კვირა, ივნისი 8, 2025
8 ივნისი, კვირა, 2025

 სწავლის სწავლა შემაჯამებელის დროს

0

გაკვეთილები რომ საინტერესო და სახალისო იყოს, განსაკუთრებით კონტინენტების შესწავლისას, საჭიროა სხვადასხვა მეთოდის გამოყენება. გეოგრაფიაში თამაშები სხვა მეთოდებთან ერთად ზრდის გეოგრაფიული განათლების ეფექტურობას. თუ კარგად დავგეგმავთ, ამ თამაშებს შემაჯამებლის მისიაც შეიძლება დავაკისროთ. მე და ჩემს მოსწავლეებს ძალიან მოგვწონს ასეთი აქტივობები.

– თამაშითა და შემაჯამებლით რაც არ ვიცოდი, ისიც კი გავიგე და ვისწავლეო – მარიამის ეს სიტყვები მგონი კარგი შედეგია. ამიტომაც მინდა, გაგიზიაროთ ერთი თამაში-შემაჯამელის მაგალითი, რომლის საშუალებითაც შეიძლება შევაჯამაოთ რამდენიმე თემა: სამხრეთი ამერიკა, აფრიკა და ავსტრალია.

რესურსები: მსოფლიოს ფიზიკური რუკა, ატლასი, სლაიდები, დროშები მაგნიტებზე.

მუშაობის ფორმა: ჯგუფური.

კლასის დაყოფა ჯგუფებად. თამაშის პირობების გაცნობა. თამაშის თითოეული ეტაპი შეფასდება მაქსიმუმ 5 ქულით ან „1 გლობუსით”, არასრული პასუხისას გუნდი იღებს 1-დან 4 ქულას. იმარჯვებს გუნდი, რომელსაც თამაშის ბოლოს ყველაზე მეტი „გლობუსი” ექნება, ანუ პირველი აღწევს მოგზაურობის დანიშნულების ადგილს.

  1. თამაშის მიმდინარეობა:

ჩვენ შევისწავლეთ სამხრეთ ნახევარსფეროს კონტინენტები. დღეს ჩვენ შევეცდებით მიღებული ცოდნის გაღრმავებასა და  სისტემატიზაციას, ვისწავლით მის პრაქტიკაში გამოყენებას. ახლა თქვენ ხართ მოგზაურები, თითოეული გუნდის მაგიდაზე არის ბარათები გუნდის ყველა წევრისთვის, რომლის დახმარებით თქვენ თვითონ შეაფასებთ თითოეული მოგზაურის ღვაწლს კონტინენტის შესწავლაში.

ასე რომ, ჩვენ მივემგზავრებით.

გუნდები იღებენ კონვერტებს, რომლებშიც მოთავსებულია თავსატეხები (ფაზლები) აფრიკის, სამხრეთ ამერიკის და ავსტრალიის გამოსახულებებით. ფაზლების აწყობის შემდეგ გაარკვევენ, რომელ კონტინენტზე იმოგზაურებენ.

დავალება N1. იმისათვის, რომ არ შეგეშალოთ კონტინენტი, როგორც ეს მოხდა ჟიულ ვერნის გმირებთან, ნაწარმოებში „კაპიტანი გრანტის შვილები”, თქვენ უნდა გამოავლინოთ ცოდნა კონტინენტზე, სადაც აპირებთ გამგზავრებას.

გაიხსენეთ ამ კონტინენტების ბუნების თავისებურებები და იფიქრეთ იმაზე, თუ რა საგნები და ობიექტები გამოდგება თქვენს მატერიკზე მოგზაურობის დროს მისი მახასიათებლების გათვალისწინებით. თქვენ მოგიწევთ დაასახელოთ თქვენი კონტინენტის თვისებები და ახსნათ, რატომ აირჩიეთ კონკრეტულად ეს ნივთები (დრო 5 წუთი).

დავალება N2. თქვენს ცხრილებში განთავსებული ბარათებიდან, შეარჩიეთ გეოგრაფიული ობიექტები, ქვეყნები, ცხოველები, მცენარეები, რომლებიც ნაპოვნია თქვენს კონტინენტებზე. დაასახელეთ კონტინენტების ენდემური სახეობები.

ყველა გუნდისთვის ბარათების შინაარსი ერთი და იგივეა. ჩამოთვლილია შემდეგი ობიექტები: ატლასის მთები, დარლინგი, ეთიოპიის მაღალმთიანები, ამაზონი, კონგო, დიდი წყალგამყოფი ქედი, ტანგანიკა, ჟირაფი, ჰევეა (მარადმწვანე მცენარე იზრდება ტროპიკულ ამერიკაში. ბრაზილიური ჰევეა ბუნებრივი კაუჩუკის წყაროა), იხვნისკარტა,  ლომი, ლამა, კოალა, სპილო, კოლიბრი, იქედნა, ბაობაბი, კოლუმბია, ვიქტორიის დიდი უდაბნო, ზებრა, ჯავშნოსნისებრნი (armadillo), ძაღლი დინგო, ალჟირი, წყლის გოჭი (capybara), ტბა ეირი, ნუტრია, ევკალიპტი, კუდქნარა (ბოლოქნარა), იაგუარი …

დავალება   N3. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ მიცურავთ თქვენი კონტინენტის უდიდესს მდინარეზე. დაწერეთ ესეი, რომელშიც აღწერილია ბუნება, რომელიც მოგზაურობის დროს ნახეთ.

დავალება N 4. გუნდები პასუხობენ კითხვებზე 1 წუთში, თუ მათ არ იციან პასუხი, ისინი ამბობენ „შემდეგ”. თითოეულ გუნდს ექნება 12 კითხვა.

კითხვები პირველი გუნდისთვის:

  1. ყველაზე ნოტიო კონტინენტი დედამიწაზე?
  2. მსოფლიოში ყველაზე გრძელი მდინარე?
  3. აზიის შემდეგ ფართობით მეორე კონტინენტი?
  4. ყველაზე მრისხანე ქარი საჰარის უდაბნოში, რომლის სახელიც არაბულიდან თარგმანში „შხამიანს“, „მომწამლავს“ ნიშნავს? (სამუმი).
  5. მსოფლიოში ყველაზე წყალუხვი მდინარე?
  6. რომელ მთებში მდებარეობს ტიტიკაკას ტბა?
  7. ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი წერტილი სამხრეთ ამერიკაში?
  8. სად ცხოვრობს ყველაზე დიდი ცხოველი დედამიწაზე?
  9. ტბა, რომლის ფართობის ცვლა დამოკიდებულია სეზონებზე? (ტბა ჩადი).
  10. რომელი ბუნებრივი ზონებია გავრცელებული ავსტრალიაში?
  11. ადგილობრივები ამ ჩანჩქერს უწოდებენ „მგრგვინავ კვამლს” („მოზი-ოა-ტუნია“- ჩანჩქერი ვიქტორია).
  12. სამხრეთ ამერიკის კონტინენტის ბუნებაზე ძლიერ გავლენას ახდენს … … .. ოკეანე?

კითხვები მე -2 გუნდისთვის:

  1. დედამიწის ყველაზე მშრალი კონტინენტი?
  2. რატომ უწოდეს კონტინენტს ამერიკა?
  3. რა არის ლიანოსი?
  4. რა ჰქვია იმ მეცნიერს, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა აფრიკის შესწავლაში?
  5. დედამიწის ყველაზე პატარა კონტინენტი?
  6. რომელ კონტინენტზე არ არსებობს მტაცებელი ცხოველები? (ანტარქტიდა).
  7. მსოფლიოში ყველაზე მაღლა მდებარე ტბა? (ტბა არპორტ-ცო -ჩინეთი).
  8. აფრიკაში ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი წერტილი?
  9. ყველაზე დიდი მღრღნელი დედამიწაზე?
  10. ავსტრალიის უდიდესი მდინარე?
  11. ყველაზე მაღალი ჩანჩქერი მსოფლიოში?
  12. ანდების ქვეყნებს განეკუთვნება?

კითხვები მე-3 გუნდისთვის:

  1. კონტინენტი, სადაც კლიმატური სარტეყლები მეორდება სამხრეთით და ჩრდილოეთით?
  2. ერთადერთი კონტინენტი, სადაც არ არის აქტიური ვულკანები? (ავსტრალია).
  3. მსოფლიოში ყველაზე დიდი მაღალმთიანი ტბა?
  4. მსოფლიოში ყველაზე წყალუხვი მდინარე?
  5. რომელ კონტინენტზე მდებარეობს საჰარის უდაბნო?
  6. სივრცე სამხრეთ ამერიკაში, სადაც არ გვხვდება ტყიანი მცენარეულობა?
  7. უმაღლესი წერტილი ავსტრალიაში?
  8. აფრიკის უდაბნო ზონებში მრავლადაა დამშრალი მდინარეების კალაპოტები, რომელთაც უწოდებენ ..?
  9. რომელი მდინარე კვეთს ორჯერ ეკვატორს?
  10. რომელი ქვეყნები მდებარეობს ავსტრალიის კონტინენტზე?
  11. რას უწოდებენ ავსტრალიაში აკაციისა და ევკალიპტის ხეების მეჩხერ კორომებს?
  12. წამყვანი ქვეყანა სამხრეთ აფრიკაში?

დავალება N5. მოგზაურებმა, რომლებიც ესტუმრნენ ამ საოცარ კონტინენტებს, დაწერეს წიგნები, რომლებშიც გვიყვებიან ყველა იმ უჩვეულო, საინტერესო რამეებზე, რაც ნახეს. ახლა ნახავთ ფრაგმენტებს, თქვენ უნდა დაადგინოთ, რომელ კონტინენტებზე გვხვდება ეს ცხოველები, მცენარეები, ბუნებრივი მოვლენები და ა.შ. ვინც გამოიცნობს, აიღებს დროშას და ამაგრებს მას კონტინენტზე.

  1. კონტინენტი, სადაც ხეები ყოველწლიურად ფოთლებს არ იცვლიან, სადაც ოთხფეხა ცხოველებს აქვს წვერები, სადაც მელა ხიდან ხეზე ხტის, სადაც ფრინველები ადამიანებს მრავალფეროვანი გალობით აღაფრთოვანებს (ავსტრალია-იხვნისკარტა).
  2. აქ მდებარეობს სამხრეთ ნახევარსფეროს ყველაზე მშრალი და ყველაზე ცხელი მხარე, დღის განმავლობაში ტემპერატურა +40◦C, ხოლო ღამით იგი მკვეთრად იკლებს +10-15◦C-მდე, ხშირად ქრის ქვიშიანი ქარიშხალი. (აფრიკა – საჰარა).
  3. ამ ხის სახეობები მრავალფეროვანია, სწრაფმზარდი ხე ან ბუჩქია, მარადმწვანე, სინათლის მოყვარული, უხვად ყვავილობს, ქმნის მეჩხერ კორომს. იზრდება 150-160 მ-მდე, რომლებიც დაახლოებით 8 მეტრის სიმსხოა. მედიკამენტების მოსამზადებლად იყენებენ ეთერზეთების დიდ რაოდენობას.

მის მერქანს იყენებენ გემთმშენებლობაში, შენობის შიდა მოპირკეთებისათვის, ავეჯის დასამზადებლად და სხვა, ფოთლიდან მიღებულ ეთერზეთს – მედიცინაში, პარფიუმერიაში, ტექნიკაში და სხვა.  (ავსტრალია – ევკალიპტი).

  1. იზრდება მხოლოდ სამხრეთ-დასავლეთ ანგოლის ქვიან ნიადაგზე, ნამიბისა და კალაჰარის უდაბნოებში. მისი გრძელი და მძლავრი ფესვი ნიადაგში გრუნტის წყლებამდე ეშვება, აქვს დაბალი და მსხვილი ღერო (დიამეტრი 1,2 მ), რომლის დიდი ნაწილი ნიადაგშია ჩამალული, მიწის ზემოთ კი მხოლოდ 50 სმ-ითაა ამოწეული. ღერო წვერში უნაგირივით არის ჩაზნექილი და მასზე ორი 3 მ-მდე სიგრძის ღვედისებრი ფოთოლია.

იგი 100 წელზე მეტს ცოცხლობს და ფოთლებსაც ბოლომდე ინარჩუნებს.

(აფრიკა – ველვიჩია).

  1. ამ ბუნებრივ ზონას კონტინენტის 40% უჭირავს. მკვეთრად გამოიყოფა წლის 2 სეზონი, გვალვიანი და წვიმიანი სეზონი, მრავალი ცხოველი მიგრირებს სამხრეთით ან ჩრდილოეთით, ეს დამოკიდებულია სეზონზე. (აფრიკა – სავანა).
  2. ამ მთების ფაუნა მდიდარია ენდემური სახეობებით, ხოლო ყველაზე დიდ და მძიმე ფრინველს (მისი წონა 9-12 კგ., რომლის ფრთები 3 მეტრია სიგრძით) უწოდებენ ამ მთების სიმბოლოს. (ანდები – კონდორი).

დავალების N6. ჩვენი მოგზაურობა დასასრულს მიუახლოვდა. თქვენ უკვე გადალახეთ გზის უმეტესი ნაწილი, გაეცანით კონტინენტების ღირსშესანიშნაობებს, ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ მარტივად შეასრულოთ ბოლო დავალება.

ტერმინების სიიდან გამორიცხეთ ის, რაც ზედმეტია, ახსენით თქვენი არჩევანი?

  1. ნილოსი, კონგო, ამაზონი;
  2. ტანგანიკა, ვიქტორია, ეირი;
  3. ავსტრალია, აფრიკა, ჩრდილოეთი ამერიკა;
  4. წითელი, კარიბის, ხმელთაშუა;
  5. ინდიელები, პიგმეები, ბუშმენები;
  6. ჟირაფი, ლამა, ნუტრია;
  7. სპილო, ბეჰემოთი, კენგურუ;
  8. იქედნისებრნი, წყლის გოჭი (კაპიბარა), იხვნისკარტა;
  9. ბაობაბი, ფინიკის პალმა, აკაცია;
  10. ანდები, ატლასის მთები, დრაკონის მთები;
  11. საჰარა, კალაჰარი, დიდი ვიქტორიის უდაბნო;
  12. სირაქლემას ემუ, კუდქნარა (ბოლოქნარა), ლეოპარდი.

ჩვენი მოგზაურობა დასრულდა. თქვენ აჩვენეთ ღირსეული ცოდნა და ორიენტაციის კარგი უნარი  უცნობ მხარეში. ახლა თითოეული გუნდი აჩვენებს, რამდენი გლობუსი მიიღო და ათავსებს ბარათებს გუნდის თითოეული წევრის გვარის საპირისპიროდ, რაც დამოკიდებულია თამაშში მის მონაწილეობაზე.

