ოთხშაბათი, სექტემბერი 10, 2025
10 სექტემბერი, ოთხშაბათი, 2025

        ის ჩვენი მასწავლებელია

0

ისე უნდა იცხოვრო, რომ ვინმეს შენზე წიგნის დაწერა მოუნდეს – ამას ხშირად ეუბნება თავის მოსწავლეებს, რომლებიც ჩუმ-ჩუმად უკვე თხზავენ პატარა ტექსტებს მომავალი წიგნისთვის.

ამ წიგნის მთავარი გმირი სწორედ შორენა მასწავლებელია – ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი. ჩემი დიდი მეგობარი. მგონი დღეს მეც ასე ვეძახი – შორენა მასწავლებელი.

კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში, ლიტერატურული დაოსტატების სპეციალობაზე ერთად ვსწავლობდით. ვახუშტი კოტეტიშვილის სახელოსნო ჯგუფში მოვხვდით და ჩვენი მთავარი ამოცანა ხუთი წლის მანძილზე ის იყო, რომ გაგვერკვია, ბოლოს და ბოლოს, ვის რა გვინდოდა ლიტერატურისგან.

შორენას ლექსი „ცა სასკიას ფერი“ ჩემი პირველი შთაბეჭდილება იყო მის მიმართ. რემბრანდტის სასკიასფერი ცის ხილვა კი მხოლოდ რაჭაში შეიძლება თურმე. რაჭაში, საიდანაც შორენა ჩამოვიდა. ონის სოფელ საკაოდან. ეს საკაოც, ვისაც არ უნახავს, აუცილებლად უნდა ნახოს, ზღაპრის წიგნიდან ამოხეული ფურცელივითაა, ვინც ბოლომდე კითხულობს, რჩება კიდეც მის ბწკარებში, ვეღარსად მიდის.

შორენამ ეს წაკითხული სიბრძნე და სიყვარული ჩამოიყოლა, თან გული მისდიოდა დარდისგან და მონატრებისგან – იქ დარჩენილი მშობლების და და-ძმის, შეყვარებულის, ყველაფერი ძვირფასის გამო.

ეს, რაზეც ვყვები, ხომ თავისთავად დიდი გამოცდილებაა ყველა ადამიანისთვის. შორენამ თავისი თავი ამ გამოცდილებებით შექმნა, ააგო. ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა – მონატრებასაც, სოფელსაც, ქალაქსაც და შეყვარებულსაც და, აი, ამის მერე მოვიდა მთავარი სიცხადე – შორენამ მასწავლებლობა დაიწყო.

მახსოვს მისი პირველი წლები სკოლაში – განსაკუთრებული ღელვა, უკიდურესობამდე დაჭიმული პასუხისმგებლობა, ფიქრში და კითხვაში გატეხილი ღამეები.

მასთან შეხვედრაც დაგვიძვირდა – სკოლაში თუ მივაკითხავდით და რამდენიმე წუთით გამოვიტაცებდით ბავშვების გარემოცვიდან. თავიდან, მგონი მის მოსწავლეებზეც კი ვეჭვიანობდით – მათ ხომ მეგობარი წაგვართვეს. ასეთი სულელური სიყვარულიც არსებობს. მერე ამ სისულელემ გადაგვიარა და გაჩნდა რაღაც ახალი და დიდებული განცდა – უცნაური მოკრძალების, დიდი პატივისცემის – ის მარტო ჩვენ აღარ გვეკუთვნოდა, არც  მარტო სკოლას და მოსწავლეებს. ის რაღაც უფრო მნიშვნელოვანს და ძვირფასს აკეთებდა, ამ გაუნელებელი თავგანწირვით.

ალბათ ამ მოკრძალების და პატივისცემის გამოა, რომ ახლა არც ამ წერილის წერა მიქმნის უხერულობას – ბოლოს და ბოლოს, მეგობარზე ვწერ და რამდენი ვინმე – თუ არ იტყვის, გულში მაინც გაივლებს ჩემს სუბიექტურობაზე. მაგრამ, სწორედ იმიტომ, რომ ის ჩემი მეგობარია და ზედმიწევნით ვიცნობ, მიჩნდება სურვილი, სხვებსაც გავანდო და გავუზიარო, რომ ასეთი მასწავლებლები გვყავს!

სკოლაში ლიტერატურული სალონი გაიხსნა – დღემდე ამ სალონს ხშირად სტუმრობენ თანამედროვე მწერლები, ცნობილი პედაგოგები, წარმატებული ადამიანები. მისმა მოსწავლეებმა კითხვა გამორჩეულად შეიყვარეს. კარგად იციან თანამედროვე ლიტერატურული პროცესების შესახებ, მსჯელობენ ყველა თემაზე და მათ სამომავლო ინტერესებშიც ნელ-ნელა იკვეთება ინდივიდუალური სიცხადეები.

ისევე, როგორც თავის დროზე, შორენას შემთხვევაში მოხდა, როცა ყველაზე მეტად მასაც მასწავლებელში გაუმართლა. სტუდენტობისას ჩვენც დაუსწრებლად ვიცნობდით მისი მონაყოლიდან – საოცრად ღრმა და საინტერესო ადამიანს, პოეტს, მოაზროვნეს, სოფელ საკაოს სკოლის მასწავლებელს ბორის გუგეშაშვილს. შორენასთვის საფიცარი ხატება იყო ბორია მასწავლებელი, პირზე სულ მისი ფრაზები და ლექსები, მისგან ნასწავლი რამეები, მისგან მოსმენილი აზრები ეკერა. ბორია მასწავლებელმა თავის წილ დროს, ყოფას, გარემოს დიდი ნახტომით გაუსწრო და შეძლო, იმ ნაცრისფერ საბჭოთა წყობაშიც, სადაც ერთ თარგზე იყო მოჭრილი მოსწავლეც, მასწავლებელიც და ყველა ცხოვრებისეული უნიფორმაც, – თითოეული მოსწავლისთვის ახალი, აქამდე უცნობი ფერები დაენახვებინა, ფიქრი შეეყვარებინა, თავისუფლების უტყუარი და სასარგებლო გემო ეგრძნობინებინა.

სხვათაშორის, ეს ის ბორია მასწავლებელია, ვისმა შვილმაც – ძალიან კარგმა მწერალმა და მუსიკოსმა  ნინო გუგეშაშვილმა ცოტა ხნის წინ მისი ლექსების კრებული გამოსცა და დღემდე ეწევა მამის შემოქმედების (მუსიკალური თუ ლიტერატურული) პოპულარიზაციას.

ქრისტინე ჩხიკვაძე (მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლე):  „შორენა მასწავლებელმა პირველივე დღეს მოახდინა შთაბეჭდილება, კლასში რომ შემოვიდა. ერთმანეთს გადავხედეთ ბავშვებმა – ეს პატარა გოგო უნდა იყოს ჩვენი დამრიგებელი? გვეგონა, რომ მასწავლებელი აუცილებლად სათვალეებიან, მხრებზე ჟაკეტმოსხმულ ქალს ერქვა.

ყველაზე მეტად რა მომწონს მასში? უამრავია… ალბათ ის, რომ არ ცდილობს თავი მოგაწონოს, სპეციალურად არაფერს იგონებს. სადაც შედის, იქ თავისი ფერი შეაქვს. ზუსტად იმ დროს გამოჩნდა, როცა ვიწყებდით პიროვნებად ჩამოყალიბებას, საკუთარი თავის და ადგილის გარკვევას სამყაროში.  მისი ყველა გაკვეთილი განსხვავებულია. საპროგრამო ტექსტით იწყებს და მის მიღმა ისე შეუმჩნევლად გაჰყავხარ, რომ უკან მოხედვაც აღარ გინდა, იქ გინდა – სადაც ბევრი ფიქრია, ეჭვია, ინტერპრეტაციაა.

ალბათ ჩვენშიც ხედავდა დაინტერესებას, თორემ ისე არ დაგვაძალებდა არაფერს. ხანდახან ნაწარმოებებს თვითონვე გვარჩევინებდა“.

რამდენიმე წლის მერე კი დაიწყო ახალი ეტაპი – თეატრი, რომელშიც შორენა, თავის მოსწავლეებიანად, მთელი არსებით ჩაება. თავდაპირველი სცენა საკლასო ოთახი იყო, მერე  სკოლის ფოიე და პირველი მოკრძალებული ფიცარნაგი, მერე პროფესიულ სცენაზეც მოსინჯეს ძალები და კარგად გამოუვიდათ. მეტიც – დიდი წარმატებებიც დაიმსახურეს. წელიწადში რამდენჯერმე თამაშობენ საქველმოქმედო სპექტაკლებს და შემოსული თანხით ბევრ კეთილ საქმეს აკეთებენ.

რეპერტუარი – კლასიკური ქართული მწერლობაც და თანამედროვე პიესებიც. მათ შორის კი, თვითონ შორენა მასწავლებლის დაწერილი პიესები. ერთ-ერთი – „ნაპირი, რომელსაც სიბერე ჰქვია“, სასკოლო თეატრალური ფესტივალის „არტსკოლის“ გამარჯვებული ორჯერ გახდა, ნომინაციაში „საუკეთესო პიესა“. მისი პიესით დადგმულმა სპექტაკლმა „აქ და ასე“-მ კი, 2017 წელს ფესტივალის გრანპრი აიღო.

ქრისტინე ჩხიკვაძე:  „თეატრმა ჩემზე იმდენად დიდი გავლენა იქონია, რომ მსახიობობა გადამაწყვეტინა. დღეს აბიტურიენტი ვარ და თეატრალურში ვაბარებ. თეატრი და ლიტერატურა – აი, რა შემიყვარდა შორენა მასწავლებლის წყალობით ყველაზე მეტად და რა იქცა ჩემს მთავარ მოწოდებად!“

ოთო ლუარსაბიშვილი (მე-10 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული): „შორენამ ახალი გზა გაკვალა ჩემთვისაც და სხვებისთვისაც. რაღაც უნარები აღმოგვაჩენინა საკუთარ თავში იმისთვის, რომ უფრო დაკვირვებული თვალი გვქონდეს, უფრო ძლიერი ადამიანები ვიყოთ. ის რომ არ ყოფილიყო, ბევრი რამე უფერული დარჩებოდა, ვერ აღმოვაჩენდით. მე ის მომწონდა ყველაზე მეტად, რომ არასდროს უძალადია თავისი უპირატესობით, ცოდნით და გამოცდილებით. პირიქით – ყველა გზას დაგვანახებდა, ყველა შესაძლო ფაქტორს წინ დაგვიდებდა და მერე არჩევანი ჩვენზე იყო, რას ავირჩევდით. შორენამ პერსპექტივის შესაძლებლობა დაგვანახა. ის, რომ არსებობს უამრავი გზა, ისეთებიც კი, რომლებზეც წარმოდგენა არ გვქონია არასდროს“.

ქრისტინე ჩხიკვაძე: „ერთ მოსწავლეს შორენას ფრაზების ჩამონათვალი აქვს გაკეთებული რვეულის ბოლო გვერდებზე, რა იცი, რაში გამომადგესო. თვითონ შორენა მასწავლებელიც, გაკვეთილს როცა ხსნის და თავისებურად წავა სიღრმეებში, უცებ გაჩერდება და იტყვის ხოლმე: „ოხ, ეს რა კარგად გამომივიდაო“… ჰოდა, ზოგიერთი მოსწავლე ამ ყველაფერს ინიშნავს და ინახავს“.

ოთო ლუარსაბიშვილი: „ჩვენც ვასწავლეთ ალბათ რაღაცები. თვითონ ძალიან მოსწონს ეს მდგომარეობაც – როცა ჩვენგან სწავლობს და ამას აღნიშნავს კიდეც. ამიტომ, ჩვენ მეგობრები ვართ. მგონი ერთმანეთს ხელს საერთოდ არ უშლის – იყო მასწავლებელი და თან მეგობარი. ჩვენ ახლა მეგობრობასაც სხვანაირად აღვიქვამთ და გვეძვირფასება“.

ვკითხე მის მოსწავლეებს, რომ ამბობთ, შორენა მასწავლებელმა ახალი ფერები შემოიტანა ჩვენში, თავად ის რა ფერია-მეთქი. ზოგმა მითხრა, ცეცხლისფერი, როგორც ლიტერატურაო. ზოგმა – არა, მარტო ერთი კი არა, შორენა ერთად ბევრი ფერიაო.

რაც მთავარია, ძალიან ძლიერია ყველა ეს ფერი, თვალისმომჭრელად ძლიერი და მანათობელი.

შორენა ბერელიძე – სიცოცხლის მასწავლებელი.

