სამშაბათი, აგვისტო 5, 2025
5 აგვისტო, სამშაბათი, 2025

მასწავლებლის ცხოვრება -მიხაელ ჰანეკეს „პიანისტი ქალი“

0

კანის ფესტივალზე სამ ძირითად ნომინაციაში გამარჯვებული (საუკეთესო ფილმი, საუკეთესო მსახიობი და საუკეთესო მსახიობი ქალი), „პიანისტი ქალი“, ერიკას ისტორიას მოგვითხრობს – არაჩვეულებრივი მუსიკოსისა და მასწავლებლისა, რომელმაც პირადი ცხოვრება კარიერას შესწირა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი რომანის მიხედვითაა გადაღებული, როგორც ჩანს, ფრანგული ფსიქოანალიტიკური ფემინისტური კინოს თეორიის პასუხად შეიქმნა. მეტიც – ზოგჯერ ის ფროიდისა და მისი ფრანგი მიმდევრის ჟაკ ლაკანის ნაწერების შესავალსაც მოგვაგონებს.

„პიანისტი ქალის“ წარმატება ნათელი მაგალითია იმისა, რომ ლაკანის კინოს თეორია თანდათანობით პოპულარული წარმოსახვითობა გახდა. ეს ფილმი ქალის სურვილების შეუძლებლობას ასახავს. ერიკა ვერ პოულობს სიამოვნებას ახალგაზრდა საყვარლის მკლავებში. ფემინისტურია ეს ფილმი თუ მიზოგინური, არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული. მე თუ მკითხავთ, ის არაჩვეულებრივად ეხმიანება პატრიარქალური კულტურის მიერ ქალებზე ძალადობას ან მცდელობას, საკუთარ რეპრესირებულობაში ქალსვე დასდონ ბრალი.

არის რამდენიმე გზა, რა შემთხვევაშიც შეიძლება ფილმი ლაკანის თეორიებს მიესადაგებოდეს. ერიკა, რომელსაც იზაბელ იუპერი განასახიერებს, 40 წელს გადაცილებული ქალია, რომელიც კონტროლის მოყვარულ დედასთან ცხოვრობს (დედას ანი ჟირარდო განასახიერებს). ქალებს ერთ საწოლში სძინავთ და ერიკას ერთადერთი ოთახის კარსაც კი საკეტი არ აქვს. ფილმი იწყება  დედა–შვილის კამათით იმის გამო, რომ ერიკა შინ გვიან დაბრუნდა. დედა მის ჩანთას დასტაცებს ხელს, გაჩხრეკს და აღმოაჩენს კაბას, რის გამოც იწყება კამათი, რომელიც შემდგომ ფიზიკურ შეხლა–შემოხლაში გადაიზრდება. სცენა ერიკას ტირილით მთავრდება, ის მოუბოდიშებს დედას და თავს უსინჯავს, რადგან ჩხუბის დროს თმა მოქაჩა.

ერიკას უყვარს და, იმავდროულად, ეშინია მისი, რადგან მასზეა დამოკიდებული და ახლოა მის სხეულთან – ამ სიახლოვით შვილი დედას საკუთარ ნაწილად აღიქვამს. ფილმი რამდენიმენაირად ასახავს ერიკას დედას როგორც ფალიკურს და ამ ორ ქალს შორის დისტანციის ნაკლებობას. ფილმის დასაწყისში მუსიკოსი, რომელიც გაგიჟდა, უკვე დიდი ხნის გარდაცვლილია. ერიკასთან მის კავშირზე მიანიშნებს ფაქტი, რომ ორივეს მოსწონს შუბერტისა და შუმანის მუსიკა. ეს კომპოზიტორები შემთხვევით არ არის შერჩეული, შუბერტს, როგორც ამბობენ, ჰომოსექსუალური კავშირები ჰქონდა და სიფილისით გარდაიცვალა, ხოლო შუმანი გაგიჟდა. ამდენად, ორივე კომპოზიტორი განასახიერებს დიდ ხელოვნებას, სიგიჟეს და გენდერულ იდენტობას – შუმანი უკაასკნელ წლებში თავის ცოლზე იყო დამოკიდებული, რომელიც თავადაც კომპოზიტორი იყო და რომლის ნიჭსაც მისი ქმრის ნიჭი ფარავდა.

ფილმის ერთ-ერთ პირველ სცენაში მუსიკალური წარმოდგენაა ნაჩვენები, რომელშიც ერკაც მონაწილეობს. დაკვრის დასრულებისთანავე დედა მასთან მიდის და მხრებზე სვიტერს ახურავს, ხოლო წარმოდგენის შემდეგ გამართულ წვეულებაზე გამუდმებით მასზე უჭირავს თვალი. მალევე ვიგებთ, რომ ერიკა იძულებულია, ტყუილები მოიგონოს, რათა დედის მზერას გაექცეს. ის გრძელ გზას გადის იმისთვის, რომ დაუმალოს დედას თავისი სექსუალური ლტოლვა და იმავდროულად ოცნებობს, ამ სურვილებს დედა დაუპირისპირდეს. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ერიკას ჩანთაში კაბის აღმოჩენა. როდესაც ახალგაზრდა საყვარელი სახლში აკითხავს, მან და ერიკამ ტანსაცმელი კართან უნდა დატოვონ, რათა ოთახში დედა არ შევიდეს.

 

ერიკა ფილმში ნაჩვენებია როგორც მკაცრი და ცივი მასწავლებელი. როდესაც მისი მოსწავლეები თამაშობენ, ის ხელებგადაჭდობილი ფანჯარასთან დგას და შიგადაშიგ მათ ნამუშევრებს აკრიტიკებს. ფილმის დასაწყისში ვხედავთ მისი მოსწავლეების ხელებს, რომლებიც უკრავენ და ამ დროს ისმის ერიკას მკვეთრი ხმა, რომელიც ინსტრუქციებს აძლევს მათ. მისი ეს სიცივე კონტრასტს ქმნის მისივე დაკვრასთან, რაც მიგვითითებს მის მიერ კომპლექსურ ურთიერთობას გენდერთან. იყო პროფესიონალი პიანისტი ნიშნავს იყო ასპარეზზე, სადაც მამკაცები დომინირებენ, ასპარეზზე, რომელიც ზოგჯერ „ფემინურად“ ან „ქალისთვის სახასიათოდ“ მიიჩნევა. კიდევ ერთხელ, ერიკას აღფრთოვანება შუბერტითა და შუმანით მნიშვნელოვანია, რადგან ორივე მამაკაცი იყო „არაჯანსაღი“ – ეს კი თვისებაა, რომელსაც ჰეტეროსექსისტული კულტურა ზოჯერ ფემინურ ან ჰომოსექსუალ მამაკაცებს მიაწერს.

ერიკას ვალტერი უყვარდება, თავისი სტუდენტი ვაჟი, რომელსაც ბენუა მაჟიმელი თამაშობს. ვალტერს თავდაპირველად ერიკას ნიჭი იზიდიავს. როდესაც იგი ცდილობს, დაწინაურდეს მის კლასში, ერიკა კოლეგებთან უარყოფს ვალტერის თავდადებას ამ საქმის მიმართ. არცთუ შემთხვევით, პირველი, რასაც ვალტერი ერიკასთვის უკრავს, შუბერტია – მისი სწორედ ის ნაწარმოები, რომლის ათვისებასაც ერიკას სტუდენტი გოგონა მთელი ფილმის განმავლობაში ცდილობს.

საბოლოოდ, ერიკას ვალტერის მიმართ გრძნობა უჩნდება, რომელსაც ისინი თავიანთ პირველ სექსუალურ კავშირთან მიჰყავს. უფრო ადრე ფილმში ვხედავთ, რომ ერიკა ხელმძღვანელობს სტუდენტ გოგონას, რომელიც დარდობს შუბერტის შესრულებისას მომღერლის თანდასწრების გამო, იმდენად ღელავს, რომ ცრემლებამდე მიდის. მასტერკლასისთვის სარეპეტიციო სცენაში ფილმში ერთდროულად ორი კადრია ნაჩვენები – ვალტერისა და ამ სტუდენტისა, ერიკას მიახლოებული სახით. აქ ვხედავთ რომ ვალტერი ახალგაზრდა ქალს აცინებს; იგი მას დაკვრას უადვილებს შუბერტის შესრულებისას. თავდაპირველად ძნელია ამაზე ერიკას რეაქციის გარჩევა, თუმცა მოგვიანებით ერიკა სტუდენტს პალტოს ჯიბეში ჭიქის ნამსხვრევებს უყრის. ის მეთოდურად მოქმედებს – ჭიქას კაშნეში ახვევს და ქუსლით ამტვრევს. ამ ქმედებას რიტუალური ხასიათი აქვს და ის, ჩემი აზრით, პორნოგრაფიასა და მაზოხიზმთან ახლოსაა.

გოგონას ტირილი მას შემდეგ, რაც ის ჯიბეში ხელს ჩაიყოფს, ხდება საწყისი ერიკასა და ვალტერის პირველი სექსუალური კონტაქტისა. რეპეტიციის დასასრულს, როდესაც სტუდენტის ნაიარევს ვხედავთ, ერიკა ტუალეტში შედის და შარდავს, იმავე პოლიმორფულ პერვერსიულ ორგაზმს აღწევს. ვალტერი მას ტუალეტში შეჰყვება და ზემოდან დაჰყურებს, თუმცა კი ვერ ვხედავთ, რას ხედავს იგი. როდესაც ერიკა კაბინიდან გამოვა, ვალტერი მას კოცნის და ორივე იატაკზე ეცემა. საჯარო ტუალეტი ჰომოეროტიკული სექსუალური ქცევის ველი ხდება.

თუმცა ერიკა ვალტერისგან მამაკაცურ პრეროგატივას იღებს სექსუალური სცენის საკონტროლებლად. იგი ვაჟს მასტურბირებაში ეხმარება. როდესაც ვალტერი ქალს ეხვევა, ერიკა აჩერებს მას და აიძულებს, ქალის ნაცვლად საკუთარ პენისს უყუროს. ვალტერი ეუბნება რომ უყვარს იგი. პასუხად ქალი გამუდმებით ცდილობს, იყოს დომინანტი სექსუალურ სცენაში, წყვეტს, რას იზამენ და რას არა. ერიკა არ აძლევს ვალტერს თავისი სექსუალური სურვილების განვითარების საშუალებას და აფრთხილებს, რომ თუ მას არ დაუჯერებს, ყველაფერს შეწყვეტს. მაგრამ ვალტერი ორგაზმს ვერ აღწევს. ის ჰპირდება ერიკას, რომ მომავალში უკეთ შეასრულებს მის მითითებებს, ერიკა კი პასუხობს, რომ უფრო დეტალურ ინსტრუქციებს წერილობით მიიღებს.

მოგვიანებით ვალტერი ერიკას წერილში კითხულობს მისი მაზოხისტური სურვილების შესახებ ვალტერის მიმართ. როდესაც ერიკა საკუთარ წერილს თავისთვის ხმამაღლა კითხულობს, საკუთარი სურვილების წარმოთქმისას ტირის. ერიკას ფანტაზია მოიცავს სურვილს, დასაჯოს დედა, ანუ აყურებინოს საკუთარ ტრანზიციას გენიტალურ სექსუალობაში. წერილი ვალტერს ეუბნება, დაარტყას ერიკას, თუ იგი მის მითითებებს არ შეასრულებს. კითხვის ეს სცენები ნაჩვენებია დედის კადრებთან ერთად, სადაც იგი საუბრისთვის ყურის დაგდებას ცდილობს. ერთი მხრივ, ერიკა საიდუმლო ადგილიდან იღებს სიას იმ შეზღუდვებისა, რომლებიც სურს ვალტერმა დაუწესოს. ამგვარად ხსნის ფილმი ქალთა შორის გაუპატიურების ფანტაზიების არსებობას, რადგან ერიკას სწორედ ეს ფანტაზიებია ერთადერთი თავშესაფარი მისი შეუსაბამო ფალიკური სურვილებისაგან. ქალის მოთხოვნებით აშკარად შოკირებული ვალტერი მიდის.

ამ სცენას მოსდევს კადრი, სადაც იმავე ღამით ერიკა იმ საწოლში წვება, სადაც დედამისი წევს. ერიკა დედას ზემოდან მოექცევა, აკოცებს მას და ეუბნება: „მე შენ მიყვარხარ“. დედა დაიბნევა და ხელს ჰკრავს. ერიკა დაჟინებულია და დედაც ცდილობს, წინააღმდეგლობა გაუწიოს, ეს ყველაფერი კი ჰეტეროსექსუალური აქტის ერთი ვერსიის პაროდიას ჰგავს, რომელშიც ქალი თავდაპირველად ეწინააღმდეგბა მამაკაცის მცდელობას, დაიკმაყოფილოს ჟინი. ერიკას ეს „მასკულინური“ ქცევა, რომელიც მოჰყვა მის უშედეგო მცდელობას, მიეღო ფემინური პასიურობა მაზოხიზმის სახით, მიუთითებს იმაზე, რომ ერიკას არ სურს თავისი პოლიმორფული პერვერსული სიამოვნებების მიტოვება და კულტურის მიერ მოთხოვნილი ფემინურობის შეთვისება.

იმისთვის, რომ ფემინურობას დაექვემდებაროს, ერიკა ვალტერს საციგურაო მოდენაზე მიყვება. ეს სცენა იმითაა მნიშვნელოვანი, რომ წინამორბედ სცენას ერთგვარად ეჭვქვეშ აყენებს. პირველ სცენაში ვხედავთ, რომ სწორედ ერიკა აკონტროლებს მზერას. ორი მოციგურავე გოგონა, რომელიც ყინულზე ვარჯიშობს, ტოვებს არენას ორი მამაკაცი მოციგურავის მოსვლის შემდეგ. ისინი უხალისოდ ემორჩილებიან მამაკაცების მიერ მათ განდევნას. მათი ფემინური ქცევა და პოზები, რომლებსაც ვარჯიშის დროს იღებენ, კონტრასტს ქმნის მამაკაცთა გუნდის მიერ ყინულის დაუფლების დროს ხმაურიან ქცევასთან. ვალტერი გუნდის ერთადერთი წევრია, რომელიც მოუბოდიშებს გოგონებს და ისინიც უღიმიან მას. ფილმში ვალტერის „სენსიტიურობა“ უფრო ფართოდაც არის ნაჩვენები. ერთზე მეტ სცენაში ვხედავთ, რა კომფორტულად გრძნობენ თავს ქალები მის კომპანიაში და ასეთივე კმაყოფილებით პასუხობენ მის ნიჭსა და ვაჟურ მომხიბვლელობას.

გასახდელში ერიკა ამბობს, რომ ვალტერთან საუბარი სურს. ერიკა და ვალტერი საკუჭნაოში განმარტოვდებიან სალაპარაკოდ, სადაც ქალი სტუდენტს თავის სურვილებს უმხელს და სთავაზობს, იქვე ჰქონდეთ სექსი. ბოდიშს იხდის წერილის გამო და ტირის. ცდილობს, გახადოს ვალტერს უნიფორმა და მინეტი გაუკეთოს, მაგრამ ვაჟი ვალტერი ხელს ჰკრავს. შემდეგ ქალი დაბლა წვება და ვალტერს სთხოვს, სექსით დაკავდეს მასთან. ვაჟი უპასუხებს, რომ ამის გაკეთება აქ არ შეუძლია. „მიყვარხარ“, – ეუბნება ერიკა და კოცნის მას. ვალტერს გული მოულბება. კომიკურია მისი მცდელობა, გათავისუფლდეს „მასკულინურობისგან“ და გაიხადოს უნიფორმა და ტრუსი. ერიკა მინეტს უკეთებს, თუმცა შემდეგ იატაკზე აღებინებს და ვალტერს სთხოვს, გვერდზე გაიხედოს.

საბოლოოდ ვალტერი ცდილობს, მისცეს ერიკას ის, რაც მას სურს. შუაღამისას მის სახლში მიდის, აღვიძებს მასა და დედამისს. წერილის ინსტრუქციის თანახმად, სილას აწნავს დედის თანდასწრებით, მერე კი დედამისს მეზობელ ოთახში კეტავს, საიდანაც მას ყველაფრის გაგონება შეუძლია. კვლავაც ინსტრუქციის თანახმად, ვალტერი ერიკას სილას აწნავს, როდესაც იგი არ ემორჩილება მამაკაცის ნებას. ერიკა ტირის და საღამური ცხვირიდან გადმოსული სისხლით ესვრება, მაგრამ როდესაც დედა ეძახის, პასუხობს, რომ კარგადაა. შემდეგ ვალტერი სექსით კავდება ერიკასთან და ორგაზმსაც აღწევს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ერიკა უძრავია.

ფილმი მთავრდება იმით, რომ ერიკა მკერდში, გულის ზედა მხარეს იჭრის თავს. წინა სცენაში ვხედავთ, როგორ იღებს იგი სამზარეულოს დანას და ჩანთაში იდებს. მისი ქცევა განზრახ არის ბუნდოვნად ნაჩვენები. ჩვენ ვფიქრობთ, ვისზე გამოიყენებს ერიკა დანას. როდესაც საკონცერტო დარბაზი გაივსება, ერიკა ვალტერს ელოდება. ამ დროს ჩვენ ველით, რომ ერიკა სწორედ ვალტერს დაარტყამს დანას მისი „გაუპატიურებისთვის“. ვალტერი კონცერტის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოდის და ერიკას როგორც მასწავლებელს ისე ესაუბრება – თითქოს მათი სადისტური შემთხვევა არ მომხდარა, მიუხედავად ძალადობის აშკარა კვალისა, რომელიც ქალს სახეზე ეტყობა.

ჩვენ არ ვიცით, რამდენად სერიოზულია ჭრილობა, რომელსაც ერიკა თავის თავს აყენებს. ფინალიც ბუნდოვანია – სად წავა ერიკა, როცა საკონცერტო დარბაზს დატოვებს? დასასრულის ბუნდოვანებაც, თავის მხრივ, პრეოიდიპოსურია. ოიდიპოსის კომპლექსისაგან გასნსხვავებით, ერიკას დილემის „გადაწყვეტის გზა“ არ არსებობს.

ზოგიერთის თვალთახედვით, „პიანისტი ქალი“ მართლაც ფემინისტური ფილმია, რომელიც გვიჩვენებს პატრიარქალური კულტურის მიერ ქალთა სურვილების უგულებელყოფას. ერიკა გაჭედილია, ერთი მხრივ, თავის პედაგოგიურ წარმატებას, შიშს, რომ რომანტიკულმა სიყვარულმა შესაძლა ხელი შეუშალოს წარმატებაში და დედასთან ურთიერთობას, მეორე მხრივ – კი სექსუალური დაკმაყოფილების ფემინურ სურვილს შორის.

