ორშაბათი, ივნისი 9, 2025
9 ივნისი, ორშაბათი, 2025

საახალწლო საკითხავი მასწავლებლებისთვის

0

ყოველთვის ვცდილობ, მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნება მეტად გავაღვივო. ოტია იოსელიანს უყვარდა ხოლმე თქმა: ბალზაკმა 20 ტომი სისულელე დაწერა და მერე გახდა გენიოსიო.

„ცდისა და შეცდომის“ ეს კლასიკური მაგალითი საოცრად ცხადი და საგულისხმოა, თუ როგორ შეიძლება თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი მოიტანოს, თუნდაც ამ შრომას, ერთი შეხედვით, არანაირი გრძელვადიანი მიზანი არ ჰქონდეს.

მოსწავლეებს, მოახლოებული დღესასწაულების კვალდაკვალ ვთხოვ ხოლმე, მოიფიქრონ და დეტალურად აღწერონ რამე ისეთი, რაც მანამდე არავის გამოუგონია – იქნება ეს სახლში ჩაშენებული ნარჩენების გადამამუშავებელი მინი რობოტი, რომელიც კომპოსტს სადღაც საერთო სივრცეში აგზავნის და ამას მერე ბაღ-ბოსტნების გასანოყიერებლად ვიყენებთ, თუ ახალი დღესასწაული, რომელიც შესაძლოა, კარგი ტრადიციის დასაწყისი აღმოჩნდეს.

ეს გასართობი, ძალიან კარგი საშუალებაა, ერთის მხრივ, ახალი ინფორმაციის მისაწოდებლად, მეორეს მხრივ კი, წერითი უნარების განვითარებისთვის (განსაკუთრებით, ვითარებაში, როცა კლავიატურის ეპოქის ბავშვებს სულ უფრო უჭირთ კალმით წერა).

საახალწლო დავალება კი ამგვარი მოვიფიქრე: ჯერ მოვუყევი რამდენიმე უძველეს ტრადიციაზე, რომელიც ახალი წლის დადგომასთან იყო კავშირში, შემდეგ, ვთხოვე, საკუთარი, ალტერნატიული ახალი წლის აღნიშვნის ვერსია გამოეგონათ, ისეთი, როგორიც აქამდე ისტორიკოსებმა არ იცოდნენ, მაგრამ შეიძლება დამაჯერებელი ყოფილიყო.

ზრდასრულებისგან განსხვავებით, ბავშვები მსგავს დავალებას უფრო მეტი ხალისით  ასრულებენ, მათი ფანტაზია უსაზღვროა. შედეგები ისეთი სახალისო, ზოგჯერ ღრმა, ხანდახან თითქმის გენიალური და ყოველთვის საინტერესო.  ვფიქრობ, ეს მეთოდი ბევრ პედაგოგს შეიძლება გამოადგეს.

2019 წლის მიწურულს, ახალი წლის უძველესი ტრადიციების შესახებ ინფორმაცია ერთად მოვაგროვეთ.

გაირკვა, რომ ძველ ბაბილონში ახალი წელი მარტის ბოლოს, ახალმთვარეობასთან ერთად დგებოდა. სამყაროს აღორძინებისა და ბუნების გაღვიძების მრავალდღიან დღესასწაულს, ბაბილონელები აკიტუს ეძახდნენ და ეს საერთო სახალხო დღესასწაული იყო, რომლის დროსაც აკიტუს ქანდაკებები ქუჩებში გამოჰქონდათ და მსხვერპლს სწირავდნენ. ხალხი თვლიდა, რომ ამ დროს, კოსმიური ქაოსისგან განწმენდა ხდებოდა და ის წელი ბევრად უფრო საინტერესო და იმედიანი იქნებოდა ყველასთვის.

ძველი რომაელები ახალ წელს თითქმის იმავე დღეს აღნიშნავდნენ, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებთ – პირველ იანვარს. ორსახოვანი იანუსის პატივსაცემად მოფიქრებული განახლების ეს დღესასწაული „ცვლილებებისა და ახალი წამოწყებების“ ღმერთისთვის პატივის მიგება იყო. ამ დროს, მეზობლები და ნათესავები ერთმანეთთან ლეღვით, თაფლითა და საჩუქრებით მიდიოდნენ.

ძველეგვიპტური კულტურა კი, ნილოსთან მჭიდრო კავშირის გამო, ახალ წელს, როგორც უმეტესობა დღესასწაულებისა, წყალუხვობას უკავშირებდა. რომაელი ისტორიკოსის, ცენზორინუსის ცნობით, ძველეგვიპტელებმა ახალი წლის აღნიშვნა ვარსკვლავ სირიუსის 70 წლიანი „გაქრობისა“ და გამოჩენის შემდეგ დაიწყეს. ეს ამბავი კი ივლისს დაემთხვა, როცა დიდხნიანი გვალვების შემდეგ, ნილოსი ისევ ადიდდა, მოსავალი კვლავ უხვად მოვიდა და მოსახლეობამ შიმშილით სიკვდილს თავი დააღწია (სავარაუდოდ, ეს კონტინენტის 150 წლიან გვალვას ემთხვევა). ამ დღესასწაულს ეგვიპტელები Wepet Renpet-ს უწოდებენ და დღემდე აღნიშნავენ, როგორც მადლიერების გამომხატველ ამბავს.

„ახალი წლის“ დადგომას ძველეგვიპტელები მუტის ტაძრის რიტუალს ამთხვევდნენ, როდესაც ყველა, ქალიცა და კაციც, უნდა დამთვრალიყო და ეზეიმა. ალბათ, Octoberfest, რომელიც ყოველწლიურად ტარდება გერმანიაში, სათავეს სწორედ აქედან იღებს, რადგან არსად, დედამიწის ზურგზე არ ისმებოდა იმდენი ლუდი, რამდენიც ახალ წელს ეგვიპტეში.

როგორც წესი, ახალი წლის აღნიშვნის ტრადიციები უამრავია მსოფლიოში. აცტეკების, ძველირანელების, ჩინელების, იაპონელების, უძველესი გერმანული ტომებისა თუ დრუიდების. საკითხავ და მოსაყოლ მასალას რა გამოლევს დედამიწაზე, მოსწავლის თვალსაწიერი ფართოვდება, მულტიკულტურული სიახლოვის განცდა ჩნდება. ყველა ქვეყნის ტრადიციაში აღმოვაჩენთ ხოლმე ჩვენთვის მსგავსს და ახლობელს, რაც აქრობს განცდას, რომ ეგვიპტელი პრინციპულად სხვა ადამიანია და არა ჩვენნაირი, მართალია განსხვავებული კულტურის, მაგრამ მაინც ჩვენნაირი, იგივე შიშებითა და სიხარულით, რაც გვაქვს, მსგავსი ცრურწმენებითა და იმედებით, მასაც უყვარს, მასაც სტკივა და მასაც უხარია და რომ შეიძლება, დედამიწის რომელიმე სხვა კუთხეში, ჩვენსავით კითხულობდნენ სკოლის მოსწავლეები კალანდაზე და იმავეს ფიქრობდნენ, რასაც ახლა ჩვენ.

სიამოვნებით გაგიზიარებდით ბავშვების შექმნილ ახალ ტრადიციებსაც, მაგრამ შევუთანხმდი, რომ არ გავასაჯაროებ მათი ნებართვის გარეშე, მე კი მოსწავლეებთან  შეთანხმებას ყოველთვის ვიცავ.

 

ეზოში ბავშვები არ არიან?

0

“ეზოში ბავშვები არ არიან” – შემომჩიოდა ჩემი მეორეკლასელი შვილი, როდესაც ეზოში ჩასვლას ვთხოვდი სათამაშოდ, მას კი მარტოს არ სურდა თამაში.  სექტემბერში, სწავლის დაწყებისთანავე, ეზოები დაცარიელდა.  ბავშვების ხმაური მიწყდა და არც  ფეხბურთის თამაშისგან და კედელზე ენერგიული დარტყმებისგან  თავგაბეზრებული მეზობლების ყვირილი ისმოდა.  ისინი  სახლში ჩაიკეტნენ; აღარც სკუტერით, აღარც სკეიტით და ველოსიპედით მოქრიალე ბავშვები აღარსად ჩანდნენ. დაიწყო რუტინა, საინტერესოც და ცოტათი გულის გამაწვრილებელიც.

რუტინა სტრუქტურირებული რეჟიმია, რომელიც შესასრულებელი აქტივობების მიხედვით არის დაგეგმილი და  ბავშვის ძირითად საჭიროებებზეა მორგებული. ასეთი საჭიროებებია: დროული ძილი, დროული კვება, სავალდებულო საქმიანობები. ბავშვის რუტინის აუცილებელი კომპონენტია ასევე ფიზიკური აქტივობაც. ასევე მნიშვნელოვანია, დროის გამონახვა და მისთვის ყურადღების დათმობა. ფიზიკური აქტივობის, როგორც ბავშვის განვითარების  მნიშვნელოვანი კომპონენტის შესრულებას,  განსაკუთრებით უნდა ვესწრაფვოდეთ მშობლები და ხელს უნდა ვუწყობდეთ ბავშვის აქტიურ დასვენებას და გართობას.

სამწუხაროდ, ხშირად,  ისევ ჩვენ – მშობლები, როდესაც ჩვენი შვილები სწავლას შეუდგებიან, პირველივე კლასიდანვე ვტვირთავთ მათ უზარმაზარი პასუხისმგებლობებით, რაც არათუ მათ  ემოციურ ჯანმრთელობაზე, ასევე ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც უარყოფითად აისახება, რადგან მათ აღარ რჩებათ დრო ფიზიკური დასვენებისთვის, თამაშისთვის და მუდმივად უფროსებივით “გადარბენის” რეჟიმით ცხოვრობენ… ან, როგორ უნდა იკმარო დღის განმავლობაში  რამდენიმე ათეული წუთი, სკოლის დერეფნებში სირბილისთვის?! ნამდვილად, არ კმარა!

როდესაც, სკოლის მოსწავლეს არ რჩება დრო თამაშისთვის, მას შესაძლოა ჩამოუყალიბდეს სკოლის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება და გაუჩნდეს პროტესტი. უნდა გვახსოვდეს, რომ სკოლამდელი ბავშვის და ასევე დაწყებითი საფეხურის მოსწავლის განვითარების მთავარი სტრატეგია და ერთ-ერთი მთავარი აქტივობა არის ისევ თამაში  და არ უნდა უგულებელვყოთ ის. თუ თამაში, საკლასო ოთახის ფანჯრებს მიღმა, ღია და დაცულ სივრცეში განხორციელდება, მით უფრო სასიკეთო იქნება  ბავშვებისთვის.

ჩვენს ისედაც შემჭიდროვებულ და წუთებზე გათვლილ რუტინაში მნიშვნელოვანია, ყოველდღიურად გამოვნახოთ დრო ბავშვის ფიზიკური გართობისა და თამაშისთვის. მშობლების ამ საკითხში დასარწმუნებლად კი შესაძლოა მოვიშველიოთ ის კვლევები და მათი  შედეგები, სადაც ასახულია, თუ როგორი ცხოვრების წესით აღწევენ მოსწავლეები წარმატებას ცხოვრებაში.

ბავშვები აღწევენ წარმატებას  სკოლაში:

რომელთაც მოწესრიგებული აქვთ ძილის რეჟიმი;

რომელთაც რჩებათ თავისუფალი დრო დღის განმავლობაში;

ბავშვები, რომელთაც ნაკლები შეხება აქვთ  ტექნოლოგიებთან;

და ასევე, ის ბავშვები, რომლებსაც აქვთ სახლში თამაშის გამოცდილება და წახალისებული არიან პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრისათვის.

თამაში ბავშვის განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია, მით უფრო ფიზიკური აქტივობა, რომელიც ბავშვისთვის მნიშვნელოვანია როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური ასპექტითაც. გარდა ამისა, ბავშვი რომელიც ღია სივრცეში  თამაშობს, იხარჯება ფიზიკურად და სხვა ბავშვებთანაც ამყარებს ურთიერთობას, ეს მრავალმხრივ დადებითად მოქმედებს მის ფიზიკურ თუ ფსიქიკურ  ჯანმრთელობაზე. ფიზიკურად აქტიური ბავშვები კი სკოლაში უკეთ სწავლობენ და აკადემიური და სოციალური უნარებითაც  გამოირჩევიან.

