შაბათი, ივლისი 12, 2025
12 ივლისი, შაბათი, 2025

ისტორია და ლიტერატურა – ზანქან ზორაბაბელის სევდა

0

ისტორიის გაცოცხლებას დიდი სიმართლე სჭირდება.

ამ სიმართლემ უნდა დააჯეროს მკითხველი მხატვრული გამონაგონის შესაძლებელ რეალობაში.

ადამიანები ხომ არ იცვლებიან. მით უმეტეს, ებრაელი, რომელიც მტკიცე ბურჯად შედგომია თავის რწმენასა და ადათებს.

ებრაელი მარად გზაზე მიმავალია.

ის თავისი ღმერთისკენ მიდის და ეს მოგზაურობა დროსა და სივრცეში დაუსაზღვრავია.

ებრაელი ხალხის ისტორიის წიგნი საქართველოშიც დაწერილა და მის ფურცლებს სიხარულისა და მწუხარების კვალი თანაბრად ატყვია. ებრაელობა ქართველ ხალხთან ერთად ქმნიდა საქართველოს აწმყოსა და მომავალს.

თანამედროვე მწერლის, გურამ ბათიაშვილის რომანში „ჟამი დუმილისა და ჟამი უბნობისა“ მეთორმეტე საუკუნის საქართველო იხატება. ეს ხომ ჩვენი ისტორიის „ოქროს ხანაა“. ყოველმხრივ გაძლიერებული საქართველო დგას „ერად სხვა ერთა შორის“ წალკოტივით აყვავებული. რუსთველს კი „ვეფხისტყაოსანში“ სასუფევლისეული იდეალი მიწაზე ჩამოაქვს: „შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს“, მაგრამ მზეს ხომ ყოველთვის ახლავს ჩრდილი. ასეთ ჩრდილად წაჰფენია მზე თამარს იური ბოგოლიუბსკის სახელი, ხოლო ამ უბედური რუსის ხსენებისას უთუოდ წამოტივტივდება ზანქან ზორაბაბელის პიროვნება.

ზანქან ზორაბაბელი კაცია, დიდი გულითა და უფრო დიდი სევდით.

მხოლოდ ის რად ღირს, რომ ისტორიაში მისი სახელი თამარის გვერდით მოიხსენიება. თუმცა, მეფეთა ახლო მდგომ კაცთა გასაჭირიც კარგად მოგვეხსენება, მით უმეტეს, რომ ადამიანები არასოდეს არიან იდეალურნი, თუნდაც „ოქროს ხანაში“ მცხოვრებნი.

ზანქან ზორაბაბელის შესახებ ძუნწად მიგვითხრობს ისტორია. ის იყო მდიდარი თბილისელი დიდვაჭარი, რომელმაც მეფე თამარს დარბაზის გადაწყვეტილებით ქმარი მოჰგვარა, ჩრდილოეთ კავკასიაში გახიზნული რუსი უფლისწული იური ბოგოლიუბსკი, ქართველთაგან სვედავსებულად მოხსენიებული. რომანში კი ამ ძუნწი დეტალებისგან მრავალფეროვანი და მდიდარი, განტოტვილ ფაბულიანი ისტორია იშლება.

მემატიანისაგან დუმილით გვერდავლილ ზანქანს გურამ ბათიაშვილი ამ რომანით გამოესარჩლება და შთამბეჭდავ ისტორიას უქმნის. ვინ არის ზანქანი?

ერთი იმ მრავალ ებრაელთაგანი, რომელნიც საქართველოში ბაბილონიდან სპერის ზღვით შემოსულან. იგი მათი ჩამომავალი იყო, ბაბილონის მდინარეებთან რომ ისხდნენ და დაკარგულ, იავარქმნილ იუდეაზე მოთქვამდნენ. მწერალი მის გვარს შორეულ ფესვებს უძებნის: „ზაქარია წინასწარმეტყველი ზანქანის წინაპარზე ამბობს: „რა ხარ შენ, დიდო მთაო, ზერუბაველთან შედარებით – დაბლობი მხოლოდ“. ზანქანის სავაჭრო ქარავნები ბიზანტიას, ირანს, რუსეთსა და ეგვიპტესაც კი სერავდნენ, მას კი დროში არსებობის ტკივილი სტანჯავდა. მწერალი მას გვიხატავს მოსაქმედ და მოაზროვნედ. უცხო ქვეყნებში მოგზაურობამ მის ჭკუას მოქნილობა და გამჭრიახობა შესძინა, იოლად უღებდა ალღოს ვითარებას და წარმატებას აღწევდა, მაგრამ სამეფო ინტრიგის ხლართში მაინც გაეხვა. ქართლის ამირამ აბულასანმა უკუღმართ, სოდომური ცოდვით შეპყრობილ რუს უფლისწულთან გარიგება დააბრალა და უვარგისი სასიძოს ჩამოყვანის ტვირთი მხოლოდ მას აჰკიდა.

სწორედ ზანქანია ამ რომანის მთავარი გმირი, ფაბულაც რუსი მეფე-ქმრის საბედისწერო ამბის გარშემო ტრიალებს და მწერალს ეს ამბავი საშუალებას აძლევს, დახატოს შორეული ეპოქა, თავისი სისხლსავსე ცხოვრებით, სამეფო კარითა და ბაზრით, ქრისტიანული ტაძრებითა და იუდეური სინაგოგებით, აზანურთა  თუ უაზნოთა ვნებებით.

გურამ ბათიაშვილმა თითქმის არაფრისაგან შთამბეჭდავი სახე გამოძერწა. მან რომანში ზანქან ზორაბაბელი დახატა, როგორც ქართველი ებრაელობის სიმბოლო და ამ სახეში ჩააქსოვა ამ ხალხის სიყვარული და ერთგულება ქართველი ერისადმი. ერთი პერსონაჟის მოსწრებული თქმით, „იგი იყო რწმენით იუდეველი, ისრაელიანი, სულით უფრორე ქართველი“.

მკითხველის თვალწინ საოცრად ცოცხლად და შთამბეჭდავად იხატება ზანქან ზორაბაბელის, „უცხო შინაურის სახე“, რომელსაც ბედმა მძიმე ხვედრი არგუნა. მისთვის უნდა ეწოდებინათ საქართველოს მოღალატის სახელიც, დაემცირებინათ, პატივი აეყარათ, მას კი უნდა გაეძლო ყოველგვარი ხიფათისათვის, სულის სიმტკიცე შეენარჩუნებინა და მარადის ხსომებოდა ადონაი, რომელიც მისკენ საშველად მოეშურებოდა. აქვე ჩანს მისი ოჯახი და დასამახსოვრებელი სახეები მეუღლისა, ლალა ესთერისა. ქალიშვილ ბაჩევასა და დიდებულ უშუს სიყვარულის ამბავი კი ლამაზ, მაგრამ ნაღვლიან ამბად ჩაეწვნება ამ ფერადოვან მხატვრულ ტილოზე.

ზანქანის ოჯახის პრიზმაში გადატყდება XII საუკუნის საქართველოს ერთი ისტორიული ეპიზოდი. რთული, ძნელი თემაა და მწერლისგან ისტორიული მასალის ცოდნის გარდა, ნიჭსა და გამოცდილებას მოითხოვს, ამასთანავე, გამბედაობასაც, მკითხველის წარმოსახვაში შექმნა ეპოქის შესატყვისი დამაჯერებელი ხატები, გარემო თუ ხასიათები.

რომანში შესანიშნავად წარმოჩნდება მეთორმეტე საუკუნის საქართველოს სამეფო კარის ცხოვრება. მწერალი განსაკუთრებული სიფაქიზითა და სიფრთხილით ხატავს თამარ მეფის სახეს, ზანქან ზორაბაბელის რამდენიმე შეხვედრას მეფესთან. ეს მას საშუალებას აძლევს, ერთი მხრივ, დახატოს თამარის თავდაჭერილობა, გონიერება, რამდენიმე შტრიხით მოხაზოს მისი გარეგნული და სულიერი პორტრეტი და, მეორე მხრივ, წარმოაჩინოს ზანქანის ბუნება, ერთნაირი სიმშვიდით რომ ხვდება გასაჭირსაც და სიხარულსაც. ზანქანის პიროვნებაზე კარგად მეტყველებს ეპიზოდი, როდესაც თამარ მეფე მას რჩევას ეკითხება: „საქართველოს მომღიმარი, დამთმობი მეფე სჭირდება თუ მათრახმომარჯვებულიო“, დინჯი ზანქანი პასუხს შეაყოვნებს და შემდეგ მეფეს დასაბუთებულად აუხსნის მათრახის საჭიროებას. საუკეთესო მაგალითად კი დავით აღმაშენებლის შინაურ პოლიტიკას ასახელებს: „ჩვენში თუ მათრახის შიში არა აქვთ, კანონს ეურჩებიან“.

მწერალი ფსიქოლოგიური სიღრმით წარმოაჩენს ზანქანის შინაგან ბრძოლასა და ჭიდილს და იგი მეფე თამარის წინაშე უღალატო გამოჰყავს. რუსი უფლისწულის ზნეობაში დაეჭვებული ზანქანი ეცადა ამ ამბის ჩაშლას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მწერალი აჯერებს მკითხველს მოთხრობილი ამბების სამართლიანობაში. იგი ზანქანს წარმოგვიდგენს, როგორც მსხვერპლს, ამიტომაც გამოუტყდება ზანქანი თავს, რომ ის საქართველოში, ქრისტიანთა ქვეყანაში, მიუხედავად დიდი ოფლისა და სისხლის ღვრისა, მაინც ყოველთვის იუდეველად დარჩება, შინაურ უცხოდ: „შენ საქართველოს ბედის გადაწყვეტას არავინ გთხოვს, შენ მსხვერპლს გთხოვენ, ებრაელი კაცის მსხვერპლს“. და მართლაც, ზანქანი იკიდებს მძიმე ტვირთს და მორჩილად ხდება მსხვერპლი.

შინაური უცხოს თემას ამძაფრებს რომანის ერთი ეპიზოდი, რომელშიც მოთხრობილია, თუ როგორ მიემგზავრება იოშუაყი იერუსალიმში დასამარხავად. ცოცხალი კაცი მიდის სიკვდილთან შესახვედრად. თავისთავად, მართლაც უჩვეულო და შთამბეჭდავი ფაქტია, მაგრამ ამ ეპიზოდს კიდევ უფრო ამძაფრებს ერთი დეტალი, იერუსალიმში დასამარხავად მიმავალ კაცს თან შიშველი ხელებით მოჩიჩქნილი საქართველოს მიწა მიაქვს. პატარა დიალოგს გაგახსენებთ: „მაშ, სასიკვდილოდ მიდიხარ, კაცო! – გაოცებას ვერ ფარავდა გლახუნა.

– სიკვდილი განა ჩემ ხელთ არი, მინდა იქ დაუხვდე, იერუშალაიმის მიწაზე.

– თქვენ რა ხალხი ხართ, კაცო, სადაც გნებავთ, იქ უხვდებით სიკვდილსა!

– აბა, ჩვენ იმ ბედნიერებას ვინ გვაღირსებს, ჩემო დათუა, ჩვენს მიწაზე ვიბადებოდეთ და სიკვდილსაც იქ ვხვდებოდეთ, სადაც ვიბადებით“.

ზანქანის წინაპრებისთვის ყველაზე დიდი და მარადიული საგანძური წიგნი იყო, ბაბილონური თალმუდი. მწერალი კარგად გამოკვეთს ამ წიგნის მნიშვნელობას ებრაელთათვის: „წიგნით უნდა გაერთიანებულიყო ერი“. ეს წიგნია ზანქანის სიცოცხლის წყაროც. მას არასოდეს ავიწყდება შეგონება: „ჩვენ ყოველთვის პირბასრი შუბებისა და ზღვის ტალღებს შუა ვართ მოქცეულნი. რა კარგი ცხოვრებაც უნდა გვქონდეს, არც ზღვის ტალღები უნდა გვავიწყდებოდეს, არც ჩვენი გულების გასაპობად გალესილი შუბები“.

რომანში მწერალი ზანქანს სწორედ ამგვარად ხატავს, ცხოვრების ზღვაში დასანთქმელად განწირულს, მაგრამ მაინც გადარჩენილს. ზანქანი დიდვაჭარია, მაგრამ არა ქონების დაგროვებაზე გადაგებული, მას კარგად ესმის მიწიერი საუნჯის წარმავლობა. მისი აზრით, „სვებედნიერი ადამიანი არ არსებობს, ტანჯვა ადამიანის თანამდევია, ტანჯვის დღეები გვეხმარება უკეთ დავინახოთ გამჩენის სიდიადე“.

„როცა ადამიანებს ერთმანეთი არ უყვართ, მტერსაც დაჯაბნილი ჰყავს და სიდუხჭირესაც“, – ამბობს მწერალი. ზანქანი თავისი საქმიანობით სიყვარულს თესავს, სიმდიდრეს უხვად გასცემს და ბედნიერია, თუ ვინმეს ფეხზე წამოდგომაში მიეშველება, ამიტომ მოკეთეც ბევრი ჰყავს და მოშურნეც.

თავიდანვე არ ეჭაშნიკა ზანქანს რუს უფლისწულთან მოციქულობა, მაგრამ სამეფო დარბაზის ნებას დათანხმდა. მწერალი რომანში ხატავს აბულასანს, ქართლის ამირას, რომელიც ზანქანის ატიპოდია, თავნება ფეოდალი ყოველმხრივ ცდილობს მეფის ძალაუფლების შესუსტებას და იმდენს შეძლებს, რომ ზანქანსაც თავისი საბედისწერო თამაშის მსხვერლად აქცევს. მაგრამ ბედიც, ღმერთიცა და მწერალიც ზანქანის მხარესაა, რამდენიმე ეპიზოდში მკითხველს დაუეჭვებლად სჯერა ზანქანის დაღუპვისა, მაგრამ ის მაინც გადარჩება, რადგან იგი, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ებრაელი კაცის პარადიგმაა.

სიმბოლურია ბოლო ეპიზოდიც, ხიფათს თავდაღწეული ზანქანი თეთრ ცხენს მოახტება და სალოცავისკენ გაექანება. ამგვარად რჩება ის შთაბეჭდილებაშიც, მარადიულ მგზავრად, რომელსაც უფლისკენ სავალ გზაზე არასოდეს ჩაეძინება. ჩვენი აზრით, გურამ ბათიაშვილმა ზანქან ზორაბაბელის სახით ქართული ლიტერატურა კიდევ ერთი შესანიშნავი პერსონაჟით გაამდიდრა.

 

 

 

 

 

 

 

სტრესი გამოცდების დროს

0

საბრალო ძაღლი ტვიგლეტი. მოსწავლეები მას ყოველდღე, 10-10 წუთის მანძილზე ასეირნებდნენ ეზოში, ეთამაშებოდნენ და კარგ დროს ატარებინებდნენ. საერთო ჯამში, ასე ხანმოკლე თამაშით თითქმის რვა საათი გადიოდა, ანუ მთელი დღე. ცუგა არასოდეს იწყენდა. ახლა რა სჭირს? რა დაემართათ მოსწავლეებს? თითქმის აღარავინ ეკარება და მასთან თამაში აღარავის სურს. გამოცდები იწყება. სკოლებში დაძაბულობაა. დაწყებითი კლასების გამოცდები ეს-ესაა დასრულდა, GCSE – ახლახანს დაიწყო, შემდეგი A დონე მოდის.