 

მედიაწიგნიერება და ზრდასრულთა განათლება (პირველი ნაწილი)

0

მედიაწიგნიერება, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, წარმოადგენს გამჭოლ კომპეტენციას, რომელსაც მოსწავლეებს მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში უნდა ვუვითარებდეთ. მსოფლიოს ინტერნეტიზაციამ ბევრ სიკეთესთან ერთად მოიტანა უამრავი საფრთხეც, რომელთა ცოდნა თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოების წევრისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დღეს ყოველ ნაბიჯზე მოისმენთ საყვედურს, რომ მოზარდებში მედიაწიგნიერების განვითარებას სათანადო ყურადღება არ ეთმობა, მასწავლებლებს არ აქვთ საკმარისი რესურსი და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მედიაწიგნიერების მიმართ ასეთი დამოკიდებულება მხოლოდ საქართველოში არ არის. მსოფლიოს მოწინავე ქვეყნები ჩივიან, რომ მასწავლებელთა მოსამზადებელ საგანმანათლებლო პროგრამებში ამ მიმართულების ნაკლები სასწავლო კურსია, მისი კვლევისთვის შედარებით ნაკლები თანხაა გამოყოფილი, ვიდრე სხვა საკითხების კვლევისთვის. მშობლებს არ აღელვებთ ციფრულ ტექნოლოგიებზე შვილების მიჯაჭვულობა და ა.შ.  ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულმა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემის პირისპირ დააყენა მსოფლიო საზოგადოება: აღმოჩნდა, რომ მედიაწიგნიერების კომპეტენციის განვითარება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბავშვებში, არამედ ზრდასრულ ადამიანებშიც, რომლებმაც სკოლა დაამთავრეს, აკადემიური განათლება მიიღეს და დასაქმებულნი არიან.

მსოფლიოს ინტერენეტიზაციის პოტენციური საფრთხეების თავიდან ასაცილებლად აქტიური მუშაობა უკვე დაიწყეს მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა. მედიაწიგნიერება (ქართული განმარტებით) უნარების ნაკრებია, რომელიც ინდივიდისაგან მოითხოვს „გააცნობიეროს, როდის არის საჭირო ინფორმაცია და შეძლოს მისი ადგილის განსაზღვრა, შეფასება და ეფექტურად გამოყენება“ (ინგოროყვა, 2018). მოსახლეობაში მცდარი ინფორმაციის გავრცელება, კონკრეტული სახის პროპაგანდა, რაიმე ტიპის ჯგუფის ლობირება მხოლოდ ინფორმაციული თვალსაზრისით კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ქვეყნის უსაფრთხოების ნაწილია. Facktchek-ის ინფორმაციით, „ყალბი ახალი ამბავი (Fake News) პროპაგანდის შემადგენელი ნაწილია და მისი გატარების საჭირო ინსტრუმენტად მიიჩნევა. არ არსებობს ყალბი ახალი ამბის აღიარებული დეფინიცია; მეტად დამკვიდრებული გაგებით, ეს არის მასობრივი საინფორმაციო საშუალებით გავრცელებული დეზინფორმაცია/ტყუილი, რომელიც ინფორმაციის წყაროს პოპულარიზაციას ან/და კონკრეტული ჯგუფის მიერ განსაზღვრული პოლიტიკის გატარებას ემსახურება“ (https://factcheck.ge/article/ra-aris-qhalbi-akhali-ambavi-fake-news/). ქართულ ინტერნეტსივრცეში ხშირად შეხვდებით გადაუმოწმებელ, საეჭვო წყაროზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც მოსახლეობაში კონკრეტული ღირებულებების, ჯგუფების თუ ქვეყნების მიმართ ნეგატიური განწყობის შესაქმნელადაა გამოყენებული. მსგავს შემთხვევებზე დაკვირვება ასევე ცხადყოფს, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს არ გააჩნია სათანადო კომპეტენცია, რათა ეჭვი შეიტანოს გამოქვეყნებული ინფორმაციის ჭეშმარიტებაში, გადაამოწმოს ან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს აშკარად აბსურდული მოსაზრებები. ამ ფონზე მედიაწიგნიერების კომპეტენციის განვითარების საკითხი მოზრდილებში უფრო მეტ აქტუალობას იძენს.

თუ მოსწავლეებში მედიაწიგნიერების კომპეტენციის განვითარების საკითხს ქართული განათლების სისტემის ერთ-ერთ სუსტ წერტილად მივიჩნევთ, ზრდასრულებში იმავე თემასთან დაკავშირებულ მეტ საჭიროებას შევამჩნევთ. მედიაწიგნიერება და მედიაგანათლება, ევროპული გაგებით, დაკავშირებულია მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის კომპეტენციებთან. ზრდასრულთა განათლება ჯერჯერობით მხოლოდ მცირედით ეხება მედიაწიგნიერების საკითხებს, მიუხედავად იმისა, რომ მედიატექნოლოგიები დღემდე დიდ როლს ასრულებს ზრდასრულთა განათლებაში. მედიაპედაგოგიკაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შესაძლებელია კონკრეტული სამოქმედო სფეროების გამოყოფა, რაც ზრდასრულებში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობას აადვილებს:

  1. ორგანიზაციული სფერო. ის აერთიანებს მედიწიგნიერებასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ინტერნეტიზაციისა და „გაციფრულების“ გავლენა მთელი სიცოცხლის განმავლობაში მანძილზე სწავლის (Lifeloang Learning) სტრუქტურებსა და მოწყობაზე; ტექნოლოგიური აღჭურვილობა, ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ორგანიზაციების სტრუქტურები, პროფესიული განვითარების საკითხებში ჩართული პირებისა და გაერთიანებების თანამშრომლობა ტექნოლოგიური თვალსაზრისით და ა.შ.;
  2. სწავლა-სწავლების სფერო – მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა სხვადასხვა დონეზე მედიაწიგნიერების თვალსაზრისით ზრდასრულთა განათლების შესაძლებლობები. აქ ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ინფორმაციული ტექნოლოგიების გავლენას ისეთ პროცესებზე, როგორიცაა არაფორმალური განათლება და თვითგანათლება;
  3. საგნობრივი სფერო – ამ დონეზე განიხილება ორი განსხვავებული მიმართულება. პირველი მჭიდროდაა დაკავშირებული მედიაკომპეტენციის საკითხებთან, კერძოდ, გულისხმობს ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვას სამუშაო სივრცეში, მასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებს. მეორე მიმართულება სწავლობს ინფორმაციული ტექნოლოგიების გავრცელების და ინტერნეტიზაციის გავლენას საზოგადოებაზე, ასევე – თავად საზოგადოების ქცევას მედიატექნოლოგიებთან მიმართებით;
  4. პროფესიონალიზაციის სფერო – გულისხმობს მედიაანდრაგოგიკისა და მედიაპედაგოგიკის საჭიროებათა შესწავლას. გასაგებად რომ ვთქვათ, ის აქცენტს სვამს ზრდასრულთა და მათი მასწავლებლების პრობლემებზე, საჭიროებების ანალიზზე, კომპეტენციის სფეროებზე, პროფესიული განვითარებისა და მომავალი სწავლის დაგეგმვის, არაფორმალური განათლების საკითხებზე და ა.შ.

მიუხედავად დიდი პოტენციალისა, მედიაწიგნიერების საკითხები ზრდასრულთა განათლებაში ჯერჯერობით ვერ იკავებს სათანადო ადგილს. აქ საუბარია არა მხოლოდ აკადემიურ განათლებაზე (პროფესიულ, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე), არამედ განათლების მიღების შემდეგ დასაქმებულთა პროფესიული განვითარების პროგრამებზე, სამუშაო სივრცეში მედიაწიგნიერების საკითხების შეტანასა და დასაქმებულთათვის სასწავლო კურსების ან ხანმოკლე სემინარების შეთავაზებაზე. სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებათა განვითარების პროცესზე დაკვირვება მოწმობს, რომ მედია- და ციფრულ წიგნიერებასთან დაკავშირებული საკითხები ბიძგს აძლევს მრავალ სოციალურ მოვლენას და მათი მართვა უკვე სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს.

ზრდასრულთა განათლებაში მედიპედაგოგიკის, მედიაწიგნიერებისა და ციფრული ტექნოლოგიების დანრგვა/გამოყენებისა და მათი გავლენის შესახებ აქტიური კვლევები მიმდინარეობს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში. სტატიის მომდევნო ნაწილებში მიმოვიხილავთ რამდენიმე მათგანს გერმანულენოვანი სივრციდან, რომლებიც, დიდი ალბათობით, ჩვენს საზოგადოებაში ამ კუთხით არსებულ გამოწვევებსა და პრობლემურ საკითხებზეც შეიცავს პასუხებს.

მათემატიკური ნაყინი-სახალისო აქტივობა სასწავლო პროცესში

0

მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ, როდესაც მათთვის გასაგებ ენაზე ესაუბრები. მოგყავს მაგალითები და უყვები საინტერესო ამბებს. ნებისმიერ საგანში მნიშვნელოვანია, მოსწავლემ დაინახოს მსგავსება გაკვეთილის თემასა და საკუთარ ინტერესებს შორის.
პირველ კლასში, როდესაც იწყებენ რიცხვების შედგენილობის სწავლას, მე ვიყენებ სახალისო აქტივობას- მათემატიკური ნაყინი. ჩემი მიზანია, მოსწავლეებს კარგად დაამახსოვრდეთ რიცხვები, შეძლონ მათი გამოყენება, იყვნენ შემოქმედებითნი სასწავლო პროცესში და რაც მნიშვნელოვანია, ეს პროცესი იყოს საინტერესო და სახალისო.

გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებთან ვიწყებ საუბარს, რომ სხვადასხვა საკვების დამზადებას განსხვავებული პროდუქტები სჭირდება. თითქმის ყველა ბავშვს ძალიან უყვარს ნაყინი. ვეკითხები-როგორ შეიძლება ნაყინის დამზადება? პასუხის შემდეგ მოსწავლეებს ვეუბნები, რომ დღეს ჩვენ დავამზადებთ მათემატიკურ ნაყინებს. მათი გაოცებული და გახარებული სახის მიხედვით ვხვდები, რომ კლასი მოტივირდა. ვაზუსტებ, რომ დღევანდელი ჩვენი მუშაობის თემა იქნება რიცხვებისგან ნაყინების დამზადება. ნიმუშის სახით წინასწარ მაქვს გამზადებული ერთი ნაყინი, რომელსაც დემონსტრაციისთვის ვიყენებ. ნაყინს აწერია რიცხვი ,,7″ ე.ი ახლა მე ვანილის, კარამელის ან შოკოლადის ნაყინი კი არა, ,,7″-იანის ნაყინი მაქვს. ყველა ნაყინს თავისი შესაბამისი „ინგრედიენტები“ აქვს, ჩვენი ,,7-“იანის ნაყინსაც თავისი ,,ინგრედიენტები” სჭირდება. ვეკითხები მათ, თუ რამდენნაირად შეიძლება რიცხვი 7-ის მიღება(ამ დროს რიცხვის შედგენილობებს ვწერ დაფაზე) . სავარაუდო პასუხების ჩანიშვნის შემდეგ, მოსწავლეებს ვთავაზობ ნაყინის ბურთულებში ჩავწეროთ ისეთი რიცხვები, რომელთა დაჯამების შემდეგ მივიღებთ „7″-ს. მაგალითად, 3 და 4. ამ დროს კლასში შეიძლება რომელიმე მოსწავლეს გაუჩნდეს სურვილი, რომ თავის ნაყინს უფრო მეტი ბურთულა ჰქონდეს და ამბობს, რომ 7-იანი შეიძლება მივიღოთ, როგორც 3-იანის და 4-იანის დაჯამებით, ასევე 1, 2 და 4-იანისგან. იდეას ვაქებ და მისაღებ პასუხად ვთვლი.

მოსწავლეებს ვაცნობ, რომ ისინი იმუშავებენ ჯგუფურად(მერხები წინასწარ არის მომზადებული ჯგუფური მუშაობისთვის). ვახსენებ მათ ჯგუფური მუშაობის წესებს. ვაცნობ რესურსებს, რაც დასჭირდებათ. ესენია:

ყვითელი ან ყავისფერი ფურცელი (ვაფლისთვის);
ფერადი ფურცელი (ბურთულებისთვის);
მაკრატელი;
წებო;
ფლომასტერები(რიცხვების დასაწერად).
კლასს ვუხსნი, რომ თითოეული ჯგუფი დაამზადებს სხვადასხვა რიცხვის ნაყინს. ვურიგებ მათ პატარა ფურცლებს, სადაც დაწერილია ის რიცხვები, რომელი რიცხვის ნაყინიც უნდა დაამზადონ(ყველა ჯგუფს სხვადასხვა რიცხვი აქვს, იმისათვის რომ მათი შესწავლილი ყველა რიცხვი იქნეს გამოყენებული, არ განმეორდეს ან არ გამოვტოვოთ რომელიმე რიცხვი). ფურცელზე დაწერილ რიცხვებს მიიღებს ყველა ჯგუფი. მოსწავლეები შეფასდებიან როგორც ჯგუფური მუშაობით, ასევე დავალების სწორად შესრულებით. თანამშრომლობითი მუშაობა შეუძლიათ დაფაზე აკონტროლონ, ყველა ჯგუფის დასახელება იწერება დაფაზე და მუშაობის პროცესში ფასდება თითო ვარსკვლავით. მუშაობის ბოლოს, თითოეული ჯგუფი გააკეთებს პრეზენტაციას. კლასს ვაცნობ ჯგუფური მუშაობისთვის განსაზღვრულ დროს. მას შემდეგ რაც კლასისთვის ნათელია დავალება, ვიწყებთ მუშაობას.

მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფურად და ამზადებენ მოცემულ დავალებაში მითითებული რიცხვების ნაყინს. მუშაობის დასრულების შემდეგ ვიწყებთ პრეზენტაციას. პროცესში მთელი კლასია ჩართული. ყველა მოსწავლე სათითაოდ წარადგენს, რა რიცხვის ნაყინი დაამზადა, როგორ მიიღო ის. დაუშვათ მან დაამზადა 8-იანის ნაყინი. ბურთულებში კი უწერია 1,3,4. კლასს მივმართავ და ვთხოვ, შეკრიბონ ბურთულებში ჩაწერილი რიცხვები და დააკვირდნენ ჯამში თუ მივიღებთ 8-იანს. კლასი გამოთვლის და გამოთქვამს მოსაზრებას, სწორად არის თუ არა კონკრეტული ნაყინი დამზადებული. პრეზენტაციის ასე წარმართვა ხელს უწყობს სწავლის პროცესში კლასის მაქსიმალურ მონაწილეობას.

მათემატიკური ნაყინის აქტივობა მოსწავლეებს უვითარებს:

შემოქმედებითობას;
თანამშრომლობას (ჯგუფის წევრებთან);
ამარტივებს არითმეტიკული მოქმედებების შესრულებას;
ხელს უწყობს რიცხვების დამახსოვრებას.
მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ ეს აქტივობა.

განგაში ანუ რატომ სამოქალაქო თავდაცვის გაკვეთილი სკოლაში

0

2018 წლის 17 დეკემბერს მარნეულის N5 საჯარო სკოლაში სახანძრო განგაშის ხმა გაისმა. მოვარდნენ სამაშველო სამსახურის მანქანები, მეხანძრეები და მაშველები…

სკოლებში დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება მეორეხარისხოვან საგნად ითვლება და სათანადო ყურადღება არ ექცევა.

სხვადასხვა სკოლის ბავშვებთან ურთიერთობისას  შემჩნეული მაქვს, რომ  უფროსი კლასების მოსწავლეებს არ აქვთ გათვითცნობიერებული სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების საგნის არსი და მნიშვნელობა ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში. მათ ხშირად აღუნიშნავთ, რომ მე-8 კლასში საერთოდ არ უტარდებოდათ ამ საგნის გაკვეთილები. მეორე ნაწილი ამბობს, რომ სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის განკუთვნილი ერთი აკადემიური საათი სხვა საგანს ეთმობოდა. ვფიქრობ, ამისი მიზეზი ის არის, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სამოქალაქო თავდაცვას, მხოლოდ ერთი სემესტრი ეთმობა. არადა, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან, ხანძრების, წყალდიდობების სიხშირიდან და სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების სიმრავლიდან გამომდინარე აუცილებელია ქცევის წესებისა და მათი პრაქტიკაში გამოყენების  ცოდნა.

მესამე წელია ვასწავლი სამოქალაქო თავდაცვასა და უსაფრთხოებას. გარდა მარნეულის N2 საჯარო სკოლაში სამწლიანი მუშაობისა, 2018-2019 სასწავლო წელს ამ მიმართულებით გაკვეთილების ჩატარება მარნეულის N5 საჯარო სკოლაშიც დავიწყე. სწავლების საწყის ეტაპზევე აღმოვაჩინე, რომ მხოლოდ თეორიული მასალა არ იყო საკმარისი, რადგან ამგვარად გაკვეთილი მოსწავლეთათვის მოსაწყენი და უინტერესოა. სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების წიგნი მდიდარია თეორიული მასალით. სახელმძღვანელოში ასევე მოცემულია კონკრეტულ საგანგებო სიტუაციაში ქცევის წესები. იმისთვის, რომ გაკვეთილი იყოს საინტერესო და დასამახსოვრებელი, საჭიროა მეტი პრაქტიკა, მეტი სიახლე და ჩართულობა.

გასულ სასწავლო წელს მე-8 კლასელებთან ერთად სკოლის ეზოში მოეწყო საინტერესო გაკვეთილი თემაზე – ბუნებასთან პირისპირ. გადავწყვიტეთ შეძენილი თეორიული ცოდნის  ტრანსფერი პრაქტიკაში. ჯგუფებში განაწილებულმა მოსწავლეებმა მოაწყვეს საბანაკე ტერიტორია, დაანთეს ცეცხლი უსაფრთხოების წესების დაცვით, შეიმუშავეს დაცულ ტერიტორიაზე გადაადგილების მარშრუტი და შექმნეს საინფორმაციო დაფა.

მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისში სკოლის მე-5 საჯარო სკოლის დირექტორს შევთავაზე იდეა რომელიმე საგანგებო სიტუაციის მოდელირების თაობაზე. იგი სიხარულით დამთანხმდა.

სწავლების პროცესში მოსწავლეები სახელმძღვანელოში მოცემული თემების მიმართ დიდ ინტერესს იჩენდნენ. ერთ-ერთ გაკვეთილზე, როდესაც პროგრამულად ბუნებრივ და ხელოვნურ ხანძრებს გავდიოდით, მოსწავლეებმა გაიხსენეს 2017 წლის აგვისტოში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ერთდროულად გაჩენილი ხანძრები და მათი სალიკვიდაციო სამუშაოები. მათ აღნიშნეს, რომ ქვეყანა და საზოგადოება არ იყო მზად ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების დასაძლევად. მსჯელობის პროცესში მათგან წამოვიდა იდეა, რომ სკოლაში მოგვეწყო ხანძრის სიმულაცია და ევაკუაცია.

პროცესი ორ ნაწილად დავყავი. მოსამზადებელ ეტაპზე სკოლის დირექციამ წერილი მისწერა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს. მათთან შეთანხმებით დავგეგმეთ სიმულაციის დღე და საათი. პარალელურად მოსწავლეებთან ერთად შევისწავლეთ სკოლის საევაკუაციო გეგმა, გავიხსენეთ ქცევის წესები.

მეორე ეტაპს უკვე უშუალოდ ხანძრის მოდელირება წარმოადგენდა. 2018 წლის 17 დეკემბერს 14:00 საათზე ატყდა სახანძრო განგაში. ქვემო ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს მარნეულის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომლების დახმარებით სკოლის შენობიდან მოსწავლეთა ევაკუაცია მოხდა. მეხანძრე-მაშველებმა ბავშვები გაიყვანეს წინასწარ მონიშნულ უსაფრთხო ადგილებზე.

მოდელირების დასრულების შემდეგ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებსა და მოსწავლეებთან ერთად გავაანალიზეთ, რომ საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში მთავარ ხელის შემშლელ ფაქტორად პანიკა და ქაოსი გვევლინება. დირექციასთან ერთად სიმულაციაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს კლასის ხელმძღვანელებმა და სხვა მასწავლებლებმა.

სწავლების თანამედროვე მეთოდები ძირითადად ეყრდნობა კეთებით სწავლას. ამ სიმულაციის დროს კიდევ ერთხელ დავინახე აღნიშნული მეთოდის საუკეთესო მხარეები. ცნობილია, რომ სიმულაციის გამოყენებას მრავალი უპირატესობა აქვს. იგი მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, დაინახონ საკითხი კომპლექსურად, უვითარებს კრიტიკულ აზროვნებას და სოციო-კულტურულ უნარებს, რაც პასუხობს 21-ე საუკუნის გამოწვევებს. (Clapper, Timothy, 2010) დარწმუნებული ვარ, მოსწავლეებს ეს გაკვეთილი დიდი ხნის განმავლობაში დაამახსოვრდებათ. არასდროს წაიშლება მათი მეხსიერებიდან მეორე სართულზე ფანჯრებიდან შემოსული მეხანძრე-მაშველები, შენობის პანიკის გარეშე დატოვების პროცესი, აუცილებელი ნივთების თავმოყრა დროის უმოკლეს მონაკვეთში, შენობაში მყოფი სხვა ადამიანების დახმარება და თანადგომა.

ჩემთვის, როგორც ჩვეულებრივი ადამიანისთვის, არსებობს განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი, სასიამოვნო მომენტები. მაგალითად, ბავშვების კმაყოფილებით სავსე სახეები. იმ წუთიდან, დარწმუნებული ვარ, მოსწავლეები, რომლებმაც უშუალო მონაწილეობა მიიღეს პროცესში, ყოველთვის მზად შეხვდებიან საგანგებო სიტუაციებს და სხვათა დასახმარებლადაც უსაფრთხო გზებს იპოვიან.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ეროვნული სასწავლო გეგმა (მოქმედი რედაქცია) – მე-8 კლასის სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების საგნობრივი სტანდარტი

ტალახაძე, ნ. – სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება, VIII კლასი

https://www.researchgate.net/publication/234567370_Role_Play_and_Simulation_Returning_to_Teaching_for_Understanding

უკანა მერხის ბავშვები

0

პირველი გაკვეთილი რომ ჩავატარე, კლასში 21 მოსწავლე იყო. მახსოვს, მაშინ ვიფიქრე, რომ 45 წუთი გაკვეთილისთვის ძალიან ცოტაა, რადგან თითო მოსწავლეს დაახლოებით 2 წუთი თუ ერგება ყურადღებისთვის, ყურადღება კი მთავარი ამბავია განათლებაში და აი, რატომ:

ჩემი, როგორც პრაქტიკოსი მასწავლებლის მიდგომა საკუთარ რემინისცენციებს ემყარება – ვიხსენებ ხოლმე საკუთარ შეგრძნებებს სკოლის პერიოდიდან და ვცდილობ, რაც მომწონდა, მოსწავლეებთან ის მიმართულება გავაუმჯობესო, რაც მთრგუნავდა მე ან კლასელებს, ბავშვებთანაც შევამცირო. ერთი ასეთი მომენტი გადამეტებული ყურადღება ან უყურადღებობაა.

თუ დაკვირვებიხართ და ალბათ დაკვირვებიხართ, მასწავლებლებმა ვიცით ხოლმე ბავშვების უნებური ამოჩემება, ვიღაც ძალიან ნიჭიერია და ვიღაცას თითქოს უფრო უჭირს საკუთარი თავის გამოხატვა, გამოკითხვის პროცესშიც, ვცდილობთ, რომ ვიღაც მეტად დავტვირთოთ, ვიღაც ნაკლებად. ამ მეტნაკლებობაში კი არიან ხოლმე ბავშვები, ვინც რაღაც პირადი პრობლემის გამო, იქნებ იმიტომ, რომ სახლში მამა ან დედა თრგუნავს, იქნებ იმიტომ, რომ საკუთარი თავის არ სჯერა, იქნებ კი იმიტომ, რომ ენა ებმის და სრულიად დაუმსახურებლად სხვა ბავშვები დასცინიან და მისთვის გაკვეთილზე ჯდომა დიდი ტრაგედიაა, უხმოდ სხედან და სულ უფრო ცოტას და ცოტას სწავლობენ.

მე მყავდა კლასელი, რომელიც თითქმის არასოდეს ლაპარაკობდა, მუდამ უკანა მერხთან იჯდა და თუ მასწავლებელი დაფასთან გამოიძახებდა, თავს დახრიდა და კითხვებზე პასუხს არ სცემდა. ამის გამო, ჩვენი შეფასების სისტემის მიხედვით, ცხადია ორიანს უწერდნენ.
სხვა ბავშვები ვიცინოდით ხოლმე ამ მომენტზე, როცა მასწავლებელი ირონიულად ჰკითხავდა გოგოს: გამოხვალ თუ ისევ 2? „ისევ 2, მასწ!“ – წამოვიყვირებდით. „გამოვა და მთელ წელს ჩაგაბარებთ!“ – ასეთებსაც, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ სიცილის, ამ დაცინვის მიუხედავად, თანავუგრძნობდით, მე ნამდვილად თანავუგრძნობდი, რადგან ბევრჯერ დავმჯდარვარ მის გვერდით და დედაჩემი გამომცხვარი ხმელი ნამცხვარი მერხის ქვეშიდან მიმიწოდებია.

როდესაც  მასწავლებელი გავხდი, პირველი სწორედ ეს გამახსენდა – ბავშვები, რომლებსაც გამოხატვის საშუალება არ აქვთ, რადგან, ჯერ ერთი მასწავლებლები უფრო მეტს ვლაპარაკობთ, ვიდრე ბავშვები, მეორეც – აქტიური მოსწავლეები ყოველთვის ცდილობენ იყვნენ დომინანტურები, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ როდესაც ეს ხდება სხვისი დროის ხარჯზე (მე მიყვარდა ასე, ბიოლოგია ჩემი საყვარელი საგანი იყო და სხვები რომ „გადამერჩინა“ ავიწევდი ხელს და მთელი გაკვეთილი ვყვებოდი იმ და მომდევნო საკითხებსაც) დრო კი სულ რაღაც 45 წუთია, ჩაკეტილი ბავშვები ვერ ასწრებენ გახსნას.

იმიტომ, რომ ნაკლები პრაქტიკა მქონდა, ან იმიტომ რომ მიყვარს თანასწორობა და ვცდილობდი ჩემი დრო და რესურსი ყველასთვის სამყოფი ყოფილიყო, იქნებ იმიტომაც, რომ ყველაზე მთავარს მივხვდი რაც სწავლისას საჭიროა – ბავშვის სრულყოფილ ჩართულობას გაკვეTილზე, ჩემი მეთოდი (ჩემს რომ ვამბობ, არ ვგულისხმობ, რომ არავის გამოუყენებია აქამდე) შევიმუშავე. ეს მეთოდი ძალიან ქმედითი და მუშაა და 45 წუთიანი გაკვეთილის რაციონალურად დადეგმვაში ძალიან მეხმარება.

