შაბათი, ივნისი 6, 2026
6 ივნისი, შაბათი, 2026

14 ანბანის მითი

0

მსოფლიოში 14-ზე ბევრად მეტი მოქმედი დამწერლობაა. დღეს დაახლოებით 60 დამწერლობა გამოიყენება, ხოლო ისტორიაში არსებული სამწერლობო სისტემების რაოდენობა რამდენიმე ასეულია. ამ სტატიაში, პირველ რიგში, ვისაუბრებ 14 ანბანის მითის სავარაუდო წარმოშობაზე, შემდეგ კი ძირითადად გაგაცნობთ დღეს არსებული ანბანებისა და სამწერლობო სისტემების მრავალფეროვნებას. სტატიის მთავარი მიზანი კი ამ მითის დამსხვრევაა.
რაც არ უნდა უცნაური იყოს, 14 ანბანის მითის წარმოშობის დადგენა გამიჭირდა. მისტიკური რიცხვი 14 უკვე ათწლეულებია ტრიალებს ქართველთა ცნობიერებაში, შეტანილია სახელმძღვანელოებში, ვრცელდება ინტერნეტში, მიჩნეულია საყოველთაო ფაქტად მაშინ, როდესაც შეკითხვა „კი მაგრამ… ვინ თქვა, რომ თოთხმეტია?“ ასევე საყოველთაო მხრების აჩეჩვას იწვევს.

მითის წარმოშობის დასადგენად თავიდან „დავგუგლე“ „14 ანბანი“ და „14 დამწერლობა“ სხვადასხვა ენაზე, თუმცა გუგლმა ასეთი შესიტყვება ვერ მონახა. „14 ანბანი“ მხოლოდ ქართულ ანბანზე დაწერილ სტატიებში შემხვდა (გერმანულად და რუსულად), ანუ ისევ ქართველების დაწერილ სტატიებში. შესაბამისად, „ეჭვმიტანილი“ სადღაც ჩვენ შორისაა.

„14 ანბანი“ არც სერიოზულ სამეცნიერო ნაშრომებში არაა მოხსენიებული. არც ივანე ჯავახიშვილს, არც აკაკი შანიძეს, არც არნოლდ ჩიქობავას ქართულ ანბანზე წერისას „14“ არ უხსენებიათ. არანაირი „14 ანბანი“ არაა ნახსენები თამაზ გამყრელიძის ნაშრომებში, რომელსაც ქართულ ანბანზე მრავალი გამოკვლევა ეკუთვნის. არც ქართული საბჭოთა ენციკლოპედია გვიმტკიცებს ანბანთა თოთხმეტობას.

ყველაზე ძველი წყარო, რაც მოვიძიე, ცნობილი ენათმეცნიერის, შოთა ძიძიგურის (1911-1994) წიგნებია, რომლებშიც იგი ჩამოთვლის მსოფლიოში ცნობილ დამწერლობათა სისტემებსა და ანბანებს. საინტერესოა, რომ სწორედ ეს ჩამონათვალი მეორდება დღეს ინტერნეტში გავრცელებულ ანბანთა სიებში. ანბანთა სია მოცემულია 1988 წელს გამოცემულ წიგნში „სიტყვის ცხოვრება“, ხოლო 1990 წელს გამოცემულ წიგნში „ქართული ენის თავგადასავალი“ იგივე სია მეორდება. ეს წიგნები პოპულარული ენითაა დაწერილი და ავტორი ზოგადად მიმოიხილავს ქართული ენისა და დამწერლობის ისტორიას, ენობრივ კონტაქტებს, სიტყვათა წარმოშობას და ა.შ.

შოთა ძიძიგური წერს:

„მსოფლიოში ცნობილია დამწერლობათა შემდეგი სისტემები და ანბანები:

ლათინურის საფუძველზე შედგენილი ანბანები: ევროპის ქვეყნების უმრავლესობა, ამერიკისა და ავსტრალიის ქვეყნები, აფრიკის ქვეყნების უმრავლესობა. აზიის ზოგიერთი ქვეყანა: თურქეთი, ინდონეზია, ნაწილობრივ ფილიპინები;
სლავურ-კირილურ საფუძველზე შედგენილი ანბანები: სსრკ (გარდა საქართველოსი, სომხეთისა, ლატვიისა, ლიტვისა, ესტონეთისა), ბულგარეთი, იუგოსლავიის მნიშვნელოვანი ნაწილი, მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკა;
არაბულის საფუძველზე შედგენილი ანბანები: არაბეთის ქვეყნები (ეგვიპტე, სირია, იორდანია, ლიბანი, ერაყი, მაროკო, ტუნისი და სხვ.), ირანი, ავღანეთი, ჩინეთი და სხვ.;
ინდური მარცვლოვანი დამწერლობის საფუძველზე შედგენილი ანბანები: ინდოეთის, ინდო-ჩინეთის დიდი ნაწილი, ცეილონი;
ჩინეთის ლოგოგრაფიული დამწერლობა: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა (გარდა ტიბეტისა, სინძიანისა და ჩინეთის მონღოლეთისა);
იაპონური ლოგოგრაფიულ-მარცვლოვანი დამწერლობა (ისტორიულად მომდინარეობს ჩინურისგან);
კორეული ლიგატურულ-ბგერობრივი დამწერლობა;
ეთიოპიური მარცვლოვანი დამწერლობა;
ბერძნული;
ქართული;
სომხური;
ებრაული;
მონღოლური;
სირიული.“
სამწუხაროდ, შოთა ძიძიგურს აღნიშნული ჩამონათვლის წყარო მითითებული არა აქვს, ასე რომ, ამ ინფორმაციის სათავის დადგენა ჭირს. თუმცა ალბათ შენიშნავდით, რომ ანბანთა თოთხმეტობას არც შოთა ძიძიგური ამტკიცებს, რადგანაც პირველი ოთხი პუნქტი მთავრდება სიტყვით „ანბანები“, ხოლო მაგალითად ბრაჰმული დამწერლობიდან წარმოშობილი დღეს მოქმედი დამწერლობები მხოლოდ ინდოეთში სულ მცირე 13-ია, რომ არაფერი ვთქვათ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში (ე.წ. ინდო-ჩინეთში) მოქმედ მრავალ დამწერლობაზე.

კვლავ აღვნიშნავ, რომ ვსაუბრობ დღეს მოქმედ დამწერლობებზე, რადგანაც, მე მგონი, არავინ უარყოფს ასეულობით ისტორიულ დამწერლობას, იქნება ეს ძველი ეგვიპტური, შუამდინარული, ინდური თუ მეზოამერიკული. აგრეთვე დარწმუნებით ვერ ვიტყვი, რომ ანბანთა თოთხმეტობა მაინცდამაინც შოთა ძიძიგურის მოგონილია (თუკი მოგეძიებათ უფრო ძველი მაგალითები, გთხოვთ, მომაწოდოთ), თუმცა მგონია, რომ 14 ანბანის მითი დაახლოებით 1980-იანი წლებიდან იღებს სათავეს. აგრეთვე, ამ სტატიის მიზანია ხსენებული მითის დამსხვრევა, რასაც მსოფლიო სამწერლობო სისტემების მრავალფეროვნების წარმოჩენით შევეცდები.

ალბათ შენიშნავდით, რომ „ანბანის“ ნაცვლად ვიყენებ ტერმინს „დამწერლობა“, რადგანაც „ანბანი“ ხშირად ორაზროვანი ცნებაა. ანბანს იყენებენ როგორც დამწერლობისა ან სამწერლობო სისტემის სინონიმად (ჩინური ანბანი, არაბული ანბანი, ლათინური ანბანი), ისე კონკრეტული სამწერლობო სისტემის რომელიმე ენისთვის მოდიფიცირებული ვარიანტის აღსანიშნავად (ინგლისური ანბანი, ფრანგული ანბანი, თურქული ანბანი). თუმცა ანბანის ერთ-ერთი ძირითადი მნიშვნელობა დამწერლობის ერთი ტიპია, ამიტომაც მსოფლიო სამწერლობო სისტემების მრავალფეროვნების გადმოცემას დამწერლობათა ტიპების ახსნით დავიწყებ.

(დავაზუსტებ, რომ ასოს ნაცვლად გამოვიყენებ ტერმინს „გრაფემა“. გრაფემა იგივე ასოა, თუმცა ქართულში ასო-ბგერა იმდენად მყარი შესიტყვებაა, რომ ასო მაშინვე ბგერის ასოციაციას წარმოშობს, ხოლო ბევრ სამწერლობო სისტემაში ერთი ასო მხოლოდ ერთ ბგერას არ შეესაბამება).

