შაბათი, ივნისი 6, 2026
6 ივნისი, შაბათი, 2026

ყველაზე ახალგაზრდა მასწავლებლის ისტორია

0

ინდოეთის ქალაქ მურშიდაბადში ყოველი მეორე მცხოვრები წერა-კითხის უცოდინარია. ბევრ ოჯახს სწავლის ფული არ გააჩნია. ტოტალური სიღატაკის გამო უამრავი ბავშვი განათლების სისტემის მიღმა რჩება. ხუთი წლის ასაკიდან მათ  მწყემსებად უფრო ხშირად ამწესებენ, ვიდრე სკოლის მოსწავლეებად. ინდოელმა ბაბარ ალიმ შეძლო დაემთავრებინა სახელმწიფო სკოლა და უფასოდ გაენათლებინა სამი ათასამდე ბავშვი. მურშიდაბადისთვის ეს დიდი ამბავი იყო, ბაბარ ალი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა მასწავლებლად, შემდგომში კი სკოლის დირექტორად აღიარეს.

 

თავის ოჯახში ბაბარ ალი იყო პირველი, ვისაც განათლების მიღების საშუალება გაუჩნდა. მან უფასო სახელმწიფო სკოლაში ჩააბარა, მამამისმა კი გაჭირვებით შეუგროვა სკოლის ფორმისა და წიგნების თანხა. მამას ძალიან უნდოდა, რომ მის შვილს განათლება მიეღო. ყოველდღიურად ბაბარ ალი ავტობუსის გაჩერებამდე სამ კილომეტრს ფეხი გადიოდა, რათა სხვა ქალაქამდე მიეღწია და პირველ გაკვეთილზე არ დაეგვიანებინა.

 

„სკოლამდე გზა რთული იყო, ძალიან შორს ვცხოვრობდი, მაგრამ ჩემი მასწავლებლები იმდენად საინტერესოდ ატარებდნენ გაკვეთილებს, რომ ამ სიამოვნებას საკუთარ თავს ვერ წავართმევდი. სწავლასთან დაკავშირებულ ჩემს პოზიციას მშობლებიც იზიარებდნენ და ამბობდნენ, რომ მე ვალდებულიც ვიყავი საუკეთესო განათლება მიმეღო“, – იხსენებს ალი.

 

ყოველ ჯერზე, როდესაც ბაბარ ალი სკოლიდან ბრუნდებოდა, გვერდს ჩაუვლიდა ხოლმე მინდვრებს, სადაც მისი თანატოლები მიწას ამუშავებდნენ ან საქონელს მწყემსავდნენ. ერთხელაც მან ბავშვებს „სკოლობანას“ თამაში შესთავაზა და მარტივად უამბო ყველაფერი, რაც იმ დღეს გაკვეთილზე მასწავლებლებისგან მოისმინა. საღამოობით კი სოფლის ერთ-ერთ სახლში რვა მოსწავლისგან შემდგარი „კლასიც“ შემოიკრიბა. ასე იქცა ბაბარი სოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მასწავლებლად.

 

მის „სკოლას“ არ ჰქონდა განრიგი და სასწავლო პროგრამა, სამაგიეროდ, ბავშვებს სწავლის გადასახადი არ უნდა გადაეხადათ. ბაბარმა თვითონ დაამზადა დაფა და რამდენიმე დღე ბავშვებს გაზეთების დახმარებით ამეცადინებდა, ვიდრე მამამისს არ შეებრალა და თავისივე ფულით რამდენიმე სახელმძღავენლო არ შეუძინა. ასევე, სკოლის დირექტორმა, სადაც ბაბარი დადიოდა, მის „სკოლას“ რამდენიმე წიგნი უსახსოვრა.

 

ერთი წლის შემდეგ ამ სკოლის შესახებ მედიამ დაწერა, სკოლას არაფორმალური სახელიც ეწოდა – სახალისო სწავლის სახლი. სახლის აუდიტორია თანდათან ფართოვდებოდა. გაკვეთილებს 800 ბავშვი ესწრებოდა. ბაბარი სკოლიდან ოთხ საათზე ბრუნდებოდა, რათა დღის ბოლომდე სოფლის ბავშვებისთვის გაკვეთილების ჩატარება მოესწრო.

 

„სასწავლო წლის ბოლოს ჩემი კლასელები თავისუფალი დროით სარგებლობდნენ და ფეხბურთის სათამაშოდ გარბოდნენ, მე კი ოთხი საათიდან საღამოს ექვსამდე ბავშვებს ვამეცადინებდი. რა მასალაც არ უნდა მოეწოდებინა ჩემთვის მასწავლებელს, გადავწყვიტე სრულად გადამეცა ჩემი „მოსწავლეებისთვის“. ცხადია, ვცდილობდი ისე დამეჭირა თავი, თითქოს სკოლის დირექტორი ვიყავი“, – ჰყვება ბაბარ ალი.

 

9 წლის ბაბარ ალის მასწავლებლობის ხარჯზე სოფელში განათლების დონემ მოიმატა. რადგან სწავლა უფასო იყო, ბევრი მსურველი ჰყავდა. რამდენიმე წლის შემდეგ კი სკოლას სპონსორებიც გამოუჩნდნენ, შემოწირულობები ძირითადად სახელმძღვანელოებსა და მოსწავლეების კვებაზე იხარჯებოდა.

 

დღემდე ამ სკოლაში ბავშვები მხოლოდ ორ საათს მეცადინეობენ. ბევრი მოსწავლე კვლავ ეხმარება მშობლებს შინაურ საქმეებსა და მეურნეობის მართვაში, შემდეგ კი სკოლას აკითხავენ.

 

დღეს ბაბარ ალი 24 წლისაა და განაგრძობს პედაგოგიურ საქმიანობას. სკოლაში უკვე მისივე მოსწავლეები სხვებს ასწავლიან. ისინი დღის პირველ ნახევარში სკოლაში ან კოლეჯში სწავლობენ, საღამოს კი მოხელისეობრივ საწყისებზე მურშაიდაბადის ბავშვებს უტარებენ გაკვეთილებს. მოსწავლეები სწრაფად ითვისებენ ყველაფერს.

ბავშვებსა და, ე.წ. მასწავლებლებს შორის ასაკში მცირე სხვაობაა, ამიტომ უფროს-უმცროსობას აქ ნაკლები ყურადღება ექცევა. დღის წესრიგში მკაცრად არ დგას  დისციპლინის საკითხი, რადგან სკოლაში მხოლოდ ის დადის, ვისაც სწავლა სწყურია, ვინც გადაწყვიტა, რომ ეს მას სჭირდება. ბავშვმა თუ სკოლა გააცდინა, ერთადერთი მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ საოჯახო საქმეები დააწვა და სხვა გზა არ ჰქონდა.

„ძალიან გვინდა გავხსნათ სპეციალური კურსები, სადაც ბავშვები თავდაჯერებულობას გაიმყარებენ. ბევრი მოსწავლე იძულებულია მიატოვოს სწავლა მხოლოდ იმიტომ, რომ მშობლებს უნდათ შვილების ფიზიკური რესუსრსის გამოყენება ყანაში და ველად“, – განმარტავს ბაბარი.

უფროსებმა, რომლებსაც კარგად არ ესმის განათლების საჭიროება, ბაბარს დასწამეს, რომ ის მათ შვილებს რელიგიას უცვლის და ამით უმახინჯებს მსოფლმხედველობასაც. სკოლის დირექტორი მართლაც აღიარებს, რომ ინდურ ფილოსოფოსთა – ვივიკანდისა და რამაკრიშნის სწავლებას მისდევს, რადგან დარწმუნებულია, რომ ჭეშმარიტად მცოდნე და ნათელი ადამიანის ნიშანია მუდმივი სამსახური სხვათა სასარგებლოდ. ის ამბობს, რომ მისი რელიგია ჰუმანიზმია.

16 წლის ალი ორგანიზაცია «Real Heroes Award»-მა სკოლის ყველაზე ახალგაზრდა დირექტორად დაასახელა და პრემიითაც დააჯილდოვა. ეს პრემია ალიმ ისევ თავისი სკოლის განვითარებას მოახმარა.

2009 წელს ბაბარ ალიმ ტელეკომპანია CNN-IBN-ის პროგრამა „ნამდვილი გმირების“ ჯილდო მიიღო. ამის შემდეგ მისმა სკოლამ მურშიდაბადის სხვა რაიონში დაიდო ბინა. აქ მოსწავლეები სოფლიდან მანქანით ჩამოჰყავთ, სკოლას კი თავისი კედლები და სახურავი აქვს. მაგრამ ბაბარის უნდა, რომ მისი სკოლა უფრო თანამედროვე გახდეს.

მან იცის, რომ სიღარიბეს თავი არ უნდა დაუხარო და უნდა ებრძოლო. ეს კი განათლებითაა შესაძლებელი. ბოლო 14 წლის განმავლობაში, ბაბარის გაკვეთილებს სამი ათასზე მეტი ბავშვი დაესწრო. მასწავლებელს ხშირად იწვევდნენ სხვადასხვა ტელე შოუში, მასზე წერდნენ ინგლისურენოვან სახელმძღვანელოებში. მამამისის ოცნების ასახდენად, ბაბარ ალიმ ადმინისტრაციულ სამსახურში ჩააბარა, ახლა უნდა დაამთავროს კოლეჯი და გაიაროს UPSC-ის გამოცდები.

„აუცილებლად მოვემზადები გამოცდებისთვის, რადგან ეს ოჯახმა მთხოვა. თუმცა, ჩემი სურვილია მთელი ცხოვრების განმავლობაში მასწავლებლად დავრჩე. მინდა, რომ ყველა ბავშვს მიეცეს განათლების შესაძლებლობა“, – აცხადებს ბაბარ ალი. მას ახლაც ხშირად ეპატიჟებიან საგანმანათლებლო კონფერენციებსა და დაწესებულებებში ლექციების წასაკითხად.

სტრატეგიები „ვარაუდების ხე“ და „ლოგიკური ჯაჭვი“ გეოგრაფიის გაკვეთილზე

0

„ვარაუდების ხე“

სტრატეგია „ვარაუდების ხე“ ამერიკელმა მეცნიერმა ჯ. ბალანსმა შეიმუშავა როგორც ტექსტებზე მუშაობის საშუალება. მეთოდის სტრატეგია ხელს უწყობს წარმოსახვითი აზროვნების და ფანტაზიის განვითარებას, არგუმენტებისა და ფაქტების შეპირისპირებას.

მეთოდით მუშაობის ალგორითმი

მასწავლებელი ან რომელიმე მოსწავლე დაფაზე ხატავს ხეს.

ხის ტანი – ეს არის შერჩეული თემა, თემის ძირითადი საკითხი, მოდელირებული ან რეალური დილემური სიტუაცია, რომელსაც უნდა ჰქონდეს გადაჭრის მრავალი გზა.

ხის ტოტები წარმოადგენს ვარაუდების ვარიანტებს, რომლებიც იწყება სიტყვებით: „შესაძლოა“, „სავარაუდოდ“ და სხვ. ტოტების რაოდენობა შეუზღუდავია.

ხის ფოთლები კი ის არგუმენტებია, რომლებიც ამტკიცებს ტოტებზე დაწერილი ვარაუდების მართებულობას.

„ვარაუდების ხის“ მეთოდი გამოიყენება გამოწვევის ფაზაზე და შეჯამების ანუ რეფლექსიის ფაზაში ანალიზდება.

გაკვეთილზე განსახილველი ტექსტი ბოლომდე არ უნდა იქნეს წაკითხული. იგება „ვარაუდების ხე“, რომლის ტოტებზეც იწერება დასასრულის შესაძლო ვარიანტები. არგუმენტებად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს თავად ტექსტიდან აღებული ფაქტები (რა მოხდება, თუ მოვლენები ასე განვითარდა?).

 

გეოგრაფიის გაკვეთილზე გამოყენების მაგალითები:

  1. წინარე ცოდნის გაქტიურებისას: მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს სიტუაციას ან სთხოვს მათ, წაიკითხონ წინასწარ მომზადებული ტექსტის მხოლოდ მონიშნული ნაწილი. მაგ.: კვლევებისა და სამეცნიერო ცენტრის მასალებზე დაყრდნობით მიღებულია ინფორმაცია, რომელშიც აღწერილია კაცობრიობის განვითარების პერსპექტივები. მოსწავლეებმა წინარე ცოდნაზე დაყრდნობით უნდა გამოთქვან ვარაუდები.
  2. ახალი თემის, მასალის შესწავლისას. მაგ.: თქვენ უნდა განიხილოთ ახალი თემა „დემოგრაფიული პოლიტიკა“. ხის ტოტებზე მოსწავლეები წერენ, სავარაუდოდ, რომელ ქვეყნებში იქნება საჭირო დემოგრაფიული პოლიტიკის გატარება, ხოლო ფოთლებზე, ასევე ვარაუდების დონეზე – რა სახისა შეიძლება იყოს ეს პოლიტიკა.
  3. მასალის შეჯამებისა და ცოდნის შემოწმების დროს. მაგ.: თემის „მსოფლიოს პოლიტიკური რუკის ფორმირება“ შესწავლისას ხის ღეროზე იწერება თემის სათაური – „მსოფლიოს პოლიტიკური რუკა 50 წლის შემდეგ“. ტოტებზე მოსწავლეები წერენ თავიანთ პროგნოზებს – მათი აზრით, რომელი ქვეყნები აღარ იარსებებს 50 წლის შემდეგ, რომელი ახალი ქვეყნები გაჩნდება, რომელი ქვეყნები დაიშლება ან გაერთიანდება. მათი ვარაუდები შესაძლოა ფანტასტიკურიც იყოს. მთავარია, გამოთქვან მათი დამამტკიცებელი არგუმენტები.

 

მეთოდის გამოყენება შესაძლებელია რეფლექსიის ფაზაშიც. გაკვეთილის დასაწყისში, თემის გაცნობისას, მასწავლებელი ხის ტანზე წერს თემის სათაურს და სთხოვს მოსწავლეებს, ფოთლებზე დაწერონ თავიანთი მოლოდინები, ხოლო გაკვეთილის ბოლოს მხოლოდ ის ფოთლები დარჩება, რომლებიც გამართლდა, დანარჩენები კი გაადაიშლება.

