კვირა, მაისი 18, 2025
18 მაისი, კვირა, 2025

პირსახოცის თეთრი ხალათი

0

დედაჩემი მასწავლებელია. ბავშვობაში ამას მის პროფესიად კი არა, ბუნებრივ, თანდაყოლილ მოცემულობად აღვიქვამდი, რადგან არამასწავლებელი დედაჩემი სრულიად წარმოუდგენელი ამბავია. აჰა – თავჩახრილი, მხრებში მოხრილი ზის მაგიდასთან და რვეულებს ასწორებს. წითელი კალმით, რა თქმა უნდა. ესაა დედაჩემი. ესაა ჩემი ბავშვობის მოგონებებში მისი სურათ-ხატი. მისი ყველა მოძრაობის ზედმიწევნით გამმეორებელი კიდევ – დედაჩემის ჩრდილია. ჩრდილი აუცილებელია, იმიტომ, რომ ჩემი ბავშვობა 90-იანებს დაემთხვა და ნავთის ლამპა თავისთავად იგულისხმება. სადაც ლამპა – იქაც ჩრდილი. სადაც მხრებში მოხრილი დედაჩემი, იქაც – ალაგ-ალაგ დაძენძილი შავი შალი – მოხრილ მხრებზე.

იმ საღამოსაც მოსწავლეების რვეულებს ასწორებდა. ლამპის სინათლე, რეალურად, მხოლოდ რვეულების და დედაჩემის პროფილის განათებას უწვდენდა თავის სიგრძე-სიგანეს, დანარჩენი უბრალოდ ანასხლეტი იყო დედაჩემის გამხდარი, კანთხელი ხელებიდან, „თხელი რვეულის“ ფურცლებიდან, ფურცელზე უცებ წითლად ჩატეხილი „პწიჩკიდან“.

ვიჯექი ტახტის კიდეზე, ხელით ნაქსოვი რამდენიმე ჯემპრის გორგალიდან თავამოყოფილი და დედაჩემის კედელზე აკრული ჩრდილის მოძრაობებს ვაკვირდებოდი. ეს საქმე თავიდან დროის გასაყვანად გამოვიგონე და ბოლოს ისე გავიწაფე, სახეზე რომც არ შემეხედა, მხოლოდ ამ ჩრდილის მოძრაობაზე დაკვირვებით (ხან არ ინძრეოდა, ხან წინ-უკან ირწეოდა…) შემეძლო გამომეცნო, როგორ განწყობაზე იყო დედა.

იმღამინდელი ჩრდილი – მოწყენილი ჩრდილი იყო. მოწყენილი იყო, წყალი არ გაუვა, მაგის გამოცნობას რა უნდა?!

უცებ, შუქი მოვიდა. შუქის მოსვლა, გასაგები მიზეზის გარდა, კიდევ იმიტომ მიყვარდა, რომ ამ ჩვენს ერთფეროვან უძრაობას უცებ გამოსდებდა ხოლმე თავის ბრჭყვიალა კაუჭს და ჩამაბამდა მეც და გარშემო ყველაფერსაც – მოქმედებების ჯადოსნურ ჯაჭვში. აი, ახლაც:

ნათურა აინთო თუ არა, დედამ ლამპა ჩააქრო.

დედამ ლამპა ჩააქრო თუ არა, მე ტელევიზორი ჩავრთე.

ტელევიზორი ჩავრთე თუ არა (ფილმი გადიოდა), ფილმში ქალმა ჩამრთველს თითი ამოჰკრა, შუქი აანთო.

ქალი დაახლოებით დედაჩემის ასაკის იყო, მაგრამ გაცილებით ლაღი, გაპრანჭული, ბედნიერი, თავდაჯერებული. თითქოს ეს არ იყო საკმარისი – ფილმის ქალს აბრეშუმის ლამაზი პენუარიც ეცვა. საწოლიდან ადგა ეგრე პენუარით. მარტო ადგა, უჩრდილოდ. პირსახოცის თეთრი, თხელი ხალათი გრაციოზული მოძრაობით შემოიცვა და სამზარეულოში გავიდა.

თვალი დედაჩემისკენ გავაპარე, უფრო კი – იმის მხრებზე მოხვეული სქლად ნაქსოვი შალისკენ. თითქოს, უნდა მოეხსნა და ტახტზე მიეგდო, ან რა ვიცი, რაღაც ექნა, იმ ქალის უხილავად გადმოცემული ესტაფეტა უნდა გადმოებარებინა, მაგრამ არა, დედა ისევ უძრავად იჯდა. ზოგჯერ ეგრეც ხდებოდა, შუქის „ჯადოსნური ჯაჭვი“ მოკლე გამოდგებოდა ხოლმე.

უცებ, დედაჩემის თვალებს იქითაც ამოჰკრეს ჩამრთველს თითი – თვალები გაუნათდა. გაუნათდა და თითქოს რაღაც ძალიან ინტიმურზე წავასწარი, თვალი მოვარიდე. თვალი მოვარიდე, მის ჩრდილს გავხედე. ჩრდილმა კიდევ უცნაური რაღაც თქვა:

– რა ბედნიერებაა ასეთი ქათქათა თეთრი ხალათი რომ გექნება ადამიანს, ადგები საწოლიდან – შემოიცვამ…

ხმამაღლა იოცნება დედამ და რა ვიცი, მთელი იმ 90-იანების ცხოვრება ხომ სატირალი ამბავი იყო, მაგრამ მაინცდამაინც ამ ფრაზაზე მომინდა ტირილი. ისეთი დრო იყო, უშუქო, უგათბობო, დედაჩემის მხრებზე მოსხმული შალივით ჩაბნელებული და უცებ ამ თეთრ, თხელ ხალათზე ოცნება რაღაცნაირად ამოვარდნილი იყო ყველაფრიდან.

ამომაკრა მეხსიერებამ ის ერთი კადრი ეგრე, დღემდე გაუხუნებლად:

დედა ეკრანს უყურებს და თვალები უბრწყინავს. ეს მბრწყინავი წერტილები ამბობენ: „ასეთ ხალათზე ვოცნებობთ, აი ზუსტად ასეთზე!“ და მე ამ ყველაფერს ჩრდილზე ვხედავ.

მახსოვს, თვალები მაგრად დავხუჭე და ჩემს თავს, დედას, ღმერთს, ლამპას, ყველას და ყველაფერს შევფიცე, რომ გავიზრდებოდი თუ არა, დედაჩემს ოცნებას ავუსრულებდი. ავუსრულებდი და პირსახოცის ქათქათა ხალათშემოცმული დედაჩემი იქნებოდა სულ ასეთი გაღიმებული და ბედნიერი. იმ ქალზე ლაღი, იმ ქალზე ლამაზი. აეგრე!

თავიდან, ჩრდილს, ჩემს წარმოდგენაში „კაპიშონს“ ვამატებდი, ვითომ დედას ხალათი ეცვა. მჯეროდა, რომ ასე ასტრალში მომავლის დაპროგრამებას ცოტათი მაინც წავეხმარებოდი. მერე და მერე ჩემს მიზანს და დადებულ პირობას სიმტკიცე დაეკარგა. ბოლოს სულაც სადღაც, გონების თუ გულის მიყრუებულ კუნჭულში ეგდო მომჩვარული, მანამ, სანამ –

ერთხელ დედამ დეიდაჩემს უთხრა, შენმა ნაჩუქარმა კრემისფრმა „პლაშმა“ დიდი საქმე გააკეთაო. მოსწავლემ, რომელიც თითქმის არასდროს იწევდა ხელს გაკვეთილის მოსაყოლად, დღეს ხელი აიწიაო.

თურმე – ამის სათქმელად:

  • მასწავლებელო, მშვიდობაში… ხალათი.
  • ჰა-ჰაა, მე კიდევ თავი მომქონდა, ამ გაჭირვების ჟამს ჩემი და „მაგარ პლაშში“ გამოვპრანჭე-მეთქი, – იცინის დეიდაჩემი.

დედაჩემსაც გაეცინა. ერთად იცინიან დედაც, დეიდაც. გულიანად იცინიან და ეს ისეთი იშვიათობაა იმ დროს, ისეთი… მე კიდევ, როგორც ხდება, სრულიად შუფერებელ დროს მინდა, მოვაღო პირი და მთელი ხმით ვიტირო.

– რა გინდა, თეთრი ხალათი ხომ გინდოდა და აჰა, გაქვს! – ამბობს დეიდაჩემი და სირცხვილისგან აღარ ვიცი, სად დავიმალო. მრცხვენია, რომ დედისთვის ოცნების ასრულებაზე ფიქრი მივივიწყე.

***
ბევრი წლის შემდეგ, ჟურნალისტად რომ დავიწყე მუშაობა, პირველი ჰონორარით ვერაფერი (5 ლარი იყო), მაგრამ მერე ხალათის სამყოფი ფული მაინც შევაგროვე და ერთ დღეს დედაჩემს ვთხოვე, ბაზრობაზე გამომყევი-მეთქი. არ მითქვამს – რისთვის.

– მიდი, აბა, გაისინჯე, როგორ გაქვს, – ვეუბნები.

ჭრაჭუნა პარკში ჩაკეცილ პირსახოცის თეთრ, თვალისმომჭრელად თეთრ ხალათს ვუწვდი.

დედამ ცელოფანს ხელი გადაუსვა, შეყოყმანდა, თითქოს ვერ გადაეწყვიტა, გაეხსნა თუ არა. ვეცი, გავუხსენი, მივაწოდე. ფრთხილად ამოიღო. აუჩქარებლად შემოიცვა, სარკეში ჩაიხედა, უხერხულად შეისწორა „კაპიშონი“, შეათვალიერა, მიტრიალდ-მოტრიალდა.

საკუთარ თვალში ერთიორად გავმაღლდი, გავიბღინძე. დედას ოცნების თეთრი ხალათი ეცვა! უკვე თითქმის მისი, საკუთარი. ერთი სული მქონდა, რამე ეთქვა, ფრაზა თუ არა, ნებისმიერი ბანალური, სიხარულის გამომხატველი შორისდებული მაინც: „აუჰ!“ „იფ!“ ან ჯანდაბას, თუნდაც ის ყველასგან მივიწყებული და გაუცხოებული „ვიშ!“, მაგრამ დედა არაფერს ამბობდა, საერთოდ არაფერს.

  • რა ვიცი… – თქვა ბოლოს მორიდებულად, – თეთრი არაპრაქტიკულია, მაინც… – და გაიხადა.

გაიხადა, დაკეცა, ჭრაჭუნა პარკში დააბრუნა. თან – მშვიდად, ძალიან მშვიდად. გულგრილადაც კი.

დავიბენი. თვალებს ვერ დავუჯერე, მაგრამ რელობა ეს იყო:

სანამ მე მისი ოცნების ახდენა შევძელი, დედა პირსახოცის თეთრ ხალათზე უკვე აღარ ოცნებობდა.

დრომ, როცა დედაჩემის ოცნების კვირტი ხელუწვდენელ კენწეროში სასურველ, გემრიელ ნაყოფად გამონასკვა – ჩაირა. მანამდე კი ის ოცნების ნაყოფი გაიზარდა და დამწიფდა ეგრე ხელშეუვლებლად, დაუგემოვნებლად. ჩამოჭკნობაც მოასწრო და ახლა, როცა ტოტს როგორც იქნა მოსწყდა და მის ფეხებთან ჩამოვარდა, აღარ იყო გულმისასვლელი, დახრად და აღებად აღარ ღირდა.

ოცნებები უნდა ახდეს იქ და მაშინ, როცა ისინი ჩნდებიან. დაგვიანებული ახდენა არ არსებობს. სამწუხაროდ.

ალბათ ახლაც აქვს რამე სხვა ოცნება, მაგრამ ამ ახალზე მე არაფერი ვიცი. ამაზე არ მიფიქრია. არ მიფიქრია, იმიტომ, რომ ფილმებს ერთად აღარ ვუყურებთ, აღარც იმას ვაკვირდები გაფაციცებით: რა თქვა? რატომ თქვა? როგორ განწყობაზეა, უხარია რამე? სწყინს? სტკივა? აღარ ვაკვირდები და თავს ვიმართლებ, რომ აბა, ლამპის შუქზე კედელს აკრული ჩრდილები აღარ არსებობენ და აბა, როგორ?

იმ გამქრალ ჩრდილზე ყოფილა გამობმული ჩემი ბავშვობის ურყევი რწმენაც, რომ

  1. მასწავლებლობა დედაჩემის ბუნებრივი, მარადიული მდგომარეობაა;
  2. დედაჩემის ერთადერთი ოცნება პირსახოცის თეთრი ხალათია.

გაქრა ჩრდილი და აჰა:

დედაჩემს წელს რვეულები აღარ გაუსწორებია. არც წითლით, არც ლურჯით, არანაირით. დედაჩემი სკოლიდან წამოვიდა. წარმოუდგენელი ამბავია, მაგრამ წამოვიდა ჩემი შვილების ოცნებების ასახდენად (ახალი პროექტით, სახელმწიფომ პენსიონრებს, ვინც სკოლა დატოვა, გარკვეული თანხა დაურიცხა).

და აი, ისევ ზის დედაჩემი კედელთან მიდგმულ მაგიდასთან. ადრინდელზე უფრო მოხრილი, მაგრამ უშალოდ, უჩრდილოდ. ახლაც წერს, მაგრამ აღარც წამში წითლად ჩატეხილი „პწიჩკა“, არც „შცდომების გასწორება“. საერთოდაც უკალმოდ, შავი ფანქრით წერს –

საყიდლების გრძელ სიას.

და ამ სიაში

არსად,

არსად,

არსად წერია: „პირსახოცის თეთრი ხალათი“.

 

 

მშობლისა და პედაგოგის ურთიერთთანამშრომლობა დისტანციური სწავლების პროცესში

0

ვფიქრობ, ყველა, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია შეხება სასკოლო ასაკის ბავშვის პრობლემებთან, დამეთანხმება, რომ სკოლის მოსწავლის პრობლემა, განურჩევლად იმისა, სასწავლო იქნება ის თუ ქცევითი, მხოლოდ პედაგოგისა და მშობლის ურთიერთთანამშრომლობით შეიძლება გადაიჭრას. ასე იყო ყოველთვის, ასეა დღესაც და, სავარაუდოდ, ასევე იქნება მომავალშიც. თანამშრომლობის აუცილებლობა განსაკუთრებით ცხადი გახდა დისტანციური სწავლების პირობებში. ალბათ, ეს ბუნებრივიცაა, რადგან სწავლების ამ ფორმის გამოყენების დროს პედაგოგი გაცილებით ნაკლებ ინფორმაციას ფლობს ბავშვის, მისი ემოციური მდგომარეობის, სასწავლო პროცესში მისი ჩართულობის, ქცევის შესახებ, ვიდრე მშობელი. უფრო მეტიც – ონლაინ სწავლების პირობებში პედაგოგისა და მშობლის როგორც ინფორმაციის გადამცემისა და მიმღების როლებიც კი შეიცვალა. თუ ადრე, რეალურ სასკოლო გარემოში სწავლა-სწავლების დროს მშობლები აკითხავდნენ პედაგოგებს და ცდილობდნენ მათგან მიეღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ იქცევა მათი შვილი, როგორ ერთვება საგაკვეთილო პროცესში, როგორია მისი სასწავლო მოტივაცია, ახლა, დისტანციური სწავლების პირობებში, პირიქით, პედაგოგს უწევს მშობლისგან ინფორმაციის მიღება ბავშვის ემოციური მდგომარეობის, მისი ქცევის, სასწავლო პროცესში ჩართულობისა და სასწავლო მოტივაციის შესახებ. ეს ბუნებრივია, ვინაიდან ონლაინ სწავლების დროს, სწავლების აღნიშნული ფორმის თავისებურებებიდან გამომდინარე, მშობელს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს დააკვირდეს ბავშვს, მის ქცევას როგორც საგაკვეთილო, ისე არასაგაკვეთილო პროცესში; გაიგოს მისი ემოციური მდგომარეობა, რა აწუხებს, რა უხარია, რა სჭირდება, რა სირთულეებს ეჯახება ასეთი ფორმით სწავლების დროს. ბავშვის შესახებ ასეთი ინფორმაცია პედაგოგისთვის საკმაოდ ფასეულია და დიდ დახმარებას უწევს ბავშვთან საგაკვეთილო მუშაობის პროცესში. 15, 20 თუ 30-წუთიანი ონლაინ ჩართვების დროს პედაგოგისთვის ზემოაღნიშნული ინფორმაციის მოპოვება არ არის ადვილი და, რომც მოიპოვოს, ის ვერ იქნება სარწმუნო, მაშინ როდესაც მშობლისთვის, რომლის თვალწინაც ტრიალებს ბავშვი მთელი დღის განმავლობაში, ეს პრობლემას არ წარმოადგენს.

მაინც რა სირთულეებს შეიძლება შეეჯახოს პედაგოგი ონლაინსწავლების დროს, რა სახის ინფორმაციის დეფიციტს შეიძლება განიცდიდეს ის ბავშვთან ურთიერთობისას და როგორ შეიძლება დაეხმაროს მას მშობელი აღნიშნული ინფორმაციის მოპოვებასა და მის შვილთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევაში?

ბავშვი სისტემატურად აცდენს ონლაინგაკვეთილებს. გაკვეთილებზე არდასწრება შესაძლოა სრულიადაც არ ნიშნავდეს იმას, რომ ბავშვს არ აინტერესებს სწავლა, არ უნდა გაკვეთილზე ყოფნა, მასში მონაწილეობა. რასაკვირველია, ერთ-ერთი მიზეზი ესეც შეიძლება იყოს, მაგრამ ხშირად მიზეზი ისეთია, რომ ბავშვი მას დამოუკიდებლად ვერ გაართმევს თავს. მაგალითად, შესაძლოა, ბავშვს საერთოდ არ ჰქონდეს საჭირო ტექნიკური მოწყობილობები, ან ჰქონდეს კომპიუტერი ტექნიკური პრობლემებით, რომლებიც ხელს უშლის, საგაკვეთილო პროცესში სრულფასოვნად ჩაერთოს. შესაძლოა, ბავშვს ხელს უშლიდეს უქმნიდეს ის გარემოება, რომ ოჯახში რამდენიმე მოსწავლეა, კომპიუტერი კი ერთი აქვთ, გაკვეთილები ერთდროულად მიმდინარეობს და ყველა ბავშვი ვერ ახერხებს საგაკვეთილო პროცესში ჩართვას. დისტანციური სწავლების დროს ბავშვის გაკვეთილზე დაუსწრებლობას კიდევ უამრავი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს და ამის შესახებ ინფორმაცია პედაგოგმა სწორედ მშობლისგან უნდა მიიღოს.

