ხუთშაბათი, აგვისტო 7, 2025
7 აგვისტო, ხუთშაბათი, 2025

თამაშას ლაგუჯი

0

ხო, ის არის, ღუმელთან ჩამომჯდარი. იღიმის კიდეც, ჩვენკენაც გამოიხედება. ნეტა რატომ მოვიდა? რაღაც ხრინწი გაერევა ხმაში. ალბათ ამათ დაიბარეს, გვპირდებოდნენ და შეუსრულებიათ. ასეთი მაინც რა დავაშავეთ? თუ ჭკვიანად არ იქნებით, დროზე თუ არ დაიძინებთ, თამაშა მოვა და თავის ლაგუჯსაც მოიტანსო. ღმეეერთო, რა იყო, წუთში გვეხუჭებოდა თვალები! კაი ახლა, თამაშამ რა უნდა გვიყოს, თავისთვის დაფრატუნობს ქუჩაში, ჩემი თვალით ვნახე, ბაბუას რომ ყანისკენ გავყვევიო, – ჩემი ძმა ამბობდა, მაგრამ მერე მასაც უჭირდა შიშის დამალვა. და ლაგუჯი? აი, მაგ ტომარაა თუ ხურჯინია თუ ლაგუჯი, მაგაში ისვამს თურმე ბავშვებს, ურჩ ბავშვებს, მიჰყავს ძველი ჯუმისკენ, იქ ჩამოსვამს ნაპირზე და მიაგდებს უპატრონოდო. გინდ დაიჯერე და გინდ არა! ჯერ სული შეგეხუთება, სიბნელეა იმ ლაგუჯში, თვალებს აცეცებ, დაყვირებას ცდილობ, მაგრამ თამაშა დაგიცაცხანებს, – ჩაიგდე ხმა და კრინტი არ დაძრა, სი ჩიჩიე ბაღანა, თორემ ქვიან დაღმართზე დაგაგორებო. დამზაფრავი ხმა აქვს, ტანში გაგცრის, გულზე გეჭიდება. რა დავაშავეთ, იმასაც რომ ვერ ვიხსენებ? ეზოში რომ გვიანობამდე ბურთს ვაგორებდით და ციალას ბოსტანშიც ერთი-ორჯერ გადაგვივარდა, ეგ ამათ არ უნახავთ და ალბათ არც ციალა იტყოდა რამეს. წისქვილში რომ გვთხოვეს სიმინდის წაღება, ურიკაზე შემოვაგდეთ ტომარა და შუკასაც სვენებ-სვენებით ჩავუყევით. არც ზედმეტი გვირბენია და არც რამე. აწი გვიანია, აგერაა თამაშა და ეს რომ გვცოდნოდა, მაგის მოსვლამდე მივიყურშებოდით სადმე, მაგრამ გულთმისანია, სკვაზნოი ხედავსო, ვიღაც ამბობდა, ვერ დაემალები მაგის თვალსო. ღორონთუმე, რა გახდა მართლა და მართლა, მკვდარ-ცოცხალს იგინებიან ეს სოფლის ბიჭები, ისე, ვითომც არაფერი და აქ კიდე, ზედმეტად თუ გაოფლიანდი, ხუთი-ექვსი წლის ბავშვს თამაშას ლაგუჯში გიკრავენ თავს. ბებია-ბაბუაც ასეთი უნდა, მაგრამ სულ დედაჩემის მოფიქრებულია ეს ამბავი, და ისიც ვიცი, როდიდან და რის გამო. არც ჩვენ ვართ რძეში დაბანილები და მამა აბრამის ბატკნები, მაგრამ ამ თამაშასთვის მისაჩუქებლები თუ გავხდებოდით, არ მეგონა. ილაპარაკე და იყავი! აგერ, ისე იყურება, თითქოს ჯიბეში ვუზივართ ორივე. ჩემს ძმას გავხედავ, თვალებდაყვლეფილია, წკაპ და ატირდება. ნეტა ამდენ ხანს რაზე ლაპარაკობენ? რით ვერ მოილიეს სოფლის მიდი-მოდი და ზაფხული, ტრაქტორი, ბარგუა, მაჟირუა, სასუქი, წისქვილი, კანტორა, ყანა, უჩასკა, ფერმა, ონგარუ, მკლავის გახსნა, გათხოვება, ცოლის მოყვანა, პერტობა და მარაშნა… იმის კამეჩი, ამის ქაბლა, იმის ქათამი და კოკუჩი, კვერცხი, ხორცი, სულგუნი და კაზლა ყველი, სიმინდის ფქვილი და წაქა… ეს გამოხეული ნასკები როდის ჩავიცვი! სადღაც ხრამში გადასაგდებად მივყავარ თამაშას და ნასკი მაინც ჩამეცვა წესიერი! რა სირცხვილია, იქ რომ გიპოვიან ღორებისა და ფრინველებისგან დაჯიჯგნილს… არა, მე კი ამ ყველაფერს ზემოდან გადმოვხედავ, ცაში ვიქნები თბილად, ჩემთვის, მაგრამ ამ თამაშას რა სინდისი მოასვენებს, ესენი როგორ აპატიებენ საკუთარ თავს და ახიც იქნება, რომ ბევრი ტირილი მოუწიოთ ამის გამო. ყველა გაამტყუნებს. იქნება მისამძიმრება, თმების გაშლა, მღვდლების და ექიმების მოყვანა წამდაუწუმ, სასწრაფოს გამოძახება… ვაი, წამოდგა, კაბა გაისწორა, იმათ ელაპარაკება, ჩვენკენაც გამოაპარებს თვალს, ხელში ტომსიკა ჩაუბღუჯავს, ამაში როგორ უნდა ჩავეტიოთ – ალბათ ცალ-ცალკე: ჯერ მე წამიყვანს, მერე ჩემს ძმას, მე ხომ უფროსი ვარ. მე რომ დამტოვებს, მობრუნდება და ჩემს ძმასაც წაიყვანს. რა პაწაწუნა ჩანს ტომსიკა, ალბათ ღრმა ძირი ექნება, შავი კია! ჩვენკენ მოდის, არა, უფრო ჩემკენ, ხო, ალბათ ჯერ მე ამომარჩია, მიახლოვდება, მისი სუნთქვა მესმის, ჯანდაბა, არ უნდა შევიმჩნიო, თავზე ხელს მისვამს, მეფერება, ჩემს მარჯვენა ხელს იღებს და მუჭაში კანფეტებს მიყრის…

დაღლილი მასწავლებლის ფიქრები

0

დღეს სკოლის შენობაში დავაბიჯებდი… დიდი და საკვირველია თბილისის კლასიკური გიმნაზია. გარდა სკოლისა, მუზეუმია, კულტურული ძეგლია, რელიქვიაა, განძია… არც ვიცი, რა ვუწოდო?! შენობის მარმარილოსა და ხის ფაქტურას მივჩერებოდი და ვფიქრობდი: რამდენი რამე ავაშენეთ, ღმერთო, დედამიწელებმა… რა მყარად დგას ეს შენობები? რამდენ ისტორიას იტევს? რამდენ ემოციას? რამდენ ვნებას? რამდენ ტკივილსა და სიხარულს? ბოღმასა თუ კეთილ გულებს? ამ დროს კი წარმოვიდგენ, რომ ჩვენი მწვანე ბურთი სადღაც კოსმიურ უსასრულობაში ნეონითა თუ ჰელიუმით გაბერილი ბუშტივით ჰკიდია, არც ვიცით, სად? როგორ? არც ის ვიცით, რა ძალა იჭერს მას? რა ატრიალებს? ვინ და რა განსაზღვრავს იმ გასაოცარ კოსმიურ წესრიგს, რომელიც მის ყოფაში უწყვეტად ირეკლება… და ჩვენ აქ რამდენს სიგიჟეს და სისულელეს ჩავდივართ… რა ვიწრო მესაკუთრეები, რა შურიანები, რა სულმოკლეები, რა მტაცებლები ვართ?  ამაზე ფიქრში, ვერ გეტყვით, რა მემართება?

დასრულდა სასწავლო წელი, ბოლო აკორდებია. მასწავლებლები ამ დროს გაუსაძლის დაღლილობას ვგრძნობთ, მხოლოდ ფერადი საზაფხულო დღეების მოლოდინი გვასულდგმულებს. თუმცა ორთვიანი დასვენება საკმარისია საიმისოდ, რომ აუტანლად მოგვენატროს სკოლა, ჩვენი საყვარელი მოსწავლეები და გაკვეთილები, გაკვეთილები, გაკვეთილები…

რა იყო წლევანდელი სასწავლო წელი? პანდემიამ ჩვენი გონება, ემოციები, საქმიანობის წესი, ინტერესები, მსოფლაღქმა მთლიანად ამოაყირავა… მარტის არდადეგებს მოუთმენლად ველოდით, რომ დაგვესვენა და… დაიწყო იძულებითი არდადეგები, ფაქტობრივად – შინაპატიმრობა… პირველმა ელდამ რომ გადაგვიარა, დავიწყეთ ფიქრი დისტანციურ სწავლებაზე და თვალწინ გადაგვეშალა ახალი გამოწვევები. სოციალური ქსელები და სხვადასხვა ტიპის საკომუნიკაციო ინტერნეტპლატფორმები აქამდეც აქტიურად უნდა გამოგვეყენებინა, მაგრამ სასკოლო საგაკვეთილო პროცესის ონლაინ რეჟიმში გადაყვანამ უცებ გააჩინა ახალი საჭიროებები და დავუწყეთ ძებნა პლატფორმებს, რომლებიც მრავალრიცხოვან კლასებთან წარმატებულ ვიდეოკონფერენციებს უზრუნველყოფდა. პირველად მარტის თვეში გავიგე, რომ თურმე ფეისბუქის მესენჯერს ერთდროულად რვაზე მეტი იუზერის ჩართვა ვიდეოკონფერენციაში არ შეუძლია. სადღაც მაისისკენ ფეისბუქმა მოიფიქრა ახალი სისტემა, რუმსი, მაგრამ ეს უკვე დაგვიანებული იყო, თანაც – მოუხერხებელი ბევრი პარამეტრით. ჩვენს სკოლას შეძენილი ჰქონდა სქულბუქის მომსახურეობა და ელექტრონულ ჟურნალებს ვაწარმოებდით. სქულბუქის ვიდეოკონფერენციები თავიდან ძალიან ხარვეზიანი იყო, შემდეგ გამოსწორდა, თუმცა სასწავლო წლის მიწურულს ისევ გაჭედა პროგრამამ, როგორც ვიცით ხოლმე თქმა. ვეცით ზუმს, რომელსაც თავიდან 40-წუთიანი ვიდეოკონფერენცია ჰქონდა და ლაივიც ხარვეზებით მიმდინარეობდა. ეს ორმოცი წუთი კი საკმარისი არ იყო. ხელახალი ჩართვა იწვევდა ვიდეოჩატის მონაწილეთა არევ-დარევას. შემდეგ გამოჩნდა ტიმსი, თუმცა სამინისტრო კლასების კომპლექტაციას აკეთებდა, რასაც გარკვეული დრო დასჭირდა, ამასობაში კი ბევრი მასწავლებელი და კლასი სქულბუქს ან ზუმს შეეჩვია და კიდევ ახალ პლატფორმაზე გადასვლა დისკომფორტს იწვევდა.