 

სტრატეგია „ლოგიკური ჯაჭვი“

„ლოგიკური ჯაჭვი“ მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, დაიმახსოვრონ და გაიაზრონ დიდი მოცულობის ინფორმაცია, გამოავლინონ რაიმე მოვლენის, პროცესის კანონზომიერება. მეთოდი ხელს უწყობს კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების განვითარებას, მეხსიერების გავარჯიშებას. მისი გამოყენება შესაძლებელია ყველა საგნის გაკვეთილზე და გაკვეთილის ყველა ფაზაში. ეს დამოკიდებულია მასწავლებლის მიერ განსაზღვრულ მიზანზე.

 

მეთოდით მუშაობის ალგორითმი

მეთოდის სტრატეგია დაფუძნებულია ფაქტების, ვარაუდების, სიტყვების, ობიექტების, თარიღების, წესების, ციტატების, მოვლენების, პროცესების ლოგიკური ან ქრონოლოგიური თანმიმდევრობით დალაგებაზე.

მოსწავლეებს შეუძლიათ, ლოგიკური ჯაჭვი შეადგინონ მასწავლებელთან ერთად, ჯგუფებში, წყვილებში ან სულაც დამოუკიდებლად, თუნდაც საშინაო დავალების სახით.

 

გეოგრაფიის გაკვეთილზე გამოყენების მაგალითები

  1. მასწავლებელი ჯგუფებს ურიგებს ფურცლებს, რომლებზეც ჩამოწერილია სიტყვები არეული თანმიმდევრობით: კლიმატის ტიპი, იანვრის ტემპერატურა, გეოგრაფიული მდებარეობა, ჰაერის მასები, ნალექები, ამპლიტუდა, ივლისის ტემპერატურა, ნალექების რეჟიმი. მოსწავლეებმა მოცემული სიტყვები უნდა დაალაგონ ლოგიკური თანმიმდევრობით. მოცემულ მაგალითში სიტყვები ასე დალაგდება: გეოგრაფიული მდებარეობა, იანვრისა და ივლისის ტემპერატურა, ამპლიტუდა, ნალექები, ნალექების რეჟიმი, ჰაერის მასები, კლიმატის ტიპი. პრეზენტაციის დროს მოსწავლეები წარმოადგენენ მათ მიერ შედგენილ ლოგიკურ ჯაჭვს და არგუმენტებით ასაბუთებენ ამ ჯაჭვის მართებულობას.
  2. მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს პრეზენტაციას თემაზე „აზიის ბუნებრივი ზონები“. ბუნებრივი ზონები არეულადაა მოცემული. სლაიდებზე ნაჩვენებია თითოეული ბუნებრივი ზონის გავრცელების რუკა, ამ ზონებში გავრცელებული ტიპობრივი მცენარეები და ცხოველები, კლიმატური დიაგრამები. მოსწავლეებმა მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით უნდა შეადგინონ ბუნებრივი ზონების განლაგების ლოგიკური ჯაჭვი, დაალაგონ აზიის ბუნებრივი ზონები ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ და აღნიშნონ ისინი კონტურულ რუკაზე. პრეზენტაციისას საუბრობენ ამ ზონების შესახებ, მსჯელობენ მათი განლაგების კანონზომიერებაზე.

ჩვენ მეთოდების გამოყენების რამდენიმე ვარიანტი გაგაცანით, თუმცა თითოეულ მასწავლებელს, გაკვეთილის მიზნიდან გამომდინარე, შეუძლია მათი მოდიფიცირება.

სოფლის „წამალი“

0

ზაფხულობით ბებიასთან სოფელში ხშირად ვრჩებოდი. ეს ის დრო არის, როცა აფთიაქი მხოლოდ რაიონის ცენტრში იყო, წერილები ელექტრონულად კი არ მოდიოდა, მიტო ფოსტალიონს დაჰქონდა. მთელ სოფელში მიტო პაპას გამოჩენას, მგონი, მხოლოდ მე ველოდებოდი. კვირა ისე არ გავიდოდა, ბებიასთვის ყოფილი მოსწავლის წერილი არ მოეტანა. ბებოს ისე ეფერებოდნენ, ისეთ სიტყვებს უწერდნენ, რომ თვალებგაცისკროვნებული ვკითხულობდი და მეამაყებოდა, რომ ბებო სწორედ ჩემი ბებო იყო.

ჩვენი სახლის გვერდით „ჯიქიძიანთ ქალი“ ცხოვრობდა, რომელსაც სინამდვილეში თამარი ერქვა, მაგრამ ეგ არავის ახსოვდა და შერქმეულ სახელს ისიც ისე დაუფლებოდა, რომ პირველივე დაძახებაზე გაგონებდა. ქმარი ადრე გარდაცვლოდა და მარტოხელა უშვილოდ დარჩენილიყო. იმის იქეთ ათანა პაპას სახლი გახლდათ, კიდევ უფრო იქეთ კი ევა ბაბოს (დიახ, „ბაბოს“ ეძახდა მთელი სოფელი) კარ-მიდამო განთავსებულიყო.

ერთ დღეს ბებოს თავი ასტკივდა. წამალი აღარ აღმოაჩნდა, სულ დაელია. რაიონის ცენტრში უცებ ვინ წავიდოდა? ჰოდა, „ჯიქიძიანთ ქალმა“ ურჩია:

–         ქალო, რა წამალი არ გამაგიჟო. მთელი სოფელი ევას დასაყნოსი ბოთლით მკურნალობს და ადექი და შენც ჩაიყნოსეო („ჯიქიძიანთ ქალის“ სტილი დაცულია).

ე.წ. საყნოსავი ბოთლი, სხვა არაფერი იყო, თუ არა ნიშადურის სპირტი,  რომელსაც ევა ბაბოს წამხედურობით, მთელი სოფელი წამლად იყენებდა. ბებოს ხელში ეს ბოთლი არასდროს შემინიშნავს, მაგრამ ეტყობა უწამლობამ და თავის ტკივილმა თავისი გაიტანეს და ევა ბაბოსთან სუპერ წამალზე გამიშვა.

–         გაიგე ბალღო, მკაცრი ტონით მითხრა ევამ, ორივე ხელით მაგრა დაიჭი (სტილი დაცულია), ემანდ ხელიდან არ გაგივარდეს და სოფელი უწამლოდ არ დარჩეს.

თავი დავუქნიე, მასე მოვიქცევი-მეთქი და ფრთხილი ნაბიჯებით სახლისკენ გამოვემართე.

–         გოგოო, უკან მომძახოდა ევა. კარგად ჩაყნოსოს, გაიგე?

უჰ, მაშინ ქიმია და მით უმეტეს, წესები არ ვიცოდი, თორემ, ევა ბაბოს ვეტყოდი, რომ კარგად და მამაპაპურად ჩაყნოსვა არ შეიძლება. ცხვირიდან გარკვეულ მანძილზე უნდა დაიჭირო ბოთლი და ხელის ფრთხილი მოძრაობით სურნელს შენსკენ უბიძგო. ეს არის ქიმიკოსის ყნოსვა.

მამაპაპურად დაყნოსავ და… „სული“ ცხვირ-პირში მოგახტება და ან მოგახრჩობს, ან ლორწოვან გარსს დაგწვავს და ახველე მერე და იქნიე ხელები.

– სული? იკითხავთ.

– დიახ, დიახ „სული“… სწორედ „სულებს“ უწოდებდნენ ალქიმიკოსები ნიშადურის სპირტისნაირ ნივთიერებებს. ანუ, ძალიან სურნელოვანს, მკვეთრი სუნის მქონეს, რომელთა სურნელი რაღაც მანძილზეც ვრცელდებოდა. ზოგჯერ „სულის“ კატეგორიას ყოვლად უსუნო ნივთიერებასაც ანიჭებდნენ. მაგალითად, ალქიმიკოს ალ-ჰალიკას დედამიწაზე არსებული „სულებიდან” მერკური ყველაზე მნიშვნელოვნად მიაჩნდა. მეორე ადგილს ის გოგირდს მიაკუთვნებდა, მესამეს – ამონიუმსა და მის მარილებს, მეოთხეს კი – დარიშხანს.

იმ პერიოდის აფთიაქარები რამდენიმე კატეგორიად იყოფოდნენ. ერთმა ნაწილმა სურნელოვან ნივთიერებებზე ყველაფერი იცოდა. ამ ცოდნას ადამიანის განსაკურნებლადაც იყენებდნენ და მისი სხეულის დასაზიანებლადაც.

ის კი არა, „სულების“ თემა დღესაც აქტუალურია. აფთიაქში ნაყიდ ქაფურის სპირტის ეტიკეტს დახედეთ-Spiritus Camphoratus.

ქაფური C10H16O თეთრი კრისტალური ნივთიერებაა, რომელსაც ქაფურის  ხის (Cinnamomum camphora) მერქნის და ფესვების გამოხდით იღებენ. ხე ჩინეთსა და იაპონიაში იზრდება. ქაფურს მედიცინაში იყენებენ კანის, ჭრილობის, ნანემსარის გაღიზიანების შემთხვევაში. ეს ქაფურის  თვისებას უკავშირდება, შერჩევითად გაააქტიუროს კანზე სიცივის რეცეპტორები. ადრე ქაფურს  აღმდგენ, გონზე მოსაყვან საშუალებადაც იყენებდნენ. ალბათ იმიტომ, რომ ქაფური ასტიმულირებს უფრო ღმა სუნთქვას, სისხლის წნევის მომატებას. თუმცა, გადამეტების შემთხვევაში შეიძლება კრუნჩხვები და სუნთქვის შეჩერებაც გამოიწვიოს.

 

ხომ გახსოვთ, თხრობა იმ ადგილას შევწყვიტე, ბებოსთან რომ ბოთლი მომქონდა. მოვიტანე სანატრელი ბოთლი ბებოსთან. გახსნა და ამანაც მამა-პაპურად დაყნოსა.

– ბრრრრ, გააზრიალა და მაშინვე თავსახური მოარგო.

– წაიღე, ბებო გენაცვალოს უკან. დავუჯერე მეც რა „ჯიქიძიანთ ქალს“. ეს თავს უარესად მატკენს, ისევ ავდგები და კომბოსტოს ფოთოლს დავიდებო.

მეც უკან გავტრიალდი. ევა ბაბოს შეგონება მახსოვდა, ბოთლს ხელი არ გაუშვა, არ გაგივარდესო. არც ხელი გამიშვია და არც გამვარდნია… უბრალოდ, ქვას ფეხი წამოვკარი და ჩემი ბოთლიანად გავიშხლართე. ბოთლი გატყდა და „სპირიტუს ამონიუს“ გარეთ გამოიჭრა. ჯერ მე დამაბორიალა და შემდეგ ფრენა-ფრენით ატმოსფეროში გაუჩინარდა. რაღას ვიზამდი, წამოვიზლაზნე, გადაყვლეფილ მუხლს დავხედე, საიდანაც სისხლი მოჩქეფდა და დარცხვენილი, წელათრეული ბებოსთან დავბრუნდი.

–         აიიიიიჰჰჰ! გაისმა ბებოს კივილი, რა დაგემართა გოგოოო?…

ჰო, ბებოს ჩემი დანახვით  მიღებული სტრესით თავი მოურჩა, მე გადატყავებული მუხლი დამრჩა, სოფელი და ევა ბაბო კი „სპირიტუს ამონიუს“, ანუ წამლის გარეშე დარჩნენ.

დღეს უამრავი დასახელების წამალია. აფთიაქში მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლის შესაძენად შესული, დაიბნევით იმდენი დასახელების წამალი დაგხვდებათ.

წლების განმავლობაში ამერიკის ფარმაცევტულმა კომპანიებმა 33 ბილიონზე მეტი დახარჯეს მისი კვლევისა და განვითარებისთვის. მთავრობამ და კერძო ფონდებმა დამატებით სხვა 28 ბილიონი გაიმეტეს ამავე საქმისთვის. 1981-2018 წლებში ამ ფულით დაახლოებით 1989 ახალი ბიოლოგიურად აქტიური ქიმიური ნივთიერება დარეგისტრირდა და ამის ბაზაზე 85 ახალი წამალი შეიქმნა. აქედან, დაახლოებით 33% სიმსივნის დასამარცხებელ პრეპარატებზე მოდის. სხვადასხვა ვაქცინებს და გენეტიკური ინჟინერიით ლაბორატორიაში სინთეზირებულ ცილებს 15% მიაქვს, დანარჩენი 52% კი სხვადასხვა მოქმედების წამალზე ნაწილდება. წარმომავლობის მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდება: სინთეზური – 33%; ბიოლოგიური – 15%; ბუნებრივი – 24%; ბუნებრივთან გათანაბრებული – 28%.

ბუნებრივი პრეპარატებიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ტერპენების ბაზაზეა შექმნილი. უძველეს დროში სპარსეთში აღმოაჩინეს. წყალთან ერთად მრავალჯერადი გამოხდით სურნელოვან თხევად ნარევს ღებულობდნენ (ფაქტიურად, „სულს“), რომელსაც ეთერზეთი უწოდეს. მიღებულ ზეთებს მრავალი წელია იყენებენ მედიცინაში (მათ შორის, როგორც ბუნებრივ ტკივილგამაყუჩებლებს), სანელებლებსა და პარფიუმერიაში. კიდევ უფრო, რომ დავაზუსტოთ, ეთერზეთების შემადგენლობაში ტერპენოიდების ნარევია. სტრუქტურის უზარმაზარი მრავალფეროვნება ახასიათებთ და მათ კვლევაში ორგანულმა ქიმიამ დიდი წვლილი შეიტანა. დღეისათვის 35.000 სხვადასხვა ტერპენოიდია ცნობილი. ზოგიერთს ღიაჯაჭვოვანი სტრუქტურა აქვს, სხვებს – ციკლური აღნაგობა. ზოგი ნახშირწყალია და ისინი ორმაგ ბმებს შეიცავენ. მაგ. მირცენი (დაფნის ეთერზეთი), ალფა-პინენი, ჰუმოლენი (სვიის ეთერზეთი), ბეტა-სანტალენი და ა.შ.

ჯერ კიდევ ჰიპოკრატე ჩვ.წ. აღ-მდე ავადმყოფებს სამკურნალოდ ეთერზეთების მასაჟებს და აბაზანებს უნიშნავდა. მცენარეული ეთერზეთებით და მასაჟით მკურნალობას არომათერაპია ეწოდება.

ეთერზეთების ყველაზე ძველი და ცნობილი ნედლეული პიტნაა. პიტნის ძირითადი კომპონენტი მენთოლია (ლათინურად mentha-პიტნას ნიშნავს,  oleum-კი ზეთია). მენთოლი ერთატომიანი სპირტია.

