ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
18 ივნისი, ოთხშაბათი, 2025

,,მშობლებს ადანაშაულებენ, მაგრამ არ ასწავლიან“

0

,,მშობლებს ადანაშაულებენ, მაგრამ არ ასწავლიან“.
       თომას გორდონი

,,მშობლებს ადანაშაულებენ ახალგაზრდობის ყველა პრობლემის, ასევე იმ პრობლემების გამო, რომლებსაც ის საზოგადოებას უჩენს“ (თ. გორდონი  ,,როგორ გავხდე კარგი მშობელი“). დიახ, ადანაშაულებენ, მაგრამ ცოტას ასწავლიან. რამდენი მშობელია იმისთვის მზად,  თავის თავზე რომ აიღოს შვილების აღზრდა? სწორედ ეს კითხვა დასვა  1962 წელს კალიფორნიის შტატში (აშშ) დოქტორმა თომას გორდონმა, რომელმაც  მშობელთა წვრთნის პროგრამა შექმნა, შემდგომ კი წიგნადაც გამოსცა. პროგრამა და წიგნი მშობელთა სწავლებისთვისაა შექმნილი. მისასალმებელია, რომ ქართულად ითარგმნა და გამოიცა. ამ წიგნის წაკითხვა და დამუშავება გახდა მთავარი მოტივი  მკითხველისათვის ჩემი შეხედულებები გამეზიარებინა. ამ ეტაპზე სამიზნე ჯგუფი დაწყებითი კლასების  მასწავლებლები იქნებიან.

როცა ახალგაზრდა მშობელი ვიყავი, მინდოდა ჩემ შვილებს ყველაფერი ჩემი სურვილისამებრ ეკეთებინათ და ვერ ვხსნიდი, რატომ ჰქონდათ პროტესტი ზოგიერთ რამეზე. როცა მრავალი წელი დაწყებით  კლასებში ვიმუშავე, გავეცანი მეთოდურ ლიტერატურას, ვაკვირდებოდი მოსწავლეთა ქცევებს, ბევრ რამეს მივხვდი, მათ შორის უმთავრესს  – მთავარია  გულისყურით მოვუსმინოთ  ბავშვებს (მოზარდებს). მათი ყველა მოქმედება, გამოთქმა, ჟესტი რაღაცას მიგვანიშნებს.  თომას გორდონს წიგნში მოჰყავს ასეთი მაგალითი: ბავშვი ეკითხება დედას: ,,საჭმელი  მალე იქნება?“(სავარაუდოდ შია), დედა უბრუნებს კითხვას: ,,სადმე გეჩქარება?“ შესაძლოა დედამ ბავშვის შეტყობინება არასწორად გაიგო, ბავშვს კი მართლა შია. დედამ მასში ეჭვი შეიტანა, რაც ბავშვისთვის შუმჩნეველი არ დარჩება და მსგავსი ურთიერთობის გაგრძელებამ შესაძლოა ურთიერთგაგებისა და ურთიერთნდობის დეფიციტი წარმოშვას. ამ შემთხვევაში, მოსალოდნელია, ურთიერთობა დროთა განმავლობაში გაქრეს. მას თ.გორდონი ,,მშობლების დათხოვას“ უწოდებს. დამეთანხმებით, ბევრი გვსმენია, რომ შვილი მშობლის აზრს და შეხედულებებს საერთოდ არ იზიარებს, ანუ ,,დაითხოვა“ მშობელი.

მინდა რამდენიმე საკითხს შევეხო, რომლებშიც მშობლებს დახმარება სჭირდებათ:

  • ძალიან ბევრი იწერება (მივესალმები ამ ფაქტს) ინკლუზიურ განათლებაზე, მშობლები ინფორმირებულები არიან მეტ-ნაკლებად, განსაკუთრებით ქალაქში, თუმცა ამას რაიონებზე, სოფლებზე ვერ ვიტყვით. ვფიქრობ, ამ კატეგორიის მშობლების დამატებითი ინფორმირებაა საჭირო, მეტი დარწმუნება მაგალითების ჩვენებით, გულისხმიერი მიდგომა.  ისინი უარს ამბობენ შვილებისთვის   სსსმ სტატუსის მინიჭებაზე, ეს კი, მოგეხსენებათ, ხელს უშლის პედაგოგებს,  ეფექტურად იმუშაონ ამ მოსწავლეებთან.
  • მშობელი, რომელმაც არ იცის ბავშვის (მოზარდის) ასაკობრივი თავისებურებანი, უკვირს: რატომ არ სჯერა მის პირველკლასელ შვილს მისი და სჯერა მასწავლებლის? რატომ უნდა მეტი თამაში და რატომ არ ჯდება გაკვეთილების მოსამზადებლად . თუ ეცოდინება, რომ პირველკლასელობა დიდობას არ ნიშნავს, რომ მან ჯერ კიდევ ბევრი უნდა ითამაშოს, დახარჯოს ენერგია, რომ ეს მისი ასაკისთვისაა დამახასიათებელი და ნელ-ნელა უნდა შეეჩვიოს სკოლას და წიგნებს, მაშინ მშობელი თვითონ დაეხმარება შვილს, დრო სწორად გაანაწილოს, გამოიყენოს სხვადასხვა აქტივობები.

ისმის კითხვა: ვინ უნდა ასწავლოს მშობელს ეს ყველაფერი? ჩემი აზრით, აქ დიდი როლი მასწავლებელს ეკისრება: მან ახალბედა მშობლებს  კორექტულად, თითქმის შეუმჩნევლად  უნდა ,,ასწავლოს“ შვილთან ურთიერთობა, მარტივი აქტივობები, რათა გაუადვილდეს ბავშვის ,,მართვა“. ვფიქრობ, უპირველესად, ასაკობრივი თავისებურებები უნდა იცოდეს მშობელმა, რომ არ უკვირდეს შვილის ესა თუ ის საქციელი, რაც ზოგადად დამახასიათებელია ამ ასაკში.  ხშირად დაინტერესდეს მისი დამოკიდებულებით სკოლისადმი, წაახალისოს, დაეხმაროს პატარ-პატარა უსიამოვნებების მოგვარებაში, აქტიურად მოუსმინოს და ყურადღებით გაშიფროს ყველა მისი შეტყობინება და ა.შ.

ბუნებრივად ჩნდება კითხვა: მოგვისმენს, გვენდობა მშობელი?  მშობელი უნდა დავარწმუნოთ, რომ ვზრუნავთ მის შვილზე(ეს აქსიომაა) და ამაზე არანაკლებია მისი დარწმუნება ჩვენს კომპეტენტურობაში. ამ ორი ძირითადი საკითხის მოგვარების შემდეგ, მშობელი მიიღებს ჩვენს რჩევებს, რეკომენდაციებს, მით უმეტეს, თუ რომელიმე ჩვენი რჩევა მას დაეხმარა პრობლემის მოგვარებაში.

ერთხელ ერთმა მშობელმა მომმართა ჩივილით, რომ მისი პირველკლასელი შვილი (ჩემი მოსწავლე) სახლში ძალიან უხეშია, განსაკუთრებით დედისადმი იჩენს აგრესიას, არ ასრულებს მის  მითითებებს, თხოვნასაც კი. ამ დროს იგივე მოსწავლე სკოლაში ძალიან თავაზიანია, კარგი ურთიერთობა აქვს თანატოლებთან.  პრობლემა და მიზეზი ერთად  იყო დასადგენი. ხშირად ვკონტაქტობდი მშობელთან, ერთად ვაკვიდებოდით დათოს ქცევებს, მაგრამ არაფერი იცვლებოდა. დავინტერესდი დათოს ურთიერთობით პატარა ძმებთან. აღმოჩნდა, რომ მათაც ეუხეშებოდა. დედამ გაიხსენა დათოს სიტყვები, რომელიც გაბრაზეულმა უთხრა: რას გააჩინე ეს ზუკა და თემოო… ის ძმებზე ეჭვიანობდა, ნაცნობი სიტუაცია, დამეთანხმებით…დედამ ჩათვალა , რომ დათო უკვე დიდი ბიჭია და პატარების ,,სამსახურში“ ჩააყენა. დათომ კი დედაც და ძმებიც ლამის შეიძულა. ეს პრობლემა ერთობლივად მოვაგვარეთ, მაგრამ რა მოხდებოდა, მშობელს რომ არ მოემართა მასწავლებლისთვის? სავარაუდოდ,  ურთიერთობა უფრო გაუარესდებოდა და დათო მშობლებს  გაუუცხოვდებოდა, ძმებსაც შეიძულებდა.

მშობლებს უნდა დავეხმაროთ, გამოიყენონ სწორი მიდგომები , მოგვენდონ, მიიღონ ჩვენგან კონსულტაციები და არც ჩვენ დავიღალოთ ე.წ. ,,რთულ“ მშობლებთან მუშაობით. მეც შემხვედრია და კოლეგებისგანაც მსმენია ე.წ. ,,საბჭოთა მშობლების“ შესახებ, რომლებთანაც ურთიერთობა , დამეთანხმებით, არც ისე მარტივია. ერთერთმა მშობელმა ნახა ჯგუფური მუშაობისთვის დალაგებული მერხები და პროტესტი გამოთქვა: ასე „ჯგროდ“ რა უნდა ისწავლონ ბავშვებმაო. მე ის დავპატიჟე ჩემს გაკვეთილზე და სწორედ ჯგუფური მუშაობა ვაჩვენე, სადაც მისი შვილი პრეზენტატორი იყო… მაშინვე არ უღიარებია  თავისი შეცდომა, თუმცა მსგავსი შენიშვნა მერე არ მოუცია (ხშირად გვსტუმრობს ხოლმე).

ბევრს ვფიქრობ და ვგეგმავ შევიმუშაო სხვადასხვა აქტივობები ე.წ. ,,პასიური“ მშობლების გასააქტიურებლად. ესეც  პრობლემაა და შევეცდები შემდგომში ამ საკითხშიც გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება.

და ბოლოს, მასწავლებლებს გთხოვთ, ვურჩიოთ მშობლებს იკითხონ მეთოდური ლიტერატურა. მე ვურჩევდი აუცილებლად წაიკითხონ თომას გორდონის ,,როგორ გავხდე კარგი მშობელი“. როცა ჩემი მოსწავლეების (და არამარტო მათი) მშობლებთან ამ წიგნის პრეზენტაცია გავაკეთე და სავარჯიშოებიც ერთად შევასრულეთ, მიხვდნენ, რომ მათ ეს სჭირდებათ.

ვფიქრობ, ერთ რამეში შევთანხმდებით, რომ მასწავლებელმა (განსაკუთრებით დაწყებითი კლასების) უნდა აღზარდოს არამარტო მოსწავლე, არამედ იზრუნოს მათი მშობლების ,,აღზრდაზეც“, რომ არ გაწყდეს ჯაჭვი:  მშობელი-მოსწავლე-მასწავლებელი, რომელიც სრულფასოვანი პიროვნების ფორმირების გარანტია.

 

 

ნატო კვარაცხელია–დმანისის მუნიციპალიტეტი, ირგანჩაის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი, პროგრამა ,,ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილე.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  • თ. გორდონი- ,,როგორ გავხდე კარგი მშობელი“–მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი-2014წ.
  • ლევან ლორთქიფანიძე- ,,საბჭოთა ადამიანი ცოცხალია“—-ჟურნალი ,,მასწავლებელი“- N 4 –2016წ.
  • ქეთევან ოსიაშვილი–,,როგორ ვითანამშრომლოთ მშობლებთან“–ჟურნალი ,,მასწავლებელი“ 2015წ.
  • Google—-დემიკ მეადორი–მშობლებთან მუშაობის ასპექტები“.

 

მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები და ინტერნეტი 

0

(მეორე ნაწილი)

სტატიის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ ციფრული წიგნიერების მნიშვნელობაზე, იმ უარყოფით შედეგებზე, რაც კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის შეუზღუდავმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს, გავეცანით რამდენიმე კვლევის შედეგებს და გავრცელებულ მოსაზრებებს. მეორე ნაწილში მიმოვიხილავთ ამ პროცესში სკოლის ჩართულობის მნიშვნელობას.

კვლევები (BITKOM Studie, 2014) წარმოაჩენს საინტერესო ტენდენციას: მოზარდები ობიექტურად ვერ აფასებენ ინტერნეტის პოზიტიურ თუ ნეგატიურ გავლენას. გამოკითხულთა 58% დარწმუნებულია, რომ ინტერნეტის საშუალებით მათ მხოლოდ დადებითი გამოცდილება მიიღეს. მხოლოდ 35% საუბრობს უარყოფით გამოცდილებაზე. ჩამონათვალში ლიდერობს მობინგი, საშიში ფილმების/ვიდეოების ნახვა და კონკრეტულ (ამ შემთხვევაში – გამოკითხულ) პირზე ცრუ ინფორმაციის გავრცელება. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მშობლებსა და სკოლას მართლაც მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ მოსწავლეთა ციფრული წიგნიერების განვითარებაში.

ციფრული წიგნიერების საკითხების მიმოხილვისას ჩნდება კითხვა: ახდენს თუ არა სწავლის შედეგებზე დადებით ან უარყოფით გავლენას ციფრული ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის გამოყენება? იქ, სადაც მასწავლებელი გაკვეთილებსა და დავალებებს შესაბამისად გეგმავს, მკვლევრები ერთმნიშვნელოვნად დადებით ეფექტზე საუბრობენ. თანამედროვე გაკვეთილი წარმოუდგენელია ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გარეშე. ვერც იმ ფაქტს ავუვლით გვერდს, რომ კომპიუტერი და ინტერნეტი მოსწავლის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ციფრულ ტექნოლოგიებთან ბრძოლის ნაცვლად უფრო გონივრული იქნება მათი ინტეგრირება სასწავლო პროცესში, რაც გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას და აამაღლებს მათი ციფრული წიგნიერების დონეს. გამონაკლისს არც კომპიუტერული თამაშები წარმოადგენს. თამაშზე დაფუძნებული სწავლების (Game-Based Learning) მოდელის განხილვისას აქტიური დისკუსია სწორედ ამ საკითხზე მიმდინარეობს – როგორ გახდეს კომპიუტერული თამაშები სასწავლო პროცესის ნაწილი და მაქსიმალური სარგებლობა მოუტანოს მოსწავლეს. მოდელის მიხედვით, სასწავლო გეგმაში მხოლოდ ის თამაშები შეიძლება იქნეს შეტანილი, რომელთა შინაარსი, სტრუქტურა და მიმდინარეობა სასწავლო პროგრამასა და სასწავლო მიზნებს შეესაბამება. შესაძლებელია საშინაო დავალებების იმგვარად ორგანიზებაც, რომ მათი შესრულების დროს მოსწავლემ კომპიუტერული თამაშები გამოიყენოს. მოდელს სუსტი მხარეებიც აქვს – სასწავლო მიზნით წარმოებული კომპიუტერული თამაშები ონლაინ თამაშებთან შედარებით გრაფიკითა და ხარისხით არ გამორჩევა. საგანმანათლებლო ორგანიზაციები და კომპიუტერული თამაშების პროვაიდერები არ არიან დაინტერესებულნი, ამ კუთხით მიმართონ ფინანსური რესურსები.

