ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
15 აპრილი, ოთხშაბათი, 2026

როგორ გვითხრას შვილმა, როცა დახმარება სჭირდება

0

ამ წერილს შეიძლებოდა რქმეოდა „როგორ ვათქმევინოთ შვილს, რომ დახმარება სჭირდება“, მაგრამ არ ჰქვია, რადგან სათაურშივე დავუშვებდით შეცდომას, რომელიც ერთხელ მაინც ყველა მშობელს მოსვლია: ვაიძულებდით მოზარდს იმაზე ლაპარაკს, რაზეც ძალიან უჭირს. არადა საჭიროა, რადგან ხდება ხოლმე, რომ მოზარდებს უმნიშვნელო პრობლემა აქვთ, მაგრამ იმის გამო, რომ ვერავის უზიარებენ ან არასწორ ადამიანებს ელაპარაკებიან, ეს პრობლემები მოწყვეტილი ზვავივით მოგვიყოლებს ხოლმე ყველას – ბავშვებსაც და მშობლებსაც.

გარდატეხის ასაკს თავისი სირთულეები ახლავს, რომელთა გაუთვალისწინებლობაც არ ივარგებს, თუ სწორი კომუნიკაცია გვინდა, ამიტომ მნიშვნელოვანია სფეროს სანდო წარმომადგენლების, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპევტების რეკომენდაციების გათვალისწინება.

რჩევები კი დაახლოებით ასეთია:

უპირველეს ყოვლისა, უნდა განისაზღვროს, რა შეიძლება მოჰყვეს ამ საუბარს. ხართ თუ არა მზად ნებისმიერი პასუხის სწორად მისაღებად და ხომ არ ჩაკეტავთ მოზარდს თქვენი შეუსაბამო რეაქციით. ამისთვის საჭიროა, დაივიწყოთ მშობლის როლი და მიუდგეთ შვილს როგორც ძალიან ახლობელ, კარგ მეგობარს, რომელსაც დახმარება სჭირდება და არა შეფასება ან კიცხვა.

ამისთვის უპასუხეთ რამდენიმე კითხვას:

. რატომ უნდა დაველაპარაკო ახლა?

. რა ფორმით ჯობია კომუნიკაცია?

. სავარაუდოდ, რა პრობლემაზე შეიძლება მესაუბროს შვილი?

. მაქვს თუ არა მოსაყოლი ჩემ პრობლემაზე, რომელიც მის ასაკში გადავლახე?

. ვარ თუ არა გულწრფელი მოსმენისას?

კარგი იქნება, თუ კომუნიკაციის დაწყებამდე კარგად გაიაზრებთ ფორმას, რომელიც თქვენს შვილთან გაამართლებს. როგორი ტიპაჟია? ხომ არ ჯობია, პირისპირ დაისვათ? იქნებ სადმე ბუნებაში გასეირნება ჯობდეს? სმს-ის მიწერა ჯობია თუ დარეკვა და საუბარი? იქნებ სულაც ხელნაწერი ან ელექტრონული წერილი ჯობდეს გასაკვირვებლად?

რა ფორმაც უნდა აარჩიოთ, კარგად გაიაზრეთ სათქმელი, მეტიც – თქმაშიც წაივარჯიშეთ, რადგან ერთი არასწორი სიტყვა და შესაძლოა, თქვენი შვილი საბოლოოდ ჩაიკეტოს საკუთარ თავში. ბავშვმა უნდა იგრძნოს, ირწმუნოს, რომ თქვენთვის არაფერი ადამიანური უცხო არ არის და რომც მოიძებნოს ასეთი რამ, თქვენი მხარდაჭერა იქნება ურყევი, მტკიცე და უსაყვედურო, რაც ასეთ დროს უმთავრესია.

ამისთვის შესაძლოა რამდენიმეთვიანი სამზადისიც კი დაგჭირდეთ. სანამ მთავარ სათქმელზე გადახვიდოდეთ, გამონახეთ დრო და ურთიერთობა დაალაგეთ. შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ ამ პატარა ცვლილებამ პრობლემა უთქმელად გადაჭრას.

შეხედეთ შვილს როგორც ახალი რეალობის, ახალი გამოწვევის წინაშე მდგომ მცირე გამოცდილების მქონე პატარა ადამიანს, შეხედეთ როგორც საკუთარ თავს ამ ასაკში და მხოლოდ ამის შემდეგ გაბედეთ, მაგრამ გაბედეთ, რადგან ეს აუცილებელია.

როდესაც დროს შეარჩევთ და გეცოდინებათ, რაზე უნდა ელაპარაკოთ, მოზომილად და ფრთხილად გაარკვიეთ, რამ შეუცვალა ხასიათი, რამდენი ხანია, ეს აწუხებს და სჭირდება თუ არა დახმარება ან რჩევა. ხომ არ ურჩევნია, მოუყვეს თავის ამბავს ვინმე მესამეს, პროფესიონალს, ან ხომ არ აჯობებდა, უბრალოდ გესაუბრათ ამაზე ყოველგვარი განხილვის გარეშე, რადგან ხშირად მხოლოდ თქმაც კი დიდი შვებაა.

მაგრამ როგორ მოიქცეს მშობელი, თუ შვილი უარობს პრობლემის არსებობას და უფრო მეტად იკეტება? იქნებ მის საუკეთესო მეგობარს დაელაპარაკოს, გამოჰკითხოს, რა ხდება მისი შვილის თავს?

არ გირჩევთ. ამ გამოკითხვამ შესაძლოა შვილის ყურამდე მიაღწიოს, ეჭვი გაუჩინოს, რომ „სიმართლის გაგება“ უფრო გინდათ, ვიდრე მისი დახმარება და ყველაფერი წყალში ჩაიყაროს. რაკი ნაბიჯი გადადგმულია, დაელოდეთ, როდის გადმოდგამს ის საპასუხო ნაბიჯს, თქვენ კი სამმაგი დრო დაუთმეთ მასთან პირისპირ კომუნიკაციას. სთხოვეთ დახმარებაც, როცა რაღაც გაწუხებთ. გაუზიარეთ საკუთარი საიდუმლო. ასეთ დროს ადამიანებს შორის ერთგვარი ენერგეტიკული გაცვლა-გამოცვლა ხდება. საიდუმლოს განდობა მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც მსმენელსაც განაწყობს, თავისი გითხრათ.

ნუ მოუყვებით მის ნაამბობს მეუღლეს ან ოჯახის სხვა წევრებს, სანამ ამას თავად არ მოისურვებს, რადგან ერთია, როდესაც თქვენ გენდობიან და მეორეა, როდესაც ამ ნდობას სხვას გადააბარებთ.

დააკვირდით, როდის ეცვლება განწყობა თქვენს შვილს, რას უკავშირდება ეს მომენტი – სწავლას? გადაღლას? იქნებ ოჯახს, სადაც ის თავს კომფორტულად ვერ გრძნობს?

ჩაიწერეთ ყველა ემოცია, რაც დაგეუფლათ, საკუთარი ფიქრები და ამბები და სცადეთ ნამდვილი, პროფესიონალი ფსიქოლოგივით მიაგნოთ პრობლემას, რომელიც თქვენს შვილს ასე აწუხებს.

დასახეთ სამოქმედო გეგმა და, რაც მთავარია, ლექსიკონში გაამრავლეთ საალერსო სიტყვები, რომლებიც იქნებ დიდი ხანია აღარც კი გითქვამთ. მოსინჯეთ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ.

თუ ამანაც არ გაამართლა, მიმართეთ ფსიქოლოგს და სცადეთ, მასთან ერთად მოიფიქროთ, როგორ გააღოთ შვილის გულის დაგმანული კარი.

შესაძლოა, ამით ადამიანის სიცოცხლეც კი იხსნათ.

“პროფესიული განათლება”- ახალი ჟურნალი პროფესიული სწავლებისთვის

0

პროფესიული განათლება ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და ცვალებადი მიმართულებაა განათლების სისტემაში. დინამიკურობასა და ცვალებადობას განაპიროებებს შრომის ბაზრის ის ტენდენციები, რომლებიც სწრაფად იცვლება და ეკონომიკის საჭიროებებს ერგება.

პროფესიული განათლება იმითაც არის განსაკუთრებული, რომ მას ბევრი აქტორი და დაინტერესებული მხარე ჰყავს: სახელმწიფო სექტორი, კერძო სექტორი, პროფესიული განათლების მიღების მსურველი, ზრდასრული საზოგადოება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, პროფესიული განათლება საზოგადოების ყველა ფენის ინტერსსა და საჭიროებებს მოიცავს.

ელექტრონული ჟურნალი „პროფესიული განათლება“ მნიშვნელოვან როლს შეიტანს საზოგადოების  ინფორმირებულობასა და პროფესიული სწავლების მნიშვნელობის გააზრებაში. როგორც აღვნიშნეთ, პროფესიულ განათლებას ბევრი დაინტერესებული მხარე ჰყავს, რაც ელექტრონულ ჟურნალს განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე აყენებს.  მან უნდა შეძლოს, ყველა  მხარის ინტერესს უპასუხოს.  ამ კომუნიკაციაში ორი მთავარი გზავნილი  დომინირებს: პირველი გზავნილის  სამიზნე არის მოზარდი ან ზრდასრული,  უბრალოდ პროფესიული განათლებით დაინტერესებული პირი – შეძლოს, იპოვოს ის პროფესია, რომელიც უყვარს, აინტერესებს და სურს, გახდეს პროფესიონალი. მეორე გზავნილი კი  კერძო სექტორისთვისაა – იპოვოს მისი ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებელი პროფესიონალი კადრი. კერძო სექტორს  პროფესიულ განათლებასთან თანამშრომლობა  ეხმარება, მოიძიოს ისეთი  კადრი, რომელიც მას ორგანიზაციული განვითარებისთვის ესაჭიროება. თანამშრომლობა კერძო სექტორსა და საჯარო სექტორს შორის ურთიერთნდობას აძლიერებს.  ჟურნალი, კერძო-საჯარო სექტორებს შორის დიალოგი ამ ნდობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

პროფესიული  განათლების უკეთესი კოორდინაციისთვის, გაეროს პროგრამისა და შვეიცარიის მთავრობის მხარდაჭერით, პროფესიული  უნარების სააგენტო დაფუძნდა. სააგენტო პროფესიულ განათლებაში ყველა აქტორის ჩართულობაზე იზრუნებს. მის პრიორიტეტულ  მიმართულებათაგან  ერთ-ერთი შრომის ბაზრის შესაბამისი პროგრამების იდენტიფიცირება, მომზადება და შემდეგ ამ პროგრამებით მომზადებული პროფესიონალების  დასაქმების ხელშეწყობაა.  მით უფრო წარმატებულია პროფესიული განათლება, რაც უფრო წარმატებულია პროფესიული სტუდენტი ჯერ სასწავლებელში და სწავლის დასრულების შემდეგ – შრომის ბაზარზე. ადამიანის, მოქალაქის კეთილდღეობა პროფესიული განათლების უმთავრესი მიზანია.

ჟურნალი ხელს შეუწყობს დაინტერესებულ მხარეებს, გამოხატონ პოზიცია, მოქალაქეს – მიიღოს რელევანტური ინფორმაცია და დაგეგმოს საკუთარი პროფესიული მომავალი, პროფესიულ მასწავლებელს – მიიღოს და გააზიაროს სასწავლო რესურსები, ადმინისტრაციულ პერსონალს –  ჰქონდეს წვდომა მართვის თანამედროვე და ინოვაციურ მეთოდებზე, ბიზნესს – გაარკვიოს, როგორ და სად ითანამშრომლოს პროფესიულ განათლებასთან, მშობლებს – იცოდნენ, რა შესაძლებლობებს სთავაზობს პროფესიული განათლება მათ შვილებს, ზრდასრულებს –  გაიღრმავონ პროფესიული ცოდნა ან შეიცვალონ პროფესია, გაიფართოონ ინტერესის სფერო.

ჩვენ გვინდა, ხმა მივაწვდინოთ  ყველას, ვისაც აქვს სურვილი, მუდმივად ვითარდებოდეს.

