ოთხშაბათი, აგვისტო 20, 2025
20 აგვისტო, ოთხშაბათი, 2025

საოცარი კუნძულები

0

მოჯადოებული კუნძულები

გალაპაგოსის კუნძულებს მოჯადოებულ კუნძულებს (ესპანურიდან `გალაპაგო~ -„კუ~-ს ნიშნავს) უწოდებენ. არქიპელაგი წყნარი ოკეანის ეკვატორულ წყლებში მდებარეობს. კუნძულები ეკვადორის ნაპირებიდან 1000 კმ-ითაა დაშორებული. 1535 წელს გალაპაგოსის კუნძულები პანამის ეპისკოპოსმა ტომას დე ბერლანგამ აღმოაჩინა. კუნძულებმა სახელწოდება სწორედ ამ წელს მიიღო, რაც აქ მობინადრე გიგანტური კუების `დამსახურებაა~. გალაპაგოსის კუნძულები რუკაზე პირველად 1570 წელს გამოჩნდა, როცა ისინი მერკატორმა თავის რუკაზე მონიშნა. XVI ს-ში ესპანელებმა კვლავ გააგზავნეს ექსპედიცია კუნძულებზე, მაგრამ მათ ვეღარ მიაგნეს. XVII ს-ის ბოლომდე ევროპელებისთვის გალაპაგოსის კუნძულები `დაიკარგა~ და ამიტომ მას `ლას-ისლას ენკანტადო~ უწოდეს, რაც `მოჯადოებულ კუნძულებს~ ნიშნავს.

XIX ს-ის დასაწყისში გალაპაგოსი ბრიტანელმა ვეშაპებზე მონადირეებმა თავიანთ ბაზად გამოაცხადეს. 1832 წ. კუნძულები ეკვადორის შემადგენლობაში შევიდა. არაერთი ექსპედიცია ეწვია გალაპაგოსს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნად შეიძლება ჩაითვალოს 1835 წლის ევროპელი მეცნიერების ექსპედიცია, რომელთა რიგებშიც შედიოდა ახალგაზრდა ბრიტანელი ბიოლოგი ჩარლზ დარვინი. აქ გატარებული დროის განმავლობაში, დაკვირვებებზე დაყრდნობით, მოგვიანებით მან გამოაქვეყნა თავისი გახმაურებული ნაშრომი „სახეობათა წარმოშობა”. სწორედ დარვინის ნაშრომების შედეგად გახდა ეს კუნძულები საქვეყნოდ ცნობილი.

გალაპაგოსის კუნძულები ხუთი დიდი კუნძულისა (ფერნანდინა, ისაბელა, სან-კრისტობალი, სანტა-კრუზი, სანტიაგო) და 14 საშუალო კუნძულისაგან შედგება, ასევე 42 ჯუჯა კუნძულისგან, რომელთა საერთო ფართობია 8000 კვ. კმ-ია. კუნძულები ვულკანური წარმოშობისაა და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მეტად ვულკანურად აქტიურ რეგიონს წარმოადგენს. უკანასკნელი ამოფრქვევა კუნძულ ისაბელაზე 2005 წელს დაფიქსირდა.

კუნძულებთან ერთმანეთს ორი მძლავრი ოკეანური დინება – პერუს ცივი და სამხრეთ პასატური თბილი ნაკადი ხვდება, რაც კუნძულების ბუნების მრავალფეროვნებას განაპირობებს.  გალაპაგოსი ოკეანოგრაფების, ნატურალისტებისა და იხტიოლოგებისთვის მეცნიერული დაკვირვების ობიექტს წარმოადგენს. ტროპიკების ლიანები და პოლარული ხავსები, ჯუნგლების ღია ფერის ბუმბულიანი ფრინველები, ანტარქტიკული თოლიები, თუთიყუშები და პინგვინები, სიცივის მოყვარული სელაპები და სითბოს მოყვარული გიგანტური კუები – ასეთია გალაპაგოსის კონსტრასტები. მიუხედავად ბუნების ასეთი სიჭრელისა, კუნძულებს სახელი გაუთქვა უზარმაზარმა ხვლიკმა იგუანამ, რომელიც ზღაპრულ დრაკონს ჩამოჰგავს. იგი დედამიწაზე ერთადერთი ცოცხალი არსებაა, რომელსაც ნახევარი წუთის განმავლობაში საკუთარი გულისცემის გაჩერება შეუძლია. მისი `ახლო ნათესავები~ შემორჩენილია ინდონეზიის ერთ-ერთ კუნძულ კომოდოზე, `წინაპრები~ კი ათი მილიონი წლის წინათ გადაშენდნენ.

გალაპაგოსის კუნძულები მთელ მსოფლიოში ტურისტებისათვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილს წარმოადგენს. მსგავს ფლორასა და ფაუნას სხვაგან ვერსად შეხვდებით, სწორედ ეს ფაქტორი იზიდავს ტურისტებს ასე ძალიან. მცენარეთა და ცხოველთა უამრავი სახეობა კუნძულისათვის ენდემურია. ალბათ გასაკვირიც არაა, რომ ეკვადორის მთავრობამ, გალაპაგოსი ეროვნულ პარკად გამოაცხადა. არსებობს ასეთი გამოთქმა, რომ „გალაპაგოსის კუნძულებზე დრო გაჩერებულია”. ტურისტულ ტურებში მთავრობის მიერ დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები, მაგალითად, ერთ ტურში არ შეიძლება შედიოდეს ოცზე მეტი ადამიანი. ასევე, გალაპაგოსის კუების გამრავლების პერიოდში ტურისტების შესვლა კუნძულებზე საერთოდ აკრძალულია.

კუნძულებზე მოქმედებს ორი საშუალო ზომის აეროპორტი. ტურისტებს შორის ძალზე პოპულარულია კუნძულებს შორის გემით ან იახტით გადაადგილება. ზოგიერთ კუნძულთან არსებობს წყალქვეშა პარკები, სადაც შესაძლებელია წყალქვეშა ფლორისა და ფაუნის დათვალიერება. აღსანიშნავია, რომ უამრავ მცირე პარკსა თუ ტურისტულ ობიექტს ჩარლზ დარვინის სახელი ჰქვია.

ყველაზე მთავარი, რაც ტურისტებმა უნდა გაითვალისწინონ ისაა, რომ კუნძულების მოსანახულებლად ყველაზე საუკეთესო პერიოდი, ე.წ. „ცხელი სეზონი” – იანვრიდან აპრილამდეა, როდესაც იქ ზაფხულია.  სწორედ ამ დროს ღირს აქ მოგზაურობა, რათა მთელი სრულყოფილებით  შეიგრძნოთ გალაპაგოსის სილამაზე.

გალაპაგოსზე საინტერესო აღმოჩენები გააკეთეს არქეოლოგებმა. ტურ ჰეიერდალის ექსპედიციამ გალაპაგოსზე ორიათასამდე ნაკეთობა აღმოაჩინა, რომელიც ქვისგანაა დამზადებული. იპოვეს წყლის ჭურჭელი, დეკორატიული ლარნაკები, ორნამენტებით შემკული ჭურჭელი და სხვ. საინტერესოა რა დაემართა ადგილობრივ მოსახლეობას? მკვლევრების აზრით, ხშირმა ვულკანურმა ამოფრქვევებმა, რომელიც აქ ასეული წლების წინათ მიმდინარეობდა, მოსახლეობას არქიპელაგის დატოვება აიძულა.

გაკაფული ტყის კუნძულები

ატლანტის ოკეანეში მდებარე მადეირას ვულკანური წარმოშობის კუნძულების სახელი ხშირ ტყეს უკავშირდება, რომელიც აქ ოდესღაც მთელ ტერიტორიას ფარავდა. მადეირა – პორტუგალიურ ენაზე ტყეს ნიშნავს. ახლა კი აქა-იქაა შემორჩენილი წაბლის და დაფნის კორომები, კლდეებზე იზრდება მაქვისის ეკლიანი ბუჩქნარი უხეში, მარადმწვანე ფოთლებითა და ზოგჯერ – უფოთლოდაც. დანარჩენი ტყე კი განადგურებულია.

მადეირა 1418 – 1420 წლებში იქნა აღმოჩენილი პორტუგალიელი მეზღვაურების მიერ. არქიპელაგის აღმომჩენის ინიციატორად ჰენრიხ ზღვაოსანი ითვლება. მოგვიანებით ბრიტანეთის იმპერიამ მოახდინა ამ კუნძულების ოკუპირება. ნაპოლეონის ომების პერიოდში (1814 წელს) კი ეს ტერიტორია ისევ პორტუგალიას დაუბრუნდა. ექვს საუკუნეზე მეტია, რაც აქაურობას პორტუგალიელები დაეპატრონნენ, რომლებიც ადგილობრივ მავრებსა და აფრიკის ხალხების წარმომადგენლებს შეერივნენ. კუნძულის ადმინისტრაციული ცენტრი და ამავე დროს ყველაზე დიდი ქალაქი ფუნშალაა.

კუნძულებს სახელი გაუთქვა ღვინომ, რომლის წარმოება აქ  ძალიან კარგადაა განვითარებული. მადეირაზე წელიწადში რამდენიმე მილიონ ბოთლს აწარმოებენ. ვაზი აქ XIV-XV საუკუნეებში კუნძულ კრეტადან და კვიპროსიდან შემოუტანიათ. თავიდან აქ დაყენებულ ღვინოს `მადერიზაცია~ ეწოდა, მოგვიანებით კი მადეირა. მაღალი ტემპერატურის პირობებში ღვინოს მუხის კასრებში ინახავენ, რაც მას განსაკუთრებულ გემოს აძლევს.

გარდა ღვინისა, კუნძული განთქმულია თავისი ყვავილებითაც. ყოველ ახალ წელს აქ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეიერვერკის შოუ იმართება. მადეირა თავისი ზღვის სანაპიროთი და თბილი, მთის მშრალი ჰავით ფილტვებით დაავადებულთათვის საუკეთესო კურორტად ითვლება.  კუნძულს უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო დანიშნულებაც აქვს: აქედან ხორციელდება კავშირი კარიბის აუზის ქვეყნებთან და ევროპასთან.

კუნძული ელბატოსკანის მარგალიტი

ელბა ტოსკანის არქიპელაგის ყველაზე დიდი კუნძულია და იტალიის დასავლეთ სანაპიროს მახლობლად მდებარეობს.

კუნძულს საინტერესო ისტორია აქვს. ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე მე-9 ს-ში კუნძულს ეტრუსკები დაეპატრონენ, ხოლო მე-6 საუკუნეში კი – ბერძნები. სირაკუზელმა ბერძნებმა აქ ქალაქი არგოსი ააშენეს, კუნძულს კი ეტალიეს ეძახდნენ. ძველბერძნულ თქმულებაში არგონავტების შესახებ ნათქვამია, რომ კუნძულზე უშიშარმა მეზღვაურებმა თავიანთ გემი სახელწოდებით `არგო~ ააგეს. ქალაქი არგოსი თანდათანობით დაიძირა და ზღვის ფსკერზე აღმოჩნდა. წინა საუკუნეში მყვინთავებმა 40 მ-ის სიღრმეზე მისი ნაშთები აღმოაჩინეს.

ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში კუნძული ხელთ იგდეს რომაელებმა, რომლებმაც ეტალიას მაგივრად მას ილვუ უწოდეს, ხოლო არგოსს – ფაბრიციუ. რომაელი პოეტი ვირგილიუსი კუნძულს აღწერს, როგორც წყლითა და ძვირფასეულობით მდიდარ მიწას.

განსაკუთრებით საინტერესოა კუნძულის შუასაუკუნეების ისტორია, როდესაც მას ხან ვანდალები, გოტები, ფრანკები, ხანაც არაბები იპყრობდნენ. ელბამე 13 საუკუნეში გენუას ეკუთვნოდა, შემდეგ კი ესპანელებს, ფლორენციელებს, ნეაპოლელებს. მხოლოდ 1802 წელს შეუერთდა იგი საფრანგეთს. 1814 წ. ინგლისურმა ფრეგატამ კუნძულზე საფრანგეთის ყოფილი იმპერატორი ნაპოლეონი გადმოსვა.