ტექსტურ მასალასთან მოსწავლეთა დამოუკიდებლად მუშაობის ორგანიზება სათამაშო სტრატეგიების გამოყენებით

0

თანამედროვე საგანმანათლებლო მოთხოვნები და სასწავლო პროცესში უწყვეტი განათლების პრინციპების განხორციელება მოსწავლეთა მხრივ მზარდ პასუხისმგებლობას და კრიტიკულ და შემოქმედებით საქმიანობაზე ორიენტირებული დავალებების შესრულებას მოითხოვს, რისთვისაც მოსწავლეთა მოტივაციას ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, მოტივაციის ამაღლების სტრატეგიების ეფექტური მართვა მნიშვნელოვანი პედაგოგიური ამოცანაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოსწავლეებს ტექსტთან დამოუკიდებლად მუშაობა სჭირდებათ. პედაგოგების მხრივ ეს ისეთ მრავალმხრივ საქმიანობას გულისხმობს, როგორიცაა:

  • ზრუნვა სასწავლო პროცესის გამდიდრებაზე საინტერესო საკითხავი მასალით (როგორიცაა დამატებითი, კლასგარეშე ლიტერატურა და მრავალფეროვანი სასწავლო მასალების გამოყენება);
  • დისკუსიების, ჯგუფური მუშაობის, პრეზენტაციების, როლური თამაშების, საგანმანათლებლო ექსკურსიების და სხვ. სტრატეგიების გამოყენება (რომელთა დროსაც ისეა გაწერილი დავალებები, რომ მოსწავლე აქტიური მკითხველია);
  • მოსწავლეთა ცოდნის შეფასების ინსტრუმენტების (სემესტრული ტესტების, კონკრეტულ თემასთან დაკავშირებული სავარჯიშოების, კროსვორდების, სიტუაციური ამოცანების და სხვ.) მომზადება, რომლებიც კიდევ უფრო აახლოებს მოსწავლეს ტექსტთან;
  • განსხვავებული სირთულის დავალებების გამოყენება;
  • „უნიშნო“ აქტივობების სიმრავლე (როდესაც მოსწავლის ყურადღება შედეგიდან პირდაპირ პროცესზე გადაერთვება, რაც გაზრდის მისი მუშაობის ნაყოფიერებას);
  • კლასში ისეთი გარემოს შექმნა, რომელშიც მოსწავლეებს ნეგატიური შეფასების, კრიტიკისა და შეცდომის შიში არ ექნებათ (შეცდომები სწავლის საუკეთესო საშუალებაა);
  • დადებითი უკუკავშირის განხორციელება (სადაც შესაძლებელია ე.წ. „1+2“ შეფასების გამოყენება, როდესაც „1“ შენიშვნაა, რჩევა, რომელიც მოსწავლემ უნდა გაითვალისწინოს, ხოლო „2“ – პოზიტიური კომენტარი);
  • ნაშრომის გასწორებისას კომენტარების გამოყენება (სახელდობრ რატომ დაიწერა ესა თუ ის ნიშანი, რაზე უნდა გაამახვილოს მოსწავლემ მომავალში ყურადღება)

და სხვ.

მოცემული ჩამონათვალიც კი საკმაოდ შთამბეჭდავია, მაგრამ მას შეიძლება დაემატოს კიდევ ერთი პუნქტი – სათამაშო სიტუაციების გამოყენება მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისთვის. თამაშის მიზანია ტექსტთან მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობის ორგანიზების გზით ისტორიული ფაქტების მიმართ საკუთარი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, განურჩევლად იმისა, რა ტიპის ნარატივს, წყაროებს იყენებდა ავტორი; მთავარია, მოსწავლემ დაინახოს, რომ, მსგავსად მეცნიერისა, მასაც შეუძლია, საკუთარი კვლევითი საქმიანობით და ტექსტის კრიტიკული ანალიზით ახალი ცოდნა მოიპოვოს.

მაგრამ ისტორიკოსები ყოველთვის ერთნაირად როდი აღწერდნენ წარსულში მომხდარ ამბებს. ხშირად მათი ინტერპრეტაცია იმაზე იყო დამოკიდებული, როგორ წყაროებს იყენებდენ ისინი. ამგვარად გამოიკვეთება მოსწავლის წინაშე მდგარი პრობლემაც: როგორ ამოიცნოს მოსწავლემ ისტორიკოსების შემოქმედების საიდუმლო? როგორ მიხვდეს, რატომ დაიწერა ასეთი ტექსტი?

საკმაოდ ეფექტურია ამ მიზნით სათამაშო ტექნიკის გამოყენება. მაგალითად, თამაშისა „ისტორიული გამოძიება“. ამ დროს ყოველი მოთამაშე იღებს ინფორმაციას წარსულში მომხდარი რომელიმე ამოუცნობი, იდუმალებით მოცული ან უბრალოდ საინტერესო მოვლენის შესახებ. მისი ამოცანაა, იპოვოს, ამოხსნას, რა აინტერესებს ამ მონათხრობში და როგორც ისტორიკოსმა, აღწეროს მასთან დაკავშირებული სხვა მოვლენებიც შემდეგი გეგმის მიხედვით:

  1. იმ წყაროს ტიპის დასახელება, რომელიც დაედო საფუძვლად მოცემულ ისტორიას;
  2. მოვლენის თარიღისა და დროის განსაზღვრა;
  3. ინფორმაცია მოვლენის მონაწილეთა შესახებ;
  4. წყაროს სანდოობის დადგენა: თუ ორი ტექსტი ერთმანეთის შეუსაბამოა, უნდა განვიხილოთ დამატებითი წყაროები და ისე აღვადგინოთ სინამდვილე;
  5. კრიტიკულად განვიხილოთ არა მარტო მხატვრული ნაწარმოები, არამედ ყოველი საისტორიო წყარო;
  6. მხოლოდ ის ფაქტი შეიძლება ჩაითვალოს ჭეშმარიტებად, რომლის არსებობა უცილობლად მტკიცდება სხვადასხვა წყაროთი;
  7. მტკიცებულებების მოყვანა ამა თუ იმ ინტერპრეტაციის სასარგებლოდ, თუნდაც ის გაბატონებულ თვალსაზრისს ეწინააღმდეგებოდეს და სხვ.

თამაშის პირობის მიხედვით, მოიგებს ის, ვინც სწრაფად და სწორად შეასრულებს დავალებას. შესაძლებელია დამატებითი კითხვების დასმაც, მისასალმებელი იქნება, თუ, დასასრულ, მოსწავლეები თავად გააკეთებენ შეფასებას.

 

როგორ ვახდენთ ასეთი სამუშაოს ორგანიზებას?

ა) მოსწავლეს ვთავაზობთ, გამოიყენოს სახელმძღვანელოში მოყვანილი დოკუმენტები (მაგალითად, VI ს-ის ისტორიკოსის პროკოფი კესარიელის მონათხრობი ეგრისში გამართული დიდი ომიანობისა და გუბაზ მეფის მკვლელობის შესახებ) და ჯერ დამოუკიდებლად წაიკითხოს ტექსტი, მერე კი ზეპირად გადმოსცეს წაკითხულის შინაარსი, რითაც მოხდება მასალის გამეორება/განმტკიცება და ამის შემდეგ მოახდინოს მთავარი საკვლევი საკითხის – გამოძიების მიზნის ანუ პრობლემის ფორმულირება შემდეგი კითხვების საფუძველზე:

  • რა მთავარი პრობლემაა გამოკვეთილი?
  • რა მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს მოცემული ტექსტი დასახელებული მოვლენის შესახებ?

და ა.შ.

ბ) მოსწავლე განსაზღვრავს, რა გაიგო მოცემული ფრაგმენტიდან, ან რა იცის აღნიშნული მოვლენის შესახებ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით და წამოაყენებს ფაქტის (მკვლელობის, გრანდიოზული მშენებლობის) მიზეზების მინიმუმ სამ ვერსიას:

  1. ——————————-
  2. ——————————-
  3. ——————————-

ამ გზით მოსწავლე წარმოიდგენს პრობლემის გადაჭრის მისეულ ანუ „ისტორიკოსის“ ან „გამომძიებლის“ გზას, რომელიც მას ოპტიმალურად მიაჩნია. „გამოძიების“ პროცესში კი აქტიურად გამოიყენებს ტერმინებს: „მიმაჩნია, რომ…“, „იქიდანგამომდინარე, რომ…“ – და სხვ.

 

მაგალითად, განვიხილოთ თემა – „საქართველო V საუკუნეში. ვახტანგ გორგასალი“; ისტ. XI.5

წყაროს თანახმად: „როცა ვახტანგი ათი წლის გახდა, გადმოვიდა ოსების ურიცხვი სპა მტკვრის თავიდან ხუნანამდე, მაგრამ ციხე-ქალაქები, გარდა კასპისა, ვერ აიღეს. ქალაქი კასპი შემუსრეს და სამი წლის მირანდუხტი, ვახტანგის და, წაიყვანეს. ამ დროს დარჩათ წარუტყვევნელად ხევნი ქართლისანი: კახეთი, კლარჯეთი და ეგრისი. ჩავლეს რანი და მოვაკანი, ისიც წარტყვევნეს და დარუბანდის კარით დაბრუნდნენ ოსეთში. ამავე დროს ბერძენნიც შემოესივნენ აფხაზეთს და დაიპყრეს იგი ეგრისწყლიდან ციხეგოჯამდე. ქართლში გლოვა და მწუხარება გამრავლდა, და ასე იყო ქვეყანა უპატრონოდ, ვიდრე ვახტანგი თხუთმეტი წლისა არ გახდა. ამის შემდეგ ვახტანგმა დაიმორჩილა ოსები და ყივჩაღები და შექმნა კარნი ოსეთისანი, რომელსაც ჩვენ დარიალისად ვუწოდებთ, აღაშენა მასზე მაღალნი გოდოლნი და მახლობელი მთიელები მცველებად დაუდგინა. ყივჩაღებს და ოსებს იქ გადმოსვლა აღარ შეეძლოთ ქართველთა მეფის ბრძანების გარეშე“.

 

გ) თამაშისთვის და „ისტორიული გამოძიების“ ჩასატარებლად მოსწავლე ჩამოწერს ყველა იდეას, რაც კი წარმოისახა და ამოირჩევს მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვნებს, რომლებიც აღწერილ შედეგებამდე მიიყვანდა ვახტანგ მეფეს:

  • როგორ იპოვა გამოსავალი ვახტანგმა, როგორ დაიბრუნა თავისიანები და როგორ გაათავისუფლა ქვეყანა?
  • როგორ მიაღწია მიზანს?
  • როგორ მოიკრიბა ძალა და შეძლო სამხედრო ძალის ორგანიზება, მტრის დამარცხება და ქვეყნის პატრონობა?
  • არსებულ ვითარებაში რატომ მოიქცა ამგვარად?
  • როგორი ურთიერთობა დაამყარა ბერძნებსა და ჩრდილოკავკასიელებთან, რომ მიზნისთვისაც მიეღწია და ნაკლები ზარალიც ენახა?
  • (ყველაზე „სუსტი“ ფორმულირება იქნება: „როგორ გადაწყვიტა ვახტანგმა პრობლემა?“)

 

დ) მომდევნო ეტაპზე მოსწავლე გამოარკვევს, დასახელებული ვარიანტებიდან რომელი უფრო მიესადაგება იმდროინდელ ვითარებას და დაასაბუთებს საკუთარ პოზიციას. ამით ფაქტობრივი მასალის ცოდნასაც გაიუმჯობესებს და არგუმენტირების უნარსაც გამოამჟღავნებს.

 

ე) დასასრულ, მასწავლებელი მოსწავლეებს შესთავაზებს ტექსტის სრულ ვარიანტს (საგაკვეთილო დროის გათვალისწინებით), რითაც საშუალებას მისცემს, წარმოიდგინონ საკუთარი გადაწყვეტილებებისა და ჩატარებული გამოძიების რეალურობა.

მაინც რას აძლევს მოსწავლეს „ისტორიული გამოძიების“ მეთოდით ტექსტთან დამოუკიდებლად მუშაობა? ის ხელს უწყობს მიზნის დამოუკიდებლად გამოკვეთას, დაკვირვებას, შემეცნებითი და პრაქტიკული საქმიანობის პროცესს, ცოდნის ფორმირებას, იდეათა მოწესრიგებას, თვითორგანიზების უნარის გაუმჯობესებას, ინტელექტუალური, პრაქტიკული საქმიანობის შედეგების მიღებასა და შემოქმედებითობას, რაც ამაღლებს თანამშრომლობის ხარისხს, კომუნიკაციურ კულტურას, მოტივაციას, ხალისიანს და საინტერესოს ხდის გაკვეთილს, რეალურად აუმჯობესებს მოსწავლეთა ცოდნასა და უნარებს, განსაკუთრებით – ტექსტთან როგორიც ინფორმაციის მიღების ძირითად საშუალებასთან მუშაობის გამოცდილებას, ამიტომ მისი გამოყენება სასწავლო პროცესში ეფექტურია და სასრგებლო.

პოლიტიკური დისკურსის ანატომია

0

პოლიტიკური დისკურსი იქით არის მიმართული, რომ დაარწმუნოს აუდიტორია, მსმენელი. აქედან გამომდინარე, პოლიტიკოსი თავის გამოსვლაში მიმართავს ენობრივი ზეგავლენის სტრატეგიებსა და საშუალებებს. თუნდაც ისეთ მარტივ ლოგიკას, როგორიც ამ დღეებში ისმის ქალაქის მერის წინასაარჩევნოდ. მაგალითად: მერობის ერთი კანდიდატი ამბობს, რომ სარკინიგზო ხაზს გადაიტანს, სამუშაო ადგილებს შექმნის და ქვეყანას ააყვავებს. მეორე ტრამვაის ქალაქში შემოყვანით საცობების პრობლემას აგვარებს. მესამე რუსეთსა და ნატოს ერთად ელაპარაკება… რაც მთავარია, ყველა პოლიტიკოსი „თავისიანად მიგიჩნევს“. ამ სტრატეგიას მაიდენტიფიცირებელ ფორმულებს უწოდებენ და მეტყველებაში გამოიხატება პირის ნაცვალსახელით „ჩვენ“ და კუთვნილებითი ნაცვალსახელით „ჩვენი“.

როდესაც პოლიტიკოსი (და არამხოლოდ პოლიტიკოსი) ამბობს: ჩვენ გავაკეთებთ ამას, ჩვენ მივაღწევთ იმას, – და ასე შემდეგ… გულისხმობს არა მხოლოდ თავის გუნდს, არამედ იმასაც, ვინც უსმენს. მსმენელს თავისიანად ხდის, რაც არაცნობიერად მოქმედებს კიდეც და ამომრჩევლის მიმხრობის ერთ–ერთი გზაა. შენთან ერთად უნდა გაკეთდეს რაღაც დიადი… ეს კი ყოველთვის სასიამოვნოა ერთი შეხედვით.

პოლიტიკური ტექსტებისთვის დამახასიათებელია სიტყვის ან სიტყვათა შეკავშირების გამოყენება არაზუსტი ლოგიკური შინაარსით. ასეთი სიტყვების შინაარსს ყველა მსმენელი თავსებურად იგებს, განსხვავებული იდეოლოგიების წარმომადგენლებიც თავისებურად ხსნიან ასეთ აბსტრაქტულ ცნებებს. ამ ტიპის ენობრივ საშუალებებს მიეკუთვნება ლოზუნგის სიტყვები და ცარიელი ფორმულები.

ლოზუნგის სიტყვებს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტექსტის იდეოლოგიზაციაში. ისინი ტექსტის ფიდეისტურ ფუნქციასაც განაპირობებენ. ამგვარი სიტყვებია: თავისუფლება, თანასწორობა, სამართლიანობა, დემოკრატია, მშვიდობა, ტოლერანტობა და სხვა. ამ ტიპის ლექსიკას იმთავითვე ახასიათებს დადებითი ემოციური შეფერილობა. თითოეულმა მსმენელმა იცის, რომ თავისუფლება, დემოკრატია, მშვიდობა კარგია, ამიტომ ისინი დადებითად იღებენ ტექსტს, რომელშიც ეს სიტყვები ხშირად მეორდება და, რა თქმა უნდა, კეთილგანწყობილნი არიან იმის მიმართ, ვინც ამას წარმოთქვამს.

მიტერანი, რომელიც 1918 წელს აყალიბებდა თავის პოლიტიკურ სტრატეგიას, განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებოდა სიტყვების „დემოკრატიისა“ და „მემარცხენეების“ გამოყენებას.

ლოზუნგის სიტყვებს იდეოლოგიურ ტექსტებში ერთგვარად სიმბოლური დატვირთვა აქვს, მათი მნიშვნელობები შეგნებულად არ განისაზღვრება, თითქოს არც მოითხოვდეს განსაზღვრას.

სრულიად არაფრის მთქმელია ასეთი ტექსტები: „როგორ საზოგადოებას ვაშენებთ ჩვენ დღეს საქართველოში? – დემოკრატიულს, ისეთს, რომელიც დაეფუძნება კანონის წინაშე თანასწორობას, ყველასთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას…“

ან ასეთი: „სახელმწიფოს ერთ-ერთი დანიშნულებაა, სამართლიანობის გარანტი იყოს. ამისთვის სახელმწიფო უნდა იყოს – დემოკრატიული და სამართლებრივი…“

თუ სთხოვთ პოლიტიკოსებს, განმარტონ თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა, მშვიდობა, სრულიად სხვადასხვანაირ პასუხებს მიიღებთ. ასეთ აბსტრაქტულ ცნებებს არასდროს აქვს კონკრეტული განმარტება, ისევ აბსტრაქტულად განისაზღვრება.

ცარიელი ფორმულები განსხვავდება ლოზუნგის სიტყვებისაგან. ღირებულებათა სისტემაში ამგვარ ფორმულებს არ უკავია ცენტრალური ადგილი, არც დადებითი შეფერილობით გამოირჩევა. კონტექსტში ისე გამოიყენება, თითქოს ზუსტი მნიშვნელობა ჰქონდეს. ასეთ გამოთქმებში წაშლილია აზრი და მსმენელი საკუთარ აზრს დებს მასში. მაგალითად, ცხოვრების ხარისხი. რას ნიშნავს? თითქოს ყველამ იცის, მაგრამ ვერავინ განსაზღვრავს.

ამონარიდი პოლიტიკური ტექსტიდან: „თუ საზოგადოებამ ვერ მოახერხა ქმედითი კონტროლის დამყარება ამ პროცესზე, არსებობს რეალური საფრთხე პრივატიზაციის რუსული წესით ჩატარებისა“.

არავინ იცის, რას გულისხმობს „ქმედითი კონტროლი“ ან „რეალური საფრთხე“.

ან ასეთი წინადადება: „ეს კონტროლირებადი არასტაბილურობა იდეალურ ნიადაგს ქმნის…“ – აბსურდია, სიტყვების რახარუხი, უაზრო და უშინაარსო.

ზუსტი მნიშვნელობები ჩამორეცხილი აქვს სინტაგმებს: ცხოვრების ხარისხი, რეალური საფრთხე, კონტროლირებადი არასტაბილურობა, ქმედითი კონტროლი, იდეალური ნიადაგი, რეალური შანსი, სიბრძნის ხარისხი, ფორმალურად თავისუფალი, შინაგანად თავისუფალი, გარკვეული წარმატება…

აიღეთ ნებისმიერი პოლიტიკოსის გამოსვლა და თუ ასე შეაფასებთ, ნახავთ, რა დარჩება სიტყვიდან. რა თქმა უნდა, მხოლოდ წყალი… თანაც ისეთი წყალი, რომელიც დასალევად არ გამოდგება.