მეორე მიდგომა მასწავლებლებს საგაკვეთილო პროცესში მობილური ტელეფონის გამოყენებას სთავაზობს. „Mobile Learning“ (ხშირად გამოიყენება ტერმინი „mLearning“) გულისხმობს სასწავლო პროცესის წარმართვას მობილური საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით. ამ მიდგომის უპირატესობა ის არის, რომ კონკრეტული სასწავლო მასალის ათვისება ხდება არა მხოლოდ საკლასო ოთახში, არამედ მოსწავლისთვის სასურველ ნებისმიერ ადგილას.

ორივე მიდგომის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია, კონკრეტული კომპიუტერული თამაში თუ პროგრამა მორგებული იყოს სასწავლო მასალას და შეესაბამებოდეს სასწავლო მიზნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში დადებითი ეფექტის გაზომვა გართულდება. ჰოლანდიის კრიმინოლოგიის კვლევითი ცენტრის მიერ 2008 წელს ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, მოსწავლეებს, რომლებიც ბევრ დროს უთმობენ ძალადობის შემცველ კომპიუტერულ თამაშებს, უფრო დაბალი მოსწრება აქვთ. მკვლევრები აქვე აღნიშნავენ, რომ დაბალი მოსწრების მიზეზების კვლევისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ოჯახებში ძალადობის მიმართ არსებული გამოცდილება, სოციალური სტატუსი და შვილის განათლებისადმი მშობლების ინტერესი.

მრავალ ქვეყანაში ციფრული წიგნიერების საკითხები სასკოლო კურიკულუმშია ინტეგრირებული და დამოუკიდებელ საგნად არ ისწავლება, თუმცა მასწავლებლის განათლების განუყოფელ ნაწილად მოიაზრება და მის ცენტრში დგას ისეთი მნიშვნელოვანი პუნქტი, როგორიცაა ციფრული ტექნოლოგიების როლი აღზრდის, განათლებისა და სოციალიზაციის კონტექსტში. ევროპის არაერთ ქვეყანაში არსებობს ციფრული პედაგოგიკის მიმართულება, რომლის მიზანია, დაეხმაროს ბავშვებსა და მოზარდებს ციფრულ ტექნოლოგიებთან დამოუკიდებლად და კომპეტენტურად გამკლავებაში. მიუხედავად ამისა, განათლების თეორეტიკოსებს მიაჩნიათ, რომ მასწავლებლები სათანადოდ არ არიან მომზადებულნი ამ კუთხით და პროფესიული განვითარება სჭირდებათ. მათი აზრით, მასწავლებლები სირთულეებს აწყდებიან პრაქტიკაში, მშობლებთან ურთიერთობისას. სირთულეებს წარმოშობს ასევე მასწავლებელთა განწყობა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართ. საგაკვეთილო პროცესში ციფრული ტექნოლოგიების ყოველდღიური გამოყენების მხრივ ლიდერობენ ავსტრალია, კანადა და კორეა. დაბალი მაჩვენებელი აქვს გერმანიას – მათ მასწავლებლების მხოლოდ 9.1% იყენებს, 30%–ს კი მიაჩნია, რომ ასეთი აქტივობები მოსწავლეებს ყურადღებას უფანტავს და მათი ხშირი გამოყენება მიზანშეუწონელია.

ამ საკითხის მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულება ქართველ მასწავლებლებშიც შეინიშნება, თუმცა უნდა ითქვას, რომ ისინი ხედავენ პროფესიული განვითარების საჭიროებას. TALIS-ის კვლევის ანგარიშის თანახმად, საგნის სწავლებაში ახალი ტექნოლოგიების გამოყენება (62%) და საგნის სწავლებაში ისტ-ის გამოყენების უნარების გაძლიერება (68%) მასწავლებლებისთვის მნიშვნელოვანი საჭიროებაა. კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ქართველი მასწავლებელები შედარებით იშვიათად მიმართავენ სწავლების ისეთ მეთოდებს, როგორიცაა ისტ-ის გამოყენებით პროექტებსა და საკლასო დავალებებზე მუშაობა. თუმცა ამ მხრივ TALIS-ის ქვეყნების მაჩვენებელიც საკმაოდ დაბალია.

განათლების თეორეტიკოსების ერთი ნაწილი (მაგ. Junge, 2013) მოსწავლეებისთვის ციფრული წიგნიერების განვითარებაში სკოლას აკისრებს გადამწყვეტ როლს და არა ოჯახს. ისინი ყურადღებას ამახვილებენ შინაარსობრივ ასპექტებზე და აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საგაკვეთილო პროცესი, არამედ მთელი სასკოლო გარემო. ყოველივე ამის გათვალისწინებით, აუცილებელია, სკოლის თითოეულმა წარმომადგენელმა გააცნობიეროს ციფრული წიგნიერების მნიშვნელობა არა მხოლოდ ფორმალურ, არამედ შინაარსობრივ დონეზეც. მასწავლებელმა უნდა გაიაზროს, რომ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარი მხოლოდ ავტომატურად შესასრულებელ პროცესებს კი არ გულისხმობს, არამედ მათ კომპეტენტურ და გააზრებულ მართვასაც.

ციფრული კომპეტენციის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ მშობლებს. სტატიის მომდევნო ნაწილში გავეცნობით ამ საკითხის მიმართ მშობლებში გავრცელებულ მოსაზრებებს, აღზრდის მეთოდებსა და სხვადასხვა კვლევის შედეგებს.

მასწავლებლები – ენ სალივანი

0

 

(ნაწილი მესამე)

მასწავლებლობა შემოქმედებაა, რომელიც მასალის გარეშე წარმოუდგენელია. მასალა ან კარგად მოგვყვება ხელში ან – არა და ამიტომაც ხშირად ჩვენს გვერდზე მის ადგილს ვერ ვპოულობთ. შემოქმედი და ჭეშმარიტი ოსტატი ისაა, ვინც უცნაური მასალისაგან დიდი შრომის ფასად ოდესმე შედევრს ააკაშკაშებს, ღირებულ საგანს შექმნის – ყველასთვის საჭიროს და სასარგებლოს.

მსოფლიოს ახსოვს ენ სალივანი (Johanna Mansfield Sullivan Macy 1866-1936), ამერიკელი მასწავლებელი, რომელმაც შექმნა მთელი მეთოდოლოგია ერთდროულად სმენისა და მხედველობის არმოქნე ბავშვებთან მუშაობისთვის.

 

თავად ხუთი წლის ასაკში თვალის გადამდები დაავადებით მხედველობის დაკარგვის გამო დედით ობოლი ენ სალივანი განათლების მიღებას აგრძელებს პერკინსის უსინათლოთა სკოლაში (Perkins School for the Blind), რომლის დამთავრების შემდეგ, 20 წლის ასაკში, იმედიანი და სერიოზული,  იგი  თავის ადგილსა და როლს 7 წლის, ერთდროულად  უსინათლო და სმენის არმქონე ჰელენ კელერის გარემოცვაში პოულობს და მისი პედაგოგი ხდება.

წარმოდგენაც კი ძნელია, თუ როგორ შეიძლება იქცეოდეს აღზრდის არმქონე უსინათლო და უსმენო გოგონა, რომელიც სამყაროს მხოლოდ ხელების საშუალებით აღიქვამს და ამავე ხელებით ედება ყველას და ყველაფერს – მიწასა თუ საკვებს, ტალახსა თუ სიცოცხლისათვის საშიშ საგნებს, ნაცნობსა და უცნობს ერთდროულად. ხელები მისი თვალებია, ყურებიც, ფანტაზიაცა და წარმოსახვაც, კოვზიც, ჭიქაც… იქამდე, ვიდრე გადაშლილი წიგნი გახდება და მასში საკუთარ თავს არ ამოიკითხავს.

მასთან როგორ მოვიქცეოდით? რა იქნებოდა ჩვენი მიზანი – ის, რომ კოვზით ჭამა გვესწავლებინა თუ წიგნების წერა შთაგვეგონებინა?

ჩვენდა გასაოცრად, არაადამიანური ძალისხმევის ფასად ენ სალივანმა ორივე მიზნის მიღწევა შეძლო.  მისი სასწავლო გეგმა მოიცავდა მკაცრ გრაფიკს, რომელსაც შესავლის სახით ერთვოდა ახალი სალექსიკონო სიტყვები; მიდგომებსა და სტრატეგიებს ხშირად ცვლიდა, თუკი ჰელენ კელერთან მათ შეუსაბამობას აღმოაჩენდა.  ლექსიკას ასწავლიდა პირადი ინტერესიდან გამომდინარე, თითოეულ სიტყვას გოგონას ხელისგულზე ასო-ასო გამოწერდა. ისე, რომ ექვსი თვის მანძილზე 575  სიტყვა შეასწავლა, ასევე ნაწილობრივ დაამახსოვრებინა გამრავლების ტაბულა და ბრაილის სისტემა.  ენ სალივანმა ჰელენის მშობლები დაარწმუნა, რომ გოგონა სრულყოფილი განათლების მისაღებად პერკინსის სკოლაში გადაეყვანათ. 1888 წელს იგი, ჰელენთან ერთად ბოსტონს გაემგზავრა. ახლა იქ აგრძელებს მის განსწავლას და შესანიშნავი პროგრესის წყალობით სახელსაც მოუხვეჭს. ისე, რომ ჰელენი სკოლის საჯარო სიმბოლო  და მისი სახელის, პოპულარობისა და ფინანსების შესამჩნევი ზრდის წყარო ხდება, ხოლო თვით სკოლა ქვეყნის მასშტაბით უსინათლოთა საუკეთესო სკოლის სახელს იძენს.  ჰელენის პლაგიატორობაში დადანაშაულების გამო შეურაცხყოფილი ენ სალივანი ტოვებს პერსინსის სკოლას, თუმცა აგრძელებს რედკლიფის კოლეჯის დიპლომის მოსაპოვებლად გოგონას ასისტირებას.   Radcliffe College.

1905 წელს სალივანი ჰარვარდის უნივერსიტეტის ინსტრუქტორზე ქორწინდება. იგი მაშინაც კი არ ტოვებს თავის მოწაფეს, უფრო მეტიც, მეუღლეს სთხოვს, მას შრომების გამოქვეყნებაში დაეხმაროს. 9 წლის ერთჭერქვეშ თანაცხოვრების შემდეგ ოჯახი სიმტკიცეს კარგავს, ხოლო 1920 წელს ჯოზეფ ალბერტ მეისი საბოლოოდ უჩინარდება. ენ სალივანი ცხოვრების ბოლომდე მეუღლის გარეშე, ჰელენთან ერთად აგრძელებს არსებობას.

1932 წელს ენ სალივანი და ჰელენ კელერი შოტლანდიის საგანმანათლებლო ინსტიტუციის საპატიო სტიპენდიას იღებენ. საპატიო ხარისხებს მოიპოვებენ ტემპლის უნივერსიტეში, ხოლო 1955 წელს ენ სალივანი ჰარვარდის უნივერსიტეტის საპატიო ხარისხის მფლობელიც – honoris causa  ხდება.

„სასწაულმოქმედი“ (The Miracle Worker ) – იმ ფილმის სახელწოდებაა, რომელიც უილიამ გიბსონმა ჰელენ კელერის ავტობიოგრაფიული წიგნის, „ჩემი ცხოვრების“  The Story of My Life  მიხედვით ენ სალივანის შესახებ 1962 წელს  გადაიღო და მათი ცხოვრების ურთულესი გზა აღწერა. ეს არის  მეოცე საუკუნის 40-იან წლებამდე მომხდარი ისტორია, რომლის მთავარი პერსონაჟები ამტკიცებენ, რომ  მოზარდისთვის, რომელიც ერთდროულად თუნდაც უსინათლო და სმენის არმქონე იყოს, წარმატებისთვის გზა მხოლოდ მაშინ არის ხსნილი, როდესაც მას მასწავლებელი შთააგონებს, რომ მიუღწეველი არაფერია; როდესაც იგი ენის მთელი ლექსიკონიდან მხოლოდ ერთ სიტყვას – „შეუძლებელს“ ამოიღებს და მის გარეშე მიიტანს მოწაფის აზრამდე, გულამდე, შეგრძნებამდე.

ფილმი მეორედ 2000 წელს გადაიღეს. იგი ინგლისურენოვანია და ქართულად ჯერ არ თარგმნილა.

 

ასევე ინგლისურენოვანია 1962 წელს გადაღებული ფილმიც, რომლის ლინკიც აქვეა:

 

https://www.youtube.com/watch?v=zZsgEQaogVg[1]

არსებობს დაახლოებით მსგავსი სცენარის მიხედვით 2013 წელს შექმნილი ფილმი „ჩემი სამყარო“, რომლის სცენარის ავტორი თურქი რეჟისორი, უღურ იუჯელია.  ფილმი ქართულად უკვე ნათარგმნია. თავად განვსაჯოთ, რა არის მათში სიმართლე და რა – გამონაგონი:  https://net.adjara.com/Movie/main?id=10241

ფაქტი ერთია, პალიტრაზე ფუნჯის ერთმა არასწორმა მონასმმა შეიძლება ტილოს ძალა დაუკარგოს, ერთმა ყალბმა ბგერამ – მელოდიას განვითარება წაართვას, ერთმა არასწორმა არქიტექტურულმა გათვლამ – სავალალო თუ ფატალური შედეგები გამოიწვიოს. მასწავლებლებმაც თეორიულად იციან, რომ მათ მიერ ნათქვამი ერთი სიტყვა ან ქმედება ზოგჯერ დაახლოებით  ბოლო მაგალითის ბადალი შედეგების მომტანია და, ამის მიუხედავად, მაინც ჭირს ისე მოღვაწეობა, რომ ყოველ ბავშვში დავტოვოთ კვალი ნათელი. არადა, თურმე შესაძლებელია და თანაც როგორ!

