კვირა, ივლისი 6, 2025
6 ივლისი, კვირა, 2025

თუ შვილს ან მოსწავლეს ძალადობას შევნიშნავთ

0

ბულინგი, რაც ჩაგვრას და დაშინებასაც ნიშნავს, როგორც წესი, წინასწარ განზრახული, განმეორებადი და აგრესიული ქმედებაა. მჩაგვრელს ყოველთვის ჰყავს სამიზნე და მასზე ძალის დემონსტრირებას ცდილობს. ბულინგის მსხვერპლი უმეტესად ნაკლებად თავდაჯერებული, ფიზიკურად სუსტი ბავშვია, სხვებთან შედარებით მორიდებული, მგრძნობიარე ან ჩაკეტილი. ფსიქოლოგთა დაკვირვებით, ბულინგის სამიზნე შეიძლება გახდეს ჯგუფიდან უარყოფილი ბავშვიც, რომელსაც არ ჰყავს ახლო მეგობრები.

ასეთი შემთხვევების შესახებ ბევრი რამ გაგიგონიათ. ალბათ კარგი იქნებოდა გცოდნოდათ, როგორ უნდა მოიქცეთ, როცა თქვენი შვილი ან მოსწავლე არა ბულინგის მსხვერპლი, არამედ მისი ინიციატორი ან თანამონაწილეა.

იმის გაცნობიერება, რომ ჩვენი საყვარელი შვილი ან არცთუ ურიგო მოსწავლე სხვაზე ძალადობს, შესაძლოა ნამდვილ ტრამვად იქცეს. თავდაპირველად ზრდასრულებს უჭირთ ამის დაჯერება და ფიქრობენ, რომ რაღაც გაუგებრობასთან აქვთ საქმე, მერე კი ამ უსიამოვნო ფაქტთან შეგუება და მოქმედება უწევთ.

ცნობილია, რომ ბულინგისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გარემო დეზორგანიზებული სკოლაა. ყველაზე ხშირად ბულინგის შემთხვევები სწორედ იქ იჩენს თავს, სადაც ნაკლებად მოძრაობენ უფროსები. უფროსებიც ბულინგს საკმაოდ გვიან ამჩნევენ, მაშინ, როდესაც სიტუაცია გართულებულია. მოსწავლეებიც ხშირად აღნიშნავენ, რომ მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია სათანადოდ ვერ ზრუნავენ მათ უსაფრთხოებაზე და ვერ მართავენ ბულინგს. მისი აღკვეთის შესახებ ცოდნაც არ გააჩნიათ. ზრდასრულების ახლოს ყოფნის შემთხვევაშიც კი ბულინგის ინიციატორები კარგად ახერხებენ შენიღბვას და ზრდასრულებისგან დისტანცირებას.

როგორ დავეხმაროთ მოძალადე ბავშვს მისი ნეგატიური ქმედებების გააზრებასა და იდენტიფიცირებაში?

უპირველეს ყოვლისა, ამ დროს საჭიროა სიმშვიდის შენარჩუნება, იმის გარკვევა, რა მოხდა სინამდვილეში, რასთან გვაქვს საქმე. სასურველია, ვიპოვოთ ნეიტრალური მოწმეები, რომლებიც ამ შემთხვევას შეესწრნენ.

ბულინგი განსხვავდება რიგითი კონფლიქტისა და ერთჯერადი შეხლა-შემოხლისაგან. როგორც აღვნიშნეთ, ის სისტემურ, განმეორებად და აგრესიულ ქმედებას წარმოადგენს და მას ბავშვისთვის ზიანი მოაქვს. ბავშვი შეიძლება გალახონ, შეურაცხყონ სხვადასხვა ფორმით, მათ შორის – სიტყვიერად, ატირონ, დაამცირონ, გაუწიონ იგნორირება ან სხვა სახით მიიტანონ მასზე იერიში.

თუ ბულინგი დადასტურდა, მშობელს ან მასწავლებელს ჯერ ბრაზი ერევა, მერე კი უნდა, დამნაშავე დასაჯოს. ხშირად მშობელი მასწავლებელს ადანაშაულებს, რომ ეს სიტუაცია „გამოეპარა“ ან პირიქით, მასწავლებელი ხელს მშობლისკენ იშვერს და შვილის ცუდად აღზრდის გამო კიცხავს.

ასეთ ემოციებში ჩაღრმავება არ ღირს. ეს ემოციები და ეჭვები შეიძლება ახლობლებს გავუზიაროთ, მაგრამ ეს ამბავი უფრო სხვაგვარ, პრაგმატულ და სწრაფ რეაგირებას მოითხოვს.

დავსვათ კითხვა: რატომ მოხდა ასე? რატომ მოირგო ჩვენმა შვილმა/მოსწავლემ მოძალადის როლი? გვახსოვდეს, რომ ბავშვთა დიდი ნაწილისთვის მნიშვნელოვანია, იყვნენ რაიმე ჯგუფის წევრები. თუ მათ შორის დასაჯგუფებელი კავშირი არ არსებობს, ბავშვებმა შესაძლოა ის ხელოვნურად შექმნან და ვინმეს წინააღმდეგ გაერთიანდნენ.

განსაკუთრებით სწრაფად ჯგუფებად გაერთიანება ხდება აგრესიითა და ქსენოფობიით დამუხტულ საზოგადოებაში. გაერთიანებულ ჯგუფს ერთეულებზე ნადირობისა და ეიფორიის აზარტი იპყრობს. ჯგუფი მიიჩნევს, რომ სამართლიანად იქცევა და არ ცნობს ბულინგს.

ძალადობაში აქტიურ ბავშვებს, როგორც წესი, ფსიქოლოგიური პრობლემებიც აქვთ. მათ ან გადაიტანეს ძალადობა, ან სხვისი გავლენის ქვეშ მოხვდნენ. სიტუაცია უმართავი ხდება, როდესაც მასწავლებელი ან მშობელი პატარ-პატარა ძალადობაზე თვალს ხუჭავენ, ყურადღებას არ აქცევენ. ბავშვები კი უფროსების ჩარევის გარეშე სიტუაციას ვეღარ არეგულირებენ. ამიტომ არ ღირს ლოდინი, სანამ „ყველაფერი თავისთავად დალაგდება“.

უფროსები უნდა ეცადონ, აღკვეთონ ძალადობა. ბულინგში მონაწილე ყველა ბავშვს სჭირდება დახმარება – მოძალადესაც და ძალადობის მსხვერპლსაც, მაგრამ რადგან ძალადობა სკოლაში ლამის სოციალური პროცესის ნაწილად არის ქცეული, აუცილებელია ბავშვთა ჯგუფთან მუშაობა და არა მხოლოდ ინდივიდუალური შეხვედრების ჩატარება. თვალსაჩინო ზიანის გარდა, რომელიც ძალადობას მსხვერპლისა და მოძალადისთვის მოაქვს, ბულინგი აზიანებს ბავშვთა ჯგუფისა და მისი ყველა მონაწილის პროდუქტიულობას სკოლაში და სკოლის მიღმა.

მოძალადე ბავშვის ემოციური და ინტელექტუალური რესურსი უარყოფით განცდებზე იხარჯება. ამიტომ ამბობენ, რომ ბულინგი არ არის ინდივიდუალური ან მხოლოდ კონკრეტული ჯგუფის პრობლემა. ის აზარალებს როგორც პირდაპირ, ისე ირიბ მონაწილეებს, ხოლო შორეული შედეგებით – მთელ საზოგადოებას.

დაუსჯელობისა და საკუთარი ძალის დემონსტრირების ილუზიური გამოცდილება განსაკუთრებით ცუდად აისახება მოძალადეზე. თუ ზრდასრულებმა დროულად არ ვიმოქმედეთ, მას ჩამოუყალიბდება ასოციალური პიროვნების თვისებები, რომლებიც ზრდასრულ ასაკში უფრო მკაფიოდ გამოვლინდება.

როგორ არ უნდა ვესაუბროთ ბავშვს ძალადობაზე? არ შეიძლება ყვირილი, ჩხუბი, ცემა. ამით კიდევ ერთხელ განვუმტკიცებთ ბავშვს რწმენას, რომ სამყარო ძლიერებისა და სუსტებისგან შედგება, რომ ძლიერს შეუძლია, სუსტი დაჩაგროს. არ შეიძლება ბავშვის შერცხვენა, მას არ უნდა აღვუძრათ დანაშაულის განცდა. სწორედ სირცხვილი, შიში და დანაშაულის განცდა უბიძგებს მოძალადეს, იძალადოს და თავისი უპირატესობა ამ გზით დაამტკიცოს. ასევე არ შეიძლება მასთან საუბარი ძალადობის მსხვერპლის განცდებზე. ამ დროს ნებისმიერ აგრესორს უჩნდება ზიზღი უსუსურობის მიმართ.

როგორ უნდა ვესაუბროთ ბავშვს ისე, რომ უკუშედეგი არ მივიღოთ? საკმაოდ მკაცრად შეიძლება ვუთხრათ: „ის, რასაც აკეთებ, ძალადობაა“. საქმე ის არის, რომ ბევრი ბავშვი ვერ აცნობიერებს ძალადობას. მისთვის ეს თამაშია, აზარტული გასართობი ან იმის გამოხატვა, რომ ვიღაც არ მოსწონს. ბავშვები სიტუაციას სისტემურად ვერ ხედავენ.

შეგიძლიათ შესთავაზოთ ბავშვს, საკუთარი თავი წარმოიდგინოს მსხვერპლის როლში. აღწერეთ კონკრეტული ქმედებები, მაგალითად: „წარმოიდგინე, შეხვედი კლასში და არავინ მოგესალმა, ყველა დაგცინის, ყველა შენს ზურგს უკან ქირქილებს. შენს ნივთებს შეგნებულად ყრიან იატაკზე, წერის დროს ხელს გიშლიან და თუ არაფერს ამბობ, უფრო აგრესიულ ქმედებებზე გადადიან. შესვენების დროს დერეფანში ყველა მხარს გკრავს, არ გაძლევენ ამოსუნთქვის საშუალებას, გკეტავენ საპირფარეშოში, გიმალავენ ჩანთას, შენს რვეულებს კი სანაგვე ურნაში პოულობ“.

მიუთითეთ ძალადობის მიმართ თქვენს დამოკიდებულებაზე: „ეს სერიოზული პრობლემაა, არა მხოლოდ თქვენი, არამედ მთელი ჯგუფისა (კლასისა). არსებობს პრობლემები, დაავადებები, რომლებიც აქვთ არა ადამიანებს, არამედ კოლექტივს. თქვენთანაც იგივე მოხდა. ჩვენ სასწრაფო ზომები უნდა მივიღოთ, თქვენ დახმარება გჭირდებათ“.

თქვენ შეგიძლიათ აყურებინოთ ბავშვებს ფილმები ბულინგზე. ასე უფრო უკეთ დაინახავენ შორიდან საკუთარ თავს.

როგორ დაველაპარაკოთ დაზარალებული ბავშვის მშობლებს? ბულინგის მართვა შესაძლებელია, თუ უფროსები აღიარებენ მას როგორც პრობლემას, შეძლებენ მის ამოცნობას და არა მხოლოდ მსხვერპლის, არამედ ბულინგის შემსრულებლის დახმარებასაც ეცდებიან.

თავის მართლების გარეშე მოუსმინეთ დაზარალებული ბავშვის მშობლებს, ნუ შეაწყვეტინებთ. აცადეთ შიშის და უკმაყოფილების გამოხატვა. მათ უყვართ შვილი და მისი დაცვა უნდათ. თქვენც ასე მოიქცეოდით. ამიტომ აჩვენეთ, რომ მათი გესმის, რომ ეს სერიოზული შემთხვევაა და თქვენ მზად ხართ, ამ პრობლემის მოგვარებაში მიიღოთ მონაწილეობა.

მოუყევით დაზარალებულის მშობლებს, რა გააკეთეთ უკვე და რას აპირებთ მომავალში – რომ აპირებთ, იპოვოთ ვინმე, ვინც შეძლებს ჯგუფთან მუშაობას. ეს შეიძლება იყოს სკოლის ფსიქოლოგი, დირექტორი, დამრიგებელი, მოწვეული სპეციალისტი. შეგიძლიათ შექმნათ მშობლების ჯგუფი, რომელიც ამის მოგვარებას იკისრებს.

როგორ ვიმუშაოთ მთელ გუნდთან და ვინ უნდა გააკეთოს ეს? არსებობს ნაცადი და ეფექტიანი მეთოდები ნაბიჯ-ნაბიჯ მუშაობისთვის ბავშვთა იმ ჯგუფთან, რომელმაც ბულინგი განახორციელა. უმჯობესია, თუ ჯგუფთან იმუშავებს პროფესიონალი, კომპეტენტური პირი, რომლის რეკომენდაციები არ გააუარესებს სიტუაციას.

თუ ასეთი პროფესიონალი ვერ იპოვიეთ, უნდა მოიძიოთ ისეთი ადამიანი, რომელიც მზად იქნება იკისროს პასუხისმგებლობა, დაეხმაროს კლასს, შეისწავლოს ბულინგთან ბრძოლის ინსტრუქციები და ჩაატაროს რამდენიმე გასაუბრება. თემა ძალიან სერიოზულია, ამიტომ კლასთან ერთი შეხვედრა არ იქნება საკმარისი. შუალედებში მან სიტუაციის შემდგომ განვითარებასაც უნდა მიაქციოს ყურადღება.