არ ვიცი, სხვები როგორ ფიქრობენ, მაგრამ ჩემთვის დისტანციური სწავლება ვერ გახდა სასურველი. როცა კომუნიკაცია ვერ ხერხდება ყველასთან, არის უამრავნაირი ხარვეზი: ზოგჯერ ელექტროენერგიის, ზოგჯერ კი ინტერნეტის მიწოდების შეზღუდვა; ბავშვების უმრავლესობას არ სურდა ვიდეოკამერის ჩართვა, ზოგის კამერა იყო ხარვეზიანი, ზოგის – მიკროფონი, ზოგის გაჯეტს ჰქონდა ნაირ-ნაირი პრობლემა; ბავშვები პასიურები იყვნენ და განცდა მქონდა, რომ მარტო ვრჩებოდი, ჩემთვის ვსაუბრობდი, სისტემატურად ვკითხულობდი: „გესმით ჩემი?“ ეს ფრაზა მეზიზღება… დავალებებს გზავნიდა კლასის მცირე ნაწილი, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც უამრავი ონლაინ დავალება გვიგროვდებოდა; ბავშვები გზავნიდნენ დღეღამის ნებისმიერ დროს და უკუკავშირს ითხოვდნენ სასწრაფოდ; სისტემატურად ვასწორებდი ნაშრომებს და ბოლო არ უჩანდა მაინც კომენტარების წერას; ნაირნაირი პლატფორმებიდან მილიონ კითხვას სვამდა მოსწავლე თუ მშობელი, მიმოწერას უბრალოდ ვერ ავუდიოდი…

მოკლედ, ილიას ზაქროსი არ იყოს, „რაც იყო, იყო, ჯოჯოხეთია მოსაგონებლად“… და მასწავლებელს სხვა გზა არ აქვს: მან ეს ჯოჯოხეთი უნდა აქციოს ბავშვებისთვის საინტერესო, სასიამოვნო, დავარცხნილ-დალაგებულ პროცესად… ახლა მივხვდი, რომ სასწაულმოქმედები ვართ მასწავლებლები… თანაც ხვდები, რომ ბავშვებიც უამრავ პრობლემას ეჯახებიან, დაუძლეველი სირთულებია ოჯახებში ონლაინ ჩართვებთან დაკავშირებით, რომელთა აღწერა შორს წაგვიყვანს… ყოველივე ეს იწვევს უმძიმეს ფსიქოლოგიურ სტრესებს და სასკოლო გარემოში ფიზიკური დაღლა მასთან რა მოსატანია?

სულ სხვაა უშუალო კომუნიკაცია კლასთან და  კოლეგებთან. ქართულის მასწავლებელბს ისედაც სულ გვიწევს მოცულობითი საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი დავალებების, თხზულებებისა და ნაირნაირი ტესტების სწორება, თუმცა გაცილებით მარტივია ტესტის ფურცლელთან თუ მოსწავლის რვეულთან მატერიალური შეხებით მუშაობა, ვიდრე ათასგვარ ვირტუალურ „უჯრაში“ მიმოფანტული დავალებების სისტემატიზება, კომენტირება ან ქულობრივი შეფასება.

რა ეშველება ამ დაღლილობას? გაგონებაც კი არ მინდა იმის, რომ სექტემბრიდან ისევ დისტანციურ რეჟიმში მოგვიწიოს მუშაობამ. არადა – საამისო კონტურები იკვეთება… ვფიქრობ, ეს განათლების დონეს მკვეთრად დასცემს და სასტიკად განვიცდი. მართალია, დისტანციურ სწავლებას თავისი ნათელი, ლამაზი, საინტერესო და საამო მხარეებიც აქვს, აშკარა უპირატესობებიც, თუმცა ზემოაღნიშნულმა სირთულეებმა ჩემთვის ეს პოზიტიური მომენტები ბევრად გადაწონა. ახლა ვცდილობ, რომ ამ დამქანცველი და ფსიქოლოგიურად დამუხტული სასწავლო წლის შემდეგ საინტერესო და შემეცნებითი ზაფხული გავატარო და მაგონდება ნაირა გელაშვილის გენიალური მოთხრობა „მივემგზავრები მადრიდს“, სადაც ყოველდღიური რუტინით დაღლილი მთავარი გმირი, სანდრო ლიჩელი, გაურბის საკუთარ გარემოცვას. ის დაუოკებელი მეოცნებეა და თავისი ოცნების ქვეყანაში,  ესპანეთში, ყოველთვის წარმოსახვით მოგზაურობს. მეტიც, სანდრო წარმოსახვით მხატვარიც კი არის, მას აქვს საკუთარი საგამოფენო „სივრცე“ – „დეჰარი“, სადაც მისი წარმოსახვითი ტილოებია გამოფენილი. ეს ამბავი მაგონებს სასწავლო პროცესით დაქანცული მასწავლებლის ოცნებას წიგნების კითხვაზე, ფილმების ნახვაზე, რისთვისაც დრო თითქმის არ რჩება, თუმცა მასწავლებელი ახალ-ახალი წიგნების, მხატვრული ტექსტებისა და ფილმების გარეშე ვერაფრით განვითარდება.

იმედიანი გადაწყვეტა აქვს ნაირა გელაშვილის მოთხრობის გმირის ამბავს… მართალია, ყოფიერებით გადაღლილი სანდრო ვერასდროს იცლიდა საიმისოდ, რომ საკუთარი ოცნებებისთვის ხორცი შეესხა, თუმცა როცა მან გამოიგონა, რომ თითქოს, მადრიდს მიემგზავრებოდა, სინამდვილეში კი საკუთარი მეგობრის, ერთ-ერთი საავადმყოფოს მთავარი ექიმის საიდუმლო პალატაში განმარტოვდა, ყველაფერი შეიცვალა… მან მთლიანად ამოაყირავა მთავარი ექიმის ცხოვრებაც, გახადა ის პაციენტებზე მზრუნველი, ყურადღებიანი, შემოქმედებითი, ხალისიანი, ემოციური, თამამი, თავზეხელაღებული. მოკლედ, ორმა დაღლილმა მეგობარმა თავი მოიგიჟიანა, მათ ღამეულ საუბრებსა და კონიაკის წრუპვაში დამღლელი ცხოვრების კომპენსირება იოლად მოხერხდა და აი… მოთხრობის ფინალში გალერეა „დეჰარის“ ვირტუალური გამოფენა ჩაანაცვლა რეალობამ: „ახლა კი უნომრო პალატაში სანდრო ლიჩელი ფანქრით ხატავდა… ხატავდა ფანჯრიდან დანახულ სანახს“… დასვენებამ ძალა მისცა გმირს საკუთარი ოცნებების რეალიზებისთვის.

ოცნება თუ სინამდვილე? ეს ორი რამ ერთმანეთს უპირისპირდება კიდეც და ამავე დროს მეოცნებეობა არის გზა ქმნადობისკენ. ოცნება იდეაა და იდეა გზაა, გარანტიაა ქმნადობისა. კარგი მეოცნების ხელში იდეა განწირულია ასრულებისთვის. მწერლის პასუხი ამაზე ამ ემოციურ მიმართვაში ცნაურდება: „ეჰ, დაუდეგარი სულის ადამიანებო! სილამაზისა და სიხარულის მაძიებელნო! საიდუმლოს მოწყურებულნო! შემეცნების გზაზე გატანჯულებო! იქით იყოს უხილავი გალერეა, და ეგებ ვერც ვერაფერი იპოვოთ ამ წამალზე უფრო წამალი, ამ მშველელზე უფრო სანდო, ამ მასალაზე უფრო მყარი და გამძლე, ვიდრე თქვენი წარმოსახვაა. ოცნება – ეს გამჭვირვალე ქსოვილი, ჰაერზე უფრო მსუბუქი მატერია, ჩვენი უხილავი სულის ყველაზე ჰაეროვანი ნაწილი, რომელიც შეიძლება ცხოვრებით არის ნაკარნახევი, მაგრამ ორიოდ ქულით ყოველთვის წინ უსწრებს, ყოველთვის სჯობია მას“…

სანდრო ლიჩელზე ფიქრისას უსათუოდ გაგვახსენდება გურამ დოჩანაშვილის გენიალური გმირი ვასიკო კეჟერაძე, რომელიც საბჭოეთის სიბნელეში ლიტერატურის სამყაროში ვირტუალური მოგზაურობით ახერხებდა, რომ ცხოვრება გაეფერადებინა, იმდენად გაძლიერებულიყო, რომ უბადრუკი ჰომოსოვიეტიკუსების (თამაზისა და მისი ხელმძღვანელის) ფიქრებიც კი ამოეცნო, გაეოცებინა ისინი და თავისი წარუშლელი გავლენა თუ კვალი აღებეჭდა მათ არსებაში.

დაღლილი მასწავლებლისთვის ზაფხული სწორედ მოუცლელობის ჟამს ნაოცნებარის რეალობად ქცევის სეზონია. დამეთანხმებით, კარგი მასწავლებლობისთვის ძალიან ბევრი თვისება და უნარია საჭირო, თუმცა ჩემთვის ყველაზე პატივსაცემი არის შემოქმედებითობა, რაც გადამდებია მოსწავლეებისთვისაც. მასწავლებელი მუდამ უნდა იყოს ინსპირირებული და ამ ისნპირაციას საკუთარ მოსწავლეებში რადიოტალღებივით ავრცელებდეს.

ალბათ ყველას გინახავთ ფეისბუქზე პოსტერი: მასწავლებლი სასწავლო წლის დასაწყისში და დასასრულს. წლის დასაწყისში ის დავარცხნილ-მოწესრიგებული ჩიტია, ხოლო სასწავლო წლის ბოლოს – გაჩეჩილი ჭოტი.

მასწავლებლის სულში თუ დიალევა ოცნება და რომანტიკა, ის ალბათ ვერც შეძლებს სწავლებას, ამიტომაც მე მჯერა ჩვენი დაუშრეტელი სულიერი ენერგიის, შინაგანი სხივის, რომელსაც თუ არ ვატარებთ, ვერც სხვას გადავცემთ… მეოცნებე კოლეგებო, ოცნებების ასრულების ჟამი დაგვიდგა… და კიდევ: ახალი სასწავლო წლის დაგეგმვის, უფრო ნაყოფიერ გაკვეთილებზე ოცნების, შემდეგ ამ ოცნებების რეალიზების და დაღლის დროც მოვა, მაგრამ ასე ხომ… ესაა ჩვენი ცხოვრება!

 

 

 

ზომიერების ხიბლი – შემეცნებითი თავმდაბლობა

0

მახსოვს, როდესაც ჩემმა მეგობრებმა ვენეციის წყლებში დელფინების დაბრუნების ამსახველი ფოტოების გაზიარება დაიწყეს, ძლიერმა სიხარულმა მომიცვა. დავიჯერე, რომ ეს ასეც იყო. ოჯახის წევრებსაც გავუზიარე იმის მტკიცებულებად, რომ ბუნებამ ჩვენგან ამოისუნთქა, რომ მას შეუძლია, ჩვენი ქმედებების შედეგად მიყენებულ ზიანს გაუმკლავდეს. თუმცა, ეს ფოტოები თავად მე არ გამიზიარებია. არ ვიცი, რატომ. როგორც არ უნდა იყოს, მახსოვს, რომ კითხვა არ გამჩენია იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა ეს ფოტოები ნამდვილად იმისი დამადასტურებელი, რომ ბუნება ზიანისგან აღდგენას იწყებდა. ეტყობა, სასურველის არსებულად[1] წარმოდგენის სურვილი იმდენად ძლიერი იყო, კითხვა არც კი დამებადა. თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ, National Geographic – ის ერთ – ერთი სტატიის ავტორმა თავაზიანად გაგვიცრუა იმედები იმ ადამიანებს, ვინც, შემთხვევით, ეს დავიჯერეთ. ავტორი ზრდილობიანად, თანაგრძნობით გვიხსნიდა, რომ დამოუკიდებლად იმისა, სიახლე დადებით მოვლენას ეხება თუ უარყოფითს, სასურველის არსებულად წარმოჩენა მიკერძოებული მსჯელობაა, რადგან ბურანოს მიმდებარედ, დელფინების გამოჩენა პანდემიამდეც ჩვეული მოვლენა ყოფილა. ეს კი ეჭვს ბადებს, რამდენად ამტკიცებს ეს ფაქტი, რომ ბუნებამ ძალების აღდგენა შეძლო.

