ოთხშაბათი, მაისი 28, 2025
28 მაისი, ოთხშაბათი, 2025

ბამბაზიის სამოთხის შიში და იმედი

0

ესმა კოკოსკერიას, პირველ აფხაზ ქალს, ვინც გავიცანი ომის შემდეგ

 

„იქნება იმის დედაი

ჩემზე მწარედა სტირისა…“

             ლექსი ვეფხისა და მოყმისა

 

 

აფხაზეთი დედაჩემის ფოტოებში მაქვს ნანახი _ სტუდენტობის და იმის მერე ცხოვრების ყველა ზაფხულს სოხუმში, ახალ ათონში ატარებდა და ის ადგილებია იმ ფოტოებზე აღბეჭდილი _ სოხუმის სანაპირო, რამდენიმე ქუჩა, რიწის ტბის შავ-თეთრი, თუმცა ბუნების თუ განგების ჯადოსნობის გამო, მაინც მომწვანო-ზურმუხტისფერი ხედები, პალმების და ე.წ. ბათუმური ვარდების მწკრივები და, ბოლოს, სამახსოვრო და ლამის აუცილებელი ფოტო-სესია დათვის ფიტულთან, რომელიც, ჩემს ბავშვურ თვალში ძალიან საშიშად კი გამოიყურებოდა, მაგრამ ყველაზე მეტად ეს ფოტო მიზიდავდა _ გახევებული ვეებერთელა მხეცის აწეული თათის ქვეშ მომღიმარი დედაჩემი, თან უცნაურად მხიარული და თან აშკარად სევდიანი, უფრო კი იდუმალი წამი _ ერთ კადრში მოხელთებული.

ჩემმა მშობლებმა ვერ მოასწრეს და ვერასდროს წამიყვანეს აფხაზეთში, ვიდრე ის საშინელი ომი დაიწყებოდა. ხოლო როცა ომი დაიწყო, მე უკვე 12 წლისა ვიყავი და, ეს კი ის დრო აღმოჩნდა ჩემთვის, როცა ისედაც ყველაფერი თავზე მემხობოდა _ ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი განცდა მქონდა, სამყაროს ამოტრიალების, გიგანტური ნგრევის და ზანზარის, რომელშიც ეკლიანი ყვავილივით ამოიზარდა ეს ახალი, სისხლით და სიცოცხლით სავსე სიტყვა _ ომი.

მალე ამ სიტყვამ ყველაფერი სხვა დაჩრდილა, სათითაოდ ყველა კარი შეაღო და შინაურის სრული უფლებით დაიკავა ადგილი ჩვენს ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ჩვენივე სიცოცხლით და სისხლით სავსემ, ამორფულმა, მახინჯმა, მაგრამ მუდმივმა, და ამ მუდმივობით გამაძღარმა და წელგამართულმა…

1992 წლის 1 დეკემბერს ბიძაჩემი ჩაეწერა თბილისის ბატალიონში და იმავე დღეს წავიდა აფხაზეთში. 7 დეკემბერს 7 ტყვიით დაფლეთილი ჩამოასვენეს. მაშინ პირველად ვიგრძენი, რომ აფხაზეთთან მეც ჩემი წილი სამუდამო ძაფი გავაბი, მთელი ძალ-ღონით ამ ძაფს ჩავეჭიდე და, ისედაც ხომ გული მიკანკალებდა, ისე მინდოდა ამ ჩემი უჭკუო თავით სანიტრად მაინც ფრონტის ხაზზე მოხვედრა, ჰოდა, გავყევი ბიძაჩემის შვიდი ტყვიით შედუღებული ძაფის გორგალს წარმოსახული ბრძოლის ველზე, ოღონდ არა აფხაზების, არამედ ჩვენი საერთო მტრისთვის, იმ დიდი და ვერაგი მტრისთვის პასუხის გასაცემად…

სინამდვილეში, ეს ძაფის გორგალი ჩემს ოთახში იწყებოდა და იქვე ბოლოვდებოდა _ საჯაროდ გადავკეტე ყველა სხვა შესასვლელ-გამოსასვლელი.  ჩემს იზოლირებულ, ნებაყოფლობით კარცერში, სადაც ყველაზე მეტად იმ დღეებში და იმ წლებში გურამ რჩეულიშვილის მოთხრობები მამხნევებდა, უნებართვოდ შემოსვლა არავის შეეძლო.

სამყარო, თავის ომებიანად, ჩემს ფიქრში განაგრძობდა ზანზარს და სუნთქვაშეკრული ველოდი ამ ფიქრშივე დაძრულ ახალ ამბავს აფხაზეთიდან, იმედის, ნუგეშის, გამარჯვების ამბავს, როგორც მე მაშინ ეს იმედი და ეს გამარჯვება წარმომედგინა…

და ერთ დღესაც, ჩემი კარცერის კარზე მამამ დააკაკუნა. ამასობაში წვერი მოეშვა და ბარე ათი წლით დაბერებულიყო. შემოვიდა. წინ დამიჯდა. თვალებით მუხლებამდე ძლივს ამომწვდა, თავი არც აუწევია, ისე მითხრა: ბოდიში რომ მე ვერ წავედი ომში. თქვენ გამო ვერ წავედი. გაიზრდები და გაიგებ.

ეს სიტყვასიტყვით ამას ნიშნავდა: ბოდიში, რომ მე ვერ მოვკვდი ომში. ცოცხალი რომ ვარ, ბოდიში.

და ახლა, როცა მამას ამ ბოდიშს ვიხსენებ, როცა იმ ომიდანაც ლამის ოცდაათი წელია გასული და მამაც აღარაა ამ სამყაროში, უფრო და უფრო მედრიკება თავი მისი იმდღევანდელი პასუხისმგებლობის გრძნობის, მისი უწყინარი სისუსტის თუ უძლურების, მისი კარგიკაცობის წინაშე. და როცა ჩვენს საბჭოთა დროში ნაცხოვრებ მამებს ხელაღებით ამუნათებენ ხოლმე, ლანძღავენ და ყველა ტიპის კონფორმიზმში ადანაშაულებენ, მინდა რომ ვუყვირო მათ: ყველა დანაშაული, რაც ჩვენს მამებს, ნებით თუ უნებლიეთ, ჰქონიათ, თავიანთი სიცოცხლით უკვე გამოისყიდეს _ ამ მამებს ნემსით დახვრეტილი ბუშტებივით დაუსკდათ გულები, ომშიც და იმის მერეც, სულ ერთმანეთის მიყოლებით, ბათქაბუთქით გადაფრინდნენ სხვა სამყაროში, ვერმიღწეულის თუ ვერშემდგარის თუ ვერშემქნილის დარდით გულგახეთქილები, რადგან მათ სწორედ ის აღმოაჩნდათ ყველაზე მეტი და საბედისწერო, რაც სიცოცხლეს ამხელა ძალას სძენს _ არტერიებსაც უხეთქავს _ პასუხისმგებლობა!

ეს კი ისეთი რამეა, ისეთი კონკრეტულიც და თან მრავალფესვგადგმული _ ცნობიერშიც და ყოფაშიც, რომ თავისთავად განაპირობებს სამყაროს წესრიგს, ცხოვრების კანონებს.

ეს პასუხისმგებლობაა, რომლის ნაკლებობამ თავის დროზე აფხაზეთი და აფხაზები დაგვაკარგვინა, რომლის ნაკლებობის გამოც, ასეთი მუდმივია ეს საზარელი სიტყვა: ომი…

არადა, ერთი შეხედვით როგორი მარტივია თუ მოინდომებ _ შენდობა და სხვისი შენდობის მიღება, მით უფრო, თუ ეს სხვა შენივე სისხლი და ხორცია, საუკუნეებით, კულტურით, ტრადიციებით, მიწით ხარ გადაჯაჭვული, ახლა კი სხვა რეალობას იცოხნით ორივე, უდაბნოს ხვატში გარინდებული აქლემებივით და ერთმანეთის ნათქვამი ყოველი სიტყვა ყალბად გეჩვენებათ, მორიგ სპეკულაციურ მონაჩმახად, ტყუილი ემოციით გატენილ  გულზემჯიღისბრაგუნად…

პირველი ეთნიკური აფხაზი, ვინც ცოცხლად ვნახე და გავიცანი, ესმა კოკოსკერია იყო, 2007 წელს, ჩემი მოთხრობის მიხედვით დადგმულ სპექტაკლზე „ბამბაზიის სამოთხეზე“ მუშაობისას.

ეს სპექტაკლიც ჩემთვის იმ შვიდი ტყვიით შედუღებული ძაფის გორგალის გაგრძელება აღმოჩნდა, 1992 წელს სამუდამოდ რომ დამაკავშირა აფხაზეთთან და თავის ნებაზე შეცვალა ჩემი წილი ცხოვრების რამდენიმე კანონი.

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ და ჩემმა უახლოესმა მეგობარმა, რეჟისორმა (მაშინ მსახიობიც იყო) იოანე ხუციშვილმა, „ბამბაზიის სამოთხე“ რომ წაიკითხეს, სურვილი გაუჩნდათ, პიესად გადაეკეთებინათ, მიუხედავად იმისა, რომ მოთხრობაში აფხაზეთის თემა მთავარი თემა არც ყოფილა. მოთხრობა ერთ მარტოხელა მასწავლებელზეა, რომელსაც შვილი აფხაზეთში მოუკვდა და ახლა მის სახლსაც და სულსაც, რომ იტყვიან, ეშმაკები დაპატრონებიან.

გიორგი სიხარულიძე ახალი დანიშნული იყო ქუთაისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად და, მისი პირველი პრემიერაც, საუკუნენახევრის ტრადიციების მქონე თეატრში, სწორედ ამ პიესით შედგა.

2007 წლის 26 მაისს ვითამაშეთ პირველი სპექტაკლი და მას შემდეგ, ყოველი ახალი თატრალური სეზონი, ყოველ 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, „ბამბაზიის სამოთხით“ იხსნება. ყველა ჩენებაზე დღემდე ანშლაგია და უკვე ათასჯერ ნანახ სპექტაკლს ისევ მდუღარე ცრემლით უყურებენ ხოლმე, რაც, პირველ რიგში, იმის ბრალია, რომ ის აფხაზეთს ეძღვნება, ადამიანებს კი ისევ ენატრებათ და, რაც მთავარია, სტკივათ აფხაზეთი.

„ბამბაზიის სამოთხის“ მთავარი გმირები ქართველი და აფხაზი დედები არიან, ქართველს შვილის საფლავი იქ, აფხაზეთში დარჩა, ოღონდ არ იცის სად, მთელი ეს წლები მის ძებნას შეალია. და აი, იპოვის კიდეც, მიაგნებს ერთი მიცვალებულებით მოვაჭრე აფხაზის წყალობით, მაგრამ აღმოჩნდება, რომ მისი შვილი მისგანვე მოკლული აფხაზი  ბიჭის დედას დაუმარხავს, თავისი  შვილის გვერდით და ასე, წლებია უვლის ორ საფლავს _ თავისი შვილისას და მისი მკვლელისას და ელოდება დღეს, როცა იპოვის ამ მკვლელის დედას, დააყენებს ამ საფლავებთან და ყველაფრისთვის პასუხს მას მოსთხოვს…

სპექტაკლი რომ ემოციური იქნებოდა, ეს თავიდანვე ჩანდა, რადგან ის რეალურ ფაქტებზეა აგებული და გულწრფელ განცდას ნამდვილი ამბავი უფრო იწვევს, ვიდრე გამოგონილი. თუმცა, ჩვენი მიზანი არც ვინმეს დამატებითი ემოციით დამუხტვა და გულაჩუყება ყოფილა, არც ერთგვარი სამოქალაქო რევერანსი „კარგად გაყიდვადი“ და მუდმივად აქტუალური თემის _ აფხაზეთის მიმართ. ძალიან გულახდილად რომ ვთქვა, ჩვენი მიზანი იყო ისეთი სიმართლის თქმა, რომლის ჩვენებაც აფხაზებისთვის იქნებოდა შესაძლებელი. ეს გამოგონილი სიმართლე არ იყო, ეს ჩვენს გულებში დიდი ხნის წინ დაძირკვული სიმართლე იყო და არის დღემდე, და რა უნდა მოხდეს, რომ რამემ ან ვინმემ გადაგვარწმუნოს _ ჩვენ აფხაზეთის დაბრუნება კი არა, აფხაზების დაბრუნება გვინდ(ოდ)ა!

ესმა კოკოსკერია თბილისში ცხოვრობს, ქართველი ქმარ-შვილი ჰყავს, ომის დროს დედამისს ძალით გამოუგდია ალმოდებული ქალაქიდან ორ ცეცხლს შუა მყოფი შვილი _ სადაც შენი ქმარ-შვილია, შენი სახლიც იქ უნდა იყოსო. თუმცა, დღემდე შეუძლია წელიწადში ერთხელ სოხუმს ესტუმროს და თავისები მოინახულოს. ესმა არაჩვეულებრივი, განსაკუთრებული ადამიანია _ ღრმა, ნამდვილი, პროგრესული, ცინცხალი და პრინციპული, და რაც მთავარია, სულ ხუთი თითივით იცის, რას ფიქრობენ მისი (ჩვენი) აფხაზები მის ქართველებზე, რა მოსწონთ და რა ვერ აუტანიათ. ესმა დაგვეხმარა „ბამბაზიის სამოთხის“ აფხაზურად თარგმნაში, მე ის დღეებიც მახსენდება, როცა აფხაზის როლისთვის საჭირო ფრაზებს მთელი მონდომებით სწავლობდა მისგან მსახიობი გიორგი ზანგური და ისე მოიხიბლა ესმას მოყოლილი, ესმას მიერ დახასიათებული აფხაზური ხასიათით, ტრადიციებით, მოკლედ _ ესმას აფხაზეთით, რომ ლამის ტირილით ეხვეწებოდა, გადამიყვანე როგორღაც აფხაზეთში, ჩემი თვალით მაჩვენე იქაურობაო.

გიორგი ვერა, მაგრამ ესმა კოკოსკერიამ მოახერხა და, სპექტაკლის ვიდეო-ვერსია, დვდ-დისკით, სოხუმში მართლა გადაიტანა. ორი კვირით იყო წასული. ეს ორი კვირა გულისკანკალით ველოდით _ რას იტყოდა, რა ამბავს ჩამოიტანდა.