კლასთან მუშაობა იწყება შემდეგი ნაბიჯებით: სიტუაციაში გარკვევა, დაზარალებული ბავშვის ადგილას საკუთარი თავის წარმოდგენის მოთხოვნა, იმის გამოცხადება, რომ ძალადობა მიუღებელია.

მომდევნო ეტაპები:

  • სთხოვეთ ბავშვს, ქულებით შეაფასოს ძალადობაში მონაწილეობა.
  • შესთავაზეთ, განიხილონ და მიიღონ ჯგუფის ახალი წესები, ჩამოწერონ და კედელზე თვალსაჩინო ადგილას ჩამოკიდონ.
  • ყოველდღიურად ჩაინიშნონ ჯგუფში მომხდარი პოზიტიური ცვლილებები.
  • ორგანიზება გაეწიოს ღონისძიებებს, რომლებიც ჯგუფის წევრთა ენერგიას სხვა კალაპოტში გადააგდებს და მათი ნიჭის ჩვენებას მოხმარდება, მათთვის, კლასისთვის, სკოლისთვის სასარგებლო და ღირებული იქნება.

 

მედიაწიგნიერება სკოლაში

0

მედიაწიგნიერების, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპეტენციის, შესახებ საკმაოდ ხშირად საუბრობენ. ბევრი სტატია, ბლოგი თუ რჩევა წამიკითხავს იმაზე, თუ როგორ განვუვითაროთ მოსწავლეებს ინფორმაციის ზღვაში საჭირო მასალის მოძიება-გადამოწმებისა და გააზრება-გამოყენების, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარები. მიუხედავად იმისა, რომ სწავლების პროცესში ყველა ზემოხსენებული კომპეტენციის გაუმჯობესებას ვცდილობთ, წიგნიერებასთან დაკავშირებული კვლევები (მაგალითად, PIRLS) გვიჩვენებს, რომ კვლევაში ჩართულ მოსწავლეებს ყველაზე მეტად ინფორმაციული ტექსტების გააზრება-დამუშავება უჭირთ. ფაქტია, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოებში მხატვრული ტექსტები ჭარბობს, სხვა საგნები კი, მიზეზთა გამო, ორიენტირებული კითხვის უნარებზე იმ დოზით ვერ ამახვილებენ ყურადღებას, როგორც ეს მშობლიური ენის მასწავლებლებს მოეთხოვებათ. ამ ვაკუუმის შესავსებად ხშირად სხვადასხვა დამხმარე ბეჭდურ ან ინტერნეტ რესურსს ვიყენებ. თუმცა პროგრამით გათვალისწინებული მასალა არც თუ ისე ხშირად გვიტოვებს დროს დამატებით ტექსტებზე მუშაობისთვის.

2011 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაამტკიცა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც მედიაწიგნიერებას ერთ-ერთ გამჭოლ კომპეტენციად ასახელებს. ესგ-ის მიხედვით, მოსწავლეებს მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებული აკადემიური უნარ-ჩვევები ყველა საგნობრივმა ჯგუფმა უნდა განუვითაროს. მედიაწიგნიერების უნარებში მულტიმედია ტექსტების გაგება-გააზრება, ინტერპრეტირება, გამოყენება და შექმნა იგულისხმება. მოსწავლემ უნდა შეძლოს მედიასივრცეში დამოუკიდებლად ორიენტირება, ინფორმაციის გადარჩევა-გადამოწმება და კრიტიკულად შეფასება. მედიაწიგნიერების კონცეფცია დაკავშირებულია კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებასთან, რადგან ინფორმაციის ხარისხიანად დამუშავებას, სანდოობის განსაზღვრას და ამასთან, ახალი ინფორმაციის შექმნას სწორედ ზემოაღნიშნული უნარები უზრუნველყოფს.

ბოლო წლებში, მედიაწიგნიერების პოპულარიზაციის მიზნით, აქტიურად იმართებოდა არასამთავრობო თუ სამთავრობო საგანმანათლებლო ცენტრების მიერ ორგანიზებული კონფერენციები, ტრენინგები და კონკურსები. მაგალითად მოვიყვან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით ჩატარებულ კონკურსს –  ,,ციფრული და მედია წიგნიერება სკოლაში“ (2013წ.), ტრენინგს – ,,მედიაწიგნიერების თეორიული ასპექტები და პრაქტიკული გაკვეთილები“ (2016), კონფერენციებს –  ,,კრიტიკული მედიაწიგნიერება – 2016“ და ,,დემოკრატიული სკოლა და მედიაწიგნიერება 2017“ (,,კავკასიური ქსელი ბავშვებისთვის“ (CNC)) და ა.შ. თუმცა ალბათ უფრო მასშტაბური ინტერვენცია და დროა საჭირო, რომ ზემოაღნიშნულ ღონისძიებათა შედეგები მოსწავლეთა წიგნიერების უნარებზეც აისახოს.

ჩემი აზრით, ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებისას მეტ დრო უნდა ეთმობოდეს მედიაწიგნიერების დონის ამაღლებას. სახელმძღვანელოებში ჩადებული მასალების პარალელურად შეგვიძლია გამოვიყენოთ ის ინტერნეტ თუ ბეჭდური რესურსი (კითხვის უნარების დახვეწასა და ტექსტის სიღრმისეულად გააზრებაზე ორიენტირებული ტესტები), რომელიც ჩვენს აღსაზრდელებს საინფორმაციო ტექსტებზე მუშაობას მიაჩვევს. თუმცა პირადად მე, საკმაოდ დატვირთული კურიკულუმის გამო ზემოაღნიშნულ უნარებზე ორიენტირებას კლუბური მუშაობის დროს უფრო ვახერხებ.

ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში არაფორმალური განათლების კერების არსებობა რომ საკმაოდ ეფექტურია, ამაზე აღარ ვისაუბრებ. კლუბური მუშაობა მოსწავლეებს სავალდებულო სასწავლო პროცესისგან მოწყვეტის საშუალებას აძლევს და იმის ილუზიას უქმნის, რომ გაკვეთილების დასრულების შემდეგ დაგეგმილი აქტივობები მათ განტვირთვას და გახალისებას ემსახურება, რაც კლუბის შინაარსსა და აქტივობების მრავალფეროვნებაზეა დამოკიდებული. მართალია, არაფორმალური შეხვედრები სტანდარტულ გაკვეთილს არ უნდა დაემსგავსოს, მაგრამ გარკვეულწილად მაინც დაეყრდნობა მონათესავე დისციპლინას. კლუბური სისტემა სკოლის ერთიანი აკადემიური მიმართულების ნაწილია და საგაკვეთილო პროცესის დროს აქცენტირებულ უნარებს მიღმა დარჩენილი შესაძლებლობების გამოვლენას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. ჩემი კლუბი მოსწავლეებს ქართული ენის გაკვეთილებზე მიღებული კომპეტენციის გაუმჯობესებაშიც ეხმარება და მედიაწიგნიერებასთანაც პირდაპირ კავშირშია.

,,ცნობის ფურცლის“ იდეა მეხუთე კლასის ერთ-ერთ შემაჯამებელ პროექტზე მუშაობის დროს დამებადა. ,,დავითის და გოლიათის“ ისტორია დაძველებულ ფურცლებზე რეპორტაჟების, სტატიების ან დღიურების სახით უნდა ,,გადაგვეწერა“, შემდეგ კი გაზეთად აგვეკინძა და სკოლაში გაგვევრცელებინა. გაზეთში ,,გამოქვეყნებულ“ ისტორიებს ავტორები სკოლის რადიოში გამოაცხადებდნენ. ზემოაღნიშნულმა პროექტმა მოსწავლეების და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. ახალ სასწავლო წელს კი ჩვენს სკოლას, ახალი კლუბის სახით, ,,ცნობის ფურცლის“ რედაქცია შეემატა.

 

კლუბის წევრებმა ჟურნალზე მუშაობა საკუთარ თავზე გამოსცადეს. მათ ერთად ჩაატარეს რამდენიმე სასკოლო გამოკითხვა და შედეგების მიხედვით შეარჩიეს რუბრიკები და გასაშუქებელი თემები სტატიებისა და ინტერვიუებისთვის. ყოველი სემესტრის ბოლოს ,,ცნობის ფურცლის“ ერთი ნომერი გამოდიოდა. ჟურნალს, მოსწავლეებთან ერთად, დიდი ინტერესით კითხულობდნენ უფროსებიც. იგი ღია კარის დღეებზე ერთგვარი გიდის როლს ასრულებდა, რადგან სტუმრები სკოლის ცხოვრების შესახებ ყველაზე მეტს სწორედ ამ ბეჭდური გამოცემის გადაშლისას იგებდნენ. კლუბის ინიციატივით, სკოლაში ფონტების კონკურსი ჩატარდა, გამარჯვებული შრიფტით კი ჟურნალის მეორე ნომერი გავაფორმეთ. სკოლის დღიურის გარდა, ,,ცნობის ფურცელში“ იბეჭდებოდა პატარა მეცნიერთა ბლოგები, მოგზაურთა ჩანაწერები, ნორჩ შემოქმედთა ზღაპრები, სტატიები ხელოვნებაზე, დიდ შესვენებაზე თავშესაქცევი კროსვორდები და სხვა თავსატეხები. ეს იყო ძალიან შრომატევადი, საპასუხისმგებლო და საინტერესო თავგადასავალი, რომელიც მოსწავლეებს სწორედ იმ უნარ-ჩვევების დახვეწაში ეხმარებოდა, რაზეც ზემოთ საკმაოდ ვრცლად ვისაუბრე.

 

სკოლის ჟურნალზე IV-VI კლასების მოსწავლეები მუშაობენ, უფრო პატარები კი მედიაწიგნიერების საწყის უნარებს ეუფლებიან და ხელნაწერი წიგნებს ამზადებენ. უკვე ხუთი წელია ზემოაღნიშნულ კლასებში ხელნაწერ კრებულებს ვქმნით. მოსწავლეებს საშინაო დავალებად მხატვრულ და საინფორმაციო ტექსტებს თანაბრად ვაძლევ და მათზე მუშაობის სხვადასხვა ხერხს ვთავაზობ. სასწავლო წლის განმავლობაში მათი ,,შთაბეჭდილების სკივრები“ ივსება საყვარელი მოთხრობების/ზღაპრების ილუსტრირებული შინაარსებით, კომიქსებით, პერსონაჟებთან მიწერილი წერილებით, საყვარელი კერძების რეცეპტებით, ისტორიული, სპორტული თუ სხვა სფეროსთან დაკავშირებული სიახლეებით, ცნობილი ამბების უცნობი გაგრძელებებით, რომლებსაც თავად იგონებენ და წიგნის თანაავტორები ხდებიან და ა.შ.

მომავალ წელს კიდევ ერთი პროექტის – სკოლის რადიოს განხორციელებას ვაპირებ. ამჯერად, კლუბური მუშაობის მიზანი რადიოგადაცემების მომზადება და სკოლის ტერიტორიაზე გავრცელება იქნება. იმედი მაქვს, ეს ახალი ინიციატივა, სკოლის ჟურნალთან ერთად, მოსწავლეთა წიგნიერების დონეს კიდევ უფრო აამაღლებს.

სიმბოლისტური ჯადოქრობა გოგლასგან

0

გიორგი ლეონიძის ”მეცამეტე საუკუნე”

 მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეების მსოფლიო (ქართულიც, რასაკვირველია) პოეზია იდეურად, სახეობრივად და სტილურად მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. მეცხრამეტე საუკუნის ლექსი ლოზუნგურობის დამღას ატარებს, რადგან ამ ეპოქაში ცივილიზებული კაცობრიობა ახალი ღირებულებების დამკვიდრებისა და თვითგამორკვევისთვის იბრძვის. მწერლობა კი ყოფის პროექციაა და ამას თვით ლირიკული ლექსიც ვერ ასცდება, რადგან ლირიკული განცდებიც ისევე არის ობიექტური სინამდვილის ანარეკლი, როგორც – პროზაული ტექსტის ვრცელი ნარატივები.

მეოცე საუკუნის დასაწყისის მოდერნისტულმა ლირიკამ კი ადამიანის სულის უღრმეს ხვეულებში წიაღსვლები, ლირიკული გმირის ფსიქოპორტრეტების ინტროსპექცია და გამოუთქმელის გამოთქმა სცადა. უღრმესი ფსიქოლოგიზმი სიმბოლისტური ლექსის უპირველესი მახასიათებელია. ადამიანის ქვეცნობიერი იმდენ გამოუცნობ ხატს ინახავს, მათი ”ამოზიდვა” ტექსტებში პოეტის ”გულიდან სისხლის წვეთებით”, მართალია, უამრავ პასუხგაუცემელ კითხვასაც ბადებს, მაგრამ ფსიქოლოგიზმით დაინტერესებული მკითხველისთვის უაღრესად საინტერესოა.