საკვლევ შეკითხვაზე დაფუძნებული სწავლება

0

მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ერთ-ერთ მიმართულებას საკვლევ შეკითხვაზე დაფუძნებული სწავლება წარმოადგენს. თანამედროვე მოსწავლის დაინტერესება მისი უშუალო  ჩართულობის გარეშე  წარმოუდგენელია.  სწავლების ეს მიდგომა აყალიბებს ისეთ მოსწავლეს, რომელიც კონკურენტუნარიანია თანამედროვე სამყაროში.

საკვლევ შეკითხვაზე დაფუძნებული სწავლების მიზანია: 

  • რეალური სამეცნიერო სამუშაოს სასწავლო კონტექსტში გადატანა;
  • თეორიული საკითხის პრაქტიკასთან დაკავშირება;
  • სამეცნიერო ცნებებისა და თეორიების შესწავლა;
  • მოსწავლეებში კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარება.

საკვლევ შეკითხვაზე დაფუძნებული სწავლების დროს მოსწავლე

  • სვამს შეკითხვას,
  • აკვირდება,
  • ზომავს,
  • გეგმავს ექსპერიმენტს,
  • მსჯელობს მტკიცებულებებზე დაფუძნებით,
  • გადმოსცემს შედეგებს.

საკვლევ შეკითხვაზე დაფუძნებული სწავლება  ხუთი ეტაპისგან შედგება:                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                    

  1. საკვლევი შეკითხვის დასმა: სთხოვეთ მოსწავლეებს დასვან საკვლევი შეკითხვა, გამართონ დისკუსია და ჩამოაყალიბონ საკვლევი შეკითხვა, ან თავად შესთავაზეთ თქვენ მიერ დასმული საკვლევი შეკითხვა. სასურველია, სთხოვოთ ერთი საკვლევი შეკითხვის ამორჩევა რამდენიმეს შორის. (გაითვალისწინეთ, რომ საკვლევი შეკითხვა გამომდინარეობდეს სასწავლო პროგრამიდან);
  2. საჭირო ინფორმაციის მოძიება და კვლევის დაგეგმვა: სთხოვეთ მოსწავლეებს, მოიპოვონ ინფორმაცია საკვლევ შეკითხვასთან დაკავშირებით და დაგეგმონ კვლევა. სასურველია, მიუთითოთ წყარო მცდარი ინფორმაციის თავიდან ასაცილებლად;
  3. კვლევის ჩატარება და ახსნა: სთხოვეთ მოსწავლეებს, ჩაატარონ ექსპერიმენტი, შეაგროვონ და გააანალიზონ მოპოვებული მონაცემები;
  4. შედეგების განხილვა და გაზიარება: სთხოვეთ მოსწავლეებს, ჩამოაყალიბონ   მტკიცებულებებზე დაფუძნებული  პასუხი და გაუზიარონ  აუდიტორიას;
  5. შედეგების შეფასება: სთხოვეთ კლასს, კვლევის შედეგების შეფასება.

გთავაზობთ ერთი გაკვეთილის გეგმის ნიმუშს:

გაკვეთილის თემა: მეტალთა კოროზია

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს ახსნას, რა არის კოროზია; მოიყვანოს ცხოვრებიდან კოროზიის მაგალითები; ექსპერიმენტის საფუძველზე დაასახელოს ნივთიერებები, რომლებიც აფერხებს, ან ხელს უწყობს კოროზიას; მეტალთა აქტიურობის მწკრივის მიხედვით დაასაბუთოს, რომელი მეტალი უფრო ადვილად განიცდის კოროზიას და რატომ.

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:

ქიმ.IX.6. მოსწავლეს შეუძლია მეტალთა აქტიურობის მწკრივის გამოყენება      

  • აკვირდება და აღწერს მეტალთა ცვლილებას ჰაერის ზემოქმედების შედეგად (მაგ., რკინა იჟანგება, ვერცხლი მქრქალდება, სპილენძი მუქდება). განსაზღვრავს, რომელი მეტალი განიცდის კოროზიას ადვილად, რომელი – არა;
  • იყენებს მეტალთა აქტიურობის რიგს სათანადო ვარაუდის გამოსათქმელად (მაგ., ნატრიუმი უფრო იოლად ურთიერთქმედებს ჟანგბადთან, ვიდრე სპილენძი); გეგმავს და სათანადო წესების დაცვით ატარებს ცდებს ვარაუდის შესამოწმებლად.

კვლ.IX.2.მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/მონაცემების აღრიცხვა

  • იყენებს შესაბამის მასალას ან/და აღჭურვილობას და ატარებს დაგეგმილ ცდას უსაფრთხოების წესების დაცვით;
  • აწარმოებს დაკვირვებას და/ან გაზომვებს, აღრიცხავს მონაცემებს;
  • იყენებს სათანადო წესებს საკუთარი და სხვათა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

 

საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:

წინარე ცოდნა:

  1. რა არის რეაქციის ნიშნები?
  2. როგორ იცვლება მეტალთა აქტიურობის მწკრივში მეტალების აქტიურობა.
  3. როგორ წარმოიქმნება ჯართი?

უნარები:

  1. ქიმიური რეაქციის ტოლობის შედგენა და კოეფიციენტების შერჩევა.
  2. მარტივი ცდის ჩატარება და უსაფრთხოების წესების დაცვა.
  3. დასკვნის გამოტანა.

შეფასება და თვითშეფასება: განმავითარებელი – ,,შუქნიშანი“ , ,,პატარა საწერი დაფა“, ჯგუფის მუშაობაზე დაკვირვება, ჯგუფის მუშაობის თვითშეფასება.

სასწავლო მასალა და რესურსები:

რვეული, დაფა, ცარცი, მარკერები,  კომპიუტერი, პროექტორი,  ქიმიური ჭურჭელი და რეაქტივები.

მიმდინარეობა:

(ჩამოთვლილი ეტაპები სასურველია განხორციელდეს ორ გაკვეთილზე).

აქტივობა N1  – გონებრივი იერიში  

აქტივობის მიზანი:  მოსწავლეთა წინარე ცოდნის შემოწმება

აქტივობის აღწერა: მოსწავლეები პასუხობენ შეკითხვებს (ჯერ აკეთებენ იდენტიფიცირებას, შემდეგ ინტერპრეტაციას და გამოაქვთ დასკვნა).

მოსწავლეები ამ ორი სურათის მიხედვით უპასუხებენ  შეკითხვას: რა განსხვავებაა მოცემულ სურათებს შორის?

პირველ ეტაპზე მოსწავლეები აკეთებენ მონაცემების იდენტიფიცირებას და მეორე ეტაპზე ინტერპრეტაციის გზით აკეთებენ დასკვნას, რატომ ღებავენ ნაკეთობებს?

(მასწავლებელი ყველა მოპასუხე მოსწავლის აზრს აფიქსირებს დაფაზე). ბოლოს შემოხაზავს სწორ ვარიანტს, მოსწავლეები მივლენ პასუხამდე, რომ მეორე სურათზე მოცემულია დაჟანგული ვაგონი და საღებავს იყენებენ ჟანგვის პროცესის შესაჩერებლად. (ის მოსწავლე, რომელსაც უნდა, რომ უპასუხოს, ასწევს მწვანე ფურცელს, ვინც შეკითხვა ვერ გაიგო, ის ანიშნებს წითელი ფურცლით). აქტივობის ბოლოს მასწავლებელი აჯამებს აქტივობას.

აქტივობა N2   – ვარაუდების გამოთქმა

აქტივობის მიზანი:  მოსწავლეთა დაინტერესება შესასწავლი საკითხით

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი სვამს მაპროვოცირებელ შეკითხვას: როგორ ფიქრობთ რა არის კოროზია? შეუქმნია თუ არა კოროზიას თქვენს ოჯახში პრობლემა?

მოსწავლეების ვარაუდებს მასწავლებელი ჩამოწერს დაფაზე შესწორებების გარეშე. შემდეგ მოხდება პასუხების გამოხშირვა. დარჩება მხოლოდ სწორი პასუხი.

მასწავლებელი მოსწავლეებისგან უკუკავშირს მიიღებს  შუქნიშნის ფერადი ფურცლებით.

(სწორ პასუხს მასწავლებელი პროექტორის დახმარებით აჩვენებს: კოროზია ეს არის მეტალის სტრუქტურის რღვევა გარემოსთან ურთიერთქმედების შედეგად).

 

აქტივობა N 3: საკვლევი შეკითხვის დასმა და ინფორმაციის მოძიება

საკვლევი შეკითხვა: როგორ მოქმედებს კოროზიის სიჩქარეზე მეტალის აქტიურობა, მარილის ან ტუტის ხსნარის დამატება?

მოსწავლეები კომპიუტერის კლასში (ან მობილური ტელეფონის გამოყენებით ჩვეულებრივ საკლასო ოთახში)  მოიძიებენ ინფორმაციას  კოროზიის შესახებ და მოამზადებენ პრეზენტაციას. (თუ გაკვეთილის ჩატარების პროცესში ინფორმაციის მოძიება შეუძლებელია, კარგი იქნება თუ მოსწავლეები მასალას მოიძიებენ სახლში და წარმოადგენენ შემდეგ გაკვეთილზე).

ინსტრუქცია: მოიძიეთ ინფორმაცია კოროზიის შესახებ და მოამზადეთ პრეზენტაცია (სლაიდების მინიმალური რაოდენობა 7).

პრეზენტაციის გეგმა:

  1. ზოგადი მიმოხილვა – რა არის კოროზია და რა იწვევს მას?
  2. არსებობს მეტალები, რომლებიც არ განიცდის კოროზიას?
  3. რა არის ჯართი და როგორ წარმოიქმნება ის?
  4. დაასახელე რამდენიმე გზა კოროზიის თავიდან ასაცილებლად.
  5. რა უარყოფითი შედეგი მოჰყვა მსოფლიოში მეტალის კოროზიას? (დაასახელე მინიმუმ ერთი მაგალითი).
  6. დასკვნა.

აქტივობა N 4: ექსპერიმენტისთვის მასალის მომზადება.

დანართი 1-ის მიხედვით მოსწავლეები მოამზადებენ რეაქტივებს, ქიმიურ ჭურჭელს და განახორციელებენ ექსპერიმენტის მხოლოდ პირველ ეტაპს.

 

მომდევნო გაკვეთილი:

აქტივობა N1  მონაცემების შეგროვება

აქტივობის მიზანი: მოსწავლემ შეაგროვოს მონაცემები და შეძლოს იმ ნივთიერებების დასახელება, რომლებიც აჩქარებენ ან ანელებენ კოროზიას.

აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს ვთხოვ, შექმნან ხუთი ჯგუფი, ისევ ისეთი შემადგენლობით, როგორც წინა გაკვეთილზე. (წინა გაკვეთილზე ყველა ჯგუფს დარიგებული ჰქონდა ერთნაირი ჭურჭელი და რეაქტივები. ასევე სამუშაო ფურცელი N1. (დანართი 1).

ჯგუფებს მათი ნომრის მიხედვით დავურიგებ თავიანთი ჯგუფის მიერ წინა გაკვეთილზე მომზადებულ მასალას და ფორმატზე დატანილ ცხრილებს. დაკვირვების საფუძველზე მათ უნდა შეავსონ ცხრილები. (დანართი 2). ჯგუფები ავსებენ ცხრილს; ფერადი ბარათებით მანიშნებენ, რა მდგომარეობა აქვთ. ცხრილების შევსებას დაეთმობა 10 წუთი, შემდეგ ცხრილებს გააკრავენ კედელზე, შემთხვევითობის პრინციპით ერთ-ერთი ჯგუფი გააკეთებს პრეზენტაციას დანარჩენი ჯგუფები შეავსებენ დამატებითი ინფორმაციით (5 წთ).  აქტივობა შეჯამდება მასწავლებლის მიერ. (ცხრილის სწორ ვარიანტს გამოიტანს ეკრანზე).

 

აქტივობა N 2  (ახალი მასალის ათვისების დონის შემოწმება – 10  წუთი ):

აქტივობის მიზანი:  მოსწავლემ შეძლოს ახალი მასალის გამოყენება სავარჯიშოს შესრულების დროს.

აქტივობის აღწერა: ხუთივე ჯგუფი შეავსებს მსგავს ცხრილს, მითითებული იქნება სხვა რეაქტივები (დანართი 3).

,,შუქნიშნის“ ბარათებით აჩვენებენ მასწავლებელს, რა მდგომარეობა აქვთ მუშაობის პროცესში, წითელი ან ყვითელი ბარათის აწევის შემთხვევაში მასწავლებელი მიდის ჯგუფთან და აძლევს დამატებით რეკომენდაციას.

დასრულების შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, ცხრილები გააკრან კედელზე ძველი ცხრილის ქვემოთ. ერთ-ერთი ჯგუფი აკეთებს პრეზენტაციას (შემთხვევითობის პრინციპით – ჩხირების გამოყენებით). თუ რომელიმე ჯგუფს ექნება განსხვავებული ვარიანტი, ჯგუფის რომელიმე წევრი დააფიქსირებს საკუთარ მოსაზრებას. მასწავლებელი აფასებს განმავითარებელი შეფასებით და აჯამებს აქტივობას.

აქტივობა N 3  ახალი მასალის რეფლექსია  – 5 წთ.

მიზანი: (ცოდნის ტრანსფერი ყოველდღიურ ცხოვრებაში).

მოსწავლეები პასუხობენ ორ შეკითხვას (სურვილის მიხედვით).

  1. დიასახლისებს ხშირად ურჩევენ, არ გამოიყენონ რკინის ბადე ან სხვა უხეში საშუალება მეტალისგან დამზადებული ნაკეთობის (მაგ: ალუმინის ქვაბი) გასახეხად. როგორ ფიქრობთ – რატომ?
  2. ამბობენ, რომ ოქროს და ვერცხლის ბეჭდის ერთ თითზე გაკეთება იწვევს ერთ-ერთი მეტალის კოროზიას და ადამიანებს ურჩევენ, რომ ერთად არ ატარონ ისინი. თქვენი აზრით რომელი მეტალი განიცდის კოროზიას, ოქრო თუ ვერცხლი? რატომ?

(სამივე შეკითხვას მასწავლებელი აჩვენებს პროექტორით). თუ მოსწავლეებს გაუჭირდებათ კითხვებზე პასუხი, სწორი პასუხის მისაღებად მასწავლებელი დასვამს დამაზუსტებელ  შეკითხვებს.

