ორშაბათი, მაისი 19, 2025
19 მაისი, ორშაბათი, 2025

დისკუსიიდან – დისკუსიამდე

0

მართლის თქმის პრინციპი – დავით გურამიშვილის „საწყაულის მოწყვა ღვთისაგან“

ლიტერატურა ცხოვრების მასწავლებელია! – ამ ფრაზას ხშირად ვეუბნებით ხოლმე ჩვენს მოსწავლეებს, თუმცა ყველა ვთანხმდებით, რომ ლიტერატურის გაკვეთილზე მიღებული ცოდნის ტრანსფერი ცხოვრებაში არც ისე მარტივია, მით უფრო, თუკი მწერლისეული თვალთახედვა მოსწავლეებს „მოძველებული“ ეჩვენებათ. ბევრს ვსაუბრობთ იმის თაობაზეც, რომ ძველი ქართული ლიტერატურის სწავლება მოზარდებს ურთულდებათ, რამეთუ მათთვის ეს ტექსტები რეალობას „აცდენილია“. ხშირად ამგვარი აზრები ლოგიკას მოკლებული არ ეჩვენებათ უფროსებსაც. მართლა ასეა? თუ  საჭიროა, შევცვალოთ მიდგომები ტექსტის სწავლების კუთხით?! იქნებ ლიტერატურული შედევრების გაზიარება მოსწავლეებისათვის ჩვენგანაც მოითხოვს შემოქმედებით მიდგომას, ანუ ტექსტის „გაცოცხლებას“. ამ თვალსაზრისით შევარჩიე დავით გურამიშვილის „საწყაულის მოწყვა ღვთისაგან“, რომელშიც მართლის თქმის პრინციპს გამოკვეთილი ფუნქცია აკისრია..

სიმართლე – თანამედროვე ცხოვრებისა თუ ზოგადად კაცობრიობის სწორი განვითარების უალტერნატივო ღირებულება, როგორ მივაწოდოთ მოსწავლეებს გონივრულად? რა სტრატეგიები და აქტივობები შევთავაზოთ, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ? ვფიქრობ,  საგაკვეთილო დისკუსია საუკეთესო საშუალება იქნება, გავიგოთ, როგორია მოზარდთა დამოკიდებულება სიმართლისადმი; რა არის სიმართლე, ვინ ადგენს მას, როდის აქვს მას ფასი თუ ღირებულება; როგორ გვესმის „მწარე სიმართლე“, „ყველას თავისი სიმართლე აქვს“ და ა. შ.  დისკუსია, რომლის თემა იქნება –  „ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“ (ან „სიმართლე, როგორც ღირებულება“, ან „სიმართლე, რომელიც ანგრევს და სიმართლე, რომელიც აშენებს“) – თავისთავად მოიტანს კითხვათა და პასუხთა სიმრავლესაც.

მასწავლებელი დისკუსიის თემას, ბუნებრივია, წინასწარ გააცნობს მოსწავლეებს და სთხოვს მათ, გამოიყენონ ელექტრონული რესურსი (ინტერნეტი) ინფორმაციის მოსაძიებლად. კარგი იქნება, თუ კლასი დაიყოფა ჯგუფებად, რომ  ამ ფორმატში მუშაობა წახალისდეს. თითოეულ ჯგუფს დაევალება გამოიკვლიოს: პირველ ჯგუფს – როგორია ფილოსოფოსთა დამოკიდებულება ამ საკითხისადმი;  მეორე ჯგუფს – საქართველოს (მსოფლიოს) ისტორიიდან ფაქტები, რომლებზეც სიმართლემ სხვადასხვაგვარი გავლენა იქონია; მესამე ჯგუფს – ტერმინი „სიმართლე“ და მისი სინონიმები. დისკუსიისთვის მზადება დაგვეხმარება ლექსიკაზე მუშაობაშიც, რამეთუ გარდა სინონიმური ერთეულების მოძიებისა, მათ შეხვდებათ ტერმინები: „ფალსიფიცირებული“, „გაყალბებული“. ყველა წინასწარდაგეგმილი სამუშაო  ხელს შეუწყობს, მოსწავლეთა დარწმუნებას, თუ რამდენად ძნელია სიმართლის დადგენა; ის ფაქტი, რომ თვით ისტორიული წყაროებიც სცოდავენ ხშირად და სიმართლეც ფაქტების ინტერპრეტაციით  მანიპულირებს, მოზარდებს ისტორიულ მეცნიერებაზე წარმოდგენას გაუღრმავებს. მასწავლებლებს ხშირად გვეშინია,  ვანდოთ ჩვენს მოსწავლეებს სირთულეებთან შეჯახების სიამოვნება, არადა ესეც გასათვალისწინებელია – ნდობის ფაქტორს უდიდესი როლი აქვს წარმატებული თანამშრომლობისათვის.

ამის შემდეგ, მოსწავლეების დაინტერესება გურამიშვილის შემოქმედებითი არჩევნისადმი – მართლის თქმის პრინციპით გაგვიანალიზოს იმდროინდელი საქართველოს ზნეობრივი თუ პოლიტიკური მდგომარეობა – მეტად იქნება ცხოვრებისეული გამოცდილების მიღებისკენ მიმართული. კითხვა – როგორ მოიქცეოდნენ გურამიშვილის ადგილას? – მათ პასუხისმგებლობის გააზრებაშიც დაეხმარება.

ახლა კი ტექსტის ინტერპრეტაციის თაობაზე:

გურამიშვილის შემოქმედება იმდროინდელი ისტორიის ობიექტური შეფასებაა და, ბუნებრიავია, ის იმ სიმართლეზეა დაფუძნებული, რომელზეც დავით გურამიშვილი ამბობს –

„მართალს ვიტყვი, შევიქნები ტყუილისა მოამბე რად?“.  ეს კი გვაძლევს იმის შესაძლებლობას, ვეძიოთ, თუ რამდენნაირი სიმართლით „იხელმძღვანელა“ შემოქმედმა; როდის იქცევა მისთვის ის შეუცვლელ „იარაღად“, როდისაა მოსაფრთხილებელი და როგორია კონკრეტული თუ ზოგადი თვალსაწიერიდან დანახული სიმართლის დიდაქტიკური დატვირთვა.

მაგრამ ფარვა სიავისა ქვეყანას არ მოუხდების!“

„ბევრი ავი გამოჩნდების ჩვენი, მაზე მერცხვინება“.

პირველ რიგში, ყურადღება უნდა მივაქციოთ ავტორისეულ პოზიციას, ანუ გურამიშვილს „რცხვენია“, ადანაშაულებს საკუთარ თავსაც, მეტიც, ვალდებულებას გრძნობს დეგრადირებული ქვეყნისა და ერის წინაშე. მართალია, გურამიშვილი გვმოძღვრავს, მაგრამ არა ზედაპირულად, მენტორის ტონით, არამედ ლოგიკური ანალიზით. სიმართლე ბასრი იარაღია, მაგრამ მის მიერ გამოვლენილ ნაკლოვანებებს მტერიც კარგად დაინახავს და გაუხარდება. რატომ? – იმიტომ, რომ მტერი ჩვენ „სუსტ რგოლებს“ სათანადოდ გამოიყენებს მორიგი ბრძოლებისას. მაშინ, რატომ ამბობს საქვეყნოდ სიმართლეს?!

„სულს მიუძღვის ხორცთ ნაქნარი: ავსა ავი, კარგსა კარგი“.

არაა გასაკვირი, რომ ამ შემთხვევაშიც ის პიროვნული თვალსაწიერიდან ამოდის და თითოეული ქართველის „დანაშაულს“ ხედავს სამშობლოს წინაშე; რა უნდა გააკეთოს ამ დროს ღვთისმოშიშმა და ღვთისმოსავმა ადამიანმა – სიმართლის  გარდა, მაგრამ ამის გამო ხომ შეიძლება დაკარგონ?! გამოდის, რომ სიმართლისა თუ ტყუილის თქმა „სულის ჩადენილია“. „სულს მიუძღვის ხორცთ ნაქნარი: ავსა ავი, კარგსა კარგი“  და საიქიოში ადგილის დამკვიდრებაც ამაზეა დამოკიდებული. ქვეყანა და პიროვნება უხილავი თუ ხილული ძაფებითაა ურთიერთ დაკავშირებული, ამიტომაც მოვლენათა სწორი შეფასება ორივეს მოუტანს სარგებლობას.

„ავს თუ ავი არ უწოდო, კარგს სახელად რა დავარქო?“

გურამიშვილისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მოვლენების ანალიზსა და მათთვის სწორი შეფასების მიცემას. ამ მიდგომას არასდროს დაეკარგება ფასი, რადგან ეს არაა „საფარსაგო“, გამოსადეგი საქციელი. პოეტის თქმით, თუ ვაზისა და ძეძვის დამრგავთ ერთმანეთისაგან არ განვასხვავებთ, მაშინ ქვეყანასაც და სულსაც წავიწყმედთ. საინტერესოა პრობლემის ძიებისას „დადანაშაულების ვექტორი“, პოეტს შიგნით რომ მიუმართავს. რა თქმა უნდა, გარეშე მტრის როლი ქვეყნის მდგომარეობის შეფასებისას, მას არ უარუყვია, თუმცა სამართლიანია და სწორი შემოქმედისეული მიდგომაც – პრობლემის არსი ჯერ შიგნით, საკუთარ თავსა და ქვეყანაში ეძებოს.

„მე თუ გინდა, თავიც მომჭრან, ტანი გახდეს გასაბერად“

რამდენად უსაფრთხოა სიმართლის თქმა და ვინაა ამ სიმართლის ადრესატი? – შეიძლება კონკრეტული ადრესატი არაა დასახელებული, მაგრამ, რადგან ამბობს – „მე თუ გინდა, თავიც მომჭრან, ტანი გახდეს გასაბერად“, ფაქტობრივად, მიმიშნებულია, რომ ისინი „ძლიერნი“ ამა წუთისოფლისანი არიან. და სწორედ ისინი არიან სულიერების „მასწავლებლები“, ერისთვის ზნეობრივი მაგალითის მიმცემნი. აი, აქ ჩანს სწორედ გურამიშვილის შემოქმედებითი პრინციპულობა. ის არაფერს შეუშინდება, რადგან კიდევ გავიმეორებ „ფარვა სიავისა ქვეყანას არ მოუხდების!“ პატრიოტი ადამიანისთვის კი რა მნიშვნელობა არა აქვს, სადაა ის,  ყოველთვის და ყველგან იქნება შემაკავებელი რგოლი ბოროტება-სიავისა. ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლა აუცილებელია, რამეთუ, „გაფრთხილებას“ აქვს უკუკავშირი და ადამიანი, რომელიც მხილებულია, მოერიდება ამგვარ საქციელს, მით უფრო, თუ ეცოდინება – საქმის ცუდად წაყვანისათვის ბოლოს მაინც დაგმობენ, გაკიცხავენ.

„თავისიცა განიმაგროს, ნუ აფოფნებს სხვის ნიფხავსა“

ზემოთქმულს ემატება  უაღრესად საინტერესო მიდგომა:  ადამიანი როცა გაფრთხილებული იქნება, მას სხვისი გაკიცხვისთვის ნაკლებად ეცლება, რამეთუ საკუთარი სახელის მოფრთხილების აუცილებლობა წამოვა წინა პლანზე: „თავისიცა განიმაგროს, ნუ აფოფნებს სხვის ნიფხავსა“. გურამიშვილის მიზანია „განკითხვასა“ და „სიმართლეს“ შორის დიდი განსხვავება დავინახოთ, რამეთუ ცოდვაში ვარდება ის, ვინც სხვისი მოქმედებისათვის მსჯავრის დამდებია. განა რასაც თავად გურამიშვილი აკეთებს, არაა ერგვარად „ძრახვა“?! – პასუხიც არ აყოვნებს, ვინც საძრახავს აკეთებს, იმის მხილება შეიძლება და თუ ვინმეს ეს არ მოსწონს, მაშინ „ვინც რომ ძრახვას თაკილობდეს, ნურასა იქმს საძრახავსა“. მომდევნო სტროფში კი დაკონკრეტებულია, როდის არის „ძრახვა“ მიუღებელი: მწყინს, ავისმოქმედნი სხვისკენ რომ იშვერენ თითს. როგორია საზოგადოება, რომელიც ისეა გადაქცეული, რომ უზნეობა ზეიმობს და თან სხვას ადანაშაულებს? შეძლებს ის ქვეყნის ძლიერების გარანტი იყოს მომავალში? არა! ამიტომაცაა გურამიშვილი ქვეყანას რაც არ „მოუხდება“ იმაზე საუბრობს, სიმართლეს არ უშინდება.

„ბაძით მორცხვიც გაურცხვდების“

ობიექტური საფუძველი აქვს კიდევ ერთ რამეზე დაგვაფიქროს, რომ „ბაძით მორცხვიც გაურცხვდების“. უსირცხვილოს შერცხვენა მას მიაჩნია სწორი გზის ძიების დასაწყისად – წუთისოფელში მყარად მშენებლებს ზესთასოფლის არსებობა შეახსენოს, სულის გადარჩენაზე ფიქრისკენ მოუწოდოს. თან ხომ ჭირი თავს ვერ დაიმალავს, ადამიანს არ შეუძლია მისი „გაძლება“ – „ვერ გაუძლებს, რაც კაცს სენი გულსა უკოდს, სჩხვლეტს და მსჭვალავს“. კიდევ უფრო სიღმისეული ანალიზია – „თვით ვერ ხედავს, სხვის საჭვრეტლად, თუ არ უნდა, პირს რად ჰკალავს“ – ადამიანი საკუთარ სახეს ხომ ვერ ხედავს და მაშინ რად ილამაზებს პირს, თუ სხვისთვის შთაბეჭდილების შექმნა არ უნდა?! ე. ი. ჩვენ მხოლოდ ჩვენთვის არ ვცხოვრობთ, ჩვენ წარმოვადგენთ სხვებსაც, ამიტომაც პატივისცემა გვმართებს სხვებისადმი, ამ დროს ფერუმარილით კი არ უნდა შევინიღბოთ, არამედ სიმართლით, რადგან სახეგალამაზებულნი დიდხანს ვერ ვიცხოვრებთ ტყუილში.

„მეტად მწარედ გული მტკივა, მაჟრჟოლებს და ტანში მზარავს!“

გურამიშვილი სამშობლოსადმი გულისტკივილს პირად განცდებსაც ურთავს და ალბათ, ამგვარი გულწრფელობით მკითხველს თანაგანცდისაკენ მოუწოდებს. განა შეიძლება უემოციოდ წაიკითხო: „მეტად მწარედ გული მტკივა, მაჟრჟოლებს და ტანში მზარავს!“, „ჩემი ცოდვაც მისცემია ჩემს ამამთხრელს, ამამბზარავს!“ სხვისი ტრაგედიის გასიგრძეგანება მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი თავი იმავესგან დავიცვათ.