* ბავშვი გაკვეთილს ესწრება, მაგრამ მიკროფონი მუდმივად გათიშული აქვს. ხშირად მაშინაც არ რთავს, როცა მასწავლებელი კითხვას უსვამს, თავის გასამართლებლად მესიჯებს უგზავნის მასწავლებელს და ატყობინებს, რომ მის კომპიუტერს ტექნიკური პრობლემა აქვს. არ არის გამორიცხული, ეს მიზეზი ნამდვილად არსებობდეს, მაგრამ არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ბავშვი გაკვეთილისთვის მოუმზადებლობას ტექნიკური პრობლემებით ნიღბავს. გარდა ამისა, შესაძლოა ის ამ დროს საერთოდ არ იმყოფებოდეს გაკვეთილზე, ან, იმისთვის, რომ ბავშვს გაცდენები არ დაუგროვდეს და მომდევნო კლასში მის გადაყვანას საფრთხე არ დაემუქროს, შესაძლოა, თავად მშობელი ან ვინმე სხვა „კეთილისმყოფელი“ დაფიქსირდეს მისი სახელითა და გვარით გაკვეთილზე დამსწრეთა სიაში და გამორთული მიკროფონით მთელი გაკვეთილი პასიური მსმენელის როლში გაატაროს. შესაძლოა, ბავშვი არ რთავდეს მიკროფონს იმის გამო, რომ ამ დროს ოჯახის წევრები ხმამაღალი საუბრით ერთმანეთში ურთიერთობას არკვევენ და ბავშვს არ სურს, ამის მოწმენი მისი მასწავლებელი და თანაკლასელები გახდნენ. ონლაინსწავლების დროს ბავშვისთვის ემოციურად და სოციალურად უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა მთლიანად ოჯახზეა დამოკიდებული. თუ ბავშვს არ ექნება დაცულობისა და კომფორტის განცდა, მას ძალიან გაუჭირდება საგაკვეთილო პროცესში ინტერესით ჩართვა.

* ბავშვი გაკვეთილს ესწრება, მიკროფონსაც რთავს და, მართალია, უხალისოდ და პაუზებით, მაგრამ მაინც პასუხობს, როცა მასწავლებელი პირადად მას მიმართავს, მაგრამ ვიდეოკამერა მუდმივად გათიშული აქვს. ამასაც უამრავი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ვიდეოკამერების გათიშვა, როგორც დაკვირვება გვიჩვენებს, უფრო მეტად საშუალო და უფროსი ასაკის მოსწავლეებს ახასიათებთ, სწორედ იმ მოსწავლეებს, რომლებთანაც აშკარად ვლინდება დეპრესიის ნიშნები (მოტორული აქტივობის დაქვეითება, გუნება-განწყობის შეცვლა, შენელებული აზროვნება, უძილობა, უმადობა, გულგრილობა, ჩაციკვლა ერთ აზრზე – „მე ყველაფერი ცუდად მაქვს“, „მე არავის ვუყვარვარ“), დიდი ალბათობით, მუდმივად გათიშული ვიდეოკამერაც შეიძლება დეპრესიისა და ემოციური არამდგრადობის მაჩვენებელი იყოს.

* ბავშვმა დიდი ხალისით და ინტერესით დაიწყო ონლაინ რეჟიმში სწავლა, მიკროფონი და ვიდეოკამერაც თითქმის ყოველთვის ჩართული ჰქონდა, აქტიურობდა, პედაგოგის კითხვებს ხალისით პასუხობდა, დავალებებსაც მონდომებით ასრულებდა, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ პასიური გახდა, თითქოს ინტერესიც დაკარგა, საგაკვეთილო პროცესშიც ადრინდელი ხალისით აღარ ერთვება და, თუ შესაძლებლობა მიეცა, შეიძლება საერთოდ გააცდინოს გაკვეთილი, ან დაესწროს, მაგრამ მთელი გაკვეთილი პასიური მსმენელის როლში იყოს და ვერც მასწავლებელმა და ვერც ბავშვებმა მისი გაკვეთილზე ყოფნა ვერ შეამჩნიონ. თუ გავითვალისწინებთ, როგორი საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს სასკოლო ასაკის ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ყოველდღიურად 5-6 საათი კომპიუტერთან ჯდომა, ადვილი მისახვედრი იქნება, რომ ბავშვის ზემოაღნიშნული ქცევა შეიძლება მისი გადაღლით იყოს გამოწვეული და აქტიური დასვენების შემდეგ ის კვლავ თავდაპირველი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთოს სასწავლო პროცესში.

ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის დაძლევა მხოლოდ და მხოლოდ ამ პრობლემის მიზეზის დადგენის შემდეგაა შესაძლებელი, განსაკუთრებით – დისტანციური სწავლების პროცესში, და ამაში დიდი დახმარების გაწევა შეუძლიათ მშობლებს. მათთან თანამშრომლობა იმის საწინდარია, რომ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა, განურჩევლად იმისა, სასწავლოა ის თუ ქცევითი, წარმატებით დაიძლევა.

ციფრული სამკერდე ნიშნები Microsoft Teams-ის ,,ჯადოსნური სამყაროსგან’’

0

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, Microsoft-მა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან (EMIS) თანამშრომლობით, გლობალური პანდემიის პირობებში, წარმატებით განახორციელა დისტანციური სწავლების დანერგვის პროცესი.

Microsoft Teams-ის საგანმანათლებლო პორტალი საშუალებას იძლევა, ერთ სივრცეში განთავსდეს ონლაინკლასები, ჩატარდეს სახალისო, ინტერაქტიული გაკვეთილები, საქაღალდეებში აიტვირთოს შესაბამისი საჭირო მასალა, შეფასდეს შესრულებული ნამუშევრები და ასე შემდეგ.

მინდა, გაგაცნოთ Microsoft Teams-ის ,,ჯადოსნური სამყაროს’’ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აპლიკაცია Praise. მისი დახმარებით შეგვიძლია დისტანციური სწავლების პროცესში მოსწავლეთა მიერ განხორციელებული აქტივობების შეფასება, განმავითარებელი კომენტარის გაკეთება და ციფრული სამკერდე ნიშნით დაჯილდოება.

ამისთვის საჭიროა:

  1. შევიდეთ Teams-ის პლატფორმაზე, ავირჩიოთ კლასი და მარცხენა სვეტში დავაწკაპოთ სამ წერტილს, ხოლო შემდეგ – More apps;
  2. საძიებო ველში ჩავწეროთ Praise;
  3. დავაწკაპოთ Praise-ს, შემდეგ – open-ს და ბოლოს – got it-ს.

 

გამოჩნდება აპლიკაცია, სადაც განთავსებულია სხვადასხვა სტატუსისა და შინაარსის გამომხატველი სამკერდე ნიშნები:

 

 

 

ამავდროულად, აპლიკაცია Praise ავტომატურად განთავსდება მთავარ კედელზე (დააკვირდით ისრის მიმართულებას), რაც საშუალებას მოგვცემს, პირდაპირ კედლიდან ავიღოთ სასურველი სამკერდე ნიშანი და ხელახლა არ ვეძებოთ ის საძიებო ველში.

 

ავირჩიოთ სამკერდე ნიშანი ,,განსაკუთრებულობა’’.  გახსნილ ფანჯარაში ვაწკაპებთ Type a name-ს, ვწერთ მოსწავლის სახელს და გვარს, ხოლო ქვედა ველში – განმავითარებელ კომენტარს და ვუგზავნით მოსწავლეს send ღილაკის საშუალებით. ჩვენ მიერ შექმნილი სამკერდე ნიშნის საბოლოო სახე ასეთია:

 

 

შენიშვნა: შეგვიძლია, Type a name გრაფაში რამდენიმე მოსწავლის გვარი და სახელი ერთდროულად ჩავწეროთ. შესაბამისად შევცვლით განმავითარებელი კომენტარის შინაარსსა და ფორმას.

 

მესხური ნიჟარები

0

რუსული ავანგარდული კინოს კლასიკოსმა, დოკუმენტალისტმა ძიგა ვერტოვმა, ოცდაათიანი წლების მიწურულს გადაიღო ფილმი “ადამიანი კინოაპარატით”. ამ სათაურის კორექტირებული ვარიანტი – “ადამიანი ფოტოაპარატით” – ზუსტად მოერგება რობერტ მესხს. უფრო ზუსტი კი იქნებოდა ასეთი მეტაფორული ფორმულირება: “ადამიანი-ფოტოაპარატი”. რაც რობის ვიცნობ, მუდამ ფოტოგრაფიით იყო გატაცებული, ფოტოაპარატს მუდამ თან დაატარებდა. ახლაც ხშირად დებს ფეისბუქზე თავის გადაღებულ ფოტოებს. მისი ინტერესის საგანი სხვებისთვის შეუმჩნეველი დეტალებია.
ეს არ არის უბრალო ჰობი. ჩემი აზრით, რობის ლირიკა და ფოტოგრაფიული ინტერესი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. იმას, რის “ჩავლებასაც” ფოტოაპარატით ვერ ახერხებს (ან ახერხებს, მაგრამ არასაკმარისად ამომწურავად), სიტყვიერ ადეკვატს უძებნის, ლექსად გადმოსცემს ხოლმე. ამ შემთხვევაში მას ფოტოაპარატი არ სჭირდება, ის თვითონ ხდება ერთგვარი “აპარატი”, “დამაფიქსირებელი”. მას, როგორც პოეტს, ლანდშაფტური და ურბანული სურათ-ხატების ლექსად გარდაქმნის ნიჭთან ერთად, აქვს საოცარი უნარი: ნებისმიერი გამვლელის განცდები გაშიფროს, მისი “სულის ფოტოგრაფირება” მოახდინოს და ავტორის პერსპექტივიდან გადმოცემული ბრწყინვალე ლირიკული ნიმუშების საშენ მასალად გამოიყენოს.

 

რობი ბაგებში, სტუდქალაქში ცხოვრობს და სოხუმის უნივერსიტეტში მუშაობს, მისი ყოველდღიური მარშრუტია: ბაგები-მაღლივის ხიდი-ქავთარაძე-პოლიტკოვსკაიას ქუჩა (რომელსაც რობი, ჩემი არ იყოს, ჯიუტად ძველი სახელით – “ჯიქიას ქუჩით” – მოიხსენიებს) და იგივე გზა უკან. ეს მოსაწყენი ლოკაცია მან თავისი პოეზიის უმთავრეს ტოპოსად აქცია. მხოლოდ რობის თუ შეუძლია, ერთსა და იმავე მარშრუტზე ყოველდღიური ოდისეა საინტერესო გახადოს და ყოველ ჯერზე აღმოაჩინოს ისეთი რამ, რაც მანამდე არ აღმოუჩენია. დიდი პოეტური ნიჭი სწორედ ეს არის: არაფერში, სრულიად უმნიშვნელო რამეში, იპოვო ლექსის ინსპირაციის წყარო. მის ლექსებს რომ კითხულობ, გრჩება შთაბეჭდილება, რომ ის ამ სივრციდან იშვიათად გადის და როცა გადის, მაშინაც აქედან უყურებს გარესამყაროს. ეს შემოქმედებით ჩაკეტილობას როდი ნიშნავს – რობის შემოქმედება თემატურად მრავალფეროვანია; უბრალოდ, იმას ვგულისხმობ, რომ ეს ლოკაციაა მისი სახლი, სადაც თავს კარგად გრძნობს და მედგრად უმკლავდება დაკარგული სახლის – სოხუმის – მწვავე ნოსტალგიას. მის ლექსებში სოხუმი, დედის აჩრდილივით, მტკივნეულად გაიელვებს ხოლმე. მისი თითქმის ყველა ლექსიდან ზღვის ხმა და ნიჟარის შიშინი ისმის, ეს, ცხადია, ბგერწერული ეფექტი არ არის, რობის შინაგანი ექოა.

 

ჩემი აზრით, რობერტ მესხი თანამედროვეობის საუკეთესო ლირიკოსია (ამ სიტყვის ავთენტური, ზუსტი გაგებით). ეს არ არის გაზვიადება. პოეზია დიდი ხანია მიწაზე დაეშვა და სულ სხვა რამეებით დაინტერესდა წარმოადგენს. ადამიანის ფაქიზი განცდები (როგორც არ უნდა ჟღერდეს ეს) პოეტების ინტერესის მიღმა, ან თითქმის მიღმა დარჩა. ცხადია, დღესაც არიან კლასიკური გაგებით ლირიკოსი პოეტები, მაგრამ უმეტესობა ყავლგასული პოეტიკის ჩარჩოებშია გამოკეტილი. დავაზუსტებ, რომ აქ მხოლოდ კონვენციურ ლექსს არ ვგულისხმობ – ვერლიბრისტიც შეიძლება იყოს ყავლგასული პოეტიკის ტყვე. კონვენციაშიც და ვერლიბრშიც თავისუფლად შეიძლება იყო დროის ადეკვატური, რასაც რობი ბრწყინვალედ ახერხებს. ის არ არის ერთ რომელიმე ფორმაში გამოკეტილი ანემიური პოეტი, ვერლიბრსაც წერს და კონვენციურ ლექსსაც, ერთნაირად ძლიერია ლირიკასა თუ ნარატივში, აქვს ბრწყინვალე მინიმალისტურები, უმაღლეს დონეზე ფლობს ისეთ მყარ სალექსო ფორმებს, როგორებიცაა ტრიოლეტი და სონეტი. სონეტს სიმბოლისტები პირქუშ გოთიკურ სასახლეს ადარებდნენ, რობის სონეტები კი მოდერნისტული არქიტექტურული ესთეტიკის შუშის გამჭვირვალე შენობებს უფრო ჰგვანან თავიანთი სიფაქიზით. პოეტები, რომლებიც კონვენციურ ლექსებს წერენ, როგორც წესი, ერთ ან რამდენიმე საზომს მიმართავენ ხოლმე, რობის კონვენციური ლექსები კი პროსოდიულადაც მრავალფეროვანია. ვერლიბრებში უყვარს სპორადული რითმების გამოყენება, სილაბურ ლექსში კი სტრიქონების (ძირითადად – ფინალური სტრიქონის) დაკოჭლება. ეს ორი მახასიათებელი (სხვებთან ერთად) მისი ლირიკის განუმეორებელ კოლორიტს ქმნის. თუ ერთხელ მაინც მოისმინე რობის წაკითხული ლექსი, მერე უკვე მის ყველა ლექსს მისივე ხმით კითხულობ.

 

ცალკე უნდა გამოვყო რობის პიროვნული თვისებები: თავის პოეზიასავით სუფთა და ალალი კაცია. მას არ უყვარს ხმაური. ის არ აწუხებს ლიტ. პერიოდიკის რედაქტორებს, რომ დაბეჭდონ, არ აწუხებს ლიტერატურული ელიტის შეფებს, რომ რომელიმე პროექტში ჩართონ, საზღვარგარეთ წაიყვანონ და ა. შ. მისი ნიჭის პოეტს ეს ისედაც ეკუთვნის, მაგრამ ჩუმადაა, რადგან ასეთია. ზუსტად არ ვიცი, რას, მაგრამ ჩვენი ლიტერატურული სამყაროსგან რობი ნამდვილად მეტს რომ იმსახურებს, უეჭველია.

 

მახსოვს, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსებმა ბორჯომში ტყე რომ გადაწვეს, რობერტმა ლექსი დაწერა:

 

 

ხეები

 

/”ხის სიმაღლე მიწის ზევიდან კი არ იზომება, – ფესვებიდან”./
ომში ხეებიც ჯარისკაცებივით იხოცებიან,

ცეცხლის ენებით…

არ ენდობიან მატყუარა სინოპტიკოსებს,

გრძნობენ ხეები,

ამ თვის ბოლომდე მიწას მხოლოდ სისხლი დაალბობს, –

შვლების,

არჩვების,

დაბნეული ხოხბების სისხლი…

ინაცრებიან ცადაწვდილი ასეულები,

ცოცხლად დარჩენილ ჭირისუფლებს –

ფესვებს – დარდობენ…

 

ამ ლექსში, ხეების გლოვაში, მათ გაპიროვნებაში, ჩააქსოვა მთელი თავისი ტკივილი და ის ადამიანური ტრაგედიები, რაც მაშინ დაგვატყდა თავს. სწორედ ესაა მისი ხასიათის და ლირიკის იმანენტური შტრიხი.

 

ბლოგს კი დავასრულებ ნაწყვეტით მისი ლექსიდან “ნიჟარები”:
“… უფერული ღრუბლები,

უსახელო გმირები და

უპილოტო თვითმფრინავები დაფრინავენ

ჩემი სამშობლოს ცაზე.

ჩემს სამშობლოში,

როგორც ექსპერიმენტულ ელექტროღუმელში,

მილეთის მზარეულები ჩამოდიან და

უცნაურ ნამცხვარს აცხობენ:

ერთი მეორედი მე,

ერთი მეორედი შენ,

ერთი მეორედი ის…

(ნახევარი კაციო, რომ იტყვიან!..)

ერთი მეორედი მთვარე

(ცაზე რომ მოჩანს, ის კი არა, – რომ არ მოჩანს),

ნახევარი ჭიქა გესლი,

გესლზე ცოტა მეტი იმედი,

ბებიაჩემი – გასული საუკუნის მრავალწერტილი…

მისი ჩაწურული თვალები

(თუკი ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია)…

კარგად მოვურიოთ,

ვაცხოთ ნელ ცეცხლზე რამდენიმე თვე,

ან რამდენიმე წელი…

ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაფშვნილი მიწა

გაგრიდან,

გუდაუთიდან,

სოხუმიდან,

გულრიფშიდან,

ოჩამჩირიდან,

ტყვარჩელიდან,

გალიდან…

აი ის, ცხვირსახოცებით რომ ჩამოაქვთ

დევნილთა კუბოებზე მოსაყრელად…”

სასარგებლო თავშესაქცევები ზაფხულისთვის 

0

ზაფხულში მშობლებს არდადეგების სახალისოდ და საინტერესოდ დაგეგმვის საზრუნავი ემატებათ. ეს შეიძლება დაუკავშირდეს მოგზაურობას, გასართობ ადგილებზე სტუმრობას, სპორტულ სივრცეებს, თუმცა ,,კორონას“ გამო ოჯახების უმრავლესობა საკუთარ გარემოში (სოფლად თუ  ქალაქად) დარჩენას ამჯობინებს. ამიტომაც აქტუალობას იძენს საოჯახო შემეცნებითი-გასართობი თამაშების მოფიქრება.

თამაშების მოგონება შეიძლება რთულ ამოცანად მოგეჩვენოთ,  მაგრამ ამ პროცესში  ჩვენთვის ცნობილი, წაკითხული ან გაგონილი თამაშების, აქტივობების მოდიფიცირებაც იგულისხმება,  ბავშვების ასაკის, ინტერესებისა და ჩვენს ხელთ არსებული რესურსების გათვალისწინებით. განვლილი სემესტრის შემდეგ და ზოგადადაც, ჩვენი მიზანი  კომპიუტერზე მიჯაჭვულობის მინიმუმამდე შემცირებაც უნდა გახდეს.

ვიწყებთ ბავშვის საჭიროებების, ინტერესების განსაზღვრით. გამოგვადგება პირადი გამოცდილებაც – ,,ჩვენი“ თამაშები,  მაგრამ  დავაკვირდეთ, როგორ რეაგირებენ მათზე პატარები. შეიძლება პაპა-ბებიებისა და დედ-მამის საყვარელმა თამაშებმა მათ  ინტერესი არ აღუძრას და ჩვენი მცდელობა უსარგებლო აღმოჩნდეს. ამიტომაც აუცილებელია დაკვირვება.

