ოთხშაბათი, ივნისი 3, 2026
3 ივნისი, ოთხშაბათი, 2026

თამაში, როგორც განვითარების საშუალება

0

თანამედროვე სასკოლო სწავლებამ უნდა განსაზღვროს მოსწავლეთა შემეცნებითი ინტერესები, განავითაროს მათი შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს მათი შემოქმედებითი უნარის განვითარებას. დღევანდელ დღეს თანამედროვე ფსიქოლოგიურ და პედაგოგიურ მეცნიერებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა განათლების სისტემაში ახალი მიდგომების ძიებას, ეფექტურ საგანმანათლებლო ტექნოლოგიებს და შემოქმედებითი უნარის განვითარებას, ბავშვობიდან თვითრეალიზაციასა და თვითგანვითარებას.

მოსწავლის შემოქმედებითი შესაძლებლობების ფორმირებისთვის მუსიკის სწავლებას მნიშვნელოვანი როლი უკავია. ის  წარმოადგენს მხატვრული კულტურის განუყოფელ ნაწილს. მუსიკას  აქვს  დიდი პოტენციალი  მოსწავლეებში სულიერი და კულტურული ფასეულობების ჩამოყალიბებისა.

    სკოლა ხელს უწყობს ბავშვის მუსიკალური ინტერესებისა და შესაძლებლობების ჩამოყალიბებას, მათ განვითარებას, მათი შემოქმედებითი შესაძლებლობების ფორმირებას. მეტად  მნიშვნელოვანია  სასკოლო დაწესებულებების მუშაობის სისტემის გაუმჯობესება ბავშვთა მუსიკალურ და შემოქმედებით განათლებაში. მისი გადაწყვეტა შესაძლებელია სწავლის აქტიური ფორმების, თამაშის მეთოდების, ინტეგრირებული გაკვეთილების, როგორც მუსიკალური და პედაგოგიური პროცესების რაციონალური მშენებლობის ფორმების გამოყენებით. ეს ხელს უწყობს მოსწავლეების ჩართულობის ამაღლებას საგაკვეთილო პროცესში. ასეთი მიდგომა ეფექტურად გადაჭრის საგანმანათლებლო ამოცანებს, რომელთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თითოეული ბავშვის პიროვნებისა და  შემოქმედებითი პოტენციალის განვითარება.

თამაში გასართობ საქმიანობად გამოიყურება, მაგრამ სინამდვილეში იგი  მოითხოვს მოთამაშის მაქსიმალურ ენერგიას, გონებას, მოთმინებასა და დამოუკიდებლობას.

თამაშში ბავშვის შესაძლებლობები ზოგჯერ მოულოდნელად გამოვლინდება. ამიტომ გამოცდილი პედაგოგები სწავლებისას ხშირად იყენებენ თამაშს.

ინტერაქტიული სწავლების ტექნოლოგია, კერძოდ, თამაში საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზების ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეების  შემოქმედებით  განვითარებას, წარმოსახვას, ფანტაზიას.

სწავლის პროცესში ბავშვის აქტიურობა იყო და რჩება დიდაქტიკის ერთ-ერთ მთავარ პრინციპად. ეს კონცეფცია გულისხმობს საქმიანობის მაღალ ხარისხს, მოტივაციის ამაღლებას, ცოდნისა და სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარებას.

სიტყვა “ტექნოლოგია” პედაგოგიური მეცნიერების ლექსიკონში მაშინ შევიდა, როდესაც სპეციალისტებმა ყურადღება გაამახვილეს ხელოვნების როლზე ბავშვის განვითარების საქმეში. ამავდროულად, ამ სიტყვას, რომელიც საბერძნებიდან დამკვიდრდა, უფრო უნივერსალური მნიშვნელობა ჰქონდა. “ტექნოსი” – ხელოვნება, უნარი, “ლოგოსი” – სწავლება. ტექნოლოგიების საშუალებით მოსწავლეების საქმიანობა ინტენსიურად აქტიურდება, ზოგიერთ ტექნოლოგიაში ეს მექანიზმები ძირითად იდეას და შედეგების ეფექტურობის საფუძველს ქმნის. ასეთ ტექნოლოგიებს შეიძლება მივაკუთვნოთ სათამაშო ტექნოლოგიები. სათამაშო ტექნოლოგია საგანმანათლებლო ტექნოლოგიების განუყოფელი ნაწილია.

თამაშს აქვს დიდი საგანმანათლებლო ღირებულება, რადგან ის მჭიდროდ უკავშირდება სწავლას. დიდ ადგილს იკავებს ფიზიკური, მორალური, შრომისა და ესთეტიკური განათლების სისტემაში. თამაშის დროს, ბავშვები სწავლობენ საკუთარი ცოდნისა და უნარების პრაქტიკაში გამოყენებას. ეს არის დამოუკიდებელი აქტივობა, რომელშიც ბავშვები თანატოლებთან კომუნიკაციაში შედიან. ისინი გაერთიანებულნი არიან საერთო მიზნით, ერთობლივი ძალისხმევით, რათა მიაღწიონ საერთო გამოცდილებას. თამაშით სწავლება ტოვებს დიდ კვალს ბავშვის გონებაში და ხელს უწყობს დადებითი  გრძნობების ჩამოყალიბებას, კეთილშობილურ  მისწრაფებებს, კოლექტიური ცხოვრების უნარს.

თამაშის ტექნოლოგია მიზნად ისახავს, მოსწავლეებს შეასწავლოს საკუთარი ქცევა, საკუთარი დამოუკიდებელი საქმიანობის ჩამოყალიბება და მისი შედეგების გააზრება. თამაშის შემოქმედებითი ხასიათი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ბავშვი ბაძავს სხვას. ამავე დროს ის ავლენს თავის დამოკიდებულებას, გამოხატავდეს საკუთარ აზრებსა და გრძნობებს. ეს ქმნის  თამაშს, მაგრამ ბავშვი არ არის მსახიობი. ის თამაშობს თავისთვის და არა აუდიტორიისთვის, ის როლს არ სწავლობს, არამედ ქმნის მას თამაშის დროს. როდესაც ბავშვი შედის როლში მისი გონება იწყებს მუშაობას, მისი გრძნობები ღრმავდება, ის ნამდვილად განიცდის მოვლენებს.

ინტერესი, რომელიც წარმოიშვა თამაშით სწავლებისას, განათლებაში შემთხვევითი არ არის. მასწავლებლებმა და ფსიქოლოგებმა თამაშში ძლიერი  პოტენციალი დაინახეს და მრავალი წლის განმავლობაში საქმიანობაში წარმატებით იყენებენ მათ. ამერიკაში  დაფუძნდა თამაშით სწავლა, საფრანგეთში არის   თეატრალური თამაში, ისრაელში  მასწავლებელს საერთოდ ვერ წარმოუდგენია ბავშვებთან მუშაობა სათამაშო ტექნოლოგიების გარეშე. ეს მონაცემები გვაძლევს შესაძლებლობას, ვისაუბროთ, რომ თამაშის ტექნოლოგია საინტერესოა პედაგოგებისთვის.

  თამაში საშუალებას იძლევა,  საგაკვეთილო პროცესი  გახადოს  საინტერესო და მომხიბლავი.

ის მას მატებს დადებით ემოციურ ფერადოვნებას, მონოტონური ერთფეროვნებისგან განსხვავებით. მისი მოქმედების ემოციურობა ააქტიურებს ბავშვის ყველა ფსიქიკურ პროცესს. თამაშის დადებითი მხარეა ის, რომ ხელს უწყობს ცოდნის გამოყენებას ახალ სიტუაციაში, ანუ, მოსწავლის მიერ შესწავლილი მასალა გადადის ერთგვარ პრაქტიკაში, ხელს უწყობს მრავალფეროვნებას  და ზრდის ინტერესს სწავლის პროცესში.

თამაშით სწავლებისას ჩვენ ვასწავლით ბავშვებს არა ისე, როგორც მასწავლებლისთვის არის  მოსახერხებელი საგანმანათლებლო მასალა, არამედ, რამდენად არის ბავშვისთვის  მოსახერხებელი და ბუნებრივი. თამაში ბავშვებისათვის, უპირველეს ყოვლისა, გასართობი საქმიანობაა. თამაშში  ყველა თანაბარია. უფრო მეტიც, თამაშის  დროს  სუსტი მოსწავლე შეიძლება გახდეს პირველი: მოხერხებულობა, წარმოსახვა და ფანტაზია აქ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საგნის ცოდნა. თანასწორობის გრძნობა, ენთუზიაზმი და სასიხარულო  ატმოსფერო, დავალების დაძლევის განცდა – ეს ყველაფერი შესაძლებელს ხდის, ბავშვებმა დაძლიონ სიმორცხვე, ყოველივე ამის შედეგია ჩართულობისა და მოტივაციის ზრდა. ბავშვები თამაშით ითვისებენ მასალას, ამავე დროს უჩნდებათ კმაყოფილების გრძნობა. კონფუცი წერდა: “მასწავლებელი და მოსწავლე ერთად იზრდებიან”. თამაშის სწავლის ფორმები მასწავლებლისა და მოსწავლეების ზრდისა და განვითარების საშუალებას იძლევა.

მუსიკის გაკვეთილის თითოეულმა ელემენტმა მოსწავლე უნდა დააინტერესოს. მუსიკას აქვს საკუთარი ენა. სიტყვები ხშირად უძლურია, სადაც მუსიკა “საუბრობს”. მას შეუძლია ადამიანთა გრძნობებზე, აზრებზე, განწყობაზე, ემოციური გამოცდილებაზე ზემოქმედება. შეუძლია შორეულ წარსულში დაგაბრუნოს ან მომავალში გამოგზაუროს. მუსიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადამიანის სულიერ სრულყოფაზე, შეუძლია შეცვალოს ადამიანისა და კაცობრიობის მსოფლმხედველობა.

ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, თუ რა როლს ასრულებს მუსიკა პიროვნების აღზრდასა და ჩამოყალიბებაში. შეგვიძლია გავიხსენოთ ძველი საბერძნეთი, სადაც მუსიკა რიტორიკისა და ლოგიკის გვერდით იდგა და სულის განწმენდის საშუალებად მიიჩნეოდა. ფსიქოლოგების გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მუსიკის შესწავლა დადებით შედეგს იძლევა მათემატიკური შესაძლებლობების განვითარებისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში, ჰორიზონტების გაფართოება, მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბება, საკუთარი  აზრის ჩამოყალიბების უნარი – ეს თვისებები ღირს იმად, რომ შევისწავლოთ მუსიკა.

მუსიკის თითოეული გაკვეთილის ეფექტურობის გაზრდა, პირველ რიგში, ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოსწავლეებისთვის შევქმნათ განსაკუთრებული გარემო, ნათელი ემოციური ფერები. გაკვეთილი – არ არის ზღაპარი? ასეთ გაკვეთილებზე არ ოცნებობენ ბავშვები, როდესაც სკოლაში მოდიან? მოსწავლეები გრძნობენ იმედგაცრუებას, როცა ყველა გაკვეთილი ,,ერთნაირია”. სად ცხოვრობს ზღაპარი? ზღაპარი ცხოვრობს თამაშში.

სასწავლო პროცესი გვაძლევს თამაშის  საშუალებას:

– ჩვენ უნდა შევქმენათ ხელსაყრელი ატმოსფერო საკლასო ოთახში;

– გავზარდოთ მოსწავლეების  ინტელექტუალური და ემოციური საქმიანობა;

– განვავითაროთ სხვადასხვა შესაძლებლობა.

   თამაშს და ხელოვნებას საერთო ფესვები აქვს. ამაზე პლატონის დროიდან საუბრობდნენ ფილოსოფოსები, ფსიქოლოგები, პედაგოგები და მხატვრები. უდიდესი ფილოსოფოსები კანტი და შილერი თამაშს ხელოვნებად, ესთეტიკურ საქმიანობად მიიჩნევენ. ფსიქოლოგები ა. ვიგოტსკი და დ. უზნაძე თამაშს ბავშვის მხატვრულ შემოქმედებად და ესთეტიკური კულტურის ფორმირების მექანიზმად მიიჩნევდნენ. თამაში არის არაფორმალური საქმიანობის ფორმა, რომელიც  შეიძლება  გადაიქცეს მხატვრულ საქმიანობად  და გავლენა იქონიოს ბავშვის  განვითარებაზე.

დაწყებით  კლასებში მუსიკის გაკვეთილზე თითქმის ნებისმიერ დიდაქტიკურ მეთოდს შეიძლება მივცეთ თამაშის ხასიათი.

თამაშის წესები არასოდეს არღვევს ბავშვის შემოქმედებით თავისუფლებას, რომელიც გამოიხატება იმპროვიზაციაში, შეჯიბრში, ფანტაზიაში და ა.შ. შეუძლებელია ბავშვს აიძულო თამაში.

აქედან გამომდინარე, ძალზე მნიშვნელოვანია ბავშვების წასახალისებლად შევქმნათ ზღაპარი, სათამაშო ატმოსფერო, გამოცანები, თავგადასავლები, საიდუმლოებები, ჯადოსნური გარემო. ეს ყველაფერი ეხმარება მასწავლებელს, მაღალ დონეზე ჩაატაროს მუსიკის გაკვეთილი. ამ გაკვეთილის შემდეგ მოსწავლეები მოუთმენლად ელიან მუსიკასთან მომავალ შეხვედრას. ასეთი გაკვეთილი მოითხოვს მასწავლებლისგან მსახიობობას, ინტონაციურ-სამეტყველო, პლასტიკურ, მიმიკურ გამომსახველობას.

ტრადიციული გაგებით თამაში წინასწარ დაგეგმილი პროცესია და სამოქმედო როლების  გადანაწილებული  ქმედებაა. სიმღერის შესრულება – ნიშნავს სიმღერის გათამაშებას. ე.წ. სიმღერის თამაშის სცენარი ბავშვებისთვის უცნობია, ამიტომ ისინი საკუთარ როლს ირჩევენ და პოულობენ იმ გამომსახველ საშუალებებს, რომელიც მათი აზრით აუცილებელია გარდაქმნისათვის. მასწავლებელი, ბავშვებთან ერთად, ქმნის და ასრულებს თავის როლს. სიმღერის გათამაშება  -ნიშნავს ზეპირი ხალხური ხელოვნების ნიმუშების აჟღერებას, გულიდან გულისთვის გადაცემას და ამიტომაცაა, რომ  ფოლკლორმა ჩვენამდე მოაღწია.

მუსიკის გაკვეთილზე  ძალიან პოპულარულია ზღაპრების ელემენტები. ზღაპარი  ყველაზე საყვარელი ჟანრია ბავშვებისთვის. ის ააქტიურებს სწავლისა და შემეცნებით საქმიანობას, ეხმარება მოსწავლეს, მარტივად გააცნობიეროს მუსიკის ნიმუშები. სასწავლო პრაქტიკაში სულ უფრო ხშირად გამოიყენება მუსიკალური-დიდაქტიკური თამაშები.

სპეციალურად შექმნილი თამაშების საშუალებით უნდა გადავწყვიტოთ ისეთი საკითხები, როგორიცაა სპეციალური განვითარება და ზოგიერთ შემთხვევაში, მუსიკალური შესაძლებლობები. სპეციალური მუსიკალური შესაძლებლობები მოიცავს – მუსიკალურ რიტმს, სმენას, მუსიკალურ მეხსიერებას, შემოქმედებასა და საშემსრულებლო ხელოვნებას. არსებობს ბევრი თამაში, რომლებიც ხელს შეუწყობს რიტმის, მუსიკალური მეხსიერების განვითარებას. ასევე, თამაშები, რომლებიც ავითარებს დიატონურ-ტემბრულ სმენას; რომლებიც ეხმარება მუსიკალური ნაწარმოებების ფორმის დადგენაში; თამაშები ვოკალური და საგუნდო უნარების განვითარებისთვის; თამაშები, რომლებიც ხელს უწყობენ რიტმულად მოძრაობას სიმღერაში.

დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებს აინტერესებს ის თამაშები, რომლებიც, მათი აზრით, იძლევა ჩაფიქრების საშუალებას; შესაძლებლობების განვითარების საშუალებას შეჯიბრის, რებუსებისა და კროსვორდების   გზით.

მუსიკალური თამაშების მიზანია ინტელექტის, მეხსიერების, მუსიკალური სმენის, ხმის,  შემოქმედებითი საქმიანობის, რიტმის გრძნობის განვითარება, ჰორიზონტების გაფართოება. თამაშის ფენომენი გულისხმობს გართობით სწავლისა და შემოქმედების განვითარებას.

მუსიკალურ შემოქმედებაში წამყვანი როლს ასრულებს აზროვნების, აბსტრაქტული და კონკრეტული, ლოგიკისა და ინტუიციის, შემოქმედებითი წარმოსახვის, გადაწყვეტილების მიღების სინთეზი.

მუსიკის გაკვეთილზე ბავშვთა შემოქმედება წარმოადგენს შემეცნებითი ძიების მუსიკალურ პრაქტიკას. მოსწავლეების შემოქმედება ძვირფასია, რადგან  თავად აღმოაჩენენ რაიმე ახალს, მანამდე მათთვის უცნობი მუსიკის სამყაროში.

შემოქმედებითობა, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში  შეიძლება გამოვლინდეს:

  • იმ მარტივი მოტივების შესრულებისას, რომლებიც ხშირად წარმოიქმნება უნებლიეთ;
  • შემოთავაზებული ტექსტის მელოდიის შექმნისას;
  • მუსიკის ექსპრესიულ მოძრაობებში, სხვადასხვა ნაწარმოების განწყობის გადმოცემისას;
  • მუსიკის მოსმენისას რიტმული თანხლების შექმნისას;
  • მოსმენილი ნაწარმოების შეფასებისას;
  • სიმღერების ინტერპრეტაციის ელემენტების შესრულებისას.