 

 

შორენა ტყეშელაშვილი

ბავშვების სეგრეგაცია ასაკის მიხედვით სკოლებსა და ბაღებში (I ნაწილი)

0

ბავშვები სწავლობენ ისეთი თამაშების მეშვეობით, რომლებიც მათი პროქსიმული განვითარების ზონაში[1] მიმდინარეობს.

 

სწავლისა და დასწავლის პროცესის წარმატებისთვის აუცილებელია რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც კრიტიკულ როლს ასრულებს ბავშვის განვითარებაში:

ა) მოსწავლეს გვერდით უნდა ჰყავდეს ვინმე, ვისაც აქვს სათანადო ცოდნა და უნარები და ვინც სწავლების პროცესს სწორად წარმართავს;

წბ) მოსწავლეს უნდა ჰქონდეს გარემო, სადაც სხვებთან სოციალური ურთიერთქმედება საშუალებას მისცემს, დააკვირდეს და შემდეგ დაისწავლოს ის უნარები, რომლებიც თავად ჯერ არ აქვს განვითარებული;

გ) მხარდამჭერი აქტივობები/ვარჯიში/ერთად თამაში, რომლებიც მოსწავლეს დაეხმარება, განავითაროს ის ახალი უნარები, რომლებიც ფიზიოლოგიურად და მენტალურად უკვე მოიაზრება მისი პროქსიმული განვითარების ზონაში, მაგრამ ვერ განვითარდება უფრო გამოცდილი მენტორის გარეშე.

ლევ ვიგოტსკის კონცეფციის მიხედვით, გააზრებული და დინამიკური ინსტრუქტაჟი (სწავლება), რომელიც ქმნის ურთიერთგანათლების (ურთიერთსწავლების) სოციალურ და კულტურულ ბუნებას, ხელს უწყობს ბავშვის ფსიქოლოგიურ განვითარებას[2].

განათლების ამერიკული სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე კრიტიკოსი, ფსიქოლოგი, ბოსტონის კოლეჯის პროფესორი, დოქტორი პიტერ გრეი, თანამედროვე დასავლური განათლების ერთ-ერთ საინტერესო ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას. იგი კითხულობს: რატომ არის აშშ-ში, ბრიტანეთსა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სასკოლო განათლება დაყოფილი სამ დონედ ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით (ელემენტარული სკოლა, ე.წ. საშუალო სკოლა და მაღალი სკოლა – High School)?

როგორც გრეი წერს, ერთ-ერთი ყველაზე უცნაური რამ, რაც, მისი აზრით, დამაზიანებელია ბავშვისთვის, ის არის, რომ ჩვენ, უფროსები, ბავშვებს ჩვენი სურვილებისა და წარმოდგენების გამო „ვანაწილებთ“ განათლების მისაღებად ასაკობრივ ჯგუფებად. თანაც, – აღნიშნავს დოქტორი გრეი, – ამას ვაკეთებთ არა მხოლოდ სკოლებში, არამედ არასასკოლო გარემოშიც.

ასეთი სეგრეგაციული, გამმიჯვნელი წესებით ჩვენ ბავშვებს ვუზღუდავთ განათლების ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომელსაც განათლების ბუნებრივი გზით მიღება ჰქვია.

ისე მოხდა, რომ ასაკობრივ ჯგუფებად დაყოფილი სასკოლო სწავლების სისტემა სწორედ იმ დროს გაჩნდა, როდესაც წარმოება ამწყობ ხაზზე – კონვეიერზე გადავიდა. ანალოგია, ვფიქრობთ, გასაგებია.

ასაკობრივ ჯგუფებად დაყოფილი საგანმანათლებლო სისტემა მოსწავლეებსაც კონვეიერული ხაზის ფილოსოფიით განიხილავს და მათ ერთი პუნქტიდან (გაჩერებიდან) მეორემდე (კლასიდან კლასში) გადააადგილებს, ისევე როგორც კონვეიერის ხაზზე გადაადგილდება პროდუქტი ზუსტად და ერთი და იმავე სიჩქარით. ქარხნის მუშა (მასწავლებელი) ყოველ გაჩერებაზე კონვეიერზე განლაგებულ პროდუქციას ერთსა და იმავე კომპონენტს ამატებს. ხაზის ბოლოს ქარხანა გარეთ „აგდებს“ ახალ ზრდასრულ, მზა ადამიანებს, რომლებიც ერთნაირები, მწარმოებლის (პროფესიონალი განმანათლებლების) საერთო სპეციფიკაციით არიან შექმნილები (წარმოებულები).

რა თქმა უნდა, ნებისმიერმა ადამიანმა (ჩვენ მიერ შექმნილ ასაკობრივ ჯგუფებად დაყოფილ სკოლებში მომუშავეთა ჩათვლით), რომელსაც ჰყოლია ან უბრალოდ უნახავს ბავშვი, კარგად იცის, რომ ბავშვთა განვითარების ასეთი „კონვეიერული“ ფილოსოფია მცდარია – ბავშვები, მიუხედავად იმისა, რომ მათი განვითარების ეტაპები მსგავსია, ერთმანეთისგან განსხვავდებიან და ყოველ მათგანში მკაფიოდ ჩანს ინდივიდუალობა.

ბავშვები არ არიან პასიური პროდუქცია, რომელსაც კომპონენტებს ამატებენ. ბავშვები არ არიან  „დაუმთავრებელი“ მოზრდილები, რომლებსაც თანდათანობით „შენება“ სჭირდებათ წინასწარ განსაზღვრული მეთოდით თუ სიხშირით.

ბავშვები სრულფასოვანი ადამიანები არიან, საკუთარი უფლებებისა და ნების მქონე ადამიანები, რომლებიც მუდმივად მოითხოვენ კონტროლს თავიანთ ცხოვრებაზე და რომლებიც, მიუხედავად ჩვენ მიერ მათთვის გაწერილი ცხოვრების გეგმისა, დაჟინებით ესწრაფვიან იმის სწავლას, რაც თვითონ სურთ და მუდმივად სრულყოფენ იმ უნარებს, რომელთა განვითარებაც თვითონ უნდათ. ყველასთვის უკეთესი იქნებოდა, ეს გზა, ნაცვლად დაბრკოლებების აღმართვისა, მათთან ერთად გაგვევლო.

ადრე გამოქვეყნებულ წერილებში მე რამდენჯერმე შევეხე ბავშვების თვითგანსწავლის – უფროსების ყოველგვარი ჩარევის გარეშე  სწავლის – ბუნებრივ უნარს. კერძოდ, ვისაუბრე თვითგანათლების პროცესებზე თანამედროვე მონადირე-შემგროვებლებში და თვითგანათლებაზე ორიენტირებულ ზოგიერთ სკოლაში (სადბერი ველის სკოლა მასაჩუსეტსში, აშშ – Sudbury Valley School).

ზემოთ მოყვანილი მაგალითების ყველაზე საინტერესო თავისებურება ის არის, რომ განსაზღვრულ გარემოში ბავშვები მუდმივად ურთიერთქმედებენ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებთან. ანთროპოლოგების აზრით, შერეული ასაკობრივი ჯგუფები მონადირე-შემგროვებელთა საზოგადოებაში თვითგანათლების გადამწყვეტი ფაქტორი იყო. დენიელ გრინბერგი[3] ყოველთვის ემხრობოდა ბავშვების შერეული ასაკობრივი ჯგუფების თვითგანათლების მეთოდს სადბერი ველის სკოლაში, რომლის ერთ-ერთი დამაარსებელიც თვითონ არის.

რამდენიმე წლის წინ მე და ჯეი ფელდმანმა (იგი ჩემი დოქტორანტი გახლდათ) სადბერის სკოლაში ჩავატარეთ შერეული ასაკის ბავშვების ურთიერთქმედების კვლევა. ჩვენი მიზანი იყო, განგვესაზღვრა:

ა) რამდენად შერეული ასაკისა იყო სკოლაში ბავშვების ურთიერთქმედება;

ბ) რა კონტექსტში ხდებოდა შერეული ასაკის ბავშვების ურთიერთქმედება;

გ) შერეული ასაკის ბავშვების რა ტიპის ურთიერთქმედება უწყობდა ხელს მოსწავლეების თვითგანათლების პროცესს.

როდესაც ბავშვებს არჩევანს არავინ უზღუდავდა, ისინი დროის უმეტეს ნაწილს სხვადასხვა ასაკის ბავშვებთან ერთად ატარებდნენ.

რაოდენობრივი კვლევის მონაცემების თანახმად, სადბერის სკოლაში მოსწავლეთა 50%-ზე მეტს სოციალური ურთიერთობა ჰქონდა მოსწავლეებთან, რომელთა ასაკი 2 წლით ან მეტით აღემატებოდა ან ჩამორჩებოდა მათსას, ხოლო 25%–ს – მათზე 4 წლით უფროს ან უმცროს თანასკოლელებთან. შერეული ასაკის მოსწავლეთა ურთიერთქმედება განსაკუთრებით ხშირი იყო თამაშის დროს. ყოველგვარი აქტიური თამაში უმეტესად შერეული ასაკის ბავშვების მონაწილეობით მიმდინარეობდა, ხოლო საუბრები (თამაშის ელემენტების გარეშე) – ნაკლებად შერეული ასაკის ბავშვებს შორის.

ერთი აშკარა უპირატესობა, რომელიც მცირე ასაკის ბავშვებისთვის სხვადასხვა ასაკის ბავშვებთან ურთიერთობას მოაქვს, ის არის, რომ პატარები ერთვებიან, სწავლობენ და ახორციელებენ იმ აქტივობებს, რომელთა შესრულებაც მარტოებს არ შეუძლიათ და მხოლოდ მათზე უფროსების მონაწილეობით ხდება შესაძლებელი.

 

(პირველი ნაწილის დასასრული)

 

თარგმნა ლევან ალფაიძემ

[1] პროქსიმული განვითარების ზონა (Zone of Proximal Development, ZPD, ინგლ.) – ტერმინი, რომელიც შემოიღო ცნობილმა საბჭოთა ფსიქოლოგმა ლევ ვიგოტსკიმ (1896-1934). ვიგოტსკის თანახმად, პროქსიმული განვითარების ზონა არის მანძილი განვითარების ფაქტობრივ (რომელიც განისაზღვრება პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრის უნარებით) და პოტენციურ დონეებს (რომელიც განისაზღვრება პრობლემის გადაჭრის უნარით უფროსის ხელმძღვანელობით ან უფრო განვითარებული უნარების მქონე თანატოლებთან ერთდ) შორის (Vygotsky, 1978, p. 86).

[2] Hafiz M.Iqbal, Cognitive Development, Educational Theories of, International Encyclopedia of the Social & Behavioral Sciences (Second Edition), International Encyclopedia of the Social & Behavioral Sciences, 2015, Pages 51-57.

[3] დენიელ გრინბერგი (Daniel Greenberg; დაიბ. 1934 წელს) – სადბერი ველის სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი

გილოცავთ!

0

ძვირფასო მასწავლებლებო, ჩვენო ერთგულო მკითხველებო !

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსები –  ჟურნალი “მასწავლებელი”,  ინტერნეტგაზეთი “mastasvlebeli.ge”,  სამეცნიერო -რეფერირებადი ჟურნალი  “განათლების მეცნიერება” და  ჟურნალი  “სკოლის მართვა”

გილოცავთ დამდეგ  შობა- ახალ წელს!

 წარმატებას გისურვებთ პროფესიულ და პირად ცხოვრებაში!
ახალი წელი ყოფილიყოს, მშვიდობის, სიხარულის, სიუხვისა და ბედნიერების მომტანი!