კუნძულის გაცნობისთანავე დაუღალავმა ნაპოლეონმა მშენებლობა წამოიწყო. მინიატურულ დედაქალაქ პორტოფერაინოში რეზიდენცია და ორი სახლი ააშენა: ერთი ზღვისპირას, მეორე კი 600 მ-ის სიმაღლეზე, დედაქალაქთან ახლოს. აქედან იგი კარგად ხედავდა თავის სამშობლო კორსიკას. კუნძულზე მისი ბრძანებით გაიყვანეს გზები, შეაკეთეს თეატრი და რკინიგზის პროექტიც კი შექმნეს.

კუნძულელებს ახლა რომ ჰკითხოთ – რითი ცხოვრობს მათი კუნძული – ბევრი გიპასუხებთ:  `რკინის მადნითა და მოგონებებით ნაპოლეონზე!~ მართლაც, კუნძულის თანამედროვე ეკონომიკა ამ ორი ფაქტორით განისაზღვრება. ნაპოლეონის კულტი არამარტო `სულიერ საზრდოდ~, არამედ კომერციის წყაროდაც იქცა აქაურებისთვის.

პორტოფერაინოს მაღაზიები სავსეა სუვენირებით, რომელიც ბონაპარტესთან არის დაკავშირებული: ნაპოლეონი მარმარილოში, ბრინჯაოში, თაბაშირში; იგი გამოსახულია სურათებზე, ლარნაკებზე, ფაიფურის სხვადასხვა ჭურჭელზე, ავტოკალმებზე და სხვა. როგორც დედაქალაქში, ისე სხვა ქალაქებშიც, მრავლადაა სახლებზე მიმაგრებული დაფები, რომლებიც გვაუწყებენ: `აქ ეძინა, ან იყო, ან რაღაც მიირთვა იმპერატორმა~ და ა.შ. აქვეა მუზეუმიც, რომელიც ნაპოლეონის ერთ-ერთი სახლის გვერდითაა აშენებული.

მხოლოდ ნაპოლეონზე მოგონებები როდი იზიდავს აქ ტურისტებს. არაჩვეულებრივად ლამაზია კუნძულის ბუნება. რბილი ხმელთაშუა ზღვის ჰავა სასიამოვნოს ხდის დასვენებას წელიწადის ყველა დროს. იტალიელები სამართლიანად უწოდებენ მას `ტოსკანის მარგალიტს~, ამიტომაც აქ ყოველთვის ხალხმრავლობაა: თბომავალ  `ეტალიას~ დღეში რამდენჯერმე ათასობით ტურისტი გადაჰყავს და გადმოჰყავს.

 

 

 

წიგნები, რომლებიც ფილმებად იქცნენ

0

წიგნი: ელიზაბეტ ჯილბერტი – „ჭამე, ილოცე, გიყვარდეს“ (2006)
ფილმის რეჟისორი რაიან მერფი (2010)

„ბედნიერი ვარ (უკვე რამდენიმე თვეა, ასე ვფიქრობ) და მინდა, რომში დავბრუნდე. რაღაც უნდა გავაკეთო დევიდთან დაკავშირებით. უკვე დროა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ყოველგვარი ურთიერთობა დავასრულოთ. ოფიციალურად უკვე დაშორებული ვართ, მაგრამ სადღაც გულის კუნჭულში კიდევ იყო დარჩენილი იმედი, რომ ოდესმე ბედი (შეიძლება ჩემი მოგზაურობის ან ერთწლიანი განშორების შემდეგ) კიდევ ერთხელ გვეცადა. ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი, ამას წყალი არ გაუვა. უბრალოდ ვერ ვახერხებდით, რომ ერთმანეთი სასოწარკვეთილებაში არ ჩაგვეგდო, არ გვეყვირა ერთმანეთისთვის, არ დაგვემძიმებინა ერთმანეთის სულები… შემდეგ დევიდმა ასეთი გიჟური წინადადება შემომთავაზა ნახევრად ხუმრობით: „მოდი უბრალოდ ვაღიაროთ, რომ ცუდი ურთიერთობა გვაქვს და როგორმე მოთმინებით ავიტანოთ ერთმანეთი”.  რა მოხდებოდა, თუ ვაღიარებდით, რომ ერთმანეთს ნერვებს ვუშლიდით, განუწყვეტლივ ვეომებოდით, იშვიათად გვქონდა სექსი და მაინც უერთმანეთოდ სიცოცხლე არ შეგვეძლო…

ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ერთად, უბედურები და ამავე დროს ბედნიერები, რომ ცალ-ცალკე არ ვართ.  მოდი ეს იყოს გამოცდა იმისა, თუ რა საშინლად მიყვარს ეს ბიჭი და მის ასეთ შემოთავაზებაზე სერიოზულად ვფიქრობ ბოლო ათი თვის განმავლობაში. არის კიდევ ერთი გზა, რომელსაც გონება ორივეს გვკარნახობს, რომ ერთ-ერთი ჩვენგანი უნდა შეიცვალოს. უნდა გახდეს უფრო გახსნილი და მოსიყვარულე, უარი არ უნდა თქვას სიყვარულზე იმის შიშით, რომ ის სულს შეუჭამს, ან უნდა ისწავლოს, როგორ შეწყვიტოს მისი სულის ამოხდა”, – ელიზაბეტ ჯილბერტი.

 

ლამაზმა ქალმა 30 წელს გადააბიჯა.  მას ყველაფერი აქვს, რაზეც შეიძლება იოცნებო – წარმატებული კარიერა, ფინანსური სტაბილურობა, მოსიყვარულე პარტნიორი. თუმცა ამის მიუხედავად, გაურკვევლობა ტანჯავს და ხვდება, რომ უბედურია. ახალი ცხოვრების და შინაგანი ბალანსის ძიებაში მსოფლიო ტურში მიემგზავრება და  შინაგანი ბალანსის აღდგენას რომში ჭამით, ინდოეთში – ლოცვით, ინდონეზიის კუნძულ ბალიზე კი – ლოცვითა და სიყვარულით ეცდება.

 

2006 წელს წიგნის მაღაზიებში ელიზაბეტ ჯილბერტის წიგნი „ჭამე, ილოცე, გიყვარდეს” გამოჩნდა, რომელიც თავად ავტორის მემუარებია და მოგვითხრობს ქალზე, რომელიც ნერვული აშლილობის ზღვარზე,  ცხოვრების თავიდან დასაწყებად ერთწლიან მოგზაურობას იწყებს იტალიაში, ინდოეთსა და ინდონეზიაში. წიგნი დღემდე საკმაო პოპულარობით სარგებლობს და ნიუ-იორკ თაიმსის ბესთსელერების სიაშია შესული. წიგნი 30 ენაზე ითარგმნა.

ელიზაბეტი წიგნში საინტერესო ცნობებსაც გვაწვდის და წერს, რომ ევროპა ერთ დროს ლათინურიდან წარმოქმნილი უამრავი დიალექტის თავშესაყარს წარმოადგენდა, სადაც საუკუნეების განმავლობაში რამდენიმე ენა ჩამოყალიბდა. ელიზაბეტი მონდომებით იწყებს იტალიური ენის შესწავლას და ერთ საიდუმლოს გვიმხელს – ქალაქსა და მის ხალხს რომ გაუგო, უნდა ისწავლო,  როგორ მეტყველებს ქუჩა და თუ შენი სიტყვა ქალაქის სიტყვას არ ემთხვევა, მაშინ ნამდვილად არ ხარ იქაურობის წევრი.

 

რეჟისორი რაიან მერფი 2010 წელს წიგნის ეკრანიზაციას გვთავაზობს, სადაც მთავარ როლებს ჯულია რობერტსი, ხავიერ ბარდემი და ჯეიმს ფრანკო ასრულებენ. ფილმის გადაღებები 4 ქვეყანაში მიმდინარეობს და ზუსტად ასახავს ელიზაბეტ ჯილბერტის მარშუტს.

წიგნში ლიზი ყოფილ მეუღლეს არასდროს მიმართავს სახელით და თავს არიდებს მის კარგ თუ ცუდ თვისებებზე ყურადღების გამახვილებას. ამბობს, რომ თავად იყო ოჯახის მარჩენალი, თუმცა მეუღლეს საკუთარ შუქურას უწოდებს.

ამასთანავე მზრუნველი სამეგობრო წრე ჰყავს, დაწყებული თავისი დისგან და დედისგან, დამთავრებული მეგობრებით მთელი მსოფლიოდან.

იტალიაში ყოფნის დროს, ლიზი თავის შვედ მეგობარ სოფის ხვდება რომში ენის კურსებზე. სოფი ჯოვანისთან იწყებს ურთიერთობას. მადლიერების დღის ამერიკულ სტილში აღსანიშნავად სამეგობრო წრე ერთ-ერთი წყვილის სახლში იკრიბება, თუმცა ინდაურის გარეშე – მისი მომზადება დიდ დროს წაიღებდა.

ლიზი და მისი აშრამელი მეგობარი რიჩარდი ტეხასიდან თავიდანვე კარგად ეწყობიან ერთმანეთს. რიჩარდი აღწერილია როგორც ჭაღარა, თეთრწვერა კაცი ორმოცდაათიდან სამოც წლამდე. ჯილბერტი წერს – „მისი უდიდესი თავდაჯერებულობა აჩუმებს თანდაყოლილ ნევროზულობას და მახსენებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება“. რიჩარდი ლიზს მეტსახელად „სურსათს“ ეძახის საჭმლის დიდი რაოდენობის გამო, რომელიც მას წასახემსებლად შეფუთული დააქვს. რიჩარდი აფრთხილებდა ლიზს, რომ სიფრთხილე გამოეჩინოს ღმერთისთვის სურვილის თხოვნის დროს და უყვება, რომ ერთხელ ღმერთს სთხოვდა, მისი გული გაეხსნა, რაც საბოლოო ჯამში გულის ოპერაციად დაუჯდა.
ფილმში ყველაფერი სხვაგვარად არის, ლიზის მეუღლეზე, სტეფანზე და მის ექსცენტრიულ, თავნება ხასიათზე აშკარა ხაზგასმაა. მუდმივად კეთდება აქცენტი იმაზე, რომ მას კარიერის აწყობა უჭირს.

ასევე წარმატებულ ქალბატონს მხოლოდ ერთი მეგობარი დელია ჰყავს, დედა და მისი დები კი საერთოდ არ ჩანან.

 

ცვლილებები შეეხო ლიზის და რიჩარდის მეგობრობასაც, მიუხედავად იმისა, რომ  მალევე იქცნენ მონათესავე სულებად. მათი მეგობრობის ჩამოყალიბება შედარებით დიდხანს გაგრძელდა. მათი პირველი შეხვედრები კინკლაობით და დაძაბულობით ხასიათდებოდა და ასევე მეტსახელი „სურსათიც“ არ იყო დადებით კონტექსტში მოხსენებული.

 

მიუხედავად ცვლილებებისა, წიგნიც და ფილმიც გვარწმუნებს, რომ მარცხს თავი არასოდეს უნდა დაუხარო, რადგან თუ ამას გააკეთებ, მიეჩვევი, რომ მუდმივად უნდა დამარცხდე. გული არ უნდა გაიტეხო და საკუთარ თავზე იმუშაო.  მხოლოდ ამ შემთხვევაში გახდები ძლიერი. ამიტომ, უნდა ჭამოთ, ილოცოთ და, რაც მთავარია, შეიყვაროთ.

 

 

 

არდადეგებზე წასაკითხი წიგნების თავისებურებანი

0

ვუძღვნი დანიელ პენაკს

 

რა წაიკითხე ზაფხულის არდადეგებზე? – შეგვეკითხებოდნენ და მოსალოდნელი პასუხი სიამაყით გვავსებდა. ღრმად ჩავისუნთქავდით (სია მართლაც შთამბეჭდავი გვქონდა), გონებას დავძაბავდით (არც ერთი წიგნი არ უნდა გამოგვრჩენოდა) და ჩამოთვლას ვიწყებდით. თითოეულ სათაურს განსხვავებული ემოციით წარმოვთქვამდით, თითოეულ წიგნს გამსხვავებული არომატი გასდევდა.

