ხუთშაბათი, ნოემბერი 6, 2025
6 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2025

შესაძლებლობის შეზღუდვა და განათლება

0

შესაძლებლობა საშუალებაა, რომელიც სამყაროს ნაირგვარი პოზიციიდან გვაჩვენებს და მთელი ძალით შეგვაგრძნობინებს. მაგრამ ზოგჯერ გვავიწყდება, რომ ალტერნატივის გარეშე ეს ძალა უძლურებაა. უამისოდ არც სამყაროა ისეთი სრულყოფილი, სამყარო, რომელიც ჩვენი აღქმის ფარგლებს სცდებოდა ან ჩვენი შეგრძნებებით გამდიდრებული ცნობიერებასავით ფართოვდებოდა. როცა შესაძლებლობას ეს ძალა ერთმევა, ყველაფერი პირიქითაა – რაღაც იმაზე მეტად ვიწროვდება, ვიდრე შეიძლებოდა შევიწროებულიყო, რაღაც ამოყირავდება, რაღაც იმსხვრევა, იკლებს და ინავლება, თუმცა მთლიანად არ ქრება და ეს ამ ამბავში ყველაზე ღირებული რამაა.

 

ეს ცოდნა გამოცდილებით მივიღე – გასულ ზაფხულს შემთხვევით სამზე მეტი მეტრი სიმაღლიდან გადმოვფრინდი, სახით და ხელებით აცვენილ ასფალტს დავასკდი, დავსახიჩრდი და ორივე ხელიც გვარიანად დავიშავე.

 

იმ დღეებსა თუ კვირებში ბევრი დრო მქონდა იმაზე საფიქრალად, ერქვა თუ არა შესაძლებლობა იმას, რაც შემეზღუდა. საშუალებაც მომეცა, არა წარმოსახვით, არამედ უკვე სინამდვილეში განმეცადა, რასაც ფიზიკური შეზღუდვების შემთხვევაში გრძნობენ ადამიანები და საკუთარი გონების თვალით მეხილა ამ შეზღუდვების თანმხლები „სიურპრიზები“, რომლებიც უხვად იყო და ერთიათად ამძაფრებდა ფიზიკურ ტრავმებს, რომელთა ბოლო, არც კი ვიცოდი, რა იქნებოდა.

 

მაშინ მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ვიყავი ადამიანი ფიზიკური შეზღუდვებით და დაკარგული შესაძლებლობებით, ძალების აღსადგენად კი აუცილებლად მჭირდებოდა მხარდაჭერა.

 

ამ შემთხვევიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ, ბედად, პოლონელი მეგობრების დაწყებული საინტერესო წვრთნების ციკლი გაგრძელდა. დასკვნით ტრენინგზე მათ გვაჩვენეს აქტივობა, რომელსაც სწორედ „მხარდაჭერა“ ერქვა.

 

ახლა სწორედ იმ შთაგონებით გთავაზობთ პატარა საგაკვეთილო ექსპერიმენტს.

 

ჩვენს აუდიტორიებში დავსვათ შემდეგი კითხვა: „რა არის მხარდაჭერა?“ პასუხები ჩამოვწეროთ და დავაჯგუფოთ, მერე სიმულაცია გავმართოთ:

 

  • ჯგუფი წყვილებად დავყოთ,
  • წყვილეულის პირველ წევრებს ხელები გავაშლევინოთ,
  • სიმაღლის მიხედვით გადავანაცვლოთ, რადგან გაშლილი ხელი მეწყვილის მხრის სიმაღლეს უნდა შეეფერებოდეს.
  • მეორე წევრებს 10 წუთის განმავლობაში მხრები შევაშველებინოთ,
  • მერე როლები გავაცვლევინოთ.
  • ეს ყველაფერი უხმოდ გავაკეთოთ.

სიმულაციის ბოლოს მონაწილეთა შეგრძნებები ჩამოვწეროთ და ახლა ისინი გადავაჯგუფოთ. შედეგები სიმულაციამდელ პასუხებს შევადაროთ და აქტივობა შევაჯამოთ.

აღნიშნულმა აქტივობამ შეიძლება მთლიანად დაიკავოს საგაკვეთილო ორმოცი წუთი, თუმცა დროის დანანება აქ არ შეიძლება, რადგან თქვენს სიცოცხლეში ერთ-ერთი დაუვიწყარი „გაკვეთილი“ იქნება.

შეზღუდვებისა და მხარდაჭერის თემატიკაზე ასევე მშვენიერ ნიმუშებს გვთავაზობს „განათლება ჩვენს თემში“ (EDUCATION IN OUR COMMUNITY) – უცხოური საგანმანათლებლო პროგრამა. ეს საინტერესო აქტივობები 8-11 წლის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.

თემა: შესაძლებობის შეზღუდვები და განათლება

გაკვეთილის წინაპირობად სახელდება ადამიანის უფლებათა კონვენციის 26-ე მუხლი: „ყველა ადამიანს აქვს უფლება, მიიღოს სრულფასოვანი განათლება“.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნის[1] თანახმად, „მსოფლიოში ერთ მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს ამა თუ იმ შეზღუდვით, რომელიც განიხილება როგორც ფიზიკური ან მენტალური მდგომარეობა, რომელიც უფრო ართულებს ადამიანების ამა თუ იმ აქტივობაში ჩართვას, გარე სამყაროსთან ინტერაქციას და ბავშვებს ბევრ ბარიერს უქმნის განათლების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით[2].

მიზნები:

გაკვეთილის დასრულების შემდეგ ბავშვები შეძლებენ:

  • განათლების ხელმისაწვდომობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორების ამოცნობას;
  • მსჯელობას იმ გზებზე, რომლებითაც შეუძლიათ აამაღლონ განათლების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით შეზღუდვების მქონე ბავშვების ცნობიერება.

აქტივობა:

  • დაყავით მონაწილეები ორ ჯგუფად.
  • I ჯგუფის წევრებს არ აქვთ ხელების გამოყენების უფლება მთელი აქტივობის განმავლობაში.
  • II ჯგუფის წევრებს არ აქვთ ლაპარაკის უფლება მთელი აქტივობის განმავლობაში.

მერე კი დაავალეთ, დახატონ მასწავლებლის მიერ შერჩეული ნახატი.

  • გაკვეთილის შემდგომი დისკუსია:
  • რა სირთულეებს შეეჯახეთ ამ აქტივობისას?
  • რამდენად შეიცვლებოდა თქვენი ცხოვრება, რომ არ შეგძლებოდათ ხელების გამოყენება ან მეტყველება?
  • რა შეგიძლიათ გააკეთოთ შეზღუდვების მქონე ბავშვებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად?

 

გაკვეთილისთვის სასარგებლო ბმულები:

  1. Disability and Health Overview. Centers for Disease Control and Prevention, 4 Sept. 2019.
  2. cdc.gov/ncbddd/disabilityandhealth/disability.html. World Health Organization. World report on disability 2011. World Health Organization, 2011.

 

ეს წერილი ყველასთვისაა, ვისაც სხვისთვის ერთხელ მაინც გაუწვდია დახმარების ხელი, ვისაც არასდროს მისცემია ამის საშუალება ან არც არასდროს გასჩენია ამის სურვილი, ვინც მარტო სურვილით ვერაფერს გამხდარა და ხელიც ჩაუქნევია.

 

მათთვისაცაა ეს წერილი, ვისაც ერთხელ მაინც მიუღია სხვისი მხარდაჭერა და უცდია, საპასუხოდ რაიმე მოემოქმედა, თუნდაც გაეღიმა, ვისაც ესეც ვერ გაუკეთებია, რადგან, უბრალოდ, არ სცოდნია, ამ სიტუაციაში როგორ მოქცეულიყო, მოკლედ, ყველასთვის – ვინც უკვე იცის, რას ნიშნავს სიტყვა „მხარდაჭერა“ ან მომავალში აქვს სასწავლი მისი მნიშვნელობა.

 

„მხარდაჭერა“ ჯადონური სიტყვა და, იმავდროულად, ქმედებაა. მას შესაძლებლობის გადარჩენა შეუძლია. შესაძლებლობისა, რომელიც მანამდე ვერ გახდება შეზღუდული, სანამ გარემომცველი საზოგადოება არ მოისურვებს ამას.

[1] World Report on Disability, xi.

[2] Disability & Health Overview

სტამბოლის საქართველო

0

მსოფლიოს უდიდეს და უმთავრეს ქალაქთა შორის აუცილებლად მოიხსენებენ სტამბოლს. სტამბოლი მრავალი ნიშნით გამორჩეული ქალაქია. თავდაპირველად, ალბათ, მოსახლეობის რაოდენობის გრანდიოზულ მაჩვენებელზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ყოფილ კონსტანტინეპოლში დაახლოებით თვრამეტი მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ბოსფორის სრუტის სანაპიროზე გაშენებული გრანდიოზული სივრცე საუკუნეების განმავლობაში ცივილიზაციათა და ისტორიულ გამოცდილებათა ერთმანეთთან შეხვედრის ადგილად ჩამოყალიბდა. სტამბოლში საერთო ნიადაგზე თანაარსებობენ ევროპული და აზიური ტრადიციები. უზარმაზარ მეტროპოლისში წააწყდებით ურთიერთგანსხვავებული და ერთმანეთთან რადიკალურად დაპირისპირებული ორი ძლევამოსილი იმპერიის – ბიზანტიისა და ოსმალეთის დიად ნაშთებს. დასახელებული იმპერიები აერთიანებდნენ ტერიტორიებს ირანიდან ესპანეთამდე, ყირიმიდან საჰარის უდაბნომდე, არაბეთის ნახევარკუნძულიდან ავსტრიამდე. შესაბამისად, სტამბოლის ქუჩებში ყველა რასისა და უამრავი ეთნოსის წარმომადგენელს შეიძლება გადაეყაროთ, რომელთა ოჯახებიც ყოფილ დედაქალაქში ასწლეულებია სახლობენ. ორ ზღვას შორის გაშენებული დასახლების სტუმრებს ნებისმიერ მოსახვევში შეუძლიათ განსაკუთრებული ღირსშესანიშნაობის აღმოჩენა, აია სოფიას ტაძრისა თუ „ლურჯი მეჩეთის“ მონახულება, სრუტეზე გემით გასეირნება და თანამედროვე სავაჭრო თუ გასართობი დაწესებულებების დალაშქვრა. ალბათ, მთელი თვეც არ არის საკმარისი თურქეთის უმდიდრესი ცენტრის უმნიშვნელოვანესი ადგილების დასათვალიერებლად. უკიდურესი მრავალფეროვნების აღმოჩენის შემდეგ ადამიანები იბნევიან, აღარ იციან, საიდან დაიწყონ სიახლეების ძიება და უამრავი დეტალი უყურადღებოდ მიგდებული რჩებათ. არადა, სულ მცირე მონდომებაა საჭირო, რომ თვალუწვდენელ სტამბოლში საქართველოსთან მჭიდროდ დაკავშირებულ სამ კუნძულს მიაკვლიოთ.

თურქული მეტროპოლისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანს შიშლის უწოდებენ. უბნის შუაგულში, ერთ ვიწრო ქუჩაზე, სტადიონსა და მრავალსართულიან პროფესიულ სასწავლებელს შორის პატარა თეთრი შენობა დგას. შენობის ირგვლივ ჯერ კიდევ შემორჩენილია მომცრო ბაღი და რამდენიმე ძელსკამი. ალაყაფის კარებსა და შენობის ფასადზე შეგიძლიათ ამოიკითხოთ, რომ თურქული ქალაქის ცენტრში ქართული კათოლიკური ეკლესია მდებარეობს.