ძალიან ძნელია რეალობის დანახვა, ამიტომაც გურამიშვილი განაზოგადებს უკუღმართად მხვნელ-მფარცხავი კაცის ამბავს. ასე მხოლოდ ძმის მოღალატეები იქცევიან  და მათ გამომცხვარ პურსაც ძმის სისხლი ურევია. პოეტი უარს ამბობს ასეთ „პურზე“. „პური“( „პური ჩვენი არსობისა“) სიმბოლოა უფლის სხეულისა, მისი ხორცისა და ბოროტებით მისი გამოცხობა ვერავის მოუტანს სიკეთეს. ძის სისხლის წაცხობა თუ ძმის ცოდვაში ჩაგდება ჯოჯოხეთური ტანჯვის მომასწავებელია. გურამიშვილი ემიჯნება ამგვარი პურის მცხობელთ. ის მხოლოდ ერთ მტერს არ ხედავს, არამედ „ირგვლივ“ მყოფ მტრებს და ყველას წაჰკრავს სიმართლის მწარე წკეპლას.

დავით გურამიშვილის მართლის თქმის პრინციპს დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა -მოვლენათა სწორი შეფასება, ამ მოვლენებში საკუთარი როლის გააზრება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მხილების მორალური დატვირთვა. ერთმანეთის დაკნინებითა და დამარცხებით  უძლურდება ქვეყანა. ასეთ ქვეყანას კი გარეშე მტრებიც უმრავლდება.

ვფიქრობ, გურამიშვილის შემოქმედება თანამედროვეობის პრობლემების დანახვასა და მათ გაანალიზებაში საუკეთესო მეგზურია, მთავარია, ჩვენ შევძლოთ მზაობის გამოხატვა.

ტექსტის შესწავლის შემდეგ კი შეგვიძლია გავმართოთ დისკუსია და ვიმსჯელოთ თემაზე – რა როლს თამაშობდა და თამაშობს საზოგადოების განვითარების პროცესზე მოვლენების ობიექტური შეფასება.

 

„ასო-ბგერების სამყარო“

0

სკოლა ბავშვებისთვის ახალი უნარები განვითარების, შესაძლებლობების გამოვლენისა და თვითრეალიზაციის საუკეთესო სივრცეა, რომელმაც,  მოსწავლის სოციალური უნარების განვითარების გარდა, უნდა უზრუნველყოს მათთვის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული მასალის მიწოდება ისე, რომ ბავშვისთვის ეს პროცესი სახალისო და საინტერესო გახდეს. ამის განხორციელება კი მასწავლებლის მთავარი მიზანია.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოსწავლეს სასწავლო პროცესი პირველივე კლასიდან შევაყვაროთ, რადგან  მათ უწევთ ზღვა მასალის შესწავლა, ახალი უნარების დაუფლება და  უცხო გარემოსთან ადაპტაცია.  თუ სასწავლო პროცესში გამოყენებული იქნება  თამაშის ელემენტები და ყველა აქტივობას  მაქსიმალურად მოვარგებთ მათ შესაძლებლობებს,  აუცილებლად გავალთ სასურველ შედეგზე. განსაკუთრებით შრომატევადი და სიახლეებით დატვირთულია ბავშვებისთვის ქართული ენის გაკვეთილები, რადგან მათ უამრავი სიახლის ათვისება უწევთ და ხშირად ახალი გაკვეთილის ახსნის შემდეგ ავიწყდებათ უკვე ნასწავლი.  წარმოგიდგენთ ერთ-ერთ აქტივობას, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ერთდროულად რამდენიმე უნარის განვითარებას. ამ თამაშს ბავშვებმა „ასო-ბგერების სამყარო“ დაარქვეს. თამაშისთვის დაგჭირდებათ  ფურცლებზე დაწერილი შესწავლილი ასო-ბგერები, რომლებიც უნდა ეწეროს ისე, რომ მთელმა კლასმა შეძლოს მისი დანახვა.

წარმოგიდგენთ თამაშის წესებს:

 

მოსწავლეები სიამოვნებით ელოდებიან საკუთარ რიგს და ყურადღებით უსმენენ მეგობრის გამოსვლასაც. აქტივობის მიზანია, მოსწავლეებმა გაიმეორონ შესწავლილი ასო-ბგერა, გაიხსენონ ხმოვნები და თანხმოვნები, თავად მოიფიქრონ სიტყვები და სწრაფად შეადგინონ მარტივი წინადადებები მოცემული სიტყვის გამოყენებით.

მას შემდეგ, რაც მოსწავლეები დაასრულებენ ასო-ბგერის სამყაროში მოგზაურობას, შეიძლება დავუსვათ შეკითხვები:

  • რამდენი ასო-ბგერისგან შედგება შენი მოფიქრებული სიტყვა?
  • რამდენი მარცვალია მოცემულ სიტყვაში?
  • რამდენი ხმოვანი/თანხმოვანია?
  • რამდენი სიტყვისგან შედგება წინადადება, რომელიც შენ შეადგინე?

თამაში საკმაოდ ბევრი უნარის ცოდნასა და გაერთიანებას მოითხოვს, მაგრამ თუ ხშირად  გამოვიყენებთ, ეს უნარები ძალიან კარგად განუვითარდებათ და დაეხმარებათ სწრაფად მეტყველებაში, წინადადების სწორად შედგენა/მოფიქრებაში, რაც პირველ კლასში საკმაოდ მნიშვნელოვანია. ხშირად გვგონია, რომ მოსწავლემ უკვე ძალიან კარგად იცის, ესა თუ ის შესწავლილი მასალა და კარგად ფლობს სხვადასხვა უნარს, მაგრამ, როცა ახალ მასალაზე გადავდივართ, აღმოვაჩენთ, რომ შესწავლილი სწრაფად ავიწყდებათ და აუცილებელი ხდება, მასთან მიბრუნება, თავიდან ახსნა ან შეხსენება, რაც დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს. ამ თამაშით კი სამუდამოდ დაამახსოვრდებათ, რა არის ხმოვანი, მარცვალი; იქნებიან მობილიზებული, აკონტროლონ დრო და ყურადღება მიაქციონ წინადადების წყობას.

 

 

როგორ შევთავაზოთ მოსწავლეებს კლასგარეშე ლიტერატურა

0

საზაფხულო არდადეგების დადგომასთან ერთად, მახსოვს, მასწავლებლების მიერ მოცემული კლასგარეშე ლიტერატურის გრძელი სია. სექტემბრის დადგომას და სკოლაში დაბრუნების სიხარულს თან ერთვოდა უამრავი სხვადასხვა ემოცია. ჩვენ სასწავლო წლის დასაწყისში უნდა გვესაუბრა წაკითხული ლიტერატურის შესახებ და მახსოვს დიდი მონდომებითა და სიხარულით ველოდით ამ დღის დადგომას. ვცდილობდით მასწავლებლებისა და კლასელებისათვის გაგვეზიარებინა ჩვენი დამოკიდებულება ამა თუ იმ ნაწარმოებისა და პერსონაჟის შესახებ.

კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა მოსწავლეებს უვითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს: ანალიზის, სინთეზისა და შეფასების უნარებს. რაც უფრო ნაკითხია მოსწავლე, მით უფრო მრავალფეროვანია მისი წარმოსახვითი სამყარო.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების უმთავრეს საკითხს წარმოადგენს, განუვითაროს მოსწავლეებს მხატვრული და არამხატვრული ლიტერატურის კითხვის, გაგებისა და გააზრების უნარ-ჩვევები.

მასწავლებელმა უნდა შეძლოს, მოსწავლეებს გაუღვივოს კლასგარეშე მხატვრული ლიტერატურის კითხვის სურვილი და ეს თვითრეგულირებადი ქცევა გახდეს. მოსწავლეებს უფრო უჭირთ კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა, როცა ხედავენ, რომ თავიანთ მოსაზრებას, ემოციას წაკითხულ ტექსტთან დაკავშირებით ვერ უზიარებენ თანაკლასელსა და მასწავლებელს. ხშირ შემთხვევაში ისინი მხოლოდ ავტორებისა და ნაწარმოებების ჩამონათვალითა და ზედაპირული მიმოხილვით შემოიფარგლებიან.

მოსწავლეებს ღრმა ბავშვობიდან უყალიბდებათ წიგნის სიყვარული. ძილის წინ მოყოლილი ზღაპრულ-ფანტასტიკური ამბები ამის საუკეთესო საშუალებაა. ამით მათ უვითარდებათ წარმოსახვითი უნარები და მოგზაურობენ ლიტერატურის თვალუწვდენელ სამყაროში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშობლის როლი მცირე ასაკის ბავშვების წიგნიერების დონის განვითარებაში.

მასწავლებელი ავტორიტეტია მოსწავლეებისთვის, მის მიერ გაწეული რეკომენდაცია, რჩევა მისაღები და გასათვალისწინებელია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში უჭირთ მხოლოდ იმ ლიტერატურის კითხვა, რომელზეც მას მიუთითეს. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული: მოსწავლის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, განწყობაზე. განწყობის შექმნა მოსწავლეებში სწავლა-სწავლების ქვაკუთხედია. ამისათვის, სასურველია, მოსწავლეებმა თავად წარადგინონ კლასის წინაშე ის წიგნი, რომელიც ძალიან მოსწონთ. არგუმენტირებულად დაასაბუთონ, რატომ მოეწონათ და თანაკლასელებში ამ კონკრეტული წიგნის კითხვის სურვილი გააღვივონ.

ამის საუკეთესო საშუალებაა, დაიგეგმოს გრძელვადიანი სახალისო პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს კლასგარეშე ლიტერატურის კითხვას.

მოსწავლეები პირველ რიგში ასახელებენ თავიანთ საყვარელ ნაწარმოებს. შემდეგ კლასი აირჩევს რამდენიმე მოსწავლეს, რომლებიც გააკეთებენ თავიანთი საყვარელი წიგნის პრეზენტაციას. თითო მოსწავლე ირჩევს თითო წიგნს კლასისათვის წარსადგენად. მათ მიეცემათ გარკვეული დრო მოსამზადებლად (სასურველია, მაქსიმუმ ორი კვირა) და პერიოდულად გაივლიან კონსულტაციას მასწავლებელთან. დათქმულ დღეს კლასს თავიანთ ნამუშევარს წარუდგენენ: ავტორის ბიოგრაფიას, წიგნის დასახელებას, წიგნიდან საყვარელ პერსონაჟს; ზოგადად თემას, რომელსაც ეხება ნაწარმოები; საყვარელ ფრაზებს ტექსტიდან; ეპოქა, რომელსაც ეხება და ა.შ. გააჩნია ნაწარმოებს, თუ რომელი საკითხის განხილვის საშუალებას იძლევა ის. მთავარია პრეზენტატორმა ისე მიაწოდოს თანაკლასელებს ინფორმაცია წიგნის შესახებ, რომ საინტერესო იყოს (სურვილი აღუძრას კითხვის).

მას შემდეგ, რაც მორჩებიან თითოეული წიგნის წარდგენას დანარჩენი მოსწავლეები ასახელებენ იმ წიგნს, რომლის წაკითხვის სურვილიც გაუჩნდათ პრეზენტაციების შემდეგ.

ასევე, მოსწავლე და მასწავლებელი ერთობლივად თანხმდებიან, რომელი მოსწავლეები წარუდგენენ კლასს თავიანთ საყვარელ წიგნებს მომდევნო შეხვედრისას. გარკვეული დროის შემდეგ უბრუნდებიან წაკითხულ წიგნებს და იმართება დისკუსია წიგნში წამოჭრილ მათთვის საინტერესო თემაზე.

ეს მეთოდი მეტად საინტერესოა, რადგან ისინი წიგნებთან დაკავშირებულ რჩევას თანაკლასელებისაგან იღებენ. მათ უჩნდებათ მოტივაცია, თავად გააკეთონ ანალოგიური დავალება. ამავე დროს უვითარდებათ წერის, კითხვისა და ზეპირმეტყველების უნარ-ჩვევები.

აღნიშნული მეთოდით მუშაობის შემდეგ მოსწავლეები შეძლებენ:

  • ტექსტის გაგება-გააზრებას;
  • პერსონაჟების ხასიათზე დაკვირვებას;
  • ინფორმაციის მოძიებას, დახარისხებას;
  • ნაწარმოებისადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას;
  • მსჯელობას და ა.შ.

ამდენად, ამგვარად დაგეგმილი კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა ბევრად უფრო სასიამოვნო, სახალისო და მრავალფეროვანია. ის ამავე დროს მოსწავლეებს აჩვევს დამოუკიდებელ აზროვნებას, აძლევს საშუალებას, წარმოაჩინოს საკუთარი თავი კლასის წინაშე, განივითარონ სწავლა-სწავლების სხვადასხვა უნარ-ჩვევები, ჩამოყალიბდნენ აქტიურ მკითხველად.

 

 

 

 

სკოლა და მისი მართვა ციფრულ ეპოქაში – ცვალებადი პარადიგმები ცვალებად დროში (ნაწილი მესამე)

0

სტატიათა ციკლი ამერიკელი ავტორის, სპიკერისა და განმანათლებლის ერიკ შენინგერის წიგნიდან „Digital Leadership“ (second edition, 2019, by Corwin)

 

სკოლის ციფრული მართვის შვიდი სვეტი

სკოლების ციფრული მართვა მოიცავს რამდენიმე ფუნდამენტურ მიმართულებას, რომლებიც ყველა სკოლის კულტურის ორგანულ ნაწილს წარმოადგენს და რომელთა გაუმჯობესება შესაძლებელია ტექნოლოგიების მიზანმიმართული და სწორი გამოყენებით. ეს მთავარი მიმართულებები ან განვითარების ვექტორები მოიცავს შვიდ ძირითად საკითხს:

1) მოსწავლეთა ჩართულობა, სწავლა და შედეგები;

2) სასწავლო სივრცეები და გარემო;

3) პროფესიული სწავლება და ზრდა;

4) კომუნიკაცია;

5) საზოგადოებრივი ურთიერთობები;

6) სკოლის ბრენდის განვითარება და ბრენდინგი;

7) შესაძლებლობების გამოყენება.

 

მოსწავლეთა ჩართულობა, სწავლა და შედეგები

წარმოუდგენელია სკოლის წარმატება, თუ მოსწავლეები არ სწავლობენ. ასევე წარმოუდგენელია მოსწავლეთა კარგი მოსწრება სასკოლო პროცესში მათი ჩართულობის გარეშე, თუმცა მხოლოდ ჩართულობა ვერ გახდება ჯადოსნური ჯოხი. აუცილებელია მოსწავლეების შთაგონება შემეცნების პროცესის უფრო მაღალ დონეზე წარსამართავად და იმ ცოდნის გამოსაყენებლად, რომელიც მათ მიიღეს შესაბამის დისციპლინებსა და კონტექსტებში.