და კიდევ: პოლიტიკური დისკურსი ხშირად მიმართავს მეტაფორებს. ისინი აქაც ორ ჯგუფად იყოფა: ცოცხალ და მკვდარ მეტაფორებად. რით განსხვავდება ცოცხალი მეტაფორა მკვდრისგან? ზუსტად იმით, რითაც ცოცხალი ადამიანი მკვდარი ადამიანისგან.

ცოცხალი მეტაფორა ყოველთვის ამოვარდნაა ჩვეულებრივი მეტყველებიდან. მსმენელი ორიენტირებულია იმაზე, რასაც ეუბნებიან, როგორ ეუბნებიან. მეტაფორა არღვევს მეტყველებაში ავტომატიზმს, აქვს მოულოდნელობის ეფექტი და რაც უფრო მოულოდნელია, მით უფრო მეტია მისი პრაგმატიკული ძალაც. მოულოდნელობა მოტივირებულია ფსიქოფიზიოლოგიურადაც. მსმენელის ნერვული სისტემა მძაფრად აღიქვამს ახალს, იშვიათს, მოულოდნელს, კონტრასტულს. მოულოდნელობის საპირისპიროა ადაპტაციის პროცესი, რის შედეგადაც მეტაფორის პრაგმატიკული ძალა განილევა – იგი გვევლინება ხანგრძლივმოქმედ პირობითრეფლექსურ გამღიზიანებლად რაც შეგრძნებებს მნიშვნელოვნად ასუსტებს.

პოლიტიკოსთა მეტყველება გადავსებულია მკვდარი და არაფრის მთქმელი მეტაფორებით, მაგრამ ისეთებსაც ვხვდებით, რომლებსაც ვერასდროს დავივიწყებთ. ამიტომ არის, რომ ხშირად პოლიტიკოსს მის მიერ წარმოთქმული მეტაფორით იმახსოვრებენ.

„ახლად შექმნილი მეტაფორა აზროვნებას ეხმარება ვიზუალური ხატის აღძვრის გზით. როდესაც მეტაფორა პრაქტიკულად მკვდარია, ფაქტობრივად, ის გადაიქცევა ჩვეულებრივ სიტყვად და შეიძლება გამოიყენებოდეს ისე, რომ არ დაკარგოს სიცხადე. მაგრამ მეტაფორის ამ ორ კლასს შორის არსებობს გაცვეთილი მეტაფორების უზარმაზარი ნაგავსაყრელი, რომლებმაც დაკარგა ემოციების აღმძვრელი ძალა და მხოლოდ იმიტომ გამოიყენება, რომ ადამიანებს ათავისუფლებს საჭიროებისგან, თავად შეთხზან ახალი ფრაზები“ (ჯ. ორუელი).

ჩვენი პოლიტიკოსების მეტყველება გაცვეთილი სიტყვებისა და მეტაფორების ნაგავსაყრელია და მათი მოსმენა ყველაზე მოსაწყენი ამბავი არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც.

 

აგათა კრისტი – ყველაზე ბედნიერი ბავშვი

0

 

აგათა კრისტის მშობლებმა იცოდნენ, როგორ უნდა აღეზარდათ ნიჭიერი და ბედნიერი ადამიანი.

 

აგათა კრისტის საინტერესო და რთულ ცხოვრებაში მართლაც ყველაფერი მოხდა: ორი მსოფლიო ომი, სიყვარული და ძლიერი მამაკაცების ეჭვიანობა, სამხედრო ექთნის სამსახური და იდუმალი გაუჩინარება, ახლო აღმოსავლეთში არქეოლოგიური გათხრები და, რა თქმა უნდა, მისი ცნობილი ერკულ პუარო და მის მარლპი.

 

მწერლის ცხოვრებამ ორი საუკუნის ისტორია დაიტია: XIX საუკუნის ვიქტორიანული ეპოქის ბოლო და მთელი მე-20 საუკუნე. ბევრმა არც კი იცის, რომ დეტექტივების გარდა, მწერალმა 600-გვერდიანი „ავტობიოგრაფიაც“ დატოვა, სადაც ყველაზე ოსტატურად ბავშვობა აღწერა. „უდიდესი ბედნიერება, რომელიც შეიძლება სიცოცხლეში დაგემართოს, არის ბავშვობა“, – წერდა ის.

 

დეტექტივების დედოფალი მორცხვი მოზარდი იყო. მაშ, როგორ გადაიქცა ცნობილ მწერლად? როგორ აღზარდეს ასეთად? აგათას ბავშვობით თუ ვიმსჯელებთ, ნიჭიერი ადამიანის აღზრდის პრინციპები მარტივი და ამავდროულად, ძალიან გონივრულია.

 

  1. აგათა ქრისტის ბავშვობა ბედნიერი იყო

 

მშობლიური კერა მთელი ცხოვრების განმავლობაში მისი მომავლის საძირკველად იქცა.  მხოლოდ ასეთი სახლის მქონენი იზრდებიან უშიშარ ადამიანებად, რომლებსაც შეუძლიათ, ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნონ სიმშვიდე. ბედნიერ ოჯახში გაზრდილი გოგონა  სიცოცხლის ბოლომდე ოპტიმიზმით უყურებდა სამყაროს. სწორედ მშობლიურ სახლთან იყო დაკავშირებული მისი ყველაზე ნათელი მოგონებანი. ეშვილდის შესახებ, სადაც ცნობილი ქალბატონი დეტექტივის ცხოვრების პირველი წლები გაილია, ის ყოველთვის სინაზით, ინგლისური ტრადიციის შენარჩუნებით წერდა: ჩემი სახლი – „ჩემი ციხესიმაგრე“!

 

„მე ვწერ მშობლებზე არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ჩემი მშობლები არიან. ისინი წარმოადგენენ იშვიათ ფენომენს – ბედნიერ ქორწინებას.

 

როცა წარსულისკენ ვიხედები, მესმის, რომ ჩვენს სახლში კეთილდღეობა მეფობდა, და ამის მთავარი მიზეზი მამაჩემის განსაკუთრებული სიკეთე იყო. მას ჰქონდა უბრალო და მოსიყვარულე გული და ნამდვილად უყვარდა ადამიანები. ის ყოველთვის გამოირჩეოდა შესანიშნავი იუმორის გრძნობით, ადვილად შეეძლო ნებისმიერის გაცინება. მასში არ იყო არც სიძუნწე, არც ეჭვიანობა, გამოირჩეოდა გულუხვობით. იყო ბედნიერი და მშვიდი. ჩვენს დროში სიკეთე ნაკლებად ფასობს. ბევრად მეტად აინტერესებთ ადამიანის ჭკუა, შრომისმოყვარეობა, საზოგადოებისთვის სარგებლის მოტანის უნარი, მისაღები ქცევა.

 

ყოველთვის მინდა დავიყვირო: „არ გაუშვათ თქვენი შვილი!“. სახლი, ოჯახი, სიყვარული და მშობლიური კერის საიმედოობა – რომელი საუკეთესო განათლება შეედრება ამას? მე ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ჩემს გულს ათბობდა სახლი და ბაღი, ბრძენი და მომთმენი ძიძა, ერთმანეთის მხურვალედ მოსიყვარულე მამა და დედა, რომლებმაც შეძლეს გამხდარიყვნენ ბედნიერი მეუღლეები და მშობლები“.

 

  1. აგათა კრისტი ისტორიებს იგონებდა

 

პატარა აგათას მცირე ასაკიდანვე მდიდარი წარმოსახვა ჰქონდა, შეეძლო სახალისო ისტორიების გამოგონება და დროთა განმავლობაში ეს უნარი თავისით უვითარდებოდა. ამიტომაა აუცილებელი ბავშვის ყველაზე გაბედული, საოცარი ფანტაზიების მიღება და მხარდაჭერა ყველა შესაძლო გზით. არასოდეს შეზღუდოთ ის თამაშის დროს. მოუთხრეთ ზღაპრები, საინტერესო ისტორიები, ყურადღებით მოუსმინეთ მის მონათხრობს. გაუფრთხილდით ბავშვის საიდუმლო სამყაროს და წარმოსახვით მეგობრებს.

 

„წარსულზე ფიქრის გარეშე, ვერასოდეს აღადგენ ბავშვისთვის დამახასიათებელ არაჩვეულებრივ ხედვას სამყაროს შესახებ. ზრდასრულებთან შედარებით, ის გარემოს სრულიად განსხვავებული კუთხით უყურებს. რატომ არსებობს ბავშვის სულში საიდუმლოს შენახვის საჭიროება?.. ყველაზე მეტად მე ვინმედ გადაქცევა მომწონდა. რაც თავი მახსოვს, ჩემს წარმოდგენაში ყოველთვის არსებობდნენ ჩემივე გამოგონილი მეგობრები. პირველ ჯგუფს  „კნუტები” ერქვა. ვინ იყვნენ კნუტები, მეც არ ვიცოდი, არც ის ვიცოდი, ვიყავი თუ არა ერთ-ერთი მათგანი. მხოლოდ მათი სახელები მახსოვს: კლოვერი, ბლეიკი და კიდევ სამი. მათ დედა კატას ქალბატონი ბენსონი ერქვა.

 

დედას მოყოლილი ამბების ხიბლი ის იყო, რომ არასოდეს არაფერი გაუმეორებია, მისი ისტორიები ყოველთვის განსხვავებული იყო და მასთან ერთად არასოდეს მითამაშია ერთი და იგივე თამაში. ერთი ზღაპარი თაგუნიას, სახელად „დიდთვალებას“ შესახებ იყო, რომელიც სხვადასხვა თავგადასავალში ეხვეოდა.

 

დაბოლოს – ტყე. ჩემს ფანტაზიაში ის ნამდვილ ნიუ ფორესტად გამოიყურებოდა.  ფოთლოვანი, სავარაუდოდ, ხეებს შორის კლაკნილი ბილიკით. ყველაფერი, რაც ტყეს უკავშირდებოდა, იქ ცხოვრობდა. საიდუმლო, საფრთხე, აკრძალული სიამე, მიუწვდომლობა, უცნობი სიშორე. ბაღის ბილიკებზე ჰოუპი-ჰოოპით მორბენალი მე – ხან მოხეტიალე აბჯრიანი რაინდი ვიყავი, ხან – თეთრ რაშზე ამხედრებული სასახლის კარის ქალბატონი, ხანაც საპყრობილედან გამოპარული „კნუტელი“ კლოვერი“.

 

  1. მომავალი მწერალი ბევრს კითხულობდა

 

შემდეგ – სცადეთ, რაც შეიძლება ადრე მოახერხოთ სახლში კომფორტული ატმოსფეროს  შექმნა, რომლის წყალობით თქვენი შვილი თავად მოისურვებს ისწავლოს კითხვა და ზოგადად, დამოუკიდებლად ისწავლოს ყველაფერი – წერა, თვლა. არ დათრგუნოთ მისი გაოცების ბუნებრივი უნარი. წაახალისეთ ბავშვის ცნობისმოყვარეობა! სწორედ ეს თვისებები დაეხმარა აგათას, ყოველდღიურ ცხოვრებაში დაენახა რაღაც არაჩვეულებრივი, არაორდინალური და მოეფიქრებინა არატრივიალური სიტუაციები თავისი დეტექტივებისთვის.

 

„ჯერ ხუთი წლისაც არ ვიყავი, როცა ჩემ წინაშე წიგნის სამყარო გაიხსნა. თუ ხმამაღლა წაკითხული ზღაპარი მომწონდა, ჩვეულებრივ წიგნსაც მოვითხოვდი და ყველა ფურცელს ვსწავლობდი, რომელიც არც კი ვიცი, როგორ, მაგრამ თანდათან ჩემთვის გასაგები ხდებოდა. ძიძასთან სეირნობის დროს ვეკითხებოდი რა სიტყვები ეწერა მაღაზიების თავზე, აფიშებზე. შედეგად, ერთხელაც აღმოვაჩინე, რომ სრულიად თავისუფლად ვკითხულობდი „სიყვარულის ანგელოზს“. ძალიან ამაყმა ძიძას წიგნი ხმამაღლა წავუკითხე.

 

„მემ, – უთხრა მეორე დღეს ძიძამ დედაჩემს, – მგონი, მის აგათამ კითხვა ისწავლა“.

 

  1. პატარა აგათას მათემატიკა უყვარდა

 

სწორედ მათემატიკაში რეგულარული მეცადინეობის წყალობით დეტექტივის პირველ ლედის განუვითარდა „პატარა რუხი უჯრედების“ გამოყენების უნარი, როგორც მოგვიანებით ამას ერკიულ პუარო იტყოდა და ჩამოუყალიბდა ლოგიკური აზროვნება, რომელიც მისი რომანების გმირებისთვის, დამნაშავეებისა თუ და გამომძიებლებისთვის ასე საჭირო იყო, ასე ეხმარებოდა ყველაზე რთული დანაშაულის გახსნაში. ხელი შეუწყვეთ ბავშვს მათემატიკის სწავლაში ადრეული ასაკიდან. არავითარ შემთხვევაში არ უთხრათ ქალიშვილს, რომ მათემატიკა ძალიან რთული მეცნიერებაა და გოგონების საქმე არ არის.

 

„მამა ამაყობდა ჩემი წარმატებებით. წასახალისებლად მისგან პატარა წიგნი – „ამოცანები“ მივიღე. ყოველ დილით, პირველი საუზმის შემდეგ, მისაღებ ოთახში ფანჯარასთან ვჯდებოდი და მთელი გულით ციფრებისგან სიამოვნებას ვიღებდი. მიყვარდა ამოცანები. მიუხედავად იმისა, რომ ინტრიგას გათვლები ნიღბავდა, ჩემთვის ამ ყველაფერში მაინც იყო რაღაც ხიბლი: „ჯონს 5 ვაშლი ჰქონდა, ჯორჯს კი 6. თუ ჯონი ჯორჯს 2 ვაშლს გამოართმევს, რამდენი ვაშლი დარჩება ჯორჯს?“ ამ პრობლემაზე ფიქრის დროს, ვგრძნობდი აუცილებლობას მეპასუხა: „ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უყვარს ჯორჯს ვაშლი“.

 

  1. აგათას მშობლები შემოქმედებითი ადამიანები იყვნენ

დაკავდით ხელოვნებით, სერიოზული კლასიკური ხელოვნებით! შექმენით სახლში  ბუნებრივი შემოქმედებითი ატმოსფერო. მაშინ ბავშვიც ბუნებრივად იცხოვრებს და გაიზრდება ასეთ გარემოში. ეს პირდაპირ აისახება ბავშვის შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებაზე და მისი ხედვების ჩამოყალიბებაზე. ამისათვის კარგია: მუსიკა, ხატვა, თეატრი, ცეკვა. მთავარი ისაა, რომ ამ ყველაფერმა მას სიამოვნება მოგვაროს. გაიხსენეთ, მის მარპლი და ერკიულ პუარო მრავალმხრივი პიროვნებები იყვნენ და, გარდა საიდუმლო მკვლელობების გამოძიებისა, დაკავებული იყვნენ ბაღში ვარდების გაშენებითა და თეატრით.

„ძალიან მიყვარდა მუსიკის გაკვეთილები. დედა და მამა უკრავდნენ. ჩვეულებისამებრ, დედა მენდელსონის „უსიტყვო სიმღერებს“ და ჯერ კიდევ ყმაწვილობაში ნასწავლ ბევრ სხვა „პიესას“ ასრულებდა. მამას ნამდვილი, გამორჩეული მუსიკალური ნიჭი ჰქონდა. შეეძლო სმენით ყველაფერი აეწყო – ამერიკულ ხალხური სიმღერებისა და ზანგური სპირიჩუელზების ჩათვლით. მე დღეში ერთ ან ორ საათს ენთუზიაზმით ვმეცადინეობდი.  შუმანიდან გრიგზე გადავედი, რომელიც უბრალოდ შემიყვარდა. განსაკუთრებით ვეტრფოდი „სიყვარულს“ და „გაზაფხულის პირველ სუნთქვას“. როდესაც „დილის“ დაკვრაც შევძელი, უბრალოდ, ბედნიერებით აღვივსე“.

„შემოდგომაზე პარიზში აღმოვჩნდი, მის დრაიდენის სკოლაში, დიუ ბუას გამზირზე, ტრიუმფალური თაღის გვერდით. აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა მუსიკას ენიჭებოდა, მაგრამ გარდა ამისა, ჩვენ სხვა ბევრ საინტერესო კურსს გავდიოდით. დრამატული ხელოვნების კურსი ყველას უყვარდა. ჩვენ გვასწავლიდნენ კომედი ფრანსეზის მსახიობები,  გვიკითხავდნენ ლექციებს მოლიერზე, რასინსა და კორნელიზე. მომღერლები  კონსერვატორიდან მღეროდნენ ლულისა და გლუკის არიებს. აქ ვნახე სარა ბერნარი მის ერთ-ერთ ბოლო როლში როსტანის პიესაში „შანტეკლერა“. ბედნიერება იყო იმის მოსმენა, როგორ საუბრობდნენ მსახიობები პიესებზე, როგორ მღეროდნენ ნამდვილი მომღერლები – ეს ყველაფერი ხელოვნებისადმი მგზნებარე სიყვარულს ბადებდა. ჩემთვის ახალი სამყარო გაიხსნა, სამყარო, რომელშიც ცხოვრების შესაძლებლობა მომეცა“.

  1. პატარა აგათა ყოველდღე დიდ დროს ატარებდა მარტო

ამის გამო ის არ იწყენდა! პირიქით.

როგორ გვაკლია ეს დღეს ჩვენი გიჟური ტემპის გამო, სადაც მშობლებს სულ მუდამ საქმეებზე მიეჩქარებათ, ბავშვებს კი სკოლაში და წრეებზე აგვიანდებათ. მიეცით ბავშვს მეტი დრო, მარტოდ ყოფნის დრო, როცა საკუთარ თავთან დარჩება, იფიქრებს, იოცნებებს ან თუნდაც იუსაქმურებს. გააკეთებს იმას, რაც მოსწონს. ისიამოვნებს სიცოცხლით. სწორედ ამ დროს შეძლებს თავისი წარმოსახვითი სამყაროს შექმნას.

„ცხოვრებაში არაფერია უფრო საკვირველი, ვიდრე დრო. არა მგონია თანამედროვე ადამიანებს ის საკმარისი ჰქონდეთ. ბავშვობაში საშინლად გამიმართლა სწორედ იმიტომ, რომ უამრავი დრო მქონდა. დილით იღვიძებ და ვიდრე თვალს გაახელ, უკვე სიხარულით წარმოიდგენ: „ნეტავ, დღეს რას გავაკეთებ?“ გაღვიძებისას ყოველთვის განვიცდიდი ყველასათვის ბუნებრივ გრძნობას: სიცოცხლის სიხარულს, შესაძლოა გაუცნობიერებელსაც კი. თქვენ ცხოვრობთ, თვალს ახელთ და ახალი დღე იწყება. ყოველი ნაბიჯი მოგზაურობაა უცნობ მხარეში – მომხიბლავი მოგზაურობა – ეს არის თქვენი ცხოვრება. გასაოცარია, რაოდენ დიდი სიამოვნების მიღება შეგიძლია თითქმის ყველაფრიდან, რაც ცხოვრებაში არსებობს.