თუმცა ზემოხსენებული შეკითხვა ყველაში საუკეთესო მოგონებებს როდი იწვევდა, არც მასზე პასუხის გაცემისას იჩენდნენ განსაკუთრებულ ენთუზიაზმს. დიახ, ისეთი მეგობრებიც გვყავდა, სოფლის ბიბლიოთეკებიდან გამოყოლილი სურნელოვანი სიგრილე რომ არ აღელვებდათ, არც ფარნის შუქზე უწევდათ წიგნის დასრულება (მათთვის ღამის საათებში კითხვას აკრძალული ხილის სიტკბო როდი დაჰყვებოდა), არც პერსონაჟების ხატვა და რეჟისორობა იტაცებდათ კითხვის პარალელურად – როგორც დანიელ პენაკი იტყოდა,  „პირადი ურთიერთობა არ ჰქონდათ წიგნის გმირებთან.“

დანიელ პენაკი შემთხვევით როდი ვახსენე. ამ წერილს ხომ სწორედ მას ვუძღვნი – ადამიანს, რომელმაც საუკეთესო სახელმძღვანელო დაწერა იმის შესახებ, როგორ შევაყვაროთ კითხვა ახლგაზრდებს (დაწერა და იქვე გავაფრთხილა: „უმორჩილესად გთხოვთ, ეს წიგნი პედაგოგიური ტანჯვა-წამების იარაღად არ გამოიყენოთო“).

„რომანივით საკითხავი“

კითხვის შეყვარების დიდოსტატის წიგნს „რომანივით საკითხავი“ ჰქვია. სანამ გადაშლით, უკანა გვერდს დააკვირდით, იქ „მკითხველის ხელშეუვალი უფლებებია“ ჩამოთვლილი. ეს ათპუნქტიანი, თითქოს ხუმრობითა და თამაშ-თამაშით ჩამოწერილი ფრაზები დღეს „მკითხველის უფლებათა კონვენციად“ სახალხოდ გახლავთ აღიარებული. შესაძლოა პარადოქსულად მოგეჩვენოთ, მაგრამ „მკითხველის უფლებათა კონვენცია“ სწორედ იმ ადამიანმა ჩამოაყალიბა, პატარაობოდან მწყარალად რომ გახლდათ წიგნებთან და კითხვასთან.

პენაკი სკოლაში საკმაოდ სუსტ მოსწავლედ ითვლებოდა, წერა-კითხვის სწავლა უჭირდა, ერთი წელი დასჭირდა ასო „ა“ რომ დაემახსოვრებინა. მამამისი მასხრობდა: „ასე თუ გააგრძელა, ჩვენი დანიელი 26 წლის იქნება ანბანს სრულად რომ აითვისებსო.“ თუმცა თანდათან რამდენიმე კარგი მასწავლებლის ზეგავლენით მდგომარეობა საგრძნობლად შეცვლილა, პენაკს წარმატებისთვის მიუღწევია, საბოლოოდ კი ისე გაწაფულა ფრანგულ ენასა და ლიტერატურაში, სწორედ ამ სპეციალობით დაუმთავრებია საბალკალავრო პროგრამა და კოლეჯში სწავლების ლიცენზიაც მოუპოვებია (პარიზის მახლობლად, სუანსონის სკოლაში ლიტერატურის მასწავლებლად დაუწყია მუშაობა).

დანიელ პენაკის პირველი ლიტერატურული ნაწარმოები არაერთმა რედაქციამ დაიწუნა. მაგრამ გამოჩნდა ერთი საკმაოდ ცნობილი რედაქტორი, რომელმაც დამწყებ ავტორს მისი ნაწარმოების არგუმენტირებული გარჩევა გაუგზავნა და სთხოვა, ხელახლა დაემუშავებინა ტექსტი, ვინაიდან „საკმაოდ პერსპექტიულ და ნიჭიერ ავტორს ჭვრეტდა მასში.“

კიდევ კარგი, გულისხმიერი ადამიანი რომ შეხვდა, თორემ დღემდე უუფლებო მკითხველებად დავრჩებოდით და წარმოდგენაც არ გვექნებოდა, რომ გვაქვს არ წაკითხვის (უფლება N1), გვერდების გამოტოვების (უფლება N2), ხელახლა (უფლება N4) თუ ხმამაღლა (უფლება N9) წაკითხვის და ვინ მოთვლის კდევ რამდენი საინტერესო უფლება წიგნებთან მიმართებაში.

„ძაღლი ძაღლი“

მალე პენაკმა ბავშვებისთვის დაიწყო წიგნების წერა და საკმაოდ დიდ წარმატებასაც მიაღწია. დღეისათვის იგი არაერთი პოპულარული წიგნის ავტორია. ვისარგებლებ შემთხვევით და ზაფხულის არდადეგებზე წასაკითხად მის კიდევ ერთ წიგნს გირჩევთ, რომელსაც „ძაღლი ძაღლი“ ჰქვია. იცით, როგორი ამბავია, დიდტანიან რომანებს დესერტივით რომ დააყოლებთ და პირს ჩაიტკბარუნებთ.

წიგნის მთავარი გმირი პატარა ლეკვია, სახელად ძაღლი, რომელიც პირველ პირში გვიამბობს საკუთარ თავგადასავალს, ნიცის ნაგავსაყრელიდან რომ იწყება. ხანგრძლივსა და რთულ გზას გაივლის ძაღლი ძაღლი, სანამ სანუკვარ მიზანს მიაღწევს და ადამიანებს შორის ნამდვილ მეგობარს შეიძენს (როგორც თავად განმარტავს, „თავის გემოზე აღზრდის“).

პენაკი გვიამბობს ცხოველების ისეთ შეხედულებებსა თუ თავისებურებებზე, რომელთა შესახებ ადამიანებს წარმოდგენაც არ გვაქვს. სწორედ ამ მცირე რომანიდან შევიტყობთ, რომ ძაღლებს ღირსების შესანარჩუნებლად ოთხივე ფეხზე დგომა რომ არ სჭირდებოდეთ, წინა თათებით ყურებს დაიცობდნენ (ჩვენი ყვირილისთვის რომ არ მოესმინათ), გარდა ამისა, მათ არ მოსწონთ სამარცხვინო ეპითეტები, ადამიანები რომ აკერებენ: ქოფაკი, მაწანწალა, ავი და სხვა. საბრალო ძაღლებს ყოველ ნაბიჯზე საფრთხე ელით, იქნება ეს თავზე დამხობილი მაცივრები, მოღრიალე ავტომობილები, მაწანწალა ცხოველებზე მონადირე უსულგულო არსებები თუ უბრალოდ ბოროტი ადამიანები. „ასეთ მტრულ გარემოში ცოცხალი რომ გადარჩე, მართლაც დიდი მიღწევაა. თუმცა ძაღლს რომ ჰკითხო, მხოლოდ ცოცხლად გადარჩენა არაფერსაც არ ნიშნავს (იმის გამო, რომ ნებისმიერ ძაღლს დედამაიწაზე ცხოვრების მთავრი მიზანი აქვს).“

პენაკის მცირე რომანში ორიგინალური ლიტერატურული ხერხებით ისეა გადმოცემული ძაღლების ყოფა, გეგონებათ, მართლა ძაღლის მონაყოლს ვისმენთო. ამბავი გამოგონილია, მაგრამ ისე რეალურად იკითხება, ეჭვიც არ გვეპარება, რომ ძაღლი ძაღლისგან ნაამბობი გულისხმიერმა პენაკმა სიტყვასიტყვით ჩაიწერაო.

„ორი წინადადაებაც საკმარისია იმისთვის, ადამიანს წიგნის წაკითხვა რომ მოანდომო.“

სიტყვების რახარუხი მართლაც უსარგებლოა, მით უმეტეს ზაფხულში, სიცხეს გარიდებულ მოსწავლეებს დასვენებისა და გართობის მეტი რომ არაფერი სურთ. და… ამ დროს, ფარატინა ფურცელზე ჩამოწერილი კლასგარეშე საკითხავი წიგნების სია უმძიმეს ტვირთად აწევთ. დასახული ვადები მათში სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს, მით უმეტეს, როდესაც ზოგიერთი საგანგებოდ შერჩეული წიგნი ისეთი სქელი და მძიმეა, შეიძლება ფიზიკური ტრავმაც მოგაყენოს (სერიოზულად დაგაშავოს უნებლიე, გაუთვლელი მოქედებისას). დიალოგებს აღარ იკითხავთ? კარგად დააკვირდით, უფროსებო, ზოგან „ტირე ოაზისივით მოჩანს… ძლივს დაელაპარაკება ხოლმე ერთი კაცი მეორეს.“ ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ არ გაგიკვირდეთ, „ბავშვსა და წიგნს შორის  ბინდის მსაგავსი ფარდა თუ ჩამოეშვა.“

რა ხერხს უნდა მივმართოთ ასეთ შემთხვევაში?

წავიკითხოთ „რომანივით საკითხავი“ და მის ენაზე ვესაუბროთ ახალგაზრდებს, იქ მითითებულ სქემას გავყვეთ, ისე მოვიქცეთ, როგორც პენაკი გვირჩევს: კომპიუტერთან დაჯდომა და თამაში წაკითხული გვერდებისთვის ჯილდოდ არ ვაქციოთ; ყველაფერში ნუ დავადანაშაულებთ ციფრულ ტექნიკას, რომლის გამორთვაც ხშირად თავად გვავიწყდება; „უკურნებელ სენს, სახელად ლიტერატურისა და კითხვის სიყვარული რომ ჰქვია,“ ხელოვნურად კი ნუ შევყრით, უმჯობესი იქნება ინფექციასავით გადავდოთ.

ზაფხული მართლაც საოცარი ხანაა, მწერები, ფრინველები და ცხოველები ზამთრისთვის საკვებს იმარაგებენ, მოსწავლეებს კი საშუალება ეძლევათ მთელი ცხოვრების სამყოფი ინტელეატუალური თუ სულიერი საგზლისთვის ზრუნვა დაიწყონ. წიგნების ქარავანი დაძრულია და ჯერ კიდევ ჰაერში კიდია კითხვა „რა წაიკითხე ზაფხულის არდადეგებზე?.“ მასზე პასუხის გაცემა, რა თქმა უნდა, მათი პრეროგატივაა, „არ ვილაპარაკოთ წაკითხულზე“ (უფლება N10) – ეს პუნქტიც ხელშეუხებელს ხდის ნებისმიერ მკითხველს. თუმცა… მთავარი ამ შემთხვევაში დუმილის უფლებით სარგებლობა როდია, მთავარია ქარავანმა შეუმჩნევლად არ ჩაიაროს, სწორედ დღეს წასაკითხი წიგნი გადაუშლელი არ დარჩეს, თორემ … სიტყვების უაზრო რახარუხს აზრი რომ არ აქვს, უკვე არერთხელ აღვნიშნეთ. დაბოლოს, ისევ დანიელ პენაკს მოვიხმობ: „ტელევიზია, კინემატოგრაფი ყველაფაერს გამზადებულს გვაწვდის, იქ ყველაფერი დღეჭილია, კითხვის დროს კი წარმოსახვა მუშაობს, ამიტომაა კითხვა მუდმივი შემოქმედების აქტი.“

 

 

მკათათვის საკითხავი

0

 

ციკლიდან „პირთა საძიებელი“

1.

იმედგაცრუებისა და გულგატეხილობის დროს მხოლოდ ჩემი შვილები მახსენდება. ძალიან სუსტია ხოლმე ადამიანი, მით უმეტეს, უზღვავი პრობლემის წინ რომ აღმოჩნდება. მაგრამ მაშინ, როცა ჩემს შვილებზე ვფიქრობ, გაუგონრად ვმაგრდები და ვძლიერდები. მათ ჩემში დიდი ხანია დაძლიეს მეოცნებე და გულჩათხრობილი ბიჭი, გულში წყენის ჩადება რომ უყვარდა და საკუთარი თავი ამ ჭრელი ბალაგანისთვის არ ემეტებოდა.

 

2.

