სამშაბათი, ივლისი 1, 2025
1 ივლისი, სამშაბათი, 2025

მრავალფეროვანი მეთოდებით სწავლების უპირატესობა

0

პედაგოგიური საქმიანობა, რა სიტუაციაში და რომელ ასაკშიც არ უნდა დავიწყოთ, მთლიანად ორიენტირებულს გვხდის სწავლების პროცესზე.  მასწავლებლის მთავარი საზრუნავი და მოვალეობაა  შევძლოთ  თანამედროვე,  ინოვაციური, მრავალფეროვანი მეთოდებით  ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების შეძენის ხელშეყწობა.   ჩვენ, მასწავლებლები და მოსწავლეები, ერთმანეთს ვზრდით!  ხელს ვუწყობთ,  პიროვნულ და პროფესიულ ზრდას, რომელიც უწყვეტი პროცესი უნდა იყოს. კარგ პედაგოგს სჭირდება ფიქრი, რომ  დაგეგმოს და განახორციელოს სხვადასხვა აქტივობები  განსხვავებული და მრავალფეროვანი  მეთოდებით, რომლებიც მოსწავლეთა ინტერესებსა და საჭიროებებზე იქნება მორგებული. ბავშვებს მოსწონთ მრავალფეროვანი სახის გაკვეთილები: პრობლემაზე ორიენტირებული, ინოვაციური, გამჭოლი კონპეტენციების განმავითარებელი, რომელთა განხორციელება  შესაძლებელია სხვადასხვა ინტერაქციული მეთოდებით:

  1. დისკუსია/დებატები – ინტერაქტიული სწავლების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია. დისკუსიის პროცესი მკვეთრად ამაღლებს მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხსა და აქტიურობას. დისკუსია შესაძლებელია გადაიზარდოს კამათში და ეს პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ პედაგოგის მიერ დასმული შეკითხვებით. იგი უვითარებს  მოსწავლეს მსჯელობისა და საკუთარი აზრის დასაბუთების უნარს.
  2. 2. თანამშრომლობითი (cooperative) სწავლება – იმგვარი სწავლების სტრატეგიაა, სადაც ჯგუფის თითოეული წევრი ვალდებულია, არა მხოლოდ თვითონ შეისწავლოს, არამედ დაეხმაროს თავის თანაგუნდელს საგნის უკეთ შესწავლაში. ჯგუფის თითოეული წევრი მუშაობს პრობლემაზე, ვიდრე ყველა მათგანი არ დაეუფლება საკითხს.
  3. ჯგუფური (collaborative) მუშაობა – ამ მეთოდით სწავლება გულისხმობს მოსწავლეთა ჯგუფურად დაყოფას და მათთვის სასწავლო დავალებების მიცემას. ჯგუფის წევრები ინდივიდუალურად ამუშავებენ საკითხს და პარალელურად უზიარებენ მას ჯგუფის დანარჩენ წევრებს. დასახული ამოცანიდან გამომდინარე შესაძლებელია ჯგუფის მუშაობის პროცესში წევრებს შორის მოხდეს ფუნქციების გადანაწილება. ეს სტრატეგია უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის  მაქსიმალურ ჩართულობას სასწავლო პროცესში.
  4. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL) – მეთოდი, რომელიც ახალი ცოდნის მიღების და ინტეგრაციის პროცესის საწყის ეტაპად იყენებს პრობლემას.
  5. ევრისტიკული მეთოდი – ეფუძნება მოსწავლეთა წინაშე დასმული ამოცანის ეტაპობრივ გადაწყვეტას. ეს პროცესი სწავლებისას ფაქტების დამოუკიდებლად დაფიქსირებისა და მათ შორის კავშირების დანახვის გზით ხორციელდება.
  6. შემთხვევების შესწავლა (Case study) – პედაგოგი მოსწავლეებთან ერთად განიხილავს კონკრეტულ შემთხვევებს და ისინი ყოველმხრივ და საფუძვლიანად შეისწავლიან საკითხს.
  7. გონებრივი იერიში (Brain storming) – ეს მეთოდი გულისხმობს თემის ფარგლებში კონკრეტული საკითხის/პრობლემის შესახებ მაქსიმალურად მეტი, სასურველია რადიკალურად განსხვავებული, აზრის, იდეის ჩამოყალიბებასა და გამოთქმის ხელშეწყობას. კვლევის მიზანთან იდეის შესაბამისობის დასადგენად შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა; შერჩეული იდეების შეფასება წინასწარ გასაზღვრული კრიტერიუმებით; გამორიცხვის გზით იმ იდეების გამორჩევა, რომლებიც ყველაზე მეტად შეესაბამება დასმულ საკითხს;  უმაღლესი შეფასების მქონე იდეის, როგორც დასახული პრობლემის გადაჭრის  საუკეთესო საშუალების გამოვლენა.
  8. 8. როლური და სიტუაციური თამაშები – წინასწარ შემუშავებული სცენარის მიხედვით განხორციელებული თამაშები მოსწავლეებს საშუალებას აძლევს სხვადასხვა პოზიციიდან შეხედონ საკითხს. იგი ეხმარება მათ ალტერნატიული თვალსაზრისის ჩამოყალიბებაში. ისევე როგორც დისკუსია, ეს თამაშებიც უყალიბებს  მოსწავლეებს  საკუთარი პოზიციის დამოუკიდებლად გამოთქმისა და კამათში მისი დაცვის უნარს.
  9. 9. დემონსტრირების მეთოდი – ეს მეთოდი ინფორმაციის ვიზუალურად წარმოდგენას გულისხმობს. შედეგის მიღწევის თვალსაზრისით ის საკმაოდ ეფექტიანია. ხშირ შემთხვევაში უმჯობესია მასალა ერთდროულად აუდიო და ვიზუალური გზით მივაწოდოთ მოსწავლეებს. შესასწავლი მასალის დემონსტრირება შესაძლებელია როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლის მიერ.
  10. 10. ინდუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი ცოდნის გადაცემის ისეთ ფორმას, როდესაც სწავლის პროცესში აზრის მსვლელობა ფაქტებიდან განზოგადებისაკენ არის მიმართული ანუ მასალის გადმოცემისას პროცესი მიმდინარეობს კონკრეტულიდან ზოგადისკენ.

11.. დედუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი ცოდნის გადაცემის ისეთ ფორმას, რომელიც ზოგად ცოდნაზე დაყრდნობით ახალი ცოდნის აღმოჩენის ლოგიკურ პროცესს წარმოადგენს ანუ პროცესი მიმდინარეობს ზოგადიდან კონკრეტულისაკენ.

  1. 12. ანალიზის მეთოდი გვეხმარება სასწავლო მასალის, როგორც ერთი მთლიანის, შემადგენელ ნაწილებად დაშლაში. ამით მარტივდება რთული პრობლემის შიგნით არსებული ცალკეული საკითხების დეტალური გაშუქება.
  2. 13. სინთეზის მეთოდი გულისხმობს ცალკეული საკითხების დაჯგუფებით ერთი მთლიანის შედგენას. ეს მეთოდი ხელს უწყობს პრობლემის, როგორც მთლიანის დანახვის უნარის განვითარებას.
  3. 14. ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი. სწავლება ეფუძნება ეფექტურ კომუნიკაციის, გააზრებული კითხვისა და მეტყველების სტრატეგიებს.
  4. 15. წერითი მუშაობის მეთოდი გულისხმობს შემდეგი სახის მოქმედებებს: ამონაწერებისა და ჩანაწერების გაკეთება, მასალის დაკონსპექტება, თეზისების შედგენა, რეფერატის ან ესეს შესრულება და სხვ.
  5. 16. ლაბორატორიული მეთოდი გულისხმობს შემდეგი სახის მოქმედებებს: ცდების დაყენება, ვიდეომასალისა დინამიკური ხასიათის მასალის ჩვენება და სხვ.
  6. 17. პრაქტიკული მეთოდები – აერთიანებს სწავლების ყველა იმ ფორმას, რომელიც მოსწავლეს პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს უყალიბებს. ამ შემთხვევაში მოსწავლე შეძენილი ცოდნის საფუძველზე დამოუკიდებლად ასრულებს ამა თუ იმ მოქმედებას, მაგალითად, საწარმოო და პედაგოგიური პრაქტიკა, საველე მუშაობა და სხვ.
  7. 18. ახსნაგანმარტებითი მეთოდი – ეფუძნება მსჯელობას მოცემული საკითხის ირგვლივ. პედაგოგს მასალის გადმოცემისას მოჰყავს კონკრეტული მაგალითი, რომლის დაწვრილებით განხილვაც ხდება მოცემული თემის ფარგლებში.
  8. 19. ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება – მოითხოვს პედაგოგისა და მოსწავლის აქტიურ ჩართულობას სწავლების პროცესში, სადაც განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს თეორიული მასალის პრაქტიკული ინტერპრეტაცია.
  9. 20. ელექტრონული სწავლება (E-learning) – გულისხმობს სწავლებას ინტერნეტითა და მულტიმედიური საშუალებებით. იგი მოიცავს სწავლების პროცესის ყველა კომპონენტს (მიზნები, შინაარსი, მეთოდები, საშუალებები და სხვ.), რომელთა რეალიზება ხდება სპეციფიკური საშუალებებით.

     სწავლების მეთოდები მრავალგვარია. სწორედ, მათი გამოყენებით, კარგ პედაგოგს შეუძლია სწავლების პროცესი გახადოს მოსწავლეებისათვის სახალისო, საინტერესო და მრავალფეროვანი, რომელიც  მოსწავლეებში აამაღლებს კომპეტენციას, ხელს შეუწყობს უნარების განვითარებას და საკუთარი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. ასეთი მიდგომებით კი  მოვახერხებთ  მოსწავლეეში მოტივაციის გაზრდას, მათ დაინტერესებას  და პასიური მოსწავლეების ჩართვას საგაკვეთილო პროცესში.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. მასწავლებლის წიგნი. ინტერაქტიური მეთოდები პრაქტიკაში.

 

 

ტრადიციების სწავლების საკითხისათვის ლიტერატურაში

0

მეთერთმეტე კლასში შესასწავლ ნაწარმოებებში – ვაჟა-ფშაველას “სტუმარ-მასპინძელი”, ”ალუდა ქეთელაური”, აკაკი წერეთლის” გამზრდელი”, ალექსანდრე ყაზბეგის ”ხევისბერი გოჩა”, გოგოლის “ტარას ბულბა”, მერიმეს “მატეო ფალკონე”… – ძირითად პრობლემად იკვეთება ტრადიციების დაცვის საკითხი, რომელიც დღესდღეობითაც მეტად მწვავე და აქტუალურია.

მოსწავლეებთან ერთად აღნიშნული პრობლემის ანალიზისას ყოველთვის ვაწყდებოდი სირთულეს, რომელიც სწორედ ამ ასაკს უკავშირდება – ისინი გაუცნობიერებლად თავის დამკვიდრებას ცდილობენ, რაღაცას უმტკიცებენ საკუთარ თავს თუ სხვას, „უკვე დიდები არიან, გადაწყვეტილებას თვითონ იღებენ… არსებული გარემო პირობები, საზოგადოება, მასმედია, სატელევიზიო შოუები… და ბევრი მათგანი „მოდურობის“ გამო, გაუაზრებლად თვლის, რომ „ტრადიციები სიბნელეა“, ნაწილი „განსხვავებულობის“ იმიჯს ირგებს და ამტკიცებს ტრადიციების დაცვის აუცილებლობას. რადგან მოზარდები თვლიან, რომ „უფროსებს სხვანაირად ესმით“, რომ „ახლა სხვა დროა“, მაინცდამაინც არ ენდობიან „ლექციებს“, დარიგებებს, ეჩვენებათ, რომ ეს ყველა უფროსის, მასწავლებლის მოვალეობაა…

ალუდა    თუ   თემი?!    თემი  თუ     ჯოყოლა?!  ონისე   თუ   ხევისბერი?!
ბათუ  თუ   საფარ-ბეგი?!…. ძველები  თუ  ახლები?!  მამები  თუ შვილები?! რომელია  მართალი – სიძველე თუ სიახლე – საჭიროა თუ არა ტრადიციების დაცვა?

არსებული რეალობა – სატელევიზიო შოუები, რეალური ცხოვრება:

ერთი მხარე (ენამოჩლექით, რბილი “ლ”-თი მოსაუბრე): ”ტრადიციები სიბნელეა!!!”

“რას ნიშნავს “ქართველობა”?!  “ოცდამეერთე საუკუნეში რა დროს ტრადიციებია!”

მეორე მხარე (ზომიერად ფერხორციანი, ქართული სუფრის “ტრადიციის “მოთაყვანე): ”ქართველობას გვართმევენ!!!”

  • დაბნეული მოზარდი – სად არის სიმართლე?

როგორ „აღმოვაჩენინოთ“ და არა „ვუქადაგოთ“ მოზარდებს სწორი გზა – მე, როგორც ყველა ლიტერატურის მასწავლებელი, ამ რთული გამოწვევის წინაშე ხშირად ვდგებოდი. სწორედ ამ “აღმოჩენებისთვის“ შეიქმნა ჩემი პროექტი.

საჭიროა თუ არა ტრადიციების დაცვა? – ამ საკითხთან დაკავშირებით შევიმუშავე ინოვაციური მიდგომა და მინდა შემოგთავაზოთ ის, რადგან მას მოსწავლეები თავად მიჰყავს ამ შეკითხვის პასუხამდე; მიდგომის ინოვაციურობა მდგომარეობს ადამიანსა და ბუნებას შორის კავშირის დასაბუთებაში, ბუნების მაგალითზე ტრადიციების როლისა და მნიშვნელობის განსაზღვრასა და ტრადიციების დადებითი და უარყოფითი შედეგების შეფასებაში.

„სიძველე თუ სიახლე?!; „საჭიროა თუ არა ტრადიციების დაცვა?!“ „რომელ მხარეს არის სიმართლე?!“ – ეს არის კითხვები დისკუსიისთვის. დისკუსიის შემდეგ მოსწავლეებს ეძლევათ დავალება, გაერთიანდნენ მსგავს პოზიციაზე მდგომნი, ორი კვირის განმავლობაში იმუშაონ, მოიძიონ არგუმენტები ლიტერატურიდან, ისტორიიდან, პირადი თუ სხვა ადამიანების გამოცდილებიდან… და წარმოადგინონ PowerPoint-ში გაკეთებული პრეზენტაცია…

მოსწავლეებს ვთხოვთ, იკამათონ და განსაზღვრონ ტრადიციების დეფინიცია… კამათის შემდეგ მოსწავლეები მოიძიებენ ლიტერატურიდან, ისტორიიდან, ხელოვნებიდან, ცხოვრებიდან მათთვის ცნობილ და უცნობ ქართული ტრადიციებს; მათ მიერ შესწავლილი ტექსტებიდან „აგროვებენ“ ნიმუშებს, სადაც ხაზგასმულია ტრადიციის, წესების დაცვის აუცილებლობა.

მაგალითები:

…”მამით არ მოდის ანდერძი, პაპით და პაპის პაპითა…”,   “…არ დაწერილა რჯულადა…”,  “…თქმულია იმავ თავითა…”, “…თემს რაც სწადიან, მას იზამს თავის თემობის წესითა…”,

“…რად სტეხთ საუფლო ჩვენს წესსა…”, “…სისხლის აღება… მუდამ წესი და რიგია…”,

“…ფეხზე ადგომა წესია, წესს ვერ დაარღვევს მთისასა…”,  “…უნდა მტრის საფლავზე დაკლან, როგორაც წესი არია…”, “…თემის პირს რომ სტეხ…”,  “წესი არ არის მტრის მოკვლა, თუ ხელ არ მასჭერ დანითა…”,   “…ვის გაუყიდავ სტუმარი?”

ვეცნობით ტრადიციის განმარტებას:

ტრადიცია:

  • იქმნება მოცემული პირობისა და დროის გამო;
  • იქცევა საზოგადოების წესად, ნორმად, თავისებურ დაუწერელ კანონად;
  • იცავს არა იურიდიული აქტები, არამედ საზოგადოებრივი აზრის ძალა;
  • თანდათან კარგავს მნიშვნელობას და ამუხრუჭებს კიდეც წინსვლას.

ამიტომაც: 

  • ჩნდება ტრადიციების განახლების, ძველთან, დრომოჭმულთან გამოთხოვების აუცილებლობა.

