შაბათი, ივნისი 6, 2026
6 ივნისი, შაბათი, 2026

სასწავლო  პროექტი  – სპექტაკლი „ხახუნის ძალის სასამართლო პროცესი“

0

პროექტით სწავლება წარმოადგენს სწავლების განსაკუთრებულ ფორმას, სადაც მასწავლებლები და მოსწავლეები ერთობლივად  მუშაობენ ფორმულირებულ  პრობლემაზე,  რომლის დასამუშავებლადაც  განავითარებენ გეგმას, მონაწილეობენ მის გადაჭრაში და ქმნიან საერთო პროდუქტს.

პროექტით სწავლება ეხმარება როგორც მასწავლებელს, ასევე მოსწავლეს კომპეტენციის შეძენაში. პროექტზე მუშაობისას მასწავლებელი კონსულტანტის როლს ასრულებს, ხელმძღვანელობს სამუშაოებს და მიმართულებას აძლევს მოსწავლეებს.

პროექტში მონაწილეთათვის გადასაჭრელი პრობლემა უნდა იყოს მნიშვნელოვანი და აქტუალური. პროექტი უნდა ეხებოდეს პრობლემას, რომლის გადაჭრა ვერ ხერხდება  საგაკვეთილო პროცესის დროს. საპროექტო თემა უნდა სცილდებოდეს სასწავლო პროგრამას და დაგეგმილი აქტივობები უნდა ემსახურებოდეს თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას.

მასწავლებელი – ნესტან მიქაძე

პროექტის სახელწოდება –  სპექტაკლი: ,,ხახუნის ძალის სასამართლო პროცესი“

პრობლემის ანალიზი – მოსწავლეებს უჭირთ სხეულზე მოქმედი ძალების ფიზიკური შინაარსის გააზრება და მოძრაობის პირობების დადგენა.

მოსწავლეებს უჭირთ საკუთარი აზრის გამოთქმა, წარმოსახვა და შემოქმედებითად აზროვნება.

მიზანი:

მოსწავლეებმა უნდა შეძლონ სხეულზე მოქმედი ძალების, მათ შორის ხახუნის ძალის შესახებ მსჯელობა და გაიაზრონ  ნიუტონის მეორე კანონის ფიზიკური შინაარსი.

გრძელვადიანი მიზანი –

დაკვირვების, აღწერის, მონაცემების ინტერპრეტაციის, ანალიზის, პრობლემის დასმისა და მისი გადაჭრის უნარების განვითარება; შემოქმედებითი უნარების  განვითარების,  თანამშრომლობითი სწავლების ხელშეწყობა.

წიგნიერების, რაოდენობრივი წიგნიერების,  ციფრული წიგნიერების, სწავლის  სწავლის კომპეტენციების უნარების განვითარება. ცოდნის ტრანსფერი.

მისაღწევი  შედეგი:

მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ფიზიკაში. სიღრმისეულად გაერკვევიან სხეულზე მოქმედი ძალების შინაარსში;  გაარკვევენ ხახუნის ძალის წარმოქმნის მიზეზებს, მის  სახეებს,  ასევე სასარგებლო და საზიანო მოქმედებას.

გამოუმუშავდებათ უნარ-ჩვევები საინფორმაციო ტექნოლოგიებში (ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება, პრეზენტაციის მოწყობა).

განუვითარდებათ შემოქმედებითი აზროვნება და უნარები.

ფიზ.IX.6. მოსწავლეს შეუძლია სხეულთა მოძრაობისა და ურთიერთქმედების აღწერა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

აღწერს ნიუტონის კანონების პრაქტიკული გამოყენების მაგალითებს.

პროექტის ამოცანები:

მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას  სხეულზე მოქმედი ძალების შესახებ;  მოსწავლეებს განუვითარდებათ მოვლენათა  და ფაქტების აღქმის სიღრმე და მრავალმხრივობა.

სპექტაკლი ,,ხახუნის ძალის სასამართლო პროცესი“

 

სცენარი:

მოქმედი პირები: მოსამართლე,  სასამართლოს მდივანი,  პროკურორი,  ადვოკატი,  ნაფიცი მსაჯულები,  ექსპერტი – ბუნების ძალები,  ექსპერტი – ხახუნის ძალა, ექიმები,   მსოფლიო მიზიდულობის ძალა, დრეკადობის ძალა, ისააკ  ნიუტონი, დაზარალებული,  ბრალდებული – ხახუნის ძალა.

ღონისძიების მსვლელობა:

მდივანი: „სასამართლო მოდის! გთხოვთ, ადგეთ! “ (შემოდიან  მოსამართლე, პროკურორი).

მოსამართლე: „დაბრძანდით! დღეს ისმინება საქმე  „ხახუნის ძალის დანაშაული კაცობრიობის წინაშე!”. უამრავი შემთხვევა ფიქსირდება, როდესაც ადამიანები საყვედურს გამოთქვამენ ხახუნის ძალისა და მისი მუშაობის შესახებ. არაერთი საჩივარი შესულა სასამართლო უწყებებში, სადაც დაზარალებულები ხახუნის ძალის მუშაობას დანაშაულებრივად აფასებენ. ჩვენ დღეს უნდა მივიღოთ ისტორიული გადაწყვეტილება.

სიტყვა ეძლევა დაზარალებულს”.

დაზარალებული: „მე გახლავართ დაზარალებული და მივმართავ სასამართლოს   –   ამ რამდენიმე დღის წინ მივდიოდი თოვლიან და მოყინულ გზაზე და მოულოდნელად ფეხი დამიცდა. კიდევ კარგი თავი შევიკავე, რომ რამე სერიოზულად არ დამიზიანდა, თუმცა ვიტკინე ხელი და თაბაშირის დადება დამჭირდა. რატომ უნდა იყოს საშიში ქუჩაში სიარული? სად იყო ამ დროს ხახუნის ძალა? რატომ დროულად არ იმუშავა? რათა ასეთ სტრესულ სიტუაციაში არ აღმოვჩენილიყავი?!

ხშირია შემთხვევა, როცა ხახუნის ძალა თავის სამუშაოს წესიერად არ ასრულებს და ადამიანებს არაკომფორტულ სიტუაციაში აყენებს, როცა საჭიროა, მაშინ არ არის.  მაგალითად, მოლიპულ გზაზე ვერ დავდივართ, ნაწვიმარზე  მანქანისა და საზიდრის ბორბლები სრიალებს და  კიდევ  რომელი ერთი ჩამოვთვალო.

გთხოვთ, განიხილოთ ხახუნის ძალის მუშაობის საკითხი და მიიღოთ ისტორიული გადაწყვეტილება“.

მოსამართლე: ,,თქვენი ჩვენებებიდან ჩანს, რომ ჯანმრთელობის გაუარესებას უკავშირებთ ხახუნის ძალის მუშაობის გაუმართობას“.

დაზარალებული: „დიახ თქვენო აღმატებულებავ!“

მოსამართლე: „სასამართლო პროცესზე მობრძანებულ ექიმებს ვთხოვ, სასამართლოს წარუდგინონ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა“.

ექიმი-ტრავმატოლოგი: „ჩვენს სამედიცინო კლინიკას მიმართა მოქალაქემ სხეულის მსუბუქი დაზიანებებით. აღნიშნული დაზიანებები გამოიწვია მოლიპულ გზაზე ფეხის დაცურებამ. კერძოდ, დაზიანებული აქვს იდაყვის  სახსარი და სახეზე აღენიშნება რამდენიმე ნაკაწრი. ავადმყოფს გავუწიეთ შესაბამისი დახმარება, ჩაუტარდა კვალიფიციური მკურნალობა. ახლა თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად, მაგრამ სტრესული სიტუაციის გამო საჭიროებდა ნევროლოგის კონსულტაციასაც“.

მოსამართლე: „დაბრძანდით. აზრის გამოთქმას ვთხოვ ექიმ-ნევროლოგს“.

ექიმი-ნევროლოგი:  ,,მოქალაქეს  აღნიშნული შემთხვევის გამო აღენიშნებოდა პოსტტრავმული სტრესის სინდრომი, ჩავუტარეთ მედიკამენტოზური მკურნალობა. ავადმყოფი საჭიროებს ფსიქოთერაპევტთან ვიზიტს“.

მოსამართლე: ,,დაბრძანდით. აქ გამოცხადდა ორი მოწმე, სიტყვა ეძლევა მოწმეებს“:

მოწმე 1.:   ,, ბატონო მოსამართლევ, მე გახლავართ დაზარალებულის მეგობარი. მე ვიმყოფებოდი შემთხვევის ადგილზე, როდესაც  ჩემმა მეგობარმა მიიღო სხეულის მცირე დაზიანებები. რომ არა მე და კიდევ ერთი მეგობარი, შეიძლება უფრო ცუდი შედეგი დამდგარიყო. ჩვენ ხელი შევაშველეთ დაზარალებულს, რამაც  თავიდან აგვაცილა უფრო სავალალო შედეგი“.

მოწმე2.:  ,,თქვენო აღმატებულებავ, მე ვადასტურებ პირველი მოწმის ჩვენებას, ჩვენ ერთად თავიდან ავიცილეთ საერთო მეგობრის სერიოზული დაზიანება. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ის რომ ამ შემთხვევის დროს  მარტო ყოფილიყო“.

სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოვიდნენ  ბუნების ძალების, ხახუნის ძალის, ასევე  მსოფლიო მიზიდულობის ძალის და დრეკადობის ძალის  ექსპერტები.

ამის შემდეგ მოსამართლემ სიტყვა მისცა პროკურორს.

პროკურორი: ,,ჩვენ აქ შევიკრიბეთ მეტად სერიოზული მიზეზით. მართალია, საჩივარი შემოიტანა ერთმა პიროვნებამ, მაგრამ ყველას მოეხსენება, რომ ასეთი დაზარალებული ჩვენ ირგვლივ უამრავია. ვერც კი ჩამოვთვლი ყველა იმ შემთხვევას, როცა ხახუნის ძალა არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

სწორედ ხახუნია იმის, მიზეზი, რომ ადამიანებს უდიდესი ენერგიის დახარჯვა უწევთ ამა თუ იმ სხეულის ერთიდან მეორე ადგილზე გადასატანად. ამას ხომ ჩვენი შრომა ეწირება?!

გაწვიმდება და თუ მიწაზე გინდა გაიარო, ტალახში ეფლობი და გიჭირს გადაადგილება. ადამიანს მოლიპულ გზაზე ფეხი რომ არ დაუცურდეს, ქვიშას ყრიან.

ასფალტზე გაივლი, თან თუ ავტომობილით გადაადგილდები, ოდნავ უზუსტო მოძრაობა და მაშინვე ავარიული მდგომარეობა შეიქმნება – მანქანის ბორბლები სრიალებს. ხახუნის გასაზრდელად ავტომობილების საბურავებს ჭდეებიანი ზედაპირი უნდა გაუკეთდეს.

ხახუნი როცა საჭიროა, მაშინ არ არის  და როცა ზედმეტია – ხელს გვიშლის და გვაბეზრებს თავს.

ზედმეტი ხახუნის გამო ცხელდება და ცვთება ისედაც ძვირადღირებული მანქანების ნაწილები. აქ კიდე დამატებითი ხარჯებია საჭირო საპოხის შესაძენად.

კიდე უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, რამდენ უხერხულ მდგომარეობაში გვაყენებს ხახუნის ძალა.

მივმართავ სასამართლოს, გამოიტანოს სამართლიანი განაჩენი და ხახუნმა გააუმჯობესოს მუშაობის ხარისხი“.

მოსამართლე: „სიტყვა ეძლევა დაცვის მხარეს. რა შეგიძლია გვითხრა დამნაშავის გასამართლებლად?“

ადვოკატი: „თქვენო ღირსებავ, მე გახლავართ ხახუნის ძალის დამცველი და აქ მოვედი იმ მიზნით, კიდევ ერთხელ აგიხნათ და დაგანახოთ მის მიერ კაცობრიობის წინაშე გაწეული  ღვაწლი და დამსახურება.

აბა, უბრალოდ დაფიქრდით – ამხელა აუდიტორია შეიკრიბა ამ სასამართლო პროცესზე და მიპასუხეთ, რომელი თქვენთაგანი შეძლებდა აქ მოსვლას, რომ არა ხახუნი…  არა თუ გადაადგილებას, ფეხზე დგომასაც ვერ შევძლებდით.  ვერც იმ ლამაზ მანქანებს დავძრავდით ადგილიდან და  ვერც გავაჩერებდით სასამართლოს კართან.  აღმართზე ვერ ავიდოდით, ვერც ფეხით და ვერც მანქანით.  იმ პატარა ფურცელსაც, მე რომ ხელში მიჭირავს ვერც  მე დავიჭერდი და ვერც ერთი თქვენთაგანი, მათ შორის დაზარალებულიც, საჩივრის ქაღალდით რომ გამოცხადდა და ჩაიკითხა მისი გულისტკივილი.

მივმართავ სასამართლოს, გამოიჩინოს სამართლიანი მიდგომა და ცივი გონებით განსაჯოს დღეს ყველაფერი.

იყავით გონიერნი და ხახუნის ძალას გამოუცხადეთ მადლობა იმ უდიდესი შრომისთვის, რომ დღემდე მშვიდობით და წარმატებით მოიყვანა ადამიანი“.

მოსამართლე:  ,,დღეს დიდი პატივი დაგვდო ბატონმა ისააკ ნიუტონმა, რომელიც თავად მობრძანდა სასამართლო პროცესზე.

სიტყვა ეძლევა ბატონ ისააკ ნიუტონს“.

ისააკ ნიუტონი:,,მოგესალმებით ყველას, მივესალმები სასამართლოს!

მე გაოცებული ვარ, რომ ასეთ სასამართლო პროცესზე მიწევს გამოსვლა, მაგრამ ეს გადამაწყვეტინა იმ უსამართლობის შეგრძნებამ, რასაც ახლა ხახუნის ძალა განიცდის.

კაცობრიობას დავუტოვე ჩემ მიერ აღმოჩენილი და ყველასთვის გასაგებ ენაზე ფორმულირებული კანონები. ამ კანონების გაცნობისა და გააზრების შემდეგ  აქ კითხვის ნიშნები არ უნდა დასმულიყო ხახუნის მიმართ და არც სასამართლო პროცესი იყო საჭირო, მაგრამ რეალობას თვალი გავუსწორო და კიდევ ერთხელ მოკლედ განვმარტავ ჩემს პირველ და მეორე კანონს:

  1. პირველი კანონი:

არსებობენ ისეთი ათვლის სისტემები, რომელთა  მიმართაც სხეული უძრავია, ან წრფივად და თანაბრად მოძრაობს, თუ მასზე სხვა სხეულები არ მოქმედებს ან მათი მოქმედება კომპენსირებულია.

რა მოხდება, თუ ეს წონასწორობა დაირღვევა, ანუ უძრავ ან წრფივად და თანაბრად მოძრავ სხეულზე იმოქმედებს  სხვა სხეული, რომლის მოქმედება კომპენსირებული არ იქნება?

რა თქმა უნდა შეიცვლება სიჩქარე.  თუ სხეულზე სხვა სხეული მოქმედებს, მაშინ ვამბობთ, რომ  ,,სხეულზე მოქმედებს ძალა” ან  ,,სხეულზე მოდებულია ძალა”.