 

მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოცდები ყოველთვის იყო და იქნება სტრესული. მათ ამგვარს წარუმატებლობის წარმოუდგენელად დიდი შიში ქმნის. ბავშვებს, რომლებსაც დაბალი ნიშნები ჰყავთ, ჰგონიათ, რომ ცხოვრება დასრულდა, კლდის პირას აღმოჩნდნენ და გადაცვივდებიან. ეს გრძნობა ძლიერი ფსიქოლოგიის მქონე, თავდაჯერებული ბავშვებისთვისაც კი საზარელია. მითუმეტეს ჯოჯოხეთურია იმ მოსწავლეებისთვის, ვინც შფოთვისა და ნერვიულობის მიმართ მიდრეკილია. და ასევე, ეს გრძნობა ყველაზე გამძაფრებული დიდ ბრიტანეთშია, რადგან აქ გამოცდების ჩაბარება ძალიან რთულია. შესაბამისად – მოსწავლეების სტრესი კიდევ უფრო მწვავე.

 

ბრიტანელი დაწყებითი სკოლის პედაგოგები ამკიცებენ, რომ 10-11 წლის მოსწავლეებისათვის განკუთვნილი გამოცდები მათი მომავლისათვის ადეკვატური საერთოდ არაა. ისინი თვლიან, რომ მსგავსი ტიპის გამოცდები მხოლოდ სკოლებს სჭირდებათ ჩვეულების გასამყარებლად და არა მოსწავლეებს. საშუალო სკოლის პედაგოგები აღწერენ მოსწავლეთა პანიკის შეტევასს, მათ მოულოდნელ ქვითინს კლასში და სტრესს, რომელსაც ისინი გამოცდების წინ განიცდიან.

 

ჩვენ გვეუბნებიან, რომ ბავშვები სამომავლოდ კონკურენტუნარიანი სამყაროსთვის უნდა მოვამზადოთ. მაგრამ გაურკვეველია, თუ როგორ უნდა მოვახერხოთ ეს. მაქსიმალურად დასტრესილი, გამოცდებში ჩაჭრილი ბავშვები ტოვებენ სკოლას, და როცა ამ დროს დაბალი აკადემიური მოსწრების მქონეებს, კიდევ უფრო დაბალი შანსი აქვთ მაღალანაზღაურებადი სამსახურების პოვნის. ამ სამსახურებში კი ისევ რუტინული სამუშაო და დიდი სტრესი ხვდებათ. წარმოუდგენელია, სად მივყავართ ამ ყველაფერს. პრობლემის გადასაჭრელად მთავრობას კომპლექსური მუშაობა შეუძლია. ასევე, დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია სოციალური მედიის კომპანიებს. ისევე, როგორც ჩვენ, მშობლებმა უნდა ვიმუშაოთ აქტიურად.

 

დღეს ბრიტანეთში მცხოვრები ყოველი ათი მოსწავლიდან ერთი კლინიკური მენტალური აშლილობით არის ავად, რაშიც საგამოცდო სტრესი დიდ როლს თამაშობს. დაკვირვება ცხადყოფს, რომ რაოდენობა გაიზრდება, თუ მათი მდგომარეობა და საგამოცდო მიდგომები არ შეიცვლება.

 

 

 

გარე ტაქტი. წერტილი. ლიგა. ფერმატა

0

გარე ტაქტი

მუსიკალური ნაწარმოების უმახვილო (მეტრულად სუსტი) წილით დაწყება (ისევე, როგორც პოეზიაში – ლექსის დასაწყისში), თითოეულ თქვენგანს, ალბათ, არაერთხელ შეუმჩნევია. მელოდიის ამგვარი დასაწყისი კი ყოველთვის გარე ტაქტზე მიანიშნებს. მისი არ შემჩნევა შეუძლებელია, ვინაიდან თვალშისაცემია ტაქტის „მცდარი“ ზომით დაწყება. როგორც წესი, გარე ანუ არასრული ტაქტი ერთი ან რამდენიმე ნოტისგან შედგება.  რაც შეეხება გარე ტაქტის მეორე ნაწილს ანუ დარჩენილ თვლას, რომელიც „არა მცდარი“ ზომის მაუწყებელია, ბოლო ტაქტშია მოცემული ან ნაწარმოების შუაში ნებისმიერი ნაწილის წინ. ამრიგად, ბოლო ტაქტი სრულად გამორიცხავს პირველი ტაქტის გაუგებრობას და კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს მუსიკალური თეორიის იდეალურ კანონებზე.

გარე ტაქტი ასევე ძალიან ჰგავს დირიჟორის გამაფრთხილებელ, ეგრეთ წოდებულ წინმსწრებ ჟესტს – აუფტაქტს (ხელისა თუ ჯოხის აქნევა), რომელიც გამოიყენება ნაწარმოების დაწყების წინ შემსრულებელთა საყურადღებოდ.

 

წერტილი

წინარე წერილებში გრძლიობებზე ბევრი გვისაუბრია. ვინაიდან მრავალფეროვან მუსიკალურ რიტმულ სამყაროში არსებული ძირითადი გრძლიობები არასაკმარისია, თვალი გადავავლოთ იმ დამხმარე საშუალებებს, რომლებიც ბგერების ჩაწერაში უკეთ დაგვეხმარება. დასაწყისისთვის, გავიხსენოთ ხუთი ძირითადი გრძლიობა: მთელი, ნახევარი, მეოთხედი, მერვედი და მეთექვსმეტედი.

როგორც გვახსოვს, მთელი ნოტი ყველაზე ხანგრძლივია და ყველა სხვა გრძლიობა მასთან შეფარდებით იზომება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დანარჩენი გრძლიობა მისი თანაბარ, ლუწ ნაწილებად დაყოფის შედეგად მიიღება. უკეთ გაგებისთვის მოსახერხებელი იქნება, თუ წამს პირობით ერთეულად მივიჩნევთ ანუ მეოთხედ ნოტს – 1 წამად, ნახევარს – 2 წამად, ხოლო მთელს – 4 წამად. მეოთხედზე ნაკლები გრძლიობები, შესაბამისად, მერვედი – 0,5 წამსა და მეთექვსმეტედი – 0,25 წამს  გაუტოლდება.

იმისათვის, რომ კომპოზიტორმა სანოტო ჩანაწერში ჩანაფიქრი სრული სიზუსტით გამოხატოს და რომელიმე ნოტის ჟღერადობა მეტად შეაყოვნოს, გრძლიობის გახანგრძლივებისთვის ორ ხერხს იყენებს: წერტილის (წერტილების) და ლიგის ნიშნების დამატებას. მაგალითად, ნოტის ან პაუზის გრძლიობის ნახევარჯერ გაზრდისთვის, ნოტის მარჯვნივ წერტილი უნდა დაისვას. სხვაგვარად თუ ვიტყვი, წერტილი ნოტს მისი გრძლიობის ნახევარს (50%) უმატებს.

მაგალითად, ნახევარი გრძლიობის ნოტი ორს ითვლის, ხოლო წერტილი მას სამ თვლამდე ზრდის. რაც შეეხება მთელს წერტილით, მისი გრძლიობა მეტრონომის ექვს დარტყმას უდრის ანუ 6 თვლამდე იზრდება, ვინაიდან მთელი ოთხს ითვლის და წერტილის სახით მისი გრძლიობის ნახევარი ანუ დამატებით ორი თვლა ემატება.

მეოთხედი ნოტი წერტილის გარეშე ერთს ითვლის, წერტილით კი – ერთნახევარს ანუ სამ მერვედს. ვფიქრობ, ადვილი გამოსათვლელია, როცა ვიცით, რომ ნებისმიერი გრძლიობის ნოტს წერტილის სახით მისი გრძლიობის ნახევარი ემატება. შესაბამისად, მეოთხედ ნოტს, რომელშიც ორი მერვედია 1/4 = 2/8, დაემატება მეოთხედის ნახევარი ანუ კიდევ ერთი მერვედი: 2/8 + 1/8 = 3/8.

იმ შემთხვევაში, თუ თვლას დროის განზომილებაში გადავიყვანთ: როცა მეოთხედი  წამს ითვლის, ხოლო წერტილი ანუ მისი ნახევარი – ნახევარ წამს, მივიღებთ წამ ნახევარს (1,5 წ.). ამგვარი თვლის პრაქტიკა შეგიძლიათ ნებისმიერი გრძლიობის გადათვლაზე გამოიყენოთ.

ახლა განვიხილოთ მერვედი წერტილით. როგორც ვიცით, მერვედში ორი მეთექვსმეტედია 1/8 = 2/16. წერტილის დამატების შემთხვევაში ორის ნაცვლად სამ მეთექვსმეტედს მივიღებთ: 2/16 + 1/16 = 3/16.

 

ორი წერტილი

თუ ნოტს ორი წერტილი მოსდევს, საწყისი გრძლიობა სამი მეოთხედით გაიზრდება. ეს ნიშნავს, რომ პირველ წერტილს, რომელიც მოცემული გრძლიობის ნახევარს უმატებს, ამ წერტილის ნახევარი დაემატება ანუ მეორე წერტილს მიღებული გრძლიობის ნახევარი დაემატება, ასე ვთქვათ „ნახევრის ნახევარი“. მაგალითად, მეოთხედთან ორი წერტილი მიანიშნებს, რომ მეოთხედის (ერთი თვლა) შემდეგ ვგულისხმობთ ჯერ მერვედ (მეოთხედის ნახევარს), ხოლო შემდეგ მეთექვსმეტედ (მერვედის ნახევარს) თვლას.

ორი წერტილი მთელ ნოტთან: თუ მთელი ითვლის ოთხს, პირველი წერტილი ორ თვლას (ნახევარი გრძლიობა), ხოლო მეორე წერტილი კიდევ ერთ თვლას – ორი თვლის ნახევარს (მეოთხედ გრძლიობას) მიუმატებს. მთლიანობაში შვიდ თვლას (4 + 2 + 1) მივიღებთ.

ორი წერტილი ნახევარ ნოტთან: თუ ნახევარი ორს ითვლის, პირველი წერტილი ერთ თვლას (მეოთხედს), ხოლო მეორე წერტილი ერთის ნახევარს (მერვედს) მიუმატებს (2 + 1+ 0,5).

 

 

ლიგა

ბგერების გრძლიობის მოსამატებლად წერტილის გარდა არსებობს კიდევ ერთი ხშირად გამოყენებადი ხერხი – ლიგა (რკალი), რომელიც ერთი და იმავე სიმაღლის მეზობელ ორ ნოტს აერთებს. ლიგით გადაბმული ნოტი არ იკვრება და ჟღერს, როგორც პირველის გაგრძელება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პირველ გრძლიობას მეორე გრძლიობა ემატება, ანუ ლიგა ორ ნოტს ერთ ნოტად აერთიანებს. გავითვალისწინოთ, რომ ლიგა პაუზებთან არ გამოიყენება.

ალბათ დაგაინტერესებთ, რა საჭიროა ლიგა, თუკი მსხვილი გრძლიობის ჩაწერის მარტივი შესაძლებლობა არსებობს? მაგალითად, ლიგით გადაბმული ორი მეოთხედი ნოტის ნაცვლად რატომ არ უნდა ეწეროს ნახევარი, ან ორი ნახევრიანი ნოტის ნაცვლად – მთელი? საქმე იმაშია, რომ ლიგა იმ შემთხვევაში გამოიყენება, როცა მსხვილი ნოტი ორი ტაქტის ზღვარზე ჩნდება (პირველ ტაქტში ვერ ეტევა). ამიტომ ნოტი უნდა დანაწევრდეს, გაიყოს ორ ნაწილად. პირველი ნაწილი ერთ ტაქტში დარჩება, ხოლო მეორე, როგორც პირველის გაგრძელება მომდევნო ტაქტის თავში, საწყის თვლაზე მოთავსდება.  შემდეგ დანაწევრებულ ორ ნაწილს შევაერთებთ და მივიღებთ ზუსტ რიტმულ ნახაზს. ასე რომ, როგორც ვხედავთ ლიგას გვერდს ვერაფრით ავუვლით.

მაგალითად, ორი გადაბმული მეოთხედი ნოტი ნახევრიანი ნოტის ანალოგი იქნება. როდესაც დაკვრისას ლიგას შევამჩნევთ, მოცემული ორი ნოტი უბრალოდ „შევაწებოთ“ ანუ თვლით გავაერთიანოთ.

 

ფერმატა

ფერმატა არის მუსიკალური სიმბოლო, რომელიც ნოტის ან პაუზის ხანგრძლივობას განუსაზღვრელი დროით ზრდის და დამოკიდებულია შემსრულებლის სურვილზე. ფერმატა იმაზე მიანიშნებს, რომ ბგერა იმაზე მეტად დავაყოვნოთ, ვიდრე სანოტო ჩანაწერშია მოცემული. ფერამატას ნიშანი (რკალი წერტილით) ნოტის ზევიდან ან ნოტის ქვევიდან დაისმება.

სწორედ ზევით აღნიშნული გამომსახველობითი ხერხების ჰარმონიული შეხამების წყალობით იქმნება მუსიკა, რომელიც მუდამ თან გვდევს და ცხოვრებას გვილამაზებს.

 

ფიქრები ხმამაღლა…მარილზე…

0

მარილზე რა აზრის ბრძანდებით? ჩვეულებრივ  სუფრის მარილზე გეკითხებით. ნატრიუმის ქლორიდი გახლავთ და არაბი ალქიმიკოსების აზრით, ერთ-ერთი უძლიერესი ნარკოტიკია. ავიცენა თავის ‘მედიცინის ტრაქტატში’ წერდა, რომ ეს ნივთიერება საკვებს საოცარ გემოს აძლევდა, თუმცა შეჩვევას იწვევდა და ზოგიერთები მასზე, ნარკოტიკივით დამოკიდებულნი ხდებოდნენ. ავიცენა იმასაც ამბობდა, ჩვენი ნაფიქრალი მარილისგან არის შექმნილიო. მართლაც, მარილი (უფრო სწორედ, ნატრიუმის იონი) ცენტრალური ნერვული სისტემის სწორი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. ნერვულ უჯრედებს შორის სიგნალი სწორედ მისი მონაწილეობით გადაიცემა. ეს რთული მექანიზმით ხორხიელდება, რაც ავიცენამ სულაც არ იცოდა, მაგრამ ეტყობა  გრძნობდა რაღაცას.

თუმცა, ზემოთ აღნიშნული სულაც არ ნიშნავს, რომ ამავე დროს,  მარილი მავნებელი არ არის.

ვაღიაროთ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მარილის გარეშე კერძის გემო ვერ წარმოუდგენიათ. ამიტომ, როგორც მომზადების დროს აყრიან კერძს მარილს, ასევე უკვე თეფშზე გადმოღებულსაც ამატებენ. სალათს, ბოსტნეულს, მოხარშულ კვერცხს, ყველაფერს მარილთან ერთად მიირთმევენ.