ოსმალეთის იმპერიას უმძიმესი ურთიერთობები ჰქონდა მართლმადიდებლურ სახელმწიფოებთან. ოტომანებმა სამყაროს დაპყრობისკენ მიმართული პირველი ნაბიჯები სწორედ ბიზანტიელებთან შეტაკებების, მათი დამარცხების ხარჯზე გადადგეს. არსებობის ბოლო საუკუნეებში კი სასულთნოს ყველაზე დიდ საფრთხეს რუსები უქმნიდნენ, რომლებიც ავადმყოფური მონდომებით ცდილობდნენ „თბილ ზღვებზე“ გასასვლელის მოპოვებას. სამაგიეროდ, სავაჭრო-ეკონომიკური მიზნებიდან გამომდინარე „დიადი პორტა“ აქტიურად თანამშრომლობდა დასავლურ სამყაროსთან და თურქეთის ტერიტორიაზე აქტიურად მფრაველობდა კათოლიკურ და პროტესტანტულ თემებს. ოსმალების მიერ სამხრეთ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, სამშობლოდან მოწყვეტილ მხარეებში მცხოვრებ ქართველებს ქრისტიანობის შესანარჩუნებლად ერთადერთი გზა ჰქონდათ, ისინი უნდა შეერთებოდნენ სულთნის მფარველობის ქვეშ მყოფ კონფესიებს. დასახელებულმა გარემოებებმა შეუწყვეს ხელი ქართული კათოლიკური ჯგუფების ჩამოყალიბებას. ქართველი კათოლიკეები დიდი ხნის განმავლობაში ემსახურებოდნენ ეროვნულ საქმეს. ისინი ხშირად მოგზაურობდნენ რომში განათლების მისაღებად თუ პოლიტიკური კავშირების ჩამოსაყალიბებლად. მათ ყოველთვის კონსტანტინეპოლის გავლით უწევდათ გადაადგილება. კონსტანტინეპოლი ქართველი კათოლიკეებისა და მთელი ქვეყნისათვის დასავლეთთან დამაკავშირებელ მთავარ რგოლად იქცა. 1861 წელს კათოლიკე მღვდელმა პეტრე ხარისჭირაშვილმა სტამბოლში ქართული ეკლესია, დედათა და მამათა მონასტრები დააფუძნა. ახალციხელი აბატი აღმოჩნდა პირველი კათოლიკე ღვთისმსახური, რომელმაც რომისგან ქართულ ენაზე ლიტურგიის აღსრულების უფლება მოიპოვა. პეტრე ხარისჭირაშვილის მიზანი არ ყოფილა მხოლოდ საეკლესიო საქმეების გაძღოლა. მან ეკლესიაში მალევე ააწყო სტამბა და დაიწყო ქართულენოვანი კვლევების, თარგმანების, „ვეფხისტყაოსნის“ სხვადასხვა რედაქციების გამოცემა. ეკლესიასთან არსებული სასწავლებელი მრავალი ქართველისათვის ტრამპლინად იქცა. ქვეყნიდან შორს მყოფ ახალგაზრდებს ხარისჭირაშვილის სკოლაში ლიტერატურის, ისტორიის, რელიგიისა და თეოლოგიის შესწავლის შესაძლებლობა ჰქონდათ. თავად აბატი პოლიგლოტი გახლდათ და სტუდენტებს ენების დაუფლებაშიც ეხმარებოდა. ეკლესიის ბაზაზე მალევე გაიხსნა თავშესაფარი, რომელიც არაერთი ხელმოკლე და გაჭირვებული ქართველისათვის სიცოცხლის შენარჩუნების წინაპირობად იქცა.

მოკლედ, 1861 წლიდან სტამბოლში ქართული კულტურის ცენტრი არსებობს, რომელიც დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე ნებისმიერი რელიგიის წარმომადგენელი ჩვენი თანამემამულისათვის უმნიშვნელოვანეს საყრდენს წარმოადგენდა. შიშლის ქართული კერა მასპინძლობდა პირველ მსოფლიო ომში გაუბედურებულ ჩვენებურებს, პარიზის კონფერენციაზე მიმავალ ივანე ჯავახიშვილსა და დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაციას, 1924 წლის აჯანყების მონაწილეებსა და წინააღმდეგობის დამარცხების შედეგად მსხვერპლად ქცეულ ჯარისკაცებს. სტამბოლში ყოფნისას ორი თავისუფალი წუთი მაინც თუ გამოგიჩნდათ, ქართული სავანის მონახულებაზე უარის თქმა ნამდვილი დანაშაულია.

კონსტანტინეპოლის „ოქროს კარს“ მიღმა, მარმარილოს ზღვის სანაპიროზე შვიდკოშკიანი ციხე-სიმაგრე მდებარეობს. ციხე-სიმაგრეს ადგილობრივები იედიყულეს საპყრობილეს უწოდებენ. ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლ ყველა დიდ მოღვაწეს სწორედ ამ გალავნის დილეგებში ამწესებდნენ. შესაბამისად, ციხეს ჩვენი არაერთი ისტორიული გმირისთვის გაუღია თავისი რკინის კარი. იედიყულეს მსხვერპლთა შორის გახლდათ ქართლის გამორჩეული მეფე სიმონ I. ანტიიმპერიალისტმა მთელი ცხოვრება ომში გაატარა. დასუსტებულ ირანს ოსმალების დახმარებით აძევებდა ქართლიდან. დასუსტებულ ოსმალებს ირანის ჯარების გამოყენებით აიძულებდა საქართველოს ველებიდან გასვლას. მუდმივი ლავირების მიუხედავად, ის არასდროს ამბობდა უარს ტახტსა და ქართლის სახელმწიფოებრიობაზე. აქედან გამომდინარე, ურჩი მეფე ბრძოლას ყოველთვის მრავალწლიანი ტყვეობით ასრულებდა. ლუარსაბ მეფის შვილი თითქმის ათი წელი გამოკეტილი იყო ალამუთის ციხეში, კასპიის ზღვის სამხრეთით. სიცოცხლის ბოლოს იგი ოსმალებს ჩაუვარდათ ხელში, ხელმწიფემ უკანასკნელი ათი წელიც გისოსებს მიღმა გაატარა. საქართველოს გაერთიანებისთვის მებრძოლი მოღვაწე სწორედ იედეყულეში აღესრულა. შვიდკოშკიანი სიმაგრის მონახულება, ალბათ, მისი ღირსეული ცხოვრებისათვის პატივის მიგების საუკეთესო გამოხატულება იქნებოდა.

2013 წელს მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქცია „გეზი პარკმა“ და ტაქსიმის მოედანმა. პარკსა და მოედანზე შეკრებილმა ათობით ათასმა ადამიანმა მთელ სამყაროს დაუმტკიცეს, რომ თურქეთში ნამდვილი დემოკრატია არსებობს. თურქეთის მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ ავტორიტერულ ტენდენციებსა და ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს აუცილებლად შეეწინააღმდეგებიან. საპროტესტო მოძრაობა დიდი შეტაკებების შემდეგ დასრულდა, ქალაქის ნაწილმა კი სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი თურქეთის უახლეს ისტორიაში. სწორედ ტაქსიმის მოედნიდან ფეხით რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს კაფე „გალაკტიონი“. კაფე მხოლოდ ქართული კერძების დასაგემოვნებლად არ შექმნილა. „გალაკტიონში“ ხშირად იკრიბებიან ადგილობრივი და სტამბოლში სტუმრად მყოფი ქართველი ინტელიგენტები, მყუდრო მაგიდებთან ხშირად მიმდინარეობს საინტერესო დისკუსიები. კაფეს მფლობელი შესანიშნავ ქართულ წიგნებსაც აგროვებს დაინტერესებული პირებისთვის წარსადგენად. მოკლედ, შუა ქალაქში კიდევ ერთი ქართული პუნქტი არსებობს, რომელიც სრულიად თანამედროვე შინაარსისაა და წარსულის ქარტეხილებთან არ არის დაკავშირებული.

მაშასადამე, მთავარი მონდომებაა. თუ სურვილი გექნათ, დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალაქში თქვენც შეძლებთ ჩვენი წილი საქართველოს აღმოჩენას.

ტექსტების სინთეზირება – ადამიანი საკუთარი თავის ძიებაში

0

ადამიანი უხსოვარი დროიდან ეძიებს ღმერთს და საკუთარ მისიას დედამიწაზე. ყოველი ეპოქის მხატვრული ლიტერატურის თემები და იდეებიც სწორედ ამას უკავშირდება. როგორ გაჩნდა სამყარო? რა კოსმიური ძალაა ღმერთი, რომელმაც დედამიწაზე ასეთი საოცარი წესრიგი დაამყარა? რისთვის გავჩნდი მე? რა არის ჩემი სულიერი მისია ამქვეყნად? რა არის სიკვდილი? სად წავა ჩემი სული სიკვდილის შემდეგ? – ეს ის კითხვებია, რომლებზე პასუხის გაცემასაც, საუკუნეებია, მკითხველთან ერთად ცდილობს მსოფლიო ლიტერატურა. ყოველი მხატვრული ნაწარმოების უმთავრესი თემაა ადამიანი, მის სულში წვდომა, პერსონაჟის საინტერესო ფსიქოპორტრეტის წარმოჩენა.

XX-XXI საუკუნეების ადამიანი ფსიქოლოგიურად დაძაბული, ნერვიული და დეპრესიულია. მატერიალურ ფასეულობათა ფეტიში მის ნაზ სულს თრგუნავს. გარემო გაჯერებულია ცივილიზაციის სიკეთეთა მიერ მოტანილი ნეგატიური ფლუიდებით, რის გამოც ადამიანის სული ცარიელდება, მარტოობას განიცდის, ეძებს ხსნას. სულ უფრო იშვიათია გაწონასწორებული, თავდაჯერებული პიროვნება, კიდევ უფრო იშვიათი – ჰეროიკული სულისკვეთების ანუ სხვათა ხსნასა და საზოგადოების გაკეთილშობილებაზე ორიენტირებული გმირი.

კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ ჩვენი საოცარი ოთარ ჭილაძის ლექსის „ადამიანი გაზეთის სვეტში“ გმირს – ამერიკელ ჯარისკაც კრუს ხიმენესს, რომელიც თავისიანებმა დაცხრილეს იმის გამო, რომ არ ისურვა მონაწილეობა თავისუფლებისთვის მებრძოლი პანამელი პატრიოტების დასჯაში. უკვე მოკლული, სისხლის გუბეში „დასასჯელებსა და დამსჯელებს შორის ხიდივით გადამხობილი“ კრუსის პირით ცხადდება ყველაზე ამაღლებული და ჰუმანისტური იდეალები ადამიანის სულიერ მისიაზე. მას გაცნობიერებული აქვს, რომ „ხნულს ვერ მონახავს ყველა მარცვალი, რომ პურად იქცეს და დააპუროს მშიერი ხალხი“, ანუ ყველას როდი ძალუძს სხვისი ან თუნდაც საკუთარი თავის გადარჩენა. ამაზე ფიქრი კრუსისთვის უმთავრესია, რადგან „ცხოვრების ავან-ჩავანი ფიქრში ირკვევა“. კრუსი ამბობს, რომ ტვინის რენტგენი ჯერ არ გამოუგონიათ, რომ ადამიანის ფიქრები წაიკითხონ, მაგრამ მაინც დანამდვილებით იცის, რომ ადამიანი ვერასოდეს შეათავსებს ბოროტს და კეთილს.