პირველად დიდ სტადიონზე როდის ითამაშეო, – გამომცდელად მკითხა ერთმა ტიპმა. ის დრო იყო, ჩემზე უკეთესი მეკარე რომ გამოჩნდა გუნდში, სათადარიგო სკამზე დამსვეს და სალაპარაკოდ ბევრი დრო მქონდა. იმ ტიპსაც, სხვათა შორის. ჰოდა, პასუხიც არ დავუგვიანე:

– მეოთხე კლასში ვიქნებოდი, სოფლის სტადიონზე ზაფხულის სეზონი ცოლიანებისა და უცოლოების მატჩით გაიხსნა. ისე მოხდა, რომ ცოლიანების მეკარემ ოჯახური ვალდებულებებისგან თავი ვერ გაითავისუფლა და მის ნაცვლად კარში მე დამაყენეს. ასე შედგა ჩემი დებიუტი დიდ სტადიონზე.

 

3.

გენო კალანდია კარგი პოეტი ხომ იყო, მაგრამ იშვიათად მახსენდება მასზე უფრო ყურადღებიანი ადამიანი, ყველას ხელშემწყობი, გულშემატკივარი, ჭირსა და საქმეში სიტყვის შემაწევარი.

ის თავის მონატრებულ ძმასთან წავიდა, ჩვენ კი, ყველას, სიკეთისა და ადამიანური თანაგრძნობის წუთები და წამები დაგვიტოვა. სხვების არ ვიცი, მე კი სამუდამოდ ჩამრჩა მის მიერ თავისი 100 ლექსის წარდგენაზე უჩვეულო ემოციით წაკითხული „კომპოზიცია გვანჯი ჩიქოვანის პორტრეტისათვის (რობერ დესნოსის განწყობით)“:

„შაბათს ან კვირას, – ადრიან დილით, ფეხით

ან ცხენით, ან ფაეტონით ის აფხაზეთში მიიჩქაროდა.

 

ფეხით ან ცხენით ან ფაეტონით…

 

იქ, ზღვას მძინარეს, ვით მზეთუნახავს,

შორიდან ჭვრეტდა და უხაროდა,

მზე უხაროდა ამომავალი…

 

გავიდა ხანი, – დრო უნდობარი.

ის ერთ დღეს მშვიდად გარდაიცვალა.

 

ჩვენ  ლერწმებივით სუსტებს და მოკვდავთ,

განძივით გვერგო მოგონებები, –

წარსულის ხსოვნა და სიყვარული.

 

შაბათს, ან კვირას, – ადრიან დილით,

ფეხით, ან ცხენით ან ფაეტონით

მეც აფხაზეთში ჩავალ, ძვირფასო!“

 

4.

ეს ის შემთხვევაა, როცა არშემდგარი ფეხბურთელობა ხელს კი არ გიშლის, პირიქით – გაქეზებს: რაც (ფეხბურთისთვის) სტადიონზე ვერ გააკეთე, სხვა სივრცეში სცადო მაინც.

ფეხბურთი, ფეხბურთელები და მათ მიერ მოყოლილი ამბების კითხვა ალბათ ყოველთვის დარჩება ჩემს საყვარელ საქმედ, და ყოველ ჯერზე, როცა მორიგ გამოცემაზე მუშაობას დავიწყებ, ის დღე გამახსენდება (მაშინ მეექვსე კლასში ვიყავი), როცა ბიძაჩემმა პაატა პაჭკორიამ მეკარის შავ-წითელი, ულამაზესი მაისური და შორტები მაჩუქა.

გვიან საღამოს, ყველა რომ წავიდა, სკამზე კოხტად დაკეცილი ფორმა ავიღე, ჩავიცვი, სარკესთან დავდექი და მღელვარებისგან რომ ამ მეტირა, ალბათ ყველაზე ხმამაღლა ჩემს ცხოვრებაში, არაამქვეყნიური ხმით დავიყვირე.

 

5.

29 აპრილი, ჩემი შუათანა შვილის – დემეტრეს დაბადების დღე. გურამ პეტრიაშვილს ტაქსით გავუარე სახლში, წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუაში“ რომ მივიყვანო, სადაც ბავშვებს თავისი ზღაპრები უნდა წაუკითხოს. გზაში ბევრ რამეზე ვსაუბრობთ და ბოლოს ისევ ზღაპარს და მეზღაპრეებს ვუბრუნდებით. ვთხოვ, მოკლედ შეაფასოს ამ ჟანრის ახლანდელი მდგომარეობა.

– ქართული ზღაპრების უმეტესობაში პედაგოგიური მოგეზულობა ჩანს, – ამბობს გურამ პეტრიაშვილი და სევდიანად გასცქერის უქმე დღისგან შეხალვათებულ ჭავჭავაძის გამზირს.

 

6.

ბავშვობიდან მახსოვს: ჩემს სოფელში ორი ძმა ცხოვრობდა – ჯგირი (კარგი) და უჯგუში (უკეთესი). თუ არ ვცდები, უჯგუში ახლაც ცოცხალია.

 

7.

შუკო ჯიქიამ მითხრა, – უცნაური განცდაა: ხანდახან ისევ ახალგაზრდა მგონია თავი და მოხუცს რომ ვნახავ, სკამიდან წამოდგომა მინდებაო.

 

8.

ტუსკია გეხსომებათ, ჩემი მეგობარი, ახლახან ვწერდი მაგაზე და ერთიც ახლა წამომაგონდა.

ამასწინებზე მიყვება, – ჩემს ნათლულს დავურეკე, მარტო ვიყავი, გაბრუებული და შრომისგან დაგლახავებული, გამოდი, ჩავუჯდეთ სადმე, ლუდი და ხინკალი შევუბეროთ-მეთქი. ჩემმა პირველმა ნათლულმა, რომელიც ღამენათევი და შუადღის ძილისგან დაბეგვილი იყო, მხარი ვერ აუბა ჩემს თხოვნას და სხვა დროს ვქნათო, თავაზიანად დამემშვიდობა.

არ უნდა მეწყინოს, მაგრამ გულში გამაცია მაინც. ვიცი, ხშირად არ გვახსენდება ერთმანეთი, მაგრამ როცა გვახსენდება, მაშინაც რომ ასეთ ალიყურს ვაჭმევთ ხოლმე, რაღა უნდა ქნა!

არაფერი, წამოვედი სახლისკენ. შინისკენო, შემისწორებს მცოდნე გრამატიკოსი. ჯერ ერთი – მაგ წესების შენზე ნაკლებად მცოდნის დედაც! მეორეც – ეს ქალაქი ჩემთვის შინ ვერასდროს გახდება, დამთავრებული ამბავია.

მივეცი ტაქსის ხუთი ლარი და მომიყვანა. გზაში ცოტა კი მაცინა, მაგრამ უარყოფილის ნაღველი გულიდან მაინც ვერ გადავიყარე.

არავის არაფერი არ უნდა თხოვო. წერტილი.

9.

ადამიანების პარტიების მიხედვით დაყოფა ცხოვრების წესად იქცა, ამიტომ შარშან ზაფხულს ზუგდიდში ჩასულს „პოლიტიკურ ნიადაგზე“ დაშორებული ბევრი მეგობარი დამხვდა. მათ ერთადერთ შემაკავშირებლად ჩემი იქ ერთთვიანი ყოფნა უკვე აღარ იყო საკმარისი. ისე გაეთიშა ისინი ერთმანეთისგან „პარტიულ კუთვნილებას“, რომ ძველი კარგი დროისგან არაფერი დაეტოვებინა.

 

10.

ისევ ტუსკია:

– ჩემნაირი ვინმე მე რომ მყავდეს: მეგობარი, შეყვარებული, კოლეგა, მტერი… იქნებ მყავს კიდეც და ერთმანეთი ვერ გვიპოვნია… თუმცა კი, როგორ არ მყავს, მაგრამ მას ვერ ვესაუბრები, მასთან საუბარს გადავეჩვიე – საოცარია, ამდენ წყენას იმახსოვრებ ადამიანი და ლოცვები გავიწყდება.

ემოციათა შორის აღმატებული

0

ფრენა უგვირგვინოდ

ბავშვობიდან გული მქონდა შევარდნილი სპორტზე. არცთუ ურიგოდ ვთამაშობდი კალათბურთს, ფეხბურთი და რაგბიც ბევრჯერ მითამაშია ჩემს კლასელ ბიჭებთან ერთად, ხელბურთში, კარში ვიდექი „კარგი რეაქციებით“ და, მშობლებს უარი რომ არ ეთქვათ, ალბათ ჭიდაობაზეც შევიდოდი. აი, ფრენბურთით კი უფრო სერიოზულად ვიყავი გატაცებული. ვთამაშობდი სკოლისა და რაიონის ფრენბურთელ გოგონათა ნაკრებში და უფრო დიდ მომავალზეც ვოცნებობდი. დღემდე არც მოგებული და წაგებული მატჩები დამვიწყებია და არც სათადარიგო სკამზე ჯდომისას თუ მოედანზე თამაშისას განცდილი ემოციები. თუმცა ჩემი სპორტული ცხოვრებიდან ერთი რამდენიმეწამიანი კადრი მაინც ყველაზე უკეთ დამამახსოვრდა: რაიონის პირველობაზე მეზობელი სოფლის ძლიერ გუნდს ვხვდებოდით. სუსტი გუნდი არც ჩვენ ვიყავით, მაგრამ არ წაგვივიდა თამაში. თანაგუნდელების გასამხნევებლად რაღაც გმირობის მაგვარი საქციელის ჩადენა იყო საჭირო, რისი შესაძლებლობაც მალე მომეცა. ის იყო მოწინააღმდეგის გუნდს კიდევ ერთი ქულა უნდა აეღო ბადესთან „ჩაპარებული“ ბურთით, რომ, არ ვიცი, როგორ მოვახერხე ამის გაკეთება, მესამე უკანა ხაზიდან, ახლაც შემიძლია დავიფიცო, ნამდვილად „ვიფრინე“ და მოედანზე გაწოლილმა ჩვენს ნახევრზე დაშვებული თითქმის „უიმედო“ ბურთი ხელის მსუბუქი მოსმით ისევ მაღლა ავაგდე. ორი მალაყის შემდეგ კი ფეხზე წამოვდექი და ამაყად გავადევნე თვალი, ჩემმა თანაგუნდელმა და კლასელმა, ეთო კილასონიამ, თავისი „მწარე“ ცაციათი, როგორ ტყვიასავით ჩაუხალა ის ფეხებში ბადესთან „ბლოკზე“ ამხტარ მეტოქე გუნდის კაპიტანს. ჩემი თავგანწირვა გოგოებისთვის მართლაც მაგალითის მიმცემი აღმოჩნდა. ის მატჩი, როგორც სპორტული კომენტატორები ამბობენ, „დამაჯერებელად“ მოვიგეთ.

გამარჯვების გამო არც ზეთისხილის, არც ფიჭვის და არც დაფნის გვირგვინი არავის დაუდგამს ჩემთვის თავზე, მაგრამ ამდენი წელი გავიდა და მსგავსი სიხარული თითქმის არაფერს მოუნიჭებია. საერთოდაც, მგონია, რომ ნებისმერი სპორტული შეჯიბრისგან მიღებული ემოცია – მონაწილე ხარ თუ გულშემატკივრი – ერთ-ერთი ყველაზე აღმატებულია ამა თუ იმ მოვლენით გამოწვეულ სხვა დადებით ემოციებს შორის.

თუმცა,  შესაძლოა, არც ემოციებზე დავობენ!..

მოთამაშე და გულშემატკივარი

სპორტისადმი ჩემი სიყვარული, ალბათ ჩემივე სოფლის ეზოდან დაიწყო. უფრო სწორად, ეზოში დღემდე მყარად მდგარი რკინის ძელიდან, რომელზეც მამაჩემი დილაობით ვარჯიშობდა და რამდენიმე წუთი მე და ჩემს დასაც ჩამოგვაკონწიალებდა ხოლმე. შემდეგ იყო ასკინკილა, ტუხტის ბუჩქების კენწვლა,  წითელი ჰულაჰოპი, რომლის ტრიალშიც ისე დავხელოვნდი, რომ ქვედაბოლოსავით მოვირგე წელზე და აღარ მვარდებოდა, რეზინობანა, ჩვენს მეორე სოფლის სახლამდე დილა-საღამოს თითქმის 2-2 კილომეტრის ფეხით გავლა… და მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ – ფრენბურთით გატაცება, რაშიც, ჩემს მონდომებასთან და სპორტის სიყვარულთან ერთად, დიდი როლი ითამაშა ჩემმა ფიზკულტურის მასწავლებელმა და სკოლის ფრენბურთელთა გუნდის მწვრთნელმა, არნე ხატიაშვილმა.