სკოლის დამამთავრებელ კლასში ქართული ლიტერატურის პროგრამით გათვალისწინებულია ქართული სიმბოლიზმის სწავლება, რაც გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. სიმბოლისტური ლექსის სახე-სიმბოლო იმდენად მრავალპლანიანი, ღრმა და ამოუცნობია, შთაგვაგონებს პოლარულად განსხვავებულ წაკითხვებს და ხშირად იწვევს აზრთა სხვადასხვაობას, მოსწავლეებს ხშირად არ სჯერათ სახელმძღვანელოს ან რომელიმე ლიტმცოდნის ან თუნდაც მასწავლებლის მიერ შეთავაზებული წაკითხვებისა. სახე-სიმბოლოს დეკოდირება ნებისმიერი ეპოქის ტექსტების ანალიზისას უმნიშვნელოვანესია, მაგრამ სიმბოლისტური ლირიკული ტექსტი ამ მხრივ განსაკუთრებულია.

სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულია რამდენიმე სიმბოლისტი პოეტის ტექსტების სწავლება. ესენია: პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე, გალაკტიონ ტაბიძე, გიორგი ლეონიძე. პროგრამაში არ შედის ბევრი ლექსი, მოსწავლეებს უჭირთ მათი გაგება და ეროვნულ გამოცდებზეც ამ ტექსტების განხილვის წერა დაუძლეველ სირთულედ ეჩვენებათ. მასწავლებელს რომ გაუიოლდეს სიმბოლისტური ლექსის სწავლება, ამისთვის სასურველია მიმართოს პარალელურ ტექსტებს და რამდენიმე მასტერკლასი საკმარისია საიმისოდ, რომ სიმბოლისტური ლექსის ბუნება ნათელი და იოლად საკვლევი გახდეს მოსწავლეებისთვის. გიორგი ლეონიძის ”მეცამეტე საუკუნე” არის ლექსი, რომლის სიმბოლოთა დეკოდირება მოსწავლესაც და მასწავლებელსაც ხელს შეუწყობს ამ მიმდინარეობის ლირიკული ნიმუშების გაგება-გააზრებაში.

ლექსის სათაური უკვე არის უმნიშვნელოვანესი შიფრ-კოდი, პოეტური სახე-სიმბოლო, რომლის ამოცნობა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. ამ თარიღის ხსენებაზე ყველას საქართველოში მონღოლთა შემოსევა ასოციაციურად ისედაც ახსენდება. პოეტმა უნდა შექმნას ისტორიული ეპოქის ლირიკული სურათები და გადმოსცეს ერის უდიდესი ტკივილი, რომელიც ახლავს დამპყრობლის თარეშს, ქვეყნის განადგურებას და რომელიც  მეხსიერებიდან არ იშლება. ლირიკული ამბებით ამ საშინელების გადმოცემა ამაო მცდელობა იქნება ეპოქის გაცოცხლებისა, ამიტომაც პოეტი ელვარე სიმბოლისტური ხატებით ისე ეფექტურად გადმოსცემს ტკივილს, საშინელებას, რომელიც ველური დამპყრობლის წყალობით ქვეყანაში დატრიალდა. ამ ლექსის ნათელი იდეის ამოცნობა იოლია. სამშობლოს სატკივრის თემა და მასთან დაკავშირებული იდეები ისევე ძველია, როგორც ჩვენი სამშობლო, მაგრამ ამ იდეების ასე ახლებურად გაჟღერება ამ სიმბოლისტური ხატების მეოხებით პოეტისგან არა მხოლოდ უდიდეს ოსტატობასა და ვირტუოზობას მოითხოვს, არამედ ნამდვილი ჯადოქრობაა.

მტრის ხატის გამძაფრებული ემოციით აღსაქმელად პოეტი ქმნის უძლიერეს სახე-სიმბოლოებს: ურა ცხენი მონგოლური დაღით, შავი თარაქამა, რომელიც აღვირს ძლივს უსწორებს ურჩ ცხენს, კალია მჭამელი ან კალია – მინდვრის დალაქი, მუზარადის მტვრით დაბნელებული მინდვრები, მულიდების ყივილი, საყვირები, ზურნა, დროშების ტყე, თათრის ხმალი და ჩალმა, ჩინგისხანი, მონგოლური ანგელოზი…

ტრაგიკული  ქართული სინამდვილის გამომსახველი სიმბოლოებია: მულიდების ყივილით გულშეღონებული ქართული მთები, აალებული გზა, გაშანთული მიწის ქერქი, დათხრილი ქალაქები, შემწვარი მდინარე, მდუღარე გიშერი, შანშა და შარვაშა, ღრიანკალი, ბუ, დამდნარი გალავნები, გოგირდის ბური, მოედანზე აზელილი თმა და ტვინი, აჩეხილი ფალავნები, ცხენის ქაჩაჩში ჩარჩენილი თავთავი, ცხენის უზანგში გაჩხერილი მტევანი, ვენახში გაჭრილი სამარე, თეთრი ძვლებით მოთესილი ნაფუძრები, მეწყერები, ტრამალები, წყაროზე სისხლით სავსე ტაგანი, კეთროვანი, ბუგრიანი, ვერცხლით ნაჭედი იატაგანით შეიარაღებული მხარგრძელი ანგელოზი, განკვართული ქართლი, მღვიმეებში ჩაყენებული ნათელი…

ეს სახე-სიმბოლოები იმდენად ცხადად და ემოციურად აცოცხლებენ მონღოლთა შემოსევის და ქართლის დაპყრობის სურათებს, რომ მკითხველი ფრაგმენტულ კინოკადრებად ხედავს ყოველივეს და 8 საუკუნის წინანდელი ისტორიული ტრაგედიის მონაწილე ხდება. დამანგრეველ ქარიშხლად მოვლენილი ველური დამპყრობლის მიერ მოულოდნელად გაჩენილი რეალობა ლექსში საოცარი დინამიკითა და ექსპრესიით აღიწერება პირველსავე ფრაზაში: „მოჰქრის ურა ცხენი მონგოლური დაღით, ზედ შავი თარაქამა ვერ უსწორებს აღვირს და კალია მჭამელი უკან სვეტად მისდევს მუზარადის მტვერით დაბნელებულ მინდვრებს“… ამ სიტყვების წაკითხვისთანავე მხატვრული ფილმების ბატალური სცენა დაუდგება მკითხველს თვალწინ და მთელი ტრაგიზმიც უმცირეს დეტალებამდე ცხადად საგრძნობია. ურა ცხენი მონღოლური ველური ენერგიის სიმბოლოა, ხოლო შავი თარაქამა (მეომარი), რომელიც აღვირს ძლივს უსწორებს ცხენს, სასტიკ დამპყრობელს დემონად წარმოაჩენს… ამ ერთ დემონს კი უკან მოსდევს კალია-მჭამელი სვეტად ანუ უთვალავი ასეთი თარაქამა-დემონი შეკრულა და შეკავშირებულა, რათა ქართული მიწა გადაჯეგოს, სისხლიან ტალღად თუ გრიგალად გადაუაროს პატარა სამეფოს… კალია ასევე მინდვრის დალაქიც არის – გაკრეჭს და გადააშამბნარებს, გადახრუკავს მწვანედ აბიბინებულ ქართულ ველ-მინდვრებს, რომლებიც შორეული მონღოლეთიდან მქროლავი, ათასი სტეპიდან მტვერაკრული მუზარადების მტვრით დაბნელებულან. ქართლში მონღოლური სული დაისადგურებს, მონღოლური კანონები გაუსაძლისი არტახებით შეკრავს ქართველობას, მულიდები, პარვით კაცის მკვლელები, იყივლებენ და ქართულ მთებსაც კი ტანში გასცრის მათი შემზარავი ხმები… მონღოლური საყვირები და ზურნა ქართულ ტკბილხმოვანებას და პოლიფონიას, ქართულ საგალობლებს და ხალხურ საკრავებს გადაფარავენ, მონღოლური დროშების ტყე აღიმართება, თათრის ხმალი და ჩალმა იატაკქვეშეთისკენ ჩალალავს უმწეო ქართველობას… ო, რა მწარეა, შემოსეული მტრის გასამკლავებლად ძალები რომ გეშრიტება და საკუთარი უსუსურობა კბილებით საკუთარ ხორცს გაგლეჯინებს… ჩინგისხანი და მონგოლური ანგელოზი დაეპატრონება დედოფალივით ტურფა დედაქალაქს ჩვენსას… ხოლო ქართლის მფარველი მხარგრძელი ანგელოზი, კეთროვანი და ბუგრიანი, დამუწუკებული, ჩირქოვანი წყლულებით გაწამებული ვერცხლით ნაჭედ იატაგანს აიღებს ხელში… ეს ოქსიმორონის ხერხით გაცოცხლებული სახე-სიმბოლო საკვირველი სიმწვავით ასახავს ეროვნულ ტრაგიზმს…

დაცემული და დამარცხებული, მორალურად და სულიერად გატეხილი ქართლი საკვირველი ოსტატობით იხატება… პოეტი არ ყვება ამბავს, მხოლოდ სიმბოლისტური ხატების მეშვეობით ფერმწერივით ხატავს რეალობას… „გზა გაცეცხლა ალმა“… იტყვის ის და თვალწინ დაგვიდგება გაშანთული მიწის ქერქი… მხატვრულ ფილმ „ილაის წიგნში“ გლობალური კატასტროფის ამსახველი კადრები ცოცხლდება ასოციაციურად, გადამწვარი დედამიწა, დათხრილი ქალაქები… შემწვარი მდინარე – მსგავსი გამომსახველობის მხატვრული სახე სხვაგან არსად შემხვედრია, არც ქართველი და არც ფრანგი სიმბოლისტების გენიალურ ლექსებში. აქაც სახის გაცოცხლებისას პოეტმა ოქსიმორონი გამოიყენა და გამოუთქმელი გამოთქვა, ის სიტყვებით ჯადოქრობს, ქართული სიტყვის სულსა და გულში წვდება, ლეონიძე ხომ ისედაც ძველი ქართული მწერლობის მკვლევარი მეცნიერი და ქართული სიტყვის მაგი იყო, მის ლექსებსა და „ნატვრის ხის“ მოთხრობებში იმდენი არქაიზმი, დიალექტიზმი და ორიგინალური, ნოვატორული სიტყვათქმნადობები გვხვდება… სიტყვებით თამაში და სათქმელის ეფექტურად გამოხატვა, მკითხველის გაოცება მისთვის უცხო არ არის… ამ ჯადოქრობის კრიალოსანს აგრძელებს მდუღარე გიშერი, ქართული ქვა, რომელიც ქართული სინამდვილის სიმბოლოა და მონღოლთა თარეშის გამო იწვის და დუღს… შანშა და შარვაშა შიშვლები ივლიან, მხარგადაკრულნი… ამ სიტყვების ეტიმოლოგია და მნიშვნელობა ბევრგან ვეძიე, არცერთ განმარტებით ლექსიკონში ისინი არ არის ახსნილი და ვერც ენათმეცნიერები იძლევიან დაზუსტებულ პასუხს, მაგრამ სავარაუდოდ აქ უნდა იგულისხმებოდეს ქართველ მეფეთა ტიტულატურა. ისტორიული წყაროები არაერთგან და არაერთგზის იმეორებენ: „მეფე მეფეთა, იესიანი, დავითიანი, სოლომონიანი, ბაგრატიონი, ნებითა ღვთისათა, აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფისა, შანშა და შარვანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა, ჩრდილოეთისა, ვიდრე დასავლეთამდის მქონებელი მპყრობელი და თვით ხელმწიფე მფლობელთა“…

სიმბოლისტურ სახე-ხატებს უღრმესი დატვირთვა ეძლევა, მათ საოცარი პოლისემიურობა ახასიათებს… მტრისგან გავერანებული მამულის სინამდვილის ასასახავად გოგლა იყენებს სიმბოლოებს, რომლებიც ერთგვარ პოეტურ შიფრ-კოდებს წარმოადგენენ და მათ ასახსნელად ან გემოვნებიანი, განსწავლული მკითხველია საჭირო, ან კომპეტენტური მასწავლებელი, ან საგანგებო სქოლიოები თუ განმარტებები. მაგალითისთვის ავიღოთ მთელი გალერეა მართლაც რომ ჯადოქრული სახე-სიმბოლოებისა, რომლებიც უსიტყვოდ, მხოლოდ ხსენებით ყვებიან ქართლის ცხოვრების ტრაგედიებს: ღრიანკალი, ბუ, დამდნარი გალავნები, გოგირდის ბური, მოედანზე აზელილი თმა და ტვინი, აჩეხილი ფალავნები, ცხენის ქაჩაჩში ჩარჩენილი თავთავი, ცხენის უზანგში გაჩხერილი მტევანი, ვენახში გაჭრილი სამარე, თეთრი ძვლებით მოთესილი ნაფუძრები, მეწყერები, ტრამალები, წყაროზე სისხლით სავსე ტაგანი, განკვართული ქართლი, მღვიმეებში ჩაყენებული ნათელი… ღრიანკალი (მორიელი) და ბუ გაუკაცრიელებულ ადგილებში იდებენ ბინას და აქ ისინი სწორედ ქართლის გაუკაცრიელების, უდაბურების, ნგრევის, აოხრების, დაქცევის სიმბოლოებად გვევლინებიან. დამდნარი გალავნები, რკინისა იქნებოდნენ ისინი თუ ქვისა (ალბათ გალავნებს უფრო ქვისას აშენებდნენ ჩვენი შორეული წინაპრები), განასახიერებენ ქართველთა სასტიკ მარცხს, დაცემას, მტრისთვის დანებებას, აღმაშენებლისეული ძლევაი საკვირველი საკვირველმა ნგრევამ  ჩაანაცვლა, გოგირდის ბური აალების, წვის, კვამლის, ფერფლის და განადგურების, პირისაგან მიწისა აღგვის სიმბოლოა. მოედანზე აზელილი თმა და ტვინი და აჩეხილი ფალავნები ცხადად და მტკივნეულად განგვაცდევინებენ თანამოძმეთა ამოწყვეტას. ეს შეგრძნება იმდენად ხელშესავლები და ღრმად საგრძნობია, როგორც ლეონიძის ლირიკული გმირი განიცდის სხვა ლექსში („მე ვკითხულობდი „ქართლის ცხოვრებას“) და მიმართავს ნაწამებ დედაქალაქს: „გამოვვარდები, ხარ თუ აღარა, კიდევ გაისმის ქუჩებში ჩეხა?“