 

სასარგებლო რესურსები:

  1. https://en.wikipedia.org/wiki/Anne_Sullivan
  2. https://en.wikipedia.org/wiki/Helen_Keller

 

ჭირისა და ლხინის აღმართი

0
Red Chair on salt flats, facing the distance

აღდგომის მეორე დღეა. ჩემი სოფლის ეზოში სკამზე ვზივარ და იმაზე ვფიქრობ, როგორ არავინ დარჩა ამ სოფელში. ტკბილი მზე და სითბოა, სიწყნარე, და თბილ სიოს წიწილების “წრიახი” მოაქვს (ასე ეძახდა წიწილების ხმაურს ბებია). ცალკე ჩიტები ჭიკჭიკებენ. იმერული გაზაფხულის დილები განსაკუთრებულად მცხუნვარე და სურნელოვანია. სასაფლაოსკენ მიმავალი მანქანების მოძრაობაც შეწყდა, ყველამ მოიხადა ვალი გარდაცვლილთა წინაშე და ქალაქებისკენ დაადგა გზას. დარჩა სოფელი თავის სიმყუდროვესა და მარტოობაში, როგორც არის მიჩვეული, ისე.

ნუნუ ბიცოლა მიუყვება აღმართს. ოდნავ წელში მოხრილს, ცალი ხელით დოინჯი შემოურტყამს, ცალი კი ტუჩებზე მიუფარებია და ხმადაბლა ტირის. მესმის, როგორ ამბობს, ლევანი მოკვდაო. ლევანი, მამაჩემის “გარე” ბიძაშვილი და ჩემი მეზობელი. კიდევ ვფიქრობ: აღარავინ დარჩა სოფელში, კაცები სულ გაიკრიფნენ, ზოგი – იმქვეყნად, ზოგი – ქალაქში, ზოგიც გალოთდა. სხვაგან არ ვიცი რა ხდება, მაგრამ აქ ასეა. დღითი დღე ცარიელდება, ლპება, ინგრევა ყოველივე იმის ნარჩენები, რასაც ჩვენი ბებია-ბაბუები აშენებდნენ, რაშიც თავიანთ სიცოცხლეს დებდნენ. ლევანიც მოკვდა, ბაჩია. გკითხავდა ასე: როგორ ხარ, ბაჩია? ტკბილი და მოსაფერებელი სიტყვა იყო ლევანისთვის “ბაჩია”. სულ იღიმებოდა და ლაპარაკში არასოდეს გამოერეოდა ის დამცინავი კილო, რომლითაც ასეა გაჯერებული ჩემი თანასოფლელების ლექსიკა. გულიანად გიღიმოდა და ისეთ სითბოს და პატივისცემას გამოხატავდა, რომ ურთიერთობა ბუნებრივად ხდებოდა მეგობრული.

ჰოდა, ორშაბათ ღამით მოკვდა ბაჩია, აპარატზე შეერთებული, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში. შვილი ედგა თავზე. ღამით მოასვენეს სოფელში. ცოლმა შეიცხადა, მერე კი მთელი მეზობლობა იქ შეიკრიბა. სოფელი მიჩვეულია სიკვდილის ხმას და წინათგრძნობას, ლოდინსაც და მისთვის მზადებასაც. გაიგონა სიკვდილის ხმა და აფუსფუსდა უცებ. პანაშვიდისთვის სკამები გადაიტანეს, ქალები შეიკრიბნენ და დასუფთავება და დალაგება დაიწყეს. მოკლედ, როგორც ხდება, განსაკუთრებული არაფერი. სიკვდილი სოფლისთვის ჩვეულებრივი ამბავია. მერე ყველაფერი ძველ კალაპოტს დაუბრუნდება და გადარჩენილები გააგრძელებენ ცხოვრებას. დაფნას მოჭრიან, მიწას გათოხნიან, თხილს დაკრეფენ, ერთმანეთს რამეზე წაეკიდებიან, გადაემტერებიან, მერე შერიგდებიან და ასე. საქმეს და მიზეზს რა გამოლევს სოფელში.

ბიძაჩემი რომ მოკვდა დიდი გორების გადაღმა, ტყეში, სადაც ხარშებმული ურმით იყო წასული შეშის მოსაჭრელად თავის ბიჭთან ერთად, იმ დიდი გორებისა და ქვაღორღიანი აღმართების სიკვდილის ადგილიდან ბებიაჩემ შურას ბრძანებით წამოიღეს შავი ძაფი, მის სულს სახლის გზა რომ არ დაჰკარგვოდა. ამ ძაფმა გამოიარა დიდი გორები, აღმართები, დაღმართები და გაჩერდა ჩემი ბავშვობის ეზოში, რომელსაც ჩემს ბავშვობაში ერტყა ხის მესერი და რომლის შუაგულშიც იდგა მამაჩემი სხვა კაცებთან ერთად, ნერვიულად ეწეოდა სიგარეტს და ხვდებოდა პანაშვიდზე მოსულ ადამიანებს. იმ დღეს მამაჩემთან აღარ შევჩერებულვარ, პირდაპირ ავედი “ზალაში”, სადაც მეგულებოდა ჩემი საყვარელი ბიძაშვილების გარდაცვლილი მამა და ჩავეხუტე ბებიას.

ის დიდი აღმართი, რომლითაც ვუახლოვდები ჩემი ბავშვობის სახლებს, ხანდახან არ მიყვარს, რადგან მახსენებს იმ ტკივილებთან მიახლოების წუთებს, რომლებსაც სულმოუთქმელად გავდიოდი. მაგრამ ამ აღმართის ავლას ბევრი ნათელი მოგონებაც თან სდევს. ეს ჩემი ხსოვნის აღმართია, რომელიც მიმიძღვის ჩემი ბავშვობის მცხუნვარე მზით განათებული ეზოსკენ, სადაც ფეხშიშველები დავრბოდით და ხანდახან ერთმანეთს ვეკინკლავებოდით ბიძაშვილები. და იმ დღეს, როდესაც ჩემი ბიძაშვილების მამა აღარ დაბრუნდა იმ ქვაღორღიანი გორების აღმართებიდან, ბებიაჩემმა მითხრა: “ადგილი მოუნაცვლე უშობელს”, – და მერე ვფიქრობდი, რა დროს ძროხაზე დარდი იყო, მაგრამ ცხოვრების კანონი ესაა – რაღაცებს ადგილი უნდა მოუნაცვლო და ცხოვრება გააგრძელო, წინ იარო…

აღმართი დიდია. მძიმე და გულის გასახეთქი. სულს ვერ მოითქვამ, სანამ არ აივლი, სანამ არ შეხედავ, სანამ არ ჩაეხუტები, სანამ არ იტირებ, სანამ არ გაიხარებ იქ მისვლით. ეს ტკივილების, სიხარულის, ბავშვობის მოგონებების, ფეხშიშველა სიარულის, ბებიას ბაზარში გაცილების და მერე ლოდინის აღმართია. ამ აღმართს ამოივლიდნენ სხვა უბნის ბიჭები, რომ ამ აღმართის თავზე მოქცეულ სასაფლაოს გორაზე ეთამაშათ ფეხბურთი. ამ აღმართში მხვდებოდა ბებია, როცა ქალაქიდან მარტო მის სანახავად მივდიოდი სოფელში და თუ წვიმდა, მეტყოდა, შენი ბრალია, შენ მოიყვანე წვიმაო, მერე კი შევუდგებოდით სახლისკენ მიმავალ გზას.

ისეთი აღმართია, ძალიან ბევრჯერ რომ უნდა აიარო და მის მიტოვებაზე არც კი იფიქრო.

მუსიკალური ენის საიდუმლო: მუსიკის პულსი (I ნაწილი)

0

რიტმი სამყაროს საფუძველს წარმოადგენს. ის უნივერსალურია.

 

რიტმი თან სდევს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას. ის ყოველ ნაბიჯზე შეიგრძნობა: სიარულში, გულისცემაში, საათის ისრების მოძრაობაში… ხშირად გვესმის გამოთქმები: „მუსიკალური რიტმი“, „ლექსის რიტმი“, „ცეკვის რიტმი“, „გულის რიტმი“, „ბიორიტმი“… საინტერესოა, ყოველივე ამას ერთმანეთთან რა აკავშირებს. რა თქმა უნდა, სიმწყობრე – რიტმი ხომ თანმიმდევრულ მოძრაობებს გამოხატავს.

რიტმი უწყვეტ კავშირშია ციკლთან, პერიოდულობასთან. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ადამიანის ცხოვრების რიტმი მაღვიძარას სვლას ჰგავს. ბუნებაში მიმდინარე ყველა პროცესი ციკლურია, ისევე როგორც წელიწადის დროების, დღისა და ღამის, სიცოცხლისა და სიკვდილის, მოძრაობისა და უძრაობის, ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის, დაძაბულობისა და მოდუნების, შექმნისა და ნგრევის, ბედნიერებისა და ტანჯვის მონაცვლეობა. ყოველივე ეს რიტმის კანონების გამოვლენაა, მისი განვითარება, ევოლუცია. ვინაიდან ადამიანს არ შეუძლია გაექცეს მის გავლენას, მოძრაობის საკუთარი რიტმი ცხოვრების გზაზე სწორედ ამ კანონის ჩარჩოებში უნდა ვეძებოთ.

მაგალითად, გული, ჩვენი ორგანიზმის ერთგული ძრავა, მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუსვენებლად, მოუღლელად შრომობს. მისი შრომისუნარიანობის საიდუმლო რიტმულ მოძრაობაშია. გულის რიტმი შეკუმშვისა (სისტოლა) და მოდუნების (დიასტოლა) მუდმივ მონაცვლეობას ემყარება და ეს ქმნის ცხოვრების პულსს.

გული ჩვენი მოქმედებების, გრძნობებისა და აზრების უზუსტესი ინდიკატორია. ყველაფერი, რაც ჩვენში ხდება, ყოველგვარი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ცვლილება, გულის რიტმზე აისახება. გული, სულიერი წონასწორობის ერთგული მცველი, ყოველთვის გვაძლევს საფრთხის ნიშანს რიტმის მოსალოდნელი რღვევით. ცხოვრების ორომტრიალში მას ჩვენი შეჩერებაც შეუძლია მოულოდნელი გაჩერებით.

 

რიტმი არის წესრიგი მოძრაობაში

პლატონი

 

მუსიკის ზღაპრულ სამყაროში შესაღწევად და მისი არსის ამოსაცნობად ფანტაზიას უნდა მოვუხმოთ. მუსიკა სულია, ცხოვრების სარკე, რომელშიც ადამიანური არსებობის ყველა მხარე აისახება. ეჭვს არ იწვევს, რომ მუსიკა ვერაფრით იქნება უმოძრაო. ის, წყაროსავით, განუწყვეტლივ მიედინება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მუსიკა ცოცხალია. თუ ადამიანის გულის ძგერა თანაზომიერი დარტყმებით – პულსით განისაზღვრება, რასაც მთლიანობაში ჩვენი ცხოვრების რიტმი შეგვიძლია ვუწოდოთ, მუსიკასაც აქვს თავისი პულსი. პულსი კი ძალიან ჰგავს საათის მექანიზმს. მუსიკა პროცესია, რომელიც დროში ვითარდება.

მუსიკა როგორც ზემოქმედების მძლავრი ინსტრუმენტი ჭეშმარიტად რიტმული გამღიზიანებელია. მისი მეშვეობით შესაძლებელია ადამიანის გუნება-განწყობაზე, ხასიათზე, ფსიქიკაზე მიზანმიმართული ზემოქმედება. მაგალითად, მარში, განსაკუთრებით – სამხედრო, საბრძოლო სულისკვეთებას აღძრავს. სრულიად სხვაგვარად ჟღერს სამგლოვიარო მარში. ორივესგან განსხვავებულია სააკვნე სიმღერების რიტმები. რიტმულია საცეკვაო მუსიკაც. ფართო საზოგადოებაში რიტმი უმეტესად ცეკვასთან ასოცირდება. გამოთქმას „ცეკვის რიტმი“, რაც მოძრაობის კოორდინირებულ წესრიგს ნიშნავს, არცთუ იშვიათად გაიგონებთ. განასხვავებენ აფრიკულ, ლათინოამერიკულ, ესპანურ, ქართულ, რუსულ, ბოშურ და სხვა ხალხთა ცეკვების რიტმებს.

სამყარო აღსავსეა რიტმებით. ჩვენ რიტმს აღვიქვამთ როგორც მხედველობით, ისე სმენით. გაჭენებულ ცხენს რიტმულად გამოჰყავს ტაქტი. მატარებლის ბორბლებიც რიტმულ ხმაურს გამოსცემს.

რიტმის ცნება დამახასიათებელია ლიტერატურისთვისაც. სწორედ რიტმით განსხვავდება ლექსი პროზისგან.

რიტმი არის არქიტექტურასა და სახვით ხელოვნებაშიც.

თუმცა დღეს თქვენს ყურადღებას მხოლოდ მუსიკალურ რიტმზე შევაჩერებ.

 

საზოგადოდ, აზროვნება და, კერძოდ, მუსიკალური აზროვნება წესრიგს მოითხოვს. ეს წესრიგი მუსიკაში სწორედ რიტმს შემოაქვს. რიტმი ახარისხებს და ათანხმებს ბგერებს გრძლიობის მიხედვით დროში (გრძლიობაზე ერთ-ერთ მომდევნო წერილში გესაუბრებით).

მელოდიაში როგორც უმნიშვნელოვანეს ინტონაციურ საწყისში ვლინდება ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი მუსიკალური ელემენტი – რიტმი. ის სწორედ მელოდიის გავლით ავლენს თავის გამომსახველობასა და ორგანიზაციულ შესაძლებლობას. მელოდია უშუალო კავშირშია რიტმთან, თუმცა მათი გზები ისე იყოფა, რომ მელოდიას ბგერის სიმაღლის ცვლილებას მივაკუთვნებთ, ხოლო რიტმს – ბგერების დროში ორგანიზებას გრძლიობისა და მახვილის მიხედვით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რიტმი – დინება სხვადასხვა გრძლიობის ბგერათა მონაცვლეობას, რიტმულ ნახაზებად დაჯგუფებას ნიშნავს, ანუ ბგერათა გრძლიობისა და თანმიმდევრობის ურთიერთდამოკიდებულებაა. მუსიკალური ნაწარმოებები რიტმულად ზედმიწევნით ორგანიზებულია. ამ რიტმული წესრიგის უკან კი ხშირად სრულიად სხვადასხვა გრძლიობის ნოტები იმალება. სხვა სიტყვებით, თანამედროვე, ყოვლად აუხსნელ ნაწარმოებებშიც კი საქმე რიტმულად იდეალურ წესრიგთან გვაქვს.

მუსიკალურ ნაწარმოებს რიტმის გარეშე არსებობა ისევე არ შეუძლია, როგორც ადამიანს – გულის მუშაობის გარეშე. არსებობს ნაწარმოებები, სადაც წამყვანი როლი სწორედ რიტმს ეკისრება. ასეთია, მაგალითად, მორის რაველის საორკესტრო ნაწარმოები „ბოლერო“.

მელოდიის გამომსახველობის სხვა დამხმარე საშუალებებს (კილო, ჰარმონია…) შედარებით მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს.