სახლში არსებული უამრავი ნარჩენით (მუყაოს ყუთები, პლასტმასის ბოთლები, მათი სახურავები, ცარიელი ფლაკონები, ფერადი ნაკუწები, კენჭები, ნიჟარები, საწრუპი ჩხირები, ძველი ტანსაცმელი  და ასე შემდეგ), უსარგებლო ნივთებით შეიძლება საინტერესო თამაშების დაგეგმვა. ბავშვის მოტივაციას ხომ ძალიან ზრდის საკუთარი ხელით შექმნილი საგნები, მათ შორის,  სათამაშოები.

ყველა ასაკობრივ ჯგუფს თავისი გამოწვევა აქვს. სასკოლო მზაობის პროგრამა, ცნობილი მიზეზების გამო,  საბავშვო ბაღებში არასრულფასოვნად წარიმართა. ასეთი ბავშვებისთვის უამრავი თამაში შეგვიძლია ,,გამოვიგონოთ“.  ეს მათ სასკოლო ამოცანებთან გამკლავებაში დაეხმარება.

მომავალი მოსწავლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს დაკვირვების, შესაბამისობის დადგენის, მეტყველების, შემოქმედებითი, რაოდენობრივი და სხვა უნარების განვითარებას.

შემოთავაზებული თამაშები ამ უნარებზეა ორიენტირებული.

შეურჩიე ადგილი

მოვამზადოთ თაბახის ზომის მუყაოს  3-3 ფირფიტა (იმდენი წყება, რამდენი ბავშვიც უნდა ჩავრთოთ თამაშში). პირველ ფირფიტაზე დავხაზოთ სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურა, მეორეზე – სხვადასხვა ფერით შემოხაზული თანატოლი წრეების კონტურები, მესამეზე – სხვადასხვა ზომის კვადრატები. ფერადი ფურცლების ან  თექის ფირფიტებისგან გამოვჭრათ ამ ფორმებისა და ფერების შესატყვისი თითო ფიგურა. შეიძლება მათი რაოდენობა გავზარდოთ კიდეც, რომ მოთამაშეებს არჩევანი გავურთულოთ. ფირფიტების და დეტალების თითო ნაკრები  მოვათავსოთ ცალკე ფაილში, რომელსაც თამაშის დაწყებისას მაგიდასთან მსხდომ მონაწილეებს დავურიგებთ. ვაძლევთ ინსტრუქციას: გაშალეთ ფირფიტები  და მათზე ასახულ კონტურებზე დაალაგეთ  შესაბამისი ფიგურები. შეიძლება თამაშის გაძღოლა უფროს დას ან ძმას მივანდოთ, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, დაეხმარება კიდეც უმცროსებს და დამატებით ინფორმაციასაც გააცნობს.

ანალოგიური თამაში პირველკლასელისთვის შეიძლება გავართულოთ და შემოსახაზად გვერდების ოდენობის ჩანაწერები დავამატოთ, როგორც ამ სქემაშია:

გეომეტრიულ ფიგურებთან დაკავშირებული შემდეგი აქტივობები შეიძლება ამ ფიგურების გარემოსთან დაკავშირება და შემდეგ  მათი გამოყენებით სხვადასხვა აპლიკაციების შექმნაც იყოს.

ფერების თავგადასავალი

თამაშის მონაწილეებს ურიგდებათ სხვადასხვა ფერის ბარათი. თამაშის წამყვანი დაიძახებს ფერს, მონაწილეები ასწევენ შესაბამის ფირფიტას. თამაშის წამყვანი შეიძლება ვცვალოთ. მომდევნო ეტაპზე დავალება შეიძლება გავართულოთ და მონაწილეებს ფერის შესაბამისი ნივთების ჩამოთვლა ვთხოვოთ.

შემდეგი აქტივობა, რომელიც მათ მეტყველებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში დაეხმარება, „ფერების თავგადასავალი“ შეიძლება იყოს. ბავშვები ინაწილებენ ფერებს; უფროსები იწყებენ თავისი ფერის ამბის მოყოლას. მაგალითად, „მე წითელი ვარ, ყველაზე მხიარული ფერი, ბავშვებს ძალიან ვუყვარვარ, რადგან ვალამაზებ ყაყაჩოებსა და ვარდებს, ლოყებს ვუწითლებ მათ საყვარელ ხილს, წითელქუდას ქუდს ფერს ვაძლევ… მართალია, ტყუილშიც ვამხელ ხოლმე, როცა მთქმელის ლოყებზე გავიშლები, მაგრამ ბავშვებს მაინც ძალიან ვუყვარვარ. ჩვენს დროშაზე თეთრ ფერთან ვმეგობრობ, აბა, თეთრო, შენი ამბავიც გვითხარი!“. და ასე გადასცემენ ერთმანეთს სიტყვას. უმცროსებიც, უფროსების მიბაძვით, შეეცდებიან, შეთხზან თავისი ფერის თავგადასავალი.

ამ თამაშის რამდენჯერმე გამეორება პატარებს საკმაო ონფორმაციასაც მისცემს და შემოქმედებითობასაც განუვითარებს.

საჭირო ჩვევები

თითოეულ მონაწილეს გადაეცემა  პერანგი, რომელსაც რამდენიმე ღილი აქვს შესაკრავი (ხმარებიდან გამოსული პერანგები ყველას მოეპოვება. ღილები და შესაკრავები პერანგს სრულად უნდა ჰქონდეს). მონაწილემ ეს ღილები უნდა შეკრას და გახსნას. შემდეგ შეეცადონ, ერთმანეთის პერანგის შესაკრავებს მეორე  პერანგის  ღილები მოარგონ და პირიქით. აქ უკვე ერთობლივი მოქმედება და ერთმანეთთან თანამშრომლობა დასჭირდებათ.

შემდეგი თასმების გაყრა და შეკვრა იქნება. გამოვიყენებთ თასმიან კედებს ან სხვა ფეხსაცმელს. ფეხსაცმლის მოდელი შეგვიძლია მუყაოთი დავამზადოთ.

თამაშების ამ სერიაში შეგვიძლია, ჩავრთოთ ელვაშესაკრავის შეკვრა-გახსნა,  ჩანთის ჩალაგება-ამოლაგება, შეკვრა-გახსნა და ყველა სხვა საჭირო პროცედურა, რომლიც გვინდა, ბავშვმა დამოუკიდებლად შეძლოს.

რას ვხედავ? რას წარმოვიდგენ?

ეს თამაში პატარას აღწერის, დეტალებზე ყურადღების გამახვილებისა და წარმოსახვის უნარს განუვითარებს. დავალების შინაარსი შეიძლება სულ ვცვალოთ. მაგალითად, რას ხედავ შენი ფანჯრიდან, აივნიდან, ეზოში, ცაში, მარჯვნივ, მარცხნივ და ასე შემდეგ.  შეიძლება გამოვიყენოთ ფოტოები, ნახატები. ბავშვი აღწერს, მაგალითად, ეზოს და ამბობს, რომ „ეზოში არის ხეები და ბუჩქები“. მსმენელები უსვამენ შეკითხვებს, რომლებიც დეტალების დაზუსტებას, ახალი სიტყვებისა და ენობრივი კონსტრუქციების შემოტანას ითხოვს. საჭიროა წარმოსახვის გასააქტიურებელი შეკითხვებიც: რა მოუვა ზამთარში ხეს? ვინ შეიძლება ცხოვრობდეს ხეზე? და ასე შემდეგ.

წარმოსახვისთვის კარგია ცაზე და ღრუბლებზე საუბარი (რას გაგონებენ ღრუბლები? რა იმალება მათ უკან?).

შემდეგში, იმავე თამაშში შემოგვაქვს პირობა: მთხრობელი უნდა შეეცადოს, ისე აღწეროს ხედი თუ სურათი, რომ მსმენელებმა მეტი გაიგონ და ნაკლები კითხვა გაუჩნდეთ.

ეს თავშესაქცევი ყველა ასაკის ბავშვისთვის შეიძლება გამოგვადგეს, თუ  პირობებსაც  მისი განვითარებისა და ინტერესების შესატყვისად შევცვლით (ამინდი, ბუნებრივი მოვლენები, წელიწადის დროები, ქალაქი, სოფელი და სხვა).

 

თამაში ,,ტყუილი თუ მართალი“

ამ თამაშში ოჯახის ყველა თაობა შეიძლება ჩაერთოს. რაოდენობა გადამწყვეტი არ არის, მაგრამ რამდენიმე პირის მონაწილეობით უფრო სახალისოდ წარიმართება.

მონაწილეები რიგ-რიგობით ჰყვებიან თავს გადახდენილ ამბავს. მსმენელებმა უნდა გამოიცნონ, ტყუილია მონათხრობი თუ მართალი. თან დაასახელონ 2 არგუმენტი, რატომ ფიქრობენ ასე.

როცა მოსაზრებას ყველა დააფიქსირებს, მთხრობელი უმხელს ჯგუფს, მართლა გადახდა ეს ამბავი თუ გამოიგონა.

თამაში  უფროსებს საშუალებას აძლევს, წამოიწყონ გულახდილი საუბრები უმცროსებთან;  ერთად იმსჯელონ, რომელი ქცევაა მოსაწონი, რომელი – არა და რატომ;  დისკუსია ბუნებრივად შეეხება შეცდომების დაშვებისა  და მათგან დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას.

 

საზაფხულო სურვილები

ამ ბარათების შესადგენად ძველი გაზეთები და ჟურნალები დაგჭირდებათ. მაკრატელი და წებოც არ დაგავიწყდეთ.

ამოჭრილი სიტყვებით, მარცვლებით, ასოებით, სასვენი ნიშნებითა და წებოთი ოჯახის წევრები ადგენენ 2-3 წინადადებიან ბარათს, რომელშიც მათი საზაფხულო სურვილებია აღწერილი.

„სურვილების კიდობანი” (პატარა ყუთი, ქვაბი ან რაიმე კიდობანი)  სამზარეულოში, ან საერთო სარგებლობის სხვა ადგილას მოთავსდება. „კიდობანი“ ღია იქნება ერთი კვირის განმავლობაში,  მასში საკუთარი სურვილის ჩაგდების უფლება ექნება ყველას.

დათქმულ დროს ოჯახი იკრიბება და განიხილავს ყველა სურვილს. რომელიმე მათგანი კითხულობს თითო  სურვილს და ყველა, მათ შორის, ავტორიც (ოღონდ არ ამხელს ავტორობას), გამოთქვამს მოსაზრებას, შესაძლებლი და მისაღებია ამ სურვილის შესრულება თუ – არა, და რატომ? როდის და როგორ შეუძლია ოჯახს ამ სურვილის გათვალისწინება?

ყველა ბარათზე მსჯელობის შემდეგ მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ნაწილობრივ მაინც ყველას სურვილს მოიცავს.

თუ ბარათებში აღმოჩნდა სურვილი, რომელიც ვერ დაკმაყოფილდება,  მეტი განმარტება იქნება საჭირო, რადგან სურვილებს არასდროს აქვს ზღვარი, მაგრამ მათი შესრულებისთვის საჭირო რესურსები ხშირად შეზღუდულია და ამის გათვალისწინება ყოველთვის საჭიროა.

 

ნუგზარ შატაიძის მოთხრობების ხიბლი

0

ცოტა უყურადღებო გოგოა ნიცა… ზედმეტად ხალისიანი, მეგობრული და გართობის მოყვარულია და ამ თვისებების გამო გაკვეთილზე ყოფნა ტანჯვაა მისთვის. ხშირად აცდენს სკოლას. არც თავად უარყოფს, რომ სწავლას მეგობრებთან ერთად  გართობა ურჩევნია. მართალია, მეცხრე კლასშია, მაგრამ სულ აქვს რაღაც გასართობი: ნაირნაირი გაჯეტები, კოსმეტიკა-პარფიუმერია, სამკაულები და ზიზილ-პიპილები, ბულვარულ-მოდურ-მომსუბუქო უცხოური ლიტერატურა, სასუსნავები, სასმელები, ფერადი სათამაშოები… უჭირს ორგანიზებული და მობილიზებული მუშაობა, საგაკვეთილოდ მოუმზადებელია, ცდილობს გაკვეთილზე ისეთი თანაკლასელის გვერდით მოკალათდეს, რომელსაც იოლად აიყოლიებს. ლიტერატურის გაკვეთილი სხვას მაინც ყველას ურჩევნია, რადგან აქ ბევრ რამეს ისეთს წაკრავს ყურს, რაც აინტერესებს, მაგალითად: დისკუსიები, მსჯელობები ტექსტებში წამოჭრილ მორალურ-ეთიკურ პრობლემებზე, პერსონაჟების გაორებებსა და ძიებებზე.  ზოგჯერ ისეთ საინტერესო შეფასებებს და არაშაბლონურ თვალსაზრისებს იტყვის, ერთ რამედ ღირს მისი მოსმენა, თანაც მეგობრების დაინტრიგება და დებატებში ჩათრევა შეუძლია, საუკეთესო მაპროვოცირებელია, შეუდარებელი პოლემისტი, მწვავე და უკომპრომისო მოკამათეა, საინტერესო შეფასებები აქვს, ზოგჯერ ექსტრავაგანტური და ეპატაჟური, ზოგჯერ კი – საოცრად მორგებული, უცდომელი და დამაფიქრებელი.

საკმარისია ლიტერატურის გაკვეთილზე გაიგონოს ჯადოსნური სინტაგმა „უცხო ტექსტი“ და ნიცა უკვე შენიანია, ჩანთასა და მერხის ქვეშ მალავს თავის თვალსასეირო რამე-რუმეებს და მთელი გულისყურით ისმენს. ხშირად, როცა ცალკე გავიხმობ და საყვედურებს ვეუბნები უყურადღებობის გამო, თვალები აენთება და სხაპასხუპით, დაბეჯითებით მიმტკიცებს:

  • აი, მას, როცა უცხო ტექსტზე ვმუშაობთ, მაშინ ხომ ყურადღებით ვარ? ყველაფერში ხომ ვმონაწილეობ?
  • ის პროგრამული ტექსტებიც ხომ უცხოა შენთვის თავიდან და ეს შენი ყურადღება რომ სისტემატური და სტაბილური იყოს, უკეთეს შედეგებზე არ გავალთ, ნიცა? – ვეკითხები გულდაწყვეტილი…
  • არა, მას, აი, რა ვქნა? იმ უცხო ტექსტებში ყოველთვის პოულობთ რაღაც ისეთს, განსხვავებულს, არატრადიციულს და მე კიდევ ასეთი აზროვნება მიზიდავს, მილიონჯერ გადაფურცლილ სახელმძღვანელოში თვალშენავლები ტექსტი გაცვეთილი მეჩვენება, სიახლეები მიყვარს, ჩხრეკა და ძიებები მენატრება… ჟრუანტელი მივლის, როცა უცხო ტექსტს ვკითხულობთ, იქ ყოველთვის არის რაღაც ამაღელვებელი, მეჩვენება, რომ ახალი კინო იწყება და მე ველოდები სასწაულს…

სულო ცოდვილო, რა ვქნა, ვერ ვძრახავ ნიცას, მეც ყველაფერს სავალდებულოს ის მირჩევნია, რასაც ჩემით მივაგნებ, აღმოჩენად მექცევა, ჩამითრევს და გამიტაცებს…

აი, ჩემი და ნიცასნაირი სიურპრიზების მაძიებელთათვის ნუგზარ შატაიძის მინიატურული პროზა ზედგამოჭრილია. აქ ყოველთვის იპოვი საკამათოს, ამოსახსნელს, დასაფიქრებელს. თანაც „მოგზაურობა აფრიკაში“ უნდა ვისწავლოთ და ეს მოთხრობა იმდენ აზრთა ჭიდილს იწვევს, ცხარე დებატები იწყება ხოლმე კლასში როგორც მოსწავლეებსა და მასწავლებელს, ისე თანაკლასელებს შორის…

ნუგზარ შატაიძე უკანასკნელი წლების აღმოჩენაა ქართველი მკითხველისთვის და მას  ცუდად იცნობენ ჩვენი ბავშვები. მეექვსე კლასში ვისწავლეთ მისი მოთხრობა „ჩემი სოფლის სამკითხველო“, რომელიც კარგი მასალა იყო სინთეზირების უნარების განსავითარებლად. „მოგზაურობა აფრიკაში“ ბევრი რამის გამო იწვევს ვნებათაღელვას, მაგრამ როცა მოთხრობას და მის პრობლემებს კარგად გაიაზრებენ, მის მიხედვით გადაღებულ გიორგი ოვაშვილის მხატვრულ ფილმ „გაღმა ნაპირსაც“ ნახავენ (რომლის სცენარის ავტორიც თავად ნუგზარ შატაიძე იყო) და დისკუსიებში მოთელავენ ყველა აქტუალურ თემას, მერე  ყველაფერი თავის ადგილას დგება ხოლმე.

ვცდილობ, მხოლოდ 2  მოთხრობით ბავშვებისთვის უცხო და უცნობ ავტორად არ დარჩეს ეს საოცარი ნოველისტი და ნუგზარ შატაიძის კვირეულს ვაცხადებთ ლიტერატურის გაკვეთილებზე. „თედო“, „ტრეფიკინგი“, „ხიზამბარელი“, მამალი ტყუილი“, „გაღმა ნაპირი“ (ამ მოთხრობის სახელი დაარქვა ავტორმა მოთხრობის „მოგზაურობა აფრიკაში“ მიხედვით გადაღებული ფილმის კინოსცენარს და სათაურში გამოტანილი მეტაფორა ოსტატურად მოარგო ქართულ-აფხაზური კონფლიქტის რეალობას)…

საიდანღაც წავაწყდით მოთხრობას უცნაური სათაურით „გეგათ ოლა“… მოთხრობამ იმდენი საკამათო და საფიქრალი გააჩინა კლასში, რომ ნამდვილად ღირდა მის პრობლემებზე განსჯები…

მოთხრობის ფაბულა ასეთია: ტყეში სატაცურის საკრეფად წასული მოხუცი ქალი, გეგათ ოლა, ტაფობზე საშიშ ყაჩაღებს, ვანოს და ილოს, გადაეყარა. დამშეულმა ყაჩაღებმა დედაბერს საჭმლის მოტანა სთხოვეს. ოლამ საგულდაგულოდ გაამზადა გლეხისთვის ძნელად გასამეტებელი მდიდრული სადილი და ბიჭებს აუტანა. სიტყვა არავისთან დასცდენია. ეს აპრილის თვეში მოხდა. ოლას ყოველდღე აგონდებოდა ბიჭები და  უფალს ავედრებდა მათ. სოფლელებისგან იცავდა, ყველაფერს ამ ორს ნუ აბრალებთო.