 

მე ვისაუბრებ იმაზე, რასაც ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე:

 

  • სიმღერის შესწავლისას  ვიყენებ თამაშის მეთოდს.

   ეს არის სხვადასხვა სავარჯიშოები, ხმის მიმსგავსება, სიტყვების სავარჯიშოები და რითმ-დეკლამაცია. თამაში მეტყველებისა და სასიმღერო  სუნთქვის განვითარებისთვის,  თამაში ხმის  განვითარებისთვის, ინტონაციური თამაშები და სავარჯიშოები, თამაშით წარმოდგენილი სიმღერები. “ჯაჭვური” სიმღერა – თითქოს სხვა ადამიანს გადასცემ რაღაცას,  იმპროვიზაცია. ბავშვები ქმნიან საკუთარ ვარიანტებს, რომელთაგან საუკეთესოს მთელი კლასი ისწავლის.

  • ვოკალური თამაშებირიტმდეკლამაცია.

   რიტმ-დეკლამაცია არის ტექსტის ან ლექსების ზუსტი გამოთქმა მოცემულ რითმში. რითმ-დეკლამაციის მიზანია მუსიკალური, პოეტური, სიტყვის გრძნობის, წარმოსახვის განვითარება.  ყველა სიტყვა, ყველა მარცვალი, ბგერა წარმოითქმება გააზრებულად. იგივე ტექსტი შეიძლება იყოს ფერადოვანი სხვადასხვა ემოციით, რადგან დამოკიდებულება ერთი და იმავე პერსონაჟის ან მოვლენის მიმართ შეიძლება შეიცვალოს სხვადასხვა გზით. მუსიკას და სიტყვას ერთი ფუძე აქვს – ინტონაცია, აქედან გამომდინარე სიტყვიერი გამოსახულება და მუსიკა განუყოფელია. რაც უფრო ღრმად გაიაზრებენ ბავშვები ტექსტურ გამოსახულებას, მით უფრო  გასაგები იქნება ის მათთვის  და შემდეგ შეძლებენ,  გამოხატონ  მუსიკალური ნააზრევი. რიტმ-დეკლამაციას  შეიძლება თან ახლდეს რიტმული თანხლება (მარაკასები, სამკუთხედი, ზარები, ჯოხები, და ა.შ.), დასარტყამი ინსტრუმენტები. მელოდიის ჟღერადობას შეიძლება თან ახლდეს სხვადასხვა მოძრაობები, რაც ხელს უწყობს ტემპის, დინამიკისა და მეტყველების რიტმის შეგრძნებას. რიტმ-დეკლამაციის გამოყენება ხელს უწყობს ხმის ჟღერადობის ბუნებრივ ფორმირებას, სიტყვისა და სასიმღერო  სუნთქვის გამომუშავებას, მკაფიო დიქციას და სხვადასხვა ხასიათის, მუსიკალური მასალის გამომსახველ საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებას.

  • მუსიკალურდიდაქტიკური თამაში

  ეს არის თამაში მზა წესებით. როგორც წესი, მოსწავლემ უნდა შეძლოს მუსიკალური ტექსტის გააზრება, ამოცნობა და რაც მთავარია –  საგნის ცოდნა. რაც უფრო ოსტატურადაა შედგენილი დიდაქტიკური თამაში, მით უფრო ოსტატურად იმალება დიდაქტიკური მიზანი. ბავშვი ადრეული ასაკიდან გრძნობს მუსიკას სხეულის მოძრაობით. პლასტიკური მოძრაობა საშუალებას იძლევა გამოიხატოს აღქმა მუსიკის მიმართ. პლასტიური ინტონირება არის მუსიკის გაკვეთილების თამაშით სწავლის ერთ-ერთი მეთოდი. ეს არის მუსიკის შემეცნება ჟესტით, მოძრაობით, მუსიკის აღქმის პროცესის გარდასახვა  პასიური სამუშაო ფორმიდან  (მოსმენა)  აქტიურ ფორმაში.

 ამასთანავე, რიგი პრობლემების  მოგვარებულია:

  • ფსიქოლოგიური: “მუსიკა არის ჩემი ნაწილი, მე ვარ მუსიკის ნაწილი”. ხდება ახალი გრძნობების გააქტიურება, რაც ხელს უწყობს ენთუზიაზმს, შემოქმედებითობას.
  • სასწავლო: ეხმარება ვიზუალურად აჩვენოს კომპლექსური მუსიკალური ცნებები, მოსმენის პროცესის ჩაშლის გარეშე. აქ შეიძლება მოიყვანოთ  დირიჟორის მაგალითი – ადამიანი, რომელიც არ უკრავს ინსტრუმენტზე, მაგრამ ამავე დროს ,,უკრავს“ ისეთი მრავალრიცხოვანი   ინსტრუმენტებით, როგორიცაა ორკესტრი. ასე რომ, არის რაღაც დირიჟორის ჟესტში ისეთი, რომელიც გვაძლევს შევიგრძნოთ მუსიკის ინტონაციური აზრი.
  • განსაკუთრებით საინტერესო მეთოდიასარკე“.

“ჩემი ხელები არის სარკე, რომლებიც ასახავს მუსიკას”. ჩემი ხელით მუსიკის შესახებ ვიწყებ თხრობას ისე, რომ არ ვიყენებ სიტყვებს, არ ვლაპარაკობ. ბავშვები იწყებენ ჩემს შემდეგ გამეორებას და ყველა სიამოვნებით გრძნობს მუსიკას ჟესტების ენით.

  • პლასტიკურ ინტონირებასთან ახლოსაა თამაშის მეთოდი მუსიკალური ჩანახატი, რომელიც ასევე ავითარებს შემოქმედებით ფანტაზიას, იმპროვიზაციის უნარს. ბავშვები წარმოიდგენენ, რომ არიან მხატვრები, ხელში უჭირავთ ფუნჯი და უბრალოდ ფუნჯით  ჰაერში ,,ხატავენ“ სურათს, შესაბამისი მუსიკალური ნაწარმოების მოსმენის ფონზე.
  • თამაშის მეთოდიინსტრუმენტული მუსიკა

   ეს არის შემოქმედებითი პროცესი მუსიკის აღქმის გზით, მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი ინსტრუმენტების საშუალებით. მუსიკალური საქმიანობის ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს ინსტრუმენტული მუზიცირება, რომელიც დაკავშირებულია ვოკალურ და საგუნდო საქმიანობასთან, იმპროვიზაციასთან და მუსიკის მოსმენასთან.

მუსიკის ხასიათიდან გამომდინარე, ბავშვები თავად ირჩევენ  ინსტრუმენტებს. მათ განსაკუთრებით მოსწონთ ქართული ხალხური სიმღერები, სადაც  შესაძლებელია დასარტყამი მუსიკალური ინსტრუმენტების გამოყენება – დოლი, დიპლიპიტო, დაირა, ჯოხები, მარაკასები.  მუსიკალური ინსტრუმენტების დაკვრისას, ბავშვები ამოიცნობენ ნაწარმოების  ხასიათს,   განწყობას, ჟანრის თავისებურებებს.

  • ინტელექტუალური თამაშები

“ბედნიერი შემთხვევა”,  “რა? სად როდის?”, ,,გამოიცანით მელოდია”, “საკუთარი თამაში”, “მუსიკალური ინსტრუმენტების სამყაროში” – ეს თამაშები აფართოებს წარმოდგენას მუსიკალური საკრავების, მათი ხმოვანების, ჟანრების, სხვადასხვა ეპოქის მუსიკალურ მიმართულებების და ა.შ. შესახებ. მოსწავლეები იღებენ გამოცდილებას ჯგუფურ მუშაობაში. მათ უვითარდებათ წარმოსახვა და შემეცნებითი უნარი. ასეთი თამაშები გამოიყენება სხვადასხვა ქვეყნის კულტურის შესწავლისას, კომპოზიტორების შემოქმედების გაცნობისას ან ძირითადი მუსიკალური საკითხების შესწავლისას.

  როლური თამაშები ასევე ავითარებს მოსწავლეების  შემეცნებით და შემოქმედებითი აზროვნებას.

პოპულარულია – “მე ვარ კომპოზიტორი”, “მე ვარ  გამომგონებელი”, ,,მე ვარ ფსიქოლოგი“. თითქმის ყველა ბავშვი თვლის, რომ მას ყველა ადამიანის ხასიათის ამოცნობა შეუძლია. აქედან გამომდინარე, “ფსიქოლოგს” გადაცემული აქვს მუსიკალური ნაწარმოების გმირის სიტყვიერი პორტრეტი. შეიძლება სხვა ვარიანტიც – რომელიმე კომპოზიტორის რამდენიმე ნაწარმოების მოსმენის შემდეგ ისაუბრონ იმ კომპოზიტორზე, რომელიც არასდროს უნახავთ, არ იცნობენ, მაგრამ მან მათ დაუტოვა ,,ხმოვანი წერილი“ საკუთარ თავზე და იმ პერიოდზე, რომელშიც მოღვაწეობდა.

  დავასახელებ რამდენიმე თამაშს, რომლებიც ავითარებს ბავშვის აზროვნებას და შემოქმედებით შესაძლებლობებს –  “იპოვეთ გამოტოვებული სიტყვა” და, პირიქით, “იპოვეთ ზედმეტი სიტყვა”. ამ  დავალებებს ბავშვები ასრულებენ როგორც  ზეპირად, ასევე  წერილობით.

  • ლოგიკური ჯაჭვებიდაასოციაციური ქსელები

  ამ თამაშებს ვიყენებ მე-5 კლასიდან. ბავშვები სწავლობენ ლოგიკურ გადასვლას ერთი ცნებიდან  მეორეზე  სამ-ოთხ შუალედურ სიტყვაში (მაგალითად: თემაზე “რას ნიშნავს  თანამედროვეობა მუსიკაში?” საჭიროა შეადგინონ რამდენიმე “ლოგიკური ჯაჭვი”, რათა გადავიდნენ სიტყვა ,,თანამედროვედან“ სიტყვა ,,მუსიკაზე“ (თანამედროვეობა – ცხოვრება, ცხოვრება – სილამაზე, სილამაზე – მუსიკა). მუსიკალური ნაწარმოების მოსმენით ახასიათებენ კომპოზიტორს.

თამაშის მეთოდის გამოყენება საშუალებას  აძლევს  თითოეულ მოსწავლეს, გამოხატოს ინდივიდუალური პოზიცია, გამოავლინოს საკუთარი  ღირებულებები.

ამდენად, მუსიკის მასწავლებლის როლი თანამედროვე, შემოქმედებითი, მოაზროვნე ადამიანის განვითარებაში დიდია და ახალი ტექნოლოგიების გამოყენების ეპოქაში ის დადებითად უნდა შეფასდეს.

გთავაზობთ რამდენიმე დიდაქტიკურ თამაშს, რომლის გამოყენებაც მუსიკის გაკვეთილს უფრო გასართობს და ნაყოფიერს გახდის სწავლების დაწყებით საფეხურზე.

  • ორკესტრის თამაში

თამაშის მიზანია – მოსწავლეების  ტებრალური სმენის  განვითარება, სხვადასხვა  ინსტრუმენტისა და ორკესტრის სახეობების გაცნობა, თამაშის მეთოდის გამოყენება.

მუსიკალური რეპერტუარი: “ყვავილების ვალსი” ჩაიკოვსკი (ბალეტიდან “მაკნატუნა”), ვ. ა. მოცარტის მე-40 სიმფონია (1-ლი ნაწილი).

თემის “ორკესტრისა და მისი ტიპების” გაცნობის შედეგად მოსწავლეები სწავლობენ სიმფონიურ, კამერულ, სასულე და ხალხური ორკესტრის შემადგენლობას. თამაში საშუალებას მისცემს მათ, შევიდნენ მუსიკოს-შემსრულებლის როლში. მაგალითად, მასწავლებელი უყვება  მოსწავლეებს  სიმფონიური ორკესტრისა და მისი ჯგუფების შესახებ, უჩვენებს ილუსტრაციებს, რომელზეც გამოსახულია სხვადასხვა ინსტრუმენტი და განმარტავს თამაშის წესებს.

როგორ არიან განლაგებული ორკესტრში მუსიკოსები? პირველი მწკრივი – პირველი ვიოლინოები და ჩელოები; მეორე მწკრივი – მეორე ვიოლინო და ალტი; ერთი მოსწავლე ,,უკრავს“ არფაზე; შემდეგ კი არიან  კონტრაბასები, ლიტავრები და ა. შ. თითოეული მოსწავლის ამოცანაა მოისმინოს თავისი ინსტრუმენტის ტემბრული ხმოვანება, დროზე შევიდეს და დაიწყოს თამაშის იმპროვიზაცია საკუთარ ინსტრუმენტზე. მასწავლებელი მოქმედებს როგორც “სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი” და მიანიშნებს თითოეული საორკესტრო პარტიის დაწყებას. შერჩეული მუსიკალური ნაწარმოების ფონზე მოსწავლეები “უკრავენ ” სიმფონიური ორკესტრის ინსტრუმენტებზე.

თამაშისთვის მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოსწავლემ დამოუკიდებლად შეძლოს თავის დროზე შესვლა და მუსიკის ფონზე,,დაკვრა“.

  • გამოიცანით ინსტრუმენტი

ვისწავლოთ ინსტრუმენტების ტემბრალური ფერების განსხვავება. ჟღერს მოკლე მუსიკალური მაგალითები. ბავშვები გამოიცნობენ რომელი  ინსტრუმენტი ჟღერს.

  • საიდუმლო ინსტრუმენტი

მოსწავლეები ირჩევენ წამყვანს. ის გადის კლასიდან. დანარჩენი მოსწავლეები ჩაიფიქრებენ რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტს (მაგალითად: ვიოლინო). მოსწავლე ბრუნდება  კლასში და მიდის თითოეულ მოთამაშესთან. თითოეული მონაწილე საუბრობს ინსტრუმენტის გარკვეულ ნიშანზე.

ძირითადი ნიშანია: აქვს სიმები, საშუალო ზომის, უკრავენ ხემით, აქვს ნაზი ჟღერადობა. ვიოლინო, ვარაუდობს წამყვანი. პასუხი ზუსტია. ახალი წამყვანი ხდება ის მოთამაშე, რომელმაც გამოიცნო ბოლო ნიშანი. ამ შემთხვევაში: მას აქვს ნაზი ჟღერადობა. იდეალური იქნებოდა, თუ გვექნება მუსიკალური ინსტრუმენტების ფოტოები  და მათი ჟღერადობის აუდიოჩანაწერი.

  • «+»

კლასი დაყოფილია გუნდებად. გუნდები ჩაიფიქრებენ ერთ მუსიკალურ ინსტრუმენტს. შემდეგ, პირველი გუნდი ხმამაღლა, ერთად წარმოთქვამს სიტყვის ერთ მარცვალს. საპირისპირო გუნდი კი ფიქრობს სამი  წამი და ამბობს სიტყვის დაბოლოებას. მაგალითად, არ….(ფა), ალ….(ტი), ტუ…(ბა). შემდეგ მეორე გუნდი ეკითხება პირველ გუნდს. გამარჯვებულია ის გუნდი, რომელმაც ნაკლები შეცდომა დაუშვა.

  • შენი საკუთარი ორკესტრი

თამაშისთვის საჭიროა ბარათები, რომლებზეც გამოსახულია მუსიკალური ინსტრუმენტები. მოსწავლეები უსმენენ ნებისმიერ მხიარულ მუსიკას და აჩვენებს ბარათებს ერთმანეთის მონაცვლეობით. რა ინსტრუმენტიც არის ნაჩვენებია სურათზე, იმ ინსტრუმენტზე ,,უკრავენ ბავშვები“. თამაშის გახალისებისთვის, ზოგჯერ მასწავლებელი სწრაფად ცვლის ბარათებს.

ზოგიერთ ბავშვს არ შეუძლია სწრაფი რეაგირება, იბნევა, რაც ახალისებს თამაშს. თუ მასწავლებელი არ უჩვენებს ბარათებს, მოსწავლეები უბრალოდ სხედან და უსმენენ მუსიკას. თამაშის შედეგად ისინი უფრო  ყურადღებიანი, დაკვირვებული ხდებიან,  რეაქციებიც უფრო სწრაფი აქვთ.

  • ექო” (ავითარებს სმენას)

მასწავლებელი ხმამაღლა, მკაფიოდ მღერის ცალკეულ ნოტს, ხოლო მოსწავლეები ჩუმად იმეორებენ ბგერებს, როგორც ექოს გადაძახილს. შეიძლება თამაში წარვმართოთ ცოტა განსხვავებულად. მასწავლებელი მღერის ხმამაღლა. პირველი რიგის მოსწავლეები იმეორებენ იმავე ბგერას შედარებით ხმადაბლა, მეორე რიგის მოსწავლეები კი  იმეორებენ იმავე ბგერას  შედარებით ჩუმად, ვიდრე პირველი რიგის მოსწავლეები. მესამე რიგის მოსწავლეები კი იმეორებენ ძალიან ჩუმად. ამრიგად, მოსწავლეები ერთდროულად ეცნობიან დიანამიკურ ნიშნებს და ასევე  მათი  ჩაწერის  ხერხს.

  • ფოტოგრაფი

თამაშის მიზანია დაწყებითი საფეხური მოსწავლეების  მუსიკალური მეხსიერებისა და  ყურადღების განვითარება.

დიდაქტიკური მასალა: ბარათები, რომელზეც გამოსახულია რიტმი.

თამაშისთვის პედაგოგი ირჩევს ერთ მოსწავლეს – “ფოტოგრაფს”.  “ფოტოგრაფი” გვიჩვენებს და სწრაფად აბრუნებს რიტმის ბარათს მაგიდაზე. მოსწავლეებმა უნდა დაიმახსოვრონ რიტმი და ტაშით დაუკრან. გამოვიდა თუ არა ,,ფოტოსურათი“ ,  ამას “ფოტოგრაფი” წყვეტს.

