შაბათი, ივნისი 28, 2025
28 ივნისი, შაბათი, 2025

ყველაფერს ვიკიპედიაში ვერ იპოვი

0

ყველაფერს ვიკიპედიაში ვერ აღმოაჩენ და ყველა წიგნს ამაზონზე ვერ გამოიწერ.

წარმოიდგინე, სტუდენტი ხარ და საბაკალავრო ან სამაგისტრო კვლევას აკეთებ. მრავალფეროვანი ლიტერატურის წაკითხვა გესაჭიროება. არაერთი წყარო უნდა შეაგროვო და სიღრმისეული კვლევა გააკეთო. როგორ იქცევი? – ბიბლიოთეკაში მიდიხარ. ან სულაც არაა საჭირო სტუდენტი იყო და კვლევაზე მუშაობდე. როცა წიგნის დროებით გამოტანა გსურს, ან გინდა ლიტერატურა პროფესიონალმა შეგირჩიოს, ვინმეს აზრი ჰკითხო, გქონდეს ინტერნეტთან წვდომა, შეარჩიო საბავშო ლიტერატურა, დაესწრო ლიტერატურულ ღონისძიებებს, გაესაუბრო ადამიანებს და როცა მარტოსულად გრძნობ თავს, მყუდრო გარემოში წახვიდე –  ბიბლიოთეკა საუკეთესო თავშესაფარია. შესაბამისად, იმისათვის, რომ მომხმარებელს სრულყოფილი სერვისი შესთავაზოს, ბიბლიოთეკებს შესაფერისი დაფინანსება სჭირდებათ.

დიდ ბრიტანეთში ამჟამად 3600 ბიბლიოთეკაა, რომელსაც 8 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. უკანასკნელ დეკადაში 700 დახურეს. ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, ბიბლიოთეკების ბიუჯეტი 50%-ით შემცირდა, შემცირდა სამუშაო საათებიც, საგრძნობლად მოიკლო თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებმა, მათმა ხელფასებმა, 51 000 ათასი მოხალისიდან ბიბლიოთეკებში ამჟამად მხოლოდ 20 000 მოხალისეა. ეს ყველაფერი მთავრობის ინიციატივით, უფრო სწორად, მისი უყურადღებობით მოხდა.

ბიბლიოთეკების განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია ციფრული, კულტურის, მედიისა და სპორტის ცენტრი ამ ფაქტს ადგილობრივ მმართველობას აბრალებს და აცხადებს, რომ ბიბლიოთეკების ბიუჯეტი უკანასკნელ 10 წელიწადში 20 მილიონი გირვანქა სტერლინგით შემცირდა.

ამ სფეროს ბოლო მინისტრმა ედ ვეიზლიმ კიდევ უფრო დააზარალა ბიბლიოთეკები, რადგან სპეციალურად სასჯელაღსრულების დაწესებულების არსებული პროექტის განხორციელება შეწყვიტა – დღეს პატიმრებს წიგნებთან წვდომა აღარ აქვთ.

ბიბლიოთეკებს ბრიტანეთში მხარდამჭერთა დიდი არმია ჰყავს.  მათი სპიკერების განცხადებით, ისინი ძალიან მალე ღია საპროტესტო აქციებს გეგმავენ და ბიბლიოთეკების განადგურების პროცესის წინააღმდეგ მანამდე იბრძოლებენ, სანამ ყველაფერი საპირისპიროდ არ იქცევა. საკვირველია, რომ მათ წინააღმდეგ ღია დებატებში ონლაინწიგნების მომხმარებლები და ამაზონის გულშემატკივრები გამოდიან. ეს უკანასკნელნი ბიბლიოთეკების სანაცვლოდ მის მხარდამჭერებს ქინდლს სთავაზობენ, მოწყობილობას, რომლითაც წიგნის ონლაინვერსიის წაკითხვაა შესაძლებელი. ასევე, ირონიით მიუთითებენ იმაზე, რომ ბიბლიოთეკებში დღეს რიგები აღარ დგას და ბიბლიოთეკარები, რომლებსაც ბევრი საქმე აღარ აქვთ, ხელფასს ტყუილად იღებენ. თუმცა, როგორც გითხარით, ბეჭდურ წიგნებსაც ბევრი დამცველი ჰყავს – ავტორები, გამომცემლები, მკითხველები – მოხუცებიცა და ახალგაზრდებიც, ხელმოკლეებიც და მდიდრებიც.

მხარდამჭერებს პირველი შეკრება გასული წლის ნოემბრის ბოლოს ესექსში ჰქონდათ, რადგან ყველაზე მწვავე პრობლემა ბიბლიოთეკების კუთხით, სწორედ აქაა.  ადგილობრივები ამბობენ, რომ ბიბლიოთეკების დახურვით ქალაქს სიცოცხლის კერები აკლდება და კულტურული ღონისძიებების ნაკლებობა უფრო და უფრო მწვავეა. ის, რომ აღარავინ კითხულობს, ტყუილია და უსამართლობა.

 

კეტრინ ბენეტი, გამოცემა The Guardian

ტელეფონი დადე! ანუ ონლაინ ბავშვობის საფრთხეები

0

უწინ თუ მშობლები ბავშვების ეზოში დიდხანს ყოფნის გამო გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას, დღევანდელ მშობლებს სხვა სატკივარი გვაქვს. ჩვენი შვილები ეზოში აღარ ჩადიან! ეზოც, რეალური თამაშიც და ნამდვილი ურთიერთობებიც ონლაინ სამყარომ ჩაანაცვლა.

კომპიუტერი გამორთე! ტელეფონი დადე! დაგითვლიათ, დღეში რამდენჯერ ვამბობთ ამ ფრაზებს მშობლები და მასწავლებლები?!

ბავშვები და 18 წლამდე მოზარდები, მსოფლიოს ინტერნეტის მომხმარებელთა მესამედია. ყოველი სამიდან ერთი ბავშვი ინტერნეტმომხმარებელია და ეს შეუქცევადი პროცესია. ჭკვიანი ტელეფონი და კომპიუტერი ტექნოლოგიის ის მიღწევებია, რომელსაც ბავშვების ტვინი გაცილებით ადვილად ეწევა, ვიდრე ჩვენი. ძნელია, ბავშვს იმაზე სახალისო და საინტერესო სამყარო შესთავაზო, ვიდრე ამას ინტერნეტი მოახერხებს. წამოდგომაც არ სჭირდება, ისე არჩევს მრავალფეროვანი შესაძლებლობებიდან სასურველს. კომპიუტერული თამაშების, ონლაინ ურთიერთობების, დედამიწის ნებისმიერ წერტილში ვირტუალური მოგზაურობის, სოციალურ ქსელებში ონლაინ აქტივობის ჩანაცვლება სულ უფრო ძნელი ხდება.

დროა ვაღიაროთ, რომ აკრძალვა გამოსავალი არ არის და ბავშვებთან „თამაშის წესები“ შევათანხმოთ.

ჩვენ უმეტესად ვცდილობთ, ბავშვებს შევუზღუდოთ კომპიუტერთან და ტელეფონთან ყოფნის დრო, რადგან ეს ცუდად მოქმედებს მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ განვითარებაზე. მაგრამ იშვიათად თუ განვუმარტავთ, იმ საფრთხეებს, რაც ონლაინ მოქალაქეობას ახლავს. ამ თემაზე გაეროს ბავშვთა ფონდმა კვლევა ჩაატარა და მშობლებს რეკომენდაცია მისცა, მეტი ყურადღება დაეთმოს არა ეკრანებთან გატარებული დროის კონტროლსა და შეზღუდვას, არამედ მის შინაარსს. გაცილებით მნიშვნელოვანია, რას აკეთებენ ბაშვები ონლაინ, ვიდრე რამდენ დროს ატარებენ ეკრანებთან.

ონლაინ ცხოვრების თანმხლებ რისკებს მშობლები შვილებს სოციალურ ქსელში ან ქსელურ თამაშებში დარეგისტრირებამდე უნდა აცნობდნენ, თუმცა ჩვენში, როგორც წესი, პირიქით ხდება. შედეგად, ბავშვებს არ ესმით რამდენად მოწყვლადები არიან ონლაინ საფრთხეების წინაშე. ვერც პასუხისმგებლობას აცნობიერებენ, რომ იყვნენ წესიერი ციფრული მოქალაქეები.

ინტერნეტის ამოუწურავი შესაძლებლობების შესახებ ბავშვებმა უკვე იციან. რა უნდა იცოდნენ მათ ინტერნეტის უარყოფითი მხარეების შესახებ, რათა არავინ ისარგებლოს მათი ბავშვური გულუბრყვილობით და დავიცვათ ისინი მოსალოდნელი საფრთხეებისგან.

  • ონლაინ კომუნიკაცია განსხვავდება რეალური ურთიერთობებისგან. ის მოკლებულია სიტყვიერ მასალას, ხმას, მიმიკას. ონლაინ კომუნიკაციის დროს ადვილად შეიძლება ბავშვის შეცდომაში შეყვანა და რეალურ ცხოვრებაში მისთვის ზიანის მიყენება. ინტერნეტით „გაცნობილი“ ადამიანი, რომლის შესახებაც გგონია ყველაფერი იცი, შეიძლება სრულიად სხვა ადამიანია. სხვა სურვილებით, სხვა მიზნებით შეპყრობილი. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ არ ესაუბროს უცნობებს, არ გადაუგზავნოს თავისი ან მეგობრების ფოტო და ვიდეო მასალა.
  • სახიფათო კავშირების რისკები – სამწუხაროდ, ბავშვებმა არ იციან, რომ ინტერნეტში უცნობებთან კონტაქტი სერიოზული პრობლემების საფუძველი შეიძლება გახდეს. არსებობენ მოძალადე ადამიანები, რომლებიც ბოროტი განზრახვებით უმეგობრდებიან ბავშვებს; სთავაზობენ ვებ კამერის წინ გაიხადონ ან თავად იხდიან სამოსს და შიშველ სხეულს ბავშვებს აყურებინებენ. ზოგ მშობელს ჰგონია, რომ ეს რისკები მხოლოდ თეორიულად არსებობს. სინამდვილეში მთელ მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაშიც არაერთი მსგავსი ფაქტი ხდება, რომლის გახმაურებასაც ბავშვებიც და მშობლებიც ერიდებიან. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ არ უპასუხოს ისეთ „მესიჯებს“, რაც მას დაძაბავს და ააფორიაქებს. ასევე, უნდა იცოდეს, რომ უხერხული შეტყობინებების შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს მშობლებს. და ამის გამო მას არ დასჯიან!
  • ინტერნეტი საჯარო სივრცეა და ყველაფერი, რასაც იქ ვავრცელებთ, ვეღარ ჩაითვლება ჩვენს პირად ინფორმაციად. ფოტო იქნება ეს, ვიდეო, დატოვებული კომენტარი და გამოხატული ემოცია, თუნდაც დახურულ ჯგუფებში ან პირად მიმოწერაში ატვირთული, ყველაფერი შეიძლება წინ დაგხვდეს – ტექნიკურად ამის გაკეთება ძალიან ადვილია.
  • ბავშვის ინტერნეტში ატვირთული ფოტო შეიძლება მოხვდეს პორნოსაიტებზე. მათ შორის, ხუმრობით გადაღებული, გამომწვევი სურათები, მაკიაჟგაკეთებული პატარა გოგონების თუ ტანშიშველი ბიჭების კადრები. (ზღვის სანაპიროზე, წუწაობის დროს, საძინებელში თუ სააბაზანოში გადაღებული).
  • მშობელი უნდა აცნობიერებდეს, რომ შეუფერებელ საიტებზე შემთხვევით შესვლით, ბავშვი შეიძლება გადააწყდეს მისთვის შოკის მომგვრელ, შემზარავ მასალას, მათ შორის სექსუალურ, პორნოგრაფიულ, ძალადობის ამსახველ ვიდეო-ფოტო კადრებს, ამიტომ ფსიქოლოგების რეკომენდაციაა კომპიუტერი საერთო ოთახში იდგეს და არა ბავშვის პირად სივრცეში.
  • პირადი მონაცემების გასაჯაროვება დაუშვებელია – რომელ სკოლაში სწავლობს, სად ცხოვრობს, სად ატარებს დროს, ჯობია არსად დაწეროს, რადგან ამ მონაცემების გასაჯაროვების შემთხვევაში იზრდება იმის ალბათობა, რომ უცნობმა ადამიანებმა ბავშვის შესახებ მოგროვებული ინფორმაცია მის წინააღმდეგ ეფექტიანად გამოიყენონ.

მიუხედავად იმისა, რომ Facebook-ზე დარეგისტრირება 13 წლამდე ბავშვებისთვის შეუძლებელია, ჩვენი პატარები გამოსავალს მარტივად პოულობენ, რეგისტრაციისას ყალბ ასაკს უთითებენ და პირადი გვერდიც მზად არის. ერთმანეთის მიბაძვით, ყოველდღიურად სოციალურ ქსელში უამრავი ბავშვი რეგისტრირდება, ისე, რომ მათთვის არავის განუმარტავს, ონლაინ კომუნიკაციის წესები. ისიც მომისმენია, რომ ზოგიერთი მასწავლებელი თავის მოსწავლეებს საშინაო დავალებებს ფეისბუქის დახურულ ჯგუფში უზიარებს. სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების წინააღმდეგი არ ვარ, თუმცა მშობლებმაც და პედაგოგებმაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვირტუალურ ცხოვრებას თავისი კანონები აქვს. ონლაინ მოქალაქეობა კი 13 წლამდე ბავშვებისთვის რეკომენდირებული არ არის.

