კვირა, მაისი 18, 2025
18 მაისი, კვირა, 2025

ხუთი საუკეთესო მიკრომეთოდი პროფესიულ განათლებაში

0

არსებობს უნივერსალური მიკრომეთოდები, რომლებიც სწავლის ნებისმიერი მიმართულების ნებისმიერ საფეხურზე თანაბრად ეფექტურად მუშაობს დამოუკიდებლადაც და როგორც განსაზღვრული მაკრომეთოდის ერთ-ერთი ფუნქციური რგოლი. განვიხილავთ რამდენიმე მათგანს:

ორმაგი კარუსელი. ეს მეთოდი, როგორც წესი, გამოიყენება სანიმუშო ტექსტის გასააზრებლად და ითვალისწინებს მოსწავლეების მიერ ერთმანეთისთვის ტექსტის შინაარსის გაზიარებას. ეფექტურია, პირველ რიგში, წაკითხულის გააზრებისა და დროის ეფექტურად გამოყენების თვალსაზრისით. ჯგუფები ეცნობიან ტექსტის არა ყოველ, არამედ – ერთ განსაზღვრულ პასაჟს. დანარჩენ დროს ისინი ტექსტში მოცემული არსებითი ინფორმაციის გაცვლას უთმობენ.

მოსწავლეთა ჯგუფებს ამა თუ იმ საკითხის, ან მაგალითის შესახებ პასაჟებად დაყოფილ სანიმუშო ტექსტს დავუნაწილებთ, რის შემდეგაც ისინი შეუდგებიან ჯგუფურ, ხმამაღალ კითხვასა და ტექსტის გააზრებას. მას შემდეგ, რაც თითოეული გუნდი თავის წილ ინფორმაციას გადაამუშავებს, აუდიტორიაში სკამების განლაგება იცვლება. იქმნება ორი – შიდა და გარე წრე. მოსწავლეები განაწილდებიან ამ ორ კარუსელზე იმგვარად, რომ განსაზღვრული ჯგუფების (A, B, C) წარმომადგენლები მხოლოდ შიდა კარუსელზე მოხვდნენ, სხვა ჯგუფებისა (D, E, F) კი – გარეთ. ამოცანა ითვალისწინებს შიდა კარუსელზე მსხდომთა მიერ ტექსტის შესაბამისი პასაჟის გაზიარებას გარე წრეში წარმოდგენილთათვის. კარუსელი შეგვიძლია ორი მიმართულებით „დავატრიალოთ“ – მონაცვლეობით, შიგნიდან გარეთ და მარჯვნიდან მარცხნივ. ეს ხელს უწყობს კარუსელის მონაწილეთა – სხვადასხვა ჯგუფის წევრების მიერ ინფორმაციის გაზიარებასა და ამ ინფორმაციის განმტკიცებას. ყოველ ჯერზე თითოეული მონაწილე საკუთარ ტექსტს განსხვავებული აქცენტით წარმოაჩენს, ეს ეხმარება მსმენელს, სხვადასხვა პერსპექტივაში შეხედოს მოვლენას და საკუთარი, თვითმყოფადი შეხედულება ჩამოუყალიბდეს მის გარშემო.

ექვსი სააზროვნო ქუდი. ინგლისელი მწერლისა და ფსიქოლოგის, შემოქმედებითი აზროვნების ანალიტიკოსის – ედუარდ დე ბონოს მიერ შემუშავებული ექვსი ქუდის მეთოდი კარგი საშუალებაა სააზროვნო პროცესის სტრუქტურირება-ორგანიზებისა და მისი საბოლოო შედეგის მაღალი პროდუქტიულობისათვის. იგი აზროვნებას სძენს სისხარტეს, ამაღლებს შემოქმედებითობას, გვეხმარება, რომ ჩვენი აზრთა დინება დასახული ამოცანებისა და მიზნისაკენ მივმართოთ; საბოლოოდ კი – მივყავართ მართებულ გადაწყვეტილებამდე. ამ მეთოდის უპირატესობაა, რომ გვეხმარება ჩვენი მოსაზრებების ვერბალიზაციასა და ფიქსაციაში, აგრეთვე, ისეთი სამი წინააღმდეგობის დაძლევაში, როგორებიცაა – ემოცია, დაბნეულობა და გაურკვევლობა.

ექვსი ქუდის მეთოდის გამოყენება შეიძლება ნებისმიერი გონებრივი აქტივობის  შესრულებისას, საკამათო და კონფლიქტური საკითხების გადაჭრისას, ამოცანათა დაგეგმვისა და შეფასებისას და სხვ.

რას ნიშნავს ფერები?

თეთრი ქუდის მორგებისას მთელი მონდომებით ვუღრმავდებით ინფორმაციას – რა ვიცით საკითხის გარშემო და რა დამატებითი ინფორმაცია გვჭირდება მის შესახებ სრულყოფილი ცოდნის მისაღებად. აქვე განვსაზღვრავთ, თუ რა მეთოდებით უნდა მივიღოთ ინფორმაცია.

წითელი ქუდის მორგებისას თავისუფლებას ვანიჭებთ მოცემულ საკითხთან დაკავშირებულ ემოციებსა და ინტუიციებს. ამ დროს ყოველგვარი ანალიზის გარეშე გასაქანს ვაძლევთ ნებისმიერ აზრს, რაც პირველად მოგვდის გონებაში და თანაგუნდელებს ვუზიარებთ მათ. ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აზრის სიხალასე, გულწრფელობა და სპონტანურობა.

ყვითელი ქუდის მორგებისას საკითხის მხოლოდ პოზიტიურ, ძლიერ მხარეებს ვუღრმავდებით. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ერთი შეხედვით, მოცემულ პრობლემას ცალსახად უარყოფითად ვხედავთ, უნდა შევეცადოთ, აღმოვაჩინოთ და გამოვკვეთოთ პრობლემის დადებითი ეფექტები.

შავი ქუდის შემთხვევაში კი – პირიქით. უნდა ვიყოთ კრიტიკულნი და სკეპტიკურად განწყობილები.  ვაცნობიერებდეთ უკვე არსებულ, ან მოსალოდნელ რისკებსა და საფრთხეებს.

მწვანე ქუდი შემოქმედებითი ძიებების, სიახლეებისა და ცვლილებებისთვისაა განკუთვნილი. განიხილეთ მრავალი ალტერნატივა, გზა მიეცით სიახლეებს, მიიღეთ ერთი შეხედვით უცნაური იდეებიც კი. სასურველია, ამ ეტაპზე ყველა მოსწავლემ მიიღოს მონაწილეობა და თითოეულმა მათგანმა თითო იდეით მაინც შეიტანოს წვლილი ძიების პროცესში.

მეექვსე – ლურჯი ქუდი ორიენტირებულია იდეის განხორციელების პროცესის მართვასა და პრობლემის გადაჭრაზე. მეექვსე ქუდს ორჯერ ვირგებთ – საწყის და საბოლოო ეტაპებზე. პირველ შემთხვევაში მოვხაზავთ მიზნის კონტურებს, მეთოდის გამოყენების შემდეგ კი – შედეგებს განვიხილავთ მიზანთან შესაბამისობაში.

ფერების რიგითობა მკაცრად განსაზღვრული არ არის, მაგრამ ყველაზე ხშირად ამ თანმიმდევრობით გამოიყენება – თავდაპირველად ვიხურავთ თეთრ, შავ, ყვითელ ქუდებს. მას შემდეგ, რაც განვსაზღვრავთ, რა ვიცით და რისი გაგება გვინდა მოცემული საკითხის გარშემო, შევაჯამებთ მის დადებით და უარყოფით მხარეებს, შემოქმედებითობის დრო დგება, ანუ მოვირგებთ მწვანე ქუდს, ვეძებეთ ახალ მიდგომებს, შეხედულებებს. იდეების გენერირების ეტაპზე წამოჭრილი მოსაზრებების განსახილველად კვლავ ყვითელ და შავ ქუდებს ვუბრუნდებით. პერიოდულად სასურველია წითელი ქუდის მორგება და ემოციებისთვის გასაქანის მიცემა.

მეთოდის მართებულად და ეფექტურად წარმართვა უნდა უზრუნველყოს მოდერატორმა. მას მუდმივად ცისფერი ქუდი აქვს მორგებული, ანუ ინარჩუნებს ფასილიტატორის ნეიტრალურ პოზიციას და სხვადასხვა დამოკიდებულების მონაწილეებს აქტივობაში ჩართვის თანაბარ შესაძლებლობებს აძლევს. მოდერატორის ფუნქციაა, აგრეთვე, თამაშის წესების განმარტება, განსახილველი პრობლემის დასახელება, მის გარშემო გამოკვეთილი მოსაზრებების ჩანიშნვა და საბოლოო შეჯამება.

დროისა და რესურსების დაზოგვის მიზნით ქუდები შეიძლება გუნდურ მუშაობას დავუკავშიროთ და სხვადასხვა ჯგუფებს განსხვავებული ფერის ქუდი მოვარგოთ. თუკი ქაღალდის ქუდების დამზადება ტექნიკურ სირთულეს შექმნის, მის ნაცვლად შესაძლებელია ნებისმიერი სხვა სახის, განსაზღვრული ფერის სიმბოლოს, ან მარკირების გამოყენება – ტანსაცმელზე ფერადი ლენტების მიმაგრება, ფერადი ბარათების აღმართვა და სხვ.

გონებრივი რუკა. ექვსი ქუდის მეთოდის განხორციელებისას მნიშვნელოვანია მონაწილეთა მოსაზრებების ეფექტური ვიზუალიზაცია. ამისათვის ძალიან კარგი სასწავლო ინსტრუმენტია გონებრივი რუკა, რაც, ცხადია უნივერსალური მეთოდია და არამხოლოდ ექვსი ქუდის მეთოდში შეგვიძლია „ჩავაშენოთ“.

ეს მეთოდი ემსახურება ნებისმიერი მოვლენის ან პროცესის, აზრის ან იდეის კომპლექსური, სისტემატიზებული ვიზუალური გრაფიკული ფორმით რეპრეზენტაციას დიდი ფორმატის ქაღალდზე, ან ელექტრონულად. მასში ჩანს მოვლენათა შორის აზრობრივი, მიზეზ-შედეგობრივი, ასოციაციური და სხვა სახის კავშირები. იგი უფრო მოქნილად და ეფექტურად ასახავს აზრთა დინებას, ვიდრე ჩვეულებრივი წერილობითი ნარატიული ფიქსაცია.

გონებრივი რუკის პრინციპი თვითმყოფადი საგანმანათლებლო მეთოდის სახით ჩამოაყალიბა ინგლისელმა ფსიქოლოგმა – ტონი ბიუზენმა. კონცეფცია მდგომარეობს შემდეგში – გონებრივი რუკა ადამიანის ტვინის ანალოგიურად იყოს სტრუქტურირებული; იმავე პრინციპით, როგორც ჩვენი გონება მოიცავს ნეირონებსა და მათ განშტოებებს და თითოეული ელემენტი ერთმანეთთან გარკვეულ მიმართებაშია. გონებრივი რუკის შემუშავებისას ჩვენ თითქოს მატერიალურ სახეს ვაძლევთ იმ წესრიგს, რაც ჩვენს გონებაშია. ბიუზენის აზრით, ეს მეთოდი სააზროვნო პროცესის მართვაშიც გვეხმარება.

რუკის შექმნა მრავალ სხვადასხვა სიტუაციაშია მოსახერხებელი. პრინციპი – საკითხის დაშლა, ანალიზი და მის შემადგენელ ელემენტებს შორის მიმართებების განსაზღვრა მით უფრო ეფექტურია, რაც უფრო ფართო და კომპლექსური საკითხი გვაქვს გასააზრებელი. ამ შემთხვევაში  მოსაზრებების ნარაციული და წერილობითი ფორმით ჩანიშნვა გაცილებით მეტ დროს წაიღებს, ვიდრე სქემების შედგენა, გრაფიკული სტრუქტურირება, როგორც ეს გონებრივი რუკის შემთხვევაში ხდება. მეორე მხრივ, თავად ანალიზის პროცესია მნიშვნელოვანი, რამდენადაც ის განავითარებს სხარტი ლოგიკური აზროვნების უნარებს.

სპეციალისტები არაერთ პრაქტიკულ რჩევას გვთავაზობენ, თუ როგორი უნდა იყოს გონებრივი რუკის ვიზუალური მხარე. მაგალითად, მათი აზრით, გაცილებით ეფექტურია, როცა ცენტრში წარმოდგენილია ფერადი ნახატი. ზოგადად, გრაფიკული გამოსახულებების სიუხვე გონებრივ რუკას გაცილებით აღქმადს ხდის; სასურველია გრაფემების სიდიდის, გამოსახულებათა მასშტაბისა და ხაზების სისქის ცვლა; სტრუქტურულ ელემენტებს შორის კავშირების აღსანიშნად უნდა გამოვიყენოთ ისრები;  მთავარი ისრები კი აუცილებლად უნდა უკავშირდბოდეს ცენტრალურ ფიგურას; ყველა სიტყვა განთავსებული უნდა იყოს ჰორიზონტალურად და სხვ. ტექნიკური პარამეტრების გამართულობა უზრუნველყოფს სტრუქტურის, როგორ პრობლემის ვიზუალიზაციის ეფეფქტურად აღქმასა და დამახსოვრებას.

რაც შეეხება, ელექტრონულ ხელსაწყოებს, რომელთა საშუალებით შესაძლებელია გონებრივი რუკის შექმნა, მათი რიცხვი მრავალია. ერთ-ერთი მათგანია Mind42 https://mind42.com ღია წყარო, მარტივი ინსტრუქციული დიზაინითა და გაზიარების სხვადასხვა შესაძლებლობებით.