მე და ჩემი მოწაფეები ხშირად ვიმეორებთ საზოგადოების თომას მანისეულ დიფერენციაციას: რომ ადამიანები იყოფიან ბიურგერებად და სულიერ პიროვნებებად, რომ ბიურგერი ისაა, ვინც მატერიალური სიკეთეებს სჯერდება, ხოლო სულიერი ადამიანი ან შემოქმედი ბუნებისაა, ან სხვისი ქმნილების აღქმა შეუძლია, ესთეტია, მშვენიერებას და ცოდნას ეძიებს და მისთვის არასდროს სრულდება სამყაროს შემეცნება. ასეთია კრუსი. ასეთი ადამიანები კი ყოველთვის აბსოლუტურ უმცირესობაში არიან. მათ საკუთარი გონიერება და სულიერება მოსვენებას უკარგავს და მებრძოლად აქცევს. ისინი მისიონერები არიან, სიკეთის გამარჯვებისთვის იბრძვიან. კრუსი შეშფოთებით კითხულობს: „ნუთუ ვერასდროს ვერ მოერევა და ვერ განდევნის ბოროტს კეთილი?“ „ვიღას სჭირდება ამდენი სისხლი?“ „რატომ ვერ ძღება ყველას სტომაქი კუთვნილი პურით, წყლით და ჰაერით?“

სიხარბე, გაუმაძღრობა, მტაცებლური ბუნება აშთობს ადამიანის სულში ღვთის ქმნილებას და აცოცხლებს ცხოველს. კრუსი გვაჩვენებს მაგალითს, როგორ უნდა გავითავისოთ სხვისი განსაცდელი. ის მრავალმნიშვნელოვნად კითხულობს: „შენ რატომ უნდა გეძინოს ცუდად, თუ მე რაღაცით ვარ ბედნიერი? ან რატომ უნდა გეძინოს მშვიდად, როცა მე ვწევარ სისხლის გუბეში?“ მისი არსება შეპყრობილია სამართლიანობის წყურვილით, რაც სიცოცხლის ფასად უჯდება, სიცოცხლისა, რომელიც ახლა ისე უნდა, როგორც არასდროს… ახლა კი მის სულს შეუძლია მშვიდად განისვენოს საუკუნო სასუფეველში. ძველ ქართულში ცხოვნება ერქვა სააქაო ცხოვრებასაც და საიქიოსაც, ანუ ჩვენს წინაპრებს გააზრებული ჰქონიათ, რომ ორი სოფელი განუყოფელი გზაა ადამიანისთვის. სიკვდილით გამოწვეულ ტკივილს სულისშემძვრელი შედარებით გვიმხელს კრუსი: „და მეც ტკივილით მოვწყდი ქვეყანას, როგორც სწყდებიან საკრავს გამები…“ ეს სიტყვები გვასწავლის, რომ ადამიანი მუსიკაა, უკვე ნამღერი, კოსმოსში გაშვებული იმის იმედით, რომ მას შემდეგ, რაც ის მოისმინეს დედამიწაზე, ზეცაში იჟღერებს. ერთი ფრანგი მოაზროვნე წერდა: „შენ დაიბადე – შენ წააგე!“ ალბათ მართლაც აჯობებდა, ღვთიურ იდეად დავრჩენილიყავით, მაგრამ რაკი მოვევლინეთ მიწას, არ ღირს სიცოცხლე მხოლოდ საკუთარი სტომაქისთვის. აქ უეჭველად გაგვახსენდება ჩვენი სევდიანი ტატო: „არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს…“

სიმართლე, როგორც სიყვარული, ალბათ თავად ღმერთია, რადგან სამართლიანობის წყურვილი ადამიანური საწყისის მამოძრავებელია. გავიხსენოთ, რას ამბობენ „ვეფხისტყაოსნის“ გმირები სამართალზე, სამართლის აღსრულებაზე, რაც „ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად“… კრუსსაც მიაჩნია, რომ „ბედნიერია ყოველი თვალი, თუკი სიმართლეს უყურებს იგი“. მისი სამართალი კი ასეთია: „არ შეიძლება, რომ მტრები იყვნენ უიარაღო დემონსტრანტები, არ შეიძლება, რომ უსასრულოდ მხოლოდ ძლიერი იყოს მართალი!“ და აქვე გვეუბნება, რომ სუსტი ვერ დაიცავს თავის სიმართლეს, თუკი მას სხვები არ მიეშველებიან. კრუსს იმის სურვილიც კი გაუჩნდა, დემონსტრანტებს შეერთებოდა და თავისი სისხლი მიეცა მათთვის, როგორც „ნიშანი პატიოსნების და ერთგულების“. ეს კი აპოთეოზია ადამიანის სულიერი სიმაღლისა!

მთესველის ბიბლიურ იგავში, რომელიც ლაიტმოტივად გასდევს ჭილაძის ლექსს, საუბარია იმაზე, რამდენ ნაყოფს გამოიღებს თბილ ხნულში ჩავარდნილი იფქლის მარცვალი: ასს, სამოცს თუ ოცდაათს. ეს რიცხვები ალეგორიაა ადამიანთა შესაძლებლობისა, მეტნაკლებობისა. კრუს ხიმენესი ემსგავსება მაცხოვარს, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველს. ის პოულობს საკუთარ თავს და თავისი ზნეობრივი მაგალითის ძალით სხვათა სულებსაც იხსნის. ამიტომაც უდავოა, რომ კრუსის იფქლის მარცვალი ას ნაყოფს გამოიღებს, ადამიანური სრულქმნილების სიმბოლოდ მოგვევლინება.

საკუთარი თავის მაძიებელ გმირებს შორის გამორჩეულია რიჩარდ ბახის მოთხრობის, ორიგინალური და თვითმყოფადი ტექსტის გმირი ჯონათან ლივინგსტონი. მისი სახელიც მიგვანიშნებს, რომ საქმე გვაქვს განსაკუთრებულ პერსონაჟთან. ეს სახელი ბიბლიური ალუზიაა და უკავშირდება იონათანს, ებრაელთა პირველი მეფის საულის ვაჟს, დავით ფსალმუნთმეტყველის ერთგულ მეგობარს და ასევე – ნინევიელ წინასწარმეტყველ იონას, რომლის სამდღიანი ყოფნა ვეშაპის მუცელში იესოს სამდღიანი დაფლვისა და აღდგომის ალეგორიული წინასწარმეტყველება იყო. გვარი ლივინგსტონიც მეტაფორულად გამოხატავს ყოფიერების არსს, რადგან ინგლისურად „living“ ცხოვრებას ნიშნავს.

ჯონათან ლივინგსტონი ბევრი რამით ენათესავება კრუს ხიმენესს: საკუთარი თავის ძიების დაუოკებელი წყურვილით, სიკეთის თესვის, ქმნადობის, მოყვასისთვის თავგანწირვის უნარით. გავიხსენოთ ეპიზოდი, როცა ჯონათანი ქამსას შეგნებულად აგდებს ნისკარტიდან, რათა მოხუც თოლიებსაც შეხვდეთ საკვები. თავად მშიერი რჩება, მაგრამ სხვაგვარად არ შეუძლია. ჯონათანსა და კრუსს შორის ის განსხვავებაა, რომ თოლია უფრო თვითგანვითარებაზე ორიენტირებული პერსონაჟია, ხოლო კრუსი – მორალური კოდექსის შემოქმედი. მამა შთააგონებს ჯონათანს, რომ ვარხვებსა და ალბატროსებთან ერთად ფრენა კარგს არაფერს მოუტანს, რომ მისი მთავარი საზრუნავი საკვების მოპოვებაა, იზრუნოს, მაგრამ ჯონათანს სხვა რამ ამოძრავებს: ვარხვები და ალბატროსები ზღვის ბატონ-პატრონები არიან, თოლიებზე ძლიერები და ლაღები, სიმაღლეებს იპყრობენ, მუცელგაბერილი თოლიებივით ტალღებზე ფრთების ტყლაშუნით ფრენა არ მოსწონთ.

ჯონათანის სულიერი ნათესავია გურამ პეტრიაშვილის ცნობილი ზღაპრის, „პატარა დინოზავრის“, მთავარი გმირიც, რომელსაც ასევე არ აკმაყოფილებს თავისიანების ერთადერთი ვნება – ბალახის ძოვა. ის პირველი აიხედავს ცაში, მზეს (უფლის მეტაფორულ ხატს) იხილავს და, სიყვარულით სავსე, მის შეცნობას სცდის. მზე-ღმერთიც შეიყვარებს მას, გამოარჩევს და კოცნის, ნაკოცნი დინოზავრს ლაქებად ემჩნევა. ამით იწყება გმირის გაუცხოება და კონფლიქტი თანამოძმეებთან. ბოლოს პატარა დინოზავრი კუდსაც მოიშორებს და სრულ მეტამორფოზას აღწევს, ტყის საყვარელ ქმილებად – ჟირაფად იქცევა, რომლის გრძელი კისერიც ცნობისმოყვარე, მაძიებელი ადამიანის ალეგორიაა. ჟირაფად გარდაქმნილი დინოზავრი არა მხოლოდ მზე-ღმერთს, არამედ თავის სულიერ მისიასაც იპოვის – როცა მზეს ღრუბლები ფარავს, ჩიტები მის მზისფერ ლაქებში იმედს ხედავენ. ამრიგად, დინოზავრი თავად იქცევა მზედ, უფლის ემანაციად. დინოზავრები კი გადაშენდებიან, რადგან სამყაროს ეზედმეტება სტომაქზე გადაგებული უსულო არსებები.

როცა ბალახი გახმა, დინოზავრები ვერ მიხვდნენ, რომ საჭირო იყო სხვა ადგილის ძებნა, გარდაქმნა, განახლება, რასაც მიხვდა საბას იგავის, „იხვი და მყვარის“ პერსონაჟი იხვი. როცა გუბე დაშრა, მან საცხოვრისი შეიცვალა, ხოლო ფსევდოპატრიოტი მყვარი სამკვიდროს ერთგულების ყალბ, აკვიატებულ იდეას ემსხვერპლა. „მაგისთანას სამკვიდროს სიყვარულს ჩემეულად სიარული სჯობნებიაო“, – დაასკვნა იხვმა.

ჯონათანის ცხოვრება სამ ეტაპად იყოფა. პირველი: მას არ აკმაყოფილებს მკვდარი თევზებისა და გემებიდან გადმოყრილი ნარჩენების მოსაპოვებლად წანწალი, მის სულში ქარიშხალი ბობოქრობს. თვითგამორკვევისა და თვითიდენტიფიკაციის პროცესში ჯონათანი უჯანყდება საკუთარ თავს, თოლიების ცხოვრების წესს, უძრაობასა და უაზრო ყოფას. მეორე პერიოდი მოიცავს ექსპერიმენტებს, თვითგანვითარების გრძელ და დამღლელ გზას, დაუცხრომელ ლტოლვას საკუთარი სისუსტეების დაძლევისკენ. მესამე კი საკუთარი ღვთაებრივი მისიის გაცნობიერების, თანამოძმეებთან მათ განსავითარებლად დაბრუნების ამაღლებული გზაა – ჯონათანის ცხოვრება კულმინაცია. ციური სიმაღლეებისკენ დამქანცველი სწრაფვის პროცესში ჯონათანმა გააცნობიერა, რომ „მხოლოდ ძვალი და ბუმბული კი არ იყო, არამედ – თავისუფლებისა და სინათლის სრულყოფილი, ყოვლად დაუსაზღვრავი იდეა“.

ამიტომაც არის ჯონათანი ღვთაებრივი სული, რომელიც, ბახის აზრით, თითოეულ ჩვენგანში ცოცხლობს (რაზეც ავტორი მოთხრობის ეპიგრაფშიც მიუთითებს). მას მხოლოდ გამოღვიძება და ზრდა უნდა. ვინც ვერ გრძნობს „ჯონათანის“ არსებობას საკუთარ სულში, მას არც ჯონათანისნაირი ადამიანებისა ესმის, რის გამოც თვითმაძიებელ პიროვნებას ბევრი საფრთხე და დაბრკოლება ემუქრება, თუმცა მას ეს არ აშინებს, არც ბოღმით ივსება მტრების მიმართ. ჯონათანი არ არის სულმოკლე არსება, რომ პატარა ადამიანებს თუნდაც გუნდიდან გარიყვა ვერ აპატიოს. ის მარტოობას თვითძიებისთვის, თვითჩაღრმავებისა და მედიტაციისთვის იყენებს და თემიდან მოკვეთის ტკივილი კი არ აბოროტებს, არამედ იმპულსს აძლევს, ძალას მატებს, მოტივაციას უმაღლებს. როცა ჯონათანმა ბოლომდე გამოსცადა ფრენის, თავისუფლების, სიმაღლეთა დაპყრობის სიტკბო, თავისი გამწირველი თანამოძმეები მოენატრა, მათი გაკეთილშობილება მოუნდა და იტვირთა მძიმე მისია, სხვებიც ეზიარებინა თავისი მიღწევებისთვის. ასეთ გმირს კი ყოველთვის გამოუჩნდება მიმდევარი. თოლიების გუნდში ჯონათანის შემდეგ ფლეტჩერ ლინდი გამოჩნდა, რომელიც თემიდან გარიყვამ გააბოროტა, მაგრამ ჯონათანმა მასაც ასწავლა: „გუნდს არ ეუხეშო… შენი გაგდებით დანარჩენები მხოლოდ თავის თავს ავნებენ. ოდესმე ამას მიხვდებიან და იმასაც დაინახავენ, რასაც ახლა შენ ხედავ. აპატიე და დაეხმარე, რომ გასაგები გაიგონ!“ აქ უსათუოდ გაგვახსენდება თემიდან უმოწყალოდ მოკვეთილი ალუდა და მისი მიმართვა თემის მაწყევარი ქალებისადმი: „ჯვარს არ აწყინოთ, თემს ნუ სწყევთ, ნუ გადიქცევით ცეტადა!“ ალუდა თუ გაწირეს, თემში დარჩა მინდია (ვაჟასეული ფლეტჩერ ლინდი), რომელმაც გააცნობიერა ალუდას იდეების სიდიადე და ამიერიდან ის აიღებს ჰუმანისტური იდეალებისთვის ბრძოლის ბაირაღს.

