პარასკევი, აგვისტო 29, 2025
29 აგვისტო, პარასკევი, 2025

სკოლის შერჩევის სირთულეები

0

შემოდგომაზე ჩემი შვილი სკოლაში მიდის. როცა მასწავლებლებისთვის განკუთვნილი რესურსებისთვის დავიწყე წერა, რამდენიმე თვის მყავდა და ვფიქრობდი, რომ ჯერ შორს იყო მისი სკოლაში წასვლის დრო.

დრო, როგორც ხდება ხოლმე, მალე გავიდა, მაგრამ სირთულეები, რომლებიც მაშინ ჰქონდა ქართულ განათლების სისტემას, არსად წასულა. მეტიც – ეს პრობლემები ჩვენი დროის სკოლაშიც იყო და შესაძლოა, ჩემზე დიდებსაც ჰქონდეთ მოსწავლეობის დროინდელი ტრავმული გამოცდილება.

ყოველთვის, როცა რამეს ვწერ განათლებაზე, სკოლაზე, მასწავლებლებზე, ბავშვების აღზრდაზე, მრავალფეროვან გარემოზე, პატარების საჭიროებებზე, მშობლების პასუხისმგებლობაზე, იმედი მაქვს, ვინმე დაფიქრდება იმაზე, როგორ ვუშველოთ ამა თუ იმ პრობლემას, როგორ დავიწყოთ მცირედით და ხელშესახებ ცვლილებებამდე მივიდეთ. იქნებ ყველამ ერთად უფრო მეტი ვიფიქროთ იმაზე, როგორ ვზრდით ბავშვებს აქ, ამ ქვეყანაში, და არა მხოლოდ ვიფიქროთ, რაღაცების შეცვლაც ვცადოთ? მეტი მოვთხოვოთ საკუთარ თავსაც და სხვებსაც, ვილაპარაკოთ მათ მაგივრად, ვისაც ჯერ არ შეუძლია საკუთარი ინტერესების დაცვა, ვინც ჩვენი მომავალია, საუკეთესოს იმსახურებს, მაგრამ ხშირად კონსტიტუციური უფლებების რეალიზების საშუალებაც კი წართმეული აქვს?

 

ბავშვები, რომლებიც ჩვენ გარშემო იზრდებიან, ხშირად ცხოვრობენ სიღარიბეში ან უკიდურეს სიღარიბეში, განიცდიან ძალადობას შინ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, არაპროდუქტიულად ატარებენ დროს მშობლებთან, მწირია მათთვის შექმნილი სასწავლო რესურსები და არამეგობრულია გარემო, რომელშიც ცხოვრება უწევთ. და როგორც არ უნდა მოინდომო, საუკეთესო მისცე შვილს, რეალობას ვერ გაექცევი. მოცემულობას ვერ შეცვლი. ეს მოცემულობა კი მკაცრად გსვამს არასასურველ ჩარჩოებში.

 

იმისთვის, რომ არ გეგონოთ, თითქოს რამე განსაკუთრებულს ვითხოვდე, ჩამოვწერ, როგორი უნდა იყოს, ჩემი თვალთახედვით,  სკოლა, რომელსაც შეიძლება მშვიდად ანდო შვილი:

* სკოლაში უნდა იყოს უსაფრთხო გარემო, რაც გულისხმობს როგორც მოწესრიგებულ ინფრასტუქტურას, ასევე ძალადობისგან თავისუფალ სივრცეს.

* სკოლა ყოველგვარი შესაძლებლობის, ინტერესებისა და უნარების მქონე ბავშვებისთვის ერთნაირად მოხერხებული და მისაღები უნდა იყოს.

* სკოლა ღია უნდა იყოს შენიშვნების, დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, მეორე მხრივ კი ჰქონდეს მკაცრი სამოქმედო პრინციპები ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით და ცდილობდეს ამ პრინციპების დაცვას.

* სკოლა არ არის მხოლოდ “სასწავლო” დაწესებულება; აქ ბავშვებს უნდა შეეძლოთ თამაში და გართობაც, სოციალური უნარების განვითარებაც, საკუთარი ინტერესების დაცვის სწავლაც, აზრის ხმამაღლა გამოთქმაც და ერთმანეთის მოსმენაც, დისკუსიისა და მსჯელობის ხელოვნების ათვისებაც, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების, თანაგრძნობისა და გუნდური მუშაობის უნარების გამოიმუშავებაც, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებაც, მიღწეულით ტკბობაც და შეცდომების აღიარებაც.

* სკოლამ არა მხოლოდ გამოცდების ჩასაბარებლად, არამედ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის უნდა მოამზადოს მოზარდი, დღევანდელი სკოლა კი ხშირად მინიმალურ კომპეტენციასაც ვერ აძლევს ბავშვებს სასკოლო საგნებში.

* სკოლის მიზანი არა მხოლოდ კარგი მოსწავლეების, არამედ კარგი მოქალაქეების გაზრდა უნდა იყოს.

* სკოლა არ უნდა შემოიფარგლებოდეს კონკრეტული საგნების სწავლებით – ის უნდა ცდილობდეს ბავშვების ინტერესის გაღვიძებას, ძლიერი უნარების სტიმულირებას, თავდაჯერების განმტკიცებას, თუნდაც პატარა, მაგრამ თავგადასავლების მოწყობას.

 

ბევრი ვეძებე, ბევრი ვიკითხე, ბევრგან ვიყავი, მაგრამ ვერაფრით დავრწმუნდი, რომ ასეთი სკოლები არსებობს, ან, თუ არსებობს, ხელმისაწვდომია საშუალოსტატისტიკური ოჯახებისთვის.

ყოველწლიურად ათასობით მშობელი გადის ამ გზას, სვამს ამ კითხვებს, ადგენს ამ კრიტერიუმებს და ბოლოს არჩევა ცუდსა და უარესს შორის უწევს.

ძალიან მტკივნეულია, რომ ჩვენს სკოლებს მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილებაც კი უჭირთ და ისიც, რომ ჩვენ, საზოგადოება და მშობლები, რომლებსაც პასუხისმგებლობა გვაკისრია ბავშვების მომავალზე, ამის საშუალებას ვაძლევთ განათლების სისტემას, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და საკუთარ თავზე ვიღებთ მთელ იმ სიმძიმეს, რაც ცუდსა და უარესს შორის არჩევანის გაკეთებას ახლავს თან.

კლასის დამრიგებლის  ფიქრები

0

ბოლო დროს საჯარო სკოლის მოსწავლეების  გახმაურებულმა ამბებმა თითქმის ყველა დაგვაფიქრა და მოგვცა  საფუძველი  ვიმსჯელოთ – სკოლებში  ნაკლები ყურადღება ხომ არ ექცევა მოზარდების პიროვნულ-ეთიკურ-ზნეობრივ აღზრდას და სკოლა ძირითადად აკადემიური ცოდნის მიწოდებით ხომ არ შემოიფარგლება?

მოზარდი თაობის აღზრდა ძირითადად სამ რგოლს ევალება: სკოლა, ოჯახი, საზოგადოება. ყველაზე კომპეტენტური სკოლაა, რადგან აქ მოზარდები პროფესიული ნიშნით შერჩეულ აღმზრდელებთან ურთიერთობენ და რადგანაც სკოლის მთავარი მიზანი პიროვნების აღზრდაა, ამიტო სკოლამ უნდა იზრუნოს მოზარდის პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებაზე.

კლასის დამრიგებლის 11-პუნქტიანი მოვალეობები ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა, საგნის მასწავლებლები საგანს ასწავლიან! ბუნდოვანია, ვინ ზრუნავს მოზარდების ფსიქოლოგიურ სახეზე.

კლასის  დამრიგებელს, რომელიც საგანს ასწავლის და დღეში 2-3-4 კლასთან უხდება ურთიერთობა, დამრიგებლის მოვალეობის სრულფასოვნად შესრულება უჭირს.  დამრიგებელი დიდ როლს თამაშობს მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესის აღზრდაში, პროფესიულ ორიენტაციაში. დამრიგებელი უნდა ზრუნავდეს მოსწავლეთა ასაკობრივ განვითარებაზე. რჩევებით, ოჯახთან თანამშრომლობით, მოსწავლესთან სწორი კომუნიკაციით  უნდა  ცდილობდეს, აღსაზრდელებს თავიდან ააცილოს ნაადრევი ქორწინება და მასთან დაკავშირებული პრობლემები. აღსაზრდელთა ხასიათისა და თვისებების ცოდნა დაეხმარება მას მოზარდთა შორის ძალადობის, ბულინგის შემთხვევების თავიდან აცილებაში.

ვფიქრობ, დამრიგებელს უნდა ჰქონდეს მცირე საათები, უნდა იყოს პროფესიული უნარებით შეიარაღებული და ჰქონდეს ღირსეული ანაზღაურება. ასევე კარგი იქნება,  არსებობდეს სახელმძღვანელო „სასკოლო-საოჯახო ეთიკა და ფსიქოლოგია“, რომლითაც იხელმძღვანელებს დამრიგებელი და რომელშიც თავმოყრილი და გაშუქებული იქნება ყველა ის პრობლემა, რომლებიც მოზარდების აღზრდას შეეხება და დამრიგებელს დაეხმარება, მისცეს მიზარდს სწორი რჩევები, რათა გახდეს წარმატებული და მოახერხოს ნიჭისა და უნარების რეალიზება.

ზოგიერთ რეგიონში  აქტუალური პრობლემაა ნაადრევი ქორწინება და მისი შედეგები (განქორწინებათა რიცხვმა საქართველოში კატასტროფულ ნიშნულს მიაღწია! 2017 წლისთვის   9080  წყვილი განქორწინდა). მოზარდებს არავინ ესაუბრება ცხოვრებაზე, ქორწინებაზე, პასუხისმგებლობაზე, რომ დაქორწინება თამაში არ არის, არამედ უდიდესი პასუხისმგებლობაა. მოზარდმა უნდა იცოდეს არამარტო თავისი უფლებები, არამედ მოვალეობებიც.

მოზარდების მორალურ-ეთიკურ აღზრდაზე ხშირად მსჯელობენ საზოგადოების სხვადასხვა წრეებში (სამწუხაროდ, არავინ არაფერს ეკითხება პედაგოგებს). აღიარებენ, რომ სკოლას უშველის მანდატური, ვიდეოთვალი, დეტექტორი, პოლიციის ხშირი სტუმრობა სკოლაში, სასულიერო პირთა მოღვაწეობა…

ვფიქრობ, ვერცერთი მათგანი ვერ მოხსნის სკოლის პრობლემებს. ისინი ვერ აღზრდიან და ურთიერთობის დალაგებაში ვერ დაეხმარებიან მოზარდებს. ვერც მანდატური და ვერც მთელი ბატალიონი სამართალდამცველებისა ამას ვერ შეძლებს, რადგან შიშით შექმნილი წესრიგი სადღაც სხვაგან იჩენს თავს, გარდა სკოლისა. ნუთუ ასეთი „წესრიგით“აღზრდილი საზოგადოება გვინდა?

სკოლის პრობლემა პირდაპირ გადაჯაჭვულია საზოგადოებისა და ოჯახის პრობლემებთან, განსაკუთრებით ნაადრევ ქორწინებასა და მის შედეგებთან, რაც ამ სფეროში ნაკლები ინფორმირებულობის ბრალია, სკოლის მიზანი მარტო აკადემიური ცოდნის მიწოდება არ არის, სკოლამ მოზარდი მომავალი ცხოვრებისთვისაც უნდა მოამზადოს.

      მინდა ჩემი გამოცდილებიდან რამდენიმე ეპიზოდი გაგიზიაროთ:

მე-7 კლასელი ნ.გ. კარგი მოსწავლეა, ძალიან ვუყვარვარ, მეც მომწონს მისი ცოცხალი, ბავშვური, ხალასი ხასიათი. იგი ხშირად ცდილობს ფიზიკურად ახლოს იყოს ჩემთან, ხელს ჩამომდებს მოკრძალებულად, ლამის თვალებში ჩამიძვრეს. მის თვალებში ხშირად ვხედავ სევდას. თურმე მშობელები გაშორებული არიან! დედა საზღვარგარეთ მუშაობს, დები პერიოდულად ბებიასთან არიან. როცა ბებიის ოჯახიდან ბრუნდება, ძალიან გაღიზიანებულია, დათრგუნილია, ყურადღებით არ არის, ხშირად ეჩრება სხვის საქმეში და უხეშობს. ამას ვგრძნობ და ხშირად ხელის ხელზე მოკიდებით ვაგრძნობინებ, რომ მიყვარს და თანავუგრძნობ. სამწუხაროდ, კლასში ასეთი 5 მოსწავლეა. ერთხელ გაკვეთილზე ს.ც-მ წესრიგი დაარღვია და მკაცრად მივუთითე. ნ.გ-მ იფეთქა: „რას ერჩით ყველა მასწავლებელი მაგას? იგი ყველაზე კარგი ბიჭია  მთელ სკოლაში!“. გავოცდი, ნ.გ-სგან ასეთ რეაქციას არ მოველოდი, დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მივედი იმ დასკვნამდე, რომ ეს იყო ს.ც-სადმი სოლიდარობა! (მისი მშობლებიც გაცილებული არიან). ასეთი ბავშვების გულს ვერაფრით მოიგებ. მათი ისტერიული, უხეში ქცევები ქვეცნობიერი პროცესებია და არ ვიცით სად და როდის იჩენს თავს. მოზარდი ზოგჯერ უკიდურესობამდე მიდის და ყოველ ღონეს ხმარობს თავისი ამბიციურობის დასაკმაყოფილებლად ან პირიქით დეპრესიული და უიმედო ხდება.

მოცემულმა ინციდენტმა დამაფიქრა. ამიტომ ჩემ გარშემო მცირე კვლევა ჩავატარე და სამწუხაროდ, ძალიან ცუდი სურათი მივიღე. ინტერნეტში მოძიებული ციფრებიც ხომ კატასტროფულია ქვეყნისთვის: 2000 წელს 1000 ოჯახი დაინგრა, 2001წელს – 1987, 2002 – 1836, 2003 – 1825, 2004 – 1793, 2005 – 1928, 2006  – 2060, 2007 – 2325, 2008 – 3189, 2009 – 4030, 2010 – 4726, 2011 – 5850, 2012 – 7136, 2013 – 8089, 2014 – 9019.