მე მიყვარს მზე, ვაშლები, თითქმის ყველანაირი მუსიკა, მატარებლები, რიცხვებიანი გამოცანები და ყველაფერი, რაც რიცხვებს უკავშირდება, მიყვარს ზღვა, სიჩუმე, ძილი, ოცნება, ჭამა, ყავის არომატი, შროშანები, ძაღლების უმეტესობა და თეატრში სიარული.  თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ ნებისმიერი საკვებით და ცხოვრების წესით: სოფლის სიმყუდროვით, გზით, ქალაქის ხმაურით. ერთ შემთხვევაში, გელით სიმშვიდე; წიგნების წაკითხვის, ქსოვის, ქარგვის, მცენარეებზე ზრუნვის შესაძლებლობა. მეორე შემთხვევაში – თეატრები, სამხატვრო გალერეები, კარგი კონცერტები და მეგობრებთან შეხვედრები. ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ვთქვა – მე მიყვარს თითქმის ყველაფერი“.

  1. პატარა აგათას ყველა ჩვეულებრივ გოგონად მიიჩნევდა. არავინ ელოდა, რომ ის მსოფლიოში ცნობილი მწერალი გახდებოდა

არც მისი მშობლები და არც თვითონ თხოვდა საკუთარ თავს, რომ დეტექტივის პირველი ლედი გამხდარიყო. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მოხდა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ბავშვი ისეთად უნდა მივიღოთ, როგორიც არის. მივცეთ  უფლება, იყოს ის, ვინც არის. ნუ იფიქრებთ, რომ თქვენი შვილი სუპერნიჭიერია, გენიოსია ან ვუნდერკინდი, რომელსაც გარანტირებული მომავალი ელის. ნუ მოითხოვთ მისგან ძალიან ბევრს. არ დაელოდოთ წარმატებას და სუპერშესაძლებლობების გამოვლინებას. დაე, გაიხაროს ცხოვრებით, დატკბეს მისი ყველაზე ჩვეულებრივი მომენტებით.

„ახლა მშობლები დარწმუნებული არიან, რომ მათი შთამომავლობა ბრწყინვალე უნდა იყოს. თუ ბავშვი მშობლების მოლოდინს ვერ ამართლებს, ის დანაშაულის გრძნობით ცხოვრობს.  ვფიქრობ, რომ ვიქტორიანული ეპოქის დასასრულ მშობლები უფრო რეალისტურად აზროვნებდნენ და ითვალისწინებდნენ შვილების შესაძლებლობებს, ყველაზე მეტად კი იმაზე შფოთავდნენ, რომ სიცოცხლეს მათთვის ბედნიერება მოეტანა. ახლა მე ვხედავ, რომ მშობლებს შვილების წარმატების სურვილი მხოლოდ საკუთარი პრესტიჟის გამო უჩნდებათ.

ჩემთან დაკავშირებით ოჯახში არსებობდა მოსაზრება, რომ არ ვიყავი სწრაფი, სხარტად მოაზროვნე.

  • აგათა ისეთი მოუხერხებელია, – მუდმივად წამოიძახებდნენ ხოლმე გარშემომყოფნი. თუმცა, მე ეს არ მაწუხებდა და ამის გამო არ ვიწყენდი.

არ ვიცნობდი ამბიციებს, რადგან ვიცოდი ჩემი ჩვეულებრიობის შესახებ. ძალიანაც კარგად მესმოდა, რომ არ გამოვირჩეოდი სწრაფი აზროვნების უნარით: ვიდრე რაიმე პრობლემას გადავწყვეტდი, საფუძვლიანად უნდა მეფიქრა. სინამდვილეში, მე მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი – ბედნიერ ქორწინებაზე. ძალიან მაცდურად კი გამოიყურება იმის აღიარება, რომ ყოველთვის მინდოდა მწერალი ვყოფილიყავი, მაგრამ გულზე ხელის დადებით ვიტყვი, რომ მსგავსი აზრი თავში არასოდეს მომსვლია.

სიხარულით დავიწყებდი ნაწარმოების წერა, მაგრამ წარუმატებლად. ჩემი მისამართით გამოთქმული შენიშვნები ყოველთვის ერთი და იგივე იყო: ნაწარმოებში ძალიან ბევრი ფანტაზიაა. მე მკაცრად მაკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ თემას არ მივყვებოდი. მახსოვს, მაგალითად: თემა „შემოდგომა“. ძალიან კარგად დავიწყე წერა მიწაზე გაფენილ ოქროსფერ და წითელ ფოთლებზე, მაგრამ მერე რატომღაც საერთო სურათში გოჭი შემოიპარა – მე ეს სავსებით ლოგიკურად მიმაჩნდა, რადგან ის ტყეში რკოს ეძებდა. ყოველ შემთხვევაში, ჩემი ინტერესი გოჭზე გადაერთო, მიმავიწყდა შემოდგომა, თხზულება კი მშფოთვარედ დასრულდა მოკლეკუდა გოჭის თავგადასავლებით და პომპეზური რკოს ვახშმით, რომელიც მან მეგობრებისთვის მოაწყო.

შეცდომები, რომელსაც კარნახის დროს ვუშვებდი, მასწავლებელს ისეთ საშინელ მდგომარეობაში აგდებდა, რომ საკუთარ თვალებს არ უჯერებდა. ვწერდი ისე, როგორც გამომივიდოდა, მხოლოდ გამართლების იმედად. რაც შეეხება გრამატიკასა და მართლწერას, ალბათ კლასში ჩემზე უარესი არავინ იყო. მასწავლებელი გვერდით რომ ჩამივლიდა, მწარედ ამოიოხრებდა ხოლმე. ყოველდღე ვმეცადინეობდი ორთოგრაფიას, მთელ გვერდებს ვავსებდი რთული სიტყვებით. მაგრამ ყოველთვის უამრავ შეცდომას ვუშვებდი და დღესაც ვუშვებ“.

  1. დედას უყვარდა აგათა და უგებდა მას

სიყვარული! სიყვარული და გაგება! დაე, თქვენმა შვილმა ყოველთვის იცოდეს და დარწმუნებული იყოს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, თქვენ მისი გესმით და მისი მხარდამჭერი ხართ. ყოველთვის დაიჭერთ მის მხარეს. მაშინაც კი, თუ ზრდასრულთა აზრით, ეს უმნიშვნელო წვრილმანი იქნება.  ბავშვისთვის, განსაკუთრებით პატარა ემოციური და ნაზი გოგოსთვის, ეს შეიძლება ნამდვილი ტრაგედია იყოს. იყავით ახლოს, რათა დაიცვათ, დაამშვიდოთ და დაარწმუნოთ, რომ ყველაფერი არც ისე საშინლადაა. სწორედ მშობლების ამ პოზიციის წყალობით, განსაკუთრებით დედის, აგათა მშვიდ და გაწონასწორებულ ადამიანად გაიზარდა.

  1. აგათა ბავშვობიდანვე ფლობდა კარგ მანერებს

იცით, რას ნიშნავს იყო „ნამდვილი ლედი“? პატივი ეცით თქვენს ქალიშვილს და ვაჟიშვილს. ასწავლეთ საკუთარი თავის პატივისცემა. შეიტანეთ მის ცხოვრებაში წესრიგი და დისციპლინა. აგათა კრისტის განათლებამ გავლენა იქონია თავის რომანებში დანაშაულის გახსნის უზადო ლოგიკაზე, მის მარპლის სამართლიანობასა და წესიერებაზე, პუაროს გალანტურობასა და დეტექტივის გარდაუვალ კეთილ დასასრულზე.

  1. 1 ბედნიერი ბავშვობა – ბედნიერი ცხოვრება

აგათა კრისტის არცერთი დეტექტიური რომანი, პიესა, მოთხრობა რომ არ შეექმნა, ის მაინც დაწერდა „ავტობიოგრაფიას“, რომლის საუკეთესო ნაწილი მიუძღვნა მშვიდ და უდრტვინველ ბავშვობას. ეცადეთ ისე მოიქცეთ, რომ თქვენს შვილს ბავშვობიდან მხოლოდ ნათელი მოგონებები დარჩეს. დარჩეს ის მას თბილი პატარა სამყაროს, ყველაზე მყუდრო სულის ნაწილად, სადაც ყოველთვის მოუნდება დაბრუნება. ბავშვობა ადამიანისთვის ყველაზე საიმედო საყრდენია ზრდასრულობასა და სიბერეში.

„ახლა, როდესაც ეს ნაწერი გადავიკითხე, კმაყოფილი დავრჩი. ზუსტად ის გავაკეთე, რაც მინდოდა – ვიმოგზაურე. არა იმდენად უკან, წარსულის გავლით, რამდენადაც მომავალში – ყველაფრის დასაწყისისკენ, იმ ჩემი თავისკენ, ჯერ რომ იმ გემზე ასვლას ელოდა, რომლითაც წლებში იმოგზაურებდა.

გონებაში მე ყოველთვის ვუბრუნდები სახლს, სადაც დავიბადე – ეშფილდში. რამდენს  ნიშნავს ის ჩემთვის! ჩვენ არ გვერგო უნარი ადამიანის ბოლომდე შეცნობის, თუმცა ზოგჯერ გამონათებებში მყისიერად ვხედავთ მის სინამდვილეს. და უნებურად ვუბრუნდები პერ გიუნტის შეკითხვას: „სად ვიყავი მე თვითონ, მე სრული, მე ნამდვილი?”. მე დღეს, ზუსტად ისევ ისეთი ვარ, როგორიც იყო ის პატარა სერიოზული გოგონა ხორბლისფერი ლოკონებით. მე ვიცნობ სრულ აგათას. ვფიქრობ, რომ მოგონებები, როგორი უმნიშვნელოც არ უნდა მოგვეჩვენოს, სწორედ რომ წარმოაჩენს შიდა ადამიანურ არსს.

ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ცხოვრება წარმტაცი იყო და ახლაც ასე ვფიქრობ. ძალიან ბედნიერი ვიყავი ამ ცხოვრებაში. ასეთი ღირსეული და მრავალფეროვანი ცხოვრებით, როგორითაც ვიცხოვრე, შეგიძლია იამაყო. ჩემთან დღესაც არის ჩემი ქმარი, ჩემი შვილი, ჩემი შვილიშვილი, ჩემი სიძე. მე მიყვარს სიცოცხლე. და არანაირი იმედგაცრუება, ჯოჯოხეთური ტკივილი და უბედურება ვერ მაიძულებს დავივიწყო, რომ სიცოცხლე უბრალოდ უდიდესი მადლია.

ბავშვი, რომელმაც ჭამა დაასრულა, ამბობს: „დიდი მადლობა, უფალო, კარგი ვახშმისთვის“. რა უნდა ვთქვა 75 წლის ასაკში? გმადლობ, უფალო, სიცოცხლისთვის და იმ სიყვარულისთვის, რომელიც ჩემთვის იყო განკუთვნილი“.

მოამზადა ირმა კახურაშვილმა

როგორ ვასწავლოთ შემოქმედებითი მუშაობა

0

შემოქმედებითი მოღვაწეობა, მიუხედავად სირთულისა, ერთგვარი ჯილდოც გახლავთ. ასე რომ, ღირს, მოსწავლეები ამ საოცარ პროცესს ვაზიაროთ.

როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მოსწავლეებს, გაიარონ შემოქმედებითი პროცესის ეტაპები – შთაგონება, სიცხადე, დისტილაცია, ინკუბაცია, პერსპირაცია და შეფასება  და ამ გზით აიმაღლონ შემოქმედებითი პოტენციალი?

„არაშემოქმედებითი“ ადამიანები ჩვეულებრივ ებღაუჭებიან თავში მოსულ იდეას და გაუაზრებლად ახორციელებენ მას, ისე, რომ სერიოზულად არც კი განსჯიან, რის მიღწევა სურთ.

შემოქმედებითი მუშაობისას მასწავლებლის ერთ-ერთი დანიშნულებაა, დაეხმაროს მოსწავლეს იმ სტადიებზე მუშაობისას, რომლებშიც ის სისუსტეს ავლენს. ეს შესაძლებელია, ისეთი დავალებების შერჩევით, რომელიც არ შეიყვანს მოსწავლეს შემოქმედებით „ჩიხში“ და დიზაინერული „აშლილობისგანაც“ დაიცავს; ასევე მათთან ერთად განიხილავს შემოქმედებით პროცესს. უამბეთ მათ ზემოთ აღწერილი სტადიების შესახებ. ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ აუცილებელი არაა პირველივე  იდეა წარმატებული გამოდგეს, აუცილებელია იდეებზე მუშაობა; განუმარტეთ, რომ თვით გამოჩენილ გენიოსებსაც კი არ სწვევიათ იდეები უეცარი გასხივოსნებით; რომ მნიშვნელოვანია ნათლად წარმოვიდგინოთ, რისი მიღწევა გვსურს. აუხსენით, რომ შემოქმედებითი პროცესი ერთნაირად საჭიროა, როგორც ფერწერასა და პოეზიაში, ასევე ინჟინერიასა და ბიზნეს-მენეჯმენტში. ყველას შეუძლია თავის სამუშაოში შემოქმედებითი მიდგომების გამოყენება. შემოქმედებითად აზროვნება და მოქმედება – ეს ის უნარებია, რომლებიც ყველა მოსწავლეს მოეთხოვება, განურჩევლად იმისა, თუ რა გზას აირჩევს ცხოვრებაში ის, რა ინტერესები და ჰობი აქვს. ამას გარდა, შემოქმედებითი უნარების გავარჯიშება, მნიშვნელოვნად ამრავალფეროვნებს მათ ცხოვრებას. ბევრი მათგანისთვის ეს შეიძლება თვითრეალიზაციისა და ბედნიერი ცხოვრების საწინდარი გახდეს.

როგორ გამოუმუშავოთ მოსწავლეებს ეს უნარები და როგორ ვასწავლოთ შემოქმედებითად მუშაობა?

 

მოსწავლეთა მხარდაჭერა შთაგონების სტადიაზე

მოსწავლეებს უნდა შესთავაზოთ დავალებები, რომლებიც დაეხმარება მათ იდეების გენერირებაში. ამის გაკეთება უმჯობესია შემოქმედებითი სამუშაოს დაწყების წინ. მაგალითად, თუ მოსწავლემ უნდა დაწეროს თხზულება ზღვის შესახებ, მან უნდა დაათვალიეროს ნახატები და ფოტოები ზღვის თემატიკაზე; ჩაიწეროს ნებისმიერი სიტყვა, ფრაზა ან დაკვირვების შედეგი, რაც თავში მოსდის, ისე, რომ არ დაფიქრდეს იმაზე, რამდენად შეძლებს მათ გამოყენებას შემდეგში. ასევე შეიძლება, თემასთან დაკავშირებული კარგი პროზის ნიმუშები წავუკითხოთ.

იდეების გენერირების კიდევ ერთი კარგი მეთოდია – ასოციაცია. მოსწავლეებს ეძლევათ ორი წუთი, რათა ჩამოწერონ სიტყვები და ფრაზები, რომლებიც ზღვასთან ასოცირდება. ამ მეთოდის ვარიანტს წარმოადგენს – ასოციაციური ჯაჭვი, რომელშიც ყოველი შემდეგი სიტყვა ასოცირდება წინამდებარესთან, მაგალითად: „ზღვა, მარილიანი წყალი, ცრემლები, ტირილი, ყვირილი, საფრთხე“. ამგვარი ჯაჭვის ყურადღებით განხილვა მნიშვნელოვანია იდეების გენერირებისთვის. ეს პროცესი განსაკუთრებით კარგია, შემოქმედებითი წერილობითი სამუშაოებისას.

კარგი იქნება თუ შთაგონების სტადიაში მოსწავლეებს განუვითარდებათ აზროვნება. სამუშაოს თემასთან ირიბ შეხებაში მყოფი დასაწყისი – „კარიერული ადგილიდან“, შეიძლება საოცრად პროდუქტიული აღმოჩნდეს. ასეთი დასაწყისი სამუშაოსადმი არატრადიციული მიდგომების სტიმულირებას ახდენს. სტატია მოქცევის ჯებირებისა და ზღვაში ცურვის უსაფრთხოების წესების შესახებ შეიძლება უფრო ორიგინალური იდეების საწინდარი აღმოჩნდეს, ვიდრე ზღვის მხატვრული აღწერა. რაც უფრო განსხვავებულია მასალა, მით უკეთესია.

უფრო მეტად განვითარებულმა მოსწავლეებმა, შეიძლება მოსინჯონ ედვარდ ბონოს შემუშავებული ლატერალური აზროვნების მეთოდიკები. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ისინი არანაირი ღირებული იდეის მომცემი არაა. ერთი, რაც შემიძლია გთხოვოთ, ნუ მოაკლებთ მცდელობას! გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს.

 

შემთხვევითი ასოციაციები

ამ მეთოდის უპირატესობა ნაცადი გზებიდან გადასვლაა. მოსწავლეები ლექსიკონიდან ირჩევენ შემთხვევით სიტყვებს, რის შემდეგაც მიმართავენ სიტყვიერ ასოციაციას, რომელმაც საჭირო თემამდე უნდა მიგვიყვანოს. გთავაზობთ მოსწავლის ამ მეთოდიკით შესრულებული  ნამუშევრის მაგალითს. მას სჭირდება იდეები საკონკურსო სურათის სიუჟეტისთვის კატეგორიაში „ადამიანთა ჯგუფები“. მარცხნივ წარმოდგენილია ლექსიკონიდან შემთხვევით ამოკრეფილი სიტყვები. შემდეგ ამ სიტყვების გასწვრივ ეწყობა ასოციაციური ჯაჭვი თემასთან „ჯგუფი“.

 

გავიხსენო › ლექსი ან ტექსტი › ადამიანთა ჯგუფი აუდიტორიაში უსმენს მკითხველს.

გულახდილობა › რელიგიური გულახდილობა › ანგელოზი გამოეცხადა მწყემსთა ჯგუფს.

ხელთათმანი › ხელი › ხელის ჩამორთმევა › ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც პირველად შეხვდნენ.

ნათება › ცეცხლი › ადამიანთა ჯგუფი ცეცხლის გარშემო.

ამ მეთოდიკის გამოყენება შეიძლება პრაქტიკულად ყველა შემოქმედებითი სამუშაოს შესრულებისას -მოთხრობისათვის სიუჟეტის შექმნიდან დაწყებული დიზაინერული გადაწყვეტის შეთავაზებით დასრულებული. შემდეგ მაგალითში მოსწავლეები იდეების გენერირებისათვის მიმართავენ ამ მეთოდიკას, რათა შეიმუშაონ მოწყობილობა, რომელიც პატრონის არყოფნაში მორწყავს მცენარეებს.

ნაპერწკალი › ცეცხლი › ცეცხლის გაკონტროლება შეიძლება თერმოსტატით; შესაძლოა ყვავილის ქოთანი აღჭურვილი იყოს ტენიანობის დეტექტორით, რომელიც ტენიანობის კლებისას გარკვეულ დონეზე, ავტომატურად რთავს მორწყვის რეჟიმს?

გახვრეტა › ეკალი › შეიძლება ნიადაგში ჩავარჭოთ მილაკიანი ჯოხი, რომელიც ნელ-ნელა გამოათავისუფლებს წყალს?

საფულე › ფული › ქაღალდი › სველი ქაღალდი; რაიმე მაღალი შეწოვის უნარის მქონე მასალა, რომელიც გაიჟღინთება წყლით და მოთავსდება ქოთნის ძირში?

