შაბათი, აპრილი 18, 2026
18 აპრილი, შაბათი, 2026

კომპლექსური დავალებები დისტანციური სწავლებისას

0

დღეს, გლობალური ინფორმაციის ეპოქაში, საჭიროა თაობა, რომელსაც შეუძლია, არა მხოლოდ დამოუკიდებლად და კრიტიკულად შეაფასოს, დაალაგოს და გაფილტროს ინფორმაციის ნაკადი, არამედ საკუთარი მაღალი ხარისხის საინფორმაციო პროდუქტიც შექმნას. ეს ეხება მოსწავლეებსაც. მათ კარგად იციან, როგორ მოიძიონ საჭირო ინფორმაცია ქსელში, მაგრამ ყოველთვის არ იციან, პრობლემის გადასაჭრელად როგორ შექმნან მაღალი ხარისხის პრაქტიკულად საჭირო რესურსი.

ამჟამად უფრო და უფრო აქტუალური ხდება სწავლების სტრატეგიები და მეთოდები, რომლებიც ქმნის ახალი ცოდნის დამოუკიდებლად მიღების, საჭირო ინფორმაციის შეგროვების, ჰიპოთეზების წამოყენების და დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას.

ზოგადი დიდაქტიკა და აკადემიური საგნის კერძო მეთოდები მოითხოვს მოსწავლეების დამოუკიდებლობისა და თვითგანვითარების უნარების გამომუშავებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრას. ეს გულისხმობს სწავლების ახალი ფორმებისა და მეთოდების ძიებას, განათლების შინაარსის განახლებას. ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია პროექტებით, აქტიური სწავლების სხვადასხვა ფორმით, კომპლექსური დავალებებით.

კომპლექსური დავალებები ქმნის ხელსაყრელ პირობებს აქტიური, შემოქმედებითი და დამოუკიდებელი უნარებისა და პიროვნების ჩამოყალიბებისთვის. მოსწავლეები სწავლობენ დამოუკიდებლად ცოდნის შეძენას, მიღებული ცოდნის, უნარებისა და უნივერსალური საგანმანათლებლო საქმიანობის გამოყენებას.

დღეს აქტუალურია სკოლაში დისტანციური სწავლების საკითხი. დისტანციური სწავლება არის განათლების ახალი ფორმა, რომელიც გულისხმობს ისეთ საშუალებებს, მეთოდებს, განათლების ორგანიზაციის ისეთ ფორმებს, რომლებიც ინფორმაციული ქსელებისა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებით ხორციელდება. მნიშვნელოვანია მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთქმედების ფორმების გამოყენებაც.

დისტანციური სწავლების ნებისმიერი მოდელი უნდა ითვალისწინებდეს მოსწავლეთა დამოუკიდებელი შემეცნებითი საქმიანობის მოქნილ კომბინაციას ინფორმაციის სხვადასხვა წყაროსა და სასწავლო მასალასთან. სწავლების ეს მოდელი გულისხმობს სასწავლო პროცესში ე.წ. ინოვაციური პედაგოგიური ტექნოლოგიების ჩართვას. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომპლექსური დავალებები, რომლებიც მოიცავს როლური თამაშების ორგანიზებას, თანამშრომლობის სწავლას და ა.შ. ყველა მათგანი ხელს უწყობს მსმენელთა შესაძლებლობების გამოვლენას და, იმავდროულად, პიროვნების სოციალური თვისებების ფორმირებას (გუნდში მუშაობის უნარი, სხვადასხვა სოციალური როლის შესრულება, ერთმანეთის დახმარება ერთობლივ საქმიანობაში). ამიტომ დისტანციური სწავლების პროცესში დამოუკიდებელი სამუშაო უნდა დაიგეგმოს ისე, რომ არა მარტო საპროგრამო მასალის აღქმას უზრუნველყოფდეს, არამედ მოსწავლეთა ყოვლისმომცველ განვითარებასაც უწყობდეს ხელს.

სამუშაოს ერთ-ერთი ფორმაა დისტანციური კომპლექსური დავალებები, რომელთა შესრულებისას მოსწავლეები არა მხოლოდ პრაქტიკულად იყენებენ არსებულ უნარებს, არამედ სამუშაოს ახალ მახასიათებლებსაც სწავლობენ. ეს მოტივირებული სწავლის წინაპირობაა და არა უბრალოდ მასწავლებლის გამოცდილების გადაცემის საშუალება.

ამასთან, დისტანციური სწავლების ფონზე ჩვენ ვეჯახებით პროექტის საქმიანობის ორგანიზების თავისებურებებს.

ამ ფორმის თავისებურება ის არის, რომ ტრადიციული ეტაპები (პროცესში ჩართვა, სამუშაოების დაგეგმვა, შედეგების პრეზენტაცია, შეფასება, ასახვა) მონაწილეებთან პირისპირ კომუნიკაციისას კი არ ხორციელდება, არამედ ქსელური კომუნიკაციის კორესპონდენციის ფორმით – ფორუმზე, ელექტრონული ფოსტის საშუალებით. მასწავლებლის ფუნქციები იგივე რჩება: მიზნების დასახვა, მოსწავლეთა საქმიანობის ორგანიზება, ამ აქტივობების მართვა და მიღებული შედეგების შეფასება.

როგორც დაგეგმვის, ისე კომპლექსური დავალების ნებისმიერ ეტაპზე პედაგოგი სთავაზობს მოსწავლეებს მუშაობის პირობებსა და ნაბიჯებს.

როგორ დავგეგმოთ კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა დისტანციური სწავლების გარემოში?

გთავაზობთ თითოეულ ეტაპს და აქტივობას დისტანციური სწავლების პირობებში. ეს ეტაპები პირობითია და არ არის კავშირში მატრიცაში არსებულ ეტაპებთან. ამ საკითხზე მომდევნო სტატიებში გესაუბრებით.

პირველი ეტაპი მოიცავს ისეთი პრობლემის ფორმულირებას, რომლის შესწავლაც მნიშვნელოვანი იქნება მოსწავლეებისთვის. ეს ეტაპი იწყება დავალების საკითხის (თემის), მისი ტიპის, საბოლოო პროდუქტის, მონაწილეთა რაოდენობის, მიზნებისა და ამოცანების გაცნობით. დავალება საინტერესო და აქტუალური უნდა იყოს.

როგორ გავაკეთოთ ეს? დავალება ფორმულირებული უნდა იყოს მოსწავლისთვის ბუნებრივი ენით და ისე, რომ მას ინტერესი გაუჩნდეს. თავად პრობლემებს მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით გამოყოფენ. მართალია, მასწავლებელი თემიდან გამომდინარე არჩევს საკითხს, აკავშირებს მას ცნებებსა და მკვიდრ წარმოდგენებთან, მაგრამ მთავარი მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობაა, რასაც აუცილებლად მივაღწევთ, თუ მათი ინტერესების სფეროსაც გავითვალისწინებთ. დიდი მნიშვნელობა აქვს წარდგენას და კითხვის დასმას, რომელზეც დაისმის ძირითადი აქცენტი და რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსწავლის მოტივაციის ამაღლებაში. როდესაც გაკვეთილზე მოსწავლეებს, მათი დაინტერესების მიზნით, ვუთხარი, რომ ახალ დავალებას ვიწყებდით, მივეცი სამი მინიშნება, ისინი კი გამოთქვამდნენ ვარაუდებს, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ეს. ამ მარტივი აქტივობის შედეგად რამდენიმე საინტერესო საკითხიც გამოიკვეთა.

მომდევნო ნაბიჯი მოიცავს ისეთი გეგმის შემუშავებას, რომელიც დასახული მიზნისკენ წაგვიყვანს. მეორე ჩართვისას უკვე შექმნილი იყო ჯგუფები და დასახული -სამოქმედო გეგმა. ამ ეტაპზე მოსწავლეებმა პასუხი გასცეს შემდეგ კითხვებს: „რა უნდა გაკეთდეს? რა მეთოდებს გამოიყენებთ? რა შედეგი მოჰყვება დავალებას? როგორ ფიქრობთ, როგორი პროდუქტი იქნება უფრო მისაღები და ეფექტური/ეფექტიანი?“

ერთად დაიგეგმა დავალებები და განაწილდა როლები, თითოეულ მოსწავლეს მიეცა განსაზღვრული მოცულობის სამუშაო.

მოსწავლეებს ყველა ეტაპზე სჭირდებათ დახმარება. მის ორგანიზებაში დაგვეხმარა ვიდეოკონფერენცია, რომელზეც განვიხილეთ ყველა წამოჭრილი კითხვა.

ინფორმაციის ძიების მეორე ეტაპი – სინამდვილეში, ეს არის დავალების მასალების დამოუკიდებელი დამუშავება, ძირითადის ხაზგასმა (არსებითისა და უმნიშვნელოს გამიჯვნა), სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის განზოგადება და ანალიზი, სადავო საკითხებზე დისკუსია. ამ ეტაპზე რეფლექსია სავალდებულოა.

დისტანციური სწავლების პირობებში რეფლექსია შეიძლება აისახოს დავალებების კომენტარებში. აქ მოსწავლეებმა გააზიარეს დავალების მიმდინარეობა: გეგმები, რუკები, თვალსაჩინოებები, შეაგროვეს მასალა, განიხილეს მონაწილეებსა და „დამკვირვებლებთან“.

მესამე ეტაპი: კომპლექსური დავალების დასრულების შემდეგ გაკეთდა დასკვნები, მოსწავლეებმა წარადგინეს პროდუქტი.

ეს დავალება შეიძლება შესრულდეს ჯგუფში.

კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის ბოლო, მეოთხე ეტაპია პრეზენტაცია, მისი დაცვა. ამ ეტაპზე მონაწილეები აჯამებენ კომპლექსური დავალების შედეგებს, პასუხობენ კითხვებს, რომლებიც მიზნად ისახავს პროექტის ეფექტურობის დადგენას და მისი მონაწილეების მიერ საქმიანობისა და პროდუქტის თვითშეფასებას: მიაღწიეს თუ არა მიზანს, რა გაკეთდა, როგორ იყო დაგეგმილი, რისი ბრალია წარუმატებლობა და გეგმიდან გადახრა, რა სირთულეებს შეეჯახნენ და ა.შ.

პრეზენტაციის დროს ურთიერთშეფასების გამოყენება ძალზე ეფექტურია. ამ დროს ყველა ყურადღბით ისმენს და ჩართულია სასწავლო პროცესში.

დისტანციური სწავლება იძლევა მულტიმედიური რესურსების ფართო გამოყენების შესაძლებლობას, მაგრამ სიტყვით გამოსვლის პირველი გამოცდილებისთვის კომპლექსური დავალების მონაწილეებმა გაკვეთილზე ერთმანეთს წარუდგინეს პრეზენტაცია. გამოცდილების შეძენისთანავე მოსწავლეებს უკვე შეეძლებათ მომზადება დამოუკიდებელი პრეზენტაციისთვის. ჩემი როგორც მასწავლებლის ამოცანაა, ვასწავლო სწორად ორიენტირება და შესაბამისი ქცევის ჩამოყალიბებაში დავეხმარო.

ვფიქრობ, ამ გამოცდილებაში მთავარი ის არის, რომ კომპლექსური დავალების აქტივობათა გამოყენება მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, გააგრძელონ კომუნიკაცია, ურთიერთქმედება, პრობლემების გადაჭრა და ერთად დაეუფლონ კომპიუტერს. მუშაობის განმავლობაში მათ ჰქონდათ ოპერატიული უკუკავშირი, რამაც მათ საშუალება მისცა, გაეანალიზებინათ სხვადასხვა ეტაპზე შესრულებული დავალებები.

ასეთი დავალებები მოსწავლეს საშუალებას აძლევს, იმუშაოს ერთდროულად ჯგუფშიც და ინდივიდუალურადაც.

სახალისო დავალებები

0

ახალი გაკვეთილის ახსნის დროს ხშირად ვგეგმავთ სხვადასხვა აქტივობებს, რათა ის მრავალფეროვანი გამოგვივიდეს.  აქტივობების მსგავსად მნიშვნელოვანია მოსწავლეებს მივცეთ საინტერესო და სახალისო დავალებები, რომლის შესრულებაც არ დაეზარებათ. მასწავლებლები ხშირად გამოვთქვამთ უკმაყოფილებას, რომ მოსწავლეს დავალება არ აქვს შესრულებული ხარისხიანად.  ხან ავიწყდებათ ან უბრალოდ არ ასრულებენ. ეს პრობლემა  მეც მაწუხებდა, ამიტომ გადავწყვიტე მოსწავლეებისთვის პერიოდულად შემექმნა იმისგან  განსხვავებული დავალებები, ვიდრე ვაძლევდი. ეს დავალებები მორგებული იყო მთლიანად საგაკვეთილო თემაზე. რომელიც იყო მარტივი, სახალისო და ემსახურებოდა ცოდნის განმტკიცებას.

სტატიაში შემოგთავაზებთ ქართულ ენასა და ლიტერატურაში შესწავლილ იაკობ გოგებაშვილის  ტექსტის მიხედვით: ,,მუხა და ლერწამი“ ჩემ მიერ  შედგენილ დავალებებს.