ლიდერებმა უნდა გააცნობიერონ ერთი მნიშვნელოვანი რამ: სკოლები უნდა ასახავდნენ რეალურ ცხოვრებას და მოსწავლეებს აძლევდნენ შესაძლებლობას, გამოიყენონ რეალური სამყაროს საშუალებები რეალურ სამყაროში საქმის საკეთებლად. ტექნოლოგიების ცვლილებასთან ერთად გარდაუვალია პედაგოგიკის ცვლილებაც, განსაკუთრებით – შეფასება და უკუკავშირი. რეალური ცხოვრების მაგალითები მოსწავლეს უზრუნველყოფს ერთგვარი საპროექტო მონახაზით, რომელიც აუმჯობესებს სწავლების სქემას და მის ანგარიშგებას, ეს ორივე კი ემსახურება ციფრული სწავლების ქმედითობის ზრდას.

 

სწავლების ინოვაციური სივრცეები და გარემო

ჰკითხეთ საკუთარ თავს: ისურვებდით, იმავე პირობებსა და სივრცეებში გესწავლათ, როგორშიც თქვენი მოსწავლეები სწავლობენ? პასუხი უმეტესად (უფრო ხშირად, ვიდრე წარმოგიდგენიათ) უარყოფითი იქნება.

კვლევებმა აჩვენა, რომ ინოვაციური სივრცეები უმეტესად დადებით გავლენას ახდენს სწავლის შედეგებზე. სკოლების ლიდერებმა უნდა დაიწყონ სამომავლო ხედვისა და სტრატეგიული გეგმის შემუშავების პროცესი ისეთი საკლასო ოთახებისა და შენობების შესაქმნელად, რომლებიც უკეთ ასახავს ჩვენს გარშემო არსებულ სამყაროს და პარალელურად ხელს შეუწყობს მოსწავლეების მიერ ახალი, მძლავრი ტექნოლოგიების გამოყენებას.

ამის ხორცშესასხმელად სასკოლო ლიდერებს უნდა შეეძლოთ ინოვაციური სივრცეებისა და ახალი საწავლო გარემოს თავისებურებებისა და დინამიკის აღქმა. ეს ახალი „სივრცე“ ხელს უნდა უწყობდეს სწავლების დროს „ერთი-ერთზე“ კომუნიკაციას, პერსონალური კომპიუტერების, პლანშეტების, სმარტფონების ჩართვას სწავლებაში (ე.წ. Bring Your Own Device (BYOD) – „მოიტანე შენი პირადი ხელსაწყო“[1]) და უფრო პერსონალიზებულ მოდელებს, – ისეთებს, როგორებიცაა შერეული და ვირტუალური სწავლება ან ტრანსფორმაციული, „მკეთებლის უნარების“ (maker education) მიდგომით სწავლება.

 

პროფესიული სწავლება

სკოლის ლიდერები ფეხს უნდა უწყობდნენ იმ ტენდენციებსა და პროცესებს, რომლებიც განათლების სფეროში მიმდინარეობს. ციფრული იარაღებისა და ტექნოლოგიების მუდმივად განახლებად სამყაროში და ინტერნეტქსელის მზარდი შეკავშირებულობის პირობებში, შეუძლებელია, სკოლები დარჩნენ ე.წ. „საინფორმაციო საცავებად“ (ინგლ. Silos of Information).

აღსანიშნავია, რომ საკუთრივ ლიდერი თავს არ უნდა გრძნობდეს იზოლირებულად, თითქოს სადღაც კუნძულზე იყოს. არ არის აუცილებელი, ყველა კითხვაზე ჰქონდეს პასუხი. ის არ უნდა გრძნობდეს ზეწოლას იმ სიტუაციებში, როდესაც აუცილებელია რაიმე „დიდი“ იდეის მოფიქრება.

 

 

კომუნიკაცია

არ არსებობს ლიდერი, რომელსაც ეფექტური კომუნიკაცია არ შეუძლია. დღეს ლიდერებს აქვთ შესაძლებლობა, მიაწოდონ დაინტერესებულ მხარეებს შესაბამისი ინფორმაცია უამრავი საკომუნიკაციო საშუალებით, განურჩევლად მათი ადგილსამყოფლისა.

დღეს უკვე აღარ არის საკმარისი ერთი მიმართულებით მომუშავე საკომუნიკაციო საშუალებები (ვთქვათ, ვებსაიტი ან საინფორმაციო ბიულეტენი). დღეს ინფორმაციის გაცვლა სხვადასხვა საშუალებითაა შესაძლებელი, რაც აუცილებელია უფრო გამჭვირვალე კულტურის შესაქმნელად.

 

საზოგადოებრივი ურთიერთობები

თუ თქვენ არ მოუყვებით ადამიანებს თქვენს ამბავს, ამას სხვა იზამს, თანაც – უფრო ხშირად. ამასთან, სხვისი მონათხრობი არ იქნება ისეთი, რომლის მოყოლაც თქვენ გსურდათ. ლიდერებს მოეთხოვებათ, თვითონ გახდნენ თავიანთი ისტორიის მთხრობელები.

ერიკ შენინგერის წიგნი მოგვითხრობს საზოგადოებასთან უერთიერთობის აუცილებლობასა და სოციალური მედიის იმ საშუალებებზე, რომლებიც დაგვეხმარება, შევქმნათ საზოგადოებასთან უერთიერთობის დადებითი პლატფორმები და ვიქცეთ ჩვენი სკოლის ახალი ამბების დე-ფაქტო წყაროდ. დღეს უკვე ის დროა, როდესაც აუცილებელია, შევცვალოთ ჩვენი ნარატივი და ყოველდღიურად გავაზიაროთ ყველა კარგი ამბავი, რაც კი ჩვენს სკოლაში ხდება. ამითი შევქმნით გამჭვირვალობის ფონს, რომელიც კრიტიკულად აუცილებელია განათლების მიმართ არსებული ნეგატიური რიტორიკის პირობებში.

 

ბრენდინგი[2]

სკოლის ბრენდინგი – ეს ის საშუალებაა, რომელიც თქვენი სკოლის შინაარს განსაზღვრავს. ეს ის სფეროა, რომელიც არაფრით არ უნდა დავუთმოთ სხვებს. ბიზნესებმა უკვე დიდი ხანია გაიგეს ბრენდის მნიშვნელობა და მისი გავლენა არსებულ თუ მომავალ კლიენტებზე/მომხმარებელზე. საზოგადოდ, ბრენდინგი მარკეტინგული პრაქტიკაა, რომლის მეშვეობითაც კომპანია ქმნის სახელს, სიმბოლოს ან დიზაინს, რომელიც ცნობადია და პირდაპირ აკავშირებს კომპანიას მის პროდუქტთან ან მის მიერ გაწეულ მომსახურებასთან. ბრენდი კომპანიებს ეხმარება, მათ მიერ წარმოებული პროდუქტი ადვილად საცნობი გახდეს და განასხვავებს მას სხვების მიერ წარმოებული (შეთავაზებული) პროდუქტისგან ან მომსახურებისგან.

სკოლების ლიდერებს შეუძლიათ, სოციალური მედიის მეშვეობით შექმნან სკოლის დადებითი ხატი (იმიჯი), რომელიც ხაზს გაუსვამს სასკოლო კულტურის დადებით მხარეებს, ხელს შეუწყობს თემის ეგოს ზრდას და საბოლოოდ დაეხმარება სკოლას, მოიზიდოს/დაიტოვის ის ოჯახები, რომლებიც ეძებენ კარგ სკოლას თავიანთი შვილებისთვის. მოყევით თქვენს ისტორიას, დაამყარეთ მტკიცე ურთიერთობები თემში და წაახალისეთ სწავლა.

 

შენინგერის ეს მოსაზრება სკოლის ხატის, მისი ისტორიისა და შინაარსის, მოკლედ, სკოლის ბრენდის შექმნის ან მისი ბრენდინგის შესახებ ძალიან საინტერესოა და უდავოდ შეიცავს სასკოლო განვითარებისთვის საჭირო და საყურადღებო მომენტებს.

სსრკ-ს დროიდან მოყოლებული, თბილისში, თელავში, ბათუმსა თუ საქართველოს სხვა ქალაქებში ყოველთვის არსებობდა (და დღესაც არსებობს), ერთი მხრივ, პოპულარული, „პრესტიჟული“ და „ელიტური“, მეორე მხრივ კი „არაპრესტიჟული“, „ცუდი“ და „ძალიან ცუდი“ საჯარო სკოლები (სსრკ-ს დროს კერძო სკოლები არ არსებობდა). ახლა ძნელია შეფასების იმ კრიტერიუმებზე საუბარი, რომლებიც განსაზღვრავდა ამ სკოლების ავკარგიანობას საბჭოთა თუ პოსტსაბჭოთა წლებში, თუმცა, როგორც ხშირად ხდება, მშობლებმა და, საზოგადოდ, „საკოლო აუდიტორიამ“ კარგად იცოდა, რომელი სკოლა როგორი იყო და რა განასხვავებდა მას სხვებისგან. ეს არაფორმალური ცოდნა სკოლის ხარისხისა თუ „იმიჯის“ შესახებ ხშირად განსაზღვრავდა როგორც მოსწავლეების, ისე მასწავლებლების კონტინგენტს „პრესტიჟულ“ და სახელგანთქმულ სკოლებში. მშობლები ცდილობდნენ, შვილები კანონიერი თუ სხვა, ნაკლებად ეთიკური გზებით მოეხვედრებინათ „კარგ“ სკოლებში ან კლასში, „კარგ“ მასწავლებლებსა თუ ბავშვებთან. სხვა საქმეა, რამდენად მართებული იყო ეს შეფასებები ან ის ღირებულებები, რომლებიც საბჭოთა და პოსტსაბჭოთა საქართველოში „ელიტური“ სკოლების ატრიბუტებად გადაიქცა, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: რამდენიმე სკოლამ თბილისში, თელავში, ქუთაისსა თუ ბათუმში, მოახერხა თავისი უნიკალური ისტორიისა და „ელიტურობის“, „განსაკუთრებულობის“ შარავანდედის შექმნა, მერე კი, წლების განმავლობაში, ამ „იმიჯის“ წარმატებით გამოყენება (ხშირად – ექსპლუატაციაც კი) კარგი პედაგოგების მოსაზიდად, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობდა სკოლის წინსვლასა და განვითარებას.

შენინგერის წიგნში ალბათ ამ ხატის შექმნასა და ჩამოყალიბებაზეა საუბარი. სკოლის რეპუტაცია, პედაგოგებისთვის, მშობლებისა და ბავშვებისთვის, საქალაქო თუ სასოფლო თემისთვის მისი მიმზიდველობა უდავოდ დადებით გავლენას ახდენს სკოლის განვითარებაზე, თუმცა შესაძლოა, დროთა განმავლობაში დათვური სამსახურიც გაუწიოს სასწავლო პროცესს, სკოლის შიდა კულტურას და ხელი შეუწყოს სკოლაში ელიტიზმის, ამპარტავნობით აღბეჭდილი კულტურის ჩამოყალიბებას.

არაერთი სამეცნიერო გამოკვლევა ადასტურებს, რომ „ელიტისტური“ და სელექციური მიდგომები განათლებაში (განსაკუთრებით – უმაღლეს განათლებაში) ხელს უწყობს უთანასწორობასა და კლასობრივ-ქონებრივ სეგრეგაციას საზოგადოებაში (ამის ნათელი მაგალითია აშშ-ში მიმდინარე მწვავე პროტესტი რასობრივი და ქონებრივი უთანასწორობის გამო). საინტერესოა ისიც, რომ OECD ქვეყნების (მსოფლიოს ყველაზე განვითრებული ქვეყნების თანამშრომლობის ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს 37 წამყვან ქვეყანას აერთიანებს, – ლ.ა.) შესახებ არსებული კვლევებით, ჩრდილოეთის ქვეყნებში (ე. წ. Nordic countries – ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი, დანია და ისლანდია) ელიტიზმი ყველაზე ნაკლებად არის გამოხატული, შესაბამისად, ამ საზოგადოებებში გაცილებით დაბალია უთანასწორობის მაჩვენებლებიც.

 

შესაძლებლობების გამოყენება

სასკოლო ლიდერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ გზების ძიება, რომელიც ხელს შეუწყობს არსებული სასწავლო პროგრამების, რესურსების და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების გამოყენებას და გაუმჯობესებას.

ლიდერები დღეს ვალდებულნი არიან, თვითონვე იყვნენ ცვლილების კატალიზატორები და ციფრულ ეპოქაში მიჰყვნენ განვითარების მოცემულ შვიდ მიმართულებას (რომლებიც მეტ-ნაკლებად მოიცავს იმ შინაარსს, რომელიც აუცილებელია რეალური ცვლილებებისთვის), სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესების, სკოლების ჰარმონიული ადაპტაციისა და განვითარებისთვის. განვითარების თითოეული მიმართულება კრიტიკული მნიშვნელობისაა პოზიტიური სასკოლო კულტურის შესაქმნელად და სკოლების ტრანსფორმაციისთვის. თითოეული მიმართულების გააზრებისა და შესრულებისას სკოლების ლიდერებს ეძლევათ საშუალება, მოამზადონ მოსწავლეები წარმატებისთვის ციფრულ სამყაროში, დაამყარონ საქმიანი და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობები დაინტერესებულ მხარეებთან სასკოლო ცხოვრებაში მათი ჩართვით.

სტატიის დასასრულს შეგახსენებთ ვაჟა-ფშაველას სიტყვებს (წერილიდან „რას ჰქვიან თავისუფლება?“) თავისუფლებასა და სასკოლო ასაკის ბავშვის სამყაროზე. ვფიქრობ, ეს სიტყვები კარგ ფონს ქმნის XIX-XX საუკუნეების დიდი ქართველი პოეტის მოსაზრებათა შესადარებლად XXI საუკუნის ციფრულ და ნაკლებად „ჰუმანურ“, ატომიზებულ რეალობასთან:

“ადამიანი თავისუფალი იბადება. უცქირეთ ბავშვს, როგორ თავისუფლად მოქმედებს, როცა შეძლებს მოძრაობას, ეპოტინება ყველაფერს, რასაც თვალი და ყური მიუწვდება; იქნევს ხელებს და ფეხებს, როცა აკვანში აწვენს დედა და ხელებზე არტახებს უჭირებს. მხოლოდ დიდების მოსაზრება, დაშლა, დაშინება ჰკვეცავს ფრთებს ბავშვის თავისუფალ მოქმედებას, რომელიც უსაზღვრო თავისუფლებისაკენ მიისწრაფვის.

