პარასკევი, აპრილი 3, 2026
3 აპრილი, პარასკევი, 2026

როგორ წავიკითხოთ „ქალაქი“?

0

„თვალი ქუჩებს ისე კითხულობს, როგორც წიგნის ფურცლებს: ქალაქი გეუბნება ყველაფერს, რაც უნდა იფიქრო, გამეორებინებს თავის ნათქვამს და ტყუილად გგონია, ქალაქს ვათვალიერებო, შენ მხოლოდ იმ სახელებს იმახსოვრებ, რომლებსაც იგი საკუთარ თავს და თავის ყოველ ნაწილს არქმევს…“

იტალო კალვინო „უხილავი ქალაქები“

მე არაფერი მაქვს საერთო მინდვრის ბალახებთან და ხეებთან, არამედ ჩემი საერთო არის ადამიანებთან ქალაქში.

სოკრატე

ქალაქებს არ ქმნიან კედლები…” –

თუკიდიდე 

 

იტალო კალვინოს „უხილავი ქალაქები“ თუ ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ, გირჩევთ, წაიკითხოთ. ამის შემდეგ აუცილებლად მოგინდებათ საკუთარ ქალაქში გასეირნება, რომელშიც აღმოაჩენთ ჯერ იმ ქალაქს, რომელიც ნიშნებით მოგვეწოდება და შემდეგ უფრო ღრმა, თქვენს ქალაქს, რომელიც, მართალია, ჩაწერილი არ არის ქალაქის ნიშანთა სისტემაში, მაგრამ ის შენი უნიკალური ემოციებით შექმნილი სრულიად განსაკუთრებული ქალაქია, რომელსაც საერთო მხოლოდ გეოგრაფია ექნება იმ ქალაქთან, რომელშიც დააბიჯებთ…

ამ სავრჯიშოს მე  დავარქმევდი „ქალაქში დაკარგვას“ და „საკუთარი ქალაქის პოვნას“. ეს მეთოდი მასწავლებლებმა შეუძლიათ გამოიყენონ, როცა მოსწავლეებს ქალაქს დაათავლიერებინებენ და მერე შთაბეჭდილებებით თითოეულს თავის უნიკალურ ქალაქს შეაქმნევინებენ… მთავარია, არ შეზღუდოთ და არ შემოფარგლოთ მოსწავლეთა ფანტაზიები… მანამდე, რა თქმა უნდა, კარგი იქნება, იტალო კალვინოს „უხილავ ქალაქებს“ თუ წააკითხებთ მოსწავლეებს და შემდეგ კი დააწერინებთ ხილულ ქალაქში საკუთარი უხილავი ქალაის შესახებ…

რა არის ქალაქი?

უდაბნოსგან, ქაოსისგან, სიცარიელისგან ახალი კოსმოსის შექმნა… ახალი და საერთო ცნობიერება, რომელშიც მოქალაქეები ცხოვრობენ თავისი წესრიგითა და განსაკუთრებული სისტემით. გასეტი მას უწოდებს „მემაბოხე მიწას“, რომელიც მოწყდა უსაზღვროს, უსასრულოს და შემოისაზღვრა.

„მიწის ნაგლეჯი სასაზღვრო კედლების წყალობით წყდება დანარჩენ მიწას, განეყენება მისგან და უპირისპირებს მას თავის თავს. პატარა მეამბოხე მიწა, რომელიც მოწყდა უსაზღვროს და იცავს თავის დამოუკიდებლობას – ეს არის გაუქმებული ბუნება და სწორედ ამის გამო ის სრულიად თავისებური, ახალი სახის სივრცეა, რომელშიც ადამიანი გათავისფულებულია თავისი მიკრულობისაგან, ერთობისაგან ცხოველებთან და მცენარეებთან, ტოვებს მათ გარეთ და დგება, მკვიდრდება თავის განსაკუთრებულ, სუფთად ადამიანურ ნიადაგზე. ეს არის სამოქალაქო ნიადაგი. ამის გამოა, რომ სოკრატე, დიდი ქალაქელი, ნაღდი სამნახადი მოქალაქე, ამბობს ამ სიტყვებს: მე არაფერი მაქვს საერთო მინდვრის ბალახებთან და ხეებთან, არამედ ჩემი საერთო არის ადამიანებთან ქალაქში“.

მაგრამ როგორია თანამედროვე ქალაქი? რა მოიტანა „გაუქმებულმა ბუნებამ“? ტრანსფორმირდა თუ დეფორმირდა და რა საშიშროების წინაშეა ადამიანი დიდ ქალაქში?

ამ თემაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ მკვლევრისა და პოეტის, ბელა ჩეკურიშვილის“ საინტერესო სტატია, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ „სემიოტიკის“ მე-15 ნომერში დაიბეჭდა: „დიდი ქალაქი, როგორც პიროვნების გაქრობის ადგილი“ და რომელშიც განხილული აქვს რაინერ მარია რილკეს რომანი: „მალტე ლაურიდს ბრიგეს ჩანაწერები“, რომლის მიხედვითაც, დიდი ქალაქი ის ადგილია, სადაც ადამიანი საკუთარ ინდივიდუალობას კარგავს და მასის ნაწილად იქცევა“.

ბელა ჩეკურიშვილი წერს: „სიკვდილზე დაკვირვებას მიჰყავს მწერალი მეორე დასკვნამდე: ადამიანებს დიდ ქალაქში დაკარგული აქვთ საკუთარი სიცოცხლე. „ღმერთო, ღმერთო, ამქვეყნად ყველაფერი მზამზარეული ხვდებათ. იბადებიან, პოულობენ მზა სიცოცხლეს და მორჩა. მხოლოდ ჩაცმაღა სჭირდება”. (რილკე, 2015, 10)

„მზა სიცოცხლეს“, რომელიც ადამიანებს მიეცა, არაფერი აქვს საერთო ინდივიდუალურ განცდებთან, ტკივილთან თუ სიყვარულთან, სამყაროს აღქმასთან და ბოლოს – სიკვდილთან. დიდ ქალაქში თითქოს სიცოცხლეც მზაა, წინასწარ განსაზღვრუული, გარემოებით განპირობებული და ადამიანი აღარ არის მისი შემოქმედი და მმართველი. აქ სიცოცხლეც ქარხნული გამხდარა, ისიც „პროდუქტია“, რომელიც ადამიანებმა ტანსაცმელივით შემოიცვეს და ერთმანეთს დაემსგავსნენ, საკუთრი ინდივიდუალური სახე კი დაკარგეს….“

რამდენიც არ უნდა ვწეროთ და ვიკვლიოთ ქალაქი და მისი ბუნება, საბოლოოდ მივალთ იქამდე, რომ თუ ქალაქი ვერ ხდება ქაოსისა და კოსმოსის პერიოდული  მოანცვლეობის ადგილი, მაშინ დასაზღვრულობაში ისიც და მისი მოქალაქეებიც სულს ღაფავენ და ცოცხალ-მკვდრებს ემსგავსებიან… ქალაქი ხდება ერთგვარი ჩარჩო, რომლიდანაც ადამიანი ვეღარ გადის და აღარც აქვს გასვლის სურვილი და უნარი.

ამიტომ ქალაქის გაცნობიერება, როგორც ტექსტისა, და მათ შორის, ტექსტი-პალიმფსესტისა, საშუალებას მოგვცემს ღრმად ჩავიხედოთ ქალაქში, როგორც საკუთარ ცნობიერებაში, დავიკარგოთ და შემდეგ უკან დავბრუნდეთ ახალინდივიდუალობანაპოვნები და არა შთანთქმულები…

ეს კი ისევ იტალო კალვინოს ერთ-ერთი უხილავი ქალაქია:

„დღე დღეს მისდევს და კაცი ქვებსა და ხეებს შორის მიაბიჯებს. თვალი იშვიათად ყოვნდება რაღაცაზე და ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც სხვა რამის ნიშანს ხედავს: კვალი ქვიშაზე მიუთითებს, რომ ვეფხვს გაუვლია, გუბე წყლის ძარღვზე მიანიშნებს, ჩინური ვარდი _ ზამთრის დასასრულზე. სხვა დანარჩენი უტყვია და შეიძლება, სხვაში აგერიოს; ხეები და ქვები მხოლოდ ის არის, რაც არის.

ბოლოს და ბოლოს, გზა თამარში ჩაგიყვანს. კედლებზე უამრავი აბრაა. თვალი საგნებს კი არა, მათ გამოსახულებებს ხედავს, რომლებიც სხვა საგნებს აღნიშნავს: მარწუხი _ კბილის დასტაქარს, სასმისი _ დუქანს, ალებარდი _ დაცვის რაზმს, ხელის სასწორი _ ხილ­ბოსტნეულით მოვაჭრეს. ქანდაკებებსა და ფარებზე ლომები, დელფინები, კოშკები, ვარსკვლავებია გამოსახული: ნიშანი იმისა, რომ რაღაცას _ კაცმა  არ იცის, რას, _ სიმბოლოდ ლომი, დელფინი, კოშკი ან ვარსკვლავი აურჩევია. სხვა ნიშნები გვაფრთხილებს, რომ გარკვეულ ადგილებში რაღაც აკრძალულია: ამ მოსახვევში საზიდრებით შესვლა, ჯიხურის უკან მოშარდვა, ხიდიდან ანკესით თევზაობა და გვეუბნება იმასაც, რაც კანონით დაშვებულია: ზებრების დარწყულება, კოჭაობა, ახლობელთა კრემაცია. ტაძრების კარიდან მოჩანს ღვთაებების ქანდაკებები, ყოველი მათგანი საკუთარი ატრიბუტით არის გამოსახული _ სიუხვის რქით, ქვიშის საათით, მედუზით, რითაც მორწმუნე მათ ცნობს და შესაბამის ლოცვას აღავლენს. თუ ნაგებობა აბრის ან ფიგურის გარეშეა, თვით მისი ფორმა ან ადგილმდებარეობა მიუთითებს მის დანიშნულებაზე: მეფის სასახლე, საპყრობილე, ზარაფხანა, პითაგორელთა სკოლა, საროსკიპო. ვაჭრებიც სხვა მნიშვნელობას ანიჭებენ დახლზე დაწყობილ საქონელს: შუბლის მოქარგული ლენტი დახვეწილობას ნიშნავს, მოოქროვილი ტახტრევანი _ ძალაუფლებას, ავეროესის ტომები _ სიბრძნეს, კოჭის სამკაული _ ავხორცობას. თვალი ქუჩებს ისე კითხულობს, როგორც წიგნის ფურცლებს: ქალაქი გეუბნება ყველაფერს, რაც უნდა იფიქრო, გამეორებინებს თავის ნათქვამს და ტყუილად გგონია, ქალაქს ვათვალიერებო, შენ მხოლოდ იმ სახელებს იმახსოვრებ, რომლებსაც იგი საკუთარ თავს და თავის ყოველ ნაწილს არქმევს.

ისე დატოვებ თამარს, ვერ გაიგებ, როგორია ქალაქი სინამდვილეში ნიშანთა ამ გარსის ქვეშ, რას აჩვენებს და რას მალავს. გარეთ უდაბური მიწა გადაშლილა ჰორიზონტამდე, ცა ღრუბლებით დაფარულა. შემთხვევითობა და ქარი ფორმას აძლევს ღრუბლებს და კაცი ცდილობს ფიგურების გამოცნობას: იალქნიანი გემი, ხელი,   სპილო…“ („ქალაქები და ნიშნები“).

ეს კი ჩემი უცხოქალაქია ჩვენს ქალაქში:

უცხოა ქალაქი, რომელშიც დაგეძებ,
როგორც დაეძებენ ქარები ფოთლებს…
უცხოა ქალაქი, რომელშიც ვცხოვრობთ,
მისი საზღვრები კილომეტრებით
არ იზომება.

დაგეძებ ქალაქში,
რომელშიც დავდივართ,
რომელიც სავსეა მზითა და ავ-კარგით…
რა ძნელად შეგხვდი და დაგკარგე ადვილად
ქალაქში,
რომელმაც საზღვრები დაკარგა…

ქალაქში ქალაქი… შენი და ჩემია!
და ისევ გიმღერებ… დღეს თუკი გადავრჩი,
შენ, ჩემო, ქალაქში დაკარგვა გჩვევია…
მე კი ვიკარგები შენში… ვით ქალაქში…

 

მე მინდა გავეცნო თქვენს უხილავ ქალაქებსაც… ამით გავამდიდრებთ ჩვენს საერთო ცნობიერებას და თანაც, ინდივიდუალობასაც არ დავკარაგვთ!

 

 

სკოლა კლასგარეშე საკითხავად

0

მოსწავლეობისას ხშირად მიძებნია სკოლის ამბები წიგნებში. მაინტერესებდა, ამ კედლებდაბზარული, ფერგახუნებული საკლასო ოთახის მიღმა თუ არსებობდა მისი მსგავსი – ზამთარ-ზაფხულ ერთნაირად ცივ კედლებს შეფარებული მზერამოქუფრული მასწავლებლებით, კარს მიღმა მშობელივით მომლოდინე ომით, ნავთის სუნით გაჟღენთილი სკოლის ამბავი. იმ მოთხრობას დასასრულიც ექნებოდა, იმედის მომცემი დასასრული, რომელიც ჩემი მერხიდან ჯერ კარგად არ ჩანდა და  ასე მეგონა, ფურცლებზე მაინც თუ მივაგნებდი და ამოვიკითხავდი, ახდებოდა.