სიცილიური დებატები. ზოგადად, კამათი და დებატები ის სასწავლო მეთოდია, რომელიც, ალბათ, ყველაზე მეტად უწყობს ხელს მოსწავლეებში ანალიზური, საკომუნიკაციო, საპრეზენტაციო უნარების ერთდროულად განვითარებას. დებატები აყალიბებს მათში აზროვნებისა და მეტყველების კულტურას. განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, როცა მოკამათეები იცავენ არა იმ მოსაზრებას, რომელსაც რეალურად ემხრობიან, არამედ – ცდილობენ მათთვის  მიუღებელ მოვლენებშიც კი დადებითი ფაქტორების, გავლენების აღმოჩენას. ასე ხდება სიცილიური დებატების შემთხვევაში.

მას შემდეგ, რაც შეირჩევა დებატების თეზისი, კლასი იყოფა ორად. მონაწილეთა ნაწილს ეძლევა დავალება, დაიცვას მოცემული მტკიცებულება და წარმოაჩინოს მისი დადებითი მხარეები, მეორეს კი – უარყოს და მისი სისუსტეები გამოკვეთოს. გუნდის წევრები აუდიტორიის წინაშე გამოდიან სათითაოდ. მონაწილე მანამ იცავს თავის პოზიციას, ვიდრე არგუმენტები არ ამოეწურება. ამ შემთხვევაში ის დახმარებისთვის მომდევნო თანაგუნდელს მიმართავს და უწვდის ხელს, ხელისგულით ზემოთ. საპასუხოდ თანაგუნდელი ართმევს მას ხელს და იბარებს ესტაფეტას, წინა გამომსვლელი კი ეთიშება თამაშს. დებატები არგუმენტების სრულად ამოწურვამდე გრძელდება.

მეტაგეგმა. დისკუსია უნივერსალური მეთოდია, რომელიც სასწავლო პროექტის თუ გაკვეთილის ნებისმიერ საფეხურზე შედეგიანად მუშაობს. ეფექტური დისკუსიის აგებულება, რაც უნდა უჩვეულოდ და სპონტანურად განვითარდეს ის, სამ ძირითად ელემენტს უნდა ეფუძნებოდეს – პრობლემების გენერირება, პრობლემების სტრუქტურირება და სტრუქტურის რეპრეზენტაცია. ამ თვალსაზრისით დისკუსიის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ფორმა შეიძლება იყოს მიკრომეთოდი – მეტაგეგმა.

მეტაგეგმა მიმართავს პრობლემის ვიზუალიზაციის იმავე პრინციპს, როგორსაც გონებრივი რუკა, თუმცა განსხვავება ამ ორ მეთოდს შორის ერთი მხრივ, სოციალურ ფორმაშია, მეორე მხრივ კი – დროის მენეჯმენტში. თუკი გონებრივი რუკის შექმნა პლენარული დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობს, მეტაგეგმაზე უფრო ხშირად ჯგუფები ან წყვილები მუშაობენ. შესაბამისად, განსაზღვრულ დროში მისი შედეგები უფრო მკაფიო და ხელშესახებია. ნაკლებია იმის შანსი, რომ მცირე ჯგუფებში მნიშვნელოვანი საკითხები ყურადღების მიღმა დარჩეს და წევრების მცირე რაოდენობის გამო მათი მუშაობის შედეგიც უფრო რეპრეზენტაციული და ზედმიწევნითია.

დისკუსიის დაწყებამდე დაფაზე მაგრდება თეთრი ფერის ბარათზე წარმოდგენილი სადისკუსიო თემის სათაური. დისკუსიის მიმდინარეობისას მონაწილეები იქ გამოთქმულ მოსაზრებებს შესაბამისი ფერის მართკუთხა ბარათებზე ინიშნავენ და დაფაზე არეულად ამაგრებენ. ღია მწვანეზე იწერება პოზიტიური არგუმენტი, ნარინჯისფერზე – უარყოფითი, ღია ყვითელზე კი – ალტერნატიული მოსაზრებები.

იმისათვის, რომ მეტაგეგმის მეთოდი დაგვეხმაროს ნააზრევის მართებულად რეპრეზენტაციაში, სასწავლო ელემენტების ეფექტურად სტრუქტურირებაში, მათი მიზეზშედეგობრივი კავშირების  გათავისებაში, აუცილებელია, რომ აზრები ჩამოყალიბებული იყოს მკაფიოდ, ლაკონურად და მიზანმიმართულად. თითო ბარათზე წარმოდგენილი იყოს თითო საკითხი, ხელნაწერი იყოს მარტივად წასაკითხი და არ აჭარბებდეს 7 სიტყვას.

დისკუსიის დასრულების შემდეგ მოდერატორი კლასს სათითაოდ აცნობს ბარათებს და მონაწილეებთან შეთანხმებით აჯგუფებს მათ. ერთნაირი შინაარსის ბარათები დაფაზე ერთად მაგრდება. შემდეგი ეტაპია სისტემატიზებული ბარათების თემატური დასათაურება. ბარათების თემატურ ჯგუფებს შორის ურთიერთმიმართების აღსანიშნად ვიყენებთ დამაკავშირებელ ხაზებს. თუ რომელიმე მოსაზრებას ჰყავს ოპონენტი, შესაბამის ბარათზე მონიშნავს ელვა-ზიგზაგს და იქვე ამაგრებს თეთრ ოვალურ ბარათს თავისი კონტრარგუმენტით.

საბოლოოდ, მეტაგეგმის მრავალი ბარათი საბაზისო თემატიკაზე – მხოლოდ რამდენიმე საკითხზე დაიყვანება. თუკი მეთოდი გარკვეული პრობლემის დასაძლევი ამოცანის / ამოცანების განსაზღვრას ისახავს მიზნად, მოგვიწევს ამ ამოცანის / ამოცანების ამორჩევა უმრავლესობას მივანდოთ. მონაწილეები თავიანთ არჩევანს გააკეთებენ მათთვის სასურველი ბარათების ჯგუფის გარშემო წითელი წერტილების დასმით.

შევეცადეთ, თქვენთვის ამჯერადაც ის მიკრომეთოდები წარმოგვედგინა, რომლებიც თავიანთი ფუნქციით არა სპეციფიკურ, არამედ უნივერსალურ ამოცანებს ესადაგება. თითოეული მეთოდის შედეგიანობა, ცხადია, ბევრ სპონტანურ ფაქტორზეა დამოკიდებული. ეს გარემოებები აქტივობების დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების ეტაპზე მასწავლებელმა აუცილებლად უნდა მიიღოს მხედველობაში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოსწავლეები კი არ აქციოს მეთოდის განხორციელების რესურსად, არამედ – მეთოდი გამოიყენოს მოსწავლეთა საგანმანათლებლო მიზნების  ინსტრუმენტად.

 

მწერალი და პირობები (ნაწილი I)

0

 

გასული წლის ბოლოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაუქმდა წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც ძალზე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა თანამედროვე ქართველი ავტორების გამოცემისა და პოპულარიზაციის საქმეში. თითოეული გამომცემლობა სამინისტროსგან მთელი წლის განმავლობაში იღებდა თანადაფინანსებას სასურველი (ხშირად ნაკლებადკომერციული) სამი პროექტისთვის და დათქმულ ვადაში გამოსცემდა წიგნს.

მოკლედ რომ ვთქვათ, ამ პროგრამის გაუქმებით 2017 წელს 40-50 წიგნით ნაკლები გამოიცა საქართველოში და ეს ყველაფერი იმ ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ გაისად ჩვენი ქვეყანა საპატიო სტუმრის სტატუსითაა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარმოდგენილი. ვისაც ამ უდიდესი ფორუმის მნიშვნელობა და თავისებურებები ესმის, ისიც ეცოდინება, რომ თანამედროვე ლიტერატურის წარმოჩენისთვის უკეთესი ადგილი და საშუალება ძნელად (ან საერთოდ) თუ მოიძებნება.

სკეპტიკოსებისა და ნიჰილისტების გულის გასახეთქად, თანამედროვე და ძალიან საინტერესო მწერლობა ნამდვილად გვაქვს და ამას არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ უცხოეთში გამოცემული რომანები, პროზაული ანთოლოგიები და პოეტური კრებულები – და მათ მიმართ გამოჩენილი ინტერესი – ადასტურებს. ამას ვხედავთ, აშკარა და თვალნათელია.

ახლა ისიც უნდა დავინახოთ, რომ მწერლობის, როგორც პროფესიის, საქმე ჩვენთან ვერა და ვერ დაწინაურდა. თითქოს აქტიურად ვკითხულობთ, გამოვცემთ, რეკლამას ვეწევით, გამოვარჩევთ, ვაჯილდოვებთ ამა თუ იმ ავტორს, მის წიგნს, მაგრამ ეს ხელობის განვითარებას არსებითად ვერ ეხმარება. ქართველი მწერლების დიდი ნაწილი სხვა, არამწერლურ სამსახურშია და იმ, დღიური ლუკმა-პურის მომცემი საქმიდან საღამოობით ან შაბათ-კვირას თავდაღწეული, მტკიცე ნებისყოფის წყალობით ცდილობს რაღაც შემატოს გაჩერებულ წიგნს. გამომცემლობებსა და რედაქციებში აღებული ჰონორარები მცირეა და თუნდაც სოლიდური იყოს, მკითხველის რაოდენობისა და ტირაჟის გათვალისწინებით, ამ თანხით ცხოვრებას მწერალი ვერ შეძლებს.

ბევრი შემახსენებს, ასეთი ვითარება მხოლოდ საქართველოში არაა და დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრები ავტორებიც არ თაკილობენ წერასთან/მწერლობასთან შორს მდგომ სამსახურებსო. მართალია, სანამ ავტორი – და თუნდაც ძალიან კარგი ავტორი – მარკესი, უმბერტო ეკო, სალმან რუშდი და ორჰან ფამუქი გამხდარა, ყველანაირად ცდილობს ცხოვრებისა და მუშაობის პირობები შეიქმნას და ამის გამო დიდ დროს, ენერგიას და ნერვებს ხარჯავს, მაგრამ ჩევნგან განსხვავებით, ყველა იმ ქვეყანაში, სადაც კულტურა და ლიტერატურა პრიორიტეტია, სახელმწიფო ზრუნავს მწერალზე.

ზრუნვაში, ცხადია, საბჭოურ გამოცდილებას არ ვგულისხმობ, როცა ხელისუფლება მწერლისგან მოითხოვდა იდეოლოგიის სამსახურში ჩამდგარიყო და ამ მხრივ დაწინაურებულებს წყალობას არ აკლებდა. არა, ურთიერთობის ეს ფორმა არ გამოგვადგება – აკი არც ივარგა და თავზე ჩამოეფშვნა ამ სისტემის თავგამოდებულ მშენებლებს. სხვა გზებია მოსაძებნი. უფრო სწორად, ეს გზები ჩვენი ყაიდის ევროპულ ქვეყნებში უკვე მოძებნილია და მხოლოდ ამ გამოცდილების გაზიარება გვჭირდება და რამდენიმე წარმატებული ვარიანტიდან ჩვენთვის უფრო მისაღები ფორმატების შერჩევა.

სხვათა შორის, ამ საკითხზე საუბარი დღეს და გუშინ არ დაწყებულა. ერთ-ერთი პირველი მწერლის შემოქმედებით ლაბორატორიასა და საჭირო პირობებზე იონა მეუნარგია დაფიქრდა 1883 წელს ილია ჭავჭავაძის „განდეგილის“ შესახებ დაწერილ სტატიაში:

„ქართველი ხალხის ცხოვრებაში და საერთოდ მთელს ჩვენს მხარეში, ჯერ კიდევ შორსაა ის დრო, როდესაც შესაძლებელი იქნება ჩვენს შორის პროფესიული მწერლების არსებობა, რომლებსაც გარემოებანი მისცემენ საშუალებას მთელი თავისი გონებრივი ძალები მოახმარონ ლიტერატურულ და მეცნიერულ მუშაობას. თითოეული თანამედროვე მწერალთაგანი ეწევა ლიტერატურულ შრომას თავის ძირითად საქმესთან ერთად, მოცლისა და დასვენების წუთებში. მათი მუდმივი საქმეები კი სხვებია, ხშირად ძალიან ძნელი და არასასიამოვნო, რომელთა კეთების დროს წარმოუდგენელია წესიერი მეცნიერული და ლიტერატურული მუშაობა“.

უკეთესად ალბათ ვერ იტყვი, ვერც იმ სიზუსტითა და შთამბეჭდაობით იტყვი, როგორც იმავე წერილში ამბობს იონა მეუნარგია:

„ჩვენ განწირულნი ვართ უპასუხოდ დავტოვოთ ჩვენი გულის მიდრეკილებანი, ვიაროთ ჩვენთვის არასასიამოვნო სამსახურში, სიმწრის ოფლი ვღვაროთ ჩვენი ოჯახების გამოსაკვებად, განვიცადოთ კრედიტორებისა და სამოსამართლო ბოქაულების ვიზიტები და, თუ ყოველივე ამასთან ერთად, როგორღაც მოვახერხეთ დროის მცირე ნაწილი დაგვეთმო მაღალი იდეალებისათვის, ჩვენი საკუთარი ნაწარმოებები უნდა ვბეჭდოთ ჩვენი მცირე სახსრებით და არ ვიქონიოთ არავითარი იმედი, რომ ავინაზღაურებთ დახარჯულ ჩვენი შრომით მონაგარ გროშებს, ასეთ პირობებში ძნელიცაა მოვთხოვოთ მუზას მწერლის მეტი ნაყოფიერება…“.

