ოთხშაბათი, ივლისი 2, 2025
2 ივლისი, ოთხშაბათი, 2025

კოღოს მოგერიება – მეცნიერებითა და ტექნოლოგიური განათლებით

0

 

აზიაში ხელმოკლედ მცხოვრები ბავშვებიდან ცოტას თუ აქვს კრიტიკული აზროვნებისა და მეცნიერების შესწავლის საშუალება. ისინი გაჭირვებით ეუფლებიან ელემენტარულ წერა-კითხვას და არითმეტიკას. ფოტო: ADB

 

ცოტა ხნის წინ საცხოვრებლად ფილიპინებში გადმოვედი და იმ მრავალ ცხოვრებისეულ ცვლილებასთან ერთად, რასაც აქ გადავაწყდი,  იყო საკუთარი თავისთვის სისტემატური შეხსენება შვილებისთვის მწერებისგან და შესაბამისად, დენგეს ვირუსისგან დამცავი საშუალება წამესვა. დღემდე გულდასმით ვსწავლობ დენგესგან თავდაცვის გზებს და მეთოდებს, თუმცა რაც მეტს ვიკვლევ, მით მეტად მაშფოთებს ამ თემაზე ხალხში მოარული ცრურწმენისა და მცდარი ინფორმაციის არსებობა.

აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 22%-მა ვერ დაასახელა კოღოს წინააღმდეგ გამოსაყენებელი ვერც ერთი ეფექტიანი საშუალება, 82%-ს არასწორად ეგონა, რომ ადამიანს კოღოსგან ციტრონელა იცავს. სხვათა შორის, ციტრონელას გადამდები რეპელენტური ეფექტი აქვს და დაავადების ენდემურ ტერიტორიებზე მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის.

საინტერესოა, რა შედეგს აჩვენებს მსგავსი კვლევა ფილიპინებში, ერთი კი დანამდვილებით ვიცი, რომ აქაურ დახლებზე  კოღოს საწინააღმდეგო უამრავი საშუალება მინახავს, რომელიც არც ერთ ეფექტიან ნივთიერებას არ შეიცავს.

ცხადია, სინამდვილესა და ცრუ წარმოდგენებს შორის ასეთ დიდ სხვაობას იმიტომ არ ვაწყდებით, რომ ხალხი ბრიყვია. უბრალოდ, ადამიანების უმრავლესობისთვის არასდროს უსწავლებიათ  მეცნიერებაზე დაყრდნობით შედეგების  შეფასება.

ამ ტიპის კრიტიკული აზროვნება პირდაპირ კავშირშია სკოლაში მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის (მტიმ) სწავლებასთან. არადა  ხშირად ეს დისციპლინები მოსწავლეებისთვის (და მშობლებისთვის!) მოსაწყენ და დამთრგუნველ საგნებადაც კი ითვლება, რადგან ისინი შეკითხვების დასმასა და ჰიპოთეზების გამოცდაზეა აგებული. სინამდვილეში, ეს უნარები ყოველდღიურ ცხოვრებაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

აზიაში მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის განვითარებას კოორდინირებას სახელმწიფო უწევს.

კორეის რესპუბლიკის 2011-2015 წლების განათლების რეფორმა მტიხმ-ს (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, ხელოვნება და მათემატიკა) პრიორიტეტი იყო  „მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში მოეზიდათ ინტეგრირებული აზროვნების მქონე შემოქმედებითი ადამიანები.“

სინგაპურის ეროვნულ სასწავლო გეგმაში დიდი ადგილი ეთმობა „21-ე საუკუნის უნარების“ განვითარებას, როგორიცაა კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, კომუნიკაცია, თანამშრომლობა და ინფორმაციის გავრცელება. ეს უნარები  მტიმზე დაფუძნებული სწავლებისას განსაკუთრებით ვითარდება.

ტაილანდში სპეციალურად შედგენილი  განათლების პროგრამა მტიმ პირველია აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში, რომელიც მეცნიერებაში, ტექნოლოგიაში, საინჟინრო მეცნიერებასა და მათემატიკაში გენდერული ბალანსის შექმნას ისახავს მიზნად.

მეცნიერულ  აზროვნებას ბევრი დადებითი აქვს. ადამიანებს, რომელთაც მიმდინარე მოვლენებში გათვითცნობიერება სურთ, ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება და ნამდვილის გამონაგონისგან გარჩევა უნდა შეეძლოთ. ამ პრივილეგიით მხოლოდ ცალკეული ადამიანები არ სარგებლობენ. სამეცნიერო განათლების მქონე  ადამიანებს მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება შეუძლიათ ქვეყნის ეკონომიკაში. არსებობს მყარი მტკიცებულება იმისა, რომ ცოდნისა და ტექნოლოგიის ათვისება და გამოყენება საზოგადოებრივი და ეკონომიკური ზრდის მთავარი მაჩვენებელია.

კრიტიკული აზროვნების უნარებს, რომელთა განვითარებას მტიმ განათლება უწყობს ხელს, სიკეთე მოაქვს საზოგადოებისთვის. ბავშვები, რომლებიც კრიტიკულად აზროვნებენ, ზრდასრულ ასაკში მეცნიერულად განიხილავენ მათ წინაშე არსებულ ინფორმაციას გარემოსდაცვით პრობლემებზე, განათლების სისტემაზე, პოლიტიკასა და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გვესმის აზიაში განათლების სისტემის  შესახებ წარმატებული ისტორიები, სამწუხაროდ, რეგიონში მცხოვრები მილიონობით ბავშვი სკოლაში თითქმის ვერაფერს სწავლობს. 2017 წლის მსოფლიო განვითარების ანგარიშის მიხედვით ნეპალში მეორე კლასელების თითქმის 40% წერა კიტხვის უცოდინარია. ინდოეთის სოფლებში ეს რიცხვი 80%-ს აჭარბებს, ხოლო პაკისტანის სოფლებში მცხოვრები მესამეკლასელების 60% არასწორად იყვანს მაგალითს: 54-25. მომავალში ეს „სასწავლო კრიზისი“ ქვეყნებს სიღარიბიდან თავის დაღწევას გაურთულებს.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ როგორ ვასწავლით მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიას და მათემატიკას უფრო განვითარებულ ქვეყნებში, არამედ ისიც, თუ როგორ დავამკვიდროთ ეს ეფექტური პედაგოგიური მეთოდები ამ მხრივ ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში.

დასაწყისისთვის შეგვიძლია ვცადოთ მასწავლებლების წახალისება და ჩართვა სიცოცხლის ბოლომდე მსწავლელთა სისტემაში; ასევე თუ მასწავლებლებში სწავლის სიყვარულს გავზრდით, ეს მოსწავლეებსაც გადაეცემა. უგანდაში ხორციელდება პროექტი, რომელიც მასწავლებლების უნარების გაუმჯობესებას სწავლისა და სამეცნიერო კვლევისადმი სიყვარულის ჩანერგვით ახდენს. ასეთი მიდგომა მასწავლებლების დასაქმებისა და წვრთნის ეტაპზეა შესაძლებელი.

შეგვიძლია მეტად ინტერაქტიული გავხადოთ საკლასო ოთახი – მასწავლებლებმა შეამოწმონ, როგორ ითვისებენ მოსწავლეები მიწოდებულ მასალას და სტუდენტებს მეტი შეკითხვის დასმისკენ უბიძგონ. ზოგიერთ აზიურ ქვეყანაში საკლასო ოთახში პრობლემების გადაჭრაზე მუშაობამ ბრწყინვალე შედეგები გვაჩვენა და ცხადი გახადა, რომ კითხვების დასმასა და პრობლემების გადაჭრაში არაფერია „არა-აზიური“ და არატრადიციული. თუმცა შედარებით ღარიბი აზიური ქვეყნების სკოლებში სწავლების მეთოდიკის  ჩატარებული კვლევა გვაჩვენებს, რომ ის კვლავინდებურად  მასწავლებლის უწყვეტ თხრობასა და გაზეპირებაზეა დაფუძნებულია. მხოლოდ ამ მიდგომის შეცვლით გახდება შესაძლებელი 21-ე საუკუნის უნარების განვითარება, რაც მოზარდებს რაც დრო გავა, მით მეტად დაჭირდებათ.

კვლევებით დადასტურებულია, რომ საჭირო არ არის სასკოლო სისტემაში  მაინც და მაინც არჩევანი გაკეთდეს ელემენტარული უნარებისა (როგორიცაა წერა-კითხვა და ანგარიში) და 21-ე საუკუნის უნარების (როგორიცაა პრობლემათა გადაჭრა და კრიტიკული აზროვნება) სწავლებას შორის. ისინი თანაბრად მნიშვნელოვანია. ელემენტარული ცოდნა ადამიანს 21-ე საუკუნის უნარების ათვისებაში ეხმარება, ხოლო 21-ე საუკუნის უნარები – ელემენტარული ცოდნის განვითარებაში. ამგვარად, როცა მეცნიერულად მოაზროვნე ისეთი მომავალი თაობის აღზრდა გვსურს, რომელიც სოციალური და ეკონომიკური განვითარების წამყვან ძალად იქცევა (და კოღოს საწინააღმდეგო ეფექტიან საშუალებასაც აარჩევს!), იმავდროულად უნდა ვიფიქროთ გამოცდილების გაზიარებაზე იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც ჰაერივით სჭირდებათ განათლების სისტემის განახლება და ბავშვებში სწავლის სიყვარულის ჩანერგვა.

 

კირსტი ნიუმანი, განათლების უფროსი სპეციალისტი, აზიის განვითარების ბანკი

 

 

 

საროს მეგალითები – უნიკალური კულტურულ-საგანმანათლებლო ტურისტული რესურსი

0

„ექსკურსია“ ჯადოსნური სიტყვაა და გართობასთან ერთად შემეცნებასაც გულისხმობს. განსაკუთრებით მაშინ, თუ ჭკვიანურად დაგეგმავ, თუ კარგად იცი, სად მიდიხარ, რატომ და როგორ გაატარებ დროს, რომელიც ამ ჯადოსნურ ამბავს დაუთმე.

საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ექსკურსია ნებისმიერ სეზონზე, ნებისმიერ მხარეში, დაბასა თუ ქალაქში, მთასა თუ კონცხზე შეგიძლია მოაწყო. თანაც ახლა, როცა ზაფხულია და თავგადასავლები გვიხმობს.

ჰოდა, ერთ რჩევას მოგცემთ და ისეთ ადგილს მიგასწავლით, რომელზეც თუ აქამდე არ გიფიქრიათ, თქვენი ინტერესების დავთარში ახლა მაინც უნდა შეიტანოთ:

აუცილებლად ესტუმრეთ მესხეთში, ასპინძის რაიონში, სოფელ საროს. ეს სოფელი ზღვის დონიდან 1480 მეტრზე, თბილისიდან დაახლოებით 250 კმ-ზე მდებარეობს. გზად სამცხის მარგალიტები შემოგხვდებათ, შეგიძლიათ, მანამდე ან მერე (თუღა დაგრჩებათ დრო) ისინიც მოინახულოთ, მაგრამ სარო თქვენი მოგზაურობის ეპიცენტრად აქციეთ და გვერდი არ აუაროთ!

რატომ?

მთავრით დავიწყებ და ისტორიკოსებს, არქეოლოგებს, ხელოვნებათმცოდნეებს დავიმოწმებ: სარო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილია ჩვენს ქვეყანაში, რადგან აქ არის ის, რაც ჩვენს არსებობას, ჩვენს კულტურულ ყოფას მრავალი ათასი წლით ათარიღებს.

გაგიგონიათ რამე მეგალითების შესახებ? ეს არის უზარმაზარი, დაუმუშავებელი თუ დამუშავებული ლოდებისგან შექმნილი სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები და ნაგებობათა კომპლექსები: დოლმენები, მენჰირები, კრომლეჰები და სხვა, – რომლებიც კონკრეტულ ადგილას უძველესი ცივილიზაციების არსებობას მოწმობს. ასეთი არქიტექტურული ძეგლები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაშია, უმთავრესად – ზღვისპირეთში. მათი დანიშნულება ყოველთვის აშკარა არ არის – ისინი სხვადასხვა ფუნქციას ითავსებდნენ: ხან სამარხებისას, ხან საკულტოს, ხან კი საყოფაცხოვრებოს. მეგალითური კულტურის ნიმუშები გვხვდება კავკასიაშიც, მათ შორის – საქართველოს სამხრეთში, ქვემო ქართლსა და აფხაზეთში.