თუ ავიღებთ ნიმუშად 20 მოსწავლიან კლასს, სადაც, ვთქვათ, 7 მოსწავლე მაინც არის ისეთი, ვინც საგნის მიმართ ინტერესს გამოხატავს და ვეცდებით 45 წუთში ჩავატიოთ გამოკითხვაც და ახსნაც, როლური თამაშები ასე გადანაწილდებოდა:

პირველი 3-5 წუთი მისალმებას და განწყობას სჭირდება, შემდეგ გადავდივართ პირდაპირ გამოსაკითხ მასალაზე. გამოკითხვა კი ამგვარად მიმდინარეობს: დაფასთან მსურველს ვიძახებთ დანარჩენებს კი ხელის აწევით აქვთ საშუალება მასალიდან (მიმდინარე ან წინა) დასვან ერთი შეკითხვა. თითო შეკითხვა (ნებისმიერი სირთულისა და შინაარსის შეკითხვის, აქ მთავარი აქტიურობა და ჩართულობაა) ერთ ქულად ფასდება, თითო პასუხიც ერთ ქულად. ქულებს დაფაზე მეორე მოსწავლე წერს (სასურველია ის, ვისაც ლაპარაკი ერიდება, ცუდად სწავლობს ან ჯგუფთან გაუცხოვებულია. ამას სიხარულით აკეთებენ ხოლმე).

სანამ ქულებს ჩამოწერდეს, მოსწავლე კლასის ყველა მოსწავლის სახელს წერს დაფაზე, ესეც მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვებს, იციან გაკვეთილი თუ არა, განცდა აქვთ, რომ პროცესში მონაწილეობენ.

შეკითხვების (ქულების) ჯამური რაოდენობა შეფასების კონკრეტულ ქულას უდრის. მაგალითად 10 კითხვა=10 ქულა=შეფასების ნიშანს 10, 6=6 და ასე შემდეგ.

დაფასთან გამოსულს აქვს მეტი შანსი სწრაფად დააგროვოს 10 ქულა, ამიტომ დაფასთან გამოსვლა მათთვის მოტივაციაა. მოტივაცია არის სახელების დამწერისთვისაც, ვისაც მომდევნო მოსვლაზე +2 ქულა უკვე უწერია „დახმარებისთვის“.

როგორც წესი, დროის სიმცირის გამო (თუ 20- ვე ბავშვი მომზადებულია) 70-80%-ზე მეტი სასურველ 10 ქულას ვერ აგროვებს, ამიტომ მათ აქვთ შანსი თავად გადაწყვიტონ თანხმდებიან ვთქვათ 7, 8 ან თუნდაც 9 ქულას თუ ურჩევნიათ მომდევნო გაკვეთილზე სცადონ. როგორც წესი, იმ ბავშვებსაც კი, ვისაც სხვა დროს შეფასება 7 დამაკმაყოფილებელი ჰგონიათ, აღარ აკმაყოფილებთ ნიშნის 8, 9 მიღება და უფრო მაღალ სტანდარტზე ასვლას ცდილობენ. მასწავლებლის როლი სწორედ აქაა, რომ აძლევს შანსს ეს სასურველი „10-იანი“ ხშირად მიიღოს.

პირველივე დაფასთან გამოსული ბავშვი, ვინც ქულას 10 დააგროვებს, ჯდება მასწავლებლის გვერდით და მას ევალება აწეული ხელებიდან რიგითობა განსაზღვროს. ბავშვებისთვის ეს სასიამოვნო და სახლისო პროცესია. მეორე, ვინც 10 ქულამდე ადის, თავად წყვეტს ვინ იქნება დაფაზე ქულების დამწერი და ასე შემდეგ.

გაკვეთილის პროცესის ამგვარად წარმართვა, საშუალებას იძლევა მწირი 45 წუთი გამოკითხვაში მაქსიმალურად რაციონალურად გამოვიყენოთ. პედაგოგი ამ დროს მხოლოდ მოდერატორია, მისი ფუნქცია ზედმეტად აჟჯიტირებული მოსწავლეების დამშვიდება და შეუსაბამო კითხვების გაცხრილვაა. ასეთ თამაშ-გამოკითხვაში, კლასის 80 % მუდმივად ჩართულია, დინამიკა, მცირე ხმაური, სიცილი, ცოდნის დემონსტრირება ყველაზე მორცხვ მოსწავლეებსაც კი აიძულებს „ჯგუფს“ შეუერთდეს. ასეთ დროს მე მათ ამის საშუალებას დაფასთან გამოსვლით და სახელების ჩამოწერით ვაძლევ.

გაკვეთილის მსგავსად დაგეგმვამ მომცა ის, რომ 20 -ვე ბავშვის გამოკითხვას ვახერხებ. ბავშვებმა იციან, რომ ყველა ჩართულია გამოკითხვაში, რომ მათ აქვთ შანსი საკუთარი ცოდნის დემონსტრირება მოახდინონ, მასწავლებელი კი არ ლაპარაკობს მეტს, არამედ ბავშვები და ეს ყოველ (მეორე) გაკვეთილზე ასეა.

ამ სისტემის მთავარი ხიბლი ერთის მხრივ იმაშია, რომ მთელი კლასი ჩართულია გამოკითხვაში. მეორე ისაა, რომ ყველა გამოკითხვა ერთგვარი შეჯიბრია. მესამე და აუცილებელი კი ის, რომ ბავშვი თავად ირჩევს რა ნიშანი უნდა 6,7,8,10 თუ 3?

მე, როგორც მასწავლებელი დაბალ ნიშანს არცოდნისთვის არასოდეს ვწერ და ველოდები იმ მომენტს, როცა ჯგუფის დიდი ნაწილი ზეგავლენას მოახდენს იმ მცირეზე, ვისაც სწავლა რაღაც ობიექტური მიზეზების გამო ეზარება, არ გამოსდის, არ შეუძლია და ასე შემდეგ.

რაკი დრო ცოტაა, 45 წუთია და თანაც ჩვენი განათლების სისტემა არაა 7 ვარსკვლავიანი, როცა 3 ბავშვს შეიძლება ერთი პედაგოგი ჰყავდეს, მსგავსი მეთოდიკა ამართლებს. ერთის მხრივ, ჯგუფი უფრო მეტად იკვრება, მეორეს მხრივ, პედაგოგი მართავს ბავშვების მოტივაციას, მესამე, მუშაობს ყველაზე სუსტ რგოლზე, რომელიც, როგორც წესი, ყველაზე აქტიურ მოსწავლეებად გარდაიქმნებიან ხოლმე.

ჩემ კლასში, უკანა მერხი არ არსებობს და ეს დროის სწორად განაწილებაში ძალიან მეხმარება.

გამოკითხვას თუ 30 წუთს დავუთმობთ და ბავშვებმა იციან, რომ ამ დროში თუ მოასწრებენ 10 ქულას, თუ არადა შემდეგ გაკვეთილს უნდა დაელოდონ. ესეც მოტივაციაა, მობილიზებაა, კითხვებს სწრაფად სვამენ, პასუხებიც სწრაფია. დრო ცოტაა და ეს ბავშვებმაც იციან.

დარჩენილი 10-12 წუთი გაკვეთილის ახსნას ვანდომებ ხოლმე და როგორც წესი ვერ ვასწრებ და დასვენების ხარჯზე ვახერხებ ამას, თუმცა არასოდეს, არასოდეს გაუპროტესტებიათ ჩემ მოსწავლეებს, რადგან ეს დრო, ეს 45 წუთი მათთვისაც ძალიან ცოტაა.

გთავაზობთ შეფასების ჩემეულ სისტემას, რაც შესაძლოა, დახვეწის შემთხვევაში, გამოგადგეთ კიდეც:

დასწრება 1 ქულა (ამ შემთხვევაში, ცხადია ისედაც ესწრებიან ბავშვები, ეს მათი ვალდებულებაა, მაგრამ მოტივაციაა, რომ სასურველ 10 იანამდე დარჩენილია 9 და არა 10 ქულა)

საწერი 2 ქულა (ყველა გაკვეთილზე რაღაც დასაწერს აუცილებლად ვაძლევ, ამ შემთხვევაში, ხარისხი ცალკე ფასდება, მაგრამ დაწერა უკვე ქულაა და ესეც გათვლილია სწორედ იმ ‘მორცხვზე“ ვისი ჩართულობაც კლასისთვის მნიშვნელოვანია)

დანარჩენი ქულები დასმული შეკითხვების მიხედვით (მთავარია არასოდეს დაგენანოთ 10-იანები, მაშინაც კი თუ ბავშვი ამის მოპოვებას რაღაც ხრიკებით ცდილობს. ხშირად, მაღალი შეფასების მიღება სასწავლო წლის მომდევნო პროცესს სრულიად ცვლის და ბავშვი მოტივირებულია).

მე არასოდეს ვწერ ნიშანს, ბავშვი თავად ირჩევს აკმაყოფილებს მიღებული ქულები თუ არა. როგორც წესი, ბავშვი არასოდეს ირჩევს დაბალ ნიშანს და ესეც დამატებითი მოტივაციაა მისთვის.

ბილინგვური სწავლების რამდენიმე თავისებურება

0

დიდი ხანია, რაც ბილინგვიზმი – ორენოვნება – განათლების უმნიშვნელოვანეს ასპექტადაა მიჩნეული. საქართველოში უკვე ხშირია შემთხვევა, როდესაც ორი ენის მცოდნე ბავშვს  ერთენოვან სასკოლო გარემოში უხდება სწავლა, თუმცა მსოფლიო პრაქტიკა უამრავ ისეთ სურათს ხატავს, რომლებშიც მონოლინგვალები ორენოვან გარემოში სწავლობენ. ეს ყოველივე ბავშვის ენობრივ კომპეტენციაზე განსხვავებულად აისახება.

ენა სმენით, მხედველობით თუ სხვა შეგრძნებების აღქმით ნიშანთა სისტემას წარმოადგენს. ამდენად, ენის ფლობის დიაპაზონი შეიძლება იწყებოდეს წარმოთქმული ან დაწერილი სიტყვების არცოდნით და მთავრდებოდეს ზეპირმეტყველებისა თუ წერა-კითხვის გაწაფული ფლობით. სკოლა ის ადგილია, რომელსაც ნებისმიერი ინდივიდის ენობრივი დიაპაზონის განვითარებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება, რადგან თითოეული ენა იმთავითვე მოქალაქეობასთან, კონკრეტულ ეთნიკურ ჯგუფთან, რელიგიურ კუთვნილებასთან ასოცირდება, ხოლო  პიროვნებას  სწორედ ენის მეშვეობით ენიჭება შესაბამისი სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური სტატუსი ამა თუ იმ საზოგადოებასა თუ თემში.

არსებობს ბილინგვიზმის, როგორც ტერმინის სხვადასხვაგვარი განმარტება. ამ ტერმინის ქვეშ მოიაზრებენ ადამიანს, რომელიც ფლობს მეორე ენის მხოლოდ ერთ-ერთ უნარს (წერას, კითხვას, მოსმენას ან ლაპარაკს), თუნდაც მინიმალურ დონეზე. ლეონარდ ბლუმფილდის თვალსაზრისით, ბილინგვიზმად მიიჩნევა ორივე ენის სრულფასოვნად, გაწაფულად, მშობლიურ ენასავით ფლობა[1] ან ისე ცოდნა, რომ ამ ორ ენას შორის არ ხდებოდეს ლინგვისტური პროცესების აღრევა.

თუმცა დღესდღეობით ბილინგვიზმის კვლევებში აქცენტირებენ ბილინგვიზმისა და კოგნიტური ფუნქციების ურთიერთმიმართებაზე, კერძოდ, ზოგადი ინტელექტისა და ენის უნარებს, როგორიცაა ინტელექტის დონე ვერბალური და არავერბალური ტესტების მიხედვით, განსხვავებული აზროვნება, აკადემიური მოსწრება და მეტალინგვური ცნობიერება.

დღესდღეობით უამრავი უცხოური კვლევა არსებობს, რომლებიც  ბილინგვიზმის ენობრივი უნარების განვითარების თვალსაზრისით უპირატესობაზე მიუთითებს. კვლევათა ნაწილი ხაზს უსვამს ბილინგვიზმის მნიშვნელობას კრეატიული და განსხვავებულად აზროვნების, ასევე უკეთესი ანალიტიკური აზროვნების, ენისა და აღქმის უკეთესი სტრუქტურისა და უკუკავშირზე სწორად რეაგირების უნარების განვითარების თვალსაზრისით. სხვა არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ:

  • ბილინგვიზმი ხელს უწყობს ანალიტიკური აზროვნებისა და მეტლინგვისტური ცნობიერების განვითარებას;
  • ბილინგვალ ბავშვებს უკეთესად შეუძლიათ სიტყვების სემანტიკური მნიშვნელობის დადგენა და მათი გამოყენება მონოლინგვალებთან შედარებით;
  • მონოლინგვალები უფრო სიტყვის აკუსტიკას აქცევენ ყურადღებას, ვიდრე – მის სემანტიკას[2];
  • ბილინგვალებს აქვთ უფრო მეტი ლექსიკური მარაგი ჯამობრივად ორ ენაში, ვიდრე მონოლინგვალებს;
  • მათი ლექსიკური მარაგის მრავალფეროვნება განაპირობებდეს აზროვნების თავისუფლებას, მოქნილობას, შემოქმედებითობასა და ორიგინალობას;
  • ბილინგვალები უფრო ადვილად ახერხებენ მოთხრობებისა და ამბების დაკავშირებას, ისევე, როგორც სხვადასხვა კონცეპტის მიგნებას, ვიდრე მონოლინგვალები;
  • ბილინგვალები, სემანტიკური განვითარების ეტაპების თვალსაზრისით, ორი-სამი წლით უსწრებენ მონოლინგვალებს
  • ბილინგვალებს უფრო მოქნილი და ანალიტიკური ენობრივი უნარი აქვთ[3].

