სამშაბათი, ივლისი 1, 2025
1 ივლისი, სამშაბათი, 2025

„ქალაქის ეკოლოგია – რატომ არის მნიშვნელოვანი მწვანე ნარგავები ქალაქში?“

0

საფეხმავლო საჯარო სივრცეების მნიშვნელობის გაზომვა [ქალაქში] შეუძლებელია.

მაგრამ ასევე შეუძლებელია გავზომოთ მეგობრობა, სილამაზე, სიყვარული და ერთგულება.

პარკები და სხვა საფეხმავლო სივრცეები აუცილებელია ქალაქის ბედნიერებისთვის.

ენრიკე პენიალოსა ლონდონიო (Enrique Peñalosa Londoño),

ქ. ბოგოტის (კოლუმბია) ყოფილი მერი

ქალაქების ზრდა ან სხვაგვარად, ურბანიზაცია, გლობალური მასშტაბის მზარდი პროცესია, რომელსაც ადამიანებისთვის სხვადასხვა შესაძლებლობა და საფრთხე მოაქვს – ერთი მხრივ, იგი ქალაქების მოსახლეობას მრავალფეროვან სამუშაოსა და სერვისებს სთავაზობს, მეორე მხრივ კი, ქალაქებისა და მისი მოსახლეობის ზრდა კითხვის ქვეშ აყენებს ურბანულ დასახლებებში ცხოვრების, შრომის, ჯანმრთელობის დაცვის, ეკოლოგიური მდგომარეობისა და ზოგადად, ქალაქების მდგრადი განვითარების საკითხებს.

დღეს დედამიწელთა უმეტესობა ურბანულ სივრცეში ცხოვრობს. 2005 წლიდან ქალაქების მოსახლეობამ გაასწრო სოფლად მცხოვრებლების რაოდენობას. ქალაქები ადამიანების მთავარ საცხოვრებელ ადგილად გადაიქცა და ეს ტენდენცია მზარდია. გაეროს მონაცემებით, 2050 წელს დედამიწის მოსახლეობის ორი მესამედი(!) ქალაქში იცხოვრებს. შედარებისთვის გავიხსენოთ რომ 1900 წელს, ქალაქებში, დედამიწის მცხოვრებთა მხოლოდ 16% ცხოვრობდა! მიმდინარე სწრაფი ურბანიზაციის პირობებში აქტუალური ხდება ადამიანისა და ბუნების ურთიერთქმედების თავისებურებების სწორი აღქმა და შეფასება, განსაკუთრებით ურბანულ გარემოში.

ყველას მოგვეხსენება, რამდენად მნიშვნელოვანია ქალაქებისა და საზოგადოების განვითარებისათვის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება. ამ ბიზნესების უმრავლესობა ქალაქებში მდებარეობს და მათ დინამიკურობაზე, შრომასა და სიახლისადმი სწაფვაზეა დამოკიდებული ქალაქის ცხოვრება და მისი განვითარება. დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებში, მცირე და საშუალო ზომის საწარმოები სამუშაო ადგილების ნახევარზე მეტს ქმნიან და უამრავ ადამიანს აძლევენ ღირსეული შრომის საშუალებას. მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანია ქალაქისთვის პარკები, სკვერები თუ სხვა მწვანე ნარგავები, რომლებიც ქალაქების პეიზაჟის განუყოფელი ნაწილია?

ალბათ ძნელია, წარმოიდგინო პარიზი ბულონის ტყის (Bois de Boulogne), ბერლინი – თიერგარტენისა (Tiergarten) და ნიუ-იორკი – სენთრალ პარკის (Central Park) გარეშე. იგივე შეიძლება ვთქვათ თბილისზეც. რა იქნებოდა თბილისი ვაკის, ვერის ან მთაწმინდის პარკების გარეშე? რამდენად საინტერესო იქნებოდა თბილისი ბოტანიკური ბაღისა და მუშთაიდის პარკის გარეშე? ალბათ დამეთანხმებით, რომ ჩვენი ქალაქი, პარკების, გზისპირა და მტკვრისპირა ხეივნებისა და სკვერების გარეშე ბევრად უფრო ღარიბი, ცხელი, მტვრიანი და ულამაზო იქნებოდა. მაგრამ, მაინც რატომ არის აუცილებელი პარკებისა და ზოგადად, მწვანე ნარგავების გაშენება ქალაქებში? რას აკეთებენ პარკები ისეთს, რაც ასე მნიშვნელოვანია?

ამ კითხვებზე პასუხები, როგორც წესი, არაერთმნიშვნელოვანია და ბაღების, პარკებისა და მწვანე მასივების ქალაქში გაშენების არგუმენტაცია პასუხებს სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინიდან  მოიხმობს: გეოგრაფია, ბოტანიკა, ბიოქიმია, ბიოფიზიკა, ურბანისტიკა, ქალაქგეგმარება, არქიტექტურა, სამედიცინო მეცნიერება, კლიმატოლოგია  და სხვა.

მსოფლიოს მასშტაბით უამრავი კვლევა მიმდინარეობს ქალაქების ეკოლოგიისა და ურბანული გამოკვლევის,  ურბანული პარკების (როგორც ქალაქის ეკოსისტემის შემადგენელი ნაწილის) მიერ ქალაქისთვის გაწეული მომსახურების პოტენციალისა და მნიშვნელობის შესახებ. ეს კვლევები ემსახურება ქალაქის მდგრადი განვითარებისა და მის მცხოვრებთა კეთილდღეობის სამომავლოდ სწორად დაგეგმვას.

უნდა აღვნიშნოთ ერთი ტერმინი, რომელიც შედარებით ახალია და ქალაქის ეკოსისტემის დახასიათებისთვის არის აუცილებელი – ეკოსისტემების სერვისები: ეკოსისტემების სერვისები წარმოადგენენ იმ პირობებსა და პროცესებს, რომელთა მეშვეობითაც ბუნებრივი ეკოსისტემები და ორგანიზმები, რომლებიც ამ სისტემებში ცხოვრობენ, ხელს უწყობენ დედამიწაზე ადამიანის სიცოცხლისუნარიანობას. გლობალური მასშტაბით, ეს პირობები და პროცესები ინარჩუნებენ ბიომრავალფეროვნებას, ხელს უწყობენ საქონლის წარმოებას (მაგ. საკვები) და სერვისების მიწოდებას: მაგალითად, ნარჩენების ასიმილაცია, ჰაერისა და წყლის გაწმენდა, მტვრის შთანთქმა, ჰაერიდან მავნე გაზების აბსორბცია და სხვა. ეს პროცესები ადამიანის დედამიწაზე ცხოვრებისა და გადარჩენის აუცილებელ პირობას წარმოადგენენ და მათ გარეშე ადამიანის ცხოვრება ჩვენს პლანეტაზე შეუძლებელი გახდებოდა..

როგორი ქალაქია საცხოვრებლად კარგი?

თუ ქალაქის ეკოლოგიასთან დაკავშირებული კვლევების ხედვაზე ვისაუბრებთ, ურბანული (ქალაქის, საქალაქო) ეკოსისტემების სერვისების შინაარსის გაგება და შესწავლა აუცილებელია ისეთი ქალაქის წარმოსადგენად, რომელშიც:

  1. მცირეა ჰაერის, წყლისა და ხმაურისმიერი დაბინძურება;
  2. შენობებისა და ნაცრისფერი ინფრასტრუქტურის განლაგება ჰარმონიზირებულია ქალაქის მწვანე სივრცესთან, ისე, რომ ეს ხელს უწყობს ქალაქის მცხოვრებთა სოციალურ კავშირებსა და შეკავშირებას, ქალაქელთა ჯანმრთელობას, უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს ჩამოყალიბებას;
  3. ქალაქის რესურსები ისეა გადანაწილებული, რომ ისინი ყველასთვის ხელმისაწვდომია და ეს ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებასა და ადამიანთა კეთილდღეობას.

დღეს ეკოლოგიური სისტემების მდგომარეობა დედამიწაზე სავალალოა: გაეროს 2005 წლის „ათასწლეულის ეკოსისტემების შეფასების კვლევის პროექტმა“ -Millennium Ecosystem Assessment (MA), დაადასტურა, რომ მსოფლიო ეკოსისტემების 60%-ზე მეტი ან დეგრადირებულია ან მათი არსებული წესებით გამოყენება არამდგრადი გარემოს ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. მზარდია იმ შემთხვევების რაოდენობაც, რომლებიც ადასტურებენ, რომ ცვლილებები, რომლებიც გამოწვეულია ადამიანის საქმიანობით (განსაკუთრებით მბიომრავალფეროვნების შენარჩუნების კუთხით), ხშირად შეუქცევადი ხასიათისაა, რაც, სავარაუდოდ, უარყოფითად აისახება ზოგადად განვითარებასა და კაცობრიობის კეთილდღეობაზე.

ამ რთულ პროცესს, რომელიც ადამიანს, მის საცხოვრებელ სივრცესა და ბუნებრივ გარემოს მოიცავს, სჭირდება სწორი გაგება და მართვა. საჭიროა ადამიანის საცხოვრებელ და სამოძრაო სივრცეში გარემოს მდგრადობის შესანარჩუნებლად გაწონასწორდეს ამ სივრცის შემადგენელი, მჭიდროდ უერთიერთდამოკიდებული ფაქტორების სოციალური, ეკონომიური, კულტურული და ეკოლოგიური მახასიათებლები. მე-19 საუკუნეში დაწყებული ინდუსტრიული რევოლუციის შედეგად პლანეტარული მასშტაბით ადამიანის ეკონომიკური აქტივობის ზრდამ და ინტენსიფიკაციამ შეცვალა დედამიწა. 1820-დან 2003 წლამდე მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტი 60-ჯერ გაიზარდა (Maddison A, 2007), ხოლო მოსახლეობა – 6-ჯერ. ეკონომიკურმა ზრდამ შედეგად მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტების საგრძნობი გაუმჯობესება მოიტანა, თუმცა ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას თავისი საფასურიც მოჰყვა – გაუარესდა ადამიანის გარშემო არსებული ბუნებრივი გარემო.

საფრთხის ქვეშ დადგა დედამიწაზე სიცოცხლის მხარდამჭერი გლობალური ეკოლოგიური სისტემები (ამაზონიის მარადმწვანე ტყეების ფართობის შემცირება, პოლარული რეგიონებში ყინულის საფარის დნობა, ტროპიკულ რეგიონებში მზარდი დეზერტიფიკაცია, სხვა რეგიონული თუ ლოკალური გამოწვევები). სამწუხაროდ, გლობალურ ბიო-ფიზიკურ სისტემებსა და ადამიანის მიერ შექმნილ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ სისტემებს შორის მკაფიო სახიფათო ასიმეტრია გამოიკვეთა, რომელიც საფრთხეს უქმნის კაცობრიობის განვითარების მდგრადობასა და მსოფლიო ეკოსისტემების ფუნქციონირებას მიმდინარე გლობალური ურბანიზაციის ფონზე.

ერთ-ერთი ყველაზე მწვავე სოციალური გამოწვევაა ურბანული ეკოსისტემების დეგრადაცია და იმ მომსახურების (სერვისების) შემცირება-შეზღუდვა, რომლებსაც ეს სისტემები ქალაქის მცხოვრებლებს აწვდიან. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, გამოჩნდა საკმაოდ ბევრი კვლევა, რომლებიც ურბანული ეკოსისტემების სერვისებს (უეს) შეეხება. ამან დიდად შეუწყო ხელი ჩვენი ცოდნის გაღრმავებას უეს-ის შესახებ მათი ბიოფიზიკური, ეკონომიკური და სოციო-კულტურული მიმართულებებით. მეტიც, უეს განხილულ იქნა რამდენიმე გლობალური ინიციატივის ფარგლებში. კერძოდ, ეკოსისტემების სერვისები შეისწავლა „ათასწლეულის ეკოსისტემების შეფასების“ პლატფორმამ – Millennium Ecosystem Assessment-ის (Millennium Ecosystem Assessment, MA 2005, United Nations), „ეკოსისტემებისა და ბიომრავალფეროვნების ეკონომიკის“ – TEEB 20114 პლატფორმამ და IPBES-მა, რომლებიც წარმოადგენს საერთაშორისო, მთავრობათაშორის სამეცნიერო-პოლიტიკურ პლატფორმებს, რომელიც ორგანიზებულია გაეროში შემავალი ოთხი ორგანიზაციის, UNEP, UNESCO, FAO და UNDP-ის საფუძველზე. ამან, შესაბამისად, გამოიწვია უეს-სადმი ყურადღებისა და ინტერესის ზრდა, მისი ჩართვა ურბანული პოლიტიკის დისკუსიებში, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის მოსახლეობის ნახევარზე მეტი დღეს ქალაქებში ცხოვრობს, ურბანული ეკოსისტემებისადმი ყურადღება კვლავ ძალიან მოკრძალებულია, თუ მას შევადარებთ მაგალითად, ტყეებისა და სანაპირო ზოლის ეკოლოგიურ საკითხებს. დღევანდელი მდგომარეობით, მიუხედავად დღეს არსებული ურბანული გამოწვევებისა, რომლებიც მოიცავენ კლიმატის ცვლილებას, მოსახლეობის დემოგრაფიულ დაბერებასა და ბუნებრივი რესურსების შემცირება-დეგრადაციას, ურბანული ეკოლოგიური სისტემების მიერ ქალაქების გარემოსთვის გაწეულ მომსახურებასთან და ეკოსისტემების სერვისებთან დაკავშირებული კვლევები და მათი გავლენის შეფასება ქალაქის ცხოვრებაზე ნაკლებად ვრცელდება.

გამოკვლევების ეს დეფიციტი შეეხება ეკოსისტემების სერვისების მიწოდება-მოთხოვნის თანაფარდობას და მის გამოყენებას ქალაქგეგმარებაში, ქალაქის სივრცეების დაგეგმვისას სხვადასხვა დონეზე.

პარკებისა და მწვანე სივრცეების მნიშვნელობა, განსაკუთრებით ურბანულ გარემოში, ძალიან დიდია შემდეგი ძირითადი ეკოსიტემების სერვისების გამო:

  • პარკები ამცირებენ ურბანულ სივრცეში წარმოქმნილ მაღალ ტემპერატურას, დაჩრდილვითა და ევაპოტრანსპირაციის მეშვეობით – (ინგლ. evapotranspiration – წყლის სხვადასხვა ზედაპირიდან (მიწიდან – „ევაპორიზაცია„ და მცენარეებიდან – „ტრანსპირაცია) აორთქლების ინტეგრირებული პროცესი, რომელიც ზედაპირის გაგრილებას იწვევს);
  • პარკები ხელს უწყობენ ლოკალური ქარის წარმოშობას ქალაქებში, პარკების ბრიზული ნაკადებით (პარკის თავზე არსებული გრილი ჰაერი ქრის მიმდებარე ცხელი შემოგარენის მიმართულებით);
  • პარკები არბილებენ ლოკალური წვიმისა და მაღალი ტემპერატურის შესაძლებლობებს, რომლებსაც ხელს უწყობს ურბანული „სიცხის კუნძულების“ ეფექტი;
  • პარკების ხე-მცენარეები შთანთქავენ ნახშირორჟანგს (ე.წ. Carbon sequestration, ინგლ.) და ატმოსფეროს სხვა დამაბინძურებლებს და „ინახავენ“ ატმოსფეროდან შთანთქმულ ნახშირბადს (ე.წ. Carbon storage, ინგლ.);
  • აჩერებენ ნიადაგის ეროზიულ პროცესებს, ამცირებენ ნიაღვრული წყლების ზემოქმედებას (ე.წ. run-off water flow) ქალაქებში, რითაც ამცირებენ დატვირთვას ქალაქის საკანალიზაციო და ნიაღვრულ სისტემებზე;
  • ხელს უწყობენ მწერების მიერ დამტვერვის პროცესს, ურბანულ ეკოლოგიურ ნიშებში;
  • ასუფთავებენ წვიმისა და სხვა ჩამდინარე/ნიაღვრულ წყლებს;
  • ხელს უწყობენ სხვადასხვა სახეობების გამრავლებასა და რაოდენობის ბიოლოგიურ კონტროლს, ეკოსისტემის ფარგლებში;
  • ქმნიან საცხოვრებელ გარემოს – ჰაბიტატს – ცოცხალი ორგანიზმებისათვის და სხვადასხვა სახის ბიოტური თუ აბიოტური ფაქტორების ჩამოსაყალიბებლად;
  • უზრუნველყოფენ ეკოლოგიური ნიშის და სისტემების გენეტიკურ მრავალფეროვნებას;
  • ამცირებენ და ფანტავენ ურბანული სივრცეებისათვის დამახასიათებელ ხმაურს;
  • ქმნიან უნიკალურ რეკრეაციულ და კულტურულ ღირებულებას.