გაიზრდება, მოვა გონებაზე და მაშინ ხომ შინაურ უფროსებთან ერთად, უჩნდება გარეთ სხვა უფროსი – საზოგადოება აუარებელი ზნე-ჩვეულებით, აზრებით, წესებით, რომელთა შორის მრავალი უარგისი და პირდაპირ დამღუპველია ადამიანისა, შემბოჭველი იმის თავისუფლებისა, საღის მსჯელობისა. მშობლები, საზოგადოება და უხეირო სკოლები აჩვევენ ყრმას ისეთს აზროვნებას, რაც უხშავს მას გონებას, უნერგავს ცხოვრებისათვის მავნე აზრებს, აჩვევს გონებას მორჩილებას, მოთმენას, უკლავს სიყვარულს თავისუფლებისადმი”.

“იცხოვროს იქ, საცა მოისურვებს, სხვას უსიამოვნება არ მიაყენოს. უნდა, უპასპორტოთ წავიდეს და მოვიდეს, საცა უნდა. ვერავინ უნდა შეახოს მას ხელი, ვიდრე კანონი არ გადასწყვეტს. უნდა ილაპარაკო, სწერო საზოგადო საქმეებზე ისე, როგორც შენ გინდა. დაშლა არავის შეუძლია, უნდა გამოსთქვას შენი აზრი, დაჰგმო დასაგმობი, აქო საქებარი”.

[1] Bring Your Own Device (BYOD) – ტერმინი, რომელიც ბიზნესის მენეჯმენტში დაახლოებით 2004 წელს გაჩნდა და რომელიც გულისხმობს მშრომელთა მიერ სამუშაო ადგილზე საკუთარი სმარტფონებისა და სხვა ტექნოლოგიური ხელსაწყოების გამოყენებას, მათ ჩართვას კომპანიის ბიზნესმოდელში. დღეს განვითარებული და სწრაფად განვითარებადი ქვეყნების კომპანიების მომსახურეთა თითქმის ნახევარი ეფექტურად იყენებს BYOD-მოდელს სამუშაო ადგილზე.

[2] ბრენდინგი – მცირე და საშუალო ბიზნესის ბრენდინგი/Branding გახლავთ ის ხელოვნება თუ შემოქმედება, რომელიც ბიზნესს ცნობადს, სანდოსა და მიმზიდველს ხდის (ლ. ა.).

ქუჩის პოპულარული თამაშები

0

ბავშვებთან ერთად დასვენებისას ყოველთვის უნდა გვქონდეს შემონახული რამდენიმე იდეა მათ გასართობად, თუმცა ჩვენ შეგვიძლია არა მხოლოდ შევახსენოთ ამა თუ იმ თამაშის შესახებ, არამედ მათი შექმნის ისტორიაც ვუამბოთ.

ფრისბი (მფრინავი დისკი)

დისკის სროლა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მარტივ გასართობს ჰგავს, სპორტის ოლიმპიურ სახეობადაც კი არის აღიარებული. არსებობს ფრისბის საერთაშორისო ფედერაცია. ფრისბის ტურნირები რამდენიმე დივიზიონში იმართება. ეს თამაში დიდი სიამოვნებაა გაშლილ სივრცესა და უქარო ამინდში.

ფრისბი და ტერმინი „მფრინავი თეფში“ მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს. უილიამ რასელ ფრისბი 1871 წლიდან ფლობდა საცხობებს Frisbie Pie Company ბრიჯპორტში. საცხობი ფორმები, რომლებსაც ყველაზე ხშირად იყენებდნენ, მრგვალი იყო, შეკეცილი კიდეებით. ლანჩის შემდეგ იელის სტუდენტები მშვენივრად ერთობოდნენ ამ ფორმების ჰაერში სროლით.

1947 წელს ამერიკელმა მფრინავმა კენეტ არნოლდმა ადგილობრივ პრესას განუცხადა, რომ კასკადის მთებში თვალი მოკრა მფრინავი თეფშისმაგვარ ობიექტებს, რომლებიც ხსენებული საცხობის ფორმებს ჰგავდა. ტერმინი „მფრინავი თეფში“ ახალმა ამბებმა აიტაცეს, ორმა ამერიკელმა მფრინავმა კი – ვალტერ მორისონსმა და უორენ ფრანცონმა –  გადაწყვიტა სათამაშო ფრისბი ეწარმოებინა.

იდეა, რომ დისკს ყოველგვარი მავთულის გარეშე შეეძლო ფრენა, მართლაც საინტერესო იყო და ამიტომ მარკეტინგულმა ნაბიჯმაც არ დააყოვნა – „მფრინავ თეფშებს“ უფასოდ არიგებდნენ, მაგრამ უხილავ მავთულს, რომელიც ვითომ დისკს ფრენის შესაძლებლობას აძლევდა, ერთ დოლარად ჰყიდდნენ. 1958 წელს ვალტერ მორისონმა, კომპანიის იმ დროისთვის ერთადერთმა პარტნიორმა დისკი დააპატენტა. 1975 წელს კი ფრისბის პირველი ტურნირიც გაიმართა.

ფრისბის თამაშის დროს ერთი მოთამაშე დისკს მეორეს ესვრის, მან კი უნდა დაიჭიროს. თუმცა, შეგიძლიათ თამაშს პროფესიონალური ელფერი მისცეთ. მაგალითად, ამ თამაშის ერთ-ერთი სახეობა ალტიმატია. თამაშს შვიდ-შვიდი სპორტსმენისგან შემდგარი გუნდები თამაშობენ. მატჩისთვის საჭიროა მინდორი, რომლის სიგრძე 64 მეტრი და სიგანე 37 მეტრი იქნება. ამას ემატება 18×36 მეტრი ზომის ორი სამეტოქო ზონა. ანგარიში იცვლება მაშინ, როდესაც მოთამაშე დისკს მეტოქის ზონაში დაიჭერს. არ შეიძლება მინდორზე დისკით ხელში სირბილი – ის უნდა გადაეცეს მხოლოდ სროლის მეშვეობით. მოთამაშეს, რომელსაც ფრისბი უჭირავს, მხოლოდ ათი წამი აქვს მის გადასაცემად. დამცველს უფლება აქვს ჩაჭრას გადაცემა. ამასთან, გამორიცხულია ნებისმიერი ფიზიკური კონტაქტი. ფრისბის თამაში ეკიპირებას არ საჭიროებს, მაგრამ თამაშის დროს აკრძალულია სამკაულების, სააათის ტარება, რომლებმაც შეიძლება მეტოქე დააზიანოს.

ტვისტერი

ტვისტერი სახალისო თამაშია. ისრის დატრიალების შემდეგ მოთამაშემ გარკვეული ფერის წრეზე ფეხი ან ხელი უნდა დადოს, რაც საკმაოდ მოუხერხებელია, ითხოვს აკრობატულ მანერებს და ამიტომ სასაცილოც კია.

ეს თამაში 1966 წელს ჩარლზ ფოულიმ და ნეილ რებენსმა მოიგონეს. პირველი მინესოტის შტატში მდებარე Lakeside Toys-ის ქარხანაში მუშაობდა, სადაც ათეულობით გასართობი იწარმოებოდა. ერთ-ერთი მათგანი ტვისტერიც გახლდათ. მან პოპულარობა იმავე წელს მოიპოვა, როდესაც ჟურნალისტმა ჯონი კარსონმა და მსახიობმა ევა გაბორმა ის The Tonight Show-ის ეთერში ითამაშეს. გაბორი ლამაზი და უკომპლექსო ქალი იყო და თამაშსაც იოლად დასთანხმდა. ასე შედგა ამ თამაშის პრეზენტაცია.

საბოლოოდ, თამაში ჩარლზ ფოულიმ ნეილ რებენსთან ერთად დააპატენტა. მალევე ის სათამაშოების დიდ კომპანიას – Hasbro-ს – მიჰყიდეს.

რეზინობანა

თუ ფიქრობთ, რომ რეზინობანა საბჭოთა თამაშია – ცდებით. სინამდვილეში, არსებული ვერსიით, ის VII საუკუნის ჩინეთში წარმოიშვა. რეზინობანამ საბჭოთა კავშირამდე 1970-იან წლებში მიაღწია, როდესაც ჩეხმა პიონერებმა ბანაკ „არტეკში“ დაისვენეს. რეზინობანას „ჩეხურსახტუნაოსაც“ უწოდებდნენ.

თანამედროვე ბავშვები ამ თამაშს ნაკლებად წყალობენ. მისი წესები დიდად არ ტრანსფორმირებულა. ორი ან მეტი მოთამაშე ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს დგება და რეზინს საკუთარი სხეულით ჭიმავს. ერთ-ერთი მოთამაშე მეწყვილესთან ერთად, ანდა ცალკე სხვადასხვა დონეზე ხტუნავს. რეზინი ჯერ ტერფების დონეზე იჭიმება, შემდეგ მუხლზე, ბარძაყზე, გულმკერდზე, კისერზე. ბოლო პოზიცია ყურის დონეზეა, რაც ხტუნვას ძალიან ართულებს.
კრიკეტი

ცნობილია, რომ 1301 წელს ინგლისის მომავალმა მეფე ედუარდ II-მ „კრიეჯი“ ითამაშა, რომელიც კრიკეტის ადრინდელ ფორმად მიიჩნევა. ოფიციალურად თამაში დოკუმენტებში მხოლოდ 1598 წელს ჩნდება. ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე, კორონერი ამბობს, რომ ის კრიკეტს თამაშობდა. იმ დროს თამაში იწერებოდა როგორც კრეკეტი, ინგლისური creckett-დან გამომდინარე.

XVII საუკუნის დასაწყისში ითვლებოდა, რომ კრიკეტი საბავშვო თამაში იყო, მაგრამ საუკუნის ბოლოს მისი სტატუსი გაიზარდა. ზრდასრული ადამიანები შეუდგნენ შეჯიბრებების ორგანიზებას, ფსონების დადებას და მასშტაბური ღონისძიებების დაგეგმვას. 1660 წელს გამოჩნდნენ პირველი პროფესიონალი მოთამაშეები. XVIII საუკუნეში კრიკეტი აღიარეს, როგორც სპორტის ერთ-ერთი ეროვნული სახეობა ინგლისში. მას შემდეგ თამაშის წესები გარკვეულწილად შეიცვალა, მაგრამ მან მაინც შეინარჩუნა თავისი არსი და პოპულარობა.

ორ გუნდს შორის კრიკეტი ჩოგნითა და ბურთით ითამაშება. სათამაშოდ საჭიროა ბალახიანი მინდორი, რომლის გულში მართკუთედის ფორმის მიწის 20-მეტრიანი მოედანია, სიგანით 3 მეტრი. გუნდები მორიგეობით ისვრიან ბურთს და თამაშობენ მოედანზე. კრიკეტის ჯოხის ბურთზე დარტყმით ცდილობენ, მოაგროვონ ქულების მაქსიმალური რაოდენობა ან ხელი შეუშალონ მოწინააღმდეგეებს ქულების დაგროვებაში. დღეს კრიკეტის სათამაშოდ ყველაზე წარმატებული მხარედ ავსტრალია მიიჩნევა.

თუ თამაშს ბავშვებთან ერთად აპირებთ, გირჩევთ, წესებში გასარკვევად უყუროთ ვიდეო-გაკვეთილებს.

კლასობანა

ერთ-ერთი ვერსიით, კლასობანა რომის იმპერიის ხანიდან მოდის: გათხრების დროს აღმოაჩინეს ანტიკური ხანის ნახაზებიანი მოედანი. კიდევ ერთი ვერსიით, თამაში შუა საუკუნეებში ევროპაში გამოიგონეს. XIX საუკუნეში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დანიაში ის მხოლოდ ბიჭურ თამაშად მიიჩნეოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს შიცვალა და თამაში გოგონებმაც აიტაცეს. მათ ბიჭებისგან განსხვავებული წესები ჰქონდათ. XX საუკუნეში კი ბიჭებისთვის კლასიკობანას თამაში სამარცხვინო გახდა.

სხვათა შორის, რუსეთში ამ თამაშმა XIX საუკუნეში კავკასიიდან შეაღწია. თამაში მაშინაც ბიჭებში მეტად იყო პოპულარული. ეთნოგრაფიული კვლევის თანახმად, გოგონები თამაშში აქ XX საუკუნის დასაწყისში ჩაებნენ.

თამაშის წესები უმარტივესია. ახალი წესების გამოგონება გზადაგზაც შეიძლება, მაგრამ თავდაპირველად მოედანზე ცარცით ათი თანაბარი კვადრატი აუცილებლად უნდა დაიხატოს. თითოეული იმ ზომის უნდა იყოს, რომ ერთ მონაწილეს მასში მშვიდად დადგომა შეეძლოს. უჯრები ინომრება, მოთამაშეები რიგში დგებიან და ცალ ფეხზე ხტიან. კლასიკურ სათამაშო ვერსიაში გამოიყენება ბრტყელი ქვა, რომელიც დანომრილი უჯრიდან უჯრაში ფეხის დარტყმით უნდა გადააგორო.

წრეში ბურთი

ეს თამაში ავითარებს სისხარტეს, მოქნილობას, სწრაფ აზროვნებას, მაგრამ მისი ისტორია უცნობია. თამაში ძალიან პოპულარული იყო როგორც საბჭოთა პერიოდში, ისე მას შემდეგაც.

თამაშის წესები ასეთია: ორი ან მეტი მოთამაშე დგას ერთმანეთის პირისპირ. ერთ-ერთს უჭირავს ბურთი, რომელსაც ესვრის შუაში მდგომ ერთ ან რამდენიმე მოთამაშეს. შუაში მდგომმა კი ბურთი უნდა აიცილოს. ვისაც ბურთი მოხვდება, თამაშს ტოვებს. დარჩენილ შუაში მდგომ მოთამაშეებს „გავარდნილი“ მეგობრის გადარჩენა და თამაშში დაბრუნება შეუძლიათ, თუ მოწინააღმდეგის ნასროლ ბურთს მიწაზე დაურტყმელად დაიჭერენ. როდესაც ერთი მოთამაშე ცენტრში რჩება, მან ბურთი ათჯერ მაინც უნდა აიცილოს. თუ ყველა ნასროლის აცილება შეძლო, თამაშში მეგობრების დაბრუნება შეუძლია.

