ხუთშაბათი, ნოემბერი 6, 2025
6 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2025

თეატრი ბავშვის ცხოვრებაში

0

ყველაფერი ბილეთების ყიდვით იწყება. მე სალაროში შეძენას ვამჯობინებ – მიმაჩნია, რომ ესეც რიტუალის ნაწილია. მერე – შენობის ექსტერიერი და ინტერიერი, თუ ზამთარი, გვიანი შემოდგომა ან ადრე გაზაფხულია – პალტოებისა თუ ლაბადების გარდერობში ჩასაბარებლად რიგში დგომა და ნომრის საგულდაგულოდ შენახვა. მერე – პარტერი, სამი ზარი და ხმა: „გთხოვთ, გამორთოთ მობილური ტელეფონები“. ეს უკვე იმის ნიშანია, რომ, სულ ცოტა, ორი საათით სწყდები ჩვეულ სამყაროს და წარმოდგენაში იძირები, გრძნობ პერსონაჟების ემოციებს, ტკივილს, სიხარულს და ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ მათი ცხოვრებით ცხოვრობ.

დღეს ბავშვებსთვის  მშობლებს აღარ სცალიათ, მიჯაჭვულნი არიან ტელევიზორს, კომპიუტერს, ტელეფონს. ერთადერთი ადგილი, სადაც ბავშვი ცოცხალი ადამიანის ქმედებას უყურებს, თეატრია. სამედიცინო თვალსაზრისით, ბავშვს სერიოზული პრობლემები ექმნება, თუ თეატრში არ ხდება მისი არარეალიზებული სურვილების რეალიზაცია. მაგალითად, შესაძლოა უფროსებს ეგონოთ, რომ შესანიშნავი ოჯახი აქვთ, რადგან ჰყავთ მანქანა და შაბათ-კვირას – სტუმრები, შინ ბევრი ძვირფასი ნივთი უწყვიათ და მოვლილები დადიან, მაგრამ ბავშვი გრძნობს, რომ ყველა ურთიერთობა, რომელსაც ხედავენ, ყალბია. თუ მან არ დაიჯერა, რომ არსებობს ნამდვილი გრძნობები – სიყვარული, ერთგულება, მეგობრობა, შესაძლოა, ჯანსაღ პიროვნებად ვერც გაიზარდოს. თეატრში კი, „რომეო და ჯულიეტას“ შემყურე, რწმუნდება, რომ სიყვარული არსებობს, „სამ მუშკეტერს“ უყურებს და რწმუნდება, რომ არსებობს მეგობრობა, რომ სიკეთე იმარჯვებს… ახლა თეატრი რეალობაზე უფრო რეალურია.

სამწუხაროდ, რეალურ ცხოვრებაში ყველას უწევს თამაში, ყველა მოვლენა დადგმულია, ყველგან პიარია. ერთადერთი ადგილი, სადაც ცოცხალ ადამიანსხედავთ ნამდვილი განცდებით, სწორედ სცენაა. სამწუხაროდ, დიდები თეატრში მხოლოდ სპექტაკლის სანახავად არ დადიან – ისინი თავიანთი ჩაცმულობის, მანქანის, სოციალური წრის დემონსტრირებას ახდენენ. ბავშვების შემთხვევაში კი ნამდვილად ხდება კათარზისი, და ეს მათთვის აუცილებელია, ისევე როგორც, მაგალითად, ძილი. ყველა კარგი სპექტაკლი განწმენდაა, შვება.

მაგრამ ერთია, როდესაც ბავშვი თეატრში მიდის როგორც მაყურებელი და მეორე – როდესაც თავად არის სპექტაკლის მონაწილე, თავად ცდილობს, მიაწოდოს მაყურებელს ემოცია. სპექტაკლზე მუშაობა კი ის პროცესია, როდესაც ბავშვებს საერთო აქვთ მღელვარება, სიხარული, საყვარული და ყველა ემოცია. საბავშვო თეატრში ექსპერიმენტების ჩატარება, საზოგადოდ, არ არის მიღებული, მაგრამ თუ თავად ბავშვი გვთავაზობს საკუთარ ექსპერიმენტს, საკუთარ ხედვას, ჩვენ, უფროსებმა, უნდა შევაფასოთ და დავაფასოთ.

XX საუკუნის სოციოლოგის ირვინგ გოფმანის თანახმად, როდესაც მაყურებელი რამე სანახაობას უყურებს, მისი ყურადღების არეალში ექცევა თეატრალური ფენომენის მიღმა არსებული ისეთი დეტალებიც, როგორებიცაა, მაგალითად, მსახიობის თვისებები, რომლებიც მის როლში არ ეწერება.

გოფმანი წერს, რომ ცენტრალური ტექსტის გარშემო არსებობს მიმართულების მიმცემი ქმედებები, რომლებიც მაყურებელს შესაბამისი ემოციისთვის განაწყობს. ეს ელემენტები ერთგვარი მაკავშირებელია პერსონაჟს, მსახიობსა და მაყურებელს შორის.

ეპოქები იცვლება, მაგრამ მუდმივია ის, რომ ადამიანს არ შეუძლია არსებობა მაღალი იდეალების გარეშე. თეატრს დღესაც ის ფუნქცია აკისრია, რაც წინათ ჰქონდა: გაამახვილოს ადამიანის ზნეობრივი სმენა და პირადი პასუხისმგებლობის გრძნობა იმის მიმართ, რაც ფასეულია ცხოვრებაში. თეატრი ადამიანს საკუთარი თავის შეცნობაში ეხმარება. თეატრში მაყურებელი უღრმავდება განცდებს, რომლებსაც მსახიობები გადმოსცემენ, თავად მსახიობი კი ცხოვრობს პერსონაჟის ცხოვრებით. ბავშვები და მოზარდები ყველაფერს უფრო მძაფრად განიცდიან. სცენაზე ისინი უფრო თავდაჯერებულები და თავისუფლები ხდებიან.

თეატრს ადამიანის სულზე ზემოქმედების განსაკუთრებული მრავალფეროვნება ახასიათებს. ერთია ზეპირი, დიდაქტიკური შეგონება და მეორე – სანახაობის ენა. თეატრი ხელოვნების არაერთი დარგის სინთეზია, მასში თავს იყრის დრამატურგია, სასცენო ხელოვნება, ფერწერა, მუსიკა, არქიტექტურაც კი, გმირების წარმოსახვითი სახეები ჩვენ თვალწინ ცოცხლდება, აბსტრაქტული ცნებები: სიკეთე, სიყვარული, გმირობა, თავგანწირვა, – ხორცს ისხამს, კონკრეტულ სახეს იღებს, მეტყველი და რეალური ხდება. ისინი გვატყვევებენ თავიანთი ჯადოსნური ძალმოსილებით და სიცოცხლის ბოლომდე ჩვენი მეგზურნი ხდებიან.

ამრიგად, თეატრალური შემოქმედება განუყოფელია პედაგოგიკისგან. ბავშვი პირველად თოჯინების თეატრში ეზიარება პროფესიულ ხელოვნებას, აქ ყალიბდება მისი გემოვნება, იხვეწება ესთეტიკური გრძნობა, მდიდრდება ლექსიკა და ემოციური პალიტრა. თუ ბავშვებს ნანახის ანალიზისკენ ვუბიძგებთ, დავრწმუნდებით, რომ ისინი საკმაოდ კარგად ხვდებიან ავტორის ჩანაფიქრს. მათ საკუთარი სათქმელი აქვთ, რომელიც სავსეა რომანტიკული გატაცებებით, ძალით, რომელიც ყოველგვარ სირთულეს გადაალახვინებს ადამიანს. ბავშვებს, რომლებსაც ნაკლები შეხება აქვთ თეატრალურ ხელოვნებასთან, შემდგომში უფრო უჭირთ მაღალი ზნეობრივი ნორმებით ცხოვრება, ესთეტიკური აზროვნება.

ბავშვობაში ყველა ოცნებობს მსახიობობაზე. შესაძლოა, დროთა განმავლობაში პროფესიასთან დაკავშირებით წარმოდგენა შეეცვალოთ, მაგრამ თეატრალურ ცხოვრებაში ჩართული მოზარდები უფრო თავისუფლად მოაზროვნეები, ლაღები და თავდაჯერებულები იზრდებიან.

ასე რომ, თეატრი მთელი თავისი არსებით ემსახურება ბავშვის სულიერ აღზრდას. ის გასაღებია, რომელიც ბავშვს უღებს „მშვენიერი ცხოვრების“ კარს.

ამიტომ, მოდი, სანამ ჩვენი შვილები სცენაზე ფეხს დადგამენ და თეატრის მტვრს ჩაისუნთქავენ, მანამდე ვიყიდოთ თეატრის ბილეთები, ჩავკიდოთ ბავშვებს ხელი და… გამოვრთოთ მობილური ტელეფონები.

შემოქმედებითი უნარების, სენსორული და მოტორული ფუნქციების განვითარება ბავშვებში

0

პლასტილინის, კინეტიკური ქვიშისა და საღებავების  დამზადება

ბავშვის თამაში  განვითარების სხვადასხვა ეტაპს გაივლის. თავდაპირველად,  ბავშვი თამაშში სენსორულ და მოტორულ ფუნქციებს ივითარებს, რითაც იგი  საკუთარი სხეულის შესაძლებლობებსა და მის გარშემო არსებულ სინამდვილეს ეცნობა.

სენსორული და მოტორული ფუნქციების განვითარებასთან ერთად, თანდათან ბავშვისთვის მნიშვნელოვანი ხდება არა მხოლოდ საკუთარი მოძრაობებითა და საგნებზე მანიპულაციით მიღებული სიამოვნება, არამედ  თამაში მისთვის მეტ აზრს იძენს. ბავშვი თამაშის დროს  არსებული მოვლენების მიბაძვას იწყებს და ილუზიის თამაშის ეტაპზე გადადის. მაგალითად,   სარეცხის სარჭით თამაშობს  და ვითომ მანქანას ატარებს  ან  ,,დედის“, ,,მამის“ , ,,მძღოლის“ როლს გაითამაშებს.  ამავე ეტაპზე იწყებს  ბავშვი არსებული ნივთიერი მასალის გარდაქმნას და მისთვის ახალი მნიშვნელობის მინიჭებას. მაგალითად, როგორც ეს ხდება კუბების შენების, ან ცომით თამაშის დროს. მაშასადამე, ილუზიის თამაშის ხარჯზე კონსტრუქციული თამაშიც იწყებს განვითარებას. ბავშვი ამ დროს ამა თუ იმ საგნებსა თუ მოვლენებს სიმბოლურ მნიშვნელობას ანიჭებს. მაგრამ არა რეალობის ზუსტი ასახვით, არამედ საკუთარი ფანტაზიის რეალიზებით.

თამაშის პროცესში ხდება ბავშვის შემოქმედებითი ფორმების ჩასახვაცა და განვითარებაც. სხვადასხვა მასალაზე მანიპულაციისას  (იქნება ეს ქვიშა, საღებავი თუ  პლასტილინი), ბავშვი ჯერ სიამოვნებას იღებს  საკუთარი მოძრაობებისა და იმ შეგრძნებებისგან, რომელსაც ამ მასალაზე მანიპულაცია იწვევს. თანაც საინტერესოა ის, რომ ბავშვი ამ მოძრაობებს იმეორებს და იმეორებს, რის გამოც მისი მოქმედებები სულ უფრო და უფრო დახვეწილი და რთული ხდება (სენსო-მოტორული თამაში).  მაგრამ თანდათან,  ბავშვისთვის საინტერესო ხდება არა მხოლოდ ამ მასალით მანიპულაცია, არამედ  ამ მანიპულაციის შედეგად მიღებული  პროდუქტი, გარკვეული  ფორმა.  მიღებული ფორმა ბავშვში ისეთ კმაყოფილებას იწვევს, რომ ის სხვა ადამიანებსაც სიხარულით უზიარებს საკუთარ შემოქმედებას. მაშასადამე, ბავშვის მიერ შექმნილი პროდუქტი სოციალური ურთიერთობის საბაბიც ხდება. ამის შემდეგ ბავშვი ცდილობს, რომ  მის მიერ  შექმნილი  პროდუქტი რაიმეს მიამსგავსოს, მაგალითად, დაჯღაბნილ რამდენიმე ხაზზე ამბობს   – დროშააო. ბავშვის ამგვარ ქმედებას მეცნიერები კვლავ ილუზიის თამაშს მიაწერენ (უზნაძე, 2005). მიღებული პროდუქტით დაინტერესების შემდეგ, ბავშვისთვის საინტერესო ხდება აღნიშნული ფორმის გამრავალფეროვნება და დახვეწა (კონსტრუქციული თამაში). მხოლოდ ამ ეტაპის გავლის  შემდეგ იწყებს ბავშვი  განზრახვის მიხედვით მასალისთვის სასურველი ფორმის მიცემას. მაგ., ჯერ იტყვის, რომ ახლა მე მზეს დავხატავ, და მართლაც ცდილობს, რომ მზე დახატოს. მხოლოდ ამ საფეხურიდან ითვლება, რომ ხდება ბავშვის შემოქმედებითი ფორმების განვითარება.

როგორც ვნახეთ,  ადამიანის შემოქმედების ფორმებს ( მაგ, ხატვას ან ძერწვას) ბავშვის სენსო-მოტორული და ილუზიის თამაში უდევს საფუძვლად.  განზრახვის მიხედვით მოქმედება კი საფუძველს უყრის მომავალში ისეთი ქცევების განვითარებას, როგორებიცაა – მაგალითად, სასკოლო სწავლა და  შრომა.

მაშასადამე, ძვირფასო მშობლებო და მზრუნველებო,  როდესაც ბავშვს ვთავაზობთ სხვადასხვა მასალებს (ქვიშას, პლასტილინს ან საღებავებს)  მანიპულაციისა თუ შემოქმედებითი თვითგამოხატვისთვის, ამ დროს ხელს ვუწყობთ, მას განუვითარდეს ნატიფი მოტორული, ყურადღების კონცენტრაციის,  შემოქმედებითად პრობლემის  გადაჭრის, შემოქმედებითი თვითგამოხატვისა და ქცევის მიზანმიმართული მართვის უნარები, რაც, ალბათ, დაგვეთანხმებით, მნიშვნელოვანი უნარებია სკოლაში სწავლისა და ცხოვრებისათვის.

 

დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ აქტივობების: ,,პლასტილინის, კინეტიკური ქვიშისა და საღებავების  დამზადების “ აღწერას.

აქტივობების ვიდეო ინსტრუქციის ხილვა შეგიძლიათ მასწავლებლის სახლის ფეისბუქგვერდზე. იხ. ლინკი:  shorturl.at/ejkN1

აქტივობების მიზნებია: ნატიფი მოტორიკის, ყურადღების, ფანტაზიის, შემოქმედებითი თვითგამოხატვის  უნარების განვითარება.