როგორც ვხედავთ, საქალაქო (ან ურბანული) პარკები, თავიანთი მნიშვნელობითა ფუნქციით ფასდაუდებელი და უნიკალური აქტივია საქალაქო სივრცესა და ინფრასტრუქტურაში. ეკოსისტემები, რომლებსაც პარკები ქმნიან, იმდენად მრავალმნიშვნელოვანია, რომ მათი ფართობების შემცირება ან მოვლა-პატრონობის არაპრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადება პირდაპირ აისახება ქალაქში გაუარესებულ – ეკოლოგიურ, მოსახლეობაში კი – ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. პარკები, სკვერები, ქუჩის ხეივნები და სხვა მწვანე ნარგავები („მწვანე ინფრასტრუქტურა“) არა მხოლოდ ქალაქის „მწვანე ფილტვებია“ (მე ვიტყოდი რომ ისინი უფრო „ფილტრებია“, ლ.ა.), არამედ მათი მეშვეობით იქმნება ქალაქის უნიკალური სახე, ხდება მისი აღქმა და იქმნება ქალაქის მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი პროფილი, რომელთა გარეშეც თბილისი, მიუხედავად მისი მრავალათასწლიანი ისტორიისა, ერთი უსახო, ნაცრისფერი, გადახრუკული ქალაქი იქნებოდა.

 

 

 

 საშობაო არდადეგები და მასწავლებლის ერთი დღე

0

თხოვნა 1. ეს სტატია არ არის სწავლების მეთოდებზე. თუ ამის მოლოდინი გქონდათ, გთხოვთ, კითხვა აღარ გააგრძელოთ.

თხოვნა 2. სტატია ამ სიმღერის ფონზე იწერებოდა. თუ კითხვის გაგრძელებას აპირებთ, ჩემი თხოვნაა, ჩართოთ, უსმინოთ და ისე წაიკითხოთ.

მგონია, რომ საშობაო არდადეგები ყველას უყვარს. მოსწავლეობის დროს განსაკუთრებულად ველოდი, ერთი სული მქონდა, ჯადოსნური ღამე როდის დადგებოდა, ალილოს ღამე. კიდევ იმიტომ ველოდი, რომ ახალ წელს შუქი მოვიდოდა და ტელევიზორს ჩავრთავდი. უკვე გავიზარდე, შუქიც მაქვს, მაგრამ ვეღარც ალილოზე დავდივარ და ტელევიზორსაც აღარ ვუყურებ. ძალიან მენატრება ნაძვისხისსურნელიანი და ნავთის  ლამპით განათებული უშუქო ღამეები. იმ დროზე ფიქრი ბავშვობაში მაბრუნებს. ალბათ, ამიტომაცაა, მოსწავლეებზე ნაკლებად არ მიხარია საშობაო არდადეგების მოახლოება.  მიხვდებოდით, რომ მასწავლებელი ვარ. უნდა გამოვტყდე, კიდევ რატომ ველოდები ასე განსაკუთრებით  არდადეგებს – დასვენების გამო. ადრე მერიდებოდა  ამის ხმამაღლა თქმა, ახლა კი ვფიქრობ, უნდა ვთქვა ისე, რომ არ მომერიდოს – მასწავლებელსაც სჭირდება დასვენება.

 

გაგიკვირდათ? რომ იცოდეთ, რამდენჯერ უთქვამთ ჩემთვის, რომ მასწავლებლობა ძალიან მარტივია, რადგან ამ პროფესიის ადამიანს ყველაზე მეტი დრო აქვს დასვენებისთვის. მასწავლებლებმა კარგად იციან, რომ არ არის ასე. ჩვენი სამსახური სახლშიც გრძელდება – ვასწორებთ დავალებებს, ვადგენთ ტესტებს, ვგეგმავთ გაკვეთილებს, ვკითხულობთ, ვწერთ და ხანდახან დრო აღარც გვყოფნის, უფრო სწორად, თავისუფალი წუთებიც არ გვრჩება.

 

არ ვიცი, სხვებთან როგორაა, მაგრამ მასწავლებელი რაც გავხდი, არაერთხელ დამეკარგა საშობაო არდადეგები. ვხუმრობდი კიდეც, გრინჩმა მომპარა-მეთქი. ერთი წელი განსაკუთრებულად დამამახსოვრდა – სამზადისმა, სადღესასწაულო რუტინამ, ქაოსმა, ვალდებულებებმა, ,,მოსასწრებმა საქმემ“ ჩემს ნანატრ საშობაო არდადეგებს გვირილასავით ისე შემოაცალა დღეები, ვერც ვიგრძენი. სკოლაში რომ დავბრუნდი, მივხვდი, დიდი შეცდომა დავუშვი. დასვენების ნაცვლად დაღლილი შევუდექი ახალ სემესტრს.

 

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ დასვენების დღეს დავისვენოთ და სამუშაო დღე მუშაობისთვის გამოვიყენოთ (საბედნიეროდ, იშვიათი გამონაკლისებიც არსებობს!). საარსებო პირობების შესაქმნელად მასწავლებლებს რამდენიმე საქმის კეთება უწევთ, ამიტომაც უმრავლესობა დასვენების დღესაც მუშაობს. ჩემი ბევრი კოლეგაა ასე. სხვისი არ ვიცი და მე დასვენების დღეებშიც მტანჯავს განცდა, რომ ვერაფერს ვასწრებ, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე ვმუშაობ.

 

დავბრუნდეთ ძველ ამბავთან. წლების წინ დავიწყე ფიქრი, როგორ ,,გადამერჩინა“ ჩემი საშობაო არდადეგები, რადგან დასვენების გარეშე ვერც ენერგიას ვიბრუნებდი, ვერც ძალას და იდეებიც სადღაც მიქრებოდნენ. თუ რამე სჭირდება მასწავლებელს, ყველაზე მეტად – იდეები. რამდენიმე დღის წინ მეგობარმა  დამირეკა. საუბარს მოჰყვა და მითხრა, იდეა შეიძლება წამებში დაიბადოს, მაგრამ ამ დაბადებას სჭირდება დრო და განწყობაო. თითქოს ჩემი ფიქრები ამოიცნო.

 

განწყობა! აი, ეს არის მთავარი გასაღები.

 

***

ახლა 2021 წელია. პანდემიამ სრულიად შეცვალა ჩვენი ცხოვრება. ძნელია, განწყობაზე იფიქრო მაშინ, როცა ადამიანებს უჭირთ, შიათ, სცივათ.  მაგრამ გადავწყვიტე, რომ უნდა ვიფიქრო და საშობაო არდადეგებს ერთი დღე წავართვა დასვენებისთვის, უფრო სწორად, ერთი დღე გამოვტაცო დამთრგუნველ ინფორმაციებს,  ყოველდღიურ ვალდებულებებს, პასუხისმგებლობას, პროექტებს, დაუწერელ თუ დაწერილ კანონებს და გავაკეთო ისეთი რამ, რისი სურვილიც ხშირად მქონია, მაგრამ არასოდეს გამიკეთებია, რაღაც ახალი აღმოვაჩინო, მოვძებნო დრო იმისთვისაც, რაც ვიცი, სიმშვიდეს მომიტანს. მთავარი კი ისაა, რომ ყველაფერმა საშობაო განწყობა უნდა შემიქმნას.

 

თუ ახლა ამ სტატიას კითხულობთ, თქვენც გირჩევთ, სცადოთ. მოსწყდით ყოველდღიურობას და ერთი დღე აჩუქეთ საკუთარ თავებს, მასწავლებლებმა – მით უმეტეს. ახალი სემესტრი გველოდება, პროდუქტიულობისთვის კი გვჭირდება ენერგიაც და განწყობაც. ცხადია, ამ ერთ დღეს ყველა სხვადასხვაგვარად დაგეგმავს, ვიღაც ველოსიპედით ისეირნებს, ვიღაც სალაშქროდ წავა, წიგნს წაიკითხავს ან მონატრებულ ფილმებს უყურებს, საკუთარ თავთან დარჩება და კითხვებზე პასუხების ძიებას დაიწყებს. მთავარია, ეს ერთი დღე განსაკუთრებულად ვაქციოთ. თვალი რომ გადავავლოთ განვლილ ცხოვრებას, ყოველი დღის გახსენებას შევძლებთ? ვერა. ხანდახან ისე ერთფეროვანია ეს დღეები და ისე ჰგავს ერთმანეთს, რომ თითქოს არ ყოფილა… ჩემს უსაყვარლეს წიგნში – ,,ჩვენც სალტკროკელები ვართ“ ერთ თავს ასე ჰქვია – ,,დღე, რომელიც მთელ ცხოვრებას უდრის“. ასეთ ჯადოსნურ დღეებს თავად ცხოვრება გვჩუქნის,  მაგრამ ჩვენ ის ხომ შეგვიძლია, დასამახსოვრებელი წუთები მაინც შევქმნათ.

 

მაშ, ასე, ვიწყებ ჩემს ექსპერიმენტს:

 

საშობაო არდადეგებს ჩემს მშობლიურ ქალაქში ვატარებ. წლებია, შობას აქ აღარ შევხვედრივარ. ჩემი შვილები პირველად არიან ამ დროს ბაღდათში. ჯადოსნური დღისთვის მზადებას წინა საღამოს ვიწყებ. ,,Deadline“-ს გავურბივარ (დიახ, ეს ბარბარიზმია და წესით არ უნდა გამომეყენებინა, მაგრამ ,,უკანასკნელი ვადა“, რომელსაც სწორ ფორმად გვთავაზობს ბარბარიზმების ლექსიკონი, ზუსტად ვერ გადმოსცემს ჩემს შფოთვას და ძრწოლას) და  შვილებთან ერთად მივდივარ ბიბლიოთეკის ეზოში. მშვიდია ბაღდათი, ქუჩები – ცარიელი. ისეთი ცარიელია, ამ პატარა ქალაქის გულისცემას იგრძნობ. პანდემიის გამო 21:00-ის შემდეგ გარეთ გასვლა არ შეიძლება და  ერთი-ორ ადამიანს თუ შეამჩნევ, ისიც აფთიაქთან. სულ ესაა. მე და ბავშვები ხარბად ვსუნთქავთ ჰაერს,  გირჩებს და ქვებს ვაგროვებთ. ხვალ ხელნაკეთი ნივთები უნდა დავამზადო. სახლში დაბრუნებული ფორთოხალს ვჭრი, ღუმელში ნარინჯისფერ ნაჭრებს ვაწყობ და საოცარ სურნელს ვატრიალებ. ესეც ხვალისთვისაა. ვნახოთ, რა გამომივა ან რას მოვასწრებ დილიდან საღამომდე.

დღე, რომელიც მთელ არდადეგებს უდრის

სტატიის დასაწყისში რომ გთხოვეთ,  მოისმინეთ? ამჯერად ეს ხმა დავიმგზავროთ.

მე და ჩემი შვილები ხელნაკეთი მისალოცი ბარათების დამზადებას ვიწყებთ. ძალიან მომწონს ეს ტრადიცია, მიყვარს  ფუსფუსიც და ჟრიამულიც. ბავშვების მოხატული ბარათები, მჯერა, ყველას გულწრფელ სიხარულს აჩუქებს.

 

ალილოს ჯერი დგება. სოციალურ ქსელში ერთი საოცარი ვიდეო ვნახე. ახლაც მოვძებნე და თავიდან ვუყურე. ნიქოზის ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა ნამუშევარი ყოფილა. შთამბეჭდავია მგალობელთა ხმები, ნახატების ფერები. ბავშვობას მახსენებს (სადაც არ უნდა წავიდე, მაინც ბავშვობასთან მივდივარ. ასეთ დროს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩემი შვილებისა და მოსწავლეების წინაშე). იდეა მყისიერად იბადება. ვიდეო მანდომებს, შვილებს გავაცნო ჩემი ბავშვობისდროინდელი ალილო. თბილისში ეს არასოდეს უნახავთ. რადგან სიმღერა ჩემი ძლიერი მხარე არ არის, ვიწყებ წერას. ვწერ 20 წლის წინანდელ ალილოზე. ზღაპარს ემსგავსება ჩემი მოგონება. მერე უფროსი შვილი უკითხავს უმცროს დას.

ბავშვებს ვთხოვ, რაც დაიმახსოვრეს, დახატონ და ასე ცოცხლდება წინა საუკუნის      ჩაბნელებულ ქუჩებში ნამღერი ,,ოცდახუთსა დეკემბერსა“.

შემოქმედებითი უნარების გამოცდის დრო დგება. ტელეფონის ეკრანზე ვეძებ ჩემს უსაყვარლეს აპლიკაციას – Pinterest-ს. ძალიან მიყვარს აქ დროის გატარება. ფოტოებს ვათვალიერებ, სხვის იდეებს ვეცნობი. სასიამოვნო პროცესია, როცა რაღაც შთაგონებად იქცევა, მერე თავად ვქმნი და ჩემებურად ვასხვაფერებ. სხვათა შორის, Pinterest ძალიან ხშირად დამხმარებია გაკვეთილის დასაგეგმად.

წინასაახალწლო დღეებში საძიებო ველში ვწერდი 3 სიტყვას: christmas  handmade ideas და ვინახავდი სურათებს, რომლებზეც ჩემს საშობაო განწყობას ვპოულობდი.

ახლა კი დროა, ეს ყველაფერი სინამდვილედ  ვაქციო.

ვიწყებ სასანთლით. სამზადისში ნებისყოფასაც ვცდი. შედეგი მაკვირვებს და ძალიან მომწონს.

 

მერე წინა დღეს შეგროვებულ ქვებს ვხატავ. ბავშვებისთვის სათამაშო უნდა დავამზადო. ძალიან რთული აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ინსტრუქციას მივყვები, მაინც მიჭირს. ალბათ, მარტივად ამოიცნობთ, რა თამაშია. საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად ურიგო არ არის. ტალახიანი ქვები ფიფქებად და თოვლის ბაბუებად გადავაქციე და მიხარია. რაც მთავარია, ბავშვები დაინტერესდნენ.

დაბოლოს – გამომაქვს საგულდაგულოდ შეგროვებული გირჩები, ნაძვის წიწვები და ღუმელში გამომშრალი ფორთოხლები. ახალი წლის სურნელი ესაა ჩემთვის. დიდხანს ვუყურებ და მაინტერესებს, რა გამომივა.

 

რამდენიმე წელია, მინდა გავაკეთო საშობაო ფარდა, მაგრამ  ვერასდროს ვერ მოვახერხე. სამი საათი შევალიე. მერე რა, რომ არც ხელოვანი ვარ და არც მხატვარი. სასიამოვნო შეგრძნებაა შექმნის პროცესი და საბოლოო პროდუქტის მიღება. ფარდით სამზარეულოს ვრთავ, ამ ფანჯრიდან ის სახლი მოჩანს, სადაც გავიზარდე.

 

ნელ-ნელა ბინდდება. კიდევ ერთი სურვილი მაქვს. რამდენი ხანია, ასეთი რამის გაკეთება მინდა და მიზეზიც არ ვიცი, რატომ ვერ შევძელი. დღეს  უცნაური დღეა და გამომივა.

ჩემს საყვარელ წიგნს – ჰარპერ ლის ,,ნუ მოკლავ ჯაფარას“ ვფუთავ. მისალოც ბარათზე კეთილ სურვილებს ვწერ უცნობისთვის, მიმაქვს და ვტოვებ ბიბლიოთეკის ეზოში.

მერე სოციალურ ქსელში ვაქვეყნებ: ეს წიგნი საჩუქარი იქნება იმ ადამიანისთვის, რომელსაც აქამდე არ წაუკითხავს. კოკისპირული წვიმაა ბაღდათში. მიუხედავად ამისა, მპოვნელი მალე ჩნდება. ძალიან უხარია მასაც და მეც.

,,თხლეშა“ წვიმამ (როგორც იმერეთში იტყვიან) ვერ შეაშინა წიგნის წაკითხვის მსურველი. ეს ჩემთვის ერთგვარი მინიშნებაა. სწორედ ამ მომენტში ახალი ლიტერატურული თავგადასავლის წამოწყების იდეა მიჩნდება და მგონია, თანამოაზრეებს ვიპოვი. ჩემი მეგობარი მართალი იყო, იდეა შეიძლება რამდენიმე წამში გაგიჩნდეს, მაგრამ განწყობაა ამისთვის საჭირო.

ერთი დღე, რომელიც მთელ საშობაო არდადეგებს უდრის, როგორი იქნებოდა ფილმის გარეშე? თქვენ თუ გაქვთ პირადი ტრადიციები? მე მაქვს. საშობაოდ აუცილებლად უნდა გადავიკითხო ასტრიდ ლინდგრენის ,,ბულერბიელი ბავშვები“ (თუ მთელი წიგნი არა, ორი თავი მაინც – ,,ჩვენ შობისთვის ვემზადებით“ და ,,ნაძვის ხე“) და ვნახო თქვენთვის წერილია. გამოვტყდები,  ვერ მოვითმინე და ეს დეკემბერშივე გავაკეთე, ამიტომ ვიწყებ ახალი ფილმის ძიებას.

