შაბათი, აგვისტო 2, 2025
2 აგვისტო, შაბათი, 2025

სამძიმრის წიგნი – ანზორი და გურამი

0

ანზორ ერქომაიშვილი და მე უკანასკნელი ორი წელია, რაც დავმეგობრდით.

თუ შეგვიძლია სიტყვა „ეპოქალური“ უბორძიკოდ და იოლად ვახსენოთ – ეს ამ ადამიანის მოღვაწეობაა. ქართული ხალხური სიმღერა თუ არსებობს – ამ კაცის მიერაა კარდაკარ ნაგროვები. ის ამ სიმღერით სუნთქავდა, ფიქრობდა, აზროვნებდა – 80 წლის ადამიანი, მოგონებები რომ ათასისა აქვს და შეუძლია ბუხართან იჯდეს წარსულისკენ მოღიმარი, ისევ მომავალს უმზერდა და დაუცხრომელ ძიებაში გახლდათ – დღეში ორჯერ მირეკავდა და ახალ მიგნებებს მიზიარებდა. საათობით ვიჯექით და პარიზიდან, ,,პატეს” არქივებში გაბნეული ქართული ჩანაწერების ჩამოტანაზე ვმსჯელობდით. ორმა ადამიანმა დამაკავშირა ქართულ ფოლკლორს ამ ძალით – პირველად ზურაბ კიკნაძემ უნივერსიტეტში და მეორედ ბატონმა ანზორმა, სულ ახლახან. ეროვნული ბიბლიოთეკის ფოლკლორის დარბაზში აუცილებლად შეიქმნება მისი კუთხე, ჩემს ოთახში კი მთელი კარადა მელის არქივის – ახლა სწორედ მისი მონოგრაფიის წინასიტყვაობაზე ვმუშაობდი. ბევრი რამ არის სიმბოლური. ძალიან ბევრი. მათ შორის ისიც, რომ მის ამ ქვეყნიდან წასვლას გურიაში შევხვდი. მაგრამ ეს ჩემთვისაა მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი. თვითონ უკვე ზეცაში მიიკვლევს გზას – იქ გზად ,,ჩაკრულო” შემოხვდება. შემოხვდება და წაიღიღინებს. ეს იქნება მისი სამოთხის საშვი. სხვანაირად არ გამოდის. სხვანაირად ვერც იქნება. მე ვეცდები მისი ყველა დანაბარები შევასრულო – არ ვიცი, შევძლებ თუ არა, მაგრამ ის ზუსტად ვიცი – თვითონ დამეხმარება.

 

 

ეპოქალური დანაკარგების დღეებია – ერთი გიგანტური ქართველის დაკრძალვის დღეს, მეორე გიგანტური ქართველი დავკარგეთ.

გურამ დოჩანაშვილთან, უკიდურესად მოკრძალებულ ბინაში, თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ, თუ გინახავთ ეს საოცარი მწერალი, როგორ ასხამდა ჩაის, როგორ ჭრიდა პურს მის საყვარელ მეუღლესთან, ნათელასთან ერთად, როგორ უწყლიანდებოდა თვალები სრულიად უბრალო ამბების თხრობისას, მიხვდებოდით – ასეთი ადამიანები ბავშვობიდან კი არ მოდიან, საერთოდაც არასდროს მიდიან ბავშვობიდან.

ასეთ ბავშვებს უზარმაზარი ამბები ახლავთ ხოლმე თან – პროკლამაციის გაკვრისთვის დაჭერილი ახალგაზრდა გურამი, მოგვიანებით მოიგონებს, როგორ თათბირობდნენ მეგობრები ბინაში, მათ შორის კოსტავა და გამსახურდია; როგორ აშრობდნენ ახალდაბეჭდილ სველ ფურცლებს, როგორ დაასხდნენ უნებლიეთ და როგორ აჰყვათ შარვლებზე ფურცლები. ეს სცენა, ეს სასაცილო და ცოტა ყოფითი სცენა იყო ის მაგიური რეალიზმი, სადაც მერე დოჩანაშვილმა იცხოვრა და ბევრი გვაცხოვრა. ამ უცნაური სცენით დაიწყო ის დიდი ისტორია, რომელმაც ქვეყანა დამოუკიდებლობამდე, გურამი კი დიდ ლიტერატურამდე მიიყვანა. კაატინგები ბლომად შემოხვდა, მაგრამ ამ კაცს ლიტერატურა უყვარდა და ლიტერატურა კიდევ კაატინგებს ისედაც გულისხმობდა.

წავიდა და დაგვიტოვა ერთი წამი. ის წამი, სადაც ყველამ ვიცით საკუთარი თავი – სწორედ გურამმა გვისახსოვრა. უბრალოდ ჩვენ ამ წამის შემჩნევამდე ვიძინებთ ხოლმე.

 

 

შეგიძლია, სახლში წახვიდე

0

2019 წელს „ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტოს“ მიერ თემურ ჩხეტიანის რედაქტორობით გამოიცა ია ჯინჭარაძის მეოთხე პოეტური კრებული „შეიძლება, სახლში წავიდე, ბატონო?..“…

 

ასე დავიწყე ამ წერილის წერა ორიოდე კვირის წინ, მაგრამ ამის იქით სიტყვაც ვერ მივამატე. ვიწვალე, თავი არ დავზოგე, თუმცა – სრულიად უშედეგოდ. ასეთი რამ ძალიან იშვიათად მემართება და მიზეზი სხვადასხვაა. ამ შემთხვევაში მიზეზი სევდა იყო. სევდა, რაც კრებულის წაკითხვამ დამიტოვა. წიგნში აკუმულირებულ სევდას კი ყველაზე ფაქიზი რამ – სამშობლოს მონატრება განაპირობებს. თავიდან საკუთარ თავს შევეწინააღმდეგე, იქნებ ეს სევდა წინასწარ შექმნილი განწყობის შედეგია, რადგან ვიცი, რომ ავტორი, ქმართან და შვილებთან ერთად, უცხოეთში ცხოვრობს-მეთქი. რაღაც დროის მერე, როცა პირველმა ემოციამ გადამიარა, წიგნს ისევ მივუბრუნდი, ამჯერად შევეცადე, უფრო მახვილი თვალით, ავტორის ბიოგრაფიისგან დისტანცირებულად წამეკითხა, თუმცა შედეგი იგივე იყო. დიახ, ეს წიგნი სამშობლოს, აქ დატოვებული ძვირფასი ადამიანების თუ იმ ხალხური ზღაპრების პერსონაჟთა მონატრების წიგნია, ბავშვობიდან რომ თან გვდევს ხოლმე. ოღონდ ეს არ არის ემიგრანტული სადღეგრძელო-ლექსები.

 

პოეზია ხომ უნიკალური რამეა, თითქოს ჰერმეტული და კამერულია, თითქოს მასობრივი არ არის, სინამდვილეში კი, განურჩევლად ინტელექტისა, ადამიანის სენსუალურ-მედიტაციური რყევების რეალიზაციის უნიკალური და ყველასთვის ხელმისაწვდომი საშუალებაა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ წამიკითხავს ხანგრძლივ ფორსმაჟორულ ხათაბალაში გახვეული (მაგ: ციხეში მჯდომი) ადამიანების ლექსები. არადა, გულწრფელად რომ ვთქვა, ამ ადამიანების პოეზიასთან სიახლოვეს წარმოვიდგენდი კი არა, იმაშიც არ ვიყავი დარწმუნებული, წერა-კითხვა რომ იცოდნენ გამართულად. სწორედ ასეთი ფორსმაჟორული ხათაბალაა ემიგრანტობა. ნოსტალგიამოძალებული ადამიანები ლექსების წერას იწყებენ და ამაში ცუდი არაფერია. თან „ფეისბუქმა“ საქმე გაამარტივა: მკითხველიც ადვილად ხელმისაწვდომია. მაგრამ თუ პროფესიონალურ კრიტიკაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია აღნიშნული ტექსტებისა და მათი ავტორების სეგრეგაცია მკაცრი მხატვრული კრიტერიუმებით, ყოველგვარი კომპრომისისა და შეღავათის გარეშე, თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა.

 

იას ეს კრებული კი, როგორც უკვე აღვნიშნე, არც – ფორმით და არც – შინაარსით, არ არის ტიპური ემიგრანტული პოეზია. ეს არის გამოკვეთილი ხელწერის მქონე პროფესიონალი პოეტის წიგნი. აქ ოსტატურად არის ვუალიზებული ნოსტალგიური სევდა. ეს სევდა იგრძნობა თითქმის ყველა ლექსში, მათ შორის ისეთებში, თემატურად სრულიად სხვა რამეს რომ ეხებიან. თუმცა წიგნში არის რამდენიმე ლექსი, სადაც ეს სათქმელი დაუფარავადაა გამოკვეთილი:

 

„ შენი მკლავები

ისეთი მსუბუქია – ფრთებივით,

შენთვის თავს იკლავენ,

რომ მოგეხვიონ და გაკოცონ,

ვიდრე ჩემი ძმები

კოცონთან ძვლებს ითბობენ,

ვზივარ და შეშლილ თმებზე

გეფერები“. („სამშობლო“).

 

ანდა:

 

„ზოგჯერ ხელებს ვშლი

და მგონია –

შენ ხარ ჩემს მკლავებს შორის

მოქცეული ქარი

და თეთრი გვირაბი,

მე რომ მირჩევნია

ყველა გატკეპნილ თოვლს,

თუ მდინარე –

აღმა გაქცეული

ადამიანების საშველად,

მათ კი ვერ გაუგეს“. („საქართველოო ლამაზო“).

 

 

ზოგჯერ ეს გრძნობა ასე უცნაურადაც კი ტრანსფორმირდება:

 

„გამიცვალე სამშობლო!

როგორც ბავშვები

უცვლიან ერთმანეთს პუდინგებს

და მოქარგულ ხელსახოცებს.

როგორ მინდა,

ამ დინგებით გადათხრილმა მიწამ

მოიხდინოს ზეთისხილის ბაღები

და ლავანდის მინდვრები“.

 

ზოგჯერ კი ასეთ ლოკალურ სახეს იღებს:

 

„ერთი სიზმრის მჯერა

ყველაზე მეტად –

როგორ მივყავარ პაპაჩემს,

ხელჩაკიდებული,

თავისი სახლის სანახავად.

დგას და დაბნეული იმეორებს –

აქ უნდა იყოს,

ამ დანგრეული

ეკლესიის გვერდით“.

 

ლექსების ლირიკულ გმირს ერთი სული აქვს, სახლის რუტინული საქმეები მოილიოს და თავის სტიქიაში გადავარდეს, თუნდაც ფანჯარა გამოაღოს და ჩიტები ათვალიეროს. თუმცა ეს ორნითოლოგიური დაინტერესება როდია, ჩიტი არის თავისუფლების სიმბოლო, რომელიც იქ გაფრინდება, სადაც მოესურვება, და რომელსაც ლირიკული გმირის ქვეცნობიერში მყარი იდიომატური („ჩიტივით თავისუფალი“) საფუძველი აქვს. ჩიტის სახე ლექსიდან ლექსში გადადის ცალკეულად თუ ჯგუფ-ჯგუფად, და ლირიკული გმირის მშვიდ ცხოვრებაში შემოჭრილი პოზიტიური აჟიოტაჟის ეფექტს ქმნის. ერთხელ ლირიკულმა გმირმა „ჩიტების ღმერთიც“ იპოვა:

 

„მე ვნახე ჩიტების ღმერთი,

ფლორენციაში,

დუომოს მოედანზე,

მოლბერტზე დახრილი

ლაბირინთს ხატავდა.

– მე ვიცი, ვინ ხარ – გავიფიქრე.

– ყველა იმას ხედავს, რაც უნდა –

თქვა თავაუღებლად,

და მხრები ოდნავ შეარხია.

არასდროს მინდოდა ღმერთობა.

აი, ხე კი ვიქნებოდი,

წყლის სინათლეში

გავწვებოდი განაკაწრივით.

განა ასე მკაცრი იქნებოდა

ცხოვრება,

ხე რომ ვიყო,

ჩიტების ხმის შემფარებელი“.

 

ლირიკული გმირის წარმოსახვაში, ჩიტების გარდა, ანგელოზებიც ლევიტირებენ საკმაო ინტენსივობით (ლექსები: „ ანგელოზი კასიონის მთიდან“, „ ჩემი ანგელოზი“, „ქვის ანგელოზი“ და სხვა.) წიგნში ასევე გვხვდება არაერთი მეტატექსტური ლექსი, ანუ ლექსი ლექსის/ლექსების შესახებ. ერთ ასე ლექსში ვკითხულობთ:

 

„ჩემი ლექსები ითარგმნება,

აი ასე – ქართულიდან ქართულად“.

 

მე კი ჩემი მხრივ დავამატებ, რომ ია ჯინჭარაძის ეს წიგნი, აქა-იქ მიმობნეული უცხოური ტოპონიმებისა და აქა-იქ გაელვებული უცხოელი პერსონაჟების მიუხედავად, ერთ-ერთი ყველაზე ქართული წიგნია, ამ ეპითეტის საუკეთესო გაგებით.

გაკვეთილი პარალელების ძიებაში

0

მიხა ხელაშვილის „ლექსო ამოგთქომ ოხერო“ და რევაზ ინანიშვილის „დედა“ –

ვინც სკოლაში მუშაობს ან ადრე ჰქონია მსგავსი გამოცდილება, დამეთანხმება, საგაკვეთილო პროცესი ყოველთვის ისე ვერ მიდის, როგორც დაგეგმილი იყო. ხანდახან ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ( ვთქვათ,  ცოტა მოსწავლეა და დაგეგმილი მასალის ახსნას აზრი არა აქვს, ან კოლეგა ავადაა და კლასების შეერთება გვიწევს, ან, სამწუხაროდ, კლასის უმეტესი ნაწილი მოუმზადებელია და დაგეგმილი საგაკვეთილო პროცესისათვის აუცილებლად გვჭირდება მათი მზადყოფნა და ა.შ ) მასწავლებელს უწევს იმპროვიზაცია და ასეთ დროს ყველაზე მოსახერხებელია მცირე ზომის ტექსტები, რომლებიც საშუალებას იძლევა კლასშივე წავიკითხოთ, მოვაწყოთ განხილვა, რაც შეიძლება მეტად უზრუნველვყოთ კლასის თითოეული წევრის ჩართულობა და ასეთ გაკვეთილზე მიღებული ცოდნა თუ გამოცდილება სამომავლო მოტივაციად ვაქციოთ. მსგავსი ტიპის იმპროვიზაციული გაკვეთილი დღეს, ციფრულ ეპოქაში, მეტად შესაძლებელია, რადგან მასწავლებელთა დიდ ნაწილს ხელი მიუწვდება თუნდაც მობილურ ინტერნეტზე და ტექსტების უცებ მოძიება პრობლემა არაა.