სწორედ ნაადრევი ქორწინების, ბულინგისა თუ სხვა პრობლემების გადასაჭრელად სკოლებში დამრიგებლის როლი უნდა გაიზარდოს და ამის პარალელურად უნდა დაიშვას საგანი -“სასკოლო-საოჯახო ეთიკა და ფსიქოლოგია“, რომელშიც განხილული იქნება მნიშვნელოვანი  საკითხები ნაადრევ ქორწინებაზე. მოზარდის აღზრდაზე ოჯახში, ქცევის წესებზე და სამართლებრივ ნორმებზე. სახელმძღვანელო გამდიდრებული უნდა იყოს   ცხოვრებისეული მაგალითებით. ყოველ თემას უნდა ახლდეს თავისი აქტივობები: ანკეტირება, დისკუსია, ინტერვიუ, რეფერატი, სიტუაციური ამოცანები განსახილველი ფილმების ნუსხა და ა.შ.

“სასკოლო-საოჯახო ეთიკისა და ფსიქოლოგიის“ სკოლაში დაშვება და სწავლება თავიდან ააცილებს მოზარდს ნაადრევ ქორწინებას; დაეხმარება საკუთარი პიროვნების შეცნობაში, თვითაღზრდასა და ჩამოყალიბებაში; საოჯახო ცხოვრებისთვის მომზადებაში; ეთიკურ-ესთეტიკური საკითხების სწორად გააზრებაში; ოჯახური ურთიერთობის სწორად წარმართვაში; თავიანთი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში; წიგნიერების დონის, ინტელექტის ამაღლებაში; აგრეთვე, დაეხმარება მშობელს შვილის აღზრდაში; საზოგადოებაში მისი ადგილის დამკვიდრებაში.

ახალბედა მასწავლებლის კრიალოსანი         

0

დიდი დასვენებაა, საკლასო ოთახში ვარ და სანამ ბავშვები გარეთ არიან, რაღაცას ვწერ დაფაზე საკლასო სამუშაოსთვის. უცნობი ქალი შემოვიდა, აშკარად მშობელია და ვიღაცას ეძებს.

  • ხომ არ იცი, აჩიკო სად არის?
  • დერეფანში ან ეზოშია, დასვენებაა. თქვენ აჩიკოს დედა ბრძანდებით?
  • დიახ.
  • მე მისი ქართულის მასწავლებელი ვარ ( უხერხული ღიმილით – თავის წარდგენა რომ მიხდება)
  • უი, მე კლასელი მეგონეთ! ( გულწრფელი გაოცება და ღიმილი ერთად)

აჩიკო მაშინ მე-9 კლასში იყო და მე 24 წლის ვიყავი და მოცუცქნული არასოდეს ვყოფილვარ! აჩიკოს ძალიან უყვარხართო, კი დააყოლა გაოცებიდან გამოსულმა.

ამ შემთხვევამ ვერ მასწავლა, რომ ცოტა მკაცრად და აკადემიურად ჩამეცვა ხოლმე.

***

დირექტორმა გვთხოვა, თუ რომელიმე მოსწავლე ხელს ძალიან შეგიშლით გაკვეთილზე, ჩემთან გამოუშვით კაბინეტში და მე დაველაპარაკებიო.

სოსო მე-6 კლასში სწავლობდა, ძალიან ნიჭიერი, გონებაგახსნილი, მაგრამ საოცრად ცელქი და მოუსვენარი ბიჭი იყო. რამდენჯერმე ძალიან შემაწუხა და დავემუქრე: სოსო, იცოდე, გაგიყვან დირექტორთან! თუმცა ერთხელაც არ გამიყვანია. ერთ დღესაც რაღაცაზე გავუბრაზდი კლასს და დანამუსება გადავწყვიტე: როგორ არ გრცხვენიათ, ასე უნდა გაითვალისწინოთ ჩემი თხოვნა-მეთქი?! ცოტა დაირცხვინეს და უხერხულობა იგრძნეს, მაგრამ რამდენიმე წამში სოსომ წაიბუტბუტა: აბა, თქვენ რომ სულ დირექტორთან დაგყავართო?!

გაკვეთილი: არასოდეს არ უთხრა ბავშვს ის, რისი გამკეთებელიც არ ხარ და თუ ეტყვი, უნდა შეუსრულო კიდეც.

***

ახალ გარემოსთან ადაპტაცია ყოველთვის მიჭირს. ჩავატარებდი ჩემს გაკვეთილებს და წამოვიდოდი სასწრაფოდ სახლში. არავის ვეკონტაქტებოდი ზედმეტად, უბრალოდ, გამარჯობა- გაგიმარჯოს და ეგ იყო. ერთი ახალგაზრდა კაცი იყო, შავგრემანი, შავი, ოდნავ ჭაღარაშერეული წვერითა და მკაცრი შეხედულებით. მუდამ სწრაფი და მტკიცე ნაბიჯებით დადიოდა, სულ სადღაც მიიჩქაროდა, რაღაც პატარ-პატარა ტვირთები მიჰქონდ-მოჰქონდა ხოლმე. მაღალი არა, მაგრამ ჩასკვნილი კი იყო და ძლიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. აშკარად ეხმარებოდა დირექტორს სკოლის სამნეო საქმეებში. ჩავთვალე, რომ  სკოლის მნე იყო. სიარულისას სულ ქვემოთ იყურებოდა ხოლმე და ვერ  მამჩნევდა, როცა დერეფანში გვერდს ჩავუვლიდით ერთმანეთს და ვესალმებოდი. რამდენიმე უპასუხო სალმის მერე, გაბრაზებულმა მისალმება შევწყვიტე. თუმცა მუდამ საქმიანსა და ქვემოთმაყურებელს არც ეს შეუმჩნევია. ზოგადად, ყოველთვის მაფრთხობდნენ და დღესაც მაფრთხობენ ზედმეტად მკაცრი ადამიანები. ჰოდა, ასე დამფრთხალ- გაბრაზებული ავუვლიდი ხოლმე გვერდს, როცა დერეფანში კვლავ გადამეყრებოდა.

ერთ დღესაც ,,ფანჯარა“ მაქვს, ვზივარ სამასწავლებლოში ეკლებზე, ერთი სული მაქვს, ზარი დაირეკოს, გაკვეთილზე გავვარდე, რომ ამ უცხო ადამიანებს არ ვუყურო. შემოვიდა ეს მკაცრი, სალამმეძვირე კაცი და დადგა თავისთვის. ძალიან ჩვეულებრივად, ადამიანურად გამოელაპარაკა ვიღაცებს ისევ სკოლის საქმეებზე. მე ვზივარ შინაგანად მაქსიმალურად შეკუმშული და „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთ გამოცემას  მექანიკურად ვფურცლავ. სამასწავლებლო პატარაა, ახლოს დგას ჩემთან, ფაქტობრივად, თავზე მადგას. უცებ: ეს მინიატურები ძალიან მომწონს, მაგრამ სპარსული გავლენა იგრძნობაო. გაოცებულმა პირდაპირ შუბლიდან ავხედე! რამდენიმე წამის მერე: მე-17 საუკუნეა და რა გასაკვირია-მეთქი. – აი, ფონს დააკვირდი, წერტილები რომა აქვს,  ეგ დეტალი ქართულისთვისაც დამახასიათებელია და სპარსულისთვისაცო…და დავიწყეთ მამუკა თავაქალაშვილის მინიატურებზე საუბარი. გულდასმით ლაპარაკობდა ყველა დეტალზე.მე ახლა შუბლიდან არა მხოლოდ ვუყურებდი, ვუსმენდი კიდეც.

მეორე შემთხვევა სასადილოში: ვსხედვართ მე ( უკვე ცოტა მოშინაურებული) და ჩემი ტოლი კოლეგა და ვსაუბრობთ. შემოვიდა, დაჯდა, შემოგვხედა.თქვენ რამდენი წლისები ხართო,ვუთხარით. დასაქორწინებლებიო? დიახო- გაგვეღიმა. ცოტა ხანს ფიქრობდა. წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა ურჩიო დასაქორწინებელ ადამიანსო.აი, მეო, უბრალოდ, გამიმართლა, ქეთი რომ შემხვდაო.

გოჩა მხატვარი და 5 შვილის მამა აღმოჩნდა და ხატვას ასწავლიდა პატარებს სკოლაში.

გაკვეთილი: მკაცრსახიან და საქმიანგამოხედვიან ადამიანებსაც შეუძლიათ სათუთი რამეების სწავლება ბავშვებისთვის.

***

დილით მივდივარ სკოლაში და დამხვდა ორი ცალი აწრიალებული წერტილი მეხუთეკლასელი, ეტყობოდათ, დიდი ხანია მელოდებოდნენ. მასწავლებელო, ბოდიშს გიხდით, გუშინ რომ გაგაბრაზეთო. ვუყურებ გაოგნებით გაორებული: ერთი იმიტომ, რომ ოდნავადაც არ მახსოვს, რაზე გავბრაზდი გუშინ და მეორეც იმიტომ, რომ ეს ბოდიშები როგორ მოიფიქრეს!  ასე გაორებულმა დავამშვიდე წერტილები, კარგი, აღარ გიბრაზდებით- მეთქი.  სამასწავლებლოში შევედი. დამხვდა მათი დამრიგებელი,რა ქნეს, გიპოვეს, ძალიან წუხდნენო? სულ არ მახსოვს, რატომ გამაბრაზეს- მეთქი. არაო, ეგ არ შეიძლებაო, თუ გაუბრაზდები, აუცილებლად უნდა იცოდე, რატომ გაბრაზდი და არ უნდა დაგავიწყდესო. ეს მორიგი გაკვეთილი იყო.

***

ერთმა უფროსკლასელმა გამატანა თავისი რვეული,მას, რაღაც დავწერე და წაიკითხეთო. მეორე დღეს სამასწავლებლოში ვზივარ და კართან მოვიდა მორიდებით. დამარტყა თავში, რომ სახლში არ გამხსენია მისი რვეული. რა ვქნა ახლა, ბავშვი როგორ ელოდებოდა და მე დამავიწყდა! მომწყდა წელი, სანამ ავდგებოდი და კართან მივიდოდი. საშინლად ვიგრძენი თავი, როგორ დამავიწყდა!!! რა იცის ამ ბავშვმა, რომ დაბადებიდან გულმავიწყი ვარ… წამის მეასედში გამიელვა, ხომ არ ვუთხრა, რომ წავიკითხე და მომეწონა- მეთქი. არ მიქნა გულმა: თეო, ვერ წავიკითხე შენი ნაწერი, გადამავიწყდა- მეთქი. არა უშავს, მას, მაინც შეცდომით სხვა რვეული გამიტანებიაო…

გაკვეთილი: ყოველთვის, ყოველ მიზეზ – და შედეგ გარეშე, ბავშვებთან უნდა იყო, აუცილებლად უნდა იყო გულწრფელი!

***

დილით სკოლაში მისულს ისედაც ასაკის ახირებებს აყოლილი და აჟიტირებული მეცხრეკლასელები მთლად გადარეულები დამხვდნენ: ზოგი საფრანგეთის დროშის ფერებში იყო გამოწყობილი, ზოგი იტალიის. სასტვენებიც წამოეღოთ, უცნაური ქუდებიც…ცოტა ხანში დავადგინე, რომ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ქომაგები იყვნენ და იმ დღეს საფრანგეთი და იტალია ხვდებოდა ერთმანეთს ფინალში. ისედაც სწავლაზე არ იკლავდნენ თავს და ახლა ხომ წარმოუდგენელი იყო ამათი გრამატიკის გაკვეთილზე გაჩერება! მასწავლებლისთვის არჩევანი არ ან იშვიათდ არსებობს, შესვლის ზარიც დაირეკა და გარდაუვალობის კანონმა მიკარნახა, რამე უნდა მომეფიქრებინა: სასწრაფოდ დავყავი კლასი საფრანგეთისა და იტალიის გულშემატკივრებად და დაფა – ორ ნაწილად: ერთ მხარეს საფრანგეთის დახატული დროშა გააკრეს, მეორე მხარეს – იტალიისა. შევთავაზე, რომ ერთგვარი თამაში – ბედისწერა გვეთამაშა, ერთმანეთს უნდა გაჯიბრებოდნენ წინადადებების გარჩევაში, რომელი ქვეყნის გულშემატკივართა გუნდიც მოიგებდა, საღამოს ის გაიმარჯვებდა ფინალში. ასე ჩართული და მობილიზებული ეს კლასი არასოდეს ყოფილა. არც ის მახსოვს, რომელმა გუნდმა მოიგო, არც ის, ჩემპიონატის ფინალი რა ანგარიშით დასრულდა, ჩემთვის მთავარი პროცესი იყო.

გაკვეთილი: სწავლებისას კარგი და აუცილებელია ექსპრომტები და ექსპერიმენტები.

***

ერთი ბიჭი იყო. მე რომ მასწავლებლად შევედი მეთერთმეტე კლასში, უკვე თავისი ამპლუა მორგებულ- გააზრებული ჰქონდა: არავინ სთხოვდა დავალებას, მთავარი იყო გაკვეთილზე მეტისმეტად შემაწუხებელი არ ყოფილიყო. თავიდან ფერებით და „შენ ხომ კარგი ბიჭი ხარ“-ით დავიწყე. წამომყვა 2-3 გაკვეთილი. მინიმალურს აკეთებდა. მერე იმასაც შეეშვა. არ თვლიდა საჭიროდ და მორჩა. არ მბეზრდებოდა, ყოველ დღე ვთხოვდი დავალებას. რამდენჯერმე მკაცრად რომ მოვთხოვე, ლამის კონფლიქტამდე მივიდა საქმე და დავანებე თავი. აღარ ვაქცევდი ყურადღებას, მაქსიმალურად ვიკავებდი თავს კონტაქტისგან. ერთ დღესაც ბრალი დამდო, დავალებებს ვწერ და არ მისწორებს, ზედაც არ მიყურებსო. გავბრაზდი ძალიან. რაღაც გრძელი ლექცია წავუკითხე მას და მის კლასელებს, განრისხებულმა კლასის დატოვება გადავწყვიტე და მოვემზადე, კარი კარგად რომ გამომეჯახუნებინა (მეტი ეფექტისთვის ). ზღურბლზე ფეხის გადადგმა (ვიწრო ქვედაბოლო მეცვა), ხელის მომარჯვება კარის სახელურზე და ზღართანი ხოლოდ წამის მეასედებში ასცდა ერთმანეთს: ცოცხალი თუ ავდგებოდი, არც მე მეგონა, არც ბავშვებს, სიცილიც კი გადაავიწყდათ. ავდექი.

გაკვეთილი 1-ლი: არავითარ შემთხვევაში, არანაირი ფორმით არ შეიძლება ბავშვთან ურთიერთობაზე თავის არიდება, თორემ აუცილებლად მოიტეხ კისერს.