ლანკო-უორალმა (1972) შეისწავლა სიტყვის ჟღერადობისა და მისი მნიშვნელობის განცალკევების საკითხი 30 აფრიკულ/ინგლისურ ენაზე მოსაუბრე ბავშვის კვლევის შედეგად. კვლევისთვის შეირჩნენ ბილინგვალი და მონოლინგვალი ბავშვები. შერჩევა დაეფუძნა ინტელექტუალური ტესტის შედეგებს, სქესის, ასაკის, კლასისა და სოციალური სტატუსის საერთო მახასიათებლებს. პირველი ექსპერიმენტის დროს ბავშვებს მიაწოდეს სამი სიტყვა: CAP (ქუდი), CAN (შეძლება), HAT (ქუდი) და ჰკითხეს, თუ რომელი სიტყვა იყო ერთმანეთის მსგავსი. ბავშვებმა, რომლებმაც უპასუხეს, რომ CAP (ქუდი) და CAN (შეძლება) იყო მსგავსი, დაეფუძნენ სიტყვის ბგერით მსგავსებას, ხოლო ვინც უპასუხა, რომ CAP (ქუდი) და HAT (ქუდი) იყო მსგავსი, დაეფუძნენ სიტყვათა სემანტიკურ მსგავსებას (იდენტურობას).

ექსპერიმენტის მეორე ნაწილში ლანკო უორელმა ბავშვებს სთხოვა დაერქმიათ სახელები საგნებისთვის, მაგალითად, „ძროხისთვის“ დაეძახათ „ძაღლი“ და პირიქით – „ძაღლისთვის“ – „ძროხა“. ბილინგვალებმა გაცილებით მარტივად მოახერხეს, ხოლო მონოლინგვალებს გაუჭირდათ სახელების ჩანაცვლება, ანუ, ბილინგვალებისთვის სიტყვა და საგანი გამიჯნულია, რასაც ადგილი არ აქვს მონოლინგვალებში [ბეიკერი, 2006].[4]

ამ მიმართულებით საინტერესოა აგრეთვე ბენ-ზეევის (1977ა, 1977ბ) კვლევის შედეგები. ბენ-ზეევმა შეიმუშავა სიმბოლოთა ჩანაცვლების ტესტი. მოსწავლეებს დაევალათ ერთი სიტყვის მეორით ჩანაცვლება წინადადებაში. ბავშვებს უნდა გამოეყენებინათ „მაკარონი“ პირის ნაცვალსახელის „მე“-ს ნაცვლად. მაგალითად, „მე მცხელას“ ნაცვლად ბავშვებს უნდა ეთქვათ „მაკარონი მცხელა“. ბენ-ზეევმა აღმოაჩინა, რომ ბილინგვალებმა შეძლეს წინადადების უკეთესად გამართვა, როგორც სიტყვის მნიშვნელობის, აგრეთვე წინადადების კონსტრუქციის თვალსაზრისით. ბენ-ზეევი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელში მცხოვრები 5-დან 8 წლამდე ივრითისა და ინგლისურის მცოდნე ბილინგვალებზე დაკვირვებით, მივიდა დასკვნამდე, რომ მონოლინგვალებთან შედარებით, მათ აქვთ უპირატესობა, რადგან აქვთ ორი ენობრივი სისტემა და იციან ორი ენის ენობრივი კონსტრუქციები. შესაბამისად, ბილინგვალებს უფრო მოქნილი და ანალიტიკური ენობრივი უნარი გააჩნიათ.

ბილინგვიზმისა და კოგნიტური განვითარების ადრეული კვლევები აქცენტს აკეთებდნენ აზროვნების სტილსა (შემოქმედებითი და განსხვავებული) და ამ აზროვნების პროდუქტზე, ხოლო უკანასკნელი კვლევები უფრო მეტად ფოკუსირებულია აზროვნების პროცესზე (ინფორმაციის  პროცესირება, დამახსოვრება, ენობრივი პროცესირება და ა.შ.)[5]. აღსანიშნავია, რომ ყველა ამ კვლევის შედეგი არ არის ბილინგვალთათვის სასარგებლო (ბიალისტოკი, 2001). კერძოდ, ნიკ ელისმა (1992) და გეარმა და მისმა კოლეგებმა (1993) აღმოაჩინეს, რომ ბილინგვალები უფრო ნელა ახდენენ რიცხვების პროცესირებას. მართალია, ბილინგვალები შედარებით ნელა ახდენენ კალკულაციას მათთვის შედარებით ნაკლებად განვითარებულ ენაზე, თუმცა ისინი მონოლინგვალებს არ ჩამოუვარდებიან მათემატიკური პრობლემების გადაჭრასა და ამოცანების ამოხსნაში (ბიალისტოკი, 2001ა). მაკლეიმ (2003) აღმოაჩინა, რომ ზრდასრული დაბალანსებული ბილინგვალები უფრო წარმატებით ხსნიან მათემატიკურ ფარდობით პრობლემებს, ვიდრე მონოლინგვალები, ხოლო კესლერმა და ქუინმა (1980, 1982) დაადგინეს, რომ ბილინგვალებს უპირატესობა აქვთ მეცნიერული პრობლემების გადაჭრის თვალსაზრისით[6].

ზემოთ ხსენებული კვლევების კვალდაკვალ საუბრობენ ბილინგვური განათლების  „ძლიერსა“ თუ „სუსტ“ ფორმებზე, რომლებიც მიემართება ბავშვის მიერ სკოლაში ენის გამოყენებას, ეს ენა კი განსხვავებულია ბავშვის სახლის ენისაგან.

იმერსიული მოდელი

მიჩნეულია, რომ იმერსიის შემთხვევაში სკოლაში ერთი და იმავე ლინგვისტური და კულტურული წარმომავლობის მოსწავლეებისთვის სწავლების ენა არის მათთვის მეორე ენა და, ამასთანავე, მანამდე მათ არ ჰქონიათ ამ მეორე ენასთან შეხება[7]. სხვაგვარი განსაზღვრით, იმერსია არის განათლების იმგვარი მოდელი, რომლის თანახმად, სწავლება პირველი ორი წლის განმავლობაში მეორე ენაზე მიმდინარეობს და ნელ-ნელა ემატება მშობლიური ენის დატვირთვა. პროგრამის მიზანია, ბილინგვიზმი და ორენოვანი განათლება, აგრეთვე ენის შენარჩუნება. იმერსიისთვის დამახასიათებელია გამამდიდრებელი კონტექსტი [ბეიკერი 2010]. ცნობილია, რომ იმერსიის პროგრამის მოსწავლეები, ჩვეულებრივი ინგლისურენოვანი პროგრამის მოსწავლეებისაგან განსხვავებით, ბევრად უკეთეს შედეგებს აჩვენებენ.

 

უმცირესობათა ენის შენარჩუნების პროგრამა

ორენოვანი განათლების აღნიშნული მოდელის განხორციელების დროს უმცირესობისა და უმრავლესობის ენები მონაცვლეობით გამოიყენება. უმცირესობის ენის წარმომადგენელი ბავშვები სკოლაში სწავლობენ უმცირესობის ენაზე, უმრავლესობის ენა ჯერჯერობით მხოლოდ სასწავლო საგანია, პროგრამის საბოლოო მიზანი კი არის ორივე ენაში სრული ბილინგვიზმი [ტაბატაძე 2010].

 

დუალური ბილინგვური განათლება

უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენელები სწავლობენ ერთ სკოლაში, ერთსა და იმავე პირობებში, ერთი და იმავე პროგრამით. სწავლების ენად გამოიყენება ორივე ენა. პროგრამის მიზანი არის ბილინგვიზმი და ბიკულტურალიზმი.

 

უმრავლესობის ენაზე ბილინგვური პროგრამა

უმრავლესობის ენაზე ბილინგვური განათლება წარმოადგენს უმრავლესობის ორი ან მეტი ენის გამოყენებას სწავლა/სწავლების პროცესში. ორ ენაზე სწავლების შემთხვევაში ენა და საგნის შინაარსი ისწავლება ინტეგრირებულად, რაც გულისხმობს ენის შესწავლას გარემო ფაქტორების გათვალისწინებით.

 

სუბმერსია

ბილინგვური განათლების ყველაზე სუსტ პროგრამად განიხილავენ სუბმერსიას. სუბმერსიის დროს მოსწავლეთა ნაწილისთვის სწავლების ენა არის მეორე ენა და ის განსხვავებულია ოჯახის ენისაგან, ხოლო მოსწავლეთა ნაწილისთვის სწავლების ენა არის მშობლიური ენა. შესაბამისად, სუბმერსიის პროგრამებში არიან ბავშვები, რომლებმაც საერთოდ არ იციან სწავლების ენა, აგრეთვე ბავშვები, რომლებმაც რაღაც დონეზე იციან სწავლების ენა, რადგან შეხება ჰქონიათ ამ ენასთან თემის შიგნით კომუნიკაციისთვის და ბავშვები,  რომელთათვისაც ეს ენა არის მშობლიური და გამართულად ფლობენ მას[8].  სხვა თვალსაზრისით, სუბმერსია ეხება იმ ბავშვებს, რომლებიც არიან ემიგრანტთა ოჯახებიდან და წარმოადგენენ ქვეყანაში ეროვნულ უმცირესობათა ჯგუფს. ისინი განათლების საწყის ეტაპზევე სწავლას იწყებენ სახელმწიფო ენაზე, რომელიც მათ ან საერთოდ არ ესმით, ან ნაწილობრივ აქვთ განვითარებული კომპეტენციები მოცემულ ენაში. სწავლების მიზანია, ბავშვმა, რაც შეიძლება, სწრაფად შეისწავლოს უმრავლესობის ენა.

ამ მიზანს არა მხოლოდ ენობრივ, არამედ სახელმწიფო პოლიტიკურ მიზანთან აკავშირებენ – ენობრივი ნიშნით ასიმილაცია უფრო მომგებიანია სახელმწიფოსთვის იქ, სადაც სხვადასხვა ენობრივი ჯგუფის წარმომადგენლები ცხოვრობენ. მას სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელთან არ დასჭირდება განსხვავებული მიდგომა და პოლიტიკა, სასკოლო სუბმერსიის გზით ადვილად და თანადროულად მოახდენს მათ ენობრივ ასიმილაციას. ქვეყნის ყველა მცხოვრებისთვის ერთი საერთო ენა იქნება საერთო კულტურისა და ღირებულებების სიმბოლო [ბაგაური, 2010]. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის სახელმწიფოებრივი მიზანი, რომელიც სუბმერსიული პროგრამების ეკონომიკურ გათვლებს უკავშირდება და უდავოდ დაფინანსების ეკონომიის საშუალებას იძლევა [გორგაძე 2011]. მიიჩნევენ, რომ სუბმერსია ასევე ხშირადაა გამოწვეული არამდგრადი პოლიტიკური მდგომარეობით. ამ პროგრამას ხშირად მიმართავენ იმ შემთხვევაში, როდესაც ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ხშირია პოლიტიკური გამოსვლები და სოციალური არეულობა. გარდა ამისა, სუბმერსიის განმაპირობებელ კიდევ ერთ ძლიერ ფაქტორად მიიჩნევენ მშობლების სურვილს, რომ მათმა შვილებმა, რაც შეიძლება, მალე შეისწავლონ უმრავლესობის ენა. მშობლის ინტერესი კი განპირობებულია იმ შეგნებით, რომ ოფიციალურად მხოლოდ სახელმწიფო ენაზე საუბრობენ, განათლების მიღებაც მხოლოდ უმრავლესობის ენაზეა შესაძლებელი, ეს ყველაფერი კი პირდაპირ უკავშირდება კარიერულ წინსვლას.

სუბმერსიის არსს ადარებენ წყალში ჩაყვინთვას მაშინ, როცა ბავშვმა არ იციან ცურვა და როცა გამოსავალი არის მხოლოდ ორი: ან უნდა ისწავლოს ცურვა და გაცუროს, შესაბამისად, ისწავლოს ენა და ინტეგრირდეს მოსახლეობაში ამ კუთხით, ან – ჩაიძიროს და დაიღუპოს.

 

საქართველოში ხორციელდება სწორედ სუბმერსიული პროგრამა. სუბმერსიის პროგრამის ფარგლებში ჩვენში საფუძვლიანი კვლევები არ ჩატარებულა. ის ფაქტიც, რომ არაქართულენოვანი მოსწავლეები ქართულენოვან სკოლებში სწავლობენ ქართულ სექტორზე, იწვევს ინტერესს მათი აკადემიური მოსწრების მიმართ. ზოგადი დაკვირვებით იკვეთება, რომ პროგრამის ფარგლებში შედეგი ყოველთვის წარმატებული არაა. სუბმერსიის პროგრამით ბავშვების ერთი ნაწილი ახერხებს, წარმატებით გაართვას თავი სწავლას და მეორე ენაშიც ისეთივე კომპეტენტური გახდეს, როგორც მშობლიურში. თუმცა, ასეთი შემთხვევები მინიმალურია არა მხოლოდ საქართველოს მაგალითზე, არამედ მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით. მკვლევართა დიდი ნაწილი [ვალდესი 2000, ფაციო 1995] ცალსახად მიუთითებს ამ პროგრამის არაეფექტურობაზე და მიიჩნევს, რომ იგი არის რადიკალური საგანმანათლებლო პროგრამა.