 

ჟურნალ “პროფესიული განათლების” წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან:

პროფსიული განათლება

სიახლეების გაცნობა შესაძლებელია აქ :

https://www.facebook.com/vetgeorgia

ბეთჰოვენის „ზაზუნა“  პატარა ჩრდილების თეატრში

0

„ჩვენ ვიცით ყველას სიყვარული“…

როცა სკოლის დერეფანში საკლასო ოთახებიდან ბავშვების სიმღერა მესმის, გულგრილად კარს ვერ ჩავუვლი, ვჩერდები და სუნთქვაშეკრული ვუსმენ, რა მონდომებით მღერიან. ერთ დღეს მუსიკის გაკვეთილზე ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის „ზაზუნას“ სწავლობდნენ და ძალიან მომინდა, ეს ტკბილი ჰანგები ხელოვნების გაკვეთილზეც შემოგვეტანა. როცა მეხუთე კლასის მოსწავლეებს ჩემი იდეა გავუზიარე, მოეწონათ, თან ჩვენ ხომ ჩრდილების თეატრისთვის ვეძებდით რაიმე საინტერესო სიუჟეტს, ჰოდა, ამაზე კარგს, ალბათ, ვერაფერს მოვიფიქრებდით.

მუსიკის მასწავლებელმა, ქალბატონმა ნინომ, გვიამბო, რომ საბავშვო სიმღერა „ზაზუნა“ (“Marmotte“) ახალგაზრდა ბეთჰოვენს დაუწერია, 1790-1805 წლებში. იგი ერთ-ერთია 8 სიმღერიდან (8 Lieder, Op. 52, No. 7). სიმღერის ტექსტი კი იოჰან ვოლფგანგ გოეთეს ეკუთვნის.

„ზაზუნა“ ბარიტონისა და პიანოსთვის დაიწერა. სიმღერის ლირიკული გმირი – სავოიელი ბიჭია, მოხეტიალე მუსიკოსი, რომელიც თავის ზაზუნასთან ერთად გერმანიის მდიდარი ქალაქების ქუჩებში ბარბითის ჰანგებზე ოთხფეხა განუყრელ მეგობარს აცეკვებდა, მღეროდა, ხალხს ართობდა, და ასე შოულობდა საჭმელსა და გროშებს.

სავოია კი ისტორიული მხარეა საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ალპების ძირას. ყოველთვის, როდესაც ალპების ხეობებში შიმშილი აუტანელი ხდებოდა, გლეხები თავიანთ შვილებს, დიდ ქალაქებში უშვებდნენ მოწყალების მისაღებად. ბაზრებში, სასტუმროებთან და ცნობილ სავაჭრო ქუჩებზე, სავოიელი ბავშვები ათასნაირ ფოკუსებს აჩვენებდნენ თავიანთ ზაზუნებთან ერთად, ხშირად ორღანის ან ბარბითის მუსიკის ფონზე ატარებდნენ ამ წარმოდგენებს. სწორედ ეს მოხეტიალე მუსიკოსები გამხდარან გოეთეს შთაგონების წყარო პოემაში „ბაზრობა პლუნდერსვილერნში“ და მან პიესაში ახალი პერსონაჟი შემოიყვანა – გლეხის ბიჭუნა, მოცეკვავე ზაზუნასთან ერთად, სიმღერით – «Ich komme schon durch manche Land…» („სულ მოვიარეთ მთა და ბარი, მე და ზაზუნამ ერთად…“).

ორიგინალში გერმანული და ფრანგული სტრიქონები ერთმანეთს ენაცვლება, რადგან სავოიელების ენა ფრანგულია.

მუსიკის გაკვეთილებზე ბავშვებმა ტექსტი ორიგინალში დაისწავლეს.

Ich komme schon durch manche Land,

Avecque la marmotte,

Und immer was zu essen fand

Avecque la marmotte,

Avecque si, avecque la,

Avecque la marmotte.

 

Ich hab’ gesehn gar manchen Herrn,

Avecque la marmotte,

Der hätt die Jungfern gar zu gern,

Avecque la marmotte,

Avecque si, avecque la,

Avecque la marmotte.

 

Hab’ auch gesehn die Jungfer schön,

Avecque la marmotte,

Die täte nach mir Kleinem sehn,

Avecque la marmotte,

Avecque si, avecque la,

Avecque la marmotte.

 

Nun laßt mich nicht so gehn, ihr Herrn,

Avecque la marmotte,

Die Burschen essen und trinken gern,

Avecque la marmotte,

Avecque si, avecque la,

Avecque la marmotte.

სანამ „ზაზუნას“ ჩრდილების თეატრზე მუშაობას შევუდგებოდით, ქართულად მოვისმინეთ ზურაბ ანჯაფარიძის მიერ შესრულებული არაჩვეულებრივი ვერსია (https://www.youtube.com/watch?v=6wF5ZeAypAQ), რომ კიდევ ერთხელ კარგად გაეაზრებინათ ტექსტის შინაარსი.

ჩვენ გვქონდა ხის ნაჭრებისგან შეკრული ჩარჩო, რომელიც ბავშვებს თეატრად უნდა გადაექციათ. მათ ჩარჩოზე ერთი მხრიდან პერგამენტის დიდი ქაღალდი დააკრეს, რომელზეც ჩრდილების ფიგურები მკაფიოდ გამოჩნდებოდა მინათებულ შუქზე. თეატრის ჩარჩო ჯერ თეთრი გამოჭრილი ქაღალდებით გააფორმეს, შემდეგ წითელი საღებავით შეღებეს, ჩათვალეს, რომ ასე უფრო საზეიმო განწყობას შექმნიდნენ. (სურ.1).

შავ სქელ ქაღალდზე პერსონაჟების კონტურული გამოსახულებები დახატეს, გამოჭრეს და ქაღალდის წებოვანი ლენტით ხის ჩხირებზე დააწებეს.

დეკორაციებიც თავად მოიფიქრეს, ქალაქის ხედი, სახლებითა და გამოჭრილი ფანჯრებით, საიდანაც ერთგან ბეთჰოვენის სილუეტი იყურება, მერე პატარა ცნობისმოყვარე გოგონაც გამოკრთება. ასე საყვარლად ალაგებდნენ სიუჟეტის განვითარებას. (სურ.2)

ამბავი მზის ამოსვლით იწყება და ციდან დაშვებული ნოტებით სრულდება. წარმოდგენაში ქალაქი ჩნდება. ერთი სახლის ფანჯრიდან ბეთჰოვენი იხედება, რომელიც ქუჩაში გაშლილ ბაზრობას უყურებს. მის ყურადღებას იქვე, ხის ძირში ჩამომჯდარი პატარა ბიჭი იპყრობს, რომელიც თავის მოცეკვავე ზაზუნასთან ერთად მღერის თავის ბედზე, შიმშილზე, ხეტიალზე. მისი სიმღერა გულისამაჩუყებელია. ბიჭი და ზაზუნა ტკბილი ჰანგებითა და სასაცილო ოინებით ცდილობენ გამვლელთა ყურადღების მიპყრობას, რომლებიც მოწყალებას გაიღებენ და ორიოდე გროშს მაინც გაიმეტებენ, „სმა-ჭამა უყვართ, თუ ეღირსათ“…  „ჩვენ ვიცით ყველას სიყვარული, მე და ზაზუნამ ერთად“… (ვიდეო)

„ზაზუნას“ წარმოდგენა კამერულად, საკლასო ოთახში ჩავატარეთ, ვიდეოც გადავიღეთ ჩვენი სკოლის ხელოვნების გვერდზე შესანახად. წარმოდგენის დასრულების შემდეგ ბავშვებმა ფიგურები საგულდაგულოდ ჩაალაგეს ერთ ყუთში, რომ არ დაზიანებოდათ და სხვა დროსაც შეძლებოდათ „ზაზუნას“ ამღერება, რაღაც დეტალების შეცვლა, დამატება, თამაში. (სურ.3)

ჩრდილების თეატრზე მუშაობა ბავშვებს ძალიან უყვართ. „ზაზუნას“ გარდა, კიდევ რამდენიმე წარმოდგენა გავაკეთეთ ქართული მულტფილმების სიმღერების თანხლებით.

იმედი მაქვს, მუსიკისა და ხელოვნების გაკვეთილებზე გაცოცხლებულ ამბებს, მიღებულ ცოდნასა და შთაბეჭდილებებს ყველანი სათავისოდ ძვირფას მოგონებებში შეინახავენ, ისევე როგორც ხშირად წაღიღინებულ „ზაზუნას“ მელოდიას – „ჩვენ ვიცით ყველას სიყვარული“…

 

 

 

როგორ ფიქრობთ, გული და გონება – ორი გზაა?

0

თქვენ, ჩემსავით, ალბათ ხშირად გაგჩენიათ კითხვა და გიფიქრიათ: რატომ ვაჯიბრებთ ერთმანეთს გულს და გონებას? ან სად გადის ზღვარი „გულით ნათქვამსა“ და „გონებით ნათქვამს“ შორის. ამ მეტაფორების შემთხვევაში, სოციუმი, განათლება, ოჯახი – გვაჩეჩებს ისევ მორიგ სტერეოტიპს და გვეუბნება: „გონებით ლაპარაკი“ ნიშნავს პრაგმატულობას, ლოგიკას, გამოცდილებას, ხოლო „გულით ლაპარაკი“ – გრძნობებთან დაკავშირებულია. ერთი სიტყვით, მთელი ცხოვრება ვართ განხილვაში – გული თუ გონება? რომელს დავუჯეროთ? რომლის გზა უფრო სწორია?

ხშირად მიფიქრია და მიკვლევია – როცა ვლაპარაკობ, როგორ ამოვიცნო, რომელი მოდის გულიდან და რომელი გონებიდან? ვერ მიპოვია მათ შორის ზღვარი. მერე იმაზე მიფიქრია, რატომ ვერ ვპოულობ ზღვარს იქ, სადაც სხვა ადამიანებს დაწესებული აქვთ წესები, რომ რაღაც ეკუთვნის – გულს და რაღაც – გონებას. გულთან დაკავშირებული ფრაზეოლოგიზმები და იდიომები მეც ხშირად გამომიყენებია და ახლაც ვიყენებ: გულის გახსნა, გულის აცრუება, გულის გატეხვა და ასე შემდეგ; „გონების გახსნაც“ არსებობს, მაგრამ არ არსებობს „გონების გატეხვა“…

გულსა და გონებას შორის შეჯიბრი იმთავითვე ყალბი და გამოგონილი მგონია იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ან ერთის პარამეტრებში ცხოვრობენ და აღიქვამენ სამყაროს სურათს, ან – მეორის… ადამიანთა ეს ორი ტიპი ერთმანეთს არასდროს არ აღიარებს; ასეთ ადამიანებს უყვართ, ბრძოლით მოპოვებული გამარჯვება. ისინი პინის ერთ მხარეს არიან და ყოველთვის სურთ, გადაწონონ. გაყოფა, ბრძოლა, გამარჯვება – ეს ის პარადიგმაა, რომელშიც გულის და გონების ადამიანები ცხოვრობენ.

სინამდვილეში არსებობს აზრი/იდეა და ამ აზრით გაჩენილი ემოციები, შეგრძნებები, გრძნობები. მეცვლება აზრი და იცვლება შეგრძნებები. მაგალითად, ეს ადამიანი რა მშვენიერია, – ვფიქრობ და გული მეშლება; მაგრამ ამ ადამიანზე შემეცვალა აზრი და ვამბობ: ღმერთო, ეს ადამიანი რა საშინელება ყოფილა და „გული მეკეტება“, შესაბამისად, განვიცდი სხვადასხვა ემოციას, როცა ვფიქრობ: მშვენიერია ან საშინელია. ანუ ჩემი აზრი იწვევს ემოციებს, იმ ემოციებს, რომლებსაც „გულს ვაბრალებ“.

„გულით ნათქვამი“ და „გონებით ნათქვამი“ – ეს ორი მეტაფორა ისე დაიჯერა კაცობრიობამ, რომ ათასგვარი ფრაზეოლოგიზმი შექმნა, რომლებიც ჩვენს ცნობიერებაში მყარ დისკზე ჩაწერილები, წარმართავენ ჩვენ მიერ სამყაროს ხედვას;

რატომ უნდა გავყოთ გული გონებისგან? რატომ უნდა ვიაზროვნოთ და ვიმოქმედოთ ერთი ნაწილით, როდესაც ორივე ნაწილს ვფლობთ? იმიტომ ხომ არა, რომ ადამიანებს უყვართ ყველაფრის დაყოფა, დაპირისპირება, ბრძოლა და გამარჯვება იმ ომში, რომელიც არ არსებობს.  აი, როგორ ხსნის და აფასებს ვახუშტი კოტეტიშვილი  ამ ორ ნაწილს:

გონებამ მხოლოდ ის იცის,

რაც ქვეყნად გაუგონია,

გონება ავწონ-დავწონე,

გული ვერ ამიწონია.