სწორედ ამის შემდეგ მოსწავლეებს ვთავაზობ – ხომ არ ვკითხოთ რჩევა ბუნებას? რატომ?  რა კავშირია ადამიანსა და ბუნებას შორის? – შეუძლიათ თუ არა დასაბუთება ადამიანსა და ბუნებას შორის კავშირისა, სამყაროს ერთიანობისა… ქართველი მწერლების შემოქმედებიდან, ადამიანის წარმოშობის ისტორიული და რელიგიური კუთხიდან, სხვა რესურსებიდან მოძიებული არგუმენტების საფუძველზე დაასაბუთონ ეს კავშირი და მოამზადონ პრეზენტაცია: ადამიანი ბუნების ერთ-ერთი ნაწილია

მოსწავლეები მოიძიებენ ლიტერატურაში ამ „ერთ-ერთობის“ დასაბუთებას:

მაგალითები:

  • კავშირი ბუნების კანონზომიერებასთან:
  • “…ხევი მთას ჰმონებს, მთა ხევსა, წყალნი – ტყეს, ტყენი – მდინარეს…
  • „…და მეც ხომ ყველას მონა ვარ პირზე ოფლგადამდინარედ…”
  • “…მადლი შენ, ყველა ერთმანეთს, უფალო, დაუმონია…”
  • “…ბუნება მბრძანებელია…”.

ადამიანის ერთიანობა სამყაროს ჰარმონიასთან:

“…მით ვისწავლენით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა…”

  • ქართულ ლიტერატურაში ხე (განსაკუთრებით მუხა) საქართველოს, ქართველი ერის სიმბოლოა.
  • ბიბლიის მიხედვით, სამყაროს ყველა კომპონენტი, მათ შორის ადამიანი, უფალმა შექმნა სხვადასხვა დღეს.

მე მათთვის მაქვს კიდევ ერთი საინტერესო არგუმენტი:

ბიბლიური სიცოცხლის ხე – გვხვდება უამრავ მითსა და უძველეს ისტორიაში, ნათლად აჩვენებს, რომ ყველა ორგანიზმი, ცოცხალი თუ გადაშენებული, ერთმანეთს ენათესავება. ამ ხეზეა დამოკიდებული ხალხის ჯანსაღი აზროვნების უნარი.

და რადგან კავშირი დავასაბუთეთ, რადგან “ბუნება მბრძანებელია”, მოვუსმინოთ მის რჩევას:  მოსწავლეების ერთ (კვლევის) ჯგუფს ვთხოვ, გაიარონ კონსულტაცია ბიოლოგიის მასწავლებელთან და სხვა კომპეტენტურ პირებთან:

რა არის ხისთვის ფესვები? რა მოხდება, ფესვები რომ შევაჭრათ?

აქვე ევალებათ რომელიმე მცენარეზე ცდის ჩატარება – ფესვებშეცლილ მცენარეს მიწაში ჩააბრუნებენ და შედეგს დააკვირდებიან… სიმბოლურად დააკავშირონ ერი ხესთან, ფესვები – მის ტრადიციებთან, გააკეთონ დასკვნები, მოამზადონ პრეზენტაცია.

დასკვნები დახლოებით ასეთი იქნება:

ფესვები ხისთვის სიცოცხლის, სიჯანსაღის წყაროა. ძლიერ ფესვებზე იზრდება ძლიერი ტანი და ვარჯი, ტოტები, რომლებიც შემდგომში ებრძვის და უმკლავდება ყოველგვარ უამინდობას – ქარს, სიცხეს, ყინვას…

…. ყოველი ხე თავისი ფესვებით ცოცხლობს! რომელიმე ხეს, ერთი ფესვიც რომ შეაჭრა, დაავადება გაუჩნდება და სიცოცხლე შეუმოკლდება. რაც უფრო მეტ ფესვს შეაჭრი, მით მალე მოკვდება…”.

“…ასეა ერიც, რომლის ფესვებია მისი … ეროვნული კულტურა, გენეტიკა, ენა, დამწერლობა, მორალი და ადათ-წესები…”

…ანუ, თუ ერს ძლიერი ფესვები-ტრადიციები არ ექნება, ვერ გაუმკლავდება უამინდობას –  გარე თუ შიდა პრობლემებს!

…მაგრამ ხეს აქვს ხმელი, დაზიანებული ფესვები და ტოტებიც, რომლებიც საკვებს ვეღარ აწვდის მას. ის დაავადების წყაროც შეიძლება აღმოჩნდეს, ამიტომ ასეთებს ჭრიან…

მეორე (კვლევის) ჯგუფი – რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ხეს დაზიანებულმა, დაავადებულმა, უნაყოფო ტოტებმა, რისთვის არის საჭირო სხვლა და გასხვლის პრინციპი (როგორ ტოტებს ჭრიან, რომელია შესანარჩუნებელი და მოსაფრთხილებელი); ვთხოვ, დაესწრონ მცენარის (მაგ, ვაზის) გასხვლას, შეადარონ სიმბოლურად ერს და მის ტრადიციებს და გააკეთონ დასკვნები, მოამზადონ პრეზენტაცია.

 

ანუ…

  • მოსაჭრელია ხმელი, დაზიანებული ტრადიცია, რომელიც საკვებს ვეღარ აწვდის მას, დაავადების წყაროც შეიძლება აღმოჩნდეს, ხოლო შესანარჩუნებელი და მოსაფრთხილებელია ჯანსაღი…

მაგრამ რომელია ჯანსაღი?  “ყველა ხე ნაყოფით იცნობა…”

უარყოფითი შედეგი: ერის დასუსტება, ადამიანების დაშორება, ბოროტი საწყისი…

“…ვისაც მტერობა მასწყურდეს, ..სისხლ დაიგუბოს კერაში…”;

“…შენ რო სხვა მაჰკლა, შენც მოგკვლენ, მტერს არ შაარჩენს გვარია…”;

“…ქისტის ცხონება არ დაწერილა რჯულადა…”;

“…მაჰკალ, მარჯვენა არ მასჭერ, უკან მისდევდი მა რადა?!”

დადებითი შედეგი: – ერის გაძლიერება, ადამიანების გაერთიანება, ჰუმანური საწყისი…

“…აი, სტუმარი მოგგვარე, ღვთის წყალობაა ჩვენზედა…”;

“…დღეს სტუმარია ეს ჩემი,თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა…”;

“…სტუმრად მოსული უცნობი სტუმარს პატივს სცემს სხვისასა…”;

“…მაგრამ სტუმარი სხვის სახლში ვერ გაშლის ხათაბალასა…”.

მაგრამ როგორ ხვდება “თემი” ძველის “მოჭრას”, სიახლეს, განსხვავებულ აზრს?

მესამე (კვლევის) ჯგუფი – აკვირდება მყნობის არსს, პრინციპს, რომელი მცენარეების შეჯვარება, ერთმანეთზე დამყნობა მოიტანს ნაყოფს, რომელი მცენარეები დააზიანებს ერთმანეთს… უკავშირებენ სიმბოლურად ერში სიახლეების დანერგვას, სხვა ქვეყნების მაგალითის გადმოღებას, გამოაქვთ დასკვნები, ამზადებენ პრეზენტაციას.

“…შატილს ჯერ არ ჩასწვდომია  შუქი შუადღის მზისაო,

არ ჩაუშვებენ ჩამსვლელსა, ცა ახურია კლდისაო…”;

“…ფერი ედება ბერდიას, ფერი სხვა-რიგის შიშისა!..”.

მაგრამ ყველა სიახლე მისაღებია?—

გავიგოთ “მყნობის”არსი:

  • “…მყნობა ქირურგიული ოპერაციაა და ერთი მცენარის ქსოვილის გარკვეული ნაწილის (კვირტი, ტოტი…) მეორე მცენარეზე გადანერგვას გულისხმობს… “.
  • “…ნამყენი რთული ორგანიზმია და შედგება საძირისა და სანამყენისაგან…”.
  • “… ასკილზე კაკალი არ დაიმყნობა და არც მუხის ფესვები მიიღებენ, ლიმონი რომ დავამყნოთ…”.
  • სხვა ქვეყნის კარგი ავითვისოთ, მაგრამ ეროვნული სული ჩავბეროთ…

მეოთხე (შეფასების და სინთეზის) ჯგუფი – მუშაობის პროცესში მოკვლეული და ნაწარმოებების შესწავლისას შეხვედრილ ტრადიციებს დააჯგუფებენ დადებით და უარყოფით, მაცოცხლებელ და მავნე, საჭირო და არასაჭიროდ მათი წარმოქმნის ისტორიის, მოსალოდნელი შედეგის მიხედვით. (სავარაუდო დასკვნები აღწერილია ჯგუფების სამუშაოების შემდეგ.

ტრადიციები – მაცოცხლებელი თუ მავნე ფესვები?!

შეჯამება

  • მოვუსმინოთ ძლივს გასაგონ ჩურჩულს “ერთი მუხის ხმელი ფესვებისა”, რომელმაც “ამაყი, გულშეუდრეკელი, ლამაზი შვილი” გაზარდა. გავაცნობიეროთ, რომ “მუხის თავმომწონე ყელყელაობა ”სწორედ ფესვების შრომის და ღვაწლის” შედეგია, იმ ქართული ფესვებისა, ასე დაუნანებლად რომ ვიშორებთ და საშიში, საიდანღაც გაჩენილი სიხარბით სხვისი, უცხო ფესვების მორგებას ვცდილობთ…

დასკვნები

  • ტრადიციას გააჩნია თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე. ტრადიციით ჩვენ კავშირი გვაქვს წარსულთან, გადმოგვაქვს დღევანდელობაში და გადავცემთ მომავალ თაობას.
  • თუმცა უნდა გადაფასდეს ის ტრადიციები, რომლებიც ადამიანს, ერებს აზიანებს, უნდა აღმოიფხვრას, ადგილი პოზიტიურ, განმავითარებელ სიახლეებს უნდა დაეთმოს!

საკითხის ინოვაციურად გააზრების ამოცანები:

  • ტრადიციების დაცვის საკითხის, როგორც პრობლემის აღქმა-გააზრება და მის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, პიროვნული პოზიციის ჩამოყალიბება და მისი არგუმენტირება;

 

  • ტრადიციების არსის განსაზღვრა, მათი პირვანდელი სახის და შემდგომი დამახინჯებული ფორმების შედარება;

 

  • ადამიანსა და ბუნებას შორის კავშირის დადგენა, დასაბუთება ბიბლიურ, მითოლოგიურ და ქართულ ლიტერატურაში მოძიებული მაგალითების საფუძველზე;

 

  • ამ კავშირის საფუძველზე ბუნებაზე (კონკრეტულად, მცენარეებზე) დაკვირვება, დაკვირვების შედეგების ნაწარმოებში და საზოგადოებაში არსებულ პრობლემის გადაჭრის საფეხურებთან დაკავშირება.

 

ამგვარი ინოვაციური მიდგომა მოსწავლეებში სხვებთან ერთად ავითარებს ისეთ გამჭოლ კომპეტენციას, როგორიც არის ეკოლოგიური წიგნიერება, ასევე ინტეგრაცია ბიოლოგიასთან. მოსწავლეები საკუთარი გამოცდილების საფუძველზე აკეთებენ დასკვნებს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა2011-2016, საგნობრივი პროგრამა ქართული ენა და ლიტერატურა
  2. მასწავლებლის წიგნი. ლიტერატურის სწავლებ

 

 

მარინე შაქარაშვილი

პრესკონფერენცია როგორც ეფექტური სწავლების სტრატეგია

0

სწავლა-სწავლება აქტიური შემეცნებითი პროცესია და „მოსწავლე-მასწავლებლის“ მუდმივ თანამშრომლობაზეა დაფუძნებული. მოსწავლე აგებს ცოდნას მასწავლებლის მიერ გადაცემული ინფორმაციის საფუძველზე, მასწავლებელი კი თანამშრომლობს მასთან ცოდნის კონსტრუირებაში. სწავლება უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს საკუთარი აზრის ჩამოყალიბებასა და შეძენილი ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გადატანაში. პედაგოგებმა კარგად ვიცით, რომ მოსწავლე სასწავლო მასალას ყველაზე უკეთ მაშინ ითვისებს, როდესაც მოტივირებულია, თავად აკეთებს არჩევანს და საკუთარი გამოცდილების მეშვეობით წყვეტს მნიშვნელოვან  საკითხებს. წარმატებული  სასწავლო პროცესი დაფუძნებულია სწავლების ისეთი ეფექტური სტრატეგიების გამოყენებაზე, რომელთა უშუალო მონაწილე და შემოქმედიც თავად მოსწავლეა.

სასწავლო პროცესში მასწავლებლის მიზანია, სასწავლო აქტივობები ისე წარმართოს, რომ მოსწავლეებმა მნიშვნელოვანი იდეები კარგად გაიაზრონ, ინდივიდუალური შესაძლებლობების ფარგლებში გაითავისონ, საკუთარი ინტერპრეტაციითა და წარმოსახვით გადმოსცენ ან სოციალური ურთიერთობების გზით განახორციელონ, ძველ ცოდნას ახალი დააშენონ და  წამოაყენონ მრავალფეროვანი მოსაზრებები. მხოლოდ ასეთ გარემოში არიან ჩვენი მოსწავლეები მოტივირებულნი და განწყობილნი ცოდნის მისაღებად.

სასწავლო გარემოს უკეთ ორგანიზებისა და ცოდნის კონსტრუირებისთვის ხშირად ვიყენებთ  თანამშრომლობითი სწავლების ფორმას როგორც სწავლების საუკეთესო საშუალებას. საკუთარმა პედაგოგიურმა პრაქტიკამ დამანახა, რომ მოსწავლე მაშინ სწავლობს კარგად და არ უჭირს სასწავლო აქტივობების შესრულება, როდესაც კარგად აქვს გააზრებული სასწავლო მასალა და თანატოლებთან თანამშრომლობს ან სახალისო როლების გათამაშებით წარმოადგენს საკუთრ მოსაზრებას, ეძებს პრობლემის გადაჭრის გზებს და არგუმენტირებულად მსჯელობს. ეს უფრო სახალისოა, როცა  მოსწავლე რომელიმე ჯგუფის წევრია და თანატოლების მხარდაჭერას გრძნობს, აქვს კონკრეტული მიზანი და კონკრეტული დავალება, შესაფერისი სასწავლო გარემო.

შესაფერისი გარემოს შესაქმნელად და საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა აქტიურად ჩასართავად ინტერაქციული სწავლების მრავალი სტრატეგია მოვსინჯე, რომელთა შორის საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა გაკვეთილზე პრესკონფერენციის გათამაშება.

 

რატომ პრესკონფერენცია?

პრესკონფერენცია ინფორმაციის გადაცემისა და მასმედიასთან შეხვედრის ისეთი ფორმაა, როდესაც დაინტერესებული მხარე გამოხატავს საკუთარ პოზიციას რომელიმე მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ და პასუხობს დასმულ კითხვებს. პრესკონფერენციაში მონაწილეობენ, ერთი მხრივ, საკითხის გაშუქებითა და ინფორმაციის მიწოდებით დაინტერესებული სუბიექტები, მეორე მხრივ – მასმედია და საზოგადოების წარმომადგენლები. პრესკონფერენცია საუკეთესო საშუალებაა მრავალმხრივი რეალობის წარმოსაჩენად, მით უმეტეს, როდესაც მასში მოსწავლის ინტერესები და მოთხოვნილებია გათვალისწინებული.

პრესკონფერენციაში მონაწილეობით მოსწავლეები სწავლობენ არგუმენტირებულ მსჯელობას და რაიმე საკითხის მიმართ საკუთარი პოზიციის გამოხატვას, უკეთ ეცნობიან საზოგადოებასთან კომუნიკაციის ამ ფორმას, ჟურნალისტურ საქმიანობას, იყენებენ კითხვების დასმის სტრატეგიას, იღებენ საჯაროდ გამოსვლის გამოცდილებას, სწავლობენ საუბრის დაგეგმვას, ფაქტების გაანალიზებასა და სისტემატიზაციას, სხვისი აზრის ყურადღებით მოსმენას, ამასთან ერთად, ეცნობიან დიპლომატიური ურთიერთობების ტაქტიკასა და   ჟურნალისტიკური ეთიკის მნიშვნელობას.