 

ღამდება. ექსპერიმენტი სრულდება. თუ მკითხავდნენ, როგორი იყო ეს დღე, ჩემს კალენდარში ასე ჩავწერდი – მრავალფეროვანი. ზუსტად ვიცი, რომ ყოველთვის მემახსოვრება. როცა გადაღლილობა შემომიტევს, როცა იდეები დამეფანტება, საკუთარ თავს შევახსენებ, რომ ხანდახან საჭიროა წესების დარღვევა,  რეჟიმის შეცვლა, ბავშვობაში დაბრუნებაც, რათა ვიპოვოთ ის, რასაც ვკარგავთ.

 

 

 

 

 

 

 

ვინ არის კამალა ჰარისი

0

„ჩვენ ვიცით, რას იტყვიან დაეჭვებული ადამიანები. ისინი ყოველთვის ერთსა და იმავეს იმეორებენ. გვეტყვიან, რომ ჩვენი დრო ჯერ არ დამდგარა; რომ მოვიცადოთ იქ, სადაც ახლა ვართ; რომ შანსი არ გვაქვს, რომ ჩვენი მიზანი მიუღწეველია. მაგრამ ამერიკის ისტორია დაწერეს ადამიანებმა, რომლებმაც იცოდნენ, რა იყო შესაძლებელი, მიუხედავად უმძიმესი მოცემულობისა. ეს არის ჩვენი ამბავი, ამერიკის თავგადასავალი!“ – დაახლოებით ამ სიტყვებით მიმართა კალიფორნიის შტატის უმცროსმა სენატორმა კამალა ჰარისმა მშობლიურ ქალაქ ოკლენდში შეკრებილ ათასობით თანამოქალაქეს და მათ თეთრ სახლში ადგილის დამკვიდრებისთვის ბრძოლის დაწყება აუწყა. ერთი წლის შემდეგ ჰარისმა ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა. ის ამერიკის პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი გახდა. მანამდე არცერთ ქალს ამერიკაში ასეთ მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე არ უმუშავია, არცერთი აფროამერიკელი, აზიური წარმოშობის არცერთი მოქალაქე არ დაწინაურებულა ამ უზარმაზარი ქვეყნის მეორე პირის პოსტამდე. კამალა ჰარისი უკვე იქცა ცვლილებისა და ახდენილი ოცნების სიმბოლოდ.

რა გამოარჩევს 56 წლის გამარჯვებულ პოლიტიკოსს დანარჩენებისგან?

2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე ბარაკ ობამამ თანამებრძოლად აირჩია ადამიანი, რომელიც კონსერვატიულად განწყობილ ამომრჩეველს არ გააღიზიანებდა. ირლანდიური წარმოშობის კათოლიკე ჯოზეფ (ჯო) ბაიდენი თეთრკანიანი მოსახლეობის ნაწილისთვის ყველაზე მისაღები ფიგურა აღმოჩნდა, მან ობამას ყულაბას დომინანტური სოციალური ჯგუფების არაერთი დაბნეული წარმომადგენლის ხმა შემატა და სისტემური რასიზმის პრობლემის მქონე საზოგადოების გაბატონებული ფენების დამშვიდებაც შეძლო. 2020 წელს სახელმწიფოს პირველი აფროამერიკელი მეთაურის მთავარი პარტნიორი უკვე თავად გახდა პრეზიდენტობის კანდიდატი და ამჯერად მას მოუწია დაახლოებით იმავე ამოცანის გადაწყვეტა. სენატში მუშაობის ნახევარსაუკუნოვანი გამოცდილების მქონე ჭაღარა მამაკაცის უპირველეს მისიად აშშ-ის საზოგადოების ყველაზე გარიყული კლასების გულის მოგება იქცა. შეიძლება ითქვას, რომ ბაიდენმა მეწყვილე ზუსტად შეარჩია, რადგან კამალა ჰარისი სამართლიანად მიიჩნევა უამრავი ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანის გამაერთიანებელ სიმბოლოდ. ამ ადამიანებამდე მისასვლელ გზას არჩეული პრეზიდენტი მარტო ვერ გაიკაფავდა.

კამალა ჰარისი ემიგრანტების, აშშ-ში მეოცე საუკუნის განმავლობაში გადმოსახლებული ადამიანების ოჯახში დაიბადა. დედამისი, შიმალა გოპალანი, ინდოელი, ეროვნებით თამილი გახლდათ. არჩეულ ვიცე-პრეზიდენტს ბავშვობაში მრავალჯერ უმოგზაურია სამხრეთ აზიის ამ უდიდეს ქვეყანაში და შორეულ ინდოსტანის ნახევარკუნძულზე დედის ნათესავებთან არაერთხელ გაუტარებია სკოლისგან თავისუფალი დრო. მამა, დონალდ ჰარისი, კი წარმოშობით იამაიკიდან გახლავთ. მისი წინაპრები აფრიკიდან ემიგრირებული მონები იყვნენ. მაშასადამე, მშობლების ხაზით მოქმედ სენატორს ბევრი რამ აქვს საერთო აშშ-ის როგორც აფრიკული, ისე აზიური ფესვების მქონე მოქალაქეებთან, რომლებიც ამომრჩეველთა მრავალმილიონიან სეგმენტს ქმნიან.

კალიფორნიის შტატის ყოფილმა პროკურორმა მოახერხა და ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ახლო კავშირები დაამყარა არაერთ რელიგიურ ორგანიზაციასთან. ჰარისი წლების განმავლობაში დედასთან ერთად სტუმრობდა ამერიკისა და კანადის ინდუისტურ ტაძრებს, მამისა და ოკლენდის ადგილობრივი თემის გავლენით კი ბაპტისტური ეკლესიის წევრი გახდა. მაშასადამე, სენატორი არის ქრისტიანი, რომელსაც მრავალრიცხოვან ინდუისტურ საზოგადოებასთან თანაარსებობის მდიდარი გამოცდილება აქვს. რელიგიურ ინსტიტუტებთან პოლიტიკოსის თანამშრომლობის რესურსებს განსაკუთრებით ამრავალფეროვნებს კამალას მეუღლე – იურისტი დუგლას ემჰოფი, რომელიც ამერიკელ ებრაელთა თანამეგობრობის წევრია.

მიუხედავად იმისა, რომ კამალა ჰარისის მშობლები დაბალი სოციალური სტატუსის მქონე მოქალაქეები არ ყოფილან, ათეულობით წლის განმავლობაში მას მაინც ყოველდღიურად უწევდა რასიზმთან შეჯახება. ძუძუს კიბოს წინააღმდეგ მებრძოლი ინდოელი დოქტორისა და პოსტკეინზიანური ეკონომიკის პროფესორის შვილი პირად საკითხებზე ჩაწერილ თითქმის ყველა ინტერვიუში იხსენებს რასობრივი სეგრეგაციის შემთხვევებს, რომელსაც ის საბავშვო ბაღში, სკოლაში, უნივერსიტეტსა და საჯარო სამსახურში აწყდებოდა. ასეთი ამბების მოყოლა და ამერიკის რასობრივი ნიშნით ჩაგრული მრავალმილიონიანი აუდიტორიისთვის პირობის მიცემა, რომ პირუთვნელად იბრძოლებენ სეგრეგაციის დასაძლევად, ჯო ბაიდენს, დონალდ ტრამპსა და მაიკ პენსს არ შეუძლიათ.

როგორი პოლიტიკური პოზიცია აქვს არჩეულ ვიცე-პრეზიდენტს?

კამალა ჰარისი დემოკრატიული პარტიის ძირითად დინებას არ ღალატობს და აქტიურად უჭერს მხარს ახალი მწვანე კურსის ამოქმედებას, სისტემური რასიზმის წინააღმდეგ მიმართული კანონების დაწესებას, იარაღის ტარების შეზღუდვას, პროგრესული გადასახადების დაწესებას, უმცირესობათა უფლებების დაცვას, მთელი ქვეყნის მასშტაბით მარიხუანას ლეგალიზებას და ა.შ. მისი ხედვები ყოველთვის ზომიერია და მთლიანად არასდროს ემთხვევა პარტიის ყველაზე პროგრესული და მემარცხენე ფრაქციების შეხედულებებს. პოლიტიკოსის კრიტიკის დროს ხშირად იხსენებენ კალიფორნიის იუსტიციის ორგანოს ხელმძღვანელად მის მუშაობის პერიოდს. პროკურორ ჰარისს „კანონისა და წესრიგის“ პოლიტიკის მომხრედ ახასიათებდნენ, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს სამართალდამცველთა უმკაცრეს და უკომპრომისო მოქმედებებს პოტენციური დამნაშავეების წინააღმდეგ. მისი მმართველობის დროს კალიფორნიის ციხეებში პატიმართა რაოდენობა საკმაოდ დიდი იყო.

როგორც ხედავთ, კამალა ჰარისის პორტრეტი უამრავ შუქ-ჩრდილს და ერთმანეთთან ძნელად თავსებად დეტალს აერთიანებს. მომავალი ოთხი წელი გვიჩვენებს, გახდება თუ არა ჯო ბაიდენის იდეალური თანამებრძოლი აშშ-სთვის დიდი ცვლილებების მოთავე; გვიჩვენებს, შეუძლია თუ არა ამერიკის პირველ ქალ ვიცე-პრეზიდენტს ძლიერი სახელმწიფოს პირველ ქალ პრეზიდენტად გარდასახვა.

ვულკანები

0

ბოლო ხანს რამდენჯერმე მომიხდა ვულკანების თემასთან შეხება. გარკვეული რესურსიც დამიგროვდა, რომელსაც სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტის დროს ვიყენებ. მინდა, თქვენც მოგიყვეთ ვულკანების შესახებ.

 

ვულკანები ანადგურებენ და ვულკანები ქმნიან. 1980 წლის 18 მაისს წმინდა ელენეს კუნძულზე კატასტროფულმა ამოფრქვევამ ნათლად დაგვანახა ვულკანის გასაოცარი დამანგრეველი ძალა, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანის გაჩენამდე ვულკანებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს პლანეტის ფორმირებაში. დედამიწის ზედაპირის 80 პროცენტზე მეტი – ხმელეთსა და ოკეანის ფსკერზე – ვულკანური წარმოშობისაა. ასეულობით მილიონი წლის განმავლობაში ვულკანური ხვრელებიდან აირების გამონაბოლქვმა შექმნა დედამიწის ყველაზე ადრეული ოკეანეები და ატმოსფერო, სიცოცხლის განვითარებისა და შენარჩუნებისთვის აუცილებელი პირობები. გეოლოგიური ეპოქების შემდეგ ვულკანის უამრავმა ამოფრქვევამ წარმოშვა მთები, პლატოები და დაბლობები, რომლებიც შემდგომ ეროზიულმა პროცესებმა გამოძერწა დიდებული პეიზაჟებით და ნაყოფიერი ნიადაგებით.

ბედის ირონიით, ამ ნიადაგებმა და პეიზაჟებმა მიიზიდა და კვლავაც იზიდავს ადამიანს. არაერთი ვულკანის სიახლოვეს ნახავთ დასახლებულ პუნქტებს.

79 წლის 24 აგვისტოს ვეზუვი მოულოდნელად ამოიფრქვა და გაანადგურა რომის ქალაქები პომპეი და ჰერკულანუმი. მართალია, მან ჯერ კიდევ 63 წელს მომხდარი მიწისძვრებით შეახსენა თავი მოსახლეობას, მაგრამ ასეულობით წლის სიმშვიდის შემდეგ მაინც ჩამქრალ ვულკანად ითვლებოდა. მისი ზედაპირი და კრატერი მცენარეულობით იყო დაფარული. ამიტომ ამოფრქვევა სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. რამდენიმე საათში ცხელმა ვულკანურმა ნაცარმა და მტვერმა ისე დამარხა ორი ქალაქი, რომ მათი ნანგრევები მხოლოდ 1700 წლის შემდეგ აღმოაჩინეს.

მას შემდეგაც მოხდა ვეზუვის მრავალი უმნიშვნელო და რამდენიმე მნიშვნელოვანი ამოფრქვევა, ეს უკანასკნელნი – 1631, 1794, 1872 წლებში.

1980 წლის 27 მარტს ამერიკაში, შტატ ვაშინგტონის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კასკადოვან ქედზე, საუკუნეზე მეტხანს მძინარე ვულკანმა სენტ-ჰელენზმა გაიღვიძა. 1980 წლის 18 მაისს მისმა კატასტროფულმა ამოფრქვევამ და მასთან დაკავშირებულმა ღვარცოფმა და წყალდიდობამ გამოიწვია მნიშვნელოვანი მსხვერპლი (57 დაღუპული ან დაკარგული) და ქონებრივი ზიანი (1,2 მილიარდ დოლარზე მეტი). ის აქტიური დარჩება წლების განმავლობაში, შესაძლოა, ათწლეულების განმავლობაშიც კი.

სიტყვა „ვულკანი“ ხმელთაშუა ზღვის პატარა კუნძულ ვულკანოს სახელისგან მომდინარეობს. საუკუნეების წინათ ამ მხარეში მცხოვრებ ხალხს სჯეროდა, რომ ვულკანოზე მდებარეობდა სამჭედლო, სადაც ვულკანი – რომაული პანთეონის ერთ-ერთი ღმერთი – მთავარი ღმერთისთვის – იუპიტერისთვის და ომის ღმერთისთვის – მარსისთვის იარაღს ჭედავდა. პოლინეზიაში ხალხი ვულკანების მოქმედებას ულამაზეს, მაგრამ მრისხანე ქალღმერთ პელეს მიაწერდა.

დღეს უკვე ვიცით, რომ ვულკანის ამოფრქვევაში არაფერია ზებუნებრივი და მათი მეცნიერული შესწავლა შესაძლებელია.

ზოგი ვულკანი მხოლოდ ორთქლსა და სხვა აირებს გამოყოფს, ხოლო ზოგიერთიდან ლავა ამოდის. ყველაზე სანახაობრივი ამოფრქვევები შედგება აფეთქებებისგან, რომელთა დროსაც ატმოსფეროში იფრქვევა აირები და დიდ ღრუბლებს წარმოქმნის.

ვულკანის ამოფრქვევის ტიპს ხშირად მოიხსენებენ ცნობილი ვულკანის სახელით. გამოიყენება ისეთი ტერმინები, როგორიცაა “სტრომბოლური”, “ვულკანური”, “პელეუსის ტიპის”, “ჰავაიური” და სხვა. ზოგიერთი ვულკანისთვის დამახასიათებელია ამოფრქვევის მხოლოდ ერთი ტიპი, ზოგიერთი კი ტიპების მთელ წყებას ავლენს.

1965 წელს კოსტა-რიკაში, ვულკან ირაზუს სტრომბოლური ტიპის ამოფრქვევის დროს, მწვერვალის კრატერიდან ამოვარდა უზარმაზარი მდნარი ლავა და ცაზე მანათობელი რკალები წარმოქმნა.

პარიკუტინზე კი 1947 წელს აღირიცხა ვულკანური ტიპის ამოფრქვევა, რომლის დროსაც ნაცრით გაჯერებული გაზის მკვრივი ღრუბელი კრატერიდან ამოვარდა და მწვერვალზე მაღლა ავიდა. ორთქლი კონუსის მახლობლად მოთეთრო ღრუბელს ქმნის.

ვულკანის ამოფრქვევამ, თუ ეს დასახლებულ ადგილას მოხდა, შესაძლოა დიდი ზარალი და მსხვერპლი გამოიწვიოს. 1902 წელს ვულკან მონტ-პელეს (მცირე ანტილის კუნძულები) ამოფრქვევისას სულ რამდენიმე წუთში 40.000 ადამიანი დაიღუპა.

ჰავაიური ტიპის ამოფრქვევები შეიძლება მოხდეს ნაპრალების გასწვრივ. მათთვის დამახასიათებელია თხევადი ლავას ამოსვლა, როგორც, მაგალითად, 1950 წელს ჰავაიზე, მაუნა ლოას ამოფრქვევის დროს. მდნარი ლავა ვულკანის ზონაში არსებული ნაპრალიდან გადმოდის და ფერდობზე ჩამოედინება.

ცენტრალური ამოფრქვევების დროს ცეცხლოვანი ლავის შადრევანი რამდენიმე ასეულ მეტრ სიმაღლეზე იფრქვევა. ასეთი ლავა შესაძლოა შეგროვდეს ძველ ორმოში არსებულ კრატერებში და წარმოქმნას ლავის ტბები.

ყინულის ტიპის ამოფრქვევები მყინვარების ქვეშ მდებარე ვულკანებს ახასიათებს. ასეთი ამოფრქვევები წარმოქმნის სფერულ ლავას, ლაჰარს (ცხელი მაგმა პროდუქტებისა და ცივი წყლების ნაზავს). არსებობს წყალდიდობის, ცუნამის საშიშროება. დღემდე ამ ტიპის მხოლოდ ხუთი ამოფრქვევაა აღრიცხული.