 

მოსწავლეებს სახელმძღვანელოში მოცემულ ილუსტრაციაზე გავუმახვილე ყურადღება.  გონებრივი იერიშის გამოყენებით, მოვისმინე მათი მოსაზრება, რას ფიქრობდნენ ილუსტრაციისა და ტექსტის კავშირზე, რა შეიძლება ყოფილიყო ტექსტის შინაარსი? ვარაუდების გამოთქმის შემდეგ ტექსტი დავყავი მონაკვეთებად და თითოეული მოკვეთის წაკითხვის შემდეგ ვსამდი დამაზუსტებელ შეკითხვებს, ახალი ცოდნის განმტკიცების მიზნით. ტექსტში მოცემული უცხო სიტყვები ჩამოვწერე დაფაზე და მივუწერე განმარტებები. ტექსტის წაკითხვისა და დამუშავების პროცესში დავახასიათეთ პერსონაჟები ვენის დიაგრამის გამოყენებით.

 

 

ტექსტის დამუშავების შემდეგ მოსწავლეებს დავალების სახით მივეცი შემდეგი:

  • პირველ დავალებაში უნდა ეპოვათ პერსონაჟის დამახასიათებელი თვისებები. მოცემული იყო გაფანტული ასოები, სადაც უნდა ეპოვათ სიტყვა, რომელიც გამოხატავდა პერსონაჟის თვისებას.

  • მეორე დავალებაში ტექსტიდან ძირითადი და საკვანძო სიტყვები იყო მოცემული. ასოები იყო არეულად, მოსწავლეს კი უნდა დაელაგებინა ის და შეედგინა სიტყვა.

  • მესამე დავალებაში მოსწავლეს ფოტოზე გამოსახული საზოგადო მოღვაწე და მათ შორის, ტექსტის ავტორი იაკობ გოგებაშვილი, უნდა ეპოვა არეულ მარცვლებს შორის და დაეკავშირებინა გამოსახულებასთან. ამ დავალების მიზანი ცოდნის განმტკიცებაა.

ვფიქრობ ჩემი მოსწავლეებისთვის აღნიშნული დავალებების შესრულება სახალისოა, რომელიც ემსახურება მიღებული ცოდნის განმტკიცებასა და თამაშით სწავლებას.

 

 

 

 

ბრიტანული სწავლების შესახებ

0

დიდი ბრიტანეთი რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ ლიდერად განათლებაში. აქაური სკოლები განთქმულია ტრადიციებით, სწავლის მაღალი დონით. ბრიტანულ სკოლებში სწავლა შეუძლიათ როგორც ადგილობრივებს, ისე უცხოელებს. სწავლის საფასური წელიწადში საშუალოდ 30 ათას ფუნტამდეა და წარმატებულ მომავალში ჩადებულ ინვესტიციად მიიჩნევა. სკოლისა და უნივერსიტის დიპლომი ახალგაზრდებს ბევრ საოცნებო კარს უღებს. დიპლომის მფლობელს ყველა ქვეყნის დასაქმების ბაზარზე „მწვანე“ ენთება. თუმცა შექსპირის სამშობლოში სწავლასაც აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.

დადებითი:

პრესტიჟულობა. ბრიტანული სკოლა კარგი სკოლის ეტალონია. ყველაზე მოკრძალებული შეფასებით, ბრიტანეთის განათლების სისტემის ისტორია 10 საუკუნეს ითვლის. შექსპირის დროსაც კი ინგლისური განათლება ელიტარულად ითვლებოდა. ცოდნის მისაღებად აქ სხვადასხვა კონტინენტიდან ჩამოდიოდნენ. ამბობენ, რომ ინგლისურ სკოლაში სწავლისას ბავშვი საუკუნეების საგანმანათლებლო ტრადიციებს ისისხლხორცებს და ამით უპირატესობას იძენს ნებისმიერ უმაღლესს სასწავლებელში ჩაბარებისას ან დასაქმების პროცესში.

ხარისხი. დიდ ბრიტანეთში განათლებას უკიდურესად სერიოზულად უყურებენ, შეღავათების გარეშე: მილიარდერების შვილებს ისეთივე სიმკაცრით მოეკითხებათ, როგორც ბავშვებს ჩვეულებრივი ოჯახებიდან. ინგლისის სკოლაში დაუშვებელია სიზარმაცე, გაკვეთილების გაცდენა და ტყუილები. მკაცრი დისციპლინა წარმატებული სწავლის საფუძველია. ამავდროულად, სკოლაში სწავლა არ ჰგავს ჯარში მსახურებას, ნიველირება აქ წარმოუდგენელია – მასწავლებლები თითოეული მოსწავლისთვის ინდივიდუალურ მიდგომას ეძებენ, ცდილობენ მისი ნიჭიერი მხარეების გამოვლენას. ინგლისურ სკოლებში პედაგოგები ნამდვილი პროფესიონალები არიან, ბევრი მათგანი პრესტიჟულ უნივერსიტეტშიც ასწავლის. ბავშვს პატარობიდანვე აქვს საქმე დარგის საუკეთესო მცოდნეებთან და ექსპერტებთან. თუ ინგლისში ისწავლე, ეს ნიშნავს, რომ ფლობ არა მხოლოდ ლამაზყდიან დიპლომს, არამედ ნამდვილ ცოდნას.

ინგლისური ენის სწავლის შესაძლებლობა. დიდ ბრიტანეთში სწავლა, რა თქმა უნდა, ინგლისურ ენაზეა. თუ ბავშვს ინგლისური სხვა ქვეყანაში აქვს ნასწავლი, ერთი წლის შემდეგ ის თითქმის ისევე ისაუბრებს ამ ენაზე, როგორც საკუთარზე საუბრობს, აქცენტის და შეცდომების გარეშე. 14 წლიდან მოსწავლეები ერთვებიან პროგრამაში, რომელიც მათ ამზადებს საშუალო განათლების სერტიფიკატის GCSE მისაღებად. მასში შედის სავალდებულო საგნები – ინგლისური და მათემატიკა.

კავშირები. ბრიტანეთის კერძო სკოლების კურსდამთავრებულები განსაკუთრებულ „კასტას“ წარმოადგენენ. პრივილეგირებული მშობლების შვილები ნიჭიერები და მიზანდასახულები იზრდებიან და ხდებიან მსხვილი ბიზნესმენები, მსახიობები, პოლიტიკოსები, ეკონომისტები, იურისტები, მეცნიერები. ისინი თავინთი სკოლების მომავალი ინვესტორები არიან. ინგლისში სწავლა აფართოვებს ბავშვის ნაცნობობის წრეს. სკოლის მეგობრობა სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება, ისინი ინტერესდებიან ერთმანეთის წარმატებებით.

უცხო უნივერსიტეტების ხელმისაწვდომობა. 16 წლიდან სკოლაში იწყება A-Level-ი – უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების მოსამზადებელი პროგრამა. ის მოიცავს სავალდებულო საგნებს და დამატებით ორ-სამ არჩევით დისციპლინას. ოქსფორდის, სორბონის, იელის და ბრიტანეთის სხვა კერძო სკოლების დიპლომი კარგი სამსახურის დაწყების საწინდარია.

სხვა კულტურულ გარემოში ჩაძირვა. ინგლისში სწავლის დროს ბავშვი ურთიერთობს არა მხოლოდ მკვიდრ ბრიტანელებთან. ეს აფართოვებს მის კულტურულ ჰორიზონტს.

უარყოფითი:

სტრესი. ჩვეულებრივ, სხვა ქვეყნებში მცხოვრები ბავშვები დიდ ბრიტანეთში სასწავლებლად 12-14 წლის ასაკში ჩადიან. ეს ის პერიოდია, როდესაც მოზარდები  ცდილობენ გახდნენ დამოუკიდებლები. ეს საკმაოდ რთული ასაკია. ბევრის უჭირს ოჯახის გარეთ ცხოვრება, ადაპტირება ახალ რეალობასთან, ახალ მეგობრების მოძიება, ცდილობს შეეჩვიოს მშობლის მზრუნველობის გარეშე ყოფნას. ერთი მხრივ, ეს სასარგებლოა და ხელს უწყობს პიროვნულ განვითარებას, მეორეს მხრივ კი დიდი სტრესია.

ფასი. ბრიტანული განათლების ყველა უპირატესობა გავლენას ახდენს სწავლის საფასურზე. სწავლა ძვირი სიამოვნებაა. ამის შესაძლებლობა ყველა ოჯახს არ გააჩნია.

დაძაბული გრაფიკი. ინგლისურ სკოლაში მოსწავლეს ძალიან ცოტა თავისუფალი დროა აქვს. მას უწევს მუდმივად სწავლა – საკლასო ოთახში თუ კლასის გარეთ. აღსანიშნავია, რომ კლასგარეშე აქტივობები ინგლისში ნებაყოფლობით-სავალდებულოა, ანუ, სხვანაირად  რომ ვთქვათ, მოსწავლეს შეუძლია აირჩიოს ის, რაც მას მოსწონს – სპორტი, ხელოვნება, მუშაობა სოციალურ პროექტებზე – მაგრამ ამ არჩევანაის გაწკეთება აუცილებელი პირობაა.

კერძო თუ საჯარო სკოლა?

უმეტეს შემთხვევაში, ასეთი არჩევანის წინაშე ვერ დგები, რადგან ბრიტანეთში საჯარო სკოლებში სწავლა შეუძლიათ მხოლოდ ქვეყანაში დაბადებულ ბავშვებს და მათ შვილებს, ვისაც აქ მუდმივად ცხოვრების უფლება აქვთ. თუ მშობლები გრძელვადიანი ვიზით ცხოვრობენ ბრიტანეთში, ბავშვს შეუძლია სკოლაში იაროს. მაგრამ უცხოელ ბავშვებს, ვისი მშობლებიც სხვა ქვეყანაში ცხოვრობენ, მხოლოდ კერძო სკოლები იღებენ (არსებობს გამონაკლისები).

კერძო და საჯარო სკოლების სტანდარტები და სასწავლო პროგრამა ძალიან ჰგავს ერთმანეთს. მაგრამ კერძო სკოლა მუნიციპალურ სკოლასთან შედარებით გაცილებით კომფორტულია და არჩევითი საგნების სიმრავლითაც გამოირჩევა.

კერძო სკოლის კლასში მოსწავლეთა რაოდენობა ნაკლებია, რაც ბავშვებისადმი ინდივიდუალური მიდგომების საშუალებას იძლევა. და ბოლოს, კერძო სკოლებში მოსწავლეთა სოციალური დონე უფრო მაღალია – სწავლის მაღალი საფასურის გამო, აქ მხოლოდ შეძლებული ოჯახიშვილები სწავლობენ. ბევრი ბრიტანელი, რომელსაც შეუძლია შვილის საჯარო სკოლაში ტარება, უპირატესობას მაინც კერძო სკოლას ანიჭებს.

რადგან ბრიტანეთის სკოლებში სწავლა მხოლოდ ინგლისურ ენაზე მიმდინაწრეობს, ბავშვი მას კარგად უნდა ფლობდეს. დონე upper-intermediate-ეზ დაბალი არ უნდა იყოს. ამიტომ ინგლისში გამგზავრებამდე ერთი წლით ადრე სასურველია ენის ინტენსიური სწავლება. ამ მიზნით ბავშვებისათვის შეძლებული ოჯახები  ხშირად იწვევენ ინგლისიდან ძიძებსა და პედაგოგებს.

დღის სკოლა თუ პანსიონი?

უცხოელ მოსწავლეებს ევროპაში სწავლისა და ცხოვრების ორი არჩევანი აქვთ: დღის სკოლები, სადაც მხოლოდ სწავლობენ, მაგრამ ცხოვრობენ მიმღებ ოჯახებში, სკოლის მახლობლად მდებარე სახლებში და სკოლა-პანსიონები, სადაც მოსწავლეები სწავლობენ და ცხოვრობენ კიდეც. სკოლა-პანსიონში ბავშვები მუდმივად ცხოვრობენ (სპეციალურ საერთო საცხოვრებლებში). ასეთი შენობებში ბევრი პატარა ოთახია, 3-4 ადამიანისთვის განკუთვნილი.

თითოეულ კორპუსს აქვს საერთო მისაღები ოთახი, სადაც ბავშვებს სწავლა და ურთიერთობა შეუძლიათ. ისინი სკოლის კაფეტერიაში იკვებებიან. პანსიონის მოსწავლეებს წელიწადში ორჯერ სახლს სტუმრობენ – ზაფხულის და საშობაო არდადეგებზე.

სკოლა-პანსიონების კამპუსების ტერიტორიებს საგანგებოდ იცავენ. ბევრგან 15 წლამდე ბავშვებს პედაგოგების გარეშე ტერიტორიის დატოვება ეკრძალებათ. უფროსკლასელებს ქალაქში სასეირნოდ უშვებენ ,ხოლოდ იმ პირობით, თუ კონტაქტზე იქნებიან და დათქმულ დროს დაბრუნდებიან. ბრიტანეთის კერძო სკოლების უცხოელ მოსწავლეთა უმეტესობა ასეთ პანსიონებში ცხოვრობს.

ორივე სისტემას აქვს თავისი უპირატესობა: პანსიონში დისტიპლინა და მუდმივი კონტროლი, სახლის პირობებში კი უფრო მეტი სულიერება, უფროსი თაობის უშუალო ჩართულობა ბავშვის ცხოვრებაში.

