ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
26 ივნისი, ხუთშაბათი, 2025

სათარიღო(დ) ნაწერები. 9 მარტი.

0

ოთარ ჩხეიძის ენა და სტილი სკოლის მოსწავლეებისთვის რთული დასაძლევია. მაგრამ 9 მარტის მოვლენებზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით მის რომანს „გამოცხადებაი“. წელს ჩემს ერთ-ერთ მოსწავლესთან, ანასტასია დომბროვსკაიასთან ერთად ვიმუშავე ამ რომანზე და მინდა, გაგიზიაროთ ჩვენი მიგნებები, რომლებიც თქვენც შეიძლება გამოიყენოთ გაკვეთილებზე სათარიღოდ.

ნაწარმოების პერსონაჟია ლენტო. ცუდი თუ კარგი, ყველა ადამიანს აქვს მეხსიერება, მაგრამ ლენტოს მეხსიერება ერთ ფაქტს ინახავს – ის 1956 წლის მარტის მოვლენების თვითმხილველია, თანაც ჩვეულებრივი თვითმხილველი კი არა, როგორც ათასობით დემონსტრანტი, ის მათგან განსხვავებულია. ერთი უბრალო ბიჭის ლენტოს მახსოვრობა არის კონკრეტული მოვლენის – 1956 წლის 3 მარტის, მისი წინა და შემდგომი დღეების მატიანე. ამიტომაც შეურჩია ავტორმა თავის პერსონაჟს შესაბამისი პროფესია და ალბათ შესაფერისი სახელიც. ალბათ აზრს მოკლებული არ უნდა იყოს ის ვარაუდი, რომ სახელი ლენტო იმ რუსულ სიტყვას წააგავს, რომელიც ქართულად ითარგმნება როგორც ფირი. ლენტო თავადაა ფირი, ის, განსხვავებით იმ უსიცოცხლო ფირებისგან, რომელზეც აღბეჭდავს მოვლენებს, მეხსიერებაში ყინავს უტყუარ ფაქტებს, ლენტო თავად ხდება ცოცხალი ფირი. ლენტო არის ოპერატორი, როგორც რეჟისორის თანაშემწე, კინოსტუდიაში ხშირად იღებს ფოტოკადრებს და ოცნებობს რეჟისორობაზე. როდესაც მარტის მღელვარება დაიწყება, ლენტო, კამერით შეიარაღებული, ხალხს უერთდება და აპარატს აჩხაკუნებს. რომანის სიუჟეტი ისე ვითარდება, რომ მკითხველი გულის ფანცქალით ადევნებს თვალ-ყურს, როგორ ჩამოართმევენ ერთადერთ ნივთმტკიცებულებას მემატიანეს და კაცმა არ იცის, სად მიუჩენენ ფირებს ბინას, ეგებ სულაც მოსპობენ და გაანადგურებენ, როგორც საზარელი სისხლიანი მოვლენების კვალს. გადაღებული კადრები ქრება, ერთი სიტყვით, ქრება ცხოველური არსებობიდან. სამაგიეროდ, რჩება სხვა კადრები, შესაძლოა, არა ხელით შესახები, არა ნივთიერი, მაგრამ მაინც კადრები. ეს არის კადრები, რომლებიც თვალების დახუჭვისთანავე ცოცხლდება. ლენტოს, როგორც პროფესიონალი ოპერატორის მოგონება, სინამდვილეში ეს არის  ოთარ ჩხეიძის გონების კუნჭულში გადამალული, მეხსიერებაში შემონახული კადრები. თუკი მწერლების რაღაც ნაწილი სამაგიდო უჯრაში ინახავდა პასუხს, პროტესტს ამა თუ იმ მოვლენაზე, ოთარ ჩხეიძე მეხსიერებაში ატარებდა სათქმელს. ამ სათქმელის დროზე ადრე წარმოჩენა დამღუპველი იქნებოდა პატრონისთვის, მათი ამოტივტივება კარგს არაფერს მოუტანდა მის მფლობელს. თუმცა, მეხსიერების ბუნებიდან გამომდინარე,  იმის საშიშროებაც არსებობდა, რომ რაღაც დავიწყებას მიეცემოდა, რაღაც კი სახეს შეიცვლიდა. ამიტომაც საგულდაგულოდ ერთად თავმოყრილმა მოგონებებმა რომანის გვერდებზე გადაინაცვლა, როდესაც მისი გაცხადების ჟამი მოვიდა. ამ გამოცხადებამ კი კიდევ ერთხელ ახადა ფარდა რეალობას. სხვათა შორის, საინტერესოა და დასაფიქრებელიაც, რომ ნაწარმოების სათაურით მწერალი მიგვანიშნებს, რომ რომანი მეხსიერების ვერბალური საჯარო გამოცხადებაცაა და ის იმავდროულად აპოკალიფსსაც ნიშნავს. სამწუხაროდ, ამგვარი საჯარო გამოცხადება, ხელშესახები მატერიალური კადრების გარეშე სიტყვებით დახატული კადრები ვერ გამოდგება მტკიცებულებად სასამართლო პროცესზე, ვერც დაავალდებულებ ვინმეს, მათ საფუძველზე გამართოს სასამართლო სხდომა, მერე კი ენდოს მათ. თუმცა იმ სამყაროში, რომელსაც ხელოვნება ჰქვია, ბრალმდებელიცა და განაჩენის გამომტანიც, ხელოვანთან ერთად, მკითხველი ხდება და მის სინდისზეა, რამდენად ღირსეულ პარტნიორობას გაუწევს ამ გზაზე, ანუ ვირტუალურ სასამართლო პროცესზე ავტორს.

ოთარ ჩხეიძის რომანში „გამოცხადებაი“ ყურადღებას იქცევს რამდენიმე ანდაზა და ფსევდოანდაზა. მაგრამ ამ წერილში ერთზე შევჩერდები, რომელიც ყველასთვის ცნობილია და კარგად ეხმიანება მარტის მოვლენებს. „თებერვალი დადგაო, ხეში წყალი ჩადგაო“ – ეს ანდაზად ქცეული ხალხური თქმა ხალხური ლექსის ნაწყვეტს წარმოადგენს. ლექსის მომდევნო სტრიქონები საძირკვლის ჩაყრას უკავშირდება. ეს ანდაზა პირდაპირ ამბობს მწერლის სათქმელს, მით უფრო, რომ ამავე ანდაზის წარმოთქმისას აუცილებლად უნდა გაგვახსენდეს მეორე ანდაზა, რომელიც მომდევნო თვის დასახელებას უკავშირდება: „მარტი რომ წინ გედოს, ზამთარს ნურც აქებ და ნურც აძაგებ“. ქართული ხალხური თქმები წელიწადის სხვა თვეებზე გამოგონილი ანდაზებით დიდად განებივრებული არ არის. ამიტომაც ეს ორი ანდაზა ლამის გადაბმულია ერთმანეთთან და რომანის კონტექსტში ასე იშიფრება: 1956 წლის მარტის გამოსვლებზე ვერც აუგს ვიტყვით და ვერც ხოტბას შევასხამთ. ხოტბას იმიტომ ვერ შევასხამთ, რომ მას დადებითი შედეგი არ მოჰყოლია,  ხოლო აუგს იმიტომ ვერ ვიტყვით, რომ ის მრავალწლიანი დუმილის ფონზე ხალხში არსებულ და ვერჩაკლულ პროტესტს გამოხატავდა. ეს იყო ინდიკატორი, რომ საბჭოთა რეჟიმმა მაინც ვერ ჩაკლა ბოლომდე ქართული სული, ვერ ამოძირკვა დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის სურვილი, თუმცა ეს სურვილი პირველ ეტაპზე შეურაცხყოფილი ეთნიკური გრძნობების ნიადაგზე წარმოშობილი უკმაყოფილების გამოვლენა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მიერ დამალულმა მარტის მოვლენებმა საზოგადოებაში დიდი ხნით მიაჩუმა პროტესტის გამოხატვის სურვილი, ის მხატვრულად მაინც თებერვალი იყო, წელიწადის თვე, როცა პირველი სითბო ატყუებს ხეებს და ნაადრევად გამოაღებინებს ხოლმე კვირტებს. ასეთი კვირტები სასიკვდილოდაა განწირული, თუმცა ასეთი კვირტები მრავალთვიანი სიცივის შემდეგ მაინც გაგვახსენებს, რომ წინ სითბოთი გაჯერებული თვეებია და რომ ამ დღეებს სხვა სილამაზე და ფერები შემოაქვს ცხოვრებაში.

ოთარ ჩხეიძის რომან „გამოცხადებაის“ კვლევა ცხადყოფს, რომ ამ ნაწარმოების დეკოდირება წარმოუდგენელია მეოცე საუკუნის ისტორიისა და სსრკ-ში გაბატონებული რეჟიმის თავისებურებების ცოდნის გარეშე, თუმცა იმავდროულად გასათვალისწინებელია ახალი აღთქმის ბოლო წიგნის, იოანეს გამოცხადებაც. თუკი წმინდა წიგნის გამოცხადება ალეგორიულად აფრთხილებს კაცობრიობას მომავალი არმაგედონის შესახებ, ქართველი კლასიკოსის ტექსტი არა მხოლოდ 1956 წლის 3 მარტს თბილისში დატრიალებულ ტრაგედიას ჰყვება, არამედ ცდილობს, გადაარჩინოს მოგონებები წარსულ არმაგედონზე. ამდენად, თუკი იოანეს გამოცხადება მომავლის გაფრთხილებაა, ოთარ ჩხეიძის რომანი წარსულის გაფრთხილებას წარმოადგენს. მომავალს ვერავინ წაშლის, მაგრამ მისი შეცვლა გაფრთხილების შემდეგ შეიძლება. წარსულს კი იმიტომ სჭირდება გაფრთხილება, რომ მას დაუდევრად მოპყრობაც და მიზანმიმართული ჩარევაც წაშლის. მომავალს წინსწრებით სიზმრად თუ ნახავ, წარსულსაც სიზმარი გაგახსენებს. სიზმარი გამოცხადებასავითაა. თუკი მომავლის სიზმარს ძნელად დააჯერებ ვინმეს, წარსულის სიზმარი იმდენად ხუნდება, რომ მისი დაჯერებაც არაა იოლი საქმე.

ოთარ ჩხეიძემ შეძლო და თავისი გამოცხადება დამაჯერებელი გახადა, მიუხედავად იმისა, რომ მას ვერც ფოტოები დაურთო და ვერც სხვა ფაქტებით გაამყარა მონათხრობი. მწერალმა აჩვენა, რომ, როდესაც საქმე ტექნოლოგიასა და ცოცხალ ადამიანზე მიდგება, მეორე უფრო სანდოა. ერთი შეხედვით, პირიქითაა – ცოცხალი დოკუმენტური კადრები უტყუარ სამხილს წარმოადგენს ხოლმე სასამართლო დარბაზებში, ხოლო ადამიანის სიტყვას ადვილად არავინ ენდობა. მაგრამ, როცა კადრებსაც ანადგურებენ, სამხილად მხოლოდ ადამიანის მეხსიერება რჩება. როგორც არ უნდა ერეოდე მასში, ის ერთადერთი უტყუარი დოკუმენტური წყაროა. „გამოცხადებაის“ მთავარი გმირი ვერ უფრთილდება სამხილებს, ნივთმტკიცებებს, ლენტო საკუთარ სიცოცხლესაც არ უფრთხილდება, მაგრამ მაინც ცოცხალი გადარჩება – ის თავადაა ყველაზე კარგი ნივთმტკიცება, ცოცხალი მოწმე, რომელიც ადრე თუ გვიან, მდინარიდან ამოსული, გათავისუფლდება ჩაყლაპული მღვრიე წყლისგან და მატიანეზე უკეთესად ამცნობს მომავალ თაობებს სიმართლეს. ფოტოებს ვერსად გაექცევი, მაგრამ დამნაშავეს ფოტოები კი არ აგებინებენ პასუხს, არამედ გადარჩენილი უბრალო ადამიანები. მათი მახსოვრობაა ყველაზე ძვირფასი და გასაფრთხილებელი.

ოთარ ჩხეიძეს არ შეეშინდა და რომანის პერსონაჟის მეხსიერება საკუთარი მოგონებებით შეაკოწიწა და ამით შეავსო ის ხარვეზი, რაზეც ქართული ლიტერატურა და არა მარტო ლიტერატურა, არამედ ისტორიაც და მასთან ერთად ხალხიც, დუმილს ინარჩუნებს არასაკმარისი ნივთიერი მტკიცებულებების გამო.

 

პიტერ გრეი- ბავშვების თავისუფლება ადამიანის უფლებათა პერსპექტივიდან

0

გასულ ათწლეულებში აშშ-ში შესამჩნევი გახდა პროგრესი საბაზო სამოქალაქო თავისუფლებების კუთხით. აფროამერიკელების, ქალების, ჰომოსექსუალებისა და უნარშეზღუდული მოქალაქეების უფლებები გაფართოვდა. ეს ნაწილობრივ სამოქალაქო უფლებების დამცველ საზოგადოებათა დაუღალავი შრომისა და აქტიურობის შედეგია. უამრავი ადამიანი დასახელებული საზოგადოებრივი ჯგუფებიდან აქტიურად მოითხოვდა საკუთარი უფლებების დაცვას და რეალურ ცხოვრებაში მათ დანერგვას. მაგრამ მოხდა ისე, რომ ამ პერიოდში ბავშვთა უფლებები შეიზღუდა.

სამოქალაქო უფლებები ამერიკული პოლიტიკური იდეოლოგიის ქვაკუთხედია.

ჩვენი როგორც დემოკრატიული საზოგადოების პროგრესი იზომება ადამიანის უფლებათა იმ გარანტიებით, რომლებიც ადამიანების სხვადასხვა კატეგორიას ეძლევა სახელმწიფოსა და საზოგადოების მიერ.

აშშ-ს დამოუკიდებლობის დეკლარაციაში თომას ჯეფერსონმა განაცხადა, რომ ადამიანისთვის განუყოფელია სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლებები.

აშშ-ს კონსტიტუციის უფლებათა ბილი შეიქმნა ისეთი საბაზისო უფლებების დასაცავად, როგორებიცაა სიტყვის, პრესის და შეკრების თვაისუფლებები. კონსტიტუციის მე-5 შესწორებაში განცხადებულია, რომ „დაუშვებელია სიცოცხლის, თავისუფლების ან ქონების ხელყოფა სათანადო სამართლებრივი პროცედურის გარეშე“.

