შაბათი, ივლისი 12, 2025
12 ივლისი, შაბათი, 2025

მიმდინარე მუნდიალის ამბები

0

ფეხბურთი არამხოლოდ სიხარულია. ფეხბურთი ფიქრის, განსჯისა და გულისხეთქვის თამაშიცაა და ეს ყველაზე კარგად მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩანს. საფიქრალი და სადარდებელი კი ყველას თავისი აქვს და რამდენიც არ უნდა მოვინდომოთ, ერთმანეთთან ვერ დავაკავშირებთ არგენტინელი ქომაგების ფიქრებს ისლანდიასთან მატჩისას და გერმანელი გულშემატკივრების ცრემლებს მექსიკის ნაკრებთან დამარცხების შემდეგ.

საერთოდ ისე ხდება ხოლმე, რომ მუნდიალებზე გულშემატკივრები ჯგუფებად – გუნდ-გუნდად ჩადიან და ეს “კუტოკურობა“ ყველა დიდ ჩემპიონატს უხდება. თუმცა, მსოფლიოს სპორტულმა პრესამ უკვე შენიშნა ბოლო წლების ერთი შეხედვით უცნაური ტენდენცია, რაც იმაში გამოიხატება, რომ თანდათან მომრავლდნენ, ე.წ. მარტოსული ქომაგები, რომელებიც ევროპისა თუ მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატებზე სრულიად მარტონი დადიან და ეს მათთვის მეტი სიტკბოებაა, ვიდრე თანამემამულეებთან ერთად ღამეული ღლაბუცობები.

ისე კი, წარმოსადგენად ალბათ მაინც ღირს ის ბრიტანელი ან თუნდაც კოსტა რიკელი ქომაგი, რომელიც სამუნდიალე თანხას მთელი წელი ან წლები აგროვებდა, მერე ჩაჯდა მოსკოვისკენ მიმავალ თვითმფრინავში და საკუთარ თავს მარტომ მოუწყო ზეიმი, სიხარული, გართობა, ფესტივალი, ფიესტა. რა ფიქრი უნდა ტრიალებდეს ასეთი კაცის თავში და რა გუნებაზედ უნდა იდგას – მაგას ნამდვილად ვერ გამოვიცნობთ, მაგრამ საპრობლემოც რა არის? რატომაც არა?! ჩვენს დროში ასეთები აბა როგორ უნდა გავიკვირდეს?!

ამას წინათ მეგობარი მეუბნებოდა, არც კი ვიცი, რა ხასიათზე შეიძლება იდგეს ინგლისის ნაკრების ფანი, რომელმაც მთელი ევროპის კონტინენტს გადაუფრინა, ინგლისის ნაკრებისთვის რომ ექომაგაო. ამ კაცს ცხოვრებაში რა არ უნახავს და რა არ გამოუცდია, მაგრამ აბა რა გუნებაზე დადგებოდა, როდესაც ლონდონიდან ან ლივერპულიდან პირდაპირ ვოლგოგრადში ამოყოფდა თავს, სადაც საპელმენეებში ჯერ ისევ ზანტად ტრიალებს საბჭოეთის დროინდელი ვინტილატორების პროპელერები, რომლებზეც ბუზები ბატონკაცურად სხედან და კაცი ვერ გაიგებს, ამ დანადგარმა როგორ შეიძლება ადამიანი გააგრილოსო.

და მაინც, ფეხბურთი გულშემატკივრებისთვის მოგონილი თამაშია და რამდენიც არ უნდა იძახოს ლეო მესიმ – მე მხოლოდ საკუთარი მუღამისა და სიამოვნების გამო ვთამაშობო, ინჩასის სტვენას მაინც ვერავინ გაქცევია და ალბათ არავის უფიქრია, რომ ეს უმნიშვნელოა. ერთი პოლ გასკოინს გავიხსენებთ, რომელსაც გულრწფელად არ ანაღვლებდა არავინ და არაფერი და უგულვებელყოფა რომ საბოლოო ჯამში ორმხრივია – ეს იმ ჩვენმა ტკბილ-მწარე პოლმაც მწარედ გამოსცადა.

ჩვენ ხომ არ არ ვიკითხავთ, რატომ არიან რუსეთის მუნდიალზე ასე ცოტა აფრიკელი ქომაგები და რატომ მძლავრობენ სკანდინაველები და ბრიტანელები… ეს კითხვები აბა როგორ უნდა გაგვიჩნდეს ქვეყანაში, სადაც კაი კოხტა კონსერვის ქარხნის დამლაგებელს (ყველა დამლაგებელს ჩვენი პატივისცემა) პედაგოგზე მეტი ხელფასი აქვს. მაგრამ თუ მაინცდამაინც გავჯიქდებით და გაკვირვებას მოვინდომებთ, უპირველესად ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ შვეიცარიელი გულშემატკივრები ბრაზილიელ ქომაგებზე ფიცხნი გამოდგნენ და ბევრს ბრაზილიელ ქომაგთა გადარეულობაზე აბათ წარმოდგენებიც კი შეეცვალა და გადაუფასდა.

ჩვენ… ჩვენ რა? ჩვენ წესით ლესელიძეში ზღვისპირა ძველ ყავახანებში უნდა ვისხდეთ და სოჭიდან ბურთზე ფეხების ბრაგაბრუგი გვესმოდეს. მაგრამ ალბათ ისიც აღარ გვახსოვს, დარჩა კი ლესელიძეში ძველი ყავახანები?…

 

როგორ მოვამზადოთ მოსწავლეები უცხო ტექსტის ანალიზისთვის – წერილი 2

0

პირველად ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდების შეფასების კრიტერიუმებს მაშინ ჩავხედე, როდესაც ჩემი შვილი აბარებდა ერთიან ეროვნულ გამოცდებს. ეს კი იმიტომ დამჭირდა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ლიზი აგვისტოდან ამერიკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში მიემგზავრებოდა სასწავლებლად, ვთხოვე, თავი დაეზღვია – ხომ შეიძლებოდა, ვერ ესწავლა ან რაიმე არ მოსწონებოდა უცხო ქვეყანაში და ჩამოსვლა დროზე ადრე გადაეწყვიტა. ჩემი ნაცნობ-მეგობრების დიდი ნაწილი, ჩემგან განსხვავებით, სკოლებში ქართულს ასწავლიდა, ამიტომაც ერთ-ერთს მივმართე, დრო გამოეძებნა და გამოცდის წინა დღეებში აეხსნა, რისთვის უნდა მიექცია ყურადღება გამოცდაზე გასულ ლიზის. აი, მაშინ გამიჩნდა პირველი პროტესტი, როცა აღმოვაჩინე, რომ ერთი კრიტერიუმი აბიტურიენტის ზოგად განათლებას აფასებდა. ნეტა როგორ უნდა შეაფასოს უმაღლესი ქულით რომელიმე გამსწორებელმა 16-17 წლის ყმაწვილის ზოგადი განათლება ერთი ნაწერის მიხედვით-მეთქი. ჩემმა მეგობარმა დამამშვიდა, ნუ ღელავ, შენი შვილისნაირი გოგო როგორ ვერ მიიღებს ამ კრიტერიუმში ქულას, რომელიმე ტექსტი, სულ ერთია, რომელი, გაიხსენოს, შეადაროს მოცემულ ტექსტს და ქულაც ჯიბეში ედებაო. ლიზიმ, როგორც ჩანს, გაითვალისწინა რჩევა და გამოცდაზე საუკეთესო ქულა მიიღო. მერე ჩემს სტუდენტებსაც ვკითხე, ზოგადი განათლების კრიტერიუმი როგორ მოგწონთ-მეთქი და, ყურებს არ დავუჯერე, როცა ერთმა მართლა გამორჩეულმა სტუდენტმა მითხრა, ციტატა მე თვითონ მოვიგონე და ის ჩავწერე, ჰოდა, მაღალი ქულაც მივიღეო. მესმის, რომ გასასწორებელი ნაწერი უამრავია, კვალიფიციური გამსწორებელი კი არც ისე ბევრი, გამოცდების ცენტრშიც იციან ამის შესახებ და ტრენინგს ტრენინგზე უტარებენ ყველას. თუ კონტრაქტს არ უწყვეტენ არაკომპეტენტურ გამსწორებელს, მხოლოდ იმიტომ, რომ იმ წელს არ გამოაშკარავდა მისი არაპროფესიონალიზმი. არ დავიწყებ ახლა იმის მტკიცებას, ჩვენი აბიტურიენტების დიდი უმრავლესობის, თუნდაც საუკეთესოების, ნაწერები რომ ვთარგმნოთ და უცხოელ გამსწორებლებს გავასწორებინოთ, როგორ დაეწევათ მათ ეს ქულები. ცხადია, ყველას არ ვგულისხმობ, რადგან მართლა არაჩვეულებრივი სტუდენტები მყავს მე თვითონ, მაგრამ ისინიც დამეთახმებიან, საგამოცდო ცენტრის თანამშროლებიც და გამსწორებლებიც, რომელთა უმრავლესობაც მასწავლებელია, რომ ყველას უკეთესი რეალობა გვინდა საქართველოში. მენდეთ სიტყვაზე, რომ ეს ასეა, რადგან მე თვითონ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან გამოგზავნილ ინგლისურად დაწერილ ესეებს ვასწორებ საერთაშორისო ბაკალავრიატის გამოსაშვებ გამოცდებზე და ვიცი, რამდენად რთულია უმაღლესი შეფასების დამსახურება. სტატისტიკა იუწყება – შეგიძლიათ ჩახედოთ გამოქვეყნებულ მონაცემებს –  (https://www.ibo.org/contentassets/bc850970f4e54b87828f83c7976a4db6/dp-statistical-bulletin-may-2017-en.pdf ), რომ ლიტერატურაში გამოცდაზე გამსვლელთა დაბალი პროცენტი იღებს მაღალ ქულას და ეს მოსწავლეები მართლაც საუკეთესოები არიან (თუ არ ჩავთვლით მოსწავლეებს, რომელთა მშობლიური ენა სესოთოა, ალბანური და აზერბაიჯანული, რადგან ასე მგონია, რომ ამ ენებზე ნაშრომების გამსწორებლებს სერიოზული პრობლემა აქვთ, როცა უმაღლეს ქულას მოსწავლეთა 94%, 77% და 78% იღებს). თუმცა ისიც მესმის, რომ გამოცდის კარგი ქულის გარეშეც არსებობენ საუკეთესო ახალგაზრდები, მაგრამ, რადგან ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ რაღაც დოზით გამოცდის ქულა წყვეტს მათ ბედს, მოსწავლეებმაც და მასწავლებლებმაც კარგად უნდა გაიაზრონ, რომ ნაწერები კრიტერიუმებით ფასდება და გამოცდაზე გასულებმა სწორედ ეს კრიტერიუმები უნდა გაითვალისწინონ.

წელს მეთერთმეტე კლასელებს ვასწავლიდი ქართულ ლიტერატურას. გამიმართლა, რომ არაჩვეულებრივი მოსწავლეები შემხვდნენ, სულ 11 ახალგაზრდა და მართლა გამორჩეულები – რა დავალებაც არ უნდა მიმეცა, ასრულებდნენ, რის წაკითხვასაც ვავალებდი, კითხულობდნენ და მერე ისე არჩევდნენ ტექსტებს, ბევრი ზრდასრული რომ ვერ მოახერხებს. ჰოდა, როცა მივხვდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს მათ ზოგად განათლებას შეუფასებდნენ, ისევ დავღონდი. ხომ შეიძლება, ამ ჩემმა ნალოლიავებმა მოსწავლეებმა ვერ მოახერხონ და ეროვნულ გამოცდაზე გასულებმა ერთი ნაწერით ვერ გამოავლინონ ზოგადი განათლების დონე და ის ქულა ვერ დაიმსახურონ, რომელსაც ნამდვილად იმსახურებენ ამ კუთხით. ეს კი იმიტომ, რომ მათ არავინ აუხსნა, რა ფორმით უნდა გამოავლინონ ზოგადი განათლება და როგორ უნდა დაანახონ თავი საინტერესო კუთხიდან უცნობ გამსწორებელს. ამიტომაც გადავწყვიტე, რამდენიმე გაკვეთილი მათთვის (ზოგიერთისთვის) უცხო ლექსების განხილვისთვის დამეთმო ისე, რომ ერთდროულად შეფასების კრიტერიუმის ნაწილი დამეფარა და მეჩვენებინა მოსწავლეებისთვის, როგორ უნდა გაეანალიზებინათ ტექსტი ისე, რომ შინაარსის გაგების შემდეგ ლექსის სიღრმისეულ შრეებში ჩასულიყვნენ. თითოეული ლექსი დავაწყვილე (ხანდახან წყვილის ნაცვლად ლექსების ჯგუფის მოტანა დამჭირდა) სხვა ავტორის ისეთ ლექსთან, ჩემი აზრით, საერთო რომ უნდა გამოეძებნათ ბავშვებს. თავდაპირველად ერთ ლექსს ვაძლევდი გასარჩევად, ხოლო შემდეგ, როცა სათქმელს ამოწურავდნენ, მეორე ისეთ ლექსს მივცემდი წასაკითხად, რომელიც აშკარად ებმოდა წინა პოეტურ ნიმუშს. ვიმედოვნებდი, ასე მაინც გავავარჯიშებდი მოსწავლეებს შესაძლო ლიტერატურული კავშირების მიგნებაში, რაც მომავალში, გამოცდაზე გასულებს,  წაადგებოდათ. ამ გაკვეთილებზე შევეცადე, მრავალფეროვნების მიზნით, რაც შეიძლება, მეტი პოეტის ლექსი ჩამერთო. ყურადღება ქვემოთ ჩამოთვლილ ლექსებზე შევაჩერეთ. თუ რატომ, ამასაც აგიხსნით, ეგებ ჩემი გამოცდილება თქვენც მოიწონოთ, გაიზიაროთ, თქვენეული წყვილები შექმნათ და ამ გზით თქვენს მოსწავლეებს ცოტათი მაინც დაეხმაროთ იმ კრიტერიუმების დაკმაყოფილებაში, რომლითაც მათ შეაფასებენ.