ჩამოვიდა და მოგვიყვა _ შევკრიბე დედაჩემის სახლში 30-მდე აფხაზიო, აი, ისეთები, სიტყვა რომ ეთქმით და აზრი მოეკითხებათო, ჩავურთე ეს დისკიო. თავიდან ყველა ამრეზით იყო _ მორიგი სპეკულაცია ჩამოვიდა თბილისიდან, ისევ ცრემლები და ვაიუშველებელიო ამბობდნენ (უკვე ძალიან აღიზიანებთ მსგავსი რაღაცები და პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს ქართველების მიმართ ნდობას უფრო აკარგვინებთო, ესმამ), დაიწყო სპექტაკლი და დაიწყეს თურმე ამათაც ყურება, ჯერ ზრდილობის გამო, მერე ინტერესის, მერე, ცოტა შუაგულისკენ, ესმამ შეამჩნია, რომ ერთმა ფრთხილად და ფარულად საჩვენებელი თითის ზურგით ცრემლი შეიკავა თვალში, მერე მეორემ და, იფიქრა ესმამ _ აჰა, გაჭრა გულწრფელმა სათქმელმა და გალღვა ამათი გულებიც და, ეს ზუსტად ის ენაა, რა ენაზეც ამის მერე მოგვიწევს დიალოგი, რომ… ფინალი! ფინალში, შვილის და შვილის მკვლელის საფლავთან მდგომი ქართველი დედა, ამდენი წელი მხოლოდ იმაზე რომ ოცნებობდა, თავისი შვილის ძვლები ეპოვა, წამოეღო და სადმე თავისთან ახლოს დაემარხა, უარს ამბობს შვილის საფლავის გათხრაზე და ძვირფას ძვლებს აფხაზ ქალს უტოვებს _ ეს რატის მიწაა, ისევ შენ მოუარე, ვიდრე მე დავბრუნდებიო… ჰოდა, ეს ფინალი, სამწუხაროდ, ჯერაც მიუღებელი აღმოჩნდა იმ 30 აფხაზი მაყურებლისთვის. დაბრუნება _ ეს სიტყვა და მისი წარმოდგენა, როგორც ჩანს, ჯერ ისევ გადაულახავ შიშს ბადებს მათში, პანიკურ შიშს და, ამ შიშს ვერაფერი ერევა…

ესმამ სიმართლე გვითხრა _ რაც არის და როგორც არის _ შეულამაზებელი, გაუყალბებელი. ჩვენ ის მივიღეთ, მაგრამ ჩვენ-ჩვენი წილი იმედი მაინც არ დაგვიკარგავს. არც ჩემი ძაფის გორგალი გაჩერებულა და ისევ გორავს ამ სიმართლის, ამ ფიქრების, ამ ოცნებების გავლით და მათ მიღმა ერთდროულად…

სად არის აფხაზეთი, მოჭრილი კიდურივით რომ გვაკლია და დღემდე არასრულყოფილების მწარე განცდით გვაცხოვრებს?! სად არიან ის აფხაზები, ვისი დაბრუნებაც გვინდა, თვალის გასწორება, ყველაფრის მოსმენა და ყველაფრის თქმა, ვინც მოგვენატრა და ვინც ჩვენს ძმებად მიგვაჩნია, დღემდე ჯიუტად არ ვუშვებთ ხელს და გვინდა ვანიშნოთ, დავიფაროთ, რომ ისინიც არ შთანთქას დიდმა და ვერაგმა იმპერიამ, არ ჩაყლაპოს ამ უთვალავ ფერად შექმნილი სამყაროს ერთი ფერი _ აფხაზები?!..

სად და, პასუხისმგებლობაშია ეს აფხაზეთი, თავისი ადამიანებით, ამ ძალიან კონკრეტულ და უმასშტაბურეს სიტყვაში, ცხოვრების ამ კანონში, სამყაროს ამ წესრიგში _ პასუხისმგებლობაში: რომ ყოველი ადამიანის, ყველა ეთნოსის თავისუფლება ხელშეუხებელია, და ჭეშმარიტი თავისუფლებაც იქ იწყება, სადაც შენი მოყვასის თავისუფლების საზღვარი ძევს; რომ სიცოცხლე ყველაზე მშვენიერი თვისებაა ადამიანში და, ადამიანი კი იცნობა მის ყველა გამოვლინებაში _ ენაში, კულტურაში, ყოფაში, რწმენაში; რომ ეს ქვეყანა, ეს ბებერი და ყველა კბილივით მარადისობამოცვლილი ქვეყანა მხოლოდ პირადი მისწრაფების კი არა, რაღაც უფრო ბევრის და მნიშვნელოვანის ასპარეზია, საკუთარი თავის შეცნობიდან რომ იწყება და სამყაროს შეცნობამდე იგრძელებს გზას, და თუ ამაში ისტორიაც ჩაერია და თავის წიგნში ჩაგწერა!…

მჯერა, რომ ერთ დღეს, მე და ესმა კოკოსკერია ერთად ჩავალთ სოხუმში და ესმა დაწვრილებით ამიხსნის ყველაფერს _ აქ ეს ქუჩაა, აქ ეს სახლი დგას, აქ ის ცხოვრობდა… დავლევთ ქვიშაზე მოდუღებულ ოქროსფერ ყავას ზღვის სანაპიროზე, გავიცნობ ესმას ნათესავებს და მეგობრებს და სიტყვასაც არ დავძრავ „ბამბაზიის სამოთხეზე“, პირიქით, აღარც არასდროს გავიხსენებ მას, როგორც ივიწყებენ ხოლმე დროებითი ეფექტის მქონე წამლებს, ერთ კონკრეტულ კრიზისულ მომენტში რომ უშველათ ოდესღაც… ერთადერთ რამეს ვკითხავ მხოლოდ ჩემს ახლადგაცნობილ აფხაზ მეგობარს, გოგოს ან ბიჭს: იცი, ყველაზე მეტად რით ვგავართ ერთმანეთს? და თუ ვერ მიპასუხა, მე თვითონ ვეტყვი: გამძლეობით.

 

 

 

 

 

თვითრეგულაციის სათავეებთან

0

განათლების სისტემის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მოსწავლეებისთვის დამოუკიდებლად სწავლის უნარის განვითარებაა. თანამედროვე სამყაროში მართლაც შესაძლებელია ტექნოლოგიების გამოყენებით თვითგანვითარება. დისტანციური სწავლებაც აღარ არის უცხო ხილი, თუმცა ამ სასწავლო რესურსის დამოუკიდებლად გამოყენება არცთუ ადვილია საჭირო უნარ-ჩვევების გარეშე.

ბოლო დროს ბევრს საუბრობენ თვითრეგულირებადი სწავლის სიკეთეებზე. ამ უნარის მქონე ადამიანს დამოუკიდებლად შეუძლია თავისი საქმიანობისა თუ სწავლის პროცესის ეფექტურად დაგეგმვა და განხორციელება.

 

როგორც ვიცით, ადამიანი პირველად ცოდნას სხვებზე დაკვირვების შედეგად მოიპოვებს, ანუ პირველადი გამოცდილება მემკვიდრეობითია და დაკვირვებით სწავლის მეთოდს გულისხმობს. სანამ თვითრეგულაციით სწავლის მექანიზმს ავამუშავებდეთ, აქტიურად ვახორციელებთ მოდელირებას – სხვების ქცევის იმიტაციას. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ბავშვიან ოჯახში უფროსების მხრივ საკუთარი ქცევის მართვა. ამერიკის ერთ-ერთი წამყვანი ფსიქოლოგის, ალბერტ ბანდურას ექსპერიმენტმა “თოჯინა ბობო” დაადასტურა მოსაზრება, რომ დაკვირვებით სწავლა ადამიანის თანდაყოლილი უნარია. თუმცა მოდელირება მხოლოდ მაშინ არის ეფექტური, როცა მისაბაძი ქცევა კომპეტენტურ, ძალაუფლების მქონე პიროვნებას ეკუთვნის. ბავშვები დაკვირვების გზით კონკრეტულ ქცევასთან ერთად ემოციურ რეაქციებსაც “სწავლობენ”.

შეიძლება ითქვას, რომ ბანდურას თეორია ბიჰევიორიზმისა და კოგნიტიური მიდგომის შემაკავშირებელი რგოლია. ბანდურა ამტკიცებს, რომ ადამიანის ფუნქციონირებას მხოლოდ შინაგანი ან გარეგანი ფაქტორები კი არა, პიროვნული თვისებები, გარემო, ქცევები და მათი ურთიერთდამოკიდებულებაც განსაზღვრავს. ბიჰევიორისტული შეხედულების თანახმად, ადამიანი საკუთარი გამოცდილების საფუძველზე სწავლობს. სოციალურ-კოგნიტიური თეორია სასწავლო არენას აფართოებს და სწავლის პროცესში სხვების გამოცდილების გამოყენებას რთავს. თვითრეგულაცია კი არა მხოლოდ საკუთარი სააზროვნო პროცესის ძლიერ და სუსტ მხარეებს შეისწავლის, არამედ მთელი შემეცნებითი პროცესისა და მასთან დაკავშირებული ფუნქციების მართვის შესაძლებლობას იძლევა.

თვითდაკვირვების პროცესში ადამიანი შეისწავლის რომელიმე კონკრეტულ ქცევას, რომელიც იმ მომენტში სჭირდება/აინტერესებს. მაგალითად, თუ ის საკვლევ მასალად აიღებს საუბრის მანერას, რომელიც, როგორც ირკვევა, გარშემო მყოფთა დიდ ნაწილს აღიზიანებს, სხვა დეფექტების არსებობის შემთხვევაშიც კი მთელი ყურადღება ზემოაღნიშნულ საკითხს დაეთმობა და სასურველი შედეგის მიღწევამდე საკვლევ საგნად დარჩება.

თვითდაკვირვების მომდევნო ფაზა ქცევის შეფასებაა. შეფასებისას ადამიანი ითვალისწინებს როგორც პირად შეხედულებებს, ისე საზოგადოებრივ სტანდარტსაც. თუ პიროვნება საკუთარი წარუმატებლობის მიზეზად პროფესიული განათლებისა და გამოცდილების სიმწირეს ასახელებს, ის თვითრეგულაციისადმი მაღალ მზაობას ავლენს, მარცხის მიზეზების გამუდმებით გარემოში ძიება კი თვითმართვის დაბალ საფეხურზე მიუთითებს.

შეფასების ფაზას მოსდევს რეაგირება – შესწავლილი საკითხის მიმართ დადებითი ან უარყოფითი ემოციების გამოვლენა. პირად დამოკიდებულებასთან ერთად საზოგადოებრივი თუ მორალური სტანდარტებიც ხშირად ეწევა ქცევის კორექციას, თუმცა გარეგანი მოტივატორებია და მხოლოდ მაშინ ახდენს ქცევაზე, როცა ადამიანს დასჯის ან გაკიცხვის ეშინია. შინაგან მოტივატორად შეიძლება ჩაითვალოს ისეთ ქცევაზე დაკვირვების სურვილი, რომელიც მხოლოდ პიროვნული სტანდარტის ჩარჩოებში ჯდება.

შინაგანი კონტროლის ჩართვა-გამორთვა ადამიანის ხელთაა. თვითკონტროლირებადი გონება არ აძლევს მას არასასურველი ქცევის განხორციელების საშუალებას. თუმცა დაკვირვების პროცესის ხანგრძლივობის შენარჩუნება ცოტას თუ შეუძლია. თვითმართვადი ქცევის სიმწირე განსაკუთრებით მოზარდებში შეიმჩნევა.

თავის ნაშრომში ემოციური ინტელექტის შესახებ გოლმანი თვითრეგულაციას ემოციური განვითარების ხუთ ძირითად ელემენტს შორის ასახელებს (თვითშემეცნება, თვითრეგულაცია, მოტივაცია, ემპათია და სოციალური უნარ-ჩვევები). ამ თეორიის თანახმად, ადამიანის წარმატების საზომი მაღალი ემოციური ინტელექტია. თვითშემეცნების პროცესი პიროვნებას განცდების გაცნობიერებაში, საკუთარი შესაძლებლობების ადეკვატურად შეფასებასა და გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება. თვითრეგულაციის პროცესი ემოციების მართვაზე აგებს პასუხს (სტრესულ გარემოში ორიენტირება, იმედგაცრუებისა და მარცხის გადატანა და სხვ.). მოტივაცია საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებისთვის საჭირო და მომავალი მოქმედების მამოძრავებელი ძალაა. ემპათიის უნარი კი ადამიანს სხვისი გრძნობების გაგებას უადვილებს, რაც, თავის მხრივ, სოციალური სიტუაციების სწორად შეფასებას უწყობს ხელს.

ემოციური ინტელექტის განვითარება სკოლის ასაკიდან უნდა დაიწყოს, რადგან იმედგაცრუებითა და მარტოობით გამოწვეული ემოციების მართვა საკმაოდ რთულია და მოზარდთა აკადემიურ წინსვლასაც საგრძნობლად აფერხებს.

 

მასწავლებლები ხშირად აღნიშნავენ, რომ მოსწავლეებს მონდომება და პასუხისმგებლობა აკლიათ, თუმცა ასეთი სიტუაციის ამსახველი სტანდარტული ფრაზა: “არ უნდა სწავლა და რა ვქნა?!” – დიაგნოზს უფრო მოგვაგონებს, ვიდრე პრობლემის დაფიქსირებას და მისი გადაჭრის გზის ძიებას.

სურვილის გაჩენას ანუ მოტივაციის ამაღლებას სწორედ თვითრეგულაციის განვითარება უწყობს ხელს. როგორმე უნდა იპოვოთ “საჭირო ფიქრი”, რომლითაც მოსწავლეს “დაავადებთ”. მიზნის დასახვა და თვითმონიტორინგი თვითრეგულაციით სწავლის გზაზე გადადგმული პირველი ნაბიჯებია. მიზანი მოსწავლემ უნდა დაისახოს და წესებიც თავადვე შეიმუშაოს.

ყველა ქცევა შინაგან მოტივაციას ვერ დაეყრდნობა, ამიტომ გვჭირდება გარეგანი მოტივატორებიც – ჯილდო, შეფასება, დასჯის თავიდან აცილება და სხვ. გარეგანი მოტივაციით განპირობებული ქცევა შეიძლება თვითრეგულაციის განვითარების ადრეულ საფეხურად ჩაითვალოს. შინაგანი მოტივატორების გაჩენას დრო და შედარებით ზრდასრული ფსიქიკა სჭირდება. როცა მოსწავლეები გაითავისებენ, რომ მიზნის მიღწევაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ მათ ეკისრებათ, გააანალიზებენ დადებითი და უარყოფითი შედეგების მომტან ქცევებს, მათი თვითრეგულაციის დონე საგრძნობლად აიწევს, თუნდაც გარეგანი მოტივატორებით გამყარებულ სწავლის პროცესში. მოსწავლეს ნელ-ნელა ჩამოუყალიბდება აკადემიური ქცევის ეფექტური თვითრეგულირების მოთხოვნილება, რაც საკუთარ ცხოვრებასა და თვითგანვითარების პროცესზე პასუხისმგებლობის აღებას ნიშნავს. ამასთან, კონკრეტული დავალებების შესასრულებლად ინდივიდს უნდა ჰქონდეს ადეკვატური წარმოდგენა საკუთარი საჭირო უნარების შესახებ. მაშინ მისი ქცევის თვითეფექტურობას ვერაფერი შეუშლის ხელს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წარმატება მხოლოდ მაღალი ქულების მიღებას არ ნიშნავს. სწავლებაზე ორიენტირებულ გარემოში წარმატებად აღიქმება ნებისმიერი პროგრესი და სასწავლო უნარების დაუფლება. წარმატებაზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოში შეცდომა არ ნიშნავს დამარცხებას, ის სწავლის პროცესის ორგანულ ნაწილად აღიქმება.