არც კონსტიტუციაში და არც რომელიმე ჩემთვის ნაცნობ კანონში არ არის განცხადებული, რომ ბავშვი არ არის პიროვნება.

მიუხედავად ამისა, ბავშვებს მუდმივად ეზღუდებათ თავისუფლებები სათანადო სამართლებრივი პროცედურის გარეშე.

შეიძლება ითქვას, რომ დღეს ბავშვების თავისუფლებები უფრო შეზღუდულია, ვიდრე სამოცი წლის წინ ან ჩვენი მშობლების ბავშვობის წლებში.

განურჩევლად წარმოშობისა, ყველა ბავშვი განიცდის ამ თავისუფლებების შეზღუდვას.

როგორც ჩემს ადრინდელ წერილებში აღვნიშნავდი (Gray, 2011; 2013), დღევანდელ ბავშვებში რეკორდულ დონეზეა შფოთვა, დეპრესია და თვითმკვლელობისადმი მიდრეკილებაც კი.

ზოგადი დეპრესიული აშლილობის (ინგლ. Major Depressive Disorder) და შფოთვის ტიპის ფსიქოლოგიური დარღვევების მაჩვენებლები, სტანდარტიზებული კლინიკური შეფასებების თანახმად, 8-ჯერ (!) აღემატება იმავე მაჩვენებლს 1950-იან წლებში.

ასევე შემაშფოთებელია სასკოლო ასაკის ბავშვების თვითმკვლელობის დონე, რომელიც 6-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე მე-20 საუკუნის 1950-იან წლებში!

სერიოზული მენტალური აშლილობების სტატისტიკის მატება ბავშვების თავისუფლების შემცირების პირდაპირპროპორციულია. სავარაუდოდ, უკვე არსებობს მყარი არგუმენტები იმისა, რომ პირველის მატება მეორის შემცირების შედეგია.

 

მიზეზების ორი კატეგორია, რომლებიც ბავშვთა თავისუფლების შეზღუდვას იწვევს

ათწლეულების განმავლობაში საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებმა გამოიწვია ის, რომ ბავშვების თავისუფლება შემცირდა, მაგრამ მთავარი შეზღუდვები ორ კატეგორიას შეეხო.

პირველი კატეგორია პირდაპირ კავშირშია სასკოლო სწავლებასთან.

აშკარაა, რომ სავალდებული სასკოლო სწავლება (რაც, ფაქტობრივად, დაძალებით სწავლებას ნიშნავს) ბავშვის თავისუფლებაზე შეტევაა. ბავშვებს მოეთხოვებათ სკოლაში სიარული, ხოლო სკოლაში ისინი თავისუფლები არ არიან.

ფაქტობრივად, ბავშვებს უფრო მეტად ეზღუდებათ სკოლებში  თავისუფლება, ვოდრე ბოროტმოქმედებს ციხეებში.

მათ მუდმივად მიუთითებენ, სად იყვნენ და რა აკეთონ ამა თუ იმ მომენტში; სიტყვისა და შეკრების თავისუფლება მათთვის აშკარად შეზღუდულია და მეტიც – ისჯება; მათ არ ეთქმით სიტყვა სკოლის წესების შესახებ და როდესაც წესების დარღვევაში ადანაშაულებენ, შეუძლებელია მათი ბრალეულობის ან უდანაშაულობის დადგენა. ასევე არ არის განსაზღვრული მოსალოდნელი სასჯელი.

სკოლები ყოველთვის ასე მუშაობდნენ, მაგრამ დღეს მდგომარეობა უარესია, ვიდრე წინათ, რადგან დღეს ადმინისტრირება მეტია და უფრო ამკრძალავი კუთხით არის წარმოდგენილი.

მოვიყვან დღევანდელ სკოლებში ამ ცვლილებების რამდენიმე მაგალითს:

სასწავლო წელი გახანგრძლივდა – დღეს ის 5 კვირით მეტია, ვიდრე 1950 წელს.

სასკოლო დღეც უფრო გრძელი გახდა – ამჟამად სკოლაში ბავშვები თითქმის 7 საათს ატარებენ, მაშინ როდესაც 50-60-იან წლებში ეს დრო არ აღემატებოდა 5-6 საათს.

შესვენებისა და სადილის/ლანჩის პერიოდები შემცირდა – როგორც დროის, ისე თავისუფლების ხარისხის კუთხით.

1950-იან წლებში დაწყებითი სკოლებისთვის ჩვეულებრივი რამ იყო ორი ნახევარსაათიანი შესვენება და სადილისთვის გამოყოფილი სრული საათი, რომლის განმავლობაშიც ბავშვებს შეეძლოთ, სურვილისამებრ ეთამაშათ.

დღეს დაწყებით სკოლებში შესვენები ან არ არის, ან მხოლოდ 15 წუთი გრძელდება. მშობლებისგან გამიგონია, რომ არსებობს სკოლები, სადაც ლანჩის/სადილის შესვენება მხოლოდ 20-წუთიანია და ბავშვებს ამ დროს საუბარიც კი ეკრძალებათ, რომ არაფერი ვთქვათ გარეთ გასვლასა და თამაშზე. ასევე მოიმატა საშინაო დავალების მოცულობამაც.

ბავშვებს დაწყებით კლასებშიც კი აძლევენ საშინაო დავალებას, რომლის შესრულებაც, მათი აზრით, მშობლებმა უნდა უზრუნველყონ – გამოდის, რომ ბავშვი სკოლის შემდეგაც არ არის თავისუფალი.

მშობლები ხშირად მეუბნებიან, რომ მათი შვილების სასკოლო ცხოვრება ძალიან ჰგავს ზრდასრული მოქალაქის სამუშაოს, მაგრამ ეს არ არის სიმართლე. ეს უფრო თავის მოტყუებაა.

სამსახური ზოგიერთი მოზრდილისთვის შეიძლება ციხედ გადაიქცეს, დღევანდელი სკოლა კი ყველასთვის ციხეა! ზრდასრულ მოქალაქეს კანონი არ ავალდებულებს, იმუშაოს. მას ნებისმიერ დროს შეუძლია წამოვიდეს სამსახურიდან. მოზრიდილთათვის მათი ნების საწინააღმდეგო შრომის დავალდებულება უკანონო ქმედებაა და მას მონობა ჰქვია.

მე არ ვიცნობ არც ერთ ზრდასრულ ადამიანს, რომელიც დათანხმდებოდა ისეთ მჭიდრო მიკრომენეჯმენტს, როგორც ჩვენ შვილებს უწევთ სკოლებში; წარმოიდგინეთ სამსხური, სადაც გეკრძალებათ თანამშრომლებთან საუბარი, უნებართვოდ არ შეგიძლიათ სამუშაო ადგილის დატოვება და სადაც მუდმივად გაკვირდებიან, მუდმივად გიტარებენ გამოცდებს თანამშრომლების თანდასწრებით და ეს პროცესი თითქოს განგებ თქვენს შესარცხვენად არის მოგონილი.

დაახლოებით ას ათი წლის წინ აიკრძალა ბავშვთა სრული განაკვეთით შრომა, რადგან ეს მათთვის საზიანოდ იქნა მიჩნეული.

დღეს კი, იმ დროის გათვალისწინებით, რომელსაც ბავშვები სკოლაში ატარებენ, სასკოლო განათლება გადაიქცა სრულგანაკვეთიან სამუშაოდ, ხოლო თავისი სირთულით ალბათ სრულგანაკვეთიან სამუშაოზე უფრო რთულ ამოცანად, რომლის შესრულებასაც არცერთი ზრდასრული ადამიანი არ დათანხმდებოდა.

ბავშვების თავისუფლების შემზღუდველი კიდევ ერთი ფაქტორია სკოლის გარეთ მათთვის დაწესებული რეგულაციები.

1920-1930-იან წლებში, როდესაც ჩემი მშობლები იყვნენ ბავშვები, 1950-იანებში, როდესაც თავად გახლდით ბავშვი და 1970-იანებშიც კი, ჩემი შვილის პატარაობისას, ბავშვები უამრავ დროს ატარებდნენ გარეთ, ეზოში თუ ბაღში, სადაც ისინი თამაშობდნენ და იკვლევდნენ გარემოს მეგობრებთან ერთად, მშობლებისა და სხვა მოზრდილების გარეშე.

ამ ტიპის თამაშის დროს ბავშვები სწავლობდნენ და პრაქტიკაში ახორციელებდნენ ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან უნარებს, რომლებსაც სკოლაში ვერ შეიძენ.

ბავშვები სწავლობდნენ, როგორ წარემართათ აქტივობა იმ დღეს, როგორ გადაეჭრათ პრობლემები, რომლებსაც გზადაგზა შეეჯახებოდნენ, იჩენდნენ მეგობრებს, პასუხს სცემდნენ მოძალადე ბავშვებს და მართავდნენ თავიანთ ემოციებს.

სხვაგვარად თუ ვიტყვით, ისინი თავიანთ ცხოვრებაზე იმ მომენტში თვითონვე იღებდნენ პასუხისმგებლობას. ამ პროცესში ისინი იმ უნარებს იძენდნენ და ივითარებდნენ, რომლებიც მათ თავდაჯერებას და ემოციურ მდგრადობას სძენდა. ეს კი საიმედო დაცვაა დეპრესიის, შფოთვისა და სუიციდალური მიდრეკილებებისგან.

დღეს კი გამოდის, რომ ბავშვებს ფაქტობრივად ავუკრძალეთ საჯარო ადგილებში ყოფნა.

ბევრი მშობელი უბრალოდ არ უშვებს ბავშვებს ეზოში მოზრდილთა მეთვალყურეობის გარეშე, ხოლო მას, ვინც ბავშვებს ეზოში თამაშის უფლება მისცა, ზოგიერთ შემთხვევაში სისხლის სამართლის მუხლით მოუწია პასუხისგება ბავშვებისადმი უყურადღებობის გამო.

ეზოებიდან ბავშვების გაქრობას ჩვენ ახალი ტექნოლოგიების მაცდურ ბუნებას ვუკავშირებთ, მაგრამ სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა რომ, ბავშვები სიამოვნებით გაატარებდნენ მეტ დროს გარეთ, მეგობრებთან ერთად, თუ მათ ამის უფლებას მისცემენ (იხ.Boyd, 2014; Gray, 2013).

აი, დაახლოებით ასე გამოიყურება ბავშვების მდგომარეობა ჩვენს საზოგადოებაში. მათ ადრინდელზე გაცილებით მეტი დროის გატარება უწევთ სკოლის „ციხეში“, ხოლო როდესაც სკოლისგან თავისუფალ დროს შინაპატიმრობაში არიან.

არასდროს, გარდა მონათმფლობელობისა და ბავშვთა ინტენსიური შრომის პერიოდებისა, ბავშვები არ ყოფილან ისეთი არათავისუფალნი, როგორიც დღეს.

რატომ არ ვრეაგირებთ ბავშვებისთვის თავისუფლებების შეზღუდვაზე?

რატომ არ გამოვდივართ პროტესტის ნიშნად ქუჩებში, ლოზუნგით „თავისუფლება ბავშვებს!“?

რატომ არ ვწერთ და ვარიგებთ პეტიციებს ბავშვების თავისუფლების მოთხოვნით იმ პოლიტიკოსებისგან, რომლებსაც ჩვენი ხმები ჭირდებათ?

რატომ ვაძლევთ სახლმწიფოს უფლებას, ასე შეზღუდოს ბავშვების თავისუფლება, როდესაც ნათლად ვხედავთ, როგორ იტანჯებიან ბავშვები ამ შეზღუდვებით?

ალბათ არა იმიტომ, რომ ბავშვები არ გვიყვარს. ადამიანების უმეტესობას ძალიან უყვარს ბავშვები. ვფიქრობ, ყველაფრის თავიდათავი უცოდინრობაა.

 

წყარო: https://www.psychologytoday.com/us/blog/freedom-learn/201902/children-s-freedom-human-rights-perspective

 

მოგონებათა ავტონომია – რეი ბრედბერის ,,ბაბუაწვერას ღვინო”

0

ის, რაც ამ წიგნის კითხვის დაწყებისთანავე გვატყვევებს, მონათხრობის მხატვრული ოსტატობა და ნიავის სიმსუბუქეა, ის თავიდან ბოლომდე, თითქოს ერთი ამოსუნთქვით იკითხება. ესაა ფილოსოფიური ფანტასტიკის ჟანრში გადმოცემული განუმეორებელი, ბავშვური სამყარო. ჩვენც შევემზადოთ ამისთვის, გავიკეთოთ ,,ვარდისფერი სათვალე” და… წლების ტვირთის სიმძიმე გაქრება, თვალები გადიდდება და მათში ცნობისმოყვარეობა და მოუსვენარი სიცელქე ჩასახლდება, სულში მრუმე ბინდს გულწრფელობისა და ზნეწრფელობის მკრთალი ნათელი მომიფანტავს და ის ნელ-ნელა თვალისმომჭრელ სინათლედ იქცევა. თვალზე ხელს აიფარებ და გადაინაცვლებ ოცნებებისა და საოცრებათა ქვეყანაში, რომელშიც არც ურვაა, არც ტკივილი, არც ღალატი, არც ორპირობა, არც სიკვდილი, არც სასოწარკვეთა, არც სიძულვილი, დაუნდობლობა და ა.შ. იქ, მზისფერ, ფერადოვან სამყოფელში ადამიანები სულ იღიმებიან, მხოლოდ ხანდახან შეიპყრობთ სევდა, მათ უყვართ ერთმანეთი, ცხოველები, ვარსკვლავები, სამყარო, ისეთი იდუმალი და არქაული მზერა აქვთ, როგორც გოგენის ნახატებზეა. ისინი მოგისმენენ, ყოველთვის გამოგიწვდიან დახმარების ხელს, ყველაფერს გაგიგებენ, საღამოობით მოგიყვებიან ნაღვლიან ზღაპარს, ტკბილ, მშობლიურ ჰანგს გიმღერებენ ძილის წინ და შენც დაიძინებ ახალი, უცნაური, როგორც ყოველთვის, იმედიანი დღის მოლოდინში…ნაწარმოებში 1928 წლის ზაფხულია, სეზონი, როცა ცხოვრება განიძარცვება მოსაწყენი, შეჩვეული მონოტონურობისაგან და მშვიდი იდუმალებით იმოსება. საოცარი, ბავშვის თვალით დანახული სამყარო: ,,ყვავილები თურმე მზეები ყოფილან, თუ ზეცის მოელვარე ნაგლეჯები, ვიღაცის ხელს რომ უხვად მიმოეფანტა ტყის მდელოზე. ცა ფართო, გადმოპირქვავებულ ტბად იქცა, მის ზედაპირზე ჩიტები მარჯვედ ნასროლი ქვებივით მიხტოდნენ”. ბავშვის გაფართოებულ თვალებში მსუბუქი იუმორით ამოკითხული ქვეყნიერების ჯადოსნური მომნუსხველობა და ჭეშმარიტებასთან სიახლოვის მივიწყებული, ანგელოზებრივი სიხარული. ,,დაგლასს ხშირად უჩნდებოდა სურვილი, ეკითხა: – ბებო, ეს არის ის ადგილი, საიდანაც ქვეყნიერება დაიწყო? – რადგან უეჭველი იყო: სწორად ამისთანა ადგილას ჩაეყარა საფუძველი სამყაროს. სამზარეულო უდავოდ შესაქმის შუაგულს წარმოადგენდა, რადგან ყოველივე მის გარშემო ტრიალებდა. ის გახლდათ საძირკველი, რომელზედაც ტაძარი დაფუძნებულიყო”…