აქტივობა N 4   (საშინაო დავალების მიცემა 3 წთ.):

აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა სახლში იმუშაონ განხილულ მასალაზე განმტკიცების და პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით.

აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს სლაიდზე ვაჩვენებ საშინაო დავალებას. შემდეგ ვთხოვ, რომ ცერებით მანიშნონ, გაგიგეს თუ არა; რა დავალება მიეცათ შესასრულებლად. ერთ-ერთ მოხალისე მოსწავლეს მასწავლებელი სთხოვს, გაიმეოროს ინსტრუქცია.

 

დანართი 1 – სამუშაო ფურცელი N1.

საჭირო მასალა:

ქიმიური რეაქტივები: გამოხდილი წყალი, თუთიის ფირფიტა, სპილენძის მავთული, რკინის 5 ლურსმანი, ნატრიუმის ტუტის ხსნარი, სუფრის მარილი.

ქიმიური ჭურჭელი: 5 სინჯარა, 6 ქიმიური ჭიქა.

მინაზე საწერი მარკერი, ხელთათმანები, სინჯარების სადგამი – 5.

ექსპერიმენტის მიმდინარეობა: აიღე ხუთი სინჯარა და დანომრე მარკერით. სინჯარები მოათავსე სადგამში. პირველ, მეორე და მეხუთე სინჯარაში მოათავსეთ რკინის ლურსმანი. მესამეში – რკინის ლურსმანი, რომელსაც მიმაგრებული აქვს სპილენძის მავთული, მეოთხეში კი  რკინის ლურსმანი, რომელსაც მიმაგრებული აქვს თუთიის ფირფიტა. პირველი სინჯარა ბოლომდე გაავსეთ გამოხდილი წყლით,  მეორე, მესამე და მეოთხე კი სუფრის მარილის ხსნარით, მეხუთეში სუფრის მარილის ხსნართან ერთად ჩაასხით ნატრიუმის ტუტე. მოამზადეთ ხუთი ჭიქა და დანომრეთ. პირველ ჭიქაში ჩაასხით გამოხდილი წყალი, მეორე, მესამე და მეოთხე ჭიქებში – სუფრის მარილის ხსნარი, მეხუთეში – სუფრის მარილისა და ნატრიუმის ტუტის ხსნარი. ხუთივე სინჯარა ჩააპირქვავეთ ჭიქაში, რომელსაც აქვს სინჯარის ნომერი. ამ დროს გამოძევდება სინჯარიდან სითხე, და მასში ჟანგბადი შევა. ამის შემდეგ ხუთივე სინჯარაში მოთავსებული რკინის ლურსმანი აღმოჩნდება ჟანგბადისა და წყლის გარემოში. ასეთ მდგომარეობაში დავტოვეთ სინჯარები მომდევნო გაკვეთილამდე (ამ მასალას შეინახავენ ქიმიის ლაბორატორიაში, უსაფრთხოების მიზნით.

დანართი 2.

  იდენტიფიცირება (რა შეამჩნიეთ?) ინტერპრეტაცია ( გააკეთეთ დასკვნა)
რკინის ლურსმანი + წყალი  

 

 
რკინის ლურსმანი+სუფრის მარილის ხსნარი    
რკინის ლურსმანი, სპილენძის მავთული+სუფრის მარილის ხსნარი    
რკინის ლურსმანი, თუთიის ფირფიტა+სუფრის მარილის ხსნარი    
რკინის ლურსმანი+სუფრის მარილის ხსნარი+ნატრიუმის ტუტის ხსნარი    

 

 

 

 

დანართი 3.

  სავარაუდოდ რას შეამჩნიეთ?

 

 განმარტე მიზეზი
ალუმინის  ლურსმანი+წყალი  

 

 
რკინის ლურსმანი, ვერცხლის ფირფიტა +სუფრის მარილის ხსნარი    
რკინის ლურსმანი, მაგნიუმის  ფირფიტა+სუფრის მარილის ხსნარი    
რკინის ლურსმანი+სუფრის მარილის ხსნარი+კალიუმის  ტუტის ხსნარი    

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ქიმია – მანანა ვარდიაშვილი, IX კლასის სახელმძღვანელო – 2012 წელი;
  2. ქიმია – ანდრონიკაშვილი, გულაია, IX კლასის სახელმძღვანელო – 2012 წელი;
  3. Interactive teaching methods: challenges and perspectives – 2017

https://www.researchgate.net/publication/322056077_INTERACTIVE_TEACHING_METHODS_CHALLENGES_AND_PERSPECTIVES

  1. აქტიური სწავლება ქიმიაში – წინა სატრენინგო მასალა ,,მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა“ – 2017 წელი https://old.tpdc.ge/uploads/pdf_documents/biologyactive.pdf
  2. განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება – მარიანა ხუნძაყიშვილი, სარა ბივერი – 2018 წელი https://tpdc.gov.ge/ptk_files/_ckuploaded/310397.pdf

ხელოვნების გაკვეთილისთვის- ნახატი და ასოციაციები

0

ედვარდ მუნკი (1863 – 1944) – ნორვეგიელი ფერმწერი და გრაფიკოსი, რომელმაც დიდი გავლენა იქონია გერმანულ და ზოგადად, ცენტრალური ევროპის ექსპრესიონიზმზე. პირველი მსოფლიო ომის შედეგად ჩამოყალიბდა პესიმისტური ხედვა საკუთარი ეპოქის შესახებ, რომელიც დამახასიათებელი იყო ექსპრესიონისტებისათვის. ამიტომაც მათი წარმოდგენები ხშირად მტანჯველია. ექსპრესიონისტები მიმართავენ რეალობის სტილიზებას, უცვლიან მას ფორმას, ანიჭებენ ექსპრესიულ ინტენსივობას. ეს მიმდინარეობა, ძირითადად, ჩრდილოეთ ევროპაში, განსაკუთრებით, გერმანიაში  ჩამოყალიბდა და მიმართული იყო იმპრესიონიზმის საწინააღმდეგოდ. ეს უკანასკნელი თუ ფიზიკურ რეალობას წარმოაჩენს, ექსპრესიონიზმი ამ რეალობას შემოქმედის სულიერ პრიზმაში გარდატეხავს. ექსპრესიონიზმი, რომელსაც ახასიათებს მჟღერი ფერები, მკვეთრი ხაზები, იმპრესიონიზმზე უფრო აგრესიულია. ხშირად რეაქციაა აკადემიზმისა და საზოგადოების წინააღმდეგ.

ედვარდ მუნკის ამ ნახატში დაისმის შეკითხვა – რა არის სიცოცხლე? ალბათ მაინც სევდიანი, ქარვისფერი სიმარტოვე საკუთარ თავთან და ღმერთთან, მტკივნეულიც და დიდებულიც. გეშინია, წუხხარ თუ იბრძვი არსებობისთვის, შენს სიმართლესა თუ საიდუმლოშიც – მარტო ხარ. სიცოცხლე მთავრდება, როცა ამ ბრძოლას წყვეტ და უკვე სიკვდილი ავსებს შენს ლურჯ სიმარტოვეს. ამ ნახატზე ორივე სიმარტოვეა, სიცოცხლისაც და სიკვდილისაც. მარადისობაში რაფერია სიმარტოვე, ნეტა?…….

ლუკას კრანახ უფროსი ( 1472 – 15 04) – გერმანელი ფერმწერი და გრაფიკოსი. იგი კარის მხატვარი იყო, რამაც განაპირობა მისი ნახატების ერთგვარი სტანდარტულობა, თუმცა მისი შემოქმედება საოცარი ცხოველმყოფელობითა და ოსტატობით გამოირჩევა. კრანახის ადრინდელი ნახატები ნოვატორულია და ხასიათდება სითამამითა და მკვეთრად ასიმეტრიული კომპოზიციით. მოგვიანებით, როცა ჩამოყალიბდა მხატვრის წინააღმდეგობებით აღსავსე შემოქმედებითი სახე, მის ნამუშევრებში იმატა იდეალურმა განწყობილებამ, ბუნების აღქმის სიმძაფრემ და რელიგიურმა თემატიკამ, მასში შერწყმულია რენესანსის პრინციპები და გვიანდელი გოთიკის ხელოვნება.

სათაურები საკლასო წერის ნაცვლად

0

თვე, რიცხვი, საკლასო წერა ან საშინაო დავალება – როგორც წესი, რვეულებში ყოველ დღესა და სამუშაო სტილს ამგვარად გამოვყოფთ. სტატიაში მსურს გაგაცნოთ მეთოდი, რომელიც ადრეც გამომიყენებია, თუმცა, ამჯერად მთელი სემესტრი ამ ფორმით ვიმუშავეთ და გამოცდილების გაზიარების დრო დადგა. აღწერილობა ამგვარია: საკლასო წერისა და საშინაო დავალების ნაცვლად სათაურებს ვიგონებთ, რომლებიც დღის განწყობას ან კონკრეტულ ამბავს გვაცნობს. სტატიის დასაწერად ხელი მოვხვიე ორმოცდაათამდე რვეულს და სათითაოდ ამოვწერე სათაურები. საკლასო წერის მაგივრად ორმოცამდე საერთო სათაური დაგვგროვებია, ხოლო საშინაო დავალებისთვის ინდივიდუალურ სათაურებს იგონებდნენ. მათზე დაკვირვება მცირე კვლევაც კი გამომივიდა, კერძოდ, გამოიკვეთა ორი-სამი მოსწავლე, რომლებიც კვლავ საშინაო დავალებით იწყებდნენ ნაშრომს, შესაბამისად, მათთან დავალების გასააზრებლად გარკვეული მუშაობაა საჭირო; ზოგი სექტემბერშივე ხალისით აჰყვა წამოწყებას და ფანტაზიას გასაქანი მისცა, ზოგი კი სათაურების მოფიქრებით მხოლოდ  დეკემბერში დაინტერესდა.

კიდევ უფრო დაწვრილებით რომ გიამბოთ, მაგალითად, 17 სექტემბრის სათაურად დაგვიწერია მზე კაშკაშებს. ზამთრის ცივ დღეებში გულს სიხარულით მივსებს სექტემბრის კაშკაშა, თბილი დღის გახსენება. 18 სექტემბრის ქვეშ ყველა ბავშვის რვეულში სანდროს ცხვირი მხვდება. ცოტა არ იყოს, დამაბნეველი სიტყვებია. სამაგიეროდ, ჩვენ – მე და ჩემმა ოცდაექვსმა მოსწავლემ – მნიშვნელობა ვიცით. ამ დღეს სანდროს გაკვეთილზე ცხვირიდან სისხლი წასკდა და, როგორც ხდება ხოლმე, ყველას ყურადღება მიიქცია. დაფაზე მთავარ მოვლენად საგანგებოდ იმ მიზნით მოხვდა, რომ უხერხული სიტუაცია შესაძლოა ერთგვარ თავგადასავლად იქცეს და კლასის ისტორიაშიც ჩაიწეროს. 26 სექტემბერი – ანასტასიას დაბრუნება. როცა ბავშვი რამდენიმე დღე სკოლაში არ დადის, მისი დაბრუნება ნამდვილად უნდა აღინიშნოს ან ასე ნიკა მოგვენატრა – როდესაც სკოლას აცდენენ ჯანმრთელობის პრობლემის გამო, ესეც უნდა შევნიშნოთ. აი ია – 15 ოქტომბერი. პირველკლასელებმა ასო-ბგერების შესწავლა დაიწყეს და ამის შესახებ მესამე კლასელებსაც ვუამბობ. დამეთანხმებით, სადღესასწაულო მოვლენაა. 18 ნოემბერი – მარი მასი მოგვენატრა – კლასი დამრიგებლის გარეშე  უკაპიტნო გემს ემსგავსება.  28 ოქტომბერს კი ბოლო გაკვეთილის განწყობა ამგვარად გამოგვიხატავს – დავიღალეთ. საკლასო ოთახში ბურღი არის – სკოლაში სარემონტო სამუშაოების გამო შეჭრილ ცვლაში მოგვიწია სწავლა. პირველკლასელების საკლასო ოთახში ყოფნისას შუა გაკვეთილზე ბურღით ტანსაცმლის საკიდი მიამაგრეს. აბა, წარმოიდგინეთ, როგორ გამხიარულდებოდნენ. ხშირად, როცა რაღაც სასაცილო ხდება, მასწავლებელი თამაშგარეთ აღმოჩნდება ხოლმე. კლასი თუხთუხებს, სიცილი მძლავრდება და ისეთი განცდა გეუფლება, სადაც არის დაგროვებული ენერგია წაგლეკავს. ამიტომ სიცილის მიზეზის მთავარ მოვლენად გადაქცევა სიტუაციის განმუხტვის საუკეთესო საშუალებაა. თან სანამ დაფაზე ვწერ და სანამ ბავშვები რვეულში იწერენ, სიცილიც ნაღვერდალივით მინავლდება ხოლმე. ესეც ასე. ისევ სამუშაო განწყობა ბრუნდება და თან ყოველთვის გვეღიმება 22 ნოემბრის სათაურის წაკითხვისას. „ეზოში უპატრონო, ლაქებიანი ლეკვია“ – განა რამდენი დილა დაიწყება ისე, სკოლის კარში შესულს ფეხებში პატარა ლეკვი რომ გაგეხლართება?! 27 ნოემბერს ვწერ ამ სათაურს და თან ვკითხულობ, კიდევ ვინმემ თუ შენიშნა ლაქებიანი ლეკვი. „ხვალ დასვენებაა“ – ბავშვებზე არანაკლებ მასწავლებლებს გვიყვარს პარასკევი დღე. 8 ნოემბერი შაბათ-კვირის გამო ერთად გვიხაროდა. „ორი ქართული“ – ხუთშაბათს წყვილი გაკვეთილის გამო ველოდებით. 7 ნოემბერი ამგვარად გამოარჩიეს, რადგან „ორი ქართული“ ჯგუფურ სამუშაოსა და საინტერესო დღეს გულისხმობს. მანდარინებით, ვაფლით, ცხიმიანი, ტკბილი თუ მარილიანი ორცხობილებით, საწუწნი კანფეტებით – განსაკუთრებით დაწყებითი მასწავლებლები ვართ განებივრებულები. ერთ მშვენიერ დღეს, საშინაო დავალების შემოწმებისას შოთას მაგიდას რომ მივუახლოვდი, მოულოდნელად მერხის ბადიდან შოკოლადის ფილა ამოაფრიალა. ჰოდა, იმ დღის სათაურიც წამში დაიბადა – „შოკოლადი ამოხტა“. „ზამთარი დადგა და ქარიშხალი ამოვარდა“ – 2 დეკემბერს ასეთი სათაური შევურჩიეთ.