 

მუსიკის გული რიტმია

მუსიკას მუდამ თან ახლავს თანაბარი პულსაცია, რომელიც არ გვესმის, მაგრამ ყოველთვის შევიგრძნობთ. ეს პულსაცია გვაიძულებს, მუსიკის თანხლებით ვიმოძრაოთ.

პულსაცია ნებისმიერ ნაწარმოებში შეიგრძნობა, განსაკუთრებით – საცეკვაო მუსიკაში. პულსაცია რიტმშია. ეს ის თანაბარი დარტყმებია, რომელსაც მუდამ ფეხის, ხელის ან თავის მოძრაობას ვაყოლებთ, რასაც მუსიკა გვაიძულებს. მაგალითად, თავის ერთი გაქნევა ერთ წილს შეესაბამება. წილი მეტრის ერთი „უხილავი“ დარტყმაა. წილების ამგვარი თანაბარი მიმდევრობა კი პულსაციას ქმნის.

ახლა განვიხილოთ ტერმინების მეტრისა და წილის მნიშვნელობა. რიტმს როგორც ბგერების მიმდევრობას მეტრი აწესრიგებს. რა არის მეტრი? მეტრი მუსიკალური დროის სვლაა, გამოხატული თანაბარი პულსაციით. ის განსაზღვრავს ძლიერი და სუსტი წილების (დარტყმების) მონაცვლეობას განსაზღვრულ ტემპში. როგორიც არ უნდა იყოს რიტმი, მასში ყოველთვის ძლიერი და სუსტი ბგერები ანუ დროის წილები ენაცვლება ერთმანეთს. ასეთ დროს ჩვენი თავის რიტმული მოძრაობა უნებლიეთ რომელიმე ერთ დარტყმას (წილს) გამოკვეთს. მონოტონურ დარტყმებს, რომლებიც საერთო რიტმულ ნაკადში იკვეთება, ძლიერ წილებს ვუწოდებთ, ხოლო მათ, რომლებიც რიტმული სურათიდან არ იკვეთება – სუსტს. ძლიერი წილი ყოველთვის აქცენტირებულია, სუსტი კი – არა. სწორედ ამგვარ ძლიერი და სუსტი წილების თანაბარ მონაცვლეობას ეწოდება მეტრი. შემდგომში, როდესაც მუსიკას მოუსმენთ, შეეცადეთ, ძლიერი და სუსტი წილები ერთმანეთისგან განასხვაოთ.

 

დავალება:

  1. ხმითა და მაგიდაზე ხელის დარტყმით გაახმოვანეთ საათის წიკწიკის და მატარებლის მოძრაობის რიტმი;
  2. შეარჩიეთ მუსიკალური მონაკვეთი და ეცადეთ აჰყვეთ რიტმს მაგიდაზე ხელის დარტყმით ან ტაშით;
  3. მუსიკალური თანხლების გარეშე მოიფიქრეთ საკუთარი რიტმული ორნამენტი და გაახმოვანეთ;
  4. გაკვეთილზე მოსწავლეები ორ ჯგუფად გაყავით. ერთი ჯგუფი მეტრის თანაზომიერ დარტყმას ანუ პულსს ტაშით შეასრულებს, ხოლო მეორე ამ პულსაციის ფონზე რაიმე კონკრეტულ რიტმულ მონახაზს შექმნის (გრძელი და მოკლე ბგერების განსაზღვრული წესით შეხამებას რიტმული ნახაზი ეწოდება).

მასწავლებლებმა მოსწავლეებს მკაფიოდ უნდა ავუხსნათ რიტმის როლი მუსიკაში და მეტრ-რიტმის ჩვევათა გამომუშავების აუცილებლობა.

საგაკვეთილო რესურსი- ლიტერატურული თამაში ,,კარუსელი’’

0

 

„ქართული ენა მხოლოდ ერთ-ერთი სასწავლო საგანი კი არ არის, არამედ, სხვა საგნებისგან განსხვავებით, სწავლების ენაა, ყველა დანარჩენი საგნის შესწავლის საშუალებაა“ (ე.ს.გ., ზოგადი ნაწ.,). ამიტომ ქართულის სწავლებამ მოსწავლეს მხოლოდ კონკრეტული ცოდნა კი არ უნდა მისცეს, არამედ ხელი უნდა შეუწყოს პიროვნების მიერ ცხოვრებისეული, სოციალური თუ სხვა სირთულეების დამოუკიდებლად დაძლევის პროცესს.

მაგრამ რაოდენ ძნელია, ყოველგვარ მასალას, მით უფრო – ლიტმცოდნეობის საკითხებს, „მოარგო“ ეს „დებულება“. მოსწავლეს უნდა მიაწოდო ინფორმაცია, თვალსაჩინოების გამოყენებით აუხსნა მასალა, მაგრამ მერე? საჭიროა ცოდნის განმტკიცება-გამოყენება. ამისთვის მოსწავლეს უნდა დავუსახოთ კონკრეტული მიზანი, მივცეთ დავალება, რომლის შესრულებაც შესაძლებელია და რომელიც შედეგზე გაგვიყვანს. არადა, ხშირად სწორედ დავალება აღმოჩნდება ხოლმე უინტერესო ან დამღლელი: „მოიძიე“, „ამოწერე“, „დააჯგუფე“, – გამუდმებით ესმით მოზარდებს, რაც, ალბათ, მოსაწყენია.

მოსწავლეებს ყოველთვის ვერ შევთავაზებთ  საინტერესო პროექტს (ეს ხომ ბევრ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს), მაგრამ შეგვიძლია, მივცეთ სახალისო დავალება, რომელიც საინტერესოც იქნება და ცოტა დამაინტრიგებელიც; მიზანი – ნათელი; შედეგი – მისაღები, მაგრამ არაპროგნოზირებადი. ეს გახლავთ ლიტერატურული თამაში.

მოსწავლეებზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ თუმცაღა ისინი დაწყებითი საფეხურიდანვე სწავლობენ ლიტმცოდნეობის ცნებებსა თუ საკითხებს (მაგ., ტროპის სახეებს), საბაზო და საშუალო საფეხურებზეც კი უჭირთ მათი გარჩევა, მოგვიანებით კი – მხატვრული ანალიზის დაწერა. არცთუ იშვიათია შემთხვევა, როცა მოსწავლე თეორიულად აყალიბებს „წესებს“, მაგრამ პრაქტიკული მუშაობისას ერთმანეთში ერევა, მაგალითად, შედარება და მეტაფორა.

დღესდღეობით მასწავლებლის წინაშე ბევრი ამოცანა დგას. შეიცვალა დრო და შეიცვალა მოთხოვნებიც მოსწავლეების მხრივ. მათ მეტი თვალსაჩინოება, მეტი ინტერაქტივი სჭირდებათ. ისინი ძველებურად პასიურად ვეღარ იღებენ მშრალად მიწოდებულ ინფორმაციას.

დაწყებით საფეხურზე ამ თამაშს ხშირად ვიყენებდი (მარტივი ფორმით), შემდეგ საბაზო-საშუალო საფეხურზე ვცადე „ლიტსახელოსნოს“ (ასე ვეძახით სტანდარზედა საგანს – ლიტმცოდნეობას) ბავშვებთან, მერე და მერე გამოყენების არეალი კიდევ უფრო გავაფართოე – მეშვიდე-მერვეკლასელებთან, ჩვეულებრივ სასწავლო პროცესში, და გაამართლა.

ვფიქრობ, ქართულის გაკვეთილზე ეს თამაში ძალზე მოხერხებული და შედეგიანია. ის ეფექტია იმით, რომ მასალის ათვისება-განმტკიცებასთან ერთად უნარ-ჩვევების გამომუშავებასაც უწყობს ხელს, სააზროვნო უნარებთან ერთად ავითარებს კონცენტრირების, მობილიზების, განწყობის შექმნისა და გამოხატვის ან, პირიქით, მისი დაძლევისა და ყურადღების სხვა რამეზე გადატანის უნარს.

თამაში მრავალფეროვნებით გამოირჩევა. შეგიძლიათ, დაისახოთ სხვადასხვა სასწავლო მიზანი (შესასწავლი თუ შესწავლილი მასალიდან გამომდინარე) და მრავალგვარი ინტერპრეტაციით ათამაშოთ ნებისმიერი ასაკის ბავშვები. აქტივობა მეტად სახალისოა და მოსწავლეთა ინტერესს იწვევს, მათ მოტივაციას ზრდის. ამაში თავად დარწმუნდებით.

როგორ ვითამაშოთ?

ერთი მოსწავლე ფურცელზე წერს ფრაზას და გადააწოდებს მეორეს. მეორე ცდილობს, ლოგიკურად გაარძელოს აზრი, განავითაროს მოქმედება თუ სრულყოს დაწყებული აღწერა – წერს მომდევნო წინადადებას და ფურცელს მესამეს გადასცემს და ასე შემდეგ. ფურცელი წრეზე ტრიალებს (თუ კლასი მრავალრიცხოვანია, შესაძლოა, მოსწავლეს მხოლოდ 2-ჯერ მოუწიოს წინადადების დაწერა, ანუ ფურცელმა მხოლოდ ორი წრე გააკეთოს. თუ ბავშვების რაოდენობა მცირეა, მაგ., 5-10 (ან თუ გუნდურ სამუშაოდ აქცევთ ამ თამაშს), შეგვიძლია, განსაზღვრული დრო გამოვყოთ და დროის ამოწურვამდე რამდენსაც მოასწრებენ, იმდენი წინადადება მიამატონ (ან წინასწარ განვუსაზღვროთ, რამდენი უნდა დაწეროს თითოეულმა). მოსწავლეები აუცილებლად გააფრთხილეთ, რომ დრო იწურება და შეეცადონ, ლოგიკური დასასრულისკენ წაიყვანონ ტექსტი.

დავალება რომ უფრო სახალისო და საინტერესო გახდეს (თუ ბავშვების მოუთმენლობას გავითვალისწინებთ), შეგვიძლია, მივცეთ არა ერთი ტექსტი, არამედ, რამდენიმე; თითოეულმა მოსწავლემ დაწეროს ფურცელზე პირველი წინადადება და ყველამ ერთად გადააწოდოს ერთმანეთს საათის ისრის მიმართულებით.

თამაში, როგორც მოგახსენეთ, ლავირების საშუალებას იძლევა და ნებისმიერ პედაგოგს შეუძლია, მოარგოს იგი საკუთარ ინტერესებსა და მიზნებს.

შესაძლებელია:

  • პირველი წინადადება ჩვენ შევთავაზოთ (თუ კონკრეტული თემა გვაინტერესებს);
  • შევუქმნათ განწყობა;
  • მოვასმენინოთ მუსიკა ან ვაჩვენოთ ნახატი, რომლის შთაბეჭდილებაც გახდება ტექსტის შთამაგონებელი;
  • გავამარტივოთ თამაში – თითოეულ მოსწავლეს დავაწერინოთ არა 1 წინადადება, არამედ 1 აბზაცი (2-3 წინადადება), განსაკუთრებით – თუ პირველად ვთამაშობთ ან უმცროსკლასელებთან ვატარებთ ამ აქტივობას.
  • გავართულოთ თამაში – დავასახელოთ თემა და მოსწავლეებს ავუხსნათ, რომ ისე უნდა დაწერონ საკუთარი „წინადადება“, ერთმანეთის ნაწერი არ ნახონ, არ იცოდნენ, რა დაწერა თამაშის სხვა მონაწილემ (ამ დროს ფურცელს გადაკეცავენ და ისე აწვდიან ერთმანეთს ან ვურიგებთ პატარა ბარათებს, რომლებსაც ვკრებთ, რიგის მიხედვით ვკინძავთ და ისე ვკითხულობთ.

როგორც უკვე აღვნიშნე, მე ამ თამაშს მხატვრული ხერხების შესწავლისას მივმართავ. უპირველეს ყოვლისა, მოსწავლეებს ვაძლევ მარტივ ინსტრუქციას: შექმნან შედარებები ან მეტაფორები ან გამოიყენონ ეპითეტები და ა.შ. თუმცა თამაშის გამოყენება შეიძლება სხვადასხვა თემისა თუ საკითხის შესწავლა-განმტკიცებისთვის. უბრალოდ, თამაშის წესებში ვამატებთ, რომ:

  • წერონ მარტივი, შერწყმული ან რთული წინადადებებით (იმისდა მიხედვით, რა საკითხის განსამტკიცებლადაც გვჭირდება);
  • გამოიყენონ შესწავლილი უცხო სიტყვები;
  • განავითარონ სიუჟეტი;
  • შექმნან ჩანახატი, ესკიზი, პეიზაჟი, პორტრეტი, დიალოგი და ა.შ.

ამრიგად, ეს დავალება ხელს უწყობს მოსწავლეს, გაითავისოს მასალა, მიღებული ცოდნა პრაქტიკულად გამოიყენოს. ამ დროს, ლოგიკურ აზროვნებასთან ერთად, აქტიურდება მისი შემოქმედებითი უნარები. გარდა ამისა, მოზარდს უჩნდება საკუთარი თავის რწმენა.

თამაში ინდივიდუალურ მუშაობას მოითხოვს და, მიუხედავად ამისა, ბავშვს გუნდის წევრად აგრძნობინებს თავს, რასაც, ბუნებრივია, თავისი დატვირთვა აქვს. მასწავლებლის სტანდარტის თანახმად, პედაგოგი სწორედ ამ უნარებს უნდა უვითარებდეს და უაქტიურებდეს მოსწავლეებს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის გახლავთ, რომ აქ არავინ არაფერს იწუნებს და არავინ არავის სთხოვს პასუხს იმის გამო, რომ რაღაც ვერ გააკეთა ან ტექსტი შეუსაბამო გამოვიდა. პირიქით, ასეთი „შეცდომები“უფრო სახალისოს ხდის თამაშს. აქ კიდევ ერთი მომენტია მნიშვნელოვანი – ხშირად, შეცდომებზე უკეთ ვხედავთ და ვსწავლობთ; გააჩნია, ეს შეცდომები როგორ გამოააშკარავეს. თამაშში კი, როგორც აღვნიშნეთ, არც სახელი მიეთითება და არც ის, ვინ რა თქვა, თუმცა თავად მოსწავლე მიხვდება, მის მიერ დაწერილი ფრაზები სწორი და მაღალმხატვრული გამოვიდა თუ არა.