გულშემატკივარობით კი ყველაზე მონდომებით ჩვენს ქართველ ფეხბურთელებს და კალათბურელებს ვგულშემატკივრობდი. მიზეზი რამდენიმე იყო: ჯერ ერთი, მაშინ ყველაზე ხშირად სწორედ ამ სახეობების ნახვა შეგეძლო ტელევიზიით (და, ალბათ, ზამთრის სახობებიდან – ფიგურული სრიალის, „მოსკოვზე“); მეორეც, ნამდვილი დღესასწაული იყო,  არცთუ იშვიათად, მსოფლიო დონის ქართველი სპორტსმენების ლამაზი თამაშის ყურება; და მესამე,  გუნდებში იმედის მომცემი და სიმპათიური ახალგაზრდა  სპორტსმენების ყოფნა უმნიშვნელო ფაქტორი როდი იყო იმისთვის, რომ სპორტის მოყვარულ მოწიფულ გოგოს ხან  სიხარულის  და ხანაც მწუხარების ცრემლებით მეგულშემატკივრა (და ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ მსგავსი დამოკიდებულება უამრავ ჩემხელა გოგოს ჰქონდა) მათთთვის. ფავორიტებიც ორივე სახეობაში მყავდა: ფეხბურთელთა თბილისის „დინამოში“ – ჩემზე ოთხი წლით უფროსი გელა კეტაშვილი, ხოლო კალთბურთელთა თბილისის „დინამოში“ – შეუდარებელი გელა დარსაძე.

გელა კეტაშვილი და გამოტოვებული პენალტები

1985 წელს ფეხბურთში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი საბჭოთა კავშირში ჩატარდა. საბჭოთა ნაკრები, რომლის შემადგენლობაში გელა კეტაშვილიც თამაშობდა, ოქროს მედლების ერთ-ერთ-რეალურ კანდიდატად ითვლებოდა, მაგრამ მოხდა ისე, რომ ნახევარფინალში „ჩვენს“ ნაკრებს არ გაუმართლა და მესამე ადგილისთვის მოუხდა ბრძოლა ნიგერიელებთან. აქ კი შეხვედრა უგოლო ფრეთი დამთავრდა და დაინიშნა პენალტები.

ყველა გულშემატკივარმა იცის, რამხელა ემოციებთან არის დაკავშირებული ფეხბურთში ჯერ თავად მატჩის და, დამატებითი დროის ამოწურვის შემდეგ კი – პენალტების ყურება. დაიწყო პენალტებიც და ლამის ტელევიზორში მჯდომი მე და ჩემი და ერთმანეთს ვაწყნარებთ. ხან ერთი ვიფარებთ პანალტის დროს თვალებზე ხელს და კანკალით ვკითხულობთ შედეგს და ხან მეორე. თუმცა შეძახილებითაც მშვენივრად ვხვდებით გატანილ და „გაფუჭებულ“  ბურთებს. ოთახის კარი დაკეტილი გვაქვს, ჩვენი წივილ-კივილი ცას სწვდება და არავინ და არაფერი გვახსოვს ფეხბურთის გარდა. უცებ ოთახში შიშისგან ფერდაკარგული მამაჩემი შემოვარდა, რომელიც ამ დროს ბაღში მუშაობდა (ფეხბურთი მისი სუსტი წერტილი არასოდეს ყოფილა). ჩვენი კივილის ხმა რომ გაუგონია, ჰგონებია, გოგოებს რაღაც საშინელება დაემართათო. ერთი სიტყვით, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, უსასტიკესად დავისაჯეთ ჩვენი სპორტული ემოციების გამო: მამამ ტელევიზორი გამოგვირთო და ეზოში გამოგვაბრძანა. ასე გამოვტოვეთ დარჩენილი პენალტები და სამწუხრო შედეგიც მეორე დღესღა  გავიგეთ მეზობელი ბიჭებისგან. მაშინდელი დამარცხებით ნატკენი გული რამდენიმე წელიწადში, 1988 წელს მოვირჩინე,  როცა საბჭოთა კავშირის ოლიმპიურმა ნაკრებმა გელა კეტაშვილთან ერთად, სეულის ოლიმპიური თამაშების ფინალურ მატჩში ბრაზილიიის ნაკრები დაამარცხა, რის შემდეგაც გელა პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ფეხბურთში.

კალათბურთის დენდი გელა დარსაძე

რაც შეეხება გელა დარსაძეს, მუდამ აღფრთოვანებული ვიყავი მოედანზე მის დინჯი, გაწონასწორებული სათამაშო „ხელწერით“. თითქოს ახლაც ვხედავ, მოედნის შუაგულიდან როგორ იწყებს ბურთის გათამაშებას, თვალს ვაყოლებ მისი ხელების რბილ მოძრაობას და თანაგუნდელებისთვის  აზრიანად, კომფორტულად მიწოდებულ  ბურთს. დღეს გელას მიმართ ორგვარი განცდა მაქვს: ერთი – მადლიერების, იმ ჩემი გულწრფელი, ყმაწვილური სიხარულის გამო, რომელსაც ის  თავისი „დენდური“ თამაშით მანიჭებდა (და ჩემ გარდა, კიდევ რამდენ ათას ქართველ გულშემატკივარს); და  მეორე – ტკივილისა, რომელიც ახლობელი ადამიანის ამქვეყნიდან წასვლისას გიჩნდება. გელა დარსაძის გარდაცვალების შემდეგ ერთი სპორტული ჟურნალისტი, რომლის სახელი და გვარიც, სამწუხაროდ, არ მახსოვს, წერდა: ქართული კალათბურთის ისტორიაში გელა დარსაძის ადგილს ვერავინ დაიკავებს. ჩვენ მასზე სახელოვანი კალათბურთელებიც გვყოლია, მაგრამ თბილისის „დინამოში“ მეტეორივთ შემოჭრილი გელა დარსაძე მაინც განსაკუთრებული კალათბურთელი იყოო,  რაშიც აბსოლუტურად ვეთანხმები. ხოლო ის ფაქტი, რომ დღეს კალათბურთში გელა დარსაძის სახელობის ტურნირი არსებობს, უკვე ნიშნავს ამ არაჩვეულებრივი სპორტსმენის სიცოცხლის გაგრძელებას, რაც უზომოდ მახარებს.

უცნაური დამთხვევა და მესამე გელა

უკან დარჩა წლევანდელი ივნისის თვეში თბილისში ჩატარებული 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი რაგბში. გამიმართლა და, ჩემი მეგობრის, მწერლისა და ამ არაჩვეულებრივი ბიჭების ერთ-ერთი მწვრთნელის, ლადო კილასონიას წყლობით, რომელმაც მატჩებზე დასასწრები ბილეთები და უზარმაზარი ემოციები გვაჩუქა ახლობლებს, არგენტინასთან და სამხრეთ აფრიკასთან ჩატარებულ მატჩებს ავჭალის სტდიონზე ვუყურე. დანარჩენი სამის ყურებაც  შემეძლო სტადიონზე, მაგრამ სახლში დავრჩი და ტელევიზორთან ჯდომა გადავწყვიტე სწორედ გულშემატკივრის ზემოთ ნახსენები იმ მოზღვავებული ემოციების გამო, რომლითაც, შესაძლო იყო, უკვე ზიანიც კი მიმეყენებინა საკუთარი ჯანმრთელობისთვის (თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ტელეეკრანის წინ ნაკლებად ვნერვიულობდი).

ჩვენმა ბიჭებმა ამ ჩემპიონატზე, როგორც ვიცი, პროგრამა მინიმუმი შეასრულეს. შესაძლოა, მეტიც შეეძლოთ და ჩვენც ასე გვინდოდა, მაგრამ, მოდით, ნუ განვსჯით მათ დაშვებული შეცდომებისთვის, მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ, რომ არც თავი დაუზოგავთ და, თანაც,  ისეთი ქვეყნების გუნდებს ეთამაშებოდნენ – არგენტინა, სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი, ისევ არგენტინა და ირლანდია – რომელთაც, როგორც ამბობენ, სისხლში აქვთ გამჯდარი სპორტის ეს სახეობა (ნეტავ ფეხბურთშიც ასე გვქონდეს საქმე!).

არ დაიჯერებთ ამ უცნაურ და უნებლიე დამთხვევას, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ამ შემთხვევაშიც, ისევ გელა – ჩემი აზრით, მთელ ჩემპიონატზე უკონკურენტო მე-9 ნომერი -გელა აფრასიძე გახდა ჩემი ფავორიტი. ამჯერად უკვე რაგბისტი ბიჭი, რომელიც სულ რამდენიმე წელია გამოჩნდა ქართულ რაგბში და უკვე მოახერხა, უამრავი ქართველი და უცხოელი  გულშემტკივარი მოენუსხა თავისი გამორჩეული თამაშით. ყველაზე შთამბეჭდავი კი ამ ჩემპიონატზე ირლანდიასთან  დადებული მისი შოკისმომგვრელი, ულამაზესი და უსწრაფესი ლელო იყო. თუმცა უფრო დიდი სიხარული, პირადად მე, თურმე წინ მელოდა:

მატჩის მეორე დღეს ვურეკავ ლადო კილასონიას და ტელეფონზე ჩემს შთაბეჭდილებებს ვუზიარებ. უფრო სოწრად, ტყვიასავით ვაყრი ემოციებს. ყველაზე ბევრს, ცხადია, გელა აფრასიძეზე ვლაპარაკობ. მოულოდნელად, ლადო სიცილით მაჩერებს და მეუბნება: გელა ახლა აქ არის, ჩემს გვერდით, დაგალაპარაკებ და მას უთხარი, რისი თქმაც გინდაო. ვერ წარმოიდგენთ, რა დამემართა: ისევ იმ პატარა 15-16 წლის გოგოდ ვიქეცი, რომელიც წლების წინ  გელა კეტაშვილს და გელა დარსაძეს  გულშემატკივრობდა;  თითქოს მაშინდელი ოცნებები, ოდესმე „ცოცხლად“ მენახა ჩემი საყვარელი სპორტსმენები (თუმცა, გელა დარსაძის თამაშს ერთხელ ვუყურე სპორტის სასახლეში), გელა აფრასიძემ ერთად ამიხდინა, თითქოს მასთან ლაპარაკით სამივე გელას ველაპარაკებოდი და ყველას ერთად ვეუბნებოდი მადლობას იმ სიხარულისთვის, იმ უზარმაზარი ემოციებისთვის, რაც თავიანთი თამაშით მომანიჭეს…

აი, ასე, კამარასავით  შეკრა გელა აფრასიძემ უეცრად მთელი ჩემი ცხოვრების „ოცნება და სინამდვილე“. ბოლოს კი, ბარემ ერთ ჩემს გოგოურ თუ ქალაბიჭურ საქციელსაც გავამხელ და   ჩემს სპორტულ ემოციებზე საუბარსაც ამით დავასრულებ: ავჭალის რაგბის სტადიონზე, ვინ იცის,  რამდენი წლის შემდეგ, კვლავ გავიხსენე ოთხი თითით სტვენა. ყვირილისგან ხმა რომ ჩამიწყდებოდა, სასწრაფოდ გადავდიოდი სტვენაზე, და აბა ეს იყო, თუ იყო, მართლაც  შეუდარებელი ემოცია, ემოციათა შორის აღმატებული!..

 

 

 

მყვირალობის დღიური

0

ვინ არ იცის დრაკონის ამბავი, რომელმაც სიყვარულის დიდი ტვირთის მარტოკამ ტარება ვერ შეძლო, ამოთხარა ორმო და შიგ ჩასძახა. ორმოზე ხე ამოვიდა, ხეს ქარმა დაუბერა, ტოტმა ტოტს უთხრა სიყვარულის ამბავი, ხემ ხეს. საიდუმლო ყველამ გაიგო.