პიტნის ერთ-ერთი სახეობის ეთერზეთის შედგენილობის 50%-ს მენთოლი შეადგენს, დანარჩენი კი ესთერებზე  მოდის.

ქიმიის კლუბში საკმარისი დრო გექნებათ, რომ პიტნის ეთერზეთის რამდენიმე წვეთი მიიღოთ.

100გ. პიტნა (გამხმარი) როდინში დავსრისოთ, დავუმატოთ სპირტი და გამოვხადოთ. გამოხდის შედეგად მწვანე მასიდან 5-10 წვეთი მკვეთრი სუნის ბლანტი სითხე მიიღება.

1897 წელს გერმანიაში პიტნის გამოხდით მიღებული ეთერზეთი ხელმეორედ გამოხადეს. გამოკრისტალდა თეთრი ფერის კრისტალური, მომწარო გემოს ნივთიერება – მენთოლი. დღეისათვის მენთოლს სინთეზური გზით ღებულობენ.

სწორედ, მენთოლის საფუძველზე შექმნეს წამალი ვალიდოლი (დღეს, ზოგიერთ შეფუთვაზე „გულიდოლადაც“ მოიხსენებენ). ალბათ, ერთხელ მაინც გისარგებლიათ ამ წამლით. ერთდროულად მოტკო-მომწარო და ცივი გემო აქვს. პირის ღრუშიც სიცივეს ტოვებს. ეს მენთოლის მოქმედების გამოა, პირის ღრუში სიცივის აღმქმელ რეცეპტორებს ააქტიურებს.

მენთოლის მისაღებად, პიტნის გარდა, ზოგჯერ „სკიპიდარსაც“ იყენებენ. ამ უკანასკნელს წიწვოვნების ცვილის გამოხდით ღებულობენ. გამოხდის პროცესი ორთქლის თანაობისას უნდა ჩატარდეს. Pinus palustris და Pinus elliotti განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ცვილს გამოყოფენ „სკიპიდარის“ მისაღებად. მისი სურნელის საფუძველს ნახშირწყალბადი ალფა-პინენი წარმოადგენს. კიდევ თუ გადავამუშავებთ ალფა-ტერპინეოლი წარმოიქმნება, რომლის სურნელიც ვირუსებს და ბაქტერიებს ანადგურებს.

ევა ბაბომ მეზობლის გოგო გამომიგზავნა, ჩემი ჯადოსნური ბოთლი დამიბრუნონო. ბებია, ბუნებრივია, წუხდა ჩემი მარცხის გამო, მაგრამ გოგოს დააბარა, ცოტა ხნით კიდევ მაცალოს ევამ და თავად გადავუტანო. იფიქრა, ძღვენით გადავალ და აუხსნი, რომ სოფელი წამლის გარეშე დარჩაო. მეორე დილით, მართლაც, ახლად დამცხვარი ქადებით გადავიდა. არ ვიცი, რა უთხრა, რით დაამშვიდა, მაგრამ ევა ბაბოს ჩემთვის „სურნელოვანი“ ბოთლი აღარ შეუხსენებია.

მე კი ვისწავლე, რომ როცა ხელში „სოფლის წამალი“ გიჭირავს, გზას უნდა დააკვირდე და შუა გზაზე „კისერი“ არ მოიტეხო.

 

 

ერთი გაკვეთილის რეფლექსია

0

მასწავლებელთა შიდა შეფასების ნაწილია გაკვეთილის შეფასება, რომელიც შედგება ჩატარებული გაკვეთილის გეგმისა და მასწავლებლის რეფლექსიის შეფასებისგან და მისთვის ორი კრედიტქულაა განკუთვნილი. ჩემი აზრით, ზემოაღნიშნული აქტივობა ყველაზე  მნიშვნელოვანია მასწავლებლის საქმიანობის შეფასების თვალსაზრისით, რადგან გაკვეთილის ჩატარება და ანალიზი მათი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია.

 

ინდივიდუალურთან ერთად, გავრცელებულია ჯგუფური რეფლექსიის ინსტრუმენტები, რომლებიც ჯგუფის მუშაობის ეფექტურობას და მისი თითოეული წევრის წილს, თანამშრომლობის ხარისხს ზომავს. მასაც საკმაოდ ხშირად მიმართავენ სასკოლო პრაქტიკაში. ყველაზე  გავრცელებული და მოსახერხებელი მაინც ზეპირი რეფლექსიაა, თუმცა დადგენილია, რომ წერის დროს ადამიანები უფრო მეტ დეტალს აანალიზებენ. მოსწავლე-მასწავლებელი უმეტესად წერილობითი რეფლექსიის ისეთ მოდელებს მიმართავენ, როგორიცაა – ესეი, დღიური (პირადი, ლიტერატურული, რეფლექსიური), წერილობითი ინტერვიუ (მწერალთან, პერსონაჟთან და სხვ.), თვითშეფასების ბარათები და ა.შ. რაც შეეხება მასწავლებლის რეფლექსიას, იგი ყველაზე მეტად ესეის სტრუქტურას მიესადაგება. ისიც კონკრეტულ თემასა და სუბიექტურ ნააზრევზეა აგებული და ავტორი სამსჯელო საკითხს სწორედ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით განიხილავს. მასწავლებელი რეფლექსიის პროცესში აანალიზებს გაკვეთილის ყველა დეტალს, მისი აგებულებიდან დაწყებული თითოეული აქტივობის ეფექტურობით დამთავრებული. განსაკუთრებული ინტერესით კი იმ ხარვეზებს აკვირდება, საგაკვეთილო პროცესში რომ ჩნდება. გაკვეთილი ხომ ცოცხალი პროცესია, მასში ერთმანეთისგან განსხვავებული ათობით ადამიანია ჩართული და შეუძლებელია, ყველაფერი გეგმის მიხედვით განხორციელდეს.

 

ამას წინათ, როგორც სტუდენტმა, განათლების ფაკულტეტზე ერთგვარი სამოდელო გაკვეთილი ჩავატარე და მასზე რეფლექსიის დაწერაც მომიხდა. დავალების შესრულებამდე, თემატურ სტატიებთან ერთად, რამდენიმე მასწავლებლის რეფლექსიასაც გავეცანი, მაგრამ ყველგან დამაკლდა თვითკრიტიკულობის ელემენტი, რაც, ჩემი აზრით, ამ ტიპის ნამუშევრისთვის აუცილებელია. არ ვიცი, რამდენ ქულას მოიპოვებდა ჩემი გაკვეთილი და რეფლექსია, შიდა შეფასების გუნდს რომ შეეფასებინა, თუმცა მაქსიმალურად შევეცადე, ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილისთვის ,,კრიტიკული მეგობრის“ თვალით შემეხედა. ახლა კი ამ გაკვეთილის და რეფლექსიის შეფასება თქვენთვის მომინდვია:

გაკვეთილის რეფლექსია

 

განვიხილავ ჩემ მიერ ჩატარებულ ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილს თემაზე: ,,ტკივილი? – არა, რაღაც და გათავდა“ (გურამ რჩეულიშვილი). იქიდან გამომდინარე, რომ გაკვეთილი განათლების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის უნდა ჩამეტარებინა, შევარჩიე თემა, რომელიც, ჩემი აზრით, ნებისმიერი ასაკის მსმენელს დააინტერესებს. ზემოაღნიშნული ნოველა VI კლასის სასწავლო პროგრამის ნაწილია და ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა ძალადობა და ადამიანისა და ბუნების ურთიერთდამოკიდებულება, მსუყე სადისკუსიო მასალას წარმოადგენს.

გაკვეთილის მიზანი იყო  პრობლემაზე ორიენტირება; კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება; თანამშრომლობითი უნარ-ჩვევების დახვეწა; ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება.

 

იხ: მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტთან (ეს მონაკვეთი, როგორც წესი, გაკვეთილის გეგმის ნაწილია, მისი რეფლექსიაში ჩართვა სავალდებულო არაა).

  • მიმართულება: ზეპირმეტყველება

ქართ.დაწყ.(II).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სამეტყველო ქცევის წარმართვა საკომუნიკაციო მიზნისა და კონტექსტის შესაბამისად

ქართ.დაწყ.(II).2 . მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა და გაგება-გააზრება; ტექსტებზე მსჯელობა და დასკვნის გამოტანა

ქართ.დაწყ.(II).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა  ტიპის ნაცნობი ტექსტების ინტერპრეტირება და შეფასება; მათ
მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; მხატვრული
ნაწარმოების ესთეტიკური შეფასება (საწყის დონეზე).

ქართ.დაწყ.(II).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს ზეპირმეტყველების ნაცნობი
სტრატეგიების მიზნის შესაბამისად შერჩევა და გამოყენება.

  • მიმართულება: წერა

ქართ.დაწყ.(II).10. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის ტექსტების შექმნა ნაცნობ თემატიკაზე სხვადასხვა მიზნით.

ქართ.დაწყ.(II).11. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობი ლექსიკის, ნასწავლი
ენობრივ-სინტაქსური
კონსტრუქციებისა და სტრუქტურული ელემენტების მიზნობრივად შერჩევა და სათანადოდ გამოყენება; ქართული სალიტერატურო ენის ძირითადი ნორმების დაცვა.

ქართ.დაწყ.(II).12. მოსწავლემ უნდა შეძლოს წერის ნაცნობი სტრატეგიების ადეკვატურად გამოყენება.

რაც შეეხება წინარე ცოდნას,  გაკვეთილის დაგეგმვისას გათვალისწინებული მქონდა, რომ მოსწავლეებს შეუძლიათ საშუალო სირთულის მხატვრული ტექსტის მოსმენა და გაგება; არგუმენტირებული მსჯელობა და ჯგუფში მუშაობა.

გაკვეთილის დაწყებამდე სტუდენტებს დავურიგე ფურცლები სახელების დასაწერად, რათა გაკვეთილის მსვლელობის დროს თითოეული მათგანისთვის სახელით მიმართვა შემძლებოდა. გაკვეთილის დაწყებისთანავე აუდიტორიას მოკლედ გავაცანი გაკვეთილის გეგმა, ორიოდე სიტყვით განვიხილე გაკვეთილის მიზანი და მისი თითოეული ფაზა. შემდეგ სასწავლო მასალის დამუშავების დრო დადგა. ნოველა მიზნობრივი პაუზებით წავიკითხე. ჯერ სათაურის გარშემო გავმართეთ მცირე დისკუსია, მას ვარაუდების შემოწმების მიზნით წაკითხვის შემდეგაც მივუბრუნდით. კითხვის პროცესში ასევე დავსვი რამდენიმე სადისკუსიო შეკითხვა, რომელთა დანიშნულებაც მოსმენილი ინფორმაციის სიღრმისეულად გააზრება იყო. კითხვის დასრულების შემდეგ გავაგრძელეთ დისკუსია ბულინგისა და გაუცხოების თემაზე. სტუდენტები გამოთქვამდნენ ვარაუდებს და საკუთარ მოსაზრებას არგუმენტირებულად ასაბუთებდნენ. ზემოაღნიშნულ დისკუსიაში მათი უმეტესობა აქტიურად იყო ჩართული.

მომდევნო აქტივობა წინას ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენდა. ტექსტთან დაკავშირებული მიგნებები ,,პრობლემის რუკაზე“ გადავიტანე. ამ გზით შევაჯამეთ დისკუსია და ერთ ფორმატზე მოვუყარეთ თავი კლასის ნააზრევს.

რაც შეეხება წერით დავალებას, გავაერთიანე წერის ორი სტრატეგია – „რაფთ“ და „სამწუთიანი წერა“ (სქემის ნიმუში შესწავლილ მინიატურაზე დაყრდნობით შევქმენით). მოსწავლეები 3-4-კაციან ჯგუფებად დავყავი. ჯგუფებს შესწავლილ თხზულებაში აქცენტირებული პრობლემებიდან ერთ-ერთი (მამა-შვილის ან ბუნებისა და ადამიანის ურთიერთობის, ძალადობის, შიმშილის, დაუცველობის, გაუცხოების…) უნდა აერჩიათ, შეევსოთ სქემა (,,რაფთ“), მოეფიქრებინათ პატარა ისტორია და კომიქსის, დღიურის ან მინიატურის სახით ჩაეწერათ. გაკვეთილის დასასრულ კი ჯგუფებმა თავ-თავიანთი ნამუშევრები კლასის წინაშე წარმოადგინეს.

     რაც შეეხება საშინაო დავალებას, დისკუსიის დროს გამოვლენილი ინტერესიდან გამომდინარე, მოსწავლეებს საქართველოს კონსტიტუციაში ნადირობის კანონთან დაკავშირებული მუხლის მოძიება და გაცნობა დაევალათ. ამას გარდა, მათ უნდა წაეკითხათ გურამ რჩეულიშვილის ,,მუსტანგები“ და წერილობით დაეფიქსირებინათ მასა და გაკვეთილზე შესწავლილ თხზულებას შორის არსებული მსგავსება-განსხვავებები.

გაკვეთილზე გამოვიყენე შემდეგი რესურსები: ფორმატები, წებოვანი ლენტი, მაკრატელი, მარკერები, ფურცლები, კალმები, ფერადი ფანქრები და მობილური ტელეფონი (ტაიმერისთვის). რაც შეეხება კლასის ორგანიზების ფორმას, ორიენტირებული კითხვის და მსჯელობის პროცესში მივმართე საერთო საკლასო ფორმას, წერითი დავალების დროს კი -ჯგუფურ სამუშაოს.

საგაკვეთილო პროცესში სტუდენტთა უმეტესობა აქტიურად იყო ჩართული. მათ მთელი გაკვეთილის განმავლობაში ჰქონდათ თვითგამოვლენის საშუალება, ჯგუფური მუშაობის დროს კი თავიანთი ნააზრევის კიდევ ერთხელ შეჯერება და ფორმირება შეძლეს. მოსწავლეთა ჩართულობას განმავითარებელი კომენტარებით ვაფასებდი.