სარო სწორედ მეგალითების სამფლობელოა. მეგალითები ამ სოფლის ბეჭედია. მეცნიერება დღემდე თავს იმტვრევს, ვისმა ხელებმა, ვისმა ვნებამ აღმართა ეს ვეებერთელა კომპლექსები, ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც უძველეს დროში, ყოველგვარი ტექნიკის დაუხმარებლად, შეძლეს და ლამის ქოხისოდენა ლოდებისგან ეს ძეგლები ააგეს.

მეგალითებს ძველად გმირთ ნაკვეთებს, დევთა ნასახლარებს და ქვაკაცებსაც უწოდებდნენ. ზუსტად შერჩეული სახელებია – პირველი სწორედ დევები და გოლიათები მოგაგონდება მათ შემხედვარეს.

საროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ცხადყოფს, რომ სოფელი და მისი შემოგარენი ადრეული ხანიდანვე აქტიურად უნდა ყოფილიყო ჩართული იმ კულტურულ-ეკონომიკურ ურთიერთობებში, რომლებიც სამცხე-ჯავახეთში იყო განვითარებული ჯერ კიდევ ძვ. წ. აღ-ის II ათასწლეულის შუა ხანებიდან ელინისტური და ფეოდალური პერიოდის ჩათვლით.

საროს მეგალითების კომპლექსს ციხესიმაგრეებსაც უწოდებენ და სამად ყოფენ: ქვეუბნის ციხედ, რომელიც სოფლის ბოლოს, დასავლეთით (ქვეუბანი) მდებარეობს, ზედა ანუ საყდრის ციხედ, რომელიც მთავარანგელოზის ეკლესიის სიახლოვესაა და ახალ ციხედ, რომელიც საყდრის ციხის ჩრდილო-დასავლეთით აღმართულ კოშკს წარმოადგენს.

სოფელ საროს შემოგარენში არსებული ისტორიული მნიშვნელობის ძეგლები (სამარხ-სამაროვნები, ციხესიმაგრეები, უძველეს საცხოვრებელთა ნაშთები, საკულტო სალოცავები და ა.შ.) დასტურია იმისა, რომ ბრინჯაოს ხანის საწყის პერიოდში ისტორიულ ჯავახეთში, კერძოდ, ჯავახეთის ზეგანის ქვედა პლატოზე (სარო-ხიზაბავრის მიდამოები), ინტენსიური ცხოვრება ყოფილა. შეიძლება ითქვას, რომ აქ ცხოვრება არ ჩამქრალა სულ ცოტა ძვ. წ. III ათასწლეულიდან დღემდე.

ქვედაციხე კლდეზეა (ქარაფზე) აგებული. ნაგებობას საკმაოდ დიდი ფართობი უკავია. კედლის წყობაში გამოყენებულია შერჩეული და დამუშავებული დიდი ზომის (დაახ. 1,0-1,5 მ სიგრძისა და 0.8-1,0 მ სიმაღლის) ბაზალტის თლილი ქვები. კედლის შუა ნაწილი, ქვებს შორის, ქვების წვრილი ნატეხებით, ე.წ. ხურდითაა შევსებული. კედლები მშრალი წყობითაა ნაგები (რაც მეგალითური კულტურისთვისაა დამახასიათებელი). განსაკუთრებით საყურადღებოა შესასვლელი კარის კონსტრუქციები, რომლებშიც გამოყენებულია დამუშავებული უზარმაზარი ქვის ლოდები.

ციხის გალავნის კედლები კლდის მასივზე, როგორც ჩანს, საძირკვლის გარეშეა აგებული, ეს კი მკვლევარებს აფიქრებინებს, რომ კედლები მაინცდამაინც მაღალი არ უნდა ყოფილიყო. დღეისთვის 2,5-3 მეტრამდე სიმაღლის ნაშთებია შემორჩენილი. გალავნის კედლების სისქე 2,4 მეტრია.

XX საუკუნის ბოლოს ქვეუბნის ციხის ტერიტორიაზე ჩატარებული დაზვერვითი არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად აღმოაჩინეს საკმაოდ დიდი ფართობის დარბაზი, ოროთახიანი ნაგებობა, დარანები და ხაროები (ხორბლის შესანახი ორმოები), ძვ. წ. აღ-ის XV-XIV საუკუნეების ელინისტური ხანის სამაროვანი.

ზემო, ანუ საყდრის ციხე უზარმაზარი ლოდებისგანაა ნაშენი. მის პირდაპირ კი მთავარანგელოზის სახელობის დედათა მონასტერია – საროს მთელი კომპლექსის მშვენება.

სოფლის განაპირას, დასავლეთით, სამცხის ქვაბულის სამხრეთით, წამოზრდილ გორაკზე, შემორჩენილია ციხის ნანგრევები, რომლებსაც მოსახლეობა „კოშკის“ სახელით მოიხსენიებს. კოშკი სამი მხრიდან (ჩრდილოეთი, სამხრეთ-დასავლეთი) მიუვალია, მხოლოდ აღმოსავლეთის მხრიდან აქვს მისასვლელი. სოფლის ამ უბანში, კოშკის ციხის სიახლოვეს, დღესაც ნახავთ მოზრდილი ქვებით მშრალად (კირხსნარის გარეშე) ნაგები უძველესი საცხოვრისების ნაშთებს.

მიუხედავად იმისა, რომ თითქოს განვმარტეთ თითოეული ციხის პირვანდელი დანიშნულება და თეორიული აზრის გამოთქმაც შეგვიძლია, მაინც ძალიან ჭირს დაბეჯითებით იმის მტკიცება, რასთან, რა ტიპის კომპლექსთან გვაქვს საქმე, რა ფუნქციებს ითავსებდა უმთავრესად ეს ძეგლები – საყოფაცხოვრებოს, საკულტოს, სამარხისას თუ თავდაცვითს? რატომ არის, რომ ამ უზარმაზარ ლოდებს დღემდე ისეთი ენერგეტიკა აქვს, რომ დიდხანს ამაოდ ვცდილობდით გარემოს გადასაღებად დრონის გაშვებას – მაგნიტურ ტალღებს უახლესი აპარატურაც კი ვერ ერეოდა და მხოლოდ კომპლექსისგან მოშორებით შევძელით საფრენი კამერის ჩართვა? ემოცია კი, რომელიც ამ თავგადასავალს ახლდა, დღემდე გაუნელებლად მომყვება და ყველაზე გაბედული გადაწყვეტილებების მიღებისას მახსენებს თავს – მხნეობას მმატებს და ცნობიერების სპირალურ სიხშირეზე მრთავს. ამ ნაკადს ნებისმიერი უფსკრულიდან შეგიძლია ამოჰყვე, სწორედ ისე, როგორც მეგალითების ქარაფებში ხეობის ფსკერიდან ამოფრინდა არწივი. ეს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სცენა იყო, რაც კი ოდესმე მინახავს და რომელიც კი ბუნებას შეუძლია გაითამაშოს – მუქი წაბლისფერი დედა არწივი ორ მართვესთან ერთად სწორუპოვარი სიმშვიდით, ფრთააუქნევლად მოჰყვებოდა სივრცის სპირალს, ნება-ნება კრავდა კამარას, ჯერ – პატარას, მერე – უფრო ვრცელს, ბოლოს მთელ ხეობას ასე, გაშლილი და გაურხეველი ფრთებით შემოუარა და ამოვიდა, ამოანათა, შეერია ცის ტალღებს.

მონასტრის მორჩილმა გვითხრა, რომ ეს მათი მეგობარი არწივი იყო, სამი მართვე ჰყავდა. მღვიმეებიც გვაჩვენა, სადაც დედას მართვეები დაებინავებინა. ამ სცენის ნახვა ალბათ ყველას შეუძლია, ვინც საროში მოგზაურობას გადაწყვეტს.

და კიდევ _ არ გამოგრჩეთ მესხური დარბაზის, ყოფითი კულტურის ამ უნიკალური ძეგლის ნახვა. ისიც ციხესიმაგრეების კომპლექსის განაპირასაა, ასპანიძეების საგვარეულო დარბაზი, ულამაზესი ხის თაღით, დედაბოძით, საცხობებით.

სარო ისტორიაა და, როგორც ბევრი რამ ჩვენს ქვეყანაში, ისიც ბოლომდე შეუსწავლელი, აუთვისებელი, მოუვლელი. უამრავი აქტივობა შეიძლება მოიფიქროს კაცმა, რათა აითვისოს მისი პოტენციალი, იკვლიოს და გააზიაროს აღმოჩენის, შემეცნების სიხარული.

მანამდე კი უბრალოდ მოინახულეთ ის. ამბობენ, რამდენი თვალიც შეხედავს, იმდენი საიდუმლო აქვსო.

საიდუმლოები კი, საბედნიეროდ, ისევ იზიდავს ადამიანებს.

ვინ ვარ მე – კარგი მასწავლებელი

0

მშობლებს უნდათ, რომ მათ შვილებს კარგი მასწავლებლები ასწავლიდნენ. მაგრამ ვინ არის კარგი მასწავლებელი? ის, ვინც სწავლების თანამედროვე მეთოდებს იყენებს, ვისაც ეხერხება მოსწავლეთა შინაგანი მოტივაციის ამაღლება, მათი სააზროვნო უნარების განვითარება თუ ორიგინალური საშინაო დავალებების მიცემა? ანდა მე, მასწავლებელს, რა შემიძლია, რა ცოდნისა და უნარ-თვისებების მატარებელი ვარ? საკუთარ თავს ამ კითხვებს არა მხოლოდ ახალბედა, არამედ გამოცდილი მასწავლებელიც უნდა უსვამდეს.

 

ჩვენს რეალობაში რთულია იყო კარგი მასწავლებელი. ამისთვის შენი საქმე, რომელსაც ყოველდღიურად არცთუ მარტივ პირობებში ეჭიდები, უპირობოდ უნდა გიყვარდეს. თანაც მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო პროფესიაა – ის ირიბად გავალდებულებს, იყო ავტორიტეტული და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პიროვნება. მასწავლებელს თითქოს მეტი მოეთხოვება, თუნდაც არასასკოლო საკითხებთან მიმართებით. მისი ყოველი სიტყვა ორმაგად საპასუხისმგებლო ჭრილში განიხილება.

მასწავლებლობა ბუნებრივად ასოცირდება გონიერებასთან, ინტელექტთან, თავისუფალ აზროვნებასთან, სწორ გადაწყვეტილებებთან. ალბათ ამიტომ მასწავლებლის შეცდომას საზოგადოება ხშირად ძალიან მტკივნეულად აღიქვამს.

 

„ვარ თუ არა კარგი მასწავლებელი? ყველაფერი ისე გამომდის, როგორც საჭიროა? ნამდვილად ის პროფესიაა მასწავლებლობა, სადაც საკუთარი თავის რეალიზებას შევძლებ?“ – ეს კითხვები დროდადრო ყველა პედაგოგს უჩნდება და უკლებლივ ყველას სურს, იყოს თანამედროვე მასწავლებელი, თავის საგანს აყვარებდეს მოსწავლეებს, თვითონაც უყვარდეს ბავშვებს, იმსახურებდეს კოლეგებისა და მშობლების გულწრფელ პატივისცემას.

მასწავლებელი მუდამ დგას უამრავი პროფესიული გამოწვევის წინაშე. ის მოთმინებით ეგუება შეზღუდვებს. ავტორიტეტული პროფესიული სტატუსის გამო ხშირად თავშეკავებას იჩენს ბევრ ყოფით საკითხში. მასწავლებლის გარდერობიც კი სპეციფიკურია. მასწავლებელი იშვიათად დადის კლუბებში, სოციალურ ქსელში კი სიფრთხილით დებს პოსტებს. რასაკვირველია, ამგვარი „მასწავლებლური“ ცხოვრება საბჭოთა გადმონაშთია. 40 წელს გადაცილებულ სკოლის მასწავლებლებს დღესაც ვიცნობთ საუბრისა და ჩაცმის თავშეკავებული მანერით. ცხადია, ეს ყველა მასწავლებელს სულაც არ ეხება, თუმცა ჩვენი მეხსიერება ჯერ კიდევ ცოცხლად ინახავს მითიურ წარმოდგენებს იმაზე, რომ „მასწავლებელი საპირფარეშოში არ დადის“.