პრესკონფერენციაზე  საკუთარი პოზიციის გამოსახატად მოსწავლეები წინასწარ უნდა ფლობდნენ მნიშვნელოვან ცოდნასა და ინფორმაციას საკვანძო საკითხის სხვადასხვა კუთხით წარმოსაჩენად, არგუმენტირებული მსჯელობისთვის და კითხვების დასასმელად, ამიტომ  ამ სტრატეგიის გამოყენება წინასწარ სათანადო მომზადებას მოითხოვს.

პრესკონფერენციის სტრატეგია გამოვიყენე მერვეკლასელეთა ისტორიის გაკვეთილზე, როდესაც დავამთავრეთ სასწავლო კურიკულუმით გათვალისწინებული ცივი ომის საკითხების შესწავლა. მოსწავლეებს უკვე ჰქონდათ ცოდნა ცივი ომის ცხელი წერტილებისა და არსებული კონფლიქტების შესახებ. ამ მხრივ არსებული ცოდნის შეჯამებისა და საკომუნიკაციო უნარების განვითარებისთვის მივიჩნიე, რომ მათ უფრო მეტად დაამახსოვრდებოდათ და უკეთესად გაითავისებდნენ მასალას, თუ როლებს გაითამაშებდნენ და ცივი ომის მონაწილე მხარეების პოზიციებს წარმოადგენდნენ. გაკვეთილმა წარმატებით ჩაიარა და დასახულ მიზანს მივაღწიე, რამაც სურვილი გამიჩინა, საკუთარი გამოცდილება კოლეგებისათვის გამეზიარებინა. წარმოგიდგენთ  მერვე კლასში ჩატარებული გაგკვეთილის მასალებს თემაზე „ცივი ომის კონფლიქტები და მათი გადაჭრის გზები“. იმედი მაქვს, ანალოგიური სტრატეგიის გამოყენებაში დაგეხმარებათ.

გაკვეთილის მიზნად დავისახე, მოსწავლეებს გაეცნობიერებინათ და კრიტიკულად შეეფასებინათ ცივ ომთან დაკავშირებული ფაქტები და  მოვლენები,  როლების გათამაშების საფუძველზე შესძლებოდათ ამ მოვლენების შესახებ საკუთარი მოსაზრებებისა  და შეხედულებების  გამოხატვა, ცივი ომის კონფლიქტების მიზეზებისა და შედეგების შესახებ არგუმენტირებული მსჯელობა, საკვანძო კითხვების დასმა, ცივი ომის კონფლიქტური პრობლემების  გადაჭრის სავარაუდო გზების ძიება და სათანადო დასკვნების გამოტანა, რაც ხელს შეუწყობდა მოსწავლეებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობისა და ცოდნის ტრანსფერის  უნარების განვითარებას.

 

აქტივობა  1  –  ფილმის ჩვენება და წინარე ცოდნის გააქტიურება

გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობის შემდეგ მოსწავლეთა პროვოცირება მოხდა წინარე ცოდნასთან დაკავშირებული დოკუმენტური ფილმის ნაწყვეტის ჩვენებით (3 წთ), რომელშიც ასახული იყო ავღანეთის ომის ფაქტები და ამ ომში რუსეთის პოლიტიკური აქტივობა https://www.youtube.com/watch?v=1MGAhyC651E&t=836s

ფილმის ნახვის შემდეგ პრობლემასთან დაკავშირებული ცოდნა გავააქტიურე საკვანძო კითხვებით:

  • რა მნიშვნელოვანი ფაქტები აისახა ფილმში?
  • წინა ცოდნიდან რომელ ანალოგიურ ფაქტებთან შეგიძლიათ დააკავშიროთ, რა არის მათ შორის საერთო ?
  • კონფლიქტების ორგანიზატორებად  ძირითადად რომელი ქვეყნები გვევლინებიან და რატომ?
  • რა როლი აკისრიათ საერთაშორისო ორგანიზაციებს ომიანობის პირობებში?
  • როგორ აისახა ცივი ომის კონფლიქტები საქართველოს რეალობაზე?
  • რა არის აღნიშნული კონფლიქტების მთავარი პრობლემა?

დასმული  კითხვების საშუალებით მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს ცივი ომის არსი და მონაწილე მხარეები, ბოლო კითხვის დახმარებით კი გამოვყავით მთავარი პრობლემის არსი მესამე ძალის ჩარევით გამოწვეული მოუგვარებელი კონფლიქტები სისხლიანი დაპირისპირებისა და ძალისმიერი ფორმების გამოყენებით. პრობლემის გამოკვეთის შემდეგ მასზე სასაუბროდ და საკუთარი  პოზიციების გტამოსახატავად შევთავაზე როლური თამაში – „პრესკონფერენცია“.

 

აქტივობა  პრესკონფერენციისთვის როლების განაწილება

პრესკონფერენციის დაწყების წინ როლების გასანაწილებლად მოსწავლეებთან ერთად   გამოვყავი რამდენიმე  სტატუსობრივად განსხვავებული ჯგუფი, რომლებსაც არჩეული როლის შესაბამისად უნდა გამოეხატათ პრესკონფერენციაზე საკუთარი პოზიცია და  ეპასუხათ მათდამი მიმართული კითხვებისათვის:

  • აშშ-ს წარმომადგენლობა;
  • რუსეთის წარმომადგენლობა;
  • საქართველოს წარმომადგენლობა;
  • ავღანეთის წარმომადგენლობა;
  • ვიეტნამის წარმომადგენლობა;
  • საერთაშორისო ორგანიზაციები;
  • ექსპერტები;
  • ჟურნალისტები და საზოგადოების წარმომადგენლები.

მოსწავლეებმა საკუთარი სურვილითა და კენჭისყრით აირჩიეს საჭირო ჯგუფი, აიღეს ჯგუფისთვის საჭირო რესურსი (წარწერა, დროშა), რომელიც საკლასო ოთახში, რესურსების მაგიდაზე იდო და დაიკავეს სამუშაო ადგილები პრესკონფერენციის დასაწყებად.

პრესკონფერენციის წარმართვისთვის ავირჩიე ე.წ. პრესკოორდინატორი. დაკომპლექტებულ ჯგუფებს ჩავუტარე მოკლე ინსტრუქტაჟი  პრესკონფერენციის მუშაობის, საკუთარი მოსაზრებებისა და შეხედულებების არგუმენტირებულად წარმოდგენის შესახებ. ჟურნალისტების ყურადღება გავამახვილე  კონტრარგუმენტებისა და კითხვების დასმის  შინაარსობრივ მხარეზე. ჯგუფებს გადავეცი ფურცელზე დაწერილი დავალებები (არჩეული სტატუსების  შესაბამისად). დავალების ფურცლებზე  მითითებული იყო მათი უშუალო მოვალეობა.

თითოეულ ჯგუფს ევალებოდა არჩეული როლის კარგად გააზრება-გათავისება:

  • გამოეხატათ პრობლემისადმი წარმომადგენლობის შესაბამისი მყარი პოზიცია და შეხედულება;
  • მიზანმიმართული პასუხი გაეცათ კონტრარგუმენტებისა და დასმული კითხვებისთვის;
  • საკუთარი პოზიციის დასამტკიცებლად მოეყვანათ თემასთან დაკავშირებული კონკრეტული ფაქტები და არგუმენტები, საჭიროების შემთხვევაში – კონტრარგუმენტებიც;
  • პრესკონფერენციის წესების ეთიკურად დაცვით მიემართათ სხვა მონაწილეებისთვის და ისე გამოეხატათ საკუთარი განსხვავებული პოზიცია ან ნაწილობრივი თანხმობა;
  • მოეფიქრებინათ პრობლემის გადაჭრის ორიგინალური სავარაუდო გზა;
  • ყურადღება მიექციათ ჯგუფური პოზიციის გამხოატვისთვის.

 

თითოეული ჯგუფისათვის სამუშაოდ გამოყოფილი მაგიდები ოთახში ნახევარწრეზე განვალაგეთ, ისე, რომ ყველა ხედავდა ერთმანეთს. შუაში იჯდა პრესკოორდინატორი. თითოეულ მაგიდაზე იდგა წარმომადგენლობის შესაბამისი  წარწერა და დროშა. ოთახის მეორე მხარეს წარმომადგენლობის საპირისპიროდ ისხდნენ ჟურნალისტები და საზოგადოების წარმომადგენლები. ამგვარმა განლაგებამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა თანამშრომლობასა და კომუნიკაციას.

 

აქტივობა 3 – პრესკონფერენციის მსვლელობა

პრესკონფერენცია და იწყო პრესკოორდინატორმა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა  პრესკონფერენციის თემაზე და გამოყო საკვანძო საკითხი, მერე კი ამ კითხვით მიმართა მონაწილე მხარეებს:

  • დასრულდა თუ არა ცივი ომი პრესკონფერენციის მონაწილე ქვეყნებისათვის და რას  ფიქრობს თითოეული წარმომადგენლობა  მსოფლიოში ამჟამად მიმდინარე კონფლიქტების შესახებ? როგორია მათი შეხედულებები და  მოსაზრებები ამ პროცესებისადმი?

საკუთარი პოზიცია ქვეყანაში არსებული კონფლიქტური სიტუაციისა და მისი მიზეზების შესახებ  პირველმა გამოხატა საქართველოს წარმომადგენლობამ, რომლის გამოსვლის შემდეგ პრესკოორდინატორმა სიტყვა გადასცა ჯერ რუსეთის წარმომადგენლობას, შემდეგ კი საერთაშორისო ორგანიზაციებს.

პრესკონფერენცია მხოლოდ საქართველო-რუსეთის საკითხებს რომ არ შეხებოდა და ცივი ომის სხვა საკითხებიც განხილულიყო, სიტყვა გადაეცათ პრესკონფერენციის სხვა მონაწილეებსაც (ამ შემთხვევაში პრესკონფერენციის წარმართვა პრესკოორდინატორზეა დამოკიდებული. მთავარია, წარმომადგენელთა ჯგუფებმა მოკლედ ჩამოაყალიბონ  საკუთარი პოზიცია იმის შესახებ, რა შედეგი მოუტანა მათ ქვეყანას  ცივი ომის  კონფლიქტებმა და რა აქვთ დაგეგმილი მდგომარეობის გამოსასწორებლად. მნიშვნელოვანია, რომ პრესკოორდინატორმა პარალელი გაავლოს კონფლიქტებთან დაკავშირებულ ვიეტნამისა და ავღანეთის ცხელ წერტილებს, ომის მიმართ ამ ქვეყნების დამოკიდებულებას შორის. ასევე მნიშვნელოვანია  ცივი ომის მთავარი ორგანიზატორი სახელმწიფოების –  აშშ-სა და რუსეთს მოსაზრებების მოსმენა. მთავარია, ყველა ჯგუფმა მოკლედ და არგუმენტირებულად გამოხატოს საკუთარ პოზიცია. კონტრარგუმენტების არსებობის  შემთხვევაშიც ასევე იქცევიან და აღნიშნავენ, ეთანხმებიან თუ არა მოსმენილ მოსაზრებას. პრესკონფერენციაზე პოზიციას გამოხატავს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობაც საკუთარი მშვიდობისმოყვარე პოლიტიკის წარმოსაჩენად. პრესკონფერენციას შესაძლოა მიეცეს დისკუსიის სახე, მაგრამ პრესკონფერენციის ფორმატს არ უნდა გასცდეს. დროს და მსვლელობას აკონტროლებენ კოორდინატორი და მასწავლებელი).

წარმომადგენელთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ პრესკოორდინატორმა კითხვით მიმართა ჟურნალისტებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს:

  • რას ფიქრობენ პრესკონფერენციაზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა მიერ გამოთქმული პოზიციების შესახებ და რა კითხვები ექნებათ მათთან?

ყოველი კითხვის ავტორმა ჯერ დაასახელა, რომელი გამოცემის ან საზოგადოების რომელი ჯგუფის წარმომადგენელი იყო და შემდეგ დასვა კითხვა. პრესკოორდინატორმა წინასწარ განსაზღვრა დრო კითხვებისა და პასუხებისათვის. კითხვების დასმისას მან აამოქმედა ე.წ. „მოლაპარაკე მიკროფონი“ (თამაშის ეფექტისათვის), რომელსაც გადასცემდნენ ყოველი ახალი კითხვის ავტორს.

კითხვებისა და პასუხების  ამოწურვის შემდეგ  პრესკოორდინატომა პრესკონფერენციის მონაწილე მხარეებს მადლობა გადაუხადა მონაწილეობისთვის და სიტყვა გადასცა მასწავლებელს.   პრესკონფერენციიის მსვლელობისას, როგორც მასწავლებელი, ვასრულებდი ფასილიტატორის როლს, ვაკვირდებოდი პროცესებს და ვინიშნავდი მოსაზრებებს შეჯამებისა და შეფასებისთვის, საჭიროების შემთხვევაში ვიყენებდი წითელ და მწვანე სანიშნებს (მწვანე – მოწონება, წითელი – გაფრთხილება და მითითება) ან ვერთვებოდი მსჯელობისთვის სწორი მიმართულების მისაცემად.  ექსპერტები აკვირდებოდნენ და აანალიზებდნენ პროცესს, სპეციალურ გრაფებში ინიშნავენ მონაწილეთა აქტივობებს საბოლოო ანალიზისათვის.

 

აქტივობა 3 – ვარაუდების განსაზღვრა

პრესკონფერენციაში მონაწილეობისთვის ყველას მადლობა გადავუხადე და ყურადღება გავამახვილე ცივი ომის პერიოდში არსებული კონფლიქტების გადაჭრაში ყოველი მათგანის მონაწილეობის მნიშვნელობაზე. არსებული პრობლემის გადაჭრისთვის ვარაუდების გამსოათქმელად ყველა ჯგუფს მივმართე საკვანძო კითხვით:

  • შესაძლებელია თუ არა აღნიშნული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, კონფლიქტების  შეჩერება და როგორ წარმოუდგენიათ ამ პრობლემის გადაჭრაში საკუთარი ან თანაამედროვე მსოფლიოს როლი, რა ფორმით უნდა მოხდეს მშიდობიანი თანაარსებობა?

თითოეულ ჯგუფს ვთხოვე, კონსენსუსის მისაღწევად საკუთარი ვარაუდი გამოეთქვათ. ჯგუფებში აზრთა გაზიარებისა და შეთანხმების შემდეგ მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლობამ, ჟურნალისტებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა წარმოადგინეს სავარაუდო მოსაზრებები პრობლემის მოგვარების გზების შესახებ. მოსაზრებები გონებრივი იერიშის საშუალებით აღინუსხა დაფაზე, რაც შემდეგ დასკვნების გამოსატანად გამოვიყენეთ.

 

აქტივობა 4 – დასკვნების გამოტანა და შეჯამება

მოსწავლეებთან ერთად დაფაზე დაწერილი ვარაუდები ღირებულების მიხედვით დავნომრეთ  . მათი  ანალიზისა და თემატური დაჯგუფების  საფუძველზე  გამოვიტანეთ დასკვნები, როგორ შეიძლებოდა ცივი ომის კონფლიქტური პრობლემების მშვიდობიანად გადაჭრა, როგორი იყო ამაში თითოეული ადამიანის, თითოეული ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების  როლი, რის საფუძველზეც ფაქტობრივად შეჯამდა გაკვეთილის თემაც.

ექსპერტებმა გაგვაცნეს თავიანთი მოსაზრებები პრესკონფერენციაში მოსწავლეთა ჩართულობის შესახებ. მათ აღნიშნეს, რომელი ჯგუფის არგუმენტები, კითხვები და პასუხები იყო მნიშვნელოვანი, რომელმა ჯგუფმა ან მოსწავლემ უფრო რეალისტურად შეაფასა არსებული სიტუაცია, რომელი კითხვა იყო ყველაზე ორიგინალურად  დასმული და პრობლემის გადაჭრის შესახებ რომელი იდეები მიაჩნდათ საუკეთესოდ.      

 

აქტივობა 5 – შეფასება და თვითშეფასება

შეფასებისა და თვითშეფასების დაწყებამდე მოსწავლეებს შევახსენე შეფასების რუბრიკები და ყურადღება გავამახვილე შეფასების სტიკერების ფერების მნიშვნელობასა და მათი განთავსების ინსტრუქციაზე. თვითშეფასების სტიკერები წრიულ სამიზნეზე უნდა განეთავსებინათ.