თავისუფალი არჩევანის მომაჯადოებელი ხიბლი  (თომას ბერნჰარდის რომანი „სარდაფი“)

0

თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის გაცნობა აუცილებელია ქართული მწერლობის, როგორც მისი შენაკადის, გასააზრებლად. სასიხარულოა, რომ ქართველ მთარგმნელთა წყალობით ავსტრიულ მწერლობას საკმაოდ კარგად ვიცნობთ, მათ შორისაა თომას ბერნჰარდი, პოსტმოდერნისტი მწერალი, პროზაული თუ დრამატურგიულ ტექსტების ავტორი (მაია ფანჯიკიძის თარგმნილი მისი პიესა „სანახაობის მომწყობი“ რუსთაველის თეატრში წარმატებით დაიდგა კიდეც).  ამჯერად მის მრავალმხრივ საგულისხმო რომან „სარდაფს“ წარმოგიდგენთ, რომელშიც ყმაწვილის ზრდისა და განვითარების, საკუთარ თავსა თუ სამყაროსთან ურთიერთობის რთული და წინააღმდეგობებით სავსე გზაა წარმოჩენილი (თარგმნა მაია მირიანაშვილმა). „შეიცან თავი შენი“ – ეს უძველესი სიბრძნე ყოველი ადამიანისათვის თავიდან ხმიანდება და სხვათა გამოცდილება გზის სიძნელეს არავის უადვილებს. რომანის პირველივე სტრიქონები ცხადყოფს მწერლის სურვილს, როგორმე რაღაც წესრიგი აღმოაჩინოს ამ ქაოსურ, ლაბირინთულ ყოველდღიურობაში. შეიძლება ამიტომაც წარუმძღვარა რომანს ეპიგრაფად მონტენის სიტყვები: „ირგვლივ ყველაფერი აბურდულ-დაბურდულია, განუწყვეტელი ფუსფუსია, სადღაც, გაურკვეველი მიმართულებით თუ მიზნით“. მწერალს კი სურს სიმწყობრის, ჰარმონიის მოპოვება, გაურკვეველი მიმართულების შეცვლა გარკვეული გეზით და „ამაოება ამაოთას“ დაძლევა.

მისი გამოსავალი ასეთია. ადამიანმა, უპირველეს ყოვლისა, გზა უნდა აირჩიოს. გზა საკუთარი თავისაკენ, მაგრამ ისე, რომ არ მოსწყდეს ამ ყოველდღიურ ქაოსსა და ფართიფურთს. ან კი ვისა აქვს ფუფუნება ყოველივე ამისგან თავდაღწევისა. ამქვეყნად უამრავი გზა არსებობს, ღორღიანი თუ გზატკეცილი, აღმოსავლეთისა თუ დასავლეთისკენ პირმოქცეული, აღმართი თუ დაღმართი, მაგრამ ყველაზე ძნელი, გრძელი, უფრო ზუსტად, დაუსრულებელი, კი ისაა, რომელსაც საკუთარი თავისაკენ მიჰყავს ადამიანი. ვინ არ შესდგომია ამ გზას თამამი სილაღითა თუ ეჭვიანი ბორძიკით, სიხარულითა თუ ტანჯვა-წამებით. შედგომილნი ბევრი გვინახავს, გზის დამლევი კი არავინ. რადგან გზის ბოლო მართალია სრულ თვითშემეცნებას გულისხმობს, მაგრამ თანვე — სიკვდილს. ეს არის შესვლა განათებულ წყვდიადში, მზიან ღამეში. ეს ღმერთთან მიახლოებას, მის „ჭვრეტას“ გულისხმობს.

რომანის გმირი გიმნაზიელი ყმაწვილია, ცხოვრებისაგან უკვე საკმაოდ გაბეზრებული, ყოფითი წვრილმანებისა და საზრუნავთაგან დაქანცული, სკოლის აუტანელი უგუნური რეჟიმით გულგაწვრილებული, მასწავლებელ-მოსწავლეთა მუდმივი ფარისევლობითა და მლიქვნელობით გულგატეხილი, უგზო, უმომავლო, უოცნებო, უსარგებლო და მხოლოდ სხვათა ნების მექანიკური აღმსრულებელი. დიახ, იგი გრძნობს, რომ არავის სჭირდება, როგორც უმაქნისი და გადაგდებული ნივთი, ამიტომაც ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვეტს, ან თავი მოიკლას (რომლის ძალაც არ ეყოფა), ან აირჩიოს გზა, სრულიად საწინააღმდეგო იმისა, რომლითაც აქამდე დადიოდა.

მწერალი „თავის“ თავგადასავალს გვიამბობს, უფრო ზუსტად, რომანის მთხრობელი იხსენებს ყმაწვილობას, ამიტომაც აღწერილი ამბები თუმცა ყმაწვილობის ასაკის დროინდელია, მაგრამ უკვე შეფასებული და გაანალიზებულ-გაჩხრეკილი. წარსული უკვე ერთგვარი სიმბოლოა და მეტაფორა, ამიტომაც რომანს, მიუხედავად რეალისტურობისა, მაინც გადაჰკრავს მისტიკურ-ალეგორიული ელფერი.

ყმაწვილი ახალ გზას ირჩევს, გარშემომყოფთა აზრით, ყველაზე უარესს, გზას სარდაფისაკენ, სადაც მუშაობას იწყებს ხილ-ბოსტნეულის გამყიდველად. პირველი, რასაც შეიგრძნობს, არის თავისუფალი არჩევანის მომაჯადოებელი ხიბლი, შემდეგ კი დანარჩენი „სიამოვნებანი“, ხალხთან, უბრალო ადამიანებთან ურთიერთობა და განცდა, რომ „საჭირო ხარ“.

მწერალი სარდაფს აღგვიწერს როგორც უფსკრულს, სადაც მხოლოდ ჭუჭყი, სიბინძურე და უბედურებაა. გარეუბანში, სადაც ეს სარდაფი მდებარეობს, მხოლოდ ღატაკი, გალოთებული, უმომავლო, ცხოვრებისაგან დამცირებულ-დაბეჩავებული ადამიანები ცხოვრობენ, რომელთა პერსპექტივა ციხე, საგიჟეთი და სასაფლაოა. ამ გარემოში თითქოს საგანგებოდ აღუმართავთ უსახური, პირქუში, ულაზათო შენობები, „ნაყოფი ჩვენი უსულგულო, უნიათო, უნიჭო, გესლიანი ეპოქისა“. ზუსტად და დაუნდობლად არის შეფასებული XX საუკუნე. მართალია, რომანში II მსოფლიო ომის შემდგომი წლებია წარმოჩენილი, მაგრამ ისტორიულ დროს დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება, რადგან პრობლემები, რომელთაც განსჯის მწერალი, ყოფიერების განმსაზღვრელ-განმაპირობებელია, მარადიულია და ნებისმიერი დრო-სივრცისათვის დამახასიათებელი.

სარდაფს მწერალი ხან განსაწმენდელს ადარებს, ხან ჯოჯოხეთს, რადგან აქ იმგვარი ტანჯვა-წამების თვითმხილველი გახდა, რისაც დანტე — ჯოჯოხეთში „მოგზაურობისას“. სარდაფი მწერლისათვის სხვა მხარეა, ცხოვრების შიდაპირი, სიმბოლურად — ქვეცნობიერი, სადაც იბადებიან ბნელი თუ ნათელი სურვილები, გარემოს შესაბამისად სახეცვლილნი.

სარდაფში გმირი განიცდის ერთგვარ კათარზისს, ეზიარება მოყვასის სიყვარულს, სხვათა თანაგრძნობას, გაუგებს გემოს სიხარულსა და ტკივილს, სასოწარკვეთასა და უიმედობას. მისი სული აქ იწვრთნება და იზრდება. თითქოს მისი „დაფლვა“ ხდება ამ სარდაფში ხელმეორედ შობისათვის, ცოდვათა განწმენდილი აღდგენისათვის. ასე რომ, ამ თვალსაზრისით, რომანი შეიცავს ტრადიციულ ქრისტიანულ ალეგორიულ ქვეტექსტსაც.

რომანის გმირი სარდაფში ეზიარება თვით სიმართლესაც, თანაც იმგვარს, რომელსაც ვერცერთ წიგნში ვერ ამოიკითხავდა. და აქ მწერალი აწყდება ერთ სიძნელეს: შეიძლება კი საერთოდ გადმოიცეს სიმართლე, ან რამდენად ინარჩუნებს სიტყვაში განცდა სიწრფელეს? მწერლის აზრით, „აღწერილი რეალურს არასოდეს თანხვდება და სინამდვილეში ის სულ სხვა რამეა“. ამიტომაც საუბრობს „პირწმინდა რეალობაზე“, რომელიც უშუალოდ ისახება სულზე და რომელიც ვერასგზით ვერ გადმოიცემა, ვერ გამეორდება. მისი ასლის გადაღება შეუძლებელია. „პირწმინდა რეალობას ვერასოდეს მიუახლოვდები“. აღწერილი კი ყოველთვის „რეალურად გასაღებული ტყუილი, ან ტყუილად გასაღებული რეალობაა“.

მაშ რაღა აზრი აქვს წერას? რატომ მოგვითხრობს მწერალი ცხოვრების ერთი მონაკვეთის შესახებ ასეთი ჟინითა და გატაცებით?

„რასაც აქ ვწერ, ეს არის სიმართლეც და არცაა სიმართლე იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სიმართლე თუ ჭეშმარიტებაა, ჩვენში ჩასახლებული კეთილშობილური სწრაფვაა მხოლოდ“. რამ დაბადა მწერალში ეს კეთილშობილური განზრახვა? იმან, რომ გაზეთში ამოიკითხა შერცჰაუზერფელდის დასახლების აღების თაობაზე, არადა, მისი „სარდაფი“ სწორედ ამ რაიონში მდებარეობდა. თითქოს მეხსიერებიდან უშლიდნენ წარსულს, უძვირფასესსა და დაუვიწყარს, ამიტომაც გადაწყვიტა სიტყვაში გაეცოცხლებინა ის, რაც სხვათათვის რეალურად აღარ არსებობდა.

არადა, სარდაფის ჯოჯოხეთი აუცილებელი განსაწმენდელი უნდა შექმნილიყო მკითხველისთვის, რომლისთვისაც უცხო იყო უიმედობითა და სირცხვილით აღსავსე ცხოვრება. ოღონდ ეგაა, სარდაფს მაინც ყოველი ადამიანი გაივლის, ოღონდ ზოგი განიწმინდება, თავს დააღწევს ჯოჯოხეთს და ახლად იშობა უბედურებაზე აღმატების გზით, ზოგი კი სამუდამოდ იქ დარჩება, მუდმივი სიბნელისა და ბოროტებისათვის განწირული.

მწერლისათვის სარდაფია მთელი ხორციელი ცხოვრება, სადაც სული გამუდმებით ივნებს და საბოლოო გათავისუფლებისთვის ემზადება. სარდაფი ცხოვრებისეული გამოცდილების სიმბოლოცაა. ჭუჭყიანი, ბნელი შუაგულია ყოფისა, რომელიც აუცილებლად უნდა მოიხილოს ადამიანმა. ასეთია ამ მწერლის მორალი, განსხვავებით უაილდისაგან, რომელიც ქადაგებდა, ნუ გამიშვებთ ცხოვრებაში, წიგნებში მეტი სისავსით შემიძლია განვიცადო სიცოცხლეო.

სარდაფში მუშაობამ მწერალს (იგივე მთხრობელს) შეაგრძნობინა არა მხოლოდ სიდუხჭირის, გაუტანლობის, ღალატის, დამცირების, სიბეჩავის არსი, არამედ უპირველესად გააცნო ენა, აქაური, უწმაწური, მაგრამ უაღრესად გულწრფელი და მეტყველი. სარდაფში მან უნიღბო სახეები ნახა.

კითხულობ რომანს და, სამწუხაროდ, თვალწინ თანამედროვე საქართველოს სურათები გეშლება. თითქოს მთელი ჩვენი ქვეყანა დამსგავსებია სარდაფს, თითქოს აქაურობაზე წერდეს მწერალი, მიტოვებულ ჭუჭყიან გარეუბნებზე, რომლებიც მხოლოდ არჩევნებისას ახსენდებათ. საზოგადოების სასაუბრო თემებიც ძირითადად იგივე დარჩენილა: საყოფაცხოვრებო, ომი, სექსი, ამერიკელები. განსაკუთრებით საგულისხმო ამერიკელების თემაა. იქაც „ამერიკელებზე საუბრისას, ერთი მხრივ, მოკრძალებულობა და შეფარული ზიზღი შეიგრძნობოდა, მეორე მხრივ კი მონური მორჩილება“.