„მეცამეტე საუკუნე“ ის ლექსია, რომელიც ასჯერ რომ წაიკითხო, გაოცება მწერლის გამომსახველობით არ გაგივლის და არ გაფერმკრთალდება. უამრავი აღმაფრთოვანებელი სახე-სიმბოლოა, მაგრამ ეს ორი განსხვავებული და განსაცვიფრებელია. თუ მართლა ლოგოსის მაგიის უნარით ხელდასხმული არ არის პოეტი, როგორ შეუძლია წარმოიდგინოს ცხენის ქაჩაჩში ჩარჩენილი თავთავი და ცხენის უზანგში გაჩხერილი მტევანი? მან წარმოიდგინა, დაინახა, რომ მონღოლურმა ურა ცხენებმა გადაჯეგეს ნაყოფიერი ქართული ყანები და ვენახები, პურის ყანა და ვაზი ხომ ქართული სულიერების და ხორციელების სათაყვანო სიმბოლოები არიან ყველა ეპოქაში. ნაცვლად იმისა, რომ პურის ყანებიდან მოსავალი მოეწია უბედურებადატეხილ ქართველობას, ყანები, რომლებსაც ისინი შეჰხაროდნენ, მტრის ურდოების ძლივსდასაოკებელმა ცხენებმა გადაჯეგეს და ნანინანატრი თავთავები ბზედ და ხვავად გალეწვის ნაცვლად მათი ცხენების ქაჩაჩებს შერჩა! ვენახში, რომელიც ქართველი კაცისთვის სალოლიავო და სალოცავია, ნაჯაფ ზვრებში, სადაც დალოცვილი ოქროსფერი მტევნები ღუოდნენ, მონღოლების ცხენებმა შეალაჯეს და მათ უზანგებში გაეჩხირა იესოს სისხლად დასაწური მტევნები, ვენახში სამარე გაიჭრა, თეთრი ძვლებით მოითესა ნაფუძრები და მეწყრად და ტრამლად იქცა ამწვანებული, ბიბინა ველები… ტკივილის უფრო მძაფრად და მგრძნობიარედ აღწერა წარმოუდგენელი მეჩვენება!

პოეტი სამჯერ იმეორებს შესიტყვებას: „ხვალ ნახავთ“… აქ ის დროის მითოლოგიზაციას ახდენს… დროში მოგზაური ხდება და ჩვენც გადავყავართ იმ ეპოქაში, რომ ტკივილი უფრო მძაფრად შეგვაგრძნობინოს, თითქოს იქა ვართ, თითქოს თვითმხილველები ვართ, თითქოს ხვალ უნდა ვიხილოთ კალიები – მინდვრის დალაქები, ღრიანკალისა და ბუს მოძალება გაუკაცრიელებულ, აკვამლებულ ნასახლარებში და ბოლოს ისიც, რომ „სისხლით აივსება წყაროზე ტაგანი“… ტაგანი ძველებური ხის ვედროა, რომელსაც წყაროებს შეუდგამდა ხოლმე ქართველი გლეხი, რომ წყალი დაგროვილიყო და ყველას ესარგებლა, უწყლობას არ შეეწუხებინა სოფელი… წყაროებიდან სისხლი იწანწკარებს… ღმერთო, რა გრძნეულებაა ეს ჰიპერბოლა?

ლექსის ფინალში კი ქართლის სახე-სიმბოლო პოეტის მიერ გამოხატულ ეროვნულ ტკივილს ტკბილმწარე, სევდიან-იმედიანი განცდით ავსებს: „და ქართლი, განკვართული, ნაპრალებში, მღვიმეებში ჩააყენებს ნათელს“…

მიუხედავად იმ საშინელებისა, რომელიც მრისხანე დამპყრობლებმა კოშმარად დაატრიალეს ქვეყანაში, ქართლი – ქრისტესავით განკვართული (გაპიროვნების მასტერკლასი), ჯვარცმული ქართლი, ქრისტესეული ფენიქსური ბუნებით გაძლიერებული, მომაკვდავი და მუდამ მკვდრეთით აღმდგომი, განა ქრება, განა კვდება, განა სისხლისგან იწრიტება? ის გადახრუკული შუასკნელიდან დროებით ქვესკნელში ჩადის, იქ ჩააყენებს თავის ნათელს, რათა ქტონური ღმერთივით კვლავ აღდგეს, საკუთარ თავში იპოვოს თვითაღგინების ინსტინქტები, თავი მოიმკვდარუნოს, დროებით თვალს მიეფაროს და ასე გადაარჩინოს თავისი სულიერი სინათლე, რათა ხელსაყრელ ჟამს კვლავ გაბრწყინდეს, ქვესკნელიდან შუასკნელს ამაღლდეს და თავის შვილებს შეუნახოს ყველაფერი ის, რასაც ქართული სული და ეროვნული სხეული ქვია…

ეს ლექსი თავისი საკვირველი პოეტური ხატებით მხატვრული სიტყვის მოყვარულებს საოცარი სიცხადით შეაგრძნობინებს, რომ სიტყვას შეუძლია ის, რა ძალასაც მას სიტყვის მეორე დიდოსტატი, კონსტანტინე გამსახურდია მიაწერდა: “მე ვიტყვი სიტყვას – ათასები ყურს დამიგდებენ. მე ვიტყვი სიტყვას შვენიერსა და ღვთაებრივზე და ჩემი სიტყვა თუ დაეცა ფხვიერ ყამირზე, ამ სიტყვას მერმე ათასები ისევ იტყვიან”…

 

 

ბავშვი სოფლად თუ ქალაქში

0

სად არის უმჯობესი ბავშვის გაზრდა – ქალაქში, გარეუბანში, თუ სოფელში?      ნებისმიერი ოჯახის წინაშე  მატერიალური სიძნელეების, თუ სხვა მიზეზების გამო ან  თუნდაც არ ჰქონდეს ოჯახს მსგავსი პრობლემები, ხშირად ჩნდება ეს კითხვა. რას ვამჯობინებდით, თუ კი ასეთი არჩევანის წინაშე დავდგებოდით?

კითხვაზე პასუხის გაცემა იოლი არ არის, რადგან   მთელი რიგი მოსაზრებების განხილვა და გათვალისწინებაა საჭირო. პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ბავშვის აღზრდასთან,  ვერ გადაწყდება ქალაქიდან სოფელში გადასახლებით ან პირიქით.  ქალაქში ან  სოფელში ცხოვრება  ვერ იქნება  ბავშვის  გარემოსთან ადაპტაციის გარანტი და არასერიოზულია იმის მტკიცება, თითქოს, საცხოვრებელ ადგილს – ქალაქს თუ სოფელს –  თავისთავად შეუძლია  მოზარდის აღზრდასთან არსებული  სიძნელეების მოგვარება.

უდავოა ერთი – ბავშვის ფსიქიკურ განვითარებასა და ზრდაზე დიდ გავლენას ახდენს ოჯახური გარემო-  მშობლების სოციალური მდგომარეობა, მათი ჯანმრთელობა და ასე შემდეგ, მაგრამ განსაკუთრებით  მნიშვნელოვანია – გაწონასწორებული, მშვიდი ოჯახური გარემო, მეუღლეებს შორის დამოკიდებულება  და მშობლების შვილებთან ურთიერთობის ხასიათი.   ეს არ არის   ან თითქმის არ არის დამოკიდებული იმაზე, სად ცხოვრობს ოჯახი – ქალაქში თუ სოფელში.

ქალაქსა და სოფელს შორის განსხვავების პოვნა და მათი  ჩამოთვლა ძნელი არ არის და ეს ჩამონათვალი არ განსაზღვრავს რამდენად უპირატესია ერთი მეორესთან, არჩევანი კეთდება  პიროვნებისთვის მისაღები ან  სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული  აუცილებლობით. ზოგს მოსწონს ქალაქში ცხოვრება და გაკვირვებულია, როცა მისი არჩევანი მიუღებელია ოჯახისთვის. ზოგი გვარწმუნებს, რომ  საცხოვრებელ ადგილზე არჩევანს  აკეთებს შვილების კეთილდღეობისთვის.

ქალაქის ცხოვრებაში, ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს ტრანსპორტი. ოდესღაც ქალაქის ქუჩები ბავშვების თამაშისა და გართობის ადგილი იყო. ახლა საშიშია  მასზე გადაადგილებაც კი. მდგომარეობას  ვერ ცვლის რამდენიმე პარკი და საბავშვო მოედანი, დიდ ქალაქებში  ატმოსფერო  იმდენად გაჟღენთილია ავტომანქანის გამონაბოლქვი გაზებით, რომ „სუფთა“ ჰაერზე ყოფნამ დაკარგა თავისი თავდაპირველი აზრი.  აი რა მივიღეთ: ბავშვები თითქმის  ვერ თამაშობენ, თითქმის ვერ  ხვდებიან ერთმანეთს და უფროსები  იძულებულნი ვართ მუდმივად მეთვალყურეობის ქვეშ გვყავდნენ ისინი, არ გავუშვათ მარტონი ეზოში და ქუჩაში. სკოლიდან დაბრუნებული  მოზარდები სახლში  დროს პასიურად ატარებენ  ტელევიზორთან ან კომპიუტერთან. პატარებს კი,  რომლებისთვისაც  სკოლაში წასვლა ჯერ ნაადრევია, ურთიერთობის სულ უფრო ნაკლები შესაძლებლობები აქვთ.

ქალაქური ცხოვრების სერიოზული პრობლემაა  გადატვირთული კლასები. ნებისმიერი მასწავლებლისთვის რთულია ნაყოფიერი გაკვეთილის ჩატარება, როცა  კლასში 20-25 მოსწავლეზე მეტია. კლასებში მოსწავლეთა  რაოდენობა  აგრეთვე განსაზღვრავს მასწავლებლის  და  მშობლების  კომუნიკაციის ხარისხს, რაც  მნიშვნელოვანია მოზარდის სრულფასოვანი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის.

გარკვეული პრობლემებია  სოფელში მცხოვრები მოზარდების სწავლა-განათლების საკითხში.

თუმცა ჩვენზე ბევრია დამოკიდებული, როგორ გამოვიყენებთ საცხოვრებელი ადგილის უპირატესობებს ქალაქად თუ  სოფლად.   საინტერესო ადგილების და საინტერესო გარემოს  ნახვა ყველგანაა შესაძლებელი. ოჯახთან ერთად   სათევზაოდ და ქალაქის თუ სოფლის შემოგარენში სასეირნოდ წასვლა დადებითად მოქმედებს მოზარდის ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე.  სოფლის მაცხოვრებლები დრო და დრო უნდა სტუმრობდნენ ქალაქს, ეცნობოდნენ  სიახლეებს და პირიქით, ქალაქელი ბავშვი ხანდახან უნდა ეზიაროს სოფლის სიკეთეებს.

 

 

 

 

 

ჩვენი „შეცდომებით“ გამოწვეული ანუ ბავშვებიც იღლებიან

0

ბავშვებს ხშირად უბრაზდებიან და სჯიან კიდეც, როდესაც ისინი სკოლაში დაბალ შეფასებას იღებენ. გაბრაზება და დასჯა მშობლების ერთგვარი ტრადიციაა. „გინდა,უნივერსიტეტში ვერ ჩააბარო და მეეზოვე გამოხვიდე?“ – ასე გვაშინებდნენ ჩვენ ბავშვობაში და ასე აშინებენ თანამედროვე ბავშვებსაც.