ევროპაში დღემდე არსებობს სკოლები ცალკე ვაჟებისთვის და ცალკე გოგონებისათვის. მიჩნეულია, რომ ორი სქესის განცალკევებით სწავლება პოზიტიურად ზემოქმედებს აკადემიურ მოსწრებაზე. ასეთი სკოლები ისტორიულად უფრო ელიტარულად მიიჩნეოდა და კლასებში, სადაც ცოტა ბავშვი სწავლობდა, ინდივიდუალური მიდგომაც მეტად იყო გარანტირებულია.

ერთ-ერთი ასეთი ცნობილი და პრესტიჟული ქალთა სკოლაა Badminton School, ბრისტოლში. სკოლა დაარსდა XIX საუკუნის შუა ხანებში. სკოლის საკუთრებაშია უზარმაზარი მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია სასწავლო და საერთო საცხოვრებლის შენობები, უამრავი სპორტული მოედანი – აქ სპორტული ტრადიციები საკმაოდ მძლავრია. თითქმის ყველა მოსწავლე დაკავებულია ცხენოსნობით, საბრძოლო ხელოვნებით, ჩოგბურთით ან ცურვით.

სკოლის განსაკუთრებული სიამაყეა ახლად აშენებული ხელოვნების ცენტრი. ინტენსიური კლასგარეშე აქტივობები არც აკადემიურ მოსწრებას უშლის ხელს – ბადმინტონის სკოლის კურსდამთავრებულების უმეტესობა პრესტიჟულ უნივერსიტეტებში იოლად აბარებს. სასწავლო პროგრამა საკმაოდ რთულია, აქცენტით ზუსტ მეცნიერებებსა და ხელოვნებაზე.

სკოლა დიდი არაა (120 მოსწავლე), რაც ქმნის მეგობრულ, თითქმის ოჯახურ ატმოსფეროს. ის ინგლისში ერთ-ერთი ყველაზე მყუდრო დაწესებულებაა. აქ დიდ ყურადღებას აქცევენ მოსწავლეთა კომფორტს. სკოლამ რამდენჯერმე მიიღო სპეციალური ჯილდოები ადგილობრივი შეფ-მზარეულების სამაგალითო მუშაობისთვის.

მეორე მაგალითად სკოლების ჩამონათვალში შეგვიძლია დავასახელოთ დორსეტის საგრაფოში, შერბორნში მდებარე ნიჭიერ ვაჟთა კერძო სკოლა-პანსიონი, სადაც 600-მდე მოსწავლე სწავლობს. აქ ბავშვებს 13-დან 18 წლამდე ასაკში იღებენ. მოსწავლეთა უმეტესობა ბრიტანელია, ცოტაც უცხოელი. სკოლა სამართლიანად ამაყობს თავისი კურსდამთავრებულებით: მსახიობი ჯერემი აირონსი, MI6 ხელმძღვანელი დევიდ სპედინგი, სვაზილენდის მეფე მსვატი III, გამოჩენილი კრიპტოლოგი და მათემატიკოსი ალან ტიურინგი და ხელოვნების, პოლიტიკისა და მეცნიერების მრავალი სხვა წარმომადგენელი.

შერბორნის სკოლა მდებარეობს ძველი მონასტრის შენობაში. მასზე დიდი გავლენა იქონიეს ტრადიციებმა (დაარსდა მე-16 საუკუნეში), თუმცა მისი ამჟამინდელი დირექტორი კრის დევისი უპირატესობას სწავლების ინოვაციურ და არაკონფორმისტულ მიდგომებს ანიჭებს. პირველ რიგში, მას სურს ასწავლოს მოსწავლეებს აზროვნება და საკუთარი რესურსების გამოყენება. ამისათვის გამოჩენილ ფსიქოლოგ გაი კლასტონთან თანამშრომლობით სკოლაში შეიქმნა სპეციალური სასწავლო გეგმა. მიუხედავად იმისა, რომ შერბორნს ძირითადად აღებული აქვს ჰუმანიტარული გეზი, ასევე აქვს ძალიან ძლიერი მათემატიკური განყოფილება, სადაც ძალიან ნიჭიერი ბავშვები სწავლობენ.

კინგჰემ ჰილის სკოლა-პანსიონი, რომელიც ოქსფორდშირის ერთ-ერთ ულამაზეს ადგილას მდებარეობს, 1886 წელს დაარსდა. აქ 11-დან 18 წლამდე ბავშვებს იღებენ,  უცხოელებს – 14 წლიდან. დღეს კინგჰემ ჰილში 280 ბავშვი, ვაჟები და გოგონები. 70%-ზე მეტი მუდმივად ცხოვრობს სკოლაში. ეს საგანმანათლებლო დაწესებულება არ არის შერჩევითი, ანუ არ ახორციელებს შერჩევას აკადემიური მოსწრების საფუძველზე. კინგჰემ ჰილის მისიაა ნიჭიერი ბავშვების განვითარება და ამავდროულად საშუალო შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების დახმარება, რათა მათ სწავლაში ახალ სიმაღლეებს მიაღწიონ.

აკადემიური გაგებით, სკოლა იცავს სტანდარტულ სასკოლო სასწავლო გეგმას, რომელიც გთავაზობთ ძალიან მრავალფეროვან კლასგარეშე ღონისძიებებს, აქცენტით სპორტზე – ცხენოსნობა, რაგბი, საბრძოლო ხელოვნება, ჰოკეი, ასევე ცეკვა და ბალეტი.

ჟურნალ “სკოლის მართვის” 2021 წლის პირველი ნომერი

0

ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა (და, ამავე დროს, დიდი გამოწვევაც), მკითხველს ჟურნალის ამ გვერდიდან მივმართო, განსაკუთრებით, ბატონი გია მურღულიას შემდეგ.

სარედაქციო კოლეგიის სახელით, საჯაროდ ვუხდი მადლობას ბატონ გიას ჟურნალის მიმართ გაწეული შრომისთვის, ღვაწლისთვის და ვპირდები, რომ ჟურნალი იმ იდეებისა და მიზნების ერთგულებას აუცილებლად გააგრძელებს, რომელთაც აქამდე ემსახურებოდა.

ერთი წელია, უჩვეულო, სრულიად ახალ რეალობაში ცხოვრობს მსოფლიო. ამ ერთმა წელმა და ახალმა რეალობამ უამრავი ახალი საზრუნავი და საფიქრალი გაგვიჩინა, განსაკუთრებით, მომავალი თაობის განათლებაზე პასუხისმგებელ პირებს. კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა, თუ როგორი უნდა იყოს დღეისთვის ასე ბუნდოვან და გაურკვეველ მომავალზე პასუხისმგებელი სკოლა და სკოლის ხელმძღვანელი, რა არ უნდა გამოვტოვოთ ჩვენი წარსულიდან თუ აწმყოდან იმისათვის, რომ ბუნდოვანი მომავლის გამოწვევას საუკეთესოდ გავართვათ თავი…

სწორედ ამ საფიქრალზე იქნება ორიენტირებული ჟურნალიც.

შევეცდებით, თითოეულმა ნომერმა ერთი კონკრეტული საკითხის გარშემო გაერთიანებული ხედვები შესთავაზოს მკითხველს – როგორც თეორიული თვალსაზრისით, ასევე, პრაქტიკული მაგალითებით გამდიდრებული. ჟურნალში დიდი ადგილი დაეთმობა კვლევებს სკოლის მართვის შესახებ, საკანონმდებლო რეგულაციებთან დაკავშირებული სასკოლო სიტუაციების ანალიზს. შევეცდებით, გავამდიდროთ სკოლის დირექტორის ბიბლიოთეკა საინტერესო საკითხავით, ამასთანავე, ადგილი დავუთმოთ სკოლებს, რათა გაგვიზიარონ თავიანთი საინტერესო და წარმატებული გამოცდილება, ან გვესაუბრონ იმ სირთულეებზე, რომელთაც ხშირად აწყდებიან.

ჟურნალის ყველა ნომერში შეხვდება მკითხველი იმ „კარგად დავიწყებულ ძველს“, რომელიც დღესაც აქტუალურია და რომლის არდავიწყებაც წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება.

ამ ნომერში მართვის სტილზე, ლიდერობის თეორიებზე ვილაპარაკებთ, წარმოგიდგენთ ორ კვლევას: რა გავლენას ახდენს დირექტორის მართვის სტილი მასწავლებელთა შრომით კმაყოფილებაზე და რას მიიჩნევენ დირექტორები ყველაზე მნიშვნელოვნად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების თვალსაზრისით. გაეცნობით საინტერესო პროექტებსა და სასკოლო სიტუაციის ანალიზს. მაგრამ ამ ნომერში ყველაზე მთავარი მაინც ჩვენთვის ყველასთვის ერთი შეხედვით „კარგად ნაცნობი“ დიმიტრი უზნაძეა, რომლის პორტრეტიც, შევეცადეთ, სხვა რაკურსით გვეჩვენებინა – რას გვკარნახობს დიმიტრი უზნაძე, სკოლის რეფორმატორი ხელმძღვანელი, საუკუნის მიღმა საქართველოდან, როგორი უნდა იყოს მომავლის სკოლა…

მთავარი რედაქტორი- ნათია ნაცვლიშვილი

 

 

ამ ნომერში წაიკითხავთ:

სკოლის მართვა #1

კორექტორი– მაია წიკლაური
დიზაინერი  ბესიკ დანელია

ნომრის ავტორები 

ლელა მახოხაშვილი, დიმიტრი უზნაძე, ბერიკა შუკაკიძე, მაია არავიაშვილი, დენის წურწუმია, ნათია ნაცვლიშვილი, კახა ჟღენტი, დიმონ არახამია, ზაზა ჭანტურია, თამარ გელაშვილი

სარედაქციო კოლეგია:
ბერიკა შუკაკიძე
განათლების დოქტორი, მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრის დირექტორი
მანანა რატიანი
გეოგრაფიის დოქტორი, მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრის დირექტორის მოადგილე
დავით ხვედელიძე
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე
მაია არავიაშვილი
სოციოლოგიის დოქტორი, მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრის ანალიტიკური სამსახურის უფროსი
ნატალია ინგოროყვა
სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი,
მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრის
საინფორმაციო- საგანმანათლებლო და
მეთოდური რესურსების პროგრამის მენეჯერი
ხათუნა ბარაბაძე
პედაგოგიკის დოქტორი, მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრის მასწავლებლის პროფესიის
რეგულირების პროგრამის ხელმძღვანელი
დენის წურწუმია
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
შიდა აუდიტის დეპარტამენტის შიდა აუდიტის
სამმართველოს უფროსი,
განათლების სამართლის მკვლევარი
კახა ჩხარტიშვილი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრის იურიდიული სამსახურის
უფროსი

„ჩვენ, ვეფხისტყაოსნები“ როგორც სასწავლო რესურსი

0

2019 წელს „არტანუჯმა“ გამოსცა ქართველი მწერლისა და ენათმეცნიერის დიანა ანფიმიადის ნახევრად დოკუმენტური და ნახევრად მხატვრული წიგნი „ჩვენ, ვეფხისტყაოსნები“. 2020 წელს წიგნმა იაკობ გოგებაშვილის პრემია მიიღო ნომინაციაში „წლის საუკეთესო პროზაული კრებული“ 13 წლისა და უფრო მაღალ ასაკობრივ კატეგორიაში.

მართლაც, ვფიქრობ, რომ „ჩვენ, ვეფხისტყაოსნები“ მოზარდებისთვის დაწერილი ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია. ის სასიამოვნოდ საკითხავია მათთვის, ვისაც საერთოდ წიგნი უყვარს და მათთვისაც, ვისაც გვინდა წიგნი შევაყვაროთ. მწერლის მაღალ ოსტატობასთან ერთად წიგნში მკვეთრად იგრძნობა ავტორის როგორც მეცნიერის ნამუშევარი და ეს საინტერესო ნაზავი ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვაა ქართულ ლიტერატურაში.

„ჩვენ, ვეფხისტყაოსნები“, როგორც სათაურიდანაც ჩანს, შოთა რუსთაველის უკვდავ პოემაზეა, ოღონდ არა ტექსტზე, არამედ ხელნაწერებზე, უფრო კი იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ ხელნაწერებზე კვალს ტოვებდნენ. „ჩვენ, ვეფხისტყაოსნები“ ბევრ საინტერესო სახეს აცოცხლებს. ზოგი მათგანი გამოგონილია, ზოგი – მართლა არსებული. მღელვარე, ინტიმური, ხშირად ცრემლისა თუ ღიმილის მომგვრელი ამბები იკითხება ამ ისტორიებში. მაგალითად, ერთი, ყველასთვის ცნობილი „თავაქარაშვილისეული ხელნაწერის“ ამბავი გადამწერის დრამატული ბედის შესახებ მწერლის ფანტაზიით ისეა შევსებული, ძნელია ზღვარის დადება, სად გამონაგონია და სად – სინამდვილე. ის კი ცხადია, რომ ხელნაწერები ჰყვებიან:

„დიდება სრული მყოფელსა ღმერთსა, ყოველთა შემწე მფარველს. ვეფხის ტყაოსანი თიბათვის ცამეტსა, სრულ თვრამეტსა აგვისტოსა, ქორონიკონსა სამოცდა თორმეტ… რამ აკლდეს, ნურავინ დამწყევლით. ტყვეობაშიდ ვსწერდი, ოცდა ცხრა რვეული არის, ფურცელი… ორმოცი“.