პირველად რეალური ისტორიები ჩემი საუკუნის სკოლასა და მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაზე ნოდარ დუმბაძის წიგნებში ამოვიკითხე. „წარმოშობით ტანკისტი“ ლევან გურიელიძეები („მე ვხედავ მზეს“)  ისტორიის გაკვეთილს აქაც სკოლის კედლებს მიღმა გაჩაღებული სამოქალაქო ომის განხილვით იწყებდნენ. სამუსიკო სასწავლებელშიც აღმოაჩენდით ელენა მიხაილოვნას („HELLADOS“), რომელსაც ექნებოდა დახვეწილი გემოვნება და საკუთარ სტანდარტს მორგებული საგამოცდო სისტემა. მოსაცდელ ოთახს, აკვარიუმით თუ არა, ქოთნის მცენარეებით გაალამაზებდა და ერთხელაც ლოდინით გაბეზრებული რომელიმე მოსწავლე უნებლიეთ დაუზიანებდა…

მალე ხელში ჩამივარდა რევაზ ინანიშვილის მოთხრობების კრებული, რომელიც სავსე იყო საოცრად მყუდრო მოგონებებით სკოლაზე. ყველაზე მეტად ერთი მოთხრობა დამამახსოვრდა – „ჩემი ბავშვობის სკოლა“. მწერალი იხსენებდა სოფელში ცხოვრების პერიოდს, წისქვილის არხის პირას, შემაღლებულზე აშენებულ ქვევითსკოლას, ოთხი საკლასო ოთახით და „ღუდღუდა“ სამასწავლებლოთი, ზურგჩანთაში წიგნების და რვეულების გვერდით „ჩაჭყუნულ“ ხილს, უჩვეულო შესვენებებს, „კუდიანებს“ შეჩვეული „მაგარი ბიჭები“ არხში ბანაობისთვის რომ იყენებდნენ, „ძალიან კარგი რამეების სწავლით“ გულმოჯერებულ მოსწავლეებს, ტყეში ჩატარებულ ბუნებისმეტყველების გაკვეთილებს, ყინულზე წაქცეულ მასწავლებლებს და სიცილშეკავებულ მოსწავლეებს…

„ნისლი რომ იყო და იმ ნისლში მაღლიდან გადახედავდი ჩვენს სკოლას, გეგონებოდა, მშვენიერ ოცნებაში ხდებოდა ყველაფერი. ადიოდა სწორად და ნისლს უერთდებოდა კვამლები. იმ კვამლებს ასდევდა ბარტყივით პირდაღებული ბავშვების სიმღერა… გეგონებოდა, ერთი მონდომება, ერთი გარჯა, და მოსდებდა თოკს კაცი იმ სკოლას თავის ბავშვებიან-კვამლებიანად, აიკიდებდა და წაიღებდა თოვლში“.

ამ მოთხრობამ გამიცოცხლა ჩემი სოფლის სკოლა, თბილისის ომის დროს ცოტა ხნით რომ შემიფარა. მართალია, ,,ზევითსკოლის“ მსგავსად დიდი იყო და არც წისქვილის არხთან იდგა, მაგრამ ჩემს ზურგჩანთაშიც აღმოაჩენდით ლოყაწითელა ვაშლებს. არხში არა, მაგრამ დიდთოვლობისას, დიდ შესვენებაზე „მაგარი ბიჭები“ საკლასო ოთახის ფანჯრებიდან თოვლის ზვინებში ხტებოდნენ და „კუდიანებსაც“ დაუზარლად აგროვებდნენ. წვიმით დანისლულ ამინდში შეშის ტკაცუნში ჩატარებულ გაკვეთილებსაც ინანიშვილის მოგონების მსგავსი სურნელი ასდიოდა.

მოგვიანებით გოდერძი ჩოხელის წიგნებსაც მივაგენი. „ლუკას სახარებაში“ აღწერილი სკოლა აკაკი წერეთლისეულ გიმნაზიას უფრო ჰგავდა, ვიდრე მეოცე საუკუნის სასწავლებელს. ჩოხელის სკოლამ გურამ დოჩანაშვილის ,,ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები“ გამახსენა. მიუხედავად იმისა, რომ თხზულება მაგიური რეალიზმის ნისლშია გახვეული, მასში აღწერილი ამბები არცთუ ისე არადამაჯერებელია. იშვიათად, მაგრამ მაინც შეხვდებით ბესამეს (მოსწავლე), რომელიც უშიშრად ეწინააღმდეგება კარტუზოს (ისტორიის მასწავლებელი) და რექსაჩეს (წყალბურთის მწვრთნელი). ისინი კი ჯიუტად  ცდილობენ ყველა აღსაზრდელი პირადი ღირებულებების თარგზე გამოჭრან. ქართულ ლიტერატურაში უმეტესად ასეთ ისტორიებს აღმოჩენთ. მათი დახმარებით შეიძლება კარგად შეიმეცნო გაკვეთილი თემაზე – „როგორი არ უნდა იყოს სკოლა“. მაგრამ ისიც ხომ გაინტერესებს, როგორი უნდა იყოს?! ამიტომ ისევ განვაგრძე რეალური ამბების ძებნა მასწავლებლებსა და მოსწავლეებზე, მათ ურთიერთობაზე და ერთხელაც ძალიან საინტერესო ისტორიას მივაგენი.

ჯემალ ქარჩხაძის „სასწაული“ პირველი მოთხრობა იყო, სადაც მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთდამოკიდებულებაზე გაცილებით მეტი ამოვიკითხე, ვიდრე, სკოლაზე აქამდე წაკითხულ ყველა წიგნში ერთად. სკოლის საფეხბურთო გუნდის ცენტრალური თავდამსხმელის, „რომელსაც ისე რა ღმერთი გაუწყრებოდა, ერთი-ორი ბურთი არ გაეტანა მოწინააღმდეგის კარში“ და ბატონი რაჟდენ კაპანაძის (გეომეტრიის მასწავლებელი) ორთაბრძოლის მსგავსი ალბათ ყველა ჩვენგანს უნახავს ან თავს გადახდენია. გია ბარბაქაძე ყველა მოსწავლისთვის საძულველ უბის წიგნაკში მეასე და, როგორც მოთხრობის მიწურულს აღმოჩნდება, ბოლო ნომრად  ჩანიშნული გამოწვევაა. ბიჭი პირველ აღმოჩენას საშემოდგომო გამოცდისგან თავის დაძვრენის მიზნით დაუძინებელი მტერთან – სკამზე ნებივრად გადაწოლილ, ენამახვილ ბერიკაცთან სტუმრობისას, მისი ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ გააკეთებს:

„მან პირველად ახლა იგრძნო თვალნათლივ, რომ მასწავლებელი არაფერი ყოვლისშემძლე არსება არ ყოფილა და რომ მასაც ჰყოლია მისი სულთამხუთავი“.

ზოგიერთ მოსწავლეს დღემდე უჭირს მასწავლებლის ჩვეულებრივ ადამიანად აღქმა და ვერაფრით წარმოუდგენია, რომ მასაც შეიძლება რამე უჭირდეს. ხშირად მოზარდებს მცდარი წარმოდგენა ექმნებათ უფროსებზე და იმას იჯერებენ, რასაც შიშის დიდი თვალებით ხედავენ. მაგალითად, მასწავლებლის „კუდიანებით“ გამოტენილ უბის წიგნაკს, რომელიც თურმე „მორჯულებული ჭირვეულების“ ნიშნების ანბანით დაწერილ ისტორიას ინახავს. ამ წიგნაკში 99 დასრულებული ამბავი წერია. ერთი შეხედვით, უთანასწორო ბრძოლაში მოულოდნელად გამარჯვებული „მეასე“ კი თავის მომავალს თვითონვე დაწერს, საკუთარ კარში გასატან გოლს აუცილებლად გაიტანს.

ჩემი ჯერჯერობით ბოლო აღმოჩენა სულ ახალი, დღევანდელი ამბებით სავსე სკოლის ისტორიაა. მასწავლებლის (თამარ გეგეშიძე) კალმით დაწერილი სადებიუტო რომანი („სული-ჩიტი“) მოგვითხრობს სკოლის ცხოვრებაზე, რომელსაც ავტორი ძალიან კარგად იცნობს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს წიგნი მოზარდებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს ერთნაირად მოეწონებათ. წიგნის მთავარი პერსონაჟი გულისხმიერი ადამიანებისა და მეგობრად ქცეული მეტოქეების დახმარებით იზრდება და თავისი სული-ჩიტის მსგავსად სწავლობს ფრენას. ნათქვამია, რაც არ გვკლავს გვაძლიერებს, რადგან დაცემის შედეგად წამოდგომას ვსწავლობთო. ეს წიგნიც წამოდგომის გაკვეთილებზეა, სკოლაში თუ მის მიღმა იქამდე რომ გვიტარებენ, სანამ მყარად არ დავდგებით ფეხზე.

ერთ პატარა ისტორიას მეც ვინახავ მეხსიერებაში. მოსწავლეობის წლები არცთუ ისე სასიამოვნოდ გავატარე, მაგრამ სინათლის სხივი ამ ყველაფერს ნამდვილად ახლდა. რამდენჯერად „ვეფხისტყაოსანს“ გადავფურცლავ  ან ლუი დე ფიუნესის ფილმს გაუშვებენ ტელევიზორში, წარმოსახვაში მიცოცხლდება ჩემი პირადი რაჟდენ კაპანაძე, რომელიც  ზემოაღნიშნული პოემის ერთ-ერთი ძლევამოსილი პერსონაჟის სახელს ატარებდა და მისი შესაფერისი არწივის პროფილითა და გამოხედვით გახლდათ დაჯილდოვებული. მაღალს კი არა, რაღაცნაირად გრძელ და საოცრად სხარტ მამაკაცს მუსიკის მსგავსად მხოლოდ ფრანგული კინო უყვარდა და იმ სახელგანთქმულ „Piti Piti Pa“-ს ადამიან ორკესტრზე სასაცილოდ ასრულებდა. მხოლოდ ერთხელ ვახსენე საჯაროდ, ისიც მხოლოდ ისტორიის პატარა ეპიზოდად. შემდეგ შემთხვევით ქუჩაში შევხვდი და მისაყვედურა, აბა რა სალაპარაკო თემა მნახეო?! მეც რატომღაც დამნაშავესავით შევცბი და უკან დავიხიე. ვეღარ მოვყევი ამბავი ერთ ჭორფლიან, მწვანეთვალება და მოკლეთითება გოგოზე, ცერიდან ნეკამდე მანძილი ერთ ოქტავაზე მოკლე რომ ჰქონდა და მისთვის საფორტეპიანო კლასის თუ თანატოლთა სახლის კარები ერთიმეორის მიყოლებით იხურებოდა (მოკლე თითების, ჭორფლების და ვინ იცის, კიდევ რის გამო). სწორედ ამ დროს გამოჩნდა ჰორიზონტზე ქართველი „ადამიანი ორკესტრი“. მისი საკლასო ოთახის ფანჯარასთან სულ სხვანაირად ირხეოდნენ ნაძვები, ფოთლებივით შრიალებდა მათი წიწვები და მოსწავლეებს სიმშვიდეს უნაწილებდა. ისიც – „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟი მოთმინებით ისმენდა „მოსარჯულებელი ჭირვეულების“ თითებქვეშ გათელილ მუსიკალურ შედევრებს და ყოველთვის პოულობდა ერთ ისეთ მიზეზს, წინ გადადგმულ ნაბიჯად რომ აღენიშნა, პატარა, მაგრამ მაინც წარმატებად ჩაეთვალა…

ჩვენი მომდევნო შემთხვევითი შეხვედრის თარიღს მათემატიკოსები უკეთ გამოითვლიან. მე კი, რადგან ალბათობის თეორიაზე ბევრი არაფერი ვიცი, ისღა დამრჩენია, ბავშვობის სკოლასა და დიდი შოთას პერსონაჟთან დაკავშირებულ მოგონებებს იქამდე გავუფრთხილდე, სანამ არ დავწერ.

ნობელმა გარეკა

0

სულ ახლახან, ერთწლიანი ჩავარდნის შემდეგ, ნობელის კომიტეტმა ლიტერატურაში ორი ლაურეატი დაასახელა – ოლგა ტოკარჩუკი და პეტერ ჰანდკე. ამ ფაქტამდე რამდენიმე დღით ადრე სოციალურ ქსელებსა და ზოგადად, საზოგადოებაში დიდი მარჩიელობა მიმდინარეობდა. არაერთი ვარაუდი გამოითქვა, თუ ვინ გახდებოდა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდოს ახალი მფლობელი. რამდენიმე წელია, ასეთ დისკუსიებში ხსენების რაოდენობით ლიდერობენ ჰარუკი მურაკამი, მარგარეტ ეტვუდი, პოლ ოსტერი, ჯულიან ბარნსი და ა.შ. თუმცა, რა თქმა უნდა, კონკრეტულად ვერასოდეს ვახერხებთ ახალი ლაურეატის გამოცნობას. სულ სხვაგან მიდის ჩვენი ვარაუდები, სულ სხვაგან ისვრიან ნობელის კომიტეტის მესვეურები. ყოველი ახალი ლაურეატის გამოცხადებისას აღშფოთებათა ტალღა საკმაოდ დიდ დისტანციაზე ვრცელდება ხოლმე. „ეს ვინღაა?“ „გაგიჟდნენ?“ „პოლიტიკაა ყველაფერი“ და მსგავსი შეძახილები ავსებს ჩვენს ყოველდღიურობას. მართლაც რა ხდება? რატომ გვექცევიან ასე? რატომ აკაკუნებენ უეცრად კარზე, რომლის მიღმაც არავინ ელის ჯილდოს? რა ფოკუსია? ნუთუ ნობელმა გარეკა?