შემოდგომით ოლამ გაიგო, რომ ყაჩაღები უცნაურად დახოცილან: ერთმანეთისთვის პირში იარაღი ჩაუდიათ,  ერთდროულად გამოუკრავთ ჩახმახები და ერთმანეთი დაუხოცავთ. მთავრობიდან მათ მტერ ზახარ გორგიჯანოვს კი მათთვის თავები დაუჭრევინებია და გვამები გზაზე დაუყრია, თანაც სოფლისთვის შემოუთვლია, მათი დამარხვა არავინ გაბედოს, თორემ აგიკლებთო და დაშინებულმა სოფელმაც, სურვილის მიუხედავად, ყაჩაღების დამარხვა ვერ გაბედა.

ოლა საგანგებოდ წავიდა, ტყეში ღამე გაუთია დახოცილ ყაჩაღებს, ბუზები და სვავები მოუგერია, დილას კი სოფლის სანახიროზე შეყრილ დაშინებულ კაცებს თავისი ნიფხავი გადაუგდო და უთხრა: აი, ეს ნიფხავი დაჭერით და თავებზე დაიხურეთ, ან წადით და ის ბიჭები დამარხეთო. გაოგნებული და დაშინებული სოფლელები გამოერკვნენ, ნელ-ნელა წელში გაიმართნენ, რაღაცნაირად „მხრებგამართულებმა და სიმხნევის შუქით სახეგანათებულებმა“ ბარ-ნიჩბები აიღეს და გაეშურნენ ცხედრების დასამარხავად.

მოთხრობის სიუჟეტმა და მთავარმა იდეურმა ქვეტექსტებმა აზრთა სხვადასხვაობა და მწვავე დებატები გამოიწვია კლასში.

  • რამდენად სწორად მოქცა გეგათ ოლა, როცა საშიშ კრიმინალებს სადილი აუტანა? ან რამდენად მართალი იყო ის, როცა მათზე ლოცულობდა და სხვებისგან იცავდა მათ მაშინ, როცა თავადაც იცოდა, რომ მძიმე დამნაშავეები იყვნენ?
  • რად უღირდა ოლას შვილებთან და შვილიშვილებთან დაპირისპირება?
  • უნდა დაემარხა სოფელს ყაჩაღები პატივით თუ არა?
  • რასთან იყო დაკავშირებული მიცვალებულთა გაპატიოსნება?
  • რამდენად მისაღები იყო ოლას საჩოთირო საქციელი კაცების შესარცხვენად?
  • რისგან იხსნა ოლამ სოფელი?
  • რა ღირებულებებზეა საუბარი მოთხრობის სიუჟეტში და რას ასწავლიან მკითხველს მოთხრობის გმირები?

ეს ის მიმართულების მიმცემი კითხვებია, რომლებიც ერთად  ჩამოვაყალიბეთ და მათზე პასუხებმა ამოწურა კიდევაც მოთხრობაში წამოჭრილ პრობლემებზე სასაუბრო.

ბავშვების ნაწილი დაბეჯითებით ამტკიცებდა, რომ კრიმინალებისთვის საჭმლის მირთმევა, მათთან რამენაირი კონტაქტი, თანამშრომლობა, მათი დაცვა კრიმინალის რომანტიზებაა და სახიფათოა. მეორე ნაწილი კი ტექსტიდან მოხმობილი დამაჯერებელი არგუმენტებით ასაბუთებდა, რომ ოლამ სიტყვის უთქმელად რაღაც ისეთი იგრძნო და შეიცნო, რასაც ყველა ვერ მიხვდება. მან დაინახა ამ ადამიანების ტრაგედია, რასაც მოწმობს მათი აღსასრულიც. ახალგაზრდა ყაჩაღებმა  თავები დაიხოცეს, ანუ მათთვის ცხოვრება ტანჯვად იყო ქცეული და, სავარაუდოდ, ისინი უსამართლობის, ძალმომრეობის, უიმედობის, შიშის გამო იყვნენ გარიყულნი საზოგადოებიდან, როგორც ილიას „სარჩობელაზედ“ გმირები, ბეჟანა და მისი ძმა.

ყაჩაღთა ცხოვრებაზე ბევრი ტექსტი მოგვითხრობს. ეს თემა პოპულარულია მსოფლიო ლიტერატურაში. გავიხსენოთ ფრიდრიხ შილერის „ყაჩაღები“, ილიას „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“, მისივე „სარჩობელაზედ“, მიხეილ ჯავახიშვილის „არსენა მარაბდელი“, ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“ და ბევრი სხვა ნაწარმოები, რომელთა მიხედვითაც  ყაჩაღობა სულაც არ იყო ადამიანის არჩევანი, არც მისი კრიმინალური ბუნების გამომხატველი, არამედ ეს იყო იძულება, პროტესტი, ბრძოლის გზა, სრული ბანკროტი, ყაჩაღისთვისვე საშიში და დამღუპველი, წინასწარვე განწირული გზა, რასაც ყველა აცნობიერებდა. ყაჩაღებს ეპოქები შობდნენ, პოლიტიკური სისტემები შობდნენ, უსამართლობისა და დაუცველობის გარემო შობდა…

ოლას არ უთანამშრომლია მათთან, შეიცოდა ისინი. ასევე გავიხსენეთ მეშვიდე კლასში ნასწავლი რეზო ჭეიშვილის მოთხრობა „სურათებიანი წიგნი“, სადაც მოძალადე ბიჭი საუბრობს იმ სულიერ ტკივილსა და  ფსიქოლოგიურ ტრავმებზე,  მძარცველი რომ განიცდის. ოლა ჰუმანიზმის სიმბოლოდ დახატა მწერალმა. მან ბოლომდე შეიცნო ვანოს და ილოს სულში დატრიალებული ჯოჯოხეთი, ამიტომაც იხსენიებდა მათ ლოცვებში შვილებთან ერთად. ოლასთვის მთავარი პრინციპები იყო სათნოება და სამართლიანობა. მშიერს უნდა აჭამო და მიცვალებული უნდა გააპატიოსნო! ეს ურყევი ღირებულებები იყო ოლასთვის, იმდენად გამჯდარი ძვალ-რბილში, რომ მათი ღალატი ვერ წარმოედგინა. გარდა ამისა, ოლა ამაყი, მამაცი, შეუპოვარი ადამიანია, მისთვის ღირსების შემლახველია ზახარ გორგიჯანოვის მუქარა. თვით სახელი ზახარ გორგიჯანოვიც მიუთითებს, რომ რუსული იმპერიული მახინის სიმბოლოა ეს ადამიანი, რომელიც  თავისი ბრძანებით უკვე დახოცილ ყაჩაღებს კი არ სჯის სამაგალითოდ (თავმოჭრილ მიცვალებულს რაღა დასჯა უნდა!), არამედ თავისი ბრძანებით, სოფლის ღირსებას ლახავს, დაშინების, ტერორის ატმოსფეროს ქმნის, რასთან შეგუებაც სოფლისთვის დამამცირებელია. სოფელმა თავისი უბედური შვილები უნდა დამარხოს! – ეს ოლასთვის ადამიანური ღირსების საკითხია.  დაშინებული ვაჟები, კოლა და გოგია, ოლას მოთხოვნაზე, რომ ბიჭები დაემარხათ, პასუხობდნენ: „რა უნდაო, ციხეში ხო არ უნდა ამოალპობინოს ჩვენი თავი გორგიჯანოვსაო!“ ოლას არ ეშინია და ამით სოფელსაც ამხნევებს, სირცხვილისა და უხერხულობისგან იხსნის. ის ნამდვილი ლიდერია, „კაი ყმაა“, ვაჟას ენაზე რომ ვთქვათ, „სწორს ფიქრს აძლევს თემ-სოფელს“…

სანამ ამ მოთხრობას წავიკითხავდით, ვისწავლეთ ოთარ ჭილაძის „ადამიანი გაზეთის სვეტში“, რომლის გმირთან, კრუს ხიმენესთან, ოლას მსგავსებაც ბუნებრივად დაინახეს მეცხრეკლასელებმა. ორივე გმირს შეუძლია მეორე მხარეს მდგომ ადამიანში ღირსება, სიკეთე და პიროვნული ინტერესები დაინახოს. ორივეს აქვს პრინციპები, რომლებსაც ვერ ღალატობენ, უცვლელი ადამიანური კოდექსები. მაგალითად ეს: მნიშვნელობა არ აქვს, სხვა მაინც დახოცავს პანამელ პატრიოტებს თუ არა, კრუსს არ შეუძლია მათი დახოცვა. ამით ის ხომ თუ პანამელებს ვერა, საკუთარ სულს მაინც იხსნის? თანაც ჩაგვრისა და ძალმომრეობის სიმწვავეზე დააფიქრებს ყველას. ოლასაც ღრმად სწამს, რომ დამშეული უნდა დააპურო, ვინც არ უნდა იყოს ის და მკვდარი უნდა დამარხო, როგორი ცოდვილიც არ უნდა იყოს, ხოლო ხელისუფლის მუქარამ ვერ უნდა გათქმევინოს უარი საკუთარ პრინციპებზე.

ნუგზარ შატაიძის მოთხრობების უმთავრესი ხიბლი მათ გულწრფელობასა და სისადავეშია. ნებისმიერ მოთხრობაში, სადაც არ უნდა ხდებოდეს მოქმედება, სოფლად თუ ქალაქად, რომელ  კუთხესაც არ უნდა ეკუთვნოდნენ პერსონაჟები, ისინი იქაურ ენაზე საუბრობენ და ამ საუბარში ცნაურდება იმ მიკროკოსმოსის მთელი კოლორიტი. ყოველგვარი გაპრანჭვისა და მიკიბ-მოკიბვის გარეშე თავისი გმირების ქმედებებში ავტორი უაღრესად ჰუმანისტურ იდეებს აქსოვს, სიყვარულის, სიკეთის, მოყვასზე ზრუნვის გასაოცარ მაგალითებს აჩვენებს და ეს ყველაფერი გადამდებია, დამაფიქრებელი, სულისშემძვრელი.

მასწავლებლებს ვურჩევ, რომ სასწავლო პროგრამებში ჩართონ ნუგზარ შატაიძის რაც შეიძლება მეტი მოთხრობა. გარდა ჰუმანისტურ პრობლემებზე დაფიქრებისა, თანამედროვე ბავშვებს ეს ავტორი საოცარი დამაჯერებლობით უცოცხლებს სხვადასხვა ეპოქებს, კუთხეებს, ტრადიციებს, ადამიანთა ხასიათებს. რევაზ ინანიშვილის არ იყოს, ერთი მოთხრობის ფინალში რომ წერს, ჩემს შვილს ვუკითხავ ახალ ნაწარმოებს და მისი რეაქციის მიხედვით ვხვდები, მკითხველი ჩემს ტექსტს როგორ მიიღებსო, მე ნიცას რეაქციის მიხედვით ვხვდები, როგორ ზემოქმედებას ახდენს ესა თუ ის ტექსტი ბავშვებზე. „გეგათ ოლა“ რომ დავასრულეთ, ნიცა მოვიდა, თვალებში ჩამხედა და ჩვეული სისხარტით მომაყარა:

  • აი, როგორ გისმენდით, არ იცით, მასწ, ძალიან მომეწონა მოთხრობა, აი, ძალიან, ოლას მარანშიც კი ვიყავი და ყველაფერი იქიდან დავინახეო…

 

სა-ჭირ-ო   ლიტერატურა

0

  „ბედნიერი მომავალი თაობები, ჟამიანობის გამო ყოვლისმომცველი წუხილი რომ არ                     

 შეხებიათ და ამიტომაც ჩვენი მონათხრობი მათთვის მხოლოდ ამბავი იქნება“ (პეტრარკა)

ჟამიანობა იგივე ჭირიანობაა, მაგრამ ლიტერატურაში დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, ამ სიტყვას მეც ფართო მნიშვნელობით გამოვიყენებ. ჭირი, როგორც მკვლევრები ამბობენ, ბერძნული სიტყვიდან მომდინარეობს – დამშეული შავ-ლურჯი სისხლისმსმელი კერები ელვარე კბილების ღრჭენით დაძრწიან საკბილოს საძებრად. დღეს „ჭირიანი“ ირონიულად სუსტი ჯანმრთელობის ადამიანს ნიშნავს, „ჭირი“ კი მხოლოდ ზედსართავ შავ-თან წყვილში მიუთითებს კონკრეტულ დაავადებაზე. ქართულმა ენამ, შესაძლოა, ბერძნულიდან შეითვისა სიტყვა „ჭირი“, მაგრამ მისგან უამრავი სიტყვა აწარმოა, მაგალითად „ჭირიმე“, „გაჭირვება“, „საჭირო“, „ჭირნახული“, „ჭირვეული“ და სხვ. დღეს ეს სიტყვები იმდენად მშობლიურია, რომ მათ გარეშე ქართული ენა წარმოუდგენელია. ახლა, რაც შეეხება მეორე სიტყვას – ეთნოგრაფებმა და ფოლკლორისტებმა იციან, რომ „ჟამი“ კონკრეტულ დაავადებას აღნიშნავდა „უჟმურ“-თან ერთად. დღეს „უჟმური“ უხასიათოს ნიშნავს, ჟამისგან ნაწარმოებ „მოჟამულს“ კი მოღუშულ ამინდზე და უხასიათო ადამიანზე იტყვიან. სიტყვა ჟამიანობას, როგორც ეპიდემიის აღმნიშვნელ სიტყვას, პოპულარობა წლევანდელმა პანდემიამ მოუტანა. მანამდე, ამ უკანასკნელი მნიშვნელობით, მწერლები და მთარგმნელები იყენებდნენ (მაგალითად, ქართულად მოხდენილად შერჩეული მარკესის რომანის სათაური „სიყვარული ჟამიანობის დროს“ ორიგინალის ენაზე „სიყვარული ქოლერის დროს“ არის). ენამ შემოგვინახა ისეთი ფორმები, როგორიცაა „ჟამის გადავლა“, „ჟამისგან შემუსვრილი“ და დღეს, როცა მსოფლიო დაავადების არნახული მასშტაბების პირისპირ აღმოჩნდა, ჩნდება კითხვა: ოდესღაც ეს ენობრივი ფორმები დროით განადგურების კვალდაკვალ სასტიკი ეპიდემიის შედეგებსაც ხომ არ აღნიშნავდა? ალბათ ჟამის, როგორც დროის აღმნიშვნელი სიტყვის, ეპიდემიის მნიშვნელობით გაფორმებას მისმა შინაარსმაც შეიწყო ხელი. თუმცა მანამდე მისი შემოტანა სომხურიდან რელიგიური ტექსტების თარგმანმა განაპირობა. ბერძნული ენის დარად, ქართულ ენასაც უნდა განესხვავებინა ცნებები „ხრონოს/ქრონოს“ და „ჰოროს“, ამიტომაც ბიბლიის მთარგმნელებმა გამიჯნეს „დრო“ და „ჟამი“. ფაქტია, რომ ქართულმა ენამ ვერ იგუა ტერმინოლოგიური განსხვავება და ეს ორი სიტყვა სინონიმებად აქცია. ის კი არა, „დრო-ჟამი“ დღეს უკვე ერთი ცნებაცაა. ენამ დროთა განმავლობაში „ჟამს“ ახალი დატვირთვა მოუძებნა. როგორც აღვნიშნე, მიზეზი სიტყვის შინაარსიც გახდა – ადამიანთა მოდგმის სიკვდილს ხშირად ეპიდემიების პერიოდულობა, ანუ ჟამიანობა აჩქარებს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ ცნებებზე მსჯელობისას სხვა მომენტებიც გასათვალისწინებელია, რაც ენათმეცნიერების საქმეა. ჩემი დღევანდელი წერილის მიზანი სულ სხვაა.

გაზაფხულზე უცხოური საიტები ხშირად ბეჭდავდნენ ნარკვევებს ეპიდემიების თემაზე, ქართულმა მედიასაშუალებებმაც დაუთმეს დრო ჟამიანობის ლიტერატურის განხილვას. აღმოჩნდა, რომ მწერლები ხშირ შემთხვევაში ოდენ ფაქტის კონსტატირებას კი არ ახდენდნენ, იმას კი არ ცდილობდნენ, დაემუშავებინათ საკითხი და წარმოეჩინათ ჟამიანობის გამანადგურებელი შედეგები, არამედ ეძებდნენ მისი აღმოცენების მიზეზებს, ეძებდნენ გზებს და მხატვრულ ხერხებს, რომელთა საშუალებითაც მიანიჭებდნენ ეპიდემიებს ახლებურ სიცოცხლეს. ამ წერილში შევეცადე გამომეკვეთა ლიტერატურისთვის საინტერესო ასპექტები:

1.ლიტერატურა განგვიმარტავს ეპიდემიის მიზეზებს: სხვადასხვა ავადმყოფობების აფეთქების შესახებ ცნობები ჯერ კიდევ ანტიკურ ლიტერატურაში გვხვდება. ჭირი (ლოიმოსი) ღმერთების მოვლენილია გაბუდაყებული ადამიანების დასასჯელად, რათა ზვაობრობა (ჰიბრისი) დაასრულოს. ჰომეროსის „ილიადაში“ აღწერილია, როგორ დაუშინა აპოლონმა ჭირის ისრები აქაველ მეომრებს, რადგან მათმა წინამძღოლმა შეურაცხყო აპოლონის ტაძრის ქურუმი. ჭირი შეეყრება თებეს მოსახლეობასაც ოიდიპოსის დანაშაულის გამო. სოფოკლეს ტრაგედიაში „ოიდიპოს მეფე“ მაყურებელი/მკითხველი პროტაგონისტთან ერთად იძიებს შემზარავი ჭირიანობის მიზეზს და არანაკლებად შემზარავი ამბის მოწმე ხდება.

ეპიდემიით დარღვეული წესრიგის აღსადგენად სენის გამომწვევი მიზეზის გამოცნობაა საჭირო, დასადგენია, რომელი ღმერთია მოსალმობიერებელი. ასე მაგალითად, ლიტერატურა გვიყვება, როგორ ჩამოიყვანეს კრეტიდან ათენელებმა ჭირიანობასთან გასამკლავებლად ბრძენი ეპიმენიდე. აკროპოლისისკენ მიმავალი ეპიმენიდე გზის ორივე მხარეს ჩამწკრივებულ ქანდაკებებს აკვირდებოდა. დადარდიანებულ უხუცესებს ეგონათ, ეპიმენიდეც ეპიდემიის მიზეზს რომელიღაც ამ ღმერთში ხედავდა. „ყველას სათითაოდ შევწირეთ მსხვერპლი, მაგრამ საშველი მაინც არ არისო“. ეპიმენიდემ კი, თითქოს რეპლიკა არ გაკვირვებია, დილაუთენია ცხვრის მორეკვა მოითხოვა. უხუცესების უიმედობას ისიც ამძაფრებდა, რომ მშიერი ცხვარი ბალახის ძოვას დაიწყებდა. მაგრამ ათენელები შეცდნენ – რამდენიმე სხვადასხვა შეფერილობის ცხვარი მორჩილად გაწვა ბალახზე. ღმერთმა მსხვერპლი შეარჩია! „რა დავაწეროთ ბომონს, რომელი ღმერთის სახელი?“ – გამოცოცხლდნენ უხუცესები. „სწორედ ეგაა თქვენი პრობლემა, შეუცნობელი ღმერთის სახელს ითხოვთო,“ – მოუჭრა ეპიკურემ. ბომონს ასეც დააწერეს – „შეუცნობელ ღმერთს“. გამოხდა ხანი. განკურნებულ ათენელებს დაავიწყდათ უსახელო ღმერთი. ბომონი მიწით დაიფარა. ალბათ სწორედ შეუცნობელი ღმერთის ბომონმა შთააგონა პავლე მოციქული, სანამ არეოპაგში წარდგებოდა ათენელი უხუცესების წინაშე, რადგან წარმოთქმულ სიტყვაში მიანიშნა, რომ იმ შეუცნობელი ღმერთის საქადაგებლად იყო ჩამოსული, რომელიც ათენელებს დავიწყებული ჰყავდათ. ამ ამბის დასაწყისი დიოგენე ლაერტელთანაა  აღწერილი, გაგრძელება – მოციქულთა საქმეებში.