ძვირფასი პატარა წვრილმანები ბავშვების საზაფხულო ობიექტივში

0

„ცოლად რომ მომიყვანა, ორი გაკერილი თეფში გვქონდა მე და ბაბუაშენს” – თქვა ბებიამ. ორსართულიანი სახლი გრძელი შუშაბანდით, სადაც გულაბ მსხლებს ვამწიფებდით და დიდი აივნები, სადაც შემოდგომით ყანიდან ურმით მოტანილ სიმინდსა და კვახებს ვაბინავებდით, ჩვენს ეზოში ბაბუას და ბებიას დაუღალავი შრომის შედეგად გაჩნდა. სახლი ახლაც იმ ეზოში დგას, ოღონდ ამ ეზოში ბებია ათ წელზე მეტია აღარ არის. ბაბუა კიდევ უფრო ადრე გარდაიცვალა.

 

ჩემი მოზარდობის ხანა მეორე სახლში გაგრძელდა, რომელიც ბებიამ უკვე ჩვენთვის ააშენა. ეს სახლი ნელ-ნელა შენდებოდა, ბებიას პენსიითა და მცირე დანაზოგით, ცხვირსახოცში გამოკრული შეკოწიწებული ფულით. სახლი, რომელიც არც ისე ხნიერია, ბევრ მოგონებას ინახავს. ალბათ ეს არის სახლების თვისება, შემოინახოს ამბები ძველი დღეებიდან, რომლებიც ზოგჯერ შეიძლება ძალიან მხიარულიც იყოს, ზოგჯერ კი – უკიდურესად სევდიანი.

 

თანამედროვეობის პოპულარული მწერალი, სალმან რუშდი წერს: „როცა წარსულზე ვლაპარაკობთ, ვლაპარაკობთ აწმყოზეც. როცა ფანტაზიას ვუხმობთ და წარმოსახვით ამბავს ვყვებით, ვყვებით სინამდვილეზეც. ასე რომ არ იყოს, ამბები ძალას საერთოდ დაკარგავდნენ და მათი შეთხზვაც დაკარგავდა აზრს, ჩვენ კი ვცდილობთ, რამდენადაც შესაძლებელია, ჩვენს ყოველდღიურობას უაზრობები ავარიდოთ”.

 

ბებია კარგი მთხრობელი იყო, ამბებს თხზავდა ჩვენთვის – შვილიშვილებისთვის, უამრავ გასაოცარ ამბავს იგონებდა. საღამოობით მისი ამბები გვაჯადოებდა და მოუთმენლად ველოდით იმ დროს, როდესაც ამ ამბების მოსაყოლად მოიცლიდა. შუადღისას მის ოთახში, თეთრ ნოხზე წამოწვებოდა, ჩვენც გვერდით მივუწვებოდით, ვუვარცხნიდით თმებს და ისიც ჰყვებოდა ამბებს მისი ბავშვობიდან, სკოლაზე, მასწავლებლებზე, გაჭირვებაზე, რვაშვილიან ოჯახზე და მერე უკვე ახალგაზრდობაზე. ბებია რუშდივით ლამაზად და ხატოვნად ვერ იტყოდა, რომ ამბებს მომაჯადოებელი ძალა აქვთ, მაგრამ ფაქტია, ამბების გამოგონება უყვარდა და ეს ამბები ჩვენს ცხოვრებასა და ალბათ მის ცხოვრებასაც, ყოველდღიური ერთფეროვნებისგან იცავდა.

 

ამ სახლებში სიცოცხლე დღესაც გრძელდება, ზაფხულობით უფრო ხმაურიანია ეზოც და იქაური ცხოვრებაც. ეზოებს უბრუნდებიან ბავშვები ქალაქებიდან და ისევ ახალი ამბების შეთხზვა იწყება. პანდემიის პერიოდში შვილებთან ერთად ორჯერ ვეწვიე ჩემს სოფელს – მარტში და ივნისში. მარტში ცივ ამინდებს სახლში ვაფარებდით თავს, ღუმელი გვენთო. ბავშვები ძირითადად ხატვით, კითხვითა და მულტფილმების ყურებით იქცევდნენ თავს. ივნისში სოფლად ჩასულებს კი ახალი სამყარო გადაგვეშალა თვალწინ, სადაც გაცოცხლებას იწყებდა ჩემი ბავშვობა და ჩემი შვილებისთვისაც ჯადოსნური სამყარო იშლებოდა ყოველდღიურად.

 

ჩემი შვილების საზაფხულო რუტინა წელს თავისუფალი იყო ყოველგვარი მოვალეობისგან.  მთელი დღე სირბილსა და თამაშში ატარებდნენ. აღმოსაჩენიც კი არაფერი იყო, იმდენად მდიდარი და შთამბეჭდავი იყო მათი გარემო, ყველაფერი ხელისგულზე ჰქონდათ. მთავარი იყო დაკვირვებოდნენ და დაემახსოვრებინათ. სახლი, რომელიც მამას სიკვდილის შემდეგ დედამ გააცოცხლა და ახალი სიცოცხლე შთაბერა, ჩემი შვილების საყვარელ ადგილად იქცა. ამ სახლში მათ თავიანთი კუნჭულები აქვთ, სადაც არავინ უშლის – იფანტაზიორონ და ითამაშონ, პირიქით, ყველანაირი პირობა აქვთ აღმოჩენების საკეთებლად.

 

ივნისში დასავლეთში ცაცხვი ყვავის. ჩვენს ეზოში დიდი ცაცხვის ხე დგას და მთელი ეზო მისი სურნელით იჟღინთება. დიდი ხანია ივნისში სოფლად არ ვყოფილვარ, ამიტომ წელს დიდი ხნის შემდეგ ვნახე ციცინათელები, რომლებიც არსადაც არ წასულან და თურმე ისევ ანათებენ შებინდებისას. საღამოობით ხშირად ვისხედით აივანზე და ვუყურებდით ციცინათელების ციმციმს.

 

ციცინათელების ყურებისას ჩემმა უმცროსმა შვილმა თქვა: „ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა გვაქვს, მაგალითად: სად მიდიან ციცინათელები ზაფხულის შემდეგ; ასევე, არ ვიცით, რას ფიქრობს ლომი და როგორი გული აქვს” და ა. შ. ცოტათი ჰოლდენ კოლფილდის კითხვასაც ჰგავდა, რომელსაც აინტერესებდა, სად მიდიან ცენტრალპარკის იხვები ზამთრობით, როდესაც ტბა იყინება. მე კი ვფიქრობ, რა კარგია, როცა ბავშვებს შეკითხვები უჩნდებათ, თუნდაც იმ წუთას არ ჰქონდეთ მზა პასუხები.

 

ერთ საშობაო არდადეგებზე ჩემმა შვილებმა დიდი ხალისით და ინტერესით პატარ-პატარა ამბების გამოგონება დაიწყეს, რომელიც შემდეგ ერთად შევკრიბე და ინტერნეტგაზეთ „მასწავლებელშიც” გამოვაქვეყნე. ამ საზაფხულო არდადეგებზე კი წერის სურვილი ნამდვილად არ გასჩენიათ. ამიტომ, გადავწყვიტე მომენიშნა ამბები, რომლებსაც ერთად ვხედავდით და ვიმახსოვრებდით და შემოგვენახა ზამთრის მშვიდი დღეებისთვის, როდესაც ყველანაირი პირობა გექმნება, მიმყუდროვდე და საქმე გამოძებნო.

 

ჩვენი დაკვირვების საგანი კი ყველაფერი იყო:

 

ერთ საღამოს ჩვენს ცაცხვის ხეზე დიდხანს შემორჩა ერთი ფუტკარი. ბავშვები ამბობდნენ რომ დედა ფუტკარი იყო, სახლში დააგვიანდა და სიბნელეში გზას ვეღარ იგნებდა. დიდხანს ტრიალებდა ფუტკარი ჩვენ ირგვლივ და ბოლოს ისევ ცაცხვის ხეს შეაფარა თავი. მაშინ გადავწყვიტეთ, რომ როდესაც წერის სურვილი ისევ გაგვიჩნდება, დავწეროთ ფუტკარზე, რომელმაც სახლში დააგვიანა, შვილები კი სულმოუთქმელად ელოდნენ.

 

ჩვენი საზაფხულო დაკვირვებებიდან ალბათ ყველაზე სევდიანი და შთამბეჭდავი ინდაურის და მისი შვილების ამბავი იყო. ჩვენს ინდაურს 19 ჭუკი ჰყავდა, სულ ჭინჭარზე გამოზრდილი. ერთ დღესაც, უფრო სწორად – საღამოს, ბებომ ოთხი ჭუკი ნათესავს გაატანა გასაზრდელად. ყველა ღრმად დარწმუნებული იმაში, რომ ინდაური არც ისე გონიერი ფრინველია, (რადგან ვერასდროს სახლს ვერ აგნებდა და ხან სად ვეძებდით და ხან – სად) ვფიქრობდით, რომ ეს ამბავი მისთვის შეუმჩნეველი დარჩებოდა, მაგრამ მოვტყუვდით. ანერვიულებული დედა ინდაური, დარჩენილ ჭუკებთან ერთად გამალებით დაეძებდა მის ოთხ გაუჩინარებულ ჭუკს და ძალიან, ძალიან განიცდიდა შვილების დაკარგვას. ამბავმა ჩვენც დაგვასევდიანა.

 

კიდევ რა აღარ ხდებოდა: დილის ოთხიდან ჩიტების ჭიკჭიკი გვაღვიძებდა, ხან კოდალაც შემოეშველებოდა ჩიტებს, გამალებით გვიკაკუნებდა ფანჯარაზე და დილაადრიან გვაღვიძებდა. ჩვენი ძაღლის – კიკის პატარა ლეკვები, ზოგჯერ ღობეში გაეჩხირებოდნენ და დილადრიან წკმუტუნებდნენ. ლეკვებს თავიანთი სახლი კი აუშენეს, მაგრამ სახლში ყოფნა დიდად არ მოსწონდათ და მთელ ეზოს მოედებოდნენ. ჩემმა შვილებმა ლეკვებს სახელები დაარქვეს – რაფაელო, ყურშა და ბუთქუნა, ორიც სახელის გარეშე დარჩათ. მთელ ამ ალიაქოთს დილის ექვსიდან ქათმების კრიახიც ერთვოდა. ბავშვებს ერთი მოვალეობაც ჰქონდათ ქორისგან უნდა დაეცვათ ქათმები და როცა ისინი კვერცხს დადებდნენ, კვერცხი ბებოსთვის მიერბენინებინათ, რასაც დიდი სიხარულით ასრულებდნენ. სახლთან ახლოს ყვითელგულა ჩიტიც ცხოვრობდა, რომელიც დიდხანს არსად მიფრინავდა. ვეჭვობდით, რომ თხილის ბუჩქზე ბუდეც უნდა ჰქონოდა. გვიან საღამოს ჩვენი დიდი ხნის მეგობარი, დიდი მწვანე გომბეშოც გამობრძანდებოდა. ჩვენს საყვარელ გორაზე კი მთელი ივნისი მინდვრის მარწყვი მწიფდა. ბავშვებიც კალთებს ივსებდნენ დაკრეფილი მარწყვით. და კიდევ ბევრი ვინმე და რამე იყო საინტერესო და სამახსოვრო ჩვენს სოფელში. მაგრამ, ეს ამბავი ისედაც ძალიან გაგვიგრძელდა.

 

რაც შეეხება წიგნებს, წიგნები არც წელს დაგვვიწყებია. წიგნის პირველ დისტანციურ ფესტივალზეც ბევრ საბავშვო წიგნთან ერთად ისეთი წიგნებიც შევიძინე, რომლებიც ბავშვების იმდროინდელ სოფლურ ყოფასთან თემატურად ახლოს იდგა. ასეთი წიგნი იყო ე.ბ. უაითის „შარლოტის ქსელი”, სადაც ჯადოსნურ სამყაროში მოხვედრილი პატარა გოგონა ფერნი, გოჭი უილბურისა და ობობა შარლოტის მეგობრობის მომსწრე ხდება. სიტუაცია ფერმაში ვითარდება და ცოტათი წააგავს ჩემი შვილების დროებით სოფლურ ცხოვრებასა და იქაურ სიტუაციებს.

 

ახალი გარემო ნამდვილად შეიძლება იქცეს ბავშვებისთვის მოგონებების საბადოდ, თუ დავეხმარებით, მეხსიერება დამახსოვრებისკენ, გარემოზე დაკვირვებისკენ და შემეცნებისკენ მიმართონ. და თუ გადავწყვეტთ ბავშვები ამ ყველაფერზე საფიქრალად განვაწყოთ, რა იქნება იმაზე კარგი, თუ იმ წვრილმანების, პატარ-პატარა დეტალების დანახვასა და აღმოჩენას ვასწავლით, რომლებიც ასეთ გარემოში მრავლად მოიპოვება. საერთოდაც, ყველანაირ გარემოში მოიპოვება.

 

მთავარია, შესამჩნევად მოვიცალოთ.

 

 

რჩევები უცხოური ენის ონლაინგაკვეთილის ჩასატარებლად

0

ონლაინსწავლებაზე არაერთი ტრენინგი ჩატარებულა თუ სტატია დაწერილა, თუმცა ის აქტუალობა, რაც დღეს ამ თემას  აქვს, აქამდე ნამდვილად არ შეუძენია. საინტერესო ისაა, რომ ერთნაირი შემართებით შეუდგა მუშაობას არა მხოლოდ ჩვენი აქტიური მსმენელი, ენთუზიასტი, არამედ სკეპტიკოსი მასწავლებლებიც. ასეთია ცხოვრება, როდესაც დგება აუცილებლობა, აღარ ვფიქრობთ იმაზე, რა დამოკიდებულება გვქონდა ამა თუ იმ სიახლესთან და ვიწყებთ  პრობლემასთან გამკლავებას.

ფორსმაჟორი – ეს ის შემთხვევაა, რომელიც იძლევა საშუალებას გადავაფასოთ, შევცვალოთ ან/და გავაანალიზოთ ჩვენი ცხოვრების სტილი, ჩვევები და  შესაძლებლობები. ზოგიერთი ამას დამოუკიდებლად ახერხებს, ზოგს დახმარება და მხარდაჭერა ესაჭიროება. „მასწავლებლის სახლი“ სწორედ ის ადგილია, სადაც მასწავლებელი გვიხარია და ყველა სიტუაციაში ვცდილობთ გამოწვევებთან ჭიდილში მის მხარდაჭერას.