ზაფხულის ხვატიანი, უცნაური მოლოდინის ენერგიით დატუმბული მშვიდი დღეების პოეზია, მშვენიერი ყოველდღიურობის რიტუალების (თუ წარმოვიდგენთ, რომ ყოველი დღე მბრუნავი სამყაროს ცენტრია, მსგავსი არასდროს გამეორდება და ყოველთვის აღრმავებს სიცოცხლის საიდუმლოს) ხიბლი – მწვანილების ქილა, რომანტიკული, გემრიელი ბანალობა…ესაც სულ მარტივი ადამიანური ბედნიერება, როგორც საღამოს დიდ, გაშლილ მაგიდას, ბებოს გამზადებულ კერძებთან შემომსხდარი მოშიებული ოჯახის წევრები, ნერვიული ყიჟინით, უკბილო ხუმრობით, მაგრამ იმ საოცარი ერთიანობის შეგრძნებით, წარმავალ, მაგრამ სანუკვარ ამქვეყნიურ სიტკბოსა და სიამოვნებებს რომ იტევს. განა, ეს ის არ არის, რისთვისაც ცხოვრება ღირს?!…

დროს მიაქვს ბავშვობა. ის გადის დაუნდობელი, მაცდური სისწრაფით, აზარტით და ერთ მშვენიერ დღეს დადგება წუთი, როცა ცხოვრება დაემსგავსება საღამოს მზეში ობობას ნაქსოვზე წვიმის დატოვებულ წვეთ-მოგონებთა სხმულას, რომლებშიც, თითოეულში, პატარა, ჩამავალი მზეა…და ბრწყინავს ეს სხმულა თვალისმოჭრელი სილამაზით, სანამ ,,ღამის” ბინდში განიბნევა და განქარდება…იქ კი, საინტერესო იყო, ბავშვობაში…,,ხუთი მილიარდი ხის ძირიდან გამოცოცებული ჩრდილები! წარმოიდგინე! ჩრდილები ჰაერში ირევიან და ჰაერს ამღვრევენ. რამენაირად რომ მოვნახოთ და ეს წყეული ხუთი მილიარდი ჩრდილი თავ-თავიან ხეებქვეშ დავაკავოთ, მაშინ შეგვეძლება ნახევარი ღამე ფეხზე გავატაროთ, დაგ, იმიტომ, რომ მაშინ საერთოდ არ დაღამდება! …”.

ჩვენი სივრცისა და განზომილების ერთ- ერთი საზომი – დ რ ო…როცა დასაწყისში დასასრული მოიაზრება და დასასრულიდან დასაწყისს ვითვლით. ყველაზე შესატყვისი სიმბოლო წუთისოფლის დროის კატეგორიისათვის, გაჩერებული საათი მგონია, ანუ ხშირად დროის უდროობა, განუსაზღვრელობა. თომას მანისეული დროის ფარდობითობა: საუკუნედ გაწელილი წამი თუ ოდესმე წამად ნაქცევი ყველა საუკუნე. დრო ხან, მართლაც, დროზე სწრაფად მიქრის სინათლის სხივის სიჩქარით, თუმცა უფლისთვის წამი ჩვენთვის თაობათა სიცოცხლეა. დრო მიედინება, თითქოს, თითებში იცრება ქვიშასავით, რომ სიბერეში ისევ ბავშვობაში დაგვაბრუნოს, არსთა წვდომის სიღრმე შეგვძინოს, მერე კი ჩვენთან ერთად გარდაიცვალოს და განიბნეს მეტაფიზიკურ მარადისობად. ,,იქ” კი ალბათ ჩვენ აუცილებლად ისევ ჩვენ ვიქნებით, შევინარჩუნებთ თავში დროის მონაპოვარს, მაგრამ, ამავე დროს, შევადგენთ რაღაცა მთლიანობას, ერთიანობას, ნათელს, ლამაზს, საინტერესოსა და დროზე აღმატებულს…განსაკუთრებულია მწერლის დამოკიდებულება დროის კატეგორიასთან. საათის ისრებს კი გადასწევ უკან, როგორც ამას ნაწარმოების გმირი აკეთებს, მაგრამ დროს ვერ შეაჩერებ. ვერც პასიური მჭვრეტელი ვერ იქნება ადამიანი, ის დინამიკისთვისაა შექმნილი ( სულიერი მაინც, ფიზიკური თუ არა). იგი უნდა ვითარდებოდეს, ისწრაფოდეს უკეთესობისაკენ, ეს კი იდეაში მომავალში კარგის მოლოდინს ნიშნავს. დროით არც თამაში შეიძლება, რადგან ის მოუხელთებელია, არის და გიქრება, გამუდმებით მოძრაობს, იცვლება, იწვევს შენშიც მეტამორფოზებს…

ცხოვრება აღქმის სიმძაფრეა და წამის შეჩერების მცდელობა, რომლის განცდა უნდა მოასწრო, სანამ გარდაისახება მომავლად, რომელიც გარდაუვალია, მწერლის შიშის მიუხედავად, ოღონდ ისევ წარსულად ქცევის პერსპექტივით. ,,შეჩერდი, წამო”, რადგან შენ ძვირფასი ხარ წარსულად მოკვდინებამდე. ბრედბერი ამბობდა, რომ სურდა მომავლის პრევენცია(to prevent future), მას მესამე დრო არ მოსწონდა, რადგან აფრთხობდა ადამიანური ურთიერთობების ტექნოლოგიებით ჩანაცვლების საფრთხე. ილიასეული დროთა კავშირის ფორმულაც გავიხსნოთ: ,,აწმყო შობილი წარსულისგან არის მშობელი მომავლისა”. ადამიანი არასდროს გაუხეშდება სულიერად, თუ სიყვარულს არ დაკარგავს, ეს კი მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. მომავალზე უარის თქმა საკუთარ თავში ჩაკეტვაა. ისე კი, მხოლოდ აწმყოს შეგრძნება აქვს კაცს, წარსული აღარ არის, მომავალი ჯერ არ არის. ,,დღის ეს დასრულებული სიმრგვალე და ბალახის სურნელი სინათლის სიჩქარით მიიწევდა მომავლისაკენ” – მესამე დროის ეს შიში, შოპენჰაუერის უძრაობის ფილოსოფიასთან ასოცირებულ-გადაწნეხილი, აბსოლუტურად გაუმართლებელია თუნდაც იმიტომ, რომ მომავალი მარტო სიბერე არაა, გარდაცვალებაცაა, სხვა, შეუცნობელ, სრულყოფილ სამყაროში გარდასახვა. ,,დიდი, ძალიან დიდი ხნის წინათ ვხედავდი სიზმარს, ისეთ ტკბილ სიზმარს, მერე კი ვიღაცამ გამომაღვიძა და ეს სწორედ ის დღე იყო, როდესაც დავიბადე” – პირველსაწყისიდან, არყოფნის ზმანებიდან ყოფნაში გამოფხიზლება, ცხოვრების მღვრიე თუ დაწმენდილ ნაკადში მიზნისკენ თუ უმიზნოდ ტრიალ-ბორიალი, ბოლოს კი წამში მოგონებებად მიქცეული ყველა გარდასული განცდა, ისევ სიზმარეთისკენ გზაზე საგზლად. ეს ხსოვნა ,,იქ” ჩვენი ავტონომიურობისთვისაა… ,,სიკვდილის გზა არრა არის, ვარდისფერ გზის გარდაო”, ძალიან ტანჯული კაცის ცოდნა, რომ ნებისმიერი არსებობა სხვა არაფერია, თუ არა სწრაფვა ისევ სრულყოფილებასთან შესარწყმელად…ადამიანის სულიც, დიად ნათელს გამოყოფილი, ციცინათელასავითაა წუთისოფლის ბინდში, პირველქმნილი, ხელთუქმნელი იდუმალების წილიც და უტყუარი დასტურიც…

ადამიანი დროში მოგზაურია, მოხუცი კი თავად დროის მანქანაა, მოგონებებითა და ილუზიებით. მოხუცები და ბავშვები სოლიდარულები არიან მათი ასაკობრივი სიმაღლიდან გამომდინარე. მოხუცები ყოველთვის პატივისცემას აღძრავენ, როგორც დროის უკვე მიგდებული, უკანონო შვილები. ჩვენც ვიქნებით სიკვდილთან სიახლოვით შესაბრალისები ოდესმე… ბავშვებს აქვთ მოხუცებისათვის დამახასიათებელი, გაუცნობიერებელი სიბრძნე, ხოლო მოხუცები პატარებივით არასერიოზულები, გულუბრყვილოები ხდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ასაკიანი სხეული ტყვეობაა სულისთვის, ახალგაზრდობა მაინც შინაგანი მდგომარეობაა, რადგან არსებობენ ახალგაზრდა მოხუცებიც. ,,ვიცი, რომ არაფერი ვიცი” – ამაოებათა შეცნობის სიბრძნის დასაწყისია: ,,როცა ჩვიდმეტი წლის ხარ, მაშინ ყველაფერი იცი. და თუკი ოცდაჩვიდმეტი წლის ასაკშიც ყველაფერი იცი, ესე იგი, ისევ ჩვიდმეტი წლის დარჩი…მოხუცების პრივილეგია სწორედ ის არის, რომ ყოვლისმცოდნეობის შთაბეჭდილებას ქმნიან, მაგრამ ეს ისეთივე თამაშია, როგორც ნებისმიერი სხვა როლი, რომელსაც ვთამაშობთ, ანდა ნიღაბი, რომელსაც ვირგებთ, ერთმანეთს კი ღიმილით ვუკრავთ ხოლმე თვალს მოხუცები, თითქოს ვკითხულობთ: როგორ მოგწონს ჩემი ნიღაბი, ხომ კარგად ვთამაშობ ჩემს როლს? ხომ დამაჯერებელი ვარ? განა ცხოვრება პიესა არ არის?”.

წარსულის რეზონანსი ყოველთვისაა მომავალში: ,,ოდესმე წარმოთქმული ყოველი სიტყვა, ოდესმე ნამღერი ყველა სიმღერა სადღაც გროვდება, უშორეს სივრცეში განიბნევა…და სინათლეს რაღა მოსდის? ოდესღაც დანახული ყველა საგანი არ კვდება, უბრალოდ, შეუძლებელია უკვალოდ გაქრეს. თუკი მთელ სამყაროს გაჩხრეკ, სადმე, პირამდე სავსე მრავალუჯრიან ფიჭაში, სადაც ყვავილის მტვრისგან მუგუზალივით მოშიშხინე ფუტკრებს სინათლის ქარვიფერი ხსენი დაუგროვებიათ, ანდა შუადღის ნემსიყლაპიას ოქრომკერდით ნაქარგი თვალების ოცდაათი ათას წახნაგში – მსოფლიოს ნებისმიერი წელიწადის ყველა ფერსა და სურათს აღმოაჩენ”. სამყარო, როგორც მფეთქავი, ცოცხალი ორგანიზმი, რომელშიც სიკვდილი ყოველთვის რაღაც ახლის, დასასრულით დასაწყისია. ამ სიცოცხლის ორბიტაზე ტრიალებდნენ გუშინ ჩვენი წინაპრები, დღეს ჩვენ და აუცილებლად იქნება ხვალეც, როგორც მომავალთა უცხო ჰანგებში ჩაწნული წასულთა თუ მიმავალთა სავდიანი ამოძახილი. ყველაფერი, როგორც სულ მცირე ნაწილაკთა ერთი მთლიანობა, ვან გოგის მნათობებით აკიაფებული ღამესავით, ამ ფერხულშია ჩაბმული, ურთიერთდაკავშირებულია, მიღმიერიც და ამქვეყნიურიც. ამ დიდი მოძრაობის მისტიკის, კანონის აუცილებლობაა არსებობის მთელი ფილოსოფიაც.

ეს წიგნი მორიგი ცდაა ცხოვრების საიდუმლოს წვდომისა. სიცოცხლე – სიკვდილზე აღმატებული ზმანებაა. ყოველ დილით შენი დაბადება და ყოველ ღამით შენი კვდომაა იგი, საცალფეხო ბილიკია სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, რომელთა მისტიკური ზღვარი ძ ი ლ ი ა, ქვეცნობიერის საიდუმლო სიღრმეებში ჩაყურყუმალავება და სიზმრებად შემორჩენილი უცნაური ფრაგმენტები. თუ დილა, გამოღვიძება-გაცოცხლება გიხარია, საყაროს უწყვეტ, ყრუდ მოგუგნე წრებრუნვაში ისევ ჩაბმული ხარ, როგორც ერთი მომცრო წერტილი პუანტილისტურ ტილოზე, ურომლისოდაც ნახატი არ აღიქმება შორი მანძილიდან.