განრისხებული ისარმომართული ღმერთის სახე ქრისტიანულ ლიტერატურაშიც გვხვდება. ჯონათან ედვარდსი ქადაგებაში „ცოდვილნი განრისხებული ღმერთის ხელში“ წარმატებით იყენებს ღმერთის ხელის მეტაფორას, რომელსაც მოჭიმული მშვილდი უპყრია ხელთ ცოდვილ ადამიანთათვის ისრების დასაშენად. მხოლოდ მისი კეთილი ნებაა, კიდევ ერთი შანსი მისცეს ცოდვილებს, გამოსწორდნენ და ჭეშმარიტ გზას დაადგნენ. მართლმადიდებელი ავტორებიც იცნობენ ამ მოტივს, როცა ღვთაებრივი სასჯელი სხვადასხვა ფორმით ვლინდება ცოდვილთა თავზე. მაგალითად, დავით გურამიშვილი წერს: „…ცოდვა მათი უმეტესი ესმა, მოეხსენა ღმერთსა, აღმოსავლით მტერი აღძრა, მოუწოდა კვლა სამხრეთსა…“ როგორც ვხედავთ, მწერლისთვის ცოდვილი ადამიანების ღვთაებრივი სასჯელია ის უბედურება, რაც საქართველოს თავს ხდებოდა და ეს გამოვლინდა ომებში – შიდა და გარე მტერთან ბრძოლაში, კინკლაობაში, შიმშილში და სხვ. იმ პერიოდში ეპიდემიაც რომ დართვოდა ამ მდგომარეობას ან მიწისძვრაც, მიზეზი იგივე იქნებოდა – ადმიანთა ცოდვებით გამოწვეული ღვთაებრივი რისხვა. ზუსტად ასე უყურებდა თუკიდიდე „პელოპონესის ომში“ ტიფის ეპიდემიას, ომს და მიწისძვრას – როგორც ღვთაებრივ სასჯელს. ლიტერატურა მეტეოროლოგიურ, ეპიდემიოლოგიურ მოვლენებზე უკეთეს მხატვრულ საშუალებას ვერც იპოვიდა იმ კატასტროფის გამოსახატავად, რაც ადამიანთა ცოდვებს და ჰიბრისს სდევდა თან. სხვათა შორის, შექსპირის ეპოქაშიც ამბობდნენ, რომ ლონდონის შავი ჭირის მიზეზი ადამიანთა ცოდვები იყო, ცოდვები კი… თეატრში ბუდობდა. მადლობა ღმერთს, რომ უილიამ შექსპირმა ნაყოფიერად გამოიყენა იზოლაციის პერიოდი და სამი ბრწყინვალე ტრაგედიით გაამდიდრა მსოფლიო ლიტერატურა. როგორ შეიძლებოდა, ის, რაც საკუთარი გამოცდილებით იცოდა მწერალმა, არ გადაეტანა ნაწარმოებებში? ცხადია, მას შემდეგ, რაც ეპიდემიოლოგიურ კონტექსტს გავითვალისწინებთ, შექსპირის ტრაგედიებს სხვა თვალით წავიკითხავთ. მაგრამ ახლა სულ სხვა მომენტზე შევჩერდები.

2.ლიტერატურა გვიყვება ეპიდემიის შედეგებზე: ჟამიანობის პერიოდი სხვადასხვა აკრძალვას უკავშირდება. ერთ-ერთი ასეთია კარანტინი და იზოლაცია. თავად შექსპირმა სამწერლო საქმიანობისთვის გამოიყენა იზოლაციის პერიოდი, მაგრამ კარანტინმა მისი ტრაგედიის „რომეო და ჯულიეტას“ პერსონაჟების ბედზე მოახდინა ტრაგიკული გავლენა. ჯულიეტა რომეოსთან შიკრიკს ატანს წერილს, რომელშიც უხსნის, რომ ის სინამდვილეში არ იკლავს თავს და საწამლავის მოქმედების ვადა დროებითია. საუბედუროდ, შიკრიკს ქალაქში შესვლისთანავე იჭერენ და კარანტინში ათავსებენ. დიახ, რომ არა კარანტინი, რომეო არ დალევდა საწამლავს, რადგან ეცოდინებოდა, რომ ჯულიეტა ცოცხალია. ჩვენ, კარანტინგამოვლილი მკითხველი, უკვე სხვაგვარად აღვიქვამთ ტრაგედიას და გვიჩნდება კითხვა: ნუთუ კარანტინი მხოლოდ სიუჟეტის განმავითარებელი ელემენტია? ეგებ შექსპირი კარანტინის ორ მხარეზე გვაფიქრებს? კარანტინი ერთგვარი აკრძალვაა, რომელიც საზოგადოების სასიკეთოდაა მოგონილი. მაგრამ სასარგებლო აკრძალვაც დამანგრეველი შეიძლება აღმოჩნდეს. აღარაფერს ვამბობ ბოროტი განზრახვით გამოცემულ აკრძალვაზე, რომელიც ალესანდრო მანძონის „დანიშნულების“ სიუჟეტის ერთ-ერთი ელემენტია. ნაწარმოებში შეყვარებულების ქორწილს წინ აღუდგება ადგილობრივი წარჩინებული, მაგრამ მის მზაკვრულ ჩანაფიქრს შავი ჭირი ჩაშლის. ეპიდემია მავნე პერსონაჟს იმსხვერპლებს, ხოლო დანიშნულ ქალწულს, მიუხედავად იმისა, რომ ისიც დაავადდება, არ კლავს. თითქოს ადვილად გასაგებია მწერლის ჩანაფიქრი, აჩვენოს ეპიდემიის დადებითი და უარყოფითი მხარე. მისთვის ეპიდემიაა ღვთაებრივი სამართლის ფორმა. და, რაც მთავარია, ეპიდემიამ მკითხველი აუცილებლად უნდა დააფიქროს შემდეგ საკითხზე: გახდებიან კი ადამიანები იმაზე უკეთესები, ვიდრე თავს მოვლენილ განსაცდელამდე იყვნენ? თუმცა ამ ჩანაფიქრთან ერთად მანძონის სხვა ჩანაფიქრზეც საუბრობენ მკვლევრები. მათი აზრით, მანძონის მიერ აღწერილი შავი ჭირის ეპიდემია ლომბარდიაში ავსტრიელი დამპყრობლის მეტაფორა უნდა ყოფილიყო. დიახ, არ მოგესმათ! შავი ჭირი ავსტრიელი და არა ესპანელი დამპყრობლის მეტაფორაა! ნაწარმოებს სწორად ადარებენ დანიელ დეფოს „ჟამიანობის დღიურს“ და, აი, რატომ:

3.ლიტერატურა ეპიდემიების აღწერით გვაჩვენებს: ა) ადამიანის ბუნებას და ბ) დამპყრობლის ბუნებას: ცხოვრებისეულ წინაღობებს სხვადასხვა რამ ქმნის, იქნება ეს მანძონის ნაწარმოებში გამოყვანილი რენცოსა და ლუჩიას სიყვარულის ხელისშემშლელი დონ როდრიგო, ომი, შიმშილობა თუ ეპიდემია. წინაღობები წარმოაჩენს ადამიანის ნამდვილ ბუნებას, რომელსაც მანამდე არ ეძლევა სრულად გამოვლენის საშუალება. მანძონის ნაწარმოებში „დანიშნულები“ ესპანელი დამპყრობლების ბატონობის პერიოდი ემთხვევა ჭირიანობის პერიოდს და ეს ავტორს ხელს აძლევს, ალეგორიულად წარმოადგინოს ავსტრიის იმპერია. ესპანელთა ბატონობა და შავი ჭირის ეპიდემია მეჩვიდმეტე საუკუნის ლომბარდიაში გადაკრულად მიუთითებს მეცხრამეტე საუკუნეში ავსტრიელთა ქმედებებზე იტალიაში. ჩანს, რომ ესპანელები ცუდი მმართველები არიან, თუკი ეპიდემია ასე შორს წასულა. მილანს ჟამიანობის გადავლის შემდეგ აღორძინების ხელახალი შესაძლებლობის ხანა უდგება, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოსახლეობა განახევრებულია. დანიშნული წყვილი, ლუჩია და რენცო ახალ ცხოვრებას იწყებენ. დანიელ დეფოც ცდილობს, ღმერთის ნება დაანახოს მკითხველს „ჟამიანობის დღიურის“ კითხვისას.  ნაწარმოების პერსონაჟი ღვთაებრივ ნიშნებს ემორჩილება და ჭირის ეპიცენტრში რჩება. ის ბიბლიომანტიასაც კი მიმართავს – ალალბედზე გადაშლის ბიბლიას და იქ ამოკითხული არწმუნებს, რომ ქალაქი არ უნდა დატოვოს (იონაც ხომ ვერ დაემალა ღმერთს ვეშაპის მუცელში?!). ასე ხდება პერსონაჟი ლონდონის ტრაგედიის თვითმხილველი. ის გაოცებულია ფაქტით, რომ ეპიდემია ისევე მოულოდნელად  წავიდა ქალაქიდან, როგორც მოვიდა, ამიტომაც სრულიად დარწმუნებულია, რომ ამაში ღვთაებრივი ხელი ურევია. მას დაავადებული ქალაქი რომაელებით გარშემორტყმულ ბიბლიურ იერუსალიმს აგონებს პასექის დროს. ამ შედარების გამო ფიქრობენ მკვლევრები, რომ დეფომ დასაბამი დაუდო და შემდეგ უკვე მანძონიმ დეფოს გზა გააგრძელა – დეფომ რომაელი დამპყრობლები შავ ჭირს და იერუსალიმი ლონდონს შეადარა, ხოლო მანძონიმ ესპანელები და შავი ჭირი ავსტრიელ დამპყრობლებს, რომლებიც აოხრებენ ლომბარდიის დედაქალაქ მილანს. სანამ მკვლევრების ერთი ნაწილი ჯერ კიდევ იკვლევს „ჟამიანობის დღიურის“ გავლენას „დანიშნულებზე“, მეორე ნაწილი დადასტურებით აღნიშნავს, რომ პუშკინმა, სანამ ვილსონის პატარა ტრაგედიას, „ლხინი ჟამიანობის დროს“, თარგმნიდა, დეფოს „ჟამიანობის დღიური“ დედანში წაიკითხა. პუშკინის ნაწარმოები ურწმუნო ადამიანებზეა, რომლებიც, ცოდვების მონანიების ნაცვლად, ბოლოჟამს ლხინს მისცემიან და არ ფიქრობენ წარმავალსა და მარადიულზე.

აქ ჩამოთვლილი ყველა ნაწარმოების ერთ-ერთი მიზანი ალბათ მაინც ადამიანის კათარზისის ჩვენებაა. მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ კათარზისი ადამიანს ბუნებას შეუცვლის – როგორც ოდესღაც ათენელებმა დაივიწყეს შეუცნობელი ღმერთი, ისე დაივიწყებენ ადამიანები ჟამიანობის, შავი ჭირის თუ ქოლერის პერიოდის ღვთაებრივ სასწაულებს.

დამპყრობელი და მტერი არ არის ყოველთვის უცხო ქვეყანა. ის ზოგჯერ აბსტრაქტულია და საფრთხეს უქმნის ადამიანურ სიქველეებს, შესაბამისად, მის ბუნებასაც. ჯოვანი ბოკაჩოს „დეკამერონის“ პერსონაჟებს სწორედ ამ კუთხით განიხილავენ ლიტერატორები. ტაძრიდან გამოსული პერსონაჟები, შვიდი ქალი და სამი ვაჟი, იტალიის ერთ-ერთ ქალაქში გამძვინვარებულ შავი ჭირის ეპიდემიას გაექცევიან და სოფელს შეაფარებენ თავს. სიუჟეტის დასაწყისი შავი ჭირის ეპიდემიაა, ის ფონად გასდევს ამბავს, ალეგორიულად კი შავი ჭირის, ანუ უკეთურების სამიზნე სიქველეებია (ბერძნული „არეტე“ და ლათინური „ვირტუ“), რომელთაც მორწმუნე ადამიანი უნდა განასახიერებდეს. რომანში შვიდი ქალის სახით პერსონიფიცირებული სიქველეებია: სიბრძნე, კეთილგონიერება, სიმამაცე, სამართლიანობა, რწმენა, სასოება და სიყვარული, ხოლო სამი მამაკაცი გონი, გრძნობა და სულიერებაა. ბოკაჩოს პერსონაჟები ათი დღის განმავლობაში ყოველდღიურად თითო ზღაპარს ჰყვებიან, ზღაპრებში კი წარმოჩენილია ადამიანის მანკიერი ბუნება.

  1. ეპიდემიის წყალობით, ლიტერატურა ავლენს ჩახშულ სურვილებს: სულაც არაა გასაკვირი, ეპიდემიები რომ პესიმიზმის საფუძველი აღმოჩნდება ხოლმე. უყურებ გარშემომყოფი ადამიანების ტანჯვას, სიკვდილს და საშინელი უიმედობა გიპყრობს. სასოწარკვეთას ადამიანის ღმერთის უარყოფამდე მიყვანაც შეუძლია. იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს „ფაუსტი“ ექიმის შვილის მეფისტოფელთან შეხვედრას გვიამბობს. ფაქტია, რომ პერსონაჟის ტრაგედიის ერთ-ერთი მიზეზი მამის პროფესია – მედიცინა – იყო, რომელიც შთამომავლობით გადაეცა შვილს. ფაუსტის მამა ეპიდემიას ებრძოდა შვილთან ერთად. და რა დაინახა შვილმა? მამის პროფესია ვერ მოერია ავადმყოფობას, სიკვდილი კი გამარჯვებული აღმოჩნდა. გაწბილებული ფაუსტი თავს რამდენიმე პროფესიაში მოსინჯავს, აქედან ერთი იურისპრუდენციაა, მეორე თეოლოგია. პასუხს რომ ვერ მიაგნებს, ფაუსტი ბოლოს თარგმანს მიჰყოფს ხელს. მისი სამიზნე იოანეს სახარების დასაწყისი სიტყვებია. როგორც ცნობილია, ბიბლიის თარგმნისას უმცირესი ასო იოტიც კი არ უნდა შეცვალოს (ბერძნულ ენაში გრძელი ხმოვნების ო, ე და ა-ს ქვეშ მიწერილი იოტა წერტილივით მცირეა) მთარგმნელმა, რაც ნიშნავს იმას, რომ ტექსტში იოტისოდენა ცვლილებაც კი არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველს მისცემს მკითხველს. აი, ფაუსტი, რომელიც „ლოგოსის“ თარგმნას არა „სიტყვით“, არამედ ხან „აზრით“, ხან „ძალით,“ ხანაც „საქმით“ აპირებს, სიტყვას, ღვთაებრივ ლოგოსს, ანუ ღმერთს ებრძვის და ირიბად მას უარყოფს. აღდგომის ღამეს ფაუსტის ჭიდილი წარსულ ეპიდემიისთან უთანასწორო ბრძოლაში განცდილი მარცხის შედეგიცაა – როცა ვერ იღებ ღმერთის მიერ მოვლენილ სიკვდილს, მაშინ ცდილობ, ნებისმიერი ფორმით გაექცე მას, ჯერ პროფესიებით, მერე სატანასთან გარიგებით. გარიგების თანახმად, ფაუსტის ცხოვრების ის წამი შეჩერდება, რომელიც მას მშვენიერად მოეჩვენება. ფაუსტი 50 წლისაა. ამ ასაკში წამის შეჩერება და სამუდამო გაყინვა არც ისე სანატრელია. ამიტომ მეფისტოფელი ფაუსტს ახალგაზრდობას უბრუნებს. ეპიდემიის ფონზე სიკვდილის შემზარავი სურათების ნახვით დაწყებული კრიზისი გათავისუფლებული სურვილის საწინდარი ხდება – ახალგაზრდობაში დაბრუნება და ასე შეჩერებული მშვენიერი წამი გათავისუფლებული ჩახშული სურვილია.

ეპიდემია პესიმიზმის საფუძველია. თუმცა ადამიანმა ეპიდემიის გარეშეც იცის, რომ მისი სიცოცხლე სიკვდილით მთავრდება. მაგრამ ეპიდემია კიდევ უფრო მეტად გვაგრძნობინებს სიცოცხლის წარმავალობას და, რაღაც გაგებით, უაზრობასაც. ამიტომაც ეპიდემია აღმოჩნდება ხოლმე ზოგიერთი ადამიანისთვის მანამდე ჩახშული ვნების გათავისუფლების საწინდარი. როგორც ვიცით, საზოგადოება კრძალავს გარკვეული ტიპის სიყვარულს. რომ არა ეპიდემია, რომელიც ფონად გასდევს გაბრიელ გარსია მარკესის  რომანს „სიყვარული ჟამიანობის დროს“, გათავისუფლდებოდნენ კი საზოგადოებრივი აზრის მარწუხებისგან და თავს უფლებას მისცემდნენ დაექირავებინათ ხომალდი და ემოგზაურათ სიცოცხლის დაისში მყოფ ახლად დაქვრივებულ ქალს და მისი ჭაბუკობის დროინდელ ასაკოვან სატრფოს? რა თქმა უნდა, პასუხი უარყოფითია. ტაბუირებული სიყვარული კიდევ იკეტება, როცა მწერალი ხაზს უსვამს პერსონაჟების მოთხოვნას, არ ამოუშვას კაპიტანმა გემზე არავინ და იცუროს ქოლერის ყვითელი დროშის ქვეშ იქამდე, სანამ… დასასრული სიტყვების გარეშეც გასაგებია. ამიტომაც კაპიტანი გარდაცვლილების საიქიოში გადამყვანი ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟი ქარონია, დაქირავებული ხომალდი ქარონის ნავი, ხოლო კიჩოზე აღმართული გამაფრთხილებელი ეპიდემიის მანიშნებელი დროშა სიკვდილის ნიშანიცაა და უცილობელ სიკვდილთან დაზავების სიმბოლოც. რომანის თემა, ხანდაზმულ ასაკში აკრძალული სიყვარულით ტკბობა, სიკვდილით ტკბობის ერთგვარი მეტაფორაცაა. ამგვარი სიყვარული ეპიდემიის დროშის ქვეშ დაცურავს, ნაპირებზე მყოფი ხალხისთვის ცხადია მგზავრების მარშრუტის საბოლოო დანიშნულების ადგილი.