ამ წერილში დასმულ პრობლემას – მწერლის რთული, გაუსაძლისი პირობები და ამ მიზეზით ნიჭიერი ქართველი ავტორების ნაწარმოებთა რაოდენობრივი სიღარიბე –მოგვიანებით არაერთი მწერალი და კრიტიკოსი მიუბრუნდა. ოთარ ჩხეიძე ვასილ ბარნოვისადმი მიძღვნილ ბიოგრაფიულ რომანში („რომანი და ისტორია“, 1976 წ.) ბალზაკისა და ჯეკ ლონდონის ყოფითი/შემოქმედებითი სირთულეების ჩვენებით ცდილობს დაგვანახოს კონტრასტი ევროპელი (ამერიკელი) და ქართველი მწერლების სოციალურ მდგომარეობას შორის: „ადამიანური კომედია“ ფულის ძიებაში იქმნებოდა, ფული მოჰქონდა ავტორისთვისა, ცოტა როდი, ნუ ვიტყვით ცოტაო, რო არა ჰყოფნიდა, ცოტად ნუ ვიტყვით, ბრწყინვალე ცხოვრების სურვილი ნთქავდა, განდიდების წყურვილი ნთქავდა აუარებელ ფულსა და ვალებიდან ვერ ამოდიოდაო. საწყალი ბალზაკი…“, იქვე: „ჯეკ ლონდონსაც… რამდენიმე წლით ადრე უხდიდნენ დასაწერი რომანების გასამრჯელოსა, მერე ტვინს იფხეკდა, დასისხლიანებული ფრჩხილებით იფხეკდა ტვინსა, ხელშეკრულება რო გაენაღდებინა“. ქართველ მწერალს რაც შეეხება: „ვასილს ვერ მოეხერხებინა ეცხოვრა თავისი რომანებითა, ლიტერატურული შემოსავალი მცირე ჰქონდა, ძალიან მცირე, სათქმელად არცა ჰღირს, ისეც არა ჰღირს, ხოლო ბალზაკის შემოსავალს ჰო არც შეედრება და არა… ოჯახს როგორ დააგდებდა იმის ანაბარადა! ვერ დააგდებდა და გაბმულიყო სამსახურის უღელში, მძიმე უღელი შეედგა ქედზე, მაგარი ჰქონდა ქედი, გამძლე, ღონიერი, ერთგულად ეწეოდა, ერთგულადა, სინდისიერადა, პატიოსნადა, როგორცა სჩვეოდა, როგორიც გახლდათ. ამას მიჰქონდა დრო უძვირფასესი, საუკეთესო დრო შემოქმედებისა, დილა მიჰქონდა, ნათელი დილა, ცოცხალი დილა თბილისისა, სემინარია ნთქავდა ამ ალალ წუთებს სახიერი ფიქრებისა. საღამოობით კერძო გაკვეთილები ჰქონდა… დილა დაკარგული იყო, საღამო დაკარგული, – როდისღა წერდა, როდისღა ფიქრობდა?!“

იონა მეუნარგიასა და ოთარ ჩხეიძის ნაწარმოებებში მოყვანილი შემთხვევები გვარწმუნებს, რომ იმ დროიდან მოყოლებული – დღეის ჩათვლით, მწერლის პირობები საქართველოში არ შეცვლილა. ხშირ შემთხვევაში გაუარესდა კიდეც. ეგ კაი, – მეტყვის მოთმინებადაკარგული მკითხველი, – გავიგეთ, რომ მძიმე დღეში ვართ. შენ ისიც გეცოდინება, როგორ გამოვძვრეთ, ამ ჭირს როგორ დავეხსნათ.

სხვა გზები ვახსენე ზემოთ და ცოტა ხანს თუ დამელოდებით, წერილის მეორე ნაწილში გამოსავლის რამდენიმე ვარიანტს მოგახსენებთ.

შინდლერის სია – ფილმი, რომელიც მოსწავლეებმა  უნდა ნახონ

0

მეორე მსოფლიო ომის დროს, სანამ ანა ფრანკი დღიურს წერდა და პოლონელი ებრაელი სოფია არჩევანს ორ შვილს შორის აკეთებდა, ჰოლოკოსტმა, რომელიც  გერმანიის ნაცისტური ხელისუფლებისა და მისი მოკავშირეების მიერ ებრაელების, ბოშების, ჰომოსექსუალებისა და სხვა უმცირესობების მასიური გენოციდის გულისხმობდა –  6 მილიონზე მეტი ებრაელის სიცოცხლე შეიწირა.

 

პროგრამა „ებრაელების საკითხის საბოლოო გადაწყვეტა” გერმანული პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დავალება იყო. ომის დაწყებისთანავე ნაცისტებმა  ის რეგიონები დაიპყრეს, რომლებიც ებრაელებით ყველაზე მჭიდროდ იყო დასახლებული. პოლონეთში იქმნებოდა, ე.წ. „სიკვდილის ბანაკები”, რომლებიც გათვალისწინებული იყო სწრაფი განადგურებისთვის.

 

ნადგურდებოდა უნიკალური ებრაული კულტურა; ნადგურდებოდა მოგონება, რომ ებრაელი ერი საუკუნეების განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპის განუყოფელი ნაწილი იყო.
თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად ცდილობდნენ ბოროტების იმპერიასთან ბრძოლას. მათ შორის იყო – ოსკარ შინდლერი.

 

1944 წელს პოლონეთში, კრაკოვში, ერთ-ერთ ქარხანაში 1000-ზე მეტი ებრაელი მუშაობდა. შინდლერმა მოახერხა მათი დაცვა დეპორტაციისა და მათი ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში გაგზავნისგან.  დროთა განმავლობაში შინდლერი ნაცისტ ოფიცრებს ქრთამსა და ძვირფას საჩუქრებს აძლევდა, რათა ებრაელი მუშები უსაფრთხოდ შეენახა.

 

ისტორიას გმირები უყვარს. შინდლერის გმირობის ამბავი კი წიგნის ფურცლებზე მოხვდა. 1982 წელს გამოქვეყნდა ავსტრალიელი ნოველისტის თომას კენელის რომანი „შინდლერის კიდობანი”, რომელმაც „ლოს-ანჯელეს თაიმსის” ლიტერატურული ჯილდო მოიპოვა.  რეალურ ისტორიულ ნოველას, რომელშიც   ნამდვილი ადამიანები და ადგილებია აღწერილი, ავტორი გამოგონილი დიალოგებითა და სცენებით გვიყვება.

მოგვიანებით გერმანელი ნაცისტის ამბავი კინოეკრანზე გადაინაცვლებს. 1963 წელს ებრაელების შესახებ ფილმის გადაღების იდეა გაჩნდა.

რეჟისორი სტივენ სპილბერგი ამ ისტორიით დაინტერესებული იყო და მას ისე მიუდგა, როგორც დოკუმენტურ კინოს. ფილმის პრემიერა 1993 წელს შედგა და ის მაშინვე საუკეთესო ფილმების სიაში მოხვდა. 2007 წელს კი ამერიკის ფილმების ინსტიტუტმა „შინდლერის სიას” ყველა დროის საუკეთესო 100 ამერიკული ფილმის სიაში მერვე ადგილი მიანიჭა.

ის, ვინც ერთ სულს გადაარჩენს, გადაარჩენს მსოფლიოს. ოსკარ შინდლერმა 1000-ზე მეტი ებრაელის სიცოცხლე იხსნა. ისინი ნაცისტურ რეჟიმს მისი მეშვეობით გადაურჩნენ. 2012 წლის ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ აშშ-ში ევროპასა და ისრაელში შინდლერის მიერ გადარჩენილი ებრაელების 8 000-ზე მეტი შთამომავალი ცხოვრობდა.

შინდლერი 1974 წელს გერმანიაში გარდაიცვალა. დაკრძალულია იერუსალიმში.  ისრაელის მთავრობამ მას „ერთა შორის მართალი“ უწოდა. ის ერთადერთი ნაცისტია, რომელსაც ასეთი პატივი მიაგეს.

 

სივრცითი წარმოდგენების ფორმირების ზოგიერთი მეთოდი

0

ისტორიულ ფაქტებთან ნაცნობობა, ცალკეული თუ გლობალური მნიშვნელობის მოვლენების გააზრება უპირველესად დაკავშირებულია  სივრცესა და დროში ლოკალიზაციასთან. ეს ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა მოსწავლეთა მიერ ისტორიული პროცესების გააზრებისა და შემეცნებისათვის, რომელი უნარ-ჩვევაც ძირითადად მოსწავლეთა მიერ კარტოგრაფიის (მეცნიერება ობიექტური სინამდვილის საგნებისა და მოვლენების კონკრეტული სივრცის და მისი დროის მიხედვით ცვალებადობის შესახებ)  ცოდნასა და უნარებს ეყრდნობა.

კლასიდან კლასში გადასვლასა და ასაკის ზრდასთან ერთად რთულდება სივრცითი ლოკალიზაციის მასშტაბები, რუკასთან შესასრულებელი სამუშაო, თუმცა იზრდება მოსწავლეთა მიერ სამუშაოს დამოუკიდებლად შესრულების ალბათობაც. სწავლის საფეხურების მიხედვით ამ საკითხზე მიდგომებიც განსხვავებულია: სწავლის დაწყებით საფეხურზე მოსწავლის საქმიანობა ძირითადად მოდელის მიხედვით ხდება – რუკაზე უნდა იპოვონ ესა თუ ის გეოგრაფიული ობიექტები, ქვეყნის საზღვრები  ანდა სახელმძღვანელოს ფურცლებზე უნდა აღმოაჩინონ ობიექტების ადგილმდებარეობა და ა.შ.

შემდეგ ეტაპზე კი:

  • მოსწავლეები მასწავლებლის მიერ სიტყვიერად აღწერილ ობიექტებს იპოვიან რუკაზე;
  • ან თავისი სიტყვებით აღწერენ რუკაზე მითითებული ობიექტის ადგილმდებარეობას.

სწავლის ამავე ეტაპზე მოსწავლეები სწავლობენ რუკის გამოყენებას ისტორიული ცოდნის შეძენისთვისაც, ანუ იყენებენ რუკას, როგორც ისტორიულ წყაროს, მაგალითად, შეუძლიათ ლეგენდებსა და გადმოცმებში ნახსენები ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობის განსაზღვრა, მეომარ  სახელმწიფოთა საზღვრებისა და ლაშქრობების მიმართულების დაფიქსირება, მოგზაურთა  მიმართულებების  განსაზღვრა და სხვ. ეს ყველაფერი ხორციელდება მასწავლებლის ხელმძღვანელობით, სახელმძღვანელოში არსებული  შეკითხვებისა და დავალებების შესრულების გზით.

ძლიერი მოსწავლეებისათვის არსებობს ინდივიდუალური სავარჯიშოებიც:

  • ერთმანეთს შეადარონ ცალკეული ცივილიზაციები (მაგალითად, ეგვიპტე და შუამდინარეთი) და გააკეთონ დასკვნები მათი მსგავსება-განსხვავების შესახებ.

მუშაობის შემდეგ ეტაპზე მოსწავლეები თანდათანობით გაიგებენ, რომ ამა თუ იმ ისტორიულ რუკაზე ასახულია კონკრეტული ქრონოლოგიური პერიოდის რეალობაც. მომდევნო საფეხურზე, საბაზო და საშუალო საფეხურზე, სივრცობრივი აღქმის გასააქტიურებლად მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს კითხვები: „დაადგინე, რომელი დრო  (წელი, საუკუნე), პერიოდი და რომელი  ტერიტორიებია  ასახული  რუკაზე?“ და ა.შ.

სწავლის სამივე საფეხურზე ისტორიულ რუკასთან მუშაობის  შესაძლო ტიპები და დავალებები:

  1. რვეულში შეავსეთ ცხრილი, რომელიც შედგენილია შემდეგი რუკის – „საქართველო – VII-VIII საუკუნეებში“ (იხ. სურ.1) საფუძველზე:
საქართველოს ძირითადი ადმინისტრაციული ერთეულები

VII-VIII სს-ში

 

იმდროინდელი საქართველოს დიდი ქალაქები

 

მნიშვნელოვანი ობიექტები

 

 

მეზობელი ტომები  და გაერთიანებები

 

—- —- —-

 

  1. ისტორიულ რუკაზე მუშაობის გაადვილებისათვის ეფექტურია მრავალფეროვანი სავარჯიშოებიც, მაგალითად, ისეთი სავარჯიშოების, როგორიცაა სავარჯიშო „შევეცადოთ უფრო სწრაფად“:
  • შეადარეთ ერთმანეთს ორი რუკის შინაარსი (სახელმძღვანელოს რუკა ან სხვ.), მაგალითად, „საქართველო XI ს-ის დამდეგს“  რუკას – „საქართველო XII ს.-ში“. აღწერეთ, რა ცვლილებებია მოხდა საქართველოს რეალობაში ამ ორი რუკის მიხედვით;
  • ან – მოცემულ ატლასში იპოვეთ XIII ს.-ის დასაწყისის საქართველოს რუკა, მოხაზეთ ქვეყნის საზღვრები და დამოუკიდებელი მხარეები;
  • ამავე რუკაზე დაყრდნობით დაადგინეთ, მონღოლეთისგან დამოუკიდებელი რომელი სამფლობელოები არსებობს ამ დროს;
  • იპოვეთ   დამოუკიდებელი ერთეულების ცენტრები  და სხვ.
  1. ისტორიულ რუკაზე მუშაობა: „მსოფლიო ისტორიულ ატლასში“ იპოვეთ რუკა – „რუსეთი  XVII ს.-ის 40-იან წლებიდან XVIII საუკუნის დამდეგამდე“, ან გამოიყენეთ  ინტერნეტსაიტი https://ru.wikipedia.org/wiki/XVII

მოცემული რუკის მიხედვით:

  • აღწერეთ რუსეთის ტერიტორია XVIII ს.-ში, რომელ ზღვებზე ჰქონდა გასასვლელი მას ამ დროს?
  • რუკის ანალიზის საფუძველზე  აღწერეთ რუსეთის  ბუნებრივი რესურსები, რომლებიც გავლენას ახდენენ ქვეყნის საზოგადოებრივ განვითარებაზე;
  • დაასახელეთ და მოხაზეთ რუკაზე ის ტერიტორიები, რომლებიც XVIII ს.-ში რუსეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა;
  • იმუშავეთ ისტორიულ რუკასთან, რომელშიც ასახულია რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს მიწები; დაადგინეთ როდის და როგორ გამოეყვნენ ისინი საქართველოს.
  1. „ვითამაშოთ რუკაზე“: 7-8 კლასში შესაძლებელია კარტოგრაფიული ცოდნის გამდიდრება თამაშის გამოყენებით. მაგალითად, თამაში „შეაგროვე რუკის ნაწილები“ – აგებულია საბავშვო კუბიკების მაგალითზე. თამაშის დროს რომელიმე რუკა „დანაკუწდება“, დაიყოფა ნაწილებად. მას შემდეგ კი, რაც სათანადო ნაწილს იპოვიან, მოსწავლეები მასწავლებლის მითითებით რუკას ხელახლა ააწყობენ. თამაშის მიზანია: მოსწავლეებმა შეძლონ სწრაფად შეკრიბონ რუკის ნაწილები და გაამთლიანონ ის. აღნიშნული თამაში შეიძლება ჩატარდეს ინდივიდუალურად და ჯგუფურად. ასეთი თამაშისთვის ძირითადად დაზიანებული რუკები გამოიყენება, რომელზე დაწებებით პრაქტიკულად ვიღებთ ახალ რუკებს, თანაც მოსწავლეთა ხელით შემქნილს.
  2. რუკებს შორის გამოიყოფა სქემატური რუკებიც. მათზე მონიშნულია რუკის მხოლოდ ძირითადი ელემენტები, რომლებიც აუცილებელია ამა თუ იმ ისტორიული პროცესის აღსაწერად, მაგალითად, ხაზართა განსახლებების რუკა(VII ის 20-იანი ..) (იხ. სურ. 1)მოგვითხრობს:
  • აღნიშნული პერიოდისთვის ხაზართა მეზობლების შესახებ;
  • აღნიშნული დროისთვის ხაზართა ექსპანსიის მიმართულებებზე;
  • საქართველოში ლაშქრობის მიმართულებაზე და ა.შ.

ამიტომ ამ საკითხებზე მოსწავლეთა ყურადღების გამახვილებით ვზრდით მათი ცოდნის დონესაც და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსაც.

სურ.1.

 

 

მოცემული  მეთოდები კონკრეტული მიზნების მიღწევაში ეხმარება მოსწავლეებს და ამავე დროს საშუალებას აძლევს მასწავლებელს, შეამოწმოს მოსწავლის სივრცესა და დროში ორიენტირების ხარისხი, ცოდნა და ანალიზის უნარებიც. ამიტომ ისინი, როგორც სასწავლო მასალის ათვისების ხელშემწყობის რესურსი, საგაკვეთილო პროცესში წარმატებით გამოიყენება.

 

გოგოლის გმირები გორი-თბილისის ავტობუსში

0

წინა საუკუნის ამბავია – იმდროინდელი, გორი-თბილისის ავტობუსში ფეხზე დასადგომი ადგილის შოვნა მგზავრისთვის დიდ გამართლებას რომ ნიშნავდა. მე კი იმდენად გამიმართლა, მართალია, სულ ბოლო რიგში, ფანჯრისგან მოშორებით, მაგრამ მაინც ვიჯექი და ერთიანად გადავსებული ავტობუსის დაძვრას ველოდი. თავზე ახალგაზრდა კაცი მადგა, სუფთად ჩაცმული, ზომიერად სრული, გულწრფელი საუბრის გაბმის მოსურნე. კარგად აღარ მახსოვს, მგონი, სულაც იმან დამითმო, ალბათ, სიმწრით მოპოვებული ეს ადგილი.

თავიდანვე მივახვედრე, დიდად გულითად ვინმესთან რომ არ ჰქონდა საქმე. მოსმენით კი ვუსმენდი, მაგრამ თითოსიტყვიან პასუხებს ვუბრუნებდი. უცნობთან გულის გახსნას, ჩვეულებრივ, ხმის ამოუღებლად  მგზავრობა მერჩია. არადა, არ მეშვებოდა, თან მეტისმეტად თავაზიანი იყო, ფრთხილი, წინდახედული. ისეთი განცდა გამიჩნდა, რომ საიდანღაც ვიცნობდი, ოღონდ ამაზე არაფერი მითქვამს – ლაპარაკის საღერღელაშლილს ახალი თემა არ შევთავაზო-მეთქი.

სანამ იგოეთში შევიდოდით, მეტისმეტი მონდომებისა და საკვირველი მოხერხებულობის წყალობით, შეიტყო, რომელ უნივერსიტეტში ვსწავლობდი, რა ფაკულტეტზე, გორში როგორ გავატარე შაბათ-კვირა, ზაფხულის არდადეგებს სად ვატარებდი, რომელ კლასში იყო ჩემი ძმა, რა ერქვა მამაჩემს, თბილისში ვისთან ვცხოვრობდი, ზვიად გამსახურდიას მომხრე ვიყავი თუ არა, უნივერსიტეტს რომ დავამთავრებდი, გორში დავბრუნდებოდი თუ არა… ბოლოს, უბრალოდ, გავჩუმდი. ხმას რომ აღარ გავცემ, უზრდელად კი ჩამთვლის, მაგრამ საუბრის ხალისსაც დაკარგავს და ეს უკვე კარგი ამბავი იქნება-მეთქი. ნეტარ არიან თავის გამოსაჩენად განწყობილი ახალგაზრდა კაცების უდროოდ დაწყნარების მოიმედენი!

კითხვებზე პასუხს აღარ ვუბრუნებდი, ის კი ნირშეუხრელად აგრძელებდა საკუთარი მოსაზრებების გაცნობას ჩემთვის – ყოვლად უმადური, ყოველმხრივ გამოუსადეგარი თანამგზავრისთვის. კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო: წინ თავაზიანობის განსახიერება მედგა, რა ღონეს არ ხმარობდა, რომ იმ სივიწროვეში ფიზიკურად არ შევეწუხებინე.

მცხეთას ვუახლოვდებოდით, თავი რომ ავწიე და ახალგაზრდული დაუნდობლობით ვუთხარი: მივხვდი, ვის მაგონებთ… ვის და გოგოლის ჩიჩიკოვს-მეთქი.

ხმა ჩაუწყდა. კარგა ხანს ვეღარაფერი თქვა, ბოლოს კი მაინც – რატომ ჩიჩიკოვსო?

ახსნა არ დამიწყია. ისე, უბრალოდ-მეთქი.

ეწყინა. ჩემკენ აღარ იხედებოდა, თუმცა კი ლაპარაკს აგრძელებდა. ხმამაღლა ფიქრობდა გოგოლის გმირსა და იმ საერთოზე, რაც დამკვირვებლის თვალში მასთან შეიძლება ჰქონოდა. ვაღიარებ: უკვე მეტ-ნაკლები ყურადღებით ვუსმენდი. დარჩენილი გზაც შედარებით სწრაფად გავიარეთ.

ამდენი წლის შემდეგ საგულისხმოდ სწორედ ის მეჩვენება, რისთვისაც მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია: გორი-თბილისის ავტობუსში გაცნობილ ახალგაზრდა კაცს გოგოლის „მკვდარი სულები“ არა მხოლოდ წაკითხული ჰქონდა, კარგად ახსოვდა და მის მთავარ გმირზე ხმამაღლა მსჯელობაც შეეძლო. ცხადია, შეგვიძლია ვთქვათ: სხვა ეპოქის შვილი იყო, საბჭოთა სკოლაში რუსული ლიტერატურა მეტ-ნაკლებად კარგად ისწავლებოდა (დღეს საერთოდ თუ ისწავლება, ყველაზე მნიშვნელოვანი ტექსტები მაინც, არც კი ვიცი), იქნებ სულაც სკოლა ან უმაღლესი სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული რუსეთში და რუსული ლიტერატურითაც ბუნებრივად დაინტერესდა იმ გარემოში მოხვედრილი…

„ავტორისათვის, რომელსაც კარგა ხანია, მოწიფულობისთვის მიუღწევია, რომელიც მკაცრ შინაგან ცხოვრებასა და სიმარტოვის მაცოცხლებელ სიფხიზლეს გაუწვრთნია, შეუფერებელიცაა, ჭაბუკურ თავდავიწყებას აჰყვეს – ყველაფერს თავისი დრო, ადგილი და რიგი აქვს“, – ეს სიტყვები „მკვდარი სულების“ ბოლო წაკითხვისას მომხვდა თვალში. თუ წვრთნაა, ბარემ ასეთი იყოს-მეთქი, გავიფიქრე. სწორედ ამიტომ მგონია გოგოლი ჭაბუკური თავდავიწყების წლებში წასაკითხი მწერალი – მოწიფულობის ძნელ გზაზე შემდგარი, თვალთმაქცობის, უსამართლობის, ბოროტების პირისპირ აღმოჩენილი, უკეთეს მეგზურსა თუ მასწავლებელს ვერ ინატრებ.

„მკვდარი სულების“ გადაკითხვა რამდენიმე დღის წინ დავასრულე – სტუდენტობის წლების შემდეგ პირველად დავუბრუნდი. ისევ ის განცდა გამიჩნდა, თითქოს მის ყველა გმირს ვიცნობდი, თითქოს ყველა მყავდა ნანახი გორი-თბილისის მგზავრებით გადავსებულ, ძველ, ხმამაღლა მორახრახე ავტობუსში: მანილოვიც, კორობოჩკაც, ნოზდრევიც, ხლობუევიც, სობაკევიჩიც, თვით მეეტლე სელიფანი და ლაქია პეტრუშკაც კი… ზოგჯერ შეიძლება გვერდით მიიხედო და ორი გმირი ერთდროულად აღმოაჩინო თავისუფალ ადგილას დიდი ქოთქოთით დამჯდარ, მუხლებზე ხელჩანთაშემოდებულ შუა ხნის ქალში, ან იმ ხმელ-ხმელ კაცში, სკამზე რომ ცქმუტავს და გორში, ვერხვების დასახლებაშივე რომ ურეკავს ვიღაცას: „აი, თბილისში შემოვდივართ უკვე…“

ნეტარ არიან მკითხველები, რომლებიც თავის ყოველი მიბრუნებისას ვიღაცას ცნობენ!

 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შედეგებთან გამკლავება 

0
გუშინ საღამოს 51-ე სკოლის წინ შეიკრიბა ხალხი ორი დაღუპული მოზარდის მიმართ გლოვის გამოსახატავად. ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, რისი გაკეთებაც შეუძლია დღეს საზოგადოებას – გვერდში დაუდგეს ბავშვების ოჯახებს, კლასელებს, სკოლას, ამ დიდი გამოუსწორებელი დანაკლისის გამოგლოვებაში.