 

დროსთან ერთად იცვლება სასკოლო განათლების სისტემაც და მასწავლებელიც. იცვლება კარგი მასწავლებლის პირობითი განმარტებაც. უპირველეს ყოვლისა, კარგ მასწავლებელს შეუძლია მოსწავლის სწავლით დაინტერესება და იმ საოცარ კონდიციამდე მიყვანა, როდესაც მოსწავლეს სწავლა გაიტაცებს. ტექნოლოგიების განვითარების უსწრაფეს საუკუნეში ეს მართლაც რთული ამოცანაა. თანამედროვე მოსწავლე, რომელიც ფლობს ინფორმაციის მოძიების ლამის თანდაყოლილ უნარს, თავად არის დიდი გამოწვევა მასწავლებლისთვის.

მასწავლებელმა მოსწავლე არა მხოლოდ ცოდნით, არამედ პიროვნული უნარ-თვისებებითაც უნდა მოხიბლოს. ხშირად სწორედ მასწავლებლის ადამიანურობა, მისი სწორი ღირებულებები იზიდავს მოსწავლეებს, აყვარებს რთულ საგანს. მასწავლებელი მოსწავლეებისთვის სანდო და საიმედო საყრდენი ხდება. მცოდნე, თავადაც აქტიურ, განვითარებისკენ მსწრაფ მასწავლებელს, რომელსაც ძალადობრივი სასწავლო მიდგომები არ ახასიათებს, შეუძლია სასარგებლო და კრეატიული გაკვეთილის ჩატარება. სკოლის მასწავლებელი საგნის თეორიული და პრაქტიკული ნაწილის მცოდნე და, რაც მთავარია, მისი უბადლო „გადამცემი ხაზი“ უნდა იყოს.

 

კარგი მასწავლებლის კრიტერიუმები ალბათ ნაკლებად სადავოა. დაფრთიანებულ, ზრდასრულ ყოფილ მოსწავლეს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ახსოვს კარგი მასწავლებელი, ღიმილით და მადლიერებით იგონებს მას. კარგი მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილი, მისი თუნდაც მხოლოდ ხმა, კლასთან ურთიერთობის მეთოდები, მისი სითბო და ყურადღება, გარეგნობა და ჩაცმის სტილიც კი ყოფილ მოსწავლეს არ ავიწყდება.

 

დღეს კიდევ ერთხელ შევახსენოთ თავს, რას ვგულისხმობთ კარგ მასწავლებელზე საუბრისას, როგორია კრიტერიუმების ჩამონათვალი, რა მოგვეთხოვება იმისთვის, რომ სიმორცხვის გარეშე ვთქვათ: „დიახ, მე კარგი მასწავლებელი ვარ“.

 

კარგი მასწავლებელი კრეატიულია. კრეატიულობას უამრავი განმარტება აქვს, მაგრამ ყველა მათგანი გულისხმობს შაბლონური, სტერეოტიპული აზროვნების წინააღმდეგ გალაშქრებას, საინტერესოს, ახლის შექმნის, ბანალურობისთვის გვერდის ავლის უნარს, ორიგინალური გადაწყვეტილებებისა და იდეების გენერირებას. მასწავლებლის სამუშაო არეალიც სავსეა შემოქმედებითი ამოცანებით, რომლებსაც თვითონვე ისახავს. კარგი მასწავლებელი თავად იგონებს გაკვეთილებს, სავარჯიშოებს, პროექტებს, რადგან ამოცანებისა და სხვადასხვა ფორმულირების არაორიგინალურობა ინტერნეტის საუკუნეში ისედაც წარმოშობს პლაგიატის შემთხვევებს.

 

მასწავლებელი თანამედროვე სკოლაში, მისი გამოწვევებითა და გარე ზეწოლებით, ჰგავს ასტრონავტს, რომლის ხომალდიც გაურკვეველი მიმართულებით მიქრის და იმისთვის, რომ გადარჩე, სწრაფად უნდა გადაწყვიტო, რომელ ღილაკს დააჭერ: „შემოქმედებითობას“ თუ „კონტროლის გაძლიერებას“. სწორედ შენ წყვეტ, რა იქნება სკოლა ბავშვისთვის: ციხე თუ თავისუფალი, სიცოცხლისთვის საჭირო ჟანგბადით სავსე სივრცე.

კარგმა მასწავლებელმა იცის, რომ ის ყოველთვის არ არის სწორი, მაგრამ მას შეუძლია საკუთარი წარუმატებლობის პოზიტიურ გამოცდილებად განხილვა. იმისთვის, რომ მასწავლებელმა მოსწავლეს გაუგოს, არა მხოლოდ უნდა იცოდეს, არამედ გრძნობდეს კიდეც მის საჭიროებებს, საკუთარი თავთან ჰარმონიაში უნდა იყოს. სკოლის ჯანსაღი ატმოსფეროსთვის აუცილებელია მისი უზრუნველყოფა პროფესიონალი ფსიქოლოგებით, რომლებიც პრობლემების გადაჭრაში დაეხმარებიან არა მხოლოდ ბავშვებს, მასწავლებლებსაც.

კარგი მასწავლებელი მახვილგონიერია. კარგ მასწავლებელს კარგი იუმორის გრძნობა აქვს, იცის, როგორ იხალისოს მოსწავლეებთან ერთად, თავს უფლებას აძლევს, იყოს თვითირონიულიც. ხუმრობა, სიცილი დიდი ძალაა, ემოციური განტვირთვის საშუალებაც, ნდობით აღსავსე ურთიერთობების მაჩვენებელიც, პედაგოგიური პათოსისგან გათავისუფლების გზაც.

კარგი მასწავლებელი ემპათიურია. კარგმა მასწავლებელმა ზუსტად უნდა იგრძნოს, როდის განიცდის მოსწავლე დაბალი ქულის მიღებას. მას არ გამოეპარება არაფერი, რაც მოსწავლისადმი დამატებით ყურადღებას მოითხოვს. კარგი მასწავლებელი არასოდეს გამოიყვანს სოციოფობ მოსწავლეს დაფასთან, არ მოსთხოვს ხმამაღალ პასუხს სუსტხმიან ბავშვს, დინჯს არ აიძულებს აჩქარებას და სხვა. ბავშვებსაც, ზრდასრულთა მსგავსად, აქვთ რთული დღეები, მათაც უყვარდებათ, ისინიც განიცდიან ახლობლების სიკვდილს. ზოგჯერ მოსწავლეებს მასწავლებლისგან ცოდნაზე მეტად თანაგრძნობა სჭირდებათ – Wikipedia-ში მას ნამდვილად ვერ იპოვიან.

კარგ მასწავლებელს სკოლის გარეთ საინტერესო ცხოვრება აქვს (არ ვგულისხმობთ რეპეტიტორობას), აქვს გატაცება, ჰობი.

კარგი მასწავლებელი აქტიურია, „ცოცხალი“, არა იმ გაგებით, რომ სკოლაში დიდ დატვირთვას უძლებს. ახალი თემის ახსნის დროს მან შეიძლება შეცდომა დაუშვას, გაცხარდეს და აწყენინოს მოსწავლეს, ხმას აუწიოს. ცოცხალ ადამიანს აქვს შეცდომის, სისუსტის და დაღლილობის, ემოციური რეაქციის უფლება, მაგრამ კარგ პედაგოგს ამის აღიარება და ბოდიშის მოხდაც შეუძლია.

კიდევ ერთი საინტერესო ვებგვერდი მასწავლებლებისთვის და არამარტო

0

ერთ-ერთ ტრენინგზე (რომელიც არ ეხებოდა სკოლას) ტრენერმა გვთხოვა, მოგვემარჯვებინა ტელეფონები და ეკრანზე მითითებულ საიტზე შევსულვიყავით. მსმენელებმა დიდი ენთუზიაზმით შევასრულეთ რამდენიმე დავალება. მაშინ პირველად გავიგე menti.com-ის შესახებ. ნებისმიერ ტრენინგს, რომელიც განათლებასთან პირდაპირ კავშირში არ არის, მე მაინც მასწავლებლის თვალით ვუყურებ. ვფიქრობ, რომ შესაძლებელია სხვა სფეროდან საინტერესო მომენტების დაჭერა და სასკოლო სივრცისთვის მორგება.

განათლების სისტემაში თანდათან იზრდება ტექნოლოგიების ხვედრითი წილი. საგაკვეთილო პროცესში სიახლეების დანერგვისა და მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდისათვის მასწავლებლებს საინტერესო ვებგვერდების აქტიურად მოძიება, გამოყენება და მოსწავლეებამდე მიტანა გვიწევს.

არსებობს უამრავი ვებგვერდი, სადაც შესაძლებელია ონლაინტესტირების ან გამოკითხვის ჩატარება. მათგან ყველაზე გავრცელებულია kahoot, რომელსაც მეც აქტიურად ვიყენებ. სახლში დაბრუნების შემდეგ გადავწყვიტე გულმოდგინედ შემესწავლა ment.com-ის პლატფორმა. აღმოვაჩინე, რომ მისი გამოყენება სავსებით შესაძლებელია სასკოლო სივრცეშიც. მეტიც სხვა ვებგვერდებისაგან განსხვავებით მას დამატებითი შესაძლებლობებიც აქვს.

რა უპირატესობა აქვს menti.com-ს?

  • მისი გამოყენება შეიძლება გაკვეთილის ნებისმიერ ფაზაზე;
  • შესაძლებელია, როგორც დახურული, ასევე ღია შეკითხვების დასმა;
  • მოსწავლეებს შეუძლიათ ერთი სიტყვით შეაფასონ გაკვეთილი ან კონკრეტული აქტივობა;
  • მრავალფეროვანია კითხვის ტიპები (სქემები, დიაგრამები)…

მასწავლებლები მოსწავლეთა დაბალ მოტივაციაზე საუბრობენ სოციალური ქსელების დახურულ თუ ღია ჯგუფებში, პირადი საუბრების დროს. Menti-com-ის საშუალებით, მინიმალური ტექნიკური რესურსის პირობებში შესაძლებელია გაკვეთილი საინტერესო და შემოქმედებით პროცესად ვაქციოთ.

ჯგუფური დავალების შესრულებისას საიტის გამოსაყენებლად საჭიროა ინტერნეტთან მიერთებული რამდენიმე კომპიუტერი/ლეპტოპი ან მობილური ტელეფონი. ამ შემთხვევაში ყველაფერი მასწავლებლის მოხერხებულობაზეა დამოკიდებული. პედაგოგს ასევე საშუალება აქვს მონიტორზე დააკვირდეს, რამდენად არიან დაინტერესებული და ჩართული მოსწავლეები. ამას ადვილად მივხვდებით მათ მიერ დასმული შეკითხვებით, გაცემული პასუხებით, წამოჭრილი იდეებითა და პრობლემის მოგვარების შესაძლო გზებით. რაც მთავარია, ეს ყველაფერი არის ღია და დანარჩენი მოსწავლეებიც ხედავენ თანაკლასელების შედეგებს.

ჩემი მოსწავლეები დიდი ხალისით ასრულებენ დავალებებს. განსაკუთრებით მოსწონთ ღია შეკითხვები, ასევე ნებისმიერი აქტივობა, სადაც მათ მოსაზრების დაუბრკოლებლად დაფიქსირების საშუალება ეძლევათ.

როგორ დავრეგისტრირდეთ საიტზე?

  • საძიებო ველში გავხსნათ ბმული: https://www.mentimeter.com/signup.
  • გავიაროთ რეგისტრაცია ფეისბუქის, google მომხმარებლის საშუალებით ან შევქმნათ ახალი მომხმარებელი.
  • ავირჩიოთ ჯერ Education, შემდეგ ჩამონათვალში Teacher და ბოლოს დავაკლიკოთ დაწყებას (Get started!);

  • ამ ეტაპის გავლის შემდეგ უკვე შეგიძლიათ შექმნათ ახალი პრეზენტაცია/ტესტირება.

  • როგორც ზემოთ ვახსენე, ამ საიტის უპირატესობა ის გახლავთ, რომ ის გვთავაზობს კითხვების რამდენიმე ტიპს. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ დახურული ტიპის შეკითხვა რამდენიმე შესაძლო პასუხით, ფოტოშეკითხვა, სიტყვათა ღრუბელი, ღია დაბოლოებიანი და ა.შ.