ადამიანების მიერ, სიხარულის საფუძველზე გაზიარებული ეს სიახლე გვაძლევს იმისი ვარაუდის საფუძველს, რომ ჩვენი წარმოდგენების „მტკიცებულებაზე დაფუძნება“ იმაზე რთულია, ვიდრე – წარმოგვიდგენია, რადგან, მაგალითად, გამჭვირვალე წყალში მოლივლივე დელფინის ფოტო ჯერ კიდევ არ არის თვალსაჩინოების ის მტკიცებულება, რომლითაც შეგვეძლო, ასე მარტივად, სიხარულით მოცულებს, დაგვეჯერებინა, რომ რისიც გვჯერა, ის სწორად ასახავს სინამდვილეს. მით უმეტეს, მაშინ, როდესაც „მტკიცებულების“ შექმნა ასეთი მარტივია. გადახედეთ „სილამაზის მტკიცებულებებს“ – არსებობს ფილტრები, რომლებიც ძირფესვიანად ცვლის სხეულის პარამეტრებს და იმისი შანსიც ნაკლებია, მიხვდეთ, რომ რასაც ხედავთ, კონკრეტული ფილტრის გამოყენების შედეგია.

თანამედროვე ადამიანის წინაშე ახალი ამოცანა დგას: მეტი კითხვა დასვას თვალსაჩინოს სანდოობაზე.

როგორც წესი, ადამიანები, რომელთაც შემეცნებითი სიჯიუტე ახასიათებთ, მეტისმეტად მგრძნობიარენი არიან საკუთარი შემეცნებითი ძლიერი მხარეების დაკარგვის ალბათობისადმი. აქედან გამომდინარე, ისინი, ძირითადად, ძლიერი მხარეების შენარჩუნებაზე ზრუნვით არიან მოცულნი, უჭირთ აღიარონ ის სუსტი მხარეები, რომელთა გაძლიერებაც ცოდნის გამდიდრებისთვის სასურველი იქნებოდა.

ადამიანებს, რომლებიც სამყაროში მიმდინარე მოვლენებს შემეცნებითი სიჯიუტის გადმოსახედიდან აფასებენ, სწამთ, რომ დამოკიდებულების შეცვლა იმაზე იქნება მინიშნება, რომ მათ უნდა აღიარონ ცოდნის არასრულფასოვნება. მათ უჭირთ აღიარონ, რომ განსაზღვრულ საკითხებზე ცოდნა მდიდრდება და ზოგიერთი რამ იცვლება.

შემეცნებითად გულუბრყვილო ადამიანი ნებისმიერ შემოთავაზებულ ცვლილებას დაუფიქრებლად იღებს. მას უჭირს აწონ – დაწონოს შემოთავაზებული მტკიცებულებების სანდოობა და, ხშირად, არ იცის, რ ო გ ო რ შეამოწმოს შემოთავაზებული ვარაუდის სისწორე. ადამიანები, რომლებიც შემეცნებითი გულუბრყვილობისკენ არიან მიდრეკილნი, განირჩევიან საკუთარ სუსტ მხარეებზე ორიენტირებულობით და ძლიერი მხარეების უარყოფის ან უგულებელყოფისკენ მიდრეკილებით. მათ საკუთარი შემეცნებითი შესაძლებლობების რწმენა თითქმის არ აქვთ. შესაბამისად, არჩევენ, ძალისხმევის გაღების გარეშე, ავტორიტეტული ადამიანების მიერ შემოთავაზებული დამოკიდებულებები თუ აზრები მორჩილად მიიღონ.

შემეცნებითი გულუბრყვილობისა და მიმნდობლობის ნათელი მაგალითი იყო კვლევის – Hydroxychloroquine or chloroquine with or without a macrolide for treatment of COVID-19: a multinational registry analysis – შედეგების უპირობოდ უშეცდომოდ მიღება.

სავარაუდოდ, იმიტომ, რომ წამყვან სამედიცინო ჟურნალში განთავსდა მტკიცებულებაზე დაფუძნებული კვლევა, რატომღაც, ადამიანებმა, რომლებიც ამ კვლევას ეყრდნობოდნენ, არ დასვეს კითხვა იმასთან დაკავშირებით, თავად მტკიცებულებები იძლეოდა თუ არა კვლევაში გაჟღერებული დასკვნის გამოტანის საშუალებას.

შემეცნებითი თავმდაბლობა თანამედროვე ადამიანის თვითშენარჩუნების ერთ – ერთი გზაა.

შემეცნებითი თავმდაბლობა სამყაროსადმი მიდგომაა, რომელიც ცოდნაში არსებული დანაკლისების შევსების მზაობას გულისხმობს. შემეცნებითი თავმდაბლობა განსხვავდება შემეცნებითი სიჯიუტისა და შემეცნებითი გულუბრყვილობისაგან.

შემეცნებითი თავმდაბლობა გულისხმობს იმას, რომ მე შემიძლია, შევიცვალო დამოკიდებულება კონკრეტული საკითხისადმი, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მტკიცებულება იარსებებს ამ ცვლილებისათვის.

შემეცნებითი თავმდაბლობის მაგალითია ჟურნალ ლანცეტის ნაბიჯი, რომელიც მან მას შემდეგ გადადგა, რაც მკვლევრების ნაწილმა შეისწავლა პლაქველინის შედეგიანობის კვლევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების ვალიდობა. ჟურნალის წარმომადგენლების მიერ კვლევების სანდოობის ჯეროვნად შეფასების მზაობა შემეცნებითი თავმდაბლობის გამოხატულებაა.

როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება მოსწავლეებში შემეცნებითი თავმდაბლობის უნარის განვითარება?

როგორ ასწავლიდით თქვენს მოსწავლეებს აზროვნებას აზროვნების შესახებ ან ყურადღების ყურადღებისკენ მიმართვას? როგორ დაეხმარებოდით მათ, გაეცნობიერებინათ მიდრეკილები მიკერძოებულობისკენ? როგორ დაძლევდით ცრუ შეთანხმების[2] განცდას?

შემეცნებით თავმდაბლობას რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ ახასიათებს:

  • განსხვავებული აზრის პატივისცემა – განსხვავებული აზრის პატივისცემა ნიშნავს განსხვავებული აზრის გულდასმით მოსმენის უნარს, განსხვავებული აზრის არა აუცილებლად ღირსების საფრთხედ შერაცხვას, არამედ – კონკრეტული საკითხის ირგვლივ საუბრის წარმართვის შესაძლებლობად აღქმას. ადამიანები, რომლებიც პატივს სცემენ განსხვავებულ აზრს, აუცილებლად არ იზიარებენ თანამოსაუბრის აზრს, თუმცა, აქვთ თანამოსაუბრის გულდასმით მოსმენის უნარი.
  • შემეცნებითი ქედმაღლობის ნაკლებობა – ამ უნარის მქონე ადამიანებს შეუძლიათ, ეჭვი შეიტანონ თავისი რწმენების, ვარაუდების და ქმედებების საფუძვლიანობაში. ასევე, განვითარებული აქვთ შესაბამისი კითხვების დასმის უნარი.
  • შეზღუდვების გაცნობიერება – თითოეული ჩვენგანს განსაზღვრული რაოდენობის დროის მანძილზე, მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის საკითხების შესახებ საკმაოდ შეზღუდული ცოდნის შეძენა შეუძლია. ეს განსაკუთრებით იგრძნობა 21 – ე საუკუნეში, როდესაც კაცობრიობას იმდენი ცოდნა დაუგროვდა, რომ შეუძლებელია, თუნდაც, ერთ სფეროში სრულყოფილი ცოდნა გქონდეს. ადამიანები, რომლებიც შემეცნებითი თავმდაბლობით ხასიათდებიან, აღიარებენ შეზღუდვების გარდაუვალობას, მათ სწამთ, რომ შეუძლებელია, დღესდღეობით დაგროვილი ცოდნიდან სრულყოფილად იცოდე ყველაფერი.
  • მიკერძოებულობისკენ მიდრეკილების ცოდნა – ადამიანები, რომლებიც შემეცნებითი თავმდაბლობისკენ არიან მიდრეკილნი, აღიარებენ, რომ ისინი, როგორც ნებისმიერი ადამიანი, მიდრეკილნი არიან მიკერძოებულობისკენ, იცნობენ დასკვნის გამოტანის პროცესებს და აცნობიერებენ თავიანთ დამოკიდებულებებს, ლტოლვებს და, რაც მთავარია, აცნობიერებენ, რატომაა ასეთი მნიშვნელოვანი კონკრეტული საკითხი მათთვის, როგორც პიროვნებისთვის.
  • ცოდნის გამიჯვნა პირადი ინტერესებისგან – ადამიანები, რომლებიც შემეცნებითი თავმდაბლობისკენ ისწრაფვიან, ცდილობენ, ცოდნა გამიჯნონ მათთვის ხელსაყრელი წარმოდგენებისგან.
  • დამოკიდებულებების განახლებისა და შეცვლის მზაობა – ადამიანები, რომელთაც შემეცნებითი თავმდაბლობა ახასიათებთ, მზად არიან, საჭიროებისამებრ, შეცვალონ ის რწმენები და წარმოდგენები, თუ მათი სისწორის საწინააღმდეგო მტკიცებულებები არსებობს.

შესაძლოა, შემეცნებითი თავმდაბლობა აწმყოს ადამიანის მნიშვნელოვანი საყრდენი აღმოჩნდეს ცვალებად სამყაროში, რომელშიც უფრო და უფრო რთულდება სანდოს და მცდარის ერთმანეთისგან განსხვავება.

[1] Wishful thinking.

[2] False consensus.

ქალები ევროპული ცივილიზაციის სათავეებთან – რევოლუცია სახელად აგნოდიკე და სხვანი

0

ისე მოხდა, რომ აგერ უკვე ათი წელია სხვადასხვა უნივერსიტეტში მედიცინის მიმართულების სტუდენტებს ლათინურ ენას ვასწავლი. ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი ათი წელია ყოველდღიურად ვრწმუნდები ჭეშმარიტებაში ერთი ცნობილი ლათინური გამონათქვამისა, რომელიც ასე ჟღერს: Omnium artium Medicina nobilissima est.

მართლაც, დიდებულზე დიდებული ხელოვნებაა მედიცინა. ასევე დიდებულნი და გამორჩეულნი არიან ექიმები და მომავალი ექიმები ანუ ჩემი სტუდენტები.

ჩემი სტუდენტები უმთავრესად უცხოელები არიან, სხვადსხვა ქვეყნიდან – მდიდარი, მშვენიერი, ღრმა წარსულითა და არცთუ ისე სახარბიელო აწმყოთი. თითოეული მათგანი მთელი არსებით დაატარებს საკუთარი კულტურის წარსულისა და აწმყოს სიღრმეებს და ამიტომაც, როცა მათთან შევდივარ ლექციაზე, მგონია,  რაღაც შორეული და ახლობელი, მშვენიერი და  დიდებული მუსიკის ხმებს ვუერთდები როგორც ერთი რიგითი ჰანგი და ასე ერთად ვქმნით უძვირფასესსა და უმშვენიერეს ჰარმონიას, რომელიც თითქოს ამოუხსნელი, მაგრამ ყველაზე ავთენტური რიტუალის მონაწილეებად გვაქცევს ხოლმე.

ამ რიტუალში ჩვენ, ორივე მხარე თანაბარნი და თანასწორნი ვართ – მასწავლებელიცა და მოსწავლეებიც. ათი წელია ეს ასეა და თითქოს არც არაფერი იცვლება დიდად, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით.

სინამდვილეში, ათი წლის წინ, როცა პირველად შევედი ლექციაზე სამედიცინო ლათინურის წასაკითხად, ჯგუფში მხოლოდ ბიჭები დამხვდნენ. ძალიან კარგი ბიჭები, მაგრამ მხოლოდ ბიჭები.

მეორე წელსაც იგივე მოხდა.

შემდეგ კი თითქოს რაღაც უხილავმა ხელმა ამბის ნელ-ნელა დალაგება დაიწყო – მედიცინის მიმართულების უცხოენოვან ჯგუფებში გოგონებიც გამოჩნდნენ. თითო-ოროლა, მაგრამ მაინც.