შევეცდები ერთი ასეთი გაკვეთილის თემა მოგაწოდოთ. ვფიქრობ, იგი გამოსადეგი იქნება როგორც  საბაზო საფეხურზე, ასევე – საშუალოზე და პედაგოგი თავად შეძლებს კლასის მომზადების დონის მიხედვით გაართულოს ან გაამარტივოს ტექსტების ანალიზი.

მახსოვს ბავშვობაში განსაკუთრებულად მიყვარდა ვახტანგ კოტეტიშვილის მიერ შედგენილი კრებული „ხალხური პოეზია.“ ფოლკლორული კრებულები სხვაც გვქონდა, მაგრამ ეს, ყავისფერი, საშუალო სისქის სქელყდიანი წიგნი რაღაცით გამორჩეული იყო, ალბათ, უპირველესად, შემდგენლის გემოვნებით. ახლა ეს წიგნი აღარა მაქვს, სადღაც გაიბნა, ალბათ ვინმემ ითხოვა და არ დააბრუნა, მაგრამ მისი, როგორც ნივთის სიყვარული, დღემდე მომყვება.

აი, ამ კრებულში, როგორც მახსოვს, დასაწყისშივე დაბეჭდილი იყო მიხა ხელაშვილის „ლექსო ამოგთქომ ოხერო, “  დაბეჭდილი იყო როგორც ხალხური ნაწარმოები, თუმცა მამა გვიყვებოდა, რომ სინამდვილეში ლექსს ავტორი ჰყავდა, რომელიც ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმში იბრძოდა, საბჭოთა ხელისუფლებას ეომებოდა და მისი, როგორც ხალხისა და სახელმწიფოს მტრის ლექსების დაბეჭდვა არ შეიძლებოდა. ამ სახით აერიდა ვახტანგ კოტეტიშვილი ცენზურას, ლექსი მაინც გადაარჩინაო. სიმართლე რომ გითხრათ, მაშინ ქაქუცა ჩოლოყაშვილზეც ძალიან ცოტა რამ ვიცოდით და წითელი არმიისთვის გაწეულ წინააღმდეგობაზეც. თუმცა თავისთავად მომხიბვლელი და რომანტიკულ ელფერში გახვეული იყო ორივე სახელი, როგორც ყველაფერი აკრძალული და ანტისაბჭოთა.

ვფიქრობ, ეს ისტორია, მიხა ხელაშვილის ტრაგიკულ ბედისწერასთან ერთად, საშუალებს მისცემს მასწავლებელს გააჩინოს ინტერესი და უახლოეს ტოტალიტარულ გამოცდილებაზე გაუმახვილოს მოსწავლეებს ყურადღება, რადგან მტრების მიერ მისთვის დედის მოკვლის ამბავი ერთ-ერთი ნათელი მაგალითია, სადამდე შეიძლება მივიდეს ადამიანთა უგუნურება.

მიხა ხელაშვილი ბიოგრაფია და სახელი ასევე  შესაძლებლობას იძლევა ყაჩაღობის, ტყეში გავარდნილობის მოტივებისა და კონტექსტის გასააზრებლად.  მით უფრო, რომ ფოლკლორში ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე ნიმუში „არსენას ლექსი,“ რომელიც ნამდვილ პიროვნებას ეძღვნება, გვაქვს ამავე თემატიკის  მიხეილ ჯავახიშვილის „არსენა მარაბდელი,“ ილია ჭავჭავაძის „კაკო ყაჩაღი“ და ბევრი და ბევრი. თუნდაც სისონა დარჩიას გმირული საქციელი რად ღირს, როცა ის დევნილი, ყაჩაღი, გავარდნილი კაცი ძმის სატირალში მაინც მიდის:

„სისონაი დარჩიაი

ნაქებია ბიჭობაში,

შევიდა და ძმა იტირა,

არ შეშინდა ამდონ ხალხში

შენ მკვდარი და მე ცოცხალი,

რაფერ გავერიო ხალხში?“

ასევე შეგვიძლია მსოფლიო გამოცდილებიდან გავახსენოთ რობინ ჰუდი, რომლის შერვუდის ტყის ზღაპრული სამყაროს შესახებ თანამედროვე ბავშვებმა, როგორც წესი, კინოფილმიდან იციან.

ვფიქრობ, ყაჩაღების სახელებს მოზარდები ისედაც ხვდებიან და აუცილებელია, იცოდნენ კონტექსტი, რა განაპირობებდა მათ რომანტიზაციას, რატომ უყვარდათ ისინი და რატომ უთანაგრძნობდნენ, უნაწილებდნენ უკანასკნელ ლუკმას, იფარებდნენ და თავიანთ თავებს საფრთხეში იგდებდნენ?

ამგვარი მცირე ბიოგრაფიულ-ეპოქალური ექსკურსის შემდეგ შეგვიძლია წავუკითხოთ თვითონ ლექსი, თუ პროექტორის საშუალებაა, გავუშვათ ეკრანზე და ანალიზისათვის ვუბიძგოთ, დაყონ ნაწილებად. მივეხმაროთ, რომ გამოყონ ოთხი ძირითადი აზრობრივი მონაკვეთი.

  1. ლექსი, მისი ამოთქმის, დატოვების ამბავი:

“ ლექსო, ამოგთქომ ოხერო,

თორო იქნება ვკვდებოდე,

და შენ კი ჩემებრ სახსოვრად,

სააქაოსა რჩებოდე.“

თუ ნასწავლი აქვთ, შეგვიძლია შევახსენოთ გურამიშვილი, რომელიც საწუთროსთან საბრძოლველად სწორედ თავის „დავითიანს“ „იღერებს“. ასევე შეიძლება გალაკტიონის მთაწმინდის მთვარეზე საუბარი ( „ … და გაჰყვება საუკუნეს თქვენგან ჩემი ქნარი );

  1. დატირების ამბავი, კითხვა, ვინ იგლოვებს მას და პასუხი, რომ ყველას გლოვა წუთისოფელივით წარმავალი იქნება:

„მეორე დღესა ისიცა სხვისა ჭირს გაალხინებსა“;

  1. დედა, როგორც ერთადერთი მარად მგლოვიარე ადამიანი:

„მე დედის გულში ვიქნები, ძილსაც არ დაიძინებსა“;

  1. შვილების დანაშაული დედისადმი:

„დედას ვუყვარვართ შვილები, დედა არ გვახსოვს შვილებსა, ამიტომ წუთისოფელი სულ მუდამ გვაცოდვილებსა.“

დატირების ამბავთან დაკავშირებით, მისი მნიშვნელობის საჩვენებლად, შეგვიძლია თავად ავტორის საქციელზე გავუმახვილოთ ყურადღება, რომ მანაც, როგორც სისონა დარჩიამ, დიდი რისკის ფასად დაიტირა საყვარელი ადამიანი, ის მივიდა დედის გასვენებაში,  დაემშვიდობა  და შემდეგ მიუძღვნა საოცარი დრამატიზმითა და ჰუმანიზმით სავსე ლექსი „დედის სიკვდილზედ“, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „მტერიც არ შეხვდა მტრისფერი“ და იქვეა პატიება, პატიება თუ არა შურისძიებაზე უარის თქმა დედის მკვლელებისადმი:

„შინაურების დათოფვა,

არ ეკადრება გმირსაო!“

ლექსზე საუბრის დასასრულს აუცილებლად განსახილველია მნიშვნელობა სიტყვებისა: „ დედა არ გვახსოვს შვილებსა.“ ამის საილუსტრაციოდ კარგი იქნება „ოთარაანთ ქვრივის“ გიორგის წასვლა გავახსენოთ:

„ დედას გულმა ტეხა დაუწყო.

_უკან აღარ მოიხედა! _ დაიკვნესა დედამ, _ ჩემგან მიდის, თითქოს ძაფიც არ იჭერს; სხვაგან მიდის, თითქოს თოკით ეწევიანო.“

კლასის მზაობის მიხედვით შეგვიძლია ბიბლიურ მოტივებზეც ვიმსჯელოთ. ერთი მხრივ, მშობლებისგან გამოყოფასა და ცოლთან ან ქმართან შერთვაზე და მეორე მხრივ, უძღები შვილის არაკზე, სადაც მამასთან, ღმერთთან დაბრუნებაზეა საუბარი, თუმცა მისი განხილვა მშობლისა და შვილის ურთიერთობის ჭრილშიც შეიძლება.

ვფიქრობ, ლექსის ანალიზის შემდეგ, მასწავლებლის მიერ სწორი მიმართულების მიცემის საშუალებით და მოწაფეების ჩართულობით,   კლასმა უნდა გამოიტანოს დასკვნა, რომ შვილები მარადიულად მიდიან მშობლებისაგან და ეს ერთადერთი სწორი გზაა გაზრდისა და საკუთარი თავის პოვნის, მაგრამ, ამავე დროს რჩება მარადიული გრძნობა დანაშაულისა, რადგან ვტოვებთ მათ, ვინც ცხოვრება გვაჩუქა.

მიხა ხელაშვილის ლექსის „ლექსო ამოგთქომ ოხერო“ ანალიზის შემდეგ მივაწოდოთ რევაზ ინანიშვილის „დედა“, რომელიც პროზაული ტექსტია, თუმცა მცირე ზომისაა და გაკვეთილზე წასაკითხად მოსახერხებელია. ეს ნაწარმოები საკმაოდ პოპულარულია თუნდაც სოციალურ ქსელებში, მაგრამ ძირითადი აქცენტი ყოველთვის დედაზეა, რომელიც რჩება სინათლით ხელში და მარადიულად უნათებს შვილს გზას. თუმცა შვილის გრძნობები, მისი დანაშაული, მისი გაქცევა დედისაგან, როგორც წესი, მიჩქმალულია ხოლმე. ამ საკითხზე არც თავად ავტორი წერს ღიად და ყველასთვის დასანახად. ისედაც მცირე ტექსტში სულ ორი მინიშნებაა:

„ვიყავი ერთ ღამეს და ერთ დღეს, თითქოს ეზო-ყორეს მოწესრიგებით გართული, სინამდვილეში რაღაც ცოდვით შეწუხებული. მეორე საღამოს, უკვე შებინდებულზე წამოვედი.“

„დავუნთებ ხოლმე სანთელს, დავიჩოქებ, მაგრამ ვერაფერს ვშველი ჩემს დარდს…“

ვფიქრობ, ლექსის გაანალიზების შემდეგ მოსწავლეები უკვე სრულიად დამოუკიდებლად შეამჩნევენ ამავე დანაშაულის გრძნობას „დედაში“  და გააანალიზებენ, რომ რეზო ინანიშვილის გმირი სინამდვილეში დედასთან რომაა, მაშინაც უკვე წამოსულია მისგან, უკვე გაწყვეტილია მისი კავშირი მშობელთან, ის ეზო-ყორე მაცოცხლებელი, აუცილებელი გარემო აღარაა, მისი სახლი უკვე სადღაც სხვაგან არის და ფუსფუსი სწორედ ამ გაუცხოების დასაფარავად სჭირდება.

ამ ტიპის აღმოჩენები ტექსტში სერიოზული ლიტერატურული გამოცდილებაა. როცა  მოზარდს შეუძლია ამოხსნას და დაინახოს მინიშნებებით დახატული მარადიული სევდა, ის უკვე ჩართულია მხატვრული ლიტერატურის შეუცვლელ ველში და ვფიქრობ, ამგვარი წარმატებული გამოცდილება დაეხმარება, ჩამოყალიბდეს ნამდვილ მკითხველად და  მზად იყოს ახალი და ახალი ლიტერატურული ამოცანების ამოხსნისათვის.

 

 

 

 

 

მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობის სახეები, გავლენები, შედეგები, შესაძლებლობები…

0

რა გავლენას ახდენს მოსწავლის წარმატებაზე მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობა? საკმარისია კი საგნის ეფექტურად სწავლება, რომ მასწავლებელმა თავისი ფუნქცია სრულყოფილად შეასრულოს, თუ ეს უფრო ღრმა და კომპლექსური პროცესია?

მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობა ნამდვილად მნიშვნელოვანი და კომპლექსური საკითხია. მოდით, ვნახოთ, კონკრეტულად რა ფენომენია ის.

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობა პირდაპირ არის დაკავშირებული მოსწავლის სასკოლო ცხოვრების (და არა მარტო სასკოლო ცხოვრების) ხარისხთან და წარმატებასთან. ამ საკითხთან დაკავშირებული სხვადასხვა კვლევის გაცნობა და გააზრება დაგვეხმარება, გავაცნობიეროთ, რამდენად მნიშვნელოვანია მასწავლებლის როლი მოსწავლის ცხოვრებაში და რა ფაქტორები ახდენს გავლენას ამ ურთიერთობაზე. სტატიაში აღნიშნული საკითხი განხილულია სხვადასხვა კვლევასთან მიმართებაში. შევეცადე იმის ხაზგასმას, რომ ეს კომუნიკაცია მრავალმხრივია, მოიცავს სხვადასხვა კომპონენტს და მთლიანობაში ქმნის მნიშვნელოვან სოციალურ მოვლენას – მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობას.

აუცილებელია განვმარტოთ, კონკრეტულად რა იგულისხმება მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობაში. რას მოიაზრებენ სხვადასხვა მკვლევრები საკითხის შესწავლისას დადებით ურთიერთობებში და რა იგულისხმება მის ნეგატიურ ნაწილში. პოზიტიურ ურთიერთობაში მოვიაზრებთ მოსწავლის ღია, ახლო და თბილ კომუნიკაციას მასწავლებელთან, რა დროსაც პედაგოგი მოსწავლისთვის საიმედოობისა და უსაფრთხოების გარანტს წარმოადგენს. ხოლო ნეგატიურში კი იგულისხმება კონფლიქტური, რეგულარული უთანხმოებებით სავსე ურთიერთობა და ასევე, გადაჭარბებული დამოკიდებულება მასწავლებელზე, მის დახმარებაზე (Rudasill, K.M. Turnbull, K. P. Kaufman, S. R. 2006).

მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ინფორმაციის გაცემა-მიღება. ის გავლენას ახდენს ბავშვის ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე. მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განვითარებისა და სწავლის ადრეულ ეტაპზე. სწორედ ამ დროს დადებითი ურთიერთობები გრძელვადიან გავლენას ახდენს ბავშვის ქცევით-ემოციურ და სოციალურ განვითარებაზე. ამ საკითხს არაერთი კვლევა უსვამს ხაზს. ბავშვები ადრეულ ეტაპზე ეძებენ საიმედო უფროსს, რომლის მიმართაც უყალიბდებათ მიჯაჭვულობა. საიმედო მასწავლებელი კი მათთვის საიმედო გარემოსა და კონტექსტს ქმნის, რაც მასწავლებლის მიმართ მიჯაჭვულობის ფორმირებას უწყობს ხელს. მხოლოდ ამ საიმედო გარემოში შეუძლია ბავშვს თამაში, სწავლა, შემეცნება… ადრეულ ასაკში მსგავსი ურთიერთობა იმდენადაა მნიშვნელოვანი, რამდენადაც ბავშვს უყალიბდება ინტერპერსონალური ურთიერთობების შინაგანი მოდელი და ის განზოგადდება რწმენების სქემის სახით. აღნიშნული მიმართულებით ჩატარებული კვლევები, ხაზს უსვამს სოციალური კომპეტენციების მნიშვნელობას მოსწავლე-მასწავლებლის პოზიტიური ურთიერთობების დროს. ამ გამოცდილებისას შეძენილი უნარები ბავშვის ქცევის ნაწილი ხდება და ის მათ ოჯახურ გარემოშიც განაზოგადებს.

ამდენად მოსწავლე-მასწავლებლის კარგ ურთიერთობას დიდწილად განაპირობებს მოსწავლის აკადემიურ წარმატება, მისი სოციალურ-ემოციური კეთილდღეობა, მოტივაცია და ქცევა. განსაკუთრებით საგრძნობია ეს იმ ბავშვების შემთხვევაში, რომელთა სასკოლო ცხოვრება მაინცდამაინც წარმატებული არაა. პედაგოგთან კარგი ურთიერთობაში მყოფ მოსწავლეებს აქვთ უკეთესი მაჩვენებლები სასკოლო მუშაობაში, ტესტების შედეგში და უფრო მოწესრიგებული არიან სწავლის ფორმალურ ნაწილსა და სასკოლო წესების დაცვაში, ვიდრე მოსწავლეები, რომლებსაც მასწავლებელთან არ აქვთ პოზიტიური დამოკიდებულება. მათ შემთხვევაში ვლინდება სასკოლო მუშაობის ჩვევების დეფიციტი და დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი. პედაგოგებთან კარგ ურთიერთობაში მყოფ მოსწავლეებს ნაკლებად აქვთ ქცევითი სირთულეები და უკეთესად ურთიერთობენ თანაკლასელებთან. მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის კარგი ურთიერთობა ბავშვების დაბალი დონის ექსტერნალიზებული ქცევითი სირთულეების პრედიქტორია და გრძელვადიან პერსპექტივაში ინტერნალიზებული ქცევითი პრობლემების დამცავ ფაქტორად გვევლინება (O’Connor et al, 2011).

მოსწავლე-მასწავლებლის პოზიტიური ურთიერთობა მჭიდროდ უკავშირდება ქცევის საკითხს. ადრეული განათლების ერთ-ერთმა გრძელვადიანმა კვლევამ აჩვენა, რომ თანატოლების მიმართ აგრესიული ქცევა მკვეთრად შემცირდა იმ ბავშვებში, რომლებმაც შეიცვალეს მასწავლებელი და აღმოჩნდნენ უფრო სანდო მასწავლებელთან (სანდოში იგულისხმება ემოციური მხარდამჭერის მქონე კეთილგანწყობილი მასწავლებელი). ამის შემდეგ გაიზარდა მათი პროსოციალური ქცევა. აღნიშნულმა კვლევამ ნათლად გამოავლინა მასწავლებლის პოზიტიური ურთიერთობების გავლენა მოსწავლეების სოციალურ-ემოციურ სფეროზე, თანატოლებთან ურთიერთობის ხასიათსა და ხარისხზე.

ჩვენი აღქმები და წინასწარგანწყობები ხშირად გავლენას ახდენს სხვებთან ჩვენს კომუნიკაციასა და დამოკიდებულებებზე. ამ ურთიერთობებზე გავლენა აქვს პიროვნულ მახასიათებლებსაც. სხვადასხვა კვლევის მიხედვით, მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობებზე გავლენას ახდენს ბავშვის ტემპერამენტი, პედაგოგის აღქმა და მისი მოლოდინები. რამდენიმე კვლევის მიხედვით (J.Y.Choi, J. D. Oates, 2016), კონფლიქტი უფრო ხშირია ბიჭ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს პედაგოგების მიერ გენდერისა და კონფლიქტის შესახებ აღქმებსა და წინასწარგანწყობებს.

სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ბიჭები უფრო არიან მიდრეკილი ექსტერნალიზებული ქცევითი სირთულეებისკენ, ვიდრე გოგონები, რომლებთანაც უმეტესად ინტერნალიზებულ ქცევით პრობლემებს ვხვდებით. ასევე, არსებობს ვარაუდები, რომ მასწავლებლებს ნაკლებად აქვთ კონფლიქტი გოგონებთან, რადგან ისინი ნაკლებად ავლენენ ქცევით პრობლემებს. თუმცა, აქვე, მკვლევრების ნაწილის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ გოგონებმაც შესაძლოა გამოავლინონ რთული ქცევა, მათ აქვთ უნარი მასწავლებელს ასიამოვნონ (“teacher-pleasing skills”), მათთვის მისაღებად მოიქცნენ, რაც შეიძლება ხსნიდეს პედაგოგების დამოკიდებულებებსა და აღქმებში გენდერის ნიშნით არსებულ განსხვავებას. აქვე, საინტერესოა, რომ მასწავლებლების ქცევა შესაძლოა განპირობებული იყოს არა ბავშვის მხრიდან გამოვლენილი ცუდი ქცევით, არამედ მისი ქცევითი ისტორიით. პედაგოგები წინდაწინ მეტ გაფთხილებას აძლევენ მათ, ვისგანაც ქცევით სირთულეებს მოელიან. აქედან კი ჩანს, რომ მასწავლებლის ბავშვთან ურთიერთობაზე, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს წინა გამოცდილებით განპირობებულმა განწყობებმა და აღქმებმა.

რამდენიმე სხვადასხვა კვლევის მიხედვით (J.Y.Choi, J. D. Oates, 2016), მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობას დიდად განსაზღვრავს შემდეგი ფაქტორი: რაც მაღალია მასწავლებლის დეპრესიის დონე, მით უფრო ცუდი ურთიერთობა აქვს მას მოსწავლეებთან. დეპრესიული მასწავლებელი ნაკლებად თბილ ურთიერთობაშია მოსწავლეებთან.

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობა მრავალი კომპონენტისგან შედგება. ის ერთდროულად სხვადასხვა ფაქტორს უკავშირდება. ამ ურთიერთობაში თავისი როლი აქვს მოსწავლესაც და მასწავლებელსაც. ხშირად მასწავლებლის მიერ ინიცირებული ურთიერთობა შეიძლება განპირობებული იყოს მოსწავლის მხრიდან გამოვლენილი ინიციატივით. როგორ და რამდენად ხშირად იქნება მოსწავლე ინტერაქციის ინიციატორი, ეს დამოკიდებულია მის ტემპერამენტსა და პიროვნულ მახასიათებლებზე; ასევე, სითამამეზე. მორცხვი, გულჩათხრობილი ბავშვები ნაკლებად იჩენენ მასწავლებელთან ურთიერთობის ინიციატივას. თუმცა მორცხვი ბავშვები კონფლიქტურ ურთიერთობაშიც არ არიან მასწავლებლებთან, მაშინ, როდესაც, მოსწავლეები, რომლებიც ნაკლებად აკონტროლებენ თავიანთ ქცევას, ხშირად ეხვევიან კონფლიქტურ სიტუაციებში. ასეთ შემთხვევებში ურთიერთობების ინიციატორი მასწავლებელია, თუმცა, ის ძირითადად, კონტროლის ხასიათს ატარებს და პოზიტიურ ჭრილში ვერ განიხილება. ბავშვები კი, რომლებიც გამოირჩევიან მტკიცე ხასიათით, უფრო ახლო ურთიერთობაში არიან მასწავლებელთან.

როგორც ვხედავთ, პედაგოგისა და ბავშვის ურთიერთობა ერთდროულად სხვადასხვა ფაქტორს უკავშირდება და მასწავლებლის მხრიდან არაერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის გათვალისწინებას მოითხოვს. რა შეიძლება გააკეთონ მასწავლებლებმა იმისათვის, რომ ამ კომუნიკაციის დროს ყველა ფაქტორი გაითვალისწინონ, მათმა ურთიერთობამ მოსწავლეებთან შეინარჩუნოს პოზიტიური ხასიათი და მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა მოახდინოს მოსწავლის აკადემიურ მოსწრებასა და ქცევაზე.

  • მასწავლებელი კარგად უნდა იცნობდეს ბავშვის განვითარების ეტაპებს, ტემპერამენტის ტიპებსა და პიროვნულ მახასიათებლებს;
  • რეფლექსია ეხმარება მასწავლებელს, გააანალიზოს, რატომ ახორციელებს ამა თუ იმ ქცევას მოსწავლე ან რატომ იქცევა თავად პედაგოგი ისე, როგორც იქცევა. ამ დროს, მან შესაძლოა, საკმაოდ საინტერესო დეტალები აღმოაჩინოს და თავისი ქცევა ამ აღმოჩენის შესაბამისად შეცვალოს;
  • მასწავლებელი ყურადღებიანი დამკვირვებელი უნდა იყოს, რაც დაეხმარება მას, განსაზღვროს მოსწავლის ტემპერამენტი, შეაფასოს მისი ქცევა. ეს პედაგოგს ეხმარება, სპონტანური და იმპულსური პასუხების ნაცვლად, ქცევა დაკვირვების შედეგად მიღებულ ცოდნას დაუქვემდებაროს. მაგ. ბავშვის მხრიდან გამოვლენილი რთული ქცევის დროს მიმართოს გზებს, რომლებიც დაეხმარება მას ამ ქცევის ახსნაში, შემთხვევის გაანალიზებასა და მის პოზიტიურად გადაწყვეტაში;
  • ბავშვის რთული ქცევა, ან დაბალი აკადემიური შედეგი არ ნიშნავს, რომ თქვენ ცუდი მასწავლებელი ხართ და თავს ვერ ართმევთ თქვენს საქმეს. ნუ მიიღებთ ამას პიროვნულ შეურაცხყოფად და დამცირებად. საქმიანად შეხედეთ. მიიღეთ ეს, როგორც გამოწვევა, როგორც სამუშაო საკითხი და ინფორმაცია, რომლის მიზეზებიც და მიზნებიც უნდა აღმოაჩინოთ და მოსწავლეს საჭირო უნარების განვითარებაში დაეხმაროთ;
  • მასწავლებელი უნდა იყოს პროაქტიული. სოციალური და ემოციური უნარების განვითარებაზე უნდა ზრუნავდეს ყოველთვის, და არა მხოლოდ მაშინ, როცა ურთიერთობა რთულდება. ეს მოსწავლეებს ეხმარება, გააცნობიერონ თავიანთი და სხვისი ემოციები და ქცევები და იმოქმედონ ამ ცოდნის შესაბამისად;
  • შექმენით სწავლისთვის სასიამოვნო სასწავლო გარემო. თუ შეცდომის დროს მოსწავლე დაინახავს, რომ თქვენ სწორედ ამას ელოდით; თუ თქვენ ვერ დაინახავთ მასში წინსვლის პოტენციალს და მასაც აგრძნობინეთ ამას, მაშინ მისგან მომავალში დიდ წარმატებას ნუ დაელოდებით. დაანახეთ მას, რომ მხოლოდ კარგს ელოდებით მისგან და შეცდომა ტრაგედია არაა;
  • მხარი დაუჭირეთ ყველა ბავშვს, მიუხედავად წარსულში მისი ქცევებისა;
  • შექმენით გარემო, სადაც კითხვები და პასუხები, თუნდაც მცდარი, მისაღებია;
  • ნუ იყოლიებთ ფავორიტებს;
  • ქცევა შეაფასეთ პოზიტიური კომენტარებით. მასწავლებლები ცუდ ქცევას უფრო ხშირად აღნიშნავენ, კარგი კი შეფასების გარეშე რჩება. მოსწავლეს სჭირდება თქვენი შეფასება მაშინაც, როცა კარგად იქცევა. სწორედ ამ დროს იზრდება მოტივაცია, რომ მომავალში უკეთ მოიქცეს;
  • იყავით ენთუზიასტი სწავლების პროცესში. უნდა ჩანდეს, რომ თქვენ გაინტერესებს ის, რასაც ასწავლის;
  • აჩვენეთ მოსწავლეს, რომ თქვენ არა მარტო ასწავლით მას, არამედ ზრუნავთ კიდეც მასზე;
  • თავი აარიდეთ მუქარასა და დასჯას. რთული ქცევის დროს გამოიყენეთ წინასწარ შერჩეული სტრატეგია, რომელიც დაგეხმარებათ, თავი აარიდოთ სპონტანურ და აფექტურ რეაგირებებს. წინასწარ იცოდეთ, როგორ მოიქცევით რთული შემთხვევების დროს.