გაკვეთილი მე-2: არა რაა, არ უხდება სკოლას განრისხებები, მეტისმეტად ვიწრო ქვედაბოლოები და კარის გაჯახუნებები!

***

მგონი, ახალბედობა არ სრულდება ჩვენს პროფესიაში, ეს კრიალოსანი უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს.მთავარია, წრეზე არ დავბრუნდე და იგივე შეცდომები არ გავიმეორო.

როგორ დავეხმაროთ ჩვენს მოსწავლეებს სამყაროს შეცნობაში

0

სამყაროში არსებობს არცთუ ბევრი შემეცნებითი წიგნი, რომელიც მონდომებული პედაგოგისთვის შესაძლოა „ჯადოსნურ ჯოხად“ იქცეს, რომელიც რუტინულ გაკვეთილს აზარტულ თამაშს დაამსგავსებს და ცოდნის მიღების უჩვეულო კალაპოტში გადაიყვანს. ამ წიგნების დახმარებით მოსწავლეები სასწავლო პროცესში ხალისით, მარტივად გაღვივებული ინტერესითა და ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების ბუნებრივი სურვილით  ერთვებიან.

სწორედ ასეთი წიგნია „რუკები“ (გამომცემლობა „დიოგენე“). ნუ შეგაშფოთებთ მისი სახელწოდება. ეს არ გახლავთ ტრადიციული და ცოტა მოსაწყენი ატლასი, გაუგებარი და უფერულ-სპეციფიკური მინიშნებებით. „რუკების“ გამოყენება სწავლებაში შეუძლია არა მხოლოდ გეოგრაფიის, არამედ ყველა საგნის მასწავლებელს – წიგნში თავმოყრილი ინფორმაციის ილუსტრირებული ოკეანე კრეატივის აფრებს უპრობლემოდ გაშლევინებს.

დავაზუსტებ, რომ ეს წიგნი, რომლის პიონერი ვერსია ექვსი წლის წინ გამოიცა, საერთაშორისო ბესტსელერი და ანდერსენის პრემიის მფლობელია. „რუკები“ თავს უყრის ეთნოგრაფიული, გეოგრაფიული, ზოოლოგიური, ბოტანიკური, ზოგადკულტურული ხასიათის ინფორმაციას მსოფლიოს მრავალი ქვეყნის შესახებ. ის რაღაცით მოგვაგონებს პირველყოფილ ატლასს, სადაც კარტოგრაფები სასარგებლო, ამა თუ იმ ქვეყნისათვის დამახასიათებელ  ინფორმაციას შესაფერისი ნახატებით აფიქსირებენ. სწორედ ამ არაჩვეულებრივი ილუსტრაციების მეშვეობით, წიგნი ერთ დიდ, დაუვიწყარ თავგადასავლად ტრანსფორმირდება და, რაც მთავარია, ეს თავგადასავალი შეიძლება ყოველ განშლაზე  სხვადასხვაგვარად  გადაგხდეს და განიცადო, საკლასო ოთახიდან თუ სახლიდან გაუსვლელად. მერწმუნეთ, მოგზაურობის დროს კი, უკეთეს თავშესაქცევს საერთოდ ვერ ნახავთ!

„რუკები“ თავადაა მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო. ილუსტრაციებისა და მოკლე, ხალისიანი მინაწერების დახმარებით, ინდოეთში თქვენ ნახავთ დინგიან ბაყაყს, კანადაში – შაქრის ქოხს, სადაც ნეკერჩხლის სიროფი მზადდება, იტალიაში – დოჟების სასახლეს, ავსტრიაში – ფროიდის დივანზე წამოწოლილ პაციენტს, ფიჯიში – დასარტყამ ინსტრუმენტს ქალის სახელით „ლალი“. აღმოაჩენთ უამრავ, თქვენთვის ნაცნობ და უცნობ ქვეყანას, ყველაზე საინტერესო რაკურსით და კიდევ ერთხელ, თქვენს მოსწავლეებთან, საყვარელ  შვილებთან ან მეგობრებთან ერთად აღფრთოვანდებით სამყაროს მრავალფეროვნებით.

„რუკები“ უნიკალურია კარგად გააზრებული იდეისა და დახვეწილი შესრულების თვალსაზრისით. ამიტომაც წიგნს წარმატებით იყენებენ როგორც სასწავლო-პედაგოგიურ,  ისე ოჯახის გარემოში სხვადასხვა თაობის წარმომადგენელები ერთობლივი კითხვისთვის. ეს არ არის ერთჯერადი, თაროზე ჩამოსადები ან წაკითხვის მერე სასწრაფოდ გასაჩუქებელი გამოცემა. წიგნის ყოველ განშლაზე, სადაც თითო ქვეყანა გვმასპინძლობს და უამრავი დეტალით გიყვებათ თავის ძველ და ახალ ისტორიას, მრავალჯერ აღმოაჩენთ რაღაც განსხვავებულს, შეუცნობს, რომელიც გაიძულებთ „გუგლვას“, კვლევას, ფანტაზიის მძლავრი გენერატორის ამუშავებას და მეხსიერების გავარჯიშებას.

ორიოდე სიტყვა ავტორებზეც – ალექსანდრა და დანიელ მეზელინსკები ცოლ-ქმარი არიან, გრაფიკული მხატვრების შეხმატკილებულ-შემოქმედებითი დუეტი, მსოფლიოს მასშტაბით არა ერთი ცნობილი საბავშვო წიგნების დედ-მამა, „ჰიპოპოტამ სტუდიის“ დამფუძნებლები, შრიფტების, აპლიკაციებისა და ვებსაიტების შემქმნელები და, უბრალოდ, ვარშავის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულები.

მათ შეიმუშავეს საკუთარი სტილი: ფერადი, განზრახ გულუბრყვილო, ბავშვთა ნახატების იმიტაცია-ილუსტრაციებით, რომელშიც ათობით სიმბოლო და ობიექტია ჩართული მკითხველთან ურთიერთობების რთულ სისტემაში. მხატვრები აღიარებენ, რომ ისინი ქმნიან მხოლოდ იმას, რაც თავად მიანიჭებდათ სიამოვნებას. ილუსტრაციებში იყენებენ ასობით ფერს, უსადაგებენ საჭირო ფონტებს. მათი ნამუშევრები ყველასთვის მიმზიდველია და შეუძლებელია გონიერმა მკითხველმა არ დააფასოს ავტორების დეტალებისადმი ფაქიზი დამოკიდებულება და უმაღლესი ტექნიკა.

ქართულენოვანი „რუკები“ მოიცავს 55 დიდ რუკას – 46 ქვეყანას და 6 კონტინენტს.  ყველა  რუკაზე უამრავი საინტერესო ილუსტირებული ფაქტია დატანილი. მათი თვალიერების დროს აუცილებლად გიჩნდება მეტის გაგების სურვილი. რუკების საშუალებით მარტივად ადგენთ ვინ ცხოვრობს მითითებულ ქვეყანაში, როგორი სახელებია იქ ყველაზე პოპულარული, რა ღირსშესანიშნაობები აქვს ქვეყანას ბუნებრივი თუ არქიტექტურული კუთხით, როგორია ადგილობრივი ფლორა-ფაუნა, ტრადიციები, ისტორიული სიმბოლოები და გმირები, რა სპორტს მისდევენ და რომელი ეროვნული კერძებით ამაყობენ.

„ეს წიგნი არის არაჩვეულებრივი მუხტის მიმცემი კრეატიული ადამიანისთვის, მათ შორის პედაგოგისთვის, რომელსაც აქვს სურვილი გაამრავალფეროვნოს თავისი გაკვეთილი. ასევე სხვებს შეუძლიათ გაამრავალფეროვნონ ოჯახში ურთიერთობები, დაამყარონ ბავშვებთან  უფრო მეგობრული კავშირი თამაშებით და სხვ. „რუკები“ იძლევა იმპულსს მიუდგე საკითხს  შემოქმედებითად. ეს არის ბიძგი ახალი ცოდნის შესაძენად. წიგნი ორიენტირებულია დააკმაყოფილოს ბავშვის და არა მხოლოდ ბავშვის ცნობისმოყვარეობა, თვითგანავითაროს, უბიძგოს  სამყაროს შეცნობისკენ,“ – გვიყვება საქართველოში „რუკების“ გამომცემელი თამარ ლებანიძე.

არსებობს ლეგენდარული გამოცემები და ეს წიგნი სწორედ ამ კატეგორიას განეკუთვნება. არამხატვრული ლიტერატურა ბავშვებისათვის, საქართველოსგან განსხვავებით, კარგად არის განვითარებული ცივილიზებულ სამყაროში. ის ახალისებს ყველა ასაკის ადამიანს, დიდსაც და პატარას. „რუკების“ მკითხველი შესაძლოა 6 წლის ასაკის ბავშვიც კი იყოს. სწორედ ამიტომ ამ წიგნმა უმალ დაიმსახურა სხვადასხვა ქვეყნის გამომცემელთა ინტერესი ისევე, როგორც თავის დროზე ჰარი პოტერის ისტორიამ.

„რუკების“ ვერსიები, სხვადასხვა ფორმატის, უამრავი ქვეყნის წიგნის მაღაზიებში, ყველაზე თვალსაჩინო თაროებზე გხვდება. გამომცემლობაში ამაყობენ, რომ მძიმე და სკრუპულოზური შრომის შედეგად   შეძლეს  წიგნი  ქართველი მკითხველისთვისაც ხელმისაწვდომი გამხდარიყო. შემოქმედებით ჯგუფს ბევრ ახალ ტერმინზე მოუწია მუშაობა. საქმეში ზოოლოგები, ბოტანიკოსები, გეოგრაფები, ეთნოგრაფები ჩაერთნენ. ტერმინების დასაზუსტებლად გამომცემლობამ ქართველ ემიგრანტებს და საელჩოებსაც კი მიმართა.

აღსანიშნავია წიგნის მხატვრული მხარე – მისი შეკრულობა, არა პრიალა გვერდები, ტაქტილური თვალსაზრისით თითოეული ფურცელი ქმნის ინფორმაციაზე კონცენტრაციის განცდას. „რუკების“ პატარა მკითხველს აუცილებლად უჩნდება სამყაროს ხედვის პოზიტიური იმპულსები, ის ამ სამყაროს განუყოფელ ნაწილად გრძნობს თავს.

რაც შეეხება „რუკების“  მასალის  გამოყენებით  სხვადასხვა სასწავლო თამაშებისა და საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვას, მოგიყვანთ უმარტივეს მაგალითებს (კრეატიული მასწავლებლები უფრო საინტერესო სავარჯიშოებსაც მოიგონებენ J ). მაგალითად, ზოოლოგიაში, როდესაც საუბარია რომელიმე ცხოველზე, მისი გავრცელების არეალზე, ამის ნახვა თვალსაჩინოდ შეიძლება წიგნში. მოსწავლეს ევალება მოძებნოს მსგავსი ცხოველები სხვა ქვეყნებში, მოაგროვოს დამატებითი ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებიდან.

გეოგრაფიაში – გარკვეულ დროში, პირობითად 15 წუთში, მოსწავლეები აკვირდებიან კონკრეტულ ქვეყანას და იმახსოვრებენ ქალაქების, მთების და სხვ. სახელწოდებებს, შემდეგ დაფაზე ჩამოწერით ეჯიბრებიან ერთმანეთს.

ისტორიაში – კონცენტრირება რომელიმე კონკრეტულ ეპოქაზე, ამ ეპოქის გმირებზე (ასეთ პერსონაჟებს მრავლად ნახავთ წიგნში), მათი ისტორიის კვლევა-ძიებაზე, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს ცოდნას ეპოქის შესახებ.

წიგნში საქართველოსაც იხილავთ. ყველაზე მეტად „რუკებში“ ევროპის ქვეყნებია წარმოდგენილი.

 

 

 

 

 

მოდერნის და პოსტმოდერნის საერთო იდეური ძაფები მეოცე საუკუნის ქართულ ლირიკაში

0

მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისი და დასასრული ორი ლიტერატურული მიმდინარეობით ამდიდრებს ქართულ მწერლობას – რომანტიზმითა და რეალიზმით, რომლებმაც მართლაც ღირებული და უკვდავი კლასიკური ტექსტები გვაჩუქეს. მეოცე საუკუნის დასაწყისი და დასასრულიც ორი დიდი მიმდინარეობით წარმოგვიდგება – მოდერნიზმითა და პოსტმოდერნიზმით. მოდერნიზმი სამ უდიდეს მიმდინარეობას აერთიანებს: იმპრესიონიზმს, სიმბოლიზმსა და ექსპრესიონიზმს. პოსტმოდერნის მწერლობა ამგვარად განტოტვილი არ გახლავთ, მაგრამ ის გამოირჩევა ფერებით, სტილური ნაირგვარობით, თემატურ-იდეური მრავალფეროვნებით.

შემთხვევითი არ არის, რომ მეოცე საუკუნის მიმდინარეობებს მოდერნიზმი და პოსტმოდერნიზმი დაერქვა. პოსტმოდერნიზმი იდეური მემკვიდრეა მოდერნიზმისა და აგრძელებს იმ კვალს, რომელიც მოდერნისტულმა მიმდინარეობებმა ღრმად დააჩნია ქართულ ლიტერატურულ სარბიელს.

თუკი მოდერნიზმის და პოსტმოდერნიზმის მწერლობას ვენის დიაგრამის პრინციპით შევადარებთ, ბევრ საერთოსაც ვიპოვით და განმასხვავებელსაც. მთავარი იდეური ორიენტირებია, სადაც უამრავი გადაკვეთა გვხვდება. პოსტმოდერნიზმი აგრძელებს იმ თემებსა და იდეებს, რომლებიც მოდერნიზმმა მოიტანა. რით გამოიხატებოდა მოდერნისტული მწერლობის თემატურ-იდეური მეინსტრიმი? მან, რეალისტური მწერლობისგან განსხვავებით, ფსიქოლოგიზმის გამოხატვა, პერსონაჟის სულში წვდომა და ადამიანის ქვეცნობიერის უღრმესი შრეების ამოცნობა, პერსონაჟის სულში ინტროსპექცია დაისახა მიზნად. მეოცე საუკუნის დასაწყისის რეალობა რევოლუციურად განსხვავებულია წინა საუკუნის სინამდვილისგან. ცივილიზაციის უეცარი გრიგალი შემოიჭრა და შეცვალა ადამიანის სული, გონება, ქცევის მოტივები და მისწრაფებები. სამყარო გაიხსნა, გაფართოვდა (თუ პირიქით, დაპატარავდა?). რკინიგზა, ავტომობილები, ვერტმფრენები, ფოსტა-ტელეგრაფი, სწრაფად მზარდი მეგაპოლისების ხმაურიანი ცხოვრება, ორომტრიალი, ქაოსი… ადამიანის სული დაიღალა, ღმერთს დაშორდა, რწმენა შეერყა, თვითძიების გზა გართულდა. საუკუნეთა მიჯნაზე ეს პრობლემები ჩვეული ვირტუოზობით ასახა დიდმა რეალისტმა დავით კლდიაშვილმა თავის მოთხრობებსა და პიესებში. სხვას რას უნდა მივაწეროთ პლატონ სამანიშვილის პანიკური შიში უდანაშაულო ნახევარძმის ვერგამოკვებისადმი, ოჯახის დაქცევისადმი, თუ არა ღვთისგან დაშორებას, რწმენისა და სიყვარულის დეფიციტს?