1.გალაკტიონის „მთაწმინდის მთვარე“ (1915) – როდესაც ამ ლექსს არჩევენ, მოსწავლეები, ცხადია, შენიშნავენ, რომ პოეტი ახსენებს ბარათაშვილს. მათ არ გაუჭირდებათ, ამოიცნონ, თუ რატომ ახსენდება გალაკტიონს მთაწმინდაზე რომანტიკოსი პოეტი. მაგრამ მანამდე ავტორი კიდევ ერთ მგოსანს ახსენებს, რომელსაც მეფური ძილით ძინავს. ზოგს უჭირს ამოცნობა, რომელი მოხუცის ლანდს ახსენებს გალაკტიონი, თუმცა, როდესაც გაიხსენებენ, ვინაა დაკრძალული მთაწმინდაზე (ინტერნეტშია სია) და დააკავშირებენ, რომელი იყო მათ შორის ყველაზე ასაკოვანი, როდესაც მთაწმინდაზე დაკრძალეს, გაუადვილდებათ აკაკის ამოცნობა, თანაც, თუკი ლექსის დაწერის თარიღსაც დაუკავშირებენ აკაკის გარდაცვალების წელს. როგორც კი იმავე 1915 წელს დაწერილ გალაკტიონის მეორე ლექსსაც „აკაკის ლანდი“ წავუკითხავთ (მოძებნონ ის სიტყვები, რომლებიც ამ ორ ლექსში მეორდება) მოსწავლეებს და გალაკტიონის მიერვე შედგენილ პოეტთა ხუთეულსაც გავახსენებთ (ამ ლექსზე ქვევით), პასუხი არ დააყოვნებს, მით უმეტეს, თუკი თქვენი მოსწავლეები იცნობენ ლიტერატურის მუზეუმის შექმნილ საიტს galaktion.ge და საძიებო სიტყვის „აკაკის“ შეყვანის შედეგად ნანახი აქვთ, რამდენჯერ ახსენებს გალაკტიონი აკაკის და როგორ დიდ პატივს სცემს ერთი იმერელი მგოსანი მეორე იმერელ მგოსანს. ამის შემდეგ ვიკითხოთ, თუ რატომ ახსენდება პოეტს აკაკი მთაწმინდაზე, ნუთუ მხოლოდ იმიტომ, რომ იქაა მოხუცი მგოსნის საფლავი? თუ იმიტომ, რომ ლექსის დაწერის თარიღი აკაკის გარდაცვალების წელს ემთხვევა? აქ მოსწავლეებს აუცილებლად გაახსენდებათ აკაკის „განთიადი“, ლექსი, რომელიც იწყება სიტყვით „მთაწმინდა“. ახლა შევაბრუნოთ წყვილი და წარმოვიდგინოთ, რომ გარჩევას ვიწყებთ ამ ლექსით, აკაკის „განთიადით“. კარგი იქნება, თუ მოცემული ლექსის დაწერის წინაისტორიასაც და დიმიტრი ყიფიანის კავშირს ამ ამბავთანაც გავიხსენებთ. აი შემდეგ კი ყურადღებას მივაქცევთ ტაეპს: „მამადავითსა ავედრებს“ და „ზე კალთა დამაფარეო“. კალთაზე, იმედია, მოსწავლეებს ღვთისმშობლის კალთა გაახსენდებათ, ხოლო, თუკი ინტერნეტსაც მოვიშველიებთ და მამადავითის ისტორიას წავიკითხავთ, აღმოვაჩენთ, რომ ეს ტაძარი თავის დროზე ივერიის ღვთისმშობლის სახელზე ააგეს. ახლა უკვე ცხადი გახდება, რას გულისხმობდა მგოსანი ტაეპში „დედაშვილობამ, ბევრს არ გთხოვ: შენს მიწას მიმაბარეო!…“, რადგან ალბათ საქართველოში ყველამ იცის, ვისი წილხვედრიცაა ეს ქვეყანა. ლექსში ყურადღებას მიიქცევს ერთი სიტყვაც, ესაა „მტკვარი“. კარგი იქნება, თუ მოსწავლეებს აკაკის ლექსზე გაახსენდებათ ნიკოლოზ ბარათაშვილის ორი ლექსი „შემოღამება მთაწმინდაზედ“ და „ფიქრნი მტკვრის პირას“ და ამ ლექსებს უკვე დაუკავშირებენ გალაკტიონის ზემოთ მოყვანილ ლექსსაც. ცხადია, როდესაც გაკვეთილზე გამართულ დისკუსიას გაიხსენებენ, თუკი გამოცდაზე ზემოთ განხილული ლექსებიდან ერთი მაინც მოვა, თქვენი მოსწავლეები მინიმუმ სამ კრიტერიუმში მაღალ ქულას აიღებენ. როგორც ვიცით, ლექსებს მონოლოგიური ბუნება აქვთ, ამიტომაც, როცა იკითხავთ, ვისი ხმა ისმის ლექსში, შესაძლოა, თქვენმა რომელიმე მოსწავლემ სრულიად განსხვავებული ინტერპრეტაცია შემოგთავაზოთ და ამ ლექსში, სწორედ იმიტომ, რომ 1915 წელსაა დაწერილი, აკაკის ხმა გაიგოს და ლირიკულ გმირად აკაკი მოიაზროს. მაშინ, ამ ინტერპრეტაციის მიხედვით, მოხუცის ლანდი უკვე ილიასი იქნება და ანალიზი სხვა მიმართულებას მიიღებს. თუმცა დანარჩენი ლექსების გახსენება მაინც არ იქნება უადგილო და მიზანი, რის გამოც ატარებთ ამ გაკვეთილს, მაინც მიღწეული იქნება. ნუ დაუშლით ბავშვებს, გამოხატონ მოსაზრებები. მიეცით მათ საშუალება, იმსჯელონ, აუხსენით, რომ თამამსაც და არათამამ მოსაზრებასაც დასაბუთება სჭირდება და რომ დასასაბუთებლად ისევ და ისევ ტექსტი უნდა გამოიყენონ. ამ წერილში არ ვისაუბრებ, რომელ სიტყვებზე შევჩერდით ლექსების გარჩევისას, მაგრამ გეტყვით, რომ ეს პროცესი იმაზე მოულოდნელი და სასიამოვნო აღმოჩნდა ჩემთვისაც და მოსწავლეებისაც, ვიდრე ვვარაუდობდით. ეს კი იმით იყო გამოწვეული, რომ ჩვენთან ნებისიერი აზრი მისასალმებელია, თუკი „ჰაერიდან არაა მოთრეული“, როგორც მე ვიცი ხოლმე თქმა (ხანდახან ასეთ გამოთქმებსაც ვიყენებ, სწრაფად და უკეთ რომ მიხვდნენ სათქმელს და კარგად დაამახსოვრდეთ ჩემი მოთხოვნა).

  1. გალაკტიონის „რა რიგ კარგია, სამშობლოვ“ (1939) განვიხილეთ წყვილში ალექსანდრე აბაშელის „ცხრა წყაროსთან“. ამ ლექსების გარჩევისას, როდესაც აბაშელის ჩამონათვალს, რომელიც ცხრა პოეტის სახელისგან შედგება, შევუდარეთ გალაკტიონის ხუთეული, ცხადია, გავიხსენეთ, რომ ძველი ბერძნები ამგვარ სიაში ყოველთვის შვიდ სახელს (მსოფლიოს შვიდი საოცრება, შვიდი საუკეთესო ფილოსოფოსი, შვიდი პოეტი და ა.შ.) მოიაზრებდნენ. ალბათ ამიტომაც გალაკტიონის სია 50-იანი წლებისთვის გაფართოვდა და ისიც შვიდამდე ავიდა („თენდება… გათენდა!“, „…ჩემო კარგო ქვეყანავ…“ და „შოთასი“). შესაძლოა, ვიღაცის აზრით, ლექსების ეს წყვილი არც ისე საინტერესო იყოს ანალიზისთვის, მაგრამ ეს კარგი დასაწყისი იქნება იმისთვის, ახალგაზრდებს ვასწავლოთ ალექსანდრე აბაშელის არაჩვეულებრივი ვერსიფიკაციული ექსპერიმენტები და მისი როლი გალაკტიონის ადრეულ ლირიკაზე (ამისათვის მოსწავლეებს ურჩიეთ, სახლში გაეცნონ შესანიშნავი წერილების კრებულს, რომელიც ალექსანდრე აბაშელს მიეძღვნა https://literaturatmcodneoba.tsu.ge/leqsmc-VIII.pdf დამიჯერეთ, ბევრი საინტერესო და ახალი მოსაზრებით გამდიდრდება თქვენი და თქვენი მოსწავლეების ცოდნა).
  2. არჩილ სულაკაურის „მხოლოდ ერთხელ“, „ჩემი ღრუბელი“ და გიორგი ლეონიძის „წავა ლექსი და წაიღებს“, „დავით აღმაშენებელს“, „ციცარი“. პირველი ლექსი საინტერესოა იმით, რომ მასში მოსწავლეს მოუწევს იმის ამოცნობა, თუ ვინაა ლირიკული გმირი, ვისი ხმა ისმის მოცემულ პოეტურ ნიმუშში. ამის შემდეგ გადადით მხატვრული სახეების განხილვაზე და აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება „მიმინოსა“ და „ღრუბლის“ მეტაფორას. ალბათ მოსწავლეებს გაუჭირდებათ რემინისცენციებისა და ალუზიების ამოცნობა, ამიტომაც წააკითხეთ დანარჩენი ოთხი ლექსიც. როცა ყველა მინიშნებას მიაგნებენ, როცა იპოვიან სიტყვებს, რომლებიც პირველ და მეორე, მესამე, მეოთხე ლექსებში ისმის, შემდეგ უკვე ლექსი ვერსიფიკაციულადაც განიხილეთ. ამ საქმეში დაიხმარეთ თამარ ბარბაქაძის შესანიშნავი წერილი (https://literaturatmcodneoba.tsu.ge/leqsmcodn-III.pdf ), მაგრამ არაფრისდიდებით არ მისცეთ მოსწავლეებს წერილი წასაკითხად მანამდე, სანამ თავად არ ამოწურავენ სათქმელს.
  3. გრიგოლ ორბელიანის „იარალის“ – მას შემდეგ, რაც ლექსის შინაარსს გაიგებენ, გაიხსენებენ და შეადარებენ ამავე რომანტიკოსი პოეტის ლექსს „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“, რომელშიც ასევე წარსულს მისტირის პოეტი და მორღვეულ აწმყოზე დარდობს, ყურადღება მიაქციეთ ტაეპს „ვინ აღჩნდეს გმირი, რომ მის ძლიერი, ბედს დაძინებულს ხმა აღადგენდეს? რომელ მარჯვენით, ერთის დაკვრით, უსულოდ ვეშაპს ძირსა დასცემდეს…“ ალბათ თქვენი მოსწავლეები მიხვდებიან, რომ აქ გმირის მოლოდინშია პოეტი – ორბელიანმა ქართულ პოეზიაში პირველმა გააჟღერა მხსნელის მოლოდინის იდეა. მოსწავლეებს თხოვეთ, გაიხსენონ სხვა ლექსებიც, რომლებშიც ეს მოლოდინი იგრძნობა. ცხადია, პირველ რიგში, მათ ილიას „ბაზალეთის ტბა“ გაახსენდებათ. შესაძლოა, ზოგიერთებს ამირანზე დაწერილი ლექსებიც გაახსენდეთ. თუკი ეს არ მოხდება, შეეცადეთ კითხვებით მითების პერსონაჟი გაუცოცხლოთ, რომელიც კლდეზეა მიჯაჭვული და ცდილობს, აიხსნას თავი, რომ მერე მხსნელად მოევლინოს კაცობრიობას. ამირანის სახე, როგორც მხსნელის, ქართულ პოეზიაში მრავლად მოგვეპოვება. ამისთვის ვაჟა-ფშაველას „ამირანის“ გახსენებაც კმარა, რომელსაც წინ ხალხური ლექსი აქვს წამძღვარებული. თუმცა მანამდე, ერთი წლით ადრე, ეს სახე აკაკიმ გააცოცხლა ლექსში „ამირანი“. არც გალაკტიონს დარჩენია ყურადღების მიღმა ფოლკლორული ეპოსის პერსონაჟი და ლექსში „მშობლიური ეფემერა“ თავისებურად ახლებურად დაგვაფიქრა. ამ ლექსების გაკვეთილზე გარჩევა სასიამოვნო პროცესია, რადგან ყოველი მათგანი დახუნძლულია საინტერესო მხატვრული სახეებით – შედარებებით, მეტაფორებით, ოპოზიციური წყვილებით. მაგრამ კიდევ უფრო საინტერესოს და დაუვიწყარს გახდით თქვენს გაკვეთილს, თუკი მოსწავლეებს შეეკითხებით, როდის მოხდა ამირანისა და პრომეთეს ერთმანეთთან დაკავშირება. ის, რაც საპასუხოდ ადვილი ჰგონიათ, აღმოჩნდება, რომ საკმაოდ რთულია. რადგან პრომეთეს სახე სულაც არ იყო პოპულარული ქართულ ლიტერატურაში. გალაკტიონის დღიურებში (როცა საძიებო ველში სიტყვა „პრომეთეს“ შეიყვანთ) მიაგნებთ ადგილებს, როგორ ანაცვლებს ერთ სახელს მეორეთი პოეტი, ასევე ჩანაწერს იმის შესახებ, როგორ დაედო საფუძვლად „ამირანზე“ შექმნილი პოემა ბერძნულ მითს. ამ საეჭვო მოსაზრებას საერთო ბევრი არაფერი აქვს რეალობასთან, რადგან ამ ორ პერსონაჟს შორის, როგორც მკვლევრებმა დაადგინეს, ტიპოლოგიური მსგავსების გარდა, არაფერია საერთო. როგორც კი  პრომეთესა და ამირანის მითებს შეადარებენ, დასვით კითხვა, რატომ დაუდგეს პრომეთეს და არა ამირანს ძეგლი თბილისში. ეს ძეგლი თბილისიდან ბორჯომის პარკში იქნა „გაძევებული არა პოლიტიკური, არამედ ესთეტიკური ნიშნით (დავესესხე რადიო თავისუფლების ავტორს ბიძინა მაყაშვილს). როგორ გაუკვირდებათ ბავშვებს, როცა შეიტყობენ, რომ ძეგლი ბერძნული მითების პოპულარულ პერსონაჟს კი არა, პრომეთეიზმს მიეძღვნა, მიმდინარეობას, რომელიც პოლონეთში დაიწყო და ამიტომაც ძეგლი პოლონეთის პრეზიდენტმა გახსნა. გააცანით ამ მიმდინარეობის შესახებ (https://burusi.wordpress.com/2010/05/08/levan-z-urushadze-8/ ) და მენდეთ, თქვენი მოსწავლეების ზოგადი განათლების დონე საგრძნობლად აიწევს. თუ თბილისში ცხოვრობთ, გირჩევთ, ამ ლექსების გარჩევის შემდეგ, მოსწავლეებს ურჩიოთ, სამეფო უბნის თეატრის სპექტაკლს დაესწრონ. იმედია, ისინი უკვე მომზადებულები იქნებიან, შემოქმედებითი გუნდის მესიჯები ადეკვატურად ახსნან.