ასაკი:  3-7 წელი

კავშირი სტანდარტთან[1]

ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტები (3-5 წელი)

  • განვითარების სფერო ფიზიკური და სენსორული განვითარება. შედეგი – ბავშვი აკონტროლებს და კოორდინირებულად იყენებს სხეულის წვრილ კუნთებს. კატეგორია – ნატიფი მოტორიკა. შედეგი – ბავშვი გრძნობათა ორგანოებს (მხედველობას, სმენას, შეხებას, გემოვნებას, ყნოსვას) საკუთარი მოძრაობის გასაკონტროლებლად გამოიყენებს.
  • განვითარების სფეროკომუნიკაციური უნარების, ენისა და მეტყველების განვითარება. შედეგი – ბავშვი ავლენს წერისა და კითხვის საბაზისო უნარებს. კატეგორია – წერა. ინდიკატორები: ავლებს ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ხაზებს; თამაშისას იყენებს წარმოსახვით წერას(ხატავს პატარა ზომის ფიგურებს, ვითომ წერს); ხატავს სიმბოლოებს, რომლებიც შეხვედრია და ახსოვს.
  • განვითარების სფერო შემეცნებითი განვითარება. შედეგი – ბავშვი ავლენს ცნობისმოყვარეობას სიახლის მიმართ, შეუძლია შეაჩეროს და შეინარჩუნოს ყურადღება მოცემულ ამოცანაზე. შედეგიბავშვი შემოქმედებითად უდგება ყოველდღიურ საქმიანობას და ეძებს პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზებს.
  • თემატური მიმართულება ხელოვნება. შედეგი – ბავშვი ინტერესდება ვიზუალური ხელოვნებით და იყენებს მას თვითგამოხატვისთვის. კატეგორია – შემოქმედებითი თვითგამოხატვა.

სასკოლო მზაობის სახელმწიფო სტანდარტი (5 წლიდან სკოლაში შესვლამდე)

  • განვითარების სფეროჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება. ქვესფერო– ნატიფი მოტორიკა. შედეგიბავშვს მოსწონს ახალი დავალებების შესრულება, რომლებიც ნატიფი მოტორიკის გამოყენებას მოითხოვს: მაგ., ძერწვა, „ფაზლების“  აწყობა, ხატვა და ა.შ.
  • განვითარების სფეროსწავლისადმი მიდგომა. ქვესფერო – სასწავლო და სააზროვნო უნარები. მიმართულებაყურადღების კონცენტრაცია. შედეგიბავშვს შეუძლია შეაჩეროს და გარკვეული დროის განმავლობაში შეინარჩუნოს ყურადღება კონკრეტულ ამოცანაზე, მათ შორის გარკვეული დაბრკოლებების წარმოქმნის შემთხვევაშიც. მიმართულება – შემოქმედებითობა და გამომგონებლობა. შედეგი – ბავშვს შეუძლია ძერწვისას და ხატვისას შექმნას  ახალი ფორმები და  შინაარსები.
  • განვითარების სფერომეტყველება, კომუნიკაცია და წიგნიერება. ქვესფერო -წიგნიერება. მიმართულება – წერა. შედეგი – ბავშვს შეუძლია საკუთარი სახელის დაწერა; ცდილობს ასოების გამოყვანას.

 

  1. პლასტილინის დამზადება

მასალა:  

  • 2 ჭიქა ფქვილი.
  • 1 ჭიქა წყლი.
  • 1 ჭიქა მარილი.
  • 1-ს/კ ზეთი.
  • საკვები საღებავები.
  • თასი.

მიმდინარეობა:  თასში ჩავყაროთ ფქვილი, მარილი, ჩავასხათ ზეთი და წყალში გაზავებული საკვები საღებავი.  მოვზილოთ იქამდე, სანამ მკვრივ მასას არ მივიღებთ. თუ მასა  ხელზე გვეკრობა,  დავამატოთ  ცოტადენი ფქვილი.  იმ შემთხვევაში, თუ სახლში არ გვაქვს საკვები საღებავი,  შეგვიძლია გამოვიყენოთ  სტაფილოს, ჭარხლის ან ისპანახისგან დამზადებული  წვენი. წვენის დასამზადებლად საჭიროა, რომ გახეხილი სტაფილო და ჭარხალი მარლაში გადავახვიოთ და წვენი გამოვწუროთ. ისპანახი კი ჯერ თბილ წყალში ჩავდოთ, შემდეგ ისიც მარლაში გადავახვიოთ და ისიც გამოვწუროთ. ასე მივიღებთ საღებავს ჩვენი პლასტილინისთვის. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ წვენით დამზადებული მასა, არ  იქნება ისეთი ბზინვარე, როგორც საკვები საღებავით მომზადებული პლასტილინი.

ჩვენ მიერ შექმნილი პლასტილინისგან  შეგვიძლია სხვადასხვა  აქტივობების განხორციელება. მაგალითად, პლასტილინით,  საწრუპებით, ასანთის ღერებით ან  ჩინური ჩხირებით სხვადასხვა ბრტყელი ან სივრცული გეომეტრიული ფიგურების აწყობა.  სხვადასხვა ფიგურების გამოძერწვა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენ მიერ შექმნილი  პლასტილინი სრულიად უსაფრთხოა და ამავდროულად, დიდხანს ძლებს დახურულ კონტეინერში ან ცელოფნის პარკში.

  1. კინეტიკური ქვიშის დამზადება

მასალა

  • 4 ჭიქა ფქვილი.
  • 1/2 ჭიქა ზეთი (საკბვები ან ბავშვის).
  • საკვები საღებავები.
  • თასი.

მიმდინარეობა:  თასში ჩავყაროთ ფქვილი, ჩავასხათ  ზეთში გაზავებული საკვები საღებავი.  მოვზილოთ იქამდე, სანამ,  არ იქნება შესაძლებელი მიღებული მასით  მანიპულირება.

კინეტიკური ქვიშა დავყაროთ დაფაზე, მივცეთ ბავშვს შესაძლებობა სხვადასხვა საგნით ან თითებით დახატოს მასზე. ჩვენ მიერ დამზადებული ქვიშა შესაძლებელია ფქვილის ნაცვლად  გამოვიყენოთ აქტივობისთვის  „სენსორული დაფა“, ან უბრალოდ, ბავშვს მივცეთ სხვადასხვა ფორმები, პატარა ჯამები და ის თამაშს საკუთარი ფანტაზიით წარმართავს.

  1. აქტივობასაღებავების დამზადება

მასალა

  • ფქვილი.
  • წყალი.
  • ზეთი.
  • საკვები საღებავები.
  • ქილა.

მიმდინარეობა:  ქილაში ჩავყაროთ ფქვილი.  შემდეგ ცალკე წყლიან ჭიქაში ან თასში  გავხსნათ  საკვები საღებავები  და ცოტა ზეთი.  მიღებული სითხე ჩავასხათ ფქვილიან  ქილაში.  ქილას დავახუროთ სახურავი  და ვანჯღრიოთ იქამდე, სანამ მასა  თხელი არაჟნის სისქის არ გახდება.

მიღებული საღებავებით შეგვიძლია ვხატოთ როგორც ფუნჯით, ასევე თითებით ან ფეხით დიდი ზომის წინასწარ მომზადებულ ფორმატზე.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

  1. უზნაძე, დ. (2005) ბავშვის ფსიქოლოგია. სასკოლო ასაკის ბავშვის ფსიქოლოგია. თბილისი.
  2. ჯონსონი ჯ.ი, ქრისტი ჯ. ფ. თამაში, განვითარება და ადრეული განათლება.
  3. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები. https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/4376829

[1] სტანდარტის სრული ვერსია იხილეთ ლინკზე: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/4376829; პუბლიკაციის სახით – shorturl.at/hr125

 ლიტერატურული მისტიფიკაციების სიკეთის შესახებ

0

როგორც განმარტებითი ლექსიკონი გვეუბნება, ლიტერატურული მისტიფიკაცია ესაა თხზულება, რომელიც მკითხველების შეცდომაში შეყვანის მიზნით სხვა პირის (ხშირად არარსებულის) ნაწარმოებადაა გამოცხადებული ავტორის მიერ; ან ესაა ისეთი ლიტერატურული ნაწარმოები, რომელსაც ადრინდელი ხანისად ასაღებს ავტორი და ამიტომ ძველი ენობრივი ნორმებითაა დაწერილი. ვეთანხმები ერთ-ერთი ინტერნეტგვერდის ავტორის მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, ყველაზე სადავო და ხმაურიან მისტიფიკაციად ქართულ ლიტერატურაში “ელენე დარიანის დღიური“ რჩება. თუმცა იგივე ავტორი საუბრობს იმაზეც, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ბევრი წარმატებული მისტიფიკაცია შედგა და ამის გამოძახილი იყო 2019 წლის თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე ათი მისტიფიკატორი ავტორის წარდგენა პუბლიკის წინაშე საკუთარი ისტორიებით. მათგან რამდენიმე ავტორმა პირველად აღიარა თავისი ლიტერატურული „დანაშაული“.

როდესაც ლიტერატურულ მისტიფიკაციაზე ვლაპარაკობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სიტყვა „ლიტერატურული“ გულისხმობს როგორც მხატვრულ, ისე არამხატვრულ ლიტერატურას. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგიერთ უწყინარ მისტიფიკაციას სერიოზული აჟიოტაჟი მოჰყოლია. თუმცა ზოგიერთი მისტიფიკაცია არცთუ ისე უწყინარი იყო და მისი ავტორი ერთადერთი მიზნით მოქმედებდა – ემხილებინა რომელიღაც მანკიერება. ამიტომაც იყო, რომ რამდენიმე გახმაურებულ მისტიფიკაციას სასამართლო პროცესებიც მოჰყოლია. აქვე დავძენ, რომ არც ის იქნება ურიგო, თუკი გვეცოდინება, რომ ინგლისურად ტერმინს „literary mystification“ ხშირად ანაცვლებენ ტერმინებით „literary forgery“, „literary hoax“, „literary fraud“-ს, ანუ ინგლისური ენა ერთმანეთისგან მაინც განასხვავებს ლიტერატურულ მისტიფიკაციას ანუ ლიტერატურულ გაყალბებას/ნაყალბევს ლიტერატურული ხუმრობისგან და ლიტერატურული თაღლითობისგან.

ჩემი საყვარელი (მოდით, ასე შევაფასებ აქტს) მისტიფიკაციის ავტორი ნიუ იორკის უნივერსიტეტის ფიზიკის პროფესორი ალან სოკალი იყო. მან 1996 წელს ერთ-ერთ პოსტმოდერნისტულ ჟურნალში დასაბეჭდად გააგზავნა სტატია სათაურით „საზღვრების კვეთა: კვანტური გრავიტაციის ტრანსფორმაციის ჰერმენევტიკის საკითხის შესწავლისთვის“. სტატია გამოაქვეყნეს, მიუხედავად იმისა, რომ მას არ გაუვლია შესაბამისი რეცენზია და ავტორის მწვავე პაროდია-ნონსენსი სამეცნიერო ოპუსად მიიჩნიეს რედაქტორებმა. იმავე წლის მომდევნო თვეში სოკალმა თავად გახსნა მისტიფიკაცია, როდესაც სხვა ჟურნალში უამბო მკითხველს მისტიფიკაციის შესახებ. მისი აზრით, ერთ-ერთი მიზეზი, რაზეც წამოეგო მოტყუებული ჟურნალი, ავტორის ავტორიტეტი იყო. და არა მარტო ეს. როგორც ჩანს, ჟურნალის რედაქტორებს გულს მალამოდ მოეფინათ ის პოზიცია, რომელსაც თითქოს იზიარებდა სტატიის ავტორი მათთვის სასურველ საკითხზე. ამიტომაც რედაქტორებმა, როდესაც სოკალს გადაუგზავნეს შენიშვნები და თხოვეს სქოლიოების შესწორება, გაჯიუტებული ავტორის უარი, ცვლილებები შეეტანა ტექსტში, უგულებელყვეს და სტატია შესწორებების გარეშე დაბეჭდეს. ამის გამო ჟურნალის რედაქტორები დიდხანს იმართლებდნენ თავს საზოგადოების წინაშე, რამაც მკვეთრად დააზარალა მათი ჟურნალის სამეცნიერო ავტორიტეტი.

სხვა ბევრი საინტერესო მისიფიკაციის გახსენება შეიძლება, რომ არა წერილის ფორმატი. სხვათა შორის, დიონისე არეოპაგელის სახელით გავრცელებული ნაწერებიც ლიტერატურული მისტიფიკაციის უძველესი მაგალითია. პავლე მოციქულის მიერ მოხსენიებული პირველი საუკუნის ქრისტიანი მოღვაწის სახელი და ავტორიტეტი გამოიყენა ე.წ. არეოპაგული კორპუსის ავტორმა და რომ არა მისი ნაწერების გვიანდელი ენობრივი ფორმები, ფსევდო-დიონისე დიდხანს გვეგონებოდა ნამდვილი დიონისე არეოპაგელი.

ინტერნეტში უამრავი მაგალითის მოძიებაა შესაძლებელი ლიტერატურულ მისტიფიკატორებზე. მაგრამ ამ წერილში ორ ბოლოდროინდელ მისტიფიკაციაზე შევჩერდები, ვინაიდან მგონია, რომ აუცილებელია მოხდეს მათი შეფასება და ანალიზი, რადგან, ისევე, როგორც წინამორბედმა მისტიფიკაციებმა, მათ შორის, სოკალის ექსპერიმენტმა, ამ ორმა ხუმრობამაც რაღაც უნდა გვასწავლოს – გაგვზარდოს და უკეთესები გაგვხადოს.

კოვიდ 19-მა საზოგადოების მრავალი ნაკლი წარმოაჩინა. სამწუხაროდ, დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ მიმნდობია და ჯანსაღი კრიტიკის გარეშე იღებს და იჯერებს ელექტრონული საშუალებებით მოწოდებულ გადაუმოწმებელ ინფორმაციას. ამის მაგალითი იყო გაბრიელ ბერის სახელით გავრცელებული წინასწარმეტყველება. წინასწარმეტყველების ავტორი, რომელიც გაბრიელის სახელს ამოეფარა, ირიბად მოუწოდებდა ხალხს სახლში დარჩენისკენ აღდგომის კვირაში. ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, ფსევდოგაბრიელის წინასწარმეტყველებამ დადებითი როლი ითამაშა ზოგიერთი მორწმუნის გადაწყვეტილებაზე. გული მწყდება, რომ საგულდაგულოდ შექმნილი ტექსტის ავტორი არ გამოჩნდა და არ გაგვიმხილა მისტიფიკაციის რეალური მიზანი; ასევე ვერ გავიგეთ, კმაყოფილი დარჩა თუ არა მისტიფიკატორი ავტორი და რამდენად აისრულა საწადელი.