მოსწავლეებმა  თავიანთი საქმიანობა შეაფასეს  სამქულიანი სისტემით წინასწარ  შემუშავებული რუბრიკების შესაბამისად. თითოეულმა ჯგუფმა მისთვის განკუთვნილი  4 ფერადი სტიკერი რუბრიკების შესაბამისად მიამაგრა წრიულად დახაზულ და დაშკალულ  სამ შრეზე, იმისდა მიხედვით, როგორი ქულა დაიმსახურეს (ყველაზე მაღალი, 3 ქულა, გარეთა შრე იყო, რადგან ათვლა იწყებოდა ცენტრიდან). წრე დაყოფილი იყო 7 სექტორად,კ წარმომადგენლობათა მიხედვთ. თითოეულმა წარმომადგენლობამ თავის სექტორში მიაკრა საკუთარი აქტივობის შეფასების სტიკერი.   ყოველ  ჯგუფს მოუწია თვითშეფასება  ოთხი  რუბრიკით:

  1. არგუმენტირებული მსჯელობა (ვარდისფერი);
  2. კითხვების დასმა (ყვითელი);
  3. შემოქმედებითობა და ორიგინალურობა (მწვანე);
  4. ჯგუფსა და წყვილებში მუშაობა (ნარინჯისფერი).

შეფასების ასეთ შკალაზე აისახა როგორც მოსწავლეთა, ისე მასწავლებლის მიერ ჯგუფების  შეფასებაც. მოსწავლეებთან ერთად შევაფასე პრესკოორდინატორისა და ექსპერტების მუშაობაც სპეციალურად შედგენილი შეფასების რუბრიკების მიხედვით, რომლებშიც ყურადღება გამახვილდა არგუმენტირებულ მსჯელობაზე, შემოქმედებითობაზე, დაკვირვებისა და კრიტიკული ანალიზის უნარის გამოვლენაზე.

შეფასების შემდეგ მოსწავლეებს რეფლექსიისათვის დავურიგე სხვადასხვა ფერის სტიკერები, რომლებსაც ჩამოწერეს პასუხები 3 კითხვაზე და მიაკრეს დაფაზე :

  • რა მომეწონა გაკვეთილზე ყველაზე მეტად?
  • რას ვერ გაართვი თავი?
  • რის შესწავლაზე მსურს მომავალში ყურადღების გამახვილება?

გაკვეთილის დასასრულს ყველას მადლობა გადავუხადე  აქტიური  მონაწილეობისა და  თანამშრომლობისთვის. ყურადღება გავამახვილეთ იმ უნარებზე, რომლებიც პრესკონფერენციაში მონაწილეობით შეიძინეს. ვუსურვე მომავალი წარმატება, ხოლო  საშინაო დავალებად მივეცი ესე თემაზე   „მე რომ მშვიდობის ელჩი ვიყო“, ან მშვიდობის თემაზე სინქვეინის (ხუთსტროფიანი ლექსის)  შექმნა.

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ბოჭორიშვილი მ. ინტერაქტიური მეთოდები, თბ., 2014
  2. ეროვნული სასაწვლო გეგმა 2011-2016, თბილისი, 2011
  3. კუტალაძე ი. ეფექტიანი სწავლება, გამოცდების ეროვნული ცენტრი, თბილისი, 2010
  4. ლობჟანიძე ს, ფირჩხაძე მ, რატიანი მ. „ინტერაქტიური მეთოდები პრაქტიკაში, როგორ დავგეგმოთ მოქნილი და შემოქმედებითი გაკვეთილი, თბილისი, 2016
  5. https://edu.aris.ge/news/preskonferencia-rogorc-gakveTilis-forma.html

სკოლა და კიბერუსაფრთხოება

0

არც კი ვიცი, საიდან დავიწყო, იმდენად ბუნდოვანი იყო ეს საკითხი ცოტა ხნის წინ. არავის ჰქონდა ეჭვი, რომ კიბერუსაფრთხოება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ასე შემოიჭრებოდა, ესოდენ აქტუალური იქნებოდა თითოეული მშობლის, ბავშვის, სკოლის, მასწავლებლისა და მთელი საზოგადოებისთვის. ბოლო რამდენიმე წელია, მრავალი ჩვენგანი შოკირებულია იმ სავალალო მოვლენებით, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. საინფორმაციო საშუალებების ყურება და მოსმენაც კი გვაშინებს, იმდენს საუბრობენ კიბერდამნაშავეების მიერ მოზარდების მკვლელობაზე, კიბერდევნასა და მის სავალალო შედეგებზე.

თითქოს ყოველი მეორე ადამიანი იმაზე ფიქრობს, რომ არ ეშინია, რომ მას არაფერი ემუქრება და ა. შ. მაგრამ საქმე ასე მარტივად არ არის. ვფიქრობ, ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ 21-ე საუკუნის საშიშ მოვლენაზე. როგორც ისტ-ის მასწავლებელი, თავს ვალდებულად მივიჩნევ, ჩვენს მოსწავლეებს და მშობლებს ნათლად დავანახო კიბერდანაშაულის რეალური საშიშროება, ყველა პრევენციული ღონისძიება ჩავატაროთ, რომ ჩვენი შვილები დაცული იყვნენ.

 

რა არის კიბერდანაშაული?

საზოგადოდ ტექნოლოგიურმა პროგრესმა და კერძოდ ინტერნეტმა ჩვენი ცხოვრება უდავოდ გაამარტივა – ნებისმიერ ინფორმაციას სწრაფად ვაგნებთ, გადავცემთ და ვიღებთ. თუმცა, ინფორმაციის ინტერნეტში მოძიებას და გაცვლას თან სდევს კიბერსაფრთხეები, რომლებიც თქვენი მოწყობილობისა და მასში დაცული პირადი ინფორმაციისთვის რისკებს შეიცავს. კიბერსაფრთხეები პირობითად 2 ნაწილად შეიძლება დაიყოს:

  • პროგრამული საფრთხეები;
  • ინტერნეტთაღლითობა.

 

რა უნდა ვიცოდეთ პროგრამული საფრთხეების შესახებ?

პროგრამული საფრთხეები ძირითადად მავნე პროგრამებს, მზა ჩანაწერებს (Cookies), უსადენო ინტერნეტკავშირს (Wi-Fi), კიბერშეტევებს და ვირტუალური ფულის გამომუშავებას უკავშირდება.

მავნე პროგრამა. მავნე პროგრამა კომპიუტერული კოდი ან აპლიკაციაა, რომელსაც თქვენი მოწყობილობისთვის (კომპიუტერი, მობილური ტელეფონი, ტაბლეტი) გამოუსწორებელი ზიანის მიყენება და თქვენი პირადი ინფორმაციის მოპარვა შეუძლია.

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი კომპიუტერი დავირუსდა?

  • კომპიუტერს ჩასართავად ბევრი დრო სჭირდება, თავისით იწყებს გადატვირთვას ან საერთოდ არ ირთვება;
  • პროგრამების ჩართვას ბევრი დრო სჭირდება;
  • ფაილები ან მონაცემები ქრება;
  • მთლიანი სისტემა ან რომელიმე პროგრამა მუდმივად თავისით ითიშება;
  • მთავარი ვებგვერდი თქვენი ჩარევის გარეშე იცვლება;
  • ვებგვერდები ნელა იტვირთება.

 

როგორ დავიცვათ თავი მავნე პროგრამებისგან?

ანტივირუსული და ანტიჯაშუშური პროგრამა. ასეთი პროგრამა აანალიზებს ყველა ფაილს, რომელიც თქვენს მოწყობილობაში ინტერნეტიდან შემოდის. საეჭვო ან დავირუსებული ფაილის აღმოჩენის შემთხვევაში პროგრამას ისინი კარანტინში გადაჰყავს ან ავტომატურად ანადგურებს.

 

ელ. ფოსტის უსაფრთხოება

ელ. ფოსტაზე შემოსული ვირუსებისგან თავის დასაცავად:

  • მიბმული დოკუმენტები მხოლოდ იმ შემთხვევაში გახსენით, თუ გამომგზავნს იცნობთ;
  • არ გახსნათ უცნობი ადამიანისგან მიღებული წერილი და მით უმეტეს არ დააწკაპოთ გაურკვეველ ბმულებზე;
  • მიბმული ფაილის გახსნამდე შეამოწმეთ ანტივირუსული პროგრამა.

ინტერნეტბრაუზერის უსაფრთხოება. ინტერნეტ ბრაუზერი პროგრამაა, რომელსაც ვების შესაცვლელად ვიყენებთ, რადგან ვირუსები ხშირად უტევენ ინტერნეტბრაუზერს Internet Explorer, Chrome an Firefox. ის პერიოდულად უნდა განაახლოთ!

ფაილების გადმოწერა

  • ინტერნეტიდან რამის გადმოწერამდე დარწმუნდით წყაროს სანდოობაში;
  • ფაილის გახსნამდე გადაამოწმეთ, განახლებულია თუ არა თქვენი ანტივირუსი;
  • ფაილის სანდოობის შემოწმება განახლებულ ანტივირუსს დაავალეთ;
  • მუსიკა მხოლოდ ფასიანი ვებგვერდებიდან გადმოიწერეთ.

 

საზოგადოებრივი კომპიუტერი

ინტერნეტკაფეების და ბიბლიოთეკების კომპიუტერებს ბევრი იყენებს, რის გამოც ისინი ხშირად დავირუსებულია, თუ ამ მარტივ ინსტრუქციას მიჰყვებით, თქვენს პირად მონაცემებს კიბერსაფრთხეებისგან დაიცავთ:

  • არ დაამახსოვრებინოთ თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი საზოგადოებრივ კომპიუტერს;
  • მუშაობას რომ დაამთავრებთ, გამოდით თქვენი ანგარიშიდან (LOG OUT);
  • სანამ კომპიუტერს გათიშავთ, წაშალეთ ინტერნეტის ისტორია (BROWSING HISTORY) და ჩანაწერები, რითაც ყველა პირადი ინფორმაცია, რომელიც კომპიუტერში შეიყვანეთ, ავტომატურად წაიშლება;
  • ეცადეთ, არ გამოიყენოთ ფლეშ მეხსიერების ბარათები, რადგან ისინი ვირუსებს მარტივად ისრუტავენ და შესაძლოა, შემდეგ ამ ბარათით თქვენი პირადი კომპიუტერი დაავირუსოთ;
  • ყალბი ვებგვერდი ძალიან ჰგავს ნამდვილს და შეიძლება, იდენტური იყოს. თუ ამ ვებგვერდზე თქვენს პირად მონაცემებს შეიყვანთ (სახელი, პაროლი, ანგარიშის ნომერი ან სხვა), თქვენდა უნებურად მათ დამნაშავეებს გადასცემთ.

 

ყველაზე აუცილებელი

როგორც კი პაროლს შეიყვანთ, თქვენი პირადი ინფორმაცია საფრთხეში აღმოჩნდება, ამიტომ პაროლის უსაფრთხოებისთვის 10 მარტივი წესი უნდა დაიცვათ;

  • კარგი პაროლი, სულ მცირე, 8 სიმბოლოსგან უნდა შედგებოდეს;
  • კარგი პაროლი მინიმუმ 1 სიმბოლოს და 1 ციფრს მაინც შეიცავს;
  • არასდროს გამოიყენოთ პაროლად თქვენი სახელი, დაბადების თარიღი ან პირადი ნომერი;
  • ეცადეთ, ციფრები არ გაიმეოროთ [1111] და არც თანმიმდევრობით დაალაგოთ ვ[123456].
  • დაიმახსოვრეთ პაროლი.

 

სანდოობის შემოწმება

პირადი ინფორმაციის გადაცემამდე შეამოწმეთ, ვის გადასცემთ მას.

დაიცავით რამდენიმე მთავარი წესი:

  • სანდო ვებგვერდებს კონფიდენციალურობის პოლიტიკა [Privacy — policy] აქვთ. ყურადღებით წაიკითხეთ დოკუმენტი და გაერკვიეთ, რისთვის გამოიყენებენ თქვენს მონაცემებს.
  • თავი აარიდეთ პირადი ინფორმაციის ელფოსტით გაგზავნას. ეს არ არის უსაფრთხო.
  • ნუ დაიმეგობრებთ სოციალურ ქსელში უცნობ ადამიანს.
  • ვებგვერდზე სტუმრბამდე შეამოწმეთ მისი სანდოობა. ამისთვის ინტერნეტში არაერთი საშუალება არსებობს, მაგალითად: Https://TWITTYEER.norton.com.

 

 

ვინ არიან კიბერბულინგში ჩართული სუბიექტები?

  • კიბერბულინგის გამტარებელი (cyber bully) – პირი, რომელიც სხვა პირის/პირთა მიმართ მიზანმიმართულ კიბერბულინგს ახორციელებს;
  • მსხვერპლი – პირი, რომელიც მიზანმიმართული კიბერბულინგის სამიზნეა;
  • ბულინგის შემსწრე (bustander) – პირი, რომელიც კიბერბულინგს შეესწრო, თუმცა პასიური პაზიცია აქვს, უგულებელყოფს ან ეთანხმება, აზიარებს, იწონებს.

 

სიძულვილის ენის შემცველი/დამცინავი კონტენტის გავრცელება

 

  • სიძულვილის, დაცინვის, დამცირების, მუქარის შემცველი მესიჯის ან წერილის მიწერა, ისეთი პოსტის გავრცელება, რომელიც ადამიანის სოციალურ მდგომარეობას, რასას, რელიგიას, ეთნიკურ წარმომავლობას ან ადამიანის პირად თვისებებს (საუბრის მანერა), გარეგნობას (წითური თმა, მსუქანი, გამხდარი, დაბალი და ა.შ), ჩაცმულობას და სხვას შეეხება;
  • მუქარა – ფიზიკური ზიანის ან ტკივილს მიყენების მუქარა;
  • თვითმკვლელობისკენ წაქეზება ან ბრძანების მიცემა;
  • შეცდომაში შეყვანა – სხვა ადამიანად თავის წარდგენა მეორე ადამიანისგან მის შესახებ პირადი ინფორმაციის მიღების მიზნით ან ცრუ ინფორმაციის გამოქვეყნება;
  • სექსტინგი – სექსუალური ხასიათის სახელის, კომენტარის, პოსტის ან შიშველი ფოტოს გავრცელება, რომელიც მიზნად ისახავს დაცინვას, უხერხულ მდგომარეპობაში ჩაგდებას, შერცხვენას ან სექსუალური ძალადობის შემცველ მუქარას და მოწოდებას;
  • დოქსინგი – სხვა ადამიანების მიერ კიბერბულინგის მიზნით გასაჯაროება ისეთი პერსონალური ინფორმაციისა, როგორიცაა მისამართი, პირადი ნომერი, პასპორტის ნომერი, საბანკო ბარათის ნომერი, ტელეფონის ნომერი, სოციალური მედიის გვერდი;
  • კიბერადევნება – არასასურველი და განმოერებითი კომუნიკაციის დამყარების მცდელობა ან კომუნიკაცია, რომელიც ელექტრონულად ან მობილური მოწყობილობის საშუალებით ხორციელდება. კიბერადევნება შეიძლება ფიზიკურ ადევნებასა და სექსუალურ შევიწროებაში გადაიზარდოს.

 

როგორ ამოვიცნოთ კიბერბულინგი?

მოზარდი შესაძლოა იყოს კიბერბულინგის მსხვერპლი, თუ მის ქმედებებში მოულოდნელი და უჩვეულო თვისებები მჟღავნდება:

  • მოულოდნელად წყვეტს სოციალურ ქსელში ნავიგაციას;
  • კომპიუტერთან კონტაქტის შემდეგ ავლენს ნერვულ აშლილობას;
  • მოულოდნელად წყვეტს კონტაქტებს;
  • არ საუბრობს იმაზე, რას აკეთებს ონლაინ რეჟიმში ყოფნისას.

 

როგორ დავიცვათ თავი ბულინგისგან ?