თამაში შედეგიანია ზემოაღნიშნული საკითხების სწავლებისას, ვინაიდან მოსწავლე უფრო კრეატიულად იწყებს ფიქრს და, რაც მთავარია, იყენებს ცოდნას, რაც, ერთი მხრივ, ამ ცოდნის განმტკიცებაში ეხმარება, მეორე მხრივ, მის საჭიროებაში არწმუნებს და ამგვარად ამაღლებს მოტივაციას, დაბოლოს, ასტიმულირებს ბავშვის შემოქმედებით უნარებს. ამასთან, ეს იმდენად სახალისოა (ბავშვებს ისეთი ინტერესი უჩნდებათ, რა გამოვა ბოლოს, მით უმეტეს, როცა ერთმანეთის ნაწერს არ კითხულობენ), ვერც კი აცნობიერებენ, რომ ეს ჩვეულებრივი დავალებაა, ჩვეულებრივი სასწავლო პროცესი.

„სწავლა თამაშით“ და „სწავლა კეთებით“ – კეთება ცოდნისთვის და ცოდნა კეთებისთვის – ეს წრიული პროცესია.

სიტუაციური სავარჯიშოები ინტერკულტურული განათლებისთვის

0

 

სოციალური ცვლილება შეუქცევადია. ადამიანს, რომელმაც კითხვა ისწავლა, ამ უნარს ვეღარ წაართმევთ. ვერ დაამცირებთ ადამიანს, რომელიც სიამაყეს გრძნობს. ვერ დათრგუნავთ ადამიანს, რომელსაც აღარ ეშინია.

ცეზარ ჩავესი

მასწავლებლის ცოდნა ვითარდება და თვითსწავლის პროცესში ცალკეული მასწავლებლების აქტიური ჩართულობით სრულყოფილი ხდება. (Lau, Yu & Chan, 2008)

 

 

ხელოვნების მასწავლებელი

ჩემი ვიზიტი 20 მოსწავლისაგან შემდგარი პროგრამის ფარგლებში რუტინული იყო. როგორც სკოლის მონიტორინგის სამსახურის წევრი, რეგულარულად ვაფასებდი პროგრესს ქალაქის სკოლებში. ქალაქის ღარიბულ გარეუბანში მდებარე ეს სკოლა უკანასკნელი იმედი იყო იმ უფროსკლასელებისთვის, რომლებიც სკოლიდან გარიცხვის მუდმივი რისკის ქვეშ იყვნენ. ჰყავდათ ქალი და მამაკაცი მასწავლებლები, მათ შორის აფროამერიკელი – ჯამალი და ლათინოამერიკელი – მარია. ისინი მთელი მონდომებით ცდილობდნენ გამოემზეურებინათ მოსწავლეთა მიღწევები, თუმცა ძალზე მოკრძალებულად საუბრობდნენ პროგრამის წარმატებისთვის გაწეულ საკუთარ დაუღალავ შრომაზე.

სკოლის შემოვლისას შევნიშნე მოსწავლეების მიერ ხელით შეკერილი, მაკრამესა და სხვა ნამუშევრების სიუხვე. როცა მასწავლებლებს ვკითხე, მითხრეს, რომ სწავლის მკაცრი რეჟიმის დასაბალანსებლად მნიშვნელოვნად მიაჩნდათ, მოსწავლეთათვის შეეთავაზებინათ შემოქმედებითი გამოცდილება. ვიცოდი, რომ სკოლას ბიუჯეტის მუდმივი დეფიციტი ჰქონდა, ამიტომ დავინტერესდი, როგორ შეძლეს ამ პირობებში მასწავლებლის მოწვევა. პასუხად მივიღე, რომ „ძალიან გაუმართლათ“. ეჭვიანი ბუნების გამო კიდევ რამდენიმე კითხვა დავუსვი იმის შესახებ, თუ როგორ მოიძიეს ხელფასისთვის თანხა და როგორ მიიღეს თანხმობა დამატებითი მასწავლებლის მოწვევის შესახებ. ისევ მიკიბ-მოკიბული მოკრძალებული პასუხი მივიღე. სიმართლე ჩემი ვიზიტის შემდეგ მალევე გამოვარკვიე.

ხელფასის დღეს ჯამალი და მარია საკუთარი ხელფასიდან ფულის ნაწილს კონვერტში დებდნენ და საიდუმლოდ უხდიდნენ პენსიაზე გასულ ქალბატონს. ის კვირაში ორჯერ მოდიოდა სკოლაში და მოსწავლეებს ასწავლიდა, როგორ გამოეყენებინათ საკუთარი შემოქმედებითი ენერგია. მოსწავლეები მას „ბებიას“ უწოდებდნენ და ხელისგულზე ატარებდნენ. თემში ყველამ იცოდა ეს ამბავი და იწონებდნენ.

 

  1. რას ფიქრობთ ამ ორი მასწავლებლის ქმედებაზე?
  2. რა გავლენა ექნება მათი და ხანდაზმული ქალბატონის ქმედებას მოსწავლეთა განათლებაზე?
  3. ამ ამბის საფუძველზე რის თქმა შეიძლება ქვეყნის განათლების მდგომარეობის შესახებ?
  4. საკუთარი გამოცდილების მიხედვით ახსენით, რა სირთულეების წინაშე არიან თანამედროვე მასწავლებლები. დაახარისხეთ ეს სირთულეები. ახსენით რანჟირების თქვენეული წესი.
  5. ისაუბრეთ მიზეზებსა და გადაჭრის გზებზე?

 

როგორ უნდა მოიქცეს?

კახა 45 წლის ყოფილი პროგრამისტია და სწავლობს, რომ მასწავლებელი გახდეს. სამუშაო ცხოვრების 20 წლის განმავლობაში ის სიამოვნებას იღებდა მაღალი ტექნოლოგიების კომპანიაში მუშაობის სწრაფი ტემპით. მოუთმენლად ელოდება, რომ ამავე სიამოვნებას მიიღებს კლასის წინაშე მასწავლებლის მაგიდასთან მჯდომიც.

მასწავლებლობის პირველი პრაქტიკა პატარა საუნივერსიტეტო ქალაქში მოუწია, რომელიც განსხვავდებოდა ლურჯსაყელოიანთა იმ საზოგადოებისაგან, სადაც თავად გაიზარდა. ვის არ შეხვდებოდით აქ – უნივერსიტეტის პროფესორთა, მაღაზიის მეპატრონეთა თუ საწარმოს მუშების შვილებს. ბევრი იყო ემიგრანტი მოსწავლე. სკოლაში რამდენიმე ენაზე საუბრობდნენ. მისი ბავშვობის სკოლა სრულიად სხვაგვარი იყო – მხოლოდ ქართველი და ღირსეული ოჯახების შვილები სწავლობდნენ, რომლებიც იმ ქალაქის მკვიდრნი იყვნენ რამდენიმე თაობის განმავლობაში.

ახალი ნაბიჯების გამო დაძაბულმა პირველ დღეს რამდენიმე გასაცნობი აქტივობა შესთავაზა მოსწავლეებს, რომლებიც ხალისით აჰყვნენ. ის მოუთმენლად ელოდა ნამდვილი სწავლების დაწყებას საკუთარი ბავშვობის მოგონებებით ფრთაშესხმული – როგორ წყნარად ისხდებოდნენ მერხებთან და მთელი ყურადღებით მოუსმენდნენ მასწავლებელს მათემატიკის უცნაურობების შესახებ.

მეორე დღე განსხვავებული იყო. კლასი სულ უფრო და უფრო მოუსვენრად იყო მისი შესავალი ლექციის დროს. ისინი არც წყნარად ისხდნენ და არც უსმენდნენ მის საუბარს. უარს ამბობდნენ კითხვებზე პასუხის გაცემაზე. კიდევ უფრო დაიძაბა მდგომარეობა, როცა მან სახელმძღვანელოდან დავალების შესრულება სთხოვა. რაკი წყნარად არ ისხდნენ და არ მუშაობდნენ, კახას ბევრჯერ მოუხდა გაკვეთილის შეწყვეტა და დისციპლინის დამყარება. ის ბეჯითად მიჰყვებოდა მასწავლებლის გზამკვლევიდან გაკვეთილის გეგმას, მაგრამ მოსწავლეები ვერაფრით აიყოლია. ზოგიერთ მოსწავლეს კარგად არ ესმოდა ქართული და დავალების შესრულებისას დახმარება სჭირდებოდა. როგორც ჩანს, ახლად ემიგრირებულთა შვილებს მისი ფრაზეოლოგიზმები არ ესმოდათ და დაბნეულები უყურებდნენ.

მან შენიშნა, რომ ბიჭებს შორის გარკვეული დაძაბულობა იყო. გოგონები ბევრი ბიჭის საქციელის გამო გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას. კლასში ერთობა არ იყო და მრავლად გაისმოდა დამცინავი და შეურაცხმყოფელი შეძახილები. ყველაფერი, რაც სწავლების შესახებ იცოდა, უსარგებლო ეჩვენებოდა…

 

  1. თქვენი აზრით, რა არის მასწავლებლის არაეფექტურობის მიზეზი?
  2. რას ურჩევდით მასწავლებელს სწავლების ეფექტურობის ასამაღლებლად?
  3. შეადარეთ ეს სცენარი საკუთარ გამოცდილებას. ჰგავს თუ არა? თუ ჰგავს, რა მოიმოქმედეთ სიტუაციის უკეთესობისაკენ შესაცვლელად? თუკი მსგავსი გამოცდილება ჯერ არ გაქვთ, შეადარეთ ეს სცენარი თქვენი მოსწავლეობის, სტუდენტობის გამოცდილებას.
  4. როგორ შეიძლება მასწავლებელი უკეთ მოემზადოს სწავლებისთვის?

 

ემიგრანტი და დევნილი მოსწავლეები

ტულონი ოჯახთან ერთად ახალგადმოსული იყო საცხოვრებლად ამ ქვეყნის ერთ-ერთ პატარა ქალაქში. ისინი, როგორც დევნილები, რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდნენ. მათ სამშობლოში რამდენიმე წელი მძვინვარებდა სამოქალაქო ომი, რომელმაც ათასობით უდანაშაულო მოქალაქე შეიწირა. ოჯახმა ყველაფერი დაკარგა. ორი წელი დევნილთა ბანაკში გაატარეს, სანამ რომელიმე ქვეყანა მათ მიღებაზე დათანხმდებოდა. ამ ორი წლის განმავლობაში მისი და-ძმა ავადმყოფობამ გადაიყოლა.

ტულონი ასაკის შესაბამისად მეხუთე კლასში დასვეს მისის ბიმანთან, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისურად არცერთი სიტყვა არ იცოდა. მას სკოლაში არასოდეს უვლია და ზარდაცემული იყო ახალი გარემოთი. მისის ბიმანმა, დამწყებმა მასწავლებელმა თავი არ დაზოგა, რომ ტულონისთვის წერა-კითხვა ესწავლებინა, მაგრამ ურთიერთობებთან დაკავშირებით ვერაფერს გახდა. ზოგიერთმა თანაკლასელმა სცადა ტულონთან ურთიერთობა, თუმცა, მალევე გადაიფიქრეს ენობრივი ბარიერის გამო. ზოგმა დაცინვა დაუწყო, რაც მალევე იქცა ბულინგის საბაბად. როცა კლასს მანდატური ეწვია სასაუბროდ, მისი უნიფორმით შეშინებული ტულონი გაიქცა და ტანსაცმლის კარადაში დაიმალა. თანაკლასელთა სიცილმა და ხმაურმა ბიჭი კიდევ უფრო შეაშინა და აატირა. კლასელების ნაწილი მისმა ქცევამ შეაშინა, ნაწილმა კი ისევ დაცინვა განაგრძო. ათასგვარ მეტსახელს ეძახდნენ, დერეფანში ხან მუჯლუგუნები ხვდებოდა ხან წიხლები, თუმცა, ყველაზე მძიმე განსაცდელი ავტობუსით სკოლისაკენ და უკან გზა იყო. ტულონი ვერ ხვდებოდა ასე ძლიერ რატომ ეჯავრებოდათ ბავშვებს. მისის ბიმანი ხვდებოდა, რას განიცდიდა ბიჭი. ნუთუ ტულონი და მისი ოჯახი არასაკმარისად იტანჯნენ?

ეზოში ტულონი მარტოდმარტო თამაშობდა ხეებს უკან. ის პატარა მარტოსული ბიჭი იყო, რომელმაც საკუთარ ქვეყანაში ცხოვრებაში მრავალი საშინელების ნახვა მოასწრო. ახლა უცნობ ახალ ქვეყანაში ის ახალი განსაცდელების წინაშე იყო.

 

  1. რა მიგაჩნიათ ტულონის საჭიროებებად?
  2. რა მიგაჩნიათ თანაკლასელებისა და სკოლის საჭიროებებად?
  3. მისი მასწავლებელი რომ ყოფილიყავით, რით დაიწყებდით?
  4. როგორ შეძლებდით მოსწავლეებისთვის იმ ცხოვრების შესახებ საუბარს, რომელიც ტულონსა და სხვა ემიგრანტებსა თუ დევნილებს აქვთ ახალ ქვეყანაში?
  5. რომელი სამოქალაქო უფლებები (კანონით გარანტირებული პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური უფლებები, რომელიც გააჩნია ყოველ მოქალაქეს როგორც საზოგადოების წევრს. რწმენისა და სინდისის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, პრესის თავისუფლება, გადაადგილების თავისუფლება (ადამიანის უფლება თავისუფლად აირჩიოს ის ქვეყანა, სადაც ცხოვრება უნდა), სამართლიანი სასამართლოს უფლება, სიცოცხლის უფლება, რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური თუ სქესობრივი დისკრიმინაციის დაუშვებლობა – მაგალითად, არ შეიძლება ერთსა და იმავე სამუშაოს შესრულებაში ვიღაცა სხვებზე ნაკლებს იღებდეს, იმიტომ, რომ ის არის ქალი, ან ზანგი, ან ებრაელი და ა. შ.) ირღვევა მოცემულ სიტუაციაში?

 

კარგი სწავლება კარგი სწავლებაა (თუ არა?)

1994 წელს შევიმუშავეთ 3-დღიანი კურსი „ინტერკულტურული კურიკულუმის შექმნა“. ეს ინტენსიური კურსი ეხმარებოდა მონაწილეებს ცნობიერების ამაღლებაში, ცოდნის გაღრმავებაში, ინტერკულტურული გაკვეთილების შექმნასა და შეძენილი ცოდნის გამოყენებაში.