მნიშვნელოვანია, რომ დაღუპულთა ოჯახებს, კლასელებს, პედაგოგებს, ახლობლებს, ჰქონდეთ იმის იმედი და რწმენა, რომ მკვლელობაში დამნაშავე ყველა მოზარდი პასუხს აგებს კანონის წინაშე. დაუსჯელობა დაღუპავს დანაშაულის ჩამდენებს, და არც საზოგადოებას დაიცავს ამგვარი უბედურების მომავალში განმეორებისაგან.
მაგრამ, არც მხოლოდ დასჯაა გამოსავალი. სასურველია დანაშაულის ჩამდენი მოზარდების მიმართ, დასჯასთან ერთად, აღდგენითი მართლმსაჯულების მიდგომა იყოს გამოყენებული, რომელიც მათ საკუთარი დანაშაულის გაცნობიერებისა და მონანიების პირობებს შეუქმნის.
მნიშვნელოვანია გააცნობიერონ თავისი წილი პასუხისმგებლობა სკოლებმა, რომელშიც როგორც მკვლელობის ჩამდენი, ასევე მოკლული მოზარდები სწავლობდნენ – რა რგოლში მოხდა შეცდომა, სად მოდუნდა ყურადღება, როგორ ვერ შეამჩნიეს რომ მათ მოსწავლეებს, ფაქტობრივად, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ჰქონდათ. ის, რაც მოხდა, არ არის სპონტანური ან აფექტში ჩადენილი დანაშაული. ამ დანაშაულს, უდავოდ, გარკვეული პრეისტორია ჰქონდა, რომლის საგანგაშოობა გარშემომყოფებმა ვერ შეაფასეს, ვერ დაინახეს, გამოეპარათ.
ასევე, მნიშვნელოვანია მომხდარში საკუთარი წილი პასუხისმგებლობა თითოეულმა ჩვენგანმა დავინახოთ, გამომდინარე ჩვენს საზოგადოებაში გავრცელებული ისეთი პრობლემებიდან, როგორიცაა: დაბალი მგრძნობიარობა ძალადობის მიმართ, დადუმება იქ სადაც რეაგირებაა საჭირო, პრობლმების მოგვარების ნაცვლად დამნაშავის ძიება (ხშირად საკუთარი შეცდომების არ-აღიარების ფონზე), კანონის უზენაესობის არასაკმარისი პატივისცემა და ა.შ. ბევრი მიზეზია, რის გამოც მომხდარის პასუხისმგებლობა ყველა ჩვენგანის პრობლემაა და არა მხოლოდ ცალკეული სკოლებისა თუ ოჯახების.
დღეს ტელევიზიიდან შევიტყვეთ, რომ შსს მინისტრის ინფორმაციით, გამოძიებასთან მოსწავლეების უმრავლეობა არ თანამშრომლობს. ეს, შესაძლოა, იმის მანიშნებელი იყოს, რომ მათ მართლმსაჯულების იმედი არ აქვთ. ის, რომ უფროსკლასელებმა თავისი დავის გადაწყვეტაში არც მშობლები, არც სკოლა ჩართეს და სასიკვდილო საფრთხის სიტუაციაშიც კი პოლიცია არ გამოიძახეს – შესაძლოა იმის მანიშნებელი იყოს, რომ მათ არ ჰქონდათ იმის იმედი, რომ უფროსების სამყარო შეძლებდა მათ დახმარებას, დაცვას. ან, შესაძლოა, უბრალოდ არ იცოდნენ სასიკვდილო საფრთხის შემცველი სიტუაციების ამოცნობა; ან, არ იცოდნენ როგორ უნდა ემოქმედათ კრიზისულ ვითარებაში. მნიშვნელოვანია, რომ აქედან გაკვეთილები გამოვიტანოთ და გადავსინჯოთ აღზრდის სტრატეგიები, ასევე, ჩვენი ქცევაც, რომელსაც მოზარდები სოციალურად დაისწავლიან.
ამ დღეებში ხშირად გაიჟღერა, რომ ფსიქოლოგებმა უნდა ახსნან, თუ რა მოხდა. მინდა ვთქვა, რომ არც ერთ პროფესიულ ჯგუფს – არც ფსიქოლოგებს, არც იურისტებს, არც ფსიქიატრებს, არც განათლების მუშაკებს და ა.შ. – არა აქვს ამაზე მზა პასუხები. პასუხები მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებულ კითხვებზე ყველამ ერთად უნდა ვეძიოთ – პოლიტიზირების, განტევების ვაცის ძიებისა და უერთიერთბრალდებების გარეშე.
ქვემოთ შემოგთავაზებთ გარკვეულ რეკომენდაციებს პედაგოგებისათვის/სკოლებისათვის, ფსიქოტრავმატოლოგიის პერსპექტივიდან:
– სკოლებმა, სასურველია, ხელი შეუწყონ დაღუპულ მოსწავლეთა კლასელებს, მეგობრებსა და პედაგოგებს მომხდარი ტრაგედიის გამოგლოვებაში. ეს, შესაძლოა, იყოს დაღუპული მოზარდების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. ეს პროცესი დღეს სპონტანურად უკვე დაიწყო 51-ე სკოლაში;
– სასურველია სკოლა დაეხმაროს მოსწავლეებს საქმის ობიექტური გამოძიების მნიშვნელობის გაცნობიერებაში, და იმის გააზრებაში, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობა ამგვარი ტრაგედიის მომავალში თავიდან არიდების აუცილებელი პირობა და სამოქალაქო ვალია. აქ ძალიან მნიშვნელოვანია თავად ჩვენი, ზრდასრულთა განწყობები – იმისათვის, რათა მოსწავლე თუ შვილი დაარწმუნო გამოძიებასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაში, თავად უნდა გქონდეს მართლმსაჯულების სისტემის ნდობა, რწმენა და იმედი, რაც, სამწუხაროდ, დეიფიციტია ჩვენს ქვეყანაში;
– პედაგოგებმა, კლასების დამრიგებლებმა, სასურველია შეუწყონ ხელი მოსწავლეებს მომხდარის გააზრებაში, ახსნაში, იმის გაცნობიერებაში, თუ რა შეიცვალა მომხდარი ტრაგედიის მერე, რას ვეღარ დაიბრუნებენ ვერასდროს, მაგრამ, ამავე დროს – რა შეუძლიათ მათ გააკეთონ თავად, იმისთვის, რომ მსგავსი უბედურება მომავალში აღარ დატრიალდეს, და დაღუპული მეგობრების ხსოვნა უკვდავყონ. ეს შესაძლოა იყოს სკოლაში ბულინგის საწინააღმდეგო პროგრამის დანერგვა, არაძალადობრივი კლიმატის განვითარებაზე ზრუნვა ამა თუ იმ მეთოდით და სხვა;
– მიუხედავად ტრაგედიისა, სასურველია, რომ სასწავლო პროცესი არ შეწყდეს: ყოველდღიურ რუტინულ სასწავლო აქტივობებში ჩართვა ხელს შეუწყობს სიტუაციის ნორმალიზებას, ბავშვებისა და მოზარდების (და ასევე, პედკოლექტივის) შფოთვის დაქვეითებას, ტრაგედიასთან გამკლავებაზე ერთობლივ ზრუნვას და ურთიერთის თანადგომას, დაღუპული მოზარდების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დაგეგმვას;
– მოსწავლეებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ მართლმსაჯულების სისტემა სამართლიანად გამოიძიებს მომხდარს, დამნაშავეები პასუხს აგებენ კანონის წინაშე, და რომ ზოგადად სახელმწიფოს, სკოლას, ოჯახს შეუძლიათ მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
– სავარაუდოდ, ბავშვების ერთერთი ძლიერი სტრესორი შექმნილ ვითარებაში სწორედ უსაფრთხოების დეფიციტის განცდაა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია სკოლამ, როდესაც ეს პირველი შოკური პერიოდი გაივლის, სკოლის ყველა სუბიექტთან (მოსწავლეებთან, მშობლებთან, პედაგოგებთან) ერთად იმსჯელონ იმაზე, თუ როგორ მოიქცნენ ამა თუ იმ რთულ ვითარებაში, როგორ ამოიცნონ ავთისებიანი კონფლიქტისა თუ სხვა მომწიფებადი კრიზისის ნიშნები, თუ საჭიროა ამისათვის შესაბამისი პროფესიონალები მოიწვიონ, დაგეგმონ ამა თუ იმ კრიზისის დროს ინფორმირების, რეაგირების, ძალადობის პრევენციის სტრატეგია და ქცევის შესაბამისი ალგორითმები;
– შესაძლოა, ბავშვებს დაეწყოთ გარკვეული სიმპტომები – განმეორებადი უნებლიე მოგონებები გადატანილ სტრესულ სიტუაციაზე, მაღალი შფოთვა, ძილის დარღვევები, ე.წ. „გადარჩენილის ბრალეულობის განცდა“ (უმიზეზო, ირაციონალური დანაშაულის გრძნობა იმის გამო, რომ მეგობარი დაიღუპა თავად კი ცოცხალია), ან ბრალეულობის განცდა რომ ვერ შეაჩერა ის რაც მოხდა (და რისი შეჩერებაც არ იყო მის შესაძლებლობების ფარგლებში), ჭარბი ემოციურობა, ადვილად გაბრაზება და წონასწორობიდან გამოსვლა, იზოლაცია და სხვებისგან განაპირებულად ყოფნა, და ა.შ. ამას ვუწოდებთ „ნორმალურ რეაქციებს არანორმალურ სიტუაციაზე“;
– გარდა ამგვარი ტრავმული სიმპტომებისა, შესაძლოა ბავშვს ტრავმული გამოცდილების საპასუხოდ მწვავე სტრესული რეაქცია განუვითარდეს – რომლის დროსაც ამ სიმპტომების სიმწვავე ისეთია, რომ იგი ყოველდღიური რუტინული საქმიანობის გაწევას ვერ ახერხებს. ამ შემთხვევაში იგი პროფესიულ დახმარებას საჭიროებს ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტის მხრიდან;
– სხვა შემთხვევათა უმრავლესობაში, ტრავმული სიმტპომების ინტენსივობა და სიხშირე ერთი თვის მანძილზე ალაგდება. ამ სიმპტომების გასამკლავებლად ბავშვს/მოზარდს ესაჭიროება პოზიტიური ყურადღება უფროსების (მშობლების, პედაგოგების) მხრიდან, იმის ცოდნა, რომ უფროსი მას მხარში უდგას, მისი ესმის, მას მოუსმენს, თანაუგრძნობს, გაიგებს, გაუგებს და მიიღებს მის ემოციებს, აზრებს, დაელაპარაკება, დაეხმარება გარკვეულ შეკითხვებზე პასუხების მოძიებაში;
– მნიშვნელოვანია ამ სიტუაციაში დავაკვირდეთ ამ სიმპტომების დინამიკას: მიდის თუ არა კლებაზე მათი ინტენსივობა და სიხშირე. თუ არ მიდის, მაშინ სასურველია რომ ბავშვს პროფესიული დახმარება ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტმა გაუწიოს. განათლების სამინისტროში უფასო ფსიქოლოგიური სამსახურია, რომელიც, რამდენადაც ვიცი, მზადაა მომსახურების გასაწევად.

მრავალრიცხოვანი კლასი – მრავალფეროვანი გარემო – ინდივიდუალური მიდგომა

0

მასწავლებლების აზრით, გაკვეთილის ხარისხს, სხვა უამრავ ფაქტორთან ერთად, კლასში მოსწავლეთა რაოდენობაც განსაზღვრავს. ნაწილი მიიჩნევს, რომ მცირე რაოდენობის მოსწავლეებთან, ე.წ. კამერულ კლასში, გაკვეთილის მიზნები უკეთ მიიღწევა, მოსწავლეთა ჩართულობა- უფრო მაღალია და მათი თავისებურებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით ინდივიდუალურ მიდგომასაც უკეთ ახერხებენ. სხვების აზრით, მცირერიცხოვან კლასში შეუძლებელია სწავლების ისეთი მეთოდების გამოყენება, როგორიცაა, მაგალითად, ურთიერთთანამშრომლობით სწავლება, ჯგუფური მუშაობა, გაუარესებულია სოციალური ურთიერთობები და აკადემიური სირთულეებიც იჩენს თავს.

ამჯერად მცირერიცხოვანი და დიდი კლასების უპირატესობების ან ნაკლის ჩვენება არ გახლავთ ამ ბლოგის მიზანი. მინდა გაგაცნოთ კოლეგა, რომელსაც მრავალრიცხოვან კლასებთან მუშაობის საინტერესო გამოცდილება აქვს.

როგორც თავად ამბობს, პროფესია ალტერნატიული პედაგოგიკის გაცნობისა და გაცნობიერების შედეგად აარჩია: „ყოველთვის  დიდი სიყვარულით ვიხსენებ ჩემი დაწყებითი კლასის პედაგოგს და ქართულის მასწავლებელს, რომლებმაც არაჩვეულებრივი წლები მაჩუქეს სკოლაში, მაგრამ ზუსტად ვიცი, ეს დადებითი ასპექტი საბჭოთა განათლების სიცრცეში  ცალკეული ადამიანების ინიციატივაზე გადიოდა. ყოველთვის ვფიქრობდი, რაღაც უნდა არსებობდეს, განსხვავებული მოცემულობა განათლების სივრცეში, რომელიც ალტერნატიული პედაგოგიკის სახით საჩუქრად მებოძა საკმაოდ ადრეულ ასაკში და გადამაწყვეტინა გავმხდარიყავი მასწავლებელი“…

თეა როგავა ხელოვნების ისტორიის მასწავლებელია. თითქმის ოცწლიანი პედაგოგიური პრაქტიკა აქვს – აუგსბურგის, ულმის, მარბურგის, შტუტგარტის სკოლებში ხელოვნების ისტორიისა და ხატვის მასწავლებლის პროფესიას ხვეწდა და მრავალრიცხოვან კლასთან ინდივიდუალიზირებული მიდგომების ევროპული გამოცდილებაც იქ დააგროვა.

მის გაკვეთილებს არაერთხელ დავსწრებივარ და ის, რაზეც ხელოვნების ისტორიის მასწავლებელი ამ ინტერვიუში საუბრობს, თავადაც მინახავს. ინტერვიუს მიზანიც სწორედ ამ პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების სურვილია.

მრავალრიცხოვანი კლასი მასწავლებლისთვის გამოწვევა და ხშირად, დისციპლინის თვალსაზრისით,  პრობლემაცაა. თქვენ როგორ აღიქვამთ დიდ კლასს?

უდავოა, მრავალრიცხოვანი კლასის მართვა, დასახული საგაკვეთილო მიზნების მიღწევა დიდ კლასში გაცილებით რთულია, მაგრამ მოსწავლეების რაოდენობა ამ შემთხვევაში არ გახლავთ გადამწყვეტი. ამის მიზეზი, უმეტესწილად,შეუსაბამო მეთოდები და მიდგომაა.

თუმცა თქვენ იმ მასწავლებლებს მიეკუთვნებით, რომლებიც მიიჩნევენ, რომ დიდი  ლასი მრავალფეროვან სამუშაო სივრცედ შეიძლება იქცეს…

ჩემი გამოცდილებით, სწორედ ასეა. მრავალრიცხოვან კლასში საკითხის გააზრება, შეჯამება, დისკუსია,დასკვნების გაკეთება და სხვა სასწავლო მიზნების მიღწევა ბევრი მოსწავლის ჩართულობით ერთმნიშვნელოვნად უფრო მრავალფეროვანი და მრავალგვარი პროცესია. ეს  სასწავლო მასალის სიღრმისეული გააზრების საწინდარი შეიძლება გახდეს. მრავალრიცხოვან კლასებში მოსწავლეთა მრავალგვარობა პირველივე დღიდან თვალსაჩინოა მასწავლებლისთვის და, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, სწორედ ამ მრავალგვარობაზე გადის მოსწავლის ინდივიდუალიზაციის პროცესი. რამდენიმე თვის წინ ჩემი ყოფილი მოსწავლის ფრაზამ, „ყოველთვის მეგონა გაკვეთილს პირადად ჩემთვის ამზადებდითო“, დამარწმუნა დიდ კლასში გაკვეთილებზე გამოყენებული არაერთი სასწავლო მეთოდის ეფექტიანობაში.