ახლა, სხვა მხარესაც გავიხედოთ, ყველი (ჭყინტი არ ითვლება), კონსერვები და მწნილეული (ნაყიდზე აღარაფერს ვამბობ, სახლში, ბებოს ჩადებულიც კი), სოსისები, ძეხვეული, ჩიფსები და მსგავსი გაურკვევლობა… ყველაფერი მარილით არის გაჯერებული.

მარილზე პირველად არ ვწერ. თავიდან ლამაზად აღვწერე https://mastsavlebeli.ge/?p=3673. შემდეგ, ოდნავ სახუმარო ტონი შევურიე https://mastsavlebeli.ge/?p=4348 თუმცა ახლა, ჯობს მიწაზე დავეშვა და რაც არის, ისე დავწერო.

ძველ რომსა და საბერძნეთში შეამჩნიეს, რომ მარილიანი საჭმელი გემრიელი იყო. გარდა ამისა, წყურვილის ძლიერ გრძნობას იწვევდა. ამიტომ, დიპლომატიური სადილების დროს ძალუმად იყენებდნენ, რათა… შემდეგ სტუმრებისთვის წყლის ნაცვლად ღვინო შეეთავაზებინათ და თრობაში წასულებს ყველა საიდუმლო იოლად გაეცათ. გარდა ამ მზაკვრული გეგმისა, მარილი საკვების შესანახად იყო საჭირო, რადგან მაშინ მაცივრები არ ქონდათ. მარილი კი კარგი კონსერვანტია, მიკრობებს მაშინვე კლავს. ადამიანებსაც კლავს, ოღონდ ნელა, გახანგრძლივებით. თუმცა, ადრე სხვანაირად ფიზიკური აქტიურობით სავსე ადამიანები იყვნენ, ომობდნენ, მომთაბარეობდნენ, ფიზიკურ ძალას ხარჯავდნენ და ახლანდელი ადამიანივით კომპიუტერთან მიმჯდარი ცხოვრებით არ ცხოვრობდნენ.

აი, ასეთი გენეტიკური მიჯაჭვულობა გვერგო მარილთან. არადა, თუ მარილს ძალიან შევამცირებთ, პირველივე თვეში 8 კილომდე დავიკლებთ. გგონიათ ცხიმი დაიწვება? არაა, ჩვენი ცხიმი ადგილზევე, ანუ ჩვენთან დარჩება. აი, შეკავებულ წყალს კი დავკარგავთ.

ორგანიზმში ზედმეტი მარილი წყალს იკავშირებს და აკავებს. შედეგად გულსისხლძარღვთა სანათური ვიწროვდება, სისხლძარღვის კედელი მოქნილობას კარგავს და შეკუმშვა უძნელდება, ვითარდება ჰიპერტონია. ადამიანს წონა ემატება შეკავებული წყლის ხარჯზე. გარდა ამისა, ნატრიუმი კალციუმის ანტაგონისტია. მისი ჭარბი რაოდენობა ორგანიზმიდან კალციუმის იონს  აძევებს. კალციუმი არა მხოლოდ ძვლის ქსოვილისთვის არის საჭირო, სხვა უამრავ პროცესშიც მონაწილეობს, ასევე გულის კუნთის შეკუმშვაშიც. ამიტომ, სისხლში მისი დეფიციტის შემთხვევაში, ორგანიზმი საჭირო კალციუმს ძვლიდან აიღებს, ძვალი კი გამოიფიტება და  განვითარდება ოსტეოპოროზი.

მოდი, განვმარტოთ, მარილის შედგენილობიდან სახიფათო ზედმეტი რაოდენობის  ნატრიუმის იონია. სამედიცინო დასკვნებით, გინდაც საერთოდ არ მივიღოთ მარილი, ჩვენს დღიურ ნორმას, 2,5გრამს, ბოსტნეულიდან და მწვანილებიდან მაინც შევითვისებთ. ახლა დავფიქრდეთ, სხვადასხვა სასუსნავებში ემულგატორებით,  ასევე მარილების სახით, რამდენი ნატრიუმია ჩასაფრებული. სულ რამდენიმეს ჩამოვთვლი: E-401-ნატრიუმის ასკორბატი; E-301-ნატრიუმის ბუტირატი, E- 500- ნატრიუმის კარბონატი; E-211-ნატრიუმის ბენზოატი, E-524-ნატრიუმის კაზეინატი და ა.შ.

დღეს ბაზარი სხვადასხვა მარილს გვთავაზობს. მათ შორის ყველაზე პოპულარული, ლამაზი, მიმზიდველი და ძვირი ე.წ. ჰიმალაის ვარდისფერი მარილია. ერთ გადაცემაში ისიც მოვისმინე, მიირთვით რამდენიც გნებავთო, ეს ჰიმალაის არის და ორგანიზმში წყალს სულაც არ აკავებსო…

ჰმ…

ჩავუღრმავდეთ…

ვადასტურებ, რომ ლამაზი და ფერადია. ჰიმალაის მარილად წოდებულ ვარდისფერ მარილს პაკისტანში მთებში  მოიპოვებენ. სჯერათ, რომ ოკეანის მარილის და ვულკანური ლავის შერევით წარმოიქნა. ამ ვულკანებმა ჰიმალაის მთების ფორმირებაში მიიღეს მონაწილეობა. ვარდისფერს სხვადასხვა მინერალების თანაარსებობა განაპირობებს. აქ არის კალიუმი, ფთორი, იოდი, მაგნიუმი, სპილენძი და ა.შ. მართალია მათი მთლიანი რაოდენობა მხოლოდ 3%-ია, მაგრამ შეფერილობის მისაცემად საკმარისია. რა არის დანარჩენი 97%?

ნ ა ტ რ ი უ მ ი ს   ქ ლ ო რ ი დ ი…!  დიახ, ჩვეულებრივი მარილი გახლავთ, ლამაზი ფერით, დამატებული მინერალებით, ოდნავ უფრო გემრიელიც, მაგრამ მაინც მარილი და შესაბამისად წყალსაც წარმატებულად აკავებს ორგანიზმში. იწვევს სისხლძარღვების კედლის სანათურის შევიწროვებას. ასევე, ღვიძლის შემაერთებელი ქსოვილიც ზიანდება. ყველაფერი ისევეა, როგორც ჩვეულებრივი მარილის ჭარბად მოხმარების დროს.

სუპერმარკეტების დახლებზე ზღვის მარილსაც შეხვდებით. ზღვის წყლის ამოშრობით მარტივად მოიპოვებენ. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ასეთ მარილში იოდი იქნება, მაგრამ იოდი აქ ძალიან ნაკლებია, რადგან მოპოვების პროცესში იკარგება. აბა, ზღვის წყალს, რომ იოდის სურნელი აქვსო?-იკითხავთ. იოდის სურნელი სინამდვილეში იმ წყალმცენარეებიდან იგრძნობა, რომელიც ან ნაპირზეა გამორიყული, ან ახლოს ტივტივებს.

მოკლედ, აქ ერთადერთი სიმართლე ის არის, რომ ჩვეულებრივ სუფრის მარილშიც, ზღვის მარილშიც და ჰიმალაის მარილშიც NaCl-ის რაოდენობა 95-98%-ია, დანარჩენი თანმხლებ მინერალებზე მოდის. ასე რომ, თუ მაინც უნდა ავირჩიოთ მარილი, ისევ იოდიზირებულზე  შევაჩეროთ ყურადღება, ანუ იმაზე, რომელსაც იოდი ხელოვნურად ექნება დამატებული კალიუმის იოდინის ან კალიუმის იოდატის სახით. ამ უკანასკნელს უფრო უპირატესობას ანიჭებენ, რადგან  მდგრადია და მასში იოდი ნაკლებად იჟანგება.

თავის დროზე, იოდიზებული მარილი ევროპისთვის (და არა მხოლოდ) ნამდვილ შვებად იქცა, რადგან იოდის დეფიციტის გამო ფარისებრი ჯირკვლის მასიური დაავადება იყო გავრცელებული. ჯირკვალი იოდშემცველ ჰორმონებს გამოიმუშავებს და ადამიანის ორგანიზმის ერთგვარ „ელემენტად“  გვევლინება https://mastsavlebeli.ge/?p=16073 „ელემენტი“ თუ დაიცალა, ადამიანიც ეშვება, მუდმივ დაღლას და უგუნებობას გრძნობს. იოდის ნაკლებობა სახეზეც აისახება. კანი უფრო მშრალი, თვალები შეშუპებული, თმები კი მსხვრევადი ხდება.

ის, რომ ფარისებრი ჯირკვალი პრობლემა იყო, ეს შუა საუკუნეების მხატვრულ ტილოებზეც ჩანს. გნებავთ ალბომები გადაფურცლეთ, გნებავთ ინტერნეტით გადაამოწმეთ, მაგრამ ტილოზე გამოსახული ქალბატონების უმრავლესობას შესიებული ფარისებრი ჯირკვალი-ჰიპოთერიოზი- აღენიშნება.

აი, რამდენიმე მაგალითიც:

ბარტოლომეო ვივარინი- „მადონა და ბავშვი“; https://savevenice.org/our-restorations/church-of-san-giovanni-in-bragora-bartolomeo-vivarini-madonna-and-child-with-saints/

Madonna and Child

ჰანს ჰობეინი- „ადამი და ევა“ https://www.artbible.info/art/large/282.html

არტემიზია ჯენტილესკი -„ივდითი და მისი მოახლე“ https://it.wikipedia.org/wiki/Giuditta_con_la_sua_ancella#/media/File:Gentileschi_judith1.jpg

თუმცა, ეს სტატია მარილის საქებრად არ დაწერილა, ამიტომ იოდის მიღება რაიმე სხვა გზითაც  ხომ უნდა შეიძლებოდეს? მსხალში, ფეიხოსა და ბოლოკში იოდს იპოვით, თუმცა რაოდენობა დიდი არ არის. აი, ზღვის კომბოსტო 100 გრამში დღიური ნორმის 70% იოდს შეიცავს. თევზის 100 გრამში კი ექვსი დღის ნორმას აღმოაჩენთ.

რადგან წერილი მარილის უფრო ხიფათიან  მხარეს შეეხება და წაკითხვის შემდეგ მასთან დამშვიდობებას თუ გადაწყვეტთ, პროცესი ეტაპებად შეიძლება დაიყოს.

პირველი ეტაპი-თავად მარილზე უარის თქმა და ან მისი ძალიან შემცირებაა.

მეორე ეტაპი-უარს ვამბობთ კონსერვირებულ საკვებზე (ბებოს ჩადებულ მწნილზეც კი) და მარილიან ყველზე (სხვათა შორის, 100გრამ ყველზე საშუალოდ 8-10გრამი მარილი მოდის). ან, ძალიან ვამცირებთ მათ მოხმარებას. სალათებისთვის მარილის ნაცვლად ლიმონის წვენს ან ძმარს ვიყენებთ. ამბობენ, უმარილობას ვერ იგრძნობთო.

არსებობს კიდევ ავარიული მესამე ეტაპიც, როცა უარს ვერაფრზე ვამბობთ. ამ შემთხვევაში, ის მაინც უნდა შევძლოთ, რომ მენიუში კალიუმის და მაგნიუმის შემცველი პროდუქტები გავაორმაგოთ. კალიუმი ორგანიზმში ნატრიუმის ანტაგონისტია. მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში, კალიუმის იონი ნატრიუმს გამოაძევებს და სითხესთან ერთად დატოვებს ორგანიზმს. მაგნიუმი მუსკულატურის კარგ შეკუმშვას უწყობს ხელს, მათ შორის გულის და სისხლძარღვების მუსკულატურას. ორივე მათგანს იპოვით ბრინჯში, ქატოში, მოუხალავ მზესუმზირასა და გოგრის თესლსში, სელის თესლში, გარგარში, ნიგოზ-თხილეულობასა და ნუშში.

ამჯერად, აი ასეთი „ფიქრები ხმამაღლა“ გამოვიდა მარილზე. მორალი ერთია, ყველანაირი მარილი მარილია და გადამეტება ვნებს.

და ეს მხოლოდ მარილს არ ეხება. ზედმეტი და გადამეტებული მგონი არაფერი ვარგა, განსაკუთრებით კი ცხოვრებაზე ჰიმალაის მარილისნაირი ვარდისფერი სათვალით ყურება.

ისტორია  ჰიმნებში  და  ჰიმნი  ისტორიაში

0

კაცობრიობა, მსოფლიო საზოგადოება მუდმივ დინამიკაშია; იზრდება, იცვლება, იხვეწება, ახალს ითავისებს, სტერეოტიპებს ებრძვის, დოგმებს ამსხვრევს, ტაბუებს ხსნის, კომპლექსებისაგან თავისუფლდება. განვითარებული საზოგადოების მამოძრავებელ, წამყვან ძალას კი განათლებით და კულტურით გამორჩეული ადამიანები წარმოადგენენ. ასეთი   ადამიანების აზროვნება ეფუძნება თანამედროვე ევროპის ისეთ ფასეულობებს, როგორიცაა, მრავალფეროვნება, მრავალფეროვნების ღირებულებად აღიარება, ცვლილებების, განვითარების კანონზომიერების გაგება და გააზრება, მულტიკულტურალიზმი და  კონცეფციათა  ინტეგრირება   დროსა და სივრცეში.

საქართველოს იდენტიფიცირება ევროპასთან, ქართველი ერის მსოფლიო   კოსმოპოლიტურ   ჭრილში   განხილვა,   ვფიქრობ,    წარმოუდგენელია   სახელმწიფო  ჰიმნის  გარეშე, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჰიმნის ჟანრის სახეობათა შორის. მან განიცადა მოდიფიკაცია როგორც ამა თუ იმ ეპოქის ისტორიულმა დოკუმენტმა და თავისი კვალი დატოვა სხვადასხვა ქვეყნის ისტორიაში.
როგორც   ცნობილია, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჰიმნი – ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის უკანასკნელი ნაწილია. ბეთჰოვენმა ჰიმნი შექმნა ფრიდრიხ შილერის ლირიკული პოემის ,,სიხარულის  ოდის“ მიხედვით. იგი ევროპულ ჰიმნად აღიარებულ იქნა 1972 წელს ევროპის საბჭოს მიერ ჰერბერტ ფონ კარაიანის ოფიციალური საორკესტრო არანჟირებით. ევროკავშირის ენებს შორის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად ჰიმნს ოფიციალური ტექსტი არ აქვს და მაშასადამე, არ იმღერება.