რა თქმა უნდა, დიდი კოლუმბიელი კლასიკოსი გერმანელ წინამორბედს დაესესხა რამდენიმე სიმბოლოსა თუ ალეგორიის ჩვენებით. თომას მანის „სიკვდილი ვენეციაში“ პერსონაჟი მამით სამხედრო და დედით ჩეხი ხელოვანების შთამომავალი მწერალია. გუსტავ ფონ აშენბახს შემოქმედებითი კრიზისი ეწყება, როცა აპორიას აწყდება – მას უჭირს დაწყებული რომანის გაგრძელება. რომანი იმპერატორ ფრიდრიხ პრუსიელზეა. ადვილია ისტორიული ამბების წერა, მაგრამ რთულია, როცა თექვსმეტი წლის ფრიდრიხის სასიყვარულო ისტორია უნდა აღწერო მამამისის პაჟთან ან სიტყვებით გადმოსცე, როგორ აყურებინეს ყმაწვილ ფრიდრიხ, როცა მოკვეთეს თავი მის პედაგოგს და საყვარელს. პურიტანულ ტრადიციებზე აღზრდილ მწერალს, გუსტავ ფონ აშენბახს, უჭირს იმაზე წერა, რისი გამოცდილებაც მას არ გააჩნია. მუზის დასაბრუნებლად ის მოწესრიგებული გერმანიიდან ტურისტების მიერ ქაოტურად ქცეულ ვენეციაში მიემგზავრება. აქ ხვდება უკანასკნელ სიყვარულს, ჯერ კიდევ მოზარდ ტაძიოს. აშენბახი იღუპება წყალში მომზირალი ბერძნული მითოლოგიის ნარცისივით მომაკვდავ ვენეციაში, ვენეციაში, რომელიც ქოლერას ებრძვის. თომას მანის აღწერილი ასაკოვანი მამაკაცის აკრძალული სიყვარული ბიჭის მიმართ ეპიდემიის ფონზე ვითარდება და ეს თომას მანის მიერ მიგნებული შესანიშნავი ალეგორიაა. მწერალი, ხელოვანი სიყვარულის, სილამაზის, მუზის დევნით დაღალული ვერ ახერხებს მის მოხელთებას და ხელოვანთა ამაო შრომას მხოლოდ სიცოცხლის ბოლო წამს შეიცნობს. კვდება აშენბახი, ტაძიო კი რჩება და ასე გრძელდება დაუსრულებელი ციკლი – ყოველი ახალი ხელოვანი თავიდან დაშვრება განსხვავებული იდეალების (სიყვარული, სილამაზე, ბედნიერება და სხვ.) ძიებაში. რომანს ფონად დაჰყვება სტერილიზაციის სამუშაოების სუნით გადაფარული ხრწნის სუნი. რადგან სტერილიზაცია ვახსენე, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ის ლიტერატურული ნიმუშები, რომლებშიც ჭირიანობა ბოროტი პოლიტიკური რეჟიმის ალეგორიაა. ასეთ რეჟიმებს სასწრაფოდ ესაჭიროება  სტერილიზაცია, როგორც სავალდებულო ჰიგიენური ზომა და როგორც განაყოფიერების უნარის მოსპობის ერთადერთი საშუალება.

  1. ეპიდემია ლიტერატურამ მანკიერი პოლიტიკური რეჟიმების მეტაფორად აიქცია: ალბერ კამიუს „შავი ჭირი“ ყველაზე ხშირად ახსენდებოდათ წლევანდელი პანდემიის დროს. რატომ? იმიტომ კი არა, რომ კამიუ ზედმიწევნითი სიზუსტით ასახავს ეპიდემიის დროს ჩატარებულ ყველა ღონისძიებას, არამედ იმიტომ, რომ რომანში ასახული ეპიდემია ნაციზმის, როგორც დაუნდობელი პოლიტიკური რეჟიმის, ალეგორიაა. ალბერ კამიუმ რომანს „შავი ჭირი“ დანიელ დეფოს „ჟამიანობის დღიურის“ ამონარიდი დაურთო ეპიგრაფად: „ერთი სახის ტყვეობის მეოხებით მეორენაირი ტყვეობის წარმოსახვა ისევე გონივრულია, როგორც რამე რეალურად არსებულის წარმოდგენა არარსებულის მეშვეობით“, ხოლო დაამთავრა გამაფრთხილებელი სიტყვებით: „სიხარულის ყიჟინა ჩაესმოდა, მაგრამ (sc. პერსონაჟს) ახსოვდა, რომ ამ სიხარულს საფრთხე ელოდა; რადგან იცოდა ის, რაც ამ მოზეიმე ბრბომ არ უწყოდა და რაც შეიძლება წიგნებში ამოიკითხო კაცმა. იცოდა, რომ შავი ჭირის ბაცილა არასოდეს კვდება და არც არასოდეს ქრება, რომ მას შეუძლია ათეულ წლებით ეძინოს… მოთმინებით იცადოს ოთახებში, სარდაფებში… და იქნებ ერთი დღეც დადგეს, როცა ადამიანთა საუბედუროდ თუ მათი ჭკუის სასწავლებლად, შავი ჭირი კვლავ გამოაღვიძებს ვირთხებს და სასიკვდილოდ გამოაგზავნის ბედნიერ ქალაქში“. კამიუმ იცის, რომ ყველა ადამიანი ფხიზლად უნდა იყოს, რათა არ დააბრუნოს დაუნდობელი პოლიტიკური რეჟიმის მსახვრალი ხელი. ეს ის დაუნდობელი პოლიტიკური რეჟიმიცაა, რომელიც ცუდი მმართველის პირობებში ანადგურებს ქვეყანას და რომელიც ამბროჯო ლორენცეტიმ გამოსახა სიენას ადმინისტრაციული შენობის კედლებზე. ლორენცეტის ნახატით ასახავს კარგ და ცუდ მმართველობას. კარგი მმართველობის ალეგორიის ცენტრში თავად ქალაქია, მისი თემი, რომელსაც გვერდს უმშვენებს სამართლიანობა ხელში სასწორით, ხოლო სასწორის გასწორებაში მას სიბრძნე ეხმარება. იქვე მშვიდობაა უდრტვინველად წამოწოლილი. კარგი მმართველობის დროს სოფლად და ქალაქად უშიშრად საქმიანობენ ადამიანები. აი, ცუდი მმართველობის ალეგორიის ცენტრში სატანაა, რომელსაც მხარში სისასტიკე და განხეთქილება უდგანან, ხოლო მის ფერხთ სასწორდამსხვრეული სამართლიანობაა მისვენებული. სოფლები გაჩანაგებულია და ქალაქიც დანგრეული.

დღეს, როცა ადამიანები პანდემიასთან ბრძოლაში ჩაერთნენ, ყველა იმ ასპექტმა წამოიწია წინ, რომლებსაც ლიტერატურა ასახავდა. როგორ ფიქრობთ, აისახება თუ არა თანამედროვე ხელოვნებაში ახალი კორონაინფექცია? მე ვფიქრობ, აუცილებლად. როგორ და რანაირად, ამ პროგნოზებს მე ამ წერილის ფარგლებში ვერ გავაკეთებ, თუმცა გარკვეული მოლოდინები გამაჩნია.   

და ბოლოს, როგორ შეიძლება, არ გავიხსენო ვაჟა-ფშაველას წერილი „ფიქრები ხოლერის გამო“. ვაჟას სნეულებაზე მეტად სხვა ქოლერა აწუხებს და აფიქრებს, რომელსაც არც სისუფთავე და არც დეზინფექცია შველის, მკვდრებს კი ამრავლებს. როგორც ვხედავთ, ვაჟასთვისაც, ისევე როგორც მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსებისთვის, ქოლერა მეტაფორაა.

წერილს ერთი ქართული მულტიპლიკაციური ფილმით დავასრულებ. რეჟისორ დავით თაყაიშვილის მიერ დავით სიხარულიძის სცენარის მიხედვით გადაღებულ ანიმაციურ ფილმში „ჭირი“ ჭირი წარმოდგენილია, როგორც შავი ლაქა, რომელიც ჯერ ძაღლს აშავებს, შემდეგ ნელ-ნელა მოედება ადამიანებს, ქალაქის ქუჩებს, ფერად შენობებს. რატომ ჯერ ძაღლს? ალბათ იმიტომ, რომ მან ვეღარ დაიცვას ადამიანები. თუკი შავი ფერი თავდაპირველად მოუხერხებლად ეპარება ყველას და ყველაფერს, შემდეგ უკვე ადამიანები ვერ ხვდებიან, რამდენად საშიშია ის და მისგან კი არ გარბიან, თავად მიდიან მასთან გასაშავებლად. უცნაურია არა, როცა ასე წარმოადგინა ჭირი გადამღებმა ჯგუფმა? იმის ნაცვლად, რომ იკეტებოდნენ, იმალებოდნენ, ადამიანები თავს უფრო უსაფრთხოდ მაშინ გრძნობენ, როცა მათაც შეეხებათ ჭირის სიშავე. იმიტომ რომ ჭირი მანკიერ პოლიტიკურ რეჟიმებთან თანამშრომლობის, კონფორმიზმის ალეგორიაცაა. ასეთი ჭირი, ადრე თუ გვიან, დამარცხდება. მაგრამ მთავარია, არ დავუშვათ დამარცხებულის მობრუნება. ამისთვის აუცილებელია, გა-ჭირ-ვებით თუ გაუ-ჭირ-ვებლად, ვისწავლოთ მისი ამოცნობა და სა-ჭირ-ო ზომების დროულად მიღება.

საჭირო ზომების მიღებამდე კი სიტყვის მნიშვნელობასაც დავაკვირდეთ. „საჭირო“ ორმაგი მნიშვნელობის მქონე სიტყვაა. ილია აბულაძე მას განმარტავს, როგორც „აუცილებელს“ და „ძნელს“.  აქ არ შეიძლება არ გაგვახსენდეს სულხან-საბას „სიბრძნე სიცრუისა“ – როდესაც ფინეზი უყვება სედრაქს თავის სიზმარს და აჩვენებს ეტრატზე გამოსახულ ლეონს, ვეზირი პასუხობს: „თუცა თვით არ მოვიდეს კაცი იგი, პოვნა მისი საჭირო არს“, ანუ, რთულია, ძნელია ამ კაცის პოვნაო. თუმცა, ამ კონტექსტში სიტყვა „საჭირო“ სირთულეს გულისხმობს პირდაპირი მნიშვნელობით და აუცილებელს – არაპირდაპირ, რადგან შემდეგ მკითხველი ხვდება, რომ საჭირო (=ძნელი) კი იყო ლეონის მოძებნა, მაგრამ მართლაც რომ საჭირო (=აუცილებელი) ყოფილა თურმე.

ასე რომ, ეპიდემიის თუ ცუდი მმართველობის პერიოდებში ზომების დროული მიღება საჭიროა (ძნელია), მაგრამ საჭირო (აუცილებელი). ასევე ჭირის ეპიდემია ან ცუდი მმართველობა რომ არ მობრუნდეს, სიფრთხილე საჭიროა (ძნელია), მაგრამ საჭიროა (აუცილებელი).

P.S. სანამ წერილს გამოსაქვეყნებლად გავაგზავნიდი, ჩემს მეგობარს წავაკითხე. მას გაუკვირდა, რატომ გამომრჩა თომას მანის „ჯადოსნური მთა“, რადგან რომანში ტუბერკულოზიანი პაციენტების იზოლაციის ადგილი – მთა – მეტაფორაა, ისევე როგორც ავადმყოფობაა მეტაფორა. გადამდები ავადმყოფობა, იზოლაცია, საზოგადოება, რომელიც არ აღიარებს, რომ ავადმყოფების განრიდება სიკვდილის ევფემიზმია, რა თქმა უნდა, განხილვის საგნად უნდა ვაქციოთ. უამრავი ნაწარმოებია მსოფლიო ლიტერატურაში, რომელიც ამ თემებს ეხება და მკითხველს, ეჭვი არ მეპარება, ყველა მათგანი გაახსენდება, ჩემგან განსხვავებით. „სახადის ალეგორიაც რომ გეხსენებინა მიხეილ ჯავახიშვილის „თეთრ კურდღელში“, ურიგო არ იქნებოდა, რადგან ქართულის მასწავლებლები არიან შენი მკითხველებიო, – შემახსენა მეგობარმა, – ან არ გინდა, შესთავაზო, ლევან ბერძენიშვილის რომანი „წმინდა წყვდიადი“ ისე წაიკითხონ, თითქოს საბჭოთა ციხეში იძულებით იზოლირებული პატიმრები (სსრკ რესპუბლიკებივით 15), რომლებიც თავიანთ ისტორიებს ჰყვებიან, „დეკამერონის“ პერონაჟებივით განრიდებულები არიან ჭირს, რომელიც ციხის გარეთაა? თუკი სხვა შემთხვევებში ციხეა ჭირი, პოლიტიკური პატიმრებისთვის ციხე და ჭირი კედლების მიღმაც არის, ხოლო იზოლაცია, თუნდაც იძულებითი, გათავისუფლების ალეგორიააო“.

მოდით, ერთი წერილი ციხეზე და საავადმყოფოზე, როგორც საინტერესო მეტაფორაზე, ჩემზე იყოს!

 

 

ცდუნება

0

თავს ალბათ ვერავინ დადებს, რომ ეს არ შეხებია. სადღაც გულის ფსკერზე ამ წუთასაც ვგრძნობ მიძინებული მხეცის მშვიდ სუნთქვას. თითქოს სძინავს, მაგრამ მგონია, რომ უფრო მოლოდინით გაყუჩებულა. სულ ერთი წამი უნდა, გაფხიზლდეს, თავი წამოსწიოს, ამოყვინთოს ზედაპირზე და მერე ყველაფერი იმის სუნით/სუნთქვით გაივსება.

თორნიკე შენგელია რომ მოსკოვის „ცსკა“-ში გადავიდა, ეს ამბავი ერთდროულად საწყენიც იყო და ალბათ მოსალოდნელიც. ჩვენ მონსტრებსა და დიდ პოლიტიკურ თამაშებს შორის გამოკიდული ქვეყანა ვართ, რომელიც აქამდე მსხვერპლით მოვიდა – მსხვერპლისუნარიანობით – მაგრამ გზადაგზა ათას ბოროტებას, მოღალატეს და გამცემს წაუყრუა. ეს რომ გროვდებოდა და ზნეობრივი ლპობაც შემოგვეპარებოდა, მაშინ იყო, ერთი ვინმე გამოირჩეოდა ხალხისგან და ის გამოასუფთავებდა ბევრი თაობის ჭუჭყისა და კომპრომისებისგან აყროლებულ სახლს და სხეულებს. მერე კი – ისევ იგივე… ისევ იმავე წრეზე…

ეს ცდუნება ყოველთვის ჩვენს თავზემოთ იქნება დაკიდებული. ხან წარმატება დაერქმევა, ხან კარიერული წინსვლა, ხან – მერე რა, იმანაც ხომ ისქნა, ხან – შიში და ხათრი, ხანაც – დიდი ფული, ხან კიდევ – მტერთან დაზავებული სილაჩრე, რომელსაც რატომღაც ახალი დროის პატრიოტობადაც მონათლავენ.

ეს ცდუნება არ აგვცდება არავის, ათი წლისები ვიქნებით თუ 80-სა. აქედანვე უნდა ვიყოთ შეგუებული, რომ იმპერია, რომელმაც ასეულათასობით ჯარისკაცის სისხლი და აუწონავი სიმდიდრე ჩახარჯა თავისი საზღვრების ჩვენს მიწაზე გადმოსადებად, ჩვენი მოსყიდვისთვის არაფერს დაიშურებს.

ყველას ვერ დაგვხოცავენ – საუკუნეებია ეს არ გამოვიდა – მაგრამ ბოროტების იმპერიებს სჯერათ, რომ ყველას ყიდვა შეიძლება, ამისთვის კი არსებობს ყოფა და პრობლემები, რომლებსაც თუკი იდეალები მოშორდება, იოლად შეუძლია უბადრუკ არსებებად გვაქციოს. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე კი ასეთად ბევრჯერ მიგრძნია თავი და ახლა არ ვიტყვი, მაშინ რა ძალამ გამომაღწევინა იქიდან… არ გავამხელ, ჯობია ჩემთვის ვიცოდე.

თორნიკე შენგელიას რა თქმა უნდა ეცოდინება ურდოში მარტო, თავისი ფეხით წასული მეფე დემეტრე II-ის ამბავი, ყაენის მუქარას მხოლოდ საკუთარი სიცოცხლე რომ შეაგება და ქვეყანა აოხრებისგან გადაარჩინა. სხვათა შორის, დემეტრე თავდადებული სიცოცხლის დიდად მოყვარული კაცი იყო და ამქვეყნიური სიამენი ჩვენზე მეტადაც ეძვირფასებოდა, მაგრამ მისი გადარჩენისთვის დიდებულებისგან/ხალხისგან მოწოდებული არც ერთი არგუმენტი არ გაიზიარა და ურდოში გამარჯვებული, შიშსა და სიხარბეზე მაღლა მდგომი წავიდა.

დემეტრე თავდადებულმა იცოდა, რომ ურდო ერთხელაც ყველას დაუძახებს, უბრალოდ ზოგი იფიქრებს, საჩემოდ მიბარებენო და წყალობას შეიშვენებს, ზოგს კი სულ ეცოდინება, რომ მის უკან მოოხრებული ან მოსაოხრებლად განწირული მისი ხალხი დგას, და მხოლოდ იმისთვის ეწვევა ურდოს, რომ იმ ხალხისგან გამოტყორცნილი ისარი იყოს და არა დამპყრობლის ფეშქაშად გამზადებული ძღვენი.

სკოლა და მისი მართვა ციფრულ ეპოქაში – ცვალებადი პარადიგმები  ცვალებად დროში (ნაწილი მეორე)

0

სტატიათა ციკლი ამერიკელი ავტორის, სპიკერისა და განმანათლებლის, ერიკ შენინგერის 2019 წელს გამოსული წიგნიდან, Digital Leadership (2019, second edition, Copyright © 2019 by Corwin).

ერიკ შენინგერის წიგნი Digital Leadership (2019), სასკოლო ლიდერებისთვის, დირექტორებისთის და სავარაუდოდ, სკოლის შემოქმედი ადამიანებისთის არის განკუთვნილი. სანამ რამის მართვას დაიწყებთ, ის „რაღაც“ უნდა არსებობდეს. იცვლებიან ისინიც, ვისაც უნდა ვასწავლოთ. დღეს მათ (მოსწავლეებს, ლ.ა.) ყურადღების უფრო მოკლე ინტერვალი აქვთ, მათ თავისუფლად შეუძლიათ რამდენიმე რამეზე ერთდროულად კონცენტრირება. ზოგიერთი მკვლევარი ამბობს რომ ეს კარგია, სხვები ამას უარყოფითად აფასებენ. ერიკი (წიგნის ავტორი, ლ.ა.), წიგნის მკითხველს ყველა ამ საკითხში ამოგზაურებს, არ იჭერს რომელიმე მხარეს, მაგრამ გვთავაზობს, ყურადღება მივაქციოთ სხვადასხვა შესაძლო ვერსიას, რომლიდანაც არჩევანს გავაკეთებთ.