მეორე მისტიფიკაცია უშუალოდ აღდგომის დღეს გავრცელდა. ეს მისტიფიკაცია „აღდგა-აღსდგა“ მრავალწლიანი დაპირისპირების ცეცხლზე ასხამდა ნავთს. როგორც ცნობილია, ქართული საზოგადოების რაღაც ნაწილს ჯერ კიდევ უჭირს დაიჯეროს, რომ თუკი ასო „ს“ ზმნებში მეორე სუბიექტური ან მესამე ობიექტური პირის ნიშანია, იგივე „ს“ „აღსდგა“ ზმნაშიც ამავე წარმომავლობისაა, ამიტომ მისი ადგილი ამ ზმნაში ზედმეტია და მის საკრალურობაზე, მის კავშირზე სიცოცხლესთან უაზრობაა და ამ თემაზე სხვა აბსურდული განცხადებები მხოლოდ ღიმილისმომგვრელია და უვიცობის გამოვლენა. ენათმეცნიერები (ყველა არა, მაგრამ ნაწილი მაინც), ცხადია, აკვირდებიან პროცესს და, შეძლების ფარგლებში, ებრძვიან შეცდომას და ზოგიერთი ადამიანის სიჯიუტეს. ხვალ და ზეგ, თუკი სიჯიუტესთან გამკლავებას ვერ მოახერხებენ, რა თქმა უნდა, დანებდებიან. ამაში არაფერია სავალალო და არაფერია ნიშნის მოსაგები. ჯერჯერობით კი საპატრიარქოს საიტზე გამოქვეყნებულ ტექსტებში თუ სააღდგომო ეპისტოლეებში „ქრისტე აღდგა“-თი გვილოცავენ ბრწყინვალე აღდგომას. ასევე მრწამსის ტექსტიდანაც ამოიღეს ასო „ს“ „აღსდგა“-ში და მორწმუნეებს მრწამსის ორი, რედაქტირებული და არარედაქტირებული ვარიანტი გვაქვს. თურმე მგალობლებსაც (ზოგიერთ ტაძარში) უსწორებენ, რომ სწორად გამოთქვან გალობისას „აღდგა“. ეს ყველაფერი, სიმართლე გითხრათ, მახარებს. მაგრამ, როგორც არ უნდა წარიმართოს პროცესი, ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე მხარის გამარჯვებით გული ზომაზე მეტად დამწყდება. რა იქნება ხვალ, კაცმა არ იცის: თუ საზოგადოება ჯიუტად გაიმეორებს თავისას, პრობლემას არ მოევლება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ვითარება შედარებით გამოსწორებულია და ყოველწლიურად მეტი ადამიანი ულოცავს ერთმანეთს ბრწყინვალე აღდგომის დღსასწაულს ს-ს გარეშე. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ „ს“-ს არამართებული გამოყენება ქვეყანას არ დაანგრევს და რომ ამგვარი პრობლემები არაფერია გლობალური საფრთხეების ფონზე. თუმცა, ჩემი აზრით, პრობლემაა სხვა რამ.

შარშან ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომელმა გია არგანაშვილმა შეთხზა ტექსტი. გთავაზობთ ამ ტექსტს უცვლელად:

– აბა, დაფიქრდით და მითხარი რამდენპირიანი ზმნაა – აღუდგინა?! – ვეკითხები ჩემს ხელმძღვანელს.
– სამპირიანი – დაუფიქრებლად (ცოტა გაბრაზებულიც) მპასუხობს ხელმძღვანელი – აღუდგინა მან, მას, ის (ვთქვათ, სიცოცხლე).
– მართალია, მაგრამ თუ სუბიექტი საკუთარ თავს დაეხმარა და აღუდგინა სიცოცხლე… ამას როგორ გამოვხატავთ?!
– აღუდგინა მან სიცოცხლე საკუთარ თავს..
– უფრო მოკლედ. – არ ვეშვები
– აღიდგინა სიცოცხლე..
– კიდევ უფრო მოკლედ?!
– აღიდგინა…
– სიცოცხლე სად წავიდა? ერთი სიტყვით უნდა სთქვა, ისე რომ ჩანდეს კაცმა საკუთარ თავს სიცოცხლე აღუდგინა. კაცმა სიცოცხლე აღიდგინა..
– აჰ, ერთი სიტყვით შეუძლებელია – ისევ მიწყრება ხელმძღვანელი
– აღსდგა –
-აღდგა?
– არა, არა . აღსდგა! მართალია, ზმნამ მესამე ობიექტური პირი დაკარგა, მაგრამ პირის ნიშანი შეინარჩუნა .. სწორედ იმის გამოსახატავად, რომ ეს ქმედება, აქტი (ქრისტეს აღდგომა) , რომლის აღწერასაც ჩვენ ვცდილობთ თავისი შინაარსით არის ერთადერთი, განუმეორებელი და კაცობრიობის ისტორიაში მომხდარი ყველაზე დიდი სასწაული (თვითაღდგენა).
ჩვენ კი უნდა გვიხაროდეს, რომ იმ დროს ქართული ენა მზად აღმოჩნდა ამგვარი განსაკუთრებული შემთხვევისთვის, გამოამჟღავნა რა ცოცხალი ენისთვის დამახასიათებელი შემოქმედებითი უნარი, გამოაჩინა საკუთარ წიაღში არსებული ფორმა (ასევე ერთჯერადი და განუმეორებელი – აღსდგა), რომელიც ყველანაირ გრამატიკულ ნორმაზე და კანონზე მაღლა დააყენა..
– მაშ, აღსდგა, არა? – უკვე მუქარა ისმის ხელმძღვანელის ხმაში. ოღონდ, ვერ ვხვდები ჩემზე ბრაზობს თუ მასზე (ვინც ნამდვილად აღსდგა). ამიტომ, არ ვიმჩნევ..
– დიახ, დიახ ჭეშმარიტად აღსდგა!

P.S. ცხადია, ჩამოლაბორანტება არ ამცდება. თუმცა არ ვჩივი …

წელს ეს ტექსტი, ავტორის მითითების გარეშე, და კიდევ უარესი, ავტორის არასწორი მითითებით, გააზიარა რამდენიმე სააგენტომ (მე ორი სააგენტოს გაზიარებული შემხვდა ფეისბუქზე, ასევე შემხვდა ისეთი პოსტებიც, რომლებშიც სტატუსის ავტორები, არაფილოლოგები, ტექსტს დოჩანაშვილის მოთხრობის ამონარიდად მიიჩნევდნენ). ამ სააგენტოების მიერ გაზიარებულ ტექსტს ბედნიერად აზიარებდნენ „აღდგა“ ზმნაში ს-ს შენარჩუნების მომხრეები. განსაკუთრებით გულისმომაკვდინებელი იყო გაზიარებული ტექსტის ქვეშ კომენტარების კითხვა. ს-ს მომხრეები უბადრუკ არგუმენტებს იშველიებდნენ და მათთვის შვებისმომგვრელი იყო ის ფაქტი, რომ მათი საყვარელი ავტორი მათ პოზიციას იზიარებდა. სამწუხაროზე მეტია ის ამბავიც, რომ გამზიარებლებისთვის „ავტორისა“ და „პერსონაჟის“ მოსაზრებებს შორის ტოლობის ნიშანი დაისმის. ალბათ სხვა დროს ტრაგიკულიც კი იქნებოდა (რომ არა კორონავირუსით გამოწვეული ნამდვილი ტრაგედია), რა ადვილად იზიარებენ ადამიანები უსაფუძვლო ან უსუსურ არგუმენტებს, თუკი ეს არგუმენტი მათთვის ავტორიტეტული პირის სახელით ვრცელდება. მაგრამ კიდევ უფრო ტრაგიკულია ის ამბავი, რომ კრიტიკულ აზრს მოკლებული ადამიანები, ოღონდაც თავიანთი მოსაზრება გაამართლონ, ივიწყებენ, რომ მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟი მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟია და მის მოსაზრებას, შესაძლოა, არც კი ეთანხმებოდეს ავტორი.

გადაივლის ეპიდემია, გამოვალთ სახლში დარჩენილი ადამიანები გარეთ, მაგრამ რა ეშველება კრიტიკული აზრის ნაკლებობას? როდემდე უნდა გვჯეროდეს ყალბი საიტების, მტრის პროპაგანდისტული სააგენტოების, ყალბი პროფილის  მქონე ტროლების ახალი ამბების? როდემდე უნდა ვციტირებდეთ ერთ რომელიღაც დარგში აღიარებული ავტორიტეტის აზრებს ისეთ საკითხებზე, რომელშიც ეს ავტორიტეტი არაპროფესიონალია? ექიმებიც მიყვარს, რეჟისორებიც, მწერლებიც, მეცნიერებიც, მაგრამ მათი აზრები მათი შესასწავლი დარგის ფარგლებშია სარწმუნო და პატივსაცემი, ხოლო სხვა დარგებში მხოლოდ საინტერესო; არგუმენტად კამათის დროს კი მათი ამგვარი მოსაზრებების მოშველიება მხოლოდ argumentum ab auctoritate არის, ანუ ავტორიტეტს ამოფარება პაექრობასა და სადისკუსიო პრობლემის გადაწყვეტას წინ ვერ წასწევს და ვერც მოპაექრეს წაეხმარება.

დიდი მადლობა ჩემს კოლეგას, რომელმაც ტექსტი სხვა მიზნით შექმნა, თუმცა მან ამ მცირე ლიტერატურული მისტიფიკაციით (ხუმრობით (hoax) და არა თაღლითობით (fraud) ან გაყალბებით (forgery)) ჩვენი საზოგადოების სულ სხვა პრობლემები დაგვანახა. მე „აღდგა-აღსდგა“ საკითხზე დავისას გიას არგუმენტებს არ ვეთანხმები, მაგრამ ეს არ მიშლის ხელს, ხუმრობა სათანადოდ არ დავაფასო. ჩემი აზრით, მისმა უწყინარმა ლიტერატურულმა ხუმრობამ საზღვარი გადაკვეთა და განსხვავებული რამ აჩვენა – საზოგადოების მიძინებული მხარე გააღვიძა – გადაუმოწმებლად მიიღოს და კრიტიკის გარეშე აიტაცოს ნებისმიერი დაუსაბუთებელი მოსაზრება, თუკი ის მის პოზიციას აამებს. ჩვენი, როგორც საზოგადოების, ვალდებულებაა, პრობლემას სახელი დავარქვათ. როგორც კი პრობლემას სახელს დავარქმევთ, მოვახერხებთ კიდეც მასთან გამკლავებას. მთავარი პრობლემის იდენტიფიცირებაა და შედეგი, ადრე თუ გვიან, მაინც დადგება.

და ბოლოს, ძალიან უნდა გთხოვოთ, ამ წერილისთვის განკუთვნილ კომენტარების ველში „აღდგა-აღსდგა“-ზე თქვენი მოსაზრებების გამოთქმისგან თავი შეიკავეთ, ეს წერილი სხვა, ჩემი აზრით, უფრო მწვავე თემასა და პრობლემაზეა და მე ეს უკანასკნელი უფრო მაინტერესებს. რაც შეეხება „აღდგა-აღსდგას“, ამ ზმნას მეც შორიდან ვაკვირდები და წლების წინ არსებული არგუმენტი, რომ დასაშვებია არასწორი ფორმის ერთადერთ შემთხვევაში გამოყენება, ნელ-ნელა აზრს კარგავს. ვხედავ, რომ უკვე ვიღაცისთვის მარტო ქრისტე კი არა, სამართლიანობაც აღსდგა და ხვალ და ზეგ კიდევ სხვა აღდგომებს მოველი, რომელსაც ზმნის არასწორი ფორმა „აღსდგა“-თი აღწერენ…

 

თამაში და მისი მნიშვნელობა ადრეულ ასაკში

0

იძულებით ნასწავლი მასალა გონებაში არ რჩება

საშუალება მიეცით ბავშვებს თამაშის გზით ისწავლონ

 

რატომ არის თამაში ბავშვისთვის მნიშვნელოვანი?

თანამედროვე კვლევებში ნაჩვენებია პირდაპირი კავშირი ადრეულ ასაკში ბავშვების თამაშსა და მათი მეხსიერების, ენობრივი, სოციალური უნარების განვითარებას, ემოციებისა და ქცევის თვითრეგულაციას, სკოლასთან შეგუებას შორის (Bredekamp & Copple, 1997).

ადამიანის ტვინის შესწავლამ კიდევ უფრო გაამყარა ეს მიმართებები. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ბავშვის ტვინი მაშინ ვითარდება, როდესაც ის გარემოსთან ურთიერთობს და გარემო ამ ურთიერთობაზე რეაგირებს. ბავშვს, რომელიც მრავალფეროვანი თამაშებით (მაგ., საგნებით თამაში, ფიზიკური თამაში, სოციალური ან შემეცნებითი თამაში)  თამაშობს, თავის ტვინში, მთელი რიგი, მნიშვნელოვანი კავშირები უვითარდება.

თამაშის პროცესში   სხვადასხვა ფსიქიკური ფუნქცია  მონაწილეობს. მაგალითად, საგნებით თამაშისას ბავშვები მხედველობის, შეხების, ზოგჯერ სმენით შეგრძნებებს იყენებენ, ვინაიდან ამ დროს ისინი ობიექტებზე გარკვეულ მანიპულაციას  ახდენენ, რითაც მათ ფიზიკურ თვისებებს ეცნობიან. კუბებით თამაშისას ბავშვები ფიქრობენ მათი განლაგების სხვადასხვა კომბინაციაზე, მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე, ახალი მოდელების შექმნასა  და მათ ფიზიკურ მასახიათებლებზე (მაგალითად, დაინგრევა თუ არა კუბებისგან აშენებული კოშკი?). სოციალური თამაშების დროს ხდება ენის, მეტყველების,  სოციალური უნარების განვითარება. ისეთების, როგორებიცაა –    გაზიარება  და მოლაპარაკება. და რაც მთავარია, თამაში იწვევს სიხარულის ემოციას, რაც აუცილებელია ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.

მაგრამ, უფროსების გარკვეული ნაწილი თამაშს ნაკლებ სერიოზულ საქმიანობად აღიქვამს და არსებული მეცნიერული გამოცდილების  მიუხედავად, ბავშვებს, მათი განვითარების მიზნით, ადრეული ასაკიდანვე ტვირთავენ სხვადასხვა წრეებით, სადაც აქტივობები ძირითადად გაკვეთილების მსგავსად მიმდინარეობს. სტატიაში დაწვრილებით შევეხებით ადრეული ასაკის ბავშვის განვითარებისთვის საუკეთესო გამოცდილების მახასიათებლებს.

რა ახასიათებს თამაშს?

  • დადებითი ემოცია – თამაში, ჩვეულებრივ, სახალისო და სასიამოვნოა; როგორც წესი, მას თან სდევს ღიმილი და სიცილი. მაშინაც კი, როდესაც თამაში შედარებით სერიოზულია, ბავშვებს ის მაინც უხარიათ. ზოგჯერ თამაში იწვევს მსუბუქ შიშს და შფოთვას, მაგალითად, როდესაც ბავშვი დამრეცი სასრიალოდან ჩამოსრიალებას აპირებს. ამის მიუხედავად, ეს შიშიც მისთვის სასიამოვნოა, რადგანაც ბავშვი ამ მოქმედებას ისევ და ისევ იმეორებს.
  • არარეალურობა – ბავშვები თამაშს რეალობას უპირისპირებენ, თამაშში  „ვითომ“ სიტუაციებს ქმნიან, რაც საშუალებას აძლევთ, გასცდნენ ახლანდელი დროის და ადგილის ფარგლებს და ახალი შესაძლებლობები გამოსცადონ. მაგალითად, თამაშისას ბავშვი ისე უვლის თავის თოჯინას, ვითომ ის მართლაც მისი შვილი იყოს ან ისე ეპყრობა თავის ჯოხს, ვითომ ის მართლაც ცხენი იყოს.
  • შინაგანი მოტივაცია – თამაშისთვის არ არის საჭირო გარე მოტივაციის არსებობა, თამაშში თავისთავად, მისი პროცესი არის კმაყოფილების გრძნობის მომნიჭებელი.
  • პროცესზე ორიენტაცია – თამაშის დროს ბავშვების ყურადღება კონცენტრირებულია ქმედებებზე და არა მის მიზნებზე, ამიტომ მათთვის პროცესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პროდუქტი.
  • თავისუფალი არჩევანი – თავისუფალი არჩევანი ადრეული ასაკის ბავშვების მიერ თამაშის განმსაზღვრელი ელემენტია. მაგალითად, კუბებით შენობის აგებას ბავშვი თამაშად აღიქვამს, თუ ამას თავის ნებით აკეთებს, მაგრამ იგივე შეიძლება მუშაობად აღიქვას, თუ ამას მასწავლებელი დაავალებს.