და მაინც, რატომ ვართ? ოცნებები ხდება თუ,პირიქით,ილუზიაა მთელი ჩვენი ცხოვრება? უნდა გიყვარდეს,გწამდეს,სრულყოფილებას მიელტვოდე თუ რობოტივით ანგარიშობდე ან ანგარებით ესწრაფოდე სიმდიდრეს,აღზევებას და ძლიერებას ამა ქვეყნისა? ან იქნებ მხოლოდ შემოქმედებითი წვა,თვითგამოხატვის გენიალური სურვილი და უნარია ყველაზე მეტად ადამიანური,ან სულაც არაფერში ჩაღრმავება ამაოებათა ამაოებისა გამო…ერთი კია, უმარტივესი ჭეშმარიტებაა: არ დამორჩილდე, არ მოკვდე,სანამ ცოცხლობ და ისწრაფე ბედნიერებისაკენ! ,, ვის სჭირდება უსასრულოდ გაჭიანურებული მზის ჩასვლა? ვის სჭირდება მარადიული კეთილსურნელება და იდეალური ტემპერატურა? დროთა განმავლობაში ამ ყოველივეს ვეღარც კი შევამჩნევთ. მზის ჩასვლა ორიოდ წუთით არის მშვენიერი, შემდეგ ის რაღაც სხვამ უნდა შეცვალოს. ასეთები ვართ ადამიანები”. მართლაც, სიცოცხლის მრავალფეროვნების წყურვილია ბედნიერება. საინტერესო პერსონაჟია მოხუცი, პოლკოვნიკი ფრილაი, სპილოს ძვლის ფეხებით, რომელიც ინვალიდის სავარძელში ზის და დანაოჭებულ ყურებზე მაგრად მიბჯენილი ყურმილიდან მთელი არსებით უსმენს სამხრეთული ქალაქის ხმაურს, სიცოცხლის ხმას ახალგაზრდობიდან. ასე კვდება იგი, აკრძალული სიამოვნებით, ყურმილით ხელში…,,მინდა ვნახო სტამბოლი, პოსტ-საიდი,ნაირობი, ბუდაპეშტი, დავწერო წიგნი, მოვწიო ბევრი სიგარეტი, კლდიდან გადავიჩეხო, მაგრამ შუა ვარდნისას ტოტებმა შემაჩეროს. მინდა მაროკოს უკუნ ღამეში ვიღაცამ ერთი-ორჯერ მესროლოს ტყვია, მინდა მშვენიერი ქალი მიყვარდეს.” – ეს ბილი ფორესტერია, ახალგაზრდა კაცი, მოხუცი ქალბატონი რომ შეჰყვარებია. ისინი ჭიქა ჩაიზე ხვდებიან, წარმოსახვით მოგზაურობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში, ვერ ელევიან ერთმანეთს. ქუჩაზე გამავალი დახურული ტერასიდან ისმის მათი შორეული, ფარვანასავით მოწრიალე ხმები. ერთს ახალგაზრდა თავისი ერთადერთი სიყვარულის რეინკარნაცია ჰგონია, მეორისთვის ის საოცნებო ქალის თვისებებითაა შემკული. ასეცაა: ხშირად ადამიანთა ბედისწერა ერთურთს ნაადრევად ან ნაგვიანევად ჩაექსოვება.

ცხოვრება არაა მხოლოდ ,,ჰეფი ენდი”, ის ბევრი ტკივილი და ცრემლიცაა, დაბნეულობა წონასწორობის ნაცვლად, ნაკლოვანებების სიმრავლესთან შეგუებისა და მიღების მცდელობა სრულყოფილების ნაცვლად, ხშირი სინანული, იმედგაცრუება სიხარულით აღტკინების ნაცვლად, სასოწარკვეთა სასოების წილ და ა.შ. მაგრამ ცხოვრებასაც და ადამიანსაც ვიღებთ ისეთებს, როგორებიც არიან, ბოლომდე ამოუხსნელები, მოუწესრიგებლები, ცოდვა-მადლიანები, ძნელად შესაცვლელები, რადგან მათ არსებობაში არის რაღაც, ხშირად ულამაზო, ზოგჯერ შემაძრწუნებელიც, მაგრამ მაინც ამაღლებული, მ შ ვ ე ნ ი ე რ ი…

ადამიანი კი მარტოა სიცოცხლეშიც, სიკვდილშიც და შეიძლება, სიკვდილის მერეც. ეს დიადი სიმარტოვეა. მოარული, ზღაპრული სიუჟეტია, ბუდას ცხოვრებაშიცაა, რომ ბავშვს ამყოფებენ თვალუწვდენელ კოშკში, რათა მან არ ნახოს სიბერე, ავადმყოფობა, სიკვდილი…ასე უმწეოდ ცდილობს ადამიანი გაექცეს ხშირად საკუთარ თავს და იპოვოს სულის განსასვენებელი. სადაა ეს ნეტარი სიმშვიდე, ჩვენშია თუ რომელიმე სხვა ადამიანში, ან სულაც ძნელადგანსახორციელებელ იდეაში, სიკვდილში თუ სიცოცხლეში, ადამიანურ ურთიერთობებში თუ პირიქით, მათგან განდგომაში, ტანჯვით მოიპოვება თუ ზღვარგადასული მხიარულებით, წუთისოფლის სიყვარულით თუ მისი პირობითობებისგან გათავისუფლებით, სიბრძნით თუ სიშლეგით?…როგორ არ უნდა გადაგყლაპოს რეალობამ და როგორ არ უნდა იქცეს ცხოვრება რწმენის სასაფლაოდ, იქნებ რაღაც მაინც ამ უკიდეგანო ცისქვეშეთში არ ემორჩილება ამაოების მოსაწყენ კანონს, თუნდაც ეს ერთი წამი, აზრი ამ დროს ჩემს ტვინში, გრძნობა ჩემს გულში, სანამ ის არ შერევია სხვა, გარდასულ წამთა ქორონიკონს და არ დაუკარგავს სამყაროს ქმნადობისა და გარდასახვის არსი და ენერგია…

,, – ის მაფიქრებს,ღმერთი როგორ მართავს ამ სამყაროს.

ტომი ამ სიტყვებმა ერთხანს ჩააფიქრა.

– ღმერთი კაი ტიპია, დაგ, – საბოლოოდ დაასკვნა ტომმა, ცდილობს.” – ადამიანად ყოფნის სირთულეც და უპირატესობის ბედნიერებაც, სიბერის შიშიც და თანაგრძნობაც ღმერთისადმი, რომელიც ყველაფერს ჩვენსავით ცრემლამდე განიცდის.

არსებობის წრეზე ტრიალში წიგნის ზაფხულიც მთავრდება. მოგონებათა დანალექი, ის, რაც წარსულიდან ჩვენში რჩება, ადამიანები – ხიდები წარსულსა და მომავალს შორის: ,,ბაბუაწვერას ღვინო სუფთად, უნაშთოდ, უკვამლოდ წვავს წარსულის განცდებს…სინამდვილეში არაფერი დამთავრებულა, – თქვა ტომმა, – და არც ოდესმე დამთავრდება. ის, რაც მოხდა, ყოველთვის მემახსოვრება. -ყველაფერი მანამდე დამთავრდა, ვიდრე დაიწყებოდა, – შენიშნა პაპამ, რომელიც ღვინის პრესის სახელურს ატრიალებდა…

– შენ, ალბათ, ხუმრობ?

– არა, დაგ, არა, ტომ, წლები რომ მოგემატებათ, თქვენც იგრძნობთ, რომ დღეები რაღაცნაირად იბინდება და ერთმანეთში ირევა…ერთ დღეს მეორისგან ძნელადღა გაარჩევთ…”.

უკვე დროა მოვიხსნათ ,,ვარდისფერი სათვალე”, მოვემზადოთ ისევ და ისევ მკაცრ, უცერემონიო, ხშირად რომანტიკისგან დაცლილ სამყაროში დასაბრუნებლად, იქ, სადაც უნდა გამოიგონო ან ეს ზღაპარ-ქვეყანა გაიხსენო, რომ გადარჩე, საბოლოო დასკვნისთვისაც განვეწყოთ…გზა მომავლისკენ წარსულზე გადის, სხვანაირი სავალი არ არსებობს. მხოლოდ ბავშვებმა შეუძლიათ ცხოვრების გრძნეულ ქაოსში სწორად გაიკვლიონ გზა. მერე კი ეს ალღო იკარგება. ხანდახან მივბაძოთ მათ სილაღესა და გულწრფელობაში, ვისწავლოთ მათგან, როგორ უნდა შევიგრძნოთ სამყარო. ეს წიგნიც ჩვენს ბავშვობაში დაბრუნებაა, როგორც პატარა, ანკარა წყარო, რომლის ნაკადი მოდუნებულ ძარღვებში მოხვედრისას სისხლს სასიამოვნოდ, თავგადასავლებისთვის აჩუხჩუხებს… სადღაც ჩვენში არის სამოთხეცა და ჯოჯოხეთიც, რომლებიც სხვა არაფერია, თუ არა სულის მდგომარეობა. ჩვენმა ბედნიერმა ,,მემ” უნდა ჩაჰკიდოს ხელი უბედურს და მრავალ კარს შორის მოძებნოს ერთი, არაფრით გამორჩეული, მაგრამ როგორც ზღაპარშია, უნდა იგრძნო მისი უჩვეულობა. მის მიღმა კი დრო გაჩერებულა და სანამ უკან დასაბრუნებელი გზა არსებობს, უნდა ჩაისუნთქო ღრმად იქაური კრიალა ჰაერი, სმენა დაიტკბო იდუმალი სიჩუმის ჰანგებით, დაიმახსოვრო ყვავილოვანი მწვანე ფერის სიღრმე, უზაკველობა და დაბრუნდე უკან. კარისმიღმა სამყაროს ასეთი პატარ-პატარა ,,ულუფები” საჭიროა  სიცოცხლისთვის აზრის, სიკეთისა და სიყვარულის ძალის მისაცემად…ოღონდ უნდა იპოვო ის კარი და შეაფარო თავი…საკუთარ თავს…ერთ- ერთი კარი რეი ბრედბერის ,,ბაბუაწვერას ღვინოცაა”. მწერლის სამყარო შესანიშნავია, პერსპექტივაშიც რომ გასაზრდოებს, მომავალი ყოველთვის უფრო მეტია, ვიდრე რომელიმე წინასწარმეტყველება. წიგნი კი არასდროსაა წარსული კარგი მკითხველისათვის, ის მომავალია…

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

როცა ენოტი ლოცულობს, სიბნელე წვება

0

სიტყვა მურტალი რო მძულს, სიძულვილი ეგეთი უნდა, მაგრამ თბილისურ წვიმას სხვა რა უნდა დაარქვა, აბა?! ერთი სიტყვით, ძაან მურტალი ამინდი იყო. ამ ჭაღარასა და მრავალ ჭირნახულში კარგი ამინდის დროსაც გიჭირს ფეხით გავლა ადამიანს. როგორ ამბობენ? ფეხით მოსიარულეებისთვის მეგობრული ქალაქი არ არისო. ეგეთია თბილისი – თუ მაინცდამაინც რამე კაი მანქანაზე არ ხარ ამხედრებული, არ გემეგობრება. როგორღაც, შენ შენთვის ხარ, შენი ქალაქი თავისთვისა და ცხოვრობთ ასე, მუდამ ნაჩხუბარი ცოლ-ქმარივით. ჩემს ბავშვობაში იყო ეგეთი კითხვა: „გეხები რო მეხები?“. ასე გეუბნება ზუსტად. მაცადე ცხოვრებაო, რა.

 

თავში ჭკუა მქონდა, იმ მურტალ ამინდში ზოოპარკში წასვლა რო გადავწყვიტე? არა, განა ზოოპარკის ფილოსოფიას ვემხრობი ან რამე. რა წესია ამ Youtube-ის ეპოქაში გალიაში გამომწყვდეული ცხოველის ყურება. კითხე ინტერნეტს და პასუხს კი არ დაგამადლის. სულ ნაირ-ნაირ ვიდეოებს ამოგიყრის, გინდა „ნეიშენალ ჯეოგრაფიკისას“ და გინდა „დისქავერისას“. ჰო, „ენიმალ პლანეტიც“ ხომაა კიდევ. თან, ისეთი ვიდეოები იქნება, მინდორ-ველში როგორ იქცევიან, რას ჭამენ, რა სწყინთ და რა უხარიათ. დიდი თავშესაქცევი რამაა მაგ გადაცემების ნახვა. ტელევიზორს საუკუნეში ერთხელ ვუყურებ, მაგრამ თუ ვუყურებ, მაგას ვუყურებ. მამაჩემს ბავშვობის ძმაკაცი ჰყავს, როსტომ გვარიშვილი. მაგარზე მაგარი კაცი. უწინ პოლიციის უფროსი იყო ჩაქვში. ერთ ზაფხულს სამსახურში შევუარეთ და ვთხოვე, აბა, პატიმრები მანახე-მეთქი და იცით რა მიპასუხა? მე კი განახებ, მაგრამ ცხოველები ხომ არ არიან, გისოსებში რო ათვალიეროო. აბა, შენ მოიფიქრე, მითხარი რას გადაწყვეტ და ისე მოვიქცეთო. მეთქი არ მინდა. მაშინ მივხვდი, რომ თავისუფლებაში რო არ არის, ეგეთს არც ადამიანს უნდა უყურო და არც ცხოველს. როცა გათანაბრდებით, მაშინ ადექით, უცქირეთ ერთმანეთს და იყავით. როსტომი კაცების კაცია. შვილი მოვუნათლე მერე. კი ვერ ვუწევ საკადრის ნათლიობას, მაგრამ… სხვა ამბავია ეგ.

 

არა, ისიც მესმის, რომ ამბობენ, ეგ ცხოველები რომ გაუშვა, ბუნებასთან ვეღარ შესისხლხორდებიანო, დაიხოცებიანო, რამე, რუმე. მესმის, ხისთავიანი კი არ ვარ. საერთოდაც, ბოლო დროს ვცდილობ არ ვიექსპერტო. რადგანაც ამდენი ცხოველთა უფლებების დამცველის ხელში ზოოპარკები ისევ არსებობს, ესეიგი აქვს გამართლება. თან, ეს ჩვენი ზოოპარკის დირექტორი მესიმპატიურება მაგრად. კარგი კაცი ჩანს. რამდენჯერმე მოგვიწია გამოლაპარაკება და საინტერესო რაღაცები თქვა. მაგათი ფეისბუკის გვერდიც მომწონს – კარგად აკაკუნებენ კლავიატურაზე და ეტყობათ, რომ ცხოველები უყვართ.

 

მოკლედ, იმას მივედ-მოვედები, რო გალიაში ჩასმული ცხოველების ნახვისგან თავს ვიკავებ, რითიც შემიძლია. ეს „რითიც შემიძლია“ ძალიან მაზალო სიტყვებია. არც მწვადს წვავ და არც შამფურს. ეგეც ბავშვობის ნატკენია, სხვათა შორის. იმ დამპალ დროში, ახლა რო ბნელსა და ტკბილს ვეძახით, ხშირად გკითხავდნენ ძველები და მოშავო ელემენტები: „ქურდებს პატივს სცემ?“. შენ კიდე უნდა გეპასუხა: „რითიც შემიძლია“.