გაკვეთილის პროცესში დისციპლინური დარღვევები არ დაფიქსირებულა, თუმცა რამდენიმე მოსწავლე მსმენელის როლში დარჩა და მინიმალურად ჩაერთო სასწავლო პროცესში, რაც ჩემი გაკვეთილის მთავარ ხარვეზად მიმაჩნია. ამას გარდა, მომიხდა გეგმის მოდიფიცირება და გაკვეთილის მეორე ნახევრის დაჩქარება, რადგან პირველმა ნახევარმა – კითხვამ და დისკუსიამ დაგეგმილზე ბევრად მეტი დრო მოითხოვა, რაც სტუდენტების მაღალმა ინტერესმა და მსჯელობის გაცილებით ღრმა უნარმა განაპირობა, ვიდრე აღნიშნული გაკვეთილის მიზანი ითვალისწინებდა. აქედან გამომდინარე, გამიჭირდა აუდიტორიის აქტიურობისა და ცალკეული ინდივიდების პასიურობის მართვა.

დროის დაზოგვის მიზნით, მოვერიდე სტუდენტების დაფასთან გამოყვანას და მათ ნააზრევს თავად ვწერდი ზემოთ აღწერილ სქემებში. უკეთესი იქნებოდა, თუ გაკვეთილზე გამოყენებული გრაფიკული ორგანიზატორების შევსებას „პასიურ მოსწავლეებს“ მივანდობდი.

ამ გაკვეთილის მთავარ ხარვეზად დროის სწორად განაწილებას მივიჩნევ. უცხო აუდიტორიასთან დაკავშირებულმა ღელვამ და სხვა გარე ფაქტორებმა დროის მართვაში მნიშვნელოვნად შემიშალა ხელი. დროში გაწერილი მხოლოდ ჯგუფური აქტივობა და პრეზენტაცია იყო, ამ აქტივობების დროს ტაიმერით ვაკონტროლებდი და აღნიშნული მიდგომა საკმაოდ ეფექტური გამოდგა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, დრო გაკვეთილის დაწყებისთანავე უნდა დამენიშნა. უფრო ეფექტური იქნებოდა, თუ ამ საქმეს რომელიმე სტუდენტს ან სტუდენტთა ჯგუფს მივანდობდი.

დროის არასწორმა განაწილებამ გაკვეთილის შეჯამებაშიც შემიშალა ხელი. დრო აღარ დამრჩა, რომ გაკვეთილის დასასრულ მოკლე რეფლექსია გამეკეთებინა და ამის საშუალება „მოსწავლეებისთვისაც“ მიმეცა. ვთვლი, რომ გეგმის შედგენისას ეს ნიუანსი აუცილებლად უნდა გამეთვალისწინებინა, რადგან გაკვეთილის შეჯამების დროს ცხადად იკვეთება შედეგი, რომელსაც რეალურად მიაღწიე.

 

რამდენიმე კვლევა ბავშვთა საკითხებზე

0

ბავშვობაში მიღებული შთაბეჭდილებებიდან ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი ის მომენტია, როცა ბავშვთა უფლებების კონვენციის შესახებ გავიგე. მანამდე სასკოლო სივრცეში ძირითადად ვალდებულებებს მახსენებდნენ და ის ფაქტი, რომ ამ უფლებების ნაწილი იმის წინააღმდეგ ბრძოლაში შემეძლო გამომეყენებინა, რაც არ მომწონდა და ნაწილი კი –  მიუღებელ ვალდებულებებზე უარის სათქმელად, ნამდვილი ბედნიერება იყო.

 

რა თქმა უნდა, მერე ისიც გავიგე, რომ ბავშვთა და სხვათა უფლებების მწყობრად ჩამოყალიბება ვერ უზრუნველყოფს ხოლმე ამ უფლებების დაცულობას და სამყაროც ხშირად უფრო უსამართლოა, ვიდრე სამართლიანი. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ჩვენ გვაქვს უფლებები და როცა ვინმეს უფლება ირღვევა, ვიცით, რომ ეს ასე არ უნდა ხდებოდეს და ამის გამოსასწორებლად უნდა ვიმუშაოთ.

 

საქართველოში ბავშვების დიდი ნაწილი რომ სიღარიბეში ცხოვრობს, რაც ხშირად მათ სწავლის, განვითარებისა და ასაკის შესაბამისად ცხოვრებისთვის ბარიერი არის ხოლმე, ცნობილი ამბავია. მაგრამ ხდება კიდევ ისეთი რამეებიც, რომლებიც განსჯის საგანი იშვიათად ხდება. არადა, მათი ცოდნა და მათზე საუბარი პრინციპულად მნიშვნელოვანია.

 

მაგალითად, ვიცით, როგორც ცხოვრბენ შშმ ბავშვები, თუკი მათი მშობლები მზად იქნებიან, განათლება მისცენ და სოციალიზაციაში დაეხმარონ?

 

სახალხო დამცველის ერთ-ერთი ყველაზე ახალი ანგარიში სრულად ეძღვნება თბილისის 202 საჯარო სკოლას, რომელიც უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეთა სკოლა-პანსიონს წარმოადგენს და სადაც, როგორც აღმოჩნდა, ბავშვებს არასაკმარისი საკვები, საფრთხის შემცველი გარემო და მოუმზადებელი მასწავლებლები და აღმზრდელები ჰყავთ. მაგალითად, გასულ წელს ერთი ბავშვი მეორე სართულიდან გადმოვარდა და დაშავდა მხოლოდ იმიტომ, რომ უსინათლოთა სკოლის ფანჯრებს დამცავი ბარიერები არ ჰქონდა. სხვა ბავშვი კი, 12 წლის ასაკში პირველ კლასში დასვეს, მხოლოდ იმიტომ, რომ მამა ითხოვდა ასე. ამ სკოლაში პანსიონის სერვისით მოსარგებლე ბავშვები წლების განმავლობაში არასაკმარისად იღებენ არაჰიგიენურ გარემოში მომზადებულ საკვებს, რომლის რაოდენობაც თანაბარია როგორც 6, ასევე 16 წლის ბავშვისთვის.

 

სასწავლო დაწესებულებას არ ჰყავს ოკუპაციური თერაპევტი, მეტყველებისა და ფიზიო-თერაპევტები, არ დგება ინდივიდუალური სასწავლო გეგმები, არ არსებობს ინკლუზიური განათლების დანერგვის სამოქმედო გეგმა და შიდა მონიტორინგის მექანიზმი, მასწავლებელთა ნაწილი კი უარყოფითადაა განწყობილი მრავლობითი შეზღუდვის მქონე, განსაკუთრებით, ქცევის პრობლემის მქონე მოსწავლეთა მიმართ და თვლიან, რომ ასეთი ბავშვების ადგილი მათ სკოლაში არ არის.

 

ვიცით, როგორ ფუნქციონირებს ადრეული განათლების სისტემა? ვინ ხვდება სამი, ოთხი, ხუთი წლის ბავშვებს ბაღებში, როდესაც პირველად ტოვებენ ოჯახს ხანგრძლივად და სოციალიზაციის პირველ გაკვეთილებს იღებენ?

 

გაერო-ის ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საბავშო ბაღების აღმზრდელთა 44% არაკვალიფიციურია. ამასთან, დირექტორთა 50% არ ფლობს ბავშვთა ადრეულ აღზრდასა და განათლებასთან დაკავშირებულ განათლებას. კვლევამ აჩვენა, რომ 13 მუნიციპალიტეტს არ ჰყავს ბავშვთა ადრეულ აღზრდასა და განათლებაში ბაკალავრის ხარისხის მქონე არცერთი აღმზრდელი. მრავალი მუნიციპალიტეტისთვის პრობლემაა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალიზებული დამხმარე პერსონალის (სპეც. პედაგოგები, ფსიქოლოგები და სხვ.) ნაკლებობაც.

 

ვერ გვაქვს საქმე საამაყოდ, მაგრამ თუ მიდგომას არ შევცვლით, ასე დიდხანს მოგვიწევს ყოფნა.  სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალის, მათ შორის დირექტორების ხელფასი ძალზე დაბალია. სრულ განაკვეთზე დასაქმებული აღმზრდელის საშუალო ყოველთვიური ხელფასი 336 ლარს შეადგენს, რაც თითქმის სამჯერ ნაკლებია საქართველოში დასაქმებულის საშუალო ყოველთვიურ შემოსავალზე (940 ლარი). ამასთან, არ არსებობს ხელფასის ზრდის სისტემა, რაც პროფესიონალებისთვის სრულიად არამიმზიდველს ხდის ამ სფეროს.

 

არადა, ადრეული აღზრდისა და განათლების ხარისხიანი სისტემა სიცოცხლის განმავლობაში სწავლის საფუძველია და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვებში სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში მათი სასკოლო განათლების დასრულებამდე. ამასთან, ადრეული და სკოლამდელი განათლება მეტად მნიშვნელოვანია საზოგადოების მდგრადი განვითარებისა და ყველა ბავშვისთვის, როგორც მოქალაქეებისთვის, თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად.

 

ვიცით, რა გამოწვევები გვაქვს ქუჩაში მცხოვრები/მომუშავე ბავშვების პრობლემების მოსაგვარებლად? რისი გადატანა უწევთ მათ იმისათვის, რომ ფიზიკურად გადარჩნენ და ეს მძიმე მოცემულობა როგორ ართულებს მათი საზოგადოებაში დაბრუნების და ინტეგრაციის საკითხს?

 

ისევ გაერო-ის ბავშვთა ორგანიზაციის კვლევას თუ ავიღებთ, აღმოვაჩენთ, რომ ქუჩაში მცხოვრები/მომუშავე ბავშვების მონაყოლის მიხედვით, ქურდობასთან ან რაიმე სხვა დანაშაულთან დაკავშირებით ბავშვების ჯგუფის დაკავების შემთხვევაში პოლიციის ოფიცრები ასკვნიან, რომ დანაშაული 14 წლამდე ასაკის ბავშვმა ჩაიდინა ან არწმუნებენ ამ ბავშვებს, დანაშაული საკუთარ თავზე აიღონ. მოზარდები ვარაუდობენ, რომ ამ გზით პოლიციელები დოკუმენტაციის გაფორმებასა და ბავშვების პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებულ შემდგომ სამუშაოს იცილებენ თავიდან.

სამართალდამცველების მუშაობის ასეთი პრაქტიკა ეჭვს აჩენს, რომ ეფექტური იქნება მათი სხვა ქმედებები ქუჩაში მომუშავე ბავშვებთან დაკავშირებით. სხვანაირად კი შეუძლებელია ებრძოლო მაგალითად იმას, რომ თბილისში მოქმედი ერთ-ერთი დაჯგუფების ყოფილი წევრების ჩვენებების მიხედვით, გოგონები ვალდებულნი იყვნენ, სექსუალური მომსახურება გაეწიათ დაჯგუფების უფროსი წევრებისთვის.

კიდევ ერთი კვლევის თანახმად, რომელიც სახალხო დამცველის აპარატმა ჩაატარა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ადამიანის უფლებების შესახებ არსებულ ცოდნასა და სწავლების მეთოდებს იკვლევდა, აჩვენა, რომ მასწავლებლების და, შესაბამისად, მოსწავლეების ცოდნა უფლებების შესახებ მწირი და ზედაპირულია, რის შედეგადაც ვიღებთ იმას, რომ უფლებების შელახვისას, მათ შორის, ჩაგვრისა და ძალადობის შემთხვევებში მოსწავლეთა ნაწილი ინერტულია.

თანამედროვე სამყაროში, არა მხოლოდ ჩვენთან, სხვა ქვეყნებშიც, სადაც შემცირებულია ნდობა დემოკრატიული პროცესების მიმართ, გამძაფრებულია ძალადობრივი ექსტრემიზმი და წინა პლანზეა წამოწეული სოციალური და ეკონომიკური პრობლემები. ამ პრობლემების დაძლევის  გზა განათლებაზე გადის.

მხოლოდ ისეთ საზოგადოებას შეუძლია სოციალური პრობლემების მოგვარება, ძალადობის შემცირება და სამართლიანობის უზენაესობის აღიარება, რომლის განათლების დონეც და ცნობიერებაც სხვათა უფლებების შესახებ მაღალია. განათლების საკითხებზე ევროკომისიის მიერ შექმნილი ერთ-ერთი დოკუმენტის მიხედვით, განათლება ადამიანის უფლებების შესახებ არ არის პანაცეა, რომელსაც ყველა პრობლემის მყისიერად გადაჭრა შეუძლია, თუმცა ეს არის ერთადერთი გზა პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოების შესაქმნელად, სადაც ადამიანები აცნობიერებენ თავიანთ სოციალურ სტატუსს და როლს საზოგადოებაში.

 

 

 

კლასგარეშე საკითხავი უმცროსკლასელთათვის

0

წიგნის კითხვა თავისუფალ დროს კი არ უნდა უვსებდეს პატარებს, იმიტომ რომ ამ დროს მშობლები მათთან ერთად ვერ ატარებენ, წიგნის კითხვა პირველ რიგში ფიქრს უნდა აჩვევდეს ბავშვებს, აზროვნებას უვითარებდეს – ალბათ ამ წინადადების დაწერის აუცილებლობა არ იყო, რადგან ზემოთ თქმული ისედაც ყველას კარგად მოეხსენება. უმცროსი კლასების მასწავლებლებმა ისიც კარგად იციან და ალბათ ამიტომაც არც ამის დაწერის აუცილებლობა არ უნდა არსებობდეს: კარგი იქნება, თუკი წიგნებს უმცროსკლასელებისთვის იმ პრინციპითაც შევარჩევთ, რომ ბავშვებს თანაგრძნობის უნარი გავუღვივოთ, გარშემო არსებულ პრობლემებზე დავაფიქროთ, თუნდაც ამ პრობლემას ახლა ვერ ამჩნევდნენ, კარგისა და ცუდის გარჩევა, ბუნების სიყვარული ისწავლონ. თუმცა ისიც არ არის ურიგო, ონავარი, ცელქი, უცნაური ბავშვები იყვნენ შერჩეული წიგნების პერსონაჟები. არავის უნდა, წიგნის ამგვარ პერსონაჟებს მიბაძონ ბავშვებმა, სახლიდან გაქცევა დაგეგმონ, სკოლაში წასვლა გააპროტესტონ, დაუკითხავად გაიტანონ ნივთები სახლიდან, მათი შენიშვნამისაცემი თვისებები გადმოიტანონ რეალურ ცხოვრებაში. მაგრამ, არა უშავს, მაინც კარგია, თუკი არ შეგვეშინდება და, სამაგალითო ბავშვებზე დაწერილ წიგნებთან ერთად, ასეთ წიგნებსაც მივცემთ ჩვენს პატარებს წასაკითხად. გამოგონილი პერსონაჟების ავტორებმა იცოდნენ, რაზეც წერდნენ, გააზრებული ჰქონდათ მოსალოდნელი საფრთხეები და ამიტომაც იმასაც ითვალისწინებდნენ, რომელიღაც ერთი წინადადებით მაინც მიენიშნებინათ პატარა მკითხველისთვის, რომ ყველაფერი, რასაც უცნაური პერსონაჟი აკეთებდა, კარგი არ იყო და რომ გაუგონრობა, სახლიდან გაქცევა არასწორი საქციელია, თუნდაც ამის გამო პერსონაჟი არ ისჯებოდეს. ჩემ მიერ აქ ჩამოთვლილის გარდა, ალბათ არის კიდევ სხვა რაღაცებიც, რის გამოც უნდა მივცეთ ბავშვებს სხვადასხვანაირი წიგნები წასაკითხად, ის რაღაცები ახლა, სამწუხაროდ, არ მახსენდება, მაგრამ, იმ რაღაცებს მათთვის განკუთვნილ წიგნებში ამოიკითხავენ ბავშვები და, როცა ამოიკითხავენ, დაფიქრდებიან, გააანალიზებენ და სათანადო დასკვნებსაც თავად ან ჩვენი, უფროსების, დახმარებით გამოიტანენ.