სათაურებისთვის იდეებს თავდაპირველად მე ვთავაზობდი. ახლა უკვე ერთად ვფიქრობთ და მართალი გითხრათ, ცოტა გართულდა საქმე. კლასში რამდენიმე ვერსია ჟღერდება და ცდილობ, გული არავის დასწყდეს. ერთხელ სამი სათაურიც კი დავწერეთ. იმდენად მნიშვნელოვანი მოვლენები გამოკვეთეს, თქვენც ასე მოიქცეოდით: „მასწავლებლის მაგიდაზე შოკოლადია“,  „მუსიკის გაკვეთილზე მასწავლებელმა ვიდეო გადაგვიღო“, „კლასში ნინას დაიკოა“ – პირველი სათაური შოთას ნაჩუქარი შოკოლადის ირგვლივ გვიყვება, რამდენიმე დღე ჩანთით დავატარებდი და 27 ნოემბერს მუსრი გავავლეთ; ამავე დღეს რამდენიმე წუთით ადრე მივედი სკოლაში. მუსიკის გაკვეთილი ჰქონდათ. ფეხზე იდგნენ და მღეროდნენ. კარს სიგრძეზე მინა დაჰყვება და ამ ჭრილიდან ბავშვები ჩანდნენ. ვიდეო გადავუღე. სათაურების წერისას რამდენიმემ სწორედ ეს ფაქტი გამოკვეთა. და მესამე, ვერაფრით დავტოვებდით გულგრილად ნინას დაიკოს ჩვენს გაკვეთილზე სტუმრობას.

ვფიქრობ, მეთოდის ირგვლივ გარკვეული შთაბეჭდილება შეგიქმენით. როგორც მონათხრობიდან გამოიკვეთა, მიზანი მრავალგვარია.

სათაურის შერჩევას ერთი წუთიც არ სჭირდება.  სამაგიეროდ, ამ პატარა დროში რამდენ რამეს სწავლობენ: მთავარ  მოვლენას მეორეულისგან გამოკვეთენ და ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებს ამჩნევენ; აკვირდებიან გარემოსა და ბუნებას; ეჩვევიან ერთმანეთისადმი გულისხმიერ დამოკიდებულებას; რაც მთავარია, გულწრფელ ურთიერთობას ვთავაზობ და იმავეს მიბრუნებენ.

კიდევ უფრო საინტერესოა ინდივიდუალური სათაურები, რომელთა საშუალებით კიდევ უფრო ახლოს გავიცანი თითოეული მოსწავლე: ზოგი მეოცნებეა, ზოგი პოეტური, ზოგი ძალიან გულუბრყვილო, ზოგი გონებამახვილი და ენამოსწრებული. საშინაო დავალების სათაურები გადაიქცა ერთგვარ მესიჯებად, რომლებსაც ბავშვები მიგზავნიან, მაგალითად: ცუდი დღე, ჩემი დეიდა ჩამოვიდა, ბედნიერი ოჯახი, დღეს ჩემთან ნათესავი მოვიდა, სკოლა მომენატრა, დედა ხინკალს აკეთებს, ადვილი დავალება გვაქვს, სასიამოვნო ხედი, სახლში მივედი და ეგრევე ვმეცადინეობ, მე წავიქეცი,  ღამით ვმეცადინეობ, სახლში არავინ არის, დედაჩემი მაგარი მასწავლებელია, მიტინგი, ახალი ბუცები მაქვს, მიყვარს ვარჯიში, გუშინ ცეკვაზე ვიყავი, სახლი მარტომ გავაღე, მარი მასი შეგვხვდა, გუშინ „ლეგენდა“ დამარქვეს, მე  ვიტკინე ტუჩი, ერეკლე ცუდად არის, ჩაის გაკეთება ვისწავლე, გუშინ სამი ლელო დავდე, ბიცოლა მასწავლებელია, პაპაჩემი – სახლის მასწავლებელი, დედის ალერსი, ლიზის კბილი მოსძვრა,  კვირას ახალი ძაღლი შემხვდა, გუშინ სასაცილო დღე იყო – თითოეული დაშიფრულია მრავლისმთქმელი ამბებით, ჩემგანაც მათ ამოკითხვას და დანახვას მოელიან.

ბუნების ბავშვებისეული აღქმა კიდევ უფრო ამაღლებულ განწყობაზე მაყენებს: ქარი შრიალებს, ფოთლები ძირს ყრია, აცივდა, ზამთრის პირველი თვე, მზიანი დღე,  დეკემბერი მობრძანდა, ბედნიერი შემოდგომა, ოქტომბერი გარბის, ცივი ზამთარი, ძალიან აცივდა, მგონი მალე თოვლიც მოვა, ვერ გავიგე, წვიმს თუ თოვს, მატყუარა მზე, ხვალ იმედია მზე გაანათებს, ხვალე თოვლია, ზამთარი გვიახლოვდება, ნოემბერმა შემოიჭყიტა, ისევ ცუდი ამინდია, ღრუბლები – თუ დამღლელი დღე ლექსების კითხვისთვის დროს არ მიტოვებს, ამგვარი ფრაზები სულს მინათებს.

განმავითარებელი კომენტარით – სიტყვიერად თუ წერილობით – ყოველთვის აღვნიშნავ თითოეულის სათაურს. ხშირად სათითაოდ ვაკითხებ. სტატიისთვის სათაურების თავმოყრამ კიდევ ერთი გაკვეთილის იდეა დაბადა: წლის ბოლოს სლაიდშოუდ ავკინძავ საკლასო წერისა თუ საშინაო დავალების ნაცვლად დაგროვებულ ჩვენს ამბებსა და განწყობებს. ამგვარი ქმედება კიდევ უფრო მეტ სურვილს გაუჩენთ, რომ უფრო დაკვირვებით განაგრძონ ცხოვრება.

 

 

 

 

 

კიდევ ერთი ლექსი სათარიღო(დ) – ბესიკ ხარანაულის „სად არიან შვილები…“

0

„სად არიან შვილები?“ – ეს არის შეკითხვა, რომელიც ათჯერ ისმის ბესიკ ხარანაულის ამავე სათაურის ლექსში. აქედან ერთხელ სიტყვა „შვილები“ ჩანაცვლებულია სიტყვით „ვეფხვები“, მაგრამ, ლექსის კონტექსტიდან გამომდინარე, სულაც არ არის ცხადი, რომ სიტყვები „შვილები“ და „ვეფხვები“ ერთმანეთის სინონიმებს წარმოადგენს. ვეფხვი შეიძლება იყოს ვაჟკაცი შვილის მეტაფორაც და, ამდენად, მისი სინონიმიც, თუმცა ვეფხვი შეიძლება იყოს მტრის მეტაფორაც, რომელიც იმ შვილმა განდევნა, რომელსაც ლოდინით დაღლილი მშობელი კითხულობს. მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერ ქართველს, რომელსაც ერთხელ მაინც წაუკითხავს „ლექსი ვეფხისა და მოყმისა“ და რომელიც ბესიკ ხარანაულის ლექსის ამ სტრიქონში ალუზიას დაინახავს ხალხური ზეპირსიტყვიერების ამ უკვდავ ნიმუშთან, მაშინვე მზად ექნება პასუხი, რომ ვეფხვებსაც ჰყავთ დედები და რომ ვეფხვიც, მერე რა, რომ ის ნადირია, ისიც შვილია. ამიტომაც, ამ კონტექსტში სულაც არ იქნება გასაკვირი, რომ ვეფხვის დედაც ეძებდეს თავის შვილს და მასაც ისევე სჭირდებოდეს მომკითხავი, როგორც ლექსში დასახელებულ უსახელო შვილებს. კითხვა, „სად არიან შვილები?“, რიტორიკულია და ალბათ ამის გამოა, რომ მთელ ლექსში არ იძებნება პასუხი კითხვით სიტყვაზე „სად?“. მაგრამ მიუხედავად ამისა, თავად რიტორიკულ კითხვას მაინც აქვს გაცემული პასუხი და ეს პასუხი უარყოფითია – „შვილები არ არიან“. ესაა მიზეზი, რომლის გამოც მკითხველს არასწორად შეიძლება ეგონოს, რომ ეს ლექსი პესიმისტურია. მაგრამ, თუ მკითხველი დაფიქრდება, თუ ვინ სვამს ლექსში შეკითხვას, ვინ არის ზემოთ დასახელებული რიტორიკული შეკითხვის ადრესატი და შემდეგ, როგორც კი პასუხი გაეცემა დასმულ კითხვას, ეს პესიმიზმი მაშინვე ეჭვქვეშ დადგება.

წერილის მიზანია, დავადგინოთ, ვისი პირით ამბობს პოეტი სათქმელს, ვისი ხმა ისმის ლექსში და ვინაა, მკითხველის გარდა, ამ ლექსში გაჟღერებული გზავნილის ადრესატი.

ლექსის შინაარსი, ერთი შეხედვით, რთული გასაგები არ არის. ამიტომაც, თითქოს ადვილი მისახვედრია, რომ ლექსის ლირიკული გმირი საყვედურობს მას, ვისაც შვილები მიაბარა. ეს უხილავი „მას“ არის ის, ვინც გაუგებარი მიზეზით ვერ მოუფრთხილდა შვილებს. ზედაპირული წაკითხვით, საყვედურის წარმომთქმელიც და საყვედურის ადრესატიც ალბათ დაკარგული თუ შინ დროულად არდაბრუნებული შვილების მშობლები არიან: ან დედა საყვედურობს მამას ან პირიქით, მამა – დედას. სავარაუდოდ, რადგან ლექსში არის სიტყვები „საყელოზე მოგწვდები“, ამ დასახელებული ჟესტის წყალობით, მკითხველს ინტუიცია კარნახობს, რომ შეკითხვის ადრესატი მამა არის და ამ ლექსში სასოწარკვეთილი დედის ხმა ისმის.

მაგრამ ლექსის სიტყვებში ოდნავი ჩაძიებაც კმარა, რომ საკითხს ნათელი მოეფინოს: ეს ლექსი არ არის საყოფაცხოვრებო შინაარსის და მისი ავტორი ბევრად უფრო სიღრმისეული გზავნილის გადმოცემას ცდილობს. რა შეიძლება იყოს ავტორის სათქმელი? თუკი გავითვალისწინებთ ლექსის დაწერის თარიღს და, შესაბამისად, იმ ისტორიულ კონტექსტსაც, რომელიც წინ უძღოდა მის შექმნას, გასაგები გახდება, რომ სიტყვა „შვილები“ მიემართება ქართველ ერს. თუმცა ამის გააზრება მაინც ბოლომდე არ სცემს პასუხს წერილის მთავარ შეკითხვას. რა თქმა უნდა, ერთი შეხედვით, წერილის მთავარ შეკითხვაზე პასუხი მარტივია: ლირიკული გმირი თავად პოეტია. მაგრამ მაშინ დასადგენია, ვის ჩააბარა მან შვილები? ვის საყვედურობს პოეტი? პასუხი ისევ ლექსის სიტყვებში უნდა ვეძებოთ, ოღონდ ამ შემთხვევაში თავი უნდა დავანებოთ სიტყვების მნიშვნელობას და უნდა დავუკვირდეთ მის ჟღერადობას, ამისთვის კი ლექსის სტრიქონების ბოლო სიტყვების სარითმო მარცვლები გამოვყოთ. ეს მარცვლებია: არიან, ქარია, მოგაბარეა, ქარია, ბარია, არიან, არიან, არიან, პატიმარია, ქარია, მოვასწარია, ქარია, დამრია, არიან, ხარეა, მოსახმარია, ქარია, არიან, ქარია, არიან, ქარია, არიან, არიან, ქარია. ამ მარცვლებში გამოიყოფა ხმოვნები ა, ი, ა, ორჯერ ხმოვანი ე-ც, თუმცა ფაქტია, რომ პირველი სამი ხმოვანი ძირითადი სარითმო ელემენტია და ლექსის ჟღერადობას ეს სამი ხმოვანი განაპირობებს. ანუ ლექსი დაქტილითაა გარითმული (ˉ˘˘) და მთელი ლექსი მონორიმულია. ჩემი აზრით, პოეტმა ლექსის რითმის საწარმოებლად გამიზნულად შეარჩია ეს კონკრეტული სამი ხმოვანი. ეს ის ხმოვნებია, რომლებიც აწარმოებენ სიტყვას, ან უფრო სწორად, საკუთარ სახელს „მარიამ“. შესაბამისად, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ლექსში დაშიფრულია ღვთისმშობლის სახელი. გარდა ამგვარად დაშიფრული საკუთარი სახელისა, ლექსში სხვა ფორმითაც იკითხება/აღდგება ღვთისმშობლის სახელი/სახე. მაგალითად, როგორც კი ყურადღებას გავამახვილებთ, თუ რა კავშირშია ერთმანეთთან სიტყვები „ქარი“ და „საქართველო“, აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი სამშობლოს სახელი, შესაძლოა, დაიშალოს მარცვლებად „სა“, „ქარ“ და „თველო“. ცხადია, არც მე და, მით უმეტეს, არც პოეტი არ ამტკიცებს, რომ ამ მარცვლებში უნდა ვეძებოთ სიტყვა „საქართველოს“ ეტიმოლოგია. თუმცა პოეტი იყენებს სიტყვა „საქართველოს“ მეორე მარცვალს, რომელიც ბუნებრივად ეხმიანება სიტყვას „ქარი“ და ამ უნებლიე დამთხვევაზე აგებს მთელ ლექსს. რადგანაც ლექსში გამოყენებული სიტყვა „ქარი“ ქვეყანასთან მიმართებით არც ისე ოპტიმისტურია და ის ნგრევას, განადგურებას, გაცამტვერებას უკავშირდება, თავდაპირველად მკითხველსაც პესიმიზმი შეიპყრობს. მაგრამ ლექსის ფინალურ სტრიქონებამდე პოეტი იკითხავს: „საქართველო, მითხარი, ნუთუ მხოლოდ ქარია?“, ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ გარდა „ქარ“ მარცვლისა, სიტყვა „საქართველოში“ არის მარცვლები „თვე“ და „ლო“-ც. თუკი მარცვალ „ქარ“-ს ჩამოვაშორებთ მეორე თანხმოვანს და ამ თანხმოვანს „თვე“-ს დავურთავთ წინ, ხოლო მარცვალ „ლო“-ს ჩამოვაცილებთ თანხმოვანს და მივუერთებთ მარცვალ „რთვე“-ს, მივიღებთ ახალ მარცვალს: „რთველ“, რომელიც სიტყვა „რთველი“-ის ეხმიანება და უკვე იმედისმომცემად გამოიყურება. სამწუხაროდ, პოეტი ლექსის ფინალურ სტრიქონებში ჯერ კიდევ ვერ ხედავს, რომ საქართველო რთველი და, შესაბამისად, ბარაქაა და მას ჯერ კიდევ ქარის ხმა ესმის, ჯერ კიდევ ქარს ხედავს დღისით და ღამით, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სამშობლოს სახელში „ქარს“ „რთველი“ არ გადაძლევს და დღეს აქროლებულ ქვეყანას ხვალ ვაზითა და ვენახით აყვავებული მიწა-წყალი არ  ჩაენაცვლება. ჩემი აზრით, როგორ კი მკითხველი ლექსში ამოიცნობს სიტყვა „რთველი“-ს, მას აღარ გაუჭირდება არც ღვთისმშობლის სიმბოლოს „ვენახის“ ამოცნობა, რომელიც, ჩემი აზრით, ისევეა დაშიფრული ლექსში, როგორც მისი საკუთარი სახელი „მარიამი“. ჩემი მტკიცებით, ღვთისმშობლის საკუთარი სახელიც და მისი გავრცელებული სიმბოლოც ირიბად სახელდება ბესიკ ხარანაულის ლექსში. ის კი არა, ლექსის ორ სტრიქონში – „იმ ხესაც ხომ შენ დასწვავ, შენი მოსახმარია“ და „ეშმაკს ერქვას სახელად, ვინც მე ხელი დამრია“ – ასო-ბგერათა გადანაცვლებით „შენ ხარ ვენახი“-ს ამოკითხვაა შესაძლებელი. როგორც ვხედავთ, პოეტი მკითხველს ეთამაშება; მისთვის სიტყვები მარცვლებია და ასოები, რომელთაგანაც ერთი კი არა, უამრავი ახალი სიტყვა იწარმოება. აი, თუნდაც რომ ავიღოთ სიტყვები „ეშმაკს ერქვას სახელად, ვინც მე ხელი დამრია…  იმათ სახელობაზე ხე მაინც ახარეა, იმ ხესაც ხომ შენ დასწვავ, შენი მოსახმარია“, ამ სიტყვების შემადგენელი მარცვლებით/ასო-ბგერებით მხოლოდ სიტყვა „ვენახი“ კი არა, ეშმაკის ხსენებაზე ასოციაციურად ამოტივტივდება და დალაგდება ახალი სიტყვები „ადამი“, „ევა“ და „სამოთხეც“. თუკი ჩემი ვარაუდი სწორია და რამდენიმე სტრიქონში მართლაც ბიბლიური სიტყვებია დაშიფრული, მაშინ ლექსის რამდენიმე სტრიქონის („ჩემი მკვდარი კი არა, შენი პატიმარია“, „გოგო ბიჭი გიყვარდა, თქმა ვერ მოასწარია“, „ეშმაკს ერქვას სახელად, ვინც მე ხელი დამრია“) წაკითხვა სრულიად ახლებურად იქნება შესაძლებელი. ამ წაკითხვის მიხედვით, ლექსი (უფრო სწორად რამდენიმე სტრიქონი) უფლის მონოლოგია და შვილები, რომლებსაც უფალი ეძებს, ადამი და ევა არიან, რომელთაც შესცოდეს და მათი ცოდვის გამოისობით ახლა ეშმაკს ჰქვია მისი სახელი, ვინც უფალს ხელი დარია. თუმცა ეს ლექსის წაკითხვის მხოლოდ ერთი ვერსიაა.