დისტანციური სწავლება დღეს უფრო მეტად აქტუალური, თუმცა რთული აღმოჩნდა. ბევრად რთული, ვიდრე გვეგონა. რატომ? მიზეზი ბევრია: ტექნიკურად მოუმზადებელი ადამიანური რესურსი, სასწავლო რესურსების სიმწირე ზოგიერთ საგანში, ხოლო სადაც რესურსის სიმწირეს არ ვუჩივით, იქ წვდომის ან ინფორმაციულობის პრობლემა გვქონია. მიუხედავად ამისა, მუშაობას თავს ვართმევთ და პროცესში ვცდილობთ, დავეხმაროთ ერთმანეთს. კოლეგები ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას, რაც, ვფიქრობ, კარგად გამოჩნდა ფ-ბ ჯგუფებში, სხვადასხვა პლატფორმაზე, ფორუმსა თუ ვებინარში. მასწავლებლის სახლის მიერ დაგეგმილ ვებინარებს დიდი გამოხმაურებები და ბევრი საინტერესო ინტერპრეტაციაც აქვს. ჩვენი ვებინარებიც სწორედ ამ გამოცდილების გაზიარებას, კერძოდ, სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებას ემსახურებოდა. პირველ ვებინარზე მოწვეული გვყავდა 2019 წლის საუკეთესო მასწავლებელი – ირმა კურტანიძე, რომელმაც გაგვიზიარა QUIZIZZ-ში მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება. უნდა ითქვას, რომ ეს ინსტრუმენტი ძალიან მოსახერხებერლია ნებისმიერი კლასის საგაკვეთილო პროცესში ჩასართავად, მოტივაციის ასამაღლებლად და შედეგების უმტკივნეულოდ მისაღწევად.

რის საშუალებას იძლევა QUIZIZZ?

  1. QUIZIZZ-ის გამოყენება ძალიან კომფორტულია როგორც პირდაპირი, ასევე ონლაინსწავლების დროს. დარეგისტრირება მარტივია და უფასო. მასწავლებელს აქვს საკუთარი ან კოლეგის მიერ მომზადებული რესურსის გამოყენების ან ახლის შექმნის საშუალება.
  2. მასწავლებელი ირჩევს თემას კლასისა და ესგ-ის გათვალისწინებით. თემის შერჩევის შემდეგ შეუძლია, განსაზღვროს დავალების ტიპი, რომლის შეთავაზებასაც აპირებს მოსწავლეებისთვის. აქ შესაძლებლებლობა გვაქვს შევარჩიოთ, როგორც დახურული, ასევე ღია ტიპის დავალება (იხ.ფოტო N1).

ფოტო N1

  1. მასწავლებელს შეუძლია მომენტალურად ნახოს როგორც ცალკეული დავალების შესრულების ხარისხი (იხ.ფოტო N2.), მოსწავლის მიღწევები დავალებების მიხედვით, ასევე  კლასის შედეგი მთლიანობაში (იხ.ფოტო N3.), რაც დაეხმარება მას, განსაზღვროს მომდევნო გაკვეთილების აქტივობა და სირთულე.

 

ფოტო N2

ფოტო N3.

  1. თემის დასრულების შემდეგ მასწავლებელს შეუძლია გააკონტროლოს მოსწავლეთა შედეგები თემატიკის მიხედვითაც. დისტანციური გაკვეთილების ჩასატარებლად მასწავლებელს სერიოზული მომზადება უწევს, ამიტომ ასეთი ტიპის უკუკავშირი დროის ეკონომიის საშუალებას იძლევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დატვირთული გრაფიკის დროს.

ფოტო N4.

  • მასწავლებლის მიერ მომზადებული რესურსის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა კლასში, განსხვავება მხოლოდ დავალების სირთულეშია. პირველ ეტაპზე მოსწავლე თამაშობს (ფოტოN5.) ეს კარგი ხერხია მისი მოტივაციის ასამაღლებლად. ირჩევს სწორ პასუხს და აგზავნის.

ფოტო N6.

  • ინსტრუმენტი საშუალებას იძლევა, მოსწავლემ დაინახოს სწორი და არასწორი პასუხი, შესაძლებელია თამაში მუსიკალურად გაფორმდეს, ხმა დაედოს.

 

  • მასწავლებელს შეუძლია თვითონ შექმნას ვიქტორინა (N7) ან გამოიყენოს სხვა მასწავლებლის მიერ შექმნილი ვიქტორინა (N8) ან/და არსებული მოარგოს საკუთარი კლასის შესაძლებლობებსა და საჭიროებებს.

ფოტო N7 – მასწავლებლის მიერ შექმნილი ვიქტორინა

ფოტო N8- სხვა კოლეგების მიერ შექმნილი ვიქტორინები

 

  • შესაძლებელია ვიქტორინისთვის სხვადასხვა ტიპის დავალების შექმნა. ცხადია, უცხოური ენის სწავლებისას ძალიან მნიშვნელოვანია მოსმენის უნარის განვითარება. მასწავლებლები ხშირად ასეთი დავალებების ნაკლებობის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ. თუმცა ყველა შემთხვევაში სასურველია თითოეულის მორგება კლასის საჭიროებაზე. წარმოდგენილი ინსტრუმენტის საშუალებით მასწავლებელს შეუძლია, ჩაწეროს აუდიოკითხვა ან ტექსტი.

 

მოსწავლე შეკითხვის/ტექსტის მოსმენის შემდეგ ასრულებს დავალებას – მონიშნავს სწორ პასუხს (N9). კითხვის უნარის

განსავითარებლად მასწავლებელს ეძლევა შესაძლებლობა, შექმნას ტექსტი დავალებებით (ღია და დახურული) (N10).

ფოტო N9

 

ფოტო N10

 

საჭირო და მნიშვნელოვანია ზემოთ აღწერილი პროცესებისთვის მომზადება, ამიტომ მთავარია, მასწავლებელი მოემზადოს ონლაინგაკვეთილისთვის. როგორ?

 

  • პირველ რიგში მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს, დისტანციური სწავლების საშუალებები გამოიყენოს კომბინირებულად, თუ აირჩიოს ერთ-ერთი, მაგალითად, სინქრონული (რეალურ დროში) ან ასინქრონული (დავალებებისა და აქტივობების მიწოდების საშუალებით); მათ შორის, მოგეხსენებათ, დიდი სხვაობაა მიდგომებისა და ინსტრუმენტების განსაზღვრაში.
  • შემდეგი ნაბიჯია, მასწავლებელმა განსაზღვროს, რა შედეგის მიღწევა სურს, რისთვისაც საკუთარ თავს დაუსვამს სამ შეკითხვას:
  1. რა უნდა ვასწავლო მოსწავლეს? რა შედეგზე გავიდე? და საბოლოოდ რა პროდუქტი უნდა შექმნას მოსწავლემ?
  2. როგორ, რა საშუალებებით უნდა გავიდნენ მოსწავლეები შესაბამის შედეგზე?
  3. როგორ მოხდება უკუკავშირი, მონიტორინგი, მათი მხარდაჭერა ჩემი მხრიდან?

 

  • პასუხების გათვალისწინებით, მასწავლებელი გეგმავს კომპლექსურ დავალებას, აქტივობებს, რესურსებს.
  • მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა ასევე გაწეროს დავალების ჩაბარების თუ შუალედური უკუკავშირის ვადები, საბოლოო პროდუქტის ჩაბარების დრო და კონკრეტული ინსტრუქციები. გასათვალისწინებელია, რომ ინსტრუქციები უნდა განსხვავდებოდეს სახელმძღვანელოში განთავსებულისგან, მორგებული იყოს დისტანციურ (დამოუკიდებელ) მუშაობაზე, რისთვისაც განსაკუთრებული ადგილი ენასა და ნაცნობ ლექსიკას უნდა დაეთმოს. ინსტრუქციები, მუშაობის ეტაპები, დამხმარე ლინკები, ყველაფერი უნდა ემსახურებოდეს მოსწავლის დამოუკიდებელი მუშაობის უნარის განვითარებას.
  • აუცილებლად უნდა შედგეს შუალედური შეხვედრები ფორუმში, დისტანციურად ან სკოლაში, ყველა სადავო თუ გაუგებარი საკითხის განსახილველად. განისაზღვროს თვითშეფასებისა და მონიტორინგის საშუალებები.

სასურველია, გავითვალისწინოთ შემდეგი გამოწვევები:

გამოწვევა 1. მოსწავლეები, რომლებიც არ მუშაობდნენ გაკვეთილზე, შესაძლებელია პასიურობდნენ დისტანციურადაც. პრობლემის გადაწყვეტა სასურველია, ინდივიდუალურად. მაგალითად,

  • თანამშრომლობითი სწავლების გამოყენებით;
  • სასწავლო მასალის განსხვავებულად მიწოდებით;
  • ინდივიდუალური კონსულტაციებით.

არ არის მიზანშეწონილი დასჯაზე ორიენტირებული მიდგომის გამოყენება. ეს დროებითი ეფექტის მომცემი აქტივობაა, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში არ მუშაობს. სწავლის სურვილი მოსწავლეს არ გაუჩნდება.

გამოწვევა 2.  სასწავლო მასალის შექმნაზე მეტი დრო იხარჯება, რისთვისაც მასწავლებელი მზად უნდა იყოს.

  • მასწავლებლის მიერ შექმნილი სასწავლო მასალა იქმნება მოსწავლის სხვადასხვა უნარის (წერის, კითხვის, ლაპარაკის, მოსმენის) განსავითარებლად და არა მათი მახსოვრების უნარის შესამოწმებლად.
  • კლასში მასწავლებელი ცოდნას სხვადასხვა ხერხის მეშვეობით გადასცემს, დისტანციური სწავლების დროს ეს ცოდნა მათ დამოუკიდებლად უნდა შეიძინონ და გამოიყენონ. კლასში გამოყენებული აქტივობები დისტანციურად ყოველთვის არ მუშაობს.  

გამოწვევა 3.  მასწავლებელმა მოსწავლის შეფასებისას უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ მას ხელთ აქვს Google და ჰყავს კლასელები ჩათში. ამიტომ დავალება ისეთნაირად უნდა შეიქმნას, რომ პირველი და მეორე ფაქტორიც დამხმარე საშუალებად იქნას გამოყენებული. აქედან გამომდინარე არ გამოდგება ფაქტობრივ ცოდნაზე ორიენტირებული დავალებები.

შეეცადეთ არ დაუშვათ შემდეგი ტიპის შეცდომები დისტანციური მუშაობისას

შეცდომა 1.

გაკვეთილისთვის მომზადება არ ნიშნავს მოსწავლისთვის დავალებების ჩამონათვალის შედგენას. ჩვენი ამოცანაა ერთმანეთს დავაშენოთ  სხვადასხვა აქტივობა დამოუკიდებლად მუშაობის გასამარტივებლად.

შეცდომა 2. პროცესის დაგეგმვა  არ უნდა დაიწყოს მოსწავლის გაკონტროლებით.

შეცდომა 3. ქულების დაწერა სწავლების პროცესში და არა შედეგის მიღწევაში.

  • როდესაც მოსწავლე სწავლის პროცესშია, ცხადია, სვამს შეკითხვებს, უშვებს შეცდომებს, მუშაობს მათ გამოსწორებაზე, თვითშეფასებაზე.
  • კომპლექსური დავალების შესრულებისას მოსწავლე იყენებს წინა გამოცდილებას, როგორც შრომის შედეგს.

შეცდომა 4.  დავალებების ფოტოების ფოსტაზე გადმოგზავნა

  • ამ მეთოდის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ ერთეულ (უკიდურეს) შემთხვევებში, გამონაკლისის სახით, რადგანაც ვერ აუხვალთ გადმოგზავნილი ფოტოების შემოწმებას, ვერ მოასწრებთ ყველასთვის უკუკავშირის მიცემას, რაც შესრულებულ დავალებას არაეფექტიანს გახდის.
  • სასურველია, ნებისმიერი შუალედური კონტროლი ღია თუ დახურული ტესტის ან დავალების  სახით იყოს მომზადებული Teams-ში. დახურული (ტესტური) დავალების შემთხვევაში მოსწავლე მომენტალურად იღებს სწორი პასუხის დადასტურებას და შეცდომის შემთხვევაში – სწორ ვერსიას, ხოლო ღია დავალების შემთხვევაში მასწავლებელს აქვს საშუალება კომენტარის სახით ინდივიდუალურად მისცეს განმავითარებელი შეფასება.

უნდა გვახსოვდეს, რომ დისტანციური სწავლების მეთოდიკა უმეტეს შემთხვევაში არ ემთხვევა ჩვეულებრივი რეჟიმის მეთოდიკას. სამაგიეროდ, მასწავლებელს საშუალება აქვს, სასწავლო პროცესში გამოიჩინოს მეტი შემოქმედებითობა, შექმნას ახალი რესურსები, ჰქონდეს მომენტალური უკუკავშირი, რასაც სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად გამოიყენებს.

 

 მედიაწიგნიერება – ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე

0

დღესდღეობით ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების სწავლებისას  სპეციფიკური კომპეტენციების განვითარების პარალელურად მნიშვნელოვანია იმ ძირითადი ცოდნისა და უნარების გააქტიურება, რომლებიც პრიორიტეტულ გამჭოლ კომპეტენციებად მოიაზრება. გამჭოლი კომპეტენციების ფლობა აუცილებელი გახდა პიროვნული სრულყოფის, თვითრეალიზებისა და საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებისათვის. ამ თვალსაზრისით ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია მედია, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში ყველაზე ძლიერ კულტურულ იარაღად იქცა.  აუცილებელია, რომ მოსწავლეს ჰქონდეს როგორც ტრადიციული, ისე მულტიმედია ტექსტების სიღრმისეული გააზრების, ინტერპრეტირებისა და მრავალმხრივი დამუშავების უნარ-ჩვევები.  მოსწავლემ უნდა შეძლოს მედიასამყაროში გზის გაკვლევა, ინფორმაციის გაფილტვრა, კრიტიკული შეფასება და სწორი არჩევნის გაკეთება (ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-16, Vlll. მ. 48).