აშკარად გულის უპირატესობისკენ უთითებს პოეტი, როგორც პოეტთა უმრავლესობა; მაგრამ გაიხსენებთ ალბათ, რამდენჯერ გადაგვჩეხა ცალკე გულის გზამ და ცალკე – გონების გზამ. ასე რომ, პრიმიტიულ კითხვაზე – გულს ვუსმინოთ თუ გონებას? – როგორია თქვენი პასუხი?

ჩვეულებრივი ცნობიერების ადმიანი ხან ერთს უსმენს და ხან – მეორეს, მერე იწყებს წვალებას: ცოტა გულს უსმინოს და ცოტა – გონებას და ვერც ამაში პოულობს გამოსავალს.

ეს კი რეი ბრედბერის რჩევაა:

„თუ ჩვენ გონების ხმას მოვუსმენთ, ვერასდროს შევიყვარებთ. არასდროს გვეყოლება მეგობრები. ვერ შევძლებთ ბიზნესის დაწყებას, რადგან ვიტყვით: „არაფერი გამოგვივა“, „ის მე ტკივილს მომაყენებს“, „უკვე მიყვარდა ორჯერ და წარუმატებლად…“ ეს ყველაფერი სისულელეა! ნუ გამოტოვებთ ცხოვრებას! ყოველ ჯერზე გადახტით კლდიდან და სანამ ქვემოთ ეშვებით, გამოშალეთ ფრთები!“.

როგორც ხედავთ, ბრედბერიც გონებაში სოციალურ კლიშეებს გულისხმობს.

ახალი ევოლუციური ცნობიერება ადამიანს განიხილავს, როგორც მთლიანს და ჰარმონიულს, რომელიც არ ჰყოფს აღქმას – გულად და გონებად;

გულისა და გონების მეტაფორა რეალურად შეესაბამება ადამიანის თავის ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროების აღქმის პარამეტრებს. მარცხენა ნახევარსფერო – ეს არის მეცნიერების, ლოგიკის, არგუმენტების, ენის, ხაზოვანი დროის, მათემატიკის და ასე შემდეგ, მხარე და მარჯვენა – შემოქმედებითი – ხატვა, მუსიკა, წერა, უდროობა, მეტაფორები…

თუ დავაზუსტებთ, მექანიზმი ასეთია: აზრის მიღების ეს ორი პარამეტრი, აზრის/იდეის/ინფორმაციის „თარგმნის“ ორი განსხვავებული ფორმატია. შეუძლებელი და წარმოუდგენელია ვაღიაროთ ერთ-ერთი ფორმატის უპირატესობა მეორეზე. თუ მაინც ამას მოვინდომებთ, მარცხენა ნახევარსფეროს დომინანტობის პირობებში ჩვენ „მივიღებთ“ ბიორობოტს, რომელსაც ჩატვირთული აქვს პროგრამები და შესაბამისად მოქმედებს, ხოლო მარჯვენა ნახევარსფეროს დომინანტობა – ეს არის დაკარგული ადამიანი, რომელიც ვერ ადაპტირდება რეალობასთან, რადგან დაკარგული აქვს ხაზოვანი დროის შეგრძნება, ლოგიკა და ასე შემდეგ.

ამ საკითხთან დაკავშირებით ნიმუშად მომყავს ხოლმე ჰერმან ჰესეს ტექსტი: „ნარცისი და გოლდმუნდი“. სადაც ნარცისი – თავისი მკაცრი წესრიგით წარმოადგენს მარცხენა ნახევარსფეროს არსებას, ხოლო  გოლდმუნდი – თავისი შემოქმედებით დაკარგული ადამიანია. სიკვდილის წინ მათ დიალოგს თუ გაიხსენებთ, დარწმუნდებით, რომ ორივეს ცხოვრება ნაკლოვანია.

„თუ ნარცისი მოაზროვნე და ანალიტიკოსი იყო, გოლდმუნდი მეოცნებე და ბავშვური სულის პატრონი ჩანდა…“  ნარცისს წარმოსახვის უნარი არ ჰქონდა, სურათხატებით და შეგრძნებებით ვერ აღიქვამდა სამყაროს, ხოლო გოლდმუნდისთვის აბსტრაქტული ცნებებით აზროვნება და სამყაროს აღქმა სიცარიელე და დიდი გაუგებრობა იყო. გოლდმუნდი გაოცებული ეკითხებოდა ნარცისს: „… განა ცნებები და აბსტრაქციები, რომელთაც უპირატესობას ანიჭებ, წარმოდგენები და სურათები არ არის? ნუთუ ის სიტყვები გვიყვარს და გვინდა სააზროვნოდ, რომლებითაც მართლაც ვერაფერს წარმოიდგენ? ან კი შეიძლება ისე აზროვნება, რომ ვერაფერი წარმოიდგინო? – კარგია, ამას რომ მეკითხები! – უპასუხა ნარცისმა. თუმცა, ცხადია, შეიძლება, წარმოდგენების გარეშეც იაზროვნო. აზროვნებას წარმოსახვებთან სულ მცირედი კავშირიც არა აქვს. ის სრულიქმნება არა სურათებით, არამედ ცნებებითა და ფორმულებით…… შენთვის სამყარო სახეებით წამოდგება, ჩემთვის – ცნებებით…. – მე მეშინია,- თქვა გოლდმუნდმა, – რომ ვერასდროს შევძლებ, შენს სააზროვნო სამყაროში, სადაც წარმოდგენების გარეშე აზროვნებენ, ცნებათა აზრს ჩავწვდე… სიტყვა „სივრცე“ ჩემთვის არაფერია და ფიქრადაც არ მიღირს, ვიდრე ნამდვილ სივრცეს არ წარმოვიდგენ….“[1]

ახალი ევოლუციური ცნობიერების ადამიანი ჰარმონიული, მთლიანი და განუყოფელია. მისი აღქმა ერთიანია. არცერთ მხარეს არ არის, მას საერთოდ არა აქვს მხარე. სხეული, გული, გონება – აზრის მიმღები ერთიანი სტრუქტურაა, სრულიად განსხვავებული ნერონული ქსელით, რომელშიც ვერ გამოარჩევ – რომელი მოდის გულიდან, ინტუიციიდან და რომელი – გონებიდან.

ვაჟა-ფშაველას მინდიას გაგახსენებთ:

,– ახლებო, სისხლი გიფუისთ,

სჭრითა და ჰკერავთ გულითა,

გულს ათრევინებთ გონებას,

თავს აჭრეინებთ ცულითა,

ადვილ ვერ იცნობთ ვაჟკაცსა

მის ვაჟკაცურის რჯულითა!

ერთურთს ნუ დააჩაგვრინებთ,

გული–დ გონება ძმანია.

მართალი არი ალუდა,

თავს არ დამექცნენ ცანია!“

 

უფრო შორსაც შეგვიძლია წავიდეთ რუსთაველთან:

„გული, ცნობა და გონება ერთმანერთზედა ჰკიდიან“.

 

ჩემი პასუხი ამ კითხვაზე ასეთია: არა გული, არა გონება, არამედ მათი სინქრონულობა და სინერგია. და როგორია თქვენი პასუხი და რატომ?

 

P.S. ძვირფასო მასწავლებლებო, მხატვრულ ტექსტებზე მუშაობისას შეგიძლიათ მოსწავლეებში გამოიწვიოთ რეფლექსია ამ თემაზე და გავაცნობიერებინოთ ახალგაზრდებს სტერეოტიპები.

[1] https://mastsavlebeli.ge/?p=18183

 

ოდა უთქმელ სიყვარულს

0

რამდენიმე წლის წინ ვინტაჟური საფოსტო ყუთი ვიყიდეთ. დიდხანს ვერ მიეჩვივნენ ფოსტალიონები გზავნილის ყუთში ჩაგდებას, მაგრამ ბოლო ხანია, კარზე აღარ გვიკაკუნებენ. ჩვენც ყოველ ჯერზე გული სიხარულით გვევსება, როცა კიბეზე ასვლისას ყუთის ჭრილში ჟურნალის ან კონვერტის ფრაგმენტს ვხედავთ. ფეხს ვუჩქარებთ და სახლში შესვლამდე გასაღებების დიდი ასხმიდან ყველაზე მინიატურულს ვირჩევთ.

ჟურნალების ზამთრის ნომრებს უცნაური ბედი აქვთ (ზამთარი კი რთული გამოვიარეთ). დაუსრულებელი საქმეების ან მათზე გაუთავებელი ფიქრის გამო ხანდახან თავიდან ბოლომდე წაკითხვას კი არა,  გადაფურცვლასაც ვერ ახერხებ. ამიტომ მათი უმეტესობა – ზოგი გადაკეცილი, ზოგი ხელუხლებელი, ზოგიც ხელახლა წასაკითხად გამზადებული  – ცალკე თაროზე, უკეთესი დროისთვის გადაინაცვლებს.

ზაფხულის საკითხავებს შორის აღმოჩნდა „ნიუ იორკერის“ თებერვლის ნომერიც, რომლის 49-ე გვერდზე ერთი დიდებული ამბავია მოთხრობილი.

ეს ის დროა, როდესაც ორწლიანი მუშაობის შემდეგ ავიაინჟინრებმა ბოინგ 707 ააგეს, ნიუ-იორკში ჯორჯ ბალანჩინმა ჩაიკოვსკის ბალეტი „მაკნატუნა“ დადგა, მაიამიში „ბურგერ კინგის“ პირველი რესტორანი გაიხსნა, პენსილვანიაში პოლიომიელიტზე ბავშვების მასობრივი იმუნიზაცია დაიწყო, ჩრდილოეთ კაროლინას ქარიშხალმა ჰაზელმა შეუტია, ელვის პრესლიმ პირველი სინგლი – That’s all right – ჩაწერა, ჯოზეფ მიურეიმ პაციენტს თირკმელი პირველად გადაუნერგა, მერლინ მონროს გული ბეისბოლისტმა ჯო დიმაჯომ მოიგო, ტელევიზიით პირველად აჩვენეს „მის ამერიკა“ და უზენაესმა სასამართლომ სეგრეგირებული სკოლები არაკონსტიტუციურად ცნო… იმავე წელს ოდრი ჰეპბერნი ბროდვეის დაუბრუნდა და ჟან ჟიროდუს პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში მელ ფერერთან ერთად ითამაშა. სექტემბრის ბოლოს კი ოდრი და მელი დაქორწინდნენ.

ახლა კი ჟურნალში გამოქვეყნებულ პოლ როჯერსის გრაფიკულ ამბავს და თანდართულ ტექსტს მივყვეთ, რომელიც დაგ რომსის წიგნს – „Take Five: პოლ დესმონდის საჯარო და პირადი ცხოვრება“ – ეფუძნება:

პოლ დესმონდი დეივ ბრუბეკის კვარტეტის ალტ-საქსაფონისტი იყო 1951-1967 წლებში. სწორედ მისი დაწერილია  ჯგუფის ყველაზე ცნობილი ჰიტი – Take Five.

პოლი მთელი ცხოვრება ოდრი ჰეპბერნს ეტრფოდა, მაგრამ ისინი ერთმანეთს არასოდეს შეხვედრიან.

1954 წლის გაზაფხულზე ოდრი 46-ე ქუჩის თეატრის სპექტაკლში „უნდინა“ მთავარ როლს ასრულებდა.

ბრუბეკის კვარტეტი  კი იმ დროს იქვე, ბეისინ სტრიტზე, ღამის კლუბში უკრავდა.

პოლი ბრუბეკს შესვენებას ყოველ საღამოს ერთსა და იმავე დროს სთხოვდა.

დესმონდი ღამის კლუბს სწრაფად ტოვებდა და „ტაიმს სკვერს“ კვეთდა.

ჩიხში მალულად დგებოდა და შორიდან აკვირდებოდა, როგორ გამოდიოდა ოდრი მსახიობებისთვის განკუთვნილი შესასვლელიდან და თავის ლიმუზინში ჯდებოდა.

იმავე წელს პოლმა დაწერა კომპოზიცია „ოდრი“, რომელიც შევიდა ალბომში „Brubeck Time“.

პოლი 1977 წელს ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა. დაქორწინებული არასოდეს ყოფილა და არც ის იცოდა, მოსმენილი ჰქონდა თუ არა ოდრის მისთვის მიძღვნილი მელოდია.

1993 წელს, როდესაც ჰეპბერნი გარდაიცვალა, მისმა ყოფილმა ქმარმა ანდრეა დოტიმ დეივ ბრუბეკს დაურეკა და სთხოვა,  გაეროს შენობაში ხსოვნის საღამოზე  კვარტეტს „ოდრი“ შეესრულებინა.