სწორედ ძალის მოქმედების შედეგად იწყებს უძრავი სხეული მოძრაობას, მცირდება ან იზრდება სხეულის სიჩქარე, იცვლება სხეულის მოძრაობის მიმართულება, ანუ სხეულზე ძალის მოქმედების შედეგად იცვლება სხეულის სიჩქარე.

ასე რომ, ძალა არის აჩქარების გამომწვევი მიზეზი.

  1. მეორე კანონი:

სხეულის აჩქარება პირდაპირპროპორციულია აჩქარების გამომწვევი ძალისა და უკუპროპორციულია სხეულის მასისა:

a = F /m

სადაც     a     სხეულის აჩქარებაა, F  აჩქარების გამომწვევი ძალა,  m კი მასა.

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი:

რას ნიშნავს აჩქარების გამომწვევი ძალა?!

შეიძლება სხეულზე მოქმედებდეს ძალა და შედეგი არ ქონდეს?  –   რა თქმა უნდა, არა.

აქ იგულისხმება ყველა ძალის ჯამური მოქმედება, ანუ ტოლქმედი.

ალბათ მიმიხვდით, რის თქმაც მინდა,  რა შუაშია მარტო ხახუნის ძალა?  სხეულზე ხომ კიდევ სხვა ძალებიც მოქმედენ და მათი უმრავლესობა გამოცხადდა კიდეც სასამართლო პროცესზე.

ხახუნის ძალა  ყველა სიტუაციაში შესანიშნავად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. უბრალოდ, მასთან ერთად მოქმედებენ სხვა ძალებიც და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს.

თქვენო აღმატებულებავ,  მოგმართავთ, ბოლომდე გაიაზროთ რეალობა და მიიღოთ სამართლიანი  გადაწყვეტილება“.

მოსამართლე: ,,სიტყვა ეძლევა თავად ბრალდებულს ხახუნის ძალას“.

ხახუნის ძალა: ,,მივესალმები სასამართლოს და აქ მობრძანებულ ყველა ადამიანს, ჩემს მეგობრებს, დამცველს, ბრალმდებელს, ექსპერტებს და დაზარალებულს. ვღელავ და არ ვიცი, რომელი ერთი ჩემი დამსახურება ჩამოვთვალო…

არ მეგონა, თუ ჩემი დაუღალავი შრომა სასამართლოს კართან მომიყვანდა…

მე ყოველთვის იქ ვჩნდები, სადაც საჭირო ვარ…

სწორედ ხახუნის ძალის მოქმედებით იწყება და წყდება ყველა მექანიკური მოძრაობა.

ყოველთვის ვცდილობ სხვა ძალების მოქმედების კომპენსირებას.  ჩემი მუშაობა სამ ნაწილად გავყავი, უძრაობის ხახუნი, სრიალის ხახუნი, გორვის ხახუნი…  და ყოველთვის საჭირო ზომით ვცდილობ გამოვადგე სხვადასხვა საგნებსა და კაცობრიობას.

საქმე ისაა, რომ მე მარტო არ ვარ და, ჩემ გარდა, სხვა ძალებსაც თავიანთი ფუნქციები აკისრიათ. როცა მე საქმეს კარგად ვაკეთებ, ამას ვერც გრძნობენ, არაა სამართლიანი, რომ პრობლემურ სიტუაციაში ვახსენდები ყველას. ამიტომ უნდა მოინახოს გამოსავალი – ხახუნის გაზრდის და შემცირების გზები.

– მანქანის ნაწილების დაზიანების თავიდან ასაცილებლად გამოვიყენოთ შეზეთვის მეთოდი.

– თუ გზა მოლიპულია, ქვიშა ან მარილი დავყაროთ, ბორბალს ჭდეები და სპეციალური ჯაჭვები გავუკეთოთ…

არსად მავიწყდება ჩემი საქმე, არც წყალში და არც ჰაერში…

მიმართავ სასამართლოს, გამოიჩინოთ კეთილგონიერება და მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება. მე ხომ მომავალშიც უამრავი საქმე მაქვს გასაკეთებელი კაცობრიობის საკეთილდღეოდ“.

მდივანი:

,,სასამართლო გადის განაჩენის გამოსატანად“.

მდივანი:

„გთხოვთ, ფეხზე ადგეთ, ცხადდება განაჩენი“.

მოსამართლე:

„უამრავ გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, ხახუნის ძალა ცნოს უდანაშაულოდ და უფრო მეტიც, გამოეცხადოს მადლობა მას საუკუნეების მანძილზე გაწეული შრომისთვის.

ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ხახუნისა და სხვა ძალები ერთობლივად ახერხებენ  მუშაობას და აღწევენ წარმატებებს სამყაროს საკეთილდღეოდ. უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება, ადამიანთა და ბუნებისთვის სასარგებლო და სასიკეთო საქმეების ერთად კეთება და  ერთობლივად ვაკეთოთ ადამიანისა და ბუნებისთვის სასარგებლო და სასიკეთო საქმეები.

ჩვენ უნდა მოვუაროთ ადამიანს და პლანეტას, ჩვენი ვალია, ამ მიმართულებით  განხორციელდეს შესაბამისი ქმედებები!

პროექტის წარმატება განაპირობა საკითხის შემოქმედებითად გააზრებამ და სპექტაკლის დადგმამ. მოსწავლეებმა სრულყოფილად შეისწავლეს ბუნებაში არსებული ძალები, დრეკადობის ძალა, მსოფლიო მიზიდულობის ძალა, ხახუნის ძალა  და ნიუტონის კანონები.   წარმოადგინეს ბუნების ძალების შესახებ მომზადებული პრეზენტაციები. სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მიერ ათვისებული მასალის ღრმად გააზრებას. ამ კონკრეტული პროექტით მოსწავლეებმა  გაითავისეს პრობლემა, დაინახეს კავშირი თეორიასა და პრაქტიკას შორის. სახელმძღვანელოში ნასწავლი მასალა ფიზიკიდან შეივსეს და განამტკიცეს დამოუკიდებელი მუშაობით და დამხმარე ლიტერატურით.

 

პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის”

კონსულტანტ-მასწავლებელი ნესტან მიქაძე

სსიპ წალკის მუნიციპალიტეტი  წალკის პირველი საჯარო სკოლა

 

პიტერ კერი – როგორ იწერება წიგნი

0

 

„ძვირფასო მწერალო,

წერა ყველაზე ადვილი რამ არის მსოფლიოში. ყველას რომ შეუძლია, ისეთი. თითქოს ჩოგბურთის ბურთს კედელს ესროდე. თითქოს მდინარეში ცურავდე. ყველას შეუძლია ამის სწავლა. და სულაც არ არის აუცილებელი, რომ საუკეთესოთა შორის საუკეთესო იყო. არც ის არის აუცილებელი, სხვებს გაეჯიბრო. მეორე მხრივ, შეიძლება გულით მოგინდეს, რომ კაშკაშა ვარსკვლავი გახდე, საქვეყნოდ აღიარებული.

როგორც ცურვასა თუ ჩოგბურთში, აქაც თანრიგებია – ყველა თანრიგის მწერალს ნახავ. თუ მხოლოდ ის გინდა, შაბათ-კვირას წერით გაერთო, კი ბატონო, წერე და წერე. თუ რომანის სახელდახელოდ გამოცხობა გადაგიწყვეტია, აბა, სხვა რა უნდა გირჩიო: წერე და წერე…“

ასე იწყება ავსტრალიელი მწერლის, ბუკერის პრემიით ორჯერ დაჯილდოებული პიტერ კერის წერილი. მისი დაწერის თარიღიდან ცხრა წელზე ცოტა მეტია გასული და ალბათ მათ, ვისაც მაშინ მიმართავდა, უკვე იპოვეს თავიანთი ხმაც და მოწოდებაც, ან საბოლოოდ აიღეს ხელი ძველ განზრახვაზე – რაღაც უფრო თვალგასახარმა და პატივმოყვარეობის მარტივად დამაკმაყოფილებელმა მიიზიდათ. 2009 წელს ისინი ერთი სახალისო ლიტერატურული წამოწყების მონაწილეები იყვნენ, რომელმაც, მრავალი განსხვავების მიუხედავად, ქართული „პენმარათონი“ გამახსენა. 1-დან 30 ნოემბრამდე ათასობით მსურველი წერდა ორმოცდაათიათასსიტყვიან რომანს ლიტერატურული პროექტისთვის „რომანის წერის ეროვნული თვე“.

პიტერ კერიმ სწორედ მათ მისწერა წერილი, რომელსაც ორი დღის წინ გადავაწყდი ერთ ლიტერატურულ ვებგვერდზე. სჯობს, სიმართლე იმთავითვე ითქვას, დასაწყისშივე გაიფანტოს მწერლობაზე მეოცნების ძვირფასი ილუზია თუ განუსჯელი მოლოდინი. მარტივზე მარტივი წესებიც, ალბათ, მკაფიოდ უნდა განისაზღვროს. ვისთვისაც წერა სასიცოცხლო აუცილებლობაა, მაინც დაწერს – პიტერ კერიმ და მისმა მეგობრებმა სულაც ხელები რომ გადაუგრიხონ ზურგსუკან.

წერილს დავუბრუნდეთ: „თუ რაღაც მართლაც განსხვავებულის, მშვენიერის, ჭეშმარიტის შექმნა გინდათ, თუ წარმოგიდგენიათ, როგორ დაინახავთ თქვენს წიგნს წიგნის მაღაზიის ვიტრინაში ან მასზე დაწერილ რეცენზიებს – ჟურნალ-გაზეთებში, მაშინ თქვენ, არც მეტი, არც ნაკლები, ამბიციურ მოცურავეს ჰგავხართ – ძალიან დიდი წვრთნა დაგჭირდებათ, უამრავი კუნთის განვითარება, უამრავი ჩვევის ჩამოყალიბება. ახლავე უნდა დაიწყოთ, დღესვე.

თუ უკვე იცით, რომელ კარგ სამწერლო ჩვევებს ვგულისხმობ, დასამატებელი აღარაფერი მაქვს. ალბათ ისიც იცით, რაც ახლა უნდა გითხრათ: გამუდმებით უნდა წეროთ, ყოველდღე. ამას ისე უნდა შეხედოთ, როგორც თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს – მართლაც ყველაზე მნიშვნელოვანს. საერთოდ არ გჭირდებათ ინსპირაცია ან რაღაც ასეთი. მხოლოდ გამუდმებით წერის მტკიცე ჩვევაც საკმარისი იქნება. მაშინაც კი უნდა წეროთ, როცა ავად ხართ, ან სევდა შემოგაწვათ, ან გულს აღარაფერი გიხარებთ. ვერაფერმა უნდა შეგაჩეროთ […]

მოდი, (ჩუმად, საიდუმლოდ) ვთქვათ, რომ გენიოსობა გინდათ. მაშინ უნდა ისწავლოთ, როგორ უნდა იყოთ თვითკრიტიკული. მენდეთ, თქვენი ეჭვნარევი შეხედულებები ასჯერ უფრო ღირებულია, ვიდრე თქვენი მეგობრების შეფასებები. მეგობრებს უყვარხართ. შეიძლება ისინი ძალიანაც გონიერნი არიან, მაგრამ ვერ წარმოიდგენენ იმას, რაც თქვენი წარმოსადგენია. მაშ, ნუ აჩვენებთ მათ ისეთ ნაწერებს, რომლების გამოჩენაც არ ღირს.

თუ იმედგაცრუებული ხართ საკუთარი ნამუშევრით, ესე იგი, ამის მიზეზიც გქონიათ. ენდეთ თქვენსავე განსჯასა და შეფასებას. თავიდან დაწერეთ. მერე ისევ თავიდან… აი, ასეთ ძალასა და სიმტკიცეს უნდა მიაღწიოთ – მარტოდმარტომ უნდა იმუშაოთ, ყველასა და ყველაფერს მოშორებულმა, უნდა დაწეროთ და გადაწეროთ, გადაწეროთ, გადაწეროთ… მაშინაც კი, თუ საბოლოოდ ისეთ რამეს დაწერთ – ჭეშმარიტად გამორჩეულს – როგორიც ყოველთვის გინდოდათ, ეჭვებსა და დაუკმაყოფილებლობის განცდას თავს მაინც ვერ დააღწევთ. ყველა მწერალი სწავლობს, როგორ იცხოვროს ამ განცდით. ამ მხრივ, მე და თქვენ ერთსა და იმავეს ვგრძნობთ ახლა.

თუ ჩემი ერთი წიგნი მაინც წაგიკითხავთ, იმედი მაქვს, იფიქრებდით, რა ადვილად იკითხება – ამის დაწერას რა უნდაო. სინამდვილეში კი თითოეული თავი ოცჯერ მაინც გადავწერე. და თუ გინდათ, რომ კარგად წერდეთ, თქვენც ასე უნდა მოიქცეთ“.

ამ წერილში პიტერ კერი იმაზეც საუბრობს, როგორი მნიშვნელოვანია წიგნების კითხვა მათთვის, ვისაც მწერლობის სურვილი მოსვენებას უკარგავს. თუ ყოველდღე არ კითხულობთ, ხელიდან ბევრი ვერაფერი გამოგივათო, არწმუნებს. კითხვის დროს ლექსიკონში ჩახედვაც არ უნდა დაგეზაროთ, მე ყოველთვის ასე ვიქცევი, როცა უცხო სიტყვას გადავაწყდები, ეგ კი არა, ფურცელზეც ვიწერ – ასე უკეთესად ვიმახსოვრებო.

თითქოს ჩოგბურთის ბურთს კედელს ესროდე.

თითქოს მდინარეში ცურავდე.

 

 

როგორ წავიკითხოთ ლექსები

0

გალაკტიონ ტაბიძის „მერი“

მას შემდეგ, რაც დაიბეჭდა ჩემი ლექსიმერი“, ძალიან ხშირად მკითხავდნენ, ვინ იყო ეს მერი, მაგრამ ყოველთვის უარს ვამბობდი პასუხზე. როგორც პოეტი, მე ვსარგებლობდი უფლებით, თითოეული ლექსისთვის დამერქმია ის სახელი, რომელიც მსურდა. ერთხელ მე ამის გამო გულიც კი მომივიდა. თითქმის გაცოფებაში მოვედი და ამხანაგებმა გაიგეს, რომ მეტი აღარ შეიძლება მათი ჩაცივება. მერი კიალბათ, არსებობდა. იყო ასეთი ქალი!“

გალაკტიონ ტაბიძე.

