პარასკევი, აპრილი 3, 2026
3 აპრილი, პარასკევი, 2026

რა ფერის კალმით ვასწორებთ ნაშრომს?

0

ქარტეხილებიანი მეოცე საუკუნის 20-იან წლებში პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე მიხაკო წერეთელი ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის პროფესორს, კარლ ბეცოლდს  სწერდა: „ღრმად პატივცემულო საიდუმლო მრჩეველო, რამდენიმე თვის წინ პატარა ბარათი გამოგიგზავნეთ აქედან. ბარათი სამწუხაროდ, წითელი მელნით იყო დაწერილი, სხვა მელნის უქონლობის გამო. იმედია, მომიტევებთ ამ პატარა უწესობას…“  წერილის შინაარსი იქნებ ნამდვილად აღემატებოდეს პატარა დეტალს, რომლითაც ამონარიდი დავასრულეთ, თუმცა, როგორც იტყვიან, ეშმაკი სწორედ დეტალებში იმალება და დროა, ერთი მათგანი სამზეოზე გამოვიყვანოთ.

წითელი ფერი სჯის! – ევროპელი და ამერიკელი მკვლევრები თანხმდებიან, რომ წითელი კალმის კვალი მოწაფისა და მასწავლებლის ურთიერთობაზე უარყოფითად მოქმედებს, გარდა ამისა, წითელი ფერის ხაზები და მინაწერები მოწაფეთა თვითშეფასებაზეც უარყოფითად მოქმედებს, უფრო მეტიც, თრგუნავს, რადგან შეცდომებთან ასოცირდება.

სწორედ ამიტომ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში წითელი ფერის კალმის გამოყენებასთან დაკავშირებით სხვადასხვა რეგულაცია ვრცელდება. ბრიტანეთის ბევრ სკოლაში, შინაგანაწესის თანახმად, წითელი ფერით ნაშრომების გასწორება  კატეგორიულად იკრძალება. ფსიქოლოგთა ნაციონალური გუნდის რეკომენდაციით, მოსწავლეთა ნაწერებს აქ ასწორებენ უფრო პოზიტიური და მშვიდი ფერებით, როგორიცაა მწვანე ან იისფერი.

ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს წითელი კალმის გამოყენება დაწყებით კლასებში კატეგორიულად აკრძალა უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერაც.

კვლევებმა აჩვენეს, რომ წითელ ფერს შესაძლოა ჰქონდეს ზეგავლენა ორგანიზმზეც, წითელი ფერის დანახვისას ხშირდება სუნთქვა და იზრდება სისხლის წნევა, თუმცა წითელი კალმის მომხრეები აცხადებენ, რომ ნაშრომში წითელ კალმის  კვალი ადვილი შესამჩნევია და ეს ამ ფერის დადებით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ლურჯი და შავი ფერის ხაზების ამოცნობა ზოგჯერ მოსწავლეებს შეიძლება გაუძნელდეთ კიდეც. წითლის მომხრეები ასევე იმასაც ამბობენ, რომ თუკი მასწავლებელი მოსწავლეებს მუდმივად მწვანე ან რომელიმე სხვა ალტერნატიული ფერის კალმით შენიშვნების ჩაწერას შეაჩვევს, მათ მწვანე ან ნებისმიერი ფერიც წითელივით გააღიზიანებთ.

ზოგი იმასაც ამტკიცებს, რომ საგანგაშო არაფერია, თუკი წითელი შეცდომებთან ასოცირდება,  რადგან წითელი მომავალში უკეთესი მუშაობის მოტივაციასაც ქმნის. თუმცა სულ სხვა რამ გამოვლინდა კვლევის შედეგად, რომელიც კოლორადოს უნივერსიტეტში ჩატარდა. კვლევას ხელმძღვანელობდნენ სოციოლოგიის მასწავლებელი რიჩარდ დიუკენსი და პროფესორი ჰიზერ ალბანეზი. მონაწილეებად შეირჩნენ 19-დან 21 წლამდე ასაკის 199 სტუდენტი. მათ ოთხ სხვადასხვა თემაზე შექმნილი ესეის შეფასება დაევალათ. ესეები უკვე შესწორებული და შეფასებული იყო მასწავლებლების მიერ. ზოგიერთს მცირე კომენტარიც ახლდა. მასწავლებლების შეფასებები და შენიშვნები წითელი და ლურჯი ფერის კალმებით იყო მიწერილი.

კვლევის მონაწილე სტუდენტებს მოეთხოვებოდათ, გასცნობოდნენ ნაშრომებს და ეთქვათ, დაუწერდნენ თუ არა იმავე ქულას, რაც მასწავლებელმა დაუწერა და ეთანხმებოდნენ თუ არა პედაგოგების კომენტარებს.

აღმოჩნდა, რომ სტუდენტებმა უმთავრესად იმ მასწავლებლების კომენტარები და ქულები შეაფასეს დადებითად, რომლებსაც ნაშრომები ლურჯი ფერის კალმით ჰქონდათ გასწორებული. არადა, ლურჯი და წითელი კალმებით დაწერილი შენიშვნები პრაქტიკულად იდენტური იყო.

Social Science Journal-ში გამოქვეყნებულ დასკვნაში მკვლევრები აღნიშნავენ, რომ წითელი კალმით გაკეთებული ჩასწორებები სტუდენტებისთვის ყვირილთან ასოცირდება, ყვირილს კი კონსტრუქციულ შენიშვნასთან საერთო არაფერი აქვს. ფსიქოლოგიაში წითელი ფერი მძაფრ ემოციებს გამოხატავს, ამიტომ მოსწავლეთა აღქმაშიც ის ემოციურ დაძაბულობასთან იგივდება.

„როდესაც მოსწავლე ან სტუდენტი კარგად სწავლობს და მაღალ ქულებს იღებს, ისიც და მისი მასწავლებელიც თავს კომფორტულად გრძნობენ, მაგრამ თუ მოსწავლე ვერ წარმოაჩენს ცოდნის მაღალ დონეს, ამაში ბრალი ნაწილობრივ მასწავლებელს მიუძღვის”,  – აღნიშნულია დასკვნაში[1].

არსებობს წითელ ფერთან დაკავშირებული სხვადასხვა ფსიქოლოგიური თვალსაზრისი, რომელთა გათვალისწინება განათლების სპეციალისტებისთვის – სხვადასხვა ასაკის ბავშვებთან მომუშავე პირებისთვის მნიშვნელოვნად მოიაზრება:

  • წითელი ფერის დანახვისას ადამიანს გული უჩქარდება. წითელი ინტენსიური, ვნების აღმძვრელი ფერია;
  • წითელი ფერი იწვევს შიმშილს, სწორედ ამიტომ იყენებს მას უამრავი რესტორანი და კვების ობიექტი ლოგოს შეფერილობისას;
  • პირველი ფერი, რომელსაც ადამიანი აღიქვამს, როდესაც მას დროებითი თავბრუსხვევა ან სიბრმავე გასდის – წითელია;
  • წითელ ტონალობაში საგნები უფრო დიდი მოჩანს, ვიდრე ისინი სინამდვილეში არიან;
  • წითელი ზოგადად ასოცირდება ვნებასთან, ძლიერებასთან, ენერგიასთან, ცეცხლთან, სიყვარულთან, რომანტიკასთან, აღტაცებასთან, სიჩქარესთან, სიცხესთან, ამპარტავნებასთან, ამბიციასთან, ლიდერობასთან, სიმამაცესთან, ძლიერებასთან, საშიშროებასთან, ბრწყინვალებასთან, სისხლთან, ომთან, ბრაზთან, აგრესიასთან, სისხლთან, მსხვერპლთან, კორუფციასთან, წამებასთან, სიმდიდრესთან (ჩინეთში), კონსერვატიზმთან (ამერიკაში), რევოლუციასთან, რადიკალიზმთან, კომუნიზმთან, ლიბერალიზმთან (კანადაში), ქორწინებასთან (ინდოეთში);
  • წითელი ფერი მართავს იმპულსებს, ვნებებს, გრძნობებს. მასტიმულირებელი წითელი „ყველაზე ცხელია თბილ ფერთა შორის“;
  • წითელი ფერი ხაზს უსვამს ძალაუფლებას, გავლენას. წითელი ჰალსტუხი ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსებისათვის, წითელი ხალიჩა ცნობადი და მნიშვნელოვანი პირებისათვის, წითელი ჩექმები და მოსასხამი იმპერატორთათვის;
  • წითელი ნათება ხშირად საშიშროების ნიშანია. წითელ და ლურჯ ნათებას ერთად იყენებენ პოლიციისა და სასწრაფოს მანქანები;
  • შეჩერების ნიშნებიც წითელია. როდესაც შუქნიშანზე წითელი ფერი ინთება, მანქანები ჩერდებიან[2].

დღესდღეობით განათლებაში აქცენტი იმაზეა, თუ როგორ უკუკავშირს ვაძლევთ მოსწავლეს ამა თუ იმ დავალების შესრულების შემდეგ. როგორი ხარისხის განმავითარებელ შეფასებას ვაძლევთ და არა იმაზე, თუ  როგორ ვაღიზანებთ, აღვაგზნებთ, უარყოფით ემოციებს ვუღვიძებთ. წარმოვიდგენოთ მოსწავლე, რომელიც პირველი კლასებიდანვე სასკოლო რვეულში მასწავლებლის მიერ წითელი სიმბოლოების ჩახატვასაა ჩვეული, ხოლო საბაზო საფეხურზე გადასვლის შემდეგ მასწავლებლის ნებისმიერი წითელი შენიშვნა თუ ხაზი მისთვისაც და მშობლისთვისაც დილემად იქცევა ხოლმე. მით უფრო, თუ შენიშვნა ბევრია. ასეც რომ არ იყოს, დადებით მხარესაც ხომ აღნიშვნა სჭირდება და წარმოვიდგინოთ ბავშვისა ან მისი მშობლის წამიერი რეაქცია, რომელიც რვეულის გადაშლისას შიძლება გაუჩნდეთ: აუცილებლად აუჩქარდებათ გული, წითელ ტონალობაში მიწერილი შენიშვნა უფრო დიდი მოეჩვენებათ, ვიდრე ის სინამდვილეში იქნება, ეს კი შეაშინებთ. შიშით შეიძლება გაუჩნდეთ დაცვითი ამბიცია, რომ ისინი ამას არ იმსახურებენ და გაბრაზდნენ, ბრაზს კი ყველა სხვადასხვა ფორმით გამოხატავს, მით უფრო ჩვენში, სადაც ბრაზის მართვის სტრატეგიებს ვერც კი ვასწავლით და ხშირ შემთხვევებში მასწავლებლისადმი აგრესიაც გარდაუვალია.

მე არ ვიყენებ წითელ კალამს და ჩემი მოწაფეებისთვის ეს კომფორტის ზონაა. ჩემს უცხოელ კოლეგებსაც უთქვამთ, რომ წითელი დესტრუქციული ფერია, განსაკუთრებით დისლექსიის და სხვა დარღვევების მქონე ბავშვებთან მუშაობისას. ისინი უპირატესობას მწვანეს ან შავს ანიჭებენ. თუმცა რა ფერის კალმითაც არ უნდა ვასწორებდეთ, მთავარია, ბავშვებს სწორი შეფასებითი უნარები განვუვითაროთ და ვასწავლოთ, რომ მარცხი ხშირად გარდაუვალია, მთავარია, ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ შემდგომში. შეცდომების ხაზგასმა სულაც არ არის ცუდი, მით უფრო, თუკი ამ შეცდომების გამოსწორება გვინდა. თუმცა ეს საკმაოდ შრომატევადი გზაა და ამ გზაზე ყველა ზედმეტი სირთულე, მათ შორის წითელი კალმით გამოწვეული სირთულეებიც, სჯობს თავიდან ავირიდოთ.

აზროვნებაში არაფერი ირეკლება რეალობის გარეშე. ჩვენს სემიოზისში ახალი კორექტივების დროა. დიდი ხანია, დამთავრდა წითელი რეალობა, რომლისგან გასვლა ასე გვჭირდება. დაე ჩვენმა მოწაფეებმა აუცილებლად მოგვიტევონ ამ ზონაში აქამდე დარჩენა და ის „პატარა უწესობა“, რომელსაც დიდი ნეგატივები მოჰყვება ხოლმე.

ბავშვობიდან წითელ კალამთან დაკავშირებული რამდენიმე უარყოფითი ემოცია დღემდე მეც მომყვება და მაოცებს მათი სიმძაფრე. ამიტომ მე არ ვასწორებ წითელი კალმით! თქვენ?

 

სასარგებლო რესურსები:

  1. https://phys.org/news/2013-01-red-pen-instructors-negative-response.html
  2. https://www.npr.org/templates/story/story.php?storyId=127263489
  3. https://german-georgian.archive.ge/ka/blog/22
  4. https://gazeta.ua/ru/articles/edu-and-science/_krasnuyu-ruchku-zapretyat-muzyku-dekommuniziruyut-shkolnaya-reforma/715392

 

[1] აღნიშნული წერილზე მუშაობისას სოციალურ ქსელში გადავაწყდით ჩვენი კოლეგის, ირმა კახურაშვილის მოსაზრებას. გვიხარია, რომ ჩვენი აზრები ერთმანეთს ემთხვევა.

[2]https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%98_%E1%83%93%E1%83%90_%E1%83%A4%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%90

კითხვის უნარის დაუფლების ეფექტური მეთოდი

0

„ჯადოსნური ყუთი“

განათლების დაწყებით საფეხურზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კითხვის სწავლა-სწავლების პროცესს, რადგან სწორედ ეს ფუნდამენტური უნარი განაპირობებს ადამიანის აკადემიურ თუ პროფესიულ წარმატებას ნებისმიერ სფეროში. ეფექტური კითხვა წიგნიერების საფუძველია, რაც თავის მხრივ მოიცავს მრავალფეროვანი მხატვრული, ინფორმაციულ-შემეცნებითი, ყოფით-პრაგმატული ტექსტების წაკითხვის, შექმნის, განხილვის, გადამუშავებისა და სხვადასხვა კონტექსტში გამოყენების უნარებს. იგი პიროვნული განვითარების, თვითგამოხატვისა და თვითდამკვიდრების საშუალებაა.

კითხვის უნარის დაუფლება ხუთი ძირითადი კომპონენტის განვითარებას მოიცავს. ეს კომპონენტებია: ფონოლოგიური უნარ-ჩვევები, ანბანის ცოდნა, ლექსიკური მარაგი, გაწაფული/გამართული კითხვა, გაგება-გააზრება.

კითხვის სწავლების პროცესში მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობები, კითხვის ტემპი, დეკოდირების, ანუ სიტყვების სწორად და სწრაფად გაშიფვრის უნარი.

როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს, რომ მან ფრუსტრაციის გარეშე დაძლიოს კითხვაში გაწაფვის რთული საფეხური?

  • გავუვარჯიშოთ ბავშვებს ფონოლოგიური უნარ-ჩვევები;
  • ვასწავლოთ ასო-ბგერები;
  • გამოვიყენოთ კითხვის სწავლების მრავალფეროვანი მეთოდები.