  • მუსიკალური მატარებელი

ეს თამაში შეიძლება ჩატარდეს “რითმის” შესწავლისას. მასწავლებელი არის ,,მემანქანე“. ერთი მოსწავლე ,,მემანქანის დამხმარეა“, 3 რიგი კი  – 3 ვაგონი. ,,მემანქანის დამხმარე“ უკრავს ტაშს, ,,ვაგონები“ კი იმეორებენ. მასწავლებლის ,,მემანქანე“ აკონტროლებს სიტუაციას. რითმული ნიმუშები გამოსახულია დაფაზე. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ამ მარტივი რიტმის ზუსტად ტაშით გამოსახვა. მარტივი რიტმის  შემდეგ, ისინი შეძლებენ უფრო რთული რითმის ტაშით გამოსახვას. გამარჯვებულია  ,,ვაგონი“  – რიგი, რომელიც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს.

  • კომპოზიტორები ვართ

წარმოიდგინეთ, რომ ხარ კომპოზიტორი. როგორ მუსიკას შექმნიდი, თუ დაასათაურებდი ასე   (დილა, ღამე, ზამთარი და ა.შ.)? მასწავლებელი ფურცლებზე წერს ლექსების ფრაზებს და გადასცემს მათ ბავშვებს. ამოცანა ასეთია: ამ ტექსტისთვის მელოდიის შექმნა. შეგიძლიათ გამოიყენოთ ცნობილი საბავშვო ლექსები.

  • გრძნობების პარტიტურა

ნაწარმოების მოსმენის შემდეგ მოსწავლემ მიმიკისა და ჟესტების საშუალებით უნდა გამოხატოს,  მუსიკის ემოციური მდგომარეობა. თამაშის დაწყებამდე მასწავლებელს შეუძლია შემდეგი სიტყვებით მიმართოს მოსწავლეებს:

“შენ არაერთხელ მოგისმენია კარის ჭრიალი, ზარის ხმა, ბავშვის ტირილი, ჭექა-წუხილის ხმა.  მაგრამ შეგიძლია გაიგო, როგორ საუბრობს ღრუბელი? მღერის თუ ოხრავს? წარმოიდგინე, შენ მოუსმენ უჩვეულო ბგერებს ან მოიფიქრებ საკუთარ, ჯერჯერობით ყველასთვის უცნობს”.

ბავშვებს ვთავაზობთ:

ა) აღწერეთ ან დახატეთ თქვენი საყვარელი ხმები;

ბ) წარმოიდგენეთ, როგორ ჟღერს  რბილი ფუმფულა ღრუბლის ხმა. აღწერეთ და დახატეთ ღრუბლის ჟღერადობა;

გ) წარმოადგინეთ და დახატეთ ლიმონი, წითელი ვაშლი და სხვ.

დ) წარმოიდგინეთ, რა ჟღერადობა აქვს დიდ გუბეს  წვიმის შემდეგ. აღწერეთ  და დახატეთ დიდი და პატარა გუბის  ჟღერადობა.

  • ემოციები

თამაშის წარმოდგენის შესაქმნელად გამოიყენება სათამაშო ბარათები, რომელზეც დაწერილია ემოციური მახასიათებლები (სიხარული, მწუხარება, გაბრაზება და ა.შ.). ბარათები მონაწილეებს გადაეცემათ. ყველამ ცდილობს, გაახმოვანოს და გადმოიტანოს ეს თუ ის ემოცია მოძრაობით ან მიმიკით. ჯგუფი ცდილობს განსაზღვროს მოსმენილი.

  • ფერი

თამაშისთვის გამოიყენება 4-დან 6-მდე ფერადი ბარათი (წითელი, ლურჯი, მწვანე, ყვითელი, შავი, თეთრი), რომელიც არის მაგიდაზე, კლასში. ბავშვები ირჩევენ ფერს, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება მათ  განწყობას კონკრეტულ  მომენტში, და კლასი  იყოფა ჯგუფებად.

პედაგოგი თამაშის მონაწილეებს სთხოვს:

ა) თანმიმდევრობით, სიმღერით ააჟღერონ ფერი,  როგორც ესმით მათ;

ბ) შექმნან ხმოვანი ნაწარმოები, რითმურად ორგანიზებული, ინდივიდუალურად ააჟღერონ ხმები  და  მთელი ჯგუფის “ინსტრუმენტები”;

გ) მთელი ჯგუფის ასრულებს სიმღერით “ფერების პალიტრას”.

                                                      დასკვნა

მუსიკალური შემოქმედება – მნიშვნელოვანი ფაქტორია ბავშვის პიროვნების განვითარებაში. ის  შეიძლება გამოვლინდეს ყველა სახის მუსიკალურ საქმიანობისას: სიმღერა, ცეკვა, მუსიკალური ინსტრუმენტებზე დაკვრა.

მოსწავლეთა შემოქმედებით განვითარებაში თამაშით სწავლების გამოყენების გათვალისწინებით, შეიძლება გაკეთდეს რიგი განზოგადება და დასკვნები:

  • შემოქმედებითი უნარის განვითარების საუკეთესო საშუალებაა თამაშის ფორმით მიცემული შემოქმედებითი დავალება;
  • თამაშის სიტუაციებში უფრო ადვილია სიმღერის შექმნა, ინსცენირება, დრამატიზაციის ორგანიზება;
  • თამაში აუმჯობესებს საგნობრივ საქმიანობას, ლოგიკას, აზროვნებას, ავითარებს ადამიანებთან ურთიერთობის უნარ-ჩვევებს;
  • გაკვეთილების თამაშით ჩატარება ხდება თამაშის ტექნიკის დახმარებით. ის აძლევს მოსწავლეებს სტიმულს და წაახალისებს სასწავლო პროცესს;
  • როლური თამაშის გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლეების ჩართვას შემოქმედებით პროცესში. თამაშის დროს, ბავშვი ხდება კომპოზიტორი, მუსიკოს-შემსრულებელი, მსმენელი, მოცეკვავე, დამდგმელი რეჟისორი, დირიჟორი ან მხატვარ-დეკორატორი;
  • მუსიკის გაკვეთილები ხელს უწყობს ინდივიდუალური შემოქმედების განვითარებას, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მხატვრულ ფანტაზიას, ასოციაციურ აზროვნებას, ააქტიურებს მეხსიერებას, დაკვირვებას, ინტუიციას, ფორმირდება ბავშვის შინაგანი სამყარო.

თამაში აუმჯობესებს საგნობრივ საქმიანობას, ლოგიკას, აზროვნების ტექნიკას, ავითარებს ემპატიას, თანამშრომლობას და ურთიერთპატივისცემას.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მასწავლებლის წიგნი სწავლების მეთოდები;
  2. ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი პროგრამა.

                                                                                                                            

 

 

 

 

 

 

 

 

ანა და ფრანკენშტეინი

0

ბავშვობაშივე აღმოვაჩინე, რომ ერთსა და იმავე ამბებს მე და ჩემი მეგობრები სხვადასხვანაირად ვიმახსოვრებდით და ის, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, დანარჩენების მეხსიერებას არც კი შემორჩებოდა ხოლმე. მეორე მხრივ, ისინი ისე ჰყვებოდნენ თუნდაც უბრალო, ყოველდღიურ ისტორიებს, რომ მსმენელს მომხდარის თანამონაწილედ აქცევდნენ, მე კი რაიმეს მოყოლას მუდმივად თავს ვარიდებდი – ვხვდებოდი, რომ ადამიანის გულთან ახლოს ვერ მივიდოდა, შესაფერისი ფორმის უქონლობისა და მხოლოდ ჩემს წარმოსახვაში შეძენილი ღირებულების გამო. ფორმის მოძებნა კი ძალიან მიძნელდებოდა და არც იმაში ვიყავი დარწმუნებული, რომ ამგვარ მცდელობებზე დროის დაკარგვა ღირდა.

ეს ფიქრები ცოტა ხნის წინ ნანახმა ძველმა ესპანურმა დრამამ ამიშალა, რომელსაც სამართლიანად მიიჩნევენ ბავშვებსა და ბავშვობაზე გადაღებულ ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად. „სკის სული“ („El espíritu de la colmena“) 1973 წელს გადაიღო ვიქტორ ერისემ – გასაოგნებლად ლამაზი ფილმი, რომლის ფაქიზ აბლაბუდაშიც თანდათან ეხვევი და ბოლოს იმ აზრამდე მიდიხარ, რომ შენ წინაშე ნამდვილი შედევრია, ხელოვნების დიდი ნაწარმოებების გვერდით თამამად დასაყენებელი. მთავარი გმირი ექვსი წლის ანაა, რომლის თვალით დანახული სინამდვილეც მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისაგან, რასაც მისი გარშემომყოფები ხედავენ. გასული საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისის ესპანურ სოფელში ანა და მისი უფროსი და, იზაბელი ერთნაირად იზრდებიან – ერთსა და იმავე სკოლაში დადიან, გვერდიგვერდ დადგმულ საწოლებში იძინებენ, სათამაშოდ და გასართობადაც თითქმის შეუზღუდავი სივრცე აქვთ და მშობლებისგან ყურადღებასა თუ მზრუნველობას დიდად არც ითხოვენ, მაგრამ გოგონებს შორის თვალში საცემი სხვაობაა. ამას ფილმის დასაწყისშივე ამჩნევ და მაშინვე მიზეზების ძებნას იწყებ: რას უნდა დააბრალო ყველაფერი – სხვადასხვაგვარად განვითარებულ მგრძნობელობასა და წარმოსახვის უნარს?

სოფელში კინოჩვენებას აწყობენ და აღელვებული სოფლელებიც თავიანთი სკამებით მორბიან ჯეიმს უეილის „ფრანკენშტეინის“ სანახავად. ბავშვები წინა რიგებში სხდებიან – კარგად ვხედავთ დაძაბულობის კვალს მათ სახეებზე, ვხდებით, რას უნდა განიცდიდნენ, მაგრამ ანა აქაც გამოირჩევა – მის გაფართოებულ თვალებში უფრო მეტი ჩანს, ვიდრე შემზარავი კინოგმირის აუხსნელი საქციელით გამოწვეული შიში და ზაფრაა. რადგან ყველაზე ახლოს დასთანაა, შეკითხვებსაც მას უსვამს: რატომ მოკლა ფრანკენშტეინმა გოგონა, რომელსაც მანამდე ეთამაშებოდა? და თავად ის რატომღა მოკლეს ამ ყველაფრის შემდეგ? რასაც ხმამაღლა არ ამბობს, ეს უნდა იყოს: ნუთუ შესაძლებელია, რომ ვისაც ბედნიერი ეთამაშები და მეგობრად მიიჩნევ, მოულოდნელად, რაღაც აუხსნელი ძალით, უმოწყალო, სასტიკი მკვლელი გახდეს? და მკვლელის სიკვდილით დასჯა რაღააა, თუ ისევ მკვლელობა არა? არის ვინმე ამ სამყაროში, დაუნდობელი მკვლელების გარდა?

ფილმში სიკვდილის სუნთქვა ისეთი ადვილი შესაგრძნობია, თითქოს ყვავილების სურნელით სავსე გვიანი გაზაფხულის ნიავი იყოს. მატარებელი და რელსზე თავის ჩამოდების თითქოსდა უწყინარი ჩვევა, შხამიანი სოკო, რომლის უმცირესი ნაწილიც კი საკმარისია სიცოცხლესთან გამოსათხოვებლად, იარაღიანი უცნობი, რომელიც სასოწარკვეთის პირას უნდა იყოს… სიკვდილზე ფიქრი ყოველდღიურ აუცილებლობად ექცევა ექვსი წლის გოგოს, რომელიც ამაზე სიტყვასაც არ ამბობს – სახეზე აწერია, თვალებში მოუჩანს. ამ დროს მისი და თავშექცევის ახალ-ახალ ფორმებს იგონებს, ხან ფრანკენშტეინის უკვდავებაში არწმუნებს ანას, ხან კი თავად იქცევა ფრანკენშტეინად.

მშობლები იმავე სახლში ცხოვრობენ, მაგრამ აშკარად სხვა ცხოვრებით – თავ-თავისი საფიქრალ-საკეთებელი აქვთ და შვილებთან განსაკუთრებულ სიახლოვეს არც ცდილობენ. ამიტომაცაა, რომ გოგოები თითქმის სულ მარტო არიან და ყველაზე არსებითი კითხვების პასუხებსაც დამოუკიდებლად ეძებენ. მათი ასაკოვანი მამა ერთთავად თავისი სკებისა და ფუტკრების შესახებ წერს და იმ საიდუმლოს ამოხსნას ცდილობს, ფუტკრების ცხოვრებას რომ ახლავს, სანიმუშოდ აწყობილს, ნაყოფიერსა და მაინც როგორღაც აზრს მოკლებულს. სახლში თაფლისფერი შუქი იღვრება და არაერთი სხვა მინიშნებაც გვხვდება, რომელიც გამუდმებით გვაბრუნებს ფილმის სახელთან – მორის მეტერლინკის „ფუტკრების ცხოვრებაში“ ამოკითხულ ფრაზასთან, რომელსაც ვიქტორ ერისემ ახალი სიცოცხლე მისცა.

ვიღაცისთვის სამყარო ერთი დიდი მოზუზუნე სკაა, რომლის ბინადრებიც გამოუცნობ, გაურკვეველ ძალას ემორჩილებიან და მისი ზემოქმედებით აკეთებენ დიდ-პატარა საქმეებს, ვიღაცისთვის კი ის ადგილია, სადაც სასიკვდილო საფრთხეებს ბოლო არ უჩანს და ნებისმიერ წუთს ფრანკენშტეინად შეიძლება იქცეს ყველა, ვინც მანამდე ყვავილი გამოგიწოდა და მეგობრულად გაგიღიმა.

რა სამყაროში ცხოვრობენ ანა და იზაბელი? და ჩვენ როგორ ვიცხოვროთ ფუტკრების ზუზუნით სავსე ჩვენს სამყაროში?

 

რევოლუციური მიგნება – თანაბარი მოძრაობა წონასწორობას ნიშნავს!

0

„სხეულის ბუნებრივი მდგომარეობა უძრაობაა. არ არსებობს მოძრაობა სხვა სხეულის მოქმედების გარეშე. იმისთვის, რომ საზიდარი მოძრაობდეს, მას მუდმივად უნდა ეწეოდეს ცხენი (ნახ.1). თუ ცხენი აღარ გასწევს საზიდარს, საზიდარი გაჩერდება“, – ასე ფიქრობდა გამოჩენილი ბერძენი მოაზროვნე არისტოტელე და ეს მოსაზრება თითქმის 2000 წელი ბატონობდა.

 

 

 

 

ნახ. 1

 

არისტოტელეს ავტორიტეტთანერთად ამ მოსაზრების ბატონობას ხელს უწყობდა ის ფაქტიც, რომ ეს მტკიცებები არცთუ ისე ცუდად შეესაბამებოდა ყოველდღიურ ცდებს და დაკვირვებებს – ეგრეთ წოდებულ საღ აზრს. მაგალითად, მაგიდას, კარადას ან რომელიმე სხვა სხეულს ერთი ადგილიდან მეორეზე ვერავინ გადაიტანდა, თუ მასზე ძალით არ იმოქმედებდა.

თუმცა შუა საუკუნეებში (1564 – 1642 წ.წ.) მოღვაწე იტალიელმა მეცნიერმა გალილეო გალილეიმ მთლიანად შეცვალა არისტოტელეს მიერ გამოთქმული და საუკუნეების განმავლობაში გაბატონებული შეხედულება სხეულთა მოძრაობაზე (ნახ. 2).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნახ. 2

 

გალილეო გალილეი ასეთ ექსპერიმენტს ატარებდა: დახრილ სიბრტყეზე აგორებდა ბურთულას, რომელიც მოძრაობას აგრძელებდა ჰორიზონტალურ სიბრტყეზე და შემდეგ მეორე დახრილ სიბრტყეზე ზევით მიგორავდა (ნახ. 3).

 

 

 

 

 

 

ნახ. 3

 

გალილეო გალილეიმ შეამჩნია, რომ მეორე დახრილი კუთხის შემცირებით სხეულის გაჩერებამდე განვლილი მანძილი იზრდება. ანუ რაც უფრო ნაკლებად არის დახრილი მეორე სიბრტყე, მით უფრო მეტ მანძილს გადის სხეული სრულ გაჩერებამდე. მეცნიერმა გააგრძელა აზრობრივი ექსპერიმენტი და მიხვდა, რომ თუ ბურთულას მოძრაობას ჰორიზონტალურ უბანზე ხელს არაფერი შეუშლის, ხახუნის ძალაც კი, მაშინ ბურთულა მუდმივად შეინარჩუნებს სიჩქარეს. ამრიგად, მეცნიერი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სხეული, რომელიც გარკვეული სიჩქარით წრფივად და თანაბრად მოძრაობს, არ შეიცვლის სიჩქარეს, თუ მასზე სხვა სხეული არ იმოქმედებს. ეს იყო დასკვნა, რომელიც გალილეიმ ექსპერიმენტის შედეგად გამოიტანა. ამ დასკვნიდან გამომდინარეობს, რომ საზიდარი, რომელიც ცხენმა აამოძრავა და განსაზღვრულ მომენტში რაღაც სიჩქარე მიანიჭა, გააგრძელებს ამ სიჩქარით წრფივ და თანაბარ მოძრაობას, თუნდაც ცხენი აღარ ეწეოდეს მას. ანუ საზიდარმა ცხენის გაწევის გარეშე უნდა გააგრძელოს მოძრაობა! ეს კი ნამდვილად დაუჯერებელია, რადგან დაკვირვებებიდან ჩანს, რომ საზიდარი ცხენის გაწევის გარეშე აუცილებლად გაჩერდება.

რა აჩერებს მას?