 

 

 

როგორ გადავარჩინოთ მშობელთა კრება

0

ხშირად მშობელთა კრების ჩატარება როგორც მასწავლებლისთვის, ასევე მშობლისთვის მხოლოდ უსიამოვნო ვალდებულებაა. რამდენიმე საათიანი შეხვედრა, როგორც წესი, რუტინულია, მოსაწყენი, ზოგჯერ კონფლიქტურიც კი. როგორ ვაქციოთ მშობლებთან შეხვედრა სასარგებლო და ნაყოფიერ ამბად, თავის გამოცდილებას დაწყებითი სკოლის პედაგოგი, ლინდსი ბარეტი გვიზიარებს:

„ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ, სამუშაოდ სკოლაში გამამწესეს. ბევრი განსხვავებული იდეა მქონდა, მაგრამ, მშობლების პირისპირ რომ აღმოვჩნდი, მივხვდი, ჩემი ბრწყინვალე იდეების მხოლოდ მცირედ ნაწილს ჰქონდა კავშირი რეალობასთან.

ახლა ოთხი შვილი მყავს და გამოცდილი პედაგოგი ვარ. ამ გამოცდილებამ შემაძლებინა, ჩამომეყალიბებინა რამდენიმე ზოგადი პრინციპი, რომელიც მეხმარება მშობლებთან შეხვედრა ეფექტიან და სასიამოვნო პროცესად ვაქციო.

პირველი პრინციპის მიხედვით, სასურველია მშობელთა კრება კარგი ამბების გაზიარებით დავიწყოთ. არ აქვს მნიშვნელობა, ვისი მშობლები შეიკრიბნენ, იმ მოსწავლეების, ვინც კარგად სწავლობს თუ სხვების.

მასწავლებელს შეუძლია მოჰყვეს, როდის მიაღწია კლასმა წარმატებას, კონკრეტულად რომელმა მოსწავლეებმა დაიმსახურა მათი მოწონება, რომელი სიტუაცია იყო სხვა კლასებისთვის სამაგალითო. ეს შეგიძლიათ მოჰყვეთ ისტორიად ან უკეთესი – ამის დემონსტრირება მოახდინოთ ვიდეოთი ან ფოტოკოლაჟით.

კრების ასეთი დასაწყისი გაახალისებს მშობლებს, გაზრდის მათ მიმღებლობას ინფორმაციის მიმართ, განაწყობს პოზიტიურად. ასევე, შეგიძლიათ მოამზადოთ ბარათები. სათითაოდ ყველა ბარათზე დაწეროთ მოსწავლეთა ვინაობა და მიუწეროთ ერთი-ორი წინადადებით, რაში გამოიჩინეს თავი – ვიღაცამ გონიერებით, ვიღაცამ ხუმრობით, ვიღაცამ ოლიმპიადაში წარმატებით, ვიღაც მასწავლებელს ან თავის კლასელს დაეხმარა და სხვა. ეს შეფასებაც აუცილებლად პოზიტიური უნდა იყოს. ბარათებს ხმამაღლა ჩაიკითხავთ და მშობლებს დაურიგებთ. ჯერ ერთი, მშობელი ამ ბარათს აუცილებლად აჩვენებს ოჯახის სხვა წევრს და მეორეც, მას კარგ მოგონებად, სახსოვრად გადაინახავს. ბარათების ჩაკითხვის შემდეგ მშობლები გააცნობიერებენ, რომ მასწავლებელმა უყურადღებოდ არცერთი მოსწავლე არ დატოვა და ეს განცდაც აუცილებლად გაზრდის მშობელთა ინტერესს კრების მიმართ.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მშობლებმა ცოტა რამ იციან სკოლის შესახებ. თქვენ მასწავლებელი ხართ და სკოლას „შიგნიდან“ იცნობთ. მშობლებს კი რეალურ სასკოლო სიტუაციებზე მწირი წარმოდგენა აქვთ. მაგალითად, მეც, მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელი ვარ, ზუსტად არ ვიცი, რა ხდება ჩემი შვილების საკლასო ოთახსა და სკოლის დერეფნებში. ეს ნორმალურია.

სასკოლო ცხოვრების შესახებ ბავშვები მშობლებს დიდი ხალისით არ უყვებიან. თანაც, სკოლის შესახებ მშობლები შვილებს მაშინ ეკითხებიან, როდესაც გვიანი საღამოა და ბავშვებს დასვენება უნდათ. ბავშვებიც სასკოლო მოვლენებს თავიანთი გადასახედიდან აფასებენ. ბავშვებს უყვართ მოვლენების დრამატულად აღწერა. სინამდვილე შესაძლოა სხვა იყოს. ამიტომ მშობელთა კრებაზე მასწავლებელმა დეტალურად უნდა აღწეროს მშობლისათვის საინტერესო მოვლენები, მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს მათ, ჩააყენოს საქმის კურსში, განმარტოს მათთვის მარტივ და გასაგებ ენაზე.

მშობელთა კრებაზე მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა არა მხოლოდ ისაუბროს, არამედ კითხვებიც დასვას. მასწავლებელს კრებისთვის ცოტა დრო აქვს და ბევრი რამის თქმა უნდა მოასწროს. ამიტომ აუცილებელი როდია ერთი ბავშვის საშინაო დავალების დეტალური გარჩევა…

თუ მშობელთა კრების შემდეგ მასწავლებელს ხმა წაუვა, ე.ი. ზედმეტად ბევრი ილაპარაკა. მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ მშობლებს ნაკლებად აინტერესებთ ზოგადი სასკოლო სიტუაცია. მათ აინტერესებთ შვილის ამბები და კრებაც ამ მიმართულებით უნდა წაიყვანოთ. მშობელი ყურადღებით მაშინ უსმენს მასწავლებელს, როდესაც ის მის შვილზე საუბრობს.

მიეცით მშობელს თავისი მოსაზრების გამოთქმის საშუალება. მასწავლებელმა წინასწარ უნდა მოამზადოს ის კითხვები, რომლებზეც მშობლისგან პასუხს მიიღებს და ეს პასუხი რამეში გამოადგება (როგორ იქცევა ბავშვი სახლში მსგავს სიტუაციაში? მისი ქცევა განსხვავებულია? რატომ აქვს სწავლის პრობლემა? რა უშლის ხელს?). მშობელს აქვს ის ძვირფასი ინფორმაცია, რომელსაც მასწავლებელი არ ფლობს. ამიტომ მასწავლებელმა ეს ინფორმაცია უნდა მოიპოვოს.

მასწავლებელი მოდერატორიცაა. მან ხშირად უნდა დახედოს საათს, აკონტროლოს დრო, არც თვითონ გადაიღალოს, არც მშობლებს მოაწყინოს თავი.

კიდევ ერთი პრინციპი – მკაცრად გაწერეთ მშობელთა კრების გეგმა. მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ დედების გონების ბრაუზერის ყველა ჩანართი გააქტიურებულია. მშობლებს მილიონი დარდი და პასუხისმგებლობა აქვთ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი შვილი ჰყავთ, ერთი თუ ათი. საზრუნავი მაინც ბევრია. სკოლა ბრაუზერის ერთ-ერთი ჩანართია, შვილის/შვილების ცხოვრების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. მშობელი ერთდროულად ფიქრობს შვილების გლობალურ კეთილდღეობასა და წვრილ-წვრილ საკითხებზე – „იქნება თუ არა ის ბედნიერი მომავალში“ და „რა მოამზადოს დღეს ვახშმად “. ეს უნდა გვახსოვდეს.

საუკეთესო მშობელთა კრებები არა გლობალური, არამედ მაქსიმალურად ვიწრო ამოცანებსა და მიზნებს ემსახურება. მშობელთა კრებაზე უნდა გაჟღერდეს სკოლისა და მშობლისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. მასწავლებელი კი მათ გაჟღერებისას თანამდევრული უნდა იყოს.

ნუ შეგაშინებთ რთული საუბრები. ხანდახან მშობლების მწვავე რეაქციების შიშით წინასწარ გამიფრთხილებია ისინი, რომ შეხვედრისას რთული საუბარი გველის. ზოგჯერ ეს მოულოდნელ შედეგებს იძლევა. ერთხელ ჩემი მოსწავლის მამა, რომელიც, ჩემი აზრით, სკოლიდან ისევ საბავშვო ბაღში უნდა დაებრუნებინათ, იმდენად გაბრაზდა ჩემი პოზიციის გამო, რომ უარი თქვა, დასწრებოდა მშობელთა კრებას.

სასურველია, მშობლებთან რთული საუბარი მას შემდეგ დავიწყოთ, რაც მათთან კონტაქტს დავამყარებთ და ურთიერთგაგების გარკვეულ ეტაპზე გავალთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგს ვერ მივიღებთ. მშობელთა კრების გააზრებული ტაქტიკა მშობლებს საშუალებას მისცემს სხვა რაკურსით შეხედონ რთულ სიტუაციებს.

მშობელთა კრებაზე საუბრისას ზოგადიდან კონკრეტულ შემთხვევებზე უნდა გადავიდეთ და არა პირიქით.

გვახსოვდეს, როდესაც მშობელი იღებს ინფორმაციას ბავშვის შესახებ, უჩნდება სურვილი განიხილოს ეს მასწავლებელთან, მეორე მშობელთან ან უბრალოდ, მეგობართან. არ ააჩქაროთ მშობელი, მიეცით ლაპარაკის, ემოციების გაზიარების დრო, თუნდაც კრების შემდეგ.

არ იხუმროთ მშობლებთან მათ შვილებზე. ახალგაზრდა  რომ ვიყავი, ერთი გოგონა მის მშობელთან ხუმრობით მოვიხსენიე. მშობელს მივანიშნე, რომ მისი შვილი სხვა გოგოებს გაკვეთილზე იოლად იყოლიებდა და თავის ენერგიას უმისამართოდ ფლანგავდა. ჩემი მხრიდან ეს შეცდომა იყო.

გვახსოვდეს, რომ ყველა მშობელი მოწყვლადია, როდესაც ხუმრობა ან სარკაზმი მის შვილს ეხება. კრების შემდეგ, განაწყენებულმა დედამ შენიშვნა მომცა და მითხრა, რომ მისი შვილი არ მიყვარდა, ამოჩემებული მყავდა, ამიტომაც ვიხუმრე მასზე. მოკლედ, ორივე გულდაწყვეტილი დავრჩით. აშკარად ვერ გავუგეთ ერთმანეთს. სიტუაციის განსამუხტად დიდი დრო და ახსნა-განმარტებები დამჭირდა. სასწავლო წლის ბოლოს გოგონას მშობელი ჩემი საუკეთესო მეკავშირე იყო და მადლობაც გადამიხადა, რომ მის შვილს ყურადღებას ვაქცევდი. ასეთი ურთიერთობა შეიძლებოდა თავიდანვე გვქონოდა, მეტი ტაქტი რომ გამომეჩინა.

მასწავლებლისა და მშობლების შეხვედრებს ორი მხარე აქვს. მასწავლებელი უამრავ კრებას ესწრება, ბევრი მოსწავლე და მშობელი ჰყავს. მშობლებს კი მხოლოდ შვილები ჰყავთ. კარგი იქნებოდა, რომ ორივე მხარე ერთმანეთის მიმართ უფრო ლოიალური ყოფილიყო.

 

კანონის წინაშე თანასწორობის უფლება

0

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე. დისკრიმინაცია აკრძალულია

კანონი კრძალავს სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვას ან მათი განხორციელებისთვის ხელის შეშლას, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭებას ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღებას. საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.

კანონის წინაშე თანასწორობის და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპი იცავს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს და სკოლას აკისრებს ვალდებულებას, გადაწყვეტილების მიღების დროს დაიცვას კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი და გამორიცხოს დისკრიმინაცია.

არათანასწორად მოპყრობის რისკი განსაკუთრებით მაღალია, როცა სკოლას გადაწყვეტილების მიღების დროს აქვს დისკრეციული უფლებამოსილება. ასეთ დროს გადაწყვეტილების მიმღებმა უნდა გაითვალისწინოს, რა მიზნის მისაღწევად აქვს მინიჭებული დისკრეცია და არ უნდა გასცდეს დისკრეციის ფარგლებს. ასეთი გადაწყვეტილების მიღების მოტივაცია არ შეიძლება იყოს რაიმე გარემოება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებულისა. მაგალითად, ხშირია შემთხვევა, როდესაც გადაწყვეტილება განპირობებულია ადრესატის მიმართ გადაწყვეტილების მიმღების სიმპათიით ან ანტიპათიით. ეს დაუშვებელია.

წამოიდგინეთ ასეთი შემთხვევა: მასწავლებელი ერთ მოსწავლეს სხვა მოსწავლეებზე ხშირად გამოკითხავს. მასწავლებლის საქციელი განპირობებულია მშობლის მიერ მასწავლებლისადმი კრიტიკული დამოკიდებულებით. ეს არათანასწორი მოპყრობის ერთ-ერთი მაგალითია.

სკოლაში ყველა მოსწავლეს უნდა ჰქონდეს თანაბარი შანსი და პირობები.

კონსტიტუციის თანახმად, დაუშვებელია მოსწავლის არათანასწორ მდგომარეობაში ჩაყენება ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე ნიშნის გამო:

  • სქესი;
  • წარმოშობა;
  • რასა;
  • კანის ფერი;
  • ეთნიკური კუთვნილება;
  • ენა;
  • რელიგია;
  • პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები;
  • სოციალური კუთვნილება;
  • ქონებრივი ან სხვა მდგომარეობა; საცხოვრებელი ადგილი ან რაიმე სხვა გარემოება.

არათანასწორი და დისკრიმინაციული მოპყრობის რისკი არსებობს ასევე მასწავლებლის მიმართ. საქართველოს შრომის კოდექსი შემდეგ მოთხოვნებს უწესებს დამსაქმებელს [სკოლას]:

◦ შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო;

◦ დისკრიმინაციად ჩაითვლება პირის შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ანდა პირისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით.

დისკრიმინაცია შეიძლება იყოს პირდაპირი ან ირიბი.

 

პირდაპირი დისკრიმინაციაა ისეთი მოპყრობა ან ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირს კანონით განსაზღვრული უფლებებით სარგებლობისას არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს რაიმე ნიშით ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს.

ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს რაიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს.

დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად ნებისმისერი დაწესებულება, მათ შორის – სკოლა, ვალდებულია:

◦ თავისი საქმიანობა, სამართლებრივი აქტები და შიდა რეგულაციები შეუსაბამოს ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას;

◦ სავარაუდო დისკრიმინაციის ნებისმიერ ფაქტზე მოახდინოს სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება;

◦ დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კანონმდებლობისა და შიდა რეგულაციების შესაბამისად პასუხისმგებლობა დააკისროს მის დაქვემდებარებაში მყოფ დამრღვევ პირს და უზრუნველყოს დისკრიმინაციის შედეგების აღმოფხვრა მესამე პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეულახავად.

დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველი განიხილავს იმ პირის განცხადებას და საჩივარს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს. სახალხო დამცველი ასევე უფლებამოსილია, შეისწავლოს დისკრიმინაციის ფაქტი საკუთარი ინიციატივით და არ დაელოდოს განცხადებას ან საჩივარს. საქმის შესწავლის შემდეგ სახალხო დამცველი გასცემს შესაბამის რეკომენდაციას.

გარდა ამისა, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის ან დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა და მოითხოვოს მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

ხატვის როლი ბავშვის განვითარებაში

0

ხატვა ბავშვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საქმიანობაა. შემთხვევითი არ არის, რომ ის ხატვას ლაპარაკზე ადრე იწყებს. ამეტყველების შემდეგაც, იმის გამო, რომ ბავშვის ლექსიკური მარაგი არც ისე დიდია, მისთვის ბევრი რამის დახატვა უფრო ადვილია, ვიდრე  სიტყვებით გადმოცემა.  ხშირად ბავშვის ნახატს გრაფიკულ მეტყველებას უწოდებენ, რადგანაც ის ასახავს ყველაფერს ბავშვის მიერ დანახულს, მოსმენილს, მაშინაც კი, თუ ბავშვი ჯერ კიდევ არ ლაპარაკობს. ნახატი გულწრფელი საუბარია საკუთარ თავზე, იმაზე, თუ როგორ აღიქვამს პატარა, როგორც საკუთარ თავს, ისე გარშემომყოფებს. ის ხშირად ბავშვის ფსიქიკური განვითარების, აღქმის, მოტორიკის, აზროვნების, მეტყველების განვითარების და მისი ემოციური მდგომარეობის  მაჩვენებელიცაა. ნახატი გვეხმარება გავიგოთ, თუ რას ფიქრობს, რას გრძნობს ბავშვი და სად შეიძლება გვქონდეს პრობლემები.

ხატვა ბავშვის პირველი შემოქმედებითი საქმიანობაა. როგორც წესი, პატარები სიამოვნებით ხატავენ. საკმაოდ ადრეული ასაკიდან ბავშვები იღებენ ფანქარს და ჯერ კიდევ  „დაუმორჩილებელი“ თითებით ქმნიან ფერწერულ „შედევრებს“. სანამ მისი ზეპირი და წერითი მეტყველება მწირი და არასრულყოფილია, ის „ლაპარაკობს“ საგნებზე, სიტუაციებზე ნახატის დახმარებით. ხატვის ეს როლი შენარჩუნებულია ათ წლამდე. როცა თავს იჩენს გამოხატვის სხვა საშუალებები, საკუთარი ნახატები ბავშვს სასაცილოდ ეჩვენება. დაწყებით კლასებში ხატვა გაცნობიერებულ, სისტემატურ საქმიანობად იქცევა. ამ ეტაპზე მნიშვნელობა არა აქვს,  არის თუ არა ბავშვი ხატვის ნიჭის მატარებელი. ხატვის გაკვეთილები მრავალმხრივი, ჰარმონიული პიროვნების ფორმირების აუცილებელი პირობაა.

     რას აძლევს ხატვა ბავშვს:

  • ბავშვის განვითარებისთვის ხატვა ღირებულია არა შედეგით, არამედ უშუალოდ შემოქმედებითი პროცესით;
  • ხატვა ავითარებს წვრილ მოტორიკას. ეს კი ტვინის იმ უბნების სტიმულაციას უწყობს ხელს, რომლებიც პასუხისმგებელია აზროვნებაზე, მეტყველებაზე, მეხსიერებაზე, კოორდინაციაზე;
  • ბავშვს უვითარდება სივრცითი ინტელექტი და წარმოსახვა;
  • ნახატის საშუალებით ბავშვი ახერხებს თვითგამოხატვას, პროეცირებას უკეთებს ქაღალდზე თავის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. ხატვა შესანიშნავი და ეფექტური ხერხია საკუთარი გრძნობების, ემოციების და განცდების გამოსახატად. ბავშვის ნახატი თავისებური ეკრანია, რომელიც ასახავს პატარას აზრებს და განცდებს;
  • ხატვა დამამშვიდებელ საქმიანობად ითვლება და კარგია დაღლილობის მოსახსნელად. პატარა ამას „ხვდება“ ინტუიციის დონეზე და გაუცნობიერებლად მიმართავს განტვირთვის ასეთ მეთოდს. განსაკუთრებით სასარგებლოა ხატვა ბავშვისთვის, რომელსაც მიდრეკილება აქვს ჭირვეულობისკენ, დეპრესიისა და ნევროზისკენ;
  • ფერწერის სისტემატური გაკვეთილები ბავშვს ასწავლის დროის სტრუქტურირებას, გამოუმუშავებს დისციპლინირებულობას;
  • ხატვის საშუალებით ბავშვები სწავლობენ გარემომცველი სამყაროს შემოქმედებითად გააზრებას და იმის გაგებას, რომ თითოეულ ადამიანს აქვს რეალობის საკუთარი აღქმა, თავისებურად ხედავს საგნებს და მოვლენებს;
  • ბავშვი,  უფროსისაგან განსხვავებით,  ბევრად უფრო აქტიურად შეიმეცნებს სამყაროს. პრაქტიკულად, თითოეული მისი დღე სავსეა ახალი და მნიშვნელოვანი აღმოჩენებით, შთაბეჭდილებებით და მიღწევებით. სწორედ ამის გამო ბავშვი პერიოდულად საჭიროებს ფსიქოლოგიურ განტვირთვას, რაშიც მას ხატვა დიდ დახმარებას უწევს;
  • ხატვა ავითარებს წარმოსახვას, ფანტაზიას, მხედველობით მეხსიერებას, ემოციურ გულისხმიერებას, მშვენიერების გრძნობას;
  • ბავშვისთვის, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, მნიშვნელოვანია საკუთარი „მე“-ს გამოხატვა. თითოეული ადამიანი თავისი ბუნებით შემოქმედია. შემოქმედება კი მოითხოვს გამოხატვას. ხატვა ასეთი გამოხატვის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს;
  • ხატვა ძალიან სასარგებლოა ბავშვებში დამოუკიდებლობის, შრომისმოყვარეობის, სამუშაოს ბოლომდე მიყვანის, ფსიქომოტორული კოორდინაციის უნარის გამოსამუშავებლად;
  • ხატვა, ისევე როგორც ბევრი სხვა სახის მოქმედება, სწავლის უნარსაც უმუშავებს ბავშვს – იმისათვის რომ დახატოს რამე საგანი, ბავშვმა უნდა შეძლოს მისი სრულყოფილად აღქმა, დამახსოვრება. მისი ფორმის, სიდიდის, ფერის, კონსტრუქციის შესწავლა. ხატვის დროს ბავშვები არა მხოლოდ გამოხატავენ საკუთარ თავს, არამედ სხვადასხვა მასალასაც (ქაღალდი, საღებავები და ა.შ.) ეცნობიან. ეცნობიან ასევე სხვადასხვა ინსტრუმენტებს (ფუნჯი, ფანქარი და ა.შ.), შეისწავლიან მათ თვისებებს, სწავლობენ მათ გამოყენებას ხატვის პროცესში. ყოველივე ეს კი მნიშვნელოვანი და აუცილებელია ბავშვის განვითარებისთვის;
  • ხატვა აქტიურად გამოიყენება ფსიქოთერაპიაში. დღეს ბევრისთვის კარგად არის ნაცნობი არტთერაპია. ამ მეთოდს საფუძვლად უდევს შემოქმედებისა და მხატვრული ხერხების გამოყენება მკურნალობისას, საკორექციო და განმავითარებელი მუშაობის პროცესში. არტთერაპია გვეხმარება თავი გავართვათ ბავშვებში ფსიქომოტორიკის დარღვევებს, ფსიქიკური და  მეტყველებითი განვითარების შეფერხებას, შიშებს და ნეგატიურ ემოციებს, ეხმარება ბავშვს გარემომცველ სამყაროსთან ურთიერთობის სწავლაში, იმის გამოხატვაში, რაც აწუხებს და აღელვებს; იძლევა განტვირთვის საშუალებას.

     იმისათვის, რომ ხატვამ, ბავშვისთვის საოცრად საყვარელმა საქმიანობამ, თავისი დადებითი როლი შეასრულოს მის ცხოვრებაში, საჭიროა უფროსების სწორი დამოკიდებულება აღნიშნული საქმიანობის მიმართ და მათი მხრიდან რიგი რეკომენდაციების გათვალისწინება:

  • ნუ ვეჩხუბებით და ნუ ვუსაყვედურებთ ბავშვს, თუ მისი ნახატი ისე არ იქნება შესრულებული, რომ ჩვენ მოგვეწონოს. გავითვალისწინოთ, რომ ის, რაც ჩვენთვის უბრალოდ  „ნაჯღაბნია“, ბავშვისთვის შეიძლება ნამდვილი „შედევრი“, ხელოვნების ნიმუში იყოს. ამიტომ, უკეთესი იქნება, თუ თავს შევიკავებთ კრიტიკისგან;
  • ვთხოვოთ პატარას, მოგვითხროს, აგვიხსნას, თუ რა დახატა. ეს მას დაანახვებს, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა მისი „შემოქმედება“;
  • მაშინაც კი, თუ ნახატი ძალიან შორს იქნება რეალობისგან, ნუ ვეტყვით პატარას, რომ მან დახატა არასწორად და ის სრულიადაც არ ჰგავს ნამდვილს;
  • არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ვუთხრათ ბავშვს, რომ ის ხატავს ყველაზე ცუდად ჯგუფში ან უფრო ცუდად, ვიდრე მისი მეგობარი. ბავშვები, ისევე როგორც ზრდასრული ადამიანები, განსხვავდებიან ერთმანეთისაგან თავისი უნარებით. ამიტომ, ერთადერთი, რასაც ჩვენ მივაღწევთ მსგავსი საყვედურებით, ხატვის ინტერესის დაკარგვა იქნება. ხატვა ბავშვს სიამოვნებას და კმაყოფილებას უნდა ანიჭებდეს. ჩვენი საყვედურები, შენიშვნები და უკმაყოფილება კი შეიძლება გახდეს იმის მიზეზი, რომ მან საერთოდ უარი თქვას მისთვის ასეთ საჭირო საქმიანობაზე;
  • ხშირად ვესაუბროთ ბავშვს მის ნახატებზე. ეს ნამუშევრები შესანიშნავი საბაბია საუბრისთვის. ამ გზით ჩვენ გავიგებთ, თუ რაზე ფიქრობს პატარა, რა აწუხებს, რა ახარებს, რაზე ოცნებობს ის. შეიძლება საუბრის პროცესში დავუსვათ სხვადასხვა შეკითხვა: „ვინ ან რა დახატე“? „რატომ მაინცდამაინც ასეთი ფერის“? „რატომ არის ამ ადგილას დახატული“? „ვინ აკლია ნახატზე“? „როგორ გრძნობს თავს ნახატზე გამოსახული ადამიანი“?

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ აუცილებელი არ არის ბავშვმა ხატოს იმისათვის, რომ დიდი მხატვარი გახდეს. გვახსოვდეს, რაც უფრო მეტად ვითარდება ბავშვი ადრეული ასაკიდან, მით უფრო მეტად იდება მასში შემოქმედებითი პოტენციალი, რომელიც მას დიდობაში გამოადგება. ხატვა, ისევე როგორც თამაში, ბავშვისთვის ყველაზე ორგანული, ბუნებრივი საქმიანობაა. ბავშვები ხატავენ იმიტომ, რომ უბრალოდ ბავშვები არიან. და, თუ ბავშვი არ ხატავს, ან არ თამაშობს, ამან განგაში უნდა გამოიწვიოს მშობლებში. ნახატები გვეხმარება დავინახოთ სამყარო ბავშვის თვალით და შევძლოთ მისი უკეთესად გაგება.

 

 

გულთგონთხართა? (წერილი პირველი)

0

პირველ რიგში ბოდიშს გიხდით ერთ-ერთი ბიზნესმენის მიერ გამოგონილი და მერე სერიალში მახვილგონივრულად გადატანილი ზმნის სათაურში გამოტანისთვის. მაგრამ ის, რაც სასაცილოდ მეჩვენებოდა, როდესაც პირველად გავიგე, ჩემი ლექსიკის ნაწილად იქცა. ამაში დამნაშავე კი ქართული ზმნის ბუნებაა. ქართულმა ზმნამაც მაპატიოს, თუმცა, მისი მოქნილი ბუნებიდან გამომდინარე, გულწრფელად აღმომხდება ხოლმე ეს სიტყვა ზმნის კი არა, შორისდებულის სახით, როდესაც გაუგონარ სიბრიყვეებს ვისმენ. ბოდიშს მოვუხდი ყველა იმ მასწავლებელს, რომელთაც წერილის სათაურით არ მივმართავ და დარწმუნებული ვარ, მათი რიცხვი ბევრად აღემატება იმ მასწავლებლების რიცხვს, რომელთაც წერილის სათაურში მივმართავ. მე ამ წერილით იმ მასწავლებელებს მივმართავ, რომელთაც ამ გზით მინდა გავცე პასუხი იმ გაუგონარ უპასუხიმგებლობაზე, „ვეფხისტყაოსნის“ სწავლების დროს რომ იჩენენ.