არსებობს სიტყვის დეკოდირების/ცნობის რამდენიმე ძირითადი სტრატეგია, რომელთაც აქტიურად იყენებენ საგაკვეთილო პროცესში დაწყებითი საფეხური პედაგოგები. ესენია:

  • სიტყვის ასო-ასო ამოკითხვა, შემდეგ ხმამაღლა ან უხმოდ მათი გადაბმა და სიტყვაში გამთლიანება.
  • ცნობადი სიტყვების აღქმა. ცნობადია ის სიტყვები, რომლებსაც პატარა მკითხველი ცნობს შეყოვნებისა და ასო-ასო ამოკითხვის (ასოების გაშიფვრის) გარეშე.
  • კონტექსტური მინიშნებების გამოყენება, რომელიც გულისხმობს წინადადებების, ილუსტრაციებისა და სხვა ნაცნობი სიტყვების გამოყენება უცნობი სიტყვის ამოსაცნობად.
  • სიტყვის ნაწილების ამოცნობა. ნაცნობ ასოთა ჯგუფის (მაგალითად მარცვლების) გამოყენება სიტყვის დეკოდირებისას.

აღნიშნული სტრატეგიების გამოყენების სხვადასხვაგვარ მეთოდებთან ერთად, ჩემი პედაგოგიური პრაქტიკიდან გამომდინარე, ეფექტურია „ჯადოსნური ყუთის“ გამოყენება.

ჩემს მიერ შექმნილმა და გამოყენებულმა „ჯადოსნური ყუთის“ მეთოდმა, კოლეგების,  მოსწავლეთა და მშობელთა მოწონება დაიმსახურა. მინდა თქვენც გაგიზიაროთ მისი შექმნისა და გამოყენების გზები.

„ჯადოსნურ ყუთად“ შეიძლება იქცეს ნებისმიერი, საშუალო ზომის, მუყაოს, ან სხვა მასალისგან დამზადებული ყუთი, რომელსაც გარედან გავაფორმებთ ისე, რომ მოსწავლეთათვის განსაკუთრებით მიმზიდველი და სასიამოვნოდ აღსაქმელი იყოს. ჯადოსნურ ყუთში ვათავსებთ ფერად ბარათებზე,  შესწავლილი ასო-ბგერების გამოყენებით შედგენილ სიტყვებს, მარცვლებსა და თავად ასოებს ანბანის სწავლების პარარელურად. მაგალითად, თუ კლასში უკვე შევისწავლეთ ასო-ბგერები ა, ი და თ, ჩვენს ყუთში მოხვდება ამ ასოებთან ერთად მათი გამოყენებით შედგენილი მარცვლები და სიტყვები: თა, თი, ათ, ით, ათი, თითი, თითა, თათი. მოგვიანებით შეგვიძლია დავამატოთ  ორ ან სამ  სიტყვიანი წინადადებები. ბარათები, რომლებიც შეიცავენ სიტყვებს, შესაძლოა გავაფორმოთ შესაბამისი ილუსტრაციებით. მაგალითად სიტყვის ბარათზე თათი, დახატული იქნება დათვის, ან რომელიმე ცხოველის თათი.

„ჯადოსნური ყუთის“ გამოყენებით სხვადასხვა აქტივობის განხორციელებაა შესაძლებელი. გთავაზობთ კონკრეტულ რეკომენდაციებს, რომელსაც ჩემს გაკვეთილებზე ვიყენებ.

„ჯადოსნური ყუთი“ განვათავსოთ კლასის თვალსაჩინო ადგილზე, შეგვიძლია გამოსაძახებელი ჩხირების დახმარებით მოვიხმოთ მოსწავლე და ვთხოვოთ ამოიღოს ბარათი ყუთიდან ისე, რომ არ ჩაიხედოს მასში. ბარათზე მოცემულ ასოს, მარცვალს ან სიტყვას ხმამაღლა კითხულობს მოსწავლე, შემდეგ აჩვენებს კლასელებს. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ჩუმად წაიკითხონ ბარათზე მოცემული ტექსტი და ხელის ნიშნების გამოყენებით შეაფასონ თანაკლასელი, სწორად ამოიკითხა თუ არა მან მოცემული დავალება. თუ მოსწავლემ ამოიღო ასო-ბგერა, მასწავლებელი სთხოვს დაასახელოს აღნიშნულ ასოზე დაწყებული სიტყვა, თუ ბარათზე იყო მარცვალი, მოსწავლეს მოუწევს შეადგინოს სიტყვა ამ მარცვლის გამოყენებით, ხოლო ისეთი ბარათის ამოღებისას, რომელზეც სიტყვაა დაწერილი, მოსწავლე შლის მას მარცვლებად და შემდეგ ასო-ბგერებად. ასახელებს, რამდენი მარცვალი და რამდენი ასო-ბგერაა მის მიერ წაკითხულ სიტყვაში. შესაძლებელია შეადგინოს წინადადებაც აღნიშნული სიტყვის გამოყენებით.

„ჯადოსნური ყუთის“ დახმარებით მოსწავლეს გაწაფული კითხვისთვის საჭირო რამდენიმე უნარის განვითარებაში ვეხმარებით.

  1. მოსწავლე ამოიცნობს ასოს, ან სიტყვას კითხულობს ასო-ასო. (სიტყვის ასო-ასო ამოცნობა)
  2. სიტყვის ბარათზე არსებული ილუსტრაცია ეხმარება პატარა მკითხველს სიტყვის ამოცნობაში. (კონტექსტური მინიშნებების გამოყენება)
  3. რაც უფრო ხშირად გამოვიყენებთ ჯადოსნურ ყუთს, უფრო მეტად ხდება მოსწავლის გონებაში ნაცნობი სიტყვის დამკვიდრება, რომელსაც მოგვიანებით სხვა ტექსტში მყისიერად, შეყოვნების გარეშე ამოიცნობს და ამოიკითავს. (ცნობადი სიტყვის აღქმა)
  4. ჯადოსნურ ყუთში არსებული მარცვლების ამოღებისა ჩვენ შეგვიძლია ვთხოვოთ მოსწავლეებს შეადგინონ სიტყვები ამ მარცვლის გამოყენებით. (სიტყვის ნაწილების ამოცნობა, ფონოლოგიური უნარების განვითარება)

ამ სტრატეგიის გამოყენებით,  ხდება ერთი შეხედვით ყველასათვის ნაცნობი სავარჯიშოების გახალისება თამაშის ელემენტებით, იზრდება ინტერესი და ჩართულობა სასწავლო პროცესში.  მოსწავლეებს ვაჩვევთ კითხვის ოთხივე სტრატეგიის გამოყენებას, ვეხმარებით განივითაროს კითხვის უნარის დაუფლებისათვის საჭირო კომპონენტები: ფონოლოგიური უნარ-ჩვევები, ანბანის ცოდნა, ლექსიკური მარაგი, რაც გაწაფული კითხვის, და საბოლოოდ გაგება-გააზრების საწინდარია.

„ჯადოსნური ყუთის“ გამოყენება შეუძლია არა მარტო მასწავლებელს, არამედ დაწყებითი საფეხურის მოსწავლის მშობელსაც. რაც გაზრდის მშობლის ეფექტურ ჩართულობას სასწავლო პროცესში, და საშუალებას მისცემს მას, დაეხმაროს პატარა მკითხველს, კითხვის სწავლების პირველი ეტაპი იყოს მისთვის სახალისო, პოზიტიური, სასარგებლო და საინტერესო. შედეგად საანბანო პერიოდში ბავშვები ადვილად დაძლევენ კითხვის სწავლის პირველ ნაბიჯებთან დაკავშირებულ სირთულეებს. სასწავლო წლის ბოლოსთვის, ისინი მომზადებული იქნებიან დამოუკიდებელი კითხვის საფეხურზე გადასასვლელად და ექნებათ მყარი საფუძველი გამართული კითხვისა და წაკითხულის გააზრებისათვის.

 

გამოყენებული ლიტერატურა: სასწავლო მეთოდოლოგიური რესურსების კრებული, კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე. საქართველსო დაწყებითი განათლების პროექტი. 2015 წელი

მანქურთი – ერთ-ერთი საუკეთესო მეტაფორა

0

გახსოვთ, რას წერდა ორუელი? „ახლად შექმნილი მეტაფორა აზროვნებას ეხმარება ვიზუალური ხატის აღძვრის გზით. როდესაც მეტაფორა პრაქტიკულად „მკვდარია“, ის, ფაქტობრივად, გადაიქცევა ჩვეულებრივ სიტყვად და შეიძლება გამოიყენებოდეს ისე, რომ არ დაკარგოს სიცხადე. მაგრამ მეტაფორათა ამ ორ კლასს შორის არსებობს უზარმაზარი ნაგავსაყრელი გაცვეთილი მეტაფორებისა, რომლებმაც დაკარგეს ემოციების აღმძვრელი ძალა და მხოლოდ იმიტომ იყენებენ, რომ ადამიანებს ახალი ფრაზების შეთხზვის საჭიროებისგან ათავისუფლებს“. ჩინგიზ აითმათოვი იმიტომაა საინტერესო ავტორი, რომ არ დასჯერდა არც ძველ/მკვდარ და არც გაცვეთილ მეტაფორებს და მკითხველს შესთავაზა სრულიად ახალი, მანამდე გაუგონარი მეტაფორა – „მანქურთი“.

რას ნიშნავს მანქურთი?

რომანში „და დღე წუთისოფელზე გრძელია“ ერთი შუააზიური ლეგენდაა მოთხრობილი. ჟუან ჟუანების მომთაბარე ტომს ასეთი წესი ჰქონია: ომის/დარბევის შემდეგ ტყვედ წაყვანილებს თავს გადაპარსავდნენ და მჭიდროდ დაახურავდნენ ახალდაკლული აქლემის ცხელ ტყავს, მერე ხელ-ფეხს უკრავდნენ და მშიერ-მწყურვალს ტოვებდნენ თაკარა მზეზე. რამდენიმე დღეში თმა ამოსვლას იწყებდა და რაკი აქლემის ტყავს ვერ ხვრეტდა, თავის კანში ჩაიზრდებოდა.

ეს პროცესი იმდენად მტანჯველი იყო, რომ ბევრი ტყვე ვერ უძლებდა და კვდებოდა, გადარჩენილები კი მეხსიერებას კარგავდნენ, ავიწყდებოდათ წარსული და საკუთარი ვინაობა და იდეალურ, საკუთარ ნებას მოკლებულ და პატრონის ერთგულ მონად იქცეოდა.

ასეთ ადამიანებს მანქურთებს ეძახდნენ. ისინი ჩვეულებრივ მონებზე მეტად ფასობდნენ, რადგან, თუ მონას გული მუდამ თავისუფლებისკენ მიუწევს, მანქურთისთვის აღარც თავისუფლება არსებობს და აღარც სხვა ღირებულება.

წამით წარმოიდგინეთ, რომ იღვიძებთ და აღარაფერი გახსოვთ, საყვარელ ადამიანებს ვეღარ ცნობთ. წარმოგიდგენიათ, რა მარტოსულად იგრძნობთ თავს, როგორი გაუცხოებული აღმოჩნდებით სამყაროში? წარმოგიდგენიათ, რა უბედურები იქნებიან თქვენი ახლობლები, როგორ გაუჭირდებათ მათ თქვენთან საერთო ენის გამოძებნა? ადამიანს სანამ მეხსიერება აქვს, სათანადოდ ვერ აფასებს მას, მერე კი, როცა დაკარგავს, აღარც მისი ფასი ახსოვს და ვეღარც მის საჭიროებას გრძნობს.

ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ ვიღაც გამიზნულად გაკარგვინებთ მეხსიერებას, რათა აღარაფერი გაკავშირებდეთ ძველ იდენტობასთან. სწორედ ამით არის ტრაგიკული მანქურთობა.

აითმათოვის რომანი ერთი მანქურთისა და მისი დედის ამბავს აღწერს. ანა-ბეი, მიუხედავად იმისა, რომ ყველა სთხოვდა, ხელი აეღო ჩანაფიქრზე, რადგან ის მაინც არ ემახსოვრებოდა ჟუან-ჟუანების შემოსევის შემდეგ ტყვედ ჩავარდნილ შვილს, არ შეეპუა ხვედრს და შვილის საძებნელად წავიდა. მიაგნო კიდეც. „იავნანამ რა ჰქმნა?!“-ზე გაზრდილ ქართველ მკითხველს სჯერა, რომ დედის სიმღერა მეხსიერებას დაუბრუნებს ყმაწვილს, მაგრამ არა, მანქურთობა განაჩენია, მანქურთს ვეღარაფერი უშველის, მანქურთი მკვდარია, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ სუნთქავს, ჭამს, სვამს და მისი ყველა სასიცოცხლო პროცესი ძველებურად ფუნქციონირებს. მაგრამ ვაი ამგვარ სიცოცხლეს…

მთავარი ხომ სიცოცხლეაო, შესაძლოა იფიქროს მავანმა, მაგრამ როგორც კი დაფიქრდება, აღმოაჩენს, რა მწარეა სიმართლე, რა დაუნდობელია პასუხი. ადამიანის იდენტობა ხომ მისი წარსულია, მისი მეხსიერებაა. ივიწყებ წარსულს? – გამოდის, რომ აღარც არსებობ, თუნდაც ახალს ქმნიდე.

ტექსტში არიან პერსონაჟები, რომელთა შემოყვანა აადვილებს ლეგენდის დეკოდირების პროცესს. სოფლის გეოგრაფიის მასწავლებელს, რომელიც აგროვებს ფოლკლორულ ტექსტებს, მიაჩნია, რომ წარსულის შესახებ ხსოვნის დაცვა აუცილებელია ეროვნული (და არამხოლოდ) იდენტობის შესანარჩუნებლად. მასწავლებელი იღუპება, ის სტალინური ეპოქის რიგითი მსხვერპლია. რომანს სხვა პერსონაჟიც ჰყავს, ედიღეი, და ნაწარმოები მის მოგზაურობაზეცაა. ეს მოგზაურობა არა მარტო სივრცეში გადაადგილება, არამედ მკითხველისთვის რეჟიმის პირობებში მცხოვრები ადამიანის შეცნობაცაა. ედიღეი არ შეუშინდება სიძნელეებს და მეგობარს, ანდერძის თანახმად, მიასვენებს ისტორიულ სასაფლაოზე, თუმცა ამის ლოგიკურ ახსნას გარდაცვლილის ოჯახის წევრები ვერ ხედავენ. მათთვის მამა-პაპათა სასაფლაოს სიმბოლიკა გაუგებარია. ათეიზმის ეპოქაში სულერთი ხდება, სად პოვებს განსასვენებელს მიცვალებული.