 

მოდით ჩვენი მსჯელობა სამ შრედ დავყოთ და იქნებ ისეთ დასკვნამდეც კი მივიდეთ, რომელიც სხვა საკითხებზეც აგვიხელს თვალს, ვინ იცის.

 

შრე პირველი: პრობლემა მათშია.

 

თუ ამ შრეში ვიმოგზაურებთ, შეიძლება შეთქმულების ძალიან ბევრი თეორია მოვიშველიოთ, ანდა უბრალოდ სკეპტიკური სახე მივიღოთ და ვთქვათ, რომ ნობელის პრემია მართლაც პოლიტიკაა. აქვე ისმის კითხვა: მხოლოდ ლიტერატურის დარგშია პოლიტიკა, თუ სხვა დარგებშიც? მაგალითად, კონკრეტულად რა პოლიტიკური ასპექტი შეეხოთ ჯიმ პიბლზს, მიშელ მაიორს და დიდიე კელოს ფიზიკაში ნობელის პრემიის მისაღებად? ჩავთვალოთ, რომ ლიტერატურაშია ძაღლის თავი დამარხული. მივყვეთ. შესაძლოა, ნობელის კომიტეტი ყოველწლიურად ცდილობს მეინსტრიმი დაჩაგროს, ისეთი მწერლები შემოგვთავაზოს ლაურეატებად, რომლებიც ნაკლებ გაპაპსავებულნი არიან, შესაბამისად გულდაწყვეტილი დატოვოს ჰარუკი მურაკამის და მარგარეტ ეტვუდის ფანები. ისიც შეიძლება, ავტორის სამშობლოს რაობა წყვეტდეს ბევრ რამეს (აქ დერეკ უოლკოტმა ულვაშებში ჩაიცინა), ანდა მისი პოლიტიკური ხედვები, მაგალითად, ამ უკანასკნელ მოსაზრებას ამყარებს ის ფაქტი, რომ ხორხე ლუის ბორხესს ნობელი არ მიუღია, მოგეხსენებათ, ნობელის კომიტეტი, ძირითადად, მემარცხენე შეხედულებებისაა, და შესაბამისად, უფრო მემარჯვენე ავტორს ნობელის პრემიის სიამოვნება მოაკლო (აქ მარიო ვარგას ლიოსა გაკვირვებული იყურება სივრცეში, პეტერ ჰანდკე კი ნერვიულად იცინის). საერთოდაც, ვინ იცის, იქნებ ნობელი კოკობზიკობს და გვეუბნება – “აი, თქვე მდაბიოებო, რა იცით თქვენ ლიტერატურა, ეგ ვიცით ჩვენ და ჩვენვე გიკარნახებთ, რა იკითხოთ”. ა? რატომაც არა? ნობელის პრემიის მიღების შემდეგ ხომ მწერლების პოპულარობა ათასმაგდება… არათუ მწერლებისა, მათი თანამემამულე ლიტერატორებისაც კი! აი, მაგალითად, ორჰან ფამუქის ეფექტი გავიხსენოთ, თურქული კულტურის ფონდს თუ ვენდობით, „ფამუქის ნობელის პრემიის ერთ-ერთი ეფექტი მთარგმნელობითი აქტივობის ნამდვილი აფეთქება იყო. გაიზარდა მსოფლიოს ინტერესი იმ მოღვაწეთა მიმართ, ვისაც ფამუქი ახსენებდა საკუთარ ნაშრომებში. შედეგად, თურქული ლიტერატურის ისტორიაში გამორჩეული ავტორები, ვინც მანამდე ნაკლებად იყო ცნობილი ქვეყნის მიღმა, როგორიცაა, მაგალითად, მოწინავე ინტელექტუალი მწერალი აჰმეთ ჰამდი ტაპინარი, საერთაშორისო მკითხველმა გაიცნო, მათი ნაშრომები კი სულ უფრო და უფრო მეტად ითარგმნება და ხდება კვლევის საგანი“. მაშ თუ ასეა, რატომაც არ ვივარაუდოთ, რომ ნობელი ცდილობს, საკუთარ ჰანგზე გვაცეკვოს? უბრალო ახირებაა და მიტომ. თუნდაც პოლიტიკური ახირება დავარქვათ. თუმცა… მოდით, მეორე შრესაც დავუტოვოთ ადგილი.

 

შრე მეორე: პრობლემა ჩვენშია.

 

ჰმ.. არ დაფიქრებულხართ, რომ შესაძლოა პატარა “ბაბლში” ვცხოვრობთ?

 

ბაბლი – ინტერნეტის ეპოქაში შექმნილი ტერმინი. აღნიშნავს თქვენს გარემოცვას, მიკროსოციუმს, რომელიც თქვენივე ინტერესების მიხედვითაა შეკოწიწებული და შესაბამისად, არ გაძლევთ რეალობის აღქმის საშუალებას, არ გიხატავთ სრულ სურათს და სიცრუეში გაცხოვრებთ.

 

ჩვენს ბაბლში, რომელიც ადრე საბჭოური ლოგიკით იყო შექმნილი, მაგალითად, ძალიან ცნობილი ნაწარმოები იყო რაფაელო ჯიოვანოლის “სპარტაკი” – ჩემი ბავშვობის საყვარელი წიგნი. არადა, მსოფლიო ლიტერატურულ სამყაროს კი არა, ჯიოვანოლის შთამომავლებს აღარ ეხსომებათ ეგ წიგნი. რა თქმა უნდა, დღეისათვის სიტუაცია რადიკალურადაა შეცვლილი და თანამედროვე ქართველი მთარგმნელები თუ გამომცემლები მაქსიმალურად ცდილობენ მსოფლიო ტრენდს არ ჩამოგვარჩინონ, მაგრამ შეუძლებელია ამის სრულად მოხერხება. ჩვენ ვეცნობით ახალ ავტორებს, ვეცნობით ისეთ მწერლებსაც, ვინც კარგა ხანია მოიპოვეს საკუთარი ადგილი ლიტერატურულ პარნასში, თუმცა ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობები იყვნენ. ისეთებიც არიან, დიდებულები, მსოფლიოს ყველა ტოპ-სიებში რომ ხვდებიან და ქართულად ჯერ არ თარგმნილად, მაგრამ წიგნების ქართული ბაზარი მაინც პატარაა და თარგმნა-გამოცემა კი დიდი, რთული და ძვირიანი საქმე. ამიტომ, რა გასაკვირია, რომ არ ვიცნობდეთ ვიღაც-ვიღაცებს. შესაბამისად, იქნებ პრობლემა იმაში კი არაა, რომ ნობელი ხან „ვიღაც პატრიკ მოდიანოს“ შემოგვასაღებს და ხან „ვინმე ტუმას ტრანსტრიომერს“, არამედ იმაში, რომ, უბრალოდ, ჩვენ არ ვიცით ეს ხალხი, თორემ მათ, თავის მხრივ, დაფასება და აღიარება არ აკლიათ. განვიხილოთ ეს ვერსიაც. ვიფიქროთ იმაზე, რომ შესაძლოა მწერლები, რომლებიც ქართულ ბაზარზე პოპულარობის მწვერვალებს იპყრობენ, სულაც არ არიან იმავე პოზიციებზე მსოფლიოში და პირიქით, დედამიწის ლიტერატურული ასპარეზის ლიდერები – შესაძლოა, საქართველოში არ იყვნენ ასეთივე პოპულარულნი. თანაც, რამდენი ავტორიც გვაჯახა ნობელმა სახეში მურაკამ-ეტვუდის მოლოდინში, მგონი მაინცდამაინც ცუდები არ აღმოჩნდნენ, არა? თავიდან კი ვიუცხოვეთ და შევიცხადეთ, მაგრამ შემდგომში ხომ მოგვეწონა? არც ისე „ცუდი“ მწერლები ყოფილან, არა?

 

შრე მესამე: პრობლემა არ არსებობს.

 

სინამდვილეში პრობლემა არ არსებობს. არც ჩვენ ვართ მსოფლიო პროცესებს ზედმეტად ჩამორჩენილები და არც სხვები არიან განსაკუთრებულად წინ. საქმე ისაა, რომ ყველას თავისი ბაბლი აქვს და ჩვენზე უარესიც კი. ჩვენი შიში ორნაირია ხოლმე, ერთით გვეშინია, რომ ჩვენი თვითმყოფადობა არ დაიკარგოს, რადგან ჩვენ წმინდა სახით შევინარჩუნეთ რაღაც, რაც მსოფლიოს აღარ აქვს, – მორალი, ადამიანობა და ა.შ. მეორე შიშით გვეშინია, რომ ისინი ძალიან წინ არიან და ჩვენ, მეორეხარისხოვან ადამიანებს, რამე არ შეგვეშალოს, არ შეგვემჩნეს ჩვენი „მდაბიოობა“ მათთან მიმართებაში, ამიტომ სულ ცდაში ვართ, რომ მათნაირები ვიყოთ და რაღაც კვაზიევროპელობა გამოგვდის ბოლოს. არადა, ბევრად მარტივადაა საქმე, ნუ ართულებთ. ყველას თავისი გასაჭირი აქვს და ყველას თავისი აღმართ-დაღმართი. ოლგა ტოკარჩუკი და პეტერ ჰანდკე, რევიუებს თუ დავუჯერებთ, ძალიან კარგი მწერლები არიან, თუმცა ძალიან ბევრ ცივილიზებულ, ეკონომიკურად მომნუსხველ და დახვეწილ ქვეყანაშიც მასობრივად არ იციან მათ შესახებ. თუმცა, პრობლემა არ არსებობს. ნობელის კომიტეტმა იცის და გაგვაცნო. ჩვენც და სხვებსაც. წავიკითხოთ, შევაფასოთ და გავაგრძელოთ ლიტერატურული ცხოვრება ზედმეტი შიშებისა და კომპლექსების გარეშე, ყოველ შემთხვევაში, ნუ გავექცევით ამ უცნაურ და მრავლისმომცველ მკითხველის შიშს, ნობელის პრემიის გამოცხადების წინ.

 

 

 

 

 

თამაში და „ვეფხისტყაოსანი“

0

თუკი რაიმე მოსაფრთხილებელი, დასაფასებელი, ერთობრივი სიყვარულის ღირსი გაგვაჩნია ქართველებს, ეს ნამდვილად არის „ვეფხისტყაოსანი“. ყოველ შემთხვევაში, ადამიანი არ შემხვედრია, ეთქვას, „ვეფხისტყაოსანი“ სისულელეაო, მიუხედავად იმისა, რომ ქართველების, ალბათ, მხოლოდ 10%  თუ გადაუშლია ეს ეროვნული განძი ზრდასრულობისას, მოსწავლეობის ასაკის მერე. სკოლის ასაკში კიდევ ქრონოლოგიური პრინციპის წყალობით საკმაოდ მძიმედ ისწავლება, რადგან ერთად იყრის თავს მთელი ძველი ქართული და ძალიან ძნელია, ამდენი რთული ნაწარმოების ერთდროულად სწავლა – სწავლებაც და შეყვარებაც.

ნამდვილად არ ვიცი, სხვა ქვეყნებში როგორი დამოკიდებულება აქვთ სხვა ერებს ასეთი ძვირფასი, მნიშვნელოვანი, ხელშეუხებელი მხატვრული ნაწარმოებების მიმართ, მაგრამ ფაქტია, რომ ქართველებს კარგა ხანს ხელშეუხებელი გვეგონა ( რა თქმა უნდა, იმ დროს არ ვგულისხმობ, ზეპირად რომ სწავლობდნენ ოდესღაც), პირდაპირი მნიშვნელობით. ჩვენი ამ ნაწარმოებთან დამოკიდებულება მიჩენს ილიასეული მყინვარის ალუზიას. მყინვარზე რომ ამბობს: „მაღალიო! რად მინდა მისი სიმაღლე, თუ მე იმას ვერ ავწვდები და ის მე ვერ ჩამომწვდება…“,  „ვეფხისტყაოსნის“  შინაარსი კი – თერგისას,  რომ წერს: თერგი სახეა ადამიანის გაღვიძებულის ცხოვრებისა, ამაღელვებელი და ღირსსაცნობი სახეც არის: იმის მღვრიე წყალში სჩანს მთელის ქვეყნის უბედურების ნაცარტუტაო…

კარგია, რომ ბოლო წლებში გამომცემლობებმა რაღაც ნაბიჯები გადადგეს ამ წიგნის სხვადასხვა კატეგორიის მკითხველთან დასაახლოებლად:  გამოიცა რამდენიმე „საბავშვო ვეფხისტყაოსანი“, მათ შორის ე.წ. 3D  წიგნი, კომიქსური ვარიანტიც ( თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ზოგიერთი დიდად ვერ დაიკვეხნის ტექსტის ხარისხიანად დამუშავებითა და გამორჩეული ილუსტრაციებით), ბაჩანა ბრეგვაძის პროზაული ვერსიაც არსებობს, ლიტერატორ თამაზ ვასაძის  წყალობით განმარტებებიანი ,,ვეფხისტყაოსნის“ ახალი გამოცემაც გაჩნდა და, რაც მთავარია, უკვე გვაქვს დავით მაჭავარიანის მიერ შექმნილი გრაფიკული ,,ვეფხისტყაოსანი“, რომელიც, დარწმუნებული ვარ, თავის სათქმელს იტყვის ამ საგანძურის შეყვარებასა და გულთან ახლოს მიტანაში.