რაც შეეხება სწავლების თვითეფექტურობას, ის მასწავლებლის თვითრწმენასა და ენთუზიაზმზეა დამოკიდებული. სამართლიანი, მაგრამ მომთხოვნი პედაგოგი სწავლების პროცესში მოსწავლის მცირე წარმატებასა და მზარდ ინტერესს მუდმივად უსვამს ხაზს, დაბალი თვითეფექტურობის მქონე მასწავლებლები კი მოსწავლის წარუმატებლობას ინტელექტის ნაკლებობას, ოჯახს, ადმინისტრაციას და სხვა გარეგან ფაქტორებს აბრალებენ და ვერ ხედავენ/არ აღიარებენ საკუთარ ხარვეზებს სწავლების პროცესში. წარუმატებელი მოსწავლის მიმართ მეტად კრიტიკულები არიან, გარდა ამისა, მათში ჭარბობს ნეგატიური ემოცია, რაც მოსწავლეების განწყობასაც ამძიმებს. დაბალი თვითეფექტურობის მქონე მასწავლებლის სტიქია კონტროლია. აქედან გამომდინარე, მას არც მოსწავლეების მიერ მართული სასწავლო პროცესის წარმატებისა სჯერა.

მაღალი კოლექტიური თვითეფექტურობის მქონე პერსონალით დაკომპლექტებული სასწავლო გარემო წარმატებული მოსწავლეების აღზრდის ალბათობას ერთიორად ზრდის. ამასთან, ამცირებს განსხვავებას სოციალურ ჯგუფებს შორის. ზემოაღნიშნული პერსონალის ეფექტურ მუშაობას უმეტესად პოზიტიური განწყობა, ურთიერთთანამშრომლობაზე ორიენტირებული ხედვა და, რაც მთავარია, თვითრეგულირებადი ქცევა განაპირობებს.

 

თვითრეგულაციით სწავლის ერთ-ერთი მთავარი რგოლი ინტერესის კომუნიკაციაა. თუ მასწავლებელი მაღალ ინტერესს ამჟღავნებს სასწავლო საკითხის მიმართ, მოსწავლის ინტერესიც იზრდება. მოტივაციას ამაღლებს პედაგოგის მზრუნველობაც. მოზარდი სკოლაში თავს უფრო დაცულად იგრძნობს, თუ მის სახელს მასწავლებლები მალევე დაიმახსოვრებენ, მიესალმებიან დერეფანში, ჰკითხავენ გაკვეთილის გაცდენის მიზეზს, გამოხატავენ ადეკვატურ პატივისცემას, საჭიროების შემთხვევაში – უკმაყოფილებასაც და ა.შ. “თუ მასწავლებელი შენზე არ ზრუნავს, ეს შენს აზროვნებაზე ახდენს გავლენას. გგონია, რომ არაფერს წარმოადგენ და ეს სკოლის მიტოვებას განდომებს” (Noblit, Rogers, & McCadden, 1995).

ამრიგად, თუ სასწავლო პროცესები დაწყებითი საფეხურიდანვე თვითრეგულირებადი სწავლის უნარის განვითარებაზეა ორიენტირებული, მოსწავლეებში იზრდება მოტივაცია, შეიმჩნევა ცვლილებებისკენ სწრაფვა, ისინი უფრო თამამები ხდებიან, არ აშინებთ შეცდომები და დაბრკოლებებს გამოწვევებად აღიქვამენ. თვითრეგულირებად გარემოში აღზრდილი მოზარდი გაცილებით დამოუკიდებელ, თავდაჯერებულ და მიზანზე ორიენტირებულ პიროვნებად ყალიბდება.

თქვენ ასე არ მოიქცევით

0

 

მეც, ისევე როგორც მრავალი თქვენგანი, რეგისტრირებული ვარ სხვადასხვა საიტზე. თითქმის ყოველდღე მიგზავნიან უამრავ საინფორმაციო, შემეცნებით, პოპულარულ თუ სარეკლამო შეტყობინებას. მინდა, ერთი მათგანი გაგაცნოთ.  შესაძლოა, ზოგ თქვენგანს ის წაკითხულიც ჰქონდეს. მისი ავტორია სვეტლანა ხმელი. სტატიის სათაურია „მე ყველაფერს უკუღმა გავაკეთებ“.

„ოდესმე მეყოლება ბიჭი და მე ყველაფერს უკუღმა გავაკეთებ. სამი წლიდან ხშირ-ხშირად ვეტყვი, რომ არ არის  ვალდებული, გამოვიდეს ისეთი, როგორიც ჩვენ გვინდა. საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი, ვინ გამოვა, როდესაც გაიზრდება. ასე გავა 30 წელი და ჩემი ვაჟი, უკვე სიმელოტეშეპარული, სახეზე საღებავგადღაბნილი სავაჭრო ცენტრის კლოუნი, მოვა და მეტყვის: „დედა, მე უკვე ოცდაათი წლის ვარ, შემომხედე – განა ასეთი ცხოვრება გინდოდა ჩემთვის? რაზე ფიქრობდი, როდესაც მეუბნებოდი, რომ უმაღლესი განათლება სულაც არ არის სავალდებულო? რაზე ფიქრობდი, როდესაც ბავშვობაში მათემატიკის სწავლის ნაცვლად მეგობრებთან სათამაშოდ მიშვებდი?“ მე კი ვეტყვი: „ძვირფასო, არ მინდოდა, თავს მომეხვია შენთვის ჩემი სურვილები. შენ მათემატიკა არ გიყვარდა, თანატოლებთან თამაში გერჩივნა“… „კი მაგრამ, დედა, მე ხომ პატარა ვიყავი, არ მესმოდა, ჩემი სურვილები სადამდე მიმიყვანდა, შენ კი, შენ, შენ ცხოვრება დამინგრიე“. აი, ამის შემდეგ მე დაკვირვებით შევხედავ ჩემს ვაჟს და ვეტყვი: „მისმინე, არსებობენ ორი ტიპის ადამიანები: ერთნი უბრალოდ ცხოვრობენ, მეორენი კი მუდამ დამნაშავეს ეძებენ. თუ ეს არ გესმის, იდიოტი ყოფილხარ, შვილო“. ის იტყვის: „ეჰ“, – და გული წაუვა. მის ფსიქოთერაპიას დაახლოებით ხუთი წელი დასჭირდება.

ან იქნებ ასე: ოდესმე მეყოლება ბიჭი და მე ყველაფერს უკუღმა გავაკეთებ. სამი წლიდანვე დავუწყებ ჩიჩინს: „შვილო, ნუ იქნები იდიოტი, მომავალზე იფიქრე, მათემატიკა ისწავლე, თორემ მთელი ცხოვრება ქოლცენტრის ოპერატორად მოგიწევს მუშაობა“. და აი, ერთ დღესაც ჩემთან მოვა სიმელოტეშეპარული, სახედანაოჭებული პროგრამისტი და მეტყვის: „დედა! მე უკვე ოცდაათი წლის ვარ, „გუგლში“ ვმუშაობ, დღე-ღამეში თითქმის 20 საათს, საკუთარი ოჯახი არ მაქვს. რაზ ფიქრობდი, როდესაც მეუბნებოდი, რომ ცხოვრებაში მთავარი კარგი სამსახურია და რომ ის ბედნიერებას მომიტანს? დედა, რისი მიღწევა გინდოდა, როდესაც მათემატიკის სწავლას მაიძულებდი?“ მე კი ვეტყვი: „მსურდა, კარგი განათლება მიგეღო და ყოვლგვარი შესაძლებლობა გქონოდა ძვირფასო“. „კი მაგრამ, დედა, რა თავში ვიხლი ასეთ შესაძლებლობებს, როცა უბედური ვარ? როდესაც სავაჭრო ცენტრში კლოუნებს ვხედავ, მშურს მათი, რადგან ისინი ბედნიერები არიან. მეც ხომ შემეძლო, მათ ადგილას ვყოფილიყავი? შენ კი, შენ, შენ ცხოვრება დამინგრიე, დედა!“ აი, ამის შემდეგ მე დაკვირვებით შევხედავ ჩემს ვაჟს და ვეტყვი: „მისმინე, არსებობენ ორი ტიპის ადამიანები: ერთნი უბრალოდ ცხოვრობენ, მეორენი კი მუდამ დამნაშავეს ეძებენ. თუ ეს არ გესმის, იდიოტი ყოფილხარ, შვილო“. პასუხად ის იტყვის: „ეჰ“, – და გული წაუვა. მის ფსიქოთერაპიას დაახლოებით ხუთი წელი დასჭირდება.

ან კიდევ ასე: ოდესმე მეყოლება ბიჭი და მე ყველაფერს უკუღმა გავაკეთებ. სამი წლიდან მოყოლებული, გამუდმებით ამის ჩიჩინში ვიქნები: „მე იმისთვის ვარსებობს, რომ მიყვარდე და სულაც არ ვაპირებ, რაღაცები დაგარიგო, ჭკუა გსწავლო. თუ რამე დაგჭირდება, მამასთან მიდი და ის გიპასუხებს, მე არ მინდა, უკიდურესობები ვამტკიცო“. და აი, ერთ დღესაც ჩემთან მოვა სიმელოტეშეპარული, თვალებში სევდაჩამდგარი რეჟისორი და მეტყვის: „დედა, მე უკვე ოცდაათი წლის ვარ და მთელი ეს ხანია, შენი ყურადღების მიპყრობას ვცდილობ. მე შენ მოგიძღვენი ათი ფილმი, შენს პატივსაცემად ხუთი სპექტაკლი დავდგი, წიგნიც კი დავწერე შენზე, დედა. და ამ ყველაფრის შემდეგ მაინც  მეჩვენება, რომ შენთვის სულერთია. რატომ არასდროს გამოთქვამდი აზრს? ყოველთვის, როცა რამე მნიშვნელოვანი კითხვა  მქონდა, მამასთან რატომ მგზავნიდი?“ მე კი ვეტყვი: „კი მაგრამ, ძვირფასო, მე ხომ არ მინდოდა შენს ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღება! მე მხოლოდ შენი სიყვარული მევალებოდა, რჩევა-დარიგებებისათვის  ხომ მამა გვყავს“. ის კი აღშფოთებული გააპროტესტებს: „მე შენი რჩევები მჭირდებოდა და არა მამაჩემის.  მთელი ცხოვრება იმისთვის ვიბრძვი, რომ  გავარკვიო, რას ფიქრობ ჩემზე. ყველაფერს დავთმობ, ოღონდ კი ეს გავიგო. შენი სიჩუმით და შენი განზე მდგომის პოზიციით ცხოვრება დამინგრიე, დედა!“ აი, ამის შემდეგ მე დაკვირვებით შევხედავ ჩემს ვაჟს და ვეტყვი: „მისმინე, არსებობენ ორი ტიპის ადამიანები: ერთნი უბრალოდ ცხოვრობენ, მეორენი კი მუდამ დამნაშავეს ეძებენ. თუ ეს არ გესმის, იდიოტი ყოფილხარ, შვილო“. პასუხად ის იტყვის: „ეჰ“ და გული წაუვა. მის ფსიქოთერაპიას დაახლოებით ხუთი წელი დასჭირდება“.

ტექსტის დასასრულს ავტორი წერს, რომ „ეს არის კარგი პროფილაქტიკა ჩვენი დედობრივი პერფექციონიზმის წინააღმდეგ“, ანუ იდეალური დედობისკენ სწრაფვის მოსათოკავად. „ნუ დაიძაბებით, რადგან როგორც არ უნდა ვეცადოთ, გავხდეთ კარგი დედები, ჩვენს შვილებს მაინც ბევრი რამ ექნებათ ფსიქოთერაპევტისთვის მოსაყოლი“.

ერთმა მეგობარმა, რომელსაც, სხვათა შორის, ძალიან კარგი, უკვე ზრდასრული შვილები ჰყავს, გასულ კვირას მითხრა: „იცი, რას გეტყვი? ძალიან ვცდილობდი, კარგი დედა ვყოფილიყავი, მაგრამ ახლა მგონია, რომ რაც უფრო მეტად ვცდილობდი, მით უფრო მეტ შეცდომას ვუშვებდი“.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პროფესიული ცხოვრების განმავლობაში, სამწუხაროდ, ბევრი ცუდი და ძალიან ცუდი დედა შემხვედრია, მაინც იმ მოსაზრებას ვიზიარებ, რომ დედების უმრავლესობას შვილებისთვის საუკეთესო სურს. ზოგი მშობელი დისციპლინასა და პასუხისმგებლობაზეა ორიენტირებული, ზოგი – განათლებასა და ცხოვრების ჯანსაღ წესზე, ზოგი მთელ დროს შვილებთან ატარებს, რომ ყურადღება და სიყვარული არ მოაკლოს.  ჩვენი მკითხველების უმრავლესობა, სავარაუდოდ, ყველაფერს ერთდროულად „ახერხებს“ და თან მუდმივ შიშსა და დაძაბულობაშია, რომ რამე არ შეეშალოს და მერე ამ „შეცდომის“ გამოსწორება ვეღარ მოასწროს.

ახალგაზრდა დედებისგან ხშირად გამიგონია, რომ ზოგჯერ თავს ვერ იკავებენ და შვილებს უყვირიან, მერე კი დიდხანს ნერვიულობენ, რომ ცუდი დედები არიან. მათ ჰგონიათ, რომ შვილებს რაღაცას დააკლებენ და ამის გამო ისინი „ისეთები ვერ გაიზრდებიან, როგორიც საჭიროა“.

მშობელი უდავოდ უნდა ეცადოს, საუკეთესო და უშეცდომო იყოს, მაგრამ აქ ისევ ოქროს შუალედის პოვნის საჭიროებას მივადექით. არც უგულებელყოფა და არც ზემზრუნველობა. უმეტესად ისე ხდება, რომ მშობლები გაზვიადებით აფასებენ შვილების ცხოვრებაში ჩარევის აუცილებლობას. ვფიქრობ, ნებისმიერ ჩვენგანს აქვს ბავშვობის დროინდელი მოგონებები, როდესაც მშობლები ზედმეტად შფოთავდნენ და გვაკონტროლებდნენ – „სიფრთხილეს ხომ თავი არ სტკივა“.  ასეთი აღზრდა, ერთგვარად მკაცრი, ზოგჯერ ავტორიტარული, გამორიცხავს ალტერნატივას, ეჭვს, შინაგან ძიებას. აღზრდა, რომელიც ბავშვში ინიციატივას ახშობს, ცდილობს მის შეცდომისაგან დაცვას, გზას უჭრის ადამიანს, როცა გაიზრდება, თავად გამოასწოროს საკუთარი შეცდომები.