სწავლება, როგორც იქნა, სწავლით იცვლება. ავტორს ფრთხილად, ნაბიჯ-ნაბიჯ შევყავართ ციფრული სწავლის სამყაროში. ფრთხილად იმიტომ რომ იგი აცნობიერებს რომ ჩვენ, ყველანი მზად ვართ მოულოდნელად შევუტიოთ ყველა იდეას ამ თემაზე. მე ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან ყოველდღე მიწევს მუშაობა თვითორგანიზებადი სწავლების საკითხებზე.

როდესაც ლონდონში და კალკუტაში პირველი, ელექტრობაზე მომუშავე ტრამვაი გამოჩნდა, ხალხი კითხულობდა „და სად დამალეს ცხენები?“ ეს წიგნი სასწავლო გარემოზე გვესაუბრება. მათგან ზოგი არსებობს, ზოგი – არა. ინტერნეტი და ციფრული საშუალებები, რომლებიც მას იყენებენ, მიმოფანტულია ჩვენი სკოლების ფიზიკურ სივრცეში. ინტერნეტი რეალობაა – იგი არსებობს, მაგრამ სად არის ის? ამჯერად სად დამალეს ცხენები?

ჩვენი საზოგადოების სახელცვლილება ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს გეომეტრიული პროგრესიის კანონებით და ეს ტექნოლოგიების უპრეცენდენტო განვითრების გამო ხდება. ამ პროცესმა უკვე შეცვალა ის წესები, რომლებსაც ადამიანები გამოიყენებენ ურთიერთობების, თანამშრომლობის, პრობლემების გადაჭრის, პროექტების შექმნისა და გადაცემული შინაარსის აღქმისა და მოხმარებისათვის.

ამ ცვლილებებმა ყველა, ვინც განათლების სფერო მუშაობს, ისეთ მდგომარეობაში ჩააყენა რომ ისინი დაფიქრდნენ, თუ რამდენად შეესაბამება სინამდვილეს და რამდენად ეფექტურია ის მეთოდები და საშუალებები, რომელსაც ისინი სწავლების, სწავლისა და მართვისათვის იყენებენ? რამდენად შეიძლება მიაღწიონ სწავლების მთავარ და კეთილშობილურ მიზანს, რომელიც მოსწავლის დღევანდელ და სამომავლო წარმატებებში უნდა აისახოს?

სწორედ ამაში მდგომარეობს ის მთავარი მიმართულება, რომელიც სკოლის მუშაობას ეხება. აქცენტი უნდა გაკეთდეს იმ ნიჭიერ და კომპეტენტურ  მასწავლებლებზე, რომლებიც  წარმატებულად შეისწავლიან და „გაუმკლავდებიან“ ციფრული სამყაროს მოთხოვნებს.

მეორადი მიზანი იქნება ძლიერი ურთიერთობების ჩამოყალიბება განათლების სფეროში არსებულ ყველა დაინტერესებულ მხარესთან (მშობლები, მოსწავლეები, თემის წევრები) და მათი ორგანულ ჩართვა იმ დროს არსებულ პროცესებში. კითხვა კი ასე ჟღერს: ხართ თუ არა მზად ამისათვის?

ტექნოლოგიების და მათი დომინანტური როლის ზრდა ჩვენს ცხოვრებაში, ადვილად დასანახია ქცევაზე დაკვირვებებით, რომლებზეც პროფესიონალები, ბიზნესები, მშობლები, ბავშვები და თვით ბებია-ბაბუებიც კი მიგვითითებენ.

2017 წლის დეკმბრისათვის, მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 54% ინტერნეტში იყო ჩართული (Internet World Stats, 2018).

ახალი ხელსაწყოები იმაზე უფრო სწრაფად ჩნდებიან, ვიდრე ეს ადრე ხდებოდა. გაითვალისწინეს თუ არა სასკოლო სტრუქტურებმა და პროცედურებმა ეს ტენდეცია? უფრო მეტიც, იციან კი [სკოლების] ლიდერებმა ამ ძვრებისა და ტენდენციების შესახებ და რა მოიმოქმედეს თავიანთ სკოლებში გააზრებული, მდრადი ხასიათის ცვლილებების განსახორციელებლად? აქ საკითხი ასე დგას: ჩვენ უნდა უკეთესები ვიყოთ და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ვხედავთ ცვლილებებს, რომლებიც ჩვენი სკოლები კედლების მიღმა მიმდინარეობს.

ცვლილება ყოველი ჩვენთაგანიდან იწყება და ამ წერტილიდან ვრცელდება. სიმართლე კი იმაში მდგომარეობს რომ არ არსებობს სრულყოფილი გაკვეთილი, პროექტი, საკლასო ოთახი, ოლქი, მასწავლებელი, ან ადმინისტრატორი. თუმცა არსებობს იმის შესაძლებლობა რომ ყოველდღე უკეთესები გავხდეთ.

სასკოლო ლიდერებისთვის მთავარი გამოწვევა იმაში მდგომარეობს რომ მათ უნდა გააცნობიერონ ეს საზოგადოებრივი ცვლილებები და გაითავისონ ისინი. თუ სკოლები გააგრძელებენ ვადაგასული სასკოლო მოდელის დევნას, რომელიც ფოკუსირებულია მრეწველობისთვის გაზრახული სამუშაო ძალის მომზადებაზე, ისინი შესაძლოა, მოსწავლეებისა და საზოგადოებისთვის (და თემისთვის) შეუსაბამო ინსტიტუტებად გადაიქცნენ.

უფრო ხშირად, ვიდრე ეს სასურველია, საქმე გვაქვს მოსწავლეთა და მათ სკოლებს შორის არსებულ ფუნდამენტურ წყვეტასთან. რეალობასთან შესაბამისობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მიზნის მიღწევა.

შეუძლებელია ამ უკანასკნელის მიღწევა, თუ პირველს შესაფერისი ყურადღება არ დაეთმობა. რატომ ხდება რომ სკოლების დიდი რაოდენობა ვერ პასუხობს მოსწავლეთა სწავლების მარავალფეროვან საჭიროებებს?

რამდენად იყენებენ  სასკოლო ლიდერები ხელმისაწვდომ ტექნოლოგიებსა და სოციალურ მედიას ისეთი საქმიანობისთვის, რომელსაც ისინი ისედაც კარგად ასრულებდნენ? ითვალისწინებს თუ არა ჩვენი გადაწყვეტილებები, ან საქციელი, სამომავლო ძვრებსა და ცვლილებებს, თუ ისევ სტატუს-ქვოს შენარჩუნებაა უპირატესი?

რატომ ხდება რომ ძალიან ბევრია ისეთი, ვინც ფეხს ითრევს და ეშინია ცვლილებების? თუ ამ ძნელ კითხვებს სასკოლო ლიდერები ნათელ პასუხებს არ გასცემენ, ჩვენი განათლების სისტემა კიდევ უფრო მიუახლოვდება შეუსაბამობასა და არაადექვატურობას.

ციფრული ხემძღვანელობა, მართვა ან „ლიდერშიპი“ (ინგლის. წინამძღოლობა, ხელმძღვანელობა, ლ.ა.), მოიცავს აზროვნების წესის, ქცევისა და უნარების ისეთ დინამიურ კომბინაციას, რომელიც გამოიყენება სასკოლო კულტურის ცვლილებისა და გაძლიერებისთვის, მოწინავე ტექნოლოგიების სტრატეგიული გამოყენების მეშვეობით. რადგან ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს, ფაქტობრივად ყველა სექტორში უკვე გამოჩნდნენ ის ლიდერებ, რომლებიც უკვე წარმატებულად იყენებენ ინტერაქტიური ქსელის (ინგლ.Web – ქსოვილი, აბლაბუდა, ქსელი, ლ.ა.) უპიტრატესობებს, მართავენ ცვლილებებს, გვიჩვენებენ გამჭვირვალობის მაგალითებს,  ზრდიან საყოველთაო ჩართულობასა და მონაწილეობას, იყენებენ თანამშრომლობას, აქცენტს აკეთებენ [გამოცდილების] გაზიარებაზე, გლობალურ დიალოგზე და სათემო განვითარებაზე.

ასეთმა ლიდერებმა, მალევე მიაგნეს ციფრული ტექნოლოგიების უსასრულო შესაძლებლობებს, რომლებიც მხარს უჭერენ და აძლიერებენ ტრადიციული ხელმძღვანელობის ასპექტებს (მენეჯმენტი, პროდუქტიულობა, თანამშრომლობა, შეფასება, უკუკავშირი და კომუნიკაცია) და ამავე დროს, ეძებენ ახალ გზებს ცვლილებებისა და ტრანსფორმაციისათვის. თუმცა ბევრი კვლავ იკამათებს იმაზე რომ ტრადიციული მართვის სტილი ჯერ კიდევ უპირატესია.

ციფრული ხელმძღვანელობა ითვალისწინებს ისეთ ცვლილებებს, რომელბიც გულისხმობენ უნივერსალურ კავშირს (კავშირის შესაძლებლობას, ლ.ა.), ღია წყაროების გამოყენებას, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების მოხმარებას, რობოტ-ტექნიკას, მობილურ ტექნოლოგიებსა და ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოყენების შესაძლებლობებს (ე.წ. „პერსონალიზაციას“, ლ.ა.).

ეს ძვრები, ბევრი ლიდერისთვის უკვე დაწყებულია – მაგალითად,  ტექნოლოგიების გამოყენებით, პირადი მიზნებისთვის და ამოცანებისთვის. თუ აღმოჩნდება რომ ისინი ღირებულია, მაშინ ამ ტექნოლოგიების გამოყენება შესაძლებელი იქნება პროფესიული პრაქტიკისთვისაც.

არავის აქვს იმის ფუფუნება რომ „მოახტეს“ ციფრულ ტალღას და თანაბრად „გადაანაწილოს“ ის ხელმძღვანელობის ყველა ასპექტზე. ლიდერი უნდა გახდეს იმ ცვლილების ინიციატორი, რომელიც თქვენ გსურთ განხორციელდეს განათლებაში, თუმცა ალბათ უფრო მნიშვნელოვანია ეს ის ცვლილებები იყოს, რომელთაც მოსწავლეები ელიან.

მზარდი მსოფლიო ციფრული ქსელი და სხვა ტექნოლოგიები ყველას გავძლევენ საშუალებას გავხადოთ ჩვენი შრომა უფრო ეფექტური (და არა უფრო ძნელი), ხოლო მისი შედეგები  – უკეთესი.

შესაბამისად, ციფრული მართვა (ან წინამძღოლობა) შესაძლოა შემდეგნაირად განისაზღვროს: პროცესი, როდესაც ყალიბდება ის მიმართულებები, რომლებიც გავლენას ახდენენ სხვებზე; რომლებიც ინფორმაციაზე წვდომის მეშვეობით სათავეს აძლევენ მდგრად ცვლილებებს და აყალიბებენ ისეთ ურთიერთობებს, რომლებსაც შეუძლიათ წინასწარ განჭვრიტონ სკოლის სამომავლო პერსპექტივისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანი ცვლილებები.

ცვლილების ლიდერებმა უნდა განსაზღვრონ სწავლების საჭიროებები მოსაწავლეთათვის და სკოლის პედაგოგიური პერსონალისთვის, ინფორმაცია, რომელიც სასურველია ყველა დაინტერესებული მხარისათვის და სასკოლო კულტურის ის ელემენტები, რომელბიც თანხვედრაში იქნებიან როგორც სწავლების მკაცრ სტანდარტებთან, ისე – საჭირო ცოდნა-კომპეტენციებთან. სხვაგვარად თუ ვიტყვით, ეს ელემენტები მოქნილი უნდა იყვნენ ცვლილებებისთვის და გულისხმობდნენ შემდეგს:

  • ახალ [ციფრულ და ტექნოლოგიურ]გარემოში ფრთხილად შესვლას;
  • იმ ადამიანების ყურადღებით მოსმენას და მათგან სწავლას, რადგან ეს ხალხი ან უკვე არიან ამ გარემოში ან იქ მუშაობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ;
  • ჩართულობას, ფაქტების დადგენისა და პრობლემების ერთობლივი გადაწყვეტის პროცესში;
  • მდგომარეობის ყურადღებით (და არა სწრაფად) დიაგნოსტირებას;
  • ადამიანების საზრუნავის გულწრფელ განხილვას;
  • ენთუზიაზმს, სიმართლესა და გულითადობას, გარემოებების ცვლილების დროს;
  • მზადყოფნას დახმარების მიღებაზე, რამის გამოსწორებისა თუ გაუმჯობესებისათვის;
  • ქმედითი გეგმის ქონას, პრობლემური საკითხების გამოსწორებისა თუ გაუმჯობესებისათვის.

(მეორე ნაწილის დასასრული)

 

დაკვირვება – დაბრუნება გაუცხოებულთან. როგორ განვავითაროთ დაკვირვების უნარი მოსწავლეებში?

0

ჩემს შავ კატას სარკის ანარეკლებით ვეთამაშებოდი, როდესაც მის ქცევაში ერთი უცნაური რამ შევნიშნე. მიუხედავად იმისა, რომ ამ შავ კატამდე უამრავი კატა მყავდა, არასდროს აღმომიჩენია ის, რაც მაშინ აღმოვაჩინე. როგორც აღმოჩნდა, არც იმას შევსწრებივარ ოდესმე, როგორ ნადირობს კატა ჩიტზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ქცევას აუცილებლად შევნიშნავდი: დრუნჩი აღელვებით მოძრაობს, მისი თვალები ერთ წერტილსაა მიშტერებული, გუგების ზომა იცვლება, თავი დახრილი და წინ წაწეული აქვს, სხეული თითქმის ბოლომდე ეკვრის ზედაპირს, რომელსაც ეყრდნობა, კუდი და სხეულის უკანა ნაწილი, დროდადრო, მოძრაობს. ამ ყველაფერს კი ნახტომი მოსდევს. კატა უცნაურ, წყვეტილ ხმებს გამოსცემს. თითქოს, ეს ქცევა სასურველთან დაახლოების, ხელში ჩაგდების და მონადირებამდე მის მიერ შესრულებული რიტუალია. თუმცა, დღემდე არ ვიცი ამ ქცევების ზუსტი ფუნქცია. განსაკუთრებით, იმ ხმის, რომელსაც ამ დროს კატა გამოსცემს.

დაკვირვების ბედნიერება იმაში მდგომარეობს, რომ შეგიძლია, აქამდე უცნობი რამ აღმოაჩინო. აჩქარებულ სამყაროში, რომელშიც ერთი გამღიზიანებელი მეორეს საოცარი სისწრაფით ცვლის, თითქოს, არც დრო გვაქვს და არც – ფუფუნება, ჩვენსავე გარემოს დავაკვირდეთ.

ემოციური ინტელექტისა და სოციალური ინტელექტის მნიშვნელობის გაცნობიერება და ამ ორი უნარის შესახებ ადამიანების ცოდნის გამდიდრება კი იმაზე გვაფიქრებს, რომ ისევ და ისევ ვაღიარებთ იმ საწყისების მნიშვნელობას, რომლისგანაც მოვდივართ.

დაკვირვების უნარი ძირძველი და კეთილშობილი უნარია. როგორ შეძლებდა ადამიანი გარეულ ცხოველებთან ერთად თანაცხოვრებას მათზე დაკვირვება რომ არ შეძლებოდა? წარმოიდგინეთ, თქვენ ცხოვრობთ გარემოში, რომელშიც მტაცებლები ცხოვრობენ. თქვენი ყოველდღიური ამოცანაა, ამ გარემოში გადარჩეთ. ხოლო, გადარჩენა, ერთი მხრივ, მათგან თავდაცვას გულისხმობს, ხოლო, მეორე მხრივ, თქვენ საკვების მოპოვებაზეც უნდა იზრუნოთ. მხოლოდ განრიდებით ვერ შეძლებთ დიდხანს იცოცხლოთ. შესაბამისად, სხვა უნარების განვითარებაც უნდა სცადოთ იმისათვის, რომ ამ გარემოში გადარჩეთ. როგორ შეძლებთ, ამ ორ ამოცანას თავი გაართვათ მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ გამოცალკევებიხართ იმ გარემოს, რომელშიც ბევრი, სხვადასხვა თავისებურების მქონე არსება ცხოვრობს?

ეს ჩვენი განვითარების ის ხანაა, რომელიც, ერთი შეხედვით, შორეული წარსულია. რისთვის სჭირდება თანამედროვე ადამიანს დაკვირვების უნარი? ისეთი საფრთხეები ჩვენ ირგვლივ თითქმის აღარ არსებობს, რომლებიც შორეულ წარსულში უქმნიდა ჩვენს არსებობას საფრთხეს, არც ისეთი შენიღბვა გვჭირდება დღეს, როგორიც მაშინ, როდესაც გარემოსთან უნაკლო შერწყმაზე უნდა გვეზრუნა. სუპერმარკეტის თაროებზე, თვალწარმტაცად შეფუთული საკვები სულ რამდენიმე წუთში იქნება თქვენს სახლში და იმაზე მეტად დამუშავებული და დანაწევრებული, ვიდრე – ოდესმე. ადამიანების უმრავლესობა იმაზე არ ვფიქრობთ, რომელი ნაბიჯები გადავდგათ საკვების მოსაპოვებლად – როგორ ავცოცდეთ ქოქოსის ხეზე ქოქოსის ნაყოფის მოსაწყვეტად, ან რამდენი ხანი უნდა ჩავუსაფრდეთ არსებას, რომელიც საკვებად გვემსახურება. ჩვენ გაცილებით მეტს ვფიქრობთ იმაზე, როგორ გამოვიმუშაოთ და არა იმაზე, როგორ მოვიპოვოთ.

რა დარჩა დაკვირვების უნარისგან დღეს?

ფსიქოლოგების ნაწილი ფიქრობს, რომ ემოციების ცნობის უნარი, ისევ და ისევ, იმისათვის განვითარდა, რომ გარემოს შევგუებოდით. მაგალითად, ჩვენ უნდა გვეცნო არა მხოლოდ ადამიანის ემოციები და მათი შესატყვისი ქცევები, არამედ – იმ არსებების ემოციებიც და მათგან გამომდინარე ქცევები, რომლებიც ჩვენ ან საფრთხეს გვიქმნიდნენ, ან – ადამიანის საკვებს წარმოადგენდნენ. შესაბამისად, ჩვენ უნდა შეგვძლებოდა, არა მხოლოდ ჩვენგან განსხვავებული არსებების ემოციებისა და შესატყვისი ქცევების ცნობა, არამედ – შესატყვისი ემოციებით გამოხმაურება და შესაბამისი ქცევის დაგეგმვა და აღსრულება.