  • როგორ გავუზიაროთ მოსწავლეებს ჩვენ მიერ შექმნილი ტესტები? საიტი ყოველ ახალ გამოკითხვაზე ანიჭებს სპეციალურ კოდს. სწორედ ამ კოდის საშუალებით ეძლევათ მათ ტესტირებაზე დაშვების უფლება.

 

  • შეგიძლიათ მიღებული შედეგების ექსპორტი და კომპიუტერში შენახვა სასურველი ფორმით.

 

შედეგად ვიღებთ საინტერესო გაკვეთილს, რაც გამოიხატება მოსწავლეთა უკუკავშირში.

 

 

დარწმუნებული ვარ სტატიის წაკითხვის შემდეგ თქვენც დაინტერესდებით ვებგვერდით და ახლავე დაიწყებთ ახალი სასწავლო წლისთვის მზადებას.

 

 

ერთი სასწავლო პროექტის გამოცდილებიდან („მოგზაურობა“ ოკეანეთში)

0

სამი წლის წინ თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში გვეწვია მასწავლებლის სახლის არაჩვეულებრივი ტრენერი ნინო მარღიშვილი ისტ-ის ტრენინგმოდულით „პროექტებით სწავლება“, რომელმაც ბევრი რამ მომცა და სასწავლო პროცესის ბევრ სიახლეზე დამაფიქრა.

ცოდვა გამხელილი ჯობია და მანამდე პროექტებით სწავლების მნიშვნელობაზე ასეთი წარმოდგენა არ მქონია. ვინაიდან ეს დაუღლელი და პოზიტიური ენერგიით სავსე ტრენერები სულ ფუსფუსებენ და სკოლიდან სკოლაში გადადიან სამუშაოდ, დედაქალაქსა თუ რეგიონებში ალბათ უამრავ ჩემს კოლეგას აქვს გავლილი ეს კურსი, ხოლო ვისაც არ აქვს, ვურჩევ, აუცილებლად გაიაროს. ტრენინგი „ინტელის“ მიერ არის მომზადებული. ინტერნეტქსელში ასევე ნახავთ მის მიერ შექმნილ სახელმძღვანელოს (იხ. ბმული: https://www.tpdc.ge/essentials/), რომელიც არაჩვეულებრივი რესურსია მასწავლებლისთვის პროექტებით სწავლების ყველა სეგმენტის გასაცნობად, უამრავ იდეას შთააგონებს ადამიანს და დამოუკიდებლად, ტრენერის დაუხმარებლადაც, ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევს ახალ-ახალი პროექტების დაგეგმვასა და ხორცშესხმაში.

თანამედროვე მასწავლებლის მთავარი გამოწვევა გაკვეთილის და, საზოგადოდ, სასწავლო პროცესის დაგეგმვაა და ამ გზაზე პროექტებით სწავლება ის „საიდუმლო იარაღია“, რომელიც მოსწავლეთა დაინტერესებაში, მოტივაციის ამაღლებაში, გააქტიურებაში გვეხმარება, ამიტომ, ვფიქრობ, სასწავლო წლის  განმავლობაში მასწავლებელმა თითოეულ კლასში სემესტრში ორი მნიშვნელოვანი პროექტი მაინც უნდა დაგეგმოს მოსწავლეებთან ერთად. ეს იწვევს დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეთა გააქტიურებას, კლასის ორგანიზებულ მუშაობას, არაჩვეულებრივი პროდუქტების შექმნას, გარანტიაა ხალისიანი და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესისა. ხელი ეწყობა შემოქმედებით აზროვნებას, ძიებას, აღმოჩენებს, დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის ჩვევების, თანამშრომლობითობის პრინციპების, პრეზენტაციისა და აუდიტორიის წინაშე საკუთარი თავის წარმოჩენის უნარების გამომუშავებას. დაუვიწყარია მასთან დაკავშირებული ემოციები და მიღებული ცოდნა. ამ პროცესში მოსწავლე იოლად პოულობს თვითრეალიზაციის გზებს.

ჩვენი გადატვირთული სასწავლო გარემო, დროის დეფიციტი, უამრავი სხვა აქტივობა, რომელშიც მასწავლებელი და მოსწავლე სკოლის კედლებში თუ მის გარეთ არიან ჩართულები, ხელს გვიშლის პროექტების ხორცშესხმაში, მაგრამ როცა მასწავლებელი და კლასი გააცნობიერებენ ამ ტიპის სწავლა-სწავლების სიკეთეს, ორივე მხარე შეუწყობს ხელს ახალი იდეების გენერირებას და პროექტების რეალიზაციას. პროექტის ვადების გონივრულად შერჩევაც უმნიშვნელოვანესია. შესაძლებლობა გვაქვს, დავგეგმოთ სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა ვადაზე გათვლილი პროექტები, რომელთა განხორციელება და პრეზენტაცია განსაკუთრებულ ძალისხმევას არ მოითხოვს და რომლებიც, ამასთან, ეფექტურად არის მორგებული სასწავლო პროგრამას და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს.

მსურს გაგიზიაროთ ერთი სასწავლო პროექტის გამოცდილება. საზოგადოდ, მიმაჩნია, რომ თუკი კოლეგები პროექტების იდეების ურთიერთგაზიარებას აქტიურად ვეცდებით, ეს ყველას დაგვეხმარება ორიგინალური იდეების მოფიქრებაში. გამოცდილების გაზიარებას ხომ მასწავლებელთა კოლექტივში ყველაზე დიდი ფასი აქვს!

მიმდინარე სემესტრში საბაზო საფეხურზე, მერვე კლასში, კოლეგასთან ერთად დავგეგმე სასწავლო პროექტი „მოგზაურობა ოკეანეთში“. ეს გახლდათ გეოგრაფიისა და ლიტერატურის მასწავლებლების ერთობლივი იდეა, ხელს უწყობდა საგანთა ინტეგრირებას (გეოგრაფია-ისტორია-ლიტერატურა). მისი მიზანი იყო ეგზოტიკური, ნაკლებად ცნობილი ქვეყნების გაცნობა, ვირტუალური მოგზაურობა უცხო სამყაროში, უცხო კულტურებთან ზიარება, ტოლერანტობის განცდისა და კომუნიკაციის უნარების განვითარება. ავირჩიეთ ოკეანეთში, პოლინეზიის კუნძულებზე მდებარე ქვეყნები: სამოა, ფიჯი, ტონგა, ნაურუ, ვანუატუ.

პროექტის აღწერა: სასწავლო პროექტი „მოგზაურობა ოკეანეთში“ მიზნად ისახავს საკლასო ჯგუფების მიერ ეგზოტიკურ ქვეყნებში ვირტუალურ მოგზაურობას და მრავალფეროვანი კოგნიტიური უნარების დაგროვებას. შვიდი მოსწავლისგან შემდგარი ხუთი ჯგუფი სწავლობს ოკეანეთის ხუთი ქვეყნის გეოგრაფიას, ისტორიას, პოლიტიკას, კულტურას, ურთიერთობებს და ორთვიანი შემეცნებითი აქტივობის შედეგების პრეზენტაციას სკოლის სააქტო დარბაზში გამართავს. სამუშაო მოიცავს შემოქმედებით ნაწილს. მოსწავლეები ამყარებენ ურთიერთობას ოკეანეთის ქვეყნების ხალხებთან, აწარმოებენ მიმოწერას, რაც ხელს უწყობს პლურილინგვური გამჭოლი კომპეტენციის განმტკიცებას, აგროვებენ და სწავლობენ კონკრეტული ქვეყნის რეალობასთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას, ამუშავებენ, ფილტრავენ და ქმნიან პროდუქტებს. წარმოადგენენ არჩეული ქვეყნის კულტურას, ფოლკლორს, სიმღერებსა და ცეკვებს, ქმნიან ჩანახატებს, ხელნაწერ ჟურნალებს, პოსტერებს, ელექტრონულ რესურსებს.

პროექტის დავალებები ასე გავწერეთ:

  პროექტის დავალებები:

 

1 წარადგინე ქვეყანა (დროშა, გერბი, ჰიმნი, ორიგინალური მოკლე აღწერა)
2 გააცანი აუდიტორიას ქვეყნის გეოგრაფია
3 წარმოადგინე არჩეული ქვეყნის ისტორია და პოლიტიკური მოწყობა
4 მოყევი ეროვნულ ტრადიციებზე
5 დაამყარე ურთიერთობები და გაიჩინე ვირტუალური მეგობრები, მოყევი ახალი ურთიერთობების შესახებ.
6 გაგვიმხილე შემოქმედებითი ინსპირაციის შედეგები: შექმენი ნებისმიერი ტიპის ლიტერატურული ნაწარმოები (მოთხრობა, ლექსი, ზღაპარი, სტატია, წერილი, დღიური, ესე), ფილმი, ვიდეო, ანიმაცია, სლაიდშოუ, დახატე, შეკერე, გამოძერწე, იმღერე, იცეკვე არჩეული ქვეყნის თემაზე.
7 წარმოადგინე არჩეული ქვეყნის ფოლკლორი (სიმღერა, ცეკვა)

 

პროექტმა ბავშვებში ცხოველი ინტერესი აღძრა. სვამდნენ უამრავ კითხვას, თავდაუზოგავად ეძებდნენ საჭირო რესურსებს, ათანხმებდნენ დავალებების რეალიზაციის იდეებს, ჩართული იყო ყველა. პროექტის ხელმძღვანელებს გვეგონა, რომ ბავშვებს ჩვენი დახმარება დასჭირდებოდათ, მაგრამ მათ დამოუკიდებლად მუშაობა არჩიეს.

ყველა მოუთმენლად ელოდა პრეზენტაციის დღეს. ჟიურიში სამი მასწავლებელი იყო. მშობლებმა შეიძინეს წიგნები, ქართული და უცხოური ლიტერატურის რჩეული ნაწარმოებები, რომლებიც ჯგუფებს გადაეცათ და დაიბადა ახალი სასწავლო პროექტის იდეა: ბავშვები წიგნებს ზაფხულში წაიკითხავენ, გაცვლიან და შემოდგომის სემესტრში წაკითხული წიგნების თემატიკაზე დაყრდნობით ახალი სასწავლო პროექტის გეგმას ერთობლივად შევადგენთ.

მხატვრული ლიტერატურის სია ასეთი იყო:

  • გიორგი ლეონიძე, მოთხრობები
  • გოდერძი ჩოხელი, მოთხრობები
  • . ჰენრი, მოთხრობები
  • . შტეფან ცვაიგი, ნოველები
  • . ანტონ ჩეხოვი, მოთხრობები
  • ოსკარ უაილდი, დორიან გრეის პორტრეტი
  • ერიხ მარია რემარკი, ტრიუმფალური თაღი
  • ჯერომ სელინჯერი, კლდის პირას, ჭვავის ყანაში
  • ჰარპერ ლი, ნუ მოკლავ ჯაფარას
  • შარლოტა ბრონტე, ჯეინ ეარი

ხუთივე ჯგუფი იყო მოსალოდნელზე მეტად აქტიური, ჯგუფის ყველა წევრი მონაწილეობდა პრეზენტაციაში. ბავშვებს მონდომება არ დაუკლიათ. ვანუატუს და ნაურუს ჯგუფის წევრებისთვის განსაკუთრებული გამოწვევა აღმოჩნდა ამ ქვეყნების მიერ რუსეთის გავლენით აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება და შემდგომ ამ აღიარების უკან წაღება. აქ პატრიოტული მოტივები ბობოქრობდა. ყველაზე საინტერესო იყო ტოლერანტობისა და სრულიად უცხო კულტურების მიღების საოცარი მაგალითები. ვანუატუს ჯგუფმა საქართველოსა და ვანუატუს კულტურების სინთეზირებაც კი მოახერხა, მათ შეადარეს ორი ქვეყნის მწერლობისა და ფოლკლორის თემატიკა და აღმოაჩინეს, რომ ვანუატუელებიც და ქართველებიც უმთავრესად სიყვარულს და სამშობლოს სილამაზეს უმღერიან, რომ სამშობლოს სამოთხედ წარმოდგენა, ეროვნული სიამაყე მათი ხალხური შემოქმედების საერთო ნიშანია. საკვირველი ოსტატობით შექმნეს სლაიდშოუები და ვიდეოკლიპიც კი, რომელიც იუთუბზე რომ განთავსდეს, მნახველს სრულყოფილი წარმოდგენა შეექმნება ეგზოტიკური ქვეყნის შესახებ. ვიდეოები და ბავშვების მიერ დადებული ტექსტები საოცარი გემოვნებით, ჰარმონიითა და სინქრონულობით გამოირჩეოდა. მოამზადეს საინტერესო პოსტერები, შეასრულეს ოკეანეთის ქვეყნების სიმღერები და ცეკვები. ლიტერატული დავალებები ძირითადად ამ ქვეყნებში მოგზაურის დღიურების სახით შეასრულეს. საინტერესო იყო ვირტუალური კავშირების პრეზენტაციაც. ზოგმა ჯგუფმა ვერ შეძლო კავშირების დამყარება, იყო შემთხვევები, რომ პოლინეზიელები სოციალური ქსელებით კავშირზე არ გამოდიოდნენ ან ძალიან მწირ ინფორმაციას იძლეოდნენ, თუმცა საინტერესო მიმოწერის მაგალითებიც გვქონდა. ფეისბუქს არ გააჩნია მომხმარებელთა ქვეყნების მიხედვით გამოჩენის ფილტრი, რის გამოც ბავშვებმა იუთუბის კლიპების კომენტარებში ეძებეს სოციალური ქსელების იუზერები. არ გამორჩენიათ არც თანამედროვე პოლიტიკური ურთიერთობები ჩვენს ქვეყანასა და ოკეანეთის ქვეყნებს შორის.