დეივი გაოცდა, რადგან წარმოდგენა არ ჰქონდა,  ანდრეამ ამის შესახებ რამე თუ იცოდა.

იცით, ჩემი ცოლი ამ კომპოზიციას ყოველ ღამით უსმენდა ძილის წინო, უპასუხა დოტიმ.

***

იმას ვამბობდი, რომ ზამთარი რთული გამოვიარეთ და როგორც ყველა ომის, წყალმოვარდნის თუ პანდემიის დროს, ნაღმებს გვერდი ვერ ავუარეთ – ყველა სიყვარული გავთქვით, ყველა ქრაშს ფარულად ვანიშნეთ. ასეა, რაც უფრო მძიმეა დრო, მით უფრო გვეშინია, რომ რაღაცას ვეღარ მოვასწრებთ და ყოველ ახალ დღეს გულგადაშლილები ვეგებებით. გრძნობების გამოსათქმელად სიტყვებსაც ადვილად ვპოულობთ და ისიც გადასარევად მოგვეხსენება, რომ ხშირად ვეღარც unsend შველის ნათქვამის უკან წაღებას.

თუმცა არსებობს უფრო მშვიდი დრო, როდესაც უკიდურესი გადაწყვეტილებებით არ გვიწევს ცხოვრება და იმასაც ადვილად ვეგუებით, რომ ყველა გული  ვერ მოიკრებს გამბედაობას. ვინ იცის, იქნებ ოდრისა და პოლის ერთად ყოფნა სულაც არ ყოფილიყო ისეთი მწველი და ამაღელვებელი, როგორიც ეს ბლუზია. მათი ამბავი ერთდროულად სევდიანიც არის და მშვენიერიც, მაგრამ ალბათ პოლზე უკეთ არავინ იცოდა, რომ თაყვანისცემაც ნიჭია და მხოლოდ ამ ნიჭით დაჯილდოებულს შეუძლია, უძღვნას ოდა უთქმელ სიყვარულს.

P.S. თანამოსასმენი –  Dave Brubeck Quartet – Audrey

 

ბავშვი და ოჯახური კონფლიქტები

0

 

ვფიქრობ, ვერავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ კონფლიქტებს ნებისმიერ ოჯახში აქვს ადგილი და ეს სრულიად ნორმალური მოვლენაა. აზრი იმის შესახებ, რომ ბედნიერ ოჯახში უთანხმოებას და აზრთა სხვადასხვაობას ადგილი არა აქვს – მცდარია. გამომდინარე იქიდან, რომ ოჯახის წევრები შეიძლება განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან თავისი ინტერესებით, შეხედულებებით, ინდივიდუალური თავისებურებებით, მათ შორის აზრთა სხვადასხვაობა, კამათი, შეხლა-შემოხლა, დაპირისპირება, შეიძლება ითქვას – გარდაუვალია. უფრო მეტიც, კამათის სწორად წარმართვის საშუალებით ადამიანები ხშირად არკვევენ გაუგებრობებს ურთიერთობებში და ოჯახურ პრობლემებსაც კი წყვეტენ. თუ ურთიერთობების გარკვევა არ მოიცავს ერთმანეთზე „თავდასხმებს“, შეურაცხყოფას, ადამიანის ღირსების შემლახავი სიტყვების და ფრაზების გამოყენებას საუბრის დროს და ორი მოკონფლიქტე მხარიდან ერთი მაინც მოახერხებს კონფლიქტური სიტუაციის ეფექტიან მართვას, სრულიად შესაძლებელი იქნება პრობლემის კონსტრუქციული გადაჭრა, ფსიქოლოგიური დაძაბულობის მოხსნა, ერთმანეთის მხარდაჭერა და ასევე შიდაოჯახური დამოკიდებულებების სტაბილიზაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში დაპირისპირებამ შეიძლება საშიში სახე მიიღოს და  ახალი პრობლემების აღმოცენების მიზეზიც კი გახდეს.

სამწუხაროდ, ოჯახის შიგნით გართულებულ და უმართავ კონფლიქტურ სიტუაციებში ყველაზე მეტად ბავშვები ზარალდებიან. მშვიდობიანი გარემო სახლში, ოჯახში ბავშვებისთვის ბედნიერების სინონიმია. ამის საპირისპიროდ, ოჯახური ჩხუბი მათთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მოვლენაა. სულ პატარა ბავშვებიც კი  გრძნობენ, ხვდებიან „საფრთხის მოახლოებას“, როცა ოჯახში ვითარება იძაბება და მტკივნეულად რეაგირებენ ასეთ ცვლილებებზე. ბავშვის ქცევა ოჯახში მიმდინარე კონფლიქტების დროს ბევრად არის დამოკიდებული მის ასაკზე, ტემპერამენტზე, თვითშეფასებაზე, სტრესგამძლეობაზე, აქტიურობასა და კომუნიკაბელურობაზე.

ოჯახურ კონფლიქტებში ბავშვთა ქცევის ძირითადი მოდელები:

  • სკოლამდელი პერიოდის ბავშვები, მშობლებს შორის კონფლიქტის შემთხვევაში ცდილობენ „დაიმალონ“, რომ არ გაიგონ ყვირილის ხმა – გარბიან სხვა ოთახში, კეტავენ კარს, ხუჭავენ თვალებს, ყურებზე ხელებს იფარებენ, ცდილობენ გაექცნენ არასასიამოვნო სცენებს მათთვის უმარტივესი გზით – „ვერაფერს ვხედავ, არაფერი მესმის“;
  • ასაკის მატებასთან ერთად ბავშვები არ წყვეტენ მგრძნობიარე რეაგირებას მშობლების ურთიერთობების ცვლილებებზე, მაგრამ ამჯერად ისინი კი არ გარბიან, არამედ იწყებენ „ჩარევას“ კონფლიქტში და ხშირად მღელვარებით, აკანკალებული ხმით ეკითხებიან უფროსებს: „ჩემ გამო ჩხუბობთ“? იმის გამო, რომ ვერ იგებენ რატომ არ შეუძლიათ უფროსებს მშვიდობიანი თანაცხოვრება, ბავშვები ავტომატურად საკუთარ თავს ადანაშაულებენ ოჯახურ უსიამოვნებებში;
  • ბავშვების გარკვეული ნაწილი გაუცნობიერებლად ან საკმაოდ გააზრებულად ცდილობს მშობლების „შერიგებას“ და მათ შორის კონფლიქტის მოგვარებას. ყველა ის გრძნობა და ემოცია, რომელსაც ეს ბავშვები განიცდიან, ადრე თუ გვიან, მათ ავადმყოფობაში პოვებს ასახვას. თავისთავად ეს ავადმყოფობა პირობითად „სასურველიც“ კი ხდება, რადგან ის კონფლიქტში მყოფი უფროსების ყურადღებას სხვა მიმართულებით გადართავს და ავიწყებს მათ შორის არსებულ დაძაბულობას. ძალიან ხშირად ასეთ ბავშვებს უვითარდებათ სერიოზული დაავადებები – ბრონქიალური ასთმა, ეგზემა; ასევე ხშირია ნევროლოგიური სახის დარღვევები: მოუსვენარი ძილი და სირთულეები ჩაძინებისას, ღამის კოშმარები, ენურეზი, ენაბლუობა, ნერვული ტიკები. თუ ბავშვი ხშირად ავადმყოფობს, ან ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დარღვევები უფიქსირდება, გავაანალიზოთ ოჯახში არსებული სიტუაცია. შესაძლოა ბავშვის ჯანმრთელობასთან და ავადმყოფობასთან დაკავშირებული მიზეზები ოჯახურ კონფლიქტებში და ხშირ ჩხუბში ვიპოვოთ. ასეთ შემთხვევაში საჭირო იქნება ბავშვის გარშემო მშვიდი გარემოს შექმნა მისი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად;
  • ზოგიერთი ბავშვი მშობლებს შორის ჩხუბის დროს უფრო „სუსტი“ და „დაჩაგრული“ მშობლის მხარეს იკავებს. ასეთი ბავშვი ცდილობს დაიცვას „დაჩაგრული“ მშობელი ოჯახურ კონფლიქტებში და ამას მის მხარეზე გადასვლით და მეორე მშობლის სრული ბლოკირებით ცდილობს. თუ ოჯახი ხშირად იმყოფება კონფლიქტურ მდგომარეობაში და ასეთი ქცევა ტიპურია ამ ოჯახში მყოფი ბავშვისთვის, მომავალში ეს გახდება მისთვის მუდმივი წარუმატებლობის მიზეზი პირად ცხოვრებაში;
  • მშობლებს შორის ურთიერთობის გამწვავების დროს ზოგიერთი ბავშვი იკეტება საკუთარ თავში, იკავებს ნეიტრალურ პოზიციას, ცდილობს არ მიიღოს მონაწილეობა ოჯახურ კონფლიქტებში. ის შეიძლება შინაგანად ძალიან განიცდიდეს საკუთარ უუნარობას „კონფლიქტების მოგვარებაში“, მაგრამ გარეგნულად არ გამოამჟღავნოს ემოციები, დაშორდეს ახლობელ ადამიანებს, დისტანცია დაიკავოს ოჯახთან, ჩაიკეტოს საკუთარ თავში, განმარტოვდეს და არავინ ჩაახედოს საკუთარ შინაგან სამყაროში. ასეთ მოზარდს ძალიან გაუჭირდება ადაპტირება თანატოლთა ნებისმიერ ჯგუფთან, შემდეგ კი უფრო ფართო საზოგადოებაში ექნება ანალოგიური პრობლემა. მომავალში მისი მუდმივი თანამგზავრი იქნება დეპრესია, ემოციური არამდგრადობა, შფოთიანობა, შიდაპიროვნული კონფლიქტები, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, შიშები, დაქვეითებული თვითშეფასება. გარდატეხის ასაკში ასეთი ბავშვები ხდებიან უემოციო და ჩაკეტილები. ისინი ხშირად სიმშვიდეს პოულობენ იმაში, რაც აკრძალულია – სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლური სასმლის მიღება, ნარკოტიკების გაკეთება, სახლიდან წასვლა და ა.შ.

ბევრი ფიქრობს, რომ ბავშვზე ნეგატიურ გავლენას მხოლოდ ღია კონფლიქტები ახდებს, ის კონფლიქტები, რომლებიც ოჯახში მისი თანდასწრებით მიმდინარეობს, რომელთა მოწმეც თავად ხდება. მაგრამ, ფარული, გადაუწყვეტელი კონფლიქტების არსებობა ასევე აყენებს ზიანს ბავშვის ფსიქიკას. ფარული დაძაბულობა, რომელსაც გარეგნული კამათის და ჩხუბის სახე არა აქვს, მოჩვენებითი თავაზიანობა, როდესაც მშობლები ღიად ბრალს არ სდებენ, არ ადანაშაულებენ ერთმანეთს, მაგრამ ოჯახში მეფობს გაუცხოება, მტრობა და სიცივე ურთიერთობებში, ბევრად უფრო გამანადგურებელია ბავშვის ფსიქიკისთვის, ვიდრე ღია სკანდალები. ასეთ „ცივ ომს“ შეუძლია თანდათან გაანადგუროს ბავშვის ფსიქიკა, წარმოშვას ახალ-ახალი პრობლემები.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ბუნებრივად ჩნდება კითხვა – შესაძლებელია თუ არა ოჯახური კონფლიქტების მოგვარება მათ ქრონიკულ მდგომარეობამდე მიყვანის გარეშე და, თუ კონფლიქტი წარმოიშვა, რა ზომები უნდა იქნეს მიღებული ოჯახის წევრებზე და განსაკუთრებით ბავშვებზე მისი ფსიქომატრავმირებელი ზემოქმედების გასანეიტრალებლად.