ახალმა მოდურმა ფილოსოფიურმა მიმდინარეობებმა, ექსისტენციალიზმმა და ინტუიტივიზმმა მოიტანა მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმი, საკუთარი თავის ძიების გზა ადამიანური ყოფის წარმმართველი გახდა. კირკეგორის, დოსტოევსკის, ნიცშეს და სარტრის ქმნილებებში არნახული სიმძაფრით გამოიხატა პიროვნების ორიენტირების კარგვის ტრაგედიები, ჯოჯოხეთად ქცეული ყოფა, სადაც ყველაფერი აბსურდის თეატრის სცენაა. გავიხსენოთ მოდერნსა და პოსტმოდერნს შორის „გახიდული“ საოცარი ირლანდიელი – სემუელ ბეკეტი, რომლის პროვოკაციული პიესა „გოდოს მოლოდინში“ ეპოქის სულს აბსურდით გადმოსცემს. მასში ყოფისადმი საოცარი პესიმიზმია გამოხატული, თუმცა ყოფის აბსურდულობის განცდა (თუ ცოდნა) თავისებურად აძლიერებს ადამიანს. მოდერნიზმი ქმნის ახალ ფორმებს, ხოლო პოსტმოდერნიზმი უკვე არსებულს ახალ სიცოცხლეს, ახალ მნიშვნელობას ანიჭებს, ხატავს სინამდვილეს ისეთ ჭრილში, ისეთი რაკურსით, რომელიც მანამდე არავის შეუმჩნევია.

ამ ორმა მიმდინარეობამ მსოფლიო მნიშვნელობის ლიტერატურა უსახსოვრა ჩვენს ერს. მათი საერთო იდეური ორიენტირების საილუსტრაციოდ ამ მიმდინარეობათა რამდენიმე ლირიკული ნიმუშის ანალიზს შემოგთავაზებთ. მთავარი იდეური მოტივები უკავშირდება:

  1. ავტორის როგორც ლირიკული გმირის თვითძიების გზას და პიროვნულ ტრაგედიებს, ავტოპორტრეტებს (მაგალითისთვის განვიხილოთ პაოლო იაშვილის „წერილი დედას“ და მიხეილ ქვლივიძის „ავტოპორტრეტი“);
  2. აგრეთვე აქტუალურია მარტოსულობის თემა, ავტორი-პროტაგონისტი თავის ღრმა სულიერ ტიკივილებს გვიზიარებს და ალეგორიულად ეს ხეების მხატვრული სახეებით გადმოიცემა ოსტატურად (გიორგი ლეონიძის „ოლე“ და გივი გეგეჭკორის „მუხა საბურთალოს ბაზრის მოედანზე“);
  3. დაბოლოს: მარად აქტუალური და მარად უცვლელი თემა – სასიყვარულო ვნებების გამოსახვა პოეტურ ტექსტში (მაგალითისთვის მოვიხმოთ ტიციან ტაბიძის „ანანურთან“ და ოთარ ჭილაძის „რა მოხდა, თუკი ვეღარ შევხვდებით?“).

პაოლო იაშვილის „წერილი დედას“ აცოცხლებს სოფლის იდილიური გარემოდან დიდ ქალაქში გადმოხვეწილი, სულიერი ტკივილებით სნეული, სკეფსისით გაწამებული ლირიკული გმირის აღსარებას, ხოლო მიხეილ ქვლივიძის „ავტოპორტრეტში“ ცოცხლდება პოეტი-კეთილი ავანტიურისტი, რომელიც ცდილობს, სამყარო შეცვალოს. პაოლო იაშვილის გმირს უიმედობა დაუფლებია, თუმცა თვითშეფასებით ის ენათესავება ქვლივიძის ლირიკულ გმირს. ის თვითკრიტიკულია. თუ პირველი ასე იხსენიებს თავს: „…და დავიკუნტები ქალაქის ქუჩებში მე – სალახანა“, – მეორე აცხადებს: „მიცნობდეთ: პოეტი მიხეილ ქვლივიძე – კეთილი განზრახვის ავანტიურისტი!“ ეს უკანასკნელი, პაოლოს გმირისგან განსხვავებით, საკმაოდ ამბიციურია და ენათესავება ტიციან ტაბიძის ამავე თემატიკის ლექსის (ამ ლექსსაც „ავტოპორტრეტი“ ჰქვია) ლირიკულ გმირს, რომელიც საკუთარ თავს ფაშა ეფენდის და დენდის უწოდებს, ბაღდადურ დიდებაზე ოცნებობს,  ხოლო ლექსის დასასრულს მისი ფანტაზია კოსმიურ მასშტაბებს სწვდება:

„იყავი რაც გინდა, შავი, საცოდავი, –

ცხოვრებავ, ხელში მაქვს მე შენი სადავე,

რომ ეს ჯოჯოხეთი სამოთხედ გაქციო“.

ასეთივე პატივმოყვარეობით არის შეპყრობილი ქვლივიძის ლირიკული გმირიც. ის ჯერ მკითხველს ეკითხება: „გინდათ, ეს ცხოვრება ვაქციო არაკად? ქვეყანა ზღაპრული ფერებით დავხატო?“ ბოლოს კი ოსტატური ჰიპერბოლით გამაოგნებელ, ეპატაჟურ გამოხატვას აძლევს საკუთარ ამბიციებს: „ორსული ცხოვრების ბებიაქალი ვარ და მინდა, ლამაზი შვილი შეეძინოს!..“

მოდერნის და პოსტმოდერნის თვითმაძიებელი გმირი ხშირად იტანჯება მარტოსულობით, მისთვის სამყარო უკაცრიელია, არავინ ჰყავს გამგები, თანამდგომი, გარშემო ყველა და ყველაფერი მისი მტერია. ეს იდეები საოცარი ექსპრესიით არის გაცხადებული ლეონიძის „ოლესა“ და გივი გეგეჭკორის ლექსში „მუხა საბურთალოს ბაზრის მოედანზე“. პირველ ლირიკულ გმირს რომ დავაკვირდეთ და შემდეგ მეორისკენ მივამართოთ მზერა, თვალწინ წარმოგვიდგება არა მხოლოდ მარტოობის სიმბოლოდ ქცეული ხეები, არამედ მეოცე საუკუნის ადამიანი, განდეგილი და დამუნჯებული ყოფის სირთულით. ოლე ლიახვის კლდეზე იხილა გოგლამ, გაბზარული, დახეთქილი, „შიგნიდანვე გამომწვარი მარტოობის შხამით“, რომელიც სიმართლის, გამძლეობის, აღდგომისა და ამაღლების სიმბოლოა. „ბალღამის და ცრემლის სვეტად ქცეულ“ ოლეს მაინც შესწევს ძალა, სიყვარულს დაელოდოს, გაარღვიოს არტახები, გაანგრიოს ჯებირები, მიუწვდომელს მისწვდეს, ეძებოს ხსნა და ოქროს თავით ცისკენ მიაპყროს მზერა. მიუხედავად იმისა, რომ გარემომცველ სინამდვილეში მას ერთგული არავინ ჰყავს, ყველა მისი სასტიკი მტერია: მზე შემწველი-ცოფიანიც, ქარის ეშვებიც, მეხი-ბრეშაც, ყინვის კარჩხიც, წვიმის შუბიც, ყორანიც, ყველას მისი მოთხრა და წაქცევა უნდა, ერთი სული აქვთ, გააქრონ და მიწასთან გაასწორონ, მაგრამ ლექსი მაინც საოცრად იმედიანია ფინალისკენ. ჩნდება მოლოდინი, რომ, მიწას მიჭედილი, რაშივით ცაში აიჭრება, ან დარბაზში შუაბოძად დადგება, ან გრძელ ტივებს გაუძღვება, თვით მეხიც ვერ შეძლებს მის განადგურებას. ტექსტი თვითრეფლექსიაა და გვასწავლის, რომ ცხოვრება სავსეა განსაცდელით, მაგრამ ამ ბრძოლაში მუდამ არსებობს გადარჩენის გზა, ყველაფერი ჩვენს სულიერ სიმტკიცეზეა დამოკიდებული. ოლე სიმბოლისტური პოეზიის უაღრესად გამომსახველი სახეა და ის მარტოსული, მაგრამ ვერწაქცეული ადამიანის ხატად რჩება.

გივი გეგეჭკორის ლექსის გმირი მუხა, რომელიც საბურთალოს ბაზრის მოედანზე დგას, ასევე მარტოსულია, მიუსაფარი, მაგრამ სავსე გრძნობებით, სევდით, სიკეთით, მთავარ გმირს უშურველად ასაჩუქრებს: „გაუგებარ სიხარულს, ღირსი ვარ თუ არა ვარ, ხელგაშლილად მჩუქნი“… მთვარის ყვითელ სისხლში განბანილი მისი ხელები (უძლიერესი მეტაფორული ხატი!) პოეტის სულს იპარავს, „როგორც კლეპტომანი“.

ოლესგან განხვავებით, მუხა განასახიერებს ადამიანს, რომელიც ვერ მოხვდა, როგორც ინგლისელები იტყვიან, right time right place – საჭირო დროსა და ადგილას. პოეტი თავის გმირს ეკითხება:

„მთიდან როგორ ჩამოხველ და აქ როდის მოსულხარ, ქედმაღალო მუხავ,

ყური ვით შეაჩვიე ამ ქალაქის ლაპარაკს, უხიაგს და უხამსს.

შენ არ დაგაჯილდოვებს მედიდური არწივი თუნდაც ერთის ნახვით,

შენ არ გეხახუნება ვნებიანი ქსუტუნით გამაძღარი ტახი.

შენ არ ამოგიდგება გვერდით მთელი კორომი, შენი ძმა და ასლი,

შენს ჩრდილს ვერვინ იჩრდილებს, არვინ არ წამოწვება, სუფრას არვინ გაშლის.

შენ ტყის ჩუმი სინათლით არ ხარ გაშუქებული და ქალაქის ბორგვით

ცხოვრობ და შენს გარშემო ბრუნავს გადარეული მანქანების ჯოგი“.

მუხაში საკუთარი ორეული იხილა ავტორმა. დიდი ქალაქის ხმაურში ისიც ეული და მიუსაფარია, ფიქრობს ქართლის სოფელში დაფუძნებასა და ბუხრის პირას იდილიურ ცხოვრებაზე, მაგრამ იმასაც აცნობიერებს, რომ ეს მხოლოდ ოცნებაა და რომ მისი „ყოველი ქალაქიდან გაქცევა გათავდება კრახით“.

ასეთივე იდეური კავშირები გვხვდება მოდერნისა და პოსტმოდერნის იმ ტექსტებში, სადაც ლირიკული გმირების სასიყვარულო ვნებები აისახება. აუხდენელი, აკრძალული ან განუხორციელებელი სიყვარულის თემა ყველა ეპოქის ყველა სტილის მწერლობაში აქტუალურია. ტიციან ტაბიძის „ანანურთან“ ერთგვარი ლირიკული აღსარებაა, სადაც ძალზე ფაქიზად და შთამბეჭდავადაა ასახული ტიციანის ცნობილი მუზის, თამუნია წერეთლისადმი ვერახდენილი სიყვარულის მძაფრი სენტიმენტები. ლირიკული გმირი სინანულით ამბობს, რომ მათი „გათიშვა ყველას სურდა“. აუხდენელი სიყვარული ენით აუწერელ ტკივილს იწვევს, თუმცა პოეტი თავისი ჯადოსნური კალმით ახერხებს გამოუთქმელის გამოთქმას:

„გარჩენილი ვარ ქვებზე კალმახი და ახეული მაქვს ლაყუჩები,

შემართულია ფეხზე ჩახმახი და უსიკვდილოდ ვერ გადვურჩები“…

თუ ტიციანის ლექსში სატრფო, მუზა პასიურად არის წარმოდგენილი და მას მხოლოდ შთამაგონებელ და მშვენიერ არსებად ხატავს პოეტი, ოთარ ჭილაძის ლექსში „რა მოხდა, თუკი ვეღარ შევხვდებით?“ საუბარია უარმყოფელ სატრფოზე, რომლისგანაც ლირიკულმა გმირმა ბევრი ტკივილი იწვნია და ახლა ხვდება, რომ ეს გრძნობა გაუფასურდა, სიტყვას „მიყვარხარ“ უკვე „იაფი სცენის სურნელი ახლავს“, მაგრამ პოეტი საუბრობს შემთხვევითობაზე, რომელიც სინამდვილეში მარადისობის გამოძახილია და თავისი გრძნობა ნამდვილ განცდა-ვნებად მიაჩნია. ეს გრძნობა იმდენად ღრმაა, რომ, რუსთველის არ იყოს („ზოგთა აქვს საღმრთო სიახლე, დაშვრების აღმაფრენითა“), ტკივილის და განსაცდელის მომტანია, თუმცა ამ ტკივილში იშვება უფლის შემმეცნებელი სული: „…რადგან დღეოდან მე შენი ხმა ვარ, რადგან მე უკვე ვიყავი ღმერთთან და მოვიგონე ეს გრძნობა ჩემთვის, ჩემს დასაცავად და დასაღუპად“…

ტიციანიც და ოთარ ჭილაძეც ხაზს უსვამენ, რომ შეყვარებულ წყვილს ბევრი მტერი ჰყავს, ჭორები, უცხო თვალის დაცინვა და ქირდვა, აგრესიული გარემო შეყვარებულებს სასიცოცხლო ძალებისგან წრეტს და აუძლურებს და ხშირად თვით გრძნობასაც კლავს. მაგრამ ის, რაც ტრაგიკულია, ამაღლებულის ესთეტიკურ იდეალს შობს.