სტატიაში მიმოხილული ინფორმაცია, იმედია, დაეხმარება მასწავლებლებს მოსწავლეებთან სწორი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში. თუ მასწავლებელი გააცნობიერებს რამდენად დიდ გავლენას ახდენს მისი და მოსწავლის ურთიერთობა ბავშვის ცხოვრებაზე, ის მოძებნის საკუთარ თავში ძალას, გამოცდილება და ცოდნა კი სტრატეგიის შერცევაში დაეხმარება და ამგვარად შეძლებს მოსწავლესთან ისეთი ურთიერთობის დამყარებას, რომელიც მას საუკეთესო თვისებების გაღვივებაში დაეხმარება.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

Rudasill, K. M. at all. (2020 ). Promoting Higher Quality Teacher-Child Relationships: The INSIGHTS Intervention in Rural Scholls. International Jounral of Envirnomnetal Research and Public Health

file:///C:/Users/emis/Desktop/article/ijerph-17-09371.pdf (18.03.21)

Choi, J. Y., Oates, J., D. (2016). Teacher-Child Relationships: Contribution of Teacher and Child Characteristics. Journal of Research in Childhood Education

file:///C:/Users/emis/Downloads/2016ChoiDobbs-Oates%20(1).pdf (18.03.21)

Koles, B., O’connor, E.E., Collins. B. A. (2013). Associations Between Child and Teacher

Charactaristicns and Quality of Teacher-Child Relationships. Case of Hungary. European Early

Childhood Education Research Journal

file:///C:/Users/emis/Desktop/article/Associations_between_Child_and_Teacher_C.pdf (18.03.21)

O’ Conner, E., E. Dearing, E., Collins, B., A. (2011). Teacher-Child Relationship Trajectories: Predictors of behavior problem Trajectories and Mediators of Child and Family Factors. American Educational Reaserch Journal

file:///C:/Users/emis/Desktop/article/oconnor_dearing_collins_AERJ_2011.pdf (18.03.21)

Rudasill, K., M. (2011). Child Temperament, Teacher-Child interactions and Teacher-Child relationships: A Longitudinal Investigation from First to Third Grade. Early Childhood Research Quarterly

file:///C:/Users/emis/Desktop/Child_temperament_teacher-child_interactions_and_t.pdf (18.03.21)

Rudasill, K., M. Turnbull, K., P. Kaufman, S., R. (2006). Temperament and Language Skills as Predictors of Teacher-Child Relationship Qualiy in Preschool. Early Education and Development

file:///C:/Users/emis/Desktop/Temperament_and_Language_Skills_as_Predictors_of_T.pdf (18.03.21)

Flannery, D. Vazsonyi, A., T. (2002). The Role of aggression and social competence in Children’s perception of The Child-Teacher Relationship. Psychology in The Schools

file:///C:/Users/emis/Downloads/Flannery_2002_Theroleofaggressionandsocialcompetence.pdf (18.03.21)

Kesner, J., E. (2000). Teacher Characteristics and the Quelity of Child Teacher Relationship. Journal of School  Psychology

file:///C:/Users/emis/Desktop/article/Teacher_Characteristics_and_the_Quality.pdf (18.03.21)

Birch, S.,H. Ladd, G., W. (1997). The Teacher-Child Relationship and Children’s Early School Adjustment. Journal of School Psychology

file:///C:/Users/emis/Downloads/The_teacher_child_relationship_and_child.pdf (18.03.21)

Claire, C.,H. Hamilton, E. Matheson, C., C. (1994). Children’s Relationship with Peers: Differential

Associations with Aspects of the Teacher-Child Relationship. Child Developmet,.

https://www.jstor.org/stable/1131379?seq=1#metadata_info_tab_contents (18.03.21) (წვდომა ელ.ვერსიაზე მხოლოდ საუნივერსიტეტო მეილით).

 

 

 

მოცულობითი ტექსტები და კომპლექსური დავალებები

0

პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“ ჩვენს სკოლებში ამ ეტაპზე მხოლოდ დაწყებით და საბაზო საფეხურებზე ინერგება. გაისად მას საშუალო საფეხურიც ეზიარება, 2024 წლისთვის კი სრულად დაფარავს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეს.

ჩვენი კოლეგები ხშირად გამოთქვამენ წუხილს იმის გამო, რომ დაწყებით და საბაზო საფეხურებზე განხორციელებულ კომპლექსურ დავალებებს უხვად გვიზიარებენ, საშუალო საფეხურის მასალები კი არ მოგვეპოვება. ვფიქრობ, სანამ პროექტი საშუალო საფეხურზეც ოფიციალურად შემოვა, შეგვიძლია საბაზო საფეხურის სამიზნე ცნებებით ვიხელმძღვანელოთ და მაღალ კლასებშიც შევთავაზოთ მოსწავლეებს კომპლექსური დავალებები. სტატიაში გაგიზიარებთ ჩემს მოკრძალებულ გამოცდილებას ამ მიმართულებით.

მეათე კლასში ვსწავლობთ ძველ ქართულ ტექსტებს, მათ შორის, რუსთაველის „ვეფხისტყაოსანსაც“. სანამ უშუალოდ ტექსტის კითხვას დავიწყებდით, მოვიფიქრე რამდენიმე კომპლექსური დავალება, რომელთაგან თითოეული უნდა შესრულდეს გარკვეული თავების მიხედვით, მთელი პოემის ტექსტის შესწავლის განმავლობაში ვმუშაობთ მხოლოდ ერთ დავალებაზე.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში გაწერილია ყველა დავალება, რომლებსაც ამ ტექსტის ფარგლებში ვამუშავებთ. პირველ სვეტში მოცემულია კომპლექსური დავალებები, მეორეში – სამიზნე ცნებები, რომლებიც იფარება ამ დავალებების ფარგლებში, მესამე სვეტში კი – საკითხები, რომლებიც მუშავდება ამა თუ იმ კომპლექსური დავალების საშუალებით. საინტერესოა, რომ შევარჩიე ისეთი დავალებები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, გავიდეთ შვიდსავე სამიზნე ცნებასა და მათ მკვიდრ წარმოდგენებზე (როგორც უკვე აღვნიშნეთ, საშუალო საფეხურზე ჯერჯერობით ვსარგებლობთ საბაზო საფეხურის სამიზნე ცნებებით).

კომპლექსურ დავალებებს მოსწავლეებს ვაცნობ ელექტრონული ფორმით (საპრეზენტაციო პროგრამა Sway), სადაც ერთ სივრცეშია მოქცეული დავალების პირობა, კრიტერიუმები, აგრეთვე, ძირითადი და დამატებითი რესურსები.

 

ცხრილში მოცემულ კომპლექსურ დავალებათაგან მოსწავლეებმა ამ ეტაპისთვის წარმოადგინეს პირველი ოთხის პრეზენტაცია. რაც შეეხება მეშვიდე დავალებას, პერსონაჟის ფეისბუქპროფილს, მასზე მუშაობა დავიწყეთ ტექსტზე მუშაობის დაწყებისთანავე, ხოლო დავასრულებთ მაშინ, როცა მის კითხვას მოვრჩებით.

პირველი კომპლექსური დავალება წარმოსახვითი ინტერვიუ როსტევან მეფესთან  https://sway.office.com/IL3Ppoo82TspFQAm

 

მოსწავლის ნამუშევარი

თქვენო უდიდებულესობავ, დიდ მადლობას მოგახსენებთ იმისთვის, რომ დრო გამონახეთ და დამთანხმდით ინტერვიუზე! როსტევან მეფევ, რამდენიმე დღის წინ თქვენ მიიღეთ არაბეთის ისტორიაში უპრეცედენტო გადაწყვეტილება – სამეფო ტახტზე დასვით ქალი, თანაც, თქვენსავე სიცოცხლეში. თუ შეიძლება გვითხარით, რა იყო ამის მოტივი?

პირველ რიგში, მადლობას მოგახსენებთ ამ შეკითხვისთვის! მინდა, ყველასთვის გასაგები იყოს, რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ, რომ თინათინი ჩემი ერთადერთი შვილია. შესაბამისად, სამეფო ტახტიც კანონიერად მას ეკუთვნის. ვინაიდან აქამდე ხელმწიფედ ქალი არასდროს ყოფილა, არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ თავი წამოეყოთ ხელისუფლებას დახარბებულ დიდგვაროვნებს და თინათინისთვის პრობლემები შეექმნათ. გარდა ამისა, მოვხუცდი, „სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელი“ და ყოველდღე სიკვდილის მოლოდინში ვარ. სანამ ცოცხალი ვარ, თვალს მივადევნებ თინათინის მეფობას. მისი ახალგაზრდული ენერგია და ჩემი გამოცდილება ერთმანეთს შეავსებს, ბევრს ისწავლის ჩემგან და მომავალში ქვეყნის მართვა არ გაუჭირდება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ თინათინს აქვს ყველა ის თვისება, რომლებიც ძლიერ ხელისუფალს სჭირდება. გეთანხმებით, ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტოა ქალის მეფობა, მაგრამ ეს არ არის მსოფლიოში ერთადერთი შემთხვევა. გავიხსენოთ საქართველოს მეფე თამარი, რომელიც, ასევე, სამეფო ტახტის ერთადერთი მემკვიდრეა და მამამისმა თავის სიცოცხლეშივე გაამეფა. თამარი ძლიერი და ძალიან წარმატებული მეფეა. ასე რომ, სქესს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, ხელისუფალი იყოს ჭკვიანი და გონივრულად მართავდეს ქვეყანას.

– თქვენო უდიდებულესობავ, თინათინის თვისებები ახსენეთ. დაგვიხასიათეთ, როგორია თქვენი ასული. როგორ ფიქრობთ, რომელი თვისებებით გგავთ და რომელი თვისებები დაეხმარება ახალგაზრდა მეფეს ქვეყნის მართვაში?

თინათინი არაჩვეულებრივი ადამიანია: ჭკვიანი, უხვი, თავმდაბალი, ყურადღებიანი. ყოველთვის დამჯერი შვილი იყო. ბავშვობიდან ვასწავლიდი, რომ ხელგაშლილი ყოფილიყო. უზომოდ მახარებს, რომ გამეფების ცერემონიალზე მთლიანად გასცა უფლისწულობისას დაგროვილი ქონება. ამ თვისებით მე დამემსგავსა. ვფიქრობ, სიუხვე მეფისთვის უმნიშვნელოვანესი თვისებაა. მოგეხსენებათ, „უხვი ახსნილსაც დააბამს“. თუ გასცემ, აუცილებლად გემორჩილებიან. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თინათინს აქვს პრობლემის გადაჭრის საოცარი უნარი. როცა უცხო მოყმე გაუჩინარდა და ვერსად მივაგენით, სწორედ ჩემმა ქალიშვილმა დამარწმუნა, რომ უაზრო სასოწარკვეთაში ჩავარდნას საქმის მოგვარება სჯობია და, მისივე რჩევით, ყველგან გავგზავნე ჩემი კაცები უცხო მოყმის საძებრად. გარდა ამისა, ის ძალიან თავმდაბალი ადამიანია. მთელმა არაბეთმა ნახა, როგორ ტიროდა გამეფების ცერემონიალზე, რადგან „მამისა ტახტზე საჯდომად თავი არ ეღირსებოდა“.

– როსტევან მეფევ, რამდენადაც ვიცი, თინათინის გამეფების შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ მიგიღიათ?

რა თქმა უნდა, ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად ვერ მივიღებდი. მთელი არაბეთი მიცნობს, როგორც სამართლიან, დემოკრატ მეფეს. გავმართე თათბირი ვეზირებთან, ავუხსენი ჩემი გადაწყვეტილების მოტივები. მათ ერთხმად აღნიშნეს, რომ თინათინის „შუქთაებრ საქმეცა მისი მზებრ განაცხადია“ და რომ, ქალობის მიუხედავად, როგორც ხელმწიფის შვილს, სამართლიანად ერგება სამეფო ტახტი.

            – მადლობა ღმერთს, ამ ეტაპზე არაბეთში მშვიდობაა, მაგრამ საფრთხის ქვეშ რომ დადგეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და საჭირო გახდეს საომარი მოქმედებების განხორციელება, თქვენი აზრით, ქალი მეფე შეძლებს ჯარისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მითითებების გაცემას?

არაბეთს ჰყავს მრავალრიცხოვანი, კარგად გაწვრთნილი ჯარი და უძლიერესი სპასპეტი ავთანდილის სახით. სწორედ მისი პროფესიონალიზმი, საომარი ტაქტიკის სიღრმისეული ფლობა და თინათინის გონიერება მიმაჩნია არაბეთის ძლევამოსილი სახელმწიფოს ძლიერებისა და ერთიანობის გარანტად.

– და ბოლო შეკითხვა: რას უსურვებდით ახალგაზრდა მეფესა და არაბ ერს?

– თინათინს ვუსურვებ ჯანმრთელობასა და მოთმინებას, ჩემს ხალხს – მშვიდობას, კეთილდღეობასა და აღმშენებლობას!

– თქვენო უდიდებულესობავ, დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის!

მეორე კომპლექსური დავალება – ავთანდილის წერილი შერმადინს https://sway.office.com/ZCSVrGYhpVgX79SD

 

მოსწავლის ნამუშევარი

გამარჯობა, შერმადინ, ჩემო ერთგულო და ჩემთვის თავდადებულო!

როგორ ხარ, ჩემო კარგო ადამიანო? როგორ მრცხვენოდა, პირველად რომ გაგანდე ჩემი ხვაშიადი – თინათინისადმი ჩემი უსაზღვრო სიყვარული. სულ მახსოვს, როგორ იღვრებოდი ცრემლად, როცა გაუწყე უცხო მოყმის მოსაძებნად წასვლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. როგორ მთხოვდი გაყოლას. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მზად იყავი ჩემდამი ერთგულებისა და თავდადების დასამტკიცებლად.

ჩემო მეგობარო, ჩემო გაზრდილო და ჩემთან თანაშეზრდილო, სხვას ვერავის ვანდობდი ჩემს ქალაქს, ყმებსა და ლაშქარს. ამ მხრივ მშვიდად ვარ. ვიცი, რომ იზრუნებ ჩემს ყმებზე და ჩემს სამფლობელოს უვნებელს დამახვედრებ.

საგონებელში ჩავვარდი. ნათქვამია: „ავსა კარგად ვერვინ შეცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს“. მართლაც, გატეხილ სახელს ვერაფერი აღადგენს. აუგიან სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია. ხელმოცარული როგორ დავბრუნდე, თინათინს თვალებში როგორ შევხედო? მაგრამ სამი წელიწადიც რომ ამოიწურება? არ ვიცი, როგორ მოვიქცე!

გუშინწინ შემთხვევით გადავეყარე ვაჭარს, რომელიც ამ დღეებში არაბეთის გავლით სავაჭროდ გამგზავრებას გეგმავს. ამ წერილს მას გამოვატან. ასე მითხრა, არაბეთში სულ ერთ საათს დავყოფო. ამიტომაც, არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი წერილი შენამდე მოაღწევს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ სანამ ეს ვაჭარი არაბეთში მოხვდება, ამასობაში სამი წელიც შესრულდეს, მკვდრად ჩამთვალო და გლოვა გამოაცხადო.

მოკლედ, ძალიან დავიბენი, ჩემო შერმადინ, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ყველაფერი ღვთის ნებაა. მოხდეს, რაც მოსახდენია.

გემშვიდობები, ჩემო უერთგულესო მეგობარო – უცხო მოყმის ნახვის, არაბეთში დაბრუნებისა და თინათინთან და შენთან შეხვედრის იმედით!

დიდი სიყვარულით, შენი ავთანდილი

12 აპრილი, 1187 წელი

 P.S. ეს-ესაა ვიპოვე უცხო მოყმის სამყოფელი. პირადად ჯერ არ მინახავს. მეტს ვერაფერს გწერ. მაპატიე! მთავარია, იცი, რომ ცოცხალი ვარ და მალე დავბრუნდები. გთხოვ, თინათინს შეატყობინე!