     რეკომენდაციები ბავშვებზე ოჯახური კონფლიქტების ნეგატიური ზეგავლენის შესასუსტებლად:

  • გავითვალისწინოთ, რომ მხოლოდ გრძნობებით ოჯახის შენარჩუნება ადვილი არ არის. აუცილებელია მეუღლეებს შორის კონსტრუქციული დიალოგი და კომპრომისზე დროულად წასვლა;
  • მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობების გამიჯვნა და ოჯახის წევრების შეთანხმება თავისი წილი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ასაღებად;
  • მოვერიდოთ პირველობისთვის ბრძოლას. იქ, სადაც ლიდერობისთვის მუდმივი ბრძოლა მიმდინარეობს, სკანდალები გარდაუვალია. სხვადასხვა საკითხის, პრობლემის ერთობლივად გადაწყვეტა ურთიერთობებში გართულებების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება;
  • პატივი ვცეთ ერთმანეთის ღირებულებებს, ფასეულობებს, პოზიციებს, ნუ შეგვაშინებს მეორე ადამიანის, თუნდაც ჩვენი აზრისგან სრულიად განსხვავებული აზრის აღიარება. გავითვალისწინოთ, რომ აღიარება არ ნიშნავს დათანხმებას;
  • ჩხუბი, კამათი, რომელიც იწყება ბავშვების თანდასწრებით, უნდა დასრულდეს დადებითად, რათა პატარებმა დაინახონ, რომ მშობლები შერიგდნენ და მათ საფრთხე აღარ ემუქრებათ. ბავშვს მუდმივად უნდა შევუნარჩუნოთ დაცულობის შეგრძნება;
  • აუცილებელია, რომ უფროსებს შორის ურთიერთობების გარკვევა ბავშვის თანდასწრებით არ მიმდინარეობდეს, მაგრამ, თუ ბავშვი მშობლებს შორის ჩხუბის და უსიამოვნო საუბრების უნებლიე მოწმე გახდება, შევეცადოთ მეტად გავაკონტროლოთ ჩვენი ემოციები, ქცევა,  ჩვენ მიერ წარმოთქმული თითოეული ფრაზა. რა თქმა უნდა ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ გვახსოვდეს, რომ ბავშვები ყველაფერს პირდაპირ და სიტყვასიტყვით აღიქვამენ. ისინი იმახსოვრებენ, რომ დედამ მამას უწოდა „უგრძნობი“, „უხეში“. ამან კი შეიძლება გავლენა მოახდინოს მშობლისა და ბავშვის დამოკიდებულებაზე, გააღვიძოს მასში „დაჩაგრულის დაცვის“ და „დამნაშავის წინააღმდეგ აჯანყების“ სურვილი მაშინაც კი, თუ ეს „დამნაშავე“ მისთვის საყვარელი ადამიანია.

     მართალია ბედნიერ ოჯახებშიც კი დგება რთული მომენტები, როდესაც დაგროვილი ემოციები ჩხუბში პოვებს გამოსავალს, მაგრამ იმისათვის, რომ კონფლიქტები არ გახდეს მტანჯველი განცდების და ფსიქოლოგიური ტრავმების მიზეზი ბავშვებში, უფროსებმა მეტი ყურადღება უნდა გამოვავლინოთ იმის მიმართ, თუ რას გრძნობენ ბავშვები, როცა მათი მშობლები უყვირიან ერთმანეთს.

გავითვალისწინოთ, რომ ბავშვისთვის მშობელი არც მხოლოდ დედაა და არც მხოლოდ მამა. მისთვის ორივე ძვირფასი და საყვარელია. მშობელი ბავშვისთვის ორი ადამიანის ერთიანობაა  და, როდესაც ერთიანობა ირღვევა ერთმანეთთან ჩხუბით და ერთმანეთის მიმართ უპატივცემულობით, ბავშვისთვის ეს გამანადგურებელია. მშობლებს შორის კონფლიქტებს ის სამყაროს ნამდვილ განადგურებად და აღსასრულად აღიქვამს.

ბავშვებისთვის მოჩხუბარი მშობლების ურთიერთობა ხშირად გაუგებარია – ხმამაღალი ტონით საუბარი, ერთმანეთზე თავდასხმები ბრალდებებით, ერთმანეთის უპატივცემულობა, გამოხატვის ფორმებზე დაუფიქრებლობა. ხშირად ბავშვებს არ ესმით რა ხდება და თუ არავინ აუხსნის მათ სიტუაციას, უთქმელობა და გაურკვევლობა გადაიზრდება შინაგან შიშში. ბავშვები დაიწყებენ ფიქრს ყველაზე უარეს სცენარზე – მშობლები გაშორდებიან, დედა ან მამა დატოვებს ოჯახს, წავა სახლიდან, მათ კი მოუწევთ არჩევა ვისთან იცხოვრონ. ასეთ სიტუაციაში ბავშვები ოჯახში უსაფრთხოდ ვეღარ იგრძნობენ თავს. ამიტომ, მნიშვნელოვანია დავამშვიდოთ ისინი, გასაგები ენით და მარტივი სიტყვებით ავუხსნათ, თუ რა მოხდა ჩვენ შორის, რატომ ვიჩხუბეთ. ამასთან, გამოვხატოთ ჩვენი წუხილი იმის გამო, რომ ისინი ამის მოწმე გახდნენ. ვიპოვოთ ძალა საკუთარ თავში და პატიება ვთხოვოთ ბავშვს მომხდარის გამო, განსაკუთრებით საჭიროა ეს იმ შემთხვევაში, თუ ის ყვირილის და ჩხუბის მოწმე გახდა.

გვახსოვდეს, რომ ბავშვთან დაკავშირებული ძალიან ბევრი, როგორც ქცევითი, ისე სასწავლო პრობლემა ოჯახში მშობლებს შორის მოუგვარებელ და დაძაბულ ურთიერთობებს უკავშირდება. ამასთან, გავითვალისწინოთ, რომ არ არსებობს გადაუწყვეტელი პრობლემა, ნებისმიერი კონფლიქტის მოგვარება შეიძლება სურვილის შემთხვევაში. და, თუ ბავშვი დაინახავს, რომ მშობლები ამას ახერხებენ, თავადაც გაუადვილდება მომავალში პრობლემებისათვის თავის გართმევა, რაც, თავის მხრივ, ბავშვთან დაკავშირებულ ძალიან ბევრ სირთულეს აგვაცილებს.

რას ჰყვებიან საბავშვო წიგნები ცუდი მმართველების შესახებ

0

 

“ჩემო ძვირფასებო! ჩემო უთავბოლო, ხმაურიანო, უგუნურო ქვეშევრდომებო! ყველამ  ის მიიღეთ, რაც თქვენი შესაფერისია, მეტს თქვენ არ იმსახურებთ!” – ასე  მიმართავს ტუვე იანსონის წიგნის, “მამა მუმინის მემუარების” გმირი, თვითმპყრობელი თავის ხალხს, რომელზეც დიდი წარმოდგენის მქონე არ არის.  თვითმპყრობელი სახალხო ზეიმებს თავის დაბადების დღეებზე აწყობს ხოლმე და თუკი მის ტერიტორიაზე ვინმე გამომგონებელი გამოჩნდება, ცდილობს თავის სამსახურში ჩააყენოს – რამე ისეთი გააკეთებინოს, რაც მის ხალხს არ უნახავს, რამაც შეიძლება ეს უგუნური და უიღბლო ხალხი, როგორც თვითონ ეძახის, აღაფრთოვანოს. ასე აღმოჩნდება მამა მუმინის მეგობარი ფრედრიქსონი თვითმპყრობლის სამსახურში – მან უნდა გააკეთოს გემი, რომელიც წყალზეც ივლის, მიწაზეც და ჰაერში ფრენაც შეეძლება. მამა მუმინი კი, რომელიც თავს თავგადასავლების მაძიებლად მიიჩნევს, ხვდება, რომ მეგობარი ხელიდან გამოეცალა. მეფის სამსახურში ჩამდგარ ფრედრიქსონს თავგადასავლებისთვის აღარ ცალია.

“დაფიქრდით! სხედხართ თქვენ-თქვენს სოროებში, ყნოსავთ თუთუნს, რაღაცას ხრავთ, რაღაცაში იქექებით, უსაქმოდ ფაციფუცობთ და სისულელეებს ჩმახავთ. ჩვენ კიდევ თქვენგან მაინც დიდი საქმეების კეთებას ველით. ჩვენო ბედკრულო, უიღბლო, საყვარელო ქვეშევრდომნო! ეცადეთ, ჩვენს ბორცვებს ცოტა სხივი და დიდება შემატოთ, მაგრამ თუ ეს არ შეგიძლიათ, ბოლოს და ბოლოს, ამ დღის გმირს “ვაშა!” მაინც შესძახეთ” – ესეც თვითმპყრობლის მიმართვაა მისი ხალხის მიმართ, როცა ფრედრიქსონი ისეთ გემს ააგებს, რომელიც მიწაზეც დადის, წყალშიც და ცაშიც დაფრინავს. თვითმპყრობელი ამ გემის აფრენისთვის რიგგარეშე სახალხო დღესასწაულს აწყობს.

 თვითმპყრობელი მუმინების ამბავში მნიშვნელოვანი პერსონაჟი არ არის, სულ რამდენიმე ეპიზოდში ჩანს.  ამ ეპიზოდებში ჩანს ისიც, როგორ განიცდის მთავარი გმირი, მამა მუმინი იმედგაცრუებას მისი ნახვისას – მას სურდა მეფე დიდებული, სხვებზე ჭკვიანი და ხალხზე მზრუნველი ყოფილიყო, მაგრამ მეფე, რომელიც მან გაიცნო, ასეთი არ აღმოჩნდა.

 

  • როგორები არიან მეფეები და მმართველები, რომელსაც ზღაპრებში, საბავშვო ამბებში ვხვდებით?
  • რა აქვთ მათ საერთო და რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან?
  • რაზე დგას მეფეების ძალაუფლება – ტახტზე, რომელზეც სხედან თუ მორჩილი ხალხის სიმრავლეზე?
  • როდის ხვდება ხალხი, რომ აღარ მოსწონთ, როგორც მართავენ?
  • ვინ ახერხებს დაანახოს ცუდ მმართველს, რომ სწორ გზას არ ადგას?
  • ვის შეუძლია დაამარცხოს მეფე, რომელიც ხალხისთვის უბედურების მომტანია?

 

ეგეთ კითხვებზე პასუხების მოძებნით ვირთობთ ხოლმე თავს მე და ჩემი შვილები, როცა თვითმპყრობლის მსგავსი პერსონაჟები გვხვდება წიგნების კითხვისას. ეს თამაში და ცუდი მმართველების სიის შედგენა მაშინ დაივიწყეთ, როცა ჯელსომინო გავიცანით, ცრუთა ქვეყნიდან. ამ ქვეყნის კანონებით, ყველა ვალდებულია იცრუოს და ვაი მას, ვისაც სიმართლის თქმაზე წაასწრებენ, ტყავს გააძრობენ ჯარიმებით.

ჯელსომინო ჯანი როდარის პერსონაჟია. ცრუთა ქვეყნის ამბავი კი ასე იყო: ერთმა მეკობრემ, სასტიკმა და გაიძვერა ჯაკომონმა, სიბერის მოახლოება რომ იგრძნო, გადაწყვიტა მეკობრეობისთვის თავი დაენებებინა და რაიმე წყნარი საქმიანობისთვის მოეკიდა ხელი, მაგალითად რომელიმე კუნძული დაეპყრო და იქ სხვა მეკობრეებთან ერთად არხეინად ეცხოვრა. კუნძულები, რომელსაც დასაპყრობად არჩევდა, ეპატარავებოდა და ბოლოს ჯაკომონი ერთ სახელმწიფოს დაიპყრობს, სადაც იმდენი ბანკი, კინო და თეატრი იყო, რამდენსაც მოისურვებდი. ქვეყნის დაპყრობის შემდეგ ჯაკომონმა მეფე ჯაკომონ პირველი დაირქვა და ბრძანა, ლექსიკონის რეფორმა გაეტარებინათ მის საბრძანებელში იმისთვის, რომ ვეღარავის ვეღარასოდეს ვერ ეთქვა სიმართლე ყაჩაღსა და მეკობრეზე.

 

” – საჭიროა ყველა სიტყვის შეცვლა, – გასცა ბრძანება ჯაკომონმა. – მაგალითად, სიტყვა “მეკობრე” უნდა ნიშნავდეს პატიოსან კაცს. ჰოდა, როცა ვინმე იტყვის ჯაკომონი მეკობრეაო, ახალ ენაზე ამას ისე გაიგებენ, რომ მე პატიოსანი კაცი ვარ.

 – ვფიცავთ ყველა ვეშაპს, რაც კი გვინახავს, როცა ზღვაზე დავნავარდობდით, ბრწყინვალე აზრია! – ერთხმად დაეთანხმნენ მინისტრები. – თქვენი სიტყვები ოქროს ასოებით უნდა ჩაიწეროს”.