ასე რომ, რომანი წარმოგვიდგება, როგორც თვითშემეცნების მისტერია. მწერალი გაიაზრებს, როგორ მოხდა მისი ზიარება ცხოვრებასთან, როგორ იპოვა საკუთარი თავი და გზა. ეს გვაგონებს სიზიფეს იმ წუთებში, როდესაც ის მძიმე ლოდს მიათრევს და მწვერვალისაკენ მიმართული მზერა თითქოს ტვირთს უმსუბუქებს, რადგან, როგორც კამიუ იტყოდა, გააზრებული ტანჯვა უბედურება კი არა, ბედნიერებაა. ტრაგიკული კაცი ამაღლებულიცაა, რადგან უბედურებაზე მაღლა დგება. სარდაფი იქცა გმირისთვის ერთგვარ „შინად“: „ასე მეგონა, დასრულდა ჩემი ცხოვრების უსარგებლო, უბედური, საშინელი ხანა“. მართალია, აქ იყო „მონოტონური დამთრგუნველობა“, მაგრამ იყო მოლოდინიც რაღაც არსებითის, სიღრმისეულის გაგებისა, ზედაპირულობის გარღვევისა და სიცოცხლის საიდუმლოს ახსნისა.

რომანი მკითხველს კიდევ ერთხელ დააფიქრებს სიკვდილ-სიცოცხლის არსზე, ასაკთან ერთად გაჩენილი გულგრილობის რაობაზე, როცა ყველაფერი სულერთი ხდება: „სულერთია — რა მშვენიერი, გასაგები და მოკლე ფრაზაა“, რადგან „ყოველი შესაძლებლობა უკვე ნაცადია“.

რას არგებს ადამიანს გამოცდილება, თუნდაც, ჯოჯოხეთი რომ გამოიაროს. განა შეცდომების გააზრება ცოდვებისაგან დაიცავს? ყველაფერი ბოლოს ხომ მაინც სულერთია. ყოველ არჩევანსა თუ გზას ხომ მაინც საბოლოო იმედგაცრუება მოჰყვება? „თანდათან გაიხსნება ყველა კარტი. მხოლოდ იდეაა ასეთი — ჩასწვდე, გაიგო შენი თუ სხვისი ცხოვრების არსი.  ყოველ ადამიანში საკუთარ თავს შევიცნობთ, და ვიდრე ვიარსებებთ, იძულებულნი ვართ, თითოეულის ბედი გავიზიაროთ“. მწერალი საკმაოდ პესიმისტურ დასკვნამდე მიდის: „ყველგან, ყველაფერში საკუთარ თავს ვეძებთ, მაგრამ რაც უნდა ვეცადოთ, ვერ ვპოულობთ“. ოცნება ოცნებადვე რჩება. მაგრამ განა ეს შეიძლება გახდეს სასოწარკვეთის მიზეზი? და მწერალს, რომელმაც ძირისძირამდე გაჩხრიკა ტანჯვა და გამოსცადა მისი ჯურღმულები, თითქოს გონება უნათდება: „ბოლოს და ბოლოს ყველაფერი სულერთია! ბუნებაშიც ხომ მთავარი ესაა: ყველაფერი ერთ მთლიანობაშია მოქცეული“.

ასე შეიჭრა ტრაგიპესიმისტურ „სულერთიაში“ ოპტიმისტური „სულერთია“. თუ თავდაპირველად „სულერთია“ სრულ გულგრილობას, გაუცხოებას, აპათიას გულისხმობდა, ახლა ფიქრის მდინარებამ მისი შიდაპირი გამოაჩინა. „სულერთია“ ნიშნავს სისავსეს, ჰარმონიას, სიყვარულს, იმედს, რწმენას, სხვათა გაგებას, თანაგრძნობას, ერთიანობას სამყაროსთან, მის ნაწილად შეგრძნებას. ეს უკვე რელიგიური განცდაცაა, ღვთის წყურვილია, იმ „ღრმა ერთისაკენ“ მისწრაფებაა, რომელიც აბურდულ ყოფას დაალაგებს და გარკვეულ მიმართულებას, გზას მისცემს. გზის ბოლო კი სიკვდილია, რომელიც, როგორც რილკე იტყოდა, ყოველდღე უნდა ვისწავლოთ, შევეგუოთ და შევიყვაროთ, რადგანაც მას თავს ვერანაირად ვერ დავაღწევთ.

რომანში კაფკასეული მოტივებიც შემოიჭრება. ვიღაცის ავი მზერა თითქოს გამუდმებით დევნის ადამიანს და აშინებს, მაგრამ კაცმა ხომ ეს სასჯელი თვითონვე მოიპოვა. რომანის ცალკეულ პასაჟებში ბიბლიური შესაქმის ალუზიები ჩნდება. „ჩვენ ყველას ერთნაირად გვაქვს მისჯილი ეს ცხოვრება, რაც იმას ნიშნავს, რომ სამუდამოდ სიკვდილმისჯილნი ვართ. მაგრამ რომელი დანაშაულისთვის, არავინ იცის. ან იქნებ სულაც არანაირი დანაშაული არ მიგვიძღვის, ან იქნებ მომავალში დავაშავებთ რამეს და მერე ჩვენ გამო სხვები დაისჯებიან“.

ცოდვის, სინანულის, მსხვერპლისა და გამოსყიდვის თემები რომანის რეალურ პლანს სიღრმესა და მნიშვნელობას მატებს. მიუხედავად საბედისწერო პირქუში წინასწარგანზრახულობისა, მწერალი ადამიანს დასაღუპავად არ იმეტებს, რადგან „უკვე ვისწავლეთ წინააღმდეგობის გაწევა და ვეღარაფერი შეგვაფერხებს“.

რომანის მთავარი სათქმელიც ესაა, ცხოვრებისათვის წინააღმდეგობის გაწევა, გაძლება და იმ გზაზე სიარული, რომელსაც ადამიანი საკუთარი თავისაკენ მიჰყავს. ყმაწვილის გარდა, რომანში სხვა საინტერესო პერსონაჟებიც არიან. მათ შორის, პაპა, რომელიც შვილიშვილს რომანტიკულ იდეალებს აყვარებს. ოცნებას გადაყოლილი მწერალი-ფილოსოფოსი ჩვენს „დამანგრეველ დროში“ შვილიშვილს სულს მუსიკითა და ნახატებით უვსებს. რომანის მხატვრული სივრცე ჩვენს დროს, ჩვენს საზრუნავებს იტევს, ამიტომაც მოდის ასე ახლოს ქართველ მკითხველთანაც.

„არის თუ არა სიცოცხლე მარსზე?“

0

სოციალურ მედიაში დღეგამოშვებით იმის ნატვრაში არიან, განგებამ როგორმე მეტეორი გვესროლოს. ისე, ერთი ზორბა მეტეორი კი გამოგვაფხიზლებდა, მაგრამ ოცნებები ზოგჯერ ხდებაო და მართლა რომ გვესროლოს, ამ ისედაც დაქცეულ ქვეყანას ესღა უნდა?

არადა, დროდადრო ისვრის ხოლმე. მეტეორი კოსმოსური წარმოშობის მყარი სხეულია, ძირითადად რკინის, ან ქვის შემცველობის და როცა ძალიან ინატრებ დედამიწაზეც ვარდება. სავარაუდოდ, 1920 წელს, სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ პროვინციაშიც სწორედ ასე იხვეწებოდნენ მეტეორს და ისიც ჩამოვარდა. ფერმერმა, გვარად გობმა იპოვა და მეტეორსაც „გობა“ უწოდეს. 60 ტონას იწონიდა და რკინას შეიცავდა. ასეთ რკინას სპილენძის მსგავსად ამუშავებენ. მეტეორიტული რკინა ყოველთვის შეიცავს ნიკელს, ნახშირბადი მის შემადგენლობაში ნაპოვნი არ არის.

ამერიკის ერთ-ერთ შტატში კი ფორთოხლის ზომის მეტეორიტმა სახლის სახურავი გახვრიტა, ჯერ რადიოს დაეცა, შემდეგ ოჯახის დიასახლისს ხელში მოხვდა და ძალიან დაუზიანა.

ბოლო წლებში მეტეორული რკინა ნაპოვნი იყო გრელანდიაში, როგორც მარცვლების, ასევე ლოდების სახით. იგი შეიცავდა 2% Ni, 0,1% Pt, 0,2% Co-ს.

მეტეორი „უილლამეტი“ ასევე რკინას და ნიკელს შეიცავს. ის ორეგონის შტატში ჩამოვარდა და სიდიდით მეტეორიტებს შორის მეექვსე ადგილზეა. სავარაუდოდ, ჩამოვარდნილი მეტეორი ინდიელებმა იპოვეს და ადგილზე, სახელად უილლამედი, გადაიტანეს. თაყვანს სცემდნენ და „მთვარის სტუმარს“ ეძახდნენ.

ჩამოვარდნისას, ატმოსფეროში შემოსულ მეტეორს დამახასიათებელი ნათება აქვს და ეს ნათება მასში შემავალ მეტალის იონებზეა დამოკიდებული. ასე, მაგ. რკინის შემცველი კაშკაშა ყვითლად ანათებს, კალიუმის – იისფრად, ნატრიუმის ასევე ყვითლად, მაგნიუმის კი ცისფრად.

თავდაპირველად ადამიანთა ნაწილი (ზემოთ ხსენებული ინდიელების არ იყოს) მეტეორიტს „მთვარის ქვას“ უწოდებდა და კერპად მიიჩნევდა. სხვა ნაწილი კი მას შრომის იარაღების დასამზადებლად იყენებდა. თუმცა, ასეთი კოსმიური  რკინა ბუნებაში ცოტაა.

მიხვდით ალბათ, რომ დღეს კოსმოქიმიაზე მინდა დავწერო, რადგან ის უკიდეგანო სამყაროც ფაქტობრივად ქიმია.

კოსმოქიმია მეცნიერებაა, რომელიც შეისწავლის კოსმოსური სხეულების ვარსკვლავების, პლანეტების, კომეტების, ასტეროიდების ქიმიურ შედგენილობას. დამოუკიდებელ დარგად კოსმოქიმია მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ჩამოყალიბდა. დედამიწაზე ჩამოვარდნილი მეტეორიტებისა და მზის სპექტრის შესწავლამ აჩვენა, რომ კოსმოსში გავრცელებულია იგივე ქიმიური ელემენტები, რომლებიც დედამიწაზე გვხვდება.

გახსოვთ, პოეტი კითხულობდა:

„…არის თუ არა სიცოცხლე მარსზე?!

არის თუ არა იქ სადმე წყალი?!

სიცოცხლე მარსზე იქნება მაშინ,

როდესაც მარსზე იქნება ქალი”.

(ტარიელ ჭანტურია)

ბატონი ტარიელი ალბათ ისეთ ქალს გულისხმობდა ცივ ქვაზე რომ დაგასახლებს. უფრო მეტიც, ამ ქვას წვენსაც, რომ გაადენს. თუმცა, წყლის და ატმოსფეროს გარეშე ასეთი ქალიც კი ვერაფერს გახდება.

სადღაც წავიკითხე, ვიღაც „მდიდარ ბიძიებს“ მარსზე უკვე ყველაფერი დაუნაწილებიათ, თუმცა მგონი პირველი რეისი 2030 წელს იგეგმება?

არადა, სხვა მწერალი გვიმტკიცებს, რომ მარსზე ქალი თავის ოჯახით უკვე ცხოვრობს.

„მათ ჰქონდათ ბროლის სვეტებიანი სახლი პლანეტა მარსზე ამომშრალი ზღვის პირას, და ყოველ დილას შეიძლებოდა დაგენახათ, როგორ მიირთმევდა მისის კ. ოქროსფერ ნაყოფს, რომელიც ბროლის კედლებზე იზრდებოდა, ანდა როგორ ასუფთავებდა სახლს თითო მუჭა მაგნიტური მტვრის მიმობნევით, რომელიც ჭუჭყს იკრავდა და მასთან ერთან მიჰყვებოდა ცხელ ქარს“ (რეი ბრედბერი, „ილა“).