გამაკეთილშობილებელი გმირის იდეა საოცარი გამომსახველობით შემოგვთავაზა მინიატურული პროზის დიდოსტატმა გოდერძი ჩოხელმა მოთხრობა „ცასწავალაში“.ცასწავალას ფრენის, საზღვრის გადალახვის, ამაღლებისა და თავისუფლების იდეალებს უპირისპირდება მთელი ფრინველთა თემი მოსამართლე ყვავის მეთაურობით, მაგრამ ეული გმირის გვერდით გამოჩნდება მოლაღური, რომელიც მისთვის ფარულად იღწვის, თანაუგრძნობს მას, ცასწავალას სიკვდილის შემდეგ მისი იდეების გამგრძელებლად რჩება.

თავდაპირველად ერთეულები იზიარებენ მესია-გმირის იდეალებს, მერე და მერე კი თანამოაზრეთა რიცხვი იზრდება და მისია აღსრულდება: გმირი ცვლის რეალობას. ჯონათანი სულიერად ენათესავება ქართული მწერლობის გამაკეთილშობილებელ გმირებს: „ვეფხისტყაოსნის“ ზეკაცებს, ალუდას, ჯოყოლას, ზვიადაურს, მინდიას, გოგოთურს, ლელას, კვირიას, ოთარაანთ ქვრივსა და გიორგის. ყოველი გმირი, რომელიც კონკრეტულ მიკროკოსმოსში საზოგადოების გაკეთილშობილებისთვის იბრძვის, სამყაროს მხსნელია, რადგან მისი ზნეობრივი მაგალითი მილიონებზე ახდენს გავლენას.

შინაგზათა მგზავრები

0

უჩვეულოდ თბილი ზამთარი დაიჭირა წელს. არათუ ქალაქში – აქაც, მთაშიც სითბო დაგვხვდა. ამ მიწის შვილი ვარ, მაგრამ, აგერ, თითქმის ორმოცდაათი წელი შევასრულე და ამ დროს აქ არ ვყოფილვარ. ალბაც არც წელს ამოვიდოდი, რომ არა, როგორც იტყვიან, გარდაუვალი აუცილებლობა…

 

ორნი ვართ – მე და ირაკლი. ირაკლი ჩემზე ოდნავ უფროსია და საკუთარ სოფელში მეგზურობას მიწევს. კარიკარ უნდა ჩამოვიაროთ. სათქმელი ცოტა გვაქვს, მაგრამ ყველასთან. ისედაც პატარა სოფელში კვამლი მეჩხერად ამოდის სახლებიდან. ჯაფას მხოლოდ მუხლამდე თოვლი და აღმართ-დაღმართი გვაყენებს…

 

…ნუკრი ეზოში დაგვიხვდა. შეშას აპობდა. შორიდან მივესალმეთ. შეშის ასაღებად დაწვდილი, ჩვენს ხმაზე წელში გაიმართა და სანამ ნაბიჯს გადმოდგამდა, ჯერ ქუდი მოიხადა. მთაში ეს წესად გვაქვს. ჭირის მეპატრონეს ქუდით არ მიუხვალ.

 

– როგორ არის ბიძა ირაკლი? – ვეკითხები, სანამ მთავარ სათქმელზე გადავიდოდე.

ასეა, როცა საკუთარი აღარ გყავს, სხვის მშობლებზე იწყებ ფიქრსა და ზრუნვას.

 

– უკეთესად, შინ მოვიყვანე უკვე, – მოკლედ გვპასუხობს.

 

– ხომ დგას ყინჩად ფეხზე? ხომ მიდ-მოდის თავისით? – ახლა ირაკლი ეკითხება უკეთესის მოლოდინში.

 

– კი, შინაგზათა…

 

ასეთია ცხოვრება. ჯერ მიწაზე დახოხავ და გულმოდგინედ აკვირდები, როგორ დადიან მშობლები წელში გამართულნი, ორ ფეხზე. მერე თავადაც ბაძავ და ნელ-ნელა სწავლობ. იზრდები და შენთან ერთად იზრდება ჯაფაც, მისი სიმძიმეც. სხვა გზა არ გაქვს, მუხლი უნდა გაიმაგრო, რომ ამ ტვირთს გაუძლო. ამასაც ახერხებ. დადიხარ, ქვეყნიერებას თელავ. თანდათან ჟანგი, კაცნი ჭაღარას რომ ვეძახით, გეპარება, ნელ-ნელა ამოკლებ ნაბიჯსა და მანძილს და ბოლოს შინაგზის მგზავრი ხდები.

 

თავს ამით ვიმშვიდებთ: „რკინისანი ხომ არ ვართ, ცას გამოვეკეროთო“.

 

მაგრამ ვინ თქვა, რომ რკინა ან სხვა მასალები უბერებელია? მაშ, სად გაქრა დიდი ქალაქები, რომელთა შესახებაც მხოლოდ ლეგენდები შემორჩენილა? სად არის ფარაონთა სრა-სასახლეები? რატომ ვეღარ ვსეირნობთ სემირამიდას ბაღებში? რამ ჩამოაქცია სულ რამდენიმე წლის წინ გენუის თავზე ავტომაგისტრალი?

 

დიახ, მასალებიც იღლებიან, ბერდებიან და, ჩვენსავით, მიწა იყვნენ და მიწადვე იქცევიან.

 

მეტალების ზედაპირი გარემოსთან ქიშპში ჯერ ოქსიდური (ჟანგის) ფენით იფარება, მერე და მერე აქა-იქ ჰიდროქსიდებიც გამოერევა და ნაოჭები – მიკრობზარები უჩნდება. სანამ ბზარები პატარაა და ცოტა, მეტალებიც მტკიცედ დგანან ფეხზე, მაგრამ ბოლოს მაინც იღლებიან და მიწას ენარცხებიან.

 

ამიტომ დღეს ინჟინრებს შორისაც მოიძებნებიან მასალათა გერიატრიის სპეციალისტები და მასალებისთვისაც მისაღებია ისეთი ტერმინები, როგორიცაა „გადაღლა“, „ამტანობა“ „დაბერება“. აიღეთ ალუმინის მავთული და ერთსა და იმავე ადგილზე რამდენჯერმე მოღუნეთ და გაასწორეთ. ცოტა ხანში ორად გატეხილი მავთული შეგრჩებათ ხელში. რატომ? ერთ წერტილში ციკლური დაძაბულობით მეტალი გადაიღალა, მიკრობზარები მოუმრავლდა და ბოლოს დაემორჩილა გარეგან ზემოქმედებას…

 

…წინათ ფშავს მშობლიურ კუთხედ, მამულად და სხვა ამგვარი ეპითეტებით ვიხსენიებდი, ახლა უკვე პირდაპირი მნიშვნელობით ვამბობ: „ჩემი მამა-პაპის საძვალე“.

პანდემიური არდადეგები

0

ბებიაჩემი და ახლა უკვე დედაც, წარსულს რომ იგონებენ, ათვლის წერტილად მნიშვნელოვან მოვლენას ასახელებენ. ვფიქრობდი, რომ მე მათზე მეტი ათვლის წერტილი მქონდა: წინა საუკუნეში – ვიტყოდი ამაყად, თბილისის, აფხაზეთის, სამაჩაბლოს, აგვისტოს (წლის ხსენებაც არ არის საჭირო) ომამდე და ომის შემდეგ… 4 ომის ცეცხლში გამოვლილი თაობა ვართ. ომების ჭრილობებს დღემდე ვიშუშებთ… აქ კი სიამაყის რა მოგახსენოთ.

აი, ახალი კორონავირუსის პანდემიამდე და პანდემიის შემდეგ – ეს უკვე ახალია.

ზუსტადაც, კორონავირუსამდე სხვა გეგმები და იდეები გვქონდა მე და ჩემს მოსწავლეებს. ბედნიერების ინდექსის მაჩვენებლის დადგენას, ცხოვრების ხარისხის განსაზღვრას ვცდილობდით, გამოკითხვა ჩავატარეთ, კლასში რაოდენობრივი და პროცენტული მაჩვენებლები განვიხილეთ, ღია კითხვებზე გაცემული პასუხებიც გაიხსენეს, ცოტაც ვიხუმრეთ, ვიხალისეთ და შემდგომ დავალებაზეც შევთანხმდით, მაგრამ … დაიწყო COVID-19-ის გავრცელება და მალე პანდემიადაც ჩამოყალიბდა.

გადავედით განსხვავებულ რეჟიმზე. ჩვენს ახლანდელ მდგომარეობას „პანდემიური არდადეგები” დავარქვით (უფრო სახალისოა). პირველი დავალებაც მოსწავლეების თვალით დანახული პანდემიური არდადეგებია. გთავაზობთ რამდენიმე მეათე კლასელის ანალიზსა და ჩანახატს. რას ფიქრობენ ჩვენი ბავშვები.

ანა, პატარა მხიარული ადამიანი, რომელიც საკუთარი ემოციების დაფარვას სიცილითა და იუმორით ახერხებს. ემოციების ზღვა კი მისთვის აგვისტოს ომიდან იწყება.

ანა ლაგურაშვილი: „მშვიდი ძილის შემდგომ ომის ველზე თუ გაგიღვიძიათ?

ეს არ არის ომი, სადაც ტყვიების წვიმა და ქუჩებში დაღვრილი უამრავი სისხლია. ეს ომია ხალხსა და იმ ჰაერს შორის, რომელშიც სიკვდილის მეგობარი ნაწილაკებია გაფანტული.

გავიღვიძე და სამყარო სრულიად შერყეული დამხვდა.

ვინ იფიქრებდა, მარტის მშვიდ საღამოს თოვლი რომ მოინდომებდა ცეკვას?

ვინ იფიქრებდა, რომ ის დღეები, რომლებიც ბედნიერებით აღსავსე უნდა ყოფილიყო, ტკივილის სუნით გაიჟღინთებოდა.

ვინ იფიქრებდა ქუჩებში მანქანების ხმას, ხალხის ოვაციები რომ ჩაანაცვლებდა?

ოვაციები – სიამაყის და სევდის. ტკივილის, რომელიც ჯერ კიდევ აქ არის და არავინ იცის, როდის მოინდომებს წასვლას. ზოგისთვის არც არასდროს წავა.

ახლა შიში ცხოვრობს იმ ქუჩებში, ერთ დროს სიცოცხლით რომ იყო სავსე.

ქუჩაში არავინ გადის, რადგან ეშინიათ, ეშინიათ იმ სიბნელის, რომელიც სახლში ცრემლებად გადაიქცევა და ეს ცრემლები რომ შეწყდეს, სად წავა მერე ის სიშავე?

ის სიშავე დარჩება შიშად… რომელიც არავის უფრთხილდება.

ნუცა მშვიდი და თავშეკავებული ადამიანი, რომელიც ყოველ ჯერზე გვაკვირვებს ანალიზის უნარით. ძნელია, არ დაეთანხმო მის უცნაურ დამოკიდებულებას მოვლენების მიმართ“.

ნუცა სეხნიაშვილი: „2020 წელი რომ დგებოდა, ჯერ კიდევ წარმოდგენა არ გვქონდა მე და ჩემს გარშემო მყოფებს, რა გველოდა წინ.  პოტენციური მესამე მსოფლიო ომი, ავსტრალიის ხანძარი და ბოლოს  COVID-19 ის სახელით ცნობილი კორონავირუსის მასშტაბური გავრცელება. უამრავმა გეგმამ და ღონისძიებამ ვირუსის გავრცელების არეალის ზრდასთან ერთად გაქრობა ან უვადოდ გადავადება დაიწყო. ყოველდღიურ საინფორმაციო გამოშვებაში გამოცხადებული ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველ ჯერზე მაკვირვებდა, რიცხვი დღითიდღე იზრდებოდა და თითქოს ზღვარი არ უჩანდა. და მაინც ამ ყველაფრის ფონზე, მაშინ, როდესაც ფეიკნიუსების ნაკადი წამოვიდა და სინამდვილის სიცრუისგან გარჩევა უკვე მიჭირდა, რეალობის აღქმა დავკარგე და ყველაფერი, რაც კი მესმოდა, გაზვიადებულად ჩავთვალე. ეს გაგრძელდა მანამდე, სანამ საქართველოშიც არ დაირღვა ყოველდღიური ცხოვრების წესი და ჩემი თვალით არ ვიხილე სიტუაცია.