ანბანური დამწერლობა ისეთი სამწერლობო სისტემაა, რომელშიც ცალკე გრაფემები არის როგორც თანხმოვნებისთვის, ისე ხმოვნებისთვის. მაგალითად, ანბანური დამწერლობაა ქართული. პირველი ანბანური დამწერლობა ბერძნული იყო, რომელმაც მშობელ ფინიკიურ თანხმოვნურ დამწერლობას ხმოვნების გრაფემები დაამატა ან კონკრეტული თანხმოვნების გრაფემები ხმოვნებისთვის გამოიყენა, რადგანაც ხმოვნებით დახუნძლული ბერძნული ენისთვის ხმოვანთა ჩაწერა აუცილებელი იყო. ანბანური დამწერლობაა ლათინურიც, რომელიც დღეს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული დამწერლობაა.
თანხმოვნური (კონსონანტური) დამწერლობა ისეთი სამწერლობო სისტემაა, რომელშიც გრაფემები მხოლოდ თანხმოვნებს ასახავს, ხოლო ხმოვნები იგულისხმება. როგორც უკვე ვთქვი, თანხმოვნური დამწერლობა იყო ფინიკიური, ხოლო დღეს არსებული თანხმოვნური დამწერლობებია არაბული, ებრაული, არამეულზე დაფუძნებული დამწერლობები. თანხმოვნური დამწერლობა სემიტური ენების სპეციფიკაზეა დამყარებული, რადგან სემიტურ ენებში სიტყვებს თანხმოვნური ძირები წარმოქმნის და სიტყვის ამოსაცნობად ისინი საკმარისია. ისტორიულად თანხმოვნურ დამწერლობებშიც განვითარდა ხმოვნების ჩაწერის გარკვეული ხერხი. მაგალითად, არაბულში გრძელი ხმოვნების ჩასაწერად კონკრეტულ თანხმოვანთა გრაფემები გამოიყენება, რომლებიც კონტექსტის მიხედვით ზოგჯერ ხმოვნებად იკითხება (მათ matres lectionis, ანუ კითხვის დედები ეწოდება). გარდა ამისა, მოკლე ხმოვნებისთვის არსებობს დიაკრიტული ნიშნები, რომლებიც მხოლოდ დამწყებთა ტექსტებშია მოცემული, ხოლო ენის კარგ მცოდნეს ის უკვე აღარ სჭირდება. თუმცა წმინდა ტექსტები, მაგალითად, ყურანი, აუცილებლად გახმოვანებულია (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) ინტერპრეტაციების თავიდან ასაცილებლად.
მარცვლოვანი (სილაბური) დამწერლობა ისეთი სამწერლობო სისტემაა, რომელშიც გრაფემები მარცვლებს გამოხატავს. მსგავსი სამწერლობო სისტემა განსაკუთრებით მოსახერხებელია იმ ენებისთვის, რომლებშიც თანხმოვნებს უმეტესად ხმოვნები მოჰყვება ხოლმე. მაგალითად, იაპონურს ორი მარცვლოვანი დამწერლობა აქვს: ჰირაგანა და კატაკანა, რომლებშიც იაპონურ ენაში არსებული ყველა მარცვალია მოცემული.
ანბანურ-მარცვლოვანი (ალფასილაბური) დამწერლობა ისეთი სამწერლობო სისტემაა, რომლებშიც არსებობს გრაფემები თანხმოვნებისთვის და ამ თანხმოვნებზე დასამატებელი სიმბოლოები ხმოვნებისთვის. მაგალითად, „და“ და „დე“ მარცვლებისთვის არსებობს არა ცალ-ცალკე გრაფემები, როგორც ეს მარცვლოვან დამწერლობაში იქნებოდა, არამედ არსებობს გრაფემა „დ“-სთვის, რომელსაც თან დაერთვის მცირე სიმბოლო „ა“-სა ან „ე“-ს გამოსახატად. იგივე სიმბოლოები დაერთვის სხვა თანხმოვნებსაც (მაგალითად, „გ“-ს ან „ბ“-ს – „გა“, „გე“, „ბა“, „ბე“ მარცვლების გამოსახატად). გრაფემათა ასეთ გადაბმას ლიგატურა ეწოდება (ლიგატურები გვხვდება ანბანური დამწერლობების კალიგრაფიებში – მაგალითად, ქართულ ხელნაწერებში ხშირად გვხვდება გადაბმული „და“). ანბანურ-მარცვლოვანი დამწერლობები ყველაზე მრავალრიცხოვანია. თუკი ანბანური და თანხმოვნური დამწერლობების წინაპარი ფინიკიურია, ანბანურ-მარცვლოვან დამწერლობათა უმეტესობის წინაპარი ბრაჰმული დამწერლობაა, რომელიც ძველ ინდოეთში გაჩნდა. ანბანურ-მარცვლოვანი დამწერლობებია გავრცელებული სამხრეთ აზიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და ჩინეთში. ასევე ანბანურ-მარცვლოვანია ეთიოპური დამწერლობაც, რომელსაც განსხვავებული წარმოშობა აქვს.
ლოგოგრაფიულ-მარცვლოვანი დამწერლობა ისეთი სამწერლობო სისტემაა, რომელშიც გრაფემა გამოხატავს არა მხოლოდ მარცვალს, არამედ მნიშვნელობასაც. ასეთი დამწერლობის ცნობილი მაგალითია ჩინური დამწერლობა, რომელსაც რამდენიმე ათასი გრაფემა აქვს. უფრო სწორი იქნებოდა, თუ ამას ვუწოდებდით მორფოგრაფიულ-მარცვლოვან დამწერლობას, რადგან გრამატიკულად მნიშვნელობის მქონე უმცირეს ერთეულს მორფემა ეწოდება, ხოლო ლოგოს, ანუ სიტყვა, სხვადასხვა ენაში სხვადასხვა მნიშვნელობას შეიძლება ატარებდეს. ხშირად ჩინურ გრაფემებს იეროგლიფებს უწოდებენ, რაც მოძველებული და არასწორი ტერმინია, რადგან იეროგლიფები სიმბოლოთა საკრალურ მნიშვნელობაზე მიუთითებს, ხოლო ჩინური ან თუნდაც ძველი ეგვიპტური დამწერლობა, რომლისთვისაც პირველად გამოიყენეს ეს ტერმინი, მხოლოდ წმინდა ტექსტების ჩასაწერად არ გამოიყენებოდა. ჩინური ენისთვის მორფოგრაფიულ-მარცვლოვანი დამწერლობა მორფოლოგიურ უხერხულობას არ ქმნის, რადგან ჩინური ენა მორფოლოგიური სირთულით არ გამოირჩევა (მარტივად რომ ვთქვათ, არ არის ბრუნების, უღლების მიხედვით ცვლილება და ა.შ.).
ზოგჯერ გამოყოფენ დამწერლობის კიდევ ერთ ტიპს, რომელსაც თვისებრივი დამწერლობა ეწოდება. ეს ისეთი სამწერლობო სისტემაა, რომელიც ფონეტიკურად მსგავს ფონემებს მსგავს გრაფემებს მიუჩენს, მაგალითად, ბაგისმიერი ფონემები ერთმანეთის მსგავსია გრაფიკულად, კბილ-ბაგისმიერი ფონემები – ერთმანეთის და ა.შ. ასეთი დამწერლობაა კორეული, იგივე ჰანგული. გარდა ამისა, კორეულ დამწერლობას, რომელიც ანბანური დამწერლობაა, ერთი ინოვაციაც აქვს – კორეულში გრაფემები მარცვლებად ჯგუფდება. შესაბამისად, კორეულად დაწერილი სიტყვა „ჰანგულ“ შეიძლება ორ გრაფემად მოგეჩვენოთ „ჰან-გულ“, თუმცა თუ კარგად დააკვირდებით ორივე გრაფემაში ამოიკითხავთ სამ-სამ სიმბოლოს ყოველი ფონემისთვის.
დამწერლობის კიდევ ერთი ტიპი, რომლითაც საერთოდ დამწერლობის ისტორია დაიწყო, პიქტოგრაფიული და იდეოგრაფიული დამწერლობებია. თუმცა თუ გგონიათ, რომ ეს დამწერლობები გადაშენდა, რადგან გამოქვაბულებში აღარ ვხატავთ, მაშინ კარგად დააკვირდით საგზაო ნიშნებს გზაზე ან სმაილებს თქვენს სასაუბროში და მიხვდებით, რომ გადაშენების ნაცვლად ამ სიმბოლოებმა ინტერნეტის საშუალებით ახალი სიცოცხლე იპოვა.
ახლა კი შევუდგეთ ანბანთთვლას. დღეს მოქმედ სამწერლობო სისტემებს რეგიონების მიხედვით დავაჯგუფებ. არსებულ ჩამონათვალში შედის ის დამწერლობები, რომლებიც დღეს ერთი ენისთვის მაინც აქტიურად ან სხვა დამწერლობის პარალელურად გამოიყენება. შესაძლებელია სია არასრულია, მაგრამ ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად გამოდგება. მაშ ასე:

ევროპა – ბერძნული, კირილიცა, ლათინური, სომხური, ქართული;
დასავლეთი აზია (ახლო აღმოსავლეთი) და ჩრდილოეთი აფრიკა – არაბული, ასირიული (არამეულზე დაფუძნებული), ებრაული, ეთიოპური, კოპტური (ბერძნულზე დაფუძნებული), თიფინაღი (ბერბერული ანბანური დამწერლობა), მანდეური (არამეულზე დაფუძნებული);
სამხრეთი აზია (ინდუსტანის ნ-კ, ძირითადად ინდოეთი) – ბენგალური (გავრცელებულია ბანგლადეშშიც), გურმუხული, გუჯარათული, დევანაგარი (ინდოეთის ყველაზე მრავალრიცხოვანი ენის – ჰინდის დამწერლობა, მასზეა ჩაწერილი სანსკრიტული ტექსტებიც), თამილური (გავრცელებულია შრი-ლანკაშიც), კანადა (ქვეყანასთან კავშირი არ აქვს), ლიმბუ, ლეფჩა, მალაიალამი, მალდივური (მალდივის კ-ებზე), ორია, სინჰალური (გავრცელებულია შრი-ლანკაშიც), ტელუგუ, ქაშმირული;
აღმოსავლეთი აზია – იაპონური, კორეული, მანჯურიული, მონღოლური, ტიბეტური, ჩინური;
კონტინენტური სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია (ინდო-ჩინეთის ნ-კ) – ბირმული (მიანმარული), დეჰონგი (დეჰონგური გავრცელებულია ჩინეთში, მიანმარსა და ტაილანდში), ი (ი (Yi) გავრცელებულია ჩინეთსა და მიანმარში), ლაოსური, ტაილანდური, ქჰმერული (კამბოჯური), ჰმონგური (საკუთრივ ჰმონგური ორი დამწერლობა არსებობს: ჩინეთის ჰმონგები იყენებენ ბრიტანელი მისიონერის, სემ პოლარდის მიერ მე-19 საუკუნეში შექმნილ დამწერლობას, ხოლო ვიეტნამელი და ლაოსელი ჰმონგების დიდი ნაწილი – ჰმონგების სასულიერო ლიდერის შონგ ლუ იანგის 1950-იან წლებში შექმნილ პაჰავჰურ დამწერლობას. გარდა ამისა, არსებობს ლათინურზე დაფუძნებული ჰმონგური დამწერლობაც);
კუნძულოვანი სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია – ბალური, ბატაკი, ბუგისი, იავური, მანგიანი (მანგიანი არის ფილიპინების ერთ-ერთი ენა, თუმცა ფილიპინების მთავარი ენა – ტაგალოგი – იწერება ლათინურზე დაფუძნებულ დამწერლობით), რეჯანგი, სუნდანური (მანგიანის გარდა, ყველა ზემოჩამოთვლილი დამწერლობა გამოიყენება ინდონეზიური ენებისთვის, ხოლო ინდონეზიური ენა, რომელიც ინდონეზიის ლინგვა-ფრანკაა, ლათინურზე დაფუძნებული დამწერლობით იწერება);
სუბ-საჰარული აფრიკა – ბასა, ვაი, ნკო (მე-19-მე-20 საუკუნეებში შექმნილი დამწერლობები სუბ-საჰარული აფრიკული ენებისთვის);
ამერიკა – ინუქტიტუტი (კანადა, გრენლანდია), იუპიკი (ალასკა, აშშ), კრი (კანადა), ფოქსი (აშშ), ჩეროკი (აშშ), ჯუკა (სურინამი, ფრანგული გვიანა) (ეს დამწერლობები ამერიკის ადგილობრივი ენებისთვის მე-19-მე-20 საუკუნეებში შექმნილი მარცვლოვანი დამწერლობებია. მაგალითად, ჩეროკის დამწერლობა თავად ერთ-ერთმა ჩეროკიმ, სეკვოიამ შექმნა 1810-იან წლებში. საინტერესოა, რომ მან სხვა ენაზე წერა-კითხვა არც იცოდა. სეკვოიამ ლათინურიდან ზოგიერთი გრაფემა ისესხა, თუმცა მათ განსხვავებული ბგერობრივი მნიშვნელობა მიანიჭა. მაგალითად, D იკითხება, როგორც „ა“, ხოლო A – როგორც „გო“. მისი დამწერლობა დღესაც აქტიურად გამოიყენება).
ამ სიაში 57 დამწერლობაა ჩამოთვლილი. შესაძლებელია, ზოგიერთი გამომრჩა კიდეც, მაგრამ აქ ჩამოთვლილი დამწერლობებისთვის რაოდენობრივი მნიშვნელობის მინიჭება რთულია. მაგალითად, იაპონური დამწერლობა რეალურად სამი დამწერლობის ნარევია. როგორც უკვე ვთქვი, იაპონურს აქვს ორი სხვადასხვა მარცვლოვანი დამწერლობა – ჰირაგანა და კატაკანა. გარდა ამისა, იაპონური იყენებს კანჯის, რომელიც ჩინური მორფოგრაფიული გრაფემებისგან შედგება. მიუხედავად იმისა, რომ სამივე დამწერლობას შეუძლია დამოუკიდებლად იარსებოს და ჩაწეროს იაპონური ენა (განსაკუთრებით ჰირაგანასა და კატაკანას), სამივე ერთდროულად გამოიყენება კონტექსტის მიხედვით.

ზოგჯერ რთულია იმის დადგენა, ესა თუ ის დამწერლობა დამოუკიდებელია თუ მშობელი დამწერლობის მოდიფიკაციაა. მაგალითად, „თოთხმეტიანური“ თეორიით ჩემ მიერ ჩამოთვლილი 28 დამწერლობა „ინდურ ანბანებში“ ერთიანდება, რადგანაც ერთი წინაპარი ჰყავს. თუმცა მაშინ ამავე ლოგიკით ანბანური და თანხმოვნური დამწერლობების უმეტესობაც ერთ ანბანად უნდა მოვიხსენიოთ, რადგან ფინიკიურიდან წარმოიშვა. გარდა ამისა, ეს „ინდური ანბანები“ ბევრად მეტად განსხვავდება ბრაჰმულისგან, ვიდრე ლათინური და კირილიცა – ბერძნულისგან, მაგრამ არც ეს არ აქცევს ამ სამ დამწერლობას ერთ ანბანად.

ამასთანავე, გასათვალისწინებელია დამწერლობათა მოდიფიკაციები სხვადასხვა ენისთვის. ყველაზე მრავალფეროვანი, რა თქმა უნდა, ლათინური ანბანია, რომელზე დაფუძნებული ანბანებიც ყველაზე ბევრი ენისთვის გამოიყენება. ინგლისურის მცოდნე გარჩევით კი გაარჩევს, მაგალითად, ფრანგულს, თურქულს ან ისლანდიურს (თუმცა ყველა გრაფემას – ვერა), მაგრამ წასაკითხად სულ მცირე ამ ენების ორთოგრაფიის შესწავლა მოუწევს.

უფრო რთულია არაბულის მოდიფიკაციათა შემთხვევები, რომელიც ლათინურის შემდეგ მსოფლიოს ყველაზე გავრცელებული დამწერლობაა. ზოგ შემთხვევაში მოდიფიკაციები არაბულისგან გრაფიკულად საკმაოდ დაშორებულია (მაგალითად, არაბულზე დაფუძნებული ვოლოფური დამწერლობა, რომელიც დასავლეთ აფრიკული ენის ვოლოფის ჩასაწერად გამოიყენება ლათინურზე დაფუძნებული დამწერლობის პარალელურად). საინტერესო შემთხვევაა ცენტრალური ქურთული ენის, სორანის დამწერლობაც, რომელიც არაბულზეა დაფუძნებული, მაგრამ ყველა ხმოვნისთვის ცალკე გრაფემა არსებობს. შესაბამისად, არაბული თანხმოვნური დამწერლობა სორანულმა „გააანბანა“.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს მსოფლიოში თოთხმეტზე ბევრად მეტი დამწერლობა მოქმედებს. კიდევ ბევრად მეტი ენაა, რომლებსაც მდიდარი სამწერლობო ისტორია აქვს. აქვე აღვნიშნავ: ის, რომ ქართული ანბანი არა თოთხმეტში, არამედ უფრო მეტ ანბანს შორის ერთ-ერთია, არა და არ აკნინებს არც მის მნიშვნელობას, არც მის სამწერლობო ისტორიას და არც მასზე დაფუძნებულ 15-საუკუნოვან ქართულ ლიტერატურას. დაუსაბუთებელი მითით თავის მოტყუებას კი სჯობს, უკეთ გავიცნოთ მსოფლიო დამწერლობათა ულამაზესი მოზაიკა და მხოლოდ სხვების დაფასებითა და პატივისცემით შეგვეძლება გულწრფელად გვიხაროდეს, რომ ამ დიდ მოზაიკაში ქართული ანბანიც მოიპოვება.