ბავშვების მიერ მომზადებულმა პროდუქტებმა ჟიურის და მშობლების აღტაცება გამოიწვია. ვინაიდან ქულები იწერებოდა, იყო კონკურენციის მაღალი ძაბვა, რამაც პროცესი ცხოველი და საინტერესო გახადა.

ჟიურიმ სიგელებით დააჯილდოვა ჯგუფები. გადავწყვიტეთ, სიგელები ჩარჩოებში ჩავსვათ და საკლასო ოთახის კედელზე ჩამოვკიდოთ. ბავშვებისთვის განსაკუთრებით სასურველი ჯილდო აღმოჩნდა წიგნები. რეფლექსირებას ცდილობდა ყველა: ჟიური, მასწავლებლები, მშობლები, ბავშვები. ერთ-ერთმა მოსწავლემ პრეზენტაციის ვიდეო ჩაიწერა და იუთუბის არხზე განათავსა. გადაიღეს უამრავი სამახსოვრო ფოტო.

ვფიქრობ, ამგვარი სასწავლო პროექტებით მასწავლებლებს გაგვიადვილდება სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართვა, რადგან ინტერნეტის ეპოქის ბავშვების დაინტერესება, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ყოველთვის მასწავლებლის თავსატეხია.

განათლების კოალიციამ პროექტის „მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისთვის“ განხორციელება დაიწყო

0

განათლების კოალიციამ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფინანსური მხარდაჭერით პროექტის „მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისთვის“ განხორციელება დაიწყო.

პროექტის მიზანია მასწავლებლებში კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობის წარმოჩენა  და სწავლა-სწავლების პროცესში მისი გამოყენების წახალისება. პროექტი ითვალისწინებს დროის მოკლე მონაკვეთში ინტენსიური კამპანიის წარმოებას „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ათეულთა კლუბის წევრების მონაწილეობით. კლუბში გაერთიანებული არიან 2017-2019 წლებში ჯილდოს საუკეთესო ათეულში შემავალი მასწავლებლები.

“თანამედროვე სამყაროში კრიტიკული აზროვნება ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი მიზეზის გამო. მათ შორის, იმისათვის რომ ადამიანმა შეძლოს იყოს დამოუკიდებელი და არ იყოს მანიპულირებადი. გარდა ამისა, დაინახოს საკითხი არამხოლოდ მისი არამედ სხვათა პერსპექტივიდანაც. ამ პროექტით, ჩვენ ვცდილობთ გავცეთ პასუხი შეკითხვებს რა არის და რატომ არის კრიტიკული აზროვნება მნიშვნელოვანი; რაც მთავარია, როგორ უნდა განავითაროს მასწავლებელმა ის მოსწავლეებში. ამ კითხვებს თავად მასწავლებლები პასუხობენ და უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას კოლეგებს.”განაცხადა განათლების კოალიციის დირექტორმა, გიორგი ჭანტურიამ.

პროექტის ფარგლებში მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრი მასწავლებლები, მოწვეული ექსპერტების მხარდაჭერით, სხვადასხვა აქტივობებისა და  ღონისძიებების  ფარგლებში კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. ასევე, მასწავლებლების მონაწილეობით მომზადდება ვიდეო რგოლები, ბროშურები და გზამკვლევი კრიტიკული აზროვნების შესახებ.

განათლების კოალიცია 2013 წლის შემოდგომაზე ჩამოყალიბდა. მასში გაწევრიანებულია განათლების სფეროში მოღვაწე 15 სხვადასხვა თემატური პროფილის მქონე ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაცია. კოალიციის მიზანია ხელი შეუწყოს განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ხარისხიან განათლებაზე თანაბარ წვდომას ჩვენს ქვეყანაში.

 

ურთიერთობის როლი ბავშვის ფსიქიკურ განვითარებაში

0

რამდენიმე თვის წინ 4 წლის დათუნას დედამ მომმართა თხოვნით, დავხმარებოდი შვილთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებაში. როგორც მან აღნიშნა, ბოლო პერიოდამდე არანაირი სერიოზული სირთულე არ შეხვედრია ბავშვთან ურთიერთობაში. პატარამ ლაპარაკი დროულად დაიწყო, თითქოს განვითარებაც ნორმალურად მიდიოდა, მაგრამ ამჯერად გაურბოდა გარშემომყოფებთან ურთიერთობას და ლაპარაკითაც არავის ელაპარაკებოდა. როგორც დედამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ოჯახურ პრობლემებთან დაკავშირებული მოუცლელობის გამო, პატარა დათუნასთან თითქმის ვეღარ ახერხებდა ურთიერთობას, რის გამოც მისი მიხედვა, მასზე მზრუნველობა და ყურადღება თავის უფროს ქალიშვილს, დათუნას სტუდენტ დაიკოს, ნინის დააკისრა, რომელიც, ასევე მოუცლელობის გამო, ვერ ახერხებდა ბავშვთან ურთიერთობას და ხელი რომ არ შეეშალა მისთვის მეცადინეობაში, სმარტფონით აჩერებდა. ტექნიკის პირისპირ მარტოდ დარჩენილი და ახლობლებთან ცოცხალ ურთიერთობას მოკლებული დათუნა, მართალია არავის აწუხებდა,  მაგრამ, მოგვიანებით, როცა დედამ თავისი პრობლემები მოაგვარა და ბავშვთან ურთიერთობის აღდგენა სცადა, პატარამ არა მხოლოდ ლაპარაკი შეწყვიტა გარშემომყოფებთან, არამედ ჭამაზეც უარს ამბობდა, თუ მის საყვარელ „სათამაშოს“  – სმარტფონს არ მიაწვდიდნენ და სხვადასხვა სახის კომპიუტერული თამაშებით არ დაკავდებოდა. გარდა აღწერილი, მეტყველებასთან და კომუნიკაციასთან დაკავშირებული სირთულისა, გარშემომყოფებთან ურთიერთობის დეფიციტის  და ურთიერთობის მოთხოვნილების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მომავალში ჩვენ შეიძლება ბავშვთან დაკავშირებული უამრავი სხვა პრობლემაც შეგვხვდეს. დიდი ალბათობით, ასეთი ბავშვი იქნება შფოთიანი, აგრესიული, ნევროზული, ექნება შეფერხება, როგორც სოციალურ და ემოციურ, ასევე კოგნიტურ განვითარებაშიც.

ურთიერთობის მოთხოვნილება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანური მოთხოვნილებაა. ბავშვის ურთიერთობა უფროსთან საკმაოდ ადრეული ასაკიდან წარმოადგენს მთავარ და გადმწყვეტ პირობას მის ფსიქიკურ და პიროვნულ განვითარებაში – მისი აზროვნების, მეტყველების, თვითშეფასების, ემოციური სფეროსა და წარმოსახვის ფორმირებაში. ურთიერთობაზე, მის ხარისხზე ბევრად არის დამოკიდებული ის, თუ რამდენად იქნება აღჭურვილი ბავშვი მომავალში, როგორც პიროვნული, სოციალური, ასევე კოგნიტური უნარებით, როგორი ხასიათი ექნება მას და საერთოდ როგორი იქნება მისი მომავალი. ბავშვის პიროვნება, მისი ინტერესები, საკუთარი თავისა და სხვების შეცნობისა და გაგების უნარი მხოლოდ ურთიერთობაში შეიძლება განვითარდეს. ბავშვი ვერ ჩამოყალიბდება სრულფასოვან ადამიანად ახლობელი უფროსი ადამიანების მხრიდან ყურადღების, სიყვარულის და გაგების გარეშე. ყურადღების, სიყვარულისა და გაგების დეფიციტი და აქედან გამომდინარე, ურთიერთობის მოთხოვნილების დაუკმაყოფილებლობა უარყოფითად აისახება ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბების პროცესზე და მის ფსიქიკურ განვითარებაზე.

რა შეიძლება გავაკეთოთ იმისათვის, რომ ურთიერთობის დაუკმაყოფილებელ მოთხოვნილებასთან დაკავშირებული მოსალოდნელი საფრთხეები ავიცილოთ თავიდან. უპირველეს ყოვლისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბავშვის აღზრდის პროცესში ყოველ ასაკობრივ საფეხურზე კონკრეტული ამოცანები გვაქვს გადასაწყვეტი და თუ ჩვენ ბავშვის განვითარების რომელიმე ეტაპისთვის სპეციფიკური პრობლემების გადაწყვეტას სამომავლოდ გადავდებთ იმ იმედით, რომ პატარა წავა საბავშვო ბაღში, სკოლაში და იქ დაეხმარებიან სირთულეების დაძლევაში, ჩვენ შეიძლება მომავალში გართულებული და გადაუწყვეტი პრობლემების წინაშეც კი აღმოვჩნდეთ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვერც საბავშვო ბაღი და ვერც სკოლა ოჯახს ვერ ჩაანაცვლებს. ვერცერთი პედაგოგი, როგორი მაღალკვალიფიციური და ძლიერი სპეციალისტიც არ უნდა იყოს ის, ვერასოდეს ჩაანაცვლებს დედას და ვერ გააკეთებს იმას, რაც ჯერ კიდევ სკოლამდელ პერიოდში დედას უნდა გაეკეთებინა.

ურთიერთობის მოთხოვნილება თანდაყოლილი არ არის. ბავშვი ამ ქვეყანაზე არ მოდის, არ იბადება ურთიერთობის მზა მოთხოვნილებით. თავდაპირველ;ად ახალშობილ ბავშვს უფროსი მხოლოდ ბიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებაში დასახმარებლად ესაჭიროება. ასე რომ, თუ მას არ შია, არ სწყურია და თბილ საწოლში წევს, შეიძლება ის ურთიერთობის არანაირ სურვილს არ გამოხატავდეს. თუმცა, ძალიან მალე დგება მომენტი, როდესაც პატარას არ შია, არ სწყურია, არც სითბო აკლია, მაგრამ ტირის, ჭირვეულობს და თავისი ქცევით უფროსს უხმობს.  საკმარისია ასეთ დროს დედა მიუახლოვდეს, დაელაპარაკოს, გაუღიმოს და პატარა მაშინვე ჩერდება, პასუხად თავადაც იღიმება და სიხარულით ხელ-ფეხს იქნევს. უკვე 3-4 თვის ასაკში არა მხოლოდ დედის, არამედ ნებისმიერი ნაცნობი ადამიანის დანახვაზე ბავშვი გამოხატავს სიხარულს, აქტიურად იწყებს მოძრაობას, ღუღუნს და ასეთი ქცევით ცდილობს უფროსის ყურადღების მიპყრობას, მაგრამ, თუ ეს უკანასკნელი მას ყურადღებას არ აქცევს და თავის საქმეზე მიდის, განაწყენებული პატარა ტირილით გამოხატავს თავის უკმაყოფილებას. ყველაზე შეურაცხმყოფელი ბავშვისთვის, რომელსაც უკვე აქვს ურთიერთობის მოთხოვნილება, ის არის, რომ უფროსი ვერ ამჩნევს მას. ხშირად ამ ასაკის პატარა უფროსის უკმაყოფილებას და რისხვასაც კი სიხარულით აღიქვამს, რადგანაც ასეთ შემთხვევაში უფროსი ყურადღებას გამოხატავს და მიმართულია მისკენ. არის შემთხვევები, როდესაც პატარა, როგორი მშიერიც არ უნდა იყოს ის, ჭამის მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზეც კი ამბობს უარს, თუ ამ პროცესს მისი თანმხლები, მისთვის ჩვეული დედის ალერსი, საუბარი და მის მიმართ სითბოსა და სიყვარულის გამოხატვა მოაკლდება. ერთი ახალგაზრდა დედიკო იხსენებდა, თუ როგორ ელაპარაკებოდა, ეალერსებოდა, უღიმოდა თავის პატარას სისტემატურად ძუძუთი კვების პროცესში. მაგრამ, ერთ დღეს, სასწრაფოდ შესასრულებელი საქმის გამო, დედამ ერთი ხელით პატარა მკერდზე მიიხუტა, რომ ძუძუთი გამოეკვება, მეორე ხელით კი წიგნის ფურცვლა და კითხვა დაიწყო, რაზეც ბავშვმა პროტესტი ტირილით გამოხატა და მანამდე არ გააგრძელა ძუძუს წოვა, სანამ დედამ წიგნის კითხვას თავი არ მიანება და მასთან ურთიერთობა და მისი ალერსი არ დაიწყო.