ამოფრქვევის სხვა ტიპებიცაა ცნობილი, მაგრამ ისინი გაცილებით იშვიათად გვხვდება. ამის მაგალითია ისლანდიის მახლობლად ვულკან სურტსის წყალქვეშა ამოფრქვევა 1965 წელს, რომელმაც ახალი კუნძული შექმნა.

როდესაც ვულკანები იფრქვევა, ვითარდება მოვლენების საერთო თანმიმდევრობა. აფეთქებას მოჰყვება ლავის ნაკადების ამოფრქვევა. ცხელი კლდისა და გაზის ჩქაროსნული ზვავები (პიროკლასტური ნაკადი) შესაძლოა თან ახლდეს ორივე ამ მოვლენას – თეფრას დაშლის სვეტები ან ლავის ნაკადების ფრონტების ნგრევა, რომელთაგან ორივემ შეიძლება ვულკანის ფლანგებიდან პიროკლასტური ნაკადები გამოყოს. როდესაც ამოფრქვეული მასა ერევა მდინარის წყალს ან თოვლი და ყინული დნება, ვულკანური ღვარცოფები (ლაჰარები) ანგრევს ხეობებს და შესაძლოა, 50 მილზე მეტი დინების მიმართულებით გაანადგუროს ადგილები. მდინარეებს შეუძლია განაგრძოს ვულკანური ნალექის გადატანა ქვემო დინებაში და ტერიტორიები დატბოროს. ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხეს კი ვულკანური ნაცარი წარმოადგენს.

ამოფრქვევის არარსებობის შემთხვევაშიც კი ვულკანის ფლანგები შეიძლება დაიშალოს, რისი შედეგიცაა მეწყერი და ზვავი.

ვულკანური ამოფრქვევები საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს და მატერიალურ ზიანს აყენებს დასახლებებს. 1600 წლიდან მოყოლებული, ამოფრქვევებისა და მათთან დაკავშირებული ტალახისა და ცუნამის შედეგად, 168 ათასი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 95 ათასი ამოფრქვევების შემდეგ გაჩენილ დაავადებებსა და შიმშილობას ემსხვერპლა. 1902 წელს ვულკან პელეს ამოფრქვევის შედეგად 30 ათასი ადამიანი დაიღუპა. 1985 წელს კოლუმბიაში, ვულკან რუისისიდან წამოსული ტალახის ნაკადს 20 ათასი ადამიანი შეეწირა. 1883 წელს კრაკატაუს ამოფრქვევამ გამოიწვია ცუნამი, რომელმაც 36 ათასი ადამიანი იმსხვერპლა.

საშიშროების ხასიათი სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. ლავის ნაკადები ანადგურებს შენობებს, ბლოკავს გზებს და სასოფლო-სამეურნეო მიწებს, რომლებიც მრავალი საუკუნის განმავლობაში გამოირიცხება ეკონომიკური გამოყენებიდან, სანამ ამინდის პროცესების შედეგად ახალი ნიადაგი ჩამოყალიბდება. ამინდი დამოკიდებულია ნალექების რაოდენობაზე, ტემპერატურულ რეჟიმზე, ჩამონადენის პირობებსა და ზედაპირის ბუნებაზე. მაგალითად, იტალიაში, ეტნას უფრო ნოტიო ფერდობებზე, ლავის ნაკადებზე მიწათმოქმედება ამოფრქვევიდან მხოლოდ 300 წლის შემდეგ განახლდა. ვულკანური ამოფრქვევების შედეგად ნაცრის სქელი ფენები გროვდება შენობების სახურავებზე, რაც მათი დანგრევის საფრთხეს ქმნის. ფილტვებში ნაცრის უმცირესი ნაწილაკების შეღწევა იწვევს პირუტყვის სიკვდილს. ჰაერში ნაცრის არსებობა საავტომობილო და საჰაერო ტრანსპორტს უქმნის საფრთხეს. ამ დროს აეროპორტები ხშირად იკეტება. ეს ნაკადები ნაცრისა და ვულკანური აირების ცხელი ნარევია, რომელიც დიდი სიჩქარით მოძრაობს. შედეგად ადამიანები, ცხოველები, მცენარეები დამწვრობისა და დახრჩობისგან იღუპებიან. პომპეი და ჰერკულანუმი სწორედ ასეთი ნაკადების მოქმედების ზონაში მოხვდა.

ნებისმიერი ტიპის ვულკანების მიერ გამოყოფილი ვულკანური აირები ატმოსფეროში ხვდება და, როგორც წესი, უვნებელია, მაგრამ შესაძლოა, ნაწილობრივ დაბრუნდეს დედამიწის ზედაპირზე მჟავე წვიმის სახით. ზოგჯერ რელიეფი ხელს უწყობს ამ აირების (გოგირდის დიოქსიდი, წყალბადის ქლორიდი ან ნახშირორჟანგი) დედამიწის ზედაპირთან გავრცელებას, რის შედეგადაც ნადგურდება მცენარეულობა ან მაქსიმალურად დასაშვებ დონეზე ბინძურდება ჰაერი. ვულკანურმა აირებმა შესაძლოა გამოიწვიოს არაპირდაპირი ზიანიც. მათში შემავალი ფთორული ნაერთები ერევა ნაცრის ნაწილაკებს, ხოლო დედამიწის ზედაპირზე დაცემისას აბინძურებს საძოვრებსა და წყალსატევებს, რაც პირუტყვის მძიმე დაავადებებს იწვევს. ანალოგიურად შეიძლება დაბინძურდეს მოსახლეობის წყალმომარაგების ღია წყაროები. ტალახის ქვები და ცუნამიც უზარმაზარი ზიანის მომტანია.

ვულკანები მრავალი სახის საფრთხეს ქმნიან, მათი ამოფრქვევის დრო და ხანგრძლივობა კი შედარებით გაურკვეველია, ამიტომ აქტიური და პოტენციურად აქტიური ვულკანების სიახლოვეს მცხოვრებმა ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ საფრთხეები და ვულკანებთან ჰარმონიული თანაცხოვრება ისწავლონ.

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდები: https://pubs.usgs.gov/gip/volc/text.html ;

https://pro-fishman.ru/ka/tipy-vulkanov-obrazovanie-i-stroenie-vulkanov.html.

 

როგორ ვასწავლოთ პოეზია

0

მასწავლებლებს უჩვეულო ზამთარი დაგვიდგა. აქამდე დეკემბერი საკმაოდ დატვირთული იყო: „აკადემიური მოსავლის“ აღება, სკოლის სადღესასწაულო იერზე ზრუნვა, ზამთრული განწყობების შეგროვება… წელს კი ზამთარმა დედულეთში, ძველ ერთგულ ღუმელთან მიმჯდარს მომისწრო და მივხვდი, რომ სადღესასწაულო ფუსფუსი ისევე უხდება ზამთარს, როგორც თოვლი და სიცივე – სითბოზე ოცნებას.

არაერთხელ მომიყოლია, როგორ მიყვარს განწყობების შეგროვება. ლიტერატურაში ემოციებს რა გამოლევს?! ყველა ამბავს, ყველა პერსონაჟს თავისი ფერი და შეგრძნება მოაქვს, ყველა სეზონი საკუთარ ამინდს და თავგადასავალს ყვება. აი, ამ „ტალღის“ დაჭერას ვცდილობ მოსწავლეებთან ერთად – მთავარი სათქმელის შეგრძნებათა ენაზე ამოკითხვას.

პოეზია ემოციებისა და განწყობების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მეტიც: ის ერთგვარი ქამელეონია – პოეტურ ტექსტს ყოველი მკითხველი საკუთარი განწყობის თარგზე ჭრის და ყველასგან განსხვავებულად აღიქვამს. სამწუხაროდ, მოსწავლეთა უმრავლესობას ხელოვნების ეს დარგი დიდად არ ხიბლავს. შესაძლოა იმიტომ, რომ მას არასწორად ვასწავლით თუ ვუკითხავთ. ხშირად ხდება ასე – რომელიმე პატივსაცემი კრიტიკოსი ლექსს სახე-სიმბოლოებად და უნივერსალურ სათქმელებად დაშლის, შემდეგ მის მოსაზრებას ყველა აიტაცებს და ბავშვებსაც იმას ვასწავლით, რაც ერთმა მცოდნე, პატივსაცემმა, მაგრამ მაინც ერთმა ადამიანმა კითხვის მომენტში არსებული გამოცდილებისა და გარემო ფაქტორებზე დამოკიდებული განწყობის თარგზე მოჭრა.

თავადაც არაერთხელ წავწყდომივარ სირთულეს. დიდხანს ვიტანჯებოდი ე.წ. პროგრამული ლექსებისა თუ მათთან დაკავშირებული კრიტიკული წერილებიდან ამონარიდების ზუთხვით. არადა, სკოლისა და უნივერსიტეტისგან დამოუკიდებლად სიამოვნებით ვეცნობოდი ევროპულ თუ აღმოსავლურ პოეზიას და თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ პროცესში მცირე დოზით თავადაც გახლდით ჩართული. რამდენიმე წლის წინ, საგნის კომპეტენციის დასადასტურებელ გამოცდაზე, ოთარ ჭილაძის ერთ-ერთი ლექსის განწყობა უნდა გამეშიფრა. მეც ჩემებურად წავიკითხე და ვიმსჯელე, მაგრამ ეს გულიანი ფიქრ-მსჯელობა არადამაკმაყოფილებლად ჩამითვალეს – ამა  და ამ კრიტიკულ წერილს თუ ჩახედავ, სხვანაირადაა საქმეო. ქულას კი არ ვდარდობდი, ლექსის განწყობა რომ ისევ „დაპატენტებული“ აღმოჩნდა, ამან შემაშფოთა. რა თქმა უნდა, კრიტიკისა და ანალიზის წინააღმდეგი არ ვარ (პროფესიით ლიტერატორს, მხატვრულთან ერთად არაერთი პუბლიცისტური ნაწარმოებიც დამიწერია), მაგრამ იქნებ მომავალ თაობას მაინც მივცეთ საშუალება, ხელოვნება საკუთარი ემოციების სპექტრით აღიქვან?!

პოეზიის მიმართ მოსწავლეთა უარყოფითი განწყობის შეცვლა არაერთხელ მიცდია. დღეს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ექსპერიმენტს გაგიზიარებთ.

იმ დღეს პირველი თოვლი მოვიდა. საოცრად ბარდნიდა და უჩვეულო სიჩუმე იდგა. ბევრი აღარ მიფიქრია და ერთ-ერთი ქარიზმატული ცისფერყანწელის არქივიდან სუსხიანი განწყობებით სავსე ტრიოლეტი ამოვაცოცე. პირველი გამოწვევა სათაურშივე დაგვხვდა. მოვიმარჯვეთ განმარტებითი ლექსიკონი და შევიქმენით „სანტიმენტალური“ მოლოდინი. სანამ ლექსს ემოციებად დავშლიდით, ახალ სალექსო ფორმას გავეცანით და მისი მუსიკის უკეთ აღსაქმელად ზამთრის განწყობით გაჟღენთილი ლექსი „ავაწყვეთ“ (მოსწავლეებს რამდენიმე რითმა და იდეა შევაშველე და მართლაც ლეგოსავით ავაწყვეთ – სტრიქონ-სტრიქონ, რითმებზე მისადაგებით).

სანამ გაფრინდაშვილის ტრიოლეტს წავიკითხავდით, მოსწავლეებმა პირადი გამოცდილებიდან გაიხსენეს გულის ამაჩუყებელი ისტორიები და „სენტიმენტალური ამბების სკივრიც“ შეივსო. წიგნი გადავშალეთ და ლექსი ჯერ  – ჩუმად, მერე ხმამაღლა წავიკითხეთ, ყველამ – ჩვენ-ჩვენი ემოციით და ინტონაციით. მოგვიანებით მოსწავლეებს ლექსში „შენახული“ განწყობის მსგავსი კომპოზიციის მოძიება ვთხოვე. მათ მიერ შერჩეული მუსიკალური ორეულების მოსმენისა და ბგერა-განწყობათა შედარების გაკვეთილმაც ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. ასე დავიწყე, შორიდან, შემოვლითი გზით… თუმცა დრო ტყუილად არ დამიკარგავს. უკვე მზად იყვნენ ლექსის „ნეგატივის“ გასამჟღავნებლად.

 

კადრი პირველი: სპლინი, ზამთარი, ბეღურა

მოწყენილი ადამიანი და ნაზი ბეღურა – ფაქიზი, მოსაფრთხილებელი არსებები, ნამცეცი ყურადღება რომ ჰყოფნით და ხანდახან ისიც ენატრებათ… ხომ აგიჩუყდათ გული?! გამოგიტყდებით, ჩვენც  კაი გვარიანად შეგვაცია.

 

კადრი მეორე: შემოდგომის ვერსალი

ფოტომოგზაურობა მოვიწყვეთ და ვერსალის შემოგარენში „გავისეირნეთ“. ცოტა რამ მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ამ ძეგლზეც მოვუყევი, ცოტაც „ძველი დიდების ანარეკლზე“ ვთქვით… „ფრანგული განწყობაც“ დავიჭირეთ.

 

კადრი მესამე: „შენს სილამაზეს ჩემი ტრფობა ესაფეხურა“

ამ ულამაზეს მეტაფორაზე დიდხანს ვიმსჯელეთ. მოსწავლეებს „სიყვარულის საფეხურების“ ჩანახატების გაკეთება ვთხოვე. ერთმა თავის ჩანახატში ფეხის წვერებზე შემდგარ ადამიანს ცისფერი საფეხური ხელში დააჭერინა და თავს ზემოთ ააწევინა, მეორემ საფეხურს ფრთები შეასხა… მოკლედ, ამაღლებული გრძნობის კიბე ყველამ თავისებური ვარიაციით, მაგრამ მაინც ცისკენ გაჭრა. ავტორის დამოკიდებულება სილამაზისა და სიყვარულის მიმართ სწორედ ამ ნეოლოგიზმის (ესაფეხურა) დახმარებით ამოვიცანით. აქვე „ვარდისფერი სათვალის“ ფენომენზეც ვიმსჯელეთ და იმ დასკვნამდეც მივედით, რომ სიყვარულის კვარცხლბეკზე შეყენებული სილამაზე ცოტათი გაზვიადებულიც შეიძლება იყოს. სილამაზის ცნებაზეც დავფიქრდით – რა ან ვინ გველამაზება და რატომ?! ჯერ ზედაპირზე არსებულ, ხილულ სილამაზეს შევავლეთ თვალი, ბოლოს ისევ განწყობას მივადექით – მისი წყალობით ხომ ერთი და იგივე მოვლენა სულ სხვადასხვანაირად შეიძლება დაინახო.

 

კადრი მეოთხე: „მარტოობით ნაალერსალი“

თოვლი და განშორება ერთმანეთს ადვილად დაუკავშირეს. არც იმის გააზრება გასჭირვებიათ, რატომ შეიძლება ეტირებოდეს „მარტოობით ნაალერსალ“ ადამიანს. შემდეგ სითბოსა და სიცივესთან სხვადასხვა ცხოვრებისეული მოვლენის დაკავშირება ვცადეთ – მარტოობის ცივი საბნის ქვეშ უიმედობა, შიში და მსგავსი რუხი განწყობები გამოვაზამთრეთ, თბილ ბუდეში კი ოჯახმა, მეგობრებმა, ერთმანეთზე ზრუნვამ და სიყვარულით გაბრწყინებულმა თვალებმა დაიდო ბინა.

ლექსის ამგვარად „გაჩხრეკის“ შემდეგ მოსწავლეებს ლირიკული გმირის ემოციური პორტრეტის შექმნა აღარ გასჭირვებიათ. ამოწერეს სიტყვები, რომლებიც ავტორის ემოციას აღწერდა. ლექსში დაჭერილ განწყობას ხორცი შეასხეს და ფურცელზე გადმოხატეს. ასე დაიბადა ახალი ვალერიან გაფრინდაშვილი, შემოდგომის ვერსალის ფონზე გრძელ, რუხ პალტოში გახვეული, შლაპით და სადღაც გაქცეული მზერით. მხოლოდ ამის შემდეგ გავუმხილე ბავშვებს ავტორის ვინაობა, მასზე ცოტა რამ მოვუყევი, ფოტოც ვაჩვენე – ლირიკული გმირის პორტრეტს შევადარეთ… განწყობით ჰგავდა.