და ჰყვება დიანა ანფიმიადიც:

„როდესაც კალიგრაფს „ვეფხისტყაოსნის“ გადაწერა უბრძანა [ლევან მეორე დადიანმა], ნახატებით შემკობა და გაწყობა, რასაკვირველია, იგულისხმა კიდეც, რომ მისი პორტრეტიც უნდა აღმოჩენილიყო მინიატურათა შორის. დიდი პოეტი და დიდი მთავარი – მშვენიერი შეხვედრა საუკუნეების შემდეგ, ასეთი იყო მთავრის ამბიცია“.

დიანა ანფიმიადი ამ წიგნს რომანს უწოდებს, რომანს, რადგან მას ერთი მთავარი პერსონაჟი ჰყავს – „ვეფხისტყაოსანი“.

ლიტერატურის მასწავლებლის ერთ-ერთი ამოცანაა, შეაყვაროს მოსწავლეს კითხვა, მხატვრული სიტყვა. თავისთავად ცხადია, ამას ის მარტო ვერ შეძლებს, მშობლის, გარემოს, ბიბლიოთეკის – ბევრი ფაქტორის თანხვედრაა საჭირო. ასწავლო, ერთია და ასწავლო სიამოვნების მიღება – მეორე. ამიტომ არის მნიშვნელოვანი სხვადასხვაგვარი სტრატეგია და სიფრთხილე, რათა მოსწავლეები არ დავტოვოთ სავალდებულო საზეპიროების პირისპირ და არ შევაძულოთ ის, რაც, წესით, მათი, როგორც ქართულენოვანი მკითხველის, მთავარ სიამოვნებად უნდა იქცეს.

დიანა ანფიმიადის ეს წიგნი სწორედ იმ ტექსტებს მიეკუთვნება, რომლებიც დაეხმარება ჩვენს მოსწავლეებს, ემოციური ბმა გაუჩნდეთ „ვეფხისტყაოსანთან“ და, ამასთანავე, შეიქმნან წარმოდგენა იმის შესახებ, რამდენად ძვირფასი იყო ეს ტექსტი ჩვენი ქვეყნისთვის და რამდენად საინტერესო, მძიმე და სახიფათო გზა გამოიარა, სანამ ჩვენამდე მოვიდოდა.

წიგნთან ერთად მოწაფეებს შეგვიძლია გავაცნოთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ენის კორპუსის მიერ მომზადებული საიტი, სადაც ამომწურავი ინფორმაციაა „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერების შესახებ:

ქართული ენის კორპუსი

რითაა მნიშვნელოვანი და მომხიბვლელი სასწავლო რესურსად „ჩვენ, ვეფხისტყაოსნები“?

მოდი, ცოტა შორიდან დავიწყოთ.

ბავშვის წიგნიერებაზე ზრუნვა, საუკეთესო შემთხვევაში, წლამდე ასაკში იწყება. თანამედროვე ბაზარზე უამრავი წიგნი-სათამაშოა, რომლებიც, როგორც საყვარელი ნივთები, სამყაროს შეცნობის ერთ-ერთი სასურველი კომპონენტია პატარისთვის. მერე ჩნდება ამ წიგნებში სიტყვა, ჯერ – ცოტა, მერე – უფრო მეტი. რაღაც ასაკიდან მშობელი უყვება და შვილი ათვალიერებს, განვითარებასთან ერთად ეჩვევა წაკითხულის მოსმენასაც, სკოლის ასაკიდან უკვე ცდილობს კითხვას და ყველა ამ ეტაპზე მისთვის მნიშვნელოვანია წიგნი – როგორც ნივთი, რომელსაც ახლავს გარკვეული მოგონებები, ემოციები, ბებიისა თუ ბაბუის სურნელი, ოჯახური იდილიის განცდა.

„ჩვენ, ვეფხისტყაოსნები“ სწორედ ამ გრძნობებზე გვიყვება. გვიყვება ამბებზე, წიგნის იქით რომ ხდებოდა, ეს წიგნი რომ ვიღაცის საკუთრება იყო და გვიბიძგებს, ჩვენც მოვძებნოთ ჩვენი „ვეფხისტყაოსნები“, ამ პოემასთან დაკავშირებული ჩვენი ისტორია, ჩვენი ემოციური თავგადასავალი, რომელიც დაგვეხმარება, უფრო ახლოდან დავინახოთ ტექსტი და მივიღოთ ის სიხარული, რომელიც დიდი ნაწარმოების კითხვას ახლავს თან.

წიგნის გაცნობის შემდეგ მრავალგვარი საშინაო დავალების მიცემაა შესაძლებელი და ეს დავალებები სწორედ იმ ტიპისაა, რომლებიც მოზარდებს აძლევს საშუალებას, იყვნენ მეტად თავისუფალნი, მეტად გამოავლინონ თავიანთი ინდივიდუალობა და მეტად დაინახონ საკუთარი თავი ამ ტექსტისა და თავად „ვეფხისტყაოსნის“ გვერდით.

უპირველესად, ვფიქრობ, საინტერესო იქნება, მათი როგორც მკითხველების გამოცდილება რომელიმე ერთ წიგნთან დაკავშირებით. შეიძლება, ერთმანეთს გაუზიარონ, რა გამოცდილება აქვთ, ჰქონდათ თუ არა და ახსოვთ თუ არა თავიანთი წიგნები, რომლებსაც სკოლამდე უკითხავდნენ ან თავად კითხულობდნენ უმცროს კლასებში, ახსოვთ თუ არა რომელიმე ილუსტრაცია. იქნებ ახლაც აქვთ შინ ის წიგნები. მერე შეგვიძლია მივცეთ საშინაო დავალებად, თავად „ვეფხისტყაოსნის“ ისტორიები გამოიკვლიონ. შეიძლება, სახლში ჰქონდეთ „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც რამდენიმე თაობაა ოჯახშია და სწავლისა და კითხვისგან უკვე ისე გაცვეთილი, რომ თავისთავად ასახავს რაღაც ისტორიას. შეიძლება, სკოლის ბიბლიოთეკაში მოძებნონ, ან თუნდაც მეგობრებთან.

ასევე მნიშვნელოვანია დისკუსია ელექტრონული წიგნისა და ნაბეჭდი წიგნის შესახებ. შეიძლება, ამას დებატების სახე მივცეთ, შეიძლება, არგუმენტირებული ესეს დაწერა დავავალოთ. მნიშვნელოვანია, ამ დროს არ გამოვამჟღავნოთ, ჩვენი სიმპათია რომელ მხარესაა, რათა რაც შეიძლება თამამად იგრძნონ თავი და მეტად შეეცადონ არგუმენტების გაზიარებას.

თავისთავად ცხადია, ელექტრონულ წიგნსაც და ნაბეჭდ წიგნსაც უამრავი პლუსი და მინუსი მოეძებნება, თუმცა რამდენიმე ნაბეჭდი წიგნი, თუნდაც გამონაკლისის სახით, ვფიქრობ, ყველა ოჯახში უნდა იყოს.

ასევე შეიძლება, არა კონკრეტულად წიგნზე, არამედ წაკითხვის, სწავლების ისტორიაზე შევაკრებინოთ მასალა. ვთხოვოთ, ჩაიწერონ მოკლე ზეპირი ისტორიები სხვადასხვა თაობის ადამიანებთან: როგორ სწავლობდნენ, როგორ და სად კითხულობდნენ, რა მოგონებები აკავშირებთ; დავავლოთ ინფორმაციის მოძიება იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც „ვეფხისტყაოსანი“ ზეპირად იციან.

ლიტერატურის სწავლებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ჟანრული თავისებურებების განსაზღვრა, თავად ჟანრის განვითარების ისტორია. ამ კუთხითაც მნიშვნელოვანი წიგნია „ჩვენ, ვეფხიტყაოსნები“. ის უდავოდ რომანია, ოღონდ თანამედროვე რომანი, რომელიც უპირველესად ახალი ფორმის ძიებას და თავად ჟანრის კანონების რღვევას გულისხმობს. თუ გავიხსენებთ, რომ 2015 წელს შვედეთის აკადემიამ ნობელის პრემია მიანიჭა ბელარუს ქალს, სვეტლანა ალექსიევიჩს „ლიტერატურაში ახალი ჟანრის დამკვიდრებისთვის“ (ის ზეპირ ისტორიებს აქცევს რომანებად), ცხადი გახდება, რომ ოცდამეერთე საუკუნე მეტი თავისუფლებისკენ მიილტვის და ამ ძიებით პოულობს კიდეც ახალ ფორმებს, რომლებიც მეტად მომხიბვლელია თანამედროვე მკითხველისთვის.

დიანა ანფიმიადის „ჩვენ, ვეფხისტყაოსნები“ სწორედ ამ ტიპის ლიტერატურაა. ისიც ერთგვარი ისტორიებია, ოღონდ არა ზეპირი, არამედ წერილობითი. ამდენად, ლიტერატურის მასწავლებელს ის ლიტერატურათმცოდნეობის კუთხითაც მრავალგვარი საუბრისა თუ პოლემიკის საშუალებას აძლევს. არის თუ არა ეს წიგნი რომანი, როგორია თავად რომანის ისტორია, რა სახეცვლილებით აგრძელებს ეს ჟანრი განვითარებას, რამ გამოიწვია ჟანრული თავისებურებების აღრევა თუ მკვეთრი ხაზის გაქრობა, რას შეიძლება ვუწოდოთ ისტორიული ნაწარმოები?

ამდენად, დიანა ანფიმიადის „ჩვენ, ვეფხისტყაოსნები“ მნიშვნელოვანი შენაძენია როგორც უბრალოდ მკითხველისთვის, ასევე სკოლისთვისაც, რადგან მას აქვს პოტენციალი, მრავალგვარი დანიშნულების სასწავლო რესურსად გარდაიქმნას.

 

გოგონების გვერდით

0

ამასწინათ ანასტასიას, ჩემს ექვსი წლის გოგონას, ელინორ პორტერის „პოლიანა“ წავუკითხე. პატარა ობოლი გოგონას შესახებ საუცხოოდ მოთხრობილმა ამბავმა ისე დამაინტერესა, ყოველ საღამოს კითხვის ძილისწინა რიტუალს ვეღარ დაველოდე და იმ დღესვე დავამთავრე.

„პოლიანას“ წაკითხვის სიამოვნება ბავშვობაში არ მქონია, რადგან ის, დიდი ხანი არ არის, თარგმნეს. ამიერიდან უფრო მეტი მკითხველი გაიცნობს კეთილ და იმედიან პერსონაჟს და, ვფიქრობ, თანამედროვე ბავშვები მას ისევე შეიყვარებენ, როგორც სხვა, უკვე ცნობილი ლიტერატურული გმირები შეიყვარეს.

თერთმეტი წლის პოლიანა ერთადერთ ცოცხალ ნათესავთან –  დეიდასთან მიემგზავრება. ლამაზ და მდიდრულად მორთულ სახლში, როგორზეც პოლიანა მანამდე ოცნებობდა, არც ისე კეთილი დამოკიდებულება და სასიამოვნო ატმოსფერო ხვდება. პოლიანა მხიარული და კეთილი გოგონაა, რომელსაც განსაკუთრებული უნარი აქვს, ადამიანებს სიხარული განაცდევინოს. მისი ძლიერი მხარე და ბედნიერების გასაღები საიდუმლო თამაშია, რომელსაც ის ბავშვობიდან თამაშობს. „სიხარულობანა“ – ასე ჰქვია თამაშს, რომელიც გოგონას მოძღვარმა მამამ ასწავლა. თამაშის პრინციპი ასეთია: იმ ამბებში, რომლებიც ჩვენს თავს ხდება, ყოველთვის შესაძლებელია რამე სასიხარულოს პოვნა. პოლიანა სხვებსაც ამას ასწავლის: როცა ჩვენ გარშემო ყველაფერი ძალიან ცუდადაა, როგორ ვიპოვოთ ნუგეში და სიხარული, რომელიც გადაგვარჩენს და სიცოცხლის სურვილს დაგვიბრუნებს. მამამ პოლიანას მთავარი ცხოვრებისეული სიბრძნე გაუზიარა, რომელსაც მარტო დარჩენილი პატარა გოგონა წარმატებით იყენებს.

მშობლობის მთავარი დანიშნულება შვილების გაძლიერებაა. იმ უნარების გაღვივება, რომლებიც მათ რთულ სიტუაციებში დაეხმარება, მაშინ, როცა თავად ვერ შევძლებთ მათ დახმარებას ან ფიზიკურად ვერ ვიქნებით მათ გვერდით – როგორ გადაირჩინონ თავი, როგორ დაუძვრნენ პრობლემების სქელ ღრუბელს, ვის სთხოვონ დახმარება. ამ ყველაფრის სწავლება შესაძლებელია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. როგორ მოვახერხებთ ამას, ეს უკვე ჩვენს – მშობლების ოსტატობაზეა დამოკიდებული.