 

ჰოდა, იმ მურტალ, წვიმიან ამინდში მაინც გადავწყვიტე ზოოპარკში წასვლა. ცხოველების ნაწილი ახალ ზოოპარკში გადაუყვანიათ და იქაურობა ნახევრად მიტოვებულ სოფელს დამსგავსებია. ვოლიერს აწერია ესა და ეს ცხოვრობს აქაო. შეიხედავ და, სადაა? არ არის. „თეთრი ბაირაღები“ გახსოვთ? შოშია რო ტიგრან გულოიანს უხსნის ფალსიფიცირებული საფლავი რა არის. ფაფუ, გალია ცარიელია. ჩვენ, ადამიანები ხომ ვტოვებთ კვალს იმ ადგილებში, სადაც ვიყავით. ისე ხდება, რომ ეგ კვალი უშნოა ხოლმე და იქნებ არც ღირდეს თავის გამოჩენა. აი, ჩემი სკოლის ფასადი იყო ეგეთი აჭრელებული. ბოლო ზარის წინ ბიჭები აწერდნენ თავიანთ სახელებს საღებავით. ალბათ, იმის შიშით, რომ ეგებ სხვანაირი კვალი ვეღარ დაეტოვებინათ ცხოვრებაში. ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ რა იქნებოდა, ამ ალაგ-ალაგ დაცარიელებულ გალიებში ცხოველებს თავიანთი სახელები დაეტოვებინათ. „აქ იყო ფოცხვერი დიეგო“, ან რამე ამის მსგავსი. როგორც ბრუკსი ტოვებს ავტოგრაფს თვითმკვლელობის წინ.

 

მსხვილი წვეთებით წვიმდა და ეს ამბავი უფრო ასევდიანებდა იქაურობას. მგონი, ჩემ გარდა არც არავინ იყო მაშინ ზოოპარკში. თუმცა, როგორ არა. ატრაქციონთან დავლანდე ახალგაზრდა ქალი, ბილეთების ჯიხურში იჯდა და არავის ელოდა. სახე მაჯაზე დაეყრდნო და ღმერთმა იცის, რაზე ფიქრობდა. მე, როცა თავს ეგრე ჩამოვდებ, კარგზე არაფერზე მეფიქრება ხოლმე. ისე, ეგეთ მურტალ ამინდში, ამდენ სევდიან ცხოველს შორის, რატომ უნდა გაგეფიქროს კარგზე.

 

და, სწორედ მაშინ, როცა ვიფიქრე, რომ ამ ქალზე მარტოსული არავინ იყო იმ მომენტში, ენოტი დავინახე. საქათმისხელა გალიაში იჯდა და შორიდან მიყურებდა. „ტირის“? – ვიფიქრე. ისიც კი არ ვიცი, ენოტებს ტირილი თუ შეუძლიათ. თან, ძალიან შორს ვიდექი, მაგრამ შორიდანაც კი კარგად ჩანდა, როგორ ბზინავდა მის თვალებში წყალი. „ტირის, ბიჭო, ტირის“ – ისტერიულად ვიმეორებდი და ნელ-ნელა იმ მღრღნელს ვემსგავსებოდი, ცოტა ხნით ადრე გაუჩერებლად და ნერვიულად რომ ურტყამდა თავის გალიას წრეებს „პრაგულკაზე“ გამოყვანილი პატიმარივით.

 

გალიას მივუახლოვდი თუ არა, ენოტი მიხვდა, რომ წასასვლელი არსად ჰქონდა, ვერსად შეიმალებოდა და იცით რა ქნა? თავი დახარა. მხოლოდ ეს შეძლო – თავის დახრა, რათა არ დავენახე და წარმოსახვაში მაინც გავექრე, წარმოედგინა, რომ იქ არ ვარ და ვერაფერს დავუშავებდი. სწრაფად გავერიდე, მაგრამ საკუთარ ვარაუდში დასარწმუნებლად, ისევ მივბრუნდი. ენოტმა ისევ იმგვარად დაიცვა თავი. იმისთვის, რომ ზუსტად მიხვდეთ, რას გრძნობდა დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია, ნანახი უნდა გყავდეთ შიშისაგან გისოსზე აკრული ენოტი, რომელსაც გასაქცევი არსად აქვს და ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეუძლია, თავის დახრაა. ენოტი გალიაში მარტოა. სრულიად მარტო.

 

რა აღარ ვიფიქრე. მეთქი, მოთხრობას დავწერ, რომ წყვილი ზოოპარკში დათქვამს პირველ პაემანს, ენოტი შეეცოდებათ, გაათავისუფლებენ და სადმე, ბუნებაში გაუშვებენ – ეგეც მაგათი პირველი ერთობლივი თავგადასავალი. „კარგი ერთი, თუ ძმა ხარ. ვის რა ოხრად უნდა შენი მოთხრობა“ – მოვუჭირე მუხრუჭებს. მეთქი, ზოოპარკს რად უნდა რკინის გისოსები, შუშაბანდები უნდა ჰქონდეს. გამოვიდნენ ყველანი და ვიცხოვროთ ერთად. რა ფასი აქვს ცხოვრებას რისკის გარეშე. განა ცოტა დადის ამ ქვეყანაში სამეფო კობრაზე უფრო შხამიანი და თეთრ ლომზე უფრო მტაცებელი? ჩართეთ საღამოს საინფორმაციო გამოშვება და რამდენსაც გინდათ, იმდენს ნახავთ, სულო და გულო.

 

წვიმდა და წვიმდა. ბილეთების ჯიხურში მჯდომ ქალს ორივე ხელი შემოედო თავზე, მაგრამ ის არ იყო ყველაზე მარტოსული ადამიანი დედამიწაზე. არც მე ვიყავი, იმის მიუხედავად, რომ იმ წამს სწორედ ასეთად ვგრძნობ თავს. ყველაზე მარტოსული იყო ენოტი, საქათმისხელა გალიაში გამომწყვდეული, უმეგობრო და გაუხარელი, დღედაღამ იმაზე მლოცველი, რომ მის გალიასთან არავინ მივა და თუ მაინც დაუცდება ვინმეს ფეხი და შეამჩნევს, განგების შეწევნით შეძლებს თავის დახრას, რის შემდეგაც ისეთი უკუნეთი ჩამოწვება, რომელიც ყველა ჩვენგანს გააქრობს მის გარშემო. ყოველ შემთხვევაში, ერთი წუთით მაინც.

თანამშრომლობითი სწავლება – დებატები 

0

    დისკუსია  თანამშროლობითი სწავლების ერთ- ერთი საუკეთესო მეთოდია,მისი გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას სასწავლო პროცესში და ისეთი უნარების განვითარებას,  როგორებიცაა: კრიტიკული აზროვნება, საკუთარი   აზრის გამოხატვა,  კომუნიკაციის განვითარება, ოპონენტის პატივისცემა, განსხვავებული აზრის მიღება და კონსესუსი.

უდაო ჭეშმარიტებაა,რომ   მოსწავლეებში აღნიშნული უნარების განვითარება  ადრეული ასაკიდან უნდა  ხდებოდეს დაწყებითი სწავლების საფეხურზე.

დებატების წარმატებით განხორციელებისათვის აუცილებელია ვიცნობდეთ დებატების სპეციფიკას:

 

  • დებატები ორატორული შეჯიბრია, რომლის მიზანია რომელიმე მონაწილე მხარის გამარჯვება;
  • დებატებისას ერთი მხარე ყურადღებით ისმენს მეორე მხარის არგუმენტებს,რათა იპოვოს ხარვეზები და გააბათილოს;
  • დებატებისას პოზიციის შეცვლა სისუსტედ მიიჩნევა;
  • მონაწილენი მცდარ პოზიციასაც ისე იცავენ, როგორც- სწორს;
  • მოსწავლეებს უვითარდებათ მოვლენისადმი სუბიექტური მიდგომა;
  • დებატები მოითხოვს გარკვეული შეხედულებების კრიტიკას.

 

საილუსტრაციოდ გთავაზობთ ჩემ მერ ერთ -ერთ კლასში გამართული დებატების თემას აქტივობების თანმიმდევრობით

სამიზნე ჯგუფი- 5 კლასი

                საგანი-  ჩვენი საქართველო

                  თემა : სვანეთი- საქართველოს განძთსაცავი

დებატებს ვახორციელებ სიღრმისეული წვდომის ფაზაზე. მოსწავლეებს საპრეზენტაციო პროგრამა power-point- ის  გამოყენებით ვაცნობ  სვანეთის მუზეუმს და აქ განთავსებულ ექსპონატებს. ვაძლევ  დებატების ჩატარებისათვის მკაფიო და გასაგებ ინსტრუქციებს .  დებატების თემას ვწერ დაფაზე:

 

 

საუკუნეების წინანდელი ზოგიერთი  განძი ამ დრომდე სვანეთის სხვადასხვა ოჯახშია დაცული.

              სად უნდა ინახებოდეს ეს განძი მუზეუმში, თუ ისევ  ოჯახებში?

 

 

ფერადი ბარათების გამოყენებით ვირჩევ  3  ექსპერტს, დანარჩენ მოსწავლეებს ვანაწილებ ორ ჯგუფად (ისევ ბარათების გამოყენებით)

თითოეულ ჯგუფს ვაცნობ პოზიციას ,რომელიც უნდა დაიცვან.

1 ჯგუფის პოზიცია-   განძი  უნდა ინახებოდეს მუზეუმში

2 ჯგუფის პოზიცია- განძი უნდა ინახებოდეს ოჯახებში.

ჯგუფებს ვაძლევ დროს, 5 წთ-ს, არგუმენტების მოსაფიქრებლად, მათ იციან, რომ ექნებათ სამი გამოსვლა.

ექსპერტებთან ერთად შევიმუშავებთ შეფასების რუბრიკას, რომლის კრიტერიუმებია:

  • მოსმენა;
  • ჯგუფის წევრებს შორის თანამშრომლობა;
  • არგუმენტირებული მსჯელობა;
  • დროის ლიმიტის დაცვა;
  • განსხვავებული მოსაზრების მიღება, ოპონენტის პატივისცემა.

 

ექსპერტები აღნიშნულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, გამოავლენენ  და დაასახელებენ  გამარჯვებულს

 

წინაპირობები, რომლებიც უნდა გაითვალისწინო, რათა დებატები იყოს წარმატებული:

  • საკითხის განსაზღვრა;
  • საკითხი დაწერეთ დაფაზე ან ფლიპ-ჩარტზე;
  • სივრცის ორგანიზება;
  • დროის ლიმიტის დაცვისათვის გამოიყენეთ ქვიშის საათი;
  • უმჯობესია დებატები საკითხის შესწავლის შემდეგ ან მასწავლებლის ან მოსწავლის მიერ გაკეთებული პრეზენტაციის შემდგომ გავმართოთ.

ძლიერი მხარეებ

 

  • ყველა მოსწავლე ჩართულია;
  • მოსწავლეებისთვის სახალისო აქტივობაა;
  • მოტივაციას აძლევს მოსწავლეებს დამოუკიდებლად მოიძიონ ინფორმაცია;
  • კრიტიკული აზროვნების გამომუშავებას უწყობს ხელს;
  • ავითარებს კომუნიკაციისა და თანამ შრომლობის უნარებს;
  • უყალიბდებათ მსჯელობის კულტურა.

 

გამოყენებული ლიტერატურა

„დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება“.მოდული3-ინტერაქტიული სწავლება

„ჩვენი საქართველო“-V  კლასი.II  ნაწილი

 

                                                                 

ფერადი მარცვლები მოსწავლის არასასურველი ქცევის კორექციისთვის

0

სკოლა ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც მუდმივ  განვითარებას და წინსვლას მოითხოვს. მასწავლებლის არსი კი სრულფასოვანი ადამიანის აღზრდაა, რომელიც მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობს საზოგადოების წინაშე.

ყოველი საგაკვეთილო პროცესი  ინფორმაციის გადაცემის გარდა  ბავშვის შინაგანი სამყაროს  გამდიდრებასაც უნდა ემსახურებოდეს, მაგრამ რაც არ უნდა კარგად დაგეგმილი  და ორგანიზებული იყოს სასწავლო პროცესი, შეუძლებელი იქნება მიზნის მიღწევა, თუ კლასში დისციპლინარული პრობლემებია.  არასასურევლი ქცევის მქონე მოსწავლეს შეუძლია  მთლიანად ჩამოშალოს ის ხარაჩო, რომელზედაც მასწავლებელმა გაკვეთილი ააგო.  ყველა კლასში მოიძებნება მინიმუმ ერთი მოსწავლე,  რომელიც ხშირად ხელს  უშლის გაკვეთილის მსვლელობას  სხვადასხვა სახით და მასწავლებელიც მას ხშირად აძლევს  სიტყვიერ გაფრთხილებას. კლასის წინაშე  მიუთითებს არასასურველ ქცევაზე და ახდენს სადამსჯელო ღონისძიების გატარებას. ზემოაღნიშნული ქმედება ხშირად იწვევს მოსწავლეში არასასურველი ქცევის დასწავლას და განმტკიცებას.

დაწყებით კლასში მასწავლებელს დასჯის ნაცვლად უამრავი სახალისო მეთოდის გამოყენება შეუძლია, რომელიც მოსწავლეს დაასწავლის დადებით ქცევას და განუმტკიცებს მას. ერთ-ერთი წამახალისებელი აქტივობა, რომლის მოსწავლეებთან გამოყენებაც  დადებით შედეგს მოგვცემს არის: „ჩემი სიკეთის მარცვლები“, რომლისთვისაც  ერთი პატარა ქილა, ცოტაოდენი ფერადი მარცვლები და კედელზე გაკრული ბარათების ფურცელია საჭირო, რომლებშიც ბავშვები ფერად მარცვლებს დააგროვებენ.