რა თქმა უნდა, ლექსების კიდევ სხვა წყვილებისა თუ ჯგუფების შესახებ შემიძლია მოგითხროთ (როცა ანალიზს ვიწყებთ კოლაუ ნადირაძის „25 თებერვალი“, ტერენტი გრანელის „ღამის სტრიქონები“, ბესიკ ხარანაულის „სად არიან შვილები“ და ხეები“), მაგრამ, სამწუხაროდ, ამის საშუალებას წერილის ფორმატი არ იძლევა. შექმენით თქვენი წყვილები/ჯგუფები (მეც შევიძინე ახალი წიგნები და შემდეგ წელს ჩემს ჯგუფებს ტარიელ ჭანტურიას, ვახტანგ ჯავახაძის და ბევრი სხვა ავტორის ლექსი შეემატება) და დარწმუნდებით, ამგვარი გაკვეთილების ჩატარებით წინ დიდი სიამოვნება გელით, თანაც ეს სიამოვნება სასარგებლოსთან შეზავებულიც იქნება (სიამოვნებით წავიკითხავ თქვენი შემოთავაზების შესახებ წერილის კომენტარებში)! აქვე შევნიშნავ, რომ დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მოვა თუ არა გამოცდაზე გაკვეთილზე შესწავლილი ლექსები. მთავარია, ჩვენი მოსწავლეები შეძლებენ კავშირების დაძებნას, ლიტერატურული ბმის გაკეთებას და იმავდროულად ძალდაუტანებლად გამოავლენენ ზოგად განათლებასაც.

ამტანობის შესამოწმებელი ტესტები

0

„ცხოვრება ამტანობის შესამოწმებელი ტესტების რიგია. ჩააბარეთ პირველი ტესტები, ჩაიჭერით დანარჩენებში. გაიფუჭეთ ცხოვრება, მაგრამ ბოლომდე არა. და იტანჯეთ, ყოველთვის იტანჯეთ. ყველა უჯრედით ტკივილის შეგრძნება უნდა ისწავლოთ. სამყაროს თითოეული ნამსხვრევი პიროვნულ ჭრილობად აქციეთ. მიუხედავად ამისა, სიცოცხლე გააგრძელეთ – გარკვეული დროის განმავლობაში მაინც“, – წერს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე ანგარიშგასაწევი თანამედროვე მწერალი მიშელ უელბეკი გასული საუკუნის ბოლო ათწლეულში გამოქვეყნებულ ესეში „სიცოცხლის გაგრძელება. სახელმძღვანელო“. უკიდურესი გულწრფელობითა და მეტად თავისებური იუმორით დაწერილი ეს „სახელმძღვანელო“, პირველ რიგში, იმ ახალგაზრდებისთვისაა განსაზღვრული, რომლებსაც მწერლობის საბედისწერო გზაზე შედგომა გადაუწყვეტიათ. ზოგადად კი, ყველა მკითხველისთვის საგულისხმო და დამაფიქრებელი უნდა იყოს ის მოსაზრებები, რასაც ამ პატარა ტექსტში ამოიკითხავს.

„სიცოცხლის გაგრძელება“, სიტყვასიტყვით „ცოცხლად დარჩენა“ (Rester vivant: méthode – ეს ესეს ფრანგული სათაურია), დიდი ხნის წინ რუსულ ლიტერატურულ ჟურნალში წავიკითხე და ორიოდე წელში ვთარგმნე კიდეც. ფრანგი მეგობარი, რომელსაც წიგნის გამოგზავნა ვთხოვე, ვერაფრით ხვდებოდა, რად ავიხირე ამ  უხიაგი, უხალისო, სიცოცხლემოძულებული კაცის წიგნების კითხვა თუ თარგმნა. არც კი მიცდია, ამეხსნა, როგორ მამხნევებდა და სასიცოცხლო ძალას მაძლევდა მიშელ უელბეკი, როგორ მახალისებდა მისი მოულოდნელი ხუმრობა, როგორ მეხმარებოდა გადაწყვეტილებების მიღებისას ის, რასაც მის წიგნებში ვკითხულობდი. სამყარო ორ ნაწილად გაიყო: ერთ მხარეს იყვნენ ფრანგი მწერლით მოხიბლული მკითხველები, ვისაც მისი წიგნები რაღაც ახალს ეუბნებოდა საკუთარ თავზეც და თანამედროვე მსოფლიოს მამოძრავებელ მექანიზმზეც, მეორე მხარეს კი – ისინი, ვისთვისაც ეს მხოლოდ და მხოლოდ დამთრგუნველი, გულისგამაწვრილებელი საკითხავი იყო.

„ჭრილობების მიყენებისას ცხოვრება ერთმანეთს უნაცვლებს ვერაგულ და პირდაპირ, უხეშ დარტყმებს. ეს ორი რამ უნდა განვასხვაოთ. ივარჯიშეთ. სრულყოფილი ცოდნა შეიძინეთ. გაარკვიეთ, რა ყოფს მათ და რა აერთიანებს. ასე ბევრი წინააღმდეგობა გადაიჭრება. ეს თქვენს სიტყვას მეტ ძალასა და წონას შესძენს“, – ესეში მრავლადაა ამგვარი რჩევა-დარიგებები, ბოლომდე გასაზიარებელიც და მხოლოდ მკითხველის სახეზე ღიმილის გასაჩენად მოხმობილიც. და რადგან ჩვენ წინ „სახელმძღვანელოა“, ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ თითოეულ შეგონებას და კარგად გავიაზროთ – მაინც საით გვიბიძგებს ავტორი? რა მიმართულებით სვლას გვთავაზობს? აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ მომაკვდინებელი სერიოზულობა საბოლოოდ აგვაცდენდა გზას – ზოგიერთი მოსაზრების მიზანი მხოლოდ ისაა, რომ გავიღიმოთ, შვება ვიგრძნოთ, გულს შემოყრილ დარდს მშვიდად შევხედოთ.

მწერლის მთავარი მოწოდება კი ასეთია: უნდა ვიცოცხლოთ! როგორ შეუძლებელ ამოცანადაც უნდა გვესახებოდეს, სიცოცხლეც უნდა გავაგრძელოთ და წერაც, აზროვნებაც. მკვდარი მწერალი ვეღარაფერს დაწერს! – გვახსენებს მიშელ უელბეკი და ალბათ ღიმილის დასამალად პირზე ხელსაც იფარებს.

სწორედ ასეთი დამამახსოვრდა – პირზე ხელაფარებული. 25 ივნისს რუსთაველის თეატრში მის გამოჩენას მკითხველებით სავსე დარბაზი გამაყრუებელი ტაშით შეხვდა. რამ უნდა გაიძულოს, ასე ხმამაღლა გამოხატო გრძნობები? ცხადია, მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულმა. საქართველოში მართლაც ბევრმა შეიყვარა მიშელ უელბეკი და მისი წიგნები, რაც, სიმართლე უნდა ვთქვა, ყოველთვის მიკვირდა და მიხაროდა კიდეც. გულწრფელი იყო ის სიხარულიც, მათ რომ ვამჩნევდი, ვინც იმ დღეებში ფრანგი მწერლის გარშემო ტრიალებდნენ და ამ გულჩათხრობილი კაცის მცირე ხნით გაბედნიერება, მისთვის სამყაროს ნათელი მხარის ჩვენება უნდოდათ.

მე კი მწერლებზე მეტად ყოველთვის წიგნები მაინტერესებდა. დიდი მოლოდინით მხოლოდ მათ შევცქეროდი. წიგნების კითხვა, წაკითხულზე ფიქრი, მწერლის თავში გაჩენილი აზრების საკუთარი არსების ნაწილად ქცევა ბევრად უფრო დიდ სიახლოვედ მესახებოდა. რას შეიძლება ელოდე თუნდაც ყველაზე საყვარელ მწერალთან შეხვედრისგან? რას იტყვის ისეთს, რაც უფრო დალაგებულად, უფრო მშვენიერი ფორმით წიგნებში არ უთქვამს? დიდი-დიდი, მისი რომელიმე მოულოდნელი ჟესტი დაგამახსოვრდეს…

„არ უნდა იბრძოლოთ. მოკრივეები იბრძვიან, პოეტები – არა“. რამდენჯერ გამხსენებია მიშელ უელბეკის ეს სიტყვები და მათი ხმამაღლა თქმა ბოლო წუთს გადამიფიქრებია. „სახელმძღვანელოში“, საერთო განწყობის გათვალისწინებით, ისინი სიმძიმეს მოკლებული და მარტივად მისაღებია, ჩემი პირით გამეორებულს კი შესაძლოა საწინააღმდეგო შედეგი გამოეღო და საბრძოლოდ შემართული პოეტები თუ სხვები კიდევ უფრო წაექეზებინა.

სხვა შეგონებებიც მახსოვს. სხვადასხვა დროს გამითვალისწინებია კიდეც.

უნდა გააგრძელო! პასუხისმგებლობა ბოლომდე უნდა აიღო!

 მიგრაცია და რეადმისია

0

კვლავ მიგრაციის თემაზე მინდა მოგაწოდოთ მასალა. ამჯერად მიგრაციის სახელმწიფო კომისიის კვლევებმა მიიპყრო ჩემი ყურადღება. მიგრაციის თემის განხილვა სხვადასხვა კუთხიდან არის შესაძლებელი. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ძალაში შევიდა.  რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქე დაარღვევს ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შესვლისა და ყოფნის წესებს? რა ძირითადი ფაქტორები განაპირობებს დღეს მიგრაციის პროცესს? რა არის საქართველოში დაბრუნების რეალური მიზეზები? რა არის რეადმისია?  მოსწავლეებისათვის ამ კითხვებზე მსჯელობა საინტერესო იქნება.