რა ხდება გოგონების თავს? როგორ გრძნობენ თავს ისინი, როდესაც მარტო აღმოჩნდებიან განსაცდელის პირისპირ? ვის სთხოვენ დახმარებას, როცა უჭირთ? გვიყვებიან პრობლემების შესახებ თუ ჩუმად არიან? ან რატომ არ გვთხოვენ დახმარებას ჩვენ? როგორ მოვიქცეთ, რომ ისინი უფრო ძლიერები, უფრო თავდაჯერებულები, ბედნიერები და ლაღები იყვნენ? როგორ დავიცვათ მათზე უფრო ძლიერებისა და უხეშებისგან? – მშობლობა ასეთ კითხვებზეც მოითხოვს პასუხებს.

თოთხმეტი წლის ნინის ამბავი ყველამ გავიგეთ, ყველა შეგვზარა. მას შემდეგ კვირა არ გავა, რამე ამბავი არ გავიგოთ პატარა გოგონებზე, რომლებზეც იძალადეს, დაჩაგრეს, სცემეს, გული ატკინეს და რომლებსაც არავინ არ ჰყავდათ ისეთი, ვისაც ენდობოდნენ, ვინც მათ ტრაგიკულ ამბებს დაიტევდა, თანაუგრძნობდა… მთელი ამ ხნის განმავლობაში ელიანორ პორტერის პოლიანა მახსენდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი თავგადასავალი არ ჰგავს ჩვენი გოგონების თავგადასავლებს, სადაც ისინი მარტო რჩებიან უდიდესი პრობლემების პირისპირ.

პოლიანას გმირი ჩვენი ტრაგიკული გოგონებისგან იმით განსხვავდება, რომ მშობელმა მას მთავარი ცხოვრებისეული სიბრძნე ასწავლა და მერე, როცა უკვე თვითონ აღარ იყო მის გვერდით, მის გოგონას უკვე მამისგან ნასწავლი სიბრძნე იცავდა, მატებდა ძალას.

ჩვენ რას ვასწავლით ჩვენს გოგონებს? როგორ უნდა მოიქცნენ ისინი, თუ პრობლემების უფსკრულს შეეჩეხებიან? ვაძლევთ იმედს, რომ მათ დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებთ? გავაძლიერებთ თუ ვკიცხავთ, ვარცხვენთ თუ კიდევ უფრო მეტ ტკივილს ვაყენებთ?

პანდემიით გამოკვეთილი საჭიროებები – არიან თუ არა მოსწავლეები მედიაწიგნიერნი და ინფორმირებულნი

0

პანდემიაში გატარებულმა ერთმა წელიწადმა მსოფლიო ბევრი მიმართულებით შეცვალა. შეგვცვალა ჩვენც, რიგითი მოქალაქეები, რომლებსაც ერთიანად თავს დაგვატყდა ინფორმაცია, ვარაუდები, საეჭვო კვლევები და მათი შედეგები, ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო. დაგვჭირდა ცოტა უფრო მეტად ჩავღრმავებოდით თემატიკას, რომელიც მხოლოდ სკოლაში თუ გვქონდა ნასწავლი, რომლებითაც მხოლოდ სპეციალისტები ინტერესდებოდნენ და პროფესიულ წრეში, კონფერენციებსა და სიმპოზიუმებზე მსჯელობდნენ, მათთვის განკუთვნილ სამეცნიერო ჟურნალებში აქვეყნებდნენ კვლევების შედეგებს.

პანდემიის ზარალი ყველა სფეროზე აისახა, ეკონომიკური კრიზისის მასშტაბები განუზომლად დიდია. ექსპერტები მსჯელობენ, მინიმუმამდე როგორ დაიყვანონ ზიანი, რაც ქვეყნებს შეზღუდვებმა მოუტანა.

ვიდრე განათლების, ეკონომიკისა თუ სხვა ნებისმიერი სფეროს სრულფასოვან ამოქმედებაზე გადავალთ, მნიშვნელოვანია, პანდემიის შეჩერებას ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში შევუწყოთ ხელი, დავიცვათ სოციალური დისტანცირების, პირბადის ტარების წესები, ასევე გავითვალისწინოთ ხელის და ზედაპირების დამუშავების რეკომენდაციები. ამ მარტივად შესასრულებელი რეკომენდაციების გარდა, მეცნიერებმა ერთ წელიწადში მოახერხეს ვაქცინის შექმნა. თუ ვაქცინაცია მოიცავს მოსახლეობის ფართო ფენებს, მალე შევძლებთ ცხოვრების ნორმალურ რიტმში დაბრუნებას.

ამ სტატიაში საინტერესო ჭრილში განვიხილავთ იმუნიზაციის მნიშვნელობას, ასევე მის კავშირს სიცოცხლის ხანგრძლივობასთან. შემოგთავაზებთ საინტერესო სტატისტიკას, რომელიც დაგეხმარებათ მოსწავლეებთან აღნიშნულ თემაზე ღიად და არგუმენტირებულად იმსჯელოთ, ისინიც ჩართოთ საინტერესო კვლევაში, განუვითაროთ კრიტიკული აზროვნება, კვლევითი უნარები და რაც მთავარია, დაეხმაროთ მათ, გახდნენ მედიაწიგნიერნი. რადგან ანტისამეცნიერო განწყობები ძლიერ უტევს საყოველთაო ჯანდაცვას, თითოეულ ჩვენგანს პანდემიის დასრულებისგან გვაშორებს.

მოდით, დავიწყოთ…

ვაქცინაციის მიმოხილვა

თუკი უკანასკნელ 40 წელს გადავხედავთ, ამ პერიოდში მსოფლიოში 1000-ზე მეტ ეპიდემიასა და პანდემიას  ჰქონდა ადგილი. ინფექციური დაავადებები სწრაფად ვრცელდებიან მოსახლეობის გაზრდილი მობილობის გამო. ესენია: ზიკა, სარსი, ქოლერა, მერსი-კოვი, ებოლა, აივ-შიდსი. მათ ნაწილს რეგიონული გავრცელება ახასიათებდა. მათ მოჰყვა სოციალური, ეკონომიკური უთანაბრობის გამწვავება, შედეგები  უზარმაზარი ზიანით ეკონომიკაზე, ადამიანების დანაკარგებით შეიძლება დავახასიათოთ.

კრიზისის დროს ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები კოორდინირებულად მუშაობენ, ერთიანდებიან და ცდილობენ, მაქსიმალურად მოკლე ვადებში დაეხმარონ ქვეყანას, სადაც ეს შემთხვევა გამოვლინდა, რომ არ მოხდეს ინფექციის გავრცელება. უმეტეს შემთხვევაში ეს ხერხდება და ინფექციის შეკავება ხდება დიდი ძალისხმევით, პარალელურად მეცნიერები ცდილობენ მის დამარცხებას.

მხოლოდ ებოლას დროს დაიწერა 40-მდე კვლევა, შემუშავდა საინტერესო რეკომენდაციები, თუმცა როგორც კი ხერხდება ინფექციის დამორჩილება, ფოკუსი იცვლება, თემისადმი ინტერესი იკარგება და გამოცდილებაზე დაფუძნებით აღარ ვემზადებით მომდევნო ეპიდემიისა თუ პანდემიისთვის.  არადა, შემდეგი ეპიდემია მხოლოდ დროის საკითხია. საჭიროა, ყველა ასეთი შემთხვევა განვიხილოთ, მისგან ვისწავლოთ და მომავალს ბევრად მომზადებული შევხვდეთ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე იმუნიზაციასთან დაკავშირებით არაერთ საინტერესო ინფორმაციას ამოიკითხავთ. სწორედ ვაქცინაცია ითვლება ინფექციურ დაავადებებთან საბრძოლველ ყველაზე ეფექტურ იარაღად. ვაქცინა იმუნურ სისტემას მომავალი საფრთხისთვის წვრთნის. ის დახოცილი ან მოდიფიცირებული მიკრობებისგან, მათი ნაწილებისგან ან დნმ-ისგან შედგება. ვაქცინა ორგანიზმს „ატყუებს” – აფიქრებინებს, რომ ინფექცია შეხვდა. იმუნური სისტემა თავს ესხმის მოჩვენებით მტერს და მომავალისთვის ამზადებს. ამ გზით ადამიანი ინფექციის მიმართ იმუნიტეტს გამოიმუშავებს – თუ მას მომავალშიც შეეჯახა, სათანადოდ შეიარაღებული დახვდება. მედიცინაში ასეთი გარღვევა 1796 წელს ედუარდ ჯენერმა შეიმუშავა. შემუშავებული პროცედურა კი პირველად ჩაუტარა რვა წლის ბიჭს. მან აცრისთვის გამოიყენა საქონლის ყვავილით [vaccinia virus, ყვავილვაქცინის ვირუსი] დაავადებული ახალგაზრდა ქალის მასალა. ეს იყო დასაბამი თანამედროვე ვაქცინაციისა – ტერმინი კი ლათინური სიტყვიდან „vacca“ – „ძროხა“ მოდის. ვაქცინაციის ისტორიას XVIII საუკუნის მიწურულიდან, ჯენერის მეთოდის გამოცდის დღიდან ითვლიან. მიუხედავად ასეთი ხანგრძლივი დროისა, ყვავილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მხოლოდ 1980 წელს მიიჩნია აღმოფხვრილად, რაც გლობალური კამპანიის შედეგი გახდა. მხოლოდ მეოცე საუკუნეში ყვავილს 300 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა. კაცობრიობის ისტორიის ამ და სხვა ღირშესანიშნავ ეპიზოდებს შეგიძლიათ გაეცნოთ National Geographic-ის რიჩარდ კონიფის სტატიაში „როგორ გვცვლის პანდემიები“, აგვისტო, 2020. როგორ გვცვლის პანდემიები გვემახსოვრება თუ არა ეს გაკვეთილი, როდესაც საფრთხე ჩაივლის?

საუკუნეებია კაცობრიობა იმუნიზაციის გზით ებრძვის ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ყვავილი, პოლიომილიტი, წითელა, ცოფი და სხვა. ასევე სხვა მიკროორგანიზმებით გამოწვეულ დაავადებებს, როგორებიცაა – შავი ჭირი, ქოლერა, ტუბერკულიოზი, დიფთერია, ტეტანუსი, ჯილეხი თუ სხვა. სწორედ საყოველთაო ვაქცინაციის წყალობით ყოველწლიურად 3 მილიონი ბავშვის გადარჩენა ხერხდება. აქვე გვეუბნებიან, რომ იმუნიზაცია, აცრილების გარდა, იცავს აუცრელებსაც, რადგან აცრილთა სიმრავლე დაავადების გავრცელებას აჩერებს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მასობრივი ვაქცინაციის უზრუნველყოფა.

სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა

სიცოცხლის ხანგრძლივობა უკანასკნელი საუკუნეების განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა. მაგალითისათვის, შეგვიძლია შევადაროთ, როგორ შეიცვალა შერჩეულ ქვეყნებში სიცოცხლის ხანგრძლივობა.

ქვეყანა წელი
1800 1900 2000 2020
სამხრეთ კორეა 25,8 25,9 76,3 83,4
ავღანეთი 28,2 29,4 54,6 64,4
ირანი 25 26,3 73,6 78
საქართველო 31,9 33,4 73,1 73,3
ჩინეთი 32 32 72,1 77,7
იტალია 29,7 43,5 79,6 83,6
გაერთიანებული სამეფოები 38,6 46,3 78 81,2
ბრაზილია 32 32,3 71,7 76,1

რატომ შემცირდა ასე მკვეთრად სიკვდილიანობა, ბევრი რამით შეიძლება აიხსნას, მაგრამ მთავარი მაინც საბაზისო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დამკვიდრება და მედიცინის მიღწევებია. შეიძლება დავასახელოთ მათი უკეთესი ხელმისაწვდომობაც. იმუნიზაციამ მოიცვა მთელი მსოფლიო. ის განსაკუთრებით ხელმისაწვდომი გახადა საერთაშორისო ორგანიზაციების ჯანდაცვის პროგრამებმა. სწორედ ამ გზით შემცირდა მანამდე სასიკვდილო დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა და გაიზარდა სიცოცხლის ხანგრძლივობა (მ. რატიანი „მოსახლეობის ზრდის თავისებურებები და  დემოგრაფიული გადასვლის მოდელი“ მოსახლეობის ზრდის თავისებურებები და დემოგრაფიული გადასვლის მოდელი )

უნდა ითქვას, რომ კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში მოსახლეობის რაოდენობა საკმაო სტაბილურობით გამოირჩეოდა, ზრდა უმნიშვნელო იყო. თუმცა მოგვიანებით საგრძნობლად დაჩქარდა, რამაც 50-იანი წლების შემდეგ სახიფათო კონტურები შეიძინა. ისევ რიცხვებს დავუბრუნდეთ: კაცობრიობის მთელი ისტორია აღმოჩნდა საჭირო, რომ მოსახლეობას 1800 წლისთვის მილიარდიანი ნიშნულისთვის მიეღწია, 1930 წელს კი დედამიწას უკვე 2 მილიარდი მკვიდრი ჰყავდა, რაც ნიშნავს იმას, რომ 130 წელიწადი საკმარისი აღმოჩნდა მოსახლეობის 100%-იანი ზრდისთვის. ამის შემდეგ ტემპი უფრო მეტად გაიზარდა და მხოლოდ 30 წელიწადში მოსახლეობას კიდევ მილიარდი შეემატა. შუალედის შემცირება გაგრძელდა და მომდევნო მატებას მხოლოდ 15 წელი დასჭირდა. დღეს კი 12-13 წელია საკმარისი, რომ მოსახლეობამ 1 მილიარდიანი ზრდა აჩვენოს.

