ხუთშაბათი, მაისი 22, 2025
22 მაისი, ხუთშაბათი, 2025

ლალამიაში მოხვედრილები- საკლასო აქტივობა დისტანციური სწავლებისას

0

 თავიდან (ვიდრე დისტანციურ სწავლებას წინასწარი შემზადების გარეშე ავიტაცებდით) მეგონა, პანდემიის გამო სახლში ყოფნა ყველაზე მეტად მასწავლებლებს გვიჭირდა.  ჩვენ ხომ ასეთი ჩვევა გვაქვს: ბევრს ვწუწუნებთ საკუთარი  პროფესიის სირთულეებზე, როგორი დამღლელია ჩვენი შრომა, თანაც საზოგადოებისგან არასაკმარისად გაგებულ-მხარდაჭერილი, მაგრამ საკმარისია სკოლას, ბავშვებს რამდენიმე დღით მოვწყდეთ, მაშინვე სასოწარკვეთილებაში ვვარდებით, ისევ ბავშვების ჟრიამული გვენატრება.  სცენის მტვრის ეფექტივითაა,- გადაყლაპავ სკოლის მტვერს, დაინახავ სიყვარულით მომზირალ თვალებს  და … თუ გულით  მასწავლებელი ხარ, შენ უკვე ამ თვალებს  ეკუთვნი. ზოგს ეს პათეტიკურ ნათქვამად  მოეჩვენება, მაგრამ  ყველას ნამდვილად არა. ასეთებს პანდემიის დროს აკვიატებული სიზმრებიც გაახსენდებათ, სიზმრად ჩატარებული გაკვეთილები…

მაგრამ ბავშვებიც ხომ იძულებული არიან სახლში იყონ, არადა, ვინ იცის, იმათაც როგორ ენატრებათ სკოლის დერეფნებში  განავარდება! როგორი ერთგული ყოფილან, როგორი უღალატოები! ამას  დისტანციურ სწავლებაზე დაკვირვებაც  მიდასტურებს: მიკროფონები წარამარა გვეთიშება, ზოგჯერ ყურში ერთდროულად რამდენიმე ხმა  ჩაგვესმის, სადღაც  რაღაც ზრიალებს, რაღაც წკრიალებს, ვიღაც ცელქობს და ვიღაცას „გაგდებობანას“ ეთამაშება, (ზოგჯერ მეტისმეტი მოსდის და ჩვენც კი „გვაგდებს“), საშინაო დავალებებს ზოგი „ჩათში“ აგდებს, ზოგი ფაილებში, ზოგი სრულიად წარმოუდგენელ ადგილას,  საპრეზენტაციო სლაიდი ზევით-ქვევით დაოთხილი დარბის…სადღაც ძაღლები ყეფენ, ჩვილები ტირიან, ჯამ-ჭურჭელი წკრიალებს და მაინც… ყოველ დღე ეკრანთან სხდებიან და აციმციმებული თვალებით გვიყურებენ, ახლა დამშვიდობება ნახეთ! ხელებს  პაწაწინა ალმებივით აფრიალებენ… დიდხანს… დიდხანს…

გარეთ გვინდა ყოფნა… უფრო სწორად, ერთად ყოფნა გვენატრება… არადა, სასწავლო წელი დასასრულისკენ მიიჩქარის…რომც მოესწროს ჩვენი შეხვედრა, მაინც დისტანცირებას გვირჩევენ… ეს კი იმდენ მკაცრ წესს  გულისხმობს… რას ვიზამთ, ჩვენი გადარჩენისთვის წესების დაცვა  აუცილებელია!..

ახალი შეხვედრებისთვის ალბათ ახალ  სასწავლო წელს უნდა დაველოდო, მანამ კი სახლში გამომწყვდეული ბოლთას ვცემ და ვფიქრობ, როგორ მოვახერხო, რომ ახლავე შევხვდეთ ერთმანეთს, თუნდაც ზღაპრულ სამყაროში, – ლამაზში, მიმზიდველში…ზღაპრულში  და ამავე დროს ადამიანურშიც თავისი ავ-კარგით.

რა გაახალისებს ჩემს მოსწავლეებს, რა იქნება ისეთი, რაც მათ ძალდაუტანებლად მიიზიდავს, ძველს  გაახსენებს,  ახალს ასწავლის, რაღაცასთან ან ვიღაცასთან მიმართებით საკუთარ თავს გამოაცნობინებს. ასეთი ხომ ზღაპარია! ეს ჟანრი უმცროსკლასელებს ძალიან უყვართ. კარგი აზრია,  იქნებ ზღაპარში სამოგზაუროდ გავეშუროთ!

მაშ ასე, ვიწყებთ: იყო და არა იყო რა…. არა, ასეთი დასაწყისი ამჟამად არ მაწყობს. ჩვენ ნამდვილად ვარსებობთ  და ეს მოგზაურობაც ნამდვილად გაიმართება. თუკი ჩვენს ავატარებს ფეხდაფეხ გავყვებით და ერთობლივ თავგადასავალში თავდავიწყებით გადავეშვებით, ვითომ რატომ არ იქნება   „ნამდვილი ზღაპარი“?  ამბის პერსონაჟები ხომ თვითონვე  ვიქნებით.

მას ასე, გადაწყდა, ჩვენ – მთელი კლასი ლალამიაში გავემგზავრებით, ყვავილებისა და მუსიკალური ბგერების, ანუ სილამაზისა და სიხარულის სამფლობელოში. მაგრამ სილამაზესა და სიხარულს ბოროტება ხშირად ეპოტინება. არა უშავს, მას  ერთად შევებრძოლებით,  ერთობით ყველაფერს დავძლევთ.

ყველაზე ძნელი დაწყებაა. როგორ დაიწყება ჩვენი თავგადასავალი? მას ვინ დაიწყებს? – ერთმანეთს ვეკითხებით. (ონლაინ გაკვეთილის შემდეგ კომპიუტერს ამაზე მოსათათბირებლად შემოვრჩით,-ოთხს ვუყურებთ, დანარჩენს სიის მიღმა ვვარაუდობთ).  მძიმე სიჩუმეა!

-მას, ნახეთ, დედამ რა ლამაზი სახატავი ფანქრები გამომიწერა!- ვერ ითმენს ჩვენი ხატვისმოყვარული  მარიამი და პაუზას უცებ ავსებს.

ეს ნიშანი იყო, გადაწყდა! ზღაპარს მარიამი დაიწყებს!

          ჩვენი ერთობლივი თავგადასავალიც იწყება: მარიამი სკოლისაკენ მიიჩქარის(ისევ სკოლის ნოსტალგია),  ხელში სახატავი ალბომი უჭირავს და ერთი სული აქვს,  თავისი ნახატები თანაკლასელებსა და მასწავლებელს მალე უჩვენოს. გზად მიმავალს ალბომი ხელიდან გაუვარდება და ფურცლები დაეფანტება.  შემთხვევითი გამვლელი,- უცნობი ქალი დაეხმარება, ამასობაში  მარიამის ნახატებს დაათვალიერებს.  ქალი  უცებ გადაწყვეტს, რომ გოგონას ჯადოსნური ნივთი აჩუქოს, ოღონდ ერთი პირობით, მარიამმა და მისმა მეგობრებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა  ჰოპი გააცოცხლონ.   ეს ჯადოსნური ფანქარია, ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტი ამ ზღაპარ-ამბავში.

          მოკლედ, ამბის გაგრძელება პროვოცირებულია, ნამდვილი მარიამი ძალიან კმაყოფილი,  ბავშვები საოცრად მოტივირებული:

-ნეტავ, ჰოპი ვინ არის?

-ნეტავ, როგორია?

– არც ის ვიცით,  ახლა სად არის!

-ვინ იცის, იმ უცნობ ქალს რა გაუჭირდა! მარი, შემთხვევით,  ჰოპი მისი შვილი ხომ არაა?

ჰმ, ზღაპარში მეც შევდივარ, თავიდან თითქოს მორიდებით, მერე თანდათან ვთამამდებდი.   დახეთ, მთელი ჩემი კლასი აქაა! გაკვეთილს ვიწყებ, მაგრამ … ნურას უკაცრავად, როგორ გინდა, დანთებული ცეცხლი ასე უცებ გაანელო… მარიამი გაკვეთილს უგულისყუროდ უსმენს, ბავშვებიც უგულისყუროდ გამოიყურებიან… ჰოპიზე ფიქრი არ ასვენებთ, რა დროს გაკვეთილია!

თავს ვარაუდების სეტყვა დამატყდა (ზღაპარშიც და სინამდვილეშიც). ერთადერთი რამ უტყუარია: ჰოპი ძალიან, ძალიან უცნაური ვინმე იქნება.

ზღაპარს ხვალ გავაგრძელებთ, ბავშვები კი მარტივ და სახალისო დავალებას შეასრულებენ,-ჰოპიზე იფიქრებენ და უპასუხებენ კითხვას: როგორი? ჩვენ ყოველი ახალი თავის წაკითხვისას ახალ სახალისო დავალებას შევასრულებთ, ეს კი გასაღები იქნება მომდევნო თავის დასაწერად.

ერთმანეთს ხელების ენერგიული ფრიალით ვემშვიდობებით: ჰმ, ყველა როგორ ჩაგვითრია! ეს ჰოპი რა ყოფილა!  მაინც ვინაა ასეთი!

მარიამის ფანქარმა თავისი ჯადოსნური ვალი შეასრულა, ჰოპი დახატა. ხატვა სხვა ბავშვებსაც ძალიან უყვართ  და ფანქარი მათ პაწია ხელებსაც კი  ადვილად ემორჩილება. ჰოპი ულამაზესი ელფი აღმოჩნდა, მაგრამ ის ახლა ქაღალდშია გამომწყვდეული, იქიდან როგორ უნდა გამოვიხსნათ…  დაგვეხმარე მასწავლებელო! ახლა თქვენ  მოიფიქრეთ რამე!

ჰოპის შეკითხვებს  ვწერთ, ვუგზავნით,  კითხვითი წინადადებების შედგენასაც ვსწავლობთ. საბრალო ჰოპი! თვითონაც არ იცის, რა შეემთხვა. იგი ლალამიას პრინცესა ყოფილა. ერთხელაც გაიღვიძა და მოულოდნელად სიცარიელეში აღმოჩნდა. საბრალო ელფი! ბავშვებსა და მასწავლებელს მუდარით უყურებს,- აქედან დამიხსენითო. ჩვენს ჰოპის სიცოცხლე სწყურია და არა ერთ ადგილას ყურყუტი.

ჰოპის ერთი სიტყვა საკმარისი აღმოჩდა, რომ ანის სიზმარში მოსმენილი ლექსი გახსენებოდა, უფრო სწორად ლექსში ლექსი. ეს ჯადოსნური ლექსია, უკუღმა შეტრიალებული სიტყვებით, ყოველი დასაწყისი სიტყვა კი გასაღებია.

          ვაშაა! ლექსი-გასაღები წავიკითხეთ! საიდუმლო გამოვიცანით, ჰოპიც დავიხსენით და უცებ მასთან ერთად ლალამიაში აღმოვჩნდით, სილამაზის, მუსიკისა და სიხარულის სამეფოში.

ლალამიას ჰოპის და მართავს -პრინცესა ელა. ეს უმშვენიერესი სახელმწიფოა,- იქ მობინადრე ულამაზესი ელფებით. რა ბედნიერებაა! სახლში ყოფნით გულგაწყალებულები უცებ ნაყინის ფესტივალზე მოვხვდით,   ნაყინის  რეცეპტიც შევადგინეთ და კიდევაც მოვამზადეთ. სახელად „ტასიკოს ნაყინი“ ვუწოდეთ, რადგან ჩვენი ტასოს რეცეპტით ვხელმძღვანელობდით. თავი ვისახელეთ, შოკოფოიერვერკებით მოვიხიბლეთ, ამის შემდეგ კი წითელი მინიბუსით, რომელსაც სახელად დოდი ჰქვია, ლალამია კიდითკიდე შემოვიარეთ. ვინ არ გავიცანით: კომპოზიტორი დორემი, სახელგანთქმული მომღერალი ჩიორელა, შვიდი დობილი ყვავილი-ეკა, მაკა, თიკა, ლიკა, ნუკა, ბუკა და ნუნუკა… მერე  ქეთის მომზადებულ „შოკოლადის ძეხვს“ გავუსინჯეთ გემო და ადვილად მოსამზადებელი ტკბილეულის რეცეპტებიც შევადგინეთ. შაბათ-კვირა მოდის, ახლა ტკბილეულის მომზადებას სახლში მოვსინჯავთ, ცივად მოსამზადებელია, – უბრალოა, მაგრამ გემრიელი…ზღაპარში კი…დაღლილ-დაქანცულები საგანგებოდ ჩვენთვის მომზადებულ „ცაფირუზა კოტეჯებში“ დავბინავდით.

ყველაფერი ერთმანეთს გადაეჯაჭვა: საკუთარ თავგადასავალს ვკითხულობთ, ვხატავთ, ვწერთ და ვხალისობთ…

როგორც ყველაფერი ამ სამყაროში, არც ლალამიას ცხოვრება ყოფილა  უზადო.  ელა პრინცესაა, მაგრამ ძალაუფლება დებზე და მათ სამეფოზე  ხელთ მათ დეიდას, ქალბატონ ფამიას უპყრია,- პრინცესების აკადემიაში მანერების მასწავლებელს. საქმე იმაშია, რომ ელას სხვა მრჩეველი არ ჰყავს, დედამისი უგზოუკვლოდ დაიკარგა, პრინცესა კი ცოტათი დაბნეულია, – დეიდასთვის წინააღმდეგობის გაწევა უჭირს. ელას გმირი სისოლი უყვარს, მაგრამ სისოლი ღარიბი ელფია,  ფამიას კი მასზე არაფრის გაგონება არ სურს. ესეც არ იყოს, ელას და მასთან ერთად მთელი ლალამიას დაპატრონება მინორე ფონეგოს უნდა-მეზობელი სახელმწიფოს მმართველს. ფამია მდიდარი და ქედმაღალი ელფის მხარესაა, (მეტიც, მისი თანამზრახველია). ჩვენ-ზღაპრის სტუმრები თავიდან საფრთხეს თითქოს  არაფრად ვაგდებთ, მხიარულ სეკვენციასაც კი ვთხზავთ, მაგრამ არა… საქმე არც ისე ადვილადაა…

          ახლა რა მოხდება? გარეთ მხიარული თავგადასავლისთვის  გამოვედით, იქნებ მთელი ეს დრო სეირნობისთვის და  და გართობისთვის მიგვეძღვნა, ლალამიას პრობლემები რა ჩვენი საქმეა!   სულაც არა! ყველანი გავერთიანდით, რომ სილამაზისა და სიხარულის ზღაპრულ სამეფოს  უკეთესი  მომავალი შევუქმნათ. მეგობრებს მხარში უნდა ამოვუდგეთ!  სისოლი და ელა ბედნიერი უნდა იყონ, მაშინ ჩვენი პატარა ჰოპიც ბედნიერი იქნება.

რა გამოწვევა არ მივიღეთ და გავიმარჯვეთ: პრინცების აკადემიის ზედმეტად თავდაჯერებულ ფეხბურთელებს ჩვენი ანდრიას კაპიტნობით ფეხბურთის მატჩი დიდი ანგარიშით მოვუგეთ,  გაბღენძილ პრინცებს  ვასწავლეთ, როგორ უნდა დაიწეროს წერილი თავაზიანი სიტყვებით, მართლწერის მნიშვნელოვანი წესებიც ავუხსენით,  ჯადოსნურ ლაბირინთსა  და ფონეგოს ჯღუნებს  ჩვენი ბავშვების  საზრიანობით თავი დავაღწიეთ… არც ამას დავჯერდით, პრინცესების აკადემიაში გამართული სიმღერის კონკურსში გავიმარჯვეთ, თუმცა ამის გამო პრინცესა სისი -ფონეგოს და მტრად გადაგვეკიდა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ქალბატონ ფამიას მანერების გაკვეთილი დიდი  სისულელეა და რომ სწავლების მეთოდები აკადემიაში სრულიად  უნდა შეიცვალოს.

კვანძი სულ უფრო და უფრო იკვრება, კულმინაცია ახლოვდება: დომირეთში წასული სისოლი გზიდან მოიტაცეს, ქვეყანაში მინორ ფონეგოს ჯარი შემოიჭრა, ფამიას მზაკვრობა გამოაშკარავდა- თურმე ელასა და ჰოპის დედა  მან შეიტყუა არაფერში, ჰოპის შემთხვევაც მისგან მოდიოდა. გგონიათ,  ფონეგოსთან შეთქმული ფამია ამას  უმიზნოდ აკეთებდა? მას დიდი მადაც ჰქონდა და  თავისი აზრით, „დიადი“ მიზნებიც…

განა ფეხმორთხმით ჯდომის დროა, ბავშვებო, ბრძოლის სტრატეგიაა შესადგენი!  ამაში წერის „რაფთ-მეთოდი“ დაგვეხმარება, ის იქნება ჩვენი საყრდენი. გავყვებით შერჩეულ ჩარჩოს და ბრძოლის გეგმასაც შევადგენთ.

აი, კიდევ რა  გამახსენდა! მარიამ, შენ ხომ ჯადოსნური ფანქარი გაჩუქეს, თანაც იცი, ის უცნობი ქალი როგორ გამოიყურებოდა. დახატე, გთხოვ, დახატე, ჩვენც  დაგეხმარებით!

ჯადოსნური ფანქარი-მთავარი ატრიბუტი ჩვენი ზღაპრისა ისევ საქმეს შეუდგა, დიდი წარმატება  გვეწვია, არაფრიდან დედოფალიც გამოვიხსენით, ახლად დატყვევებული სისოლიც და, თქვენ წარმოიდგინეთ, წლების უკან გადაკარგული მინორეს ბიძაც-მაჟორე ფონ ეგო. გგონიათ, ამას დავჯერდით?  ბრძოლის წინა ღამეს მთელი დრო ლეგორობების დამზადებას  მოვანდომეთ-უზარმაზარი არმია შევქმენით.

ჩვენს კეთილსა და მამაც სისოლს ტყუილად ეგონა, რომ ამ ბრძოლას მარტო მიიღებდა, ჩვენ გვიფრთხილდებოდა. ოჰ, არა, ძვირფასო სისოლ! ამ საოცარ ბრძოლას- ლეგორობებით ნამდვილად არ დავაკლდებოდით.