 

მესამე კომპლექსური დავალება რეპორტაჟი ინდოეთიდან – ხვარაზმელი უფლისწულის მკვლელობის ადგილიდან  https://sway.office.com/Qf9ALiDpYxjuLCYi

რეპორტაჟი გახლდათ ჯგუფური სამუშაო. დავალების ფორმატი იძლეოდა იმის საშუალებას, რომ მოსწავლეთათვის, პანდემიის მიუხედავად, შემეთავაზებინა ჯგუფური დავალება, ვინაიდან, ძირითადად, ღია სივრცეში უწევდათ ჩაწერა. ჰყავდათ წამყვანები საინფორმაციო გადაცემების სტუდიაში, ჩართეს ჟურნალისტები შემთხვევის ადგილიდან და თვითმხილველებთან ინტერვიუებიც ჩაწერეს. ერთ-ერთმა მოსწავლემ დამატებით ბეჭდური რეპორტაჟიც წარმოადგინა.

მოსწავლის ნამუშევარი

მოგესალმებით. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ფარსადან მეფის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სულ ცოტა ხნის წინ დატრიალდა საზარელი მკვლელობა. მოკლულია ხვარაზმშას სახელმწიფოს უფლისწული, რომელიც, ინდოეთის მეფის მოწვევით, წუხელ ჩამოვიდა ჩვენს ქვეყანაში და, მეფის ბრძანებით, სპეციალურად მისთვის გაშლილ კარავში მოსასვენებლად იმყოფებოდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი გახლავთ ინდოეთის ჯარების ამირბარი, სარიდან მეფის ძე, ფარსადან მეფის შვილობილი, ტარიელი.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი გახლდათ ნესტან-დარეჯანის სიყვარული. სწორედ ნესტანის დავალებით მოკლა ტარიელმა ხვარაზმელი სასიძო. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამირბარმა დახოცა მდევრებიც. თვითონ მიმალვა არც უცდია. ამჟამად მკვლელობაში ეჭვმიტანილი თავის საცხოვრებელ სახლში იმყოფება. როგორც მაცნობებენ, ამ წუთებში სახლი სამართალდამცველებს ალყაში აქვთ მოქცეული და რამდენიმე წუთში დაიწყება ამირბარის აყვანის სპეცოპერაცია.

შეგახსენებთ, რომ გუშინწინ მეფე ფარსადანმა ამირბარ ტარიელისა და დიდებულთა მონაწილეობით გამართა თათბირი, რომელზეც განიხილეს ნესტან-დარეჯანის გათხოვების საკითხი. აღნიშნულ თათბირზე ნესტანის საქმროდ შეირჩა ხვარაზმშას მეფის ძე. სწორედ საქორწილოდ ჩამობრძანდა ინდოეთში ხვარაზმელი უფლისწული, რომლის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ტარიელს, სავარაუდოდ, აყვანისთანავე ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ.

რამდენიმე წუთში შინაგან საქმეთა სამინისტოში ჩანიშნულია ბრიფინგი. სულ მალე ჩვენ ამ ბრიფინგიდან ჩაგერთვებით და საქმის შესახებ უახლეს ინფორმაციას მოგაწვდით.

 

მეოთხე კომპლექსური დავალებაღირებულებათა სქემა/გერბი და საჯარო გამოსვლა თემაზე „ღირებულებები წინათ და ახლა“ https://sway.office.com/OuQ6KULEUAsawg61

მოსწავლის ნამუშევარი

 

კომპლექსური დავალება – პერსონაჟის ფეისბუქპროფილი https://sway.office.com/9PQ9mlRhOopksBUv

როგორც უკვე აღვნიშნე, პერსონაჟის ფეისბუქპროფილზე მუშაობა გრძელდება მთელ ტექსტზე მუშაობის განმავლობაში. მოსწავლეები თავიანთი პერსონაჟების პროფილებზე ძალიან აქტიურობენ. ამ გამოცდილებას ვირტუალური როლური თამაშის დასრულების შემდეგ ცალკე სტატიაში შემოგთავაზებთ.

„ახალი სკოლის მოდელით“ სწავლებას ბევრი სიკეთე მოაქვს: აღძრავს მოსწავლის ინტერესს, არის ცოდნათა ურთიერთდაკავშირების ანუ მათი კომპლექსურად გამოყენების საშუალება, უვითარებს მოსწავლეს შემოქმედებით უნარებს, სიღმისეულად ააზრებინებს საკითხს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ მოსწავლე ხდება სასწავლო პროცესის სუბიექტი – სწავლობს კეთებით, ხოლო ის, რასაც კეთებით ვსწავლობთ, მოგეხსენებათ, მარტივად და ხანგრძლივად გვამახსოვრდება.

 

 

 

 

 

 

ინტერვიუ მოსწავლეებთან – როგორია თქვენთვის კარგი სკოლა

0

დავიწყებ ჩემი მოსწავლეობის დროინდელი ისტორიით:

მეთერთმეტე კლასში ვიყავი, როცა ბიოლოგიის ოლიმპიადის მესამე ტურში გავედი და 10 მაქსიმალური ქულიდან მხოლოდ სამი ავიღე. ძალიან შემრცხვა ჩემი ბიოლოგიის მასწავლებლის, რომელიც ორი წელი მიღებდა საკუთარი სახლის კარს და მისი ოჯახის ყველა წევრი ყოველთვის სიხარულით, სითბოთი სავსე თვალებით მხვდებოდა. ალბათ მიხვდებით რამდენად მერიდებოდა მასწავლებელთან მისვლა. ორი გაკვეთილი გავაცდინე, მესამე გაკვეთილზე ძალით მივათრევდი თავს. ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა ამეწია თავი. ალბათ ეს სახეზეც მეტყობოდა. მივედი და მასწავლებელთან ერთად დამხვდა მისი მეუღლე, რომელიც იმ წუთას ჩემი „გადამრჩენი“ აღმოჩნდა. ასეთი წინადადება მითხრა: „რას ნერვიულობ, არ არსებობს ცუდი მოსწავლე. არსებობს ცუდი მასწავლებელი (თუმცა ჩემი ყველა მასწავლებელი საუკეთესო იყო). ალბათ კარგად ვერ გასწავლა და შენც ვერ დაწერე“. ამ დროს უბედნიერესი ვიყავი. გავთავისუფლდი სინდისის ქენჯნისგან. დავიჯერე, რომ მასწავლებლის ბრალი იყო ყველაფერი.

უკვე თექვსმეტი წელია მასწავლებელი ვარ და ეს სიტყვები დღეში იმდენჯერ მახსენდება, რამდენჯერაც ჩემს მოსწავლეს რაღაც კარგად არ გამოუვა. ამ დროს ყურში ჩამესმის: „არ არსებობს ცუდი მოსწავლე“. ფაქტობრივად ეს უდიდესი გამოწვევაა და მოსწავლისთვის შენიშვნისა და საყვედურის თქმის ნაცვლად იმაზე ვიწყებ ფიქრს, რა ვერ გავაკეთე სწორად, რა შევცვალო. ეს მეხმარება პროფესიულ და პიროვნულ ზრდაში.

ახალგაზრდების მოსმენა რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ეს უდავოა. ძალიან ხშირად ვთხოვ მათ ჩემი შრომის შეფასებას, ზოგი თავისუფლად გამოხატავს აზრს, რამდენიმე თავს იკავებს ხოლმე. ამ სტატიის მომზადებისას მოსწავლეებს რამდენიმე შეკითხვა დავუსვი და მინდა მათი ნააზრევი თქვენამდე მოვიტანო (ანონიმურად დარჩენა არჩიეს).

  1. როგორი წარმოგედგინა სკოლა აქ მოსვლამდე?

– ჩემს თანატოლებთან ურთიერთობის აწყობა გამიჭირდებოდა, რადგან სერიოზული დამოკიდებულება მქონდა მათგან განსხვავებით (სათამაშო სივრცედ არ წარმომედგინა);

– სკოლის შესახებ გარკვეული წარმოდგენები ბაღში უკვე შემიქმნეს, ამიტომ წინასწარ რამე განსაკუთრებულს არ წარმოვიდგენდი;

– ეს 11 წლის წინ იყო და არც კი მახსოვს.

  1. გამართლდა მოლოდინი?

– მოლოდინები გამართლდა, მაგრამ განსხვავებულობა შევინარჩუნე;

–  უფრო რთული მეგონა, ვიდრე იყო, პირველი რამდენიმე კლასი მაინც. უფრო მხიარული იყო, თუმცა ჩემს შემთხვევაში პირველი დღეებიც განსხვავებული იყო და მრავალი უსიამოვნებით სავსე. ასე რომ, შეიძლება ითქვას, ნაწილობრივ გამართლდა.

  1. სკოლის როგორი მოდელია შენთვის იდეალური?

– მასწავლებლისა და მოსწავლის თანამშრომლობა. სკოლა, სადაც მასწავლებელი მყვირალა პერსონა არ იქნება;

– ჩემი აზრით, ის საკითხები, რომელთა ცოდნაც ყველასთვის აუცილებელია, გარკვეული დოზით სკოლაში უნდა ისწავლებოდეს. საშუალო საფეხურზე კი უნდა ისწავლებოდეს არჩევითი საგნები. დიდი ყურადღება უნდა ექცეოდეს დისციპლინას. სასწავლო გარემო ყველა მოსწავლისთვის ერთნაირად სახალისო უნდა იყოს;

– ჩემი აზრით, მოსწავლისთვის ამ კითხვის დასმა ცოტა აბსურდულია, რადგან ყველას პასუხი საკუთარ „მეზეა“ მორგებული. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თითოეულს არ უნდა ჰქონდეს საშუალება თავისი პოტენციალის რეალიზება მოახდინოს. აუცილებელია, რომ ძირითადი საგნების გარდა, იყოს დამატებითი წრეები და კლუბები, რომლებზეც ბევრ მოსწავლეს მიუწვდება ხელი. არაფორმალური განათლების მხრივ ბევრი რამ არის დასანერგი. სკოლა უნდა იყოს ადგილი, სადაც თითოეული ადამიანი საკუთარი ინტერესების მიხედვით განვითარებას შეძლებს.

  1. როგორია შენს წარმოდგენაში კარგი მასწავლებელი?

– მასწავლებელი, რომელიც ვითარდება და ერთ დროს უკვე მიღებული, ფიქსირებული ცოდნით არ შემოიფარგლება;

– კარგი მასწავლებელი ჩემთვის პირველ რიგში განათლებულ ადამიანთან ასოცირდება. როგორც პიროვნება, ის უნდა იყოს გამგები და ტოლერანტი. ამავდროულად შეეძლოს ყველა მოსწავლეს თავისებურად მიუდგეს, კარგი ურთიერთობა დაამყაროს მათთან;

– კარგი მასწავლებელი აუცილებლად უნდა იყოს საქმის პროფესიონალი. საგნის კარგად ცოდნის გარდა, აუცილებელია, იცოდეს ბავშვის ფსიქოლოგია და მასთან სწორი ურთიერთობის დამყარება შეძლოს. ითვალისწინებდეს ბავშვების აზრს და მათთან ერთად იღებდეს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ღია უნდა იყოს ახალი შემოთავაზებებისთვის და მუდმივად ცდილობდეს განვითარდეს. არ მიაჩნდეს, რომ ყველაფერი იცის და უშეცდომოა, რადგან არავინაა უშეცდომო. რაც მთავარია, უნდა შეეძლოს უსაფრთხო გარემოს შექმნა თითოეული მოსწავლისთვის, რათა მათ საკუთარი აზრის გამოხატვა შეძლონ.

  1. რას ურჩევდი შენს მასწავლებლებს?

– არ განასხვავონ ბავშვები აკადემიური მოსწრების მიხედვით, არ იყვნენ ტოქსიკური მოსწავლეებთან ურთიერთობაში;

– ვურჩევდი, რომ ხშირად შესულიყვნენ მოსწავლის მდგომარეობაში. სკოლა, ჩემი აზრით, არაა ადგილი, სადაც მხოლოდ მატერიალური განათლება უნდა მიიღონ, ბავშვის აღზრდა ჯერ ოჯახში და შემდეგ სკოლაში ხდება;

– როგორც ყველა მოსწავლე, ისე მასწავლებლებიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან. ზოგი მზად არის მოუსმინონ ბავშვს, ზოგი – არა. ზოგი მასწავლებელი შედის მოსწავლის მდგომარეობაში, ზოგიც – არა. ვიცი, რთულია ყველა მოსწავლე ერთნაირად დააინტერესო, თუმცა ცდად მაინც ღირს. ჩემი ბევრი მასწავლებელი ცდილობს, რუტინული გაკვეთილები უფრო საინტერესო გახადოს და მიუხედავად იმისა, რომ კომფორტის ზონიდან გამოვყავარ, ამ იდეებს მაინც მივესალმები. ჩემი რჩევა იქნება ეცადონ, მოსწავლეები ერთმანეთს არ შეადარონ. რთულია, მაგრამ ინდივიდუალური უკუკავშირი აუცილებელია, რათა მოსწავლემ საკუთარ ძლიერსა და სუსტ მხარეებზე გაამახვილოს ყურადღება და არა ზოგადზე.

  1. სწავლების რომელ მოდელს ანიჭებ უპირატესობას – დისტანციურს თუ პირისპირ სწავლებას? რატომ?

– ადრეულ ასაკის მოსწავლისთვის უპირატესობას ვანიჭებ საკლასო სივრცეში სწავლებას, რადგან ვფიქრობ, ამ ასაკში მოსწავლემ სწავლის, წესრიგის ჩვევა უნდა გამოიმუშაოს, ხოლო მაღალი კლასის მოსწავლისთვის პრიორიტეტულია ონლაინსწავლება;

– პირადად მე, დისტანციური სწავლება მომწონს, რადგან უფრო მეტი თავისუფალი დრო მაქვს და ვფიქრობ, სწავლის ხარისხიც უფრო მაღალია;

– პირისპირ სწავლებას ვამჯობინებდი, რადგან გარემო უფრო ოფიციალურია და კონცენტრირებაში მეხმარება. ამას გარდა, ცოცხალი ურთიერთობები უფრო მიზიდავს. თუმცა ამჯერად დისტანციურ სწავლებაზე ვარ. სუბიექტური მიზეზების გამო ეს მოდელი ავირჩიე. ისეთ მოსწავლეებთან ვარ, სადაც კონკურენტული გარემოა და სხვადასხვა უნარის განვითარებისთვის კლასგარეშე აქტივობებს მეტ დროს ვუთმობ. თუ მოსწავლეს აქვს რესურსი და მონდომება, ჩემი აზრით, ორივე მოდელის ფარგლებში შეძლებს სწავლას.