მეორე ვერსიით, ლექსი, თუკი მის სტრიქონებში რამდენჯერმე იკითხება საკუთარი სახელი მარიამი, ღვთისმშობლის ნატირალი შეიძლება იყოს. როდის იტირა ღვთისმშობელმა? როდესაც ჯვარცმული ნახა თავისი ძე. მაგრამ ამ ლექსში ღვთისმშობელი თავის შვილს კი არა, იმ ქვეყნის შვილებს ტირის, რომელთა ქვეყანაც მისი პატრონაჟის ქვეშაა. ღვთისმშობელმა ვერ დაიცვა იესო. მაგრამ იესო მკვდრეთით აღდგა. მწუხარება სიხარულით შეიცვალა. ქვეყანა, რომელიც ვით ფოთლებში ქარი, ისე აქროლდა, სინამდვილეში ვერ აქროლდება, თუკი მისი მეოხი ღვთისმშობელია.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღვთისმშობელმა ვერ დაიცვა თავისი ჩაბარებული ქვეყანა? ცხადია, არა. თანაც, თუკი ვამბობთ, რომ ეს ლექსი ღვთისმშობლის ნატირალია, ლექსის შინაარსი გვეუბნება, რომ მას ადრესატი ჰყავს. ვის შეიძლება მიმართოს მარიამმა? ნუთუ უფალს? ჩემი აზრით, პასუხი არც „არა“ არის და არც „კი“. განვიხილოთ ორივე ვარიანტი. ღვთისმშობელი სიტყვებით „სად არიან შვილები, მე რომ მოგაბარეა“ ერის მამებს მიმართავს, მათ, ვინც უნდა გაფრთხილებოდნენ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილებს. ვინ არიან ერის მამები? 80-90-იან წლებში ასეთი ადამიანი ბევრი არ ყოფილა და მათი სახელების წარმოებაც შეიძლება იმ სიტყვებიდან, რომლებიც მარცვლებად და ასოებად იშლება (იმავე მარცვლებიდან და ასოებიდან სხვა პირების სახელების წარმოებაც შეიძლება – ვინც უშუალოდ იღებდა მონაწილეობას, მაგალითად, 9 აპრილის მოვლენებში, იქნებოდნენ ეს დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრები (ოგაბარეა) თუ რუსი ჩინოვნიკები, რომელთაც მომიტინგეების დარბევის ბრძანება გასცეს (იაზოვი, როდიონოვი) და ასე დარიეს ხელი საქართველოს მეოხს; თუ ქართული მხარიდან ბრძანების შემსრულებელი პატიმარი). მაგრამ ცხადია, არაფერი არა აქვთ სასაყვედურო „ერის მამებს“, ანუ მათ (დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრებს), ვისაც შვილები ებარათ. ანუ ღვთისმშობლის ნატირალის ადრესატი არ არიან ერის მამები. მიუხედავად იმისა, რომ ვერსიას არსებობის უფლება აქვს, არა მგონია, რომ პოეტისთვის ეს შეხედულება, თითქოს 80-იანი წლების ბოლოს ეროვნულ მოძრაობაში ჩართული ფიგურები ვერ გაუფრთხილდნენ მიბარებულ შვილებს, მისაღები ყოფილიყო. ამ აზრის გავრცელება მხოლოდ სუკ-ს აწყობდა და წარმოუდგენელია, ბესიკ ხარანაული სუკ-ის დიდაქტიკას წამოგებოდა.

ლექსი სხვაგვარადაც შეიძლება იქნეს წაკითხული. თუკი ლექსი ღვთისმშობლის ნატირალია, ის თავის ქმედებათა თანმიმდევრობას ამ ზმნებით გადმოსცემს: „გავალ, გავიხედები“ და „გავალ, ავეძრახები“. რას ნიშნავს „ავეძრახები“? ამ სიტყვის ძირი „ძრახ“ გვხვდება გამოთქმაში „ნუ დამძრახავ“. შესაბამისად, გამოდის, რომ ღვთისმშობელი საყვედურს ქვევიდან ზევით უთვლის, რადგანაც ზმნას აქვს წინდებული, რომელიც სწორედ ამ მიმართულებას აღნიშნავს. ვის აძრახა ღვთისმშობელმა? ვინაა მის ზევით? პასუხი ნათელია. მხოლოდ ღვთისმშობელს აქვს უფლება, თუნდაც ერთხელ, თუნდაც არასწორად „აძრახოს“ თავისი საყვედურის ადრესატს. მაგრამ ვინაიდან წარმოუდგენელია, აძრახვის მიუხედავად, ვინმე, თუნდაც ღვთისმშობელი, უფალს „საყელოზე“ მისწვდეს, ამ ვერსიას ფეხქვეშ ნიადაგი ეცლება. თუმცა რატომაც არა? რატომ არ შეიძლება, რომ, როგორც დედა უსაყვედურებს მამას, რომელიც ვერ მოუფრთხილდა მიბარებულ შვილებს, ღვთისმშობელმაც უსაყვედუროს ყველას მამას? ამ საყვედურში სასოწარკვეთაა, ამ საყვედურში ემოციაა, ამ საყვედურში წამიერი გაბრაზებაა. როგორც კი აფექტი გადაივლის, მაშინვე ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება: უფალს მიბარებული შვილები – მერე რა, რომ აგვიანებენ და ჯერ არ ჩანან – არ დაიკარგებიან და ადრე თუ გვიან აუცილებლად გამარჯვებულები დაუბრუნდებიან სახლს.

როგორც ვნახეთ, ბესიკ ხარანაულის ლექსის „სად არიან შვილები“ წაკითხვა რამდენიმენაირად შეიძლება. ყველა წაკითხვა გამართლებულია, რადგან პოეტს გამიზნულადაც რომ არ დაეტვირთა ამ ყველაფრით ლექსი, ის ინტუიციით მაინც იმოქმედებდა.

რაც შეეხება ლექსის „სად არიან შვილები, შვილები სად არიან“ სწავლებას, ჩემი რჩევაა, რომ მასწავლებლებმა აუხსნან თავიანთ მოსწავლეებს, რაც ნიშნავს თამაში „ასო-ბგერათა ბანკი“ (letter bank) და მას შემდეგ, რაც მოსწავლეებს დაავალებენ, მოიძიონ ინფორმაცია 9 აპრილზე, ამ სისხლიან დღეს დაღუპულ გმირებზე, ქვეყნის მტრებზე, შემდეგ უკვე თხოვონ ყველა შესაძლო ცნობილი სახელი მოიძიონ და ამოიკითხონ ლექსში. ამ გზით მოსწავლეები დაიმახსოვრებენ იმ სახელებს, რომლებიც მათ არასოდეს უნდა დაივიწყონ და სულმუდამ უნდა ახსოვდეთ. აქვე დავძენ, რომ, შესაძლოა, ლექსის დაწერა სულ სხვა ისტორიულმა მოვლენებმა შთააგონეს მწერალს, მაგრამ ამ ლექსის ღირსება ისიც არის, რომ ის მიესადაგება არაერთ მნიშვნელოვან თარიღს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ამიტომაც, მე მგონია, რომ ცუდი არ იქნება, თუკი ლექსის შესწავლას დავამთხვევთ, მაგალითად, 9 აპრილს. თუმცა ამის აუცილებლობა არ არის. და თუ დავამთხვევთ აპრილს, მაშინ გაკვეთილი დასამახსოვრებელიც უნდა გავხადოთ.

მინიშნება: ასო-ბგერათა ბანკი ესაა ანაგრამის მონათესავე ხერხი, როდესაც ერთი სიტყვის (ამ შემთხვევაში სტრიქონის ან ლექსის) შემადგენელი ასოებით შეგვიძლია სხვადასხვა სიტყვების წარმოება ისე, რომ ეს ასოები, ანაგრამისგან განსხვავებით, იმდენჯერ გავიმეოროთ, რამდენჯერაც საჭირო იქნება. როდესაც მე და ჩემმა მოსწავლეებმა ვცადეთ, აღმოვაჩინეთ, რომ 9 აპრილს დაღუპულთა სახელების აწყობის შემთხვევაში ლექსში გამოყენებული ყველა ასო-ბგერა საკმარისია. ასევე ასო-ბგერები საკმარისია ბრძანების გამცემთა გვარების ასაწყობადაც. ხოლო, თუკი რამდენიმე ასოს ორჯერ გამოვიყენებთ, მაშინ ასაწყობ სიტყვებს დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრთა სახელებიც შეემატება.

რჩევა: სასწავლო რესურსის შესაქმნელად ლექსი დაშალეთ ასოებად. ეს საქმე მოსწავლეებს დაავალეთ. შექმენით ორი ან სამი ჯგუფი და შეაჯიბრეთ, მიცემულ დროში რომელი ჯგუფი უფრო ადრე ააწყობს უფრო მეტ სახელს მხოლოდ მეხსიერებაზე დაყრდნობით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კითხვითი უნარების გაუმჯობესება და მოგვარების გზები (ნაწილი I)

0

მასწავლებლები ხშირად ვაწყდებით კითხვასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ამ სტატიაში მოგიყვებით ჩემს პრაქტიკულ კვლევაზე, რომელიც კითხვითი უნარების გაუმჯობესების გზებს გთავაზობთ.

დასაწყისში მინდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოვყო პრაქტიკულ კვლევასთან დაკავშირებით, რათა ერთგვარი წარმოდგენა შეგიქმნათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნებისმიერი მასწავლებლისთვის საკუთარი პრაქტიკული კვლევის ჩატარება. პრაქტიკული კვლევის დროს, როგორც თეორია და პრაქტიკა, ასევე კვლევა და მოქმედება კავშირშია ერთმანეთთან.  მასწავლებლის საკუთარი პრაქტიკის კვლევა, ერთი მხრივ, ხელს უწყობს პრობლემების აღმოფხვრას, მეორეს მხრივ კი, ეხმარება მასწავლებელს ცოდნის მიღებასა და გაღრმავებაში. პრაქტიკული კვლევის საჭიროება ჩნდება მაშინ, როდესაც გვინდა არსებული მდგომარეობის შეცვლა.

ჩემი კვლევის მიზანი გაჩნდა მაშინ, როდესაც დავასრულეთ ანბანის შესწავლა და გადავედით კითხვაზე. გარკვეული პერიოდის შემდეგ შეინიშნებოდა, რომ კლასში კითხვის პრობლემა იდგა. მოსწავლეების უმრავლესობა ვერ კითხულობდა გამართულად, არ ჰქონდათ საკმარისი ლექსიკური მარაგი, ასევე მათთვის სირთულეს წარმოადგენდა წაკითხულის გააზრება. აქედან გამომდინარე გადავწყვიტე, რომ ჩამეტარებინა პრაქტიკული კვლევა, რომლის მიზანი იყო, მოსწავლეებს კითხვის ეფექტური მეთოდებითა და სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებით  გაეუმჯობესებინათ  კითხვის ტექნიკა, მოეხდინათ გაგება-გააზრება, გაეუმჯობესებინათ ფონოლოგიური უნარ-ჩვევები და გაემდიდრებინათ ლექსიკური მარაგი.