გამოყენებული ლიტერატურა:

შოთა ძიძიგური, ქართული ენის თავგადასავალი – თბილისი, მეცნიერება, 1990.

შოთა ძიძიგური, სიტყვის ცხოვრება – თბილისი, მერანი, 1988.

Florian Coulmas – The Blackwell Encyclopedia of Writing Systems (1999, Wiley-Blackwell)

Peter T. Daniels, William Bright (eds.) – The worldʼs writing systems (1996, Oxford University Press)

უცნობისგან მომავალი საფრთხე და სკოლამდელი ასაკის ბავშვები

0

აღზარდეთ ბავშვებ გამბედაობა და თვითგამოხატვის უნარი.

 

უცნობებისგან მომავალი საფრთხის აღმნიშვნელი გარითმული ფრაზა stranger danger (საშიში უცნობი), რომელიც პირველად 1960-იან წლებში გამოჩნდა, იდეალურია პანიკის დასათესად.

დაკარგული და ექსპლუატირებული ბავშვების ეროვნული ცენტრი (The National Center for Missing and Exploited Children) გვამცნობს, რომ გასულ წელს 115 ბავშვი მოიტაცეს, უმეტესად – თინეიჯერები. დაკარგული (თუნდაც დროებით) 800 000 ბავშვის უმრავლესობა ნაცნობებმა წაიყვანეს. როგორც ჩანს, სათანადოდ არ ვაფასებთ რისკების ანალიზს და ფაქტების წინაშე მედიადრამას ვანიჭებთ უპირატესობას. როგორც ადამიანს, რომლისთვისაც სულერთი არ არის თქვენი შვილების მენტალური ჯანმრთელობა, მაფიქრებს, რაოდენ თრგუნავთ მათ უსაფრთხოებაზე მზრუნველ მშობლებს დამახინჯებული გზავნილი, რომ ყველა უცნობი საშიშია. მათ მიაჩნიათ, რომ უნდა მოამზადონ შვილები იმ სამყაროსთვის, სადაც უცხოთაგან მომავალ საფრთხეზე ხშირად მოგვითხრობენ წიგნებში, საჯარო განცხადებებსა და ვიდეოებში, თითქოს ეს ყოველდღიური ცხოვრების უეჭველი ფაქტი იყოს. სინამდვილეში ასე არ არის.

სკოლამდელი ასაკის ბავშვებმა შესაძლოა ისიც კი არ იცოდნენ, რას ნიშნავს “უცნობი”. გავრცელებული განმარტება: ის, ვისაც არ იცნობ, – საკმაოდ მარტივია, ვიდრე იმაზე დავიწყებთ ფიქრს, რომ არცოდნას საფრთხე ახლავს. ბავშვები ხედავენ მშობლებს, რომლებიც მუდამ ელაპარაკებიან უცნობებს მაღაზიის, კინოსა თუ საფოსტო დაწესებულების რიგში? რატომ არ ეშინიათ მათ? “უცნობებისგან მომავალი საფრთხე” გულისხმობს, რომ ნაცნობებისგან საშიშროება არ გველის. ნეტავი მართლა ასე იყოს.

უცხოსთან ნაკლებმოსალოდნელ, გაუგებარ შეხვედრაზე ფოკუსირებას სჯობია, ბავშვებს საკუთარი “მე”-ს გრძნობა გავუძლიეროთ და დავარწმუნოთ, რომ შეუძლიათ, ითხოვონ დახმარება, როცა სჭირდებათ და თქვან “არა”, როცა ეშინიათ.

* ენდეთ ბავშვების ბუნებრივ დისკომფორტს უცნობებთან დაკავშირებით. თანდაყოლილი სიფრთხილე მათ უბიძგებთ დააკვირდნენ, როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ მშობლებს უცნობების მიმართ და დარწმუნდნენ, რომ ისინი სულაც არ არიან “ცუდები”, როგორც პუბლიცისტური ლიტერატურა გვარწმუნებს. უცნობის აღქმა უეცარი სიმშვიდე და სიფრთხილე ბავშვის სახეზე ბუნებრივად ჩნდება შვიდიდან ცხრა თვემდე ასაკში და უფრო ხშირად ცნობისმოყვარეობის გამოხატულებაა, ვიდრე შფოთვისა. ეს სავსებით ნორმალურია.

* წაახალისეთ ბავშვებში რწმენა, რომ თვითონვე შეუძლიათ იზრუნონ საკუთარ უსაფრთხოებაზე. ასწავლეთ სკოლამდელი ასაკის პატარებს, ითამაშონ ისეთ ადგილას, საიდანაც თქვენი დანახვა შეეძლებათ. მათ მუდმივ ჩრდილად ქცევას ეს სჯობია. აქ მიზანი თვითკონტროლია.

* თუ სკოლამდელი ასაკის ბავშვი მზად არის, სტენ ბერენსტაინის The Berenstain Bears Learn about Strangers (https://youtu.be/5aI1h22o55A) კარგი რესურსია, რომ ის საკუთარი კეთილდღეობის აქტიურ აგენტად იქცეს. მალე მიხვდებით, დაინტერესდება თუ არა. თუ არ დაინტერესდა, გაიმეორეთ 6 თვის შემდეგ.

* ასწავლეთ შვილებს, რომ არსებობენ კონკრეტული უცნობი დიდები, რომლებსაც შეეძლებათ მათი დახმარება, თუ დაიკარგნენ ან რამემ შეაშფოთათ: პოლიციელები, დაცვის თანამშრომლები, მოლარეები, რესტორნის თანამშრომლები (ისინი, რომლებსაც გულზე თავიანთი სახელი აწერიათ)… ოთხი წლის ბავშვი უკვე მზად არის ასეთი საუბრისათვის. მანამდე ამან შესაძლოა დააბნიოს პატარა და მისი ღამის კოშმარების “თემად” იქცეს.

წყარო: https://www.psychologytoday.com/intl/blog/once-upon-child/201811/stranger-danger-and-preschool-children

სწავლების ეთიკა- ნორმები და სამართლებრივი რეგულაციები

0

სასწავლო პროცესი არ არსებობს ეთიკასთან დაკავშირებული ნორმებისა და ქცევის წესების გარეშე. საქართველოში მოქმედებს მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი, რომელიც ნორმატიული აქტია და დამტკიცებულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ.

მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსით დადგენილი ნორმები და რეგულაციები ვრცელდება საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე და, აგრეთვე, მოქალაქეობის არმქონე მასწავლებლებზე, რომლებიც საქმიანობენ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

ეთიკის კოდექსი ადგენს მოსწავლეებთან, მშობლებთან, სკოლის დირექციასთან, მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან ურთიერთობის სტანდარტს

I. მოსწავლეებთან ურთიერთობა
მასწავლებელი:

ეხმარება მოსწავლეს სასწავლო პროცესში წარმოქმნილი სირთულეების გადალახვაში;
მოსწავლის მრჩეველია და, მოსწავლის სურვილის შემთხვევაში, ეხმარება მას პირადი პრობლემების მოგვარებაში;
მოსწავლეს არ აყენებს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას. ასეთი გადაცდომისთვის მასწავლებელს მკაცრი სანქცია დაეკისრება;
არ ახდენს ემოციურ, ფსიქოლოგიურ ზეწოლას მოსწავლეზე;
ისმენს მოსწავლეთა აზრს, შეხედულებებს და იღებს ობიექტურ, სამართლიან გადაწყვეტილებებს, კონფლიქტურ სიტუაციაში კი ინარჩუნებს სიმშვიდეს;
სასწავლო პროცესის განმავლობაში ზრუნავს მოსწავლის ჯანმრთელობის, პირადი უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვაზე;
მაგალითს აძლევს და ეხმარება მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის აუცილებელი ღირებულებებისა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში;
მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს იცავს მორალურ და ზნეობრივ ნორმებს;
პატივს სცემს მოსწავლეთა აზრებს, უქმნის მათ ყველა პირობას იდეებისა და შეხედულებების თავისუფლად გამოხატვისთვის;
არ ეწევა მოსწავლეებთან რელიგიურ (გარდა იმ სკოლების მასწავლებლებისა, რომლებიც ეწევიან რელიგიურ საგანმანათლებლო საქმიანობას) ან პოლიტიკურ პროპაგანდას;
მოსწავლის ფიზიკურ და ინტელექტუალურ შრომას ან პოტენციალს პირადი მიზნებისთვის არ იყენებს;
თანაბარ ყურადღებას იჩენს ყველა მოსწავლის მიმართ, განურჩევლად სქესისა, რასისა, ენისა, რელიგიისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, ქონებრივი მდგომარეობისა ან სხვა ნიშნისა.
II. მშობლებთან ურთიერთობა
მასწავლებელი:

თანამშრომლობს მოსწავლის მშობელთან;
საჭიროების შემთხვევაში აწყობს ინდივიდუალურ შეხვედრებს;
მშობლის მიმართ თავაზიანია;
მშობელს უხსნის და განუმარტავს სასწავლო გეგმას და თავის არჩეულ სწავლების მეთოდებს;
მშობელს დროულად და ინდივიდუალურად აწვდის ინფორმაციას შვილის აკადემიური მოსწრების შესახებ;
თუ ის კლასის დამრიგებელია, აქვს ყველა მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია, რათა საჭიროების შემთხვევაში დროულად შეძლოს მათთან დაკავშირება;
ატყობინებს მშობელს შვილის დისციპლინური დარღვევის შესახებ და ხელს უწყობს მის ჩართვას სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრულ დისციპლინურ წარმოებაში;
უზრუნველყოფს მშობლის დაუყოვნებლივ ინფორმირებას, თუ მოსწავლე არ გამოცხადდა სკოლაში ან მის ჯანმრთელობას თუ პირად უსაფრთხოებას საშიშროება დაემუქრა.
III. კოლეგებთან ურთიერთობა
მასწავლებელი:

თანაბარი პატივისცემით ეპყრობა კოლეგებს, განურჩევლად მათი პროფესიული გამოცდილებისა თუ პიროვნული თავისებურებებისა;
ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს კოლეგებს და თანამშრომლობს მათთან;
თანამშრომლობს სკოლის მანდატურთან და ითვალისწინებს მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას;
თანამშრომლობს სკოლის დირექციასთან და თავისი წვლილი შეაქვს სკოლის განვითარებისთვის დაგეგმილ ღონისძიებებში.
IV. პასუხისმგებლობა ეთიკის კოდექსის დარღვევაზე
ეთიკის კოდექსის დარღვევას შესაძლოა მოჰყვეს სათანადო სანქცია.

მასწავლებლის მიმართ დისციპლინური წარმოება შეიძლება განხორციელდეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დადგენილი მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის შესაბამისად.

მინისტრის მიერ დამტკიცებული მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესი ეხება საჯარო სკოლის მასწავლებელს. კერძო სკოლის მასწავლებლის შემთხვევაში დისციპლინური წარმოების წესს განსაზღვრავს სკოლა.

დისციპლინური სახდელებია:

შენიშვნა;
საყვედური;
სასტიკი საყვედური;
სამსახურიდან გათავისუფლება.
თუმცა სკოლის შინაგანაწესით შესაძლებელია განისაზღვროს დისციპლინური სახდელის სხვა სახე.

აღსანიშნავია, რომ ერთი გადაცდომისთვის მასწავლებელს შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ერთი სანქცია. დაუშვებელია სასტიკი ან ისეთი დისციპლინური სახდელის დაკისრება, რომელიც ლახავს მასწავლებლის პატივსა და ღირსებას.

დისციპლინური სახდელის დაკისრებისას გასათვალისწინებელია ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შინაარსი, სიმძიმის ხარისხი და შედეგი.

მასწავლებელს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დისციპლინურ წარმოებაში და გამოთქვას თავისი მოსაზრებები და შეხედულებები.