ჩვილობის პერიოდში ყურადღების მოთხოვნილება ერთადერთი სოციალური მოთხოვნილებაა და მისი დაკმაყოფილება არც ისე რთულია. საჭიროა უბრალოდ ხშირად გავუღიმოთ პატარას, ველაპარაკოთ და მოვეფეროთ მას. ზოგიერთი მშობელი თვლის, რომ ეს სრულიად არასაჭირო და საზიანოც კია, რადგანაც ასეთი დამოკიდებულება გაანებივრებს ბავშვს. ისინი, როგორც წესი, სიყვარულის გამომჟღავნების და ალერსის გარეშე ასრულებენ მშობლის მოვალეობას – საათობრივად აჭმევენ პატარას, უცვლიან საფენებს, აცმევენ, ასეირნებენ და ა. შ. ჩვილობის პერიოდში ამგვარი, ყოველგვარი გრძნობებისგან დაცლილი ურთიერთობა პატარასთან, შეიძლება მომავალში ძალიან საზიანო აღმოჩნდეს. საქმე ის გახლავთ, რომ უფროსებთან მრავალფეროვანი, დადებითი ემოციური ურთიერთობის პროცესში ბავშვი უბრალოდ ურთიერთობის მოთხოვნილებას კი არ იკმაყოფილებს, არამედ საფუძველი ეყრება მისი პიროვნების ფორმირებას, მის დამოკიდებულებას გარემომცველ სამყაროსთან, საკუთარ თავთან და სხვა ადამიანებთან. ის, თუ როგორი ხასიათი აქვს დედა-შვილის ურთიერთობას ამ პერიოდში, ბევრად განსაზღვრავს იმას, თუ როგორი პიროვნება ჩამოყალიბდება მისგან მომავალში. თუ ბავშვი სიცოცხლის პირველ წელს რაიმე მიზეზით (დედისაგან მოწყვეტა, მშობლების დაკავებულობა და ა.შ.) არ იღებს საკმარის ყურადღებას, სითბოსა და სიყვარულს ახლობელი ადამიანებისაგან, ეს აუცილებლად შეგვახსენებს თავს შემდგომში. ასეთი ბავშვები მომავალში, როგორც წესი, ან ძალიან პასიურები, შებოჭილები, საკუთარ თავში დაურწმუნებლები არიან, ან პირიქით – სასტიკები, აგრესიულები, შფოთიანები და ნევროზულები. ადრეულ პერიოდებში დაშვებული შეცდომების მოგვიანებით, განვითარების შემდგომ ეტაპზე გამოსწორების ყოველგვარი მცდელობა ხშირად უშედეგოდ მთავრდება. ამიტომ, გავითვალისწინოთ, თუ რა მნიშვნელოვანია ჩვილი ბავშვისთვის ახლობელი ადამიანების მხრიდან ყურადღება, სიყვარული, კეთილგანწყობა და ნუ მოვაკლებთ მას პატარას. ამ პერიოდში, იმის გამო, რომ ბავშვი ვერ გამოყოფს ადამიანის ცალკეულ თვისებებს, მისთვის სულერთია საყვარელი ადამიანის ცოდნისა და უნარების დონე, მისი სოციალური და ქონებრივი მდგომარეობა, ისიც კი, თუ როგორ გამოიყურება ის და რა აცვია.  პატარას იზიდავს უფროსი ადამიანის მხოლოდ პიროვნება და მისი დამოკიდებულება მასთან. ამიტომ, მიუხედავად ასეთი ურთიერთობის პრიმიტიულობისა, ის აღძრულია პიროვნული მოტივებით, როდესაც უფროსი ბავშვისთვის არის არა ხერხი, საშუალება რაიმე მოქმედების განსახორციელებლად, არამედ უბრალოდ ძალიან საყვარელი, თბილი და ძვირფასი ადამიანი. თუმცა, ორი წლის ასაკიდან, ნორმალური განვითარების პირობებში, ბავშვისთვის უკვე საკმარისი აღარ არის უფროსების ყურადღება, მისი კეთილგანწყობა. ამ დროიდან პატარას იზიდავს არა იმდენად თავისთავად უფროსი ადამიანი, რამდენადაც მასთან დაკავშირებული საგნები. თუ ამ ასაკის ბავშვს ხელში ავიყვანთ და შევეცდებით მასთან ემოციური ურთიერთობის დამყარებას   (გავუღიმებთ, მოვეფერებით, ვეტყვით ალერსიან სიტყვებს), რასაც ის რამდენიმე თვის წინ აღფრთოვანებით იღებდა, შეიძლება ძალიან იმედგაცრუებული დავრჩეთ, რადგან პატარა დაიწყებს წინააღმდეგობის გაწევას, ხელს სტაცებს და ათვალიერებს ყველაფერს, რაც ხელში მოხვდება – ჩვენს თმებს, სათვალეს, საათს, სამკაულს და შეიძლება არც უპასუხოს ჩვენს ღიმილს. ურთიერთობის ეს ფორმა ადრინდელისაგან იმით განსხვავდება, რომ უფროსი საჭირო და საინტერესოა ბავშვისთვის არა თავისთავად, არა მისი ყურადღების და  კეთილგანწყობილი გამოკიდებულების გამო, არამედ იმით, რომ მას აქვს სხვადასხვა სახის საგნები და შეუძლია მათთან შეხება. როგორც წესი, ამ პერიოდში პატარა იმ საგნებისკენ და სათამაშოებისკენ იწევს, რომლებსაც მას ჩვენ, უფროსები ვუჩვენებთ. ბავშვის ოთახში შეიძლება იყოს ბევრი საინტერესო სათამაშო, მაგრამ ის მათ არ მიაქცევს ყურადღებას და შეიძლება მოიწყინოს კიდეც სათამაშოების ასეთ სიმრავლეში. მაგრამ, როგორც კი ჩვენ, უფროსები ავიღებთ ერთ-ერთ სათამაშოს და ვუჩვენებთ, თუ როგორ შეიძლება ამ სათამაშოთი თამაში, ბავშვი სწორედ მისკენ გაიწევს, ის გახდება მისთვის ყველაზე საჭირო და საინტერესო. ეს სრულიადაც არ არის შემთხვევითი, ვინაიდან ბავშვისთვის უფროსი ამ პერიოდშიც კვლავ უპირატესობით სარგებლობს და მისთვის მიმზიდველი, მომხიბვლელი და საჭირო ხდება ყველა ის საგანი, რომელსაც უფროსი შეახებს ხელს, რომელიც უფროსის ხელშია. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება სმარტფონით ბავშვის დაინტერესება და გატაცება, ვინაიდან ის ყველაზე ხშირად სწორედ სმარტფონს ხედავს უფროსის ხელში.

იმისათვის, რომ ბავშვმა შეძლოს ამა თუ იმ საგნის გამოყენება, ან კონკრეტული სათამაშოებით თამაში, ჩვენ, უფროსებმა აუცილებლად თავად უნდა ვუჩვენოთ, თუ როგორ შეიძლება ამის გაკეთება. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ბავშვის თამაში შინაარსიანი და გააზრებული. ამასთან, ვუჩვენებთ რა ამა თუ იმ მოქმედებას საგნებით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შევასრულოთ ის, არამედ მუდმივად მივმართოთ ბავშვს, ვესაუბროთ, ვუყუროთ მას თვალებში, მხარი დავუჭიროთ და წავახალისოთ მისი სწორი, დამოუკიდებელი მოქმედებები. ასეთი ერთობლივი თამაშები საგნებით წარმოადგენს სწორედ ბავშვის საქმიან ურთიერთობას უფროსთან. ურთიერთობის ამ ფორმის მნიშვნელობა ბავშვის ფსიქიკური განვითარებისთვის უზარმაზარია. ასეთი ურთიერთობისას ბავშვი, პირველ რიგში, ეუფლება საგნობრივ მოქმედებებს, საყოფაცხოვრებო საგნების მოხმარებას, ჩაცმას, გახდას, ხელ-პირის დაბანას და ა.შ. გარდა ამისა, ასეთ დროს, გამოვლენას იწყებს ბავშვის აქტიურობა და დამოუკიდებლობა. მანიპულირებს რა საგნებით, ის პირველად აღიქვამს საკუთარ თავს უფროსისაგან დამოუკიდებლად და გრძნობს თავისუფლებას საკუთარ მოქმედებაში, ის ხდება საკუთარი მოქმედების სუბიექტი და დამოუკიდებელი პარტნიორი ურთიერთობაში. დაბოლოს, უფროსთან სიტუაციურ-საქმიან ურთიერთობაში ჩნდება ბავშვის პირველი სიტყვები, იმისათვის, რომ ბავშვმა უფროსს საჭირო ნივთი სთხოვოს, აუცილებელია, რომ მან დაასახელოს ის, წარმოთქვას სიტყვა. სიტუაციურ-საქმიან ურთიერთობაში ჩვენ, უფროსები მუდმივად ვაყენებთ პატარას წინაშე სამეტყველო ამოცანას – ვუჩვენებთ რა მას ახალ საგანს, ვთავაზობთ დაასახელოს ეს საგანი, წარმოთქვას მისი სახელწოდება. ასეთი ურთიერთობის შედეგად აღმოცენდება და ვითარდება ურთიერთობის, აზროვნებისა და თვითრეგულაციის მთავარი, სპეციფიკურად ადამიანური საშუალება – მეტყველება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ურთიერთობის როლი და მნიშვნელობა ბავშვის ფსიქიკურ განვითარებაში განუზომელია. ამასთან ერთად, ურთიერთობის სწორად განვითარების შემთხვევაში ჩვენ სამომავლოდ შეიძლება ძალიან ბევრი სირთულე ავიცილოთ თავიდან.

 

 

 

 

დაბრუნება ბავშვობაში – რას გვასწავლის საბავშვო წიგნები  

0

რამდენიმე წლის წინ, როდესაც ჟურნალ „მასწავლებლში“ დავიწყე წერა, პირველი ჩემს საყვარელ ბავშვობის წიგნზე დავწერე, რომელსაც დედა მიკითხავდა, სანამ კითხვას ვისწავლიდი. ეს იყო “გოგონა ავრორა Z კორპუსიდან”.  წიგნის ავტორი ცნობილი ნორვეგიელი საბავშვო მწერალი ანე-კატრინე ვესტლია, რომელსაც ეკუთვნის ასევე თხზულებები რვა ბავშვსა და მის ოჯახზე, რომლებიც ტყეში ცხოვრობენ და მათ საოცარ თავგადასავლებზე.