 

დღეს ინტერნეტ სივრცეში მრავლადაა წარმოდგენილი ბეჭდური ინფორმაცია, სადაც სხვადასხვა თამაშებია აღწერილი, აგრეთვე ვიდეოები,  რომლებსაც სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებები უზიარებენ ოჯახებს.  ეს ძალზედ მნიშვნელოვანი და სასარგებლო საქმიანობაა, მაგრამ ნებისმიერი აქტივობის სახლში რეალიზებისა თუ დაგეგმვისას, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ თამაშის მახასიათებლები.

როგორ თამაშებს თამაშობენ ბავშვები?

თამაშს განვითარების თავისი ეტაპები აქვს, მაგრამ ყოველი ბავშვი განვითარების სხვადასხვა ეტაპზეც შეიძლება თამაშის გარკვეულ ტიპს ანიჭებდეს უპირატესობას. ეს დამოკიდებულია ბავშვის  პიროვნებაზე, მანამდე მიღებულ გამოცდილებასა და იმ გარემოზე, რომელიც ხელმისაწვდომია ბავშვისთვის.

სტატიაში შევეხებით თამაშის პერიოდიზაციას, რომელიც ჟან პიაჟეს,  შვეიცარიელ  ფსიქოლოგს  ეკუთვნის. ჟან პიაჟემ  მეოცე საუკუნის  პირველ ნახევარში შეიმუშავა რადიკალურად ახალი თეორია ბავშვის ინტელექტუალური განვითარების შესახებ.

თამაშის განვითარება პიაჟეს თეორიის მიხედვით

  • სენსო-მოტორული. მასში მოიაზრება: საკუთარი სხეულის შესწავლა, ხელის ტაცება რაიმესთვის, ენით, ხელით რამეზე შეხება, საჟღარუნებლის ჩხაკუნი, ქაღალდის დახევა, ნივთების ძირს დაყრა, საგნების გაგორება, ხოხვა, ბუქნვა, სირბილი, ქვიშაში თამაში და ა.შ.
  • სიმბოლურ წარმოსახვითი. ილუზიის თამაში. მაგ, ,,ცხენობანა“, როლების თამაში ,,დედობანა“, ექიმობანა“; კონსტრუქციის თამაში – კუბების აწყობა და ა.შ.
  • თამაში წესებით. მოძრავი თამაშები, სპორტის სხვადასხვა სახეობები, სამაგიდე, კომპიუტერული და ვიდეო თამაშები.

 

თამაშის განვითარება

თამაშის ყოველი მომდევნო ეტაპი წინა ეტაპის თამაშის ელემენტებს აერთიანებს. მაგალითად, კონსტრუქციის თამაშში სენსომოტორული თამაშის უნარები მონაწილეობს. თამაშის სხვადასხვა ტიპს სხვადასხვა ასაკშიც შეიძლება ჰქონდეს ადგილი, მაგრამ ეს თამაში სირთულით განსხვავებული იქნება. მაგალითად,  იმ  ბავშვის სიმბოლურ-წარმოსახვითი თამაში, რომელმაც  ესაა სიარული დაიწყო, ბევრად უფრო მარტივი იქნება,  ვიდრე ბაღის ასაკის ბავშვის თამაში. თამაშის ერთსა და იმავე ეპიზოდში შეიძლება თამაშის რამდენიმე ფორმა შეგვხვდეს. ბავშვების მოტორულ თამაშში სიმბოლოები და სოციალური ქცევა შეიძლება ერთდროულად იყოს წარმოდგენილი.

თამაშის კატეგორიების სისტემებში გამოიყოფა თამაშის არა მხოლოდ ტიპები, არამედ ქვეტიპებიც (რომელთა აღწერასაც მომდევნო სტატიებსა თუ ვებინარებში შემოგთავაზებთ).

დღეს თქვენ ყურადღებას შევაჩერებთ თამაშზე –  ,,სენსორული დაფა“. აღნიშნული აქტივობის ვიდეო ინსტრუქციის ნახვა შეგიძლიათ მასწავლებლის სახლის ფეისბუქგვერდზე. იხ. ლინკი: shorturl.at/bdtuS

სენსორული დაფა

აღნიშნული თამაშის რეალიზება ძალზედ იოლია სახლის პირობებშიც. აქტივობის გაცნობის შემდეგ თუ გადაწყვეტთ ბავშვს/ბავშვებს აღნიშნული რესურსები და საქმიანობა შესთავაზოთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ბავშვის ასაკი, შესაძლებლობები და ინტერესები. მიეცით ბავშვს  შესაძლებლობა, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი რესურსები მრავალფეროვნად გამოიყენოს, და არა მხოლოდ იმ ფორმით, როგორც ეს თამაშის აღწერაშია  წარმოდგენილი.

 

მიზანი:  ყურადღების კონცენტრაციის, ნატიფი მოტორიკის,  წერის საბაზო  უნარების, მათემატიკური წარმოდგენების, ფანტაზიის განვითარება.

მიახლოებითი ასაკი : 3-7 წელი

მასალა:

  • ლანგარი (შესაძლებელია დიდი ზომის ყუთის თავსახური, კონტეინერი);
  • პატარა ფურცლები;
  • სახატავი საშუალებები (მარკერი,  ფანქარი, ფლომასტერი, პასტელი, პასტა);
  • ფუნჯი;
  • ფქვილი (ნებისმიერი სახის ბურღულეული);
  • კამათელი.

კავშირი სტანდარტთან[1]

ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტები

  • განვითარების სფერო ფიზიკური და სენსორული განვითარება. შედეგი – ბავშვი აკონტროლებს და კოორდინირებულად იყენებს სხეულის წვრილ კუნთებს. კატეგორია – ნატიფი მოტორიკა.
  • განვითარების სფეროკომუნიკაციური უნარების, ენისა და მეტყველების განვითარება. შედეგი – ბავშვი ავლენს წერისა და კითხვის საბაზისო უნარებს. კატეგორია – წერა. ინდიკატორები: ავლებს ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ხაზებს; თამაშისას იყენებს წარმოსახვით წერას, (ხატავს პატარა ზომის ფიგურებს, ვითომ წერს); ხატავს სიმბოლოებს, რომლებიც შეხვედრია და ახსოვს.
  • განვითარების სფერო შემეცნებითი განვითარება. შედეგი – ბავშვი ავლენს ცნობისმოყვარეობას სიახლის მიმართ, შეუძლია შეაჩეროს და შეინარჩუნოს ყურადღება მოცემულ ამოცანაზე. შედეგიბავშვი შემოქმედებითად უდგება ყოველდღიურ საქმიანობას და ეძებს პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზებს.
  • თემატური მიმართულება მეცნიერების ელემენტები. შედეგი – ბავშვი იყენებს მათემატიკურ უნარებს.
  • თემატური მიმართულება ხელოვნება. შედეგი – ბავშვი ინტერესდება ვიზუალური ხელოვნებით და იყენებს მას თვითგამოხატვისთვის. კატეგორია – შემოქმედებითი თვითგამოხატვა.

სასკოლო მზაობის სახელმწიფო სტანდარტი

  • განვითარების სფეროჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება. ქვესფერო– ნატიფი მოტორიკა. შედეგიბავშვს მოსწონს ახალი დავალებების შესრულება, რომლებიც ნატიფი მოტორიკის გამოყენებას მოითხოვს: მაგ., ძერწვა, ფაზლების  აწყობა, ხატვა და ა.შ.
  • განვითარების სფეროსწავლისადმი მიდგომა. ქვესფერო – სასწავლო და სააზროვნო უნარები. მიმართულებაყურადღების კონსცენტრაცია. შედეგიბავშვს შეუძლია შეაჩეროს და გარკვეული დროის განმავლობაში შეინარჩუნოს ყურადღება კონკრეტულ ამოცანაზე, მათ შორის, გარკვეული დაბრკოლებების წარმოქმნის შემთხვევაშიც. მიმართულება – შემოქმედებითობა და გამომგონებლობა. შედეგი – შეუძლია მოიგონოს ახალი  როლები, დიალოგები, ამბები და თამაშები. ძერწვისას და ხატვისას შექმნას  ახალი ფორმები და  შინაარსები.
  • განვითარების სფეროშემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა. ქვესფერო – მათემატიკური წარმოდგენები. მიმართულებარიცხვები და ანგარიში.
  • განვითარების სფერომეტყველება, კომუნიკაცია და წიგნიერება. ქვესფერო -წიგნიერება. მიმართულება – წერა. შედეგი – ბავშვს შეუძლია საკუთარი სახელის დაწერა; ცდილობს ასოების გამოყვანას.

მიმდინარეობა:

  • ლანგარზე დავყაროთ ფქვილი ისე, რომ ზედაპირი დაიფაროს.
  • A4 ზომის ფურცლები გავჭრათ ოთხ ტოლ ნაწილად. გამზადებულ ფურცლებზე დავხატოთ სხვადასხვა საგნები, გამოსახულებები, რიცხვები, ასოები, სიტყვები.
  • მივცეთ ბავშვს შესაძლებლობა, აირჩიოს სასურველი გამოსახულება. შემდეგ ფუნჯი ან თითი შემოავლოს მას. პირველ ჯერზე სასურველია, ჯერ უფროსმა ვუჩვენოთ, თუ როგორ უნდა ამის გაკეთება.
  • წავახალისოთ ბავშვი, რომ ზუსტად ასეთი მოძრაობით გამოსახოს ფქვილზე ეს გამოსახულება.

რეკომენდაცია მოთამაშეებს: შესაძლებელია ამ აქტივობას ბევრი დატვირთვა მივცეთ, მაგ: რაოდენობის სწავლა. გავაგოროთ კამათელი, დავითვალოთ მასზე  არსებული წრეების რაოდენობა და წავახალისოთ ბავშვი, გამოსახოს ფქვილზე იმავე რაოდენობის წრე/ყვავილი/მზე და ა.შ. ამის შემდეგ ვთხოვოთ, ჩვენ მიერ წინასწარ მომზადებულ ფურცელზე იპოვოს შესაბამისი ციფრი და ისიც გადაიხატოს/დაწეროს ფქვილზე.

შესაძლებელია, ბავშვებმა ყოველგვარი ინსტრუქციის გარეშე დამოუკიდებლად დახატონ რაიმე ფიგურა, სიუჟეტი და შემდეგ მოიგონონ რაიმე ისტორია ან ზღაპარი.

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. სასკოლო მზაობის პროგრამა. თამაში სწავლისა და განვითარებისათვის. აღმზრდელის სახელმძღვანელო (2015) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, გაეროს ბავშვთა ფონდი.
  2. ჯონსონი ჯ.ი, ქრისტი ჯ. ფ. თამაში, განვითარება და ადრეული განათლება.
  1. უზნაძე, დ. (2005) ბავშვის ფსიქოლოგია. სასკოლო ასაკის ბავშვის ფსიქოლოგია. თბილისი.
  1. 5 წლის ასაკის ბავშვის სწავლა – სწავლების თავისებურებანი (2011) ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრი.
  1. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები. https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/4376829.

[1] სტანდარტის სრული ვერსია იხილეთ ლინკზე: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/4376829; პუბლიკაციის სახით – shorturl.at/hr125

 

ბედის დაცინვა

0

ადამიანი ყოველთვის ფიქრობს სიკვდილზე. რაც არ უნდა მოხდეს, ბოლოს მაინც ყველას მოგვიწევს ამ საშინელი საზღვრის გადალახვა. სიკვდილი მრავალნაირი შეიძლება აღმოჩნდეს. ჰემინგუეის თქმის არ იყოს, მას შავ ზეწარშემოხვეული და ცელმომარჯვებული კაცის სახის მიღების ძალაც შესწევს და არც ის არის გამორიცხული, რომ ველოსიპედზე მოკალათებული გამოგვეცხადოს. სიკვდილი თითქმის ნებისმიერ შემთხვევაში ტრაგიკულ და მტკივნეულ მოვლენას წარმოადგენს, ის ყოველთვის ამწუხრებს გადარჩენილთა გულებს. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ადამიანის გარდაცვალების დროს ყველა ხვდება, რომ იმქვეყნად გამგზავრებულს ბედმა მწარედ დასცინა.

 

ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, როდესაც ჯეიმს კუკის ტრაგიკული აღსასრულის შესახებ შევიტყვე. უდიდესმა მოგზაურმა რამდენიმე ოკეანე გადალახა, რათა ერთი-ორი ახალი კუნძული კი არა, მთელი კონტინენტი აღმოეჩინა. გაუძლო საშინელ ქარიშხლებს, გვერდი აუარა შეუმჩნევლად ჩასაფრებულ გამანადგურებელ მეჩეჩებს, წინააღმდეგობა გაუწია მეზღვაურთა შორის უკმაყოფილებას და ბოლოს მაინც გაიკაფა გზა მშობლიური იმპერიისთვის ახალი მიწის აღმოჩენისკენ. მეტი რაღა უნდა გაეკეთებინა? კონტინენტის აღმოჩენის შემდეგ კიდევ რითი უნდა მოეწონებინა თავი ირგვლივ მყოფთათვის? დიდი ლაშქრობის დასრულების შემდეგ კაპიტან კუკს გარანტირებული ჰქონდა დიდებით ცხოვრება. თუმცა, ნატვრას ასრულება არ ეწერა. ჯეიმს კუკი ერთ-ერთი შეტაკების დროს აბორიგენებმა დაატყვევეს და შეჭამეს. ასეთი შემაძრწუნებელი წერტილი დაესვა დიდი მოგზაურის ცხოვრებას.