ლექსის სწავლებისთვის შესაძლოა უფრო მარტივი და თეორიებით გამყარებული გზები არსებობდეს. თუმცა მე მაინც ხელოვნებისადმი შემოქმედებითი მიდგომის მწამს, რადგან ამ ბილიკს მიზანთან არაერთხელ მივუყვანივარ. ყოველთვის ვცდილობ, მოსწავლეებს პოეზია მუსიკასავით ვასმენინო და პეიზაჟივით ვახატვინო. ვმართავ მხატვრული კითხვის დღეებს, ვაკეთებ მათ მიერ წაკითხული ლექსების აუდიოჩანაწერებს, გაკვეთილზე ხშირად ვიტოვებ დროს „ხუთწუთიანი პოეზიისთვის“ და ა.შ. ასე ვცდილობ ყოველ კლასში ემოციისა და განწყობის გაცვლა-გაზიარების ტრადიციის დანერგვას. რაც შეეხება „საზეპიროებს“, რა თქმა უნდა, ვერაფრით წავიკითხავ ზეპირად თუნდაც ნახევარ „ვეფხისტყაოსანს“, არც ჰაგიოგრაფიული ძეგლებიდან ამოკრეფილი მარგალიტები მახსოვს სიტყვასიტყვით. თუმცა დღემდე ვციტირებ ლექსებს, რომელთა მუსიკაც გავიგ(ონ)ე და ისე შემიყვარდა, თავისით შემომესწავლა. ამიტომაც ვცდილობ, ჩემს მოსწავლეებს გულის ყურით ვასმენინო და განწყობის თვალით ვაკითხო. ერთ დღესაც ისინი აუცილებლად ამღერდებიან პოეზიის ენაზე.

საახალწლო დავალება: იყავი ბედნიერი! ანუ როგორ დავამარცხოთ კოშმარების ხელმწიფე.

0

რთული დღეები გვაქვს, მშფოთვარე და დარდიანი. ყოველდღიურად ნეგატიური ინფორმაცია ზღვასავით მოედინება, შიშმა დაისადგურა ჩვენს მშვიდ ოჯახებში. უფროსებისთვის რამდენად სტრესულია ეს ყველაფერი და ახლა ბავშვები წარმოიდგინეთ, რომლების პატარა გულებში უიმედობა წვეთავს, ეჭვები ეპარებათ, ფიქრები მომავლისკენ გაურბით. როდის დაბრუნდებიან სკოლაში? როდის დაუბრუნდებიან საკუთარ ბუნებრივ მდგომარეობას? მეგობრებს, ეზოს, თამაშებს, სეირნობას…

ეს დღეებია ერთი ანიმაციური ფილმი ამეკვიატა, და რატომღაც მგონია რომ ჩვენმა სამყარომ ამ ანიმაციაში გადაინაცვლა ან ამ ფილმის რეალობამ გადმოინაცვლა ჩვენში. ფილმს: „სიზმრების მცველები“ ქვია. ანიმაცია უნდა ეფუძნებოდეს  უილიამ ჯოისის წიგნს: „სერ ნიკოლას ჩრდილოელი და ბრძოლა კოშმარების ხელმწიფესთან“, სიუჟეტი ოდნავ განსხვავდება, თუმცა იდეა ერთია: ჩვენი სამყაროს ყველაზე ძვირფას რამეს ემუქრება კოშმარების ხელმწიფე, ბავშვურ სიზმრებსა და ოცნებებს. კოშმარების ხელმწიფე მოდის შავი ხვეულებითა და ლორწოთი, რომელიც ოქროსფერ მბზინვარებას მაშინვე კლავს და აშავებს, ფერფლად აქცევს. ბავშვებში შიშმა დაისადგურა, დაძინების ეშინიათ, მათი საწოლების ქვეშ კოშმარები მოკალათებულან. ვინ დაიცავს ყველაზე სანუკვარს, ბავშვურ ოცნებებს: ვინ და ყინულის ჯეკი – მარადიული ბავშვი, აღდგომის კურდღელი, კბილის ფერია, სინათლის ადამიანი და რაღა თქმა უნდა ნიკოლას ჩრდილოელი, ახალი წლისა და იმედების სიმბოლო. ჰოდა, იქნებ მოვიდა დრო, ჩვენ მასწავლებლები ვიქცეთ გმირებად და ჩვენივე სინათლით კოშმარების ხელმწიფეს შევუტიოთ, შავ გველებს კუდით ქვა ვასროლინოთ, კოშმარები ოცნებებად ვაქციოთ, სიშავე გავაოქროსფეროთ.

ამისათვის კი, კიდევ ერთხელ დავბრუნდეთ წარსულში, ჩვენში არსებული ბავშვი გავაღვიძოთ და ვკითხოთ, რა გჭირდება პატარავ?

– ახალი წელი მოდის, პატარ-პატარა სიხარულებითა და სასწაულებით, კარგი იქნება ჩემს ოჯახში ნამდვილი ახალი წელი დადგესო, ოჯახის წევრები გავახაროო, მეც გავიხაროო, სულ პატარა ბედნიერებაც არ მაწყენდაო, კიდევ დავიწყება ამ შავბნელი დღეებისაო – გეტყვით საკუთარი თავი ბავშვი, და იმასაც მიხვდებით რომ კოშმარებსა და შიშებს ერთი რამ შევლის ყველაზე მეტად: დავიწყება. დავიწყება და ჩანაცვლება, სიხარულის მომტანი ამბებით.

ვიფიქრე, ვიფიქრე და ერთი აზრი დამებადა, ჩვენ ხომ მასწავლებლები ვართ, ჩვენ ხომ გვიჯერებენ ბავშვები, განსაკუთრებით მაშინ როდესაც დავალებებს ვაძლევთ, დავალებებს ხომ ასრულებენ, მოდი მივცეთ დავალება:  გახდნენ ბედნიერები და საკუთარ ოჯახებში სიხარულის ნაპერწკლები შეიტანონ.

რაღა თქმა უნდა ასე პირდაპირ ვერ ვეტყვით, მოდი ახალ წელს დაივიწყე შიშები, გახდი ბედნიერი და ოჯახიც გააბედნიერეო, ბავშვებს ხომ გაეცინებათ და გეტყვიან, ეე, ეგ ჩვენც კი გვინდა, მაგრამ როგორო. რადგან მასწავლებლები დავალებების შექმნის დიდოსტატები ვართ,  მათი გაბედნიერებაც დავალებად ვაქციოთ, თანაც კომპლექსურ დავალებად.

მაშ ასე, დავალება ასეთია:

საგანი: მე და საზოგადოება (შესაძლოა ქართულიც)

მიზანი: ბედნიერება.

ქვე მიზანი: ოჯახი, ზრუნვა.

პირობა:

კარგი იქნება, თუ ამ ახალ წელს შენ შენს ოჯახზე იზრუნებ და ოჯახის წევრებს გაახარებ. მოუწყობ მათ დაუვიწყარ სიურპრიზს.

იმისათვის, რომ კარგად გაიგო რა მნიშვნელოვანია ოჯახი და მასზე ზრუნვა

ნახე მოკლე ანიმაციური ფილმი:

წაიკითხე ტექსტი, „ერთი ქილა ვაშლის მურაბა“:

https://www.kargiskola.ge/teachers/cignebi/Readers_Grade5/erti%20qila%20vashli.pdf

განწყობის შესაქმნელად, ოჯახის წევრებთან ერთად ამ ძალიან კარგ, საახალწლო ფილმს ჩაუჯექი:

https://api.adjaranet.com/api/v1/movies/878412969/files/1193378?source=adjaranet

და ახლა დაიწყე:

დაამზადე ხელნაკეთი სათამაშოები, იმედნი რამდენი ოჯახის წევრიც შენს ოჯახშია, დააწერე მათი სახელები, მორთე ნაძვის ხე, და საღამოს სიურპრიზად აჩვენე  მშობლებს, და -ძმას, ბებია-ბაბუებს, კატას, ძაღლს, მოკლედ მათ ვინც შენთან ერთად ცხოვრობენ.  ერთ-ერთ იდეას მეც გაგიზიარებ:

ინტერნეტში მოიძიე ნაძვის ხის ისტორია, როგორ გახდა ის ჩვენი საახალწლო დღესასწაულის შეუცვლელი ატრიბუტი, შენი აზრით, რაც საინტერესოა დაიმახსოვრე და იმ დროს, როცა ოჯახის წევრებს ნაძვის ხის ხელნაკეთ სათამაშოებს დაათვალიერებინებ თან უამბე.

საახალწლო ვახშმისთვის კიდევ ერთი სიურპრიზი მოამზადე. მარტივი ნამცხვარი შექმენი, ოღონდ ისე რომ გამოცხობა არ დასჭირდეს. აიღე მოზრდილი ჯამი ამ შუშის ჭურჭელი, ერთ ფენად დაალაგე ფხვიერი ორცხობილა, რომელიც წინასწარ გექნება მომარაგებული, ზემოდან ე. წ. შედედებული რძე წაუსვი ან ჯემი, რომელიც სახლშიც შეიძლება მოიძიო. შემდეგ ისევ ორცხობილა და შედედებული რძე ან ჯემი, ასე გააკეთე სანამ ორცხობილა არ გამოგელევა ან ჭურჭელი არ შეივსება. ნამცხვარს სულ ზემოდან შეგიძლია წინასწარ დაფშვნილი შოკოლადის ფილა მოაყარო, ან ფერადი ტკბილეულით მორთო, როგორც შენ გსურს.

სანამ ნამცხვრის შექმნას შეუდგებოდე, პატარა ბარათებზე დახატე შენი ოჯახის წევრების პორტრეტები, მეორე მხარეს კი საახალწლო სურვილები მიუწერე, მაგალითად: „გისურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერ, სიხარულით სავსე დღეებს, ძალიან მიყვარხარ“, მოკლედ რაც შენ გინდა რომ უსურვო. ეს ბარათები დაახვიე გრაგნილივით და წვრილი ძაფით შეკარი. შემდეგ კი ნამცხვარში ჩაარჭე.

როდესაც საათი თორმეტს ჩამოკრავს შენი ნამცხვარი, თუ გინდ ტორტი – პორტრეტებითა და სურვილებით, უკვე შეგიძლია საახალწლო სუფრაზე შემოაბრძანო და მიართვა საყვარელ ადამიანებს.

თუ კი შესაძლებელია, გადაიღე რამდენიმე ფოტო სამომავლო პრეზენტაციისთვის, თუ არა და ილუსტრაციებით გამოსახე მთელი ეს პროცესი.

პრეზენტაციაში დაწვრილებით აღწერე შენი სამზადისი და სიურპრიზის მომზადება, ასევე ნაძვის ხეზე მოძიებული ინფორმაციაც, რომელიც ოჯახის წევრებს გაუზიარე.  შენი პრეზენტაცია გააფორმე გადაღებული ფოტოებით ან ილუსტრაციებით.

წარდგენისას ისაუბრე:

რა ემოციები გამოიწვია შენმა ამ ქმედებამ ოჯახის წევრებში.

რა ემოციები დაგრჩა შენ.

გახდი ემოციების შემგროვებელი, რომელსაც მთელი წელი გამოიზოგავ.

აი, ასე შეგვიძლია ბედნიერების დავალებად ქცევა და ჩვენი საყვარელი მოსწავლეების კი დადებითი ემოციების შემგროვებელ მაძიებლებად.

გავხდეთ ჩვენც გმირები, დავამარცხოთ კოშმარების ხელმწიფე, შორს ჩვენგან დარდები და შიშები, მგონი უკვე დროა.

 

მშობლები და „რთული“ მოზარდები

0

„ურთიერთობები – ცოცხალი არსებები, მუდმივად ვითარდება, ფორმირდება და ტრანსფორმირდება; ვერანაირი ურთიერთობები ვერ შენარჩუნდება დიდი ხნის მანძილზე თუ ორივე მხარემ არ ეძება კომპრომისები, ცვლილებების მიმღებლობა და ერთმანეთზე ზრუნვის სურვილი“ – ამ სიტყვების ავტორი კალიფორნიელი კლინიკური ფსიქოლოგი პატრისია ზურიტა ონაა. მან მოღვაწეობა სკოლის ფსიქოლოგობით დაიწყო. პატრისია ონამ დიდი გამოცდილება შეიძინა ბავშვებთან, მოზარდებთან და უფროსებთან ურთიერთობით. კლინიკური ფსიქოლოგი დახმარებას უწევდა და უწევს ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა შფოთვითი აშლილობა და ემოციების რეგულაციის პრობლემები. დოქტორი ზურიტა არის სხვადასხვა საერთაშორისო ასოციაციისა და ფონდის წევრი. იგი ავტორია რამდენიმე წიგნისა, რომელთა შორისაა: „რთული მოზარდი“, რომლიდანაც მცირე ამონარიდს ახლა მკითხველს გავაცნობ.

„მშობლობა – ეს არის პროცესი და არა შედეგი. კარგი მშობლობა არ განისაზღვრება გმირული ქცევით, სწორი გადაწყვეტილებების მიღებით ან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ცხარე კამათში მოზარდის „დამარცხებით“. მშობლობა – პროცესია, რომელზეც უმჯობესია ვიფიქროთ, როგორც ძალიან ხანგრძლივ მოგზაურობაზე. ამ მოგზაურობამ შესაძლოა ზოგ შემთხვევაში დამარცხებისკენ გაგაქანოთ, ხოლო სხვა შემთხვევაში თქვენი უსაყვარლესი ადამიანი და თქვენ საუკეთესო ურთიერთობების გზაზე გაგიყვანოთ. ეს მოგზაურობა მშობელსა და შვილს შორის მთელი ცხოვრება გრძელდება“.

„მოგზაურობა – განმარტავს ავტორი – მშობლებისგან მოითხოვს იყვნენ მიზანმიმართული ადამიანები, რომლებიც მტკიცედ დაიცავენ და გაატარებენ საკუთარ ღირებულებებს, მაშინაც კი, როდესაც ხელის ჩაქნევა და ყველაფრის მიტოვების სურვილი გაუჩნდებათ. აი, კიდევ ერთი გარემოება: მშობლებს არ შეუძლიათ, თავად აირჩიონ განსაცდელი და არც იმის განსაზღვრის ძალა შესწევთ, რა განცდები და ფიქრები შემოაწვებათ მათ შვილებს. მით უმეტეს, არ შეუძლიათ მოზარდის ქცევების პროგნოზი. სამაგიეროდ, მათ შეუძლიათ საკუთარ ქცევებსა და ემოციებში გარკვევა.

მოდით, მშობლებო, გაიხსენეთ შემთხვევა, როცა ერთი წუთის წინ თქვენი მშვიდი, წყნარი მოზარდი, უცებ ფეთქდება და იწყებს ყვირილს იმის გამო, რომ სახლიდან გასვლის წინ მამამ მას საღამოს ათი საათისთვის სახლში დაბრუნება მოსთხოვა? ან იქნებ ასეთი შემთხვევა გახსენდებათ: ერთ დილას, როდესაც ცდილობთ, მოასწროთ, ოჯახი ისე გააცილოთ სახლიდან, რომ ყველა ნასაუზმები იყოს, აღმოაჩენთ საკუთარ მოზარდ გოგონას, რომელიც საძინებლიდან არ გამოდის და მოთქმით ტირის იმის გამო, რომ  მის წუხანდელ „ფეისბუქპოსტს“ არავინ გამოხმაურა? ან იქნებ ასეთი შემთხვევა გქონიათ? თქვენი მოზარდი ბიჭი სახლში დაბრუნებული გიყვებათ სკოლის ამბებს და როდესაც მას დახმარებას სთავაზობთ უეცრად, პრაქტიკულად უმიზეზოდ ის ყვირილს იწყებს და გთხოვთ, რომ თავი დაანებოთ. მსგავსი მაგალითები მოზარდების ემოციური რეგულაციის დარღვევების პრობლემებზე მიუთითებს.

ემოციური რეგულაციების დარღვევა – ეს არის ერთგვარი  ძლიერი ემოციების  უწყვეტი ჯაჭვი რომელიმე კონკრეტულ სიტუაციაზე, რომელზეც მოზარდი უსწრაფესად რეაგირებს. ან უკეთ რომ აგიხსნათ, – განაგრძობს პატრიცია ზურიტა ონა – თითქოს თქვენს მოზარდს შიგნით დამონტაჟებული აქვს გადამრთველი, რომელიც ნებისმიერ წამს შესაძლოა ჩაირთოს და გამოირთოს. მოზარდები, რომლებიც ემოციურ დისრეგულაციას ებრძვიან, საკუთარ ემოციებს ძალიან მძაფრად და ინტენსიურად განიციდან. ამიტომ, როდესაც რამე სწყინთ ან რამეზე ნერვიულობენ, ეს აღიქმება მათ მიერ, როგორც ღია ჭრილობა. ამ მომენტში, მოზარდებს მომატებული აქვთ ემოციური ფონი და ამიტომ მათი ქცევები ძირითადად პრობლემურია, მათ უჭირთ ემოციების მართვა. მოზარდებს არ შეუძლიათ თუნდაც მცირე დოზით დათრგუნონ საკუთარი ვნებები და შეამცირონ მათი გამოხატვის ხარისხი. მით უფრო, რომ ამ ყველაფრის გაკეთება ხშირ შემთხვევაში ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს. უკიდურესი ემოციური აფეთქებისას მოზარდები თავს ესხმიან უფროსებს, უარყოფენ მათ ნებისმიერ შეთავაზებას, ყველაფერში მშობლებს ადანაშაულებენ, ზოგ შემთხვევაში მუქარებსა და შანტაჟსაც კი არ ერიდებიან. ემოციების ასეთი გამოხატვა პრობლემებს უქმნის უფროსებს და თავად მოზარდებსაც. ზრდასრულების გადმოსახედიდან ასე ჩანს, რომ მოზარდი, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ ჩვეულებრივად იყო, მშვიდად იქცეოდა, უცებ წონასწორობას კარგავს და სრულიად არაადეკვატურად იქცევა. ამის ახსნა ძალიან რთულია მშობლებისთვის/აღმზრდელებისთვის.