 

ბავშვობაში ავრორას ვამსგავსებდი თავს: მეც ავრორას მსგავსად მაღალსართულიან, საცხოვრებელ კორპუსში ვცხოვრობდი; მამა ისტორიკოსი იყო, დედაც მუშაობდა; მეც მეშინოდა ჩემი მეზობელი ბიჭის, რომელმაც ერთხელ ლიფტში გამჭედა, ერთხელ კი დაფშვნილი აგურისგან მომზადებული წითელი წვნიანი, ლითონის ქილებიდან გადაგვისხა; გოგონების მიერ მოწყობილი მთელი სამყარო, რომელიც მძიმე აგურის კედლებისგან იყო “ნაშენი”, ფეხით მიმოგვიფანტა. სხვა ბიჭმა ჩემი და ჩემი დების კატა, მეცხრე სართულიდან მოისროლა. საბედნიეროდ, ჩვენს კატას ცხრა სიცოცხლე აღმოაჩნდა – ცოცხალი გადარჩა. ასეთ დროს, ძალიან გამშვიდებს იმაზე ფიქრი, რომ სხვა ქვეყანაში, სხვა საცხოვრებელ სახლში არსებობს გოგო, რომელსაც ზუსტად შენნაირი ფიქრები ტანჯავს და ასეთი მსგავსებები, უფრო მეტად გაახლოებს მასთან და ცოტათი შიშებსაც გიფანტავს.

 

მოკლედ, ბევრი რამ ხდება ბავშვობაში ისეთი, რაც შეიძლება სრულიად არაბავშვურად მოგვეჩვენოს და გვაფიქრებინოს, რომ დიდობაც ასეა, დიდობაშიც ასე იქცევიან. შეიძლება ასე პირდაპირ არავინ დაგვინგრიოს სახლი და წვნიანი არავინ გადაგვისხას, მაგრამ თუ ადამიანს ცუდი სურვილი შეეპარება, ის აუცილებლად იპოვის რაღაც ფორმას, თავისი სურვილის განსახორციელებლად. მაგრამ, დიდობაში რაღაც ძალით, უკვე ნაპოვნი გვაქვს საკუთარი თავის რწმენა და ნაკლებად გვაშინებს სირთულეები, მეტიც მათთან გასამკლავებლად საჭირო გამოცდილებაც გვაქვს მიღებული.

 

ახლა ჩემი ოთხი წლის გოგონასთვის, წიგნის ფესტივალზე “გოგონა ავრორა Z კორპუსიდან”, ახალი გამოცემა შევიძინე. ამ გამოცემაში წინასიტყვაობაში უკვე აღარ წერია, რომ წიგნის ავტორი, ანე-კატრინე ვესტლი, ამ წიგნით მეშჩანებისადმი ზიზღს გვასწავლის. მეტიც, შეუძლებელია, რომელიმე საბავშვო წიგნი ზიზღს ასწავლიდეს ბავშვებს. თუ უფროსები რაიმეს არასწორად ვაკეთებთ, სწორედ ის სიტყვებია, რომლებსაც დაუფიქრებლად და არასწორი ინტერპრეტაციებით ვაწოდებთ ბავშვებს და ამ დაუფიქრებელი გზავნილებით მის ბავშვურ სამყაროს ვამძიმებთ.

 

“მალე ყველას გაიცნობ და ნახავ, რომ ეს კორპუსი თითქმის მთელ სამყაროს მოიცავს. აქ სხვადასხვა კუთხიდან მოსული ხალხი ცხოვრობს, ზოგი კეთილია, ზოგს კი ისეთი რთული და მძიმე ცხოვრება აქვს გამოვლილი, რომ თავადაც დამძიმებულია. ზოგი იმ ადგილს მისტირის, საიდანაც გადმოვიდა, ზოგი კი ახალ ადგილას გადასვლაზე ოცნებობს, მოკლედ, ყველას თავისი დარდი აქვს”, – ასე ამშვიდებს მამა ავრორას, რომელიც სანამ ახალ საცხოვრებელ გარემოს და ადამიანებს შეეგუება, თავს არც ისე კარგად გრძნობს და ძველი სახლი ენატრება.

 

ახალ გამოცემაში ავრორას ცოტა არ იყოს აბეზარ მეზობელ გოგონებს სულ სხვა სახელები ჰქვიათ: თუ ძველ გამოცემაში აგატა და ბრიტა ერქვათ, ახალ გამოცემაში ბრიტ-კარენი და ნუსე ჰქიათ, თუმცა ეს არაფერს ცვლის, მთავარი ხომ ამ ამბავში ტირილტოპენში მცხოვრები ავრორას მყუდრო ოჯახის ჩვენება და ის ურთიერთპატივისცემა და ზრუნვაა, რომელსაც ამ ოჯახის თითოეული წევრი ამჟღავნებს ერთმანეთისა და საქმის მიმართ.

 

ავრორას მამას მთელი დღის განრიგი გაწერილი აქვს: როდის იმუშაოს, როდის გაასეირნოს ავრორა და მისი პატარა ძამიკო, როდის მოამზადოს სადილი, როდის “იმეცადინოს”, წაიკითხოს და სადილი მოამზადოს, როგორ შეუმსუბუქოს დღე დასაქმებულ დედას და ა.შ. ამ განრიგის შესრულებაში ავრორაც ჩართულია და ისიც ცდილობს, მამა ზედმეტად არ შეაწუხოს, პირიქით, დაეხმაროს.

 

ამ ურთიერთზრუნვაზე და სიყვარულზე დაფუძნებული ოჯახი შეთანხმებული წესებით მოქმედებს. მშობლები ერთმანეთს ეშველებიან, რომ სწორად გაანაწილონ დრო მოვალეობებსა და ბავშვების აღზრდას შორის. როცა მამა პატარა ძამიკოს აბანავებს, ავრორას დედა ავრორას ესაუბრება, როცა მშობლები ისვენებენ, ავრორა მათ ძილს დარაჯობს.

 

ასე ცალსახად და სწორხაზოვნად ლიტერატურა და მით უმეტეს საბავშვო ლიტერატურა არაფერს გვასწავლის. ანე-კატრინე ვესტლის ჯადოსნური ამბები, მყუდროდ და აუმღვრევლად შემოდის ჩვენს გონებაში და თერაპიულად მოქმედებს ჩვენზე და ჩვენს შვილებზე. ზაფხული კი მშვენიერი პერიოდია ჩვენი საყვარელი წიგნების შვილებისთვის გასაცნობად და იმ დამოკიდებულებებსა და თემებზე თავისუფლად სასაუბროდ, რომლებისთვისაც აქამდე დრო არ გვრჩებოდა.

 

 

 

 

 

ტვინის სიხშირეები და მოცარტის მუსიკა სწავლებაში

0

დაკვირვებიხართ ალბათ, როდესაც განსხვავებულ განწყობებზე ჩვენი ხმის რიტმი, ტემბრი, სიმაღლე ცვალებადია: განსხვავებულად წარმოვთქვამთ ბგერებს სიხარულის, მოწყენილობის, დეპრესიისა და სხვა მდგომარეობების დროს. ეს იმიტომ, რომ ჩვენი თავის ტვინი ამ დროს განსხვავებულ სიხშირეებზეა.

ფსიქოლოგები ხშირად აკვირდებიან ადამიანის ხმას და შეუძლიათ ამოიცნონ: დეპრესიის ხმა, შიზოფრენიის ხმა, ნევროზის ხმა და სხვა… რადგან მდგომარეობები ქმნიან სტერეოტიპულ „ხმებს“ თუ „ხმაურს“.

არსებობს პოლ მოზესის საინტერესო წიგნი „ნევროზის ხმა“…. ხმა მედიუმია, მთავარია, გავიგოთ, რისი ხმა როგორ ვლინდება, რა ლაპარაკობს ჩვენში?

განსხვავებულია „ძალაუფლების ხმაც“. ამ ხმას გამოსცემს პოლიტიკოსი, მასწავლებელი, სასულიერო პირი… იმისათვის, რომ ადამიანის ხმას ჰქონდეს გავლენა, გარკვეულ პარამეტრებს უნდა აკმაყოფილებდეს! – ეს ყველასათვის ცნიბილია!

მოკლედ, ხმაზე დაკვირვებით თქვენ შეგიძლიათ გაშიფროთ ადამიანი და მისი შინაგანი განწყობებიც ამოიცნოთ. პუშკინის „ეგვიპტის ღამეებს“ ასეთი ეპიგრაფი აქვს: „- ეს რა ადამიანია?

 – ოო, ეს დიდი ტალანტია!

თავისი ხმისაგან ის აკეთებს ყველაფერს, რასაც მოისურვებს!“

ხმა არის მახასიათებელი და მანიპულაციის საშუალებაც, გარკვეული ბგერები აბსოლუტურად ცვლიან ჩვენს შინაგან მდგომარეობას. ეს „ჯადოქრობები“ კარგად იციან მათ, ვინც ადამიანებით მანიპულირებს.

ისიც ცნობილია, რომ არსებობს იმგვარი სიხშირის ბგერები, რომლებიც ფიზიკურად ჩვენს ყურს არ ესმის, მაგრამ გავლენას ახდენს ადამიანზე; სამყარო სავსეა ხმებით და ჩვენზე ეს ხმები ზემოქმედებენ… მაგალითად, სპილოები ისეთი სიხშირის ბგერებით გადასცემენ ერთმანეთს ინფორმაციას, რომელსაც ადამიანის ყური ვერ აღიქვამს….

არსებობს ხმები და სიხშირეები, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანის ფსიქიკის დაზიანება და პირიქითაც… მოკლედ, სიგნალები და სიხშირეები ხიფათის შემცველიც არის და  კეთილშობილური მიზნებისთვისაც გამოიყენება.

ადამიანის შეგრძნებათა ორგანოები ფუნქციონირებისას თავის ტვინში წარმოქმნიან ერთგვარ ელექტროობას… დაახლოებით ისე, როგორც  საავდრო ცაზე გაიშლება ხოლმე ელვა და, ამავე დროს, ხელახალი წარმოქმნისას არასდროს იმეორებს ტრაექტორიას – თითოეული არის უნიკალური ჩანაწერი. სწორედ ასე იწერება ყველაფერი ჩვენს თავის ტვინში და ინახება მყარ დისკზე.

ხედვა, სმენა, შეგრძნენები დამოუკიდებელ ქსელებს ქმნიან… და ისინი განსხვავებულად ფუნქციონირებენ განსხვავებულ სიხშირეებზე.

გარე ხმას აქვს რეზონირების უნარი, ანუ გარეგანი ბგერებითა და სიხშირეებით შესაძლებელია ჩვენი ტვინის სიხშირეების ცვლილება. ეს მეცნიერული დებულება კარგად იხსნება ილია ჭავჭავაძის ლექსით „ხმა გულისა“, რომელშიც ‘შინაგან ბულბულს“ შეუძლია ისე ააღელვოს პოეტი, რომ მან გულის სხვაგვარი ცემა იგრძნოს. გულისცემა პირდაპირ კავშირშია  ტვინის სიხშირეების ცვლასთან. ბულბულის ხმა, ტრანსცენდენტულობა, მედიტაციურობა, გულის ხმა – ეს ალფა სიხშირის მაჩვენებელია!

ხმა გულისა

ჩუმ მაღნარშია წამოწოლილი

ვიყავ, ზედ მედგა ხის უხვი ჩრდილი,

და საიდღამაც ნაზი ბულბული

სტვენდა სიყვარულს გაგიჟებული.

დიდხანს და დიდხანს ვუგდებდი მე ყურს

იმ ხმას საკვირველს, იმ ხმასა გრძნეულს;

ვგრძნობდი ჩემ სულის მშვიდ აღმაფრენას

და გულის ჩემის სულ სხვა-რიგ ცემას.

დიდხანს ვატარე, დავღალე თვალი,

ვერსად ვერ ვპოვე ის მომღერალი;

თურმე, ჩემს გულში ნაზი ბულბული

სტვენდა სიყვარულს გაგიჟებული.

 

სრულიად ცვლის ვაჟა ფშაველას განწყობას იდუმალი ხმა ციდან. ხმას ახლავს შეგრძნებები და შეგრძნებები ხატავს ვიზუალურ სურათებს. შეცვლილ სიხშირეზე ვაჟას სამყარო „სულ სხვა თვალზე“ ეჩვენება:

კიდევ ხმა მესმა ციდამა

კიდევ ხმა მესმა ციდამა, ცამ გრძნობა გამიზიარა:

სამოთხის კარი გამიღო, ბნელეთი გამიმზიანა,

დაკუტებული ოცნება განკურნა, გააფრთიანა;

საამო ჟრჟოლამ შემიპყრო, მთელს ტანში ჩამომიარა…

სხვა თვალზე ვნახე სამყარო ჭალა-ველებით, მთიანა.