-რა მამაცი ხარ, სისოლ! როგორი თავგანწირული!- გოგონებს მასზე უცებ შეუვარდათ გული. ვგონებ,  ბიჭებს შურის შეტევა ეწყებათ, თუმცა მსუბუქი. თვალები მაინც სიხარულით  უციმციმებთ…

-ბავშვებო, არ გინდათ, სისოლი წარმოსახვით ინტერვიუზე დაპატიჟოთ?-ვაპარებ.

-გვინდა, მას, როგორ არ გვინდა!-წიოკობენ გოგონები.

-თუ ასეა, ჩვენ ინტერვიუზე პრინცესა ელასა და ჰოპის მოვიწვევთ,- ვითომ  ბრაზობენ ბიჭები.

მოსახდენი მოხდა. კვანძი გაიხსნა. ბოროტება ჯერ ჩვენს ქმნილებას -ლეგოკედელს შეასკდა.  მტერმა ძალების მოკრება შეძლო, მაგრამ წინ ამასაც მედგრად აღვუდექით, მინორეს ჯარს გოლიათი ლეგორობებითა და ლეგომანქანებით შევუტიეთ. ბრძოლის სასწორი მაინც ლეგოგამაცივებლებმა და სისოლის სიმამაცესთან შერწყმულმა გონიერებამ გადაწონა.

რა თქმა უნდა, გავიმარჯვეთ! მონორე ფონეგო თავისი ქვეყნის  საზღვრამდე ისე ვარბენინეთ, ქუსლებს ლამის კეფაზე ირტყამდა. როცა ფონეგოელებმა მინორეს ბოროტ საქმეებზე გაიგეს და ჩვენ მიერ დახატული ბრძოლის ეპიზოდები დაათვალიერეს, გადაწყვიტეს, რომ სიკეთეს ალტერნატივა არა აქვს. (ოღონდ არა ამ სიტყვებით). ფონეგოს მმართველად მაჟორე მოიწვიეს და ქვეყანას სახელიც კი გადაარქვეს, მირემისია უწოდეს-მუსიკალური ბგერების სახელი.

რა თქმა უნდა, მთავარი პრიზი  ყოველთვის გამარჯვებულს ერგება!  სისოლმა და ელამ დიდებული ქორწილი გადაიხადეს, ამ ქორწილში ჩვენც იმდენი ვიმხიარულეთ! ჰოპის სიხარულს ხომ საზღვარი არ ჰქონდა!

შინ -რეალურ სამყაროში დაბრუნების დროც მოვიდა. რა მოგვცა ამ მოგზაურობამ?

-ბავშვებო, ახლა მთავარი აზრი გამოკვეთეთ, რას დავაკვირდით,  რა ვისწავლეთ მნიშვნელოვანი?

– ის, რომ მეგობრობასა და ერთიანობას წინ ვერაფერი დაუდგება, ერთობის  ძალით ყველა განსაცდელი დაიძლევა, ყველა ტკივილი დაცხრება, წუხილი გაყუჩდება,  ყველგან სიყვარული და სიხარული გაბატონდება…

-არასოდეს მოარიდოთ თვალი  და გული სხვის გასაჭირს, სხვის ტკივილს  სასწრაფოდ უწამლეთ, გზადაკარგულს წინამძღოლად  გაუძეხით, სამშვიდობოს გაიყვანეთ…- ვეუბნებ დიდურად, როგორც მასწავლებელი.

-შეცდომები რომ დავუშვათ?

-შეცდომები უნდა გავიაზროთ და მომავალში აღარ გავიმეოროთ. შეცდომა გამოცდილებას გვმატებს, ის ხშირად ცხოვრების მასწავლებელია, ჩემო პატარებო!

ესეც ასე, ფანტაზიაში მოგზაურობაც დამთავრდა და ჩვენი ზღაპარიც.  როგორც ცხოვრების წესია, ყველაფერი, რაც კი უსიამოვნოა და ხელისშემშლელი, სიკეთის ხელით იცვლება, ყველაფერს აქვს თავისი დასასრული.

ბოლო წერტილიც დავსვით, თუმცა ის საკმაოდ მსხვილი აღმოჩნდა, – მთელი  სახუმარო ლექსი. არა უშავს, მთავარი ისაა, რომ „მსხვილად“  მიგვანიშნოს, – არაფერი ხდება ტყუილად! ყველაფერი ჭკუის სასწავლებელია!  სისოლს ელა შეხვდება, მინორს კი მელა (ფამიას მელასაც ეძახდნენ).  ჩვენს  სილამაზეს, სიხარულსა  და სილაღეს ბოროტება ვერ მოიხელთებს,   სიკეთის გამარჯვებას ვერაფერი შეაჩერებს. ჩვენი ერთობით  ყველგან გავიმარჯვებთ – რეალურშიც და არარეალურშიც…ბავშვები?  ისინი  ამ რთულ საკითხზე ბავშვურად ჟღურტულებენ:

„ჩვენი ფონეგო რადგან გაურჩდა,

სისოლის მუშტებს ვერ გადაურჩა.

ვინც სხვებს ატირებს, ბოლოს ის ტირის,

ვინც სხვებს აყვირებს, ბოლოს ის ყვირის,

არ შეხვდა  ტახტი მინორ ბრექიას,

წიხლი ამოსცხეს ომიქექიას,

ბიჭი-ფონეგო ახტა და დახტა,

და თავის გათხრილ ორმოში ჩახტა,

სად არის ახლა, სად დაჭრაჭუნებს?

ბოღმისგან  კბილებს სად აკრაჭუნებს?

ალბათ შურისგან ისე გასივდა,

მისი შემყურე მზეც კი გაცივდა.

სისოლს ელა და მინორს  მელაო,-

ტრაბახას  ერგო ძველისძველაო,

ჰეი, ფონეგო, ხომ არის ფაქტი,

რომ სისოლს შეხვდა სამეფო ტახტი!

შენ კი მტკივან ცხვირს მიხედე კარგად,

სისოლის მუშტი რომ მოგხვდა მაგრად.

იქ  არსაითში,  სადღაც წარსულში,

დარჩა  ბოროტი, დარჩა ავსული,

ჩვენ კი ცხოვრება გვერგო  კეთილი,

აჰა, დავუსვით ბოლო წერტილი.

ერთ-ერთ ჩვეულებრივ საკლასო აქტივობაზე ამბის მოყოლით იქნებ სულაც თავი შეგაწყინეთ, მაგრამ ვერ შევძელი  პანდემიის მიწურულს  თქვენთან საუბრის სიამოვნებაზე უარი მეთქვა. თუ მოისურვებთ, რომ ჩვენს ირეალურ მოგზაურობას თვალი გადაავლოთ, ეს ბმული დაგეხმარებათ. თუ მოგეწონებათ, გამიხარდება.

საოცარი მოგზაურობა ლალამიაში

https://drive.google.com/file/d/1nDBKohwvT-e5iTwC-EVZZlTGmxLVJkCf/view?usp=sharing

ლიტერატურის მუზეუმი –  სასწავლო რესურსი დისტანციური სწავლების დროს

0

ბოლო პერიოდში გავრცელებული და ჩვენი მეტყველებისთვის მოდადქცეული სიტყვა „გამოწვევა“ მეც გამომიყენებია ხოლმე (იშვიათად, მაგრამ მაინც), მაგრამ მისი სიმწვავე რეალურად მაშინ ვიგრძენი, როდესაც მარტის თოვლიან დილას პირველი დისტანციური გაკვეთილისთვის დავჯექი კომპიუტერთან.  გაკვეთილის უჩვეულო ფორმატს თბილისისთვის უჩვეულოდქცეული თოვლიანი მარტიც დაემატა და ასე დაიწყო პროცესი, რომელმაც ყველა ჩვენგანს სხვაგვარად შეგვაფასებინა ჩვენი როლიც, ადგილისა და დროის მნიშვნელობაც, ურთიერთობაც და ბევრი რამ.

არადა, დისტანციური სწავლება (თურმე) მე-19 საუკუნიდან იღებს სათავეს, როდესაც ბრიტანელი პროფესორი ისააკ პიტმანი ფოსტის საშუალებით ასწავლიდა სტუდენტებს და ამიტომაც იწონებს თავს ლონდონის უნივერსიტეტი (University of London) დისტანციური სწავლების დანერგვის პიონერობით.[1] დღესაც ძალიან ბევრი უნივერსიტეტი იყენებს სწავლების ამ ფორმატს და წარმატებითაც, რადგანაც მას საკმაოდ ბევრი უპირატესობა აქვს. თუმცა, მიუხედავად დადებითი მხარეებისა, მე (ტიპური კონსერვატორი), ტრადიციული ფორმატის მომხრე გახლდით მუდამ და კლასსა თუ აუდიტორიაში ცოცხალ ურთიერთობებს ვერასოდეს შეველევი. მაგრამ რადგანაც ერთმა უხილავმა ვირუსმა მთელი ხილული კაცობრიობის (და მათ შორის ჩემიც) ცხოვრება გადააწყო და თავის ნებაზე გადაალაგა, ისღა დაგვრჩენოდა, მოვრგებოდით ახალ რეალობას და გავმკლავებოდით ამ უჩვეულო გამოწვევას.

დისტანციური სწავლების რისკებზე ლამის ყოველდღე იწერება. უმეტესად აქცენტირებულია ტექნოლოგიური ელემენტები და ფსიქოლოგიური განწყობა – მოსწავლის, მასწავლებლის, მშობლის. რასაკვირველია, ეს უმთავრესი ფაქტორებია, რომლებიც დასაწყისშივე უნდა გაითვალისწინო და რომელთა გარეშეც ვირტუალური ურთიერთობა ვერ შედგება. მაგრამ ეს არის საშუალება, რომელიც ცოდნის გადაცემისთვის გვჭირდება. გასათვალისწინებელი გვრჩება უმთავრესი ფაქტორი – როგორ მივაწოდოთ ეს ცოდნა ისე, რომ იყოს საინტერესო და სახალისო.  ჩემი აზრით, ეს განსაკუთრებით (ყველაზე მეტადაც) მნიშვნელოვანია დისტანციური სწავლების დროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხარისხს ვერ მივიღეთ.

ამისთვის კი საჭიროა, რომ ის რესურსები, რომლებსაც კლასში აქტიურად ვიყენებდით, მოვარგოთ  შესაბამის ტექნოლოგიებს და ეს უნდა მოვახერხოთ სწრაფად. ფაქტობრივად, დაყოვნების დრო არ გვაქვს და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას – დღეს ჩვენ, მასწავლებლები, ვდგავართ გამოწვევებისა და საკუთარი თავის აღმოჩენის წინაშე. მაგალითად, მე აღმოვაჩინე, რომ თურმე ბევრი რამ შემძლებია.

სასწავლო პროცესში ხშირად ვიყენებ ლიტერატურის მუზეუმის მასალებს; არა იმიტომ, რომ თავად ლიტერატურის მუზეუმის თანამშრომელი ვარ, არამედ, უბრალოდ, შეუძლებელია ამ მასალების გარეშე ლიტერატურის სწავლება.

ზოგადად, მუზეუმების ძირითადი ფუნქციაა, შეინარჩუნოს და დაიცვას მემკვიდრეობა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მას როგორც სწავლების, ისე კვლევის თვალსაზრისით, მითუმეტეს დღეს, როდესაც ადამიანები ყოველდღიურად ვითარდებიან, იძენენ მათთვის საჭირო ცოდნასა თუ უნარ-ჩვევებს არა მხოლოდ ფორმალურ/სასწავლო, არამედ არაფორმალურ გარემოში. დისტანციური სწავლების რეჟიმმა კი კიდევ უფრო წარმოაჩინა ამგვარი ტიპის სასწავლო რესურსების აუცილებლობა. ჰოდა, თუკი ვერ მიგვყავს მოსწავლეები მუზეუმში, მაშინ მუზეუმი მოვიყვანოთ ჩვენს მოსწავლეებამდე.

სამუზეუმო-საარქივო მასალები იძლევა საშუალებას, რომ მოსწავლე შეეჩვიოს ავთენტურ წყაროებზე მუშაობას. მათი მეშვეობით მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ, პროგრამით გათვალისწინებული სავალდებულო საკითხების მიღმა გაეცნონ სხვა ტექსტებსაც, მოიძიონ საჭირო ინფორმაციები. ეს მათ გამოუმუშავებს მაძიებლობის, კვლევის, ანალიზისა და, რაც მთავარია, დამოუკიდებლად მუშაობის უნარს. მოსწავლე ამ დროს არა მხოლოდ ახალ ცოდნას იძენს (სწავლობს), არამედ ივითარებს კომპლექსურ უნარებს – წაიკითხოს, გააანალიზოს, სწორად აღიქვას დრო, ადგილი, კულტურულ-სოციალური გარემო, კონკრეტული ეპოქის ღირებულებები, შეაფასოს, პარალელები გაავლოს და ა.შ. ამ შემთხვევაში მუზეუმი შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც არაფორმალური განათლების საშუალება და მისი უპირატესობა სწორედ ისაა, რომ ინიციატორად გვევლინება მოსწავლე – ის აკეთებს არჩევანს, რა მოსწონს; შემდეგ აანალიზებს, რატომ მოსწონს და ამის შემდეგ იწყებს დაგეგმვას იმისა, რა შეიძლება გააკეთოს ამ ავთენტური წყაროების მეშვეობით. ამგვარად შეიძლება კვლევითი კომპონენტის ჩართვა სასწავლო პროცესში.

დამეთანხმებით, რაც არ უნდა საინტერესო ამბები მოვუყვეთ ჩვენს მოსწავლეებს გალაკტიონის შემოქმედების სწავლებისას, იმ ემოციას მაინც ვერ მივცემთ და ვერ აღვაქმევინებთ, როგორც თავად მიიღებს გალაკტიონის ავტოგრაფისა თუ ჩანახატის ნახვისას. ამისთვის სულაც არაა საჭირო მუზეუმში სტუმრობა. ლიტერატურის მუზეუმმა მოამზადა ვებგვერდი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ყველაფერი გავიგოთ გალაკტიონის შესახებ – https://galaktion.ge/ ეს მართლაც უნიკალური საიტია და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ქართულ სივრცეში ერთი მწერლის შესახებ ასეთი სრულყოფილი საიტი არ არსებობს. შესაბამისად, ეს საიტი ფასდაუდებელი წყაროა მასწავლებლებისთვის.

საიტზე განთავსებული მასალები ცოდნის მიცემასთან ერთად მე, მასწავლებელს, მაძლევს საშუალებას, ჩემს მოსწავლეებს განვუვითარო ინფორმაციის დახარისხების უნარი. მოსწავლემ უნდა დაალაგოს, რომელია ძირითადი/მნიშვნელოვანი წყარო და რომელი – დამხმარე. ეს მნიშვნელოვანი უნარია, რომელიც კვლევისთვის გადამწყვეტია, რადგან ხშირად მოსწავლეებს კვლევისას ყველა  ინფორმაცია მოსწონთ და ვერ გადაუწყვეტიათ, რომელი გამოიყენონ, რადგან ჰგონიათ, რომ ყველაფერი სჭირდებათ.

არ დავიწყებ იმაზე საუბარს, ამ საიტზე განთავსებული მასალების დიდი ნაწილი (განსაკუთრებით, გალაკტიონის დღიურები), უცნობია ფართო საზოგადოებისთვის. ნუ შეგვეშინდება იმის, რომ შეიძლება ჩვენმა მოსწავლემ ისეთი რამ აღმოაჩინოს, რაც არ ვიცით. ეს ბუნებრივია და რაღაცებს რომ მათგან/მათთან ერთად ვისწავლით, მერწმუნეთ, სასიამოვნო პროცესია ძალიან. ერთად ეძებეთ, ერთად აღმოაჩინეთ და ერთმანეთის ემოცია შეიგრძენით. ასეთი ინტერაქციაც აუცილებელია მასწავლებლებისთვის.

მოსწავლეებს განსაკუთრებით უყვართ ხოლმე ჩანახატების ჩხრეკა. მაგალითისთვის, საიტზე დროის ხაზით (timeline) მოძებნეთ 1956 წლის ჩანახატი, როცა გალაკტიონმა ლენინის პორტრეტს წვერები მიუხატა და ავტოპორტრეტი უწოდა https://galaktion.ge/?page=Sketches&year=1956

ამ ჩანახატით შეგიძლიათ ახსნათ გალაკტიონისეული ირონია, რომლის ნიმუშებს უხვად იპოვით თუნდაც გალაკტიონის ნაქონი წიგნების მინაწერებში. საერთოდაც, ამ მინაწერებს თუ ცალკე გაკვეთილს დაუთმობთ და გალაკტიონის პირად ბიბლიოთეკას მოსწავლეებთან ერთად მოჩხრეკთ, ბევრ რამეს აღმოაჩენთ, თუნდაც კვლევითი/ანალიტიკური ესეს თემატიკისთვის https://galaktion.ge/?page=Library

ასე რომ, გალაკტიონის ვებგვერდის გამოყენება დისტანციური სწავლებისას მოგიხსნით ნებისმიერი ტიპის მასალის/რესურსის პრობლემას და მოგცემთ საშუალებას, დაგეგმოთ ათასგვარი აქტივობა და თქვენი გაკვეთილები იყოს მრავალფეროვანი. ჩემს მოსწავლეებს განსაკუთრებით მოსწონთ მათი საყვარელი ლექსის ავტოგრაფის მოძიება. ამ ძიებისას ისინი აღმოაჩენენ, რომ რამდენიმე ვარიანტია. ასე ვასწავლი მათ ძირითადი ტექსტისა და მისი ვარიანტების შესახებ; შემდეგ ვიწყებთ ფიქრსა და მსჯელობას – რატომ შეცვალა ტექსტი? უკეთესი სიტყვა მოიძია? თუ უკეთესი პოეტური ხერხი შეარჩია? იქნებ სხვა გარემოების გამო? და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, ფიქრსა და მსჯელობებში ვეცნობით ეპოქას, მწერლის სტილს, შემოქმედებით ლაბორატორიას, ავტოგრაფების ხიბლსა და დანიშნულებას… მე ყველაზე მეტად ეს აქტივობა მომწონს, სიამოვნებით ვაკვირდები, ამ ფიქრის დროს როგორ იზრდება ჩემი მოსწავლე.