მართალია, ფილმი ჯერ კიდევ არ გადაგვიღია და სპექტაკლიც მხოლოდ პანტომიმური დავდგით, მაგრამ რეჟისორ ნოდარ ბეგიაშვილის წყალობით გვაქვს საოცრად საყვარელი ანიმაცია, რომელიც ბავშვების ილუსტრაციებით შეიქმნა, თვითონვე გაახმოვანეს და ძალიან უთბობს გულს ნებისმიერ მაყურებელს და განსაკუთრებით თავად ბავშვებს – სამწუხაროდ, ინტერნეტში მხოლოდ მცირე ტრეილერი მოვიძიე:

ამ ჩამონათვალს ნიაზ დიასამიძის სიმღერაც

უნდა დავუმატო და მთავარზეც გადავალ.

არც პირველი ვარ, არც უკანასკნელი, ვინც იმაზე წერს, რომ თამაში ისეთი უნიკალური რამაა,  ყველაზე დიდი ნაწარმოების შესწავლა- შეყვარებაშიც კი დაგვეხმარება და ამიტომაც ბევრს არ გავაგრძელებ.

ამ წერილში შემოგთავაზებთ იმ აქტივობა – თამაშს, რომელსაც

  • მე ვიყენებ და მგონია, რომ ეფექტური და შედეგის მომტანია;
  • რომელიც ერთ-ერთ გრიფირებულ სახელმძღვანელოშიცაა შესული;
  • რომლის გამოყენება ნებისმიერ კლასში შეიძლება დაწყებით და საბაზო საფეხურზე;
  • რომლის მოდიფიცირება ძალიან მარტივია.

ტექსტის დაწყებამდე მოსწავლეებს ვურიგებ სქემას, რომელიც ბევრნაირად შეიძლება შევცვალოთ. მე დავალებად მივეცი, თუმცა შეიძლება საკლასო სამუშაოსთვისაც გადაკეთდეს. ეს სქემა უქმნის ერთგვარ განწყობას ბავშვებს, რომ დაიწყონ ფიქრი „ვეფხისტყაოსანზე“ და სხვადასხვა მხრიდან შეხედონ ამ ნაწარმოებს.

აფორიზმი ( ჩაწერე ბრძნული გამონათქვამი, რომელიც „ვეფხისტყაოსნიდანაა“, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შენ ის ზეპირად გახსოვს)
უფროსების დამოკიდებულება ,,ვეფხისტყაოსანთან“

 

( გამოკითხე ოჯახის წევრები, სხვა საგნის მასწავლებლები, ალაპარაკე, რას ფიქრობენ „ვეფხისტყაოსანზე“ და მერე მათი ნათქვამი შენი სიტყვებით გადაიტანე ცხრილში)

შენი დამოკიდებულება ,,ვეფხისტყაოსანთან“

 

(გაქვს თუ არა ნასწავლი რომელიმე ნაწყვეტი, როგორია შენი შთაბეჭდილება, გაგიჭირდა თუ არა მისის სწავლა, მოგეწონა თუ არა- დაწერე გულწრფელად)

,,ვეფხისტყაოსანი“ ჰოლივუდში რომ გადაეღოთ …

 

(წარმოიდგინე, როგორი ფილმი გამოვიდოდა, რომელი მსახიობი წარმოგიდგენია თითოეულის როლში, როგორ შეხვდებოდა მსოფლიო ამ ფილმს, რას მოუტანდა საქართველოსა და ქართველებს)

მოიძიე ,,ვეფხისტყაოსნის“ ერთი ნებისმიერი ილუსტრაცია და აღწერე

 

( ისე უნდა აღწერო, რომ მკითხველს თვალწინ დაუდგეს ნახატი: ყურადღება მიაქციე ფერებს, ცეტრალურ ფიგურებს, ფონს, დეტალებს…)

 

ცხრილის შევსების შემდეგ გადავდივართ ტექსტის დაწვრილებით შესწავლაზე. ბავშვებს თავიდანვე ვაფრთხილებ, რომ ტექსტს დავასრულებთ თუ არა,  გვექნება ერთგვარი შემაჯამებელი თამაში, რომლისთვისაც თითოეული სტრიქონისა და სიტყვის ცოდნა და გააზრება მნიშვნელოვანია. თამაშის ეშხით უფრო ყურადღებით ეკიდებიან მოცემულ სტრიქონებს და ერთმანეთსაც აგულიანებენ, რადგან იციან, გუნდური თამაში იქნება.

თამაშის ფორმა ასეთია:

I რაუნდი: ვიქტორინა– მოსწავლეების მიერ მოფიქრებულ კითხვებზე მოწინააღმდეგე გუნდმა უნდა გასცეს სწორი პასუხი;

II რაუნდი: ამოიცანი გამოტოვებული სიტყვა– ამზადებენ ფერად ბარათებს, რომლებზეც ამოწერენ თითოზე 1 ან 2 სტრიქონს, რომელშიც გამოტოვებული იქნება სიტყვა და მოწინააღმდეგე გუნდმა უნდა ამოიცნოს, აღადგინოს;

III რაუნდი: ,,ჩამოხრჩობანა“ – დაფაზე წერენ თვისებას, რომელიც, მათი აზრით, ახასიათებს მონაკვეთში აღწერილ რომელიმე პერსონაჟს. მოწინააღმდეგე გუნდმა უნდა გამოიცნოს ასოების დასახელებით.

IV გადამწყვეტი რაუნდი: ბლიცი – მასწავლებლის მიერ მომზადებულ კითხვებს 1 წუთის განმავლობაში უნდა გასცეს პასუხი გუნდიდან ერთ-ერთმა. ამ რაუნდის გამარჯვებული იქნება ის, ვინც უფრო მეტ კითხვას გასცემს სწორ პასუხს.

გუნდების რაოდენობა შეზღუდული არაა, არც სიმრავლე შეუშლის პროცესს ხელს, რადგან დავალებები წერილობით სრულდება და წრიულად გადადის. მაგალითად: I გუნდის დავალებებს II გუნდი აკეთებს,  II გუნდისას III გუნდი და ა.შ.

თამაშს წინ, ტექსტის შესწავლის გარდა, საკმაოდ საინტერესო მოსამზადებელი სამუშაო უძღვის. მოსწავლეებს ვავალებ, სახლში მოიფიქრონ 10-10 კითხვა, რომელთაგან 7 მაინც სააზროვნო იქნება, ანუ ღია პასუხს მოითხოვს, თუმცა პასუხი ტექსტშივე ან განმარტებებში უნდა იკითხებოდეს. ასეთი კითხვების შედგენა ადვილი არაა და მაღალ სააზროვნო უნარებს მოითხოვს. სკოლაში დაბრუნებულებს ვაჯგუფებ და იწყება თამაშის მოსამზადებელი გაკვეთილი:

ნაბიჯი I- სახლში მომზადებული კითხვები უნდა გააცნონ ერთმანეთს და 5 საუკეთესო ამოირჩიონ; რა თქმა უნდა, თავს არიდებენ მარტივ კითხვებს და სააზროვნო კითხვებს ირჩევენ.

ნაბიჯი II – დაამზადონ 3-3 ფერადი ბარათი სიტყვების გამოსაცნობად. ამ შემთხვევაში აუცილებელი მითითებაა, რომ იმ სტროფებით იხელმძღვანელონ, რომლებიც უმეტესობამ იცის ( რადგან უმეტეს შემთხვევაში თვითონ ირჩევენ ხოლმე, რომელი სტროფები უნდა ისწავლონ ზეპირად) ან ისეთი სტრიქონები შეარჩიონ, სადაც სიტყვის აღდგენა ლოგიკურადაც შეიძლება, ზეპირად სწავლის გარეშე;

ნაბიჯი III – მოიფიქრონ ერთი სიტყვა, რომელიც ,,ჩამოხრჩობანას“ თამაშისთვის გამოადგებათ. სიტყვა უნდა იყოს გრძელი და ძნელად გამოსაცნობი. თითოეული ნაბიჯი კონკრეტულ დროს გულისხმობს და ამ ყველაფერს 45 წუთი თავისუფლად ყოფნის. გაკვეთილის ბოლოს უკვე ყველა ჯგუფის მომზადებული მასალა ჩემს მაგიდაზე დევს.

მეორე 45 წუთი თამაშს ეთმობა. თითოეულ რაუნდს თავისი გარკვეული დრო აქვს, ვურიგებ უკვე მომზადებულ მასალებს და ტაიმერსაც ვრთავ. ჯგუფები ერთდროულად იწყებენ მუშაობას და დროში არიან შეზღუდული.

მათ მიერ მომზადებული მასალების ამოწურვის შემდეგ ბლიცის დროც დგება. ჯგუფი ირჩევს ლიდერს, რომელიც 1 წუთის განმავლობაში პასუხობს ჩემ მიერ წინასწარ მომზადებულ კითხვებს. კითხვები უნდა იყოს მოკლედ ფორმულირებული, მოკლე პასუხს უნდა მოითხოვდეს და, რაც მთავარია, არ უნდა განმეორდეს. გამარჯვებულია ის, ვინც ყველაზე მეტ კითხვას უპასუხებს 1 წუთის განმავლობაში. საბოლოოდ ყველა რაუნდის ქულა იკრიბება და ამით გამოვლინდება გამარჯვებული ჯგუფი. თამაშის დასრულების შემდეგ იმავე ან შემდეგ გაკვეთილზე აუცილებლად ვაანალიზებ, რა გამოუვიდათ ბავშვებს განსაკუთრებით კარგად და რა სისუსტეები გამოავლინეს, სად და რატომ დაუშვეს შეცდომები. ჩემი აზრით, განმსაზღვრელი შეფასება თამაშს გემოს უკარგავს, ამიტომ არ ვწერ ნიშნებს და მოსწავლეებსაც დასაწყისში ვეუბნები ამას.

 

 

ხშირად  დასმული კითხვები ბავშვებისგან

0

საკუთარ თავთან, არსებობასთან, სიკვდილ-სიცოცხლის თემასთან  დაკავშირებით ბავშვებს ხშირად უჩნდებათ კითხვები და როდესაც ისინი შეკითხვებით მოგვმართავენ, ჩვენგან ითხოვენ მეგზურობას დიდების სამყაროში. პატარებს დაუცხრომელი ინტერესი აქვთ შემეცნების და  სიახლეების გაგების  და ეს არა მარტო მათი სურვილი, არამედ მათი საგანმანათლებლო უფლებაცაა. მნიშვნელოვანია, მათ  მიიღონ პასუხები  მათთვის საინტერესო  საკითხებზე და დაიკმაყოფილონ ცნობისმოყვარეობა.

 

საიდან მოვედი?

 

თუ ვარსებობდი მანამდე?

 

ღმერთი სად ცხოვრობს? როგორია? თეთრი წვერი აქვს?

 

ჩიტი რომ მოკვდება, სამოთხეში მოხვდება?

 

რა ხდება სიკვდილის შემდეგ?

 

როგორ გავჩნდი?

 

ბავშვები როგორ ჩნდებიან?

 

ბოლო კითხვა უფრო ხშირად მეორდება ხოლმე. თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით უფრო გაბედულად და თამამად ვესაუბრებით შვილებს, შეკითხვა ისეთ ბუნებრივ რამეზე, როგორიც ადამიანის ამქვეყნად მოვლინებაა- გვაბნევს და   უკვე მერამდენედ გადავავადებთ ამ საკითხზე საუბარს, სხვა რამეზე გადავიტანთ ყურადღებას და შევეცდებით, დავიწყებას მიეცეს ეს თემა. ასეთ დროს ვფიქრობთ, რომ ნაადრევია 5 ან 7 წლის ბავშვისთვის ამის ახსნა და პასუხებისგანაც თავს ვიკავებთ. ვფიქრობთ, რომ ნაადრევია ჯერ ამაზე საუბარი, ამის დროც მოვა, როდესაც საჭირო სიტყვებს და წინადადებებს დავალაგებთ და სათქმელს აზრს მოვუყრით, მაგრამ ასეთი   დროის დადგომა აგვიანებს…

 

ხშირად დასმული კითხვების მთავარი ობიექტები  მშობლები ვართ  და როდესაც ბავშვები ამ კითხვით ჩვენთან მოდიან, ისინი  თავიანთ ნდობას გამოხატავენ ჩვენ მიმართ  და ჩვენგან გულწრფელ პასუხებს ელიან;  ჩვენ უნდა ვიყოთ ღია და მეგობრულები და შემწყნარებელი მათი კითხვების მიმართაც,  რადგან სხვა დროს ისინი  აღარ მოვლენ  ჩვენთან რაიმე გამოცდილების გასაზიარებლად და დამოუკიდებლად შეეცდებიან,  მიიღონ ინფორმაცია მათთვის სასურველ კითხვებზე.

 

მშობლებს გვაკისრია ვალდებულება ბავშვების  მიერ დასმულ შეკითხვებს ყურადღებით და გაგებით მოვეკიდოთ, ვესაუბროთ ოჯახურ გარემოში იმ საკითხების შესახებ, რაც მათ აინტერესებთ. საუბარიც ზედმეტია ისეთი ფრაზების გამეორებაზე, რომელიც ჩვენს ბავშვობაში ხშირად გვსმენია, როდესაც უფროსები თავს არიდებდნენ რეპროდუქციული განათლების  საკითხებზე საუბარს : “ბავშვები წეროს მოჰყავს”, ან “ კომბოსტოში გიპოვეს” და ა.შ.  ასეთი ფრაზები ჩვენს შვილებზე  აღარ ჭრის, მეტიც არასერიოზულია…  რა უნდა იყოს იმაზე დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი ბავშვისთვის, რომელიც ერთ დღეს აღმოაჩენს, რომ მშობლებმა მოატყუეს, იმის მაგივრად რომ ახლოს დაესვათ და მისი ასაკისთვის შესაფერისი ფორმით აეხსნათ მისთვის საინტერესო საკითხი, დაეკმაყოფილებინათ მისი ინტერესი.