თუ სწორად გავიგე, საუბარია მოსწავლის ინდივიდუალური თავისებურებების, მისი შესაძლებლობების საგაკვეთილო პროცესში უკეთ რეალიზებაზე, ეს კი დიდ კლასში უკეთ ხერხდება, ვიდრე კამერულ კლასში.როგორ?რა არის ამ მიზნის მისაღწევად საჭირო?

თავდაპირველად, ცხადია, ამ თავისებურებების შემჩნევაა მნიშვნელოვანი. დღეს ბევრი იწერება იმაზე, რომ სწავლა-სწავლების პროცესში უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ინდივიდუალური,  შინაგანი სამყაროს გათვალისწინებას, რადგან სწავლება გულისხმობს სწორედ ამ შინაგანი, ფარული შესაძლებლობების აღმოჩენასა და რეალიზებასაც. მასწავლებელს სხვადასხვა ხასიათის ადამიანებთან აქვს ყოველდღიური შეხება, მოსწავლეთა ქცევასა და ხასიათზე დაკვირვება საშუალებას გვაძლევს უკეთ გავიცნოთ ისინი, სხვადასხვა მონაცემებისა და ხასიათის თავისებურებების მქონე მოსწავლეებს კი მიდგომაც განსხვავებული სჭირდებათ.

განვიხილოთ მოსწავლეთა გარკვეული ტიპები და ამის გათვალისწინებით მათი გონივრული ჩართვა საგაკვეთილო პროცესში…

მაგალითად, არსებობენ მოსწავლეები, რომელებიც მხოლოდ  მოკლე დროით ინტერესდებიან შინაარსებით და მალევე კარგავენ ამ ინტერესს, საკითხს განიხილავენ ზედაპირულად, გამოხატავენ ინტერესს ერთროულად ყველაფრისადმი რაც მათ ირგვლივ ხდება , რაც საკითხის სიღრმისეული გააზრების საშუალებას სრულადგამორიცხავს. ისინი რჩებიან აღქმებისა და შეგრძნებების დონეზე.

ვხვდებით მოსწავლეებს, რომლებიც საკუთარ ფიქრებში ჩაძირულნი, გულჩათხრობილნი, გარე სამყაროსადმი ინტერესს გარეგნულად არ ამჟღავნებენ, თუმცა შინაგანი ინტერესითა და შინაგანი ქმედებებით არიან დაკავებულნი. შინაგანად და გარეგნულად უმოქმედო მოსწავლეებიც მრავლად მოგვეპოვება, რომელთა ინფანტილიზმი და ინდიფერენტულობ ახანდახან გადაულახავ პრობლემად ევლინება პედაგოგს.

ამავდროულად, აქტიური, ძლიერი ნებით, ერთგვარი სიფიცხით გამორჩეული მოსწავლეები კლასის სამუშო პროცესს აცოცხლებენ და ხანდახან წარმართავინ კიდეც გაკვეთილს.

თუ მოსწავლე სრულად ინდიფერენტულია და შინაგან ინტერესს არ იჩენს არაფრისადმი, პედაგოგს მართებს, თვითონ დაინტერესდეს ამ მოსწავლით, გულითადი თანაგრძნობა გამოიჩინოს მისდამი, ესაუბროს მას, დაუსვას კითხვები. ხალასმა ინტერესმა შესაძლოა გამოაცოცხლოს მოსწავლე და ნდობა გააღვიძოს პედაგოგისადმი,  რაც სწავლის საწინდარი შეიძლება გახდეს. პედაგოგს კი ამგვარი ქმედება დაეხმარება სასწავლო შინაარსი და მოსწავლისთვის საინტერესო თემა წამოსწიოს წინ და კონკრეტული დავალებებით მიმართოს მას. უარყოფითის ხაზგასმა , მითითება იმაზე, რომ მოსწავლეს არაფერი აინტერესებს, და მთელი ცხოვრება უვიცი დარჩება, ვერ გახდება დამხმარე სასწავლო პროცესისთვის.

თუ  ფეთქებად მოსწავლეს პედაგოგი საკუთარი ბუნების გამოვლენის საშუალებას მისცემს, გულგრილად მიიღებს მისი ხასიათის ამ უჩვეულო თვისებას, მეორე დღეს კი ცალკე გაესაუბრება მას წინა დღის „ამოფრქვევაზე“(საყვედურების, უარყოფითი შეფასებებისა და მორალიზების გარეშე) მოსწავლე თვითონ დაიწყებს საკუთარი ფეთქებადი ხასიათის აღქმას და ჩასწორებას.

ინდივიდუალური მახასიათებლებისა და შესაძლებლობების ამოცნობა მნიშვნელოვანია, ამას კი უცილობლად უნდა მოჰყვებოდეს იმგვარად დაგეგმილი გაკვეთილი, რომელშიც მასწავლებელი თითოეული მოსწავლის უნარებს გაითვალისწინებს. თქვენს პრაქტიკაში რა მეთოდებს მიმართავთ წარმატებით?

მარტივი, მაგრამ, ვფიქრობ, უნივერსალური სასწავლო ქმედება – ჯგუფური მუშაობაა ერთ-ერთი პასუხი თქვენს კითხვაზე.

მოსწავლეებს ჯგუფური მუშაობისას უყალიბდებათ ორგანიზებულობის უნარი, პასუხისმგებლობი გრძნობა საკუთარი თავისადმი და სხვათა მიმართ. ჯგუფური მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია აგრეთვე პიროვნული და თანამშრომლობითი უნარების ჩამოყალიბებისთვის, შემეცნებითი და საკომუნიკაციო უნარების განვითარებისთვის. მრავალრიცხოვანი კლასის სრული მოხელთებისთვის და საგაკვეთილო პროცესის გონივრული დაგეგმვისთვის აუცილებელია სწორედ მოსწავლეთა თავისებურებების გააზრება, რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ და მიზნობრივი სამუშაო ჯგუფების შექმნა.

მასწავლებელს შეუძლია ჯგუფები მოსწავლეთა თვისებებისა და უნარების მიხედვით დააკომპლექტოს. ერთი და იგივე თვისებების მქონე მოსწავლეები ერთ ჯგუფში განათავსოს და სამუშაო მასალა, რომელიც მაგალითად, შინაარსის მგრძნობელობით აღქმას საჭიროებს,  ამ მიმართულებით ძლიერ ჯგუფს გადასცეს დასამუშავებლად. ამავდროულად, მეორე ჯგუფს მოსთხოვოს, პირველადი შთაბეჭდილებები და ემოციები აღწერონ და გააცნონ თანაკლასელებს. თუ ნანახის რეფლექსირება, სიღრმეების გაანალიზება სურს , იმ ჯგუფთან იმუშაოს, რომელიც შინაგანად აქტიურია.

ამ შემთხვევაში პედაგოგის შინაგან მოქნილობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. საუბრები, მინიშნებები მუდამ სხავადასხვა ჯგუფისკენ უნდა იყოს მიმართული. ამგვარი მიდგომით პედაგოგი შეძლებს თითოეულ მოსწავლეს განუვითაროს მისივე თავისებურებებიდან გამომდინარე მიზანშეწონილი და საჭირო უნარები და ამავდროულად კლასის წინაშე წარმოაჩინოს კონკრეტული ჯგუფის ძლიერი მხარე.

ის რაც ადვილად ხელეწიფება ერთ ჯგუფს, თვალსაჩინო და მისაღები იქნება მეორისთვის, ხოლო რისი ნაკლებობაც არსებობს ერთთან – შეივსება მეორე ჯგუფის ძალისხმევით. ასე შეძლებენ მოსწავლეები ერთმანეთი „შეავსონ“, თანაც თავდაჯერებულობის ჯანსაღი განცდა განივითარონ, აღიქვან საკუთარი ძლიერი მხარეები და შეავსონ სისუსტეები თანაკლასელებთან ერთობლივი მუშაობით.

ერთი ჯგუფი საკუთარი სამუშაოს წარმოჩენით  მთელი სერიოზულობითა და სიმშვიდით ურთიერთქმედებს მეორე ჯგუფზე.

რა როლი უნდა ჰქონდეს ამ ტიპის ჯგუფური მუშაობისას მასწავლებელს?

მასწავლებელმა განსაკუთრებული მოთმინება და მიუკერძოებლობა უნდა გამოიჩინოს. მან უნდა შეძლოს რუდუნებით მოუაროს არსებულს და დააშენოს ახალი შეგონებებისა და ნეგატიურზე ყურადღების გამახვილების გარეშე. მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებები, მათი განსხვავებული უნარები მათივე გასაძლიერებლად უნდა გამოვიყენოთ. სხვაგვარად თუ ვიტყვით – არ ვებრძვით იმას, რაც თანდაყოლილ თვისებად შეიძლება განვიხილოთ, არამედ ვეხმარებით ადამიანს თავისი ძლიერი მხარეები სხვა უნარებით შეავსოს.

მსგავსი ქმედებებით პედაგოგი აღმზრდელობითად ქმედებს ბავშვზე და არ ახდენს მის , ასე ვთქვათ, „გარედან ჩასწორებას“. ამის სანაცვლოდ, ის არსებულ მოცემულობას პატივს სცემს და იყენებს მის ძლიერ მხარეებს. ამით პედაგოგი ეხმარება მოზარდის ინდივიდუალიზაციის რთულ და მტკივნეულ პროცესს. ამ დროს ის ყოვლისმცოდნე რეპეტიტორი ან ავტორიტარი მმართველი კი არ არის, არამედ მეგობარია, რომელიც არსებულის სადარაჯოზე ახალი იმპულსების დაბადებას უწყობს ხელს. ამგვარი მიდგომის წყალობით საუკეთესოდ ხერხდება მოსწავლე-მასწავლებლის შორის ემოციურ-ინტელექტუალური ურთიერთქმედება, მაშინ სწავლობს და იზრდება არა მხოლოდ მოსწავლე,  არამედ მასწავლებელიც.

თქვენს გაკვეთილებზე დასწრებისას შესამჩნევია გარკვეული რიტმულობა და დინამიკაც. გარდა ჯგუფური მუშაობისა, კიდევ რა მეთოდებს იყენებთ აქტიურად, რომ გაკვეთილი ცოცხალი და „მოძრავი“ გახდეს?

ალტერნატიულ პედაგოგიკაში  საგაკვეთილო შინაარსის უკეთ ადაპტირებისთვის და მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებისთვის პედაგოგები სხვადასხვაგვარ მეთოდს იყენებენ – გაკვეთილის გარკვეული ნაწილი თვალსაჩინოებაზეა აგებული, გარკვეული – მსჯელობისა და ანალიზის აუცილებლობას გულისხმობს და ა.შ.  მოსწავლეებს იმის შესაძლებლობაც აქვთ, რომ საკუთრივ გაკვეთილის პროცესში გადანაწილდნენ საკლასო სივრცეში სხვადასხვა დავალების შესასრულებლად, მასალის დასამუშავებლად ან პრეზენტაციის მოსამზადებლად. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სწავლება მხოლოდ ტვინსა და სააზროვნო უნარებზე ზემოქმედებას არ გულისხმობს, არამედ მოიცავს როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოსომატურ მიმართულებებსაც,  გარდაუვალ ამოცანად ისახება ბავშვის მრავალმხრივი განვითარების აუცილებლობაც.  მოზარდს,  შესაძლოა, ეუცხოებოდეს საკუთარი ფიზიკური სხეული, კონფლიქტში მოდიოდეს საკუთარ თავთან ან გარე სამყაროსთან. ამგვარ მოცემულობაში ერთი მიმართულებით წარმართული სწავლება დამაზიანებლადაც კი შეიძლება განვიხილოთ. მშობლები, პედაგოგები და სკოლა მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ აღზრდა/სწავლების მრავალმხრივი, მრავალფეროვანი მეთოდები და გარემო შესთავაზონ მოსწავლეებს.  ეს საკმაოდ ვრცელი საკითხი და  ცალკე საუბრის თემაა…

 

ემოციური რუკა და ფორმატული შეფასების რამდენიმე ასპექტი

0

ბიზნესის აქსიომა – „მომხმარებელი მგრძნობიარე ადამიანია“ – ყველაზე დიდ შესაძლებლობებს მაშინაც კი აჩენს, თუ მომხმარებელი იწყებს უკმაყოფილების გამოხატავს. უკმაყოფილება ემოციაა და, მარკეტინგისვე წესებით, სწორედ ემოცია განაპირობებს შემოსავლის ზრდას ან კლებას. ცნება „მყიდველის შავი ყუთი“ ბიზნესშიც  არსებობს და იგი მომხმარებელზე ზეგავლენის ყველა ფაქტორს აერთიანებს. ეს მოდელი განათლებაშიც რომ გადმოვიტანოთ, ვინძლო სწავლების მარკეტინგულმა იარაღმა ისე გაგვაძლიეროს, ზუსტად შევძლოთ „შავი ყუთის“ შიგთავსის ამოცნობა.

სწავლება საქმიანობაა, იგივე ბიზნესი. ჰოდა რატომ უნდა ეთქვას ამ ბიზნესში უარი ჰარვარდის ბიზნესის სკოლის მკვლევრების მიერ შეთავაზებულ ინსტრუმენტს – „მომხმარებელთა ემოციურ რუკას“ – მისი მეშვეობით ხომ იოლად გამოიცნობა და დგინდება ასპექტები, რომლებიც ნეგატიურ ემოციებს ასტიმულრებს?! მით უფრო, თუკი ცნობილია, როგორ წარმატებით იყენებენ ამ მექანიზმს მსოფლიოში ცნობილი დაწესებულებები მომხმარებელთა სრული ემოციური პროცესის აღსაწერად. მომხმარებლებს ეძლევათ დეტალური ინსტრუქცია, როგორ აღწერონ საკუთარი შეგრძნებები სხვადასხვა აქტივობების დროს. მიღებული შედეგებით ორგანიზაცია ადგენს ემოციურ რუკას, სადაც მკაფიოდ ჩანს მომსახურებაში ნეგატიური ემოციის გამომწვევი ასპექტები. რუკა მომსახურების გაწევისას ყველა რგოლის თანამშრომლის ერთგვარი სახელმძღვანელოა, ეს კი ასამმაგებს კმაყოფილ ადამიანთა რაოდენობას.