 

მსოფლიოს ხუთი ყველაზე შთამბეჭდავი ბიბლიოთეკა

0

 

ალექსანდრინა

ალექსანდრიის ბიბლიოთეკის დაწვა მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საკრალურ მოვლენადაა შერაცხული. მიუხედავად დანაკარგისა, იმისა, რომ 700 000 უნიკალური ტექსტი, რომლებიც ხანძარმა იმსხვერპლა, ვეღარასოდეს აღდგება, 2002 წელს ეგვიპტემ ოფიციალურად გახსნა ახალი ბიბლიოთეკა სახელად ალექსანდრინა, რომელიც გლობალური კულტურის ჰაბად გადაიქცა. ეგვიპტელებმა ალექსანდრინა ოფიციალური შემოწირულობით გახსნეს. მათ დახმარებისთვის მსოფლიოს რამდენიმე დიდ ბიბლიოთეკას მიმართეს. ალექსანდრინას უზარმაზარი წიგნადი ფონდი გადასცა იტალიამ, უძველესი მანუსკრიპტების ჩათვლით. საბერძნეთმა ძვირფასი ანტიკვარიატიც უსახსოვრა. ამერიკის მთავრობამ კი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა. ამჟამად ალექსანდრინა – სწავლის, ტოლერანტობის, დიალოგისა და ურთიერთპატივისცემის ცენტრი – მასპინძლობს ხელოვნების ნიმუშთა გამოფენებს, ვორკშოპებს, აქვს ოთხი უდიდესი საგამოფენო დარბაზი და მომხმარებლებისთვის არაბულ, ინგლისურ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე მართავს ტურებს.

ოქსფორდის ბიბლიოთეკა

ოქსფორდის ბიბლიოთეკა ერთ-ერთი უძველესია ევროპაში და უკანასკნელი 400 წელია, მის ფონდში შედის ყოველი წიგნის ეგზემპლარი, რომელიც კი დიდ ბრიტანეთში დაბეჭდილა. ბიბლიოთეკაში ამჟამად 12 მილიონი წიგნი ინახება. შენობების ერთმანეთთან დამაკავშირებელი მიწისქვეშა ბილიკები მთელ ქალაქში გადის. ბიბლიოთეკის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი მე-15 საუკუნეში აგებული დივიზიონია. მან განსაკუთრებული პოპულარობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც “ჰარი პოტერის” ფილმების სერიის გადაღების დროს ერთ-ერთ ლოკაციად გამოიყენეს.

Medicea Laurenziana

ალბათ, წარმოგიდგენიათ, რა ტრიალებს ფლორენციაში – რენესანსის მემკვიდრეობით სავსე ამ იტალიურ ქალაქში. სან ლორენცოს ტაძარმა, რომელიც მედიჩების ოჯახს ეკუთვნოდა, ბოლო სართული ბიბლიოთეკას დაუთმო. ბიბლიოთეკა 1571 წელს გაიხსნა და მისი დიზაინი მიქელანჯელოს ეკუთვნის. ბიბლიოთეკაში დღემდე ინახება მედიჩების დინასტიის პირადი კოლექციები. საცავები სავსეა იშვიათი მანუსკრიპტებითა და უძველესი ნაბეჭდი წიგნებით. ამჟამად ბიბლიოთეკა რეგულარულად მასპინძლობს გამოფენებს. მას წელიწადში 10 მილიონამდე ვიზიტორი ჰყავს.

 

ავსტრიის ეროვნული ბიბლიოთეკა

ვენაში მდებარე ეს ბიბლიოთეკა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ღირსშესანიშნაობაა. მისი ცენტრალური დარბაზი 1723 წელს გაიხსნა და სამეფო ბიბლიოთეკა ეწოდა. დღეს აქ დაგხვდებათ ბაროკოს სტილისა და თანამედროვე დიზაინის შესანიშნავი კომბინაცია. გრანდიოზული მარმარილოს ქანდაკებები თაროების ფუნქციას ასრულებს და იონიური სვეტები ჭერს ებჯინება. აქვეა მცირე საგამოფენო დარბაზები.

ბოსტონის საჯარო ბიბლიოთეკა

ის მასაჩუსეტსში მდებარეობს და ევროპის ბიბლიოთეკებივით ძველი არ არის, თუმცა ფრესკებით მოხატულ ვეებერთელა დარბაზებში მსოფლიოში ყველაზე მეტი – 23 მილიონი წიგნი ინახება.

განათლება   დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. შშმ პირთა უფლებები და გამოწვევები

0

10 დეკემბერს მსოფლიო ადამიანის უფლებათა  დაცვის საერთაშორისო  დღეს აღნიშნავს. ადამიანის უფლებებზე საუბრისას კვლავაც აქტუალური რჩება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სრულფასოვანი განათლების მიღების შესაძლებლობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები. შშმ პირთათვის სრულფასოვანი განათლების მიღების შესაძლებლობა    გამოწვევად რჩება ქართული საგანმანათლებლო სისტემისთვისაც. თუ კი განათლების საბოლოო  მიზანი ინდივიდისთვის დამოუკიდებელი ცხოვრების შექმნის უფლებაა, შშმ პირებს ამ მიზნის განხორციელებაში სხვადასხვა მიზეზთა გამო, კვლავ ბარიერები ექმნებათ.

 

მაკა ნათელაური 29 წლისაა და ეტლით გადაადგილდება, ისიც მშობლების დახმარებით. მიუხედავად იმისა, რომ ცდილობს ხშირად დაესწროს სხვადასხვა საჯარო შეხვედრებს, მისი  ცხოვრება, მეტწილად, ვირტუალური სამყაროს საზღვრებშია მოქცეული. მაკა ინტერნეტის საშუალებით სწავლობს ინგლისურს და  მეგობრებთანაც ასე ურთიერთობს. მართალია, სკოლა დიდი ხნის წინ დაამთავრა, თუმცა კარგად ახსოვს მასწავლებლის რეაქცია, როდესაც მან უთხრა, რომ სურდა განათლებული ყოფილიყო. ,,მახსოვს სწავლა ძალიან მინდოდა და როდესაც ერთ მასწავლებელს ვუთხარი, რომ მინდოდა განათლებული ვყოფილიყავი, მან მხოლოდ  სიცილი დამაყარა” – იხსენებს მაკა სკოლის გამოცდილებას. მაკა ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკვე ზრდასრული ადამიანია, სიამოვნებით გააგრძელებდა სწავლას, მიიღებდა განათლებას და იმუშავებდა იმ სფეროში, რომელიც აინტერესებს, თუ კი გარემო იქნებოდა ადაპტირებული მის საჭიროებებთან.

 

2016 წელს გაეროს ბავშვთა ფონდმა- იუნისეფმა  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა შესახებ გავრცელებული მასტიგმატიზებელი წარმოდგენების კვლევა ჩაატარა. კვლევაში წარმოდგენილი ანგარიშები  ასახავს ქართული საგანმანათლებლო სისტემის პრობლემებს ამ მიმართულებით. კვლევის მიზანი შშმ ბავშვთა მიმართ ქართულ საზოგადოებაში არსებული მასტიგმატიზებელი წარმოდგენების და მათი გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება იყო. კვლევამ წარმოაჩინა ის გარემოებები, რომელიც შშმ ბავშვებს სრულფასოვანი სწავლის უფლებას უზღუდავს. მოუწყობელი და არაადაპტირებული ინფრასტრუქტურა, სპეციალური სასწავლო პროგრამების და სპეციალური პედაგოგების ნაკლებობა, შშმ ადამიანებთან დაკავშირებული სტიგმები , წინასწარგანწყობები  და ა.შ.  კვლევის თანახმად , სხვადასხვა საჯარო სივრცეებს შორის,  სკოლა ისევ  რჩება ერთ-ერთ სოციალურ სივრცედ,  სადაც შშმ ბავშვთა სტიგმატიზაცია ხდება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  მოსწავლისთვის იქაურობა დისკრიმინაციულ ატმოსფეროდ იქცევა, რაც ასევე აფერხებს და ეწინააღმდეგება  ინკლუზიური განათლების კონცეფციას.

 

ორგანიზაცია ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენელი  ანა აბაშიძე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების გაძლიერების მთავარ ფაქტორად განათლებას მიიჩნევს, რაც მათი  დამოუკიდებელი  ცხოვრებისთვის უმნიშვნელოვანესია. ანას  ვესაუბრეთ ჩვენთვის საინტერესო საკითხებზე.  გთავაზობთ ამ ინტერვიუს:

 

_რა ბარიერები ექმნებათ შშმ პირებს განათლების მიღების პროცესში და  საგანმანათლებლო სივრცეში მათთვის როგორი  ატმოსფეროა?

 

 

_საქართველოში არსებულ სიტუაციას რომ შევეხოთ, მუდმივად აღნიშნავდნენ, რომ განათლების სამინისტრო  ამ მხრივ აქტიურია და მართლაც,  ბოლო 10 წლის განმავლობაში ერთ-ერთი გამორჩეული სამინისტროა იმ თვალსაზრისით, რომ ინკლუზიური განათლების კუთხით საკმაოდ ბევრი პროექტი განახორციელა.  ის რომ   ეტლის მომხმარებელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის  მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილია სივრცეები, ეს არ  ნიშნავს,რომ ყველაფერი  იდეალურადაა და არც  იმას, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აბსოლუტური უმრავლესობა არის ეტლით მოსარგებლე. რაც შეეხება უსინათლოებს, მენტალური ან კოგნიტური შეფერხების მქონე ბავშვებს  და ა.შ.,  ამ მიმართულებით  კვლავაც  არსებობს  ძალიან ბევრი პრობლემა. პირველი_ სტერეოტიპული ბარიერია, როდესაც წარმოდგენები, ცრურწმენები  ხანდახან ხილულ და ხანდახან უხილავ ბარიერს აღმართავს და  ბავშვს გარიყავს სკოლისგან. ასეთი ამბები კი ყოველდღიურად გვესმის, ყოველდღიურად გვირეკავენ მშობლები და გვიყვებიან ამ პრობლემებზე. ეს მენტალური, ემოციური ბარიერია, მეორეა – ინფრასტრუქტურა, რამდენად არის მზად სკოლა ინფრასტრუქტურულად. ყველა ტიპის მოთხოვნას, რასაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი საჭიროებს, სკოლის ინფრასტრუქტურა ვერ აკმაყოფილებს. მესამეა – სათანადო სერვისი,  ზოგადად ყველა ბავშვი  ინდივიდუალურია. როდესაც  შეზღუდულ შესაძლებლობებზეა საუბარი , კიდევ უფრო სპეციფიკური ხდება  საჭიროებები, რაც პირდაპირ მიბმულია ფინანსურ და ადამიანურ  რესურსებთან.

 

ამ პრობლემის რა ნაწილია  მასწავლებელი? ხშირად გვესმის რომ საკლასო ატმოსფერო დისკრიმინაციულია, რაც კიდევ დამატებით პრობლემებს იწვევს…

 

თქვენ იცით იუნისეფის ერთ-ერთი ბოლო კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა 2016 წელს.  გამოკვლეული იყო სხვადასხვა ინსტიტუტებში დამკვიდრებული სტერეოტიპები, რომელიც პრობლემას უქმნის შშმ ბავშვებს. სამწუხაროდ, კვლევამ დაადგინა, რომ ყველაზე დიდი პრობლემა  მოდის სკოლებიდან, პედაგოგებისგან და ასევე მშობლებისგან. დამკვიდრებული სტერეოტიპები ხელს  უშლის პროფესიონალებს ხარისხიან მომსახურებაში.  ამ შემთხვევაში ჩვენ ვლაპრაკობთ უმრავლესობაზე და არა გამონაკლისებზე. ძირითადად, პედაგოგებს არ სჯერათ ბავშვთა შესაძლებლობების ; ისინი ორიენტირებული არიან იმაზე, თუ რა არ შეუძლია შშმ ბავშვს , და არა იმაზე,  თუ რა პოტენციალი აქვს, რაში უნდა დაეხმაროს და გააძლიეროს. რწმენის ნაკლებობა ყველა საქმეში და, განსაკუთრებით, შეზღუდულ შესაძლებლობასთან მიმართებაში, სადაც ისედაც უამრავი ბარიერია, პრაქტიკულად ხელს უშლის შშმ პირს სარგებელი მიიღოს. ასევე დგას პროფესიონალი პედაგოგის და სპეცპედაგოგის საჭიროების საკითხიც, რომ შშმ ბავშვმა მიაღწიოს იმ აკადემიურ მიზნებს, რაც სკოლას აქვს დასახული კონკრეტულ ბავშვთან მიმართებაში.

 

რას სთავაზობს სკოლა შშმ ბავშვს? რამდენად ეხმარება დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებაში?