რა კავშირი აქვს მანქურთს საბჭოთა ადამიანთან? საბჭოთა სისტემა მიზანმიმართულად და, სამწუხაროდ, წარმატებით ცდილობდა, წაეშალა ყველაფერი ძველი, უფრო სწორად, ძველი, რომელიც მას არ გამოადგებოდა, რომელიც მის მიერ შემოთავაზებულ ნარატივში არ ჩაჯდებოდა. ასეთი ნარატივი ახალი ადამიანის შექმნა იყო – ადამიანისა, რომელიც გაიმარჯვებდა ბუნებაზე, ადამიანისა, რომელიც თავისუფალი იქნებოდა ძველი, ფუჭი, უმაქნისი რწმენა-წარმოდგენებისგან. ასეთი ადამიანისთვის მეხსიერება გამოუსადეგარი გახდებოდა, მეხსიერების თანდათანობითი დაკარგვის შედეგად კი ახალი ადამიანი ახალ ცხოვრებაში ვეღარ გააცნობიერებდა, რომ ხელისუფლებისა და რეჟიმის მონა იყო. დააკვირდით, როგორ ადგენდნენ სახელმძღვანელოებს საბჭოთა პერიოდში: ლიტერატურის სახელმძღვანელოებიდან გაქრა ტექსტები, რომლებიც ახალი ადამიანის შესახებ ახალ ნარატივში არ ჩაჯდა, ისტორიის სახელმძღვანელოები ფაქტებისა და თარიღების შესწავლამდე დაიყვანეს – შედეგმაც არ დააყოვნა და „ახალი ადამიანი“, რომელიც ასეთი სახელმძღვანელოებით სწავლობდა, უკვე აკმაყოფილებდა ახალ სტანდარტებს, რადგან მას გაუქრა მთავარი კითხვის დასმის სურვილი. კითხვა „ვინ ვარ და საიდან მოვდივარ მე?“ ჩაანაცვლა კითხვამ: „შევძლებ თუ არა ახალი, ერთი შეხედვით, დაუძლეველი ამოცანების შესრულებას?“ თითქოს ცუდი არაფერია ამ კითხვაში, მაგრამ, მანქურთის შესახებ ლეგენდის ფონზე, მას ფასი ეკარგება, რადგან გასაგები ხდება, რომ იდენტობის გამორკვევის გარეშე არავითარი ამოცანის შესრულებას არ აქვს აზრი; ის ვითომ სიკეთე, რაც ამოცანის შესრულებას უნდა მოჰყვეს, სინამდვილეში სულაც არ არის სიკეთის მომტანი იდენტობადაკარგული ადამიანისთვის და, შესაბამისად, კაცობრიობისთვისაც.

დავუბრუნდეთ წერილის დასაწყისში მოხმობილ ორუელის ციტატას, რომლის მიხედვითაც, არსებობს ახალი, ძველი და გაცვეთილი მეტაფორები და დავსვათ ასეთი კითხვა: აითმათოვს ახალი მეტაფორა – „მანქურთი“ რომ არ შეექმნა, რომელს გამოიყენებდა? ალბათ „მარიონეტს“. როდის გაცვდა მეტაფორა “მარიონეტი”? ალბათ მას შემდეგ, რაც ჯერ იუვენალისმა მესამე სატირაში, შემდეგ შექსპირმა პასტორალურ კომედიაში „როგორც გენებოთ“, შემდეგ პუშკინმა „პიკის ქალში“ ცხოვრება თეატრს, სცენას, თამაშს შეადარეს, რომელშიც ადამიანები მათთვის განკუთვნილ ადგილს იკავებენ. ამ მწერლების შემდეგ აღნიშნული მეტაფორა იმდენად შემოიჭრა ჩვენს ყოველდღიურობაში, რომ ვეღარც კი ვაცნობიერებთ, როგორ გაცვდა ის. ორუელის მიერ შემოთავაზებული ძველი მეტაფორის ცნება, მეტაფორისა, რომელიც როგორც მეტაფორა თითქმის მკვდარია, ალბათ ის კონცეპტუალური ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მეგამეტაფორა იქნებოდა, რომელიც პლატონმა შემოგვთავაზა მღვიმის ალეგორიაში. მას დაეფუძნა დანარჩენი მეტაფორები, გაცვეთილი თუ ახალი. როგორც ვხედავთ, ჩინგიზ აითმათოვის „მანქურთი“ სწორედ ამგვარი ახალი მეტაფორაა. ახალმა მეტაფორამ, სანამ ის ჩვენს ყოველდღიურობაში შემოიჭრებოდა, გაიარა გზა ძველი, კლიშედ ქცეული მეტაფორიდან გაცვეთილ მეტაფორამდე. აითმათოვის ახალი მეტაფორა, რომელიც, თუკი ვიცით, საიდან მომდინარეობს, აზროვნებას ეხმარება, ვიზუალური ხატის აღძვრის გზით, უკეთ გაიგოს და აღიქვას მოვლენები, კონკრეტულ შემთხვევაში კი რეჟიმის დროს მცხოვრები ადამიანის ტრაგიკული ხვედრი.

დაბოლოს, მოდი, ვცადოთ, დავუკავშიროთ აქ თქმული საპროგრამო ლიტერატურას და როდესაც მოსწავლეებს რომელიმე მეტაფორას ავუხსნით, შევეცადოთ, ორუელის ჭრილში ვაპოვნინოთ ახალი და ძველი, კლეშეებად ქცეული და ამის გამო თითქმის მკვდარი მეტაფორები და მათ შორის გაჭედილი გაცვეთილი მეტაფორები. ჩემი აზრით, ეს ძალიან დაეხმარება ჩვენს მოსწავლეებს, უკეთ გაიაზრონ მეტაფორის როლი მხატვრულ ლიტერატურაში. ასევე შევეცადოთ, როდესაც ჩვენს საბჭოთა წარსულზე ვლაპარაკობთ, ხშირად გავიხსენოთ მეტაფორა „მანქურთი“, რათა მოსწავლეებს ისტორიული მოვლენების უკეთ გაანალიზების საშუალება მივცეთ.

ვინ და როგორ ინახავს ენას? – რა ვასწავლოთ ბავშვებს

0

თითქოს დღესავით ნათელია, რომ ენას – ადამიანის გამოცდილების უნიკალურ გამოხატულებას – მასზე მოსაუბრე თითოეული ინდივიდი ინახავს, უვლის და თაობიდან თაობას გადასცემს. მაგრამ აშკარაა, თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური თუ სოციალური კატაკლიზმები ენას ამ ფუფუნებას ართმევს და ზოგჯერ დიდი საფრთხეების წინაშეც აყენებს[1]. დღესდღეობით ცნობილი ფაქტია, რომ მშობლიური ენის დავიწყება სავსებით მარტივადაა შესაძლებელი და ეს შეიძლება ზრდასრულ ასაკშიც მოხდეს. მოჭარბებული მიგრაციებისა და ტრავმების ფონზე თვალშისაცემია, როგორ ჰკარგავენ ადამიანები საკუთარი ენის შეგრძნებას სამშობლოდან შორს, პარალელურად ორი ენობრივი სისტემის ჭიდილისას და ყველას როდი ძალუძს, ამგვარი კონკურენციისას  ორი ენობრივი  პინა – მშობლიური და უცხო  – ბოლომდე თანაბარ დონეზე შეინარჩუნოს.[2]

მშობლიური ენის „შენახვის” ერთ-ერთ ფაქტორად ენისადმი ადამიანის მდგრადობა და მიდრეკილება სახელდება, თუმცა ესენიც სუბიექტური ფაქტორებია[3]. მხოლოდ მათ ანაბარა თუ დარჩება, ენის სიცოცხლისუნარიანობას იოლად შეიძლება დაემუქროს საფრთხე[4]. გარდა ამისა, ენას კვებავს და ასაზრდოებს მწერლობა, რომელიც სიტყვის დაფარულ შესაძლებლობებს ცხოველმყოფელი ძალით ამზეურებს. თუმცა ჩვენამდე არსებული არაერთი მწერლობის ნიმუში დაკარგულა და  გამქრალა უკვალოდ, რადგან არ ხერხდებოდა ენის სათანადო დოკუმენტირება.

მიჩნეულია, რომ თითოეული ენის გაქრობა იწვევს უნიკალური კულტურული, ისტორიული და ეკოლოგიური ცოდნის აუნაზღაურებელ დანაკარგს. ნებისმიერი ენის ცოდნა შეიძლება საკვანძო მნიშვნელობის იყოს მომავლის ფუნდამენტურ კითხვებზე პასუხის გასაცემად. ყოველთვის, როცა ენა კვდება, ვკარგავთ ენათა სტრუქტურისა და ფუნქციის ნიმუშებს, კაცობრიობის პრეისტორიის გაგებისა და მსოფლიოს მრავალფეროვანი ეკოსისტემების შენარჩუნების საშუალებას. უწინარეს ყოვლისა, ამ ენის მატარებლებმა შეიძლება ენის დაკარგვით დაკარგონ თავიანთი ორიგინალური ეთნიკური და კულტურული ინდივიდუალობა.

კაცობრიობის ენობრივი მრავალფეროვნების შენარჩუნებისა და დაცვის მიზნით იუნესკომ შეიმუშავა პროექტები ენების, როგორც განათლებისა და კულტურის იარაღისა და ეროვნულ ცხოვრებაში მონაწილეობის საშუალების, დასახმარებლად” (ნორიკო აიკავა, 2001:13). ამ პროგრამათა შორისაა გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფი ენების წითელი წიგნის პროექტი, თუმცა, უკვე შენიშნულია, რომ წითელი წიგნის პროექტს ერთი გადამწყვეტი მიზანი აკლია, ეს არის თანამშრომლობა საფრთხის ქვეშ მყოფი ენების მატარებელ საზოგადოებასთან ენის დასახმარების, განვითარების, გაცოცხლებისა და შენარჩუნებისათვის.

იუნესკოს მოქმედებათა გეგმა გვთავაზობს, რომ წევრმა ქვეყნებმა ენის მატარებელ საზოგადოებებთან ერთად შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგან, რათა:

  • შეინარჩუნონ კაცობრიობის ენობრივი მრავალფეროვნება და ხელი შეუწყონ, რაც შეიძლება მეტი ენის გამოხატვას, შექმნას და გავრცელებას;
  • უზრუნველყონ განათლების ყველა საფეხურზე ენის მრავალფეროვნების მხარდაჭერა და ადრეული ასაკიდან რამდენიმე ენის სწავლების წახალისება;
  • სადაც შესაძლებელია, შეიტანონ ტრადიციული პედაგოგიკა საგანმანათლებლო პროცესში კომუნიკაციისა და ცოდნის გადაცემის კულტურულად შესაფერისი მეთოდების შენარჩუნების, ასევე სრული გამოყენების მიზნით; წახალისდეს ენობრივი საზოგადოებისათვის ინფორმაციის საყოველთაო ხელმისაწვდომობა გლობალური ინტერნეტქსელის გამოყენებით, ამასთან კიბერსივრცეში წინ წამოიწიოს ენობრივი მრავალფეროვნებანი.

ამ გეგმის კვალდაკვალ ენათმეცნიერები და პედაგოგები საზოგადოებისათვის ლინგვისტური და სხვა უფლებების დაცვის მხარდაჭერის მიზნით უმნიშვნელოვანეს შუამავლებად მოიაზრებიან. მათ შეუძლიათ დაიცვან ენა, როგორც „სოციუმის არსებობის განმსაზღვრელი კომპონენტი და კულტურის ფენომენი“  და შეაფასონ ენის სიცოცხლისუნარიანობა, რომლის მთავარი ფაქტორებია:

  • თაობათა შორის ენის გადაცემა;
  • ენაზე მოლაპარაკეთა აბსოლუტური რიცხვი;
  • მოლაპარაკეთა პროპორციულობა მოსახლეობის სრულ რაოდენობასთან;
  • ცოცხალ ენებზე მოლაპარაკე რეგიონებში მიმდინარე ტენდენციები;
  • ახალ დარგებსა და მედიაზე რეაგირება;
  • ენის შესწავლისა და წიგნიერებისათვის საჭირო მასალები.

კერძოდ, ენათმეცნიერების დარგის, დოკულონგვისტიკის პირდაპირ მოვალეობად განისაზღვრება ენის დოკუმენტირება, რომელთან ერთადაც ინახება/დოკუმენტირდება კულტურაც. ეს ახალი მიმართულება ჰუმანიტარულ მეცნიერებაში სწორედ საფრთხეში მყოფი ენების დოკუმენტირების ბაზაზე შეიქმნა. კორპუსული ლინგვისტიკის განვითარებამ ახალი ბიძგი მისცა ენისა და კულტურის დოკუმენტირებას – შეიქმნა ენის კორპუსები. თუმცა რადგან კვლევის ის მიდგომები და საშუალებები, რომლებიც მხოლოდ ტექსტური (ბეჭდური ან დიგიტალური) ფორმატითაა ხელმისაწვდომი, არ იძლევა თანამედროვე სამეცნიერო პრობლემატიკის სრულფასოვანი ფონეტიკური დამუშავების, ასევე ვერსიფიცირების საშუალებას, ზეპირმეტყველების კორპუსის შექმნამ მოითხოვა საკვლევი რესურსების მულტიმედიური ფორმატის განვითარება (ტექსტის აუდიო- და ვიდეოსიგნალებით განვრცობა). ავტომატური ძიებისა და სორტირების საგანგებო ინსტრუმენტით – კორპუს-მენეჯერით აღჭურვილმა ახალმა ტექნოლოგიურმა პროდუქტმა საგრძნობლად გააადვილა და დააჩქარა კვლევის პროცესი.

დღეისათვის დადგენილია, რომ 7 000-მდე არსებული ენიდან 2150 წლისათვის თითქმის ნახევარს გაქრობა უწერია ემუქრება – საფრთხეში მყოფი ენების კვლევის ინსტიტუტის[5]  მონაცემების მიხედვით, ენათა გაქრობის პროცესი უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ინდიგენური ცხოველების ან მცენარეების: ორ კვირაში ერთხელ ქრება ერთი ენა.  საგულისხმოა, რომ გაქრობის საშიშროება უმეტესად ინდიგენური ხალხების ენებს ემუქრება, რომელთაგან უმრავლესობა ჯერ კიდევ არ არის დოკუმენტირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ენებთან ერთად გაქრება არა მარტო ენა, როგორც სისტემა, არამედ ინდიგენური მოსახლეობის სულიერი კულტურაც.

 

საქართველოში, ფაქტობრივად, 4 რეგიონი არსებობს, სადაც უმცირესობათა ყველაზე „დიდი” ჯგუფები კომპაქტურად არიან წარმოდგენილი: აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთი. მიუხედავად იმისა, რომ ქისტებიც კომპაქტურად სახლობენ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში (კახეთი, პანკისის ხეობა) და რეგიონის მოსახლეობის 17% შეადგენენ, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 0,2%-ს წარმოადგენენ და მათი სოციალური როლი საგრძნობლად განსხვავდება სომხების (საქართველოს მოსახლეობის საერთო რაოდენობის 5,7%), აზერბაიჯანელების (საქართველოს მოსახლეობის საერთო რაოდენობის 6,5%), ოსებისა (საქართველოს მოსახლეობის საერთო რაოდენობის 0,9) და აფხაზებისაგან (საქართველოს მოსახლეობის საერთო რაოდენობის 0,1%) ქვეყნის პოლიტიკურ და სამოქალაქო ცხოვრებაში მათი წილით. ამასთან, ბოლო ორი ეთნიკური უმცირესობის (ოსებისა და აფხაზების) რაოდენობრიობა არაპროპორციულ მიმართებაშია მათ სოციალურ როლთან მათი, როგორც ეთნიკური უმცირესობის პოლიტიკური სტატუსიდან გამომდინარე.