მშობლების ზედმეტად დრამატული რეაქცია დაბალ ნიშნებზე ბავშვებში ძლიერ სტრესს იწვევს და არასრულფასოვნების კომპლექსს აღვივებს. ბავშვობაში ყველას გვეშინოდა შეცდომების, იმიტომ, რომ ამისთვის გვკიცხავდნენ ან გვსჯიდნენ. გავიზარდეთ და შიშიც გამოგვყვა – ისევ გვეშინია შეცდომების სამსახურსა თუ ურთიერთობაში. გვეშინია დაგვიანების, კოლეგების შენიშვნების, ოჯახის წევრების საყვედურების და ამასთან დაკავშირებული სირთულეების, გვეშინია ურთიერთობის გაფუჭების…

ჩვენი „შეცდომებით“ გამოწვეული ფობიები ცხოვრების ყველა სფეროში წამოტივტივდება ხოლმე და საბოლოოდ გვეშინია ვიცხოვროთ ისე, როგორც გვსურს, იმიტომ, რომ სხვები განგვსჯიან ან დაგვსჯიან კიდეც.

რა კავშირი აქვს ამ ყველაფერთან სკოლაში მიღებულ დაბალ ნიშნებს?

მოსწავლეობისას ცუდი ნიშნები მხოლოდ იმიტომ კი არ გვაღელვებდა, რომ ის ცუდად აისახებოდა სემესტრულ შეფასებაზე, არამედ იმიტომაც, რომ მათ ნეგატიურად აღიქვამდნენ მშობლები. თუმცა ეს ყველაფერი თითქოსდა ჩვენი ცხოვრებისგან განყენებულად ხდებოდა.

არადა, არსებობდა და არსებობს სხვა სცენარიც. თუ მშობლები ვართ, შეგვიძლია ვუთხრათ შვილს: „შენ ქართულში დაბალი ქულა გაქვს და ეს ცუდია, მაგრამ არა იმიტომ, რომ წლის ბოლოს ნიშანი გაგიფუჭდება, არამედ იმიტომ, რომ საკმარისად გამართულად ვერ წერ. წერა კი ცხოვრებაში აუცილებლად გამოგადგება და დაგეხმარება, მაგალითად, მოლაპარაკების წარმატებით ჩატარებაში“.

ან ასე: „მათემატიკაში შენი დაბალი ქულა  საბოლოო ნიშანზე მოახდენს გავლენას. ჯამში, არც ისე მნიშვნელოვანია, საბოლოდ რა ქულა გამოგივა, მაგრამ თუ ამოცანების სწორად ამოხსნას ისწავლი, შესაძლოა, ეს თვითმფრინავების მშენებლობაში გამოგადგეს. შენ ხომ ამაზე ოცნებობ? მათემატიკა საჭიროა არა ქულისთვის ან უფროსების გულის მოსაგებად, არამედ ცხოვრებისათვის. ბოლოს და ბოლოს, თუ კარგად ისწავლი ანგარიშს, როცა გაიზრდები, ბიზნესში ვერავინ მოგატყუებს“.

ასეთი სცენარის დროს მშობლის ყურადღება კონცენტრირებულია არა ბავშვის აკადემიურ მოსწრებაზე, არამედ მისი ცოდნის ხარისხზე და ამ ცოდნის საჭიროებაზე. დღეს ბავშვი გამართულად წერას და სწორად თვლას სწავლობს, ხვალ კი უნივერსიტეტში ისწავლის და არამხოლოდ ქულების ხათრით დაესწრება ლექციებს.

ბავშვმა/ახალგაზრდამ უნდა გაიზროს, რომ ის, რასაც შეისწავლის, მისი პროფესია გახდება, პროფესია კი მთელი მისი ცხოვრების ვექტორს განსაზღვრავს. ის ხარისხიანად შეასრულებს ნებისმიერ სამუშაოს, საკუთარი თუ სხვისი ბიზნესის განვითარებასაც კარგი თვითმომზადებით მიუდგება.

პირველ სამუშაო დღეს ან საკუთარი საქმის დაწყებისას ჩვენ ისედაც პოტენციური „ექვსოსნები“ ვართ. უბრალოდ, ზოგი თავის შეცდომებს ისე ეკიდება, როგორც კატასტროფას, ზოგი კი  – როგორც გამოცდილებას ან განვითარების შესაძლებლობას.

საკონტროლოში თუ საშინაო დავალებაში მიღებული დაბალი ნიშანი სწორედ ის ბიძგია, რომელიც ბავშვს მიუთითებს, რა უნდა გამოასწოროს, სად არის მისი სუსტი მხარე. ნიშანი ბავშვს საკუთარი ცოდნის შეფასების საშუალებას აძლევს. ნიშნის გამოსწორება, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავისთვის ჩატარებული სამუშაოა და არა იმისთვის, რომ ამით მასწავლებელს ან მშობელს ასიამოვნოს. სკოლაში ცუდი ნიშნებისადმი გააზრებული მიდგომა საკუთარი ცხოვრებისა და მიზნებისადმი პასუხისმგებლობის საწინდარია.

არ დაგვავიწყდეს, რომ ნიშნებისადმი „კეთილგანწყობა“ და მათთვის ბრძოლა ხშირად ბავშვის ემოციურ გადაწვასაც იწვევს და ეს უკვე სულიერიდან ფიზიკური პრობლემების რანგში გადადის. ასეთი რამ დაუშვებელია და ყურადღებას მოითხოვს. რაღაც მომენტში შეიძლება შევამჩნიოთ, რომ მუდამ აქტიური და მხიარული ბავშვი, რომელიც წიგნებს აკვდება და დღედაღამ მეცადინეობს, ერთ მშვენიერ დღეს ინტერესს კარგავს ყველაფრის მიმართ, მოწყენილი და გულგრილი ხდება. ეს ემოციური გადაწვის პირველი სიმპტომებია.

თუ შეამჩნიეთ, რომ ბავშვს აპათია მოერია, აღარ აინტერესებს მეგობრები, საყვარელი ფილმები და ლიტერატურა, მალე დილით ადრე ადგომა და გაკვეთილების მომზადებაც დაეზარება. თუ უკვე ასეა, დიდია ალბათობა, რომ ბავშვი ემოციურად გადაიწვა.

ამიტომ ნუ იჩქარებთ მის დადანაშაულებას და ჩხუბს – ამით მხოლოდ გაამწვავებთ მდგომარეობას. უმჯობესია, გავარკვიოთ, რა მოხდა, რატომ იქცევა ბავშვი ასე, გავუგოთ და სასწრაფოდ დავეხმაროთ დაკარგული ძალების აღდგენაში.

როგორ ამოვიცნოთ ემოციური გადაწვა, თუ სამედიცინო თვალსაზრისით ბავშვს ყველაფერი რიგზე აქვს და ერთი შეხედვით არაფერი ეტყობა?

როგორც უკვე ვთქვით, პირველი ნიშანი დაღლილობაა. მისი ამოცნობა ძნელი არ არის. მაგალითად, ბავშვს საკმარისად სძინავს, მაგრამ მაინც ვერ იღვიძებს დასვენებული, დილიდან საღამომდე დარდიანია და პასიური. გამუდმებით ცდილობს საქმის გადადებას.

თანამედროვე მშობლები ცდილობენ, ბავშვი მაქსიმალურად დატვირთონ  ხელოვნებით, მეცნიერებით ან სპორტით, რათა ის არ მოდუნდეს და ვერ მოიცალოს ნარკოტიკებსა თუ ალკოჰოლზე საფიქრალად. ხდება ისეც, რომ მშობელი ბავშვს გეგმას რამდენიმე თვით ადრე უწერს და ამ გეგმაში დასვენებისთვის ძალიან ცოტა დროა გამოყოფილი. მშობელს სურს, ბავშვი ყველგან და ყველაფერში წარმატებული იყოს. ასეთი ტრავმული ტემპის გამო ბავშვის ემოციური გადაწვის შანსი კიდევ უფრო იზრდება. ეცადეთ, სწორად დაუგეგმოთ დასვენების დღეები და თავისუფალი დროც, როცა შეეძლება, საერთოდ არაფერი აკეთოს.

ემოციური გადაწვა შესაძლებელია მაშინაც, როდესაც მშობლები მეტისმეტად ბევრს ელიან შვილისგან და თუ მან მოლოდინი ვერ გაამართლდა, თავს დამნაშავედ აგრძნობინებენ. განსაკუთრებით საშიშია ასეთი ფრაზები: „ჩვენ ძვირად ღირებული ფორმა გიყიდეთ იმისთვის, რომ კარგად ივარჯიშო და ჩემპიონი გახდე, შენ კი…“, „შენი კლასელი უკვე ბავშვებს ამზადებს და საკუთარი ჯიბის ფული აქვს, შენ კი ინგლისური წესიერად ვერ გისწავლია“ და სხვ.

თუ ბავშვი ყოველ შენიშვნაზე უხეშად და სარკასტულად გპასუხობთ, ესეც ემოციური გადაღლის ნიშანია. თუ ასეთი ქცევა რამდენიმე დღეა გრძელდება, ეცადეთ, ბავშვს დასვენება და განტვირთვა მოუწყოთ. არ ეჩხუბოთ, არ მოითხოვოთ მისგან დავალებების დაუყოვნებლივ შესრულება – გახსოვდეთ, ბავშვებიც იღლებიან!

იარაღით მოვაჭრეები

0

გასულ წელს „სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის ინსტიტუტმა“ იარაღით ვაჭრობის შესახებ არსებული ოფიციალური მონაცემების შეგროვება კიდევ ერთხელ გადაწყვიტა. შვედმა მეცნიერებმა 2012 და 2017 წელს ჩატარებული ორი იდენტური კვლევის შედეგები ერთმანეთს შეადარეს. აღმოჩნდა, რომ უმოკლეს პერიოდში მსოფლიოში იარაღით ვაჭრობის მაჩვენებლები 10%-ით გაიზარდა.

ჩვენს პლანეტაზე წარმოებული სამხედრო პროდუქციის 30%-ზე მეტი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში იყიდება. იარაღის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილს აშშ იკავებს. იგი გაეროს წევრ 98 ქვეყანას ამარაგებს სხვადასხვა ტიპის საომარი ტექნიკით. აშშ-ის სამხედრო ინდუსტრიის მიერ წარმოებული ყოველი მეორე პროდუქტი არაბეთის ნახევარკუნძულისა თუ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ბაზრებზე იგზავნება. იარაღის მწარმოებელთა და ექსპორტიორთა სიაში საპატიო მეორე პოზიცია რუსეთის  ფედერაციას ხვდა წილად. რუსული ავტომატები, ჯავშანტრანსპორტიორები და ბომბდამშენებიც მრავლად შეგიძლიათ აღმოაჩინოთ სირიის უდაბნოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ირანსა თუ ინდოსტანის სუბკონტინენტზე. საკმაოდ შემოსავლიან საქმიანობაში ლიდერებს მციდერით ჩამორჩებიან ევროკავშირის ქვეყნები (ძირითადად საფრანგეთი, გერმანია) და ჩინეთი. მაშასადამე, თანამედროვე სამყაროს ოთხივე უმნიშვნელოვანესი აქტორი საკუთარი ეკონომიკის რეალური სექტორის მდგრადობისა და მომგებიანობის უზრუნველყოფას, ძალაუფლებისა  და დამატებითი ფინანსური რესურსების მოპოვებას  სამხედრო ნაწარმის რეალიზებით ცდილობს.

ვინ არიან იარაღის მთავარი იმპორტიორები? რომელი ქვეყნები ყიდულობენ აშშ-ის, რუსეთის, ევროკავშირისა და ჩინეთის მიერ წარმოებულ პროდუქციას?

იარაღის იმპორტიორი სახელმწიფოების ჩამონათვალში მოწინავეთა შორის საუდის არაბეთი, სპარსეთის ყურის ქვეყნები, თურქეთი და ერაყი არიან. დასახელებული სახელმწიფოები სირიის ომში აქტიურად მონაწილეობენ. ისინი პირდაპირ ან ირიბად არიან ჩართულნი რეგიონის სხვა კუთხეებში მიმდინარე სამხედრო შეაიარაღებულ დაპირისპირებებშიც. იარაღის იმპორტიორი ქვეყნები შეძენილი საქონლით მხოლოდ საკუთარ რეზერვებს არ ავსებენ. იმპორტიორები თავიანთი პარტნიორებისა და მოკავშირეების მომარაგებასაც ცდილობდნენ.

ევროპასა და ამერიკის სხვადასხვა ქალაქში უკვე დიდი ხანია დაწყებულია იარაღით ვაჭრობის საწინააღმდეგო მოძრაობა. ოპოზიციონერი აქტივისტები მიიჩნევენ, რომ სამხედრო პროდუქციის ექსპორტით მდიდარი ქვეყნები ღარიბ რეგიონებში ომების წამოწყებას უწყობენ ხელს. მილიტარისტული ინდუსტრიის შეკვეცის მომხრეები მიიჩნევენ, რომ იარაღის მწარმოებელთა უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია სარფიანი გარიგებების დადება.  მოგებაზე ორიენტირებული პირები აღარ ფიქრობენ, თუ რამდენი ადამიანის სიცოცხლისა თუ ბედნიერების ხარჯზე აღწევს მათი კომერციული საქმიანობა წარმატებას. მოძრაობის წევრები მხარს უჭერენ მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც განვითარებულ ქვეყნებს არაჰუმანური დესპოტიებისთვის იარაღის მიყიდვა აეკრძალებათ. აქტივისტები კატეგორიულად ითხოვენ იმასაც, რომ ომის გამჩაღებელ რეგიონალურ ზესახელმწიფოებსაც დაუწესდეთ იარაღის ემბარგო. საუბედუროდ, მშვიდობისთვის მებრძოლი მოქალაქეების დამოკიდებულებებს ძალაუფლების მქონე პირები არ იზიარებენ. იარაღის ინდუსტრიის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი უშედეგოა. განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრები რიგი მოქალაქეები „მესამე სამყაროში“ მიმდინარე ომებით ცდილობენ გამდიდრებას. მათი გავლენების დაძლევა კი სხვადასხვა თანამდებობაზე არჩეულ პოლიტიკოსებს არ შეუძლიათ. პროგნოზი შემაშფოთებელია – მომავალი ხუთი წლის განმავლობაში კვლავ მოიმატებს იარაღის ინდუსტრიის საერთო მოცულობა და მისი შემოსავალი. იარაღით ვაჭრობის ზრდა ომების კვლავწარმოების, დევნილთა ახალ ნაკადების წარმოქმნის, ტერორიზმის გაძლიერებისა და გლობალური უწესრიგობის გახანგრძლივების წინაპირობა შეიძლება გახდეს.