მკვლევრები სამართლიანად შენიშნავენ, რომ მხოლოდ ეფექტური ბილინგვური განათლების პროგრამები უზრუნველყოფენ დაბალანსებულ ბილინგვიზმს და ორ ენაში ენობრივი კომპეტენციების განვითარებას. არაეფექტური ბილინგვური განათლების პროგრამა, შესაძლებელია, შემაფერხებელიც კი აღმოჩნდეს როგორც ენის ათვისების, ასევე აკადემიური მოსწრების თვალსაზრისით. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებმა შეიმუშაონ და განახორციელონ ბილინგვური განათლების ეფექტური პროგრამები, რათა მოხდეს ბილინგვიზმის უპირატესობების გამოყენება

 

ლიტერატურა:

ბეიკერი (2006)- Baker, C., 2006, Foundations of Bilingual Education and Bilingualism Clevedon: Multilingual Matter;

ბეკერმანი (2005) Bekerman, Z. (2005). Complex contexts and ideologies: Bilingual Education in conflict-ridden areas. JOURNAL OF LANGUAGE IDENTITY AND EDUCATION, 4 (1), pp. 1- 20.

ბიალისტოკი, 2004 – Bialystok, E., Craik, F. I., Klein, R., & Viswanathan, M. (2004). Bilingualism, aging, and cognitive control: evidence from the Simon task. Psychology and aging, 19(2), 290;

ბიალისტოკი, 1988 – Bialystok, E. (1988). Levels of bilingualism and levels of linguistic awareness.Developmental Psychology, 24, 560–567. ბიალისტოკი, 2001 – Bialystok, E. (2001).Bilingualism in development: Language, literacy, and cognition. New York: Cambridge University Press.

ბიალისტოკი, 2007 – Bialystok, E. (2007). Cognitive effects of bilingualism: How linguistic experience leads to cognitive change. International Journal of Bilingual Education and Bilingualism, 10(3), 210-223.

კუმინსი და სვეინი, 1986 – კუმინსი, ჯიმდა სვეინი, მერილ, ბილინგვიზმი განათლებაში, კ.ნ. კენდინის საერთო რედაქციით, შალვა ტაბატაძის თარგმანი, ქართული ვერსიის რედაქტორი კახა გაბუნია, სამოქალაქო ინეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრი, თბილისი, 2016.

 

ტაბატაძე, 2014 – ტაბატაძე, შალვა, ბილინგვიზმის დადებითი ეფექტი კოგნიტური განვითარებისა და ენის ათვისებისთვის, საერთაშორისო ჟურნალი მულტილინგვური განათლებისთვის, # 3.

 

 

[1] ლეონარდ ბლუმფილდი, ენა, 1933.

[2] კუმინსი და სვეინი, იქვე, გვ. 11.

[3] მითითებულია ბეიკერის [2006] მიხედვით.

[4] იხ. ტაბატაძე, ბილინგვიზმის დადებითი ეფექტი კოგნიტური განვითარებისა და ენის ათვისებისთვის, # 3, 2014, გვ. 4.

[5]  ბიალისტოკი, 2001, პავლენკო, 1999.

[6] ტაბატაძე, იქვე, გვ.8-9.

[7] კუმინსი და სვეინი, ბილინგვიზმი განათლებაში, 1986.

[8] სვეინი წიგნში: ბილინგვიზმი განათლებაში, გვ. 7.

მშობლისა და დამრიგებლის თანამშრომლობის სიკეთეები

0

თუ პირველკლასელის მშობელი ხართ, რომელიც ჯერ არც სკოლიდან გარბის, არც გაკვეთილების გაცდენისკენ მიუწევს გული და არც სკოლის ფანჯრიდან გადაძვრომას ცდილობს, გეტყვით, რომ სიმშვიდის საფუძველი ჯერ კიდევ არ გაქვთ და ასეც უნდა იყოს. მსგავსი შეტყობინებებით გულს ჯერ არავინ გიხეთქავთ და არც გულამოვარდნილს გიწევთ სკოლაში მიქანება, მაგრამ მაინც იცოდეთ, რომ თავიდანვე საჭირო ხართ იქ და მშობლის ჩართულობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. მაგალითად, როგორ წარიმართება მოსწავლის ცხოვრება, როგორ ინტერესს გამოიჩენს ის სწავლის მიმართ და როგორი სოციალური კავშირები ექნება სკოლაში, რაც შეიძლება ბევრი კარგი რამის წინაპირობად იქცეს.

ხშირად მშობლისა და მასწავლებლის ურთიერთობა ამ ბანალურ თარგზეა მოაჭრილი. მშობელი სკოლაში მაშინ მიდის, როდესაც უკმაყოფილება იჩენს თავს და მშობლის რადიკალურ ჩარევას მოითხოვს. თავდაპირველად პრობლემა არც ისე დიდია, თუ ზედმეტად მძაფრ რეაქციას არ გამოხატავთ იმის გამო, რომ პირველკლასელს კითხვა უჭირს ან რიცხვები და ასოები ერთმანეთში ერევა. მეტიც – ეს საერთოდ არ არის პრობლემა. ბავშვებს არაჩვეულებრივი უნარი აქვთ, მსგავს „სირთულეებს“ მარტივად გაუმკლავდნენ.

მოდი, თავიდან დავიწყოთ!

არადა ყველაფერი საზეიმოდ, ამაღლებული განწყობით და ბედნიერი სახეებით იწყება. იმედით აღსავსე მშობლები ვარჩევთ სკოლას, სასკოლო ნივთებს, ტანისამოსს, ვფიქრობთ შვილების ნათელ მომავალზე. იწყება სკოლა და ახალ თავგადასავალში გადავეშვებით. ჩვენი შვილებიც ბედნიერები არიან – ყველაფერი ჯადოსნურია და ამაღელვებელი. ბავშვები, რომელთა თითოეული მოძრაობა, პირველი ღიმილი, პირველი სიტყვა ნათლად გვახსოვს, უკვე მოსწავლეები არიან, ახალ ცხოვრებას იწყებენ და ეს ცხოვრება მათთვისაც და ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვხედავთ, ერთბაშად როგორ გაიზარდნენ, როგორ იგრძნეს პასუხისმგებლობა და შეიყვარეს იქაური გარემო.

ჩემი ექვსი წლის შვილის სასკოლო მოლოდინი არ გამართლდა – სკოლაც და მასწავლებელიც იმაზე უკეთესები აღმოჩნდნენ, ვიდრე წარმოედგინა და პირველივე დღეს დაიმსახურეს ბავშვების კეთილგანწყობა და სიყვარული. მოღიმარმა და მონდომებულმა მასწავლებელმა პირველკლასელებისთვის სკოლა მშვიდ და ბედნიერ ადგილად აქცია.

რა სჭირდება პირველკლასელს იმისთვის, რომ უცხო სივრცეში თავი ბედნიერად იგრძნოს? მშვიდი ატმოსფერო და ღიმილი, რომელიც მას უცხოობის სტრესს მოუხსნის და სითამამეს შესძენს. თუ კარგად დავფიქრდებით, აუცილებლად გაგვახსენდება ჩვენი პირველი საკლასო ოთახი, რომელიც მაშინ უზარმაზარი – მისი რეალური მასშტაბი წლების შემდეგ აღმოვაჩინეთ და გავიაზრეთ, ხოლო მიღებულმა ინფორმაციამ უფრო თამამები და გამბედავებები გაგვხადა. ისინიც ასე არიან. თუ გაუმართლათ და პირველი მასწავლებელი მეგობრული განწყობით დაუხვდათ, ე.ი. პირველკლასელების სამყაროში მთავარი მოკავშირე გაჩნდა.

ამ მოლოდინებით და სასიამოვნო ემოციებით დატვირთულ ჯაჭვში ასევე მნიშვნელოვანია მშობლისა და მასწავლებლის კავშირი და მათი ერთობლივი მიზანი: როგორ შეიძლება, სკოლა ბავშვისთვის უფრო საინტერესო და შემოქმედებითი გახდეს, – რადგან, მასწავლებელიც ადამიანია, რომელსაც დახმარება და კეთილგანწყობის დადასტურება სჭირდება. ეს მასაც აუმაღლებს განწყობას და უფრო მეტ სტიმულს მისცემს.

 

ვიმეგობროთ მასწავლებელთან.

სკოლაში ბევრნაირი ურთიერთობა ყალიბდება. ჩვენი შვილები ჩვენ შემოგვყურებენ და საკუთარ წარმოდგენებს ჩვენი დამოკიდებულებების მიხედვით განსაზღვრავენ. მათ სურთ დარწმუნდნენ, რომ ჩვენც ისევე მოგვწონს მათი მასწავლებელი, როგორც მათ, ამიტომ მნიშვნელოვანია, მათ თვალწინაც დავუდასტუროთ კეთილგანწყობა მასწავლებელს და ახალი ურთიერთობა უფრო საინტერესო და კეთილმეგობრული გავხადოთ.

 

რაში შეიძლება დავეხმაროთ?

მასწავლებელს, რომელიც 25 ან 26 ბავშვს იბარებს, ჩვენი დახმარება ბევრ რამეში შეიძლება დასჭირდეს, ყველა მშობელი შეიძლება სხვადასხვა რამეში გამოადგეს. მაგალითად, ერთმა შეიძლება სოციალურ ქსელში შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც მათ კავშირს უფრო მეტად განამტკიცებს და პირვეკლასელების მშობლებსაც უფრო მეტ ინფორმაციას მისცემს შვილების სასკოლო ცხოვრებაზე. მეორემ დრო უფრო ადვილად გამონახოს, თუ სკოლაში მშობლის ყოფნის საჭიროება წარმოიშვა. მესამე კარგი ორგანიზატორული უნარებით გამოირჩეოდეს და ეხერხებოდეს ისეთი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა ექსკურსია გასართობ ცენტრში ან რომელიმე კულტურულ ღონისძიებაზე წასვლა. თუ ასეთ წვრილმანებს მშობლები მოაგვარებენ, მასწავლებელს უფრო მეტი დრო და ენერგია დარჩება, რათა უფრო შემოქმედებითი და საინტერესო გაკვეთილები ჩაატაროს.

 

 

 

 

 

.

 

ვაქციოთ მათემატიკა თამაშად

0

მათემატიკური ამოცანებისადმი თამაშით მიდგომა წაახალისებს მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესში ჩართულობასა და თანამშრომლობას.

 

მოდით, ვითამაშოთ. მზად ხართ? განახებთ საგანს და სცადეთ მისი მასის გამოცნობა. თქვენ სამი ცდა გაქვთ. დასაწყისისთვის, ჩართეთ ქვემოთ მოყვანილი ვიდეო და ინსტრუქციის მოსმენის შემდეგ დააპაუზეთ.

 


ის, რასაც ახლა გაეცანით, არის ნაწილი იმისა, რასაც ვუწოდებ აღმოჩენის გამოვლენის გაკვეთილს, რომელიც ინფორმაციას მოსწავლეებს ნელა “უმხელს”. მსგავსი გაკვეთილები მათემატიკურ თამაშებს წარმოადგენს, რაც სასწავლო პროცესს მხიარულებით გააჯერებს.
მსგავსი გაკვეთილები ფოკუსირებულია ორ რეალურ, კონკრეტულ სიდიდეს შორის ურთიერთდამოკიდებულებაზე. მოყვანილ მაგალითში, სიდიდეები იყო კუბების რაოდენობა და ჭიქისა და კუბების საერთო მასა. რადგანაც ამ გაკვეთილში ეტაპობრივად ჩნდება ინფორმაცია, რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, გაიაზრონ მისი  ყოველი “ულუფა”, სანამ   თამაშს განაგრძობდნენ; რაოდენობათა შორის ფარული მათემატიკური დამოკიდებულება მოსწავლეთათვის ბუნებრივად ვლინდება.
აღმოჩენის გაკვეთილები იყენებენ კონკრეტულ ფიზიკურ ნივთიერებებს, რომლებიც იზომება ინფორმაციის გამოსავლენად. ეს არ არის ჰიპოთეტური, სიტყვებით აგებული ამოცანები. ისინი რეალური და ხელშესახებია. შეიძლება გამოვიყენოთ ნებისმიერი ნივთიერება, რომლის თვისებებიც ურთიერთდამოკიდებული, გაზომვადი ან/და დათვლადია.
თამაშის მექანიკის გამოყენება

 

თამაშის მექანიკა სასარგებლოა მათემატიკის სწავლებისას, რადგანაც ზრდის ემოციას, ჩართულობას და ყურადღებას ყოველ ეტაპზე. რადგანაც ის მოიცავს მუსიკას, მოსწავლეთა დაჯგუფებას და ქულების სისტემას. აღმოჩენის გაკვეთილები მოკლე, სახალისო აქტივობებია. მოსწავლეები იღიმიან და უხარიათ, როცა ამის გაკეთებას ვთავაზობ.