ენის დიგიტალური დოკუმენტირება და არქივირება, დოკულინგვისტიკის მიხედვით, ეტაპობრივად ხორციელდება. ეს ეტაპებია:

  1. საველე ექსპედიციის(fieldwork) კონცეპტუალიზაცია და პრაქტიკული გამხორციელება;
  2. მოპოვებული მასალის ლაბორატორიული დამუშავება;

III. დამუშავებული რესურსების არქივირება და შემდგომი დაცვა[6].

სამივე ეტაპის სრულფასოვანი განხორციელება დოკულინგვისტიკის ძირითად პრინციპს წარმოადგენს.

დღესდღეობით ენათა ამ პრინციპით შენახვისთვის, ასევე კვლევითი რესურსების ინტერდისციპლინურობისა და ინტეგრაციისათვის არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება ერთიანდება. ამის დასტურია, მაგ., ენობრივი რესურსებისა და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარების საერთო ევროპული გაერთიანება-კონსორციუმის, CLARIN-ის[7] შექმნა. CLARIN აერთიანებს სხვადასხვა სამეცნიერო დარგის მეცნიერებს, რომლებიც კონსორციუმის პლატფორმას რესურსების გაცვლის, ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების-სტანდარტიზაციის და დიგიტალურ მონაცემთა მდგრადი შენახვის პრობლემებზე მუშაობისათვის იყენებენ.

CLARIN-ში გაერთიანებული არიან ევროპის შემდეგი ქვეყნები: გერმანია, ბულგარეთი, დანია, ესტონეთი, საბერძნეთი, ლიტვა, ჰოლანდია, ნორვეგია, ავსტრია, პოლონეთი, პორტუგალია, შვედეთი, ჩეხეთი, ბრიტანეთი. თითოეულ წევრი ქვეყანა გაერთიანებულია ეროვნულ CLARIN-ორგანიზაციაში. მაგ., გერმანიაში შექმნილია CLARIN-DE, რომელშიც გაერთიანებულია: ტიუბენგენის, ლაიპციგის, ბერლინის, შტუთგარდის, მიუნიჰის და სხვა უნივერსიტეტებში შექმნილი სინქრონული თუ დიაქრონული ენობრივი კორპუსები,  მონაცემები და ელექტრონული ინსტრუმენტები, რომლებითაც ამ თუ სხვა ტიპის მონაცემთა დამუშავებაა შესაძლებელი.

საქართველოში არსებული ენებისა და დიალექტებისათვის ჯერჯერობით რაიმე ტიპის კონსორციუმი არ შექმნილა, თუმცა შექმნილია ქართული ენის კორპუსი, დიალექტური კორპუსი, აქტიურად იქმნება სხვადასხვა ტიპის დიგიტალური არქივები, რომელთა შექმნაში აქტიურად მონაწილეობენ როგორც საქართველოში, ასე უცხოეთში მოღვაწე ქართველი თუ უცხოელი მეცნიერები და მათი როლი განუზომელია. სწორედ მათი დიდი შრომის წყალობით გვაქვს და ვიყენებთ ქართულ და საერთაშორისო ელექტრონულ რესურსებს, როგორიცაა: ARMAZI, ECLinG, CauPal, SSGG, GeoPal, GDC, GNC, DigiArchive, Corpora.co, Spoken BNC2014, ELDP– SOAS და სხვ.

კიდევ რა შეიძლება ვიცოდეთ მასწავლებლებმა?

საქართველოში ჩვენს აუდიტორიაში რომელიმე ენობრივი სოციუმის წარმომადგენელი ზის, აუცილებელია წახალისება, შთაგონება, რათა არ დაივიწყოს წინაპრების ენა თუ დიალექტი, არამედ შეინარჩუნოს, გააძლიეროს და შთამომავლობას შეძლებისდაგვარად უცვლელად გადასცეს. ამ საქმეში შეიძლება მათი ოჯახების უფროს თუ უხუცეს წევრებთან მჭიდრო თანამშრომლობაც. ამ მიმართულებით ასევე მნიშვნელოვანია, სკოლებში დაიგეგმოს და განხორციელდეს ლინგვისტური პროექტები, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ რეგიონის ენობრივი სოციუმების თუ დიალექტების წარმომადგენლები; ასევე ჩაერთვებიან საენათმეცნიერო წრეები; დოკულინგვისტიკის პრინციპების დაცვით ჩაიწერება ნარატივები, რომლებიც დამუშავდება და დაარქივდება, ბავშვები კი ცოცხლად შეეხებიან ენას, გაიაზრებენ მისი კომპონენტების არსს, როლსა და ღირებულებას. სკოლებსა თუ უნივერსიტეტებში მსგავსი დიგიტალური დოკუმენტირება სრულიად ახალ პერსპექტივებს გახსნის კვლევის როგორც ტექნოლოგიური, ისე მეთოდოლოგიური თვალსაზრისით, მით უფრო, როცა სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი – მცირედ.

 

გამოყენებული რესურსები:

  1. https://tandaschwili.com/
  2. Himmelmann, Documentary and descriptive linguistics, Linguistics 36 (1998). 161-195.

SOAS: Whatisit – https://www.hrelp.org/documentation/whatisit/

  1. Gippert, Jost, Nikolaus P. Himmelmann, Ulrike Mosel https://emilkirkegaard.dk/lyddansk/sites/default/files/files/essentials-of-language-documentation.pdf
  2. ISLE –  https://www.mpi.nl/ISLE/
  3. Toolbox – https://www-01.sil.org/computing/toolbox/
  4. TEI – https://www.tei-c.org/index.xml
  5. EAF – https://www.file-extension.org/de/extensions/eaf
  6. IMDI – https://tla.mpi.nl/imdi-metadata/

 

 

[1] ენის საფრთხეებად განიხილება სამხედრო, ეკონომიკური, რელიგიური, კულტურული ფაქტორები, საგანმანათლებლო მორჩილება, ან საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება საკუთარი ენისადმი.

[2] მიჩნეულია, რომ ენის უნარების შეცვლა, მისი დავიწყება ადვილად ხდება ბავშვებში. თუმცა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში გაქცეული გერმანელი ებრაელების მიერ გერმანული ენის ფლობის კოეფიციენტის დასადგენად ჩატარებული კვლევებით გამოიკვეთა, რომ მათ შემთხვევაში ენის დავიწყების მთავარი განმაპირობებელი იყო არა ის, თუ რამდენი ხანი ცხოვრობდნენ სხვა ქვეყანაში ან რომელ ასაკში დატოვეს გერმანია, არამედ ის, თუ რა ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღეს ნაცისტების დევნისგან. იმ გერმანელი ებრაელების დიდი ნაწილი, რომელმაც გერმანია 1938 წლის შემდეგ დატოვა, თითქმის საერთოდ ვეღარ საუბრობდა გერმანულად, განსხვავებით მათგან, ვინც გერმანიიდან 1938 წლამდე გადასახლდა.

[3]   დღესდღეობით მსოფლიოში ხალხის 97% ლაპარაკობს მსოფლიოში არსებული ენების 4%-ზე და პირიქით, მსოფლიო ენების 96%-ზე ლაპარაკობს ადამიანთა დაახლოებით 3%. მსოფლიო ენები მრავალფეროვნებით ხასიათდება, ამ ენების მატარებელთა რიცხვი კი ძალზე მცირეა. ბავშვები იმ ენებსაც კი არ ითვისებენ, რომელზედაც ბევრი ლაპარაკობს; მსოფლიოს 6000-ზე მეტი ენიდან სულ მცირე 50% კარგავს თავის მატარებელს. მიიჩნევენ, რომ  21- საუკუნის ბოლოს უმეტეს რეგიონებში ენათა 90%- უფრო დომინანტური ენები ჩაენაცვლება.

[4] ენის საფრთხეში ყოფნა და მისი რევიტალიზაცია განპირობებულია როგორც ამ ენის მატარებელი სოციუმის ნებელობითა და მზაობით, შეინარჩუნოს ენა, ისე სახელმწიფოს მხრიდან არსებული სურვილით, ხელი შეუწყოს მოცემული ეთნიკური ჯგუფის იდენტობის შენარჩუნებას. ენის მატარებელთა რაოდენობა ყოველთვის არ არის განმსაზღვრელი ენის შენარჩუნება-არშენარჩუნებისათვის. მაგ., საქართველოში ებრაელმა ხალხმა, მრავალრიცხოვნობის მიუხედავად, მაინც ვერ შეინარჩუნა საკუთარი ენა – მოხდა მათი ენობრივი ასიმილაცია. და პირიქით, შესაძლოა სოციუმმა დაბალი რაოდენობრივი მაჩვენებლის პირობებშიც  შეინარჩუნოს ენა, როგორც, მაგალითად, წოვა-თუშებმა, ასურელებმა და სხვ.

 

 

[5] Living Tongues Institute for Endangered Languages

[6] აღნიშნულ საკითხებზე დაწვრილებით იხ.: https://tandaschwili.com/

[7] Common Language Resources and Technology Infrastructure

ჟეტონების მარტივი წახალისების სისტემა დაწყებით კლასებში

0

მასწავლებლები ხშირად ვფიქრობთ მოსწავლეების წახალისებაზე, მათ ქცევებზე ყურადღების გამახვილებასა და აღნიშვნაზე. ხანდახან ხდება ისე, რომ გამოგვრჩება რომელიმე მოსწავლის შექება ან პირიქით, ხშირად ვამახვილებთ ყურადღებას რთული ქცევის მოსწავლეზე. რა შეიძლება გაკეთდეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად? გთავაზობთ ჟეტონებისა და კუპიურების წახალისების სისტემას, რომლის გამოყენებაც დაწყებით კლასებში აქტიურად შეიძლება.

რაში მდგომარეობს აღნიშნული სისტების უპირატესობა? ის არ ითხოვს:

  • თითოეული ბავშვის ქცევის აღრიცხვას იმისათვის, რომ ისინი დაისაჯონ ან წახალისდნენ;
  • გაიხსენოთ, რომელი მოსწავლე იქცეოდა კარგად მთელი კვირის განმავლობაში;
  • ქცევის ერთიანი სტანდარტის დაწესებას ყველა მოსწავლისათვის;
  • თქვენს დამატებით დროსა და ენერგიას;
  • ფინანსურ რესურსებს;
  • მთელი ყურადღების გადატანას რთული ქცევის მოსწავლეებზე;
  • სასჯელის არსებობას.

 

ეს ყოველივე კი თავის მხრივ უზრუნველყოფს:

 

  • შემთხვევითი წესით დაჯილდოებას ისე, რომ თითოეული ბავშვი იყოს წახალისებული სისტემატიურად;
  • ფაქტს, რომ ბავშვებს არ აქვთ უსამართლობის განცდა იმის გამო, რომ სულ ერთი და იგივე მოსწავლეა წახალისებული;
  • გამოიკვეთოს წინსვლა და პროგრესი;
  • ყურადღება გადატანილია დადებით და არა უარყოფით ქცევაზე;
  • სასჯელი შეიძლება მხოლოდ ის იყოს, რომ შესაძლოა ჟეტონის ერთი ან რამდენიმე დღით არ მიღება.

ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი რესურსი:

  • ჟეტონები, კუბები ან გამოჭრილი ფურცლები; (სადაც ეწერება ყველა მოსწავლისათვის განსაზღვრული რიცხვი ან სახელი და გვარი.)
  • ქისა, რომელშიც ჩაიყრება მოსწავლეებისათვის მინიჭებული ჟეტონები;
  • სახალისო ფერადი კუპონები.

 

სისტემის მიმდინარეობისას თქვენ შეგიძლიათ აღნიშნოთ მხოლოდ დადებითი ქცევა და ის წაახალისოთ. ამისათვის საჭიროა მოსწავლეებთან ერთად განსაზღვროთ, თუ რა იგულისხმება დადებით ქცევაში. ასევე ჟეტონების გაცემის არჩევანი თქვენზეა, გამოიყენებთ მას მხოლოდ ქცევისთვის, ან აკადემიური მოსწრებისთვის. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს წინასწარ ათანხმებთ მოსწავლეებთან. აუხსენით მოსწავლეებს, რომ ჟეტონებს არ მიიღებენ დადებითი ქცევის გამოვლენის ყველა ჯერზე, არამედ მისი გაცემა იქნება მოულოდნელი სიურპრიზი მათთვის, აგრეთვე განუმარტეთ, რომ თუ რომელიმე მოსწავლე მოითხოვს რაიმე ქცევისთვის ჟეტონის მიღებას, ისინი არ მიიღებენ მას, რადგან მხოლოდ მასწავლებელი განსაზღვრავს ვინ, რას და როდის მიიღებს.

მაგ: უთხარით მოსწავლეს, რომ მოგეწონათ თუ როგორ შემოვიდა საკლასო ოთახში და უცებ დაიწყო მოწესრიგება გაკვეთილისთვის, შეაქეთ თუ კი რომელიმე მოსწავლე დროულად გამოცხადდება სკოლაში, თუ შეამჩნევთ, რომ დერეფანში მშვიდად გადაადგილდება, მიეცით კონკრეტული წაქეზება თითოეულ ბავშვს კლასში და დემონსტრაციულად ჩადეთ მათთვის კუთვნილი ჟეტონი ქისაში. აუხსენით მოსწავლეებს, რომ მათ შეუძლიათ მთელი დღის განმავლობაში რამდენჯერმე მიიღონ ჯილდო.

დაჯილდოების პროცესი:

ჩადეთ ჟეტონები ქისაში, როდესაც ხედავთ ისეთ ქცევას, რომლის წახალისებაც გსურთ. ამოიღეთ ქისიდან ჟეტონები იმ შემთხვევაში, როდესაც გსურთ მისცეთ მოსწავლეს პრივილეგია ან კონკრეტული საქმე და მიეცით მას ერთი კუპონი.

სახალისო კუპონების შესაძლო შინაარსი შეიძლება იყოს:

  • დამატებითი შესვენება;
  • დაფაზე ხატვა;
  • მასწავლებლის საწერი კალამის არჩევა და მისი გამოყენება;
  • დახასიათების ფურცელი მშობელთან, სადაც დადებით სიახლეებზე ისაუბრებთ;
  • მეგობრებთან ერთად დაჯდომა ნებისმიერ ადგილას;
  • დღის ლიდერი;
  • ზღაპრის არჩევა, რომელსაც მასწავლებელი წაიკითხავს;
  • 15 წთ კომპიუტერთან;
  • მასწავლებლის მაგიდასთან დაჯდომის უფლება;
  • სამაგიდე თამაშით თამაშის უფლება;
  • ფილმის არჩევის უფლება;
  • დამატებითი ჟეტონი და ა.შ.