 

ცოტა ხნის წინ წავიკითხე ცნობილი ნორვეგიელი ეკონომისტის, ერიკ რეინერტის წიგნი „რატომ მდიდრდებიან მდიდარი ქვეყნები და რატომ რჩებიან ღარიბი ქვეყნები ღარიბებად”. პუბლიკაციაში უამრავი საინტერესო ცნობა აღმოვაჩინე ეკონომიკური აზრის ისტორიის მიჩქმალული და ძალით, ხელოვნურად დავიწყებული მოძღვრებების თაობაზე. თანამედროვე გლობალიზაციის ბევრ დამთრგუნველ მახასიათებელსაც მივაკვლიე. გამოცემის მთავარი ღირსება გახლავთ ის, რომ ეკონომიკის მეცნიერების ისტორიასა და თანამედროვეობას ავტორი ცხოვრებისეული მაგალითებისა თუ მკვლევართა თავგადასავლების მოშველიებით წარმოგვიდგენს. სწორედ პროფესორ რეინერტის წიგნიდან შევიტყვე, რომ ფრენსის ბეკონი მხოლოდ ფილოსოფოსებისთვის არ ყოფილა მნიშვნელოვანი ფიგურა. ბეკონს შრომის დროს არაკომერციული შემეცნებითი სულისკვეთება ამოძრავებდა. იგი ეკონომიკის მთავარ არსს მხოლოდ მოგებაში არ ხედავდა. ბრიტანელი მოღვაწისთვის ვაჭრობა ახალი ცოდნის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარებასთან გახლდათ დაკავშირებული. ბეკონიც მიიჩნევდა, რომ ეკონომიკურ საქმიანობასა და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა დარგებს შორის კავშირის წარმოქმნისას, მათ ურთიერთშემავსებელთა ფუნქციები უნდა შეეთავსებინათ. მაშასადამე, მოგება კომერსანტის ქისის მიღმა, ადამიანებისა და მეცნიერების პროგრესისთვის უნდა დახარჯულიყო. თავადაც დღენიადაგ არამხოლოდ ახალი ფილოსოფიური, არამედ  ახალი ტექნიკური ცოდნის დაგროვებისთვის ირჯებოდა. დიდი სწავლულის სიცოცხლე საკმაოდ უცნაურად დასრულებულა: „…ბეკონი ფილტვების ანთებით გარდაიცვალა, რომელიც მას ქარბუქის დროს თოვლში ქათმების ჩაფვლისას დაემართა. იგი ხორცის შენახვაზე ყინვის ეფექტს ცდიდა. ქათმები ყინვამ კი შეინახა, მაგრამ ბეკონი ვერ გადარჩა”. ბედის დაცინვის გარდა, რა შეიძლება ვუწოდოთ ამ გამაოგნებელ ფაქტს – ადრეული ახალი ეპოქის ერთ-ერთი მოწინავე მოაზროვნე გაყინულმა ქათმებმა იმსხვერპლეს!

 

კატალონიური კულტურა მთელი მსოფლიოსთვის ერთ ადამიანთან ასოცირდება. ის პლანეტაზე ყველაზე ცნობილი ადგილობრივია. ბარსელონა მისი დაპროექტებული ნაგებობებით იწონებს თავს. ალბათ, ყველას გსმენიათ არქიტექტორ ანტონიო გაუდის შესახებ. უდიდესმა ხუროთმოძღვარმა მთელი ცხოვრება დაუთმო „საგრადა ფამილიას” ტაძრის მშენებლობას. მშენებლობის უსაშველოდ გაჭიანურებას ობიექტური მიზეზები ჰქონდა. უპირველეასად აღსანიშნავია, რომ გაუდი არქიტექტურაში ახალი სტილის დამკვიდრებას ესწრაფვოდა. მას სურდა, გაერღვია წარსულში წარმატებული არქიტექტურული სკოლების მიერ დადგენილი საზღვრები. შესაბამისად, მისი ყოველი ახალი ჩანაფიქრი სრულიად ექსცენტრიკული გახლდათ და მათ ხორცშესხმას დიდი ენერგია და გამბედაობა სჭირდებოდა. გაუდი ღრმად მორწმუნე კათოლიკე იყო. „საგრადა ფამილია” მისთვის მხოლოდ ახალი არქიტექტურული ხელწერის ბრწყინვალე გამოვლინებას არ წარმოადგენდა. კათოლიკე ხელოვანს სურდა, რომ ტაძარს განსაკუთებული სიზუსტით გადმოეცა მისი რელიგიური რწმენა-წარმოდგენებიც. ალბათ, ამიტომაც გეგმავდა ეკლესიისათვის 18 კოშკის შემოვლებას. თითოეული კოშკი იესოს, ღვთისმშობლის, ნათლისმცემლისა და მოციქულების სიმბოლოდ უნდა ქცეულიყო. გაუდიმ შვიდ ათეულ წელზე მეტი იცოცხლა, გადაურჩა ბავშვობის უმძიმეს დაავადებებს, საშინელ საუნივერსიტეტო წლებს, ხელმოკლეობას, საკუთარი წრის წარმომადგენელთა მხრიდან გარიყვას. ბოლო წლებში განდეგილივით ცხოვრობდა და ცდილობდა სრული სიმკაცრით დაეცვა კათოლიკური წეს-ჩვეულებები. მრავალ უბედურებაგამოვლილი, ოთხმოცს მიტანებული მოხუცი ტაძრის მშენებლობისკენ მიმავალ გზაზე ტრამვაიმ გაიტანა. მას მათხოვარივით ეცვა, თორემ უფრო ორგანიზებულად გაუწევდნენ სასწაფო სამედიცინო დახმარებას და შეიძლება „საგრადა ფამილიას” მშენებლობის დასრულებაც მოესწრო.

 

ცხოვრება ასეთია, შეიძლება მრისხანე ლომი დაამარცხო, მაგრამ ცხოველთა მეფესთან შედარებით უსუსრმა ობობამ მოგიღოს ბოლო. ბედს ვერ გავუგებთ, ვერასდროს ვიწინასწარმეტყველებთ, როდის მოისურვებს იგი ჩვენს დაცინვას. აქედან გამომდინარე, სჯობს, ეს ფიქრები განვაგდო და სიკვდილის ნაცვლად სიცოცხლეზე განვაახლო ფიქრი.

 

 

12 წლის ჟურნალი “მასწავლებელი”

0

ჟურნალი „მასწავლებელი“  თორმეტი  წლის გახდა. 

12 წლი 75 ბეჭდური ნომერი ჟურნალი მასწავლებელი! ყველაფერი  ერთი ბეჭდური გამოცემით, ორ თვეში ერთხელ გამოცემული ჟურნალით დაიწყო, რომელიც დღესაც გამოდის და საქართველოს ყველა სკოლას საჩუქრად გადაეცემა.

ჟურნალის გამოცემასთან ერთად  დავიწყეთ „მასწავლებლის ბიბლიოთეკის“ შექმნა.  12 წლის განმავლობაში მასწავლებლის ბიბლიოთეკის თაროს  თოთხმეტი  „მასწავლებლის წიგნი” შეემატა.

ყოველწლიური კონკურსი – „საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“, რაც მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას და ლიტერატურაში თანამედროვე მასწავლებლის სახის შექმნას უწყობს ხელს,  ასევე ჟურნალის ბიოგრაფიის ნაწილია.

ჟურნალის  ავტორებს, არაერთ საერთაშორისო კონკურსში გაუმარჯვიათ ჟურნალ „მასწავლებელში“ გამოქვეყნებული სტატიებით. თავად ჟურნალიც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ჯილდოთა მფლობელია.

ეს მხოლოდ რაც ხელშესახებია, თვალსაჩინო დეტალები,  თუმცა, ამ ყველაფრის მიღმა უამრავი მცირე და მნიშვნელოვანი  დეტალია, დიდი შრომა და საქმის სიყვარულია, რომლის კეთებისას არ გვტოვებს განცდა, რომ ეს სასარგებლოა და აუცილებლად უნდა ვაკეთოთ.

გულწრფელი მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც შრომობს ამ რესურსებისთვის, ვინც  იცის ამ საგანმანათლებლო რესურსების მნიშვნელობა და  ხელს გვიწყობს შრომაში და, რაც მთავარია, მადლობა ჩვენი შრომის მთავარ ადრესატებს – ჩვენს მკითხველებს.

 

 

ჯგუფური მუშაობა დისტანციური სწავლებისას

0

დღეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, პანდემიის გავრცელების ფონზე, იზოლაცია და საზოგადოებასთან კონტაქტის გაწყვეტა დაავადების სწრაფი გავრცელების ერთადერთი შესაძლებლობაა. შესაბამისი სამსახურების რეკომენდაციის საფუძველზე სკოლებში სწავლა შეწყვეტილია. განიხილება ყველა შესაძლო ალტერნატივა, რაც ამ სირთულის დაძლევაში დაგვეხმარება. საჯარო და კერძო სკოლები მოსწავლეებს დისტანციური სწავლების სერვისს სთავაზობენ.

დისტანციური სწავლება (როგორც სინქრონული, ასევე ასინიქრონული), ძირითადად, ინდივიდუალურ დავალებებს მოიცავს.  იმ ფონზე, როდესაც მოსწავლეები სახლებში იმყოფებიან, დიდია მათი ასოციალიზაციის რისკი. ამასთან, შეიძლება ჩამოყალიბდეს ადიქციური ქცევა. ვფიქრობ, რომ მიუხედავად შექმნილი გარემოებისა, მასწავლებლებმა ხელი უნდა შეუწყონ ჯგუფური მუშაობის ელემენტების შემოტანას.

როგორც მოგეხსენებათ, ჯგუფური მუშაობა სასწავლო პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია. სწორად დაგეგმილი სამუშაო ახდენს გავლენას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:

  • პიროვნული განვითარება;
  • თანამშრომლობითი თვისებების ჩამოყალიბება-განვითარება;
  • შემეცნებითი უნარების გაუმჯობესება;
  • კომუნიკაციური უნარების განვითარება.
  • კოგნიტური უნარების გამომუშავება.

დავსვათ შეკითხვა – რამდენად შესაძლებელია დისტანციური სწავლებისას ჯგუფური სამუშაობის დაგეგმვა და განხორციელება? რა რესურსები და პლატფორმები არსებობს დისტანციურ რეჟიმში ჯგუფური სამუშაოს განსახორციელებლად?

მომზადების სტადია

ნებისმიერ პროცესის წარმართვას  სჭირდება მომზადება. ამ ეტაპზე, შეიმუშავეთ ჯგუფური სამუშაოს კონცეფცია, ჩამოაყალიბეთ შეკითხვები, თავი მოუყარეთ იმ რესურსებს, რომლებიც დაგეხმარებათ სამუშო პროცესში. მნიშვნელოვანია, რომ ამავე სტადიაზე მოამზადოთ პადლეტის ელექტრონული დაფები, რომელთაც მოსწავლეები გამოიყენებენ ონლაინგაკვეთილის დროს.

ვიდეო ინსტრუქცია პადლეტის შესახებ

 

ახალი მასალის მიწოდება

საბედნიეროდ, არსებობს უამრავი რესურსი და პლატფორმა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სინქრონული სწავლების დროს.  მაიკროსოფტ თიმსში ახალი საკითხის გაცნობისა და მიწოდების შემდეგ, მოსწავლეებს ვუხსნი, რომ განმტკიცების მიზნით ისინი ჩაერთვებიან ჯგუფურ სამუშაოში. ვყოფ ვირტუალურ კლასში აქტიურ მომხმარებლებს რამდენიმე ჯგუფად. სასაუბროში (Chat) ვქმნი სივრცეს, სადაც ვამატებ მათ და ვთხოვ, რომ ერთმანეთში წამოიწყონ ხმოვანი საუბარი/ზარი. მოსწავლეები ჯგუფებში გაწევრიანების შესახებ მისდით შეტყობინება.

რატომ არის მაიკროსოფტ თიმსის სასაუბრო ეფექტური?

სანამ შეკითხვაზე პასუხს გავცემდე, დავუბრუნდები კორონამდე პერიოდს. იმისთვის, რომ მასწავლებელმა საკლასო ოთახში აწარმოოს ჯგუფური სამუშაო, მას უნდა ჰქონდეს პროცესზე დაკვირვების სრული საშუალება. ჯგუფური მუშაობის დროს:

  • ჯგუფის წევრები სვამენ შეკითხვებს;
  • მასწავლებელი მოძრაობს საკლასო ოთახში, უსმენს ჯგუფების მსჯელობას;
  • მასწავლებელი აძლევს ინსტრუქციებს;
  • მასწავლებელი ვიზუალურად აკვირდება სამუშაო პროცესს, საკითხიდან აცდენის შემთხვევაში, ხელმეორედ სვამს შეკითხვას და ა.შ.

თიმსში ჩაშენებული სასაუბრო იძლევა საშუალებას გავაგზავნოთ დავალება, მოსწავლეებმა წერილობით დასვან შეკითხვები… ამავდროულად, მე როგორც პროცესის ფასილიტატორს, შემიძლია ნებისმიერ დროს შევუერთდე  საუბარს და ჩავერთო დისკუსიაში, მივცე ინსტრუქციები, მოვუსმინო მსჯელობას და ა.შ.

მასწავლებელი ნებისმიერ დროს უერთდება ჯგუფს.
სასაუბროში ჯგუფის შექმნა

 

სივრცე თანამშრომლობითი სწავლებისთვის:

მოსწავლეებს სჭირდებათ სივრცე, სადაც იმუშავებენ ჯგუფურად, უპასუხებენ შეკითხვებს, გამოიყენებენ ფოტო და ვიდეო რესურსებს და სტატიებს.

პადლეტის პლატფორმა არის ერთ-ერთი გამორჩეული ამ მხრივ, რადგან მარტივია, არ საჭიროებს რეგისტრაციას და მოსწავლეებს აძლევს პრეზენტაციების აწყობის საშუალებას. როცა ჯგუფებს გავუგზავნით ბმულს სასაუბროში, ისინი ავტომატურად, ერთი დაჭერით, გადმოდიან ჯგუფისთვის განკუთვნილ ელექტრონულ დაფაზე.

პადლეტის ელექტრონული დაფის მთავარ ღირებულებას წარმოადგენს ის, რომ მე, როგორც ჯგუფური სამუშოს ფასილიტატორს, მაძლევს პროცესზე დაკვირვების საშუალებას. თვალნათლივ ვხედავ რას აკეთებენ მოსწავლეები, როგორ მუშაობენ, ხომ არ სცდებიან საკითხს და ა.შ.

საყურადღებო საკითხები

ჯგუფური სამუშაოს დაგეგმვა და წარმართვა არ არის იოლი. ჩვეულებრივ საკლასო ოთახშიც არსებობს საშიშროება იმისა, რომ რომელიმე მოსწავლემ არ შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა, სხვების ხარჯზე ეცადოს ფონს გასვლა და ა.შ.

დისტანციური სწავლების პროცესშიც თავს იჩენს პრობლემები. მათგან თავის ასარიდებლად თქვენ უნდა შეთანხმდეთ მუშაობის პრინციპებზე, წესებზე. ურთიერთნდობაზე დამყარებული გარემო ყველაზე კარგი გამოსავალია.

მოსალოდნელი შედეგი                                                                       

მსგავსი აქტივობით ჩვენ მივიღებთ საკლასო/ჯგუფურ მუშაობასთან დაახლოებული აქტივობის იმიტაციას. აქტივობის განმავლობაში მოსწავლეები თანამშრომლობენ ერთმანეთთნ, ინაწილებენ საკითხებს, უზიარებენ აზრებს და მოსაზრებებს. სწორედ მსგავსი აქტივობები აგვარიდებს თავს მათი ასოციალიზაციისაგან.