ვის არ მოგვდის შეცდომა?! რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ხშირ შემთხვევებში სამეცნიერო მიგნებების სათავე სწორედ შეცდომებშია. რომ ვიცოდეთ, როდის ვუშვებთ შეცდომას, არც დავუშვებდით მას, მაგრამ, სხვადასხვა მიზეზის გამო, მისგან დაზღვეული არავინაა. დაშვებული შეცდომის მიზეზი შეიძლება იყოს წყაროების სიმცირე, ტექნოლოგიურ გამოგონებებზე წვდომის არქონა და არა მარტო… მაგრამ მაშინ, როდესაც საქმე ლიტერატურას ეხება და როდესაც პასუხი ტექსტში გვაქვს, ცოტა არ იყოს, უხერხულია შეცდომის დაშვება; ანდა, როდესაც საქმე ლიტერატურულ ნაწარმოებში აღწერილ ისეთ ეპოქას ეხება, ისტორიკოსებს პასუხი რომ გაცემული აქვთ, ჩვენ კი, იმიტომ, რომ მოდას ავყვეთ, სრულიად უგულებელვყოფთ სიმართლეს და გამიზნულად ვუშვებთ შეცდომას, სრულიად დაუშვებელია; ასევე, ჩემი აზრით, უადგილოა, ლიტერატურის სწავლებისას რაშემონის ეფექტით ვიმართლოთ თავი, როდესაც სისულელეს სისულელე და სიბრიყვეს სიბრიყვე უნდა დავარქვათ და არა განსხვავებული აზრი. ჭეშმარიტება ერთია!!! თუმცა იქვე უნდა ვთქვათ, რომ ჭეშმარიტება ერთია, მაგრამ პერსპექტივა სხვადასხვაა, ოღონდ, როდესაც პერსპექტივას წარმოვადგენთ, მას დასაბუთებული მსჯელობა უნდა მოვაყოლოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში პერსპექტივა აკვიატებული აზრი იქნება.

ლიტერატურათმცოდნეობას, ისევე როგორც ჰუმანიტარული მეცნიერების სხვა დარგებს, ჰიპოთეზები და მეთოდოლოგია გააჩნია. როდესაც მოსწავლეებს ლიტერატურულ ტექსტს ვასწავლით, ჩვენი მიზანი, შინაარსის სწავლებასთან ერთად, გაბედული მოსაზრების წახალისებაც უნდა იყოს, მაგრამ დაუშვებელია, ყველაფერზე კვერი დავუკრათ და თავი ვუქნიოთ მოსწავლეებს. ასე მათ თავისდა უნებურად ჩამოუყალიბდებათ არასწორი შეხედულება, რომ ლიტერატურის შესწავლისას ყველაფერი მოსულა (მაპატიეთ ეს სლენგი), ხოლო მათემატიკა, საბუნებისმეტყველო და სოციალური მეცნიერებები ბევრად უფრო თანმიმდევრულია და თითქოს არგუმენტირებული მსჯელობაც ამ დარგების განუყოფელი ნაწილია. ეჭვი მაქვს, ხანდახან მასწავლებლებს ეშინიათ ოცდამეერთე საუკუნის მოსწავლეების და მათთან კამათის, ამიტომაც თავს უქნევენ და ეთანხმებიან ყველაფერზე; ან საერთოდ არ აძლევენ აზრის გამოთქმის საშუალებას, აჩუმებენ, რადგან ისევ და ისევ – ეშინიათ მეცნიერული პაექრობის. კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს იმ მასწავლებლებთან, რომლებიც ასე არ იქცევიან, მაგრამ სწორედ ეს მასწავლებლები მიხვდებიან, რასაც ვამბობ, რადგან დარწმუნებული ვარ, მათ არაერთხელ შეუნიშნავთ თავიანთ გვერდით ისეთები, ვისზეც მე ვსაუბრობ. თუ ეს ასე არ არის, ბედნიერი გამონაკლისი ბრძანდებით და ეს წერილი გადადეთ გვერდზე, დროს ნუ დახარჯავთ და მას ნუღარ წაიკითხავთ…

ახლა გადავიდეთ იმ შეცდომებზე, რომელთაც ზოგიერთი მასწავლებელი უშვებს „ვეფხისტყაოსნის“ სწავლების პროცესში, კონკრეტულად იმ შეცდომების დამშვებად, რომელთაც აქ ჩამოვთვლი, ცხადია, თქვენ, სანიმუშო მასწავლებლებს, არ გგულისხმობთ:

შეცდომა პირველი – ამბავი პირველი: ტექსტში ვეძებთ იმას, რაც არ არის და ავტორს ვაბრალებთ იმას, რაც არ დაუწერია

ნეტა, მართლა საკმარის დროს ვუთმობდეთ ნაწარმოებს და მართლა ვეძებდეთ ტექსტში იმას, რისი პოვნაც გვინდა, ასე ხომ დაზღვეულები ვიქნებოდით შეცდომებისგანაც და ვინძლო, იმაზე საინტერესო რამისთვისაც მიგვეგნო, ჩვენც გაოცებულები დავრჩენილიყავით და სხვებიც გაგვეოცებინა!

პირველ შეცდომაში ვგულისხმობ „ვეფხისტყაოსნის“ გმირების ასაკს. ჩემი აზრით, ასაკი ნაწარმოებში პირობითია და მას არაფერზე არ გავყავართ. შევეცდები, დავასაბუთო ჩემი მოსაზრება. გამოტყდით, რამდენჯერ გაგიგიათ, რომ ნესტანი მთლად ბავშვი იყო, როდესაც ტარიელი მას  გაუმიჯნურდა? ბევრჯერ. არადა, მივყვეთ ტექსტს. რა ვიცით პოემის გმირების ასაკის შესახებ? ბევრი არაფერი. საჭიროა კი მათემატიკური სიზუსტით ვანგარიშობდეთ, როდის რა მოხდა? ეს რომ საჭირო ყოფილიყო, მენდეთ, რუსთველი დროს არ დაიშურებდა და ყველა მოვლენის წინ გმირის ასაკზე იტყოდა რამეს, როგორც ამას ზოგიერთ შეთხვევაში აკეთებს. ასევე ავტორი რამდენჯერმე აწვდის ინფორმაციას მკითხველს, რა დრო დასჭირდა ამა თუ იმ საქმეს (მაგ. სამი წელი ავთანდილის მიერ ტარიელის მოძებნას, ერთი წელი ავთანდილის ტარიელთან დაბრუნებას, სამი თვე ხატაეთში ომს და სხვ.) ძირითადად კი რუსთველი დუმს და არაფერს ამბობს დროის ხანგრძლივობაზე. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მოვლენები ერთმანეთს მიეწყო, არამედ იმასაც, რომ რაღაც დრო გადის და მხოლოდ შემდეგ ხდება აღწერილი მოვლენა.

ტარიელი როდესაც თავის ამბავს ავთანდილს უამბობს, ორჯერ აღნიშნავს ასაკს, ერთხელ ის ხუთი წლისაა და მეორეჯერ – თხუთმეტის. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ათვლა აუცილებლად ამ ასაკიდან უნდა დავიწყოთ. გააჩნია, რისი ათვლა. თუკი გვაინტერესებს, რამდენი წელია განსხვავება ნესტან-დარეჯანსა და ტარიელს შორის, ცხადია, მაშინ ასაკი გასათვალისწინებელია. თუკი ტარიელი ხუთი წლის იყო მაშინ, როდესაც დედოფალი დაორსულდა, გამოვა, რომ ვეფხისტყაოსან გმირსა და ინდოეთის მეფის ასულს შორის განსხვავება დაახლოებით ექვს წლამდე იყო. არ დაგვავიწყდეს, რომ ორსულობა ცხრა თვე გრძელდება. რას გვაძლევს ეს ინფორმაცია? ბევრს არაფერს. რადგან ტარიელის მიმართ დამოკიდებულება ფარსადანს არ ეცვლება შვილის დაბადების მერე. მას ისევ ისე უყურებენ, როგორც მანამდე უყურებდნენ, ანუ შვილივით უყვართ. ცვლის რამეს ნესტანსა და ტარიელს შორის ასაკობრივი განსხვავება ტექსტში? მეტი ან ნაკლები რომ ყოფილიყო ნესტანსა და ტარიელს შორის განსხვავება, სხვანაირად წარიმართებოდა მოვლენები? ალბათ არა. თუმცა, როცა არ უნდა მოეწოდებინა ნესტან-დარეჯანს სატრფოსთვის ხატაელებთან ომის გაჩაღება, ის მაინც პოლიტიკურად უმწიფარ ადამიანად გამოჩნდებოდა. ეს მოწოდება აჩვენებს, რომ ნესტანი სახელმწიფოებრივად ვერ აზროვნებს, როდესაც ხატაეთში გალაშქრებას სთხოვს გმირს. რატომ მიმაჩნია პოლიტიკური უმწიფრობის ნიმუშად ხატაელებთან ომი? იმიტომ, რომ ამ ომში ტარიელმა კი სძლია ხატაელებს, მაგრამ მან ფარსადანს სადარდებელი გაუჩინა. მისი საქციელი რომ მეფესთან შეთანხმებული ყოფილიყო, მაშინ ფარსადანი ტარიელში ეჭვს არ შეიტანდა. ტარიელი თანხმდება ნესტანის გამოწვევას. მისი ასაკით რომ ავხსნათ ეს პოლიტიკურად გაუმართლებელი ნაბიჯი, დავაბრალოთ, რომ პატარა ბიჭია და ვერ განსაზღვრა თავისი საქციელის უკუშედეგები, ალბათ არ იქნება მართალი. რადგან ტარიელის ამირბარად დანიშვნა თექვსმეტი წლის ასაკში ფარსადანის პასუხისმგებლობაა. სწორედ მისი გადაწყვეტილება იყო სარიდანის ძისთვის ამ პოსტის მიცემა, როდესაც მამამისი გარდაიცვალა. შესაბამისად, ორივეს, ფარსადანის და ტარიელის პასუხისმგებლობა საკმაოდ დიდია, როდესაც ნესტანში გამიჯნურებული გმირი მეფის უკითხავად ომს წამოიწყებს (ამ თემაზე არაჩვეულებრივი სტატია აქვს ლევან გიგინეიშვილს). ფარსადანი არ უწონებს ტარიელს გადაწყვეტილებას და, დასჯის ნაცვლად, ათავისუფლებს რამაზ მეფეს. აქ მისი ტოლერანტული ბუნება კი არა ჩანს, ამ ეპიზოდით ფარსადანი ცდილობს აჩვენოს ტარიელს, რომ მას შეეშალა და მისი საქმე არ იყო რამაზის დატყვევება. აბა, სხვა როგორ უნდა აიხსნას შემდეგი სიტყვები: „რამაზ მეფე მის წინაშე შეპყრობილი მივიყვანე; ტკბილად ნახა ხელმწიფემან, ვითა შვილი სააკვანე, ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავაგვანე, ესე არის მამაცისა მეტისმეტი სიგულვანე! მას მეფესა ხატაელსა უმასპინძლა, უალერსა…“ თუკი რამაზი ორგული და მოღალატეა, რატომ უალერსებს მას ფარსადანი როგორც სააკვანე შვილს? საქმე ისაა, რომ ხატაელთა მეფის შეპყრობა მხოლოდ ფარსადანის ბრძანებით უნდა აღსრულებულიყო. ფარსადანი ხვდება, ვინ შეიძლება იდგეს ამ წამოწყების უკან, გამოცდას მოუწყობს შეყვარებულებს: „იდუმალ ცოლსა ეუბნა, მართ ჩემგან უცოდნელია: „გვერდსა დაისვი (იგულისხმება ნესტანი), ორნივე სრას დამხვდით, მოვალ შვებული“. ამ გამოცდას მიჯნურები ვერ გაივლიან: „შევხედენ, დავჰკრთი ელვასა ღაწვთა მზეებრ ნათელთასა“. ისინი ერთმანეთს თვალს ვერ მოწყვეტენ: „მალვით ვუჭვრეტდი, მიჭვრეტდა, სხვად არად მეუბნებოდა; თვალნი მოვსწყვიდნი, სიცოცხლე ამითა მეარმებოდა“. ფარსადანი კი გადაწყვეტილებას იღებს, სასწრაფოდ გაათხოვოს ასული. მეორე გამოცდა, რომელსაც ტარიელს უწყობს, სავარაუდოდ, თათბირზე ტარიელისთვის რჩევის კითხვაა, რომელზეც ტარიელი თავს არ გაყიდის („დავიწყეთ რჩევა საქმისა, გული მიც, თუცა მელია; ვთქვი: „ჩემგან დაშლა ამისი არ ითქმის, არ-საქმნელია!“). ამიტომაცაა საშინლად განრისხებული ინდოეთის მეფე, როდესაც სასიძოს მოკვლის ამბავს შეიტყობს. ფარსადანი მართალია, როდესაც უბრალო სისხლის დაღვრას განიცდის. არა აქვს მნიშვნელობა, რა ნახა კარავში ტარიელმა (თუმცა ვიზიარებ ლევან გიგინეიშვილის მოსაზრებას ამ სტრიქონის წაკითხვისას), როგორ იწვა ხვარაზმშას ძე („კარავსა შევე, იგი ყმა, ვითა წვა“) ან რატომ ამბობს „ზარ-მაც თქმად ენით“ ის, რაც ვიხილეო. კატეგორიულად იმის თქმა, რომ ფარსადანი ყველაფერში ტყუის, არასწორია. ფარსადანს თავისი სიმართლე აქვს და ეს სიმართლე ისაა, რომ ის ტარიელს შვილივით ზრდიდა და რომ ტარიელი, ნაცვლად იმისა, რომ ნესტანის ძმა ყოფილიყო, მასშია შეყვარებული. ეს ჩემი მოსაზრებაა და, ვფიქრობ, საკმარისი არგუმენტი წარმოვადგინე მის დასამტკიცებლად. თუმცა ტექსტში ამის შესახებ არაფერია პირდაპირ ნათქვამი, მაგრამ ის ირიბი მინიშნებები, რომლებიც ნაწარმოებშია, საკმარისია იმისთვის, რომ ეს მოსაზრება გამოვთქვა, თუმცა არაა საკმარისი განვაცხადო, რომ ჭეშმარიტებას მივაგენი. სწორედ ამას ვგულისხმობდი, როდესაც წერილის დასაწყისში ჭეშმარიტებასა და პერსპეტივებზე ვსაუბრობდი.