წლიდან წლამდე იცვლება ეს მოცემულობა. წლიდან წლამდე უფრო მეტი ქალი ექიმი იბადება იმ მშვენიერ კულტურაში, რომელსაც ჩემი სტუდენტები ამდენი წელია მაცნობენ და მაყვარებენ. და ეს ძალიან, ძალიან კარგი ამბავია, თუმცა ალბათ ჯერ კიდევ შორია იმ ეტაპამდე, როცა ექიმის პროფესია თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოს ყველა ხალხისა და ყველა კულტურის ქალებისა და კაცებისათვის.

ალბათ იკითხავთ, რა შუაშია ეს ამბავი ანტიკურობასთანო?

ეს ყოველივე – ანუ ამბავი იმის შესახებ, რომ ქალებსა და კაცებს განათლებაზე ხელი თანაბრად ჯერ კიდევ არ მიუწვდებათ და ეს ხდება ჩვენი სამყაროს უძველესსა და უმშვენიერეს მხარეებში, სევდიანი ამბავია, მაგრამ თან იმედისმომცემიც. აკი, გითხარით – წლიდან წლამდე მედიცინის პროფესიის დაუფლებას უფრო და უფრო მეტი გოგონა ახერხებს-მეთქი. და ეს უბრალო სტატისტიკა სულაც არ გახლავთ – ეს ერთ-ერთი განგრძობითი პასუხია იმ კითხვაზე, ზემოთ რომ დაისვა – „სად არიან ქალები“?

დღეს ქალები აუდიტორიებშიც არიან და სხვა სივრცეებშიც, მაგრამ თავადაც მოგეხსენებათ, რომ ამ სივრცეებში მათი ადგილი ბევრი საუკუნის განმავლობაში უბრალოდ არ იყო. ანტიკურობაშიც – რასაკვირველია, ოღონდ ადრეულ ანტიკურობაში – მანამ სანამ ერთი შეუპოვარი ქალი არ გამოჩნდებოდა ისტორიის ასპარეზზე საბრძოლველად და აუცილებლად – გასამარჯვებლად. ამის შესახებ ჰიგინუსი გვიამბობს. მე უბრალოდ გავიმეორებ, თუმცა ოდნავ მოგვიანებით.

თეატრი ანტიკური სამყაროს და მაშასადამე ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთი უპირობო მონაპოვარია, რომლის რიტუალურ ფესვებსა და ფუნქციაზე უამრავი ნაშრომი დაწერილა და კიდევ მეტი დაიწერება. ჩვენ – ადამიანებს, რომლებსაც ჩასახვის წამიდან დაგვყვება ბედისწერა, ყველაზე ტრაგიკომიკური რიტუალის – სიცოცხლის მონაწილენი ვიყოთ, ალბათ ამიტომაც გვხიბლავს თეატრი და მისი ყველა  გამოვლინება ცხოვრებაში. მოგეხსენებათ, რომ თეატრში ქალების ადგილი არ იყო, რომ მამაკაცი მსახიობები თამაშობდნენ ქალების როლებს ისევ და ისევ მამაკაცი მაყურებლებისთვის. ერთ მშვენიერ დღეს ეს წესი თუ ტრადიცია შეიცვალა, მაგრამ ამაზე სხვა დროს იყოს. აქ მხოლოდ ერთ თეატრს გაგახსენებთ – ანტიკურობიდან ყველაზე კარგად შემონახულ, უზარმაზარ, შთამბეჭდავ თეატრს, რომელიც ეპიდავროსში მდებარეობს.

ეპიდავროსში, თეატრთან ახლოს მედიცინის ღმერთის – ასკლეპიოსის საკულტო ცენტრია. თავის დროზე, ეს თეატრიც იმისთვის აშენდა, რომ ასკლეპიოსის ამ ანტიკურ „კლინიკაში“ მისულ პაციენტებს გარდა რწმენით მკურნალობის მეთოდისა, რწმენისაგან არცთუ დიდად განსხვავებული – ხელოვნების გზით მკურნალობის მეთოდიც გამოეცადათ საკუთარ თავებზე. ასკლეპიოსის ეს საკულტო ადგილი უამრავ ფუნქციურ სივრცეს მოიცავდა – თავისი საავადმყოფოთი, აბანოებით, სასტუმროებით, სტადიონით, ტაძრებითა და თეატრითაც კი. დიდი ღმერთი იყო აპოლონის ვაჟი – ასკლეპიოსი, პატივსაცემი ფიგურები იყვნენ მისი მიმდევარნი – ასკლეპიადები ანუ ანტიკურობის ქურუმი-ექიმები. და ყველაფერი კარგად იყო თითქოს ამ მამაკაცურ სამედიცინო სამყაროში, მიუხედავად იმისა, რომ მათში ერივნენ მედიცინასთან წილნაყარი ქალღმერთები და მათ შორის თავად ჰიგია – ასული ასკლეპიოსისა და ქალღმერთი ჯანმრთელობისა. მის სახელს ხომ დღემდე ყველაზე ხშირად იმეორებენ ბერძნები  – თან ყოველდღიურად და დღეში ბევრჯერ – როცა ერთმანეთს ესალმებიან ან ერთმანეთს ემშვიდობებიან – γεια σου ანუ ჯანმრთელობა შენ ანუ ჰიგია შენთან ანუ გამარჯობა ანუ ნახვამდის. კარგი რამაა ჯანმრთელობა ახლაც და კარგი რამ იყო ანტიკურობაშიც.

თუმცა ვინმემ რომ გკითხოთ ანტიკური მედიცინის შესახებ რამე მითხარიო, ალბათ აუცილებლად და უპირველესად ჰიპოკრატე გაგახსენდებათ – მამა მედიცინისა, რომლის სიტყვებსაც აგერ უკვე რამდენი საუკუნეა მარადიულ ფიცად იმეორებს კაცობრიობა. აი, ისევ კაცობრიობა, იმიტომ  რომ ქალის ადგილი თეატრისა არ იყოს, არც მედიცინაში მოიძებნებოდა. უცნაურია, მაგრამ ბერძნული მითოპოეტური სამყაროს წესები და წესები რეალური ანტიკური საბერძნეთისა ერთმანეთს ხშირად არ ემთხვეოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბერძენი ქალღმერთები და კაცღმერთები, ერთი შეხედვით, იმაზე უკეთ ინაწილებდნენ თანასწორობას, ვიდრე ჩვენ – თანამედროვე ქალები და კაცები, ეს პარადიგმა ადამიანურ სამყაროში არ მუშაობდა. ანტიკურ ადამიანურ სამყაროში ქალების ადგილი ბევრგან არ იყო, შეიძლება ითქვას – თითქმის არსადაც არ იყო, გარდა ოჯახისა ან ტაძრისა. ვინ დაადგინა ეს და რატომ – ამაზე მე ვერ გიპასუხებთ, სამაგიეროდ, როგორც დაგპირდით, გიამბობთ ერთი ქალის – აგნოდიკეს ამბავს, რომელმაც ანტიკურ ათენში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი, მაგრამ ყველაზე მიჩქმალული რევოლუცია მოახდინა. რევოლუცია კარგი გაგებით. და ეს ამბავი გახლავთ ჩემი პირველი მცდელობა, რომ იმ ნაქსოვში, რომელზედაც ზემოთ ვამბობდი, ერთი ჩავარდნილი თვალი მაინც ამოვიყვანოთ, იმისათვის რომ დღეის აქეთ, ანტიკურ მედიცინაზე საუბრისას ჰიპოკრატეს სახელთან ერთად, აგნოდიკეს სახელის ხსენებაც არ დაგავიწყდეთ, მით უმეტეს – არ მოგერიდოთ.

ძვ. წ. მე-4 საუკუნემდე ათენში არსებობდა კანონი, რომლის მიხედვითაც, ქალებს ეკრძალებოდათ ექიმის პროფესიას დაუფლებოდნენ და მით უფრო – ამ პროფესიით ემუშავათ. კანონის დამრღვევს სასიკვდილო განაჩენი ელოდა. ამ დროს მედიცინაში ქალები მხოლოდ დამხმარე პერსონალის როლს თამაშობდნენ – მომვლელების ან ე.წ. ბებიაქალებისას. ექიმი და ქალი ათენური საზოგადოებისთვის ერთმანეთთან შეუთავსებელი ორი მოცემულობა გახლდათ. ამიტომაც, როგორც წყაროები გვამცნობენ, ძველ ათენში ქალთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი იყო, ვინაიდან პაციენტი ქალები მთელი რიგი სტერეოტიპების გამო, უფრთხოდნენ მამაკაც ექიმებთან ურთიერთობას. ეს პრობლემა კი ყველაზე ხშირად ორსული და მშობიარე ქალების შემთხვევაში იჩენდა თავს. უცნაურია, მაგრამ ასეა – თავიდან გინეკოლოგიის ანუ ქალთა შემსწავლელი მეცნიერების სადავეები მხოლოდ მამაკაცებს ეპყრათ ხელთ.

ასე გრძელდებოდა საუკუნეთა განმავლობაში, მანამ სანამ  ერთი ათენელი ქალი – აგნოდიკე არ გადაწყვეტდა, კანონის წინააღმდეგ წასულიყო.

ჰიგინუსი გვიამბობს[1], რომ აგნოდიკემ მამაკაცის სამოსი მოირგო და მედიცინის შესასწავლად ალექსანდრიაში, ცნობილი ბერძენი ექიმის – ჰეროფილოსის სკოლაში გაემგზავრა. ჰეროფილოსის, როგორც ექიმისა და ანატომიის უბადლო სპეციალისტის სახელს არაერთი მნიშვნელოვანი სამედიცინო აღმოჩენა უკავშირდება, მათ შორის – კვერცხუჯრედის აღმოჩენა და თავის ტვინის დეტალური ანალიზიც. ჰიგინუსთან მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გამოყენება აგნოდიკემ ათენში გადაწყვიტა. და ეს ამბავი სამყაროს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი, მაგრამ როგორც ვთქვით – მიჩქმალული რევოლუციის საფუძველი გახდა. ეს იყო უსისხლო რევოლუცია, რომელიც ათენელმა ქალებმა მოახდინეს მთელი მსოფლიოს ქალებისა და კაცებისათვის.

კაცის სამოსს ამოფარებულმა ექიმმა ქალმა – აგნოდიკემ განსაკუთრებული სიყვარული და პოპულარობა მოიპოვა ათენელ ქალთა წრეში. მათ აგნოდიკეს საიდუმლო იცოდნენ, მაგრამ არასდროს გაუმხელიათ, რომ მათი მკურნალი ექიმი სინამდვილეში ქალი იყო. თუმცა აგნოდიკეს პოპულარობამ ათენელი კაცი ექიმები შეაწუხა. ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს, გადაწყვიტეს სასამართლოსთვის მიემართათ და ახალგამოჩენილი ექიმისთვის, ქალ პაციენტებში უჩვეულო პოპულარობისა და ნდობის გამო, სამედიცინო ეთიკის დარღვევა დაედოთ ბრალად,  სავარაუდო „გარყვნილი ქმედებების“ მიმართულებით.

აგნოდიკე სასამართლოს წინაშე წარსდგა. უფრო მეტიც – იძულებული შეიქნა საკუთარი სქესი გაემხილა მსაჯულებისთვის. ასეთი ამბები ათენურ სასამართლოში სხვა დროსაც მომხდარა: ერთხელ ერთმა ჰეტერა ქალმა – ფრინემ სამოსი შემოიძარცვა მსაჯულთა წინაშე, მისი მშვენიერების მხილველმა მსაჯულებმა კი თქვეს, ასეთი სილამაზე მხოლოდ ქალღმერთს შეიძლება ჰქონდეს, ამ ქალის დასჯა აფროდიტეს დასჯის ტოლფასიაო და მსჯავრი მოუხსნეს.  აგნოდიკემაც იგივე ჩაიდინა – „ანასირმოსის“ მეთოდს მიმართა, სამოსი შემოძარცვა და ამ გზით გააქარწყლა ბრალმდებელთა მოსაზრება – მისი, როგორც კაცი ექიმის ქალებთან არაეთიკური ქცევის შესახებ. რა თქმა უნდა, დაიბნა სასამართლო, მაგრამ არა იმდენად, რომ ათენის კანონმდებლობა დავიწყებოდათ. აგნოდიკეს ამ ქმედებამ ანტიკურობის პირველი ექიმი ქალი მეორე და კიდევ უფრო მძიმე ბრალდებამდე მიიყვანა:

  • ქალმა გაბედა და ისწავლა!
  • ქალმა გაბედა და ექიმი გახდა!
  • ქალმა გაბედა და უმკურნალა!
  • ქალმა გაბედა და ათენის კანონმდებლობა დაარღვია!
  • სიკვდილი ასეთ ქალს!