წლების განმავლობაში მსმენელების კომენტარების მიხედვით რამდენიმე ტენდენცია გამოიკვეთა იმის თაობაზე, თუ რას ფიქრობენ კულტურის შესახებ ცოდნის მნიშვნელობასა და კულტურის მიმართ მგრძნობიარე კურიკულუმზე. ერთ ზაფხულს ერთ-ერთი ტენდენცია მაგალითის სახით მოიყვანა ნატალიმ, დაწყებითი კლასების მუსიკის მასწავლებელმა. ნატალი კავკასიელი იყო და სკოლაში მუშაობის 5 წლის გამოცდილება ჰქონდა. როცა დასაწყისში მას კულტურის მიმართ მგრძნობიარე სწავლებისთვის მომზადების შესახებ დაუსვეს კითხვა, მან ასე უპასუხა: „აქ ჩემი მეგობრის წყალობით ვარ. უნდა ვთქვა, რომ სკეპტიკურად ვარ განწყობილი ინტერკულტურული განათლების მიმართულებით ძალისხმევის შესახებ. მტკიცედ მჯერა, რომ კარგი მასწავლებელი კარგი მასწავლებელია. არ მგონია, რომ საჭირო იყოს განსაკუთრებული ყურადღება რასის, კულტურის, გენდერის, რასიზმის და დისკრიმინაციის სხვა ფორმების მიმართ. უბრალოდ, უნდა ვიცოდე, რომ კეთილსინდისიერი და სამართლიანი ვარ და კარგად ვიცი საგანი“.

3-დღიანი კურსის დასრულებისას დასკვნით შეხვედრაზე ნატალიმ აღიარა, რომ ბევრი ახალი გაიგო იმის თაობაზე, რას ნიშნავს კარგი მასწავლებელი. მან აღნიშნა, რომ არსებობს გარკვეული ცოდნა, უნარები და გამოცდილება, რომელიც მნიშვნელოვანია მასწავლებლისთვის, თუკი სურს ყველა მოსწავლისთვის ეფექტურად წარმართოს საქმიანობა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ნატალიმ საკუთარი თავის შესახებ შეიტყო ბევრი რამ. მისი აზრით, მისი, როგორც თეთრკანიანის სწავლების სტრატეგიები შესაძლოა წარმატებული იყოს თეთრკანიანებთან მუშაობისას, მაგრამ ნაკლებ წარმატებული ან სულაც წარუმატებელი – არათეთრკანიანებთან. მან ისწავლა, რომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს მოსწავლეთა დაჯგუფების წესს და სხვა გამოცდილებას, რომელიც საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს მისი მრავალფეროვანი მოსწავლეებისთვის. და ბოლოს, ნატალიმ აღმოაჩინა, რომ კურსებმა მაღვიძარას როლი შეასრულა მისთვის – აიძულა გადაეხედა საკუთარი ცოდნა და ვარაუდები სწავლებისა და სწავლის შესახებ.

  1. იმსჯელეთ ნატალის განსაზღვრებაზე „კარგი მასწავლებელი, კარგი მასწავლებელია“. რას ნიშნავს ეს ნათქვამი თქვენთვის?
  2. ის ფაქტი, რომ ნატალი კავკასიელია გავლენას ახდენს თუ არა მის შეხედულებაზე კულტურის როლის შესახებ სწავლება-სწავლაში? ახსენით საკუთარი აზრი.
  3. თქვენთვისაც ნაცნობია თუ არა ნატალის სკეპტიციზმი ინტერკულტურული განათლების შესახებ? ახსენით საკუთარი აზრი.
  4. წარმოიდგინეთ, რომ სხვა ქვეყანაში ხანგრძლივად მოგიწევთ ყოფნა და გჭირდებათ მისი კულტურის შესწავლა. თქვენი აზრით, კულტურის რა ასპექტების ცოდნა იქნება მნიშვნელოვანი?
  5. წარმოიდგინეთ, რომ უცხო ქვეყანაში მოგიწევთ სკოლაში სწავლა. რა გენდომებოდათ, რომ სცოდნოდათ მასწავლებლებს თქვენი და თქვენი კულტურის შესახებ, რომ წარმატებით გესწავლათ?

 

ჩვენი და სხვისი კულტურა

ქვემოთ მოცემული ცხრილი დაგეხმარებათ უკეთ შეძლოთ საკუთარი და სხვების (ეს სხვა შესაძლოა იყოს მეგობარი, ნაცნობი, უცნობი, რომელსაც ინტერვიუს ვთხოვთ მოცემულ საკითხებზე) კულტურის გაცნობიერება.

 

ჩემი კულტურა სხვისი კულტურა
1. სადილობის წესი

 

 

 

 

1. სადილობის წესი
2. ჩემთვის ძვირფასი რწმენა

 

 

 

 

2. მისთვის ძვირფასი რწმენა
3. ჩემი ოჯახის ერთი ტრადიცია

 

 

 

 

3. მისი ოჯახის ერთი ტრადიცია
4. ერთი რამ, რასაც არ ვაკეთებთ (ტაბუ)

 

 

 

 

4. ერთი რამ, რასაც არ აკეთებენ (ტაბუ)

 

კითხვები:

  1. იფიქრეთ, რამ მოახდინა გავლენა კითხვებზე პასუხის გაცემისას. ახდენს თუ არა გავლენას რელიგია, სოციო-ეკონომიკური სტატუსი, სქესი ან კულტურული იდენტობის სხვა ასპექტები თქვენსა და სხვის რწმენასა და ქმედებებზე? დაასაბუთეთ პასუხი.
  2. სწავლება-სწავლაში კულტურის მნიშვნელობის გათვალისწინებით თქვენთვის ნაცნობ სკოლაში რომელი სამი აქტივობის განხორციელებას ისურვებდით?

 

ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ…

ჩვენ ყველანი აღზრდის პროდუქტები ვართ – ეს არის მშობლების, მეგობრების, რელიგიის, საზოგადოების გავლენა. ჩვენი ოჯახის წეს-ჩვეულებები, ღირებულებები, ტრადიციები, სამყაროს ხედვა, საქმიანობის წესი ხშირად თაობიდან თაობას გადაეცემა. ქვემოთ მოცემულ საკითხებზე დაფიქრებით შევეცდებით გავიგოთ, როგორ სწავლობენ ადამიანები და რა გავლენა აქვს ამ პროცესზე კულტურას.

  1. დაფიქრდით იმაზე, რაც საფუძვლიანად იცით. დეტალურად აღწერეთ, როგორ შეიძინეთ ეს ცოდნა. გამოთქვით მოსაზრება იმის შესახებ, თუ როგორ სწავლობენ ადამიანები.
  2. აღწერეთ რა გავლენა მოახდინა თქვენმა კულტურულმა იდენტობამ (რასა, ეთნოსი, რელიგია, ენა) თქვენთვის უპირატესი სწავლის სტილის ჩამოყალიბებაზე.
  3. აღწერეთ იმ სკოლის კულტურული ნორმები, რომელშიც სწავლობდით.
  4. რამდენად ჰგავდა/განსხვავდებოდა თქვენი კულტურა თქვენი სკოლის კულტურისაგან, შეგიმჩნევიათ თუ არა ურთიერთგავლენები?
  5. როგორ გამოიყენებთ ამ ცოდნას საკუთარ მოსწავლეებთან ურთიერთობისას?

 

წყარო: Howe W.A. and Lisi P. L. (2014). Becoming a Multicultural Educator, Developing Awareness, Graining Skills, and Taking Action. Sage.

მასწავლებლობის სევდა

0

მასწავლებლობა დღესასწაულია.

… მაგრამ არის რაღაც სევდის მომგვრელიც ამ დღესასწაულში.

,, … არც ის ვიცოდი, რომ მასწავლებლებიც დარდობენ საკუთარ მომავალზე: ავდგები და დავწერ ამ წყეულ დისერტაციას, იქნება რომელიმე პრესტიჟულ უნივერსიტეტში გამოვკრა ხელი ლექტორის ადგილს. მეცნიერული საქმიანობისთვის ხომ არ მიმეძღვნა თავი? იქნებ სჯობდა, საზღვარგარეთ წავსულიყავი სამუშაოდ? იქნებ შევეშვა ამ პედაგოგობას და სხვა სექტორში გადავბარგდე? გავთავისუფლდე ამ უმადური, მუწუკებიანი შურისმაძიებლებისაგან, ფუჭად რომ აოხრებენ ამდენ ქაღალდს და მეც სიცოცხლეს მიმწარებენ? არ ვიცოდი, რომ მაშინ, როცა მასწავლებლები საკუთარ მომავალზე არ ფიქრობენ, აუცილებლად დარდობენ საკუთარი შვილების მომავალზე, მათ სწავლა-განათლებასა და უმაღლესის დასრულების შემდეგ ცხოვრების მოწყობაზე. არ ვიცოდი, რომ მასწავლებლების თავი ასე დამძიმებული იყო მომავალზე ფიქრით. მე მეგონა, რომ ისინი მხოლოდ ჩემი მომავლის ჩასაქოლად იყვნენ მოვლენილნი“ – ეს სიტყვები იმ საოცარი წიგნიდანაა,რომლის რემინისცენციაც ამ სტატიის სათაურია – ,,სკოლის სევდა“ დანიელ პენაკის. და იმ ყოფილი მოსწავლის ფიქრებია, ოროსნის იარლიყით რომ იტანჯებოდა. ლამის ხელშესახებობამდე რეალურია ეს ფიქრები. მაგრამ მე კიდევ სხვა, განსხვავებულ სევდა – დარდებზე უნდა დავწერო.

სიცარიელის სევდა

ხშირად მასწავლებლის სევდა მოსწავლეების სიხარულს ემთხვევა. ყოველ წელს, როცა მოსწავლეები წარწერებიანი მაისურებითა და პერანგებით თავისუფლების ფრთებს შლიან, მიჩნდება განცდა, რომ მათი სკოლის დამთავრება ძალიან ჰგავს ზრდასრული შვილების სახლიდან წასვლას – მათი ახალი გზის დასაწყისი რომ გიხარია და თან სახლის დაცარიელების შიში და სევდა გკლავს. ზუსტად იცი: ფრენანასწავლებს არ ან იშვიათად მოენატრებათ სკოლა; სამაგიეროდ, შენ რომ სკოლაში დაბრუნდები,  ლამის მთელი შემოდგომა დაგტანჯავს  სიცარიელის შეგრძნება და ყველაზე სულელური ფიქრი: ასე სხვა ბავშვებს ვეღარ შეიყვარებ.

უკან დაბრუნების სევდა

ხანდახან ერთად გგონიათ, რომ წასვლით არაფერი შეიცვლება, ისევ ისე საჭირო, საინტერესო და აუცილებელი იქნებით ერთმანეთისთვის, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ურთიერთობაც ემორჩილება ცვალებადობის ღმერთის ნებას და შენი ყოველდღიური გათენების განუყოფელი ნაწილები ყოველი ახალი გათენების მერე გიუცხოვდებიან. თავიდან გწერენ, რომ მოენატრათ შენი გაკვეთილი და აუცილებლად მოვლენ ერთხელაც. სულ გინდა უთხრა, რომ არა, არ მოვიდნენ, რადგან ყველაზე მართალი სიტყვები უკან დაბრუნებაზე ერთხელ შემთხვევით მოისმინე: ,,მე აღარ მივსულვარ სკოლაში, რომელშიც ვსწავლობდი…მე აღარ მივსულვარ უნივერსიტეტში, რომელიც დავამთავრე…აღარ დავბრუნებულვარ თეატრში, რომლიდანაც წამოვედი…რადგან აღარ უნდა მიბრუნდე იქ, სადაც და რაც ძალიან გიყვარდა. იმიტომ, რომ იქ სიყვარული აღარ დაგხვდება და იქნება სიცარიელე…”– ვიღაც ამბობდა რადიოში. მერე გალაკტიონის ,,უსიყვარულოდ” წაიკითხა.

ჰოდა, ასე ემართებათ კიდეც. შენ კი გტანჯავს საშინელი სევდა იმისი,რომ ვერ გაუმართლე მოლოდინი, ვერ დაახვედრე მონატრებული საინტერესო გაკვეთილი და ზედმეტად იგრძნო თავი.

ვერ მოსწრების სევდა

მტანჯველი სევდაა იმაზე ფიქრი, რამდენი რამ შეგეძლო გესწავლებინა, მაგრამ ვერ მოასწარი, ან გამოგეპარა, ან გეგონა, რომ ასწავლე და თურმე სულ სხვებისთვის გისწავლებია. და რაც მთავარია, ვეღარ ასწავლი, რადგან შენს მისთვის მასწავლებლობას ვადა გაუვიდა.

შეხვედრების სევდა

როცა ქუჩაში მოულოდნელად ხვდებით ერთმანეთს, ძალიან გიხარიათ, მაგრამ წამების მერე გრძნობთ, რომ სალაპარაკო და მოსაკითხი გამოგელიათ და ზუსტად ისე ელოდებიან  შენგან საუბრის გაგრძელებას, როგორც სკოლაში ყოფნისას ელოდნენ საინტერესო გაკვეთილს. საუბარს ვერ აგრძელებ და ისევ სევდა გკლავს. ასე სევდიანი ემშვიდობები.

ხშირად თუ ხვდებით ქუჩაში, რამდენიმე შეხვედრის მერე თვალსაც გარიდებენ. უბრალოდ,სალაპარაკო აღარაფერი გაქვთ და რა ქნან?!

ზოგჯერ შორიდან მოკრავ თვალს, თვითონაც შეგამჩნევს, გგონია,მოვა, სწავლისა და სამსახურის ამბებს გამოკითხავ. და უცებ დაინახავ, მანქანიდან გადმოდის, სულ არაა ის ცუღლუტი ბიჭი, გაკვეთილზე რომ გეჯდა და ცმუკავდა. დამსხვილებულა, დარბაისური და საქმიანი იერი მიუღია. ასე დარბაისლურად და საქმიანად გესალმება შორიდან თავის დაკვრით და იქვე, ბანკში, შედის. დანაღვლიანდი, შორიდანაც კი შეამჩნიე, აღარ ცხოვრობდნენ მის თვალებში შენთვის ასე საყვარელი ჭინკები. და გგონია, რომ ახლა  ყველაზე სევდიანი ამბავი გაქვს მოსაყოლი.

დანაშაულის სევდა

ყოველ ჯერზე, როცა იგებ,რომ რომელიმემ ფეხი წამოიკრა, რაღაც ეტკინა, არ უნდა შეშლოდა და შეეშალა… ამის გამო მის გარშემო ქირქილებენ ან უბრაზდებიან, აუცილებლად გადასატან ტვირთივით გაწვება დარდი მხრებსა და გულზე, რომ შენც დამნაშავე ხარ – ან ფეხის წამოკვრასა და შეცდომაში, ან დაცინვასა და მრისხანებაში.

ჭეშმარიტების სევდა

მაგრამ, რადგანაც ყველანაირ სევდაზე მწერლები და პოეტები უკეთესად წერენ, ვიდრე რიგითი სტატიის ავტორები, ამიტომ:

,, ყოველ დილით,

8-ს რომ ძალიან დააკლდება 20 წუთი,

უკვე იწყება ჩემი ჩვეული, ყოველდღიური დაღლილობა.