 

მერი – პოეტის შინაგანი მარტოობისა და სევდის მეტაფორაა, რომელიც ლექსში ტრანსფორმირდა თითქოს კონკრეტული, მაგრამ ბუნდოვანი ქალის სახით… მიუწვდომელისა და არარეალურის განცდა აირეკლა რეალურ ქალზე, მაგრამ ისეთ ქალზე, რომელთანაც ურთიერთობა პოეტს არასდროს არ ჰქონია. იქნებ სწორედ ეს მიუწვდომლობა იყო ლექსში ასე მძაფრად შინაგანი სამყაროს გამოვლენის მიზეზი? ვინ იცის…

როგორც პოეტი წერს დღიურებში, სახელი „მერი“ მას ნამდვილად არ გამოუგონებია… მერი ნამდვილად არსებობდა, თუმცა მისი არსებობა პოეტისთვის იყო იმდენად აბსტრაქტული, რომ მან ასეთივე აბსტრაქტული სიუჟეტი შექმნა და გამოიგონა მასზე…

„სახელი „მერი“ მე არ გამომიგონებია: თუმცა ლექსის ობიექტად პირველია ეს სახელი საქართველოში, მერი – ხშირი სახელია ბაირონის ლირიკაში, მერი – ასულდგმულებს შელის, მერის – აღტაცებაში მოჰყავს პუშკინი, მერი – ერთ-ერთი უკეთესი ტიპია ლერმონტოვის და ათასი ინგლისური და ფრანგული რომანების გმირი ქალია მერი. ჩამოთვლილი პოეტების არცერთი „მერი“ ერთმანეთს არ ჰგავს. ასე ალექსანდრ ბლოკის „მერი“ – სიმბოლური სახებაა, ჩემი მერი – რომანტიული, მაგრამ რეალური და ცხადია. კრიტიკოსებს კი სურთ, ამ ლექსით გააბან არარასებული კავშირი ჩემსა და ბლოკს შორის. ეს ლექსი დამოუკიდებელი ლექსია“.

ბაბო დადიანის გადმოცემით, ლექსის გამოქვეყნების შემდეგ საქრთველოში რამდენიმე ქალი იჩემებდა, გალაკტიონმა „მერი“ მე მომიძღვნაო. ამის შესახებ ბაბო დადიანს უკითხავს გალაკტიონისთვის, რომელსაც უპასუხია, რომ იმდენად მომაბეზრეს ქალებმა „მერიზე“ შეკითხვებით, რომ ყველას ვეუბნებოდი, შენ მოგიძღვენიო…

ლექსს ალბათ ჰყავს კონკრეტული ადრესატი, მუზა… რომელმაც პოეტის სულიდან განცდათა ის ფოიერვერკი ამოაფრქვია, რაც ამ ლექსს განუმეორებლობას ანიჭებს. ამიტომ იყო, რომ ლექსის გამოქვეყნების შემდეგ მას ყველა იზეპირებდა.

მერი შერვაშიძის გადმოცემით, იგი არ იცნობდა გალაკტიონ ტაბიძეს, ბაბო დადიანისადმი გამოგზავნილ წერილში იგი წერდა: „დაიბეჭდა თუ არა ლექსი „მერი“, იმ პერიოდში ყველა საუბრობდა, რომ ტაბიძემ ეს ნაწარმოები მე მომიძღვნა. პირადად ჩემთვის მას ეს არ გადმოუცია… და ბოლოს, მე 1918 წელს დავქორწინდი…“ მერის ამით იმის თქმა უნდოდა, რომ გალაკტიონმა ლექსი 1915 წელს გამოაქვეყნა და მასში მერის ჯვრისწერაზე იყო საუბარი, სინამდვილეში კი, მერი იმ დროს გათხოვილი არ იყო…

ამ ამბის შესახებ ფაქტები და ლოგიკა იმას ადასტურებს, რომ პოეზია ფაქტებისა და ლოგიკის მიღმაა და პოეტისთვის აუცილებელი არ იყო ფაქტი, მას შეეძლო ემოციურად გამოეგონებინა და გამოგონილი ისე გადმოეცა, როგორც რეალური… პოეზიის მთავარი შემადგენელი ყოველთვის შინაგანი განცდები და გრძნობებია და არა ის, რაც ხდება გარეთ.

კითხვები, რომლებიც ჩემს სტუდენტებს დავუსი ამ ლექსზე, შეგიძლიათ მოსწავლეებსაც დაუსვათ და მისცეთ თავისუფალი ინტერპრეტაციის და ესეს დაწერის შესაძლებლობა.

  • თქვენი აზრით, რომელი და როგორი გრძნობის მეტაფორიზებას ახდენს „მერის“ სახე ლექსში?
  • რომელია ყველაზე ემოციური სახე თქვენთვის ამ ლექსში და რატომ?
  • თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ფაქტები ლექსის ავტორისთვის და და რა მიმართებაა პოეტისთვის ფაქტებსა და გამონაგონს შორის?

 

ნათია კაპანაძე – სტუდენტი

მარტოობა ზოგიერთი ადამიანისთვის შესაძლოა საკუთარი თავის შეცნობის საუკეთესო საშუალება იყოს, მაგრამ როდესაც ადამიანი საკუთარ თავსაც და ცხოვრებასაც ასე თუ ისე იცნობს და ნაფიქრიც აქვს იმაზე, რაც მის გარშემო ხდება, მისთვის მარტოობა ტანჯვაა, თუმცა რაკი შეუძლებელია ბოლომდე თავის შეცნობა, შესაბამისად, ტანჯვა და მარტოობაც შეიძლება უსასრულო იყოს.

სიყვარული არ შეიძლება რაიმე ცუდთან ასოცირდებოდეს, თუმცა მან შეიძლება ტანჯვით ძალიან ბევრი რამ გასწავლოს. რისიც გჯეროდა და გწამდა, რაც შენთვის ღირებული იყო, შესაძლოა  ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერმა ფასი დაკარგოს, თუკი იმ რწმენას ჩაგიკლავენ, რისიც გწამდა.

მერი ჩემთვის იმედგაცრუების მეტაფორაა… ყოველთვის ასეა, ვინც გიყვარს, ყველაზე მეტად ის გტკენს. სიყვარული არასდროს გამორიცხავს ტკივილს, პირიქით, ვფიქრობ, რომ მისი თანმდევი ნაწილია. გალაკტიონის „მერის“ შემთხვევაში კი ეს იმედგაცრუება და სიყვარულიც ორივე გამოგონილია, თუმცა ეს ფაქტი ლექსის ემოციას სულაც არ ანელებს… და რა გამოდის? ჩვენ შეიძლება გვტკიოდეს ის, რაც არასდროს ყოფილა ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ რაც ყოველთვის არსებობს შესაძლებლობაში.

ყველაფერი ღირებული, რაც კი შექმნილა, უმეტესად ტკივილების და იმედგაცრუების ნაზავია, ეს არის შედეგი შინაგანი განცდების. იმის, რასაც ადამიანთა ნაწილი საკუთარ თავში იკლავს, ნაწილი ვერ უძლებს, უმეტესობა კი სხვადასხვა გზით ცდილობს გამოხატოს. გალაკტიონი კი იტყვის:

“ბედი, რომელიც მე არ მეღირსა,

ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.”

ეს ტაეპი ჩემთვის ყველაზე ემოციურია ამ ლექსში და ყველაზე მეტად ასოცირდება რეალობასთან. ადამიანები მუდმივად ვფიქრობთ, რომ რაღაც განსაკუთრებულს ვიმსახურებთ, თუმცა იმის მისაღებად რაც გვსურს,  არაფერს ვაკეთებთ. გული გვწყდება, როცა რაც ჩვენ გვინდა, სხვას უსრულდება და ამას „ბედისწერას“ ვარქმევთ, ცხოვრებას ვაბრალებთ… რეალურად კი -ყველაფერი ჩვენი ბრალია, ადამიანების! ჩვენ ვართ საკუთარი ცხოვრების წამმართველნი და შეუძლებელია, ცდამ რაიმე შედეგი არ გამოიღოს. რუსთაველიც ხომ ამას გვეუბნება: „ბედი – ცდაა, გამარჯვება, ღმერთსა უნდეს, მოცაგხვდებისო!“

ფაქტებს დიდი როლი უჭირავს ჩვენს ცხოვრებაში, რეალურად ფაქტი ერთადერთია, რასაც შეიძლება დავეყრდნოთ. თუმცა, გალაკტიონი უფრო საკუთარ გრძნობებს და ემოციებს ეყრდნობა, იმას, რაც ეგონა და არა იმას, რაც სინამდვილეში იყო. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რეალობის არასწორი აღქმაა. რაღაცამ, რაც ძალიან გვინდა, შესაძლოა არასწორ შეხედულებებამდე მიგვიყვანოს და იმაზე მეტი ტკივილი მოგვაყენოს, ვიდრე სხვა შემთხვევაში.

გალაკტიონის ყველა ლექსი ჩემში ღრმა შინაგან ემოციას იწვევს, მაგრამ ამ ლექსში მისი განცდები ჩემთვის სულიერ ტკივილზე მეტად იმედგაცრუებით გამოწვეულ ტანჯვას უფრო გამოხატავს.

 

აზა ბარქაძე – სტუდენტი

გალაკტიონის „მერი“… ხშირად მიფიქრია, ყოველ ჯერზე ამ ლექსის წაკითხვისას რატომ ვხვდები სხვადასხვა სამყაროში, რატომ ჩამესმის განსხვავებული მუსიკა, როგორ ხდება ისე, რომ ან თავი ჯვარცმული მგონია, ანდა – ჯვარმცმელი. ამეკვიატება ხოლმე სხვადასხვა გრძნობა: მწუხარების, შიშის, იდუმალების, მარტოსულობის, უსამართლობის, უსუსურობის და მაინც… ახლა ისეთი განცდა მაქვს, რომ ყველაფერი ღირდა, რომ ამ ლექსის თავიდან წასაკითხად მომეკრიბა ძალა.

ჩემთვის ყველაზე ემოციური ფრაზა კი ესაა ამ ლექსში:

,,ბედი რომელიც მე არ მეღირსა,

ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი’’.

თუმცა ყოფილა ისეც, რომ პარალელი ვერ მიპოვნია ლექსით გამოწვეულ შეგრძნებებსა და ჩემს გამოცდილებებში, მაგრამ არ მახსენდება შემთხვევა, რომ ლექსი არ განმეცადოს.  მე არც მერი მყოლია და არც მერის მსგავსი ვინმე, მაგრამ მაინც  მრჩება ამ ლექსიდან მარტოსულობის, გამოუთქმელობის განცდა. სწორედ ეს წარმოადგენს პოეზიის ძალას.

ოთარ ჭილაძის სიტყვები მახსენდება ახლა, რომ ,,პოეზია აიძულებს ადამიანს, ამაღლდეს ყოველდღიური ყოფის წვრილმანებზე და საკუთარ სულში შეიგრძნოს სამყაროს უსასრულობა.’’ ვფიქრობ, პოეტის შემთხვევაშიც სრულიად დასაშვებია ის ფაქტი, რომ განიცადოს, რაც თავს არ გადახდა, რომ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ფაქტებს… პოეტი  ხომ თან მიწიერი არსებაა, თან – არამიწიერი… ასე რომ ვთქვათ: „არც მიწისაა, არც ცისა“, შეუძლია, ერთნაირად განიცადოს  ფაქტიც და  ფანტაზიაც.

,,ჯერ არნახული განცდით,

და არგანვლილი გზით,

მე ყველა საზღვარს გავცდი,

რომელიც თავში ზის,

მე  რეაქციას ვიწვევ და რეაქცია  მშობს…’’

ირაკლი ჩარკვინის ამ ლექსის გახსენებისას ყოველთვის ვფიქრობ, თუ რამდენჯერ მომიწია ფიქრით გადავვარდნილიყავი იმ მორევში, რომელიც რეალურ ცხვოვრებაში არ გამომიცდია…

 

 

 

 

მერი

შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!

მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,

სანდომიან ცის ელვა და ფერი

მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!

აფეთქებული და მოცახცახე

იწვოდა ნათელ ალთა კრებული,

მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე

იყო იდუმალ გაფითრებული.

იწვოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,

ვარდთა დიოდა ნელი სურნელი.

მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა

სხვა არის ლოცვა განუკურნელი.

მესმოდა შენი უგონო ფიცი…

მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა…

ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი,

ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?

ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა

და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა…

იყო ობლობა და შეცოდება,

დღესასწაულს კი ის დღე არ ჰგავდა.

ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი

სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა!

ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი

და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.

ნაბადი ტანზე შემოვიხვიე,

თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს…

ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე

ღონემიხდილი მივაწექ კედელს.

ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს

და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები

აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს,

როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.

და შრიალებდა ტოტი ვერხვისა

რაზე – ვინ იცის! ვინ იცის, მერი!

ბედი, რომელიც მე არ მეღირსა, –

ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.

ვთქვი: უეცარი გასხივოსნება

რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები?

რად აშრიალდა ჩემი ოცნება,

როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?

ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი,

ან რად ვიჭერდი შუქს მოკამკამეს?

ან “მესაფლავეს” რისთვის ვმღეროდი,

ან ვინ ისმენდა ჩემს “მე და ღამეს”?

ქარი და წვიმის წვეთები ხშირი

წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული,

და… მე ავტირდი, ვით მეფე ლირი,

ლირი, ყველასგან მიტოვებული.

 

ბავშვი და საჩუქრები.

0

ყველა ჩვენგანს უხდება ხანდახან ბავშვისთვის საჩუქრის გაკეთება იმის სანაცვლოდ, რომ ის კარგად მოიქცეს. პრობლემა მაშინ ჩნდება, როცა აღმოვაჩენთ, რომ სხვაგვარად მოქცევა აღარ შეგვიძლია. ასე ხდება მაგალითად მაშინ, როდესაც ჩვენ არ გვცალია, ან სიტუაციას ვერ ვაკონტროლებთ, მდგომარეობიდან გამოსვლის ძებნის დროს ვიწყებთ ბავშვისთვის რაღაცის უხვად დაპირებას.

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ სტუმრად ხართ ნაცნობთან, ემზადებით წამოსასვლელად და აღმოაჩენთ, რომ თქვენს შვილს არავითარ შემთხვევაში არ სურს დატოვოს ლამაზი ალბომი, დასათვალიერებლად რომ მისცეს. პატარას არანაირი დასაბუთების მოსმენაც კი არ უნდა. გრძნობთ, რომ ახლოვდება ჭექა-ქუხილი. ყველა თქვენ შემოგყურებთ, როგორ მოიქცევით? იხრებით პატარისკენ და უჩურჩულებთ, რომ სახლში მას რაღაც საინტერესო და მიმზიდველი ელოდება. ორივე ბედნიერი და კმაყოფილი მიდიხართ ვიზიტიდან. თქვენ სწრაფად აღწევთ მიზანს, მაგრამ სიტუაციის გაანალიზების შემდეგ უნდა გაგიჩნდეთ კითხვა: მოვიქეცი კი სწორად?

აღმზრდელთაგან მხოლოდ ნაკლებად მოქნილს შეეძლო ეპასუხა უარყოფითად – არასწორია.  ამას გარდა, მშობლებიც ადამიანები არიან, ჩვენი განწყობილება ბევრს ნიშნავს და უეჭველია, ხშირად ხდება, რომ არ გვსურს გარშემომყოფებთან „სპექტაკლის“ მოწყობა. პრობლემას წარმოადგენს თვითონ პრინციპი და არა ის, რომ ზოგჯერ შეიძლება ბავშვის განებივრება. ბავშვისთვის გაკეთებული საჩუქრის სანაცვლოდ ნურასოდეს მოითხოვ, ის დამჯერე იყოს.