კომპიუტერული ცივილიზაციის ეპოქაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა ისეთი კომპეტენციები, რომლებსაც კომპიუტერი ვერ ჩაანაცვლებს. ამ მხრივ გამორჩეულია შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება, რომელიც  განმანათლებლების წინაშე დღის წესრიგში ამ უნარების განვითარებას აყენებს. თანამედროვე სამყაროში არ არის საკმარისი ინფორმაციის მიღება და გადაცემა, მაშინ, როცა ინფორმაციული ნაკადი მუდმივად ზრდადია, კრიტიკული აზროვნება კი განაპირობებს სწორი გადაწყვეტილების მიღებას და გვეხმარება,  ვიყოთ დამოუკიდებლები (გორგოძე და სხვები 2013,9). საგულისხმოა ისიც, რომ მედიაწიგნიერება, როგორც კულტურულ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უნარი, შეიძლება განვიხილოთ მნიშვნელოვან სამოქალაქო კომპეტენციად, რადგან მოქალაქეობა მჭიდროდ უკავშირდება საზოგადოებრივ ცხოვრებას (Kellner end Share 2007:3). მედიაწიგნიერება მნიშვნელოვანი კომპეტენციაა გლობალური მოქალაქეობის  თვალსაზრისითაც (Uusitalo 2010,71). კალიფორნიის მომავლის ინსტიტუტმა (IFTF) 21-ე საუკუნეში წარმატების მისაღწევად აუცილებელ ათ ყველაზე მნიშვნელოვან უნარს შორის მედიაწიგნიერება დაასახელა (გორგოძე2013,9), რაც გულისხმობს, რომ შესაბამისი კომპეტენციების განვითარება თანამედროვე განათლების მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

ამრიგად, ქართულ ზოგადსაგანმანათლებლო სფეროში მედიაწიგნიერების საგნობრივ კურიკულუმთან ინტეგრაცია  მოითხოვს გარკვეული ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას, რათა შესაძლებელი გახდეს სასწავლო და მედიაწიგნიერების მიზნების  ერთობლივი ეფექტური მიღწევა. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია პედაგოგებს შორის ამ მხრივ არსებული  გამოცდილების გაზიარება, პრაქტიკული  მუშაობისას გატარებული აქტივობების გაცნობა.

აღნიშნულ სტატიაში  მოგითხრობთ, როგორ შეიძლება დავგეგმოთ ქართული ენისა და ლიტერატურის  გაკვეთილი ისე, რომ თითოეული აქტივობა მიემართებოდეს მედიაკომპეტენციების მხრივ მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას და ამავე დროს ხელს უწყობდეს  კურიკულუმით განსაზღვრული სხვა თემატური მიზნების მიღწევას.

მაგალითად, მედიაწიგნიერების გაკვეთილისათვის შევარჩიე ერთ-ერთი მიმდინარე თემა (სიბრძნე-სიცილისა) მე-9 კლასის სასწავლო პროგრამიდან. კერძოდ, რევაზ ჭეიშვილის „ნობელი“ არაერთ პრობლემაზე ორიენტირებული ტექსტია, რომელშიც მკვეთრად ვლინდება ავტორის მიერ სინამდვილის რეპრეზენტაციის ფორმები და აუდიტორიასთან ურთიერთობის ხერხები.  გაკვეთილი დაიგეგმა და წარიმართა, ე.წ. მედიაგზავნილების გასაანალიზებლად შემუშავებული შეკითხვების მიხედვით, ხოლო გაკვეთილის შეფასებისა და ეფექტურობის განსასაზღვრად, დაგეგმვისას ცალკე გამოიყო მედიაწიგნიერების მიზანი:

მოსწავლეს განუვითარდეს მხატვრული ტექსტის, როგორც მედიარესურსის, მნიშვნელოვანი გზავნილებისა და ამოცნობის უნარი;

შეძლოს მედიატექსტის ჟანრული თავისებურების ეფექტის განსაზღვრა და შეფასება; იმსჯელოს ავტორის მიერ სინამდვილის რეპრეზენტაცაზე, დაადგინოს მედიატექსტის მიზნობრივი აუდიტორია;

გამოკვეთოს პრობლემა და მოცემული ინფორმაცია გაიაზროს სხვადასხვა პერსპექტივიდან.

გაკვეთილზე გამოყენებული იყო,  ე.წ. ტექსტის  დეკოდირება, ჯგუფური მუშაობა და  ნაშრომის პრეზენტაცია.  თითოეულმა ჯგუფმა აღნიშნული ტექსტი დაამუშავა სპეციალურად შემუშავებული შეკითხვების მიხედვით:

 ტექსტის ავტორი და სამიზნე აუდიტორია (ჯგუფი 1-ლი)

ისაუბრეთ ავტორზე მის მიერ შექმნილი მედიატექსტიდან გამომდინარე. ახსენით, რატომ შეიქმნა მსგავსი შინაარსის ტექსტი და რამდენიმე მტკიცებულებაზე დაყრდნობით გამოთქვით ვარაუდი.

განსაზღვრეთ სამიზნე აუდიტორია, ვინ შეიძლება ისარგებლოს ამ ტექსტით, გამოთქვით მოსაზრება, რა მხრივ შეიძლება ისარგებლოთ თქვენ.

შეაფასეთ ტექსტის/ მედიაგზავნილის ემოციური გავლენა, როგორც მიმღებმა აუდიტორიამ.

ტექსტი, როგორც  ინფორმაციული  გზავნილი,   მისი  მნიშვნელობა (ჯგუფი 2)

დააკვირდით და იმსჯელეთ, რის შესახებ არის ტექსტი/გზავნილი, რა ჩანს და რა იგულისხმება; რომელი ინფორმაციაა ყველაზე მნიშვნელოვანი, ნაკლებად მნიშვნელოვანი და ყველაზე უმნიშვნელო.

როგორი ხედვა (კონკრეტული საკითხების ავტორისეული გააზრება) და ღირებულებები ჩანს ტექსტში? შეაფასეთ,  რამდენად სრულყოფილია ინფორმაცია? დაასაბუთეთ არგუმენტებით.

შეაფასეთ მწერლის შემოქმედებითი ეფექტი სხვადასხვა მახასიათებელზე დაყრდნობით.

ყველაზე  ეფექტური  გზავნილები (ჯგუფი 3)

დაფიქრდით, დააკვირდით და ამოიცანით ტექსტში არსებული ყველაზე ეფექტური გზავნილები.

გამოთქვით ვარაუდი მიზნისა და  აუდიტორიაზე  გზავნილის  გავლენისათვის გამოყენებული  საშუალებების  შესახებ. იმუშავეთ შემდეგი სქემით:

გზავნილი: —————-   მიზანი:  —————–   საშუალება: ———————————–

გამოხატვა და სინამდვილე  (ჯგუფი 4)

დააკვირდით და გამოთქვით მოსაზრება, რამდენად  სანდოა მსგავსი ტიპის  ტექსტში  მოცემული  ინფორმაცია. ახსენით, ფაქტია თუ მოსაზრება?

როგორ ფიქრობთ,  რა არის ავტორის დასაყრდენი ან  შთაგონების  წყარო, პირადი მოსაზრება თუ სხვა რამ?

მოსალოდნელია  თუ არა  ინდივიდების  მიერ ტექსტის განსხვავებულად აღქმა?

შეაფასეთ, როგორია თქვენი ინტერპრეტაცია, განსხვავებული თუ მსგავსი?

ჯგუფური მუშაობის შემდეგ მოსწავლეებმა შეაფასეს საკუთარი ნაშრომები და იმსჯელეს იმ ძალისხმევასა და უნარებზე, რომლებიც  მუშაობისას დასჭირდათ.

მნიშვნელოვანია, რომ საშინაო დავალება ასევე მედიაწიგნიერების კომპეტენციების  განვითარებაზე იყოს ორიენტირებული. ამ შემთხვევაში მოსწავლეებმა დაწერეს დავალება, რომელზე მუშაობაც გარკვეულწილად სახალისო და ამავდროულად საინტერესო, არჩევანი კი თავისუფალი იყო. მოსწავლეებმა მოამზადეს რეპორტაჟები/სტატიები თემაზე – სოფელ ბუყნურში არსებული პრობლემები.  მოსწავლეებს უნდა შეერჩიათ ტექსტში არსებული რომელიმე საკითხი და მოემზადებინათ სტატია. მაგალითად, სათაურით „სოფლის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს  სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნება“.  დავალების მიზანია, მოსწავლეები ჩასწვდნენ ტექსტში არსებულ პრობლემას, ზოგადად, ტექსტის მნიშვნელობას.

აღნიშნული გაკვეთილი მოსწავლეებს საშუალებას აძლევს სხვა  მხრივ  გაიაზრონ და დააკვირდნენ ტექსტს. სასწავლო პროცესი უფრო მრავალფეროვანი და სახალისო ხდება, რაც წაახალისებს მოსწავლეთა მოტივაციასა და  მონაწილეობას. შესაბამისად, მოსწავლეები ეჩვევიან ტექსტის,  როგორც მედიარესურსის, დამუშავებას და აცნობიერებენ, რომ  ლიტერატურა ძლიერი საშუალებაა. მხატვრულ ტექსტს, როგორც მორალურ გზავნილს, შესწევს ძალა, ჰქონდეს  მნიშვნელოვანი  გავლენა ამა თუ იმ აუდიტორიაზე.

გამოყენებული ლიტერატურა:

გორგოძე სოფიო, მანანა ბოჭორიშვილი, ნინო ჭიაბრიშვილი, ქეთევან ჭიაბრიშვილი და გიორგი გახელაძე. 2013. ვისწავლოთ და ვასწავლოთ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება. თბილისი: სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი. URL https://cdi.org.ge/uploads/pages/da-vaswavlotkritikuli-azrovneba-51.pdf (26.05.2019);

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 2011. ეროვნული სასწავლო გეგმა (2011 -2016). ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი. URL https://www.ncp.ge/ge/curriculum/satesto-seqtsia/mimdinare-esg-2011-2016 ;

პოტერი, ჯეიმს. 2014.  მედიაწიგნიერება. მედიაწიგნიერება. რედ. ია ანთაძე და თამარ მოსიაშვილი. მთარგმნ. სოფიო კვერნაძე და ირინა ჯაფარიძე. თბილისი: სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი;

Uusitalo, Niina. 2010 . Constructing Media Literacy as a Civic Competence. In Media Literacy Education (Nordic Perspectives). ed: Sirkku Kotilainen & Sol-Britt Arnolds-Granlund. 69-78.  Nordicom. University of Gothenburg.

ამბები დუშეთიდან და არა მხოლოდ

0

,,ეე, ძმაო, შენ რა იცი, ტო, მაგან რა ქნა? იცი? არი, იცი! ვაფშე, კაცმა არ იცის, რა მოხდა რეალურად!” “თუ ეგრეა, რასაც ამბობენ, დასაბრედი იქნებოდა!” ,,ქალი? ქალი ისეთს იზამს და ისე გადაგრევს, რო, მოკვლა რა არი?” ,,მოიცა, მე ლიჩნად მანდილოსნების სადღეგრძელოს ვამბობ, ძმა, თორე ეგეთების კი არა!”, ,,ნუ, მარა ადამიანია მაინც, სიკვდილისთვის ყველას ცოდვაა, ერთი შემოარტყი რა და მიაგდე!”

ჩვენ, ჩვენ ვლაპარაკობთ ამას. ძლიერი კაცები. “ძლიერი”. და არა მხოლოდ ის კაცი, ვინც დღეს ცოლი მოკლა, ვინც გუშინ წვავდა და გუშინწინ ახრჩობდა. ჩვენც რიგში ვდგავართ. ხელში სიტყვების დანა და რევოლვერი გვიჭირავს. არანაკლებ მძაფრი და სასიკვდილო. ხვალ სხვაგვარი სიკვდილების იოლად მომასწავებელი.  და ქალები. ქართველი ქალები.  ერთი საერთო ამოოხვრა გადაფურცლავს მათ ცხოვრებას და ხვალ უკვე ფერმკრთალ ამბად გვემახსოვრება. და თუ თავს მოვატრიალებთ, მხოლოდ საარქივო მასალებს შეყინული უსისხლო სიტყვები შეგვახსენებენ, რომ “ამა წლის ამ რიცხვში, მოქალაქე A-მ მოკლა მოქალაქე B. სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე”.   მოლპა ყველა ნიადაგი,  მოლპა  და ზანზარებს. ისედაც ღიაა უფსკრული. ღიაა. გველის. და ასე ნელ-ნელა ჩაგვყლაპავს და გაგვაქრობს. ჩაგვყლაპავს, სანამ მშიშარა კაცების ბოხი ამონაკვნესი: ,,ეე, ძმაო, შენ რა იცი აბა, მაგ ქალმა რა ქნა?!”   უფრო დაფასდება, ვიდრე მოკლულის სახლის კედელზე მიწერილი ორი სიტყვა: ,,დედა, მიყვარხარ!”

 

რა ცაც დეშეთიდან  ჩანს,  იმის იქით ცა აღარ არის.  დაგენიძლავებით, თუ გინდათ – სრული ცაა. ჰოდა, პირმისაანიდან კიდევ უფრო ცხადია ეგ სისრულე. საღამოხანს ავირბინე გადმოსახედად, გზამ შემიტყუა და  ამ სალოცავს წავაწყდი. წავაწყდი და გაწვიმდა. თან მზე არის და თან წვიმა. ბრმა წვიმა არისო – აქ იტყვიან. ანუ ისე მოდის, რომ მზეს ვერ ხედავს და არც ეშინია.  არადა მზე უფრო მოიგებს ხოლმე ამგვარ ჭიდილებს. უმეტესად.  ეს სალოცავი კიდევ ისეთი ლამაზია და მშვიდი,  ამ მზე-წვიმასთან ზურგით დგას და სხვაგან იყურება. შეიძლება ამ ცის იქით თუ ცაა იმას უყურებს. მაგრამ მე რა ვიცი, ეს ცა მგონია სრული და იმის იქით არაფერი.

 

 

 

რაჭაში ავედი და დავაკვირდი. მივხვდი – რაჭას მოსმენა უნდა, მარტო ცქერა არა. რომ მოუსმენ, სხვა რამეს მიხვდები. ოღონდ ახლოს უნდა მიხვიდე, სხეულზე ყური დაადო და ისე მოუსმინო. გესმის?  რაჭული გული სწრაფად ცემს. ძალიან სწრაფად. ეს სიდინჯე  და დუნე სიტყვა სულ თამაშია.  თვალები გასცემენ ამ თამაშს. ჩქარი და ციმციმა. რაც იქ დარდია და სიხარული, ეგ დუნე ვერ იქნება.  რაჭული ჭიშკარი ისეთია, რომ გაღებას დაგავიწყებს – დაჯდები და უყურებ.  ფერმკრთალი ცისფერი. მობერებული ცისფერი. რაღაც ზეციური ჩუქურთმებით. ფოტოს ვერ ვუმიზნებ, ძნელად უმკლავდება და ასე, ნაწერს ვაშველებ. ასეთი ჭიშკრები არსად მინახავს. ამ ჭიშკრებს სახლებში კი არა, ადამიანებში შეყავხარ. და ეს ადამიანები,  ოთხმოცდაათი წლის სიმონიკები და ნათიკები, სახელებშიც კი ბავშვობადანარჩუნებულები, გკარნახობენ, რომ გაჩუმდე და მათ გულს ყური დაუგდო. რაჭას სათქმელი ბევრი აქვს. მოსმენა უნდა.

 

იქ, ზემოთ…

0

აქ,  ქვემოთ სიცოცხლე გრძელდება. დადიან მანქანებში ახლართული სკუტერები და შეკვეთების დამტარებელი მოტოციკლისტები, რომლებსაც მარჯვედ თუ არ აუქციე გვერდი, წამსვე ქვეყნის წამყვან ან დამწყებ  ტრავმატოლოგებს გაგაცნობენ.