ვარ თითქოს რაღაც უჰაერო

და უჟანგბადო ყრუ სივრცეში გამოკეტილი,

და დღეები ისე გადიან,

არ შემიძლია არც ერთ დილით,

გავხსნა კარი და უბრალოდ ვთქვა:

,,დღეს მე ვერაფერს ვერ გასწავლით,

წადით სახლში,

დღეს მე ვერაფერს ვერ გასწავლით!“

 მე არ ვიცი, ვისი ხასიათია ჩემი ხასიათი,

როცა არაფერზე ვფიქრობ.

მაგრამ ვიცი,რომ

ესაა ჭეშმარიტი ხასიათი.

 

,,ჭეშმარიტება არის

კვერცხზე კვერცხს რომ დაარტყამ“, –

უთხრა ქეთის მისმა მოსწავლემ.

 

ყოველ დილით,

8-ს რომ ძალიან დააკლდება 20 წუთი,

უკვე იწყება ჩემი ჩვეული, ყოველდღიური დაღლილობა.

თითქოს კვერცხის უჰაერო, უჟანგბადო,

 ყრუ სივრცეში ვარ გამოკეტილი

და მთელი ძალით ასკდება კედლებს

ათასი უცხო, გაუბზარავი ჭეშმარიტება.

 

მე კი არასდროს არ შემიძლია შევხსნა კარი

და უბრალოდ ვთქვა:

,,დამიბრუნეთ ყველამ ჩემი ჭეშმარიტება

და წადით სახლში“

 

მე არ ვიცი, ვისი ხასიათია ჩემი ხასიათი,

როცა არაფერზე ვფიქრობ,

და გაბზარული ნაჭუჭიდან შემოპარულ ჰაერს

გასრესილი იმედივით მუჭში ვიგროვებ:

 

მუდამ ასეა!

ვის დავაჯერებ ფანჯარაში გაშლილ ფრთებით

რომ მეც დავფრინავ.

ვის დავაჯერებ, რომ მე თვითონაც

ზოგჯერ ბავშვი ვარ მოთამაშე

და გარეული ზღარბებისთვის

ვაშენებ სახლებს.“               (ნათია ნაცვლიშვილი)

ასე მთავრდება სევდების ისტორია. ოდესმე მასწავლებლობის დღესასწაულობაზეც დავწერ.

 

 

როგორ დავეხმაროთ ბავშვს საგამოცდო მზადებაში

0

ალბათ, საკამათო არ უნდა იყოს საკითხი იმის შესახებ, რომ ადამიანთა უმრავლესობისთვის, განურჩევლად ასაკისა, გამოცდა არასასიამოვნო განცდებს უკავშირდება. როგორც წესი, მას თან ახლავს შფოთვა, ნერვიულობა, მღელვარება, სტრესი. გამოცდასთან დაკავშირებული შფოთვა და ნერვიულობა, გარკვეული დოზით, შეიძლება ნორმალურადაც კი ჩაითვალოს. მაგრამ, როცა ის იმდენად ძლიერდება, რომ ბავშვს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენასა და წარმატების მიღწევაში სერიოზულ ხელისშემშლელ ფაქტორად ევლინება, საჭირო ხდება სათანადო ზომების მიღება და ბავშვისთვის დახმარების აღმოჩენა. საგამოცდო სიტუაცია, მაშინაც კი, როცა მოზარდი გარეგნულად საკუთარ თავში დარწმუნებულად გამოიყურება და ახერხებს სიმშვიდის შენარჩუნებას, საკმაოდ დიდი დატვირთვაა მისი ფსიქიკისთვის და მთლიანად ორგანიზმისთვის. ამიტომ, წარმატების მისაღწევად და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოსავლენად, დასამშვიდებლად და დაძაბულობის მოსახსნელად, საჭიროა რიგი რეკომენდაციების გათვალისწინება:

  • წინასაგამოცდო პერიოდში მღელვარებისა და შფოთვის შესამცირებლად ბავშვს, უპირველეს ყოვლისა, მის გვერდით მყოფი უფროსების, განსაკუთრებით კი მშობლების თანადგომა, თანაგანცდა და დახმარება სჭირდება;
  • მნიშვნელოვანია, სახლში მშვიდი, თბილი, მყუდრო სამუშაო ატმოსფეროს შექმნა. კარგი იქნება, თუ მეცადინეობის დაწყებამდე ბავშვთან ერთად შევადგენთ სამუშაო განრიგს, სწორად გავწერთ დღის რეჟიმს და თვალყურს ვადევნებთ, რომ ის არ იყოს ზედმეტად გადატვირთული. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ჰქონდეს დასვენების და საქმიანობის შეცვლის შესაძლებლობა. თუმცა, დასვენება მართლა დასვენება უნდა იყოს. კომპიუტერული თამაშები, ტელევიზორი, ხმაურიანი კომპანიები ტვინს მოდუნების საშუალებას არ აძლევს, შრომისუნარიანობა კიდევ უფრო ქვეითდება და მატულობს დაღლილობა. უკეთესი იქნება სუფთა ჰაერზე სეირნობა, სპორტის მშვიდი სახეობით დაკავება და ერთ-ორ მეგობართან ურთიერთობა. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ერთსაათიანი მეცადინეობის შემდეგ აუცილებელია 15-20 წუთი დასვენება. ავუხსნათ ბავშვს, რომ თუ არ დაველოდებით დაღლას და ისე დავისვენებთ, ეს გადაღლისაგან თავის დაღწევის კარგი საშუალება იქნება;
  • ნორმალური შრომისუნარიანობისთვის აუცილებელია გამოძინება, წინააღმდეგ შემთხვევაში გაღიზიანებასა და შფოთვას თავს ვერ დავაღწევთ. ბავშვს არანაკლებ 7 საათი მაინც უნდა ეძინოს;
  • მნიშვნელოვანია ასევე კვების რეჟიმის დაცვა. ნორმალური ფუნქციონირებისათვის ტვინს სჭირდება ვიტამინებით და ცილებით გაჯერებული საკვები;
  • ვურჩიოთ ბავშვს, რომ წინასწარ მოამზადოს თავისი სამეცადინო კუთხე, მოაცილოს მაგიდიდან ყველაფერი ის, რაც ხელს შეუშლის ყურადღების კონცენტრირებასა და მუშაობაში;
  • კარგი იქნება, თუ მეცადინეობის დაწყებამდე ბავშვი წინასწარ დაგეგმავს სამუშაოს დღეების მიხედვით, როდის რის გაკეთებას აპირებს. ყოველდღიური გეგმის შედგენის დროს აუცილებელია ნათლად, ცხადად განისაზღვროს, თუ რა უნდა იქნეს შესწავლილი თითოეულ დღეს, რა საკითხები, თემები იქნება გავლილი. პატარა გეგმები კარგია იმიტომ, რომ მათი საშუალებით ადვილია ნასწავლის გამეორება. დროის სწორად გადანაწილების და სამუშაოს ორგანიზების უნარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარია. საუკეთესო მოსწავლეები, ხშირ შემთხვევაში, ყველაზე ჭკვიანები კი არ არიან, არამედ, როგორც წესი, ხასიათდებიან მოწესრიგებულობით, დისციპლინირებულობით და შეუძლიათ დროის სწორად და რაციონალურად ორგანიზება;
  • ვურჩიოთ ბავშვს, რომ მეცადინეობა დაიწყოს მისთვის საინტერესო და სასიამოვნო საკითხებით. ასეთ შემთხვევაში, სამუშაო რიტმში შესვლის შემდეგ ის ადვილად შეძლებს მუშაობის გაგრძელებას;
  • გავაცნოთ ბავშვს გამოცდითვის მომზადების ეფექტიანი მეთოდიკა. ვასწავლოთ, თუ როგორ შეიძლება დიდი მოცულობის მასალის ეფექტიანად დამახსოვრება. ავუხსნათ, რომ არ არსებობს სახელმძღვანელოში მოცემული მთელი მასალის გაზუთხვისა და დამახსოვრების აუცილებლობა. უმჯობესი იქნება გაიაზროს და გაანალიზოს წაკითხული, იპოვოს ლოგიკური კავშირები მოვლენებს შორის, გააკეთოს მოკლე სქემატური ჩანაწერები და ცხრილები, თითოეულ საკითხზე შეადგინოს მოკლე გეგმები, რომლებსაც მეცადინეობის დასრულების შემდეგ გადახედავს. ასეთი გეგმების მიხედვით ის უკეთესად გაიხსენებს დასწავლილს. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ბევრჯერ წაკითხვა, თუ მას ანალიზი არ ახლავს, სრულიადაც არ ნიშნავს, რომ კარგად დაამახსოვრდება;
  • გამოცდაზე წარმატების მისაღწევად ბავშვს აუცილებლად ესაჭიროება საკუთარი ძალების რწმენა, რომლის ამაღლებაში ჩვენ სერიოზული დახმარების გაწევა შეგვიძლია. გავამხნევოთ ის, შევაქოთ იმისათვის, რასაც კარგად აკეთებს, მოვერიდოთ კრიტიკას და საყვედურებს. ყოველივე აღნიშნული მას დაეხმარება, რომ იფიქროს წარმატებაზე და არა მარცხზე. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგანაც რაც უფრო მეტად ეშინია ადამიანს მარცხის, წარუმატებლობის, მით უფრო მეტია მის მიერ შეცდომების დაშვების ალბათობა;
  • ცნობილია, რომ მშობლების ემოციები, მათი მღელვარება, შფოთვა, ნერვიულობა ყოველთვის გადაეცემა ბავშვს. ამდენად, აუცილებელია, რომ გამოვრიცხოთ ხმააწეული ტონი, ნერვიულობა მასთან ურთიერთობაში, განსაკუთრებით წინასაგამოცდო პერიოდში;
  • ბავშვისთვის ემოციური დაძაბულობის მოსახსნელად კარგი იქნება საგამოცდო სიტუაციის იმიტაცია. ამასთან, შევეცადოთ იმიტირებული საგამოცდო სიტუაციის რეალურთან მაქსიმალურად დაახლოებას – დავნიშნოთ დრო, შევქმნათ მშვიდი გარემო, მივცეთ ბავშვს საგამოცდო დავალების ანალოგიური დავალება და მუშაობის დასრულების შემდეგ მასთან ერთად გავაანალიზოთ შესრულებული სამუშაო, ვიმსჯელოთ, სად დაუშვა მან შეცდომა და რით იყო ეს განპირობებული;
  • ვთხოვოთ ბავშვს, რომ გამოცდის წინა დღეს შეწყვიტოს მეცადინეობა. გამოცდის წინ ბოლო თორმეტი საათი უნდა დაეთმოს ორგანიზმის მომზადებას, ამიტომ მას კარგად გამოძინება ესაჭიროება.

თუ ბავშვს გამოცდაზე ტესტური დავალების შესრულება მოუწევს, გამოცდისთვის მოსამზადებელ პერიოდში მას აუცილებლად უნდა გავაცნოთ შესაბამისი ხერხები ასეთი დავალების ეფექტიანად და წარმატებით შესასრულებლად:

  • უპირველეს ყოვლისა, აუცილებელი იქნება მიღებული დავალების თავიდან ბოლომდე გადათვალიერება იმის სანახავად, თუ რა ტიპის და რა სირთულის კითხვებია მასში წარმოდგენილი;
  • უმჯობესი იქნება დავალების შესრულება დავიწყოთ ჩვენთვის მარტივი და კარგად ნაცნობი კითხვებიდან, რომელთა ცოდნაშიც ეჭვი არ გვეპარება. საჭიროა შეკითხვების ყურადღებით, ბოლომდე წაკითხვა იმისათვის, რომ სწორად გავიგოთ აზრი;
  • თუ ვიცით პასუხი, მაგრამ დარწმუნებული არ ვართ, გამოვტოვოთ და მოგვიანებით დავუბრუნდეთ. ნუ გავჩერდებით ისეთ კითხვებზე, რომლებსაც ჩვენი მხრიდან დიდხანს დაფიქრება სჭირდება;
  • ვიფიქროთ მხოლოდ იმ დავალებაზე, რომელზეც კონკრეტულ მომენტში ვმუშაობთ. ახალ დავალებაზე გადასვლისას დავივიწყოთ წინა დავალება. გვახსოვდეს, რომ ტესტებში დავალებები არ არის დაკავშირებული ერთმანეთთან, ამიტომ, ის ცოდნა, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ ერთ დავალებაში, როგორც წესი, არ გვეხმარება შემდგომ დავალებაზე მუშაობის დროს, პირიქით, შეიძლება ხელიც კი შეგვიშალოს ყურადღების კონცენტრირებაში;
  • ტესტებში ბევრი დავალების სწრაფად შესრულება შეიძლება, თუ ძებნას კი არ დავუწყებთ პასუხების სწორ ვარიანტს, არამედ თანმიმდევრობით გამოვრიცხავთ იმ პასუხებს, რომლებიც აშკარად არასწორია;
  • მოვიტოვოთ დრო იმისთვის, რომ თვალი გადავავლოთ ჩვენ მიერ შესრულებულ დავალებას და ვნახოთ რაიმე შეცდომა ხომ არ დავუშვით მუშაობისას;
  • თუ დარწმუნებული არ ვართ პასუხების შერჩევისას, ვენდოთ ინტუიციას.

ვეცადოთ, არ გავაკრიტიკოთ ბავშვი გამოცდის შემდეგ  ჩვენთვის არასასურველი ქულების გამო. პირიქით, დავარწმუნოთ ის, რომ გამოცდაზე მიღებული ქულების რაოდენობა არ არის მისი შესაძლებლობების სრული საზომი. ასეთი მიდგომა, დიდი ალბათობით, მომავალში მისი წარმატების ხელშემწყობი შეიძლება გახდეს.

დაბოლოს, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინება გარკვეულ დახმარებას გაუწევს ბავშვს უმტკივნეულოდ გაიაროს საგამოცდო პერიოდი და მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები.

 

 

 

 

მარიო ვარგას ლიოსას თვრამეტი ძვირფასი რჩევა დამწყები მწერლებისთვის

0

მარიო ვარგას ლიოსა დღევანდელი ლათინური ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მწერალია. იგი 1936 წელს პერუში დაიბადა და უკვე მრავალი ათეული წელია წარმატებით მოღვაწეობს მსოფლიოს ლიტერატურულ არენაზე. ქვემოთ გთავაზობთ ლიოსას შემოქმედებითი წარმატებების მოკლე ჩამონათვალს:

  • ლიოსას დაწერილი აქვს ოცდაათზე მეტი რომანი, პიესა და ესეი – მისი შემოქმედება აღწერს და ასახავს ლათინური ამერიკის პოლიტიკას, კულტურას და ყოველდღიურ ცხოვრებას. „დეიდა ხულია და სცენარების მწერალი“, „გმირის დრო (ქართ. ქალაქი და ძაღლები)“, „საუბრები საკათედრო ტაძარში“, „კაპიტანი პანტალეონი და მისი სპეცმომსახურების ასეული“, „ომი და მსოფლიოს დასასრული“ (ესპ. La guerra del fin del mundo) – ეს იმ რამდენიმე რომანის ჩამონათვალია, რომლებმაც ლიოსას მსოფლიო აღიარება მოუტანა.
  • 1990 წელს ლიოსა პერუს პრეზიდენტობის კანდიდატიც გახლდათ (თუმცა არჩევნებში პერუს სკანდალურად ცნობილ პრეზიდენტ ალბერტო ფუხიმორისთან დამარცხდა).
  • ლიოსა რეგულარულად აქვეყნებს პოლიტიკურ ესეებს ამერიკისა და ევროპის გავლენიან გამოცემებში.
  • 2010 წელს ლიოსას სამწერლო შემოქმედებას შვედეთის აკადემიამ უმაღლესი შეფასება მისცა და ლიტერატურაში ნობელის პრემია მიანიჭა.