 

სასარგებლო რესურსები:

ინსტრუქციები პადლეტის შესახებ ქართულად იხილეთ აქ

პადლეტზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს www.padlet.com

მასწავლებლის სახლის ვებინარი: თემა: ჯგუფური მუშაობა დისტანციური სწავლებისას.

https://www.facebook.com/tpdc.gov.ge/videos/600940103831835/

 

გამოყენებული წყაროები:

https://mastsavlebeli.ge/?p=1721  – ჯგუფური მუშაობის როლი სასწავლო ქმედებების ფორმირებაში

ფილმი HOME და #დარჩისახლში

0

ფილმი, რომელიც ყველა მოსწავლემ უნდა ნახოს, სწავლის დაწყების პირველ დღეს

 

„პლანეტა ცოცხალი ორგანიზმია,

ჩვენ, ადამიანები კი, პარაზიტები აღმოვჩნდით,

როგორი სევდიანიც არ უნდა იყოს…“

 

„ადამიანებო, გაუფრთხილდით ჩვენს სახლს, სხვა სახლი ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის აღარ იქნება!“

/კომენტარებიდან/

 

ამ ფილმს „სახლი“ ჰქვია და ჩვენი პლანეტის მეტაფორაა. მე თუ მკითხავთ, მეტაფორა კი არა, პირდაპირი მნიშვნელობით – სახლია, უბრალოდ, ჩვენი ბინებისგან განსხვავებით, უფრო დიდია და ყველა ბინა შიგნითაა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ, ადამიანები, ურთიერთდაკავშირებულები ვართ და საცხოვრებლად ეს პლანეტა მოგვეცა, დიახ, ის სახლია, ჩვენი საერთო საცხოვრებელი – თითოეულისთვის და ყველასთვის. მის წინაშე ყველანი პასუხისმგებელნი ვართ.

ფილმში ერთდროულად ნაჩვენებია ჩვენი პლანეტის უნიკალური დოკუმენტური კადრები და, მეორე მხრივ, ადამიანთა ეგოიზმითა და უგუნური მოქმედებებით დარღვეული დედამიწის ჰარმონია, „ჭრილობები“ მის სხეულზე, – მეგაპოლისები და ჭაობები, სიმდიდრე და სიღარიბე, ომი, აგრესია, სიძულვილი, განადგურებული მწვანე საფარი, საწარმოების გამობაბოლქვისგან დაბინძურებული გარემო…

ამ ფილმში ნახავთ ყველაფერს და რაც განსაკუთრებულობას ანიჭებს მას, ის არის, რომ ეს ყველაფერი გადაღებულია აეროპლანით, ზედხედიდან… თითქოს ოპერატორის კამერას დაჰყვები ნისლსა და წვიმაში, მზესა და ღრუბლებში…. სხვადასხვა ქვეყნის სიჭრელე და სილამაზე, ბუნებისა და ადამიანის ხელოვნება… და პარალელურად: ადამიანი ბუნების და საკუთარი თავის წინააღმდეგ.

მთელი ფილმის განმავლობაში არ გტოვებს კითხვა: რატომ…? რატომ გახდა ადამიანი ასეთი დესტრუქციული? ეგოისტი? საკუთარ მატერიალურ სამყაროში შეკეტილი არსება? ფილმის ბოლოს ცრემლი ღვარად ჩამომდის იმ სიმშვენიერის გამო, რომელსაც პლანეტა განიჭებს და იმ ტკივილის გამო, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ მას…

ეს უბრალოდ ფილმი არ არის… ამიტომ იყო აკრძალული მისი ჩვენება ბევრ ქვეყანაში. ფილმი აღვიძებდა ადამიანის მიძინებულ სულს და მოქმედებისკენ უბიძგებდა. ფილმის მხოლოდ კომენტარებს რომ ჩახედოთ, ნახავთ, როგორი გადამდები აქტიურობაა, როდესაც ადამიანები იწყებდნენ ხეების დარგვას და სხვა შესაძლებელ საქმიანობას პლანეტისთვის, ჩვენი სახლისთვის.

აი, ზოგიერთი ფრაგმენტი კომენტარებიდან:

  • ეს ფილმი აუცილებლად უნდა შევიდეს სკოლის პროგრამაში და ასწავლონ ბავშვებს!
  • ამ ფილმის ნახვის შემდეგ საბოლოოდ დავრწმუნდი: არც ოქორო-ვერცხლი, ბრილიანტი, თვალ-მარგალიტი და სხვა სიმდიდრე ვერ შეცვლის ყველაზე მთავარს: რომ უნდა გავუფრთხილდეთ: წყალს, მიწას, ჰაერს, ბუნებას…
  • ამ ფილმის ყურების შემდეგ გადავწყვიტე, დავრგო 100 ხე, გუშინ უკვე დავრგე 20… შემომიერთდით!
  • ყველამ რომ თითო ხე დარგოს და საკუთარი ნაგავი დააახარისხოს, უკვე რაღაცასა გააკეთებს პლანეტისთვის!
  • ეს არის ფილმი, რომელსაც ოსკარი და ყველა ჯილდო ეკუთვნის! ამ ფილმის შემდეგ სხვა ფილმს კარგა ხანს ვეღარ ვუყურებ.

ფილმზე მუშაობა სულ შემთხვევით დაიწყო ცოლ-ქმარმა, რომლებიც კენიაში, ნაციონალურ პარკში, იმყოფებოდნენ დისერტაციის მასალების მოსაპოვებლად ლომების ქცევებზე; მათ მდინარის პირზე ააგეს პატარა საცხოვრებელი, რომელშიც ცხოვრობდნენ და თავს ირჩენდნენ აეროპლანით ტურისტების მომსახურებით; ცოტა ხანში კი ფილმის ავტორი Yann Arthus-Bertrand-ი აღმოაჩენს, რომ სწავლულის მანტიას ფოტოგრაფობა და რეჟისორობა ერჩია და დაიწყებს უნიკალური კადრების გადაღებას….

15 წლის განმავლობაში იკრიბებოდა მასალები 100-ზე მეტ ქვეყანაში და 18 თვე აეროგადაღება მიმდინარეობდა 53 ქვეყანაში. ბევრი სირთულე ახლდა გადაღებას, ზოგ ქვეყანაში უჭირდათ თანხმობის მიღება აეროპლანით გადაღებაზე და დიდხანს ელოდებოდა ჯგუფი დასტურს (ჩინეთსა და საუდის არაბეთში); ინდოეთში ნახევარი მასალა გაუნადგურეს, ხოლო არგენტინაში 1 კვირა დააპატიმრეს კიდეც…

2009 წელს გამოვიდა ფილმი და 87 ქვეყანაში ერთდროულად გავრცელდა, ეს არ იყო კომერციული პროქტი, ეს იყო დედამიწის მომავლისთვის ადამიანთა გაფრთხილება და შესაბამისი მოქმედების გამოწვევა.

მე მხოლოდ მშრალი ინფორმაცია გადმოვეცი ამ ფილმის შესახებ, რადგან დანარჩენი თქვენ უნდა ნახოთ, ანახოთ მოსწავლეებს, სტუდენტებს და აჩვენოთ პლანეტის რეალობა. ხშირად ისე ვცხოვრობთ საკუთარ კომფორტულ გამოქვეაბულებში, რომ ჩვენი სახლის ერთიანობის განცდა არ გვაქვს. დედამიწა – ჩვენი ფიზიკური არსებობის ადგილია და რა ზიანსაც მას ვაყენებთ, ასეთივე ზიანს ვაყენებთ ჩვენს ასტრალურ და მენტალურ შრეებსაც. ყველაფერი დავარღვიეთ და შედეგიც სახეზე გვაქვს: ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა (19 აპრილი, 2020 წელი, აღდგომა) კორონავირუსის გამო სწორედ სახლში დარჩენაა! პლანეტის მთელი მოსახლეობა ვირუსის თავიდან არიდების მიზსნით სახლებშია შეკეტილი…  სახელმწიფოები ებრძვიან „უხილავ მტერს“, არადა, ამ უხილავი მტერის შემოქმედი თავად ადამიანია.

ფილმის სლოგანია: „პაემანი პლანეტასთან“ – ეს სწორედ ის ფრაზაა, რომელსაც დღეს ვეტყოდი კაცობრიობას და რომელიც ამ არაჩვეულებრივი დოკუმენტური ფილმით 11 წლის წინ გვითხრა ფილმის ავტორმა. ნუღარ გადადებთ ამ ყველაზე მნიშვნელოვან პაემანს, აგერ ეს ფილმიც:

 

 

 

ეს კი ჩემი ძველი ლექსია, რომელიც რეზონანსშია ამ ფილმთან სლოგანით: დედამიწა – ჩვენი სახლია!

ყველას გისურვეთ მეტამორფოზას ამ კრიზისულ დროში!

 

მეტამორფოზა

დაიყვავილეს უკვე კვირტებმა…
ეს გაზაფხულიც სადღაც წავიდა…
ზიხარ კუთხეში და აკვირდები:
ვინ ხარ, სადა ხარ, ანდა _ რა გინდა…

აი, სამყარო! _ უნდა იცოდე,
რომ დედამიწა შენი სახლია…
და, რა თქმა უნდა, ჩვენი სიცოცხლეც
ამ გაზაფხულის ხეზე ანთია!

ისიც მოვიდა დიდი ხნის შემდეგ…
სიმართლე გითხრა, აღარც ველოდი…
რადგან ვეძებდი მიზეზს და შედეგს,
რომელიც ხშირად სულს ვერ შველოდა…

და ჩემში ისევ ჩასახლდა ბავშვი _
თეთრი ღიმილით ნაფერმკრთალები…
ეს გაზაფხულიც რაღაცას წაშლის
ნუშის ყვავილთა ნატერფალებით…

 

იუმორის დროა

0

ვიცინი, მაშასადამე ვსწავლობ… ვხუმრობ, მაშასადამე ვასწავლი.

რენე დეკარტეს რა გითხრათ მაგრამ, ეს ორი ფრაზა არანაკლები ჭეშმარიტება მგონია. კორონავირუსით გამოწვეული გაუგებრობის დროს კი ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი.

ამ სტრესის პერიოდში, სულ რადენჯერმე გამეცინა და ერთ-ერთი გამოწვეული იყო ვიდეო-რგოლით, რომელშიც სატელევიზიო გამოკითხვის დროს, გამვლელმა კაცმა იხუმრა, 32 წელია კორონავირუსს ვუძლებო და თავის ცოლზე მიანიშნა. ხოდა, თუ რამე გადაგვარჩენს, ეს იუმორია!

ვფიქრობ, დადგება დრო და მასწავლებლებს ამ კრიტერიუმითაც შეარჩევენ. როგორ? – ეს ცალკე თემაა. ისე კი, საინტერესო იქნება, შესარჩევი კომისია რომ იკითხავს: ჭანტურია, აბა ერთი აგვიხსენით, რას ნიშნავს შრომის უფლებები. იუმორის გამოყენებით, თუ შეიძლება.

ხო, ვერ იქნება კარგი სანახაობა. თუმცა, იქამდე დიდი დროა. ამიტომ, შევეცდები მოკლედ განვმარტო რატომ არის იუმორის ქონა საკმაოდ მნიშვნელოვანი უნარი მასწავლებლისათვის:

  • ამცირებს სტრესს და ხელს უწყობს სასიამოვნო და კომფორტული გარემოს შექმნას;
  • ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში;
  • ხელს უწყობს კლასის ერთ გუნდად შეკვრას;
  • ხელს უწყობს მოსწავლე-მასწავლებელს შორის მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებას და სხვა და სხვა…

ამავდროულად, ისიც უნდა ითქვას, რომ დისტანციური სწავლების მსგავსად, იუმორის არასწორად გამოყენებას ნეგატიური გავლენა აქვს მოსწავლეებსა და სწავლა-სწავლების პროცესზე. ამის მაგალითები მეც მქონია. ასეთი ტიპის იუმორია სარკაზმი, ასაკთან შეუსაბამო, მოძველებული ან არაბუნებრივი ხუმრობები. იმის ყურება, როგორ წვალობს ადამიანი იხუმროს, ნამდვილად არ არის კარგი სანახავი. დარწმუნებული ვარ, ყველა ვყოფილვართ სიტუაციაში, როდესაც უხერხული სიჩუმე დამდგარა მასწავლებლის უხერხული ხუმრობის შემდეგ.

დაბოლოს, იმ პირობებში როდესაც განათლების სფერო ფიქრობს, როგორ გაგრძელდეს სწავლა-სწავლების პროცესი, ვფიქრობ, ეს კომპონენტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. უფრო კონკრეტულად, იმისათვის, რომ ბავშვები ჩაერთონ ამ პროცესში და მათთვის ეს სასიამოვნო იყოს, უნდა მივაწოდოთ სახალისო და იუმორისტული მასალები. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს, ისე როგორც არასდროს, საუკეთესო დროა ნოდარ დუმბაძის გამოსაყენებლად.

პირველი და უპირველესი – „მე, ბებია, ილიკო და ილარიონია“. ამას საერთოდ არაფერი ჯობს ამ ქვეყანაზე. საოცრად მაგარი მონაკვეთია „N სოფლის საშუალო სკოლის პედაგოგიური საბჭოს 1940 წლის 18 მარტის სხდომის ოქმი“, „საერთო კრება“, „ლიტერატურული საღამო“ და, ზოგადად, ნებისმიერი დიალოგი ილიკოს, ილარიონსა და ზურიკელას შორის. იუმორთან ერთად ეს წიგნი რომ ცხოვრებას გვასწავლის, ეგრე უნდა…

ძალიან მაგარია მისი იუმორისტული მოთხრობები. მაგალითად, „ბავშვის როლი მშობლების აღზრდის საქმეში“, რომელიც შემდეგნაირად იწყება:

„მშობლების როლი ბავშვების აღზრდის საქმეში განუზომელია, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, ბავშვებიც გარკვეულ როლს ასრულებენ მშობლების აღზრდაში. განსაკუთრებულ აქტიურობას იჩენენ ამ საქმეში 5-6 წლის ბავშვები“.

ისევ დუმბაძეს რომ გავყვეთ, ძალიან მაგარია მოთხრობების ტრილოგია – „საუბრები ღმერთთან“. მაგ. ერთ-ერთი – „მესამე, გაუთვალისწინებელი, მაგრამ გულახდილი საუბარი ღმერთთან“:

შენ თუ კიდევ რამის სათხოვნელად ხარ მოსული, გავგიჟდები! – შემიცხადა ღმერთმა და თვალი ამარიდა.

  • გათავდა ბატონო გიორგი! ამ მწერალთა მეექვსე ყრილობასაც დავესწრები, ვეტყვი ჩემს სათქმელს და მერე თქვენი ვარ – სტენოკარდიის მძაფრი შეტევითა და ნერვიული სისტემის აბსოლუტური მოშლილობით – ვახარე მე
  • შენ სულელი ხომ არ ხარ?! მოურიდებლად მკითხა უფალმა და ელექტროღილაკს თითი დააჭირა.

 

დაბოლოს, ყველაზე ნაკლებად ცნობილი „ზუსტად 8 საათზე“:

„ევროპაში ნამყოფი ჩემი მეგობრები დილით თურქული ყავითა და OC-ის მარკის კონიაკებით საუზმობენ. მე კი ისევ მურაბიანი ჩაითა და ცეკავშირის ყველით ვსაუზმობ… ჩემი ამხანაგები ისეთი ვიწრო შარვლებით დადიან, ორი კაცი ეხმარებათ გაძრობაში. მე კი, ქამარს რომ შევიხსნი, მისით მძვრება. კარგია მერე ეს? რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ იმედი მაქვს ამ მოთხრობის შემდეგ გამოვსწორდები, რადგან ყველა ლიტერატურულ ნაწარმოებს გარკვეული აღმზრდელობითი დანიშნულება აქვს თვით ავტორისთვისაც“.

 

ბევრი ვიფიქრე, კიდევ ვინ შეიძლებოდა ამ კატეგორიაში გამეყვანა, მაგრამ, აბა, დუმბაძესთან სხვა რა მოსატანია.