მარსზე თუ რამე მტვერია, ის რკინის (III) ჰიდროქსიდია, რომელიც სწორედაც, რომ მტვრის სახით გვხდება და პლანეტას მოწითალო შეფერილობას აძლევს. მარსის ატმოსფეროს შემადგენლობაშია CO2, H2O, N2, CO, NH3, CH4, NO.

პლანეტა მერკურის ატმოსფერო არ გააჩნია.  შესაბამისად, ძალიან მცირე რაოდენობით არის წყალბადი, ჰელიუმი, არგონი, ნეონი. მერკურის ზედაპირის 70% მეტალურია, 30% სილიკატური.

ახლა ერთი შეკითხვა მაქვს, ცერცვის მარცვლის დათესვით ბარონი მიუნჰაუზენი სად გაემგზავრა? ან, პოეტი სირანო დე ბერჟერაკი რისი ჭვრეტით იყო გატაცებული? გახსოვთ? თავის ფანტაზიებში სირანო მთვარეზე მიფრინავს.

„პირველ რიგში, წელზე ნამით სავსე ბევრი ბოთლი მივიმაგრე. მზის სხივები მათ ისეთი ძალით ეჯახებოდნენ, რომ წარმოქმნილმა ენერგიამ ჰაერში ამწია და ისეთ სიმაღლეზე ამტყორცნა, რომ ყველა ღრუბელზე მაღლა აღმოვჩნდი. თუმცა, მიზიდულობამ თავისი გაიტანა და მთვარესთან მიახლოების ნაცვლად, ყველაფერი პირიქით მოხდა და შევამჩნიე, რომ მისგან სულ უფრო შორს და შორს მივდიოდი. დავიწყე მიმაგრებული ბოთლების დამტვრევა და ვიგრძენი, რომ მიწაზე ვეშვებოდი“. ასეთია სირანოს პირველი ნაფიქრალი მთვარეზე წასვლასთან დაკავშირებით.

თუმცა, სირანოსა და მიუნჰაუზენისგან განსხვავებით, მეცნიერები მთვარეზე იყვნენ, იქიდან გრუნტიც ჩამოიტანეს შესასწავლად და ახალი მიმართულებაც წარმოიშვა – სელენოქიმია, ანუ მთვარის ქიმია.

რატომ სელენო? მთვარეზე ჰელიოსის და – სელენა ცხოვრობს და იმიტომ https://mastsavlebeli.ge/?p=7568

მთვარის ფერი მისი ქიმიური შედგენილობითაა განპირობებული. აქ შეხვდებით  SiO2, MgO, CaO, Al2O3, FeO.

ვარსკვლავთშორის სივრცეში ყველაზე გავრცელებული ელემენტებია: H2, He, Ne, N, C, Si. მეტიც, ბოლო ხანს აღმოაჩინეს პოლიმერული მოლეკულებიც-პოლიაცეტილენი და პოლიფორმალდეჰიდი.

კოსმოსურ მტვერში აღმოჩენილი ნივთიერებებია HCOOH, HCONH2, NH3, HCOH, CH3CN, CS2.

სატურნი, დაშორების მიხედვით, მზისგან მეექვსე პლანეტაა. მისი რგოლების 78% წყლისგან შედგება, 7% ამორფული ნახშირბადია. აქვეა ზოგიერთი ორგანული ნივთიერების შენარევი, როგორიცაა მეთანი, აცეტილენი და ნახშირბადის ოქსიდები. ეს ორგანული ნაერთები, სავარაუდოდ, კოსმიური ულტრაიისფერი გამოსხივების ფონზე წყალსა და ნახშირბადს შორის მიმდინარე პროცესებით წარმოიქმნება. შემდეგ ისინი იშლებიან, ერთმანეთთანაც რეაგირებენ, თუმცა ვერ ასწრებენ დიდი რაოდენობით დაგროვებას. თავად პლანეტა სატურნი გაზის გიგანტია და ქიმიური თვალსაზრისით თითქმის სუფთა წყალბადს წარმოადგენს. ანუ, 96,3% წყალბადია, 3,25% He, 0,45% CH4.

აღსანიშნავია, რომ სატურნის წყალბადი მთლიანად გაზისებრ მდგომარეობაში არ არის. წნევის მატებასთან ერთად პლანეტის ცენტრისკენ წყალბადი ჯერ თხიერ ფორმას იღებს, შემდეგ კი მყარდება და მეტალური ფორმის ხდება.

სატურნს დაახლოებით 65 თანამგზავრი პლანეტა აქვს. ისინი ფაქტობრივად ქვის ნატეხებს წარმოადგენენ. ერთ-ერთი მათგანი ტიტანია, რომელიც ზომით მარსსაც კი აღემატება. ტიტანს მკვრივი ატმოსფერო აქვს, რომელიც 98,4% აზოტისგან, 1,6% მეთანისგან და 0,1 წყალბადისგან  შედგება. ტიტანის ატმოსფეროში წარმოიქმნებიან ორგანული რადიკალები. მათგან კი ბენზოლი და სხვა უფრო რთული ნაერთები ფორმირდება. ტიტანის ზედაპირზე, ე.წ. კრიოვულკანები იფრქვევიან, რომელთა შედგენილობაა წყალი, ამიაკი და ალკანები. ტიტანის შუაგულში მყარი ბირთვია, რომელიც მეთანის ჰიდრატებით და ყინულითაა გარშემორტყმული. ამ შრეებს შორის შესაძლოა წყლის შრე არსებობდეს. თუმცა,  ის ძალიან მარილიანი და გოგირდშემცველი იქნება.

სატურნის ორბიტაზე კიდევ ერთი საინტერესო თანამგზავრია, სახელად ენცელადი. ის სატურნთან ყველაზე ახლოსაა.  გაცილებით მეტ წყალს შეიცავს, რომელიც თხევად მდგომარეობაშია. პლანეტის შიგნით კი სილიკატური ბირთვია. საინტერესოა ისიც, რომ მის სამხრეთ ნაწილში წყლის გეიზერებია. ეს მხარე გაცილებით მეტად თბება და წყალი მასში გახსნილი ნივთიერებებით გარეთ იფრქვევა.

ზემოთ ტიტანი ვახსენე და… უნდა შეგახსენოთ, რომ ელემენტი ტიტანიც არსებობს. უფრო სწორად, ის უნდა გავიხსენოთ, რომ ლითონი ტიტანი დღეისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი მასალაა კოსმოსური კონსტრუქციების დასამზადებლად. მისგან ასევე ძალიან ბევრ ულტრა გამძლე და მსუბუქ შენადნობებს ღებულობენ.

ერთ-ერთი მათგანი ტიტან/ნიკელის შენადნობია და მას ნიტინოლი ეწოდება. კოსმოსური ანტების აგებისას იყენებენ. ხომალდის აწყობისას ამ შენადნობისგან დამზადებულ პატარა გორგალს კორპუსში ათავსებენ. გახურებისას გორგალი რამდენიმე კმ-ის სიგრძის ფარგლებში სწორდება.

ნიტინოლისგან დამზადებული სამედიცინო კლიფსებით ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა ღრმა ქსოვილების ამოკერვა ხდება. სხეულის სითბოს გავლენით, სისხლძარღვში მოთავსებული ნიტინოლის მავთული გორგლის ფორმას იღებს. შენადნობის ასეთი ფორმა ფილტრის როლს ასრულებს და თრომბის წარმოქმნას უშლის ხელს. ტიტან/ნიკელის შენადნობს განსხვავებული თვისებები აქვს. მავთული ტემპერატურის გავლენით სხვადასხვა ფორმას იღებს (ანტენის შემთხვევაში სწორდება, სისხლძარღვებში კი გორგლის ფორმა აქვს).

„არის თუ არა სიცოცხლე მარსზე?“ – კითხვას სვამს პოეტი…

არ არის. ისიც არ ვიცით, იქნება თუ არა. სიცოცხლე პლანეტა დედამიწაზეა და ამ პლანეტას უდიერად ვეპყრობით.

ამ პლანეტაზე ბუნებას ვინ ჩივის, ადამიანებსაც უდიერად ეპყრობიან და ხშირად…

„გზაზე არ მოჩანს არსით,

მხოლოდ ქარი ჰქრის ნელა,

ცაზე ანათებს მარსი

და   ქ ვ ე ყ ა ნ ა ზ ე    ბ ნ ე ლ ა…“ (გალაკტიონი).

 

სახლი – მოზარდების თავშეყრის ადგილი

0

ერთი წლის წინ mastsavlebeli.ge-ზე ნასტასია არაბულის სტატია გამოქვეყნდა, სახელად – „როგორ სწავლობს ბავშვი მეგობრობას“. ნასტასია საუბრობს წიგნზე, რომლის ავტორი გვიზიარებს შვილებთან ურთიერთობის გამოცდილებას. შინაარსის უკეთ აღსაქმელად პატარა ამონარიდს დავიმოწმებ:

„როცა მისმა (მწერლის) შვილებმა მეგობრები გაიჩინეს, თავისი სახლი შესთავაზა თავშეყრისა და გართობის ადგილად. მერე  წლების განმავლობაში აკვირდებოდა მათ ურთიერთობებს, განვითარებას, სევდასა და სიხარულს, მუდმივად პულსზე ედო ხელი. გემრიელ საჭმელებს უმზადებდა, მათ გართობაში დიდად არ ერეოდა და ბავშვებს უსაფრთხო, კომფორტულ გარემოს სთავაზობდა სხვა საეჭვო ადგილების სანაცვლოდ, სადაც შეიძლება აღმოჩნდნენ სკოლის შემდეგ მოზარდები“.

სტატიაში აღწერილი გამოცდილება ჩემთვისაც ნაცნობი აღმოჩნდა.  ოთხი მეგობარი მყავს – ბაგა-ბაღიდან, ეზოდან დაწყებულ ურთიერთობას სკოლისა და უნივერსიტეტის წლები მოჰყვა, ზაფხულის არდადეგებსაც ერთად ვატარებდით. ერთმანეთის სახლები კი ნამდვილად მყუდრო თავშესაფარი იყო უშუქო და უიმედო წლებში. შეიძლება თამამად ითქვას, ერთად ჩამოვყალიბდით და მიუხედავად სრულიად განსხვავებული ხასიათისა, ფუნდამენტური ღირებულებები  საერთო გვაქვს.

მიკროსოციუმში თავის დამკვიდრებას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს მოზარდისთვის. ჯანსაღი ურთიერთობები პიროვნული სიმტკიცის ფუნდამენტია, რომელზეც შემდეგ მთელ ცხოვრებას ვაშენებთ. სწორედ ამგვარი დამოკიდებულება და ნასტასია არაბულის სტატია გახდა შთაგონების წყარო, რათა ჩემი მეხუთეკლასელი გოგონას კლასელები სახლში მომეწვია და მათთვის ტკბილეულთან ერთად საინტერესო აქტივობები შემეთავაზებინა.

You’ll never walk alone –  ეს ლივერპულის ჰიმნია. ახლახანს შემთხვევით აღმოვაჩინე. მელოდიასთან ერთად  სიტყვებმა მომხიბლა და დაიწყო კვლევა-ძიების ეტაპი. მოვუსმინე ჰიმნის ყველა შემსრულებელს, დავურეკე  ფეხბურთის ქომაგს, ჩემს მეგობარ ნუკრი ბიძიას და ვთხოვე, თუ რამე იცოდა ლივერპულის შესახებ, ყველაფერი მოეთხრო. ნუკრი ბიძიამ დინამო-ლივერპულის თამაშზე მიამბო, რომელიც 1979 წელს თბილისში გამართულა და თბილისის „დინამოს“ მოგებით დამთავრებულა. მისგან გავიგე, რომ ლივერპულს ყველაზე ერთგული და თავდადებული გულშემატკივრები ჰყოლია, რომლებიც მთელი თამაშის განმავლობაში ჰიმნს მღერიან. მათი გუგუნი კი ფეხბურთელებს გამარჯვებისკენ უბიძგებს. მერე ბრიტანული პრესის გამოხმაურებას გადავაწყდი, რომლებიც „დინამოს“ თამაშს აქებდნენ და ადიდებდნენ.