 

ამ შემთხვევითობით ნაკარნახევ მიდგომას არ აქვს დასასრული:

  • კედლის ფერების შერჩევისას, სცადეთ და თეთრ ქაღალდზე დაყარეთ ფერადი ჟურნალიდან ამოჭრილი რამდენიმე სურათი;
  • ლექსის ან თხზულების ორიგინალური სიუჟეტის მოსაფიქრებლად სცადეთ და გაზეთიდან ამოჭერით ფრაზები და სიტყვები, შემდეგ შეადგინეთ მათი შემთხვევითი თანმიმდევრობა (მუსიკოსმა დევიდ ბოუიმ სწორედ ამ მიდგომებით დაწერა რამოდენიმე ცნობილი სიმღერა);
  • ქსოვილების ორიგინალური დიზაინის შექმნისას გარკვეული დროით დააკვირდით ზოგიერთი მიკრობის ფოტოს.

 

ამბობენ, როდესაც ბეთჰოვენი თავის ერთ-ერთ სონატას ქმნიდა, ცხენის ფლოქვების ხმაურის რიტმს იყენებდა, რომელიც ღია ფანჯრიდან შემოდიოდა. აღმაფრენის შემთხვევითი წყაროს გამოყენება საშუალებას გვაძლევს ავირიდოთ ყოფითი პრობლემები. იქნებ უკეთესია, საკმარისად განვითარებულ ან მოტივირებულ მოსწავლეებს შევთავაზოთ, საინტერესო იდეების დღიურის წარმოება. ასე ისინი საჭირო მომენტში ამ იდეების გამოყენებას შეძლებენ.

„გაიაზრეთ ყველა ალტერნატივა“ – ეს ნიშნავს ყველა შესაძლებლობის განხილვას, მისი პრაქტიკულობის მიუხედავად. წინააღმდეგ შემთხვევაში, რომელიმე ალტერნატივა, შესაძლოა დაუმსახურებლად აღმოჩნდეს ყურადღების მიღმა.

დე ბონო გვთავაზობს, ზოგჯერ მივყვეთ პროვოკაციულ მტკიცებულებას, რომელიც აშკარად აბსურდულია, მაგრამ შეუძლია შემდგომი მუშაობის  სტიმულირება. ამგვარი მტკიცებულების უგულვებელყოფის ნაცვლად, ის მუშავდება, რადგან მისგან  სასარგებლო იდეის გამოდნობა შევძლოთ. მაგალითად: „რა იქნება, თუ მცენარე თავად შეძლებს მორწყვას?“. ხანმოკლე განსჯის შემდეგ, შესაძლოა განვიხილოთ, მცენარის მიერ აორთქლებული ტენის, უკან ნიადაგში დაბრუნების ვარიანტი. ამან შესაძლოა, მცენარის პლასტიკურ კონტეინერში მოთავსების იდეამდე მიგვიყვანოს, რათა არ მოხდეს წყლის აორთქლება.

თუ ვინმე ჩიხში აღმოჩნდა, მოგვიწევს რამდენიმე პოზიციით უკან დაბრუნება და სხვა მარშრუტის მოსინჯვა. განვიხილოთ ამავე მცენარის მაგალითი: თუკი მუშა ჯგუფს შეექმნა პრობლემა, ამ ვარიანტის მაღალი ფინანსური ღირებულების გამო ელენერგიის დანახარჯით, ჯგუფს შეუძლია დაბრუნდეს რამდენიმე საფეხურით უკან და შეისწავლოს სხვა ვარიანტი, რომელიც ნაკლებად ხარჯიანი იქნება. ამგვარი მიდგომა თავისთავადია, თუმცა პრაქტიკაში ხშირად უგულვებელყოფილია, რადგან ადამიანებს არ მოგვწონს ჩვენი იდეების მიტოვება, მით უფრო, როცა მასში ბევრი დრო და ემოცია გვაქვს ჩადებული.

როდესაც თქვენ შემოქმედებითი პროცესით ხართ შთაგონებული, ორიენტაცია იქონიეთ სიახლესა და რაოდენობაზე. იდეებს კიდევ სხვა იდეებამდე მივყავართ, და ადრე თუ გვიან, რაღაც სასარგებლო აღმოცენდება. გენერირებული იდეების უმრავლესობა უარყოფილი იქნება, მაგრამ რაღაც, რაც დარჩება, სავარაუდოდ, პრაქტიკული და ორიგინალური იქნება.შემოქმედება ალმასების ძიებას ჰგავს: უმრავლესობა, რაც ამოთხარეთ, გადასაყრელი იქნება. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ალმასების ძიება დროის ფუჭად კარგვაა!

 

მოსწავლეთა მხარდაჭერა დანარჩენ შემოქმედებით სტადიებზე

შემოქმედებითი პროცესის დანარჩენ სტადიაზე მხარდაჭერა გაცილებით იოლია; უბრალოდ მათ შესაბამისი დავალებები უნდა შესთავაზოთ.

სიცხადის სტადია: „მინდა, რომ თქვენ მიიღოთ მყარი გადაწყვეტილება: კონკრეტულად რა მიზანს გინდათ მიაღწიოთ თქვენი ბუკლეტით. როდესაც ამას გადაწყვეტთ, ჩაიწერეთ ეს გადაწყვეტილებები და მაჩვენეთ“.

დისტილაციის სტადია: „გადახედეთ თქვენს ჩანაწერებს და აარჩიეთ საუკეთესო იდეები, შემდეგ განსაზღვრეთ, რომელ მათგანზე გსურთ განაგრძოთ მუშაობა“.

ინკუბაციის სტადია: ეს უბრალოდ საჭირო დროის გამოყოფის საკითხია, თუმცა ჩვენი გადატვირთული პროგრამების პირობებში, სიტყვა „უბრალოდ“, ნაკლებად შესაფერისია.

პერსპირაციის სტადია: „ახლა, როცა უკვე ჩამოყალიბდით, რომელი იდეები მოგწონთ, შეუდექით სამუშაოს და შეადგინეთ შავი ვარიანტი“.

შეფასების სტადია: „გადახედეთ თქვენს შავ ჩანაწერებს და ჰკითხეთ საკუთარ თავს: რა ძლიერი და სუსტი მხარეებია. იფიქრეთ, რის გაუმჯობესება შეიძლება და ეს იდეები გამოიყენეთ ახალი შავი ვარიანტის შესადგენად“.

 

მოდით, განვიხილოთ შემოქმედება, როგორც   ქმედება (პროცესი)

შემოქმედებითი მუშაობა გარკვეული ალგორითმით არასდროს მიმდინარეობს, ამიტომ მისი დაგეგმვა ძნელია. მიუხედავად ამისა, შსდიპშ-ის  (შთაგონება, სიცხადე, დისტილაცია, ინკუბაცია, პერსპირაცია და შეფასება) სტადიები დაგეხმარებათ, უფრო ნაყოფიერი გახადოთ შემოქმედებითი მეცადინეობები.

მოდით, განვიხილოთ რამდენიმე კონკრეტული მაგალითი. შეიძლება ისინი არ მიეკუთვნებოდეს თქვენს საგანს, მაგრამ საერთო მიდგომების ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ.

მაგალითი 1. კლასი, სადაც ზრდასრული მოსწავლეები ეუფლებიან ქარგვის ხელოვნებას. ისინი შედარებით კარგად იცნობენ შაბლონის მიხედვით ქარგვის ტექნიკას. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეები არ არიან საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული, მათ პედაგოგს სურვილი აქვს ასწავლოს, სურათების შექმნა. მას სურს, რომ თითოეულმა მოსწავლემ თავად შეიმუშაოს აბსტრაქტული დიზაინი.

მაგალითი 2. ინგლისურის გაკვეთილები საკმაოდ ნიჭიერ კლასთან. მასწავლებელი თხოვნით მიმართავს მოსწავლეებს, შესთავაზონ ლექსის სათაური, რომელიც ცხოველზე იქნება, და რომელიც მათ უნდა შეთხზან. ერთი მოსწავლე სთავაზობს თემას: „როგორ იპოვეს მკვდარი მელა“.

 

მაგალითი 1

სამუშაოს დეტალები და გარკვევა: პედაგოგი ახდენს, ორიგინალური ნაქარგობის ხუთი ნიმუშის დემონსტრირებას და მოსწავლეებს სთხოვს შეაფასონ, ისე, როგორც ამას კონკურსის ჟიური აკეთებს. ყოველ ჯგუფს, სთხოვს კრიტერიუმების ფორმულირებას – რა არის ნაქარგობის კარგი, აბსტრაქტული დიზაინი. ამ კრტერიუმებით უნდა იხელმძღვანელოს ჯგუფის ყველა მონაწილემ დიზაინის საკუთარი შავი ვარიანტის შემუშავებისას (მაგალითად, უბრალო ფიგურები, მკვეთრი ფერები და ა.შ.)

შთაგონება:  შემდეგ კვირას, პედაგოგი კლასს აჩვენებს კიბეების რამდენიმე ფოტოს. კონტრასტული ფოტო რთულ გეომეტრიულ ორნამენტს ჩამოჰგავს. ის ჯგუფის წინაშე ახდენს დემონსტრირებას, თუ როგორ შეიძლება მივაღწიოთ კალეიდოსკოპის ეფექტს ფოტოს გარშემო ორი სარკის გადაადგილებით. ეს საშუალებას იძლევა, მივიღოთ სიმეტრიული ორნამენტების მრავალი ნაირსახეობა. მოსწავლეები ასევე იყენებენ კარდონის ფურცელს, რომელშიც ამოჭრიან საშუალო ზომის კვადრატს. ამ „ფანჯრის“  ნახატზე გადაადგილება გვეხმარება ვიპოვოთ ასიმეტრიული ორნამენტები.

პედაგოგი ყველას სთხოვს, გამოიყენონ სარკე ან  „ფანჯარა“-კვადრატი, რათა შეარჩიონ ოთხი ორნამენტი და შავად ჩახატონ ქაღალდის ფურცელზე.

დისტილაცია: მოსწავლეები ირჩევენ ოთხიდან საუკეთესო ვარიანტს, ხელმძღვანელობენ რა წინასწარ ჩამოყალიბებული კრიტერიუმებით.

პერსპირაცია: მსმენელები ქმნიან ორნამენტის შავ ვარიანტს ჯერ შავ-თეთრ ფერებში.

შეფასება: მოსწავლეები აფასებენ შექმნილი დიზაინის სუსტ და ძლიერ მხარეებს, და მის მოდიფიცირებას ახდენენ (პერსპირაციის სტადია). ზოგიერთ შემთხვევაში ხდება ბევრი ვარიანტის შემუშავება და გადამუშავება.

შთაგონება: მოსწავლეები ათვალიერებენ ბუჩქნარების, ფრინველების და სხვა ფერად ფოტოებს, რათა საკუთარი ორნამენტებისთვის შეარჩიონ ფერები. შემდეგ ფურცელზე, უკვე ორნამენტის ფერადი ვარიანტი იხატება.

მაგალითი 2.

შთაგონება: მოსწავლემ მიიღო დავალება, ესტუმროს ბიბილიოთეკას და მონახოს წიგნები მელიების ფერადი ფოტოებით. მასწავლებელმა მას სთხოვა, წაიკითხოს მელიების შესახებ და ამოიწეროს ის ფაქტები, იდეები, სიტყვები ან ფრაზები, რომლებიც მოეწონება. მასვე დაევალა ასოციაციების ჩამონათვალის გაკეთება შემდეგ სიტყვებზე: „მკვდარი“, „მელაკუდა“, „პოვნა“. შედეგად ის მიიღებს ორგვერდიან ჩამონათვალს.

სიცხადე: მას შემდეგ, რაც კლასმა შეისწავლა რამდენიმე ლექსი, რომლებსაც ნათლად გამოხატული მორალი და მთავარი აზრი აქვს, მასწავლებელი სთხოვს იდეის ავტორ მოსწავლეს და დანარჩენებს, ყურადღებით გადახედონ საკუთარ ჩანაწერებს და შეეცადონ, საკუთარი მომავალი ლექსების ძირითადი აზრი და მორალი ჩამოაყალიბონ. ყველა მოსწავლემ უნდა მოიფიქროს სამი შესაძლო თემის ვარიანტი (იდეის ავტორმა მოსწავლემ საკმარისია ერთი თემა აიღოს, რადგან ის მას ძალიან მოსწონს).

დისტილაცია და პერსპირაცია: იდეის ავტორმა მოსწავლემ, უნდა შეთხზას რაც შეიძლება შთამბეჭდავი ლექსის ერთი სტროფი მოცემულ თემაზე. ამისათვის მან უნდა გამოიყენოს საუკეთესო იდეები, მის მიერ წინასწარ შედგენილი ჩამონათვალიდან.

 

მოდით, განვიხილოთ შემოქმედება, როგორც უნარი

ადამიანთა უმეტესობა შემოქმედებას განიხილავს, როგორც ნიჭს, რომლის სწავლაც შეუძლებელია. ეს არასწორია. სწავლებას შეუძლია მნიშვნელოვნად განავითაროს შემოქმედებითი უნარები ფერწერაში, ქსოვილების დიზაინში, ტექნიკური სამუშაოებისას, მხატვრული ლიტერატურაში, სამეცნიერო ექსპერიმენტების ჩატარებაში, მუსიკის შექმნაში, წარმოების მართვასა თუ მოღვაწეობის ნებისმიერ სხვა სფეროში.

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ შემოქმედებითი პროცესის სტადიები, რომელთა აღწერასაც ჩვენ შევეცადეთ და უნდა ისწავლონ მათი შედეგიანად წარმართვა. მათ ასევე უნდა ისწავლონ საკუთარი შემოქმედებითი ძალისხმევის სწორად გამოყენება – უნდა გაიგონ, როგორ შექმნან ფერწერული ტილო, პოემა; როგორ მოიფიქრონ დიზაინი და ა.შ.

ახსნა: მოსწავლეებმა უნდა მიიღონ თეორიული ცოდნა იმ სფეროს შესახებ, რომელშიც მუშაობენ. მაგალითისთვის, მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რა არის ფორმა, ზომა და რითმა ლექსში; რას ნიშნავს კომპოზიცია ფერწერაში; უბრალოება და საიმედოობა საინჟინრო ხელოვნებაში და ა.შ. რა ესმით მათ არჩეული დარგის ირგვლივ არსებული ტრადიციებსა და მიმდინარეობებზე?

სამუშაოს დეტალები: საჭიროა, კარგად შესრულებული სამუშაოს გაანალიზება (მაგალითად: არჩეული დარგის ოსტატების/ექსპერტების ნამუშევარი). ამისათვის, მოსწავლეებს უნდა დავეხმაროთ მოცემულ დარგში კარგი სამუშაოს ზოგადი კრიტერიუმების დადგენაში.

ცხადია, ისინი ვერ იქნებიან ერთსულოვანნი ამ კრიტერიუმების დადგენაში, თუმცა კარგი იქნება, თუ საკუთარ მოსაზრებას შემოგთავაზებენ.

დიდი ოსტატებიც კი სწავლობდნენ და შთაგონებას სხვა დიდ ოსტატთა ნამუშევრებში ეძებდნენ! სწავლებას ხელს წარუმატებელი მაგალითების განხილვაც უწყობს.

პრაქტიკა: მოსწავლეებს გარკვეული დრო დასჭირდებათ საკუთარი იდეებისა და ექსპერიმენტების განსახორციელებლად.

შემოწმება და შესწორება: შემოქმედებითი მუშაობის დროს აუცილებელია, რომ მოსწავლემ შეძლოს საკუთარი ნამუშევრისადმი კრიტიკულად მიდგომა და შეასწოროს ის. ამ შემთხვევაში ეს მომენტი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა სახის  სწავლებისას. ამ პროცესში პედაგოგს დიდი დახმარების აღმოჩენა შეუძლია, განსაკუთრებით ტექნიკურ ასპექტში. კარგია, როცა მოსწავლეს კარგად ესმის, რისი მიღწევა სურს.

სამახსოვრო ჩანაწერები: ისინი ეხმარება მოსწავლეს სამუშაოს პრინციპებისა და პროცედურების გარკვევასა და დამახსოვრებაში.

შეფასება: საკუთარი და თანაკლასელების ნამუშევართა შეფასება მოსწავლეთათვის მეტად სასარგებლოა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს მეგობრებთან და პედაგოგთან ერთად ღია დისკუსიის ფორმით ხდება. მოსწავლეები ორიენტირებული უნდა იყვნენ საერთო პრინციპების განხილვაზე. ერთმანეთის ნამუშევართა მკაცრი კრიტიკა არაპროდუქტიული იქნება.

შეკითხვები: როგორც ყოველთვის, კარგი იქნება სირთულეებისა და წამოჭრილი კითხვების გაზიარება კეთილგანწყობილ ატმოსფეროში.

მოდით კიდევ ერთ მაგალითზე განვიხილოთ სწავლების ტექნოლოგია, რომელიც შეიძლება გამოგვადგეს დიზაინის გაკვეთილისთვის დავალებების შერჩევაში.

 

მაგალითი 3

სამუშაოს მიზანი – სუპერმარკეტისათვის განკუთვნილი პაკეტის დიზაინის შექმნა.

ახსნა – უნდა განვიხილოთ სუპერმარკეტში ჩვეულებრივ მოხმარებადი პაკეტების დიზაინი.

სამუშაოს დეტალები – კლასი კრიტიკულად განიხილავს პოლიეთილენის პაკეტების საუკეთესო და ცუდ ნიმუშებს. ეს აუცილებელია, რათა შეთანხმდნენ კარგი პაკეტის კრიტერიუმებზე. ამ დროს უნდა გაითვალისწინონ: სახელურების გამძლეობა, გაფორმების/მოხატვის  სისადავე და ორიგინალურობა, მასალის ბიოშლადობა. კრიტერიუმების ჩამოყალიბება ნათელს ხდის, რას უნდა ველოდოთ დიზაინისა და თავად მოსწავლეებისგან.

პრაქტიკა: მოსწავლეები ამუშავებენ დიზაინის ვარიანტებს.

შემოწმება და შესწორება: მოსწავლეებს ვთავაზობთ, შეამოწმონ საკუთარი და სხვათა ნამუშევრებიც დადგენილი კრიტერიუმების თანახმად.

სამახსოვრო ჩანაწერები: კარგი დიზაინის კრიტერიუმების ჩაწერა სასარგებლოა.

მიმოხილვა: არსებული გამოცდილებიდან რისი გამოყენება შეგვიძლია მოცემული სამუშაოსთვის?

შეფასება: მოსწავლე ჩართული უნდა იყოს საბოლოო შედეგების შეფასების პროცესში, რათა განუვითარდეს კრიტიკული და თვითკრიტიკული შეფასების უნარი და ცოდნა. შესაძლოა პატარა გამოფენის მოწყობა, სადაც ნამუშევრებზე გამოხმაურებების ჟურნალს ვაწარმოებთ.