მეფე ჯელსომინომ ლექსიკონის რეფორმის გატარების შემდეგ გამოსცა კანონი, რომლითაც სიცრუე სავალდებულო გახდა და როგორც ავტორი ამბობს, ამის შემდეგ ყველაფერი აირია. მხოლოდ ფრინველები და თევზები დარჩნენ ბედნიერები ამ ქვეყანაში – ჩიტებს ჭიკჭიკისთვის ვერავინ იჭერდა, თევზებს პირში წყალი ჰქონდათ დაგუბებული. ამ ქვეყანაში ძაღლები კნაოდნენ და კატები ყეფდნენ, ნამდვილ ფულზე არავინ არ ვაჭრობდა და არც არაფერს არ ეძახდნენ ნამდვილ სახელს – თუკი ვინმე წესს არღვევდა, დილეგში აგდებდნენ. ამ ქვეყანაში არაჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობს, ვისაც აგიჟებს ძაღლების კნავილი, კატების ყეფა და ტყუილი ყოველი ფეხის ნაბიჯზე. ეს ხალხი ბოლოს ტყუილზე იმარჯვებს, ქვეყანას იბრუნებს, თუმცა ეს მარტივი ამბავი არ არის.

ლექსიკონის რეფორმა, როგორც მოვლენა, თავისთავადაც საინტერესოა და ენობრივ სავარჯიშოდ ან თამაშადაც გამოდგება. თუ ბავშვებს ამ [და სხვა] კითხვებს დაუსვამთ, საინტერესო მსჯელობა გამოგივათ.

 

  • რა ხდება მაშინ, როცა მოვლენებს იმ სახელს არ ვარქმევთ, რაც ეკუთვნის?
  • რატომ ვალამაზებთ ხოლმე რეალობას, როცა ის ლამაზი არ არის?
  • არსებობს ტყუილი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს გამართლება?
  • რისი გაყალბება შეიძლება მცდარი სახელდებებით: წარსულის, რეალობის, ჩვენი მოლოდინების, იმედების, სიყვარულების?
  • როგორია მმართველების ენა, რომლებსაც ჩვენ ვიცნობთ – როგორ მეტაფორებს იყენებენ, როგორ წინადადებებს აგებენ, როგორია მათი ტონი ხალხთან ლაპარაკისას?
  • არის ენა ბრძოლის იარაღი? შესაძლებელია “ლექსიკონის რეგორმით” რეალობის მოდელირება?
  • რა მეთოდებს იყენებენ მმართველები თავიანთი ავი საქმეების მისაჩქმალად?

ჯელსომინოს თავგადასავალი მუდმივმოქმედ დავალებადაც გამოდგება – იპოვო ახალ ამბებში ამბავი, სადაც სიმართლეზე მეტი სიცრუეა, სადაც აღსანიშნი აღმნიშნველს არ მიემართება. დააკვირდე გარშემომყოფების მეტყველებას, რამდენად ახერხებენ ისინი სიზუსტით აღწერონ მოვლენები, არ დაარღვიონ კავშირი აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის, არ შეცდნენ სახელდებებისას.

 

“ამქვეყნად, ისეთი რამეც არსებობს, რაც ადამიანმა მაინც უნდა გააკეთო, მიუხედავად იმისა, საშიშია თუ არა, თორემ ის ადამიანი კი არა, არარაობა იქნება” – ასე ამხნევებს ძმები ლომგულებიდან ერთ-ერთი მეორეს. ეს ასტრიდ ლინდგრენის ალბათ ყველაზე მეტად “პოლიტიკური” და თან “ქრისტიანული” წიგნია, სადაც ყველაზე სასტიკი და საძაგელი მმართველი, თენგილი შეგხვდებათ და პატარა ბიჭები, რომლებიც მოყვასისთვის თავს სწირავენ ყველგან, სადაც მოხვდებიან. იქ, სადაც თენგილია მთავარი, შიმშილი და შიში ბატონობს. თენგილი საშინელი ურჩხულის, კატლას ხელით და შიშით მართავს ხალხს, რომელთა ნაწილიც უკვე მიეჩვია მუდმივ თვალთვალში, შიშსა და უსამართლობაში ცხოვრებას.

როგორც ყველა კარგ საბავშვო წიგნში, ბოლოს ბოროტი, ანუ  თენგილი აქაც მარცხდება. მას თავისუფლებისმოყვარე, შეუდრეკელი ხალხი ამარცხებს, თუმცა ყველა ბრძოლას თან ახლავს დანაკარგები და ეს წიგნი იმაზე საუბარსაც ამარტივებს ბავშვებთან, როგორი რთულია თანამებრძოლების სიკვდილი, როგორი სასტიკია ომის კანონები და როგორი ბოროტი შეიძლება იყოს ადამიანი, თუკი თავის სიბოროტეს აყვება, თუკი ბოროტების იმპერიის მშენებლობისას სათანადო წინააღმდეგობას არ გაუწევენ, თუკი თავს გაუვა.

ლინდგრენის “ომის დღიურების” წინასიტყვაობაში წერია, ძმებ ლომგულებში აღწერილი ურჩხულები ასტრიდისთვის ფაშიზმისა და ბოლშევიზმის სიმბოლოებიაო და ალბათ ასეცაა. ამ ცოდნის გარეშეც, თენგილი და კატლა ისე კარგად დახატული ავი პერსონაჟებია, მათი დახმარებით ნებისმიერი ავტორიტეტული მმართველის შესახებ შეგვიძლია ბავშვებს მათთვის გასაგებად ავუხსნათ რა ხდება იქ, სადაც ძალაუფლებას ერთი ვინმე იგდებს ხელში, ხალხის თავის თავს ვეღარ ეკუთვნის. სადაც ოცნებებს და სიხარულს შიში და სასოწარკვეთა ანაცვლებს.

 

ემოცია და გრძნობა

0

 

(ვიკვლევთ გმირის „სულიერ-ემოციურ“ მდგომარეობას)

ერთი და იგივეა?

რას ნიშნავს ემოცია?

რას ნიშნავს გრძნობა?

როგორ ამოვიცნო ემოცია?

ჩვენ ხშირად ვმსჯელობთ გმირების სულიერ-ემოციურ მდგომარეობაზე, განწყობაზე, გრძნობებზე, მორალურ-ეთიკურ მხარეებზე, ღირებულებებზე. ახლა შევეცადოთ ჩავუღრმავდეთ ემოციისა და გრძნობების საკითხს. დავაკვირდეთ, რა ვიცით ემოციებსა და გრძნობებზე.

*ევოლუციურად ემოციას მიიჩნევენ გრძნობაზე ადრინდელ წარმონაქმნად. ადამიანების გარდა ემოციებს ავლენენ ცხოველებიც. გრძნობა აზროვნებასთან ერთად წარმოიქმნა და განვითარდა. ემოციები – მანამდელია.

*ემოცია წამიერად შეიძლება წარმოიშვას, მოიცვას ადამიანი, სწრაფადვე შეიძლება ჩანაცვლდეს სხვა, საპირისპირო ემოციით. გრძნობა მეტად ხანგრძლივადაა ფესვგადგმული, მეტად „მდგრადია“.

*ემოცია კონკრეტულ სიტუაციასაა მიბმული. ერთგვარი რეაქციაა გარე გამაღიზიანებელზე. ემოცია ზემოქმედებს, ცვლის ჰორმონალურ ფონს. ემოცია არის ენერგია. ფსიქიკური ენერგია. ფიზიკის კურსიდან გვახსოვს, რომ ენერგია არ შეიძლება არსაიდან შეიქმნას და არსად გაქრეს. მას შეუძლია იცვალოს ფორმები, ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადადინდეს. ემოცია, ეს ფსიქიკური ენერგია, გამოვლენისთანავე იძენს გარკვეულ ძალას და მიემართება რაიმესკენ.

*ემოცია ვლინდება გარეგნულად – მიმიკა, პოზა, ჟესტი, ინტონაცია. მხატვრულ ტექსტებში ავტორები სწორედ ამ მეთოდებს იყენებენ გმირის შინაგანი მდგომარეობის გამოსახატავად. ემოცია ხან ადვილად ამოსაცნობია, ხან – არა. ზოგჯერ მწერლები მკითხველის გამჭრიახობასა და გამოცდილებას მიანდობენ ხოლმე გმირის ემოციური მდგომარებოს ამოცნობას. ეს ყოველთვის საინტერსოა.

*გრძნობა რთული და კომპლექსური განცდაა. გრძნობისთვის დამახასიათებელია სუბიექტურობა, ინტენსივობა, სიმტკიცე/მდგრდადობა. მაგალითად, ადამიანის მიმართ შეიძლება გვქონდეს გრძნობა – გვიყვარდეს ის. სიყვარული სუბიექტური, მტკიცე, ინტენსიური განცდაა. ხანგრძლივი. ამავე ადამიანის მიმართ შეიძლება გაგვიჩნდეს წარმავალი ნეგატიური ემოციური განცდა – მისი რომელიმე ქცევის მიმართ გამოვხატოთ რისხვა, ზიზღი…

* „გრძნობის ერთ-ერთ თავისებურებას მისი დროში განფენილობა ანუ ხანიერობა წარმოადგენს“ – დიმიტრი უზნაძე, „ზოგადი ფსიქოლოგია“.

ფილოსოფიური ლექსიკონის თანახმად (1987წ.), „ემოცია ეწოდება ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობას, რომელიც გამოხატავს მის დამოკიდებულებას საკუთარ თავთან, სხვა ადამიანებთან და გარე სამყაროს მოვლენებთან“.

ენციკლოპედია ,,ბრიტანიკა”  ემოციას განიხილავს, როგორც ფსიქიკური და სხეულებრივი შეგრძნებების კომპლექსურ გამოცდილებას, რეაქციას, რომელიც აისახება პიროვნების ქცევაში.

მხატვრული ილუსტრაცია:

გურამ დოჩანაშვილი რომანში „სამოსელი პირველი“ ასე აღწერს ერთ-ერთი გმირის ემოციურ მდგომარეობას:

„სახეზე აიფარა ხელები. დაფიქრებულმა, თვალები მოიფშვნიტა, თავი ჩარგო, მიწას დააცქერდა, ფეხზე წამოდგა, გაიარ-გამოირა, ხიდან ფოთოლი მოწყვიტა და ზედ არც დაუხედავს, ისე გაწიწკნა…“

გასაგებია, რომ პერსონაჟი აღელვებულია, აფორიაქებული. მწერალი მოგვიანებით ხსნის მისი ამგვარი ემოციური მდგომარეობის მიზეზს, ამ კონკრეტულ ამონარიდში კი მას საოცრად დინამიკურად, თვალნათლივ, ხატოვნად აქვს აღწერილი გმირის ემოციური მდგომარეობა.

სიმონ დე ბოვუარის „სასოწარკვეთილ ქალში“ მკითხველი ხანშიშესული წყვილის ცხოვრებაში „იჭრება“. თხრობა პირველ პირშია. ცოლ-ქმარს ერთმანეთი უსაზღვროდ უყვარს. ქალი ფანჯრიდან იცქირება და სამსახურში მიმავალ ქმარს მზერით აცილებს: „ანდრეს თვალი გავაყოლე…როცა ვხედავ, როგორ მშორდება, საოცრად მძაფრად ვგრძნობ, რომ ჩემ გვერდითაა…მისი მაღალი სილუეტი თანდათან პატარავდებოდა, თითქოს, ნაბიჯებით ხატავდა გზას, რომლითაც ისევ შინ უნდა დაბრუნებულიყო…თვალს მიეფარა. მომეჩვენა, რომ ქუჩა უკაცრიელი გახდა“…

ქალის გრძნობა ქმრისადმი ძლიერი, მტკიცე, ღრმაა. მკითხველს მისი გრძნობის „ხანიერობასა“ და ინტენსივობაში ეჭვი არ ეპარება. ბოვუარი კარგად ახერხებს ამ ძლიერი გრძნობის ამბივალენტურობის გადმოცემას. იმავე წიგნში, რამდენიმე გვერდის შემდეგ, ვკითხულობთ:

„ანდრე საწოლში მოკუნტულიყო. ეძინა. ძველებური აღმაფრენა არ დამეუფლა. ჩემი გული ყინულივით ცივი იყო, მასში წყვდიადს დაესადგურებინა, ისე, როგორც ძველ, მიტოვებულ ქოხში, რომლიდანაც სინათლის სუსტი სხივიც კი არ გამოსჭვიოდა…როცა საყვარელ ადამიანს უბრაზდები, ურთიერთსაწინააღდეგო გრძნობები გტანჯავს. სიყვარულისგან შობილი ეს მრისხანება სიყვარულსვე კლავს…“

პროტაგონისტი ამ კონკრეტულ ეპიზოდში ქმარზე გაბრაზებულია. თვალსაჩინოა მისი ამბივალენტური განცდები – ერთ მხრივ, სიყვარული, მეორე მხრივ – ბრაზი, მრისხანება.