საჩუქრები დისციპლინას არ ამტკიცებს. ჩვენ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს საკუთარი სურვილების გაკონტროლება. ვასწავლოთ თვითკონტროლი, რომ ავიცილოთ შესაძლო კონფლიქტი საკუთარ „მე“-სა და ახლობლებთან.  ბავშვებისთვის საჩუქრების გაკეთებით ჩვენ ვაღწევთ მხოლოდ იმას, რომ ერთი არასწორი სურვილიდან მეორეზე გადაგვაქვს მისი ყურადღება, რაც სხვა შემთხვევაში ნაკლებ ბოროტებად გვეჩვენება. ვაწყნარებთ ბავშვს, მაგრამ სინამდვილეში ვამწვავებთ მათ სურვილს. იგი ვერ სწავლობს თავისი გრძნობების გაკონტროლებას. ეს ცოტაა, ჩვენ უნებურად ვაქეზებთ მას, გამოხატოს ეს გრძნობები დიდი ახირებებით: პატარას ესმის, რომ საკმარისია გაჭირვეულდეს და ის მიაღწევს იმას, რაც სურს.

ბოლოს და ბოლოს ასეთი დასაჩუქრების მეთოდი არ მოგვცემს კარგ შედეგებს: გარდა ახლობლებისა, არავინ გამოიჩენს ამგვარ დიდსულოვნებასა და დათმობას.  მშობლებიც, ადრე თუ გვიან, შეწყვეტენ ბავშვის იმედების გამართლებას, რომლებსაც ადრე ამგვარად ანებივრებდნენ.  მაგალითად, ქალბატონი ლ. ფიქრობდა, რომ საჩუქრების დახმარებით გადალახავდა ქალიშვილის ნებისმიერ წინააღმდეგობას, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ უკვე ვეღარ შეძლო სიტუაციის გაკონტროლება.  დაპირებების შესრულება გართულდა. ზოგჯერ, როცა დედას კიდევაც შეეძლო დაპირებების შესრულება, მისთვის მეტად უსიამოვნო იყო ეს.  ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ 5 წლის გოგონა, ნებისმიერი საჩუქრის მიუხედავად, აღარ ემორჩილებოდა მას და დისციპლინის პრობლემა იმდენად მწვავედ დადგა, რომ ქალბატონ ლ.-ს თავად  აღარ შეეძლო  მისი გადაწყვეტა.

ის მშობლები, რომლებიც ჩვეულებრივ საჩუქრებით მოისყიდიან ხოლმე შვილებს, როგორც წესი, განსაკუთრებით მკაცრად სჯიან მათ. თვით ბავშვის დასაჩუქრების ფაქტში არსებითად იმალება რაღაც უფრო მეტი, ვიდრე შეიძლება ერთი შეხედვით მოგვეჩვენოს – გარეგნულად დიდსულოვნებას ვიჩენთ, საქმით კი ბავშვისგან გათავისუფლების საფასურს ვიხდით.  ეს სურვილი კი სხვა არაფერია, თუ არა უარყოფა.  კიდევ კარგი, პატარა ამას ვერ ამჩნევს. მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ როცა ასეთი სურვილი გვიჩნდება, ასე თუ ისე, აუცილებლად ვავლენთ ამ გრძნობას ათასი სხვა ხერხით.

ნერვოზულობისა და მოუთმენლობის უკანაც იმალება ბავშვის უარყოფის სურვილი. ზოგჯერ მეტისმეტად ძლიერ ვღიზიანდებით და ბავშვს იმაზე მკაცრად ვსჯით, ვიდრე იმსახურებს. ეს, რა თქმა უნდა, აფუჭებს ჩვენს დამოკიდებულებას  ბავშვთან და იგი უკვე ისეთი ნდობით აღარ აღიქვამს ახსნა-განმარტებებს, როგორც ამას სხვა შემთხვევაში გააკეთებდა.

ბავშვისათვის თვითდისციპლინის სწავლება ძნელია, როცა მშობლებსა და შვილებს შორის არ მყარდება კეთილი დამოკიდებულება. ამიტომ გადაჭარბებულ დასჯას უნდა ვერიდოთ, ისევე, როგორც მეტისმეტ შემწყნარებლობას, თუნდაც საბოლოო შედეგმა დაიგვიანოს. მუდმივი საჩუქრები ბავშვს თავისი სურვილების მონად აქცევს. ასეთ შემთხვევაში ამა თუ იმ საქციელისკენ ბავშვს უბიძგებს არა სიკეთესა და ბოროტებაზე წარმოდგენები, რაც ბავშვს განვითარების კვალობაზე უყალიბდება, არამედ მისთვის დანაპირები საჩუქრები. მას გაუჭირდება გაზრდა, თუ ვერ შეძლებს თავისი სურვილების მართვას, მათგან თავშეკავებას ან შეზღუდვას. დავეხმაროთ შვილებს ფსიქოლოგიურად მომწიფებაში ისე, რომ არ მივმართოთ საჩუქრებს. თუ მომადლიერება ნორმად ჩამოყალიბდება და ჩვევად იქცევა, სასურველია ერთხელ და სამუდამოდ შევწყვიტოთ ის. რამდენიმე ხანს მოგვიხდება მოვითმინოთ ბავშვის მძვინვარე რეაქცია. მაგრამ ამავე დროს, რაღაცაზე უარის თქმისას ეცადეთ, მაინც ალერსიან და კეთილ დედად დარჩეთ, რომელიც მთელი სამყაროს ჩუქებას არ შეპირდება იმისთვის, რომ არ იფიქროს, რომ ის ნამდვილად უყვართ.

 

მეამბოხე გოგონები სალომე ბენიძის თარგმანში

0

მათემატიკოსი, მოდელი, ბალერინა, ველოსიპედისტი, მფრინავი, პრეზიდენტი, მეცნიერი, ძალოსანი, ჟურნალისტი, მხატვარი, მწერალი, პოლიტიკოსი, აქტივისტი, რეჟისორი, მეკობრე, იმპერატორი, დედოფალი, გამომგონებელი, მოტომრბოლელი, ათლეტი, არქიტექტორი, ხელოვანი, ომის გმირი, მოცურავე, პარტიზანი, ფარაონი, დიზაინერი, პოეტი, მცხობელი, სერფერი, ასტროფიზიკოსი, ოპერის მომღერალი, ექიმი, განმანათლებელი, არქეოლოგი, ნატურალისტი, პრემიერ-მინისტრი, ასტრონავტი, ტრომბონისტი, პალეონტოლოგი, მოკრივე, მუსიკოსი, იურისტი, ბიოკეანოლოგი, ტატუს მხატვარი, ჟურნალისტი, ჯაშუში, გენეტიკოსი, მოსამართლე, მკვლევარი, ჩოგბურთელი, დირიჟორი, ტანმოვარჯიშე, რეპერი, სუფრაჟისტი, ალპნისტი, პრიმატოლოგი, მეზღვაური, როკვარსკვლავი, მზარეული, ფილოსოფოსი, – ეს იმ პროფესიების ჩამონათვალია, ჩვენს წელთაღრიცხვამდე პერიოდიდან დღემდე მსოფლიოს ხვადასხვა კუთხეში მცხოვრები მეამბოხე გოგონები რომ ეუფლებოდნენ, ის წოდებებია, ისინი ღირსეულად რომ ატარებდნენ. სწორედ ამ ადამიანებზე, მათ სურვილებზე, მიზნებზე, გამოცდილებებზე, გამოწვევებსა თუ წარმატებებზე მოგვითხრობს ელენა ფავილისა და ფრანჩესკა კავალოს „ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის.“

წიგნი 2016 წელს გამოიცა და მაშინვე პოპულარული გახდა – 47 ენაზე ითარგმნა და გაყიდვის არაერთი რეკორდი მოხსნა. ქართველ ბავშვებამდეც საკმაოდ სწრაფად მოაღწია „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა“ და მწერალ სალომე ბენიძის ერთობლივი ძალისხმევით.

***

„ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის“ ორიგინალური ფორმატის გამო გადაშლისთანავე იმსახურებს პატარებისა თუ მოზარდების აღფრთოვანებასა და ინტერესს. თითოეული მეამბოხე გოგონას ცხოვრება ერთგვერდიან ზღაპარშია გადმოცემული. დიახ, ამბები „იყო და არა იყო რათი“ იწყება, თუმცა დისნეისეული პრინცესებისთვის „გამოჭრილი“ თარგის მიხედვით როდი „იკერება.“ ელენა ფავილისა და ფრანჩესკა კავალოს პერსონაჟები რეალურ ცხოვრებაში მიიკვლევენ გზას და თავდაუზოგავი შრომით, წინააღმდეგობებთან შეურიგებლობით, სტერეოტიპების მსხვრევით ახდენენ სასწაულებს. წიგნის ორიგინალურობა არც ამით ამოიწურება – მეამბოხე გოგონების პორტრეტებზე მსოფლიოში ცნობილი 60 მხატვარი ქალი მუშაობდა. მათი ილუსტრაციები წიგნს არა მხოლოდ ალამაზებს, მსუბუქად წასაკითხსაც ხდის.

მაშ ასე – თითოეულ მეამბოხე გოგონას ორი გვერდი ერგო: პირველზე მათი თავგადასავალი განთავსდა, მეორეზე – პორტრეტი. აქვე ამოიკითხავთ ლათინური სენტენციებივით ლაკონურ, ღრმა და დამაფიქრებელ ფრაზებს, რომლებითაც  წიგნის გმირები თანამდროვე ახალგაზრდებს მიმართავენ:

„ფიქრი შენი უფლებაა და ეს უფლება უნდა დაიცვა, რადგან უმჯობესია ფიქრობდე არასწორად, ვიდრე საერთოდ არ ფიქრობდე;“

„რადგან ჩვენ ამ სამყაროში ვცხოვრობთ, თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მისთვის;“

“თუკი გავუგებთ, ვიზრუნებთ, თუკი ვიზრუნებთ, დავეხმარებით, თუკი დავეხმარებით, გადავარჩენთ;“

„თუ კარგი იდეა გაქვს, უკან არ დაიხიო, ხორცი შეასხი;“

„მას ვინც უდანაშაულოა და სინდისი სუფთა აქვს, არაფრის  ეშინია;“

„თუ ცოცხალი ხარ, სინათლესაც გამოიმუშავებ;“

 „როცა მშვენიერება შიგნიდან ანათებს, მისი უარყოფა შეუძლებელია;“

„თავგადასავალი თავისთავად მნიშვნელოვანი მოვლენაა;“

„როცა ქალი გადაწყვეტს ცვლილებებისკენ ნაბიჯი გადადგას, მის გარშემო მთელი სამყარო იცვლება;“

„ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ძალიან ძლიერი ვარ;“

„შიშზე ძლიერი ყოველთვის თავისუფლების წყურვილია;“

„ყოველთვის იყავი მართალი საკუთარ თავთან და არასოდეს მისცე უფლება სხვის ნათქვამს, შენს მიზნებს დაგაშოროს!“

მსგავსი მოწოდება უამრავია და მკითხველი აუცილებლად გამოარჩევს თავისთვის სასარგებლოს. მრავალფეროვანია ასი მეამბოხე გოგონას შესახებ დაწერილი ამბებიც. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ წიგნმა გამოსვლის დღიდან განსხვავებული გემოვნების ბავშვი თუ მოზარდი დააინტერესა და ფართო აუდიტორია შემოიკრიბა გარშემო.

***

ელენა ფავილისა და ფრანჩესკა კავალოს თითოეული პერსონაჟი მართლაც უნიკალურია:

ზოგიერთს მექანიზმები უყვარდა ან ფრენაზე ფიქრი იტაცებდა, ცეკვის უნიკალური სტილი ჰქონდა ან მეამბოხე სულით გამოირჩეოდა, რისკი საკუთარი პროფესიის განუყოფელ ნაწილად მიაჩნდა ან ჩარჩოების გარღვევა აღაფრთოვანებდა; სურდა ყველაფერი სცოდნოდა მცენარეების შესახებ ან აინტერესებდა როგორ მუშაობდა მაღვიძარა და საათებს შლიდა.

იყვნენ ისეთებიც, ტირანის დამხობა რომ მოახერხეს ან გამოგონებამდე აღწერეს თანამედროვე კომპიუტერები; შინაპატიმრობაში ოცდაერთი წელი რომ გაატარეს ან ნავით შეუჩერებლად შემოიარეს მსოფლიო; მილიონობით მკითხვლის სიყვარული რომ დაიმსახურეს ან ქვეყნის სულიერ ლიდერებად იქცნენ; მშვიდობის დარგში ნობელის პერმია რომ მიიღეს ან მილიონობით დოლარად შეფასებული ნახატები დაგვიტოვეს;

ერთი უსინათლო გოგონა ცნობილი ბალერინა გახდა და საკუთარი საბალეტო სკოლა დააარსა, მეორე გოგონა პროფესიამ თავად იპოვა, მესამე სიჩუმემ დაღალა, მეოთხე  ისეთ ქვეყანაში ცხოვრობდა, სადაც მშობლებს უფლება აქვთ შვილები ჯერ კიდევ ბავშვობაში დააქორწინონ, მეხუთეს დაწერილი პროგრამით კი სამხედრო ძალებმა მტრის გზავნილის საიდუმლო შეტყობინებები გაშიფრეს…

მრავალფეროვენ გალერეაში აღმოაჩენთ პირველ ქალს, ატლანტის ოკეანეს მარტომ რომ გადაუფრინა, პირველ ქალს, რომლის რეკორდსაც ველორბოლაში 26 წელი ვერავინ ხსნიდა, პირველ ქალს, რომელმაც ბრიტანეთის არქიტექტურის სამეფო ინსტიტუტის ოქროს მედალი მიიღო ან უბრალოდ ისეთ ქალებს, რომლებსაც ხალხი დღემდე სიმეღერებით ადიდებს! 

ბოლო გვერდები სავსეა იმ რეალური ადამიანების სახელებისა და გვარების ჩამონათვალით, რომლებმაც ამ წიგნის შექმნაში საკუთარი წვლილი შეიტანეს: ეს გახლავთ „მეამბოხეთა დიდების დარბაზი,“ მადლობის ადრესატები, ილუსტრატორები და თავად ავტორები. თუ დაინტერესდებით, მათ შესახებ უამრავ ცნობასა და საინტერესო ისტორიას მოიპოვებთ ინტერნეტში. არც ის აბზაცები გამოტოვოთ, „ლაბორატორია ტიმბუქტუს“ შესახებ რომ მოგითხრობთ (რატომ? – ამის გარკვევა თქვენთვის მომინდია). ასე რომ, „ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის“ ერთგვარი გზამკვლევიც გახლავთ აქამდე უცნობი გმირების აღმოსაჩენად.

გარდა ამისა, წიგნის თითოეულ მფლობელს (თავის სახელსა და გვარს პირველსავე გვერდზე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას რომ ჩაწერს) საკუთარი ისტორიის დაწერა და პორტრეტის დახატვაც „ევალება.“ ამისათვის 202-ე და 203-ე გვერდები ცარიელი დაუტოვებიათ ავტორებს. ორ უნიჭიერეს და წარმატებულ  ქალბატონს, რომლებიც ძილისპირულ ამბებს მთელი მსოფლიოს მეამბოხე გოგონებისთვის წერდნენ და ამ წიგნის მომავალ მკითხველებს მოუწოდებენ იოცნებონ თამამად, იბრძოლონ უფრო მედგრად და არ დაეჭვდნენ საკუთარ თავში დიადი მიზნებისკენ მიმავალ გზაზე.