აკაკი ბაქრაძე და გრიგოლ რობაქიძე

0

„საუკუნეებს ველაპარაკები“ – ეს სიტყვები ცხოვრებისაგან გამოტანჯულმა გრიგოლ რობაქიძემ დაწერა და მათში საუკეთესოდ წარმოჩნდა მისი პიროვნებისა და შემოქმედების ღირებულება. სწორედ ამ ღირებულებას იკვლევს აკაკი ბაქრაძე წიგნში „კარდუ ანუ გრიგოლ რობაქიძის ცხოვრება და ღვაწლი“, რომელიც მის უკანასკნელ ამოსუნთქვასაც დაემსგავსა, ღრმასა და ყოვლისმომცველს. ამ ამოსუნთქვას თან ამოჰყვა მწერლის სული და მარადისობას შეერწყა. კარდუ, ანუ ქართველთა თაურფენომენი, მასაც ისევე აწვალებდა, როგორც გრიგოლ რობაქიძეს, ამიტომაც დაეძებდა მას ერთადერთი ყველაზე უეჭველი და ჭეშმარიტი გზით. გზით სიტყვისა, რომელიც სამყაროს მკვიდრ ლოდად დაფუძნებულიყო თვით უზენაესის მიერ.

აკაკი ბაქრაძის სიტყვაში, ზეპირად წარმოთქმულსა თუ დაწერილში, დრო მთლიანდებოდა და სიცოცხლის უნივერსალური კანონზომიერებანი წარმოჩნდებოდა. წარსული, აწმყო და მომავალი როგორც საიდუმლო ენერგეტიკული ველები ერთმანეთს გადაკვეთდა და ყოფიერების ხილულ და უხილავ განზომილებებში განუყოფლად თანაარსებობდა. მის წიგნებში ამ მთლიან დროს ქმნიდნენ ღვთისგან რჩეულნი, რომელთა შემოქმედებასა და მოღვაწეობაში ღირებულება ენიჭებოდა სიცოცხლეს. სწორედ ასეთნი იყვნენ ილია და აკაკი, რომელთა პორტრეტებიც იმგვარად შექმნა, რომ ისინი წარმოჩნდნენ როგორც ერთსა და იმავე დროს ერთნი და მრავალნი, ცალკეულნი და მთელნი, კერძონი და ზოგადნი, პიროვნებანი და ქართველი ერის ხატებანი, მისი იდენტობის განმასახიერებელნი. ამგვარ პიროვნებათა ცხოვრებისა და შემოქმედების გაცნობით აკაკი ბაქრაძე მკითხველს იმ გზაზე აყენებდა, რომელსაც საკუთარ თავისა და სამყაროს შემეცნებისკენ მიჰყავდა.

XX საუკუნემ თავისი სრულყოფილი ასახვა გრიგოლ რობაქიძის პიროვნებაში პოვა. აკაკი ბაქრაძემ მასში, როგორც მისტიკურ სარკეში, ბევრი რამ ნახა საგულისხმო. მან არა მხოლოდ გაჩხრიკა და გამოიძია გრიგოლ რობაქიძის პიროვნებისა თუ შემოქმედების დაფარული შრეები, წაიკითხა მისი სულის გაფერმკრთალებული პალიმფსესტები, არამედ ამ ქვეტექსტების ლაბირინთებში შეუძღვა მკითხველს და უამრავ საიდუმლოს აზიარა. მან თანამედროვე ადამიანი თითქოს გაათავისუფლა მატერიალური ღირებულებების ტყვეობიდან და გამოფიტული სული თავის ნამდვილ სამშობლოს, მეტაფიზიკურ, ირაციონალურ სამყაროს მიაახლა.

აკაკი ბაქრაძე, უპირველესად, გრიგოლ რობაქიძის სულიერ პორტრეტს ქმნის. უხილავსა და მოუხელთებელს მისი ცხოვრებისა და შემოქმედების კონკრეტულ ფაქტებსა და მოვლენებში ჭვრეტს და მკითხველს აწვდის როგორც ძიების გზაზე მოპოვებულ დიდ გამოცდილებას. მან კარგად იცის, რომ რობაქიძის შემოქმედებაზე საუბარი ძნელია, რადგან, როგორც თვითონ წერს, იგი „ყოფიერების მეტაისტორიულ აზრს ეძებს. ამის მისაგნებად კი ადამიანმა მითოსის ჯურღმულებში უნდა იხეტიალოს. მას ქართულ მითოსსა და ქართულ ენაში სურს იპოვოს ქართველთა მსოფლხატის თაურარსი“. აკაკი ბაქრაძე ამ წიგნში თან დაჰყვება გრიგოლ რობაქიძეს ყოფისა თუ „მითოსის ჯურღმულებში“ და მკითხველსაც იქით უკვალავს გზას. თაურარსის ძიების კვალსა და შედეგებს იგი პოულობს მის რომანებში („გველის პერანგი“, „ჩაკლული სული“, „მცველნი გრალისა“ და სხვ.), დრამებში („ლონდა“, „ლამარა“, „მალშტრემი“ და სხვ), ლექსებში, მოთხრობებში, ესეებსა და კერძო ბარათებში. ავტორი რობაქიძის შემოქმედებას არა მხოლოდ ქართული, არმედ მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტში გაიაზრებს. მისი აზრით, ქართული მსოფლხატის შუაგულში გრიგოლ რობაქიძემ დააყენა კარდუ, რომლის სახელწოდებაც აიღო „ქართლოსიდან“ ბერძნული დაბოლოების გარეშე. იმავდროულად, კარდუ ენათესავება „ქალდეას“ – ქართველთა უძველეს სამშობლოს. რობაქიძემ კარდუს შინასახეც გამოძერწა გოეთეს თაურფენომენის იდეის დახმარებით. აკაკი ბაქრაძე თვალს მიადევნებს, როგორ გამოავლინა გრიგოლ რობაქიძემ ქართულ ენაში ქართველი ხალხის შინასახე, როგორ დაადგინა სიცოცხლის კავშირი სიწმინდესთან. მან მითიური კუთხით დაინახა კავშირი ცეცხლს, სიცოცხლეს, სიწმინდესა და სიმტკიცეს შორის. იგი გამოწვლილვით წარმოაჩენს რობაქიძის მიერ შექმნილი მითიური საქართველოს თაურარსს. იმასაც დასძენს, რომ მისთვის მითიური უფრო ნამდვილი იყო, ვიდრე ისტორიული: „მის ცნობიერებაში არსებობდა გამოგონილი საქართველო, როგორც გამოგონილი კერპი კარდუ. გამომჟღავნდებოდა, გამოვლინდებოდა თუ არა მითიური საქართველო ისტორიულში? ეს არავინ უწყოდა, მაგრამ გრიგოლ რობაქიძეს ამის დიდი სურვილი და წყურვილი ჰქონდა“. „გრიგოლ რობაქიძეს სჯეროდა, რომ ხელისუფლება საკრალური მოვლენა იყო. ვიგინდარების ყოფნა ხელისუფლებაში დაუშვებლად მიაჩნდა“.

აკაკი ბაქრაძე სხვადასხვა რაკურსით ხატავს გრიგოლ რობაქიძის პორტრეტს და ამ დროს ლიტერატურულსა თუ ფერწერულ შარჟებსაც მოიხმობს. ყველაზე უკეთ კი მწერალს წარმოგვიდგენს ქეთევან ამირეჯიბისთვის გაგზავნილი ნაპოლეონისგამოსახულებიანი ღია ბარათი, რომელზეც მწერლის ასეთი მინაწერია: „ამბობენ, მე აქ ნაპოლეონს ვგავარ, ნუთუ მართლა?“ „ნუთუ მართლა“ აქ ისე გაისმის, როგორც „დიახ“. გვახსენდება ბარათაშვილის ნაპოლეონისკენ სწრაფვა, მის სახეში საკუთარი სულიერი ენერგიისა და „უძლეველობის“ გამომჟღავნების წადილი.

XX საუკუნის ათიანი წლებიდან გრიგოლ რობაქიძე ქართული კულტურის განახლების უმნიშვნელოვანესი პროცესის წარმმართველ ძალად იქცა. იგი ცისფერყანწელების გვერდით იდგა როგორც უფროსი ძმა და მეგობარი და თუმცა თვითონ თავკაცობას უარყოფდა, „ცისფერი ორდენის რაინდები“ მაინც მას უთმობდნენ მეთაურობას და საქართველოში „მოდერნიზმის სახარების“ პირველ მქადაგებლად მიიჩნევდნენ. აკაკი ბაქრაძე მის მოღვაწეობას ასე აჯამებს: მან საგანმანათლებლო მიზნით და ახალ ფილოსოფიურ-ლიტერატურულ შეხედულებათა გაცნობა-გასავრცელებლად წაიკითხა საჯარო ლექციები; უწინამძღვრა ქართული ავანგარდიზმის შექმნას და ამით ხელი შეუწყო ქართული მწერლობის განახლებას; კოლეგებთან ერთად ჩამოაყალიბა სრულიად საქართველოს მწერალთა კავშირი. ამასთან ერთად, იმდროინდელ პრესაში აქვეყნებდა სტატიებს ლიტერატურული თუ საზოგადოებრივი ცხოვრების ნაირ-ნაირ საკითხებზე“.

საქართველო გრიგოლ რობაქიძისთვის არ იყო უბრალო „ეთნოგრაფიული“ ცნება თუ მხოლოდ „გეოგრაფიული მოხაზულობა“ –  არამედ მცირე აზიის სივრცეზე განფენილი მნიშვნელოვანი კულტურა. სწორედ ამ კულტურის ძირების ჩხრეკას შეალია სიცოცხლე. აკაკი ბაქრაძე საგანგებო ყურადღებას უთმობს 1926 წლის სექტემბერ-ოქტომბრის „ქართულ მწერლობაში“ გამოქვეყნებულ ნიკოლო მიწიშვილის წერილს „ფიქრები საქართველოზე“, რომელშიც „სასოწარკვეთილების ისეთივე ტკივილი და ყვირილი იყო, როგორიც ილიას „ბედნიერ ერსა“ და მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნებში“. მისი აზრით, „ფიქრების“ არსს რომ ჩავწვდომოდით, საქართველოსა და ქართველი ხალხის ხვედრი დღეს სრულიად სხვა იქნებოდა. ნიკოლო მიწიშვილის წინააღმდეგ გამართულ პაექრობას გრიგოლ რობაქიძეც შეუერთდა წერილით „საქართველოს ხერხემალი“. ადრე იგი წუხდა, რომ ქართველები ვერ გრძნობდნენ საქართველოს როგორც ერთ დიდ მთელს. შემდეგ შეეცადა, თავისი შემოქმედებით დახმარებოდა საქართველოს „თავისი თავის მონახვაში“. აკაკი ბაქრაძის აზრით, ქართველთა მსოფლხატის მოძებნა გრიგოლ რობაქიძემ ორი გზით წარმართა: 1. შექმნა გრაალის ახალი ლეგენდა და 2. ჩამოაყალიბა კარდუს კულტი. იგი ვრცლად მიმოიხილავს გრაალის თემას ევროპულ კულტურაში, იხსენებს გრაალზე შექმნილ ლეგენდებსა თუ ლიტერატურას და დაასკვნის, რომ რობაქიძემ რომანში „მცველნი გრალისა“ შექმნა ამ ლეგენდის სულ სხვა ვარიანტი. მისეულ გრაალის თასში აყვავებული ვაზის ჯვრის წვენია (ე.ი. განახლებული რწმენა) და მას იცავენ ხელოვანნი, ძველი ტრადიციით კი მცველნი იყვნენ ანგელოსები ან რაინდები. გრაალის მცველთა ცვლილებას ის ამგვარად ხსნის: „როგორც პიროვნების, ისე მთელი ერის გადასარჩენად აუცილებელია სულის მოვლა-პატრონობა“. მისი აზრით, რომანის ორი პერსონაჟი (ლევან ორბელი და ველსკი) ორი იდეის – გრაალის დაცვისა და გრაალის ნგრევის – პერსონიფიკაციები არიან. ამ ორი პერსონაჟის შეხედულებათა დაპირისპირება პრაქტიკულადაც გამოიხატა 1924 წლის აგვისტოს აჯანყებით: „გრაალისთვის ბრძოლაში ლევან ორბელი და მისი ამხანაგები იმარჯვებენ. ველსკი და მისი ბოლშევიკ-კომუნისტები მარცხდებიან. „გრაალის მცველნის“ ალეგორიული შინაარსის ამოკითხვა ძნელი არ არის. ყველაზე მძიმე ვითარებაშიც კი ხალხმა უნდა შეინარჩუნოს რწმენა-იმედი, ანუ დაიცვას გრაალი. ამით გაუმკლავდება იგი მტერს, შინაური იქნება იგი თუ გარეშე“. აკაკი ბაქრაძის დაკვირვებით, „გრიგოლ რობაქიძე არ ხედავდა დაპირისპირებას ქართულ წარმართობასა და ქართულ ქრისტიანობას შორის. ჩვენში ქრისტიანობა წარმართობის უშუალო გაგრძელება-განვითარებად მიაჩნდა. ერთი მხრივ, ამას უდასტურებდა წმინდა ნინოს ჯვარი და, მეორე მხრივ, თეთრი გიორგის კულტი“.

აკაკი ბაქრაძე ევროპაში გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებით დიდ დაინტერესებას, უპირველესად, „ნამდვილი ვაჟურის, ნამდვილი ქალურის მონატრებით“ ხსნის. 1931 წელს რობაქიძე სწერდა მიხეილ ჯავახიშვილს: „აქ დიდი კრიზისია. მდგომარეობა თანდათან უარესდება. განსაკუთრებით ლიტერატურულ ფონზე. ჯერ ერთი: ამერიკანიზმი სპობს ნამდვილ ლიტერატურას. პაუზა არ არის, რომ გულდასმით რაიმე იგზნო. გამეფდა მსუბუქი ლიტერატურა. დაძინების წინ წასაკითხი ანდა მოდუნებული სქესის გამაღიზიანებელი. კრიტიკა თანდათან ჰქრება, რჩება მხოლოდ რეკლამა… ნურავინ იფიქრებს, რომ ევროპის სარბიელზე გასვლა (ამჟამად) მწერლისათვის მაინცა და მაინც სახარბიელო იყოს. მშობელი მიწა და მისი თბილი წიაღი ყველაფერია. ჩვენში მიწას ჯერ კიდევ აქვს ჯიქანი. ჩვენში წიაღი უშრეტია“.

აკაკი ბაქრაძე ვრცლად წარმოაჩენს ნიცშეს გავლენას გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებაზე, განსაკუთრებით გამოკვეთს დიონისეს ფენომენსა და მარადიული დაბრუნების იდეას. ამ უკანასკნელმა გარკვეული ცვლილება განიცადა და „გველის პერანგში“ ამგვარად გამოვლინდა: „არა ერთეულის მარადიული დაბრუნება თავისთავისკენ, არამედ ერთეულში მარადიულის დაბრუნება თავისთავისკენ“. მისი აზრით, მარადიული დაბრუნების იდეა გრიგოლ რობაქიძისთვის იმედის წყარო იყო, რომ დაბრუნდებოდა „რაინდული, ნამდვილი ვაჟური და ნამდვილი ქალური“. იმავდროულად, ავტორს აფიქრებს მწერლის შემოქმედებაში მძლავრად შემოჭრილი მაიას მოტივი, რაც ვედურ მითოლოგიაში ფერისცვალებას, მეტამორფოზას, ილუზიას, მოჩვენებას გულისხმობს. ეს მწერლის დაეჭვებულობას ხომ არ ამხელს? – კითხულობს იგი და დასძენს: „დამიჯერებთ თუ არა, მაინც უნდა ვთქვა – ჰო, ასე უნდოდა. მარადიული დაბრუნების იდეა და მაია, რწმენა და ეჭვი, ერთი და იმავე მედლის ორი სხვადასხვა მხარეა. გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებაში ორივე არსებობს“.