ელენე შევჩენკოს ერთ სტატიაში ამოვიკითხე, რომ „მშობლები ღმერთები არ არიან და ამიტომ ისინი ყველაფერზე პასუხს ვერ აგებენ. ბავშვი ხომ ცალკე პიროვნებაა, ამიტომ მშობლებს არ შეუძლიათ მათი და მათი ბედის გამოძერწვა. სამაგიეროდ, შეუძლიათ, ხელი არ შეუშალონ შვილების ბუნებრივი განვითარების მიმდინარეობას“. ეს ციტატა იმიტომ გამახსენდა, რომ ხშირად მიფიქრია მშობლებზე, რომლებიც შვილებს „ცუდად იცნობენ“. დიახ, არ შემშლია, სწორედ ამის თქმა მინდოდა – მშობლები ზოგჯერ საერთოდ არ იცნობენ შვილებს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ უფროსები არც მათ უსმენენ და არც უსმენენ საკუთარ მშობლურ ინტუიცას, რომელიც კრიტიკულ სიტუაციებში საუკეთესო მრჩეველია.

დასასრულ კი მინდა გისურვოთ, ყველაფერი „წაღმა გააკეთოთ“.

ამბები და წერილები თეა ლომაძესგან

0

2005 წელს წიგნის მაღაზიაში თეა ლომაძის „ქარის მოტანილი ამბები“ აღმოვაჩინე: ყდიდან თმაგაჩეჩილი გოგონა და ბიჭუნა ეშმაკურად შემომცქეროდნენ, მათ უკან, ცაზე სახლის სახურავები თავდაყირა არეკლილიყო, წიგნი სამ ამბავს „ერთ პატარა სასწაულს,“ „ჩანო-ჩეასა“ და „ქარის მოტანილი ამბებს“ აერთიანებდა. თეა ლომაძის შესახებ მანამდე არაფერი გამეგო, არც ის ვიცოდი, ჩვენი თანამედროვე ავტორი რომ იყო.  და აი, პირველივე წიგნის მერე მისი სახელი და გვარი ჩემთვის ისეთი ავტორიტეტული გახდა, ანოტაციებსაც აღარ ვკითხულობდი, მათ გარეშეც მჯეროდა მე და ჩემს შვილებს თავისი წიგნების გვერდებზე საუკეთესო ამბებს რომ შემოგვთავაზებდა. ასე შევიძინეთ და წავიკითხეთ „წერილი ბოთლში,“ „პალომა – უცნაური მეფის ასული.“ მოლოდინი არასდროს გამტყუნებია, ამიტომ თეასეული ამბები (თუ წერილები) დღემდე განსაკუთრებულად მიყვარს და მავსებს.

დარწმუნებული ვარ, თანამედროვე ქართული ლტერატურის გულშემატკივარი მკითხველი კარგად იცნობს ამ ავტორს. მათ კი ვისაც ჯერ არ გაუცვნია, „ჩანო-ჩეას“ დასაწყისს დავესესხები და ისე მივმართავ: „თუ შენ ასე თერთმეტი-თორმეტი წლის ხარ, მაშინ შეიძლება ამ ამბებმა დაგაინტერესოს.“ იმასაც დავამატებ, რომ ზაფხული მართლაც საუკეთესო დროა თეას წიგნებით თავშესაქცევად. უფროსებმა კი, პატარებისთვის მოსაყოლი თუ გამოგელევათ, თამამად გადაშალეთ „ქარის მოტანილი ამბები“ – ისეთი დახუნძლული სიუჟეტებია, ერთი ამბისგან ორ-სამ ზღაპარს გამოაცხობთ.

„ქარის მოტაილი ამბები“

თეა წერს ამბებს, რომლებიც  ჩვენს ან მეზობელ ეზოში, კორპუსში, ბინაში მოხდა, ხდება ან მოხდება. ამბები მართალია ზღაპრული ელემენტებითაა შეზავებული, მაგრამ იმდენად ჩვეულებრივ, ყოფით ვითარებაშია გადმოცემული, სულაც არ გვიკვირს როდესაც ვანჩო სასწაულებრივად განიკურბნება, მწერალს ძველი სიყვარული დაუბრუნდება, თეა უცხო ენაზე ალაპარაკდება ან ისეთ საფულეს იპოვის, ყოველ გახსნაზე ხუთლარიანი რომ ხვდება და აშ. უცნაურ ფაქტებზე მნიშვნელოვანი ის გახლავთ, როგორ მოიხმარენ გმირები ჯადოსნურ ნივთებს, გამოიყენებენ იშვიათ შესაძლებლობებს, გამოხატავენ მადლიერებას და განაჩენს გამოუტანენ გარშემომყოფებსა თუ საკუთარ თავს. თეას, როგორც საბავშვო მწერლის დამსახურება სწორედ იმაშია, რომ ფანტასტიკურ გარემოებაშიც კი თავის მკითხველს რეალურ საფიქრალს უჩენს, მის ზნეობაზე ზრუნავს და საუკეთესო გამოსავალს სთავაზობს.

„ნუ მისცემ ბოროტებს უფლებას შენში შემოვიდეს და გაბატონდეს,“ „უნდა იკითხო ყველა ბიბლიოთეკის შენობაში გახსნილი სუპერმარკეტის ჯინაზე,“ – უამრავი მსგავსი ფრაზა აგეკვიატებათ და გამოგყვებათ კრებულიდან „ქარის მოტანილი ამბები“ რომ ჰქვია. გარდა ამისა ავტორი საკუთარ თავზე გვერდიდან დაკვირვების საშუალებასაც მოგცემთ და უნებლიედ აღმოაჩენთ როგორი ანატომიური პროცესია სინდისის ქენჯნა, დაფიქრდებით მარტოდმარტო დარჩენილებს რატომ გვრცხვენია ხოლმე საკუთარი თავის, რატომ არ ვაფასებთ ახლობელი ადამიანების ზრუნვასა და სითბოს, სანამ მათ არ მოვშორდებით.

საინტერესო ამბები დროის უმცირეს მონაკვეთში ხდება (იწერება): ერთ ქალბატონს სახლის გასაღები დარჩება, თავისი კორპუსის ეზოში მოუწევს ლოდინი, პატარა გოგონას გაიცნობს, რომელიც ავადმყოფობის შემდეგ პრველად გამოუშვეს გარეთ და სირბილი აკრძალული აქვს. სკამზე ტყუილად ხომ არ ისხდებიან და… საუკეთესო მოგონებები თავშესაქცევ ამბებად იქცევა; აღელვებული გმირის აჩქარებულ ნაბიჯებს თუ ავყვებით, თვალის დახამხამებაში თბილისიდან ერთ აზიურ, „დედისერთების სოფელში“ აღმოვჩნდებით; იმაშიც დავრწმუნდებით, რომ ცხრა მთისა და ცხრა ზღვის გადალახვას ერთი მარტივი და გაბედული მოქმედებითაც შევძლებთ, ვინაიდან ზღაპრული ადამიანები სწორედ ჩვენს მეზობლად ბინადრობენ.

როგორც დასაწყისში აღვნიშნე, „ქარის მოტანილი ამბები“ 2005 წელს გამოცემული კრებულია, თუმცა შესაძლოა კიდევ მიაგნოთ წიგნის მაღაზიებში ან ბიბლიოთეკებს მიაკითხეთ, თეა ლომაძის უდიდესი სურვილიც ხომ ეს გახლავთ – ისევ არსებობდეს უბნის ბიბლიოთეკები და იქ უმცროსი თაობა დადიოდეს. სწორედ ის პატარა და მყუდრო ბიბლიოთეკები, კატერინას (ბიბლიოთეკარი „ერთ პატარა სასწაულში“) მსაგვსი ქალბატონები რომ ბინადრობენ. დიახ, „ბინადრობენ,“ ვინაიდან ბავშვებს ვერ წარმოუდგენიათ ჰაეროვანი და რომანტიკული კატერინა „სხვა ქალებივით ხახვსა და ნორს თუ ჭრის ან ოთახებში მტვერს წმენდს.“ რატომ? იმის გამო რომ ჩვეულებრივი, ნაცრისფერი ადამიანებისგან განსხვავებით კატერინას სჯერა (და პატარა მკითხველსაც არწმუნებს), რომ წიგნებს ჯადოსნური ძალა აქვთ და „გულის კუნჭულში შეყუჟული გმირებით ავსებენ ადამიანებს.“

არ გაუშვათ ხელიდან შესაძლებლობა გაიცნოთ კატერინა, მისი პატარა და დიდი მეგობრები, ასევე თერთმეტი წლის თეა (იგივე ჩეა), თოთხმეტი წლის ჩანო და პატარა ჩაჩია (იგივე თათია), პუტკუ და გამხდარი ბებიები, მამა, რომელსაც სამჯერ თუ არ გაუმეორებ ერთსა და იმავეს, ვერაფერს გააგებინებ, საჩუქრებიანი ბიცოლა და მუდამშარვლიანი დეიდა, ბაბუა და შვილიშვილი ხილის ხეებს სახელები რომ დაარქვეს (ქლიავს უკარება, ვაშლს კეთილი, ალუბალს მეტიჩარა, ბროწეულს პრანჭია, დიდი გულაბს ბრძენი)… და დარწმუნდებით, რომ თეას წიგნები ნამდვილად “ჯადოსნურია ანუ ისეთი, ადამიანს კითხვას რომ აყვარებს.“

 „წერილი ბოთლში“

თეა ლომაძეზე საუბრისას ერი წიგნით ნამდვილად ვერ შემოვიფარგლები. მითუმეტეს, რომ „წერილი ბოთლში“ არა მარტო შინაარსით, გარეგნობითაც ისეთია, კითხვის ხასიათზე დაგაყენებთ: ცალხაზიან რვეულს ჰგავს, რომელშიც ულამაზესი კალიგრაფიით ჩაუწერიათ ტექსტი, მინდვრებში თუ მათ მიღმა კი გაკრული ხელით ილუსტრაციები მიუხატავთ.

წიგნი იმ ქალაქზეა, რომელსაც „უცნაურობა სჭირს, მისი მოქალაქეები ორ სხვადასხვა ენაზე მოსაუბრეებად იყოფიან, ერთმანეთთან საკონტაქტოდ კი მესამე ენას იყენებენ, რომელსაც გაძლიერებულად ასწავლიან სკოლებში.“ წიგნის მთავარ გმირ გოგონებს უფროსებისგან განსხვავაებით მშვენივრად ესმით, დღეში ერთი სიტყვა რომ ესწავლათ, ახლა თვისუფლად ისაუბრებდნენ ერთმანეთის ენებზე. თუმცა, სანამ ამას უფროსებიც მიხვდებიან, „ცხოვრება მათემატიკის მშრალ კანონებს დაემორჩილება,“ გამყოფი ღობის სიმაღლე კი მუხანათურად გაიზრდება.

ავტორი გეოგრაფიულ სახელებს არ აკონკრეტებს, მაგრამ ძნელი მისახვედრი არ არის, რომ საუბარი ქართულ-აფხაზიურ კონფლიქტზეა. საინტერესო  გახლავთ ისიც, რომ ამ კონფლიქტის დასაწყისი, მნიშვნელობა და შედეგები სწორედ ბავშვების თვალით არის დანახული და შეფასებული. „წერილი ბოთლში“ სავსეა  მტკივნეული და აქტუალური შეკითხვებით, უფროსებს ბევრ რამეზე რომ დაგვაფიქრებს. ამ კითხვებს პუტკუ მარიამი „ზღაპრული კუნძულიდან“ გვიგზავნის. როგორ აღოჩნდება იქ მთავარი გმირი, ამას წიგნიდან შეიტყობთ, მხოლოდ იმას გაგიმხელთ, რომ იქიდან კარგად მოჩანს „უცნაური ქალაქი“ და „განსაკუთრებით კარგად ცურვას“ თუ ვისწავლით, იქნებ მეტადაც მივუახლოვდეთ.

 

დავითვალოთ ათამდე

0

„როცა ტელევიზორი დუმს, სიჩუმეს აფეთქებს ქვედა სართულიდან ამომავალი ყვირილი და ლანძღვა. ეს რატი ბარბაროსაა, ჩემი მეზობელი. ჩაფსკვნილი ახალგაზრდა კაცი, ქართული ჯარის ოფიცერი. ბარბაროსა მე შევარქვი. შინ სმენადაქვეითებული დედა, ენერგიული ცოლი და ტყუპი ბიჭი ჰყავს. ვერ ვიხსენებ, როდის დაიწყო ყვირილი. ისე, ყვირილი მამამისმაც იცოდა, ახლა ცოცხალი აღარ არის. დედამისიც, ცოტა ხანს სკოლაში მასწავლიდა. სულ ჩხუბით გველაპარაკებოდა. მოკლედ, რატი თავის ტყუპებს უყვირის და აგინებს. რაღაც დღეებში სახლში არ არის და კორპუსიც წყნარდება. თითქოს ბიჭებიც უფრო ხალისიანები ხდებიან. ჯარისგან თავისუფალ დროს სიტუაცია იძაბება. ამ ბავშვების ცუდი ქცევა არც სახლში მინახავს და არც სკოლაში. ჩემს სკოლაში დადიან, მეხუთეში გადავიდნენ. კარგად სწავლობენ, ზრდილობიანად იქცევიან, ჭიდაობენ კიდეც. როცა ცხელა, სადარბაზოში სხედან, კიბეზე, და წიგნებს კითხულობენ.

მე მამა არ მყავს და ჩემი ყველაზე დიდი გულისტკივილი ეს არის. არ მახსოვს როგორი იყო მამაჩემი, მხოლოდ ფოტოებით და სხვების ნაამბობით ვიცნობ. რატი ბარბაროსა მეუბნება, კარგი მამა გყავდა, ვმეგობრობდითო. როცა ყვირის, ვფიქრობ, მამაჩემი თუ მართლა მაგის მეგობარი იყო და ,,მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი…“ მართალია… იქნებ, ასე სჯობს? უმამობა საშინელებაა, მაგრამ არ მინდა, მე ან დედაჩემს ვინმე ასე დაგვყვიროდეს და გვაგინებდეს. მერე სხვა მამებზე ვიწყებ ფიქრს და ისევ ძალიან მინდა, მამა ჩვენთან იყოს.

ბარბაროსა ჩემს მეორე ოცნებაშიც შემოიჭრა. პატარაობაში ჯარისკაცობა მინდოდა. ორ-სამ წელიწადში სკოლას დავამთავრებ, სულაც აღარ მინდა იმ ჯარში წასვლა, სადაც ასე დამიწყებენ ყვირილს და ლანძღვას. დარწმუნებული ვარ, ხელქვეითებსაც ასე ექცევა. ალბათ, მანამდე მაგასაც უყვიროდნენ. ჩემს შვილებს ასე ნამდვილად არ მოვექცევი. იმაზეც ვფიქრობ, ტყუპები როგორები გაიზრდებიან. თვითონ ხომ არ მოსწონთ, რომ მათზე ძალადობენ, რატომ უნდა გაიმეორონ იგივე საქციელი?

არადა, ტრენინგზე გვითხრეს, ძალადობის მსხვერპლიც პოტენციური მოძალადეაო… არ ვიცი, როგორ დავეხმარო ტყუპებს, დედაჩემმა, შენი საქმე არ არისო… ტელევიზორი ჩართე და ვეღარ გაიგონებო…“

ეს ნამუშევარი ძალადობის თემაზე გამოცხადებულ მოსწავლეთა კონკურსზე წარმოადგინა მეცხრეკლასელმა ბიჭმა და ერთხელ კიდევ დაგვაფიქრა მშობლისა თუ პედაგოგის მხრივ გამოხატული ძალადობის ამ ფორმაზე.