ცხრილში მოცემული მონაცემები აღებულია ინტერაქტიული გვერდიდან https://www.gapminder.org/tools/#$state$time$value=2020;&marker$axis_x$domainMin:null&domainMax:null&zoomedMin:null&zoomedMax:null&scaleType=genericLog&spaceRef:null;&axis_y$domainMin:null&domainMax:null&zoomedMin:null&zoomedMax:null&spaceRef:null;;;&chart-type=bubbles. თითოეული წერტილი ქვეყანას აღნიშნავს, მისი ფერი – რეგიონს, ხოლო ზომა მოსახლეობის რაოდენობას. კურსორის მიტანით ვხედავთ ქვეყანაში სიცოცხლის ხალგრძლივობას და მის მშპ-ს. წერტილოვანი დიაგრამის ქვემოთ ისარზე დაწკაპუნებით 1800 წლიდან დღემდე დინამიკას გვიჩვენებს.  ეს ინტერაქტიული გრაფიკი გვიჩვენებს, რომ ყველა ქვეყანამ საგრძნობი პროგრესი განიცადა მოცემულ წლებში. მთავარი მიზეზი კი მედიცინის განვითარებაა.

ვაქცინების შემუშავების მეთოდები

თანამედროვე მედიცინაში განსხვავებული მეთოდებით შემუშავებული ვაქცინები გამოიყენება, ვაქცინების შემუშავების მეთოდები და ტიპები გასაგებადაა ახსნილი ავერსის ვებგვერდზე რა სარგებლობა მოაქვს იმუნიზაციას?

აღნიშნული მეთოდებიდან 4 კოვიდის ვაქცინების შესაქმნელად გამოიყენეს. მათ შორისაა ტრადიციული მეთოდი, პროტეინული ერთეულების შეყვანა, ვექტორული ვაქცინა და ინფორმაციული, ანუ მესინჯერ-რნმ ვაქცინები.

თითოეული მათგანის მოკლე აღწერა ქვემოთაა მოცემული (ვაქცინები – რეალობა და მოლოდინები ):

  1. ტრადიციული მეთოდი – დასუსტებული/ინაქტივირებული ვირუსის გამოყენება იმუნური პასუხის გამოსამუშავებლად, გამოცდილი და ტრადიციული მეთოდია, თუმცა განსაკუთრებით მაღალი ეფექტურობა შეიძლება ვერ იქნას მიღწეული. ამ მეთოდს ძირითადად ჩინური კომპანიები იყენებენ.
  2. პროტეინული ერთეულების – ვირუსის რეკომბინანტული ცილის (სპაიკ-პროტეინის) ნაწილის შეყვანა. გამოიყენება ნოვავაქსის და სანოფი-გლაქსოს ვაქცინებში. აღნიშნული კვლევები გახანგრძლივდა და 2021 წელს დასრულდება, სანოფი-გსკ ვაქცინის შედეგებიც 2021 წლის ბოლოსთვის გადაიწია, რადგან ასაკოვან პირებში ეფექტი არ იყო დამაკმაყოფილებელი და კომპანიებმა კვლევების დამატება გადაწყვიტეს.
  3. ვექტორული ვაქცინა – კორონავირუსის გენის – ე.წ. წვეტის ცილის (spike protein) გენის მიბმა რომელიმე ვექტორთან (გადამტანთან) –  უვნებელ ვირუსთან, მაგალითად, რეკომბინანტულ ადენოვირუსთან. გადამზიდავი ვირუსი ახდენს კორონავირუსის სპაიკ ცილის მიტანას და იმუნური სისტემა იწყებს ლიმფოციტებისა და ანტისხეულების გამომუშავებას (ოქსფორდი-ასტრაზენეკა, ჯონსონ & ჯონსონი, რუსეთის გამალეას ინსტიტუტი და  ჩინური კანსინო).
  4. ინფორმაციული, ანუ მესენჯერ-რნმ (მ-რნმ) ვაქცინები. ამ მეთოდით დამზადებულია პფაიზერ-ბიონტექის და მოდერნას ვაქცინები. ამ დროს ორგანიზმშიც შეჰყავთ არა ვირუსი, ან მისი ცილის (სპაიკ პროტეინის) ფრაგმენტი, არამედ  მ-რნმ, რომელიც სპაიკ პროტეინის ინფორმაციას შეიცავს. თავად ორგანიზმში იწყებს სპაიკ პროტეინის გამომუშავებას, რომლის მიმართ ორგანიზმი შემდეგში გამოიმუშავებს იმუნურ პასუხს. აღნიშნული ტექნოლოგია ყველაზე სწრაფია, თუმცა ამ მეთოდით აქამდე არცერთი ვაქცინა არ ყოფილა შემუშავებული.

ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობა

ვაქცინაცია საზოგადოებრივ სიკეთეს განეკუთვნება, რადგან ის უკლებლივ ყველა მოქალაქეს, მიუხედავად ეროვნებისა, რელიგიისა, სქესისა, ასაკისა, შემოსავლისა, აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს საერთაშორისოდ დადგენილი აუცილებელი ვაქცინები. ამას განვითარებული ქვეყნები თავად უზრუნველყოფენ, ხოლო განვითარებადი ქვეყნების ნაწილი კი, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი თანხები, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია, ან UNICEF ეხმარება. იმუნიზაციის პროცესთან დაკავშირებული კოორდინაცია  თუ რთულდება, მართვის სათავეები გადადის საერთაშორისო სააგენტოებზე. „გავის ალიანსი“ ამის კარგი მაგალითია. იგი დიდი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის საქმიანობის მიზანია ვაქცინაციის ხელმისაწვდომობა ყველასთვის და განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობისათვის.

წარსული პანდემიებიდან მიღებული გამოცდილება აჩვენებს, რომ დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნები, როგორც წესი, ვაქცინებს უფრო დიდხანს ელოდებიან, ვიდრე მდიდარი ქვეყნები. ეფექტური ვაქცინების ხელმისაწვდომობის შემთხვევაშიც კი დაბალშემოსავლიანი ქვეყნების დაუცველ პირებს, ნაკლებად აქვთ ვაქცინებზე წვდომა. ამ უსამართლობის აღმოსაფხვრელად, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გასაზრდელად და კონკურენციის გამო ვაქცინების არასაკმარისი მიწოდების გასანეიტრალებლად შეიქმნა კოვაქსის ინიციატივა, რომელსაც 186 ქვეყანა შეუერთდა. ის უზრუნველყოფს ვაქცინების სამართლიან განაწილებას. სწორედ ამიტომაა, რომ კოვიდზე ვაქცინაცია დღეს ქვეყნების უმრავლესობაში დაწყებულია.

დეზინფორმაცია ვაქცინაციაზე

დეზინფორმაცია საფრთხეს უქმნის ქვეყნის განვითარებას. ის ეჭვქვეშ აყენებს ძირითად მიღწევებს, ძლიერ ინსტიტუციებს, იწვევს საზოგადოების დაპირისპირებას, საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს, დემოკრატიულ ღირებულებებს, მის ჯანდაცვას. ამიტომ მნიშვნელოვანი ხდება თითოეული მოსწავლე კრიტიკულად მოაზროვნე იყოს და თავად ჰქონდეს უნარი, გადაამოწმოს ინფორმაციის წყაროები, მოვლენები თუ ფაქტები. შეძლოს ყალბი ინფორმაციის გადამოწმება, ეჭვქვეშ დააყენოს და ამოიცნოს ინფორმაციის გამავრცელებლების მოტივები, შეიარაღდეს არგუმენტებით, არ მოექცეს გავლენის ქვეშ და დისკუსიაში დამაჯერებელი იყოს.

პანდემიის გავრცელებამდე თავდასხმის ობიექტი ხშირად ლუგარის ცენტრი იყო, რომლის მნიშვნელობაზე დღეს უკვე აღარავინ დავობს, რადგან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პანდემიასთან ბრძოლის ყველა ეტაპზე.

მედია მონიტორინგის ანგარიში მომზადდა დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ (DRI), პროექტის „ამოიცანი დეზინფორმაცია“ ფარგლებში და კარგად ხსნის პანდემიის დროს გავრცელებულ არაერთ ყალბ ინფორმაციას, მათ შორის, ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ამოიცანი დეზინფორმაცია

მითების დეტექტორი და ფაქტმეტრი ორი მსხვილი ვებგვერდია, რომლებიც მოსახლეობას ეხმარება, არ მოექცნენ გადაუმოწმებელი, ყალბი ინფორმაციის, დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ. აქვე წაიკითხავთ არაერთი საინტერესო მითის შესახებ, ასევე ნახავთ დამაჯერებელ არგუმენტებს მათ წინააღმდეგ. მოსწავლეებსაც გახმაურებულ თემებთან დაკავშირებით ინფორმაციის გადამოწმება ამ გვერდების მეშვეობით შეუძლია. ბოლო პერიოდში აქ აქტიურად განიხილება პანდემიისა და ვაქცინაციის თემები.

ასევე საინტერესოა ანტივაქსერული მოძრაობის და პროპაგანდის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ მომზადებული სტატია ანტივაქსერული მოძრაობა და რუსული პროპაგანდა, რომელშიც მოყვანილია საინტერესო ფაქტები ზოგადად ვაქცინაციაზე და ბოლო პერიოდში ანტივაქსერული მოძრაობების წახალისებასა და მის კვალზე.

ჩვენს მოსწავლეებსაც შეუძლიათ მსგავსი კვლევის ჩატარება, გავრცელებული მითების მოძიება პანდემიის წარმოშობაზე, მის გავრცელებაზე, ასევე ვაქცინაციაზე. შეუძლიათ, შეისწავლონ ფაქტები, მოუსმინონ ექიმებს, გაეცნონ სანდო წყაროებს, თავად დარწმუნდნენ, რამდენად მავნებლურია მსგავსი ქმედებები, ვის და რაში შეიძლება სჭირდებოდეს, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს.

ამის შემდეგ კი შეიძლება გაიმართოს დისკუსია, მომზადდეს საინფორმაციო კამპანია მითების წინააღმდეგ.

დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ კოვიდ 19-გან გამოწვეულ კრიზისს, დაავადების გავრცელების გარდა, აქვს და კიდევ დიდხანს ექნება ფართო და გრძელვადიანი გლობალური ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული და სოციალური შედეგები. ამ შედეგების მოგვარების უმოკლესი გზა ფართომასშტაბიანი ვაქცინაციაა. მოსწავლეს უნდა ჰქონდეს ამ თემაზე მეტი ინფორმაცია, რომ თავადაც არ გახდეს ყალბი ინფორმაციის მსხვერპლი. სკოლას დიდი გავლენა აქვს საზოგადოების აზრის შესაქმნელად. ამიტომ ამ თემის განხილვა მრავალმხრივ მნიშვნელოვანი და აქტუალურია.

 

 

ნიკო

0

რამდენიმე დღის წინ ჩემი მოსწავლის მშობელმა თავის ნაცნობთან შემდეგნაირად წარმადგინა: „ეს ის მოხალისე მასწავლებელია, ჩვენი რეგიონის სკოლას დებატების კონკურსი რომ მოაგებინა“. მერე ისე შეყოვნდა, თითქოს რაღაც გამორჩაო, შემომიბრუნდა და მეკითხება: „მაგრამ… მეორე სად არის?“.

მეორეს ნიკო ერქვა. გამხდარი იყო, მხრებაწურული. ორი ან სამი თავით აღმემატებოდა, თუმცა, სიმაღლეში არსებულ ამ თვალშისაცემ უპირატესობას თავმდაბლურად აბალანსებდა ჩემთან ასაკში ჩამორჩენით. იმავე სკოლაში მუშაობდა მოხალისე მასწავლებლად, სადაც მე და ერთი წელი ჩემთან ერთად იზიარებდა იმ სახლის გახვრეტილი ჭერისა და დაობებული კედლების სევდას, სადაც ვცხოვრობდით. ასე რომ, მშობლის მიერ ზემოთ დასმულ კითხვას ნამდვილად აქვს თავისი ლოგიკური საფუძველი: „მაგრამ… მეორე სად არის?“. და აგერ უკვე 4 წელია აქაური მცხოვრებლების შეკითხვების საპასუხოდ ყოველთვის ვიმეორებ: „თბილისში წავიდა“.