უამრავი სხვა მიმართულების თემატურ-იდეური ნათესაობის მიგნება არის შესაძლებელი მოდერნიზმისა და პოსტმოდერნიზმის ლირიკულ ტექსტებში, სადაც მკაფიოდ საცნაურდება, რომ პოსტმოდერნის ენა გამგრძელებელია იმ პოეტური მემკვიდრეობისა, რომელიც მას წინამორბედებმა დაუტოვეს. ამგვარი კავშირების ძიება პოეტურ ტექსტებში მოსწავლეებსა და სტუდენტებს ხელს შეუწყობს არა მხოლოდ მაღალი სააზროვნო უნარის – სინთეზირების დაუფლებაში, არამედ ამ ლიტერატურული მიმდინარეობების იდეურ-მხატვრულ თავისებურებებს გაააზრებინებს საფუძვლიანად, აზიარებს ჩხრეკისა და აღმოჩენის ლიტერატურისმცოდნეობით უნარებს. ეს იქნება ერთგვარი ევრისტიკული კოგნიტიური სტრატეგია, რომელიც ფასდაუდებელია ტექსტებზე დაკვირვების უნარების სტიმულირებისთვის.

პრაქტიკული კვლევა სკოლაში: ზოგადი მიმოხილვა

0

2015 წლიდან მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება და კარიერული წინსვლა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის საშუალებით რეგულირდება. პედაგოგები გარკვეული რაოდენობის კრედიტების მიხედვით იყოფიან პრაქტიკოს, უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებელთა ჯგუფებად. წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად უფროს მასწავლებელს 19 კრედიტქულა ესაჭიროება. მას, სამოდელო გაკვეთილებისა და გარედაკვირვების გარდა, შეუძლია განახორციელოს 3 კრედიტქულად შეფასებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა. უფროსი მასწავლებლის სტატუსისკენ მიმავალი მეორე გზა ფორმალურ განათლებაზე (მაგისტრატურა, დოქტორანტურა) გადის, რაც მასწავლებელთა დიდი ნაწილისთვის ერთგვარ ბარიერს წარმოადგენს. პრაქტიკის კვლევა კი მათ ყოველდღიურ საქმიანობასაც აუმჯობესებს და პროფესიულ სტატუსზეც დადებითად აისახება. ვფიქრობ, ამ გზას, უფროსი მასწავლების სტატუსის მოსაპოვებლად, მალე ბევრი პრაქტიკოსი მიმართავს.

ტერმინი „პრაქტიკის კვლევა“ ეკუთვნის კურტ ლევინს, ამერიკელ სოციოფსიქოლოგს, რომელმაც XX საუკუნის 40-იან წლებში საფუძველი ჩაუყარა პრაქტიკის კვლევას, როგორც კვლევის მეთოდს. თავად კურტ ლევინი პრაქტიკის კვლევას უწოდებდა „უფრო ზუსტ მეთოდს სოციალური ცვლილებებისთვის“. იმისათვის, რომ პრაქტიკული კვლევის ჩატარება შევძლოთ, კარგად უნდა გავიაზროთ მისი დანიშნულება საგანმანათლებლო საქმიანობის გაუმჯობესების პროცესში და დავინახოთ ის ნიუანსები, რომლებიც მას ტრადიციული კვლევისგან განასხვავებს.

 

პრაქტიკის კვლევის დანიშნულება და მისი მონაწილეები

 

პრაქტიკის კვლევის ჩატარება საგანამანათლებლო დაწესებულებაში მომუშავე ნებისმიერ დაინტერესებული თანამშრომელს შეუძლია. მთავარია, იგი საკუთარი/ორგანიზაციის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით დაიგეგმოს და განხორციელდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პრაქტიკული კვლევა კოლაბორაციული  პროცესია და გავლენას მხოლოდ ინდივიდზე კი არა, ჯგუფის წევრთა მოსაზრებებსა და მოქმედებებზეც ახდენს. კვლევის ყველა მონაწილე თანაბარი ხმის უფლებით სარგებლობს. სწორედ ამიტომ უწოდებენ მას კვლევის ყველაზე დემოკრატიულ მეთოდს.

 

პრაქტიკის კვლევა უშუალოდ პრობლემის ეპიცენტრში ხორციელდება. მისი მონაწილეები უწყვეტ ციკლურ პროცესში იყებენ უკუკავშირს, მომენტალურად ხედავენ და აფასებენ მათ მიერ დაგეგმილი ინტერვენციების შედეგებს, რას დადებითად აისახება მათი ქმედებების ხარისხის გაუმჯობესებაზე. პრაქტიკის კვლევა სისტემურად უდგება პრობლემას, მასში კომბინირებულია პრაქტიკის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ქმედებები და რეფლექსია. პრაქტიკის კვლევის სტრუქტურა მონაწილეებს უბიძგებს საკუთარ საქმიანობაზე მუდმივი დაკვირვებისა და ინტერვენციების შემუშავებისკენ. კვლევის მონაწილე მასწავლებლები იძენენ ახალ პროფესიულ უნარ-ჩვევებს, უფრო თავდაჯერებულები ხდებიან სწავლების პროცესში, რადგან ნათლად ხედავენ ექსპერიმენტის დადებით მხარეებს და მცდელობებისადმი შიშიც უქრებათ. პროფესიული წინსვლა მხოლოდ პრობლემის იდენტიფიკაციასა და გადაჭრას არ გულისხმობს. ამიტომ, პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ახალი იდეების, ინოვაციების სამუშაო პროცესში გამოსაცდელადაც გამოიყენება.

 

მასწავლებლებს ხშირად ერთულებათ კვლევის ჩატარება, რადგან თვლიან, რომ მათ ამის კომპეტენცია არ აქვთ. არადა, პრაქტიკის კვლევას სულაც არ სჭირდება მკვლევრობა, რადგან იგი არ არის მოწყვეტილი მასწავლებლების პრაქტიკას. პედაგოგები ხომ საკუთარ საქმიანობაზე დაკვირვებას, შეიძლება გაუაზრებლად, მაგრამ მუდმივად ახორციელებენ.

 

რა განასხვავებს პრაქტიკულ კვლევას ტრადიციული კვლევისგან

 

როგორც ზემოთ აღვნიშნე, პრაქტიკული კვლევა ეყრდნობა თანამშრომლობის პრინციპს. იმ ორგანიზაციის წარმომადგენლები, სადაც მიმდინარეობს კვლევა, თავად არიან ჩართულნი კვლევის თითოეულ ეტაპზე და მკვლევარებთან ერთად მუშაობენ პრობლემის გადაჭრის გზების დასახვასა და განხორციელებაზე.

 

ტრადიციული კვლევისაგან განსხვავებით, პრაქტიკის კვლევა მცირემასშტაბიანია და არ საჭიროებს სიღრმისეულ ტრენინგს კვლევის მეთოდოლოგიაში. მასწავლებლები, საკუთარი პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით, მასზე დაკვირვებით და მარტივი ანალიზით, თავად ახდენენ საკვლევი პრობლემის იდენტიფიცირებას. კვლევის მიგნებები კი ემსახურება ლოკალური პრობლემის გადაჭრას და მომენტალურად გამოიყენებას საკლასო სიტუაციებში.

 

პრაქტიკის კვლევას ტრადიციულისგან ისიც გამოარჩევს, რომ მკვლევრები და პრაქტიკოსები ერთმანეთის როლებს ირგებენ, რათა საკუთარი საქმიანობის სხვადასხვა პერსპექტივიდან შეფასება შეძლონ და კოლაბორაციის პროცესიც ეფექტურად წარიმართოს.

 

კვლევის ეტაპები

 

ყველაზე მარტივი გზით, პრაქტიკის კვლევა  დიაგნოსტირების (პრობლემის გაანალიზება და ჰოპოთეზის ჩამოყალიბება) და თერაპიულ (მიზანმიმართული ჩარევის ან ექსპერიმენტის გზით ჰიპოთეზის შემოწმება) ეტაპებად იყოფა. თუმცა ცნობილი მკვლევარები კვლევის ეტაპების სხვადასხვანაირ წყობას გვთავაზობენ.

 

კურტ ლევინი, პრაქტიკის კვლევის, როგორც კვლევის მეთოდის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პროცესს დაგეგმვის, მოქმედების, დაკვირვებისა და გააზრების (რეფლექსიის) ეტაპებად ყოფს. დაგეგმვის პროცესი არსებულ სიტუაციაზე მონაცემების შეგროვებას გულისხმობს. მიზნის მიღწევა დეტალურად გაწერილი გეგმის გარეშე შეუძლებელია. თუმცა ლევინი ხაზს უსვამს იმ ნიუანსსაც, რომ, კვლევის მიმდინარეობის პროცესში, გეგმაში ცვლილებების შეტანაც მოსალოდნელია. გეგმის განხორციელების ეტაპს კი მონიტორინგისა და ჩარევის შედეგების შეფასების პროცესი მოსდევს. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, შესაძლოა გეგმაში ცვლილებების შეტანა და ზემოაღნიშნული ეტაპების ხელახლა გავლა გახდეს საჭირო.

 

ზუბერ-სკერიტი (Zuber-Skerritt 1996 ) ეყდნობა ლევინის შრომას ველის ანალიზისა და ცვლილებების თეორიაზე (გალღვობა – მოძრაობა  – ხელახალი გაყინვა) და მას პრაქტიკის კვლევის პროცესის თანმიმდევრობას მიუსადაგებს. კოჰენის, მანიონისა და  მორისონის ნაშრომში ,,კვლევის მეთოდები განათლებაში“ ნახავთ ძალის ველისა და პრაქტიკული კვლევის მოდელებს. სქემის მიხედვით, დაგეგმვის ეტაპი დაკავშირებულია გალღვობასთან, ეს კი, თავის მხრივ, სამოქმედო გეგმის დაზუსტებას და საერთო ხედვის ჩამოყალიბებას გულისხმობს. მოქმედების (მოძრაობის) ფაზა ძლიერი მართვის უზრუნველყოფას და საერთო ხედვის გავრცელებას მოითხოვს. რაც შეეხება დაკვირვების ეტაპს (ხელახალი გაყინვა), იგი მოიცავს საცდელი პოლიტიკის შესახებ უკუკავშირის მიღებას და ფორმალური პოლიტიკით მოდერნიზებას. გააზრების (გადასინჯვის) ეტაპი კი მოდერნიზაციის მთლიანი პროცესის მონიტორინგს და შედეგების/დასკვნების გამოტანას ეთმობა.

 

(Zuber-Skerritt 1996)

 

ოთხეტაპიანი მოდელის გარდა, არსებობს კვლევის პროცესის რვაეტაპიანი მოდელიც, რომელსაც მაკნიფი (McNiff 2002) გვთავაზობს:

,, 1. მიმოიხილეთ თქვენი მიმდინარე პრაქტიკა;

  1. გამოყავით ის ასპექტი, რომლის გაუმჯობესებასაც ისურვებდით;
  2. წარმოიდგინეთ მისკენ მიმავალი გზა;
  3. სცადეთ;
  4. დააფიქსირეთ და გაიაზრეთ, რაც მოხდა;
  5. გადაახალისეთ გეგმა წინა ეტაპებზე მოპოვებული ინფორმაციისა და მომხდარის გათვალისწინებით და განაგრძეთ;
  6. შეაფასეთ მოდიფიცირებული მოქმედება;
  7. განგრძეთ მანამ, ვიდრე არ დაგაკმაყოფილებთ თქვენი შრომის კონკრეტული ასპექტი.“

 

ზემოაღნიშნული მოდელი ოთხეტაპიანი კვლევის ერთგვარ გავრცობილ, ქვეპუნქტებად ჩაშლილ ვარიანტად შეიძლება მივიჩნიოთ, რადგან ისიც ხაზს უსვამს პრაქტიკის კვლევის ციკლურობას და ლევინისეული მიდგომის – ,,გალღვობა -> მოძრაობა -> ხელახალი გაყინვა“ მნიშვნელოვნებას.

 

რვასაფეხურიანი კვლევის პირველი ეტაპის თანახმად, უნდა მოხდეს პრობლემის იდენტიფიკაცია, შეფასება და ფორმულირება. მეორე ეტაპზე კვლევით დაინტერესებულ მხარეებს შორის ჩასატარებელი სამუშაოს წინასწარი განხილვა და შეთანხმება მიმდინარეობს. მესამე ეტაპი მოიცავს კვლევითი ლიტერატურის მიმოხილვასაც, რადგან სხვების გამოცდილება პრობლემის გადაჭრის ალტერნატიულ და ეფექტურ გზებთან გვაახლოვებს. მცდელობის ეტაპზე შეიძლება საჭირო გახდეს განსაზღვრული პრობლემის საწყისი ფორმულირების სახეცვლილება (ჰიპოთეზისა და მიზნების დაზუსტება). მეხუთე ეტაპზე მოიაზრება პროცედურების შერჩევა (კვლევის ორგანიზებასთან დაკავშირებული დეტალების, მეთოდებისა და რესურსების დაზუსტება). მეექვსე ეტაპზე გამოსაყენებელ პროცედურებს ვარჩევთ, მეშვიდე ეტაპი კი დროის სხვადასხვა მონაკვეთში პროექტის განხორციელებას გულისხმობს. ამ დროს ხდება მონაცემების შეგროვება, მეთოდების შერჩევა (შეხვედრები, ჩანაწერების წარმოება, ანგარიშები და სხვ.), ამოცანების მონიტორინგი, კლასიფიკაცია, ანალიზი და უკუკავშირი. ბოლო ეტაპის მთავარი მიზანი მონაცემების შეჯერება, დასკვნების გამოტანა და პროექტის ერთიანი შეფასებაა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კვლევის შედეგების განხილვა წინასწარ შედგენილი შეფასების კრიტერიუმებით უნდა მოხდეს. პროექტის მიმოხილვასთან ერთად, რეკომენდაციები შედეგებზე დაყრდნობით უნდა გაიცეს.