ყველა მშობელს აღზრდის თავისი წესები აქვს. როგორც სატისტიკა აჩვენებს, ამ წესებს უმეტესწილად შეგნებულად კი არ ირჩევენ, არამედ წინა თაობებისგან მემკვიდრეობით იღებენ.

ინოვაციები აღზრდის სფეროში ძალიან ნელა აღწევს, ისიც – ცნობილი ფსიქოლოგებისა და პედაგოგების წყალობით, მაგრამ თუ ბავშვი უფროსებსა და თანატოლებს ხშირად ეჩხუბება, ეუხეშება ან ეუზრდელება, დროა დავფიქრდეთ, რა შეგვეშალა და როგორ გამოვასწოროთ სიტუაცია.

„ბავშვები ცხოვრების ყვავილები არიან“ – ეს ფრაზა გაცვდა, მაგრამ შინაარსს ინარჩუნებს. შესაფერი პირობების გარეშე ყვავილი ვერ გაიზრდება და გაიფურჩქნება და ეს მხოლოდ მატერიალურ კეთილდღეობას არ გულისხმობს. მთავარი, რისი მიცემაც შეგვიძლია ბავშვებისთვის, ის არის, რაც პირდაპირ ცნობიერებაში ილექება.

„არ უყვირო ბავშვს!“ – ესეც ძველი, ნაცადი და სასარგებლო რჩევაა. ბავშვი ღრუბელივით ისუტავს მთელ აგრესიას და განსაზღვრული ხნის შემდეგ ის აუცილებლად გამოჟონავს ზედაპირზე.

ფსიქოლოგების რჩევა მყვირალა მშობლებისთვის: სანამ უარყოფით ენერგიას შვილს დაატეხდეთ თავს, შეეცადეთ დამშვიდდეთ. ღრმად ჩაისუნთქეთ და დაფიქრდით იმაზე, რის მიმართაც ასეთი აგრესიული დამოკიდებულება გიჩნდებათ. შეეცადეთ, მოემზადოთ არასასიამოვნო სიტუაციისთვის და როცა დრო მოვა, თქვენი უკმაყოფილება ჩვეულებრივი კილოთი გამოხატეთ. ეს მნიშვნელოვნად აადვილებს აღზრდის პროცესს.

თავის შეკავებას ვერ ახერხებთ? დიახ, ეს უდავოდ რთულია. აი, ფასდაუდებელი რეკომენდაცია, რომელიც უკვე უამრავ ზრდასრულ ადამიანს დაეხმარა ემოციების მართვაში. უპირველეს ყოვლისა, გააანალიზეთ, რა იწვევს თქვენში გაღიზიანებას, რა გაიძლებთ ყვირილს – ხმამაღალი მუსიკა? ცუდი ნიშნები? აპარსული თმა? ყოველივე ამასთან შესახვედრად მუდამ მზად იყავით. მსგავს სიტუაციას ხომ უკვე ბევრჯერ შეჯახებიხართ და უკვე უნდა შეგეძლოთ მასთან ყვირილის გარეშე გამკლავება. კიდევ ერთხელ გაიხსენეთ, რომ თქვენსა და თქვენს შვილს შორის უფროსი სწორედ თქვენ ხართ!

დაითვალეთ ათამდე. როცა თვლას დაასრულებთ, სავარაუდოდ, საკმაოდ მშვიდად იქნებით და უკვე შეგრცხვებათ ყვირილის.

დღესაც ვფიქრობ, რა ვურჩიო ბარბაროსას მეზობელ ბიჭს, როგორ დაეხმაროს ტყუპს? თქვენი რჩევებიც საინტერესო იქნება.

ვკითხულობთ ჯეინ ოსტინს

0

წიგნი იმიტომ ვიყიდე, ყდაზე მწვანე ქოლგები რომ ეხატა. როცა ამ სიტყვებს ვწერ, „ემა“ დამთავრებული არ მაქვს – ქართული გამოცემა ექვსას გვერდზე მეტს ითვლის და მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვწყდები, აშკარაა: კიდევ ერთი დღის გატარება მომიწევს ორ ეპოქას, ორ ქვეყანას შორის. შეუძლებელია ჯეინ ოსტინის კითხვის დროს დარჩე იქ, სადაც ხარ – რომელიმე გმირი ისე ბუნებრივად გამოგდებს მკლავს და სეირნობისას გულს გადაგიშლის, თითქოს ზამთრის პირქუშ დღეებში სხვა მესაიდუმლე არ ჰყავდეს; თითქოს მეზობლად ცხოვრობდე და მოსაკითხ ბარათებს მსახურების ხელით უცვლიდეთ ერთმანეთს.

ისე მოხდა, რომ ჯეინ ოსტინის წიგნს პირველად ვკითხულობ. მისი რომანების კინოეკრანიზაციები დიდი ხნის წინ ვნახე – ჯერ კიდევ იმ ასაკში, ცხოვრების მთავარი კითხვა საპასუხო გრძნობის არსებობა-არარსებობას რომ ვერ სცდება და სასოწარკვეთით ცდილობ, გაარკვიო: უყვარხარ თუ არ უყვარხარ. ამ კითხვის პასუხზე იმდენი რამაა დამოკიდებული, ისეთი მნიშვნელოვანი მოჩანს ყოველი მინიშნება, თითქოს სამყაროს ვეება სიცარიელეში ეს ერთადერთი გრძნობა არსებობდეს – ერთადერთი ხელშესახები სინამდვილე.

ემას – წიგნის მთავარი გმირის სახელის წარმოთქმისას ჩემი სახელი მესმის. „მოახლემ თმა დაუხვია, გავიდა და ემა მარტო დატოვა, რათა ეფიქრა და უბედური  ყოფილიყო“, – ასე იწყება მე-16 თავი. უბედური იმიტომ არის, რომ იმ კაცს შეუყვარდა, ვისაც საპასუხო გრძნობით ვერ უპასუხებს. გულწრფელად უნდოდა, მეგობრისთვის შესაფერისი საქმრო გამოეძებნა, წარმოუდგენლად ირჯებოდა, მაგრამ შედეგი წარმოსახულისგან სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა – მისტერ ელტონმა თავად ემას აუხსნა სიყვარული შობის ღამეს. წარმოიდგინეთ: ზამთრის ცივი ღამე, დათოვლილი გზა, ეტლი, რომელშიც ცხვრის ტყავებია ჩაფენილი და შემთვრალი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ხელში თქვენი ხელი უჭირავს და ერთმანეთზე უაზრო ფრაზებს გეუბნებათ.

ამინდი წიგნის ერთ-ერთი გმირია. ამინდს მოვლენათა განვითარების დრამატულად შეცვლა შეუძლია. საკუთარი უხასიათობის გასამართლებლად თუ სადილად მიწვევაზე უარის სათქმელად სხვა მიზეზი არც არის საჭირო. ფარდას გადასწევ და აქაა – შენი მხსნელი, მარადიული თანამოაზრე.

ჯეინ ოსტინის კითხვისას ისეთი განცდა ჩნდება, თითქოს შინ ხარ. თითქოს სწორედ იმ სახლში დაიბადე, სადაც ბუხარი განუწყვეტლივ გუზგუზებს და ოჯახის წევრთა მთავარი საზრუნავი საღამოს მოსული სტუმრების ჯეროვნად გამასპინძლებაა. შესაძლოა რომელიმე სტუმარმა შორეული კარმიდამოს სურათები გაჩვენოთ – ცხადია, თავისი ხელით დახატული პეიზაჟები. ვიღაც დაიწუწუნებს, ეს რა მოკლე წერილი მივიღე, მხოლოდ ორი გვერდიაო, გვერდით მჯდომი კი თავს გადააქნევს და გულწრფელად სთხოვს, აბა, წაგვიკითხეო. წერილების საჯაროდ კითხვა აქაურ თავშესაქცევთა შორის მართლაც გამორჩეულია – ერთსა და იმავე ამბებს მოწყენილობის ღმერთის წინაშე აღსავლენ ლოცვასავით კითხულობენ.

ჩემ წინ გადაშლილ რომანში ერთი მეორეხარისხოვანი პერსონაჟია, რომელსაც თითქოს თვალის ასახვევად ჰქვია ჯეინ ფეარფაქსი – იმდენაც კარგად ნაცნობი სახეა ყოვლად უნაკლოდ, თავად სრულყოფილებად მიჩნეული ქალიშვილისა, რომელიც წარმატებას თითოეულ ჯერზე თითქმის ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე აღწევს, შეუძლებელია მკითხველის მეხსიერებაში ზუსტი სახელი და გვარი არ გაჩნდეს: თანაკლასელის, ბავშვობის მეგობრის, დეიდაშვილის ბიძაშვილის, დედის მეგობრის ქალიშვილის, ნათლიის დისშვილის ან ვინმე ასეთის. ეს წარმატება არ არის უბრალო გამართლება. ეს ერთგვარი კანონზომიერების გამო ხდება, რომელიც რომანშიც და ცხოვრებაშიც გამაღიზიანებელ, მომაბეზრებელ, საკუთარი თავით უზომოდ მოხიბლულ ბრიყვებს აჩენს.

ემა კი ერთ ეპიზოდში გადაწყვეტს, საკუთარი წარმოსახვის უნარი საბოლოოდ დათრგუნოს. შესაძლოა, კარგი არც არაფერი მოჰყვეს სურეის ჩაკეტილ საზოგადოებაში გარშემომყოფებზე ზრუნვის მისეულ მცდელობებს, მით უფრო, რომ პირველი მარცხი უკვე იწვნია – მეგობრის გაბედნიერება ვერ შეძლო. ცხადია, ჰაიბერიში დატრიალებულ ამბებს კომიკური ელფერი ახლავს, ღიმილის გარეშე წიგნის ორ გვერდსაც ვერ წაიკითხავ. ღმერთო ჩემო, რა შესაფერისი წყვილების შედგენა და რა სხვების გემოვნების დახვეწაზე ფიქრი, დააცადე ადამიანებს საკუთარ გზაზე სიარულიო, ფიქრობ. მთავარ გმირს დროდადრო ელაპარაკები, თითქოს კაბის შრიალით მოგყვებოდეს გვერდზე, მხრებზე შალმოსხმული.

არ ვიცი, რა ასაკში სჯობს ჯეინ ოსტინის წიგნების კითხვა –  მოზარდებმა შეიძლება იმდენად სერიოზულად მიიღონ მათში აღწერილი ამბები, რომ განსჯის ვნებას ვერ გადაურჩნენ – ზედმეტად მკაცრი განაჩენი გამოუტანონ ადამიანთა მარადიულ სიმარტივეს, პატარ-პატარა მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისკენ სწრაფვას, გულუბრყვილოთა იოლად ამოსაცნობ ხელწერას. ჩემთვის კი „ემა“ ის წიგნი აღმოჩნდა, სადაც არაფერს ვეძებ, სიმშვიდის, მეგობრის ხელის სითბოსა და ჩაის ნაცნობი სურნელის გარდა.

 

 

ემპათია ბავშვებში

0

უკანასკნელ ხანს უფროსები ხშირად გამოთქვამენ საყვედურს, წუხილს და გულისტკივილს ბავშვების ემპათიურობის თაობაზე. აღმზრდელთა აზრით, თანამედროვე ბავშვები, რომლებიც კომპიუტერული ტექნოლოგიების საუკუნეში იზრდებიან, ნაკლებად მგრძნობიარენი გახდნენ სხვა ადამიანების ემოციური მდგომარეობისა და გრძნობების მიმართ, არ შეუძლიათ თანაგრძნობა, თანაგანცდა. ამ შეხედულების მომხრენი ამტკიცებენ, რომ დღევანდელი ბავშვები ინტელექტუალური განვითარებით 20-30 წლის წინანდელ ბავშვებზე გაცილებით წინ არიან, მაგრამ ემოციური განვითარებით ძალიან ჩამორჩებიან მათ.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ემპათია, თანაგანცდა – სხვა ადამიანის ემოციების როგორც საკუთარის შეგრძნების და გაგების უნარი – თანდაყოლილია და ყველა ადამიანს აქვს, გარდა იშვიათი გამონაკლისებისა. ემპათია ხელს უწყობს ადამიანში ისეთი თვისებების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა თანაგრძნობა, სიბრალული, წუხილი სხვისი გასაჭირის გამო. ემპათია გვეხმარება ურთიერთობაში, ადამიანებთან საერთო ენის გამონახვაში, მათ მორალურ დახმარებაში. სწორედ ემპათიურმა ადამიანმა იცის, რას განიცდის მის გვერდით მდგომი.

ამრიგად, ემპათია სხვა ადამიანის ემოციური მდგომარეობის გაგებაა თანაგანცდის და მის სუბიექტურ სამყაროში შეღწევის საშუალებით მისთვის ემოციური მხარდაჭერის აღმოსაჩენად. ემპათია მოიაზრებს საკუთარი თავის სხვა ადამიანის ადგილას დაყენების, თანაგანცდის, ჩვენთან ურთიერთობის მქონე ადამიანის შინაგანი სამყაროს ემოციური და აზრობრივი შეფერილობის შენარჩუნების უნარს. ვფიქრობ, საინტერესოა, რომ ემპათიას ემოციურობასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს – არიან ადამიანები საკმაოდ განვითარებული ემპათიის უნარით, მაგრამ სრულიადაც არ არიან ემოციური. თუმცა ემპათიის განვითარებას, ჩვეულებრივ, ემოციურობის განვითარებაც მოჰყვება. ემპათია მეტ შესაძლებლობას იძლევა გრძნობებისა და ემოციებისათვის. ამიტომაა, რომ ემპათიურ ადამიანს ხშირად ემოციურად მიიჩნევენ, თუმცა სინამდვილეში ის უბრალოდ მგრძნობიარე და გულისხმიერია.

როგორც უკვე ითქვა, ემპათია თანდაყოლილია, მაგრამ მას აუცილებლად სჭირდება განვითარება, რათა გამოვლინდეს. მისი განვითარების საუკეთესო პერიოდი კი ბავშვობაა. თუ დროულად არ ვიზრუნეთ ემპათიურობის განვითარებაზე, ჩვენს თვალწინ შეიძლება ჩამოყალიბდეს ემოციურად ბრმა და ემოციურად ყრუ ადამიანი. ადამიანი, რომელიც უყურებს, მაგრამ ვერ ხედავს და ისმენს, მაგრამ არ ესმის.