და მაინც, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?! ვიღაცის დაუდევრობამ, უმოქმედობამ თუ სავალალო შეცდომამ ერთი ადამიანის დაინფიცირება გამოიწვია, რასაც დომინოს პრინციპით სხვა უამრავი მოჰყვა. ჩინეთიდან ვირუსი ჯერ მის მეზობელ ქვეყნებში გავრცელდა, შემდეგ იქ, სადაც თითქოს თავი ვირუსისგან ყველას მიუწვდომელი ეგონა – ევროპაში. ამ ბრძოლაში ევროპა იმ ათოსანი მოსწავლის სახეა, რომელმაც ტესტამდე განვლილი მასალა არ გაიმეორა, რადგან ჩათვალა, რომ ყველაფერი იცოდა, მას ხომ თავი ხელშეუხებელი ეგონა, მაგრამ ტესტის ფურცლის პირისპირ მარტო რომ აღმოჩნდა, გაირკვა რომ არც ისე ბევრი ახსოვდა. განვითარებული ქვეყნები იმ მოსწავლეს ჰგვანან, რომელმაც ისედაც უკვე დაბალი ნიშნის გამოსასწორებლად წინა დღეს ყველაფერი გაიმეორა და შედეგმაც არ გაუცრუა იმედი. აშშ მორიგი ათოსანია, რომელიც პირველის მსგავსად მოიქცა თუმცა მაინც შეძლო ფანტაზიორობით რაღაცის დაწერა და სულაც არ აპირებს ამ სტრატეგიის ოდესმე შეცვლას (არ ვიცი, ეს შედარება რამდენად მისაღებია). შეიძლება ამ ხელშეუხებლობის გამეფებულმა შეგრძნებამ, ანდაც სულაც ტურისტულმა მიმზიდველობამ და იმან, რომ წელს უამრავი ღონისძიება ( ფეშენვიკი თუ ფილმის გადაღება) იყო ჩანიშნული, იტალია ევროპის წითელ წერტილად აქცია. იტალიის ცხელ ზონად ქცევიდან მალევე მსოფლიოში პანდემია გამოცხადდა, რასაც კიდევ ერთხელ მოჰყვა პანიკა (მაგ. ავსტრალიაში). ეს ყველაფერი კი 2020 წლის პირველ მეოთხედში მოხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი ჯერ ახლა იწყება, ვინ იცის, რეალურად როდის მოხდება ვაქცინის გამოგონება. იმის ფონზე, რომ ხალხი მაღაზიებიდან საჭიროებისდა მიუხედავად ყველანაირ პროდუქტს „იტაცებს”, ავსტრალიაში კი ეს პროცესი ტუალეტის ქაღალდის დეფიციტამდეც კი მივიდა, ხდება ფასების ხელოვნური ცვლილება და ეკონომიკის მიწასთან გასწორება, ჩრდილოეთ კორეაში კი „რაც არ უნდა გასაკვირი იყოს” ვირუსის გაქრობის ეფექტურ გზად დაინფიცირებულების დახვრეტა მიიჩნიეს.

ისმის შეკითხვა, იყო, არის ან იქნება თუ არა მსოფლიო (ხალხი თუ სახელმწიფოები) მომავალი გლობალური კრიზისებისთვის მზად?! ჰაერი იმაზე სუფთაა, ვიდრე ვინმეს გვახსოვდა, ვენეციაში თევზები დაცურავენ, ქუჩებში გამაყრუებელი სიჩუმეა ჩამოწოლილი, ხალხს კი იმაზე მეტად ეშინია განკითხვის ჟამის, ვიდრე ოდესმე“.

ნინი, მხიარული ნინი, რომელიც ყველა სიტუაციას პოზიტიურად უდგება. მზად არის მოგისმინოს, მაგრამ მაინც თავის პოზიციას იცავს.

ნინი სხირტლაძე: „კორონა – დაავადება, რომელმაც მთელი დედამიწა არია. მან საქართველოშიც შემოაღწია. სიმართლე რომ ვთქვა, არ მეშინია კორონასი და ვფიქრობ, რომ მალე გაქრება ეს დაავადება. გამოიგონებენ ვაქცინას. ამით მედიცინა უფრო წინ წაიწევს. მჯერა, რომ ჩაიწერება ისტორიაში, რომ კორონა იყო პანდემია, რომელიც ყველაზე მოკლე დროში „გააქრეს“. განათლებას რაც შეეხება, ძალიან მაღელვებს. განათლება ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა ჩვენთვის… სკოლაში არსიარული მართლა ძნელია. რუტინიდან ამოვვარდი. „პანდემიური არდადეგები“ არ მომწონს. ვიდეოგაკვეთილებს რაც შეეხება, კარგია ნამდვილად, მაგრამ ეს ვერასდროს ჩაანაცვლებს სკოლას ჩემს გულსა და გონებაში. ჩემი ოცნებაა გაქრეს კორონა, იმისათვის, რომ მიზნები ავიხდინო. #წადიკორონა“.

თათა ერთი წელია გავიცანი. ხმაურითა და ხალისით შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში. რამდენიმე გაკვეთილზე არ იყო და ძალიან დამაკლდა.

თათა ვარადაშვილი: „თვალებგაფართოებული ვუყურებ რიცხვებს. რას ავიჩემე ამ სტატისტიკის ნახვა, ამიჭრელდა თვალები. ჯერ ჩინეთიდან დაიწყო, შემდეგ სამხრეთ კორეა აღმოჩნდა მის არეალში, ირანამდეც კი მიაღწია, ოღონდ არ ვიცი, როგორ და აი, ბოლოს საქართველოშიც ჩამობრძანდა. ამის გახსენებისთანავე კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი სტატისტიკას და ძლივს გავიაზრე, რომ უკვე 148 ქვეყანას დაეტყო კორონას კვალი და ჩემთვის ვფიქრობ, რომ ეს ვირუსი არ გაჩერდება, არამედ უფრო გააგრძელებს გავრცელებას და უფრო მეტ ქვეყანას დააზარალებს. თუმცა, არ მინდა, რომ მოვლენებს წინ გავუსწრო. ახლა  ყველა თვითიზოლაციაში ვართ, ვფიქრობ, მთელი დედამიწა. გარეთ ცხვირის გაყოფაც კი არ შემიძლია. ვზივარ ასე… მამაჩემს ყოველდღე მოაქვს საკვები სახლში, ნელ-ნელა ცარიელდება სუპერმარკეტებიო. ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს, რაც საერთოდ არ მომწონს, პირიქით ერთფეროვნება მაღიზიანებს. სული მეხუთება სახლში ყოფნით. ჩემი მეგობრები მომენატრნენ… არა რა, ეს ხალხი ცალკე მაგიჟებს, აქვთ დიდი პანიკა, დარბიან აქეთ-იქით გიჟებივით, აქვეყნებენ პოსტებს, უარესად აგიჟებენ ერთმანეთს და უკვე დათესილ პანიკას უფრო და უფრო აღვივებენ. იმის ნაცვლად, რომ ერთმანეთს ხელი შეუწყონ, კარანტინიდან იპარებიან… მე ვფიქრობ, რომ ხალხმა რაციონალურად აზროვნების ის მცირე უნარიც დაკარგა და მთლიანად იმპულსურ მოქმედებებზე გადავიდა. მე საერთოდ ვფიქრობ, რომ სამყარო შეიშალა, ყოველდღე ვხედავ, როგორ მუშაობენ ექიმები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და ვფიქრობ, რომ სულ გაგიჟდნენ… ამდენს და ასე როგორ მუშაობენ… თანდათან ვრწმუნდები იმაში, რომ ადამიანის ენერგია და ძალები დღემდე შეუცნობელია…

ოხ, ეს კორონა… პანდემიაა, თუმცა ბევრი ადამიანური თვისება გამიღვიძა. პათეტიკურად ჟღერს, თუმცა ადამიანების დაფასება უფრო მეტად ვისწავლე და მგონი, არა მარტო მე… კორონამ ადამიანებს ერთმანეთის დაფასების და შეყვარების უნარი გვასწავლა თითქოს, თუმცა ამავდროულად უფრო დააშორა ერთმანეთს. ვიმედოვნებ, რომ მალე გამოიგონებენ

რამეს და ყველანი დავისვენებთ“.

თამარი ყოველთვის მზად არის მოგისმინოს. ამ დროს ხვდები, რომ უბრალოდ კი არ გისმენს, თითქოს ხედავ მის ტვინში ეს ფრაზები როგორ დარბიან, თამრო კი ცდილობს ყველას თავისი ადგილი მიუჩინოს.

თამარ გოლიაძე: „რა გამოიწვია კორონავირუსმა? ბევრი რამ. ამ ბევრი რამიდან კი მთავარი ისაა, რომ COVID-19-მა ადამიანთა ცხოვრება (იმედია) ცოტა ხნით შეაფერხა, ხოლო დედამიწას ამოსუნთქვის საშუალება მისცა. ამაში კი ვგულისხმობ იმას, რომ, მაგალითად, ქუჩაში ტრანსპორტის რაოდენობა და შესაბამისად, გამონაბოლქვის ინტენსივობა შემცირდა. მაგრამ მე მაინც ეგოისტურად პირველ რიგში ჩემი ცხოვრების ასე უცაბედად დაპაუზება (ონლაინგაკვეთილებისთვის შესაფერისად რომ ვთქვათ) მანაღვლებს. სულ რამდენიმე კვირის წინ ზაფხულისა და სხვადასხვა ღონისძიებების მოახლოება მიხაროდა. ახლა კი სახლში ვზივარ, ოთხ კედელში გამოკეტილი. თუმცა, წუწუნი ახლა ვერ გვიშველის. ამიტომ ისღა დაგვრჩენია, ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობები გავიხსენოთ (თუ ვინმეს არ ახსოვს) და შევეცადოთ, რაც შეიძლება მალე დავამარცხოთ კორონავირუსი. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც სახლში ყოფნით სამყაროს გადარჩენა შეგვიძლია“.

ეს კი ანანოა. გახსოვთ მეოთხე კლასში გეოგრაფობა რომ გადაწყვიტა. ცოტა ხნის წინ, უკაცრავად – კორონავირუსამდე, მითხრა – გახსოვთ, რომ გითხარით გეოგრაფობა მინდაო, არ   გადამიფიქრებია. პატარა ანანო უკვე მე-10 კლასშია. ვნახოთ, კორონავირუსის შემდგომ პერიოდში როგორ შეიცვლება მისი გადაწყვეტილება.

ანანო გაფრინდაშვილი: „დილით ვიღვიძებ ჩვეულებისამებრ, თუმცა ეს სხვაგვარი დილაა. მისაღებში გავდივარ და ტელევიზორში ახალი ამბებია ჩართული:

  • „ამჯერად ქვეყანაში დაფიქსირებულია 30 შემთხვევა. ინფიცირებულები იზოლირებულნი არიან და მათ ჯანმრთელობაზე ექიმები სრულფასოვნად ზრუნავენ. სტატისტიკის მიხედვით მკვლევრები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსი, რომელიც უკვე მთელ მსოფლიოს მოედო, ტემპერატურის მატებასთან ერთად გაქრ…“.

ისევ ოთახში ვბრუნდები.

ჰაერი თანდათან უფრო მძიმდება. ქუჩები ცარიელდება, ხოლო ის მუდმივი ამვლელ-ჩამვლელები ისე მიდიან, ერთმანეთს აკვირდებიან და ყოველ ნაბიჯზე უფრო და უფრო შორდებიან ერთმანეთს.