ზამთრის არდადეგები ახლოვდება. არდადეგები დასვენებასთან ასოცირდება, დასვენება კი დასვენებაა და, ჩემი აზრით, არაფრით არ შეიძლება, ასეთ დღეებში ბავშვების დატვირთვა, რადგან დატვირთვა გადაღლას გამოიწვევს, გადაღლა კი დააზიანებს მათ ჯანმრთელობას – ფიზიკურსაც და ემოციურსაც. როდესაც მშობლები მეკითხებიან, რა დავალებას მისცემთ ჩვენს შვილებს არდადეგებზე, რა გააკეთონო, გაოცებულები მიყურებენ, როცა პასუხად იღებენ: „კარგად დაისვენონ, გამოიძინონ, მონატრებულ მეგობრებთან ურთიერთობით გული იჯერონ, ისაუბრონ, მეტი დრო გაატარონ უსაქმოდ, რა თქმა უნდა, თუკი ამის საშუალებას თქვენც, მშობლები მისცემთ და დავალებებით, შინაური საქმეებით არ დატვირთავთ“. თუმცა არის ისეთი დავალებები, რომლებიც არც გადაღლას იწვევს და არც არანაირად არ უშლის ხელს დასვენებას. პირიქით, არის ისეთი დავალებები, რომელთა შესრულება სასიამოვნო და სასარგებლოა. ამ დავალებებს კარგი წიგნების კითხვა ჰქვია. რა ჯობს არდადეგებს: არც სისხამ დილით უნდა ადგე, არც დროულად უნდა დაწვე, რომ მეორე დღეს დილაუთენია ადგომა არ გაგიჭირდეს. რა ჯობს არდადეგებს, როცა შეგიძლია, დრო შენს გემოზე გაატარო, მეტი ითამაშო, ისეირნო, მეგობრებთან აქეთურზე და იქითურზე ლაპარაკით ენა დაიღალო, საინტერესო გადაცემებს და ფილმებს უყურო და, რა თქმა უნდა – მეტი წიგნი წაიკითხო! აი, ხანდახან წიგნის კითხვას უმცროსკლასელები სულაც არ მიიჩნევენ სასიამოვნო პროცესად. მათ ჰგონიათ, რომ მასწავლებლები და მშობლები არდადეგებზეც არ აძლევენ მოსვენების საშუალებას და დავალებებით ტვირთავენ. ეს არასწორი აზრი ისე გაუჯდებათ ხოლმე ძვალსა და რბილში, რომ, ბედნიერი გამონაკლისების გარდა, ცოტანი თუ იცვლიან აზრს და მერე, როცა იზრდებიან, წიგნის კითხვის პროცესით ტკბობას ვერ იღებენ. მათთვის წიგნი არც ესთეტიკური და არც ინტელექტუალური ტკბობის და სარგებლის მომტანია. იცით, რატომ? ამ თემაზე ბევრი მიფიქრია და ბოლოს ასეთ პასუხს მივაგენი: იმიტომ, რომ ბავშვებს უფროსები ადრეულ ასაკში საინტერესო წიგნებს არ სთავაზობენ წასაკითხად, არ ითვალისწინებენ მათ ინტერესებს, არ ითვალისწინებენ, ხომ არ მოძველდა წიგნი, არის ის ისევ ისეთი საინტერესო ახალი თაობისთვის, როგორიც ის ოცი, ორმოცდაათი წლის წინ ან კიდევ უფრო დიდი ხნის წინათ იყო? გასულ საუკუნეებში დაწერილი წიგნები ვერ იქნება ერთნაირად საინტერესო მაშინდელი და დღევანდელი ბავშვებისთვის. თუმცა, რა თქმა უნდა, არის ისეთი გამორჩეული წიგნები, რომელთაც დრო ვერ დააძველებს და რომელთა ადგილი ყოველთვის იქნება პატარების გულებში, რა დროც არ უნდა გავიდეს. და ეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ წიგნების პერსონაჟები მოძველებული ენით საუბრობენ, ტექნიკის მიღწევებს არ იცნობენ, განსხვავებული ტანისამოსი აცვიათ. კლასიკადქცეული წიგნებიც კი ისე უნდა მივაწოდოთ ბავშვებს, რომ არ შევაძულოთ. ამიტომაც მათ, ვინც წიგნებს წასაკითხად შეურჩევს უმცროსკლასელებს, მშობელი იქნება თუ მასწავლებელი, ხანდახან მეტი კრეატიულობის გამოჩენა მართებთ. მთავარი მაინც ალბათ ის არის, კითხვის პროცესი მშობლებმა და მასწავლებლებმა არ დაუკავშირონ იძულებას და მით უმეტეს – დასჯას. გაგაბრაზათ ბავშვმა? სასჯელი წიგნი არ უნდა იყოს! ბავშვის დასაქმება გინდათ? წიგნის კითხვაზე უკეთეს საქმეს რას გამოუძებნით? მაგრამ ეს ისე უნდა გაკეთდეს, ბავშვს კითხვას არ აიძულებდეთ და ბავშვს კითხვა არ შეაძულოთ. რა თქმა უნდა, ყველა ბავშვი ერთნაირი არ არის და არიან ისეთებიც, რომელთაც არც არავინ ურჩევს წიგნებს და არც არავინ აიძულებს კითხვას – თვითონ მიდიან წიგნების თაროსთან და ყოველგვარი ძადატანების, რჩევის გარეშე იღებენ წასაკითხად იმას, რაც ხელში მოხვდებათ.

პატარების, უმცროსკლასელების მასწავლებელი არასოდეს ვყოფილვარ, მხოლოდ ერთხელ, როცა უნივერსიტეტი დავამთავრე, ერთი წელი ვიმუშავე მეხუთეკლასელებთან. ამიტომ მათთან მუშაობის დიდი გამოცდილებით ვერ დავიკვეხნი და ვერ დავიჩემებ, რომ განსაკუთრებულად საყურადღებო რჩევები მაქვს მისაცემი მათი მშობლების ან მათი მასწავლებლებისთვის. თუმცა ამ საკითხში მცირე გამოცდილება მეც მაქვს, რადგან ოჯახში მეც მყოლია პატარები და მეც მიფიქრია, რა უნდა მიმეცა ამა თუ იმ ასაკში მათთვის წასაკითხად. ახლა ჩემს საიდუმლოს გაგიმხელთ იმ იმედით, რომ მას გამოიყენებთ და ის ისევე გაამართლებს, როგორც ჩემს შემთხვევაში გაამართლა.

დავიწყოთ იმით, რომ მე, განსხვავებით სხვა მშობლებისგან (ცხადია, ყველაზე არ ვსაუბრობ), არასოდეს ვენდობოდი საკუთარ მეხსიერებას, მით უფრო, სხვების მეხსიერებას და, სანამ ჩემს შვილებს წასაკითხად რაიმე წიგნს გადმოვუღებდი, ჯერ თავად ვკითხულობდი. ასე არა მარტო ვიხსენებდი, ნამდვილად კარგი იყო თუ არა წიგნი და ღირდა თუ არა მისი მიცემა ჩემი შვილებისთვის, ვცდილობდი, ამეწონ-დამეწონა, მოეწონებოდათ თუ არა ჩემი თაობის ბავშვებში პოპულარული ნაწარმოებები ჩემი შვილების თაობის ბავშვებსაც. გარდა ამისა, როცა წიგნის მაღაზიაში ახალ წიგნს შევიძენდი, იმ ახალ წიგნსაც ჯერ თავად გავეცნობოდი და მხოლოდ ამის შემდეგ ვაძლევდი ჩემს შვილებს წასაკითხად. მოკლედ, სანამ ჩემს შვილებს მივცემდი წიგნს, ათას რამეს ვითვალისწინებდი: ავტორისა და პერსონაჟების ენას, სტილს, თავად პერსონაჟებს, სიუჟეტს… დამიჯერეთ, ცოტაა ისეთი ბავშვი, რომელიც გვერდით არ გადადებს (უფრო სწორად, არ მოისვრის) ისეთ წიგნს, რომელიც მისთვის გასაგები ენით არაა დაწერილი, რომელშიც მისი გარემოსთვის შეუსაბამო პერსონაჟები  შეუსაბამო ენით მეტყველებენ და შეუსაბამოდ იქცევიან. მინდა გითხრათ, რომ ჩემს მიგნებას საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდა: არ მახსენდება, ამ გზით ჩემ მიერ შერჩეული წიგნები ოდესმე დაეწუნებინოთ ჩემს შვილებს. ის კი არა, მათი მეგობრების მშობლებიც და ჩემი ნაცნობ-მეგობრებიც ჩემს იმედად იყვნენ. ასე შევაყვარე ჩემს შვილებს კითხვა და ჩემი ახლობლებიც მადლობას მიხდიდნენ, ეს რა საინტერესო წიგნი გვირჩიე, როგორ მოეწონათ ჩვენს შვილებს, კიდევ ხომ არა გაქვს რაიმე საყურადღებო ჩვენთვისო.

ერთი წიგნი, რომელსაც ახლობლებს თავიანთი ბავშვებისთვის ვურჩევდი და ახლა თქვენც გირჩევთ, რომ წასაკითხად მისცეთ უმცროსკლასელებს, თეა ლომიძის „ერთი პატარა სასწაულია“. ხომ იცით, პატარებს, ძალიან უყვართ წიგნები სასწაულებზე, მით უფრო, როცა ეს სასწაული მძიმე, სასიკვდილო სენით შეპყრობილი ბიჭის განკურნებას შეეხება. მოთხრობის პერსონაჟ ბიჭს თერმომეტრი გაუტყდება და აღმოაჩენს, რომ ვერცხლისწყლით თამაში – მათი პაწაწკინტელა ბურთულებად დაშლა და მერე ერთ დიდ ბურთულად შეერთება – არაჩვეულებრივი გასართობია. არაჩვეულებრივი, რომ არა ვერცხლისწყლის თვისება, იყოს ჯანმრთელობისთვისა და სიცოცხლისთვის სახიფათო. მოთხრობის სიუჟეტის განვითარებისთვის საჭირო ამბავი პატარა მკითხველისთვის გაფრთხილებაცაა. ეს გაფრთხილება ხშირად ავიწყდებათ მშობლებს, თუმცა არ უნდა ავიწყდებოდეთ ქიმიის მასწავლებლებს: ზოგიერთი ქიმიური ელემენტები იმდენად საშიშია ჯანმრთელობისთვის, რომ მათთან თამაში არაფრით არ შეიძლება. მოთხრობის პერსონაჟი ბიჭი ავად გახდება და მას ვერანაირი წამალი ვერ შველის. ამ ამბის პარალელურად პერსონაჟი გოგონას ოჯახსაც ვეცნობით (გოგონა მთხრობელი/ნარატორია, მაგრამ არაფერი აუცილებელი არაა, ეს ლიტერატურული ტერმინი ვასწავლოთ ადრეულ ასაკში პატარა მკითხველს, თუმცა, არც არაფერი დაშავდება, თუკი ნაწარმოების განხილვისას, უმცროსკლასელების სმენას შევაჩვევთ მომავალში საჭირო ლიტერატურული კომენტარისთვის სავალდებულო ტერმინებს. როცა ამ ტერმინების შესწავლის დრო დადგება, მათთვის ადვილად გასაგები იქნება, რა იგულისხმება მთხრობელში ანუ ნარატორში). გოგონა იყიდის მცენარეს, რომელიც მერე და მერე ნერვებს უშლის ოჯახის წევრებს, რადგან ქოთანში ამოსულ მცენარეს არც სილამაზე, არც განსაკუთრებული სურნელი, არც არანაირი მიმზიდველობა არა აქვს და მას თვალთაგან შორს, სამზარეულოს კარადებს შორის ბნელ კუთხეში მოათავსებენ. ამ ეპიზოდის წაკითხვის შემდეგ ვერც ვხვდებით, როგორ გადაიქცევა ეს თითქოს არაფრისმომცემი ჩანართი მთავარ ეპიზოდად. როგორ და რანაირად, თავად ნახავთ, როცა მოთხრობას წაიკითხავთ. მე კი იმას დავძენ, რომ ყველასგან მივიწყებული მცენარის დახმარებით განიკურნება ბიჭი და მოთხრობა ისე დამთავრდება, რომ მკითხველი ვერ იკავებს ყელში მობჯენილ ცრემლებს. საბედნიეროდ, ეს ცრემლები კეთილი დასასრულის ცრემლებია. მიხვდით ალბათ, რომ ამ ნაწარმოებს რეკომენდაციას რამდენიმე მიზეზის გამო ვუწევ. ჯერ ერთი, კეთილი ამბავია, მეორეც სასარგებლო გაფრთხილებას შეიცავს. თუმცა ამ ნაწარმოებს რეკომენდაციას სხვა მიზეზის გამოც ვუწევ. ეს ნაწარმოები კარგი შესავალია იმ გზაზე, რომლის გავლაც მომავალში მოუწევთ უმცროსკლასელებს, ანუ ამ ტექსტით შეგვიძლია დავიწყოთ ლიტერატურული კომენტარის სწავლება, რომელიც პატარა მკითხველებს ზედა კლასებში გამოადგებათ.