***

დარწმუნებული ვარ, განსხვავებული ასაკის, ეროვნების, იდეოლოგიის, რელიგიის, პროფესიის მეამბოხე გოგონებს შორის ბევრ ახალგაზრდას გამოუჩნდება ახალი ფავორიტი. საყვარელი პერსონაჟები ამ წიგნის მთარგმნელს, სალომე ბენიძესაც ჰყავს, რომლისთვისაც ამ პროექტზე მუშაობა არა მარტო სასიხარულო ფაქტი, უდიდესი გამოწვევაც გახლდათ. აქედან გამომდინარე, წერილს სწორედ მისი მიმართვით დავასრულებ:

„ჩემს სამ ფავორიტ გოგოს ერთი ისტორია აერთიანებს. ისინი დები მირაბალები არიან, გაბედული და ჭკვიანი ქალები, რომლებიც ტრუხილიოს რეჟიმს ებრძოდნენ და შეეწირნენ კიდეც ამ ბრძოლას, მაგრამ მილიონობით ქალს მისცეს მაგალითი მთელ მსოფლიოში. 25 ნოემბერი, რომელიც არაერთ ქვეყანაში აღინიშნება, როგორც ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის დღე, სწორედ მათი მკვლელობის თარიღია. ყოვლეწლიურად ამ დღეს იწყება თექვსმეტ დღიანი კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. ჩემთვის, როგორც ქალისთვის, როგორც ფემინისტისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა.“

მასწავლებლის თვალით დანახული ფილმები და ლიტერატურა

0

გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო, პოეზიაზე კი თქვა რუსთაველმა, მაგრამ იმდენ კონტექსტს, გარემოებას ერგება ეს სიტყვები, ახლა ჩემს სათქმელსაც რომ მოვარგო, არც არავის გაუკვირდება, არც ორიგინალურობის მცდელობაში ჩამითვლის ვინმე. ერგება და მორჩა- მოკლე ფილმებით რეჟისორები დიდ სათქმელს გადმოსცემენ. განსაკუთრებით მოსწავლეების კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის მისწრებაა: არ იღლებიან ყურებით, საფიქრალ -ამოსაცნობ-კადრს მიღმა დასანახი უამრავი რამ რჩებათ  და სალაპარაკო დროც საკმარისი აქვთ ხოლმე.

მე რა გამეგება, მაგრამ ზოგადი კანონზომიერების მიხედვით, უფრო რთული უნდა იყოს, მოკლე დროში, შეზღუდულ ფორმატში ჩაატიო ღირებული სათქმელი. ალბათ, ამიტომაც ძალიან ძნელია კარგი მოკლემეტრაჟიანი ფილმის პოვნა.

ვეცდები, ამ სტატიაში თავი მოვუყარო რამდენიმე მოკლემეტრაჟიან ფილმს, რომლებიც ჩემს მოსწავლეებთან ერთად მინახავს და ლიტერატურასთან დაგვიკავშირებია,  ერთად გვიმსჯელია, გვიფიქრია. ისინიც დამხმარებიან კარგი ფილმების მოძებნაში, არაერთხელ კი არა, მილიონჯერ!

ჯერ, უბრალოდ, სასიამოვნო ფილმითა და მოთხრობით დავიწყებ.

ბავშვობიდან მახსოვს ერთი კადრი ძალიან კარგად:  დახვეულ კიბეზე პატარა, მხიარული გოგო მიცქრიალებს, უკან გაბრაზებული, სასაცილო გარეგნობის, თმააბურძგნილი ბიჭი მისდევს… რაღაც მომენტში გოგო ჩერდება, ზემოდან დასცქერის აქოშინებულ ბიჭს და ჭინკებიანი ხმით ჩასძახის: ზღარბო, ზღარბო, ზღარბუნიააა!!!

ასეც ჰქვია ფილმს ,,ზღარბი“ (რეჟ. ალეკო ნინუა)

ძალიან ტკბილად მახსენდება ეს 25 წუთიანი, საყვარელი ფილმი და წლები გავიდა, სანამ არჩილ სულაკაურის ასევე ძალიან საყვარელ და სასიამოვნოდ წასაკითხ მოთხრობას ,,ზევით და ქვევით“ წავიკითხავდი და მერე კიდევ წლები, სანამ ორივეს ერთად, მოთხრობასაც და ფილმსაც, მოსწავლეებს გავაცნობდი. ბევრი მსჯელობა არ დაგვიწყია, უბრალოდ დავსხედით, ერთად წავიკითხეთ და მერე ერთად ვუყურეთ ფილმს. ძალიან კარგი განწყობა შეგვიქმნა.

ამ ბოლოს ჩვენს ,,ლიტერატურულ ბანაკში“ სულ სხვა ხასიათის, ერთ უცნაურ ფილმს ვუყურეთ – ,, შემთხვევა ჭოტისწყლის ხიდზე“ (რეჟ. რობერტ ენრიკო). ფილმს არაერთი ჯილდო აქვს აღებული (1962 წელს – კანის კინოფესტივალის, 1963 წელს- ამერიკის კინოაკადემიის)

https://vimeo.com/163730099?fbclid=IwAR2Au2FJIK1SiSa5nBRWCxKOsMmUHl94S14cSL_aXjZhilIXpCa6m3ER5Ag

კაცი, რომელსაც ყულფში თავი გააყოფინეს, ხუჭავს თვალებს და წარმოიდგენს, როგორ ითავისუფლებს თავს და გარბის, ემოციურია მისი გაქცევა, დაძაბული და სასოწარკვეთილი. მაყურებელი მთლიანად ერთვება პროცესში და მხოლოდ ფილმის დასასრულს ხვდება, რომ ეს სიკვდილისწინა წარმოდგენაა, ოცნებაა და არა რეალობა.

ეს ფილმსაც ლიტერატურული ნაწარმოები დაედო საფუძვლად. ამერიკელი მწერლისა და ჟურნალისტის, ამბროს ბირსის, მოთხრობა, რომელსაც იგივე სათაური აქვს. აკა მორჩილაძე ერთ თავს უთმობს ამ მწერალსა და ამ მოთხრობას თავის წიგნში ,, მწერლებსა და წიგნებზე“ და გატაცებით საუბრობს მის ოსტატობაზე, გამორჩეულობაზე… ,, ჰოდა, მეც ბავშვობიდან მჯერა მისის გამონაგონის. რამდენი ხანია, მჯერა და არასდროს დამვიწყებია ბირსი. მწერლობაც ეგ არის, ალბათ, როცა წამკითხველს არ ავიწყდები და რაღაც უცნაური, ჩამოუქნელი, ფერადი სივრცე ამოუტივტივდება ხოლმე თავში შენი სახელის გაგონებაზე.

ამბროს ბირსი. კაი მაგარი იყო იმ თხელ წიგნაკში“.

ქართულად ადრეც გამოიცა და უახლოეს წარსულშიც: ,,ამერიკული მოთხრობების ანთოლოგია“ ( ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

მართალია, მოკლემეტრაჟიანი ფილმი კი არა, სატელევიზიო სპექტაკლია, პირველი ქართული სატელევიზიო დადგმა, უკვე დაძველებული და საკმაოდ შელახული ხარისხით, მაგრამ მაინც ძალიან საინტერესო და მომნუსხველი. მართლა ლეგენდარული მსახიობები, სესილია თაყაიშვილი და სერგო ჟორჟოლიანი, ბავშვებისთვის უბრალოდ გულისამაჩუყებლად საყვარელი მოხუცები არიან, რომლებიც ზედმეტი დრამატიზმის, ცრემლთა დენის, სიბერეზე ვიშვიშის გარეშე იგონებენ თავიანთ ახალგაზრდობას, თვითონაც თბებიან ამით და მაყურებელსაც უსაზღვრო სითბოთი ავსებენ.

არ ვიცი, ვინ უნდა დაბადებულიყო, უფრო შესაფერისი რომ ყოფილიყო და უფრო საინტერესოდ რომ გაეცოცხლებინა მართლა გენიალური კლასიკოსის, ნიკო ლორთქიფანიძის, მინიატურა ,,ბებრები“ ( რეჟ.მერაბ ჯალიაშვილი)

რა თქმა უნდა, ისეთ ფილმებსაც ვუყურებთ, რომელიც უშუალოდ ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით არაა გადაღებული, მაგრამ რაღაცით მაინც უკავშირდება მწერალს ან მწერლობას.

ერთ ასეთ ფილმზე ოდესღაც სხვა სტატიაში ვისაუბრე, მაგრამ ახლა გვერდი რომ ავუარო, ვიცი, სინდისი შემაწუხებს, არ მომასვენებს. თუ რაიმე წაუკითხავთ ჩემებს მათთვის სრულიად ახალი, განსხვავებული, უცნაური და შთამბეჭდავი, ეს ერლომ ახვლედიანის შემოქმედებაა. ,,არასერიოზული კაციც“ ძალიან უყვართ, რომლის სცენარის ავტორი სწორედ ერლომია. ოდესღაც შემთხვევით გადავაწყდი ისევ ერლომის სცენარის მიხედვით გადაღებულ, სახალისო, უცნაურ, თავისამტვრევ, ჭეშმარიტად ერლომურ ფილმს ,,საერთო კედელი“ ( რეჟ.ოთარ მანაგაძე). ისე მოვიხიბლე, ბევრი არ მიფიქრია, მალევე ვაჩვენე ბავშვებს და ბევრიც ვისაუბრეთ დეტალებსა თუ იდეაზე.

ვუყურებთ ისეთ ფილმებსაც, რომლებიც საერთოდ არ უკავშირდება ლიტერატურას, მაგრამ იმ საკითხებს ეხება, რომლებზეც არაერთხელ გვიმსჯელია ლიტერატურის დახმარებით. ასეთი ფილმების ნახვა ხშირად მათ წერის სურვილსაც უღვივებს ანუ თვითონვე ქმნიან ლიტერატურას.

ადამიანური ღირებულებები და მათი უფლებები – ეს ის თემაა, რომელზედაც ყოველთვის ვსაუბრობთ, ვფიქრობთ და რომელიც ყოველთვის აინტერესებთ.

ამ თემაზე ერთი ქართული და ორი უცხოური მოკლემეტრაჟიანი ფილმი მახსენდება, რომლებიც ბავშვებთან ერთად მინახავს. ქართული, მგონი, ყველასთვის ნაცნობია და შედარებით უმცროსკლასელებისთვისაა შესაფერისი ,,სუფთა დაფა“( რეჟ.ოთარ შამათავა).

ეს შავ-თეთრი, პიონერობის დროინდელი ფილმი გვიჩვენებს, როგორი ღირსეულები და ამავდროულად სასტიკებიც შეიძლება იყვნენ ბავშვები და ზოგჯერ როგორი სავალალოა უფროსების შეცდომები მათთვის.

რაც შეეხება უცხოურ ფილმებს, ერთი ფილმზე ადრეც აღვნიშნე სულ სხვა კონტექსტში, ძალიან საინტერესო ფილმი ლამაზი სათაურით, მსოფლიოში სახელგანთქმული, ძალიან საინტერესო ადამიანის, ნიკ ვუიჩიჩის, მონაწილეობით – ,,პეპლების ცირკი“.

ეს ფილმი ხომ საიტერესოა, მაგრამ არანაკლებ საინტერესოა ბავშვებისთვის ნიკ ვუიჩიჩისთანა ადამიანის რეალობაში არსებობა. ადამიანის, რომლის ცხოვრება დაუჯერებელს დაგაჯერებს, გაუგონარს გაგაგონებს, შეუძლებლის შეძლებაში დაგარწმუნებს.

მეორე ფილმი 5 წუთიანია, ადამიანთა უფლებების თემაზე გადაღებული მოკლე ისტორია.

,,ჩიხი“  ჰქვია ამ 5 წუთიან ,,მინიატურას“, რომელშიც არც ერთი სიტყვა, არ ერთი ფრაზა არ ისმის, სათქმელი სიმბოლოებით, მსახიობთა მიმიკებითა და ქცევითაა გამჟღავნებული. უფროსკლასელების რეაქციაც პირველ ჩვენებაზე ერთნაირი იყო: ,,ეს რა იყო, ჰა?!“ მეორედაც ვაჩვენე, სათაურიც შევახსენე, აი, მაშინ კი აეშალათ ფიქრები და ლაპარაკის საღერღელი ერთდროულად.

ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც, როგორც წესი, ბევრ მასწავლებელს აწუხებს, არის ის, რომ ბავშვებმა ლამის ყურმოკვრით იციან ძალიან მნიშვნელოვანი უახლესი ისტორია. ვფიქრობ, ამ თემაზე შექმნილი ფილმების ნახვა, საუკეთესო გამოსავალაია ამა თუ იმ ისტორიული მოვლენის გათავისებისთვის. ასეთი ფილმია თორნიკე ბზიავას ,,აპრილის სუსხი“

ერთდროულად გაშიშვლებული და გამხატვრულებული რეალობა ბევრ ემოციას იწვევს ერთად. ბავშვები გაფაციცებით უყურებენ და დაუსრულებლად ლაპარაკობენ ამ შთამბეჭდავ ფილმზე.

ერთი – ორჯერ ექსპერიმენტიც ჩავატარე: მე პირადად იშვიათად ვუყურებ დოკუმენტურ ფილმებს, უფრო იშვიათად მომწონს. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ბავშვების გულის მოგებაც შეიძლებოდა დოკუმენტალისტიკით. ერთ დღესაც გავრისკე და ისინი მართლა მოიხიბლნენ კინონოველით ,, ეს იყო სიზმარი“ ( რეჟ. ლევან კიტია), რომელიც ქართველ ჯაზმომღერალს, გიული ჩოხელს, ეძღვნება. ეს არის ერთი საინტერესო ადამიანის ძალიან ლამაზი, მომნუსხველი, გულისამაჩუყებელი, საინტერესო ცხოვრების ისტორია, რომელიც შეუძლებელია არ გაითავისო. იმასაც თუ დავუმატებთ, რომ არც ამ მომღერალზე იცოდნენ რაიმე და ბევრი არაფერი არც იმ ეპოქაზე, რომელშიც ეს ადამიანი მოღვაწეობდა, შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა – ყოველმხრივ საინტერესო აღმოჩნდა მათთვის.

მე მგონი, აი,  აქ უნდა გავჩერდე.

სტატია თავისთავად ერთგვარი რეგლამენტია, თორემ კიდევ ბევრი ფილმის გახსენება შეიძლებოდა, „კინომანური“ ან „კინომცოდნურით“ კი არა, მასწავლებლური თვალით დანახული.

ერთი უჩვეულო სკოლის ამბავი

0

მასწავლებლების, გაკვეთილებისა და გამოცდების გარეშე

 მსოფლიოს არასტანდარტულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის „სადბერის“ სკოლებიც ლიდერობენ. ამ სკოლებში არ ატარებენ გაკვეთილებს, არ ჰყავთ მასწავლებლები, სკოლისათვის მნიშვნელოვანი ყველა გადაწყვეტილება კი სასკოლო კრებაზე მიიღება. სახელწოდება „Sudbury“-ც მოდის Sudbury Valley-დან, რომელიც 1968 წელს ფრემინგემეში, მასაჩუსეტსის შტატში დაარსდა. ამჟამად მსოფლიოში სწავლების მსგავსი მოდელით 70 სკოლა მუშაობს. ყველა მათგანი დამოუკიდებელი სუბიექტია. სკოლები დამოუკიდებლად განსაზღვრავენ შიდა პოლიტიკას, თუმცა რამდენიმე ფუნდამენტური პრინციპი საერთო აქვთ, მაგალითად, ცოდნის მიღების სრული თავისუფლება, მოსწავლეთა პირადი პასუხისმგებლობა განათლებასა და დემოკრატიულ მმართველობაზე.