ეს იმას ჰგავს, უცებ სახლში ხანძარი გაჩნდეს, – გვიყვება თხუთმეტი წლის მოზარდის განცდებს ავტორი და განაგრძობს თხრობას: „ყველაფერს ძალიან მწვავედ განიცდი, შენ თავად იწვი იმ ცეცხლში და თან წარმოდგენა არ გაქვს, როგორ ჩააქრო ხანძარი. ამ დროს არ შეგიძლია რამეზე რაციონალურად ფიქრი და აზროვნება. არაფერს აღარ აქვს აზრი. მხოლოდ იმას გრძნობ, რომ ცეცხლი გიკიდია“.

მოზარდობის ასაკი თავისთავად ადამიანის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი და რთული პერიოდია. ემოციური რეგულაციის პრობლემები კი კიდევ უფრო ამძიმებს ამ ასაკობრივ პერიოდს. პირველ რიგში გასათვალისწინებელია მდგომარეობა, რომელშიც თქვენი მოზარდი საკუთარი ემოციური რეაქციების ტყვეობაშია. როდესაც ის აფორიაქებულია, ეს აფორიაქება სრულ მაქსიმუმზეა; როდესაც ფრუსტრირებული, იმედგაცრუებულია ეს მდგომარეობა უკიდურეს მაქსიმუმზეა; როდესაც მოზარდი ბედნიერია, ეს ბედნიერება მისთვის მაქსიმალური ბედნიერებაა. მოზარდისათვის ასეთი ემოციების გააქტიურება, მშობლის თვალში უამრავი შავ-თეთრი სააზროვნო პროცესების  გააქტიურებას მოასწავებს და თანაც სრულიად ნათლად გამოაჩენს, რომ იქ კომპრომისის ადგილი უბრალოდ არ არის. აი, მაგალითად, თუ თქვენ სთხოვთ თქვენს მოზარდ ვაჟს, დაესწროს ოჯახურ შეკრებას არ გაგიკვირდეთ, რომ პასუხად მიიღოთ: „თუ მე წამოვალ ნათესავებთან  შესახვედრად, მაშინ შენ არ დამიწყო ჭკუის სწავლება, რა ვთქვა იქ და რა არა“. მსგავს სიტუაციებში შესაძლოა საუბარში დაძაბულობამ ისე მკვეთრად იმატოს, რომ უფროსები ვეღარც კი ასწრებდნენ მოვლენებისთვის თვალის მიდევნებას. ამ დროს თითქმის შეუძლებელი ხდება  მშობელმა იმ წამის დაჭერა მოახერხოს, როდესაც რაღაც პრობლემა წარმოიშვა და აკონტროლოს, როგორი  რეაქცია ექნება მის შვილს ამ მომენტში.

ზოგჯერ ერთი დღეც კი საკმარისი შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი მოზარდი გოგონასთვის, რომ სულ რაღაც რამდენიმე საათის წინ გაცნობილ თანატოლს დაუმეგობრდეს და გაებუტოს დიდი ხნის მეგობარ თანაკლასელს, რომელმაც იმ დღეს მის მიერ გაგზავნილ შეტყობინებას არ უპასუხა. ასეთი რეაქციები მოზარდებისთვის ტიპურია – ეს კი იმას ნიშნავს, რომ – განმარტავს პატრიცია ონა – თქვენი მოზარდის რეაქციები ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადადის და ეს ხდება არა მხოლოდ სახლში, არამედ მეგობრებთანაც და სკოლაშიც.

მომატებული ემოციური მგრძნობელობა და რეაქტიულობა მოზარდებს საკუთარი ყოვლისმომცველი ემოციების მძევლად აქცევს. მათი ცხოვრება ელვის სისწრაფით ვითარდება. ამ დროს შესაძლებელია უკიდურესი მრისხანების, თვითდაზიანებისა და სუიციდის მცდელობებსაც კი ჰქონდეს ადგილი. მოზარდებს ძალიან უჭირთ და ასევე იტანჯებიან მათი მშობლებიც. ემოციური რეგულაციის პრობლემების მქონე მოზარდები ამჩნევენ, რომ შესაძლოა, რაიმე სიტუაციამ ისინი ძალიან სწრაფად და ადვილად „ააფეთქოს“. მაგრამ მოზარდები ბოლომდე ვერ აცნობიერებენ, რატომ ემართებათ ეს, რა ხდება მათ ცხოვრებაში, პიროვნებაში ასეთი, რაც უკონტროლო ემოციურ რეაქციებს იწვევს. მშობლები/აღმზრდელები ასევე რთულ მდგომარეობაში ვარდებიან და ზოგჯერ ისინიც ვერ იკავებენ თავს „აფეთქებებისგან“.

„არ მახსოვს, რა მოხდა. მე ჩემს გოგონას ვთხოვე მისივე დაყრილი ტანსაცმლის მილაგება. ამის შემდეგ, ისეთი ყვირილი ატყდა, რომ მხოლოდ ამ სიტყვებს ვარჩევდი: შენ არ გესმის ჩემი! არავის ესმის ჩემი!“. კონსულტაციაზე მოსული ერთ-ერთი მშობლის ამ გულისტკივილს იმიტომ გიყვებით, – დასძენს ავტორი, – რომ ვფიქრობ, მსგავს სიტუაციაში ერთხელ მაინც მოხვედრილა ნებისმიერი აღმზრდელი, რომელსაც მოზარდი ჰყავს. ემოციების რეგულაციის პრობლემების მქონე (და არა მხოლოდ) მოზარდთან ურთიერთობა დიდი სტრესია მშობლებისთვის/აღმზრდელებისთვის. საჭიროა, უფროსებმა ეს მდგომარეობა გააცნობიერონ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ისევე შეიძლება საკუთარი ემოციების ტყვეობაში აღმოჩნდნენ, როგორც მათი მოზარდი აღსაზრდელები. ძლიერი განცდები, რომლებიც ამ რთულ სიტუაციაში აქვთ მშობლებს, განსაკუთრებით, როდესაც ისინი საკუთარ თავს ადანაშაულებენ და მიიჩნევენ, რომ ცუდი მშობლები არიან, უბიძგებთ მათ საკუთარ შინაგან გამოცდილებას დაეყრდნონ და მისი კარნახით შეიმუშაონ აღზრდის სტრატეგიები. აღსანიშნავია, რომ ზოგ შემთხვევაში მსგავსი სტრატეგიები წარმატებით მუშაობს, ზოგ შემთხვევაში – არა. ყველაზე დიდი სირთულე კი მაშინ იჩენს თავს, როდესაც მშობელი/აღმზრდელი იმდენად აღმოჩნდება ჩათრეული მოზარდის „აფეთქებაში“, რომ თავადაც უკიდურესად ნეგატიური რეაქციებით პასუხობს აღსაზრდელს. ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში უფრო ძალიან ძაბავს და ართულებს მდგომარეობას.

პატრიცია ზურიტა ონა მშობლებს/აღმზრდელებს სამ რამეს სთავაზობს: მიღება, არჩევანი და მოქმედება. თავდაპირველად, თქვენ უნდა მიიღოთ შინაგანი გამოცდილება: ის ფიქრები, ემოციები, მოგონებები, შეგრძნებები, სურვილები და მისწრაფებები, რომლებიც თქვენ გიჩნდებათ თქვენს მოზარდ შვილთან ურთიერთობისას. მნიშვნელოვანია მათი გაცნობიერება, მიღება შეუცვლელად, ყოველგვარი მოდიფიცირების ან უარყოფის გარეშე. შემდეგ, მშობელმა/აღმზრდელმა უნდა აირჩიოს, რა არის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე ღირებული. დაბოლოს, იმოქმედოს ამ ღირებულებების მიხედვით.

ფერეიდნული კვლევის კვალდაკვალ -მნიშვნელოვანი შედეგები

0

რა ვიცით ფერეიდნის, ამ დიალექტური კუნძულის, სხვა ენობრივ გარემოში შემონახული ქართული რეალობის, ფერეიდნელთა რთული ბედის, უნაყოფო მიწასა თუ ჭირვეულ მეზობლებთან ბრძოლის, მიწის მოშინაურების, ახალ ადგილზე დაფუძნების, სისხლიანი და ტრაგიკული წარსულის შესახებ?

რას ვასწავლით ჩვენს მოსწავლეებს, როგორია ჩვენი აღქმა, ჩვენი დამოკიდებულება? ფერეიდანი მითია და პათეტიკა თუ კონკრეტული ისტორიული ამბავი, ტკივილიანი მიგრაცია და რთული ყოფა?

ფერეიდნული საკითხების კვლევასა და შესწავლას ქართულ მეცნიერებაში დიდი ხნის ისტორია აქვს, კიდევ ერთი, სრულიად ახლებური მიდგომისა და მეთოდოლოგიის, მასშტაბური პროექტიც, რომელიც შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობდა, ახლახანს დასრულდა და საზოგადოებას საინტერესო შედეგები წარუდგინა.

პროექტი – ქართული ენობრივი კუნძული ტრანსეთნიკურ არეალში (GLITEA) – ფერეიდნული დიალექტი ირანში- კორპუსული დოკუმენტირება და კვლევა -ითვალისწინებდა ცენტრალური ირანის ტრანსეთნიკურ არეალში – ისპაჰანის რეგიონში – ქართულენოვანი კუნძულის წარმოშობის, განვითარებისა და შენარჩუნების ლინგვისტური ასპექტების გრძელვადიან კვლევას. კვლევა წარიმართა „კუნძულური დიალექტოლოგიის“ თეორიულ წანამძღვრებსა და ქართული ენის დიალექტურ კორპუსზე (ქდკ) დაყრდნობით https://corpora.co,  რომელშიც ინტეგრირებულია ფერეიდნული ტექსტები,  ჩაწერილი 1922 წლიდან დღემდე. პროექტის ხანგრძლივობა იყო სამი წელი. ამ დროის განმავლობაში პროექტის წევრები მივლინებით ორჯერ იმყოფებოდნენ ირანის ისლამური რესპუბლიკაში, ფერეიდნის ქართულ დასახლებებში, ასევე ქალაქ ისპაჰანში, თეირანში, ნაჯაფაბადსა და ამირაბადში, სადაც ცხოვრობენ ფერეიდნიდან ჩასული ეთნიკური ქართველები. მოგროვდა დიდძალი ვიდეომასალა. ლექსიკური მასალა ასევე  მოპოვებულია სპეციალურად შექმნილი კითხვარებითა და ანკეტების საშუალებით. მასალის მოპოვებისას გამოყენებულია დიალექტომეტრიისა და დიალექტოგრაფიის თანამედროვე მეთოდოლოგიაც. არქივებსა და ბიბლიოთეკებში   მოძიებული იქნა  ყველა შესაძლო მასალა (საგაზეთო სტატიები, წერილები, სახელმწიფო დოკუმენტები), რომლებიც დაკავშირებულია ფერეიდნელი ქართველების საკითხთან.      პროექტის ფარგლებში მონოგრაფიულად შეისწავლეს ქართული ენის ფერეიდნული დიალექტის თავისებურებები.

პროექტმა შეავსო ის დეფიციტი, რომელიც არსებობს მეცნიერების სხვადასხვა დარგში (ისტორიოგრაფიაში, ეთნოგრაფიაში, ენათმეცნიერებაში, კულტუროლოგიაში და სხვ.) ცივილიზაციის ისტორიის მნიშვნელოვანი ფრაგმენტის – ენობრივი კუნძულების ეკოლოგიის – მეცნიერული აღწერისა და მათი დარგთაშორისი შესწავლის საქმეში.

გამოიცა მონოგრაფიები:  1.„ქართული ენის ფერეიდნული დიალექტი“ (ავტორები: მარინა ბერიძე, ლია ბაკურაძე);

მონოგრაფიაში  აისახა ფერეიდნული დიალექტის ფონეტიკური, მორფოლოგიური, სინტაქსური, ლექსიკური თავისებურებები;  განხილულია დიალექტის შიდადიფერენციაციის  ენობრივი მახასიათებლები, აგრეთვე ისტორიულ სამშობლოსთან ენობრივი და კულტურული რეინტეგრაციის პროცესში წარმოქმნილი საინტერესო მოვლენები (ინოვაციური და ფსევდოლიტერატურული ფორმები და სხვ.).

  1. ქართულენადაკარგული დასახლებები ირანში (ავტორი ნიკოლოზ ნახუცრიშვილი).

მონოგრაფიაში განხილულია ის დასახლებები ირანში, სადაც  ცხოვრობენ გადასახლებულ ქართველთა შთამომავლები, რომელთაც ქართული ენა დავიწყებული აქვთ.

  1. გამოიცა სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომი „საკვანძო სიტყვა (ფერეიდნული ეტიუდები)” _ (ავტორი დიანა ანფიმიადი). ამ ნაშრომში გადმოცემულია ფერეიდნული ამბები და აღწერილია ენის კორპუსით დანახული სინამდვილე.

საკითხის ინტერნაციონალიზაციას ხელი შეუწყო საერთაშორისო კონფერენციებზე მოხსენებების წარდგენამ. გარედაქტირდა, შეივსო და ანოტირდა ფერეიდნული ონლაინლექსიკონი, რომელიც ინტეგრირებულია ქართულ დიალექტურ კორპუსში. დასრულდა პარალელურად მიმდინარე  ფერეიდნული ტექსტების ანოტირების პროცესი.

მიუხედავად იმისა, რომ ეს კონკრეტული პროექტი უკვე დასრულდა, ამ სამუშაო ჯგუფისგან არაერთ საინტერესო სიახლეს უნდა ველოდოთ ფერეიდნული კვლევების კუთხით, მათ შორის, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელოვან გამოცემას.

ახლა ჯერი მკითხველზეა, სწორედ მან  უნდა შეაღოს კიდევ ერთი კარი ფერეიდნული საიდუმლოს ამოსახსნელად, ჯერი ჩვენზე, მასწავლებლებზეცაა, რომ ჩვენი მოსწავლეებისთვის უფრო გასაგები და ახლობელი გავხადოთ ფერეიდნელთა ყოფა, ფერეიდნული გასაღების დახმარებით კი საქართველოს ისტორიასა და ქართული ენის წარსულში ვიმოგზაუროთ.

 

ავტორიტეტული აზრი და მასწავლებელი

0

თუ რომელიმე პედაგოგს ჰკითხავთ, ვისი აზრია მისთვის მნიშვნელოვანი სწავლების ამა თუ იმ საკითხზე, ის აუცილებლად დაგისახელებთ საზოგადოებისა თუ პედაგოგიკური მეცნიერებისთვის ცნობილ  და მნიშვნელოვან  სახელებს, თუმცა ამ პასუხებში უცნობებმაც შეიძლება ამოყვინთონ. ერთისთვის  ავტორიტეტულია  დიმიტრი უზნაძის, მეორისთვის ჯონ დიუის, მესამისთვის მარია მონტესორის პედაგოგიკური კონცეფციები და სხვ. საგანმანათლებლო სისტემებისა თუ ფორმების შესახებ შეხედულებები იცვლება, ტრანსფორმირდება და კონკრეტული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური თუ კულტურული კონტექსტების სივრცეში მოიაზრება.  ავტორიტეტთა შორის იშვიათად, მაგრამ შეიძლება მოხვდნენ  კოლეგებიც. თუმცა, როგორც ნებისმიერ სხვა სფეროში, აქაც მოქმედებს ბიბლიური პრინციპი: „არ არის წინასწარმეტყველი თავის ქვეყანაში“.

რა თქმა უნდა, ყველაზე და, მათ შორის, მასწავლებელზეც გავლენას ახდენს, ერთგვარი, თანამედროვე ტერმინებს თუ გამოვიყენებთ, ტრენდული და მეინსტრიმული შეხედულებები. მაგალითად, წელს პანდემიამ მთელ მსოფლიოში გააქტიურა ონლაინსწავლების თემა.  ამ ერთგვარად იძულებითი  საყოველთაო ელექტრონული სწავლების ფორმამ მთელ მსოფლიოში მსგავსი და ყოველ კონკრეტულ ქვეყანაში სპეციფიკური პრობლემები გამოკვეთა.  დიდი ხანია, დისტანციური სწავლება ისედაც არსებობდა, რომელსაც თავისი სტრუქტურა თუ სისტემური მახასიათებლები აქვს, მაგრამ ჩვეულებრივი სასწავლო ცოცხალი პროცესის ერთი სივრციდან მეორეში უდანაკარგოდ გადატანა, რა თქმა უნდა, იოლი არ აღმოჩნდა. სოციალურ ქსელებსა  თუ ელექტრონულ გამოცემებში  უხვად იბეჭდება თვალსაზრისები, წერილები, რომლებიც სწავლების ამ ფორმის ნაკლსა თუ  უპირატესობებს გამოკვეთენ.  ნაკლოვანებათა შორის, ძირითადად, ტექნიკურ ხარვეზებს ასახელებენ, რომლის დანახვა, რა თქმა უნდა,  განსაკუთრებით საქართველოსა და მისნაირი სუსტი ეკონომიკური შეძლების  ქვეყნების მაგალითზე კარგად გამოჩნდა.