კი, ნიკო 4 წლის წინ თბილისში წავიდა და უცნობ სევდასთან დამტოვა მარტო, რომელიც ჯავახეთში მარტოდ ცხოვრების გამოცდილების გარეშე არ მოდის. მისი წასვლის პირველ თვეებში მეღვიძებოდა და კუთხეში მიდგმული იმ ლოგინისკენ ვიყურებოდი, რომელშიც სიბნელეში გახვეული სიჩუმე გაუნძრევლად იწვა. ძილი მიტყდებოდა. სიგარეტს ვუკიდებდი და ვცდილობდი, თოვლიანი ღამის გულში ჩამეხედა. თითქოს ქვეყანაზე არც არავინ დარჩენილიყო ჩემი და ეზოში მდგარი სტაფილოსცხვირა თოვლის კაცის გარდა, რომელიც უხმოდ მითვლიდა ძილის დაკარგულ წუთებს. „შენ როდის წახვალ, მარტში?“ – ვეკითხებოდი და მავიწყდებოდა, რომ კითხვებზე პასუხი არ იყო მისი ძლიერი მხარე.

როცა მე და ნიკომ ერთწლიანი რთული და თავგადასავლებით სავსე ვოიაჟის შემდეგ საცხოვრებელი შევიცვალეთ და ამ სახლში გადმოვბარგდით, პირველი, რამაც მოგვხიბლა, ეს მის უკან მდებარე დიდი ეზო იყო. აქედან მიღებული ერთ-ერთი შთაბეჭდილების საფუძველზე გაჩენილ 2016 წლის 18 სექტემბრის ჩანაწერს ფეისბუქმემორი დღემდე მიგდებს, სადაც ვკითხულობ: „ჯავახურად შემოდგომასაც ზამთარი ჰქვია, მაგრამ დღეს ისეთი ნათელი გამოსტყუა დილამ კალენდარს, რომ სახლის უკანა ეზოში გამოვედით მასთან შესაგებებლად. საცხოვრებელი შევიცვალეთ მოკლედ მე და ნიკომ და აი ამ ახალი სახლის უკან ისეთი ეზოა, რომელსაც ღობე არ აქვს შემოვლებული. ალბათ ამის ბრალია, რომ აღებ თუ არა კარს, უსაზღვრობა პირდაპირ იჭრება შენში. ხედავ: ყვითელი პეპლები მოცეკვავე ათინათებს კვალში როგორ უდგანან და დასაჭერად დასდევენ. ჩვენც ვდგავართ და გავყურებთ უსაშველოდ გაშლილ ველებს, მთებს, მათ ვეებერთელა მუცლებზე აცოცებულ საქონელს, მთელი ეს სივრცე ჩვენი ეზოს ნაწილი გვგონია და ძალიან ბუნებრივად გვიჩნდება კრიმინალური სურვილი, რომ გავიჭრათ და შემოუსაზღვრავ ყანებში ავიღოთ სხვისი კარტოფილის მოსავალი“.

მერე ეს სიყვითლე და შემოდგომის მთელი ელვარება ზამთრის თოვლმა და ბუქმა შთანთქა. ქარი იქამდე დაძრწოდა, სანამ მთელი თოვლი ჩვენს სახლთან არ მოხვეტა და იმხელა მთა შექმნა, თავისუფლად შეიძლებოდა მასზე გადავლით პირდაპირ მეორე სართულის ოთახებში შეგვებიჯებინა. ჩურჩულით ვეუბნებოდი ხოლმე: „ცოტა ხმადაბლა თქვი, ზვავის საშიშროებას ვგრძნობ“, და კადრებად ვახვევდით ერთად გატარებულ წარსულს, ოღონდ იმას, შორეულად რომელიც გვიჩანდა, აქ ჩამოსვლის პირველი წლის ამბებს, როცა აქ გადმობარგებამდე სრულ უპირობობაში ვიცხოვრეთ და ღრმად ვისუნთქეთ ჩვენს სადგომში მოტრიალე ნესტის გამაბრუებელი სურნელება. ალბათ დასაჯერებლადაც ძნელია, რომ ერთი წამდაუწუმ შესაკეთებელი, ცეროდენა ელექტროფეჩის იმედად გავატარეთ მთელი ზამთარი, რომლის განმავლობაშიც ყინვა -30 გრადუსზე ქვევით ჩამოდიოდა, წყლებს კი ვედროებით, მეზობელი ეზოებიდან ვეზიდებოდით, გულის გადასაყოლებლად და სხეულის გასაკაჟებლად 65-გრადუსიან ჭაჭის არაყთან ვმეგობრობდით და ჩვენ მიერ წარმოთქმული სადღეგრძელოებიც ძირითადად ჩვენივე ბუნდოვანი მომავლის ლოცვა-კურთხევით შემოიფარგლებოდა. ერთ ცივ ღამეს, როცა ოთახის ტემპერატურაზე სკამზე შემოდგმულ ჭიქაში წყალი გაიყინა, მივხვდით – ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების დრო დადმგარიყო. სამწუხაროდ, ძირეული ცვლილებების განხორციელების მცდელობა ამაო გამოდგა, თუ არ ჩავთვლით იმ ქურდბაცაცა თაგვის განადგურებას, რომელსაც რამდენიმე ღამის შემდეგ იდეალურად ამორტყმული პანღურის შედეგად გავაფრთხობინე სული. მართალია, ნიკო აღფრთოვანებული დარჩა ამ გმირობით, თუმცა, მისდამი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, დღემდე ვთვლი, რომ ეს შემთხვევა ოდნავადაც არ იმსახურებდა აღტაცებას იმასთან შედარებით, რომ ამდენი უსიამოვნების მიუხედავად, სკოლის საქმეებს ისევ უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდით. და ალბათ ორმაგ მნიშვნელობასაც შეიძენდა ჩვენ მიერ მომზადებული მოსწავლეების ეთნიკური უმცირესობების დებატების კონკურსში გამარჯვებაც, ოდესმე ვინმეს ფანჯრიდან ჩუმად რომ შემოეჭყიტა. დაინახავდა: საძილე ტომრებში გახვეული ორი მასწავლებელი – რომლებიც საკოცენტრაციო ბანაკის ორ ტუსაღს უფრო ჰგავდა და რომელთა მთელ ავლადიდებასაც პატარა ელექტროფეჩი, ემალის ჩაიდანი, ორი ჭიქა, ორი თეფში და ობმოკიდებული კედლის ერთ კუთხეში მიდგმული, კარტოფილით სავსე კალათა წარმოადგენდა – როგორი ჟინით ასრულებდა სკოლის სამუშაოს. როცა გაზაფხულის შუა პერიოდისკენ ლოგინზე მშვიდად მოკალათებულს შუბლში მოზრდილი წვიმის წვეთი დამეცა, მაშინღა მივხვდით, მზის გამოჩენა სულაც რომ არ მოასწავებდა რაიმე კარგს. ვარაუდი გაგვიმართლდა და სულ მალე მზით გაჩახჩახებულ ოთახში კოკისპირული წვიმების გრძელი და მომქანცველი სეზონი დაიწყო. და ცხადია, უფრო ღიმილის მომგვრელადაც შეიძლება ამ და მსგავსი ამბების შეფუთვა, საქმე საქართველოს ყველაზე ცივ რეგიონსა და ჯოჯოხეთურ პირობებში გატარებულ 1 სასწავლო წელს რომ არ ეხებოდეს. ამიტომ, უპატივცემულობად რომ არ ჩამომერთვას ერთი კონკრეტული ღამისა და ორი ღრმად პატივცემული ვირთხის მიმართ, რომლებიც ერთხელ, თავიანთ სოროდან ძალიან შორს მასწავლებლებისთვის შეუფერებლად გამოთვრნენ, აჯობებს დროულად შევიკავო თავი.

მაშინ კი მთვარიანი ღამე იყო და ისინი ფეხების ხრაშუნით მანამ მიიკვლევდნენ მომქანცველ გზას, სანამ თოვლში ჩაფლული მათი ბუნაგი არ გამოჩნდა. ციდან ჩამოსული ფიფქები ისე ირეოდნენ ლამპიონების ნისლისფერ შუქებში, თითქოს ამ თბილ სცენაზე სათამაშოდ გამოევლოთ ამხელა მანძილი და ერთ-ერთ ვირთხას – ორთაგან, უფრო დაბალსა და მთვრალს – ამ ცოცხალ სიჩუმეში მოეჩვენა, რომ სამყარომ არ იცოდა არცერთი ენა ამ ენაზე კარგად. მეგობარი ვირთხა გააჩერა, ხელი იმისკენ გაიშვირა, რასაც ხედავდა და სრულიად ბანალური, ათასგზის გადაღეჭილი ფრაზა თქვა: „შეხედე და დაიმახსოვრე, ეს წამი არასდროს განმეორდება“.

მას შემდეგ ბევრი თუ არა, საკმარისი დრო მაინც გავიდა იმისთვის, რომ ამ ბანალური ფრაზის სიმართლე კიდევ ერთხელ გვერწმუნა, უამრავი რამ ერთმანეთის გარეშე გამოგვეცადა, სკოლებშიც გვევლო, თოვლის კაცები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გვეშენებინა, ღამეები გამოგვეძინა და ბოლოს და ბოლოს, ერთმანეთისთვის შორიდან რაიმე მაინც გვენიშნებინა. რაიმე ისეთი, რასაც ცხოვრებაში აღარასდროს დაუდგება გადამოწმების საფრთხე. სიმართლე იმაზე, რომ სადაც არ უნდა წავიდეთ და რა საქმესაც არ უნდა მოვკიდოთ ხელი, ვერასდროს ვიქნებით იმაზე დიდები, ვიდრე იმ ღამით, როცა სოროში შეყუჟულებმა საყელოებიდან თოვლი ჩამოვიბერტყეთ, ბათინკები გავიძრეთ, სქელი ქურთუკები გავიხადეთ, სასწრაფოდ ჩვენ-ჩვენს საძილე ტომრებში გავეხვიეთ და ღრმა ძილს მივეცით თავი, რადგან მეორე დილით სკოლის გადაუდებელი საქმეები გველოდებოდა.

 

როდის არის ცოდნის კარი ღია? – დაკვირვებები პანდემიურ სასწავლო პროცესზე

0

„ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა“.

„ცოდნა სინათლეა“.

 

ცოდნაზე ბევრი აფორიზმი, ანდაზა, სენტენცია გაგვახსენდება.

ცოდნა ამოუწურავი სამყაროა, რომელიც ყველასათვის მუდამ ღიაა. თუმცა ცოდნის სამყაროში, ძირითადად, სკოლას შევყავართ. უფრო ზუსტად კი, პედაგოგებს. მათი მოტივაციის, საინტერესო დავალებების, ახსნის, სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიის მიხედვით. ხშირად ხდება, რომ ესა თუ ის საგანი საყვარელი ან საძულველი სწორედ პედაგოგის გამო ხდება. ხშირად ხდება, რომ რომელიმე საგანში, რომელიმე მიმართულებით, ცოდნის კარი იხსნება ან იხურება. გვიან, მხოლოდ ზრდასრულ ასაკში, ვაცნობიერებთ, რომ თუ მათემატიკას კარგად ვსწავლობდით, ფიზიკის სწავლაც შეგვეძლო კარგად, ან თავიდან მათემატიკას კარგად ვსწავლობდით, შემდეგ კი მასწავლებელი შეგვეცვალა, ან გარკვეული მიზეზების გამო მოტივაცია დაგვეკარგა.

ახლა, პანდემიის პირობებში, ბევრ კარგ მოსწავლეს დაეკარგა მოტივაცია. შეიძლება ვიფიქროთ, ვისაც სწავლა უნდა, ისედაც ისწავლისო. მეც ვეთანხმები ამ შეხედულებას, მაგრამ პანდემიამ და დისტანციურმა სასწავლო განათლებამ ბევრი რამ კიდევ უფრო გამჭვირვალედ დაგვანახვა.

რამდენიმე ასპექტი კი განსაკუთრებით თვალსაჩინოდ დავინახეთ:

  1. ტექნიკური ხარვეზები

ტექნიკური ხარვეზები ყველას აქვს, პედაგოგსაც და მოსწავლესაც.

რატომღაც ითვლება, რომ თუ ტექნიკური ხარვეზი მასწავლებელს აქვს, ეს სრულიად დასაშვები და ნორმალურია, მაგრამ თუ მოსწავლეს აქვს ტექნიკური ხარვეზი: ინტერნეტი გაითიშა, დენი გაითიშა, კომპიუტერი გაითიშა, საზიარო კომპიუტერი სხვას სჭირდება, ტელეფონი, რომლითაც ერთვება, არ აძლევს ბევრ საშუალებას და სხვა და სხვა მრავალი, მოსწავლე იმსახურებს საყვედურს, ზოგ შემთხვევაში, ეს აძლევს შემფასებელს დაბალი ნიშნის დაწერის უფლებას.

  1. შინაარსობრივი ხარვეზები

შეცდომებზე ბევრს ვსაუბრობთ. შეცდომა ყველას მოგვდის: მასწავლებელსაც და მოსწავლესაც. პედაგოგებმა უკვე ვისწავლეთ უნებური, ტექნიკური  თუ ღრმა შეცდომების გამო მობოდიშებაც, თუმცა თუ შეცდომა მოსწავლემ დაუშვა, ის უპატიებელია და აუცილებლად აისახება შეფასებაზე. რა ხდება მაშინ, როდესაც მასწავლებლის შედგენილ ტესტში სწორი პასუხების ნაცვლად არასწორია მონიშნული, მოსწავლე სწორ პასუხს აირჩევს, მაგრამ ქულას ვერ მიიღებს?