კი მაგრამ, როგორ სწავლობენ სკოლაში, სადაც არც გაკვეთილები ტარდება და არც მასწავლებლები მასწავლებლობენ? სადბერის სკოლები ხელმძღვანელობენ სწავლებისადმი ბუნებრივი მიდგომის პრინციპით: კომუნიკაციითა და თამაშით, რომლებიც მოსწავლეებს ეხმარება საკუთარი ინტერესების აღმოჩენაში და მათ განვითარებაში. სწორედ ასე იღებენ ისინი ცხოვრებისეულ და საბაზისო ცოდნას.

ბავშვები თვითონ წყვეტენ რით დაკავდებიან დღის განმავლობაში, არავის აქვს მათ არჩევანზე გავლენის უფლება. სკოლაში არც ასაკობრივი ჯგუფებია, მათ მხოლოდ საერთო ინტერესები აერთიანებთ. ასეთი განათლების მთავარი გაკვეთილია – შეიცნო ვინ ხარ, როგორი ხარ, როგორ ცოდნას ეძებ და როგორ უნდა მიიღო ეს ცოდნა.

სადბერის ზრდასრული თანამშრომელი სწავლების რესურსის ისეთივე ნაწილია, როგორიც წიგნი, ინტერნეტი, მასალა და ინსტრუმენტი. თუკი ნებისმიერი ასაკის მოსწავლეს უჩნდება კითხვა ან მოთხოვნა, ზრდასრული სადბერელი მას პასუხის პოვნაში ეხმარება. თუმცა პასუხს კითხვაზე „როგორ შეიძლება დავდგეთ თავდაყირა?“ თანატოლიც გასცემს.

ამ სკოლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია ის, რომ მოსწავლე თავად განკარგავს თავის დროს. თვითონ გეგმავს რაში დახარჯოს ის. ასეთი თავისუფალია ის განათლებაზე პასუხისმგებლობის საკითხებში. სადბერიში პატივსაცემია ნებისმიერი ქმედება, მაგალითად, ეზოში დაჭერობანას თამაში არანაკლებ მნიშვნელოვანია უცხო ენის სწავლაზე.

სადბერის სკოლების გამოცდილებას წარმატებით იყენებენ სხვა ქვეყნებში: აშშ-ში, იაპონიაში, საფრანგეთში, ბრაზილიაში, ბელგიაში, ჩეხეთში, შვეიცარიაში, გერმანიაში, ჰოლანდიასა და ისრაელში. ამერიკაში 42 სადბერის სკოლაა, 36 კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია მიმოფანტული.

ერთ-ერთში, Hudson Valley Sudbury school-ში, რომელიც აშშ-ში 2004 წლიდან მუშაობს, ამჟამად 5-დან 18 წლის ასაკის 75 მოსწავლეა. ზრდასრული პერსონალი კი 10 კაცს შეადგენს.

ალბათ გაინტერესებთ, როგორია სადბერის ერთი სასწავლო დღე? ტიპური დღე სხვადასხვა სკოლებში სხვადასხვანაირად მიმდინარეობს, თუმცა ყველა სკოლაში, ძირითადი აქცენტები გადატანილია მეგობრულ ურთიერთობაზე. უმცროსი და უფროსკლასელები ერთად დადიან მათივე ორგანიზებულ ღონისძიებებზე, რომლებიც დღის განმავლობაში იმართება.  სადბერიში დიდი დრო ეთმობა საუბრებს, მსჯელობას. იდეებისა და ინფორმაციის გაცვლას, დისკუსია ავითარებს ინტელექტსა და კრიტიკული აზროვნების უნარს.

იმის გამო, რომ სადბერიში მოსწავლეები სხვადასხვა ასაკისანი არიან, პატარებს საშუალება აქვთ ისწავლონ უფროსი მოსწავლეებისგან.

ბავშვებს 5 წლიდან 9 წლამდე შეუძლიათ წერა-კითხვის სწავლა, თუმცა ამას მათ არავინ აიძულებს. მოზარდობის ასაკში ისინი უკვე დაახლოებით თანაბარ დონეზე არიან. ხშირად ეს იმიტომ ხდება, რომ ბავშვები თამაშობენ თამაშებს (მათ შორის კომპიუტერულ თამაშებს), სადაც წერია სიტყვები. ისინი ისე სწავლობენ კითხვას, რომ არც კი აცნობიერებენ ამას.

სკოლის პერსონალი, გარდა მათი ადმინისტრაციული მოვალეობებისა, ასევე თავისუფალია არჩევანში, რა უნდა ასწავლოს ბავშვებს. ის არ ცდილობს მათ მოტივირებას აკადემიური სწავლების სასარგებლოდ. მეტიც, მათი ამოცანაა მოსწავლეების მხარდაჭერა ნებისმიერ წამოწყებაში.

სკოლის დამფუძნებლები განმარტავენ, რომ სადბერის კულტურა გათვლილია უფროსებისა და უმცროსების გრძელვადიან ურთიერთობებზე, რომლებიც ცვალებადია. ერთმა „მასწავლებელმა“ შეიძლება ერთ მოსწავლეს ფიზიკა ასწავლოს, მეორესთან ერთად კი ფეხბურთი ითამაშოს. არავითარი მყარი როლები უფროსებს არ აქვთ.

ცხადია, სადბერიში არიან ბავშვები, რომლებიც განუწყვეტლივ თამაშობენ კომპიუტერულ თამაშებს. ზოგმა კი შეიძლება ისე დაამთავროს სკოლა, რომ ვერ მიიღოს საბაზისო მეცნიერებებში დიდი ცოდნა, ამას მხოლოდ ერთი მიზეზი ექნება – ისინი ამით არ დაინტერესდნენ.

კიდევ ერთი კითხვა, რომელიც ხშირად ჩნდება ხოლმე – როგორ რეალიზდება დემოკრატიული მმართველობა? სასკოლო კრება სადბერის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. ის იღებს სკოლისათვის აუცილებელ გადაწყვეტილებებს, ანაწილებს ბიუჯეტს, გეგმავს ღონისძიებათა კალენდარს, სამუშაოდ იღებს ან სამუშაოდან ითხოვს პერსონალს, წყვეტს წვრილ ადმინისტრაციულ საკითხებს. კრებაში მონაწილეობის მიღება ნებაყოფილიბითია.

რა თქმა უნდა, მოსწავლეების მოსაზრებები სკოლის დემოკრატიული პროცესების შესახებ განსხვავებულია: ზოგი მასში მაქსიმალურად არის ჩართული, სხვებს ნაკლებად აინტერესებთ, ზოგი კი გულგრილია ამ ყველაფრის მიმართ. იგივე ხდება სკოლის კომიტეტთან დაკავშირებითაც. როგორც წესი, რაც უფრო მეტ დროს ატარებენ მოსწავლეები სკოლაში, მით უფრო მარტივად იღებენ კომიტეტის გადაწყვეტილებებს. ამასთანავე, ჩვეულებრივი ამბავია კომიტეტსა და მისი გადაწყვეტილებების ირგვლივ არსებული უთანხმოება და დებატები.

როგორ შეიძლება შეფასდეს კურსდამთავრებულთა წარმატება, თუ სკოლას არ აქვს საბოლოო გამოცდები? სტატისტიკის მიხედვით, სადბერის კურსდამთავრებულები უმაღლეს სასწავლებლებში და სხვადასხვა პროფესიებში წარმატებებს აღწევენ. ვისაც სწავლის გაგრძელება სურს, არ აწყდება სირთულეს არც კოლეჯებსა და არც უნივერსიტეტში. ისინი მისაღები გამოცდებისთვის ბოლო ორი წლის განმავლობაში ემზადებიან. თუმცა, სადბერიში უნივერსიტეტებში მიღებასთან დაკავშირებული სტატისტიკა არ განიხილება ამ სკოლის მოდელის წარმატებულობის საზომად.

იდეალების ერთგულება და ზრდასრული პერსონალი, ასევე კურსდამთავრებულები ხშირად სხვა წარმატებაზე საუბრობენ. იმაზე, რომ ბავშვობაში მათ სრულად შეიგრძნეს ბავშვობა, რაც მთელი ცხოვრება მიჰყვებათ – ისინი ინარჩუნებდნენ ბუნებრივ ცნობისმოყვარეობას, არიან ინიციატორები, აქვთ მაღალი პასუხისმგებლობა, ადვილად შეუძლია ნებისმიერი ასაკისა და სტატუსის ადამიანთან ურთიერთობა. და რაც მთავარია, ისინი ცხოვრების ნორმად აღიქვამენ იმას, რომ მხოლოდ პიროვნული მოტივაცია და გატაცება უწყობს ხელს ადამიანს, დრო დაუთმოს სწავლასა და მუშაობას.

ფრენსის ალვო, 25 წლის. დაამთავრა ამერიკული სადბერი ველი, შემდეგ ბიშოპის  უნივერსიტეტი კლასიკური ფორტეპიანოს განხრით: „ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც   ვსწავლობთ, არის შეუფასებელი. რასაკვირველია, გამოცდების დროს შეიძლებოდა ეკითხათ ომების თარიღები ან ფოთლების ქიმიური შემადგენლობა, მაგრამ გაცილებით რთული იქნებოდა გაგვეცა პასუხი კითხვაზე – „როდის და სად ვისწავლე ეს?“

სადბერიში ყველაზე მნიშვნელოვანს, ცხოვრებისეულ უნარებს ვიძენთ. თავდაჯერებულობა, პრობლემების გადაჭრა და რესურსების მოძიება მათ გადასაჭრელად, იმის გასარკვევად, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენი გეგმების განსახორციელებლად, ვინ ან რა გვეხმარება ამაში, ვსწავლობთ ადამიანებთან კომუნიკაციას ისე, რომ მათთვის გასაგები ვიყოთ. თავდაჯერებულობა კი მოდის მაშინ, როდესაც თქვენ ხართ გარემოში, სადაც მოზრდილებს და ბავშვებს თქვენი სჯერათ“.

ორიოდე სიტყვა სადბერის მინუსებზე: სადბერიში არავინ იცის, რა ასაკში დაიწყებს წერა-კითხვას. ეს შეიძლება მოხდეს ადრე ან გვიან. ასევე, სკოლის დამთავრების შემდეგ, ადმინისტრაცია არ გასცემს განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს და თუ ის უნივერსიტეტში შესვლისთვის აუცილებელია, ბავშვებს ტესტირებისა და სერტიფიცირების ორგანიზება სჭირდებათ.

სადბერის მოდელის უარყოფითი მხარე ისიცაა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ანსკულინგი კანონით იკრძალება და მათთვის, ვისაც სურს ამგვარი სკოლების გახსნა, კომპრომისზე მოუწევს წასვლა. ოფიციალურად, ანსკულინგი ნებადართულია აშშ-ში, კანადასა და რუსეთში. ჰოლანდიის, გერმანიისა და საფრანგეთის კანონმდებლობით კი აუცილებელია სკოლა მიჰყვებოდეს სავალდებულო საშუალო განათლების პროგრამას. იქაურ სადბერის ორგანიზატორებს უწევთ განსაკუთრებული ძალისხმევა და იმის მტკიცება, რომ ოფიციალურმა უწყებებმა მათი საქმიანობა აღიარონ სწავლებად და არა დროის ფუჭ ხარჯვად.

საფრანგეთის სადბერის სპიკერმა EUDEC ყოველწლიურ კონფერენციაზე განაცხადა, რომ რომ ისინი სპეციალურად შექმნილ IT-ს იყენებენ. ეს დაახლოებით ასე მუშაობს: სვეტში, სადაც თქვენ უნდა ჩაწეროთ, რას აკეთებდა მოსწავლე, ინიშნება „თამაშობდა ფეხბურთს  მთელი დღის განმავლობაში“, მაგრამ პროგრამა ამას სხვა ასპექტით „თარგმნის“: „გაიუმჯობესა მოძრაობების კოორდინაცია და გუნდური მუშაობის უნარები“.

საინტერესო ისიცაა, თუ როგორ რეაგირებენ სახელმწიფოები ასეთ სკოლებზე. საინტერესო ისტორია მოხდა ნიდერლანდურ სადბერისთან დაკავშირებით. მის ფუძემდებლებს, პიტერ და კრისტელ ჰარტკამპს მოუწია სამი სასამართლო მოსმენის გავლა, მათ შორის ევროპის სასამართლოსი ადამიანის უფლებების კუთხით, როდესაც ოფიციოზმა ინსპექტორებმა სკოლის დახურვა მოინდომეს. სასამართლომ სკოლა დახურა, მაგრამ შვიდი წლის განმავლობაში მან მაინც იმუშავა და მისი კურსდამთავრებულები წარმატებით აბარებდნენ უნივერსიტეტებში. დღეს პიტერ ჰარტკამპი ევროპის დემოკრატიული საგანმანათლებლო საზოგადოების (EUDEC) საბჭოს აქტიური მონაწილეა და ავტორი წიგნისა „თანაზიარი განათლების მიღმა“, სადაც ის თეორიულად ასაბუთებს თვითმმართველობის სიკეთეებს განათლებაში. პიტერი ამბობს: „ის, რომ ბავშვები ბუნებით არიან ზარმაცები და არ სურთ არაფრის კეთება, საერთო პრობლემაა. მას, ვისაც სკოლაში უსწავლია, ვერც კი წარმოუდგენია, რომ შეიძლება რამე სხვაგვარად იყოს. ხშირად ადამიანები არ იდენტიფიცირებენ თავიანთ საგანმანათლებლო გამოცდილებას, რადგანაც მიჩნეულნი არიან, რომ სწავლა მხოლოდ სტრესის დაძლევითაა შესაძლებელი. ის ბავშვებიც კი, რომლებმაც რამდენიმე წელი ტრადიციულ სკოლებში ისწავლეს, კითხვაზე, „რა ისწავლე დღეს“,  გიპასუხებთ – „არაფერი“, რადგან მათში უკვე ცხოვრობს სტერეოტიპი „ისწავლე – ე.ი. ვიღაცამ გასწავლა“. სინამდვილეში კი, განათლება უწყვეტი პროცესია მთელი ცხოვრების განმავლობაში“.

რატომ მუშაობს ეს მოდელი? სწავლის გასაღები შიდა მოტივაციაა. თვითმმართველი სწავლების დამამკვიდრებლები მიიჩნევენ, რომ ბავშვები ამ სამყაროში უკვე  მოტივირებული მოდიან, მათ სურთ გაზრდა და განვითარება. არავის მოსდის თავში, გაიჩინოს სიარულის ან საუბრის მოტივაცია. აქედან გამომდინარე, არ არის აუცილებელი ბავშვს ვაიძულოთ სწავლა, რათა ის დამოუკიდებელი გახდეს. საუკუნეების მანძილზე სწავლა ყოველგვარი იძულების გარეშე მეტ შედეგს იღებდა და სიტუაცია მხოლოდ საშუალო განათლების ვალდებულების გაჩენის შემდეგ, შეიცვალა და ყველა სწრაფად მიეჩვია იმას, რომ სხვა გზით სწავლა შეუძლებელია.