 

როგორც ვხედავთ, პრაქტიკის კვლევა წარმოადგენს სკოლის ადმინისტრაციის, პედაგოგიური პერსონალის და საგანამანათლებლო სფეროში დასაქმებული, საკუთარი საქმიანობის გაუმჯობესებით დაინტერესებული ადამიანების მიერ ჩატარებულ კვლევას. იგი ერთ-ერთი აქტივობაა, რომლის განხორციელებაც წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებაში დაგეხმარებათ. ამას გარდა, პრაქტიკის კვლევა კოლაბორაციულია და მისი შედეგები აისახება, როგორც ინდივიდის, ასევე ორგანიზაციის/კვლევითი ჯგუფის განვითარების დონეზე. კვლევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს ჩატარებული კვლევის ანგარიშის დაწერა, რის შესახებაც შემდეგ წერილში ვისაუბრებთ და იქვე რამდენიმე საინტერესო საგანმანათლებლო კვლევის ანგარიშსაც განვიხილავთ.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. კოჰენი, ლ. მანიონი,ლ. და მორისონი, ქ. კვლევის მეთოდები განათლებაში (მეხუთე გამოცემა). თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
  2. გოგლიჩიძე, ნ. ჭანტურია, თ. და ჯინჭარაძე, ნ. ( 2016). პრაქტიკის კვლევა დამწყებთათვის. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  3. ლობჟანიძე, ს. ( 2016). როგორ ვაწარმოოთ პრაქტიკის კვლევა. მოძიებულია შემდეგ ლინკზე: https://axaliganatleba.ge/index.php?module=multi&page=detals&multi_id=2&id=427

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ისტორია და ლიტერატურა – ზანქან ზორაბაბელის სევდა

0

ისტორიის გაცოცხლებას დიდი სიმართლე სჭირდება.

ამ სიმართლემ უნდა დააჯეროს მკითხველი მხატვრული გამონაგონის შესაძლებელ რეალობაში.

ადამიანები ხომ არ იცვლებიან. მით უმეტეს, ებრაელი, რომელიც მტკიცე ბურჯად შედგომია თავის რწმენასა და ადათებს.

ებრაელი მარად გზაზე მიმავალია.

ის თავისი ღმერთისკენ მიდის და ეს მოგზაურობა დროსა და სივრცეში დაუსაზღვრავია.

ებრაელი ხალხის ისტორიის წიგნი საქართველოშიც დაწერილა და მის ფურცლებს სიხარულისა და მწუხარების კვალი თანაბრად ატყვია. ებრაელობა ქართველ ხალხთან ერთად ქმნიდა საქართველოს აწმყოსა და მომავალს.

თანამედროვე მწერლის, გურამ ბათიაშვილის რომანში „ჟამი დუმილისა და ჟამი უბნობისა“ მეთორმეტე საუკუნის საქართველო იხატება. ეს ხომ ჩვენი ისტორიის „ოქროს ხანაა“. ყოველმხრივ გაძლიერებული საქართველო დგას „ერად სხვა ერთა შორის“ წალკოტივით აყვავებული. რუსთველს კი „ვეფხისტყაოსანში“ სასუფევლისეული იდეალი მიწაზე ჩამოაქვს: „შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს“, მაგრამ მზეს ხომ ყოველთვის ახლავს ჩრდილი. ასეთ ჩრდილად წაჰფენია მზე თამარს იური ბოგოლიუბსკის სახელი, ხოლო ამ უბედური რუსის ხსენებისას უთუოდ წამოტივტივდება ზანქან ზორაბაბელის პიროვნება.

ზანქან ზორაბაბელი კაცია, დიდი გულითა და უფრო დიდი სევდით.

მხოლოდ ის რად ღირს, რომ ისტორიაში მისი სახელი თამარის გვერდით მოიხსენიება. თუმცა, მეფეთა ახლო მდგომ კაცთა გასაჭირიც კარგად მოგვეხსენება, მით უმეტეს, რომ ადამიანები არასოდეს არიან იდეალურნი, თუნდაც „ოქროს ხანაში“ მცხოვრებნი.

ზანქან ზორაბაბელის შესახებ ძუნწად მიგვითხრობს ისტორია. ის იყო მდიდარი თბილისელი დიდვაჭარი, რომელმაც მეფე თამარს დარბაზის გადაწყვეტილებით ქმარი მოჰგვარა, ჩრდილოეთ კავკასიაში გახიზნული რუსი უფლისწული იური ბოგოლიუბსკი, ქართველთაგან სვედავსებულად მოხსენიებული. რომანში კი ამ ძუნწი დეტალებისგან მრავალფეროვანი და მდიდარი, განტოტვილ ფაბულიანი ისტორია იშლება.

მემატიანისაგან დუმილით გვერდავლილ ზანქანს გურამ ბათიაშვილი ამ რომანით გამოესარჩლება და შთამბეჭდავ ისტორიას უქმნის. ვინ არის ზანქანი?

ერთი იმ მრავალ ებრაელთაგანი, რომელნიც საქართველოში ბაბილონიდან სპერის ზღვით შემოსულან. იგი მათი ჩამომავალი იყო, ბაბილონის მდინარეებთან რომ ისხდნენ და დაკარგულ, იავარქმნილ იუდეაზე მოთქვამდნენ. მწერალი მის გვარს შორეულ ფესვებს უძებნის: „ზაქარია წინასწარმეტყველი ზანქანის წინაპარზე ამბობს: „რა ხარ შენ, დიდო მთაო, ზერუბაველთან შედარებით – დაბლობი მხოლოდ“. ზანქანის სავაჭრო ქარავნები ბიზანტიას, ირანს, რუსეთსა და ეგვიპტესაც კი სერავდნენ, მას კი დროში არსებობის ტკივილი სტანჯავდა. მწერალი მას გვიხატავს მოსაქმედ და მოაზროვნედ. უცხო ქვეყნებში მოგზაურობამ მის ჭკუას მოქნილობა და გამჭრიახობა შესძინა, იოლად უღებდა ალღოს ვითარებას და წარმატებას აღწევდა, მაგრამ სამეფო ინტრიგის ხლართში მაინც გაეხვა. ქართლის ამირამ აბულასანმა უკუღმართ, სოდომური ცოდვით შეპყრობილ რუს უფლისწულთან გარიგება დააბრალა და უვარგისი სასიძოს ჩამოყვანის ტვირთი მხოლოდ მას აჰკიდა.

სწორედ ზანქანია ამ რომანის მთავარი გმირი, ფაბულაც რუსი მეფე-ქმრის საბედისწერო ამბის გარშემო ტრიალებს და მწერალს ეს ამბავი საშუალებას აძლევს, დახატოს შორეული ეპოქა, თავისი სისხლსავსე ცხოვრებით, სამეფო კარითა და ბაზრით, ქრისტიანული ტაძრებითა და იუდეური სინაგოგებით, აზანურთა  თუ უაზნოთა ვნებებით.

გურამ ბათიაშვილმა თითქმის არაფრისაგან შთამბეჭდავი სახე გამოძერწა. მან რომანში ზანქან ზორაბაბელი დახატა, როგორც ქართველი ებრაელობის სიმბოლო და ამ სახეში ჩააქსოვა ამ ხალხის სიყვარული და ერთგულება ქართველი ერისადმი. ერთი პერსონაჟის მოსწრებული თქმით, „იგი იყო რწმენით იუდეველი, ისრაელიანი, სულით უფრორე ქართველი“.

მკითხველის თვალწინ საოცრად ცოცხლად და შთამბეჭდავად იხატება ზანქან ზორაბაბელის, „უცხო შინაურის სახე“, რომელსაც ბედმა მძიმე ხვედრი არგუნა. მისთვის უნდა ეწოდებინათ საქართველოს მოღალატის სახელიც, დაემცირებინათ, პატივი აეყარათ, მას კი უნდა გაეძლო ყოველგვარი ხიფათისათვის, სულის სიმტკიცე შეენარჩუნებინა და მარადის ხსომებოდა ადონაი, რომელიც მისკენ საშველად მოეშურებოდა. აქვე ჩანს მისი ოჯახი და დასამახსოვრებელი სახეები მეუღლისა, ლალა ესთერისა. ქალიშვილ ბაჩევასა და დიდებულ უშუს სიყვარულის ამბავი კი ლამაზ, მაგრამ ნაღვლიან ამბად ჩაეწვნება ამ ფერადოვან მხატვრულ ტილოზე.

ზანქანის ოჯახის პრიზმაში გადატყდება XII საუკუნის საქართველოს ერთი ისტორიული ეპიზოდი. რთული, ძნელი თემაა და მწერლისგან ისტორიული მასალის ცოდნის გარდა, ნიჭსა და გამოცდილებას მოითხოვს, ამასთანავე, გამბედაობასაც, მკითხველის წარმოსახვაში შექმნა ეპოქის შესატყვისი დამაჯერებელი ხატები, გარემო თუ ხასიათები.

რომანში შესანიშნავად წარმოჩნდება მეთორმეტე საუკუნის საქართველოს სამეფო კარის ცხოვრება. მწერალი განსაკუთრებული სიფაქიზითა და სიფრთხილით ხატავს თამარ მეფის სახეს, ზანქან ზორაბაბელის რამდენიმე შეხვედრას მეფესთან. ეს მას საშუალებას აძლევს, ერთი მხრივ, დახატოს თამარის თავდაჭერილობა, გონიერება, რამდენიმე შტრიხით მოხაზოს მისი გარეგნული და სულიერი პორტრეტი და, მეორე მხრივ, წარმოაჩინოს ზანქანის ბუნება, ერთნაირი სიმშვიდით რომ ხვდება გასაჭირსაც და სიხარულსაც. ზანქანის პიროვნებაზე კარგად მეტყველებს ეპიზოდი, როდესაც თამარ მეფე მას რჩევას ეკითხება: „საქართველოს მომღიმარი, დამთმობი მეფე სჭირდება თუ მათრახმომარჯვებულიო“, დინჯი ზანქანი პასუხს შეაყოვნებს და შემდეგ მეფეს დასაბუთებულად აუხსნის მათრახის საჭიროებას. საუკეთესო მაგალითად კი დავით აღმაშენებლის შინაურ პოლიტიკას ასახელებს: „ჩვენში თუ მათრახის შიში არა აქვთ, კანონს ეურჩებიან“.

მწერალი ფსიქოლოგიური სიღრმით წარმოაჩენს ზანქანის შინაგან ბრძოლასა და ჭიდილს და იგი მეფე თამარის წინაშე უღალატო გამოჰყავს. რუსი უფლისწულის ზნეობაში დაეჭვებული ზანქანი ეცადა ამ ამბის ჩაშლას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მწერალი აჯერებს მკითხველს მოთხრობილი ამბების სამართლიანობაში. იგი ზანქანს წარმოგვიდგენს, როგორც მსხვერპლს, ამიტომაც გამოუტყდება ზანქანი თავს, რომ ის საქართველოში, ქრისტიანთა ქვეყანაში, მიუხედავად დიდი ოფლისა და სისხლის ღვრისა, მაინც ყოველთვის იუდეველად დარჩება, შინაურ უცხოდ: „შენ საქართველოს ბედის გადაწყვეტას არავინ გთხოვს, შენ მსხვერპლს გთხოვენ, ებრაელი კაცის მსხვერპლს“. და მართლაც, ზანქანი იკიდებს მძიმე ტვირთს და მორჩილად ხდება მსხვერპლი.

შინაური უცხოს თემას ამძაფრებს რომანის ერთი ეპიზოდი, რომელშიც მოთხრობილია, თუ როგორ მიემგზავრება იოშუაყი იერუსალიმში დასამარხავად. ცოცხალი კაცი მიდის სიკვდილთან შესახვედრად. თავისთავად, მართლაც უჩვეულო და შთამბეჭდავი ფაქტია, მაგრამ ამ ეპიზოდს კიდევ უფრო ამძაფრებს ერთი დეტალი, იერუსალიმში დასამარხავად მიმავალ კაცს თან შიშველი ხელებით მოჩიჩქნილი საქართველოს მიწა მიაქვს. პატარა დიალოგს გაგახსენებთ: „მაშ, სასიკვდილოდ მიდიხარ, კაცო! – გაოცებას ვერ ფარავდა გლახუნა.

– სიკვდილი განა ჩემ ხელთ არი, მინდა იქ დაუხვდე, იერუშალაიმის მიწაზე.

– თქვენ რა ხალხი ხართ, კაცო, სადაც გნებავთ, იქ უხვდებით სიკვდილსა!

– აბა, ჩვენ იმ ბედნიერებას ვინ გვაღირსებს, ჩემო დათუა, ჩვენს მიწაზე ვიბადებოდეთ და სიკვდილსაც იქ ვხვდებოდეთ, სადაც ვიბადებით“.

ზანქანის წინაპრებისთვის ყველაზე დიდი და მარადიული საგანძური წიგნი იყო, ბაბილონური თალმუდი. მწერალი კარგად გამოკვეთს ამ წიგნის მნიშვნელობას ებრაელთათვის: „წიგნით უნდა გაერთიანებულიყო ერი“. ეს წიგნია ზანქანის სიცოცხლის წყაროც. მას არასოდეს ავიწყდება შეგონება: „ჩვენ ყოველთვის პირბასრი შუბებისა და ზღვის ტალღებს შუა ვართ მოქცეულნი. რა კარგი ცხოვრებაც უნდა გვქონდეს, არც ზღვის ტალღები უნდა გვავიწყდებოდეს, არც ჩვენი გულების გასაპობად გალესილი შუბები“.

რომანში მწერალი ზანქანს სწორედ ამგვარად ხატავს, ცხოვრების ზღვაში დასანთქმელად განწირულს, მაგრამ მაინც გადარჩენილს. ზანქანი დიდვაჭარია, მაგრამ არა ქონების დაგროვებაზე გადაგებული, მას კარგად ესმის მიწიერი საუნჯის წარმავლობა. მისი აზრით, „სვებედნიერი ადამიანი არ არსებობს, ტანჯვა ადამიანის თანამდევია, ტანჯვის დღეები გვეხმარება უკეთ დავინახოთ გამჩენის სიდიადე“.

„როცა ადამიანებს ერთმანეთი არ უყვართ, მტერსაც დაჯაბნილი ჰყავს და სიდუხჭირესაც“, – ამბობს მწერალი. ზანქანი თავისი საქმიანობით სიყვარულს თესავს, სიმდიდრეს უხვად გასცემს და ბედნიერია, თუ ვინმეს ფეხზე წამოდგომაში მიეშველება, ამიტომ მოკეთეც ბევრი ჰყავს და მოშურნეც.

თავიდანვე არ ეჭაშნიკა ზანქანს რუს უფლისწულთან მოციქულობა, მაგრამ სამეფო დარბაზის ნებას დათანხმდა. მწერალი რომანში ხატავს აბულასანს, ქართლის ამირას, რომელიც ზანქანის ატიპოდია, თავნება ფეოდალი ყოველმხრივ ცდილობს მეფის ძალაუფლების შესუსტებას და იმდენს შეძლებს, რომ ზანქანსაც თავისი საბედისწერო თამაშის მსხვერლად აქცევს. მაგრამ ბედიც, ღმერთიცა და მწერალიც ზანქანის მხარესაა, რამდენიმე ეპიზოდში მკითხველს დაუეჭვებლად სჯერა ზანქანის დაღუპვისა, მაგრამ ის მაინც გადარჩება, რადგან იგი, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ებრაელი კაცის პარადიგმაა.