ჰიმნის ტექსტი მარადიულ ღირებულებებზეა აგებული – ქარიშხლის, წვიმის შემდეგ ყოველთვის ოქროსფერი ცა ჩნდება და შენ არასდროს იქნები მარტო. ამგვარი მოტივი ნამდვილად დიდ ძალას ნერგავს ადამიანების გულებში. ამიტომაც არის ლივერპულის გუნდი მრავლგზის გამარჯვებული.

ინტეგრირებული (ინგლისური, ქართული, სპორტი, მუსიკა) და მულტიმედიური (ტექსტი და ჰიმნი, ვიდეოჩანაწერი, ფოტომასალა) გაკვეთილის ასაგებად მოვემზადე. მეთოდებიდან ხუთსაფეხურიანი ლექსი და კითხვა-პასუხი შევარჩიე, გადაწყვეტილების შესახებ შევატყობინე კლასის დამრიგებელს, მშობლებს და შეხვედრის დღე დავთქვით.

ერთ უბანში მდებარე საცხოვრებელი ადგილი და სკოლა დაგვეხმარა, რომ ხუთი გაკვეთილის შემდეგ ცხრამეტ მოსწავლეს ჩვენს სახლში მოეყარა თავი. ერთი ოთახი ჩანთებითა და ქურთუკებით გადაივსო, მეორეში ჩვენ მოვთავსდით.

ჰიმნის ტექსტი წინასწარ ვათარგმნინე დედაჩემს:

შენ არასდროს იქნები მარტო

როდესაც მიარღვევ ქარიშხალს,

თავი გეჭიროს მაღლა.

ნუ შეგაშინებს სიბნელე,

ქარიშხლის ბოლოს ხომ

ოქროსფერ ცას ხედავ

და გესმის ტკბილი სიმღერის ხმა.

იარე წვიმაში, იარე ქარში!

მიჰყევი მშფოთვარე ოცნებებს.

იარე, იარე გულში იმედით

და შენ არასდროს იქნები მარტო!

და არც არასდროს გაივლი მარტო!

წინასწარ ამოვბეჭდე ჰმნის განმარტება, ტექსტის ორიგინალი ვარიანტი და თან დავურთე ლექსიკონი. გამოყენებულ სიტყვებს – Anthem, dark, hope, walk, head, golden, sky, when – მეხუთე კლასის ინგლიური ენის სახელმძღვანელოდან ისედაც იცნობდნენ.

თავდაპირველად ფეხბურთის გუნდებზე ვისაუბრეთ, ძირითადად, ბარსას, რეალისა და იუვენტუსის გულშემატკივრები აღმოჩნდნენ. ლივერპულის საფეხბურთო გუნდი 1892 წელს დაუარსებიათ და მრავალ წარმატებასთან ერთად ევროპის თასის ექვსგზის მფლობელია.

შემდეგ ბავშვებმა დამოუკიდებლად წაიკითხეს და ერთმანეთის დახმარებით თარგმნეს ინგლისური ტექსტი. გავეცანით ჰიმნის – სახოტბო ლექსის – მნიშვნელობას და ქართული ჰიმნოგრაფია, კერძოდ, დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“ ვახსენეთ.

ქართული თარგმანის წაკითხვის, ორიგინალთან შედარების შემდეგ სიმღერის რამდენიმე ვერსიას მოვუსმინეთ. ბოლოს კი ხუთსაფეხურიანი (I სტრიქონი – ერთი არსებითი სახელი, II – სამი ზედსართავი სახელი, III – სამი ზმნა, IV – ოთხსიტყვიანი ფრაზა, V-ერთი არსებითი სახელი) ლექსის მოდელზე კლასის ჰიმნი დავწერეთ:

„ბავშვები –

-ზარმაცები, ჯიუტები, ლამაზები,

ვიცინით, ვსწავლობთ, ვტირით.

ჩვენ ერთმანეთს ყოველთვის ვეხმარებით –

-მეგობრები“.

ჰიმნის ერთობლივი შესრულებაც ვცადეთ.

კლასიც ხომ ფეხბურთის გუნდს ჰგავს. ყოველ კლასს თავისი მარცხი, გამარჯვება, სიხარული, გულისტკივილი, თავგადასავლები აქვს, თან ერთმანეთის მსგავსი და თან მკვეთრად ინდივიდუალური.

კლასი – მიკროსოციუმი, სადაც გისმენენ ან არ გისმენენ, ლუპით გაკვირდებიან ან საერთოდ ვერ გამჩნევენ. ყოველ დილას ერთი და იმავე ოთახში იკრიბება რამდენიმე ათეული მოზარდი. თითოეულს  სახლიდან თავისი განწყობა მოჰყვება. სკოლაშიც  შფოთვა ელით, თავი უნდა გაართვან და მოლოდინი უნდა გაამართლონ – მშობლის, მასწავლებლის … მათი პატარა სხეულები ხშირად ვერ უძლებენ ამდენ ღელვას და მხრებში იხრებიან.

მე და ჩემი გოგონა ვმეგობრობთ. ბევრს ვსაუბრობთ. რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ვიცი, როგორ იქცევა განსხვავებულ გარემოში, როგორ მართავს საკუთარ ემოციებს. ერთი მხრივ, მის უკეთესად გასაცნობად, მეორე მხრივ – იმ ბავშვების, რომლებთანაც დღის უმეტეს ნაწილს ატარებს, მესამეც, უფროსებს შეგვიძლია, შევთავაზოთ ურთიერთობის იმგვარი მოდელი, როგორიც მოგვწონს ან გვინდა, რომ ჰქონდეთ – ამიტომ საკუთარი სახლი იდეალური აღმოჩნდა ამ ჩანაფიქრის ხორცშესასხმელად. მჯერა, რომ კლასის ერთიანობაზე ყურადღების გამახვილება უკვალოდ არასდროს ჩაივლის. ლივერპული და მისი იმედიანი ჰიმნი კი დამეხმარა პატარა გულებში სინათლის სხივი მიმეტანა. სახლი მოზარდებისთვის ნამდვილად საუკეთესო თავშეყრის ადგილია ურთიერთობების გასაბმელად.

თავისუფალი დრო, ბევრი ტკბილეული საინტერესო აქტივობები ბავშვებთან ერთად კიდევ გადაიკვეთებიან ჩვენს პატარა მისაღებ ოთახში და როცა ქარიშხლის დრო დაგვიდგება, ავმღერდებით: You’ll never walk alone…

თქვენ ჰიმნს გიტოვებთ.

https://www.youtube.com/watch?v=OV5_LQArLa0

შენი ოდისევსი

0

რვა წლის ხარ. ან ათის. თეატრი ზღაპრულ სამყაროდ გეჩვენება. რა თქმა უნდა, იცი, რომ ის, რაც სცენაზე ხდება, არაერთხელ გამეორდება ზუსტად ამავე ადგილას და მსახიობებიც მრავალჯერ გაიმეორებენ წინასწარ ნასწავლ ფრაზებსა თუ ჟესტებს. თუმცა ეს ყველაფერი ვერაფერსაც ვერ აკლებს ჯადოსნურობის განცდას. იქ ხარ, სადაც ყველაზე დაუჯერებელიც კი შეიძლება მოხდეს.

დარბაზი სავსეა შენი ტოლი, შენზე ცოტა უფროსი ბავშვებით. ხმამაღლა უხსნიან ერთმანეთს რაღაცებს, ხმამაღლა იცინიან. მშობლები თუ მასწავლებლები ბოლო გაფრთხილებებს აძლევენ: არაფერი ჭამოთ, თავი არ მომჭრათ, ტუალეტში გასვლა თუ მოგინდებათ, რიგებს შორის ფრთხილად გამოიარეთ და ბოდიში მოიხადეთ, ტელეფონს ხმა და შუქი გამოურთეთ, სულაც გათიშეთ ეგ ტელეფონები.

დახველება შეიძლება?

წყლის დალევა?

ვიღაც იმაზე წუხს, რომ ოდისევსის შესახებ არაფერი მოძებნა ინტერნეტში. არ გაახსენდა.

შუქი ქრება და სცენაზე პატარა გოგოს ხედავ. წარმოუდგენელია. ნამდვილი მსახიობების გვერდით მონდომებით ასრულებს თავის პატარა როლს. მაშ, ბავშებსაც შეუძლიათ, რომ ამ მიუწვდომელი სამყაროს ნაწილი გახდნენ, მათაც ასწავლიან, როგორ უნდა შეძლონ ცოტა ხნით სხვად ქცევა, სხვისი სიტყვების ისე წარმოთქმა, რომ გონებით სწორედ იმ მეორეს გაჰყვე, გამოგონილს.

თავიდან ისეთი ოჯახური სურათებია, რომლების მსგავსიც ბევრჯერ გინახავს. მამა, რომელსაც მხოლოდ სამსახური და სასწრაფოდ შესასრულებელი საქმეები ახსოვს. დედა – თითქმის ყოველთვის უკმაყოფილო: ყურადღება აკლია, თავდაჯერება აკლია.

ოდისევსი – გოგონას წარმოსახვითი მეგობარი – მალევე შენი მეგობარიც ხდება, რადგან შენთვისაც ძნელი გასაძლებია ის ყველაფერი, რისი მომსწრეც ხარ: თავგზააბნეული მშობლების უცნაური ახირებები, უფროსების აზრგამოცლილი სამყარო.

ერთი ციცქნა ნახატი კაცუნაა, რომელიც კედლიდან კედელზე დარბის და ითხოვს, ითაკაში დამაბრუნეთო. კარგად იცი, ითაკა რაც არის, რადგან ოდისევსის ამბავი გატაცებით წაიკითხე. ეჭვიც არ გეპარება, რომ დაბრუნდება იმ მონატრებულ მხარეში. ბედის ჭირვეულობასაც გაუძლებს და ახლა ამ გოგონას მამასაც ამხანაგად და თანამგზავრად გაიხდის.

მერე ღმერთები ჩნდებიან: ზევსი, ჰერა, ჰერმესი, პოსეიდონი… მშვენიერია. თითოეული თავისებურად მომხიბვლელია და ორგანზომილებიან სივრცეშიც ახერხებს დასამახსოვრებელი სახის მიღებას. დახატული ზღვაც ლამაზია, იანუსიც და მედუზა გორგონაც.

ძველი ბერძნები უფრო ახლოს არიან, ვიდრე ისინი, ვინც შენს დროში ცხოვრობენ. მათ მითებში თავს უსაფრთხოდ გრძნობ – ვეღარ მოგწვდება ხმაური, რომელიც კიდევ ერთხელ გაგრძნობინებს თავს უმწეოდ, არასაჭიროდ, ხელის შემშლელად. ნახე, ოდისევსს როგორ სჭირდება მეგობრის გაწვდილი ხელი.

ერთხანს მაინც გიჩნდება ეჭვი – ვაითუ ვერ გადარჩეს, ვაითუ ზღვის ღმერთის მრისხანებას შეეწიროს… ჩაბნელებულ დარბაზში აქეთ-იქით იხედები – იმედიანი სახეების დანახვა გინდა, მაგრამ ბევრს ვერაფერს არჩევ. ვიღაცას გაფრთხილება არად ჩაუგდია და ორცხობილას ღრღნის.

მერე ისევ იმ ოჯახში ბრუნდები, სადაც ყველაფერი თავდაყირა დგას. მამა ისე შეუცვლია ძველ საბერძნეთში მოგზაურობას და მითიურ გმირებთან გაშინაურებას, ცოლი და შვილი ვეღარ სცნობენ. სხვა კაცია. სხვანაირად დაბრძენებული, მგრძნობიარე.

აქ კი გეცინება – როდის იყო, მამებს ასეთი რამე ემართებოდათ?!

ითაკა. ალბათ იმის გამო მოხდა, ოდისევსს ითაკაში რომ გაჰყვა და პენელოპესა და ტელემაქესთან მისი შეხვედრა თავისი თვალით ნახა. წიგნში რომ წაეკითხა – შენს ილუსტრაციებიან წიგნში – მეტი-მეტი, გულაჩუყებულს, თვალი უხილავი წერტილისთვის გაეშტერებინა, მერე კი შემაწუხებელი ფიქრები ხელის ერთ აქნევით გაეფანტა.