დავუბრუნდეთ გმირების ასაკს. შესაძლოა, ნესტან-დარეჯანი და ტარიელი საკმაოდ ახალგაზრდები არიან, მაგრამ ისინი არც მთლად ბავშვები არიან, როცა ერთმანეთი შეუყვარდებათ. რუსთაველი არაფერს ამბობს იმაზე, რამდენი წლისანი არიან ისინი, როცა ტარიელი დაბნდება ან როცა ნესტანი მას პირველ წერილს მისწერს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნესტანი ათი წლისაა და ტარიელი თექვსმეტის. თუკი ტარიელის მამა გარდაიცვალა მაშინ, როცა ტარიელი თხუთმეტი წლის იყო, ხოლო ამის შემდეგ მან ერთი წელი იგლოვა, ეს არ გულისხმობს ავტომატურად იმას, რომ წლები არ გავიდა, სანამ ის ნესტანს არ შეეყრებოდა და სხვა თვალით არ შეხედავდა. უბრალოდ რუსთველი დროის ამ მონაკვეთზე დუმს. დუმს იმიტომ, რომ ალბათ ამ პერიოდში არაფერი საინტერესო არ ხდებოდა, გარდა იმისა, რომ მეფეც და ამირბარიც ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ. და რადგანაც რუსთველი (ან ამბის მთხრობელი ტარიელი) დუმს, ჩვენ არ ვიცით, რა დროა გასული – ერთი წელი, ერთი თვე თუ სამი წელი, როცა ტარიელი ფარსადანმა ნანადირევი დურაჯით გააგზავნა თავის ასულთან. „დღესა ერთსა“ – ასე იწყება მთხრობელისთვის და მსმენელისთვისაც საინტერესო ამბის ეს მონაკვეთი. რამდენი დროა გასული, სანამ ეს ერთი დღე დადგებოდა, მეცნიერული სპეკულაციის საგანია. მანამდე ტარიელი ამბობს: „აღარა ვიცი, დამვიწყდეს, თუცა დიადი წელია“-ო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აქ ის იმ კონკრეტულ წელიწადზე არ ყვება, როცა მას ტრაგედია გარდახდა და არა იმაზე, რომ ეს დიადი წელი პირდაპირ მიჰყვა იმ წელს, როცა ის გლოვას მორჩა.

საბოლოო ჯამში იმის თქმა მინდა, რომ არც ნესტანია პატარა ბავშვი და მით უმეტეს, არც ტარიელი, როცა მათ შორის რომანი დაიწყება. იმ პერიოდის ისტორიული ცნობები სამეფო კარის წარმომადგენლების შესახებ გვაქვს და ეს ცნობები იმას ამბობს, რომ არც თამარი და არც მისი ახლობელი დიდგვაროვანი ქალები არ იყვნენ პატარა ბავშვები, როდესაც ოჯახს ეკიდებოდნენ. თინათინი, რომელიც გამეფების ასაკში, სავარაუდოდ, თამარის ხნისაა, არ ჩქარობს დაქორწინებას, თუმცა იგი „რა გაიზარდა, გაივსო, მზე მისგან საწუნარია“ და მზადაა მეფობისთვის, მარტო არა, მაგრამ პირველი ნაბიჯების გადასადგმელად მაინც. ისევ ისტორიული რეალობიდან გამომდინარე, ვვარაუდობ, რომ ნესტანიც მისი ასაკის უნდა იყოს, როცა მას ტარიელი დაინახავს. ამ ამბიდან საკმაო დრო გადის, სანამ მას მამიდა ზღვაში გადაკარგავს, მისი დაკარგვის შემდეგ გასული წლები (სამი წელი, როცა ავთანდილი ეძებდა ტარიელს, ერთიც მეორედ შეხვედრის ამბავი, და, კაცმა არ იცის, კიდევ რამდენი თვე, სანამ ნესტანი და ტარიელი, სატურნისა და იუპიტერის მსგავსად, ერთმანეთს ჩაეხუტებოდნენ და სამშობლოში დაბრუნდებოდნენ) საკმაო დრო იქნებოდა იმისთვის, რომ ისიც და მისი პარტნიორიც პოლიტიკოსობისთვის მომწიფებულიყვნენ. მათ თავს გადამხდარი უბედურებებიც კარგი გამოცდილება იქნებოდა მათთვის.

ასე რომ, არანაირი საფუძველი არა გვაქვს ვისაუბროთ იმაზე, რომ ნაწარმოების გმირები პატარები, უმწიფარნი არიან, ბოლობოლო, ილუსტრაცები მაინც გავიხსენოთ, მადლობა ღმერთს, რომ „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრატორები მაინც კარგად იცნობდნენ ტექსტს…

 

 

 

 

„ჩემი პატარა ქალაქი“

0

„ჩემი პატარა ქალაქი“ ბავშვობის სპექტაკლი იყო. მიხეილ თუმანიშვილის თეატრში  მისივე რეჟისურით იდგმებოდა. რამდენჯერმე მაქვს ნანახი. ყოველ ჯერზე სხვადასხვა თვალით ვუყურებდი და ახალს ვიგებდი. ამ ქალაქში უყვარდათ, უხაროდათ, სწყინდათ, განიცდიდნენ. ამ ქალაქში  ქალაქით სწავლობდნენ, რადგან ქალაქი მასწავლებელია.

„ქალაქი მასწავლებელია“-ეს სლოგანი სხვა პატარა ქალაქში ვნახე. ამ ქალაქშიც ცხოვრობენ, ქმნიან, უხარიათ, განიცდიან. აქ დიდი პოეტი იუნუს ემრე დაიბადა. ამავე ქალაქის ხიბლია მწვანე მდინარე -„პორსუქი“  და ცისფერი გუმბათებით დამშვენებული თეთრი „შატო“. ქალაქის სახელი ესქიშეჰირია, რაც „ძველ ქალაქს“ ნიშნავს (მასზე ერთხელ უკვე დავწერე https://mastsavlebeli.ge/?p=14710).   ზემოთ ნახსენები სლოგანის და „შატოს“ მომფიქრებელი კი მისი თავკაცი- მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იილმაზ ბუიუქერშენი გახლავთ. მის სახელს  უკავშირდება „შატოს“ გვერდით მდებარე მეცნიერების პოპულარიზაციის ცენტრის ამუშავება და მასზე მზრუნველობაც. ის, რომ ესქიშეჰირი მასწავლებელი ქალაქია, ამას იუნესკოც ეთანხმება და ქალაქს შესაბამისი სტატუსიც აქვს.

ბატონ იილმაზს  სამუშაო ოთახში შევხვდი. ისე გულთბილად მომიკითხა, განცდა გამიჩნდა, რომ უკვე დიდი ხანია ვიცნობდი. გულღია შეხვედრამ მაშინვე საუბრის გუნებაზე  დამაყენა.

-რატომ არის ქალაქი მასწავლებელი?

-ყველაზე დიდი მასწავლებელია. ჩემი ქალაქიდან მეც კი დღემდე რაღაცას ვსწავლობ. ახლა პატარა ბავშვი წარმოიდგინეთ, ქუჩა მოძრაობის წესებს ასწავლის, გარემო ბუნების და რესურსების გაფრთხილებას, სკვერებში მოჭიკჭიკე ჩიტები და ქუჩებში მოსეირნე ფისოები  ფრინველების და ცხოველების სიყვარულს ასწავლის. თქვენ რა გასწავლათ თქვენმა ქალაქმა ბოლო დროს?-კითხვა შემომიტრიალა

-მე?-გავიოცე და ცოტა ჩავფიქრდი. სუფთა ჰაერის ფასი მასწავლა, ვპასუხობ ღიმილით.

-ხომ ხედავთ, ქალაქი გვასწავლის.

-ბატონო იილმაზ, მეორე სლოგანზეც გვითხარით. მეცნიერების პოპულარიზაციის ცენტრში  და კოსმოსის სახლში შევდივართ თუ არა, თქვენი სიტყვები გვხვდება: „მომავალი ესქიშეჰირიდან იწყება“. რატომ ესქიშეჰირიდან?

-(ეღიმება) 21-ე საუკუნეა, მომავალი ზუსტ მეცნიერებებს და ტექნოლოგიებს ეკუთვნის. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვჭირდება მომავალი თაობა ქიმიაში, ფიზიკაში, ელექტრონიკასა და მექანიკაში, კოსმოსის მეცნიერებებში. ხვალინდელი  პროფესიონალები დღევანდელი ბავშვები არიან, რომლებიც სწორედ დღეს უნდა დავაინტერესოთ ამ საგნებით. დაინტერესება კი რაიმეს მცდელობით იწყება. სამწუხაროდ, ყველა სკოლას როდი აქვს საშუალება, ასწავლოს კეთებით და კვლევით. ამიტომ, მეც  ასეთ ცენტრზე დავიწყე ფიქრი. აქ მეცნიერება, მასწავლებელი და მოსწავლე ერთად არიან.

ცენტრში სხვადასხვა მიმართულებით უამრავი ცდის იმიტაცია, მრავალფეროვანი ცდები და კვლევები ტარდება ქიმიაშიც. ოღონდ, ამ ყველაფერს გართობის და თამაშის ფორმა აქვს. ბავშვები ერთობიან, უფრო სწორედ, ასე გონიათ, სინამდვილეში კი სწავლობენ, კვლევას ატარებენ, სიახლეებს ეცნობიან და არც მეცნიერების ისტორიას ივიწყებენ. დროთა განმავლობაში  იფიქრებენ, მე ამას უკეთესად გავაკეთებ! შემდეგ, აქედან ინოვაციებს მთელ მსოფლიოში წაიღებენ. სწორედ ამიტომ, მომავალი ესქიშეჰირიდან იწყება. ისევე როგორც, თბილისიდან, ან საქართველოს სხვა ქალაქიდან შეიძლება დაიწყოს. მთავარი ჩვენი მონდომებაა და სწავლებისადმი სწორი მიდგომა.

-მე ცენტრში მშობლებიც ვნახე. ისინიც სახალისო ცდებს ატარებდნენ.

-დიახ, მშობლებისთვის ცალკე ტრენინგები ტარდება, რათა შემდეგ სახლში თავად ჩაუტარონ ბავშვებს უსაფრთხო და საინტერესო ექსპერიმენტები.

-სწავლების პროცესში მასწავლებელ-მოსწავლის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. როგორი უნდა იყოს ის?

-დავიწყოთ იქედან, რომ მასწავლებელმა თავისი საგანი არა მხოლოდ ზედმიწევნით კარგად უნდა იცოდეს, არამედ უნდა უყვარდეს კიდეც. იმდენად უყვარდეს, რომ შეძლოს და ბავშვებსაც შეაყვაროს. თავად კი მოსწავლესთვის უნდა იყოს მასწავლებელი, და, ძმა, მშობელი. აი,  მხოლოდ ასეთი ურთიერთობა ამართლებს.

– იცით კიდევ რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა?- აგრძელებს -ისე უნდა ასწავლოს საგანი, რომ თუნდაც მოსწავლემ სხვა პროფესია აირჩიოს, იმავე ქიმიაში საბაზისო ცოდნა უნდა ჰქონდეს. რა არის წყალი, ჰაერი, მის ორგანიზმში რა ქიმია მიდის, ვიტამინები რა არის, უნდა იცოდეს.

-წეღან სწავლა-კეთებით ახსენეთ…

-დიახ, მხოლოდ ასე, კეთებით და კვლევით. ხომ გახსოვთ, გამოთქმაც არის: მითხარი და დამავიწყდება, მაჩვენე და დავიმახსოვრებ, მომეცი დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება და ვისწავლიო. როდესაც მოსწავლე უშუალოდ არის ჩართული ექსპერიმენტში, ან თუნდაც სასწავლო თამაშში და შედეგების მიხედვით თავად გამოაქვს დასკვნები, ეს კონკრეტული საკითხი არასდროს დაავიწყდება. უფრო მეტიც, დაინტერესდება და თავადაც გააგრძელებს კვლევას, მეტი ინფორმაციის მოძიებას.

-ესქიშეჰირის ცნობილი „შატო“ თქვენ მოიფიქრეთ. რას ნიშნავს ზღაპრის ეს ქმნილება თქვენთვის?

-„შატო“ მართლაც მოუხდა ქალაქს, მისი გუმბათები თითქმის ყველა კუთხიდან ჩანს. სხვათა შორის, ეს გუმბათებიც ისტორიას ასწავლის მომავალ თაობას, რადგან მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში არსებული კოშკების გუმბათებს  განასახიერებს. შიგნით ზღაპარი ცხოვრობს. ბავშვები მსოფლიო ხალხთა ზღაპრის გმირებს ხვდებიან. ერთი სართული მთლიანად მოლა ნასრედინს აქვს დათმობილი. აქ იმართება სხვადასხვა ვორკშოპები, კონცერტები და თეატრალიზებული წარმოდგენები. მოკლედ, „შატოც“ მასწავლებელია.

-თეატრსა და კონცერტზე გამახსენდა. ესქიშეჰირში თეატრიც არის და საკონცერტო დარბაზიც. კიდევ უამრავი მუზეუმი. სხვათა შორის, თოჯინების მუზეუმით ძალიან მოვიხიბლე.