– დარწმუნებული ვარ, ეს სიტყვები მქუხარე შეძახილებად მოედებოდა ათენურ სასამართლოსაც და მთელ საზოგადოებას, მითუმეტეს რომ კანონის მიხედვით, აგნოდიკე მართლაც სასიკვდილო განაჩენს იმსახურებდა.

დღეს ხშირად ვსაუბრობთ ქალურ სოლიდარობაზე. ამის გამო ხშირადვე გვაკრიტიკებენ ქალები და კაცები. ქალური სოლიდარობა?! – ჩაიქირქილებენ მავანნი და ამ ქირქილში სწორედ ის შიში იკითხება, რომელიც ამ ჩვენი კაცობრიობის ქვეცნობიერს მრავალი ათასწლეულია აწვალებს და ტანჯავს – შიში ქალებისა, რომლებსაც ერთად დგომითა და თანადგომით სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლიათ. უკეთესობისკენ შეცვლა ნიშნავს პროგრესს. პროგრესი ნიშნავს ისევ შიშს. შიში ნიშნავს აგრესიას. აგრესია ნიშნავს უსამართლობას. უსამართლობა კი ნიშნავს ამ ჩვენს სამყაროს, რომლის ტექსტურასაც მრავალი ათასწლეულია თანაბრად ვქსოვთ ქალები და კაცები და მაინც ამ ქსოვილში სწორედ ის თვლებია ჩაცვენილი, რომელთაც ქალის სახელები ჰქვიათ.

აგნოდიკეა იმ ჩავარდნილი თვლის სახელი, რომელმაც ევროპული განათლების სისტემის დემოკრატიულ სისტემად გარდაქმნისათვის დიდი მაგრამ უსახელო რევოლუცია მოახდინა ძვ. წ. მე-4 საუკუნის ათენში. მაგრამ მის გვერდით სხვა ჩაცვენილ თვლებსაც შევნიშნავთ – ეს ის ათენელი ქალები არიან, რომლებმაც ხმა აიმაღლეს, უარი განაცხადეს საკუთარ ქმრებთან, შვილებთან, ოჯახებთან ყოველგვარ ურთიერთობაზე, რომლებმაც ბოლოს ისიც კი თქვეს – თუ აგნოდიკეს სასიკვდილო განაჩენს გამოუტანთ, ჩვენ ყველა მასობრივ თვითმკვლელობას მოვაწყობთო და გაიმარჯვეს. პირველად, სამყაროს ისტორიაში, აქ გაიმარჯვეს ქალებმა ერთად, იმიტომ რომ ერთად იბრძოლეს.

აგნოდიკე სასამართლომ გაამართლა. უფრო მეტიც – ათენის კანონმდებლობა შეცვალეს და კანონი, რომელიც ქალებს მედიცინის შესწავლას უკრძალავდა და სასიკვდილო განაჩენით ემუქრებოდა, უცებ იქცა კანონად, რომელმაც პირველად ამ ჩვენი მრავალათასწლოვანი კაცობრიობის ისტორიაში, ქალებს სამედიცინო განათლების მიღების უფლება მისცა. ამ კანონს აქვს ბევრი სახელი. ამ კანონს ჰქვია აგნოდიკე და ის ასობით ათენელი ქალი, რომლებმაც ერთხელ ერთად დგომით პირველი საგანმანათლებლო რევოლუცია მოახდინეს დედამიწაზე.

მას შემდეგ ბევრი საუკუნე გავიდა. სამწუხაროდ, ქალებმა საბერძნეთში მერე ისევ დაკარგეს უფლება და თავისუფლება, შემდეგ ისევ მოიპოვეს და იმედია აღარასოდეს დაკარგავენ. თუმცა ეს უფლება და თავისუფლება ჯერ კიდევ არაა ბოლომდე და ყველგან მტკიცედ მოპოვებული:

ათი წელია სამედიცინო მიმართულების უცხოენოვან ჯგუფებში შესვლისას, პირველი რასაც აუდიტორიაში ვაკეთებ ხოლმე, დიდი მოლოდინითა და მღელვარებით ვაკვირდები ჩემს სტუდენტებს, რომელთა შორის ჯერ კიდევ საგრძნობლად ჭარბობენ ბიჭები. ეს ბიჭები კარგი ბიჭები არიან – კეთილი და სამართლიანი, ნიჭიერი და მშრომელი. და ზუსტად ასეთები არიან ჩემი სტუდენტი გოგონებიც – კეთილი და სამართლიანი, ნიჭიერი და მშრომელი, მაგრამ ჯერ – ცოტა. ამ არათანაბარი  გენდერული ბალანსის პირობებში კი სულ  მახსენდება ხოლმე აგნოდიკე – ქალი, რომელსაც ახლა უკვე არა მხოლოდ ათენში, არამედ მთელ მსოფლიოში ჰყავს თანამებრძოლი ქალები – ჩემი სტუდენტი გოგონების სახით.

ამიტომ, თუ მაინც ვინმე კიდევ იკითხავს – სად არიან ქალები? – აგნოდიკეს ამბავთან ერთად, პასუხად გთავაზობთ გამოცდილ რიტუალს, რომელსაც მე ხშირად მივმართავ ხოლმე:

მყარად დადგებით. ხელებს გაშლით ფართოდ. ირგვლივ მიმოიხედავთ – თუ გწამთ, ზეცასაც ახედავთ, თუ არა – მიწას და ისე უბრალოდ, სასხვათაშორისოდ იტყვით:

  • აქ და ყველგან, სადაც კი ჩვენი მშვენიერი სამყაროს ქსოვილია განფენილი.

მერე იდუმალი გამომეტყველებით გაანდობთ კითხვის ავტორს:

  • იცი, ამ ქსოვილში ბევრი თვალია ჩავარდნილი...

რიტუალი აქ შეიცვლება. კითხვის ავტორი უკვე თავად შეძლებს გახდეს მოპასუხე, საამისოდ კი თქვენ რიტუალის ბოლო ფრაზა დაგჭირდებათ:

  • ეს ჩაცვენილი თვლები ქალის სახელებია. შენც შეგიძლია ამოიყვანო!

[1] ჰიგინუსი, მითები, 274

ამბები დუშეთიდან (ნაწილი პირველი)

0

დღეს, საღამოს, საქმეებიდან შინ მობრუნებულმა, უკვე ტრადიციულად, დუშეთში, მახლობელ სოფლებში ვიხეტიალე. ბევრთაგან ერთი კაციც შემომაყარა, მოხუცი, გულზე ახალგაზრდა ბიჭის სურათით. ძროხებს მწყემსდა. მივესალმე. მომესალმა. ,,შენ ის არა ხარ, წიგნებსა რომ წერამო?” კი – მეთქი. გაეცინა. გამეცინა. ,,ჰოდამ, როგორა ხარო?” – მკითხა. ნელ-თბილად – მეთქი. “ეგ როგორიაო?” სახე შეეცვალა. აი – ისე, რა – მეთქი. და მერე მივაგებე: თქვენ, თქვენ როგორ ხართ – მეთქი?

მეო – მიპასუხა და ამოიოხრა – ხან კარგად ვარ და… და ხან უფრო კარგადო!
აბა, ეს კაცი ჩემზე კარგად როგორ იყო, სხვა რომ არაფერი, გულზე გარდაცვლილი შვილის სურათი ეკიდა. მაგრამ სხვა ცოდნა ჰქონდა, გაძლების ხელოვნების ცოდნა. ის ცოდნა, რომელმაც ალბათ აქამდე მოგვიყვანა და გადაგვარჩინა. ის ცოდნა, როცა ჭირშიც კარგად ვართ ან უფრო კარგად.

 

—-

გუშინ სასტიკი ქარი იყო დუშეთში. ისეთი – მგლების ყმუილი და მთვარე რომ უხდება გამჭვირვალე ღრუბლის მარლაში, მაგრამ არც მგლები ყმუოდნენ და ღამეც უმთვარეო გამოდგა. არცერთი მეზობელი არ დარჩენილა მახლობლად. მე კიდევ მიყვარს, როცა გრიგალია, მარტო ვარ და შიში მახსენდება. დიახ, მახსენდება. ძველი და უცნაური. მაშინ 7 თუ 8 წლის ვიყავი და ქარები დასჩემდა გურიას. უფროსების მთავარი შფოთვა ეგ მაგონდება, რომ სახურავი არ აეხადა სახლისთვის, ხოლო ჩემი მაშინდელი მთავარი ზაფრა კი მამაჩემი და ერთი უცნაური ლექსი იყო. აი, ის ლექსი, დედისერთას რომ მიუძღვნეს, ლენინთან. როცა, ვწვებოდი და მე მამაჩემის გვერდით ვწვებოდი, ის საგანგებო, ჩურჩულისმაგვარი ხმით იწყებდა:
“გარეთ ცივა, ქრის ქარი
მთვარე ვახშმობს მუხებში,
დახშულია ჭიშკარი,
ადევს კლიტე უხეში.
დედაბერი მიმჯდარა,
ბუხრის ახლოს კუთხეში.
თვალში ცრემლი დამშრალა,
მოხუცს ვინ სცეს ნუგეში?”
მე არ ვიცი ამ ლექსის მოსმენაზე მძაფრი რამ, როცა გარეთ ქარია. და ღამეა. და შენ რვა წლის ხარ. მაგრამ მერე მივეჩვიე. ძალიან მივეჩვიე. და ბოლოს ვეხვეწებოდი, რომ წაეკითხა. და ღმერთს ვთხოვდი, რომ გრიგალი ამოვარდნილიყო. და ვიყავი მშვიდი, ძალიან მშვიდი. ასე მოვათვინიერე პირველი ქარები. მამაჩემთან ერთად. მასე მერე სულ ქარში ვარ. ქარიშხლებში. ვირყევი და მსიამოვნებს. გუშინაც ეგ ამბავი იყო. ცხადად მივხვდი, რომ ეს მარტოობა მჭირდებოდა. რომ ახლა დაკვირვების და ახალი სიმაღლეების მონიშვნის დროა. ძველი ქარები მომბეზრდა. ნელ-ნელა ახლებს მოვძებნი და დავუძახებ. მანამდე კი საღამოებს და ღამეებს სხვა სიმშვიდით შევეგებები, რადგან არის დრო ქარიშხლების გამოცდის და არის დრო ამ გამოცდების ჩაბარების. საკუთარ თავთან. თუნდაც გარეთ ნამდვილი გრიგალი ქროდეს და სახლი კანკალებდეს. მე ღიმილით გადავბრუნდები. კედელთან მამაჩემი წევს. მამაჩემი ამბობს:
“გარეთ ცივა, ქრის ქარი!”
და ყველაფერი კარგადაა.

—-

წეღან ერთი კარგი, მშრომელი ბიჭი წავიყვანე მანქანით ჩანადირებიდან, ფეხით მიდიოდა და ვერ ასწრებდა კომენდატ საათამდე საკუთარ სოფელში. არ მგონია, იმ გზებზე ვინმეს შეენიშნა, მაგრამ წესი, წესია – მით უფრო პატიოსანი, გლეხი კაცისთვის. ასე აღმოვჩნდი სოფელ საკრამულში: ამ ჯადოსნურ ტყეში შევაბიჯეთ და ხეების გვირაბი ხომ საოცარი და გამოსვლისას სულ სხვა სამყარო გადამეშალა. სად აღარ მიხეტილია და რა აღარ მინახავს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ეს სოფელი მართლაც მოულოდნელი რამ გამოდგა. უკანა გზაზე, სავალს ავცდი და ცოტა გამიმრუდდა; ბაზალეთის ტბას მივადექი ზურგიდან – ვერცხლისფერის და იასამნისფერი რბილი ჭიდაობა ცალკე ჯადოქრობა იყო.
დუშეთი არის დაუფასებელი და უცხო. და სასწაული.