საქართველოში მიგრაციის ძირითადი ფაქტორები კომპლექსურია და დაკავშირებულია, როგორც ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ, ისე ადამიანების ინდივიდუალურ მიზეზებთან. საქართველოს უახლეს ისტორიაში იყო პერიოდი, როდესაც ემიგრაცია ძირითადად გამოწვეული იყო პოლიტიკური არასტაბილურობითა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემებით (ბოლოს – 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომთან). მას შემდეგ, ქვეყანამ მიაღწია შედარებით სტაბილურ პოლიტიკურ მდგომარეობას და მიგრაციული პროცესების ჩამოყალიბებაში უფრო მნიშვნელოვანი გახდა სხვა – ეკონომიკური და სოციალური – ფაქტორები.

საქართველოდან ემიგრაცია, ძირითადად, შრომით ხასიათს ატარებს. ამავდროულად, განათლების მიღების უკეთესი შესაძლებლობები, ისევე როგორც ოჯახის გაერთიანებასთან დაკავშირებული ფაქტორები, ხელს უწყობს ქვეყნიდან ემიგრაციას. ემიგრაციის სხვა ხელშემწყობ ფაქტორებს შორის არანაკლებ მნიშვნელოვანია უკვე ჩამოყალიბებული მიგრაციული ქსელები, რომელთაც შეუძლიათ საგრძნობლად შეუწყონ ხელი საქართველოს მოქალაქეების ემიგრაციას მომავალში.

როგორც ემიგრაციის, ისე იმიგრაციის შემთხვევაში, ძირითადი მამოძრავებელი ძალები დაკავშირებულია ისეთ ფაქტორებთან, როგორიცაა ცხოვრების ხარისხი, განათლებისა და ჯანდაცვის ხარისხი, სიღარიბე და ეკონომიკური უთანასწორობა, კარგად ანაზღაურებადი სამსახურების სიმწირე, პოლიტიკური სტაბილურობა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ფაქტორები.

ტექნიკურად ერთ-ერთი ურთულესი პროექტი არის მიგრაციის ერთიანი ანალიტიკური სისტემის შემუშავება – მონაცემთა ცენტრალიზებული ბაზა, რომელიც მიგრაციასთან დაკავშირებული ძირითადი მონაცემების სინქრონიზაციას მოახდენს. ერთიანი მონაცემთა ბაზა გულისხმობს ქვეყანაში მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების განვითარებას და აქედან გამომდინარე, მიგრაციის მართვის გაუმჯობესებას. მოსალოდნელია, რომ სისტემა მნიშვნელოვნად დაეხმარება მიგრაციის პროფილის დოკუმენტის რეგულარულ განახლებას და მიგრაციის რისკების ანალიზის სისტემის განვითარებას.

საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზეზებად სხვადასხვა კვლევა განსხვავებულ ფაქტორებს ასახელებს, მათ შორის ყურადღება მახვილდება დაბრუნების ხელშემწყობ ეკონომიკურ და ემოციურ ფაქტორებზე. ევროპის სატრენინგო ფონდის (European Training Foundation, ETF) მიერ ჩატარებულ დაბრუნებითი მიგრაციის კვლევის შედეგების თანახმად, დაბრუნების ძირითადი მიზეზები დაკავშირებულია ოჯახურ ვალდებულებებთან, მაშინ, როდესაც დეპორტაცია დაბრუნების მიზეზად მხოლოდ 6%-მდე შემთხვევაში დასახელდა.

საქართველოში დაბრუნების ძირითადი მიზეზები

ფრონტექსის მონაცემები ასევე მიუთითებს, რომ ევროკავშირიდან დაბრუნებულთა უმრავლესობა უფრო ნებაყოფლობითი გადაწყვეტილებების შედეგად და არა იძულებითი გარემოებების გამო ბრუნდება ემიგრაციის ქვეყნიდან.

დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილებები და რეალური დაბრუნებები.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროგრამა, რომელიც ემიგრანტებს სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნებაში ეხმარება, საქართველოში 2003 წლიდან ფუნქციონირებს. 2003 წლიდან 2014 წლის ჩათვლით ეს პროგრამა დაბრუნებაში დაეხმარა საქართველოს 4,632 მოქალაქეს. მათი უმრავლესობა შემდეგი ქვეყნებიდან დაბრუნდა: საბერძნეთი (1,832), პოლონეთი (694), შვეიცარია (442), ბელგია (319) და ლატვია (263). მხოლოდ 2010-2014 წლებში, ეს პროგრამა 3,100 ემიგრანტს დაეხმარა საქართველოში დაბრუნებაში (IOM).

რეადმისია

ევროკავშირისა და საქართველოს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ გაფორმებული შეთანხმება, რომელიც 2011 წლის მარტიდან შევიდა ძალაში, საქართველოს მოქალაქეთა, ისევე როგორც ევროკავშირში არალეგალურად მყოფი მესამე ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოში დაბრუნების ეფექტიან მექანიზმებს აყალიბებს. 2011 წლის 1 მარტიდან 2014 წლის 31 დეკემბრამდე, საქართველომ მიიღო 4,031 რეადმისიის განაცხადი, რომელთაგან 3,739 დააკმაყოფილა და მხოლოდ 292 განაცხადზე იქნა მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება. რეადმისიის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლიდან 2015 წლის სექტემბრამდე საქართველოში 2,900 პიროვნება დაბრუნდა. რეადმისიის განაცხადების უმრავლესობა მიღებულია გერმანიიდან, საბერძნეთიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან და ბელგიიდან.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან განხორციელებული რეადმისიის შემთხვევები (2011-2014 წწ.)

 

წარმოშობის ან/და ტრანზიტის ქვეყნებთან რეადმისიის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზნით, საქართველომ შეიმუშავა რეადმისიის შესახებ შეთანხმების პროექტები, რომლებიც მოლაპარაკებების დაწყების მიზნით დიპლომატიური არხების მეშვეობით გადაეგზავნა სომხეთს, აზერბაიჯანს, ბანგლადეშს, ისრაელს, შრი-ლანკასა და პაკისტანს.

ამჟამად, რეადმისიის შესახებ შეთანხმებები საქართველოს გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, ნორვეგიასთან, შვეიცარიასთან, დანიასთან, უკრაინასა (საიმპლემენტაციო ოქმებთან ერთად) და მოლდოვასთან.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმების ეფექტიანი იმპლემენტაციის მიზნით, 2014 წელს შეიქმნა რეადმისიის განაცხადების მართვის ელექტრონული სისტემა რომლის მეშვეობითაც ხდება რეადმისიის მოთხოვნის განთავსება და განაცხადების დამუშავება. რეადმისიის განაცხადების მართვის ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფს დაცულ სივრცეს რეადმისიის პროცედურების ეფექტიანი განხორციელებისთვის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მხრიდან მოთხოვნის ატვირთვიდან, რეადმისიას დაქვემდებარებული პირის უშუალოდ ქვეყანაში დაბრუნებამდე. 2017 წლის მდგომარეობით, სისტემაში ჩართულია ევროპის 18 ქვეყანა. 112 ხსენებული სისტემის ეფექტიანობის გათვალისწინებით, მისი რეპლიკაცია და დანერგვა ხდება/იგეგმება სხვა ქვეყნების მიერაც.

ქვეყანაში 90-დღიანი ყოფნის ვადის გადაცილების შემთხვევაში, შენგენის ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურად და ასეთი პირი დაექვემდებარება რეადმისიას (საქართველოში დაბრუნებას). ამასთან, ასეთ შემთხვევაში მოქალაქეს შეეზღუდება შენგენის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლამდე პერიოდით. ალტერნატივის სახით, შესაძლოა გამოყენებული იქნას ადმინისტრაციული ზომები/ჯარიმა 3000 ევრომდე ოდენობით. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, კანონდამრღვევს აეკრძალება შესვლა შესაბამის ქვეყანაში ან შენგენის ტერიტორიაზე;

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი რეადმისირებული იქნა: 2015 წელს – 1 265, 2016 წელს – 1 600, ხოლო 2017 წელს – 2 102 მოქალაქე.

ევროსტატის მონაცემებით, ევროკავშირის/შენგენის 32 ქვეყანაში გამოვლენილი არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა 18-იდან 34 წლამდე ასაკის კაცია. ეს მონაცემები მიანიშნებს, რომ საზღვარგარეთ არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა პოტენციურ სამუშაო ძალას წარმოადგენს, რომლებიც, სავარაუდოდ, საზღვარგარეთ დასაქმების შესაძლებლობების საძიებლად იმყოფებიან.

მიგრანტებს სამშობლოში დაბრუნებიდან ერთი წლის განმავლობაში საშუალება აქვთ, „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამაში“ ჩაერთონ.

ამ პროგრამით სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის გათვალისწინებულია: სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტების დაფინანსება, სოციალური პროექტების დაფინანსება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ბენეფიციართა ჩართვის ხელშეწყობა, საცხოვრისით დროებითი უზრუნველყოფა. სახელმწიფო პროგრამა ასევე ითვალისწინებს პროგრამის ინფორმაციული უზრუნველყოფის მიმართულებას, რომლის ფარგლებშიც საზოგადოების ინფორმირების მიზნით მზადდება საინფორმაციო მასალა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას პროგრამით გათვალისწინებული ყველა სერვისის შესახებ.

გამოყენებული წყარო: საქართველოს 2017 წლის მიგრაციის პროფილი – 2017 წელი – თბილისი, საქართველო.

 

 

იარლიყები ინკლუზიაში

0

სალამანკასა (1994) და დაკარში (2000) განათლების საკითხებისადმი მიძღვნილ მსოფლიო კონფერენციებზე, ასევე ცნობილი სალამანკას დეკლარაციის ინკლუზიური განათლების შესახებ შემუშავებული პრინციპების თანახმად, ინკლუზიური განათლება არ გულისხმობს მხოლოდ ფიზიკური, გონებრივი და ინტელექტუალური შეზღუდვების მქონე ბავშვებისა და მოზარდების ინტეგრაციას ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, ინკლუზიური განათლება არის სწავლის პროცესში აქტიურობის და სწავლების დამაბრკოლებელი ბარიერების განსაზღვრის, შემცირების ან აღმოფხვრის ორმხრივი პროცესი, რომლის თანმდევი სტრატეგიები უნდა უკავშირდებოდეს მოსწავლესა და მის ირგვლივ არსებულ გარემოს.

აღნიშნული ორმხრივი პროცესი მიზნად უნდა ისახავდეს ყველა მოსწავლის საჭიროებების და აუცილებლობების დადგენასა თუ უზრუნველყოფას, ცვლიდეს სწავლების სტრატეგიებს შინაარსის, მეთოდოლოგიისა და სტრუქტურის თვალსაზრისით და აუცილებლად აუმჯობესებდეს საზოგადოების სხვადასხვა დამცირებული, ყურადღების მიღმა მყოფი და გარიყული ნაწილის განათლებას.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ზოგადი წესის თამახმად, განათლების სისტემა ჩვენში უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში სხვა მოსწავლეებთან ერთად, რამდენადაც ინკლუზიური განათლების ფარგლებში განსაკუთრებით უნდა მახვილდებოდეს ყურადღება იმ ბავშვებზე, რომლებიც ზოგადსაგანმანათლებლო პროცესიდან გარიყვის საფრთხის ქვეშ იმყოფებიან, მაინც არსებობს საფრთხეები, რომლებიც არაძალადობრივ, ჰუმანურ და ჰარმონიულ საზოგადოებას  თან არ უნდა ახლდეს. ეს საფრთხეები ენობრივია და იარლიყები ჰქვია.

იარლიყი 1.  „ინკლუზიური ბავშვი“

უპირველეს ყოვლისა, ბავშვი ყველა ბავშვია, იმ დაშვებითაც კი რომლითაც ყველა ზრდასრული ადამიანი ვერ ადამიანობს (გავიხსენოთ ილია: კაცია? ადამიანიო? –  თათქარიძეობის სენზე).

გარდა ამისა, „ინკლუზიური“ ნიშნავს „ჩართულს“ და თუ ბავშვი სასწავლო პროცესში ჩართულია, საქმე ცუდად სულაც არ ყოფილა, არც მშფოთვარე გამომეტყველება გვჭირდება, არც დაძაბულობა და არც ამაო შიში, რომ მასთან არაფერი გამოვა. უბრალოდ, 180°-ით პირიქით უნდა ვიფიქროთ იმის მიუხედავად, რა საჭიროება აქვს ბავშვს; ხელები დავიკაპიწოთ, გონება პოზიტიურად განვაწყოთ და მთელი გულით და შინაგანი თუ მატერიალური რესურსით დავეხმაროთ. ამ იარლიყზე მეტად ხომ მას ჩვენი ზრუნვა და გვერდით დგომა სჭირდება.

მაშასადამე, „ინკლუზიური ბავშვი“ გაუმართლებელი იარლიყია. აჯობებს, ჩუმად ვიცოდეთ, რომ ამა ბავშვს ჩვენი დახმარება სჭირდება და ისე მივეხმაროთ!