დღესდღეობით, ემოციების ცნობის უნარი, ძირითადად, მისი სოციალური მნიშვნელობისგან გამომდინარე გვჭირდება. ანუ, ისევ და ისევ იმისათვის, რომ ჩვენივე სახეობის წარმომადგენლებთან ჩვენთვის და მათთვის ნაყოფიერი და სასარგებლო ურთიერთობა დავამყაროთ.

თუმცა, ნამდვილად ამდენად გამოვეყავით დაკვირვების საწყის მნიშვნელობას? რამდენად უსარგებლოა, მაგალითად, ცხოველების ქცევაზე დაკვირვების უნარი?

როგორც აღმოჩნდა, არათუ უსარგებლოა, არამედ – პირიქით, ზოგჯერ იმაზე მეტად საჭიროა, ვიდრე – ჩვენ წარმოგვიდგენია.

მაგალითად, იმისათვის, რომ სხვადასხვა ვირუსული დაავადებისგან თავი დავიცვათ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვირჩევს, იმ ცოცხალი არსებების ქცევაზე დაკვირვება ვისწავლოთ და ბავშვებსაც ვასწავლოთ, რომლებიც, შესაძლოა, სხვადასხვა ვირუსული ინფექციის გამავრცელებლები იყვნენ. მაგალითად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ადამიანებს ასწავლიდა, რა შემთხვევაში როგორ იქცევა ძაღლი. რატომაა ეს მნიშვნელოვანი? თუ ჩვენ ვაღიარებთ, რომ პრევენცია ყველაზე გონივრული გამოსავალია, მაშინ სხვადასხვა არსების ქცევაზე დაკვირვებაც შეიძენს მნიშვნელობას.

იმისათვის, რომ, მაგალითად, ჩვენ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებთან მშვიდი და ბედნიერი თანაცხოვრება შევძლოთ, მათ ქცევაზე დაკვირვებაც უნდა შეგვეძლოს. მაგალითად, იმისათვის, რომ თავი დავიცვათ ცხოველის ნაკბენისგან, რა თქმა უნდა, შეძლებისამებრ, სწრაფად უნდა შევძლოთ მის ქცევაში იმაზე მანიშნებელი ქცევების ცნობა, რომლებიც ჩვენ სიფრთხილისკენ მოგვიწოდებს და მიგვანიშნებს იმაზე, რომ ცხოველს ჩვენთან ურთიერთობა არ სურს ან მისთვის ჩვენთან ურთიერთობა შემაშინებელია და ამ შემთხვევაში მასთან დაახლოებისგან თავშეკავება გონივრული გამოსავალია.

ზემოთ დასახელებული მნიშვნელობების გარდა, დაკვირვების უნარის განვითარებას ჩვენი ფსიქიკური კეთილდღეობის შენარჩუნებაც შეუძლია. ბევრი მიდგომა, მაგალითად, მღვიძარებაზე[1] დაფუძნებული დაკვირვების უნარის გამომუშავება იმას გულისხმობს, რომ დღეში სულ რამდენიმე წუთი დავაკვირდეთ ჩვენს შეგრძნებებს, გარემოს. ამ მიდგომის წარმომადგენლები გვათავაზობენ, რომ „ჩაურევლად“, დასკვნის სწრაფად გამოტანის გარეშე დავაკვირდეთ ფოთლის ფერს, მის ფორმას. თუ ამ მიდგომას ვენდობით, დაკვირვება თავს იმ მთლიანის ნაწილად გვაგრძნობინებს, რომლისგანაც დიდი ხნის წინ დავიწყეთ განცალკევება და განყენება. დაკვირვება კი გვეხმარება, ერთი მხრივ, ხელახლა გავუუცხოვდეთ იმ წარმოდგენებს, რომლებიც ჩვენ ოდესღაც გავიშინაგნეთ. მაგალითად, შესაძლოა, მეზობლად მდგომი თუთის ხის ნაყოფისთვის, დიდი ხნის მანძილზე, არც კი შეგვიხედავს, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ წელს, ერთი თვის მანძილზე მაინც, მაყვლისფერი თუთები ხმაურით ცვივა მეზობლის მანქანაზე.

დაკვირვების უნარის განვითარება აფართოებს ემოციურ და სოციალური ინტელექტში ნაგულისხმევ უნარებს. მაგალითად, ადამიანები, რომლებსაც განვითარებული აქვთ დაკვირვების უნარი, გაცილებით მდიდარ ცოდნას აგროვებენ ადამიანების ქცევაზე, გაცილებით მარტივად შეუძლიათ, დაკვირვების მონაცემები სწორ დასკვნებს შეუსაბამონ და იმოქმედონ სწორად ურთიერთობებში, ვიდრე ადამიანებს, რომელთაც დაკვირვების უნარი ნაკლებად აქვთ განვითარებული. დაკვირვების უნარი ავითარებს ქცევისა და ქცევის მამოძრავებლების შესახებ ვარაუდების გამოთქმის უნარს. გარდა ამისა, დაკვირვების უნარი საშუალებას გვაძლევს, სწრაფად შევნიშნოთ ისეთი ემოციებიც, როგორიცაა ბრაზი, უკმაყოფილება, სევდა და ა. შ., რაც, შესაძლოა, საგრძნობლად დაგვეხმაროს, თუნდაც, ჩვენს ახლობელ ადამიანზე ზრუნვაში, საკუთარი მდგომარეობის გაცნობიერებაში და ა. შ.

როგორ შეგვიძლია, განვავითაროთ დაკვირვების უნარი მოსწავლეებში?

შესთავაზეთ თქვენს მოსწავლეებს რამდენიმე მოსამზადებელი საფეხური იმისათვის, რომ დაკვირვების უნარის გავარჯიშების ხელშემწყობი სავარჯიშო წარმატებით შეასრულონ.

  • დაკვირვების წარმოებამდე შესთავაზეთ საკითხის შესახებ მოკლე წარდგენის მომზადება – მაგალითად, თუ თქვენი გაკვეთილის თემა რომელიმე სახეობის ცხოველის ქცევის თავისებურებებია, შეგიძლიათ, თქვენს მოსწავლეებს სთხოვოთ ამ საკითხთან დაკავშირებით, მოკლე, არა უმეტეს, 5 წუთიანი პრეზენტაციის მომზადება. ეცადეთ, თქვენმა მოსწავლეებმა პასუხი გასცენ ისეთ ძირეულ კითხვებს, როგორიცაა, მაგალითად, რომელი სახეობის წარმომადგენელია ცხოველი ან რომელი ქცევები განასხვავებს მას სხვა სახეობის წარმომადგენლებისგან.
  • სთხოვეთ მოსწავლეებს, დაკვირვების წარმოებამდე გათავისუფლდნენ ხელის შემშლელი ნივთებისგან და გამღიზიანებლებისგან – ხშირად, დაკვირვების დროს, ჩვენ ვერ შევძლებთ ქცევა გავამეორებინოთ დაკვირვების ობიექტს. მაგალითად, შესაძლოა, ჩვენი კატა დღის მანძილზე, მხოლოდ ერთხელ იყოს განწყობილი სანადიროდ. შესაბამისად, თუ ჩვენ მის ქცევას არ ვიწერთ ვიდეოჩანაწერის სახით, გაგვიჭირდება, ის მნიშვნელოვანი წუთი აღვწეროთ ჩვენი დაკვირვების მონაცემებში, რომლებიც მისი ქცევის შესწავლისთვის ასეთი მნიშვნელოვანია. ეს მას ყურადღების ერთ, კონკრეტულ აქტივობაზე კონცენტრირებაში დაეხმარება.
  • სცადეთ მშობლების მონაწილეობის გაზრდა – სთხოვეთ მშობლებს, მოსწავლესთან ერთად, გააკეთონ დაკვირვების სამიზნე ქცევის ჩანაწერი. მაგალითად, თუ თქვენს მოსწავლეს სთხოვეთ, დააკვირდეს როგორ იქცევა მისი ლეკვი დილის, შუადღის და საღამოს საათებში და დაკვირვებისთვის დღის თითოეულ მონაკვეთში, 5 – 10 წუთის მანძილზე დაკვირვებაზე შეთანხმდით, სთხოვეთ მის მშობელს ვიდეოჩანაწერი უზრუნველყოს. ვიდეოჩანაწერი მოსწავლეს დაეხმარება დაკვირვების მისეული ჩანაწერები შეადაროს ვიდეორგოლში აღწერილ ქცევებს. ხშირად, ადამიანები მცდარ მნიშვნელობას ვანიჭებთ დაკვირვების მონაცემებს. მაგალითად, შესაძლოა, სხვადასხვა ქცევა ერთი და იმავე კატეგორიაში გავაერთიანოთ.
  • აუხსენით მოსწავლეს დამკვირვებლის ქცევის მნიშვნელობა – აუხსენით თქვენს მოსწავლეს, რომ, როდესაც ის დამკვირვებლის საქმიანობას ასრულებს, მან კონკრეტული წესები უნდა დაიცვას. დაუსვით შემდეგი კითხვები და სთხოვეთ, დაკვირვების დაგეგმვის ნაწილში ამ კითხვებზე თქვენთან ერთად შემუშავებული პასუხები გაითვალისწინოს.
    ა) როგორ ფიქრობ, სად უნდა იმყოფებოდეს დამკვირვებელი დაკვირვების დროს?

ბ) როგორ ფიქრობ, შეძლებ, ისეთი ადგილი შეარჩიო, საიდანაც ქცევას ან მოვლენას დააკვირდები?

გ) როგორ ფიქრობ, შეიძლება თუ არა შეცვალოს შენმა სიახლოვემ შენი დაკვირვების ობიექტის ქცევა? რატომ?

დ) რომელ სიტყვებს გამოიყენებ დაკვირვების შედეგების ჩასაწერად?

ე) როგორ ფიქრობ, არსებობს სიტყვები, რომელთა გამოყენებაც დამკვირვებელს ხელს შეუშლის სწორი დასკვნის გამოტანაში? რომელი?

ვ) როგორ ფიქრობ, შეუძლია, თუ არა დამკვირვებელს მიუახლოვდეს დაკვირვების ობიექტის? თუ ფიქრობ, რომ კი, შეგიძლია, დაასაბუთო შენი აზრი? თუ ფიქრობ, რომ მას ეს არ შეუძლია, შეგიძლია, მითხრა, ასე რატომ ფიქრობ?

ეს კითხვები მოსწავლეს უბიძგებს დაფიქრდეს იმაზე, თუ როგორ შეიძლება სანდო დაკვირვების წარმოება. გარდა ამისა, მას უბიძგებს შესატყვისი სიტყვები მოძებნოს ქცევის აღწერისთვის და თავი შეიკავოს ქცევის შეფასებისგან.

  • შეაქეთ მოსწავლის ძალისხმევა. თუმცა, საჭიროებისამებრ, განუმარტეთ, რისი გაუმჯობესება იქნებოდა სასურველი – ხშირად, ადამიანებს ძლიერი სურვილი მოგვიცავს, ქცევები კი არ აღვწეროთ, არამედ შევაფასოთ. მაგალითად, ვთქვათ არა ის, რომ ჩვენი მოსწავლე მერხზე ურტყამს ხელს ან კალამს, არამედ ის, რომ ჩვენი მოსწავლე ყურადღებაგაფანტული ან აგრესიულია. ქცევის დასაწყისშივე ყურადღებაგაფანტულობის ან აგრესიულობის გამომხატველად შეფასება სწრაფად გამოტანილი დასკვნაა. დაკვირვების უნარის განვითარება მსგავსი მიკერძოებებისგან რამდენადმე მაინც გვიცავს. მაგალითად, შესაძლოა, რომელიმე მათგანმა რომელიმე ცხოველის ქცევა შეაფასოს, როგორც ნადირობისთვის მზადება, როდესაც შესაძლოა, ის, უბრალოდ, თამაშობს ან „ვარჯიშობს“ ნადირობაში. ასეთი მიკერძოებული დასკვნები ჩვენი გონების ბუნებრივი მიდრეკილებების შედეგია, თუმცა, აუცილებელია, მოსწავლეებს განვუმარტოთ, რომ ზოგჯერ დასკვნის სწრაფად გამოტანისკენ მიდრეკილებას მცდარ დასკვნამდე მივყავართ და შესაძლოა, ასეთივე მიკერძოების გავლენის ქვეშ ისინიც აღმოჩნდნენ.
  • ვიდეორგოლში აღწერილ ქცევაზე ან მოვლენაზე დაკვირვება – შესთავაზეთ მოსწავლეებს ვიდეორგოლის ნახვა. სასურველია, ვიდეორგოლის ნახვა გამხმოვანებლის სიტყვების გარეშე შესთავაზოთ, რადგან, ხშირად, ისინი დაკვირვების შეფასებებს გვთავაზობენ. თქვენი მიზანი კი ისაა, მოსწავლემ არა აღწერილი მოვლენის ან ქცევის შეფასება მოისმინოს და სწორი დასკვნა გამოიტანოს, არამედ თავად შეძლოს დაკვირვების დახმარებით ვიდეორგოლში აღწერილი ქცევის სწორად დასახელება. შეგიძლიათ, მოსწავლეებს შესთავაზოთ, დაითვალონ, რამდენჯერ ახორციელებს დაკვირვების ობიექტი ერთსა და იმავე ქცევას, რომლის რაოდენობის აღრიცხვაზე შეთანხმდით. ეცადეთ, მოსწავლეებს შესთავაზოთ ქცევის ან მოვლენის, შეძლებისამებრ, ზუსტი, ორაზროვნების გამომრიცხავი აღწერა. ასევე, სასურველია, გაითვალისწინოთ, რომ ქცევის აღწერა უნდა მოიცავდეს ერთ, განცალკევებულ ქცევას და არა – მთელი ქცევის ჯაჭვის აღწერას. მაგალითად, თუ თქვენ აღრიცხავთ, რამდენჯერ მიაწოდეს მონაწილეებმა ბურთი ვიდეორგოლში ერთმანეთს, დაკვირვებისთვის ქცევის განსაზღვრა შემდეგ საკითხებზე იქნება დამოკიდებული:

ა) რა გაინტერესებთ კონკრეტულად? – მაგალითად, რა გაინტერესებთ თქვენ და თქვენს მოსწავლეებს? ვიდეორგოლის ყველა მონაწილე თუ ვიდეორგოლის მონაწილე გოგონები რამდენჯერ აწვდიან ერთმანეთს ბურთს?

ბ) როგორ ისვრიან მონაწილეები ბურთს? – მონაწილეები ერთმანეთს მხოლოდ ხელებში აწვდიან ბურთს, თუ მას ფეხებისკენაც ისვრიან? თუ ეს ასეა, მაშინ, სცადეთ, თქვენი არჩევანი ერთი სახის ქცევაზე შეაჩეროთ. მაგალითად, აირჩიეთ, დაითვალოთ რამდენჯერ აწვდიან ბურთს ვიდეორგოლში მონაწილე გოგონები ერთმანეთს.

გ) გაითვალისწინეთ სხვა ცვლადები – მაგალითად, თუ ვიდეორგოლში რამდენიმე ფერის ბურთი გამოიყენება, ესეც დამატებითი ცვლადი იქნება, რომელიც, სასურველია, გაითვალისწინოთ და მოსწავლეებთან შეათანხმოთ. პირობის თანახმად, რომელიმე ფერის ბურთზე უნდა იყოს კონცენტრირებული მისი ყურადღება, თუ, ამ შემთხვევაში, ბურთის ფერს მნიშვნელობა არ აქვს?

გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო მეტ ცვლადს შეიტანთ პირობაში, მით უფრო რთული იქნება დაკვირვების პროცესი, რადგან მოსწავლეებს, ერთდროულად, რამდენიმე პირობის დამახსოვრება და მის მიხედვით ამოცანის შესრულება დაევალებათ. ამდენად, დასაწყისისთვის, შეგიძლიათ, მხოლოდ ერთი ცვლადის მიხედვით დაკვირვების წარმოება სთხოვოთ მოსწავლეებს. მაგალითად, რამდენჯერ აწვდიან გოგონები (თუ ვიდეორგოლში ბიჭებიც მონაწილეობენ) ერთმანეთს ბურთს?

ასეთი სავარჯიშო დაგეხმარებათ, გამოავლინოთ, რამდენად ურთიერთგანსხვავებული მნიშვნელობა მიანიჭეს ვიდეორგოლში მოცემულ ქცევებს. შემდეგ კი, შეძლებთ, განიხილოთ, რატომ შეიძლებოდა, სხვადასხვა მნიშვნელობა მიენიჭებინა ერთი და იმავე ქცევისთვის სხვადასხვა მოსწავლეს.

დ) გაიზიარეთ აღმოჩენის სიხარული – ხშირად, დაკვირვება სასიამოვნო სწორედ იმიტომაა, რომ გაუცნობიერებლად  იმ კავშირს ვგრძნობთ, რომელიც გულდასმით დაკვირვების დროს ჩვენსა და გარემოს შორის მყარდება: ჩვენ არ ვცვლით დაკვირვების შედეგებს შეფასებებით, არ ვერევით მოვლენების მიმდინარეობაში, არც რომელიმე ადამიანის ან სხვა არსების ქცევაში, მხოლოდ აღვიქვამთ. შესაბამისად, დაკვირვებას თან ახლავს ცნობისმოყვარეობის და დაკვირვების შედეგებთან დაკავშირებული სიხარულის გაზიარების სურვილი. ქიმიური ნივთიერებების ურთიერთქმედების შედეგად შექმნილი სანახაობაც, ალბათ, ამის გამო აღგვაფრთოვანებს და გვიყვარს: რაღაც მოულოდნელი ხდება ჩვენ თვალწინ, ჩვენ კი ზოგჯერ მხოლოდ ის გვევალება ამ სანახაობას დავაკვირდეთ.

დაკვირვება მანძილზე სწავლების დროს

მანძილზე სწავლების დროს, შეგვიძლია, მოსწავლეებს მარტივი დავალება მივცეთ: მაგალითად, მათ ვთხოვოთ, დააკვირდნენ მცენარეს, რომელიც თავად დარგო ან დათესა, მის ზრდას, როგორ ისრუტავს ნიადაგი წყალს, როგორ მოქმედებს წყლის ნაკლებობა მცენარეზე და ა. შ. ამ სახის დაკვირვებაში მოსწავლე თანამონაწილეობს და, შესაბამისად, გარემოზე ზრუნვასაც სწავლობს.
ვისაც შინაური ცხოველი ჰყავს, შეგვიძლია, ვთხოვოთ, მათი კვების შესახებ საკითხის მომზადება, ხოლო შემდეგ, ამ ცოდნის გამოყენება და ცხოველის ქცევაზე დაკვირვება. მაგალითად, რამდენჯერ სვამს ცხოველი წყალს, როგორ უნდა მივხვდეთ, რომ შია ან სწყურია, რაზეა დამოკიდებული მისი კვების თავისებურებები და ა. შ. ეს ყველაფერი კი მოსწავლეში თანაგანცდისა და ზრუნვის უნარებსაც აძლიერებს.

იქნებ, სწორედ დამკვირვებლის გაღვიძება გვჭირდება ზოგჯერ იმისათვის, რომ გაუცხოებულთან დაბრუნება შევძლოთ?

[1] Mindfulness

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...