 

ჩვენი    ქვეყნის   სახელმწიფო  ჰიმნი  სახელმწიფო  დროშისა  და  გერბის  გვერდით  სახელმწიფო  ემბლემას წარმოადგენს. „ყველაზე  დიდი  გამოგონება  ქვეყანაზე  ანბანი, ჰიმნი  და  დროშაა, რადგან სამთავე  თავისუფლების  სათავეა“, – წერდა  ნ. დუმბაძე. სახელმწიფო  ჰიმნში  პირველ  რიგში  გაცხადებული  უნდა  იყოს  ერის  მისწრაფებანი. ეროვნული იდეა ეს  არის  მთავარი  კომპონენტი  სახელმწიფო  ჰიმნის  შექმნისათვის. სახელმწიფო  ჰიმნი  თავის  როლს  თამაშობს  ყველა  საზოგადოებაში. სახელმწიფო  ჰიმნის ზოგადი  ნიშან-თვისებებია: მასაზე  ორიენტაცია  და  მისი  მობილიზების  უნარი, სემანტიკურად  ოპტიმისტური, მხნე  ხასიათი. ეროვნული  ღირებულებების  ხაზგასმა, ინტონაციურად  მიმზიდველი  და   ადვილად  დასამახსოვრებელი  მელოდია, სიტყვისა და  მუსიკის  ორგანული  კავშირი, როგორც  ვოკალურ, ისე  ინსტრუმენტულ  ვარიანტში  მისი  შესრულების  შესაძლებლობა.

დღეს  პრაქტიკულად    ყველა  ქვეყანას  მისი  უნიკალური  ეროვნული  იდენტობა  გამოარჩევს. ის  ქოლგას  ჰგავს, რომლის ქვეშაც ქვეყანა  ერთიანი  და  ამაყია. ეროვნული  ჰიმნების ერთადერთი  მიზანია, რომ  მათ საჭიროებისამებრ  გააღვივონ  პატრიოტიზმისა  და  ეროვნულობის  შეგრძნება  მოქალაქეთა  შორის.

დღევანდელ მსოფლიოში არ არსებობს იმაზე მეტად ცნობილი ნაციონალისტური  ჰიმნები, როგორიცაა საფრანგეთის  ჰიმნი ,,La Marseillaise, დიდი ბრიტანეთის ,,Got  Save  the Queen“(,,ღმერთო დაიფარე  დედოფალი“) და ამერიკის შეერთებული შტატების ჰიმნები ,,The Star-Spangled Banner (,,ვარსკვლავებით  მოჭედილი  დროშა“). ისინი პატრიოტული სიმღერებია, რომლებსაც კარგად იცნობენ მთელ მსოფლიოში, როგორც ქვეყნის იდენტობის ნაწილს, რომელიც ამ ქვეყნების დამოუკიდებლობისა და თავისუფლების  სიმბოლოდ  აღიქმება.

საგულისხმოა  ის   ფაქტი,  თუ   როგორი   გზა  განვლო    საქართველოს    ჰიმნებმა   ევროკავშირამდე.  შემთხვევით არ უკავშირდება ჩვენი ინტერესი სახელმწიფო ჰიმნს. XX  საუკუნის  საქართველოს  ისტორია  ამავდროულად  ,,ჰიმნების  ისტორიაცაა“, რომელშიც  სარკესავით  აისახა  ჩვენს  ქვეყანასა  და  მის  კულტურაში  მიმდინარე  უმნიშვნელოვანესი  სოციალურ-პოლიტიკური  მოვლენები და  კატაკლიზმები.

ჰიმნი, საუკეთესო  შემთხვევაში  ერის  უპირველეს  მუსიკალურ  ჰიტად  უნდა  იქცეს, ის  აუცილებლად  მოგვითხრობს  ამბავს. თითოეულ  ამბავს კი გააჩნია  თავისი  მესიჯი, ზოგჯერ  ფარული, რიგ შემთხვევაში  კი  საკმაოდ  აშკარა.

,,ჰიმნის  მიღების  მთავარი  კრიტერიუმებია: რიტმი, მელოდია  და  ჰარმონია, რომლებიც  სავსებით  უნდა შეესაბამებოდეს  ხალხურ   ეროვნულ  სიმეტრიას,  სიტყვები,  ასე  ვთქვათ, თარგმანი  უნდა  იყოს  ჰიმნის მუსიკისა, ხოლო ჰიმნი  უმთავრესად  თავისი  მუსიკით  უნდა  მეტყველებდეს. ჰარმონიის  მხრივ  არ  უნდა  იყოს  აჭრელებული ქრომატული  ნიშნებითა  და რთული  მოდულაციით“, – წერდა დამოუკიდებლობის პერიოდის საქართველოს  ჰიმნის ავტორი კოტე  ფოცხვერაშვილი.

          საქართველოს  დემოკრატიულ  რესპუბლიკას 1918-1921 წლებში  ჰქონდა  საკუთარი  ჰიმნი  – ,,დიდება“, საკუთარი  გერბი  და  დროშა.  ჰიმნი „დიდება“  წარმოადგენს  ტექსტისა  და  მუსიკის  პათოსის  აბსოლუტურ  თანხვედრას. ჰიმნში  სიტყვა  დიდება  შვიდჯერ  მეორდება, ამას  თავისი  სემანტიკური  ახსნა  აქვს. კერძოდ, შვიდი  არის  ჰარმონიულობისა  და  სრულყოფილების სიმბოლო, მუსიკაში  კი  ეს  სრულყოფილება  და  კომპოზიციური  მთლიანობა  განპირობებულია  სიტყვა  ,,დიდების“  აღმავალი  სვლებით. ჰიმნში  აისახა: ძმობის, ერთობის, თავისუფლებისა და სამშობლოს  სიყვარულის  ის იდეალები, რომლებსაც გარკვეული თვალსაზრისით პირველი რესპუბლიკის იდეოლოგია ეფუძნებოდა, ანუ კოტე  ფოცხვერაშვილმა გამოიყენა ის პრინციპი, რომლითაც  1792 წელს  რუჟე  დე  ლილმა  შეთხზა  საფრანგეთის  დიდი ბურჟუაზიული სალაშქრო სიმღერა. მაშასადამე, ჯერ კიდევ საქართველოს პირველი   დამოუკიდებლობის ჰიმნი ერთგვარი რემინისცენცია   იყო  ფრანგული ბურჟუაზიული   რევოლუციის იდეალებისა.

„დემოკრატიული რესპუბლიკის სამწლიანი არსებობა თავისი განცდის  ინსტენსიურობით, უფრო  ძლიერი  იყო, ვიდრე – ჩვენი  მონობის  ასი  წელი“, – ასე  აფასებდა კონსტანტინე  გამსახურდია  საქართველოს  ხანმოკლე, მაგრამ  ბედნიერ ხანას. სრული  უფლება  გვაქვს  ვთქვათ, რომ  დამოუკიდებელი  საქართველოს  ხანმოკლე  არსებობა  და  ის  წლები, რომლებიც  იმ  ხანას  წინ  უძღოდა, არის  ორგანული  ნაწილი  ჩვენი  ეროვნული  კულტურის  ისტორიისა, ნაწილი, ურომლისოდაც  სრულიად  ირღვევა განვითარების ბუნებრივი სურათი. ქართულმა შემოქმედებითმა ინტელიგენციამ   შეძლო  გამოემჟღავნებინა ერის დიდი შემოქმედებითი პოტენციალი, ეჩვენებინა, რომ  ქართველი  ხალხი ღირსია საკუთარი თავი დაიმკვიდროს თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში.  თუმცა დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ საქართველოს რთული და მძიმე გზის  გავლა მოუხდა, იმას, რასაც საფუძველი ჩაეყარა დამოუკიდებლობის დროს, უკვალოდ  არ  ჩაუვლია. სწორედ,  იმ  წლებშია  საძიებელი ფესვები  ბევრი  სასიკეთო  საქმისა, რომელთა  განხორციელება მაინც მოხერხდა მომდევნო ხანაში.

მონოიდეოლოგია გარკვეულწილად აზრის სიკვდილია, მასთან  ბრძოლა  მხოლოდ და მხოლოდ მუდმივი ეჭვითა და განახლებული აზრით შეიძლება. თუ  ავტორიტარული  ცენზურა  ებრძოდა  აზრების  გასაჯაროებას, ტოტალიტარული ცენზურა ახშობდა  ამ  აზრების ფორმულირების შესაძლებლობასაც კი. ოღონდ,  თუ  საზოგადოებრივი  აზრის  შემთხვევაში ეს ზეწოლა ანონიმურია და მის უკან კონკრეტულად არავინ დგას, ტოტალიტარულ სისტემაში ეს ზეწოლა გაპიროვნებულია ბელადისა და მისი სისტემის  ფიგურებით. ამ აზრით, ტოტალიტარული სისტემა იყო მცდელობა და ხშირად  წარმატებული მცდელობაც, პოლიტიკურ ინსტანციას შეეღწია ადამიანის ფსიქიკის  მანამდე არნახულ სიღრმეებში.

 

ახლა დავახასიათოთ საქართველოს  სსრ  სახელმწიფო  ჰიმნი – ტექსტში  მოცემულია  საბჭოთა ბელადის, მათი იდეოლოგიის ქება-დიდება. ეს ჰიმნი საინტერესოა იმ  თვალსაზრისით, რომ ტექსტი ერთგვარად  ხარკს  უხდის  საბჭოთა  იმპერიას  და  კიდევ  ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ტოტალიტარული იდეოლოგია არ იზიარებს  ინდივიდუალური თავისუფლების იდეალებს. მასიურობა, იმპერატიულობა  მიღწეულია  აკორდული ფაქტურის, პუნქტირის ხშირი გამოყენებით, გაორმაგებული აკორდებით, დინამიკური ნიუანსების ხშირი ცვლით. მუსიკალური ენის ჰიპერბოლურობა, რაც  გამოიხატება გუნდისა და ორკესტრის მასიურ ჟღერადობაში, ზუსტად შეესატყვისება  ტექსტში გადმოცემულ ყალბ ოცნებებსა და ქვეყნის ,,ბედნიერ მომავალს“.

 

XX საუკუნის საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ცენზურა და კულტურა. XX საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული ხელოვნება გამოხატვის  განსაკუთრებით რადიკალურ  ფორმებს მიმართავს. ეს  შეეხო მუსიკასაც. ამ დროს ჩვენს  ქვეყანაში საბჭოთა  რეჟიმი  კრძალავდა ან  ებრძოდა  ყველაფერ  პროგრესულს, რაც  ასოცირდებოდა  თანამედროვე  კულტურასთან, ანუ  მოდერნთან.

რაც შეეხება საქართველოს  დამოუკიდებლობის  აღდგენას  1991 წელს, შეიძლება  ვთქვათ, რომ ეს იყო ქართველი ერის სამოცდაათწლიანი ოცნების ასრულების  დასაწყისი, რომელმაც აღიდგინა ის ძველი ატრიბუტიკა, რაც საქართველოს ჰქონდა 1918-1921 წლებში,  შესაბამისად – ჰიმნი  ,,დიდება“.

საქართველოს ამჟამინდელმა ჰიმნმა – ,,თავისუფლება“,  თავის დროზე დიდი  აჟიოტაჟი გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში.

დღევანდელი საქართველოს ჰიმნი ტექსტისა და  მუსიკის  ზუსტ  შინაარსობრივ  სინქრონს  წარმოადგენს. ერთი  მხრივ,  ეს  მიღწეულია ზ. ფალიაშვილის  მუსიკალური  ენის  სისადავითა  და  მოქნილობით,  მეორე  მხრივ,  ქართველი  კლასიკოსი  პოეტების  ნაწყვეტების კომპილაციით. მეტი თვალსაჩინოებისათვის საინტერესოა პარალელის  გავლება ,,დიდებასთან“. ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ჰიმნი ,,დიდების“ პირველივე  ტაქტიდან  იხატებოდა  ქართველი  ერის  სწრაფვა  თავისუფლებისაკენ, ეს  გადმოცემული  იყო  საფეხურებრივი  აღმავალი  სვლებით. ჰიმნში  ,,თავისუფლება“  კი  მოცემულია  უკვე  თვითდაჯერებული, თავისუფლებამოპოვებული  ერის  სულისკვეთება, რომელიც  ხშირი  ოსტინატური ფაქტურით  მიიღწევა. იგი ამგვარი გამომსახველი ხერხებით  უახლოვდება    ევროკავშირის ჰიმნის სამეტყველო ენას.

 

სამივე  ჰიმნის  ანალიზის  საფუძველზე  შეიძლება  დავასკვნათ, რომ  საქართველოს  ორი  დამოუკიდებლობის  პერიოდის  ჰიმნი  გადმოგვცემს  ქართველი  ერის  მუდმივ სწრაფვას ევროპული  ღირებულებისაკენ – თავისუფლებისკენ, რომ  თავისუფლება  ერის  ბუნებრივი  მოცემულობაა. რაც შეეხება  საბჭოთა  პერიოდის  ჰიმნს,   იგი  ილუზორულ  ქვეყანაში  მცხოვრები  ერის  სრული  ილუსტრაციაა.

დაბოლოს, შეიძლება ითქვას, რომ ამ თემის გაშუქებით,   კიდევ   უფრო  საინტერესოდ,  მულტიკულტურული მიდგომით ჩემს გაკვეთილებზე ვისაუბრებ ევროპულ  ფასეულობებსა და ღირებულებებზე. ჰიმნების ისტორია ხომ ევროპასთან ინტეგრირების  ისტორიაცაა. ჰიმნის მიმოხილვით ჩვენ  გავიხსენეთ  საქართველოს  უახლესი  ისტორია, რომელიც ორგანულადაა დაკავშირებული 20-ე საუკუნის საქართველოში  სახელმწიფოებრივი რეჟიმის ცვლილებასთან, სახელმწიფოებრივი ატრიბუტიკის  შეცვლასთან, შესაბამისად,  ჰიმნების  ისტორია  და   ისტორია   ჰიმნებში   წარმოგიდგინეთ ევროპული ჰიმნებისა  და XX საუკუნის საქართველოს  ჰიმნების  მაგალითებზე,  მოცემულ სოციო-კულტურულ და პოლიტიკურ კონტექსტში. აქვე  დავძენ,  რომ  ჰიმნების   ისტორია  და  ისტორია   ჰიმნებში,    როგორც  საგაკვეთილო   რესურსი,    ხელმისაწვდომი   იქნება როგორც ისტორიის, ხელოვნების, ასევე ლიტერატურის საგნის   პედაგოგებისათვის.

 

                        

                                        გამოყენებული  ლიტერატურა:

  1. Eyck, Guntyher F. ,  The Voice of Nations: European National Anthems and their Authors
    Greenwood Press   Westport, Connecticut,   London    1995

 

  1. Kuhn, Hans ,  Defining a Nation in Song: Danish Patriotic songs in songbooks of the period 1832-1870
    A. Reitzels Forlag AS,   Kobenhavn,   1990
  2. Leonard, Hal,  National Anthems From Around the World,   Hal Leonard,     1996
  3. Nettl, Paul ,  National Anthems, (Translated by: Alexander Gode)
     Frederick Ungar Publishing Co.,   New York   1967

 

  1. Svejda, George J.,  History of the Star Spangled Banner From 1814 to the Present
    Division of History: Office of Archeology and Historic Preservation,  1969

 

  1. Grolier Encyclopedia  (CD-Rom) 1996

 

  1. ვახტანგ ბერიძე, კულტურა  და  ხელოვნება  დმოუკიდებელ  საქართვლოში 1918-1921წლები, თბილისი  1992

 

 

 

ბოლო დღე პირველ კლასში

0

პირველი კლასის მასწავლებლობა, სასწავლო მასალის სიმარტივის მიუხედავად, გარკვეულ სიძნელეებს უკავშირდება. სასკოლო გარემოსთან ადაპტირების გარდა, მოსწავლე პირველ დამოუკიდებელ ნაბიჯებს დგამს თვითსწავლისა და თავის მოვლის საწყისი უნარების განვითარების თვალსაზრისით. ამას გარდა, სწორედ სწავლის პირველ წელზეა დამოკიდებული, თუ როგორ განეწყობა მოსწავლე სწავლის მიმართ. აქედან გამომდინარე, პირველ კლასში განსაკუთრებით უნდა იყოს გათვალისწინებული მოსწავლეთა ინტერესები და მოთხოვნილებები.