გალილეო ამ კითხვას ასე პასუხობდა: საზიდარი ჩერდება იმიტომ, რომ მას ხელს უშლის დედამიწის ზედაპირი. თუ არ იქნება წინააღმდეგობა სხვა სხეულების მხრიდან, საზიდარი მუდმივად იმოძრავებს ცხენის გარეშე. ანუ დედამიწის ზედაპირი ერთგვარ წინააღმდეგობას უწევს საზიდარის მოძრაობას და აჩერებს მას. ე.ი ეს ძალა არის მიზეზი საზიდრის სიჩქარის ცვლილებისა (შემცირებისა).

სხეულის მიერ სიჩქარის შენარჩუნების მოვლენას, როცა მასზე სხვა სხეულები არ მოქმედებს, ინერცია ეწოდება. „ინერცია“ ლათინური სიტყვაა და ქართულად უმოქმედობას, უძრაობას ნიშნავს, ხოლო სხეულის თვისებას, შეინარჩუნოს სიჩქარე, როცა მასზე სხვა სხეულები არ მოქმედებენ, ინერტულობა ეწოდება. რაც უფრო მძიმეა სხეული, მით უფრო კარგად ინარჩუნებს სიჩქარეს, ანუ ვერ იცვლის მას და პირიქით, რაც უფრო მსუბუქია, მით უფრო უჭირს სიჩქარის შენარჩუნება, ანუ ადვილად იცვლის სიჩქარეს. მაგალითად, მსუბუქი ავტომობილი და მძიმე ავტომობილი ერთი მიმართულებით დაახლოებით ერთი სიჩქარით მოძრაობენ ტრასაზე. წითელი შუქნიშნის ანთებისას რომელი უფრო ადვილად გაჩერდება? რასაკვირველია, მსუბუქი, ისევე როგორც მსუბუქი ავტომობილი უფრო ადვილად დაიძვრება და სიჩქარეს აკრეფს, ვიდრე მძიმე. ანუ მძიმე სხეული უფრო ინერტულია, ვიდრე მსუბუქი. ინერტულობის ზომას კი მასას უწოდებენ.

ახლა დავუბრუნდეთ გალილეო გალილეის შეხედულებებს სხეულის მოძრაობის შესახებ. როგორც უკვე ავღნიშნეთ, ის მიიჩნევდა, რომ სხეული უძრავია ან მოძრაობს წრფივად და თანაბრად, რადგან მასზე სხვა სხეული არ მოქმედებს. სხეული უსასრულოდ დიდხანს გააგრძელებს ასეთ მდგომარეობაში ყოფნას, თუ მასზე სხვა სხეული არ იმოქმედებს. უკანასკნელ შემთხვევაში კი სხეულის სიჩქარე შეიცვლება – გაიზრდება ან შემცირდება. გალილეი ამტკიცებდა, რომ წრფივი თანაბარი მოძრაობა სხეულის ისეთივე „ბუნებრივი“ მდგომარეობაა, როგორიც უძრაობა! ამრიგად, როგორც უძრაობა, ისე წრფივი და თანაბარი მოძრაობა სხეულის წონასწორობაში ყოფნას ნიშნავს. ეს ბუნების ერთ-ერთი ძირითადი კანონია და მას ინერციის კანონსაც უწოდებენ.

სხეულის მოძრაობის შესახებ გალილეოს შეხედულებებს იზიარებდა გენიალური ინგლისელი მოაზროვნე ისააკ ნიუტონი, რომელიც მე-17-18 საუკუნეებში (1642-1747 წ.წ.) მოღვაწეობდა. თავის ცნობილ წიგნში „ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკური საწყისები“, რომელიც 1686 წელს გამოვიდა, ის წერდა: „ყოველი სხეული, ცალკე აღებული, ინარჩუნებს თავისი უძრაობის მდგომარეობას ან განაგრძობს წრფივად და თანაბრად მოძრაობას“ (ნახ. 4). აქ „ცალკე აღებულ“ სხეულში მოიაზრება იზოლირებული სხეული, რომელზეც არაფერი მოქმედებს, დედამიწაც კი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნახ. 4

 

იმ დროს, როცა ნიუტონი ამას წერდა, ძნელი წარმოსადგენი იყო დედამიწის პირობებში ისეთი სხეულის პოვნა, რომელზეც არაფერი იმოქმედებდა, დედამიწაც კი, ან ჰაერის ფენები, რომლებიც ნებისმიერი სხეულის მოძრაობას გარკვეულწილად ხელს უშლის. ამიტომ იგი თავის წიგნში აღწერდა არა რეალურ, არამედ წარმოსახვით სიტუაციას. თუმცა დღეს საკმაოდ დიდი სიზუსტით შეიძლება კოსმოსში, დედამიწიდან ძალიან შორს მყოფი სხეული ჩავთვალოთ იზოლირებულად. ანუ ისეთ სხეულად, რომელიც იზოლირებულია ყოველგვარი ზემოქმედებისგან. აღმოჩნდა, რომ კოსმოსში თუ გაისვრით ბურთს, ის განუსაზღვრელად დიდხანს იმოძრავებს წრფივად და თანაბრად იმ სიჩქარით, რომელიც გასროლისას მივანიჭეთ, რადგან კოსმოსში მასზე არ იმოქმედებს ჰაერის წინააღმდეგობის ძალა და დედამიწის ზედაპირი. ეს მოძრაობა გაგრძელდება უსასრულოდ დიდხანს, სანამ სხეულზე არ იმოქმედებს სხვა ციური სხეული ან არ მოხდება შეჯახება ე.წ. კოსმოსურ ნაგავთან.

კანონს, რომელსაც ნიუტონმა შემდეგი ფორმულირება მისცა, ნიუტონის პირველ კანონსაც უწოდებენ: ყველა სხეული ინარჩუნებს უძრაობის ან წრფივი თანაბარი მოძრაობის მდგომარეობას მანამდე, სანამ სხვა სხეულის მოქმედება არ გამოიყვანს ამ მდგომარეობიდან.

ნიუტონის შეხედულებები – აქსიომები – დღეს უკვე ცდებით არის დადასტურებული და რაც უნდა პარადოქსულად გვეჩვენებოდეს, დღეს უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ მაგიდაზე ჰორიზონტალურ საყრდენზე მოთავსებული უძრავი სხეული და წრფივად და თანაბრად მოძრავი სხეული ფიზიკაში ერთი და იგივე რამაა. თურმე წონასწორობაში იმყოფება პარაშუტისტი, რომელიც წრფივად და თანაბრად ეშვება დედამიწის ზედაპირისაკენ (ნახ. 5).

 

ნახ. 5

 

ამგვარად, ამ სტატიაში გავეცანით ძველი ბერძენი ფილოსოფოსის არისტოტელეს შეხედულებებს სხეულის მოძრაობის შესახებ. ამასთან, შევეცადეთ გაგვერკვია, დაახლოებით 300 წლის წინ როგორ მოახდინა იტალიელმა გენიალურმა მეცნიერმა გალილეო გალილეიმ ამ მოსაზრების რევიზია და იმ დროისთვის მოძრაობის შესახებ თავისი სრულიად რევულუციური შეხედულება წარუდგინა საზოგადოებას. შემდეგ კი ცნობილმა ინგლისელმა მეცნიერმა ნიუტონმა განაზოგადა ეს შეხედულება და მექანიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კანონის სახე მისცა.

 

ლიტერატურა

  1. გიორგი გედენიძე, ეთერ ლაზარაშვილი, ფიზიკა, VII კლასი. 2001 წ.

2 ელენე სურგულაძე. მანანა კასრაძე. ფიზიკა, VII კლასი. 2003 წ.

  1. ქეთევან ტატიშვილი. ფიზიკა, IX კლასი. 2012 წ.

ილუსტრაციები აღებულია ვებგვერდებიდან:

https://slideplayer.com/slide/7366907/

https://webstockreview.net/explore/wagon-clipart/

 

ბავშვები, წიგნები და არდადეგები

0

ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის არდადეგები, წელიწადის ყველაზე საყვარელი პერიოდია. განსაკუთრებით კი ზაფხულის არდადეგები. როდესაც დიდი მხიარულობის და გართობის დრო დგება. მომაბეზრებელი სკოლა, გაკვეთილები, დღის რეჟიმი წარსულს ბარდება. თამაში მეგობრებთან, ეზო, მდინარე, ზღვა, მთა, ბურთი, ქვიშა, კომპიუტერი და ფილმები – ბავშვების არდადეგების ყოველდღიურობის ნაწილი ხდება.

ძალიან რთულია ამ ყველაფერს მოსწყდე და იმეცადინო ან იკითხო, მშობლები ჩივიან კიდეც, რომ მათი შვილები არდადაეგებზე არ კითხულობენ, ეზარებათ, მხოლოდ გართობა სურთ და ა. შ.

რამდენიმე რჩევა/რეკომენდაცია, როგორ მივიყვანოთ ბავშვები წიგნებთან და ტექსტებთან ისე, რომ მათთვისაც ეს პროცესი სასიხარულო და სასურველი იყოს.

ბიბლიოთეკები

ბავშვებთან ერთად ესტუმრეთ თქვენს ადგილობრივ ბიბლიოთეკას, ბავშვებს უყვართ ხოლმე როდესაც თავად ირჩევენ წიგნებს, თან წიგნებით უფასოდ ისარგებლებთ. თუ კი მიგაჩნიათ, რომ მისი არჩეული წიგნი სახიფათოა მოზარდისთვის მარტო საკითხავად, წაიკითხეთ ერთად და იმსჯელეთ მასზე.

 

ელექტრონული წიგნები.

ახალ თაობას უყვართ და გამუდმებით სარგებლობენ ინტერნეტით, გაჯეტებით. გადმოუწერეთ  წიგნების აპლიკაციები, ილუსტრირებული საინტერესო ელექტრონული წიგნები, რომლებსაც თუ კი მოიძიებთ ინტერნეტში უფასოდაც წააწყდებით. აქვე რამდენიმე საიტსაც გირჩევთ:

https://saba.com.ge/html/page/47

https://www.lit.ge/index.php?page=books&send[shop.catalog][order]=5&send[shop.catalog][reset]=1

https://eon.ge/%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%92%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/

მშვენიერი რესურსია აუდიო წიგნებიც, , ბავშვებისთვის სიახლე და სახალისო პროცესი იქნება, პარალელურად კი მოსმენის უნარ-ჩვევებს გაიუმჯობესებენ.

https://www.archives.gov.ge/ge/audiotsignebi

 

ნიშნები და აბრები.

თუ კი ქუჩაში სეირნობთ, ან ავტობუსით და მანქანით სადმე მიემგზავრებით, სთხოვეთ წაიკითხონ შემხვედრი ნიშნები, აბრები. რაც კითხვის სწავლებაში დაეხმარებათ, განსაკუთრებით პირველ-მეორე კლასელ ბავშვებს.

მკითხველის კარავი/სახლი

ფერადი საბნებით, ნაჭრებით ერთად გააკეთეთ კარავი ან სახლი. სულ მარტივადაც შეგიძლიათ ორ სკამს ზემოდან გადააფარეთ. სთხოვეთ ბავშვს აირჩიოს წიგნი, რომელიც მას სურს, შეიტანოს კარავში და დაიწყოს კითხვა. არ დაგავიწყდეთ ფარანი – მისი შუქი გამოადგება და კითხვის პროცესიც უფრო საინტერესო, გასართობი და მისტიური იქნება.

ერთად კითხვა

ბავშვებს უყვართ, როდესაც საკუთარ უნარებს მშობლებს და ოჯახის წევრებს აჩვენებს, ხოლო წიგნებს, ტექსტებს კი უზიარებენ. მოუსმინეთ აუცილებლად, წაუკითხეთ ხმამაღლა და ერთად განიხილეთ წაკითხული.

რესტორნის/კაფის მენიუ

ზაფხულის არდადეგები საუკეთესო დროა, ოჯახის წევრებმა დრო ერთად გაატარონ, ერთად ისადილონ და ეწვიონ სხვადასხვა რესტორნებსა თუ კაფეებს. წააკითხეთ მენიუ, არჩეული საჭმლის შემადგენლობა და სთხოვეთ თითოეულ ასეთ ადგილს, მენიუს მიხედვით სახელი შეარქვან/შეურჩიონ – რაც მეტ მხიარულ განწყობას შექმნის.

საფოსტო და ღია ბარათები.

დაამზადებინეთ დაბადების დღეების თუ სხვადასხვა დღესასწაულის მისალოცი ღია ბარათები, დაუწერონ წერილები მეგობრებს, ოჯახის წევრებს. სთხოვეთ თქვენს ნაცნობებს, მეგობრებს, ოჯახის წევრებს მიწერონ თქვენს ბავშვს წერილები, რომლებზეც პასუხის დაბრუნება აუცილებელი იქნება. შეგიძლიათ გამოიყენოთ ტექნოლოგიები და მეილით მიაწერინოთ წერილები.

არდადეგების დღიური

არდადეგების განმავლობაში დღიურის წარმოება, წიგნიერების განვითარებისთვის საუკეთესო საშუალებაა. უყიდეთ ან თავად შეარჩევინეთ ლამაზი რვეული/ბლოკნოტი, სადაც სამახსოვრო თარიღს,  მოვლენას აღნიშნავს/ჩაიწერს, შესაბამისი სტიკერებით და ილუსტრაციებით, ჟურნალ-გაზეთებიდან ამონაჭერი სურათებით გააფორმებს. გამხმარ მცენარეებს ჩააწებებს. ასეთი დღიური სამახსოვროდაც დარჩება.

მოამზადეთ საყვარელი საჭმელი

თითქმის ყველა ბავშვს უყვარს საჭმელების მომზადება. მოაძებნინეთ რეცეპტი, წააკითხეთ, ინგრედიანტები ამოაწერინეთ, სია შეადგენინეთ. შეიძლება მაღაზიაში ერთად წახვიდეთ და პროდუქტიც სიის მიხედვით შეიძინოთ. საჭმელიც ერთად მოამზადეთ. ეს პროცესი ბავშვებისთვის მეტად სახალისო და საყვარელი საქმიანობაა.

მუზეუმებში

როდესაც სამოგზაუროდ მიემგზავრებით ან თუნდაც თქვენს ქალაქში ბავშვებს აუცილებლად აჩვენეთ ღირსშესანიშნაობები, წაიყვანეთ მუზეუმებში, სთხოვეთ წაგიკითხოთ (თუ კი მისთვის გასაგებ ენაზე წერია) აღწერები, ინსტრუქციები, ნივთების თუ ადამიანების ისტორიები.

ახალი ამბები

გაზეთებში თუ ჟურნალებში, ან თუნდაც ინტერნეტ გამოცემებში მოძებნეთ ბავშვის ასაკისთვის შესაფერისი სიახლე, სტატია, ბუნებაზე, ცხოველებზე, ბავშვებზე, ცნობილ ადამიანებზე – რომელსაც სიამოვნებით წაიკითხავს.

საკუთარი სივრცე

დაეხმარეთ ბავშვებს ჰქონდეთ, საკუთარი, პირადი სივრცე, ადგილი – სადაც ის კომფორტულად მოთავსდება და მხოლოდ მისი იქნება.  მაგალითად ფანჯარასთან საინტერესო ხედით, ბაღში – ხის ძირას. მოუწყვეთ სხვადასხვა ლამაზი აქსესუარით, წიგნებით. ისე რომ კითხვის სურვილი თავადვე გაუჩნდეთ.

შეურჩიეთ ბაშვებს მათი ასაკისთვის და ინტერესებისთვის შესაფერისი წიგნები -მათთვის  გასაგები ლექსიკის, ლამაზი ილუსტრაციებით და ყდებით.

 

 

სწავლა – თამაშით

0

თამაში სწავლების საკმაოდ ეფექტიან მეთოდს წარმოადგენს სასკოლო სწავლების ნებისმიერ საფეხურზე. უფრო მეტიც, ის თავის მიმზიდველობას ზრდასრულთა სწავლების პროცესშიც ინარჩუნებს, ვინაიდან თამაშის, როგორც სწავლების მეთოდის გამოყენება სასწავლო პროცესს ბევრად უფრო საინტერესოს, სახალისოს და სასურველს ხდის. აქედან გამომდინარე პირველ კლასში  თამაშით სწავლება უფრო ადვილად  მიგვყვანს სასურველ შედეგამდე.

პირველ კლასში ერთ-ერთი მთავარი და არსებითი გამოწვევა, რომელსაც მოსწავლეები კითხვისა და წერის  სწავლების საწყის ეტაპზე აწყდებიან, მარცვლებისგან სიტყვის შეკვრა, ხოლო მიღებული სიტყვებისგან წინადადებების აწყობა და მათი გაგება-გააზრებაა. იმისათვის, რომ გავუადვილოთ მოსწავლეებს ფონოლოგიური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების პროცესი, სასურველია, ხშირად შევთავაზოთ აქტივობები და თამაშები, რომლებიც სწორედ მარცვლებსა და სიტყვებზე ვარჯიშს ითვალისწინებს.

ერთ-ერთი ასეთი მეთოდია „მხიარული ბანქო“. იგი აგებულია გუნდური თამაშის პრინციპებზე და მიზნად ისახავს მარცვლების სიტყვებად გამთლიანებისა და მიღებული  სიტყვებით წინადადებების აწყობის უნარის განვითარებას. მეთოდი საკმაოდ ხალისიანი შემოქმედებითი და   საინტერესოა. მოსწავლეები  ბოლომდე არიან   ჩართულნი, რადგან მოსწონთ როგორც მუშაობის პროცესი, ასევე დიდი ინტერესით ელოდებიან საბოლოო შედეგს. მოსწავლეები ხშირად კითხულობენ ასოებით და არა მარცვლებით, ეს მეთოდი კი დაეხმარება მოსწავლეებს ამოიკითხოს მარცვალი, რადგან სხვაგვარად   ვერ  მიიღებს დავალების  საბოლოო    შედეგს.