-ხელოვნება განსაკუთრებულად მიყვარს. სპეციალობით ეკონომისტი ვარ.  ბავშვობიდან კი ცნობისმოყვარე ვიყავი. ყველაფერი მაინტერესებდა. ამას ისიც დაერთო, რომ გამიმართლა და კარგი მასწავლებლები შემხვდნენ. ერთ დღესაც კარიკატურებით დავინტერესდი. ვცადე და იმდენად კარგად გამომივიდა, რომ ერთი პერიოდი გაზეთისთვისაც კი ვხატავდი. შემდეგ თეატრით მოვიხიბლე და მივხვდი, რომ ხელოვნება ყველა მეცნიერების შესწავლაში გეხმარება, გახალისებს და ენერგიას გაძლევს.

(ინტერვიუ უკვე ჩაწერილი მქონდა, როდესაც გაზეთიდან შევიტყვე, რომ ბატონ იილმაზს და ესქიშეჰირს კულტურაში განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური ჯილდო მიენიჭათ).

-და დღეს ესქიშეჰირს თავისი თეატრიც აქვს და საკონცერტო დარბაზიც – ვიმეორებ.

-დიახ, და იქ მისვლით დიდი თუ პატარა ხელოვნებას სწავლობს. ჰოდა, იმას ვამბობდი, დაინტერესება ჯაჭვური რეაქციასავით არის. მაგალითად, ქაღალდზე ვწერთ, ვბეჭდავთ, ვხატავთ. რისგან შედგება ქაღალდი? კარიკატურების ხატვისას, მეც   დავინტერესდი. რა არის ის, რაზეც ვხატავ?  და…კვლავ ქიმიას მივადექით. რა ვქნათ, ქიმია ყველგანაა. ცელულოზისგან შედგება. ცელულოზა რაღაა? რთული ნახშირწყალია. მხოლოდ ხაზობრივი აღნაგობა აქვს და სახამებლისგან განსხვავებით წაგრძელებული ფორმით გამოირჩევა. მექანიკურად მდგრადია. ამიტომ, მცენარის სამშენებლო მასალისთვის ბუნება ცელულოზას იყენებს. ზოგიერთ მცენარეში, მაგ. ბამბაში ცელულოზას ძაფისებრი მოლეკულები ერთმანეთის პარალელურადაა განლაგებული, რაც ბოჭკოს წარმოქმნის. მცენარიდან ამ ნატურალური ბოჭკოს გამოყოფისას მას ძაფების და ქსოვილების დასამზადებლად იყენებენ.

აი, მერქნიდან ბოჭკო არ მიიღება. რატომ? ცელულოზას მოლეკულები მერქანში უწესრიგოდაა განლაგებული. ბუნებას არაფერი ეშლება. ცელულოზას ადამიანები ვერ ითვისებენ, შესაბამისი ფერმენტების არქონის გამო. სამაგიეროდ, ასეთი ფერმენტები ზოგიერთ ცხოველს აქვს, მაგ. ჟირაფს და ისინი სიამოვნებით მიირთმევენ ცელულოზას. ქიმიურ ლაბორატორიაში ყველაზე მეტი ცელულოზა სად არის? ფილტრის ქაღალდში. ასე არის გადაბმული ქიმია ყველაფერზე (იცინის).

-ჰოჯამ (ჰოჯამ თურქულად „ჩემო მასწავლებელოს“ ნიშნავს და პატივისცემის გამომხატველი მიმართვაა),  ჟირაფზე გამახსენდა. ესქიშეჰირში ზოოპარკიც არის, ხომ მართალია?

-დიახ, ესქიშეჰირს  საკუთარი ზოოპარკი აქვს. ამფიბიები, მწერები, თევზები, ფრინველები, მელაკუდები, მაიმუნები, ირმები და სხვადასხვა სახის ცხოველი გვყავს. რა თქმა უნდა, ეს ადგილიც მასწავლებელია. ბავშვები ცხოველების სიყვარულს სწავლობენ. მოდიან, აკვირდებიან და ვინ იცის რამდენი მომავალი ბიოლოგია მათ შორის. ზოოპარკის გამრავალფეროვნებასაც  ვფიქრობთ.

-თქვენი ინტერვიუ მასწავლებლების გაზეთში გამოქვეყნდება. ეს კი ნიშნავს, რომ მას ქართველი მასწავლებლები წაიკითხავენ. რას ეტყვით მათ?

-ჯერ თქვენს გაზეთზე უნდა ვთქვა (იღიმება). ვიცი, რომ თქვენი გაზეთი მეცნიერების პოპულარიზაციაზე ზრუნავს და სხვა მრავალფეროვან სტატიებთან ერთად, სამეცნიერო  პოპულარულ სტატიებს აქვეყნებს. მეცნიერების სწავლებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მარტივი და საინტერესო ენით უნდა დააინტერესო მოსწავლე, თემაში შეიტყუო და შემდეგ უკვე თავადაც გამოგყვება მეცნიერების ლაბირინთებში.

ახლა ქართველ მასწავლებლებს მივმართავ. გიყვარდეთ თქვენი საქმე და თქვენი მოსწავლეები. ენერგია და უნარები არ დაიშუროთ იმისთვის, რომ  თქვენს მოსწავლეებს მეცნიერება შეაყვაროთ. გამოიგონეთ ახალი ცდები, თამაშები, მათთან ერთად ჩაებით კვლევაში და მაშინ… მომავალი სწორედ თქვენი სკოლიდან დაიწყება.

 

შენობიდან გამოსულმა ღრმად ჩავისუნთქე. ჰაერი ისეთი სუფთა იყო… არც არის გასაკვირი, ყოველი ფეხის ნაბიჯზე ხეები და სკვერებია. ამინდიც დეკემბრისთვის უჩვეულოდ თბილი დგას. ხვალ საქართველოში ვბრუნდები, ამიტომ თავისუფალ ერთი-ორ საათს გამოვიყენებ და კიდევ ერთხელ გავისეირნებ საზოვას პარკში,  „შატოს“ შევავლებ თვალს და მოვიფიქრებ, როგორ დავიწყო წერილი „ჩემს პატარა ქალაქზე“.

ბედნიერი მშობლობის საიდუმლო (მეორე ნაწილი)

0

განვაგრძოთ სტივ ბიდალფის წიგნის – „ბედნიერი მშობლობის საიდუმლოს“ კითხვა და გავეცნოთ ნაწყვეტს, რომელსაც ჰქვია „როგორ ვესაუბრებით ბავშვებს“.

 

მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ადამიანი გაცილებით ძლიერად აღიქვამს ისეთ ფრაზებს, რომლებიც გარკვეული სიგნალების თანხლებით წარმოითქმება. ასეთი სიგნალი შეიძლება იყოს შეხება, მხედველობითი კონტაქტი, ინტონაცია. აი, უბრალო მაგალითი: თუ თქვენ გეუბნებიან, რომ უმაქნისი და უსარგებლო ადამინი ხართ, ეს უდავოდ გაგაბრაზებთ, მაგრამ თუ შეურაცხმყოფელი ამავე დროს წარბებსაც შეყრის და ხმასაც აუწევს, უფრო მეტად განერვიულდებით. ამას დაუმატეთ აგრესორის ფიზიკური სიდიდე და ის გარემოება, რომ იგი თქვენი ოჯახის წევრია, რომელზეც დამოკიდებულია თქვენი კეთილდღეობა, რადგან ჯერ მეტისმეტად პატარა ხართ და თავად ვერ მოახერხებთ საკუთრი საჭიროებების დაკმაყოფილებას. ამ დროს ალბათ ისეთ დღეში ჩავარდებით, რომ ეს სიტყვები სამუდამოდ დაგამახსოვრდებათ.

თანამედროვე დასავლურ კულტურაში ადამიანები მიჩვეულნი არიან ემოციების შეკავებას. ჩვენ ვცდილობთ, თავზე ხელი არ ავიღოთ, მკვეთრად არ გამოვხატოთ ემოციები, ვმალავთ სიხარულს, უფრო მეტად კი უბედურებას და არავითარ შემთხვევაში არ ვიმჩნევთ, რომ ცუდად ვგრძნობთ თავს. ამის გამო ჩვენი შვილები უცნაურ მდგომარეობაში ვარდებიან. ერთი მხრივ, ვეუბნებით მათ: „ძვირფასო, ნუ მოიქცევი ასე, წამოდი, წავიდეთ“ ანუ „შენ კარგი ბიჭი ხარ“. ეს ნეგატიური და პოზიტიური სიგნალები საკმაოდ სუსტია და ძლიერ ეფექტს ვერ ახდენს. ერთ მშვენიერ დღეს კი, როდესაც დედიკო და მამიკო ზღვარზე არიან, უარყოფითი ენერგია მოულოდნელად იფეთქებს: „ენა ჩაიკმინდე, შე საზიზღარო, შენი ხმა არ გავიგონო!“ ამ მრისხანე სიტყვებს კიდევ უფრო მრისხანე გამოხედვა და გამაყრუებელი ყვირილი ახლავს თან. უფროსი უახლოვდება პატარას აკანკალებული და ფაქტობრივად უკონტროლო. აი, ეს კი დაუვიწყარი სცენაა, რომლის დროსაც ბავშვი ასკვნის: „ეჰ, თურმე რას ფიქრობენ ჩემზე დედა და მამა!“

სტრესულ მდგომარეობაში მყოფი უფროსები ზოგჯერ წარმოუდგენლად სასტიკ რაღაცებს ამბობენ:

  • „ვნანობ, რომ საერთოდ გაჩნდი ამ ქვეყანაზე“.
  • „უტვინო, ჩლუნგი, იდიოტი!“
  • „შენ რა, ჩემი სიკვდილი გინდა?!“
  • „მინდა, მოგახრჩო!“

არაფერია ცუდი იმაში, თუ ბავშვს გავუბრაზდებით ან თუ მისი თანდასწრებით ბრაზს გამოვხატავთ. პირიქით – ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ ზრდასრული ადამიანები ხანდახან ბრაზობენ და სჭირდებათ მრისხანების გამოხატვა, რათა განიტვირთონ, დაძაბულობა მოიხსნან. პრობლემა წარმოიშობა მაშინ, როდესაც პოზიტიური მტკიცება („შენ კარგი ბიჭი/გოგო ხარ“, „ჩვენ ძალიან გვიყვარხარ“, „ჩვენ შენზე ვზრუნავთ და ყოველთვის ვიზრუნებთ“) ნაკლებდამაჯერებელია, ვიდრე ნეგატიური შეფასება. ამას ერთვის ისიც, რომ უფროსები პატარებს პოზიტიურ გრძნობებს ისევე უმალავენ, როგორც ნეგატიურს.

ბავშვის თვითშეგრძნება ფორმირდება არამხოლოდ ქების ან დამამცირებელი შენიშვნების ზეგავლენით. ჩვენ გავლენას ვახდენთ ბავშვებზე ჩვენი თხოვნებით, მისწრაფებებით. უფროსები ხშირად საკუთარ თავს ელაპარაკებიან. ეს ჩვევა მათ მშობლებმა გადასცეს, თვითონ კი, თავის მხრივ, მომდევნო თაობას გადასცემენ. იმისი თქმა მინდა, რომ ნებისმიერმა ფრაზამ შეიძლება ძალიან სერიოზული გავლენა მოახდნოს თქვენს პატარაზე.

მაგალითად, შესაძლოა უთხრათ შვილს: „აბა, გაბედე და სკოლაში დღესაც ჩაერიე ჩხუბში!“ იმავე შინაარსის ფრაზა შეიძლება ამგვარადაც წარმოითქვას: „მე მინდა, დღეს კარგი დრო გაატარო და გაერთო მხოლოდ იმ ბავშვების გარემოცვაში, რომლებიც მოგწონს“. ვფიქრობ, ამ ორ წინადადებას შორის განსხვავება აშკარაა. საქმე ის არის, რომ თუ ბავშვს ეტყვით: „აი, ნახე, ახლა ჩამოვარდები!“ – ის დაიმახსოვრებს ორ რამეს: „ნახე“ და „ახლა ჩამოვარდები“. ფიქრი კი ავტომატურად გავიძულებს შესაბამისი ქცევის შესრულებას. ანუ ბავშვი, რომელიც ცოცხლად წარმოიდგენს, თუ როგორ ვარდება ხიდიდან, სავარაუდოდ, მართლაც ჩამოვარდება. ამიტომ, ვფიქრობ, პოზიტიური გამონათქვამების გამოყენება ჯობია. მაგალითად, ასე: „ტოტს მოეჭიდე“. ყოველდღიურად უამრავ მსაგავს სიტუაციას ვაწყდებით. ნაცვლად ამისა: „არ გადაირბინო მანქანების სავალ ნაწილზე!“ – უმჯობესია ვთქვათ: „ჩემ გვერდით იარე ტროტუარზე“. მთავარია, ბავშვს ისე ვესაუბროთ, რომ მან ადვილად წარმოიდგინოს, რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა.

სასურველია, ბავშვებს გარკვევით აუხსნათ, როგორი საქციელია უფრო მართებული. მათ ხშირად არ ესმით, რომ საფრთხე ემუქრებათ, ამიტომ მოთხოვნები მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოთ.

„ნინო, ორივე ხელი მაგრად ჩასჭიდე ნავის კიდეს“, – ასე ჩამოყალიბებული მოთხოვნა გაცილებით სასარგებლო იქნება ბავშვისთვის, ვიდრე: „ახლა წყალში გადავარდები!“ – ან უფრო უარესი: „აბა, წარმოიდგინე, რა დღეში ჩავვარდები, შენ რომ დაიხრჩო!“ ერთი შეხედვით, განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ ბავშვის აღქმისთვის დიდი სხვაობაა.

პოზიტიური გამონათქვამი ბავშვს პოზიტიურად ფიქრისა და ქმედებისთვის განაწყობს. ის საკუთარ თავში განსაკუთრებულ ძალას გრძნობს, რომლის საშუალებითაც ყოველგვარ სირთულეს გაუმკლავდება. ბავშვი წინასწარ წარმოიდგენს საკუთარ წარმატებას და შინაგანი ხმა მას ამ წარმატებისთვის „დააპროგრამებს“. გამამხნევებელი სიტყვები პატარას გონებაში ჩაებეჭდება და სიცოცხლის ბოლომდე თან გაჰყვება.