 

ინტერნეტის და გუგლის ეპოქაში,  ბავშვების უმრავლესობას საკუთარ სმარტფონში შეუძლია მოიძიოს სხვადასხვა ინფორმაცია მისთვის მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ, მაგრამ ასევე არსებობს დიდი რისკი, მან რაღაც არასწორი ინფორმაციაც მიიღოს და  დამახინჯებული წარმოდგენა შეექმნას ამ საკითხზე. ხშირად, ბავშვები ნებსით თუ  უნებლიეთ ინტერნეტში გადააწყდებიან  პორნოგრაფიული შინაარსის შემცველ ვიდეო ან ფოტო მასალას და ექმნებათ არასწორი წარმოდგენები. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი შვილებთან მეგობრული საუბრები და იმ თემებისთვის ტაბუს ახსნა, რომელიც დღეს ასე სტიგმატიზებულია ჩვენს ოჯახებში თუ ჩვენს სკოლებში.

 

და, თუკი, ერთ დღესაც, საკუთარი შვილი შეთქმულის ღიმილით კიდევ ერთხელ გვკითხავს… ,, და, მაინც როგორ ჩნდებიან ბავშვები, ეს ვერ გავიგეო“ , ალბათ აჯობებს, ყველა საქმე გვერდზე გადავდოთ და მშვიდად და მეგობრულად ვესაუბროთ მისთვის საინტერესო თემაზე.

 

 

 

 

 

 

 

 

სამეცნიერო ფანტასტიკა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე

0

რამ შეიძლება გააერთიანოს ლიტერატურა, სამეცნიერო აღმოჩენები, წარმოსახვითი თუ დისტოპიური სამყარო, ენობრივი ექსპერიმენტები და სულისშემძვრელი თავგადასავალი? რასაკვირველია, სამეცნიერო ფანტასტიკამ. ლიტერატურის ეს ჟანრი განურჩევლად უყვართ გამოცდილ, ინტელექტუალურ მკითხველებსა და მათაც, ვისაც ცოტათი ეზარებათ წიგნის კითხვა.

წიგნიერების ხელშეწყობა და განვითარება, ყველა ტიპის მკითხველთან ურთიერთობას გულისხმობს, ეს განსაკუთრებით აუცილებელი და აქტუალური ხდება მაშინ, როცა  სკოლასა და მოსწავლეებს ვეხებით, სადაც სხვადასხვა უნარების განვითარება, წიგნის კითხვისა და ტექსტის გაგების ხელშეწყობა ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა.

ამიტომაც მგონია, რომ სამეცნიერო ფანტასტიკა, და, ზოგადად ჟანრული ლიტერატურა მასწავლებლის საუკეთესო დამხმარეა.

ქართველი ავტორების ფანტასტიკური ჟანრის წიგნები ალბათ ორ თაროზე მარტივად დაგვეტევა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში უკვე გვქონდა ქართული ფანტასტიკის რამდენიმე ნიმუში, როგორიცაა, ივანე ყიფიანის „ამონი ანუ ათასი წლის შემდეგ“ და ალექსანდრე აბაშელის „ქალი სარკეში“ , ჟანრი მაინც ვერ განვითარდა სათანადოდ, საბჭოთა პერიოდში დაწერილი ქართული ფანტასტიკა ერთგვარად ჰგავს ამავე დროის ფანტასტიურ ფილმებს, ანუ, ძირითადად, კაპიტალისტური მტრის კრიტიკისა და საბჭოთა პროპაგანდისთვის გამოიყენება. თუმცა, თუ პროპაგანდისტულ ნაწილს მოვაშორებთ, მშვენიერ სასწავლო რესურსად შეგვიძლია ვაქციოთ. ასეთია, მაგალითად   თამაზ ჭეიშვილის „სირიუსი ანუ იდუმალი სტუმარი“, რომლის პერსონაჟიც დროში მოგზაურობს , დავით აღმაშენებელს ხვდება და დიდგორის ბრძოლას ესწრება. ისტორიისა და ქართული ლიტერატურის ინტეგრირებული გაკვეთილისთვის შესანიშნავი ტექსტია, არ მეთანხმებით?

რამდენიმე საინტერესო ფანტასტიკური ტექსტი თანამედროვე ლიტერატურაშიც მოიძებნება, ნატო დავითაშვილს ჩვენი მოსწავლეები კარგად იცნობენ, როგორც ქართულ ფენტეზის, ლილე იროელის ქრონიკების ავტორს, თუმცა, მისი ახალი წიგნი „დაბრუნება, ადამიანები და სხვები“ ფანტასტიკის ჟანრისაა.  ამ კრებულის ერთ-ერთი მოთხრობა ავტორისა და წიგნის ურთიერთობაზე მოგვითხობს. „მის წინ შავწინწკლებიანი თეთრი პეპელა იჯდა. წამყვანმა ჰკითხა, სად და რატომ აპირებდა გამგზავრებას. პონტიადრემ უპასუხა, რომ გამომცემლობის „წიგნები აფრიკაში“ დაფინანსებით უცხო გალაქტიკების დათვალიერებას, იგივე ლიტერატურულ მივლინებაში გამგზავრებას აპირებს. შემდეგ ზოგადად ისაუბრა მწერლისთვის მოგზაურობის მნიშვნელობაზე, თუ როგორ ეხმარება მწერალს უცხო გარემო ერთი მხრივ, სტილის ჩამოყალიბებაში, და მეორე მხრივ, ამ სტილის ისეთ მეტამორფოზაში, რომ არც ძველი ხიბლი დაიკარგოს და მკითხველმა ახლის სურნელიც იგრძნოს. სწორედ ეს ახალი სურნელის მუდმივი ძიება და პოვნა აქცევს ამბების რიგით შემთხზველს ნამდვილ მწერლად.”

კიდევ ერთი განსაკუთრებული წიგნი, რომელიც შესანიშნავ მწერალს, თეა თოფურიას ეკუთვნის –  „ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე“ ერთდროულად ფანტასტიკის ჟანრის და, თანაც ძალიან რეალისტური წიგნია. თანდათან, კითხვისას ხვდები, რომ „სხვა პლანეტა“ სწორედ ჩვენ ვართ, არა მხოლოდ დედამიწა, არამედ უფრო კონკრეტულად, საქართველოც კი. წიგნიერებისა და ეკოლოგიის პრობლემები, ადამიანთა ურთიერთობები და უამრავი ჯადოსნური თავგადასავალი. „გრინკო ერთ რამეში მართალი იყო, ისინი სხვა პლანეტაზე იყვნენ. ეს პლანეტა დედამიწიდან არც კი მოჩანდა. სახელიც არ ერქვა. სახელი ხომ იმისთვისაა, რომ სხვამ დაგიძახოს, კარპასებს კი კარგა ხანს ეგონათ, მთელ სამყაროში მხოლოდ ჩვენ ვარსებობთო. მართალია, ბოლო ორი საუკუნე იყო, ასე აღარ ფიქრობდნენ, მაგრამ იხტიბარი მაინც არ გაიტეხეს და პლანეტას სახელი არ დაარქვეს. სამაგიეროდ, მეზობლები, იქვე, სხვა პლანეტებზე მცხოვრებლები, სრულიად მოურიდებლად ეძახდნენ „გაბრტყელებულ პლანეტას“.

იმ გალაქტიკას, რომელსაც ეს უსახელო, გაბრტყელებული პლანეტა ეკუთვნოდა, გრავიტაციის პრობლემა ჰქონდა. „გრავიტაცია“ უცხო სიტყვაა და როგორც ყველა უცხო სიტყვა, ესეც საკმაოდ რთულ რამეს ნიშნავს – პლანეტის მიზიდულობას. მაგალითად, დედამიწა ჩვენ გვიზიდავს და ამიტომ არ ვლივლივებთ ჰაერში, არც ჩვენი სახლები დაფრინავენ. მაგრამ იქ გრავიტაცია ძალიან სუსტი იყო, ამიტომ სხვადასხვა პლანეტიდან ხალხი ხშირად ცვიოდა და ქვევით მდებარე პლანეტაზე ეცემოდა.“ გაინტერესებთ რა ხდება ამ ბრტყელ პლანეტაზე?  წაიკითხეთ და წააკითხეთ თქვენს მოსწავლეებს, თან საინტერესო გაკვეთილებიც დაგეგმეთ.

 

ვიქტორინის გამოყენება სასწავლო პროცესში

0

წიგნი ,,ჯადოქრის ქუდი’’ ტუვე იანსონს ეკუთვნის, რომელიც ილუსტრაციებითა და სათავგადასავლო ამბებითაა სავსე. თუ თქვენ გადაფურცლავთ მის გვერდებს, შეიტყობთ ძალზედ უცნაურსა და ამავდროულად საინტერესო ამბებს მუმინების ხეობის შესახებ, სადაც ყოველი დღე თავგადასავალია! დიახ, თავგადასავალი, რადგან შესაძლებელია მუმინტროლი მოულოდნელად ღრუბლად გადაიქცეს ან თუნდაც საფრთხობელად! ერთ დღეს აღმოაჩინოს რომ უკაცრიელ კუნძულზეა და ეს ყველაფერი ერთი ჯადოქრის ქუდის დამსახურებაა, რომელიც მუმინტროლმა, სნუსმუმრიკმა და სნიფმა იპოვეს. კითხვის დროს ალბათ ფიქრობდით, რა რთული სახელები აქვთ მუმინების ხეობის მცხოვრებლებს, მაგრამ აქვე გიპასუხებთ, რომ ეს სახელები და მათი უცნაური ამბები ძალიან მოსწონთ ბავშვებს.

წლის განმავლობაში წაკითხულ წიგნებთა რიცხვს, ზაფხულში საკითხავიც მივუმატეთ. ხმათა უმრავლესობით ტუვე იანსონის ,,ჯადოქრის ქუდმა“ გაიმარჯვა. მოსწავლეები რომ წიგნის საკითხავად განმეწყო, გადავწყვიტე, მათთვის შემეთავაზებინა ვიქტორინა. მოსწავლეებს ვუთხარი, რომ ზაფხულის არდადეგების შემდეგ წაკითხული წიგნის განხილვის ერთ-ერთი ფორმა ვიქტორინა იქნებოდა. ასეც  მოვიქეცით.

ვიქტორინის ფორმატი იყო შემდეგი:

  • Power Point-ში ავაწყვე ვიქტორინა, რომელიც შედგებოდა კითხვებისა და სავარაუდო პასუხებისგან. კითხვები იყო როგორც დეტალური, ასევე ზოგადი ხასიათის;
  • შევადგინე ვიქტორინის შეფასების რუბრიკა, რომელიც გავაცანი მოსწავლეებს;
  • შევარჩიე ჟიურის წევრები შეფასების რუბრიკის გამოსაყენებლად;
  • მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად;
  • პროექტორის საშუალების მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, წაეკითხათ და ასევე ჩემგან მოესმინათ შეკითხვები. მათ მიერ გაცემულ პასუხებს ჟიურის წევრები აფასებდნენ შეფასების რუბრიკის მიხედვით.

ვიქტორინის განმავლობაში მოსწავლეებმა მოახდინეს წაკითხული ტექსტის ანალიზი. გაიხსენეს ზაფხულში წაკითხული წიგნი, მოახდინეს მიღებული ცოდნის ტრანსფერი. კითხვების გარკვეული ნაწილი ისეთ დეტალებს ეხებოდა, რომლებზე სწორი პასუხიც მაძლევდა იმის საშუალებას, შემეფასებინა, რამდენად გააზრებულად ჰქონდათ მოსწავლეებს წიგნი წაკითხული.

ვიქტორინამ მომცა იმის საშუალება, რომ კითხვის პროცესი მოსწავლეთათვის უფრო საინტერესო გამეხადა, აგრეთვე წიგნის შეჯამების ერთ-ერთი ფორმა მათთვის განსხვავებული და საინტერესო ყოფილიყო.

 

ვიქტორინა სხვადასხვა საგანში

აუცილებელი არ არის სემესტრის ან წლის ბოლოს ჩავატაროთ ზეიმი, რომელიც ზოგიერთ მოსწავლეს მაინცდამაინც არ უყვარს. შეგვიძლია სემესტრი შევაჯამოთ არა სპექტაკლების დადგმითა და ლექსების წარმოთქმით, არამედ შეძენილი ცოდნის დემონსტრირებით.

აქედან გამომდინარე ვიყენებ შემაჯამებელ ვიქტორინას, რომელიც შედგება რამდენიმე საგნისგან. ეს არის ქართული, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება – საგნები რომლებსაც ვასწავლი, თუმცა შეგვიძლია ჩავრთოთ სხვა საგნის მასწავლებლებიც, თუ მათ ამის სურვილი ექნებათ.