კვლევის გარეშე ძნელია ჩამოთვლა მთელი რიგი საკითხების ან აქტივობებისა, როდესაც ჩვენში მოსწავლეები ან თუნდაც მასწავლებლები (ამ შემთხვევაში მომხმარებლები) განსაკუთრებით სტრესულ გარემოში აღმოჩნდებიან. სკოლებში მოუწესრიგებელი სასწავლო გარემო, საგულდაგულოდ ჩაკეტილი ფანჯრები, რომ იქიდან მოსწავლეები არ გადახტნენ და, შესაბამისად, უჟანგბადო საკლასო ოთახები, ზოგან უფასო სასმელი წყლის არარსებობა, უსუფთაობა, გაუგებარი და მიუღებელი წესები, მასწავლებლებთან დისტანციები, რეპეტიტორობის ინტიტუტის არსებობა,   შეფასებასთან დაკავშირებული ტრამვები, სოციალური უთანასწორობა (მაგალითად, ბევრი მოსწავლე ექსკურსიებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებაში ვერ ერთვება უსახსრობის გამო)… – როდის ღელავს მოსწავლე/მომხმარებელი ან როდის არის ყველაზე მეტად დაძაბული?! როდის და როგორ შეიძლება მათი განწყობების სასიკეთოდ შეცვლა?!

მოსწავლეთა ემოციური მარშრუტის დასადგენად მნიშვნელოვნად გვესახება არაფორმალური ჩანაწერის შექმნა. ჩატარებული კვლევების თანახმად, ადამიანებს ყოველთვის ახსოვთ უყურადღებობა და, მით უფრო, უგულებელყოფა. მათი თავიდან აცილება კი ხელმისაწვდომი გახდება, თუკი სკოლებში ფორმატული შეფასების ამ ფორმას დავნერგავთ. რუკის შედგენისას მნიშვნელოვანია, დაისვას სწორი შეკითხვები, ვთხოვოთ მოსწავლეს, მის მშობელს, გაგვიზიაროს ყველაზე უსიამოვნო გამოცდილება, რომელიც ჩვენს საქმიანობას უკავშირდება და გავიგოთ, როდის და რა გარემოებებში გაუჩნდა მას ნეგატიური ემოცია[1]. ვიკითხოთ, რა იქნებოდა ის ერთადერთი ცვლილება, რომელსაც განახორციელებდა ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. ამის შემდეგ აუცილებლად მიიჩნევა გატარება იმგვარი ზომებისა, როგორიც შეამსუბუქებს უარყოფითი ემოციის გამომწვევ ასპექტებს ჩვენს საქმიანობაში. მოსწავლეები ჩვენგან იდეალურობას სულაც არ მოითხოვენ. ისინი მოითხოვენ ჩვენს ყურადღებას მაშინ, როდესაც სჭირდებათ. ემოციური რუკა კი ყველაზე ზუსტად დაგვანახებს, როდის ვჭირდებით ყველაზე მეტად, რამდენად ერგება ჩვენ მიერ დასმული ამოცანა მათ შესაძლებლობებს, რამდენად კარგად ვფლობთ სასიკეთო მიდგომებს.

თევზი ბანანს ვერ მოკრეფს და ვერც სპილო გაწმენდს ფეხსაცმელს. თუმცა ანკესზე წამოცმული ჭიაყელა პირველისთვის შეიძლება სტიმულად ვაქციოთ, ხოლო მეორეს არენაზე ხორთუმით ფუნჯი დავაჭერინოთ და ავტოპორტრეტი ვახატვინოთ იმ ემოციის სანაცვლოდ, რასაც ჩვენგან ელის. მათი გრძნობებისა და სურვილების კარგი ცოდნა ჩვენს ხელში უნდა ვაქციოთ იმ ინსტრუმენტად,  რომელსაც მხოლოდ კეთილი მიზნებისთვის გამოვიყენებთ და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას შევუწყობთ ხელს.

სწორედ ამ მიდგომებზე დაყრდნობით შეიქმნა ფორმატული შეფასების ის სქემები, რომელსაც ჩვენი ევროპელი კოლეგები წარმატებულად იყენებენ სკოლებში:

 

სკოლაში ყველაზე მეტად მომწონს…

 

ჩემი მეგობრების ნახვა და ხატვა

 

სკოლაში ყველაზე მეტად არ მომწონს…

 

რთული მათემატიკა

 

კლასში ყველაზე მეტად მეხმარება…

 

ანჯელასთან და ფრედისთან მუშაობა

 

სწავლაში ხელს მიშლის…

 

როდესაც მისის ჯონსი [მასწავლებელი] ძალიან ჩქარა ლაპარაკობს და ფიქრის დროს არ მაძლევს

 

ყველაზე კარგად გამომდის…

 

ხატვა და ცურვა

 

უკეთ მინდა გამომივიდეს…

 

მათემატიკა და წერა

 

ასე დამეხმარება მისის ჯონსი 

 

უფრო ნელა ისაუბროს და ახნსას რაღაცები

 

ასე დავეხმარები ჩემს თავს მე

 

გავჩუმდე, როდესაც მისის ჯონსი ლაპარაკობს და შეკითხვები დავსვა

 

ცხრილი 1: დაწყებითი სკოლის მოსწავლის თვითშეფასების ფორმა (ენგი და როუზი, 2012)

 

ამ მიდგომამ დაწყებით კლასებში გაამართლა, მოსწავლეებმა თავი დაფასებულად და სწავლაში ჩართულად იგრძნეს. შემდეგი ნიმუში პროფესიული კოლეჯიდან არის. ის გამოიყენეს სწავლის სირთულეების მქონე მოსწავლეებთან, რომლებმაც სტილისტის კურსი დაიწყეს.

 

ჩემი გამოცდილება სკოლაში იყო კარგი       საშუალო      ცუდი     [შემოხაზეთ ერთი პასუხი]

 

ჩემი მიღწევა სკოლაში იყო კარგი       საშუალო      ცუდი     [შემოხაზეთ ერთი პასუხი]

 

რა თვისებებს მოელით მასწავლებლისაგან?

 

უნდა შეეძლოს მოსმენა და რთული საკითხების იოლად გადმოცემა. გაძლევს დროს სწავლისათვის და გასწავლის, როგორ გამოიყენო, რაც ახლა ისწავლე

 

ადრე რა გაუკეთებია მასწავლებელს, რამაც სწავლაში ხელი შეგიშალათ?

 

გასაგებად საკმარის დროს არ მაძლევდნენ და ხშირად არ მიხსნიდნენ, რისთვის უნდა მესწავლა ზოგიერთი რამ

 

სწავლაში რა გეხმარებათ?

 

სიჩუმე კლასში. ათვისებადი პორციების სწავლა და არა – ერთდროულად ზედმეტი ინფორმაცია

 

რისი მიღწევა გინდათ ამ კურსში?

 

მინდა ვიყო ქალბატონების კარგი სტილისტი და იმდენი ვისწავლო, რომ დამოუკიდებლად ვიმუშაო

 

რას იზამთ მიზნებს რომ მიაღწიოთ? დავესწრები ყველა ლექციას. კარგად ვიმუშავებ

 

კურსთან დაკავშირებით რაიმე გაწუხებთ? შეიძლება ბევრი საწერი იყოს

 

ცხრილი 2: პროფესიული კოლეჯის სტუდენტის თვითშეფასების ფორმა (ენგი და როუზი 2012, 12

 

მსგავსი სქემები შეიძლება არატრადიციული ფორმებით ჩავანაცვლოთ. მაგალითად, კლასში შევქმნათ ემოციური ცისარტყელას მოდელი, მასზე მიმაგრებულ მაგნიტებზე კი ბავშვების სახელები დავწეროთ. და თარიღის მითითებით ბარათები მივაკრათ. ფსიქოლოგებმა იციან, რომ ცისარტყელაზე ფერების ემოციებთან შეფარდება პირობითია, მაგალითად, წითელიფერი ერთდროულად გამოხატავს სიყვარულსაცა და ბრაზს, ოღონდ პირველის ადგილი მარცხენა მხარეს, ხოლო მეორისა – მარჯვნივ მოინიშნება. შუა ხაზი კი ეკვილიბრიუმია – წონასწორი მდგომარეობა.

შეფასების მეტაკოგნიტური უნარის ჩამოყალიბებისთვის მასწავლებელმა შეიძლება კიბის, მთისა და სხვ. მეტაფორები გამოიყენოს. მთავარია, დასაწყისშივე ზუსტად განესაზღვროთ თითოეული საფეხურისა თუ ზღვის დონიდან მისაღწევი ფერდობის სიმაღლე. ემოციური რუკის დახმარებით კი ფორმატული შეფასების ამგვარი ფორმების დანერგვა კი მოსწავლეებს, და არა მარტო მათ, სამყაროს განსხვავებულ მსოფლაღქმაშიც დაეხმარება და უმაღლეს სააზროვნო უნარებსაც განუვითარებთ.

 

წიგნი ნესტან-დარეჯანისა

0

წიგნი რისთვისაა? მხოლოდ წასაკითხად? თუ ვარდის სიფრიფანა ფურცლების ჩასადებად? წერილების დასამალად, სურათების შესანახად? რისთვისაა წიგნი? მაინც რომელი ამბავია უფრო მნიშვნელოვანი, პერსონაჟის თუ მკითხველის? გამოგონილი თუ ნამდვილი?

ქართულ ლიტერატურაში სიყვარულის ყველაზე დიდი ამბავი „ვეფხისტყაოსანია“, საკუთარი სიყვარულის სხვისთვის გამეტება, სიყვარულის ძებნა, სიყვარულის გზაზე ათასგვარი დაბრკოლება, გამარჯვებული და დამარცხებული სიყვარული. სიყვარული ასეთი, ისეთი, ამგვარი და კიდევ სხვანაირი.

ამიტომაცაა, რომ „ვეფხისტყაოსანს“ ბევრი შეყვარებული, სიყვარულს დანატრებული, სიყვარულდაკარგული მკითხველი ახსოვს. სიყვარული ზოგჯერ უკვალოდ მიდის, ზოგჯერ კი ხან კედლებზე, ხან წიგნის ფურცლებზე კვალს გატოვებინებს.

პირველი ამბავი მაინც ესაა, ვანის ქვაბების კედლების.

დედათა მონასტრის კედელზე წაწერილი, ზეპირად დამახსოვრებული, ამიტომაც სახეცვლილი სტრიქონები :

“ქ.ციხეს ვზი ეზო მაღალსა, თუალნი ძლივ შემომაცვდება,

გზა გურაბითა შემოვლენ, მცველნი მაზედა დგებიან;

მაშიგან ორნი გუშაგნი ნაბადსა არ დაცდება,

მათსა შემბელსა დახოცენ, ცეცხლურებ მოედებიან.

ჩემო, ნუ მოხვალ ჩემზედა სხუათა მებრძოლთა წესითა,

ნუცა მე მომკლავ ჭირითა ამისგან უარესითა,

დამთქმეთა, დაგთმობ ჭირითა ამისგან უარესითა”.

გულქანი, ანა რჩეულიშვილი, თუმიან გოჯიშვილი, მისი და შაღაბანი სულთანი და სხვა, მეთხუთმეტე საუკუნეში ვანის მონასტერს შემოხიზნული ქალები, სხვადასხვაგვარი ბედითა და ბედისწერით, ცხოვრებითა და გულისტკენით. დამახსოვრებული ლექსები საერო ლიტერატურიდან, გაუპრანჭავი, მარტივი ფორმით გამხელილი გულისნადები, „რა ლამაზი იყავი ბიჭო“.

სულ ვფიქრობ ამ ტექსტებზე. იქნებ სწორედ იმიტომაც დაუპირისპირდა ზოგან ერი და ზოგან ბერი რუსთველის პოემას, რომ მეტისმეტად ბევრმა ადამიანმა იპოვა თავშესაფარი ამ თექვსმეტმარცვლიან შაირში, ამ ორომტრიალში, სხვისი სიყვარულის გადასარჩენად თუ საკუთარის საპოვნელად რომ წამოიწყეს წიგნის პერსონაჟებმა.

უფრო ადვილია, მიჰყვე ავთანდილის გზას და გმირის დარდმა საკუთარი დაგავიწყოს თუ პირიქით, ნავთზე ცეცხლის დასხმაა ტარიელის ცრემლები?

„იმედო და სიცოცხლეო, იმედო, იმედო, იმედო“ – ასეთი მინაწერია ერთ-ერთ ხელნაწერზე, ეს გამეორება  თითქოს ექოა, რომელიც საუკუნეთა სიღრმიდან მოგძახის.

„გწერ სურნელო სუმბულო“ – პოეტს პოეტის წიგნზე შეყვარებულისათვის მიუწერია.

„ჩემსა, ჩემსა საყვარელს“- აქ მეორე მკითხველი წერს.

„ამა ღამეს ნუ მოხვალო ვერა მპოვებ შენთვის მზასა“ – მესამემ, სხვებზე მეტად გაბედულმა მიაწერა.

„როგორც მე ამ წიგნმა მამიდო ცეცხლი, ღმერთო ისე შენ მოუკიდე ცეცხლი ლევანის ძეს აბა ამას ტანჯვით. ღმერთო ამა ტანჯვით რისთვის დამბადე, რომ გავები სიყვარულის მახეში როგორც მე ამ წიგნში“- ეს ყველაზე ხმამაღალი შეძახილია, არადა, დამწერმა რა იცის, რომ სიყვარულის მახეს უფრო ადვილად დაეხსნება კაცი, ვიდრე წიგნს, თუ ერთხელ შემთხვევით გაები.

