმაციურ თოჯინათა მუზეუმი;

–           მართლმსაჯულების მუზეუმი;

–           კინოს ისტორიის მუზეუმი.

 

მეტი ინფორმაცია მუზეუმების და იქ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ შეგიძლიათ ოფიციალურ ვებგვერდზე მოსწავლეებთან ერთად ნახოთ.

https://www.georgianmuseums.ge/

 

მუზეუმებში ტურების განხორციელების დაგეგმვისთვის შესაძლოა გამოგადგეთ კულტურის სამინისტროს ექსკურსიების პროექტი:

https://www.culture.gov.ge/eqskursiebi.aspx

 

 

აბრეშუმის მუზეუმი. ფოტო: – გოგა ჩანადირი

 

საბჭოთა მოზაიკების ტური – საბჭოთა კავშირის დროს მოზაიკა, როგორც ჩანს, საჯარო ხელოვნების ერთ-ერთი დაფასებული დარგი იყო და მასშტაბურ ნამუშევრებს არაერთი ინსტიტუციის (სკოლები, ფაბრიკები, ქარხნები, გაჩერებები, სატრანსპორტო დაწესებულებები, აუზები, საწყობები)  ფასადზე აკეთებდნენ. პატარა, ფერადი ნატეხებისგან შემდგარი კომპოზიციები საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანაში კეთდებოდა. იმპერია მათ ხშირად პროპაგანდის მიზნებისთვის იყენებდა. ბედნიერი ადამიანები სხვადასხვა სიტუაციაში, საბჭოთა სიმბოლიკა და ისტორიულ-მითოსური სცენები ნელ-ნელა ხუნდება, ნადგურდება და მათში ჩადებული შინაარსის წაკითხვა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ დაბადებული და გაზრდილი ადამიანებისთვის შესაძლოა შეუძლებელიც კი იყოს. თუმცა მათში ნარატივების ამოცნობა, პროპაგანდისტული გზავნილების წაკითხვის მცდელობა და სხვადასხვა ფასადების ერთმანეთთან შედარება შესაძლოა საბჭოთა პერიოდის მიმართ ინტერესის გაღვივების კარგი საშუალება იყოს.

 

ცხადია,  სხვადასხვა ქალაქში გაბნეული მოზაიკების ტური რთულად ორგანიზებადია და ბავშვებისთვის დამღლელიც იქნება, მაგრამ შესაძლოა არჩევანი რამდენიმე მოზაიკაზე გაკეთდეს, ან სხვა ტიპის ექსკურსიაში იყოს ინტეგრირებული მოზაიკიანი დაწესებულებები. ექსკურსიამდე, მოსწავლეების მოზაიკებით დაინტერესებისთვის შეგიძლიათ შემდეგი ვებრესურსი გამოიყენოთ: – https://soviet-mosaics.ge/ka

შეგიძლიათ ასევე გაეცნოთ სახელოვნებო ორგანიზაცია „გეოეარის“ მიერ ჩატარებულ კვლევას საბჭოთა მოზაიკების შესახებ – https://bit.ly/2kUBkYh.

მოზაიკა ყოფილი საწყობის შენობაზე რკინიგზასთან. ფოტო: – ნინო სირაძე

ისე კი, ბავშვების გართობისა და ახალი თავგადასავლებისთვის ზოგჯერ ბევრი ფიქრიც არ არის საჭირო. მთავარია, გვახსოვდეს, რომ გენიალურობა სიმარტივეშია და ასე დავგეგმოთ რამდენიმესაათიანი გასვლა ახლომდებარე მიტოვებულ შენობებში, სასაფლაოებზე, ფოსტებში და მეტეოროლოგიურ სადგურებში ან სულაც მწვანე სივრცეში. მიტოვებულ შენობებში აქ მცხოვრებ ადამიანებზე ისტორიების გამოგონებით მათი ფანტაზიის გამოგონება შეიძლება, სასაფლაოებზე შესაძლოა საფლავის ქვები იკვლიო, კალიგრაფიით დაინტერესდე, სხვადასხვა კულტურაში მიცვალებულებისადმი დამოკიდებულება გაიგო. თუკი თქვენს სკოლებთან ახლოს ჯერ კიდევ არის შემორჩენილი ძველი ფოსტები ან ფუნქციონირებს მეტეოროლოგიური სადგურები, მათი მუშაობის სისტემის სპეციალისტებისგან გაგება პატარებისთვის, სავარაუდოდ, საინტერესო იქნება. დღემდე მახსოვს, როგორ მიყვარდა ფოსტაში გაბმული კაბელების მწკრივების ყურება ბავშვობაში, ძველ, საბჭოთა პერიოდში აშენებული ფოსტის შენობაში.

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...