სპექტაკლი ისე მთავრდება, როგორც უნდა დამთავრებულიყო – ყველა გმირი თავის მითს უბრუნდება, ყველა მსახიობს თავისი წილი აღიარება და სიხარული ერგება.

ოქტომბრის ბოლოა. თბილისის თბილი, კაბით და თხელი შემოსაცმელით გასატარებელი ოქტომბერია.

არა, რვა წლის არ ხარ. არც ათის. მოზარდ მაყურებელთა თეატრში, შუადღის სეანსზე, საბავშვო სპექტაკლი ნახე. „ოდისეა“ – ანონსის მიხედვით, მულტიმედიური, ექსპერიმენტული პროექტი, რომელშიც დრამატული თეატრისა და ანიმაციის შესაძლებლობებია გაერთიანებული. მიზანი მითოლოგიასთან პატარა მაყურებლის მიახლოებაა.

თეატრიდან კმაყოფილების განცდით გამოდიხარ. რა თქმა უნდა, უკეთესადაც შეიძლებოდა, მაგრამ ეს არ არის მთავარი.

მოზარდ მაყურებელთა თეატრის სავსე დარბაზში რაღაც კარგი მოხდა, დასამახსოვრებელი. როცა ახმაურებული ბავშვები გარეთ გამოიშალნენ, ყველას თავისი ოდისევსი გამოჰყვა – ხელიხელჩაკიდებულებს თვალნათლივ ხედავდი. მერე, ფიქრები რომ სხვაგან გაექცეოდათ, ციცქნა კაცუნაც გაქრებოდა, მაგრამ დიდი ხნით არა, დიდი ხნით არა…

გმირი: – „ოთარაანთ ქვრივი“ და „ჰარი პოტერის თაობა’

0

სასკოლო პროგრამაში შეტანილი ტექსტები მოსწავლეებისთვის (ხშირად) მოსაწყენ და უინტერესო საკითხავთან ასოცირდება. ეს საერთო განწყობა, როგორც წესი გადამდებია ხოლმე და პედაგოგს ძალიან უჭირს ბავშვს სიღრმისეულად დაანახოს პერსონაჟის ბუნება, როლი და გამოიყვანოს ის სტერეოტიპული შეფასებების ველიდან.

მეც ხომ ოდესღაც ვიყავი მოსწავლე და მახსოვს, როგორ უინტერესოდ ვკითხულობდი გენიალურ „შუშანიკის წამებას“ თუ „ოთარაანთ ქვრივს“ (რომელიც, რაც დრო გადის კიდევ უფრო მეტად მგონია ერთ-ერთი უმთავრესი „ქართული“ ტექსტი). ჩემი და ჩემი კლასელების სააზროვნო სიბრტყე პედაგოგის მოწოდებულ კლიშეებს ძნელად ცდებოდა და გვქონდა ან ნიჰილისტური დამოკიდებულება ან აგრესია ამ გენიალური პერსონაჟების მიმართ.

ახლა თავად ვასწავლი და რაკი ჩემი სალაპარაკო „ტერიტორია“ ლიტერატურას დიდად არ სცდება, მოსწავლეებთან ახალ-ახალ მეთოდოლოგიას ვიყენებ ხოლმე, რომ ისინი ტექსტების (განსაკუთრებით ძველი ტექსტების) ველს არ მოწყდნენ და ჩვენი სააზროვნო სივრცე მეტ-ნაკლებად ერთი დარჩეს.

ელაპარაკო „ჰარი პოტერისა“ და „Game Of Thrones”-ის თაობას „აბო ტფილელზე“ თან ისე, რომ მათი ინტერესი არ განელდეს და გულწრფელად ჩაერთონ სასწავლო პროცესში, ადვილი არაა. სწორედ ამ „გაჭირვება მიჩვენე და გაქცევას განახებ“ მდგომარეობამ მიმიყვანა ჩემ პირად მეთოდოლოგიაში ერთი რესურსის დანერგვისკენ.

ჩემი პროფესია (უკეთესი იქნება, თუ ვიტყვი „ხელობა“) კინოსა და სერიალების სცენარების წერაცაა. კინოინდუსტრიაში, გარკვეული მიმართულებებით (მაგალითად SitCom – სიტუაციური კომედია), სცენარისტები და გადამღები ჯგუფი, საკომუნიკაციო ენად ერთგვარ შაბლონებს ვიყენებთ, რაც გმირის უკეთესად დანახვაში გვეხმარება.

მე ამ შაბლონების სასკოლო გაკვეთილისთვის მორგება ვცადე და უნდა ითქვას – გაამართლა.

მხატვრულ ნაწარმოებზე მსჯელობას, ყოველთვის ვიწყებთ ხოლმე პერსონაჟების „განაწილებით“. ზოგს მთავარი მოქმედი პირი ხვდება, ზოგს – მეორეხარისხოვანი. ბავშვებს ევალებათ გმირების გააზრებისთვის და ჩვენთვის უკეთესად წარმოსადგენად ერთგვარი კითხვარი შეავსონ (რაც დიდი ჯგუფის სწრაფად გამოკითხვის კარგი საშუალებაცაა). მოსწავლეს აქვს მითითება, ტექსტში მოცემული ფაქტობრივი მონაცემები დატოვონ, არარსებული მასალა კი საკუთარი სურვილისამებრ გამოიგონონ (მაგალითად, რა მუსიკას უსმენს „ხევისბერი გოჩა“?).

დავალების უმთავრესი მიზანია მსმენელს დავანახოთ გმირის შინაგანი სამყარო და უკეთ გავიაზროთ მოქმედი პირების როლი ტექსტში, ნაწარმოების სრული სურათის ანალიზის ფონზე.

გთავაზობთ კითხვარს, რომელიც შევსებულია ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივის“ მიხედვით.

სახელი: ანა გაბინაშვილი-ოთარაშვილისა

მეტსახელი: „ოთარაანთ ქვრივი“

 ასაკი: 42 (საინტერესო იყო, რომ მოსწავლემ, ვინც ეს შეავსო, ჩემში სტერეოტიპულად არსებული ამ პერსონაჟის ხატი – ის სულ ხანშიშესული წარმომედგინა, 42 წლის დაინახა და ლოგიკურად ახსნა რატომაც, რასაც მოგვიანებით ადრეული ქორწინების პრობლემის განხილვაც მოყვა).

გარეგნობა: წაბლისფერი, ჭაღარაშერეული თმა. თხელი ტუჩები, ოდნავ დახრილი თვალის ჭრილი. მოკლე, ერთ დროს ლამაზი, ახლა კი დაკოჭრილი ხელები. ხორბლისფერი პირისკანი, სუსტი, მაგრამ „ფორმებიანი“ სხეული, მარცხენა ხელზე პატარა ნაიარევი – ბავშვობის ტრავმა, ხიდან ჩამოვარდა და ღობეზე გაიჭრა, რასაც მალავს. (საოცარი ქვეტექსტური პარალელი და ბუნებრივი განწყობა გიორგის ჩამოვარდნის მიმართ)

ხასიათის ტიპი:

 ხისტი, მკვახე ლაპარაკი აქვს, თუმცა იშვიათად ამბობს სათქმელს. მგონია, რომ ასტროლოგიური ნიშანი „მორიელი“ აქვს და ხასიათიც ასეთია „ავკარგიანი“, მაგრამ იგესლება მოულოდნელად და მწარედ.

ხელმომჭირნეა, მაგრამ როდესაც საქმე ადამიანის დახმარებაზე მიდგება, საკუთარ სისუსტეს ძლევს და ეხმარება.

 განათლება

ოფიციალური განათლება არ მიუღია, წერა-კითხვა იცის. ისწავლა, რათა წაეკითხა „წმინდანთა ცხოვრება“. მოსწონს ეს ნახევრადზღაპრული ტექსტები და ძილის წინ, წესი აქვს, ნახევარ გვერდს კითხულობს, რაც არ უნდა დაღლილი იყოს.

 გეოგრაფია

კახეთის გარდა (სადაც გათხოვდა), ნამყოფია თბილისში (ოთხჯერ) და იმერეთში ერთხელ. არ მოეწონა იქაური ტრადიციები და ამაზე შვილთანაც ულაპარაკია. ქართლში დაიბადა. ოთხი და იყვნენ. გაათხოვეს გარიგებით. ქმარი უყვარდა.

 რელიგია
მართლმადიდებელი

სამსახური/შემოსავალი
პირადი მეურნეობა. შემოსავალი აქვს ზომიერი. იქაურ გლეხებზე მდიდრად ცხოვრობს, თუმცა შრომაც საკმაო უწევს. ფულს აგროვებს შვილის სასწავლებლად „მისაცემად“ და მისთვის ცალკე მდგომი სახლის ასაშენებლად, როცა გიორგი ცოლს მოიყვანს.

საყვარელი/სალანძღავი სიტყვები

მუსიკა

თბილისში ყოფნისას, ერთხელ მოისმინა „სულიკო“ ძალიან მოეწონა გიტარის რითმა და ცოტა დამახინჯებულად, მაგრამ თავისთვის ღიღინებს ხოლმე, როცა მარტოა (ძროხას წველის, ან ოთხს გვის).

ფილმები

სავარაუდოდ არ იქნება კინოში ნამყოფი, მაგრამ მოეწონებოდა „ტკბილი ნოემბერი“.

განსაკუთრებული ტალანტი

შეუძლია 4 ნიშნა რიცხვის 4 ნიშნა რიცხვზე სწრაფად გამრავლება. ასევე, ნებისმიერ ხალხმრავლობაში, უცებ გადათვლის ადამიანებს.

სპორტი

არ ცხოვრობს სპორტულად. 

ჩაცმის სტილი
მუქი ფერის სამოსი. გრძელსახელოებიან ტანსაცმელს იმიტომაც ატარებს, რომ დაფაროს იარა ხელზე.

ფსიქიკა
მყარი ფსიქიკა აქვს.

გადაუწყვეტელი საკითხები
ვერ გადაუწყვეტია ჩაერიოს თუ არა შვილის პირად სივრცეში. ინტუიციით გრძნობს, რომ გიორგის ეს ურთიერთობა კარგს არაფერს მოუტანს, მაგრამ მყარად სწამს, რომ სხვისი თავისუფლების შეზღუდვა უფრო დიდი დანაშაული იქნება. ეს სტანჯავს.

მიდრეკილებები
მიდრეკილია სიძუნწისკენ. ეს ბავშვობისდროინდელი სიღარიბის გამოა, როცა 2 ქილა მაწონს 4 და იყოფდა. ებრძვის ამ სენს და თავს ამუნათებს, როცა მოწყალების გაცემის შემდეგ „ქოქოლას აყრის“ ვინმეს.

ფობიები
ეშინია შვილის დაკარგვის. ეს ირაციონალური შიში გათხოვებამდეც ჰქონდა, სანამ შვილი ეყოლებოდა.

სხვა

მიუხედავად იმისა, რომ უსიყვარულოდ გათხოვდა, ქმარი ძალიან შეუყვარდა. ილიკო ოთარაშვილი მზრუნველი და მოსიყვარულე კაცი იყო. საინტერესოა, რომ ცოლ-ქმრის ურთიერთობა არაჯანსაღად დაიწყო, მაგრამ ქმრის გულწრფელობამ და საქციელმა ახალგაზრდა ანას გული მოულბო. როდესაც კაცი გარდაიცვალა, მაშინ მიხვდა, როგორ შეყვარებია ქმარი, ვისთვისაც ერთხელაც ვერ მოასწრო ამის თქმა.

მოკლედ, ესაა დამხმარე სასკოლო რესურსი, არ ვიცი ვის გამოგადგებათ, ვის – არა, მაგრამ ცდად ღირს.

ცოდნა და ღირებულებები თუ სოციო-ემოციური უნარები?