ამ ამბავს, 1956 წლის მარტის დღიურში, გურამ რჩეულიშვილი წერს. გურამი ჯერ მხოლოდ 22 წლისაა და თავგადასავლის, სიყვარულის, მოგზაურობის, შემოქმედების ვნებით ატანილს და ამ ვნების ბარგ-აკიდებულს გაუწევია შორეულ გზებზე სახეტიალოდ.

ცხოვრების გზებზე, უფრო სწორედ. და ამ გაგანია 1956 წლის მარტში, ვინ წარმოიდგენს, რომ გურამს სულ რაღაც ოთხი წელიღა დარჩა ამ ვეებერთელა ვნებების გამოსახატად, მათგან გასათავისუფლებლად.

თუმცა, ვინ ითვლის მის გვერდით წლებსა და დღეებს, გურამ რჩეულიშვილი ხომ ის მოვლენაა, ვისთანაც დრო ვერასდროს ვერაფერს გახდება, ვინც თავისივე მოთხრობების გმირი რაშებივით გადაუქროლა დროის და სივრცის განზომილებებს, ჩვენ ამ რაშების ფლოქვებისგან ავარდნილი ვერცხლისფერი მტვერი წავიკითხეთ ჯერ.

ჰო, სულ ასე მგონია, რომ ჯერ კიდევ არაფერი ვიცით მარადიულად 26 წლის ბიჭზე, რომელზეც უკვე ამდენი დაიწერა და ითქვა, რომელიც არამხოლოდ თავისი თაობის, არამედ ყველა მომავალი თაობის ყველა გოგოს  ერთი დღით მაინც ჭეშმარიტი სიყვარულით უყვარდა და ამ სიყვარულმა ღირსების განცდა გაუმძაფრა, გაალამაზა; ბიჭზე, რომელმაც თავად დაგვიტოვა ზღვა შემოქმედება, რათა უფრო კარგად ჩავიძიროთ, ჩავყურყუმალავდეთ, ჩავუწვეთ შეუცნობლის ფსკერს…

4 ივლისს გურამ რჩეულიშვილის დაბადების დღე იყო. 23 აგვისტოს მისი გარდაცვალების დღე დადგება. ეს _ ამქვეყნიური ქრონიკისთვის, საბედისწერო ციფრების წარწერა მისი სახელის ქვეშ… ისე კი, გურამის ბიოგრაფია ალბათ გაცილებით შორიდან დაიწყო, უხნესი დროიდან, შესაძლოა, ეს სულაც იმ დროს დაემთხვა, როცა ადამიანის სული იმ ფორმით ყალიბდებოდა, რა ფორმითაც ის ჩვენ მოგვეცა.

სხვაგვარად, ამხელა გამოცდილება ასეთ ახალგაზრდა სულში და სხეულში _ ძნელი დასაჯერებელია. ვკითხულობ მის წიგნებს _ მოთხრობებს, დღიურებს, პიესებს, ლექსებს, და მაკვირვებს ეს დიდებული გამოცდილება. ახალგაზრდული ვნებით განახლებული, მომავლის ძალით აყვირებული დიდი ადამიანური დრო, რომელსაც გურამი გვახსენებს.

მისმა დამ, მარინე რჩეულიშვილმა, ფასდაუდებელი ღვაწლი გასწია საიმისოდ, რომ გურამ რჩეულიშვილის შემოქმედება მკითხველისთვის სრულყოფილად, კომპეტენტური შენიშვნების და კომენტარების  დართვით გაეცნო. ცნობილია, რომ მან წერა 22 წლის ასაკში დაიწყო და გარდაცვალებამდე იმხელა შემოქმედება შექმნა, რომ ესაც გაკვირვებას და აღტაცებას იწვევს _ რამხელა ძალისხმევა, შესაძლებლობა აქვს ადამიანის შემოქმედებით სულს, რა სიმაღლის ამოფრქვევას შევესწრებით ხოლმე, როცა განგება ჩაიფიქრებს და ვინმეში ამ სულს აამეტყველებს!..

გურამ რჩეულიშვილის რამდენიმე მოთხრობა სასკოლო პროგრამაშიცაა შეტანილი და ეს შესანიშნავია. მოსწავლეები, როგორც წესი, უპირობო აღფრთოვანებით კითხულობენ და ეცნობიან მის შემოქმედებას და ბიოგრაფიას, მოსწონთ და იზიდავთ მისი პიროვნული ხატი, რომელიც მისსავე მთხრობებშიც მკაფიოდ ჩანს (გურამი ხომ ის შემთხვევაა, ვისზეც იტყვიან _ „როგორც წერს ისე ცხოვრობსო, და პირიქით“); მისი საქციელი, თვისებები, ენერგია _ ეს ყველაფერი გადამდებად მოქმედებს ახალგაზრდებზე, მე ბევრი მინახავს, ვისი ცხოვრებაც შეუცვლია კიდეც გურამის პიროვნულ მაგალითს, ბოლოს და ბოლოს, ამ ადამიანთა შორის ვარ თავად მეც, და სიკვდილამდე დავრჩები მისი მადლიერი, რადგან გურამ რჩეულიშვილმა საჭირო დროს და საჭირო ძალით, პირდაპირი მნიშვნელობით _ გადამარჩინა.

ეს იმ გაუგებარ, სევდიან 90-იანებში იყო, ჩვენი ბავშვობის ნალექიან წლებში, როცა შინ და გარეთ ერთნაირი უკუნი იდგა, ამ სიტყვის ყველანაირი გაგებით (ომი, უშუქობა, უღონობა, უგონობა…). გურამ რჩეულიშვილის მოთხრობების კრებული ვიპოვე, გარეკანზე მზისკენ მოწითალო ცხენით მიმქროლავი მხედრით, იმ წიგნს დავათენე მთელი ზამთარი, ათჯერ, ოცჯერ, მეტჯერ წავიკითხე, სანთლის შუქზე, გათოშილ ოთახში, ხელთათმანებიანი ხელებით ვფურცლე და ვფურცლე და ყოველ წაკითხვაზე ახალი ნაკადით შემოდიოდა ჯერ აქამდე განუცდელი იმედი, იმედს შუქი მოსდევდა, შუქს ძალა, და თანდათან ვგრძნობდი, რომ ხელში რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მეჭირა _ თოთო სამყარო, რომელიც ამ ომებს, ამ სიკვდილებს, ამ ჯოჯოხეთებს გადაურჩა და ახლა ჩვენს გადარჩენას ცდილობს!.. არასდროს აღარაფერი ყოფილა ასეთი შთამბეჭდავი როგორც მაშინ, მერე ბევრჯერ ვიხსენებდი იმ წუთებს, დღეებს და ღამეებს და ვამოწმებდი კიდეც ეჭვიანი ფიქრებით _ ხომ არ გადავაჭარბე რამე, ძალიან ხომ არ მოვიხიბლე და რამე გამომრჩა… მაგრამ არა, პირიქით, ეს ისეთი სუფთა და მშვენიერი აღტაცება იყო, ისეთი უანგარო გადარჩენა, ისეთი მუდმივად გასახსენებელი და მოსაყოლი!..

ჰოდა, სადაც შემიძლია ყველგან ვყვები, სადაც შემიძლია ყველგან გურამზე ვსაუბრობ, მეც მინდა სხვებსაც ჰქონდეთ ასეთი წუთები, სხვებიც გალამაზდნენ, სხვებიც გადარჩნენ!..

ამ ივლისის დღეებში კიდევ ერთხელ გადავიკითხე მისი დღიურები. ზოგი ფანქრით, ზოგიც კალმით, ლურჯ ან სხვა ფერის რვეულებში ნაწერი (როგორც მარინე რჩეულიშვილი აღნიშნავს) მისი ცხოვრების ქრონიკა. ოთხწლიანი ცხოვრების _ დიდი მყვირალობის ამბები.

მყვირალობა ირმების მდგომარეობაა, როცა ხარი და ფური ერთმანეთს დაეძებენ, მთიდან მთაზე გასძახიან, ქედებს, კლდეებს და ხევებს აზანზარებენ. ვისაც ერთხელ მაინც ამ მყვირალობისთვის მოუსმენია, იგრძნობდა ბუნების შემაძრწუნებელ ვნებას, ამ ვნების გამოხატვის საშინელ სილამაზეს… ქართულად ეს ვნება კარგად ჟღერს: „მყვირალობა“. გურამიც ხშირად ახსენებს თავის დღიურებში. „ჩემი ყვირილი ღრიალში იზრდება და საცაა დამაყრუებს. დავეხეტები და დავეძებ. უნდა ვიოვო, ვინ ვიპოვო?..“ აქ მხოლოდ ქალის ძებნაზე, ქალის გამო მყვირალობაზე არაა საუბარი. ეს გურამის უკიდეგანო სულიერი ვნების და ენერგიის ამოძახილია, ეს მისი მაძიებლობაა _ დიდი ღვთაებრივი შუქის, ძალის, სიყვარულის!..

ოთხი წელი გაგრძელდა მისი მყვირალობის დრო. ეს მუდმივი ექსტაზის მდგომარეობასავითაა, თითქოს გამუდმებით ჩართული ხარ რაღაც კოსმიურ გამოსხივებაში და ეს შენს ბედისწერადაც იქცევა, ეს გფლეთს სხვა ადამიანური მატერიისგან და გტოვებს ცარიელ შუქს, არა _ ჯერ წყვდიადს, უკუნს, რომელმაც დიდი სინათლე უნდა შვას. სწორედ ამიტომაა, რომ გურამ რჩეულიშვილის შემოქმედებაში არის ამხელა, დაწმენდილი შუქი. ეს მის ბიოგრაფიაში გავლილი წყვდიადის შედეგია, მისი შინაგანი სულიერი ორომტრიალი, მისი მუდმივ გამოსხივების ველში ყოფნა, სადაც თანაბარი ძალით ტრიალებს ცოდვა და მადლი, ტკივილი და სიხარული. თანაბარი და, რაც მთავარია _ გაასმაგებული ძალით.

„სანამ ამბავი _ სიკვდილი არ შემიძლია, უნდა ვწერო მასზე. როცა გამოილევა, თავს მოვიკლავ, ალბათ _ ეს იქნება ერთადერთი ამბავი, თანაც ყველაზე ღირსშესანიშნავი ჩემს ცხოვრებაში, რაზეც ვერ დავწერ“.

ესაც მისი დღიურიდანაა. სიკვდილი გურამმა თვითონ გამოიხმო _ თავისი მუდმივი ექსტაზით. თანაც როგორი სიკვდილი! ერთადერთი ფაქტობრივი შეცდომაა ამ ჩანაწერში _ მან ამ მშვენიერ სიკვდილზე (თვითმკვლელობას გულისხმობდა მაგრამ ადამიანისთვის თავის გაწირვა _ რაც მისი სიკვდილის მიზეზი გახდა _ რაღაც მომენტში შესაძლოა თვითმკვლელობადაც მივიჩნიოთ) უკვე დაწერა, თავის ყველა ტექსტში ამ სიკვდილზე წერდა, საკუთარ თავსაც და ადამიანებსაც ისე აჩვევდა, როგორც ყველაზე ამაღლებულ და ღვთაებრივ გამოგონებას. როგორც სამაგალითო საქციელს, რომელიც მარადისობაში შეგიძღვება.

გურამი იმ დრაკონს ჰგავდა, ვისი ამბითაც ეს წერილი დავიწყე _ თავისი ტვირთი _ სიყვარული ვეღარ დაიტია, ორმო ამოთხარა და ჩასძახა. ამ ჩაძახილზე ორმოდან ხე ამოვიდა. ხის ტოტმა ტოტს უთხრა, ქარმა კი სიყვარულის ამბავი სხვა ტოტისკენ წაიღო. მალე ის მთელ ქვეყანას მოედო.

გურამ რჩეულიშვილის ამბავი მთელმა ქვეყანამ იცის. ეს ამხნევებს ამ ქვეყანას, პასუხისმგებლობასაც სძენს და თავისუფლების ღვთაებრივი ძალითაც აშლევინებს მკლავებს სამყაროში.