ასეთივე რესურსია მუზეუმის მიერ მომზადებული მეორე საიტი ცისფერყანწელთა შესახებ: https://niamorebi.ge/

აქ შეგიძლიათ ნახოთ უნიკალური მასალები პირველი ქართული ავანგარდული ლიტერატურული დაჯგუფების შესახებ; თოთხმეტი მწერლის შემოქმედება (ავტოგრაფები), წერილები, პუბლიკაციები, ფოტოები, მემორიალური ნივთები, გამოცემები – ეს ყველაფერი ერთად, ერთ სივრცეში თავმოყრილი, მართლაც რომ საგანძურია მასწავლებლისთვის, რომელსაც შეუძლია ეს მასალები გარდაქმნას მრავალფეროვან საინტერესო აქტივობად. ამ საიტზე შეგიძლიათ გაეცნოთ მწერალთა ფედერაციის / კავშირის კრებების ოქმების სტენოგრაფიულ ჩანაწერებს (დასკანერებულ მასალებს), რომელიც შეგიძლიათ არა მხოლოდ ინფორმაციისთვის, არამედ ინტეგრირებული სწავლებისთვისაც გამოიყენოთ. თუკი მოსწავლეს აჩვენებთ ტიციანის დახვრეტის ოქმს, მას არასოდეს დაავიწყდება ის საშინელი ეპოქა და მოუთვინიერებლობის ფასი:

https://niamorebi.ge/tabidze/%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%91%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%91%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-2/

ამ საიტზე განთავსებული მასალებიც ბევრი აქტივობის საშუალებას მაძლევს. მაგალითად, როდესაც მეოცე საუკუნის 20-30-იანი წლების ლიტერატურულ პროცესებს ვასწავლი, ფ  აქტობრივად, შეუცვლელი წყაროა.

როდესაც ამ საიტს გააცნობთ და დააინტერესებთ მოსწავლეებს, უკვე შეგიძლიათ ცისფერყანწელთა მიმოწერაც გამოიყენოთ, რომელიც ორ ტომად გამოსცა ლიტერატურის მუზეუმმა.

ორივე წიგნის ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ ნახოთ ლიტერატურის მუზეუმის ფეისბუქგვერდზე: https://www.facebook.com/geoliteraturemuseum/

ამ გვერდზე ატვირთულია, ასევე, მუზეუმის სხვა გამოცემებიც. სპეციალურად შეირჩა ისინი, რომლებიც მასწავლებლებს დისტანციური სწავლების ფორმატისთვის გამოადგებოდათ: აკაკი ბაქრაძის „მწერლობის მოთვინიერება“ (ახალი გამოცემა) და „აკაკი წერეთელი“; მწერალთა ავტობიოგრაფიები (ორტომეული); მარო მაყაშვილის დღიურები; გალაკტიონის 100 ლექსი – კოლაუ ნადირაძის ცნობილი მინაწერებით; ფუნაგორიები; თედო სახოკიას ჩანაწერები ციმბირიდან; კარაპეტ გრეგორიანცის ძველი თბილისის იშვიათი ამბები; ლეილა აჩბა-ანჩაბაძის მოგონებები ჰარამხანიდან; აკაკი ბელიაშვილის „მოგზაურობა ამერიკაში, პარიზის გავლით“; ამბაკო ჭელიძის „ფერეიდნელი ქართველები“, ვაჟა-ფშაველას ალბომი (საარქივო გამოცემა); და რაც მთავარია – XX საუკუნის 10-იანი წლების ლიტერატურული ჟურნალები ოთხ ტომად (თითოეული ტომი თითქმის 900-გვერდიანია), რომელთა მეშვეობითაც თქვენ შეგიძლიათ იმდროინდელი ქართული ლიტერატურული ცხოვრება ისე აუწყოთ და დაანახოთ მოსწავლეებს, რომ ოთახიდან გასვლაც არ დაგჭირდეთ, არათუ სხვადასხვა მუზეუმსა თუ ბიბლიოთეკაში სირბილი თითოეული ჟურნალის მოსაძიებლად და დასასკანერებლად. ეს ნამდვილი ფუფუნებაა და აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ გაკვეთილებზე.

ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ლიტერატურის მუზეუმის გამოცემები საარქივო ტიპისაა, ანუ, მათში შენარჩუნებულია ავტორისეული სტილი, ორთოგრაფია; უმეტესობა (აკაკი ბელიაშვილი, ამბაკო ჭელიძე…) ცენზურის გამო ან არ იყო გამოცემული, ან შემოკლებული ვარიანტით და მხოლოდ ახლა გახდა შესაძლებელი პირვანდელი, ავტორისეული პირველწყაროს მიხედვით გამოცემა. ესეც კარგი საშუალებაა, ამ გამოცემებზე დაყრდნობით ბოლშევიკური / საბჭოთა ცენზურის შესახებ მოუყვეთ მოსწავლეებს. მაგალითად, აკაკი ბელიაშვილის მოგონებიდან მწერლის პარიზში ყოფნა მიუღებელი იყო იმიტომ, რომ 1. მწერალი იქ თავის ემიგრანტ ძმას და სხვა ქართველ ემიგრანტებს შეხვდა და 2. როგორ შეიძლება საბჭოთა მწერალი ასეთი აღტაცებით წერდეს „დამპალ კაპიტალისტურ ქვეყანაზე“. ლიტერატურის მუზეუმის გამოცემაში თუკი მოსწავლეს მოუნიშნავთ იმ ადგილს, რომელიც წინა გამოცემიდან ცენზურამ ამოიღო, მაშინ ის ადვილად ჩაწვდება ეპოქის არსს და მისთვის უკვე ნათელი გახდება აკაკი ბაქრაძის მოხდენილი მეტაფორა „მწერლობის მოთვინიერება“.

როდესაც მოსწავლე ამ მასალებს გამოიყენებს წერითი დავალების თუ პრეზენტაციის დროს, აუცილებლად უნდა მივაჩვიოთ, რომ თითოეული მასალის წყარო მიუთითოს. ამით ჩვენ აღვზრდით ციფრულ მოქალაქეს, ანუ განვუვითარებთ ჩვენს მოსწავლეებს 21-ე საუკუნის მოქალაქის / მკვლევრის უნარს.

დაბოლოს, როგორ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიებს მოარგო მუზეუმის ექსპონატები და გახადო ის სასწავლო რესურსი, ამის საუკეთესო ნიმუშია ევროპული სკოლის საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამის საბაზისო საფეხურის (MYP) მე-9 კლასის მოსწავლის, მიშიკო გაბაიძის მიერ მომზადებული ვირტუალური გამოფენა-ტური

https://www.artsteps.com/view/5eb874586a379e6fa4dc5d98?fbclid=IwAR06VJj_TeA_PbDR-SO0-TnBdDFjjfyzvKIdx1P8bPXdcDP6lAhP_D7wWIg

მიშიკომ წყაროდ გამოიყენა აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 და გარდაცვალებიდან 100 საიუბილეო წლის აღსანიშნავად ლიტერატურის მუზეუმის მიერ მომზადებული აკაკი წერეთლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მობილური გამოფენა. ეს გამოფენა პლაკატ-პოსტერების სახითაცაა დაბეჭდილი და „ევროპულმა სკოლამ“ შეიძინა. შესაბამისად, შარშან, აკაკის შემოქმედების სწავლებისას, მე კლასში 15-ვე პოსტერი გამოვიყენე და ეს ისეთი შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ მიშიკომ გადაწყვიტა, სწორედ ამ პოსტერების მიხედვით აეწყო თავისი ტური.

 

მიშიკომ მეორე ტურიც მოამზადა ლიტერატურის მუზეუმის შესახებ, სადაც უშუალოდ გეძლევათ საშუალება, გაეცნოთ სამივე ფონდს: ხელნაწერთა, იკონოგრაფიული და უნიკალური წიგნების: https://www.artsteps.com/view/5ec156560b84e4681ca92147?fbclid=IwAR1gOA4SMiH3ZrnjCmhldEwKP0ljbt0SHOh287I6r49AUnXSECq_IXirDYo

 

გასაგები მიზეზის გამო, თითოეული ფონდიდან რამდენიმე ექსპონატია წარმოდგენილი, მაგრამ ვირტუალური ტურის შექმნის მიზანი იყო, ზოგადი წარმოდგენა შეგქმნოდათ ლიტერატურის მუზეუმისა და იქ დაცული ექსპონატების შესახებ, რათა ეფექტურად დაგეგმოთ გაკვეთილები. იმედი მაქვს, მე და ჩემმა მოსწავლემ ამ ორი ვირტუალური გამოფენა-ტურის მეშვეობით მივაღწიეთ მიზანს და თქვენ აუცილებლად გამოიყენებთ თქვენს გაკვეთილზე ლიტერატურის მუზეუმს, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო რესურსს დისტანციური სწავლების პროცესში.

 

P.S. არავის აქვს ილუზია, რომ დისტანციური სწავლების ფორმატი სწავლა-სწავლების ხარისხით ჩვეულებრივ სასკოლო ფორმატს გაუტოლდება და უპრობლემოდ  ჩაანაცვლებს მას; მაგრამ არსებული რეალობიდან გამომდინარე, უნდა ვეცადოთ, რომ დროულად მივხვდეთ, ჟამი რას ითხოვს ჩვენგან და რაც მთავარია, შევძლოთ სიახლეების მიღება. სიახლეების არ უნდა შეგვეშინდეს. სიახლეებს განახლება მოაქვს და ეს კარგია.

 

[1] https://mtm1984.wixsite.com/sophie/-1

რაც არ გამოვიდა

0

ჩვენ გვგონია, რომ ცხოვრება ისაა, რასაც ვაღწევთ და პირად ანგარიშში მივითვლით, არადა ხშირად ის უფრო გვზრდის, წინ გვწევს და ძალას გვმატებს, რაც არ გამო(გვი)ვიდა. მარცხი არაა ეგ, მარცხი სხვა რამეა – ვეცდები ავხსნა, რასაც ვგულისხმობ.

 

*

თომას მანის და ჰერმან ჰესეს მიმოწერა რომ მოგვეწონა და საავტორო უფლებაც შევიძინეთ, მაშინვე ის ვიფიქრე, კარგი იქნება, დალი ფანჯიკიძეს და ნანა გოგოლაშვილს გავუყოთ სათარგმნად ეს წერილები: სიმბოლურიც გამოვა და სოლიდურიც-მეთქი.

ორივენი დაგვთანხმდნენ, ტექსტიც არ მოეჩვენათ რთულად, ორიგინალებიც გავუმზადე და გავატანე შინ ამობეჭდილი ვერსიები. მანამდე გრიგოლ რობაქიძის „ჰიტლერი“ და „მუსოლინი“ და ამავე ავტორის რომანები „ქალღმერთის ძახილი“ და „მეგი – ქართველი გოგონა“ ჰქონდათ ჩვენთან თარგმნილი და გამოცემული, ბევრი კარგი და სასიამოვნო ამბავი გვაკავშირებდა ამ წიგნების მზადების პროცესში და დარწმუნებული ვიყავი, ასეც აეწყობოდა.

მერე ერთხელაც ქალბატონმა დალიმ დამირეკა – პირდაპირი თქმა იცოდა ხოლმე, მიკიბ-მოკიბვის გარეშე – ვეცადე ჩემი თავი დამერწმუნებინა, რომ შევძლებდი, გამიჭირდებოდა, მაგრამ მაინც შევძლებდი, საერთოდ ცხოვრებაში იოლად არაფერი გამომსვლია, მით უფრო ახლა, ამ ასაკში, როცა ჯანმრთელობის მდგომარეობაც… მოკლედ, უარი უნდა გითხრათ…

ასე იოლად დანებებას, ცხადია, არ ვაპირებდი, ცოტა გავუიოლე, ის ინტერვიუ შევახსენე, – თქვენ კი თქვით, მგონი დასვენება დავიმსახურეო, მაგრამ იქნებ ამ ერთხელ…

მას შემდეგ არც მე და არც მას ეს თემა არ გვიხსენებია. ულრიხ პლენცდორფის „ახალგაზრდა ვ.-ს ახალი ვნებანის“ მისეულ ადრინდელ თარგმანს რომ ვამზადებდით – უხაროდა, ახალი და ლამაზი გამოცემა ეღირსა ამ წიგნსო – მაშინ უკვე იცოდა, სხვები რომ თარგმნიდნენ ერთ დროს მისთვის და მისი მეგობრისთვის ჩაფიქრებულ წიგნს.

ნატალია ნადირაშვილისა და ეკატერინე რაისნერის მიერ თარგმნილი ჰესე-მანის მიმოწერა 2016 წელს გამოსცა „ინტელექტმა“. მთარგმნელებთან ერთად ბოლო რედაქცია რომ მოვითავე, კიდევ ერთხელ გავიხსენე ამბავი, რომელიც არ შედგა და… უცებ ერთმა აზრმა გაგვიელვა სამივეს, რაც წიგნის სატიტულო გვერდზე გადავიტანეთ კიდეც:

„დიდი პატივისცემით ვუძღვნით დალი ფანჯიკიძესა და ნანა გოგოლაშვილს – თომას მანისა და ჰერმან ჰესეს რომანების ბრწყინვალე მთარგმნელებს.“

 

*

ცაიშში, ჩვენს მეზობლად ერთი უცნაური კაცი ცხოვრობდა – ალიკო დიდიშვილი. შეიძლება დიდად უცნაური არც იყო, მაგრამ მე მაინც ასეთად დამამახსოვრდა. ერთხელ ჩვენს ჭიშკართან ჩამოიარა და ბავშვებს ასეთ რამეს გვეუბნება:

– ახლა ხომ ივნისია, ივლისი მოდის. 29 ივლისს, ზუსტად 29-ში, ყოველთვის, ირ წანას, ჭექა-ქუხილი იცის. ესაა ჭექა-ქუხილის დღე. ვინც გაბედავს, გარეთ გავა იმ დროს და გვიმარებში ჩაჯდება – კარგი საწვიმარი უნდა მოიცვა ან ნაბადი მოიხურო – ვინც გაუძლებს წვიმას და ჭექა-ქუხილს, დაინახავს ყველაფერს, რაც მიწის ქვეშაა: ოქრო, ვარჩხილი, რკინა, სიმდიდრე… ოღონდ უნდა გაუძლო!

ისე ჩაიარა, ვერ მოვასწარით გვეკითხა, თვითონ თუ ეცადა იმ ჭექა-ქუხილის დღეს გვიმრებში ჩაჯდომა და მესამე თვალის გახსნა თუ გამოუვიდა. ერთიხანობა კედელზე, მერე ბლოკნოტებში გადამქონდა ეს თარიღი, არ დამავიწყდეს-მეთქი, მაგრამ ისე გასხლტებოდა 29 ივლისი, ვერ ვასწრებდი თავის შემზადებას ალიკო დიდიშვილის მიერ ნაკარნახევ რიტუალზე დასასწრებად.

იქნებ ასეც სჯობდა, ასეც იყო ჩაფიქრებული, რომ სულ გხსომებოდა და მისი გასინჯვა არასდროს გაგევლო გონებაში.

 

*

ჯემალ აჯიაშვილთან ერთადერთხელ ვისაუბრე: მის 100 ლექსს ვამზადებდით სერიაში და რაღაცის დასაზუსტებლად დამირეკა. მშვიდად, მამაშვილურად მელაპარაკა, თავისი თარგმანებივით იყო თითქოს – დარბაისელი, ამაღლებული და უპრეტენზიო, არადა თურმე საშინელ ავადმყოფობას ებრძოდა იმ დროს. წიგნი რომ გამოვა, მიზეზი მექნება და შევხვდები-მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ თქმა ვერ გავუბედე.

მამუკა წიკლაური რენე კალანდიას 100 ლექსის წარდგენაზე მოვიდა. დინჯად ისმენდა თანატოლი თუ უმცროსი კოლეგების ნაუბარს, არ ჩაერეოდა, თუ რამეს ჰკითხავდნენ, ცოტა დაიმორცხვებდა კიდევ, თითქოს არ უნდოდა ვინმეს მისი – ძლიერი ლექსების/პოემებისა და ეროვნული იდეალებისთვის მებრძოლი კაცის – იქ ყოფნა აღენიშნა განსაკუთრებით, ზედმეტად თვალში მოხვედროდა. მამუკა წიკლაურის 100 ლექსზე რომ ვმუშაობდით მის ძვირფას მეუღლესთან – ქალბატონ ნანა ფირცხალავასთან ერთად, დარწმუნებული ვიყავი, არათუ პრეზენტაციის მოწყობა და ამ ამბის გაშუქება, არამედ ავტორისთვის ლექსის წაკითხვა და ამის ჩაწერაზე თხოვნაც კი გამიძნელდებოდა.

ვახტანგ ჯავახაძეს დავურეკე ზუგდიდიდან, მკითხველებს თქვენთან შეხვედრა უნდათ და რთული კია ამხელა მანძილზე წამოსვლა, მაგრამ თქვენი მშობლიური ქუთაისიც ამ გზაზეა და სხვაფრივ კი ყოველმხრივ ვეცდებით, მგზავრობამ რომ არ გადაგღალოთ-მეთქი. დიდი სიამოვნებით, ჩემო ზვიად, მაგრამ მეუღლე მყავს შეუძლოდ, არადა მასაც გაუხარდებოდა სამეგრელოში წამოსვლა და იქნებ ცოტა გადავდოთ ჩვენი შეხვედრაო; მაისის იმ დილით, თუ არ ვცდები თბილისის წიგნის ფესტივალის გახსნის დღე იყო, მე და გვანცა ჯობავა ადრიანად მივადექით ყაზბეგისა და ასათიანის კუთხეში მდგარ კორპუსს. ლიფტმა ნაცნობ ბინამდე მიგვიყვანა. ხელის ჩამორთმევისა და მისამძიმრების შემდეგ ჩამოვარდნილი დუმილი ბატონმა ვახტანგმა რამდენიმე წამში დაარღვია: „ამიტომაც არ მინდოდა ზუგდიდში წამოსვლა… მის გამო… უმისოდ არ მინდოდა…“ და თვალები ცრემლით აევსო.