Hudson Valley Sudbury school-ის ფუძემდებლის თქმით, ხშირად ბავშვები სკოლაში სასჯელისა და წარუმატებლობის შიშით სწავლობენ, ხოლო სადბერიში ისინი სწავლობენ მხოლოდ საკუთარი თავისთვის. ისინი დაინტერესებულნი არიან ამით და სიამოვნებით სწავლობენ, ისინი არ აკეთებენ ამოცანებს მხოლოდ იმიტომ, რომ მათგან ამას მოელიან. სწავლა არ არის სტრესი, სწავლა სიამოვნებაა.

 

განუმეორებელი შობა

0

შობა გამორჩეული იმითაცაა, რომ ადამიანებს მთელ მსოფლიოში, სურთ ერთმანეთს დაეხმარო, სითბო გადასცენ და ყურადღება გამოიჩინონ, მნიშვნელობა არ აქვს რამხელაა მათ მიერ გაზიარებული ემოცია – დიდი თუ მცირე, აქ მთავარი სიყვარულის, გრძნობების გამოხატვაა. ხოლო ისინი, ვინც არც დროს და არც ენერგიას იშურებს სხვებისთვის, და არც ათასობით კილომეტრის გავლა ეზარება, კიდევ უფრო მნიშვნელოვან საქმეს უკეთებს ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებით სჭირდებათ ჩვენი დახმარება.

არასამთავრობო, მოხალისეუბრივ ორგანიზაციაზე უნდა გიამბოთ, რომელსაც ‘The Heart Project’ ჰქვია და რომელიც, ყოველ შობას მოგზაურობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ორგანიზაციას სპეციალური სანტა ჰყავს და ის მხოლოდ ბავშვთა კლინიკებს სტუმრობს, სადაც პატარები არც თუ ჯანმრთელად გრძნობენ თავს.

ინიციატივა მელბურნში წარმოიშვა, სადაც ბავშვთა კლინიკაში მოხალისე სანტამ პატარებთან ერთად ფოტო გადაიღო. სანტამ ძალიან მარტივად დაამუშავა ფოტო ფოტოშოფში და პატარები ჯადოსნურ სამყაროში მოაქცია. ფოტოებმა ისე აღაფრთოვანა ბავშვები, რომ სანტამ ფოტო-გადაღება განაგრძო და არა მხოლოდ მელბურნში, ის ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, კანადასა და დიდ ბრიტანეთშიც ჩავიდა.

  • იდეა 2016 წელს მე და ადამ ქიუბიტოს დაგვებადა. ადამი ორგანიზაციის დამფუძნებელია და დიდი ხანია მოხალისეობრივ საქმიანობას ეწევა. ვიცოდით, რომ ფოტოგრაფიის მეშვეობით შეგვეძლო ბავშვები სრულიად ახალ სამყაროში მოგვეხვედრებინა, რაზეც ისინი ოცნებობდნენ. ეს სიხარული მათ შობის დროს განსაკუთრებით სჭირდებოდათ. სადღესასწაულო დღეებში, როცა მშობლებს ისინი შინ ვერ მიჰყავდათ – ამბობს კარენ ესლოპი, ორგანიზაციის სანტა.

დამფუძნებლები გეგმავენ, რომ იდეას ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ ქვეყანას გააცნობენ და ბევრსაც თავად ეწვევიან.

წყარო: https://www.boredpanda.com/sick-kids-hospitals-christmas-photoshoot-heart-project-story-art/?cexp_id=14368&cexp_var=20&_f=featured&fbclid=IwAR1WuOJ7kIY4ye9q2z4OKY_e7aWaxFjwIwQnMxiZJKB3ru8HPfXdXw-EwWg&utm_source=facebook&utm_medium=social&utm_campaign=organic

 

 

 

განათლების რეფორმა საკლასო ოთახიდან იწყება.  ჩვენ სკოლას და მასწავლებელს დავეხმარებით.

0

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე ჟურნალ „მასწავლებელს“ ცენტრის შინაარსსა და სამომავლო საქმიანობაზე ესაუბრება.

 

– როდესაც ორგანიზაციაში ახალი მენეჯერი მოდის, ჩნდება ცვლილებების მოლოდინი. რატომ გადაწყვიტეთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორობა და რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ამ პოზიციაზე? რის შეცვლას და რის შენარჩუნებას გეგმავთ?

– კონკურსში მონაწილეობა გადამაწყვეტინა ჩემმავე საგანმანათლებლო ფილოსოფიამ, რომელიც ჩამომიყალიბდა უცხოეთში სწავლების, საქართველოში დისერტაციაზე მუშაობის და განათლების ეკონომიკის ძალიან მაღალი დონის ექსპერტებთან თანამშრომლობის დროს. ჩემი რწმენა ეფუძნება არაერთ კვლევას და გამოცდილებას, რომლებიც მოწმობს, რომ ქვეყნის ეკონომიკური წარმატება დიდწილად განათლების რეფორმაზეა დამოკიდებული.

მოგეხსენებათ, სამეცნიერო ლიტერატურაში განარჩევენ ორი ტიპის ქვეყნებს. ერთია ანგლოსაქსური ქვეყნები, სადაც განათლების სისტემას ჩამოყალიბება ინდუსტრიამ დაასწრო. იქ განათლებას ისეთი დიდი როლი არ ეკისრება ეკონომიკის ზრდაში, როგორიც მეორე ჯგუფის ქვეყნებში, სადაც განათლების სისტემამ დაასწრო ჩამოყალიბება ინდუსტრიას. ამის კლასიკური მაგალითია აზიის ქვეყნები.

საქართველო მიეკუთვნება მეორე კატეგორიას, სადაც ეკონომიკა დიდწილად განათლების რეფორმაზე იქნება დამოკიდებული. ვინაიდან მე და ჩემი შვილები აქ ვცხოვრობთ, გვინდა, ეს ქვეყანა ეკონომიკურად წარმატებული იყოს, რასაც ბევრი სხვა სიკეთეც მოჰყვება. ასევე მინდა, განათლების რეფორმაში მეც მივიღო მონაწილეობა, ამ შემთხვევაში – როგორც გადაწყვეტილების მიმღებმა პირმა.

მწამს, რომ ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობა განათლების რეფორმაზეა დამოკიდებული. მწამს, რომ განათლების რეფორმის წარმატება დამოკიდებულია მასწავლებელზე. რეფორმა წარუმატებელი იქნება, თუ სკოლას კარგი მასწავლებელი არ ეყოლება.

რაც შეხება ცენტრში ჩემს საქმიანობას, მინდა, ორიენტირებად დავისახოთ თანამშრომლობა, გუნდურობა, ურთიერთდახმარება. აქ მაღალი კვალიფიკაციის ადამიანები დამხვდნენ და მიმაჩნია, რომ ცენტრის პოპულარობა და პრესტიჟი უფრო მაღალი უნდა იყოს, ვიდრე ახლაა. დარწმუნებული ვარ, ამას მივაღწევთ.

– გეთანხმებით. ცენტრში მუშაობენ პროფესიონალები, რომელთა შესაძლებლობების გამოყენებით ნამდვილად შეიძლება მნიშვნელოვანი და საინტერესო საქმეების კეთება. იმავდროულად, თქვენ აქ დაგხვდათ პროგრამები, რომლებსაც ცენტრი წარმატებით ახორციელებს. გაგრძელდება თუ არა ისინი მომავალშიც? დაემატება ახალი მიმართულებები? შეიცვლის თუ არა ფორმატს? რომელიმემ ხომ არ ამოწურა თავი? დაბოლოს, როგორია თქვენი ხედვა – როგორ შეუძლია მონაწილეობა ცენტრს განათლების გავრცელებაში?

– არსებული მოცემულობა არ მაკმაყოფილებს. ის ასევე არ აკმაყოფილებს თანამედროვე განათლების სისტემის გამოწვევებს. რეფორმის გუნდის წევრებს მიაჩნიათ, რომ ცენტრს უფრო მეტის პოტენციალი აქვს, ვიდრე ამდენი წლის განმავლობაში ამდენი პროგრამის განყენებულად განხორციელებაა. მე ვარ განათლების რეფორმის ჯგუფის წევრი სამინისტროს დონეზე და პირველივე დღიდან მხარს ვუჭერ – ასეთივეა მინისტრის ხედვაც – მაქსიმალურ კოორდინაციას ცენტრებსა და სამინისტროს შორის, მით უმეტეს, მოვიდა ტოპმენეჯმენტი, რომელმაც განაცხადა, რომ რეფორმა უნდა დაიწყოს საკლასო ოთახიდან. ეს იქნება ჩვენი საქმიანობის ძირითადი საყრდენი.

სამინისტროს პოზიცია ასეთია: ჩვენ ვიწყებთ რეფორმას, მაგრამ ის არ უნდა წარმოვიდგინოთ ფინურ ან ნორვეგიულ მოდელად – ამისთვის ფინელი მასწავლებლები და ფინელი მოსწავლეები დაგვჭირდებოდა. ჩვენ გვყავს ქართველი მასწავლებლები და ქართველი მოსწავლეები, ამიტომ ჩვენი რეალობა კარგად უნდა გავიაზროთ.

ამჟამად 150-ე სკოლაში განათლების რეფორმის პილოტირება მიმდინარეობს. ამ სკოლაში ყურადღებით ვაკვირდებით, როგორია ქართველი მასწავლებელი, როგორ იყენებს სწავლების თანამედროვე მეთოდებს, როგორია საქართველოში არსებული ადამიანური და ფინანსური რესურსები, საზოგადოების განწყობა და, რაც მთავარია, როგორ ითავისებს ამ ყველაფერს ქართველი ბავშვი. ეს უნდა ავწონ-დავწონოთ.

გაზაფხულზე მსგავსი პილოტირება მთელი საქართველოს მასშტაბით 50 სკოლაში განხორციელდება, შემოდგომაზე კი მათ 100 საპილოტე სკოლაც დაემატება. ჩვენ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და სხვები, სწორედ ამ 150 სკოლას უნდა მოვერგოთ. რეფორმა ხომ სწავლა-სწავლების პროცესია. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტო იზრუნებს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე,  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა – სკოლების კომპიუტერიზაციასა და ინტერნეტით უზრუნველყოფაზე, ეროვნული სასწავლო გეგემის ჯგუფი და ჩვენ კი – სწავლა-სწავლების ხელშეწყობაზე.

ჩვენი პროგრამები განყენებულად არ უნდა არსებობდეს. საკლასო ოთახზე დაკვირვება გვაჩვენებს, რა მოთხოვნები და საჭიროებები აქვს მას. ცენტრის ყველა პროგრამა საკლასო ოთახის საჭიროებებს უნდა მოერგოს. ამ გზით უფრო უკეთესად ორგანიზდება შრომა, უფრო მიზანმიმართულად დაიხარჯება ფინანსური და ადამიანური რესურსები.

– ვამბობთ, რომ რეფორმაში შევდივართ იმ ნაწილით, რისი დაკვეთაც იქნება საკლასო ოთახიდან. ეს დაკვეთა ჩვენი ცენტრისთვის მხოლოდ მასწავლებელს შეეხება?

– ჩვენი მხარდაჭერა უნდა გასცდეს მასწავლებელს, მოიცვას დირექტორები, ქოუჩები, რომლებიც ადგილზე იქნებიან… ცენტრი განათლების რეფორმის ინსტრუმენტი უნდა იყოს.

– როგორი იქნება ბენეფიციარებთან ჩვენი თანამშრომლობის ფორმატი?

– ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვენდოთ სკოლის დირექტორს, სკოლის ადმინისტრაციას და მასწავლებლებს. ცენტრების მიერ ამ პროცესის ცენტრალიზებულად მართვა სრული აბსურდია. ამიტომ ვთავაზობთ სკოლას საშუალო რგოლის მენეჯმენტის შექმნას.

ასეთი მდგომარეობაა: გვყავს დირექტორი და მასწავლებლები. ცხადია, მხოლოდ დირექტორი მათ ვერ მართავს. აუცილებელია საშუალო რგოლი, რომელშიც შევლენ ყველა საგნობრივი ჯგუფის წარმომადგენლები, დირექტორის მოადგილეები. ერთ სკოლაში იქნება დაახლოებით 9-10 ადამიანი, რომლებიც საშუალო რგოლის მენჯმენტს შექმნიან. მათ დაევალებათ სასკოლო სასწავლო გეგმის, უსაფრთხო სასკოლო გარემოს, საგაკვეთილო პროცესის და სხვადასხვა სასკოლო აქტივობის უზრუნველყოფა.

ჩვენი პრობლემა ის არის, რომ სისტემას არ ჰყავს მხარდამჭერი ინსტიტუტები, მას ჰყავს მხოლოდ მაკონტროლებლები. საშუალო რგოლი კი იქნება ხარისხის მართვისა და დახმარების ჯგუფი. იგივე ჯგუფი შეიქმნება რესურსცენტრის დონეზე, ხოლო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დონეზე ეს იქნება 60-80-კაციანი ჯგუფი, რომელსაც დაეკისრება თანამშრომლობაზე დაფუძნებული მონიტორინგის ფუნქცია.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ამ ჯგუფების საქმიანობა ხელს შეუწყობს მასწავლებლის პროფესიული განვითარების საჭიროებათა დადგენას. მაგალითად, დაუდგენს მასწავლებელს, რომ მას სჭირდება, ვთქვათ, სწავლების მეთოდებში გადამზადება.

– მინდა, გკითხოთ ტრენინგებსა და დეცენტრალიზაციაზეც, რომლის მიმართ დიდი ინტერესია.

ჩვენ კარს ვუღებთ პროვაიდერებს, სახელმწიფო კი ძირითადად ხარისხის გარანტი უნდა იყოს. ბაზარზე შემოსულ ყველა პროვაიდერს ჩვენ დავუდგენთ კრიტერიუმებს. რაც უფრო ძლიერი იქნება კონკურენცია და რაც უფრო მეტი – ტრენინგების შემომთავაზებელი ორგანიზაცია, მით უფრო აიწევს ტრენინგების ხარისხი. თუ დარჩება საჭირო ტრენინგების აუთვისებელი ნაწილი, აი, მაშინ ჩვენ ჩავერთვებით.

– ანუ ცენტრი ადგენს კრიტერიუმებს, ამა თუ იმ ტრენინგის სტანდარტებს, გარე პროვაიდერები კი მათ უნდა მოერგონ?

– ჩვენ ვადგენთ ორ რამეს – მასწავლებლის საჭიროებას და სტანდარტს თითოეულ საჭიროებაზე.

რა ტიპისა იქნება საგანმანათლებლო რესურსები, რომლებსაც მასწავლებლებს შევთავაზებთ როგორც დამხმარე რესურსებს?