სასურველი შედეგის მისაღწევად  საჭიროა რამდენიმე საფეხურის გავლა:

  1. კლასში ბავშვები თავად ადგენენ ქცევის წესებს,რომელსაც  შეთავაზებენ  მასწავლებელს. მასწავლებელი  აღნიშნულ წესებს ჩამოწერს დაფაზე და ბავშვებთან ერთად მოახდენს ამ  წესების გაფილტვრას . საბოლოოდ ტოვებენ 5-6 მნიშვნელოვან წესს,რომელსაც მასწავლებელი გამოაკრავს კლასში, თვალსაჩინო ადგილას.
  2. მეორე ეტაპზე კლასში გაიმართება დისკუსია, რომლის მიზანიც მათ მიერ შერჩეული წესების მნიშვნელობაზე საუბარია. წესები უნდა იყოს პოზიტიური სახის და მოსწავლეს დადებითად უნდა განაწყობდეს. ვართ მეგობრულები! ვიცავთ ერთმანეთს ბულინგისგან! პატივს ვცემთ სხვის აზრს და სხვა…
  3. მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს, რატომ მოიტანა კლასში ქილა ფერადი მარცვლებით და აუხსნის რას ნიშნავს:“ჩემი სიკეთის მარცვალი“

მასწავლებელი თვალსაჩინო ადგილას დებს ქილით  ფერად მარცვლებს და ბავშვებს უხსნის, რომ ერთი ფერადი მარცვალი აღნიშნავს  სიკეთის მარცვალს, რომელსაც მიიღებენ ისინი მათ მიერ დაწესებული წესების შესრულების შემთხვევაში.

  1. სასურველი ქცევის გამოვლენისას მასწავლებელი მოსწავლეს აძლევს ერთ მარცვალს. მოსწავლე კი მას ათავსებს კედელზე განთავსებულ ბარათში, რომელზეც მისი სახელია მითითებული. ქილა გამჭირვალე   უნდა იყოს, რათა მოსწავლეები დააკვირდნენ  მარცვლების შემცირებას. მათთვის ეს ძალიან სახალისო პროცესია. ქილიდან ბოლო ფერადი მარცვლის გაცემის შემდეგ მოსწავლეებთან ერთად მასწავლებელი ითვლის  თითოეულის მიერ დაგროვებული მარცვლების რაოდენობას და გამოავლენს   გამარჯვებულს.
  2. ყველაზე მეტი ფერადი მარცვლის მფლობელს მასწავლებელი უსრულებს ერთ სურვილს, მაგრამ სურვილი უნდა იყოს ისეთი, რომ სიკეთის კეთებას ემსახურებოდეს მთელი კლასისთვის. მაგალითად, ყველა ბავშვი გავიდეს ეზოში სათამაშოდ, ერთად უყურონ სასურველ ფილმს და სხვა.

მეთოდი ეფექტურია  და მოსწავლის არასასურველი ქცევის კორექციის გარდა  სიკეთის სწავლაშიც ეხმარება. მოსწავლეები, რომლებიც ნაკლები რაოდენობის მარცვალს იღებენ მათაც იციან, რომ თავიანთი წვლილი შეიტანეს  ამ საქმეში, მათი დახმარებით მალე გამოილია ქილაში ფერადი მარცვლები და  გამარჯვებულმა მოსწავლემ შეძლო ყველა თანაკლასელის გახარება. მეთოდი არ იწვევს არაჯანსაღ კონკურენციას, პირიქით მათ უხარიათ, როდესაც ვიღაც  იღებს მარცვალს, რადგან იციან, საბოლოოდ მათი სიკეთის მარცვალები ერთ დიდ სიკეთედ გადაიქცევა და ყველა ბავშვს გაახარებს.

 

 

ტექსტის გააზრება სქემის და  ვიზუალური მასალის დახმარებით

0

სწავლა-სწავლება  სახალისოა  მაშინ, როდესაც იგი მოსწავლის  ინტერესებისკენ არის მიმართული. მე როგორც მასწავლებელი, მუდმივად ვფიქრობ  როგორ გავუღვიძო მოსწავლეებს   ცნობისმოყვარეობა შესასწავლი საკითხის მიმართ. ცნობისმოყვარეობა შინაგანი მოტივაციის განმაპირობებელი ფაქტორია და, ამდენად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სწავლა-სწავლების პროცესში. ის გონებას მიმართავს პასიურობიდან აქტიურობისკენ, ახალი  იდეების აღმოჩენისა და ჰიპოთეზების წარმოდგენისკენ, ახალი მოვლენებისა და ფაქტების შემეცნებისკენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცნობისმოყვარეობა მოსწავლეს კვლევა-ძიებისკენ უბიძებს.

საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისას ორმაგად სასურველია, მასწავლებელმა მოსწავლეებს ცნობისმოყვარეობა აღუძრას ნაცნობი გამოცდილების კონტექსტში, გამოიყენოს ისეთი სტიმულები, რომლებიც არ იქნება მათთვის სრულიად უცხო. საჭიროა ბალანსის დაცვა მოსწავლის უკვე არსებულ კოგნიტურ სქემასა და ახალი დავალების სირთულეს შორის  – წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მოსწავლემ დაუძლევლად მიიჩნიოს ამოცანა და პასიურ მდგომარეობაში გადავიდეს.

მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება და გაგაცნოთ რამდენიმე აქტივობა, რომელიც  სწავლების კონსტრუქრტივისტულ მიდგომებს ეფუძნება და მოსწავლეებს  სხვადასხვა წყაროებზე მუშაობას სახალისოს  ხდის.

შესასწავლი საკითხი – ცოცხალი ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლი

სასწავლო მიზანი – მოსწავლემ სხვადასხვა წყაროებზე მუშაობით უნდა შეაგროვოს ინფორმაცია სხვადასხვა ორგანიზმის სასიცოცხლო ციკლის შესახებ;, გამოსახოს მოპოვებული ინფორმაცია სქემის სახით.

აქტივობა -1 ტექსტის გააზრება კოგნიტური სქემის დახმარებით

მასწავლებელი ყოფს კლასს ჯგუფებად და ურიგებს  საინფორმაციო ტექსტს.  მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს – წაიკითხონ და გაანალიზონ ტექსტში მოცემული ინფორმაცია შემდეგი სქემის  შესაბამისად:

სქემა-1

 

დაადგინეთ რა ხანგრძლივობისაა  იმ ორგანიზმის სასიცოცხლო ციკლი რომელზეც ტექსტშია საუბარი დაადგინეთ რამდენი ეტაპისაგან შედგება იმ ორგანიზმის სასიცოცხლო ციკლი, რომელზეც ტექსტშია საუბარი და  მოკლედ დაახასიათეთ თითოეული ეტაპი როგორ გარემოში მიმდინარეობს  მოცემული ორგანიზმის ზრდა-განვითარება.

 

     

 

 

 

 

 

 

პეპლების ცხოვრება

(საინფორმაციო ტექსტი)

პეპლები მწერების ყველაზე ლამაზი და საოცარი წარმომადგენლები არიან. რამდენ ხანს ცოცხლობენ ისინი?

როდესაც ზრდასრულ ასაკს მიაღწევს, პეპელა დებს რამდენიმე ასეულ, ზოგიერთ შემთხვევაში რამდენიმე ათასეულ კვერცხს. ზოგიერთი მათგანი კვერცხს დებს ამათუიმ მცენარეზე. მომავალში, როდესაც კვერცხებიდან მატლები გამოიჩეკებიან ეს მცენარე მათი თავშესაფარი და საკვები გახდება. ზოგიერთი პეპელა კვერცხებს ნიადაგში დებს, ზოგიც ფრენის დროს ფანტავს. კვერცხში ჩანასახის განვითარების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ერთი
მხრივ, კლიმატურ პირობებზე, მეორე მხრივ, პეპლის სახეობაზე. ეს პროცესი რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვემდე შეიძლება გაგრძელდეს. განვითარების პერიოდი განსაკუთრებით ხანგრძლივია მაშინ, როდესაც სახეობა კვერცხის ფორმით იზამთრებს.

კვერცხებიდან გამოჩეკილ მატლებს სამი წყვილი დასახსრული ფეხი და რამდენიმე წყვილი “ცრუ” ფეხი აქვთ. მათი საშუალებით ისინი გადაადგილდებიან ან ეჭიდებიან რაიმე საყრდენს. მატლები ინტენსიურად იკვებებიან და სწრაფად იზრდებიან. ზრდის პროცესში მათი გარეთა საფარველი თანდათანობით “ვიწრო” ხდება, ამიტომ ისინი რამდენიმეჯერ იცვლიან კანს.

როდესაც სიცივეები მოახლოვდება, მატლების უმრავლესობა სპეციალური ნივთიერების გამოყოფას იწყებს, რომელიც ჰაერზე მაგრდება და მკვრივდება. ამ ნივთიერებისაგან ისინი ამზადებენ ერთგვარ პარკს, რომელშიც თავად იბუდებენ და ჭუპრად გადაიქცევიან. ჭუპრის ფორმა დამოკიდებულია პეპლის სახეობაზე. უმრავლეს შემთხვევაში სხეული მთლიანად აღმოჩნდება დაფარული უცნაური საფარველით. ჭუპრის სტადიაზე მწერი იძენს ყველა იმ ნიშან–თვისებას, რომელიც გააჩნია ზრდასრულ პეპელას, ვითარდება კუნთები და ფრთები. ჭუპრები არ მოძრაობენ, როგორც წესი ისინი მიმაგრებულები არიან ტოტებზე, ფოთლებზე, სხვადასხვა საგნებზე. ჭუპრის სახით პეპლები იზამთრებენ. როდესაც დგება გაზაფხული, ჭუპრიდან თავისუფლდება სრულიად განსხვავებული ნიშნების მქონე ახალგაზრდა პეპელა. მის ფრთებში მოძრაობას იწყებს სისხლის მსგავსი სითხე – ჰემოლიმფა. პარკისგან განთავისუფლებული პეპელა მზადაა გასაფრენად. ის სწრაფად აღწევს სქესობრივ სიმწიფეს და მზადაა კვერცხების დასადებად. ამ ლამაზი არსების სიცოცხლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შეასრულებს ძირითად მოვალეობას – დადებს კვერცხებს. ჩვეულებრივ, პარკიდან გამოს­ვლის შემდეგ პეპელა ცხოვრობს რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში. თუმცა არსებობს გამონაკლისებიც: ზოგიერთი სახეობისათვის სიცოცხლის ხანგრძლივობამ შესაძლოა10 თვესაც კი მიაღწიოს.

აქტივობა – 2   ვიდეოფილმის ანალიზი და  საკითხის შეჯამება -ვიზუალიზაცია  ტექსტთან მიმართებაში

მასწავლებელი კლასს აჩვენებს 2 წუთიან დოკუმენტურ ფილმს:

 

 

ამის შემდეგ  მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს  კონტურულ ბარათებს და სთხოვს მოსწავლეებს  წაკითხული ტექსტის და ნანახი ფილმის საფუძველზე გამოსახონ სასიცოცხლო ციკლი სქემის, ან ნახატის სახით და მოამზადონ ნამუშევარი კლასის წინაშე წარსადგენად.

 

ჯგუფები ამზადებენ პრეზენტაციებს და წარადგენენ კლასის წინაშე, რის შემდეგაც ჯგუფები ახდენენ ნამუშევრების ურთიერთშეფასებას და თვითშეფასებას.

საშინაო დავალება: სასურველია მასწავლებელმა მოსწავლეებს დაავალოს შეარჩიონ  მათთვის საინ­ტერესო რომელიმე მცენარე, ან ცხოველი, მოიპოვონ ინფორმაცია მისი სასიცოცხლო ციკლის შესახებ, ან სასიცოცხლო ციკლის გარემოსთან შეგუების თავისებურებების შესახებ და წარმოადგინონ კლასის წინაშე.

საკითხის სწავლებისას გასათვალისწინებელია მოსწავლეების ტიპური შეცდომები – არაპირდაპირი განვითარების სწავლებისას ხშირია შეცდომები სრულ და არასრულ მეტამორფოზთან დაკავშირებით; ხშირია არაპირდაპირი განვითარებისა და არასრული მეტამორფოზის, როგორც ცნებების გაიგივება, გარდა ამისა მოსწავლეებს მიაჩნიათ, რომ მწერების ყველა სახეობა ვითარდება სრული მეტამორფოზით

 

ამოცანის პირობის გააზრების მნიშვნელობა

0

თანამედროვე  პირობებში  თეორია  ნებისმიერი  მეცნიერებისათვის წარმოადგენს  ცოდნის ძირითად და წამყვან  ფორმას. დიდია  თეორიული  მასალის  როლი სასკოლო  ფიზიკის კურსში.  ცოდნის  ძირითადი ინდიკატორია  თეორიული  დასკვნების  პრაქტიკაში  გამოიყენება.

საჯარო  სკოლებში  ფიზიკის  სწავლებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს  პრაქტიკულ  სავარჯიშოთა სისტემას.  კერძოდ, ამოცანათა  ამოხსნის  სწავლებით – პრობლემის გადაწყვეტას.

ადრეულ  პერიოდში  საბუნებისმეტყველო-მათემატიკური  საგნების  სწავლება  მიმდინარეობდა  სქემით ,,თეორია–ამოცანები“. ამ  სქემიდან  გამომდინარე  ამოცანების  გამოყენება  საგაკვეთილო  პროცესში  ან საშინაო  დავალებისთვის  ემსახურებოდა  იმას, რომ განმტკიცებულიყო  თეორიული დასკვნები. მოსწავლეს ადვილად  დაემახსოვრებინა  თეორიაში  მიღებული  მათემატიკური  ფორმულები.

სწავლების  თანამედროვე  პირობები  მოითხოვს, რომ  სწავლება  იყოს  ეფექტური. მოსწავლეს  შეეძლოს ცოდნის  პრაკტიკაში  გამოყენება. ეს  კი  შესაძლებელია,  თუ  თითოეულ  მასალას  წინ  უძღვის  რაღაც პრობლემა(ამოცანა),  რომლის  გადასაწყვეტად  ექსპერიმენტზე  დაყრდნობით  თუ  გონებრივი  იერიშით დგინდება  პრობლემის  აღმწერი  ფიზიკურ  სიდიდეებს  შორის  თვისებრივი  თუ   რაოდენობრივი დმოკიდებულება.  ხოლო  შემდეგ  ხდება  მისი  განმტკიცება  სხვადასხვა  სახის  ამოცანებით. ამრიგად ახალი  მეთოდის  სქემა  ასეთია ,, პრობლემა (ამოცანა) -თეორია – შედეგის ანალიზი.“

დღევანდელი  მდგომარეობით  ამოცანები  გვხვდება,  როგორც  სახელმძღვანელო  წიგნებში, აგრეთვე  ცალკე  ამოცანათა  კრებულში  ისე,  რომ  რა  ამოცანებიცაა  სახელმძღვანელოში, იგივე  ტექსტია ამოცანათა კრებულებში, იგივეა ამოცანების ამოხსნის წიგნებში.  ამოხსნილი ამოცანები ხელმისაწვდომია ნებისმიერი მოსწავლისთვის, გარდა ამისა არსებობს ფიზიკის რვეულები და ა.შ. სადაც არის ერთი და იგივე ამოცანების  განმეორება.