 ლოცვა სიცოცხლისათვის

0

„ყოველი სიტყვა პოეზიაა“, – ამბობს ბორხესი თავის ერთ ლექციაში, რომელიც პოეზიას მიუძღვნა. სიტყვები განსაკუთრებული მრავალფეროვნებით პოეტის სულსა, გულსა და გონებაში ხმიანობენ. ანა კალანდაძის პოეტურ განზომილებაში კი ნაცნობი სიტყვები განსხვავებული აზრობრივი ელფერითა და მნიშვნელობით წარმოჩნდებიან. ერთი ასეთი გამორჩეული ლექსია  „ლოცულობს გველი“.  პოეზიამ არ იცის საზღვრები და ეს ორი, ცასა და მიწასავით დაშორებული სიტყვა ანა კალანდაძემ წარმოსახვის მშვენიერ სივრცეში ერთმანეთს ლაღად და თავისუფლად დაუწყვილა. მკითხველის მეხსიერება, რა თქმა უნდა, გველის საინტერპრეტაციო სივრცედ უპირველესად ბიბლიას მოიხმობს. ძველ აღთქმაში („დაბადება“) გველი ეშმაკია, რომელიც ადამიანს სამოთხეს დააკარგვინებს: „უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: რაკი ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის, ყველა გარეულ ცხოველს შორის! მუცლით იხოხე და მტვერი ჭამე მთელი სიცოცხლე“ (დაბადება, 3, 14). ახალაღთქმისეულ კონტექსტში გველი ქრისტეს ქადაგებაში ჩნდება, როგორც განსხვავებული სიმბოლო: „აჰა, მე მიგავლენთ თქვენ, როგორც ცხვრებს მგელთა შორის. მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველნი, და უმანკონი, როგორც მტრედნი“ (მათე, 10,16). ასე რომ, გველის სახეს ერთგვარი ორგემაგობა ახლავს. მის შესახებ მითოლოგიურ-ფოლკლორული, ზღაპრისეული წარმოდგენები, ლიტერატურული ინტერპრეტაციები მსოფლიოსა და ქართულ ლიტერატურაში, ზოგადად, კულტურასა და ხელოვნებაში (ფერწერა, არქიტექტურა, კინო და სხვ.) კი ისეთ მრავალფეროვან და მრავალმნიშვნელოვან კონტექსტებს ქმნიან, რომლებში გზის გაკვლევა არა მხოლოდ ცოდნასა და გამოცდილებას, არამედ ერთგვარ გეშსა და ალღოს, ინტუიციასაც მოითხოვს. ამ შემთხვევაში, ჩვენ მხოლოდ ერთი ლექსის პოეტურ განზომილებაში ვიტრიალებთ, როგორც ჯადოსნურ დრო-სივრცეში, რომელშიც სიტყვის ძალით ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

პოეტი ლექსში, ერთი შეხედვით ცხად, გამჭვირვალე სურათ-ხატებს ქმნის. სიმბოლური მრავალმნიშვნელოვნება მხოლოდ მერე, წარმოდგენილი სახეების ანალიზის შემდეგ გამოიკვეთება. ასოციაციური ნაკადი გაარღვევს ზედაპირს, თავისთავად ღირებულს და გამოაჩენს სულ სხვა სიღრმეს, რომელიც მოიცავს შესაქმესაც, ძველეგვიპტურსა თუ ძველბერძნულ წარმოდგენებსაც, ერთი სიტყვით, ცალკეული კონკრეტული სახე თითქოს ნიღაბს იხდის და მითოსური თუ ბიბლიური არქეტიპების სიბრტყეზე პროეცირდება. პირველი, რასაც მკითხველი შეიგრძნობს ლექსის დასაწყისი სტრიქონებიდან, არის ელდა გველის გამოჩენისა:

„გასრიალდება ხევში ზმორებით,

ტანმოხატული უცხო ზოლებით.

მუხლებს მოიყრის და შიშისმგვრელი

ლოცულობს გველი“.

თავისთავად იბადება მუსიკაც, ნიუანსობრივი ტონალობებით, რომელსაც წარმოქმნის ხევში ჩაფენილ ფოთლებზე გველის გასრიალება. ყურადღებას იქცევს ის, რომ ეს არის გასრიალება „ზმორებით“, ე.ი. ახლადგამოღვიძებული, ჯერ კიდევ რომ არ გამოუღწევია სრულად ძილის სამეფოდან, ქვეწარმავალი გათენებისთანავე მისრიალებს ხევში ლოცვის სათქმელად. ჩვეულებისამებრ, ქრისტიანი ამ დროს აღვლენილ დილის ლოცვაში ამგვარ სიტყვებსაც ამბობს: „ძილისაგან აღდგომილი გმადლობ შენ, წმინდაო სამებაო, რამეთუ მრავლისა სახიერებისა და სულგრძელოებისა შენისათვის არა განრისხენ ჩემ უძღებსა და ცოდვილსა ზედა და არა თანაწარმწყმიდე უსჯულოებათა შინა ჩემისათა…“ ადამიანი მადლობს უფალს, რომ, მიუხედავად ცოდვათა და უსჯულოებათა სიმრავლისა, მაინც გახდა ღირსი სიცოცხლისა. ლექსის განზომილებაში ღვთის მადლობამ ისეთ დაცემულ ჭურჭელშიც კი შეაღწია, როგორიც გველია და იგი შემოქმედის სადიდებლად ზეწამომართა. პოეტმა კი მკითხველი ამ უცნაური, იდუმალი რიტუალის მოწმედ აქცია.

მთელი სამყარო, განწმენდილი და უცოდველი, ყოველ დილას ღვთისგან შენდობილი, თითქოს ხელახლა იბადება თავიდან. ყოველი დილა ღვთის „შესაქმით“ იწყება. შენდობა დილას ამოსულ მზის სხივებივით უშურველად მიენიჭება ყოველს, მადლი დაეფინება სამყაროს და განიწმინდება. როგორც ვაჟა-ფშაველა წერს: „ცამ გადიბანა პირიდამ / მური, ნაცხები ღრუბლისა, /გადაეფინა სამყაროს / ლოცვა-კურთხევა უფლისა“ („ბახტრიონი“). ამიტომაცაა, რომ „შიშისმგვრელი“ გველი ლამაზია — „ტანმოხატული უცხო ზოლებით“. პოეტისა და მკითხველის მზერა მის ტანს გარს შემოევლება, როგორც ფერწერულ ნიმუშს, თავისთავადს, დამოუკიდებელს, რომელიც აღძრავს სილამაზით მოგვრილი აღტაცების განცდას, ესთეტიკურ სიამოვნებას. ფერადოვან პალიტრას, რომელსაც კონკრეტულ ფერთა დაუსახელებლად ქმნის პოეტი, მოაქვს სიმშვიდისა და ჰარმონიის შეგრძნება.

წარმოდგენილი სურათის სრულყოფილებისათვის და ლოცვის გასამძაფრებლად პოეტი გველს მუხლმოყრილს ხატავს. ამგვარ პოზაში კარგად შეიგრძნობა მისი შინაგანი ქედმოდრეკილობა, თაყვანისცემა, მორიდება და გულშემუსვრილობა უზენაესის წინაშე. ლოცვასაც გზნება და მხურვალება ემატება. ამიტომაც ლექსის პირველი სტრიქონებით მოგვრილ ელდას ემატება ჯერ გაოცება, მერე თანაგრძნობა.

„ალბათ, ცოდვილ სულს ავედრებს ღმერთსა“, – ეს სტრიქონი თითქოს ერთ სიბრტყეში მოაქცევს მკითხველსა და უხსენებელს. ისიც მასავით ცოდვილია. მათ შორის უხილავი ძაფები იბმება. დემონური და ანგელოზური ერთდროულად იჭრება წარმოსახვაში. ლოცვა ამხელს ცოდვილი სულის ტკივილს. ვედრება და სინანული გზაა შენდობისაკენ. მზიან-ჩრდილიანი განცდები უჩნდება მკითხველს და სულის უფსკრულებში ჩახედვისაკენ, საკუთარი თავისა თუ სამყაროს შემეცნებისკენ უბიძგებს.

გველთან მადლის დაკავშირების თემამ, უპირველესად, რა თქმა უნდა, ყველასთვის ნაცნობი სახე ამოატივტივა ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონიდან“. სიკეთესთან, სინათლესთან, სიმართლესთან, სიბრძნესთან, თავგანწირულობასთან (ლუხუმის სახე ხომ ასე განზოგადდება) შეხვედრისას გველი იცვლება:

„დაფიქრდა გველი ძლიერად,

გული ევსება ბრალითა.

ბევრის ცოდვების მოქმედსა

გადაუბრუნდა გონება:

რა სიბრალულით იმსჭვალვის

მისი გველური ბუნება“.

ანა კალანდაძის ლექსში არ ჩანს ამგვარი შეხვედრა ვინმესა ან რაიმესთან, შესაბამისად, არ ვესწრებით გველის ფერისცვალებას. თუმცა, შესაძლოა, რომ სწორედაც პოეზიასთან შეხვედრამ გამოიწვია მისი ერთგვარი ტრანსფორმაცია, ლოცვის წყურვილი. ამიტომაც პოეტის მზერაში მისი „შიშისმგვრელობა“ „ლოცვის სიმხურვალეში“ დნება და ქრება:

„როს იდუმალებს,

სევდიან თვალებს,

მიაპყრობს ზეცას,

ჩუმად ჩურჩულებს

გესლიან ენით“.

მართალია, „გესლიანი ენა“ მკითხველს ისევ აბრუნებს ადრინდელ ელდასთან, მაგრამ ჩუმი ჩურჩული ამ გესლს თითქოს ძალას აცლის. ზეცისკენ მიმართული „სევდიანი თვალები“ საოცარი პოეტური ხატია, რომელიც უწმინდურის მარტოსულობას, მიუსაფრობას, გარიყულობას წარმოაჩენს. ეს იდუმალი თანაგრძნობა, რომელიც პოეტს მის მიმართ აქვს, სამყაროს მთავარ საყრდენს, სიყვარულს შეგვაგრძნობინებს. რის იმედი შეიძლება ჰქონდეს ღვთისგან დაწყევლილ არსებას? ეს უსაშველო სევდა თითქოს ლექსის განზომილებიდან გამოაღწევს და მკითხველის სულშიც ჩაიღვრება. პოეტი სიტყვათა გამოუთქმელი ჯადოსა, ენერგიისა და მუხტის წყალობით სამყაროს ხილულ ზედაპირს ხდის, ფარდას ხსნის. იდუმალში შეღწევის, დაუნახავის ხილვის წყურვილით არის სავსე ანა კალანდაძის პოეზია:

„და ჩურჩულებენ, ჩურჩულებენ

შემოგარენი…

ეს ჩურჩულიც ისმის მკაფიოდ…

და ლურჯ ბალახებს

ნამისგან სველებს

თვის გულის ნადებს გაანდობს ღალღაც…

ო, არის რაღაც

უსაზომოდ დამაფიქვრელი“.

სწორედ ეს „რაღაც“, რაც „უსაზომოდ დამაფიქვრელია“, არ ასვენებს პოეტს და მისი ამოხსნისკენ უბიძგებს. მასაც გალაკტიონივით ესმის „სიჩუმის ენა“ და ცდილობს მის გამოთარგმანებას, სიტყვიერი ქსოვილით შემოსვას, რათა მკითხველსაც შეაგრძნობინოს უჩინარის მშვენიერება. ხილულ სამყაროში გამოღწეული უხილავი, გამოთქმულში დატყვევებული, თითქოს კარგავს რაღაც მნიშვნელოვანს, მაგრამ პოეტურ სახეებსა თუ სიმბოლოთა ლაბირინთებში მკითხველი მაინც მიიკვლევს გზას.

ლექსის სივრცე სავსეა ფერთა და ბგერათა გრადაციებით. თავიდან „სრიალით“ აღძრული მუსიკა იცვლება და ახალი ხმოვანება იქმნება:

„გრილი ნიავი ფოთლებთან მრკენი

შეარხევს ბალბას, შრიალებს ლელი“.

ირგვლივ ხავერდოვანი, რბილი სიმშვიდე ისადგურებს. მრავალფეროვანი სამყარო დილის მზით მადლსხურებული თითქოს იშვებს. ამიტომაც ამ გადასახედიდან ახლა დაუჯერებელი ჩანს: „ვინ იტყვის ახლა, ერჩოდეს კაცთა“.

გველი ახლა უკვე მხოლოდ ნიღაბია, საფარველია, მახინჯი ზედაპირია, რომლის გადახდით გამოჩნდება მიღმიერი, უცხო და იდუმალი სანახები. ასე იბადებიან ზღაპრებში გველის ტყავიდან მზეთუნახავნი. ამიტომაც ბუნებრივად ჩნდება „ტყის ბანოვანთან“ შედარება. მისი ამგვარი სახელდება წარმოაჩენს „სხვას“, რომელიც ყველაფერია და ყველგანაა, რომელიც არ ჩანს მატერიალურ სივრცეში და რომელიც ყველაზე ახლოა უზენაესთან. სწორედ ამ დროს ის „სხვა“ ასე მჟღავნდება:

„ნაიდუმალევს,

როს მზეს აჩვენებს დაწინწკლულ ტანს

და სევდიან თვალებს“.

მაგრამ ამგვარი „გახსნა“ და ზიარება სინათლესთან დროებითია და წარმავალი. სულის დღესასწაულს (რაც ლოცვისას ხდებოდა), შეენაცვლება სხეულის ზეიმი:

„მორჩება ლოცვას და შიშის მგვრელი

ხელში დაირით

ველებს დაივლის

და უზუნდარას იცეკვებს გველი“.

ლოცვით შენდობილი გველი ისევ „ეცემა“, რათა კვლავ ცოდვებით გაივსოს, მაგრამ დილას, ღამის კოშმარებს თავდაღწეული კვლავ დაელოდება მზის ამოსვლას და ყოვლის მიმტევებელთან შეხვედრას ცოდვათა შენდობის იმედით. სიტყვები ერთმანეთს აზრობრივად და მუსიკალურად ეხმიანებიან, ალიტერაციებს ქმნიან („მგვრელი“, „ველები“ „დაირა“, „უზუნდარა“) და სტრიქონებს ბუნებრივ მელოდიურ ფონად გასდევენ. მოცეკვავე გველის სახე არაერთ ლიტერატურულ ტექსტს გაგვახსენებს, უპირველესად, გველებთან მოცეკვავე ელის სახეს წამოატივტივებს (ნიკო ლორთქიფანიძე „შელოცვა რადიოთი“), სანავარდოს დახაშმულ სანახებს (დემნა შენგელაია „სანავარდო“) და სხვ.

ხელში დაირით, უზუნდარას რომ ცეკვავს, — არანაკლებ შთამბეჭდავი პლასტიკური სახეა, ვიდრე უძრავ პოზაში მლოცველი გველი. დაირის საზეიმო რიტმს შემოაქვს მაჟორული განწყობა. ეს უკვე დილიდან გამოსული სამყაროა, სინათლიდან სიჭრელეში და აქედან სიბნელეში გარდამავალი. ეს მარადიული დაცემა-აღდგომაა, შეკრული ჯადოსნური წრეა, რომელსაც ვერასოდეს დააღწევს თავს ვერც გველი და, სამწუხაროდ, ვერც ადამიანი. ეს თვითონ სიცოცხლეა, თავისი ცრემლითა და სიხარულით, სინათლითა და სიბნელით. სიცოცხლის საიდუმლოც ესაა. ცოდვა სიკვდილია, სულის მოშთობა, ლოცვა კი აღდგომაა სიკვდილიდან, ცოდვიდან. იქნებ პოეზიის მადლი ისიც იყოს, რომ ამ გზით ადამიანი ეზიარება დაფარულს, იდუმალს, ირაციონალურსა და მეტაფიზიკურს. იმას, რაც სიღრმეშია. რადგან ხშირად სინათლე შეიძლება ზედაპირზე სიბნელედ ჩანდეს, ანდა, პირიქით, პოეზია კი ამ უხილავ სიღრმეთა მიმოხილვაა, შთასვლაა ჯოჯოხეთში სამოთხეში „ამოსასვლელად“. ამგვარი განცდები კი ამდიდრებს ყოფიერებას, თორემ ისე, სიცოცხლე, მართლაც, უსახო, პლატონისეულ მღვიმის კედლებს დაემსგავსებოდა, სადაც უსისხლო ჩრდილები ჩანს მხოლოდ და სხვა არაფერი, მაგრამ სიცოცხლე ფერადი „ხევია“, სადაც დილ-დილობით სალოცავად მისრიალებს უხსენებელი. პოეტი კი თვალს გვიხელს, გვაღვიძებს და პოეზიის უცხო და თან დავიწყებული მშობლიური სანახებისაკენ მიგვიძღვება. თუ ამ ლექსის ინტერტექსტუალურ გადაძახილებს გავყვებით, მაშინ მისი საინტერპრეტაციო სივრცე უფრო გაფართოვდება და გამდიდრდება.

 

„მრავალჟამიერის“ ფილოსოფია

0

„არც ერთი საქმე ისე სასწრაფო არ იყო, როგორც ზეპირგამოცემათა შეგროვება“, – ამბობდა აკაკი და მართლაც, სწორედ თერგდალეულებმა დაიწყეს ხალხური სიტყვიერების ნიმუშების ინტენსიური შეგროვება, საფუძვლიანი შესწავლა. ამ საქმეს მანამდეც ექცეოდა ყურადღება. თუნდაც მე-18 საუკუნის მხატვრული ანთოლოგიები გავიხსენოთ, გრიგოლ ბაგრატიონი, პლატონ იოსელიანი, თეიმურაზ ბატონიშვილი… მაგრამ ქართული ფოლკლორის სისტემურ და ორგანიზებულ შესწავლას სწორედ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების იმ სხდომაზე ჩაეყარა საფუძველი, რომელსაც ილია ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა. ვაჟა-ფშაველაც, რომელმაც ადრეული ასაკიდან გაითავისა ხალხური ზნე-ჩვეულებები თუ პოეზია, აქტიურად იყო ჩაბმული ამ საქმიანობაში. ამ მხრივ დიდი როლი შეასრულა ვაჟას დედამ, რომელმაც, წერა-კითხვის უცოდინარმა, კარგად იცოდა ხალხური ლექსები და ზღაპრები. დედის ბიძა, პარასკევა, მწერლის სიტყვებით, „პირველი მელექსე იყო ფშავში“. რაზიკაშვილების ოჯახის პოეტური ტრადიცია კი ყველას მოგვეხსენება. ცალკე – ოჯახურმა გარემომ, პოეზიით სავსე სოფლის ხატობებმა, ცალკე – საკუთარმა საზოგადოებრივ-ლიტერატურულმა შეხედულებებმა დააკავშირა ვაჟა-ფშაველა ხალხთან. ის იყო მთის პოეზიის, ყოფა-ცხოვრების შემკრები და ღრმა მკვლევარი. ამ მხრივ მდიდარი მასალაა მის პუბლიცისტკაში. ეს საქმიანობა ვაჟას სიკვდილამდე არ შეუწყვეტია და მის კალამს უამრავი საინტერესო ეთნოგრაფიული წერილი ეკუთვნის თუშ-ფშავ-ხევსურების ცხოვრებიდან. საგმირო სიტყვიერების სიმდიდრით ხევსურეთმა ადრიდანვე მიიქცია ყურადღება, მაშინ, როცა ქართული ფოლკლორის შეკრება-შესწავლის საქმე ის-ის იყო ფეხს იკიდებდა. ილია ჭავჭავაძემ მე-19 საუკუნის 70-იან წლებში, დუშეთში მუშაობისას, ჩაიწერა ხევსურული საგმირო-პატრიოტული პოეზიის ნიმუშები. მსგავს ნიმუშებს ვხვდებით ალ. ყაზბეგის, რ. ერისთავის, ნ. ურბნელის, პ. უმიკაშვილის, ვაჟა-ფშაველას, ბაჩანა და თედო რაზიკაშვილების და სხვათა შეკრებილ მასალებში. ამავე მასალებს სამეცნიერო დანიშნულებით იყენებდნენ ქართველი და უცხოელი მკვლევარები. თუმცა ცალკე და საგანგებოდ ეს საკითხი არავის შეუსწავლია. ვაჟას წერილებსა თუ ნარკვევებს ერთვის ზეპირსიტყვიერების საკმაოდ ბევრი ნიმუში, რომლებიც პოეტს ციტატებად აქვს გამოყენებული. ხალხური სიტყვიერების შესახებ შექმნილი სკოლები თუ მიმდინარეობები არ ყოფილა უცხო ქართული კულტურისთვის და იმდროინდელი ქართველი ფოლკლორისტების (ილია ჭავჭავაძე, აკ. წერეთელი, პ. უმიკაშვილი, ი. რაზიკაშვილი, ალ. ხახანაშვილი) წერილებსა და გამოკვლევებში რამდენიმე უცხოური თეორიის გავლენასაც ვხვდებით. რაც შეეხება ვაჟას, იგი არაფერს ამბობს საკუთარ მეთოდზე. მაშასადამე, კითხვას, რომელ მეთოდს იყენებდა ვაჟა-ფშაველა, საკუთარი დაკვირვების მიხედვით უნდა ვუპასუხოთ. კრიტიკული და ეთნოგრაფიული წერილების შესწავლა კი გვიჩვენებს, რომ ვაჟა-ფშაველა საკვლევაძიებო პრაქტიკაში აღწერით-შედარებით მეთოდს იყენებდა [მ. ჩიქოვანი, ხალხური სიტყვიერების ისტორია].