 

საკმარისი არაა სამუშაო პროცესში მხოლოდ მოსწავლეთა ჩართვა და შემდეგ ნებაზე მიშვება. შემოქმედებითი მუშაობა ბოლომდე უპრობლემოდ იშვიათად მიმდინარეობს. ადამიანები განსხვავებული მეთოდებით მუშაობას არჩევენ. სამუშაოს კონკრეტული რეცეპტის მიცემა შეუძლებელია, მაგრამ იმედია, ზემოთ მოცემული იდეები დაგეხმარებათ დავალებების შემუშავებაში.

 

შეამოწმეთ საკუთარი თავი

  • მოსწავლეებისთვის გასაგებად განმარტეთ შემოქმედებითი მუშაობის სტადიები (შსდიპშ) და მათი თავისებურებანი?
  • იყენებთ თუ არა შსდიპშ სტადიებს გაკვეთილის დაგეგმვისას?
  • მოსწავლეებს აჩვენებთ და მათთან ერთად განიხილავთ მაღალ დონეზე შესრულებულ სამუშაოებს, რათა განსაზღვროთ კარგი სამუშაოს კრიტერიუმები?
  • შემოქმედებითი პროდუქტის შექმნისას მოსწავლეებს უბიძგებთ, იხელმძღვანელონ სამუშაოს საერთო კრიტერიუმებით?
  • მოსწავლეთა მიერ საკუთარი და ერთმანეთის სამუშაოს შეფასება მათ აძლევს სტიმულს, გამოიყენონ საერთო კრიტერიუმები?

 

სავარჯიშო

შემოქმედებითი სამუშაოსათვის დავალებების შედგენისას გამოიყენეთ შსდიპშ სტადიები, რაც დაეხმარებათ მოსწავლეებს:

1.              სპორტული მაისურების დიზაინის შესამუშავებლად, მოძრაობისთვის – „ბებიები ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის“;

2.              მოკლე მოთხრობის შესადგენად, რომლის სათაურიც იქნება „სამალავი!“;

3.              ართრიტით დაავადებული ადამიანებისთვის გასახსნელი მოწყობილობის შემუშავებაში;

4.              საქველმოქმედო ორგანიზაციისათვის შემოწირულობების შეგროვების ფორმების მოფიქრებაში;

5.             ჰაერის დაბინძურების განმსაზღვრელი პროცედურის შემუშავებაში.

 

 

წყარო:

1.Geoff Petty.Teaching Today a Practical Guide. 4-th Edition Publisher: Oxford University Press.. 2009, p. 373-382.

 

 

 

სკოლა და სამოქალაქო განათლება

0

მსოფლიო ოქტომბრის თვეში სოციალური თემატიკის თვალსაზრისით საინტერესო დღეებს აღნიშნავს: მასწავლებლის (5 ოქტომბერი), უმუშევართა (10 ოქტომბერი) და სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს (17 ოქტომბერი). ,,მომავალი სიღარიბის გარეშე!“ – ეს სლოგანი უმუშევრობასთან მებრძოლი კომპანიების ბროშურებსაც დაამშვენებდა, რადგან უმუშევრობა სიღარიბის გამომწვევ ერთ-ერთ ყველაზე მაპროვოცირებელ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა ზოგჯერ ,,დასაქმებული“ ადამიანიც შეიძლება აღმოჩნდეს სიღარიბის ზღვარს მიღმა, ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.

1993 წელს, ვენის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონფერენციაზე მიღებული დეკლარაციისა და სამოქმედო პროგრამის მიხედვით, ,,ფართოდ გავრცელებული უკიდურესი გაჭირვება ხელს უშლის ადამიანის უფლებებით სრულად და ეფექტურად სარგელობას”. სიღარიბით გამოწვეული სოციალური გაუცხოებისგან მსოფლიოს დაცვა ,,ევროპის სოციალური ქარტიის“, ე.წ. გადაუდებელ ვალდებულებაშიც შედის. ქარტიის მიხედვით, ქვეყნის მმართველმა ორგანოებმა სიღარიბისა და სოციალური გაუცხოების სიტუაციაში მცხოვრებ ადამიანთა საჭიროებები რეალური დასაქმების პერსპექტივით, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებით, განათლებისა და აუცილებელი სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობით მაინც უნდა უზრუნველყოს.

სკოლაში, სადაც ახლა ვმუშაობ, მოსწავლეთა მცირე ნაწილმა შეიძლება იცოდეს, რომ მსოფლიოში სიღარიბის მიზეზით ყოველდღე 58000 ადამიანი იღუპება, 100 მილიონ ბავშვზე მეტი კი განათლების მიღებას ვერ ახერხებს. სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ყოველი 50-ე ბავშვი ვერ აღწევს ხუთი წლის ასაკს, ჩვენი ქვეყნის ყოველი მეოთხე თანამემამულე კი ვერ იღებს სრულფასოვან საკვებს, რომ აღარაფერი ვთქვათ სამკურნალო ხარჯებზე.

უმუშევრობის პრობლემა საქართველოში ჯერ ისევ მწვავედ დგას. წლიდან წლამდე ასობით ადამიანი ემატება ოჯახის სარჩენად სამშობლოდან განუსაზღვრელი ვადით გადახვეწილ ემიგრანტთა სიას, რაც, თავისთავად, ქვეყნის შიგნით მცხოვრებ მოქალაქეთა რაოდენობის შემცირებას ნიშნავს. ცალკეულ რეგიონებში უმუშევრობას ერთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა და განათლების ხელმისაწვდომობისთვის ბრძოლა, უპოვართა თავშესაფრების არარსებობა და სხვ.

ის ფაქტი, რომ ჩვენი დედაქალაქი მცხოვრებლებს ვერ იტევს, ქვეყნის მოქალაქეთა რიცხობრივ ზრდას სულაც არ ნიშნავს. იძულებითი შიდა მიგრაციის, ანუ სხვადასხვა რეგიონიდან თბილისისკენ დაძრული ადამიანების „წყალობით“, რეგიონები თითქმის დაცარიელდა.

ჩემი აზრით, სიღარიბის დაძლევა მარტო ხელისუფლების პრეროგატივა არაა, რადგან ის ერთი რომელიმე ინდივიდის ან ადამიანთა მცირე ჯგუფის კი არა, ფართო ცნების სოციალურ პრობლემას წარმოადგენს. მასთან ბრძოლა საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი საქმეა. თუმცა, თუ საზოგადოებას და ქვეყნის მმართველ ძალას გავაერთიანებთ, აღნიშნული მიზეზით გამოწვეული ფატალური შემთხვევების მინიმუმამდე დაყვანას მაინც შევძლებთ.

სხვებზე, როგორც საკუთარ თავზე ზრუნვის ხელოვნებას სკოლაში თითქოს ადრეული ასაკიდან ვეუფლებით. ჩემი აზრით, „სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების“ და „სამოქალაქო განათლების“ ხანმოკლე კურსები ბოლომდე მაინც ვერ იძლევა სოციალური უფლება-მოვალეობების სიღრმისეულად გააზრების საშუალებას. აქედან გამომდინარე, აღნიშნული უნარ-ჩვევის განვითარებას ყველა სასწავლო დისციპლინა უნდა ცდილობდეს.

საზოგადოებაში პიროვნების როლისა და ადგილის განსაზღვრას, სოციალურ აქტივობებში ჩართულობის ხარისხს, ეფექტური კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და მრავალფეროვან გარემოში მშვიდობიანად თანაარსებობის უნარებს მოსწავლე საგანმანათლებლო საზოგადოებაში, როგორც სახელმწიფოს მინიმოდელში, იქ გატარებული ყოველი წუთისგან უნდა სწავლობდეს. დრო გავა და ,,ერთი თხილის გულის გაყოფის“ გაკვეთილები გართულდება. მომავალი მეწარმეები, მენეჯერები თუ მეცნიერები მზად უნდა იყვნენ ისეთი სამოქალაქო ვალდებულებების საკუთარ თავზე ასაღებად, როგორიც თუნდაც ერთი მშიერი ადამიანის დაპურებაა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მარტო დარჩენილი ადამიანი, სულხან-საბასეული ,,ერთი ისრის“ მსგავსად, ადვილად ,,ტყდება“ და ადრე თუ გვიან, გათითოკაცებული საზოგადოებაც მის ბედს გაიზიარებს.

ჩემთვის სიტყვა ,,სიღარიბე“ ზამთრის ცივ ღამეებთან, ლამფის ან სანთლის სუსტ ალს მიფიცხებულ ხელებთან, ნავთქურის სუსტი ალივით მბჟუტავ შიშთან ასოცირდება. შიშთან, რომელიც უმუშევრად დარჩენილი მამის ცრემლჩაბრუნებულ თვალებს კიდევ უფრო ამძაფრებს.  ამ სიტყვას მთის ველური მხლის ტკბილ-მწარე გემო აქვს, მშობლის ზრუნვით და სასოწარკვეთით გაჟღენთილი გემო. სიღარიბე კარგი მასწავლებელია, სოციუმში შენი არსებობისა და საერთო საქმეში აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას ყველაზე სწრაფად გასწავლის, თუმცა არავის ვურჩევ მსგავსი გამოცდილების მიღებას.

ვფიქრობ, სიღარიბის თემა დაწყებით საფეხურზე საკმაოდ ფრთხილად უნდა განვიხილოთ. ამიტომ, უფრო მეტს  ქველმოქმედებასა და სიზარმაცის დაძლევაზე ვისაუბრებ. ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მთავარი პრინციპების გათვალისწინებით, სიღარიბის დამარცხების შესახებ საკმაოდ საინტერესო პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილების დაგეგმვა შეიძლება.

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან ზემოაღნიშნულ თემაზე საუბარი სჯობს რომელიმე მხატვრულ ტექსტზე დაყრდნობით წამოვიწყოთ. მაგალითად მოვიყვან ხალხურ მოთხრობას „ცხვარი და სიღარიბე“. წაკითხვის შემდეგ, ცხვრის, როგორც შემოსავლიანობის სიმბოლოზე, ზოგადად, მთაში ცხვრის ყოლის ტრადიციასა და მეცხვარის პროფესიაზე, შრომის მნიშვნელობაზე ვისაუბრებდი. თუ ინტერესს გამოიჩენდნენ, სიზარმაცის დაძლევის ერთ-ერთ უძველეს „ხერხსაც“ გავაცნობდი (ხალხური ზღაპარი „ერთი მანეთის შოვნა“), რაც დისკუსიის წარმართვისთვის საჭირო საკმარისი ინფორმაციით შეაიარაღებდა ჩვენს აღსაზრდელებს. გარდა ამისა, კარგი იქნებოდა, თუ ბავშვებს საკუთარი შრომის „დაგემოვნების“ საშუალებასაც მივცემდი.

უახლოეს მომავალში ვგეგმავ  „გაზიარების დღის“ ორგანიზებას. ბავშვები საკუთარი ხელით მომზადებული საკვებით გაუმასპინძლდებიან ერთმანეთს. თუ პროექტში მთელი სკოლა ჩაერთვება, კერძებს რომელიმე ხელმომჭირნე ოჯახსაც ვუწილადებთ. ამას გარდა, ბავშვებს „სოციალური მაცივრების“ არსებობის შესახებაც მოვუყვები. ვინ იცის, იქნებ მათაც სურთ მშიერი ადამიანებისთვის ლუკმის გაყოფა, მაგრამ ჯერ არ იციან, რომ მსგავს აქტივობებში ჩართვა საჭიროსთან ერთად შესაძლებელიცაა. მთავარია, საკუთარი ხელით „ნაშოვნმა მანეთმა“ მთავარი მიზნისკენ – სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაგვადგმევინოს.

მიუხედავად იმისა, რომ ზღაპარია, მეხუთე-მეექვსე კლასამდე ანდერსენის „ასანთის გამყიდველი გოგონას“ ისტორიის მოყოლას მაინც ვერ ვბედავ. თუმცა აღნიშნული ტექსტი პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილის მომზადებისთვის შესანიშნავ დამხმარე რესურსს წარმოადგენს. ზღაპარში მკაფიოდაა აღწერილი ღარიბი ბავშვების ნაცრისფერი ყოფა და საზოგადოებრივი გულგრილობა, რაც სიღარიბის თემაზე გამართული საკლასო დებატებისთვის მრავლისმეტყველი საკვლევი მასალა იქნებოდა.

გამყიდველი გოგონას უკანასკნელი ასანთის ღერი დიდი ხანია ჩაქრა, მაგრამ XXI საუკუნის ბავშვები ისევ ვაჭრობენ ქალაქის ქუჩებში და პროფესიონალ გამომძალველებადაც ყალიბდებიან (სიღარიბეს აღარ აქვს ანგელოზის თვალები). დღეს ალბათ „ცხვარი და სიღარიბე“ სულ სხვანაირად დაიწერებოდა, რადგან თანამედროვე სოციალურ სიდუხჭირეს ვერც ცხვარი ერევა და ვერც – ძროხა. აქ შრომის ფასი სულ სხვა, ე.წ. კონკურენციის სასწორზე იწონება. ამიტომაც, ჩემი აზრით, ჩვენს საუკუნეში გაცილებით ძნელია თანადგომის სწავლა.

ტკივილებისთვის ჩრდილის წაფარება კარგს არაფერს მოგვიტანს. საზოგადოებამ ღიად უნდა ისაუბროს არსებული სოციალური სირთულეების შესახებ და არც საკუთარი უსუსურობის აღიარების უნდა შერცხვეს. სკოლაში თუ მის მიღმა, უნდა ვიმსჯელოთ სიღარიბის გამომწვევ  მიზეზებზე, პრობლემის გადაჭრის რეალურ გზებზე, სიცოცხლის უფლებაზე, რომელიც ხშირად სიღარიბის მიზეზით ირღვევა, ხალხისგან დაცლილ სოფლებზე, ემიგრაციაზე, მიუსაფარ მოხუცებსა და მძიმე სენით დაავადებულ თანამოქალაქეებზე… მტკივნეული თემაა, მაგრამ რას ვიზამთ?! ერთხელაც „სხვისი ჭირი“ ღობეს ჩხირად აღარ მიემატება და ჩვენი სახლის კარზეც მოაკაკუნებს.

 

 

 

სექსუალური ძალადობის პრევენცია სკოლაში

0

ჰარვი ვაინშტაინის სკანდალის შემდეგ ჰეშთეგმა #metoo (#მეც) წაახალისა მრავალი ქალი (ტრანსგენდერი ქალების ჩათვლით) გაეზიარებინათ თავიანთი გამოცდილება სექსუალურ შევიწროებასთან და ძალადობასთან დაკავშირებით. რა ესაქმება ამ ყველაფერს სკოლებთან? სამწუხაროდ, სკოლები არის ინკუბატორი ყველა იმ ღირებულებებისა და შეხედულებათა სისტემებისა, რომლებიც ხელს უწყობს  სექსუალური შევიწროების კულტურების არსებობას. მახსოვს, მეშვიდე კლასში ყოფნისას მერვეკლასელმა ბიჭმა მკერდზე ჩემი მაისური გადამიჭიმა და მითხრა, „ნუ გეშინია, ისინი გაიზრდება”. აგრეთვე მახსოვს, 12-13 წლის ჩირლიდერი რომ ვიყავი, მძულდა ყურადღება ზოგიერთი ბიჭის ან მამაკაცი მასწავლებლის მხრიდან, რომელსაც ისინი მაშინ ავლენდნენ, როცა სკოლაში უნიფორმით სიარული მიწევდა. რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ კულტურების შესაცვლელად? რა შეუძლიათ მშობლებს და განათლების სფეროში მომუშავე სპეციალისტებს? ასაკის შესაბამისი როგორი გზები არსებობს ამის შესახებ ჩვენს ბავშვებთან და მოსწავლეებთან სასაუბროდ?

 

პირველ რიგში, ჩვენ უნდა დავეხმაროთ ჩვენს ბავშვებს, ამოიცნონ სექსიზმი და მისი ეფექტები ყველგან, სადაც ამას ვხვდებით. ამის ერთი მარტივი გზაა ჩვენს მოსწავლეებთან გენდერულ სტერეოტიპებზე საუბარი და მათი გამოკითხვა, როდესაც ამას ვხედავთ. ერთი კვლევით დადგინდა, რომ, როცა საშუალო სკოლის მასწავლებლები საკლასო ოთახში გენდერულ სეგრეგაციას იყენებდნენ (მიმართავენ მოსწავლეებს, როგორც ბიჭებს და გოგონებს ან აკეთებენ ასეთ კომენტარებს – „დღეს გოგონები კარგად მისმენენ” და სხვ.), ბავშვებს უფრო ტრადიციული შეხედულებები ჰქონდათ გენდერზე, ვიდრე იმ მოსწავლეებს, ვისი მასწავლებლებიც იყენებდნენ ინკლუზიურ ტერმინებს, როგორიცაა „მოსწავლეები” ან „ბავშვები”. ამის შედეგად „ბიჭებისა და გოგოების” კლასის მოსწავლეები უფრო ხშირად ეთანხმებოდნენ იმ აზრს, რომ მხოლოდ მამაკაცებს შეუძლიათ ჰქონდეთ გარკვეული სამუშაო  და ჰქონდეთ გარკვეული თვისებები. ასეთი ტიპის სტერეოტიპები ასწავლის შეზღუდულ  იდეებს გენდერის შესახებ და შესაძლოა გამოიწვიოს ბულინგი ან შევიწროება განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვები ავლენენ ინტერესებს ან ქცევას, რომელიც გენდერულ ნორმებს ეწინააღმდეგება (ბიჭები, რომელთაც ცეკვა უყვართ; გოგოები, რომლებიც კარგად ეუფლებიან კომპიუტერს; ბავშვები, ვისაც ქვედაკაბების ჩაცმა და  ტალახში  თამაში უყვართ და სხვ.). შემწყნარებლობის სწავლება კარგი დასაწყისია ყველა კლასში გენდერული სტერეოტიპების შესახებ სწავლებისთვის.

 

მეორე, ჩვენ უნდა ამოვიცნოთ, თუ როგორ ებმის გენდერული მოლოდინები ბულინგსა და შევიწროებას სკოლებში. დოროთი ესპელეიჯმა, სკოლებში ძალადობის პრევენციის საერთაშორისო ექსპერტმა, გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმადაც, მე-5 დან მე-7 კლასების ჩათვლით ბულინგში ჩართული მოსწავლეები უფრო მიდრეკილნი იყვნენ ჰომოფობიური შევიწროებისა და სექსუალური ძალადობისაკენ. ამ კვლევამ გვიჩვენა, რომ თუკი ბულინგის პრევენციის პროგრამები არ მიემართება მასკულინობისა და ჰომოფობიის პრობლემებს, ისინი არაეფექტურია.

მესამე – სკოლები მიზანმიმართულად უნდა მოქმედებდნენ თემში  სექსუალური შევიწროების, ძალადობის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირებისას. Title IX (ფედერალური კანონი აშშ-ში) იცავს მოსწავლეებს სქესის საფუძველზე დისკრიმინაციისაგან. ის ასევე მოიცავს სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობას. უნდა იცოდეთ, ვინ არის თქვენს სკოლაში Title IX კოორდინატორი და ჰკითხოთ, რას აკეთებს სკოლაში სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის აღსაკვეთად. გამოვარკვიე, რომ ეს ინფორმაცია ხშირად დაფარული და ძნელად მისაწვდომია. და მაინც, თუკი ყველანი მივმართავთ ჩვენს სასკოლო უბნებს  და მოვითხოვთ ჩვენი სკოლების შესახებ ინფორმაციას, ისინი უფრო დაინტერესდებიან, ჰყავდეთ გამოცდილი და მისაწვდომი Title IX კოორდინატორი, რომელიც შეძლებს მოსწავლეებისა და ოჯახების დახმარებას, და თუკი მსგავსი რამ მოხდება პასუხისმგებლობას აიღებს საგანმანათლებლო და პრევენციულ ღონისძიებების ჩატარებაზე.