სხვათა შორის, ტერმინი „ინკლუზიური“  თავისი არასწორი გაგებით სემანტიკურ ველს აშკარად იფართოებს და ამ დარგში მოღვაწე სპეციალისტებსაც მოარგებენ ხოლმე. განწყობისთვის იქნებ თქმად მაინც ღირდეს: ამასწინ ერთი პედაგოგი სპეცმასწავლებელს გაეხუმრა, თქვენ ხელფასიც ინკლუზიურად გეძლევათო (ენაკვიმატი კოლეგა სპეცმასწავლებლების პედაგოგებთან შედარებით ბევრად დაბალ ხელფასს და აღების თავისებურ წესს გულისხმობდა – თუკი პედაგოგებს ხელფასი ყოველი თვის 23-25-ში ერიცხებათ, სპეცმასწავლებლებს – აუცილებლად ყოველი თვის ბოლო რიცხვში, მომდევნო დღეს ახალი წელიც რომ იყოს, მაინც).

იარლიყი 2. „სსსმ“, „სსსმ ბავშვი“

აბრევიატურა სსსმ სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებებს  მოიაზრებს. არადა, ტერმინოლოგიური სივრცელის, ენობრივი მოუხერხებლობის და თან არასწორი დამოკიდებულებების გამო აბრევიატურა აშკარად უარყოფით იარლიყად იქცა. ინკლუზიური განათლების სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ  არცთუ იშვიათია შემთხვევა, როდესაც ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტიდან მოტანილი დასკვნის (რომელშიც შავით თეთრზე გარკვევით წერია, რომ მოსწავლეს სჭირდება სპეცმასწავლებლის დახმარება) მიუხედავად, ცალკეული მასწავლებლები დირექციის წარმომადგენლებთან შეთანხმებით მშობელს არწმუნებენ, არ დაწეროს განცხადება სპეცმასწავლებლის დახმარების მოთხოვნით, რადგან ეს გამოიწვევს მისი შვილის სტიგმატიზებას/გარიყვას, დისკრიმინაციას/გარჩევას და ა. შ. გამოსავლად კი კლასიდან კლასში გადამყვან ნიშნებს სთავაზობენ.

ალბათ, დამერწმუნებით, დაუმსახურებელი ნიშანი ვერაფერს შეცვლის, სწორი სტრატეგიებით, აქტივობებითა და მეთოდებით მუშაობას კი მინიმუმ ის შეუძლია, ბავშვს არ განუვითარდეს სხვადასხვა ტიპის კოგნიტური და ემოციური შეფერხებები და სწავლა-სწავლების პროცესში ჯანსაღად, ყველასთან ერთად თანაბარ პირობებში იყოს ჩართული.

რაც შეეხება სტიგმას და დისკრიმინაციას, დირექციების მხრიდან ამ პრობლემას სხვა მრავალფეროვანი აქტივობებითა და მიდგომებით სჭირდება მუშაობა და არა მოსწავლის ბოლო მერხზე დაგასმით და მისი უგულებელყოფით, რაც იმთავითვე ძალადობის ერთ-ერთ სახეობად განიხილება.

მაშასადამე, აჯობებდა, სკოლებში ტერმინოლოგიურ დონეზე აღარ არსებობდეს ცალკეული მოსწავლისთვის მისანიჭებელი სტატუსი: „სპეციალური  საგანმანათლებლო საჭიროების მქონე“, შემოკლებით – „სსსმ“. მათ ნაცვლად კი უპირატესობა მიენიჭოს მათთან ინდივიდუალური სასწავლო გეგმებით მუშაობას.

იარლიყი 2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, „შშმ“.

აბა ენობრივ მხარეს დავაკვირდეთ: თუ შეზღუდულია, შესაძლებლობა როგორაა?! განა შესაძლებლობა იმთავითვე არ  გამორიცხავს შეზღუდვებს?! განა ქათქათა ტილოზე დავარდნილი საღებავის ან ჭუჭყის ერთი წვეთი საშუალებას მოგვცემს, რაიმე საგანს ქათქათა ვუწოდოთ?! განა ამაოდ გვასწავლა რუსთაველმა: რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელიო?! ტექნოლოგიების საუკუნეში მართლა სიბნელე მგონია, შესაძლებლობას შეზღუდული უწოდო.

დიახ! შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს! ადამიანის, როგორიც არ უნდა იყიოს იგი შესაზლებლებლობები შეუზღუდავიადა მსოფლიოსი ამის უამრავი მაგალითი არსებობს:

  1. სტეფენ ჰოუკინგი Stephen Hawking, ინგლისელი თეორეტიკოსი ფიზიკოსი, მატემატიკის პროფესორი, კემბრიჯის თეორიული კოსმოლოგიის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, კოსმოლოგი.

სურ. 1.

  1. ფრანკლინ რუზველტი, ამერიკის პრეზიდენტი (1882-1945).

  1. სტივ ვონდერი, საყოველთაოდ აღიარებული კომპოზიტორი და შემსრულებელი

 

3. ფრიდა კალო, მექსიკელი მხატვარი

4. ჰელენ კელერი, ამერიკელი მწერალი, პოლიტიკოსი და პროფესორი, რომელსაც არ ჰქონდა მხედველობა, სმენა და ვერ მეტყველებდა.

5. ნიკ ვანიკიკი (Nick Vunicic), „ადამიანი შეზღუდვების გარეშე, მერე რა, რომ მას ტეტრა ამელიას სინდრომი აქვს

 

სწორედ ნიკის დევიზია: ცხოვრება შეზღუდვების გარეშე!

ასევე  მარლი მატლინი, ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი, რომელსაც საერთოდ არ ესმის, რალფ ბრაუნი, ამერიკელი ბიზნესმენი, ეტლების მწარმოებელი კომპანიის, „Braun Corporation“-ის დამფუძნებელი, მშვიდობისა და გადაადგილების თავისუფლებისთვის აღიარებული ჯილდოების მფლობელი.

ჩვენ, ვინც ასე ვფიქრობთ, საკმარისად ბევრნი ვართ, თუმცა არა იმდენად ბევრი, რომ სხვა არატერმინოლოგიური იარლიყები (დებილი, ჩლუნგი, დაუნი, ყრუ და სხვ.) სამუდამოდ ამოვძირკვოთ ენის ლექსიკონიდან. დაე, ისინი, პასიურ ლექსიკად დარჩეს, ოღონდაც ჩვენი წყალობით ახალ-ახალი ნეგატიური  ნიუანსებით ნუ გამდიდრდებიან!

დამოკიდებულებითი ბარიერები ყოველთვის დამღუპველია! იარლიყები იმ ადამიანთა თვითშეფასებას არანაკლებ ადაბლებს, ვინც მათ იყენებს, თუმცა ეს რომ ასეა, თავად არც კი უწყიან. დაე, იცოდნენ, იარლიყების მიწეპება ყველა ნაკლზე დიდი ნაკლია, რომელსაც სიყვარული  ვერ აიტანს. მერე რა, რომ იარლიყებს ზოგჯერ იმაზე დიდი ძალა აღმოაჩნდება ხოლმე, ვიდრე სიყვარულს გვინდა ჰქონდეს.

ისინი კი, ვისთვისაც განსხვავებები მეტად მნიშვნელოვანია, ვინც შესაძლებლობებზე, კანის ფერზე, ასაკზე, სოციალურ წარმომავლობასა თუ გენდერზე მაღლა დგას, ამავე გამბედაობით და შეგნებით შინაგან უნიკალურობას მოიპოვებს.  ეს არის ძალა, რომელიც ჰარმონიის გზით საკუთართან ერთად სხვისი ამოცნობის საშუალებას გვაძლევს, გასაღები კი ამ ძალისთვის განათლება და ინკლუზიაა.

 

 

 

ქალები მარტინ ლუთერ კინგს მიღმა

0

ოთხ ივლისს შეერთებულმა შტატებმა დამოუკიდებლობის დღე 242-ჯერ იზეიმა. რამდენიმე საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ორ ოკეანეს შორის გადამჭიმულმა ქვეყანამ უამრავი ქარტეხილი გამოიარა. ამერიკელები შეებრძოლნენ ევროპულ იმპერიებს, მონათმფლობელობის ტრადიციას, „დიდ დეპრესიას“, ნაციზმს … თუმცა, ყველაზე რთული დასამარცხებელი მაინც თეთრკანიანთა გონებაში მომწიფებული და მათ ქცევებში გამოვლენილი ჩაგვრა იყო. 1960-70-იან წლებამდე აფროამერიკელები აშშ-ის მეორეხარისხოვან მოქალაქეებად ითვლებოდნენ და უნივერსალური უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. გასული საუკუნის მეორე ნახევარში დაწყებულმა სამოქალაქო წინააღმდეგობამ დრამატული გარდატეხის მიღწევა შეძლო. მოძრაობის წევრთა თავდადების შედეგად აფროამერიკელთა გარიყვისა თუ დამცირების ფორმალურ დონეზე აღმოფხვრა მოხერხდა. სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლას პროტესტანტი მღვდელი, მარტინ ლუთერ კინგი ედგა სათავეში. დოქტორ კინგს დღეს მთელი მსოფლიო იცნობს. გლობალიზაციის პირობებში ამერიკული საზოგადოებისათვის იდეალად მიჩნეულმა პირებმა ავტორიტეტის მოხვეჭა ჩვენი პლანეტის ყველა კუთხეში შეძლეს. ერთხელ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონის ღარიბ ბიბლიოთეკაში გახსნილი „ამერიკული კუთხის“ პატარა მოსწავლემ ლუთერ კინგის ცნობილი გამოსვლა – „I have a dream“ – ზეპირადაც კი მომიყვა.  პასტორის წვლილის არაფრად ჩაგდება საშინელი უსამართლობა იქნებოდა, მაგრამ სირცხვილია ისიც, რომ აფროამერიკელთა გათავისუფლების საქმეში გადადგმულ უკანასკნელ დიდ ნაბიჯს ერთადერთ კაცს ვუკავშირებთ. მარტინ ლუთერ კინგს არ შეუქმნია მოძრაობა, მოძრაობამ შექმნა მარტინ ლუთერ კინგი. ერთი ადამიანი, რაც არ უნდა ქარიზმატული იყოს ის, მარტო ვერ განსაზღვრავს კარგად ორგანიზებული სამოქალაქო პროტესტის ბედს. თითოეული აღიარებული ლიდერის მიღმა უამრავი ადამიანის შრომა თუ არა რამდენიმე მოქალაქის განსაკუთრებული მონდომება მაინც დგას.

სავარაუდოდ, ელლა ბეიკერის სახელი სამოქალაქო განათლების ქართულ სასკოლო სახელმძღვანელოებში მოხსენიებულიც კი არ არის. არადა, მის გარეშე სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლა, ალბათ, წარმოუდგენელი იქნებოდა. მონად ნამსახურები ბებიის მიერ გაზრდილი ელლა აფროამერიკელთა გათავისუფლებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე გახლდათ. მას გამოარჩევდა ის, რომ მხოლოდ რასობრივი საკითხით არ ინტერესდებოდა. ბეიკერს მიაჩნდა, რომ რასობრივი საკითხი ქალთა და მამაკაცთა თანასწორუფლებიანობისა და სოციალური სამართლიანობის ელემენტარული წინაპირობების შექმნის საფუძველზე უნდა გადაწყვეტილიყო. ვირჯინიელი ყველაზე დიდ საქმედ ადგილობრივი თემებისა და სამეზობლოების მობილიზებას მიიჩნევდა. მან მთელი ცხოვრება რიგითი ადამიანების ორგანიზებას, დარაზმვას, მათთვის შესაბამისი ინტელექტუალური რესურსების შექმნას შეალია. ქალი აქტივისტი დაუღალავად ილაშქრებდა იერარქიისა და უსარგებლო ბიუროკრატიის წინააღმდეგ. ყოფილი საგაზეთო რედაქტორი მხარს უჭერდა სამოქალაქო უფლებებისთვის დაწყებული მოძრაობის ქვემოდან მართვის იდეას. შოუს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს ეკუთვნის სიტყვები: „ძლიერ ხალხს ძლიერი ლიდერები არ სჭირდებათ“. რაც მთავარია, ბეიკერი უშუალოდ მონაწილეობდა განდის იდეების აშშ-ში განხორციელების მცდელობაში და რასიზმის გამოვლინებებს პირდაპირი, არაძალადობრივი, მასობრივი მოქმედებით უპირისპირდებოდა. 1960-იანი წლებში აფროამერიკელთა ყველა დიდი პოლიტიკური გამოსვლის საძირკველში ელლა ბეიკერის შრომა იყო ჩადებული.

სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ისტორიიდან კიდევ ერთი ქალი შეგვიძლია გავიხსენოთ. დოროთი კოტონი ელლა ბეიკერივით წინააღმდეგობრივი, იდეოლოგიურ დისკუსიებში ჩართული პირი არ ყოფილა. იგი მთელ თავის ენერგიას სამოქალაქო განათლების პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში ხარჯავდა. მოგეხსენებათ, რომ გასულ საუკუნეში აშშ-ის სამხრეთში აფროამერიკელთათვის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვას საარჩევნო რეგისტრაციის კანონით ცდილობდნენ. საარჩევნო სიაში აღმოსაჩენად უამრავ ღარიბ, სასკოლო განათლების არმქონე აფროამერიკელს წერა-კითხვის ტესტის ჩაბარება უწევდა. უმრავლესობას ობიექტური მიზეზების გამო გამოცდის დაწერა უძნელდებოდა. შესაბამისად, ისინი გამორიცხულნი იყვნენ საარჩევნო პროცესისგან და მათი პოლიტიკური მნიშვნელობაც უმცირესი გახლდათ. დოროთი კოტონმა კი შეიმუშავა სპეციალური პროგრამა, რომლითაც მონათა გარიყულ შთამომავლებს ჯერ წერა-კითხვას ასწავლიდნენ, შემდეგ ადამიანის უფლებებზე ესაუბრებოდნენ, უზიარებდნენ  გამოცდილებას მშვიდობიანი პროტესტის დაგეგმვისა და წარმართვის შესახებ.  კოტონის პროგრამის საშუალებით ათი ათასამდე ადამიანმა შეძლო საარჩევნო რეგისტრაციის უფლების მოპოვება. ცხადია, პროგრამის მონაწილეები სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლის სხვადასხვა ეტაპზეც მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ.

სამწუხაროდ, ისტორიული უსამართლობის წყალობით კიდევ ბევრი ადამიანი დარჩა ლიდერთა მიღმა. მნიშვნლოვანია, რომ ღირსეული აქტივისტვის შრომა ახალ საუკუნეში მაინც არ დავტოვოთ ჩრდილში.

 

ბავშვების სურვილები და ფულისადმი დამოკიდებულება

0

განსაკუთრებული უნარები არ არის  საჭირო, რომ   ბავშვი ვ მიხვდეს, თუ რა კავშირი არსებობს ფულსა და მისი სურვილების დაკმაყოფილებას შორის. ბავშვები ამ აღმოჩენას სკოლაში წასვლამდე აკეთებენ, ზოგჯერ უფრო ადრეც კი – სანამ ათამდე თვლას ისწავლიან. ეს არაა გასაკვირი: ჩვენ არცთუ იშვიათად ვლაპარაკობთ ფულზე მათი თანდასწრებით, იმაზე მეტად, ვიდრე გვგონია. ამას გარდა, ბავშვები ამჩნევენ, რომ მაღაზიაში შეძენილ ნივთებს უბრალოდ კი არ ვიღებთ, ფულს ვიხდით. ამგვარად, უცვლელი „მინდა’’, რომელიც 2-3 წლის ბავშვისგან გვესმის, 4-5 წლისებში „მიყიდეთი’’ იცვლება. ჩვეულებრივ, მშობლებმა არ იციან, ასეთი თხოვნის დროს როგორ მოიქცნენ. ერთი მხრივ, მათ არ უნდათ ბავშვს მოაკლონ რაღაც აუცილებელი, მეორე მხრივ, არ უნდათ გაანებივრონ. ისინი ცდილობენ გამოიჩინონ მშობლიური სიყვარული და მზრუნველობა, მაგრამ ამასთან ერთად, სურთ, რომ ბავშვებს პასუხისმგებლობის გრძნობა გაუჩინონ.

ამ პრობლემის სრულიად ბუნებრივ სიძნელეებს ემატება ზოგიერთი მშობლის არასწორი დამოკიდებულება ფულისადმი. ხან მიიჩნევენ, რომ „ფული ჯერ უნდა გამოიმუშაო, სანამ დახარჯავ’’, რომ „დაზოგილი დოლარი – ეს გამომუშავებული დოლარია’’, განსაკუთრებული დიდსულოვნების წუთებში კი აცხადებენ, რომ სიცოცხლე მეტისმეტად ხანმოკლეა, რომ საკუთარ თავს და ახლობლებს მცირე სიხარული არ უნდა მოვაკლოთ. ეს არათანმიმდევრულობაა. ასეთი მშობლებისთვის ძნელია, არა მხოლოდ შვილისთვის გონივრული გადაწყვეტის გზის შეთავაზება, არამედ მათთვის ქცევის განსაზღვრული ხაზის მიდევნება.

შეიძლება დავიბნეთ შეკითხვების მთელ ზღვაში: „როგორ დავუდოთ ზღვარი ჩვენი შვილების მოთხოვნებს?’’, „როგორ მოვიქცეთ, როცა შვილი რაღაცის ყიდვას გვთხოვს?“, “უნდა მივცეთ თუ არა მას ფული რეგულარულად?“,“რა ასაკიდან ვაძლიოთ ფული?“,“რამდენი მივცეთ’’, “როგორ აღვზარდოთ მასში მომჭირნეობა?’’ და ა.შ. რა თქმა უნდა, კეთილგონიერება გვიკარნახებს გონივრულ პასუხს, მაგრამ ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ამ საკითხში რომელიმე პოზიციის მხარდაჭერას რაიმე საგრძნობი შედეგი მოეტანოს და ბავშვს ესწავლოს, როგორ მოეპყროს ფულს გონივრულად და პასუხისმგებლობით.

ერთი საქმეა, დაიწეროს მთელი რიგი დამაჯერებელი მითითებები ქაღალდზე და სხვა საქმეა  მათი პრაქტიკაში განხორციელება. ჩვენ ვიცნობთ არც თუ ცოტა ადამიანს, ვინც მოზრდილობაში სრულიადაც არ იცავს იმ პრინციპებს, რის ჩანერგვასაც მშობლები მათთვის ბავშვობაში ცდილობდნენ.

მაგალითად რიჩარდ ბ.-ს ყველაფერი ჰქონდა, რაც ბავშვმა შეიძლება ბავშვობაში ინატროს – ჰქონდა ბევრი ფული და ადვილად ხარჯავდა მას სათამაშოებზე, რომელთაც იქვე ივიწყებდა. ამის მიუხედავად, იგი სოლიდური, პატიოსანი და პასუხისმგებლიანი ადამიანი გახდა. რობერტ რ. კი, რომელსაც ნაკლებად ანებივრებდნენ, უკვე მოწიფულობაში ემჩნეოდა ბავშვური ფუქსავატობა და ამასთან ერთად იყო ძუნწი, ეგოისტი, მუდამ განიცდიდა ფულის ნაკლებობას. მე ასევე მინახავს ყველაზე გონივრული წესით აღზრდილი ბავშვები: ზოგი მათგანი სერიოზულ და სოლიდურ ადამიანად გაიზარდა, სხვებმა კი პირიქით, არ იცოდნენ ელემენტარული ყაირათი.

შევაჯამოთ – ბავშვები შეიძლება ერთნაირ პირობებში იზრდებოდნენ, მაგრამ ფულისადმი დამოკიდებულებაში განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან.  ერთი თადარიგიანი, მეორე კი მუდმივად გაკოტრების ზღვარზე იყოს, თუმცა ათჯერ უფრო მეტს გამოიმუშავებდეს. ამის მიზეზი ის არის, რომ ფულის მოხმარების ხელოვნება გამოხატავს ჩვენს ცოდნას, როგორ ვაკონტროლოთ საკუთარი სურვილები.

ეკონომიური იქნება ადამიანი თუ ძუნწი, ნებისმიერ შემთხვევაში, მას დაკმაყოფილებული უნდა ჰქონდეს ყველაზე აუცილებელი საჭიროებები. ძუნწი ადამიანი დღეს სიამოვნებას იკლებს, ხვალ კი მფლანგველია.

ფული მხოლოდ სურვილების დაკმაყოფილების საშუალებაა და რადგან ეს ასეა, იმას, ვინც მას ხარჯავს,  ეს უნდა გაიაზროს კიდეც.

მაგალითად,  ვაჟს რაღაც მომენტში შეიძლება ძალიან მოუნდეს სათამაშო ამწეს ყიდვა. ჩვენ გვესმის, რომ მას უნდა სათამაშო, მაგრამ ამწე მას უკვე აქვს და ბავშვს იმ წამს ეკარგება ინტერესი. რაშია საქმე? ჩვენ ხშირად ვერ ვამჩნევთ იმას, რომ სათამაშოს მიმზიდველობა არასდროსაა ბავშვის სურვილის ნამდვილი, ძირითადი მიზეზი, ჰქონდეს იგი. მიმზიდველი სათამაშო ეძლევა მას, როგორც ჩვენი სიყვარულის სიმბოლო. ამგვარად ბავშვი ჩვენ, უფროსებს გვაყენებს ისეთ მდგომარეობაში, თითქოს ჩვენი სიყვარული და სიკეთე ნაყიდი იყოს. თუმცა სხვა სიტუაციაში იგივე კეთილი დამოკიდებულება შეიძლება სულ სხვაგვარად გამოიხატოს.

შევაჯამოთ – ჩვენ თავად ვასწავლით ბავშვს სურვილების დასაკმაყოფილებლად ფულის გამოყენებას.

მოვიყვანთ კიდევ ერთ მაგალითს: ქალები ყოველთვის მხოლოდ იმიტომ როდი ყიდულობენ ახალ ნივთებს, რომ სჭირდებათ, არამედ რათა კმაყოფილება მიიღონ, გაიხარონ და შეიძინონ რწმენა (არიან ადამიანები, რომლებიც შესაძლებლობის არაადეკვატურად ანდა კრედიტით ყიდულობენ). თავისთავად ამაში საძრახისი არაფერია, მაგრამ ხშირად ამ ქცევის ქვეშ იმალება სხვა რაღაც. ეს ადამიანები შიშობენ, რომ მათ გარშემომყოფნი დაძრახავენ და იტანჯებიან დანაშაულის კომპლექსით, რომ მათ დიდი მოთხოვნები აქვთ.

ავადმყოფი ადამიანი, როგორც წესი, უფრო მეტ ფულს ხარჯავს, სიცოცხლე მას ძვირი უჯდება. ასევე ძვირი უჯდება სიცოცხლე იმას, ვისაც არ შეუძლია საკუთარ თავში გარკვევა და უფრო იაფი იმას, ვისაც გაცნობიერებული აქვს საკუთარი თავი. ეკონომიურობა ნიშნავს არა ფულის გაღმერთებას, არამედ ფსიქოლოგიურ სიმწიფეს.

აი, რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვს ფულის სწორად გამოყენება. ამ პრობლემას სერიოზულად უნდა მივუდგეთ. შეიძლება სხვადასხვაგვარად ვუპასუხოთ ფულთან დაკავშირებულ შეკითხვებს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ძალების კონცენტრირება ბავშვის ფსიქოლოგიური სიმწიფის განვითარების მიმართ. მივცეთ მას დრო, თავად შეაფასოს თავისი უამრავი და მათ შორის ყველაზე აუცილებელი და ჯანსაღი სურვილის დაკმაყოფილების შესაძლებლობა. თუ დავიცავთ ოქროს შუალედს როგორც ფსიქოლოგიური, ასევე მატერიალური თვალსაზრისით, ცხოვრება უფრო იაფი დაჯდება. მოზრდილ, გაწონასწორებულ ადამიანს უნარი აქვს ბევრ რამეზე უარი უთხრას საკუთარ თავს, შეუძლია გადაავადოს თავისი სურვილები, წავიდეს კომპრომისზე და ამასთან, აბსოლუტურად კმაყოფილი იყოს ცხოვრებით.

 

ბავშვების ბედნიერებისთვის

0

შვილების ლიდერებად აღსაზრდელად მშობლები სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ. თუმცა, არსებობს უნიკალური და მარტივი ფორმულები იმისათვის, რომ ბავშვებმა თავი  ბედნიერად და ფსიქოლოგიურად ჯანსაღად იგრძნონ.

იყავი საინტერესო – როგორც კი თქვენ თვითონ შეწყვეტთ განვითარებას, ბავშვი დაუყოვნებლივ დაკარგავს ინტერეს თქვენს მიმართ. ამ თვალსაზრისით, ბავშვებისათვის უფროსები არიან საუკეთესო პედაგოგები და მოტივატორები. ამიტომ ვეცადოთ, დაუზარელად ვუპასუხოთ ბავშვებს მათთვაის საინტერესო ყველა კითხვაზე, ერთად შევიცნოთ სამყარო, გავაძლიეროთ ჩვენი ცოდნა, ერთად ჩავერთოთ დისკუსიაში. თქვენ უნდა იყოთ ბავშვისთვს  ავტორიტეტი, განსაკუთრებით მისთვის რთულ – მოზარდობის ასაკში.

რა არის საფრთხილო გარდამავალ ასაკში? მოზარდებს იზიდავენ ავტორიტეტები და თუ ასეთებს სახლში ვერ იპოვიან, სხვაგან დაიწყებენ ძებნას. ავტორიტეტი არ უნდა დავიმსახუროთ დასჯით, სიმკაცრით, არამედ ბავშვებთან კომუნიკაციით, გულწრფელობით, ღიაობით, უპირობო სიყვარულითა და სანდო, მათთვის უსაფრთხო სივრცის ფორმირებით. თუ ბავშვის თვალში მშობლის ავტორიტეტი დაეცა, ის უბრალოდ „მიატოვებს“ ოჯახს.