  1. როგორ გეხმარება თანამედროვე ქართული სკოლა მოქალაქედ ჩამოყალიბებაში?

– ვფიქრობ, ნაწილობრივ მეხმარება, რადგან დროის უმეტესი ნაწილი შემაჯამებლებში გადის. შეიძლება ითქვას, რომ თეორიული ცოდნის შემოწმება კარგია, მაგრამ ძალიან დაბალ დონეზეა პრაქტიკული სამუშაოების კეთება;

– მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი რამ დასახვეწია, ჩვენს მოქალაქედ ჩამოყალიბებაში ქართული სკოლები გადამწყვეტ როლს თამაშობს;

– ჩემი აზრით, არ ეხმარება. დიახ, შესაძლოა ცოდნას ზოგადად აწვდიდეს კონკრეტული საკითხების შესახებ, რომელთა ცოდნაც ხშირად საერთოდაც არ არის აუცილებელი, მაგრამ აქტიურ მოქალაქედ ჩამოყალიბებას ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება სჭირდება. აქ არ ვგულისხმობ ჯგუფურ სამუშაოებს, რომლებშიც მხოლოდ ორი მოსწავლე აკეთებს დავალებას; ან კონკურსებს, სადაც ბავშვებს მათი სურვილის მიუხედავად წერენ. არამედ აქტივობები, რომლებიც სწორედ მოსწავლეების სურვილის საფუძველზე იქმნება და მათში მონაწილეობის მიღების სურვილი და მოტივაციაც უფრო მაღალია.

 

 

მედიტაცია მეტაფორებით

0

ყველა მეტაფორა მენტალური პერფორმანსიცაა, რადგან მეტაფორა სიტყვათა მნიშვნელობების ჯამი კი არა, იმ განცდათა და ემოციათა ფეიერვერკია, რომლებიც ამ სიტყვებს ახლავს და რომლებიც სულ სხვა არხებით შეიმეცნება. იმისათვის, რომ მეტაფორები შევიმეცნოთ, ყველა არხი უნდა გავხსნათ: არა მხოლოდ ვერბალური, არამედ – აუდიალური, ვიზუალური, კინესთეტიკური. აზრის მიღება სამყაროდან/ადამიანიდან შეიძლება ვერბალურადაც და შესაძლოა, ხმებით, წარმოდგენებით, შეგრძნებებით.

მაგალითად, მე თუ გეტყვით, რომ თქვენ ნისლი ხართ… შეგიძლიათ, ცოტა ხნით ნისლად იქცეთ? და თუ შეგიძლიათ, მაშინ აღმიწერეთ თქვენი თავი, როგორც ნისლი, თან დეტალურად წარმოისახეთ, სად ხართ, საით მოძრაობთ, რას გრძნობთ და როგორ აღიქვამთ თქვენგან გარესამყაროს. ამ კითხვების გაცნობიერებას თუ დაიწყებთ, შესაძლოა, ნისლმა მედიტაციაშიც კი გადაგიყვანოთ. რადგან იდენტიფიკაცია ნისლთან – ეს შინაგანი პროცესია, მზერას შიგნით მივმართავთ, რათა ნისლის ემოცია ჩვენს განცდებთან და გრძნობებთან სინქრონიზდეს.

იქნებ ასე გრძნობთ ნისლს, როგორც გიორგი ლეონიძე  ლექსში „ნისლები“?

„მთიდან შავხევში ნისლები

ნეტავი რისთვის ჩადიან?

იქნებ წყლის ამოსატანად,

იქნებ სხვა რამე დარდი აქვთ?

არა!

მიწას რომ აკოცონ,

კაცის დანახვა სწყურიათ;

ხეებს ემთხვიონ, რიყის ქვას,

სად კაცის ნაფეხურია!“.

 

იქნებ არჩილ კიტოშვილის კითხვებს უპასუხოთ, ნისლს რომ უსვამს, ოღონდ, ეს ნისლი ახლა თქვენ ხართ…

„რას ფიქრობ, ნისლო ტიალო,
შემჯდარო გორის ფხაზედა?
განა შენც რამე გაწუხებს
ამ ოხერ ქვეყანაზედა?“ („ნისლი“).

გაბრიელ ჯაბუშანური კი ნისლადყოფნას ასე გადმოსცემს:

„მე ვარ: გორზე რომ ლოცულობს ნისლი,
ღამის სიჩუმე ჩემი ფიქრია,
წყაროა ჩემი ცრემლი და სისხლი,
თმა არის, კლდეს რომ ქუჩი მიჰკვრია“.

თანამედროვე ავტორი ნიკა ჯორჯანელი კი ნისლს ასე განიცდის:

„ნაღვლიანი სივრცე ღია./ ბარდნის. დაზრნენ ეკალ-ბარდნი./ ძველი დროის თეთრი დღეა./ ძველი დროის ციდან ბარდნის./ თვალი ნისლში ლამის გადნეს,/ვეღარაფრის მჭვრეტი. თვითონ/ ნისლი ველზე ზანტად გადის./ ეშინიათ ღრუბლებს ციდან/ უცნაური ჩამოვარდნის./ წინათ თეთრზე რბოდა შავი./ ახლა უკვე თეთრის რონინს/ ვხედავ შავზე, გაიშალა/ უსაგნობის მთქმელი ფონი./ წაიშალნენ მიდამონი./ გაქრნენ კვამლნი, საკვამურნი./ გათანაბრდა ყველა დონე./ ალალბედად გაკვალულმა/ გზამ, რომელიც მართმევს ღონეს,/ ვეღარასგზით მოარიდა/ თავი ნისლს და გაქრა ისევ./ ყველაფერი მომხდარიდან/ ერთი რაღაც რჩება – ნისლი./….“

ახლა კი თქვენი ვერსია უნდა მოვისმინოთ – რას გრძნობთ და განიცდით, როცა ნისლი ხართ?

ამგვარი მედიტაციური გააზრებები არა მხოლოდ ნისლზე, ნებისმიერ კონცეპტუალურ მეტაფორებზე შეგიძლიათ – ქარი, წვიმა, თოვლი, ყვავილი,  ჩანჩქერი, სახლი, მგზავრი, სიყვარული, თავისუფლება და სხვა.

რა ხდება ამ დროს? მეტაფორების ამგვარ გაცნობიერებას ღრმა ტრანსფორმაციული დანიშნულება აქვს. ვერბალური სივიწროვიდან მეტყველება გადადის სრულიად სხვა განზომილებაში, მეტაფორულ განზომილებაში, სადაც ყველაფერი მეტაფორაა: ის, ვინც მეტაფორას განიცდის და ისიც, რაც მეტაფორაა. ეს არის ცნობიერების განახლების პროცესი, როდესაც არაცნობიერიდან ამოდის გამოკეტილი შეგრძნებები ზედაპირზე და იხსნება სივრცეში, რათა სიურეალისტური ტილო შექმნას.

ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ კარი ხართ! სახლის კარი. შეგიძლიათ, ამის წარმოდგენა?

კითხვა: როგორი კარი ხართ? სად არის სახლი, რომლის კარიც თქვენ ხართ? როგორია თქვენი სახელური? შესასვლელი…? ხშირად იღებით თუ მხოლოდ ხანდახან? ვისი შეხება გიხარიათ? რას გრძნობთ, როდესაც თქვენი საყვარელი ადამიანი სახელურზე გეხებათ…?

მეტაფორა „კარი“ – არის განუზომელი ტრანსფორმაციის მქონე მეტაფორა. კარს იქით მუდამ რაღაც ახალი იწყება, მთავარია, ზღურბლს გადააბიჯოთ და მერე შეიძლება ცხრაკლიტულიც გახსნათ და 9 კარიც გაიაროთ.

ახლა სხვა მხრიდან შემოვუაროთ ამ მეტაფორას:

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ მოგზაურობთ თქვენს შინაგან სამყაროში და აღმოჩნდით თქვენს საიდუმლო გულის კართან. ახლა შეგიძლიათ, გააღოთ თქვენი საიდუმლო „გულის კარი“ და შეხვიდეთ. აღმოჩნდებით თქვენს შინაგან ბაღში.  აი, რას გვირჩევს მერლინ ატკინსონი ამ ბაღში მოხვედრისას[1]:

  • რას ჰგავს თქვენი შინაგანი ბაღი?
  • ცოტა ხანი დაყოვნდით და უბრალოდ, ისუნთქეთ!
  • იგრძენით ეს ადგილი და მოათვალიერეთ გარშემო სივრცე;
  • რას ჰგავს თქვენი გრძნობა, რომელსაც განიცდით შინაგან სივრცეში?
  • აღწერეთ სურნელება, გემო და ხმები, რაც აქ გესმით;
  • გესმით რაიმე ხმები თუ აქ სიჩუმეა?
  • მოდუნდით და ისუნთქეთ ეს ყველაფერი თქვენი ცნობიერების ულამაზეს ადგილზე.

P.S. მიეცით მსგავსი დავალებები თქვენს მოსწავლეებს და დააწერინეთ ესეები პოეზიიდან შერჩეულ მეტაფორებზე, ან კონცეპტუალურ მეტაფორებზე და მოწმე გახდებით მათი ტრანსფორმაციული და შემოქმედებითი ამოფრქვევებისა.

 

[1] მერლინ ატკინსონი, „ტრანფორმაციული მეტაფორები“, გვ.  12 https://loveread.ec/read_book.php?id=45054&p=12

სიძულვილის ჯოჯოხეთიდან სიყვარულის სამოთხემდე

0

(გურამ დოჩანაშვილის თვალით დანახული 9 აპრილი)კაცის „გაადამიანურების“, უკეთესად გარდაქმნის წყურვილით, ვნებითა და რწმენით სავსე გურამ დოჩანაშვილი დონ კიხოტივით გამოდიოდა შინიდან, „მაღალი სოფლიდან“ და დომენიკოსავით მოგზაურობდა ქვემო, მატერიალურ სამყაროში. უამრავ ნიღაბს ირგებდა, რომელთა მიღმა ირეკლებოდა ქრისტესეული სახე, შინაგანად განათებული და უხილავ შარავანდედიანი. თავისი შემოქმედებით ეხმიანებოდა ყველა პრობლემას, რომლებიც მითოლოგიური დროიდან დღემდე აწუხებს კაცობრიობას. უახლოეს პოლიტიკურ-კულტურულ მოვლენებს მხატვრულ განზომილებაში დაშიფრულად წარმოადგენდა, ისე, რომ ნამდვილი მკითხველი, ვასიკო კეჟერაძისნაირი, აუცილებლად მიუხვდებოდა სათქმელს. 1989 წელს დაწერილ მოთხრობაში კი „ორნი აქა-იქ“ პირდაპირ, შეუფარავად წარმოაჩინა მოუშუშებელი ჭრილობა, 9 აპრილის ტრაგედია. ფრთხილი, გაბედული მონადირესავით ჩაუსაფრდა მოვლენებს და მოიხელთა იმ დღის ყველა მნიშვნელოვანი წუთი და წამი. სწორედ მონადირის ნიღაბი მოირგო მწერალმა ამ პატარა მოთხრობაში და ადამიანთა სულები ისე შთამბეჭდავად მოინადირა, რომ მკითხველის თვალწინ კითხვისას ცოცხლდება 9 აპრილის სისხლიანი დღე, თანაც არა მხოლოდ სააქაო, არამედ საიქიო. ეპიგრაფადაც გამოიტანა „მონადირის“ სიტყვები: „ესე ამბავი შესაძლოა ზოგან გამოგონილად მოეჩვენოს ვისმე, მაგრამ არა, არაა მთლად გამონაგონი“.

9 აპრილს მხეცურად მოკლული გოგონას სულის სამოთხეში ზეასვლის სურათით იწყება მოთხრობა: „- ძალიან გეტკინა, შვილო?_იქა ჰკითხეს. ფერები იყო უცხო, საკვირველი, დაბინდულივით, მაგრამ სუყველა შინაგანად აბჟუტებული, მსგავსი სილამაზე კი არა, რაღამეტი, რომ არნანახი სილამაზეც აღარ ეთქმოდა, სჭვიოდა იქა, და ერთადერთი სამხმოვანება გაისმოდა“. გოგონას თავს ევლებიან ღვთისმშობელი, წმინდა ნინო, ანგელოზები და წმინდანები: „დედათაგან უნეტარესმა კარგად იცოდა იქ, ქვემოთ, აქაც, ჭრილობიანი ტკივილის ფასი, რა ხანმა განვლო, მაგრამ შვილის ნალურსმნალები ისევ სტკიოდა იესოს დედას, ვინც ადრე, აქა, გაოგნებული შესცქეროდა ბრბოს, გაავებულ, სიმწრით დაღმეჭილ სახეებს, რომ უსასრულობამდე უკეთესი ძე კაცისაი მოუვიდათ და იხილეს, იხილეს, ნახეს, დაიჯერეს და ამიტომ სიმწრით გაჰყვიროდნენ: „ჯუარს აცუ, ჯუარს აცუ ეგე!“. 1989 წლის 9 აპრილსაც კვლავ ჯვარს აცვეს ქრისტე, კვლავ „აჯანყდნენ“ სიბნელის მოციქულები, მაგრამ უცოდველ გოგონათა უმანკო მსხვერპლმა ისევ გადაარჩინა სინათლე. ამიტომაც გაიელვებს მოთხრობაში სურათი: „იესომ, ჯვარზე გაკრულმა, ზედ მოკვდომის წინ ვეღარ მოითმინა და დაიჩივლა, ასე წამოსცდა: ,,ღმერთო, ღმერთო ჩემო, რაისათვის დამიტევებ მე?“

სამყაროს მთლიანობაში წარმოიდგენს მწერალი, სიძულვილის ჯოჯოხეთი და სიყვარულის სამოთხე თანაბარი ინტენსივობით იხატება. აქ – დანტესეული ჯოჯოხეთია, კბილთა ღრჭენით, ურჩხულად ქცეული, სახედაკარგული საბჭოთა ჯარისკაცებით, სისხლმოწყურებულნი საწამლავითა და ალესილი ბარებით რომ დასდევენ მშვიდობიან დემონსტრანტებს და ჩეხენ ბავშვებს, ქალებს, განსაკუთრებით, ყველაზე უმწეოებს. იქ – იქაც დანტესეული სამოთხეა, უმშვენიერეს ყვავილებად გადაშლილი ადამიანებით, უხვი სინათლის ჩქერებითა და ნეტარებით, „სამხმოვანების“ გონებისწამღები მუსიკით და სიხარულის დამათრობელი სურნელით, სადაც „სიყვარული ატრიალებს მზეს და ვარსკვლავებს“. მოთხრობაში ერთმანეთს ენაცვლება მონტაჟის ტექნიკით შესრულებული სულისშემძვრელი სურათები. მწერლის მიერ მაგიური ძალმოსილებით შექმნილ სიტყვიერ ნახატში სააქაო და საიქიო კონტრასტულ სივრცეებს ქმნიან. აქ 9 აპრილის ბნელი დღის სურათებია, უღვთოდ დაჩეხილი სხეულებით, სისხლში ჩახშობილი თავისუფლებით, ჯალათი ჯარისკაცებით. იქ სამოთხეა, შვებითა და სიხარულით. ორივე თანაბარი ენერგეტიკით იხატება, გურამ დოჩანაშვილისეული განუმეორებელი ხელწერით, როდესაც სიტყვები ისე მიმოიხრებიან, რომ გადიან ჩვეული მნიშვნელობების საზღვრებიდან და რაღაც უცნაურის, აქამდე განუცდელის შეგრძნებებს ბადებენ. ავტორი თავისი საყვარელი მწერლის, მარიო ვარგას ლიოსას პარალელური თხრობის ტექნიკით ხატავს მატერიალურ-სულიერ სივრცეებს.