 

ემოციების პალიტრა

ემოციები, მათი გამოვლინება, განცდა, გასიგრძეგანება, გაცნობიერება, მათ მიმართ ჩვენი დამოკიდებულება, მათი გამოხატვის ხერხები და საშუალებები ავლენს ჩვენსავე მიმართებებს სამყაროსადმი, სხვა ადამიანებისადმი, ავლენს ჩვენს ხასიათს.

„ისეთი აღტყინებული ვიყავი, ლამის გული გამხეთქვოდა, გრძნობები შემომაწვა, დავსნეულდი და სისხლი უცნაურად ამიჩქროლდა – თან ამემღვრა და თან აღტაცებაში მომიყვანა. სისხლი მომაწვა სახეზე, განსაკუთრებით ცხვირის არეში, სადაცაა, უნდა ამოეხეთქა. და ისე ვიტანჯებოდი, თითქოს ალმოდებული ღუმელი მედგა თავის მაგივრად“ – სოლ ბელოუს დაუვიწყარი პერსონაჟი, ჯინ ჰენდერსონი,  ემოციური, მოუსვენარი, სულსწრაფი გმირი, არაჩვეულებრივად აღწერს საკუთარ ემოციურ მდგმომარეობას ამ ამონარიდში (წიგნიდან „ჰენდერსონი, წვიმის მეფე“).

ვიცით ხოლმე თქმა – ემოციური ადამიანია – და ვგულისხმობთ, რომ ვიღაც დაუფარავად, შენიღბვის გარეშე, ღიად ავლენს ემოციებს. ან – უემოციოა – და ვგულისხმობთ, ძნელად თუ მიხვდები, რას გრძნობს, რას განიცდისო.

რამდენად ზუსტად შეგვიძლია პერსონაჟების ემოციური მდგომარეობის ამოცნობა აღწერილის მიხედვით?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემამდე საინტერესო სავარჯიშო მინდა შემოგთავაზოთ და კითხვასაც ასე შემოვატრიალებ – რამდენად ზუსტად შეგვიძლია  ს ა კ უ თ ა რ ი  ემოციური მდგომარეობის ამოცნობა? ( რადგან თუ საკუთარი გუნება-განწყობის, „სულიერ-ემოციური“ მდგომარეობის ამოცნობას ვერ შევძლებ, როგორ შევძლებ პერსონაჟის ან ნებისმიერი სხვა ადამიანის გრძნობა-ემოციებში გარკვევას?)

ეს სავარჯიშო მეტად სასარგებლო სავარჯიშოა. საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რამდენად ამსუბუქებს მდგომარეობას ზუსტი შესატყვისის მოძიება, საკუთარი განცდის „სიტყვიერად მოხელთება“. თუ შევძელი და ფორიაქის, შფოთვის, შიშისა ან რაიმე მსგავსი ძლიერი ემოციის დროს ზუსტად მივაგენი აღმნიშვნელს, პროცესი მეტად ცნობიერად, ნაკლებად დამაზიანებლად მიმდინარეობს, რთული ემოციური შემოტევების სიმძლავრე იკლებს, გონება სხეულზე კონტროლს „იბრუნებს“.

სავარჯიშო კი ასეთია:

1.ფურცელზე ჩამოწერეთ ემოციების სახელდებები. ყველა, რაც გაგახსენდებათ.

2.შეავლეთ თვალი ჩამონათვალს, რომელსაც ქვევით გთავაზობთ, შეავსეთ თქვენი „პალიტრა“.

3.ყველა ის ემოცია, რაც ადრე (ცოტა ხნის წინ, რამდენიმე წლის წინ, უახლოეს წარსულში..) განგიცდიათ, აღნიშნეთ „წ“ ასოთი, ის ემოციები, რასაც ახლა განიცდით, აღნიშნეთ „ა“ ასოთი, ხოლო ის ემოციები, რასაც საკუთარ თავს მომავალში უსურვებდით, აღნიშნეთ „მ“-თი.

აი, ემოციების ჩამონათვალი. თანმიმდევრობა შემთხვევითია. გრადაციას ან სხვა რაიმე კანონზომიერებას არ გულისხმობს.

სიხარული

მწუხარება

ბრაზი

შიში

ბრალეულობა

წყენა

გულგრილობა

ზიზღი

ინტერესი

გაკვირვება

სასოწარკვეთა

გაოცება

მოწყენილობა

შური

ეჭვიანობა

სიძულვილი

სიყვარული

გლოვა

გამძვინვარება

სევდა

ზაფრა

აღფრთოვანება

კმაყოფილება

უიმედობა

 

აღელვება

უხერხულობის განცდა

შეცბუნება

გულგატეხილობა

პატიება

ექსტაზი

აღტაცება

აღტკინება

აღშფოთება

გაღიზიანება

ბრაზი

იმედიანი განწყობა

 

დააკვირდით თქვენს პალიტრას. საინტერესო სურათია.

რა სჭარბობს აწმყოში? რატომაა ასე?

რა კონკრეტული მოცემულობა განაპირობებდა იმ ყველაფერს, რაც „წ“-თია აღნიშნული?

რას ისურვებდით სამომავლოდ?

და მთავარი კითხვა – რას ვაკეთებ აქ და ახლა იმისთვის, რომ „მ“-თი აღნიშნული რეალობად იქცეს?

ერთი სიტყვით, საინტერესო თამაში-ჩაღრმავებაა საკუთარ თავში. ამგვარი აზრობრივი ვარჯიშს, ფიქრს, გაცნობიერებას საჭირო გადაწყვეტილებებამდე და ქმედებებამდე მივყავართ ხოლმე.

კითხვები და რჩევები

სტატიის ბოლო, პრაქტიკული და სასარგებლო ნაწილი.

როგორ ამოვიცნო, რას გრძნობს პერსონაჟი? რას მივაქციო ყურადღება, როცა მეუბნებიან – იმსჯელე გმირის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე?

მწერლები პერსონაჟების განწყობას, გრძნობებს, მდგომარეობას სხვადასხვაგვარად გამოხატავენ ხოლმე. გააზრებული კითხვისას ყურადღება მიაქციეთ დეტალებს:

როგორ გამოიყურება პერსონაჟი? გარეგნობა ბევრის მთქმელი შეიძლება იყოს.

რას ამბობს მასზე ავტორი?

რას ამბობენ/ფიქრობენ მასზე სხვა პერსონაჟები? როგორ გრძნობენ სხვა პერსონაჟები თავს მის გვერდით?

როგორ იქცევა გმირი? ქმედებებს, მოძრაობას, საქციელს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხოლმე. დააკვირდით ჟესტიკულაციას, სხეულის ენას, მიმიკებს.

რა ვითარებაშია აღწერილი პერსონაჟი? ( ბუნების სურათი, არეული ოთახი, ზედმიწევნით მოწესრიგებული სივრცე…)

იპოვე ერთი კონკრეტული დეტალი, რომელიც მკაფიო, ნათელ, არაორაზროვან შთაბეჭდილებას ტოვებს გმირზე. მიმოიხილე. გამოთქვი მოსაზრება.

ყურადღებით შეარჩიე ზედსართავები, დააკვირდი, რა ინტენსივობის ემოციას ან გრძნობას გამოხატავს ესა თუ ის სიტყვა. პერსონაჟი გაბრაზებულია? ნაწყენი? განრისხებული? სასოწარკვეთილი? უიმედო? სასომიხდილი? გულდაწყვეტილი? გახსოვდეს, თითოეულ აღმნიშვნელს კონკრეტული „აღსანიშნი“ შეესატყვისება.

„ისაუბრე და დაგინახავ“ – ამბობდა სოკრატე. ყურადღება მიაქციე, როგორ მეტყველებს გმირი. ასევე – რა სასვენ ნიშნებს იყენებს მწერალი? ( ბევრი სამწერტილია? ბევრი ძახილის ნიშანი? თითოეულს თავისი დანიშულება აქვს…)

ნათლად და მკაფიოდ, გასაგებად გამოხატეთ თვალსაზრისი. „თავს ცუდად გრძნობს“ – აბსტრაქტულია. ზოგადი. არაფრისმთქმელი. შეეცადე, ჩაუღრმავდე, ჩასწვდე, რას გულისხმობს ეს „ცუდად ყოფნა“.

მუდმივად იზრუნეთ ლექსიკის გამდიდრებაზე. ხშირად გამოიყენეთ ნეიმანის „სინონიმთა ლექსიკონი“

 

 

წიგნის თარო: საზაფხულო ბიბლიოთეკა

0

 

ზაფხულის მოახლოება სანატრელ დასვენებასთან ერთად ნიშნავს ბევრ თავისუფალ დროს, რომლის ეფექტურად გამოყენება, მოზარდებს კი არა, უფროსებსაც გვიჭირს. საზაფხულო დავალებების მიმართ მოსწავლეთა უარყოფითი დამოკიდებულება სულაც არაა გასაკვირი, რადგან სტანდარტული, ცოდნის განმტკიცებაზე ორიენტირებული სავარჯიშოები რუტინული და მომაბეზრებელია. კითხვის პროცესის სავალდებულო აქტივობად ქცევაც ვერ გამოიღებს სასურველ შედეგს.

ჩემი აზრით, საზაფხულო საკითხავის შედგენის პროცესში მოსწავლეებიც უნდა ჩავრთოთ, შეთავაზებული წიგნების მიმართ საკუთარი დამოკიდებულება გავუზიაროთ, საჭირო ინფორმაცია მივაწოდოთ… სხვა შემთხვევაში, აუცილებლად გაჩნდება კითხვა: „რატომ უნდა წავიკითხო?!“ აქედან გამომდინარე, საკითხავ მასალას კონკრეტული კლასის, პოტენციური მკითხველების ინტერესების მიხედვით ვადგენ. ამას გარდა, მივმართავ წიგნის თაროების გაცვლის ხერხსაც (მოსწავლეები წყვილდებიან და ერთმანეთის ბიბლიოთეკიდან ირჩევენ საზაფხულო საკითხავს). თუმცა მხოლოდ წაკითხვა ხომ არ კმარა?! ტექსტის იდეურ თუ შინაარსობრივ დონეზე სათანადოდ გასააზრებლად ერთგვარი გზამკვლევია საჭირო. ამიტომ ვფიქრობ, რომ მხოლოდ წიგნის სათაურების ჩამონათვალი საზაფხულო დავალებად არაფრის მომცემია.

თუ მოსწავლეთა ინტერესებსა და საჭიროებებს კითხვასთან მიმართებაში ერთგვარი ინდიკატორების სახით ჩამოვაყალიბებთ, წიგნების შერჩევა უფრო გაგვიადვილდება. აი, მაგალითად:

სასურველია, საზაფხულო წიგნის თარო შევავსოთ:

  • ქართული და უცხოენოვანი (თარგმნილი) წიგნებით;
  • ჟანრობრივად და თემატურად მრავალფეროვანი თხზულებებით, რათა მოსწავლეებს ჰქონდეთ არჩევანის შესაძლებლობა;
  • შეძლებისდაგვარად, სეზონური განწყობის მატარებელი (ვაჟა-ფშაველას „სათაგურს“ მაინცდამაინც ზაფხულში ნუ წავაკითხებთ) ტექსტებით;
  • საკითხავით, რომელიც იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას (ტექსტის მორგება-გარდაქმნა შემოქმედებითი თვალსაზრისით);
  • წიგნებით, რომელთა დახმარებითაც მოსწავლეები შეძლებენ ამა თუ იმ  უნარ-ჩვევის განვითარებას (ლექსიკის გამდიდრებას, წარმოსახვითი აზროვნების გავარჯიშებას, სწრაფი კითხვის ტექნიკის განვითარებას და ა.შ.).

პირველ რიგში, მოსწავლეებს არჩევანის საშუალება უნდა მივცეთ, ანუ ჩვენი სია თემატურად, ჟანრობრივად და ავტორების თვალსაზრისითაც მრავალფეროვანი უნდა იყოს. სასურველია, თითოეულ წიგნს დავურთოთ მოკლე აღწერა, რათა მოსწავლეებს არჩევანის გაკეთება გაუადვილდეთ ან, მინიმუმ, მოცემული თხზულებების შესახებ მეტის გაგების სურვილი გაუჩნდეთ. აღწერაში ასევე შეგვიძლია ჩავრთოთ ამონარიდები წიგნებიდან (აფორიზმები/გამონათქვამები), ილუსტრაციები, წიგნის გარეკანის ფოტო და ა.შ.