გარეთ გასვლისას დაძაბული მიაბიჯებთ, რადგან არ იცით, ვის შეიძლება აღმოაჩნდეს ეს ვირუსი, რომელმაც თან გაგვაერთიანა და თან გაგვაუცხოვა. ამიტომ გირჩევნიათ სახლში დარჩეთ… იქ, სადაც დაცული ხართ. მე კი მინდა, გარეთ გავიდე, ჰაერი ხარბად ჩავისუნთქო და ქუჩებში ისე გავიარო, როგორც ადრე. მაგრამ მე სახლში ვრჩები და იცით რატომ?

სახლში ვრჩები ჩემთვის, შენთვის და ჩვენთვის. უსასრულო არაფერია… და თუ ჩვენ იმ ადამიანური იმედითა და თანაგრძნობით გავერთიანდებით, ყველაფერი გამოგვივა.

ყველაფერი უსასრულო არაა, თუმცა ვთვლი, რომ ჩვენ თავად უსასრულობაში ვართ მიმოფანტული და მე მსურს, ვირბინო, არა იმიტომ, რომ უსასრულობის ბოლოს მივაგნო, არამედ იმიტომ, რომ სირბილში ფრთები გამოვისხა და ავფრინდე.

აქტივობები დისტანციური გაკვეთილებისთვის

0

დისტანციური სწავლება სწავლების ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც ისეთ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც მასწავლებელი და მოსწავლე ერთ აუდიტორიაში არ იმყოფებიან. მსოფლიოში შექმნილი პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენთვის მოსწავლეებთან კონტაქტის დამყარების საშუალებად სწორედ დისტანციური სწავლება იქცა.

ჩემთვისაც, როგორც ყველა მასწავლებლისთვის, სიახლეები საინტერესოა, თუმცა ბიოლოგიის სწავლებისას არ უნდა გამოგვრჩეს კვლევითი კომპონენტის აუცილებლობა, რომელსაც აუდიტორიაში ლაბორატორიული აღჭურვილობის მეშვეობით ძალიან კარგად ვახერხებთ.

როგორ მოვიქცეთ ახლა? რა თქმა უნდა, ამ ტიპის სწავლებისას კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს შევთავაზოთ სახალისო აქტივობები და სხვადასხვა  სასწავლო რესურსებით და მრავალფეროვანი მეთოდების საშუალებებით შევძლოთ  მათი შინაგანი მოტივაციის ამაღლება.

 

მინდა გაგიზიაროთ  რამდენიმე   აქტივობა, რომელმაც ჩემი მოსწავლეების ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია.

 

  1. აქტივობა „ვსწავლობთ  ვიდეოანიმაციით“

 

შესასწავლი საკითხი – იმუნიტეტი

მოსწავლეებში ყველაზე აქტუალური ახლა სწორედ იმუნიტეტის თემაა, მათ ძალიან ბევრი კითხვა უჩნდებათ:

  • რა არის იმუნიტეტი?
  • რატომ გვემართება თვალით უხილავი დაავადებები?
  • როგორ დავიცვათ თავი?
  • იმუნიტეტის გაძლიერება მითია თუ რეალობა?

ამ კითხვებზე პასუხების გაცემა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მუდმივად ესმით ამ თემასთან დაკავშირებული საუბრები ტელევიზიით და განსაკუთრებული ემოციური დამოკიდებულებით გამოირჩევიან. სწორედ ამ დაძაბულობის მოხსნისა და ინფორმაციის სახალისოდ მიღების მიზნით, შევთავაზე მათ,  ენახათ ქვემოთ მოცემული ბმული

რადგან ვიდეოანიმაციაში ნაჩვენებია სისხლის უჯრედები, მათი მოვალეობები იმუნური პასუხის განხორციელებისას და ერთმანეთთან ურთიერთობის ფორმები,  მოსწავლეებს ვთხოვე,  ვიდეოს  შემდეგ  მცირე დისკუსია გაგვემართა. ასევე შეიძლება  კოგნიტურ სქემაზე  მუშაობაც:

აღწერეთ ვიდეომასლა რა იცოდით ამ თემაზე ვიდეოს ნახვამდე? რა კითხვებზე მიიღეთ პასუხი ვიდეოს ნახვით?
 

 

 

 

   

 

  1. აქტივობა „ ვსწავლობთ ვიდეოთამაშით“

 

საკმაოდ სახალისო აღმოჩნდა ვიდეოთამაში, სადაც მოსწავლეებმა სხვადასხვა ინფექციების შესახებ ინფორმაცია უნდა განალაგონ ქრონოლოგიური თანმიმდევრობით. რა თქმა უნდა, თითოეულ მათგანზე ინფორმაცია თამაშის გახსნისას არ ჰქონდათ, მაგრამ ამ სახალისო აქტივობის შემდეგ დაავადებების შესახებ დამოუკიდებლად რეფერატების მომზადება გადაწყვიტეს.

https://www.brainpop.com/games/timezoneximmunesystem/?fbclid=IwAR2v3MNhEMAkhNjHI5NdiQ3XVxVvbmo2xsWOEl9ijtmVtTeIP5Yzg0XBLbI

 

შენიშვნა: ამ აქტივობებმა მოსწავლეების უმრავლესობა დააინტერესა და მომავალი გაკვეთილისთვის ერთობლივი ვიდეოჩანაწერის შექმნის იდეა გაუჩნდათ, სადაც თანატოლებს მოუყვებიან იმუნიტეტის შესახებ არსებულ მითებსა და რეალობაზე.

 

 

ასევე, მინდა შემოგთავაზოთ სახლის პირობებში მარტივად განხორციელებადი ცდების დაგეგმვა, რომელთა გამოყენებით მოსწავლეების შინ სწავლის პროცესი გაცილებით სახალისო გახდება.

 

  1. აქტივობა „საშინაო ექსპერიმენტი“

 

თემა – ოს­მო­სის პრო­ცე­სის შეს­წავ­ლა მო­ხარ­შუ­ლი და უმი კარ­ტო­ფი­ლის მა­გალით­ზე.

ცდის­თ­ვის სა­ჭი­რო მა­სა­ლე­ბი: 1 მო­ხარ­შუ­ლი და 1 უმი კარ­ტო­ფი­ლი, 2. საოჯახო დანა, 3.  ორი ღრმა თეფში.

ცდის მსვლე­ლო­ბა:

  1. აიღეთ ორი კარ­ტო­ფი­ლი: ერ­თი მო­ხარ­შუ­ლი და ერ­თი უმი. გა­თა­ლეთ ორი­ვე და გა­ჭე­რით შუ­­ზე.
    აიღეთ ორი ერთნაირი ზომის ღრმა თეფში და ნა­ხევ­რამ­დე წყა­ლით შეავსეთ.
    3.
    აიღეთ მოხარშული და უმი კარტოფილის გაჭრილი ნახევრები,გაუკეთეთ ღრმული, მომ­­­ვა­ლე­ბუ­ლი ნა­წი­ლე­ბი ჩა­თა­ლეთ თხლად , რა­თა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დეს თეფშზე კარ­ტო­ფი­ლის ნაჭ­რე­ბის უძ­რა­ვად მო­თავ­სე­ბა.
    4.
    მომ­ზა­დე­ბუ­ლი კარ­ტო­ფი­ლე­ბი მო­­თავ­სეთ  ღრმა თეფშებში.
    5.
    კარ­ტო­ფი­ლის ღრმუ­ლე­ბი ამო­ავ­სეთ მა­რი­ლით და და­იწყეთ დაკ­ვირ­ვე­ბა.
    6. 2
    სთის შემ­დეგ    სა­ბო­ლოოდ დააკ­ვირ­დით პროცესს  და გა­მო­­ტა­ნეთ დას­­­ნა.

 

ამ ექსპერიმენტის ვიდეოინსტრუქციას იხილავთ ბმულზე

 

 

 

ცდის გა­მა­­ნა­ლი­ზე­ბე­ლი კითხ­ვე­ბი:

  1. ახ­სე­ნით მომ­­და­რი ცვლი­ლე­ბე­ბი?

მოსწავლის სავარაუდო პასუხი –  უ­მი კარ­ტო­ფი­ლის ღრმუ­ლი ამო­ივ­სო წყლით, რად­გან, კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ე­ბის სხვა­ო­ბის შე­დე­გად, წყა­ლი ოს­მო­სის გზით შე­ვი­და და მოხ­ვ­და ღრმულ­ში. მო­ხარ­შუ­ლი კარ­ტო­ფი­ლის ნა­ჭერ­ში ცვლი­ლე­ბა არ მომ­ხ­და­რა, რად­გან აქ არ არის ცოცხა­ლი უჯ­რე­დე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად, ოს­მო­სი არ გან­ხორ­ცი­ელ­და

  1. დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით გმოიტანეთ დას­­­ნა

მოსწავლის სავარაუდო პასუხი –  წყა­ლი შე­ვი­და კარ­ტო­ფი­ლის ცოცხალ უჯ­რე­დებ­ში კონ­ცენ­ტ­რა­ცი­უ­ლი გრა­დი­ენ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით – ოს­მო­სის გზით. მო­ხარ­შულ კარ­ტო­ფილ­ში ცვლი­ლე­ბა არ მომ­ხ­და­რა, რად­გან არა­ცოცხა­ლი უჯ­რე­დე­ბის პლაზ­მურ მემ­ბ­რა­ნა­ში ოს­მო­სი ვერ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

 

შე­ნიშ­­ნა:  შემდეგ ონლაინგაკვეთილზე  მოსწავლეებს შეუძლიათ  მოამზადონ პრეზენტაცია ჩატარებულ ცდე­ბზე და იმ­ს­ჯე­ლონ მი­ღე­ბულ შე­დე­გებ­ზე.

 

  1. აქტივობა „დაკვირვება ხორბლის აღმოცენებაზე“

 

წუთნახევრიან ვიდეოში ნაჩვენებია ხორბლის მარცვლის აღმონაცენის ზრდა-განვითარება, ჩანს ხორბლის მარცვლის გაღვივება. გაღვივებული თესლიდან ფესვის განვითარება, შემდეგ ღეროს განვითარება და მიწისზედა სივრცეში ამოსვლის შემდეგ ხორბლის ფოთლების ფორმირება და გამწვანება

 

 

 

 

 

მასწავლებელი ფილმის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს მიმართავს სამი შეკითხვით და მოსწავლეებს  სთხოვს, პასუხები შეიტანონ წინასწარ  დახაზულ სქემაში

 

გაღვივებული თესლი როგორია?

 

ხორბლის გაღვივებისას ფესვი უფრო ადრე

ვითარდება თუ ღერო?

 

როგორ იცვლება ღერო მიწის ზემოთ ამოსვლის შემდეგ?
 

 

 

 

   

 

დისტანციური სწავლება ყველა მასწავლებლისა და მათი მსმენელისათვის გამოწვევა და სიახლეა და  ეს სიახლე საინტერესო რომ გავხადოთ   ჩვენი მოსწავლეებისთვის,  განსხვავებული მიდგომების მოფიქრება გვიწევს.

როცა ბავშვები ქრებიან  

0

ის დროა, წაკითხული წიგნები რომ თავიდან უნდა წაიკითხო და დიდი ხნის წინ ნანახი ფილმები გაიხსენო. თუნდაც ჟაკ ტატის „ბიძაჩემი“, საყვარელი მესიე იულო და სახლი, სადაც ნივთების ხმაური ყველა ხმას ფარავს. ვიფიქრე, ამას ბავშვებიც სიხარულით ნახავენ-მეთქი და გამახსენდა, როგორ მიყვარდა სწორედაც არასაბავშვო ფილმების ყურება და რა სიჯიუტით, დაუოკებელი ცნობისმოყვარეობით ვნახე მიქელანჯელო ანტონიონის „წითელი უდაბნო“, ლუკინო ვისკონტის „როკო და მისი ძმები“, ფრანსუა ტრიუფოს „მეზობელი ქალი“…

მერე 90-იანების ცივი ოთახები დამიდგა თვალწინ, ოცი წუთით, ნახევარი საათით მოსული შუქი და ნაწილ-ნაწილ ნანახი ფილმები: ერთის დასაწყისი არ ვიცოდი, მეორის – დასასრული და გულში იმედს ვინახავდი, რომ სხვა დროს კიდევ გადავაწყდებოდი, გამორჩენილ ეპიზოდებს ვნახავდი. თავბოლომოწყვეტილ ამბებსაც მოჰქონდა სიხარული, თავბრუსხვევა, უცხო მიწაზე ფეხის დადგმის განცდა. უკვე სტუდენტი ვიყავი და ჩაკეტილი კარისთვის გასაღების მორგებას ვცდილობდი. ათასი ჩაკეტილი კარისთვის – ათასი გასაღების.