0

ვარ მასწავლებელი, ნიშნავს ვარ მუდმივ ძიებაში… ცოდნა და ღირებულებითი განათლება თუ სოციო-ემოციური უნარების განვითარება? ვფიქრობ, ვმსჯელობ, ვცდი, ვნერგავ, ვაანალიზებ და საკუთარ თავთან ვთანხმდები!.. ნაცნობი მდგომარეობაა, არა?! როგორ გადავცემ მოსწავლეს ცოდნას, ღირებულებებს, თუ მან ვერ შეძლო ჩემი, ან საკუთარი სურვილებისა თუ გრძნობების გაგება? რა აზრი აქვს ცოდნის გადაცემას, თუ მოსწავლემ ვერ შეძლო ურთიერთობა გარემოსთან და გარშემომყოფებთან, თუნდაც მიღებული ცოდნის გამოყენების მიზნით?

მართალია ამტკიცებენ, რომ ემპათია, თანაგანცდა – სხვა ადამიანის ემოციების, როგორც საკუთარის შეგრძნების და გაგების უნარი – თანდაყოლილია, მაგრამ მას აუცილებლად სჭირდება განვითარება. გულისხმიერ ადამიანს ხომ შეუძლია სხვისი გრძნობების გაგება, შესაბამისად, მას შეუძლია სხვების თანადგომა, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია სასწავლო გარემოში. მე, როგორც მასწავლებელი, ვთვლი, რომ ემპათიის უნარის მქონე მოსწავლეების სიმრავლე როგორც საზოგადოებისთვისაა მნიშვნელოვანი, ასევე დადებით ატმოსფეროს ქმნის კლასში. სწორედ ამ უნარის განვითარებისთვის დავგეგმე და ჩავატარე გაკვეთილი, სადაც გამოყენებული აქტივობები მოსწავლეებში თანაგანცდის უნარის ჩამოყალიბებასთან ერთად ხელს შეუწყობდა თანამშრომლობითი, წერითი და ლაპარაკის უნარ-ჩვევების განვითარებას. თანამშრომლობითი სწავლება თავის მხრივ ისეთ მნიშვნელოვან უნარებს ავითარებს, როგორიცაა, მოსმენა, გადაწყვეტილების მიღება, ემოციების მართვა და სხვა.

ფაქტია, რომ უფროსებსაც მოგვწონს ინტერაქტიული მეთოდების გამოყენება, მოსწავლის როლში შევდივართ და კომუნიკაციაც აღარ გვიჭირს. სწორედ ამიტომ და სწორედ ასე დავიწყე ჩემი გაკვეთილი მეოთხე კლასში:

მოსწავლეებმა მეტ-ნაკლებად გამოიცნეს მოცემული ემოციები. იქვე, გაკვეთილზევე, ბუნებრივად მოვიგონე და გავითამაშე ისეთი სიტუაციები (ფეხი გადამიბრუნდა, სასიამოვნო ინფორმაცია გავიგე, ფურცლები დამიცვივდა, ვიდეოს ხმა ვერ ჩავურთე და ა. შ.), რომ მოსწავლეებს შეძლებოდათ ჩემი ემოციების გამოცნობა და ასევე მივეცი საშუალება ემპათიაც გამოეხატათ.

იმავე გაკვეთილზე თანამშრომლობითი უნარების განვითარების მიზნით, ჯგუფებში ახალ სიტყვებზე სამუშაოდ გამოვიყენე ფრეიერის სქემა:

მოსწავლეებს (4-კაციან ჯგუფებს) ჰქონდათ საშუალება ფუნქციები გაენაწილებინათ და ერთდროულად ემუშავათ მოცემული სქემის სხვადასხვა გრაფაში.

ტექსტის გააზრების, გაგებისა და, რაღა თქმა უნდა, სოციო-ემოციური უნარების განვითარების მიზნით მოსწავლეთა ერთ ჯგუფს როლური თამაში დაევალა მოცემულ ტექსტზე დაყრდნობით და მათივე ინტერპრეტირებული დასასრულით. სასიამოვნო იყო მათი მხრიდან გადმოცემული ემოციების ხილვა და შესაბამისი დასასრული, სადაც მათ რეალურად გადმოსცეს ემპათია.

ერთ-ერთი ჯგუფის დავალება იყო წერილი მთავარ პერსონაჟს, სადაც მათ მოახერხეს და გაუგეს მას, თუმცა არც რჩევების მიცემა დავიწყებიათ მისთვის.

გაკვეთილის შედეგზე გასვლამ მაჩვენა, რომ ჩემმა მეოთხეკლასელებმა შეძლეს ყველა იმ მაგალითის გახსენება/გამოცნობა, სადაც მე ისინი ბუნებრივად ავიყოლიე ემოციისა და თანაგრძნობის გამოხატვაში.

ისიც სასიამოვნოდ მახსენდება, რომ როცა მიზნების ტომრიდან იმ ერთი მიზნის ამოღება ვთხოვე, რაც მათ მიჰქონდათ გაკვეთილიდან, უმრავლესობამ აირჩია: “To be helpful”.

გაკვეთილი იმ იმედით დავასრულე, რომ ჩემი მოსწავლეები მომავალში შეძლებდნენ საკუთარი და სხვისი ემოციების გამოცნობასა და თანაგრძნობის გამოხატვას. თუმცა მეტი პასუხისმგებლობა ვიგრძენი – თუ ერთ გაკვეთილს შეუძლია, შეცვალოს მოსწავლის ცნობიერება უკეთესობისკენ, რას ვაკეთებთ დანარჩენ გაკვეთილებზე? მოსწავლეებს მხოლოდ ცოდნას გადავცემთ თუ მათ პიროვნულ განვითარებაზეც ვზრუნავთ? პასუხი ისევ იგივეა: ორივე ერთად!

ჩემ მიერ წარმოდგენილი სიტუაციის უკეთ გაცნობისთვის გთავაზობთ ჩატარებული გაკვეთილის მსვლელობას:

 

გაკვეთილის მსვლელობა/ საკლასო  მენეჯმენტი საორგანიზაციო საკითხების  მოგვარება                 დრო-2 წთ.

 

აქტივობა 1 – მოსწავლეები სხედან ჯგუფებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. გამოწვევის მიზნით კლასში გახარებული შემოვა სხვა მასწავლებელი და მასწავლებელს რაღაცას მიულოცავს ქართულ ენაზე. მასწავლებელიც, ბედნიერი სახით ინგლისურ ენაზე ეტყვის მოსწავლეებს, რომ მან ძალიან კარგი ახალი ამბავი გაიგო.

შემდეგ სვამს კითხვებს: რას გამოხატავს ჩემი სახე ახლა? თქვენი სახე?

რა გრძნობა გამოვხატე ახლახან?

მოსწავლეები შეძლებისდაგვარად პასუხობენ.

მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს ადამიანთა სახეებს (დანართი N4) და ეკითხება – თუ რას გამოხატავს თითოეული ემოცია. პარალელურად დაფაზე აქვს გაკრული იმავე ემოციების სურათები და იქვე მიმოფანტული ემოციები სიტყვის ხატით. სწორი პასუხის შემთხვევაში ისინი ემოციას შეუსაბამებენ შესაბამის სიტყვას (label them).

მეთოდი – როლური თამაში.

კლასის ორგანიზების ფორმა: საერთო საკლასო.

დრო – 5 წთ.

აქტივობა 2 – მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს ჩართულობის რუბრიკას, რომლის საფუძველზეც ისინი შეფასდებიან გაკვეთილის განმავლობაში.

შემდეგ უჩვენებს საგანმანათლებლო ვიდეოფილმს ემპათიის თემატიკაზე. პარალელურად აჩერებს ვიდეოს და სვამს კითხვებს პერსონაჟების გრძნობების შესახებ, თუ რამ მიიყვანა ისინი ამ გადაწყვეტილებამდე. მოსწავლეები ასევე გამოთქვამენ ვარაუდს მოვლენათა განვითარების შესახებ.

ტექსტისა და ვიდეოს უკეთ გააზრებისა და ლექსიკური მარაგის გამდიდრების მიზნით მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის ვიდეოს ტექსტს (დანართი N3) მცირე ცვლილებებით (შემოკლებულია, შეცვლილია საყვარელი ცხოველი cat-dog, ცხოველის ფერი brown-green, ოთახში შემოვიდა დედა, ტექსტში – მამა). აძლევს 5 წუთს და სთხოვს ტექსტში მოცემულ თითოეულ უცხო სიტყვაზე შეავსონ ფრეიერის სქემა (სამ სქემაზე მოცემულია სიტყვები: whiskers, tear-tore, forgive, დანარჩენი ორი ცარიელია, მოსწავლეები საჭიროების შემთხვევაში იმუშავებენ მათზე) (დანართი N1). ჯგუფები ერთმანეთს ადარებენ მათ მიერ შევსებულ სქემებს. შემდეგ იწყებენ მუშაობას შედარება შეპირისპირების სქემაზე (დანართი N2), სადაც ვიდეოსა და ტექსტში მოცემულ ინფორმაციას ადარებენ ერთმანეთს (5 წთ.)  მასწავლებელი მოსწავლეების დახმარებით ავსებს ფლიფჩარტზე გადატანილ იმავე შედარება-შეპირისპირების სქემას.

 მეთოდი – ტექსტისა და ვიდეოს ანალიზი

კლასის ორგანიზების ფორმა – საერთო საკლასო, ჯგუფური

დრო – 18 წთ

აქივობა 3 მასწავლებელი ჯგუფებს გადასცემს კონვერტებს, სადაც მოცემულია დავალებები თითოეული ჯგუფისთვის, ინსტრუქციითა და შეფასების რუბრიკით (დანართი N5,6,7,8). ასევე, საჭიროების შემთვევაში, გადასცემს სათანადო სამუშაო ფურცლებს.

დავალებაN1: როლური თამაში მოცემულ ტექსტზე დაყრდნობით და დასასრული მოსწავლეთა ინტერპრეტაციით.

დავალება N2: მოცემული მოთხრობის დასასრულის შექმნა ტექსტითა და სათანადო ილუსტრაციით.

დავალება N3: წერილი მეგობარს/პერსონაჟს – ლუნას.

დავალება N4: სიტყვა ,,ემპათიის”  მნიშვნელობის გააზრება ,,ფრეიერის სქემის“ დახმარებით სპეციალური საგანმანათლებლო ვიდეოს საფუძველზე.

მეთოდი: პრაქტიკული მუშაობა.

კლასის ორგანიზების ფორმა: ჯგუფური.

დრო – 10 წთ

აქტივობა 4-  მასწავლებელი მოსწავლეებს ახსენებს/აცნობს რუბრიკებს თითოეული ჯგუფური დავალებისთვის და სთხოვს მათ გამოყენებას ურთიერთშეფასებისას.

ჯგუფები იწყებენ პრეზენტაციას (მაქსიმუმ 5 წუთი თითოეული ჯგუფისთვის). მოსწავლეები აფასებენ ერთმანეთს თითოეული პრეზენტაციის შემდგომ. მასწავლებელი აზუსტებს შეფასებას.

მეთოდი – პრეზენტაცია.

კლასის ორგანიზების ფორმა ჯგუფური.

დრო – 30წთ.

აქტივობა 5 – გაკვეთილის შეჯამება

მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, უყურონ თავდაპირველი ვიდეოს დასასრულს.

მოსწავლეები ნახავენ ვიდეოს, შეადარებენ მათ მიერ შეთხზულ დასასრულებთან.

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, გაიხსენონ ემპათიის მაგალითები გაკვეთილზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში. მოსწავლეები პასუხობენ.

მასწავლებელი მოსწავლეთა ჯგუფებს აწვდის Tubric-ს და სთხოვს მათ, ამოიცნონ გაკვეთილის მიზანი მისი საშუალებით. მოსწავლეები ასახელებენ გაკვეთილის მიზანს.

მასწავლებელი მაგიდებზე დებს მიზნების ტომარას და სთხოვს მოსწავლეებს, ამოირჩიონ, რა მიაქვთ  გაკვეთილიდან.

მოსწავლეები ირჩევენ და ასახელებენ.

მასწავლებელი მოსწავლეებს ასმენინებს სიმღერას ემპათიაზე და მოსწავლეები ამავე სიმღერით ასრულებენ გაკვეთილს.

მეთოდი: Tubric, მიზნების ტომარა

კლასის ორგანიზების ფორმა: საერთო საკლასო, ჯგუფური.

დრო: 15წთ.

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...