კვლევის სამიზნე ჯგუფი იყო:

  1. სადამრიგებლო კლასის მოსწავლეები ( პირველი კლასი);
  2. ჩემი სადამრიგებლო კლასის მშობლები;
  3. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები.

 

კვლევის განმავლობაში ვცდილობდი პასუხი გამეცა შემდეგ კითხვებზე:

  • რა ფაქტორები ახდენს გავლენას კითხვის ეფექტურობაზე?
  • როგორია კითხვის სტრატეგიების გამოყენება ჩემს სამიზნე კლასში?
  • როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს კითხვითი მეთოდების გამოყენების პრაქტიკა?
  • რა შეიძლება გაკეთდეს სამომავლოდ კითხვითი მეთოდის კიდევ უფრო გასაზრდელად?

კვლევის დასაწყისში გავეცანი სხვადასხვა ლიტერატურას, მათ შორის ჩემთვის ბევრი საინტერესო სტატია აღმოჩნდა mastsavlebeli.ge-ის პორტალზე, რომელიც დამეხმარა მუშაობის პროცესში.

მონაცემთა შეგროვება გადავწყვიტე რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდის  გამოყენებით. ვთვლი, რომ ორივე მეთოდის გამოყენება კვლევას უფრო სანდოს ხდის.

 

კვლევის განხორციელება და ანალიზი

კვლევის პირველ ეტაპზე მოვახდინე  ჩემს სადამრიგებლო კლასში საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვება. შედეგად უკეთ შევისწავლე არსებული პრობლემები. შევარჩიე ფოკუსჯგუფის წევრები, რომელთანაც ვაწარმოე სიღრმისეული ინტერვიუ. ეს მეთოდი გამოვიყენე დაწყებითი საფეხურის პედაგოგებთან, რამაც პრობლემის მიზეზები უფრო გამოკვეთა.

კლასში ჩავატარე გამოკითხვა, რომლის მეშვეობითაც დავადგინე მოსწავლეების დამოკიდებულება კითხვისადმი, ინტერესები და კლასში არსებული ზოგადი ფონი. ამან საშუალება მომცა, ეფექტურად  შემემუშავებინა ინტერვენციები.

ანონიმური გამოკითხვა ჩავატარე მშობლებთან, შედგენილი კითხვარის გამოყენებით, რის საშუალებითაც დავადგინე, რამდენად უწყობენ ხელს შვილებს კითხვაში, კითხვის რომელ მეთოდებს იყენებენ,  ხედავენ თუ არა ამ საკითხში პრობლემას.

სიღრმისეული ინტერვიუ ვაწარმოე  მასწავლებლებთან, რათა დამედგინა მათ კლასში პრობლემები, რომლის გადაჭრის გზებსაც შემდეგში შევთავაზებდი.

მას შემდეგ რაც გავეცანი ლიტერატურას და შევაგროვე მონაცემები, შევიმუშავე ინტერვენციები, რომელიც ითვალისწინებდა კვლევის შედეგად გამოვლენილი პრობლემების მოგვარებას. გაკვეთილები ჩავატარე შემდეგი სტრატეგიების მიხედვით:

  • დიდი წიგნების ერთობლივი კითხვა, რომლის მიზანიც იყო ტექსტის მახასიათებლებისა და ფონეტიკური ცოდნა, ტექსტის შინაარსის გაგება/გააზრება, გაბმული კითხვა და ლექსიკური მარაგის გამდიდრება. ეს ინტერვენცია ვიზუალური წიგნიერებისა და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარებასაც ემსახურება.

მოსწავლეებისათვის შევქმენი დიდი წიგნი, რომელიც გავაფორმე ილუსტრაციებით. მოსწავლეებში ამან ერთგვარი მოტივაციის ამაღლებაც გამოიწვია, რადგან ძალიან მოეწონათ მათთვის უცხო ზომის წიგნი. ამ ინტერვენციის განხორციელების დროს ბავშვები კითხულობდნენ ჩემთან ერთად, მეწყვილესთან ერთად და ასევე ინდივიდუალურად.  მქონდა გამოჭრილი ჩარჩო, რომელშიც ერთ რომელიმე სიტყვას ვათავსებდი, მოსწავლეებს უნდა ამოეკითხათ, დაესახელებინათ სიტყვა და განემარტათ. ამ ინტერვენციამ ხელი შეუწყო სემიოტიკური კომპეტენციის გამომუშავებასა და განვითარებას. მოსწავლეებს განუვითარდათ საკუთარი ნააზრევისა და განცდილის  სხვადასხვა საშუალებით გადმოცემის უნარი.

2) ორიენტირებული კითხვა ეს მეთოდი ხელს უწყობს ტექსტის გაგებას, მოსწავლეებს უვითარებს  კრიტიკულ აზროვნებას, აგრეთვე ვარაუდების გამოთქმასა და არგუმენტირებულ მსჯელობას, სიღრმისეულად ხდება ტექსტის დამუშავება.

მოსწავლეებისათვის შევარჩიე მცირე ზომის, მარტივი ტექსტი. ის მონაკვეთებად მქონდა დაყოფილი. დაფაზე გაკრული მქონდა ფორმატი, სადაც ვარაუდების სქემა მქონდა დახაზული. მოსწავლეებს წავუკითხე ტექსტი და შევავსე ვარაუდების სქემა, მას შემდეგ, რაც მათ აზრი გამოხატეს. ბოლოს კი შევსებული სქემა შევაჯამეთ.

ორიენტირებული  კითხვის შედეგად მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები საგაკვეთილო პროცესში. ეს მეთოდი იძლევა საშუალებას ყველა დონის მოსწავლემ გაიაზროს ტექსტი, შეუნარჩუნოს ყურადღება და დარჩეს დაინტერესებულ მკითხველად.

3) მნიშვნელოვანი სიტყვები – ამ მეთოდის დროს მოსწავლეები არამხოლოდ ახალ სიტყვებზე მუშაობენ, არამედ იძენენ სხვადასხვა კონტექსტში ამ სიტყვების გამოყენების უნარ-ჩვევებს. აგრეთვე, განარჩევენ ტექსტში მთავარ და მეორეხარისხოვან ინფორმაციას.

მოსწავლეებისათვის შევარჩიე აღწერილობითი ტიპის ტექსტი, სადაც მათთვის უცხო რამდენიმე სიტყვა იყო მოცემული. ყველა მოსწავლისათვის დავამზადე ტექსტი და დავურიგე წებოვანი ბარათები. სანამ უშუალოდ ტექსტზე მუშაობას დავიწყებდით, გონებრივი იერიშის გამოყენებით მოსწავლეებს გავუღვიძე ინტერესი. მივეცი შემდეგი ტიპის დავალება, მათ უნდა ამოეწერათ წებოვან ბარათებზე ტექსტიდან მნიშვნელოვანი სიტყვები, რომელიც შინაარსის გააზრებას შეუწყობდა ხელს. შემდეგ უნდა გაეკრათ დაფაზე, სადაც გამოიკვეთებოდა ყველაზე რეიტინგული სიტყვა. იმისათვის, რომ ამ სიტყვების უკეთ გააზრება მომეხდინა, მოსწავლეებს შერჩეულ სიტყვებზე მივეცი სხვადასხვა დავალებები. ისინი დავყავი ჯგუფებად. ერთ ჯგუფს მოცემული სიტყვების სინონიმები და ანტონიმები უნდა დაეწერა. მეორეს ტექსტიდან ამოეწერა წინადადება, სადაც ეს სიტყვა იყო გამოყენებული. მესამე ჯგუფს კი უნდა მოეყვანა კონკრეტული მაგალითი, როგორ გამოიყენებდა ამ სიტყვას სხვა კონტექსტში.

4) მკითხველთა თეატრი გამართულ კითხვასა და გაგებას უწყობს ხელს. ამ მეთოდის გამოყენების დროს კვირის დასაწყისში მოსწავლეებისათვის შევარჩიე მოთხრობა, რომელიც დატვირთული იყო დიალოგებით.  მოსწავლეებს გავუნაწილე როლები და მივეცი შესაბამისი ტექსტი.  მათ მთელი კვირის განმავლობაში ჰქონდათ დრო ტექსტის დასამახსოვრებლად. ასევე ვესაუბრე თეატრის მნიშვნელობაზე, გავაცანი ტერმინები და მეტი სიცხადისთვის წავიყვანე თეატრში, დავესწარით სპექტაკლს ,,ტყის ამბები“. ყოველივე ამის შემდეგ კლასში მოვაწყვეთ წარმოდგენა, რომელიც მოსწავლეებისა და ჩემი ჩართულობით იყო გაფორმებული.  ყველა მოსწავლე შესაბამისი როლის ტექსტს ამბობდა, ცდილობდნენ გამომეტყველებითა და შესაბამისი ინტონაციით წარმოეთქვათ. წარმოდგენის შემდეგ მოსწავლეებს გავუკეთე განმავითარებელი კომენტარები.

შუაზამთრის ჩანაწერებიდან

0

მამაჩემის გარდაცვალების დღეა. ყველაზე მძიმე დღე ჩემს ცხოვრებაში.

და უცნაური რამ მინდა მოგითხროთ:
თუ რამეზე შეიძლება არ დავიწუწუნო, ეს ხალხის სიყვარულია. მეტიც, სრულიად გაუგებრად და დაუმსახურებლად – ზედმეტად ჭარბია ეს მომართება ჩემდამი – უცხო ადამიანები ქუჩაში მაჩერებენ და მეხუტებიან. ყოველდღე ასობით შექების წერილი მომდის. ვიბნევი და მრცხვენია, მაგრამ ცხადია, თანაც მიხარია.
მიხარია, თუმცა არასდროს მგონებია, რომ ამხელა სიყვარული შეიძლება უცებ დიდ სიძულვილში არ გადახურდავდეს და არც ამით სარგებლის სურვილი გამჩენია. ამიტომ, სულ ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ. კრემლზე და რუსულ კულტურის ცენტრზეც იგივე ვთქვი და ვიმეორებ. აქაც ვერ დავიჩივლებ მცირე მხარდაჭერით, მაგრამ იმ დღიდან ამ გვერდს აეკიდა ხუთამდე ტროლ-ბოტი, რომელიც მამაჩემის მოსაგონარ უკიდურესად სევდიან წერილებზეც კი საშინელ შეურაცხყოფებს აქვეყნებდა კომენტარად. და მერე სოფელში ამ კომენტარებს უკითხავდნენ დედაჩემსაც. ეს გვერდები ამასწინ გაქრნენ, მაგრამ ცხადია, ადამიანები, ვინც მათ მართავდნენ, ისევ ხილულები არიან და თვალყურს მადევნებენ. და მინდა მივმართო მათ: ამ დღეს, მამაჩემის გარდაცვალების დღეს, მე მათ ვპატიობ ყველა ამაზრზენ კომენტარს და არც ბოდიშს ველი მათგან. ერთადერთი – იმედი მაქვს, ცოტა ხანი მარტო დარჩებიან საკუთარ თავთან და ათი წუთის ფიქრით მეტი იქნებიან, ვიდრე იყვნენ. ეგებ ამ ფიქრმა რომელიმე გადაარჩინოს.

 

2015 წლის მიწურული – 2016 წლის დასაწყისი საკმარისზე მეტად მძიმე აღმოჩნდა: ჯერ მამა ოზურგეთში, რამდენიმე დღის შემდეგ კი მედიკო, ბებიაჩემი დავკრძალეთ, სოფელ ნატანებში. სამძიმრის მიღებისას, ცხადია, ნათესავები მცირე ხნით ყოვნდებოდნენ ჩემთან. ერთხელაც, ერთი მოვიდა და მკითხა: ,,კი, მარა, ბოლო-ბოლო, ყველამ დააყენა საშველი და შენ როის აპირებ?’’ შეცბუნებულმა შევხედე. წამის შემდეგ მივხვდი, ცოლის მოყვანაზე მეკითხებოდა, მაგრამ კონტექსტის გათვალისწინებით, რომ არა გურული დაშიფრული ლაპარაკის პროფესიული ცოდნა, წესით, სხვა რამე უნდა მგონებოდა. გამეღიმა კიდეც და ვუთხარი: ,,მალე, 33 წლის რომ გავხდები’’ ,,არ გადააცილო იცოდეო’’ გამომცდელი მზერით მიპასუხა და კმაყოფილი წავიდა. რა სათქმელია: ეს იყო პირველი ღიმილი ბოლო კვირანახევრის მანძილზე. და მივხვდი, რომ არსებობს გადაკვეთის წერტილები, რომლებსაც სიტყვები უნებურად ქმნიან, სადაც სიკვდილი და ქორწინება, სიცოცხლე და დაკრძალვა თანაბრდება. ეს არის კიდეც ადამიანად ყოფნის ერთერთი ნიშანი.

 

 

დღეს ბედობაა და დღეს დილით – აუცილებლად უნდა ავდგეთ ადრე, ვისაც ღმერთი სწამს – უნდა ვილოცოთ, ვისაც არა – რამე კარგი ჩავიფიქროთ. ფუი, ეშმაკს და ვივარჯიშოთ ან ვისეირნოთ მაინც, სეირნობისას აუცილებლად შევხედოთ ვინმეს ქუჩაში, ერთი შეხედვით, ძალიან არამსგავსს და თავს დავაძალოთ, გაჭირდება, მაგრამ დავაძალოთ და გავიფიქროთ: მასაც, როგორც მე, უნდა რომ იყოს კარგად, მასაც, როგორც მე, აწუხებს რაღაც დიდი და რაღაც მცირე, ისიც, როგორც მე, ოდესმე გაქრება ამ ქვეყნიდან და მოდი, დღეს თავს ნუ დავესხმები. მერე, სიზარმაცეს კვანტი დავუდოთ და წავიშრომოთ, ორჯერ ფუი ეშმაკს და ცოტა წიგნიც წავიკითხოთ, თუ სხვას ვერაფერს მივაგენით, კვანტურ ფიზიკაზე მაინც – თუნდაც ვერაფერი გავიგოთ, მაინც წავიკითხოთ. ცოტა რამე შევიძინოთ და ვინც ვერ შეიძინა, მასაც ვუწილადოთ – ნუ დავიჯერებთ, რომ ამ დღეს გაცემა არ შეიძლება, დავიჯეროთ იმის, რაც რუსთაველმა გვითხრა: ,,რასაც გასცემ” და კიდევ ისიც, რაც მანვე გვითხრა: ,, რაც არა გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა”. ეს დღე ამ აფროზიმის იყოს.
ხვალ? ხვალაც აუცილებლად ავდგეთ დილით ადრე, ზეგაც, ზეგაც დილით ადრე ავდგეთ, მაზეგაც, ორი კვირის მერეც, სამი თვის მერეც და თორმეტი თვის მერეც დილით ადრე ავდგეთ, ავდგეთ და დანარჩენი, როგორც ტექტსშია.
და სოფელიც აშენდება.