 

მარადიული ძიების მოტივი – აკაკი წერეთლის „სულიკო“

0

შემეცნებითი ძიება ინდივიდის არსებობის მთავარი ნიშანია. ადამიანი მუდმივად ეძებს ჭეშმარიტებას, ცდილობს ამოიცნოს, იპოვოს, ჩაწვდეს, მიაგნოს, ამოხსნას. ძიების სემანტიკა თავის თავში მოიაზრებს პოვნის სირთულეს, ამოუცნობის, მოუხელთებლის, განსაკუთრებულის აღმოჩენის აუცილებლობას.  აკაკი წერეთლის „სულიკო” ქართული კლასიკური ლექსია თავისი ფორმით, მეტრითა და რითმით. ლექსის შინაარსი, დაკარგული სატრფოს ძიება, სრულიად შეესაბამება ზოგადსაკაცობრიო, მარადიულ თემებს. სატრფო საიდუმლოებით მოცული სიმბოლურ-ალეგორიული სახეა, ამიტომაც ლექსის ესთეტიკა მრავალჯერ ქცეულა მეცნიერთა განხილვის საგნად: ვინ შეიძლება მოიაზრებოდეს დაკარგულ სატრფოში? ღმერთი? სამშობლო? დაკარგული სიყვარული? დაკარგული თავისუფლება? რას ნიშნავს იდეალური სამსახოვნება, სამბუნებოვნება? რას მიგვანიშნებს ეს სამი სახე-სიმბოლო?

აკაკი წერეთლის „სულიკო“ 1895 წლის 9 ივნისს დაიბეჭდა გაზეთ „კვალში“. ლექსის ავტოგრაფი დაკარგულია. სულიკოს გამოქვეყნებისთანავე აკაკის უთხოვია ბარბარე-ვარინკა მაჭავარიანი-წერეთლისათვის, რომელსაც მანამდე აუმღერებია აკაკის რამდენიმე ლექსი,  რომ „სულიკოსთვისაც“ გამოეძებნა მელოდია. ბაარბარე-ვარინკა მაჭავარიანი-წერეთლისა იგონებს: „აკაკიმ მიძღვნა „სულიკო“ და მითხრა, – შენებურად ხმა გამოუძებნე და იმღერეო. დიდი მგოსნის შეკვეთამ, რა თქმა უნდა, საგონებელში ჩამაგდო. ლექსის მომხიბვლავმა სილამაზემ ჩემში უთვალავი მუსიკალური სახეები აღძრა. ერთ მშვენიერ დღეს გიტარის აკომპანიმენტზე სრულიად მოულოდნელად ჩამოყალიბდა „სულიკოს“ მელოდია. როდესაც აკაკიმ ეს მელოდია პირველად გაიგონა, დიდად ნასიამოვნები დარჩა, მამღერა მრავალჯერ, შემდეგ თავისი პორტრეტი მაჩუქა წარწერით: „ჩემს საყვარელ ბულბულს, სულიკო-ვარინკას აკაკისაგან“ (იხ. მოგონებები აკაკიზე, 1990, გვ. 485).

აკაკი წერეთლის „სულიკო“ შეიძლება განვიხილოთ, როგორც ლიტერატურული რეცეფცია მარადიული ძიების თემაზე. „შემეცნებითი ძიება ინდივიდის არსებობის მთავარი ნიშანია. ადამიანი მუდმივად ეძებს ჭეშმარიტებას, ცდილობს ამოიცნოს, იპოვოს, ჩაწვდეს, მიაგნოს, ამოხსნას. ძიების სემანტიკა თავის თავში მოიაზრებს პოვნის სირთულეს, ამოუცნობის, მოუხელთებლის, განსაკუთრებულის აღმოჩენის აუცილებლობას. აკაკი წერეთლის “სულიკო“ ქართული კლასიკური ლექსია თავისი ფორმით, მეტრითა და რითმით. ლექსის შინაარსი, დაკარგული სატრფოს ძიება, სრულიად შეესაბამება ზოგადსაკაცობრიო, მარადიულ თემებს“ (პოპიაშვილი 2018).

ცნობილი გერმანელი რომანტიკოსის, ადალბერტ ფონ შამისოს (1781-1838) ლექსი, „ხეტიალისას“ თავისი განწყობილებებითა და შინაგანი მიმართებებით სწორედ ძიების, ჭვრეტის თემას ეხება. სიყვარულისგან დამწუხრებული ლექსის ლირიკული გმირი სახეტიალოდ მიდის: „Wohl wandert’ ich aus in trauriger Stund’,/Es weinte die Liebe so sehr (დამწუხრებული ფიქრისაგან მივეხეტები,/სიყვარული ისე ძლიერ ტიროდა).

რომანტიული განწყობილებები, სიყვარული და სევდა ერთგვარი უნივერსალური სიმბოლოებია, რაც მუდმივად აისახება ლირიკაში. „შამისოს ლირიკა ევროპული რომანტიზმის კლასიკური ნიმუშია, სადაც ყველა ძირითადი ტენდენცია და მიმართულებაა ასახული“ (შამისო 1981, გვ. 7). შამისოს შემოქმედება ხასიათდება ორი ძირითადი ასპექტით. ერთი მხრივ, შამისო არის სიყვარულის ლირიკოსი, რომლის მთავარი აქცენტი შეყვარებულის გრძნობების გადმოცემაა. მეორე მხრივ, შამისოს შემოქმედება გოეთესეულ რეცეფციებთან არის ახლოს.

სასიყვარულო ლირიკაში შამისოს ლექსების ობიექტი ისეთი სატრფოა, რომელიც ლექსის ლირიკულ გმირს მუდმივად უარს ეუბნება, არ თანხმდება შეხვედრაზე, თავს არიდებს ლირიკულ გმირს, რომელიც თავის მხრივ, სიყვარულის ერთგულია, განიცდის სიყვარულს, სევდიანი და მწუხარეა სატრფოს უარის გამო. ლექსის „ხეტიალისას“ ლირიკული გმირი სეირნობისას ჩიტებს დაინახავს და ეკითხება: „Was singt ihr, ihr Vögel, im Morgenlicht?/Ihr wißt nicht, wie scheiden thut!“ (რას ჭიკჭიკებთ, ჩიტებო, დილით?/თქვენ არც კი იცით, განშორება რარიგ ძნელია!).

ლექსის ლირიკული შეკითხვაა: „რას დაეძებ წუთისოფელში?“ რა არის აქ საძებნელი, ან რისი პოვნა შეუძლია ადამიანს? მარადიული შეკითხვაზე პასუხი შამისოს ლექსში ორიგინალურად არის გაცემული: იმას არ ვეძებ, რაც უკვე ნაპოვნი მაქვს,/იმას არ ვეძებ, რაც უკვე თავს გადამხდენია.

„Was gehst du suchend durch das Land,

Du Müder mit ergrautem Bart? –

Ich suche nicht, was ich schon fand,

Ich suche nicht, was mir schon ward“.

„ – რას ეძებ ნეტავ ტიალ მიწაზე

დაღლილო მოყმევ, ჭაღარა წვერით?

– მე არ დავეძებ განცდილ სიამეს,

მე არ დავეძებ თავს გადახდენილს“.

(თარგმანი: ჩემია, ნ. პ.)

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ადალბერტ ფონ შამისოს შემოქმედება თანადროულ ევროპულ ლიტერატურაში ძალზე პოპულარული იყო. შამისოს სასიყვარულო ციკლის ლექსებზე შექმნილია სიმღერები, რომლბიც დღემდე სრულდება. შამისოს ლექსის, „ხეტიალისას“ მუსიკა ეკუთვნის გერმანელ კომპოზიტორს, ჰუგო ვოლფს (1860-1903). ლექსი იმდენად მოსწონებია კომპოზიტორს, რომ მუსიკის ორგვარი ვარიაცია არსებობს, ორი სხვადასხვა მუსიკალური ნაწარმოები.

აკაკი წერეთლის „სულიკო“ და  ადალბერტ ფონ შამისოს ლექსი, „ხეტიალისას“ ძიების მოტივზე შექმნილი ნაწარმოებებია. სატრფო განყენებული ცნებაა, ერთგვარი არქეტიპია, ის არის ძიების უცვლელი მიზანი. სიყვარულის, მოუხელთებელი სატრფოს, სევდისა და იმედის, მარადიულის ძიების, ჭეშმარიტების შეცნობის, თავისუფლების, ამოუცნობის ამოცნობისკენ სწრაფვა ასაზრდოებს მხატვრულ ლიტერატურას, ქმნის საერთო თემებზე ინტერპრეტაციებსა და რეფლექსიებს.

შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, რომ მარადიული ძიების თემას ქართულ ლიტერატურაში მრავალმხრივად წარმოაჩენს აკაკი წერეთლის „სულიკო“, რომელშიც უმთავრესი სწორედ ძიების რთული შემეცნებითი და შემოქმედებითი პროცესია.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

მოგონებები აკაკიზე 1990

მოგონებები აკაკიზე, თბ., 1990

 

შამისო 1981

Adalbert von Chamisso, Werke in zwei Baenden, Band I, Insel-Verlag, 1981

 

პოპიაშვილი 2015

ნინო პოპიაშვილი, ნაციონალური ლიტერატურის კანონი და დიქტატურა (სტალინი და აკაკის „სულიკო“), კრებულში: ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები, ტრადიცია და თანამედროვე მწერლობა (სიმპოზიუმი ეძღვნება აკაკი წერეთლის გარდაცვალებიდან 100 წლისთავს), მეცხრე საერთაშორისო სიმპოზიუმის მასალები, თბ., 2015

 

პოპიაშვილი 2018

ნინო პოპიაშვილი, აკაკი წერეთლის „სულიკო“ ენებსა და სტრიქონებს შორის. წიგნში: აკაკი წერეთლის „სულიკო“ მსოფლიო ხალხთა ენებზე, თბ., თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018

 

 

 

iსკოლა დისტანციური სწავლებისთვის

0

ახალი საგანმანათლებლო პროექტის “iსკოლა”-ს  ფარგლებში, ინტერნეტგაზეთ “mastsavlebeli.ge”– ზე გამოქვეყნდა ათი სტატია, დისტანციური სწავლებისთვის.  წიგნში, “iსკოლა დისტანციური სწავლებისთვის”,  თავმოყრილია ყველა გამოქვეყნებული  სტატია და დაინტერესებულ მკითხველს შესაძლებლობა ექნება   როგორც წაკითხვის, ასევე წიგნის ჩამოტვირთვის.