მას შემდეგ, რაც ამოიღებთ ჟეტონს ქისიდან, აღარ ჩააბრუნოთ უკან. დაცალეთ ქისა თქვენი განსაზღვრული დროის შემდეგ და თავიდან დაიწყეთ. მოსწავლეებმა იციან, რომ რაც უფრო ხშრად მოიქცევიან კარგად, უფრო გაიზრდება ქისიდან მათი ჟეტონის ამოღების შანსი.

გამოიყენეთ თქვენს კლასში ჟეტონების მარტივი წახალისების სისტემა და იგრძნობთ, როგორ იმატებთ დღითი დღე თქვენს კლასში დადებითი ქცევები, არასასურველი კი- იკლებს.

 

ვაჟა-ფშაველა და ქრისტიანობა

0

ყველაფერი ინდივიდუალურია და ყველას ჩვენი ვაჟა-ფშაველა გვყავს: საოცარი ზნეობრიობის, ადამიანურობის, ეროვნულობის მატარებელი გენიოსიც და ჩვეულებრივი კაციც, როგორც ქრისტე, თავისი განუმეორებელი ტრაგიზმით. მისგან ვსწავლობთ, რომ არ უნდა ვიყოთ ყოფიერების მონა და სული გამოვაწრთოთ წინააღმდეგობათა გადალახვით… ვაჟამ, მართლაც, მოწამეობრივი ცხოვრება განვლო. უფალი მისნაირებზე ამბობს: ,,ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი”.

არეოპაგეტიკაში მოცემული ქრისტიანული ფილოსოფია თანხვედრაშია ვაჟასეულ სამყაროს მსოფლაღქმასთან. ეს არის სწორედ ქრისტიანობა ვაჟათან, არა სწორხაზოვანი დოგმატიკურობით (ამისთვის ალუდას გახსენებაც კმარა, რომელსაც სწორედ დოგმის დარღვევას აბრალებს ზოგიერთი მკვლევარი, სინამდვილეში კი მისი შეგნება ბევრად წინ უსწრებს თემისას და პროგრესულია, თავისი მომავლის განზრახულებით, როგორც თუნდაც მინდიას სიბრძნე, ასე რომ – ჩამოჰგავს ღვთაებრივს), არამედ სამყაროს გულის-გულის წვდომის უცნაური, თითქოს, ადამიანთათვის მიუწვდომელი სიღრმითა და პირველყოფილი მთლიანობით: ,,ყოფიერება ვაჟას მიერ განიცდება და დაინახება, როგორც ერთიანობა, რომელიც ურთიერთში გადამსვლელი მუდმივი ქმნადობაა: თავისუფლება და მონობა (,,ბუნება მბრძანებელია, იგივ მონაა თავისა”)…სისავსე და სიცარიელე: სიცოცხლე და სიკვდილი და სხვა…”(ჯანრი კაშია). ესაა სწორედ  ის, მიზეზი ყოველივე არსებულისა, და ღვთაებრივი საწყისი მთლიანობაში შედეგია უზენაესი ღვთაებრივი ერთობისა, რომელიც წმინდა წერილში მოიხსენიება სახელით ,,ერთარსება”, რადგანაც ერთარსებაა მამა-ღმერთი, იესო ქრისტე და სული წმინდა.

ვაჟა-ფშაველასთან ქრისტიანული მოტივებისა და განწყობების პრიმატულობას ბევრი მკვლევარი აღიარებს და ფიქრობს, რომ ამ მხრივ შეცდომის სათავე მწერლის გამოხატვის ფორმასა და მისი თვალსაზრისის გაიგივებაში მდგომარეობდა. როგორც ცოცხალ რწმენაში, ასევე მხატვრულ ქსოვილშიც მშრალი დოგმატიკა ქმედების, პიროვნული მაგალითის გარეშე არაფრის მომცემია. თავისი სიყვარულით სავსე სამყაროთი, რომელიც დასახლებულია გამორჩეული ინდივიდებით, ზნეობრივი გმირებით, ვაჟა ქრისტიანობის აპოლოგეტია. საოცარია ვაჟა-შაველას ჰუმანიზმი, რომელიც ქრისტეს ჰუმანიზმსაც ჩამოჰგავს. ზემოთ ნახსენებ ერთიანობას შემდეგი რამ ქმნის: ადამიანი, რომელმაც გაცნობიერებულად იცის სიკეთე და ბოროტება (ბუნების სხვა ქმნილებათაგან განსხვავებით), ბუნებაში სხვებზე ზეაღმატებულად კი არ უნდა აღიქვამდეს თავს, არამედ თანაბრად (თუ ასე არაა, ჰარმონია დარღვეულია, მაგ, ,,ია”, ,,შვლის ნუკრის ნაამბობი”). ვაჟას შემოქმედებაში ბუნებასთან ეს ჰარმონია ღმერთთან თანაზიარობას გულისხმობს.

სამყაროს არსის ტრაგიკულობის გამოხატულებაა ადამიანური სამართალიც, რომელიც ძალიან შორსაა ღვთაებრივისგან. ქრისტიანულ მცნებას ,,არა კაც კლა” ვერ იცავს კაცობრიობა. კაცთა სამართალი შურისგებასაც გულისხმობს (,,სიკვდილი ყველას გვაშინებს, სხვას რომ ჰკვლენ, მზერა გვწადიან; კაცნი ვერ ჰგრძობენ ბევრჯელა, როგორ დიდ ცოდვას სჩადიან” – ,,სტუმარ-მასპინძელი”), რაც ვაჟასთვის მიუღებელია. ალუდას სიზმარში ადამიანთა მტერობა-შურისგება-სისხლისღვრა კაციჭამიობასთანაა გაიგივებული, რადგან მწერალი წინააღმდეგია კაცისკვლის ყველანაირი შემთხვევისა, სამაგიეროს გადახდა იქნება ეს (თუნდაც სიკვდილით დასჯა) თუ სისხლის აღების წესი მთაში. ეს ცოდვა-მადლის პრობლემის ქრისტიანული თვალთახედვაა, რომელიც მიტევების, სიყვარულის ზნეობრიობაა, განსხვავებით წარმართული შურიგების სისხლიანი სამართლისაგან. ფაქტობრივად, ალუდას საქციელი სიყვარულისთვის, ღვთისთვის თავგანწირვაა, რომელიც უდიდეს სიმტკიცესა და სულიერი ძალების მობილიზებას გულისხმობს, რადგან ის ურჩია საზოგადოებისადმი (,,ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან”. – „ვეფხისტყაოსანი”), ამიტომაც განკერძოებულიც აღმოჩნდება მისგან, რაც, უმეტეს შემთხვევებში, სასიკვდილოდ განწირულობას გულისხმობს. ლექსში ,,ჩემი ვედრება”, ისევე როგორც მის გამორჩეულ გმირებში, ჩანს ვაჟას ინდივიდუალობა, მსოფლმხედველობა, ადამიანური და შემოქმედებითი კრედო:

გაგება ადამიანის თავისუფლებისა, რომელიც ყველაზე სანუკვარი, ძნელად მისაღწევი რამაა თითოეული ჩვენგანისათვის, აქ წმინდად ქრისტიანულია: ესაა პირადულზე ამაღლება საზოგადოს, მოყვასის საკეთილდღეოდ. ,,ჭეშმარიტი ქრისტიანობა მუდმივი თავგანწირვაა” (არქიმანდრიტი რაფაელი). ეს სწორედ იობის მოთმინებაა, წმინდანის თვითშეწირვა, რომელსაც მაღალი გრადაციის ქრისტიანული სიყვარული გულისხმობს, გულის დარდის ,,გადიადება”  (ვაჟას გადასვენებისას მისი სხეული უხრწნელი დახვდათ. მისი სული ხომ ყოველთვის ტანჯვით ამაღლებული იყოს სხეულზე).

„ნუ დამასვენებ ნურასდროს,

მამყოფე შეძრწუნებული,

მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ,

როცა ვარ შეწუხებული“.

ეს სულისშემძვრელი ტრაგიზმი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ბედნიერი დიდი შემოქმედი ოქსიმორონია. თუმცა სწორედ ეს აახლოებს მას ღმერთთან, სწორედ ესაა ის ძალა, გზა, რომელიც მიგვიძღვის ყოფის პირობითობათა და წინააღმდეგობათა გადალახვისაკენ. „ღმერთმა გიშველოს სიკვდილო, სიცოცხლე შვენობს შენითა”. სიკვდილს მადლად, მშვენიერებად აღიარებს მხოლოდ ის, ვინც მისი მძლეველია თავისი ცხოვრებით, სიყვარულით, მოკრძალებით, ვინც ,,სიკვდილამდე თავს არ იკლავს”, ვინც უძლებს და იბრძვის, ეურჩება ყოფას, წუთისოფელს ბოლომდე. ასეთი იყო ქრისტე, ასეთი იყო ვაჟა-ფშაველაც და მისი გამორჩეული გმირებიც – სიკვდილის, ყოფის დამმარცხებელნი. ასეთია მთელი ქართული ყოფიერებაც.

ქრისტიანულ  რელიგიაში მკაფიოდაა გამოხატული სიყვარულის ფილოსოფია.  ,,რომელი იმარხვიდეს მცნებათა მისთა, მის თანა ჰგიეს და იგი თავადი მის თანა” (1 იოანე 3, 24). მცნებების დაცვა გულისხმობს მოყვასის სიყვარულს, მტერშიც უფლის ხატის დანახვას და მის სიყვარულს (ვაჟას აზრით, ყველაზე სრულყოფილი გამოვლინება ქრისტიანული მსოფლაღქმისა), ხოლო ეს ყველაფერი ერთიანდება სიცოცხლის, ღმერთის სიყვარულში, თუმცა მცნება ,,გიყვარდეს მტერი შენი” ცოტა თავისებურად ,,ესმის” ქართულ ცნობიერებას, რომელმაც იცის, რომ სამშობლოს მტერს თუ არ შეეწინააღმდეგე, ყველაზე ძვირფასს წაგართმევს. ქრისტეც მხოლოდ დოგმა კი არაა ან აკრძალვა, არამედ სწორედ სიყვარულით თავისუფლება, რომელსაც თუნდაც ალუდა ქეთელაურმა მიაღწია და რომელიც არცთუ ისე ადვილად გასაგებია თვით ზოგიერთი მორწმუნისათვის, რომელსაც საკუთარი თავისა თუ ახლობლის სიყვარული უფრო ეხერხება წარმართივით. ალუდა ქეთელაურმა მიაღწია იმ მაღალ საფეხურს სულიერებისა, რომელიც მტერში ადამიანის, ღმერთის დანახვაა. აქვე არ შეიძლება არ ვთქვათ ვაჟას მსოფლმხედველობისა და შემოქმედების საფუძველზე – ეროვნულობაზე, რადგან ღმერთი და სამშობლო ყოველთვის ერთ სიბრტყეზე განსახილველი ცნებები იყო ქართულ, ქრისტიანულ ცნობიერებაში (,,სამშობლო, როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა”). ვაჟა-ფშაველას აზრით, სიყვარულია დანიშნულება ჩვენი არსებობისა, იქნება ეს მისი უმაღლესი იდეალი: ღმერთი და სამშობლო თუ სიკეთეს, სიბრალულს, მიტევებასა და სხვა ჰუმანურ გრძნობებში გამოვლენილი მისი რაობა.

ქართულ აგიოგრაფიაში არის ასეთი ტერმინი ,,ცრემლოობა”, რომელიც ადამიანის საკუთარ ცოდვებზე მწუხარებას გულისხმობს. ღმერთიც ალბათ სევდიანია, კაცობრიობის, სამყაროს ცოდვა-ბრალის შემყურე. ვაჟას აქვს ერთი პატარა ლექსი ,,სიმღერა”, რომელშიც სწორედ ღმერთკაცის სევდაა, კარგად ჩანს ვაჟა თავისი ტკივილიანი სიძლიერით. ტირილს ღვთისმშობლის მადლსაც ეძახიან. ,,დამდაბლდით და ტიროდეთ და იგლოვდეთ. სიცილი თქუენი გლოვად გადაიქეცინ და სიხარული თქუენი მწუხარებად. დამდაბლდით წინაშე უფლისა, და აღგამაღლნეს თქუენ” (იაკობი 4, 9-10). ვაჟას შემოქმედება უშუალოდაა დაკავშირებული ქრისტიანულ მსოფლმხედველობასთან, დოგმებთან. თუნდაც სინანულის მოტივი, რომელიც ამ პატარა ლექსშიც შეიგრძნობა და მის სხვა ნაწარმოებებშიც და ყველაზე ძლიერი გამოვლენა ამ გრძნობისა ,,ალუდა ქეთელაური”.

ვაჟას მთელ პოეზიაში ძლიერია ღმერთის, სიკეთის, სიყვარულის, ამამაღლებელი სინანულის განცდა. ესაა უტყუარი დასტური მითი ავტორის ქრისტიანული აღმსარებლობისა.

,,მთას ვიყავ, მწვერვალზე ვიდექ,

თვალთ წინ მეფინა ქვეყანა,

გულზედ მესვენა მზე-მთვარე,

ვლაპარაკობდი ღმერთთანა”.

გრიგოლ რობაქიძე ამბობდა: ,,ვხედავ ფიროსმანს და მესმის საქართველო”. ეს ფორმულა ვაჟასაც შეიძლება შევუბრუნოთ: ,,მესმის ვაჟა და ვხედავ საქართველოს”. ვაჟას წარმოდგენა შეუძლებელია ქრისტიანული აზროვნების გარეშე. სანამ იქნება ინტერესი ვაჟას ბოლომდე ამოუცნობი შემოქმედებისადმი (თუმცა იგი საოცარი სიმარტივით თხზავდა), იქნება საქართველოც, ორივე წამებულნი და უკვდავნი არიან…

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

       გეოგრაფიული განათლების როლი პიროვნების ჩამოყალიბებაში

0

ამ სტატიის დაწერა ეროვნული გამოცდების ახალმა ფორმატმა გადამაწყვეტინა. თავიდანვე ვიტყვი, რომ გამოცდები სწავლების ხარისხს არ უნდა განაპირობებდეს, მაგრამ საზოგადოების უდიდესი ნაწილის მიზანი, ეროვნული გამოცდების ჩაბარებაზეა ორიენტირებული.

ვეცდები, ამ სტატიაში ავხსნა გეოგრაფიის მნიშვნელობა პიროვნების ჩამოყალიბების საქმეში. არგუმენტებად ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებსა და კონკრეტულ მაგალითებს მოვიყვან.