და ბოლოს, ამ ამბავში კიდევ ბევრი საიდუმლოა. ჯერ ჩვენ ყველაფერი არ გაგვიგია. კიდევ ბევრი ტოტი უნდა დაირხეს და ბევრმა ქარმა გადაიქროლოს, სიყვარული კი პლანეტებში გაქვეყნდეს…

 

 

 

 

 

მასწავლებლის წიგნი – “ლიტერატურის სწავლება”

0

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, ჟურნალ “მასწავლებლის და ინტერნეტგაზეთ “mastsavlebeli.ge”-ს  ფარგლებში, მასწავლებლის ბიბლიოთეკის სერიით  კიდევ ერთი ახალი წიგნი –  “ლიტერატურის სწავლება” გამოსცა.

წიგნი საქართველოს ყველა სკოლას და საგანმანათლებლო რესურსცენტრს საჩუქრად გადაეცემა.

სახელმძღვანელოს ავტორები: ნესტან რატიანი, თეონა ბექიშვილი,  ნინო ლომიძე  გვთავაზობენ ლიტერატურის სწავლების იმ მეთოდებს და მიდ­გომებს, რომლებიც პრაქტიკულ რჩევებზეა დაფუძნებული და პასუხს სცემს უმთავრეს კითხვას – როგორ ვასწავლოთ ლიტერატურული საკითხები სკოლაში ისე, რომ მოსწავლემ შეძლოს მხატვ­რული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა და პროცესმა ბიძგი მისცეს თითოეულ მოსწავლეში არსებული უნიკალური – ინდივიდუალური და შემოქმედებითი – პოტენციალის გამოვლენას.

კითხვის უნარის განვითარება წიგნიერების საფუძველია, რაც სრულფასოვანი პიროვნების ჩა­მოყალიბების აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ეს უნარი ემსახურება მშობლიურ და მსოფ­ლიო ლიტერატურასთან ზიარებას; ამასთანავე, ნაირგვარი წერილობითი ტექსტის წაკითხვის, მათში მოცემული ინფორმაციის გაგების, გააზრებისა და გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშა­ვებას. მხატვრული ლიტერატურის შესწავლისას, მისი თავისებურებებიდან გამომდინარე, მოს­წავლეთა წინაშე ბუნებრივად ჩნდება საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობის ინდივიდუალუ­რი პერსპექტივა. პიროვნებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო პროცესში ლიტერატურის სწავლების მიზანია ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელშიც მოსწავლეს საშუალება ექნება, პიროვნული გამოცდილების საფუძველზე გაიაზროს და შეაფასოს მხატვრულ ტექსტებში ასახუ­ლი სიღრმისეული და ცხოვრებისეული პრობლემები.

ლიტერატურასთან ურთიერთობამ უნდა განუვითაროს მოსწავლეს მხატვრული და ესთეტიკუ­რი გემოვნება, გაუღვიძოს შინაგანი აქტიურობისა და თვითშემეცნების სურვილი.

წიგნის რედაქტორები : ნატო ინგოროყვა, მანანა ბოჭორიშვილი, ნანა მაჭავარიანი

დიზანი : ბესიკ დანელია

 

მასწავლებლის ბიბლიოთეკის კიდევ ერთი ახალი წიგნი – “სწავლების ფსიქოლოგია”

0

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, ჟურნალ “მასწავლებლის და ინტერნეტგაზეთ “mastsavlebeli.ge”-ს  ფარგლებში, მასწავლებლის ბიბლიოთეკის სერიით  კიდევ ერთი ახალი წიგნი –  “სწავლების ფსიქოლოგია” გამოსცა. წიგნის ავტორებია: მარიამ გოდუაძე და ცვატა ბერძენიშვილი.
სწავლების ფსიქოლოგია ცოდნის მიღებისა და ადეკვატური უნარ-ჩვევების გამომუშავების პროცესს სწავლობს. მის ამოცანას კი ამ პროცესის ბუნების, მახასიათებლების, ეტაპების, კრიტერიუმების, სწავლების დონისა და ხარისხის დიაგნოსტირების მეთოდების შემუშავება წარმოადგენს.
მნიშვნელოვანია, სწავლების დროს ბავშვის შემეცნებითი განვითარება განხილული იყოს სისტემატური სწავლების პირობებში. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია:
– შიდა და გარე ფაქტორების შესწავლა, რომლებიც განაპირობებენ შემეცნებითი საქმიანობის განსხვავებულობას სხვადასხვა დიდაქტიკურ სისტემებში;
– სწავლების მოტივაციური და ინტელექტუალური თანაფარდობის დადგენა;
– ბავშვის სწავლებისა და განვითარების პროცესების მართვის შესაძლებლობათა განსაზღვრა;
– სწავლების ეფექტურობის ფსიქოლოგიურ-პედაგოგიური კრიტერიუმების გამოვლენა და ა.შ.
პრაქტიკულ პედაგოგიკაში მნიშვნელოვანია ვუპასუხოთ კითხვას „როგორ?“
ამ სახელმძღვანელოს მთავარი მიზანი სწორედ ეს გახლავთ. ავტორები გვთავაზობენ აქტივობებს და მეთოდურ რეკომენდაციებს, რომელთა გათვალისწინებაც მასწავლებელს დაეხმარება სრულყოს სასწავლო პროცესი.

წიგნი საქართველოს ყველა სკოლას და საგანმანათლებლო რესურსცენტრს საჩუქრად გადაეცემა.

 

წიგნის რედაქტორები : ნატო ინგოროყვა, მანანა ბოჭორიშვილი, ნანა მაჭავარიანი

დიზანი : ბესიკ დანელია

წიგნის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან :

 

სწავლების ფსიქოლოგია

ჟურნალ “მასწავლებლის” კიდევ ერთი ახალი ნომერი!

0

გამოვიდა ჟურნალ “მასწავლებლის” 2017 წლის მესამე  ნომერი, რომელიც საქართველოს ყველა სკოლას და საგანმანათლებლო რესურსცენტრს საჩუქრად გადაეცემა.

ჟურნალის ამ ნომერში წაიკითხავთ :

 

სარჩევი

 

დასჯილი ბავშვების მეხსიერება

0

არასასურველი ქცევის სამართავად ბავშვის დასჯა რომ გამოსავალი არ არის და მას კარგი ქცევის წახალისების სტრატეგია სჯობს, ამაზე სპეციალისტები უკვე კარგა ხანია საუბრობენ. თუმცა, ამის მიუხედავად, ყოველდღიურად ვაწყდებით მოზარდებზე ძალადობისა თუ მათი დასჯის სცენებს როგორც საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, ისე სასწავლო დაწესებულებებში (ბაღებში, სკოლებში და სხვ.). მკითხველისთვის ყოველთვის ემოციურია ეპიზოდები წიგნებიდან, რომელიც არასრულწლოვნების გაროზგვას, ხელებზე სახაზავის დარტყმასა თუ სხვა ტიპის დასჯას ასახავს. სამწუხაროდ, ეს ჩვეული პრაქტიკა იყო საუკუნეების განმავლობაში და მას ზოგან დღესაც მიმართავენ.

ქვემოთ მოყვანილი ფრაგმენტები ცნობილი მწერლების წიგნებიდან, ვფიქრობ, მშობლებს დააფიქრებს, მასწავლებლებს დაეხმარება ამ თემაზე დისკუსიის გამართვაში, მოსწავლეებს კი უბიძგებს, მეტი მასალა მოიძიონ მხატვრული ლიტერატურიდან თუ კინემატოგრაფიიდან, რაც ზუსტი ანარეკლია ხოლმე დროისაც და ნაწარმოებების შექმნის ადგილისაც.

ბავშვობის დროინდელი ფსიქოლოგიური ტრავმები, რომელიც ფიზიკურ დასჯას უკავშირდება, ხშირ შემთხვევაში ღრმა კვალს ტოვებს მოზარდზე, გავლენას ახდენს პიროვნების ჩამოყალიბების პროცესზე, მთელი ცხოვრების განმავლობაში მიჰყვება ადამიანს, აისახება ხასიათზე, განსაზღვრავს შეხედულებებს, ქმედებებს და სხვ. ამიტომ მასზე დაკვირვება, მსჯელობა სკოლაში და გამოსავლის პოვნა აუცილებელი მგონია. მოდით, ერთად გადავავლოთ თვალი, რა სახეცვლილება განიცადა ამ, დღეისთვის უკვე მიუღებელმა, ქმედებამ სხვადასხვა ეპოქაში და როგორ აისახა ის რამდენიმე ქვეყნის ლიტერატურაზე.

 

*

აკაკი წერეთლისჩემი თაგადასავალი“, 1894-1908 წწ.

„მახსოვს და არც დამავიწყდება ჩემს დღეში: ერთი რუსის ბავშვი იყო – კრიჟანოვსკი, ძლიერ მოუსვენარი რამ, მაგრამ სხვებრ კარგი იყო. ერთხელ ნახევარი საათით დააგვიანდა კლასში მოსვლა და დირექტორმა „გააროზგვინა“; იმ დღესვე გაკვეთილი არ იცოდა და მასწავლებელმა „გააროზგვინა“; სწავლა რომ გათავდა, ზედამხედველმა „გააროზგვინა“: სახლში გიცელქია და მეზობლის ბავშვისათვის ქვა გისროლია – გიჩივლესო! ამითაც ვეღარ გადარჩა. ყველამ ერთად დააბეზღეს ინსპექტორს და იმანაც მოუნდომა „გაროზგვა“. ეს ინსპექტორი შეუბრალებელი რამ იყო და მისი ისე ეშინოდათ, როგორც სულთამხუთავისა. კრიჟანოვსკიმ, ტანჯვა რომ ვეღარ აიტანა, იშვირა ხელი და ფეხი და გადავარდა რიონში. რომ შემთხვევით იქვე არ დასწრებოდა ერთი მეგრელი მოსწავლე, ძალიან კარგი მცურავი, დაიღუპებოდა. ისე ცემა-ტყეპას ხომ ანგარიში არ ჰქონდა. ვაი, მისი ბრალი, ვისაც კარგი ხუჭუჭი თმა ჰქონდა! ერთ ყმაწვილს, გვარად ჭაჭიაშვილს, დიდი ყურები ჰქონდა. დიდი და პატარა ყველა ყურებში ავლებდა ხელს. ერთხელ გამხეცებულმა ზედამხედველმა შუამდი აახლიჩა ყური; გაუსივდა და მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში ისევ დაუწყო შეხორცება. მაგრამ ვინ აცალა შეხორცება! სტაცებდნენ ხელს და ხელახლა აგლეჯდნენ… ასე რომ გავიდა სასწავლებლიდან. ერთ მოსწავლეს – კლდიაშვილს – პირით დაჰკრა შუბლზე „ლინეიკა“ და თავთხლე გადაადინა, ძვალიც კი გაუტეხა. გულშემოყრილი ბავშვი შინ წაიღეს. ამ გარემოებისათვის ყურადღებაც არავის მიუქცევია. ამისთანები რამ უთვალავი იყო. ღვთის მადლით, მე ამცილდა ტანჯვა და ერთხელ მეტად არ გავლახულვარ, მაგრამ ეს ერთიც საკმაო იყო, მთელი ჩემი სიცოცხლე მოეტანჯა! დირექტორმა რომ მიმიყვანა, იმ დღიდან ჩემი მასწავლებელი სულ გულაღრენილი იყო ჩემზე და, თუკი შემთხვევა ექნებოდა, რასაკვირველია, არ დამზოგავდა. ერთხელ რომელიღაც მოსწავლემ ხაჭაპურები მოიტანა კლასში და ლატარიაში ჩააგდო თითო კაპეიკად, ყველამ მოაწერა ხელი. წამძლია სულმა და მეც მოვაწერე. შემოგვესწრო მასწავლებელი და იწყინა, როგორ გაგიბედიათ ხელის მოწერაო! აიღო დიდი, უშველებელი „ლინეიკა“ ხელში. თითო-თითოდ გაჰყავდა ხელის მომწერლები; ჰკითხავდა: რომელი ხელით მოაწერეო? და, პასუხს რომ მიიღებდა, დაჰკრავდა ხოლმე, რაც ძალი და ღონე ჰქონდა. „კიდევ მოაწერო?“ – ეკითხებოდა დაცინვით. მე ყველაზე ბოლოში ვეწერე, რადგანაც ჩემი გვარი წილზეა, და „ჟურნალში“ ანიდან იწყება გვარების წერა. იმ დროს საბა ორბელიანის იგავ-არაკები წაკითხული მქონდა და მომაგონდა ოფოფის ხრიკი, თავის გადარჩენა რომ უნდოდა და მელა გააბრიყვა. იმ განყოფილებაში წერის გაკვეთილი იყო. მე ვიფიქრე, რომ, თუ მარჯვენა ხელი მეტკინა, წერა გამიფუჭდება და მოდი მარცხენას გავიმეტებ-მეთქი. მეც რასაკვირველია მითხრა: „აბა დამნაშავე ხელი გამოაშვირეო!“ მე მარცხენა გავუშვირე. ჯერ დამკრა და მერე ეჭვი შეიტანა, რასაკვირველია განგებ, მარცხენა ხელით როგორ მოაწერდიო? რომ გამოვუტყდი, მარჯვენა ხელზეც დამკრა და გამიშვა. ტკენა ხომ ტკენა იყო, მაგრამ მე ის უფრო მტანჯავდა, რომ ჭკუა წავაგე და ორი „ლინეიკა“ დამკრეს, მაშინ როცა სხვები კი თითოთი გადარჩენ! ვტიროდი, ხელი მიკანკალებდა და, რასაკვირველია, კარგად ვეღარ დავწერდი!.. ნაწერები რომ გაარჩია მასწავლებელმა, დამიწუნა და კიდევ დამკრა „ლინეიკა“: უკეთ დაწერეო! კლასის გათავებამდი ოთხჯერ კიდევ დამკრა!.. ის დღე იყო და მას აქეთ ვეღარ გამოვბრუნდი. არ იქნა ვეღარ გადავიგდე გულზე ეს შემთხვევა. წერაში ხელი გამიფუჭდა და დღესაც კიდევ გაურკვევლად ვწერ; ვინც ჩემ ნაწერებს დახედავს, გაუკვირდება, რომ ზოგან კარგი ხელია და ადგილ-ადგილ კი ნაჯღაბნი და გაუგებარი. ეს მაშინ მემართება, როცა ინსტიქტურად მაგონდება ხოლმე მაშინდელი ჩემი ტანჯვა. ეს შემთხვევა რა გასახსენებელი იყო, მაგრამ მიტომ ვამბობ, რომ მშობლებმა და მასწავლებლებმა იგულისხმონ, თუ რა ძნელია სათუთ ბავშვებთან სასტიკად მოპყრობა და რა შედეგი მოჰყვება ხოლმე…“