ყველა ბავშვი (გარდაიშვიათი გამონაკლისისა) გულწრფელად უყვართ მშობლებს, მაგრამ ბევრმა არც კი იცის ამის შესახებ. მრავალწლიანი ფსიქოთერაპიული პრაქტიკის განმავლობაში ბევრი ზრდასრული ადამინი შემხვედრია, რომელსაც მთელი სიცოცხლე სჯეროდა, რომ მშობლებს უნიათოდ და ხელმოცარულად მიაჩნდათ. ოჯახებთან მუშაობისას ყველაზე ამაღელვებელი მომენტი ხშირად სწორედ ბავშვების იმაში დარწმუნებაა, რომ ასე არ არის, რათა მშობლებმაც და შვილებმაც თავი დააღწიონ ამ სამწუხარო გაუგებრობას.

ყველა ბავშვისა და მოზარდის ცხოვრებაში არის მძიმე მომენტები – უმცროსი დის ან ძმის დაბადება, მშობლების განქორწინება, სწავლაში ხელის მოცარვა, სამსახურის წარუმატებელი ძიება… სწორედ ასეთ წუთებშია ძალიან მნიშვნელოვანი შვილისთვის პოზიტური სიგნალების გადაცემა, მხარზე ხელის დადება და თვალებში ჩახედვა, რითაც მიანიშნებთ: „რაც არ უნდა მოხდეს, განსაკუთრებულ, ყველაზე მნიშვნელოვან და ძვირფას არსებად დარჩები ჩვენთვის. ჩვენ გვჯერა, რომ შენ საუკეთესო ხარ“.

მინდა, მკითხველს რამდენიმე რჩევა მივცე:

  • ბავშვის დასაყოლიებლად არასოდეს გამოიყენოთ დამამცირებელი, დამაკნინებელი სიტყვები („ძუნწო პატარა მაიმუნო, ახლავე ათხოვე სათამაშო შენს დაიკოს!“).
  • არ მიმართოთ დამამცირებელი მეტსახელით, თუნდაც ხუმრობით („პატარა ღორმუცელავ, მოდი, ვახშამი უკვე მზად არის!“)
  • არასდროს შეადაროთ ბავშვი სხვას („ისეთივე უმაქნისი ხარ, როგორიც მამაშენი“; „ნეტავ გამაგებიანა რატომ არ შეგიძლია ისე კარგად მოიქცე, როგორც შენი ძამიკო იქცევა?“).
  • ეცადეთ, შვილებს საუკეთესო მაგალითი მისცეთ და არასდროს უთხრათ მსგავსი სიტყვები: „თავი დამანებე, შე მომაბეზრებელო, უკვე დამღალე!“; „თუ კიდევ დაარტყამ უმცროს ძამიკოს, გაგლახავ!“
  • არასოდეს ისაუბროთ ბავშვების ნაკლოვანებებზე მისივე თანდასწრებით („ის ისეთი სუსტი და თვინიერია, რომ ცხოვრებაში ძალიან გაუჭირდება“).
  • არასოდეს შეაქოთ ბავშვი საეჭვო საქციელისთვის – მომავალში ამან შესაძლოა უსიამოვნება შეამთხვიოს („ყოჩაღ, კარგად გამოძვერი სიტუაციიდან, მეზობელი ვერც კი მიხვდა, რომ ფანჯარა შენ ჩაუტეხე. ახლა მისი ჩხუბის თავი არ მქონდა“).
  • არ გაუღვივოთ ბავშვს დანაშაულის გრძნობა („ღმერთო ჩემო, როგორ დამღალე! ისე ცუდად ვარ, სიკვდილი მინდა“).

არის შემთხვევები, როდესაც ბავშვებთან გულწრფელი და დამაჯერებელი საუბარია საჭირო. ამ დროს მათ თვალებში უნდა ვუყუროთ ან, თუ ძალიან პატარაა, ხელშიც კი ავიყვანოთ. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ჯობია, პატარას ინფორმაცია შეფარვით, ქარაგმულად მიაწოდოთ, რათა უფრო ადვილად აღიქვას. მშობლებს ყოველდღიურად აქვთ შესაძლებლობა, ბავშვს საკუთრი ძალების რწმენა ჩაუნერგონ.

მაგალითად, გინდათ, ბავშვმა დაგიჯეროთ: „შენსავით ჭკვიანი ბიჭი ადვილად მოიფიქრებს, როგორ გაუნაწილოს და-ძმას ნივთები“; „დარწმუნებული ვარ, ადვილად მოახერხებ უმცროს დაიკოსთან დამეგობრებას – შენ ხომ ჭკვიანი გოგო ხარ“.

ბავშვი შეუძლოდაა ან პრობლემები აქვს: „მალე გამოჯანმრთელდები, უბრალოდ ცოტა დასვენება გჭირდება“; „ვიცი, რომ ძალიან ჭკვიანი ხარ და ადვილად ამოხსნი ამოცანას, თუ ცოტას მოგეხმარები“; „ახალ სკოლაში პირველივე დღეს ძნელია მეგობრების შეძენა. შენს თანაკლასელებს დრო სჭირდებათ, რომ უკეთ გაგიცნონ და მიხვდნენ, რომ ძალიან საინტერესო ადამინი ხარ“.

ან ისე, უბრალოდ: „ისე კარგად ზრუნავდი პატარებზე, რომ ძალიან შეაყვარე თავი“; „ისეთი სწრაფი ხარ, ვერ გეწევი“; „ძალიან კარგად მღერი, შენი ხმა ძალიან სასიამოვნოდ ჟღერს“; „ეს კაბა ძალიან გიხდება, ძალიან ლამაზი ხარ“; „რა ლამაზად დაგიხატავს, ვფიქრობ, ხატვის ნიჭი გაქვს“.

არ შეაქოთ შვილები მხოლოდ იმისთვის, რომ დაამშვიდოთ და შიში გაუფანტოთ. უსმინეთ მათ. არასოდეს მოუჩლიქოთ ენა. ქებასაც აქვს საზღვარი და, რაც მთავარია, ის გულწრფელი უნდა იყოს. თუ არ გჯერათ იმისი, რის თქმასაც აპირებთ, უმჯობესია, თავი შეიკავოთ და არ ითვალთმაქცოთ. დარწმუნებული ვარ, არ ეტყვით პატარას: „უი, რა საყვარელი ხარ, რომ ბებოს ნაჩუქარი ლარნაკი მხოლოდ სანახევროდ დაამსხვრიე“.

გაითვალისწინეთ რჩევები და იყავით ბედნიერი მშობელი.

როგორ ვასწავლოთ წერა მხატვრული ტექსტის სტილზე (თეორიული რეკომენდაციები)

0

სწავლების საშუალო საფეხურზე მხატვრული ტექსტის ანალიზის, სინთეზისა და შეფასების უნარების განვითარება ლიტერატურის მასწავლებლის უმთავრესი გამოწვევაა. მოსწავლეებს ყველაზე მეტად უჭირთ ტექსტების ანალიზთან დაკავშირებული თხზულებების წერა. მოგეხსენებათ, ქართულ ენასა და ლიტერატურაში ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტი მოიცავს ტექსტის წერით ანალიზს, რომელიც სამი მითითების მიხედვით უნდა შესრულდეს და ამჯერად უკვე 25-ის ნაცვლად 30 ქულით ფასდება. ეს 30 ქულა შეფასების ათ კრიტერიუმშია ჩაშლილი, რომელთა შორის ტექსტის მხატვრული თავისებურებების შეფასებას 4 ქულა ენიჭება.

ტექსტის საანალიზო სამი მითითებიდან მესამე ყოველთვის მოითხოვს ტექსტის მხატვრული მახასიათებლების, ავტორის სტილებრივი თავისებურებების შესახებ მსჯელობას. შეფასების კრიტერიუმებს, ტექსტის ადეკვატურ გაგებასთან ერთად, დაემატა დავალების მითითებათა ადეკვატური გაგებაც, რაც ზოგჯერ პრობლემაა, თუკი მოსწავლე ავტორის იდეებს, მხატვრულ სახეებსა და სტილებრივ მახასიათებლებს სრულიად ან ნაწილობრივ არასწორად გაიგებს.

მოსწავლეები და აბიტურიენტები ხშირად ჩივიან, რომ ტექსტის მხატვრული თავისებურებების გაგებას მეცნიერული ცოდნა სჭირდება და რომ ეს მათთვის დაუძლეველი სირთულეა, რომ შეუძლებელია, მოსწავლე იყოს ლიტერატურათმცოდნე მკვლევრის დონეზე და ა.შ.

აბიტურიენტისგან ან უფროსკლასელისგან, რასაკვირველია, არავინ ითხოვს ტექსტის მეცნიერულ დონეზე კვლევას და ლიტერატურათმცოდნის კომპეტენციებს.

იმისთვის, რომ ტექსტი სათანადოდ იქნეს აღქმული, აუცილებელია ავტორის წერის ტექნიკის, ჟანრული და სტილებრივი მახასიათებლების თუნდაც მინიმალურ დონეზე გაგება. უამისოდ მოსწავლე ტექსტს ვერ შეაფასებს.

სახელდობრ, საით უნდა წარმართოს მსჯელობა თხზულების ავტორმა?

  • ტექსტის შინაგანი ენერგია, ენობრივი საშუალებები, ემოცია, განწყობა;
  • ტექსტის დინამიკა და არქიტექტონიკა, თხრობის მიმდინარეობა;
  • პერსონაჟთა/ლირიკულ გმირთა (საზოგადოდ, მხატვრული სახეების) ხატვის მანერა და ოსტატობა;
  • პოეტური ტექსტის შემთხვევაში – ვერსიფიკაციული თავისებურებანი, ლექსის ევფონია, სალექსო საზომები, რითმა, რიტმი;
  • ტროპული საშუალებები და მათი მხატვრული ფუნქცია.

ზოგჯერ ბავშვები გულუბრყვილოდ ამბობენ ხოლმე, რომ ამა თუ იმ ტექსტს, მათი თვალთახედვით, არ გააჩნია არავითარი განსაკუთრებული მხატვრული თავისებურება და რომ მასში ტროპული სახეების მიგნება შეუძლებელია, რაც სრული აბსურდია, რადგან რაც უნდა სადა და შეულამაზებელი იყოს ტექსტი, ის მაინც ატარებს ინდივიდუალურ ხელწერას და აქვს უნიკალური მახასიათებლები, რის გარეშეც კლასიკური ტექსტი წარმოუდგენელია. დავით კლდიაშვილი ცნობილია ტროპული საშუალებებისადმი გულგრილობით, ის მთელ აქცენტს თავგადასავლებზე, ამბებზე, ნარატიულ დინამიკაზე სვამს, მაგრამ ეს არამც და არამც არ აღარიბებს მის ტექსტებს, პირიქით, კიდევ უფრო გამომსახველს ხდის. მთავარია, მოსწავლემ სწორად წაიკითხოს ტექსტის ჟანრული და სტილური მახასიათებლები და ავტორისეული ხელწერის ამოცნობა შეძლოს.

ყოველი ტექსტი განსაკუთრებული მოვლენაა და აქვს ერთი უმთავრესი მახასიათებელი – სიტყვის მაგია! ეს ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტების ერთობლიობაა. მხატვრული ტექსტი ჯადოქრობაა, გულთამპყრობელია, მიმზიდველია, შთამბეჭდავია და ჩვენ უნდა ავხსნათ, რა ემოცია აღძრა მან ჩვენში, რით არის დაუვიწყარი და რით გამოიხატება ლოგოსის მაგიის თავისებურებანი. როცა მხატვრული ტექსტის ამ თავისებურებების აღქმას ვეუფლებით, ყველაფერი მარტივდება და რომელი ეპოქისა თუ ქვეყნის მწერლობიდანაც არ უნდა ავიღოთ ტექსტი, მისი სტილური თავისებურებების შესახებ მსჯელობა არ გაავიჭირდება. ასევე აქტუალურია ენობრივი საშუალებების ამოცნობა. ტექსტებში შესაძლოა შეგვხვდეს არქაული ენობრივი ნორმები, დიალექტიზმები, ქალაქური, სლენგური მეტყველება, ან ავტორს ჰქონდეს ახალი სიტყვათქმნადობები, რის მაგალითებსაც უხვად გვჩუქნიან გალაკტიონ ტაბიძე, გიორგი ლეონიძე, ნიკო ლორთქიფანიძე, კონსტანტინე გამსახურდია, გრიგოლ რობაქიძე, რევაზ ინანიშვილი… ასევე ავტორები ხშირად იყენებენ Litentia Poetica-ს ანუ პოეტურ თავისუფლებას, როცა მწერალი, რითმის ინტერესებიდან გამომდინარე ან სხვა სტილური დატვირთვით, არღვევს ენის გრამატიკულ ნორმებს და ახალ ლექსემას (სიტყვას), სინტაგმას ან მოზრდილ სინტაქსურ კონსტრუქციას ქმნის. ამგვარი თავისუფალი სიტყვათქმნადობებით წარმოუდგენლად მდიდარია „ვეფხისტყაოსანი“. გავიხსენოთ ზოგიერთი: „ათასიმცა ენა ენდა“, „ბროლი ბროლდა, სათი სათდა“, „ბროლო და ლალო, ოროვე“, „ცამცა გაიდარბაზესა“…

რაც შეეხება ავტორის ემოციას და განწყობას, მწერალი ყოველთვის თავისებურად „მონაწილეობს“ ტექსტში, ზოგჯერ მკითხველთან ინტერაქციაშია, მას მიმართავს და რთავს ტექსტში, რაც ცოცხალ და განუმეორებელ ემოციას აღძრავს. ავტორის მიზანდასახულობასთან ერთად მისი ემოცია და განწყობა თავისებურად „წაკითხვადია“, მთავარია დაკვირვებული თვალი. განწყობა ხან მინორულია, ხან – მაჟორული, რაც დაკავშირებულია ნაწარმოების თემასა და მოტივებთან.