მოთხრობას ორი გმირი ჰყავს: 9 აპრილის დემონსტრაციაზე გამოსული, თავისუფლების წყურვილით სავსე ბედნიერი გოგონა და რუსი ჯარისკაცი, თავისუფლების ჩახშობის წყურვილით ანთებული უბედური და უბადრუკი ჯალათი სტასიკი. სახელიც საგანგებოდ უსახური და უფერული შეურჩია მწერალმა, რადგან ის საბჭოთა რეჟიმის სტატისტიკის ერთეულია მხოლოდ და არა პიროვნება. მოზაიკურ ნახატში გამოიკვეთება სტასიკის მხეცად „ტრანსფორმირების“ სურათები, საბჭოური სისტემის მიერ მისი გაწვრთნა, „მანქურთად“ და „ჰომო სოვეტიკუსად“ ჩამოყალიბება, მორალურ-ზნეობრივი ღირებულებებისაგან, სინდისისაგან განძარცვა, რათა მერე რუსთაველზე ტანკებით შეიარაღებული გამოსულიყო და თავისუფლება თვალის დაუხამხამებლად მოეკლა, კვლავაც ისეთივე მონური თავგამეტებით შეესრულებინა იროდის ბრძანება, როგორც სახარებისეული ჰეროდეს ჯარისკაცებმა ამოწყვიტეს ბავშვები. იროდი, რა თქმა უნდა, გენერალი იგორ როდიონოვია, ქართველის ტრავმირებული მეხსიერებაში შავი ასოებით ჩაწერილი ერთ-ერთი ჯალათი, თბილისში დანიშნული კომენდანტი, რომლის ბრძანებითაც აღსრულდა მშვიდობიანი დემონსტრანტების ხოცვა-ჟლეტა. მოთხრობაში სატირულად იხატება საბჭოური სივრცე, ყალბი იდეალებითა და გამოთაყვანებული ბელადებით, როგორც რობაქიძე იტყოდა, სადაც „დემოკრატია კი არა, დემონოკრატია“ იყო სისტემის საფუძველი.

მწერალი ხატავს, დაჩეხილი გოგონა როგორ „აფრინდა“ ზეცაში: „და უხილავ მხრებში მაშინვე ფაქიზად შეუდგა ორი ცისარტყელა. გოგონა რა, სხეული როცა ჰქონდა, მაშინაც კი ძალიან მჩატე იყო, ციმციმ წაიყვანეს.

აქა კი, ქვემოთ, მონადირე იმის ახლახანა საფლავთან გულგასიებული იდგა და, კიდევ კარგი, ტიროდა, რადგან ცრემლს ვაება ასე თუ ისე გამოჰქონდა. საფლავის ქვაზე ასე ეწერა: – რამდენისა გამოდიოდა და, ცოტასი…“. გიორგი ლეონიძის მარიტას სიკვდილი გვახსენდება: „საიქიოში ოქროს სკამი მიართვესო, დაღლილსაო. ღვთისმშობელს ეთქვა თურმე: ფერზე გეტყობა, ძლიერ დაღლილი ხარ, დაჯე, შვილო, შორიდან მომავალი ხარ! იესო ქრისტემ კი ხელმანდილი ამოიღო, შუბლზე უნდა მოესვა, რომ გაეცოცხლებინა, მაგრამ ისეთი ლამაზი იყოო, მიწაზე დასაბრუნებლად ვერ გაიმეტაო, მოინდომა, სულ გვერდით ჰყოლოდა, ახლაც გვერდითა ჰყავსო ვარსკვლავადო…“ („მარიტა“).

მწერალი შთამბეჭდავი ორიგინალურობით ხატავს სამოთხისეულ სურათებს: „ბაღი იყო რომ, როგორი მერე… არსად ენახა ასეთი უცხოდ ფერადოვანი ყვავილები, ბაღი იყო რომ, რა მოხატული, სურნელი იდგა. იქა, მეორეს არცერთი ჰგავდა, და ყოველისგან, ახალ-ახალი სურნელისთვის თუ დაიხრებოდა, საოცრება რამ ამოდიოდა, მოტივტივებდა: ხან საოცნებო ხმები ამოჩქეფდა, ხანაც ნახატებს ხედავდა დიადს, ზოგისგანაც კი, ისე მართალი და სწორად ძნელი, სანუკვარი სიტყვები ესმოდა, ამ სიდიადით ითრგუნებოდა და მაინც, მაინც მაღლდებოდა ერთი პატარა ქართველი გოგონა, ამას რა ჰქვია, დეიდა წმინდა ნინო? იაკობი. გოგონამ ყური ნეტარებით მიუგდო და, წამოიძახა: სწორედ ახლახან გვასწავლიდნენ… ცურტაველია არა? ცურტაველია, შვილო. ცოტათი იქით ყვავილი იდგა? გონიერი და შემართული, წმინდა ნინოსკენ მორჩილად და მოწიწებით თავდახრილი მაინც, ყვავილი კი არა, უფრო ყვავილის დიდი ხე იყო, დაბინდული რამ შვინდისფერი გადაჰკვროდა, როგორ ნათობდა, კრძალვით ასცქეროდა გოგონა, და ამას, დეიდა წმინდა ნინო? მაგას, დავითი“.

ისინი, ვინც გოგონას იდენტობას, მის ქართველობას განსაზღვრავენ, ყველანი აქ არიან, მწერლები, მოღვაწენი, მეფენი და მხედართმთავარნი; გოგონა კიდევ ერთხელ იგრძნობს „ერთი რამის სიყვარულს, დაფარვა რომ სჭირდება“ და გააცნობიერებს, რომ აქაც ზეციურ საქართველოშია, რადგან „უსამშობლოდ არავინ არა ხარ“. მოთხრობიდან მომდინარე თავბრუდამხვევ სურნელსა და მუსიკას შეიგრძნობს მკითხველიც: „დიდი სათუთი ყვავილოვანი ბუჩქი იდგა რომ? – ,,ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო…“ – სულ ფირუზად და სულ ზურმუხტად აალებულიყო, წვით ციაგებდა. ბუჩქიც იყო რომ? ბრძენი, გონიერი, დაფიქრებული, იქაურობას დარდიან სურნელს მიმოჰფენდა – ,,ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია…“ – ბუჩქი იყო რომ, იქაურობის სინდისი და ნამუსი. და, ბუჩქიც იყო, მინდვრის ყვავილებით ჭარბად მოხატული, ალაგ კი – ვარდებამოყრილი, რა ფერად აღარ ხასხასებდა – ,,რამ შემქმნა ადამიანად, რად არ მოვედი წვიმადა“ – სურნელი ჰქონდა? ბარბაცებდი… იმ სიბრძნის ბუჩქთან შეჩერებულიყო გოგონა, ხარბად ისუნთქავდა“.

მოთხრობაში გრილი მღვიმეცაა დახატული: „გრილი, საამო, წყნარი, თითქოსდა სევდასავით, მაგრამ სევდა კი არა, განუზომელი უბედურება და ჩუმი ვაება ტრიალებდა იქ, მღვიმის კედლებზე სუფთა წვეთები მოჟონავდა, და გოგონა როგორც კი შევიდა, მთლად დაიცვარა მღვიმის კედლები, ჟონვამ იმატა, დაცხა, და რაღაც მშობლიური რომ იგრძნო გოგონამ, პატარა პეშვი შეუშვირა ჩამონაჟონს, სახეზე მოისვა, ყოველი წვეთი ეფერებოდა, მალამოდ შეეჟღინთა, არადა, მხოლოდ მლაშე კი არა, ცხარეზე ცხარე და მდუღარე წვეთები იყო, დეიდა წმინდა ნინო, ასეთი ცხელი, რაა? ეგ დედაშენის ცრემლებია, შვილო“. ზეციურ საქართველოში წმინდა ნინომ გოგონას ქართველი ერის სიღრმეები შეამეცნებინა: „სიმღერები ჰქონდათ? რომელსაც სხვა ვერ ჩასწვდებოდა, სხვა, დიდი-დიდი, აღტაცებულიყო. ფრესკები ჰქონდათ? მოიხიბლებოდნენ სხვებიც. ეკლესიები ედგათ? ციდან სულის მყარ მალამოდ დაკიდებულნი, გული ჰქონდათ რომ? სხვა ვერასდროს დააფასებდა… და, დიადი ხალხური პოეზია ჰქონდათ ისეთი, რომლის გაგებაც სხვას არ ეწერა“.

მკითხველი უმაღლესი მართლმსაჯულების მოლოდინშია. რა ელით დამნაშავეებს? როგორ განისჯებიან? მწერალი ხატავს, როგორ მიჰგვრიან გოგონას დასასჯელად ლოთობისა და ფუტურო ცხოვრებისაგან დაბერებულ გარდაცვლილ სტასიკს. „თადარიგში გასული კაპიტანი სტასიკ წარსმდგარიყო იმათ წინაშე, ვიტიას გამონაცვალი უცნობი ფერის პალტო ეცვა, ოცდაათი კაპიკი ჰქონდა ჯიბეზე.

– შენი მკვლელია, შვილო.

– მე მკვლელი არ ვარ! – წამოიძახა სტასიკმა, – მე მხოლოდ პრიკაზს ვასრულებდი!… ეგენი დავკაში მოყვნენ…

მე… ამან მომკლა, იქა? – იკითხა გოგონამ… ყველანი, დუმდნენ.

ის სამხმოვანებაც კი, მარადიული, ახლა დადუმებულიყო; არაფერი უბიძგებდა არსაითკენ, მხოლოდ თავისით უნდა გამოეტანა მსჯავრი, უმწეოდ მიმოიხედა გოგონამ და, წმინდა ნინოს ვაზის ნასხლევს რომ მოჰკრა თვალი, წამოიძახა: გთხოვთ, აპატიოთ, დიდო მარიამ ღვთისმშობელო! რკინის თითები გაკვირვებისგან მოუდუნდა უცხო პირქუშს!.. კარგად დაფიქრდი. გთხოვთ, აპატიოთ, შეხედეთ, რა უბედურია… ღრმად დაფიქრებულიყო ყველაზე დიდ ქალბატონი, წმინდა მარიამ ღვთისმშობელი, დიდი მარიამი, მზე. გოგონასათვის, და თავისათვისაც, სიხარულის ცრემლი სდიოდა“.

ისეთი ფინალია, მკითხველის კათარზისს რომ იწვევს, რაც ასე ეოცნებებოდა გურამ დოჩანაშვილს. ამგვარი დასასრული მით უფრო რთული უნდა ყოფილიყო მისთვის, რადგან ეს მოთხრობა 1989 წელს დაწერა. მიხეილ ჯავახიშვილი გვახსენდება, 1924 აგვისტოს სისხლში ჩახშობილი აჯანყების კვალდაკვალ ამავე წლის სექტემბერ-ოქტომბერში რომ დაწერა „ჯაყოს ხიზნები“: „სული იმ დროის სისხლში მქონდა ამოვლებულიო“. ასეთივე გმინვა მოისმის ამ მოთხრიდანაც, თანვე გვეფინება მიტევების მადლი.

შენდობის გამორჩეული მაგალითებით სავსეა ქართული და მსოფლიო ლიტერატურა. ცოდვის შენდობა ღვთაებრივი სამყაროსკენ, სულიერი სრულყოფილებისაკენ მიმავალ გზაზე აყენებს ადამიანს. ის არის „გაადამიანების“ მთავარი პირობა. მიტევება შობს სიყვარულს, რომელსაც სიძულვილის დამარცხება შეუძლია. მიტევება ქრისტიანული ცხოვრების მთავარი კანონია, „მამაო ჩვენოში“ ამგვარად გამოთქმული: „და მოგვიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა“. გურამ დოჩანაშვილისთვის, როგორც ერთ ინტერვიუში ამბობს, „მთავარი შემოქმედი სულიწმინდაა. ის შთაგაგონებს და შენ ხდები გამტარი“, ამიტომ სულიწმინდის შთაგონებით წერდა და გოგონას სახეში არა მხოლოდ ქრისტე და ტარიგად შეწირული უმანკო სული, არამედ თვითონაც ირეკლება ცრემლიანი თხოვნით: „მიუტევე, რამეთუ არა იციან, რას იქმან“.

ერთ ინტერვიუში ამასაც ამბობს გურამ დოჩანაშვილი: „ყველაფერს ეშველება, ოღონდ სულს არ მოედოს ჟანგი. ჟანგზე სულხან-საბას, თუ გახსოვთ, როგორ აქვს ნათქვამი, რკინის გესლიაო. ჯერ ისედაც ედება ადამიანის სულს ჟანგი და ახლა ყოველდღიურად უმატებენ ძალადობისა და უხამსობის ამდენი ჩვენებით“.

მიხეილ ჯავახიშვილი წერს: „ნეტარ იყვნენ ტანჯულნი მხატვრული სიტყვისათვის რამეთუ მათი არს გული ყოველთა მკითხველთა“ („გივი შადური“). სწორედ ასეთი ტანჯულია გურამ დოჩანაშვილი, რომლის მარადიული სასუფეველი მკითხველთა გულებშია.