„ჩემი სიცოცხლე და სულის თქმაო, ქალბატონო სალომე შენ და ეკატერინე ლამაზს“ – ეს უკვე სხვანაირი მიჯნურია, ნეტავ როგორი ამბავი განვითარდა? სასიყვარულო სამკუთხედი? იქნებ სულ სხვა საიდუმლო იმალება სახელებს მიღმა, ვის ვინ უყვარდა, წიგნზე ვისი სახელი მიაწერა? ვისი ამბავი გაუმხილა ყველაზე დიდი პოემის პერსონაჟებს?

ნეტავ რა მოხდა?

უცებ ბევრი საუკუნით ადრე, დროში ვინაცვლებ და კიდევ ერთი ნესტან-დარეჯანი მახსენდება, მეოცე საუკუნიდან, ცისფერყანწელთა მეგობარი, საოცარი პოეტი.

ვიცი, რომ მზითვად

არ მომცემენ ვეფხისტყაოსანს,

არც წასაღებად

დაჰკეცავენ ქიშმანის შალებს,

არც ქართულ კაბას

ჩამაცმევენ ჯვარის საწერად,

არც ვერცხლის ქამარს

მომავლებენ დარდიან წელზე.

ესეც ნესტანი მეოცე საუკუნის ქართული პოეზიიდან. კიდევ ერთი მინაწერი „ვეფხისტყაოსნის“ წარმოსახვით ხელნაწერზე.

 

კიბერფობია და სხვები

0

თანამედროვე ტექნოლოგიების საუკუნეს თავისი წესები და ფობიები შემოაქვს – შიში, რომელიც ტექნიკურ პროგრესს თან სდევს. რომელი ფობიები გაჩნდა ლექსიკონებში ბოლო წლების განმავლობაში? რა შიშებს იწვევს სოციალური ქსელები, კომპიუტერები და ციფრული ტექნოლოგიები? იცით თუ არა, რომ ერთ-ერთი გავრცელებული ფობია – კიბერფობია, ძალიან ხშირად პედაგოგების პრობლემაცაა?

როგორ მოვიქცეთ, როცა კომპიუტერის დანახვაზეც კი პანიკისგან გაქცევა გვინდება? ამ უცნაურ მდგომარეობას თავისი განმარტება აქვს. კომპიუტერის შიში – ეს ზარმაცების კაპრიზი როდია. ეს გახლავთ ფსიქოლოგიური დაავადება, რომელსაც კიბერფობია ან კომპიუტერული შფოთვის სინდრომი ჰქვია. ადამიანს არ უნდა სულელი ან უცოდინარი გამოჩნდეს, მაშინაც კი, როდესაც ტექნიკასთან მუშაობის ელემენტარული უნარ-ჩვევები არ გააჩნია. ეს განსაკუთრებით უფროსი ასაკის ადამიანებს ეხება – ისინი უფრთხიან კომპიუტერს და ამავდროულად, ძალიან აშინებთ საკუთარი ავტორიტეტის შელახვა. ასეთ შემთხვევაში სასურველია გვახსოვდეს, რომ პედაგოგს არ აქვს ასაკი და ის ყოველთვის სწავლა-განვითარების პროცესშია.

მიშვებული ფობია მძიმე ფიზიკურ რეაქციებს იწვევს: თავბრუსხვევას, გულისრევას. კიბერფობიისგან სამკურნალოდ კვალიფიციური ფსიქოლოგისა და ახლობლების მხარდაჭერაა საჭირო; ყოველდღიური პროფილაქტიკისთვის კი – კომპიუტერთან რამდენიმე საათის გატარება.

 

სპეციალისტთა განცხადებით, ამ ფობიას „დიდი მომავალი“ აქვს, რადგან ის დღითიდღე ვრცელდება და ცოტა ხანში ყველაზე გავრცელებულ შიშს – კლაუსტროფობიას დაჯაბნის. ასი ათასობით სპეციალისტი, რომლის სამსახურიც კომპიუტერთან ჯდომას უკავშირდება, მიიჩნევს, რომ ნერვიული სამუშაო აქვს. ურთულეს ტექნიკასთან მჭიდრო კავშირი მათში ხშირად არასრულფასოვნების კომპლექსს ბადებს.

 

ჩვენ საკუთარი შიშების სამყაროში ვცხოვრობთ, თუმცა სიბნელის ან სიმაღლის შიში უკვე წარსულს ბარდება. ადამიანს ინტერნეტტროლინგი, სახლში დარჩენილი სმარტფონი და სოციალურ ქსელში ატვირთული ფოტოს ლაიქების სიმცირე აშინებს.

 

მკვლევრებმა ოცდამეერთე საუკუნის შვიდი მთავარი ფობია ასეთი რიგითობით  ჩამოაყალიბეს:

 

ნომოფობია ოდესმე დაგრჩენიათ მობილური ტელეფონი სახლში? თუ ასეთ დროს დისკომფორტს, ღელვას და შიშს გრძნობთ, დიდი ალბათობით, XXI საუკუნის სენი – ნომოფობია დაგმართნიათ. ტერმინი ინგლისური ფრაზიდან „no mobile phone“ წამოვიდა. ის  ტელეფონის გარეშე დარჩენის შიშს ნიშნავს. მეცნიერებმა ეს დაავადება 2008  წელს ჩატარებული კვლევის შედეგად გამოავლინეს. აღმოჩნდა, რომ ყოველი 100 კაციდან 66 კომუნიკაციის გარეშე დარჩენისას პანიკურ შიშს განიცდიდა. ისინი მუდმივად ცდილობდნენ შეემოწმებინათ გამოტოვებული ზარები, შეტყობინებები და ელექტრონული ფოსტა.

 

თუკი 2008 წელს ნომოფობიამ მოსახლეობის ნახევარი მოიცვა, ახლა პრაქტიკულად მასობრივი ხასიათი მიიღო. შეგიძლიათ გამოცადოთ საკუთარი თავი: გამორთეთ ტელეფონი ერთი დღით მაინც.

სოციონეტოფობია – სოციალური ქსელების შიში დევნის შიშის თანამედროვე ვერსიაა, რომელიც სოციალურ ქსელში ექაუნთის შექმნის შიშით გამოიხატება, რადგან ის შეიძლება შანტაჟისთვის ან დევნისთვის გამოიყენონ. აქ არ ვსაუბრობთ მაინცდამაინც სპეცსამსახურებზე. საკმარისია ისიც, რომ პირად ინფორმაციას ოჯახის წევრები, კლიენტები ან უფროსები ნახავენ.

თუმცა სოციონეტოფობია მარტივად განკურნებადია. ფსიქოლოგების აზრით, პაციენტმა უნდა შექმნას ექაუნთი, რომელიც მისივე კომფორტის ზონას შეესაბამება.

ტროლოფობია – ტროლი ნებისმიერი ინტერნეტმომხმარებლისთვის ნაცნობი ცნებაა.  ყველამ იცის, რომ მათი „კვება“ არ ღირს, მათ დაბლოკვას აზრი არ აქვს. იგნორირება უფრო მარტივია. თუმცა ტროლების პოპულაციის ზრდამ საპასუხო რეაქციაც გამოიწვია – ეს ტროლოფობია ან ტროლოპარანოიაა. ავადმყოფი დარწმუნებულია, რომ ყველა მისი მკითხველი, კომენტატორი, მისი ბლოგის ან პორტალის მონაწილე ტროლია, რომლის მიზანიც მისი წამოწყების ჩაშლაა. აქედან მოდის სურვილი, ავირიდოთ ზედმეტი ყურადღება და ვიყოთ ანონიმურები.

სამწუხაროდ, ტროლოფობიის წამალი არ არსებობს. ფსიქოლოგები გვირჩევენ, ვეცადოთ პროვოკაციას არ ავყვეთ, ტროლები არ „ვკვებოთ“.

 

ემოჯიფობია – თანამედროვე შიშების ერთ-ერთი ნათელი მაგალითია, რომელიც სოციალური ქსელების, ჩატების და მესენჯერების გავრცელებასთან ერთად წარმოიშვა. ადამიანს, რომელიც ემოჯიფობიითაა დაავადებული, ეშინია, რომ მას ვერ გაუგებენ ან რომ მან უადგილო ადგილას დასვა სიცილაკი ან სტიკერი.

 

ემოჯიფობიას ვერ უწოდებ მძიმე ფსიქიკურ დაავადებას, ის ფსიქოზის ახალი ფორმაა, რომელსაც დროებითი ხასიათი აქვს.

 

სელფიფობია – კომიკურობის მიუხედავად, თავისი პირველი მსხვერპლი სელფოფობიამ საავადმყოფიში უკვე გაამწესა. 2014 წელს 19 წლის დენიელ ბოუენი კლინიკაში იდეალური სელფის ძიების შედეგად მოხვდა. ის სახლიდან ნახევარი წელი არ გამოსულა, დღეში 200 სურათს იღებდა. დენიელი სკოლიდან გამოაგდეს, მერე წონაში ძალიან დაიკლო და ბოლოს თვითმკვლელობა გადაწყვიტა.

 

ექიმების აზრით, სელფით გატაცება თანამედროვეობის სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემაა, რომელიც სამედიცინო ჩარევას მოითხოვს. სხვათა შორის, დენიელ ბოუენი კლინიკიდან მხოლოდ მას შემდეგ გამოწერეს, რაც სმარტფონის მუდმივად გამოყენებას გადააჩვიეს.

კიბერფობია – პერსონალური კომპიუტერი თანამედროვე სამყაროში ცხოვრების მთავარი თანამგზავრია, ამიტომ კომპიუტერის შიშის, ანუ კიბერფობიის წარმოშობა სრულიად ბუნებრივია.

 

თუ ნომოფობია ახალგაზრდების დაავადებად მიიჩნევა, კიბერფობია ასაკოვან ადამიანებზე ვრცელდება, რომლებიც იძულებულნი არიან ახალი ტექნიკა აითვისონ.

 

ექიმები კიბერფობიის თვალსაჩინო სიმპტომებს გამოყოფენ: ადამიანი კომპიუტერს თავს არიდებს ან ნეგატიური დამოკიდებულება აქვს მის მიმართ. თუმცა ჭკვიანი ტექნიკის შიში ბევრს აქვს. ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც არასდროს ან ძალიან ზედაპირული შეხება ჰქონია კომპიუტერთან, ფაქტობრივად, ცრურწმენამდე მისულ შიშსაც კი განიცდის ტექნიკასთან მიმართებაში. ჩართული კომპიუტერი და ყველაფერი, რაც მის მონიტორზე ხდება, მას პანიკაში აგდებს – აი, რაღაცამ გაიელვა, გაიხსნა, დაიხურა, ახმაურდა. მისთვის ყველაფერი გაუგებარია და რაც უფრო დიდხანს უყურებს მონიტორს, მით უფრო ჩახლართულად ეჩვენება ყველაფერი.

 

მათთვის, ვინც კომპიუტერთან ადრეული ასაკიდან ურთიერთობს, მსგავსი პანიკა აუხსნელია. მაგრამ წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომელსაც არაფერი გაეგება პილოტის პროფესიაში და დავსვით თვითმფრინავის კაბინაში საჭესთან, სადაც ასზე მეტი სხვადასხვა ინდიკატორი და ღილაკია. როგორ იგრძნობს თავს? რასაკვირველია, მას პანიკა და შიში აიტანს. ნათელია, რომ მისი მომზადება აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ ავცდებით სტრესულ მდგომარეობას.

 

შეიძლება თუ არა დაამარცხო კიბერფობია და ირაციონალური შიში? და რაც მთავარია, როგორ გავაკეთოთ ეს სწორად? კიბერფობიით დაავადებულები ამტკიცებენ, რომ კომპიუტერი ზედმეტად ჭკვიანია. ის გარკვეულ შიშს ბადებს და ეს შიში არ იკლებს – ადამიანი, როგორც არ უნდა ეცადოს, ვერ დაიმახსოვრებს ათასობით წიგნს, მას არ აქვს ძალა წამში გაამრავლოს ერთმანეთზე ხუთნიშნა რიცხვები, კომპიუტერს კი ეს შეუძლია…

 

რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს დაავადების გამწვავება? ხშირად კომპიუტერი დავალების მიღებისას რამდენჯერმე გვეკითხება ნამდვილად გნებავთ თუ არა მისი განხორციელება. ეს მარტივი ნაბიჯი კიბერფობს ჩიხში აყენებს და „მაუსის“ ტარებას მოკანკალე ხელით აიძულებს. მას გულისცემის რიტმი ერღვევა, უჩნდება საერთო სისუსტე და გაღიზიანება. თავბრუსხვევა, გულისრევის შეგრძნება, მუხლის კანკალი და ადამიანი დარწმუნებულია, რომ გამოუსწორებელი ქმედება განახორციელა. იწყებს ნერვიულობას და არაადეკვატურად იქცევა.

 

ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ადამიანს შეცდომის დაშვებისა და ჭირვეული ტექნიკის უიმედოდ გაფუჭების ეშინია, მაგრამ, საჭიროა იცოდეთ, რომ რაც არ უნდა გააკეთოთ, საშინელება არ მოხდება. რა თქმა უნდა, შესაძლებელია გამოუსწორებელი შედეგიც დადგეს, მაგრამ ამისთვის თქვენ ლიტრზე მეტი წყალი უნდა დაასხათ კლავიატურას ან მონიტორს ნივრის სანაყი ქვა დაჰკრათ. ამიტომ აუცილებელია კომპიუტერის მოთმინებით შესწავლა და ათვისება, რომ მომხდარი გარკვეული დროის შემდეგ ღიმილით გაიხსენოთ.

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...