ჩემი პირველკლასელობა გაჭიმულ ზურგს და წინ დაწყობილ ხელებს, გადღაბნილ მელანს, საშრობიც რომ ვეღარ შველის და არასახარბიელო კალიგრაფიის გამო დაწერილ ,,კუდიანებს“ უკავშირდება. ყველაზე მძაფრად ის მახსოვს, რომ ძალიან მეშინოდა მასწავლებლის განაწყენების და ფანჯარასთან ახლოს ვჯდებოდი, ფიქრით გაქცევის შანსი მაინც რომ გამომეყენებინა. მაშინ თავიდანვე განმსაზღვრელი შეფასება იწერებოდა და პირველი „სამიანი“ და კბილის ამოღება ერთნაირ ტკივილად ჩარჩა ჩემს მეხსიერებას. ჩემი წარუმატებლობის ამსახველი ნიშნების სიუხვის წყალობით თვითშეფასება საგრძნობლად დამიდაბლდა. ისედაც არ მიყვარდა თავის გამოჩენა და, დაფასთან გამოძახებულს, რაც ვიცოდი, ისიც მავიწყდებოდა. პირველ კლასშივე ჩავიქნიე ხელი ჩემი გონებისა და მათემატიკის დამეგობრებაზე და დაუძლეველი შიშების სკივრში თითქმის ოცი წლით გამოვკეტე. მას შემდეგ, რაც სკოლაში დავიწყე მუშაობა და პირველი კლასის კარი შევაღე, შიშების კიდობნიდან რაც შეიძლება მეტი „ არ შემიძლიას“ დახსნას ვცდილობ.

საზეიმო განწყობით ყველაზე მეტად სასწავლო წლის პირველი დღე გამოირჩევა. შემდეგ კი იწყება სამუშაო პროცესი, რომელიც ხშირად რუტინული და მოსაწყენი გვეჩვენება. პირველ კლასში განსაკუთრებით უნდა მოვერიდოთ ერთფეროვნებას, რადგან ახალბედა მოსწავლეს თამაშის/მოძრაობის ფაზიდან სტატიკურ მდგომარეობაში გადასვლა და ყურადღების ერთ მიზანზე დიდხანს მობილიზება განსაკუთრებით უჭირს. ამიტომ, პირველკლასელთა საკლასო ოთახი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მასწავლებელმა მოსწავლეთა მერხებიდან წამოყენება და თამაშით სწავლასთან დაკავშირებული აქტივობების განხორციელება (როლური თამაში, თოჯინების თეატრი, იმიტირებული წარმოდგენები, ფილმის ჩვენება, ინტეგრირებული პროექტები და სხვ.) გაკვეთილზეც შეძლოს.

მოსწავლეებისთვის სასწავლო წლის ბოლო დღე პირველის მსგავსად  მნიშვნელოვანია. თუ სექტემბრის თვე სასკოლო თავგადასავლების დაწყებას უკავშირდება, ივნისი უკვე დამეგობრებული მოსწავლეების რამდენიმე თვით დამშვიდობებას მოასწავებს და არანაკლებ მძაფრ ემოციებს იწვევს მათში. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი სასწავლო წლის ბოლო დღის ისეთივე საზეიმო განწყობით დასრულება, როგორითაც მოსწავლეებს წლის დასაწყისში შევხვდით. ამას გარდა, სასურველია, რომ მოსწავლეებს დავეხმაროთ და დავანახოთ მათ მიერ გავლილი გზის მნიშვნელობა და შედეგი, რომელსაც ამ წლის განმავლობაში მიაღწიეს.

დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებს უჭირთ დამოუკიდებლად საკუთარი საქმიანობისა და მიღწევების შეფასება. აქედან გამომდინარე, აკადემიური უნარების ამაღლების გარდა, ადეკვატური თვითშეფასების გამომუშავებაზეც უნდა ვიზრუნოთ. შემაჯამებელი გაკვეთილები კი რეფლექსიის უნარს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. სწორედ ამ მიზნით, სასწავლო წლის მიწურულს ყველა კლასში დავგეგმე შემაჯამებელი შეხვედრა, მათ შორის, პირველ კლასშიც.

სხვა კლასებისგან განსხვავებით, პირველკლასელებს საინტერესო თავგადასავალი მოვუმზადე. ერთი საგაკვეთილო საათის ფარგლებში, მოსწავლეები ექვსი აქტივობის დახმარებით გამოავლენდნენ ყველა იმ სასწავლო უნარ-ჩვევას, რომელიც წლის განმავლობაში განივითარეს, ფონეტიკური უნარ-ჩვევებით დაწყებული, ინტერპრეტირებული თხრობით დამთავრებული. ამ გზით ისინი გაუცნობიერებლად მოახდენდნენ სკოლაში შეძენილი ცოდნისა და უნარების დემონსტრირებას. იმედი მაქვს, ჩემი პირველკლასელების სკოლაზე მოგონებებში ბევრი ასეთი გაკვეთილი დაიდებს ბინას. ამ წერილშიც პირველი კლასის ქართული ენის ბოლო გაკვეთილს გაგიზიარებთ.

საგაკვეთილო მასალების მომზადებისთვის მუყაოს ყუთები, ფერადი და თეთრი ქაღალდები, მარკერები, ჩხირები, ფერადი ფორმატი, ვიდეომასალა (ქართული მულტფილმები), დამხმარე ტექსტები (ქართული ზღაპრები, გამოცანები, ანდაზები) და სასწავლო მასალასთან დაკავშირებული შეკითხვები დამჭირდა. მულტფილმების ეპიზოდების ჩვენებისთვის კი პროექტორი და ლეპტოპი გამოვიყენე.

ქვემოთ ჩამოთვლილი აქტივობების ორგანიზების ფორმა ჯგუფური გახლდათ, ამიტომაც კლასი ორ ჯგუფად გავყავი და, პირველ რიგში, მოსწავლეებს თამაშის წესები განვუმარტე. შემდეგ ,,თავგადასავლების ბორბალი“ დავატრიალე და გაკვეთილი დაიწყო.

 

„თავგადასავლების ბორბალი“ ექვსი „გაჩერებისგან“ შედგება. თუ ისარი მზის გამოსახულებიან მონაკვეთზე გაჩერდება, მოსწავლეები, ცნობილი ქართული მულტფილმიდან (რომელსაც ამ დავალებისთვის განკუთვნილი კონვერტიდან ამოიღებენ) ნაწყვეტის ნახვის შემდეგ, მთავარი გმირის დახასიათებას შეეცდებიან. შემდეგი გაჩერება „ანბანის ყუთია“ მასში მოთავსებულია ასოების ბარათები. ბავშვებმა უნდა ჩაიფიქრონ სიტყვა, რომელიც იმდენივე ასოსგან შედგება, რამდენი ადამიანისგანაც შედგება ჯგუფი. შემდეგ მოძებნიან საჭირო ასოებს და იმ მიმდევრობით დგებიან, მაყურებელმა არჩეული ბარათების გაერთიანებით ჯგუფის მიერ ჩაფიქრებული სიტყვის ამოკითხვა რომ შეძლოს.

„შავ ყუთში“ გამოცანები, რითმოცანები და რებუსები აწყვია და ჯგუფებს მათი წილი თავსატეხების ამოხსნა ევალებათ. „ბლიცკითხვები“ სასწავლო მასალაზე დაყრდნობით შედგენილ კითხვებს მოიცავს. ამ აქტივობის დახმარებით მოსწავლეები იაქტიურებენ ცოდნას – პასუხობენ ფაქტობრივ კითხვებს, განმარტავენ ლექსიკურ ერთეულებს და აგრძელებენ ფრაზებს შესწავლილი ტექსტებიდან (ლექსებს, ანდაზებს).

„ზღაპრის სამყაროში“ მოხვედრილებს, ზღაპრებისა და პერსონაჟების კონვერტებიდან თითო-თითო ბარათის ამოღება უწევთ. შემდეგ კი, ჩხირების დახმარებით, ჯგუფის ის წევრი წარმოადგენს თავის გუნდს, რომელსაც განსხვავებული (შეიძლება პატარა ვარსკვლავი დავახატოთ, ან ერთი ზომის ჩხირებში ერთი მოკლე შევურიოთ) ჩხირი შეხვდება. ეს მოსწავლე ჯგუფთან ერთად ემზადება გამოსვლისთვის, მათგან იღებს რჩევებს, აზუსტებს ფაქტებს და ა.შ. მოთამაშე იმ პერსონაჟად უნდა გადაიქცეს, ვისი სახელიც მისმა ჯგუფმა კონვერტიდან ამოიღო. ამ აქტივობის დახმარებით მოსწავლე გამოავლენს, როგორც ინტერპრეტირებული თხრობის, ასევე სიტუაციის შესაბამისად ლავირების, კონცენტრირების და პრეზენტირების უნარებს.

„წინადადების ფაზლი“ მოსწავლეების ერთ-ერთი საყვარელი თამაშია. ფაზლების აწყობა მათ ძალიან ახალისებთ და წინადადების სწორად აგებასაც დიდი ხალისით სწავლობენ. ამ აქტივობის გამარტივებული ვერსიაა არეული მარცვლების სიტყვებად დალაგება, რომელსაც სიტყვის აგებულებაზე დაკვირვების დროს აქტიურად ვიყენებ.

ზემოაღნიშნული გაკვეთილის მოდულის შეჯიბრის ფორმატში ჩატარებაც შეიძლება. თითოეული დავალების შესრულებისთვის გარკვეული დრო უნდა დავაწესოთ. ჯგუფებს იმდენი ქულა მივანიჭოთ, რამდენ გამოცანას და რებუსსაც ამოხსნიან. იგივე შეიძლება განმეორდეს სხვა აქტივობების დროსაც. პერსონაჟის დახასიათებისას დასახელებული თვისებების რაოდენობა ქულებად ვაქციოთ, ,,ანბანის ყუთის“ გათამაშება კი სიტყვის სწრაფად გაცოცხლებას დავუკავშიროთ და მეტი ქულა მივანიჭოთ იმ გუნდს, ვინც თავის სიტყვას უფრო მალე ააწყობს. იგივე წესი მოერგება „წინადადების ფაზლს“  და „ბლიც-შეკითხვებსაც“, რაც შეეხება „ზღაპრის სამყაროს“, პერსონაჟთა პირით ამბის თხრობას სიჩქარე არ მოუხდება, აქ თხრობის ხარისხი უნდა შევაფასოთ (შევიდა თუ არა როლში, თანმიმდევრული იყო თუ არა თხრობა და ა.შ.). პირადად მე პირველ კლასში, მოგება-წაგებასთან დაკავშირებული შფოთვის თავიდან აცილების მიზნით, იშვიათად ვმართავ შეჯიბრებებს. თუმცა, თუ მოსწავლეებს მთელი წლის განმავლობაში ყურადღებას მონაწილეობის მნიშვნელოვნებაზე ვუმახვილებთ და კონკურენტუნარიან გარემოში „გადარჩენის“ უნარებსაც მიზანმიმართულად ვუვითარებთ, ზემოაღნიშნული აქტივობები ამ მიზნითაც შეგიძლიათ გამოსცადოთ.

გერმანული სწავლების  თავისებურებები

0

გერმანული სასკოლო განათლების დადებითი მხარეები თვალშისაცემია: ხშირი ზეიმი და და ექსკურსია, ჯინსები და მაისურები ფორმის სანაცვლოდ, კეთილმოწყობილი სათამაშო მოედნები და ველოსიპედები სკოლის ეზოებში, პირსინგიანი მასწავლებლები, რომლებიც არც საშინაო დავალებას ასწორებენ და არც ნიშნებს წერენ დღიურში. თუმცა გერმანული სკოლის წესებსა და პრინციპებს ბევრი მინუსიც აქვს, თანაც, საკმაოდ რთულად ასახსნელი.

ავშვისთვის სახლის პირობებში განათლების მიცემა აკრძალულია – გერმანიაში მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვით ყველა მოსწავლემ განათლება მხოლოდ სკოლაში უნდა მიიღოს. ეს კანონი ყველანაირი ჯანმრთელობის მქონე ბავშვზე ვრცელდება, თუმცა, უმჯობესი იქნებოდა, ადამიანს არჩევნის საშუალება ჰქონოდა და განათლების მიღების შანსი სახლშიც მისცემოდა. მაგალითად, არიან ძალიან მგრძნობიარე ბავშვები, განსაკუთრებული პრობლემების ან სინდრომის მქონენი, რომლებსაც უჭირთ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა და სხვა ადამიანებთან ხშირი კომუნიკაცია. მართალია, ასეთი შემთხვევები იშვიათობაა, მაგრამ მათ არავინ გამორიცხავს და თუ მსგავსი პრობლემები გაქვთ, გერმანიაში ვერ იცხოვრებთ, რადგან თქვენი შვილი საშუალო განათლებას ვერ მიიღებს.

10 წლის ასაკში გადაწყვეტილების მიღება – ბავშვმა 10 წლის ასაკში უნდა გააკეთოს არჩევანი, რომლისთვისაც ის ნამდვილად არ არის მზად. დაწყებითი სკოლის შემდეგ, სადაც ის პირველიდან მეოთხე ან პირველიდან მეექვსე კლასამდე სწავლობს, შუძლია სწავლა გააგრძელოს Hauptschule-ში, Realschule-ში ან გიმნაზიაში.

Hauptschule-ში სუსტი პროგრამაა, Realschule-ში – უფრო ძლიერი. ამ სკოლებში ბავშვებს გარკვეული პროფესიისთვის ამზადებენ. გიმნაზია – არის ყველაზე სერიოზული და ინტენსიური პროგრამის მქონე სასწავლებელი. აქ ჩაბარებისას ადრე გარკვეული ქულა უნდა მოგეგროვებინა. თეორიულად გიმნაზიაში სწავლის გაგრძელება ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია, მაგრამ იმ ატესტატის აღება, რომელსაც ისინი ითხოვენ, მხოლოდ გიმნაზიაშია შესაძლებელი.