 

დღევანდელი სკოლა, პრაქტიკულად მინიმალურ მომსახურებას სთავაზობს შშმ ბავშვს,  რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის დასწრებას სასწავლო პროცესზე და არა მის აკადემიურ განვითარებას. მთლიანობაში განათლება მისი ხარისხით განისაზღვრება, რაც იმას გულისხმობს, რომ  პირდაპირ უნდა უკავშირდებოდეს დასაქმებას და დამოუკიდებელ ცხოვრებას. დღეს კი რა ხდება? გვაქვს პრობლემათა ერთობლიობა, რომელიც არსებობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან მიმართებაში, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაზე არასრულფასოვანი განათლება მიღებული აქვთ შშმ პირებს,რაც იწვევს იმას,  რომ ამ ადამიანებს შემდგომ ვეღარ ვხედავთ ვერც დასაქმების სისტემაში, აღარ ვლაპარაკობ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. ეს ყველაფერი გამოწვეულია განათლების ხელმიუწვდომლობით. ამიტომ არის სრულფასოვანი განათლების მიღების შესაძლებლობა მათთვის უპირველესი და აუცილებელი. დამოუკიდებელი ცხოვრება სხვანაირად წარმოუდგენელია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

მწვანე ქალაქი და ტრანსპორტი

0

ნოემბრის სუსხიან საღამოს თბილისის ძველ უბანში გიორგი ბაბუნაშვილის ლექციას მოვუსმინე. გიორგი წლებია სხვადასხვა ტიპის რაოდენობრივი კვლევების ჩატარებას ხელმძღვანელობს. მიუხედავად უამრავი სამსახურეობრივი მოვალეობისა, ახალგაზრდა კაცი მაინც პოულობს დროს საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმის შესასრულებლად. დედაქალაქის რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის ლექტორი ურბანული ტრანსპორტის პრობლემების შესწავლითა და წარმოჩენით არის გატაცებული. მან თბილისის მეტროს ყველა გამოსასვლელის ისტორია იცის, მონდომებით აკვირდება ავტობუსის ახალი ხაზების შერჩევის პროცესს და ყურადღების მიღმა არ ტოვებს მიკროავტობუსების მონოპოლისტ კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში შესატანი ცვილელებების ნუსხას. ამასთანავე, არ ავიწყდება მსოფლიოს იმ მოწინავე ქალაქების გამოცდილების შესწავლა, რომლებმაც სახელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომფორტული ქსელების შექმნით გაითქვეს.

„ურბანული ლაბორატორიის“ დირექტორის მოსხსენებამ უამრავი ადამიანი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ეკოლოგიურად მდგრადი ქალაქის შექმნა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების გარეშე შეუძლებელია. ინდივიუალური ავტოტრანსპორტის სიმრავლე, არაკომფორტული მეტროსა და მუდმივად გადატვირთული ავტობუსების არსებობა თბილისის დაბინძურების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ იქცევა ხოლმე. გავეცნოთ რამდენიმე შემაშფოთებელ სტატისტიკურ მაჩვენებელს.

საქართველოში 1,1 მილიონი ავტომობილია რეგისტირებული. რეგისტირებულ ავტომობილთა 37% დედაქალაქზე მოდის. ავტომანქანების დაახლოებით ნახევარი ოც წელზე ძველია. ავტოპარკის 91% კი 2007 წელზე ადრეა გამოშვებული. ავტომობილთა რაოდენობის ზრდის ტემპი ყოველწლიურად 9.1%-ს უტოლდება. ზრდა ძირითადად გადაადგილების მეორადი საშუალებების ხარჯზე ხდება. ფრანგული კომპანია „Systra”-ს მონაცემებით 2011 წელს თბილისში მოქალაქეთა გადაადგილების 51% საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოდიოდა, ხოლო 19% ინდივიდუალურ ავტოტრანსპორტზე (გადაადგილების მოდალური განაწილება). 2016 წელს კი სიტუაცია რადიკალურად არის შეცვლილი. მხოლოდ 39% გადაადგილდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით, პირადი მანქანებით მიმოსვლის წილი კი 19%-დან 30%-მდეა გაზრდილი.

ნუ შეგაშფოთებთ ამდენი რიცხვის, პროცენტისა და ტენდენციის დანახვა, რადგან მონაცემები ძალიან მარტივ და ადვილად შესამჩნევ გარემოებაზე მიანიშნებენ. კერძოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა აღარავის სურს. ყველა, ვისაც კი უმცირესი ფინანსური შესაძლებლობა უჩნდება, დაუყოვნებლივ ყიდულობს ავტომობილს. გაჭირვებული ადამიანების საბანკო კრედიტები, როგორც წესი, მხოლოდ ძველი და ჩამოწერილი მანქანების შეძენისთვის არის საკმარისი. შედეგად, ქალაქი სავსეა ამორტიზებული, მოშლილი შიდაწვის ძრავის მქონე გადაადგილების მოძველებული საშუალებებით, რომლებიც ჩვენს დასახლებაში არც ნორმალურად მოძრაობის და არც ნორმალურად სუნთქვის შანსს არ გვიტოვებენ. საქართველოში ევროპასთან შედარებით სამჯერ მეტი ადამიანი იღუპება ჰაერის დაბიძნურებისა და ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზით.

ქალაქის მკვლევრის მოხსენებაში ჩემი ყურადღება კიდევ ერთმა უმნიშვნელოვანესმა დაკვირვებამ დაიმსახურა. თუ დავუშვებთ, რომ ერთი ინდივიდუალური ავტომობილით ქალაქში მხოლოდ ერთი ან ორი მოქალაქე გადაადგილდება ინტენსიურად, მაშინ ერთ მიკროავტობუსს ათი პირადი მანქანის ჩანაცვლება შეუძლია. დიდი ავტობუსი ორმოცდაჩვიდმეტ ავტომანქანას ანაცვლებს,  45 მეტრიანი ტრამვაი ორასზე მეტს, მეტროს დიდი შემადგენლობა კი დაახლოებით ოთხასს. მაშასადამე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ელემენტარული კომფორტის უზრუნველყოფა, ინტერვალების შემცირება და დაფარვის ზონის გაფართოვება ათასობით ადამიანს უბიძგებდა მეტროსა თუ ავტობუსის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთებისკენ. შედეგად, ქალაქის უამრავი ქუჩის ფართობი დაიზოგებოდა და ჩვენს სასუნთქ გზებს ოდნავი შვება მიეცემოდა.

ჩვენს ქალაქში კი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ეფექტიანობის გაზრდის მცდელობები საერთო სურათს ვერ ცვლის. ევროპული მსხვილი დასახლებების აბსოლუტურ უმრავლესობაში მიკროავტობუსების საშუალებით გადაყვანის რაოდენობა 0%-ს უტოლდება. საქართველოში კი ყველაზე დაბალი დონის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის წილი 42%-ია. მთავრობამ მიკროავტობუსებს მეტროსა და ავტობუსის ხაზების დუბლირების შესაძლებლობაც მისცა. ისინი უმძაფრეს კონკურენციას უწევენ ეკოლოგიურად გაცილებით უფრო სუფთა, ტრადიციულ ტრანსპორტს. შესაბამისად, ჩნდება კითხვა – ვინ დააყენებს საკუთარ ავტომობილს ფარეხში, რათა საშინელი, გადატვირთული, დახუთული „მარშრუტკით“ იმგზავროს?

იმედია, ოდესმე ვიცხოვრებთ ქალაქში, სადაც ხალისით ვიმგზავრებთ მეტროთი, ტრამვაით, პირადი ავტომობილებით კი მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში ვისარგებლებთ. შორეულ ოცნებებში კი ხშირად მიფიქრია ქალაქზე, სადაც მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს.

 

 მეტაპლანი – ფერადი გაკვეთილები

0

მეტაპლანი არის ჯგუფური მუშაობის ეფექტური ფორმა, რომელიც  ხელს უწყობს იდეებისა და გადაწყვეტილებების გენერირებას; აზრებისა და შეთანხმებების, მიზნების, რეკომენდაციებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებას. ინფორმაციის შეგროვების ვიზუალური ინსტრუმენტია ფერადი ბარათები.

მეთოდიკა მოიცავს ლიდერთა-მოდერატორთა მონაწილეობას ჯგუფურ დისკუსიაში. მოდერატორები არიან ადამიანები, რომლებიც ანალიზისა და განხილვის პროცესში მონაწილეობენ, თითოეული სამუშაო ჯგუფის კონტექსტის მიხედვით.

მეტაპლანის გამოყენებას ორმაგი”ეფექტი” აქვს: ერთი მხრივ, გულისხმობს დროის მოგებას – მეტაპლანის ტექნიკის გამოყენებით შედეგების მიღწევა შედარებით უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე ტრადიციული მეთოდებით; მეორე მხრივ კი – მონაწილეების უფრო აქტიურ ჩართულობას ჯგუფური მუშაობის პროცესში ყველა მოსაზრების განხილვასა და ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღებას.

მეტაპლანების მეთოდი სამნაწილიანია:

ვიზუალიზაციის ტექნიკა

მეტაპლანების გამოყენებით დისკუსიისთვის საჭიროა ვიზუალიზაციის მექანიზმები, რათა ჯგუფის წევრების მოსაზრებები და არგუმენტები ყველასთვის თვალსაჩინო იყოს:

ვიზუალიზაცია ჯგუფების მუშაობის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. ისინი შეიძლება ორგანიზებულად და ერთობლივად დალაგდეს. საჭირო რესურსია ფერადი ქაღალდის სხვადასხვა ზომისა და ფორმის ბარათები, რომლებზეც დაიწერება კითხვები და იდეები. მნიშვნელოვანია, რომ მეტაპლანის ბარათები ისე მიმაგრდეს დაფაზე, რომ თავისუფლად შეიძლებოდეს მათი გადაადგილება.

ძალიან მნიშვნელოვანია პასუხების ვიზუალური კომპონენტი, რადგან სხვა მონაწილეებს   ანალიზის საშუალებას აძლევს.

ურთიერთქმედების ტექნიკა

ურთიერთქმედების ტექნიკა იწვევს ცოცხალ და ნაყოფიერ დისკუსიებს, წახალისებასა და მონაწილეთა ჩართულობას.

დრამატურგიული დაგეგმვის ტექნიკა

წესების შემუშავება მოდერატორს დაეხმარება დისკუსიის დროს, რათა უხელმძღვანელოს ჯგუფს და დაეხმაროს დასკვნების გამოტანაში.

მოდერატორი არ არის არც ექსპერტი და არც ხელმძღვანელი. ის უბრალოდ ხელმძღვანელობს დისკუსიას. მოდერატორი არ გამოხატავს თავის აზრს. ის კითხვებს სვამს, მიჯნავს თავის მოსაზრებასა და მონაწილეთა აზრს. მოდერატორმა უნდა აღმოფხვრას კონფლიქტები, გამოიძიოს მათი მიზეზები. მისი ამოცანაა დისკუსიის წარმართვა შედეგების მისაღწევად.

მეთოდის ამოცანაა ინდივიდუალური და ჯგუფური აზროვნების ორგანიზება კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად, როგორც თითოეული მონაწილის გამოცდილებისა და ცოდნის გათვალისწინება, ისე მათი განვითარება და გამდიდრება ჯგუფური მუშაობის შედეგად.

მეტაპლანტის უპირატესობა ისაა, რომ იგი განხილვის პროცესის ყველა ეტაპზე სრული ვიზუალიზაციის პრინციპითაა აგებული. ამ მეთოდის გამოყენებისას მონაწილეები აქტიურად თანამშრომლობენ, რაც ხელს უწყობს აქტიურ და ეფექტურ დისკუსიებს. პროცესი მიმდინარეობს წინასწარ დადგენილი წესებით, რომლებიც თავიდანვე განსაზღვრულია, რაც მოდერატორს საშუალებას აძლევს ისე წარმართოს დისკუსია, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოს.

მეთოდის დანერგვის პირობები:

– მონაწილეთა ოპტიმალური რაოდენობა 15-30 მოსწავლეა.

საჭირო რესურსები:

– ფერადი ქაღალდის ფურცლები (მაგალითად, თეთრი, მწვანე, წითელი) მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით (თითოეულ მონაწილეს 3 ფერადი ქაღალდი აქვს);

– თითოეულ მონაწილეზე კალმები, ქაღალდის 3-5 დიდი ფურცელი (შეგიძლიათ ძველი გაზეთები და ჟურნალები);

– 3-6 მარკერი (თითოეული ჯგუფი 1-2).

მეთოდის შესრულება მოიცავს შემდეგ საფეხურებს:

პირველი ეტაპი: პრობლემებისა და კითხვების იდენტიფიცირება და ფორმულირება.

მასწავლებელი მონაწილეებს სთავაზობს, 5-10 წუთში ჩამოაყალიბონ რამდენიმე პრობლემური საკითხი (მაგალითად, გარემოსდაცვითი განათლების პროცესის ორგანიზება ან გარემოსდაცვითი განათლების პროცესში ახალი საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენება და სხვა).

თემის შერჩევა შესაძლებელია ნებისმიერი ცოდნის სფეროდან.