მაგალითისთვის წარმოგიდგენთ ამონარიდს ჩემ მიერ შედგენილი ერთ-ერთი საზაფხულო საკითხავის ინსტრუქციიდან.

ზაფხულის მხიარულად გასატარებლად საინტერესო წიგნები შეგირჩიე. თითოეულ წიგნთან მოკლე აღწერა დაგიტოვე, რათა არჩევანის გაკეთება გაგიადვილდეს. თუ რომელიმე წიგნის შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვება მოგინდება, გადახედე მის ანოტაციას (წიგნის მოკლე მიმოხილვა), რომელიც, როგორც წესი, გამოცემის უკანა ყდაზე იბეჭდება ან ინტერნეტის დახმარებით შეგიძლია მოიძიო (გამოიყენე Google-ის საძიებო სისტემა). იმედი მაქვს, ქვემოთ მოცემული ჩამონათვალიდან რამდენიმე წიგნი აუცილებლად დაგაინტერესებს და შენი ზაფხულის თარო ახალი შთაბეჭდილებებით შეივსება:

  1. რევაზ ინანიშვილის „კეთილი ბებერი ბუები და სხვა მოთხრობები“ – შენ უკვე კარგად იცნობ ამ ავტორს. თუ „ღუდღუდა“ ქართული სიტყვების შეგროვება და საინტერესო პერსონაჟების გაცნობა მოგინდება, მაშინ აუცილებლად მოიძიე ამ შესანიშნავი მწერლის მოთხრობები. 
  2. დავით ჯავახიშვილის „ბიძია სევას ამბები“ – თუ სასაცილო ისტორიები გიყვარს, ეს წიგნი იმედს არ გაგიცრუებს. თანაც მისი მთავარი პერსონაჟი რეალური პიროვნებაა. თურმე ბიძია სევა თბილისის ერთ-ერთ უბანში ცხოვრობდა და თავისი ბავშვური, გულუბრყვილო იუმორით ულამაზებდა ცხოვრებას უფროს თუ უმცროს მეგობრებს.
  3. ნოდარ დუმბაძის „ხაზარულა და სხვა მოთხრობები“ – ნოდარ დუმბაძე ძალიან საინტერესო მთხრობელია. ის ხშირად გვიყვება რეალურ, ავტობიოგრაფიულ ისტორიებს და მისთვის მნიშვნელოვან ადამიან-პერსონაჟებს გვაცნობს. ამ კრებულში თავმოყრილი მოთხრობები ხან მნიშვნელოვან საკითხზე დაგაფიქრებს, ხან კი სასაცილო თავგადასავლებით გაგახალისებს.
  4. ზაზა თვარაძის „მონტებულსუ ანუ ელის არაჩვეულებრივი მოგზაურობა“ – თუ ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობა გიყვარს, მაშინ ეს წიგნი აუცილებლად მოგეწონება. აქ გზის გასაგნებად სპეციალური რუკა ან კომპასი არ დაგჭირდება, რადგან გარემოც და ამბავიც შენი ქალაქივით მშობლიურია, იმ განსხვავებით, რომ აწმყოს წარსულის სარკეში დაინახავ.
  5. თეა თოფურიას „პარადიის არდადეგები“ – მშობლებთან ერთად სანატრელ მოგზაურობაში წასული ეკი უჩვეულო სახელწოდების სასტუმროში დაბინავდება და დაუჯერებელი ამბებიც გადახდება თავს. თუ გინდა გაიგო, რა შეემთხვა ეკის, „ჩექმებიან კატას“ (სასტუმრო) უნდა ესტუმრო.
  6. ნატო დავითაშვილის  „ამბავი ლილე იროელისა“ – თუ მითოლოგიური ისტორიები გიზიდავს და ქართული მითების პერსონაჟების გაცნობა გინდა, მაშინ ეს წიგნი შენთვისაა. ქართული ფენტეზის სამყაროში ღვთიშვილებს, დევებს, ქაჯებს და ვის აღარ შეხვდები…

ზემოაღნიშნული ჩამონათვალი თხუთმეტამდე კრებულს და მოკლე მინაწერებს მოიცავს. თითოეულ მათგანს დავურთე ე.წ.ლინკები, რომელთა დახმარებითაც წიგნების შესახებ დამატებითი ინფორმაციის (გამომცემლობა, ფასი, ანოტაცია/წიგნის მიმოხილვა და ა.შ.) მიღება შეიძლება.

საზაფხულო გამოწვევა

კითხვის პროცესი რომ უფრო საინტერესო და აზარტული გავხადოთ, სასურველია, მოსწავლეები ერთგვარ გამოწვევაში ჩავაბათ. შეიძლება გამოწვევას ინტელექტუალური თამაშის სახე მივცეთ – მოსწავლეებს წაკითხულ წიგნებსა და მათ ავტორებზე სააზროვნო კითხვების მოფიქრება ვთხოვოთ, არდადეგების შემდეგ კი საკლასო „რა, სად, როდის“ ჩავატაროთ. სჯობს, აღნიშნული გამოწვევის საპასუხოდ მოსწავლეები წინასწარ მოვამზადოთ, დავყოთ გუნდებად და საკითხავი მასალის გადანაწილებისა თუ თამაშის სტრატეგიის დასახვისთვის გარკვეული დრო გამოვუყოთ. ასევე სასურველია, თამაშამდე მოსწავლეების მიერ მოწოდებული შეკითხვების რედაქტირება, რათა თავიდან ავირიდოთ სტილისტურად გაუმართავი ან აზრობრივად ბუნდოვანი ტექსტით გამოწვეული გაუგებრობა.

გამოწვევების თვალსაზრისითაც არჩევანის შესაძლებლობას მივემხრობი. თუ ზოგიერთ მოსწავლეს, ვთქვათ, წიგნის რეკლამირებასთან დაკავშირებული პროექტი დააინტერესებს, სჯობს, ამ მიმართულებით იმუშაოს. თან,  ზემოაღნიშნული აქტივობის დახმარებით, პროდუქტის რეკლამირებისთვის საჭირო ორატორულ უნარ-ჩვევებს განივითარებს, ისწავლის დროის მართვას და სხვ. სასწავლო საფეხურის გათვალისწინებით, წიგნის ე.წ. მენეჯერები მკაფიო ინსტრუქციებით უნდა აღვჭურვოთ, რათა არც მათ გაუჭირდეთ აღნიშნული სამუშაოს შესრულება და არც ჩვენ – მათი ნამუშევრების შეფასება.

წიგნის თაროს პროექტებად ასევე შეიძლება გამოგვადგეს „მკითხველთა დუელი“ (ბლიც გამოკითხვა, სადაც წუთში ყველაზე მეტი სწორი პასუხის მფლობელი გაიმარჯვებს), „ციფრული წიგნების თარო“ (ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნა, ანუ ბეჭდური გამოცემების ციფრულ ფორმატში გადაყვანა, ილუსტრირება, გახმოვანება), მხატვრული კითხვა (მკითხველთა თეატრი) და ა.შ.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სჯობს, მოსწავლეების საზაფხულო საკითხავი მათივე ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული წიგნებითა და სახალისო და თან შემეცნებითი დავალებებით შევავსოთ. ამას გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია საკითხავი მასალისადმი გარკვეული დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე ზრუნვა, რასაც ხელს უწყობს ავტორიტეტული ადამიანების (მასწავლებელი, მშობელი, მეგობარი…) მოსაზრებების/ შთაბეჭდილებების მოსმენა, ერთგვარი სატყუარას გადაგდება ანუ წიგნის ყველაზე საინტერესო ეპიზოდის ხმამაღლა წაკითხვა და, რაც მთავარია, არჩევანის შესაძლებლობა, რაც საზაფხულო დავალებას თავად სიტყვა „დავალებისგან“ გაათავისუფლებს.

ჟურნალ “მასწავლებლის” ახალი ნომერი გამოიცა!

0

ძნელია, ადამიანს რამე დააძალო. მით უფრო – ის, რაც აშინებს. რაც არ ესმის, რის შესახებაც საკმარისი ცოდნა არ აქვს. კიდევ უფრო ძნელი ასახსნელია შიშის მიზეზი, თუმცა გაურკვევლობაც, არცოდნაც მის მიზეზებს შორისაა.

მე სიმაღლის მეშინია. არ მახსოვს, როდის და როგორ გაჩნდა ეს შიში. არადა, არ მეშინოდა. მთის წვერზეც შემიდგამს ფეხი და არცთუ ცოტა მიფრენია ქვეყნიდან ქვეყანაში.

მეშინია, მაგრამ ხანდახან მაინც შევუდგები ხოლმე მთებისკენ მიმავალ გზას. არც ფრენაზე მითქვამს უარი. ხდება ასეც – შიშს ჯიბრში უდგები, ან ის უფრო მეტად გიყვარს, რაც ამ შიშის დაძლევას მოჰყვება.

პანდემია მხოლოდ კინოსა და ლიტერატურის ნაწილი მეგონა, გაზვიადებული წარმოდგენით მის შესაძლებლობაზე.

ახლა ვირუსი ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური ნაწილია.

ყოველი დღე სავსეა შიშით და მოლოდინით, კიდევ რამდენი ადამიანი დავკარგეთ.

გარდაცვლილების თვლაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა და ვგრძნობ, ნელ-ნელა ვეჩვევით.

ვეჩვევით ახლობელი ადამიანების გარდაცვალებას და შორიდან ნათქვამ სამძიმარს.

ვეჩვევით ონლაინ სამყაროში ცხოვრებას, დისტანცირებული სამყაროს მოქალაქეებად ყოფნას.

მაგრამ ყველაზე ძნელი მაინც „ნეტავი კიდევ რამდენის“ ყოველდღიური გადამოწმებაა.

რაოდენობა უკვე 60-ს უახლოვდება. საათში ორზე მეტი ადამიანი გვეცლება ხელიდან. ეს ნიშნავს, რომ ჩვენთან ყოველდღე ტერაქტია. ერთი განსხვავებით: აფეთქების ხმა არ ისმის. ჩუმად ვიხოცებით. საყვარელი ადამიანებისგან შორს.

ამ მძიმე დღეებზე, ამ დღეების გამოწვევებსა და ტკივილებზე ბევრი გვაქვს სასაუბრო, მაგრამ ჩემს მთავარ სათქმელს, ხმაურში რომ არ ჩაიკარგოს, აქვე გეტყვით:

შიშზე საუბრით დავიწყე. მაგრამ სიმაღლის შიში არაფერია იმ შიშთან შედარებით, ვინმეს ავად გახდომის მიზეზად არ ვიქცე, უნებურად არ მივუტანო სიკვდილი მას, ვისაც ვირუსთან ბრძოლის ძალა არ აღმოაჩნდება და ამიტომ ავიცერი. ავიცერი თითოეული ადამიანისთვის, ვისაც შეიძლება შევეხო, უწინარესად კი მათთვის, ვინც მიყვარს და ვისაც ვუყვარვარ.

თქვენც იმავეს გთხოვთ. დავძლიოთ ეს შიში და დავიჯეროთ, რომ სიცოცხლის გადარჩენა შეგვიძლია. მათი სიცოცხლისა, ვისაც უნდა ვასწავლოთ და ვისგანაც უნდა ვისწავლოთ.

მთავარი რედაქტორი – ნატო ინგოროყვა

რედაქტორები: მანანა ბოჭორიშვილი, ნანა მაჭავარიანი, ირმა ტაველიძე, ქეთევან  ნიკოლეშვილი

დიზაინერი– ბესიკ დანელია

მხატვარ-ილუსტრატორი – მამუკა ტყეშელაშვილი

ყდის ილუსტრაცია – მარიამ ელიზბარაშვილი

ნომრის ავტორები:  მაია ფირჩხაძე, მაია ჯალიაშვილი, თამთა დოლიძე, გიტა თვალაბეიშვილი, თემურ სუყაშვილი, ცირა ბარბაქაძე, ზვიად კვარაცხელია, ალექსანდრე ლორთიფანიძე, ინა იმედაშვილი, ოქტაი ქაზუოვი,  თამარ მურუსიძე,  ქეთევან ოსიაშვილი, ქეთევან კობალაძე, რუსუდან რუხაძე,   ნინო ლომიძე,  ლელა კოტორაშვილი.

ნომრის ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...