 

გარდა ჩართულობის გაზრდისა, მათემატიკის გაკვეთილ(ებ)ის თამაშად ქცევა საშუალებას  აძლევს ნებისმიერი შესაძლებლობისა და დონის მოსწავლეს, მონაწილეობა მიიღოს გაკვეთილში. უნარების უფრო დაბალი დონის მქონე მოსწავლეებს შეუძლიათ, ინტუიციასა და საღ აზრზე დაყრდნობით გამოცნობა. უფრო მაღალი დონის უნარების მქონე მოსწავლეებს კი შეუძლიათ უფრო რთული სტრატეგიების გამოყენება, მაგ. ფუნქციის დაწერა მოდელირებისათვის. ეს ასევე ნიშნავს, რომ ერთი და იგივე გაკვეთილი შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა კლასში, შესაბამისი ადაპტირებით.

მათემატიკის თამაშად ქცევის მოდელი

 

  1. შესავალი: ამ ეტაპზე მოსწავლეები ქმნიან გუნდებს და ეცნობიან მასალებს, რომლებსაც თამაშისას გამოიყენებენ. ეს შეიძლება მოხდეს ვიდეოს გამოყენებით, როგორც ზემოთ, ან რეალური მასალების კლასში დემონსტრირებით.

მოსწავლეებს აწვდიან ორ გასაზომ რაოდენობას და ინფორმაციას, თუ რომელი მათგანის გამოცნობა ევალებათ მათ.
მაგალითად:

– თოკზე კვანძების რაოდენობა და თოკის სიგრძე;

– გიტარის ნოტის სიმაღლე და მისი ჟღერადობის დრო;

– ნამცხვრის ნაჭრის კუთხე და მისი ქერქის  სიგრძე;

– მანძილი სინათლის სენსორსა და სინათლის წყაროს შორის და მის მიერ მიღებული სინათლის რაოდენობა;

– ლურსმანზე დარტყმების რაოდენობა და მისი დაფიდან გამოსული ნაწილის რაოდენობა (სიგრძე);
– ბორბლის ბრუნვების რაოდენობა და მანძილი, რამდენზეც გადაგორდა;

– ცერად დადებული ფიცრის დახრის კუთხე და მასზე დაგორებული ბურთის მიერ გავლილი მანძილი.

  1. ფიზიკური კვლევა: ამ ეტაპზე მოსწავლეები თამაშობენ რამდენიმე რაუნდს და ცდილობენ, გამოიცნონ ერთ-ერთის რაოდენობა, როდესაც იციან მეორის.

ყოველ რაუნდში, სანამ პასუხს გასცემდნენ, გუნდებს სთხოვენ, განიხილონ სტრატეგიები და მიაღწიონ კონსენსუსს გუნდში. სამუშაოს თანამშრომლობითი ბუნება ზრდის მოსწავლეთა შორის ურთიერთპასუხისმგებლობას. ეს ასევე საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, მოუსმინონ და ისწავლონ ერთმანეთის მათემატიკური პერსპექტივიდან.
მოსწავლეები წერენ თავიანთ მოსაზრებას დაფაზე, რათა გაუზიარონ ჯგუფს.

3. მოსწავლეთა პრეზენტაცია: გამოცნობ(ებ)ის ბოლო რაუნდის დასრულების შემდეგ მასწავლებელი ხელს უწყობს მოსწავლეების მიერ საკლასო დისკუსიის წარმართვას, სადაც განიხილება გუნდების მიერ გამოყენებული სტრატეგიები, ინსაითები და სხვ. ყოველი გუნდის მიერ დაფაზე გაკეთებული ჩანაწერები წარმოადგენს მათი ფიქრის ხილულ რეპრეზენტაციას. საუკეთესოა დისკუსია, სადაც ხდება ინტუიციური და ფორმალური მეთოდების დაკავშირება.

  1. ფორმალური სწავლება: ამ ეტაპზე მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს პირდაპირ ინსტრუქციებს, ამოცანის ამოსახსნელ წინასწარ განსაზღვრულ მეთოდებს, რომლებიც შეესაბამება მათ მიერ შესწავლილ კურსს. შესაბამისად, ერთსა და იმავე აქტივობას (მაგ. კუბები ქაღალდის ჭიქაში) სხვადასხვა კლასში სხვადასხვა ინსტრუქცია ახლავს.შეფასება

თამაშად ქცეული გაკვეთილის დროს სხვადასხვა რამის შეფასება შეიძლება: გამოცნობამდე მოსწავლეების მიერ თავიანთი მოსაზრებების ჩაწერისას მასწავლებელს შეუძლია იმოძრაოს გუნდებს შორის და გაესაუბროს მოსწავლეებს პროცესთან დაკავშირებით. ფორმალური სწავლების ეტაპზე, მასწავლებლის მიერ წარმართული და დამოუკიდებელი პრაქტიკა იძლევა შეფასების შესაძლებლობას. ფორმალური სწავლების ეტაპის შემდეგ ხშირად ისევ ვათამაშებ მოსწავლეებს რამდენიმე რაუნდს, რათა გამოიყენონ ახალი ცოდნა იმ კონტექსტში, რომლითაც დაიწყეს.

 

კარგი რესურსი მსგავსი გაკვეთილებისათვის: https://manifest.education

 

წყარო: https://www.edutopia.org/article/turning-math-game

როგორ შექმნეს მოსწავლეებმა კონფლიქტების მოგვარების ,,კონტრაქტი’’ -დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების კვალდაკვალ

0

სწავლების დაწყებით საფეხურზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ მოსწავლეთა უნარ-ჩვევების  ფორმირებას, რომელიც დაეხმარება  მათ  სოციალურად აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში, რათა დამოუკიდებლად შეძლონ პრობლემურ სიტუაციაში გამოსავლის მოძებნა იმგვარად, რომ არ შეურაცხყონ სხვათა უფლებები.

პრობლემის აქტუალურობიდან გამომდინარე, ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში შეიქმნა უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი – დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების მოდელი. ოთხ თავში გაწერილია ოცი კომპეტენცია:

  1. ღირებულებები;
  2. დამოკიდებულებები;
  3. უნარები;
  4. ცოდნა და კრიტიკული გააზრება.

დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები გვეხმარება მასწავლებლებს, ვასწავლოთ ბავშვებს, როგორ იაზროვნონ, რა განაპირობებს მშვიდობიანი თანაარსებობის აუცილებელ პირობას, როგორ მოიქცნენ მაშინ, როდესაც მათ მოსაზრებას სხვები არ იზიარებენ, განსაკუთრებით – კონფლიქტურ სიტუაციაში.

ზოგადად, ხშირია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა შორის სხვადასხვა ტიპის კონფლიქტი. მნიშვნელოვანია ჩვენი, მასწავლებლების როლი, რომ თვითონ ბავშვებმა შეძლონ პრობლემების დანახვა, იდენტიფიცირება და გადაჭრის გზის პოვნა. ეს ნამდვილად არ არის რთული, თუ მოთმინებით აღვიჭურვებით და მათი ასაკის შესაბამისად, სწორად გაწერილ სახალისო აქტივობებს შევთავაზებთ.

გთავაზობთ მეოთხე კლასის მოსწავლეებთან განხორციელებული თავისუფალი გაკვეთილის ნიმუშს, სადაც ბავშვებმა თვითონ შექმნეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი: ,,კონფლიქტების მოგვარების კონტრაქტი’’.

მიზნის შესაბამისად, მოსწავლეებმა უნდა შეძლონ:  კლასში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება (პირადი, საერთო), მსჯელობა კონფლიქტის მოგვარების გზებზე, არგუმენტების ჩამოყალიბება, ერთობლივად ფორმულირებული პოსტერების წარდგენა და დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების გათვალისწინებით წესების (კონტრაქტის)  შექმნა.

დაგვჭირდება რესურსები: ფლიპჩარტის ქაღალდი პოსტერების დასამზადებლად, პატარა ზომის ფერადი ფურცლები, მარკერები, ფლომასტერები, დაფები, კალმები, ცარცი.

 

I აქტივობა:   დაფაზე ვწერთ სათაურს: ,,ყველაფერი კარგად არის! ეს მართლა ასეა?’’
მოსწავლეებს ვაცნობთ საზოგადოებრივი და პირადი კეთილდღეობის ცნებებს. შემდეგ ისინი ასახელებენ სასკოლო ცხოვრებაში კონფლიქტების გამომწვევი პრობლემების მაგალითებს. ძირითადად, ჩამონათვალი ასეთი სახისაა: სხვისი ნივთებით სარგებლობა; ვაჟებსა და გოგონებს შორის ურთიერთობა; ვინმესთან მეგობრობა; ერთმანეთის გაღიზიანება, დაცინვა, ან დაშინება. მოსწავლეები ახარისხებენ პიროვნულ და საერთო პრობლემებს, მცირე ზომის ფერად ფურცლებზე წერენ, ხმამაღლა კითხულობენ და ბარათებს ფერების მიხედვით დაფაზე განათავსებენ.

(შენიშვნა: შესაძლებელია, რომელიმე მოსწავლეს არ სურდეს პირად პრობლემაზე ხმამაღლა საუბარი, ამ შემთხვევაში, მისი სურვილისამებრ შერჩეულ, ნდობით აღჭურვილ მოსწავლეს ვთხოვთ, დაეხმაროს პრობლემის გადაჭრაში. თუ ჩვენ მოგვმართავს, ამ შემთხვევაში, ცხადია, მასწავლებელი დაეხმარება).

 

II აქტივობა: პრობლემების იდენტიფიცირებისა და მცირე დისკუსიის შემდეგ  დაფაზე ვწერთ მსგავსი პრობლემების ჩამონათვალს. მოსწავლეები ნაწილდებიან წყვილებად, ან ჯგუფებად, ირჩევენ 1-2 პრობლემას და აკეთებენ  მცირე ზომის პოსტერებს წარწერით: ,,პრობლემა’’ და ,,როგორ მოვაგვაროთ’’.
III აქტივობა: მოსწავლეები მომზადებულ პოსტერებს წარადგენენ თანაკლასელების წინაშე და არგუმენტებით ასაბუთებენ, კონკრეტულად, კონფლიქტის მოგვარების რა მეთოდები შეიმუშავეს.

 


IV აქტივობა: შეთანხმების შედეგად  მიღებულ, პოსტერებზე განთავსებულ ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას გადაიტანენ ფლიპჩარტის ფურცელზე, რომელსაც პირობითად ,,კონტრაქტს’’ უწოდებენ. მასზე ასევე განთავსდება ყველა მოსწავლის ხელმოწერა.

განხორციელებული აქტივობების შედეგად მოსწავლეებმა შეძლეს  კლასში არსებული პიროვნული და საერთო პრობლემების იდენტიფიცირება, არგუმენტირებულად იმსჯელეს  კონფლიქტის მოგვარების გზებზე და დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების გათვალისწინებით შექმნეს ერთობლივად ფორმულირებული წესების დოკუმენტი  – ,,კონტრაქტი’’.

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რა მოხდება, თუ ვინმე დაარღვევს კონტრაქტის რომელიმე მუხლს? ეს უმჯობესია, ვკითხოთ მოსწავლეებს. ვერ დავფარე სიხარული, როდესაც კითხვის პასუხად მომიგეს, ხშირად შევახსენებთ, ვისაც დაავიწყდება და ერთ დღესაც აღარ დაავიწყდებაო. ასე იპოვეს გამოსავალი ჩემმა საყვარელმა მოსწავლეებმა.

უმთავრესია, ვასწავლოთ ბავშვებს, რომ კონფლიქტის დროს არ არსებობს ,,მოგებული’’ და ,,წაგებული’’, არამედ გამარჯვებულია დემოკრატიული კულტურა.

გულწრფელად გეტყვით, რომ თავდაპირველად, როდესაც დავსვი კითხვა: – ყველაფერი კარგად არის? – ბავშვებმა ერთხმად, გაუცნობიერებლად იყვირეს: – დიახ! მაგრამ დამაზუტებელ კითხვაზე: – ეს მართლაც ასეა? – პასუხის დროს მათი ღიმილიანი სახეები ნელ-ნელა მოწყენილობამ შეცვალა და დაიწყეს ფიქრი.

დემოკრატიული მოქალაქეობისთვის განათლების მიზანიც სწორედ ეს არის: კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა იმგვარად, რომ კონფლიქტების დროს ბავშვებმა შეძლონ დაფიქრება, პრობლემების დანახვა და მათი გადაჭრა არა აგრესიის ენაზე, არამედ საკუთარი და თანაკლასელების მოსაზრებების გათვალისწინებით.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები – თანაცხოვრება კულტურულად მრავალფეროვან დემოკრატიულ საზოგადოებაში © მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2017 წლის ოქტომბერი. https://tpdc.ge/ptk_files/_ckuploaded/909610.pdf

 

  1. დემოკრატიული პედაგოგიკა https://mastsavlebeli.ge/?p=7030

 

 

  1. ვიზრდებით დემოკრატიულ საზოგადოებაში – რ. გოლობი, პ. კრაფი, ვ. ვეიდინგერი – ევროპის საბჭოს გამომცემლობა.

 

 

 

 

რას ვეტყოდი უცხოელებს ქართული ენის შესახებ?