თანამედროვე სამყაროში იარაღით ვაჭრობა გლობალური დათბობაზე, მილიონობით ადამიანის შიმშილობაზე, საყოველთაოდ გავრცელებულ დაავადებებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომლის შესახებ ზედმიწევნით კარგად უნდა იცოდნენ სოციალური მეცნიერებებით დაინტერესებულმა მომავალმა სტუდენტებმა.

პროფორიენტაცია სკოლაში და მოსწავლეთა მიერ             პროფესიის არჩევა

0

პროფესია ეს შრომითი საქმიანობაა, რომელიც გარკვეულ მომზადებას მოითხოვს და ადამიანის საარსებო საშუალების მოპოვების პირობას წარმოადგენს.

პროფესიული ორიენტაცია კი არის მეცნიერება ადამიანის მიერ თავისი ბუნების, მოწოდების, უნარ-ჩვევათა შესაბამისი პროფესიის არჩევის შესახებ, რომლის საფუძველსაც წარმოადგენს ადამიანის ინდივიდუალურ თავისებურებათა მრავალფეროვნება.

მოზარდის მიერ პროფესიის არჩევასა და მომავალი საქმიანობისათვის შესაფერისი ობიექტის მიგნებაში დიდი როლი აკისრია ოჯახსა და სკოლას.

რაც უფრო სწორად აირჩევს ინდივიდი თავისთვის შესაფერის პროფესიას, მით უფრო წარმატებული იქნება მისი მოღვაწეობა. მაგრამ ახალგაზრდას ხშირად არ შეუძლია სწორი არჩევნის გაკეთება. პროფორიენტაციის საბოლოო მიზანია, ადამიანისთვის დახმარების აღმოჩენა თავისი მომავალი ცხოვრების უკეთესი პროექტის შემუშავებაში.

პროფესიაზე სწორად ორიენტირებული მოსწავლეები უნდა ერკვეოდნენ პროფესიებში, ზოგადად მაინც. ხოლო იმ პროფესიებზე, რომლებიც მათ ინტერესთა სფეროშია მოქცეული, საფუძვლიანი წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ, კარგად უნდა იცნობდნენ ამ პროფესიების „რომანტიკულ” და „არარომანტიკულ” მხარეებს. იცოდნენ, აქვს თუ არა მათ ამ პროფესიისათვის საჭირო მონაცემები, შინაგანი შესაძლებლობები. ბოლოს მოსწავლეს უნდა შეეძლოს თავის მიერ არჩეული პროფესიის სამივე პრინციპის დაცვა: „მინდა“, „საჭიროა“, „შემიძლია“. მაშინ მოსწავლის სწორი პროფესიული  ორიენტაციის ფორმირების საქმე მოგვარებული იქნება.

სკოლა, საგნის მასწავლებელი, კლასი და საერთოდ სასკოლო გარემო მეტად თუ ნაკლებად გავლენას ახდენენ ბავშვის პროფესიული ინტერესების ფორმირებაზე, თუმცა ზოგიერთი მასწავლებელი, უკეთეს შემთხვევაში, ახერხებს მოსწავლის დაინტერესებას იმ სასწავლო საგნით, რომელსაც თვითონ ასწავლის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ისეთი პროფესიისადმი ინტერესი, რომელიც არ შეესაბამება მის ბუნებრივ მოწოდებას და ამან შეიძლება ის კიდევ უფრო დააშოროს სწორ პროფორიენტაციას.

პროფორიენტაციის სამსახურმა ანგარიში უნდა გაუწიოს იმ გარემოებას, რომ არასწორად ორიენტირებული ადამიანი ძალიან მალე კარგავს ინტერესს თავისი პროფესიისადმი და იწყებს საქმიანობის ერთი სფეროდან მეორისკენ სვლას, უკეთესი სამუშაო ადგილის პოვნის მიზნით.

აღზრდისა და პროფორიენტაციის მიზანია, ხელი შეუწყოს საზოგადოების განვითარებას ინდივიდების ისე მომზადების გზით, რომ მათ შეძლონ დაკისრებული მოვალეობის სრულფასოვნად შესრულება; ასევე, საერთო ინტერესების აღზრდა-განვითარების საქმეს, უზრუნველყოს თითოეული ინდივიდის შესაძლებლობათა სრული დიფერენცირებული განვითარება. აღზრდა და პროფორიენტაცია არის ერთ-ერთი და ძირითადი პირობა იმისა, რომ ყველამ შეძლოს უნარებისა და შესაძლებლობათა გამომჟღავნება, დადებით პიროვნულ თვისებათა სრული განვითარება და საზოგადოებაში შესატყვისი ადგილის პოვნა, რათა იგი სასარგებლო პიროვნება იყოს, როგორც საკუთარი თავისათვის, ისე მთელი საზოგადოებისათვის.

სკოლაში პროფესიული კონსულტაცია უნდა დაეხმაროს მოსწავლეს იმის გადაწყვეტაში, თუ რა მიმართულება, რა პროფესია იქნება თითოეული მოსწავლისათვის უფრო ხელსაყრელი. პროფესიული კონსულტანტის ასეთ გადაწყვეტილებას კი საფუძვლად უნდა დაედოს მოსწავლის ინდივიდუალურ უნარ-შესაძლებლობათა და ბუნებრივ მიდრეკილებათა საფუძვლიანი შესწავლა.

სამწუხაროდ, პროფესიული წარმატება მხოლოდ საქმიანობით ვლინდება, მაგრამ ადამიანის უნარების თავისებურებანი უფრო ადრე ვლინდება მის ინტერესებში, მიდრეკილებებსა და ქცევის გამოვლენილ ფორმებში, იმაში თუ სადაა მისი მოქმედება წარმატებული და სად წარუმატებელი. წარმატება და წარუმატებლობას კი დიაგნოსტიკური ღირებულება აქვს ინდივიდის მიდრეკილებათა და პროფესიული ვარგისიანობის დადგენა-შეფასებისათვის.

ვინაიდან ამ დროს კვლევის ობიექტია მოსწავლის პიროვნება თავისი მიდრეკილებებით, ინტერესებით, ცოდნა-ჩვევებით, საკუთარ თავზე წარმოდგენებით, ამიტომ ბუნებრივია მუშაობის წარმატება კვლევის სხვადასხვა მეთოდებზე იქნება დამოკიდებული.

კვლევის მეთოდები. პროფესიული ორიენტაცია უნდა განისაზღვროს მოსწავლის არა მხოლოდ ერთი რომელიმე ძლიერ განვითარებული უნარის მიხედვით, არამედ პიროვნების მთლიანი ორგანიზაციით, მისი აქტივობის, მთლიანი მობილიზაციის უნარით, რომლის საფუძვლად იგულისხმება ინდივიდის უნარ შესაძლებლობათა ერთობლიობაც, რაშიც წამყვანი როლი აქვს ინდივიდის მიდრეკილებებსა და ნიჭიერებას, მის ინტერესებსა და ნებელობით თვისებებს, როგორც პიროვნების ქცევისა და პროფესიული ვარგისიანობის განმსაზღვრელ ძალებს.

ამავე დროს მხედველობაში უნდა მივიღოთ ამა თუ იმ პროფესიის მოთხოვნილებათა ყველა ნიუანსი, რათა პროფესიის არჩევის დროს არ აღმოვჩნდეთ სუბიექტივიზმის გავლენის ქვეშ, თორემ იქმნება საფრთხე, რომ მოსწავლე მისთვის შეუფერებელი პროფესიას დაეუფლება.

ამ ამოცანის გადაჭრისათვის საჭირო იყო სათანადო მეთოდური საშუალებების შემუშავება და ისეთი მეთოდების შერჩევა, რომელიც პროფორიენტაციული კვლევა-ძიებისათვის გამოდგებოდა.

გზა, რომელსაც ამ პრობლემის გადასაწყვეტად უნდა მივმართოთ, არის ადამიანის ფსიქიკურ უნარებს შორის სხვაობისა და ინდივიდუალური თვისებების შემსწავლელი მეცნიერების _ დიფერენციალური ფსიქოლოგიის მეთოდების გამოყენების გზა. მისი ძირითადი მიზანია, დაადგინოს თვისებათა ის კომპლექსი, რომლითაც ამოიწურება გამოსაკვლევი სუბიექტის ინდივიდუალობა: მისი ფიზიკური მდგომარეობა, სულიერი მიდრეკილებები, ინტერესები და უნარ-შესაძლებლობანი, აზროვნება, გრძნობები და ნებისყოფა; ტემპერამენტი, ხასიათი და განწყობები. განსაკუთრებით სიმპტომატურია მოსწავლის მიერ საკუთარი ძალების შეფასება.

ამ მიზნით  შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ამერიკელ ფსიქოლოგ დემბოს თვითშეფასების მეთოდი, რისკისადმი დამოკიდებულების ტესტი, დამოკიდებულებების ხარისხის განსაზღვრა და ტემპერამენტის სტრუქტურული კითხვარი.

 

განვიხილოთ მოსწავლეთა პროფორიენტაციის შესწავლის მიზნით უკვე გამოყენებული მეთოდები:

კვლევა ჩატარებულ იქნა 120 მოსწავლეზე. მათ შორის 60 მე-9 კლასელზე და 60 მე-11 კლასელზე. გამოყენებული იქნა თვითშეფასების დონის საკვლევი ტესტი, რისკისადმი დამოკიდებულების ტესტი და დამოუკიდებლობის ხარისხის განსაზღვრის ტექსტი.

შედეგების ანალიზი. მე-11-კლასელებში თვითშეფასების შედეგები შემდეგნაირად განაწილდა: ვაჟები – 40 ქულა, რაც მაღალ თვითშეფასებას გულისხმობს. მათ აქვთ სხვა ადამიანებზე დომინირების დიდი მოთხოვნილება, უყვართ ხაზგასმა საკუთარ „მეზე“. გოგონები – 32 ქულა, რაც საშუალო თვითშეფასებას გულისხმობს. მათი საკუთარი თავისა და სხვებისადმი დამოკიდებულება შეიძლება გამოიხატოს სიტყვებით „კმაყოფილი ვარ ჩემი თავით და სხვებით“. მე-9-კლასელების ორივე ჯგუფში გამოვლინდა დაბალი თვითშეფასება (ვაჟები – 20 ქულა, გოგონები 21 ქულა), რაც გულისხმობს, რომ ამ ჯგუფში მყოფი ადამიანები უკმაყოფილო არიან საკუთარი თავით, არ აკმაყოფილებთ თავიანთი ინტელექტი, ასაკი, სქესი… ეს შეიძლება გარდატეხის ასაკის კრიზისის შედეგიც იყოს, შესაბამისად, პროფორიენტაციაზე მომუშავე ადამიანმა ყურადღება უნდა გაამახვილოს მე-9 კლასის მოსწავლეების თვითშეფასების ამაღლებაზე, გამოავლინონ მათი უნარები და წინ წამოწიონ. ხოლო მე-11 კლასის ვაჟების შემთხვევაში, მათ უნდა მიეცეთ ისეთი ქეისები, რომლებიც გამოავლენენ მათ რეალურ უნარებსა და შესაძლებლობებს, რათა მაღალმა თვითშეფასებამ გავლენა არ მოახდინოს შესაძლებლობების დანახვასა და  პროფესიის არჩევაზე.

რისკისადმი დამოკიდებულების ტესტში ისევ მე-11-კლასელი ვაჟები აჩენენ მაღალ მაჩვენებლებს. ისინი რისკის მოყვარული არიან, თუმცა შემდეგ ხშირად ფიქრობენ და წუხან თავიანთ მოქმედებებზე. საინტერესოა გოგონების მაჩვენებლები, აქ მათი საშუალო ქულა არის 31, რაც რისკის დაბალი მოყვარულის მაჩვენებელია. მათ არ შეუძლიათ სარისკო გადაწყვეტილების მიღება, ხშირად ეშინიათ წარუმატებლობის. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არის გასაკვირი, რომ გამოკითხულთა უმრავლესობას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რა პროფესიას დაეუფლება სამომავლოდ, ხოლო ნაწილს არჩეული აქვს ის პროფესია, რომელიც უფრო „პოპულარულია“ იმ დროისათვის. მე-9-კლასელი მოსწავლეების რისკის დონე საშუალოა (72 ქულა). ისინი სარისკო მოქმედებებს ძირითადად სპორტის სხვადასხვა სახეობებში ავლენენ, შეუძლიათ პასუხისმგებლობის აღება მხოლოდ ერთი ხაზით – სპორტი ან ხელოვნება. პროფესიის არჩევისას ძირითად აქცენტს აკეთებენ სპორტზე ან  ხელოვნებაზე, მხოლოდ 12%  ფიქრობს ხელობის დაუფლებაზე და ვიწრო სპეციალობით მუშაობაზე. საგულისხმოა ის, რომ მათ გადაწყვეტილებაზე გავლენა სოციალურმა გარემომ მოახდინა.