მუდმივად მოდერნიზირებული თანამედროვე განათლების მიზანია ჰარმონიულად განვითარებული და მაღალკვალიფიციური პიროვნების ჩამოყალიბება. მეცნიერების განვითარებას ყოველწლიურად შემოაქვს მნიშვნელოვანი ცვლილებები საგანმანათლებლო პროგრამებში, რომლებიც ქმნიან ფუნდამენტურ ცოდნას. მეცნიერებათა ჩამონათვალში, რომლებმაც ჩამოაყალიბეს ზემოხსენებული მიზნები, უნდა აღინიშნოს გეოგრაფიის განსაკუთრებული როლი. სწორედ გეოგრაფია ახდენს გავლენას მოსწავლეში აუცილებელი ცოდნის ფორმირებაზე, რაც მას საშუალებას აძლევს სწორად აღიქვას და შეაფასოს სამყაროში მიმდინარე პროცესები და მოვლენები, არსებული სამეცნიერო სურათი. განათლების ეროვნული მიზნებიდან ერთ-ერთი ხომ ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვაა: მოზარდმა უნდა იცოდეს, რა ბუნებრივ გარემოში ცხოვრობს, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს გარემოს ადამიანის ამა თუ იმ ქმედებამ, როგორ შეინარჩუნოს და დაიცვას ბუნებრივი გარემო.

გეოგრაფიის მეცნიერების ჩამოყალიბებიდან მეოცე საუკუნის შუა წლებამდე ეს დისციპლინა ფასდება როგორც აღწერილობითი. სასწავლო პროცესში მისი ღირებულება დაუსაბუთებლად იყო შეფასებული, ხოლო მისი შესწავლით მოცემული ცოდნა შეფასდა, როგორც ზოგადი, რომელსაც არ ჰქონდა პრაქტიკული მნიშვნელობა, ისე როგორც, მაგალითად, მათემატიკური საფუძვლების ცოდნას. სამწუხაროდ, ეს დამოკიდებულება გეოგრაფიის მიმართ ინერციით დღემდე დომინირებს.

გეოგრაფიის, როგორც მეცნიერებისადმი დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში. საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიამ შეაფასა რა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებაში გეოგრაფიის წვლილი, აღიარა მისი უზარმაზარი პრაქტიკული მნიშვნელობა. გეოგრაფია პირველ რიგში აღმოჩნდა იმ მეცნიერებებს შორის, რომლებმაც ბრძოლის ველზე მომზადებული სტრატეგიული, ტაქტიკური და ოპერაციული გადაწყვეტილებები მიიღეს.

საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, წითელი არმიის გეოლოგიური და გეოგრაფიული სამსახურების კომიტეტის თავმჯდომარის, აკადემიკოს ალექსანდრე ფერსმანის თანახმად „გეოგრაფია არ არის მეცნიერება მარტო მსოფლიოში მიმდინარე ცალკეული ფაქტების შესახებ. გეოგრაფია არის მეცნიერებების სისტემა იმ ღრმა მიზეზ-შედეგობრივი კავშირის შესახებ, რომელიც სამყაროს ცალკეულ მოვლენებსა და  მასში მოღვაწე ადამიანებს შორის არსებობს”. ამ პერიოდის შემდეგ, გეოგრაფიამ დიდი ნახტომი გააკეთა მის განვითარებაში, შეიქმნა ძლიერი საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც მოსწავლეებსა და სტუდენტებს საშუალებას აძლევდა, შეესწავლათ ეს უძველესი და მარად ახალგაზრდა მეცნიერება. მიუხედავად ამისა, ჩემი აზრით, გეოგრაფიული ხედვა და აზროვნება მაინც ვერ ჩამოყალიბდა საზოგადოების ფენებში, რაზეც თუნდაც არალის ზღვის მაგალითიც კმარა.  1960-იანი წლებიდან დაწყებული ტბის დაშრობის პროცესი დღემდე ადამიანის მიერ გამოწვეულ ერთ-ერთ უდიდეს ეკოლოგიურ კატასტროფად მიიჩნევა.

არალის ტბის დაშრობა იმითაა გამოწვეული, რომ ტბაში ჩამდინარე ცენტრალური აზიის ორი უდიდესი მდინარე სირდარია და ამუდარია 1960-იანი წლებიდან გამოიყენება ყაზახეთსა და უზბეკეთში ბამბის მინდვრების სარწყავად, რის შედეგადაც მდინარეების წყალი ტბამდე პრაქტიკულად ვეღარ აღწევს. დაშრობამდე სიდიდით მეოთხე ტბა იყო მსოფლიოში, რის გამოც ეწოდა არალის ტბას „ზღვა“. ამ იდეის მესვეურებს რომ გეოგრაფიული აზროვნება ჰქონოდათ, გაითვალისწინებდნენ იმ გარემოებას, რომ წლის განმავლობაში ნალექის რაოდენობა აქ ძალიან მცირეა, მხოლოდ 100 მმ. აორთქლებული წყალი კი მიღებულზე 12-ჯერ მეტია. შედეგმაც არ დააყოვნა და დაშრობის შედეგად 1989 წელს ტბა ორად გაიყო:  ამჟამად ტბის დიდი ნაწილი დამშრალია; დარჩენილია მხოლოდ მისი ჩრდილოეთი და სამხრეთი ნაწილების მცირე ნარჩენები, რომლებიც ერთმანეთს ამ დროისთვის წყლით არ უკავშირდება.

2003 წელს ზღვის ზედაპირის ფართობი პირვანდელი ფართობის მეოთხედს შეადგენდა. არალის ზღვის რეგიონისათვის საერთო ზარალი შეფასებულია 35-40 მილიარდ რუბლად (800 მლნ ფუნტი სტერლინგი). თუმცა, ჩემი აზრით, შეუფასებელია ადამიანის უგუნურებით გამოწვეული ზარალი, რასაც ხშირ შემთხვევაში თვით ადამიანები ეწირებიან ხოლმე. ეს ერთი მაგალითიც კმარა იმის დასამტკიცებლად, რომ ანთროპოგენური საქმიანობისას გეოგრაფიული აზროვნებაა საჭირო.

რაც შეეხება საქართველოს, რამდენიმე კონკრეტულ პრობლემას გამოვყოფ: აჭარის გახშირებული მეწყერები, დასავლეთ საქართველოს მდინარეების წყალდიდობები, ნიადაგის დეგრადაცია და ა.შ. თბილისის წყალმოვარდნა რომ არ ვახსენო, არ შეიძლება. მე-9 -10 კლასელებმაც კი ადეკვატურად შეაფასეს ტრაგედია. მარტო ჟურნალისტების კი არა სახელმწიფო მესვეურების დონეზეც კი მოხდა დეფინიციების არევა. ბოლოს ისევ გეოგრაფებმა გააკეთეს ანალიზი. იყო კი ეს ტრაგედია საკმარისი დასკვნების გასაკეთებლად?

გლობალიზაციის, სწრაფად განვითარებადი სამყაროს ეპოქაში, გეოგრაფიის მნიშვნელობა ინდივიდის განათლებაში ყველაზე მეტად იზრდება. ამ დისციპლინის შესწავლა  მოიცავს ბევრ სასარგებლო ფუნქციას, რომელთა განხორციელება პიროვნებას ყოვლისმომცველი, მნიშვნელოვანი, შესაბამისი ცოდნის მიღების საშუალებას აძლევს. იგი უზრუნველყოფს ჰარმონიულად განვითარებული პიროვნების ჩამოყალიბებას.

მინდა, გამოვყო გეოგრაფიული განათლების გავლენის მთავარი ასპექტები მოზარდის პიროვნების განვითარებაში და მოკლედ დავახასიათო თითოეული მათგანი:

გეოგრაფიის ზოგადი საგანმანათლებლო ასპექტი – მოსწავლეს ამარაგებს აუცილებელი პირველადი ცოდნით სამყაროზე, რაც მას მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში ეხმარება. რაც მთავარია, იგი საშუალებას აძლევს მას, იპოვოს პასუხები ტიპურ კითხვებზე რეალურ სამყაროზე და შეიმეცნოს ურთიერთმიმართება მასში მიმდინარე მოვლენებსა და პროცესებთან, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს საზოგადოების განვითარებაზე. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები: ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება. სასკოლო განათლებამ უნდა განუვითაროს მოზარდს უნარი, რომ სწორად განსაზღვროს საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები, და მისცეს მას სასიკეთო გადაწყვეტილებათა მიღებისა და აქტიური მოქმედების შესაძლებლობა.

სოციალური ასპექტი – ხასიათდება იმით, რომ გეოგრაფიული განათლება მოსწავლეს საშუალებას აძლევს, შეუერთდეს იმ სოციალურ პროცესებსა და მოვლენებს, რომელთა ახსნა შესაძლებელია ამ მეცნიერების თვალსაზრისით. აგრეთვე საშუალებას აძლევს მოსწავლეს, საკუთარი თავი აღიქვას საზოგადოების განუყოფელ ნაწილად, რაც თავის მხრივ, მჭიდრო კავშირშია ბუნებასთან.  ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები – იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე – დღევანდელ დინამიკურ, ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვან სამყაროში საზოგადოების ფუნქციონირებისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაგებისა და ურთიერთშემეცნების ჩვევები. სკოლამ უნდა გამოუმუშაოს მოზარდს ადამიანის უფლებების დაცვისა და პიროვნების პატივისცემის უნარი, რომელსაც იგი გამოიყენებს საკუთარი და სხვისი თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად.

ეკონომიკური ასპექტი – გამოიხატება იმით, რომ გეოგრაფიული განათლება მოსწავლეს აძლევს საშუალებას, მიიღოს ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცოდნა, რომელიც ეხება არა მხოლოდ მის ქვეყანას, არამედ მთელ მსოფლიო საზოგადოებას, რაც, რა თქმა უნდა, მას აძლევს ძლიერ მითითებებს არსებული და მუდმივად ცვალებადი რეალობის ობიექტურად შესაფასებლად. ეს ცოდნა სრულყოფილად აღწერს სხვადასხვა ეკონომიკური მოვლენის დინამიკას, მიზეზებსა და შედეგებს, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს საზოგადოების პროგრესირებულ განვითარებაზე. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები:  სასკოლო განათლებამ უნდა განუვითაროს მოზარდს უნარი, რომ სწორად განსაზღვროს საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები, და მისცეს მას სასიკეთო გადაწყვეტილებათა მიღებისა და აქტიური მოქმედების შესაძლებლობა.

პოლიტიკური ასპექტი – შეიძლება ხასიათდებოდეს მოსწავლის პიროვნების გეოპოლიტიკის საჭირო ცოდნის უზრუნველყოფით.  გეოგრაფიული აზროვნება პოლიტიკოსებს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისა და ფენომენების ადეკვატური და მრავალმხრივი შეფასების საშუალებას აძლევს. კვლავ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები: ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება.

პატრიოტული ასპექტი – ხასიათდება მოსწავლის აღჭურვით საკუთარი ქვეყნის შესახებ იმ აუცილებელი ცოდნით, რომელიც უყალიბებს მას პატივისცემას იმ ბუნებრივი, კულტურული და ეკონომიკური ფაქტორების მიმართ, რომლებიც ერთად ქმნიან ერისა და ქვეყნის კულტურულ კოდს. ეს არის ის ასპექტი, რომელიც ქმნის პიროვნების სიყვარულს სამშობლოსადმი, უღვივებს მისი უნიკალური თვისებების შენარჩუნების სურვილს, აცნობიერებინებს მას არსებულ მრავალფეროვნებას და ქმნის ნამდვილ პატრიოტულ პიროვნებას.

სულიერი ასპექტი – საშუალებას აძლევს მოსწავლის პიროვნებაში იმ ღირებულებითი პრინციპების ჩამოყალიბებას, რომლებიც ხელს უწყობს ბუნებისადმი მისი ფრთხილი დამოკიდებულების განვითარებას, დაცვასა და უნიკალური მრავალფეროვნების შენარჩუნებას.

ამრიგად, გეოგრაფია პირდაპირ კავშირშია ანთროპოგენული, სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და ეკოლოგიური ბუნების თანამედროვე გამოწვევებზე კომპეტენტური და ადეკვატური პასუხების მიწოდებასთან, რომლის მნიშვნელობა ყოველდღიურად იზრდება. მდგრადი განვითარების მიზნები ხომ მთლიანად გეოგრაფიულ აზროვნებაზე და მიდგომებზეა დაფუძნებული. ამ საკითხზე შემდგომში ვისაუბრებ.

 

გამოყენებული ლიტერატურა: ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები.

 

 

ადამიანები შემოდგომიდან – მეორე ნაწილი

0

შეიძლება პოეტური ბოდვაა და გლობალური დათბობა ძველ კალენდარულ მოწყობებს არ ცნობს, მაგრამ დღემდე ცხადად ვგრძნობ და მტკიცედ მჯერა, რომ აგვისტოს მიწურულს მობერილ ნიავში, თუ ჩაუსაფრდები, აუცილებლად დაიჭერ ერთ წვეთ სუნს, რომელიც მთელ შემოდგომას დაგანახებს.

 

ალბათ ოდესმე მეცნიერები იმსჯელებენ, რომელია წამების უმაღლესი ფორმა სმენის ჟანრიდან: კოღოს ჯიუტი წუილი ყურთან გამთენიის ხუთისკენ, მოშლილი ონკანიდან წყლის შეუდრეკელი, ოღონდ მოფრთხილო წანწკარი თუ ქვაბის ძირის წმენდა წვერსაპარსის პირით (ვინც ბოლო წინადადება ვერ გაიგო, განვმარტავ – ჩახანას ფხეკა ბრიტვით).

 

ცა ერთი და იგივე არ არის. არის ბავშვობის ცა და ეს ცა აუცილებლად შენი ეზოს თავზეა ან აივნის, ან ფანჯრის. მაშინაც, როცა ოცდათხუთმეტის ხარ ან სამოცდათხუთმეტის. ასეთი ცა არ იცვლება, არც ღრუბლები იცვლებიან და არც ვარსკვლავები. იქ ვარსკვლავები სულ ჩვეულებრივი ვარსკვლავები არიან – ციცინათელების ტოლები და რომ დაითვლი და მეჭეჭები ამოგივა – ისეთები. არც მილიონი წლის წინ არის წამოსული მათი ნათება და არც რაღაც გალაქტიკების პლანეტარული სისტემების წევრები ჰქვიათ. უბრალო, პატარა, ძალიან პატარა ვარსკვლავებს ხედავ და მხოლოდ შენს ცაზე ანათებენ.

 

გრუხუნა – ასე ერქვა იმ ამინდს, ახლა თბილისში როა. ელვა და კვალში გრხხხ.

პირველი – თუ შუადღე იყო, შემთხვევით ლამპოჩკა ენთო (იმ ენაზე ვწერ, ქართულისთვის ნუ დამძრახავთ), შეითამაშებდა და გაქრებოდა. ამას წინ უსწრებდა: „ე, დენი წავა ახლა, ძაბვა არ დავარდეს, გამორთე მაცივარი“ და მოსდევდა : „დედა, რაფერ გლახათ წევიდა ცა, კიდომ კაი რომ გამოგართვიე. აი, ისე წევიდა, აღარც მუა“.