როგორც ვიცით, ლიტერატურული ტექსტები მარტო შინაარსის გამო არ უნდა გვაინტერესებდეს. შინაარსის ადეკვატური გაგება მხოლოდ პირველი ეტაპია ნაწარმოების ანალიზისას. კარგი იქნება, თუკი მოცემული სიუჟეტის ანალიზის პარალელურად ბავშვები ძირითად თემას და იდეას ამოიცნობენ და შეეცდებიან, პარალელი გამოძებნონ სხვა მანამდე შესწავლილ ტექსტებთან – ჩვენი მიზანი პატარა მკითხველისთვის სწორედ ამგვარი კავშირების დაძებნა-დანახვება უნდა იყოს. ერთი შეხედვით არ ჩანს, რომ „ერთი პატარა სასწაული“ იმავე თემაზეა დაწერილი, რა თემასაც ზღაპრები ეხებიან. მაგრამ, თუკი ბავშვებს ვთხოვთ, რომ გაიხსენონ ზღაპრები, აუცილებლად აღმოაჩენენ, რომ მხატვრულ ტექსტებსა და ზღაპრებსაც აქვთ საერთო. ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში ასეთი ზღაპრებია შარლ პეროს „კონკია“ და ჰანს კრისტიან ანდერსენის „საძაგელი იხვის ჭუკი“, რომლებიც ყველა ბავშვმა იცის (წაკითხული თუ არა მულტიპლიკაციური ფილმი მაინც ყველას აქვს ნანახი). უბრალოდ, თუკი ამ ორ ზღაპარში მანამდე შეუმჩნეველი, დაუფასებელი პროტაგონისტი (კიდევ ერთი ტერმინი, რომელიც კარგი იქნება, ანტაგონისტთან ერთად, ყურში თუ გაუჯდებათ უმცროსკლასელებს) ადამიანი და ფრინველია, თეა ლომიძის წიგნში ადამიანს მცენარე ენაცვლება. სამზარეულოს კუთხეში უღიმღამო ქოთანში მიტოვებული უსუნო, უფერო მცენარე გადაიქცევა ბიჭის სიცოცხლის გადამრჩენელ წამლად, შესაბამისად, იაფფასიანი მცენარე გახდება ყველაზე საჭირო, აუცილებელი, სხვა მცენარეებისგან განსხვავებით, ძვირფასი და სასურველი მცენარე.

მხატვრული ტექსტის ამგვარი ანალიზის შედეგად ბავშვები ეჩვევიან კავშირებისა და პარალელების დაძებნას, ქვეტექსტების ამოცნობასა და სტრიქონებს შორის დაფარული აზრების ამოკითხვას და ბოლოს, ასე შემოდის პატარა მკითხველებში მხატვრული ლიტერატურა და იჭერს იმ ადგილს, რომელიც მან, ადრე თუ გვიან, აუცილებლად უნდა დაიჭიროს მათ ცხოვრებაში.

 

 

ბავშვთა ანთროპოლოგია: კვლევები ბავშვების გარეშე?

0

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სკოლაში და, ზოგადად, ბავშვთა განათლებაში არსებული პრობლემები დაკავშირებულია მარტივ მიზეზთან – ჩვენ ჩვენი ბავშვები არასაკმარისად გვყავს შესწავლილილი! შესაძლოა, სწორედ ბავშვების შესახებ ცოდნის სიმწირე არის ჩვენი განათლების სისტემის მთავარი ნაკლი. გთავაზობთ რამდენიმე მოსაზრებას ბავშვების ანთროპოლოგიის შესახებ, რომლებიც საინტერესოდ აღწერენ მათი გამოკვლევების ისტორიას.

ბავშვთა ანთროპოლოგია ანთროპოლოგიური კვლევების შედარებით ახალი სფეროა, რომელიც დიდ ბრიტანეთში 1970-იან წლებში გაჩნდა და იგი განსხვავდება ამერიკელი ანთროპოლოგის, მარგარეტ მიდის[1] კვლევებისგან, რომლებიც მან გასული საუკუნის 40-იან წლებში დაიწყო.  მარგარეტ მიდის კვლევების მთავარი მიზანი გახლდათ ბავშვობაში მიმდინარე სოციალიზაციისა და ცოდნის გადაცემის პროცესების შესწავლა.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ დროს, მცირე ყურადღება ექცეოდა თვითონ ბავშვის აქტიურ როლს სოციალიზაციის პროცესებში. ამის ნაცვლად, კვლევების ფოკუსი მიმართული იყო იმ მექანიზმებისკენ, რომლებიც გამოიყენებოდნენ თაობებს შორის კულტურის გადასაცემად.

დღევანდელი ანთროპოლოგია ბავშვების შესახებ, მთავარ აქცენტს აკეთებს ბავშვზე, როგორც სრულფასოვან სოციალურ აქტორზე, და იკვლევს  მის პერსპექტივებს  საზოგადოებასა და სამყაროში.

ეს მიდგომა ითვალისწინებს იმ რეალობას, რომ ბავშვებს განსხვავებული სახის ბავშვობა აქვთ და სვამ საკითხს: „უნდა იყოს თუ არა კულტურული თვალსაზრისით უნივერსალური ბავშვობა?“

თანამედროვე ანთროპოლოგია ასევე აღიარებს იმასაც, რომ მიუხედავად ბავშვების შეზღუდული როლისა სოციალურ, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ცხოვრებაში, მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ისინი უნდა მონაწილეობდნენ საზოგადოების განვითარებაში.

ეს შესაძლოა გამოიხატებოდეს სხვადასხვა საბავშვო ჯგუფისა და საოჯახო ორგანიზაციის წევრობით; გასართობ ღონისძიებებში, სასკოლო სამუშაოებში და თვითონ სასწავლო პროცესში მონაწილეობით. ბავშვთა ანთროპოლოგია ცდილობს, შეისწავლოს ბავშვების სოციალური სამყარო და ასევე, ბავშვების მიერ მოზრდილთა სამყაროს გაცნობისა და შემეცნების გზები.

გასული საუკუნის დასწყისში, გავრცელებული იყო წარმოდგენა, რომ დედამიწაზე სხვადასხვა კონტინენტზე შემორჩენილი პირველყოფილი ანიმისტური ადამიანები (ანიმიზმი/ტოტემიზმი – ძველი, ბუნებრივი რელიგიები, რომლებიც  სულების არსებობას და ბუნების ობიექტების სულიერებას ქადაგებენ, ლ.ა.), ბავშვებივით აზროვნებდნენ.

1932 წელს, ამ წარმოდგენის შესახებ ახალგაზრდა მარგარეტ მიდმა, ძალიან ლოგიკური შეკითხვა დასვა: „მაშინ როგორ აზროვნებენ ამ ტრადიციული საზოგადოებების ბავშვები?“

მარგარეტ მიდი თავის თეორიულ და ეთნოგრაფიულ ნაშრომებში განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობდა ბავშვების შესწავლასა და კვლევას. მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისის გარდა, „ბავშვები“ თითქმის შეუსწავლელნი იყვნენ როგორც სოციალური ჯგუფი, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ როლზე კულტურულ კონცეფციებში.  ასეთ შეფასებებს ბევრი წამყვანი სოციალური ანთროპოლოგი ეთანხმება (ინგოლდი[2], ტორენი[3], ჰირშფელდი[4]).

ლოურენს ჰირშფელდმა  თავის 2002 წლის სტატიაში – „რატომ არ უყვართ ანთროპოლოგებს ბავშვები?“[5] – თქვა: „ბავშვებისა და ბავშვობის მარგინალიზაციამ სრულიად ბუნდოვანი გახადა ჩვენი გაგება კულტურული ფორმების წარმოშობისა და მათი შენარჩუნების შესახებ“. იქვე, ჰირშფელდი წერს, რომ „არსებითი, მნიშვნელოვანი და თანმიმდევრული და რაც მთავარია, ბავშვების შესახებ კვლევებზე ფოკუსირებული თეორიულად გავლენიანი  პროგრამა, არ ჩანს“. შეფასებებში კიდევ უფრო მკვეთრი და ირონიულია პროფესორი ტიმ ინგოლდი:  „ანთროპოლოგიური სტატიებისა და ნაშრომების უმეტესობაში თვალში საცემია ბავშვების არარსებობა“.  

ისინი [ბავშვები] იშვიათად შეგხვდებათ ანთროპოლოგიურ პუბლიკაციებში, საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოებში ან უახლესი ანთროპოლოგიური ტენდენციების შესახებ მსჯელობების დროს.

იგივე შეიძლება ითქვას დღემდე შემორჩენილი პირველყოფილი საზოგადოებების (ან როგორც მათ ინგლისურენოვან სამეცნიერო ლიტერატურაში მოიხსენიებენ – „მონადირე-შემგროვებელთა“ საზოგადოება – hunter-gatherers societies, ლ.ა.) შესწავლაზე. მდიდარი, ხშირად უნაკლო და თითქმის ყოვლისმომცველი ანთროპოლოგიური მასალები და სამეცნიერო კვლევები, ცენტრალური და სამხრეთ აფრიკის, ამაზონიის, სამხრეთ ინდოეთისა თუ ავსტრალია-ოკეანიის მონადირე-შემგროვებელ ხალხებზე თითქმის არაფერს ამბობენ ბავშვებზე, სხვაგვარად, ბავშვთა საზოგადოებაზე. ბავშვებს იშვიათად იხსენიებენ ეთნოგრაფიულ პროფილებში, მწირია მათდამი მიძღვნილი სამეცნიერო სტატიები, მიუხედავად ანთროპოლოგიური თემებისა და მიმართულებების მრავალფეროვნებისა. სტუდენტებს, რომლებიც მუშაობენ ეკოლოგიურ-ევოლუციური ტრადიციების საკითხებზე, ხშირად უწევთ ბავშვების შესახებ „გავრცელებული“ თემებისა და საკითხების დამუშავება „მიღებული“ პრაქტიკის შესაბამისად – ეს რამდენიმე თემა შემოისაზღვრება ბავშვთა სიკვდილიანობის თემით, ბავშვთა აღზრდისა და განვითარების საკითხებით.

უნდა აღინიშნოს, რომ ისეთ მდიდარ ანთროპოლოგიურ მიმართულებებშიც კი, რომლებიც ტრადიციულ მონადირე-შემგროვებელთა კულტურებს სწვლობენ, ბავშვების შესახებ კვლევები ძალიან იშვიათია.

როგორც ჰაიფას უნივერსიტეტის (ისრაელი) სოციალური ანთროპოლოგიის პროფესორი, ნურით ბერდ-დავიდი აღნიშნავს, კვლევებში ბავშვთა უგულვებელყოფა საიდუმლოებით მოცული საკითხია. რატომ არის ასეთი ცოტა  ბავშვებზე ფოკუსირებული გამოკვლევა, როდესაც კონსერვატიული შეფასებითაც კი, ოჯახში არსებული ორი ბავშვი, უკვე შესასწავლი პოპულაციის დიდ ნაწილს შეადგენენ? რატომ არიან ბავშვები ასეთი შეუმჩნეველნი, როდესაც ეთნოგრაფები ველზე მუშაობისას, ზუსტად ბავშვებთან ატარებენ დროის უდიდეს ნაწილს? როგორც წესი, ბავშვების მოხელთება უფრო ადვილად შეიძლება, ვიდრე ყოველდღიური საქმეებით დაკავებული მოზრდილი ადამიანებისა მონადირე-შემგროვებელთა თემიდან.

ბავშვები, რომლებსაც აინტერესებთ ეთნოგრაფების ველზე მუშაობის ყურება, ხშირად კუდში დაჰყვებიან მეცნიერებს. ისინი ძალიან კარგი თანამოსაუბრეები არიან, რაც ეხმარება მეცნიერებს, შეისწავლონ ადგილობრივების ენა. ხშირად, მკვლევრებს ბავშვების გვერდით აცხოვრებენ, რადგან, პირველ ეტაპზე, ჯერ კიდევ არ იციან ადგილობრივების ცხოვრების წესი და მათ ბავშვების გვერდით, უსაფრთხო ადგილას ამყოფებენ.

გასაოცარია, რომ სოციალური ანთროპოლოგიის მდიდარი თეორიული ტრადიციისა და განვითარების მიუხედავად, ბავშვებზე ფოკუსირებული კვლევების სტიმულირება არ მომხდარა.

ბავშვების უგულვებელყოფა კიდევ უფრო გაუგებარი და საიდუმლოებით მოცული ამბავია მონადირე-შემგროვებელთა კვლევებისას. ეთნოგრაფები იშვიათად მუშაობენ ამ საზოგადოებების ბავშვებთან დაკავშირებულ თემებზე, მაშინ, როცა „ბავშვები“ ერთ-ერთი მთავარი დ საკვანძო ცნებაა თვითონ ამ ხალხის კულტურაში.

მაგალითად, ტროპიკული ტყეების მონადირე-შემგროვებელ ტომებში როგორც მოზრდილები, ისე – ბავშვები თავს ტყის „ბავშვებს“ უწოდებენ.

სამხრეთ ინდოეთში მცხოვრები ნაიაკას ხალხი (ნილგირის მაღლობები, ტამილ ნადუ), საკუთარ თავს „მაკალოს“ (ბავშვებს) ეძახის. ეს აიხსნება იმით, რომ ნაიაკას ხალხი, თვითიდენტიფიკაციას ერთი მხრივ, ტროპიკული ჯუნგლების და მეორე მხრივ, წარსულში გამქრალი წინაპრების შთამომავლებად ახდენენ, რომლებსაც ისინი „დიდ მშობლებს“ უწოდებენ.

„ბავშვები“ წარმოადგენს ნაიაკას ხალხის ცენტრალურ კონცეფციას, რომლითაც ისინი საკუთარ თავს, სამყაროში თავიანთ ადგილს და მათ ურთიერთობებს აღიქვამენ საცხოვრებელ გარემოსთან; იგივე მეორდება მათ მორალურ და რიტუალურ დისკურსებში.