დადებითია,რადგან ხელს უწყობს:

  • შემოქმედებით უნარის განვითარებას
  • გუნდური მუშაობის უნარის განვითარებას
  • ლოგიკური გავშირის დამყარებას
  • წინადადებების შინაარსის მიხედვით დალაგებას
  • ყურადღების განვითარებას

 

„მხიარული ბანქოს“ ჩატარების  საწყის ეტაპზე მასწავლებელი წინასწარ ამზადებს რესურსს. აუცილებელია მომზადდეს  პატარა ფურცლები, რომელზეც გამოსახულია მარცვლები. ამ მარცვლებმა შემდგომში უნდა შეადგინონ სიტყვები, სიტყვებმა – წინადადებები, ხოლო წინადადებების შეერთებით უნდა მივიღოთ მცირე ტექსტი, რომელიც გარკვეულ შინაარსს გადმოსცემს. სასურველია თუ  გამოვიყენებთ  ფერად  ფურცლებს,შეიძლება ეს იყოს  წებოვანი ,რადგან დროის დაზოგვის მიზნით  ადვილად მიამაგრებენ ფურცელზე.

თავდაპირველად მასწავლებელი კლასს ჰყოფს ჯგუფებად და უხსნის მათ თამაშის პირობებს. უფრო საინტერესო იქნება თუ ჯგუფებს     მასწავლებელი თითოეულ ჯგუფს დაარქმევენ სახელს, ურიგებს მათი ჯგუფისთვის განკუთვნილი  ბარათების, ანუ ”ბანქოს”. მოსწავლეები მუშაობენ გუნდურად. ცდილობენ ,   მარცვლებისგან ააწყონ სიტყვები,  ხოლო სიტყვებისგან – წინადადებები. საბოლოოდ კი წაიკითხავენ წინადადებებს და შინაარსის შესაბამისად  წინადადებებს  განათავსებენ თანმიმდევრულად ისე, რომ მიიღონ მოთხრობა.   წინადადებები შეიძლება გაიკრას გძელი ქაღალდის ლენტზე  ან დამაგრდეს თოკზე. სსსმ მოსწავლის შემთხვევაში გაამზადებს ილუსტრაციებს წინადადებების შესაბამისად  და  მიაგამგრებენ წინადადების ბოლოს.

მუშაობის პროცესში მასწავლებელი ხედავს, რამდენად გაწაფულია მოსწავლე მარცვლების ამოცნობაში, ხედავს, რამდენად ახერხებს მარცვლებისაგან სიტყვების შედგენას და იცავს თუ არა გუნდური თამაშის პრინციპებს. აუცილებელია, ვაკონტროლოთ დრო და დისციპლინა.

რეკომენდაცია:

  • მოთხრობა უნდა იყოს მარტივი(მაქსიმუმ 6 წინადადება)
  • მარცვლებიად შეიძლება დავყოთ ისე, რომ ადვილად შეძლონ აწყობა(მაგ: აივანი დავყოთ აივა-ნი , რადგან ცალკე არებული   „ა „ შესაძლოა დამაბნეველი იყოს)
  • კარგი იქნება თუ ბოლო მარცვალთან დასვამთ სასვენ ნიშანს,ეს გაუადვილებს აწყობას. 
  • შინაარსი უნდა იყოს საინტერესო და ადვილად გასაგები.
  • არ უნდა შეიცავდეს ახალ ლექსიკურ ერთეულს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://www.youtube.com/watch?v=I6QwhNXSlO8

კითხვის ეფექტური მეთოდები ნათია ნაცვლიშვილი; ზაქარია ქიტიაშვილი; [თბ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი] 2013 წელი

ციფრული არქივები – როგორც სასწავლო რესურსი

0

იცით რომ ბიჭვინთის სანაპიროზე ნეპტუნის ზეიმი იმართებოდა, სოხუმს კი გასული საუკუნის შუა წლებში ამერიკელი ფერმერები სტუმრობდნენ?

იცით რა ხდებოდა მუშტაიდის პარკის ბნელ ხეივნებში ან როგორ ეძებდნენ ქალაქის თავს 1904 წლის თბილისში?

იცით, რომ საბჭოთა კავშირის დროს ცდილობდნენ უდანაკარგოდ აეღოთ მოსავალი და იმარჯვებდნენ შრომაში?

 

კითხვები თქვენი ცოდნის შესამოწმებლად არ არის. არქივებში შესვლის და საინტერესო ამბების ძიებისთვის გადაგდებული ანკესია, რომელიც თქვენის მხრივ შეგიძლიათ მოსწავლეების დასაინტერესებლად გამოიყენოთ. არქივები, რომლებიც უამრავ საინტერესო არტეფაქტს ინახავს, მოზადებისა და ახალგაზრდებისთვის შესაძლოა მოსაწყენ ადგილად აღიქმებოდეს და ამ დამოკიდებულების გამო უამრავი საინტერესო დოკუმენტაცია რჩებოდეს ბავშვების ყურადღების მიღმა. თუკი მათ ადრეული ასაკიდან სახალისო ფორმით მივაჩვევთ არქივებთან მუშაობას, დროთა განმავლობაში  ჩამოვუყალიბდებათ ისტორიულ დოკუმენტაციასთან ურთიერთობის კულტურა და ამ გზით არაერთ ინტერესს გაიღვიძებენ.

 

არქივებმა თავის მხრივ დიდი ხანია დაიწყეს იმაზე ფიქრი, როგორ გახდნენ უფრო ხელმისაწვდომები და მიმზიდველები არამხოლოდ სამეცნიერო წრეებისთვის, არამედ ფართო მასებისთვის ინტერნეტიზაციის პირობებში და  არაერთი ფონდის დიჯიტალიზაციის  შედეგად უკვე ნებისმიერი წერტილიდან არის შესაძლებელი მათ ბაზებზე წვდომა.

 

თუკი ქართულენოვანი არქივების სასწავლო რესურსებად გამოყენებას გადაწყვეტთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ აფხაზეთის ციფრული არქივი, პარლამენტის ბიბლიოთეკის ციფრული არქივი – ივერიელი, საზოგადოებრივი არქივი და  ქართულ-გერმანული არქივი; თითოეულ მათგანში განსხვავებული სპეციფიკის მქონე დოკუმენტაციაა გაერთიანებული, რაც სხვადასხვა გაკვეთილზე სხვადასხვა საკითხსა თუ თემაზე მსჯელობისას გამოყენების საშუალებას იძლევა, იქნება ეს საბჭოთა ტერორი, გადასახლებები და პოლიტიკური პატიმრები თუ სატირა და კარიკატურა,როგორც გამოხატვის ფორმები. აქვე ნახავთ თეატრის და კინოს მხატვრობის საინტერესო ნიმუშებს, კულტურული ცხოვრების ამსახველ აფიშებს, აგიტაციურ პლაკატებს, ბეჭდური გამოცემებს, ზეპირ ისტორიებს, სიმღერების აუდიო ჩანაწერებს და სხვა უამრავ საინტერესო რამეს.

 

ბავშვებისთვის შესაძლოა საინტერესო იყოს იმის ძიებაც, სად არის გაბნეული ამბები საქართველოს შესახებ ქართული არქივების გარდა და როგორ მოხვდა ეს კონკრეტული მასალები ამა თუ იმ ფონდში. ანკესის გადასაგდებად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკის ციფრულ არქივში დაცული ფოტოები თბილისიდან, სადაც თათრების ბაზრიდან და კინტოებიდან დაწყებული, ძველი თბილისის არაერთი მნიშვნელოვანი სახასიათო კადრი ინახება.

 

არქივების მიმართ ინტერესი და მათი ჩართვა სასწავლო პროცესში სასარგებლოა როგორც მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, ასევე თავად აკადემიური დაწესებულებებისთვის – ციფრულ არქივებზე მაღალი მოთხოვნა მათ აიძულებთ, იყვნენ მეტად დახვეწილები, მასშტაბურები და აქტუალურები, მოუწევთ უფრო და უფრო საინტერესო მასალების გამოტანა და ახალგაზრდებამდე მათი საინტერესოდ მიტანის ფორმების მოძიება, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის მათ, არქივების მომხმარებელი მოსაწავლეებს შორის კი შესაძლოა იყვნენ ისეთები, ვინც თავის მომავალს სწორედ არქივებს დაუკავშირებს. არქივების, როგორც მოსაწყენი ადგილების შესახებ წარმოდგენა გარკვეულწილად სწორედ იმის შედეგია, რომ იქ დაბალია ახალგაზრდების კონცენტრაცია, რთულად შედის ინოვაცია და თანამედროვე ტექნოლოგიები და უჭირს სპეციფიური აუდიტორიის ფარგლებს გარეთ გასვლა.

 

მაგალითად, ამერიკის ეროვნული არქივი იმისათვის, რომ მათი მასალები სასწავლო პროცესში ჩართული იყოს, თვითონ სთავაზობს მასწავლებლებს გაკვეთილის გეგმებს, რომლების საარქივო მასალების გამოყენებით შეიძლება მომზადდეს კონკრეტულ თემებზე, დიდი ბრიტანეთის ეროვნული არქივი არა მხოლოდ სასწავლო მასალებს, მათ სივრცეში მასწავლებლებს გაკვეთილებსა და ვორკშოპებს სთავაზობს, ციფრული მოხმარებისთვის კი  ონლაინ საკლასო ოთახს და ვიდეოკონფერენციებს.

 

 

 

 

 

ტრანსფერის უნარის განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილი

0

ეფექტური სწავლა-სწავლების პროცესი მოსწავლეს სამი სახის ცოდნით უზრუნველყოფს:

  1. სტატიკური ანუ დეკლარაციული ცოდნით;
  2. დინამიკური ანუ პროცედურული ცოდნით;
  3. ფუნქციური ანუ ტრანსფერული ცოდნით.;

არის შემთხვევები, როდესაც მოსწავლეს აქვს დეკლარაციული ცოდნა. გავარჯიშების შემდეგ ხსნის ამოცანებს (აქვს პროცედურული ცოდნა), მაგრამ ვერ გადააქვს ეს ცოდნა პრაქტიკაში.

ტრანსფერული ცოდნა მოსწავლეს საშუალებას აძლევს, თავისი ცოდნა ადეკვატურად გამოიყენოს სხვადასხვა კონტექსტში. ხაზგასასმელია, რომ ტრანსფერი თავისთავად არ ხდება. საჭიროა სწავლების სპეციალური დაგეგმვა, ინტერაქციის, თანამშრომლობის და მრავალფეროვან დავალებათა არჩევანის შეთავაზება. არჩევანის თავისუფლება ეხმარება მოსწავლეს ძლიერი მხარეების უკეთ გამოყენებაში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსწავლეები, როდესაც იმას აკეთებენ, რაც მოსწონთ, უფრო მეტად არიან ფოკუსირებულნი სამუშაოზე და შედეგიც შესაბამისია.

მინდა, კოლეგებს მოვუყვე, როგორ მოახერხეს მოსწავლეებმა მათემატიკის გაკვეთილზე მიღებული ცოდნის ტრანსფერი და შევთავაზო გაკვეთილის გეგმა.

 

გაკვეთილის გეგმა

 

სწავლების საფეხური / კლასი: I საფეხური, მე-6 კლასი

 

გაკვეთილის თემა: გეომეტრიული გარდაქმნები

 

გაკვეთილის მიზანი:

 

  1. მოსწავლე შეძლებს, გეომეტრიული გარდაქმნები დაუკავშიროს ყოველდღიურ ცხოვრებას და შექმნას რაიმე პროდუქტი.
  2. ტრანსფერისა და პრეზენტაციის უნარის განვითარების ხელშეწყობა.

 

 

N აქტივობის აღწერა გამოყენებული მეთოდი/მეთოდები კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები სასწავლო რესურსები დრო (წთ)
1. გაკვეთილის თემა და მიზანი

მისალმებისა და საორგანიზაციო საკითხის მოგვარების შემდეგ გავაცნობ გაკვეთილის თემას და მიზანს, ამობეჭდილს გავაკრავ თვალსაჩინო ადგილას.

ასევე გავაცნობ გაკვეთილის შეფასების კრიტერიუმებს

ვერბალური ახსნა- განმარტება საერთო საკლასო კომპიუტერი, პროექტორი,

გაკვეთილის თემა, მიზანი, შეფასების რუბრიკა

2 წთ
2  საშინაო დავალება- პრეზენტაცია

მოსწავლეები მცირე ჯგუფში მუშაობის გზით, სასურველი ფორმით (სლაიდშოუ, ფლიპჩარტზე გამოსახვა) წარადგენენ პრეზენტაციებს, შეძლებენ ნასწავლის შესახებ საკუთარი მოსაზრების და დამოკიდებულების გადმოცემას კლასის წინაშე.

ჯგუფების გამოსვლის თანმიმდევრობას განვსაზღვრავ შემთხვევითობის პრინციპით „გამოსაძახებელი ჩხირების” გამოყენებით. თითოეულ ჯგუფს პრეზენტაციითვის ეძლევა 3 წუთი

პრეზენტაცია ჯგუფური პროექტორი, კომპიუტერი,

პრეზენტაციები, მოსწავლეთა მიერ შექმნილი პროდუქტები, „გამოსაძახებელი ჩხირები

12 წთ
3. ჯგუფების ურთიერთშეფასება

მოსწავლეები წარმოდგენილ პრეზენტაციებს შეაფასებენ შეფასების რუბრიკის კრიტერიუმების დახმარებით და მისცემენ თანაკლასელებს განმავითარებელ შეფასებას. შეფასების პროცესში ჩავერთვები და მივაწვდი ჯგუფებს აღწერით უკუკავშირს.

ურთიერთ შეფასება.

მასწავლებლის შეფასება

ჯგუფური შეფასების კრიტერიუმი 4 წთ
4 ბრეინსტორმინგის სესია

ვსვამ შეკითხვას (რომელიც წინასწარ მაქვს გამზადებული ფლიპჩარტზე): სად შეიძლება გამოვიყენოთ გეომეტრიული გარდაქმნები?

ვახდენ იდეების გენერირებას და ვინიშნავ ფლიპჩარტზე (კომენტარისა და შეფასების გარეშე).

ბავშვებმა უნდა დაასახელონ მაგალითები, რა შემთხვევაშია საჭირო ღერძული სიმეტრიისა და პარალელური გადატანის გამოყენება პროფესიულ საქმიანობასა და ყოველდღიურ სიტუაციაში.

გონებრივი იერიში მთელი კლასი ფლიპჩარტი, მარკერი 3 წთ
5. „დაამყარე კავშირი“

აქტივობის მიზანია, მოსწავლეებმა დაამყარონ კავშირი გეომეტრიულ გარდაქმნასა და ყოფა-ცხოვრებას შორის.

ვთხოვ მოსწავლეებს, სურვილის მიხედვით გადანაწილდნენ ჯგუფებში, აირჩიონ ცხოვრებისეული სიტუაცია, გამოიყენონ ნასწავლი მასალა და შექმნან რაიმე პროდუქტი.

აქტივობისთვის საჭირო მასალები, რომლებიც დალაგებულია საკლასო ოთახში, მოსწავლეებმა თვითონვე უნდა აირჩიონ.

ეს აქტივობა საშუალებას აძლევს მოსწავლეს, ვიზუალურად გამოხატოს თავისი ცოდნა და დამოკიდებულება საკითხთან დაკავშირებით. ეს განსაკურებით მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი ბავშვი სწავლობს კეთებით. მოსწავლეებს აქვთ შუქნიშნის ბარათები და თუ დახმარება დასჭირდათ, აწევენ წითელს. როცა სამუშაოს დაასრულებენ, აწევენ მწვანეს.

მოსწავლეებს ვაკვირდები ჯგუფური მუშაობის პროცესში, ვაკეთებ მოკლე ჩანაწერებს, ჩანაწერების ანალიზი დამეხმარება განვსაზღვრო, რა დახმარება სჭირდება კონკრეტულ მოსწავლეს.

თანამშრომლობითი მეთოდი.

მოსწავლეების მიერ შექმნილი ვიზუალური სინთეზი

ჯგუფური ფერადი ფურცლები,

ფლიპჩარტის ფურცელი;

მუყაო, მარკერები, ფერადი ფანქრები, მაკრატელი. წებო, კუბიკები, ყვავილები, საძერწი,

გუაში, ფუნჯი, ფერადი და დეკორატიული სკოჩი

შუქნიშნის ბარათები

13 წთ
6. განხილვა მთელი კლასის მონაწილეობით:

მოსწავლეები ჯგუფური მუშაობის შედეგად მიღებულ პროდუქტს ერთმანეთს უზიარებენ. განიხილავენ, რა იყო პოზიტიური ჯგუფური მუშაობისას. შევაფასებთ მოსწავლეთა ნამუშევრებს შეფასების რუბრიკის გამოყენებით (დანართი 2)

ურთიერთშეფასება ჯგუფური ჯგუფების მიერ შექმნილი პროდუქტები 4 წთ
7 ქვიზი

მოსწავლეები მერხებს მოაწყობენ აქტივობის შესაბამისად . დაურიგდებათ დავალების ფურცლები. (დავალებათა ბარათებს მოსწავლეები დაარიგებენ დროის მოგების მიზნით)

 

შეფასება ინდივიდუალური ქვიზის ბარათები 3

 

წთ

8. განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების

(„მოსწავლეზე დაკვირვების ფორმა“ და ქვიზი) გამოყენებით ვიღებ ინფორმაციას იმის შესახებ, რამდენად კარგად გაიგეს მოსწავლეებმა შესასწავლი მასალა, რამდენად ეფექტიანია სასწავლო პროცესი, ეს კი დამეხმარება, დავგეგმო შემდეგი ნაბიჯები და მოვახდინო მოსწავლეთა შეფასება.