მეორე – თუ საღამო იყო, კრუხი შფოთდებოდა და წიწილები გარბოდნენ მისკენ. მერე ბებია კრუხს მიეპარებოდა, ფრთების თავში ხელს ჩაავლებდა და ბუდისკენ მიჰყავდა. წიწილებს სხვები ვიჭერდით. დევნა. მთელი ფილმი. გრხხხ საუნდტრეკით და ხაპის ფოთლებზე პირველი წვეთების ხმით.

მესამე – თუ შუაღამე იყო და ვიყავი ასე ოთხიდან ექვს წლამდე, მამაჩემს ზურგზე ვეკვროდი. ხოლო მამაჩემი ყვებოდა ზღაპარს და სახურავზე წვიმა დააბიჯებდა.

მეოთხე – თუ დილა იყო, ვფიქრობდი, რომ ასეთი ამინდი, ალბათ ყველაზე უკეთესი მაშინაა, როცა შეყვარებულთან ერთად წევხარ, შეყვარებულს ცოტა ეშინია და შენ იღიმი.

ასეთია ჩემი ბავშვობის გრუხუნის ანატომია. ადრე დილამშვიდობისა ყველას.

 

ხახუნის ძალა. სასარგებლო და საზიანო ხახუნი.

0

ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ხახუნის ძალა. სამყარო სრულიად სხვაგვარი იქნებოდა ხახუნის ძალის არსებობის გარეშე – ვერაფერს დავიჭერდით ხელში, ვერ გავივლიდით, არა თუ სიარულს, ფეხზე დგომასაც კი ვერ შევძლებდით, ჩამოინგრეოდა მთები, შენობების აშენებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია, ვერცერთი სხეული ვერ შეინარჩუნებდა თავის ადგილმდებარეობას და პატარა ბიძგის შემთხვევაში უსასრულოდ იმოძრავებდა ყველაფერი ჩვენ გარშემო და მათ შორის – ჩვენც. ერთი სიტყვით, ხახუნის ძალის გარეშე სამყაროში იქნებოდა სრული ქაოსი!
მეორეს მხრივ, სწორედ ხახუნის ძალის არსებობას უკავშირდება მეცნიერებისა და ცივილიზაციის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპები. კერძოდ, ხახუნის ძალის დაძლევის მიზნით გამოიგონა ადამიანმა ბორბალი, რომელიც კაცობრიობის უმნიშვნელოვანეს აღმოჩენად ითვლება. მანამდე კი ძველი დროის ადამიანების სხვადასხვა სხეულის ხახუნით ცეცხლს აჩენდნენ, რაც მათი არსებობისთვის მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენდა.
დამეთანხმეთ, მართლა საოცარ მოვლენასთან გვაქვს საქმე. ამიტომ უფრო ახლოს გავეცნოთ ამ ძალას და გავარკვიოთ რა არის ხახუნის ძალა? რა არის მისი წარმოშობის მიზეზები? ხახუნის ძალის რამდენი სახე არსებობს და ყოველთვის საზიანოა იგი თუ არა? ან იქნებ პირიქით, მხოლოდ სასარგებლოა ხახუნის ძალა?
ხახუნის ძალა ეწოდება ძალას, რომელიც წარმოიქმნება ერთი სხეულის ზედაპირზე მეორის მოძრაობისას, მიმართულია მოძრაობის მიმართულების საპირისპიროდ. რადგან ხახუნის ძალა მიმართულია მოძრაობის საწინააღმდეგოდ, ესე იგი ეს ძალა ეწინააღმდეგება მოძრაობას.
ხახუნის ძალის აღძვრის მიზეზები რომ გამოვიკვლიოთ, საჭიროა მიკროსკოპით დავათვალიეროთ სხეულების ზედაპირები. აღმოჩნდა, რომ ერთი შეხედვით გლუვი ზედაპირის მქონე სხეულების ზედაპირებიც კი საკმაოდ უსწორმასწოროა. ისინი დაფარულია ბურცობებით და ღრმულებით. შესაბამისად, როდესაც ერთი სხეული სრიალებს ან გორავს მეორის ზედაპირზე, ეს უსწორმასწორობები ერთმანეთს ედება და წარმოქმნის მოძრაობის შემაფერხებელ გარკვეულ ძალას (ნახ.1). სწორედ ეს ძალაა ხახუნის ძალაა ხახუნის ძალის აღძვრის მიზეზი.

ნახ.1
ხახუნის ძალა აღიძვრება ძლიერ გაპრიალებული ზედაპირების მქონე სხეულებს შორისაც. მაგალითად, ორი მინის ან ორი სარკის ერთმანეთის მიმართ მოძრაობაც საკმაოდ დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული. სავარაუდოდ, აქაც ხახუნის ძალის აღძვრასთან უნდა გვქონდეს საქმე. რა ხდება ამ დროს?
გავიხსენოთ ნივთიერების აგებულება. გვახსოვს, რომ ნივთიერება ნაწილაკებისგან – მოლეკულებისგან შედგება. ასევე გვახსოვს, რომ ეს ნაწილაკები ურთიერთიერთქმედებენ – მიიზიდავენ და განიზიდავენ ერთმანეთს, მაგრამ ეს ურთიერთქმედება ხომ ძალიან პატარა მანძილებზე ვლინდება (მოლეკულათაშორის მანძილების რიგზე ვლინდება)? საქმე ის გახლავთ, რომ სწორედ ასეთ მანძილზე უახლოვდება შემხები სხეულების – ორი სარკის ან ორი მინის მოლეკულები ერთმანეთს. მათ შორის აღიძვრება მიზიდულობის ძალა, რომელიც მოძრაობას აფერხებს. ამ შემთხვევაში სწორედ ეს ძალაა ხახუნის ძალის ხახუნის ძალის აღძვრის მიზეზი (ნახ.2).

ნახ.2
ამგვარად, ხახუნის ძალის აღძვრის ორი მიზეზი არსებობს: სხეულების მქისე ზედაპირების შემთხვევაში მათი უსწორმასწორობები ერთმანეთს ედება და წინააღმდეგობის ძალებს წარმოშობს, ხოლო ძლიერ გაპრიალებული ზედაპირების შემთხვევაში წინააღმდეგობის ძალების წარმოშობის მიზეზს შემხები სხეულების მოლეკულათა შორის აღძრული მიზიდულობის ძალა წარმოადგენს.
განასხვავებენ მშრალ და სველ ხახუნს.

განვიხილოთ მშრალი ხახუნი. ჰორიზონტალურ იატაკზე მოთავსებულ მაგიდას ვუბიძგოთ მცირე F ⃗ წევის ძალით (ნახ.3).

ნახ.3
იგი არ დაიძრა. რატომ? ცნობილია, რომ სხეული უძრავია, როცა მასზე მოქმედი ძალები აწონასწორებენ ერთმანეთს. მაშასადამე, მაგიდაზე ჩვენ მიერ მოქმედ ( F) ⃗ წევის ძალას აწონასწორებს საპირისპიროდ მოქმედი წინააღმდეგობის ძალა, რომელსაც უძრაობის ხახუნის ძალას უწოდებენ. ამ ძალას აქვს ერთი საინტერესო თვისება. მას შეუძლია გაიზარდოს ან შემცირდეს. ეს დამოკიდებულია იმაზე, რა სიდიდის წევის ძალას მოვდებთ სხეულს. მართლაც, გავზარდეთ წევის ძალა, მაგიდა ისევ არ იძვრის. ეს კი სწორედ იმას ნიშნავს, რომ უძრაობის ხახუნის ძალაც გაიზარდა და წევის ძალის სიდიდეს მიაღწია. უსასრულოდ შეუძლია თუ არა ზრდა უძრაობის ხახუნის ძალას? არა, რა თქმა უნდა. უძრაობის ხახუნის ძალას გააჩნია თავის მაქსიმუმი და თუ წევის ძალამ გადაჭარბა უძრაობის ხახუნის ძალის სიდიდის მაქსიმუმს, მაშინ იგი წევის ძალას წინააღმდეგობას ვეღარ გაუწევს და მაგიდა გასრიალდება. რაც უფრო მძიმეა მაგიდა, მით უფრო გვიჭირს მისი ადგილიდან დაძვრა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჰორიზონტალურ ზედაპირზე მოთავსებული სხეულის მოძრაობისას აღძრული უძრაობის ხახუნის ძალის სიდიდის მაქსიმალური მნიშვნელობა სხეულის სიმძიმის ძალაზე უნდა იყოს დამოკიდებული. ეს ლოგიკურია, რადგან მეტი მასის სხეული მეტად აწვება ზედაპირს, ახდენს მის ინტენსიურ დეფორმაციას. ეს ფაქტი კი ხელს უწყობს ზედაპირის მხრიდან მეტი წინააღმდეგობის ძალის აღძვრას (ნახ.4).


ნახ.4
მაგიდის გასრიალების შემთხვევაში სრულიად მოისპო თუ არა ხახუნის ძალა? არა. სრიალის შემთხვევაში აღიძვრება სრიალის ხახუნის ძალა, რომლის სიდიდე უძრაობის ხახუნის ძალის სიდიდეზე მცირეა. ხოლო სრიალის ხახუნის ძალის სიდიდის კიდევ უფრო შესამცირებლად სხეულს გორგოლაჭებს უმაგრებენ. ასეთ შემთხვევაში სხეული სრიალიდან გადადის გორვაზე. ამ დროს აღიძვრება გორვის ხახუნის ძალა, რომლის სიდიდე სრიალის ხახუნის ძალის სიდიდეზე კიდევ უფრო მცირეა. სწორედ სრიალის ხახუნის ძალის სიდიდის შემცირების მიზნით იქნა გამოგონებული ბორბალი, რომელიც სამყაროში ყველაზე გენიალურ გამოგონებად ითვლება. ამგვარად, ხახუნის ძალის შემცირება შესაძლებელია, თუმცა მისი სრულად მოსპობა, ზემოთ აღწერილი მიზეზების გამო, შეუძლებელია.
სითხეში ან აირში მოძრავ სხეულზე მოქმედებს სიჩქარის საპირისპიროდ მიმართული ძალა, რომელსაც სველი ხახუნის ძალა ან წინააღმდგობის ძალა ეწოდება. იგი დამოკიდებულია იმ უდიდესი განივკვეთის ფართობზე, რომელიც მოძრაობის მიმართულების მართობულ სიბრტყეში აქვს სხეულს. ასევე დამოკიდებულია სხეულის ფორმაზე, მოძრაობის სიჩქარეზე, ზედაპირის დამუშავების ხარისხზე, სითხის აირის და სხეულის გვარობაზე.
ხახუნი შეიძლება იყოს სასარგებლოც და საზიანოც. მოლიპულ გზაზე სიარული რთულია, რადგან ზედაპირის შეჭიდულობა და შესაბამისად, ხახუნის ძალის სიდიდე მცირეა. ამ შემთხვევაში ხახუნი სასარგებლოა და ცდილობენ ხახუნის ძალა გაზარდონ. ამისთვის ყინულზე ქვიშას ყრიან. ხახუნის გასაზრდელად მანქანის საბურავებს რელიეფურ ხედაპირს უკეთებენ, ხოლო მოყინული ზედაპირის შემთხვევაში საბურავებს ჯაჭვებს შემოახვევენ. ხახუნის ძალის გასაზრდელად ფეხსაცმლის ლანჩების ზედაპირი დაღარულია და სპეციალური ბურცობებით არის დაფარული (ნახ.5).

ნახ.5
ხახუნი თუ საზიანოა, მაშინ ცდილობენ იგი შეამცირონ. ნებისმიერი მანქანა-დანადგარი მოძრავი ნაწილებისგან შედგება. ისინი მოძრაობისას ერთმანეთს ეხება, დგილი აქვს მათ გადახურებას და ცვეთას. აქ ხახუნი საზიანოა და საჭიროა მისი შემცირება. ამ მიზნით მოხახუნე ზედაპირებს შორის შეაქვთ საპოხი მასალა – უმეტესად ზეთები. ამგვარად მშრალი ხახუნი იცვლება სველით. ასეთ შემთხვევაში უკვე ერთმანეთს ეხება არა მექნიზმის მოძრავი ნაწილის ზედაპირები, არამედ საპოხი მასალის ფენები, მცირდება ხახუნი და შესაბამისად, მცირდება მოძრავი ნაწილების ცვეთა.
მექანიზმებში მბრუნავი დეტალების ცვეთის შესამცრებლად ასევე იყენებენ საკისრებს. საკისრის რგოლებს შორის ბურთულების თუ გორგოლაჭების გორვისას ხახუნის ძალა საგრძნობლად მცირდება.
ხახუნის ძალის შემცირების საკითხში მეცნიერები და კონსტრუქტორები ბევრს სწავლობენ ბუნებისაგან – აკვირდებიან დელფინის ფორმას, რომელიც მას საშუალებას აძლევს წყალში განავითარის დიდი სიჩქარე, სწავლობენ სახსრების ფორმას, რომელიც უზრუნველყოფს მთელი სიცოცხლის მანძილზე „ცვეთის და შეზეთვის“ გარეშე იმუშაონ დ ა.შ.
ამგვარად, ამ სტატიაში გავეცანით ხახუნის ძალას, მის გამომწვებ მიზეზებს, ხახუნის ძალის სახეებს და დავადგინეთ, რომ არსებობს როგორც სასარგებლო, ასევე საზიანო ხახუნი. მეცნიერები მუდმივად მუშაობენ და სწავლობენ, როგორ გაზარდონ სასარგებლო ხახუნი და შეამცირონ ის, როცა საზიანოა.

ლიტერატურა:

1. გიორგი გედენიძე, ეთერ ლაზარაშვილი. ფიზიკა VIII კლასი. 2012 წ;
2. ელენე სურგულაძე, მანანა კასრაძე. ფიზიკა VIII კლასი. 2003 წ;
3. ილუსტრაციები აღებულია ვებ-გვერდიდან:
https://xaktly.com/Friction.html

ჰიპერმზრუნველობა: გამომწვევი მიზეზები, შედეგები და რეკომენდაციები მის დასაძლევად

0

საზოგადოება ხშირად კიცხავს, განიკითხავს, საყვედურობს მშობელს, რომელიც სათანადო ყურადღებას არ იჩენს შვილის მიმართ. ასეთი მშობლის ქცევა არცთუ იშვიათად საყოველთაო განხილვის საგნადაც იქცევა ხოლმე. თუმცა თითქმის არასოდეს ვსაუბრობთ იმის შესახებ, რა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ბავშვისთვის, მისი განვითარებისთვის, პიროვნების ფორმირებისთვის ჰიპერმზრუნველობა – ჭარბი ყურადღება, ზღვარგადასული მეურვეობა. არადა, ჰიპერმზრუნველობის შედეგები არანაკლებ საზიანოა, ვიდრე უყურადღებობისა.