უძველესი წერილობითი წყაროები ქართული სიმღერა-ცეკვის შესახებ მოგვითხრობს: ასურული წყაროების თანახმად, მეფე სარგონის (ძვ. წ. 714 წ.) ეპოქაში ქართველთა წინაპრები ომის დროს „მხიარულ სიმღერებს“ მღეროდნენ; ბერძენი ისტორიკოსი ქსენოფონტე (ძვ. წ. V-IV ს.ს.) „ანაბაზისში“ აღწერს ქართველური ტომების „განსაკუთრებული ყაიდის“, უცნაურ საბრძოლო ცეკვა-სიმღერებს; XI-XII საუკუნეების ქართველი ფილოსოფოსი იოანე პეტრიწი, ღვთის სამსახოვნების-სამგვაროვნების მაგალითზე, უკვე დანეჯითებით საუბრობს ქართული სიმღერა-გალობის სამხმიანობის შესახებ. ქართული მუსიკალური ფოლკლორის „ეთნიკური ბგერითი იდეალი“ სწორედ სამხმიანობაში გამოვლინდა.

ქართული ფოლკლორი (ცეკვა თუ მრავალხმიანობა) უძველეს დროში იღებს სათავეს. მასში ჩვენი მრავალჭირგადანახადი ხალხის ისტორია, სულიერი მისწრაფებები, გენეტიკური მახასიათებლებია არეკლილი. ეს არის ის, საიდანაც მოვდივართ და რითაც ვსაზრდოობთ. ქართველი ნებისმიერ საქმიანობას სიმღერას უკავშირებდა, მღეროდა ომის, შრომის, ავადმყოფობის, მხიარულებისა თუ მწუხარების დროს. უძველესი დროიდან ჩვენ გვქონდა ჩამოყალიბებული მუსიკალური ენა, რომელიც დღემდე მოგვყვა, გამორჩეული თავისი ვოკალური მრავალხმიანობის პრინციპით. ქართული ფოლკლორისთვის სინკრეტულობაა დამახასიათებელი და მოიცავს ცეკვას, სიმღერას, მუსიკას, ლექსს. ქართულ ხალხურ მუსიკას ახასიათებს თავისუფალი მუზიცირება-იმპროვიზაციულობა, ვარიანტულობა და ცოცხალი შემოქმედებითი პროცესი. ზეპირსიტყვიერებაშიც ასეა: ისევე როგორც ნებისმიერი ხალხის ფოლკლორში, ჩვენთანაც არის ჟანრი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმპროვიზაციის წყალობით არსებობს. ამ უკანასკნელის შედეგია თუნდაც შაირობა, კაფიაობას რომ ვეძახით და ფართოდ არის გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, განსაკუთრებით კი ფშავში, სადაც მას მკაცრი კანონები აქვს (რითმის შეუცვლელობა, იმპროვიზაცია, ადრე ნათქვამის გამეორებისთვის თავის არიდება და ა.შ.). ხმით ნატირლებში მოულოდნელობა აუდიტორიის დაკვეთაა, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს. საკულტო სიტყვიერება, შესაძლოა, გამონაკლისი იყოს ამ მხრივ, რადგან მასში არ არის მიზანშეწონილი პიროვნული ჩარევა ტექსტის შეგნებული შეცვლის მიზნით, არც რაიმე იმპულსი და მოტივი არსებობს _ ტექსტის წარმოშობა თუ, საზოგადოდ, საკრალურობა ხელს უშლის ამას. მაგრამ როცა სუსტდება ასეთი ტექსტისადმი მოწიწება, მთქმელ-შემსრულებელი თავს თავისუფლებას აძლევს.

ხალხური ყოფის ცვლილებებმა ქართული ფოლკლორის განვითარება მოსწყვიტა მის მასაზრდოებელ ბუნებრივ, ცოცხალ ყოფას. თუმცა, საბედნიეროდ, მისი ტრადიციული- ავთენტური ნიმუშები (ფოლკლორის ყველა დარგში) XXI საუკუნეშიც შემოინახა რაჭამ, სვანეთმა, აჭარამ და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთმა.

ფოლკლორი ხალხურ შემოქმედებას ნიშნავს, ამიტომ ისტორიამ თუ მატიანეებმა სახელები ვერ შემოინახა. გამოჩენილი მომღერლებისა თუ მელექსეების წარმოჩენის ხანა სწორედ XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე დადგა. გაჩნდა მოთხოვნილება და აუცილებლობა სხვადასხვა კუთხის სიმღერების, ცეკვებისა თუ პოეზიის თავმოყრისა და ამ ერთიანობის სცენაზე ხილვისა. ასე ჩამოყალიბდა მეორეული ფოლკლორი და გასული საუკუნის 60-70-იან წლებში – ახალი, აკადემიური საშემსრულებლო სტილიც. არქაული მუსიკალური ენისა და ორიგინალური, უნიკალური ჰარმონიის შერწყმა ყოველთვის ატყვევებდა უცხოელებს, გამოჩენილ მეცნიერებს, ფოლკლორისტებს, ეთნომუსიკოლოგებს, კომპოზიტორებს. „ქართული მრავალხმიანობა ევროპული მრავალხმიანობის საფუძველი უნდა იყოს“, – ამბობდა ზიგფრიდ ნადელი-გერმანელი მუსიკათმცოდნე. „ბახი რომ ცოცხალი იყოს, მასაც კი აღტაცებაში მოიყვანდა ასეთი პოლიფონია“, – ეს ალან ივანესია, ამერიკელი კომპოზიტორი.

2001 წელს იუნესკომ ქართული მრავალხმიანი სიმღერა მსოფლიოს არამატერიალური კულტურის ძეგლად გამოაცხადა და კულტურული მეკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა, რითაც ჩვენი ტრადიციული მრავალხმიანობის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა აღიარა. ეს ინტერესი არც შემდგომ შენელებულა: 2003 წელს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში დაარსდა ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის ცენტრი, რომელმაც უკვე ოთხი სიმპოზიუმი გამართა.

ქართულ ფოლკლორს, მისი ყოველი დარგის შენარჩუნებას 1936 წლიდან ემსახურება საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი თავისი მდიდარი არქივით. მისი მიზანია ქართული ფოლკლორის ავთენტურობის დაცვა, ფოლკლორის ნიმუშების შეკრება, მოვლა, პოპულარიზაცია.

მოგვიანებით ტექნიკურმა პროგრესმა შეცვალა ფოლკლორის საარსებო სოციალური გარემო. შეიცვალა ფასეულობებიც. დაიკარგა მრავალი წეს-ჩვეულება და მდარე მასობრივმა პროდუქციამ ქართული ფოლკლორი თითქოს შეავიწროვა, თუმცა შემუშავებულია მისი შენარჩუნებისა და დაცვის საპრეზიდენტო პროგრამა. ეს აუცილებლად მოიაზრებს ამ დარგის კორიფეების (ა. ერქომაიშვილი, ნ. რამიშვილი და ი. სუხიშვილი, ჯ. ჭკუასელი, რ. ჭოხონელიძე, გ. ბაქრაძე, ბ. დარახველიძე და სხვები) ხელშეწყობასა და პატივისცემას.

დღეს დავრწმუნდით, რომ ჩვენში ისევ ყოფილა ის უცნაური წესრიგი, რომელიც ჩვენს ფოლკლორშია, ნაღველნარევი ოპტიმიზმი, ასე რომ ჰგავს ჩვენი არსებობის ფილოსოფიას. ამიტომ სიცოცხლის ამ მოუღალავი სიყვარულის წინაშე ყველა განსაცდელს უნდა გავუძლოთ. ეს ვალდებულებაცაა და იმედიც.

რესურსები და ინსტრუმენტები დისტანციური სწავლებისთვის

0

მასწავლებლები,  არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, სრულიად მოულოდნელად,  თითქოს სხვა სამყაროში აღმოვჩნდით. ამ უჩვეულო გარემოში კი ყველაფერი, რის გაკეთებაც ჩვენ მოგვიხდა და შევძელით, ალბათ წლების წინ ვინმეს რომ შემოეთავაზებინა, არარეალურად  და შეუძლებლად  მოგვეჩვენებოდა.

რთული იყო ეს მოულოდნელი სინამდვილე, მაგრამ ალბათ საჭიროც.  ყოველი დღე თითქოს ახალი გამოწვევაა, ახალ-ახალი საფიქრალითა და დატვირთვით. პირისპირ სწავლების პროცესში,  შესაძლებლობა იმისა,  რომ ერთმანეთს შევხვედროდით და გამოცდილება გაგვეზიარებინა ერთმანეთისთვის, გაცილებით ნაკლები იყო. შექმნილი  გარემოების გამო, ყველანი ერთმანეთის ვირტუალური მეგობრები გავხდით. ვცდილობთ, ვაგრძნობინოთ ერთურთს, რომ  მარტო არ ვართ. ასეთი ურთიერთანამშრომლობა, მართლაც სამაგალითო და დასაფასებელია. კოლეგებმა მალევე დავიწყეთ საგნობრივი თუ სხვადასხვა ტიპის ჯგუფების შექმნა და გამოცდილების გაზიარება.  ასევე აუცილებელი იყო, ჩვენს მოსწავლეებს არ ეგრძნოთ, რომ მასწავლებლებმა თავი  ვერ გავართვით ამ სირთულეს და არ შეგვეძლო მობილიზება უწყვეტი სასწავლო პროცესისთვის.  ჩვენი ვალდებულებაა,  მათ არ ვაგრძნობინოთ სირთულეები და  პოზიტიური გარემო  ვირტუალურ სივრცეში გადავიტანოთ, რადგან სწავლა-სწავლების ასეთი ფორმა მათთვისაც უცხოა და მთელ რიგ სტრესებთან არის დაკავშირებული.

შევეცდები, გაგიზიაროთ ის საინტერესო რესურსები, რომლებიც მოსწავლეებთან ურთიერთობაში  და დისტანციური სწავლების  საინტერესოდ და სახალისოდ წარმართვაში დაგვეხმარება.

სასწავლო პროცესში,  სხვადასხვა საგანში ძალზე საინტერესო გაკვეთილებით, ჩვენს მასწავლებლებს და მოსწავლეებს მალევე შემოეშველა „ტელესკოლა“. შეიქმნა სივრცე, სადაც ”საკლასო ოთახი მთელი საქართველო გახდა“.

ტელესკოლა

 

არსებული გამოწვევების დაძლევაში, კოლეგებთან და მოსწავლეებთან კომუნიკაციაში  სამი  პლატფორმა დაგვეხმარა: მაიკროსოფტ თიმსი (Microsoft Teams), გუგლ მითი( Google meet) და ზუმი (Zoom). ამ პლატფორმების საშუალებით ადვილად დავგეგმეთ შეხვედრები და  საგანმანათლებლო პროცესზე მორგებული გაკვეთილები ჩავატარეთ, რომელსაც დღესაც წარმატებით ვაგრძელებთ.  აქვე გაგიზიარებთ ყველა იმ ძირითადი საკითხების ვიდეო ინსტრუქციებს, როგორიცაა: კლასის გააქტიურება, შეტყობინების დატოვება, ვიდეო ზარის წამოწყება, დავალების მიცემა და უკუკავშირი, ქვიზის შექმნა, კალენდარში გაკვეთილის ჩანიშვნა და ა. შ.,  რაც თიმსის უკეთ გამოყენებაში დაგეხმარებათ:

ვიდეოინსტრუქციები

გარდა ამისა, მინდა შემოგთავაზოთ სხვადასხვა ინსტრუმენტი, რომლებიც ჩვენს დისტანციურ სასწავლო პროცესს საინტერესოს გახდის და გაგვიადვილებს ცოდნის გადაცემისა და მიღების პროცესს:

ინტერნეტგაზეთი https://mastsavlebeli.ge

მასწავლებლებს ყოველთვის გვანებივრებდა  საინტერესო რესურსებით,  ამ სიტუაციაშიც ჩვენი დიდი მხარდამჭერი აღმოჩნდა და ვებ-გვერდი სწრაფად ივსებოდა ჩვენს საჭიროებებზე მორგებული ახალ-ახალი რესურსებით,  რომლებიც ჩვენი გზამკვლევი აღმოჩნდა დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესში. გიზიარებთ წიგნს, რომელშიც  გაეცნობით მასალებს ჩვენი მასწავლებლების დისტანციური გაკვეთილებიდან. ეს გაკვეთილები, უკეთესი ორიენტირებისთვის რამდენიმე ნაწილადაა დაყოფილი: გაკვეთილები, რომლებიც საკლასო ოთახებში შეგვეშველებიან, უსაფრთხოების გაკვეთილები, გაკვეთილები მშობლებისთვის და გაკვეთილები, რომლებიც აუცილებლად თან უნდა ვიკითხოთ.

გაკვეთილები დისტანციური სწავლებისთვის

 

აუცილებლად გამოგადგებათ რეკომენდაციები  ეფექტური ვიდეო-გაკვეთილების შექმნისთვის, სადაც გაეცნობით, როგორ დავგეგმოთ და წარვმართოთ ვიდეო-გაკვეთილი ისე, რომ შევძლოთ საგანმანათლებლო მიზნების მიღწევა და მოსწავლეთა ჩართულობის მაღალი დონის შენარჩუნება.

რეკომენდაციები ეფექტური ვიდეო-გაკვეთილების შექმნისთვის

 

ჯგუფური მუშაობა დისტანციური სწავლებისას

დისტანციური სწავლება როგორც სინქრონული, ასევე ასინქრონული, ძირითადად, ინდივიდუალურ დავალებებს მოიცავს. იმ ფონზე, როდესაც მოსწავლეები სახლებში იმყოფებიან, დიდია მათი ასოციალიზაციის რისკი. ამასთან, შეიძლება ჩამოყალიბდეს ადიქციური ქცევა. ვფიქრობ, მიუხედავად შექმნილი გარემოებისა, მასწავლებლებმა ხელი უნდა შევუწყოთ ჯგუფური მუშაობის ელემენტების შემოტანას,  ჯგუფური მუშაობისთვის კი ძალიან მოსახერხებელია ე.წ პადლეტის დაფა, რომლის გამოყენების ვიდეო ინსტრუქციასაც ასევე  იხილავთ ბმულზე

ჯგუფური მუშაობა დისტანციური სწავლებისას

 

სწავლა-სწავლება პანდემიის დროს

როგორ გამოვიყენოთ ფილმები, წიგნები და სხვადასხვა ინსტრუმენტები შემოქმედებითი და მრავალფეროვანი გაკვეთილისთვის

სწავლა-სწავლება პანდემიის დროს

 

ფიზიკური აღზრდა დისტანციური სწავლების დროს

ფიზიკური აღზრდა და სპორტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო დისციპლინაა, რომელიც დიდ როლს ასრულებს ბავშვის, როგორც ფიზიკური, ისე კოგნიტური, მეტყველებისა და სოციალურ-ემოციური სფეროს განვითარებაში. ხელს უწყობს ჯანმრთელობის განმტკიცებას და გაკაჟებას, სხეულის პროპორციებისა და სწორი ტანადობის ჩამოყალიბებას, მოსწავლის აკადემიური მოსწრების მაჩვენებლების გაუმჯობესებას. სტატიაში იხილავთ, თუ როგორ შეიძლება მოსწავლეებმა   სახლის პირობებში სწორად ივარჯიშონ.