ამ თვალსაზრისით, საინტერესოა ამ თემაზე ავტორიტეტული აზრის მოსმენა.  ციფრული სწავლების კრიტიკოსთა შორისაა ნუჩო ორდინე, რომელიც ამგვარი რადიკალიზმით ეხმიანება ამ საკითხს: „დისტანციური სწავლებისთვის აღვლენილი ქებათა ქება მაშინებსო“.  ის არის კალაბრიის უნივერსიტეტის იტალიური ლიტერატურის პროფესორი, რენესანსის მკვლევარი,  არაერთ უნივერსიტეტში (აშშ, საფრანგეთი, ბრიტანეთი) მიწვეული პროფესორი, მწერალი, ფილოსოფოსი, ავტორი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომებისა, რომლებიც თარგმნილია სხვადასხვა ენაზე. მისი აზრით, ვირტუალური სწავლებისა და დისტანციური განათლების თემა უფრო მეტ პრობლემას შეიცავს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. იგი ფიქრობს, რომ დისტანციური  განათლება ტროას ცხენია, რომელიც, სარგებლობს რა პანდემიით, ცდილობს  დაანგრიოს ადამიანთა პირადი ცხოვრებისა და განათლების  უკანასკნელი ბასტიონები. რა თქმა უნდა, ის არ გულისხმობს ერთგვარ ექსტრემალურსა თუ ფორსმაჟორულ ვითარებებსა და გარემოებებს.

მთელი სამყარო შეეცადა მორგებოდა ვირტუალურ სწავლებას, უპირველესად, იმისთვის, რომ სასწავლო წელი გადაერჩინა. პროფესორს აღელვებენ ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ   კორონავირუსის პანდემიამ შესაძლებლებელი  გახადა,  გაკეთებულიყო დიდი ხნის ნანატრი ნახტომი წინ. ისინი ასაბუთებენ, რომ  ჩვენ უკვე ვეღარ შევძლებთ დავუბრუნდეთ ტრადიციულ განათლებას და ერთადერთი, რის იმედიც შეიძლება გვქონდეს _ ეს არის  ჰიბრიდული სწავლება: გაკვეთილთა, ლექციათა თუ ტრენინგთა გარკვეული ნაწილი იქნება ცოცხალი შეხვედრებით ორგანიზებული, ხოლო ზოგი _ დისტანციური.  პროფესორი ნუჩო ორდინე დარწმუნებულია, რომ  მოსწავლეებთან ურთიერთობა, ცოცხალი, უშუალო კონტაქტი აუდიტორიასთან _ ეს არის ერთადერთი, რომელიც  არა მხოლოდ  განათლებას სძენს ჭეშმარიტ აზრს, არამედ მასწავლებლის ცხოვრებასაც.  იგი თავის თვალსაზრისებს დამაჯერებელად, ხატოვნად და მახვილგონიერი მეტაფორულობით გამოხატავს. მისი აზრით,  საკმაოდ საეჭვოა მომავლის დიდაქტიკის მომხრეთა  ამგვარ ენთუზიაზმი, რომელიც  ტალღებივით  წინ მიისწრაფვის და ამ მდინარებაში კრიტიკულ აზრს ნთქავს. იგი  ვერ ეგუება ცხოვრებას იმგვარ სამყაროში, რომელსაც ვეღარ სცნობს, რადგან ბევრი გაურკვევლობაა მოზღვავებული. ამიტომ იგი მხოლოდ ერთ რამეშია დარწმუნებული: აუდიტორიაში მოსწავლეებთან კონტაქტი _ ეს არის ერთადერთი, რომელიც  განუმეორებელ და განსაკუთრებულ  აზრს ანიჭებს სწავლების პროცესს.

ის 30 წელზე მეტია ასწავლის და წარმოუდგენლად მიაჩნია სხვადასხვა სასწავლო აქტივობის, გამოცდისა თუ საკონტროლო, შემაჯამებელი სამუშაოების  ჩატარება ცივი ეკრანის საშუალებით. ამიტომ ძალიან აღელვებს ის ამბავი, რომ არდადეგების შემდეგ, თუ კიდევ გაგრძელდა  ამგვარი აგრესიული ვირუსული ინფექციები, სასწავლო კურსის  განახლება მოუწევს ციფრული განათლების მეშვეობით.  წლების განმავლობაში ხომ ყალიბდება გარკვეული სასწავლო რიტუალები, რომლებიც სიხალისეს სძენენ პედაგოგისა თუ მოსწავლეთა ცხოვრებას. მას აეჭვებს, როგორ შეძლებს კლასიკური ტექსტების ისე წაკითხვას, თუ არ შეხედავს მოსწავლეებს თვალებში, თუ არ დაინახავს მათ რეაქციას, თანაგრძნობასა თუ გაოცებას. მისი აზრით, მასწავლებლებლებისა და მოსწავლეების გარეშე  სკოლები, უნივერსიტეტები და სხვა სასწავლო დაწესებულებები  გადაიქცევიან სივრცეებად,  რომლებიც სასიცოცხლო სუნთქვას იქნებიან მოკლებულნი.  ვერანაირი  ციფრული პლატფორმა ვერ შეცვლის სტუდენტის, მოსწავლის ცხოვრებას. ეს მხოლოდ კარგ მასწავლებელს შეუძლია ცოცხალი და უშუალო  ურთიერთობისას.

საგულისხმო და დასაფიქრებელია მისი ის დაკვირვებაც, რომ ციფრული  სწავლებისას  იკარგება უმნიშვნელოვანესი რამ, ის, რომ განათლება აღარ არის დაკავშირებული ადამიანის შინაგანი სამყაროს სრულყოფასთან, სულიერ განვითარებასთან.  ცოდნის შეძენა თითქოს აღარ არის იმისთვის,  რომ ადამიანი გახდეს უკეთესი, განათლება აღარ არის მოწოდებული იმისთვის, რომ ცოდნა იქცეს თავისუფლების მოპოვების ინსტრუმენტად, კრიტიკული აზროვნების განსავითარებლად, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გასააზრებლად.

თანამედროვე ახალგაზრდობა სულ უფრო მეტად ორიენტირებულია სარგებელზე.  მისი მიზანია მიიღოს სპეციალობა და პრაგმატული, მომხმარებლური სურვილები დაიკმაყოფილოს. ნუჩო ორდინე ფიქრობს, რომ დაიკარგა სკოლისა და უნივერსიტეტის იდეა, როგორც საზოგადოებისა, რომელიც მომავალ მოქალაქეს აყალიბებს, მოქალაქეს, რომელსაც ექნება არა მხოლოდ სპეციალობა, რომ თავისი პროფესიით იმუშავოს, არამედ მყარი ეთიკური პრინციპები და ადამიანური სოლიდარობის ღრმა განცდა, იზრუნოს  საზოგადო კეთილდღეობისათვის.   მოსწავლისა და მასწავლებლის ცოცხალ ურთიერთობებს კი ვერანაირი ციფრული კონტაქტი უდანაკარგოდ ვერ ჩაანაცვლებს.

მისი აზრით, ეს უფრო ამძაფრებს ისედაც არსებულ გაუცხოების კრიზისს, მარტოსულობის განცდას. გამუდმებული ონლაინ კომუნიკაციები  მოსწავლეებს თითქოს აქცევენ  უზარმაზარ რეზერვუარებად, რომლებიც ცოდნით უნდა ამოავსო. არადა, სტუდენტებს სჭირდებათ დიალოგი, ურთიერთობა. საყოველთაო კარანტინმა აჩვენა, რომ ცოცხალი და არა ვირტუალური ურთიერთობები თითქოს ფუფუნების ნაწილად იქცა.  იგი იმოწმებს ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ფრაზას: „ჩემთვის ცობილი ერთადერთი ფუფუნება_ ეს არის ადამიანებთან ურთიერთობის ფუფუნება“.  თანდათან გამოჩნდა ღრმა განსხვავება საგანგებო და ნორმალურ ვითარებას შორის. ეპიდემიის დროს გააქტიურდა სხვადასხვა ტიპის ვიდეო თუ აუდიო ზარი და  ეს ინსტრუმენტი იქცა სახლებში ჩაკეტილი ადამიანების  ურთიერთობის ერთადერთ ფორმად. არის საშიშროება, რომ ვითარების ნორმალიზებისას ეს ინსტრუმენტები დარჩებიან და მიგვიყვანენ დიდ იმედგაცრუებამდე.  სმარტფონები და სხვა ტიპის ტექნოლოგიები (რომელთა გარეშე, ცხადია წარმოუდგენელია თანამედროვე ყოფა) სასარგებლოა მანამ, სანამ მის მონებად არ გადავიქცევით.  პროფესორი კიდევ ერთ უდიდეს სოციალურ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას. მას მოჰყავს მაგალითი:  გაზეთ New York Times-ში გამოქვეყნდა წერილების სერია, რომლებშიც წარმოჩენილია ამერიკის მდიდარი ოჯახების მისწრაფება, ბავშვებმა ისწავლონ ისეთ კოლეჯებში, რომლებშიც მასწავლებლები  მოსწავლეებს  ცოცხლად ეკონტაქტებიან. საშუალო და ღარიბ ფენებში კი იზრდება ონლაინ-სწავლებაზე დამოკიდებულება. გამოდის, რომ ღარიბი მოსახლეობა განწირულია უხარისხო განათლებისთვის. პროფესორო ნუჩო ორდინე კიდევ ერთხელ შეახსენებს ყველას, რომ ადამიანს თანაბრად სჭირდება სულიერ-ხორციელი განვითარება (https://izbrannoe.com). სახარებისეული სწავლება რომ გავიხსენოთ: „არა ხოლო პურითა ცხონდების კაცი“  (მათე, 4, 4).

მთელ მსოფლიოში, უპირველეს ყოვლისა, გაიხსნა სუპერ-მარკეტები, მაგრამ არა _ ბიბლიოთეკები.  1931 წელს, ფედერიკო გარსია  ლორკამ, ფრანკისტების ხელით დახვრეტამდე ცოტა ხნით ადრე,  თავის მშობლიურ სოფელში, ფუენტო-ვაკეროში, ბიბლიოთეკა გახსნა, რადგან დარწმუნებული იყო კულტურას რა დიდი როლი ეკისრებოდა ადამიანის სულიერ აღზრდაში, მორალურ-ზნეობრივი სახის ჩამოყალიბებაში.

რა თქმა უნდა, არის გარემოებები, რომელთა წინაშე ადამიანი უძლურია. ამან შეარყია ცივილიზაციის, პროგრესის ყოვლისშემძლეობის რწმენა. ვაჟასეული  მსოფლმხედველობის ჭეშმარიტება, რომ „ბუნება მბრძანებელია“, კიდევ ერთხელ დადასტურდა. „დედამიწის ავადმყოფობაც“  უფრო სერიოზული რომაა, ვიდრე  ამას კაცობრიობა გაიაზრებდა, ესეც თვალნათლივ წარმოჩნდა.  მსოფლიო პანდემიამ ყველაფერი შეცვალა, მათ შორის, განათლების ტრადიციული ფორმები. ნუჩო ორდინეს თვალსაზრისებმა მასწავლებელსაც კრიტიკული აზროვნებისკენ უნდა უბიძგოს და სამომავლოდ  იმაზე დააფიქროს,   როგორ გადაილახოს წინააღმდეგობები ისე, რომ ცოცხალი სასწავლო ურთიერთობები შენარჩუნდეს. შეიძლება მომავლის  რობოტმა-მასწავლებელმა ყველა ინფორმაცია  იდეალურად  გადასცეს მოსწავლეს, მაგრამ   სიყვარული, სულიერება ციფრულ ენაზე არ გადაითარგმნება, რადგან მატერიალური და სულიერი სამყაროს საზღვრები გადაულახავია.

1998 წელს ოფთალმოლოგთა ამერიკული ასოციაციის ინიციატივით გამოჩნდა ტერმინი „კომპიუტერის სინდრომი“, რომელიც იმ დაავადებებს აღნიშნავდა, რომლებიც უშუალოდ კომპიუტერთან მუშაობისას ჩნდებოდა. მართალია, მას შემდეგ ტექნოლოგიები იხვეწება, პერსონალური კომპიუტერები, ტელეფონები, პლანშეტები და სხვა ტიპის ელექტრონული მოწყობილობები, რომლებიც სწავლებისას გამოიყენება, დამცავი ფილტრებითაა აღჭურვილი, მაგრამ ხანგრძლივი მუშაობა კვლავ ხიფათის შემცველია. ექიმთა რჩევაა, რომ  მონიტორებთან კონტაქტის  უწყვეტი რეჟიმი 40 წთ.-ს არ სცილდებოდეს.

თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის პატრიარქი, მარიო ვარგას ლიოსა, ერთ წერილში ამ თემასაც გამოეხმაურა. მან გაიხსენა ბილ გეიტსის შეხვედრა ესპანეთში, მადრიდში,  ესპანური ენის სამეფო აკადემიაში: „ბილ გეიტსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სიკვდილამდე აისრულებდა თავის ყველაზე სანუკვარ სურვილს. იცით, რა სურვილს? მოესპო ქაღალდი და, მაშასადამე, წიგნებიც – ანუ ის საქონელი, რომელიც, მისი აზრით, ამჟამად მობეზრებულ ანაქრონიზმად აღიქმება. ბატონმა გეიტსმა აუხსნა შეკრებილთ, რომ კომპიუტერის ეკრანებს ძალუძთ წარმატებით ჩაენაცვლონ ქაღალდს ყველა სფეროში, სადაც ის აქამდე აუცილებელი იყო. ვირტუალური „ახალი ამბები“ და ვირტუალური ლიტერატურა არა მარტო ნაკლებ ადგილს იკავებს და არაფრით ამძიმებს თავის მკითხველებს, არამედ – ეკოლოგიური უპირატესობითაც გამოირჩევა, რადგან ხელს შეუწყობს ტყეების გაჩეხას – უბედურებას, რომელიც, როგორც ჩანს, მთლიანად ქაღალდის მრეწველობის სინდისზეა. პლანეტის მოსახლეობა კვლავაც გააგრძელებს კითხვას, განაცხადა მან, რა თქმა უნდა, გააგრძელებს, მაგრამ – კომპიუტერების ეკრანების მეშვეობით, დედამიწაზე კი ამ დროისათვის მეტი რაოდენობის ქლოროფილი იქნება“.

ლიოსა ამ პრესკონფერენციას არ დასწრებია და ყველაფერი გაზეთებიდან შეიტყო.  იგი წერს: „იქ რომ ვყოფილიყავი, ბატონ ბილ გეიტსს დავუსტვენდი, რადგან თავხედობა ეყო, საჯაროდ განეცხადებინა: სურს, უმუშევრად დაგვტოვოს მეც და ჩემი მრავალი კოლეგაც – მწერლები. შეიძლება თუ არა, რომ ეკრანი მთლიანად ჩაენაცვლოს წიგნს, როგორც მაიკროსოფტის დამფუძნებელი ამტკიცებს? დარწმუნებული არა ვარ. არა იმიტომ, რომ უარვყოფ გრანდიოზულ რევოლუციურ ნაბიჯს, რომელიც კომუნიკაციათა სფეროში გადაიდგა ახალი ტექნოლოგიების – მაგალითად, ინტერნეტის – მეშვეობით (ის ყოველდღიურად ფასდაუდებელ დახმარებას მიწევს მუშაობაში), არამედ იმის მტკიცების გამო, რომ ეკრანი ქაღალდის ტოლფასია. როდესაც საუბარია ლიტერატურის შესახებ, არსებობს ზღვარი, რომელსაც ვერ გადავაბიჯებ. უბრალოდ, ვერ შევურიგდები აზრს, რომ პრაგმატულ ღირებულებასა და ფუნქციურ სარგებლიანობას მოკლებულ ტექსტს ისეთს, რომელიც არ უკავშირდება ინფორმაციის ძიებასა და დაუყოვნებელ საუბრებს – შეიძლება თავისი ადგილი მიეჩინოს ვირტუალურ სივრცეში; რომ ამ სივრცეში შეიძლება ჩაფიქრდე, სულიერად განმარტოვდე, ისევე დატკბე და ისეთივე კმაყოფილება განიცადო, როგორც – წიგნის კითხვისას. შესაძლოა ეს ჩემი პირადი ნაკლია პრაქტიკის ნაკლებობისა და, უმეტესწილად, ქაღალდზე დაბეჭდილი ტექსტების კითხვის შედეგი, მაგრამ (თუმცა დიდი სიამოვნებით ვმოგზაურობ ინტერნეტში ახალი ამბების ძიებისას) აზრადაც არ მომსვლია ამ ქსელის გამოყენება გონგორას ლექსების, ონეტის ან კალვინოს რომანების, ან კიდევ – ოქტავიო პასის ესეების წასაკითხად. რადგან მშვენივრად ვიცი, რომ ამგვარი კითხვის ეფექტი არასოდეს იქნება ისეთი, როგორსაც მიჩვეული ვარ. იმის წარმოდგენაც კი არ ძალმიძს, რაოდენ საზარელი და, შესაძლოა, მომაკვდინებელიც კი შეიძლება იყოს ლიტერატურისთვის წიგნების გაუქმება („სამყარო რომანების გარეშე“).