შემდეგ მასწავლებელი გამოჰკითხავს მოსწავლეებს და აფიქსირებს ყველა პრობლემას, რომელთა შორისაც გამოარჩევს სამ წამყვან კითხვას.

მაგალითად, თემაზე „გარემოსდაცვითი განათლების პროცესის ორგანიზება” გამოირჩა 3 წამყვანი კითხვა.

რა არის ადამიანის ეკოლოგიური კულტურა?

რა არის წამყვანი იდეა, რომელიც განსაზღვრავს გარემოსდაცვითი განათლების პროცესის შინაარსს?

რა პირობები უნდა შექმნას მასწავლებელმა მოსწავლის ეკოლოგიური კულტურის ოპტიმალური განვითარებისათვის?

მეორე ეტაპი: ფერადი ქაღალდის ფურცელზე პრობლემების ჩაწერა, მასწავლებელი თითოეულ წევრს 3 ფერადი ქაღალდის ფურცელს აძლევს. ამ შემთხვევაში ფერი ხელს უწყობს პრობლემის გამოყოფას და გამოარჩევს ინდივიდუალურ პრობლემებს.

თითოეულ ფურცელზე მონაწილეები წერენ შესაბამის პრობლემებსა და კითხვებს. მაგალითად, პირველი კითხვა – „რა არის ადამიანის ეკოლოგიური კულტურა?“ – წერია თეთრ ფურცელზე; მეორე – მწვანე ფურცელზე: „რა არის წამყვანი იდეა, რომელიც განსაზღვრავს გარემოს დაცვის პროცესის შინაარსს?“; მესამე – წითელ ფურცელზე: „რა პირობები უნდა შექმნას მასწავლებელმა მოსწავლის ეკოლოგიური კულტურის ოპტიმალური განვითარებისათვის?“

მესამე ეტაპი: ინდივიდუალური განხილვა. თითოეული მოსწავლე 20-30 წუთის განმავლობაში წერილობით პასუხობს ფერადი ქაღალდის ფურცლებზე დაწერილ კითხვებს. ნებადართულია, დაწერონ ყველაფერი, რაც თავში მოუვათ, მაგრამ დიდი ასოებით. რათა ყველა იდეა ყველასთვის თვალსაჩინო იყოს.

მეოთხე ეტაპი: მოსწავლეთა ინდივიდუალური მოსაზრებების წარდგენა და გაცვლა. თითოეული მონაწილე ჯგუფში აცნობს ყველას თავის პასუხებს სამივე პრობლემის კითხვებზე (დეტალური კომენტარების გარეშე). მოსწავლეებს შორის ხდება აზრების გაცვლა კომენტარების გარეშე.

მეხუთე ეტაპი: ანალიზი, ინდივიდუალური მოსაზრებების სინთეზი ჯგუფებში. ამ ეტაპზე ხორციელდება შემდეგი საქმიანობები:

–  მოსწვლეებისგან იქმნება დაახლოებით თანაბარი რაოდენობის სამი შემოქმედებითი ჯგუფი;

–  ფერადი ფურცლები მათზე აღწერილი მოსაზრებებით ფერების მიხედვით კლასტერების საშუალებით ჯგუფდება;

– თითოეული ჯგუფი აანალიზებს და ავსებს ინდივიდუალურ მოსაზრებებს და თანხმდება ერთ-ერთ კითხვა-პრობლემაზე;

– 20-30 წუთის განმავლობაში ჯგუფები ინდივიდუალურ მოსაზრებებს აანალიზებენ და აფასებენ, შეიმუშავებენ საერთო ვერსიას.

– ჯგუფები მარკერებით აფორმებენ ფერად ფურცლებს, დაიტანენ შედეგებს (ნახაზები, გრაფიკები, ცხრილები, წერენ განმარტებებს და ა.შ.).

მეექვსე ეტაპი:  ჯგუფების მუშაობის შედეგების პრეზენტაცია. თითოეული ჯგუფი, თავის მხრივ, წარმოადგენს მათი საქმიანობის შედეგებს. მასწავლებელი თითოეული ჯგუფის პრეზენტაციაზე კომენტარს აკეთებს.  ყველა ნახაზი, პლაკატი, დაფაზე (კედლებზე) განთავსდება.

მეშვიდე ეტაპი: რეფლექსია, საქმიანობის შედეგების ასახვა. თითოეული მონაწილე  ჯგუფში განიხილავს:

– აანალიზებს მუშაობის დროს საკუთარ ემოციურ მდგომარეობას;

– აფასებს ჯგუფში საკუთარ საქმიანობას;

– განიხილავს თავის მოსაზრებებს განხილულ საკითხებზე;

– აფასებს განხორციელებული ტექნოლოგიების შესაძლებლობებს თავის საქმიანობაში.

რეფლექსია ხორციელდება სხვადასხვა მეთოდით.

მასწავლებელი აჯამებს საქმიანობას.

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდები: https://www.hostingtransformation.eu/methode/metaplan/ ; https://www.ecured.cu/Metapl%C3%A1n ; https://studfiles.net/preview/3217955/page:9/ .

 

 

 

 

სტატია საჭირო ადამიანზე

0

რაღაც შესავალივით

ჩვენს ინტერნეტგაზეთში ხშირად ნახავთ სტატიებს, რომლებიც საქართველოს არაქართულენოვან დასახლებებში მოღვაწე მასწავლებლებს ეხება. ამას ორი მნიშვნელოვანი მიზეზი განაპირობებს – პირველი ეროვნული უმცირესობებისათვის სახელმწიფო ენის სწავლების აქტუალობა და მნიშვნელობაა, მეორე კი ის, რომ ჩვენ, ადამიანებს, რომლებსაც ისტორიების წერა გვიყვარს, მუდამ გვიზიდავს პერსონაჟები, რომლებიც ცხოვრებაში არცთუ ჩვეულებრივ, გაუკვალავ გზას ირჩევენ. როგორც წესი, ამ დროს ხელთ საინტერესო მოსაუბრე და არანაკლებ საინტერესო ისტორია შეგვრჩება ხოლმე. ასეთი ისტორიის ძიებაში გავიცანი ნინო ბერიანიძეც, რომელიც ,,არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა პროფესიული გავითარების“ პროგრამის მონაწილეა და ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში სახელმწიფო ენას ასწავლის.

ნინო ამბობს, რომ ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო ოცნება მასწავლებლობაზე, როდესაც სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის პირველ კურსზე სწავლობდა და ამაში დიდი წვლილი მისმა პედაგოგებმა შეიტანეს. დოქტორანტურაში ქართულის, როგორც მეორე ენის, სწავლების საკითხებზე მუშაობდა, დისერტაციისათვის საჭირო მასალის მოსაძიებლად ისეთ სკოლაში დაიწყო  მუშაობა, სადაც ქართული მეორე ენის სტატუსით ისწავლებოდა. ჯერ თბილისში მასწავლებლობდა, მერე კი  ბოლნისში, ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელში აღმოჩნდა და როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ახალგაზრდა სპეციალისტი სწავლების დინამიკურმა პროცესმა კვლევაზე მეტად გაიტაცა, ჰოდა, რაც ოდესღაც საშუალებად იყო ჩაფიქრებული, მთავარ მიზნად ექცა.

 

ბოლნისი. შეჩვევა.

სოფელი ტალავერი, სადაც ნინო ,,მასწავლებლის სახლის“ პროექტის – ,,ქართული, როგორც მეორე ენა“ – ფარგლებში მიავლინეს,  აზერბაიჯანელებითაა დასახლებული; როგორც ახალგაზრდა მასწავლებელი ამბობს, ესაა სოფელი, რომელსაც საკმაო ინტელექტუალური რესურსი აქვს და სადაც განათლებასა და განათლებულ ადამიანებს აფასებენ. მასწავლებლებს აქ პატივს იმდენად სცემენ,  რომ მათსა და დანარჩენ მოსახლეობას შორის ერთგვარი დისტანციაც კი არსებობს. ნინოს კი, როგორც ისედაც ,,უცხოსა“ და მოსარიდებელს, ადგილობრივ მოსახლეობასთან არსებული ამ დისტანციის დაძლევა სურდა. სწორედ ამიტომ  გადაწყვიტა, რომ  სოფელში ბოლნისიდან კი არ ევლო, როგორც ამას მასწავლებლების ნაწილი აკეთებდა, არამედ ტალავერშივე მოეძებნა ბინა. რამდენიმე თვეში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო – მეთორმეტეკლასელი მოსწავლის ოჯახში გადავიდა საცხოვრებლად. ფიქრობს, რომ ეს საუკეთესო ნაბიჯი იყო ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტეგრაციის თვალსაზრისით. გოგონები – მოსწავლე და მასწავლებელი – ყველგან ერთად დადიოდნენ, ერთად იღებდნენ მონაწილეობას თემის ყოველდღიურ ცხოვრებაში და ბოლოს ახალგაზრდა მასწავლებელი სოფელში თავისიანად მიიღეს, მის მიმართ ნდობა გაუჩნდათ, რამაც საშუალება მისცა, რომ თავისი მოსწავლეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად გარკვეული ნაბიჯები გადაედგა.

პროექტები. ღონისძიებები…

აუცილებლად მოვა დრო, როდესაც ყველაფერი შეიცვლება, მაგრამ ჯერჯერობით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მხარეებში ქართული ენის ცოდნა მოსახლეობის ნაწილის პრივილეგიად ითვლება. აზერბაიჯანული თემის წევრები ძირითადად თვისტომებთან ამჯობინებენ ურთიერთობას და ბაზარშიც კი მარნეულში დადიან, როდესაც ქალაქი ბოლნისი უფრო ახლოსაა. რასაკვირველია, მოსახლეობის მეტი ინტეგრირებისათვის დამატებითი ღონისძიებებია საჭირო, რაშიც ქართულის მასწავლებელს თავისი მოკრძალებული წვლილი შეაქვს: დაჰყავს მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, აცნობს მათ თანამედროვე ქართულ ლიტერატურას, კულტურას, ცდილობს ისინი დასავლურ ფასეულობებს აზიაროს, აჩვენოს საინტერესო ფილმები, ასწავლოს ინტერნეტის მოხმარება და ზოგადად, აზროვნების თვალსაწიერი გაუფართოვოს.

სკოლაში თანამედროვე ბიბლიოთეკის მოწყობა ნინო მასწავლებლის დიდი ხნის მიზანი იყო, მაკულატურაც კი შეაგროვებინა მოსწავლეებს, რომელიც მერე ახალ გამოცემებში გადაცვალეს. მაგრამ ეს ყველაფერი საკმარისი არ აღმოჩნდა. ახლა კი პროქტმა, რომელიც ნინო ბერიანიძემ დაწერა, ფონდ ,,ორბელიანის“ მხარდაჭერა მოიპოვა, რაც სკოლას შესაძლებლობას მისცემს  პირველი სართულის ერთ-ერთი ოთახი გარემონტდეს და იგი მედიათეკად იქცეს, სადაც ,,მკითხველთა კლუბი“  შეხვედრებს გამართავს. მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ თანამედროვე გამოცემებს გაეცნონ, ხმამაღალი კითხვის საღამოები და საინტერესო კინოჩვენებები მოაწყონ და ქართული კულტურის მოღვაწეებსაც  პირადად შეხვდნენ.

ყველა წინგადადგმული ნაბიჯი კი  იმ პატარა გუნდას ჰგავს, რომელიც  შეიძლება მალე ზვავად გადაიქცეს.

გოგონები, რომლებიც ცვლიან სოფელს

ცვლილებები უკეთესობისკენ ნელი ტემპით მიდის, მაგრამ მაინც შესამჩნევია. მეტი ადამიანია დაინტერესებული სახელმწიფო ენის შესწავლით, მეტი სკოლადამთავრებული არჩევს თბილისში გააგრძელოს განათლების მიღება. უკვე ტრანსპორტიც ემსახურება სკოლას, რაც ნინო მასწავლებელს საშუალებას აძლევს ყოველდღე ბოლნისიდან იაროს. და არის კიდევ ერთიც:

ალბათ, არავისთვისაა საიდუმლო, რომ ჩვენი ქვეყნის ბევრ და განსაკუთრებით ეთნიკურად არაქართველებით დასახლებულ რეგიონებში, უფრო მეტად კი სოფლებში, ქალების უფლებები, რბილად რომ ვთქვათ, ვერ უთანაბრდება მამაკაცებისას. ნინო ბერიანიძის თქმით, მისი მასწავლებლობის პირველ წელს გოგონებს, მათ შორის, იმათაც, რომლებიც ბიჭებს სწავლაში არაფრით ჩამორჩებოდნენ, ოლიმპიადების შესახებ არც კი აგებინებდნენ, რადგან თავისთავად იგულისხმებოდა, რომ გოგოს რაიონულ ცენტრსა და მით უმეტეს დედაქალაქში არავინ გაუშვებდა. ეს ტრადიცია პირველად ერთმა საოცარმა გოგონამ დაარღვია, რომელიც მშობლებმა შვიდი დღით მარტო გაუშვეს ,,გლოუს“ ბანაკში, რის შემდეგაც იგი ,,გლოუს“ ელჩიც გახდა საკუთარ სოფელში. ეს გოგონა ასევე პირველი იყო, რომელმაც გორში, თეატრის წინ, ქართველ მოსწავლეებთან ერთად ფლეშმობში მიიღო მონაწილეობა.