თუ ნაიაკას წარმოდგენებს „ბავშვზე“ მის თანამედროვე აღქმას შევადარებთ, ნაიაკას კულტურაში „მშობელი-ბავშვის“ ურთიერთკავშირი, როგორც ასეთი,

განზოგადებულია. ტერმინი „ბავშვი“ გამოიყენება როგორც სინონიმი ახლობელთა ერთად ცხოვრებისა, უერთიერთზრუნვისა და ყურადღებისა, ჯგუფთან კუთვნილებისა და გაზიარებული იდენტობისა. „ბავშვი“ არასოდეს განიხილება „ბავშვი-მშობლის“ ურთიერთობისგან დამოუკიდებლად. „ბავშვი“ აღნიშნავს საზოგადოების ჰორიზონტულ ნაწილს, რომელიც არ არის განცალკევებული და ავტონომიური „მშობლებისგან“; პირიქით, ეს ცნება განუყოფელია „მშობლის“ ცნებისგან და ხშირად გადაფარავს კიდეც მას.

ნაიაკას ხალხი, რიტუალების დროს, საკუთარ თავს „მაკალოდ“ მოიხსენიებს, ხოლო წინაპრებს „დოდაპპანუს“ („დიდ“ მშობლებს) უწოდებს. ამ დროს, ნაიაკები თავს არ განიხილავენ მშობელთა შემცვლელ  ან მომდევნო თაობად – პირიქით, ისინი ხაზს უსვამენ იმ ურთიერთკავშირებს, რომლებიც „ბავშვებსა“ და „დიდ მშობლებს“ შორის არსებობს; და იმ ურთიერთზრუნვასა და გაზიარებას, რომელიც მათ წარმოდგენებშია.

ბოლოს შეიძლება ითქვას, რომ საქმე გვაქვს პარადოქსთან: ჩვენთვის ნაცნობ ანთროპოლოგიური დისონანსი ჩვენს ანალიტიკურ კატეგორიებსა და ადგილზე იგივე ცნებების აღქმებს შორის. ანთროპოლოგიაში სულ უფრო მზარდი და პოპულარული ტენდენცია იმკვიდრებს თავს: შეისწავლოს ბავშვები როგორც ცალკეული „კლასი“, „უმცირესობა“ თუ დაქვემდებარებული „სუბ-კულტურა“. ეს მიდგომა  არ განიხილავს ბავშვებს, როგორც „დამწყებებს“ ან „ნედლ მასალას“, რომლებიც საზოგადოების სრულუფლებიან წევრად ჩამოყალიბების პროცესში იმყოფებიან.

 

ტრადიციულ საზოგადოებაში (მონადირე-შემგროვებლებში) კი „ბავშვები“ არ არიან ცალკე მდომი, გამორჩეული კლასი. პირიქით, ბავშვი-მშობლის ურთიერთობები ნაიაკას ტომის ხალხის ცხოვრების ნაწილია, რადგან „ბავშვის“ ცნება გაზიარებულ ცხოვრებისეულ გამოცდილებას აღნიშნავს.

 

მასალ მოამზადა და ინგლისურიდან თარგმნა ლევან ალფაიძემ.

 

 

[1] მარგარეტ მიდი (Margaret Mead, 1901-1978) – ამერიკელი ანთროპოლოგი, 1960 და 1970-იანი წლების ამერიკის საზოგადო ცხოვრების მოვლენების კომენტატორი და აქტივისტი. მიდი იყო თანამედროვე ამერიკულ და დასავლურ კულტურაში ზოგადად ანთროპოლოგიის პოპულარიზატორი, ასევე დამსახურებული აკადემიური ანთროპოლოგი. მისი რეპორტაჟები სამხრეთ ოკეანიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტრადიციული კულტურების შეხედულებებზე სექსის მიმართ 1960-იანი წლების სექსუალური რევოლუციის ერთგვარი კატალიზატორი გახდა.

[2] ტიმ ინგოლდი – აბერდინის უნივერსიტეტის (შოტლანდია, დიდი ბრიტანეთი) სოციალური ანტროპოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი.

[3] კრისტინა თორენი – სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) სოციალური ანთროპოლოგიის პროფესორი.

[4] ლოურენს ჰირშფელდი – ნიუ-სქულის უნივერსიტეტის (აშშ)  ფსიქოლოგიის პროფესორი.

[5] სტატია: Why Don’t Anthropologists Like Children? (PDF)  Available from: https://www.researchgate.net/publication/227667828_Why_Don’t_Anthropologists_Like_Children

 

მამაჩემი, მამაშენი და მამამისი

0

ეს ადრეც მოვყევი: საავადმყოფოში, გარდაცვალებამდე ასე ერთი კვირით ადრე მამაჩემმა მითხრა, ევროპის ჩემპიონატს ახალ, დიდ ტელევიზორში ვნახავთო. თქვენ იცით რა არის ახალი, დიდი ტელევიზორი? გაგიმხელთ: მე და მამაჩემმა ერთ მსოფლიოს და ერთ ევროპის თამაშებს ვუყურეთ ერთად. პირველად ისეთ ტელევიზორში, თავში რომ უნდა ჩაგერტყა და ციმციმი ათი წუთით ჩერდებოდა. სახელად ,,ჰორიზონტი’’ ერქვა. სიმბოლური კი იყო ეს სახელი. კარგად აჩვენებდა იმდროინდელი ჰორიზონტის ახლო საზღვარს, თუმცა მაშინ ასეთი დასაზღვრულობაც მიხაროდა. ბავშვობა უმიზეზო სიხარულების დროა და იქ მთავრდება, სადაც სიხარულის მიზეზებს ეძებ. სადაც ხვდები, რომ საზღვარი არ არსებობს, ყველა სიხარული გეცოტავება და ახალს ითხოვ. ამიტომაც ყველა სხვა ასაკში უბედურების განცდა ჭარბობს. ეს იქით იყოს და მეორე ტელევიზორი უკვე ფერადი გახლდათ, ოღონდ ხშირად დასაბომბი ეკრანით. ფერები ადვილად ბაცდებოდა და ამ საკითხის ოზურგეთელი ოსტატი, რაღაც ხელსაწყოს ადებდა და გეფიცებით, ამუქებდა. დაბომბვა ერქვა ამ ალქიმიას. მგონი ,,ტაურასი’’ ერქვა. მგონი არა, ნაღდად. შუა ჩემპიონატისას, ერთ-ერთ ასეთ დაბომბვას ემსხვერპლა. მერე ჩემი ზაფხულები ოზურგეთს ასცდა. იმ წელს კიდევ ახალ, დიდი ტელევიზორში უნდა გვეყურებინა. მაგრამ უკვე ხომ გითხარით – ბავშვობა დამთავრდა. ბავშვობის მერე ძნელია ასეთი ამბების მოხერხება.

ახლა რომ ამბავს გიყვებით, ეს არ მომიყოლია. მაშინ სტუდენტი ვარ და სხვადასხვაგან ვათევ ღამეს. მეგობართან, ნათესავთან და ხან სასულიერო აკადემიის საერთო საცხოვრებელშიც კი.  ამ საცხოვრებელში ჩემი მამიდაშვილი, გელა ცხოვრობს. გელა იმიტომ ცხოვრობს, რომ აკადემიის სტუდენტია. მე იმიტომ, რომ გელას ბიძაშვილი ვარ. უკვე ზაფხულია და სწავლა მორჩა. სტუდენტები და  ლოგინები ერთდროულად გათავისუფლდნენ და მეც წამოვწექი ერთ–ერთ მათგანზე. ხის ლოგინი ჭრელი და ცხელი ,,ადიალათი’’. თავთან ხატები მეკიდა და პატარა რადიო. ხელის რადიო. ასე ეძახდნენ. უკვე ზაფხულია და წესით გურიაში უნდა წავიდე. მეც ხომ არდადეგები მაქვს და თან მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. მამაჩემს დავპირდი, ერთად ვუყუროთ-მეთქი. ზამთარში რომ ვიყავი, მაშინ. გაუხარდა. ძალიან, ძალიან გაუხარდა. ისე, რომ შეტრიალდა და  რადგან შეტრიალდა, ესე იგი თვალებში ცრემლი იგრძნო. მორცხვი კაცების ამბავია. ნაცნობი. კი, კი უეჭველი ჩამოვალ-მეთქი. უკვე ზაფხულია და შარდენზე გოგოები დასეირნობენ. თან ცალი თვალით გოგოებს დავსდევ, ცალით განცხადებებს ვკითხულობ სამსახურზე, ცალი ყურით გელასგან დოგმატიკის ამბებს ვისმენ, ცალით ცნობებს ფეხბურთელების ჯანმრთლობის შესახებ. ვფიქრობ, იმ საშინელ ტელევიზორში ყურებას, იმ კიდევ უფრო საშინელ მოწყენილობაში ალბათ სჯობს, რომ აქ დავრჩე. თან რამე სამსახურსაც მოვძებნი, თან ვინმე გოგოსაც გავიცნობ, თან ფეხბურთსაც ვუყურებ. უფრო კარგ ტელევიზორში. ამ ტელევიზორის საქმეც უცნაურად იყო, ისე როგორც ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში. აჩვენებდა და ხმა არ ჰქონდა. ამ ხელის რადიოს ვრთავდით და რადიოში ვუსმენდით და ტელევიზორში ვუყურებდით. მაგრამ ხარისხი იყო უკეთესი და თან სასულიეროს ბიჭებიც გადასარევი ხალხი, ყველა სხავადასხვანაირი და ახლაც განსხვავებული გზის გამყოლი, მაგრამ მართლა ყველა გადასარევი. ვინც იმ ოთახში ცხოვრობდა. ჰოდა, ალბათ ასე ღიად ვერ ვფიქრობდი, მრცხვენოდა საკუთარი თავის, მაგრამ მაინც მათთან ერთად ყურება მერჩივნა და მხიარულება. ჰოდა, დავრჩი.

ჩავედი აგვისტოში. ვერც სამსახური ვიშოვე და ვერაფერი. გოგოების ამბავი კარგად არ მახსოვს და რადგან არ მახსოვს, ალბათ მანდაც ვერაფერი. მამაჩემი ბოსტანში მუშაობდა. რაფერ ხარ და ამბავი. ჩვეულებრივი კითხვები. ველოდები, როდის მკითხავს, რატომ არ ჩავედი. ველოდები. მინდა, რომ მკითხოს. არაფერს ამბობს. ვერც მე. აგრძელებს პამიდვრების აკონვას. დახრილი. ძალიან, ძალიან მინდა რომ მკითხოს, ისე რომ გული გამისკდება სადაცაა. არ არსებობს ასეთ დუმილზე უფრო საშინელი, გირჩევნია გლანძღოს და გაძაგოს დაუსრულებლად. მამაჩემი კი დახრილია და მუშაობს. მუშაობს. მუშაობს. მამაჩემი, მამაშენი და მამამისი. ისინი ოდესღაც ოცნებოდნენ რაღაც სხვაზე და უფრო მეტზე. ვიდრე პამიდვრის აკონვაა. ვიდრე გაფუჭებული ტელევიზორია. ვიდრე ფეხბურთის ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ ჩამოსული შვილია. მაგრამ უცებ რაღაც მოვარდა – დრო, უიღბლობა და კიდევ რაღაც და წალეკა ეს ხალხი. მას მერე თავდახრილები მუშაობდნენ. და არაფერს გვეკითხებოდნენ და ამით ყველაფერს გვეუბნებოდნენ და ვერაფერს ვპასუხობდით.

 

ტალინი. 2018 წელი. 20 ნოემბერი.

 

 

ცნობილი ადამიანების უცნობი შემოქმედება (II)

0

„დიახ, ცუდ მუსიკასა და ცუდ პოეზიასაც კი ძალუძს გვასწავლოს მუსიკისა და პოეზიის არსი“.

ფ. ნიცშე

 

მრავალი ათეული წლის განმავლობაში ყველასთვის ეჭვმიუტანელი იყო ჰანს ბიულოვის მსჯელობისა და „განაჩენის“ სისწორე, ვინაიდან ის ბეთჰოვენისა და მენდელსონის მუსიკის ღრმად შემფასებელი, ქრესტომათიული მნიშვნელობისა გახლდათ. თუმცა სასურველია, ესთეტიკური მსჯელობები დროდადრო გადაიხედოს, ვინაიდან ყოველ ეპოქას მისთვის დამახასიათებელი ბგერითი და სმენითი მოლოდინი, ფორმის საკუთარი აღქმა თუ კანონებიდან დასაშვები გადახვევები აქვს. მსმენელებს დისონანსური ჟღერადობისადმი ერთგვარი ტოლერანტობის გამოჩენაც გვმართებს. შუმანის მსგავსად, ნიცშეს მასწავლებლად ფრიდრიხ ვიკი არ ჰყოლია, რომელიც გადაჭარბებულ ექსპრესიასა და სხვა ნაკლოვანებებზე მიუთითებდა, თუმცა ახალგაზრდა ნიცშე მუსიკალურ თეორიას იმავე სახელმძღვანელოთი ეუფლებოდა, რომლითაც ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი სარგებლობდა.

XXI საუკუნის ადამიანს, რომლისთვისაც მკვეთრი და უხეში ჟღერადობა ჩვეული და სავსებით მისაღებია როგორც კლასიკურ, ისე სხვა მიმდინარეობის მუსიკაში, ნიცშეს „მანფრედი“ სულაც არ მოეჩვენება შემაშინებელ ნაწარმოებად. უფრო მეტიც: თანამედროვე მსმენელს მან შესაძლოა ესთეტიკური სიამოვნებაც კი მიანიჭოს.

 

 

გადავხედოთ ჰანს ფონ ბიულოვისადმი დიდი ფილოსოფოსის პასუხს: „იყო დრო, როდესაც თქვენ ჩემს ნაწარმოებს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეთ. მიუხედავად ამისა, თავს უფლებას ვაძლევ, კვლავ გამოგიგზავნოთ ცხოვრების ჰიმნი, რომლის დღეგრძელობაც უფრო მეტად მსურს. ოდესმე, ახლო თუ შორეულ მომავალში, მას უნდა ასრულებდნენ ჩემი ხსოვნის პატივსაცემად – ფილოსოფოსისა, რომელსაც არ გააჩნდა აწმყო და არც ჰქონია ამის სურვილი“. სამწუხაროდ, ნიცშეს მხურვალე „სურვილისთვის“ არც მუსიკალურ და არც ფილოსოფიურ სამყაროს დიდი მნიშვნელობა არ მიუნიჭებია. გარდაცვალების შემდეგ კი მის „თაროდან გადმოღებულ“ მუსიკას ცხოველმყოფელი, გასაოცრად ახლებური და მკაფიო ხმა აღმოაჩნდა.