 

  • დაიცავით კიბერუსაფრთხოების წესები.
  • მოერიდეთ პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროებას.
  • ტელეფონის, ტაბლეტის, აპლიკაციის, სოციალური მედიის (ფეისბუქი, ინსტაგრამი, ტვიტერი, სნაპჩატი და ა.შ) კონფიდენციალურობის პარამეტრები (privacy settings) დააყენეთ ისე, რომ აკონტროლოთ, ვის შეუძლია თქვენთან დაკონტაქტება, თქვენს პირად სივრცეში (კედელზე) პოსტის ან კომენტარის დატოვება ან მისი გაზიარება. ასევე ყურადღებით აირჩიეთ, ვის აძლევთ თქვენ მიერ გავრცელებულ ფოტოებზე, ვიდეოებსა თუ სხვა კონტენტზე წვდომას.
  • ყურადღებით მოეკიდეთ, ვის უმეგობრდებით ონლაინ. დაიმეგობრეთ მხოლოდ ის ადამიანები, ვისაც პირადად იცნობთ და ენდობით.
  • დაფიქრდით, სანამ რამეს დაპოსტავთ ან დააკომენტარებთ. გახსოვდეთ, ონლაინ სივრცეში არაფერი იკარგება. ერთხელ დაპოსტილი ან დატოვებული კომენტარი სამუდამოდ რჩება და ის შეიძლება თქვენთვის არასასურველმა პიროვნებამ ნახოს.
  • კიბერადევნების თავიდან აცილების მიზნით თავი შეიკავეთ თქვენი ადგილსამყოფელის გაზიარებისგან. მოგზაურობასთან, კონცერტებთან და ა. შ. დაკავშირებული პოსტები და ფოტოები მოგვიანებით გააზიარეთ, უმჯობესია, სახლში დაბრუნების შემდეგ. გამორთეთ ლოკაციის ფუნქცია (gps location service) და ვიდეოკამერა, როდესაც მას არ იყენებთ.

 

რ ე ა გ ი რ ე ბ ი ს თ ვ ი ს

  • კიბერბულინგის შემცველი მესიჯები არ წაშალოთ – მათი ე.წ. სქრინშოტები შეინახეთ. მნიშვნელოვანია პოსტების, კომენტარების, მესიჯების, თარიღების და თანმიმდევრობის დოკუმენტირებაც, რაც საბოლოო ჯამში გამოძიებას სიმართლის და დამნაშავის იდენტიფიცირებაში დაეხმარება, საიტის ადმინისტრაციას კი – ანგარიშის დაბლოკვასა ან სხვა სახის რეაგირებაში.
  • გამოიყენეთ კონტაქტის დაბლოკვის ფუნქცია ტელეფონში, სოციალურ მედიაში თუ ე.წ. ჩატის სივრცეში.
  • განუცხადეთ პრობლემის შესახებ სერვისპროვაიდერებს, სოციალურ მედიას და ვებგვერდებს. მათ მსგავსი პრობლემის გაცხადებისთვის სპეციალური საკომუნიკაციო არხები აქვთ.
  • ასწავლეთ ბავშვებს, რომ კიბერბულინგის შესახებ აცნობონ მშობლებს, სკოლას, სკოლის უსაფრთხოების სამსახურს (მანდატური), პოლიციას (112).

 

ამ ფერწერული პლაკატის ავტორი მეშვიდეკლასელი ელისაბედ ბუსხრიკიძეა

 

როგორ ვებრძოლოთ კიბერბულინგს?

სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს კიბერბულინგთან ბრძოლის ეფექტიანი სახელმწიფო სტრატეგია და განსაზღვროს ინტერნეტტექნოლოგიების უსაფრთხო გამოყენებაზე პასუხისმგებელი ინსტიტუტი, ამასთანავე, კიბერბულინგთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია ოჯახისა და სკოლის როლი.

ხშირად მშობლები ფიქრობენ, რომ ინტერნეტის მოხმარების აკრძალვა ან მკაცრი კონტროლი გამოსავალი და კიბერბულინგის პრევენციის საშუალებაა. რეალურად შეუძლებელია და უმართებულოცაა, თანამედროვე მოზარდს ინტერნეტით სარგებლობა აუკრძალო ან 24 საათის განმავლობაში აკონტროლო. საუკეთესო გამოსავალი ამ მხრივაც შვილთან უშუალო, მეგობრული ურთიერთობა და ურთიერთნდობის ატმოსფეროა. მშობელი ყველაზე უკეთ გაუგებს შვილს, თუ ის თავისი პრობლემების, მათ შორის – ონლაინ ურთიერთობის, შესახებ მოუყვება. მშობელიც, თავის მხრივ, ვალდებულია, მაქსიმალურად გამონახოს დრო შვილთან ურთიერთობისთვის, მოუსმინოს მას და უპირობო სიყვარული და მხარდაჭერა აღუთქვას. მოზარდს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ მშობელი მას დაეხმარება და სიტუაციას არ დაამძიმებს. თუ მოზარდის მიმართ უკვე ფიზიკური ზიანის საფრთხე იკვეთება, მშობელი, შვილთან შეთანხმებით, პოლიციას ატყობინებს და დაცვის შესაბამის ზომებს ითხოვს. როცა მშობელი/სკოლა აღმოაჩენს, რომ მოზარდი თავად ახორციელებს კიბერბულინგს, პირველ რიგში უნდა გაიაზროს, რომ ის სოციოპათი ან მოძალადე არ არის – უბრალოდ, ზოგ ბავშვს თანაგრძნობის უნარი აკლია და შეცდომებს უშვებს. მშობელმა, მასწავლებელმა, მეგობარმა კიბერბულინგის განმხორციელებელს უპირველესად უნდა მიუთითონ, რომ ონლაინ სივრცეში ზუსტად ისეთივე ტკივილი და ზიანი შეიძლება მიადგეს სხვა ადამიანს, როგორიც რეალურ ცხოვრებაში და მას ისევე მოუწევს შედეგებზე პასუხისგება, როგორც ეს ფიზიკური ზიანის ან ტკივილის მიყენებისას ხდება.

 

სკოლის როლი

ყოველგვარი ფორმის ბულინგის, მათ შორის – კიბერბულინგის, საწინააღმდეგო პოლიტიკის და სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება სკოლის პასუხიმგებლობა უნდა იყოს. სკოლას უნდა ჰქონდეს ბულინგის მიმართ გამოკვეთილი ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა, რომლის შემუშავებასა და განხორციელებაში სკოლის უფროსკლასელთა ჩართვა აუცილებელია. როდესაც სკოლას ბულინგის მიმართ მკაცრი პოლიტიკა ექნება შემუშავებული, თითოეულ მოსწავლეს ეცოდინება, რომ კიბერბულინგის განხორციელების შემთხვევაში, მორალურ  პასუხისმგებლობასთან ერთად, მათ დისციპლინური პასუხისმგებლობაც დაეკისრებათ.

კიბერბულინგთან ბრძოლის შემადგენელი ნაწილია სკოლებში ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების სწავლება. ასევე მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლების აქტივობები, როგორიცაა კიბერბულინგის საწინააღმდეგო პოსტერების და ძირითადი საკომუნიკაციო მესიჯების შექმნა-გავრცელება მოსწავლეთა ჩართულობით.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მედია და ინფორმაციულიწიგნიერება, მედიის განვითარების ფონდი, 2019
  2. www.mdfgeorgia.ge
  3. www.millab.ge

სამოდელო-ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკა-ბიოლოგიაში

0

მასწავლებელი ყოველთვის უნდა ზრუნავდეს მოსწავლეებში სწავლა-სწავლების ხარისხის დონის ამაღლებაზე, ჯგუფური მუშაობის, ურთიერთთანამშრომლობის, ცოდნის ტრანსფერის უნარის ჩამოყალიბებაზე. მრავალ საკითხს სხვადასხვა საგანი სხვადასხვა კუთხით შეისწავლის, მაგრამ მოსწავლეებს უჭირთ ერთ საგანში მიღებული ცოდნის მეორეში გამოყენება. ამ პრობლემის აღმოფხვრას ხელს უწყობს ინტეგრირებული გაკვეთილები, რაც ნათლად აჩვენებს მოსწავლეებს, თუ რამდენად მარტივია არსებული ცოდნის სხვა მიმართულებაში გამოყენება. სწორედ ამ პრობლემის დაძლევის მიზნით ვგეგმავ და ვატარებ ინტეგრირებულ გაკვეთილებს. ალბათობა და გენეტიკა ეროვნული სასწავლო გეგმით მე-9 კლასში ისწავლება. დავგეგმე და  ჩავატარე ინტეგრირებული-სამოდელო გაკვეთილი „გენეტიკა და მათემატიკა“. რომელიც იყო ეროვნული სასწავლო გეგმის ბიოლოგიისა და მათემატიკის სტანდარტზე მორგებული. ბიოლოგია:  ბიოლ.IX.6. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს მემკვიდრეობითობა და ცვალებადობა, ჩამოაყალიბოს მემკვიდრეობითობის კანონები; იმსჯელოს გენეტიკის მნიშვნელობაზე სელექციაში. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: აყალიბებს მემკვიდრეობითობის კანონებს და შესაბამისი ფორმულებით  გამოსახავს გენეტიკურ სქემებს, ადეკვატურად იყენებს შესაბამის სიმბოლოებს მათ ჩასაწერად; ასახელებს და აღწერს ცვალებადობის ფენოტიპურ და გენოტიპურ ფორმებს, მსჯელობს მათ შორის განსხვავებაზე; აღწერს ადამიანში ზოგიერთი მენდელისეული ნიშნის (მაგ., თვალის ფერი,  ყურის ბიბილოს ფორმა) მემკვიდრეობის სქემას, მსჯელობს გენეტიკის როლზე, წარმოადგენს მასალას პრეზენტაციის სახით.

მათემატიკა  IX.3.მოსწავლეს შეუძლია გამოთვლებთან და რაოდენობის შეფასებასთან დაკავშირებული ამოცანების ამოხსნა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: ხსნის გამოთვლებთან დაკავშირებულ ამოცანებს, პარალელს ავლებს  სხვა სასწავლო დისციპლინებთან. მათ.IX.12. მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებელ ხდომილობათა ალბათობების  გამოთვლა/შეფასება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: გეგმავს შემთხვევით ექსპერიმენტს, შემთხვევითი ექსპერიმენტის ჩასატარებლად ერთ მოწყობილობას ჩაანაცვლებს სხვა მოწყობილობით და ასაბუთებს არჩევანს;

მათ.IX.13.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და დასკვნების გამოტანა.  შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: გამოთქვამს ვარაუდს ხდომილობის მოსალოდნელობების შესახებ მონაცემთა საფუძველზე (მაგალითად, მონაცემთა ფარდობითი სიხშირის მიხედვით) და ასაბუთებს ვარაუდის მართლზომიერებას. გაკვეთილის მიზანი:   მოსწავლემ უნდა შეძლოს გენეტიკური ამოცანების ამოხსნისას გამოიყენოს მათემატიკაში მიღებული ცოდნა:  ალბათობის თეორია, პირდაპირპროპორციულობა, პროცენტული გამოთვლები, X უცნობი ცვლადით გამოთვლები; განუვითარდეს გენეტიკური ამოცანების ამოხსნის ინტეგრირებული უნარ-ჩვევები; შეძლოს მიღებული ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გამოყენება. შეძლოს გენეტიკური ამოცანების ამოხსნისას მიღებული შედეგების დანერგვა ადამიანის პროფესიულ           საქმიანობაში.

საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები.  ბიოლოგია:  მონოჰიბრიდული შეჯვარება;  მენდელის პირველი და  მეორე კანონი;  სრული დომინირება; გენეტიკური ტერმინების ფლობა. პენეტის ცხრილის გამოყენება ამოცანების ამოხსნისას. მათემატიკა:  პროცენტების გამოთვლა; ალბათობის თეორიის  ფლობა. პირდაპირპროპორციულობის გამოყენება ამოცანების ამოხსნისას.

სასწავლო მასალა და რესურსები:  ცარცი, დაფა, დაბეჭდილი სიტუაციური ამოცანები, მარკერები; ფლიფჩარტები; პროექტორი, კომპიუტერი. დამხმარე სახელმძღვანელო: „ამოცანები და სავარჯიშოები მოლეკულურ ბიოლოგიასა და გენეტიკაში“: სეხნიაშვილი, ბურდილაძე, ვადაჭკორია. (თბილისი 2002წ).                                                                                                                                                                                            აქტივობა N1  საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. გაკვეთილის მიზნის ჩამოყალიბება. (3წთ.)  მოვაგვარე საორგანიზაციო საკითხები. მოსწავლეებს გავაცანი ორგანიზების ფორმები). ჯგუფებს დავურიგე შეფასების რუბრიკები.                                                                                                                                                                                                                  აქტივობა N2  წინარე ცოდნის გააქტიურება.  კითხვა-პასუხი. (12წთ)  აქტივობის აღწერა:  მოსწავლეებმა შემთხვევითობის პრინციპით უპასუხეს ჩემ მიერ დასმულ შეკითხვებს, რომლებიც ეხება ბიოლოგიასა და მათემატიკაში წინარე ცოდნის გააქტიურებას. ბიოლოგია: 1. რას ეწოდება გენეტიკა? 2.რას ეწოდება მემკვიდრეობა? 3.რას ეწოდება ცვალებადობა? 4.როგორ ნიშანს ეწოდება დომინანტური? 5.როგორ ნიშანს ეწოდება რეცესიული? 6.რა არის გენი? 7.რას ეწოდება მონოჰიბრიდული შეჯვარება? 8.ჩამოაყალიბეთ ერთგვაროვნების წესი, დათიშვის კანონი. 9.სრული დომინირებისას რა შემთხვევაში არ ხდბა შთამომავლობაში დათიშვა? 10. სრული დომინირებისას რა შემთხვევაში ხდება შთამომავლობაში დათიშვა თანაფარდობით 3:1? 11.სრული დომინირებისას რა შემთხვევაში ხდება შთამომავლობაში დათიშვა თანაფარდობით 1:1?  მათემატიკა:  12. რა არის ალბათობა? ჩვეულებრივი მონეტის აგდებისას რამდენია საფასურის და გერბის  მოსვლის ალბათობა? წარმოადგინეთ ალბათობის გამოსათვლელი ფორმულა.                                                                          თუ ყველა შესაძლებლობა თანაბარალბათურია, მასში A ხდომილობის ალბათობა გამოითვლება ფორმულით:

 

რუბრიკა. (ანალიტიკური რუბრიკა)

                           კრიტერიუმი არადამაკმაყოფილებელი

              (1-4 ქულა)

დამაკმაყოფილებელი

          (5-7 ქულა)

კარგი

      (8-10 ქულა)

ამოცანის მონაცემების ორგანიზება ნაწილობრივ  ახერხებს პირობის გაგებას და მონაცემთა ორგანიზებას ახერხებს  ამოცანის  პირობისა და მონაცემების გაგებას სრულად გაიაზრებს ამოცანის პირობას და ამოწერს  მონაცემებს.
ამოხსნის გზის მოძებნა შეუძლია პირობის გაგება. მაგრამ ვერ ახერხებს ამოხსნის    გზების მოძიებას. ნაწილობრივ ახერხებს ამოცანის ამოხსნის გზის მოძიებას. შეუძლია ამოცანის ამოხსნის გზის მოძიება.
ამოხსნის გზის რეალიზება და პასუხის მიღება ვერ ახერხებს ამოცანის ამოხსნას და პასუხის მიღებას. ამოცანის ამოხსნისას,  უშვებს გამოთვლებში შეცდომას და უჭირს სწორი პასუხის მიღება. შეუძლია ამოხსნის რეალიზება  და სწორი პასუხის მიღება.