 

ერთი მხრივ, ეს ყველაფერი კარგია. ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია გააგრძელოს სწავლა იქ, სადაც შეასწავლიან საგანს, რომელიც მისთვის საინტერესოა. მეორე მხრივ, 10-12 წლის ბავშვმა უკვე უნდა გააკეთოს არჩევანი, რომელიც მის მომავალს გადაწყვეტს. თუ საშუალო სკოლაში ბავშვი არც ისე კარგად სწავლობს და ის Realschule-ში მოხვდება, ძალიან გაუჭირდება ამის შემდეგ გიმნაზიაში ჩაბარება. პროგრამაში განსხვავება კოლოსალურია. გამოდის, რომ უკვე 10 წლის ასაკში ბავშვმა და მშობლებმა უნდა დაგეგმონ მისი ცხოვრება და გადაწყვიტონ, სჭირდება თუ არა მას უმაღლესი განათლება.

 

დაწყებითი კლასები ნიშნების და საშინაო დავალებების გარეშე – გასვლები, კონკურსები, დღესასწაულები, შესვენებები სუფთა ჰაერზე, გაკვეთილებზე ხელგარჯილობა, საშინაო დავალებების თითქმის სრული არქონა. ეს ყველაფერი იმდენად ადუნებს ბავშვებს დაწყებით კლასებში, რომ შემდეგ მას უჭირს სწავლის გაგრძელება. დაწყებით კლასებში ბევრი ბავშვი ვერ ახერხებს დავალებაზე კონცენტრაციას და საშინაო დავალების დამოუკიდებლად შესრულებას. მათ საერთოდ არ უწერენ ქულებს. გიმნაზიაში კი იწყება ლათინურის სწავლება – კვირაში 5-ჯერ, ინგლისური – კვირაში  4-ჯერ, მათემატიკა და გერმანული – ყოველდღე. საშინაო დავალების შესრულებას კი მინიმუმ 2 საათი უნდა. ბავშვები ტირიან და იღლებიან, რადგან სერიოზული სწავლისთვის არავინ მოამზადა.

ფასიანი გახანგრძლივებული კლასები – გახანგრძლივებული კლასის ფასი ოჯახის შემოსავალზეა დამოკიდებული. ყოველდღიურ ორსაათიან გახანგრძლივებულ სწავლებაში საშუალოდ მათ 100 ევროს გადახდა უწევთ. ფასს რომ თავი დავანებოთ, ამ ჯგუფში ადგილის მიღება მარტივი როდია. მშობელმა უნდა წარადგინოს ცნობა განათლების დეპარტამენტში, სადაც დეტალურად განმარტავს, თუ რატომ ესაჭიროება ბავშვს სკოლის შემდეგ დამატებით რამდენიმე საათი სკოლის ყურადღება. თუ დედა დიასახლისია, მაშინ გახანგრძლივებულ ჯგუფში ადგილის მოპოვების შანსი ნულის ტოლია.

სქესობრივი აღზრდა მეოთხე კლასიდან  – ეს დღემდე საკამათო ამბავია. გერმანიის ზოგ სკოლაში მეოთხე კლასიდან ასწავლიან საგანს „გოგოები და ბიჭები“ (ზოგ სკოლაში ამ საგნის სწავლება მეექვსე კლასიდან იწყება, ზოგან კი ამ საკითხებს ბიოლოგიის კურსი მოიცავს). გაკვეთილებზე საუბრობენ სქესობრივ განსხვავებებზე, რა ცვლილებას განიცდის ორგანიზმი, საიდან ჩნდებიან ბავშვები… საგანი, რა თქმა უნდა, საჭირო და სასარგებლოა. როგორც წესი, მშობლები კმაყოფილი არიან იმით, რომ მასწავლებელი მათ შვილებს კორექტულად აუხსნის ყველაფერს. თუმცა მენტალურად განსხვავებული ერების წარმომადგენლები საკმაოდ ღელავენ გერმანელების ღიაობაზე ამ პიკანტურ თემებთან მიმართებაში. მაგალითად, მშობლები ხშირად აპროტესტებენ კურსს, სადაც დიდი აქცენტი კეთდება ოჯახის შემადგენლობის ვარიაციებზე, ერთსქესიან და არასრულ ოჯახებზე.

მასწავლებლის როლი – როგორც წესი, გერმანიაში მასწავლებელს 26-28 საათი აქვს კვირაში, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეში 5-6 გაკვეთილის ჩატარება უწევს. ასეთი დატვირთვით მასწავლებელი ვერ ინტერესდება ყველა ბავშვის პრობლემით. ამიტომ აქ ყველამ იცის, რომ  ბავშვის აღზრდაში ის გადამწყვეტ ან აქტიურ როლს დიდად არ თამაშობს. მშობელთა კრებაზეც უმეტესად საორგანიზაციო საკითხები წყდება. მშობელს სკოლაში მხოლოდ ექსტრემალურ სიტუაციაში იძახებენ. თუ მშობელმა საგნის მასწავლებელთან შეხვედრა მოისურვა, ერთი კვირით ადრე უნდა შეატყობინოს ამის შესახებ.

პროფესიული უკმაყოფილება – გერმანელი მასწავლებლები თავის პროფესიას სტრესულად მიიჩნევენ. მრავალი კვლევა აჩვენებს, რომ ამის ერთ-ერთი წონიანი მიზეზი არა მხოლოდ პროფესიის სპეციფიკური მხარეა, არამედ პროფეორიენტაციური შერჩევის უკმარისობა. ამაში იგულისხმება პრაქტიკული მომზადება, სტუდენტური სტაჟირება, რომელიც პედსასწავლებლებში სწავლებიდან მხოლოდ 3-4 წლის შემდეგ იწყება. საბოლოოდ გამოდის, რომ ახალბედა მასწავლებელი მხოლოდ პრაქტიკაში, სკოლის გარემოში ხვდება, არის თუ არა მასწავლებლობა პროფესია, რომელშიც ის ხანგრძლივი დროის განმავლობაში დარჩება. ახალგაზრდა პედაგოგებს ხშირად აქვთ სკოლაში ადაპტირების პრობლემები. პედაგოგიური კარიერის დასაწყისში კი ბევრს ეპარება ეჭვი, რამდენად სწორია მისი პროფესიული არჩევანი.

კვების პრობლემა – შესვენების დროს, ამინდის მიუხედავად, მოსწავლეებს სკოლის ეზოში გასვლას აიძულებენ. ეს წესია. გერმანულ სკოლაში სპორტის კულტია, მაგრამ რაც შეეხება კვების საკითხს, ის საკმაოდ მოისუსტებს. ყველა სკოლა ამ პრობლემას თავისებურად უმკლავდება: ვიღაც სახლიდან ეზიდება საჭმელს, სადღაც სასკოლო კაფეტერიები მუშაობს, სადაც, ტრადიციულად, უგემური საკვები იყიდება. ბევრ სკოლას არ აქვს კაფეტერია, მოსწავლეებს კი – წახემსების დრო.

დიდი დისტანცია – გერმანელი მოსწავლეები შესანიშნავად მუშაობენ ერთად, შეუძლიათ პრობლემების ერთად გადაწყვეტა, განსაკუთრებით 15 წლის ასაკში. ასეთია 2017 წლის PISA-ის ტესტების მონაცემები, რომლებიც 125 ათასი მოსწავლის გამოკითხვას ეფუძნება, რომელთაგან 1900 გერმანელია. გამოიკვეთა, რომ გერმანიაში კვლავ ფასობს ჯგუფური მუშაობა და მისი უნარები მოზარდებში. მეორე მხრივ, ყოველ მეორე მეცხრეკლასელ მოსწავლეს ურთულდება ჯგუფური მუშაობა. სპეციალისტების გათვლით, გერმანელ ძლიერ და სუსტ მოსწავლეებს შორის ძალიან დიდია დისტანციაა, რაც არც ისე კარგია.

 

  უცნობი ფაქტები გეოგრაფიული აღმოჩენების ისტორიიდან

0

ალბათ  ბევრისთვის  ცნობილია გეოგრაფიული აღმოჩენებისა და იმ  მოგზაურების შესახებ, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს  ჩვენი პლანეტის შეცნობისა და გამოკვლევის საქმეში.  მათ შესახებ ბევრი რამე დაწერილა და ბევრი რამაა ცნობილი, მაგრამ არსებობს ზოგიერთი საინტერესო ფაქტი, რომელთა შესახებ ბევრმა არ იცის. დღეს შევეცდები რამდენიმე ასეთი ფაქტის შესახებ მოგიყვეთ.

1492 წელს ესპანელები ქრისტეფორე  კოლუმბის მეთაურობით ამერიკის ერთ-ერთ კუნძულზე გადმოვიდნენ და მას იოანე ნათლისმცემელის პატივსაცემად სან-ხუანი უწოდეს. მალევე კუნძულის ადმინისტრაციული ცენტრი  ქ. პუერტო-რიკო („მდიდარი პორტი“) გახდა, მაგრამ შემდგომში კარტოგრაფებს შეეშალათ, კუნძულისა და ქალაქის სახელები ერთმანეთში აურიეს და რუკაზეც შეცდომით დაიტანეს. ამიტომაც  დღეს  კარიბის ზღვის ამ  კუნძულოვან სახელმწიფოს  პუერტო-რიკო ჰქვია, ხოლო მის დედაქალაქს – სან-ხუანი.

1502 წელს უცნობ კუნძულზე გადმოსულმა კოლუმბის ექსპედიციამ ყურადღება მიაქცია ადგილობრივ ინდიელებს, რომლებიც ოქროს სამკაულებით იყვნენ მორთულ-მოკაზმული. მათ იფიქრეს, რომ ამ ადგილებში ოქროს საბადოები უნდა ყოფილიყო და ამიტომაც ესპანელებმა თავის აღმოჩენილ მიწას კოსტა-რიკა დაარქვეს, რაც  „მდიდარ  ნაპირს“ ნიშნავს.  სინამდვილეში კი  ეს ტერიტორია ძალიან ღარიბია სასარგებლო წიაღისეულით და მით უმეტეს, ოქროთი.

ესპანელ კონკისტადორებს უკავშირდება  ვენესუელას სახელიც.  როდესაც ისინი  სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთით მდებარე მარაკაიბოს ტბას მიადგნენ, მათ იქ ინდიელების მიერ  აგებული ერთმანეთთან ხიდებით დაკავშირებული ქოხები იხილეს. იტალიელ ამერიგო ვესპუჩის, რომელიც თან ახლდა ესპანელებს, ამ სახლებმა მის სამშობლოში მდებარე ქალაქი ვენეცია გაახსენა და  ამ დასახლებას „პატარა ვენეცია“ უწოდა, რაც იტალიურად გამოითქმის, როგორც ვენესუელა. დღეს ვენესუელა სამხრეთ ამერიკის  სახელმწიფოა.

როცა ჩრდილოეთ ამერიკის ერთ-ერთმა  მკვლევარმა ადგილობრივ ინდიელებს ჰკითხა, თუ  რა გზით უნდა წასულიყვნენ, მათ მიმართულება მხოლოდ ერთი  სიტყვით  – „კანადა“ –  აუხსნეს, რაც თარგმანში „სოფელს“ ნიშნავდა. მოგვიანებით სხვა მკვლევრები და მოგზაურები  სიტყვა „კანადის“ ქვეშ  ამ სოფლის გარშემო არსებულ რეგიონს მოიაზრებდნენ. 1867 წლიდან კი კანადა უკვე მთელი ქვეყანა იყო, რომელიც იმ დროისთვის ბრიტანეთის სამფლობელოს წარმოადგენდა ჩრდილოეთ ამერიკაში.

მე-16 საუკუნეში ჰოლანდიელთა ექსპედიცია, რომელსაც ცნობილი მოგზაური და ზღვაოსანი ვილემ ბარენცი მეთაურობდა, ორჯერ ცდილობდა ჩრდილოეთ პოლარულ რეგიონში მდებარე კარის ზღვაში გასვლას იუგორის სფეროს  სრუტის გავლით. ექსპედიციამ მიზანს ვერ მიაღწია, რადგან სრუტე ყინულებით იყო ჩახერგილი. მაშინ ბარენცმა გადაწყვიტა საოცნებო კარის ზღვაში მოსახვედრად კ. ახალი მიწისთვის ჩრდილოეთიდან შემოევლო.  მოგზაურის მესამე მცდელობა, მიუხედავად დიდი ტანჯვა-წამებისა, წარმატებით დასრულდა.  ექსპედიციამ კ. ახალი მიწის დასავლეთ სანაპიროს შემოუარა და 1596 წლის 19 აგვისტოს  ბოლოს და ბოლოს  მიაღწია ადგილს, სადაც კუნძულის სანაპირო ხაზი მკვეთრად უხვევდა აღმოსავლეთ მიმართულებით. ამ სასურველ წერტილს, რომლისკენაც იმ დროის ბევრი პოლარული ექსპედიცია მიილტვოდა, ბარენცმა სურვილების კონცხი უწოდა.

ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილში, აფრიკასა და სამხრეთ ამერიკას შორის,  მდებარეობს  ვუკლანური წარმოშობის დაუსახლებელი კუნძული ამაღლება. იგი პირველად 1501 წელს პორტუგალიელმა ჟუან და ნოვამ აღმოაჩინა, მაგრამ მისი არანაირი აღწერა მას არ გაუკეთებია. 1503 წელს ამაღლების დღეს კუნძული ხელმეორედ აღმოაჩინა მეზღვაურმა ალფონსო დე ალბუკერკემ, რომელმაც მას იმ დღის პატივსაცემად ამაღლება დაარქვა და რომელსაც ის დღემდე ატარებს. კუნძულის სიმშრალისა და უნაყოფობის გამო, ის ნაკლებად აინტერესებდათ  ოსტინდური გემების მეზღვაურებს. 1815 წელს ინგლისელებმა ეს კუნძული  მიისაკუთრეს  და სამხედრო გარნიზონი დააარსეს,  მაგრამ სახელმწიფო ხაზინაში მათ შესანახად საკმარისი თანხა არ აღმოჩნდა. მაშინ აქაურმა  მცხოვრებლებმა კუნძულს სახელი გადაარქვეს და  „მისი უდიდებულესობის გემი ამაღლება, რომელიც რეიდზე დგას“ უწოდეს, ხოლო  გარნიზონის მცხოვრებლებმა თავი მატროსებად გამოაცხადეს. რადგან  ფლოტის შესანახ თანხებს ინგლისი არასდროს იშურებდა,  კუნძულის შესანახი  ფულიც მაშინვე გამოინახა.  კუნძული ამაღლება დღესაც  ბრიტანეთის ზღვის გადაღმა ტერიტორიების შემადგენლობაშია, ხოლო კუნძულის მოსახლეობა, სულ 710 კაცი –  სამხედროები არიან.