პროზაულ ტექსტებში უმნიშვნელოვანესია ტექსტის აგება, კომპოზიციური ხაზების წარმართვა, დინამიკური, ენერგიული, არამოსაწყენი თხრობა. დაცული უნდა იყოს უნიკალური სიუჟეტური ქარგა, რომელსაც მოსწავლეებს საბაზო საფეხურზევე ვაცნობთ:

შესავალი (პროლოგი) – ექსპოზიცია (სადაც გამოიფინება მოქმედების დრო-სივრცე ანუ ქრონოტოპი, გმირები, ძირითადი ამბების მონახაზები) – მოქმედების განვითარება – კვანძის შეკვრა – მოქმედების განვითარება – კულმინაცია – მოქმედების განვითარება – კვანძის გახსნა (სადაც ნათელი ეფინება ინტრიგას, რომელიც კვანძის შეკვრისას ჩაიდო) – მოქმედების განვითარება – ფინალი.

ეს კომპოზიციური სქემა უნდა იყოს უნაკლო, დაუნაწევრებელი, ლოგიკური ჯაჭვებით აკინძული, თანმიმდევრული, ჩამთრევი, დამაინტრიგებელი. უამისოდ ტექსტი მკითხველს დაკარგავს. სასურველია, მოსწავლემ ახსნას, რით გამოიხატება ეს კომპოზიციური თანმიმდევრულობა და მოიყვანოს რამდენიმე მაგალითი.

სახეობრიობა მხატვრული ტექსტის უმთავრესი კომპონენტი და ღირსებაა, შთამბეჭდავი მხატვრული სახეების გარეშე არ არსებობს ემოციური და იდეური ტექსტი, სახე იდეის რეალიზაციის საშუალებაა. პროზაულ ტექსტში უნდა შევამჩნიოთ პერსონაჟთა ხასიათების ძერწვის მანერა, ხოლო პოეტურ ტექსტებში – ლირიკულ გმირთა და მხატვრულ სახეთა ძირითადი შტრიხები. უნდა აიხსნას, კერძოდ, რა მახასიათებლები ქმნის დაუვიწყარ გმირს.

თუ პოეტური ტექსტის განხილვა გვიწევს, აუცილებელია მისი ვერსიფიკაციული მახასიათებლების წარმოჩენა. უნდა დავწეროთ ლექსის ევფონიაზე – რამდენად მუსიკალურია ის, რომელი სალექსო საზომები გამოიყენება, როგორია რითმა და რიტმი. ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ მეცხრამეტე საუკუნის ქართულ პოეზიაში რითმა ნაკლებად ფასობს და რომანტიკოსებისა და რეალისტების შემოქმედებაში უმთავრესად კოჭლი, ყრუ, არაზუსტი რითმები გვხვდება. ეს, უპირველესად, განპირობებულია იმით, რომ აქცენტი ტექსტის იდეებსა და შინაარსზეა გადატანილი და ფორმა მეორეხარისხოვანია, ხოლო მეოცე საუკუნის დასაწყისის მოდერნისტულ ტექსტებში რითმამ უმაღლესი ღირებულება შეიძინა, რითმის ფეტიში დაიწყო, რამაც საგრძნობლად დააზიანა ტექსტის იდეები. ფორმისა და შინაარსის იდეალურ, ჰარმონიულ შეთანაწყობას მხოლოდ გენიოსები ახერხებდნენ. მეოცე საუკუნის მიწურულს პოსტმოდერნისტულმა ესთეტიკამ შვა ვერლიბრი, თავისუფალი ლექსი, რომელიც რიტმულობით რითმიან ლექსს არ ჩამოუვარდება, მაგრამ მასში რითმამ ღირებულება დაკარგა და მეორეხარისხოვანი გახდა.

ტექსტის უმნიშვნელოვანესი სამკაულია ტროპი. ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სასკოლო საატესტატო გამოცდების პროგრამები მოითხოვს, აბიტურიენტი იცნობდეს რამდენიმე ტროპულ საშუალებას: შედარებას, მეტაფორას, ეპითეტს, გაპიროვნებას, ჰიპერბოლას, ლიტოტესსი, პეიზაჟსა და ალეგორიას. ასევე საინტერესო მხატვრული საშუალებაა ოქსიმორონი, რომელსაც ხშირად ვხვდებით „ვეფხისტყაოსანშიც“.

ტროპული აზროვნება არის ის, რაც მხატვრულ ტექსტს არამხატვრულისგან განასხვავებს. თუმცა ტექსტში მათი მარკირება და შემდგომ მაგალითების მოხმობა არ არის საკმარისი, აუცილებელია ტროპული საშუალებების მხატვრული ფუნქციის ახსნა, რაც არ არის იოლი ამოცანა. ტროპული სახეების უმთავრესი ფუნქციაა შთამბეჭდავი მხატვრული სახის შექმნა, გმირის მახასიათებლების ან მოვლენის არსის ამოცნობა. სწორედ ამ მიზნით ჩნდება ტექსტში ტროპი. როცა ტექსტის გაგებაზე ვმუშაობთ, იოლი ხერხია ტროპული საშუალებების მარკირება და შემდგომ არა მაგალითების ქაოსური, მექანიკური ჩამოთვლა, არამედ მათი ზოგადი სტრუქტურული ანალიზი და შემდეგომ – მსჯელობის კონკრეტული მაგალითებით დასაბუთება. ტროპულ საშუალებებს შორის ზღვარი ხშირად წაშლილი ან გარდამავალია და არსებობს მათი აღრევის საფრთხე, ამიტომ მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ, რომ შედარება, მეტაფორა, ჰიპერბოლა და ლიტოტესი ძალიან ახლოს დგას ერთმანეთთან, კერძოდ: მეტაფორა გავრცობილი შედარებაა და ამოცნობის საგანგებო უნარებს მოითხოვს მკითხველისგან, ხოლო ჰიპერბოლა და ლიტოტესი მეტაფორის კერძო სახეობებია და მასში არ უნდა აგვერიოს. არსებობს ორმაგი დატვირთვის, მრავალშრიანი ტროპული სახე, მაგალითად, ჰიპერბოლიზებული შედარება ან მეტაფორული ეპითეტი. ამ ტიპის მხატვრული სახე კიდევ უფრო მეტ ემოციას აღძრავს მკითხველში.

წერილში მოცემული თეორიული რეკომენდაციების პრაქტიკაში გადატანა და სულ რამდენიმე მასტერკლასი საკმარისია საიმისოდ, რომ ტექსტების მხატვრულ და სტილურ თავისებურებებზე წერა მოსწავლემ დაუბრკოლებლად შეძლოს. ამ უნარის დასწავლა, ტრენირებით მისი შეძენა უდავოდ შესაძლებელია.

კომუნიკაცია მასწავლებელსა და მოსწავლეებს  შორის კლასის საათზე

0

სასწავლო პროცესისა და კლასის საათის უკეთესად წარმართვას მასწავლებელი  კომუნიკაციის საშუალებით ახერხებს. კლასის საათის წარმართვის დროს ვიყენებ როგორც ვერბალურ, ასევე არავერბალურ  კომუნიკაციას.

ვერბალური კომუნიკაციის დროს ყურადღებას ვაქცევ არა მარტო იმას, თუ რას ვამბობ, არამედ იმასაც, როგორ ვამბობ სათქმელს. სწორედ ხმა აცოცხლებს ჩემ მიერ წარმოთქმულ სიტყვებს და ანიჭებს სხვადასხვა ეფექტს. ვერბალური კომუნიკაციის სწორად  შერჩევისათვის აქცენტს ვაკეთებ შემდეგ კომპონენტებზე:

  • ხმა ესმოდეს ყველას;
  • არ ვისაუბრო სწრაფად;
  • საუბრის დროს ტონი იყოს დამაჯერებელი;
  • არ ვისაუბრო მაღალი ტონალობით;
  • ხმაში შევიტანო მრავალფეროვნება.

ვერბალური ნაწილის პარალელურად კომუნიკაციისას ვიყენებ ჟესტიკულაციას, პოზით, გამომეტყველებას. ღიმილით გამოვხატავ კმაყოფილებას და ვცდილობ მოსწავლეების გამხნევებას. სასაუბრო თემის შერჩევისას, მოსწავლეებთან ერთად ვგეგმავ აქტივობებს. სწორედ ამ დროს ვიყენებ თვალის კონტაქტს ურთიერთობის გასაკონტროლებლად. თვალის კონტაქტით ვახდენ მოსწავლეების ემოციების ამოცნობას.

კლასის საათის წარმართვის დროს, მოსწავლეებთან კომუნიკაციისას დიდ ყურადღებას ვაქცევ ხელების მოძრაობას. ვცდილობ, ხელების მოძრაობით ვანიშნო მათ მოსალოდნელ აქტივობაზე.

აქტიურად ვიყენებ შეხებით ინფორმაციის გაცემას. თუმცა, ეს დიდ სიფრთხილეს მოითხოვს, რადგან შეხებამ შეიძლება გამოიწვიოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი გრძნობები.

პაუზის სახით დროის მანიპულაციის გამოყენებით, მოსწავლეებს ვაგრძნობინებ, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა გავაცნო, ხოლო სიჩუმეს ვიყენებ ემოციის სადემონსტრაციოდ (კმაყოფილება, აღშფოთება, უინტერესობა და სხვ.).

მოსწავლეებთან წარმატებულ კომუნიკაციას დიდი ძალისხმევა სჭირდება, როგორიცაა ტაქტი, მოსაუბრის მიმართ თავაზიანობა, ურთიერთობის გაგება. ყველა აქტივობას ვაცნობ სასიამოვნო საუბრით, რათა მოსწავლეები ავარიდო ნეგატიურ სიტუაციას.

კლასის საათის დროს მოსწავლეებთან კომუნიკაციის ეფექტურად წარმართვაში მეხმარება შემდეგი აქტივობები:

  • შეხვედრას ვიწყებ გაღიმებით;
  • კლასი განლაგებულია ნახევარ წრეზე და მე მათ წინ ვარ;
  • ვცდილობ გავიაზრო პრობლემა მოსწავლის მხრიდან;
  • ვინარჩუნებ გაწონასწორებულ რეაქციას, რაც ხელს მიწყობს სიტუაციის განეიტრალებაში;
  • მოსწავლეებთან ერთად ვფიქრობ პრობლემის გადაწყვეტაზე;
  • ერთად ვასრულებთ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

კლასის საათის დროს მოსწავლეებს უჩნდებათ მოთხოვნილება, რამე მოუყვნენ ან აჩვენონ ერთმანეთს, ერთად შეასრულონ მასწავლებლის მიერ მიცემული დავალება. ერთობლივი მოქმედება უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება, რაც  მათში კომუნიკაციის სურვილს აღვივებს.

ყველა ბავშვი უნიკალურია. თანატოლებთან ურთიერთობის გამოცდილება, პიროვნული თვისებები, ტემპერამენტი, ოჯახური გარემოდან გამომდინარე, შეიძლება ყველას სხვადასხვანაირი ჰქონდეს, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ სწორედ სკოლაში ვიზრუნოთ თანამშრომლობის უნარის განვითარებაზე, შევაჩვიოთ სხვადასხვა საქმიანობის ერთად შესრულებას.

გთავაზობთ რამდენიმე აქტივობას, რომლებიც მოსწავლეებს კლასის საათის წარმართვის დროს როგორც მასწავლებელთან, ასევე თანატოლებთან კომუნიკაციის ურთიერთობის  უნარებს განუვითარებს:

აქტივობა1. ,,მე შენში მომწონს, რომ...”

მიზანი: კომუნიკაციის უნარის განვითარება.

მიმდინარეობა: აქტივობა ხორციელდება წყვილებში. მათ უნდა ჩამოწერონ სამი ან ხუთი თვისება, რაც მოსწონს მეწყვილეში და გაუზიარონ ჯერ მეწყვილეს, შემდეგ კი კლასს.

აქტივობა 2. ,,მართალი თუ ტყუილი?!”

მიზანი: ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცება სიტყვების, ფრაზების ამოცნობითა და დამახსოვრებით.

მიმდინარეობა: მასწავლებელი კითხულობს სიტყვებს, ფრაზებს, ზოგჯერ შეცდომით. სწორად წარმოთქმის შემთხვევაში მოსწავლეები აწევენ მწვანე ბარათს, შეცდომის დროს – წითელს, ხოლო თუ სიტყვა ან ფრაზა მათთვის გაუგებარია – ყვითელს.

აქტივობა 3. ,,გაგრძელე აზრი

მიზანი: კომუნიკაციის უნარის განვითარება და კომპლექსის დაძლევა.

მიმდინარეობა: კლასი დაყოფილია ჯგუფებად შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ჯგუფი ირჩევს თემას. პირველი მოსწავლე წერს წინადადებას სათაურიდან გამომდინარე და გადასცემს მეორეს. ასე გრძელდება ბოლო მოსწავლემდე. უკანასკნელი მოსწავლე კითხულობს შედგენილ ტექსტს.Mმსჯელობას იწყებენ ჯერ ჯგუფის მოსწავლეები, შემდეგ კი მთელი კლასი ერთვება.

აქტივობა 4. პოსტერი: ,,ეს, მე ვარ

მიზანი: მოსწავლეებისათვის ემოციური განწყობის გამოხატვის შესაძლებლობის მიცემა, ურთიერთპატივისცემის გაღვივება.

მასალა: ფლიფჩარტი, ფერადი ფანქრები.

მიმდინარეობა: თითოეული მოსწავლე ფლიფჩარტზე ხატავს საკუთარ თავს. შემდეგ კი წერს, თუ რა მოსწონს ან არ მოსწონს სკოლაში. ხატავს ან ჩამოწერს საყვარელ ხილს, ფერს, საქმიანობას და სხვ. პოსტერის დახმარებით აკეთებს პრეზენტაციას და კლასს აცნობს საკუთარ თავს.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...