თუ  მოსწავლეს  ექნება   ორი  სახელმძღვანელო – თეორია  და  შესაბამისი  ამოცანათა  კრებული,  ეს შეამცირებს  წიგნის  ფორმატს  და  უფრო  მოსახერხებელიც   იქნება.  თუმცა  ისიც  დასაშვებია, რომ  თეორია და პრაქტიკა   გაერთიანდეს ერთ  წიგნში.

გარდა ზემოთაღნიშნულისა  ფიზიკის  ამოცანების ამოხსნის სურვილს უკარგავს მოსწავლეებს ამოცანის ნარატიული ნაწილის თემატიკა და სხვა ფაქტორები, ისეთი როგორიცაა:

  1. მონაცემები აღებულია სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგიდან და  მათ შორის  საკმაოდაა  საბრძოლო  ტექნიკის  მონაცემთა   ბაზიდან.
  2. თითქმის ყველა  ამოცანის  ამოხსნა  შესაძლებელია  დაიწყოს  მათემატიკური  მეთოდების გამოყენებით.  ვაგებთ  ნახაზს  და  პირობის  შესაბამისად  ვადგენთ  ამოხსნის  სქემას.  ამოხსნა  არ მოითხოვს  ანალიზის  ჩატარებას,  ფიზიკის პროცესებში  ღრმად  წვდომას.
  3. მათემატიკური გამოთვლების  შემდეგ  მიღებული  შედეგი (შედეგები)  არ   მოითხოვენ გაანალიზებას.  რა  მივიღეთ, რას  აღწერს  მიღებული სიდიდე  და  ა.შ.

გამომდინარე აქედან  ამოცანის შედგენაზე მომუშავე ავტორებმა  სასურველია  გაითვალისწინონ:  

  1. ფიზიკის ამოცანების  შედგენისას  გამოყენებულ  უნდა  იქნეს  მონაცემები   მრავალფეროვანი  სფეროებიდან.
  2. ამოცანის  პირობა   ისე უნდა იყოს შედგენილი,   რომ  არ გაუჭირდეს მოსწავლეს    პირობის  ანალიზი.
  3. დასაშვებია და  სასურველიც, რომ  ფიზიკის  ამოცანის  ამოხსნისას  საჭირო  იყოს  მათემატიკური გამოთვლები,  რომელთა  შედეგები  საშუალებას  მოგვცემს  დავადგინოთ  ობიექტის  თვისებები, ფიზიკურ  სიდიდეთა  ოდენობა  და  სხვა.  მაგრამ  აუცილებელია  ტექსტის  შედგენისას  დავიცვათ მეორე  მოთხოვნა.  ამოცანა  თავისი  შინაარსით  მოითხოვდეს  ფიზიკური  მოვლენების  ან პროცესების  ანალიზსს.

 

 

ანოტაცია  თემაზე: შენიშვნები ფიზიკის ამოცანების შედგენისათვის.

თემაში  განხილულია: 1. რომ  საჯარო  სკოლაში  ფიზიკის  სწავლებისათვის  დიდი  მნიშვნელობა  აქვს  პრაქტიკულ  სავარჯიშოთა  სისტემას. განსახილველი  თეორიული  მასალის  შესაბამისი  ამოცანათა შედგენას და  მისი  ამოხსნით — პრობლემის  გადაწყვეტას.

  1. შედარებულია ადრეულ  პერიოდში  ამოცანათა  ამოხსნის  არსებული  სქემა  „პრობლემა- შესაბამისი თეორიის  მისადაგება- ამოხსნა“  ახალ  უფრო  შემოქმედებით,   კვლევით  სქემას „პრობლემა — ამოხსნის გზების ძიება — ამოხსნა — შედეგების ანალიზი.“  ამიტომ  ამოცანების  შედგენისათვის  საჭიროა:

ა). ამოცანაში აღწერილი მოვლენა  შეესაბამებოდეს  რეალურს.

ბ) ამოცანის პირობა  უნდა  ითხოვდეს  ანალიზს,  რათა  დაიგეგმოს  ამოხსნის  სწორი  გზა.

გ). ამოხსნით  მიღებული  შედეგები  საშუალებას  უნდა  გვაძლევდეს  ამოვიცნოთ  ამოცანაში  აღწერილი რეალური  ფიზიკური  პროცესი.

  1. განხილულია ახალი სქემით  ამოცანათა  შედგენისა  და  ამოხსნის ნიმუშები.

 

 ლიტერატურა.

  1. ზ. ბართაია, შ. სურგულაძე საყრდენი  კონსფექტებით  მუშაობის  გამოცდილება.  ბროშურა მასწავლებელთა  დასახმარებლად  თბილისი  1991წ.
  2. ზ. ბართაია საწარმოო  გარემოს როლი ფიზიკის სწავლებაში. ჟურნალი „ ფიზიკა და მათემატიკა სკოლაში“ თბილისი 1994წ N6.
  3. სხვადასხვა ავტორთა მოქმედი სახელმძღვანელო ამოცანათა კრებულები.
  4. რიმკევიჩი პ. და სხვა ფიზიკის ამოცანათა კრებული.—1993წ.
  5. ვ. კობახიძე სავარჯიშოებისა და ამოცანების კრებული ფიზიკაში. თბილისი 1995წ.
  6. ბელიკოვი ი. ამოცანების ამოხსნა ფიზიკაში ზოგადი მეთოდები მოსკოვი 1986წ. (რუსულ ენაზე.)

 

 

მშობლების და მასწავლებლების კომუნიკაცია

0

   წარმატებული სკოლის  ერთ-ერთი მახასიათებელი  ოჯახისა და საზოგადოების ჩართულობაა სასკოლო ცხოვრებაში. მოვიყვან ციტატას: ,,წარმატებულ სკოლებში სჯერათ, რომ მოსწავლეების განათლება არა მხოლოდ მასწავლებლების, არამედ ოჯახისა და საზოგადოების წარმომადგენლების პასუხისმგებლობაცაა. შესაბამისად, მათ დიდი წვლილი შეაქვთ ამ მნიშვნელოვანი ფუნქციის განხორციელებაში“. მცირე ასაკში მოსწავლეები განათლებას ღებულობენ ორი ძირითადი წყაროდან: მშობლისგან და მასწავლებლისგან. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ორივე რგოლის ჩართვა და მნიშვნელოვანია გამართული კომუნიკაცია. 2003 წელს კვლევითი და ანალიტიკური ორგანიზაციის(,,Public Agenda”) მიერ ჩატარებული კვლევის ანალიზმა აჩვენა, რომ პედაგოგთა 65% -ს მიაჩნია, რომ უკეთესი იქნებოდა მშობელთა აქტიურობის გაზრდა. მშობელთა ჩართულობას ყოველთვის მოჰყვება სარგებელი. ფსიქოლოგებს, მკვლევრებს, ექსპერტებს აქვთ ერთობლივი აზრი თანამშრომლობის აუცილებლობაზე. მშობლებთან კომუნიკაციის აუცილებლობას  მივუძღვენი კვლევა და მსურს, გავუზიარო გამოცდილება კოლეგებს, განსაკუთრებით-დამწყებთ.

გამოვიკვლიე მშობელთა მზაობა, პედაგოგიური კულტურა,  გამოვავლინე და განვახორციელე აქტივობები, რამაც ხელი შეუწყო ჩვენს თანამშრომლობას.

საკვლევი საკითხის ფორმულირებისთვის, სასწავლო წლის დასაწყისშივე, ჩამოვაყალიბე შემდეგი ქვეკითხვები: როგორია ჩართულობა? რა არის პასიური თანამშრომლობის მიზეზი? რა გზით შეიძლება ამ საკითხის მოგვარება?

      კითხვებზე პასუხის გასაცემად საჭირო იყო სწორად შერჩეული მეთოდები. მონაცემთა შეგროვების მიზნით, გამოვიყენე კვლევის როგორც თვისობრივი, ისე რაოდენობრივი მეთოდები. თვისობრივმა მეთოდებმა დამანახა, როგორ აღიქვეს მშობლებმა საკვლევი საკითხი, ხოლო რაოდენობრივი მეთოდით გავზომე მიღებული შედეგები. გამოვიყენე:

 

დაკვირვება,    ფოკუს-ჯგუფი – თვისობრივი მეთოდები

ანკეტირება –    რაოდენობრივი მეთოდი

  

დაკვირვება– გამოვიყენე გარე(უბრალო) დაკვირვება, როგორც ყველაზე სისტემატური და ხანგრძლივი . რა სიხშირით აკითხავდა შვილს , ესწრებოდა კრებებსა და შეხვედრებს.

ფოკუს-ჯგუფის–  დროს მე, როგორც მოდერატორმა, შევქმენი ისეთი გარემო, რომ ყველას გასჩენოდა გულახდილობის სურვილი, თუმცა, ვაკონტროლებდი დისკუსიის მსვლელობას. ფოკუს-ჯგუფის ჩატარების შემდეგ შევქმენი ანალიტიკური დოკუმენტი რესპონდენტთა ციტატებით. ამით გამიადვილდა დასკვნის გაკეთება. ეს მეთოდი გამოვიყენე კვლევის პირველ(,,დაზვერვის“) ეტაპზე.

 

ანკეტირებით- რა თქმა უნდა, ანონიმურით, მივიღე გულწრფელი ინფორმაცია.

მონაცემთა შეგროვებამ, შედეგების ანალიზმა ასეთი სურათი დამიხატა:

   დაკვირვებამ  დამანახა, რომ მშობელთა კრებებზე, შეხვედრებზე ცხადდებოდა ერთი და იგივე მშობელი, მცირე ნაწილი შემოიფარგლებოდა სატელეფონო საუბრით, ზოგის ბებია მეკონტაქტებოდა, ზოგიერთი კი იშვიათად ,,შემოივლიდა“ სკოლაში.  უბრალო დაკვირვებას ვაწარმოებდი დეკემბრამდე და ვაკეთებდი ჩანიშვნებს,  რის შედეგადაც  შევქმენი სქემა, სადაც ნათლად ჩანს მშობელთა ,,აქტიური ჩართულობა“.( დანართი N 1).

      ფოკუს-ჯგუფი,  როგორც ფოკუსირებული დისკუსია, საინტერესო მეთოდია. იგი ამერიკელმა სოციოლოგმა რობერტ მერტონმა შიმუშავა მეორე მსოფლიო ომის დროს. ფოკუს-ჯგუფი ჩავატარე ორჯერ(მაქსიმალური რაოდენობით-12), მიზნად მქონდა  ყველა რესპონდენტის მოსმენა, ანალიტიკური დოკუმენტის შექმნა, განსხვავებულ აზრთა ტრანსფორმირება ერთიან პოზიციად. რესპონდენტებთან მიმართებაში ვიყავი ლიბერალური( მიმდინარეობდა 1 სთ. და 30 წთ.) . სადისკუსიო გეგმა მქონდა წინასწარ შემუშავებული.ა უდიო ან ვიდეო ჩაწერა არ მომიხდენია, ვაკეთებდი ჩანაწერებს და შევქმენი ტრანსკრიპტი  ციტატებით და მათი შეჯერებით გამოვიტანე დასკვნა, თუ როგორ ესმოდათ ,,მშობელთა ჩართულობა“, რა მოიაზრებოდა ამ სიტყვების მიღმა და  მათი აზრით, რა გავლენას ახდენს იგი ბავშვის წინსვლაზე.  მივხვდი, რომ პედაგოგიური კულტურა არც თუ ისე სახარბიელო იყო.  (დანართიN 2)

   ანკეტირებამ აჩვენა, რომ უმრავლესობა-40% ოჯახს აკისრებს ბავშვის ჩამოყალიბებაში  პასუხისმგებლობას, სკოლას-3%, ოჯახსა და სკოლას-24%,ს აზოგადოებას-4%, ოჯახს, სკოლას და საზოგადოებას-29%.   24%  ფიქრობს სკოლისა და ოჯახის აუცილებელ თანამშრომლობაზე( დანართიN 3).

შედეგების ანალიზმა ცხადყო, რომ მშობელთა დიდი უმრავლესობა ვერ ხედავდა საკუთარ  როლს სასწავლო პროცესში ჩართულობასა და სკოლასთან აქტიურ თანამშრომლობაში, ჰარმონიული თანამშრომლობის სარგებელს. შევეცადე ამემაღლებინა მათი პედაგოგიური კულტურა.

გაანალიზების შედეგებზე დაყრდნობით, დავგეგმე შემდეგი ინტერვენციები:

  • შეხვედრები ,,პირისპირ“ ; – სემინარები;
  • ინფორმაციის სისტემატურად მიწოდება; – ჯგუფის შექმნა სოც. ქსელში;
  • ,,ტელეფონით საუბრის დღე“; – მესიჯი ,,მხოლოდ კარგი“;
  • ,,მოხალისე მშობელი“;      – ექსკურსია.

  შეხვედრები ,,პირისპირ“ ტარდებოდა ინდივიდუალურად. არავითარი საყვედური მშობელს. იგი ეცნობოდა შვილის ნამუშევრებს და საუბარი იყო გულთბილი. მშობელს ვაგრძნობინებდი, რომ საჭირო იყო მისი მხრიდან მხარდაჭერა. ერთობლივად ვგეგმავდით პრობლემის გადაჭრის გზებს. ეს იყო ურთიერთობის ერთ-ერთი ეფექტური ფორმა.

   ინფორმაციის  სისტემატური  მიწოდებით,  მშობელს ვახვედრებდი, რომ ის იყო ჩემთვის დასაყრდენი, რომ ჩემს გვერდით უნდა ყოფილიყო და ვაგრძნობინებდი, რომ ვენდობოდი.

გამოვყავი  ,,ტელეფონის დღე“  მშობლებისთვის, რომლებიც მსახურობენ და სამუშაო დღეებში ვერ იცლიან.   ყველამ იცოდა, რომ შაბათს(10სთ.-20სთ.) შეეძლოთ დაერეკათ და მიეღოთ ჩემგან საჭირო ინფორმაცია თუ რჩევა.