ფრანგი  ორელი-ანტუან დე  ტუნანი, რომელიც მე-19 საუკუნეში ცხოვრობდა, ბავშვობიდან  ოცნებობდა თავგადასავლებსა და შორეულ ქვეყნებში მოგზაურობაზე.  უფრო მეტიც,  მას  რომელიმე ასეთი ქვეყნის მეფობაც კი სურდა. ტუნანმა განათლების მიღების შემდეგ საფრანგეთის ერთ-ერთ პროვინციულ ქალაქში ადვოკატად დაიწყო მუშაობა, თუმცა უარი არ უთქვამს თავის ოცნებაზე და გულმოდგინედ ემზადებოდა გეგმების განსახორციელებლად. სპონსორების მოძებნის შემდეგ დე ტუნანი ორ მეგობართან ერთად სამხრეთ ამერიკაში გაემგზავრა და  იმ ტერიტორიებს მიადგა, სადაც  ინდიელი ტომები არაუკანები ცხოვრობდნენ.  ფორმალურად ეს ტერიტორიები ჩილეს საკუთრება იყო, მაგრამ ინდიელები  არ ნებდებოდნენ და  გამალებით ებრძოდნენ კოლონიზატორებს. ფრანგმა ავანტიურისტმა თავისი მჭერმეტყველებით გავლენა იქონია ინდიელებზე და ისინი ახალი სახელმწიფოს – არაუკანიის შექმნაზე დაიყოლია, რომელიც მდინარე ბიო-ბიოს სამხრეთით მდებარეობდა.  დე ტუნანმა ამ ახლად „გამომცხვარი“  ქვეყნის მეფედ გამოაცხადა თავი, მის მართვას შეუდგა  ანტუან I-ის სახელით და ომიც კი გამოუცხადა ჩილეს. საბოლოო ჯამში  ომში არაუკანელები დამარცხდნენ,  ხოლო ანტუან I, ანუ იგივე დე ტუნანი დააპატიმრეს და უკან  საფრანგეთში გაამგზავრეს.

1966 წელს ბრიტანეთის არმიის გადამდგარმა მაიორმა ჰედი როი ბეითსმა სიმბოლურად დაიკავა და დაეუფლა მიტოვებულ სამხედრო პლატფორმას  რაფს-ტაუერს, რომელიც ჩრდილოეთის ზღვაში  ბრიტანეთის ტერიტორიული წყლების საზღვრებს გარეთ მდებარეობდა და რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს იყო აგებული. 1967 წელს ბეითსმა  ახალი სუვერენული სახელმწიფოს  სილენდის სამთავროს შექმნის შესახებ განცხადება გააკეთა, ხოლო საკუთარი თავი ამ ქვეყნის მთავრად როე  I-ად გამოაცხადა.

ორი წლის შემდეგ ბრიტანეთის ხელისუფლება პლატფორმის დაკავებას შეეცადა, მაგრამ როცა  პლატფორმასთან საპატრულო კატარღები მიცურდნენ სილენდის მთავრის ოჯახმა გამაფრთხილებელი გასროლით უპასუხა. სისხლისღვრამდე საქმე არ მივიდა, მაგრამ როის, როგორც ბრიტანეთის მოქალაქის, წინააღმდეგ დაიწყო სასამართლო პროცესი. 1968 წლის 2 სექტემბერს ბრიტანეთის სასამართლომ გამოიტანა ისტორიული გადაწყვეტილება: მან აღიარა, რომ ეს საქმე არ განეკუთვნებოდა ბრიტანეთის იურისდიქციას. ამჟამად სილენდს აქვს თავისი დროშა, გერბი, კონსტიტუცია, ფული, საფოსტო მარკა, მაგრამ ჯერ კიდევ არაა აღიარებული არცერთი ქვეყნის მიერ, როგორც სუვერენული სახელმწიფო. პრინცი როი ბეითსის გარდაცვალების შემდეგ  სილენდის მთავრის ადგილი მისმა შვილმა მიშელ ბეითსმა დაიკავა, რომელიც მამის დაწყებულ საქმეს ერთგულად აგრძელებს.

 

ტექტსტი, როგორც გრძნობა – დეკოდირების ენობრივი ასპექტი

0

შეგრძნებების ჩანგლით

მე გავტეხავ რეალობის ნაჭუჭს
და ათქვეფილი, უმი ფანტაზია,
თვალსა და ხელს შუა
მეხსიერების ერბოკვერცხად შეიწვება“

/მამუკა ლეკიაშვილი/

ნებისმიერი ტექსტი, იქნება ეს აბზაცი, წინადადება თუ მხოლოდ სიტყვა, ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც მკითხველთან ურთიერთობით ცოცხლობს და ჩვენს შეხებას ისევე გრძნობს, როგორც ცოცხალი სხეული. უცვლელად ობიექტური მდგომარეობის მიუხედავად, ტექსტს გააჩნია ყოველ ჯერზე სხვადასხვაგვარად გარდაქმნის ჯადოსნური ძალა, რომლითაც მკითხველის ცნობიერებაში განსხვავებული მნიშვნელობებით ყალიბდება ხოლმე და განსხვავებულ აღქმას, შეგრძნებებსა თუ ემოციებს იწვევს. ეს განსხვავებულობა დეკოდირებით, ტექსტის გაშიფვრის უნარით განისაზღვრება.

დეკოდირებისას  გრაფემების და ფონემების სწრაფი კომბინირებისა და გონებაში არსებული ნიმუშების (მარცვლების, სიტყვების) შეცნობის გზით წერილობითი ტექსტი მეტყველებად გარდაიქმნება. ამ გზით იგი იქცევა პირობით სიმბოლოთა თანამიმდევრობად, რომელიც გარკვეულ აზრს შეიცავს თავისი თემით, შინაარსით, დანიშნულებით, ჟანრით, სტრუქტურით, ლექსიკით, სტილით, ფორმატით და ასე შემდეგ. ასე ტექსტი თავისი კონტექსტებითა და ქვეტექსტებით მკითხველის ტრანსაქტორად გვევლინება და მას ყოველ ჯერზე განუმეორებელ გამოცდილებას სთავაზობს.

ამგვარი ტრანსაქცია, როგორც „ინტერაქცია“ ჯონ დიუიმ  და არტურ ბენტლიმ დაუკავშირეს კარტეზიანულ ან ნიუტონისეულ ფილოსოფიურ დუალიზმს – პარადიგმას, რომელიც ადამიანურ არსებობასა და ბუნებას ცალკეულ ორგანიზმებად განიხილავს. სტიმულ-რეაქციის, სუბიექტ-ობიექტის, ინდივიდუალურ-სოციალური დუალიზმის თეორიები  ხსნის გზას  შემეცნებისათვის, მსგავსი ურთიერთობები მნიშვნელოვან ადგილს იჭერს სოციალურ თუ კულტურულ კონტექსტებში და აზროვნების ახალ, ენობრივ ტრანსაქციულ მოდუსებს განაპირობებს.  ამდენად, ურთიერთობის ამ ტრანსაქციაში უპირველესი როლი მკითხველის ენობრივ მზაობას, კომპეტენციას ენიჭება.

ტრანსაქციის ცნება ენობრივი აქტივობების გაგების პროცესში ზოგადად თანამონაწილეობს, ხოლო კითხვისა და წერის პროცესში – სპეციფიკურად. ტრადიციულად, ენა განიხილება, როგორც  კოდის მატარებელი სისტემა, პირობითი წესებისა და შეკავშირების ადგილად,   მოსაუბრის ან მოკალმის მოსახერხებელ ხელსაწყოდ ან მსმენლისა და მკითხველის აზრების ანაბეჭდად.  აზროვნების ეს გზა ისე ღრმა და ორგანულია, რომ ის აგრძელებს ფუნქციონირებას უხმოდ ან მკაფიოდ უმეტეს წიგნიერების თეორიებსა და რიტორიკაში[1].

 

ენის როლი

ლუიზ როზენბლატის წიგნმა „ლიტერატურა, როგორც გამოძიება“ (Literature as Exploration) (1938), ერთგვარად შეცვალა კითხვის პროცესებისადმი დამოკიდებულება და კითხვის სწავლების პრაქტიკული ასპექტები. მასში ვკითხულობთ: „ერთი და იგივე ტექსტი სხვადასხვა ინდივიდისთვის განსხვავებულ მნიშვნელობას ატარებს, ვინაიდან წაკითხულის მნიშვნელობა მკითხველის უნიკალურ წინარე ენობრივ ცოდნაზე, შეხედულებაზე, ღირებულებებსა და მსოფლმხედველობაზე, მეტიც, ‘აქ’ და ‘ახლა’ არსებულ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე დაყრდნობით კონსტრუირდება.“

როგორც წესი, ენა იმდენად რთულ მოვლენად განისაზღვრება, მეცნიერებს უჭირთ მისი ძირითადი საზღვრების ზუსტი დადგენა, რაც იმთავითვე მოითხოვს ენის ძირითადი ფუნქციების გარკვევას და ენის გამიჯვნას არაენობრივი მოვლენებისაგან. ერთ-ერთ პრიმარულ ფუნციად ექსპრესიული (ლათ. expressio ‘გამოვხატავ’), გამომხატველობითი ფუნქცია მოიაზრება, რადგან ადამიანი მხოლოდ ენის საშუალებით გამოხატავს საკუთარ აზრებს და უკვე გამოხატული ენის საშუალებით იგებს სხვის აზრებს. ენის მეორეული ფუნქცია კომუნიკაციაა. სიახლე არაა ის ფაქტი, რომ ადამიანები ბგერით  თუ არაბგერით (კინეტიკურ ან ნიშანთა) ენასთან ერთად იყენებენ გრაფიკულ ენას და, რომ თანამედროვე ადამიანი წარმოუდგენელია დამწერლობის გარეშე, ამ გზით კი დაგროვილი ცოდნა თაობიდან თაობებს გადაეცემა. ხოლო ის გზა, რომლის საშუალებითაც ენა აზრებს ცნებებად გამოსახავს, მის მესამეულ, საარტიკულაციო (ლათ. articilatio ’ვანაწევრებ’) ფუნქციად განიხილება.

ინფორმაციის გადაცემის პროცესი, როგორც ერთიანი საკომუნიკაციო აქტი, სინამდვილეში ორი, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი პროცედურისაგან შედგება: speech production მეტყველე­ბის წარმოქმნა (ანუ ინფორმაციის ენობრივი კოდირება) და speech perception მეტყველების პერცეფცია (ანუ კოდირებული ინფორმაციის ენობრივი დეკოდირება). როგორც პირველი, ისე მეორე პროცედურა ენის, როგორც სისტემის ფარგლებში ხორციელდება იმ განსხვავებით, რომ ერთ შემთხვევაში საქმე გვაქვს მეტყველების სინთეზთან, მეორე შემთხვევაში კი – ანალიზთან.

ტექსტთან, როგორც საგანთა სამყაროსთან, მოცემულობასთან, ობიექტად ქცეულ სინამდვილესთან მიმართებას ადამიანი აღქმის საშუალებით ამყარებს. იგი შეიცავს გარკვეულ ინფორმაციას, რომელიც მოქმედებს შეგრძნებათა ორგანოებზე. აღქმის პროცესში ფიზიკური ინფორმაცა გადაიქცევა ნერვულ იმპულსებად, ე. ი. ფიზიოლოგიურ ინფორმაციად, რომელიც აღწევს ცენტრალურ ნერვულ სისტემამდე, სადაც იგი უკვე ფსიქიკურ ინფორმაციად გარდაიქმნება. აღქმის შედეგად ჩვენს ცნობიერებაში ჩნდება ანაბეჭდი წარმოდგენის ანუ საგნის ხატის სახით, რომლებიც, ძირითადად, ფსიქიკური ანაბეჭდებია და ქმნიან რთულ სისტემას.  წარმოდგენა კი მენტალური მოვლენაა, საგნის მენტალური სურათია და მისი აღქმა გრძნობათა ორგანოების მეშვეობით შეუძლებელია. თუმცა იგი იკონურია, საგანს ან მოვლენას ჰგავს განსხვავებით ცნებისაგან, რომელიც  არ არის იკონური და აზრია საგნისა ან მოვლების შესახებ. თუმცა ენაში მოქმედებს არა იკონურობის, არამედ პირობითობის პრინციპი, რადგანაც სიტყვა გამოხატავს არა წარმოგდენას, არამედ – ცნებას, რომელიც აზრია საგნის ან მოვლენის შესახებ. შესაბამისად, კომუნიკაციის პროცესში შესაძლებელი ხდება წარმოდგენების ცნებებად გარდაქმნა – აზროვნების დანაწევრება. არტიკულაციის (დანაწევრების) ეს პროცესი ხორციელდება ბგერის საშუალებით, რადგან წარმოდგენა ცნებად გარდაიქმნება მხოლოდ ბგერასთან კავშირში და მის გარეშე. დანაწევრებული ბგერა ადამიანს საშუალებას აძლევს ბგერათა სასრული რაოდენობით გამოხატოს ცნებათა უსასრულო რაოდენობა. ენის როლი აზროვნების წარმოქმნის საქმეში განუზომელია, რადგან აზროვნების ყველაზე პროდუქტიული საფეხური – კონცეპტუალური აზროვნება – მხოლოდ ენის პროდუქტია, ენის საშუალებით წარმოიქმნება. ამრიგად, მოლაპარეკე სუბიექტი მეტყველების პროცესში ფსიქიკურ და ფიზიოლოგიურ სტრუქტურებს (წარმოდგენებს და დაუნაწევრებელ ბგერებს) გარდაქმნის ლინგვისტურ სტრუქტურად. აზროვნების ცნებებად დანაწევრების წესები გრაფიკულ ენებს ბგერითი ენებისგან აქვს ნასესხები.

ფერდინანდ დე სოსიურის დიქოტომიური მოდელისაგან (ენობრივი ნიშანი = აღმნიშვნელს + აღსანიშნი) განსხვავებით,  ამერიკული სემოიოტიკის ფუძემდებელმა, ჩარლს სანდერს პირსმა, შემოგვთავაზა სამგამზომილებიან/სამსახა ფორმულირება, რომელიც უფრო ახლოა გარემოში ადამიანის არსებობის ტრანსაქციური აზრისა. „ნიშანი, – წერს პირსი, ერთნაირად მიემართება როგორც საგანს, ასე აზრს. ნიშანი უკავშირდება თავის ობიექტს მხოლოდ მენტალური ასოციაციის შედეგად და დამოკიდებულია ჩვევაზე (1933, 360). მას შემდეგ, რაც პირსმა აშკარად არ ისურვა,  გამყარება თვალსაზრისისა, რომ „აზრი“ ცალკე არსებული მოცემულობაა, მან ფაქტობრივად დაადგინა მიმართება ნიშანს, ობიექტსა და ინტერპრეტანტს შორის (1935, 347). ეს ტრიადული მოდელი განსაზღვრავს ენობრივ პროცესებს, რომლებიც მონაწილეობს მეტყველების, მოსმენის, წერის და კითხვითი მსოფლაღქმის ინდივიდუალურ  ტრანაქტებში, რომელიც ითავითვე გულისხმობს ცალკეულ გარემოსთან ტრანსაქციასაც.