სიმბოლურია ბოლო ეპიზოდიც, ხიფათს თავდაღწეული ზანქანი თეთრ ცხენს მოახტება და სალოცავისკენ გაექანება. ამგვარად რჩება ის შთაბეჭდილებაშიც, მარადიულ მგზავრად, რომელსაც უფლისკენ სავალ გზაზე არასოდეს ჩაეძინება. ჩვენი აზრით, გურამ ბათიაშვილმა ზანქან ზორაბაბელის სახით ქართული ლიტერატურა კიდევ ერთი შესანიშნავი პერსონაჟით გაამდიდრა.

 

 

 

 

 

 

 

სტრესი გამოცდების დროს

0

საბრალო ძაღლი ტვიგლეტი. მოსწავლეები მას ყოველდღე, 10-10 წუთის მანძილზე ასეირნებდნენ ეზოში, ეთამაშებოდნენ და კარგ დროს ატარებინებდნენ. საერთო ჯამში, ასე ხანმოკლე თამაშით თითქმის რვა საათი გადიოდა, ანუ მთელი დღე. ცუგა არასოდეს იწყენდა. ახლა რა სჭირს? რა დაემართათ მოსწავლეებს? თითქმის აღარავინ ეკარება და მასთან თამაში აღარავის სურს. გამოცდები იწყება. სკოლებში დაძაბულობაა. დაწყებითი კლასების გამოცდები ეს-ესაა დასრულდა, GCSE – ახლახანს დაიწყო, შემდეგი A დონე მოდის.

 

მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოცდები ყოველთვის იყო და იქნება სტრესული. მათ ამგვარს წარუმატებლობის წარმოუდგენელად დიდი შიში ქმნის. ბავშვებს, რომლებსაც დაბალი ნიშნები ჰყავთ, ჰგონიათ, რომ ცხოვრება დასრულდა, კლდის პირას აღმოჩნდნენ და გადაცვივდებიან. ეს გრძნობა ძლიერი ფსიქოლოგიის მქონე, თავდაჯერებული ბავშვებისთვისაც კი საზარელია. მითუმეტეს ჯოჯოხეთურია იმ მოსწავლეებისთვის, ვინც შფოთვისა და ნერვიულობის მიმართ მიდრეკილია. და ასევე, ეს გრძნობა ყველაზე გამძაფრებული დიდ ბრიტანეთშია, რადგან აქ გამოცდების ჩაბარება ძალიან რთულია. შესაბამისად – მოსწავლეების სტრესი კიდევ უფრო მწვავე.

 

ბრიტანელი დაწყებითი სკოლის პედაგოგები ამკიცებენ, რომ 10-11 წლის მოსწავლეებისათვის განკუთვნილი გამოცდები მათი მომავლისათვის ადეკვატური საერთოდ არაა. ისინი თვლიან, რომ მსგავსი ტიპის გამოცდები მხოლოდ სკოლებს სჭირდებათ ჩვეულების გასამყარებლად და არა მოსწავლეებს. საშუალო სკოლის პედაგოგები აღწერენ მოსწავლეთა პანიკის შეტევასს, მათ მოულოდნელ ქვითინს კლასში და სტრესს, რომელსაც ისინი გამოცდების წინ განიცდიან.

 

ჩვენ გვეუბნებიან, რომ ბავშვები სამომავლოდ კონკურენტუნარიანი სამყაროსთვის უნდა მოვამზადოთ. მაგრამ გაურკვეველია, თუ როგორ უნდა მოვახერხოთ ეს. მაქსიმალურად დასტრესილი, გამოცდებში ჩაჭრილი ბავშვები ტოვებენ სკოლას, და როცა ამ დროს დაბალი აკადემიური მოსწრების მქონეებს, კიდევ უფრო დაბალი შანსი აქვთ მაღალანაზღაურებადი სამსახურების პოვნის. ამ სამსახურებში კი ისევ რუტინული სამუშაო და დიდი სტრესი ხვდებათ. წარმოუდგენელია, სად მივყავართ ამ ყველაფერს. პრობლემის გადასაჭრელად მთავრობას კომპლექსური მუშაობა შეუძლია. ასევე, დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია სოციალური მედიის კომპანიებს. ისევე, როგორც ჩვენ, მშობლებმა უნდა ვიმუშაოთ აქტიურად.

 

დღეს ბრიტანეთში მცხოვრები ყოველი ათი მოსწავლიდან ერთი კლინიკური მენტალური აშლილობით არის ავად, რაშიც საგამოცდო სტრესი დიდ როლს თამაშობს. დაკვირვება ცხადყოფს, რომ რაოდენობა გაიზრდება, თუ მათი მდგომარეობა და საგამოცდო მიდგომები არ შეიცვლება.

 

 

 

გარე ტაქტი. წერტილი. ლიგა. ფერმატა

0

გარე ტაქტი

მუსიკალური ნაწარმოების უმახვილო (მეტრულად სუსტი) წილით დაწყება (ისევე, როგორც პოეზიაში – ლექსის დასაწყისში), თითოეულ თქვენგანს, ალბათ, არაერთხელ შეუმჩნევია. მელოდიის ამგვარი დასაწყისი კი ყოველთვის გარე ტაქტზე მიანიშნებს. მისი არ შემჩნევა შეუძლებელია, ვინაიდან თვალშისაცემია ტაქტის „მცდარი“ ზომით დაწყება. როგორც წესი, გარე ანუ არასრული ტაქტი ერთი ან რამდენიმე ნოტისგან შედგება.  რაც შეეხება გარე ტაქტის მეორე ნაწილს ანუ დარჩენილ თვლას, რომელიც „არა მცდარი“ ზომის მაუწყებელია, ბოლო ტაქტშია მოცემული ან ნაწარმოების შუაში ნებისმიერი ნაწილის წინ. ამრიგად, ბოლო ტაქტი სრულად გამორიცხავს პირველი ტაქტის გაუგებრობას და კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს მუსიკალური თეორიის იდეალურ კანონებზე.

გარე ტაქტი ასევე ძალიან ჰგავს დირიჟორის გამაფრთხილებელ, ეგრეთ წოდებულ წინმსწრებ ჟესტს – აუფტაქტს (ხელისა თუ ჯოხის აქნევა), რომელიც გამოიყენება ნაწარმოების დაწყების წინ შემსრულებელთა საყურადღებოდ.

 

წერტილი

წინარე წერილებში გრძლიობებზე ბევრი გვისაუბრია. ვინაიდან მრავალფეროვან მუსიკალურ რიტმულ სამყაროში არსებული ძირითადი გრძლიობები არასაკმარისია, თვალი გადავავლოთ იმ დამხმარე საშუალებებს, რომლებიც ბგერების ჩაწერაში უკეთ დაგვეხმარება. დასაწყისისთვის, გავიხსენოთ ხუთი ძირითადი გრძლიობა: მთელი, ნახევარი, მეოთხედი, მერვედი და მეთექვსმეტედი.

როგორც გვახსოვს, მთელი ნოტი ყველაზე ხანგრძლივია და ყველა სხვა გრძლიობა მასთან შეფარდებით იზომება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დანარჩენი გრძლიობა მისი თანაბარ, ლუწ ნაწილებად დაყოფის შედეგად მიიღება. უკეთ გაგებისთვის მოსახერხებელი იქნება, თუ წამს პირობით ერთეულად მივიჩნევთ ანუ მეოთხედ ნოტს – 1 წამად, ნახევარს – 2 წამად, ხოლო მთელს – 4 წამად. მეოთხედზე ნაკლები გრძლიობები, შესაბამისად, მერვედი – 0,5 წამსა და მეთექვსმეტედი – 0,25 წამს  გაუტოლდება.

იმისათვის, რომ კომპოზიტორმა სანოტო ჩანაწერში ჩანაფიქრი სრული სიზუსტით გამოხატოს და რომელიმე ნოტის ჟღერადობა მეტად შეაყოვნოს, გრძლიობის გახანგრძლივებისთვის ორ ხერხს იყენებს: წერტილის (წერტილების) და ლიგის ნიშნების დამატებას. მაგალითად, ნოტის ან პაუზის გრძლიობის ნახევარჯერ გაზრდისთვის, ნოტის მარჯვნივ წერტილი უნდა დაისვას. სხვაგვარად თუ ვიტყვი, წერტილი ნოტს მისი გრძლიობის ნახევარს (50%) უმატებს.

მაგალითად, ნახევარი გრძლიობის ნოტი ორს ითვლის, ხოლო წერტილი მას სამ თვლამდე ზრდის. რაც შეეხება მთელს წერტილით, მისი გრძლიობა მეტრონომის ექვს დარტყმას უდრის ანუ 6 თვლამდე იზრდება, ვინაიდან მთელი ოთხს ითვლის და წერტილის სახით მისი გრძლიობის ნახევარი ანუ დამატებით ორი თვლა ემატება.

მეოთხედი ნოტი წერტილის გარეშე ერთს ითვლის, წერტილით კი – ერთნახევარს ანუ სამ მერვედს. ვფიქრობ, ადვილი გამოსათვლელია, როცა ვიცით, რომ ნებისმიერი გრძლიობის ნოტს წერტილის სახით მისი გრძლიობის ნახევარი ემატება. შესაბამისად, მეოთხედ ნოტს, რომელშიც ორი მერვედია 1/4 = 2/8, დაემატება მეოთხედის ნახევარი ანუ კიდევ ერთი მერვედი: 2/8 + 1/8 = 3/8.

იმ შემთხვევაში, თუ თვლას დროის განზომილებაში გადავიყვანთ: როცა მეოთხედი  წამს ითვლის, ხოლო წერტილი ანუ მისი ნახევარი – ნახევარ წამს, მივიღებთ წამ ნახევარს (1,5 წ.). ამგვარი თვლის პრაქტიკა შეგიძლიათ ნებისმიერი გრძლიობის გადათვლაზე გამოიყენოთ.

ახლა განვიხილოთ მერვედი წერტილით. როგორც ვიცით, მერვედში ორი მეთექვსმეტედია 1/8 = 2/16. წერტილის დამატების შემთხვევაში ორის ნაცვლად სამ მეთექვსმეტედს მივიღებთ: 2/16 + 1/16 = 3/16.

 

ორი წერტილი

თუ ნოტს ორი წერტილი მოსდევს, საწყისი გრძლიობა სამი მეოთხედით გაიზრდება. ეს ნიშნავს, რომ პირველ წერტილს, რომელიც მოცემული გრძლიობის ნახევარს უმატებს, ამ წერტილის ნახევარი დაემატება ანუ მეორე წერტილს მიღებული გრძლიობის ნახევარი დაემატება, ასე ვთქვათ „ნახევრის ნახევარი“. მაგალითად, მეოთხედთან ორი წერტილი მიანიშნებს, რომ მეოთხედის (ერთი თვლა) შემდეგ ვგულისხმობთ ჯერ მერვედ (მეოთხედის ნახევარს), ხოლო შემდეგ მეთექვსმეტედ (მერვედის ნახევარს) თვლას.

ორი წერტილი მთელ ნოტთან: თუ მთელი ითვლის ოთხს, პირველი წერტილი ორ თვლას (ნახევარი გრძლიობა), ხოლო მეორე წერტილი კიდევ ერთ თვლას – ორი თვლის ნახევარს (მეოთხედ გრძლიობას) მიუმატებს. მთლიანობაში შვიდ თვლას (4 + 2 + 1) მივიღებთ.

ორი წერტილი ნახევარ ნოტთან: თუ ნახევარი ორს ითვლის, პირველი წერტილი ერთ თვლას (მეოთხედს), ხოლო მეორე წერტილი ერთის ნახევარს (მერვედს) მიუმატებს (2 + 1+ 0,5).

 

 

ლიგა

ბგერების გრძლიობის მოსამატებლად წერტილის გარდა არსებობს კიდევ ერთი ხშირად გამოყენებადი ხერხი – ლიგა (რკალი), რომელიც ერთი და იმავე სიმაღლის მეზობელ ორ ნოტს აერთებს. ლიგით გადაბმული ნოტი არ იკვრება და ჟღერს, როგორც პირველის გაგრძელება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პირველ გრძლიობას მეორე გრძლიობა ემატება, ანუ ლიგა ორ ნოტს ერთ ნოტად აერთიანებს. გავითვალისწინოთ, რომ ლიგა პაუზებთან არ გამოიყენება.

ალბათ დაგაინტერესებთ, რა საჭიროა ლიგა, თუკი მსხვილი გრძლიობის ჩაწერის მარტივი შესაძლებლობა არსებობს? მაგალითად, ლიგით გადაბმული ორი მეოთხედი ნოტის ნაცვლად რატომ არ უნდა ეწეროს ნახევარი, ან ორი ნახევრიანი ნოტის ნაცვლად – მთელი? საქმე იმაშია, რომ ლიგა იმ შემთხვევაში გამოიყენება, როცა მსხვილი ნოტი ორი ტაქტის ზღვარზე ჩნდება (პირველ ტაქტში ვერ ეტევა). ამიტომ ნოტი უნდა დანაწევრდეს, გაიყოს ორ ნაწილად. პირველი ნაწილი ერთ ტაქტში დარჩება, ხოლო მეორე, როგორც პირველის გაგრძელება მომდევნო ტაქტის თავში, საწყის თვლაზე მოთავსდება.  შემდეგ დანაწევრებულ ორ ნაწილს შევაერთებთ და მივიღებთ ზუსტ რიტმულ ნახაზს. ასე რომ, როგორც ვხედავთ ლიგას გვერდს ვერაფრით ავუვლით.

მაგალითად, ორი გადაბმული მეოთხედი ნოტი ნახევრიანი ნოტის ანალოგი იქნება. როდესაც დაკვრისას ლიგას შევამჩნევთ, მოცემული ორი ნოტი უბრალოდ „შევაწებოთ“ ანუ თვლით გავაერთიანოთ.

 

ფერმატა

ფერმატა არის მუსიკალური სიმბოლო, რომელიც ნოტის ან პაუზის ხანგრძლივობას განუსაზღვრელი დროით ზრდის და დამოკიდებულია შემსრულებლის სურვილზე. ფერმატა იმაზე მიანიშნებს, რომ ბგერა იმაზე მეტად დავაყოვნოთ, ვიდრე სანოტო ჩანაწერშია მოცემული. ფერამატას ნიშანი (რკალი წერტილით) ნოტის ზევიდან ან ნოტის ქვევიდან დაისმება.