ფიზიკური აღზრდა დისტანციური სწავლებისას

 

 

სხვადასხვა სპორტული აქტივობები ასევე შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

სპორტული აქტივობები

 

 ვფიქრობ, თქვენს მოსწავლეებს განსაკუთრებით გაახალისებს საქართველოს ეროვნული არქივის მიერ შემოთავაზებული ქართული ზღაპრების აუდიო ბიბლიოთეკა, სადაც მათ ზღაპრებს გამოჩენილი ქართველი მსახიობები წაუკითხავენ:

ქართული ზღაპრები

ქართული ზღაპრები ახალი ჩანაწერები

 

საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმაც იზრუნა პატარებზე და სპეციალურად მათთვის შექმნა ონლაინ ფორმატით ნიკო ფიროსმანაშვილის პერსონაჟების მიხედვით გასაფერადებელი ნახატები.  ჩვენს პატარებს შესაძლებლობა აქვთ ფიროსმანის ნახატებსაც გაეცნონ:

ფიროსმანი

 

ვფიქრობ, საინტერესო რესურსია ისტორიის მასწავლებლებისთვის „ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია“, რომლის საშუალებით მოსწავლეები გაეცნობიან უნიკალური ექსპონატების ისტორიებსა და ფაქტებს, რომელსაც ვერც საგამოფენო ეტიკეტზე ამოიკითხავენ და ვერც საინფორმაციო დაფაზე:

ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია

 

ხელოვნების მასწავლებლები აღნიშნული ბმულის დახმარებით(https://www.artsteps.com)  საშუალებას მისცემენ მოსწავლეებს  განივითარონ ფანტაზიის და წარმოსახვის უნარი, მათ შესაძლებლობა აქვთ, შექმნან   საკუთარი ვირტუალური საგამოფენო სივრცე, ამაში კი ვიდეო ინსტრუქცია დაგეხმარებათ:

 

 

ხატვის მასწავლებლები კი მარტივად გააცნობენ მოსწავლეებს  ხატვის უნიკალურ ტექნიკას, ხატვის ორიგინალურ და მარტივ მეთოდებს:

ხატვის მეთოდები

 

ბევრი საინტერესო მასალა და ელექტრონული რესურსია ქიმიის სწავლებისთვის, მათ შორის, ტელესკოლის ვიდეო გაკვეთილები ქიმიაში, რომლებიც ძირითადად ექსპერიმენტული ნაწილითაა დატვირთული, შეგიძლიათ, იხილოთ კლასებისა და თემების მიხედვით ბმულზე:

ტელესკოლის ვიდეოგაკვეთილები ქიმიაში

 

 

www.el.ge  ელექტრონული ბიბლიოთეკა გთავაზობთ კომპლექსური საშინაო დავალებების კრებულებს სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით,  I-XII კლასის მოსწავლეებისთვის.  აქვე განთავსებულია  ვიდეოები, ანიმაციები, ვებინარები, დოკუმენტური და მხატვრული ფილმები და ა. შ.

 

ვიდეო გაკვეთილები ცალკეული თემების მიხედვით შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

ვიდეოგაკვეთილები

 

საბუნებისმეტყველო საგნებში მნიშვნელოვანია საგაკვეთილო პროცესის ექსპერიმენტული ნაწილით უზრუნველყოფა, სიმულაციები კი დისტანციური სწავლა-სწავლების პირობებში ძალზე გამოსადეგი სასწავლო რესურსებია. გთავაზობთ სიმულაციებს სხვადასხვა საგანში. რესურსების ძირითადი ნაწილი ქართულადაა თარგმნილი, მხოლოდ ტერმინები შეიძლება შეგხვდეთ ინგლისურ ენაზე:

 ფიზიკა

ბიოლოგია

ქიმია

ბუნებისმეტყველება

 მათემატიკა

 

ბიოლოგიის მასწავლებლები შეძლებენ, ანიმაციების ფონზე აუხსნან მოსწავლეებს გენეტიკის რამდენიმე საკითხი:

https://learn.genetics.utah.edu/content/basics/

შეგიძლიათ იხილოთ მარტივი სიმულაციები ბუნებისმეტყველებასა და ქიმიაში:

სიმულაციები ბუნებისმეტყველებასა და ქიმიაში:

 

მრავალფეროვანი საგანმანათლებლო თამაშების პროგრამების გადმოწერას შეძლებთ ბმულიდან:

  საგანმანათლებლო თამაშები

 

დაბოლოს, მინდა გაგიზიაროთ ვებ-გვერდი www.Quizlet.com, რომელიც ძალზე მოხერხებული და ადვილად აღქმადი ვებ-გვერდია, სადაც შესაძლებლობა გაქვთ, შექმნათ სასურველი რაოდენობის საკითხების, თემების ნუსხა, რომელიც შეგიძლიათ, სხვადასხვა აქტივობის სახით მიაწოდოთ მოსწავლეებს. არის თამაშები, სადაც იწერება ქულები, რომელთა გაუმჯობესებაც მოსწავლეებს მუდმივად შეუძლიათ. აქვე დავურთავ Quizlet-ით სარგებლობის ინსტრუქციას.

Quizlet-ით სარგებლობის ინსტრუქცია

შედიხართ www.quizlet.com – ზე და მარჯვენა ზედა კუთხეში ირჩევთ “sign up”

გამოჩნდება ახალი ფანჯარა, სადაც შეგიძლიათ, რეგისტრაციის გავლის გარეშეც, აირჩიოთ სისტემაში შესვლა Google ელექტრონული ფოსტის სახელითა და პაროლით  ან Facebook-ის მონაცემებით.

 

თუ მოისურვებთ რეგისტრაციას, მაშინ უნდა შეავსოთ მონაცემებისთვის განკუთვნილი ველები:

 

ამ ეტაპის დასრულების შემდეგ შედიხართ სისტემაში და ქმნით კლასს:

 

კლასის შესაქმნელად დაგჭირდებათ შემდეგი მონაცემების შევსება:

შემდეგი ეტაპია მოსწავლეების დამატება:

 

 

შექმნილ კლასში ამატებთ სასურველ თემებს (საკითხებს):

 

გამოჩნდება ახალი ფანჯარა, სადაც უთითებთ სასურველ თემას

სასურველი რაოდენობის საკითხების დამატების შემდეგ,  ყველაფერს ინახავთ. ამის შემდეგ  თქვენ მიერ შევსებული მასალა მოსწავლეებს მიეწოდება მრავალფეროვანი აქტივობების საშუალებით, მაგ: ე. წ. „ფლეშქარდები“

Learn და Write საშულებით მოსწავლეს შეუძლია, რამოდენიმეჯერ გაიმეოროს საკითხი. პასუხის დროს საკითხი, რომელშიც ყველაზე მეტ  შეცდომას უშვებს მოსწავლე, ინიშნება მაგ:

ხოლო match და gravity არის თამაშები, რომლებშიც მოსწავლეებს  შესაბამისობის პრინციპით  კითხვასთან სწორი პასუხების დაკავშირება უწევთ და ასევე უწევთ მისი ჩაწერა სპეციალურად გამოყოფილ გრაფაში. ეს ყველაფერი დამოკიდებულია დროზეც. მთელი კლასის მონაცემები გროვდება, იწერება ქულები, რომელთა გაუმჯობესებაც მოსწავლეებს თამაშით  შეუძლიათ.

Gravity:

გარდა თამაშებისა, თქვენ ასევე შეგიძლიათ, შექმნათ ტესტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება სხვადასხვა ტიპის კითხვები (არჩევითპასუხიანი, ღია კითხვები, შესაბამისობის, მცდარია/სწორია და ა. შ.)  და ამ კითხვებზე მოსწავლეებს პასუხის გაცემა მოუწევთ.

შესაძლებელია ტესტების ამობეჭდვაც

თვალსაჩინოა, რომ ჩვენმა მასწავლებლებმა მალევე თავად დაიწყეს  მოსწავლეებისთვის ახალი და საინტერესო  დისტანციური რესურსების შექმნა და იმედია,  „რესურსების ბანკი“ სამომავლოდ უფრო მეტად გამდიდრდება.

სტატია მომზადებულია ახალი საგანმანათლებლო პროექტის “iსკოლა”-ს  ფარგლებში.

ბავშვების დაწერილი ამბები ხელოვნებაზე

0

ხელოვნების დისტანციურ გაკვეთილებზე მოსწავლეებთან ერთად მუზეუმების და გალერეების ვირტუალური დათვალიერება, შთაბეჭდილებების ერთად მოგროვება, ცოცხალი და ამაღელვებელი პროცესია. ონლაინ რეჟიმში სწავლების გარკვეულ ემოციურ და ტექნიკურ სირთულეებს, თავისებური ხიბლიც ახლავს. როგორც ბავშვები მეუბნებიან, ეკრანზე გაზიარებულ ნახატებსაც თითქოს სხვა თვალით უყურებენ, ვიდრე წიგნში მოცემულ რეპროდუქციებს. დეტალებსაც უკეთ კითხულობენ. მეცადინეობისას რამდენჯერ გვქონდა შემთხვევა, როცა ხელოვნების ნიმუშებში მათ ისეთი რამ შუმჩნევიათ, რაც ადრე გამორჩათ, ან კარგად არ დაამახსოვრდათ. ჰოკუსაის „დიდი ტალღა“ ბევრს ეცნო, ფუძის მთის და კანაგავას ვეებერთელა ტალღის ინტერპრეტაციებიც დაუხატავთ, მაგრამ ახლა შეამჩნიეს, რომ გაშმაგებულ ტალღებში მხატვარს თურმე ნავები და ადამიანებიც გამოუსახავს.

ვინ არის ვასიკო?

მეშვიდე კლასის მოსწავლეებთან ერთად საქართველოს ეროვნული მუზეუმის ვირტუალური გამოფენა „საქართველოს არქეოლოგია, ძვ.წ. VIII ათასწ. ახ.წ. IV საუკუნემდე“ დავათვალიერეთ.¹  ბავშვებს ვთხოვე, ექსპოზიციაზე ელინისტური ხანის ქანდაკება ამოეცნოთ. ჩვენი გაკვეთლის თემა სწორედ ამ ძეგლს ეხებოდა.

ჭაბუკის ტორსი მოსწავლეებმა მეორე ვირტუალურ დარბაზში შესვლისთანავე შეამჩნიეს, ქანდაკებას ყველა მხრიდან შემოუარეს, თქვეს, რომ ბრინჯაოშია ჩამოსხმული და როგორც უმეტეს, მათთვის ცნობილ ძველ ბერძნულ ქანდაკებას, მასაც აკლია თავი და კიდურების ნაწილები. გაკვეთილზე ჭაბუკის ტორსის დამუშავების ტექნიკასა და მის მხატვრულ ღირებულებაზე ვისაუბრეთ. ეს ელინისტური ქანდაკება, სავარაუდოდ, ვანშია დამზადებული, რადგან მასთან ერთად ბრინჯაოს სხვა ნატეხებიც არის აღმოჩენილი, რომლებიც ამგვარი ქანდაკებების შესაქმნელად გამოიყენებოდა. საინტერესოა ბრინჯაოს ჩამოსხმის ტექნიკა – თიხის ყალიბს ცვილით ფარავდნენ, შემდეგ კი,  როცა ბრინჯაოს ასხამდნენ, ცვილი დნებოდა. ამ მეთოდს „დაკარგული ცვილის მეთოდი” ეწოდება. ჭაბუკის ქანდაკების ბრინჯაოს კედლის სისქე თხელია, რაც დამზადების მაღალ ხარისხზე მეტყველებს.²

(სურ. 1)

ამ ბრინჯაოს ჭაბუკს რომ „ვასიკო“ ჰქვია, ბავშვებმა გაკვეთილზე გაიგეს. მაგრამ საიდან დაერქვა ეს სახელი, ან სად იპოვეს, ქართული კულტურისთვის რა მნიშვნელობის მატარებელია, ეს უკვე თავად უნდა გამოეკვლიათ და დაეწერათ. მაინტერესებდა, მათი აზრიც, რას იზამდნენ, თავად რომ მსგავსი ძეგლი ეპოვათ, როგორ მოიქცეოდნენ, რას დაარქმევდნენ? ვიფიქრე, ეს ბოლო პუნქტი გაახალისებდათ. საორიენტაციოდ იუთუბის ბმული, „ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია – ელინისტური შედევრები კოლხეთში“ ³ მივუთითე.

„ვასიკოს“ შესახებ ბავშვებმა ასეთი მასალები შეაგროვეს:

„ანტიკურ ხანაში ვანი ძველი კოლხეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი იყო, რომელმაც ძვ.წ. III-I სს-ში აყვავებას მიაღწია. გათხრების შედეგად აქ ჭაბუკის ტორსი აღმოაჩინეს, რომელსაც მოფერებით „ვასიკო“ შეარქვეს. ქანდაკება ბრინჯაოსია, სიმაღლე 105 სმ. თარიღდება ძვ. წ. II-I სს. ეს ძალიან საინტერესო აღმოჩენა იყო. ამ ტორსის ზუსტი წარმომავლობის დადგენა ძნელია, რადგან მას არ აქვს თავი, თუმცა მისი ათლეტური სხეული გვაფიქრებინებს, რომ ის შეიძლება იყოს აპოლონი. ჩემი აზრით, ეს ძალიან კარგი აღმოჩენა იყო. მე თუ ასეთივე რაღაცას აღმოვაჩენდი, გაოცებული ვიქნებოდი და შემდეგ მუზეუმს ჩავაბარებდი. ძეგლს კი ალბათ ჩემს სახელს დავარქმევდი“.

„მე რომ უძველესი ქანდაკება ან თუნდაც სამკაული მეპოვნა, რას ვიზამდი? ალბათ, არ მეცოდინებოდა, სიხარულისგან სად წავსულიყავი. ემოციებისგან რომ დავწყნარდებოდი, შემდეგ ჩემი აღმოჩენის შესახებ მუზეუმს ვაცნობებდი. შენს ეზოში ხელოვნების უძველეს ნიმუშს ყოველდღე ხომ არ პოულობ?! ბრინჯაოს ტორსი ახვლედიანების გორაზე – ვასილ ახვლედიანის ყოფილ კარ-მიდამოში იპოვეს და ვანის ექსპედიციის წევრებმაც მოფერებით „ვასიკო“ შეარქვეს. ქანდაკება ადგილობრივადაა ჩამოსხმული. სავარაუდოდ, ტორსი ელინისტური პერიოდის ნამუშევარია, რომელიც კლასიკური პერიოდის ბერძნულ ქანდაკებას ბაძავს. ეს ძეგლი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში ქანდაკების ხელოვნება უძველესი დროიდან იღებს სათავეს“.

„2015 წელს „ვასიკომ“ ფლორენციაში იმოგზაურა, როცა მონაწილეობა მიიღო დიდ არქეოლოგიურ გამოფენაში „ძალაუფლება და პათოსი – ელინისტური სამყაროს ბრინჯაოს ქანდაკებები”. 2016 წელს კი ამავე გამოფენამ ვაშინგტონის ეროვნულ გალერეასა და ჟან პოლ გეტის მუზეუმში გადაინაცვლა. ბრინჯაოს ტორსმა მსოფლიო შემოიარა და ისევ დაუბრუნდა ეროვნულ მუზეუმს“.

უფიცის მონახულება

მოსწავლეებმა ერთ-ერთი ვირტუალური ტური უფიცის გალერეაში მოაწყვეს. ვთხოვე, დათვალიერების შემდეგ რამდენიმე ნახატი, რაც მოეწონებოდათ,  შეერჩიათ და საკუთარი შთაბეჭდილებები დაეწერათ.

(სურ. 2)

ავთო, 13 წლის: „პირველივე დანახვაზე კარავაჯოს „მედუზა“ მომეწონა. ბოტიჩელის „ვენერას დაბადება“ რომ დავინახე, დავფიქრდი, რატომ მეცნობოდა. მერე გამახსენდა, რომ ამ ნახატის რეპროდუქცია სახლში გვაქვს. პიერო დე ლა ფრანჩესკას „ურბინოს ჰერცოგის და მისი ცოლის პორტრეტები“ რომ ვნახე, ჩვენი გაკვეთილი გამახსენდა, რადგან ეს ნახატი ადრე ხელოვნებაზე დავხატე.“

(სურ. 3)

ელენე, 13 წლის: „როსო ფიორენტინოს „ანგელოზი, რომელიც ბარბითზე უკრავს“ ძალიან მომეწონა. ამ პატარა ანგელოზს სევდიანი მზერა აქვს. მეორე ნახატია – ბრონზინოს “ტოლედოელი ელეანორას პორტრეტი შვილთან ერთად“. აქ დედა-შვილის ჩაცმულობამ, განსაკუთრებით ქალის კაბის ორნამენტმა და სახეების გამომეტყველებამ მიმიზიდა. ტანსაცმლის მიხედვით, ალბათ, სამეფო ან არისტოკრატული ოჯახიდან არიან.“

დასავლეთ სექტორი

ხელოვნების ნაწარმოებზე დაკვირვებისას, ბავშვებს ხშირად ვთხოვ, იფიქრონ, რა ემოციებს იწვევს მათში, რა აზრები, ასოციაციები უჩნდებათ ან რა შეიძლება წარმოიდგინონ. მერე, როცა ამ ჩანიშნულ აზრებს გაკვეთილზე კითხულობენ, ერთმანეთთსაც ახლებურად აღმოაჩენენ. ზოგი პერსონალურ, ზოგი კი გამოგონილ ამბებზე წერს.

მერვე-მეცხრეკლასელებს განსაკუთრებით თანამედროვე არტისტები აინტერესებთ. რამდენიმე დღის წინ ვირტუალურად მურთაზ შველიძის გამოფენები „თვალთვალი“ და „დასავლეთ სექტორი“ ერთად ვნახეთ. საშინაო დავალებად კი მათ მიერ არჩეული ერთი ნახატის მიხედვით საკუთარი ამბის დაწერა დავავალე.

 (სურ. 4)

 

ამბავი 1 : „მე მურთაზ შველიძის ნახატი მომეწონა, რომლის სახელიც აღარ მახსოვს, მაგრამ სტადიონის სკამებია. ალბათ ამ ნახატმა ჩემზე ასე იმიტომ იმოქმედა, რომ ფეხბურთის ფანი ვარ. ეს ცარიელი ფერადი სკამები პირველ, მეორე, მესამე კლასს მახსენებს, როდესაც ბავშვები სკოლაში სტადიონზე ჩავდიოდით და ფეხბურთს ვთამაშობდით. დღეს იქ სტადიონი აღარ არის, კორპუსი ააშენეს. რომ იცოდეთ, ლიონელ მესი ჩემი საყვარელი ფეხბურთელია.“

(სურ. 5)

ამბავი 2: „მე ამ ნახატმა ფერებით მომხიბლა. თან რაღაც კინო კადრს ჰგავს, მანქანის დეტალებიც ძალიან კარგად დაუხატავს მხატვარს. ასე მგონია, რომ ამ გოგოს ქეთა ჰქვია. ის ფეხბურთის თამაშზე ტაქსით მივიდა თავისი შეყვარებულის საგულშემატკივროდ და როგორც ყოველთვის, ტაქსის მძღოლი სიგარეტს ეწეოდა.“

(სურ. 6)          

ამბავი 3:  „ეს ნახატი რეალობასთანაა დაკავშირებული და ამიტომ მომეწონა. აქ ჩანს, რომ ეს ქალი საჭესთან გარეგნობაზე უფრო ფიქრობს, ვიდრე გზაზე. ჩემი აზრით, ბევრს აქვს ეს პრობლემა. ზოგი საჭესთან ტელეფონშიც იყურება და ეს არ არის უსაფრთხო. თან როგორი წვიმიანი ღამეა. მეორე ქალი კი ცდილობს საჭე დაიჭიროს და გადარჩნენ. ალბათ, აქ ამბავი გადარჩენაზეცაა და სასოწარკვეთაზეც.“

კაკო

მეექვსეკლასელებს თანამედროვე ქართველი ხელოვანის, კაკო თოფურიას ნახატების, ქანდაკებების, გობელენების დათვალიერება და შთაბეჭდილებების დაწერა ვთხოვე. საკუთარი ნამუშევრებისადმი სკეპტიკურად განწყობილი პატარა მხატვრები კაკოს ნახატებს რომ ნახავდნენ, ვიცოდი, მის ხელოვნებასთან საიხლოვეს იგრძნობდნენ. მინდოდა კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყვნენ იმაზე, რომ სწორედ მათი თვალით დანახული სამყაროა საინტერესო თანამედროვე ხელოვნებისთვის. მოიხიბლნენ კაკოს ჩიტებით, ლურჯი კატით, უჩვეულო ფორმის ძაღლით, რომელიც ნიანგს უფრო მიამსგავსეს. განსაკუთრებით პორტრეტები მოეწონათ, დიდი სახეები, თავისუფალი კონტურები. კაკოს წითელი ჩიტი მარიამის შთაგონებაც გახდა. ფიქრობს, რომ ძალიან საყვარელია და როცა თავად პატარა იყო, თურმე სულ ცხოველებს ხატავდა.