გაკვეთილზე ყველა აქტივობა იყო მიზნის შესაბამისი. რაც მქონდა დასახული მიზნად ყველაფერს მივაღწიე. მოსწავლეებმა შეძლეს გენეტიკური ამოცანების ამოხსნისას, მათემატიკაში არსებული ცოდნის გამოყენება, ტრანსფერი. გაკვეთილზე  გამოვიყენე მიზნის შესაბამისი მრავალფეროვანი რესურსები. ელექტრონულ რესურსზე დატანილი მქონდა გაკვეთილის ყველა აქტივობა: ვფიქრობ, გაკვეთილი საინტერესო გამოვიდა. მოსწავლეებმა შეძლეს მათემატიკური უნარების გენეტიკური ამოცანების ამოხსნისას გამოყენება. გარდა ამისა, პრაქტიკულად გაიაზრეს და გააანალიზეს შეჯვარების შედეგები. განუვითარდათ გენეტიკური ამოცანების ამოხსნის ინტეგრირებული უნარ-ჩვევები. მოსწავლეები შეძლებენ მიღებული ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გამოყენებას და  გენეტიკური ამოცანების ამოხსნისას მიღებული შედეგების დანერგვას ადამიანის პროფესიულ საქმიანობაში. გაკვეთილი დაეხმარება ჩემს კოლეგებსაც გამოცდილების გაზიარებაში. შეუძლიათ მათაც გამოიყენონ ჩემ მიერ შექმნილი რესურსები და ჩაატარონ ანალოგიური გაკვეთილი მე-9 კლასში. არაფერს შევცვლიდი, ეს გაკვეთილი თავიდან რომ ჩამეტარებინა. ვურჩევ ჩემს კოლეგა-ბიოლოგებს, ჩაატარონ მსგავსი ტიპის გაკვეთილი მე-9 კლასში. გაკვეთილი დაეხმარებათ მოსწავლეებს გენეტიკური ამოცანების ამოხსნაში, მათემატიკაში მიღებული ცოდნის გამოყენებაში,  გენეტიკური ამოცანების ამოხსნის ინტეგრირებული უნარ-ჩვევების გამოყენებაში. განუვითარდებათ ცოდნის ტრანსფერის, ჯგუფური მუშაობის უნარები. მოსწავლეები შეძლებენ მიღებული ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გამოყენებასა და  გენეტიკური ამოცანების ამოხსნისას მიღებული შედეგების დანერგვას ადამიანის პროფესიულ საქმიანობაში.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

მოსწავლის სახელმძღვანელო ბუნებისმეტყველებაში.  ბიოლოგია.  მალხაზ მაყაშვილი; რუსუდან ახვლედიანი; მარინა ჯალიაშვილი; მარინე სეხნიაშვილი IX კლასი.

მოსწავლის სახელმძღვანელო მათემატიკაში. თეიმურაზ ვეფხვაძე; ია მებონია; ლამაეა ქურჩიშვილი.  IX კლასი.

ამოცანები და სავარჯიშოები მოლეკულურ ბიოლოგიასა და გენეტიკაში: სეხნიაშვილი, ბურდილაძე, ვადაჭკორია. (დამხმარე სახელმძღვანელო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისათვის).  თბილისი 2002წ.

https://mes.gov.ge/content.php?id=3923&lang=geo

ცოდნის ტრანსფერი-ჩვენი ოთხფეხა ,,მეგობრები“

0

თითოეული გაკვეთილის ახსნის დროს უამრავ პარალელს ვავლებთ შესწავლილ თემასთან. მნიშვნელოვანია, მოსწავლემ უკვე შეძენილი ცოდნა ახალს დაუკავშიროს.

ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე, როდესაც უნდა შეგვესწავლა შინაური და გარეული ცხოველები, გადავწყვიტე ინტეგრირებულად ჩამეტარებინა გაკვეთილი ქართულ ენასთან, რადგან მათ უკვე შესწავლილი ჰქონდათ ი.გოგებაშვილის ,,ცრუ“. გარდა იმისა, რომ მოსწავლეები კავშირს დაამყარებდნენ ამ ორ საგანს შორის, მინდოდა მათი ყურადღების გამახვილება დეტალებზე.

გაკვეთილის მიზნად დავისახე შემდეგი: მოსწავლეები შეძლებენ შინაური  ცხოველების ამოცნობას, მათ განსხვავებას გარეული ცხოველებისგან; ასევე დაასახელებენ და შეძლებენ გარკვეული ნიშან-თვისებებით მათ ერთმანეთისაგან გარჩევას. ეროვნული სასწავლო გეგმიდან კი შევუსაბამე შესაბამისი ინდიკატორები:

ბუნ.I.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს შეგრძნების ორგანოების მნიშვნელობის გაცნობიერება

  • მსჯელობს შეგრძნებებისა და შეგრძნების ორგანოების მნიშვნელობაზე ცხოველებისათვის (მაგ., საფრთხის დროულად აღმოჩენა, საკვების მოპოვება, თავშესაფრის მოძებნა);

ბუნ.I.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ცოცხალი სხეულების აღწერა არსებითი ნიშანთვისებების მიხედვით

  • აღწერს და ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა ცხოველს სხეულის ნაწილების (მაგ., თავი, კიდურები, კუდი, ყურები, ნისკარტი, ფრთები, ხორთუმი) მიხედვით;
  • მსჯელობს ადამიანისთვის ცხოველებისა და მცენარეების მნიშვნელობაზე (მაგ. ცხოველებისა და ადამიანების მეგობრობა; საკვები, რომლებსაც გვაძლევენ ცხოველები);

ქართ. დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა.

  • ისმენს და ადეკვატურად აღიქვამს მარტივ ინფორმაციას ნაცნობ თემაზე;
  • ამოიცნობს კონკრეტულ ინფორმაციას.

იქიდან გამომდინარე, რომ მოსწავლეებს ჰქონდათ წინარე ცოდნა, ერთმანეთისგან გაერჩიათ ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების წარმომადგენლები, ვფიქრობ, გაკვეთილის მსვლელობა მათთვის გარკვეულწილად გამარტივებული იქნებოდა.

საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ, გამოწვევის ფაზაზე მოტივაციის ასამაღლებლად და წინარე ცოდნის გასააქტიურებლად გაკვეთილის პირველ აქტივობად ავარჩიე ,,იდუმალი ყუთი,’’ სადაც მოთავსებული იყო სხვადასხვა ცხოველი. მოსწავლეები ყუთიდან იღებდნენ ცხოველების გამოსახულებებს, რომელსაც ახასიათებდნენ სამი წინადადებით. კლასს კი უნდა გამოეცნო, რომელ ცხოველზე იყო საუბარი.

შინაარსის რეალიზების ფაზაზე ცხოველების გასაცნობად კომპიუტერის დახმარებით მოსწავლეებს სლაიდებზე ვაჩვენე ცხოველების ფოტოები. ავუხსენი თითოეული ცხოველისათვის დამახასიათებელი ნიშან-თვისება. მოსწავლეები აკვირდებოდნენ და ახდენენ ვიზუალური მასალის ვერბალურად გადმოცემას, გამოთქვამდნენ მოსაზრებებს. პრეზენტაციის შემდეგ დავუსვი შემდეგი კითხვები, რითაც ვეცადე განმემტკიცებინა მიღებული ახალი ინფორმაცია:

  • რომელი ცხოველია შინაური?
  • რომელი ცხოველია გარეული?
  • რომელ ცხოველს აქვს რქები? ჩლიქები?
  • რომელი ცხოველი იკვებება მცენარეებით?
  • რომელი ცხოველი იკვებება ხორცით?
  • რომელი ცხოველია ძუძუმწოვარი?

ქართული ენისა და ლიტერატურის წიგნიდან წავუკითხე ი.გოგებაშვილის მიხედვით დაწერილი მოთხრობა ,,ცრუ.“ მოსწავლეებმა ტექსტში ამოიცნეს ოთხფეხა ცხოველი, როგორც გარეული, ასევე შინაური და მოახდინეს მათი კლასიფიცირება. წუთშესვენებისას კი მოვასმენინე ცხოველთა ხმიანობა, რამაც მათ ერთგვარი წარმოდგენა შეუქმნა ცხოველებზე.

ამ ყოველივეს შემდეგ კლასი დავყავი 4-5-კაციან ჯგუფებად. მოსწავლეებს გავახსენე ჯგუფური მუშაობის წესები და ჯგუფებში დავარიგე დავალებები.

  • I ჯგუფი – განასხვავებს შინაური და გარეული ცხოველების სურათებს;
  • II ჯგუფი – ბალახის მჭამელებსა და ხორცის მჭამელებს;
  • III ჯგუფი – ბრჭყალებიანსა და ჩლიქიანებს;
  • IV ჯგუფი – რქიანებსა და ურქოებს.

დავალების შესრულების შემდეგ თითოეულმა ჯგუფმა გააკეთა პრეზენტაცია.

რეფლექსიის ფაზაზე შევაჯამე გაკვეთილი და დავსვი შეკითხვები:

  • რა იყო ჩვენი გაკვეთილის თემა?
  • რა ვისწავლეთ ამ გაკვეთილზე?
  • რა გაიგეთ ახალი ცხოველებზე?

მოსწავლეები შევაფასე სიტყვიერად და გავუკეთე განმავითარებელი კომენტარები. ასევე შევაფასე ჯგუფური მუშაობა.

ამ გაკვეთილის შემდეგ მოსწავლეები აღწერენ ორგანიზმებს გარეგნული ნიშნების მიხედვით, ახდენენ მათ კლასიფიცირებას, განასხვავებენ და გამოხატავენ მათდამი საკუთარ დამოკიდებულებას.

 

 

წუთშესვენებას გამოყენებული რესურსი: https://www.youtube.com/watch?v=ZGGoTcVDI_o

 

როგორ ვასწავლი ნახევარგამტარული ხელსაწყოების გამოყენებას

0

აქტიური, ცოცხალი გაკვეთილი ქვეყნისთვის ყველაზე  აქტუალურ საჭირბოროტო თემებსა თუ პრობლემებს უნდა ეხებოდეს, რათა მოსწავლემ საგაკვეთილო სივრცეში მიღებული ცოდნით გააცნობიოროს სწავლის ეროვნული მიზნები, საკუთარი როლი და მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებაში. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ საგანს, როგორიცაა ფიზიკა, კერძოდ, ისეთ პერსპექტიულ საკითხს ჩვენი ქვეყნისთვის,  როგორიცაა მზის ენერგიის გამოყენება. რამდენად რეალურია  და არის თუ არა შესაძლებლობა გადაიჭრას აქტუალური სადღეისო პრობლემები იმ აღმოჩენების  საფუძველზე, რომელსაც ჩვენის ქვეყნის მეცნიერები ახორციელებდნენ.

ტექნიკურ პროგრესს ვერაფერი შეაჩერებს და საჭიროა,   დროზე  ვიზრუნოთ და „გამოვაფხიზლოთ“ ჩვენი ახალგაზრდები. Top of FormBottom of Formპედაგოგი გარკვეულ წილად ხელოვანია და ჩვენს ნიჭზე, შემოქმედებით თავისუფლებაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მოვახერხებთ მოსწავლის დარწმუნებას იმაში, რომ ფიზიკის განვითარების დონეზე ბევრადაა დამოკიდებული არა მხოლოდ ქვეყნის მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი, არამედ  მთლიანობაში საზოგადოების ინტელექტუალური და ეკონომიკური წინსვლა.

              

გაკვეთილს ვიწყებ მოთელვით. შეიძლება მოსწავლეებს გავესაუბროთ, უნახავთ თუ არა მათ ნახევარგამტარული ხელსაწყოები? სავარაუდო პასუხებია: პატარა რადიო მიმღები (ტრანზისტორი), მზის ბატარეები (სახლებზე) ან ფოტოსურათებით- ხელოვნური თანამგზავრების ფრთებზე.

ამის შემდეგ ხმამაღლა ვკითხულობ კითხვებს, რომლებიც დაფასთან ფლიპჩარტზეა  ჩამოწერილი:

1.არის თუ არა საქართველოში მზის ენერგიის გარდაქმნისათვის ხელსაყრელი პირობები?

  1. როგორ ფიქრობთ, მოიპოვება თუ არა საქართველოში ნახევარგამტარული ხელსაწყოების დასამზადებლად საჭირო ნივთიერებები?
  2. იცით თუ არა ქართველ ფიზიკოსთა მიერ შექმნილი ნახევარგამტარული ხელსაწყოების შესახებ?
  3. რა პრაქტიკული ღირებულება შეიძლება ჰქონდეს ნახევარგამტარული ხელსაწყოს საშუალებით მზის ენერგიის გარდაქმნას?

მოსწავლეებს ვყოფ ჯგუფებად. თითოეული ჯგუფი იღებს დავალებას წერილობითი ფორმით (თითოეული ჯგუფისათვის მოცემულ კითხვებზე პასუხის გასაცემად მაგიდებზე განაწილებულია საჭირო ლიტერატურა ინფორმაციის მოსაპოვებლად, პრეზენტაციისათვის ფლიპჩარტები,  მარკერები) .

პირველი კითხვის სავარაუდო პასუხი: მზის ენერგიის გარდაქმნისათვის  საქართველოში  ხელსაყრელი პირობები არსებობს. ესაა მზის ენერგიის და საჭირო ნახევარგამტარული ხელსაწყოების დასამზადებლად აუცილებელი ნივთიერებებიც. საჭიროა მხოლოდ მათი გარდაქმნა-გამოყენება.

მეორე კითხვის სავარაუდო პასუხი: ჩვენთან მოიპოვება ძვირადღირებული დარიშხანი, რომელიც იშვიათია, თავისუფალია ძნელად გასასუფთავებელი მინარევებისაგან, რაც ანიჭებს მას უპირატესობას ელექტრონიკაში გამოყენების თვალსაზრისით. ძირითადი საბადოებია რაჭაში და სვანეთში.

მზისგან მიღებული ენერგიის წყაროა თერმობირთვული რეაქციები მზეზე. მზიდან წამოსული ენერგიის სიდიდე 4.1020ჯ. მთელი ენერგია ნაწილდება სპექტრზე, რომლის დიაპაზონია 0,2-3 მკმ.

მზის ენერგიის ინტენსივობას დედამიწის მახლობელ თავისუფალ სივრცეში ეწოდება მზის მუდმივა. მოცემულ მანძილზე და იგი რიცხობრივად შეადგენს 1353ვტ/მ2 . შემდგომში ამ გამოსხივების ატმოსფეროში გავლისას ეს რიცხვი მცირდება, მაგ: ინფრაწითელ გამოსხივებას ხელს უშლის წყლის ორთქლი, ულტრაიისფერს – ოზონი და ატმოსფერული მტვერი. ამასთან, იგი დამოკიდებულია მზის დახრის კუთხეზე ჰორიზონტის მიმართ. საუკეთესო პირობებისათვის ეკვატორის მიდამოებში მზის მუდმივა 925 ვტ/მ2, საქართველოს პირობებისათვის ეს კოეფიციენტი 600-700  ვტ/მ2  სიდიდისაა, ამასთან,  თუ გადავხედავთ მსოფლიო რუკას, სადაც მოცემულია მზის ენერგიის განაწილება დედამიწის ზედაპირზე, საქართველოს ტერიტორია ხვდება დიაპაზონში 2400-2800სთ განათება წელიწადში, რაც გარანტირებულად იძლევა საშუალოდ 7 სთ-ზე მეტ განათებას დღეში.

მესამე კითხვის სავარაუდო პასუხი: საქართველოში დამზადებული მთელი რიგი ნახევარგამტარული ხელსაწყოებიდან ერთ-ერთია მზის ენერგიის გარდამქმნელი ხელსაწყო(ხილული და სითბური- ინფრაწითელი).

ასეთი ხელსაწყოები და განსაკუთრებით მზის ენერგიის გარდამქმნელი ძირითადად მზადდებოდა შედარებით იაფფასიან ნ/გ-ზე (კაჟბადი-si)  დღესდღეობით გამოიყენება უფრო ძვირადღირებული ნახევარგამტარები გალიარსენიდის (GaAs) და გალიალუმინარსენიდი(GaAIAs) ნ.გ ნაერთებზე. კაჟბადის (Si) მსგავს ელემენტებზე მონტაჟდება ამ გარდამქმნელებისაგან ბატარეა და სასურველი ენერგია მიიღებოდა შესაბამისი ფართობით. ხელოვნურ თანამგზავრებში ენერგიის წყაროა გაშლილ ფრთებზე დამაგრებული მზის ელემენტების ბატარეა.

რაც შეეხება ძვირადღირებულ ნ/გ -ებს, მაღალი ფასის გამო, მათი ასე ფართოდ და დიდი რაოდენობით გამოყენება დიდ ეკონომიურ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. მაგ: (GaAs) შემთხვევაში ქიმიური ნივთიერება სუფთა გალიუმი (Ga) საერთაშორისო ბაზარზე ღირს 1 კგ 350 აშშ დოლარი, დარიშხანი (As)კი 1 კგ 3000 აშშ დოლარი, მაგრამ იმის გამო , რომ (GaAs)-ის გარდამქნელები უძლებენ მაღალ ტემპერატურას კაჟბადის  (Si) გარდამქმნელებისაგან განსხვავებით, მათი მ.ქ.კ. 20-25 %, კაჟბადის (Si)მ.ქ.კ. – 10-12%

რადგან გალიუმ-არსენიდის (GaAs) გარდამქმნელებს შეუძლიათ იმუშაონ მაღალი ტემპერატურის პირობებში 3000C, ამის გამო შესაძლებელია მასზე მივმართოთ ფოკუსირებული მზის სხივი, რომლის მაფოკუსირებელი მოწყობილობა, მაგალითად 1000-ჯერ აღემატება გალიუმ არსენიდზე  (GaAs)დამზადებული  მზის ელემენტის ფართობს.