გახდით ინფორმაციის წყარო – ბავშვებს სჭირდებათ ახალი ინფორმაცია. ამიტომაც აინტერესებთ ლეპტოპები, სმარტფონები. მშობლებსაც უხარიათ – გაჯეტები მნიშვნელოვნად უმარტივებენ მშობლებს ცხოვრებას, ბავშვები აღარ საჭიროებენ მათ ყურადღებას. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვები სწრაფად ხდებიან ტექნიკაზე დამოკიდებულები. მათთვის ამ არხებიდან ინფორმაციის მიღება გამარტივებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ცოდნის ღირებულებაც ნომინალურია. გაჯეტებზე დამოკიდებული ბავშწვებისთვის სამყარო ვიწროვდება. თანაც, ეს ვირტუალური, რეალობას მოწყვეტილი სამყაროა.

ინფორმაციაზე ზედმეტი ხელმისაწვდომობა კლავს ბავშის ინტერესს. გავიხსენოთ, რაში მდგომარეობდა ცოდნის ღირებულება ასი წლის წინათ? ინფორმაციის მიღება მარტივი არ ტიყო. ინფორმაციაის მისაღებად საჭირო იყო მისი მოძიება, მუშაობა, ბიბლიოთეკაში სიარული, მოცულობითი ლიტერატურის გაცნობა, კვლევა, გააზრება. ახლა კი საკმარისია ბავშვმა მაუსზე ორჯერ დააწკაპუნოს თითი და ყველანაირ ინფორმაციის მიიღებს.

მცირე ძალისხმევისა და რესურსების ხარჯვით ბავშვი ეჩვევა იმას, რომ სამყარო მარტივად აწვდის ინფორმაციას. აის ხდება მომხმარებლური სისტემის ნაწილი. თუ ინფორმაციაზე ან ტავის რაიმე მოთხოვნაზე უარს მიიღებს, მისი ენერგია აგრესიად გარდაიქმნება, რაც მოზარდებში მშობლებთან კონფლიქტის მიზეზი ხდება. ამიტომ უფროსი თაობა და არა პლანშეტი უნდა იქცეს ბავშვისათვის ახლისა და საინტერესოს წყაროდ. გაუფართოვეთ ბავშვს ცნობიერება პირდაპირი კონტაქტებით, პირდაპირი შეხებით. ეს ჩამოუყალიბებს კომუნიკაციის უნარებს. ასწავლის სამყაროსთან უნისონში მოქმედებას.

ემოციური ინტელექტის განვითარება – მაშინაც კი, როდესაც ბავშვი პატარაა, საჭიროა ვასწავლოთ საკუთარი სურვილების და მოთხოვნების სიტყვიერად გამოხატვა, გამოთქმა. სკოლამდელი ასაკის ბავშვს აუცილებლად უნდა ვესაუბროთ ემოციებზე, მოვეხმაროთ გრძნობების და განცდების გამოხატვაში, მაგალითად, ბავშვმა უნდა თქვას: „სევდიანი ვარ“, „მშია“, „დავიღალე“, „ბედნიერი ვარ“.  თუ ბავშვი თამაშის დროს დაეცემა, ნუ იჩქარებთ მის გულში ჩახუტებას. აცალეთ გამოხატოს რას გრძნობს, თქვას რა ეტკინა. ეს მის პატარა ცხოვრებაში წაქცევა დიდი მოვლენაა. ასე თქვენ კომუნიკაციას ასწავლით.

 

ისწავლეთ იგრძნოთ ბავშვთან ერთად. არ არის საკმარისი მულტფილმების ჩართვა, მულტფილმი ერთად უნდა ნახოთ. დააკვირდი ბავშვს, მონაწილეობა მიიღე სიუჟეტის განცდის პროცესში. რამდენიმე ხანში შეგიძლიათ დაუბრუნდეთ დისკუსიას, შეისწავლოთ ბავშვის ემოციური რესურსი. გაუზიარეთ თქვენი გამოცდილებაა: „მე შემეშინდა, როდესაც ბავშვობაში პირველად ვნახე ეს მულტფილმი“.

 

ბავშვისათვის ემოციების გამოხატვის სწავლება მშობლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა. ყველა სევდას, რომელიც ბავშვობიდან მოგვყვება, საძირკველი ეყრება უუნარობაში გამოვხატოთ რას ვგრძნობთ და რა გვინდა. შეიძლება უსიამოვნო აღმოჩენა გავაკეთოთ: ყველაფერი ვერ მიიღწევა მანიპულირების საშუალებით და ეს იწვევს უსუსურობის განცდას, მსხვერპლის ცნობიერების ფორმირებას („ჩემი არავის ესმის“, „მთელი სამყარო ჩემ წინააღმდეგაა“).

 

ჩვენ ხშირად გვგონია, რომ მთავარია ბავშვი მშიერ-მწყურვალი და ჩაცმულ-დახურული იყოს, რომ ასეთი ბავშვი ბედნიერია. ეს ანაქრონიზმია. უნდა შევწყვიტოთ მხოლოდ სხეულის უსაფრთხოების და კომფორტის სისტემაში ცხოვრება. სულიერ სენსორული სფეროს უგულებელყოფას იქამდე მივყავართ, რომ მოზარდს აღარ ესმის, ვინ არის ის და რა არის მისთვის საინტერესო.

 

ამ დროს მშობლები ფსიქოლოგებთან გარბიან, ყველაფერი კი იმის გამო ხდება, რომ თავის დროზე ბავშვს არავინ მოუსმინა, არ მისცა გრძნობების გამოხატვის საშუალება, არ დაინტერესდა მისი აზრით, არ მიეცა გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა. მშობლებს უნდა, რომ ბავშვი მოულოდნელად და უმტკივნეულად გახდეს ზრდასრული და ჯადოსნური წესით ისწავლოს ყველა სიკეთე, მაგრამ თუ ამაში შრომა არ ჩაიდო, ასე არ ხდება.

 

ნურაფრით ჩაანაცვლებთ სულიერებას – თანამედროვე მშობლები ბავშვებთან დროს არ ატარებენ და ამის კომპენსირებას ცდილობენ მატერიალურ ნივთების ჩუქებით: ახალი ბოტასებით, ტაბლეტებით, სათამაშოებით. ბავშვისათვის ასეთი ურთიერთობა ნორმად იქცევა. მას შემდეგ, რაც ბავშვი იმას ვეღარ იღებს, რაც უნდოდა და ასეთ ფორმატს უკვე ჩვეულია, ფიქრობს: „მე მშობლებს აღარ ვუყვარვარ“. ნუ ჩაანაცვლებთ სულიერებას მატერიალურ ნივთეს. გამიჯნეთ ერთმანეთისგან გრძნობები და მატერიალური საჭიროებები.

არც ის არის აუციწლებელი, რომ 24 საათი ბავშვშვთან ერთად ატაროთ. მნიშვნელოვანია, რომ მან ყოველდღიურად იგრძნოს ყურადღება, თუნდაც მცირედი დოზით. შეიძლება ეს დღეში ერთი, მაგრამ მშვენიერი საათი იყოს.

 

მოუსმინეთ ბავშვს – ყველა ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მას მოუსმენენ და გაუგებენ. მაშინაც კი, თუ ოჯახში შვიდი შვილია, ყველას უნდა ჰქონდეს დრო დედასთან პირადი კომუნიკაციისთვის, კვირაში მინიმუმ საათი. ეს არის დრო, როდესაც დედა მხოლოდ მასზეა მომართული და ბავშვი მთლიანად ფლობს მის ყურადღებას. უწოდეთ ამ დღეს „დედის დღე“ ან „დედის საათი“ (მამის). ასე ბავშვი ცხოვრების დაგეგმვას სწავლობს: „შემიძლია ამ დროს ყველაფერი ვუთხრა მშობლებს და რჩევაც მივიღო“. ეს ტრადიცია მოზარდობის ასაკშიც უნდა გაგრძელდეს.

არ უნდა ესაუბროთ ბავშვს თქვენი საქმეების კეთების პარალელურად: სამზარეულოში, დასუფთავების, დაუთოვების, კომპიუტერის ყურების დროს. ამ შემთხვევაში, თქვენს შვილთან ზუგშექცევით დგახარათ/ზიხართ, რაც ირიბად ნიშნავს, რომ მისი პრობლემები თქვენთვის მეორე პლანზეა. საუბრის დროს სასურველია ერთმანეთის პირისპირ იყოთ, არ ელაპარაკოთ „ზემოდან-ქვემოთ“. რაც არ უნდა მოხდეს, მხედველობითი კონტაქტი „თვალიდან-თვალში“ უზრუნველყოფს საანდოობას.

ყველაფერს, რასაც გრძნობთ მის მიმართ, პირველი პირით დააფიქსირეთ: „მე ვწუხვარ, რომ შენ ავად ხარ“, არ უთხრათ: „შე საბრალო, უბედურო ავადმყოფო“, რადგან ასეთი მიმართვით ბავშვი შექმნილი სიტუაციიდან სარგებელის მიღების შესაძლებლობას ხედავს.

არ უთხრათ „შენ ცუდი ხარ“, უთხარით: „შენმა საქციელმა გული დაწყვიტა არა მხოლოდ მასწავლებელს, არამედ მეც“. უთხარით: „ეს არის აზრს მოკლებული სიტყვები“ და არ უთხრათ: „რა სისულელეს ლაპარაკობ“. შეაფასეთ ბავშვის ქმედება და არა თავად ბავშვი. ყველა ადამიანს აქვს უფლება დაუშვას შეცდომები, მოიპოვოს გამოცდილება. ბედნიერი ბავშვის ამოცნობა შეიძლება იმით, თუ როგორ უშიშრად უშვებს შეცდომებს, ეძებს მათი გამოსწორების ვარიანტებს და გზებს ენთუზიაზმითა და ცნობისმოყვარეობით, შიშის გარეშე, რომ დასცინიან ან დაამცირებენ. ამ პრობლემების მოგვარება კი მხოლოდ უფროსების გულისხმიერი თანადგომით შეიძლება.

მაგალითად, ფინეთის პედაგოგები, როდესაც ხედავენ, რომ ბავშმა რაღაც შეცდომა დაუშვა, ამობობენ: „რა მშვენიერი შეცდომაა“. შეცდომაც გამოცდილებაა.

სიტყვა არ გატეხოთ – ბავშვის ცემა რომ არ შეიძლება, ეს ყველა ნორმალურმა ადამიანმა იცის, მაგრამ თუ ბავშვს ტყუილად ემუქრები, მუქარა თავის ძალას კარგავს. თუ ჩარჩოები განსაზღვრეთ, ეცადეთ, ბავშვი ამ ჩარჩოებიდან არ გამოვიდეს. ერთხელ თქვით და მეორე ჯერზე – გააკეთეთ.

უბრალოდ გიყვარდეთ – ნუ გეყვარებათ ბავშვი იმის გამო, რომ ის ინტელექტუალური, კულტურული, ჭკვიანი და აქედან გამომდინარე, კომფორტული შვილია. ასეთი მიდგომა ბავშვის მიმართ აყალიბებს სამყაროს ნევროტულ აღქმას, დაბალ თვითშეფასებას. ბავშვი სულ ფიქრობს: „ვიმსახურებ კი სიყვარულს/კანფეტს/მაღალ ხელფასს?“ საბოლოოდ, ეს იწვევს არასრულფასოვნების კომპლექსს და სხვადასხვა პრობლემას.

როგორ ამოვიყვანოთ მხსნელი ბაზალეთის ტბიდან

0

ბაზალეთისა ტბის ძირას

ოქროს აკვანი არისო

და მის გარშემო წყლის ქვეშე

უცხო წალკოტი ყვავისო.

შეიცვალა დრო, ეპოქა, სამყარო… ახალმა ტექნოლოგიებმა და ციფრულმა რეალობამ ცხოვრებისა და არსებობის პარამეტრებიც კი ხელახლა დააფორმატა, მაგრამ თანამედროვე ადამიანი მაინც თავის ერთგანზომილებიანობას ებღაუჭება და ხელიდან არ უშვებს „გაცვეთილ სამყაროს“. განათლების სისტემაში მხოლოდ პროგრამები კი არ არის შინაარსობრივად შესაცვლელი, არამედ სწავლების ფორმებიც, რომლებიც უკვე ისეთი მოსაწყენი გახდა, რომ მალე სკოლებსა თუ უნივერსიტეტებში მოსწავლეებსა და სტუდენტებს მერხებთან სხდომა ძალიან გაუჭირდებათ.