  1. გაპროტესტებას აზრი არ აქვს

ხშირად ვამბობთ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ეს ცხოვრებამ გვასწავლა, მაგრამ, როგორც ჩანს, სასკოლო შეფასებების გაპროტესტებას აზრი არ აქვს.

სწორედ ამიტომ ვუკიჟინებთ ხოლმე შემდეგ საკუთარ თავსაც და ჩვენს შვილებსაც, რომ უნდა ვიბრძოლოთ? აქედან მოდის ბრძოლის სურვილი?

  1. ნიშანი, როგორც შურისძიება

რა არის ნიშანი? რა არის შეფასება? უფროსებისთვის, შესაძლოა, ნიშანი არც არის ცოდნის რელევანტური, მაგრამ მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ნიშანი ბევრ რამეს ნიშნავს.

ნიშანი არის მათი ცოდნის საზომი.

ნიშანი არის მათი, სრულიად ახალგაზრდა და გამოუცდელი პიროვნების საზომიც ნიშანია. მით უფრო, სტერეოტიპებით გავსებულ გარემოში და, შეიძლება ითქვას, რომ ზოგ შემთხვევაში, ნიშანი არის ყველაფერი.

მაგრამ ზოგჯერ, რატომღაც და როგორღაც, ნიშანი არის შურისძიება.

სინამდვილეში კი, ცოდნის კარი ყოველთვის უნდა იყოს ღია. გაუმჯობესების შესაძლებლობა ნიშნავს ახალი მეთოდებით, ახალი მიდგომებით ახსნას და ცოდნის გადაცემას. მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდებში ხშირად გვხვდება საკითხები, თუ როგორ უნდა მოიქცეს მასწავლებელი, როცა მოსწავლემ რაღაც ვერ გაიგო და დავალებაც სანახევროდ შეასრულა, ან, როგორ ზემოქმედებს მოსწავლეებზე მასწავლებლების საყვედურები, როგორ აღიქვამს მოსწავლე უსამართლოდ მიღებულ შეფასებას და სხვა. მასწავლებლები გამოთქვამენ საკუთარ შეხედულებას, ხშირად, ითვალისწინებენ თანამედროვე სწავლების მეთოდოლოგიას, სასერტიფიკატო გამოცდებსაც აბარებენ, მაგრამ სწავლების პრობლემას ემატება შეფასების პრობლემები და პანდემიის პირობებში კი, დისტანციურ, ნახევრად დისტანციურ და შერეულ სწავლებაში კიდევ უფრო მტკივნეული ხდება.

ცოდნის კარი ხომ ყოველთვის ღია უნდა იყოს?!

 

 

როგორ დავგეგმოთ საკლასო  ექსკურსია

0

ბავშვებს ძალიან უყვართ ექსკურსიებზე სიარული, არიან უფრო გახსნილი, უფრო აქტიური და უფრო ხალისიანი, ვიდრე საკლასო სივრცეში. ექსკურსიის დაგეგმვა ისეთივე შრომატევადია, როგორც რომელიმე სასწავლო ერთეულის, ან თუნდაც გაკვეთილის დაგეგმვა. მოითხოვს მიზნის განსაზღვრას, გეგმის შემუშავებას, გასართობი და შემეცნებითი აქტივობების დაგეგმვას, მოსწავლეთა ასაკობრივი ჯგუფისა და ინტერესების გათვალისწინებასა და გარემოში ადაპტირებას. მოსწავლეთა ჩართვა ექსკურსიის დაგეგმვასა და განხორციელებაში ძალიან მნიშვნელოვანია.

სწორედ ხალისიანი ექსკურსიის დაგეგმვის საჭიროებების განსაზღვრით დავიწყე მე-6 კლასში სასწავლო ერთეულის მოქმედებები ათწილადებზე სწავლება. ბავშვებთან ერთად ვიმსჯელეთ, რა არის საჭირო ექსკურსიის მოსაწყობად, ისე, რომ ყველა მონაწილე კმაყოფილი იყოს. მსჯელობის შემდეგ მათ გავაცანი კომპლექსური დავალების პირობა და სამიზნე ცნება. განვუმარტე, რომ საკითხების შესწავლის შემდეგ შეძლებდნენ ექსკურსიის საერთო ხარჯისა და თითოეული მონაწილის ფინანსურ წილის განსაზღვრას.

უკვე დამკვიდრდა სწავლა სწავლებაში კომპლექსური დავალება, როგორც სასწავლო ერთეულის შემაჯამებელი დავალება, რომლის მიხედვითაც მოსწავლე ქმნის შემოქმედებით პროდუქტს. კომპლექსური დავალება მოიცავს ცოდნის სამივე კატეგორიას – დეკლარატიულს, პროცედურულს და პირობისეულ ცოდნას. ორიენტირებულია გრძელვადიან მიზანზე და იქმნება კონკრეტულ საგნობრივ საკითხებთან/საკითხებთან დაკავშირებით. კომპლექსური დავალების პირობა მათემატიკის კათედრაზე მე და ჩემმა კოლეგამ შევიმუშავეთ და პარალელურ კლასებში განვახორციელეთ. სწავლების დრო, მიზნები, საკითხები ერთნაირად დავგეგმეთ. აქტივობები, ცხადია, განსხვავებული გვქონდა. შედეგით კი ორივე მასწავლებელი კმაყოფილი დარჩა, რადგან მოსწავლეებმა ინტერესით შეასრულეს მათთვის ნაცნობი კონტექსტის დავალება.

შეგახსენებთ, სასწავლო ერთეულის სამიზნე ცნება შესაბამისი მკვიდრი წარმოდგენებით, მოსწავლის მიერ ნაშრომში აუცილებლად წარმოსადგენი ცოდნა და უნარები და შეფასების კრიტერიუმები ერთმანეთთან ურთიერთკავშირშია, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია სასწავლო ერთეულის დაგეგმვისა და წარმართვის თითოეულ ეტაპზე

სამიზნე ცნება მკვიდრი წარმოდგენები ნაშრომში ხაზგასმით წარმოაჩინე მოსწავლეს შეუძლია
მოქმედებები რიცხვებზე

 

 

 

 

 

·         არითმეტიკული მოქმედებები (მიმატება, გამოკლება, გამრაველბა, გაყოფა, ახარისხება) მჭიდრო ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან; არითმეტიკული მოქმედებების თვისებების ცოდნა ხელს უწყობს გამოთველბის შესრულებას. გამოთვლების შესრულებისას აუცილებელია მოქმედებათა თანმიმდევრობის დაცვა. (მ.წ.9)

 

·   რიცხვების შეკრება/გამოკლებისა (და გამრავლება-გაყოფის) რამდენიმე სტრატეგია არსებობს; შედეგი არ არის დამოკიდებული სტრატეგიის არჩევაზე. (მ.წ.10)

·   ზოგიერთ სიტუაციაში ზუსტი გამოთვლებია საჭირო, ზოგიერთში კი, მიახლოებითი გამოთვლაც საკმარისია. (მ.წ.11)

·         რა მნიშვნელობა აქვს მოქმედებათა თანმიმდევრობის დაცვას გამოთვლების წარმოებისათვის. (რომელი მოქმედებაა უპირატესი)?

·   როგორ გვეხმარება არითმეტიკული მოქმედებათა თვისებების ცოდნა გამოთვლების წარმოებაში, არის თუ არა დამოკიდებული შედეგი სტრატეგიის შერჩევაზე?

·   როგორ გვეხმარება სტრატეგიის შერჩევა გამოთვლების წარმოებაში, როდის არის საჭირო ზუსტი გამოთვლები და რა შემთხვევაში მიახლოებითი გამოთვლა?

 

·         კავშირების დადგენა არითმეტიკულ მოქმედებებს შორის და მათი თანმიმდევრობის დაცვა,

·         შეკრება/გამოკლების (და გამრავლება/გაყოფის) სტრატეგიების შერჩევა; მოსწავლე აანალიზებს, რომ შედეგი არ არის დამოკიდებული სტრატეგიის არჩევაზე.

·         იმსჯელოს გამოთვლების წარმოების სიზუსტისა და ცდომილების შესახებ. მოსწავლეს შეუძლია მიახლოებითი გამოთვლა, დამრგვალება.

 

მოსწავლეებს გავაცანი კომპლექსური დავალების ბარათი, იხ. კომპლექსური დავალების ბარათი მოკლედ მოგითხრობთ დავალების პირობას და წარმოგიდგენთ ზოგიერთ ნამუშევარს. მოგითხრობთ იმ ემოციებზე, რომლებიც მოსწავლეთა შედეგებიდან გამომდინარე კომპლექსური დავალების პრეზენტაციისას მივიღე.

დავალების პირობა ასეთია: თანაკლასელებს ექსკურსიის მოწყობა უნდათ. მათ ექსკურსიაზე კლასის დამრიგებელი, ორი მშობელი და სკოლის ექიმი მიჰყვებათ. ასარჩევია მარშრუტი, დასადგენია მისი სიგრძე და მძღოლისათვის გადასახდელი თანხა. ასევე მოსწავლემ ჩამონათვალიდან უნდა აირჩიოს საგზალი და მედიკამენტები მონაწილეებისათვის, ისე, რომ ყველა მონაწილე კმაყოფილი იყოს და ხარჯი რაც შეიძლება ნაკლები გამოვიდეს. მოსწავლეს ევალება, მიიღოს გადაწყვეტილება ექსკურსიის დაგეგმვაში მოცემული პირობების გათვალისწინებით და დათვალოს ხარჯი.

მოსწავლეებს დეტალური ინსტრუქციის გარეშე უჭირთ მსგავს კომპლექსურ აქტივობებთან დაკავშირებული სამუშაო პროცესის ორგანიზება. ამიტომ კითხვების სახით შედგენილი კომპლექსური დავალების ბარათი მკაფიო ნაბიჯებით გაწერილ სამოქმედო გეგმას მოიცავს.

მოსწავლეებს დაევალათ, მოემზადებინათ დავალება რომელიმე საპრეზენტაციო პროგრამაში, ან ხელნაწერის სახით. ყველა მოსწავლის დავალება ერთ სივრცეში პადლეტის დაფაზე დავალაგეთ. რაც ძალიან მოსახერხებელი იყო წარდგენის დროს. გაგიზიარებთ ზოგიერთი მოსწავლის ნამუშევარს.

https://www.storyjumper.com/book/read/91801056/5faadb9959425#page/3

2) მოსწავლის ნამუშევარი

3) მოსწავლის ნამუშევარი

ეს გახლავთ სხვადასხვა მოსწავლის მიერ შესრულებული კომპლექსური დავალების პრეზენტაციიდან რამდენიმე ფოტო (ორივე პარალელური კლასიდან).

 

მოსწავლეებმა შეძლეს შეზღუდვების გათვალისწინებით ექსკურსიის დაგეგმვა და ეფექტურად წარმოადგინეს კომპლექსური დავალება. ეს განპირობებული იყო იმით, რომ მათ ჰქონდათ თავისუფალი გარემო, ნაცნობ კონტექსტზე დამოუკიდებლად და შემოქმედებითად გადაწყვეტილების მისაღებად. როგორც ფოტოებიდან ჩანს, ერთი და იგივე დავალება მოსწავლეებს სხვადასხვა გზითა და საკუთარი შეხედულებების გათვალისწინებით აქვს შესრულებული. განსაკუთრებით საინტერესო იყო პრეზენტაციის შემოქმედებითად წარდგენა და გასიტყვება. მრავალფეროვანი პრეზენტაციები იძლეოდა მსჯელობის ხაზის განვითარების საშუალებას. კითხვები, რომლებსაც მოსწავლეები ერთმანეთს უსვამდნენ ეხებოდა არა მხოლოდ ათწილადებზე მოქმედებებს, არამედ არჩეული გადაწყვეტილების დასაბუთებასა და კავშირებს სხვა ყოფით მაგალითებთან.

მე და ჩემმა კოლეგამ კომპლექსური დავალებების პრეზენტაციის შემდეგ სოლოტაქსონომიის გამოყენებით გავაანალიზეთ თითოეული მოსწავლის შედეგები. იხ შეფასეის რუბრიკა.

უკუკავშირის მიცემისას ვცდილობდით, ერთად მიგვეგნო გაუმჯობესების გზებისთვის.

კომპლექსური შემოქმედებითი ხასიათის დავალებები ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას. მათი შესრულებისას ვითარდება საკითხის დამოუკიდებლად და შემოქმედებითი გზით გადაწყვეტის უნარი. მსგავსი დავალებები ხელს უწყობს მოსწავლეს, განივითაროს საკუთარი საგანმანათლებლო საქმიანობის დაგეგმვის, ინფორმაციასთან მუშაობისა და არასტანდარტულ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღების უნარები. ამგვარი მიდგომა თითოეული მოსწავლის თვითრეალიზაციის საშუალებას იძლევა. მოსწავლეები უფრო მეტად აქტიური, ხალისიანი და დაინტერესებული არიან კომპლექსური დავალების შესრულების დროს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა

https://ncp.ge/ge/curriculum?subject=36&subchild=198

  1. მათემატიკის გზამკვლევი კურიკულუმის შედგენისათვის. დამხმარე რესურსი მასწავლებლებისათვის. (მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით) ქეთი ცერცვაძე.

https://clck.ru/SkNrc

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...