ენაში სიტყვის სრული აზრის გადმოსაცემად შემოიტანეს აისბერგისებრი ხატი  [Bates 1979, 66]. წვერო  მნიშვნელობის ზოგად ასპექტს ასახავს, ხოლო დაფარული ძირი საკუთრივ მნიშვნელობებს. ენობრივი აქტივობა ვარაუდობს კინესთეტიკურ, კოგნიტურ, აფექტურ, ასოციაციურ მარტიცებს, რომელიც ჩნდება ან ილექება ჩვენს ცნობიერებაში და დამოკიდებულია ჩვენი ყურადღების ფოკუსზე. ენობრივი რესერვუარი არ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც ვერბალური ნიშნები, რომლებიც სტატიკურად მიმართულია მნიშვნელობისაკენ. ფერდინანდ დე სოსიურისეული ენობრივი ნიშნის ორი მხარე – აღმნიშვნელი (საგნის ბგერითი სუბსტანცია, აკუსტიკური ხატი) და აღსანიშნი (საგნის თვისების ამსახველი ცნება)  ღირებულებას იძენს კონკრეტულ  დროში და განისაზღვრება გარემოებით.  შესაბამისად, ნებისმიერი ენობრივი ამბავი, მოვლენა თუ აქტი შეპირობებულია, განმცდელია ინდივიდის ფიზიკური ან ემოციური მგომარეობით, მაგალითად, დაღლით ან სტრესით. სწორედ ამ ფაქტორთა გარიგება/ტრანსაქცია აისახება კიდეც ყურადღების და, შესაბამისად, მთელი პროცესის ხარისხზე.

 

შერჩევითი ყურადღება

ამერიკელი ფსიქოლოგისა და ფილოსოფოსი, უილიამ ჯემსი (William James) მიიჩნევს, რომ ჩვენ მუდმივად ვართ ჩართული „არჩევით აქტივობებში“, რომლებიც მან სახელდო, როგორც „შერჩევითი ყურადღება“  (1890, 1:284[2]). ცნობიერების ნაკადი თუ ცნოებიერების  ველი „ყურადღებას გაძლიერებით ან შეფერხებით“ თავად აწარმოებს შერჩევის პროცესს (1: 288) და ამ ქმედებას ხშირად უწოდებენ „ფენომენთა კოქტეილს“. ადამიანებით გადაჭედილ ოთახში, სადაც  სხვადასხვა თემებზე აქტიურად საუბრობენ, ჩვენი ყურადღების ფოკუსს ერთჯერადად ერთ თემას მივაპყრობთ, დანარჩენი კი ფონად რჩება. სწორედ ასევე შეგვიძლია მივაპყროთ ჩვენი ყურადღება ამ ველის უფრო ფართო ან ვიწრო არეალს.  შერჩევითი ყურადღების გათვალისწინებით ტრანსაქციური კონცეფცია არ მოგვცემს შეცდომის დაშვების უფლებას, როგორც მექანიკურ არჩევანს ფიქსირებულ ობიექტთა მასივში და არა როგორც ცნობიერების შინაარსის არეალებსა თუ ასპექტებში.

ამგვარად, ენობრივი ქმედება გულისხმობს რა ურთიერთდაკავშირებულ კინესთეტიკურ, კოგნიტურ, აფექტურ ასოციაციურ მატრიცებს, რომლებიც შემოდის ცნობიერებაში და გადადის   უკანა პლანზე ან ითრგუნება, დამოკიდებულია იმაზე, თუ სად შეჩერდა ყურადღება. ლინგვისტური/ენობრივი რესერვუარი უნდა განვიხილოთ არა როგორც სტატიკურად მნიშვნელობებთან დაკავშირებული გარემომცველი სიტყვითი ნიშნები, დაახლოებით ისე, როგორც ბეჭდვისას მანქანა ირჩევს ფიქსირებულ ასო-ნიშანს, არამედ როგორც პოტენციური ტრიადული სიმბოლიზაციების ნალექით სავსე ავზი. ნიშნის, აღმნიშვნელისა და ორგანული მოცემულობის ამგვარი კავშირი ჩანს, რომ გახდება აქტიური სიმბოლიზაცია, ფუნქცია შერჩევითი ყურადღების ფუნქციებისა, რომლებზეც გავლენას ახდენს დროის გარკვეული მონაკვეთი თუ გარემოებები. მაშასადამე, ნებისმიერი ენობრივი პროცესი განპირობებულია ინდივიდის ფიზიკური ან ემოციური მდგომარეობით, მაგ., გადაღლითა ან სტრესით. ყურადღება შეიძლება გაკონტროლდეს ან გაიფანტოს, იყოს ინტენსიური ან ზედაპირული. სწორედ ამგვარი ფაქტორები შემოდის ტრანსაქციაში და განაპირობებს ენობრივი პროცესების ხარისხს.

რადგან ,,ყველაფერი, რაზედაც ვფიქრობთ, წარსულს შეიცავს”, მეტიც, ,,ყოველგვარი ფიქრი ნიშანს წარმოადგენს” – თუკი ჩარლზ  პირსს საშუალებას აძლევს ამტკიცოს, რომ ,,ადამიანი ნიშანია”, ტექსტის და მასში ადამიანის, როგორც ნიშნის ამოკითხვა აქ სამყაროს, როგორც ტექსტის უნივერსალურ კონტექსტში ხდება, შინაგანი ხედვა სწორედ ამ უნივერსალურ კონტექსტზეა მიპყრობილი, ერთობასა და ერთიანობაზეა ორიენტირებული, ეხება აწმყოს, წარსულსაც და მომავალსაც. ამდენად ყველაფერი, რაც ადამიანმა იცის სამყაროს ობიექტების შესახებ, რასაც გრძნობს მათთან ურთიერთობისას, ის, რასაც ობიექტის ფორმა ჩააგონებს და ისიც, რა საშუალებითაც მას შეიმეცნებს – ადამიანობის ნიშანი და ადამიანის ინტერპრეტანტაა. ხსოვნა თვით ენაშია აკუმულირებული და როგორც აზროვნების, ისე ადამიანობის ნიშანს წარმოადგენს.

ენა პირველადია, როგორც უშუალო, სპონტანური და თავისუფალი; მეორეულია, რამდენადაც შემმეცნებელი, მოქმედი და ძალის მქონეა; და მესამეულია, რამდენადაც გახსენების, ჩვეულების, სინთეზის, კომუნიკაციის, რეპრეზენტაციის, სემიოზისის პროცესებს აწესრიგებს და მეორეს პირველთან არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ შინაგანადაც აკავშირებს დროსა და სივრცეში.

დასკვნის მაგიერ

„…ეს ის ლექსია,

წაკითხვისანავე რომ გავიწყდება

და სათაურიც არ გაჰყვება მეხსიერებას.

თავშესაფარია უადგილოდ დარჩენილი ყველა სიტყვის.

აქ ყველა სიტყვაა, რომელიც ვიპოვე და დავკარგე.

ეს უსიტყვებო ლექსია…

პირველხარისხოვანი სათქმელი

მეორეხარისხოვანი აზრებით დაიმტვერა

და სტრიქონებს შორის ჩაიმალა.

ფეხს თუ წამოჰკრავთ,

ნუ დამიბრუნებთ –

ისინი ადრესატებთან მიდიან“.

 (ნატო ონგოროყვა, უსიტყვოდ)

 

 

 

[1] Louise M. Rosenblatt, WRITING AND READING: THE TRANSACTIONAL THEORY, New York University

1988.

[2] James, W. (1890). The principles of psychology (2 vols.). New York: Henry Holt.

ბურთების მსოფლიო

0

მოკლედ, რაც თავი მახსოვს – ანუ თავი ტელეეკრანისკენ მიბრუნებული – საფეხბურთო ჩემპიონატისას ერთი შეხედვით სხვა არც არაფერი ხდება. არადა, გამოგიტყდებით – მსოფლიო ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს – პრეზიდენტები და შეყვარებულები ერთმანეთს ხვდებიან. იგივე შეიძლება ითქვას ამ შეხვედრებს მოყოლებულ ტერორისტულ და სხვა რიგის უფრო ინტიმურ აქტებზე – ანუ სამყარო ისევ დუღს, მაგრამ სხვა ქვაბში. მართალია, ფეხბურთი იმ დროს, რომელზეც უნდა გიამბოთ, ასეთი მასშტაბური საქმე არ იყო და ირგვლივ გველეშაპობამოწყურებული ფაშისტურ-კომუნისტური ჭიები დაძვრებოდნენ, მაგრამ მუნდიალი მაინც მეც ნელთბილ არქივში ჩავყვინთე და 1930 წლის ივლისის საბჭოურ-ქართული პრესა გადავშალე.

მაშ ასე: ერთ დიდებულ დღესაც ფიფა-ს მაშინდელმა პრეზიდენტმა ჟიულ რიმემ ოლიმპიური თამაშებისგან დამოუკიდებელი ღონისძიების გამართვა განიზრახა და აჰა, 1930 წლის 12 ივლისს ურუგვაიში მსოფლიოს პირველი საფეხბურთო ჩემპიონატიც გაიხსნა – არც ამ და არც მომდევნო მუნდიალებზე, ვიდრე 1958 წლამდე, საბჭოთა კავშირის ნაკრებს პრინციპული მიზეზების გამო მონაწილეობა არ მიუღია. შესაბამისად, ქართულ კომუნისტურ პრესასაც საზღვარგაღმა საფეხბურთო თემაზე პირში წყალი ჰქონდა ჩაგუბებული. ხოლო 12 ივლისის უმთავრესი მოვლენა, ბუნებრივია, საკავშირო კომპარტიის XVI ყრილობა გახლდათ, გამომსვლელი იაკოვლევი კი კარგ სპორტულ ფორმას ინარჩუნებდა – „მიწათმოქმედებაში მსხვილი სოფლის მეურნეობის შექმნის ამერიკულ გზას” აკრიტიკებდა. ოკეანის გაღმელებს მილიონი ახალი ტრაქტორი შეეყვანათ სათესებზე. მომხსენებელი მიუთითებდა: „კაპიტალისტური ქვეყნების სოფლის მეურნეობაში გაშლილი ტექნიკური რევოლუციის სიმბოლოს წარმოადგენს მძიმე ტრაქტორის მიერ გაქელილი ფერმერი”, (ხმები – „მართალია”. ტაში).

ამ დროის მანძილზე თბილისის აღმასკომმა ორმილიონ-ნახევარი მანეთი გადადო ქალაქის კეთილმოწყობისთვის, ხოლო ავტომობილი №504 სამხედრო ქუჩაზე ვინმე გიორგი თომას ძე ზუბაევს დაეჯახა და მსუბუქად დააშავა (ეს ცნობა ცალკე და მუქი შრიფტითაა გამოყოფილი). იმ პერიოდის „კომუნისტის” თითქმის ყოველ ნომერში გადააწყდებით განცხადებას საბუღალტრო კურსებზე, სადაც ლამაზსა და სწრაფ წერას ასწავლიდნენ. ასევე ნახავთ მუშათა გახალისებისთვის დაწერილ ერთსტროფიან ლექსებს (მაგალითად: სტალინის თვალი ტრიალებს, ძალა მან მოგვცა ჩვენაო, ქალი, კაცი და პატარა, მასზე ვიმღერით ყველაო), ავიაქიმიის საბრძოლო სექციის წარმომადგენელთა შეჯიბრების შედეგებს სიმღერაში და რას აღარა.

სადღაც ბურთი გორავს, არასაფეხბურთო მსოფლიოში კი დიდი ცვლილებები მზადდება. ჩვენთან წერენ: ინდოეთის ბურჟუაზია ეძიებს ინგლისელ იმპერიალისტებთან შერიგების გზებს, იქაური მეფისნაცვალი ლორდი ირვინიც ამ აზრზეა. ვარშავა მზადაა შეუერთდეს ბრაიანის იდეას ევროპის ფედერაციის შექმნაზე, ფინელი ფაშისტი კოსოლო მოითხოვს კომუნისტთა განადგურების დადგენილების სასწრაფოდ ამოქმედებას. საბჭოთა კავშირის საკონსულოს ციციკარში მზაკვრულად ხუნხუზები (მანჯურიასა და ჩრდილოეთ ჩინეთში მოქმედი შეიარაღებული ბანდები) დაესხნენ თავს და გაძარცვეს. ციციკარის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის ადგილას მიემგზავრება დიდი ჯარი ბანდიტების დასაჭერად. საბჭოთა მთავრობა კმაყოფილია. ამერიკაში კი ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს – ბამბისა და გაზოლონის ფასებმა აიწია. საბჭოთა მთავრობა ალბათ ამითაც კმაყოფილია. განდისთან მოლაპარაკებები იწყება. გმობენ ჩერჩილს, რომელმაც განაცხადა: ინდოეთისთვის დომინიონის უფლების მინიჭება შეუძლებელია მიმდინარე საუკუნის განმავლობაშიც კიო. ამასობაში კი პანევროპულ გეგმას რამდენიმე სახელმწიფო უერთდება, ოღონდ შვედეთი ერთა ლიგის ფორმატის შენარჩუნების მომხრეა. გერმანელი ფაშისტები სოციალ-ფაშისტებთან კავშირს ლამობენ.

ამ პერიოდის პრესაში უსათუოდ თვალში მოგხვდებათ რუბრიკა „სილოსი – ყურადღების ცენტრში”. 20 ივლისიდან სულაც სილოსის საკავშირო კვირეული ცხადდება. სილოსი – სპეციალური ნაგებობაა საქონლის წვნიანი, დამჟავებული საკვების დასამზადებლად, კოშკს მიაგავს. ასეთი კოშკები, გაგვიკვირდებათ და, ამერიკული სტანდარტის მიხედვით ააგეს, თუმცა, იქვე სამამულო საჭრელი მანქანა „ინტერნაციონალიც” მიაყოლეს. სილოსის კოშკურა ახალი კერპივით აღიმართა. მომდევნო უმთავრესი შიდათემა რიონჰესია – „განახლებულ საქართველოში აფეთქებული მეორე გული”. ლევან მეტრეველის სტატიები ამ სადგურის მშენებლობას ეძღვნება (დღევანდელი სტანდარტით სვეტებს დაარქმევთ) და ასეთი სათაურები აქვს: „მდევურ შებრძოლებათა სურათი”, „ქვესკნელის კვნესა”, „ზურმუხტის კასრი”.

სპორტი, ძირითადად, მსროლელთა ბრიგადების ამბებს განიხილავს. კულტურაში ცხელა და ოპერის ბაღში საზაფხულო კინოჩვენებები იმართება. მაგალითად, „განსაკუთრებული გმირული ეპოპეა” – ს. ტიმშჩენკოს „მკვდრების შეთქმულება”. აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ ფილმების ჩამონათვალს, „რომელთა ჩვენება სასურველად არის ცნობილი მოსავლის კრეფის, პურის დამზადებისა და შემოდგომის თესვის კამპანიების ჩატარების დროს”.

ასეა, ჰინდერბერგმა რაიხსტაგი დაითხოვა, გერმანიამ პანევროპულ გეგმას პანღური ამოჰკრა, ამერიკაში კრიზისი ღრმავდება, საბჭოთა კავშირში მეცხვარეობა ვითარდება, ურუგვაი კი საკუთარ მოედანზე, მონტევიდეოში, ფეხბურთში პირველი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს იგებს. ფინალში არგენტინა მარცხდება. ხოლო ამ დღეს „სპორტისა და ფიზკულტურის” განყოფილებაში მხოლოდ ერთი ცნობაა: „ფეხბურთში გამარჯვებული გამოვიდა კომუნალურ მუშათა ჯგუფი, რომელმაც მოუგო რკინის გზის მუშათა გუნდს – 1:0”.

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...