0

გასულ წელს სენეგალის დედაქალაქ დაკარში მომიწია ბრიტანეთის საკონსულოს მიერ ორგანიზებულ ადგილობრივი ენების საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა. უაღრესად საინტერესო ამბების ეპიცენტრში აღმოვჩნდი, რის შესახებაც სხვა დროსაც მოგითხრობთ. ჩემთვის ვფიქრობდი: რას ვეტყოდი და როგორ გავაცნობდი აფრიკელ მსმენელს ჩემს სამშობლოს და მშობლიურ ენას? და უნებურად დაიწერა ეს ტექსტი:

ქართველი მასწავლებლისთვის აფრიკის ულამაზეს ქვეყანაში, სენეგალში, ყოფნა და ენის მნიშვნელობაზე საუბარი რამდენად ამაღელვებელია, ამის გადმოსაცემად დედამიწის ყველა ენა უძლურია. ენა უნიკალური ფენომენია, მაგრამ ზოგჯერ მასაც უჭირს ადამიანური გრძნობების გადმოცემა. ალბათ ენის სიღრმე და სიმდიდრე სწორედ იმით იზომება, რამდენად შეუძლია მას თავის წიაღში ადამიანის გონებრივ და შემოქმედებით იმპულსებს გამოხატვის შესაძლებლობა მისცეს.

საქართველო ევრაზიის კონტინენტზე, კავკასიის რეგიონში, შავი ზღვის აღმოსავლეთით მდებარე პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყანაა. ის 190 წლის მანძილზე იყო რუსეთის კოლონია და მხოლოდ 1991 წელს აღიდგინა სუვერენიტეტი. ემიგრაციის ჩათვლით ქართულ ენაზე 5 მილიონამდე ადამიანი საუბრობს. ის ახლაც გავითარებად ქვეყანათა რიგს მიეკუთვნება, მიუხედავად საკმაოდ მოწესრიგებული დემოკრატიული სისტემებისა.

საქართველოს უმდიდრესი ისტორია და კულტურული მემკვიდრეობა აქვს. კაცობრიობამ შექმნა ათასობით ენა, მაგრამ მხოლოდ 14 დამწერლობა, რომელთა შორისაც ქართული ანბანიც არის. ქართული ანბანის შექმნა ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნის მეფე ფარნავაზ პირველს მიეწერება. ჩვენამდე მოღწეული პირველი ქართული ლიტერატურული ძეგლი, „შუშანიკის წამება“, მეხუთე საუკუნის უკანასკნელ მეოთხედშია დაწერილი და მხატვრული სრულყოფილებით გაგაოცებთ. არ ვიცი, რამდენად შეგვიძლია ქართველებს თავმოწონება ჩვენი ქვეყნის განვითარებით, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ქართული სიმღერა, ქართული ცეკვები და ქართული ლიტერატურა გულგრილს არავის დატოვებს…

ქართული ცივილიზაციის უძველესი მსოფლიო კულტურის სათავეებთან ყოფნას მხოლოდ ორი მაგალითით წარმოგიდგენთ: მსოფლიოს წამყვანმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დედამიწაზე პირველი ღვინის მწარმოებლები ქართველები იყვნენ და მსოფლიოს ყველაზე ენაზე მიღებული სიტყვა „ღვინო-ვაინ“ ქართული წარმომავლობისაა, ხოლო მედიცინას სახელი უძველესი ცივილიზაციის ქართველი მეფის ასულის, მედეას სახელის მიხედვით ეწოდა. მედეა  არგონავტების ცნობილი მითის მთავარი გმირია. ქართული სამთავროს – კოლხეთის მეფის, აიეტის ასული, რომელსაც ბერძენი არგონავტი იასონი შეუყვარდა. გრძნეულმა ქალმა სატრფოს მამის სამეფოდან გაატაცებინა მითიური ოქროს საწმისი, ცხვრის ტყავი, რომელზეც, როგორც ამბობენ, ოქროს მოპოვების წესები იყო აღბეჭდილი.

მოგეხსენებათ, რა ძნელია გეოპოლიტიკურად აქტუალურ ზონაში მოქეული ქვეყნისთვის მეტროპოლიის დაქვემდებარებაში, კოლონიურ რეჟიმში განვითარება. საქართველოს ისტორია სავსეა ძლიერი და  მრავალრიცხოვანი იმპერიების შემოსევებისა და თვითგადარჩენისთვის დაუსრულებელი ბრძოლის  მაგალითებით. სულ ვფიქრობ, რამ იხსნა ჩემი ქვეყანა ამ ერთი შეხედვით გადაულახავი განსაცდელებისგან? ქართულმა ენამ! ხომ არ ვაჭარბებ? არა მგონია! ქართულ ენასა და ანბანში, ჩვენს წერილობით და ზეპირმეტყველებით ძეგლებში იყო კოდირებული ყველა ის ეთნომენტალური საიდუმლო, რაც ქართველ ხალხს ეხმარებოდა, დიდ ინგლისელ მწერალს, ჯოზეფ კონრადს თუ დავესესხები მეტაფორას, წყვდიადის გულში ევლო, რომ გადაშენება არ ეწერა, რომ სამყარო ყოველთვის მოისმენდა ქართულ სიმღერას და 400-მდე ენაზე თარგმნილს წაიკითხავდა მეთორმეტე საუკუნის გენიალურ პოეტს, შოთა რუსთველს. მან ხომ მსოფლიო რენესანსს გაუსწრო თავის პოემა „ვეფხისტყაოსანში“ გაცხადებული ნოვატორული იდეალებით?! რომში, ვილა ბორგეზეს ბაღში, მსოფლიო მწერლობის ტიტანებს შორის დღეს რომ დგას რუსთველის ძეგლი წარწერით „grande poeta georgiano”, ეს ჩვენი ეროვნული სიამაყეა.

მეათე საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფი იოანე ზოსიმე, რომელიც სინას მთაზე ქართველთა კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში მოღვაწეობდა, წერდა, რომ „ყოვლი საიდუმლო ამას ენასა შინა დამარხულ არს“… ენა ცვლადი და განვითარებადი ორგანიზმია, მაგრამთანამედროვე ქართველს თავისუფლად ესმის მეხუთე ან მეათე საუკუნეების სალიტერატურო ქართული და საჭირო არ არის ტექსტების ადაპტირებული ვერსიების შექმნა.

ქართულ ენას მუდამ ემუქრებოდა ასიმილაციის საფრთხე, მაგრამ ის ყოველთვის იყო მიმღებ-გამტარი სისტემა და თავისი ლექსიკა გაიმდიდრა სპარსულ-არაბული, ბერძნული, თურქული, რუსული, ევროპული ენების ლექსიკური ერთეულების შემოდინებით.  ქართველი ხალხისთვის „მამული, ენა, სარწმუნეოება“ ერთარს ცნებებად იქცა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ყოველთვის იყო მულტიეთნიკური და მულტირელიგიური ქვეყანა და ტოლერანტობა აქ უპირველეს  ღირებულებად ითვლებოდა. მეათე საუკუნის ავტორი გიორგი მერჩულე თავის მოთხრობა „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ ქვეყნის საზღვარს არა პოლიტიკური და გეოგრაფიული ნიშნით, არამედ ენობრივ-რელიგიური ნიშნით საზღვრავდა, როცა წერდა, რომ ქართლია ყველგან, სადაც ქრისტიანული ეკლესია დგას და წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე მიმდინარეობს.

ცნობილია, რომ დაპყრობილ ქვეყნებს ხშირად უწევთ ბილინგვურ რეალობაში ცხოვრება. გლობალიზაციის შეუჩერებელი პროცესი, რომელსაც უამრავი სიკეთე მოაქვს კაცობრიობისთვის, მცირე ერებისთვის ამავე დროს არის ენისა და ტრადიციების გაქრობის საფრთხე. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიამ გააუქმა და რუსეთს შეუერთა ქართული მონარქიული სახელმწიფო. ზოგ ქვეყანაში დღემდე ჰგონიათ, რომ ის რუსეთის ნაწილია და წარმოდგენაც არა აქვთ, რამდენად თვითმყოფადი და თავისუფლებისმოყვარე ქვეყანაა პატარა საქართველო. მეცხრამეტე საუკუნეში რუსიფიკაციის პოლიტიკამ უკიდურესად შეზღუდა ქართული ენა. სკოლებში ბავშვებს სასტიკად ეკრძალებოდათ ქართულად ლაპარაკი, საზოგადოებას ენატრებოდა უნივერსიტეტი მაშინ, როცა XI-XII საუკუნეებში ქართველებს უკვე ჰქონდათ გელათისა და იყალთოს აკადემიები.

მეცხრამეტე საუკუნეში ქართველი ერის დიდი ლიდერის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის და მისი თანამებრძოლების მიერ წამოწყებული ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის შედეგად მივიღეთ პირველი ქართული უნივერსიტეტი 1918 წელს და ქართულ ენაზე სწავლება სკოლებში. 1978 წელს საბჭოთა იმპერიამ კვლავ მოითხოვა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილება და სახელმწიფო ენად რუსულის გამოცხადება, რასაც დიდი საპროტესტო მოძრაობა მოჰყვა და ჩვენმა ხალხმა შეძლო დედაენის შენარჩუნება.

დღეს საქართველოს კონსტიტუციით სახელმწიფო ენაა ქართული, ხოლო დასავლეთ საქართველოს ერთ ნაწილში, აფხაზეთში, რომელიც რუსეთის იმპერიის მიერ ინსპირირებული სეპარატისტული მოძრაობის შედეგად, 1993 წლიდან, მოწყვეტილია საქართველოს – აგრეთვე აფხაზური. აფხაზეთში ჩატარებული ეთნოწმენდის შედეგად მშობლიურ მიწას მოწყვიტეს 400 ათასი ქართველი. ქართველებს იმედი გვაქვს, რომ მსოფლიო თანამეგობრობის მიერ არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკა საქართველოს დაუბრუნდება ფართო ავტონომიით და რომ ამ მისიას უპირველესად ქართული და აფხაზური ენების ძმობა შეასრულებს.

ქართული ენა მსოფლიო ენათა ოჯახის ღირსეული წევრია. ის იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახს მიეკუთვნება. ცალკეც არსებობს ქართველურ ენათა ოჯახი, რომელშიც შედის: ქართული, მეგრული, სვანური და ლაზური ენები. ქართულის გარდა სხვები უდამწერლობო ენებია და იუნესკოს მიერ მომაკვდავ ენათა ნუსხაშია შეტანილი.

თანამედროვე ქართველისთვის ქართულთან ერთად მნიშვნელოვანია უცხოური ენების სწავლება და ჩვენთან პოპულარულია მრავალი უცხო ენა. რუსული და ერთ-ერთი ევროპული ენა უსათუოდ ისწავლება ჩვენს სკოლებში. ქართულ ენაზე ინტენსიურად ითარგმნება მსოფლიო ინტელექტუალური მემკვიდრეობა.

მეოცე საუკუნის ქართველ პოეტს, ირაკლი აბაშიძეს ეკუთვნის ლექსი „ხმა კატამონთან“, რომელიც დაიწერა მაშინ, როცა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში ქართველ მეცნიერთა ექსპედიციამ აღმოაჩინა ჩვენი დიდი პოეტის, შოთა რუსთველის, ფრესკა. აქ ავტორი აცხადებს, რომ ქართული ენა მისთვის არის: მზე, ცხოვრების სიტკბო, ლხინი, სევდა, ყოვლის გამომთქმელი, გმირი, ბრძენი, წარსული და მომავალი, ჰიმნი და სამარის ცრემლი, XII-XIII საუკუნეების ლეგენდარული ქართველი მეფის – თამარის ენა. თამარი ის მეფეა, რომლის სიყვარულით გახელებულმა რუსთველმაც ამ ქალღმერთს მიუძღვნა საოცარი პოემა, გასხივოსნებული ფილოსოფიური სიბრძნით, საკვირველი ლირიზმით, თვალწარმტაცი ნარატივებით.

სულ ახლახან საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატთან შეიქმნა ქართული ენის სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც იზრუნებს სახელმწიფო ენის ინტერესების დაცვაზე. ქართველი ხალხი თავისი ეთნოიდენტობის უპირველეს საგანძურს, ქართულ ენას, მუდამ დაიცავს.

1901 წელს ქართველების დიდ პოეტს – ვაჟა-ფშაველას ენის შესახებ დაუწერია:  „არა მგონია შეედრებოდეს ერთი საგანი მეორეს ისე, როგორც მდინარე და ენა. რითი ჰგავს ენა მდინარეს? იმით, რომ, რაც ერთხელ მდინარეს გემო და თვისება მიუღია, თუ ხელოვნურად არ მოსტაცე, არ წაართვი, იგი თავისთავად არასოდეს არ დაჰკარგავს; მიმდინარეობს იმჟამიდან ამჟამამდე დაუდგრომელად. მისი შეჩერება, დაგუბება, ცოტახნობით თუ შეიძლება, ხოლო სამუდამოდ კი – არასოდეს“…

ენა ეროვნული სიამაყის საგანია. მე და ჩემს მოსწავლეებს სწორედ ამის რწმენა გვასულდგმულებს, რომ ქართული ენის მდინარე არასოდეს დაშრება და ის მუდამ იდინებს ჩვენი ერის სულიერებისა და მსოფლაღქმის გამოსახატავად… თანამედროვეობის უდიდესი ქართველი მწერლის ოთარ ჭილაძის სიტყვები ნათლად გამოხატავს ჩვენს გულისნადებს: „როგორც ტყიდან მეორე ტყეში გადააქვთ ქარებს თესლი ხეების, ისე გადადის გულიდან გულზე ჩვენი ფიქრები და სურვილები“…

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...