 

დაბოლოს, როგორც მშობლებმა, უნდა ვესაუბროთ ჩვენს შვილებთან პატივისცემისა და ნების შესახებ. მე ყოველთვის ვასწავლიდი ჩემს შვილს, სანამ ვინმეს ჩაეხუტებოდა, ეკითხა მეგობრებისთვის, სურდა თუ არა ჩახუტება მას. ასევე აუხსენი, რომ არ არის ვალდებული ჩაეხუტოს ან აკოცოს ვინმეს, თუკი ეს თვითონ არ სურს. როდესაც მეგობრები ან ოჯახები სტუმრობის შემდეგ მიდიან, ვეკითხები, „როგორ დაემშვიდობები შენს ნათესავს – ჩახუტებით, კოცნით თუ ხელის ხელზე დარტყმით (high-five)?” და ის ისე იქცევა, როგორც სურს. ჩვენ ასევე გარკვეული გვაქვს, რომ ჭიდაობის, ღიტინის, გასართობად ჩხუბის და ა. შ. დროს „შეჩერდეს” და დაუყოვნებლივ გაითვალისწიოს „არა” (STOP and NO). ეს სიტყვები მნიშვნელოვანი იარაღია  და მაშინ „მუშაობს”, როცა ვრეაგირებთ მათზე. ეს გაკვეთილები სხვა ადამიანების არჩევნის პატივისცემის შესახებ ძალიან ადრეულ ასაკში იწყება. ჩვენ გვჭირდება მათი მოდელირება და სწავლება ჩვენი შვილებისა და ოჯახებისათვის.
ზოგიერთი სკოლა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენელი ბევრს მუშაობს მავნე კულტურული ნორმების – ჩვენს შემთხვევაში ჰეგემონიური ან მავნე  მასკულინობისა და გენდერული სტერეოტიპების – საწინააღმდეგოდ სწავლებისათვის. სკოლები, რომლებიც ამას არ აკეთებენ, ჩუმად და ხშირად ცხადადაც უწყობენ ხელს ისეთ ქცევებისა და რწმენების ჩამოყალიბებას, რომლებიც უშვებს სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის კულტურების არსებობას. ვიმედოვნებ, ეს სტრატეგიები დაგეხმარებათ მავნე გენდერული სტერეოტიპებისა და სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ სკოლებსა და თემებში სამუშაოდ.

წყარო: https://www.psychologytoday.com/blog/gender-and-schooling/201710/metoo-and-preventing-sexual-harassment-school

როგორ მოვემზადოთ საგაკვეთილო დაკვირვებისთვის?

0

მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში საგაკვეთილო დაკვირვების ორი ფორმა გვხვდება – შიდა საგაკვეთილო დაკვირვება და გარე საგაკვეთილო დაკვირვება;

ამჯერად ჩვენი საუბრის თემა შიდა საგაკვეთილო დაკვირვებაა, რომელიც წარმოადგენს სავალდებულო აქტივობას პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის, როცა ის უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებაზე ზრუნავს და  უფროსი მასწავლებლისათვის, როცა მის მიზანი ამ სტატუსის შენარჩუნებაა.

როგორ შევუდგეთ მზადებას ამ აქტივობისათვის? რა თქმა უნდა, ყველას თავისი მიდგომა და ხერხი აქვს, მაგრამ ამ სამზადისში არ უნდა გამოვტოვოთ საგაკვეთილო დაკვირვების სტანდარტიზებული რუბრიკისა და   რეფლექსიის შეფასების რუბრიკის დეტალურად გაცნობა. ასევე უნდა ვიცნობდეთ მთელ პროცედურას, რომელიც შეფასების ჯგუფისთვის თქვენი განაცხადის წარდგენით იწყება და  შეფასების ჯგუფის ოქმის ატვირთვით მთავრდება.

გაკვეთილის სავარაუდო თარიღსა და თემას თქვენ ირჩევთ და ამ საკითხზე შეგიძლიათ ითანამშრომლოთ თქვენს ფასილიტატორთან. შეფასების ჯგუფს წარუდგენთ  განაცხადს  საგაკვეთილო დაკვირვების გავლის სურვილის შესახებ. ეს პროცესი სკოლის მიერ დადგენილ ვადებში წარიმართება, რომელიც თქვენთვის წინასწარვე უნდა იყოს ცნობილი.  გაკვეთილის ჩატარების გრაფიკის დამტკიცების შემდეგ, შეფასების ჯგუფს უნდა წარუდგინოთ გაკვეთილის გეგმა – ყველა კომპონენტის გათვალისწინებით.

გაკვეთილის თემა უკვე შერჩეული გვაქვს. საჭიროა ჩამოვაყალიბოთ გაკვეთილის მიზანი, რომელიც მაფიოდ და ნათლად უნდა იყოს ფორმულირებული და კავშირში იყოს მოსწავლის წინარე ცოდნასა და გამოცდილებასთან.  მიზანი ასევე კავშირში უნდა იყოს ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტით მისაღწევ შედეგებთან და ეს შედეგი/ მახასიათებელი გეგმაშიც უნდა ჩანდეს.

გაკვეთილის გეგმის მთავარი ღერძი მიზნისკენ მიმავალი საგაკვეთილო აქტივობებია. ისინი ლოგიკურ კავშირში უნდა იყოს ერთმანეთთან და თავ-თავისი შედგით გაკვეთილის ერთიან შედეგს ქმნიდეს.

თუ დაგეგმვას გაკვეთილის სამფაზიანი მოდელის მიხედვით ვახდენთ (რაც არ წარმოადგენს აუცილებლობას), აქტივობები ამ ფაზებში ნაწილდება. თითოეულ აქტივობასთან მიმართებაში განსაზღვრეთ როგორ დაგეხმარებათ ეს აქტივობა მიზნის მიღწევაში? ამ აქტივობაში ფუნქციებს როგორ გადაინაწილებთ თქვენ და მოსწავლე? რომელი მეთოდით წარმართავთ ამ აქტივობას და რატომ? კლასის ორგანიზების რომელი ფორმას  შეარჩევთ  ამ აქტივობისთვის? რა რესურსი დაგვჭირდებათ? რა დრო იქნება საჭირო? როგორ შეაჯამებთ ამ აქტივობას?

მასწავლებელს მოუწევს წინასწარ ჩამოაყალიბოს იმ კითხვათა ფორმა და შინაარსი, რომელიც მოსწავლეს ახალი ცოდნისკენ სვლაში, ახალი და ძველი ცოდნის გამთლიანებაში დაეხმარება. ბლუმის ტაქსონომიის გათვალისწინებით, კითხვების მარტივიდან რთულისკენ დალაგდება მოსწავლის მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს.

გეგმაში გასათვალისწინებელი მნიშვნელოვანი კომპონენტია  შეფასება, რომელიც გაკვეთილის მიზანთან უნდა იყოს კავშირში. მოსწავლეები შეფასების კრიტერიუმებს თავიდანვე  უნდა იცნობდნენ. მასწავლებელი გეგმავს შეფასების პროცესში მოსწავლეთა ჩართულობასაც.

დასასრულ, გეგმაში გათვალისწინებული უნდა იყოს მასწავლებლის თვითშეფასება, კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მოცემულ გაკვეთილზე ის საკუთარ კომპეტენციებს შეაფასებს.

გეგმის წარდგენა  სკოლის მიერ  განსაზღვრული ვადაში უნდა მოხდეს. შეფასების  ჯგუფის წევრები გაეცნობიან გეგმას და თავიანთ კითხვებსა და რეკომენდაციებს წინასაგაკვეთილო შეხვედრაზე ერთმანეთს გაუზიარებენ. ამ შეხვედრაზე მასწავლებელსაც შეუძლია, მიაწოდოს ჯგუფის წევრებს დამატებითი ინფორმაცია, განუმატროთ გეგმის დეტალები ან კლასის მახასიათებლები; გაკვეთილამდე კიდევ შეგიძლიათ, გადახედოთ თქვენს გეგმას, გაითვალისწინოთ ან არ გაითვალისწინოთ მიღებული რჩევები თუ რეკომენდაციები.

დათქმულ დროს  უკვე ხორციელდება საგაკვეთილო დაკვირვება, როცა  შეფასების ჯგუფის წევრები  გაკვეთილს ესწრებიან/აკვირდებიან.

რა საკითხებზე უნდა გაამახვილოს მასწავლებელმა ყურადღება? რა თქმა უნდა, იმ კრიტერიუმებზე და მახასიათებლებზე, რომელიც სტანდარტიზებულ რუბრიკაშია ჩამოყალიბებული. რუბრიკა ორ ნაწილად არის წარმოდგენილი. პირველი ნაწილი სასწავლო გარემოს აფასებს თავისი სამი კრიტერიუმით, ხოლო მეორე ნაწილში – სწავლება, ხუთი კრიტერიუმად არის  მოცემული. ამ კრიტერიუმებში ქვეკომპონენტებია გამოყოფილი. კრიტერიუმები ოთხ დონედ ჩამოშლილი მახასიათებლებით ზუსტდება. უმრავლეს შემთხვევაში, უმაღლესი 4 ქულის შესაბამისი მახასიათებელი მოსწავლის აქტიურობაზე და იმაზე მიუთითებს, რომ  კონკრეტული ქცევა ან მოქმედება არის ჩვეული პრაქტიკა.

გვაქვს კარგი გეგმა. ვიცით, რომელი კრიტერიუმებით შეგვაფასებენ და როგორ. ამის შემდეგ უნდა ვიზრუნოთ, რომ ნებისმიერი ჩვენი გაკვეთილის ჩარჩო ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით ავაგოთ და ასევე წარვმართოთ გაკვეთილები. ეს გულისხმობს, მასწავლებელმა გაკვეთილზე დათმოს დომინანტის როლი და ფასილიტატორად იქცეს, რომ „განსხვავებული მოსაზრებების გამოხატვა ჩვეულ პრაქტიკად“ იქცეს; რომ მოსწავლე ინდივიდად იყოს აღქმული, ფიზიკური გარემო შეესაბამებოდეს კლასის ორგანიზების ფორმას, რესურსი ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს (ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით). რაც შეეხება სწავლების ნაწილს, აქაც დეტალებზე გავამახვილოთ ყურადღება და ეს დეტალები ყოველ გაკვეთილზე ვაკონტროლოთ: დავამყაროთ მიმართებები გაკვეთილის მიზანსა და გრძელვადიან მიზნებს შორის, ინსტრუქციები გავცეთ ნათლად და ამომწურავად, საგნობრივი ინფორმაცია იყოს ზუსტი და გასაგები… აღარ გადაგტვირთავთ იმ დეტალებით, რომლებიც შეფასების რუბრიკის მახასიათებლებში კარგად არის აღწერილი.  თუ ამ მახასიათებლების გათავისებას ყოველ გაკვეთილზე ეცდებით, ეს მართლაც ჩვეულ პრაქტიკად იქცევა თქვენთვისაც და მოსწავლეებისთვისაც და საგაკვეთილო დაკვირვებაც განსაკუთრებულ ღელვას არ დაუკავშირდება.

გაკვეთილის შემდეგ მოგიწევთ რეფლექსიის მომზადება, რომელიც მისი შეფასების რუბრიკის კრიტერიუმების გათვალისწინებით უნდა შეადგინოთ. რეფლექსია უნდა გადასცეთ შეფასების ჯგუფს გაკვეთილის შემდგომ შეხვედრამდე. ამ შეხვედრაზე ჯგუფის წევრები მოისმენენ თქვენს დამატებით განმარტებებს (თუ კითხვები გაჩნდება), გაგაცნობენ წინასწარ შეფასებას (ანუ საორიენტაციო შეფასებას) და რეკომენდაციებს გაკვეთილთან და რეფლექსიასთან დაკავშირებით.

თქვენს ელექტრონულ საქაღალდეში უნდა ატვირთოთ მხოლოდ ორი დოკუმენტი: გაკვეთილის გეგმა და რეფლექსია.

საბოლოოდ, შეფასების ჯგუფი გააკეთებს განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებებს. შედეგების საფუძველზე მომზადდება შეფასების ჯგუფის ოქმი და აიტვირთება.

 

 

 

 

 

 

დახიეთ და გადააგდეთ

0

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთი ლიტერატურული კონკურსის ჟიურის წევრი ვიყავი. საპასუხისმგებლო და რთული საქმეა, ტიტანურ შრომასა და ნებისყოფას მოითხოვს. ტიტანურ შრომაში იმას ვგულისხმობ, რომ თითო კონკურსზე საშუალოდ 400 მოთხრობა გაქვს წასაკითხი, ხშირად – ძილის ხარჯზე, ნებისყოფაში კი იმას, რომ გერჩივნა, ეს დრო ამ 400 მოთხრობაზე უკეთესი ლიტერატურის კითხვაში დაგეხარჯა. მაგრამ, სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, საკონკურსო მოთხრობების კრებულს ვერ დახურავ და ვერ მოისვრი.

ამ ხნის განმავლობაში დამწყები ავტორების 2 000-ზე მეტი მოთხრობა წავიკითხე და ამ ყველაფერმა ჩემს ნერვულ სისტემაზე, რა თქმა უნდა, გავლენა მოახდინა. ეს გავლენა არცთუ დადებითია და რაკი მომავალშიც მომიწევს მათი კითხვა, გადავწყვიტე, რამდენიმე რჩევა მივცე ახალბედა კონკურსანტებს როგორც ერთგვარი გამოცდილების მქონე მკითხველმა და საკუთარ ფსიქიკაზე მზრუნველმა ადამიანმა.

  1. გაგიკვირდებათ, მაგრამ სამყარო თქვენ გარშემო არ ბრუნავს. თუ გგონიათ, რომ თქვენი 18– თუ 20–წლიანი ცხოვრება იმსახურებს მის შესახებ დიდი წიგნის დაწერას, ძალიან, ძალიან ცდებით. თქვენი ფილოსოფიური წიაღსვლა სიკვდილისა და სიცოცხლის რაობასა და დროის მარადიულობაზე მკითხველს არ აინტერესებს. არ აინტერესებს მარტივი მიზეზის გამო – ის არ არის საინტერესო. მოჰყევით ამბებს და თუ მაინცდამაინც თქვენი სულიერი მდგომარეობის ჩვენებაც გინდათ, ცოცხალი ისტორიებით გადმოეცით. ისტორიებით, რომლებსაც აქვს დასაწყისი, გაგრძელება, კულმინაცია, დასასრული. მაგალითად, თუ გინდათ, ადამიანის მარტოსულობა აჩვენოთ, არ დაიწყოთ იმის მოყოლა, რა არის მარტოობა, რა დიდი დამღაა ის და როგორ უყრის ხანჯალს ადამიანს სულს, როგორ კვნესის დაჭრილი სული, როგორ ინთქმება მისი ხმა მარადისობაში და მსგავსი სისულელეები. ადექით და აღგვიწერეთ, როგორ ეთამაშება პერსონაჟი საკუთარ თავს ჭადრაკს, გვერდით კი უდევს ტელეფონი, რომელსაც ხუთ წუთში ერთხელ ამოწმებს და რომელზეც ერთი თვეა არავის დაურეკავს. ან რამე ასეთი.
  2. ნუ აღწერთ ბუნებას ისე, მკითხველს მისდამი სიბრალულის გრძნობა გაუჩნდეს იმის გამო, რომ თქვენ მას ამძიმებთ. „დილა გაცისკროვნდა, ახალგაღვიძებული დედამიწა გაიზმორა და ცხრათვალა მზე თავისი პაწაწა ხელით აატორტმანა მთის წვერზე, საიდანაც გახურებული მიწის გულზე შვლის ნუკრის ცრემლივით წმინდა ნამი დაეშვა“, – ათი წამი მოვანდომე იმ ერესის მოფიქრებას, რაც ახლა წაიკითხეთ და უკვე ისე ვნანობ, მზად ვარ, „პრაიმშოუს“ ათი გადაცემის ზედიზედ ნახვით დავისაჯო თავი. ზოგიერთი თქვენგანი კი ასეთ, ზოგჯერ კი უარეს პასაჟებს საკონკურსო მოთხრობაში ურთავს. თუ არ შეგიძლიათ, ადამიანურად აღწეროთ ის, რაც გარეთ ხდება, საერთოდ ნუ აღწერთ. კოლოკვიუმზე არ ხართ, ქულას არავინ დაგაკლებთ.
  3. ნუ მოგერიდებათ ქართული სახელების გამოყენება. მით უმეტეს მაშინ, როცა მოქმედება აგერ, თბილისში ხდება. მაგალითად, როცა ვკითხულობთ, რომ „ჟოაკინი ვახუშტის ხიდზე ფეხით გადავიდა და ფენოვანი იყიდა“, ეს არადამაჯერებელს ხდის ამბავს. თუმცა ვაცნობიერებ, რომ ეს ასაკობრივი სინდრომია და ალბათ, ყველას გამოუვლია. მეც მყავდა ორი ეგეთი პერსონაჟი – ხოსე და ადელიტა, მაგრამ ისინი, თუ სწორად მახსოვს, ვახუშტის ხიდზე არ დადიოდნენ.
  4. უმბერტო ეკომ, სანამ „ვარდის სახელის“ წერას დაიწყებდა, მონასტრის ბიბლიოთეკა-ლაბირინთის სამოცამდე ვერსია თავისი ხელით დახატა. ამბობდა, რომ მისთვის აუცილებელი იყო იმის ცოდნა, რა გზით გადაადგილდებოდნენ მისი პერსონაჟები. ამით იმის თქმა მინდა, რომ მოთხრობაში ლოკაციის შერჩევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტექსტის დამაჯერებლობისთვის. როცა ტეხასის რომელიღაც გზისპირა ბარში მომხდარ ამბავს ჰყვებით, მიჩნდება საფუძვლიანი კითხვა: საიდან იცის ამან ეს? რატომ გერიდებათ წეროთ თემქაზე, მუხიანზე, ვარკეთილზე, ორხევის დასახლებაზე? განა აქ არ ხდება არაფერი საინტერესო?
  5. ნუ იწერთ ეროტიკულ სცენებს მსუბუქად ეროტიკული ან პორნო ფილმებიდან. ამ პლაგიატის აღმოჩენა ძალიან ადვილია. ეს სცენები ვნებისა და ემოციისგან დაცლილია, ეს ფერადი ნახატის შავ-თეთრი ასლია, რომელიც უნივერსიტეტის მიწისქვეშა გადასასვლელში გადაიღეს, ძველისძველ, უკვე გაყვითლებულ XEROX-ის აპარატზე, რომლის მეპატრონემაც გაგაფრთხილათ, ძალიან ჩაბნელებული გამოვაო. საზოგადოდ, ცნობილი ამბავია, რომ ეროტიკული სცენების წერა დიდ ოსტატობას მოითხოვს. პირველკურსელი კი არა, ზოგჯერ გონკურის პრემიის ლაურეატიც ვერ წერს ფრანგი მწერლისთვის საკადრის სექსის სცენას, მაგრამ, ახალბედასგან განსხვავებით, ის ამას ხვდება.
  6. პატივი ეცით საკუთარ თავს, თქვენ მიერ დაწერილ ტექსტსა და მკითხველს: როცა უკანასკნელ წერტილს დასვამთ, მოთხრობა დაასვენეთ, გაიარ-გამოიარეთ, ყავა დალიეთ, ფილმს უყურეთ ან, საუკეთესო შემთხვევაში, დაიძინეთ და მერე ხელახლა წაიკითხეთ ნაწერი. გაწმინდეთ, გაასუფთავეთ ჭუჭყისგან, ზედმეტი სიტყვებისგან. გაასწორეთ კოჭლი წინადადებები. დაბანეთ, გაახვანჩალეთ და მხოლოდ ამის შემდეგ გაგზავნეთ საჭირო მისამართზე.