ერთი პატარა გოგოც გამახსენდა, მეგობრის სახლში რომ ვხვდებოდი ხოლმე. უფროსები ეუბნებოდნენ: „ახლა თვალებზე ხელები აიფარე“, „ახლა მეორე ოთახში გადი და იქ იყავი, სანამ არ დაგიძახებთ“. ასე ცდილობდნენ მის დაცვას ეროტიკული თუ პორნოგრაფიული სცენებისგან, სანამ ერთ საღამოს არ გამოაცხადა: ხმაზე მივხვდი, რომ დამთავრდა და ამიტომ გამოვედი ოთახიდანო. თვალებზე აფარებული, შეუმჩნევლად დაშორებული თითებიდან დასანახის დანახვაშიც კარგად უნდა დახელოვნებულიყო.

ამ ფიქრებმა კი ბოლოს ალიეტ ლეჟანდრთან მიმიყვანა, ლუის ბუნუელის გამქრალ გოგონასთან. „თავისუფლების აჩრდილის“ ერთ-ერთი სიურრეალისტური ისტორიის მთავარი გმირია – რვა წლის, 25 კილო, მეტრი და 27 სანტიმეტრი, ცისფერი პალტო, თეთრი წინდები და შავი ფეხსაცმელი აცვია. ამ სამყაროს ნაწილია და ცდილობს, ყველა დაარწმუნოს, რომ არსებობს, არსებობს, არსებობს. მის მშობლებს კი სკოლიდან ურეკავენ და ატყობინებენ, რომ ბავშვი გაქრა, გაუჩინარდა, იყო და აღარ არის. მასწავლებელმა სია რომ ამოიკითხა, ოცდაორი მოსწავლე იჯდა კლასში, ხუთ წუთში კი ალიეტი აღარსად ჩანდაო.

ბავშვებით სავსე კლასი. სკოლის დირექტორი სიას ხელახლა კითხულობს, უკვე მესიე და მადამ ლეჟანდრების თანდასწრებით. თვალებს ვერ ვუჯერებთ: გოგონა თავის ადგილას ზის, უფროსების ყურადღების მიქცევასაც ცდილობს, ამბობს, აქ ვარ, სულაც არ დავკარგულვარო, მაგრამ მას არც არავინ უსმენს და ვერც ვერავინ ამჩნევს. მეტისმეტად აფორიაქებულები არიან, დაკარგულის მოძებნის გზებს არჩევენ, შეშფოთებული, ზრუნვით მოქანცული ადამიანების სახეები აქვთ.

პოლიციაშიც ასეთივე გასაოგნებელი სცენაა. ალიეტი მშობლების გვერდით დგას, როცა ისინი მისი დაკარგვის შესახებ განაცხადებენ. უფროსების საუბარში ჩართვას მოინდომებს და პრეფექტი შეაჩერებს: ნებას რომ დაგრთავთ, მაშინ ილაპარაკეო. ცოტა ხანში გოგონას კითხვებს დაუსვამს, მონაცემებს ჩაინიშნავს, მისი პოვნის პირობას დადებს. და თოთხმეტი თვის შემდეგ იპოვის კიდეც. მანამდე კი გამქრალი ბავშვი ისევ მშობლებთან ცხოვრობს, ალბათ სკოლაშიც დადის და სიის ამოკითხვისას უწინდებურად პაუხობს: „ვარ“.

საგულისხმო ისაა, რომ ბუნუელის გოგონა სწორედ გაკვეთილზე ხდება სხვისი თვალისთვის შეუმჩნეველი. სასკოლო გარემო იდეალური ადგილია იმისათვის, რომ დაიკარგო, შენს ადგილას კი სიცარიელე გაჩნდეს. თუმცა უფროსები ყველგან ერთნაირები არიან – ვერ ხედავენ იმას, რაც დასანახია და მთელი ყურადღება არაარსებითზე გადააქვთ. რა თქმა უნდა, ბავშვის ბედი ადარდებთ, მაგრამ არც იმდენად, წლიდან წლამდე ჩამოყალიბებულ ჩვევებზე უარი თქვან, ყოველდღიური ყოფა ოდნავ მაინც შეცვალონ.

ბუნუელის ეს ფილმი თავიდან ვნახე და აღმოვაჩინე, რომ „თავისუფლების აჩრდილის“ აქ აღწერილი მონაკვეთი – ალიეტ ლეჟანდრის უჩვეულო გაქრობა – გულისცემას ისევ მიჩქარებდა. მთელი ეს აბსურდი სასაცილოდაც მეჩვენებოდა და თან რაღაც ისეთს მახსენებდა, რაც დიდი ხნის წინ დამევიწყებინა. საწუწუნო არაფერი გაქვს-მეთქი, ვუთხარი საკუთარ თავს. შენ გამჩნევდნენ, გეფერებოდნენ, გეთამაშებოდნენ, ლექსებს და ზღაპრებს გიკითხავდნენ-მეთქი. არაფერი გამოვიდა. ისიც ხომ მართალი იყო, რომ როგორც კი დიდების სამყაროში ბრუნდებოდნენ და სერიოზულ თემებზე იწყებდნენ საუბარს, მაშინვე ვქრებოდი, აღარ ვარსებობდი.

სკოლაშიც ასე იყო. ხან ვიყავი და ხან – არა.

 

სწავლება დოკუმენტური ფილმებით

0

სწავლა- სწავლების პროცესში  ფილმების გამოყენების სიკეთეზე  ხშირად წაგვიკითხავს.  მათ შორის, დოკუმენტური ფილმების სიკეთეებზე. დასაწყისშივე უნდა ვთქვა, რომ დოკუმენტალისტიკასთან შეხება დიდი ხანია არ არის, რაც მაქვს და მოყვარულის/მაყურებლის დონეზე ვიცნობ. ამჯერად  მის მნიშვნელობაზე ვისაუბრებ მასწავლებლის პერსპექტივიდან.

სრულიად შემთხვევით, მქონდა ბედნიერება მონაწილეობა მიმეღო 2019 წლის საერთაშორისო დოკუმენტური ფესტივალის (Cinedoc Tbilisi) ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში – Civil Pitch. პროექტი ითვალისწინებს კინორეჟისორებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაკავშირებას და მათი თანამშრომლობის ხელშეწყობას. პროექტის მიზანია, წარმოაჩინოს ისეთი თემები, რომლებსაც ნაკლებად ექცევა ყურადღება. მაგალითად, ეკოლოგია, ურბანიზმი, LGBTQ უფლებები, მიგრაციის საკითხები, რელიგიური ექსტრემიზმის საფრთხე, ნაციონალიზმი, ეთნიკური კონფლიქტები კავკასიის რეგიონში და მრავალი სხვა…

პროექტის პირველ ეტაპზე, შესაბამისი პროცედურის მიხედვით ხდება ორგანიზაციებისა და კინორეჟისორების შერჩევა და დაწყვილება. შემდგომ, ისინი მუშაობენ გარკვეულ თემატიკაზე (ჩემს შემთხვევაში, თომა ჩაგელიშვილთან ერთად ვმუშაობდით დოკუმენტურ ფილმზე მასწავლებლის შესახებ). ამას უკვე მოსდევს რამდენიმე დღიანი ტრენინგი საერთაშორისო ტუტორების მონაწილეობით. ეს ერთგვარი რეპეტიციაცაა ნამუშევრის წარდგენამდე, ანუ „ფიჩინგამდე,“ რომელიც საერთაშორისო ჟიურის წინაშე ხდება. საბოლოდ, ჟიური ავლენს რამდენიმე გამარჯვებულს.

მოკლედ რომ ვთქვა, მიუხედავად ჩემი ინტერესისა, ამ პროექტმა ჩემში დოკუმენტური ფილმების სიყვარული ერთი-ორად გაზარდა. წარმოიდგინეთ, 10-15 ორგანიზაცია და ამდენივე დოკუმენტალისტი, ტრეილერის სახით, ერთდროულად წარადგენს იდეას სულ სხვადასხვა თემატიკაზე. დამერწმუნეთ, საინტერესო პროცესია!

გამოხდა ხანი და 2020 წლის სექტემბერში ორ სკოლაში დავიწყე მუშაობა. რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდგომ, გადავწყვიტე რომ ანალოგიური პროექტი სკოლაშიც დამენერგა. პირველად ეს კერძო სკოლა „ქორალში“ დავიწყე. ბუნებრივია, პრინციპი ცოტა სხვა იყო. ამ შემთხვევაში, დოკუმენტალისტებიც და ორგანიზაციების წარმომადგენლებიც თავად მოსწავლეები იყვნენ. უფრო კონკრეტულად, თითოეულ კლასში მოსწავლეები დავაჯგუფე, რის შემდეგაც ჩემთან კონსულტაციის შემდეგ თითოეულმა ჯგუფმა შეარჩია ფილმის თემატიკა. მხოლოდ შერჩევის პროცესი იმდენად საინტერესო იყო, რომ, დამერწმუნეთ, მასწავლებლისათვის ღირს ამის გაკეთება. მოვიყვან შერჩეული ფილმების რამდენიმე მაგალითს: ქართველები და ჩერნობილის კატასტროფა, ოკუპაცია, წეროვანის დასახლება, აფხაზეთის ომი, ადრეული ქორწინება, ცხოველთა უფლებები, ადიქცია, გენდერული თანასწორობა, ემიგრაცია, ქაოსური მშენებლობები, ქალაქის მეეზოვე.

თემატიკის შერჩევის შემდგომ, მათი მიზანი იყო, გადაეღოთ მოკლე 3-4 წუთიანი ფილმი (სინოფსისი). ბუნებრივია, მასწავლებლის მხარდაჭერა ამ პროცესში მნიშვნელოვანია. მაგალითად, ერთ-ერთ ჯგუფთან ერთად წავედით მარნეულში და შევხვდით ეროვნულ უმცირესობებს, სხვა ჯგუფებმა ჩაწერეს თემატური ინტერვიუები და ა.შ.

პროცესი გადასარევად მიდიოდა და ორი რეპეტიციის ჩატარება მოვასწარით. რეპეტიციების შემდგომ, ვგეგმავდით ფილმების ჩვენება დიდ აუდიტორიაში მშობლების, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის თანდასწრებით გაგვეკეთებინა. ამჟამად, ამ ამბავმა დისტანციურად გადაინაცვლა.

რომ არ გამომრჩეს, გარდა პროექტის სახალისო ნაწილისა, ის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვების განვითარებისათვის. ამ პროექტით ისინი სწავლობენ არა ერთ, არამედ ყველა იმ საკითხს, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე, რადგან რეპეტიციები და ჩვენებები ერთდროულად, ანუ დიდ ჯგუფში, კლასში ხდება. რაც მთავარია, ამგვარად ისინი სწავლობენ დამოუკიდებელ მუშაობასა და უვითარდებათ კვლევითი უნარ-ჩვევები.

დაბოლოს, ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, უნდა მოგახსენოთ, რომ დატვირთული ონლაინგაკვეთილების ნაცვლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ დოკუმენტური ფილმები. საბედნიეროდ, ამ მხრივ არჩევანი ძალიან დიდია. საინტერესო ბაზა აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს. კიდევ უფრო გასახარია და, გარკვეულწილად ფუფუნებაა, რომ ფილმები ხელმისაწვდომია IDFA-ს (ამსტერდამის საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი) ვებგვერდზეც. აქ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ 200-მდე ფილმი ონლაინრეჟიმში. არის როგორც მოკლემეტრაჟიანი ასევე სრულმეტრაჟიანი ფილმები.

უაღრესად საინტერესო მასალებია რადიო თავისუფლების ვებგვერდზე, რომლებიც შეიქმნა „3-წუთიანი ფილმების კონკურსის“ ფარგლებში. ამ შემთხვევაში, თემატიკა გენდერულ თანასწორობასა და ოჯახურ ძალადობას ეხება.