 

ქვემოთ მოყვანილია ლიოსას რჩევები დამწყები მწერლებისთვის ან იმათთვის, ვისაც ლიტერატურა და, ზოგადად, წერა უყვარს. ეს რჩევები ამოკრებილია ლიოსას ჩანაწერებიდან „წერილები ახალგაზრდა მწერლებისთვის“, რომელიც დაწერილია რაინერ მარია რილკეს „წერილები ახალგაზრდა პოეტისათვის“ სტილში. ლიოსას რჩევები თორმეტი თავისგან შედგება და ყოველი მათგანი დაწერილია როგორც წერილი წარმოსახვითი ახალგაზრდა მწერლისადმი. დამატებით გამოყენებულია მასალები მარიო ვარგას ლიოსას ინტერვიუდან, რომელიც მან 1990 წელს The Paris Review-ს მისცა და სხვადასხვა გამოსვლიდან თუ ჩანაწერიდან, რომელიც ამ თემას ეხმაურება.

 

გთავაზობთ დიდი პერუელი მწერლის, მარიო ვარგას ლიოსას თვრამეტ ძვირფას რჩევას დამწყები მწერლებისათვის ან წერის მოყვარულთათვის:

პროფესია: მწერალი

  • „მწერლობის, როგორც პროფესიის განმსაზღვრელი თავისებურება შეიძლება იყოს ის, რომ ადამიანები, ვისაც ეს ნიჭი აქვთ, ამ საქმეს ბუნების მიერ ნაბოძებ საუკეთესო საჩუქრად აღიქვამენ. ბევრად უფრო საუკეთესოდ, ვიდრე ეს შესაძლებელია მიიღონ მათ მიერ გაკეთებული სხვა ნებისმიერი საქმიანობისგან. ეს ერთ-ერთი ნაწილია იმ მრავალი გაურკვევლობისა, რომელიც მწერლობას, როგორც საქმეს ახასიათებს: სადღაც ძალიან ღრმად, მისი არსების შიგნით, მწერალი გრძნობს, რომ წერის უნარი არის საუკეთესო რამ, რაც მას ოდესმე დამართნია, ან შესაძლებელია დამართნოდა…“
  • „[მწერლის პროფესია] …ბუნდოვანი მიდრეკილება, რომელიც ზოგ ქალსა თუ მამაკაცს იძულებულს ხდის, მთელი ცხოვრება მიუძღვნან საქმიანობას, რომლითაც, მათი ფიქრით, ისინი უნდა დაკავდნენ და ფაქტობრივად ვალდებულება აიღონ, გაჰყვნენ ამ საქმეს. ისინი გრძნობენ, რომ მხოლოდ ამ საქმის კეთებით – მაგალითად, მოთხრობების წერით, იქნება შესაძლებელი იგრძნონ თავი სრულყოფილად, ჰქონდეთ მშვიდობა საკუთარ თავთან. იგრძნონ, რომ ეს არის ყველაზე უკეთესი რამ, რაც მათ შეუძლიათ შექმნან, ცხოვრების უსარგებლოდ გაფლანგვის მუდმივად თანმდევი შიშის გარეშე“.

რაზე უნდა წეროს მწერალმა?

მწერლობის სურვილით შეპყრობილნი ხშირად კითხულობენ, თუ სად პოულობენ მწერლები იდეებს მოთხრობებისა თუ რომანებისთვის. ლიოსას პასუხი ასეთია:

  • „ჩემი შთაბეჭდილებაა, რომ ცხოვრება – დიდი სიტყვა, რომელსაც მე ვიცნობ, მწერალს თვითონ „უსჯის“ თემებს, სხვადასხვა ცხოვრებისეული გამოცდილებების მეშვეობით, რომლებიც შთაბეჭდილებას ტოვებენ მწერლის ცნობიერსა თუ არაცნობიერზე, ხოლო მოგვიანებით, აიძულებენ მათ მოთხრობებად გადაქცევას და ამ ტვირთის ამგვარად მოცილებას“.
  • „…აქვს კი აზრი ვისაუბროთ მონაგონის (ინგლ. Fiction) ავთენტურობაზე, ჟანრზე რომელშიც ყველაზე მეტად არის შესაძლებელი იყო მატყუარა ან გაიძვერა? კი, ეს შესაძლებელია, თუმცა შემდეგნაირად: ნამდვილი ნოველისტი ის არის, ვინც მორჩილად ეთანხმება ცხოვრების მიერ ნაკარნახევ წესებს. წერს იმ თემებზე, რომლებიც მისი გამოცდილებიდან იბადებიან,  რომლებსაც გვერდს ვერ აუვლი, ხოლო სხვა თემებს, ის იმ მომენტში უბრალოდ უკუაგდებს… ალბათ ეს არის მწერლის ნამდვილობა და გულწრფელობა: საკუთარი დემონების უარყოფა და ამავე დროს, მათთვის საუკეთესო შესაძლებელი სამსახურის გაწევა“.
  • „ჩემი აზრით, შინაარსი თვითონ ირჩევს მწერალს. …მე არასდროს დამუფლებია გრძნობა, რომ თემა ან შინაარსი რაციონალურად, ცივი გონებით შევარჩიე. ამის საპირწონედ კი იმასაც დავამატებ, რომ ზოგჯერ, რაიმე მოვლენა ან ადამიანები, ოცნებები თუ წაკითხული ნაწარმოები, მოულოდნელად ჩემ წინ აისვეტებიან და დაუყოვნებლივ ჩემს ყურადღებას ითხოვენ“.

სტილის შესახებ

ლიოსა თავის „წერილებში ახალგაზრდა მწერლებისთვის“ აღნიშნავს საკუთარი სტილის ძებნის აუცილებლობის შესახებ:

  • „პრაქტიკული რჩევის სახით შემდეგს გეტყვით: მწერლობა შეუძლებელია თანმიმდევრული და თქვენთვის განუყრელი სტილის გარეშე, რომელიც თვითონვე უნდა იპოვოთ“.
  • „იკითხეთ მუდმივად, რადგან შეუძლებელია დაეუფლოთ მდიდარი, მრავალფეროვანი სხეულის მქონე ენას ბევრი და კარგი ლიტერატურის კითხვის გარეშე. ეცადეთ, არ გაიმეოროთ თქვენი საყვარელი მწერლების სტილი, ვინც ლიტერატურის სიყვარული გასწავლათ. გადაიღეთ მათი ყველა სხვა თვისება – თავდადებულობა, დისციპლინა; თუ იგრძნობთ, რომ ყველაფერი წესრიგშია, აქციეთ მათი მყარი რწმენა თქვენს რწმენად. მაგრამ ეცადეთ, თავი აარიდოთ თქვენი საყვარელი მწერლების მექანიკურ რეპროდუქციას, მათი რიტმისა და თარგების გამოყენებას, რადგან თუ ვერ შეძლებთ თქვენი პერსონალური სტილის ჩამოყალიბებას, რომელიც შესაბამისობაში იქნება თქვენს მონათხრობთან, თქვენს ისტორიებში ალბათ ვერასდროს მიაღწევთ იმ დამაჯერებლობას, რომლებიც მათ სიცოცხლეს შთაჰბერავენ“.

იუმორის, როგორც ლიტერატურული იარაღის გამოყენება

  • „მე იუმორისადმი „ალერგიული“ ვიყავი, რადგან ძალიან გულუბრყვილოდ ვთვლიდი, რომ სერიოზული ლიტერატურა არასოდეს „იღიმოდა“; რომ იუმორი შესაძლოა ძალიან სახიფათო ყოფილიყო, როცა მოთხრობებში სერიოზულ სოციალურ, პოლიტიკურ ან კულტურულ პრობლემებზე მსურდა საუბარი. მეგონა, რომ იგი ჩემს ნაწერს ზედაპირულს გახდიდა და მკითხველს მხოლოდ მსუბუქად გაართობდა. ამიტომაც, მე უარვყოფდი იუმორს. შეიძლება ეს სარტრის გამოც მოხდა, რომელიც ყოველთვის მტრულად უყურებდა იუმორს, ყოველ შეთხვევაში, თავის ნაწერებში. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინე, რომ ლიტერატურის მეშვეობით იუმორი ზოგიერთი ცხოვრებისეული გამოცდილების ხაზგასმის  ყველაზე ზუსტ იარაღად შეიძლებოდა მექცია. ეს მოხდა კაპიტან პანტალეონისა და მისი სპეცმომსახურების ასეულის შემთხვევაში. ამის შემდეგ, იუმორს, ცხოვრების საგანძურად და  სიცოცხლის საბაზო მოვლენად, შესაბამისად, ლიტერატურის შემადგენელ ნაწილად აღვიქვამ“.

ლიოსას სამუშაო ჩვევების შესახებ

ლიოსა თავისი შრომითი ჩვევების შესახებაც გვიამბობს:

  • „პირველ რიგში, ეს არის ფანტაზირება – რომელიმე პირის ან სიტუაციის მხოლოდ შენი ინტერპრეტაციით გადმოცემა. ამის შემდეგ წარმოდგენილზე ჩანაწერის გაკეთებას, ნარატივის თანმიმდევრულად ჩანიშვნას ვიწყებ: ვიღაც შემოდის სცენაზე აქ, გადის იქ, აკეთებს ამას. როდესაც უშუალოდ მოთხრობაზე ვიწყებ მუშაობას, ვიწყებ ისტორიის ზოგადი მონახაზის კეთებას – რომელსაც, პრინციპში, არასოდეს ვიცავ და მუდმივად ვცვლი წერასთან ერთად, მაგრამ რომელიც მიბიძგებს, დავიწყო წერა.  ამის შემდეგ ვიწყებ დაწერილის თავმოყრას, გაერთიანებას, სტილზე ყურადღების გამახვილების გარეშე. ვწერ და შემდეგ გადავწერ დაწერილს, თავიდან დავწერ სცენებს და მათში სრულიად საწინააღმდეგო სიტუაციებს აღვწერ…“;

 

  • „პირველი სამუშაო ვარიანტი ყოველთვის ყველაზე რთულია – ის რაღაცნაირად დემორალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლას წააგავს. ყოველთვის ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ვერასდროს გადავლახავ წარმოშობილ სიძნელეებს. ყველაზე მეტად რაც მიყვარს – გადაწერაა. ამ დროს ვასწორებ, ვკუმშავ წინადადებებს, ვამატებ, რაც გამომრჩა და თავიდან ვაგებ სცენებს – ეს პროცესი ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია“;

 

  • „ვფიქრობ, რაც მიყვარს, საკუთრივ წერა კი არ არის, არამედ დაწერილის გადაწერა, რედაქტირება და შესწორება… ვფიქრობ, ეს წერის ყველაზე კრეატიული ნაწილია“;

 

  • „დასაწყისში ხელით ვიწყებ წერას. ყოველთვის დილაობით ვმუშაობ და დღის ადრეულ საათებში, მხოლოდ ხელით ვწერ“;

 

  • „მუშაობის გრაფიკი ყოველთვის ძალიან მკაცრი მაქვს. დილიდან ნაშუადღევის ორ საათამდე ვმუშაობ და კაბინეტიდან არ გავდივარ“;

 

  • „კვირის სამუშაო დღეებს, ორშაბათიდან შაბათამდე, დაწყებული მოთხრობის წერას ვუთმობ, ხოლო კვირა დღეს – ჟურნალისტურ საქმეებს, სტატიებსა და ესეებს;

 

  • „თუ შთაგონებას დაველოდები, წიგნს ვერასდროს დავასრულებ. ჩემთვის შთაგონება მუდმივი მცდელობის საშუალებით მოდის“;

 

  • „დღის ბოლოს, ინტენსიური შრომის შემდეგ, შინაგან მღელვარებას ვგრძნობ. ძალიან მეხმარება კინოფილმის ნახვა, რომ თავი უკეთ ვიგრძნო“.

კიდევ რამდენიმე რჩევა მწერლებისთვის მარიო ვარგას ლიოსასგან

  • „…მოთხრობამ მკითხველი არა იდეებით, არამედ იმ ფერითა და ემოციებით უნდა ჩაითრიოს, რომელსაც ქმნის გაკვირვების ელემენტითა და ყველა იმ დაძაბული და საიდუმლოებით მოცული სიტუაციით, რომელიც მოთხრობას შეუძლია დახატოს“;
  • „კარგი მოთხრობა ბევრი ფაქტორის ერთობლიობაა. მათგან მთავარიუდავოდ დაუღალავი შრომაა“;
  • „ფოლკნერი გახლდათ პირველი მწერალი, რომელსაც კალმით ხელში ვკითხულობდი, რადგან გამაოცა მისმა ტექნიკამ. იგი პირველი მწერალი იყო, რომლის ნამუშევრის რეკონსტრუქციისათვის გამოყენება სრულიად შეგნებულად ვცადე. მსურდა, მივყოლოდი მის ნაწერში მოცემულ სხვადასხვა ელემენტს: მაგალითად, დროის ორგანიზებას, დროისა და ადგილის გადაკვეთას, წყვეტებს ნარატივში; მის უნარს, მოეყოლა სხვადასხვა კუთხით დანახული ამბავი, რაც თავის მხრივ, მოთხრობას გარკვეულ ორაზროვნებას აძლევდა და სიღრმეს ჰმატებდა“.

ბოლო სიტყვა

ლიოსა „წერილებში ახალგაზრდა მწერლებისთვის“ ბოლო აბზაცში წერს: „ჩემო ძვირფასო მეგობარო: წერილებით ვცადე, თქვენთვის მეთქვა, რომ დაივიწყოთ ყველაფერი, რაც ჩემს წერილებში მოთხრობის სტრუქტურის შესახებ წაიკითხეთ. უბრალოდ, დაჯექით და დაწერეთ“.

 

ავტორი: მარელისა ფაბრეგა

წყარო: https://daringtolivefully.com/mario-vargas-llosa-tips

სტატია თარგმნა და მოამზადა ლევან ალფაიძემ

 

 

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...