წელს  კიდევ ერთი განსაკუთრებით ნიჭიერი გოგონა ანაკლიის ბანაკშიც კი გააგზავნეს ერთი კვირით. ეს შესანიშნავი მაგალითი იყო სოფლისათვის. მოსახლეობამ ,,მშვიდობის კორპუსიდან“ უკვე მოითხოვა მოხალისე მასწავლებელი, რომელიც მათ შვილებს ინგლისურ ენაში გაწაფავს. მერე კი გოგონა, რომელიც ანაკლიის ბანაკში იყო, შეიძლება ,,ფლექსის“ პროგრამით ამერიკაშიც გაემგზავროს. ეს ნამდვილად რევოლუციური გადაწყვეტილება იქნება სოფლისათვის, სადაც გოგონები მეცხრე კლასიდან ისე ფიქრობენ თავიანთ ქორწილზე, როგორც  შესაძლებლობაზე, რომ ერთი დღით მაინც გაიბრწყინონ.

თუმცა რა არის საჭირო იმისთვის, რომ ცვლილებები უფრო ხელშესახები გახდეს:

 

რეკომენდაციის შესახებ

ყველა, თუნდაც განსაკუთრებით წარმატებული პროექტი, მუდმივად უნდა ვითარდებოდეს. გთავაზობთ ,,არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების“ მონაწილე რამდენიმე ყოფილი თუ მოქმედი მასწავლებლის რეკომენდაციას:

პრინციპში,  ამ რეკომენდაციებს ისინი ჩემზე ათასჯერ უკეთესად გაგაცნობდნენ, თავიანთი ბლოგი რომ ჰქონდეთ. ისინი ხომ ასე შესანიშნავად წერენ: გაუზიარებდნენ ერთმანეთს გამოცდილებას, გააშუქებდნენ ჩატარებულ ღონისძიებებს, ისაუბრებდნენ მწვავე პრობლემების შესახებ და ხმას მიაწვდენდნენ მრავალრიცხოვან აუდიტორიას, რაც ადამიანთა მცირე ჯგუფის პრობლემას საქვეყნო პრობლემად აქცევდა და საერთო განვითარებასა და ინტერაქციასაც მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს.

იმისთვის, რომ თავიანთი მოვალეობა პირნათლად შეასრულონ, ამ პროექტის მონაწილე მასწავლებლებს ზოგჯერ გაცილებით მეტის გაკეთება უწევთ, ვიდრე ჩვეულებრივ მდგომარეობაში მყოფთ და ეს ყველაფერი აუცილებლად საჭიროებს დაფასებასა და მხარდაჭერას, რათა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებიც ხედავდნენ, რომ ადამიანები, რომლებიც მათთან მიავლინეს, სახელმწიფოსათვისაც მნიშვნელოვანნი  არიან.

ამ მასწავლებლების საქმიანობას ხომ სირთულესთან ერთად  აზარტი ახლავს თან:

დასკვნასავით:

ეს ფრაზები ალაგ-ალაგ გამოერია ჩემი და ნინოს ორსაათიან დიალოგში:

  • ამ პროექტმა საკუთარი თავი მაპოვნინა…
  • ბოლნისში თავს უფრო საჭირო ადამიანად ვგრძნობ…
  • უფრო გამბედავი გავხდი…
  • თურმე სიმღერა და ცეკვაც კი შემძლებია…
  • მადლობას მიხდიან, რომ მათი ცხოვრება შევცვალე…
  • თქვენ ოღონდ ჩვენთან დარჩითო…

 

დამშვიდობებისას ვკითხე:

  • დარჩები?
  • ჰო, აბა რა, აუცილებლად დავრჩები.

 

როგორ გავაცნოთ წიგნი როლური თამაშით

0

ბავშვებსა და წიგნებს შორის გზამკვლევობა ადვილი არ არის. მასწავლებლებს გამუდმებით გვიწევს ბავშვის ასაკისა და ინტერესების გათვალისწინება. ყველაზე მეტად კი იმას უნდა დავაკვირდეთ, რამდენად გაწაფულნი არიან კითხვაში. პარალელი გავავლოთ ჩვენს შესაძლებლობებთან: გვსიამოვნებს კი იმის კეთება, რაც ძალიან გვიძნელდება, მაგალითად, უცხო ენაზე რთული სამეცნიერო სტატიის კითხვა ან ჟურნალ „ბურდადან“თარგის ამოღება? იგივე ხდება კითხვისას. როდესაც ბავშვი სიტყვებს ეჭიდავება, მათი ამოკითხვა უჭირს, ძირითადი აზრიც იბნევა და კითხვა ნამდვილად აღარ უკავშირდება სიხარულს.

მეთოდი, რომლის შესახებაც უნდა გიამბოთ, ნაცნობია, თუმცა საინტერესო იქნება იმის გაზიარება, როგორ მოვარგე ის ერთ კონკრეტულ მიზანს – როლური თამაშით წიგნისადმი ინტერესის აღძვრას. თამაშით მიწოდებული ნებისმიერი სიახლე საუკეთესო გზაა ბავშვის ყურადღების ასაფუთფუთებლად. მიუხედავად იმისა, რომ ჩემ ირგვლივ ბევრი მკითხველია, რამდენიმე მათგანს მაინც გამოვარჩევდი, ვის წაკითხულ წიგნსაც უყოყმანოდ ვყიდულობ და ვკითხულობ. ხშირად დავფიქრებულვარ, რა აერთიანებს ამ ადამიანებს ერთმანეთთან და აღმოვაჩინე, რომ ყოველ მათგანს გულწრფელად და ძლიერ უყვარს ლიტერატურა. რა თქმა უნდა, პიროვნული კეთილგანწყობაც ერთ-ერთი მიზეზია, მაგრამ ვინაიდან მასწავლებლის ყველა გზა საკლასო ოთახამდე მიდის, თვითჩაღრმავებამ საინტერესო გაკვეთილამდე მიმიყვანა.

გადავწყვიტე, კონკრეტული წიგნისადმი ჩემი სიყვარული თვალშისაცემი გამეხადა, რომელიმე პერსონაჟად გადავქცეულიყავი და წარმოსახვით გვემოგზაურა წიგნში. რამდენიმე წლის წინ რაჭველ მოსწავლეებს ასე გავაცანი ჰარი პოტერი, ჰაიდი, ბემბი, რონია, გრეტელ ბრინკერი. დროდადრო თვითონ მახსენებდნენ როლურ თამაშს და მთხოვდნენ, კვლავ გამეცნო მათთვის რომელიმე ლიტერატურული პერსონაჟი.

გაკვეთილი კი შემდეგი აქტოვობებისგან იკინძება:

 

წიგნის შერჩევა

თავდაპირველად ვარჩევთ წიგნს. როგორც უკვე აღვნიშნე, შერჩევისას მთავარია, თავად გვიყვარდეს ის ლიტერატურული ნაწარმოები, რომლის გაცნობასაც ბავშვებისთვის ვაპირებთ და კიდევ უფრო მთავარია, წიგნი შევარჩიოთ მათი ასაკისა და ინტერესების გათვალისწინებით. ეს შეიძლება იყოს რომელიმე ახალი თარგმანი ან კლასიკური ლიტერატურა, ფენტეზის ან მემუარული ჟანრი.

 

კითხვა მარკირებით

მომდევნო ნაბიჯი ტექსტის ხელახლა წაკითხვაა, რადგან ასეთი გაკვეთილის ჩასატარებლად მძაფრი შთაბეჭდილებები და დეტალების გახსენება დაგვჭირდება. კითხვისას ვინიშნავთ პერსონაჟის გარეგნულ მახასიათებლებს, საცხოვრებელი ადგილის აღწერილობას, მთავარი იდეის გამომხატველ ფრაზებს, საინტერესო სიტყვებს.

 

შეკითხვები

კითხვის პარალელურად ვფიქრობთ შეკითხვებზე და დღიურში ვიწერთ მათ. შეკითხვების მოფიქრებაში კი გვეხმარება მარკირებული კითხვისას მონიშნული დეტალები. შეკითხვა არ უნდა იყოს მეტისმეტად ბევრი.

 

რა გვინდა ვუთხრათ ბავშვებს?

შეკითხვების შერჩევისას დაგვეხმარება იმაზე ფიქრი, რისი თქმა გვსურს ბავშვებისთვის. იქნებ სიღარიბეზე გვინდა დავაფიქროთ, ან თავდადება და მზრუნველობა გვინდა განვაცდევინოთ, ან იქნებ ტყის საიდუმლო ცხოვრების გაცნობა გვსურს? მთავარია, რომელიმე ღირებულების ირგვლივ ვიტრიალოთ და კითხვებიც შესაბამისად ავაგოთ.

 

ფიქრი პერსონაჟზე

წიგნის კითხვის პარალელურად ვარჩევთ ერთ პერსონაჟს. ვაკვირდებით მის გარეგნულ ნიშან-თვისებებს, სხვა პერსონაჟთა სახელებს ვიწერთ და ვიმახსოვრებთ. როგორც მიხვდით, პერსონაჟზე ფიქრი კითხვისას თან დაგვყვება. გაკვეთილის დაგეგმვისას აუცილებელია ისეთი დეტალის მოფიქრება, რაც პერსონაჟისთვის არის დამახასიათებელი. სასურველია, ჩავიცვათ დაახლოებით ისე, როგორც მწერალს ჰყავს აღწერილი თავისი გმირი. მაგალითად, რონიად გადაქცევისას თმის გაწეწვა, ტყავის შარვლის, ტილოს პერანგის და აბგის მოძიება გადავწყვიტე, ჰარი პოტერის გასაცნობად კი ჰოგვორტსისეული ქუდი და მოსასხამი შევიკერე. დასაწყისში ინტერესის გასაღვივებლად ერთი დეტალიც შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს.

 

რა ხდება გაკვეთილზე?

წიგნის წაკითხვის, პერსონაჟის შერჩევის, მთავარი კითხვების მოფიქრების შემდეგ გაკვეთილის აგების დრო დგება. დღიურში მოკლედ ვიწერ აქტივობებს, ვამზადებ ფურცელზე ამობეჭდილ და დაჭრილ შეკითხვებს, საჭირო რესურსს (ტანსაცმელს). გაკვეთილის დაწყებამდე დაფაზე ვწერ: „როლური თამაში, გამიცანით, ეს მე ვარ… (პერსონაჟის სახელი და გვარი)“. ვთხოვ, მოამზადონ რვეულები სწრაფი მორბენალი ჩანაწერებისთვის. ვურიგებ შეკითხვებს. კლასის ორგანიზების ფორმას საჭიროებისამებრ ვირჩევ. ვჯდები სკამზე და ვთხოვ, სათითაოდ დამისვან კითხვები. ისინი დანომრილია და ისეა აგებული, რომ თავდაპირველად გმირის ვინაობას არკვევდეს. შემდეგ ოჯახის წევრების გაცნობის დრო დგება, მერე კი წიგნის სიუჟეტისა და ჩვენ მიერ შერჩეული ღირებულების ირგვლივ ვტრიალებთ. თუ დრო საშუალებას გვაძლევს, კითხვებს ჯერ თავად პასუხობენ. მასწავლებელი ზის და პირველ პირში პასუხობს ბავშვებს, საინტერესოდ ჰყვება თავის ამბებს, მწერლის მიერ შეთხზულს. მთავარია, წიგნში განვითარებული მოვლენების შესაბამისად ვუპასუხოთ, თუმცა ოქროს შუალედის გამოძებნა ისევე აუცილებელია, როგორც ნებისმიერი ახალი წიგნის ირგვლივ ჩვენი დამოკიდებულების გამოხატვისას. ყველაფერს არ ვამბობთ და ბავშვებს დამოუკიდებლად აღმოსაჩენს ვუტოვებთ.

 

ავტორის გაცნობა

კითხვა-პასუხის შემდეგ დგება ავტორის გაცნობის დრო. მასწავლებელი-„პერსონაჟი“ ამბობს: თუ გსურთ ჩემ შესახებ მეტის გაგება, მოძებნეთ ესა და ეს წიგნი და წაიკითხეთო. სასურველია სლაიდშოუს ჩვენება და ავტორზე გარკვეული წარმოდგენის, მისდამი გარკვეული განწყობის შექმნა.