კალის ჭირი

0

მე იმ თაობას ვეკუთვნი, რომელიც მუშურ-გლეხურ სახელმწიფოში დაიბადა და მაშინ მოევლინა სამყაროს, როცა სულ ცოტაღა გვაკლდა მიწიერი სამოთხის აშენებამდე. რკინის ფარდის მიღმა ამბებს ძილისპირულის დროს გვიკითხავდნენ და დიდი და ნათელი მომავლის იმედით ვათენებდით და ვაღამებდით. ჩვენი მშობლებისგან განსხვავებით, ომ- და შიმშილგამოუვლელი თაობა ვიყავით. ჩვენი მშობლების თაობა არ მოსწრებია ომს, მაგრამ ახალნაომარი ქვეყნის კვალობაზე ბევრი შიმშილი და გაჭირვება ჰქონდა ნანახი. მათმა მშობლებმა კი დიდი ომის ქარტეხილი გამოიარეს… ჰოდა, ჩვენს ბავშვობაში იმ თაობად ვითვლებოდით, რომელსაც არ ომი ენახა და არც შიმშილ-სიშიშვლე…

მერე ყველაფერი აირია. ჩვენი მშობლების თაობის ბელადებმა ვერ შეძლეს ამქვეყნიური სამოთხის აშენება. სულ ტყუილად დასცინოდნენ ანრი სენ სიმონს. მათაც თავზე ჩამოემხოთ სამოთხის ციხესიმაგრის კედლები და ყველა ერთად მოგვიყოლა ნანგრევებში… და ვიქეცით ჩვენც „ომგამოვლილ თაობად“. არაერთ ომგამოვლილად… ის, რაც პაპებისგან გაგვეგონა ომების შესახებ, თვითონაც ვნახეთ. აი, ჭირის, ქოლერისა და ისპანკის შესახებ კი მათაც ჩვენსავით არაფერი იცოდნენ. ამ ყველაფერზე მათ თავიანთი ბებიები და პაპები უყვებოდნენ, ისევე როგორც ისინი გვიყვებოდნენ ჩვენ გადახდილი ომების შესახებ… და ყველას გვჯეროდა, რომ ეს წარსულის მძიმე კოშმარი იყო და ასეთადვე დარჩებოდა მარადჟამიერ… ახლა კი სამივე თაობამ ვიცით, რა არის ომი.

უკვე წელიწადზე მეტი გავიდა და ამ სენს ჯერ კიდევ არ უჩანს დასასრული. ყოველ დილით შიშით ვაპარებთ თვალს სტატისტიკისკენ. მსოფლიო რუკაზე გავრცელების არეალი იმდენად დიდია, რომ მხოლოდ ფართოდ გახელილი თვალებით თუ ჩაატევ შენს მზერაში. ვკითხულობთ, ვეძებთ, ვსწავლობთ ყველაფერს ვირუსებისა და ეპიდემიების შესახებ. ისტორიასაც ხშირად ვიშველიებთ და ძველ პანდემიებს ვიხსენებთ. თითქმის ყველა მათგანი გავიხსენეთ, ჩამოვთვალეთ, მათემატიკურ თუ სტატისტიკურ ფორმულებს მოვარგეთ, იქნებ ამ კვლევა-ძიებაში რაიმე იმედის მომცემს გადავეყაროთ, მაგრამ იმედი ჯერჯერობით ბუნდოვანია და დაახლოებით ასე ჟღერს: „თუ იუსტინიანეს ჭირმა, შავმა ჭირმა, ქოლერამ, ესპანურმა გრიპმა, მუცლის ტიფმა, ყვავილმა, ქათმის გრიპმა, ებოლამ და ვინ მოთვლის, კიდევ რამდენმა დოზანამ ჩაგვიარა და წავიდა, ეს კოვიდიც მათ გზას დაადგებაო“.

მაგრამ არსებობს კიდევ ერთი ჭირი, რომელზეც არც ამდენს საუბრობენ და არც ამდენს წერენ. მის შესახებ ცოტამ თუ იცის. ეს კალის ჭირია. თეთრი, ბზინვარე, რბილი, ყველასთვის კარგად ნაცნობი მეტალის ჭირი. კალა ერთადერთი მეტალია, რომელსაც თურმე შეიძლება ჭირი შეეყაროს.

ცხადია, კალის ჭირი მუხანათობით სხვა პანდემიებთან ვერ მოვა, მაგრამ მის სინდისზეა მამაცი მკვლევარის რობერტ სკოტის და მთელი მისი ექსპედიციის დაღუპვა 1912 წელს.

მაინც რა არის კალის ჭირი?

აღმოჩნდა, რომ ტემპერატურის შემცირებისას კალის მოცულობა იმატებს. იგივე მოსდის წყალსაც და ბევრ სხვა ნივთიერებასაც, მაგრამ კალას ამ მხრივ ბადალი არ ჰყავს. მისი მოცულობა თითქმის 26%-ით შეიძლება გაიზარდოს და შესაბამისად შეიცვალოს ფაზური მდგომარეობაც. ამასთანავე, რაც უფრო მეტად ვაცივებთ, მით უფრო სწრაფად იცვლის კალა ფაზურ ფორმაციას. 33°C-ზე გარდაქმნა შეიძლება მყისიერად მოხდეს და რბილი, ჭედადი მეტალის ნაცვლად ნაცრისფერი ფხვნილი შეგვრჩეს ხელში.

ამ ფაზურ გარდაქმნას, კალის ჭირად მონათლულ ფენომენს, ემსხვერპლა სწორად სკოტის ექსპედიცია. სამხრეთ პოლუსისკენ ფეხით მიმავლებს, საწვავი ლითონის ჭურჭლით მიჰქონდათ. დაბალ ტემპერატურაზე ბიდონები შედუღების ადგილას გაიხსნა, საწვავი დაიღვარა და ექსპედიცია ენერგიის წყაროს გარეშე დარჩა.

ამ ამბავს მომდევნო ექსპედიციამ მოჰფინა ნათელი. მერე კი, როგორც ხდება ხოლმე, ჭორ-მართალი ერთმანეთში აირია. ზოგმა ნაპოლეონის არმიის დამარცხებაც კი კალის ჭირს მიაწერა – მოსკოვის მისადგომებთან ჯარისკაცებს ფარაჯის ღილები დაეშალათ და გაიყინნენო… არავინ უწყის, ამ ისტორიებში რამდენია სიმართლის წილი, მაგრამ დანამდვილებით ვიცით, რომ კალის ჭირი არსებობს და მისგან თავის დაღწევა „ვაქცინაციით“ შეიძლება – საკმარისია, კალას ცოტაოდენი ბისმუტი შევურიოთ, რომ ის ყინვაგამძლე გახდება.

„ასაკისთვის შეუფერებელი“ წიგნები და „აუცილებლად წასაკითხი“ წიგნები

0

ყოველთვის, როცა საჩუქრად წიგნს ვარჩევ, თავში ერთი აზრი მიტრიალებს – რამდენად სწორად ვარჩევ საკითხავს? შეეფერება თუ არა ეს წიგნი მისი პოტენციური მკითხველის ასაკს და ნამდვილად არის თუ არა ღირებული და მნიშვნელოვანი? მაგრამ წიგნის მაღაზიაში დიდხნიანი ხეტიალის შემდეგ მამშვიდებს ფიქრი, რომ მე სხვა ადამიანისთვის მხოლოდ იმ წიგნის შეთავაზება შემიძლია, რომელიც თავად მომწონს და არ შემიძლია წინასწარ ამოვიცნო, მოეწონება თუ არა მას. და ესეც ერთგვარი აზარტია, მოვახერხებ თუ არა მის გაოცებას ან აღფრთოვანებას!

მახსოვს ჩემი თავი, დაახლოებით თორმეტ-ცამეტი წლის, დედას და მამას ოთახიდან ოთახში დავყვებოდი და გულს ვუწვრილებდი კითხვებით:

– რა წავიკითხო?

– ეს ჩემს ასაკს შეეფერება?

– ეს კარგია? მომეწონება?

– ეს აუცილებელია?

მახსოვს მათი პასუხებიც:

– შეგიძლია, წაიკითხო დიკენსი, ზევით, მეოთხე თაროზეა!

–  მარკ ტვენი ზუსტად შენს ასაკს შეეფერება, ბალზაკი ჯერ ადრეა!

– „მეფე მათიუშ პირველი“ ნამდვილად მოგეწონება!

– ჯეკ ლონდონის მოთხრობები ადამიანს წაკითხული უნდა ჰქონდეს!

ყველა მითითებას ვასრულებდი, ზოგი წიგნი მომწონდა, ზოგიც უფრო ნაკლებად, მაგრამ კმაყოფილი და ბედნიერი ვიყავი. თუმცა ნამდვილი თავგადასავალი სწორედ მაშინ დაიწყო, როცა ერთ წვიმიან საღამოს (ალბათ, წვიმიან, რადგან ბათუმში ხშირად წვიმს და ალბათ, საღამოს, რადგან წიგნებზე ყველაზე ხშირად საღამოობით ვსაუბრობდით) დედამ წიგნების თაროსთან მიმიყვანა და მითხრა, რომ ამიერიდან ყველაფერი ჩემს განკარგულებაშია, თავისუფალი მკითხველი ვარ და შემიძლია, თავად გადავწყვიტო, რას წავიკითხავ და რას – არა. ვფიქრობ, ყველა მკითხველის ცხოვრებაში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დროა – დამოუკიდებლად არჩეული წიგნების დრო, რომელთაგან უმრავლესობა ასაკისთვის შეუფერებელია და ძალიან ცოტაა აუცილებლად წასაკითხი. სწორედ ეს პერიოდი, ეს ძიების პროცესი აყალიბებს მკითხველის გემოვნებას და აკითხებს მას ათობით მისთვის უმნიშვნელო წიგნს, ერთისა და მნიშვნელოვანის პოვნის იმედით.

საერთოდ, რას ნიშნავს აუცილებლად წასაკითხი წიგნები? არსებობს კი? ალბათ, მაინც არსებობს, რადგან ზოგიერთი ნაწარმოები წლებმა და საუკუნეებმა გამოსცადეს, ზოგი წიგნი თავად ლიტერატურის გამოცდილებაა და მისი მთავარი პერსონაჟი, ის, რითიც სხვა წიგნები საზრდოობენ და იკვებებიან. ამიტომ მე, მასწავლებელმა, მოსწავლეებთან საუბრისას აუცილებლად უნდა ვახსენო „დონ კიხოტი“ თუ „ულისე“, მაგრამ ისიც ვიცი, რომ არაფერი შეედრება აღმოჩენილი წიგნების კითხვის სიხარულს, ისეთ ავტორთან შეხვედრას, რომელიც არავინ გირჩია და თავად მიაგენი.

– თითქოს, მხოლოდ იმისთვის დაიწერა, რომ მე წამეკითხა! თითქოს, მე მელოდა, – მითხრა თოთხმეტი წლის ანამ და თავადაც მომაგონა კარლოს რუის საფონის ცნობილი პერსონაჟი, რომელიც ფიქრობს, რომ ყველა ადამიანს თავისი წიგნი ელოდება.

– გადათარგმნას ვერ დაველოდები, ვერ მოვითმენ, ახლავე უნდა გავაგრძელო, – ეს ცამეტი წლის ქეთოს სიტყვებია, რომელიც ისე აეტანა კითხვის სურვილს, გაკვეთილზე დავალების შესრულებაც ვერ შეძლო. მაშინვე გავიფიქრე, ეს აღტაცება მხოლოდ რიკ რიორდანის წიგნების კი არა, ბერძნული მითოლოგიის დამსახურებაც არის-მეთქი.

– ისეთი უცნაური ავტორია, არც კი ვიცი, მომწონს თუ არა, მაგრამ ვერ ვწყდები, – მარის, თურმე, საწოლზე უწყვია დანიელ პენაკის კამოს შესახებ დაწერილი ყველა წიგნი და ისე კითხულობს, რომ მალე არ დასრულდეს.

– დეტექტივს პირველად ვკითხულობ, – თვალები უბრწყინავდა თორმეტი წლის ელენეს, – რა ბედნიერებაა, რომ დეტექტივი არსებობს, მე კი არ ვიცოდი! – მეც ვნატრობ, შემეძლოს ასეთი გულწრფელი აღფრთოვანება.

გიორგის კი არაფერი უთქვამს, მაგრამ შევამჩნიე, რომ მთელი გაკვეთილის განმავლობაში მუხლებზე ედო რეი ბრედბერის „451 ფარენჰეიტით“.

სწორედ ამ კომენტარებისა და შეფასებების გამო, მოსწავლეებს არასოდეს ვეუბნები, რომ რომელიმე წიგნი არ წაიკითხონ, რადგან ეს მათ ასაკს არ შეეფერება. ვუხსნი, რომ არ არსებობს წიგნი, რომელსაც ადრე კითხულობ, მაგრამ არსებობს წიგნები, რომელთაც თუ საჭირო დროზე ადრე წაიკითხავ, ვერასდროს გაიგებ. ახლაც არ ვიცი, რომელი წიგნები დარჩა პირადად ჩემთვის გაუგებარი, რა ვერ ამოვხსენი, რა რატომ არ მომეწონა.

ახლა, როცა ნაკლები დრო მაქვს წიგნების აღმოჩენების, შეცდომების დაშვებისა და გამოსწორებისთვის, როცა მხოლოდ წინასწარი ცოდნითა და მტკიცე გადაწყვეტილებით მივადგები რომელიმე ავტორს, სულ უფრო მეტად ვაფასებ დროს, როცა თამამად ვკითხულობდი ყველა წიგნს, რომლის სათაური, გარეკანი, მწერლის გვარის ჟღერადობა თუ პირველი წინადადება მომეწონებოდა; დროს გაკვეთილებზე, გაკვეთილებს შორის, გაკვეთილების შემდეგ, ჭამისას, ძილის წინ, ღამით თუ ადრე დილით. ყველაზე მოსაფრთხილებელ და საკრალურ დროს ახალბედა მკითხველისთვის, რომელიც ძერწავს მის თვისებებს და ეხმიანება მის სულიერ სამყაროს. ამიტომ, როცა სკოლის ხმაურიან დერეფანში წიგნით მომავალ მოსწავლეს დავინახავ, ვცდილობ, ფრთხილად ავუქციო გვერდი და ხელი არ შევუშალო, რადგან ვიცი, შესაძლოა, მისი ცხოვრების მთავარ წიგნს კითხულობდეს. როგორც ჩვენი ძვირფასი მწერლის ცნობილი პერსონაჟი ამბობს, შემიძლია, მხოლოდ მშურდეს მათი, „მისალოცების“, ვისაც წინ აქვს წიგნის პირველად წაკითხვის ბედნიერება.

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...