  • თითოეულ საგანში დგება სამი კატეგორიის კითხვებს. მარტივს, საშუალოსა და ძლიერს;
  • ვიქტორინას ვყოფ სამ ნაწილად. პირველი, მეორე და მესამე ტური;
  • ჯგუფებს ვაკომპლექტებ ისე, რომ თითოეულს თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს. (ანუ ყველა ჯგუფშია საშუალო და მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები);
  • თითოეულ ტურში, თითო საგანში მოცემულია ათი შეკითხვა. მოსწავლეების შეფასება ხდება წინასწარ შედგენილი შეფასების რუბრიკით, რომელიც ჟიურის წევრებს სწორ პასუხებთან ერთად აქვთ;
  • თითოეული შეკითხვა ფასდება სხვადასხვა ქულით, რაც კითხვასთან ერთად გამოდის მონიტორზე;
  • მოსწავლეები წერენ სწორ პასუხს, რომელსაც ისინი დანიშნულ დროში (2 წთ.) პასუხობენ და მიაქვთ ჟიურის წევრებთან;
  • თითოეული ტურის შემდეგ ჟიური აცხადებს გუნდების მიერ დაგროვილ ქულებს;
  • საბოლოოდ გამოვლინდება ერთი გუნდი, რომელიც ყველაზე მეტ ქულას, ანუ სწორ პასუხს დააგროვებს.

მოსწავლეებისთვის ვიქტორინა არის ერთ-ერთი მოტივაცია, რომელიც მათ ნასწავლი ცოდნის გამეორებასა და გახსენებას უწყობს ხელს.

ჩემთვის ვიქტორინა არის ერთ-ერთი იმ აქტივობათაგანი, რომელიც ყველაზე კარგად მეხმარება შესწავლილი მასალის გამოვლენა, გახსენებასა თუ გამოყენებაში.

პრობლემების ყუთი

0

2019-2020 სასწავლო წლიდან ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის VII კლასში, ახალი საგნის – „მოქალაქეობა“- სწავლება დაიწყო. აქამდე სამოქალაქო განათლება მხოლოდ IX-X კლასებს მოიცავდა. ვფიქრობ, საგანი იმსახურებს სათანადო ყურადღებას და გადავწყვიტე მოსწავლეებშიც თავიდანვე აღმეძრა ინტერესი. ამის გაკეთება არ არის მარტივი. საბოლოოდ პრობლემების ყუთს მივანიჭე უპირატესობა. ამ სტატიაში, მოქალაქეობის მასწავლებლებს, მინდა გავუზიარო კონკრეტული აქტივობა, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი სტანდარტით დასახული ამოცანებისა და მიზნების შესრულებას უწყობს ხელს.

საგნის – „მოქალაქეობა“ – ფარგლებში მოსწავლე ახლოს გაეცნობა საზოგადოებას, რომელშიც ცხოვრობს; შეისწავლის ლოკალურ, სახელმწიფოებრივ და გლობალურ დონეზე მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებს. დამეთანხმებით, XXI საუკუნე უსაზღვრო შესაძლებლობების ხანაა, ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აქტიური მოქალაქისთვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევების გამომუშავების ადრეული ასაკიდან დაწყება.

მოქალაქეობის საგნობრივი სტანდარტის მიხედვით სწავლა-სწავლება მიზნად ისახავს:

  • დაეხმაროს მოსწავლეს საკუთარი თავის საზოგადოების სრულუფლებიან წევრად აღქმაში;
  • გაუღვიძოს საკუთარი ქვეყნისადმი მზრუნველობის სურვილი;
  • ასწავლოს სამოქალაქო მონაწილეობის ფორმები; გააცნობიერებინოს, რომ მას შეუძლია და მართებს საკუთარ ქვეყანაში (თემში/მუნიციპალიტეტში/სახელმწიფოში) პოზიტიური ცვლილებების განხორციელება;
  • გამოუმუშავოს მოქალაქისთვის საჭირო უნარ-ჩვევები (თანამშრომლობის, კონფლიქტის მართვის, სამეწარმეო და ფინანსური) და ღირებულებები/დამოკიდებულებები (ადამიანის უფლებების, განსხვავებული აზრის პატივისცემა, ტოლერანტობა);
  • დაეხმაროს კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის პრინციპების გათავისებაში;
  • ჩამოუყალიბოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის კულტურა.

საბაზო საფეხურის საგნობრივი სტანდარტი შემაჯამებელი სამოშაოების ფართო არჩევანს გვთავაზობს. მათ შორის, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პროექტების შემუშავებასა და მათ განხორციელებას. ყუთის იდეა სწორედ პრობლემის დანახვისა და მისი მოგვარებისკენ უბიძგებს მოსწავლეებს. ამავდროულად მე, როგორც პრაქტიკოს მასწავლებელს მომცა საშუალება პირველივე გაკვეთილზე დამეწყო მე-7 კლასის მოსწავლეებთან პროექტების მიმართულებით მუშაობა.

I ნაბიჯი

მე-7 კლასის მოსწავლეებს საგნის პროგრამისა და მიზნების გაცნობის შემდეგ, ვთხოვე  გადაეხედათ პირველი კარის/თავის შინაარსისთვის და  მოენიშნათ აქტუალური, პრობლემური საკითხები/თემები. შემდეგ გაკვეთილზე საკლასო ოთახის ცენტრში დახვდათ „პრობლემების ყუთი“, რომელშიც მოათავსეს პრობლემები.

 

II ნაბიჯი

საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ გავხსენი ყუთი და დავიწყე შემოსული საკითხების დახარისხება კატეგორიების მიხედვით (გარემოსდაცვთი/ეკოლოგიური, საყოფაცხოვრებო, სოციალური, უფლებები და ა.შ.).

აღმოჩნდა, რომ ჩვენი მოსწავლეები, ხშირ შემთხვევაში, იმაზე კარგად ამჩნევენ თემში არსებულ პრობლემებს, ვიდრე ჩვენ. მათ არ მოსწონთ მარნეულში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკი,  სიხშირე და აპროტესტებენ კიდეც აღნიშნულს. დაბინძურებული სადარბაზოები და ეზოები, ქუჩაში უპატრონო ცხოველები და ა.შ.  მათთვის ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. რამდენიმე მოსწავლემ ყურადღება გარე განათების არარსებობაზე გაამახვილა.

11-12 წლის ბავშვები აქტიურ მოქალაქებად რომ ვაქციოთ, დიდი შრომაა საჭირო. პრობლემების დანახვა ერთია და მათი მოგვარება მეორე. ამიტომ სასურველია, მათ კარგად გაიაზრონ მონაწილეობის უფლება და ადვოკატირების ინსტრუმენტები.

შესაბამისად, შემდგომი ნაბიჯები იქნება ადვოკატირების ინსტრუმენტების საშუალებების გაცნობა და თემში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ეფექტური კამპანიის ერთობლივად დაგეგმვა. კამპანია ორიენტირებული იქნება თემში არსებული პრობლემის მოგვარებაზე/გადაჭრაზე ან უფლებამოსილი პირების დაინტერესებაზე.

 

დეფორმაცია. დრეკადობის ძალა

0

წინა სტატიებში რამდენჯერმე ვახსენეთ სხეულის დეფორმაციისას აღძრული ძალა და მას დრეკადობის ძალა ვუწოდეთ. ისიც ვთქვით – ამ ძალას უფრო ახლოს მომავალში გავეცნობითო. ახლა სწორედ ამ ძალაზე უნდა ვისაუბროთ. რას ნიშნავს დეფორმაცია? დეფორმაცია არის რაიმე ძალის გავლენით სხეულის ფორმის ან მოცულობის შეცვლა. უფრო ზუსტად კი დეფორმაცია სხეულის ის მდგომარეობაა, როცა მისი სხვადასხვა ნაწილი სხვადასხვანაირად მოძრაობს. (სურ.1).

სურ.1

1-ელ სურათზე თითი   ძალით მოქმედებს ღრუბლის შუა ნაწილზე და შედეგად ეს უბანი წაინაცვლებს ღრუბლის დანარჩენი ნაწილების მიმართ S მანძილზე.

ასეთ მდგომარეობაში მყოფ სხეულს  დეფორმირებული ეწოდება. დეფორმირებულ მდგომარეობაში სხეული სულაც არ იმყოფება მისთვის ბუნებრივ, წონასწორობის მდგომარეობაში. ის თითქოს ამ დროს „შეშფოთებულია“ და ცდილობს დაუბრუნდეს საწყის მდგომარეობას, სადაც  გაცილებით  „მშვიდად“ გრძნობს თავს. შესაბამისად, დეფორმირებულ ღრუბელში აღიძვრება დრეკადობის ძალა, რომელიც მოქმედებს თითზე და აწვება მას. თითის მოცილების შემდეგ ღრუბელი უბრუნდება საწყის მდგომარეობას, იბრუნებს ფორმას და დრეკადობის ძალაც ისპობა.

ჩვენს მიერ განხილული მაგალითი წარმოადგენს დრეკადი დეფორმაციის შემთხვევას. დრეკადია დეფორმაცია, თუ დეფორმაციის გამომწვევი ძალის მოქმედების შეწყვეტის შემდეგ დეფორმირებული სხეული აღიდგენს ფორმასა და მოცულობას. ასეთ სხეულს კი დრეკადი სხეული ეწოდება.

არსებობს პლასტიკური სხეულიც. ეს ისეთი სხეულია, რომელიც დეფორმაციის გამომწვევი ძალის მოხსნის შემდეგ ფორმას ვეღარ აღიდგენს. მაგალითად, სველი თიხა, პლასტელინის ნაჭერი, ტყვია და ა. შ.

სურ.2

ცხადია, სხეულების ასეთი დაყოფა პირობითია და  აქ გათვალისწინებულია ის ფაქტორი, თუ როგორ იქცევა სხეული ერთი და იმავე გარე ძალის მოქმედების შედეგად –  როგორც დრეკადი თუ როგორც პლასტიკური?

არსებობს ნივთიერებათა კლასი, რომელიც მცირე დეფორმაციის დროს ირღვევა, იმსხვრევა. ასეთ ნივთიერებებს მყიფე ეწოდება. მყიფე სხეულია  მინა, ფაიფური, თუჯი, მარმარილო და ა.შ.

მე-3 სურათზე წარმოდგენილია ტვირთი, რომელიც ღუნავს საყრდენს. ესე იგი, სურათზე საყრდენის დეფორმაცია ღუნვითია.

სურ.3.

თუმცა სხეული შეიძლება განიცდიდეს სხვა სახის დეფორმაციასაც. გარე ძალის მოქმედებით სხეული შეიძლება დაიგრიხოს, გაიჭიმოს, შეიკუმშოს და ა.შ. ამ თვალსაზრისით არსებობს დეფორმაციის შემდეგი სახეები: კუმშვის, ჭიმვის, ძვრის, ღუნვის და გრეხვის (სურ.4).

 

სურ.4

 

 

 

 

ახლა გადავიდეთ დრეკადობის ძალის მათემატიკურად შესწავლაზე. ამ მიზნით თვალსაჩინოებისათვის გამოვიყენოთ ზამბარა (სურ.5).

სურ. 5

მათემატიკურ შესწავლაში ვგულისხმობ დრეკადობის ძალის სხვადასხვა ფიზიკურ სიდიდეზე მათემატიკური დამოკიდებულების დადგენას. ფიზიკა ექსპერიმენტული მეცნიერებაა და შესაბამისად, ამა თუ იმ კანონზომიერების დადგენა უნდა ეფუძნებოდეს  შესაბამისი ექსპერიმენტის შედეგებს. მოცემულ შემთხვევაშიც უნდა გამოვიყენოთ ექსპერიმენტი.  მე-5 სურათზე ზამბარის ერთი ბოლო დამაგრებულია საყრდენზე, ხოლო მეორე ბოლო თავისუფალია. წონასწორობაში მყოფი ზამბარის სიგრძე l0ია. ზამბარაზე იმოქმედეს გარე ძალით და გაჭიმეს. ზამბარა დაგრძელდა x-ით (წანაცვლება, დეფორმაციის სიდიდე) და მისი  სიგრძე გახდა l. დეფორმირებულ ზამბარაში აღიძვრება დრეკადობის ძალა Fდრ, რომელიც მიმართულია x-ის საპირისპიროდ. გაზომვით დგინდება, რომ რამდენჯერაც გაიზრდება x, იმდენჯერ გაიზრდება დრეკადობის ძალის სიდიდე. ესე იგი, დრეკადობის ძალის სიდიდე პირდაპირპროპორციულად არის დამოკიდებული წანაცვლებაზე (x-ზე).

 

დრეკადობის ძალის შესწავლაში დიდი წვლილი შეიტანა ინგლისელმა მეცნიერმა რობერტ ჰუკმა. 1670 წელს სწორედ მან დაადგინა (2) კანონზომიერება და მას ჰუკის კანონი დაერქვა: სხეულის (ზამბარის) გაჭიმვისას ან შეკუმშვისას აღძრული დრეკადობის ძალის სიდიდე პირდაპირპროპორციულია წანაცვლებისა (x-ის) და მიმართულია მის საპირისპიროდ.

გასათვალისწინებელია, რომ ჰუკის კანონი პლასტიკური სხეულებისთვის არ სრულდება. იგი მართებულია მხოლოდ დრეკადი სხეულებისათვის.

ამგვარად, ამ სტატიაში გავეცანით დეფორმაციის მოვლენას და დრეკადი დეფორმაციისას  აღძრულ დრეკადობის ძალას.

 

 

ლიტერატურა

  1. გიორგი გედენიძე, ეთერ ლაზარაშვილი, ფიზიკა VII კლასი. 2001 წ;
  2. ელენე სურგულაძე. მანანა კასრაძე. ფიზიკა VII კლასი. 2003 წ;
  3. ა. პერიშკინი, ნ. როდინა. ფიზიკა VII კლასი. 1989 წ ;
  4. ილუსტრაციები აღებულია ვებ-გვერდიდან:

https://www.linearmotiontips.com/mechanical-properties-of-materials-stress-and-strain/.