პროგრესი მატერიალური ცხოვრების თანმდევია, ამიტომ საგანმანათლებლო სისტემები თუ პედაგოგები, დღეს და ხვალაც კიდევ არაერთი  გამოწვევის წინაშე დადგებიან.  მთავარია,  ყველა ხელმისაწვდომი გზისა თუ ფორმების მოსინჯვა, გაბედულება და კრიტიკული აზროვნება, რათა არცერთი ავტორიტეტული აზრი არ იქცეს დამოუკიდებელი და თავისუფალი შემოქმედებითი თვალთახედვის დამაბრკოლებლად.

 

 

ის, რაც შვილებს აუცილებლად უნდა ვასწავლოთ

0

იუვალ ნოე ჰარარი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული თანამედროვე მეცნიერი, ისტორიკოსი, სამეცნიერო ფორუმების გამორჩეული სპიკერი და ბესტსელერების ავტორია. 2004 წლიდან ის რეგულარულად გამოსცემს ნაშრომებს. თუმცა ნამდვილი პოპულარობა მისთვის 2014 წელს გამოცემულ წიგნს – „Sapiens: კაცობრიობის მოკლე ისტორიას“ მოაქვს, შემდეგ 2016 წელს გამოცემულ „Homo Deus: ხვალინდელი დღის მოკლე ისტორიასა“ და ბოლოს 2018 წელს წიგნს სახელწოდებით „21 გაკვეთილი XXI-ე საუკუნისთვის“. ამ უკანასკნელ გამოცემაში მწერალი-ფუტუროლოგი განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზეც საუბრობს და გვირჩევს, რა და რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს.

 

გაურკვეველ სამყაროში გარკვევა 

იუვალ ნოე ჰარარი დარწმუნებულია, რომ მომავალში ადამიანები სულ უფრო მეტად მიენდობიან ხელოვნურ ინტელექტსა და ალგორითმებს. მილიარდობით მომხმარებელი ისედაც ჩართულია ამ პროცესში – ბოლომდე ენდობიან Facebook-ს, რომელიც გეგმავს მათ დღეს, სჯერათ Google-ით გავრცელებული ინფორმაციის, ფილმების არჩევაში მათ Netflix-ი, საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაში კი Amazon-ი ეხმარება.

ჰარარის თქმით, უახლოეს მომავალში ალგორითმები ისე „გაიწაფებიან“, რომ ადვილად შეძლებენ პროგნოზირებას, თუ რამდენად ვარგისიანია ადამიანი სამსახურში, რამდენად მოახერხებს იღბლიან ქორწინებას და სხვ. ერთი სიტყვით, მოვა დრო, როდესაც ადამიანი გადაწყვეტილებებს უბრალოდ არ მიიღებს.

როგორია ობიექტური სამყარო და რა სჭირდება შვილებს ამ სამყაროში გადასარჩენად? ჰარარი ამბობს, რომ ადამიანებმა დროთა განმავლობაში ობიექტურ, არსებულ რეალობას გამოგონილი რეალობაც დააშენეს. გამოგონილ რეალობაში ის გულისხმობს ერებს, ფინანსებს, კორპორაციებს. ადამიანს უწევს ორშრიან, სწრაფცვალებად რეალობაში ცხოვრება.

ამიტომ დღის წესრიგში დგება კითხვა: რა აქვთ აუცილებელი სასწავლი ჩვენს შვილებს პროგრამირების გარდა? რომელ უნარებს უნდა ფლობდნენ კარგად? ჰარარის თქმით, ჩვენ გაურკვეველ სამყაროში ვცხოვრობთ. ის იმდენად ბუნდოვანია, რომ გაუგებარია რისთვის უნდა ვიყოთ მზად, რაც მთავარია, როგორ მოვამზადოთ ამისათვის ჩვენი შვილები? ბოლოს და ბოლოს, რა უნდა ვასწავლოთ მათ? ჰარარის აქვს პასუხი ამ კითხვაზე, ალბათ ყველასათვაის არცთუ მისაღები. ის არ ამბობს, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში მათემატიკისა ან ჩინური ენის სრულყოფილი ცოდნის გარეშე ვერ ვიარსებებთ. ის სხვა რეცეპტებს გვთავაზობს.

 

რა არის აუცილებელი  

აუცილებელია ისწავლო სწავლა – ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეგვიძლია ვასწავლოთ შვილებს სწავლის სწავლაა. მრავალტირაჟიანი, უამრავ ენაზე ნათარგმნი წიგნია „21 გაკვეთილი XXI საუკუნისთვის“ ავტორი წერს, რომ ოდითგანვე ცხოვრება ორ ნაწილად იყოფოდა: სწავლის პერიოდი და მუშაობის პერიოდი. პირველ ნაწილში ჩვენ ვაგროვებდით ცოდნასა და განვავითარებდით უნარებს, მეორეში – ვიყენებდით მათ.

დღეს ამ მიდგომამ დრო მოჭამა. „ჩვენ წარმოდგენაც არ გვაქვს, რა უნდა ვისწავლოთ 20 წლის მერე. ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცით ისაა, რომ რაღაც ახლის შესწავლა მოგვიწევს,“ – დარწმუნებულია ჰარარი. ამიტომ საუკეთესო გამოსავლად მიაჩნია ბავშვების შემზადება ცოდნისა და უნარების მუდმივი განახლებისთვის.

აუცილებელია შეაკავო დარტყმა – კიდევ ერთი საჭირო უნარი – საკუთარი მარცხის ატანის უნარი. „თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემა წარმატებას უდიდეს ყურადღებას უთმობს, მაგრამ საერთოდ არ ასწავლის დარტყმის ატანას. ეს მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც ვთქვი, ეკონომიკაში მომხდარი ცვლილებების გათვალისწინებით, ბევრს ხელახლა სწავლა მოუწევს. ისინი იძულებულნი იქნებიან დაეთანხმონ, რომ ის რაც მათ 20 წლის წინ იცოდნენ, აღარაა ღირებული. ასე რომ, მათ მოუწევთ წარუმატებლობის წინაშე დადგომა და არდანებება, არამედ მუშაობის გაგრძელება“.

აუცილებელია სტრესთან ბრძოლა – ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარება კაცობრიობას ტოტალური მეთვალყურეობის საფრთხის ქვეშ აყენებს. ჰარარის სჯერა, რომ ღირს შვილების მომზადება იმისთვის, რომ იცოდნენ – ბევრი სირთულე შეხვდებათ, ამიტომ უნდა ისწავლონ სტრესთან გამკლავება.

„სტრესის დონე უკვე ისედაც ძალიან მაღალია და კიდევ უფრო გაიზრდება მუდმივი ცვლილებებისა და ტოტალური მეთვალყურეობის გამო. ყველაფერი, რასაც აკეთებ, სისტემაში „შედის“. და თქვენ იგრძნობთ შფოთვას, რომ ისინი გმეთვალყურეობენ, მთელ თქვენს ცხოვრებას ერთ დიდ გასაუბრებად აქცევენ“, – გვაფრთხილებს მწერალი.

„2050 წლისთვის „უსარგებლო“ ადამიანთა კლასი გაიზრდება არა მხოლოდ სამუშაო ადგილებისა ან ადეკვატური განათლების დანაკლისის გამო, არამედ ფსიქიკური გამძლეობის არარსებობის გამო… სავარაუდოდ, ჩვენ უფრო და უფრო მეტი ცვლილებების კასკადი გველის, იმის გათვალისწინებით, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ჯერ ბოლომდე არ გაშალა ფრთები. სამუშაო ადგილები გაქრება, გაჩნდება ახალი, მაგრამ შემდეგ ეს სამუშაოც შეიცვლება და გაქრება. თუ ადრე ადამიანები ექსპლუატაციის წინააღმდეგ იბრძოდნენ, XXI საუკუნეში მათ უსარგებლობასთან გაბრძოლება მოუწევთ. და ბევრად უარესია იყო უსარგებლო, ვიდრე ექსპლუატირებული. ამ ბრძოლაში დამარცხებულები უსარგებლო კლასის რიგებში აღმოჩნდებიან. რა თქმა უნდა, ისინი არ იქნებიან უსარგებლონი ოჯახის წევრების და მეგობრების თვალში, არამედ უფრო ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემის თალსაზრისით. უსარგებლო კლასი გამოეყოფა მზარდი უფსკრულით  უფრო ძლიერ ელიტას,“ – ასეთია ჰარარის პროგნოზი.

როგორ შეგიძლიათ გაუმკლავდეთ სტრესს? თავად ჰარარი უპირატესობას მედიტაციას ანიჭებს. „მაგრამ ეს არ არის უნივერსალური რჩევა, ის ჩემთვისაა გამოსადეგი. თქვენ თუ სპორტი გირჩევნიათ, ახლავე დადექით სარბენ ბილიკზე“.

აუცილებელია იყო მოქნილი – გაურკვევლობა XXI საუკუნის ახალი ჰიტია. „როგორ მოვიქცეთ, როცაც უჩვეულო სიტუაციაში აღმოვჩნდებით? როგორ მოვიქცეთ, თუ  უზარმაზარმა ინფორმაციამ დაგვტბორა და მისი გააზრებისა და ანალიზის საშუალება არ გაგვაჩნია? როგორ ვიცხოვროთ სამყაროში, სადაც გაურკვევლობა შეცდომა კი არა, არამედ მისი მახასიათებელია?“ – კითხულობს ავტორი.

იმისათვის, რომ ასეთ პირობებში წარმატებულები, კონკურენტუნარიანები ვიყოთ, ჩვენ და ბავშვებს კიდევ ორი ​​უნარი გვესაჭიროება: მოქნილი გონება და განვითარებული ემოციური ინტელექტი. „თქვენ მუდმივად მოგიწევთ საკუთარი თავის აღმოჩენა, მორგება შრომის ბაზრის საჭიროებებზე, რომლებიც სულ უფრო და უფრო ცვალებადი გახდება. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია გონების მოქნილობისა და ემოციური ინტელექტის განვითარება“, -აღნიშნავს ჰარარი.

რაც შეეხება სკოლებს, კარგი იქნება, თუ ისინი შეცვლიან ტექნიკური უნარ-ჩვევების განვითარებას და აქცენტს „ცხოვრებისეული“ უნარების განვითარებაზე გადაიტანენ. ჰარარი წერს: „მრავალი განათლების ექსპერტი პედაგოგიკაში მხარს უჭერს სკოლების გადასვლას „ოთხი C“ (Critical thinking, communication, collaboration, creativity) სწავლებაზე: კრიტიკული აზროვნება, კომუნიკაცია, თანამშრომლობა და შემოქმედება“.

 

რა არ არის უცილებელი  

თქვენ ნამდვილად აღარ გჭირდებათ მეხსიერების ვარჯიში – ოდესღაც, წერს ჰარარი, ინფორმაციის დამახსოვრება საჭირო იყო. 200 წლის წინ, მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი შეიძლება დაკმაყოფილებულიყო კერძო ბიბლიოთეკებში თავმოყრილი მწირი მონაცემებით. დღეს დედამიწის შორეულ ადგილებშიც კი არის სმარტფონები ინტერნეტით, ვიკიპედიის წასაკითხად კი ორი სიცოცხლეც არაკმარისი იქნება… ჩვენს გარშემო უამრავი ინფორმაციაა, რომლის გონებაში შენახვა საჭირო არ არის. ჰარარის აზრით, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია „ინფორმაციის გაგება, მნიშვნელოვნის უმნიშვნელოსგან გარჩევა და რაც მთავარია, ინფორმაციის ფრაგმენტების გაერთიანება სამყაროს თანმიმდევრული სურათის შესაქმნელად“.

პროგრამირების სწავლა ნაკლებად აუცილებელია – ბევრს ჰგონია, რომ პროგრამირების და უცხო ენების ცოდნა ყოველთვის მოთხოვნადი იქნება. სინამდვილეში, ჰარარის სჯერა, რომ 2050 წლისთვის, როდესაც ახლახან დაბადებულები იმ დროისთვის 30 წლის ასაკს გადაცილდებიან, ასეთი უნარების საჭიროება გაქრება. ხელოვნური ინტელექტი თვითონ მოახერხებს დაპროგრამირებას და თარგმნას, ამისათვის მხოლოდ შესაფერისი აპლიკაციის გადმოწერა იკმარებს.

როგორც აღვნიშნეთ, დაფასდება ცხოვრებისეული უნარ-ჩვევები, უპირველეს ყოვლისა „ცვლილებებთან ადაპტაციის, ახლის სწავლებისა და უჩვეულო სიტუაციებში სიმშვიდის შენარჩუნების უნარი“. როგორც ისტორიკოსი წერს, „2050 წლის სამყაროს მოდელთან მისაახლოებლად თქვენ არა მხოლოდ ახალი იდეებისა და პროდუქტების შეთავაზება დაგჭირდებათ, არამედ, პირველ რიგში, თქვენი საკუთარი თავის მუდმივად განახლება.

 

უფროსებისთვის ყველაფრის დაჯერება ცუდი რჩევაა – ჰარარი წერს, რომ ადრე უფროსების მოსმენა და მათი გამოცდილების გაზიარება შედარებით უსაფრთხო იყო,  სამყარო პროგნოზირებადი იყო: 1019 წელს ჩინეთში ყველამ არ იცოდა, რომელი დინასტია იქნებოდა მმართველი 30 წლის შემდეგ, მაგრამ ის არ იწვევდა ეჭვს, რომ 30 წლის მერე გოგონები მორჩილი ცოლები მაინც იქნებოდნენ, ბიჭები არისტოკრატული ოჯახებიდან კი მეომრები და კალიგრაფები. ახლა ასე აღარაა საქმე. უხუცესთა ცოდნა კარგავს აქტუალობას მანამდე, ვიდრე მომავალი თაობა გაიზრდება. უფროს თაობას არ სურთ უმცროსი თაობის დაზიანება, წერს ჰარარი, მაგრამ XXI საუკუნეში ის უფრო ხშირად მოძველებულ ცოდნას და გამოცდილებას გადასცემს მას.

საკუთარ თავსაც ნაკლებად უნდა უსმინო – მომდევნო თაობა არ უნდა ენდოს შინაგან ხმას. ჰარარის აზრით, მარკეტოლოგებისთვის ძალიან ადვილია ჩვენი გონებით მანიპულირება – ტექნოლოგიების დახმარებით. 2050 წლისთვის უკიდურესად პრობლემური იქნება საკუთარი დამოკიდებულების გარჩევა გარედან მოხვეული  დამოკიდებულებისაგან. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ვასწავლოთ კრიტიკული აზროვნება. და რაც მალე, მით უკეთესი. „თუ გსურთ ნაწილობრივ გააკონტროლოთ თქვენი ცხოვრება და მსოფლიოს მომავალი, უნდა იყოთ უფრო სწრაფი, ვიდრე ალგორითმებია, Amazon-ზე და სახელმწიფოზე უფრო სწრაფი და მანამდე შეიმეცნოთ საკუთარი თავი, ვიდრე ისინი შეგიმეცნებენ“, – წერს ჰარარი.

მთავარია თვითმყოფადობა – ჰარარის აზრით, 30 წლის შემდეგ ორიგინალობა ახალი ნორმა იქნება, აზროვნების მოქნილობა კი უმთავრესი უნარი. ამავდროულად, ნებისმიერი გამოცდილება აღარ იქნება ღირებული და რელევანტური დაჩქარებული პროგრესის  გამო, რომელიც წარმოუდგენლად მაღალი გახდება. თქვენ სრულიად მზად უნდა იყოთ უარი თქვათ ცოდნისა და უნარების მთელ კომპლექტზე და დაუყოვნებლივ დაიწყოთ ახლის შექმნა.

მოამზადა ირმა კახურაშვილმა

წყარო:

https://forge.medium.com/yuval-noah-harari-21-lessons-21st-century-what-kids-need-to-learn-now-to-succeed-in-2050-1b72a3fb4bcf

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...