 

   ,,მოხალისე მშობელს“ თავიდან ცოტა სკეპტიკურად ვუყურებდი, მაგრამ მაინც გადავწყვიტე და  მოხალისე მშობელს ჩავატარებინე გაკვეთილი ხელოვნებაში(გავითვალისწინე მშობლის შესაბამისი განათლება). მისი ბიჭუნა სხვა განწყობით დამხვდა, უფრო თამამი, ლაღი. გაიზარდა მისი მოტივაცია, როცა დედა მასწავლებლის როლში მოევლინა. მან დედა სხვა კუთხით დაინახა, ეს მისთვის საამაყო იყო.

სემინარები  დავარქვი ისეთ შეხვედრებს, როცა  მშობლებს ვესაუბრებოდი არამხოლოდ პროგრამულ საკითხებზე. მაგალითად, მათთვის საინტერესო აღმოჩნდა ჩემი საუბრები ბავშვების ფსიქოლოგიაზე, სხვადასხვა ხასიათსა და ტემპერამენტზე.  ეს იყო კარნახი, რომ ყველა ბავშვი ინდივიდია და საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას, რომ უნდა ისწავლონ შვილთან ,,საუბარი“.

   სოციალურ ქსელში შევქმენით გვერდი, რამაც წარმატებით იმუშავა. ყოველდღიური საჭირო ინფორმაცია მოკლე დროში ვრცელდებოდა და მიდიოდა ადრესატამდე(მშობლამდე). ეს უმთავრესად ეხებოდა საჭირო სასწავლო ნივთებს(მოგეხსენებათ, პირველკლასელების გულმავიწყობის ამბავი…).

მესიჯი ,,მხოლოდ კარგი“ გულისხმობს იმას, რომ  მშობლამდე  მივიტანოთ შვილის წარმატება, მონდომება, კარგი საქციელი. წერილს ვწერდი, მესიჯს ვუგზავნიდი, ან მინაწერს ვაკეთებდი რვეულში.  ჩემი მიზანი იყო, მშობელს შეექო შვილი, წაეხალისებინა,  რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვისთვის .

   ექსკურსიას რაც შეეხება, დავგეგმე ისეთი აქტივობა- გართობები, რომელიც მიმართული იყო ისევ  და ისევ მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად. ჩავატარეთ სპორტული შეჯიბრება დედებსა და შვილებს შორის, კონკურსი  ცეკვაში, სიმღერასა და მხატვრულ კითხვაში. ჩვენ ერთი გუნდი ვიყავით- ბავშვები, მშობლები და მასწავლებლები.

ინტერვენციების განხორციელებამ დადებითი შედეგები გამოიღო. დაკვირვებამ აჩვენა, რომ

 ,,პირისპირ შეხვედრებმა“ მშობელი მეტად გახსნილი გახადა, გაიზარდა ჩემთან კონტაქტი, შეხვედრები გახდა პრობლემების ერთად მოგვარებისთვის და ინფორმაციის გაზიარებისთვის აუცილებელი. ახალგაზრდა მშობლები უკვე რჩევით მომმართავდნენ.

ინფორმაციის სისტემატურმა მიწოდებამ გაზარდა მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება, ქცევის თვითმართვა.

   ,,ტელეფონის დღეს“ ძირითადად მიკავშირდებოდნენ სამსახურით დაკავებული მშობლები, იღებდნენ ინფორმაციას: შვილის დისციპლინის, გაკვეთილებზე ჩართულობის შესახებ. მირეკავდნენ მოსწავლეებიც, რომელთაც  ახალისებდათ ჩემთან ასეთი კომუნიკაცია.  გაიზარდა მოტივაცია, დადებითი განწყობა ჩემ მიმართ.

,,მოხალისე მშობელს“, როგორც წესი, შეიძლება მივმართოთ სასწავლო წლის მანძილზე 2-3-ჯერ. ჩემი აზრით, კარგი იქნება, ეს ,,აქტივობა“ განხორციელდეს ისეთი მოსწავლის მშობლის მიერ, რომელსაც აქვს პრობლემები დისციპლინის მხრივ, უჭირს კომუნიკაცია და ა. შ.

   სემინარს რაც შეეხება,  ინტერესი გამოიწვია ფსიქოლოგიაზე საუბარმა. განვუმარტე, რომ კარგად უნდა იცოდნენ, როგორი მახსოვრობის მქონეა (ვიზუალი თუ აუდიალი) მათი შვილი, რომ ამის მიხედვით უფრო ადვილად შეძლებენ მეცადინეობას. დეტალურად დავუხასიათე, როგორი ტემპერამენტის ბავშვთან როგორი მოქცევაა სჭირო. როგორ შეიძლება წავახალისოთ(სასურველის შეპირება და დანაპირების ასრულება) და როგორ შეიძლება ,,დავსაჯოთ“(სასურველის აკრძალვა, დროებით ჩამორთმევა). ვასწავლიდი, როგორ დაეგეგმათ მათი დღის რეჟიმი. ვფიქრობ, საინტერესო თემების შეთავაზებით გაიზრდება მასწავლებლის, სკოლის ავტორიტეტი და ახალგაზრდა მშობელთა პედაგოგიური კულტურა.

სოციალურ ქსელში შექმნილი გვერდი  გვეხმარებოდა ინფორმაციის სწრაფ გავრცელებაში, ერთმანეთთან სწრაფ კომუნიკაციაში, საკითხის სწრაფად მოგვარებაში. მშობლები ხშირად ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს.

  მესიჯი ,,მხოლოდ კარგი“  ყოველთვის აუცილებელია. ვფიქრობ, ამით ორი საქმე კეთდება: შვილის შექებით, მათ შორის ნდობით ურთიერთობას განვამტკიცებთ და მასწავლებელსა და მშობელს შორის აქტიური კომუნიკაცია მყარდება.

   ექსკურსია მოსწავლეთათვის ალბათ ყველაზე სახალისოა ღონისძიებებს შორის. ისტორიული ადგილების  მონახულების შემდეგ, შევარჩიეთ გარემო, სადაც შევძლებდით ჩემ მიერ წინასწარ დაგეგმილი შეჯიბრებების ჩატარებას. ცეკვაში, სიმღერასა და ლექსის თქმაში შვილებმა აჯობეს, ხოლო სპორტულ  ესტაფეტაში- მშობლებმა. ბავშვები ხალისით, გაკვირვებითა და აღფრთოვანებით შეხვდნენ მშობელთა ჩართვას, აქტიურობას. მათ სხვა თვალით დაინახეს ისინი და მასწავლებელი.

    პრაქტიკის კვლევამ აჩვენა, რომ მშობელთა ინერტულობისა და პასიური ურთიერთობის(სკოლასთან) მთავარი მიზეზებია : დარღვეული ოჯახები, სამსახურით დაკავებული დედები, ეკონომიკური პრობლემები და დაბალი პედაგოგიური კულტურა. ჩვენ, პედაგოგებს, შეგვიძლია, ვიმუშაოთ ამ უკანასკნელზე.

 

ბიბლიოგრაფია                                                                           

  1. თ.ზურაბიშვილი(2006) ,,თვისობრივი მეთოდები სოციალურ კვლევებში“, თბილისი,სოც. მეცნიერებათა ცენტრი.
  2. ლ. წულაძე(2008),, რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში“, თბილისი, სოც. მეცნიერებათა ცენტრი.
  3. ს.ლობჟანიძე ,,როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები“.ინტერნეტჟურნალი ,,მასწავლებელი“,2012წ. 3 მაისი.
  4. მ.ინასარიძე, ს.ლობჟანიძე, მ.რატიანი, ი. სამსონია ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების,პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი“,ნაწ. მასწავლებელთა პროფ. განვითარების ეროვნული ცენტრი,2016.
  5. ,,მშობელთა ჩართულობა“, თბილისი, 2015,საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტ G-PRIED-ის მიხედვით.
  6. ნ. ნიჟარაძე, ქ. მაკლეინი, ტ.ბოლი, ნ. გოგიჩაძე, თ.ლოდია ,,სასწავლო და პროფესიული გარემო“,2011.

 

 

 

 

 

დიორამების გამოყენება დაწყებით კლასებში

0

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  დაწყებით კლასებიდანვე  დავიწყოთ მოსწავლეების    ფანტაზიისა და  შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაზე ზრუნვა.   ამისთვის მე, როგორც პედაგოგი მრავალფეროვან მეთოდებს ვიყენებ. ერთ-ერთი მადგანია დიორამები.

დიორამის შექმნა საკმაოდ შრომატევადი,  კომპლექსური, საინტერესო  პროცესია, რომელიც მოსწავლეებს ტექსტის გაგება–გააზრებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარების მიზნით შეგვიძლია შევთავაზოთ.

დიორამა რაიმე მოვლენის, პეიზაჟის, სიუჟეტის, პროცესის ამსახველი სამგანზომილებიანი მინიატურული მოდელია, რომელსაც მოსწავლეები ქმნიან  შემეცნებითი ან სასწავლო მიზნებისათვის.

დიორამის შექმნა  სხვადასხვა მასალის გამოყენებითაა შესაძლებელი. ასეთ მასალად გამოდგება, მცირე ზომის მუყაოს ყუთი, წებო, საძერწი, ფერადი ფურცლები, ქსოვილები, ფერადი ფანქრები ან  ფლომასტერები, გამხმარი ფოთლები, ტოტები, სათამაშო ჭურჭელი და ა.შ.

დიორამის  დაგეგმვა უნდა დავიწყოთ რამდენიმე  დღით ადრე. სასურველია, რომ დაგეგმვისა და მომზადების პროცესში ჩავრთოთ თავად მოსწავლეები და ხელოვნების  მასწავლებელი, ასე უფრო გაგვიადვილდება მუშაობისას გამოვლენილი სირთულეების დაძლევა და სამუშაო პროცესიც უფრო შემოქმედებითი გახდება. შესაძლებელია დიორამის შექმნის დროს მოსწავლეებს მივაწოდოთ ნახევრად გამზადებული მასალა, მაგ: ნახატები, რომელსაც გააფერადებენ და გამოჭრიან საჭიროების შემთხვევაში. ასევე გამოძერწილი ან თიხისგან გაკეთებული ფიგურები.

II კლასში ჩავატარე გაკვეთილი დიორამის გამოყენებით. მეთოდის დასაწყისში მოსწავლეებს წავუკითხე ტექსტი. აღსანიშნავია, რომ დიორამისთვის ტექსტი უნდა იყოს სწორად შერჩეული, რათა ეპიზოდები იყოს მრავალფეროვანი. მე გამოვიყენე ტექსტი, რომლის ადაპტირებაც მომიწია მოსწავლეების ასაკისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. კითხვის პროცესში დავსვი შეკითხვები და მოსწავლეებს ვარაუდების გამოთქმის საშუალება მივეცი. ეს დამეხმარა მათი ყურადღების მობილიზებაში, ჩართულობის ხარისხის გაზრდაში. აქცენტს ვაკეთებდი ყველაზე მნიშვნელოვან დეტალებზე, რომლებიც უნდა გაეთვალისწინებინათ დიორამის შექმნის დროს.ეპიზოდებად დავყავით ტექსტი და დავასათაურეთ.

  • ბიჭი და ჯადოსნური ქვა;
  • მოგზაურობა დინოიზავრებთან;
  • წყალქვეშა სამყარო;
  • ზოოპარკში;
  • ტკბილის სიზმარი.


კლასი დავყავი 5 ჯგუფად და  მოსწავლეებს დავურიგე დიორამისთვის საჭირო მასალა , ასევე  მივეცი ინსტრუქცია, თუ რომელმა ჯგუფმა რომელი ეპიზოდი უნდა გააცოცხლოს დიორამის მეშვეობით. ამ დროს მოსწავლეები იხსენებენ მათთვის განკუთვნილ ეპიზოდს და შესაბამისად ასათაურებენ თავიანთ დიორამას. ყუთში აქვთ აუცილებელი მასალა, ხოლო დამატებითი, შესაძლო მასალა თავად უნდა შეარჩიონ საერთო მასალიდან.  ეს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ტექსტთან დაკავშირებული დეტალების გახსენებას, შემოქმედებითი და მოსწავლის ფანტაზიის უნარების განვითარებას. ისინი დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას, რა მასალის დაკავშირება შეუძლიათ თემატურად მათთვის განკუთვნილ ეპიზოდთან.

მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში (თუ მცირერიცხოვანია კლასი, შესაძლებელია წყვილებში მუშაობაც), დროდადრო ვაძლევდი მათ მითითებას და ვეხმარებოდი  საჭიროებიდან გამომდინარე. განვსაზღვრეთ დრო და პერიოდულად ვახსენებდი  მოსწავლეებს, რა დრო დარჩა მუშაობის დასრულებამდე. აუცილებელია, მუშაობის დასრულების შემდეგ, სანამ პრეზენტაციას დაიწყებენ, ბავშვები მივაჩვიოთ საკლასო ოთახის მოწესრიგებას, ვინაიდან დიორამის შექმნისთვის განკუთვნილმა მასალამ შესაძლოა ერთგვარი უწესრიგობა გამოიწვიოს.

მას შემდეგ, რაც ჯგუფები დაასრულებენ დიორამის შექმნასა და კლასის მოწესრიგებას, იწყება მომდევნო ეტაპი – პრეზენტაცია.
ჯგუფები გამოვლენ თანმიმდევრულად ეპიზოდების მიხედვით და  ყვებიან, რა გააკეთეს, როგორ გააკეთეს, რაზე გაამახვილეს ყურადღება, რომელი დეტალები დაამატეს და რატომ.

პრეზენტაცია ძალიან  მნიშნელოვანი ეტაპია, რადგან გარდა  საინტერესო ნამუშევრებისა, ეს არის საშუალება გავიგოთ, როგორ გაიგეს მოსწავლეებმა ტექსტი. პრეზენტაციის შემდეგ ხდება დათვალიერება ნამუშევრების, რომლებიც აერთიანებენ ტექსტს. კარგი იქნება თუ გამოვიყენებთ ურთიერთშეფასებასაც. ამ მეთოდით  ავლენენ წარმოსახვისა და შემოქმედებით უნარებს. მუშაობის პროცესში აქტიურად უვითარდებათ სოციალური  უნარებიც.

          მოსწავლეებისთვის სწავლების ასეთი მეთოდი  სახალისო და საინტერესოა.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. დიორამა – „კითხვის ეფექტური მეთოდები“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. 2013
  2. https://www.youtube.com/watch?v=uGP9vawWNRo&index=34&list=PLe4UTpGDfeAXORAtuYijSwmgk8oKEZ6ph

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...