ყველა იმ შეცდომას, რომელიც ჩამოვთვალე, ალბათ ფოლკნერი, კამიუ, მარკესი და ეტვუდიც უშვებდნენ, როცა ლიტერატურაში პირველ ნაბიჯებს დგამდნენ. თუმცა მათი ეს შეცდომები აღარავის ახსოვს დღეს, როცა ისინი უკვე ღმერთები არიან. ახლა თქვენც და მეც ვცდილობთ ოდნავ, სულ ოდნავ მაინც მივუახლოვდეთ მათ ოსტატობას. მათსავით მოვიშინაუროთ ენა, შევქმნათ მათი პერსონაჟების მსგავსი გმირები, ვიგრძნოთ ტექსტი ისე, როგორც ისინი გრძნობდნენ, შეგვეძლოს ისეთივე კულმინაციის მოწყობა, როგორიც მათ შეძლეს. რასაც ახლა ვიტყვი, ალბათ, ამ წერილის პათოსს რადიკალურად ეწინააღმდეგება, მაგრამ მაინც მგონია, ისინი იმიტომ გახდნენ ღმერთები, რომ ასეთი რჩევა-დარიგებები ფეხებზე ეკიდათ და თავიანთ ჩვენებას აწვებოდნენ. ამიტომაც, თუ გინდათ, მწერლები გახდეთ, შეგიძლიათ ამ მეგობრულ რჩევებს თვალი მიადევნოთ, მაგრამ თუ ლიტერატურის ღმერთობა გინდათ, მაშინ ეს წერილი დახიეთ და გადააგდეთ.

გიორგი დიასამიძე ალექსანდრე ქუთათელის პირისპირ  

0

პოსტსაბჭოთა ლიტერატურათმცოდნეობით კვლევებში აქცენტი ძირითადად რეპრესირებული მწერლების ბედსა და მხატვრული ლიტერატურის ანალიზზე კეთდება. ნაკლებადაა შესწავლილი იმ პერიოდის დოკუმენტური პროზა (თან მიმდინარე პროცესების ჭრილში) და მათი ავტორების ბედი. არადა საინტერესოა, თუ როგორ ხდება ისტორიის კორექცია მხატვრული ლიტერატურის, ამ შემთხვევაში დოკუმენტური პროზის, მეშვეობით; ასეთი წნეხის პირობებში რამდენად ობიექტური შეიძლება ყოფილიყო დოკუმენტური პროზა და რა გზას მიმართავდნენ ავტორები თუნდაც თავის გადასარჩენად. როგორც საარქივო მასალების გაანალიზების შედეგად ირკვევა, იმ პერიოდის მწერლები იდგნენ დილემის წინაშე – სიცოცხლე ან სემოქმედება. ბოლშევიკურ პარტიას ისტორიული სიმართლის წარმოჩენის ეშინოდა, რადგან ის აშკარა წინააღმდეგობაში მოდიოდა სამთავრობო პროაგანდასთან. მართალია, მწერლის ამოცანას სულაც არ წარმოადგენს ისტორიუი მოვლენების დეტალური რეკონსტრუქცია და მიზეზ-შედეგობრიობის გამორკვევა, მაგრამ ბოლშევიკური პარტია სწორედ ამას მოითხოვდა ავტორისაგან, ოღონდ რეკონსტრუქცია უნდა მომხდარიყო პარტის იდეოლოგიის შესაბამისად. შესაძლოა, სწორედ ამით აიხსნებოდეს ის ფაქტიც, რომ საბჭოთა ქართულ ლიტერატურაში დოკუმენტური პროზის ნიმუშები მართლაც რომ თითზეა ჩამოსათვლელი.

ჩემმა მოსწავლემ გიორგი დიასამიძემ გადაწყვიტა დაემუშავებინა სიდიდითა და მნიშვნელობით იმ პერიოდის ერთ-ერთ გამორჩეული რომანი _ ალექსანდრე ქუთათელის „პირისპირ“. ამ მწერლის მაგალითი აჩვენებს, რომ მან ყველანაირი შენიშვნა გაითვალისწინა, უმნიშვნელო და უსარგებლოც კი და ასე „გადაარჩინა“ რომანიც და საკუთარი თავიც. გიორგის კვლევის პროცესში ეხმარებოდნენ ქართული ლიტერატურის მუზეუმის თანამშრომელი ია ღადუა და სოვლაბის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი.

რომანის მრავალსაფეხურიანი ცვლილება და მის წინააღმდეგ მიმართული ცენზურის შეტევები ცხადად გვიქმნის წარმოდგენას, რამდენად სერიოზულ იარაღად განიხილავდა კომუნისტური რეჟიმი მხატვრულ სიტყვას; როგორ უფრთხოდა პარტია საკუთარი წარსულის მისგან დამოუკიდებელ ანალიზსა და შეფასებას და რამდენად სარისკო იყო მწერლისთვის ამ გზაზე დგომა.

რომანის „პირისპირ“ გამოქვეყნების შემდეგ (1933 წ.) პირველი მძაფრი პოლემიკა და უსიამოვნება ავტორის მიერ „შამქორის ტრაგედიის“ ეპიზოდის აღწერას მოჰყვა, სადაც რომანის გმირი _ კორნელი მხეიძე, როგორც ახალგაზრდა არტილერისტი, „საბრძოლო ნათლობას“ იღებს და პირველად გადააწყდება სამოქალაქო ომის საშინელებას. მწერლისგან კატეგორიულად მოითხოვდნენ, უკვე დაბეჭდილ ნაწარმოებში დაშვებული ის „ისტორიული შეცდომები“ გაესწორებინა, რომელიც მკითხველს შთაბეჭდილებას უქმნიდა, რომ რეალურად შამქორში მომხდარ საომარ შეტაკებებში ამიერკავკასიის დემოკრატიული მთავრობა დამნაშავე არ იყო და რომ ბოლშევიკურმა ორგანიზაციებმა სათანადო ხელმძღვანელობა ვერ გაუწიეს მასას და ტრაგედია ვერ აიცილეს თავიდან.

1918 წლის იანვარში თბილისი-ბაქოს რკინიგზის ხაზზე, სადგურ შამქორში (ამჟამინდელი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორია) მომხდარ ხოცვა-ჟლეტას, როგორც ისტორიულ მოვლენას, მართლაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ბოლშევიკური რეჟიმისთვის პროპაგანდის კამპანიაში, რადგან ისინი სწორედ მსგავსი მაგალითებით ცდილობდნენ დაესაბუთებინათ თავიანთი მორალური და სამართლებრივი უფლება, დაემხოთ ამიერკავკასიის დამოუკიდებელი სახელმწიფოების მთავრობები და საბჭოთა რეჟიმი დაემყარებინათ არგუმენტით, რომ კავკასიის დამოუკიდებელი რესპუბლიკების მმართველი პარტიები „კონტრრევოლუციონერები“ იყვნენ, უღალატეს „დიდი რუსეთის რევოლუციას“, დანაშაული ჩაიდინეს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და  დიქტატორული რეჟიმი დაამყარეს „მშრომელი მასების“ ინტერესების წინააღმდეგ.

ამ ყოველივეს გამო გამალებული პროპაგანდის კამპანიის ნაწილად ქცეული ისტორიული მოვლენის სხვაგვარი კუთხით ასახვა მხატვრულ ნაწარმოებში ძალზე მტკივნეული აღმოჩნდა ბოლშევიკური პარტიისთვის, რამდენადაც ისინი კარგად აცნობიერებდნენ, რომ ისტორიული (თუნდაც საბჭოთა ისტორიკოსების მიერ გაყალბებული) ნაშრომების მკითხველთა რიცხვი კატასტროფულად დაბალი იყო მხატვრული ლიტერატურის მკითხველებთან შედარებით და სახელმწიფო პროპაგანდის ფორმულა მნიშვნელოვნად დაზარალდებოდა, თუკი მოქალაქეები _ მკითხველები შამქორის შეტაკების შესახებ რომანში წარმოდგენილი ვერსიას მიიღებდნენ.

პარტისტორიისა და პროპაგანდისტული ფორმულის დარღვევის ფაქტით შეშფოთებული ძველი ბოლშევიკი ნოე ლეჟავა, რომელიც რეალურად მონაწილეობდა შამქორის მოვლენებში, როგორც ბოლშევიკური ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, რომელთაც წააქეზეს ჯარისკაცები, იარაღი არ ჩაებარებინათ და ხელი შეუწყეს ტრაგედიას, კატეგორიული კრიტიკით დაესხა თავს ალექსადრე ქუთათელს და მას ისტორიის გაყალბებაში დასდო ბრალი. თუმცა აღნიშნა, რომ ავტორმა ეს არა შეგნებულად, არამედ ისტორიულ ფაქტებთან ზერელე დამოკიდებულების გამო დაუშვა, მაგრამ მის გამოსვლაში იგრძნობოდა მთავარი დაკვეთა – როგორ უნდა დახატულიყო შამქორის ტრაგედია და როგორ უნდა გადაეკეთებინა ავტორს ნაწარმოების ეპიზოდი. რაოდენ საოცარი არ უნდა იყოს, ამ სხდომაზე ალექსანდრე ქუთათელი მყარად იდგა თავის პოზიციებზე და შეუპოვრად იცავდა საკუთარ შემოქმედებას დ ა ბრალს სდებდა ნოე ლეჟავას, რომ მას არ ესმოდა ისტორიული რომანის არსი.

ბედის ირონიით, პირველი წიგნის მეორე გამოცემისას მხურვალე ბოლშევიკი ნოე ლეჟავა ვერ მოესწრო და ვერ გაიგო, შეცვალეს თუ არა მისი გვარი შამქორის ბრძოლის ეპიზოდში, რადგან ის “დიდი ტერორის” მსხვერპლი გახდა – 1937 წლის 29 დეკემბერს დახვრიტეს კონტრრევოლუციონერობისა და მავნებლობის ბრალდებით.

ბოლშევიკ ნოე ლეჟავას მწერალთა კავშირის სხდომაზე დასწრება უკვე თავისთავად გვიქმნის წარმოდგენას, თუ რა რაკურსით ხდებოდა ნაწარმოებების განხილვა და რას მოითხოვდნენ ავტორისგან. თუმცა ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს დოკუმენტურ პროზასთან და, ბუნებრივია, მისდამი დამოკიდებულება ორმაგად საყურადღებო და საპასუხისმგებლო იყო ბოლშევიკური იდეოლოგიის გამტარებელი მწერალთა კავშირისა და ზოგადად, პარტიისთვისაც. ამიტომ იყო  ასე კრიტიკული და მწვავე ნოე ლეჟავას გამოსვლა. განსაკუთრებით, შამქორის სისხლიანი მოვლენის შესახებ. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნოე ლეჟავა, ფაქტობრივად, ახმოვანებს ბოლშევიკური პარტიის შიშსა და სიფრთხილეს დოკუმენტური პროზისადმი – არ იყო საჭირო მოვლენათა რეალური/ისტორიული რაკურსით წარმოჩენა, მთავარი იყო ბოლშევიკური დისკურსი, რომელიც მკითხველს ისტორიულ ფაქტს ისე წარმოუჩენდა, როგორც ეს ბოლშევიკური პარტიისთვის იყო ხელსაყრელი. თუკი დოკუმენტური პროზა თავის მოვალეობას შეასრულებდა, მაშინ ბოლშევიკური იდეოლოგია ვერ იმუშავებდა მთავარი მიზნის შესრულებისთვის – შეექმნა ახალი ცნობიერების ადამიანი, რომლისთვისაც ისტორიაც და რეალობაც იქნებოდა ის, რასაც “მშობლიური და მზრუნველი” პარტია მიაწვდიდა.

1934 წლის 23 მარტს შედგა მწერალთა კავშირის მესამე სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა ამხ. ჩხიკვაძე და რომელზეც მთავარმა მომხსენებელმა, მარიამ გარიყულმა ისაუბრა ალექსანდრე ქუთათელის რომანის შესახებ. მომხსენებელი არ იწუნებს რომანს. პირიქით, ამბობს, რომ ის ცოცხლად იწყება და ინტერესითაც იკითხება, მაგრამ იქვე სვამს კითხვას: “სად არიან ქალები? ამოდენა აქტიურ მოქმედ მამაკაცთა შორის სრულად არ მოსჩანს ქალის სახე”. სიტუაცია იძაბება განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მარიამ გარიყულს მოჰყავს ადგილი რომანიდან, სადაც პროტაგონისტის (კორნელი მხეიძის) შეყვარებული, ნინო მაყაშვილი შედარებულია ცხენთან. როგორც ჩანს, დარბაზში მყოფმა ს. წულუკიძემ ამ ციტატას მოაყოლა რეპლიკა: “მშვენიერი იყო, მშვენიერი”, რასაც მარიამ გარიყულის მრისხანე შეკითხვა მოჰყვა: “ამხ. წულუკიძე სასიამოვნო იქნება რომ თქვენ ულაყს შეგადარონ?” სხდომაზე გამომსვლელ მწერალთა კრიტიკის მიზეზი ერთადერთი იყო – მწერალმა სრულად ვერ გამოხატა პერსონაჟი, როგორც ბოლშევიკი; ანუ, კორნელი მხეიძე ვერ ჩამოყალიბდა ბოლშევიკად და შესაბამისად, მწერალმა ვერ მოახერხა წარმოეჩინა საბჭოთა ადამიანის ტიპი. არადა, მწერლობის მოთხოვნა ხომ ეგ იყო – ახალი, საბჭოთა ადამიანის ფორმირება. თავად ქუთათელის გამოსვლის სიტყვებში აშკარად ჩანს ავტორის პოზიცია – ლოიალური განწყობა. ის ხვდება, რომ გადასარჩენია რომანიც და საკუთარი თავიც და იწყებს ლავირებას.

სხდომიდან მალევე ავტორმა განცხადებით მიმართა საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირის სამდივნოს და სთხოვა, ეშუამდგომლა გამომცემლობის წინაშე. ქუთათელს გამომცემლობისთვის 1937 წლის თებერვალში უნდა ჩაებარებინა რომანის მეორე წიგნი. ამ წერილში ავტორი დაგვიანების მიზეზად შემდეგ ფაქტორს ასახელებს – ვინაიდან რომანში მოქმედება ვითარდება სამოქალაქო ომის ფონზე და გარკვეულწილად წარმოადგენს საქართველოს ბოლშევიკური პარტიის ისტორიის მხატვრულ ილუსტრაციას, ეს მოითხოვს ჩემგან უდიდეს ყურადღებას და ყველა ხელნაწერის გადახედვას; დამჭირდა კონსულტაციები და ა.შ. გასაგებია, რატომ დასჭირდა მას, გადაეხედა უკვე გამოცემული წიგნისთვისაც და გამოსაცემად გამზადებული ხელნაწერებისთვისაც; ასევე გასაგებია, თუ ვისგან უნდა აეღო მას კონსულტაციები, თუ უნდოდა, რომ მის წიგნს მზის სინათლე ეხილა.

მეორე გამოცემა უკვე ცხადყოფს ავტორის პოზიციას. მან გაითვალისწინა თითქმის ყველა მოთხოვნა. მეტიც, ძალიან კარგად მიხვდა, თუ რას ითხოვდა მისგან, როგორც მწერლისგან, ბოლშევიკური იდეოლოგია და თავისი შემოქმედებითი ნება/თავისუფლება სწორედ ამ მოთხოვნებს შეუსაბამა/დაუქვემდებარა. ქუთათელის გულმოდგინებას ისიც წარმოაჩენს, რომ ყოველი შემთხვევისთვის მარიამ გარიყულის შენიშვნაც გაითვალისწინა. ასე გაჩნდა მის რომანში ბოლშევიკი რევოლუციონერი მაროს სახე. რა თქმა უნდა, ეს სახე ხელოვნურია და “კლიშეებით” გადატვირთული, ისევე, როგორც დანარჩენი რევოლუციონერების სახეები, მაგრამ ეს არ არის მთავარი. იმ პერიოდის ლიტერატურაში, მით უმეტეს დოკუმენტურ პროზაში, მთავარი აქცენტი არა მხატვრული სახის შექმნაზე, არამედ საბჭოთა ადამიანის სახის წარმოჩენასა და ხალხისთვის ამ სახის, როგორც ერთადერთი იდეალის, მიწოდებაზე უნდა გაკეთებულიყო.

ამ ყველაფრის შედეგი ის იყო, რომ ავტორს სიცოცხლეშივე დაუფასდა თავდადებული შრომა და მისი ნაწარმოები წარადგინეს სახელმწიფო პრემიაზე. მაგრამ ალექსანდრე ქუთათელმა მაინც ვერ აიცილა პრობლემები. 1953 წელს გარდაიცვალა დიდი ბელადი დ,ა ნიკიტა ხრუშჩოვის პირადი ჩარევით, წიგნი საერთოდ მოხსნეს კონკურსიდან.

გიორგი დიასამიძის კვლევამ აჩვენა, რომ ალექსანდ რე  ქუთათელმა შეძლო ბოლშევიკური იდეოლოგიისთვის ფეხის აწყობა და მისი დოკუმენტური პროზა გახდა ისეთი, როგორსაც უკვეთავდა პარტია მწერალს. თავის მხრივ, პარტიამაც შეასრულა თავისი მისია და დოკუმენტური პროზა (ისევე, როგორც მთლიანად ლიტერატურა) თავის გავლენაში მოაქცია და შესაბამისად, ის უკვე აღარ იყო საშიში. მეტიც, არათუ საშიში, გამოსადეგიც კი გახდა. ქუთათელმა საკმაოდ კარგი და საჭირო გამოცდილება მიიღო თავისი რომანით და ისწავლა, რას ნიშნავს წერა სოცრეალიზმის პრინციპების გათვალისწინებით. მართლაც, ეს იყო ნამდვილი გამარჯვება, ოღონდ არა მწერლის, არამედ ბოლშევიკური იდეოლოგიისა, რომელმაც თავის სამსახურში ჩააყენა ისეთი სპეციფიკური ჟანრიც კი, როგორიცაა დოკუმენტური პროზა. მართალია, ამით ამ უაღრესად საინტერესო და საჭირო ჟანრმა ნამდვილი ფორმა და სახე დაკარგა, მაგრამ, სამაგიეროდ, მწერალმა შეინარჩუნა სიცოცხლე და ავტორიტეტი.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...