 

 

 

 

 

„ხელოვნური სამოთხის“  ლიტერატურული ანატომია  

0

თანამედროვე გერმანელი მწერლის, იული ცეს რომანი „არწივი და ანგელოზი“ წარმოსახვაში დანტესეული ჯოჯოხეთის სანახებს წამოატივტივებს. რომანის მისტიკურ-ალეგორიული სახელწოდება მკითხველს თავიდანვე განაწყობს სიმბოლურ სახეთა გააზრება-გაშიფვრისაკენ, თუმცა მოლოდინი სულ სხვაგვარად იხსნება. მწერალი რომანში ნარკოტიკებით გამოფიტულ, დაშლილ-განადგურებულ ადამიანებს გვიხატავს, ხოლო ნარკობიზნესს წარმოაჩენს, როგორც კოსმოსური მასშტაბის ობობას, რომელსაც თავის ქსელში მთელი ქვეყნიერება მსხვერპლივით მოუქცევია, შხამავს და უკანასკნელ მაცოცხლებელ სისხლის წვეთებს წოვს.

იული ცეს ევროპაში  სახელგანთქმულ რომანს, ლიტერატურული პრემიებით აღიარებულს, (გერმანიაში 2001წ. გამოიცა), ახლა ქართველი მკითხველიც გაეცნო მაია მირიანაშვილის თარგმანით.  იული ცეს ამ რომანში პოსტმოდერნისტული ესთეტიკითა და მხატვრული ხერხებით წარმოჩენილია ნარკომანთა სულიერ-ზნეობრივი ცხოვრება. ადამიანთა დაშლილი და დასნეულებული სული შიგნიდან არის დანახული და ხელის გულზე გადმოშლილი. რომანის მთხრობელი თვითონ მთავარი გმირია, რომელიც ფრაგმენტულად იხსენებს თავის ცხოვრებას. კოკაინისაგან გაბრუებული მისი ცნობიერება სამყაროსაც  დაშლილს და გაუცხოებულს წარმოაჩენს. მისი ლოგიკა აბსურდულია და ხშირად მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს მოკლებული. ასე რომ, მკითხველი მთხრობელთან ერთად ქანაობს წარსულსა და აწმყოში, რეალობასა და ირეალობაში. რომანში არა მხოლოდ დროული, არამედ სივრცობრივი კონტურებიც წაშლილია, რათა მთელი სამყარო რაღაც ზედროული და ზესივრცული პერსპექტივით დაიხატოს. მიუხედავად რომანის მხატვრული სისტემის ასეთი გარეგანი ქაოსისა, მწერლის ოსტატობის წყალობით, ნელ-ნელა, თხრობისას გამოიკვეთება ფაბულა და სიუჟეტი, დეტექტიური დაძაბულობით აღსავსე  მინიშნებებითა და გადახვევებით. მთავარი გმირისთვის მწერალი ერთგვარ შიზოფრენიულ დისკურსს ირჩევს, ამგვარად უფრო დამაჯერებელს ხდის მის სულიერ გაუწონასწორებულობას და გულწრფელად გვაჯერებს მისი ნაამბობის რეალურობაში. ამგვარმა დისკურსმა ფოლკნერის „ხმაური და მძვინვარების“ გმირის, ბენჯის მიერ აღქმულ-დანახულ-გადმოცემული ამბები გაგვახსენა. იმის მონაყოლშიც ხომ ასე დანაწევრებულად ჩანდა სამყარო, თუმცა არა ნაკლებ ღრმად და მრავალფეროვნად, ვიდრე სრულიად ჯანმრთელის ნაამბობში. იული ცე გვიხატავს, როგორ იქცევა „ღვთის ხატად და მსგავსებად“ შექმნილი ადამიანი ეშმაკის მსხვერპლად, კარგავს სიკეთისა და ბოროტების გარჩევის უნარს, თავისუფალ ნებას და სათამაშოდ იქცევა.

რომანის მთავარი გმირი, მაქს მაქსიმილანი, ბავშვობიდანვე მოექცა იმგვარ გარემოში, რომელმაც იგი ნარკომანად აქცია. მისი უახლოესი მეგობრები ნარკომაფიასთან უშუალოდ დაკავშირებულნი იყვნენ. ჯესის მამა ჰერბერტი ბალკანეთში იკვლევდა ნარკოგზებს, შვილები და მათი მეგობრებიც ამ საქმეში ჰყავდა ჩართული. მაქსმა ცხოვრებაში მიაღწია იმას, რომ ერთ ცნობილ იურიდიულ ფირმაში სამართლის ექსპერტად დაიწყო მუშაობა. რომანის ზომიერად ჩახლართული სიუჟეტი მკითხველის ყურადღებას მთლიანად იპყრობს, რადგან იქმნება ინტრიგა და მოლოდინი: ბოლოს და ბოლოს ვინ არიან ეს ადამიანები: მაქსი, ჯესი, სერჟი, როსი, რუფუსი, ჰერბერტი? რადგან რომანში  გმირის მიერ სინამდვილე ისე დანაწევრებულად არის გადმოცემული, რომ წაშლილია ზღვარი სინამდვილესა და წარმოსახულს შორის.

რომანის გმირი თავის თავგადასავალს უყვება ახალგაზრდა სტუდენტ ფსიქოლოგს, კლარას (იმავე, ლიზა მიულერს), რომელიც ნარკომანის ჩანაწერების მიხედვით სადიპლომო შრომასა წერს, თან რადიოგადაცემა მიჰყავს: „უიმედოთათვის, ნიჰილისტებისთვის, მარტოსულებისთვის, ატომის მკვლევრებისთვის, დიქტატორებისთვის და უბრალოდ, ქუჩის უსაქმურებისთვის“. კლარა კასეტებზე იწერს მაქსის თავგადასავალს და ამასობაში მისი ცხოვრების თანამონაწილე ხდება, თვითონაც კოკაინით ბრუვდება. ამან იმ მარტვილთა ქცევა გაგვახსენა, კეთროვანებს რომ უვლიდნენ, გვერდით უწვებოდნენ და სითბოს უნაწილებდნენ. როგორც გაირკვევა, კლარამაც არ იცის, რომ ეს საქმეც დიდი დაკვეთისა და ობობას ხლართის ნაწილია. დამკვეთები კი ყოვლისშემძლე, მსოფლიო მასშტაბის, უმაღლესი დონის ორგანიზაციებში (მათ შორის, გაერო-ში) მოკალათებული ბოსები არიან. მწერლისაგან ამგვარი მინიშნებები მის სითამამეზე მეტყველებს. თვითონ პროფესიით იურისტია და ეტყობა, კარგად არის ჩახედული ამ საქმეებში. რომანში ვენაში საადვოკატო ფირმის ამერიკელი ხელმძღვანელი რუფუსი მაქსს ეუბნება, ჩვენ კეთილშობილური მიზნებისთვის ვიღვწით, ახალი მსოფლიო ომის თავიდან ასაცილებლად განიარაღების პროექტებზე ვმუშაობთ. გაერთიანებული ერების გარეშე ამ მოლაპარაკებათა გარეშე მსოფლიო ვერ გაძლებდაო. თანაც, ამ საქმეებს ტვირთად მიიჩნევს, რომელსაც ღირსეულად ეზიდება. მაქსი კი აღმოაჩენს, რომ ეს „ღირსეული ტვირთი“ ნარკობიზნესია და მეტი არაფერი. იგი ათასნაირ დოკუმენტზე მუშაობდა, მათ შორის, ევროპისა და აღმოსავლეთის განვითარების საითხებზე. არ იცოდა, რომ ეს ისევ და ისევ ნარკოტიკებით  საქმეში ახალი გზის შექმნას ემსახურებოდა. როცა მიხვდა, გვიან იყო, ის უბრალო მარიონეტად ქცეულიყო სხვათა ხელში. ეჭვი კი ნელ-ნელა გაჩნდა და გაღრმავდა. როდესაც შეფს გაუმხილა სამსახურს თავს ვანებებ, ნარკომანი ვარო, მან უპასუხა, ყველა იურისტი ნარკომანიაო. უფრო მეტიც: „ჩვენთან მომუშავეთა თითქმის ასი პროცენტი ნარკოტიკს იღებსო“. გამოდის, რომ, ე.წ. მშვიდობისმყოფელნი, მსოფლიოში ახალ გზებს კვალავენ ნარკობიზნესისთვის. რომანის ერთ-ერთი გმირი ამბობს, რომ მათ ნარკობიზნესისთვის ყველაფერი აქვთ: საინფორმაციო საშუალებები, მისამართთა სიები, სერვერები, საბანკო კავშირები, თუმცა მათ ეს უმნიშვნელოდ ეჩვენებათ, რადგან საჭიროა გაფართოვდეს ნარკოტიკთა გადატანის გზები, უნდა შეიქმნას შუალედური რგოლები,  საზღვარზე უნდა იცოდნენ, რას ატარებენ, აგრეთვე, პარტნიორები უნდა ჰყავდეთ მნიშვნელოვან პოზიციებზე. გამაოგნებელი კი ის არის, რომ ყოველივე ეს ხდებოდა და ხდება აღმოსავლეთის განვითარებისა და ახალი თავისუფლების მოქმედების ზონაში. თანაც, ამისთვის თანხებს იღებენ აღმოსავლეთის განვითარების საერთაშორისო დაცვის ფონდიდან. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ამაზრზენ პაროდიად აღიქმება ერთ-ერთი დოკუმენტის ბლანკზე გამოსახული ემბლემა – დაფნის გვირგვინით შემკული მსოფლიო რუკა.

მაქსიც აღმოსავლეთის განვითარების ექსპერტია და გაერთიანებული ევროპის ინსტიტუციონალურ რეფორმაზე მუშაობს. მისი ცხოვრება კი ნელ-ნელა ჭაობს ემსგავსება. თავს კი ისე განიცდის, როგორც ქიმიურ ელემენტებად დაშლილს. საგულისხმოა, რომ გმირის წარმოსახვაში სამყარო დეფორმირდება და თითქოს სილამაზე  ქრება. ბუნება ისევე მახინჯდება, როგორც სული, ამიტომაც არის, რომ „მთვარეც დაფლეთილია“ და ცაზე ცუდის მომასწავებლად არის მიწებებული. ყველგან სიცარიელეა. გმირი განმარტოვდება ყველასგან და საკუთარი თავისგანაც გაუცხოვდება. მაქსი, ჯესი, სერჟი – ესენი აღმოჩნდნენ ბედისგან დაწყევლილნი, ნარკომაფიის ქსელში გახლართულნი. მათი სიმბოლო რომანში ასე გამოიკვეთება – ობობას ქსელში გახლართულ უმწეო ჭიამაიები. საგულისხმოა, რომ თვითონ მაქსიც ცდილობს, ჩასწვდეს თავისი დასნეულებული სულის ხლართებს. იგი თავს აღიქვამს ჭურჭლად, რომელშიც უამრავი მატლი დაფუთფუთებს. მისთვის ყველაფერს დაუკარგავს აზრი, სამსახურსაც, ფულის შოვნის სურვილსაც და ნორმალურად ცხოვრებასაც. მაინც რა იქცა მის ცხოვრებაში ათვლის წერტილად, როდესაც დაიწყო არა გარეთ, არამედ საკუთარ არსებაში ყურება და ჩხრეკა? ეს იყო უმწეო, უსუსური ნარკომანი ახალგაზრდის, ჯესის, მისი ბავშვობის დროინდელი მეგობრის თვითმკვლელობა. მაქსი ჯესის ბოლო დროს უვლიდა და მფარველობდა, თითქოს ამგვარად ცხოვრების ერთგვარი საყრდენი თუ მიზანი მოიპოვა. რაღაც ანგელოზურმა გაიღვიძა მასში, მაგრამ ყველაფერი ერთ დღეს დამთავრდა. ტრაგედიამ გმირი სასოწარკვეთილებაში ჩააგდო, მაგრამ, იმავდროულად, დააწყებინა ფიქრი ამ თვითმკვლელობაში საკუთარ დანაშაულზე. ამ ფიქრმა კი, მტანჯველმა და ჯოჯოხეთურმა, ის საბოლოო გამოღვიძებამდე მიიყვანა. ერთბაშად გაუჩნდა იმ სიყალბისაგან  გაღწევის სურვილი, რომელშიც აქამდე ცხოვრობდა.

რომანში დიდი ფსიქოლოგიური სიღრმით არის წარმოჩენილი ადამიანთა სულიერი ცხოვრების უფაქიზესი ნიუანსები. მწერალი ხატავს, როგორ იქცა მაქსის ცხოვრება მექანიკური მოძრაობების ერთობლიობად, რომელთაგან უმთავრესად იქცა კოკაინის მიღება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამყარომ ფერი, სუნი და სტრუქტურა შეიცვალა. გმირი იმდენად ჩაეფლო შინაგან სიცარიელესა და სიბნელეში, რომ ნატრობს, სულ ღამე იყოს. სიბნელეში უკეთ გრძნობს თავს, ან კიდევ სურს, რომ დღეში მხოლოდ ხუთი წუთი ეღვიძოს, დანარჩენი კი ეძინოს.