მოცინარი ტერმინატორი ანუ აზოტის რაობა

0

წლების წინ ტელევიზორში ფილმი „ტერმინატორი“ ვნახე. გეთანხმებით, სრულიად არაფრით გამორჩეული გახლდათ. მომავლიდან ჩამოდის ახმახი კაცი, რომელიც სინამდვილეში აწყობილი რობოტი-მანქანაა. ამ კაცს ერთი ქალის განადგურების მისია აკისრია. ეს ქალი იმ ინჟინრის დედაა, რომელიც მომავალში ამ კაცის მსგავს ახმახ კაც-მანქანებს გაანადგურებს. ოღონდ, ჯერ ამ მომავალი ინჟინრის ხსენებაც არაა, ჯერ არც კი ჩასახულა. ადამიანებმა არც მომავლის მანქანებზე იციან რამე. ჰოდა, კაც-მანქანის მიზანი ყველაფერში ჩანასახშივე მოსპობა გახლავთ. მთელი ფილმი სროლა, სირბილი და ლაწა-ლუწია. რა თქმა უნდა, ქალს ვიღაც ყოჩაღი ბიჭი ეხმარება და საბოლოოდ იმ ახმახ მანქანა-კაცს სადღაც გადაუძახებენ, სადაც განადგურდება, რადგან… იქ, სადაც ჩააგდეს,  თხევადი აზოტია.

დედამიწაზე ერთ-ერთი გავრცელებული ელემენტია. მის გარეშე სიცოცხლე შეუძლებელია. ბაქტერიებიდან დაწყებული ადამიანით დამთავრებული ყველა ორგანიზმში შედის. გარდა ამისა, სულ ჩვენ ირგვლივაა, რადგან ჰაერი მას დიდი რაოდენობით შეიცავს.  საუბარი აზოტზეა, რიგით მეშვიდე ელემენტზე.

აზოტის აღმოჩენა იოლი არ ყოფილა. ჩვეულებრივ პირობებში  უფერო და უსუნო აირია. ჰაერში 21% ჟანგბადია, 78% აზოტი. დავადასტუროთ ეს ექსპერიმენტით. ავიღოთ მინის კრისტალიზატორი, წითელი ფოსფორი და მინის ხუფი. ხუფზე ფანქრით წინასწარ ნიშნულები გავაკეთოთ და ხუთ ნაწილად დავყოთ.

კრისტალიზატორში ჩავასხათ წყალი, შუაში ჩავდგათ ფაიფურის ჯამი, რომელშიც ჩავყრით წითელ ფოსფორს და ცეცხლს მოუკიდებთ. დავახუროთ ხუფი, რომელიც თეთრი კვამლით აივსება. წვისას ფოსფორი ჰაერის ჟანგბადთან ურთიერთქმედებს.

4P+3O2=2P2O3

4P+5O2=2P2O5

წყალში კარგად  ხსნადი  ოქსიდები წარმოიქმნებიან. ხუფის ქვეშ ჟანგბადი გამოილევა და მის ადგილს წყალი დაიკავებს. წყალი ზუსტად ერთი ნიშნულით  აიწევს ზევით. ანუ მოცულობის მეხუთედს დაიკავებს, რაც 20%-ია. სხვა აირები, რაც ხუფში დარჩა წვას ხელს აღარ შეუწყობს. შეგვიძლია ასეც თქვათ, რომ ხუფში მხოლოდ აზოტი დარჩა. ანუ, რეალურად იქ არის ინერტული აირები, ნახშირორჟანგი და წყლის ორთქლი, თუმცა, თუ ამას დროებით ყურადღებას არ მივაქცევთ, გამოდის, რომ აზოტი დარჩება.

აზოტის აღმოჩენას ბევრი ცდილობდა, წინა ექსპერიმენტის მსგავს ცდებს აკეთებდნენ და ვერ გაეგოთ, რა აირს იღებდნენ. არც სუნთქვისთვის და არც წვისთვის არ ვარგოდა, ამიტომ „უსიცოცხლო“ უწოდეს, რაც ბერძნულად „აზოტია“.

შემდეგ ნათელი გახდა, რომ აზოტი ყველა ცოცხალისთვის აუცილებელია, შედის ნუკლეინის მჟავების, ცილების, ამინმჟავების, ვიტამინებისა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემადგენლობაში. ჰოდა, „უსიცოცხლო“ კი არა ფაქტობრივად „სიცოცხლის ელემენტი“ გამოდის.

მყვინთავებთან საქმე ოდნავ სხვაგვარადაა. ჟანგბადისგან განსხვავებით, ჰაერიდან აზოტს ორგანიზმი ვერ ითვისებს. თუმცა, მას მაინც ჩავისუნთქავთ და ის ჩვენს სისხლში ყოველთვის არის. თუმცა, ზიანს არ გვაყენებს. წყალში ყვინთვისას კი აზოტის ქცევა იცვლება. რაც უფრო ღრმად ეშვება ადამიანი წყალქვეშ, მით მეტია წნევა და მით მეტი აზოტი გაიხსნება წყალში. ღრმად ჩაყვინთვის შემდეგ, თუ უცებ მკვეთრად ამოვცურავთ, აზოტის ხსნადობა სისხლში მკვეთრად შემცირდება. ეს პროცესი შეგვიძლია გაზიანი სასმელის ბოთლს შევადაროთ. როგორც კი საცობს მკვეთრად მოვხსნით, სასმელი  გარეთ ამოაშხეფებს. ბოთლის შემთხვევაში ნახშირორჟანგია და მყვინთავთან აზოტი, რომელიც აირის ბუშტუკების სახით დაიწყებს გამოყოფას. ამას კესონური, იგივე დეკომპრესიული დაავადება ეწოდება. მყვინთავის სისხლი ფაქტობრივად დუღდება, რაც სისხლძარღვების კედლებს აზიანებს.

აირად აზოტს ვერ ვხედავთ. სამაგიეროდ, თხევადის დანახვა შეგვიძლია. აზოტის დუღილის ტემპერატურა – 196 ცელსიუს გრადუსია. თხევადი აზოტის შესანახად დიუარის ჭურჭელი იქნა გამოგონილი. ეს ორკედლიანი კოლბაა ვიწრო ყელით, რათა სითხე ნელა აორთქლდეს. კომერციული გამოყენებისთვის დიუარის პირველი კოლბები გასულ საუკუნეში გერმანულმა ფირმა „თერმოსმა“ გამოუშვა. ნელ-ნელა კომპანიის სახელი ჭურჭელზე დაერქვა და ახლა დიუარის კოლბებს თერმოსებს ეძახიან. ჰო, სახლში რომ გვაქვს ისეთებს. ამასთანავე, დიუარის ჭურჭელს თავსახური ჰერმერტულად არ უნდა მოვუჭიროთ, თორემ თხევადი აზოტი გაცხელდება, აორთქლება მოიმატებს და, ან თავსახურს ამოაგდებს, ან მთლიან კოლბას დაამსხვრევს.

ავიღოთ პლასტმასის ბოთლი, ჩავასხათ შიგ წყალი და თხევადი აზოტიც დავამატოთ. მოვარგოთ სახურავი. აზოტი ინტენსიურად დაიწყებს აორთქლებას და ბოთლიდან წყალს გამოაძევებს. ამოვატრიალოთ ბოთლი, რომელიც რაკეტასავით გაფრინდება… ამ ცდას თუ გააკეთებთ, სადმე მინდვრად გადით, რომ რაკეტა-ბოთლით არავინ დაზიანდეს. თუ ბოთლში მხოლოდ თხევად აზოტს ჩავასხამთ და საცობს კარგად მოვარგებთ, ბოთლი წნევის გამო ჯერ გაიბერება, მერე გასკდება. ამ ცდას თუ მინდვრად გააკეთებთ, ბოთლს ათი მეტრით მაინც დაშორდით ან სპეციალური ყურსასმენები მოირგეთ, თორემ შეიძლება სმენა დაკარგოთ.

გახსოვთ, ტერმინატორი თხევადი აზოტით რომ გაყინეს?

ჩვენც შეგვიძლია გავყინოთ რამე. როგორც წესი, თხევად აზოტს ქიმიური შოუებისთვის იყენებენ და აზოტში ვარდს ყინავენ. ჩაუშვებ თუ არა ყვავილს აზოტში, ის მაშინვე ადუღდება, რადგან ყვავილი თბილია, აზოტი ძალიან ცივი. როგორც კი დუღილი შეწყდება, ნიშნავს, რომ ყვავილიც -196 გრადუსამდე გაცივდა. შეგვიძლია ამოვიღოთ და უბრალოდ გავტეხოთ. მაგიდას მიარტყით და შუშასავით დაიმსხვრევა. იმავენაირად  ვაშლის გაყინვა და ჩაქუჩით დამსხვრევა შეგვიძლია. სხვადასხვა ნივთი გაყინვაზე სხვადასხვანაირად რეაგირებს. მაგ. თუ ქაღალდს გავყინავთ, ყვავილივით არ დაიმსხვრევა, რეზინი კი მსხვრევადი ხდება.

და შემთხვევით ხელზე რომ მოგვხვდეს? არაფერი მოგვივა, მთავარია დიდი ხნით არ ჩავყოთ შიგ თითები და ზედ არ შეგვეყინოს. საქმე ის გახლავთ, რომ კანი აზოტთან კონტაქტში არ შედის. კანსა და თხევად აზოტს შორის აირადი აზოტის შრე ფორმირდება. სწორედ ამიტომ, აზოტის მოხვედრისას ხელი არ გაიყინება, თუმცა ბედს ნუ გამოცდით.

ლათინურად აზოტი „ნიტროგენიუმია“, რაც სელიტრის მბადს ნიშნავს. სელიტრა დენთის შედგენილობაში შედის. მბოლავი დენთის გამოყენება ადამიანმა თავისი მიზნებისთვის დაიწყო. შემადგენლობაში იყო გოგირდი, ნახშირბადი და კალიუმის სელიტრა KNO3. დენთის წვისას ბევრი კვამლი გამოიყოფა. ის პიროტექნიკოსებს უყვართ. ჯარში კი აღარ იყენებენ, რადგან კვამლი მსროლელს ხილულს ხდის და ომში ხილულად ყოფნა კარგი იდეა არ არის. ჯარში ახლა უკვამლო დენთს ხმარობენ. უკვამლო დენთში ნიტროცელულოზა შედის. მისი დამზადება ჩვეულებრივი ბამბისგან შეიძლება. ქიმიურ ჭიქაში ერთმანეთს შევურიოთ 5მლ. აზოტმჟავა და 10მლ. გოგირდმჟავა. ნარევს გაცივებისთვის დროს ვაძლევთ და შემდეგ მინის წკირით შიგნით ბამბის ფთილას მოვათავსებთ. ჭიქას წყლიან აბაზანაში ჩავდებთ. 7 წუთის შემდეგ ბამბას ამოვიღებთ და წყალში გავავლებთ, ფილტრს ქაღალდში გავწურავთ და ფაიფურის ჯამში ჩავდებთ გასაშრობად. როდესაც გაშრება, რკინის ან კერამიკის ზედაპირზე გადმოვიტანოთ და ცეცხლი მოვუკიდოთ. მომენტალურად დაიწვება მკვეთრი ნათებით, ოღონდ კვამლის გარეშე.

თუმცა, ასეთი ბამბები, სჯობს წინასწარ არ დაამზადოთ და არ შეინახოთ. საშიშია, არავინ იცის, როდის აალდება. ასევე საშიშია ნიტროგლიცერინიც, რომელზეც ადრინდელ სტატიაში დავწერე და აქ აღარ გავიმეორებ https://mastsavlebeli.ge/?p=4095

წვა ჟანგვა-აღდგენითი რეაქციაა. ერთი ნივთიერება იჟანგება, მეორე ჟანგავს. თუმცა, ერთ ნივთიერებაში ერთდროულად მჟანგავიც არის და აღმდგენიც. ეს ამონიუმის დიქრომატია. წვისთვის ჟანგბადი არ სჭირდება და მის შემადგენლობაში აზოტის ატომიც შედის. თუ ამ ნივთიერებას დავწვავთ, „ვულკანს“ მივიღებთ. ეს რეაქცია ყველამ შესანიშნავად იცით. რეაქციაში დამჟანგავი ქრომი, აღმდგენელი კი აზოტია. რეაქციის შედეგად წარმოიქმნება ქრომის მწვანე ფერის ოქსიდი, აზოტი და წყალი. ქრომის ოქსიდის მეშვეობით ერთი ლამაზი ცდა შეიძლება ჩატარდეს – „ცეცხლოვანი ქარიშხალი“. მოზრდილ ქილაში ჩავასხათ 20მლ. კონცენტრირებული ამიაკი, თავსახური კარგად მოვარგოთ და შევანჯღრიოთ ისე, რომ ჭურჭელი ამიაკის ორთქლით აივსოს. ქრომის ოქსიდი სპეციალურ გრძელტარა კოვზზე მოვათავსოთ და ცეცხლის ალზე გავახუროთ. შემდეგ ეს კოვზი ამიაკიან ქილაში ჩავუშვათ და  შიგნით მიმოვფანტოთ. ქილაში ცეცხლოვანი ქარბობოლა დატრიალდება. ქრომის ოქსიდი არ იწვება, ის მხოლოდ კატალიზატორია ამ რეაქციაში. მის ზედაპირზე ამიაკის მოლეკულა  ჟანგბადთან რეაგირებს.

4NH3+5O2=4NO+6H2O

წარმოიქმნა აზოტის (II) ოქსიდი, რომელიც ბუნებაში თთქმის არ გვხვდება, რადგან ძალიან არამდგრადია.

რადგან ოქსიდი ვახსენე, დავწეროთ თითოეული მათგანი:

N2O, NO, N2O3, NO2, N2O5.

ცდა „მელიის კუდი“ ცნობილი ექსპერიმენტია. კონცენტრირებული აზოტმჟავასა და სპილენძის ურთიერთქმედებით წარმოიქმნება NO2.

თუ რომელიმე ქარხნის მილიდან მოყავისფრო კვამლი ჟონავს, ამ ქარხანას ფილტრები არ ჰქონია და ატმოსფეროს აბინძურებს.