ვაკეში ფეხით მოსიარულენი ქუჩის შუაგულში მოთავსებული გაჩერებებიდან ტროტუარისკენ ან პირიქით სირბილში ვარჯიშობენ. საჭესთან მსხდომნი კი იმაზე ფიქრობენ,  ამ მორბენალ ხალხს როგორმე აერიდონ.

ტელევიზორში თურქული სერიალები გადის, სადაც ჰასანი მეჰმედს ემტერება, იასამანი კი ორივეს. მათ შორის შესვენებებში   საარჩევნო ორომტრიალის შოუებია, სადაც არანაკლები დრამა მძვინვარებს. ფანტასტიკური ფილმების არხებზე კი „ადამიანები შავებში“ აჩვენებენ. ზუსტად ის მომენტია, როდესაც ერთ-ერთი შაოსანი უცხოპლანეტელს და მის კლონებს ეომება. კლონების მამა დედამიწაზე ჩუმადაა შემოპარული და  კოსმოსის შავ ბაზარზე ჩვენგან მოპარულ ატმოსფეროს სხვა პლანეტებზე ყიდის. ყველაზე აქტიური მყიდველი კი მერკური ყავს, რადგან ამ უკანასკნელს ატმოსფეროს მსგავსიც კი არაფერი ქონია. არადა, მშვენივრად იცის, რომ ატმოსფერო პლანეტისთვის ბევრს ნიშნავს:

  1. გვამარაგებს ჟანგბადით, რომ ვისუნთქოთ და წერილის შესავალში ჩამოთვლილ აქტივობებში ჩავერთოთ.
  2. გვიცავს კოსმოსიდან წამოსული ნეგატიური ფაქტორებისგან. მაგ. მზის მოკლეტალღოვანი გამოსხივებისგან.
  3. დამუხტული ნაწილაკების ნაკადისგან, რომლებიც მზის ქარიშხალს წარმოქმნიან.
  4. მეტეორიტების ნაკადისგან, რომლებსაც ატმოსფერო აქუცმაცებს და წვავს.

უფრო, რომ დავაზუსტოთ, დაცვის ამ ფუნქციას სტრატოსფერო და მეზოსფერო იღებენ საკუთარ თავზე.

დედამიწიდან 15-20 კმ სიმაღლეზე ოზონის შრეა განთავსებული. ის ჩვენს პლანეტას დამცავი ქოლგასავით ადგას თავს. შრე 24 კმ სისქის არის.    ჯერ ტროპოსფეროა, შემდეგ ოზონის შრე და შემდეგ სტრატოსფერო. სტრატოსფერულ ოზონის შრეში ოზონის კონცენტრაცია 10ppm არის, ტროპოსფეროში 0,05 ppm. ტროპოსფეროში ოზონის მაღალი კონცენტრაცია ადამიანისთვის, ცხოველებისთვის და მცენარეული სამყაროსთვის სახიფათოა, სტრატოსფერული ოზონის შრე კი ჩვენთვის და  დედამიწისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.  ამ შრეში ოზონი წარმოიქმნება ჟანგბადის მოლეკულებზე მზის ულტრაიისფერი დასხივებით. ოზონის მიერ კი ეს რადიაციული სხივები შთაინთქმება (განსაკუთრებით ტალღები სიგრძით 200 დან 280 ნმ-დე) და  სითბოდ და ქიმიურ ენერგიად გარდაიქმნება.  დედამიწამდე ამ გამოსხივების რამდენიმე პროცენტი აღწევს. სხვა შემთხვევაში კი, მაგ. ონკოლოგიური დაავადებების გამოწვევის რისკი ერთი-ორად გაიზრდებოდა.

ოზონის შრე დედამიწის ატმოსფეროში 500-600 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდა. ამ დროს აქ, ფოტოსინთეზის შედეგად, საკმაოდ დიდი რაოდენობის ჟანგბადი დაგროვდა. სიცოცხლემ ოკეანიდან მიწაზე, მხოლოდ ოზონის შრის ჩამოყალიბების შემდეგ  გადმოინაცვლა. ამის გარეშე კი ძუძუმწოვრები ვერ წარმოიშვებოდნენ.

ბუნებაში ოზონი განუწყვეტლივ წარმოიქმნება და იშლება ფოტოქიმიური რეაქციების შედეგად. ეს ნიშნავს, რომ  ოზონის კონცენტრაციის წონასწორობის უზრუნველყოფა გარანტირებულია. თუმცა, წონასწორობას ანთროპოგენული საქმიანობის გამო საფრთხე ემუქრება. ანუ, „ადამიანები შავებში“ სიუჟეტის არ იყოს, მას მართლაც იპარავენ… კოსმოსში არსებულ  შავ ბაზარზე ყიდიან თუ არა,  არ ვიცი, მაგრამ მისი ერთ-ერთი მტერი ატმოსფეროში არსებული  დამაბინძურებელი აგენტი CFS-ია, რაც ინგლისურ აბრივიატურას წარმოადგენს და იშიფრება, როგორც ქლორფტორნახშირბად ნაერთები.  ეს ნაერთები ქლორის, ფთორის ან ბრომის თავისუფალ რადიკალებს გამოანთავისუფლებენ, რომლებიც სტრატოსფერულ ოზონს შლიან, შედეგად კი ოზონის შრე თხელდება. შეთხელებულ ოზონის შრეში ე.წ. „ოზონის ხვრელები“ ფორმირდება. ტერმინში „ოზონის ხვრელი“ ოზონის შრის დაზიანება და კონცენტრაციის შემცირება მოიაზრება. ეს არ გულისხმობს, რომ ატმოსფეროში მართლაც  რაიმე ხვრელი ფორმირდება ცარიელი სივრცით. CFS ერთ-ერთი და არა ერთადერთი დამაზიანებელია, მაგრამ სხვებთან შედარებით გაცილებით მეტი საფრთხე მოაქვს, რადგან ხშირად გვხვდება.

CFS სინთეზური ნაერთების ჯგუფია და დაბალი ტოქსიურობის, აალებადობის გამო საკმაოდ ფართე გამოყენება აქვს. მაგ.შედის ქაფების, სამაცივრო დანადგარების სითხეების, საკვების კონტეინერების, ტეფლონის წინამორბედის შემადგენლობაში.  იყენებენ მშრალი წმენდის ინდუსტრიაში, გვხვდება სამედიცინო ხელსაწყოების  სტერილიზაციის დანადგარებში და ა.შ. ბოლოს კი არასწორი უტილიზაციის შედეგად, გამონთავისუფლებული თავისუფალი რადიკალები ატმოსფეროს აზიანებს.

ოზონი ჟანგბადის ალოტროპიას წარმოადგენს და  ბუნებაში  რამდენიმე გზით წარმოიქმნება- მზის რადიაციის პროცესში, ატმოსფეროში ელექტრული განმუხტვის შედეგად, ანუ ელვის დროს. ასევე, ელექტრული კაბელების და სხვა ელ. მოწყობილობების ელექტრომაგნიტურ ველებში.

ოზონი კარგი საშუალებაა  სასმელი წყლის დეზინფექციისთვის.  ასევე წმენდავს სამრეწველო წარმოშობის ჩამდინარე წყლებს. უზრუნველყოფს ატმოსფეროში გამოსროლილი ისეთი მომწამვლელი ნაწილაკების განეიტრალებას, როგორიცაა ფენოლი და ციანიდები.

ქიმიაში ოზონი გამოიყენება, როგორც ძლიერი მჟანგავი. სწორედ ამიტომ, ოზონს სამედიცინო იარაღების და აპარატურის სტერილიზაციისთვისაც იყენებენ. ათეთრებენ ქაღალდს და ასუფთავებენ სხვადასხვა ზეთებს. ასე, რომ ოზონი ფაქტიურად გარემოს სანიტარი გამოდის. ოზონს ასევე რაკეტის საწვავის დამჟანგავადაც იყენებენ. ოღონდ, ამ შემთხვევაში გამოიყენება  ნარევი ჟანგბადი-ოზონი. თხევად ოზონს სუფთა სახით ვერ  მოიხმარენ, რადგან ქიმიურად არამდგრადია, ფეთქებად საშიში და ტოკსიურია.

ოზონის გამოყენება სასურველი ყოველთვის არაა. 21-ე საუკუნეში მრავალი ფირმა გვთავაზობს სახლში გამოსაყენებელ ოზონატორებს, სახლის გარემოს გასასუფთავებლად. მაგ. თუ სახლში ობი და ბაქტერიები გსურთ, რომ მოკლათ, ოზონი თქვენს სამსახურში იქნება. თუმცა, თუ ასეთ აპარატს აამუშავებთ, მისი მუშაობის დროს ჯობია შენობაში არ იყოთ, თორემ ნელა მაგრამ უტყუარად, სახლი ობთან და ბაქტერიებთან ერთად,  შეიძლება თქვენს გარეშეც დარჩეს, რადგან ოზონი ტოკსიურია.

ზოგიერთ სამედიცინო დაწესებულებაში იყენებენ ოზონოთერაპიას. თუმცა, მისი ეფექტურობა კლინიკურად ბოლომდე დამტკიცებული არ არის. ყოველ შემთხვევაში,  სამეცნიერო სტატიებში ავტორები თავად მოიხსენიებენ მას, როგორც ალტერნატიული მედიცინის ერთ-ერთ მიმდინარეობად https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC5674660/

როდესაც სკოლის ქიმიის კაბინეტი ყოველ მხრივ აღჭურვილი იქნება, მაშინ ოზონის მიღებაც შეიძლება. თუ არადა, ქვეყანამ კი უნდა გამოყოს რაღაც გარკვეული N თანხა საიტის შექმნისთვის, სადაც სპეციალურად ამ გვერდისთვის გადაღებული ვიდეო ცდები განთავსდება. მე არ ვამბობ ვიდეო გაკვეთილებზე, სწორედაც, რომ ვიდეო ცდებს ვგულისხმობ. თუმცა, ეგ ალბათ მომავლის საქმე იქნება და აქაურ რეალობას დავუბრუნდეთ ისევ.

1785 წელს ოზონი ჰოლანდიელმა ფიზიკოსმა მარტინ ვან მარუმ აღმოაჩინა. ის ელექტრულ მუხტს ჰაერის ნაკადში უშვებდა. ჩვენ კი, ოზონის მისაღებად ჩავატაროთ რეაქცია ამონიუმის პერსულფატსა და აზოტმჟავას შორის. პერსულფატის ნაჯერი ხსნარი მოვათავსოთ მრგვალძირა კოლბაში, დავამატოთ კონც. აზოტმჟავა და მოვარგოთ საცობი, რომელშიც მოხრილი მინის მილაკი იქნება ჩამაგრებული.  ამ მილაკის მეორე ბოლო ჩავუშვათ ჭიქაში, რომელშიც კალიუმის იოდიდის ნაჯერი ხსნარი იქნება მოთავსებული. კოლბის შიგთავსი ფრთხილად გავაცხელოთ და მილაკიდან გამოსული გაზი კალიუმის იოდიდის ხსნარში გავატაროთ. მიმდინარეობს რეაქცია:

3(NH4)2S2O8+6HNO3+3H2O=6NH4NO3+6H2SO4+O3

2KI+ O3+H2O=2KOH+I2+O2

ჭიქაში არსებულ სარეაქციო არეში იოდის გამოყოფის გამო ინტენსიური ყვითელი შეფერილობა ვითარდება. ჭიქის თავზე თეთრი კვამლი შეინიშნება, სწორედ ეგაა ოზონი (ამწოვ კარადაში, რომ უნდა ჩატარდეს, ეს იგულისხმება!).

კიდევ ერთი ექსპერიმენტი. ქიმიურ ჭიქაში მოვათავსოთ კალიუმის იოდიდის ნაჯერი  ხსნარი, ჩავუშვათ მილაკი, რომლის მეშვეობითაც ოზონს მივაწვდით. რა თქმა უნდა, ხსნარი გაყვითლდება იოდის წარმოქმნის გამო. შეგვიძლია სახამებლის ხსნარიც დავამატოთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ მართლაც იოდი გამოიყოფა.  ხსნარი თუ გალურჯდა,  იოდი ყოფილა და ეგ არის.

კიდევ ერთი ქიმიური ჭიქა ავიღოთ და ტყვიის აცეტატის ნაჯერი ხსნარი ჩავასხათ. დაუმატოთ ნატრიუმის ტუტის ხსნარი. გამოილექება ტყვიის ჰიდროქსიდის თეთრი ნალექი.

Pb(CH3COO)2+2NaOH=Pb(OH)2(ნ)+2CH3COONa

ახლა ამ ჭიქაში კვლავ ოზონი გავატაროთ და შედეგად ყავისფერი შეფერილობა წარმოიქმნება, ტყვიის ოქსიდის წარმოქმნის გამო.

Pb(OH)2+ O3= PbO2+ H2O+O2

ისევ ახალ ქიმიურ ჭიქაში იგივე ტყვიის აცეტატის ნაჯერი ხსნარი ჩავასხათ. დავუმატოთ ნატრიუმის სულფიდი.

Pb(CH3COO)2+N2S= PbS+2CH3COONa

წარმოიქმნება შავი ფერის ტყვიის სულფიდი.

თუ მასში ოზონს გავატარებთ, შავი შეფერილობა გაქრება, რადგან თეთრი ფერის ტყვიის სულფატი წარმოიქმნება.

PbS+4O3=PbSO4+4O2

რაც არის, ეგ არის, კიდევ ერთი ჭიქა ავიღოთ. შიგნით ინდიგოკარმინის ხსნარი ჩავასხათ. ინდიგოკარმინს ნამცხვრების ლურჯი საღებავი შეიცავს. ასე, რომ კონდიტერებთან მოიკითხეთ. გავატაროთ ამ ხსნარში ოზონი. ლურჯი ხსნარი გაუფერულდება, რადგან ინდიგოდან უფერო ისატინი წარმოიქმნება.

აქ, ქვემოთ… კვლავ ძველებური ამბებია, ადამიანები ავტობუსის გაჩერებიდან ტროტუარზე გადასვლას და პირბადეებში სწორად სუნთქვას  სწავლობენ… პოლიტიკოსები ერთმანეთში არეულ ათას ტყუილ-მართალს ერთად საუბრობენ…

იქ, ზემოთ კი, „ოზონის ხვრელი“ ყოველ წელს ოდნავ მატულობს, რაც ავტომატურად ქვემოთ შემოჭრილ გაზრდილ  რადიაციას და მეტ ონკო დაავადებას ნიშნავს, რომლისგანაც, სხვათა შორის, პირბადე ვერ გვიცავს!

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...