 

შეფასება საერთო საკლასო „მოსწავლის სწავლის აღრიცხვის ფორმა“

ქვიზი, მოსწავლეზე დაკვირვების ფორმა

3 წთ
9. საშინაო დავალება ინსტრუქტაჟი საერთო საკლასო მოსწავლის წიგნი 1 წთ

 

 

 

 

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

  • მოსწავლე ნასწავლ მასალას დააკავშირებს ყოველდღიურობასთან. იპოვის და აღწერს ისეთი ცხოვრებისეულ სიტუაციებს, სადაც გეომეტრიული გარდაქმნების გამოყენებაა საჭირო. ვიზუალურად გამოხატავს თავის ცოდნას და დამოკიდებულებას საკითხის მიმართ და შექმნის რაიმე პროდუქტს.
  • ხდება პრეზენტაციის უნარის განვითარების ხელშეწყობა.

 

 

შეფასება:

დანართი 1

კრიტერიუმი დამწყები

5-6

განვითარებადი

7-8

კვალიფიციური

9-10

შინაარსის შესაბამისობა საპრეზენტაციო თემასთან პრეზენტაციის შინაარსი არ შეესაბამება თემას პრეზენტაცია ნაწილობრივ შეესაბამება თემას პრეზენტაციის შინაარსი სავსებით შეესაბამება თემას
საუბრის მანერა მოსწავლე არ არის თავდაჯერებული და უჭირს სათქმელის ნათლად გადმოცემა მოსწავლეს აკლია თავდაჯერებულობა, ლაპარაკობს სწრაფად ან მეტისმეტად ნელა.  მოსწავლე თავდაჯერებულია და მკაფიოდ გადმოსცემს სათქმელს.
თვალსაჩინოების გამოყენება არ იყენებს თვალსაჩინოებას იყენებს თვალსაჩინოებას, მაგრამ არაეფექტურად თვალსაჩინოებებს ირჩევს ადეკვატურად და იყენებს ეფექტურად

 

 

 

დანართი 2

 

კრიტერიუმი დამწყები განვითარებადი კვალიფიციური
სამუშაოს ორგანიზება სამუშაო არ არის ორგანიზებული. ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არ გადანაწილდა სამუშაო ორგანიზებულია. ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები ნაწილობრივ გადანაწილდა სამუშაო კარგად ორგანიზებულია. ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები სწორად და თანაბრად გადანაწილდა
შექმნილი პროდუქტი არაადეკვატურად იყენებს რესურსებს, ნამუშევრები არაეფექტურია. ეფექტურად იყენებს რესურსებს, თუმცა ნამუშევარი ნაკლებად ეფექტურია ნამუშევრები ესთეტიკურად ლამაზია, ეფექტურად და ადეკვატურად იყენებს რესურსებს

 

 

 

გაკვეთილის მსვლელობიდან გამოვყოფ აქტივობას „დაამყარე კავშირი“.

მოსწავლეებმა სურვილისამებრ შექმნეს ჯგუფები.

პირველი ჯგუფი („მხატვრები“) -გეომეტრიული გარდაქმნების გამოყენებით მოსწავლეებმა შექმნეს ძალიან საინტერესო ნახატები (პეპელა, ყვავილი, სახლი, საქართველოს დროშა). მოხდა მათემატიკის დაკავშირება მხატვრობასთან.

მეორე ჯგუფი („დიზაინერები“) – ფერადი ფურცლებისგან შეკერეს თოჯინის კაბა, კაბის გამოჭრისას გამოიყენეს ღერძული სიმეტრია, ხოლო გაფორმებისას – პარალელური გადატანა. გეომეტრიული გარდაქმნების დახმარებით ლამაზად გააფორმეს მუყაოსაგან დამზადებული „ტორტი“.

მესამე ჯგუფი („მშენებლები“) – ბიჭებმა სხვადასხვა რესურსის გამოყენებით გააკეთეს ფეხბურთის მოედანი, გოგონებმა კი ფერადი ფურცლებით, ყვავილებით და სხვა რესურსებით დაამზადეს დეკორაციული ბაღი. რა თქმა უნდა, გამოყენებული იყო გეომეტრიული გარდაქმნები.

მეოთხე ჯგუფი (“ხელმარჯვე ოსტატები“) – მათემატიკა დააკავშირეს ხელოვნებასთან. დახატეს ორნამენტები, გააკეთეს წიგნის ლამაზი სანიშნები და ფერადი ფურცლებისგან გამოჭრეს სიმეტრიული ფიგურები საკლასო ოთახის გასაფორმებელად.

გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეებმა ნათლად დაინახეს საგანში მიღებული ცოდნის პრაქტიკული ღირებულება. კერძოდ, გეომეტრიული გარდაქმნების ცოდნის მნიშვნელობა სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისთვის. გაკვეთილის წარმატებისთვის მნიშვნელოვანი იყო პოზიტიური, რესურსებით მდიდარი გარემო, რომელმაც ხელი შეუწყო პროდუქტიულ და ეფექტიან ტრანსფერს.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  • მ. ბოჭორიშვილი, ტრანსფერული ცოდნის შეძენის პროცედურები და შესაბამისი მეთოდური ინსტრუმენტები

თომას ედისონის სასკოლო თავგადსავალი და წარმატების ამბავი

0

თომას ედისონმა, რომელმაც თანამედროვე სამყაროს ფორმირებაში უდიდესი როლი ითამაშა, პირველი გამოგონება 21 წლის ასაკში, 1868 წელს დააპატენტა. სიცოცხლის დასასრულს მას აშშ-ში უკვე 1093 პატენტი ჰქონდა. ასევე უამრავ პატენტს ფლობდა დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და საფრანგეთში. დღევანდელი გადასახედიდან წარმოუდგენელია ედისონის გონებრივ შესაძლებლობებში დაეჭვება, თუმცა მისი სკოლის მასწავლებელი დარწმუნებული იყო, რომ ამ უუნარო ბიჭუნას სკოლაში არაფერი ესაქმებოდა.

თომას ალვა ედისონი 1847 წლის 11 თებერვალს ოჰაიოში, ქალაქ მაილანში დაიბადა. 1954 წელს ოჯახი მიჩიგანში, პორტ-ჰურონში გადავიდა საცხოვრებლად. ედისონმა სკოლაში მხოლოდ სამი თვე იარა, რის შემდეგაც მასწავლებელმა დედამისს ურჩია, ბავშვისთვის თავად მიეხედა.

თომასი სემუელ ედისონისა და ნენსი ელიოტის მეშვიდე შვილი იყო. როცა დაიბადა, რამდენიმე და-ძმა უკვე გარდაცვლილი ჰყავდა. თომასს უჩვეულოდ დიდი თავი ჰქონდა და ექიმმა „ტვინის ანთება“ იეჭვა, მაგრამ შეცდა. თომას მხოლოდ მარცხენა ყურში არ ჰქონდა სმენა, ისიც – რთულად გადატანილი ინფექციური დაავადების გამო. შვილების დაკარგვით დათრგუნული მშობლები თომასს დიდი მზრუნველობით ზრდიდნენ და სიყვარულით ალვას ეძახდნენ.

ვინაიდან ალვას გაცილებით უფროსი დედმამიშვილები ჰყავდა, ხშირად უწევდა მარტო თამაში, მაგრამ არასოდეს იწყენდა. საქმე ის არის, რომ 1847 წელს მაილანი აყვავების პიკზე იყო – ახალმა არხმა ქალაქი საპორტო სამოთხედ აქცია. ფერმერების პროდუქტი და ხეტყე, ოჰაიოს ყველაზე დიდი სიმდიდრე, ამ არხის მეშვეობით მარტივად ხვდებოდა ბაზარზე – ერის ტბის გავლით პირდაპირ ნიუ-იორკში. ნავსადგურში უზარმაზარი რიგები იდგა და ეს ყველაფერი კარგად მოჩანდა ედისონის სახლიდან, ამიტომ პატარა ალვა მუდამ მოვლენების ეპიცენტრში ტრიალებდა. მეგობრებთან ერთად ცურავდა, აშენებდა სათამაშო გზებს და რკინიგზას, თან მეზღვაურთა სიმღერებს ღიღინებდა. ალვა ცნობისმოყვარე ბავშვი იყო და ხშირად ეხვეოდა საშიშ თავგადასავლებში. ერთხელ არხში ჩავარდა და კინაღამ დაიხრჩო, მეორედ – ხორბლის ორმოში და ძლივს გადაარჩინეს გაგუდვას. მამისეულ სახელოსნოში თამაშის დროს შემთხვევით ცეცხლი წაუკიდა იქაურობას და გადაწვა. ცეცხლი მეზობელ შენობასაც მოედო, რის გამოც მამამ ალვა სამაგალითოდ და საჯაროდ გაწკეპლა. არადა, ძალიან უყვარდა შვილი, თუმცა კი ჩიოდა ხოლმე, რომ ბავშვი ბევრ „სისულელეს“ ეკითხებოდა, რაზეც პასუხები არ ჰქონდა.

ახალგაზრდა ედისონის პრობლემები მისი დაბნეულობის ბრალი იყო. ის მხოლოდ ერთ საქმეზე კონცენტრირდებოდა ხოლმე და ვეღარ ამჩნევდა, რა ხდებოდა გარშემო. ერთხელ ალვა მეგობართან ერთად საბანაოდ წავიდა და ვიდრე ქვაზე ჩაფიქრებული იჯდა, მეგობარი ისე დაიხრჩო, ვერც კი შეამჩნია. როდესაც რეალობას დაუბრუნდა, შინისკენ გასწია – ეგონა, მეგობარმა სახლში მისვლა დაასწრო და არც მოიკითხა. საღამოს წყალმა დამხრჩვალი ბიჭუნა გამორიყა და ამ ტრაგედიაში, ცხადია, ალვა დაადანაშაულეს. ბავშვმა მართლაც დაიჯერა, რომ არაფრად ვარგოდა…

ალვასთვის პირველი „ჯადოქარი“ მაილანელი ორთქლის წისქვილის მეპატრონე სემ ვინჩესტერი იყო. ამ კაცს გიჟს ეძახდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ გრანდიოზული პროექტი ჰქონდა – სამგზავრო დირიჟაბლის შექმნაზე ოცნებობდა. შვიდი წლის ალვა სულ მეწისქვილესთან ტრიალებდა, რაც ძალიან აბრაზებდა მამამისს. ალვა კი დირიჟაბლის იდეით მოწამლულიყო და ჯიუტად დაიარებოდა მეოცნებე ვინჩესტერთან. სხვათა შორის, თავისი ექსპერიმენტი მეწისქვილემ ბოლომდე მიიყვანა, საჰაერო გემი ააშენა, ააფრინა კიდეც, მაგრამ გემიანად უგზო-უკვლოდ დაიკარგა…

პორტ-ჰურონში გადასვლის შემდეგ ედისონების ოჯახმა ხორბლის, ხეტყისა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას მიჰყო ხელი. გარდა ამისა, სემუელ ედისონმა ეზოში 30-მეტრიანი ხის კიბე ააშენა. ნებისმიერ მსურველს შეეძლო 25 ცენტად კიბეზე ასვლა და იქიდან ხედებით დატკბობა. მეზობლები დასცინოდნენ უფროს ედისონს, მაგრამ საქმე შემოსავლიანი აღმოჩნდა. ალვა მამას კიბის აშენებასა და თანხის აკრეფაში ეხმარებოდა, ყანაშიც მუშაობდა და იცოდა, რომ ფული ძნელი საშოვნელი იყო. საოჯახო ფერმაში ის მშობლებთან ერთად უვლიდა სიმინდს, ხახვს, ბოლოკს, ჭარხალს. მოსავალი ფორნით კარდაკარ დაჰქონდა და ყიდიდა.

სწორედ იმ ხანებში გამოიცა კანონი, რომლის თანახმადაც სკოლაში სწავლა სავალდებულო გახდა, მაგრამ 60 წელი დასჭირდა იმას, რომ ეს კანონი ყველა შტატს აღესრულებინა. ბავშვების უმრავლესობა მაინც არ დადიოდა სკოლაში – მეურნეობებში, მაღაროებში ან ქარხნებში მუშაობდნენ და გაკვეთილებს მხოლოდ ზამთრობით, რამდენიმე თვის განმავლობაში ესწრებოდნენ. გაუნათლებლობა ცხოვრებაში ხელს არ უშლიდათ – წერა-კითხვისა და ელემენტარული ანგარიშის ცოდნაც ჰყოფნიდათ.

ალვას დედა მღვდლის ქალიშვილი იყო და კარგი განათლება მიიღო, ახალგაზრდობაში მასწავლებლადაც მუშაობდა. სწორედ მან ასწავლა ალვას წერა-კითხვა, ხატვა და გადაწყვიტა, სკოლაშიც მიებარებინა. მომავალი გამომგონებელი ფიზიკურად სუსტი ბავშვი იყო და ხშირად ავადმყოფობდა. სკოლაშიც გვიან შევიდა. ქალაქის სკოლას ჯორჯ ინგლი ხელმძღვანელობდა. ის ძალიან მკაცრი მასწავლებელი იყო. მისი მეუღლეც იქვე მუშაობდა. ცოლ-ქმარი სწავლის საუკეთესო მეთოდად დაზეპირებას მიიჩნევდა და თუ მოსწავლეს რამე შეეეშლებოდა, ტყავის ქამრით ან წკეპლით სცემდნენ. ალვა ხშირად ისჯებოდა, უჭირდა ერთ ადგილას ჯდომა და ზუთხვა. ის მიჩვეული იყო საკუთარ გამოცდილებაზე დაფუძნებული ახალი ცოდნის მიღებას. სკოლის გაკვეთილები ინტერესს ვერ აღუძრავდა, ან უამრავ კითხვას სვამდა. მასწავლებელი ამის გამო საჯაროდ დასცინოდა და „უნიჭოს, უუნაროს“ უწოდებდა. მრავალი წლის შემდეგ ედისონი იხსენებდა: „სკოლაში კარგად სწავლას ვერ ვახერხებდი. ყოველთვის ჩამოვრჩებოდი თანაკლასელებს. მეჩვენებოდა, რომ მასწავლებელს ჩემი საერთოდ არ ესმოდა, მამაჩემს კი სულელად მივაჩნდი“.

ბიჭუნა სკოლიდან ატირებული გამორბოდა და დედას ევედრებოდა, საძულველი სასწავლო დაწესებულებიდან გამოეყვანა. ერთხელაც გაბრაზებულმა ნენსი ედისონმა ბავშვს ხელი ჩაჰკიდა და საქმის გასარჩევად სკოლისაკენ გასწია. ინგლის მკაცრი მეთოდები მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

ფორმალურად თომას ედისონმა, მსოფლიოში ერთ-ერთმა უდიდესმა გამომგონებელმა, მხოლოდ სამი თვე იარა სკოლაში. ახალი სკოლის პოვნის ორი უშედეგო მცდელობის შემდეგ დედამ გადაწყვიტა, მისთვის სახლში მიეცა განათლება. სინამდვილეში ედისონი დამოუკიდებლად სწავლობდა. ნენსი მისთვის მხოლოდ იმ წიგნებს შოულობდა, რომელთა მიმართაც ბავშვი ცხოველ ინტერესს იჩენდა, არ აძალებდა მისთვის უინტერესო დისციპლინებს, მაგალითად, მართლწერას და არითმეტიკას.

ცხრა წლის ალვა დამოუკიდებლად კითხულობდა მსოფლიო ისტორიას, შექსპირს და დიკენსს. პირველი სამეცნიერო წიგნი, რომელიც წაიკითხა, რიჩარდ გრინ პარკერის „ნატურალური და ექსპერიმენტული ფილოსოფია“ იყო. სწორედ ამ წიგნმა უბიძგა გამოგონებებისა და ექსპერიმენტებისკენ.

დედას სჯეროდა, რომ მისი შვილი არ იყო უუნარო, უბრალოდ, სხვაგვარი მიდგომა სჭირდებოდა. ედისონს ეს ყოველთვის ახსოვდა და უსაზღვროდ მადლიერი იყო: „ჩემი შემოქმედი დედაა. მან გამიგო და მომცა ჩემი მისწრაფებების რეალიზების შესაძლებლობა“, – ამბობდა ის.

ენის სნობები დიალექტების პირისპირ

0

სნობი – ადამიანი, რომელიც ცდილობს დაიცვას მოდა და ე.წ. კარგი ტონის წესები; პირი, რომელსაც დახვეწილი გემოვნების, მანერების პრეტენზია აქვს და ამით თავი მოაქვს, ქედმაღლობს (უცხო სიტყვათა ლექსიკონი); ადამიანი, რომელიც თვლის, რომ მას აქვს უმაღლესი დონის ინტელექტი და დახვეწილი გემოვნება; თავის თავზე ზღვარგადასული წარმოდგენის მქონე პირი (სამოქალაქო განათლების ლექსიკონი).