 

გაკვეთილის მესამე ფაზა

თუ წყვილი გაკვეთილის საშუალება გაქვთ, მესამე ეტაპზე ათასი რამის მოფიქრება შეიძლება, მაგალითად: სწრაფი მორბენალი ჩანაწერების მიხედვით ჯგუფებმა შექმნან პოსტერები ავტორის, მთავარი პერსონაჟის ან სხვა პერსონაჟების შესახებ. ბავშვები მასწავლებლის მონათხრობის მოსმენისას ძირითად ინფორმაციას იწერენ, რაც შემეცნებითი სამყაროს გასამდიდრებლად გამოადგებათ.

თუ წყვილი გაკვეთილი არ გაქვთ, მესამე ფაზად შეგვიძლია პირადი წერილი ვაქციოთ. დავავალოთ, წერილის ქარგის დაცვით მისწერონ მთავარ პერსონაჟს და უამბონ საკუთარი თავის, ქვეყნის, შიშის თუ სიხარულის შესახებ.

 

გაგრძელება უნდა იყოს

რაც მთავარია, როლური თამაშით აღძრული ინტერესი ერთ გაკვეთილზე არ უნდა დასრულდეს: ვიღაცას აუცილებლად გაუჩნდება წიგნის წაკითხვის სურვილი, რასაც ლიტერატურულ კაფეში აუდიტორიის წინაშე საუბარი მოჰყვება, პირადი წერილები შეიძლება სკოლის ბლოგზე მოხვდეს, სკოლის ბლოგი ხელნაკეთ წიგნად გადაიქცეს – ყველაფერი ერთმანეთზე უნდა იყოს გადაბმული. ასე წრებრუნვაში იტრიალებს დრო და ძალისხმევა, რომელთაც ბავშვებისთვის გავიღებთ, ამასთანავე:

  • გაუჩნდებათ წიგნის წაკითხვის სურვილი;
  • როლური თამაშით გაცნობილი პერსონაჟი არასდროს დაავიწყდებათ;
  • გაუფართოვდებათ შემეცნებითი სამყარო;
  • გაკვეთილი მათთვის დაუვიწყარი გახდება;
  • ხშირად დასვამენ შეკითხვას: როდის გვექნება ასეთი გაკვეთილი?

მე კი მომდევნო სტატიაში დაწვრილებით გიამბობთ, როგორ გავაცანი ბავშვებს ამერიკელი მწერლის მერი მ. დოჯის „ვერცხლის ციგურები“.

პერფექციონიზმი ბავშვებში

0

ძნელია მოიძებნოს პედაგოგი, რომელსაც არ ჰყოლია მოსწავლე საკუთარი თავის მიმართ გადაჭარბებული მოთხოვნებით. მიღწეულით მუდმივი უკმაყოფილება, იდეალურობისკენ მუდმივი სწრაფვა ასეთი ბავშვების დამახასიათებელი თვისებებია. ერთი შეხედვით, რა არის ცუდი იმაში, რომ ბავშვი საკუთარი თავის სრულყოფაზე ზრუნავს, ცდილობს, დავალებები უნაკლოდ შეასრულოს? არაფერი, მაგრამ, როცა ეს სწრაფვა ავადმყოფურ ხასიათს იღებს და აკვიატებად იქცევა, ის სახიფათო ხდება ბავშვის ფსიქიკისთვის.

პერფექციონისტი ბავშვი ძალიან მაღალ სტანდარტებს უწესებს საკუთარ თავს და ზედმეტად თვითკრიტიკული ხდება, თუ დასახულ მიზნებს ვერ მიაღწია. ასეთმა მაქსიმალიზმმა შეიძლება მიგვიყვანოს სიახლის შიშთან, შფოთვასთან, დეპრესიასთან, დაბალ თვითშეფასებასთან, შეცდომაზე გადაჭარბებულ რეაქციასთან. ასაკის მატებასთან ერთად ბავშვისთვის უფრო და უფრო ძნელი ხდება მარცხთან შეგუება. რასაც არ უნდა მიაღწიოს, არაფერი აკმაყოფილებს. „თვითსრულყოფისადმი“ ამგვარი სწრაფვა იმითაა საშიში, რომ მიზნების მიუღწევლობის და წარუმატებლობის შიშმა ბავშვს შესაძლოა გაუქროს სწავლის, აღმოჩენების სურვილი.

ასეთ ბავშვებს რომ დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ მათ ფსიქიკურ განვითარებას, საჭიროა ვიცოდეთ ძირითადი ნიშნები, რომლებიც პერფექციონისტს თანატოლებისგან გამოარჩევს:

  • აქვს შეცდომის პანიკური შიში;
  • შეცდომა მისთვის საკუთარი სისუსტის ნიშანია;
  • კრიტიკის მიმართ მგრძნობიარეა, უჭირს მისი მიღება;
  • მეტისმეტად დიდ მოთხოვნებს უყენებს საკუთარ თავს; გაურბის სიახლეს იმის შიშით, რომ მარცხი არ განიცადოს;
  • აქცენტს სვამს შეცდომებზე და არა კარგად შესრულებულ სამუშაოზე;
  • ისახავს არარეალურ ან ძნელად მისაღწევ მიზნებს და მათი მიუღწევლობის შემთხვევაში იპყრობს დანაშაულის განცდა;
  • ორიენტირებულია მიზანზე, შედეგზე და არა პროცესზე, ამიტომ უჭირს სწავლით სიამოვნების მიღება, მაშინაც კი, როცა პროცესი მისთვის საინტერესო თემის განხილვას და შესწავლას ეთმობა;
  • სასოწარკვეთილება მოიცავს, თუ მისი ნამუშევარი ან პასუხი მაქსიმალური ქულით არ შეაფასეს;
  • თვითკრიტიკულია, მორცხვი, მორიდებული;
  • უჭირს გადაწყვეტილების მიღება და პრიორიტეტების გამოყოფა ამოცანის შესრულების დროს;
  • ხშირად საქმე ბოლომდე არ მიჰყავს, ადვილად შეუძლია ყველაფრის შუა გზაზე მიტოვება, თუ პროცესი ისე არ წარიმართა, როგორც მას სურდა;
  • უყვარს უკვე შესრულებული დავალების დაუსრულებლად გადაკეთება იმ იმედით, უკეთესი და უკეთესი გამოვა;
  • ნელია, სამუშაოს საათობით ასრულებს, რის გამოც ვერასოდეს ასწრებს დავალების დროულად ჩაბარებას;
  • ახასიათებს დაბალი თვითშეფასება, საკუთარ ძალებში დაურწმუნებლობა, შემართების უქონლობა.

 

პერფექციონიზმის მიზეზები

  • პერფექციონიზმის, ისევე როგორც ბავშვთან დაკავშირებული ბევრი სხვა პრობლემის სათავე ოჯახში უნდა ვეძებოთ. პერფექციონისტებად არ იბადებიან, მისი მიზეზი ხშირად იმ მშობლების ქცევაა, რომლებსაც საკუთარი თავის რეალიზება ბავშვების საშუალებით სურთ. ასეთი მშობელი, როგორც წესი, დიდ მოთხოვნებს უყენებს შვილს, აიძულებს, საუკეთესო, უნაკლო, იდეალური იყოს. როცა პატარა ამას ვერ ახერხებს, მშობელი შენიშვნებითა და საყვედურებით ავსებს. ბავშვი გრძნობს, რომ რაც უფრო იდეალური, უნაკლო და სრულყოფილი იქნება, მით უფრო მეტად ეყვარება დედას/მამას და ძალასა და ენერგიას არ ზოგავს, რომ მისგან საქებარი სიტყვები დაიმსახუროს. სრულყოფილებისკენ ასეთი დაუოკებელი სწრაფვა კი ხშირად მას პერფექციონისტად აყალიბებს.
  • თუ ბავშვს ცუდად შესრულებული დავალებების გამო ეჩხუბებიან, კარგად შესრულებულზე კი რეაქცია არ აქვთ, შესაძლოა, ბავშვს პერფექციონისტული მისწრაფებები გაუჩნდეს საქებარი სიტყვების მოსმენისა და მაღალი შეფასების მიღების სურვილის გამო.
  • ხშირად ბავშვის ტემპერამენტიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მის პერფექციონისტად ჩამოყალიბებაში. ძალიან მგრძნობიარე ბავშვები, დიდი ალბათობით, შეიძლება პერფექციონისტები გახდნენ.

 

როგორ დავეხმაროთ ბავშვს პერფექციონიზმით გამოწვეული სირთულეების დაძლევაში

  • უპირველეს ყოვლისა, შევიცვალოთ ჩვენ თვითონ, შევიცვალოთ აღზრდის ტაქტიკა. ვარძნობინოთ, რომ გვიყვარს, განურჩევლად იმისა, 10 ქულით დაბრუნდა სკოლიდან, თუ 7-ით.
  • ბავშვი უნდა გვენდობოდეს და სასჯელისა არ ეშინოდეს. ვიყოთ გულწრფელი მასთან. კარგი იქნება, თუ მას ეცოდინება, რომ შეუძლია, თამამად მოგვიყვეს თავის პრობლემებზე – ამისათვის ის არ დაისჯება.
  • მოვერიდოთ ბავშვის შედარებას მის თანატოლებთან – ეს დაამძიმებს პრობლემას.
  • დავეხმაროთ ბავშვს, ორიენტირებული იყოს პროცესზე და არა შედეგზე. სწავლის პროცესი ისეთივე მიმზიდველი უნდა იყოს მისთვის, როგორც მიზნის მიღწევა, ქება ან მაღალი შეფასება.
  • დავარწმუნოთ ბავშვი, რომ ნიშნებზე მნიშვნელოვანი ცოდნის მიღებაა. თუ ათიანით დაბრუნდა სახლში, ჯობს, ასე შევაქოთ: „ძალიან კარგად გიმუშავია. ალბათ ბევრი ახალი რამ გაიგე“, – და არა ასე: „ყოჩაღ, კიდევ ერთი ათიანი მიგიღია“.
  • ჩამოვუყალიბოთ ბავშვს შეცდომების მიმართ სწორი დამოკიდებულება, მივცეთ შეცდომის დაშვების უფლება, ნუ ვაქცევთ წარუმატებლობას ტრაგედიად. დავეხმაროთ, ისწავლოს შეცდომებზე. ავუხსნათ, რომ შეცდომების გააზრებით შეიძლება გამოცდილების მიღება. რომ ყოველი შეცდომა რაღაც ახალს გვასწავლის, გვაძლევს შანსს, შემდგომში საქმე უკეთესად გავაკეთოთ.
  • მივცეთ ბავშვს დავალებები, რომელთა შესრულებისას ის საკუთარი ნიჭის, უნარების, შესაძლებლობების რეალიზებას მოახდენს და საკუთარი თავის რწმენა გაუძლიერდება.
  • ნუ დავიშურებთ საქებარ სიტყვებს. ყურადღება გავამახვილოთ ბავშვის ძლიერ მხარეებზე, მის მიღწევებზე და წარმატების ხელშემწყობ უნარებზე.
  • ფრთხილად გავაკრიტიკოთ. ნუ გვექნება შეცდომებზე რეაგირება ყვირილით და საყვედურებით. აჯობებს, ბავშვთან ერთად განვიხილოთ სიტუაციის გამოსწორების გზები.
  • შევამციროთ სასწავლო დატვირთვა, გამოვუთავისუფლოთ ბავშვს დრო საინტერესო საქმიანობისთვის, დასვენებისა და თამაშისთვის. თუ შევამჩნიეთ, რომ დავალებების შესრულების დროს ბავშვი ნერვიულობს და შფოთავს, დაველაპარაკოთ მის მოლოდინებზე, გავათავისუფლოთ მიუღწეველი, არარეალური მიზნებისგან. გავაგებინოთ, რომ ყოველ ადამიანს აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები.
  • წავახალისოთ თანატოლებთან მისი ურთიერთობა. ასე ბავშვი გახდება მომთმენი გარშემო მყოფების მიმართ, შეიძენს ახალ მეგობრებს და მიხვდება, რომ აუცილებელი არ არის, ყოველთვის ყველაზე უკეთესი, იდეალური, უნაკლო, სრულყოფილების განსახიერება იყოს.
  • ვასწავლოთ ბავშვს პრიორიტეტების დალაგება. როდესაც მნიშვნელოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანი ამოცანების ერთმანეთისაგან გამიჯვნას ისწავლის, ბევრად უფრო წარმატებული გახდება.

 

პერფექციონიზმის და მასთან დაკავშირებული პრობლემების გადალახვა რთულია, მაგრამ შესაძლებელი. მთავარი მოთმინებაა. ვესაუბროთ ბავშვს, მოვუყვეთ საკუთარი შეცდომების შესახებ, იმის შესახებ, როგორ გავართვით თავი წარუმატებლობას. ვიხელმძღვანელოთ ზემოაღნიშნული რეკომენდაციებით და ვაჩუქოთ პატარას ბედნიერი ბავშვობა, რაც, თავის მხრივ, მისი მომავალი წარმატებების წინაპირობა გახდება.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...