(სურ. 7)

წერილს 10 წლის გურამის კომენტარით დავასრულებ: „მე მომეწონა კაკო თოფურიას ნახატები, ძალიან სახალისო და თავისუფალია. მგონია, რომ როგორც ბავშვებს, ასევე ზრდასრულებსაც მოსწონთ. შეიძლება ბევრმა ადამიანმა თქვას, რომ მისი ნახატები არარეალისტურია, მაგრამ მე ვფიქრობ, სულაც არაა აუცილებელი მაინცდამაინც რეალისტური იყოს. ხელოვანი თავისუფალია და შეუძლია თავისი გემოვნების მიხედვით ხატოს.“

გამოყენებული რესურსები:

¹ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ვირტუალური გამოფენა „საქართველოს არქეოლოგია, ძვ.წ. VIII ათასწ. ახ.წ. IV საუკუნემდე“

https://my.matterport.com/show/?m=LkghfXPy3mo&fbclid=IwAR0sLApvjcymN95gUZBKSyhNCT65eEfM-yoCQ9R3gyS5isJaKxRWp-UsJVY

² არქეოლოგია, დამხმარე მასალა პედაგოგებისთვის, საქართველოს ეროვნული მუზეუმი

https://museum.ge/files/publications/damxmare%20masala%20pedagogebistvis/arqeologia.pdf

³ ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია – ელინისტური შედევრები კოლხეთში“ https://youtu.be/yv60QIpdjN0

უფიცის გალერეა

https://artsandculture.google.com/partner/uffizi-gallery

მურთაზ შველიძე, „დასავლეთ სექტორი“

https://youtu.be/QjMx_Vbt_GA

კაკო თოფურია

https://www.facebook.com/KAKO-47487123971/

რამდენიმე  მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია  ონლაინგაკვეთილებისათვის

0

ანიმაცია შესანიშნავი სასწავლო რესურსია, განსაკუთრებით, დაწყებითი კლასებისთვის. როდესაც მნიშვნელოვანი სათქმელი ფერადი, ლამაზი, საინტერესო ფორმითაა გადმოცემული, მოსწავლეთა ყურადღება ასმაგდება. ანიმაცია განსაკუთრებით გვეხმარება ღირებულებებთან დაკავშირებული თემების ახსნასა და გამარტივებაში.

ჩამოვთვლი მოკლემეტრაჟიან ანიმაციებს, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონთ ჩემს მოსწავლეებს. ამ ფერადი რესურსის  გამოყენება ძალიან მეხმარება მოსწავლეთა მოტივაციასა და ყურადღების კონცენტრაციაში.

  1. მთვარე, La Luna –

    ამ ანიმაციის მთავარი ხიბლი გამოსახულების სილამაზე და მოულოდნელობაა. ტექსტები, რომელთა სწავლებისას შეიძლება გამოიყენოთ ეს ფილმი, დაწყებითი კლასების ლიტერატურის სახელმძღვანელოში მრავლადაა. მაგალითად, ნაირა გელაშვილის „როგორ გაიპარნენ ვარსკვლავები“, სადაც ტექსტის კითხვის პარალელურად ფილმის ნახვა განსაკუთრებით ამდიდრებს მოსწავლეებს წარმოსახვას. ფილმი რომ ნამდვილ კლასში მეჩვენებინა, ოთახს მთლიანად დავაბნელებდი და ჩემი მოსწავლეების თვალებში აკიაფებული ვარსკვლავების ცქერით დავტკბებოდი, თუმცა, არც ონლაინგაკვეთილებისთვისაა ურიგო.

 

  1. დღე და ღამე –

პიქსარის ჯადოსნური ანიმაცია არამხოლოდ ლიტერატურული ტექსტის სწავლებისთვის, არამედ ბუნების ან გრამატიკის გაკვეთილებისთვისაც გამოგადგებათ. როგორ? სინონიმებისა და  ანტონიმების, უარყოფითი ნაწილაკების ან, სულაც, ზედსართავი სახელის ასახსნელად შესანიშნავი თვალსაჩინოებაა.

 

  1. ჩოკინა

არჩილ კუხიანიძის ეს შესანიშნავი ანიმაცია ქართულის გაკვეთილებზე ბევრჯერ გამოვიყენე, პატარა ამბის კომპოზიცია, თხრობა, პერსონაჟების დახასიათება და ქართული ენის დიალექტური მრავალფეროვნება, ალბათ სხვა თემებსაც დაუკავშირებთ, მითუმეტეს, რომ ტექსტი შესანიშნავ პოეტს, ტარიელ ჭანტურიას ეკუთვნის.

 

  1. Changing Batteries (ბატარეების გამოცვლა)

ეს საოცრად გულისამაჩუყებელი, კეთილი ანიმაცია სიყვარულზე, ერთგულებასა და ზრუნვაზეა, გარდა საკუთრივ ზოგადი თემებისა, როგორიცაა მოყვასის სიყვარული, ზრუნვა, ერთგულება, მონატრება, კონკრეტულ, ჟანრულ მახასიათებლებსაც თუ გამოყოფთ, ფანტასტიკის ჟანრის მშვენიერ ილუსტრაციად გამოგადგებათ ბავშვებისთვის.

  1. Mouse For Sale ( იყიდება თაგვი)

ეს პაწაწინა, საყვარელი ანიმაცია ადამიანისა და ცხოველის ურთიერთობის, შინაური ცხოველების  მოვლის, ზოგადად, ბუნებასა და გარემოზე ზრუნვის თემაზეა, „იზრუნო მასზე, ვინც მოიშინაურე“ – როდესაც „პატარა უფლისწულიდან“ ნაწყვეტებს წააკითხებთ მოსწავლეებს, ეს მშვენიერი ანიმაციაც არ დაივიწყოთ.

 

  1. Kitbull

როდესაც ლიტერატურული პერსონაჟების ხასიათების განსხვავებაზე ისაუბრებთ, პერსონაჟის რუკას შექმნით ან პერსონაჟის პორტრეტს, ეს ანიმაცია გამოგადგებათ, სადაც ორი მთავარი პერსონაჟი – ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული, საპირისპირო ხასიათისა და თვისებების არსება ერთმანეთს უმეგობრდება. აღწერა, დახასიათება, დიალოგი, წარმოსახვითი ამბები  და კიდევ ბევრი საინტერესო აქტივობა შეიძლება მოიფიქროთ. კეთილი და მხიარული ანიმაცია ბავშვებს ძალიან მოეწონებათ.

 

 

 

 

ქიმია, რომ სცოდნოდა…

0

როგორ ფიქრობთ, ქიმიკოსს ბევრი ფული აქვს?

ცოტა სხვანაირად ვიკითხავ. თუ ქიმიკოსი ოდნავ  არ ბიზნესმენობს, კარგი ჯამაგირი აქვს?

კიდევ ერთხელ ვცადოთ…

ქიმიკოსს, ქიმიის ცოდნის იმედად, სამეცნიერო-აკადემიური პატიოსანი საქმიანობით კარგი ანაზღაურება აქვს?

პასუხი ერთია:

  • არა!

დავაკონკრეტოთ,

  • ამ ქვეყანაში არა, სხვაგან – კი ბატონო.

ახლა, სხვა შეკითხვა მაქვს.

საქმოსან, ე.წ. ბიზნესმენ და ფულიან ადამიანებს ქიმიის ცოდნა ევალებათ?

 

  • ბატონო, ცოტა ხმადაბლა გაიცინეთ, თორემ თქვენს გულიან სიცილზე ჩემს ფისო „კატოს“ შეეშინდა და უკვე გასაქცევ ადგილს ზვერავს.

 

დღეს ერთი ბიზნესმენის ამბავი მინდა მოგითხროთ, რომელმაც კარგი ცხოვრების გემო  იცოდა. საქმის შემოსავლიანად  კეთება და დიდი შემოსავლის მოპოვება იცოდა. ლამაზი სახლის,  ნივთების და ცოლის ფასი იცოდა… აი, ქიმია კი არ სცოდნია თურმე და…

მოკლედ, საქმე ასე ყოფილა…

ამ კაცმა ცოლისთვის დაბადების დღის გადახდა გადაწყვიტა. ქალაქგარეთ არსებულ ვილაში მდიდრული მიღება მოაწყო. დელიკატესებისა და ძვირფასი სასმელის ფონზე სტუმრების გასაოცებლად აბანოს დარბაზში არსებულ აუზში დიდი რაოდენობით მშრალი ყინული ჩაყარა და თავადაც საბანაოდ გადაეშვა. სხვებმაც მიბაძეს და დღეს მათგან ოთხი  ცოცხალი აღარ არის. მათ შორის, მასპინძელი და მისი მეუღლე.

რატომ?

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 2018 წლის ორგანიზებულ სამეცნიერო პიკნიკზე წარმოდგენილ სპექტაკლში https://mastsavlebeli.ge/?p=19542 მშრალი ყინული ჩვენც ჩავაგდეთ წყალში და ცუდი  არაფერი  მომხდარა.

სტუდენტებთან ერთადაც გამიკეთებია იგივე და ცოცხლები ვართ…

მაშ, რა მოხდა წვეულებაზე?

ბიზნესმენმა, რომელმაც ფულის მოპოვება ისწავლა, ქიმია კი არა, 25კგ. მშრალი ყინული მოატანინა და დახურულ აბანოში არსებულ ცხელი წყლით სავსე აუზში ჩააყრევინა. შედეგად, რეაქცია წარიმართა, მშრალი ყინული, რომელიც მყარი ნახშირორჟანგია რეაქციაში შევიდა წყალთან, წარმოიქმნა ნახშირმჟავა. და რადგან, რეაქცია შექცევადია, ნახშირორჟანგის რაღაც ნაწილი უკან გამოთავისუფლდა და სტუმრებმა დახურულ სივრცეში  გონება დაკარგეს – ოთხი მათგანი გარდაიცვალა.

დაახლოებით ივივე ოხდა კამერუნის  ჩრდილოეთ-დასავლეთით, ტბა ნიოსთან. ყველაფერი 1986 წლის 21 აგვისტოს, საღამოს რვის ნახევარზე დაიწყო. ჯერ უცნაური ხმა გაისმა, თითქოს ვიღაც იღრინებაო. ტბის თავზე თეთრი ღრუბელი წარმოიქმნა. ცოტა ხანში  წყლის უზარმაზარმა ნაკადმა ამოხეთქა, კიდევ ცოტა ხანში კი ახლო-მახლო მოსახლეობის ნახევარზე მეტმა გრძნობა დაკარგა. მოგვიანებით ნაწილი კვლავ გონზე მოვიდა, თუმცა 1700 ადამიანი დაიღუპა.

ტრაგედიის შემდეგ, სამეცნიერო გამოძიება დაიწყო.

ტბიდან 240 000 ტონაზე მეტი ნახშირორჟანგი გამოთავისუფლდა. პირდაპირ ზედაპირზე ამოიფრქვა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ტბაში წყლის დონე მოულოდნელად ერთი მეტრით დაეცა. ნახშირორჟანგის სიმკვრივე ჰაერთან შედარებით 1.5-ით მეტია. ამ გაზით დაიფარა ტბის მიმდებარე ტერიტორია. შედეგად უამრავმა ადამიანმა ჟანგბადის უკმარისობის გამო გრძნობა დაკარგა, 1700 კი – გარდაიცვალა.

ნიოსის ტბა გამყოფ ხაზზე მდებარეობს და კრატერული წარმოშობისაა. მისი ზედაპირული სივრცე 1.48კმ2-ია, ვერტიკალურად შეკვეცილი კონუსით, სიღრმე 210მ-ია. წყალქვეშ ნახშირორჟანგი მუდმივად შემოედინება, შემოდინების სიჩქარე წუთში დაახლოებით 10მ3-ია. ტბაში დაახლოებით 1.5კმ3 გაზი შეიძლება იყოს გახსნილი.

გადარჩენილები იხსენებდნენ, რომ უბედური შემთხვევის წინ რამდენიმე დღე გადაუღებლად წვიმდა.

ტბამ „მკვლელი ტბის“ სახელი მიიღო, მაპროვოცირებლად წვიმას თვლიან…

კეთილი, იქ პროვოცირება წვიმამ გამოიწვია, მაგრამ იმ ამბავში, რითაც თხრობა დავიწყე ადამიანებმა თავად ჩაყარეს წყალში 25კგ. მშრალი ყინული. ასეთ შემთხვევაში, ქიმია თუ არ იცი, ქიმიკოსის კონსულტაცია მაინც უნდა მიიღო.

რატომ დაკარგეს გონება?

ყველაფერი მარტივია, ცილა ჰემოგლობინის ჰემთან დაკავშირებულმა რკინის იონმა ჟანგბადის ნაცვლად ნახშირორჟანგი დაიკავშირა.

ცილა ჰემოგლობინი ყველას გაგვიგია. ის კი არა, აფთიაქებში დღესაც კი (ბავშვობაში ხომ მით უმეტეს) სიამოვნებით ვყიდულობ მის ასამაღლებელ ჰემატოგენებს და გემრიელად გეახლებით ხოლმე.

ადამიანის სისხლის ცილამ მხატვარი ჯულიან ვოს-ანდრეა ისე აღაფრთოვანა, რომ ფოლადისა და მინისგან კომპოზიცია შექმნა და „ფოლადის გული“ უწოდა. სინამდვილეში კომპოზიცია ჰემოგლობინთან დაკავშირებულ ჟანგბადს ასახავდა და ის ამერიკაში არიზონის შტატის ქალაქ ოსვეგოს ამშვენებდა ერთ ხანად.

პირველ სურათზე კომპოზიცია ახალია, მეორე სურათზე დამონტაჟებიდან ათი დღეა გასული, მესამე სურათზე კი გივე კომპოზიციაა, ოღონდ სამი თვის შემდეგ.

 

ყურადღება, შეკითხვა მოსწავლეებს: რა დაემართა კომპოზიციას?

 

თქვენ მოიფიქრეთ, მე კი ჰემოგლობინს დავუბრუნდები.

 

ჰემოგლობინს (HB) შეიცავს ადამიანისა და ცხოველის სისხლი. ის ძირითადად ერითროციტების შემადგენლობაში შედის. სწორედ ამ ცილის მეშვეობით ასრულებს სისხლი თავის სუნთქვით  ფუნქციას, ანუ აწვდის ქსოვილებს ჟანგბადს და ათავისუფლებს  მათ ნახშირორჟანგისგან.  ჰემოგლობინის მოლეკულური მასა 64500 დალტონია. იგი შეიცავს ცილა გლობინს და მასთან დაკავშირებულ პროსტეთულ ჯგუფს – ჰემს. ჰემოგლობინის მოლეკულური მასის 96% გლობინზე მოდის, ხოლო 4% ჰემზე.

ჰემი ნაერთია, რომელშიც პროტოპორფირინი Fe2+ იონთან არის დაკავშირებული. რკინის იონს ექვსი კოორდინაციული ბმის წარმოქმნა შეუძლია. ჰემოგლობინში Fe2+ იონი ოთხი კოორდინაციული ბმით პორფირინის პიროლის ბირთვების აზოტის ატომებს უკავშირდება, მეხუთე კოორდინაციული ბმით – გლობინის მოლეკულის ამნიმჟავა ჰისტიდინის იმისაზოლის ბირთვს, ხოლო მეექვსე კოორდინაციული ბმით Fe2+ შეიძლება დაუკავშირდეს ჟანგბადს ან სხვა ლიგანდებს (CO2, CO, CNდა სხვა).

ჰემოგლობინის ერთ მოლეკულაში ოთხი ჰემია. ე.ი. ჰემოგლობინის ერთი მოლეკულა რკინის ოთხ იონს შეიცავს და შეუძლია ჟანგბადის ოთხი მოლეკულა დაიკავშიროს.

ჰემს შეუძლია დაიკავშიროს აირადი ნივთიერებები ან სხვა ფუნქციური ჯგუფები, რის შედეგადაც იცვლება ან არ იცვლება მასში შემავალი რკინის დაჟანგვის ხარისხი. ჰემს, რომელშიც რკინის დაჟანგვის ხარისხი +3-ია და ერთი კოორდინაციული ბმით დაკავშირებულია ქლორთან, ჰემინს უწოდებენ, ხოლო თუ ქლორის ნაცვლად ჰიდროქსილის ჯგუს დაუკავშირდება – ჰემატინს. დენატურირებულ გლობინთან დაკავშირებულ ჰემატინს პარაჰემატინი ეწოდება. ამ უკანასკნელის აღდგენის შედეგად მიიღება ჰემოქრომოგენი, რომელშიც ჰემი დაკავშირებულია დენატურირებულ გლობინთან. სასამართლო მედიცინაში სისხლის ლაქის იდენტიფიკაციისთვის ჰემოგლობინი გადაჰყავთ ჰემოქრომოგენში, ამ უკანასკნელს კი ადვილად აღმოაჩენენ სპექტროსკოპულად.

ჰემოგლობინის ჟანგბადთან დაკავშირების შედეგად მიიღება ოქსიჰემოგლობინი, რომელშიც რკინის დაჟანგვის ხარისხია +2 და ჟანგბადთან იგი მეექვსე კოორდინაციული ბმითაა დაკავშირებული. ოქსიჰემოგლობინი ადვილად დისოცირდება ჰემოგლობინად და ჟანგბადად. ეს პროცესი არ არის აღდგენითი, რადგან როგორც ჰემოგლობინში, ისე ოქსიჰემოგლობინში რკინის დაჟანგვის ხარისხი  +2-ია.