ენა ჩვენს იდენტობას გამოხატავს. რომელ სიტყვებს ვიყენებთ, სად ვსვამთ მახვილს, როდის ვიცვლით ტონს, რა მომენტში ავუწევთ და დავუწევთ ხმას – ეს ყველაფერი კარგად წარმოაჩენს, როგორები გვინდა ვიყოთ, ვის გვინდა, რომ ვგავდეთ ან არ ვგავდეთ. და, რაც უფრო მეტად ვცდილობთ, ჩვენი მეტყველება მანერული გავხადოთ, მით უფრო მეტად ვუსვამთ ხაზს იმას, ვის გვსურს, გავემიჯნოთ. ამიტომაც ვამბობთ, რომ ენა იდენტობას ასახავს, ყოველ შემთხვევაში იმას მაინც, თუ რომელ თემს ვეკუთვნით ან რომელ თემს გვინდა, რომ  მიგვაკუთვნონ. ზოგჯერ ეს პროცესი გაუცნობიერებელია, ზოგჯერ კი მიზანმიმართული. პირველ შთაბეჭდილებას თანამოსაუბრეზე მეტწილად ენით ვახდენთ. ჩვენი აქცენტის მიხედვით თანამოსაუბრე ავტომატურად დაგვაკავშირებს რომელიმე სოციალურ ფენასთან, იმსჯელებს ჩვენს განათლებაზე, ხანდახან ჩვენს ხასიათზეც კი. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამგვარი მიდგომა ხშირად ზედაპირულია და შესაძლოა, მოგვაგონოს „პატარა უფლისწულის“ პერსონაჟი, თურქი ასტრონომი, რომლის აღმოჩენაც არ აღიარა ევროპულ სამოსში გამოწყობილმა სამეცნიერო საზოგადოებამ იმის გამო, რომ თურქი ასტრონომის ჩაცმულობა დაიწუნეს. ეს ამბავი მსჯელობის საგნად უნდა იქცეს გაკვეთილებზე. არადა, სნობიზმი მარტო ჩაცმულობით არ განისაზღვრება, არსებობენ ენის სნობებიც. ისინი, ვინც აღწერენ და სწავლობენ ლინგვისტურ სნობიზმს, აღნიშნავენ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში მეტყველების თავისებურება შეიძლება სიამაყის საგანსაც წარმოადგენდეს და ერთი რომელიღაც მანერით მეტყველება იმაზე პრესტიჟულიც კი იყოს, ვიდრე სტანდარტად მიჩნეული მეტყველება (ეს შეეხება რომელიღაც სოციალური ჯგუფის მეტყველების თავისებურების წინ წამოწევასაც). ცხადია, რომ სტანდარტიც ოდესღაც ერთ კონკრეტულ დაწინაურებულ დიალექტს დაეფუძნა ანუ, სანამ სტანდარტად იქცეოდა, სტანდარტულად აღიარებული ენაც დიალექტი იყო, რომელსაც, სხვასთან შედარებით, „გაუმართლა“ და დაწინაურდა. დაწინაურების მიზეზი კი ყოველთვის მოცემული რეგიონის კულტურული უპირატესობა არ ყოფილა, ზოგჯერ პოლიტიკა განაპირობებდა ამა თუ იმ რეგიონისთვის სახასიათო მეტყველების ნორმების გაბატონებას მთელ ქვეყანაში.

საქართველოში უპირატესობა ყოველთვის აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში გავრცელებულ სამეტყველო თავისებურებებს ენიჭებოდა და სწორება ქართლ-კახურ დიალექტზე კეთდებოდა. ეს ადვილად ასახსნელია. თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ როდესაც ენის სტანდარტზე ვსაუბრობთ, ძირითადად სამეტყველო მანერას ვგულისხმობთ და არა ლექსიკურ ერთეულებს ან გრამატიკულ კატეგორიებს, რადგან ენა ყოველთვის მდიდრდებოდა სხვა რეგიონებიდან შემოსული ლექსიკური ერთეულებით. თუმცა ფაქტია, რომ გარკვეული ლექსიკური ერთეულების დაყოფაც შეიძლება „პრესტიჟულ“ და „არაპრესტიჟულ“ სიტყვებად. „არაპრესტიჟული“ სიტყვების წამოცდენით გავცემთ თავს, როგორი გამართული ენითაც არ უნდა ვმეტყველებდეთ, როგორც არ უნდა შევეცადოთ, დავმალოთ აქცენტი. თუმცა ყველაფერ ამასთან ერთად ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ არა დიალექტები, ვერ ვისაუბრებდით მრავალფეროვნებაზე. თანაც დიალექტური მეტყველება ფასდაუდებელ სამსახურს უწევს მწერლობას: ხანდახან მხოლოდ დიალექტის გამოყენებით ახერხებს მწერალი, შექმნას კოლორიტული პერსონაჟი. უნივერსიტეტის ლექციებიდან მახსოვს, როგორ გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ ქართულმა ენამ გელათის აკადემიის ზეობის ხანაში იმერული დიალექტიდან გადმოიღო არაერთი ფორმა. დასავლეთ საქართველოში გავრცელებულმა სიტყვებმა ხან ჩაანაცვლეს ენაში არსებული სიტყვები, ხან კი ჩანაცვლება ვერ მოახერხეს და პარალელურ ფორმებად დამკვიდრდნენ (მაგ. ლიტერატურულ ტექსტებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ მესამე პირის ნაცვალსახელი „ის“ სწორედ ამ პერიოდიდან ჩნდება ენაში, რომელმაც სრულად ვერ განდევნა მანამდე დამკვდრებული „იგი“). მოკლედ, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, უნდა ვაღიაროთ, რომ ლინგვისტური დისკრიმინაცია ჩვეულებრივი ამბავია. იმავდროულად არც ის უნდა უარყოთ, რომ საითაც არ უნდა გავიხედოთ, ყველგან წავაწყდებით ლინგვისტურ სნობიზმს და ენის სნობებს.

რა ვითარებაა სკოლებში? რამდენიმე თვეა, მთელი საქართველოს მასშტაბით ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებს ვესწრები. რამდენჯერ ყოფილა, მიგრძვნია, როგორ იღვიძებს ჩემში ენის სნობი, როცა კუთხისთვის დამახასიათებელ ინტონაციას, სიტყვას ჩავიჭერ ხოლმე არა მარტო მოსწავლეების, არამედ მასწავლებლების მეტყველებაში. მაგრამ მესმის, რომ ჩემში გაღვიძებულ ენის სნობს ყური არ უნდა ვუგდო და ჩემი გამახვილებულ-გაფაციცებული სმენა სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხებისკენ უნდა მივმართო.

რამდენიმე დღის წინ ქუთაისში ვიყავი კონფერენციაზე და შესაძლებლობა მომეცა, ფრანგი მკვლევრის, ჟან ლეო ლეონარდის სემინარს დავსწრებოდი. ფრანგ მეცნიერთან ერთად სემინარს ქართველი ლინგვისტი თამარ მახარობლიძეც უძღვებოდა. სორბონას უნივერსიტეტის პროფესორმა იმედი გამოთქვა, რომ აუდიტორიაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები იქნებოდნენ და მათ გამოადგებოდათ მომავალ საქმიანობაში სემინარზე მიღებული გამოცდილება. ვეჭვობ, სემინარში მონაწილეთა ძალიან მცირე ნაწილი იყო მასწავლებელი, ამიტომაც დასასრულს პროფესორისგან ნებართვა ავიღე, რომ ეს წერილი დამეწერა და მასწავლებლისთვის გამეზიარებინა ჩემი შთაბეჭდილებები.

რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ და როგორ მოვახერხოთ, რომ ჩვენს მოსწავლეებს დიალექტების დადებითი მხარეებიც დავანახოთ? კი ბატონო, წავაკითხეთ მოსწავლეებს ოტია იოსელიანის, რევაზ ინანიშვილის მოთხრობები და აღმოვაჩინეთ, რომ მათ ნაწარმოებებს მომხიბვლელობას და განუმეორებლობას სწორედ დიალექტიზმების გამოყენება ანიჭებს. ვაზეპირეთ სიტყვები, რომლებიც მანამდე არ გაეგონათ იმ იმედით, რომ ხელს შევუწყობდით მოსწავლეების ლექსიკის გამდიდრებას. მაგრამ გულის სიღრმეში ვიცით, რომ ამ სიტყვებს ისინი ნაკლებად გამოიყენებენ ცხოვრებაში და, სავარაუდოდ, არასოდეს გაააქტიურებენ გრამატიკულ ფორმებს. მასწავლებლები ხმამაღლა არ ვუტყდებით საკუთარ თავსაც კი, თუმცა ხშირად ეჭვები გვღრღნის, აქვს თუ არა მნიშვნელობა ისეთი სიტყვების დაზეპირებას, რომელთაც არასოდეს გამოიყენებენ მოსწავლეები ცხოვრებაში? თუკი დიალექტური ფორმა შეგვხვდება ტექსტში, თუკი ერთი დიალექტის კუთვნილ სიტყვას წავაწყდებით ნაწარმოებში, მას ხომ კონტექსტის მიხედვითაც ამოვიცნობთ? მაშ რაღა საჭიროა ამ ლექსიკური ერთეულების ზეპირად დასწავლა? არადა მხატვრულ საშუალებებთან ერთად ხშირად პერსონაჟებს, მათ სამოქმედო არეალს, გარემოს სწორედ დიალექტიზმები ძერწავს. გავიხსენოთ რამდენიმე ნიმუში ჩვენი პოეზიიდან:

გარეთ ხმაურობს წვიმა…

ოთახს ანათებს ლამპა…

– პეტუშა გახსოვს?

– იმე!

– რა ბიჭი იყო?!

– აპა! (მუხრან მაჭავარიანი)

გზად გურულ ქალს ვეუბნები,

რომ გზაც ვარდით ნაფერია.

ის ყურს მიგდებს, მერე მკაცრად

ამბობს: მაი აფერია. (გალაკტიონ ტაბიძე)

ხომ მეთანხმებით, რომ სწორედ იმერული და გურული დიალექტური ფორმები ანიჭებს ამ ლექსებს განუმეორებელ ხიბლს? ორივე ლექსში ქალი მოსაუბრის სახე ორმა პასუხად ნათქვამმა სიტყვამ გამოძერწა, თანაც პირველ ლექსში ორივე სიტყვა დამხმარე სიტყვაა „იმე“ და „აპა“.

აღარაფერს ვამბობ ხალხური პოეზიის შედევრებზე, რომლებიც დიალექტური ფონეტიკური თავისებურებებისაგან რომ გავწმინდოთ, ლექსის ჟღერადობასთან ერთად მისი დანარჩენი ხიბლიც დაიკარგება:

ნეტამცაე მამკლამცაე,

ასო-ასო ამქნამცაე,

ჩემი სისხლი ყოვსამცა და

ყორანსამცა ასვამცაე,

ქვეშ ეკალი დამიგო

და ზედ მდუღარე მასხამცაე,

ამას ყოლას ავიტანდი,

უშენოდ არ მამკლამცაე.

დავუბრუნდეთ ჟან ლეო ლეონარდის ჩატარებულ სემინარს. სემინარზე მონაწილეები რამდენიმე ჯგუფად დაიყვნენ, თითოეული ფოკუსირდა ერთ დიალექტზე, რომელსაც ჯგუფის წევრები მეტნაკლებად კარგად ფლობდნენ. ეს იყო ზემოიმერული და ქვემოიმერული, აჭარული და კახური დიალექტები, ასევე სვანური ენა. სულ ხუთი ჯგუფი შედგა. დავალება შემდეგში მდგომარეობდა: თითოეულ ჯგუფს უნდა შეეთხზა დიალოგი, დიალოგის პერსონაჟებს უნდა გამოეყენებინათ დიალექტური ფორმები, შეძლებისდაგვარად სამივე სერიის თერთმეტივე მწკრივში უნდა წარმოედგინათ ზმნები. გამარჯვებას ჯგუფს ჟიური მიანიჭებდა. მე, ჩემდა სამწუხაროდ, აღმოვაჩინე, რომ პირველად ჩემს ცხოვრებაში ვერ შევძლებდი დავალების შესრულებას, ამიტომ ვერცერთ ჯგუფს შევუერთდებოდი და ჟიურიში მოვიკალათე. ჩემთან ერთად ჟიურიში აღმოჩნდა სემინარის მონაწილე მამაკაცი, რომელიც პროფესიით ექიმი იყო და კიდევ ორი ლინგვისტი ქალბატონი. ჟიურიმ შეიმუშავა კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც, ჯგუფების საქმიანობას შევაფასებდით. გადავწყვიტეთ, პირველ რიგში დიალოგების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მხარე შეგვეფასებინა: დაგვეთვალა, რამდენი მწკრივის გამოყენება მოხერხდა თითოეულ დიალოგში და თითოეული მწკრივისთვის ერთი ქულა მიგვენიჭებინა, მიახლოებით გაგვეზომა დიალოგში სტანდარტული ენისა და დიალექტის თანაფარდობა, გამოგვეთვალა, რამდენი მეტყველების ნაწილი იქნებოდა გამოყენებული თითოეულ დიალოგში (ცხადია, მეტყველების ნაწილები დიალექტური ფორმით უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი); კონტექსტის მიხედვით, თუკი შესაძლებელი იქნებოდა დიალექტური ფორმის ამოცნობა და თუკი პერსონაჟი და შერჩეული დიალექტი თავსებადი იქნებოდა, ეს მონაწილეებს ქულას მოუტანდა; ჯგუფს ქულას დავაკლებდით იმ შემთხვევაში, თუკი მონაწილეებს ალღო უმტყუნებდათ, გადაამეტებდნენ, გადაამლაშებდნენ და გამოყენებული დიალექტიზმებით ტექსტს გააუფასურებდნენ. ვინაიდან არც მე და არც ჟიურის მამაკაც წევრს არანაირი სურვილი არ გვქონდა, ქულებით გაგვეზომა სემინარში მონაწილეების თავდადება, კრიტერიუმები ორ ქალბატონს გადავაბარეთ, ჩვენ კი გადავწყვიტეთ, ცოტაოდენი მხიარულება შეგვეტანა სამუშაო პროცესში. რამდენიმე ფურცელზე დავწერეთ შემდეგი შემაფასებელი სიტყვები: „კაია“, „თლა კაია“, „გედვირიეთ“ და მას შემდეგ, რაც ხუთივე ჯგუფის მიერ შეთხზული დიალოგები მოვისმინეთ, ჩვენც გავითამაშეთ მოკლე სცენა: რავარია წარმოდგენილი დიალოგები? -კაია (ავწიეთ წინასწარ გამზადებული პირველი ფურცელი). -რა უშავს, რომ არ გამოვიყენოთ კრიტერიუმები და ისე შევაფასოთ ჯგუფები? თლა კაია (ავწიეთ წინასწარ გამზადებული მეორე ფურცელი). და გათამაშებული დიალოგის ბოლოს, შეთხზული დიალოგები შევაფასეთ ერთადერთი სიტყვით, როცა ავწიეთ წინასწარ გამზადებული მესამე შეფასება „გედვირიეთ“. ჩვენმა კრეატიულმა მიდგომამ სემინარის მონაწილეები გაახალისა. ამ აქტივობამ მიმახვედრა, რომ აუცილებელია, დავთრგუნოთ საკუთარ თავებში ლინგვისტური სნობიზმი და შევეგუეთ იმ ფაქტს, რომ დიალექტის გამოყენებით ლიტერატურა მხოლოდ იხეირებს, თუკი მას საჭირო დროსა და საჭირო ადგილას გამოიყენებს.

იმედია, მასწავლებლებიც თავისებურად გააცოცხლებენ დიალექტებს საკლასო აქტივობის დროს, როდესაც იმ ნაწარმოებების შესწავლაზე გადავლენ, დიალექტური ფორმების გამოყენების მრავალფეროვნებით რომ გამოირჩევიან. ამ ნაწარმოებების ავტორებს ალღო არ ღალატობთ და ხვდებიან – სპეციფიკური გარემოსა და ტიპაჟების შესაქმნელად დიალექტი მისწრებაა. ჰოდა, თქვენც, მასწავლებელსაც ნუ გიმტყუნებთ ალღო და რაღაც დოზით წაახალისეთ გარკვეულ ვითარებებში დიალექტური ფორმების გამოყენება კლასში. ასე თქვენი მოსწავლეები ლექსიკასაც გაიმდიდრებენ და იმასაც ისწავლიან, რომ გარკვეულ დროს, თუნდაც რომელიღაც როლის მორგებისას, დიალექტური მეტყველება საუკეთესო გადაწყვეტილება, ზოგჯერ კი ერთადერთი გამოსავალიც კი შეიძლება აღმოჩნდეს.

თუკი გადაწყვეტთ, გაკვეთილზე მოსწავლეებს დიალექტური ფორმებით დატვირთული დიალოგი შეაქმნევინოთ, გაითვალისწინეთ, რომ მათ ცხოველების ან ბუნების მოვლენების ალაპარაკება შეუძლიათ. რომელ ცხოველს ან მოვლენას რომელ დიალექტს მოარგებენ, ეს მოსწავლეების კრეატიულობაზეა დამოკიდებული. რატომღაც ვეჭვობ, რომ მასწავლებლებს სიფრთხილის გამოჩენაც მართებთ, რადგან ცხოველი-პერსონაჟების ამა თუ იმ დიალექტზე ამეტყველებას აუცილებლად მოჰყვება საზოგადოებაში დამკვიდრებული იარლიყებისა და სტერეოტიპების წინ წამოწევა. ასე რომ, მგონია, დიალექტებზე ჩატარებული გაკვეთილი იარლიყებზე და სტერეოტიპებზე მსჯელობით უნდა გაგრძელდეს.

სახე-სიმბოლო, როგორც შიფრ-კოდი გალაკტიონის პოეტურ ენაში

0

„მშობლიური ეფემერის“ მიხედვით

საყოველთაოდ ცნობილია, რომ მხატვრული ტექსტების კვლევის პროცესში სახე-სიმბოლოების დეკოდირება უმთავრესია იდეური ქვეტექსტების ამოცნობისა და ავტორის ოსტატობის შეფასების გზაზე, ვინაიდან სახეობრიობა ლიტერატურული ნაწარმოების უწინარესი ღირსება და მახასიათებელია. ძველი თუ ახალი ეპოქის კლასიკურ მხატვრულ ტექსტებში სახისმეტყველება ყოველთვის ითვლებოდა ტექსტის ღირებულების საზომად, მაგრამ არცერთ ეპოქაში ისეთი ღრმა დატვირთვა არ ჰქონია მხატვრულ სახეს, როგორც ეს მან შეიძინა მეოცე საუკუნის დასაწყისში, მოდერნიზმის გავრცელებისას, ხოლო მოდერნისტული მიმდინარეობებიდან ამ მხრივ განსაკუთრებული იყო სიმბოლისტური პოეზია. ქართული სიმბოლისტური ლირიკა თავისი პოეტური სახე-ხატებით უდავოდ მწვერვალია პოეტური აზროვნებისა. „ცისფერყანწელების”, გალაკტიონისა და გიორგი ლეონიძის შემოქმედება გამოირჩევა ჯადოქრული ოსტატობით შექმნილი მხატვრული სახეებით, რომელთაც ხშირად იმდენად ღრმა სიმბოლური დატვირთვა აქვთ, რომ მრავალშრიანი სემიოტიკური დაკვირვებებია საჭირო და ერთი სახის გახსნა უამრავ ქვეტექსტსა და კონოტაციაზე გვიქმნის წარმოდგენას. პოეტური ინტეგრალები ამ სახე-ხატებით იძერწება.