დამოუკიდებლობის ხარისხის განსაზღვრისას გამოვლინდა რომ მე-11-კლასელი ვაჟები საკმაოდ დამოკიდებულნი არიან გარშემომყოფების აზრზე. მცირე წარუმატებლობამაც კი მათ შეიძლება საკუთარი თავის რწმენა დაუკარგოს. ხოლო დანარჩენი სამივე ჯგუფი (მე-11 კლასელი გოგონები – 25 ქულა, მე-9 კლასელი გოგონები – 22 ქულა, მე-9-კლასელი ვაჟები – 23 ქულა) ავლენს საშუალო დამოუკიდებლობის ხარისხს. ისინი შეიძლება იყვნენ სანდო მეგობრები, ყოველთვის ყურს უგდებენ გარშემომყოფების აზრს და ითვალისწინებენ მას. შესაბამისად, მათი პროფესიის არჩევაზე ხშირ შემთხვევაში გავლენას ახდენს ოჯახის აზრი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ ოჯახს და სკოლას დიდი როლი აკისრია მოსწავლის ჩამოყალიბებაში. სკოლამ უნდა შეძლოს ამ ინდივიდუალური თავისებურებების დანახვა, რათა მოსწავლემ არ მიიღოს სარისკო გადაწყვეტილება პროფესიის არჩევაში. როგორც შედეგებიდან ვნახეთ, მაღალი კლასის ვაჟები მეტად რისკიანი არიან, თუმცა მათთვის საზოგადოების აზრი ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მათი მაღალი თვითშეფასება და სარისკო გადაწყვეტილებები მათ სწორედ იმისთვის სჭირდებათ, რომ საზოგადოებას თავიანთი შესაძლებლობები „დაუმტკიცონ“. საჭიროა სკოლამ სწორად განსაზღვროს მათი შესაძლებლობები და გამოავლინოს ის უნარები, რომელიც მათ რეალურად აქვთ. რაც შეეხება ამავე ასაკის გოგონებს, ისინი ნაკლებად არიან დარწმუნებული საკუთარ თავში და ეძებენ იმ უნარებს, რომლებიც დაეხმარებათ სწორ პროფორიენტაციაში, მათთვის საჭიროა სწორი მოტივის შერჩევა.

პროფორიენტაცია სრულყოფილი იქნება, თუ ვაწარმოებთ ბავშვის ქცევაზე სისტემატური დაკვირვების ორგანიზებას, რომლის მიზანი უნდა იყოს ინდივიდის პროფესიულად ღირებული ფსიქოფიზიკური ძალების დადგენა. ბავშვზე დაკვირვება ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ ასეთ თვისება შესახებ სრულ ინფორმაციას იძლეოდეს.

 

ა) ამოვწეროთ ადამიანის ის ძირითადი ფსიქო-ფიზიკური უნარები, რომლებიც საჭიროა მოცემული პროფესიისათვის და მათ შევადაროთ ინდივიდის მიერ გამომჟღავნებული პროფესიულად ღირებული უნარები, რაც საშუალებას მოგვცემს დავასკვნათ, შეეფერება თუ არა ეს ინდივიდი ჩვენთვის საინტერესო პროფესიას.

ბ) ვაწარმოოთ დაკვირვება ინდივიდის მიერ გამომჟღავნებულ პროფესიულად ღირებულ ფსიქო-ფიზიკურ უნარებზე, მოვახდინოთ მიღებული შედეგის ფიქსაცია მათი სისტემურობისა და დონეების მიხედვით. ეს  შესაძლებლობას მოგვცემს გავიგოთ ამ ინდივიდის პროფესიული მოწოდების შესახებ, ხოლო შემდეგ ვეძებოთ მოცემული ინდივიდის შესაფერისი პროფესია. ეს კი დაგვეხმარება ინდივიდს მივცეთ სწორი პროფესიული ორიენტაცია.

 

 

 

 

 

 

 

თანატოლთა ჯგუფის გავლენა მოზარდის ქცევაზე

0

რამდენიმე წლის წინ თბილისის ერთ-ერთ სკოლაში საინტერესო და საყურადღებო შემთხვევის უნებლიე მოწმე გავხდი. პედაგოგთან შესახვედრად მოსულმა მოსწავლის მშობელმა, მას შემდეგ, რაც შვილის საკლასო ოთახიდან უცნაური ხმაური შემოესმა, კარი შეაღო და, ნანახით გაოგნებულმა, ამის თქმაღა მოახერხა: „თავად რომ არ შევსწრებოდი და სხვას ეთქვა თქვენი შვილი კლასში ასე იქცევაო, არ დავიჯერებდი და საყვედურსაც არ დავიშურებდი ამ ადამიანის მიმართ. ნუთუ შეიძლებაб ჩემი შვილი ასე იქცეოდეს და ასეთ სიტყვებს ხმარობდეს თანატოლთან ურთიერთობისას?“ – გაოცებას ვერ მალავდა შვილის ქცევით შეწუხებული დედა. თავისი წესიერი, ზრდილობიანი, სანიმუშო მეშვიდეკლასელი ბიჭუნა მას ასეთი არასოდეს ენახა.

ის ფაქტი, რომ ჯგუფი თავისებურ გავლენას (დადებითს ან უარყოფითს) ახდენს ადამიანზე, საკამათო არ არის. გარდამავალ ასაკში ეს გავლენა განსაკუთრებით ძლიერია. ვფიქრობ, ამით აიხსნება, რომ კლასის შეცვლა და თანატოლთა სხვა ჯგუფში მოხვედრა მოზარდის ხასიათს და ქცევას იმდენად ცვლის, რომ მისი ცნობა ხშირად შეუძლებელიც კი ხდება და მშობლები საგონებელში ვარდებიან. მოზარდის ქცევა, მისი გადაწყვეტილებები უმეტესად განპირობებულია არა მისი შინაგანი „მე“-თი, მისი ღირებულებებით, პრინციპებით, რომელთა ჩამოყალიბებაზეც მშობლები წლების განმავლობაში მუშაობდნენ, არამედ თანატოლთა იმ ჯგუფით, რომელთანაც მას ყოველდღიურად უწევს ურთიერთობა და რომელიც სერიოზულ გავლენას და ზეწოლასაც კი შეიძლება ახდენდეს მასზე. საინტერესოა, რომ ბევრი მოზარდი ხანდახან ვერც კი აცნობიერებს ამ გავლენას და დარწმუნებულია, რომ თავისი პრინციპების ერთგულია.

როგორ შეიძლება წარიმართოს მოზარდის განვითარება და შეიცვალოს მისი პიროვნული თვისებები, თუ მან ვერ შეძლო თანატოლთა გავლენის გაცნობიერება და დიდხანს დარჩა ამ გავლენის ქვეშ?

როდესაც მოზარდი დიდხანს განიცდის ჯგუფის უარყოფით გავლენას, მის ქცევაში ვლინდება ის, რაც დამახასიათებელია მოცემული ჯგუფისთვის და იჩქმალება მისი ინდივიდუალობა.

ასეთი მოზარდებისთვის დამახასიათებელია გადაჭარბებული ემოციურობა; მათ უჭირთ საკუთარი გრძნობების, ემოციებისა და ქცევის მართვა. თანატოლები ადვილად ახერხებენ მათ განაწყენებას, გაბრაზებას, წონასწორობიდან გამოყვანას.

თანატოლთა ჯგუფის მუდმივი ზეწოლის შედეგად მოზარდს უქვეითდება თვითცნობიერებისა და თვითკონტროლის დონე, საკუთარი შინაგანი „მე“-ს, საკუთარი სამყაროს შეგრძნების უნარი.

თანატოლთა ჯგუფის უარყოფითი გავლენა განსაკუთრებით აზარალებს ნიჭიერ ბავშვებს. ადამიანებს არ უყვართ მათგან ძლიერ განსხვავებული პიროვნებები, განსაკუთრებით – თუ მათი მოდრეკა და მათთვის საკუთარი შეხედულებების თავს მოხვევა უჭირთ. ამ შემთხვევაში ჯგუფმა შესაძლოა წაშალოს, ჩაკლას მოზარდის შემოქმედებითი პოტენციალი, უკიდურეს შემთხვევაში, შეაფერხოს მისი განვითარება. ნიჭიერი ადამიანის ორიგინალურ იდეებს ხშირად უარყოფს საზოგადოება, იმიტომ, რომ უმრავლესობას მისი არ ესმის. უფრო მეტიც: ასეთი პიროვნება არცთუ იშვიათად იმყოფება ძლიერი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ, რაც, თავის მხრივ, თრგუნავს მის განვითარებას.

თანატოლთა ჯგუფის ზეწოლა შესაძლოა შფოთვისა და პიროვნებათაშორისი კონფლიქტების მიზეზადაც იქცეს.

ასეთი მოზარდი, როგორც წესი, ყურადღების ამახვილებს არა საკუთარ ქცევაზე, არამედ იმაზე, რა ხდება მის გარშემო; გამოირჩევა იმპულსურობით, გარეგანი ზემოქმედებისადმი მომატებული მგრძნობელობით; უქვეითდება ინტერესი გარშემო მყოფთა შეფასებების მიმართ; ნაკლებად ამჟღავნებს საკუთარი ქცევის შეფასებისა და საქმიანობის გონივრულად დაგეგმვის უნარს.

ჯგუფი შეიძლება დადებით გავლენასაც ახდენდეს მოზარდზე, რაც თავს იჩენს იმით, რომ:

* ჯგუფის წევრების მხრივ აღიარებისა და თანადგომის შემთხვევაში მოზარდი შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენას და დაიკმაყოფილებს თვითრეალიზაციის მოთხოვნილებას;

* თუ ჯგუფის წევრები მხარს უჭერენ მოზარდის ამა თუ იმ წამოწყებას, არ შეიძლება, ამან არ გაამხნეოს და საკუთარი ძალების რწმენა არ გაუძლიეროს მას, რაც დადებითად აისახება სწავლაზე, თვითშეფასების ფორმირებაზე და, რაც მთავარია, პიროვნულ ჩამოყალიბებაზე.

ამრიგად, თანატოლთა ჯგუფის გავლენა მოზარდზე უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ის, თუ როგორი იქნება ეს გავლენა, დამოკიდებულია ჯგუფში დამკვიდრებულ ღირებულებებსა და ჯგუფის წევრთა ურთიერთდამოკიდებულებზე. ვინაიდან უკვე ჩამოყალიბებულის შეცვლა ხშირად შეუძლებელია, კარგი იქნება, თუ პირველი კლასიდანვე ვიზრუნებთ მოსწავლეთა ჯგუფებში ჯანსაღი ფსიქოლოგიური კლიმატის შექმნასა და ბავშვებს შორის კეთილგანწყობილი ურთიერთდამოკიდებულების ფორმირებაზე. მაქსიმალურად ვეცადოთ, თავიდან ავიცილოთ ბავშვის დაპირისპირება თანატოლთა ჯგუფთან. გავითვალისწინოთ, რომ თუ მოზარდს, განსაკუთრებით – გარდამავალ ასაკში, დავაყენებთ არჩევანის წინაშე, ჩვენ დაგვიჭიროს მხარი თუ თანატოლებს, ის აუცილებლად თანატოლებს აირჩევს, მაშინაც კი, თუ გულში ჩვენს პოზიციას იზიარებს. თანატოლთა კეთილგანწყობის დაკარგვას მას ჩვენი მომდურება ურჩევნია – წინააღმდეგ შემთხვევაში ჯგუფში მისი მდგომარეობა გაუსაძლისი გახდება.

ბავშვებისთვის ადაპტირებული ამბები

0

“სალომემ მითხრა, რომ ერთმა მისმა მეგობარმა ორი ბავშვი მოკლა, მეორემ ხუთი. სკოლაში, ” – მითხრა ერთ დილას ჩემმა 5 წლის შვილმა, როცა საბავშვო ბაღისკენ მიმავალ ავტობუსში ვისხედით. სალომე მისი უფროსი მეგობარია, უკვე სკოლაში დადის და მის მეგობრებს  არავინ მოუკლავთ. სხვა ბავშვებმა მოკლეს სხვა ბავშვები სხვა სკოლაში და მიუხედავად იმისა, რომ სახლში ტელევიზორი არ გვაქვს და ამ თემაზეც ბავშვებთან არ გვისაუბრია, როგორც ჩანს, საიდანღაც მაინც გაიგო და ასე სცადა ამ თემაზე ჩემთან ლაპარაკის წამოწყება.