თუ  NO2-ს წყალში შევაგროვებთ, ყავისფერი სადღაც გაქრება და ხელში აზოტმჟავა და NO შეგვრჩება. ახლა ხომ ხვდებით, რატომ უნდა ჰქონდეს ქარხანას ფილტრი? ატმოსფეროში გაშვებული NO2 წყლის ორთქლთან შევა რეაქციაში, წარმოქმნის აზოტმჟავას და სადმე მჟავა წვიმა წამოვა.

წეღან კოლბაში ხომ NO შევაგროვეთ. თუ კოლბას საცობს მოვხსნით, კვლავ ყავისფერი აირი ამოჟონავს. რატომ? მაშინვე ქვემოთ აღწერილი რეაქცია წარმოიქმნება და კვლავ აზოტის დიოქსიდი მიიღება.

2 NO+ O2= 2NO2.

ეს ყავისფერი აირი ძლიერი მჟანგავია და მასში ბევრი ნივთიერება კარგად იწვის. მაგ. მაგნიუმი.

N2O „მამხიარულებელი გაზია“. ცენტრალურ ნერვულ სისტემას და სიცილის ცენტრს აღიზიანებს.

ტერმინატორის ტვინიც  ადამიანის ტვინთან მაქსიმალურად იყო მიმსგავსებული. უფრო მეტიც, რაღაც ფუნქციებით აღემატებოდა კიდეც მას. ჰოდა, საინტერესოა თხევად აზოტში ჩაგდებამდე „მამხიარულებელი გაზი“ რომ ესუნთქებინათ, ტერმინატორი მოცინარი იქნებოდა?

 

 

გლორიას გულისკენ

0

ის დრო იყო, როცა ჟურნალ-გაზეთებს ვიწერდით და მეგობრებს რამდენიმეგვერდიან ხელნაწერ წერილებს ვუგზავნიდით. სხვანაირად ვერც წარმოგვედგინა. კინო მიყვარდა და მოუთმენლად ველოდი იმ ქართულ თუ რუსულ ჟურნალებს, რომლებშიც კინოზე დაწერილის წაკითხვა, მსახიობების ფოტოების ნახვა, რაღაც ახლის მიგნება შეიძლებოდა. საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო ათწლეულის მეტ-ნაკლებად იდეოლოგიზებული გამოცემები კი იყო, მაგრამ სხვაგან სად ვნახავდი, თეთრბაფთიანი, სკოლის ფორმიანი მოსწავლე ჯესიკა ლენგისა თუ შირლი მაკლეინის ფოტოებს? ან როგორ შევიტყობდი, რომ ინგმარ ბერგმანმა ბავშვებისა და ბავშვობის შესახებ გასაოგნებელი ფილმი – „ფანი და ალექსანდერი“ გადაიღო?

ერთი ვრცელი სტატიის სათაური დღემდე თვალწინ მიდგას: „ეკრანებზე „გლორიას“ გამოსვლის გამო“. რა თქმა უნდა, სიტყვაც არ მახსოვს ჯონ კასავეტისის ფილმის იმ შორეული მიმოხილვიდან, მაგრამ არასდროს დამავიწყდება, როგორ მომინდა „გლორიას“ ნახვა და რა სასოწარკვეთით გავაცნობიერე მძაფრი სურვილის ასრულების შეუძლებლობა. ვხვდებოდი, რომ ჩემთვის – კითხვებისა და პასუხების თავბრუდამხვევ სიმრავლეში ჩაკარგული მოზარდისთვის ახალი კარი იღებოდა, ახალი სინამდვილისკენ მიმავალი გზა იწყებოდა. აქამდე ამ ფილმის მსგავსიც არაფერი უნდა მქონოდა ნანახი.

„გლორიას“ ყოველი ნახვისას მახსენდება მაშინდელი უმწეობა, სასოწარკვეთა, ბედთან შეგუების მწარე განცდა. ყოველ ჯერზე გამარჯვების სიხარულსაც ვგრძნობ – ახლა ხელს ვეღარაფერი შემიშლის, შემიძლია კადრი გავაჩერო და დიდხანს, თვალმოუშორებლად ვუყურო ჯენა როულენდსს, მისი სახის, მზერის, ღიმილის წაკითხვა ვცადო.

ჯენა როულენდსი მთავარი გმირის, გლორია სვენსონის როლს ასრულებს – 40 წელს გადაცილებული, დამნაშავეთა სამყაროსთან დაახლოებული ქალისას, რომელსაც ბავშვები არ უყვარს და რომელიც თავისდა უნებურად იქცევა ექვსი წლის ობოლი ბიჭის მფარველ ანგელოზად. მეგობრობა და სიყვარული სწორედ იქ იწყება, სადაც, ერთი შეხედვით, ლოგიკური წინაპირობები არ არსებობს მათ გასაჩენად. ბიჭს პუერტორიკოელი მშობლები ჰყავდა, რომლებიც სრულიად განსხვავდებოდნენ გლორია სვენსონისგან – როგორც გარეგნული იერით, ისე ცხოვრების წესით. და მაინც, ამ პატარა გმირის უფრო გვესმის: გარემოებები აიძულებს, მეტისმეტად ადრე ჩაანაცვლოს დედა სხვა ქალით – პირველივე კაბის ბოლოს მაგრად ჩაეჭიდოს.

დაუვიწყარია მათი დიალოგები.

– გიყვარვარ?

– არა. თითქმის არც კი გიცნობ.

– მართლა? 

– და რა გინდა?

– არ ვიცი. როცა იზრდები, უფრო გამბედავი ხდები და შეიძლება აღარც კი გეშინოდეს. ისე, როცა რაღაც ხმაური გესმის, გეშინია, აბა რა.   

– მე არაფრის მეშინია.

– არც კოშმარების?

– არა, არაფრის.

– სიზმრებს არ ხედავ?

– არა.

– ეს როგორ? უბრალოდ, თვალებს ხუჭავ და ყველაფერი შავდება?

– მოიცა! შენ რა, გინდა, რომ ამის გამო შემრცხვეს?   

– არა, ვცდილობ, რაღაც გითხრა. ვცდილობ…

– რა-ა?

– ვინმე გყვარებია?

– დაივიწყე. შენზე სამოცი ფუნტით მეტი ვარ… მომასვენე ერთი…

ახლა ხომ ნათელია, რა ფილმია ჯონ კასავეტისის „გლორია“, რომელიც 1980 წელს გამოსულა და მაყურებლების გულებამდე გზის გაკვალვაც მოუხერხებია. აბა, როგორ უნდა მეცხოვრა მისი ნახვის გარეშე?

მთავარი გმირის მოტივაციის გამოცნობა კი მართლაც ძალიან რთულია – რა აიძულებს ამ ქალს საკუთარი ცხოვრების ამოტრიალებას, მაფიოზურ კლანთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩაბმას, უცნობი პატარა ბიჭის გამო თავის გაწირვას? ამას ვერასდროს შევიტყობთ. ვიღაც „დედობრივ ინსტინქტს“ ახსენებდა და მტკიცებას მოჰყვებოდა, რომ ქალს ბავშვები მაშინაც კი უყვარს, როცა ხმამაღლა ამბობს, რომ არ უყვარს. მაგრამ ეს სარწმუნოდ არ მეჩვენება. უფრო დამეგობრების, შეყვარებისა და საკუთარი ანარეკლის სხვაში დანახვის ამბავი მგონია. ბოლომდე სასოწარკვეთილ გლორია სვენსონს ცხოვრება წარმოუდგენელ საჩუქარს უმზადებს – ამიერიდან მის არსებობას აზრმოკლებული ვეღარაფრით დაერქმევა. მზად იყო ამისთვის? ალბათ, არა, მაგრამ ალღომ უკარნახა, რომ არაფრის ფასად არ უნდა დაეთმო მისკენ ხელგამოწვდილი ბიჭის მომნუსხველი მზერა.

შესაძლებელია სრულფასოვანი, გულწრფელი, ამა თუ იმ ეპოქისათვის მისაღები წარმოდგენებით დაუმძიმებელი ურთიერთობა უფროსებსა და ბავშვებს შორის? ეს ის კითხვაა, რომელიც კასავეტისს უნდა გასჩენოდა – არა იმიტომ, რომ ერთმნიშვნელოვანი პასუხი გაეცა და აღმომჩენის სიხარული მაყურებლისთვის თავს მოეხვია. აქ უფრო დიდი სიხარულია – გადამდები, წინასწარ ნაგრძნობი. თითქოს ყოველთვის ვიცოდით, რომ გლორიას გული ღია იყო, მისკენ მიმავალი გზა კი მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანდა უსაშველოდ გრძელი, დაუძლეველი.

 

 

 

მეთოდები შემოქმედებითი წერისთვის – ამბის ჩარჩო და ხელნაკეთი წიგნი-დღიური

0

შემოქმედებითი წერის დროს განსაკუთრებით სასარგებლოა სისტემური, კარგად დაორგანიზებული,წინასწარ მოფიქრებული მოდელების მიხედვით მუშაობა, ერთ-ერთი ასეთია ხელნაკეთი წიგნი -დღიური, რომელსაც წინასწარ ვამზადებთ და შემდეგ, რამდენიმე გაკვეთილის ან, სულაც, რამდენიმე კვირის განმავლობაში სრულვყოფთ. ( შემოქმედებითი წერისთვის დრო ხომ ყოველთვის არ მოიძებნება ჩვენს კურიკულუმში?

როგორია ჩვენი წიგნი-დღიური? როგორ უნდა მოვამზადოთ?

 

  1. მასალა:
  • რვეული, ან ჩვენ მიერ აკინძული წიგნი, რომელსაც ფურცლები ცარიელი აქვს;
  • ფოტოები ინტერნეტიდან ან სხვა წყაროდან ( მეტი მხიარულებისთვის შეგიძლიათ ძველი გაზეთებიც გამოიყენოთ)

 

  1. წიგნის სტრუქტურა

 

  1. ყდა და სათაური

ამ აქტივობის მთავარი იდეა ისაა, რომ ჩვენ ვთავაზობთ მინიშნებებს, მოსწავლეები კი ამ მინიშნების მიხედვით იგონებენ საკუთარ ვერსიებს. სათაურიც ასეა, თავად უნდა მოიფიქრონ. ჩვენ შეგვიძლია წიგნის ყდის ილუსტრაციით მივანიშნოთ, რა გვინდა, რომ გამოვიდეს.

მაგალითად, ჩავსვამ ასეთ ნახატს:

  1. პერსონაჟი

მოსწავლეებმა თავად უნდა მოიფიქრონ პერსონაჟი, ამისთვის, ჯერ ფოტოს ვთავაზობ, ( შეიძლება ნახატიც იყოს), მერე კი გეგმას შევადგენ.

მაგალითისთვის, ავიღებ შესანიშნავი ქართველი ფოტოხელოვანის, ნათელა გრიგალაშვილის ერთ ფოტოს, ამოვბეჭდავ და ჩემი ხელნაკეთი წიგნის ერთ გვერდზე დავაკრავ – ეს იქნება ჩვენი წიგნის პერსონაჟი.

სამუშაოს გასაადვილებლად წარმოვადგენ გმირის რუკას:

 

  1. რა ჰქვია
  2. რა უყვარს
  3. რას აკეთებს თავისუფალ დროს
  4. რა ფერი მოსწონს
  5. რაზე ბრაზდება
  6. რაზე დარდობს
  7. რა შეუძლია
  8. განსაკუთრებული ნიჭი
  9. რა სუპერძალა აქვს

და ა.შ.

 

  1. დრო და სივრცე

დროისა და სივრცის გამოხატვაც ათასგვარი ფორმით შეიძლება. იმის მიხედვით, როგორ ფოტოს თუ ნახატს აირჩევთ, განაპირობებთ ტექსტის ჟანრს, ეს ამბავი დედამიწაზე იქნება თუ მარსზე, თბილისზე თუ რომელიმე სხვა ქალაქზე, ჩვენს დროში თუ ისტორიულ წარსულში ან მომავალში. ამ ნახატს თუ ფოტოს ჩემი წიგნის მესამე  გვერდზე დავაწებებ. ( შუაში ადგილს დავტოვებ პერსონაჟზე სამუშაოდ, თხრობის გასაშლელად, აღწერისა და საინტერესო დეტალებისთვის.)

 

  1. მეორე პერსონაჟი

 

მეორე პერსონაჟსაც პირველის მსგავსად ფოტოებში თუ ნახატებში მოვძებნი. გასამარტივებლად კი აქაც გმირის რუკა დამჭირდება, ოღონდ ოდნავ განსხვავებული:

სამუშაოს გასაადვილებლად წარმოვადგენ გმირის რუკას:

 

  1. რა ჰქვია
  2. რა უყვარს
  3. რას აკეთებს თავისუფალ დროს
  4. რა ფერი მოსწონს
  5. რაზე ბრაზდება
  6. რაზე დარდობს
  7. რა შეუძლია
  8. განსაკუთრებული ნიჭი
  9. რა სუპერძალა აქვს
  10. რა დამოკიდებულება აქვს პირველ პერსონაჟთან
  11. საიდან იცნობს პირველ პერსონაჟს
  12. რა გრძნობა აქვს მისდამი?

 

  1. ამბავი

ამბის მოსაფიქრებლად რამდენიმე ტექნიკა გამოვიყენოთ:

ა. სიტყვების ღრუბელი

( ჩავაწებოთ ხელნაკეთი წიგნის ამ ნაწილში სიტყვები, რომელა გამოყენებითაც უნდა აიწყოს ამბავი)

ბ. ბარათები

ჩავაკრათ ბარათები იმ მოქმედებების, ცხოველების, ემოციების გამოსახულებით, რომელთა გამოყენებითაც ჩვენი ამბავი უნდა შეიქმნას.

გ. გრაფიკული მაორგანიზებლები

შეგვიძლია მოვიფიქროთ რაიმე ტიპის გრაფიკული მაორგანიზებელი ან გამოვიყენოთ ის, რაც უკვე ვიცით.

 

  1. დასასრული

აქაც რამდენიმე ვერსია არსებობს:

ა. ხელნაკეთი წიგნის ბოლო გვერდზე დავწეროთ წინადადება, რომლითაც გვინდა, რომ სრულდებოდეს ამბავი;

ბ. ჩავაკრათ ფოტოსურათი

გ. აპლიკაცია სხვადასხვა ფოტოების გამოყენებით.

 

საბოლოოდ, როდესაც მოსწავლე ყველა ფურცელს შეავსებს და წიგნს სრულყოფს, შეგვიძლია წიგნების გამოფენაც მოვაწყოთ.

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...