ქართული სიმბოლისტური ლირიკის მხატვრული სახე-სიმბოლო ხშირად გვევლინება შიფრ-კოდად, რომლის გახსნა ავტორის მსოფლმხედველობის, გემოვნებისა და ესთეტიკის საიდუმლოებებს გვაზიარებს. სიმბოლისტები სამართლიანად მიიჩნევდნენ, რომ მათი ლექსები არ იყო მასისთვის, მათ აღქმას მომზადებული, გემოვნებიანი, განათლებული მკითხველი სჭირდებოდა. მათი ლირიკა ნასაზრდოებია ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, რელიგიის, ისტორიის, მითოსის საბადოებიდან მოპოვებული არქეტიპებით. თანამედროვე ალუზიებით მათი გაცოცხლება კი განუმეორებელ ხიბლს სძენს ამ ტექსტებს, ხოლო სპეციალისტებისა და მკვლევრებისთვის ლიტერატურული ძიებების ფართო ასპარეზს იძლევა.

შევეცდები გალაკტიონ ტაბიძის „მშობლიური ეფემერის“ მაგალითზე ავხსნა სიმბოლისტური სახეების შიფრ-კოდები, რათა კიდევ ერთხელ გავიაზროთ, რამდენად მდიდარია გალაკტიონის ლირიკული ფანტაზიები, რამდენად ღრმა დატვირთვა შეიძლება შეიძინოს სახემ და რამდენად შეუძლია მას თავის თავში დაიტიოს ტექსტის იდეური ქსოვილის უმთავრესი ნიშანსვეტები. უამრავი პოეტური ნიმუში გვხვდება სიმბოლისტი პოეტების შემოქმედებაში, სადაც დაუვიწყარი სახეების ფეიერვერკია და ისინი მომდევნო ეპოქების პოეტებისთვისაც ინსპირაციის წყაროდ ქცეულან.

ქართული სიმბოლისტური პოეზია ქართულმა ლიტმცოდნეობამ საკმარისად იკვლია, უამრავი კომპეტენტური და საინტერესო სამეცნიერო შრომა მიეძღვნა სიმბოლისტური სახე-სიმბოლოების ანალიზსაც, მაგრამ ვინაიდან ამოუწურავია სიმბოლისტი პოეტების სახეთა სიღრმე და მრავალფეროვნება, ინვარიანტული წაკითხვები ალბათ მუდმივად გაგრძელდება ჩვენს მეცნიერებაში.

გალაკტიონის „მშობლიური ეფემერა“ 1915 დაიწერა, სიმბოლისტური პოეტური ესთეტიკის აპოგეის ჟამს. შვიდი სტროფისგან შემდგარ ლექსში ორ ათეულზე მეტი სიმბოლისტური სახე-ხატი ცოცხლდება. არამცთუ მათ სიღრმეებში წვდომა, კვლევა და ანალიზი, ზედაპირული, დილეტანტური დაკვირვებაც საკმარისია იმის გასააზრებლად, რომ მათი მეშვეობით პოეტი საოცარ კალეიდოსკოპს ქმნის, ახალ პოეტურ კოსმოსს ძერწავს და გამოუთქმელის გამოთქმას ლამობს. ერთი სიამოვნებაა ამ სახე-სიმბოლოთა თვალის გადავლება. აი, ისინიც:

მშობლიური ეფემერა. მშობლიური ხეები. ზამთრის მიერ ჩახერგილი ბილიკი. მოგუგუნე ტყე. შეხავსებული კლდეები. ამირანის მძაფრი კვნესა. პოეტის გული. თერგი. მზე. ბინდი. ფერები ჭევრი. ლალების ტევრი. ლილა და შვინდი. ყაზბეგის შუბლი, რომელიც შემოსეს ღრუბლით. ალუბლებით სავსე ცა. ყვავილების ცა და კალათები. დარიალის ხეობა. მზარავი ზარა. ძვირფასი ლანდები.

ამ სახე-სიმბოლოებს შორის ზოგი მეტყველი, ნათელი და იოლად აღსაქმელია, ხოლო ზოგი – ეფემერული, იდუმალი, ფანტასმაგორიული, მისტიკურიც კი, რომელთა შიფრ-კოდების გახსნას სიმბოლისტური ლექსის ენისა და სტილის ღრმა ცოდნა სჭირდება.

უდავოა, რომ ეს ლექსი პატრიოტულ მოტივებს ეხმიანება, თუმცა სიმბოლისტი პოეტისთვის უცხოა ამ ძველი და კარგად გაცვეთილი თემის ტრადიციული ხერხებით რეალიზება. მან ჯადოქრულ სახე-სიმბოლოებში უნდა ჩააქსოვოს სათქმელი, თან ისე, რომ გემოვნებიანი მკითხველიც მიუხვდეს ავტორს. ლექსს, მიუხედავად ამ უხვი და ფერადი სიმბოლოებისა, სულ სამიოდე ლირიკული გმირი ჰყავს: სამშობლო, რომელიც უამრავ სახეშია განსხეულებული, პოეტის ორეული (ალტერ ეგო) და „ძვირფასი ლანდები“ ანუ… (ამაზე ქვემოთ)…

სამშობლოს გამომხატველ სახე-სიმბოლოებს თუ ყურს მივუგდებთ, ისინი გასაოცარი ლირიზმით „მღერიან“ და გვიმხელენ სიყვარულის ჯერარგაგონილ გრძნობას… სამშობლოს სიყვარული პოეტისთვის უპირველესად ჩაქსოვილია სათაურად გამოტანილ კოდირებულ სინტაგმაში – მშობლიური ეფემერა… ამით პოეტი მიგვანიშნებს, რომ სამშობლო ომახიანი, პათეტიკური შეძახილები და გულზე ხელების ბაგუნი კი არა, ეფემერული ლანდებია, უფაქიზესი, ჩუმი, უპრეტენზიო, საიდუმლო, შეუცნობელი, მშობლიური და უზომოდ საყვარელი, მშობლიურ ხეთა შრიალი, ზამთრის მიერ ჩახერგილი ბილიკები (აქ ჩახერგილი ბილიკი რთული ეპოქის მეტაფორადაც წარმოჩნდება, XX საუკუნის 10-იანი წლების ფსიქოლოგიური კრიზისების, განწირულობის განცდის, ადამიანის დაპატარავების, დაკარგვის, ყოფის გაუფერულების, ექსისტენციალური შიშის პარადიგმატულ სახე-ხატად)… სამშობლო გაცოცხლებულია, როგორც მიჯაჭვული ამირანის, ტკივილისგან აკვნესებული გმირის ალეგორიული სახე და მთავარ ლირიკულ გმირს „ეს ძაფრი კვნესა უწამლავს დღეებს“… პოეტის გულიც დაჭრილია ამირანის სატკივრით… მოგუგუნე ტყე თითქოს ქართველი ხალხია, „მრავალჭირვარამგადანახადი“ (როგორც მუხრან მაჭავარიანი იტყოდა), ხოლო შეხავსებული კლდეები საქართველოს უდრეკი ისტორიული წარსულის და სიძველის სიმბოლოებად აღმართულან…

გალაკტიონი, ცისფერყანწელი პოეტებისგან განსხვავებით, არ ემიჯნება წინა საუკუნის რეალისტური მწერლობის ტრადიციებს, მათ თემებსა და იდეებს და პოეტური მემკვიდრეობის უწყვეტობას მუდამ ხაზს უსვამს. ამიტომაც მის ლექსებში გაცოცხლებული თერგი სწორედ იმგვარი იდეური ქვეტესტებისა და ემოციის გამომხატველი სახე-სიმბოლოა, როგორსაც ვიცნობთ ილიას „აჩრდილიდან“ და „მგზავრის წერილებიდან“. გალაკტიონის თერგიც ავტორსა და მკითხველში სწორედ იმ ასოციაციებს აღძრავს, რომლებიც კარგად ნაცნობია სამოციანელთა შემოქმედებიდან:

„გუგუნებს თერგი, ხმაურობს თერგი,

მზე ჩავა, ჯერ კი შორსაა ბინდი…

ფერები ჭევრი ირევა ბევრი,

ლალების ტევრი – ლილა და შვინდი“…

თერგი აქაც ხმაურიანი, საიმედო, მხსნელი ლირიკული გმირია, მზეც რომ ჩავიდეს, მისი ხმაურის ფონზე ბინდი (სიმბოლურად სიკვდილი-აღსასრული) მაინც შორსაა, მეტიც –  „ფერები ჭევრი ირევა“, ანუ შორსაა სიკვდილის ერთფეროვნება, სირუხე, სანაცვლოდ ლალების ტევრი (ხშირი ტყე, იგივე ხსნა, იმედი, გადარჩენა, წითელი ფერი, როგორც სიცოცხლის სიმბოლო) ლილად და შვინდად იღვრება… ლილა და შვინდი, ანუ ლურჯი და მუქი წითელი (ბორდოსფერი) ქართული გარემოს, ტრადიციული ქართული დეკორების სიმბოლოებია… საოცარია გალაკტიონის სიტყვათქმნადობები (აკი შეადგინეს კიდეც ლექსთმცოდნეებმა მისი პოეზიის უზარმაზარი სიმფონია-ლექსიკონები)… სიტყვა „ჭევრი“ სხვაგან არსად შეგხვდებათ. ფონეტიკური ასოციაციით ის მოგვაგონებს „მჭევრს“ (რიტორი, მრავალფეროვნად მოსაუბრე, ამოდმეტყველი), აგრეთვე მჭვირვალს, ფერადოვანს, მრავალფეროვანს… პოეტი ქმნის სიტყვას, რომლის სემანტიკა კონტექსტის მიხედვით მკითხველს შეუძლია უამრავ რამეს დაუკავშიროს. სიტყვის პოლისემია შესაბამისად აღძრავს სხვადასხვაგვარ ემოციას.

მშობლიური გარემოს მშვენების აღსაწერად ულამაზესი სახე-სიმბოლოებია ალუბლებით სავსე ცა, ასევე ყვავილთა ცა, საიდანაც კალათებს ცლიან და ყვავილები გვაწვიმს… რამდენადაც ცა იდუმალის და შეუცნობლის სახე-სიმბოლოა ზოგადად ლირიკაში, მას უამრავი ფერითა და პლასტით აცოცხლებენ პოეტები. გავიხსენოთ გიორგი ლეონიძის „ცა – ატმებით მსხმოიარე, ჩახჩახა“… მისი ფარდი სახე-სიმბოლოა „…და ცა ალუბლით სავსეა“… ეს უცნაური კონტრასტი, ერთგვარი ოქსიმორონი (დაუშვებელია ცა იყოს ან ატმებით მსხმოიარე ან ალუბლებით სავსე, ეს ფერები მხოლოდ მეწამული დაისის ცაზე თუ შეიძლება ეძიო) ანიჭებს ამგვარ პოეტურ ხედვას განუმეორებელ მაგიას…

მშობლიური გარემოს სიმბოლოა დარიალის ხეობა, როგორც რუსეთ-საქართველოს საზღვარი, როგორც საქართველოს ბედის გადამწყვეტი ტოპოსი. აქვე ცოცხლდება უცნაური სემიოტიკური კონცეპტი – „დარიალიდან ზარავდა ზარა“… „ზარა“ ისევე, როგორც „ჭევრი“, გალაკტიონის სიტყვათქმნადობების პროდუქტია, მისი ქმნილებაა, მისეული ჯადოქრობა და აღგვიძრავს ასოციაციას, რომ შემზარავი ხმები ისმის დარიალიდან, ხოლო თუ რაში გამოიხატება დარიალიდან მოსული ხმების შემზარავობა, ამაზე ჩვენი და გალაკტიონის საყვარელი მწერლის, ალექსანდრე ყაზბეგის, ქმნილებები მოგვითხრობენ იშვიათი დრამატულობით. თუნდაც „ელგუჯა“, სადაც ყაზბეგმა მწვავედ ამხილა რუსი ოფიცრების ანტიჰუმანისტური მოპყრობა მოხევეებისადმი და რუსულ-ქართული ეთნომენტალობების სრული ანტაგონიზმი.

ნიშანდობლივია გალაკტიონის ფრაზა – „ყაზბეგის შუბლი, რომელიც შემოსეს ღრუბლით“, რაშიც უნდა ვიგულისხმოთ ამ მარტოსული და გარიყული ადამიანის ბიოგრაფიაში მიმალული ტრაგიზმი… ასეთი ყაზბეგი ხომ გალაკტიონს სხვა დროსაც აგონდება? გავიხსენოთ მისი ლექსი „მე კავკასიის ქედები მთხოვენ?“ აქ გალაკტიონი საოცარი სიფაქიზით აცოცხლებს ყაზბეგის ხატს, როცა მას „ხევის ბეთჰოვენს“ უწოდებს:

„მე კავკასიის ქედები მთხოვენ,

მე მთხოვს მუსიკა თერგის ხმაურის,

ვუსმინო ყაზბეგს – ხევის ბეთჰოვენს“…

 

ცნობილია სიმბოლისტი პოეტების განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემა ალექსანდრე ყაზბეგისადმი. გავიხსენოთ ტიციან ტაბიძის დამსახურება და ღვაწლი სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმის გამოსყიდვისა და შექმნის საქმეში. რომ არა ტიციანი, ვინ იცის, გვექნებოდა კი ეს უნიკალური სახლ-მუზეუმი? რომელიც უძვირფასესია არა მხოლოდ, როგორც მწერლის სახლ-მუზეუმი, არამედ, როგორც ხევის ეთნოგრაფიის ამსახველ-შემნახველი ცენტრი.

გალაკტიონი „მშობლიურ ეფემერაში“ ახსენებს ძვირფას ლანდებს და თერგს ასე მიმართავს: „მოგონებები, რაც ჩემს გულს ანთებს, იმ ძვირფას ლანდებს გადაეც, თერგო!“

მოსწავლეები უსათუოდ დასვამენ კითხვას: ვის გულისხმობს გალაკტიონი ძვირფას ლანდებში? მოვიშველიოთ ლოგიკური ასოციაციები, თუკი პოეტური მსოფლაღქმა საერთოდ შეიძლება დავუკავშიროთ რამენაირ ლოგიკას. მეოცე საუკუნის დასაწყისში ვინ უნდა იყვნენ ის ძვირფასი ლანდები, ვისი ხატებიც თერგს უკავშირდება, ვისი ხსოვნაც გალაკტიონის გულს ანთებს და ვინც ამ ლექსის პათოსთან – სამშობლოს ტკივილისა და ხსნის გამოხატვასთან ასოცირდება? ამის გამოსაცნობად შერლოკ ჰოლმსობა სულაც არაა საჭირო – ეს ლანდები წინა საუკუნის სამოციანელები და მათი მემკვიდრეები არიან: ილია, აკაკი, ვაჟა, ყაზბეგი… გალაკტიონი ყველა პარამეტრით მათ სულიერ მემკვიდრედ მიიჩნევს თავს და ეს არაერთ ლექსშია გაცხადებული…

„მშობლიური ეფემერა“ მცირე ფორმის, მაგრამ ღრმა ქვეტექსტების და უაღრესად საინტერესო სიმბოლისტური სახე-ხატების ლექსია, ის ყოველთვის იწვევს ინტერესს და ცხარე დებატებს საკლასო სივრცეში.

მასწავლებლებს ვურჩევ, რომ ამ ლექსის ანალიზს დაუკავშირონ კარგად ცნობილი საგაკვეთილო აქტივობა „ფანტაზიორები და რეალისტები“. ამისთვის სასურველია, რომ კლასი დავყოთ წყვილებად, რომელთა შემადგენლობაში ერთი ფანტაზიორი იქნება და მეორე – რეალისტი. წყვილები იწერენ და ირჩევენ ლექსის სახე-სიმბოლოებს და იწყებენ მათ დეკოდირებას თავიანთი პროფილის მიხედვით. წყვილის ერთი წევრი სახე-სიმბოლოს წარადგენს ფანტაზიორის პოზიციიდან, ხოლო მეორე – რეალისტის ხედვით. წყვილს შეუძლია საკუთარი მოსაზრებები ვენის დიაგრამის კოგნიტურ სქემაში მოაქციოს და საკუთარ არგუმენტებსა და ჰიპოთეზებში საერთო და განმასხვავებელი მონახოს. ასევე გამოსადეგი კოგნიტური სქემა იქნება, ე.წ. T-დიაგრამა. სასურველია წყვილმა განსხვავებული რაკურსებით შეხედოს სიმბოლებს და არგუმენტირებულად იკამათოს. თუკი შეთანხმდებიან სიმბოლოს ქვეტექსტების ახსნაში, გამოაცხადებენ „ზავს“, ხოლო თუკი დაპირისპირება მკვეთრი იქნება, პაექრობა გაგრძელდება „ლიტერატურული დუელით“, რომლის გამარჯვებულსაც გამოავლენს „მასწავლებელი-სეკუნდანტი“. ის სათანადო კომენატრებით და განმავითარებელი შეფასებებით აჯამებს წყვილის მიერ წარმოდგენილ ხედვებს.

საგაკვეთილო აქტივობა კი დასრულდება საშინაო დავალებით, რომლის მიზანი იქნება ლექსის სახე-სიმბოლოების დეკოდირება. თხზულების მითითებების ფორმირება ბევრნაირად არის შესაძლებელი. ასევე დასაშვებია, რომ საშინაო დავალებად მომზადდეს პოსტერული პრეზენტაციები ან ელექტრონული სლაიდ-შოუები Power Point პროგრამის მეშვეობით.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...