ჰიპერმზრუნველი მშობლის ამოცნობა და სხვა ტიპის მშობლებისგან მისი გამორჩევა გარეშე თვალისთვის საკმაოდ ადვილია:

  • ასეთი მშობელი შვილს ადრეული ბავშვობიდანვე ართმევს არჩევანის თავისუფლებას, ყველაფერს, ბავშვთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს წყვეტს თავად;
  • ჰიპერმზრუნველი მშობელი მუდმივად ცდილობს, ბავშვი გვერდიდან არ მოიცილოს, რადგან თვლის, რომ ასე უფრო ადვილად მოახერხებს მის დაცვას ნებისმიერი საფრთხისგან;
  • ასეთი მშობელი დაჟინებით მოითხოვს ბავშვისგან, აკეთოს მხოლოდ ის, რასაც დედა ჩათვლის საჭიროდ, აკეთოს ისე, როგორც მიუთითებს, დამოუკიდებლობის უმცირესი გამოვლენის გარეშე. მის ლექსიკონში ჭარბობს ისეთი ფრაზები, როგორიცაა: „არა, ჩვენ იქ არ წავალთ, შენ ეს გჭირდება“, „ხელი მომკიდე და ისე იარე, დაეცემი“, „ხელს ნუ მიშლი, მე თვითონ ჩაგაცმევ, შენ ჯერ კიდევ ვერ გაართმევ ამას თავს“ და ა. შ. ბავშვი გათავისუფლებულია პრობლემების მოგვარების აუცილებლობისგან, რადგან გადაწყვეტილებები ან მზა სახით მიეწოდება, ან მიიღწევა მისი მონაწილეობის გარეშე;
  • ჰიპერმზრუნველი მშობელი შვილზე საუბრისას, როგორც წესი, იყენებს ნაცვალსახელს „ჩვენ“. ამით ის ქვეცნობიერად ხაზს უსვამს საკუთარ როლს შვილის ცხოვრებაში, იმას, რომ მის გარეშე ბავშვი ვერ მოახერხებს პრობლემის დაძლევას და სირთულის გადალახვას.

რა შეიძლება მოიტანოს ჰიპერმზრუნველობის გარემოში ბავშვის აღზრდამ, რით შეიძლება იყოს ის საზიანო?

* ასე აღზრდილი ბავშვი, როგორც წესი, ავლენს სირთულეების გადალახვის, მათი საღად შეფასების უუნარობას. ის კარგავს რთულ სიტუაციებში თავისი ენერგიის მობილიზაციის შესაძლებლობას და ელოდება დახმარებას უფროსებისგან, უპირველეს ყოვლისა, მშობლებისგან. მისთვის ნებისმიერი დაბრკოლება გადაულახავი ხდება და მომავალშიც მუდმივად სხვების დახმარების მოლოდინშია;

  • აკლია თავდაჯერება, დაქვეითებული აქვს თვითშეფასება. იზრდება მხდალ, უსუსურ, ინფანტილურ ადამიანად. უჭირს საკუთარი პოზიციის, საკუთარი აზრის დაცვა. არაადეკვატურად აღიქვამს როგორც საკუთარ თავს, ასევე გარე სამყაროს;
  • შეიძლება შეფერხდეს მისი განვითარება, ბავშვმა ვერ მოახერხოს სრულფასოვნად თვითრეალიზება, საკუთარი თავის პოვნა ცხოვრებაში და ძალიან უბედურად იგრძნოს თავი, გახდეს დეპრესიული;
  • არცთუ იშვიათად ასეთ ბავშვს უჭირს გარშემო მყოფებთან ურთიერთობა. ან საერთოდ ვერ ახერხებს სოციალიზაციას, ან ეს პროცესი მიმდინარეოს ნელა და მტკივნეულად. გარშემო მყოფებთან ურთიერთობას მთლიანად ანაცვლებენ მშობლები. ასეთი დამოკიდებულების პირობებში შფოთვის ხარისხი იმატებს და ბავშვი შეიძლება ისტერიულიც გახდეს;
  • განვითარების რთულ, კრიტიკულ პერიოდებში, გარდამავალ ასაკში, როცა, ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, ბავშვისთვის მიუღებელი ხდება ჰიპერმზრუნველობა, იწყება ამბოხება უფროსების წინააღმდეგ და კონფლიქტებიც გარდაუვალია. ასეთ დროს მოზარდი ან სახლიდან გარბის და ხვდება ცუდ წრეში, ან უბრალოდ იკეტება საკუთარ თავში და უარს ამბობს მშობლებთან ურთიერთობაზე, რაც აღმზრდელებს სერიოზულ თავსატეხს უჩენს;
  • ჰიპერმზრუნველობა, როგორც წესი, აფერხებს თვითმომსახურების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. ბავშვი დამოუკიდებლად არაფრის გაკეთებას არ ცდილობს, რადგან დარწმუნებულია, რომ მის ნაცვლად ყველაფერს სხვები გააკეთებენ;
  • ასეთი ბავშვებისთვის დამახასიათებელია თვითკონტროლისა და თვითრეგულაციის უნარის განუვითარებლობა. მათ არ შეუძლიათ საკუთარი ქცევის კონტროლი, რადგან მიეჩვივნენ, რომ მათ მაგივრად ამას ყოველთვის მშობლები აკეთებენ;
  • გამოირჩევიან ნებელობის განვითარების დაბალი დონით, მათთვის წარმოუდგენლად ძნელია ამა თუ იმ საქმის დაწყება და მისი ბოლომდე მიყვანა;
  • ჰიპერმზრუნველობის გარემოში მყოფი ბავშვისთვის ასევე დამახასიათებელია უზომო ეგოცენტრიზმი. ის საკუთარ თავს სამყაროს ცენტრად აღიქვამს და თვლის, რომ გარშემო მყოფი ყველა ადამიანი რაღაცით ვალდებულია მის წინაშე;
  • ჰიპერმზრუნველობას მივყავართ პათოლოგიურ მდგომარეობამდე – მშობლებს არ შეუძლიათ ბავშვის „გაშვება“, ბავშვს კი არ შესწევს უნარი, გათავისუფლდეს მშობლების მეურვეობისგან, მოჭარბებული ყურადღებისა და მზრუნველობისგან და დამოუკიდებლად დაიწყოს საკუთარი ქცევის მართვა, საკუთარ მოქმედებაზე თავად აიღოს პასუხისმგებლობა, მოახერხოს თვითრეალიზება;
  • საინტერესოა, რომ როცა შვილი მშობლების ხელში ხდება თოჯინა, მათი პირადი ამბიციების დაკმაყოფილების საშუალება, ის დგება არჩევანის წინაშე – ან შეეგუოს მდგომარეობას და ამით დაკარგოს თვითრეალიზაციის შესაძლებლობა, ან ამბოხება მოუწყოს მშობლებს. უნდა ითქვას, რომ ასეთი ამბოხება ნაკლებსახიფათოა, ვიდრე უსიტყვო მორჩილება და სიტუაციასთან შეგუება.

 

ჰიპერმზრუნველობის მსხვერპლი ყველაზე ხშირად ხდება:

  • პირველი შვილი;
  • დედისერთა;
  • დიდი ხნის ნანატრი შვილი;
  • ნაბოლარა;
  • ბავშვი, რომელსაც ერთი მშობელი ზრდის ან რომელსაც გარდაეცვალა უფროსი და ან ძმა;
  • სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვი.

ჰიპერმზრუნველობის ინიციატორი და განმხორციელებელი უმეტესად დედაა.

  • ჰიპერმზრუნველობის მიზეზად ხშირად იქცევა მშობლების ზღვარგადასული შფოთვა ბავშვის გამო. „ათასი უბედურება ხდება ამქვეყნად, უმჯობესია, მუდამ გვერდით მყავდეს, ასე უფრო დაცული იქნება და მეც უფრო მშვიდად ვიგრძნობ თავს“, – ასეთი აზრები ჰიპერმზრუნველი მშობლისთვის ტიპურია;
  • საკუთარი სურვილების, ინტერესების, მისწრაფებების განუხორციელებლობის შემთხვევაში მშობლები შვილს პროექტად, ცხოვრების აზრად აქცევენ, თავს მთლიანად მას უძღვნიან, ბავშვის მოთხოვნილებებს, ინტერესებს უგულებელყოფენ და ცდილობენ, მისი საშუალებით მოახდინონ იმის რეალიზება, რაც თავად არ გამოუვიდათ. ასეთ დროს ბავშვი იძულებულია, იცხოვროს იმ ცხოვრებით, რომელზეც ოცნებობდნენ მშობლები – სწავლობს მუსიკას, ცეკვას, ირჩევს არასასურველ პროფესიას მხოლოდ იმიტომ, რომ ასე სურს მშობელს. ჰიპერმზრუნველობა ასეთი მშობლისთვის ერთგვარი შურისძიებაა პირადი წარუმატებლობის გამო ან მიაჩნია, რომ მას აქვს ბედნიერებისა და წარმატების უნიკალური რეცეპტი და ამიტომ შვილი უსიტყვოდ უნდა ემორჩილებოდეს და ასრულებდეს მის მითითებებს;
  • ჰიპერმზრუნველობას შეიძლება საფუძვლად ედოს მშობლის პირადი გამოცდილება და ტრადიციები. თავად ასეთივე გარემოში იზრდებოდა და ვერც კი წარმოუდგენია, რომ შეიძლება, შვილი სხვაგვარად აღზარდოს.

 

რეკომენდაციები

სანამ ბავშვი პატარაა, მასზე უწყვეტ ზრუნვას არ შეიძლება ვუწოდოთ ჰიპერმზრუნველობა. სავსებით ნორმალურია, მშობლებს უნდოდეთ პატარას დაცვა გარემომცველი სამყაროს საფრთხეებისგან და მისთვის კომფორტული გარემოს შექმნა. მაგრამ თუ ბავშვის, მისი ნებისმიერი მოქმედების მუდმივ კონტროლს მშობელი მაშინაც აგრძელებს, როცა ის უკვე მოზრდილია და შეუძლია, დამოუკიდებლად გადალახოს სირთულეები, საქმე გვაქვს ჰიპერმზრუნველობასთან. ბალანსის დაცვა ჰიპერმზრუნველობასა და უყურადღებობას შორის არცთუ ისე ადვილია. ნებისმიერ მშობელს სურს, მისი შვილი მყარად იდგეს ფეხზე, მაგრამ ამისთვის საჭიროა, მას დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება მივცეთ.

  • როცა პატარა რამის გასაკეთებლად სერიოზულ ძალისხმევას ამჟღავნებს, ნუ ეცდებით საქმის მის მაგივრად გაკეთებას, მით უმეტეს, თუ ის დახმარებას არც გთხოვთ. საერთოდ, მშობლისთვის უფრო ადვილია, თავად გააკეთოს ყველაფერი, ვიდრე დაელოდოს, სანამ ამას ბავშვი იზამს. ეს უფროსების ყველაზე გავრცელებული შეცდომაა. ბავშვი ან მეტისმეტად ნელა ირჯება, ან „ისე არ აკეთებს“, როგორც საჭიროა, მშობელს კი უნდა, ყველაფერი სწრაფად, ხარისხიანად, სწორად გაკეთდეს, მით უმეტეს მაშინ, როცა საქმე საჩქაროა. ასეთ დროს ბავშვს ვუკარგავთ შესაძლებლობას, შედეგზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს და ამგვარად მას სხვებზე დამოკიდებულ პიროვნებად ვზრდით.
  • ნუ ვეცდებით ნებისმიერი სირთულისგან ბავშვის დაცვას. ერიდეთ მის მიმართ სიბრალულის გამომჟღავნებას, როცა რამე არ გამოსდის. ბავშვისთვის აუცილებელია, განიცადოს სირთულეები, რომლებსაც ეჯახება. სირთულეების გადალახვის გარეშე ძლიერი პიროვნება ვერ ჩამოყალიბდება, ვერ ისწავლის ცხოვრებას და პრობლემებისთვის თავის გართმევას.
  • გაითვალისწინეთ, რომ ბავშვს აქვს შეცდომის დაშვების უფლება. შეიძლება, ჩვენთვის არასასურველი ნიშანიც მიიღოს – ეს სრულიადაც არ არის ტრაგედია. უმჯობესია, ბავშვმა შეცდომა დაუშვას და ცუდი ნიშანი მიიღოს, ვიდრე ჩვენ შევასრულოთ მისი დავალება. მივცეთ ბავშვს საშუალება, დაუშვას შეცდომები და იპოვოს გზები მათ გამოსასწორებლად. ის სწორედ მაშინ სწავლობს ცხოვრებას, როცა თავად გადალახავს დაბრკოლებებს.
  • ნუ შეგაშინებთ ის, რომ ბავშვი შეიძლება განაწყენდეს, გაბრაზდეს. ხშირად პატარა უარს ამბობს ისეთი რამის გაკეთებაზე, რაც კმაყოფილებას არ ანიჭებს და ამ საქმეს გასაკეთებლად მშობლებს გადასცემს. თუ დედა ნებდება შვილის პროტესტს და თავად აკეთებს ყველაფერს მის ნაცვლად, ბავშვი მომავალშიც იმავეს გაიმეორებს და უნებისყოფო, სუსტ, სხვაზე დამოკიდებულ პიროვნებად ჩამოყალიბდება. დავეხმაროთ მას რთული დავალებების შესრულებაში, მაგრამ ნურაფერს გავაკეთებთ მის ნაცვლად. ასეთი დამოკიდებულების პირობებში ბავშვი სრულფასოვნად მოსინჯავს საკუთარ ძალებს, უფრო სწრაფად გახდება დამოუკიდებელი და გაუჩნდება პასუხისმგებლობის გრძნობა. შვილის სიყვარული მის ნაცვლად ცხოვრებას არ ნიშნავს.
  • უფრო მეტად ვენდოთ ბავშვს, თუნდაც პატარა და უსუსური გვეჩვენებოდეს. ვეცადოთ, საღად შევაფასოთ მისი ძალები, გვჯეროდეს, რომ ის თავს გაართმევს დავალებას.
  • მივცეთ ბავშვს არჩევანის თავისუფლება. დაე, თავად შეარჩიოს მეგობრები, თავად იფიქროს, რა ჩაიცვას დღეს, რა ჭამოს. თუ გვეშინია, რომ სწორ არჩევანს ვერ გააკეთებს, პატივისცემით მიწოდებული რჩევაც საკმარისი იქნება. ამ გზით ის ისწავლის გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებას. ვეცადოთ, მოვუსმინოთ და გავუგოთ ბავშვს, პატივი ვცეთ მის სურვილებს. თუ ის ამბობს, რომ რაღაც არ უნდა, ნუ ვაიძულებთ ამის გაკეთებას სიტყვებით „დედამ უკეთესად იცის, რა გინდა!“

 

დიახ, დამოუკიდებელი, ძლიერი პიროვნების აღზრდა გაცილებით ძნელია, ვიდრე დედიკოს ბიჭისა ან დედიკოს გოგოსი, რომელიც მთელი ცხოვრება დედის კალთას იქნება მიწებებული. სამაგიეროდ, დამოუკიდებელი ბავშვი მომავალში გაცილებით წარმატებული და ბედნიერი იქნება.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...