აკაკი ბაქრაძის უამრავ საინტერესო დაკვირვებათაგან ყურადღებას იქცევს „სხვაი ჩემის“ ინტერპრეტაციაც. მისი აზრით, „სხვაი ჩემი“ გულისხმობდა სამყაროს ადამ-კადმონისეულ აღქმას. ადამ-კადმონში ერთად იყო „მეც“ და „სხვაი ჩემიც“. რობაქიძე ფიქრობდა, რომ ადამ-კადმონისეულ მთლიანობასა და განუყოფლობას შეეძლო კაცობრიობის კრიზისის დაძლევა. გრიგოლ რობაქიძის პოეზიის ანალიზისას ყურადღება გამახვილებულია სიახლეზე, უნივერსალურობაზე, პლასტიკურობაზე, გზნებაზე, რიტმსა და აღნაგობაზე. მკვლევრის აზრით, გრიგოლ რობაქიძემ არა მხოლოდ კლასიკური სონეტი დაამკვიდრა, არამედ თემატიკურადაც გაამდიდრა ქართული პოეზია.

წიგნში გრიგოლ რობაქიძის პიროვნებასთან ერთად შთამბეჭდავად იხატება ეპოქა, როდესაც „კალმითა და სიტყვით ისეთივე სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობდა, როგორც თოფ-იარაღით“. იგი ვრცლად წარმოაჩენს რობაქიძის ჟურნალისტურ მოღვაწეობას გაზეთ „საქართველოსა“ და „კავკაზში“, რომლებშიც ის გივი გოლენდისა და გრიგოლ რობაქიძე-კავკასიელის ფსევდონიმებით ბეჭდავდა წერილებს საერთო სათაურით „ომი და კულტურა“. გრიგოლ რობაქიძემ კავკასიელ მკითხველს გააცნო ევროპელ ფილოსოფოსთა და მწერალთა შეხედულებები ამ პრობლემაზე: „კალმოსანი ადამიანების ეს სჯა-ლაპარაკი, ანალიზი და დასკვნები გონებას აფხიზლებდა, ტვინს ჩარხავდა, თორემ ომის დინებაზე ვერავითარ ზეგავლენას ვერ მოახდენდა“.

აკაკი ბაქრაძე წარმოაჩენს, თუ როგორ ცხოვრობდა მწერალი საქართველოში ბოლშევიკურ-კომუნისტური რეჟიმის დროს (1921-1931 წწ.), რას წერდა, რას საქმიანობდა, რას თმობდა (მაგალითად, „ბაქო და ჰაიასტანი“) და რას – არა. ხატავს მაშინდელი ყოფის შავბნელ სურათებს და დაასკვნის: „ერთადერთი შვება უცხოეთში წასვლაა ცოტა ხნით“. მას, უპირველესად, ქართული კულტურის გაცნობა სურდა ევროპელი მკითხველისთვის. ჯერ რომენ როლანს გაუგზავნა ორი პიესა, „მალშტრემი“ და „ლონდა“, მალე თვითონაც გაემგზავრა გერმანიაში და, მიუხედავად ფინანსური პრობლემებისა, შეძლო და გერმანულ ენაზე გამოსცა „გველის პერანგი“ შტეფან ცვაიგის წინათქმით. ამან საქართველოში დიდი ხმაური გამოიწვია. რობაქიძე ბურჟუაზიულ მწერლად გამოაცხადეს, მალე ფაშისტადაც მონათლეს. კომუნისტურმა პარტიამ ისიც შეძლო, რომ გრიგოლ რობაქიძის მეგობრებს მის წინააღმდეგ საშინელი ცილისწამებით გამოსვლა აიძულა. აკაკი ბაქრაძე აქ ხედავს ქართული მწერლობის ტრაგიკულ მდგომარეობას, უმწეობას და ასკვნის, რომ ეს იყო „ველური ძალდატანების შედეგი“ და რომ ეს „დასმენის ტექნოლოგია“ აღწერილია „ჩაკლულ სულში“. იგი სიღრმისეულად აანალიზებს სოციალიზმის თეორიიდან წარმოშობილ „სამ ურჩხულს“: რუსულ ბოლშევიზმს, იტალიურ ფაშიზმსა და გერმანულ ნაციზმს“. იგი წუხს, რომ ქართველთა აზროვნება ჯერ კიდევ „კომუნისტური თარგების“ ტყვეა. ეს იმიტომ, რომ „სოციალ-პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემის დანგრევა გონების განთავისუფლებას არ ნიშნავს“. ამიტომაც არის, რომ ფაშიზმის ხსენებაზე ვკანკალებთ, ბოლშევიზმს კი ლმობიერად ვხვდებით.

აკაკი ბაქრაძის აზრით, რობაქიძის „ჰიტლერი“ და „მუსოლინი“ (30-იან წლებში დაწერილი ორი ბროშურა) მწერლის „ცდუნება“ იყო. არსებითი და საგულისხმო ის გახლდათ, რომ „მან იშვიათი შორსმჭვრეტელობით დაინახა ბოლშევიზმის არსი, ამოხსნა მისი მოქმედების მექანიზმი, მაგრამ ვერ მოახერხა, ასეთივე ძალით ჩასწვდომოდა ფაშიზმსა და ნაციზმს: „ლენინშიც, სტალინშიც, ჰიტლერშიც, მუსოლინიშიც მას იპყრობდა პიროვნება უშუალოდ, მის შუაგულში აღებული“, რომ მისთვის ისინი უფრო მითოლოგიური პერსონაჟები იყვნენ, ვიდრე მეოცე საუკუნის რეალური ადამიანები“. მწერალს აინტერესებდა მხოლოდ პიროვნებანი და არა ნაციზმი ან ფაშიზმი როგორც იდეოლოგიები.

წიგნში მკითხველისთვის უცნობი მრავალი საინტერესო ფაქტია მოხმობილი, რომელთა მიხედვითაც სულ სხვანაირად იხსნება მწერლის ცხოვრებასა თუ შემოქმედებასთან დაკავშირებული მოვლენები. ნათლად ჩანს, რომ გრიგოლ რობაქიძეს თავიდანვე ჰქონდა „საიდუმლო განზრახვა გერმანიაში გაპარვისა“ და მისი იქ დარჩენა არ იყო შემთხვევითი. საბოლოოდ გაირკვა საკამათოდ ქცეული მისი დაბადების თარიღიც. გერმანელი მწერლის ჰანს ჰასო ფონ ველოტჰაიმისადმი მიწერილ ბარათში გრიგოლ რობაქიძე ინანიებს თავის შეცდომას, რომელიც მან, როგორც თვითონ აღნიშნავს, პატივმოყვარეობის გამო ჩაიდინა, სამი წლით „გაიახალგაზრდავა“ თავი: „ასე დაუფიქრებლად დავიკმაყოფილე ჩემი თვითმოტყუება. დღეს ვხედავ, პატივმოყვარეობის დემონს როგორ ადვილად გავეგე ფეხქვეშ. ეს იმდენად მღრღნის, რომ სიმშვიდეს ვერ ვპოულობ“. საოცარი კი ისაა, რომ გრიგოლ რობაქიძე ამ მართლაც უბოროტო შეცდომას დიდ ცოდვად მიიჩნევდა. ეს კარგად წარმოაჩენს ამ პიროვნების სულის სიმაღლესა და გულწრფელობას.

აკაკი ბაქრაძე თვალს გაადევნებს გრიგოლ რობაქიძის მთელ ცხოვრებას – დაბადებიდან სიკვდილამდე. ირკვევა, რომ ტარტუს უნივერსიტეტის მიტოვების მიზეზი იყო არა გრიგოლ რობაქიძის გარიცხვა სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, როგორც მანამდე გვეგონა, არამედ სულ სხვა რამ. ამ მიზეზს აკაკი ბაქრაძე 1902 წლის 16 იანვარს ეკატერინე გაბაშვილისთვის მიწერილ ბარათში პოულობს, რომელშიც გრიგოლ რობაქიძე მას ურჩევს, ვაჟიშვილი სასწავლებლად რუსეთში კი არა, უცხოეთში გაგზავნოს, რადგან „აქ, რუსეთში, მომავალი წლიდან დიდი სისხლისღვრა იქნება. ეს ნამდვილი წყაროებიდან გავიგე. ესეც არ იყოს, იმისთანა ნიჭიერი ყმაწვილისთვის, როგორც რეზიკოა, რუსეთი მხოლოდ ჯოჯოხეთი იქნება“. ასე რომ, ტარტუდან წასვლას ავტორი უფრო გრიგოლ რობაქიძის სულიერი განწყობილებით ხსნის. წიგნში საინტერესო და თანაც აქამდე უცნობ დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით წარმოჩენილია გერმანიაში გრიგოლ რობაქიძის ცხოვრება, რომელიც არცთუ ისე დალხენილი იყო. მწერლის ოჯახი ხშირად განიცდიდა ნივთიერ გაჭირვებას.

თავში, რომელსაც „მოდის გილიოტინა“ ეწოდება, საუბარია XX საუკუნის ათიანი წლების ქართულ საზოგადოებაზე, რომელსაც შეეძლო, ჯერ ხოტბა-დიდება შეესხა პიროვნებისთვის და მერე ზურგი შეექცია, დაევიწყებინა. აკაკი ბაქრაძე საზოგადოების ამგვარ ქცევაში დღევანდელობის სენსაც ხედავს და თითქმის უიმედოდ ჩივის: „რა გვჭირს ისეთი, რომ ჩვენს თვისებაში არაფერი შეიცვალა? რატომ დარჩა ჩვენი ცხოვრება ერთ ადგილას გაყინული? მიუხედავად იმისა, რომ ამ ხნის განმავლობაში კაცობრიობის ისტორიაში ძირეული ცვლილება მოხდა. რა არ გადაიტანა მსოფლიომ და რა დასკვნა არ გააკეთა, მაგრამ ყველაფერმა ამან ჩვენს გვერდით ისე გაიარა, რომ არც კი შეგვიმჩნევია, თორემ სწავლა-გაგებას ვიღა ჩივის“. დავით კლდიაშვილი ფიქრობდა, რომ ქართული საზოგადოება არ დაივიწყებდა გრიგოლ რობაქიძეს, რადგან მან გადაგვარების პირას მისულ ერს გააგებინა, ვინ იყო, საკუთარი თავის რწმენა დაუბრუნა. მიუხედავად ამისა, „მადლიერმა“ ქართველობამ მაინც კარგა ხნით მიივიწყა თავისი მხსნელი და მშველელი. როცა აკაკი ბაქრაძე აღწერს, როგორ უჭირდა სიცოცხლის ბოლო წლებში თითქმის უპატრონოდ მიტოვებულ მწერალს, გულმოკლული აღნიშნავს: „ადამიანი ყველგან ადამიანია. სულერთია, სად ცხოვრობს იგი – შვეიცარიაში, გერმანიაში, საქართველოში თუ სხვაგან. აქაოდა, „ჰიტლერისა“ და „მუსოლინის“ ავტორის თანაგრძნობა არ დამაბრალონო, ყველა სოროში შეძვრა და დაიმალა, ევროპელიც და ემიგრანტიც“.

გრიგოლ რობაქიძე კოტე მაყაშვილისთვის მიწერილ წერილში აღნიშნავს: „შესაძლოა, საქართველომ არ მიიღოს რობაქიძე, მაგრამ საქართველოს ისტორია უსათუოდ აღნიშნავს, რომ იგი უღელტეხილი იყო (ლექსში, პროზაში, პრობლემების წამოყენებაში)… „საქართველოში მეტად ძნელია ნოვატორობა… შესაძლოა, აქ ჩვენი სიპატარავე და სიცოტავე იყოს მიზეზი. პატარა ერში ძნელია დათრობა შთაგონებით. აქ კიდურის გადალახვა მაინცა და მაინც მიმზიდველი არ არის, რადგან კიდური ახლოა“.

აკაკი ბაქრაძემ თეატრში გრიგოლ რობაქიძის მოსვლა გარდატეხის ტოლფასად მიიჩნია. მისი მისტერია-დრამები, რომლებიც კოტე მარჯანიშვილმა დადგა, იყო ძველი თეატრისგან ახლის დაბადების ნიშანი. იგი „მაგიურ შემოქმედებას („ლონდას“, „მალშტრემსა“ და „ლამარას“) აანალიზებს და მისთვის ჩვეული გამჭრიახობით გამოარჩევს მთავარსა და არსებითს. აკაკი ბაქრაძე ყურადღებას ამახვილებს თეატრალური ხელოვნების გრიგოლ რობაქიძისეულ განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც, მთავარია ამბის ესთეტიკური განცდა, რაც გულისხმობს სულიერსა და ხორციელ შვებას, წვას, საგნის სიყვარულს. ავტორი გამოკვეთს, როგორ წარმოჩნდებოდა გრიგოლ რობაქიძის მხატვრულ ტექსტებში მისი თეორიული შეხედულებები თუ ეპოქის რიტმები.

მკითხველის თვალწინ ცოცხლდება მწერლის ცხოვრება შვეიცარიაში, საზოგადოებისგან მისი იზოლაცია, რაც, აკაკი ბაქრაძის აზრით, უპირველესად განპირობებული იყო იმით, რომ მისი შემოქმედება იყო „მიწისა და სისხლის ლიტერატურა“. ასეთი მწერლობა კი ევროპაში აღარ აინტერესებდათ. იგი ყურადღებას ამახვილებს რობაქიძის წერილებში („მზის ხანა ქართველთა“, „საკრალური წყობა“, „სულის დაშლა“ და სხვა) განხილულ ისეთ საკითხებზე, რომლებიც დღესაც აქტუალურია და ხშირად, როგორც ილია იტყოდა, ტკივილიან თვალის ახელას ემსგავსება.

წიგნი მთავრდება 82 წლის გრიგოლ რობაქიძის ცხოვრებაში შემოჭრილი სიყვარულის ამბით. „მისი ჭეშმარიტი მე, მისი მშვინვიერი და სულიერი მე იყო სასწაულებრივი“, – ასე დაწერა მწერლის უკანასკნელმა მიჯნურმა გრაფინია გიტა ფონ შტრახვიცკიმ. აკაკი ბაქრაძის წიგნში მკითხველსაც სწორედ ამ „სასწაულებრივ მესთან“ შეხვედრა ელის.

ვიდეობლოგი

მეცა, სიტყუაო…

დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“-ს შესახებ თუკი საქართველოს ცნების ერთ კონკრეტულ პიროვნებაში განსხეულებას დავაპირებთ, უსათუოდ და უპირველესად, ალბათ დავით აღმაშენებელი მოგვაგონდება - დიდი ხელმწიფე, რომელმაც საქართველოს...