ჰემოგლობინს შეიძლება დაუკავშირდეს CO. ამ შემთხვევაში მიიღება კარბოქსიჰემოგლობინი.  აქაც რკინის დაჟანგვის ხარისხია +2. ჰემოგლობინი 200-ჯერ უკეთ უერთდება CO-ს, ვიდრე ჟანგბადს. იგივე ითქმის CO2-ზე, ამიტომ თუ ჰაერში ისინი მაღალი კონცენტრაციით დაგროვდებიან, მაშინ ორგანიზმში ადვილად წარმოიქმნება კარბოქსიჰემოგლობინი, რის შედეგადაც ირღვევა ქსოვილოვანი სუნთქვა და შეიძლება ორგანიზმი უჰაერობის გამო დაიღუპოს.

სწორედ ეს მოხდა ბიზნესმენის მიერ მოწყობილ დღესასწაულზე. 25კგ მშრალი ყინულის ცხელ წყალში ჩაგდების შემდეგ წარმართულმა ქიმიურმა რეაქციამ დიდი კონცენტრაციის ნახშირორჟანგის დაგროვება გამოიწვია და ყველა იქ მყოფის ჰემოგლობინს ჟანგბადის ნაცვლად სწორედ CO2 დაუკავშირდა, წარმოიქმნა კარბოქსიჰემოგლობინი და განვითარდა ჰიპოქსია.

აჰ, ქიმია, რომ სცოდნოდათ…

 

 

როდესაც ერთმანეთს მანძილი გვაშორებს. დისტანციური სწავლების ფსიქოლოგია

0

მასწავლებელს ამჟამინდელი სიახლეები ზოგჯერ სასოწარკვეთაშიც ამყოფებს, კვირის ბოლოს გამოფიტვას და დაღლილობას გრძნობს. მისი საქმიანობის ანალიზი ცხადყოფს, რომ მანძილზე სწავლების თავისებურებებისგან გამომდინარე, გაკვეთილზე დაგვიანებით „შემოსული“ თითოეული მოსწავლისათვის  ხელახლა ხსნის მიმდინარე აქტივობის შინაარსს და სასწავლო მასალას.

მოსწავლეებთან პირისპირ ურთიერთობისას, მთელი ჯგუფი ერთსა და იმავე სივრცეში იმყოფება. შეგიძლიათ, მოსწავლის ქცევაზე ყურადღების გამფანტავი გამღიზიანებლების გავლენა სწრაფად შეამციროთ, რადგან თქვენც და თქვენი მოსწავლეებიც ერთსა და იმავე გარემოში იმყოფებით, თქვენი უშუალო დასწრება კი ამარტივებს სწავლა – სწავლებისთვის შესატყვისი ქმედებების განხორციელებას. მაგალითად, თუ მოსწავლე გაკვეთილის მიმდინარეობისას, სარგებლობს სოციალური ქსელით, შეგიძლიათ, მას გაკვეთილის მანძილზე, მობილური ტელეფონი ჩამოართვათ. ამჟამად კი, მოსწავლეების უმრავლესობა ისეთ საშუალებებს იყენებს სწავლისათვის, რომლებიც, უშუალოდ უკავშირდება გამღიზიანებლების სიჭარბეს: სოციალურ ქსელში განთავსებული სიახლეები, მეგობრების ფოტოები, მასწავლებლისგან დამოუკიდებლად მიმდინარე საუბრები და ა. შ.

გარდა ამისა, სახლის გარემოს დაკავშირება სწავლასთან საკმაოდ რთულია. თუ კლასიკური განპირობების პრინციპებს დავეყრდნობით, სახლი ნაკლებად უკავშირდება კლასში განცდილ მდგომარეობებს, სწავლისთვის მზაობას, ერთმანეთში აღრეულია სხვადასხვა სოციალური როლი: როგორ მოვიქცე? შვილივით მოვიქცე, მოსწავლესავით, კლასელივით, თუ…? როლების − ირგვლივ მყოფების მოლოდინებთან შესატყვისი ქცევების − ასეთი აღრევა გაკვეთილის უჩვეულობას განაპირობებს, ხოლო სახლში შესრულებული აქტივობების გადაკვეთა ისეთ აქტივობებთან, რომლებიც, როგორც წესი, სკოლასთანაა გაიგივებული, მოსწავლეებში ხელისშემშლელ აჟიტირებას აძლიერებს.

ამიტომ,…

რეკომენდაცია #1 – თქვით მოკლედ და გაკვეთილის დაწყებამდე ჩაწერეთ ინსტრუქცია

სცადეთ ინსტრუქციის ვიდეორგოლის სახით ჩაწერა. ეცადეთ, კონკრეტული დავალების შესრულების ინსტრუქცია არ აღემატებოდეს 2 – 3 წუთს.

რატომ გთავაზობთ ამ რეკომენდაციას?

პირისპირ ურთიერთობის დროს, მოსწავლეების ყურადღება მეტ – ნაკლებად მიმართულია სასწავლო პროცესისკენ და თქვენც შეგიძლიათ, თითოეული მოსწავლის კითხვას გულდასმით უპასუხოთ. მანძილზე სწავლების ერთ – ერთი თავისებურება ისიცაა, რომ ეკრანთან ხანგრძლივი მიჯაჭვულობა, ერთდროულად მოლაპარაკე მოსწავლეები და ა. შ. უცნაურ, „გამღიზიანებლების სიჭარბის შემდგომ ნაბახუსევის“ მსგავს მდგომარეობას იწვევს. შესაბამისად, თითოეული მოსწავლისათვის ინსტრუქციების ხელახლა, თავიდან ბოლომდე ახსნა იმას გამოიწვევს, რომ, ერთი მხრივ, სწრაფად დაიკარგება მთავარი აქტივობებისთვის განკუთვნილი დრო, ხოლო, მეორე მხრივ, დაკარგავთ იმ მოსწავლეების ყურადღებას, რომლებმაც უკვე გაიგეს ინსტრუქცია.

ინსტრუქციების რამდენიმე წუთიანი ვიდეორგოლის სახით ჩაწერას, სულ მცირე, ორი დადებითი მხარე აქვს:

ა) შეგიძლიათ, ისინი გაკვეთილის დაწყებამდე გაუგზავნოთ თქვენს მოსწავლეებს და სთხოვოთ, წინასწარ გაეცნონ კონკრეტული დავალების შესრულების ინსტრუქციას და გაკვეთილის დაწყებამდე, თუნდაც, ერთი საათით ადრე გამოგიგზავნონ კითხვები მასთან დაკავშირებით.

ბ) მოსწავლეები, რომელთაც ექმნებათ ტექნიკური დაბრკოლებები, გვიან უერთდებიან გაკვეთილს ან, განსაზღვრული გარემოებებისგან გამომდინარე, არ შეუძლიათ კონკრეტულ გაკვეთილზე დასწრება, დამოუკიდებლად შეძლებენ, გაეცნონ დავალების შესრულების ინსტრუქციას.

იმ შემთხვევაში, თუ არ შეგიძლიათ ვიდეორგოლის ჩაწერა, მოაწესრიგეთ ინსტრუქციები წერილობითი სახით. სასურველია, ისინი დოკუმენტის სახით ატვირთოთ ისეთ ინტერნეტ სივრცეში, რომლითაც სარგებლობა მოსწავლეებს ნებისმიერ დროს, თქვენგან დამოუკიდებლად შეეძლებათ.

რეკომენდაცია #2 – ნუ დაივიწყებთ ქაღალდს

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მოსწავლეების მშობლებს სურთ, შვილებმა ნაკლები დრო დაყონ ეკრანთან, შეგიძლიათ, მათ სთხოვოთ, დავალება სამუშაო რვეულებში შეასრულონ, ხოლო თქვენ შესრულებული დავალების ფოტო გამოგიგზავნონ.

რეკომენდაცია #3 – დავალება ვიდეორგოლის სახით

შეგიძლიათ, თქვენს მოსწავლეებს დავალების მოწოდება ვიდეორგოლის სახით სთხოვოთ.

მაგალითად, თქვენ გაინტერესებთ, შეძლო თუ არა თქვენმა მოსწავლემ ამოცანის ამოხსნის დროს, შესატყვისი ნაბიჯების გათვალისწინება. იმისათვის, რომ ეს შეაფასოთ, სთხოვეთ, კონკრეტული ამოცანის ამოხსნის პროცესი ვიდეორგოლის სახით მოგაწოდონ.

ამისათვის, მათთვის მარტივი ინსტრუქციის მიწოდება დაგჭირდებათ.

სთხოვეთ მოსწავლეს, გაახმოვანოს ყველა ნაბიჯი, რომელსაც ამოცანის ამოხსნისთვის იყენებს და მოგაწოდოთ თითოეული ნაბიჯის ამსახველი ვიდეოჩანაწერი.

სასურველია, ამ აქტივობაში მოსწავლის მშობლებიც მონაწილეობდნენ.

თუ მშობელს არ შეუძლია, შვილს დაეხმაროს, შეგიძლიათ, ისევ და ისევ, ქაღალდზე შესრულებული დავალების გამოგზავნა და დავალების შესრულების დროს, აუდიოჩანაწერის გაკეთება სთხოვოთ.

რეკომენდაცია #4 – მკაფიო გეგმა

განჭვრეტადი გარემო ახლა იმაზე მეტად გვჭირდება, ვიდრე ოდესმე. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია მკაფიოდ სტრუქტურირებული გაკვეთილი და წესები, რომელსაც თითოეული გაკვეთილის მიმდინარეობის დროს მოსწავლეების ქცევები დაემორჩილება.

სასურველია, თითოეული გაკვეთილი მკაფიოდ განსაზღვრული გეგმით დაიწყოთ, რომელსაც თქვენს მოსწავლეებს წარუდგენთ და ეცდებით, გაკვეთილი გეგმით განსაზღვრულ ნაბიჯებს დაუქვემდებაროთ.

ამ შემთხვევაში, გეგმა უნდა შედგებოდეს მკაფიოდ განსაზღვრული ერთი მიზნისაგან, მიზნის შესატყვისი და შემაჯამებელი აქტივობებისაგან.

სასურველია, გეგმის თითოეული პუნქტის გასწვრივ მიანიშნოთ, რამდენ წუთს დაუთმობთ თითოეულ აქტივობას და ეს გეგმა შეათანხმოთ თქვენს მოსწავლეებთან.

რეკომენდაცია #5 – მკაფიო წესები და წესების დარღვევის შედეგები

როდესაც ერთმანეთისაგან მანძილი გვაშორებს, რთულია ისეთი წესებისა და წესების დარღვევის შედეგების განსაზღვრა, რომლებიც ურთიერთობაში დამხმარე ტექნოლოგიების თავისებურებებსაც შეესაბამება. თუმცა, ნებისმიერი წესი:

ა) უნდა შეიცავდეს მკაფიოდ განსაზღვრულ, სასურველ ქცევას, ზუსტად უნდა საზღვრავდეს, რას ელიან მოსწავლისგან.

ბ) შედეგებს, რომლებიც წესების დარღვევას მოჰყვება.

მაგალითად, განვიხილოთ შემდეგი წესი:

ა) ვუსმინოთ ერთმანეთს. სანამ ერთი ადამიანი არ დაასრულებს საუბარს, ჩუმად ვიყოთ.

ეს წესი არ იმოქმედებს იმ შედეგის გარშე, რომელიც მის დარღვევას მოჰყვება. ადამიანები შედეგით ვსწავლობთ.

რას გააკეთებდით, თუ ამ წესს დაარღვევდა მოსწავლე?

შენიშვნის მიცემა ან წესის დარღვევაზე მითითება, ტექნიკური საშუალებების თავისებურებებისგან გამომდინარე, შესაძლოა, არაპრაქტიკული იყოს. ამიტომ, იქნებ…

ბ) უკეთესი იყოს, მოსწავლეებს შევუთანხმდეთ, რომ გამოვიყენებთ მიკროფონის გამორთვის[1] ფუნქციას, თუ ამ წესს მოსწავლე დაარღვევს?

ან, მაგალითად, რას მოიმოქმედებთ, თუ მოსწავლე გაკვეთილზე 15 წუთზე მეტს დააგვიანებს?

იქნებ, შეიცვალოს მისალმების წესი? მაგალითად, იმისათვის, რომ გაკვეთილის მსვლელობას არ შევუშალოთ ხელი, გამოვიყენოთ ხელის დაქნევის[2] ემოტიკონი ან მიმოწერა ყველასთან და ყველა მოსწავლეს მისალმებაზე მიმოწერით გამოხმაურება ვთხოვოთ.

სასურველია, ყოველი გაკვეთილის დაწყებამდე ერთი წუთის მანძილზე მაინც შეახსენოთ მოსწავლეებს წესები, რომლებიც თქვენსა და მათ შორის ურთიერთობას აწესრიგებს.

რეკომენდაცია #6 – წერითი ტესტი[3] ჯგუფური დისკუსიის ნაცვლად

მოსწავლეებთან ურთიერთობაში დამხმარე საშუალებების თავისებურებების გათვალისწინებით, სასურველია, თავი შეიკავოთ ჯგუფური დისკუსიის გამოყენებისაგან. როგორც წესი, მოსწავლეების უმრავლესობა იმპულსის კონტროლის უნარს ივითარებს და ხვეწს. მათ უჭირთ, დისკუსიაში მონაწილე თანაკლასელს მისცენ საუბრის დასრულების საშუალება. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, უკეთესია, დროდადრო, გამოიყენოთ მოკლე, რამდენიმე კითხვისაგან შემდგარი წერითი ტესტი, რომელიც გამოკითხვის შედეგებს ავტომატურად დაიანგარიშებს და საშუალებას მოგცემთ, სწრაფად გამოავლინოთ, რა არ იციან მოსწავლეებმა საკითხის სრულად გათავისებისთვის.

რეკომენდაცია #7 – პროექტებზე დამყარებული სწავლება

იქიდან გამომდინარე, რომ პირისპირ წარმართული გაკვეთილისგან განსხვავებით, ონლაინ გაკვეთილი რამდენადმე მცირე დროის მანძილზე გრძელდება, შეგიძლიათ, პროექტზე დამყარებულ სწავლებას მიმართოთ.

შეგიძლიათ მოსწავლეებს ახალ თემასთან დაკავშირებით პროექტის მომზადება და მისი წარდგენა შესთავაზოთ.

სცადეთ, რამდენიმე მოსწავლეს გაუნაწილოთ ის საკითხები, რომელთა განხილვასაც მომავალ გაკვეთილზე გეგმავთ. გაკვეთილზე კი, მიეცით მოსწავლეებს უფლება,  წარმდგენის როლში აღმოჩნდნენ. ეცადეთ, ერთი საკითხის მომზადება ერთ მოსწავლეს დაავალოთ, რადგან, შესაძლოა, ამჟამად, მეწყვილესთან ურთიერთობა გაუჭირდეთ.

ვფიქრობ, ასე შეძლებთ, ონლაინ გაკვეთილის სპეციფიკას შეუსაბამოთ აქტივობები და დანარჩენები გაკვეთილის მოსასმენად განაწყოთ. თქვენ კი, ამ შემთხვევაში, წესების დაცვის ზედამხედველობაზე იზრუნოთ. გაკვეთილის ბოლოს კი, მოსწავლეებს წერილობით ტესტში მონაწილეობა სთხოვოთ.

 

* * *

ამჟამად, მასწავლებლები და მოსწავლეები ერთად ცდილობენ განუსაზღვრელობის გავლენის შემცირებას, თითოეული მოსწავლე და მასწავლებელი დაბრკოლებებისა და სიახლეების წინაშე იმყოფება. ზოგჯერ გვჯერა, რომ გამოწვევების წინაშე მარტო ვართ, თუმცა, შემოთავაზებული რეკომენდაციები მრავალი მასწავლებლის მსგავსი გამოცდილების გამთლიანების შედეგია.

და, როდესაც ერთმანეთს მანძილი გვაშორებს, იქნებ, თქვენც შეძლოთ ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით ამჟამინდელ განუსაზღვრელობას საკუთარ თავში მეტად დარწმუნებული შეხვდეთ.

გამოყენებული წყაროები

 

EdSurge. (2020). Navigating Uncertain Times: How Schools Can Cope With Coronavirus. Retrieved from EdSurge: https://www.edsurge.com/research/guides/navigating-uncertain-times-how-schools-can-cope-with-coronavirus

Farah, K. (2020, March 20). 4 Tips for Teachers Shifting to Teaching Online. Retrieved from Edutopia: https://www.edutopia.org/article/4-tips-supporting-learning-home

Gardoqui, K. E. (2020, March 16). Remember, Online Learning Isn’t the Only Way to Learn Remotely. Retrieved from Education Week: https://www.edweek.org/ew/articles/2020/03/16/remember-online-learning-isnt-the-only-way.html

Hrastinski, S. (2009). A theory of online learning as online participation. Computers & Education, 78 – 82.

Lee, K. (2020, March 16). Coronavirus: 14 simple tips for better online teaching. Retrieved from THE CONVERSATION: https://theconversation.com/coronavirus-14-simple-tips-for-better-online-teaching-133573

Schwartz, L. (2020, March 13). What Teachers in China Have Learned in the Past Month. Retrieved from Edutopia: https://www.edutopia.org/article/what-teachers-china-have-learned-past-month

SHIFT – DISRUPTIVE ELEARNING. (2020, January 30). Five Rules of Engagement All eLearning Designers Should Live By. Retrieved from SHIFT – DISRUPTIVE ELEARNING: https://www.shiftelearning.com/blog/rules-of-engagement-elearning

Snelling, J., & Fingal, D. (2020, March 16). 10 strategies for online learning during a coronavirus outbreak . Retrieved from International Society for Technology in Education (ISTE): https://www.iste.org/explore/learning-during-covid-19/10-strategies-online-learning-during-coronavirus-outbreak

UNESCO. (2020). Adverse consequences of school closures. Retrieved May 2, 2020, from UNESCO: https://en.unesco.org/covid19/educationresponse/consequences

USC Rossier School of Education. (2020, April). Supporting online learning in a time of pandemic. Supporting online learning in a time of pandemic. Los Angeles, California, USA: USC Rossier School of Education.

Young, J. R. (2020, March 11). Coronavirus Has Led to a Rush of Online Teaching. Here’s Some Advice for Newly Remote Instructors. Retrieved from EdSurge: https://www.edsurge.com/news/2020-03-11-coronavirus-has-led-to-a-rush-of-online-teaching-here-s-some-advice-for-newly-remote-instructors

სტატია მომზადებულია ახალი საგანმანათლებლო პროექტის “iსკოლა”-ს  ფარგლებში.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...