 

iსკოლა დისტანციური სწავლებისთვის

წიგნში წაიკითხავთ:

ნინო ჭიაბრიშვილი „დიადი გადააზრების“, ანუ ერთადერთი ნამდვილისკენ მიბრუნებ ისთვის – დისტანციური
სწავლება და ღირებულებები
ვარდენ ნიქაბაძე – სასწავლო პროცესი და სკოლის მართვა დისტანცი ურ რეჟიმში
თამთა დოლიძე – დისტანციური სწავლების გამოწვევები გაკვეთილზე და როგორ გავართვათ მათ თავი
გიტა თვალაბეიშვილი –  დისტანციური სწავლების კალეიდოსკოპი
მანანა ბოჭორიშვილი  – დისტანციური სწავლება. პრაქტიკული რეკომენდაციები მცირეკონტინგენტიანი სკოლის
მასწავლებლებისთვის
ნინო ლაბარტყავა  – ონლაინ სწავლების დადებითი მხარეები და გამოწვევები განათლების დაწყებით
საფეხურზე ფორსმაჟორულ სიტუაციაში
მეგი კავთუაშვილი – მშობლები გამჭვირვალე „საკლასო ოთახში“
ირმა კახურაშვილი  – მოსწავლეები ონლაინ სწავლის გამოწვევების პირისპირ. რას ფიქრობენ ისინი.
სოფო ფაცაცია – რესურსები და ინსტრუმენტები დისტანციური სწავლებისთვის
ანა ღვინიანიძე – როდესაც ერთმანეთს მანძილი გვაშორებს ანუ დისტანციური სწავლების ფსი ქოლოგია

წიგნის რედაქტორინატო ინგოროყვა

ტექსტების კორექტორინანა მაჭავარიანი

დიზაინერიმარიამ ელიზბარაშვილი

 

ლიტერატურა და სპორტი

0

ჩემი მეოთხეკლასელი გოგონასთვის და მისი მეგობრებისთვის ლიტერატურული თამაში წამოვიწყე. ყოველდღიურობის გამრავალფეროვნების გარდა, წიგნის კითხვისადმი ინტერესის აღძვრა დავისახე მიზნად. საბედნიეროდ, ჩემი გოგონას ორი კლასელი ჩვენს სადარბაზოში ცხოვრობს და როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, ერთად დიდ დროს ატარებენ.

წიგნის ფესტივალი

პირველი ნაბიჯი წიგნის ფესტივალზე სტუმრობა იყო. წამოწყების შესახებ მშობლებს შევატყობინე. ისინიც ხალისით ჩაებნენ პროცესში და ფესტივალზე ყველა ერთად გავემგზავრეთ.  გოგონებმა დამოუკიდებლად შეიძინეს წიგნები: მარიმ „დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა“ იყიდა, ნიამ – „ველოტური დანიაში“, თეკლამ კი – ენიდ ბლაიტონის „ხუთეული გვირაბების ლაბირინთში“.

წაიკითხე ჩემი წიგნი პროექტია, რომელიც ერთმანეთისთვის კითხვას გულისხმობს. გოგოენებმა ადრესატები კენჭის ყრის პრინციპით შეარჩიეს და ყდებზე წარწერებით დაიწყეს ლიტერატურული თამაში. შევთანხმდით, რომ შთაბეჭდილებების გასაზიარებლად და წიგნების გასაცვლელად სამ კვირაში შევხვდებოდით ერთმანეთს. მე პროცესის წარმართვა ვითავე, რაც თავისთავად სამივე წიგნის წაკითხვას გულისხმობდა. გოგონებმა წიგნის თავფურცელზე შემდეგი ფრაზა დააწერეს: „ჩემი საუკეთესო დღე!“ – რაც ჩემთვის დიდი სტიმული იყო.

„ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო“ – თქვეს და მალე წიგნები ბარათებითა და წარწერებით აჭრელდა. ერთმანეთს წიგნის გვერდებზე ეკითხებიან, თუ  რას ნიშნავს „კორიანტელი“, „დუქანი“, „კირი“, „უნივერმაღი“, „კონტრაბანდისტი“… პარალელს ავლებენ ყოველდღიურობასთან – სიტყვა „არდადეგები“  მოახლოებული ზაფხულის დღეებს ახსენებთ; ბავშვების სიცილით ჩაბჟირებისას საკუთარი თავი აგონდებათ; ფუნთუშის ხსენებისას ტკბილეულის ჭამა უნდებათ; ცნობილი ხუთეულისგან კარტის ახალ თამაშს, სლეპჯეკს, სწავლობენ; რვა ბავშვის დედის გავლენით ნამცხვრის გამოცხობა და წვეულების მოწყობას გეგმავენ; პერსონაჟებთან ერთად ეშინიათ, ბრაზობენ, უხარიათ, იცინიან და წიგნში ასახულ თავგადასავლებში ერთმანეთს მიიყოლებენ.

შეხვედრა კაფეში

პირობისამებრ წიგნების კითხვა დაასრულეს თუ არა, კაფეში შეხვედრა დავგეგმეთ. ხელი მოვხვიეთ წიგნებს, დღიურებს, კალმებს და კაფეს მოსაძებნად ყველა ერთად გავეშურეთ. ისეთი გახარებული იყვნენ, ყურადღების მოკრება უჭირდათ. რამდენიმე თვეა საგულდაგულოდ ვინახავ ქვითარს, რომელზეც მოკლე ჩანაწერებად მკარნახობდნენ დღის შთაბეჭდილებებს:

22.06.2019

  • წიგნის განხილვა;
  • წიგნის შეყვარება;
  • ტაქსი;
  • კრეპი შოკოლადითა და ბანანით;
  • ფოტოების გადაღება;
  • ამერიკანო;
  • ნაყინი კარამელით;
  • უმი ცომი;
  • ვიქტორინა;
  • მიმტანი;
  • მანათობელი მაგიდა;
  • მენიუ.

თითოეული სიტყვა ამბავს იტევს, რომელიც მათთვის დაუვიწყარ შთაბეჭდილებებად იქცა. როგორც ხვდებით, ამგვარი აქტივობით მოვლენებზე დაკვირვება და მათი შეფასების სწავლება მსურდა. მენიუს წაკითხვა, არჩევნის გაკეთება, უცხო გარემოში ორიენტირება – მედიაწიგნიერების ცნებების განმტკიცებისთვის არაჩვეულებრივი გზაა, თან თუ ამ ყოველივეს წიგნზე საუბრებით გავამყარებთ, კიდევ უკეთესი.

კაფეში ტკბილეულის დაგემოვნების პარალელურად წაკითხულ წიგნებზე ვისაუბრეთ. შემდეგი ნაბიჯად კი ჩვენს ეზოში წიგნების მიხედვით ლიტერატურული თამაშის მოწყობა დავგეგმეთ.

სპორტული აქტივობები, ფერადი ცარცები და წიგნები

ციფრული ტექნოლოგიებით იმდენად დიდი დოზით შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში, თავისუფალი დრო კითხვისთვის აღარ რჩებათ. დროის მართვა ბავშვებისთვის კიდევ უფრო რთულია. კომპიუტერული თამაშებისგან განსხვავებით კითხვას დიდი ნებისყოფა სჭირდება. ასე რომ, მხოლოდ კითხვის სურვილის გაღვივება საკმარისი არ არის. წიგნიერი მოზარდის ჩამოსაყალიბებლად სურვილი ჩვევაში უნდა გადაიზარდოს. ამ დილემის წინაშე მყოფ მასწავლებლებს დიდი ძალისხმევის გაღება გვიწევს, რათა კითხვის მიმართ ინტერესი აღვძრათ. სწორედ ამ მიზნით ლიტერატურის სპორტულ აქტივობებთან დაკავშირება გულგრილს არავის დატოვებს.

ნაბიჯები

  • წავიკითხოთ ის წიგნები, რომლებიც ბავშვებმა წაიკითხეს;
  • მოვიფიქროთ შეკითხვები;
  • არასწორად თუ სწორად გაცემული პასუხების სანაცვლოდ შევთავაზოთ სპორტული აქტივობები, მაგალითად: სირბილი, ტომრით სრბოლა, იოგას მარტივ პოზაში (ბუ) გაშეშება; წყლით სავსე ბუშტების გახეთქვა, ხეებსა და გრძელსკამებს შორის გაბმულ ძაფებქვეშ გაძრომა, ასკინკილით სიარული, თავზე წიგნშემოდებული სვლა, სავარჯიშო რგოლის ტრიალი, ლახტით ხტუნვა…

 

  • ათი შეკითხვა საკმარისია, რომ თამაში დამღლელი და მოსაბეზრებელი არ გახდეს;

 

  • შევადგინოთ განძის რუკა და თამაშის მონაწილეებისთვის მოვიფიქროთ საჩუქარი.

 

ფერადი ცარცები

 

ასფალტზე ფერადი ცარცებით წინასწარ მოვამზადოთ თამაშის გეგმა, მაგალითად, დავხატოთ სხვადასხვა პიქტოგრამა და შიგნით ჩავწეროთ შეკითხვების ნუმერაცია. შესაძლოა, გამოვიყენოთ დახმარების ნიშანი, რაც გულისხმობს სპორტულ აქტივობებში მეგობრის დახმარებას.

 

შეკითხვების ჩამონათვალი

 

წინასწარ მოვამზადოთ შეკითხვების ჩამონათვალი. რამდენიმე შეკითხვის მოფიქრება დამატებით გვქონდეს მზად.

 

  1. ერთ წუთში ჩამოთვალე 12 პერსონაჟის სახელი წიგნიდან „დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა“;
  2. გაგვაცანით სამი ბიოგრაფიული დეტალი ენიდ ბლაიტონის ცხოვრებიდან;
  3. რომელი მწერლის სახლ-მუზეუმი ინახულეს დანიაში დიდმა ოჯახმა?
  4. რა ერქვა ქალს, რომელიც დიდედამ დანიაში გაიცნო?
  5. რა მიზეზით მოუწიათ ბავშვებს კირინის ნახევარკუნძულიდან კონტრაბადისტების მწვერვალზე წასვლა?
  6. ჩამოთვალეთ პერსონაჟთა სახელები წიგნიდან „ხუთეული გვირაბების ლაბირინთში“;
  7. რა ერქვა მადსის მეგობარს, რომელსაც დიდმა ოჯახმა წვეულება მოუწყო?
  8. რა აჩუქა დიდედამ ახალგაცნობილ მეგობარს?
  9. როგორ გამოხატეს მადლიერება ოჯახის წევრებმა საბარგო მძღოლისადმი, რომელმაც წვიმისას შეიფარა ისინი?
  10. ვინ იყო მთავარი დამნაშავე წიგნში „ხუთეული გვირაბების ლაბირინთში“?

 

თამაშის წესები

ბავშვებთან ერთად ჩამოვწეროთ თამაშის წესები. მათი თანამონაწილეობა მნიშვნელოვანია, რადგან საკუთარი წესებით თამაში კიდევ უფრო საინტერესოა.

  • კენჭისყრით გამოვავლინოთ თამაშის პირველი მონაწილე, მაგალითად, ვისაც ამოუვა ყველაზე მაღალი რიცხვი ან ვინც ყველაზე სწრაფად იტყვის გამოცანის პასუხს;
  • პირველ მონაწილეს ვუსვამთ პირველ შეკითხვას;
  • ერთი წუთის განმავლობაში უნდა მოიფიქროს პასუხი;
  • თუ ვერ გამოიცნობს, მეგობრის დახმარების დრო დგება;
  • პასუხის გამოცნობის შემდეგ პირველმა მონაწილემ უნდა შეასრულოს რომელიმე სპორტული აქტივობა;
  • თამაში გრძელდება კითხვების ამოწურვამდე.

 

 

სამივე მონაწილე რიგრიგობით უპასუხებს შეკითხვებს, დაეხმარება ერთმანეთს და თან  ძალიან ბევრს იმოძრავებს.

განძის ძიება

ბოლო ეტაპი გეგმის მიხედვით განძის ძიებაა. ეზოში დამალულია  „განძი“, რომელშიც ტკბილეულისთვის განკუთვნილი თანხა დევს. ამჯერად სამივე ეძებს განძს. ჩანაფიქრის მიზანია, ინდივიდუალური თამაში გუნდური პრინციპით დამთავრდეს.

დარწმუნებული ვარ, ამგვარი თამაშით კიდევ გაუჩნდებათ ერთმანეთისთვის წიგნების წაკითხვის სურვილი.

შესაძლოა, თქვენ კიდევ უფრო ლოგიკური და თანმიმდევრული წესები შეიმუშაოთ. სიამოვნებით გავეცნობი თქვენს იდეებს.

 

 

 

 

 

 

 

 

როგორ შევქმნათ კომიქსი

0

ბავშვებს ძალიან მოსწონთ მულტფილმები, რომლებიც მრავალი ნახატისგან შექმნილი ფილმია. ისინი, ვინც მულტფილმს იღებს, ქმნის კომიქსებსაც. რა არის კომიქსი? ის ნახატებისა და ტექსტისგან შექმნილი გამოსახულებაა. კომიქსში პერსონაჟები ერთმანეთს ესაუბრებიან.