დაბოლოს, ჩემი საყვარელი – „მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს“. როგორც მის აღწერაში ვკითხულობთ, ეს არის ფილმი სიყვარულზე, იმედგაცრუებაზე, ომსა და ოცნებაზე. ჩემთვის კი, ეს არის ფილმი ცხოვრების ტრაგიზმსა და აბსურდულობაზე. ეს იმ კატეგორიას მიეკუთვნება, აუცილებლად სანახავს რომ ეძახიან.

 

ვწერ მასწავლებლისთვის

0

ნინო ლომიძე, მასწავლებელი

 

ჩემს საქმიანობას სწავლა-სწავლება ჰქვია.

ეს პროცესი მომწონს. ის არ არის ერთფეროვანი. პირიქით, მრავალფეროვანია. საინტერესო, დატვირთული, ცვალებადი, სხვადასხვანაირი.

მე გავცემ და ამავდროულად ვიღებ. რამდენი რამ იციან ჩემმა მოსწავლეებმა და ამავდროულად მასწავლებლებმა, როგორ კითხულობენ და ახლებურად აღიქვამენ იმას, რაც მანამდე არაერთხელ წამიკითხავს.

ილიასგან შთაგონებული, „ანთებული სანთლის ეფექტს“ დავარქმევდი ამას. „ცოდნა ანთებულ სანთელს ჰგავს. ერთი სანთლით შეგიძლია ათას სხვა სანთელსაც მოუკიდო. ამით სანთელს არც ალი დააკლდება, არც სინათლე. პირიქით, იმატებს კიდეც, რადგანაც ერთის მაგიერ ათასი სხვა სანთელი იმასთან ერთად დაიწყებს ლაპლაპს“.

„mastsavlebeli.ge“ ის ადგილია, სადაც ჩემი ცოდნის, გამოცდილების გაზიარების საშუალება მაქვს და კიდევ უფრო მეტი ცოდნისა და გამოცდილების მიღების. აქ ვსწავლობ და ვასწავლი. ეს წრებრუნვა მხიბლავს.

მიყვარს ჩემი პროფესია.

მჯერა, რომ ამ პროფესიის ადამიანებს შეუძლიათ შეცვალონ ბევრი რამ უკეთესობისკენ.

აქ  კი ბევრი ასეთი გულანთებული ადამიანია. თავის საქმეზე შეყვარებული, ფუსფუსა და მშრომელი.

საინტერესო და საპასუხისმგებლოა მათთან თანამშრომლობა.

მნიშვნელოვანია აუდიტორია, ვისთვისაც მზადდება ჩემი თითოეული სტატია. ისე ძალიან მაინტერესებს ხოლმე, როგორ მიიღეს, რა გამოიყენეს, რა გამოადგათ, რის გაუმჯობესებას მირჩევენ.

ეს ფასდაუდებელი გამოცდილებაა.

 

ნინო ლომიძის წერილები

 

 

როგორ ვასწავლოთ ბავშვებს გაზიარება

0

გაზიარება არის აუცილებელი უნარი ბავშვების სოციალური, კოგნიტური და ემოციური განვითარებისათვის. სკოლამდელ წლებში განვითარებული გაზიარების ძირითადი ჩვევები შეიძლება გრძელვადიან პერიოდში გადაიქცეს ეფექტური კომუნიკაციისა და სოციალიზაციის უნარებად.

 

გაზიარება მხოლოდ სათამაშოს ან სხვა რომელიმე ფიზიკური ნივთის თხოვებას არ ნიშნავს. გაზიარება გულისხმობს სიკეთის უამრავ მოქმედებას, რისი მაგალითიც, საბედნიეროდ, პანდემიის პერიოდში არაერთი გვაქვს. უკვე უთხარით თქვენს პატარებს უცხო ადამიანების გაერთიანებამ სოციალურ ქსელში და მათ მიერ, არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, გაზიარებულმა რესურსებმა რამდენი მოხუცი დააიმედა? ამ სიკეთემ ზოგიერთი მათგანი იქნებ გადაარჩინა კიდეც? და რამდენი პერსონალური სიხარული მოიტანა ამ ყველაფერმა მიმღების და გამზიარებლის გულებში? ასეთი ისტორიები არის შესაძლებლობა, თქვენს შვილებს რეალური მაგალითებით ასწავლოთ გაზიარების მნიშვნელობა.

 

თქვენ მუშაობთ დისტანციურად, უკან კი ფონად ისმის გაუთავებელი ხმაური, გიჭირთ ბავშვებთან კომუნიკაცია, გაღიზიანებთ მათი გამუდმებული კითხვები, საჭიროებები, სირბილი… ერთი სიტყვით, ნამდვილი ქაოსია. ახლა იგივე ქაოსი თქვენს საქმეში წარმოიდგინეთ. უამრავი ზარი, წაუკითხავი წერილები, ოფისის კარზე მუდმივი კაკუნი შეხვედრის თხოვნით… რას მოიმოქმედებდით ამ დროს?! პირველ რიგში, ალბათ კალენდარს გადაშლიდით, დღეებისა და საათების მიხედვით გაწერდით შესასრულებელი საქმეების სიას, თქვენს განრიგს გააცნობდით კოლეგებს და შედეგად ქაოსს წესრიგი ჩაანაცვლებდა. და დიახ, ასე მარტივად, დროსა და სქემებში გაწერილი გრაფიკი მუშაობს ბავშვებთანაც. ბავშვთა ფსიქოლოგი, მოლი გარნერი, ამბობს, რომ მეურვეების ემოციები კვებავს ბავშვების ემოციებს. ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია,  უფროსებმა ვიპოვოთ ჩვენში ძალა, დავაბალანსოთ საკუთარი ემოციები, გვქონდეს მაქსიმალურად განახლებული ინფორმაცია ჩვენი აღსაზრდელების საჭიროებებისა და განვითარების სტადიების შესახებ, რათა უფრო ორგანიზებული და მშვიდი გავხადოთ მათთან ერთად ყოფნის პერიოდი.
ადრეული ასაკის ბავშვებში გაზიარების სწავლება თქვენი ყოველდღიური საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. არ არსებობს მეთოდი, რომელიც შეუფერხებლად მუშაობს ყველა ბავშვისთვის, თუ გჭირდებათ იდეები იმის შესახებ,  როგორ უნდა წახალისოთ და ასწავლოთ ბავშვებს გაზიარება, აქ მოცემულია რამდენიმე გამოცდილი ტექნიკა, რომელიც სკოლამდელი აღზრდის მასწავლებლებმა ათწლეულების განმავლობაში გამოიყენეს. მოდით, დავიწყოთ სულ თავიდან:

გაზიარებისთვის მზადყოფნა

გაზიარება გვასწავლის თანამშრომლობასა და გუნდურ მუშაობას. მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად დროის გაზიარებამ შეიძლება გაზარდოს ერთიანობა და განავითაროს მჭიდრო კავშირები. გაზიარების უნარი განვითარების ერთ-ერთი ეტაპია. დაახლოებით 2-7 წლის ასაკში ბავშვები იწყებენ იმის აღქმას, რომ სხვებს აქვთ განსხვავებული იდეები (ჟან პიაჟე, ერიკ ერიქსონი). ბავშვების უმეტესობა არც კი დაიწყებს გაზიარების არსის გაგებას მანამ, სანამ ვერ შეძლებს გააცნობიეროს, რომ სხვებს განსხვავებული აზრი და საჭიროებები აქვთ. მცირეწლოვანი ბავშვები ბუნებით ეგოცენტრულები არიან და უჭირთ თავიანთი ხედვის არეალის მიღმა სხვა ხედვების აღქმა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ საკუთარ საჭიროებებზე ფიქრობენ. გაზიარების უნარის განვითარებას სჭირდება დრო და გამოვლენილი სიკეთის პოზიტიური განმტკიცება.

 

როგორც ზემოთ აღვნიშნე, გაზიარება არ ეხება მხოლოდ ფიზიკურ ნივთებსა და სათამაშოებს. გაზიარება ასევე ეხება დროს, გაცვლას და აქტივობების მონაცვლეობით კეთებას. პატარა ლიზიკო ელოდება მამას, როდის დაამთავრებს სადილის მომზადებას, რათა დრო დაუთმოს მისთვის საყვარელი წიგნის წაკითხვას. მან იცის, რომ ახლა მამა სხვა საკითხით არის დაკავებული, მაგრამ ამის დასრულების შემდეგ ლიზიკოსთან ერთად თამაშის ჯერი დგება. მეორე მხრივ, ჩვენც უნდა გვახსოვრეს, რომ ბავშვებსაც აქვთ პირადი სივრცე, მოთხოვნილებები და საჭიროებები, შესაბამისად, ხანდახან ჩვენც მოგვიწევს დაველოდოთ, როდის მოამთავრებენ სასურველ საქმიანობას და ყურადღებას მოგვაქცევენ.

 

შეინარჩუნეთ მეგობრული ტონი

მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ადრეულ ასაკშივე გავაგონოთ წინადადებები, რომელშიც გაჟღერებული იქნება გაზიარების აუცილებლობა. მაგალითად: „ვიცი, როგორ გინდა ახლა ჩემთან ერთად ხატვა, მაგრამ ძალიან მჭირდება შენი დახმარება 30 წუთით, შეგიძლია შენი საყვარელი გასაფერადებლები გააფერადო, სანამ მე ვიდეო შეხვედრას მოვრჩები? … ვაჰ, რა კარგად მეხმარები!“; „ვიცი, რა რთული შეიძლება იყოს ლოდინი, მაგრამ მალე მოვა ერთად ცეკვის დრო“; თუ თქვენ განსხვავებული ასაკის ბავშვები გყავთ, შეეცადეთ ასწავლოთ ერთმანეთზე ზრუნვა და აჩვენეთ, რომ თქვენი ყურადღება ყველას მორიგეობით და საჭიროების მიხედვით ერგება. თუმცა, ეს გადაწყვეტილებაც ქმედების განხორციელებამდე მათთვის გასაგები ენით აუხსენით.

 

გუნდურ თამაშებს კარგი როლი აქვს გაზიარების უნარის განვითარებაში. მაგალითად, ერთად ააწყვეთ პაზლი, ითამაშეთ საბავშვო დომინო ან ლოტო. ასეთი თამაშის დროს ბავშვები სწავლობენ სვლების მორიგეობით გაკეთებას. ასევე, შეგიძლიათ ქრონომეტრით დაადგინოთ დრო სათამაშოების, თამაშებისა და მასალების გამოყენებისთვის. დაეხმარეთ ბავშვებს დროის თანაბარი ხანგრძლივობის განმავლობაში. ქრონომეტრი შეინახეთ სათამაშო ზონის არეალში ისე, რომ აღსაზრდელები შეჩვეულები იყვნენ მის გამოყენებას და მიზანს.

კარგი იქნება, თუ ეცდებით და ერთად გასატარებელი დროის წესებსა და აქტივობების განრიგზე შეთანხმდებით. გაზიარების წესები უნდა იყოს მარტივი და გასაგები. ყურადღება გაამახვილეთ გაზიარების ასპექტებზე, როგორიცაა ნივთების თხოვება, რიგრიგობით გადაცემა და ერთმანეთის დახმარება. ნება მიეცით თქვენს აღსაზრდელებს დაინახონ, რომ გამზიარებლურ ურთიერთობებში მონაწილეობენ სხვა უფროსებიც და რომ ეს ყოველდღიურობის ნაწილია. მაგალითად, საკვების, სხვადასხვა სახის დახმარების ან ნივთების შეთავაზება მასწავლებლებისთვის, ახლობლებისა თუ ნათესავებისთვის.

მართალია, თავიდან დიდი ენერგიის დახარჯვა მოგიწევთ და არ იქნება ადვილი, მაგრამ პოზიტიური გაძლიერებისა და მოთმინების საშუალებით ჩადებული ინვესტიცია მომავალში ძალიან გაგიმარტივებთ შვილებთან/აღსაზრდელებთან კომუნიკაციას.

ვიდეობლოგი

მეცა, სიტყუაო…

დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“-ს შესახებ თუკი საქართველოს ცნების ერთ კონკრეტულ პიროვნებაში განსხეულებას დავაპირებთ, უსათუოდ და უპირველესად, ალბათ დავით აღმაშენებელი მოგვაგონდება - დიდი ხელმწიფე, რომელმაც საქართველოს...