ბავშვები საკმაოდ ადრეულ ასაკში ამჟღავნებენ სხვის ემოციებზე ადეკვატური რეაგირების უნარს. ძალიან პრიმიტიული სახით ის უკვე ჩვილ ასაკში შეინიშნება – გაბრაზებული ადამიანის სახის დანახვაზე ბავშვი ტირილს იწყებს, გახარებულის დანახვა კი მასაც მხიარულ განწყობაზე აყენებს. ორი წლის ბავშვს უკვე შესწევს უნარი გაიგოს, რომ ადამიანი ცუდადაა და შეიძლება თავისი სათამაშო გაუწოდოს დასამშვიდებლად. პატარას „დახმარება“ უნდა, მაგრამ არ გააჩნია ცოდნა და უნარ-ჩვევები მხარდაჭერისთვის. მხოლოდ 6-7 წლის ბავშვს შეუძლია, გააზრებულად დააყენოს საკუთარი თავი სხვის ადგილას და დაფიქრდეს იმაზე, როგორი მოქმედება იქნება უფრო შესაფერისი კონკრეტული სიტუაციისთვის. იმის გაგებას, როგორ გრძნობენ თავს ადამიანთა განსაზღვრული სოციალური ჯგუფები, მოზარდი უკვე გარდამავალი ასაკიდან იწყებს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს თავისთავად არ ხდება, ამ უნარს განვითარება სჭირდება. განვითარებისთვის კი ეს პერიოდი ხელსაყრელია, რადგან გარდამავალ ასაკში იღვიძებს ფსიქოლოგიური აზროვნების, საკუთარი თავისა და სხვების შეცნობის უნარი. თუ ჩვენს განვითარებაში მომხდარ ცვლილებებს არ უგულებელვყოფთ და გონივრულად გამოვიყენებთ, ბავშვი მგრძნობიარე ადამიანად გაიზრდება.

ალბათ საინტერესო იქნება იმაზე საუბარი, რა შეიძლება გავაკეთოთ ბავშვში ემპათიურობის განვითარებისთვის:

  • უპირველეს ყოვლისა, ვასწავლოთ ბავშვს საკუთარი გრძნობებისა და ემოციების სიტყვიერად გამოხატვა. კარგი იქნება, თუ ამის მოდელირებას თავად მოვახდენთ. მაგალითად, თუ ბავშვი ჩვენი თხოვნით პატარა ძამიკოს ან დაიკოს დაეხმარა დავალების მომზადებაში, რამაც ძალიან გაგვახარა, სიხარული შეგვიძლია სიტყვიერად ასე გამოვხატოთ: „ძალიან მიხარია, რომ შენს უმცროს ძმას დაეხმარე დავალების შესრულებაში“; ან პირიქით, გვეწყინა, რომ სიმართლე დაგვიმალა/მოგვატყუა. ამ შემთხვევაშიც უკეთესი იქნება, თუ არ დავმალავთ ჩვენს გრძნობებს და სიტყვიერადაც გამოვხატავთ: „ძალიან მეწყინა, რომ სიმართლე დამიმალე/ტყუილი მითხარი“. კარგი იქნება, თუ ბავშვს მის გრძნობებზეც დაველაპარაკებით და მათ სიტყვიერ ფორმულირებაშიც გავუწევთ დახმარებას. მაგალითად, თუ ვამჩნევთ, რომ ბავშვი ძალიან წუხს სკოლის შეცვლის გამო, შეგვიძლია ვუთხრათ: „ვხედავ, რომ ძალიან გაწუხებს სკოლის შეცვლა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ახალ სკოლაში მალე შეიძენ მეგობრებს“.

ბავშვთან ჩვენს გრძნობებზე საუბრის დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია ერთი რამ – გულწრფელობა. თუ სინამდვილეში არ ვწუხვართ, მაგრამ ბავშვს ვეუბნებით, რომ შეწუხებული ვართ, ან არ გვიხარია, მაგრამ ვუცხადებთ, რომ გვხარია, აუცილებლად დავკარგავთ ბავშვის ნდობას, რადგან ბავშვებს უფროსებისთვის ყველაზე მეტად სიყალბის პატიება უჭირთ.

  • კარგი იქნება, თუ ბავშვს ვასწავლით სხვისი, განსაკუთრებით კი ოპონენტის პოზიციიდან მოვლენის ან სიტუაციის შეფასებას. ამისთვის შეიძლება გამოვიყენოთ თანატოლებთან გართულებული ურთიერთობა. თუ ბავშვი თანაკლასელთან კონფლიქტში აღმოჩნდება ჩათრეული, ვთხოვოთ გაჩერდეს, დაფიქრდეს, რას იგრძნობდა ოპონენტის ადგილას და იმსჯელოს პრობლემაზე მისი პოზიციიდან. თუ ბავშვი პატარაა, სასარგებლო იქნება მსგავს სიტუაციაში თოჯინების გამოყენება, ამასთან, თითოეული თოჯინა უნდა წარმოადგენდეს კონფლიქტის რომელიმე მონაწილეს. ასეთი აქტივობა ძალიან უწყობს ხელს ემპათიის განვითარებას.
  • რეაგირების გარეშე ნუ დავტოვებთ ბავშვის გულგრილ დამოკიდებულებას გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ. თუ ბავშვი არაკეთილგანწყობას ამჟღავნებს, გამოვიყენოთ ეს როგორც შესაძლებლობა მის დასახმარებლად, გახდეს უფრო მგრნობიარე სხვა ადამიანის მდგომარეობისა და გრძნობების მიმართ. შევეცადოთ, ბავშვის ყურადღება მივმართოთ იმისკენ, რა გავლენა მოახდინა მისმა მოქმედებამ სხვა ადამიანზე: „შენ ტელევიზორი სხვა არხზე გადართე მულტფილმების საყურებლად ისე, რომ არ ჰკითხე ბებიას, ხომ არ უნდოდა იმ გადაცემის ბოლომდე ნახვა, რომელსაც უყურებდა. რას იგრძნობდი, შენ რომ მოგქცეოდნენ ასე?“
  • თუ ვხედავთ, რომ ბავშვი ამჟღავნებს თანაგრძნობას, თანაგანცდას, სიბრალულს ვინმეს მიმართ, ის აუცილებლად შევაქოთ და მოვიწონოთ მისი საქციელი, რათა მომავალშიც გაუჩნდეს ასე მოქცევის სურვილი.
  • იმისთვის, რომ ბავშვმა ისწავლოს ჩვენი მოსმენა, ჩვენი თხოვნის, ჩვენი ემოციების გაგება, თავად უნდა ვიყოთ კარგი მსმენელი. მოვუსმინოთ და გავიგოთ არა მხოლოდ ის, რაც ითქვა, არამედ ისიც, რაც ბოლომდე ვერ თქვა და რაც დაფარულია მის ინტონაციაში, ჟესტებში, მიმიკაში.
  • ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვი იზრდებოდეს კეთილგანწყობის, სიკეთის, გარშემო მყოფთა მიმართ თანაგანცდის ატმოსფეროში.
  • გვახსოვდეს, რომ ბავშვი სარკესავით აირეკლავს მასთან ურთიერთობაში მყოფი უფროსების, უპირველეს ყოვლისა, მშობლების ქცევას, ამიტომ ვიზრუნოთ ჩვენს სულიერ განვითარებაზე და ჩვენთან ურთიერთობაში მყოფი პატარაც გაიზრდება ჩვენს კვალდაკვალ.

დაბოლოს, ბავშვებთან ურთიერთობის და მათთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, ვფიქრობ, მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ბავშვები ყოველთვის გამოირჩეოდნენ და დღესაც, მიუხედავად ყველაფრისა, გამოირჩევიან ემპათიურობის ისეთი საოცარი უნარით, რომ ცალკეულ შემთხვევებში ალბათ ჩვენ, უფროსებს, ამ მიმართულებით უფრო მეტის სწავლა შეგვიძლია მათგან, ვიდრე მათ – ჩვენგან.

ანტინაცისტი მხატვარი

0

გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში მსოფლიოს მთავარმა ნაცისტურმა გაზეთმა პროპაგანდის განყოფილებაში ვრცელი და კრიტიკული სტატია გამოაქვეყნა. „სახალხო ზედამხედველი“ დაუნდობლად განსჯიდა კომპოზიციას, რომელზეც რაიხში მცხოვრები ქალი ომისგან გაუბედურებულ, გაწამებულ, შვილმკვდარ მშობლად გახლდათ წარმოჩენილი. „მადლობა ღმერთს, სინამდვილეში გერმანელი დედა ასე არ გამოიყურება“ – წერდა რასისტული გამოცემის რედაქტორი. მაშინდელი პოლიტიკური კონიუნქტურის მიხედვით, ცენტრალური ევროპული სახელმწიფოს მოქალაქეები ხელოვნების ნებისმიერ ნიმუშზე უბედნიერეს, ულამაზეს და მოწესრიგებულ ოჯახად უნდა ყოფილიყვნენ გამოსახულნი. ქვეყანაში არსებული რეალური სიტუაციის გადმოცემა დანაშაულად და ღალატად იყო გამოცხადებული. მხოლოდ ერთეულები ახერხებდნენ ღირსებისა და თავისუფლების შენარჩუნებას, რაც ხშირად სიცოცხლის ფასად უჯდებოდათ.

„სახალხო ზედამხედველის“ რისხვის ობიექტი ქეთე კოლვიცი გახლდათ, მხატვარი, რომელმაც მთელი ცხოვრება უთანასწორო ბრძოლაში გაატარა.

ვის წინააღმდეგ მოქმედებდა დევნილი შემოქმედი?

კოლვიცი პრუსიელი მხატვარი იყო. მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ბერლინთან არის დაკავშირებული. ბერლინში გადმოსახლებისთანავე გრაფიკოსისათვის თვალსაჩინო გახდა იმპერიის დედაქალაქში არსებული უმძიმესი სოციალური პრობლემები. გერმანიის ხელოვნების აკადემიის პირველი ნამდვილი ქალი წევრი და ბერლინის სამხატვრო სკოლის პროფესორი ყოველ ნაბიჯზე ამჩნევდა მთავარი ქალაქის გაუბედურებულ მოსახლეობას. მეოცე საუკუნის დასაწყისის ინდუსტრიულ დასახლებებში კვლავ უმწვავესად იდგა შიმშილის პრობლემა. ხშირად დედები თავს იკლავდნენ ხოლმე, რადგან შვილების გამოკვების შესაძლებლობა არ ჰქონდათ. უმუშევრობისგან დაღდასმული და გარიყული მამაკაცები ალკოჰოლიზმითა თუ კრიმინალურ დაჯგუფებებში მონაწილეობით ცდილობდნენ საკუთარი დარდის გაქარწყლებას. კოლვიცის პოპულარულ სერიებში სწორედ ამგვარი სოციალური ფენების ყოფა იყო გადმოცემული.

პროფესორის შემოქმედებითმა საქმიანობამ კიდევ უფრო დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა პირველი მსოფლიო ომის დროს შეიძინა. 1914 წელს მისი ვაჟი, პეტერი აღმოსავლეთის ფრონტზე ბრძოლის დროს დაიღუპა. ომის მიმდინარეობისას კოლვიცის ნამუშევრებში მშვიდობის თემაც წამყვან საკითხად იქცა. კოლვიცს არ ესმოდა, თუ რას შეეწირა თავისი ვაჟი. მას არ სწამდა, რომ ომი გერმანელი ხალხისა და ევროპაში მცხოვრები გაჭირვებული ადამიანების ინტერესებს ემსახურებოდა.

სოციალურად დაუცველთა გამოქომაგების სურვილითა და ომის საწინააღმდეგოდ ბრძოლის იდეით მოტივირებული მხატვრისთვის განსაკუთრებით მძიმე ნაციზმის დაწინაურების ეპოქა აღმოჩნდა. ნაციონალ-სოციალისტური პარტიის წევრები ყველა საშუალებით ცდილობდნენ აღიარებული მხატვრის გარიყვასა და შევიწროვებას. მასზე თავდასხმები ყველა მიმართულებიდან წარმოებდა. თავდაპირველად, იგი აკადემიიდან გააგდეს. მოგვიანებით კი პროფესორის სტატუსიც ჩამოართვეს. ოცდაათიანი წლების ოპოზიციონერები მხატვრის დევნის მიზეზად მიიჩნევდნენ 1934-35 წლებში შექმნილ ლითოგრაფიების სერიას, რომელსაც კოლვიცმა „სიკვდილი“ უწოდა. თავისი ნამუშევრებით პირველი ქალი აკადემიკოსი პირდაპირ მიანიშნებდა, რომ სიკვდილს ნაცისტური რეჟიმი განაპირობებდა. ამასთანავე, ყოფილი პროფესორი თამამად სვამდა აქცენტს იმაზეც, რომ მოქალაქეების მასობრივი ხოცვა სასიკვდილო განაჩენს გამოუტანდა მესამე რაიხსაც. ჰიტლერული რეჟიმის მოწინააღმდეგეები პრუსიელის კომპოზიციებს ხშირად და ეფექტიანად იყენებენ ანტისამთავრობო პროპაგანდისათვის. 1930-იანი წლების გერმანიაში, ყველა მთავარი ქალაქის ქუჩებში შეხვდებოდით პლაკატებს, რომლებზეც ლოზუნგებთან ერთად დევნილი ოჯახისა და პაციფისტი მეომრის კოლვიცისული გრავიურები იყო გამოსახული. ხელისუფლების განმტკიცებისთანავე გებელსმა შვილმკვდარი დედის ნამუშევრები დაბლოკილი ნიმუშების სიაში შეიტანა.

ნაციზმთან ბრძოლას კოლვიცის ოჯახის არაერთი წევრი შეეწირა. მხატვარი მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე გარდაიცვალა. ის ვერ მოესწრო რეჟიმის დასრულებას. სიკვდილის შემდეგ ბერლინიდან გახიზნული შემოქმედის დროებით თავშესაფარში მთელი მისი  სიმდიდრე აღმოაჩინეს. მრავალწლიანი ბრძოლისა და შრომის შემდეგ კოლვიცს მხოლოდ თავისი დღიური და გოეთეს ბიუსტი დარჩა.

ცოტა ხნის წინ უდიდესი პატივი მხვდა წილად – ვილი ბრანდტის სახლში ამ შესანიშნავი ქალის გამოფენას დავესწარი. გამოფენის მასპინძელმა მითხრა, რომ გერმანელებს კიდევ მრავალი წელი დატანჯავთ სინდისის ქენჯნა ნაცისტური ბოროტების გაღვივების გამოო. თუმცა, იქვე დასძინა, რომ ისინი ამაყობენ ჰიტლერის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოვლენილი ძალისხმევითაც. ხელოვნების ფრონტზე ნაცისტურ წინააღმდეგობას სწორედ ქეთე კოლვიცი და მისი სტუდენტები ხელმძღვანელობდნენ. მათ საკუთარი ქვეყნის უბედურებაში არასდროს დაუდანაშაულებიათ ღარიბი და ვარამს გამოქცეული მიგრანტები.

კოლვიცის ნამუშევრებიდან ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა სურათმა, რომელსაც „პურს” უწოდებენ. ნაშრომი შიმშილისა და სოციალური უსამართლობის თემაზეა შექმნილი. მასზე გამოსახულია ქვრივი დედა, რომელსაც ნაშიმშილარი ბავშვები კალთებს ახევენ და კბენენ. ნახატის ქვედა კუთხეში კი შეხვდებით წარწერას „პური“.

ვფიქრობ, ეს კომპოზიცია უზუსტესად გამოხატავს თანამედროვე საქართველოს გასაჭირს. ნებისმიერი მარში შიმშილისა და გაჭირვების პრობლემის წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული. ღარიბი მიგრანტები და უნიჭო საჯარო პირების ხაფანგში გაბმული, გადარჩენისთვის მებრძოლი ადგილობრივები ქვეყნისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ.