სასწავლო პროცესში მოსწავლეები ხალისით ქმნიან კომიქსს. გადავწყვიტე მათთვის კომიქსის სახით ამეხსნა ქართულის ერთ-ერთი თემა, დიალოგი.

სტატიაში აგიხსნით, როგორ შექმნათ კომიქსი. პირველ რიგში google crome-დან უნდა შეხვიდეთ ბმულზე: pixton და გაიარეთ ავტორიზაცია microsoft-იდან სტუდენტის ფოსტით. ამის შემდეგ აირჩევთ for educators    Login in და  აირჩევთ MY COMICS-ს. ამის შემდეგ კი დააჭერთ  New comic-ს. დაარქმევთ სათაურს და დაიწყებთ შექმნას.

  • Background – პირველ რიგში ირჩევთ კომიქსის ფონს.
  • Characters-ზე დაწკაპების შემდეგ ჩამოგიშლით კომიქსის ვარიანტებს.

კომიქსის არჩევის შემდეგ ის აისახება თქვენ მიერ არჩეულ ფონზე, სადაც შეძლებთ სამოსის, თმის ფერისა და სტილის არჩევას.

თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ახალი კომიქსი Add Character-ის საშუალებით და გყავდეთ რამდენიმე პერსონაჟი.

  • კომიქსების აწყობის შემდეგ შეგიძლიათ მისი ადგილმდებარეობის განსაზღვრაც, რასაც მას შემდეგ შეძლებთ, როცა Focus-ს ღილაკზე გადახვალთ. შეგიძლიათ აარჩიოთ როგორც შორი, ისე ახლო კადრი.

  • გადავდივართ მნიშვნელოვან ნაწილზე, რაც მოიცავს ტექსტებს. Words-ღილაკზე დაჭერის შემდეგ თქვენ მოგეცემათ საშუალება თქვენი კომიქსები აალაპარაკოთ. ვირჩევთ კომიქს, ვაწკაპებთ  ADD Words-ს და ვწერთ სასურველ ტექსტს.
  • ტექსტის შექმნის შემდეგ შეგვიძლია ავირჩიოთ კომიქსის ემოციები. ამისათვის ვირჩევთ Face ღილაკს.
  • შეგიძლიათ თქვენ კომიქსებს მიანიჭოთ მოქმედებები action-ღილაკზე დაჭერით.

თქვენ უკვე დაასრულეთ კომიქსის შექმნა. ახლა უკვე შეგიძლიათ ის შეინახოთ Done-ღილაკზე დაჭერის შემდეგ. ამის შემდეგ თქვენი შექმნილი კომიქსი ავტომატურად შეინახება თქვენს გვერდზე. შეგიძლიათ მასში რედაქტირება შეიტანოთ ან გააზიაროთ. Share ღილაკი საშუალებას მოგცემთ, რომ თქვენი კომიქსი გადმოწეროთ  DOWNLOAD. ამის შემდეგ თქვენი სასურველი კომიქსი უკვე მზად იქნება!  თქვენ შეგიძლიათ კომიქსების სხვადასხვა თემების მიხედვით შექმნა. გთავაზობთ ჩემ მიერ შექმნილს.

 

 

ვინ უმკურნალებს მკურნალებს?!

0

მაშინ, როცა მსოფლიო პანდემიის დაწყებისა და ვირუსის საქართველოში გავრცელების გამო ყველანი პანიკამ მოგვიცვა, ბევრ რამეზე დავფიქრდით, ბევრი რამ გადავაფასეთ და ბევრი რამის შეგვეშინდა. თავდაპირველად, არ ვიცოდით, როგორ მოვქცეულიყავით, რა ხერხებით გვებრძოლა ვირუსთან და როგორ გამოგვეჩინა სიფრთხილე. ყველაფერი ნელ-ნელა ვისწავლეთ, მივეჩვიეთ კარჩაკეტილობას, მინიმუმამდე დავიყვანეთ უცხო საგნებთან შეხების რიცხვი, დავივიწყეთ ხელის ჩამორთმევა, პირზე კოცნაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია და მოვირგეთ ნაირ-ნაირი პირბადეები, ვინც რა მოვიხელთეთ და ვიშოვეთ. საერთო სახალხო პანიკასა თუ ჩოჩქოლს, თან დაერთო მთელი რიგი ე.წ. მიმების, ინტერნეტ ხუმრობების, კორონათემატური ვიდეორგოლების და ვირუსოშემეცნებითი სტატიების ციკლი. უცნაური ამაში არაფერია. როდესაც ადამიანი საფრთხის წინაშეა, ხშირად სიმღერას იწყებს, ან თუ მარტო არაა – ისტერიულად ხუმრობს. მთელ ამ პროცესში კი ჩვენი დროის სუპერგიმირების კასტაც გამოიკვეთა. ჩვენ საქვეყნოდ გამოვაცხადეთ, რომ სახლში ჯდომა გმირობის ტოლფასი იყო, კამპანია “დარჩი სახლში. გადაარჩინე მსოფლიო” დიდი პოპულარობით გამოირჩა და კმაყოფილება მოგვგვარა, რომ საკუთარ ტახტებზე კოტრიალით რაღაც ისეთ საქმეს ვაკეთებდით, ბრიუს უილისის გმირი რომ სჩადის არმაგედონში, ანდა კაპიტანი ამერიკა თანოსთან ბრძოლისას.

დიახ, მართლაც მნიშვნელოვანი იყო ჩვენი სახლში ყოფნა, ამან შეამცირა ვირუსის გავრცელების რისკი და ბევრი ჩვენგანი გადაარჩინა დაინფიცირებას, თუმცა ჩვენი არხეინობისა და კმაყოფილების მიღმა დარჩა სამოქალაქო სოლიდარობა, თანაგანცდა და პასუხისმგებლობა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ფრონტის წინა ხაზზე დარჩნენ და ვისთვისაც მსოფლიოს გადარჩენა არც ასეთ მარტივ მისიაში გამოიხატებოდა. თავი რომ დავანებოთ ადამიანებს, რომლებიც ვერ დარჩებოდნენ სახლში, რადგან უკიდურეს სიღარიბეში უწევდათ ცხოვრება და ეკონომიკურმა პაუზამ საშინელი საფრთხის წინაშე დააყენა, ანდა ადამიანებს, რომლებიც დარჩებოდნენ სახლში, მაგრამ სახელმწიფო შემწეობის იმედად, მიზერული შემოსავლით, ურთულესი დღეების გადატანა მოუწევდათ, აღვნიშნოთ ადამიანები, რომლებიც გლობალური პანდემიის პირობებში გაათმაგებული დატვირთვით შეუდგნენ საკუთარი საქმის კეთებას. ესენი იყვნენ სხვადასხვა მნიშვნელოვან სტრუქტურებში მომუშავე მძღოლები, ესენი იყვნენ სურსათის მაღაზიების კონსულტანტები, აფთიაქარები, მუშები, სხვები და სხვები, ქვედა რგოლის მშრომელები, რომლებიც, როგორც წესი სამოქალაქო საზოგადოების ყველაზე უჩინარი ჭანჭიკები არიან, მაგრამ როგორც გამოაჩინა კრიტიკულმა მოვლენებმა, ყველაზე მნიშვნელოვანიც. მათი ხმა იშვიათად ისმის, ხანდახან მათ შესახებ მხოლოდ მაშინ ვიგებთ, როცა შეუსაბამო შრომითი პირობების გამო ხმის ამაღლებას შეეცდებიან ხოლმე, ან მაშინ, როცა არაჰუმანურ გარემოს ფატალურ შედეგებამდე მივყავართ.

და კიდევ იყვნენ ექიმები.

ექიმების, ექთნების, სანიტრების, ეპიდემიოლოგების და სამედიცინო სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის პანდემიურ სამყაროში გმირობის საშუალება სახლში დარჩენა არ ყოფილა, არამედ თითქმის უწყვეტ რეჟიმში მუშაობა, უშუალო შეხება საფრთხესთან და საკუთარი სიცოცხლის გარისკვა (და ზოგიერთი მათგანისთვის, გაწირვაც კი). სინამდვილეში სახლში დარჩენით, უბრალოდ, ხელი არ შევუშალეთ სამყაროს გადარჩენას, ანდა დავანებოთ სამყაროს თავი და ამ შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანაზე ვისაუბროთ. სახლში დარჩენით, უბრალოდ, საქმე არ გავურთულეთ იმ “მეომრებს”, რომლებიც ამ დროს მართლა იდგნენ “ბრძოლის ველზე”, სინამდვილეში ქვეყანა მათ გადაარჩინეს. ჩვენ მათ აპლოდისმენტები შევაგებეთ. მშვენიერი აქცია იყო, ლამაზი. ძალიან კარგი იქნებოდა ასეთი აქციის ხილვა სახლში დაბრუნებული ექთნებისთვის, რომლებიც ახალაღებული ხელფასით შვილებს სურსათს, სათამაშოებს და სხვა საჭირო ნივთებს მიუტანდნენ, ოჯახთან ერთად მოისვენებდნენ ოთახში, დივანზე და თან ტაშის ხმა მოესმებოდათ – რა კარგია. თუმცა მოვლენათა ეს ჯაჭვი ვერ შედგებოდა. რადგან ქვედა რგოლის სამედიცინო მუშაკთა ხელფასი ჩვენს ქვეყანაში მიზერული, არანორმალური და არაადამიანურია. სანიტარს თვის განმავლობაში შეიძლება 200-დან 300 ლარამდე დაუგროვდეს, ექთნის თანაშემწეს საშუალოდ 300 ლარი, ანალოგიური შეიძლება იყოს განყოფილების ექთნის თვიური ხელფასიც, ანდა უკეთეს შემთხვევაში – 500-600 ლარი, რეანიმაციის ექთნისა კი საშუალოდ 700 ლარია, რიგ შემთხვევებში, სტაჟისა და კომპეტენციის გათვალისწინებით 1000 ლარსაც შეიძლება მიაღწიოს. 1000 ლარის მქონე რეანიმაციის ექთანი უმაღლესი კომპეტენციის მქონე პროფესიონალია. დიახ, ეს რიცხვები არ გეჩვენებათ, ეს ჩვენი რეალობაა და დიახ 300-400 ლარია იმ ადამიანების ანაზღაურება, ვინც კორონავირუსს, უწყვეტ სამუშაო რეჟიმს, გადატვირთულ, საბრძოლო განრიგს და სიკვდილის საფრთხეს ჩახედა თვალებში. აი, სადაა აპლოდისმენტები საჭირო, აი საითკენ უნდა მივმართოთ ძალისხმევა, რომ ეს როგორმე შეიცვალოს.

მართალია, ვისაც ვკითხე ჩემს ნაცნობ-მეგობრებს, ყველამ ერთი და იგივე მითხრა, კორონავირუსთან ბრძოლის პერიოდში საერთოდ არც გვიფიქრია ხელფასებზე, ეს ყველაფერი ჩვენს მოქალაქეობრივ და პროფესიულ პასუხისმგებლობად ჩავთვალეთ, სხვანაირად არც დაგვიშვიაო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ, საზოგადოებამ თუ სახელმწიფომ, ბოროტად ვისარგებლოთ მათი გმირობით და კმაყოფილებას მივეცეთ, საკუთარი თავები გმირებად მოვნათლოთ და თვალი დავხუჭოთ, ანდა წავუყრუოთ იმ პრობლემას, რომელსაც სამედიცინო სფეროს, თუ სხვა საკვანძო, მნიშვნელოვანი სფეროების ქვედა რგოლის მუშაკთა არაადამიანური ანაზღაურება ჰქვია. გმირებს სწორი შეფასება და დაფასება სჭირდებათ. არ შეიძლება, რომ ტრიუმფალური დაფნის გვირგვინი 300 ლარი ღირდეს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...