სწორედ ზევით აღნიშნული გამომსახველობითი ხერხების ჰარმონიული შეხამების წყალობით იქმნება მუსიკა, რომელიც მუდამ თან გვდევს და ცხოვრებას გვილამაზებს.

 

ფიქრები ხმამაღლა…მარილზე…

0

მარილზე რა აზრის ბრძანდებით? ჩვეულებრივ  სუფრის მარილზე გეკითხებით. ნატრიუმის ქლორიდი გახლავთ და არაბი ალქიმიკოსების აზრით, ერთ-ერთი უძლიერესი ნარკოტიკია. ავიცენა თავის ‘მედიცინის ტრაქტატში’ წერდა, რომ ეს ნივთიერება საკვებს საოცარ გემოს აძლევდა, თუმცა შეჩვევას იწვევდა და ზოგიერთები მასზე, ნარკოტიკივით დამოკიდებულნი ხდებოდნენ. ავიცენა იმასაც ამბობდა, ჩვენი ნაფიქრალი მარილისგან არის შექმნილიო. მართლაც, მარილი (უფრო სწორედ, ნატრიუმის იონი) ცენტრალური ნერვული სისტემის სწორი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. ნერვულ უჯრედებს შორის სიგნალი სწორედ მისი მონაწილეობით გადაიცემა. ეს რთული მექანიზმით ხორხიელდება, რაც ავიცენამ სულაც არ იცოდა, მაგრამ ეტყობა  გრძნობდა რაღაცას.

თუმცა, ზემოთ აღნიშნული სულაც არ ნიშნავს, რომ ამავე დროს,  მარილი მავნებელი არ არის.

ვაღიაროთ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მარილის გარეშე კერძის გემო ვერ წარმოუდგენიათ. ამიტომ, როგორც მომზადების დროს აყრიან კერძს მარილს, ასევე უკვე თეფშზე გადმოღებულსაც ამატებენ. სალათს, ბოსტნეულს, მოხარშულ კვერცხს, ყველაფერს მარილთან ერთად მიირთმევენ.

ახლა, სხვა მხარესაც გავიხედოთ, ყველი (ჭყინტი არ ითვლება), კონსერვები და მწნილეული (ნაყიდზე აღარაფერს ვამბობ, სახლში, ბებოს ჩადებულიც კი), სოსისები, ძეხვეული, ჩიფსები და მსგავსი გაურკვევლობა… ყველაფერი მარილით არის გაჯერებული.

მარილზე პირველად არ ვწერ. თავიდან ლამაზად აღვწერე https://mastsavlebeli.ge/?p=3673. შემდეგ, ოდნავ სახუმარო ტონი შევურიე https://mastsavlebeli.ge/?p=4348 თუმცა ახლა, ჯობს მიწაზე დავეშვა და რაც არის, ისე დავწერო.

ძველ რომსა და საბერძნეთში შეამჩნიეს, რომ მარილიანი საჭმელი გემრიელი იყო. გარდა ამისა, წყურვილის ძლიერ გრძნობას იწვევდა. ამიტომ, დიპლომატიური სადილების დროს ძალუმად იყენებდნენ, რათა… შემდეგ სტუმრებისთვის წყლის ნაცვლად ღვინო შეეთავაზებინათ და თრობაში წასულებს ყველა საიდუმლო იოლად გაეცათ. გარდა ამ მზაკვრული გეგმისა, მარილი საკვების შესანახად იყო საჭირო, რადგან მაშინ მაცივრები არ ქონდათ. მარილი კი კარგი კონსერვანტია, მიკრობებს მაშინვე კლავს. ადამიანებსაც კლავს, ოღონდ ნელა, გახანგრძლივებით. თუმცა, ადრე სხვანაირად ფიზიკური აქტიურობით სავსე ადამიანები იყვნენ, ომობდნენ, მომთაბარეობდნენ, ფიზიკურ ძალას ხარჯავდნენ და ახლანდელი ადამიანივით კომპიუტერთან მიმჯდარი ცხოვრებით არ ცხოვრობდნენ.

აი, ასეთი გენეტიკური მიჯაჭვულობა გვერგო მარილთან. არადა, თუ მარილს ძალიან შევამცირებთ, პირველივე თვეში 8 კილომდე დავიკლებთ. გგონიათ ცხიმი დაიწვება? არაა, ჩვენი ცხიმი ადგილზევე, ანუ ჩვენთან დარჩება. აი, შეკავებულ წყალს კი დავკარგავთ.

ორგანიზმში ზედმეტი მარილი წყალს იკავშირებს და აკავებს. შედეგად გულსისხლძარღვთა სანათური ვიწროვდება, სისხლძარღვის კედელი მოქნილობას კარგავს და შეკუმშვა უძნელდება, ვითარდება ჰიპერტონია. ადამიანს წონა ემატება შეკავებული წყლის ხარჯზე. გარდა ამისა, ნატრიუმი კალციუმის ანტაგონისტია. მისი ჭარბი რაოდენობა ორგანიზმიდან კალციუმის იონს  აძევებს. კალციუმი არა მხოლოდ ძვლის ქსოვილისთვის არის საჭირო, სხვა უამრავ პროცესშიც მონაწილეობს, ასევე გულის კუნთის შეკუმშვაშიც. ამიტომ, სისხლში მისი დეფიციტის შემთხვევაში, ორგანიზმი საჭირო კალციუმს ძვლიდან აიღებს, ძვალი კი გამოიფიტება და  განვითარდება ოსტეოპოროზი.

მოდი, განვმარტოთ, მარილის შედგენილობიდან სახიფათო ზედმეტი რაოდენობის  ნატრიუმის იონია. სამედიცინო დასკვნებით, გინდაც საერთოდ არ მივიღოთ მარილი, ჩვენს დღიურ ნორმას, 2,5გრამს, ბოსტნეულიდან და მწვანილებიდან მაინც შევითვისებთ. ახლა დავფიქრდეთ, სხვადასხვა სასუსნავებში ემულგატორებით,  ასევე მარილების სახით, რამდენი ნატრიუმია ჩასაფრებული. სულ რამდენიმეს ჩამოვთვლი: E-401-ნატრიუმის ასკორბატი; E-301-ნატრიუმის ბუტირატი, E- 500- ნატრიუმის კარბონატი; E-211-ნატრიუმის ბენზოატი, E-524-ნატრიუმის კაზეინატი და ა.შ.

დღეს ბაზარი სხვადასხვა მარილს გვთავაზობს. მათ შორის ყველაზე პოპულარული, ლამაზი, მიმზიდველი და ძვირი ე.წ. ჰიმალაის ვარდისფერი მარილია. ერთ გადაცემაში ისიც მოვისმინე, მიირთვით რამდენიც გნებავთო, ეს ჰიმალაის არის და ორგანიზმში წყალს სულაც არ აკავებსო…

ჰმ…

ჩავუღრმავდეთ…

ვადასტურებ, რომ ლამაზი და ფერადია. ჰიმალაის მარილად წოდებულ ვარდისფერ მარილს პაკისტანში მთებში  მოიპოვებენ. სჯერათ, რომ ოკეანის მარილის და ვულკანური ლავის შერევით წარმოიქნა. ამ ვულკანებმა ჰიმალაის მთების ფორმირებაში მიიღეს მონაწილეობა. ვარდისფერს სხვადასხვა მინერალების თანაარსებობა განაპირობებს. აქ არის კალიუმი, ფთორი, იოდი, მაგნიუმი, სპილენძი და ა.შ. მართალია მათი მთლიანი რაოდენობა მხოლოდ 3%-ია, მაგრამ შეფერილობის მისაცემად საკმარისია. რა არის დანარჩენი 97%?

ნ ა ტ რ ი უ მ ი ს   ქ ლ ო რ ი დ ი…!  დიახ, ჩვეულებრივი მარილი გახლავთ, ლამაზი ფერით, დამატებული მინერალებით, ოდნავ უფრო გემრიელიც, მაგრამ მაინც მარილი და შესაბამისად წყალსაც წარმატებულად აკავებს ორგანიზმში. იწვევს სისხლძარღვების კედლის სანათურის შევიწროვებას. ასევე, ღვიძლის შემაერთებელი ქსოვილიც ზიანდება. ყველაფერი ისევეა, როგორც ჩვეულებრივი მარილის ჭარბად მოხმარების დროს.

სუპერმარკეტების დახლებზე ზღვის მარილსაც შეხვდებით. ზღვის წყლის ამოშრობით მარტივად მოიპოვებენ. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ასეთ მარილში იოდი იქნება, მაგრამ იოდი აქ ძალიან ნაკლებია, რადგან მოპოვების პროცესში იკარგება. აბა, ზღვის წყალს, რომ იოდის სურნელი აქვსო?-იკითხავთ. იოდის სურნელი სინამდვილეში იმ წყალმცენარეებიდან იგრძნობა, რომელიც ან ნაპირზეა გამორიყული, ან ახლოს ტივტივებს.

მოკლედ, აქ ერთადერთი სიმართლე ის არის, რომ ჩვეულებრივ სუფრის მარილშიც, ზღვის მარილშიც და ჰიმალაის მარილშიც NaCl-ის რაოდენობა 95-98%-ია, დანარჩენი თანმხლებ მინერალებზე მოდის. ასე რომ, თუ მაინც უნდა ავირჩიოთ მარილი, ისევ იოდიზირებულზე  შევაჩეროთ ყურადღება, ანუ იმაზე, რომელსაც იოდი ხელოვნურად ექნება დამატებული კალიუმის იოდინის ან კალიუმის იოდატის სახით. ამ უკანასკნელს უფრო უპირატესობას ანიჭებენ, რადგან  მდგრადია და მასში იოდი ნაკლებად იჟანგება.

თავის დროზე, იოდიზებული მარილი ევროპისთვის (და არა მხოლოდ) ნამდვილ შვებად იქცა, რადგან იოდის დეფიციტის გამო ფარისებრი ჯირკვლის მასიური დაავადება იყო გავრცელებული. ჯირკვალი იოდშემცველ ჰორმონებს გამოიმუშავებს და ადამიანის ორგანიზმის ერთგვარ „ელემენტად“  გვევლინება https://mastsavlebeli.ge/?p=16073 „ელემენტი“ თუ დაიცალა, ადამიანიც ეშვება, მუდმივ დაღლას და უგუნებობას გრძნობს. იოდის ნაკლებობა სახეზეც აისახება. კანი უფრო მშრალი, თვალები შეშუპებული, თმები კი მსხვრევადი ხდება.

ის, რომ ფარისებრი ჯირკვალი პრობლემა იყო, ეს შუა საუკუნეების მხატვრულ ტილოებზეც ჩანს. გნებავთ ალბომები გადაფურცლეთ, გნებავთ ინტერნეტით გადაამოწმეთ, მაგრამ ტილოზე გამოსახული ქალბატონების უმრავლესობას შესიებული ფარისებრი ჯირკვალი-ჰიპოთერიოზი- აღენიშნება.

აი, რამდენიმე მაგალითიც:

ბარტოლომეო ვივარინი- „მადონა და ბავშვი“; https://savevenice.org/our-restorations/church-of-san-giovanni-in-bragora-bartolomeo-vivarini-madonna-and-child-with-saints/

Madonna and Child

ჰანს ჰობეინი- „ადამი და ევა“ https://www.artbible.info/art/large/282.html

არტემიზია ჯენტილესკი -„ივდითი და მისი მოახლე“ https://it.wikipedia.org/wiki/Giuditta_con_la_sua_ancella#/media/File:Gentileschi_judith1.jpg

თუმცა, ეს სტატია მარილის საქებრად არ დაწერილა, ამიტომ იოდის მიღება რაიმე სხვა გზითაც  ხომ უნდა შეიძლებოდეს? მსხალში, ფეიხოსა და ბოლოკში იოდს იპოვით, თუმცა რაოდენობა დიდი არ არის. აი, ზღვის კომბოსტო 100 გრამში დღიური ნორმის 70% იოდს შეიცავს. თევზის 100 გრამში კი ექვსი დღის ნორმას აღმოაჩენთ.

რადგან წერილი მარილის უფრო ხიფათიან  მხარეს შეეხება და წაკითხვის შემდეგ მასთან დამშვიდობებას თუ გადაწყვეტთ, პროცესი ეტაპებად შეიძლება დაიყოს.

პირველი ეტაპი-თავად მარილზე უარის თქმა და ან მისი ძალიან შემცირებაა.

მეორე ეტაპი-უარს ვამბობთ კონსერვირებულ საკვებზე (ბებოს ჩადებულ მწნილზეც კი) და მარილიან ყველზე (სხვათა შორის, 100გრამ ყველზე საშუალოდ 8-10გრამი მარილი მოდის). ან, ძალიან ვამცირებთ მათ მოხმარებას. სალათებისთვის მარილის ნაცვლად ლიმონის წვენს ან ძმარს ვიყენებთ. ამბობენ, უმარილობას ვერ იგრძნობთო.

არსებობს კიდევ ავარიული მესამე ეტაპიც, როცა უარს ვერაფრზე ვამბობთ. ამ შემთხვევაში, ის მაინც უნდა შევძლოთ, რომ მენიუში კალიუმის და მაგნიუმის შემცველი პროდუქტები გავაორმაგოთ. კალიუმი ორგანიზმში ნატრიუმის ანტაგონისტია. მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში, კალიუმის იონი ნატრიუმს გამოაძევებს და სითხესთან ერთად დატოვებს ორგანიზმს. მაგნიუმი მუსკულატურის კარგ შეკუმშვას უწყობს ხელს, მათ შორის გულის და სისხლძარღვების მუსკულატურას. ორივე მათგანს იპოვით ბრინჯში, ქატოში, მოუხალავ მზესუმზირასა და გოგრის თესლსში, სელის თესლში, გარგარში, ნიგოზ-თხილეულობასა და ნუშში.

ამჯერად, აი ასეთი „ფიქრები ხმამაღლა“ გამოვიდა მარილზე. მორალი ერთია, ყველანაირი მარილი მარილია და გადამეტება ვნებს.

და ეს მხოლოდ მარილს არ ეხება. ზედმეტი და გადამეტებული მგონი არაფერი ვარგა, განსაკუთრებით კი ცხოვრებაზე ჰიმალაის მარილისნაირი ვარდისფერი სათვალით ყურება.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...