მასწავლებელს ადვილად შეუძლია მოსწავლეებს შეურჩიოს ისეთი პოეზია და მიაწოდოს ისეთი ხმით (აუდიო ან ვიდეო ჩანაწერი), რომ ამ ხმამ მოახდინოს სასურველ სიხშირეზე მათი „გადართვა“ და  შექმნას სწავლებისთვის ეფექტური კონტექსტი და განწყობა!

ცნობილი ფრანგი ექიმი-ოტოლარინგოლოგი და აუდიო-ფსიქო-ფონოლოგიის (აფფ) შექმნელი Alfred A. Tomatis ამტკიცებს, რომ ყურის (სმენის) დანიშნულებაა, ემსახუროს პიროვნებას ფიზიკურადაც და ფსიქიკურადაც.

რადგან როდესაც ადამიანი „ისმენს“, ეს არ არის მხოლოდ მექანიკური პროცესი, უბრალოდ, ინფორმაციის მიღება, ეს არის ძალიან ღრმა ფსიქო-ფიზიოლოგიური ვექტორი, რომელიც თავის ტვინში ააქტიურებს სრულიად განსხვავებულ უბნებს იმის მიხედვით, რომელ სიხშირეზე ხდება ინფორმაციის მიღება (ალფა, ბეტა, გამა, ტეტრა თუ სხვა…).

ტომატისმა მრავალწლიანი კვლევების საფუძველზე დაადგინა, თუ რომელ სიხშირეს აქვს სამკურნალო ეფექტი ბავშვის  სმენაზე. შესაბამისად, თავის ტვინზე სიხშირული ზემოქმედებით ის კურნავდა სხვადასხვა დარღვევებს.

ალფრედ ტომატისმა შეიმუშავა მკურნალობის მეთოდი, რომელიც მედიცინაში ცნობილია „ტომატისის მეთოდის“ სახელწოდებით. ამ მეთოდის არსი ის გახლავთ, რომ ხდება სმენითი აპარატის სიხშირული სტიმულაცია. ეს მეთოდი გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში მეტყველების, ყურადღების დარღვევის, სხვადასხვა ტიპის ემოციური დარღვევის კორექციისათვის; აგრეთვე – უცხო ენების ეფექტური შესწავლის მიზნით.

ამ მეთოდით მუშაობენ მსოფლიოს 40 ზე მეტ ქვეყანაში.

თერაპიის სხვადასხვა ეტაპზე  ხმოვან სიგნალებად გამოიყენება კლასიკური მუსიკა, დედის ხმა, საყვარელი მასწავლებლის ხმა, თავად ბავშვის ხმა…

ტომატისმა კვლევების საფუძველზე დაადგინა, რომ კლასიკური მუსიკიდან ყველაზე მაღალ ეფექტს იძლევა მოცარტის მუსიკა, რომელიც შეიცავს მაღალი სიხშირის ბგერებს, რომლებსაც აქვს სამკურნალო ეფექტი და აგრეთვე მუხტავს ტვინს, როგორც ბატარეიას. მოცარტის მუსიკა ყველაზე მეტად შეესაბამება თავის ტვინის ბიორითმებს;

 

 

  ახალი ესგ და ახალი გამოწვევები

0

 

ამ სწრაფად ცვალებად გარემოში ცხოვრება არც თუ ისე მოსაწყენია, თუმცა ჩემი ერთგული ბუნებიდან გამომდინარე არ მიყვარს ახალი ნივთები: არ მიყვარს ახალი ტელეფონი, ახალი ფეხსაცმელი, ახალ კომპიუტერსა და მანქანას ხომ წამოუდგენლად ძნელად ვეგუები. სამაგიეროდ მიყვარს ახალი იდეები და გამოწვევები.

სწორედ ასეთია ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც ამჟამად ჩემთვის და მრავალი მასწავლებლისთვის ახალი დიდი გამოწვევაა.

მაინც რა სიახლეა ეროვნულ სასწავლო გეგმაში?

პირველი ის, რომ საბაზო საფეხურზე განსაზღვრულია საერთო შედეგები.  რაც, მართალი გითხრათ, ძალიან მომწონს, რადგან არის თემები, რომლის დამუშავებაც ასე მარტივად არ შეიძლება. ამიტომ მომწონს მსხვილ ერთეულად თემის აღება, რომელსაც საბაზო საფეხურზე ვამუშავებთ და არა მარტო ერთ კონკრეტულ გაკვეთილზე ან თუნდაც ერთ კონკრეტულ კლასში არამედ საბაზო საფეხურის განმავლობაში. ახალ ესგ-ში თემა არის  ფუნქციური კონტექსტი, რომელიც სტანდარტის შედეგების, ცნებებისა თუ კონკრეტული საკითხების ინტეგრირებულად და ურთიერთდაკავშირებულად სწავლების საშუალებას იძლევა. მაგალითად თემა დედამიწა, რომლის  განხილვისას ხდება ისეთი ცნებების დამუშავება, როგორიცაა, ლითოსფერო (რელიეფი, ფილაქნების ტექტონიკა) ატმოსფერო (ამინდი, ჰავა, კლიმატური სარტყელი), ჰიდროსფერო (შიგა წყლები, ჰიდროლოგიური პროცესები) ბიოსფერო (ფლორა და ფაუნა, ნიადაგი), ნოოსფერო, ბუნებრივი  ზონა, ლანდშაფტი…

საბაზო საფეხურზე გეოგრაფიის შედეგები ჯგუფდება სამ მიმართულებად.

  • რუკა და გეოგრაფიული ანალიზი – გულისხმობს სხვადასხვა გეოგრაფიული ინფორმაციის მოპოვებასა და ანალიზს სხვადასხვა წყაროს (რუკა, გრაფიკი, აერო და კოსმოსური სურათები, დიაგრამა) საშუალებით;
  • ბუნებრივი და საზოგადოებრივი სისტემები – გულისხმობს ბუნებრივი და საზოგადოებრივი სისტემების განვითარების კანონზომიერების ჩვენებას, კავშირების დადგენას – ბუნება-საზოგადოება-მეურნეობა; ადამიანის მიერ ბუნებაზე ზემოქმედების შედეგების გაანალიზებას;
  • მდგრადი განვითარება და უსაფრთხოება – გულისხმობს გარემოსდაცვითი ცნობიერების და გარემოს მიმართ მზრუნველი დამოკიდებულების ჩამოყალიბების მნიშვნელობის ჩვენებას, ბუნებრივ, სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ სისტემებს შორის ურთიერთმიმართების გააზრებას; ბუნებრივი და ტექნოგენური მიზეზებით გამოწვეული კატასტროფების მიმართ ადეკვატური ქცევის ჩამოყალიბებას.

მეორე ის, რომ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ეყრდნობა ხუთ საგანმანათლებლო პრინციპს:

  • სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას. სწავლა-სწავლების კონსტრუქტივისტული პრინციპი: რეალური ცხოვრებისეული სიტუაციებიდან მოყვანილი მაგალითების საშუალებით.
  • სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირებას წინარე ცოდნაზე დაფუძნებით. აუცილებელია, მოხდეს წინა წლებში ნასწავლი მასალის გათვალისწინება.
  • სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნათა ურთიერთდაკავშირებასა და ორგანიზებას. ცოდნათა ურთიერთდაკავშირება და ორგანიზება გულისხმობს ინფორმაციის სხვადასხვა წყაროს (ტესტების, რუკების, დიაგრამების…) კითხვასა და ანალიზს.
  • სწავლა-სწავლება უნდა მოიცავდეს ცოდნის სამივე კატეგორიას: დეკლარატიულს, პროცედურულსა და პირობისეულს.
  • სწავლა-სწავლება უნდა უზრუნველყოფდეს სწავლის სტრატეგიების დაუფლებას (სწავლის სწავლა). სწავლის სწავლა გეოგრაფიაში ხდება სხვადასხვა გეოგრაფიული უნარის გამომუშავების გზით, გეოგრაფიული აზროვნების ჩამოყალიბებით.

აქვე უნდა გამოვყო გამჭოლი უნარები, რომლებმაც შეცვალა გამჭოლი კომპეტენციები: პრობლემების გადაჭრა, შემოქმედებითი აზროვნება, თანამშრომლობა, კომუნიკაცია, ეთიკა, ინიციატივების გამოვლენა და საქმედ ქცევა, სწავლის სწავლა, დამოუკიდებლად საქმიანობა, პასუხისმგებლობა, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, წიგნიერება.

საგნობრივ სტანდარტში მკვეთრად გამოყოფილია მეტაკოგნიციის უნარების განვითარების მნიშვნელობა სწავლის უნარების გასაუმჯობესებლად. აქვე მოცემულია სამი რეკომენდაცია, თუ რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა მეტაკოგნიტური უნარების განვითარებისთვის: სტრატეგიების მოდელირება: მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად ასრულებს დავალებას და მისი შესრულებისას „ხმამაღლა ფიქრობს“ იმაზე, თუ როგორ შეასრულოს ეს აქტივობა.

წინმსწრები მეტაკოგნიტური პაუზა, ანუ დავალების შესრულებამდე  დაფიქრება და მსჯელობა გადასადგმელ ნაბიჯებზე.

შემდგომი მეტაკოგნიტური პაუზა, ანუ დავალების შესრულების შემდეგ დაფიქრება და მსჯელობა გადადგმულ  ნაბიჯებზე.

როგორ ავაგოთ თემა?

თითოეული თემის ფარგლებში, შეძლებისდაგვარად უნდა დამუშავდეს სტანდარტის ყველა შედეგი. თემები იცვლება, მაგრამ არ შეიცვლება სწავლის მიზნები, რომლებიც სტანდარტის შედეგების სახითაა ფორმულირებული (შედეგი თავისთავად არ წარმოადგენს დამოუკიდებელ სასწავლო ერთეულს – თემას).

თემა – დედამიწა

  1. მკვიდრი წარმოდგენებისა და ცნებების განსაზღვრა

მაგალითად: მკვიდრი წარმოდგენები – მზე არათანაბრად ათბობს დედამიწას; გეოგრაფიული გარსები ურთიერთდაკავშირებულია და ურთიერთქმედებს  ერთმანეთზე;

ცნებები: ატმოსფერო (ამინდი, ჰავა, კლიმატური სარტყელი).

  1. საკვანძო კითხვების დადგენა

თემის სწავლა-სწავლების პროცესში შუალედური ბიჯების/ეტაპების განსაზღვრა. საკვანძო შეკითხვა წარმოადგენს მაორგანიზებელ ელემენტს, რომელიც სასწავლო თემის ფარგლებში ასრულებს გაკვეთილ(ებ)ის მიზნის როლს.

მაგალითად: რატომ გვხვდება დედამიწის სხვადასხვა ნაწილში განსხვავებული ბუნებრივი პირობები?

რატომ იცვლება დედამიწაზე სეზონები? რატომ გვაქვს დედამიწის სხვადასხვა ადგილას განსხვავებული სეზონი?

  1. შეფასების ინდიკატორების განსაზღვრა

გეოგრაფიული გარსის მთლიანობის აღქმა და მისი გეოსფეროების (ლითოსფერო, ატმოსფერო, ჰიდროსფერო, ბიოსფერო, ნოოსფერო) ურთიერთდამოკიდებულების გაანალიზება.

  1. საგნობრივი საკითხების განსაზღვრა

საგნობრივი საკითხების მეშვეობით მოსწავლე გაიაზრებს ცნების შინაარსს, ამუშავებს საკვანძო შეკითხვებს, ასრულებს კომპლექსურ დავალებებს.

მაგალითად – ჰავის ჩამოყალიბება აფრიკაში (ევროპაში…).

  1. აქტივობებისა და მიმდინარე დავალებების განსაზღვრა

ნებისმიერი ინტერაქტიული აქტივობა, როდესაც მოსწავლეები თავად აგებენ ცოდნას. ტესქტის, რუკის ანალიზი…

  1. შემაჯამებელი კომპლექსური დავალებების შემუშავება

ამინდის პროგნოზის ნებისმიერი საიტზე ატმოფეროს მასების გაადგილების პროცესზე დაკვირვება და ანალიზი.

ამჯერად მხოლოდ ზოგადი ინფორმაციით შემოვიფარგლე, უფრო სწორად თავი მოვუყარე ძირითად ნაწილებს. შემდეგში უფრო კონკრეტულ რჩევებს შემოგთავაზებთ.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ეროვნული სასწავლო გეგმა (საბაზო საფეხური) 2018-2024

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...