რომანის პერსონაჟები თავს დაკარგულებად მიიჩნევენ, „როგორც ფრინველები გადაფრენისას, რომელთაც გეზი დაკარგეს და აღარ იცოდნენ, საით იყო სამხრეთი“. ზოგი ადამიანებსაც კი ვეღარ აღიქვამს, ირგვლივ მხოლოდ ვეფხვებს, ყვითელსა და თეთრ ლომებს ხედავს. ე.ი. ხედავს ადამიანთა დაბინძურებულ, გაველურებულ, გამხეცებულ სულებს. რომანში წარმოჩენილია, რომ თითქმის მთელი ევროპა ნარკობიზნესის გზებითაა დასერილი. ამ გზებზე დახეტიალობენ პერსონაჟები, მშვიდსა თუ ცხელ წერტილებში და  „სიკვდილს“ დაატარებენ თავისთვისაც და სხვებისთვისაც. რომანი ნოველებად არის დაყოფილი, რაც მწერალს შესაძლებლობას აძლევს, ცალკეულ ფრაგმენტებს დამოუკიდებლობა მიანიჭოს და გმირის ცხოვრების ცალკეული დეტალები დასრულებულ სურათებად წარმოგვიდგინოს. მწერალს ევროპა და მთელი სამყარო დაწყლულებად წარმოუდგება, რადგან უამრავი ნარკომანია. მწერალი ამ დამღუპველ მოვლენას კი არ აფასებს, ადამიანებს კი არ განსჯის ან იბრალებს, არამედ უბრალოდ ხატავს მათ სულს. რომანის მთავარი გმირის აზრით, ევროპის დიდი ნაწილი ნარკოტიკებით არის განადგურებული, „ცოცხლად  დარჩენილნი კი წაბილწულნი და აზროვნებადაკარგულნი არიან”.

ჯესის, რომანის ავადმყოფი, ყველაზე უსუსური გმირის, ცნობიერებაში საკუთარი სიცოცხლე, ნარკოტიკებისაგან განადგურებული, ზღაპრული სახეებით იბურება. „პატარაობაში, – ჰყვება ის, – ძალიან ცუდად ვიყავი. ერთმა დიდმა არწივმა რაღაც დიდ სახლში მიმიყვანა, სადაც მოტაცებულ ბავშვებს აგროვებდა. იქ ვიჯექი ფანჯარასთან. ამინდსა და წელიწადის დროებს ვაკვირდებოდი. ზაფხული მეჯავრებოდა. ამდენი ხმაური და ფერი თავს მატკიებდა. ქვემოთ ერთი ასკილის ბუჩქი იდგა. მზის მსგავსი ყვავილები ჰქონდა. ყვავილების ყვითელი ფერი თავისკენ მიმიხმობდა. ზარის წკრიალის მსგავსი ხმა ჰქონდა“. ჯესის ცნობიერებაში ასე ტრანსფორმირდა არწივად საკუთრი მშობელი თუ მთელი სამყარო, რომელმაც იგი ლოკოკინების, თეთრი მგლებისა და ვეფხვების გარემოში ჩაკეტა. ჯესიმ რეალურ გარემოს სწორედ ეს ზღაპრული სამყარო დაუპირისპირა, რათა დაევიწყებინა ის საშინელი ფაქტები, რაც ენახა და განეცადა. ბალკანეთში მის თვალწინ ერთ ტყვე ქალს ყურები დააჭრეს და მერე დახვრიტეს, თვითონ იღებდა მონაწილეობას საქმეში, რაც ლტოლვილებისთვის ნარკოტიკების გადამტანებად გამოყენებას გულისხმობდა. (ლტოლვილებს ნარკოტიკიან პარკებს აყლაპებდნენ). ჯესიმ იცის, რას საქმიანობენ მისი ახლობლები და ეს არის მისთვის ჯოჯოხეთი. მას აწუხებენ „ანგელოზების ენები”, რომლებიც წვიმას მიწაზე ჩამოაქვს. ეს „ენები” ამხელენ იმ სისასტიკეს, რაც ცხოვრებაშია და რისი აღქმაც და გააზრებაც ტანჯვისა და ჭკუიდან შეშლის გარეშე შეუძებელია. ჯესი იმ ნარკოტიკებით ვაჭრობის თვითმხილველი იყო, რომლითაც ფინანსდებოდა სერბიის მხრიდან ბალკანეთის ომი. იგი იყო მოწმე „სერიოზული საერთაშორისო მასშტაბების დანაშაულობებისა“.

რომანის გმირები ხანდახან ცდილობენ დინებიდან ამოსვლას, გათავისუფლებას, როგორც ჯინის ბოთლიდან, მაგრამ ვერ ახერხებენ. ისინი არიან ოცნებამოკლული ბავშვები. რომანის მრავალ საგულისხმო დეტალთაგან ერთს გამოვარჩევ. კლარა ჰყვება, როგორ ოცნებობდა ცხენზე და მშობლებსაც რომ ეგრძნოთ ეს, აივანზე პირსახოცი გაჭიმა და ყოველ დილა-საღამოს საჭმელი მიჰქონდა: „უბედური ბავშვი ვიყავი. მთელი ბავშვობა აივანზე ასე მეკიდა პირსახოცი“. ეს მისი და მისნაირების ცხოვრების მეტაფორაა.

მწერალს სჯერა, რომ  როგორც ჩამქრალი ვარსკვლავების შუქი დღემდე აღწევს  დედამიწამდე, ასევე, სიკვდილის შემდეგ დიდხანს დარჩება ადამიანთა სახეები ამ სამყაროში. რომანის პერსონაჟები ერთმანეთში ირეკლებიან, როგორც სარკეებში. ეს მწერლისთვის საინტერესო ხერხია პერსონაჟთა ხასიათის სხვადასხვა რაკურსით დასახატავად. ისინი ერთმანეთის „გამოცნობას“ ცდილობენ. მწერალი კი მათ სარკეებს ათამაშებს და მკითხველიც ერთვება ამ თამაშში. ის ამ სარკეებში მოულოდნელად საკუთარ თავსაც დალანდავს და მიხვდება, თვითონაც სჭირს ის სიცარიელე, რაც რომანის გმირებს.

რომანის ერთგვარ გასაღებად გვესახება ეპიზოდი, როდესაც გმირი კითხულობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოზე მიღებულ დოკუმენტს, რომელშიც გამოხატულია ღრმა წუხილი ალბანეთში გაუარესებული მდგომარეობის გამო, მრავალეროვანი თავდაცვითი ძალების შექმნის შესახებ, სადაც კიცხავენ ძალმომრეობის ყოველგვარ ფაქტს. პარალელურად კი მაქსის ცნობიერებაში ტივტივებს სულ სხვა სიტყვები და წინადადებები: „მე პატარა ვარ…. ჩემი გული სუფთაა; დღეს თუ რამე უსამართლობა ჩავიდინე, ნეტა მაღალმა ღმერთმა ვერ შენიშნოს… შენი წყალობა… სისხლი ქრისტესი…. ახლა შეგვიძლია ისევ ცუდის გაკეთება“. ამ ფრაზებმა დოსტოევსკისის გმირები გაგვახსენა, პირჯვარს რომ იწერენ კაცის მოკვლის წინ. სამშვიდობო რეზოლუციები მწერალს ამგვარ ფარისევლობად წარმოუდგება, ერთგვარ „ნებართვებად“ ბოროტ საქმეთათვის, ამ შემთხვევაში, ნარკობობიზნესისთვის.

ასე გაკრთება რომანში ადამიანთა სულებიდან განდევნილი ღვთის რწმენა. მწერალს სჯერა, რომ უზენაესი ყველაფერს ხედავს და არც არავინ დარჩება დაუსჯელი. საგულისხმოა რამდენიმე  ეპიზოდში პერსონაჟთა გულგრილ მზერაში შემთხვევით მოხვედრილი ეკლესიის გუმბათები და მტრედები. ეს ყოველივე გაუცხოებულია მათთვის, რადგან ყველგან ნარკომაფიის ობობას ქსელებია, ესენი შემთხვევით შემოფრენილ ბუზებს ჰგვანან, რომელთა სახეზე აღარც ტკივილი იხატება და აღარც სიხარული. მათ უჩნდებათ სურვილი, დატოვონ დედამიწა და მზის სისტემაში უკეთესი პლანეტა მოძებნონ, სადაც არ იქნება ამდენი ნაგავი და ყველაზე მთავარი – „ინფორმაცია“.

მწერალმა იცის, რომ „ყველა სიმართლე, რომელსაც ჩვენ ბოლოს მივაკვლევთ, ზედაპირზევე ძევს“. ეს სიმართლეა რომანშიც წარმოჩენილი. რომანის ერთ თავს „ბრინჯი და კანტი“ ჰქვია. მაქსი და ჯესი  ბრინჯს ჭამენ და თან კანტს კითხულობენ, ხანდახან ნიცშესაც აყოლებენ. მაქსი აზრსაც მიადევნებს თვალს, ჯესი კი მხოლოდ სიტყვებს ისმენს, შინაარსისაგან დაცლილს. მეტაფორულად, დღევანდელობაში ადგილი არ რჩება სერიოზული განსჯისა და მაღალ მატერიებზე ფიქრისათვის. ყოფიერების ფილოსოფია კუჭიდან იწყება და მის გარშემო ტრიალებს.

მწერლის დაკვირვებით, ადამიანის სული  შეიძლება არწივიც იყოს და ანგელოზიც. ინგლისურად: Eagels and Angels, ან ორივე ერთდროულად. არწივი ძალაუფლების სისასტიკეს განასახიერებს, ანგელოზი კი უმანკოებასა და სისუფთავეს. რომანში გამოიკვეთება ცხოვრების ოქროს წესი: „აიღე ყველაფერი და ბევრი, მაგრამ მარტო ის, რასაც დედაბუნება გვთავაზობს და   არა ნარკოტიკი“. რომანის ერთი პერსონაჟი ამბობს: „ნეტავი ვის რაში ვაინტერესებთ? ჩვენ ერთი ძველი დაწერილი ქაღალდის ფურცლები ვართ“. მწერალს აინტერესებს სწორედ ეს  გადასაყრელად გამზადებული ფურცლები, გულდასმით კითხულობს და მკითხველსაც წააკითხებს ჩვეულებრივი ადამიანების უჩვეულო ისტორიებს, მათ ტკივილს აზიარებს და ამ ტკივილით თითქოს განწმენდს და აამაღლებს.

ერთ ეპიზოდში მაქსი განიცდის თავის მარტოობას, ორმოს თხრისას შემთხვევით ჭიაყელას გადაწყვეტს, მერე ერთად ჩადებს მიწაში, რათა მას „ბედნიერად გაეგრძელებინა სიცოცხლე და მარტო არ ყოფილიყო“. „მე რომ ვინმეს რამდენიმე მაქსად დავეყავი და სიცოცხლის გაგრძელება შემძლებოდა, ალბათ, ბედნიერად ვიცხოვრებდი, ასე მარტო აღარ ვიქნებოდი“. გმირი ცოცხლობს თავისი არსებობის ტკივილიანი მოგონებებით. რომანის ერთ ეპიზოდში კლარა იოცნებებს: „მინდა ტყეში პატარა სახლი მქონდეს და წინ ძეწნები იდგას. მეტი ამ ცხოვრებაში არაფერი მინდა. არასოდეს“. რაზეც მაქსი უპასუხებს: „ჩემო კარგო, ეს ლამაზად ჟღერს, მაგრამ ეს ხომ ცხოვრებაში ისეთი უბრალო რამაა, რასაც ვერასოდეს მიიღებ“. ეს არის თანამედროვე ცივილიზაციის ოცნება დაკარგულ სამოთხეზე, რომელსაც ცოდვით დაცემული კაცობრიობა ვეღარასოდეს დაიბრუნებს. ისიც დიდი შეღავათია, რომ ოცნებაში მაინც არის ჩარჩენილი. კლარა ერთგან ამბობს: „ცხოვრება უჩვეულო რამაა. შეჩერდები და მერე ისევ გადადგამ ნაბიჯს, ყოველი შეჩერებისა თუ ნაბიჯის გადადგმაზე ცხოვრებაც გეცვლება“. მწერალი ამ ცხოვრების ცვლილებას გაადევნებს თვალს და ყოველი ადამიანის არსებობის აუცილებლობასა და განუმეორებლობაში გვაჯერებს.

მიუხედავად პირქუში სურათებისა, რომლებითაც სავსეა რომანი, მკითხველს გადარჩენის რწმენა მაინც უჩნდება. ნაწარმოების ბოლო ეპიზოდში წვიმს. სულიერად განადგურებული გმირი საიდუმლო თოთხმეტნიშნა რიცხვის გამხელის ფასად, რომელიც „ტრილიონ დოლარად“ ფასდება,  კლარას სიცოცხლეს გამოისყიდის. მერე თითქმის დედიშობილა გადის წვიმაში, რაღაცის მოლოდინში. წვიმა  გმირის სულის განახლება-განწმენდაზე მიანიშნებს. წყალი ხომ მითოლოგიურ-რელიგიურ ასპექტში სწორედ ახლად შობაზე მიანიშნებს. საგულისხმოა ისიც, რომ მაქსი 33 წლისაა. ასე რომ, მისი ტკივილიანი „ჯვარცმა“ და გამოღვიძება სიმბოლური მრავალმნიშვნელოვნებით იტვირთება. რომანში უდაბნოს ერთი უცნაური ყვავილის შესახებაცაა მოთხრობილი, რომელიც გამოშრობის პერიოდში ყავისფერდება, მიწას განერთხმება და ბიოლოგიურად კვდება, მაგრამ საკმარისია წყალი დაესხას, რომ მაშინვე იფურჩქნება, იზრდება, მწვანდება. ეს არის  იერიქონის ვარდი. მწერალს სჯერა, რომ ნარკოტიკებით გამომშრალი, სიკვდილის პირას მისული ადამიანიც გამოცოცხლდება სიყვარულის  ძალით და აღორძინდება.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...