 

 

სამოდელო გაკვეთილი გეოგრაფიაში

0

გთავაზობთ ჩემ მიერ ჩატარებული სამოდელო გაკვეთილის ნიმუშს.

თემა: ტურიზმის სახეები და მისი განვითარების პერსპექტივები

ორ მეცხრე კლასში სხვადასხვა მეთოდი გამოვიყენე. ერთ კლასს ტურიზმის სახეების შესახებ ინფორმაციის მოძიება დავავალე, – ბავშვებმა მოპოვებული ინფორმაციის პრეზენტაცია გააკეთეს, რის შემდეგაც გაკვეთილზე განვიხილეთ ტურიზმის თანამედროვე მიმდინარეობები, – მეორეს კი ინტერნეტსივრცეში არსებული სტატიების წაკითხვა (შებრუნებული საკლასო ოთახი).

გაკვეთილის ტიპი: ინოვაციური (შინაარსობრივი)

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ გაიცნოს ტურიზმის თანამედროვე სახეობები და შეძლოს საქართველოში მისი გავრცელების შესაძლო არეალებზე არგუმენტირებული მსჯელობა, განუვითარდეს შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება.

მოსალოდნელი შედეგები:

მოსწავლე შეძლებს:

  • ტურიზმის სახეების გააზრებას;
  • ტურიზმის განვითარებისთვის საჭირო ფაქტორების გამოყოფას;
  • ტურიზმის განვითარების მნიშვნელობის გაანალიზებას;
  • იმსჯელებს საქართველოში ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე.

გაკვეთილის მიზნის მიღწევის შემთხვევაში მივიღევთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგს:

გეო. IX. 6. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საქართველოში მეურნეობის სტრატეგიული დარგები და მათი განვითარების პერსპექტივები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ჩამოთვლის საქართველოს მეურნეობის სტრატეგიული დარგების (მაგ., ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის) განვითარებისთვის საჭირო ფაქტორებს, რის საფუძველზეც აჯგუფებს დასახლებებს, რაიონებს ან რეგიონებს;
  • მსჯელობს საქართველოში მეურნეობის სტრატეგიული დარგების (მაგ., აგრობიზნესის) განვითარების პერსპექტივებზე მსოფლიოს ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით;
  • მოიძიებს ინფორმაციას ტურიზმის სხვადასხვა სახეობის განვითარებისთვის აუცილებელი ბუნებრივი გარემოსა და ინფრასტრუქტურის შესახებ.

საჭირო წინარე ცოდნა და უნარ–ჩვევები:

მოსწავლე იცნობს მეურნეობის დარგობრივ სტრუქტურას, ტურიზმისა და რეკრეაციული მეურნეობის სტრუქტურას, საქართველოს ფიზიკურ და ეკონომიკურ პოტენციალს, შეუძლია გეოგრაფიულ საშუალებებზე (რუკები, ტექსტები, ცხრილები) მუშაობა.

შეფასება და თვითშეფასება:

განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება;

სასწავლო მასალა და რესურსები:

სტატიები: აგროტურიზმი – https://mastsavlebeli.ge/?p=11091; ეკოტურიზმი – https://mastsavlebeli.ge/?p=10703; ეკოსოფელი – https://mastsavlebeli.ge/?p=9919; ენოტურიზმი – https://mastsavlebeli.ge/?p=11819 ;; საქართველოს ფიზიკური რუკა, სამუშაო რვეული, თაბახის ფურცლები, ფლირჩატები, მარკერები; კალამი.

აქტივობა N1 (სახელწოდება; ხანგრძლივობა):

წინა გაკვეთილზე მასწავლებელი მოსწავლეებს ავალებს შინ სტატიების წაკითხვას.

წინარე ცოდნის გააქტიურება: მენტალური რუკის შექმნა – 10 წთ.

აქტივობის მიზანი:

მოსწავლემ შეძლოს წინარე ცოდნის გააქტიურება, ტურიზმთან დაკავშირებული ცნებებისა და ტერმინების გახსენება.

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელი არიგებს ცხრილს და მოსწავლეები იხსენებენ ტურიზმთან დაკავშირებულ ცნებებსა და ტერმინებს.

დავალება: მოიფიქრეთ ტურიზმის სახეები და თითოეულ უჯრაში ჩახატეთ ამ ტერმინების ამსახველი ნახატები. სამუშაოს ისე შემოქმედებითად უნდა მიუდგეთ, რომ სხვამ შეძლოს თქვენი ნახატის ინტერპრეტაცია.

ენოტურიზმი

 

 

აგროტურიზმი
ეკოტურიზმი

 

 

კულტურული ტურიზმი

ჯგუფები ნამუშევრებს გამოფენენ და ნახატებს ხსნიან.

აქტივობა N2 (სახელწოდება; ხანგრძლივობა):

შინაარსის რეალიზება: ფაზლის ბადის შევსება 20 წთ.

აქტივობის მიზანი:

მოსწავლეებმა გაიაზრონ ტურიზმის სახეობათა არსი, გამოყონ მათი განვითარებისთვის საჭირო ფაქტორები. საქართველოს ფიზიკური და ადმინისტრაციული ერთეულების რუკებისა და შევსებული ფაზლის ბადის საშუალებით იმსჯელონ და დაადგინონ ტურიზმის სახეების გავრცელების არეალები.

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელი მოსწავლეებს გათვლის 1-4 – ზე და ქმნის ხუთ ჯგუფს. შემდეგ სთხოვს, ჯგუფის ყველა 1–ელი ნომერი დაჯდეს ერთად, ყველა მე-2 – ერთად და ა.შ. თითოეულ ჯგუფს დაერქმევა სახელი, მაგ., პირველს – ა (აგროტურიზმი), მეორეს – ბ (ეკოტურიზმი), მესამეს – გ (ენოტურიზმი), მეოთხეს – დ (კულტურული ტურიზმი);

თითოეულ ჯგუფს მასწავლებელი აძლევს რომელიმე ერთი სტატიის სათაურს წინასწარ შინ საკითხავად მიცემული მასალიდან. მაგ., პირველს ექნება სტატია ა – აგროტურიზმი, მეორეს – სტატია ბ, ეკოტურიზმი, მესამეს – გ, ენოტურიზმი; მეოთხეს – დ, ეკოსოფელი, მეხუთეს – ე, კულტურული ტურიზმი. ჯგუფის წევრებმა ერთად უნდა განიხილონ ეს სტატიები და შეავსონ ფაზლის ბადე. 10 წთ

განსაზღვრული ხნის შემდეგ მასწავლებელი ისე გადააჯგუფებს მონაწილეებს, რომ ყოველ ჯგუფში იყოს თითო წევრი ა, ბ, გ, დ და ეს ჯგუფებიდან; შედეგად თითოეულ ჯგუფში მოხვდება 5 მონაწილე, რომლებსაც შევსებული აქვთ ფაზლის ბადის გარკვეული ნაწილი.

თითოეული მოსწავლე ახალ ჯგუფთან ერთად განიხილავს თავის მიერ დამუშავებულ სტატიას და შესაბამისად შევსებულ ფაზლის ბადეს. ჯგუფის წევრები ერთმანეთისგან იღებენ ახალ ინფორმაციას და ავსებენ ფაზლის ბადის დარჩენილ ნაწილს. მოსწავლეები ტურიზმის სახეობათა შესაძლო გავრცელების არეალებს დაადგენენ. ჯგუფებმა უნდა განსაზღვრონ, რომელ რეგიონში ტურიზმის რომელი სახეობის განვითარებაა შესაძლებელი. პრეზენტაციას წარმოადგენენ სასურველი ფორმით. 10 წთ.

რომელი სტატია შეიცავდა ინფორმაციას, რომლის გამოყენებაც მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ ამ თემის შესწავლისას და ტურიზმის ყველა მიმართულების განვითარებას უწყობს ხელს?

აქტივობა N 3 – პრეზენტაცია 10 წთ

შერჩევითობის პრინციპით ჯგუფები წარმოადგენენ პრეზენტაციას. შესაძლოა, მათი აზრები არ დაემთხვეს და წარმოიშვას მცირე დისკუსია.

აქტივობა № 4 (სახელწოდება: ხანგრძლივობა): შავი ლაქა 5 წთ

აქტივობის მიზანი: რეფლექსია

აქტივობის აღწერა: გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს: „რა იყო დღევანდელი გაკვეთილის ყველაზე შავი ლაქა (ბუნდოვანი ნაწილი)?“

საშინაო დავალება: კონტურულ რუკაზე დაიტანონ ტურიზმის სახეების გავრცელების არეალები მხარეთა მიხედვით.

შეფასება: მოსწავლეებს ექნებათ შეფასების რუბრიკები და პრეზენტაციის დროს შეაფასებენ.

შეფასების ჰოლისტური რუბრიკა მოსწავლეებისთვის

მიღწევის დონეები შეფასების კრიტერიუმები
1-2 ქულა მოსწავლეს არ შეუძლია საქართველოში ტურიზმის განვითარებისთვის საჭირო ფაქტორების გამოყოფა და დაჯგუფება მხარეების მიხედვით; არ შეუძლია დაადგინოს ტურიზმის სახეობათა გავრცელების შესაძლო არეალები.
 3-4 ქულა მოსწავლეს ნაწილობრივ შეუძლია საქართველოში ტურიზმის განვითარებისთვის საჭირო ფაქტორების გამოყოფა და დაჯგუფება მხარეების მიხედვით; ნაწილობრივ შეუძლია დაადგინოს ტურიზმის სახეობათა გავრცელების შესაძლო არეალები.
5-6 ქულა მოსწავლეს შეუძლია საქართველოში ტურიზმის განვითარებისთვის საჭირო ფაქტორების გამოყოფა და დაჯგუფება მხარეების მიხედვით; შეუძლია დაადგინოს ტურიზმის სახეობათა გავრცელების შესაძლო არეალები.
7-8 ქულა მოსწავლეს შეუძლია საქართველოში ტურიზმის განვითარებისთვის საჭირო ფაქტორების გამოყოფა და დაჯგუფება მხარეების მიხედვით; შეუძლია დაადგინოს ტურიზმის სახეობათა გავრცელების შესაძლო არეალები, თუმცა ვერ ახერხებს არგუმენტირებულ მსჯელობას.
9-10 ქულა მოსწავლეს შეუძლია საქართველოში ტურიზმის განვითარებისთვის საჭირო ფაქტორების გამოყოფა და დაჯგუფება მხარეების მიხედვით; შეუძლია დაადგინოს ტურიზმის სახეობათა გავრცელების შესაძლო არეალები. ახერხებს არგუმენტირებულ მსჯელობას.

 

შეფასების ანალიტიკური რუბრიკა

შეფასების კრიტერიუმები   1   2   3   4
მოსწავლეს შეუძლია საქართველოში ტურიზმის განვითარებისთვის საჭირო ფაქტორების გამოყოფა და დაჯგუფება მხარეების მიხედვით; მოსწავლეს არ შეუძლია საქართველოში ტურიზმის განვითარებისთვის საჭირო ფაქტორების გამოყოფა და დაჯგუფება მხარეების მიხედვით; მოსწავლე ცდილობს საქართველოში ტურიზმის განვითარებისთვის საჭირო ფაქტორების გამოყოფას და დაჯგუფებას მხარეების მიხედვით; მოსწავლეს ნაწილობრივ შეუძლია საქართველოში ტურიზმის განვითარებისთვის საჭირო ფაქტორების გამოყოფა და დაჯგუფება მხარეების მიხედვით; მოსწავლეს შეუძლია საქართველოში ტურიზმის განვითარებისთვის საჭირო ფაქტორების გამოყოფა და დაჯგუფება მხარეების მიხედვით;
მოსწავლეს შეუძლია დაადგინოს ტურიზმის სახეობათა გავრცელების შესაძლო არეალები. მოსწავლეს არ შეუძლია დაადგინოს ტურიზმის სახეობათა გავრცელების შესაძლო არეალები. მოსწავლეს ნაწილობრივ შეუძლია დაადგინოს ტურიზმის სახეობათა გავრცელების შესაძლო არეალები. მოსწავლეს შეუძლია დაადგინოს ტურიზმის სახეობათა გავრცელების შესაძლო არეალები, თუმცა არგუმენტები ვერ მოჰყავს. მოსწავლეს შეუძლია დაადგინოს ტურიზმის სახეობების გავრცელების შესაძლო არეალები და არგუმენტირებულად დაასაბუთოს.

 

რეფლექსია:

გაკვეთილი დავიწყე კლასის ორგანიზებით და მიზნის გაცნობით.

წინარე ცოდნის გასააქტიურებლად გამოვიყენე მენტალური რუკა. მოსწავლეებს დავურიგე ცხრილი. მათ გაიხსენეს ტურიზმთან დაკავშირებული ცნებები და ტერმინები, რომლებსაც გაეცნენ წინასაშინაო დავალებაში და თითოეულ უჯრაში ჩახატეს ამ ტერმინების ამსახველი ნახატები.

აქტივობის მიზანი მიღწეულად მიმაჩნია, რადგან მოსწავლეებმა გაიხსენეს სტატიებში ნახსენები ტურიზმის სახეები და ვიზუალურად გამოხატეს საკუთარი წარმოდგენები. მოხდა წინარე ცოდნის გააქტიურება. აგრეთვე ამ აქტივობამ დამანახა, რომ სტატიები ყველა მოსწავლეს წაკითხული არ ჰქონდა. მათ, ვინც არ შეასრულა საშინაო დავალება, ჯგუფის წევრების დახმარებით მოახერხეს ზოგადი წარმოდგენის შექმნა.

ნამუშევრების წარდგენის შემდეგ გადავედით სტატიების განხილვაზე (ახალი მასალის განხილვა). ჯიგსოუს ტექნიკის გამოყენებით მოსწავლეებმა შეავსეს ფაზლის ბადე, რომელიც სტატიების ანალიზს მოითხოვს. დავალებები გულისხმობს მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას (იხ.  ფაზლის ბადე). თითოეულმა ჯგუფმა სხვადასხვა სტატია დაამუშავა და შეავსო ფაზლის ბადე. აქტივობამ გაამართლა, რადგან მოსწავლეებმა იცოდნენ, რომ მათზე დამოკიდებული იყო ჯგუფის შემდგომი მუშაობა და წარმატება. სამუშაოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ის მოსწავლეები, რომლებსაც სტატიები არ ჰქონდათ წაკითხული. ფაზლის ბადის კიითხვები და დავალებები მაღალ სააზროვნო დონეზე გადის.

ძირითად ჯგუფებში დაბრუნებულებმა ინფორმაცია გაამთლიანეს და მოამზადეს პრეზენტაციები.

ვფიქრობ, აქტივობის მიზანი მიღწეულ იქნა, რადგან მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩაბმული სტატიების განხილვასა და პრეზენტაციის მომზადებაში. ჯგუფში როლები გაინაწილეს, ყველა საკუთარ დავალებას ასრულებდა. ერთმა ჯგუფმა გადაწყვიტა, სეგმენტური მეთოდით წარმოედგინა პრეზენტაცია. ოთხივე ხატავდა და წერდა.