 

*

ფრანც კაფკასწერილი მამას“, 1919 . (გერმანულიდან თარგმნა დევი ბერძენიშვილმა)

„ბავშვობის მოგონებიდან უშუალოდ მხოლოდ ერთი შემთხვევა მახსენდება. შეიძლება ის შენც გახსოვდეს. ერთ ღამეს წყალს განუწყვეტლივ და წუწუნით ვითხოვდი, ალბათ არა იმის გამო, რომ წყლის დალევა მინდოდა, არამედ, სავარაუდოდ, ნაწილობრივ თქვენს გასაბრაზებლად, ნაწილობრივ კი გასართობად. მას შემდეგ, როცა ძლიერმა მუქარებმა არ იმოქმედა, შენ საწოლიდან გამომიღე, აივანზე გამიტანე და ერთხანს იქ მარტო, ღამის პერანგის ამარა, დაკეტილ კარს მიღმა დამტოვე. იმის თქმა არ მინდა, რომ ეს არასწორი იყო, შესაძლებელია, სხვა გზით შუაღამისას მოსვენების მიღწევა შეუძლებელი იყო, ამით მხოლოდ შენი აღზრდის მეთოდების და ჩემზე  მათი ზემოქმედების დახასიათება მსურს. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, დავმორჩილდი, მაგრამ შინაგანად მოვტყდი. ჩემი აზრთა წყობით ვერაფრით შევძელი, წყლის დალევის სრულიად გასაგები, თუნდაც უშედეგო თხოვნის და ოთახიდან ჩემი გამოძევებით გამოწვეული ენით აუწერელი საშინელების ერთმანეთთან დაკავშირება. წლების შემდეგ ისევ მტანჯავდა იმის წარმოდგენა, რომ უზარმაზარ კაცს, მამაჩემს, უმაღლეს ინსტანციას, თითქმის უმიზეზოდ, შუაღამეს შეუძლია მომიახლოვდეს, საწოლიდან გამომაძროს და აივანზე გამიტანოს. აი, თურმე მისთვის როგორი არარაობა ვყოფილვარ.

იმ დროს ეს მხოლოდ უმნიშვნელო დასაწყისი იყო, მაგრამ საკუთარი არარაობის ხშირი განცდა (განცდა, სხვა მხრივ, კეთილშობილი და ნაყოფიერი) დიდწილად შენი გავლენის შედეგია. მე მხოლოდ ცოტაოდენი წახალისება, ცოტა მეგობრობა, საკუთარი გზით სიარულის მცირე შესაძლებლობა მსურდა, შენ კი ეს დამიხშე, რა თქმა უნდა, ყველაზე კეთილი განზრახვით, რადგან ჩათვალე, რომ სხვა გზით უნდა წავსულიყავი. თუმცა საამისოდ არ ვვარგოდი“.

 

*

მაია ენჯელოუსვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი, 1969 . (ინგლისურიდან თარგმნა ანი კოპალიანმა)

„თავიდან მეგონა, მეხუმრებოდა. უშნო ხუმრობა მეგონა, რომელსაც ასე დაამთავრებდა: „და მე რატომ არაფერი გამომიგზავნა?“ მაგრამ ერთი წუთის შემდეგ ოთახში ატმის ხისაგან გამოთლილი გრძელი, დრეკადი წკეპლით დაბრუნდა, რომელსაც ჯერაც ხილის თავბრუდამხვევი სუნი ასდიოდა. მან თქვა:

– დაიჩოქე! ბეილი უმცროსო, შენც აქ მოდი.

სამივე მუხლებზე დავეცით და მან დაიწყო:

– მამაო ჩვენო, შენ კარგად უწყი ყოველი გასაჭირი შენი მორჩილი მხევლისა. შენი შემწეობით ორი ვაჟკაცი აღვზარდე და ფეხზე დავაყენე. ბევრჯერ მგონებია, რომ ფარ­ხმალს დავყრიდი, მაგრამ ყოველთვის მაძლევდი ძალას, გზა გამეგრძელებინა. უფალო, ახლაც ჩაიხედე ჩემს დამძიმებულ გულში. ძალ­ღონეს არ ვიშურებ, ჩემი შვილიშვილები შენს კვალს შევუყენო, მაგრამ ეშმაკი ყოველ წამს ფეხს მიდებს. მაშინ, როდესაც მთელი ცხოვრება შენს სახელს ვადიდებდი, რას ვიფიქრებდი, თუ ოდესმე ჩემს ჭერქვეშ ღვთის გმობა გაისმებოდა, უფალო. და მას ყრმათა ბაგენი წარმოთქვამდნენ. მაგრამ შენ ბრძანე, რომ სამყაროს აღსასრულისას ძმა ძმის წინააღმდეგ აღსდგება, ხოლო შვილები მშობლებს აუმხედრდებიან. ბრძანე, იქნება კბილთა ღრჭენა და ხორცთა თელვა. მამაო, მუხლებზე ვხოხავ შენ წინაშე და გთხოვ, მიუტევე ამ ბალღს.

ახლა კი უკვე მთელი ხმით ვბღაოდი. დედუს ლოცვა კი ყვირილში გადაიზარდა და ხმა კუპრივით ჩაუსქელდა. მივხვდი, ჩემი დანაშაული უპატიებელი იყო და მძიმე სასჯელიც მომეზღვებოდა. მაღაზიაც კი უპატრონოდ მიაგდო, რომ ღვთის წინაშე ჩემთვის ნამუსი მოეწმინდა. როდესაც მორჩა, სამივე ვტიროდით. მან თავისკენ მიმიზიდა და ორიოდეჯერ გადამარტყა წკეპლა. ცოდვისგან მოგვრილმა გაოგნებამ და ლოცვით გამოწვეულმა კათარსისმა ქანცი გააცალა მას.

მაშინ დედუს არაფერი აუხსნია, მაგრამ მოგვიანებით, იმავე საღამოს, აღმოვაჩინე, რომ ჩემი გამათრახების მიზეზი იყო ფრაზა „სიმართლე გითხრა“. დედუმ აგვიხსნა, რომ „იესო იყო გზა ხსნისა, სინათლე და სიმართლე“, და ყველა, ვინც ამბობს „სიმართლე გითხრა“, გულისხმობს „იესოს შესახებ გესაუბრო“, ხოლო მის სახლში უფლის სახელის მოხსენიება ამაოსა ზედა აკრძალულია. როდესაც ბეილიმ ჩემს დასაცავად თქვა, თეთრკანიანები „სიმართლე გითხრას“ უბრალოდ საუბრის წამოსაწყებადაც ამბობენო, დედუმ გააწყვეტინა, რომ თეთრკანიანების ბაგეები ყველაზე მეტადაა შებილწული, ხოლო ყოველი სიტყვა, მათი პირიდან წარმოთქმული, უფალს განარისხებს“.

 

*

სვეტლანა ალექსიევიჩისცინკის ბიჭები“, 1989 . (რუსულიდან თარგმნა ზურაბ ქუთათელაძემ)

„რატომ მაიძულებთ წარსულის გახსენებას? ეს ყველაფერი ხომ ძალიან ინტიმურია: ჩემი პირველი მოკლულიც, ჩემი პირველი სისხლიც მსუბუქ ქვიშაზე და აქლემის თავის წოწოლა მილიც, რომელიც შეტორტმანდა ჩემს თავს ზემოთ, ვიდრე გონს დავკარგავდი. და ამავე დროს, სხვებივით, მე იქ ვიყავი. მთელი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ვთქვი უარი, ვყოფილიყავი ისეთი, როგორც სხვები… ერთხელ… საბავშვო ბაღში ჩვენ გვაიძულებდნენ, ხელები ჩაგვეკიდა ერთმანეთისთვის და წყვილ­წყვილად გვევლო. მე კი მარტო სიარული მიყვარდა. ახალგაზრდა აღმზრდელები კარგა ხანს ითმენდნენ ჩემს ასეთ ქცევას, მაგრამ მალე ერთ-ერთი გათხოვდა და წავიდა ჩვენგან, ხოლო მის ნაცვლად მოგვიყვანეს დეიდა კლავა.

– ჩაჰკიდე ხელი სერიოჟას! – მომიყვანა ვიღაც ბიჭი დეიდა კლავამ.

– არ მინდა.

– რატომ არ გინდა?

– მარტო მიყვარს სიარული.

– გააკეთე ისე, როგორც აკეთებენ სხვები – დამჯერი ბიჭები და გოგონები.

– არ ვიზამ!

სეირნობის შემდეგ დეიდა კლავამ გამხადა – ტრუსები და მაისურიც კი, გვერდზე გამიყვანა და სამი საათით დამტოვა ცარიელ ბნელ ოთახში. ბავშვობაში კი მარტო დარჩენაზე საშინელი არაფერია… სიბნელეში… გეჩვენება, რომ ყველას დაავიწყდი. ვეღარასდროს გიპოვნიან. მეორე დღიდან მე დავიწყე სერიოჟასთან ერთად ხელიხელჩაკიდებულმა სიარული. და გავხდი ისეთივე, როგორებიც სხვები იყვნენ. სკოლაში წყვეტდა კლასი, ინსტიტუტში – კურსი, ქარხანაში – კოლექტივი. ყველგან ჩემ მაგივრად იღებდნენ გადაწყვეტილებას. მე შთამაგონებდნენ, რომ ცალკე არსებულ ერთ ადამიანს არაფერი შეუძლია. რომელიღაც წიგნში წავაწყდი ფრაზას: „სიმამაცის მკვლელობა“. როდესაც იქ მივდიოდი, აღარაფერი იყო ჩემში მოსაკლავი; „მოხალისენო, ორი ნაბიჯი წინ!“ ყველანი დგამდნენ ორ ნაბიჯს და მეც ორ ნაბიჯს ვდგამდი“.

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...