 

იმას, რომ ბავშვებს ვერაფერს დავუმალავდი 13 ივნისის ტრაგედიის მერე მივხვდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი უფროსი შვილი მაშინ  3 წლისაც არ იყო, არც დახოცილი ზოოპარკის ცხოველები უნახავს და არც დატბორილი ვერეს ხეობა, მომდევნო ბევრი თვის განმავლობაში წვიმის შიში ჰქონდა აკვიატებული და იგონებდა ამბებს იმაზე, როგორ კვდებოდნენ ცხოველები.

 

თავის მოტყუებას სჯობს სინამდვილეს თვალებში შეხედო და ალბათ რაც უფრო ადრე მოემზადები ამისთვის, მით უფრო გაგიმარტივდება სიმართლეებს შორის ორიენტაცია – ვიფიქრე და გადავწყვიტე რომ ის ამბები, რაც ჩვენს გარშემო ხდება და რაც დააინტერესებთ, ყველაფერი მოვუყვე  შელამაზებების გარეშე, ჩვეულებრივ, როგორც იყო ისე.

 

მარტივი აღმოჩნდა.

ტყუილად არ არის, ზღაპრები ყველაზე სასტიკი დანაშაულებების ქრონიკებს რომ შეიცავენ, ადამიანის ყველა მანკიერი მხარე ათასი მხრიდან რომაა  აღწერილი და გარემოც, რომელშიც ზღაპრების გმირები ცხოვრობენ, იშვიათად თუა  მათდამი მეგობრული – ბავშვებს შეუძლიათ ამ ამბების გაგება, ყველაფრისთვის საკუთარი სახელის დარქმევა, სიკეთისა და ბოროტების გარჩევა და უსამართლობის შეგრძნებაც, რომელიც ამ ამბების მოსმენისას უჩნდებათ, ბრძოლის სურვილს უჩენთ. ეს ჩვენ გვიჭირს, უფროსებს იმის თქმა, რომ ჩვენს გვერდით მკვლელობა მოხდა, რომელშიც შესაძლოა ჩვენც ვიყავით დამნაშავეები, ჩვენ მივაყენეთ ზიანი ბუნებას, რომლის წინაშეც სინამდვილეში უძლურები ვართ და მარტოები აღმოვჩნდით სასტიკი, მაგრამ მოსალოდნელი სტიქიის წინაშე, ჩვენ დავხუჭეთ თვალი, როცა ვინმეს უსამართლოდ ექცეოდნენ და ვიფიქრეთ, რომ ვინმე სხვა დაიცავდა, ვინც მარტო აღმოჩნდა ბოროტების პირისპირ, ჩვენ ვერ შევაფასეთ საფრთხე სათანადოდ, ჩვენ ენერგიულად ვიცავთ საკუთარი კომფორტის ზონებს და გვავიწყდება, რომ  შეუძლებელია იყო კომფორტულად, როცა გარშემო ყველაფერი პარალიზებულია და ვიგონებთ სასტიკი ამბების ადაპტირებულ ვერსიებს, რომლებსაც ბავშვებს ვუყვებით, სინამდვილეში კი მათზე მეტად ჩვენ გვჭირდება ასეთი ფორმულირებები.

 

ეს ამბავი იმას გავს, სკოლის პერიოდში, საიდანღაც რომ აღმომაჩნდა “ვეფხისტყაოსნის” ადაპტირებული ვერსია, რომლის მხოლოდ რამდენიმე გვერდის წაკითხვა შევძელი. ეს წიგნი ზარმაცი ხალხისთვის იყო შექმნილი, ვისაც ბავშვების რიტმებში, მეტაფორებში, მხატვრულ ხატებში გარკვევა უნდოდა თავიდან აეცილებინა, მე კი ზუსტად ამ უზარმაზარი პოემის რიტმიკა, დინამიკა და მისი ავტორის ლექსიკა მიზიდავდა.

 

ხო, ჩემი კლასელიც მოკლეს ადრე, როცა პატარა გოგო ვიყავი, სკოლა ახალი დამთავრებული გვქონდა, ვიღაც მოჩხუბრებს აშველებდა და სასიკვდილოდ დაიჭრა. ეგეთი უკონფლიქტო ბავშვი ცოტა მახსენდება ჩემი სკოლის პერიოდიდან. ადამიანები სასტიკები არიან და ხშირად ამ სისასტიკეს უდანაშაულოები ეწირებიან. არ ვიცი, იმ სკოლის ბავშვებიდან ვინ იყო კეთილი და ბოროტი, მაგრამ ეგ არც არის ძალიან მნიშვნელოვანი, უფრო საინტერესოა, რატომ ხდებიან ბოროტები ისინი, ვინც სხვებს წირავენ სასიკვდილოდ, რატომ აქვთ სკოლაში ბავშვებს დანა, რატომ ვერ ამჩნევენ უფროსები საშიშ სიტუაციებს  ან რატომ გონიათ სკოლაში მოსიარულე ბავშვებს, ან თუნდაც დიდებს, რომ კონფლიქტები დანით და იარაღით უნდა მოაგვარონ – ვუთხარი ჩემ შვილს იმ დილას. შეიძლება არც არაფერი, მაგრამ ალბათ სჯობს იცოდე და აღიარო, რომ აქ, ჩვენს გარემოში, წლებია დანებით კლავენ პატარა ბიჭები (და არამარტო) ერთმანეთს და სხვები ვერაფერს აკეთებენ ამის წინააღმდეგ.

 

 

ჟან ვიგოს სკოლა  

0

შორიდან დავიწყებ. შორიდან, ანუ გორში ჩატარებულ კომედიის ფესტივალზე მომხდარი ერთი დამაფიქრებელი ამბიდან. ფესტივალის ბოლო დღეს, 14 ივნისს, სამეფო უბნის თეატრმა დიდი შვედის დრამატურგის, ლარს ნურენის დრამა – „დემონები“ წარმოადგინა. წარმოდგენამ ვიღაც გულწრფელად აღაფრთოვანა, ვიღაც კი ისე გაამწარა, თავ-ბედი აწყევლინა და დარბაზი ნაადრევად დაატოვებინა. როგორი უსიამოვნოდ მოსასმენიც უნდა იყოს, ამ გამწარებულ მაყურებლებს შორის გორის მერის მოადგილე და მერიის თანამშრომლებიც ყოფილან. თავად მერს ბოლომდე გაუძლია „უცენზურო სიტყვებისა და კულტურული საზოგადოებისთვის შეუფერებელი მოქმედებებისთვის“, თუმცა მოგვიანებით არ დაუმალავს, რომ სურდა, საფესტივალო რეპერტუარის თაობაზე მერიის კულტურის სამსახური წინასწარ გაეფრთხილებინათ.

როგორც კი ამ ამბის შესახებ წავიკითხე, მაშინვე ის უსაშველოდ მოსაწყენი სასკოლო ზეიმები გამახსენდა, წლიდან წლამდე რომ იმართებოდა გორის სკოლებში, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებისა თუ სოფლების სასწავლო დაწესებულებებში. ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი წესით გამოვდიოდით სცენაზე, ვცეკვავდით, ვმღეროდით, ლექსებს ვამბობდით… ტაშსაც სწორედ იმ დროს გვიკრავდნენ  გულაჩუყებული მშობლები თუ მეტ-ნაკლებად კმაყოფილი მასწავლებლები, როცა ამას ყველაზე მეტად ველოდით, ნეტარებით განაბულები.

რა გასაკვირია, რომ ამ აზრმოკლებულმა ზეიმებმა იმთავითვე არასწორი წარმოდგენა შეგვიქმნა იმაზე, თუ საერთოდ რისთვის არსებობს სცენა, რას უნდა ველოდოთ სპექტაკლისგან, რეჟისორისგან, მსახიობებისგან. ცხადია, პასუხისმგებლობის წილი კომედიურ ტელეშოუებსაც ეკისრებათ, სასკოლო ზეიმებზე გაზრდილებს მოწყენის საშუალებას რომ არ აძლევენ. რაღაც კომედიურ ტელეარხებს. რაღაც შემზარავ „იუმორინებს“.

ლარს ნურენის დრამის სანახავად ჩამომსხდარმა მოხელეებმა 1933 წელს გადაღებული ერთი კინოშედევრი გამახსენეს, რომლის სასკოლო კინოჩვენებასაც სასწავლო წლის დაწყებისთანავე მოვაწყობდი. პირველივე დღეს ვაჩვენებდი მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც ფრანგი რეჟისორის, ჟან ვიგოს ორმოცწუთიან ფილმს „ნული ყოფაქცევაში“, წლების განმავლობაში უსამართლოდ აკრძალულსა და დავიწყებულს, დღეს კი უკვე კლასიკად ქცეულს. თავის დროზე ამ ფილმში განათლების სისტემის დაცინვაც დაინახეს, კათოლიკური ეკლესიის გამასხარავებაც, ამბოხისა და ანარქიისკენ მოწოდებაც, საფრანგეთის წმინდათაწმინდა იდეალების უგულებელყოფაც. „ნული ყოფაქცევაში“ ყოველგვარი უკეთურების ბუდეა, რეჟისორი კი, უბრალოდ, მანიაკიაო და მაყურებელს მისი ნახვის საშუალება 1945 წლამდე არ მისცეს.

მოგვიანებით ჟან ვიგოს ამ ავტობიოგრაფიული ფილმიდან და, ბუნებრივია, პირადი გამოცდილებიდანაც ამოიზარდა კიდევ ერთი კინოშედევრი – ფრანსუა ტრიუფოს „ოთხასი დარტყმა“.  ნახეთ, თუ არ გინახავთ – მასწავლებლებს, მშობლებს, მერიის თანამშრომლებს…

როგორია სკოლა, რომელსაც ჟან ვიგო აღწერს ფილმის დასაწყისში? უხალისო და დამთრგუნველი, რეპრესიული და ყოვლად გაუსაძლისი, მექანიკურად აღსასრულებელ წეს-კანონებზე დამყარებული წესრიგით, მასწავლებლებით, რომელთა ქმედებებიც მეტწილად ან ძალადობრივია, ან საღ აზრს მოკლებული, ან სულაც უხამსი. რა დარჩენიათ მოსწავლეებს გამოსავლის მოძებნის გარდა? ჰოდა, ისინიც გამალებით ეძებენ. შეგუება, როგორც შესაძლო გამოსავალი, იმთავითვე გამორიცხულია – ჟან ვიგო აშკარად მათ მხარესაა, ვის თავშიც ამბოხის იდეა მწიფდება. ოთხი ყველაზე გამორჩეული მოსწავლე მცირე რევოლუციას აწყობს – სიურრეალისტურ რევოლუციას. სახურავზე ამბოხებულთა დროშა ფრიალებს, სახურავიდან კი სხვადასხვა საგნებს ესვრიან საზეიმო სანახაობის მოლოდინში ჩამომსხდარ საპატიო სტუმრებს. სულაც პრეფექტს, თუ სწორად მახსოვს.

სკოლის დირექტორი, არც მეტი, არც ნაკლები, ჯუჯაა – იმ ბავშვების სიმაღლისაა, რომლების ერთ ყალიბში მოქცევასაც ცდილობს, როგორც რეპრესიული სისტემის რიგითი წარმომადგენელი. მაინც რისი მანიშნებელი შეიძლება იყოს ფრანგი რეჟისორის ეს გადაწყვეტილება? იქნებ იმის, რომ ბავშვები, შენი მოსწავლეები სწორედ იმავენაირ ადამიანებად უნდა აღიქვა, როგორიც თვითონ ხარ? ან იმის, რომ ნებისმიერი სტატუსი, სინამდვილეში, მხოლოდ მოჩვენებითი სიმაღლეა…

არ მოვყვები იმას, რაც ფილმის ბოლოს ხდება. ეს დაუვიწყარი სცენები საკუთარი თვალით უნდა ნახოთ. ენით აუწერელი მშვენიერება უდავოდ იმსახურებს ხმამაღლა დაკრულ ტაშს. ჟან ვიგომ, რომელსაც ერთგვარ ანარქისტულ ხედვასაც აბრალებდნენ, სავარაუდოდ, უფრო  იმის გამო, რომ მამამისი საქვეყნოდ ცნობილი ანარქისტი იყო, კინოს ენაზე, თავისებურად შეასხა ხოტბა თავისუფლების დიდ იდეას, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას, ბარიერების ნგრევას, საზღვრების გაუქმებას. „ნული ყოფაქცევაში“ სამუდამოდ დარჩება იმ ფილმებს შორის, რომლებიც ყველაზე გასაოგნებელი ფორმით ამბობენ ყველაზე მეტს – იმას, რაც გულზე გხვდება, რაც გზის გაკვლევაში გეხმარება, რაც საჭირო დროს ყველაზე სწორ გადაწყვეტილებას მიგაღებინებს.

და ბოლოს, სიტყვა, რომლითაც ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები იწყება ამ დაუვიწყარ ფილმში. მენდეთ, მეტად უხამსი სიტყვაა. მოსწავლე გაბედავს და იტყვის, გაბედავს და გაიმეორებს. სიტყვა იარაღად იქცევა – ანგრევს, აშენებს.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...