 

„ნიცშემ თავის მარტოობაში ყველა ღმერთი უარყო, მხოლოდ ერთს ვერ შეელია – მუსიკას. მუსიკამ – სულის მხსნელმა, ფრთებმა და სასიცოცხლო ნექტარმა – მას სამუდამო ახალგაზრდობა აჩუქა“.

შტეფან ცვაიგი

 

ნიცშეს მუსიკა მისივე ფილოსოფიას განასახიერებს, რაც ირიბად იგრძნობა ნაწარმოებთა სათაურებშიც. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ „სევდა როგორც ბუნების ფუნდამენტური მელოდია“. სამწუხაროა, რომ ნიცშეს გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგ მისი ფილოსოფია არასწორად იქნა გაგებული და გამოყენებული გერმანიის ნაცისტური მოძრაობის მიერ.

ნიცშემ დატოვა 70-მდე სანოტო ნაწყვეტი, რომლებსაც შეიძლება მუსიკალური ნაწარმოები ეწოდოს. მიუხედავად ამისა, ფილოსოფოსი, ფაქტობრივად, მოკლებული იყო მუსიკის შექმნის ჭეშმარიტ უნარს. გამაოგნებელია, რომ მუსიკის სტიქიით შეპყრობილი მოაზროვნე იმავდროულად ნიჭიერი იმპროვიზატორი იყო, მაგრამ არა ამაზე მეტი. თითქოს ძნელი წარმოსადგენია, იმპროვიზირებდე და გამოკვეთილი მუსიკალური მონაცემები არ გქონდეს. საქმე ის გახლავთ, რომ, როგორც ერთხელ უკვე აღვნიშნე, იმ დროისთვის კლასიკური, ეგრეთ წოდებული „მაღალი“ მუსიკა, ჩვენი შეფასებით, თითქმის ყოფითი, ყოველდღიური მუსიკის რანგში იყო წარმოდგენილი. სხვადასხვა საკრავით მუსიცირება ყოველ ოჯახში იყო მიღებული. მაგალითად, ოპერის პოპულარობის ხარისხი დაახლოებით ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოებისას შეგვიძლია შევადაროთ. ერთი სიტყვით, ევროპის სივრცე გაჟღენთილი იყო შოპენის, შუბერტის, ბეთჰოვენის, ვერდის მუსიკით. ასევე ბუნებრივი მოვლენა იყო პრემიერის შემდეგ ოპერიდან ნაწყვეტების ქუჩებში საყოველთაო ღიღინი. ადვილი მისახვედრია, რომ დიდი კომპოზიტორების ამაღლებული მუსიკა მილიონობით ადამიანისთვის ყოველდღიური ცხოვრების ჩვეულ ფონს წარმოადგენდა. ყოველივე ეს კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ მოყვარული მუსიკოსების რიცხვი ძალზე დიდი იყო, მათ შორის – „საოჯახო იმპროვიზატორებისაც“. ამ მრავალთაგანი გახლდათ ახალგაზრდა ნიცშეც.

ნიცშეს საკომპოზიტორო მოღვაწეობის პიკი 1860-იან წლებს უკავშირდება. ამ პერიოდში ის მუსიკის სხვადასხვა ჟანრს მიმართავდა. წერდა ფორტეპიანოსთვის, ხმისთვის (უმთავრესად – გერმანელი პოეტების ლექსებზე), გუნდისა და სიმებიანი საკრავებისთვის. შექმნილი აქვს მესა და ორატორია, აგრეთვე – არაერთი დაუსრულებელი პიესა.

დიახ, მუსიკაზე უკურნებლად შეყვარებული ნიცშესთვის როგორც კომპოზიტორისთვის მუსიკის სამყარო, სამწუხაროდ, დახშული იყო. კოლოსალური შრომით მიღწეული იმპროვიზაციები, ჩაწერილი შეცდომებით, მოკლებული იყო განვითარებას, ფორმის შეგრძნებას და იმ თანამედროვე ჰარმონიას, რომელიც ესოდენ უხვად მოიპოვებოდა მისთვის სათაყვანებელი ვაგნერის ქმნილებებში.

ნიცშესთან ჰარმონია კლასიკურ-რომანტიკული სტილისტიკის ჩარჩოებიდან არ გამოდის თავისი შემცირებული სეპტაკორდებითა და ტონალობების ტერციული თანაფარდობით. მოკლე პიესებში მუსიკა უმეტესად მარტივი TSD სქემით შემოიფარგლება. მოდულაციები მოკლებულია „მოულოდნელობებს“. აკორდების წყობაში კი ტერციები და სექსტები ჭარბობს. მთლიანობაში, ნიცშეს მუსიკალური სტილი აღიქმება როგორც საკომპოზიტორო ევოლუციის დაუსრულებელი პროდუქტი.

საქმე ის არის, რომ ნიცშეს მუსიკა არ არის ისეთი რადიკალური, როგორიც მისი ფილოსოფია. უნდა ითქვას, რომ ნიცშე თავისი მუსიკალური ნამუშევრების მიმართ საკმაოდ კრიტიკული იყო. ზოგიერთ ნაწარმოებს ის თავად „უსწრაფებდა სიცოცხლეს“.

ნიცშეს აზრით, „უმუსიკოდ ცხოვრება უბრალოდ შეცდომა იქნებოდა“.

ინდივიდუალიზმის და კოლექტივიზმის დაპირისპირება სკოლაში

0

სოციალურ ქსელში, ალბათ, არ არსებობს სკოლის მოსწავლეთა მშობლების დახურული ჯგუფი, სადაც მსგავსი შინაარსის ჩანაწერს ვერ ნახავთ: „გოგოებო! ახალი წელი მოდის. უხერხულია, ცარიელი ხელით ხომ არ მივულოცავთ მასწავლებელს?!“ მერე იწყება ფულის აგროვების დაუსრულებელი პროცესი და სჯა-ბაასი იმაზე, ძეცკვი ჯობია თუ ჯვარი, ფაიფური ჯობია თუ „ლუმინარკი“, სუნამო ჯობია თუ სამკაული, თუ საერთოდ კონვერტით ფულის ჩუქება უფრო პრაქტიკულია.
თავისთავად, ადამიანისთვის დადებითი ემოციების ჩუქებაში, მე ცუდს ვერაფერს ვხედავ. აღნიშნო მისი დღე, ამის უფლება ყველას გვაქვს. მაგრამ როცა საქმე კოლექტიურ საჩუქარს ეხება, გაცილებით რთულად არის ყველაფერი.

მაგალითად, ერთ მშობელს ბევრი ემეტება მასწავლებლისთვის, მეორეს ნაკლები, მესამეს საერთოდ არ უნდა თანხა გაიღოს, მეოთხეს ის მცირედიც არ აქვს, მეხუთეს მრავალშვილიანია და ხარჯებს ვერ აუდის… ამ დროს კი მასწავლებლის ერთი ან ორი „კეთილისმსურველი“ მშობელი რეკავს და რეკავს გამუდმებით, ფაციფუცობს, რომ როგორმე მეტს დაადებინოს თანხა. სიაც აქვთ – საჩუქართან ერთად რომ მიაწოდონ პედაგოგს, ვინ დადო ფული და ვინ არა – საქმის კურსში რომ ჩააყენონ.

ამ მოცემულობის პარალელურად მე რომ მომინდეს და ბინა გადავუფორმო მასწავლებელს, ამას მავანნი ქრთამს დაარქმევებ. იმიტომ რომ ეს მე მინდა, ეს მე მოვახერხე, მე – მხოლოდ ერთმა, დანარჩენებთან შეუთანხმებლად. მათ კი კოლექტიურად ააგროვეს ფული. ის რასაც კოლექტივი აკეთებს, მისაღებია, ხოლო ინდივიდის ნებისმიერი მოძრაობა – საეჭვო.

მართალია კოლექტიური საჩუქრების ამბავი სკოლის გარეშე საზოგადოებაში ხდება, მაგრამ ძღვენი სკოლაში მიდის.

სკოლა – ინდივიდუალიზმის და კოლექტივიზმის დაპირისპირების მექა..

მნიშვნელობა არ აქვს მშობელი ხარ, მასწავლებელი თუ მოსწავლე. თითქოს ყველაფერი რიგზეა მანამ, სანამ შენი და კოლექტივის აზრი ერთმანეთს ემთხვევა. თუ ნონკონფორმიზმი გამოავლინე ანუ წინააღმდეგობას გამოხატავ დამკვიდრებული წესების მიმართ, დაუყოვნებლივ მოხდება შენს წინააღმდეგ კოლექტივის მობილიზება; ჭარბად მოისმენ ზრდილობით თუ არაკორექტულად ნათქვამ შეკითხვებსა და რეპლიკებს, რაც ადვილად შესაძლებელია, შენი ნერვული სისტემის დაზიანებით დასრულდეს.

მარტო შენ რატომ გაქვს პრობლემა?
შეიძლება, ყველაფერი შენ გაწუხებდეს?
შენ ერთი მაინც ვერაფერს შეცვლი!
ჩვენ ბევრნი ვართ და შენ ერთი!
შენ თუ არ მოგწონს, წადი, ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ!
გადაიყვანე თუ არ მოგწონს!
ყველა ჩუმად არის და შე რა გინდა!
შენი კოლეგები თუ ახერხებენ, შენც მოახერხე!
როგორც წესი, „საქმეების მომგვარებელი“ უმრავლესობა ყველა სკოლას ჰყავს. ზოგს დირექციის ნებით, ზოგს მაამებელი პედაგოგებისა თუ მშობლების ინიციატივით.

მთავარი კი ის არის, რომ სკოლის შენობებში მხოლოდ და მხოლოდ ბჟუტავს ინდივიდუალიზმი. პიროვნების აზრი ჩანაცვლებულია კოლექტივის აზრით. ის, რისი უფლებაც არ აქვს ინდივიდს, აქვს კოლექტივს. ლეგიტიმურია ის იდეა, რომელსაც უმრავლესობა ემხრობა და არა ის, რომელსაც თუნდაც არგუმენტრებულად აყალიბებს ინდივიდი, იქნება ეს მოსწავლე, მშობელი თუ მასწავლებელი.

„დებილების კლასიაო” – ისე იტყვის ხოლმე ზოგიერთი პედაგოგი ბავშვების მთელ შემადგენლობაზე, თითქოს მისი საგანი სამყაროს ღერძი იყოს, დედამიწა მის გარშემო ტრიალებდეს და საერთოდაც ამ საგნის ცოდნა განსაზღვრავდეს ადამიანების შესაძლებლობებს. „დებილების კლასში“, როგორც წესი, 25-დან 35-მდე ბავშვი ირიცხება. თითოეული განსხვავებული უნარებით, ინტერესებით, ხასიათით, კულტურით, შესაძლებლობებითა თუ ხედვით. თითოეული პიროვნებაა, ინდივიდუალური მახასიათებლებით, მაგრამ გარემოში, სადაც ინდივიდებს ვერ ამჩნევენ, მათ საერთო სახელს უწოდებენ, უფრო სწორად – კოლექტიურს.

სწორედ კოლექტივს ახასიათებს ინდივიდუალიზმის უგულვებელყოფა და საერთო ქუდის ქვეშ საყოველთაო უუფლებობის დაკანონება. სწორედ ეს გამოარჩევს კოლექტივს საზოგადოებისგან. საზოგადოებაში ინდივიდს პატივს სცემენ, კოლექტივში – არა.

სასკოლო საზოგადოების დიდი ნაწილი არაპრინციპულად მიჰყვება ძალით თავს მოხვეულ შეხედულებებს; ადვილად ემორჩილება გაბატონებულ მოსაზრებებს; ეგუება მოცემულობას, რომელსაც შესაძლოა გულის სიღრმეში არც ეთანხმებოდეს. ოღონდაც მიეკუთვნებოდეს ამა თუ იმ ჯგუფს, ოღონდაც არ დარჩეს მარტო, ოღონდაც არ ჩამორჩეს ჯოგს. შეურაცხყოფა? არაფერ შუაშია. ჯერ კიდევ არისტოტელე ამბობდა, რომ ადამიანი საზოგადოებრივი ცხოველია და ჯოგური აზროვნებით ხასიათდება.

ამ მოცემულობას სხვაგვარად ბრბოს ინსტინქტს ანუ „ბენდვაგონის ეფექტს“ უწოდებენ. ბენდვაგონის ეფექტის დროს ადამიანები ისე იქცევიან და ფიქრობენ, როგორც ამას უმრავლესობა წყვეტს.

მაგალითად, სულ ახლახანს ახალციხის ერთ-ერთ სკოლაში მშობლებმა ხელმოწერები შეაგროვეს და ძალადობის მსხვერპლი გოგონას კლასიდან გადაყვანა მოითხოვეს. ვინ მისცათ მათ ამის უფლება? რატომ დაუშვა სკოლამ მსავსი ფაქტი? სკოლაში ხომ ჩიტიც ვერ შეფრინდება, დირექციამ რომ არ იცოდეს! გამოდის, კოლექტივს შეუძლია ინდივიდის უფლებების დარღვევა, გარიყვა, დაცინვა, უგულვებელყოფა, გაკიცხვა!

კოლექტივიზმი ნიშნავს სიმართლის დასასრულს.

ავსტრიელი ეკონომისტის, ფრიდრიხ ჰაიეკის თვალსაზრისით თუ საზოგადოებაში ჭარბობს კოლექტიური განწყობა და აზროვნება, დემოკრატია განწირულია დასაღუპად.

თუ გვინდა სკოლა გახდეს ჭეშმარიტად დემოკრატიული, რომელიც აღზრდის განათლებულ, თავისუფალ, ლაღ, მოაზროვნე, ბედნიერ, თავდაჯერებულ ადამიანებს, მნიშვნელოვანია, სასკოლო გარემოში წახალისდეს ინდივიდუალური აზროვნება და შემცირდეს დაკვეთა კოლექტიურ ქმედებებზე. იმისთვის რომ დაინგრეს მითი კოლექტივის ძლევამოსილების შესახებ, იმისთვის რომ სკოლა არ დარჩეს პრიმიტიულ საზოგადოებად. განსხვავებული აზრი უნდა იყოს არა მხოლოდ მისაღები, არამედ მხარდაჭერილი.

ბოლოს და ბოლოს, დამოუკიდებელი პიროვნების განვითარება რომ მხოლოდ ჭეშმარიტ კოლექტივთან ერთად არის შესაძლებელი, ეს მარქსიზმია! რომელიც კომუნისტურ პარტიასთან ერთად დასრულდა.

ახლა ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიაა..

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...