საზღვარგარეთული მონაცემებით 2სმ2 გალიუმარსენიდის გარდამქმნელებს თუ გავანათებთ კონცენტრატორით რომლის პარამეტრი 1000 მზეა, მაშინ ასეთი გარდამქმნელი მოგვცემდა დაახლოებით 50ა დენის ძალას, 0,5-0.6ვ-ის პირობებში, რასაც დაახლოებით 25-30ვტ სიმძლავრე შეესაბამება.

თუ ერთსა და იმავე ელემენტს დავასხივებთ კონცენტრატორით და კონცენტრატორის გარეშე, კონცენტრატორის გამოყენების დროს მ.ქ.კ. იქნება მნიშვნელოვნად მეტი. თუ კი მოვახერხებთ, ასეთი გარდამქმნელების ბაზაზე შეიქმნას რთული სისტემატექნიკური მოწყობილობები, იგი გაცილებით იაფი აღმოჩნდება, ვიდრე საზღვარგარეთიდან შემოტანილი. თუ აღნიშნული კონცენტრატებისაგან შევქმნით ბატარეას, მივიღებთ უფრო მძლავრ მოწყობილობას, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მიმართული იქნება მზისკენ ავტომატიკის საშუალებით, რათა სრულად გამოვიყენოთ მზის ენერგია. შესაძლებელია ასეთი მოწყობილობების დამონტაჟება ცხელი (უდაბნოს ტიპის) და მწირი ნიადაგების მქონე ადგილებში, რის შედეგადაც მიიღებოდა მუდმივი დენის ენერგია, რომელიც შემდგომში გარდაიქმნებოდა ცვლადი დენის ენერგიად და ჩაირთვებოდა ერთიან ენერგოსისტემაში.

კითხვაზე, როგორ შეიძლება მივიღოთ ელექტრული ენერგია წყლის ელექტროლიზით მიღებული წყალბადისაგან, სადაც ისევ ნ/გ ელემენტია გამოყენებული, სავარაუდო პასუხია: მზის ენერგია ნ/გ-ული ელემენტის საშუალებით გარდაიქმნება ელექტრულ ენერგიად, რის შედეგად ხდება წყლის დაშლა, მიიღება წყალბადი, როგორც საწვავი და ჟანგბადის წვის ხელშემწყობი საშუალება. როგორც ცნობილია თბოელექტროსადგურები მუშაობენ ძვირადღირებული და შემოტანილი საწვავებით: ბუნებრივი გაზი, ნახშირი, მაზუთი. თუ შევადარებთ მათ ამ მეთოდით შემოთავაზებულ ვარიანტს, წყალბადი გაცილებით ხელსაყრელი, იაფი და ეკოლოგიურად მისაღებია (წყალბადის წვის კუთრი სითბო –  120 მგჯ/კგ)

ამ მეთოდის გამოყენებას ახლავს გარკვეული რისკფაქტორი წყალბადის შენახვასთან დაკავშირებით. წყალბადი ძლიერ ფეთქებადი გაზია და მისი შენახვა რეზერვუარებში გარკვეული წნევის პირობებში სახიფათოა. მაგრამ თუ შევქმნით სისტემატექნიკურ მოწყობილობებს, რომლის საშუალებითაც ვახდენთ წყლის დაშლას და ერთდროულად (მაშინვე, დაგროვების გარეშე) მიღებული წყალბადის დაწვას, შესაძლებელია მიღებული სითბოს გამოყენება თბოელექტროსადგურების ასამუშავებლად.

აშშ-ში განხორციელებულია პროექტი- უშუალოდ კაშხლის ბეტონის ზედაპირზე დამაგრებული მზის ელემენტების საშუალებით იღებენ და გარდაქმნიან მზის ენერგიას და დღის განმავლობაში მიღებული მზის ენერგიის წყალობით ხერხდება წყლის რესურსის დაზოგვა. ჩვენს პირობებში შესაძლებელია ენგურზე ან ჟინვალზე განხორციელდეს მსგავსი პროექტი, მხოლოდ კონცენტრატორების საშუალებით, როგორც ცნობილია კონცენტრატორი ნ/გ ელემენტს გადასცემს როგორც ხილულ, ასევე თბურ ენერგიას. ცხადია, რომ სასურველი იქნებოდა დამატებით ამ თბური ენერგიის გამოყენებაც. ამისათვის კი საჭიროა გამოვიყენოთ ზეებეკის ეფექტზე დამყარებული ნ/გ-ული ხელსაწყო, რომლის მუშაობის პრინციპი შემდეგშია: ნ/გ-ული ხელსაწყოს ერთ კონტაქტს თუ გავაცხელებთ და მეორე დარჩება ცივი, რომელიც თავის მხრივ წარმოშობს კონტაქტებს შორის ტემპერატურულ გრადიენტს, ცხადია, ასეთ შემთხვევაში ემძ პირდაპირპროპორციულია კონტაქტებს შორის ტემპერატურის სხვაობისა. მასწავლებელი: როგორც ვხედავთ საქართველოში იქმნებოდა მთელი რიგი ხელსაწყოებისა: მზის გარდამქმნელები, თბოგენერატორები, შუქდიოდები და ა.შ. პრობლემა იმაში იყო, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ხერხდებოდა მათი პრაქტიკული განხორციელება.  დადგება დრო. როცა შესაძლებელი იქნება ისევ შევქმნათ ხელსაწყოები და ჩვენვე ვიზრუნოთ რთული სისტემატექნიკური პროექტების შექმნისა და განხორციელებისათვის.

 

ქვემოთ იხილეთ მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრები:

 

 

ინტეგრირებული სამოდელო გაკვეთილი -,, ვაზი და მათემატიკა“ .

0

მსურს  სტატიაში  კოლეგებს  გავუზიარო  გამოცდილება ჩატარებული ინტეგრირებული სამოდელო გაკვეთილის შესახებ,  რომელიც თავისი შინაარსით და აქტივობებით ვთვლი, რომ   საინტერესოა.

გაკვეთილი ჩავტარე  მე-6 კლასში . გაკვეთილის ჩატარების იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც გავეცანი გურამ ჩაჩანიძის წიგნს ,, ალგებრა და საქართველოს მატიანე“. წიგნის  ბოლო თავში მოცემულია  ამოცანები სოფლის მეურნეობის ისეთ დარგებზე, როგორიცაა მეხილეობა, მევენახეობა და  მათგან წარმოებული პროდუქტები.

ამოცანებში მოცემული მათემატიკური მოდელები ისწავლება ეროვნული სასწავლო გეგმით მე-6  კლასში.   დავგეგმე ინტეგრირებული სამოდელო გაკვეთილი მათემატიკაში და საზოგადოებრივ მეცნიერებებში – ჩემი სამშობლო. გაკვეთილის თემაა ,, ვაზი და მათემატიკა“ .

გაკვეთილის  აქტივობები მოვარგე ეროვნული სასწავლო გეგმის  საზოგადოებრივი მეცნიერებების და მათემატიკის სტანდარტს .

გაკვეთილის მიზანია:

  • მოსწავლემ სწორად შეარჩიოს გარემო შეძენილი ცოდნის დანერგვისათვის.  (კახეთი)
  • მოარგოს ადამიანის პროფესიულ საქმიანობას მათემატიკის მოდელი .
  • ამოხსნას პრაქტიკული ამოცანები.

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი: 

მათემატიკა

 მათ.VI.2. მოსწავლეს შეუძლია არაუარყოფით რაციონალურ რიცხვებზე არითმეტიკული მოქმედებების შესრულება და მოქმედებათა შედეგის შეფასება.

  • პოულობს მოცემული რიცხვის ნაწილს და ხსნის შებრუნებულ ამოცანებს;

მათ.VI.3. მოსწავლეს შეუძლია ზომის სხვადასხვა ერთეულების ერთმანეთთან დაკავშირება და გამოყენება.

  • იყენებს ათწილადებზე გამრავლებას ზომის ( სიგრძე , ფართობი, წონა, მოცულობა, თევადობა) მცირე ერთეულის დიდ ერთეულთან თანაფარდობის გამოსახვისათვის;
  • ერთმანეთთან აკავშირებს სიგრძის , ფართობის და მოცულობის შესაბამის ერთეულებს;
  • იყენებს პროპორციულობას და შეფასებას ბუნებისმეტყველების დარგებიდან მომდინარე ამოცანების ამოხსნისას( ამოცანები მასშტაბზე, ხსნარებზე, შენადნობებზე).

მათ.VI.5. მოსწავლეს შეუძლია სიდიდეებს შორის დამოკიდებულების გამოსახვა, განვრცობა და აღწერა.

  • მოცემული დამოკიდებულებებისათვის ( მათ შორის რეალურ ვითარებაში) თვისობრივად და რაოდენობრივად აღწერს, თუ რა გავლენას  ახდენს ერთი სიდიდის ცვლილება მასზე დამოკიდებულ მეორე სიდიდეზე და სხვა ატრიბუტზე.

საზოგადოებრივი მეცნიერებები.

საზ. მეც. V_VI. 10. მოსწავლეს შეუძლია ჩამოთვალოს საქართველოს მოსახლეობის მახასიათებლები.

ჩამოთვლის საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში განვითარებული მეურნეობის ტიპებს.

საზ. მეც. V_VI. 12. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს მხარე ბუნებრივი რესურსების მიხედვით და იმსჯელოს მათ მნიშვნელობაზე.

  • ირჩევს რომელიმე ბუნებრივ რესურსს და მსჯელობს მის მნიშვნელობაზე რეგიონის განვითარებისათვის;
  • ბუნებრივ რესურსებს აკავშირებს ქვეყნის( რეგიონის) სამეურნეო საქმიანობასთან.

საზ. მეც. V_VI. 13. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ბუნებრივი რესურსების რაციონალურ და მრავალმხრივ გამოყენებაზე.

გამოსახავს რესურსების სახეცვლილებას მოპოვებიდან მოხმარებამდე( მაგ. ხორბალი – ფქვილი – პურ-ფუნთუშეული).

საჭირო წინარე ცოდნა და უნარ -ჩვევები:

საზ. მეცნიერებები:

  • კახეთის რეგიონის მოსახლეობის მახასიათებლები, განვითარებული მეურნეობის ტიპები. იმსჯელოს მის მნიშვნელობაზე რეგიონის განვითარებისათვის.
  • ბუნებრივი რესურსი დააკავშიროს საქმიანობასთან.
  • იმსჯელოს რესურსის რაციონალურ და მრავალმხრივ განვითარებაზე.

მათემატიკა:      მასშტაბი;  ამოცანები ნაწილებზე;   პროპორცია;  პროპორციულობა და უკუპროპორციულობა.

აქტივობა 1.   მოვაგვარე საორგანიზაციო საკითხები, მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის თემა, მიზანი,  შეფასების რუბრიკები და შევახსენე ქცევის წესები. ( 3 წთ).

გამოყენებული მეთოდი: ვერბალური ახსნა ; კლასის ორგანიზების ფორმა : საერთო საკლასო . სასწავლო რესურსები: მასწავლებლის მიერ მომზადებული სლაიდები. დაბეჭდილი რუბრიკები.

აქტივობა 2. საშინაო დავალების შემოწმება –  ( 6 წთ).   (კახეთის რეგიონის დახასიათება, რუკის მასშტაბის მიხედვით კახეთის რეგიონის ქალაქებს შორის მანძილის განსაზღვრა). ორგანიზების ფორმა ჯგუფური და ინდივიდუალური.

აქტივობის აღწერა: მოსწვლეებმა წარმოადგინეს საშინაო დავალება: საქართველოს რუკის გამოყენებით ისაუბრეს  კახეთის ადგილმდებარეობაზე  და საზღვრებზე.  განიხილეს  ხუთი მუნიციპალიტეტი- საგარეჯო, სიღნაღი, გურჯაანი, ყვარელი და თელავი, სადაც  მევენახობა   განსაზღვრავს რეგიონის ეკონომიკურ და სოციალურ ძლიერებას.   მოსწავლეები  დაყოფილნი იყვნენ 5-6 ბავშვიან ჯგუფებად. თითო ჯგუფმა პრეზენტაციის დროს წარმოადგინა თავისი მუბიციპალიტეტის დავალებები  ფორმატზე შესრულებული.  სხვადასხვა მასშტაბის მქონე რუკების გამოყენებით   გაზომეს რუკაზე თბილისიდან ამ ქალაქებამდე მანძილები სანტიმეტრებში. გამოსახეს 1 სმ -ის შესაბამისი მანძილი კმ-ებში და იპოვეს ქალაქებს შორის რეალური მანძილი. შემდეგ შეადარეს ინტერნეტში მოძიებულ მანძილებს. განსხვავება აღმოჩნდა ძალიან მცირე.

მოსწავლეებმა  გაიაზრეს მასშტაბი და გამოიმუშავეს მისი გამოყენების უნარი. მანძილის საზომი ერთეულის გამოყენებით ერთი ერთეული გამოსახეს მეორე ერთეულით.  გაკვეთილზე შეავსეს ცხრილი  ,, მანძილი ქალაქებს შორის“.  ჯგუფის წარმომადგენელს შეაქვს ცხრილში მონაცემები. მასწავლებლის მხრიდან ღებულობენ შესაბამის უკუკავშირს განმავითარებელი  და განმსაზღვრელი შეფასების სახით.   საშინაო დავალება შემოწმდა შეფასების რუბრიკით.  საუკეთესო  შეფასდა 10 ქულით.  დანარჩენი კი განმავითარებელი  შეფასებით.

აქტივობა N3  გამოწვევა.  მასწავლებლის საუბარი კახეთში განვითარებული სოფლის მეურნების დარგების შესახებ.  განსაკუთრებით კი მევენახეობის შესახებ. 6 წთ.

აქტივობის მიზანი:  დარგის განვითარების  მნიშვნელობა რეგიონის ეკონომიური მდგომარეობის განვითარებაში; მოტივაციის გაზრდა და გამოწვევა.

აქტივობის აღწერა:    მოსწავლეებმა მოისმინეს მასწავლებლის საუბარი  მევენახეობის განვითარების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე  რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის განვითარებაში. ნახეს სლაიდები  კახეთში ვაზის მოვლის,  მევენახეობის და მეღვინეობის ტრადიციების შესახებ. გაეცნენ მევენახის რთულ პროფესიას.  ყურძნის მოსავლის შედეგად წარმოებულ პროდუქციას.  აქტივობამ  გაზარდა მოსწავლეთა მოტივაცია და მოლოდინი  შემდეგი აქტივობისათვის.

აქტივობა № 4. წინარე ცოდნის გააქტიურება .  5 წთ

აქტივობის მიზანი:   მოსწავლეთა ცოდნის შემოწმება პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისათვის.

აქტივობის აღწერა:  სლაიდებზე  მოცემული შესასვლელი ბილეთებით  მოსწავლეებმა გაააქტიურეს წინარე ცოდნა.  თითო სლაიდზე  ერთი ბილეთია. მოსწავლეები პასუხობდნენ ჩხირების გამოყენებით, შემთხვევითობის პრინციპის დაცვით, ვისი გვარიც ეწერა ჩხირზე ის პასუხობდა, გამოკითხვის ამ მეთოდს  სისტემატურად დავნერგავ სხვა გაკვეთილებზეც.  ბილეთის კითხვებია:    რას გვიჩვენებს რუკის მასშტაბი?   როგორ ვიპოვოთ რიცხვის ნაწილი?  როგორ ვიპოვოთ რიცხვი  ნაწილის მიხედვით?   როგორ გავიგოთ ერთი რიცხვი მეორის რა ნაწილია?  რა არის პროპორცია?  რა სახელებით მოვიხსენიებთ პროპორციის წევრებს?   რაში მდგომარეობს პროპორციის ძირითადი თვისება?  როგორ ვიპოვოთ პროპორციის კიდურა წევრი?  შუა წევრი? როდის ვამბობთ, რომ ორ სიდიდეს შორის  პირდაპირპროპორციული დამოკიდებულებაა?  როდის ვამბობთ, რომ ორ სიდიდეს შორის  უკუპროპორციული დამოკიდებულებაა? როგორ დავყოთ რიცხვი მოცემული რიცხვების პროპორციულ ნაწილებად?