გაკვეთილის ძლიერ მხარედ მიმაჩნია მოსწავლეთა ჩართულობა, აქტიურობა და კრეატიულობა, რაც მათი ნამუშევრებით გამოიხატა. ვფიქრობ, დასახულ მიზანს მივაღწიე, რადგან მოსწავლეები გაეცნენ ტურიზმის უახლეს მიმდინარეობებს, გამოიყენეს მხარეების შესახებ არსებული ცოდნა და კრიტიკულად შეაფასეს საქართველოში ტურიზმის განვითარებისთვის საჭირო რესურსები. ამრიგად, ისინი მაღალ სააზროვნო დონეზე გავიდნენ. გაკვეთილზე მოხდა რამდენიმე კომპეტენციის განვითარება: წიგნიერების, სემიოტიკური და შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების კომპეტენციებისა.

ვფიქრობ, გაკვეთილის მიმდინარეობისას მოსწავლეებსა და ჩემს შორის კეთილგანწყობილი ურთიერთობა იყო, ის ეფუძნებოდა პატივისცემასა და თანამშრომლობას. მოსწავლეებმა შეძლეს განსხვავებული მოსაზრებების გამოხატვა. კლასის მართვის, დისციპლინის მხრივაც პრობლემები ფაქტობრივად არ წარმოშობილა. მოსწავლეები ძირითადად იცავდნენ ქცევის წესებს, მათი შეხსენება არ დამჭირვებია. სასწავლო დრო ფუჭად არ გამოგვიყენებია. გაკვეთილი იყო სახალისო და დინამიკური. მასში ყველა მოსწავლე იყო ჩართული.

გაკვეთილის ძლიერ მხარედ მიმაჩნია ინტერნეტრესურსების გამოყენება, რაც მედიაწიგნიერების კომპეტენციას ავითარებს. მოსწავლეები სტატიებს გაეცნენ სოციალურ ქსელში არსებული ჩვენი კლასის გვერდის საშუალებით. ამ გვერდს ხშირად ვიყენებთ ინფორმაციის გასავრცელებლად და კომუნიკაციისთვის. მიუხედავად იმისა, რომ რესურსები ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი იყო, გაკვეთილზე ყველა ჯგუფს მივეცი რამდენიმე ვარიანტად ამობეჭდილი ყველა სტატია.

გაკვეთილის გეგმის მნიშვნელოვანი მოდიფიცირება არ მომიხდენია.

გაკვეთილის სუსტ მხარედ მიმჩნია დროის არასწორი გადანაწილება. მიუხედავად იმისა, რომ ყოველი აქტივობის შემდეგ მოსწავლეებს განმავითარებელ შეფასებას ვაძლევდი, განმსაზღვრელი შეფასებისთვის დრო აღარ დამრჩა.

მენტალური რუკები

 

თუ მათ გულს მოიგებ, შეგიძლია იცეკვო კიდეც მათთან – ხდება თუ არა სასწაულები კლასში?

0

ეს კითხვა ალბათ სტავროს ლოუცასაც უტრიალებდა თავში, როდესაც შვედეთის ერთ-ერთი სკოლის კიბეს მიუყვებოდა, აკანკალებული ხელებით იბერტყავდა მხრებიდან არარსებულ მტვერს და ოფლით დაცვარულ შუბლს იწმენდდა. პირველი დღე არცთუ იღბლიანად დაიწყო – დილით საკმაოდ გრძელ საცობში მოყვა და გაკვეთილზეც დააგვიანა. არც ისე კარგი დასაწყისია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცხოვრებაში ყველაზე რთული დავალება უნდა შეასრულო – კლასში სასწაული უნდა მოახდინო და ცოტა ხნით ალბუს დამბლდორი თუ არა, სევერუს სნეიპი მაინც გახდე.

კარი შეაღო და თავს ღიმილი დააძალა. „ალბათ გგონიათ, რომ ეს ჩემი ტიპური საქციელია, არა?“ – მიმართა მეცხრე „ა“ კლასის ოც მოსწავლეს, რომლებსაც წარმოდგენა არ ჰქონდათ, რა ელოდათ მომდევნო თვეების განმავლობაში. „მერწმუნეთ, ასე არ არის, საკუთარი თავისგან ყოველთვის ყველაზე მეტს ვითხოვ და პუნქტუალურობა ნამდვილად ჩემი ძლიერი მხარეა. თქვენგანაც ყველაზე მეტს მოვითხოვ, მაგრამ იმავდროულად ყველაფერში დაგეხმარებით“.

ასე უჩვეულოდ დაიწყო შვედეთის ერთ-ერთ სკოლაში ექსპერიმენტი, რომლის მთავარი მოქმედი პირები რვა მასწავლებელი და მეცხრე „ა“ კლასის მოსწავლეები იყვნენ. მასწავლებელთა პროფესიული კავშირის წარმომადგენლებმა თავისი გაიტანეს: იოჰანესის სკოლის ადმინისტრაციას დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ მეცხრე „ა“ კლასის ყველა მასწავლებელი შეაცვლევინეს ქვეყნის რვა საუკეთესო მასწავლებლით, რომლებსაც ურთულესი რამ – კლასში სასწაულის მოხდენა დაავალეს. საყოველთაო ტესტირებისას იოჰანესის სკოლის მეცხრე კლასს ყველაზე უარესი შედეგები აღმოაჩნდა. ექსპერიმენტის მონაწილე მასწავლებლების მიზანი კლასის საშუალო მაჩვენებლის გაზრდა იყო. მეცხრე „ა“ კლასი მათ ყველაზე წარმატებული კლასების ხუთეულში უნდა შეეყვანათ და ამისთვის სულ ხუთი თვე ჰქონდათ. მასწავლებლები არ მიიღებდნენ არც ერთი ცენტით მეტს, არც სხვა მასწავლებლებთან შედარებით უკეთეს სამუშაო პირობებს. პირიქით – მკვლევართა ჯგუფი დააკვირდებოდა და ფირზე ასახავდა მათ წარმატებას თუ წარუმატებლობას. პირველ შემთხვევაში ისინი გმირები გახდებოდნენ, მეორეში კი უბრალოდ წარუმატებელი ექსპერიმენტის მონაწილენი.

„არაფერი გამოვა, ჩვენ მეტისმეტად ზარმაცები, სულელები და უუნაროები ვართ“, – ფიქრობდნენ მეცხრეკლასელები, ამიტომ მასწავლებლის კითხვას: „რა არის თქვენი ძლიერი მხარე?“ – დუმილით შეხვდნენ. „მაშინ მე ვიტყვი, რა არის ჩემი სისუსტე, შეიძლება?“ –  არ ნებდებოდა მასწავლებელი, სანამ მოსწავლეებმა თითო ძლიერი მხარე მაინც არ დაასახელეს პიროვნული თუ საგნობრივი კუთხით.

„თუ მათ გულს მოიგებ, შეგიძლია იცეკვო კიდეც მათთან“, – დაბეჯითებით ამბობს სტავროს ლოუცა. თუმცა ცეკვა ჯერ მასწავლებლებმა დაიწყეს. მაგალითად, ქიმიის მასწავლებელმა – გაკვეთილზე, ლოუცამ – სკოლის ეზოში (სადაც ის მოსწავლეებს ახლოს ეცნობოდა ისე, როგორც არც ერთი მასწავლებელი აქამდე), მუსიკის მასწავლებელმა – მოსწავლეების მიერ შექმნილ როკკომპოზიციაზე. მალე ჩიხშიც მოექცნენ – მიუხედავად მცდელობისა, კლასი წინ ვერ მიიწევდა, მშობლები მეტ სიმკაცრეს მოითხოვდნენ და მასწავლებლებს ყოველდღიურად უხდებოდათ ბრძოლა იმის დამსამტკიცებლად, რომ მეცხრე „ა“ კლასი წარუმატებლობისთვის არ იყო განწირული.

რამდენიმე თვის შემდეგ სიმართლემ მზის შუქი იხილა. მოსწავლეებს არ სჯეროდათ, რომ უკვე შეეძლოთ რთული ბიოლოგიური და ქიმიური ფორმულების არათუ დამახსოვრება, არამედ ახსნა და გამოყენებაც. ისინი უშეცდომოდ წერდნენ რეფერატებს ინგლისურ ენაზე და, მიუხედავად ხარვეზებისა, როკოპერის სინჯებშიც მიიღეს მონაწილეობა. პირველი აღტაცება შუალედურ შეფასებას მოჰყვა, როდესაც ბავშვებმა თავად ირწმუნეს საკუთარი შესაძლებლობების, ხოლო შობამდე ცოტა ხნით ადრე საერთო საკლასო შეფასების შედეგებმა ყველა გააოცა. იოჰანესის სკოლის მეცხრე „ა“ კლასმა შვედეთის საუკეთესო კლასების რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა. ამის შემდეგ კი ყველა ნამდვილად სიხარულით აცეკვდა. თითქმის ყველა მოსწავლემ მიიღო უფლება, სწავლა საშუალო საფეხურზე გაეგრძელებინა. როგორც თავად აღნიშნავდნენ, მათ ახალი ცხოვრების დაწყების და ხელახლა დაბადების შანსი მიეცათ.

სტენფორდის უნივერსიტეტის თანამშრომელს, მკვლევარ ერიკ ჰანუშეკს მიაჩნია, რომ საკლასო ოთახში ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა წარმატების გასაღებია. აქამდე მსგავს ექსპერიმენტს ხუთი თვის განმავლობაში არასოდეს უჩვენებია ასეთი თვალსაჩინო შედეგი. ფაქტია: მასწავლებელს შეუძლია ისეთი გავლენა მოახდინოს მოსწავლეზე, რომ რადიკალურად შეცვალოს მისი ცხოვრება, გადაარჩნოს მისი მომავალი და გააუმჯობესოს კლასში სწავლისადმი დამოკიდებულება. განათლების ეკონომიკის სპეციალისტები ჰენდრიკ იურგენი და კერსტინ შნაიდერი მიიჩნევენ, რომ მასწავლებლების მაღალ მოტივაციას შეუძლია გადაფაროს და აღმოფხვრას საკლასო ოთახში სოციალური უთანასწორობით გამოწვეული პრობლემები. მათ აზრით, მაღალი სოციალური ფენის ბავშვებს, რომლებსაც საშუალო დონის მასწავლებლები ჰყავთ და სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებს, რომლებსაც ძალიან კარგი მასწავლებლლები ჰყავთ, შეუძლიათ ჰქონდეთ მსგავსი კომპეტენციები და წარმატებული მომავლის თანაბარი შანსი.

ჩვენ, ყველა თუ არა, უმრავლესობა მაინც, ვცდილობთ ვუშველოთ თავს, გადავარჩინოთ ჩვენი სხეულის თუნდაც ერთი უჯრედი მაშინ, როდესაც ფიზიკურ ტკივილს განვიცდით. ვიაზრებთ, რა დიდი მნიშვნელობა აქვს კარგ ექიმს – ადამიანს, რომელსაც ჩვენი სიცოცხლე აბარია. ვიცით, რაოდენ აუცილებელია კარგი მშენებელი, არქიტექტორი, ინჟინერი თუ პოლიციელი. ვხედავთ და საკუთარ ტყავზე ვგრძნობთ კომპეტენტური საჯარო მოხელეების საჭიროებას. ამ ყველაფრის გააზრებაში კი მხოლოდ ერთ ფაქტი გვეხმარება – მყისიერად წარმოშობილი საჭიროება და შედეგი. მაგრამ რატომღაც ყოველთვის ყურადღების მიღმა გვრჩება ერთი გარემოება, რომლის გარეშეც ვერავინ იქნება ჯანმრთელი, მშვიდი, დაცული და ბედნიერი – ჩვენ ვერ ვაფასებთ მასწავლების საქმიანობას მომავლის პერსპექტივაში. ვერც იმ გავლენას გავიაზრებთ, რასაც სკოლა ჩვენი შვილების ცხოვრებაზე აქვს. ახდენს. უბრალოდ, ვხედავთ კარიკატურებს სოციალურ ქსელებში – ბავშვების გონება კუბებად, სამკუთხედებად, წრეებადაა გამოძერწილი, დაჭრილი და დამუშავებული, მაგრამ ვერ ვხვდებით, რა ღვივდება ყოველდღიურად ჩვენს მომავალ თაობაში – ფარული საშიშროება თუ მტკიცე სამოქალაქო საზოგადოების საძირკველი. არც საზოგადოება და არც სახელმწიფო არ ვეკითხებით საკუთარ თავს: რა არის სასკოლო განათლების მიზანი? ყველას ერთნაირად გვესმის თუ არა, როგორი მომავალი თაობის აღზრდა გვსურს? ვართ თუ არა შეთანხმებული საერთო ღირებულებებზე, ფასეულობებსა და მათი გამომუშავების ფორმებზე? მე – მშობელი, მასწავლებელი, სკოლის დირექტორი, ჟურნალ „მასწავლებლის“ სტატიის ავტორი, განათლების პოლიტიკის დამგეგმავი და გამტარებელი – ვაგებ თუ არა პასუხს იმაზე, რომ, ჩემი მრავალწლიანი მცდელობის მიუხედავად, ახალგაზრდობის ნაწილი სიძულვილის, უთანასწორობის, ჩაგვრისა და ძალადობის მხარეს დგას? თითქოს მარტივი და ცხადი კითხვებია, რომლბიც დოკუმენტების დონეზეა ფორმალიზებული, მაგრამ არა გააზრებული, ერთნაირად აღქმული და პრაქტიკაში დანერგილი.

ყოველთვის, როდესაც მსგავსი ფაქტების შესახებ ვკითხულობდი ან რეალურ ისტორიებზე დაფუძნებულ ფილმებს ვუყურებდი, ყველაფერი შორეული და მიუწვდომელი მეჩვენებოდა. რაციონალურ აზროვნებაზე მომართულ გონებას არც იმის დაჯერება სურდა, რომ მსგავსი სასწაულები სადღაც მაინც ხდება, რომ მასწავლებლებს, მიუხედავად მრავალი სირთულისა, შეუძლიათ უკეთესობისკენ შეცვალონ მოსწავლეების ცხოვრება, გაუჩინონ მათ საკუთარი თავის რწმენა, დაანახონ განათლების მიღების საჭიროება და გადაარჩინონ მათი მომავალი. თუმცა ფაქტები არსებობს, არსებობს გამონაკლისები, და ეს გამონაკლისები გადარჩენილი სიცოცხლეებია, ცხოვრების თავიდან დაწყების, ლუზერობის სტიგმიდან გათავისუფლების, წარმატებული მომავლის, საკუთარი თავის, საკუთარი ქვეყნის სიყვარულის და ჯანსაღი სამოქალაქო ცნობიერების მატარებელი ადამიანების მაგალითები. ადამიანებისა, რომლებიც დემოკრატიულ და ლიბერალურ ღირებულებებზე დაფუძნებულ საზოგადოებას ქმნიან, სადაც ყველას ბედნიერი თანაცხოვრების თანაბარი შესაძლებლობა აქვს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...