– საგანმანათლებლო რესურსებისთვის გვექნება ცალკე პროგრამა. გამოვცემთ მასწავლებლის დამხმარე ლიტერატურასაც. შვიდ ახალ წიგნზე საავტორო უფლება უკვე მოვიპოვეთ. მათ შორისაა შეფასებაც, რომელიც განათლების რეფორმის ქვაკუთხედია. იქმნება ახალი ელექტრონული ბიბლიოთეკა განათლების მიმართულებით. ჩვენ შევქმნით რესურსებს არაქართულენოვანი მასწავლებლებისთვის. ვეცდებით, რაც შეიძლება მეტი ლიტერატურა ითარგმნოს ქართულ ენაზე, რომ მასწავლებლებმა და დირექტორმა რესურსების ნაკლებობა ვერ იგრძნონ. ცენტრს ასევე აქვს თავისი ჟურნალი „მასწავლებელი“ და ელექტრონული გაზეთი „mastsavlebeli.ge“, რომლებიც გააგრძელებენ მასწავლებლებისთვის საგანმანათლებლო რესურსების შექმნას და მიწოდებას.

მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციაც ამ ცენტრის საქმიანობის ნაწილი იყო. რამე სიახლე გვექნება ამ მიმართულებით?

მასწავლებლის პროფესიის წახალისების მიზნით დავაწესებთ საგნის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს. ასევე ვგეგმავთ ცალკე ჯილდოს დაწესებას გაკვეთილის ტიპის მიხედვით – ინტეგრირებული გაკვეთილისთვის, თემატური გაკვეთილისთვის და ა.შ.

რესურსცენტრებს ვთხოვეთ, მოგვაწოდონ ინფორმაცია ღვაწლმოსილ მასწავლებლებზე. გვინდა, მასწავლებლებმა იცოდნენ, რომ ისინი პროფესიული კარიერის დასრულების შემდეგაც ემახსოვრებათ და დააფასებენ.

ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების წასახალისებლად გვინდა წამოვიწყოთ პროექტი „ჩხირკედელა“, რათა ბავშვებს და მასწავლებლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მივცეთ ახალი მეცნიერული აღმოჩენების შესაძლებლობა. ამით მეცნიერებასაც წავახალისებთ.

– ახალი ადამიანები მასწავლებლის პროფესიაში – ამ მიმართულებით რას გააკეთებს ცენტრი?

– ჩვენი ამოცანა იქნება, ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ გვყავს ძალიან კარგი მასწავლებლები და რომ სახელმწიფომ ცოტა მეტი თანხა უნდა გადაუხადოს მათ. მაგრამ ეს ყველაფერი საზოგადოებამ პოლიტიკოსებს უნდა დაუკვეთოს. ჩვენ გვჭირდება მასწავლებლები და არა ადამიანები, რომლებმაც სხვაგან დასაქმება ვერ მოახერხეს.

საუნივერსიტეტო პროგრამები მასწავლებლობის მსურველებს პროფესიაში შემოსვლას გაუადვილებს.

განათლება მთელ მსოფლიოში ძვირია. სამწუხაროდ, საბჭოთა კავშირმა მის სიიაფეს შეგვაჩვია. მასწავლებლობა მაღალანაზღაურებად პროფესიად უნდა ვაქციოთ, რაც გაზრდის მასწავლებლის სოციალურ სტატუსს.

– რეფორმის მდგრადობისთვის რა არის საჭირო?

– განათლება ხეჭეჭურს ჰგავს: დღეს რომ დარგავ, ნაყოფს თორმეტი წლის შემდეგ მოისხამს. დღეს შეიძლება ფანტასტიკური გაკვეთილი ჩავატაროთ მესამე კლასში, მეექვსეში გავზომოთ შედეგები და აღმოჩნდეს, რომ პროგრესი არ გვაქვს, მაგრამ პროგრესი აუცილებლად დაფიქსირდება მეცხრეში.

საერთაშორისო შეფასებები თუ კოგნიტიურ დონეზე აჩვენებს შედეგების ზრდას, ეს იქნება ჩვენი მდგრადობის პირობა. საზოგადოება დარწმუნდება, რომ ფული ტყუილად არ დაუხარჯავს. მშობელიც კმაყოფილი იქნება და ბავშვიც – ბედნიერი.

– რა იქნება თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი „მასწავლებლიდან“ მასწავლებლებისთვის?

– ჩვენი მომავალი დამოკიდებულია განათლებაზე, მასწავლებლსა და სწავლების ხარისხზე. მოსწავლეს სკოლაში წასვლა სიხარულს უნდა ჰგვრიდეს, აბედნიერებდეს, აღიმებდეს. ქვეყანა მხოლოდ მაშინ განვითარდება, თუ გავზრდით კრიტიკულად მოაზროვნე თაობას, რომელსაც ექნება მაღალი კოგნიტური უნარები და შეძლებს, დასაქმების მსოფლიო ბაზარზე კონკურენცია გაუწიოს ხორვატ თუ ირლანდიელ თანატოლებს. ეს მასწავლებლის ხელთაა. ჩვენ მხოლოდ დახმარება შეგვიძლია.

კონცეპტუალური ცხრილები როგორც კრიტიკული აზროვნების განვითარების საშუალება

0

ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კომპეტენციების განვითარებას. მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების კომპეტენცია.

კრიტიკული აზროვნება როგორც ინფორმაციის დახარისხების საუკეთესო საშუალება სასწავლო ამოცანების შესრულებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს. არსებობს მისი განვითარების მრავალი სტრატეგია და მიდგომა. თითოეულ მათგანს თავისი წვლილი შეაქვს მოცემული კომპეტენციის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. ერთი მათგანია კონცეპტუალური ცხრილების გამოყენების სტრატეგია. დიდი მოცულობის ინფორმაციის კრიტიკული შესწავლისთვის, დამუშავებისა და ორგანიზებისთვის მას საკმაოდ ხშირად იყენებენ.

კონცეპტუალური ცხრილები მხოლოდ ობიექტის, საგნის არსებითი, დამახასიათებელი ნიშან-თვისებების აღმოჩენასა და გაანალიზებაში, თემის სხვადასხვა კუთხით განხილვასა და განზოგადებაში კი არ ეხმარება მოსწავლეს, არამედ განვლილი მასალის განმტკიცებისა და ცოდნის სტრუქტურირების ეფექტური საშუალებაცაა.

კონცეპტუალურ ცხრილებს როგორც სტრატეგიას უმთავრესად იყენებენ გაკვეთილის საწყის ეტაპზე ან რეფლექსიის დროს, ისიც მაშინ, როდესაც თემა აქტუალურია და მასალის კრიტიკული გააზრებისთვის საჭიროა რამდენიმე ობიექტის შედარება. ასეთ ცხრილებზე სამუშაოდ მასწავლებელი წინასწარ არჩევს თემას, თუმცა მოსწავლეებს თავადაც შეუძლიათ შეარჩიონ შესადარებელი ობიექტები, გამოთქვან მოსაზრებები, შეავსონ და ჩაასწორონ ცხრილები და ამ მიზნით ვიზუალური მასალაც კი გამოიყენონ.

კონცეპტუალური ცხრილის გამოყენებისას ვითარდება ისეთი უნარები, როგორიცაა:

  • სისტემატიზაცია;
  • შედარება და ანალიზი;
  • ძირითადი, განმსაზღვრელი ნიშნების გამოყოფა;
  • ანალოგიის გამოყენება;
  • შესწავლილი ობიექტების შესახებ მთლიანი წარმოდგენის ფორმირება;
  • ურთიერთდაკავშირება და შეპირისპირება და სხვ.

 

კონცეპტუალური ცხრილის შაბლონი: ჰორიზონტალურად თითოეული სვეტის სათავეში იწერება ის, რაც ექვემდებარება შედარებას, რაც უნდა შედარდეს (მოვლენები, ობიექტები/საგნები), ვერტიკალურად კი ჩამოიწერება ნიშან-თვისებები, რომლებიც აუცილებელია შედარებისთვის.

განვიხილოთ კონცეპტუალური ცხრილის მაგალითი საზოგადოებრივ მეცნიერებათა სწავლების ბლოკიდან – საქართველო გვიან შუა საუკუნეებში“:

 

შედარების ხაზი ქართლი კახეთი იმერეთი სამცხე
პოლიტიკური ვითარება        
სტრატეგიული მდებარეობა        
მმართველობის ფორმა        
სამეურნეო-ეკონომიკური მდგომარეობა        

 

მასწავლებელს შეუძლია, გაკვეთილზევე შესთავაზოს მოსწავლეებს მოცემული ცხრილის შევსება და ამუშაოს ისინი წყვილებად ან ჯგუფებად. თუ მოცემულ საგაკვეთილო დროში მათ ვერ მოასწრეს მუშაობის დასრულება, შეუძლიათ, შინ დაასრულონ.

საზოგადოებრივ მეცნიერებათა სწავლების ბლოკიდან განვიხილოთ კონცეპტუალური ცხრილის გამოყენების ორი პრაქტიკული მაგალითი:

 

ა) კონცეპტუალური ცხრილი როგორც რეფლექსიის საშუალება

გაკვეთილის თემა: „კოლუმბამდელი ამერიკა“

გაკვეთილის მიზანი: კოლუმბამდელი ამერიკის კულტურის შესწავლა; ამ კულტურისთვის დამახასიათებელი უნიკალური თვისებების გამოყოფა; მასალის სისტემატიზაცია და ანალიზი შედარების ხაზის გამოყენების გზით.

გაკვეთილის მიმდინარეობა:

I აქტივობა – საწყის ეტაპზე, გონებრივი იერიშის დროს, მოსწავლეებს სთავაზობენ, შეისწავლონ და განიხილონ გაკვეთილის თანმხლები ვიზუალური მასალა (კოლუმბამდელი ამერიკის კულტურის ძეგლები) და უპასუხონ კითხვას: „რომელი ხალხის კუთვნილებაა ეს ძეგლები?“

პასუხის მისაღებად მასწავლებელს შეუძლია დასვას შემდეგი ტიპის კითხვები: „სად ცხოვრობდა ეს ხალხი?“; „რა ძირითად საქმიანობას ეწეოდნენ?“; „რომელ ღმერთებს სცემდნენ თაყვანს?“; „რა არის გასაოცარი მათ კულტურაში?“ – და ა.შ.

 

II აქტივობა – მასალის გააზრების ეტაპზე მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს თემის სათაურს: „კოლუმბამდელი ამერიკა“. თემის გააზრებისთვის მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს რუკას, რომელზეც გამოკვეთილია მაიას, აცტეკებისა და ინკების სახელმწიფოთა ტერიტორიები. მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი სახელმძღვანელოს ილუსტრაციებს და გაეცნონ გაკვეთილის ძირითად ტექსტს („ისტორია“, XI კლასი, &58, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“).

ტექსტი პირობითად დაყოფილია სამ ძირითად ნაწილად. მოსწავლეებს მიეცემათ ალგორითმი ტექსტზე სამუშაოდ: ტექსტის წაკითხვა; ტექსტიდან ძირითადის, მთავარის გამოყოფა და რეზიუმირება; ინფორმაციის განხილვა ჯგუფში; შედარების ხაზის შედგენა – შესადარებელი ობიექტების/საგნების/ მოვლენების გამოყოფა, ანუ კატეგორებად დაყოფა (ამისთვის შეიძლება გამოიყენონ გონებრივი იერიშის ეტაპზე დასმული კითხვები და მიღებული პასუხები).

III აქტივობაანალიზის ეტაპზე ჯგუფები წარმოადგენენ საკუთარ „შედარების ხაზს“, რომლის საფუძველზე დასრულდება კონცეპტუალური ცხრილის შევსება. აქტივობის ბოლოს კი მოხდება მიღებული ცხრილის პრეზენტაცია:

შედარების ხაზი აცტეკები ინკები მაია
       
       

პრეზენტაციის დროს შეიძლება ყურადღება მიექცეს ასეთი საკითხის განხილვასაც: „რომელი საჭირო ინფორმაცია ვერ მოხვდა ცხრილში?“

IV აქტივობა – საშინაო დავალება: მოსწავლემ უნდა გამოიყენოს მისთვის ცნობილი მასალის გრაფიკული მაორგანიზებელი (ცხრილი, გრაფიკი…) ან მოიგონოს საკუთარი სქემა, რომლის შევსებაც თავად მოუნდება, გამოყოს ტექსტიდან ის შესადარებელი მასალა, რომელსაც გაკვეთილზე ვერ დაეთმო სათანადო ყურადღება ან ყურადღების მიღმა დარჩა და შეავსოს მიღებული კონცეპტუალური ცხრილი.

 

ბ) კონცეპტუალური ცხრილი როგორც გაკვეთილის ძირითადი სტრატეგია

შესასწავლი თემა: „სამხრეთი პოლუსი“ (კონტინენტების გეოგრაფიიდან)

გონებრივი იერიშის ეტაპზე მასწავლებელი დაფაზე ხაზავს ცნება „სამხრეთი პოლუსის“ ასოციაციურ სქემას. მოსწავლეები პასუხობენ: „თოვლი“, „სიცივე“, „საფრთხე“ და ა.შ.

შემდეგ, კონცეპტუალური ცხრილის შესადგენად და შესავსებად, მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებად და ხაზავენ შედარების ხაზს.

ამისთვის მასწავლებელი სვამს რამდენიმე კითხვას: „წარმოიდგინეთ, რომ სახიფათო მოგზაურობისთვის ემზადებით, მაგალითად, პოლუსზე მიემგზავრებით. რა დაგჭირდებათ სამოგზაუროდ?“

მოსწავლეთა პასუხები ფიქსირდება „შედარების ხაზში“. მაგალითად, „რუკები“, „სათანადო აღჭურვილობა“, „გამოცდილება“, „ჯგუფის ორგანიზება“, „კარგი ამინდი“ და ა.შ.

გააზრების ეტაპზე მოსწავლეებს სთავაზობენ ნაწყვეტებს რობერტ სკოტის და რუალ ამუნდსენის მოგზაურობის შესახებ. მოცემული ტექსტების მიხედვით მათ უნდა შეადარონ ამ მოგზაურობათა პარამეტრები, გამოიყენონ უკვე მიღებული პასუხები და შეავსონ/ან დაამატონ „შედარების ხაზი“.

ანალიზის ეტაპზე მოსწავლეები წარმოადგენენ საკუთარ ცხრილს:

შედარების ხაზი რობერტ სკოტი რუალ ამუნდსენი
ჯგუფი    
აღჭურვილობა    
გამოცდილება    
ამინდი    
————-    

საშინაო დავალება: მოსწავლეებს შეუძლიათ შეასრულონ შემოქმედებითი ხასიათის დავალება: „ჩანაწერები მოგზაურთა დღიურიდან“.

 

ამგვარი მუშაობით და კონცეპტუალური ცხრილების შევსებით მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ინფორმაციასთან სწორი კომუნიკაციის უნარი; შეძლებენ ცოდნის დამოუკიდებლად კონსტრუირებას და კრიტიკული აზროვნების განვითარებას. ეს კი, საბოლოო ჯამში, პასუხობს თანამედროვე საგანმანათლებლო მიზნებს და ხელს უწყობს კომპეტენტური, ინტელექტუალური პიროვნების ფორმირებას. ამიტომ კონცეპტუალური ცხრილები აქტიურად შეგვიძლია გამოვიყენოთ საგაკვეთილო პროცესში ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესასრულებლად.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...