აქტივობა N 5 (ამოცანების ამოხსნა ვაზის მოვლის , ყურძნის მოყვანისა და მისგან მიღებული პროდუქტების  შესახებ):   ჯგუფური მუშაობა. დაფასთან პრეზენტაცია ინდივიდუალური .  20 წთ.

აქტივობის მიზანი : ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის უნარის განვითარება.

აქტივობის აღწერა:  მოსწავლეებს ჯგუფებში დაურიგდებათ ამოცანები. ამოხსნიან ჯგუფებში,  წარმოადგენენ პრეზენტაციას  დაფაზე და მიიღებენ უკუკავშირს.  სლაიდების გამოყენებით მოსწავლეები ასახელებდნენ ვაზის მოვლის სტრატეგიებს და შესაბამის სტრატეგიაზე ხსნიდნენ ამოცანას. მაგალითად, ვაზის გასხვლაზე, დაკავებაზე, შეწამვლაზე, ღვინის მიღებაზე. თათარას მომზადებაზე და ჩურჩხელის ამოვლებაზე.

ამოცანა 1. მევენახეთა სამმა ბრიგადამ  ვაზი გასხლა 116 ჰექტარზე, ამასთან პირველმა ბრიგადამ  გასხლა მთელი  ფართობის ნაწილი,  მეორემ  ბრიგადამ დარჩენილის   ნაწილი და გასხლა დაამთავრა მესამე ბრიგადამ. რამდენი ჰექტარი გასხლა მევენახეთა მესამე ბრიგადამ?

სულ 116 ჰა  ;   ბრიგადამ  –     ნაწილი ;    116    = 4 15 = 60 ჰა

 II -ბრიგადამ დარჩენილის   ნაწილი;     116- 60 = 56 ჰა  ;  56    = 7  5 = =  35 ჰა ;                           III  – ?            56 -35 = 21 ჰა ;            პასუხი:  21 ჰექტარი

ამოცანა 2. თედო პაპამ ერთ დღეს  დააკავა ვაზის ნერგების  0, 6 ნაწილი. მეორე დღეს კი დარჩენილი  60 ნერგი. სულ რამდენი ნერგი იყო   დასაკავებელი ?

I –  დღეს 0,  6 ნაწილი ;  II დღეს – დარჩენილი 60 ნერგი; 1 – 0, 6  = 0 , 4 ;

სულ რამდენი ნერგი იყო დასაკავებელი?    60 : 0, 4 = 600 : 4=  150    

პასუხი:  150 ნერგი

 

ამოცანა 3.  ორმა ტრაქტორმა  საფერავის ჯიშის ყურძენი 48 საათში   შეწამლა. რამდენ საათში შეწამლავს იმავე ვენახს 6 ასეთივე ტრაქტორი?

   I ხერხი  :  2 ტრაქტორი –  12 საათში ;    6 ტრაქტორი –     x  საათში ;

  6 ;      X =  = 4 ;            პასუხი : 4 საათი

    II ხერხი :   2   ტრაქტორი –  12 საათში;      6    ტრაქტორი   –   x  საათში;

  სიდიდეებს შორის არის უკუპროპორციული დამოკიდებულებაა

  • 2 მევენახე გაიზარდა 3- ჯერ და გახდა 6 მევენახე;        12 სთ უნდა გაიყოს 3 -ზე და იქნება 4  საათი.

ამოცანა 4.  400 კგ რქაწითელის ჯიშის ყურძნისაგან მიიღება 260 ლიტრი  რქაწითელის მარკის ღვინო.  რამდენი ცენტნერი ყურძენია საჭირო 780 ლიტრი ღვინის მისაღებად?

400 კგ ყურძენი  – 260 ლ ღვინო ;         კგ ყურძენი  – 780 ლ ღვინო

        პირდაპირპროპორციული დამოკიდებულება

         260 = 400 780 ;       =  = 400  3 = 1200 ;    

პასუხი : 1200 კგ = 12 ც

მოცანა 5. თათარას მოსადუღებლად იყენებენ ბადაგს და ხორბლის ფქვილს, რომელთა მასები ისე შეეფარდება ერთმანეთს როგორც 7:2. რამდენი ბადაგია საჭირო 72 კგ თათარას მოსადუღებლად.

პირველი ხერხი:    7 ნაწ. +2 ნაწ. = 9 ნაწ ;    72 : 9 = 8 ;    1 ნაწ = 8 კგ  ;   

 7 × 8 = 56 ;         პასუხი: 56 კგ ბადაგი

მეორე ხერხი  :     1 ნაწ =  x კგ ;    2 ნაწ = 2 x კგ;     7 ნაწ =7 x კგ  ;     

2 x + 7 x = 72  ;     9 x = 72 ;     x = 72 : 9 = 8;     7 × 8 = 56 ;   პასუხი : 56 კგ

 

ამოცანა 6.      27 ჩურჩხელას ამოსავლებად საჭიროა 2,5 კგ ფელამუში, რამდენი კგ ფელამუშია საჭირო 540 ჩურჩხელას ამოსავლებად.

  • 27 ჩურჩხელა –    2, 5 კგ თათარა
  • 540 ჩურჩხელა –   x  კგ თათარა

       27 x = 540 × 2, 5   ;     x = 20 × 2, 5 ;      x= 50 კგ

პასუხი : 50 კგ თათარა

განხილული ამოცანებით მოსწავლეებმა გამოიმუშავეს შეძენილი ცოდნისა და უნარების პრაქტიკულ საქმიანობაში დანერგვის უნარი. გაიაზრეს, რა პროდუქტების მიღებაა შესაძლებელი ყურძნის  გამოყენებით. თითოეული ამოცანის ამოხსნის დროს მოსწავლეს ეძლეოდა უკუკავშირი, რამდენად სწორად გაართვა თავი ამოცანის ამოხსნას, ამისათვის გამოყენებული იყო სლაიდზე  სწორად ამოხსნილი ამოცანები.

აქტივობა 6.  საშინაო დავალება. საგინაშვილი, თ. ბექაური მათემატიკა VI . გვ: 142 # 4, 5, 6, 7, 8, 9.  2 წთ.

შეფასება და თვითშეფასება. განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება. შეფასების რუბრიკებით      ( 3 წთ )

გაკვეთილს შეაჯამებს მასწავლებელი.  შეაფასებს მოსწავლეებს – ინდივიდუალურად განმსაზღვრელი შეფასებით. მოსწავლეები  გააკეთებენ ჯგუფების ურთიერთშეფასებასა და თვითშეფასებას  . შეფასების რუბრიკების გამოყენებით.

ვფიქრობ,  გაკვეთილი საინტერესო იყო. მოსწავლეებმა შეძლეს ერთი რეგიონის განვითარებაზე და ტრადიციებზე გაეღრმავებინათ ცოდნა.  ისაუბრეს  ვაზის მოვლაზე,  ამოხსნეს ამოცანები. მიზანს მივაღწიე. ყველა ტიპის ამოცანა, რომელსაც მე-6 კლასში გავდივართ, პრაქტიკაში დავნერგეთ.  ამ გაკვეთილს მომავალშიც ჩავატარებ სხვა პარალელურ კლასებში.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. გურამ ჩაჩანიძე ,, ალგებრა და საქართველოს მატიანე“
  2. ეროვნული სასწავლო გეგმა 2018-2024, მათემატიკა 6 კლ

შემაჯამებელი ტესტის ელექტრონული საშუალებები

0

ეროვნული სასწავლო გეგმა თითოეული საგნისათვის განსაზღვრავს სემესტრის განმავლობაში ჩასატარებელი შემაჯამებელი დავალებების სავალდებულო მინიმალურ რაოდენობას. კერძოდ, შემაჯამებელი დავალება აფასებს ერთი სასწავლო მონაკვეთის კონკრეტული თემის, თავის ან პარაგრაფის ბოლოს საგნის სტანდარტით განსაზღვრულ მიღწეულ შედეგებს.

შემაჯამებელი დავალება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • შემაჯამებელი დავალებებიდან სემესტრში ერთი მაინც უნდა იყოს კომპლექსური ხასიათის და ის უნდა განხორციელდეს პროექტის სახით, რა დროსაც გამოყენებული იქნება სხვადასხვა აქტივობა (მაგ. გასვლითი სამუშაო, მონაცემების აღრიცხვა/დამუშავება, ინფორმაციის კვლევა/ძიება, ექსპერიმენტი, მოდელირება, ციფრული პროდუქტის შექმნა, პრეზენტაცია და აშ);
  • შემაჯამებელი დავალება უნდა მოიცავდეს სტანდარტით გათვალისწინებულ თითქმის ყველა შედეგს;
  • მითითებული უნდა იყოს საგნობრივი სტანდარტის ის შედეგები, რომელთა შეფასებას ემსახურება შემაჯამებელი დავალება;
  • შემაჯამებელი დავალების ფორმა კი უნდა იყოს მრავალგვარი.

სტანდარტის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად, აუცილებელია შემაჯამებელი დავალების შემდეგი ფორმების გამოყენება:

  1. ტესტური დავალება;
  2. თხზულება;
  3. მოხსენება;
  4. რეფერატი;
  5. პროექტი;
  6. 6. ლაბორატორიული კვლევა;
  7. 7. საველე-გასვლითი სამუშაო;
  8. მონაცემთა ბაზის შექმნა;
  9. კონკრეტული პრობლემის გადაჭრა და სხვა.

დღეისთვის ტესტური დავალებების უმეტესობა მოსწავლეებს ბეჭდური სახით ეძლევათ, სადაც ინდივიდუალურად მუშაობენ და ღებულობენ განმსაზღვრელ შეფასებას. ტესტური   დავალებები  თუ  ერთფეროვანია, ვერ აფასებს როგორც დაბალ, ასევე მაღალ სააზროვნო უნარებს. შესაბამისად, მოსწავლე ვერ საზღვრავს საკუთარ შედეგებს და უმეტესწილად არ აქვს მოტივაცია, მსგავსი ტიპის დავალებების შესასრულებლად. სასურველია შემაჯამებელი ტესტური დავალება იყოს მრავალფეროვანი: კითხვები ღია დაბოლოებით, არჩევითბოლოიანი პასუხები, შესაბამისობის დადგენა, გამოტოვებული სიტყვები, სქემები, ილუსტრაციები და სხვა.

სასწავლო პროცესში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, ხელს უწყობს საგნით გათვალისწინებული შედეგების მიღწევას და ციფრული წიგნიერების განვითარებას. მრავალფეროვანი დავალებები  კი მოსწავლეს საშუალებას აძლევს უკეთ გაიგოს და შეისწავლოს თემატური საკითხი.
ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე მინდა გაგიზიაროთ,  დღეისთვის ვირტუალურ სამყაროში ტესტირებისათვის  განსაზღვრული სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფა,  მაგალითად:

  • მაღალია მოტივაცია;
  • სწავლობენ ტექნოლოგიების ეფექტიანად და მიზნობრივად გამოყენებას;
  • ღრმავდება ცოდნა, უნარები და დამოკიდებულებები, რაც ხელს უწყობს მოსწავლის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას და ეროვნული სასწავლო გეგმით საგნისათვის გათვალისწინებული მიღწევების დადგენა/ შეფასებას.

 

 

ავტორი: სსიპ ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის ქ. წალენჯიხის N4 საჯარო სკოლის ისტ-ის პედაგოგი ხათუნა ჯალაღონია.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ესგ. თავიXLIIIსაგნობრივიპროგრამაინფორმაციულდასაკომუნიკაციოტექნოლოგიებში;
  2. www.google.com

 

 

 

 

 

მსოფლიო კულტურისა და რელიგიის შემეცნება და კრიტიკული გააზრება

0

საგანმანათლებლო პროცესში ყოველ დროსა და სივრცეში მნიშვნელოვანია კულტურისა და რელიგიის ღირებულებები და მათი თანაარსებობის საკითხი. კულტურა და რელიგია ადამიანის ყოფის განუყოფელი ნაწილია. ჩვენი ცოდნა, შეხედულებები, დამოკიდებულებები დიდწილად სწორედ მათით არის განპირობებული. ამ ორი დარგის პრიორიტეტები ხელოვნების მასწავლებელთა სასწავლო მიზნების გამჭოლი თემებია. ვინაიდან მოსწავლეები დაწყებითი საფეხურზევე ეცნობიან სხვადასხვა ქვეყნის რელიგიასა და კულტურას საგაკვეთილო ფორმატი კი ამ საკითხის სრულად ათვისების საშუალებას არ იძლევა. ამიტომ გადავწყვიტე დამეგეგმა და განმეხორციელებინა ისეთი აქტივობები, რომლებითაც მოსწავლეები არასაგაკვეთილო პროცესი ინტერესდებოდნენ, რაც მე, როგორც პედაგოგს მომცემდა საშუალებას, ხელი შემეწყო მოსწავლეებში მსოფლიო კულტურისა და რელიგიის შემეცნების, კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევის ჩამოყალიბებაში.  

ჩემი მიზანი იყო:

  •  გამეცნო მოსწავლეებისათვის კულტურისა და რელიგიის სხვადასხვა მიმდინარეობების დამოკიდებულება ხელოვნებასთან, რელიგიათაშორისი ურთიერთობები, რათა მოსწავლეებს შეძლებოდათ კულტურისა და მსოფლიოს რელიგიის შემეცნება და მისი კრიტიკული გააზრება;
  • ჩამომეყალიბებინა კულტურისა და რელიგიის მრავალფეროვნების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება, რადგან მრავალფეროვან გარემოში წარმატებული ორიენტაციისთვის აუცილებელია კომუნიკაციისა და ტოლერატობის უნარ-ჩვევების გამომუშავება.

მიზნის განსახორციელბელად საწყის ეტაპზე ჩავატარე კვლევა, რამდენად იცნობდნენ მოსწავლეები სხვადასხვა კულტურისა და რელიგიის ისტორიას, რამდენად აისახებოდა ის ხელოვნების სხვადასხვა დარგში, რა დამოკიდებულება ჰქონდათ მოსწავლეებს რელიგიათაშორის ურთიერთობებზე. კვლევის შედეგების შემდეგ გავაკეთე ანალიზი, სადაც გამოიკვეთა, რომ მოსწავლეები არ იცნობდნენ ან ნაწილობრივ იცნობდნენ სხვადასხვა რელიგიას და ამ საკითხზე საუბრები აუცილებელი იყო. ამისთვის დავგეგმე და განვახორციელე აქტივობები:

  • საკლასო მსჯელობა საკითხზე: გლობალური პრობლემების ერთობლივი გადაჭრისას რატომ უნდა გავითვალისწინოთ კულტურათაშორისი და რელიგიათაშორისი განსხვავებები?
  • მხატვრული ფილმების ჩვენება და ანალიზი. (დიდი ბრიტანეთისა და აშშ ერთობლივი მხატვრული ფილმი,, ბიჭი ზოლიან პიჟამაში“ – და რეჟისორ პაველ ლუგინის ფილმი ,,კუნძული“ . https://adjara.com/Movie/main?id=2394);
  • მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა თემაზე ,,რელიგია და კულტურა ხელოვნებაში’’;
  • საუბრები მოწვეულ სტუმრებთან თემაზე: ,,კულტურასა და რელიგიას შორის ურთიერთობა“;
  • დისკუსია თემაზე: არის თუ არა ადამიანის ურთიერთობის განმსაზღვრელი რელიგიური ნიშანი;
  • ხელოვნების მუზეუმში სასწავლო ექსკურსიის შემდეგ ცნობილ ექსპონატებზე მსჯელობა და დისკუსია თემაზე ,,ხელოვნების ნიმუში თუ წმინდა რელიქვია?!“

უნდა აღინიშნოს, რომ განხორციელებული აქტივობების შემდეგ მოსწავლეებს შეუძლიათ მსჯელობა რელიგიისა და კულტურათაშორის ურთიერთობაზე, მსჯელობენ მაგიისა და რელიგიის ურთიერთმიმართების საკითხზე. აკეთებენ დასკვენებს, რომ დღევანდელ გლობალურ მსოფლიოში მნიშვნელობა ენიჭება განსხვავებულ რელიგიათა თანაარსებობას, ტოლერანტობასა და ურთიერთგაგებას, რაც ხელს უწყობს დემოკრატიული პრინციპების დანერგვასა და შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარებას.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. რელიგიების ისტორია. თ თათარაშვილი
  2. ეროვნული სასწავლო გეგმა, საგნობრივი პროგრამა. ისტორია

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...