ცოდნა მხოლოდ მასწავლებლის ან პროფესორის „საკუთრება“ აღარ არის… რამდენი მოსწავლე მინახავს, მასწავლებელს რომ „გუგლით“ „ჭრის“. მომავალში ეს მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო სახალისო გახდება. თუ, ტრადიციულად, ბავშვისთვის ცოდნის ერთადერთი წყარო მასწავლებელი იყო, დღეს სხვაგვარადაა. აღარავის სჭირდება მასწავლებლის მიერ წიგნის მიხედვით მოყოლილი ცოდნა, არც მასალის გაზუთხვა მიიჩნევა ცოდნის მიღებად, თუ ამ პროცესს თან არ ახლავს გაცნობიერება-გააზრება და რეფლექსია (რაც სკოლებში ნაკლებადაა). ამავე დროს, სწავლება, თუ პრობლემური არ არის და არ უკავშირდება ბავშვის კითხვებს, ინტერესს ნაკლებად აღძრავს. მოსწავლე შესაძლოა სანიმუშო და ბეჯითი იყოს, მაგრამ ცხოვრებაში ელემენტარული გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლოს.

სწავლების სულ უფრო მეტი კავშირი ცხოვრებასთან – თანამედროვე სამყაროს გამოწვევაა. აზროვნების შეცვლილი პარადიგმა: ცოდნის დაგროვებიდან ცოდნის გამოყენებამდე, – კეთებით და მოქმედებით სწავლებას მოითხოვს. ცოდნის მიღება თავგადასავალია. ახალი ცოდნა ცვლის ჩვენს დამოკიდებულებებს და, შესაბამისად, ამბებს.

 

ჩვენი სახელმძღვანელოების შინაარსი რომ დროსთან შეუსაბამოა, ეს უკვე აღარ წარმოადგენს სიახლეს. ცხოვრებაა უკვე ახალ ეპოქასთან შეუსაბამო. ტექნოლოგიებისა და ციფრული სამყარო სრულიად ცვლის რეალობასაც და რეალობის აღქმასაც.

ამასწინათ ფეისბუკზე მწერალი ოთარ ჯირკვალიშვილი ჩიოდა:

არც ლექსის ავტორს „ვერჩი“ და არც თავად ლექსს, რომელიც, თავის მხრივ, გალექსილი მითია – იმას ვამბობ, რომ ამ ტიპის ნაწარმოებების კრიტიკული გააზრების გარეშე სწავლებით ახალ თაობას მოლოდინისა და უმოქმედობისკენ ვუბიძგებთ. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეს გალექსილი მითი ბევრ ბავშვს ჰორორად ექცა.

არ დამეზარა და სტუდენტებს ვკითხე, რა შთაბეჭდილება გამოჰყვათ ამ ლექსისგან. ბევრმა მიპასუხა, რომ ბაზალეთის ტბის შიში გაუჩნდათ – ეგონათ, მის ფსკერზე მართლა ცხოვრობდა ვიღაც. ეს შიში ზემომოყვანილ პოსტშიც ჩანს. მართლაც, რა უნდა უთხრას პირველკლასელ შვილს მშობელმა, როცა ბავშვს აწუხებს ტბის ძირას აკვანში მწოლიარე ბავშვის ბედი?  „ეს ხომ მითია, მეტაფორა“, – იტყვით თქვენ და მართალიც იქნებით, მაგრამ მოდით და აუხსენით ბავშვს, რომ რომ სინამდვილეში ასე კი არ არის…. და ავტორს იმის თქმა სურდა, რომ… მაინც რისი თქმა სურდა ავტორს? რომ ერი გამუდმებით მხსნელის მოლოდინში უნდა იყოს, რომ მოვა ის, „ვისი სახელიც არ ითქმის“ და ვისაც „დღე და ღამ ნატრულობს ჩუმის ნატვრითა ქართველი“… მანამდე კი… მანამდე სუფრაზე „3 ჩ“-ს სადღეგრძელო ვსვათ. ხომ იცით, რასაც ნიშნავს „3 ჩ“? – დიახ, დიახ… „ჩვენს ჩუმ ჩანაფიქრს“… გვიყვარს „ჩუმი ჩანაფიქრები“, აბა, ღმერთი ხომ არ გაგვიწყრება და მათ ასრულებას ხომ არ დავიწყებთ? ის მეორე სადღეგრძელო გახსოვთ? „ჩვენს ნეტას“ გაუმარჯოსო! ესეც „3 ჩ“-ს ციკლიდანაა. ოცნებები და ჩანაფიქრები თუ ავისრულეთ, რამდენ სადღეგრძელოს დავკარგავთ სუფრაზე? განა ყველა ოცნების ახდენა შეიძლება? ხომ უნდა იყოს რაღაც ხელუხლებელი და მიუღწეველი? ოცნებების ასრულებით ხომ ცხოვრებას აზრი დაეკარგება?

„აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია“.  ჩვენია, აბა, ვისი იქნება? წარსული და ტკბილი მოგონებებიც ჩვენია, მომავალიც… და დიდი ამბავი, ორი დროის მფლობელებს თუ აწმყო დაგვეკარგება. აწმყო ხომ დროც კი არ არის… ჰოდა, ვართ ასე… აწმყოდაკარგულები, მომავლის იმედით… სამაგიეროდ, სანუგეშოდ ყოველთვის შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ ბაზალეთის ტბის ძირას ოქროს აკვანია და რომ ერთხელაც გამოჩნდება გმირი, რომელიც იმ აკვნიდან მხსნელს ამოიყვანს… აი, მაშინ კი გვეშველება!

ამ ლექსით გამოხატული იდეა ილიას ეპოქისთვის ბუნებრივიც იყო, მაგრამ რამდენად სჭირდება ქართულ ცნობიერებას ამ მითის თანამედროვეობაში გამყარება? არადა, ტექსტებს იმაზე მეტი ძალა აქვს, ვიდრე წარმოგვიდგენია. ეს უკვე მითი არ არის, დაწყევლილი პროგრამაა – უმოქმედობისა და ცრუ მოლოდინისა. ავტორის მთელი ცხოვრება და შემოქმედება უმოქმედობის დაძლევისკენ იყო მიმართული და რა მივიღეთ? ლუარსაბ თათქარიძე გაიხსენეთ და სარკის მეტაფორა.

იქნებ ახალი მითების შექმნის დროა? ან იქნებ ერთი კომპიუტერული თამაშით ეს მითიც დაგვეძლია? მაგალითად, როგორ ამოჰყავს გმირს მხსნელი ბაზალეთის ტბიდან და როგორ გაბრწყინდება ივერია. ის ბავშვიც გაიხარებდა, მამას რომ ეხვეწება: „ამოვიყვანოთ, ცოდოაო“ და ის მამაც, შეწუხებული რომ კითხულობდა: რა ვქნა, როგორ ავუხსნაო?

ერთხელ ვთქვი, „გოდოს მოლოდინს“ ახალი გაგრძელება მოუხდება მეთქი, მაგალითად, ბოლოს და ბოლოს, რომ გამოჩნდეს გოდო… და ამ ვერსიამ ბევრი „შეაშფოთა“: გოდოს გამოჩენა როგორ შეიძლებო?!

და რატომ არ შეიძლება?

ტარიელ ჭანტურიას ლექსი გამახსენდა:

„გოდოს გოდო, გოდოს გოდო

გოდოს გოდო გადაება,

და მოუსვლელ გოდოებად

იქცა საზოგადოება!“

მე თავს ვერ ვინუგეშებ ილუზიით, რომ „აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია“.

მხოლოდ მოქმედებას შეუძლია უმოქმედობის დამარცხება.

ცოდნა უნდა იქცეს მოქმედებად და სკოლა უნდა შეესაბამებოდეს თანამედროვეობის მოთხოვნებს!

ცოტა რამ საფრანგეთის მეღვინეობასა და ფრანგულ ღვინოებზე

0

ფრანგული ვაზის ჯიშები და ფრანგული ღვინო მთელ მსოფლიოშია ცნობილი. არაერთი საუკუნეა, ეს ქვეყანა მოწინავედ მიიჩნევა მეღვინეობის დარგში და დამსახურებულადაც. საფრანგეთის მეღვინეობით განთქმული რეგიონები და აქაური უნიკალური ღვინოები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში უყვართ.

ელზასი საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, რაინის ველზე მდებარე მხარეა, რომელიც თეთრი ღვინოებითაა ცნობილი. ამ ღვინოების დასამზადებლად იყენებენ მუსკატს, რისლინგს, ნაცრისფერ პინოს, შილვანერს. ელზასის 90-ზე მეტი თვალწარმტაც სოფელში ზვრები ტერასებადაა გაშენებული. აქ წარმოებული ღვინოები გამოირჩევა არომატით და მრავალფეროვნებით – მსუბუქიდან სრულამდე. ელზასი აწარმოებს ტკბილ ღვინოებსაც გვიან შემოსული ყურძნისგან. წითელი ღვინოები იშვიათია. მათი უმრავლესობა შავი პინოსგან მზადდება.

ლუარის მხარეში უმთავრესად იწარმოება შესანიშნავი თეთრი, მშრალი ცინცხალი და დელიკატური ღვინოები. დომინირებს შენინ ბლანი. საკმაოდაა სოვინიონიც. წითლებიდან ყველაზე გავრცელებული ჯიშებია გამეი და კაბერნე ფრანი. კლიმატისა და ნიადაგის მრავალფეროვნებას, რომელიც ღვინოების პალიტრაზე აისახება, გვთავაზობს მეღვინეობის ოთხი დიდი რეგიონი: ნანტი, ანჟუ, სომურუა და ტურენი.

შამპანის რეგიონი პარიზიდან 75 მილზე მდებარეობს. აქ მდებარე 300-ზე მეტ სოფელში აწარმოებენ მსოფლიოში ყველზე ცნობილ შუშხუნა ღვინოებს. მხოლოდ აქ წარმოებული ღვინოები შეიძლება სამართლიანად იწოდებოდეს შამპანურად. კლიმატური პირობების – რბილი ზამთრისა და ცარციანი ნიადაგის წყალობით შამპანში გაზრდილი პინო ნუარი და შარდონე შესანიშნავ ღვინოებს იძლევა.

კაბერნე სოვინიონი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული და ცნობილი ყურძნის ჯიშია. ასამბლაჟისას აკომპანირებს მერლოსთან, კაბერნე ფრანთან, მალბეკთან. გამოირჩევა დაძველების შესანიშნავი პოტენციალით. მუხის კასრებში დაძველებისას გამოირჩევა ტანინების კონცენტრაციით და აქვს ღრმა სტრუქტურა.

წითელი ყურძნის ჯიში პინო ნუარი კაბერნე სოვინიონის ეკვივალენტურია. იძლევა სავსე, მძიმესხეულიან ღვინოებს, წითელი, ლალისფერი, ზოგჯერ ყავისფერში გადასული ტონალობით. მომწიფებისა და მჟავიანობის წყალობით დიდხანს ინახება.

არვინი ვალეს მხარეში მოჰყავთ. ეს ვაზის ძველი ჯიშია, რომელიც გვიანი მომწიფების შედეგად საუკეთესო ნაყოფს იძლევა. მისგან დამზადებული ღვინო ძალიან სასიამოვნო დასალევია. გამოირჩევა გრეიპფრუტისა და ლიმნის არომატით. არვინისგან მიღებული თეთრი ღვინოები ხანგრძლივი დაძველების შედეგად საუკეთესოდაა მიჩნეული.

შარდონე მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული თეთრი ყურძნის ჯიშია, რომლისგანაც სხვადასხვანაირი ღვინო მზადდება. ვაზი ძლიერია და გამძლე. იზრდება შამპანის რეგიონში, ელზასში, შვეიცარიაში გერმანიაში, საქართველოში, არგენტინაში და სხვა.

თეთრი ღვინო ან შამპანური, ბლან დე ნუარი, იწარმოება წითელი ყურძნისგან და ღვინდება მარცვლის კანის გარეშე (წითელი ყურძნის ჯიშების უმეტესობის მღებავი ნივთიერება კანშია, რბილობი კი უფერულია).

ბოჟოლე მსუბუქი, წითელი, ახალგაზრდული ღვინოა, რომელიც გამოირჩევა ხილისა და ყვავილების არომატით.

მუსკატი მშრალი, თეთრი ღვინოა ალკოჰოლის დაბალი შემცველობით, ბრეტონიდან, ჩრდილო-აღმოსავლეთი საფრანგეთიდან. ჩვეულებრივ, სვამენ ახალგაზრდას, ზღვის პროდუქტებთან ერთად. აქვს კარგად გამოხატული არომატი.

მეტად მრავალფეროვანი თეთრი საღვინე ყურძენია შენინ ბლანი, რომელიც მსოფლიოს მრავალ რეგიონშია გავრცელებული. საფრანგეთის ლუარის ყველაზე ცნობილი ღვინოები ამ ყურძნისგან მზადდება. ყურძენი მაღალი მჟავიანობით გამოირჩევა; მისგან შეიძლება დადგეს მშრალი ან ზომიერად ტკბილი ღვინო. საუკეთესო ფრანგული შენინ ბლანი დაძველების კარგი პოტენციალით გამოირჩევა.

პინო ბლანის ორი ჯიშია ცნობილი – პინო ბლანი და პინო შარდონე. პირველი პინო გრისგან წარმოდგება. ის იძლევა მდიდარ, ძალიან შაქრიან წვენს. მეორე ახლოსაა შარდონესთან. მოჰყავთ გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრიასა და საქართველოში.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...